globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 26 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 26th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი//მთელი კვირა: წამების კადრების გავრცელებაში მთავრობის ერთ-ერთი წევრია ეჭვმიტანილი // ვისზე მიანიშნა ბიძინა ივანიშვილმა?

რეზონანსი//მთელი კვირა: პრეზიდენტი შეიძლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაჰკითხონ

კვირის ქრონიკა: ამ ყველაფრისთვის პასუხი მარტო გიორგი მარგველაშვილს არ უნდა მოეთხოვოს! // კიდევ კარგი, ამ კაცს შეზღუდული ძალაუფლება აქვს და არა იმდენი, რამდენიც სააკაშვილს ჰქონდა, თორემ მიშას მოგვანატრებდა!

კვირის პალიტრა: “ყველაზე საშიში მესამე ძალაა” // ცრუ განგაში თუ სახელმწიფო გადატრიალების რეალური საფრთხე?!

კვირის პალიტრა: ინტერვიუ სანდრო თვალჭრელიძესთან: „პრეზიდენტის გამოსვლა ესკალაციის მცდელობას ჰგავდა”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ხალხის ქუჩაში გამოსვლა მოსალოდნელი არ არის“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ირაკლი ბათიაშვილთან: „ნაციონალებს საქართველოში შეიარაღებული ჯგუფები შემოჰყავთ… ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ტერაქტი მზადდება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ქართული ოცნება“ გიორგი მარგველაშვილის წიხლისკვრით მოშორებას ცდილობს…დათო უსუფაშვილმა გამაკვირვა“

—————————-

რეზონანსი//მთელი კვირა“, 26 ოქტომბერი, 2015 წელი

წამების კადრების გავრცელებაში მთავრობის ერთ-ერთი წევრია ეჭვმიტანილი

ვისზე მიანიშნა ბიძინა ივანიშვილმა?

ლიკა ამირაშვილი

ძალადობისა და წამების ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტ სივრცეში დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა. “თუ დამტკიცდება და არის ეჭვები, რომ ვიღაც მთავრობის წევრმა კადრების გავრცელებაში მონაწილეობა მიიღო, გარწმუნებთ, რომ რეაქცია იქნება ადეკვატური”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “ქრონიკასთან” ინტერვიუში განაცხადა.

პარლამენტარებსა და ექსპერტებს უჭირთ იმაზე საუბარი, თუ ვისზე მიანიშნა ექს-პრემიერმა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა თამაზ მეჭიაურმა “მთელ კვირასთან” განაცხადა, რომ კადრების გამავრცელებლის ვინაობაზე ინფორმაციას არ ფლობს: “ივანიშვილი ამის შესახებ განცხადებას ალბათ თვითონ გააკეთებს. მაგ ინფორმაციაზე წვდომა არ მაქვს, ვერაფერს გეტყვით. ალბათ ვის გულისხმობდა, ბატონ ბიძინას უნდა ჰკითხოთ. მე ნამდვილად არ შემიძლია გითხრათ”, – გვითხრა თამაზ მეჭიაურმა.

როგორც “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა გია ცაგარეიშვილმა “მთელ კვირას” უთხრა, კადრების გავრცელებაში შეიძლება გარეული იყოს ის, ვინც ეს კადრები გადაიღო და ისიც, ვინც ეს გამოიძია: „ვერ გეტყვით, ბიძინამ ამით ვისზე მიანიშნა, მაგრამ ეს თუ მართლა მთავრობის წევრის მიერაა გავრცელებული, რა თქმა უნდა, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. თუმცა, ვფიქრობ, მთავრობის წევრსა და არაწევრს შორის ზღვარის გავლება არაეთიკურია. რა მნიშვნელობა აქვს, კადრები ვინ გაავრცელა? ნებისმიერ შემთხვევაში პასუხი უნდა აგოს. თუმცა, ბატონი ბიძინა მორალურ სიმძიმეზე თუ საუბრობდა, როცა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელზე მიუთითებდა, მაშინ შესაძლებელია საკითხი ასეც დავაყენოთ. რა თქმა უნდა, ამ კადრებს ვინ ავრცელებს, ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ამგვარ კადრებზე ხელმისაწვდომობა როგორც ამჟამინდელ, ისე იმჟამინდელ ხელისუფლებსაც აქვს. იმიტომ, რომ ეს საქმე ერთმა მათგანმა გახსნა, მეორემ კი, იმ არაადამიანებმა, ყველაფერი გადაიღეს და ფირზე აღბეჭდეს.”ვფიქრობ, ეს ორი ჯგუფი შეიძლება იყოს გარეული კადრების გავრცელებაში. ხელისუფლებამ ის ადამიანი, თუ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფერს ავრცელებს და ამისთვის უკრაინულ ინტერნეტ რესურსებს იყენებს, ამ წრეში უნდა ეძებოს”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი გარემოებაა ინტერნეტში ამ კადრების გამოჩენა ტელეკომპანია “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით ვითარების დაძაბვას დაემთხვა.

“აქაც ორი მიმართულებით ვიფიქრებდი, ამჟამინდელ ხელისუფლებას და სავარაუდოთ იმჟამინდელსაც აწყობს. არ გამოვრიცხავ, რომ იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ახლა სფეროების განაწილება, ანგარიშსწორება, საქმეების გარჩევა მიმდინარეობს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი სხვადასხვა კუთხეშია გადახვეწილი. ზოგიერთი მათგანი ჩვენი სპეციალური სამსახურების მიერ იძებნება კიდევაც. არ გამოვრიცხავ, რომ მათი ნახელავიც იყოს. ხელისუფლება ამ საქმეს თუ ვერ გამოიძიებს, მაშინ ყველას გაუჩნდება კითხვა – ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ხომ არ არის ჩადენილი. ხოლო, თუ გამოიძიებენ, რა თქმა უნდა, გამოძიების შედეგებს დაველოდებით და დასკვნებს მერე გავაკეთებთ”, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი “მთელ კვირასთან” საუბრისას ამბობს, რომ კადრების გავრცელებაში დღევანდელი ხელისუფლება თუ ჩართულია, გარკვეული ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილისათვისაც იქნება ხელმისაწვდომი: „ძნელად წარმოსადგენია, რომ თუ ვინმე დღევანდელი ხელისუფლებისგან ამ უზნეობაში ჩართულია, გარკვეული ინფორმაცია ბატონი ბიძინასთვის მისაწვდომი არ იყოს, რადგან შსს მინისტრიც და უსაფრთოხების სამსახურის ხელმძღვანელიც მის მიერ შერჩეული კადრებია. ეს ადამიანები თუ ვინმეს უერთგულებენ, უპირველეს ყოვლისა ის ადამიანი იქნება, რომელიც ქვეყანაში საკუთარი გავლენების არსებობას მუდმივად უარყობს. იგივე პირი პარალელურად პრეზიდენტის დისკრედიტაციის სრულიად მკაფიო პროგრამას აანონსებს და მის წინააღმდეგ ჩაფიქრებული მზაკვრული ნაბიჯებიც რამდენჯერმე გაგვიმეორა. ამიტომ ჩვენ ნუ დავკარგავთ დროს იმაზე ფიქრში, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, თუ ასეთი რამ მოხდა, პირველი, ვინც ამაზე განცხადებას გააკეთებს, ეს ჩვენი ერთი რიგითი მოქალაქე იქნება. ვერ დავიჩემებ, რომ ბიძინა ივანიშვილს მკაფიო ინფორმაცია აქვს ამ თემაზე, მაგრამ თუ ის მოისურვებს, რასაკვირველია, იგი იქნება პირველი, რომელიც ამ ინფორმაციას მოიპოვებს”, – აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა. მისი თქმით, კადრების რაოდენობა თავიდანვე შემაძრწუნებული იყო და ცხადია, მათი ასლების არსებობა არავის არ უნდა უკვირდეს. ამ ვიდეო კადრების გავრცელებაში თუ ქართული ხელია ჩარეული, აუცილებელი არ არის, რომ ეს მაღალი თანამდებობის პირი იყოს. შესაძლოა რომელიმე რიგითი მოხელე იყოს ჩართული იმ უწყებებიდან, რომელსაც ასეთ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდება”, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია “მთელ კვირასთან” საუბრისას ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ განცხადებით კონკრეტულ პირზე მინიშნება არ გაუკეთებია: „ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მან საკუთარი დამოკიდებულებაა დააფიქსირა – რომ ხელისუფლებაში ყოფნა იმას არ ნიშნავს, რომ თუ მსგავს რამეს ვინც აკეთებს, ის დაუსჯელი დარჩება. ეს მისი ზოგადი დამოკიდებულებაა. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი მთავრობის მიმართ ნდობითაა განმსჭვალული. ამ კადრების გავრცელების სულ ცოტა სამი ვარაუდი შეიძლება გვქონდეს. პირველი შეიძლება ვიღაც ხელისუფლებიდან ავრცელებს. მეორე მოტივია წინა ხელისუფლების – “ნაციონალური მოძრაობის” შიდა რომელიმე ჯგუფი ავრცელებდეს, იმიტომ, რომ პარტიაში შიგნით სერიოზული დაპირისპირებებია. მესამე ვარაუდია, რომ შესაძლოა გარეშე პირი იყოს, რომელიც შიდა პოლიტიკური ჯგუფების დაპირისპირების გაღვივებითაა დაინტერესებული. იმის პროგნოზირება, კადრები კიდევ გავრცელდება თუ არა, ძნელია. ჩემთვის ნაკლებად სარწმუნოა, რომ კადრების გავრცელებაში ხელისუფლება იყოს დაინტერესებული, იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამას საზოგადოებიდან რეაქციები მოჰყვება და არ მგონია ამით ხელისუფლება იყოს დაინტერესებული”, – განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 26 ოქტომბერი, 2015 წელი

პრეზიდენტი შეიძლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკითხონ

ელზა პაპოშვილი

(შემოკლებით)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ხელისუფლების დასამხობად, მის ხელში ჩასაგდებად, შეთქმულების მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია აცხადებს, ამის მიზეზი მათ მიერ ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და მედით გავრცელებული ცნობები გახდა. გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ქვეყნისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, გადატრიალების მიზნით შეთქმულებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ საუბარი შეეხება 23 ოქტომბერს უკრაინული ვებ-გვერდის “უკრაინსკი ვიკილიქსის” მიერ გავრცელებულ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამას, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ. ამ წყაროს ცნობით, ეს საუბარი 22 ოქტომბერს სტამბულის ათათურქის აეროპორტში შედგა. მოყვანილ სტენოგრამაში ასევე ნახსენებია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ გამოძიებას პრეზიდენტის დაკითხვაც სურდეს. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მმართველმა გუნდმა, რომელსაც გიორგი მარგველაშვილთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, ეს გამოძიება შესაძლოა სწორედ მის საწინააღმდეგოდაც გამოიყენოს.

შაბათს ამასთან დაკავშირებით უკვე დაკითხეს”ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია. როგორც მან დაკითხვის შემდეგ მოდულის შენობასთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვები უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ მასალას ეხებოდა: „საცოდაობაა, რომ ამ სისულელეზე და აბსურდზე ჩვენი კონტრდაზვერვის თანამშრომლებს საერთოდ რაიმე დროს ახარჯვინებენ. მაგრამ ესეც ძალიან მცირე პრობლემაა იმ დიდ პრობლემასთან შედარებით, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმის სახით.  საღი აზრის ფარგლებში არ მეგულება არც ერთი ადამიანი, რომელიც ამას სერიოზულად განიხილავს, მაგრამ ჩვენ ყველამ ძალიან სერიოზულად უნდა განვიხილოთ ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე დგას ივანიშვილისა და მისი თოჯინების სახით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება ამ პრობლემას გადაწყვეტს ძალიან ოპერატიულად. საუბარი იყო იმ სისულელეზე, რაც ვიხილეთ სოციალურ ქსელებში და რაც თვითონ დაადასტურეს ბრიფინგზე. ჩემთვის უცნობია რაიმე ოპერატიული მასალა იმ ბოდვის გარდა, რომელსაც გაეცნო საზოგადოება სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებული პორტალების მეშვეობით”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

აღსანიშნავია, რომ ამ საიტზე გავრცელებული ცნობების დიდი უმრავლესობა სწორედ ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვას ეხება. ამასთან, საიტზე განთავსებულია თურქეთში შემდგარი საუბრის არა აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი, არამედ სწორედ სტენოგრამა. ამასთან, საიტი ღია რეჟიმში მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე ინფორმაციის განთავსება პრაქტიკულად ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

საინტერესოა, რომ ამავე ვებ-გვერდმა 24 ოქტომბერს ახალი სტენოგრამა გამოაქვეყნა. ამ ცნობის თანახმად, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დავით კეზერაშვილთან ერთად სირიაში რუსეთის წინააღმდეგ ტერაქტების მოწყობას გეგმავს, რაშიც მათ, სირიაში მებრძოლი პანკისელი თარხან ბათირაშვილი და მისი ბიძაშვილი რამზანა მაჭელიკაშვილი დაეხმარებიან.

სტამბულის აეროპორტში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი ადასტურებს, თუმცა არა სახელმწიფოს გადატრიალების გეგმის დასასახად. ის შეხვედრის საუბრის დეტალებს ახმოვანებს.

“შიშს რომ დიდი თვალები აქვს და საქმე რომ ცუდად გაქვთ, გასაგებია, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ წყობიდან უნდა გამოხვიდეთ. გაგიჟდით? სხვა დროს, ისტორიებს რომ შეთხზავთ, გაითვალისწინეთ, რომ მიშა თამუნას მეძახის. თუ ჩემზე გაბრაზებულია – ჩერგოლეიშვილს. არანაირი თამრიკო. რაც შეეხება მიშასთან შეხვედრას. ისიც, გიგაც და მეც ვიყავით მადრიდში (უზზ-ს სამიტი იყო). მადრიდიდან სტამბულამდე ვიფრინეთ ერთად. სტამბულში თბილისის რეისის გეითთან მოვიდა და დაახლოებით 10 წუთი ვილაპარაკეთ. ვიცინეთ ჩემ დაჭერაზე და გავიხსენეთ ოჰენრის ცნობილი წითელკანიანთა ბელადი. დიდი დრო წაიღეს ქალბატონებმა, რომლებსაც მიშასთან ფოტოს გადაღება სურდათ. ცხადია ვილაპარაკეთ უკრაინაზე. ვიდექით ბევრ ხალხში, რომელთა ნაწილიც დაინტრიგებული იყო, ფიქრობდნენ რომ მიშა თბილისში მოფრინავს. ეგაა და ეგ”, – აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ უკრაინული საიტის მიერ გავრცელებული სტენოგრამის გარდა, მისი ინფორმაციით, არსებობს სხვა ოპერატიული-საგამოძიებო მასალები, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა. რაც შეეხება მედიით გავრცელებულ სტენოგრამაში ნახსენებ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, სესიაშვილი თვლის, რომ მისი დაკითხვა ან არდაკითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების გადასაწყვეტია:

“პრეზიდენტის დაკითხვას ამ საქმესთან დაკავშირებით თავისი პროცედურები აქვს და არ ვიცი გამოძიება რას და როგორ გადაწყვეტს. შეიძლება დაკითხოს საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგანაც საქმე აღძრულია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით. ეს იმდენად მძიმე ბრალდებაა და მაღალი ინტერესის მატარებელია, რომ თავისთავად ცხადია ყველა დაინტერესებული უნდა იყოს გამოძიებას ხელი შეუწყოს. ნუ ვიჩქარებთ და ისეთ კითხვებს ნუ დავსვამთ, რომელმაც შეიძლება გამოძიების პოლიტიზება მოახდინოს. მთავარი ალბათ ფირის ორიგინალის მოპოვება იქნება, თუ ასეთი ფირი რეალურად არსებობს. რა თქმა უნდა, იქ მონაწილე პირების და სხვა მოწმეების დაკითხა ძალიან მნიშვნელოვანია. მე უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპებს პატივს ვცემ, მაგრამ ის სცენარი, რაც ამ საიტმა გამოაქვეყნა, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რეალობასთან ძალიან ახლოს მეჩვენება – ეს არის წინა ხელისუფლების მიერ სხვა დადგმული სცენარების მსგავსი, მოდი, ასე ვთქვათ – კოპირება მუხროვანის ამბოხის, მოდელირებული “ქრონიკის”, ლაფანყურის ოპერაციის. ძალიან ბევრ რამეს მახსენებს. ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებით და ფრთხილად უნდა მოვეპყრათ ამ მასალებს და ვისურვებ, რომ გამოძიებამ ამ კითხვებზე პასუხი ძალიან სწრაფად გასცეს. თუ ასეთი საფრთხე არსებობს დროულად იქნეს აღკვეთილი, თუ არა და საზოგადოებას პასუხი გასცენ, რომ ცხოვრება მშვიდად გააგრძელონ. რადგანაც დარწმუნებული ვარ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ამ თემის პოლიტიზება მოჰყვება. დაიწყებენ საუბარს, რომ მათ ხელისუფლება ებრძვის.

არ მინდა ვიღაცამ თავი მსხვერპლად აქციოს. გაკოტრებული პოლიტიკოსების მსხვერპლად ქცევა სწორედ მათ წისქვილზე დაასხამს წყალს. სამწუხაროდ, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული ფაქტები, მოვლენები და პროცესი ერთმანეთს დროში ძალიან ემთხვევა. ვგულისხმობ “რუსთავი 2″-ის მიმართ ატეხილ ამ აჟიოტაჟს, გარკვეულ მოწოდებებს, რომ ქუჩაში ხალხი გამოვიდეს და ა.შ. ასევე ბოკერიას მეუღლე, რომელიც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს თურქეთში შეხვდნენ. ეს ერთი ფაქტი. მეორე – გვარამიას მოწოდებები, რომ ტელეკომპანიას ძალისმიერი მეთოდებით დაიცავენ. ეს კი ერთგვარი პროვოკაციის მანიშნებელია და კიდევ პოლიტიკური განცხადებები, რაც ამ ყველაფრის გარშემო კეთდება. ეს იმ სცენარში კარგად ჯდება, რაც ჩვენ ფარულ ჩანაწერებში წავიკითხეთ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ საბოლოო პასუხი გამოძიებამ უნდა გაგვცეს.

რაც შეეხება ახალ სტენოგრამას, სადაც ექსპრეზიდენტი სირიაში მებრძოლ პანკისელსა და ეროვნებით ქართველ თარხან ბათირაშვილს ახსენებს, მინდა ყველას ვუთხრა, რომ უშიშროების სამსახური დღეს მუშაობს ისე, როგორც არასდროს. შესაბამისად, მას ყველაზე და ყველაფერზე ძალიან ოპერატიული ინფორმაციები გააჩნია. ასე რომ, არავის ეგონოს, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის რომელიმე კუთხეში რაიმე სახის პროვოკაციებს დავუშვებთ. მე მათთან მუდმივი კავშირი მაქვს და ვიცი, რომ სისტემა ზედმიწევნით სწორად მუშაობს და არავის არაფერი არ გამოეპარება”, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო ურთიერთობის საკითხებში ვანო მაჭავარიანი აცახდებს, რომ ნებისმიერი მსგავსი სახის განცხადებები, რაც ქვეყნის გადატრიალების მოწყობას ეხება, საზოგადოების კიდევ უფრო დაძაბვასა და გაღიზიანებას იწვევს. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც “რუსთავი 2″-ის ირგვლივ არცთუ კარგი პროცესები ვითარდება და მოსახლეობას გარკვეულ კითხვები აქვს. ამიტომაც, მისი აზრით, უშიშროების მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადება უფრო მეტ დაკონკრეტებასა და დაზუსტებას უნდა ეფუძნებოდეს. მაჭავარიანი თვლის, რომ ეს განცხადება სრულიად გაუგებარი და ზოგადი იყო.

“სოციალურ მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებზე, რომლის წარმომავლობა და ავთენტურობა ძალიან საეჭვოა, გამოძიების დაწყება ასე ზარზეიმით ვფიქრობ მხოლოდ საზოგადოების დაძაბულობასა და შიშში ყოფნას ემსახურება. მთავრობა ამ თემის მანიპულირებით ცდილობს გაანეიტრალოს საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ მსგავსი სცენარები წინა ხელისუფლების დროს უკვე გამოიარა და ასე ადვილად ვეღარ მოტყუვდება. თუ კონკრეტული გამოძიება და რეალური ფაქტები არ არსებობს, მაშინ სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბარი და მასში მაღალი პოლიტიკოსებისა და მითუმეტეს საქართველოს პრეზიდენტის რაიმე სახით გარევა არასერიოზული და ყოვლად გაუმართლებელია. დღეს ხელისუფლებამ არ უნდა მოირგოს ის მანკიერი მანტია, რომელიც წინა მთავრობისა და მისი ხელმძღვანელების სამოქმედო ძალას წარმოადგენდა, რამაც მოსახლეობის თვალში ნდობა დააკარგვინა. მსგავსი გამოძიებები, ასეთი ხმაურითა და პოლიტიკური განცხადებებით, უბრალოდ არ ხდება. მე ვფიქრობ, რომ ეს მაინც “რუსთავი 2″-თან დაკავშირებულ მომავალ სასამართლო პროცეს უკავშირდება, სადაც ხელისუფლება გარკვეული პროვოკაციების გადაფარვას ამ თემით ეცდება.

თუ პანკისში ან სხვა რომელიმე რეგიონში მოხდა რაიმე სახის პროვოკაცია, ვფიქრობ ეს იქნება ჩვენი ხელისუფლების შეცდომა და რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი სცენარის წარმატებით განხორციელება. სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას ეს რეგიონი მიტოვებული აქვს. გარკვეული უწყებები ყველანაირად უნდა ეცადონ, რომ ეს რეგიონი გააკონტროლონ და ხეობა მუდმივად საფრთხობელას როლში არ იყოს. მე პირადად ბატონი ლევან იზორიასგან ძალიან სუსტი არგუმენტები მოვისმინე. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული უფრო აქვს, ვიდრე რეალური საფუძველი და მგონია, რომ საზოგადოება ამას თავის შეფასებას მისცემს.

რაც შეეხება პრეზიდენტის ამ საქმეში გარევას, მგონია, რომ ეს უფრო არასასურველი პოლიტიკური ოპონენტის თავიდან მოშორებას ჰგავს. ჩანს აშკარა სურვილი, რომ პრეზიდენტი ნებისმიერი ფორმით აღარ იყოს პრეზიდენტი. როგორც ჩანს, მარგველაშვილისთვის ამ სარჩულის მიკერება მხოლოდ ვიწრო პოლიტიკურ თუ პარტიულ ინტერესებს ემსახურება. ფაქტები რეალურად არ არსებობს და ამაში მხოლოდ იმ გეგმას ვხედავ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის იმპიჩმენტით თუ სხვა პროცედურებით გადაყენება სურთ, რაც ძალიან დიდი საფრთხის შემცველია”, – აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ უშიშროების მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებიდან გაიგო, რომ გამოძიება არ დაწყებულა მხოლოდ მედიის მიერ გავრცელებული სტენოგრამის მეშვეობით. მისი აზრით, თუკი არსებობს სხვა კონკრეტული ინფორმაცია და ფაქტები, კარგი იქნება, კანონით გათვალისწინებულ ფორმებში საზოგადოებას, პარლამენტის ნდობის ჯგუფს ან თანამდებობის პირებს წარუდგინონ დეტალური მონაცემები, რა არის ამ ოპერატიულ ინფორმაციაში, რომლის საფუძველზეც მათ გამოძიება დაიწყეს: „მედიით გავრცელებული ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ არის ფორმალური საფუძველი გამოძიების დაწყებისთვის. მაგრამ, როგორც ვნახეთ ამ განცახდებაში, უშიშროებამ გამოძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. თუმცა, ეს საფუძველი რა არის მკაფიო, იზორიას განცხადება ზოგადია და არა კონკრეტული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულ საქმედ არ ჩაითვალოს, რადგანაც ჩვენ გვახსოვს ზუსტად ერთი წლის წინ, როდესაც საბურავების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობდა და ამ სახელმწიფო გადატრიალების შესახებ გამოძიებაც კი დაიწყო. ეს საქმე დღემდე გამოძიებული არ არის და კონკრეტული პირები, ვინც ამ გადატრიალებას აწყობდა, არ ჩანს. ამიტომ ფაქტია, რომ საზოგადოებაში კითხვები კვლავ გაჩნდება – იქნება კი ეს საქმე გამოძიებული? ან კი მართლა არსებობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის რაიმე კონკრეტული ნიშნები ან ფაქტები?

ასევე კითხვები ჩნდება თავად იმ მედია საშუალების მიმართ, რომელიც მსგავსი სახის სტენოგრამებს ავრცელებს. ვინ არის ეს ხალხი? ეს არის სუფთა რუსული საიტი, რუსული აიპი მისამართებით, იქიდან განხორციელებული რეგისტრაციით. ეს ხომ გადამოწმებადი ინფორმაციაა. გამოძიებამ ესეც უნდა გაითვალისწინოს. ეს საიტი მოსკოვიდან იმართება და მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაზე წერს. ეს ხომ უკრაინული საიტი არ არის. მოსკოვს რომელი ქვეყნების მიმართაც ინტერესები აქვს, იმ ქვეყნების წინააღმდეგ მასალებს აქვეყნებს. გამოდის, რომ კრემლიდან მართულ და დამუშავებულ ინფორმაციაზე ვსაუბრობთ. ამიტომაც საზოგადოებაში აუცილებლად გაჩნდება ეჭვი და კითხვები – ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან შეთანხმებით ხომ არ მოქმედებს? ანუ, რა გამოდის – მტრულად განწყობილი ქვეყნიდან მომდინარე ინფორმაცია გამოძიების საფუძველი ხდება? კეთილი ინებონ და მოქალაქეებს დროული პასუხები გასცენ. სტენოგრამა ისეთი მტკიცებულებაა, რომ მასზე საუბარიც კი სასაცილოდ მიმაჩნია.

რაც შეეხება სტენოგრამაში ნახსენებ თარხან ბათირაშვილს, ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ სცენარის ნაწილია და მძაფრი შეგრძნებებისთვის არის ჩამატებული. სტენოგრამის გამავრცელებელმა მძაფრსიუჟეტიან სცენარად აქცია და ჩაამატა პრეზიდენტი მარგველაშვილი და თარხან ბათირაშვილი. საერთოდ, ბათირაშვილის სააკაშვილთან დაკავშირება მართლა სასაცილოდ მიმაჩნია. ის რუსეთის წინააღმდეგ თუკი ტერორისტულ აქტებს მოაწყობს, სააკაშვილსა და კეზერაშვილს დაეკითხება? მათი დახმარება დასჭირდება? მართლა ფანტაზიის დიდი უნარი ჰქონია ჩვენს სტენოგრამისტს, მე ასე ვფიქრობ. თუმცა, თქვენი მეშვეობით ხელისუფლებას მინდა ვკითხო – როდესაც პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა, რომ არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, მაშინ ის ტყუოდა? აბა, რა არის ის ოპერატიული ინფორმაცია, რის საფუძველზეც თქვენ გამოძიება დაიწყეთ? მე მგონია, რომ მთავრობა უხერხულ მდგომარეობაშია და მიხვდნენ, რომ პრეზიდენტი მათზე უფრო გონივრულად და სახელმწიფოებრივად აზროვნებს. მისი ამ საქმეში ჩარევა მხოლოდ იმპიჩმენტის მცდელობა და საგანგებო სიტუაციის გამოცხადების სურვილია. მაგრამ ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან ეს კრახით დასრულდება და ხალხი მათ ამ სისულელის უფლებას არ მისცემს”, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია რაიმე სახის კონკრეტიზაციას არ შეიცავს, თუმცა ფიქრობს, რომ უწყებას ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო. ამიტომაც ამ თემაზე რაიმე დეტალებზე საუბარი უჭირს. თუმცა, ფიქრობს, რომ გამოძიებას გომელაურის უწყება მხოლოდ მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე არ დაიწყებდა.

“მე მოვუწოდებ და ვთხოვ უშიშროებას, რომ თუკი მართლა არსებობს საფრთხე მსგავსი შეთქმულებისა და გადატრიალების, რაც ეს გავრცელებულ სტენოგრამაში ამოვიკითხეთ, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ აღკვეთოს და დროულად გამოიძიოს, რათა ჩვენი მოსახლეობა მშვიდად იყოს და თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. დანარჩენ ყველა კითხვაზე მათგან პასუხის გაცემას ველოდები. მე სხვა დეტალები არ ვიცი. თუმცა, ერთი რამ ცხადია – თუ ვინმეს მსგავსი რამ დაგეგმილი აქვს პირადი მიზნებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, პასუხი ყველას უნდა მოეთხოვოს. არ აქვს მნიშვნელობა ვინც უნდა იყოს. მე არ ვიცი ვინ შეიძლება იყოს, არის თუ არა ეს ჩვენი მოქალაქე არამოქალაქე, მაღალი თანმდებობის პირი თუ პოლიტიკოსი. ეს გამოძიების საქმეა და მოდი მას დაველოდოთ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, სხვებისგან განსხვავებით. ამიტომაც ქვეყნის სიმშვიდე და ნორმალური განვითარება უნდა უზრუნველვყოთ. რა თქმა უნდა, ბევრის ინტერესში შედის, რომ ამ ქვეყანაში არეულობა იყოს. მაგრამ ნებისმიერ ასეთ ვარაუდსა და ეჭვს დადასტურება სჭირდება. რაც შეეხება პრეზიდენტის შიშს და განცხადებებს, რომ არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, ეს გაზვიადებულად მეჩვენება. რომ არსებობდეს სინამდვილეში რაიმე დაპირისპირება საზოგადოებაში, კიდევ შეიძლება მასთან შეხვედრაზე საუბარი. თუმცა, ამ ეტაპზე მსგავსი სახის დაძაბულობასა და საგანგაშო სიტუაციას ვერ ვხედავ. შეიძლება ამის სურვილი ვიღაცას ჰქონდეს, პირდაპირ “ნაციონალურ მოძრაობას” ვგულისხმობ, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან არ ხდება სიტუაციის დაძაბვა და ესკალაცია. ამიტომაც პრეზიდენტის მხრიდან ასეთი სახის განცხადებები ჩემთვის მიუღებელია, რადგანაც სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს. ამიტომ ამ ფონზე საგანგებო შეხვედრები და შეკრებები საჭიროდ არ მიმაჩნია”, – აცხადებს მანანა კობახიძე.

კვირის ქრონიკა“, 26 ოქტომბერი, 2015 წელი

ამ ყველაფრისთვის პასუხი მარტო მარგველაშვილს არ უნდა მოეთხოვოს!

კიდევ კარგი, ამ კაცს შეზღუდული ძალაუფლება აქვს და არა იმდენი, რამდენიც სააკაშვილს ჰქონდა, თორემ მარგველაშვილი მიშას მოგვანატრებდა!

ლევან ჯავახიშვილი

გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც კონსტიტუციაზე მაღლა დგომა გადაწყვიტა, უკვე 2 წელია საქართველოს პრეზიდენტია და დღემდე მისი ერთი ხეირიანი ინიციატივაც კი არ გვახსოვს. დღემდე მისი ერთი გაკეთებული საქმე არ გვაგონდება, მისი ხალხისადმი თანადგომის ერთი ფაქტი არ არსებობს. აი, მაშინ კი როცა „ნაცმოძრაობას“ ძალიან უჭირს, პრეზიდენტი მუდამ გვერდში უდგას.

საქვეყნოდ ცნობილია ის სასამართლო დავა, რომელიც „რუსთავი 2“-ის ყოფილ მეპატრონეს, ქიბარ ხალვაშსა და არხის დღევანდელ მფლობელებს შორის მიმდინარეობს. ამ სამართლებრივი დავის გამო ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება მეტისმეტად დაძაბულია.

ამ ფონზე, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოდის და აცხადებს, რომ ქვეყანაში რთული პოლიტიკური ვითარებაა და შემდეგ დასძენს: „მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკონ ემოციები, მოვუწოდებ მოსამართლეს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება“. ეს სისულელე რომ დაასრულა, მარგველაშვილმა საკონსულტაციოდ მიიწვია დიპლომატიური კორპუსი, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2“-ის საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ, სამართლებრივი დავა, ადგა და ამანაც პოლიტიკურ სიბრტყეში გადაიტანა, რასაც დიდი ხანია ცდილობენ „ნაციონალები“. დიახ,  პრეზიდენტი მარგველაშვილი მოსამართლეს მოუწოდებს, ხისტი გადაწყვეტილება არ მიიღოს. აი, ამ სისულელეს, მსგავს ვითარებაში კი არა, არც ერთ სხვა შემთხვევაში, არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი არ იტყოდა. ეს არის სასამართლოზე, კონკრეტულად, მოსამართლე ურთმელიძეზე ზეწოლა და სხვა არაფერი. ვიმეორებ, გიორგი მარგველაშვილი შეზღუდული ძალაუფლების მქონე პრეზიდენტია, მაგრამ მაინც პრეზიდენტი. მაინც, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს მოსამართლის გადაწყვეტილება ხისტი? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლის გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდება. მაშ რა ქვეაზრი დევს მარგველაშვილის განცხადებაში? პრეზიდენტი მარგველაშვილი მოსამართლე ურთმელიძეს მოუწოდებს, ქიბარ ხალვაშს არ დაუბრუნოს „რუსთავი 2“. აი, ეს გახლავთ ამ გადაკრული ნათქვამის რეალური შინაარსი. საქართველოს კონსტიტუციაში კი გარკვევით წერია, რომ სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი და არც ერთ სახელისუფლებო შტოს არ აქვს მის საქმიანობაში ჩარევის უფლება, მათ შორის, პრეზიდენტს. აი, ამიტომაც ვამბობ, რომ თავი კონსტიტუციაზე მაღლა დააყენა. თორემ ურთმელიძე რა ხილიცაა, ეს საკუთარ ტყავზე გვაქვს გამოცდილი. უბედურება ისაა, რომ ამ კაცს დღემდე მოსამართლე ჰქვია! ეს საკითხი რომ დაეყენებინა თავის დროზე მარგველაშვილს და ყველა მონა მოსამართლე გაეგდოთ სისტემიდან, სხვა საკითხი იქნებოდა და შექებასაც დაიმსახურებდა!

კარგი, ეს ერთი მიჰქარა, მაგრამ ქვეყანა ხალხის – დიპლომატების, პოლიტიკოსების, არასამთავრობოების დაპატიჟება რაღა იყო „რუსთავი 2“-ის საკითხისგანსახილველად? საქმეს სასამართლო განიხილავს, რას ჩასჩარა მარგველაშვილმა ეს ადამიანები ამ საქმეში? რატომ ამძაფრებს ამ ისედაც პოლიტიკურ სასამართლო პროცესს? პასუხი მარტივია, ეს „ნაცმოძრაობას“ აძლევს ხელს და მარგველაშვილი მათ სურვილს ასრულებს.

ნორმალური პრეზიდენტი გამოვიდოდა და იტყოდა, რომ „რუსთავი 2“-ისთვის დავა, ეს ორ კერძო სუბიექტს შორის სამართლებრივი დავაა, მე სასამართლოს კომპეტენციაში არ ვერევი, დავუცადოთ სასამართლოს გადაწყვეტილებასო და ამითდაასრულებდა ყველაფერს. ამის მისახვედრად საჭირო არ არის, კონფუცი იყო, უბრალოდ, ლოგიკურად და სამართლებრივად უნდა აზროვნებდე. აი, მარგველაშვილს კი ამას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ.

გიორგი მარგველაშვილის ამ განცხადებამ უფრო დაძაბა სიტუაცია, „ნაციონალებს“ უფრო მეტი საერთაშორისო მხარდამჭერი გამოუჩინა „რუსთავი 2“-ისთვის ბრძოლაში. ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი ამ პროცესის შესახებ ხმას ვერ იღებდა, რათა ქართულ სასამართლოზე ზეწოლა არ გამოსვლოდა, აი, მარგველაშვილის განცხადების გამო კი აიშვეს და „ნაცების“ მხარდამჭერ განცხადებებს ერთიმეორის მიყოლებით აკეთებენ. ცხადია, ყველა მათგანი ამ განცხადებაში მარგველაშვილის განცხადებას იშველიებს, – რადგან ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სასამართლოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება სიტუაციას უფრო დაძაბავს, მაშინ მეტი დაფიქრებაა საჭირო, ასეთი გადაწყვეტილება საქმეს არ არგებსო. ასეც აცხადებენ, რომ რადგან გიორგი მარგველაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებთ დიპლომატიური კორპუსი და პოლიტიკური პარტიები მიიწვია, ე.ი. საქმე პოლიტიკურ პროცესთან გვაქვსო. მოდი ახლა და შეედავე ამ ხალხს. მოდი და გაამტყუნე. მარგველაშვილმა მისცა მათ საკბილო და მათაც ჰაერში დაიჭირეს.

ნორმალურ ქვეყანაში ამგვარი განცხადების შემდეგ მედია მაგრად გაჯორავდა პრეზიდენტს, ბოდიშსაც მოახდევინებდა და ხელახლა მსგავსი განცხადების გაკეთების სურვილს დაუკარგავდა. მარგველაშვილს კი არც ბოდიში მოუხდია და რატომღაც მისი ეს „ლაფსუსი“ ყველა ჩემს კოლეგას გამოეპარა.

მარგველაშვილი რომ „ნაციონალების“ პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელია, ეს არაერთხელ დადასტურებულა. თუნდაც, ბოლოდროინდელი, ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის შესახებ კანონზე დადებული მისი ვეტო გავიხსენოთ, რასაც „ნაცები“ სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ.

როცა ეს მოვლენები ვითარდებოდა, პარალელურად ვრცელდებოდა კადრები, სადაც „ნაცების“ დაკვეთით არაადამიანები მამაკაცებს აუპატიურებენ. ამ იავპიშვილისგან ძალად შემოტანილ პრეზიდენტს, ერთი სიტყვა არ დასცდენია იმის შესახებ, რასაც მისგან ხალხი ელოდა. არ წამოსცდენია, რომ ამ საშინელებების დამკვეთები, ამ სისტემური დანაშაულის ორგანიზატორები, ანუ, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ლიდერები, უნდა დაისაჯონო. არა, ეს „გაატარა“ მარგველაშვილმა, რადგან საქმე მისი იდეოლოგიური თანამოაზრეების, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარეწრების მიერ ჩადენილ დანაშაულს ეხება.

თუმცა, ამ ყველაფრისთვის პასუხი მარტო მარგველაშვილს არ უნდა მოეთხოვოს. ბიძინა ივანიშვილს ხელიხელჩაკიდებული სოფელ-სოფელ დაჰყავდა მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ და გვიმტკიცებდა, ისეთი პრეზიდენტი იქნება, უკეთესს ვერ წარმოიდგენთო. „ქართული ოცნების“ ლიდერები არ იყვნენ, ერთი მეორის მიყოლებით მარგველაშვიზე თავს რომ დებდნენ, ეს კაცი კონსტიტუციის გარანტი იქნება, არც იქით გაჭრის, არც აქეთ და ხელისუფლებას დააბალანსებსო? ჩემი ფეხები! დააბალანსა კი არა, მოირგო თუ არა პრეზიდენტის როლი, ეგრევე „ნაციონალურ მორევში“ გადაეშვა, მუდმივად მათი მხარე უჭირავს და ეგ კონსტიტუციაც ფეხქვეშ გაიგდო.

კიდევ კარგი, ამ კაცს შეზღუდული ძალაუფლება აქვს და არა იმდენი, რამდენიც მიხელ სააკაშვილს ჰქონდა, თორემ „გიჟ მიშას“ მოგვანატრებდა.

კვირის პალიტრა“, 26 ოქტომბერი, 2015 წელი

ყველაზე საშიში მესამე ძალაა

ცრუ განგაში თუ სახელმწიფო გადატრიალების რეალური საფრთხე?!

რუსუდან შელია

24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების დასამხობად და მის ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, საგამოძიებო მსვლელობას საფუძვლად კონტრდაზვერვის მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებები და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაედო. მოგვიანებით აღნიშნულ საკითხზე მოდულის შენობაში მოწმის სტატუსით “ნაციონალური­ მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერიაც დაიბარეს.

ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე: – როდესაც სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება, სამართალდამცავებისგან ადეკვატური და დროული რეაგირება აუცილებელია. “ნაციონალებისგან” მსგავსი პროვოკაციები არ უნდა გამოვრიცხოთ – ანალოგიურ სცენარებს ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ხშირად გვთავაზობდნენ. საზოგადოებას კარგად ახსოვს “მოდელირებული ქრონიკა”, ლაფანყურის სპეცოპერაცია, მუხროვანის ამბოხი და სხვა. ბუნებრივია, გამოძიების დასრულებამდე არა გვაქვს უფლება, პარტიის წევრები დამნაშავეებად გამოვაცხადოთ, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციაზე გამოძიების წარმოება და შესაძლო მოწმეების დაკითხვა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა. ეჭვს ის გარემოებაც ამყარებს, რომ “რუსთავი 2″-ის საქმეზე ფონს თავად “ნაციონალური მოძრაობა” ძაბავს.­ არაერთხელ მოვისმინეთ არაკანონიერი მოწოდებებიც – კანონს არ დავემორჩილებით და ტელეკომპანიას ძალის გამოყენებით დავიცავთო. თუ ამ განცხადებებსაც გავითვალისწინებთ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში ლოგიკურად ჯდება. შესაძლოა, უშიშროების სამსახურში მნიშვნელოვანი მტკიცებულებებიც არსებობს, თუმცა ამაზე გამოძიებამ თავად უნდა ისაუბროს.

დავით ბაქრაძე, “ნაციონალური მოძრაობისერთ-ერთი ლიდერი:

- ვიმედოვნებ, ხელის­უფლების თამაში ქართველი საზოგადოებ­ისთვის გასაგებია – მას ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე საზოგადოების საპროტესტო ტალღა აშინებს. ამიტომ ცდილობენ, სიტყვის თავისუფლების დასაცავად გამოსული ადამიანები სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეებად გამოაცხადონ. პრიმიტიული გეგმაა – ჯერ ერთი, ფაქტობრივი მტკიცებულებები არ არსებობს და გამოძიება რუსეთში დარეგისტრირებულ საიტზე გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე დაიწყო. ამ საიტზე იმასაც წაიკითხავთ,­ რომ სააკაშვილი მაკკეინთან ერთად ბავშვების ორგანოებით ვაჭრობს. პოლიტიკოსობას რომ თავი დავანებოთ, მსგავს ინფორმაციაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და შემდეგ ამის საფუძველზე ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დაკითხვაზე დაბარება 1937 წლის მმართველობის სტანდარტში ჯდება. რომელ შეთქმულებაზე უნდა ვსაუბრობდეთ იმ ხელისუფლებასთან, რომლის პოლიტიკური რეიტინგი 14%-ს ვერ სცდება?

- იზორიას განცხადებით, მედიაში­ გავრცელებული ინფორმაციის გარდა, შეთქმუ­ლების მუხლით გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატი­ული ღონისძიებების საფუძველზეც­ დაიწყო.

- ეს დამატებითი შეშფოთების საფუძ­ველს გვაძლევს – გამოდის, ბოკერიასა და სააკაშვილს უკანონოდ უთვალთვალებდნენ?­ წარმოადგინოს უშიშროების სამსახურმა, რა იურიდიული საფუძველი არსებობდა თვალთვალისთვის, ან რა მტკიცებულებები მოიპოვა კონტრდაზვერვამ? რეალურად ეს მხოლოდ სიტყვის მასალად გამოიყენეს და გამოძიება რუსეთში დარეგისტრირებული საიტის საფუძველზე დაიწყეს.

- თქვენი პოლიტიკური ძალა არ მალავს, რომ ხალვაშის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურების პიკეტირებას დაიწყებთ.

- არსებობს წითელი ხაზები, რომლებზეც უკან დახევას არ ვაპირებთ – სიტყვის თავისუფლება სწორედ­ ასეთი წითელი ხაზია. იგივე განწყობაა საზოგადოებაშიც – “რუსთავი 2″-ის დასაცავად ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვა. პიკეტირება კი ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა და მიკვირს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისა, რომლებიც ამას გაოცებული სახით აპროტესტებენ. წლების წინ იმავე ადამიანებს თვეების განმავლობაში რუსთაველის პროსპექტი ჰქონდათ გადაკეტილი და არც პროვოკაციულ ნაბიჯებს ერიდებოდნენ. ამის მიუხედავად, მაშინ დაკითხვაზე არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ დაუბარებიათ.
ხელისუფლების დანაშაულებრივ ნაბიჯებზე საპასუხო რეაქცია გვექნება. თუმცა ვეცდებით, რომ კონსტიტუციის ფარგლებს არ გავცდეთ. თუ თავად ხელისუფლება არ წააქეზებს მოსახლეობას ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ, ზიზღის გენერირებასა და ასლან აბაშიძის მეთოდებზე უარს იტყვის, ესკალაციის საფრთხე არ იარსებებს.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი:

- “ნაციონალურ მოძრაობას” დიდი ხანია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის სურვილი აქვს. მთავარია, ხელისუფლება მოვლენების ესკალაციისთვის მზად იყოს – მმართველ გუნდზე ზეწოლა კიდევ უფრო აგრესიული გახდება. მეტიც, არ გამოვრიცხავ, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, პროცესში ხელისუფლებაში მყოფი ე.წ. მეხუთე კოლონის წარმომადგენლებიც ჩაერთონ. სახელმწიფო სტრუქტურებში, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებში, მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ორ ფრონტზე იბრძვიან – ხელისუფლების მიმართ ლოიალურობას აფიქსირებენ, რეალურად კი, “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს ატარებენ. თუმცა, ყველაზე საშიში მესამე ძალაა – წინა ხელისუფლებისგან გამწარებული ხალხი.

სოციალურ ქსელში მრავლად გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დანაშაულებრივი რეჟიმის გამო “ნაციონალური მოძრაობის” ფიზ­იკურ ანგარიშსწორებას ითხოვენ­. \თYუ “ნაციონალურმა მოძრაობამ” სახელმწიფო სტრუქტურების პიკეტირება დაიწყო, ეს ადამიანები ქუჩაში აუცილებლად გამოვლენ და პარტიას ფიზიკურად გაუსწორდებიან.
ამ მიმართულებით სახელმწიფოს მეტი სიფრთხილე მართებს.

კვირის პალიტრა“, 26 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ სანდრო თვალჭრელიძესთან: „პრეზიდენტის გამოსვლა ესკალაციის მცდელობას ჰგავდა

ნათია დოლიძე

პოლიტიკურად საკმაოდ რთული კვირა გადავაგორეთ. სავარაუდოდ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ვითარება სულ უფრო და უფრო დაიძაბება. “რუსთავი 2″-ის მფლობელთა სასამართლო დავა კვირის უმნიშვნელოვანესი თემა იყო. ქვეყანაში კვლავ გაისმა პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანის მოწოდებები, ამჯერად სიტყვის თავისუფლების პრინციპის დაცვისთვის. მიმდინარე პროცესებს ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან ერთად ვაფასებთ:

- ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეარხიმედსვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის ის აქტიურად დაუჭერს მხარს კოალიციაქართულ ოცნებას“…

- ამას ველოდი, რადგან მისი მხარდაჭერის გარეშე, ჩემი აზრით, “ქართულ ოცნებას” წარმატების არანაირი შანსი არა აქვს. მომეჩვენა, რომ ივანიშვილის გამოსვლა იყო გაცილებით ემოციური, ვიდრე მას საზოგადოდ სჩვევია. არ ვიცი, ეს შესაძლოა, სწორედ წინასაარჩევნო პერიოდის დასაწყისის ბრალია. იყო საკმაოდ დამაჯერებელი, თუმცა, ვფიქრობ, რომ მთავრობის მუშაობის შეფასებისას მან გადააჭარბა. მიმაჩნია, რომ ამ სამი წლის განმავლობაში გაცილებით მეტი შეიძლებოდა გაკეთებულიყო ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ტრადიციულად, ექსპრემიერი კრიტიკული იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ. აშკარაა, რომ მას სულ სხვა მოლოდინი ჰქონდა მისი პრეზიდენტობისგან და მან გვარიანად გააწბილა. თუმცა ვეთანხმები, რომ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები ნამდვილად გადაჭარბებული და არაადეკვატური იყო. ქვეყანაში ნამდვილად არ არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, რის წარმოჩენასაც “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს და ამაში გიორგი მარგველაშვილმაც წაახმარა ხელი.

- ინტერვიუს ყველაზე საინტერესო ნაწილი მაინც, ალბათ, “ქართული ოცნებისგადახალისებულ სიაზე გაკეთებული განცხადება იყო. ივანიშვილმა თქვა, რომ კოალიციის დღევანდელი დეპუტაციის ნახევარი მომავალ საარჩევნო სიაში ვეღარ მოხვდება

- ეს ნამდვილად აუცილებელია, ძალიან სერიოზული გადახალისება სჭირდება მმართველ კოალიციას, თუმცა ეს არ იქნება ადვილი. სავარაუდოდ, ალბათ, უკვე აქვთ მონახაზი, თუ ვინ შეიძლება მოხვდეს ამ სიაში, ალბათ, მიმდინარეობს კონსულტაციებიც.

- ივანიშვილმა ბევრი ილაპარაკა იმაზე, რომ ის არ ერევა ხელისუფლების გადაწყვეტილებებში და არ არის ფორმალური მმართველი.

- დარწმუნებული ვარ, ყოველდღიურ მართვასა და რიგითი გადაწყვეტილებების მიღებაში ივანიშვილი არ ერევა, თუმცა, ვფიქრობ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მის გარეშე არ იღებენ. ის რჩება კოალიციის ლიდერად, რომელიც მომავალ არჩევნებზე უმნიშვნელოვანესი და გამწევი ძალა იქნება…

- “რუსთავი 2″-ის სასამართლო დავა გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო. მასზე ბიძინა ივანიშვილმაც ბევრი ისაუბრა. “ნაციონალური მოძრაობა“, თავად ტელევიზიის წარმომადგენლები და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს სამართლებრივი კი არა, პოლიტიკური პროცესია, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს ტელევიზიის წინააღმდეგ

- “რუსთავი 2″ წარმოადგენს ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს და აქედან გამომდინარე, პოლიტიკური მხარეა. შესაბამისად, სწორედ ტელევიზიის წარმომადგენლები, მისი გენერალური დირექტორი, ყველაფერს აკეთებენ სამართლებრივი პროცესის პოლიტიზებისთვის და თან ამას ხელისუფლებას აბრალებენ. ეს “ნაციონალური მოძრაობის” კარგად აპრობირებული ხერხია – საკუთარი შეცდომები და დანაშაულები სხვას გადააბრალოს. გაისმის დესტაბილიზაციისკენ მოწოდებები, მაგალითად, ტელევიზიის გენერალური დირექტორი გვარამია, რომელიც წინა ხელისუფლების გენპროკურორის მოადგილე იყო, პირდაპირ აცხადებს, რომ თუ სასამართლომ ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა, ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებიან. ეს რას ნიშნავს?! აშკარად ჩანს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ვითარების გამწვავებაზეა წამსვლელი, თუმცა ერთია მათი გეგმები და მეორე ის, რა გამოუვა… ბოლო ხანს მათი საპროტესტო აქციებიც ვნახეთ. ვფიქრობ, ეს არ არის ის მასშტაბი, რასაც ქვეყანაში არეულობის გამოწვევა შეუძლია. მე არ ვამბობ, რომ მოსახლეობა ხელისუფლებით კმაყოფილია, ვერ გეტყვით, “ქართულ ოცნებას” მისცემს თუ არა ხმას ამომრჩეველი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ტერორი ვინმეს დაავიწყდა და მათ დაძახილზე ქუჩაში გაიქცევიან…

- სუს-მა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მუხლით – “შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად” – გამოძიება დაიწყო. ამას წინ უძღოდა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, სააკაშვილი და გიგა ბოკერია სტამბოლის აეროპორტში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე საუბრობენ.

- განა ჩვენ ვერ ვხედავდით, რომ “რუსთავი 2″-ის თემის აგორებას ისე ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი არეულობა რომ მოჰყოლოდა. ეჭვიც არ მეპარება, რომ ამგვარი გეგმა მართლაც არსებობს, თუმცა, ვიმეორებ, ერთია გეგმა, მეორე მისი განხორციელების შესაძლებლობა. არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ სააკაშვილი და დანარჩენებიც საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ხალხს უპრობლემოდ გაწირავენ. არ ვიცი, სტენოგრამა რეალურია თუ არა, მაგრამ სულ არ იყო მისი გავრცელება საჭირო იმის მისახვედრად, რომ სააკაშვილი თავისი მიზნებისთვის ყველას გაწირავს. მისთვის და საზოგადოდ, “ნაციონალური მოძრაობისთვის”, ადამიანი ხომ არაფერს ნიშნავს. ეს მთელი ცხრა წლის განმავლობაში მშვენივრად გვაჩვენეს. ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც ყველაფერს დათმობდა, ძალაუფლების გარდა. ის დღესაც ყველაფერზეა წამსვლელი, მას არანაირი მორალური იმპერატივი და მუხრუჭი არ გააჩნია. თუმცა მისი გეგმები სრულიად ქმედუუნარო მგონია. შეუძლებელია, იმ ტერორისა და თავგასულობის მობრუნებას დაუჭიროს ხალხმა მხარი. ჩვენ ეს სახადი მოვიხადეთ… ის, რომ “ქართულ ოცნებას” მხარდამჭერები აკლდება, სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერას იწყებენ. ჩემი აზრით, მომავალი პარლამენტი იქნება ძალიან ჭრელი და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება მოგვიწევს…

რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, როდესაც არსებობს სამართლიანი ეჭვი, საქმის აღძვრა ხდება, სხვა საქმეა უკვე მისი წარმოება. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ძიება აჩვენებს ყველაფერს…

- ნიკა გვარამიას თქმით, მას მთავრობიდან დანაბარები შანტაჟის შემცველი გზავნილი გადასცეს და ფარული ჩანაწერების გავრცელებით დაემუქრნენ. მან პროკურატურაში დაასახელა კიდეც ის პირი, ვინც ამ საკითხზერუსთავი 2″-ის შენობაში შეხვდა. ეს აღმოჩნდა ალექსი ახვლედიანი, რომელიც, ფაქტობრივად, ამგვარ შუამავლობას უარყოფს.

- ახლა მე და თქვენ ვლაპარაკობთ. ხვალ რომ გამოვიდე და ვთქვა, რომ მაშანტაჟებდით, თუ ამის დამამტკიცებელი რაიმე დოკუმენტი არ მექნება, განა ვინმე დამიჯერებს?! ამ ყველაფერს მტკიცებულებები სჭირდება. ნიკა გვარამია ბავშვი არ არის, საკმაოდ კარგი ადვოკატია და მტკიცებულების ფასი კარგად იცის. ამგვარი საუბარი მართლაც რომ ყოფილიყო, გჯერათ, რომ ამას გვარამია არ ჩაიწერდა?! რა მეგობრობა, სად იცის ამ ხალხმა მეგობრობა?! მაგათ მორალის საზღვრები მოღიავებული აქვთ კარგა ხანია. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ “ძვირფას მეგობარს”, უბრალოდ, ეს ყველაფერი საკუთარი მიზნებისთვის “გაუჩალიჩა”.

- “რუსთავი 2″-ის საქმეს აქვს კიდევ ერთი მხარესაერთაშორისო რეზონანსი. მოგეხსენებათ, სიტყვის თავისუფლება დასავლეთისთვის ძალიან მაღალი ღირებულებაა. ბევრი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარება ქვეყნის ევროინტეგრაციას შეაფერხებს და ვიზალიბერალიზაციის საკითხს კიდევ უფრო გადაავადებს

- ძალიან მეეჭვება, რომ ეს საკითხი გახდეს ვიზალიბერალიზაციის შემაფერხებელი. ამის გარეშეც არაერთი პრობლემაა, რის გამოც, დარწმუნებული ვარ, 2016 წელს ეს საკითხი არ გადაწყდება. ამის გარდა, დასავლეთისთვის ასეთივე მაღალი ღირებულებისაა ქონებრივი უფლება და სასამართლოს თავისუფლება. იმას, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” “რუსთავი 2″-ის სასამართლო პროცესის პარალელურად აკეთებდა, სასამართლოზე ზეწოლა ჰქვია. ამას კარგად ხედავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. გარდა ამისა, ხომ ცხადია, რომ განსხვავებული აზრის გამოთქმის პრობლემა არც ერთ სხვა არხზე არ არის.

- ამ სასამართლო პროცესის პარალელურად ჩვენ მოვისმინეთ პრემიერის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე, და მის საპასუხოდ პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც ღარიბაშვილს ბრალად დასდო ვითარების კიდევ უფრო გართულება. მარგველაშვილის აზრით, არსებობს კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის საფრთხე, ამიტომაც სურვილი გამოთქვა, გამართოს კონსულტაციები პოლიტიკურ სპექტრთან, მედიასთან, არასამთავრობო სექტორსა და დიპლომატიურ კორპუსთანმან შეხვედრა შესთავაზა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც, თუმცა მისი ინიციატივა ხელისუფლებაში არ გაიზიარეს.

- პრემიერის განცხადება მართლაც გამოუცდელი, თანაც ძალიან გამოუცდელი პოლიტიკოსის განცხადებას ჰგავდა. ვფიქრობ, ღარიბაშვილმა უნდა იმუშაოს საკუთარ გამოსვლებსა და გამონათქვამებზე. ეს აზიანებს მის და საზოგადოდ, მთავრობის იმიჯს. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს განცხადება საფრთხის შემცველი არ ყოფილა. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, მან ამ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ პოლიტიკიდან არ აპირებს წასვლას, ახლა კი ცხადად გამოჩნდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ნელ-ნელა ერთვება. ჯერჯერობით, არ ჩანს, ვის გუნდში შეიძლება აღმოჩნდეს. ამ ეტაპზე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა ყველას წინააღმდეგია. ვფიქრობ, მან კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის საფრთხეზე ლაპარაკისას აშკარად გადააჭარბა, არც კონსულტაციების აუცილებლობას ვხედავ, თუმცა ყველას აქვს უფლება, ვისაც უნდა, იმას ელაპარაკოს. სამწუხაროდ, პრეზიდენტის გამოსვლა აშკარად ჰგავდა დაძაბულობის ხელოვნური ესკალაციის მცდელობას.

- უკრაინულ საიტებზე სკანდალური ვიდეოჩანაწერების გამოჩენის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში თავს დაესხნენნაციონალური მოძრაობისოფისებს. ზოგან გადაღებეს კედლები, სხვაგან აჭედეს კარი, მათ შორის, დააზიანეს სააკაშვილის ბიბლიოთეკაც. არსებობს ვარაუდი, რომ ამ ჯგუფებს ხელისუფლება მართავს.

- ბიბლიოთეკაზე თავდასხმა ნამდვილად ვანდალიზმია. ეს აუცილებლად უნდა აღიკვეთოს და დამნაშავეები დაისაჯონ. ხალხში დიდი აგრესიაა, რადგან არა და არ ეღირსა საზოგადოებას სამართლის აღდგენა, რაც ისევ ხელისუფლების ბრალია.

„ახალი თაობა“, 26 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: ხალხის ქუჩაში გამოსვლა მოსალოდნელი არ არის

ნათია ხურცილავა

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ხალხის ფართო მასები პოლიტიკური პროცესების მიმართ დიდ ინტერესს აღარ იჩენენ. „ქუჩის აქციების განწყობას, დაძაბულობის სურვილს საზოგადოებაში ვერ ვხედავ. ამიტომ მნიშვნელოვანი გართულებები მოსალოდნელი არ არის. სამაგიეროდ, დიდი ინტერესია პოლიტიკურ ელიტაში“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

- მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობაში თუ ხელისუფლებაშიც?

- ორივეში. ორივე მხარე ცდილობს, ეს პროცესი თავიანთ სასარგებლოდ გადაწონონ.

- ამ ფონზე პრეზიდენტის პოზიციას როგორ აფასებთ?

- ჯერჯერობით რაიმე სახის დესტაბილიზაციის საფრთხე არ არსებობს. თუ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც გამუდმებით ისაუბრებენ იმაზე, რომ დესტაბილიზაცია იქნება, ალბათ, იქნება და არა მხოლოდ ილაპარაკებენ, არამედ ამ მიმართულებით დაიწყებენ ნაბიჯების გადადგმას.

- ხელისუფლებას რამდენად აძლევს ხელს დესტაბილიზაცია?

- თუ ხელისუფლება რეალურად შეაფასებს პროცესებს და ადეკვატურ გადაწყვეტილებებს მიიღებს, მსგავსი არაფერი მოხდება.

- პრეზიდენტის პოზიცია დაგმო უმრავლესობამ. ფიქრობთ, რომ მარგველაშვილმა შუამავლის როლი არ უნდა იტვირთოს?

- საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა პრეზიდენტმა, მაგრამ მისი მოსამართლისადმი მოწოდება არ იყო მისაღები, ცოტა გადამეტებული იყო, რადგან არავინ ეკითხება პრეზიდენტს და არც არავის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. პრეზიდენტის განცხადება უფრო რბილი უნდა ყოფილიყო.

- რატომ? მკაცრი იყო?

- ვისა და ვის შორის აპირებს, რომ მომრიგებელი იყოს?! ვინ უნდა შეარიგოს? უკეთესი იქნებოდა, ჯერ შეხვედრები გაემართა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და შემდეგ გაეკეთებინა განცხადება, თუმცა პრეზიდენტის ამ განცხადებას კატასტროფული შედეგი არ მოჰყოლია. გასაგებია, რომ პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი, მაგრამ საკითხავია, რა მექანიზმები გააჩნია პრეზიდენტს, როდესაც ამბობს, რომ კონსტიტუციური წესრიგის რღვევას არ დაუშვებს. არც არის ასე საქმე. ეს არის ქარიშხალი ჭიქაში და სხვა არაფერი.

- ასე არ ფიქრობენ ნაციონალური მოძრაობა და რუსთავი 2.

- ძალიან უნდა ეცადონ ხელისუფლება და ცალკე ნაციონალური მოძრაობა, რომ რეალურად ქუჩაში გავიდეს ხალხი და საპროტესტო ტალღა მივიღოთ. ნაციონალურ მოძრაობას დღესაც შეუძლია, აქციები გამართოს, მაგრამ რამდენ ადამიანს გამოიყვანს?

- რამდენს გამოიყვანს?

- მხოლოდ იმ ხალხს, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას უჭერენ მხარს. მას არანაირი ანარეკლი დანარჩენ საზოგადოებაში არ ექნება.

- რუსთავი-2-ის გამორთვის შემთხვევაში ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ისინი ფიზიკურად დაიცავენ ტელევიზიას. გიგია ბოკერია ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებების პიკეტირება მოხდება.

- ძალიან საინტერესოა და ამაზე აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება. სასამართლო პროცესია, ქონებრივი დავა მიმდინარეობს და მფლობელები არსად ჩანან. მოპასუხე არის გვარამია, იმის ნაცვლად, რომ იყვნენ ყარამანაშვილები. ეს არ არის ანეკდოტური სიტუაცია? გვარამია დირექტორია თუ საადვოკატო საქმიანობას დაუბრუნდა? შეიძლება, ჩვენ არ ვიცით და ყარამანაშვილების ადვოკატია სასამართლო პროცესზე. გამაგებინეთ, რა ხდება!

- ბატონო ვახტანგ, კრიტიკული აზრის არსებობის საფრთხეზე საუბრობენ.

- იმ მოტივით, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, არის მცდელობა, მოისინჯოს, თუ რამდენად არის საზოგადოება მზად, რეალური პროტესტი გამოხატოს, არის თუ არა ხალხი მზად ქუჩაში გამოსასვლელად. გამოხატოს პროტესტის თუნდაც მეათედი, რომელიც თავის დროზე 2001 წელს გამოხტა, როდესაც რუსთავი 2-ში ასევე გარკვეული პროცესები მიმდინარეობდა. ის, რომ საშინელება ხდება, ის, რომ ქვეყანა გაჩერდა – ასეთი კატასტროფა ნამდვილად არ ხდება, თუმცა მე ამით სულაც არ ვამბობ იმას, რომ ან „რუსთავი-2“ უნდა დაიხუროს, ან ვიღაცა უნდა განადგურდეს. „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით მიმდინარეობს დავა სასამართლოში და ვნახავთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე.

- რადიკალიზმი აღარ არის მოსალოდნელი?

- გააჩნია, ვინ როგორ მოიქცევა. თუ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ცოტა მოზომილები იქნებიან, პროცესები უფრო დამშვიდდება და ესკალაციას ადგილი არ ექნება. არა მგონია, ამ პროცესმა საზოგადოებაში კარდინალური ცვლილებები მოახდინოს.

„ახალი თაობა“, 26 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ირაკლი ბათიაშვილთან: „ნაციონალებს საქართველოში შეიარაღებული ჯგუფები შემოჰყავთყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ტერაქტი მზადდება

შორენა მარსაგიშვილი

ვინ შეიმუშავა ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმა, იგეგმება თუ არა ქვეყანაში გადატრიალება, უნდა დაეწყო თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ მასალებზე გამოძიება, რა სახიფათო თამაშში იქნა ჩათრეული პრეზიდენტი? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი ესაუბრება.

- დაახლოებით ერთი თვის წინ თქვენ გააკეთეთ განცხადება იმის შესახებ, რომ ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ მზადდება თავდასხმა. საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, ამას, ალბათ, არ გვეტყვით, მაგრამ საინტერესოა, ამ ინფორმაციით სათანადო ორგანოები თუ დაინტერესდნენ?

_ მოსალოდნელი არეულობის შესახებ განცხადებები ბევრად ადრე გავაკეთე. გაზაფხულიდან მოყოლებული ვაცხადებ, რომ საშემოდგომოდ ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი ლიდერის მხრიდან ადგილი ექნება დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის მიზანიც არსებული ხელისუფლების დამხობა იქნება. ისიც ვთქვი, რომ ამაში გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს „რუსთავი-2“-მა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილ ტერაქტს, ეს ძალიან სპეციფიკური და სერიოზული საკითხი. ამასთან დაკავშირებით უკვე მივეცი ჩვენება. სერიოზული ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ, ეს ის თემა არ არის, რომელზეც ინტერვიუში უნდა ვილაპარაკო.

- ხმამაღლა რატომ გააკეთეთ ეს განცხადება?

- ამით ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე. რაც ვიცოდი, ყველაფერი სათანადო სტრუქტურებს ვუთხარი და მათ უკვე დაიწყეს გამოძიება. ამ საკითხზე მეტი არაფერი მითქვამს და არც ვიტყვი.

- ინფორმაცია, რომელიც თქვენ მიიღეთ, სერიოზული წყაროდან არის?

- ინფორმაცია ძალიან სერიოზულია.

- ზემოთ თქვით, ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი შეეცდება დესტაბილიზაციის პროვოცირებასო. ეს იმას ნიშნავს, რომ არეულობა ამ პარტიაში ყველას არ აძლევს ხელს?

- ნაციონალებშიც არიან ნორმალურად მოაზროვნე ადამიანები და ისინი არეულობის წინააღმდეგ მიდიან, მაგრამ იქ არის რამდენიმე ლიდერი, რომლებიც ამ მიზნის მისაღწევად ყველა ღონეს ხმარობენ. დავალებებს ისინი მიხეილ სააკაშვილისგან იღებენ. დესტაბილიზაციის მოსაწყობად რამდენიმე თემის გამოყენება ცადეს და არ გამოუვიდათ. ახლა „რუსთავი-2“-ის თემით ცდილობდნენ ხალხის ქუჩაში გამოყვანას. 2001 და 2003 წლებისგან განსხვავებით, ხალხი ქუჩაში ვეღარ გამოიყვანეს. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ნაციონალები ამ საქმეზე ხელს აიღებენ. დესტაბილიზაციის მოსაწყობად მათ კარგად შემუშავებული გეგმა აქვთ.

- რა გეგმაზეა საუბარი?

- აქ უნდა შექმნას არეულობის კერები და ამისთვის სოციალური უკმაყოფილება გამოიყენონ. სააკაშვილმა უნდა უზრუნველყოს უკრაინიდან საქართველოში შეიარაღებული ჯგუფების შემოყვანა. ეს ბოლო ამბავი სახუმარო ნამდვილად არ არის, რადგან დიდი რაოდენობით ნაბრძოლი ხალხის შემოყვანაზეა საუბარი. ამისთვის რომ ემზადებიან, ამაზე უკრაინულ ვიკილიქსში გამოქვეყნებული მასალებიც მეტყველებს. მათ აქვთ სხვა ბერკეტებიც, კერძოდ, ძალოვან სტრუქტურებში ჰყავთ ბევრი ხალხი. მათგან მისდით საჭირო ინფორმაცია. სამწუხაროა ისიც, რომ მათ საქართველოს პრეზიდენტის კეთილგანწყობა მოიპოვეს. გიორგი მარგველაშვილის გარშემო რაღაც ბანაკივით იქმნება. ამ ადამიანს ვურჩევ, დროზე გამოფხიზლდეს, თორემ ძალიან ცუდ პროცესებში შეიძლება ჩაითრიონ.

- ზემოთ უკრაინულ ვიკილიქსში გამოქვეყნებული საუბრები ახსენეთ. რამდენად სერიოზული და სანდოა ეს ინფორმაციები და უნდა დაეწყო თუ არა ამ საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოძიება?

- საუბრები, რომლებსაც ვიკილიქსში გავეცანით, პირდაპირ გულისხმობს შეთქმულებას ხელისუფლების წინააღმდეგ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამაზე გამოძიება აუცილებლად უნდა დაეწყო. სხვა საქმეა, რას დაადგენს და რა მტკიცებულებებს მოიპოვებს გამოძიება, მაგრამ გამოძიების დაწყება აუცილებელი იყო.

- ბევრი უკრაინულ ვიკილიქსს სანდოდ არ მიიჩნევს.

- „ვიკილიქს“-ში როცა რაღაცა საუბრის ჩანაწერს აქვეყნებენ, შესაბამისი მტკიცებულებებიც უნდა ჰქონდეთ. ამ შემთხვევაში მათ უნდა ჰქონდეთ ამ საუბრის აუდიოჩანაწერი. ეს უნდა გამოითხოვონ საგამოძიებო უწყებებმა, შესაძლოა, უკვე მათთან არის და ამის თაობაზე არაფერი ვიცით. აუცილებლად უნდა ჩატარდეს აუდიოჩანაწერის ექსპერტიზა, რათა მოხდეს საუბარში მონაწილე პირების იდენტიფიცირება.

- უშიშროების ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია უკვე დაკითხეს. ამ აუდიოჩანაწერისთვის ექსპერტიზის ჩატარებამდე შეიძლებოდა ამის გაკეთება?

- როგორ არ შეიძლებოდა, დაკითხეს, ხომ არ დაუკავებიათ? ეს ძალიან სერიოზული ამბავია და ამის ასე დატოვება არ შეიძლება.

- თუ არ აღმოაჩნდა აუდიოჩანაწერი, მაშინ რა ხდება?

- მაშინ სუსს არ ექნება მტკიცებულება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. ვიკილიქსი მტკიცებულებების გარეშე ასეთ მასალებს არ აქვეყნებს.

- სუს-მა გამოძიება ვიკილიქსში გამოქვეყნებული მასალების შემდეგ დაიწყო. თუ მართლაც რაიმეა დაგეგმილი, ეს გამოძიება დაგვიანებული ხომ არ არის?

- ხელისუფლებამ ძალიან დაიგვიანა. არაერთხელ ვთქვი მეც და სხვებმაც, რომ მზადდებოდა შეთქმულება. `ქართული ოცნება~ ამ ინფორმაციებს ზერელედ უყურებდა და გულარხეინად იყო.

- მათი გულარხეინობა რაზე მიუთითებს, რომ არ ეშინოდათ?

_ ასეთი თემების მიმართ გულარხეინობა ხშირ შემთხვევაში არასერიოზულობაზე მეტყველებს.

- ახლა რატომ გადაწყვიტეს გამოძიების დაწყება?

- ახლა სიტუაცია უკიდურესად კრიტიკულია და ამან გამოაფხიზლა ხელისუფლება. კარგი იქნება, იმასაც თუ მიაქცევენ ყურადღებას, რა კადრები ჰყავთ ძალოვან სტრუქტურებში. რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, ვაფრთხილებთ, რომ შსს-ში მრავლად არის ხალხი, რომლებიც დღემდე ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოს სვამენ. ასეთი ხალხის ვინაობაც კი დავასახელე. სამწუხაროდ, ხელისუფლება მაშინ გულარხეინად იყო. ახლა ცოტა გამოფხიზლდნენ და, იმედია, ყველაფერს სათანადო ყურადღებას მიაქცევენ, რომ ქვეყანაში არეულობა არ დაიწყოს. ყველაზე დიდ იმედს საზოგადოებაზე ვამყარებ, რომელიც ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლას არ დაუშვებს. ყოფილი ხელისუფლება აქ თუ რამეს დაიწყებს, ეს მათთვის, შესაძლოა, ბოლო გაფართხალება აღმოჩნდეს, რის შემდეგაც საერთოდ გაქრებიან.

- „ქართული ოცნებაც და ნაციონალური მოძრაობაც ხშირად ახსენებენ სამოქალაქო დაპირისპირებას. თქვენ კარგად გახსოვთ 1991-1992 წლების გადატრიალების ამბები. იგივე სიტუაციაა დღეს ქვეყანაში?

- მაშინდელი ვითარება დღევანდელისაგან რადიკალურად განსხვავდება. 1991-1992 წლებში მართლაც სამოქალაქო დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. მაშინ ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც ბევრი მომხრე ჰყავდა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის სექტა, რომელსაც მხარდამჭერები არ ჰყავს. მოსახლეობა მათ ვერ იტანს, მაგრამ ეს თავის დამშვიდების საბაბს არ იძლევა. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ნაციონალური მოძრაობა კარგად ორგანიზებული ძალაა, რომელსაც აქვს დიდი ფული და საზღვარგარეთ სერიოზული მხარდაჭერით სარგებლობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოფილ ხელისუფლებას დიდი რაოდენობით გააჩნია იარაღი და კარგად ერკვევა პოლიტიკურ ინტრიგებსა თუ უბედურებებში. ამათ ფონზე მმართველი ძალა ძალიან სუსტია. აი, ამით სარგებლობს ყოფილი ხელისუფლება, თორემ მაგათ არანაირი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. ამის მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობა მის ხელთ არსებულ ყველა ძალას გამოიყენებს, რომ ქვეყანაში არეულობა დაიწყოს.

- თქვენი აზრით, მივა ვადიან არჩევნებამდე საქმე თუ მანამდე მოხდება რაიმე არეულობა, რაც ვადამდელი არჩევნებით დასრულდება?

- ვადამდელ არჩევნებს აზრი აღარ აქვს. ახლა მთავარია, ხელისუფლებამ ყველა ღონე იხმაროს, რომ დესტაბილიზაცია არ მოხდეს. დარწმუნებული ვარ, კონფრონტაციას საზოგადოებაც არ დაუშვებს, მაგრამ იმისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რომ მოვლენები, შესაძლოა, ცუდი სცენარით განვითარდეს. მიზნის მისაღწევად ყოფილ ხელისუფლებას ყველა საშუალება გააჩნია.

„ახალი თაობა“, 26 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: ქართული ოცნება“ გიორგი მარგველაშვილის წიხლისკვრით მოშორებას ცდილობს…დათო უსუფაშვილმა გამაკვირვა

შორენა მარსაგიშვილი

არის თუ არა ქვეყანაში კრიზისი, რატომ ებრძვიან პრეზიდენტს და ვინ არის ხელისუფლებაში არაადეკვატური? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.

- ყველა პოლიტიკური ძალა მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბრობს. ამ ვითარებაში პრეზიდენტი იწყებს კონსულტაციებს, სახელისუფლებო ძალა მასში მონაწილეობას არ აპირებს. ნიშნავს თუ არა ეს კრიზისს?

- ასეთ ვითარებას უკვე შეჩვეული ვართ. 2014 წლის გაზაფხულზე ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის მიმართ შენიშვნები გამოთქვა. ეს მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ მარგველაშვილისთვის ბრძოლის გამოცხადების ნიშნად აღიქვეს და, იქიდან მოყოლებული, მასთან ურთიერთობა შეწყვიტეს.

- ქართულ ოცნებაში ჩივიან, რომ პრეზიდენტმა მათთან ურთიერთობა გაწყვიტა.

- ხშირად ვისმენ პრეტენზიებს „ქართული ოცნებიდან“, რომ პრეზიდენტი გაემიჯნა გუნდს, სინამდვილეში კი გუნდი გაემიჯნა მას. გიორგი მარგველაშვილი დღემდე ცდილობს, მათთან რაიმე სახის კომუნიკაცია დაამყაროს, რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლები სასაცილო და გაუგებარი მიზეზებით უარს ეუბნებიან. ისინი იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ამით მარგველაშვილს ვერაფერს აკლებენ და საკუთარ სისუსტეს ამჟღავნებენმ პრეზიდენტთან ცოცხალი თავით არ მიდიან, სამაგიეროდ, მოსისხლე მტრად გამოცხადებულ ნაციონალურ მოძრაობასთან ძალიან ტკბილად ჭუკჭუკებენ. პრეზიდენტის ბოლო შეთავაზებაზეც უარი თქვეს და თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდეს.

- უხერხულ მდგომარეობაში რატომ ჩაიგდეს თავი?

- კონსულტაციებში მონაწილეობაზე უარი იმ მიზეზით თქვეს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და სამოქალაქო დაპირისპირება არ არის მოსალოდნელი. იმავე პერიოდში „ქართული ოცნება“ სახელმწიფო გადატრიალების საფრთხეს აანონსებს. ვინმემ ამიხსნას, როგორ თავსდება ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი მესიჯი. ეს საქმისადმი ჯანსაღი მიდგომა არ არის.

- მიდგომა მართლა არ არის ჯანსაღი, მაგრამ სახელისუფლებო კრიზისია თუ ეს ჩვენი ქვეყნისთვის ეს უკვე ჩვეულებრივი მდგომარეობაა?

- ჩვენ მუდმივ ფორსმაჟორსა და სტრესში ვცხოვრობთ. ეს ჩვენი პოლიტიკოსების არჩევანია. ისინი ცდილობენ, საზოგადოება მუდმივი პრესინგის ქვეშ ჰყავდეთ. ჯერ იყო და გამსახურდია-კიტოვანი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მერე შევარდნაძე და ასლან აბაშიძე გახდნენ ერთმანეთის ოპონენტები. შემდეგ იყო შევარდნაძე-სააკაშვილის დაპირისპირება. ისინი ყველაფერს თავიანთი დაპირისპირების პრიზმაში უყურებენ. ამასობაში ავიწყდებათ, რომ მათი უმთავრესი ოპონენტი ხდება საზოგადოება, რომელსაც, საბოლოო ჯამში, ორივესთვის გამოაქვს განაჩენი. ახლა ერთი ამბავია ატეხილი ენდიაის კვლევებზე, არადა, მთავარი სულაც არ არის, ვინაა წინ, `ქართული ოცნება~ თუ ნაციონალური მოძრაობა. მთავარი ისაა, რომ საზოგადოებას არცერთი აღარ უნდა. ისინი კი ყველაფერს, როგორც უკვე გითხარით, ერთმანეთთან დაპირისპირების პრიზმაში უყურებენ, რაც პოლიტიკური უგუნურებაა.

- მოდით, ისევ პრეზიდენტს დავუბრუნდეთ. მასზე ახალი შემართებით ხომ არ დაიწყებს ქართული ოცნება შეტევას? 24 ოქტომბერს ივანიშვილმა ის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

- ბუნებრივია, დაიწყებს, რაც გიორგი მარგველაშვილისთვის მოულოდნელი არ იქნება და არც რეაქცია ექნება ამაზე.

- რატომ გგონიათ, რომ რეაქცია არ ექნება?

- პრეზიდენტი ამას უკვე მიჩვეულია. „ქართული ოცნება“ ვერც კი ხვდება, რომ ეს გიორგი მარგველაშვილის სასარგებლოდ მუშაობს. კოკა-კოლასაც კი არ აქვს ისეთი რეკლამა საქართველოში, როგორიც – პრეზიდენტს. ძალიან ცუდია, რომ პრეზიდენტის ლანძღვას ისეთი ხალხიც იწყებს, რომლებიც ასე არ ფიქრობენ, მაგრამ პოლიტიკური ქულების დასაწერად ილანძღებიან.

- პრეზიდენტის სასახლიდან მის შესაძლო გამოსახლებაზე რას ფიქრობთ? ივანიშვილმა ეს თემა კიდევ ერთხელ წამოსწია.

- იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯს არ გადადგამს, რადგან ამით მარგველაშვილი არაფერს დაკარგავს, გამკეთებლებს კი ცუდად შეუბრუნდებათ. კომფორტის სიყვარულში პრეზიდენტის დადანაშაულება, რბილად რომ ვთქვათ, დიდი უსამართლობაა.

- თუ მაინც დადგა დღის წესრიგში მისი გამოსახლება, რას იზამს მარგველაშვილი?

- არავის ჭიდაობას არ დაუწყებს და წამოვა. ეს მარგველაშვილს დამატებით ქულებს მოუტანს.

- ამან სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს?

- ვერ გეტყვით, უგუნურობას საქართველოში, როგორც ჩანს, საზღვარი არ აქვს. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ჯანსაღი საზოგადოება, რომელიც დღესაც ძალიან ადეკვატურია. ხალხი ჯერჯერობით მოთმინებით უყურებს ამ ყველაფერს, მაგრამ მოთმინების ფიალაც ივსება ხანდახან. პოლიტიკოსებმა უნდა იფიქრონ, რა მოხდება, თუ ხალხის მოთმინების ფიალა აივსება.

- რა მოხდება, განაჩენს საარჩევნო ყუთთან გამოუტანს თუ რაიმე სხვა პროცესებს უნდა ველოდოთ?

- არჩევნების სუბიექტი პოლიტიკური პარტიებია და არა _ ხალხი. ახალი ძალა არსად ჩანს, რომელიც საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერას მოიპოვებს. ასეთი დინამიკის გაგრძელების შემთხვევაში ჩვენ არა საარჩევნო, არამედ პოსტსაარჩევნო კრიზისი გველოდება.

- პოსტსაარჩევნო კრიზისში რას გულისხმობთ?

- საზოგადოება არ მიიღებს არჩევნების შედეგებს. ის ხალხის მცირე რაოდენობის მიერ არჩეულ არცერთ პარტიას ლეგიტიმაციას არ მისცემს.

- ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი, შესაძლოა, ახალი ძალის ლიდერი გახდეს. ამაზე რას ფიქრობთ?

- რამდენადაც მე ვიცი, მარგველაშვილი პარტიულ პოლიტიკაში შესვლას არ აპირებს და სწორადაც იქცევა. ის კონსტიტუციისა და პოლიტიკური სივრცის გახსნის გარანტია. პრეზიდენტი ამ პროცესში მხარე ვერ გახდება. ნაციონალებიც და `ქართული ოცნებაც~ მას ამისკენ უბიძგებენ. ერთი ცდილობს, ჩაიხუტოს, ხოლო მეორე წიხლისკვრით ცდილობს მის მოშორებას.

- აქედან გამომდინარე ხომ არ გადაწყვეტს პარტიის შექმნას?

- გამორიცხულია. მარგველაშვილი პარტიული მოთამაშე არ არის. პრეზიდენტი ცდილობს, ჯანსაღი ძალებისთვის კონკურენტული სივრცე გახსნას. ის პატიოსნად ასრულებს არბიტრის ფუნქციას. ყველაზე მეტად მაინც დავით უსუფაშვილის დუმილმა გამაკვირვა. პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარესაც შესთავაზა კონსულტაციებში მონაწილეობა. მან პასუხი დააგვიანა.

- მას რაღა დაემართა? ერთხელ კი თქვით, შევარდნაძეს დაემსგავსაო და ისევ ამასთან გვაქვს საქმე?

- უსუფაშვილი ამ ხელისუფლებაში ის ნათელი გამონაკლისია, რომელსაც კარგად ესმის, რას ნიშნავს სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, მაგრამ ის ვერ ხვდება, რომ მარგველაშვილთან წასვლით მხოლოდ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს გააკეთებდა.

- თუ კარგად ესმის, რა არის სახელმწიფო, რატომ დაუგვიანა მარგველაშვილს პასუხი?

- უსუფაშვილი გახდა პოლიტიკური კონიუნქტურის მძევალი და ისიც კი ვეღარ ხვდება, რა არის სახელმწიფოსთვის კარგი. მან ძალაუნებურად უარი თქვა იმ პრინციპებზე, რომელთა დაცვის პირობასაც ყოველთვის დებდა.

- არსებული ვითარებიდან გამოსავალი თუ ჩანს?

- გამოსავალი ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდება. ისტორიის მაგალითებით თუ ვიმსჯელებთ, საზოგადოება ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს. სხვა საკითხია, რომ ახალი თაობის პოლიტიკოსები წინამორბედების კი არა, საკუთარ შეცდომებზეც ვერაფერს სწავლობენ, რის გამოც ისევ ძველ სპირალს ვუბრუნდებით. იმედი ვიქონიოთ, რომ შემდეგი თაობის პოლიტიკოსები უფრო კვალიფიციურნი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნენი იქნებიან და იმ საფრთხეებს ააცილებენ ქვეყანას, რომლებიც მუდმივად ჩნდება.

Comments are closed