globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 26 ოქტომბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Oct 26th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: „ოცნების“ საკადრო შიმშილი

„რეზონანსი“: ყოფილი პირველი ლედი „ნაციონალების“ კონსოლიდაციის წინააღმდეგ // „არ გამოვრიცხავ, რომ სანდრა რულოვსი სიითაც არ შევიდეს პარლამენტში”

„რეზონანსი“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ოცნებას“ რამდენიმე ტესტის ჩაბარება მოუწევს“ // „ხელისუფლებისთვის ამხელა ძალაუფლებას ცუდი ხიბლი აქვს“

—–

„ახალი თაობა“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „ნაციონალურ მოძრაობას“ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნიკა რურუასთან: „ქვეყანა „ოცნების“ კონსტიტუციური უმრავლესობისგან უნდა დავიცვათ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „მიხეილ სააკაშვილისა და ბოკერიას დაპირისპირება დაასამარებს ნაცმოძრაობას“ // „სააკაშვილის სატელიტების დრო წავიდა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „კახა კალაძემ და გიორგი კვირიკაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატების გამო იჩხუბეს“ // „სალომე ზურაბიშვილი ნაციონალ არჩილ გეგენავას გაურიგდა“

—–

„საქართველო და მსოფლიო“: „შიდაოჯახური დემოკრატია“

„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ გია ვოლსკისთან: ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსს კორექტირება არ სჭირდება

—–

„რეზონანსი“: ლარის მობრუნება შეუძლებელია, იმპორტიორები გაძვირებისთვის ემზადებიან // მინისტრები უხილავი ხელის თეორიით მანიპულირებენ

——————-

„რეზონანსი“, 26 ოქტომბერი, 2016 წელი

ოცნების საკადრო შიმშილი

თაკო მათეშვილი

“თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრების სახელისუფლებო თანამდებობებზე შესაძლო დანიშვნას სპეციალისტთა მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მათი ნაწილი ამაში უჩვეულოსა და გასაკვირს ვერაფერს ხედავს ნაწილისთვის კი ეს მიუღებელია.

პოლიტოლოგები იმაზე მსჯელობენ, თუ რამდენად სჭირდება მმართველ გუნდს კადრების გარეთ ძებნა და მიუთითებს თუ არა ეს ყველაფერი “ქართულ ოცნებაში” საკადრო რესურსის დეფიციტზე. ზოგიერთი მათგანის მტკიცებით კი, ბუნებრივია, რომ “ოცნებას” ინტელექტუალური რესურსის ძებნა პარტიის მიღმა უწევს, რადგან ქართულ პოლიტიკაში საკადრო შიმშილია.

“გაერთიანებული დემოკრატების” ტრანსფორმაცია

“ხმები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრები სახელისუფლებო თანამდებობებზე ვიხილოთ, მაშინვე გავრცელდა, რაც გაირკვა, რომ ისინი ამ პარტიას ტოვებდნენ. ეჭვი იმან გაამძაფრა, რომ ხელისუფლებას და ყოფილი “დემოკრატებისგანაც” არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდებოდა. ზოგიერთი მათგანი ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა, ზოგი კი არაფერს გამორიცხავდა. მაგალითად, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე. არჩევნების შემდეგ ვაკანტური გახდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაც და გავრცელდა ხმები, რომ მას “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი, ვიქტორ დოლიძე დაიკავებს. თავად ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ შეთავაზების შემთხვევაში, მმართველ გუნდთან ითანამშრომლებს.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადანაცვლებას არ გამორიცხავს “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი ზურაბ აბაშიძეც, თუმცა, ერთადერთი, რასაც გამორიცხავს, ეს “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობაა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღმასრულებელი ხელისუფლების გუნდში ასევე შესაძლოა ვიხილოთ იარაკლი ჩიქოვანი, რომელმაც, არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, სამეგრელოს გუბერნატორის თანამდებობა დაიკავოს. მითქმა-მოთქმა განსაკუთრებით გუშინ, მას შემდეგ გამძაფრდა, რაც “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილმა წევრებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, მეორე ტურში მხარი “ქართული ოცნების” კანდიდატებს დაუჭირონ.

ამის შესახებ ერთობლივი განცხადება პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ონოფრიშვილმა, ზურაბ აბაშიძემ და გია ცაგარეიშვილმა გააკეთეს.

“რამდენიმე დღეში მეორე ტური იქნება. პრაქტიკულად ყველგან დარჩენილია ორი პარტიის კანდიდატი: კოალიცია “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის”. აქ ალტერნატივა არ არსებობს და მე ჩემს მხარდამჭერებს, თანამოაზრეებს მოგიწოდებ, მხარი დაუჭიროთ “ქართული ოცნების” კანდიდატებს, რადგან ჩემთვის პირადად მიუღებელია, რა მიზეზითაც ან რა საფუძველზე შეიძლება მხარი არ დაეჭიროს “ქართულ ოცნებას”, როდესაც ჩვენ ყველამ 2012 წელს ერთად მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სამუდამოდ უნდა წასულიყო, მინიმუმ ოპოზიციაში და შეიძლება, პოლიტიკიდანაც”, – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

თავად პარტიის ლიდერმა კი, ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ყოფილი თანაგუნდელების სახელისუფლებო თანამდებობებზე შესაძლო დანიშვნაზე, კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. ირაკლი ალასანიას თქმით, მისი ყოფილი თანაგუნდელები პოლიტიკური ვალდებულებებისგან გათავისუფლებული არიან, შესაბამისად, გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ.

რაც შეეხება აღნიშნულ თემაზე თავად სახელისუფლებო გუნდის მოსაზრებას, აქაც გაურკვევლობაა, რადგან, მაგალითად გიორგი ვოლსკიმ რამდენიმე დღის წინ “თავისუფალი დემოკრატებისათვის” რამე თანამდებობის შეთავაზება კატეგორიულად გამორიცხა, თუმცა გუშინ “ქართული ოცნების” მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს პირდაპირ განუცხადა, რომ ამ პარტიაში ბევრი მაღალი კვალიფიკაციის ადამიანია და მათთვის თანამშრომლობის შეთავაზება გასაკვირი არაა.

“არავის უნდა გაუკვირდეს ურთიერთობა, მით უმეტეს საქართველოში და მით უმეტეს, როცა 2012 წლის შემდეგ კოალიციაში შემავალ პარტიებთან, მათ შორის “თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად მივაღწიეთ იმ შედეგს, რაც საზოგადოებასთან ერთად მივიღეთ. ვფიქრობ, რომ დაუვიწყარია ჩვენი პოლიტიკური თანაცხოვრება, არცთუ ისე მცირე პერიოდით. იქ ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს, ასე რომ, ურთიერთობა არ უნდა უკვირდეთ, თუნდაც ეს იყოს პირადული ან თანამშრომლობა, თუნდაც შორეული პერსპექტივა. ვფიქრობ, “თავისუფალ დემოკრატებში” ბევრი მაღალი კვალიფიკაციის ადამიანია და თუკი ჩვენი თანამშრომლობა საქმიანი იქნება, ეს არავის უნდა გაუკვირდეს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკისა და “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილ წევრებს შორის დახურული შეხვედრა გაიმართა. გია ვოლსკისთან შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძე, გია ცაგარეიშვილი და დავით ონოფრიშვილი იმყოფებოდნენ.

დაბრუნება

“თავისუფალი დემოკრატების” თანამდებობებზე დანიშვნა პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს გასაკვირად სულად არ მიაჩნია. მისი აზრით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ “ქართულ ოცნებაში” საკადრო რესურსის დეფიციტია და ოპონენტ პარტიებში პროფესიონალების ძებნა სწორედ ამიტომ უწევთ. იგი ამბობს, რომ ამა თუ იმ აღმასრულებელ თანამდებობაზე პარტიული კადრები არც უნდა ინიშნებოდნენ და პროფესიონალებს პარტიულობის ნიშნით არ უნდა არჩევდნენ. რამაზ საყვარელიძის თქმით, ასეთი რამ კომუნისტურ პარტიას ახასიათებდა და არც თუ ისე სასურველია მათ ამაში “ქართულმა ოცნებამაც” მიბაძოს. აქვე არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლებელია კონკრეტული მიმართულებით, სადაც მათ კადრი სჭირდებათ, გუნდში სპეციალისტი არც ეგულებოდეთ და მათი გადაწყვეტილება სწორედ ამით იყოს განპირობებული.

“ნუთუ წაგებული პარტია ისეთი ძვირფასია, რომ მისი გაცვლა არაფერზე შეიძლებოდეს? იქნებ ადამიანი საერთოდ აღარ აპირებს პოლიტიკაში ყოფნას? ასეთი მაგალითიც ხომ არაერთი გვინახავს. “გაცვალეს, გაყიდეს,” – მაინცდამიანც ჭუჭყის სროლა რატომაა საქართველოში მოდაში? ეს გულდასაწყვეტია. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება”, – აცხადებს საყვარელიძე.

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე კი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ არ ესმის “რაში სჭირდება” “ქართულ ოცნებას” ყოფილი “დემოკრატები”. მისი აზრით, ახლა ისინი თავიდან ბოლომდე “ოცნების” მესვეურთა კეთილ ნებაზე არიან დამოკიდებულნი.

“როგორც ჩანს, ესაა ხალხი, რომელსაც თანამდებობის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და ეს გადაწყვეტილება ამიტომაც მიიღო. არ მგონია ამ სამი ადამიანით “ქართული ოცნება” აშენდეს. “დემოკრატებს” პოლიტიკურ პარტიაზე თუ ჰქონდათ პრეტენზია, ერთი წაგების გამო არ უნდა დაეშალათ”, – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

“რეზონანსთან” ინტერვიუში იგი “ოცნების” ყოფილი სახეების შესაძლო დაბრუნებასაც ეხება და ამბობს, რომ მათ (მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილს) პარტიაში მობრუნება ყოველთვის შეუძლიათ. “თავისუფალი დემოკრატების” იგივე გადაწყვეტილება კი მისთვის მიუღებელი იმის გამო იქნება, რომ მათ დამოუკიდებელ პარტიაზე ჰქონდათ პრეტენზია.

“გარდა ამისა, სერიოზული სამეგობრო იყო და როგორც ვატყობ, სამეგობროც დაიშალა, არა მხოლოდ პოლიტიკური პარტია. ეს მათთვის ალბათ ყველაზე უფრო კატასტროფულია. როცა ალასანია მინისტრობიდან გადადგა და მას მთელი გუნდი უკან გაჰყვა, ეს საგარეო კურსის ცვლილებას დააბრალეს. მერე თქვეს, რომ არ იცვლებოდა. ახლა კი, პარტიაც დაიშალა, ლიდერიც წავიდა და წევრები ისევ თანამდებობებს უბრუნდებიან, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, არ ვიცი. არც ის ვიცი, რამდენად სერიოზული იქნება “ოცნების” მხრიდან იმ ადამიანების აყვანა, რომელთაც საკუთარი პარტია მიატოვეს, რამდენად სჭირდებათ მათ ასეთი ადამიანები. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთ ადამიანებს ნებისმიერ დროს ადვილად მოიშორებ. მათთან არანაირი ვალდებულება არ გექნება, თავიდან ბოლომდე შენზე იქნებიან დამოკიდებულები და ნებისმიერ დროს მოიცილებ. ამ მხრივ შეიძლება მომგებიანიც იყოს”, – დასძენს პოლიტოლოგი.

„რეზონანსი“, 26 ოქტომბერი, 2016 წელი

ყოფილი პირველი ლედი ნაციონალების კონსოლიდაციის წინააღმდეგ

არ გამოვრიცხავ, რომ სანდრა რულოვსი სიითაც არ შევიდეს პარლამენტში

ეკატერინე ბასილაია

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნოემრი და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატ სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას, რომ ის მეორე ტურში არ იბრძოლებს, რადგან უარს აცხადებს, ფარსში მონაწილეობა მიიღოს, პარტიაში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა და, თანაპარტიელების მსგავსად, სოციოლოგებისა და პოლიტოლოგების დიდი ნაწილიც მიიჩნევს, რომ ყოფილი პირველი ლედის ამ ნაბიჯის შემდეგ “ნაციონალებს” საკუთარი ამომრჩევლების საპირისპიროში დარწმუნება და 30 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მათი მობილიზება გაუჭირდება.

ეს კი “ნაციონალური მოძრაობის” ისედაც მცირე შანსებს მკვეთრად ამცირებს.სანდრა რულოვსის მიერ უარის თქმა არ არის პარტიის რიგითი წევრის მიერ ერთ ოლქში ბრძოლაზე უარი, რადგან ყოფილი პირველი ლედი უპირველესად მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება, ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი კი “ნაციონალების” მომხრეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის პარტიის ლიდერია, ამიტომაც რულოვსის ეს განაცხადი ამომრჩევლის თვალში არის სააკაშვილის მხრიდან გზავნილი – მეორე ტურში ხმის მისაცემად არ მიხვიდეთ, ეს უაზრობაა. თანაც, საგულისხმოა ის, რომ მეორე ტურში “ნაციონალების” კანდიდატი 45 ოლქშია გადასული და მათგან მხოლოდ 2 ოლქში – მარნეულსა და ახალციხეშია პროცენტულად პირველ ადგილზე. პლუს, დამატებით ორ ოლქში აქვთ მინიმალური ჩამორჩენა “ოცნების” კანდიდატთან და ზუგდიდი სწორედ ამ იშვიათ გამონაკლისს შორისაა, სადაც “ნაციონალურ მოძრაობას” მეორე ტურში გამარჯვების რაღაც შანსი ჰქონდა, რადგან სახელისუფლებო კანდიდატს რულოვსი ჩამორჩება მხოლოდ 2%-ით.

ნაციონალების ისედაც მცირე შანსები

მაჟორიტარულ ფლანგზე მეორე ტური 30 ოქტომბერს სულ 50 ოლქში გაიმართება, აქედან თბილისის 18 და რეგიონების – 32 ოლქში. ყველგან ერთ მხარეს აბსოლუტური უპირატესობით მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” კანდიდატი დგას. ოპოზიციიდან კი მისი მოწინააღმდეგე 50-დან 45 ოლქში “ნაციონალური მოძრაობაა”.

მას შემდეგ, რაც ზუგდიდის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარობისთვის მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ყოფილმა პირველმა ლედიმ, “ნაციონალებს” 44 ოლქში მოუწევთ “ოცნებასთან” ბრძოლა და გამარჯვება. ამ 44 ოლქიდან 42-ში ხმათა პროცენტული მაჩვენებლით პირველ ადგილზე სახელისუფლებო კანდიდატია გასული, მხოლოდ ორგან, მარნეულსა და ახალციხეში უსწრებს “ნაციონალი” მაჟორიტარობის მსურველი “ოცნების” წევრს. მარნეულში 47% აქვს “ნაციონალების” კანდიდატს, “ოცნებისას,” – 43%, სხვაობა 4%. ახალციხეში “ნაციონალს” აქვს 44%, “ოცნებას,” – 39%, სხვაობა – 5%.

არის კიდევ რამდენიმე ერთეული ოლქიც, სადაც ამ ორი პარტიის კანდიდატებს შორის სხვაობა 10%-ზე მცირეა. მაგალითად ქუთაისში კანდიდატებს შორის სხვაობა არის მხოლოდ 3%. ზუგდიდში კი, სადაც სანდრა რულოვსი იყრიდა კენჭს, პირველი ტურის შემდეგ სხვაობა არის – 2%. 45% აქვს რულოვსს, “ოცნების” კანდიდატს – 47%.

რა უნდა მიხეილ სააკაშვილს, ამას სანდრა რულოვსი ახმოვანებს

პოლიტოლოგ და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების თვალში სანდრა რულოვსი საკუთარი განცხადებით სააკაშვილის მესიჯს ახმოვანებს და ეს მესიჯია – არ მიხვიდეთ მეორე ტურში. ეს კარგად იციან პარტიის სხვა წევრებმაც და ამიტომაც გამოიწვა რულოვსის უარმა პარტიის ცენტრალურ შტაბში გაღიზიანებაც.

“ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი ამის გამო არ გადავა ხელისუფლების მხარეს, მაგრამ რაღაც ნაწილი 30 ოქტომბერს არჩევნებზე არ მივა. სხვათა შორის, ასეთი რამ მარტო “ნაციონალების” მომხრეებისგან არ არის მოსალოდნელი. ბარიერი ვინც ვერ გადალახა, იმ პარტიების ერთგული ამომრჩევლებიც გადაიფიქრებენ მისვლას, რადგან ერთადერთი, რის გამოც სხვა პარტიების მხარდამჭერები მეორე ტურში მისვლას გადაწყვეტდნენ, ეს “ნაციონალების” გამარჯვების შიში იქნებოდა, ახლა კი ისინიც იფიქრებენ, რომ “ნაციონალებს” პირველ ადგილზე გასვლის შანსი აღარ აქვთ”, – მიიჩნევს საყვარელიძე. მისი თქმით, “ნაციონალების” მხარდამჭერებში რულოვსის ეს ნაბიჯი სამომავლოდ მაინც გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებებს და სააკაშვილისეულ რადიკალისტებსა და ბოკერიასეულ პარლამენტარისტებს შორის ნაპრალს გაზრდის.

“როგორც ზოგიერთები იძახიან, სანდრა რულოვსის ეს ნაბიჯი იყო სააკაშვილის პროექტის ნაწილი. სააკაშვილის მოწოდება იყო, პარტიას ბოიკოტი გამოეცხადებინა მეორე ტურისთვის და არც პარლამენტში არ უნდა შესულიყვნენ. ამიტომ იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ რულოვსი სიითაც არ შევიდეს პარლამენტში. თუმცა ეს უფრო მკაფიოს გახდის ნაპრალს ამ ორ ჯგუფს შორის და შეიძლება, რულოვსი იქცეს ნაპრალის გაღრმავების ერთ-ერთ ფაქტორად. ეს არის მესიჯი – არ მიხვიდეთ მეორე ტურში. აი, რა უნდა სააკაშვილს, – ამას ახმოვანებს რულოვსი”, – აცხადებს საყვარელიძე.

პოლიტოლოგის თვალსაზრისით, სანდრა რულოვსს ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგა, “ნაციონალურ მოძრაობას” მაინც არ ჰქონდა მაჟორიტარულ მეორე ტურებში წარმატების შანსები და ყოფილი პირველი ლედის ბრძოლაში დარჩენა, თუ გამოთიშვა პარტიის პროცენტებზე დიდად არ იმოქმედებს, “ნაციონალები” მაინც დამარცხდებიან.

“შესაძლოა, სანდრა რულოვსს მეორე ტურში უარესი სურათიც მიეღო და ამდენად, მისი ახლა წასვლა თავმოყვარეობის გათვალისწინებით გამართლებულია”, – დასძენს საყვარელიძე.

საზოგადოებამ სანდრა რულოვსის უარი კარგად ვერ გაიგო

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი ამბობს, რომ ყოფილი პირველი ლედის გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია და ის დადებითი კონტექსტით აღქმული არ არის. მისი თქმით, რულოვსის უარი არ არის მესიჯი – რომ მეორე ტურში მისვლას აზრი არ აქვს, თუმცა შეიძლება მხარდამჭერების რაღაც ნაწილმა ასე ჩათვალოს და 30-ში არ მივიდეს ხმის მისაცემად.

“პოლიტიკა არ არის ერთდღიანი ბრძოლა, ის არის გრძელვადიანი, 5-წლიანი, 10-წლიანი სტრატეგია. ლოკალურად, ერთ თემაში დამარცხება უკან სვლას არ ნიშნავს. ძალიან ბევრი მსოფლიო მაგალითი გვაქვს, როდესაც პარტიის ლიდერები კონკრეტულ ამბავში არ იმარჯვებენ, იმ პერიოდში არ ჰქონდათ მხარდაჭერა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი იცვლებოდა. ამიტომაც, საზოგადოებამ კარგად ვერ გაიგო, რატომ მიიღო სანდრა რულოვსმა ეს გადაწყვეტილება და რაზე იყო ის დაფუძნებული და მისი მისამართით შეფასებებიც ვნახეთ. საზოგადოებას ძალიან ბევრი კითხვა აქვს – რატომ? რისთვის? თუ დავაკვირდებით, ბევრი ჭორიც მოჰყვა ამას, რამდენად იყო მიხეილ სააკაშვილი მის ამ გადაწყვეტილებაში ჩართული.

პარტიიდანაც განსხვავებული განცხადებები გაკეთდა – ვიღაც ეთანხმებოდა რულოვსს, ვიღაც აკრიტიკებდა და შესაბამისად ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რულოვსის გამოჩენა პარტიის მხარდამჭერებში დადებითად იყო აღქმული, ახლა კი ამ უარით მისი იმიჯი საზოგადოებაში დადებითად ასახული არ იქნება. შესაძლოა ისიც, რომ მეორე ტურის არჩევნებზე ამომრჩევლის ნაწილი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდასაჭერად არ მივიდეს. არ მგონია, ამომრჩეველმა ჩათვალოს, რომ რულოვსმა სააკაშვილის ბოიკოტის მოწოდება გაახმოვანა, საზოგადოებას ამდენი ფიქრის უნარი არ აქვს, ის ყველაფერს მარტივად ფიქრობს, მაგრამ რულოვსი პარტიის მომხრეებისთვის იყო მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც უნდა გაპოლიტიკოსებულიყო და მისი უარის გამო შეიძლება რაღაც ნაწილმა არჩევნებზე მისვლა გადაიფიქროს,” – აღნიშნავს ელდარ პირმისაშვილი.

ნაციონალები წინასწარ წაგებულ თამაშს თამაშობენ

სოციოლოგი ამირან ბერძენიშვილი თვლის, სანდრა რულოვსმა ღირსეულად დაანება თავი მეორე ტურში ტყუილად ბრძოლას, რადგან “ნაციონალებს” წარმატების შანსები არ აქვთ. “რაღაც იგრძნობა, რომ წინასწარ წაგებულ თამაშს თამაშობენ მეორე ტურში. ამიტომ, ძალიან ძნელია, როდესაც ხედავ, რომ არ არის სტიმული და გარემოება, რომ მოიგო. მეორე ტურში მხოლოდ 2 ოლქში აქვთ პირველი ადგილი. საერთო სურათია, რომ “ქართული ოცნების” ხალხი ძალიან მაღალი პროცენტით უგებს პირველივე ტურიდან. მით უმეტეს, როდესაც გარკვეულია, რომ “ქართული ოცნება” გამარჯვებულია, ეს ისედაც მწვანე შუქს უნთებს ადამიანებს და არჩევანს ხელისუფლების კანდიდატის სასარგებლოდ უიოლებს. წინასწარ გარკვეულია, რომ ხელისუფლება აიღებს სრულ უმრავლესობას. გამონაკლისი იქნება ერთი-ორი, მაგრამ ეს სურათს ვერ შეცვლის”, – ამბობს ამირან ბერძენიშვილი.

„რეზონანსი“, 26 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ოცნებას რამდენიმე ტესტის ჩაბარება მოუწევს“ // „ხელისუფლებისთვის ამხელა ძალაუფლებას ცუდი ხიბლი აქვს

ელზა პაპოშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ქართული საზოგადოება “ოცნების” მიერ პირველი გადადგმული ნაბიჯებიდანვე მიხვდება, ის ძალაუფლების უზურპაციას მოახდენს თუ არა. მისი აზრით, ხელისუფლების ამ გზაზე არწასვლის გარანტორი და შემაკავებელი ფაქტორი, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ასევე მედია და პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა იყოს. გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევა, იმ მოცემულობაში, რაც ახლა გვაქვს, საკმაოდ საშიში იქნება, რადგანაც ეს ინსტიტუტი დამოუკიდებლობას დაკარგავს და ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ მოხვდება. ეს კი ძალაუფლების დაბალანსების საშუალებას მოსპობს.

- არჩევნების შემდეგ “ქართულ ოცნებას” მთავარი ჩასაბარებელი ტესტი რა იქნება?

- ხელისუფლებას მეორე ტურის დასრულების შემდეგ, რამდენიმე მთავარი ჩასაბარებელი ტესტი ექნება. საკონსტიტუციო უმრავლესობა ხელისუფლებას ერთი მხრივ კომფორტის საშუალებას აძლევს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ ეს მის პასუხისმგებლბასაც აათმაგებს, რადგანაც სხვის მხარეს ხელის გაშვერას ვეღარ დაიწყებს. შესაბამისად, მათი ყველა ნაბიჯი საბოლოო ჯამში კარგად მოზომილი უნდა იყოს, რომ პროცესი იქითკენ არ წავიდეს, რაც ჩვენს ქვეყანას არაერთხელ უკვე გამოუცდია. მათი გადასაწყვეტია, ამ აბსოლუტურ ძალაუფლებას ქვეყნის სასარგებლოდ თუ ძალაუფლების უზურპაციისთვის გამოიყენებენ. ხელისუფლებისთვის ამხელა ძალაუფლებას ძალიან ცუდი ხიბლი აქვს – მისი ბოროტად გამოყენების ცდუნებისთვის, ამ ქვეყანაში ბევრს ვერ გაუძლია. ფაქტობრივად ეს გამოცდა ვერავინ ვერ ჩააბარა. მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს ხელისუფლება ამას შეძლებს. წინასწარ სკეპტიკოსი ან ოპტიმისტი არ მინდა ვიყო.

- ხელისუფლების შემაკავებელი ფაქტორი, რომ მან ძალაუფლების უზურპაცია არ განახორციელოს, მოსუფთავებული პოლიტიკური ველის პირობებში, რა, ან ვინ იქნება?

- ეს როლი სამოქალაქო საზოგადოებამ, მედიამ, სასამართლომ და რა თქმა უნდა, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იკისროს. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენს საზოგადეობაში პროტესტის გამოხატვის მუხტი ნაკლებია, ხოლო სასამართლოს შემთხვევაში, სადაც კოლექტიურმა მურუსიძემ ჩაიბუდა, საქმე საკამოდ სავალალოდ გვაქვს.

პირველი ტესტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, უკვე ბევრ კითხვას აჩენს. შესაბამისად, სასამართლოს იმედი ახლო პერიოდში არ უნდა გვქონდეს. თუმცა, რაც შეეხება მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, პრეზიდენტის ინსტიტუტს, ეს ის ორგანოებია, რომლებიც დამოუკიდებლობას შეძლებისდაგვარად ინარჩუნებენ. ამ ინსტიტუტების მხრიდან ხელისუფლების შემაკავებელი სისტემის შემუშავებაა საჭირო, იმისათვის, რომ ნეგატიური ტენდენციები არ დაიწყოს. სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გაიღვიძოს და მედია მაქსიმალურად აქტიური უნდა იყოს. პრეზიდენტის ინსტიტუტი კი კომპეტენციის შესაბამისად პრევენციული ღონისძიების შემუშავებისთვის მზად უნდა იყოს. ეს თავად ხელისუფლების ინტერესშიც უნდა შედიოდეს. თუ ამ შემაკავებელმა ფაქტორებმა არ იმუშავა და ხელისუფლებამ მოქმედება მაინც ხელების გადაგრეხით დაიწყო, ეს ამბავი საბოლოო ჯამში, თავად ხელისუფლებისთვის კარგად არ დამთავრდება.

- როგორ ფიქრობთ, არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს თუ არა მთავრობის სერიოზული რეორგანიზაცია და მთავარი პრობლემები რომელ სტრუქტურებშია?

- წინასწარ ამაზე საუბარი ალბათ რთულია, მაგრამ ერთი, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ის არის, რომ ინსტიტუციონალურ მმართველობაზე გადავიდეთ, სადაც პიროვნებებმა სახელმწიფო თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე კი არ უნდა მართონ, არამედ საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებს უპასუხონ. ასეთ ინსტიტუციონალურ მმართველობით სისტემაში დიდი მნიშვნელობა არც ექნება, პრემიერ-მინისტრი ვინ იქნება. მთავარია, რომ პრემიერი ფასადური არ იყოს და სინამდვილეში ძალაუფლების ცენტრი სხვაგან არ იყოს თავმოყრილი. არამედ ინსტიტუტები მართავდნენ და პრემიერების სახელები და გვარები იცვლებოდეს. პრემიერი უნდა იყოს პასუხისმგებელი და არა ნომინალური.

- საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ, “ქართული ოცნება” ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირველ რიგში იმ კანონპროექტზე იმუშავებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობა გაძლიერდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ წარმომადგენლობით, ჩვენი პარლამენტი ამისთვის მზადაა?

- ვფიქრობ მმართველობის ძალიან საინტერესო მოდელია. კობახიძის ძალიან ბევრი ქმედება არ მომწონს, თუმცა ერთი-ორი განცხადება დეკლარირების სახით, ნამდვილად მომეწონა. მეც ვეთანხმები, რომ კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ ინიციატივები ფართო განხილვისა და დისკუსიის საგნად უნდა იქცეს. რაშიც მხოლოდ პარლამენტი და ერთი პოლიტკური ძალა არ უნდა მონაწილეობდეს. ჩვენ თუ საპარლამენტო მმართველობაზე გადავდივართ, კი, ბატონო, მივესალმები. ვფიქრობ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ახლანდელი კანონის მიხედვით ძალიან გართულებულია. რაც სააკაშვილმა თავის დროზე თავის თავზე მოირგო. ვფიქრობ, მინიმუმ ეს საკითხი დისკუსიის საგანი შეიძლება გახდეს. თუმცა საქმე ისაა, რომ დღევანდელი პარლამენტი ამ მხრივ საკმაოდ სუსტად გამოიყურება. აქ იდეების გენერირება და შემდგომ მისი განვითარება გაუჭირდებათ. არ მინდა კატეგორიული ვიყო და ვფიქრობ, მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ. თუმცა მთავარი მაინც პოლიტიკური ნებაა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას საზოგადოებას ეთათბირებოდნენ.

- პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევის წესზე რა აზრის ხართ?

- ერთ პოლიტიკურ ძალას როდესაც აბსოლუტური უმრავლესობა აქვს, ასეთ სიტუაციაში, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევითობა, გარკვეული სახის რისკებს აზღვევს. პრეზიდენტი როგორც დამაბალანსებელი ძალა, ამ ვითარებაში კარგია, ხოლო თუ მას პარლამენტი აირჩევს, ეს ბალანსი დაიკარგება და ხელისუფლების ხელში ამდენი ძალაუფლება უკვე რისკის შემცველი იქნება.

———————

„ახალი თაობა“, 25 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ კახა კუკავასთან: „ნაციონალურ მოძრაობას ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს

„ახალი თაობის“ კითხვებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა პასუხობს.

- ბატონო კახა, წინ მეორე ტურია. ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს იმას, რომ ოპოზიციიდან ხმების ნაწილი შესაძლოა მართლაც წავიდეს ნაციონალების მხარდასაჭერად. თქვენი პოზიცია როგორია, ვის უჭერთ მხარს მეორე ტურში?

- თავისუფალი საქართველო მეორე ტურში არ უჭერს მხარს არც ერთ პარტიას და არც ერთ კანდიდატს, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ნამდვილი სპექტაკლი, დადგმული სცენარი.

- რას გულისხმობთ?

- არანაირი ინტრიგა მეორე ტურს არ ახლავს თავს. ყველა ოლქს მოიგებს „ქართული ოცნება“, ის შექმნის საკონსტიტუციო უმრავლესობას, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას აქვს ისეთივე ფუნქცია, რაც ჟირინოვსკის -რუსეთში. ან სხვა ქვეყნებში, სადაც არსებობს სატელიტური ოპოზიცია, რომ შექმნან ოპოზიციის იმიტაცია. არანაირი რეალური კონკურენციის ფუნქციას ისინი არ ასრულებენ. აქედან გამომდინარე, მოტყუებულია „ოცნების“ ამომრჩეველიც და ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველიც.

- და რაში გამოიხატება ეს მოტყუება?

- „ოცნების“ ამომრჩეველი მოტყუებულია იმიტომ, რომ მას ეუბნებიან, მოდით და ხმა მიეცით „ოცნებას“, იმიტომ, რომ ნაციონალები მოვსპოთ და სინამდვილეში, ისინი, „ოცნების“ მხარდაჭერით, ხმას აძლევენ ნაციონალების კიდევ უფრო გაძლიერებას, გამყარებას და ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ ძალად ქცევას. ასევე მათთვის ხელშეუხებლობის გარანტიას. ასევე მოტყუებულები არიან ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებიც. მათი ამომრჩევლების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ხმას აძლევს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

- სინამდვილეში ასე არ არის?

- სინამდვილეში ნაციონალური მოძრაობა ივანიშვილის რეჟიმს არ ებრძვის და მისი მიზანია მეორე ადგილის დაკავება. რაც იყო სააკაშვილის დროს ქდმ, დაახლოებით იმ ფუნქციას ასრულებს დღეს ნაციონალური მოძრაობა. ისინი შევლენ პარლამენტში, აირჩევიან ვიცე-სპიკერებად და კომიტეტების თავმჯდომარეებად და ივლიან სხვადასხვა მივლინებებში.

- თქვენ განაცხადეთ, რომ ემიჯნებით მეორე ტურს, თუმცა გვესმის შეფასებები, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებისგან ნაციონალები ხმებს მიიღებენ. დაუჭერს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია მხარს ნაციონალურ მოძრაობას?

- ძირითადი ნაწილი არასაპარლამენტო ოპოზიციის, ვისთანაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს, არც ერთს უჭერს მხარს. იმიტომ, რომ ეს არის ერთი და იგივე ძალა, მოქალაქეთა კავშირის ორი დანაყოფი! ორი პარტია, ვინც მე ვიცი, რომ მხარი დაუჭირა ნაციონალურ მოძრაობას, არის გირჩი და რესპუბლიკელები.

- ჩვენ მოვისმინეთ რესპუბლიკური პარტიის ლიდერების განცხადებები, რომ ეს მათთვის ხარაკირის ტოლფასი იქნება...

- ამ პარტიაში იყო ასეთი განხილვა. ჩვენ კი ამას კატეგორიულად გამოვრიცხავთ. ასევე, როგორც მე ვიცი, ამას გამორიცხავენ ლეიბორისტები, გამორიცხავენ თავისუფალი დემოკრატები, გამორიცხავს ბურჯანაძის ჯგუფი. გირჩმა და რესპუბლიკელებმა კი გააკეთეს საპირისპირო განცხადება, მერე შიგნით რა დისკუსია ჰქონდათ, არ ვიცი, მათ პოლიტსაბჭოს ოქმებს მე არ ვკითხულობ.

- გავრცელდა ინფორმაციები, რომ ოცნება და ნაციონალები გარიგდნენ და ზუგდიდი და მარნეული გადაინაწილეს. ამას სანდა რულოვსის კანდიდატურის მოხსნაც დაემთხვა. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს ინფორმაცია?

- მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასეა. ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილმა მის სატელიტად აქცია. არანაირი ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობა არ არის და ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერ იქნება.

- რატომ?

- ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა ადასტურებს, თუ ქართველ ხალხს ექნა არჩევანი, რომ ნაციონალური მოძრაობა გირჩევნიათ თუ „ოცნება“, აშკარად იგებს „ქართული ოცნება“.

- აბა, ნაციონალების ოპოზიციონერობა მითია?

- დამიჯერეთ, არანაირი ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობა არ არის! ნაციონალური მოძრაობა ამ ქვეყანაში არჩევნებს ვეღარ მოიგებს ვერასდროს! გიგა ბოკერია დღესაც არის კავშირზე ხელისუფლებასთან და ნაციონალური მოძრაობის ყველა ნაბიჯი შეთანხმებულია ხელისუფლებასთან.

- ანუ ადასტურებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი და გიგა ბოკერია გარიგდნენ?

- რა თქმა უნდა! დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის მთავარი დამფინანსებელი არის ბიძინა ივანიშვილი. დღეს ნაციონალების შიგნით დაპირისპირება არ არის. დაპირისპირება არის ნაციონალებსა და სააკაშვილს შორის. შიგნით ყველაფერი რიგზეა. ერთ მხარეს არის სააკაშვილი, რომელიც ჩატოვეს სადღაც ოდესაში და არავის აღარ აინტერესებს და ფეხებზე დაიკიდეს. მეორე მხარეს არიან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, რომლებმაც ივანიშვილის შეთავაზებული თბილი სავარძლები და კარგი ცხოვრება აირჩიეს.

- ანუ მიმდინარეობს სააკაშვილის ჩაჩოჩების პროცესი?

- კი, ნამდვილად მიმდინარეობს. რამდენი ხნით, ამას დასავლეთი გადაწყვეტს. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ დასხდებიან კრემლის და ვაშინგტონის ხელისუფლებები და გადაწყვეტენ, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ჩვენთან მთავრობა ყოველთვის ასე იცვლებოდა. ამ ეტაპზე, რადგან მთავრობის ცვლილება დაგეგმილი არ არის, არც დამკვირვებლების გამოგზავნით შეუწუხებიათ თავი, არც შეფასებების გამოქვეყნებით. ჩვენმა არასამთავრობოებმაც პირში წყალი რომ ჩაიგუბეს, ვერ ატყობთ? და აღარ ყაყანებენ.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ეს პროცესი იმართება გარედან. ამ ეტაპზე ხელისუფლების ცვლილება დაგეგმილი არ არის. დაკვეთა არ მოსულა ვაშინგტონიდან. ოთხი წლის შემდეგ კი ყველა ერთად აყაყანდება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. ეს კინო ნანახი გვაქვს 2003-ში. ეს გადაწყვეტილებები მიიღება ორი ვადის ამოწურვის შემდგომ.

- ანუ კიდევ ოთხი წელი არაფერი შეიცვლება?

- არა. ბიძინა ივანიშვილს რომ ამოეწურება შემდეგი ოთხი წელიც, ერთი წლით ადრე დაიწყება ახალი ისტერია. ჩაიდება მილიონები საქართველოს ოპოზიციაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და იტყვიან, როგორ ცუდად არის ქართული დემოკრატიის საქმე. ყველაფერი კი დამთავრდება ისე, როგორც დამთავრდა წინა ორ ჯერზე. ეს არის ძირეული პრობლემა, თორემ ივანიშვილი, სააკაშვილი და ბოკერია პაიკები არიან. მათ არავინ არაფერს ჰკითხავს.

„ახალი თაობა“, 25 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ნიკა რურუასთან: ქვეყანა ოცნების კონსტიტუციური უმრავლესობისგან უნდა დავიცვათ

„ახალი თაობის“ კითხვებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა პასუხობს.

- ბატონო ნიკა, კვირის ბოლოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურია. რა განწყობაა ნაციონალურ მოძრაობაში? გაქვთ წარმატების იმედი? რამდენად ჯანსაღია საარჩევნო გარემო?

- დადებითი ნამდვილად ვერ არის, სამწუხაროდ. ზოგადად კი შემიძლია გითხრათ, რომ განწყობა არის საბრძოლო. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ მოხდეს ძალაუფლების სრული კონცენტრაცია ერთ ხელში, `ქართული ოცნების~ ხელში. ამიტომ განწყობა არის, როგორიც უნდა იყოს, სწორედ ისეთი, მაგრამ გარემო არის ძალიან ცუდი.

- ცუდში რას გულისხმობთ, რა არ მოგწონთ?

- მოწამლულია გარემო და ეს არ მომხდარა ამ დღეებში. მთელი წინა თვეებიდან დაწყებული, თუნდაც კორცხელის ინციდენტი რომ გავიხსენოთ, იქიდან მოყოლებული, ყველაფერი არის დაშინებაზე, ძალადობაზე. მაგალითად, ჩემი შტაბის უფროსი დღემდე პატიმრობაშია. ეგეთი რამე შევარდნაძის დროსაც არ მომხდარა. ადამიანს ჩაუდეს რაღაც ჟანგიანი დამბაჩა და ჩასვეს ციხეში, შეუფარდეს ორთვიანი პატიმრობა. მათი მიზანია, ხელი შეგვიშალონ და ეს არის დაშინებასა და ტერორიზებაზე გათვლილი. ამას რამდენად არ დავემორჩილებით, ეს უკვე ჩვენი გამბედაობის საკითხია და ამის არავის ეშინია! თუმცა ზოგადად გარემო ძალიან ცუდია. მოსყიდვა, დაშინება, ფულის დარიგება, კარუსელების ტრიალი – პირველ ტურში ეს ყველაფერი ვიხილეთ.

- ამაზე მხოლოდ თქვენი პარტია საუბრობს. საერთაშორისო ორგანიზაციებისგან რომ არ გვესმის მსგავსი შეფასებები?

- როგორ არ გესმით, რას ლაპარაკობთ?! ენდიაი ამაზე ლაპარაკობდა, რომ სერიოზული პრობლემებია, უამრავი და ეს დარღვევები ჯერ კიდევ ირკვევა, ეს არ არის დამთავრებული პროცესი. წინ მეორე ტურია და ეს დარღვევები თუ გაგრძელდა, მთლიანობაშიც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საერთოდ ამ არჩევნების შედეგს. 21-ე საუკუნეა და არ შეიძლება, მანიპულირებით თავს მოახვიო ხალხს შენი საკუთარი ხელისუფლება. მთელი მოსახლეობის 25% უჭერს მხარს მმართველ პარტიას და მას პრეტენზია გაუჩნდა კონსტიტუციურ უმრავლესობაზე!

- თქვენ ამბობთ, რომ ხელს შეუშლით, დაირაზმებით, რათა მმართველმა ძალამ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვოს. როგორ მოახერხებთ ამას? ამბობენ, რომ გარეთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს გაურიგდით, რათა თქვენ დაგიჭირონ მხარი, ასეა?

- კარგით, რა. ეს ძალიან არასერიოზულია. მე არ ვიცი, თქვენ რომელ პარტიებს გულისხმობთ. ასეთ სპეკულაციებზე კი სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე ვამბობ, რომ შევუშლით ხელს ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური უფლების გამოყენებით. ეს არის ძალიან ცუდი რაღაცა, უკონტროლო ხელისუფლება და გაყალბებით მითვისებული ხელისუფლება, ეს არის წინაპირობა ძალიან მძიმე შეცდომებით სავსე გადაწყვეტილებებისა. ამიტომ აქ ჩვენი ინტერესი საერთოა, აღარ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიებს ეკუთვნის რომელი ადამიანი, რომელი კანდიდატი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ძალაუფლების კონცენტრაციისგან, რაც ნიშნავს კონსტიტუციურ უმრავლესობას `ოცნებისთვის~. ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი.

- სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებისგან გვესმის შეფასებები, რომ ოცნებისთვის გარდაუვალია საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას საკუთარი მწარე გამოცდილება და წარსული ალაპარაკებს. ამაზე რას იტყვით?

- რა თქმა უნდა, გამოცდილებაც გვალაპარაკებს, მაგრამ გარდაუვალი ეს არ არის. არ შეიძლება, ეს ცნობილი იყოს წინასწარ, თუ ესენი ისევ გაყალბებას არ აპირებენ. როგორ შეიძლება, წინასწარ თქვა, რა არის გარდაუვალი, როცა არჩევნები წინ არის!

- თქვენ აცხადებთ, რომ დარაზმულები ხართ, თუმცა სერიოზული ეჭვები გაჩნდა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში რღვევა გრძელდება. ამ ყველაფერს სანდრა რულოვსის განცხადებებიც ერთვის. რა ხდება პარტიაში?

- ამაზე ვერაფერს გეტყვით. ეს სერიოზული ეჭვები სინამდვილეში სპეკულაციებია. არანაირი რღვევა არ გრძელდება. მე თავად პარტიაში მიმდინარე ყველა პროცესის მონაწილე ვარ, ყველა შეკრებას ვესწრები და არაფერი მსგავსი იქ არ შემიმჩნევია. იქ არის ჯანსაღი დებატები მსჯელობის, ფიქრის, რაც აუცილებელია ყველა პარტიისთვის, იმიტომ, რომ ასე მიღებული გადაწყვეტილებებია სწორი!

- სანდრა რულოვსმა სერიოზული ზეწოლის შედეგად მოხსნა კანდიდატურაო. ზეწოლა ვისგან იყო, სააკაშვილისგან?

- თქვენ ახლა მეკითხებით ისეთ რაღაცას, რაც აბსოლუტურად შორს არის სიმართლისგან!

„ახალი თაობა“, 25 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „მიხეილ სააკაშვილისა და ბოკერიას დაპირისპირება დაასამარებს ნაცმოძრაობას“ // „სააკაშვილის სატელიტების დრო წავიდა

„ახალი თაობა“ ესაუბრა მემარცხენე ალიანსის გენერალურ მდივან სოსო შატბერაშვილს.

- ბოლო ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დესტრუქციული გეგმის თანახმად, უნდა მოხდეს საბოტაჟი სხვადასხვა სტრუქტურაში შეგზავნილი ნაციონალების დახმარებით. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა რაიმე კორექტივები შეიტანა მათ საქმიანობაში?

- ნაცმოძრაობის საქმე სულ უკან-უკან მიდის. მათ ბევრჯერ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში. არჩევნებზეც კრახი განიცადეს. არადა, სააკაშვილი თანაპარტიელებს არწმუნებდა, რომ ისინი 2016 წელს უეჭველად დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში. ნაციონალების არაფორმალური ლიდერი მათ ეუბნებოდა, რომ მომავალ პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებდნენ და ყველა საქმეში მათი მოკავშირე იქნებოდა პრეზიდენტი მარგველაშვილი.  ნაციონალებმა პირწმინდად წააგეს. საბოლოო მარცხი განიცადეს მათმა სატელიტებმა და შემოგზავნილმა პიროვნებებმა – პაატა ბურჭულაძემ და შალვა ნათელაშვილმა. საბოლოოდ, სააკაშვილს უნდოდა, რომ მის პარტიას გამოეცხადებინა ბოიკოტი და არ შესულიყო პარლამენტში. თანაპარტიელებმა მას არ დაუჯერეს.

- რა იყო ამის მიზეზი?

- ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ ახლანდელ ლიდერებს ძალიან სჭირდებათ სადეპუტატო იმუნიტეტი. მაგალითად, ბოკერიასაც დასაჭერად აქვს საქმე და ჭიაბერაშვილსაც, რომელიც თბილისის მერიც იყო. მისი შემდგომი მერი სასჯელს იხდის, ისევე, როგორც კიდევ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი. ბოიკოტით წარმოჩნდა დაპირისპირება სააკაშვილსა და ბოკერიას შორის. ამ საკითხზე ცხოვრებაში ერთად ერთხელ დავეთანხმე თამარ ჩერგოლეიშვილს. მან განაცხადა, რომ ათი წელიწადია, შვებულებაში არ ყოფილა, სააკაშვილი კი შორიდან იძლევა დირექტივებს და მას აქ მყოფების ბედი არ აინტერესებს. საბოტაჟის გეგმა ნაცმოძრაობაში ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერი კვირიკაშვილი არ დაუშვებს ნაციონალების შეღწევას აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში და საბოტაჟს.

- განხეთქილება რითი შეიძლება დასრულდეს?

- სააკაშვილისა და ბოკერიას დაპირისპირება საბოლოოდ დაასამარებს ნაციონალურ მოძრაობას. თავიდან ისინი ორ ნაწილად გაიყოფიან. სააკაშვილი შურისმაძიებელი ადამიანია და ბოკერიას ამ ურჩობას არ შეარჩენს. ეს ჯგუფები ერთმანეთს შეეჯახებიან, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ქვეყნისათვის ზიანის მოტანა აღარ შეეძლებათ. ნაციონალების ორივე განაყოფი საშიში იქნება.

- სანდრა რულოვსის უარი, მიიღოს მონაწილეობა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში, ამ განხეთქილების ნაწილია?

- დიახ. თანაც, ბოიკოტი არ გამოუვიდათ. რა როლი უნდა შეასრულოს პარლამენტში პოლიტიკაში ახალბედა რულოვსმა? `ქართული ოცნების~ დეპუტატებსა და ირმა ინაშვილს ის დებატებს ვერ მოუგებს. ამიტომ, რულოვსმა გაცლა გადაწყვიტა.

- სანდრა რულოვსი პარტიულ სიაშიცაა შეყვანილი. ფიქრობთ, რომ ამაზეც უარს იტყვის?

- დიდი ალბათობით, ის პარლამენტზე საერთოდ უარს იტყვის. სანდო წყარო გვატყობინებს, რომ ამ დღეებში ნაციონალურ მოძრაობაში დიდი ფიზიკური შეხლა-შემოხლაც იყო.

- ასეთი რამ იქ ადრეც ყოფილა...

- ყველაზე დიდი ფიზიკური დაპირისპირება ირაკლი ოქრუაშვილის წამოსვლისას მოხდა. ეს პარტია არც არასდროს ყოფილა მონოლითური. ის ადრევე დატოვა კობა დავითაშვილმა. რღვევის პროცესი მერეც მიმდინარეობდა. გახმაურებულია განხეთქილება, რომელიც იყო „რევოლუციურ სამეულში“. ვგულისხმობ ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ უთანხმოებას სააკაშვილის, ჟვანიასა და ბურჯანაძის პარტიებს შორის.

- ბურჭულაძე და ნათელაშვილი ახსენეთ. ისინი ისევ პოლიტიკაში არიან...

_ ისინი ვეღარ დარჩებიან პოლიტიკაში. სააკაშვილის საქმიანობაც მთავრდება, მაგრამ მის აქტივობებს კიდევ ვნახავთ. ბურჭულაძისა და ნათელაშვილის დრო კი უკვე წასულია. ბურჭულაძე, თვითონ რაც უნდა თქვას, ფაქტობრივად, უკვე დაუბრუნდა ოპერას. ნათელაშვილის რეინკარნაცია შეუძლებელია.

„ახალი თაობა“, 25 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „კახა კალაძემ და გიორგი კვირიკაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატების გამო იჩხუბეს“ // „სალომე ზურაბიშვილი ნაციონალ არჩილ გეგენავას გაურიგდა

რატომ შეხვდა სალომე ზურაბიშვილი თავისი კონკურენტის ბავშვობის მეგობარს, რა ხდება მცხეთაში, რატომ არ ღირს არჩევნების მეორე ტურზე წასვლა? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.

ლადო სადღობელაშვილი:

- უკვე დიდი ხანია, იმაზე მიწევს საუბარი, რომ ნაციონალური მოძრაობა და „ქართული ოცნება“ გარიგებული არიან. ამ თემაზე თუკი რაიმე ეჭვები მქონდა, 8 ოქტომბერს გამართულმა არჩევნებმა სულ გამიფანტა, არჩევნების მეორე ტურის წინ კი ეს გარიგება ძალიან აშკარა გახდა. მთაწმინდის ოლქში მეორე ტურში ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი და ნიკა რურუა დაუპირისპირდებიან. ამ დღეებში ძალიან საინტერესო რამე მოხდა, ზურაბიშვილი თავისი კონკურენტის ბავშვობის მეგობარსა და ბიზნესპარტნიორ არჩილ გეგენავას შეხვდა. ამან ბევრი კითხვა გააჩინა და ბევრ კითხვასაც გასცა პასუხი. საერთოდაც, ბოლო ხანებში რურუასა და ზურაბიშვილის დაპირისპირებამ უცნაური სახე მიიღო. ეს ბატონი და ქალბატონი ერთმანეთს არც კი აკრიტიკებენ.

- როგორ არ აკრიტიკებენ, ნიკა რურუამ სალომე ზურაბიშვილს სულ პარიჟანკა და ჩამოსული ეძახა...

- მერე ესაა კრიტიკა? ეს კრიტიკა კი არა, მოფერება უფროა. „ოცნებისა“ და ნაციონალების გარიგება მთაწმინდაზეც იმუშავებს.

- სალომე ზურაბიშვილი რომ ოცნების კანდიდატი არ არის?

- ეგ ოფიციალურად არ არის მაგათი კანდიდატი, თორემ ისე „ოცნებამ“ სულ მაგაზე იმუშავა. მას შემდეგ, რაც მან არჩილ გეგენავასთან დადო გარიგება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის რაღაც დოზით ნაციონალების კანდიდატიც არის. 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტში გეგენავა მთაწმინდის მაჟორიტარი იყო. მიუხედავად მისი ნაციონალობისა, ის არ ყოფილა ცუდი დეპუტატი. მას კარგი საქმეებიც აქვს გაკეთებული. ამ შემთხვევაში მე სალომე ზურაბიშვილთან უფრო მაქვს პრეტენზიები, ვიდრე ყოფილ დეპუტატთან.

- სალომე ზურაბიშვილთან რატომ გაქვთ პრეტენზიები, თავად არ თქვით, გეგენავა ცუდი დეპუტატი არ ყოფილაო? იქნებ რჩევებს ეკითხებოდა?

- გეგენავასთან პიროვნულად არანაირი პრეტენზიები არა მაქვს, მაგრამ ვერ დავივიწყებ, რომ ის არის ნაციონალებთან დაახლოებული პირი. ყოფილ ხელისუფლებასთან სიახლოვით მან თავისი ბიზნესი აიწყო და უამრავი ფული იშოვა. ის დღემდე ახლობლობს ნაციონალებთან. აქედან გამომდინარე, ის რჩება ნაციონალად და ისიც ნაციონალია, ვინც მასთან თანამშრომლობს. ვუყურებ ზურაბიშვილისა და გეგენავას შეხვედრის ფოტოებს და მებადება კითხვა – მეორე ტურში ვის მივცეთ ხმა, ღია თუ ირიბ ნაცს? ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ხმა არცერთმა მათგანმა არ უნდა მიიღოს. ამიტომაც ვთხოვ ყველას, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს. ყველაზე მეტად სალომე ზურაბიშვილის კომენტარმა გამაოგნა. ეს ქალი გეგენავასთან გამართულ შეხვედრაზე წერს – აი, გავედით ფინიშზეო. რა გამოდის? ნაციონალი რომ არ დახმარებოდა, ფინიშზე ვერ გავიდოდა? აქ კიდევ რაღაცაშია საქმე. ზემოთ უკვე გითხარით, რომ გეგენავა რურუას ძმაკაცია.

- იქნებ აღარ ძმაკაცობენ?

- როგორ არ ძმაკაცობენ. ძმაკაცობის გარდა, მათ საერთო ბიზნესინტერესებიც აქვთ. მეტსაც გეტყვით, რურუას საარჩევნო შტაბი იმ შენობაშია განთავსებული, რომლის ერთ-ერთი მეპატრონე არჩილ გეგენავაა. რურუები და გეგენავა ერთმანეთს ყოველთვის გვერდში ედგნენ. ისინი სააკაშვილის კარის ბიზნესმენები იყვნენ და, როცა სააკაშვილი რურუებს გადაემტერებოდა, მათ ბიზნესს გეგენავა იფორმებდა, გეგენავას თუ გადაემტერებოდა, რურუები გამოდიოდნენ დასახმარებლად.

- თუ დღემდე მეგობრობენ, რით ხსნით იმას, რომ გეგენავა ზურაბიშვილს შეხვდა და თანაც ეს ინფორმაცია ყველასთვის საჯარო გახადეს?

- ახსნა ერთი აქვს – აქ რაღაც გარიგებას აქვს ადგილი. ან რურუას სასარგებლოდ გადაწყდება ყველაფერი, ან რაღაც სხვა ამბავია.

- რა ამბავი, რურუას ბავშვობის მეგობარი რურუას კონკურენტს შეეკრა?

- შეგვიძლია, ასეც ვთქვათ, რომ ზურაბიშვილმა რურუას ბავშვობის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი აახია.

- რა უნდა შეეთავაზებინა ზურაბიშვილს გეგენავასთვის ისეთი, რომ მას ბავშვობის მეგობრისთვის ზურგი ექცია?

- რაღაც გარიგება იქნება. სალომეს იმდენი ფული ნამდვილად არა აქვს, რომ გეგენავას მისცეს. ალბათ, აქეთ აფინანსებს გეგენავა. ხელისუფლების სახელით რაღაც საინტერესოს დაჰპირდებოდა. ფული ვახსენე და, ცუდი არ იქნება, თუ მაჟორიტარობის კანდიდატები დანახარჯებს წარმოადგენენ. რამდენადაც მე ვიცი, სალომემ 500.000 ლარი დახარჯა, რურუამ კი _ 300.000. ეს არ არის ზუსტი ინფორმაცია და, კარგი იქნება, თუ ისინი ფინანსებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას გამოაქვეყნებენ. დიდი ეჭვი მაქვს, იმ ქალს სწორედ გეგენავა აფინანსებს და თუ მეორე ტური ზურაბიშვილმა მოიგო, გამოდის, რომ მან ნაცის დახმარებით დაამარცხა ნაცი. ის, ვისაც ნაცები ეხმარებიან, თავადაც ნაცია. ამიტომაც გეუბნებით, მეორე ტურს გამოუცხადეთ ბოიკოტი – დაუჭამიათ ნაცებს ერთმანეთი! საინტერესო ამბები ტრიალებს მცხეთაშიც, სადაც მაჟორიტარობის გამო ერთმანეთს კალაძე და კვირიკაშვილი დაუპირისპირდნენ.

- ხუნდაძისა და ჩოჩელის გამოა ეს დაპირისპირება?

- სწორედაც რომ მაგათ გამოა. ცეზარ ჩოჩელი ბოლო ხანებში ძალიან გაქოცდა და გიორგი კვირიკაშვილთან საერთო ენა გამონახა. ისინი ერთმანეთს მაშინ დაუახლოვდნენ, როცა კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრი იყო. ბოლო პერიოდში მათი მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდა. რამდენიმე თვის წინ ჩოჩელმა საწარმო გახსნა. ამ ცერემონიალს პრემიერიც დაესწრო. ნახა რა ასეთი მხარდაჭერა, ცეზარმა გადაწყვიტა, მაჟორიტარად დაეყენებინა თავისი კანდიდატურა. ამ ამბავმა ძალიან გააბრაზა დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატია. როგორც ამბობენ, ისე გაბრაზდა, საცვლებიდან და წინდებიდან ამოხტა. ამაზე მან ივანიშვილთანაც იჩივლა. ის ამ საქმეში არ ჩაერია, სამაგიეროდ, კახა კალაძე გადაირია.

- ის რაღამ გადარია?

- იმას თავისი გაჭირვება აქვს, პარლამენტში საკუთარ დასაყრდენს იმზადებს, შერჩეული ჰყავს ხალხი. მათ რიგებში არიან დიმიტრი ხუნდაძე და ზაქარია ქუცნაშვილი. თავიდან „ოცნება“ მათი კანდიდატურების დასახელებას არც აპირებდა, მაგრამ კალაძეს აუტეხია ამბავი, ზაქრო და დიმიტრი „სტარაია გვარდიაა“ და ვერ შეველევიო. 30 ოქტომბერს მცხეთაში კვირიკაშვილისა და კალაძის ინტერესები დაეჯახება ერთმანეთს. რამდენადაც ვიცი, სუსი მცხეთაში ცეზარის სასარგებლოდ მოქმედებს. აქვე ერთ საინტერესო ამბავსაც გეტყვით – ძალოვანი სტრუქტურები ორად არის გაყოფილი, ნაწილი კალაძეს ემორჩილება, ნაწილი – კვირიკაშვილს. საბოლოო ჯამში, ძალიან ცუდი სიტუაცია მივიღეთ. აქამდე არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის გვიწევდა. ნაცებისა და ქოცების კოაბიტაციის შემდეგ არჩევანს უარესსა და უფრო უარესს შორის ვაკეთებთ. კოაბიტაციის დასკვნით ეტაპზე ნაციონალები კიდევ უფრო მოძლიერდებიან და, არ არის გამორიცხული, ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.

- ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ეს არასდროს მოხდება...

- მე მაგ ზღაპრების არ მჯერა. ნაცების ჩარეცხვა რომ სდომებოდათ, თავიანთ გუნდში კი არ შეიწოვდნენ (ნაწილს) და რეანიმირებულსა და რეაბილიტირებულებს კი არ მიათრევდნენ არჩევნებამდე, არამედ საწოლშივე ჩაკლავდნენ!!! აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ „ოცნება“ ნაცების გარეშე ჩამოიშლება. აქტუალობას დაკარგავს. აი, რისთვის სჭირდებათ ერთმანეთი! აქვე იმასაც გეტყვით, რომ „ოცნებისა“ და ნაცების ამბავი ამერიკაში გადაწყდა. ამერიკელებს უნდათ, რომ აქაც ორი პარტია იყოს. ამერიკაში 200 პარტიაა რეგისტრირებული, მაგრამ მხოლოდ რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს აქვთ გასაქანი. აქაც ასე მიდის საქმე, გადაწყვეტილი აქვთ, სხვა პარტიები გააქრონ და ქვეყანა ნაც-ქოცებს ჩაუგდონ ხელში.

———————–

„საქართველო და მსოფლიო“, 26 ოქტომბერი, 2016 წელი

შიდაოჯახური დემოკრატია

ნანა დევდარიანი

წლები გადის, მაგრამ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი საქართველოში აქტუალობას არ კარგავს. სამი დღის განმავლობაში 4,99%-ზე გაყინული “პატრიოტთა ალიანსის” შეყვანა-არშეყვანას პირდაპირ უკავშირებდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ე.წ. სახეების განცხადებას იმის თაობაზე, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ. “ელცინის პერიოდის გაყალბების სტილი” – ასე შეაფასეს მათ 8 ოქტომბრის არჩევნები. აბა, რას იტყოდნენ, “მოქალაქეთა კავშირის” ან “ნაციონალური მოძრაობის” სტილს ხომ არ დაარქმევდნენ?!

გაყალბება ნამდვილად რომ მოხდა, ამას ისიც ადასტურებს, რომ ათასამდე საჩივრიდან უბნების გადათვლის შესახებ არც ერთი, დიახ, არც ერთი არ დაკმაყოფილდა. თითქოს ყველაფერი მარტივია _ თუ არაფერია გაყალბებული, გახსენი და გადათვალე! “ნაციონალური მოძრაობა” ფართომასშტაბიან და მრავალფეროვან გაყალბებაზე ლაპარაკობს, მაგრამ ბიულეტენების გადათვლას ცოცხალი თავით არ ითხოვს.

“ნაცმოძრაობის” არაფორმალურმა მმართველმა ოდესიდან დირექტივა გასცა, არ შეხვიდეთ პარლამენტშიო, მაგრამ პოლიტსაბჭომ და მისმა ასევე არაფორმალურმა მმართველმა გიგა ბოკერიამ პირიქით გადაწყვიტეს. მოკლედ, სააკაშვილის პარტიამ “პირველად საქართველოს ისტორიაში” მიშას არ დაუჯერა. ახლა მისი ყოფილი თანამებრძოლები ამას “შიდაპარტიულ დემოკრატიას” არქმევენ, მაგრამ სანდრა ელისაბედ რულოვსის გადაწყვეტილებას, არ მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურში, “შიდაოჯახურ დემოკრატიას” ვერანაირად ვერ დაარქმევ.

ამ საქმეს ვეღარც “რუსთავი 2”-ის პროპაგანდა შველის. ან რა ქნას ერთმა ნიკა გვარამიამ, ვის დაუჭიროს მხარი? სანდრა რულოვსიც ამჯერად სოციალური ქსელით მიმართავს ძვირფას მეგობრებსა და თანამებრძოლებს: “არაერთგვაროვანი რეაქცია და არაჯანსაღი სპეკულაციები მოჰყვა ჩემს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვაპირებ არჩევნების მეორე ტურში ივანიშვილის მიერ ჩემ წინააღმდეგ დაგეგმილ ფარსში მონაწილეობას. პარტიისთვის ჩემი ამ გადაწყვეტილების შესახებ ჯერ კიდევ 11 ოქტომბრიდან იყო ცნობილი, როცა ეს გადაწყვეტილება გავაცანი ენმ-ის პოლიტსაბჭოს, დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატების თანდასწრებით. ჩემი ამ განცხადების შემდეგ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა დავით ბაქრაძემ, განაცხადა რომ, პოლიტსაბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, ქალბატონი სანდრას შემთხვევა არის განსაკუთრებული და უნდა შევიდეთ მის მდგომარეობაში რაც, დარწმუნებული ვარ, პოლიტსაბჭოს ოქმშიც არის ასახული.

ზუსტად პოლიტსაბჭოს სხდომის დროს გახდა ცნობილი, რომ ზუგდიდის რაიონის 3 საარჩევნო უბანზე პირველი ტური განმეორებით ჩატარდებოდა. აქედან გამომდინარე, იქვე, პრესკონფერენციაზე განვაცხადე, რომ ზუგდიდის რაიონში ჩემთვის პირველი ტური ჯერ არ დამთავრებულა. ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ ეს არ იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ღრმად შეურაცხმყოფელია ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, და, რაც მთავარია, როგორც ქალისთვის. ასეთი აზროვნება და ქალი პოლიტიკოსის მიმართ ასეთი დამოკიდებულება შეუსაბამოა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ღირებულებებთან.

მგონი, ნათელია, რომ ჩემს მეუღლეს არ სჭირდება ჩემი მეშვეობით თავისი პოზიციის გახმოვანება. ბანალობაა იმის მტკიცება, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა და ძალიან ცდება ყველა, ვინც ცდილობს, ისე წარმოაჩინოს საქმე, თითქოს მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი ბრძოლაზე უარს ნიშნავს. ჩვენი ბრძოლის მიზანი არაფორმალური მმართველის, რუსი ოლიგარქის დამარცხებაა და ეს აუცილებლად მოხდება იმაზე მალე, ვიდრე ბევრს ჰგონია”, _ წერს რულოვსი.

ყველამ კარგად იცის, რომ, თუ სანდრა რულოვსი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, მისი გვარი ბიულეტენში მაინც დარჩება. მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმა არ განაპირობებს მესამე ადგილზე გასული კანდიდატის ზემოთ “ანაცვლებას”.

“ნაციონალური მოძრაობის” სახე აკაკი ბობოხიძე კი ასე აფასებს სანდრა რულოვსის ნაბიჯს: “ეს არ არის სასიამოვნო გადაწყვეტილება, მაგრამ მოულოდნელი არ ყოფილა. იმედი მაქვს, შევინარჩუნებთ ერთიან მთლიან ფრონტს დღევანდელი რეჟიმის წინააღმდეგ. პარტიაში ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა; მაშინაც კი, როდესაც მიშა სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო. პარტიაში განსხვავებული აზრი არ იდევნებოდა, თუმცა ეს არ იყო ღია და საჯარო. დღეს უფრო ღია გახდა შიდაპარტიული დისკუსიები. მივესალმები, რომ მომავალში ნელ-ნელა “ნაციონალურმა მოძრაობამ” შიდაპარტიული დისკუსიები საჯარო გახადოს”, _ განაცხადა აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ეს ის კაკო ბობოხიძეა, რომელიც ჯერ ხსნიდა საკუთარ კანდიდატურას მეორე ტურიდან, შემდეგ კი “გადაიფიქრა” და ქუთათურებისთვის სახელდახელო ვერსიაც შეთხზა: იმიტომ ჩავერთვები მეორე ტურში, რომ ქუთაისში პარლამენტის დატოვებაზე “ოცნების” კანდიდატების პოზიცია ბუნდოვანიაო.

ბობოხიძისგან განსხვავებით, რომან გოცირიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ “მომავალში ნელ-ნელა “ნაციონალურმა მოძრაობამ” შიდაპარტიული დისკუსიები საჯარო გახადოს”. იგი აცხადებს: “არ ვაპირებ პარტიის შიდა საქმის საჯაროდ გამოტანას ზოგიერთის გულის გასახარად”. ეს მან ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, იყო თუ არა პარტიის პოლიტსაბჭო ჯერ კიდევ 11 ოქტომბერს ინფორმირებული სანდრა რულოვსის გადაწყვეტილების თაობაზე, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში. გოცირიძის თქმით, ეს არის სანდრა რულოვსის პირადი გადაწყვეტილება, თუმცა მიზანი საერთო რჩება და პარტია განაგრძობს ბრძოლას მეორე ტურებში. რაც შეეხება იმას, შევა თუ არა სანდრა რულოვსი პარლამენტში, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ამის თაობაზე საუბარი არ ყოფილა. “მე დარწმუნებული ვარ, რომ შევა”, _ დასძინა მან.

აშშ-ის ელჩი დროულად ჩაერია და პოლიტიკურ პარტიებს რჩევა მისცა: “ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ არჩევნებმა ასახა ქართველი ხალხის ნება. იყო ძალადობისა და დაშინების ინციდენტები. მიგვაჩნია, რომ ასეთი ინციდენტები არ უწყობს ხელს წყნარი ატმოსფეროს შენარჩუნებას. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ პოლიტიკურ პარტიებს და ყველა ჩართულ მხარეს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და არ გამოეთიშონ არჩევნებს”, _ განაცხადა იან კელიმ.

ასეა თუ ისე, ინტრიგა რჩება _ იტყვის თუ არა უარს სანდრა რულოვსი სიაში მეორე ადგილზე. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტიკური პროცესების წარმართვის შესაძლო სცენარებზე აზრთა სხვადასხვაობაა და რულოვსის გადაწყვეტილებაც სწორედ ამ სცენარებიდან ერთ-ერთს უკავშირდება.

გია ხუხაშვილი: “ერთია ფორსირებული სცენარი, პირობითად, რულოვსის მეუღლის სცენარი და მეორე _ გრძელვადიანი პოლიტიკური სცენარი, პირობითად, ბოკერიას სცენარი. მიუხედავად იმისა, რომ ამან სერიოზული განხეთქილება არ გამოიწვია და მიხეილ სააკაშვილმა უკან დაიხია, იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი არ შეეცდება თავისი არგუმენტის გამოყენებას სამომავლოდ შიდაპარტიულ ბრძოლებში. სააკაშვილი რჩება საკუთარ აზრზე და, როგორც ჩანს, სანდრა რულოვსიც მიიჩნევს, რომ უფრო ფორსირებული სცენარით უნდა წასულიყო პოლიტიკური პროცესი და მისი გადაწყვეტილება შედარებით რბილი, არააგრესიული ფიქსაციაა ამ პოზიციის, რაც სამომავლოდ შეიძლება პარტიისთვის შეხსენებული იყოს. შეიძლება ითქვას, რომ კონცეფციური კონფლიქტი გარკვეულწილად კონსერვაციის მდგომარეობაშია, თუმცა ამის მიუხედავად ასეთი გამოტყორცნები დროდადრო ხდება ხოლმე და ახლა სწორედ ეს მოხდა, ჩემი აზრით”.

პარტიის ლიდერების აზრით, ყოფილი პირველი ლედის გადაწყვეტილება პარტიისთვის გარკვეულწილად დამაზიანებელია. რომელი ფრთა გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, უახლოეს მომავალში შევიტყობთ.

სანდრას ფაქტორი, როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” ლიდერებსაც აწუხებთ. სოციალურ ქსელში უკვე ქილიკობენ იმაზე, რომ მომავალ პარლამენტში ორი ვიცესპიკერი იქნება _ სანდრა რულოვსი და ირმა ინაშვილი და მოსალოდნელ “სანახაობას” სწორედ ამ დუეტს უკავშირებენ. ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე კი ასე აფასებს რულოვსის უარს მეორე ტურში მონაწილეობაზე:

“სანდრამ ნახა, რომ არჩევნებში უკვე მეორედ დამარცხდა, ახლა მესამედაც უნდა დამარცხდეს და, ბუნებრივია, ეს სასიამოვნო არ არის. ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, ორგანიზაცია აღიარებს, რომ საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის სტანდარტებით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით და თავისუფლად ჩატარდა, იყო უპრეცედენტოდ მშვიდი, მიუხედავად ეპიზოდური დარღვევებისა, რომელიც გამოსწორებულია… ამას ყველა აღიარებს, როგორც დასავლეთში, ასევე ქვეყნის შიგნით. ამას არ აღიარებს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი. როცა სანდრა რულოვსზე ვსაუბრობ, ვამბობ, რომ ის იგივე მიხეილ სააკაშვილია, რადგან სანდრა რულოვსი პოლიტიკაში არ შემოვიდოდა, ეს დავალება რომ არ ჰქონოდა მიხეილ სააკაშვილისგან. ის არჩევნებში მონაწილეობას დიდი სიხარულით არც მიიღებდა _ ჰქონდა პირდაპირი დავალება, იყო გარკვეული ტაქტიკური სვლა და ამიტომაც ჩასვეს სიაში მეორე ნომრად. სანდრა რულოვსის სახით, ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილი შემოვიდა არჩევნებში და მხოლოდ ეს ადამიანები ამბობენ, რომ ყველაფერი გაყალბდა, რაც სასაცილოა. ზუგდიდელი ამომრჩეველი მას ხმას არ აძლევს, რადგან ხმას არ აძლევს ძალადობასა და ღირსების შელახვას”.

გასაგებია მანანა კობახიძის პათოსი სააკაშვილისა და რულოვსის მიმართ, მაგრამ ეს ვერ ხსნის, რატომ გადაარჩინა და გააცოცხლა “ოცნებამ” უკვე ისტორიის სანაგვეზე მოსროლილი დამნაშავე პარტია. არის მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს სწორედ ამ არჩევნების მოგების გასაღებად აქცია. “შუის გაკრეფის” მომდევნო ეპიზოდი სწორედ დაუძინებელი “მეგობრების” საარჩევნო დუეტი გახდა, როდესაც ძველი ლოზუნგი “მიშა, მოვდივარ” ახლა სააკაშვილმა გადაამღერა: “ბიძინა, მოვდივარ!”. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ამ ორმა პარტიამ საარჩევნო ველის პოლარიზება მოახდინა და ხმები გადაინაწილა.

არც იმაშია მანანა კობახიძე მართალი, რომ მხოლოდ ნაციონალები ლაპარაკობენ არჩევნების გაყალბებაზე. ამას სხვებიც ამბობენ, ოღონდ სამართლებრივი გზით მხოლოდ ნინო ბურჯანაძე იბრძვის. რატომ არიან სხვები ჩუმად, ამას მალე დავინახავთ.

ამასობაში “ნაციონალური მოძრაობის” ჩუღურეთის შტაბში კიდევ ერთი სკანდალი გასკდა. შტაბის უფროსი დავით დაღელაშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩოლოყაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების მიზეზი პარტიული ფულის მითვისებაა. ჩუღურეთის შტაბის უფროსმა დავით დაღელაშვილმა პარტიული აქტივისტებისა და კორდინატორებისთვის გამოყოფილი 7 ათასი დოლარი მიითვისა და “ნაცმოძრაობის” შტაბის წევრები ანაზღაურების გარეშე დატოვა. ეს თანხა პარტიამ არჩევნების პირველი ტურისთვის კორდინატორთა ხელფასების ასანაზღაურებლად გამოყო, მაგრამ დაღელაშვილმა კორდინატორებს ხელფასები არ გადაუხადა და წინასაარჩევნოდ მხოლოდ სიტყვიერ დაპირებაზე, უფასოდ ამუშავა.

სიტუაცია შტაბში მას შემდეგ გამწვავდა, რაც დავით დაღელაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” კორდინატორებსა და მხარდამჭერებს ანაზღაურების გარეშე მუშაობა კვლავ მოსთხოვა. ამან აქტივისტების უკმაყოფილება გამოიწვია და რაიონულმა შტაბმა დაშლა დაიწყო.

თუ ეს მართალია, “კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი” ირმა ნადირაშვილის ქმარი, სავარაუდოდ, პარლამენტში შესვლა-არშესვლისა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის პროგნოზს ემსხვერპლა. “ნაცმოძრაობა” ამ თამაშიდან რომ გასულიყო, აღარც ეს 7 ათასი დოლარი გაახსენდებოდა ვინმეს და აღარც ნადირაშვილის ქმარი.

შევა თუ არა პარლამენტში სანდრა რულოვსი ან მთელი “ნაციონალური მოძრაობა”, არავითარი პოლიტიკური მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანი სხვა რამ არის _ შეინარჩუნებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მათ მომავალი საარჩევნო ციკლისთვისაც. რაც შეეხება ხალხს, მას ნათლად მიანიშნეს, რომ მის ხმას კონკრეტული ფასი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ “ოცნებას” ან ნაციონალებს უჭერს მხარს. “პატრიოტთა ალიანსი” კი კვლავ დუმს და ამას “ხმების დაცვით” ამართლებს.

„საქართველო და მსოფლიო“, 26 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ვოლსკისთან: ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსს კორექტირება არ სჭირდება

ეკა ზარნაძე

ამომრჩეველს კარგად ახსოვს, რომ 2012 წელს წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი დაპირება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაც იყო. მეტიც, 2013 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ კურსზე საუბრისას შემდეგი რამ განაცხადა: “წინა ხელისუფლების უგუნური ქმედებებისგან ჩიხში შევედით. ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპული და დარწმუნებული ვარ, ნაბიჯ-ნაბიჯ დავალაგებთ ურთიერთობას რუსეთთან”. სიტყვები სიტყვებად დარჩა, მაგრამ, როგორც ეს, ასევე სხვა წარუმატებელი ნაბიჯები ხელისუფლებამ ნაცების საბოტაჟს დააბრალა. შეფარვით ისიც ითქვა _ ჩვენ კი გვინდა, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორი არ გვანებებს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებასო. საინტერესოა, რას გეგმავს ამ მიმართულებით “ქართული ოცნება” მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გია ვოლსკი.

- ბატონო გია, ამბობთ, რომნაციონალური მოძრაობარევოლუციის მოწყობას გეგმავს საქართველოში. მათ ისე დაკარგეს მეორე ტურში გამარჯვების იმედი, რომ მხოლოდ ქაოსის გამოწვევაზე არიან ორიენტირებული?

- აშკარაა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი გეგმა დაძაბულობის შექმნა იყო. მიხეილ სააკაშვილმა საკმაოდ ორგანიზებული, დაგეგმილი განცხადებები გააკეთა “რუსთავი 2”-სა და “ფოქსის” ეთერში, სადაც საუბრობდა ქვეყნის დამხობაზე, მკვლელობების გახშირებაზე, ბიუჯეტის ჩამოშლასა და ეკონომიკურ კრიზისზე. გარდა ამისა, უამრავი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გასაჯაროვდა და ნათელია, რომ დაძაბულობისა და არეულობის გამოწვევას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდნენ. ეს “გეგმა” ტვინგათხელებულ ადამიანებსა და სააკაშვილს ისევ სამუშაო მაგიდაზე უდევთ. თუმცა ისიც ნათელია, რომ ეს მცდელობა, უშედეგოდ დასრულდება, რადგან ხალხი ამგვარ ქმედებას არ შეეგუება. იმის თქმაც, რომ არჩევნებში გაიმარჯვეს, მათი გეგმის ნაწილი იყო, რადგან კარგად იცოდნენ და არავისთვის დაფარული არ არის, რომ რეალური შედეგები ნაციონალებს გამარჯვებას არ მოუტანდათ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა რეალური მონაცემები დამალეს და სხვა ციფრები გამოაქვეყნეს.

- არ გამორიცხავთ, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებანაციონალური მოძრაობისმიერ ქვეყანაში შესაქმნელი ქაოსისა და არეულობის მიზეზი უნდა ყოფილიყო, კონკრეტულად რას ეფუძნება თქვენი ვარაუდი?

- სწორედ იმ მონაცემებსა და მოცემულობას, რომლებზეც პირველ კითხვაში ვისაუბრე. არ მითქვამს, რომ გივი თარგამაძის აფეთქება ასი პროცენტით “ნაციონალური მოძრაობის” დაგეგმილია, თუმცა ყველა წინაპირობა მიუთითებს, რომ ამ სცენარის ერთ-ერთი ნაწილი თარგამაძის აფეთქება იყო. ისიც დავუშვი, რომ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული ქაოსის ფონზე, მესამე ძალამ პიროვნული ანგარიშსწორებით ისარგებლა, მაგრამ ეს “ნაციონალურ მოძრაობას” პასუხისმგებლობის ტვირთს არ უხსნის. ნათელია, რომ გივი თარგამაძის აფეთქება ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული, რასაც მრავალი წინაპირობა უდევს საფუძვლად.

- თუ არის შესაძლებელი, რომ ჩანაწერების გამოქვეყნებისა და ბრალდებების შემდეგ, ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების მცდელობის გამო, “ნაციონალური მოძრაობისრამდენიმე წევრი დააკავონ?

- ჩვენ გვახსოვს სააკაშვილისა და გვარამიას საუბრის ჩანაწერი ქვეყანაში არეულობის დაგეგმვაზე. ამ ჩანაწერის გახმაურების შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ როგორ განვითარდება, ვერ გეტყვით, რადგან მომხდარ ფაქტს სამართლებრივი ანალიზი სჭირდება. თუმცა, თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედების ფაქტები გამოაშკარავდება, შესაბამის ზომებს აუცილებლად მივიღებთ.

- ხალხმა ქართული ოცნებაიმიტომ აირჩია, რომ სამართლიანობა აღედგინა დანაციონალური მოძრაობისდამნაშავე წევრები დაესაჯა, ამის ნაცვლად კი ქვეყანაში კოაბიტაციამ დაისადგურა, შედეგად ადამიანები, რომელთა ხილვაც ამომრჩეველს, ციხის საკანში თუ არა, სულ ცოტა, პოლიტიკურ ველს მიღმა სურდა, პარლამენტში აღმოჩნდნენ. რას აპირებთ მომდევნო ოთხ წელიწადში?

_ ხალხმა “ქართული ოცნება” იმიტომ აირჩია, რომ მასში ქვეყნის ფეხზე დადგომის პოტენცია დაინახა. სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლამ უამრავი ადამიანი სიკვდილისა და ღირსების შელახვისგან იხსნა. რაც შეეხება გასამართლებას, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. დღეს უამრავი ადამიანი იხდის სასჯელს, მაგალითად, ყოფილი პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, ქალაქის მერი; ბევრი მაღალჩინოსანი გაქცეულია საქართველოდან და მართლმსაჯულებას ემალება. ასე რომ, სამართლიანობის აღდგენა არ შეწყდება და კიდევ უფრო განვითარდება. როდესაც ხალხი უცხადებს “ქართულ ოცნებას”’ მხარდაჭერას, ეს ნიშნავს ქვეყნის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიას.

- რას გეგმავსქართული ოცნებაქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსის თვალსაზრისით, ხომ არ მიგაჩნიათ, რომ საგარეო ვექტორს კორექტირება სჭირდება?

- ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსს კორექტირება არ სჭირდება. არსებულმა საგარეო-პოლიტიკურმა კურსმა პატარა საქართველოს, მცირე რესურსების მქონე ქვეყანას, სამშვიდობოზე გასვლის საშუალება მისცა. უწინარესად, ეს არის საქართველოს ინტეგრაცია იმ დემოკრატიულ ოჯახში, რომელშიც გარანტირებულია ადამიანის უფლებების დაცვა, ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება. რაც შეეხება რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობების გამოყენებას, რუსეთმა საქართველოს ნაწილის ოკუპაცია მოახდინა და მასთან, მართალია, დღეს ვერ გვექნება ვერანაირი პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე მოლაპარაკებებს საგანგებო მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკის, არამედ უსაფრთხოებისთვისაც. საგარეო პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს, ქვეყნის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება, ვინაიდან ოპტიმალურია იმის გათვალისწინებით, რას წარმოადგენს საქართველო თავისი ეკონომიკური თუ სამხედრო რესურსებით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენი საგარეო პოლიტიკა მართებულია და სწორი მიმართულებით ვითარდება.

- სამოქალაქო საზოგადოების წევრები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუქართული ოცნებასაკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, ქვეყანა დემოკრატიული პრინციპებიდან გადაუხვევს, დგას ამ საფრთხის წინაშე საქართველო?

_ სამოქალაქო საზოგადოების ეს ნაწილი თავიდან ბოლომდე გაიგივებულია “ნაციონალურ მოძრაობასთან”, როგორც პოლიტიკურ გუნდთთან, და, აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ საზოგადოებაში გაჩნდა ამგვარი თვალსაზრისი, არასწორია. საზოგადოებამ უკეთ რომ გაიგოს, რას წარმოადგენს კონსტიტუციური უმრავლესობა “ქართული ოცნების” ხელში, გამოვყოფ სამ ფაქტორს: პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არის მთავარი ფაქტორი, რომლის გამოც “ქართული ოცნება” არასოდეს დაუშვებს, რომ საკონსტუტიციო უმრავლესობა პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოიყენოს და არ იფიქროს ქვეყნის ინტერესებზე. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ვალდებულებები საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ჩვენ ევროკავშირის წევრები ვართ, უამრავი ვალდებულებითა და პასუხისმგებლობით. ასე რომ, ნებისმიერი არადემოკრატიული ნაბიჯი საკმაოდ დიდ პრობლემას შეუქმნის, უწინარესად, ჩვენს ქვეყანასა და ხალხს, რასაც არასოდეს დავუშვებთ. და მესამე, არანაკლებ მნიშვნელოვანი _ ნებისმიერი პარტია ვალდებულია, ფართო საზოგადოების სიღრმისეული მსჯელობის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. ასე რომ, სანამ კენჭის საყრელად გავიტანთ საკონსტუტიციო ცვლილებებს, მანამდე საზოგადოებას უნდა დავეკითხოთ. სწორედ მორალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, ვალდებულებები საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და არსებული კანონები შეზღუდავს შესაძლებლობას, რომ “ქართულმა ოცნებამ” გაიმეოროს “ნაციონალური მოძრაობის” შეცდომები. “ნაციონალურმა მოძრაობამ” არაერთხელ “გააუპატიურა” კონსტიტუცია და მოარგო საკუთარი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს. ვფიქრობ, ეს ტენდენცია საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს.

——————-

„რეზონანსი“, 26 ოქტომბერი, 2016 წელი

ლარის მობრუნება შეუძლებელია, იმპორტიორები გაძვირებისთვის ემზადებიან

მინისტრები უხილავი ხელის თეორიით მანიპულირებენ

ნათია ლომიძე

მთავრობა ლარის დასტაბილურებას მხოლოდ სიტყვიერად ცდილობს, მაგრამ ამასაც ვერ ახერხებს. როგორც კი რომელიმე მინისტრი გამოვა და ვალუტის კურსის დარეგულირების თაობაზე განცხადებას გააკეთებს, ლარი მაშინვე იწყებს გაუფასურებას. მთელი წლის განმავლობაში ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა ვერც ერთმა გადადგმულმა ნაბიჯმა შედეგი ვერ გამოიღო. სპეციალისტების აზრით, ქვეყნის ეკონომიკა სულს ღაფავს და სასწრაფოდ შველა სჭირდება.

ფინანსთა მინისტრი ლამის ყოველ კვირა პირობას იძლევა, რომ ლარი ჯერ სტაბილურ ნიშნულზე შეჩერდება, ხოლო მოგვიანებით გამყარებასაც დაიწყებს. მიუხედავად ამისა, ეროვნული ვალუტა დღითი დღე თმობს პოზიციებს.

“საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება, რომ ერთჯერად ტრანზაქციებს ჰქონდა ადგილი. ეს პერიოდი ჩავლილია. ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და როგორც არაერთხელ აღინიშნა, საშუალოვადიან პერიოდში ის აუცილებლად გამყარდება”, – განაცხადა მინისტრმა.

მიუხედავად მთარობის ოპტიმისტური პროგნოზისა, მოსახლეობაში ვნებათაღელვა არ ცხრება. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების და ეროვნული ბანკის პოლიტიკა უშედეგოა და რეალურად საქმე არ კეთდება. დაახლოებით იმავე აზრს იზიარებენ ექსპერტებიც.

ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზად სუსტ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებს ექსპერტი დავით წიქარიძე. მისი აზრით, ვითარება ურთულესია და სავალუტო ბაზარზე ვითარება მხოლოდ მაშინ გამოსწორდება, როდესაც ნამდვილი პროფესიონალები ჩადგებიან სათავეში.

“ლარის გამყარება დაიწყება ზუსტად იმ დროიდან, როდესაც ქართული ეკონომიკა ფეხზე დადგება და პროფესიონალები გაუძღვებიან საქმეს. საჭიროა სახელმწიფოებრივი მიდგომა, პროგრამის შემუშავება. განცხადებები იმის შესახებ, თუ როდის დასტაბილურდება ლარი, უნდა გაკეთდეს პროფესიონალურ დონეზე და პოპულიზმი უნდა გამოირიცხოს. ხომ მოიგეს არჩევნები? ახლა დროა, საქმეს რეალურად მიხედონ.

აუცილებლია ხელშეწყობა ახალი ბიზნესის მიმართ, ინვესტიციების მოზიდვა. ამ მხრივ რეალურად არაფერი შეცვლილა. თუ ასე გაგრძელდა, ლარის გამყარებაზე კი არ იქნება საუბარი, არამედ საერთოდ დაგვექცევა თავზე ეკონომიკა. ახლა საჭიროა მიზანმიმართული პროგრამის გატარება. ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება უკვე მეორეხარისხოვანი მოვლენაა. გაუფასურება ხდება არა იმიტომ, რომ ლარია ცუდი, არამედ ეკონომიკა რეალურად აღარ არსებობს და სულს ღაფავს”, – განუცხადა “რეზონანსს” წიქარიძემ.

განსხვავებული პოზიცია აქვს ეკონომისტ არჩილ ბაკურაძეს. მას მიაჩნია, რომ საგანგაშო არაფერია და ლარი მოკლევადიან პერიოდში დასტაბილურდება, როდესაც სამომხმარებლო აჟიოტაჟი ჩაცხრება.

“აშკარა ნიშნები იმისა, რომ ლარი კიდევ უნდა გაუფასურდეს, არ არსებობს. საგანგაშო არაფერია, ეკონომიკა კიდევ უფრო სტაბილურ ფაზაშია შესული. ვფიქრობ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას, როდესაც აჟიოტაჟი ჩაცხრება. რაც უფრო დიდია პანიკა, მით უფრო დიდხანს ვერ დაუბრუნდება ლარი ბუნებრივ მდგომარეობას”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას არჩვაძემ და დაამატა, რომ იმპორტიორების მხრიდან ფასის გაზრდა ადგილობრივ ბაზარს წაადგება კიდეც. თუ იმპორტიორები მოუმატებენ ფასს, რეალურად შემცირდება უცხოური ნაწარმის მოხმარება და გაიზრდება ადგილობრივ პროდუქტზე მოთხოვნა.

იმპორტიორები კი დიდხანს თავის შეკავებას არ აპირებენ. ისინი გაძვირების ზღვარზე არიან და არსებული ფასის შენარჩუნება სულ უფრო უჭირთ. კომპანია “დუს” ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ პროდუქცია ჯერ არ გაუძვირებია, მაგრამ ეს უკვე გარდაუვალი ხდება.

“თუ ლარი განაგრძობს გაუფასურებას, რა თქმა უნდა, მოიმატებს ფასი. ეს უარყოფითად იმოქმედებს ხალხზე. როდესაც ადამიანს 200 ლარი აქვს ხელფასი და ყველაფერი ძვირია, ეს არ შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს. ამ ეტაპზე არაფერი გაგვიძვირებია, თუმცა ზღვარზე ვართ. თუ არაფერი შეიცვალა, ზარალზე ვერ ვიმუშავებთ და, რა თქმა უნდა, გავაძვირებთ”, – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

კომპანია “კონდის” ხელმძღვანელ მიხეილ რაზმაძის თქმით, ლარის გაუფასურებას ფასების ზრდა მოჰყვება. მისი აზრით, არსებულ სიტუაციაში ფინანსთა მინისტრი უხილავი ხელის თეორიას იყენებს, რაც ბუნებრივია.

“ლარის გაუფასურება, რასაკვირველია, უარყოფითად იმოქმედებს, ბიზნესზე და ასევე მომხმარებელზეც. ჩვენ ჯერჯერობით საქონელი არ გაგვიძვირებია, თუმცა გამიჭირდება თქმა, როდემდე შევძლებთ არსებული ფასის შენარჩუნებას.

მინდა შევეხო ნოდარ ხადურის განცხადებას. ეკონომიკაში არსებობს უხილავი ხელის თეორია. ეს საშუალებას იძლევა, რომ ყოველგვარი პროგნოზის გარეშე, ვაკეთოთ პოზიტიური განცხადებები. მისი გამოსვლები, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და საშუალოვადიან პერიოდში გამყარდება, ამ თეორიას ეყრდნობა. ვიმედოვნებ, ეს თეორია იმუშავებს”, – განუცხადა “რეზონანსს” რაზმაძემ.

Comments are closed