globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 26 ნოემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Nov 26th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: მსოფლიო რუსეთის პასუხის მოლოდინში // „საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენები, შესაძლოა, ერთ-ერთი სამიზნე გახდეს“

ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ისლამისტები კავკასიური დერეფნის ხელში ჩაგდებას შეეცდებიან“

ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ერდოღანმა პუტინს სერიოზული სილა გააწნა“

ახალი თაობა“: ინტერვიუ ნუგზარ წიკლაურთან: „ტერორისტებზე უფრო საშიში უუნარო ხელისუფლებაა… რუსეთსა და თურქეთს შორის ომი არ იქნება“

ახალი თაობა“: ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „აჭარაში მუსლიმანების უფლებები არ  ირღვევა“

„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ ჰამლეტ ჭიპაშვილთან: „პაატა ბურჭულაძე ივანიშვილ-სააკაშვილის თამაშს თამაშობს»

—————————-

რეზონანსი“, 26 ნოემბერი, 2015 წელი

მსოფლიო რუსეთის პასუხის მოლოდინში

საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენები, შესაძლოა, ერთ-ერთი სამიზნე გახდეს

თაკო მათეშვილი

თურქეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობის დაძაბვას ელოდებიან და რუსეთის მხრიდან თვითმფრინავის ჩამოგდებისათვის სამხედრო პასუხს გამორიცხავენ. პოლიტოლოგთა აზრით, სამაგიეროს გადასახდელად რუსეთს სხვა მრავალი ბერკეტი აქვს. ელოდებიან სანქციებს რუსეთში პრიდუქციის შეტანაზე, ტურისტული ნაკადის შეზღუდვას, ენერგოკოლაფსს და ა.შ. ეს ყველაფერი კი, მათი აზრით, თურქეთის ეკონომიკას საკმაოდ დიდ დარტმას მიაყენებს.

რაც შეეხება საქართველოს, პოლიტოლიგების თქმით, თუკი საქმე ფართომასშტაბიან დესტაბილიზაციამდე არ მივიდა, ჩვენს ქვეყანას წესით ეს ყველაფერი არ უნდა შეეხოს. მეტიც, არ გამორიცხავენ, რომ არსებული სიტუაციიდან საქართველომ სარგებელიც კი მიიღოს.

(…)

სწორედ დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების გართულებას მიიჩნევენ მოსალოდნელად ქართველო ექპსერტები და ამბობენ, რომ ამის ნიშნები უკვე სახეზეა. სამხედრო ოპერაციის დაწყებას, ოფიციალური მოსკოვის მსგავსად, ისინიც გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ეს რუსეთის ინტერესებში არ შედის.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ მოსალოდნელია თურქეთის, როგორც ქვეყნის და როგორც ასევე სატრანზიტო ქვეყნის ენერგეტიკული დესტაბილიზაცია. მისი აზრით, შესაძლოა მილსადენები, რომელთა ნაწილიც საქართველოს ტერიტორიაზეც გაივლის, რუსეთის ერთ-ერთი სამიზნე გახდეს, მათ შორის ტერორისტული აქტების მეშვეობითაც, რომლის უკანაც თავად რუსეთი იქნება. გარდა ამისა, ლაგაზიძის თქმით, მოსალოდნელიაა რუსეთმა უარი თქვას იმ ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებიც ბოლო თვეებში რუსეთ-თურქეთის დამთბარი ურთიერთობის ფონზე განიხილებოდა.

“თეორიულად განიხილება რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტა, რომელიც თურქეთის მიერ მოხმარებული საერთო რაოდენობის 57%-ს შეადგენს. ეს თურქეთის ეკონომიკის კოლაფსს გამოიწვევს. თუმცა, ამას რუსეთის ეკონომიკისთვისაც მძიმე შედეგი ექნება, რადგან გაზპრომისათვის მძიმე დანაკარგი იქნება. ამასთან ერთად, კიდევ ერთი სუსტი რგოლი, რომლის გამოყენებასაც რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ ეცდება, ქურთული მოძრაობაა. მოგეხსენებათ, თურქეთში რამდენიმე მილიონი ქურთია, რომლებიც დიდი ხანია ავტონომიას ითხოვენ”, – ამბობს ლაგაზიძე.

ტურისტული ნაკადების შეწყვეტით კი, პოლიტოლოგის განცხადებით, თურქეთს რამდენიმე მილიარდის შემოსავალი მოაკლდება. “რუსულ მედიას თუ გადავხედავთ, სხვა ტიპის ეკონომიკურ სანქციებს, ტურიზმის შეწყვეტის გარდა, ნაკლებად ვარაუდობენ. წერენ, რომ სხვა ყველაფერს თავად რუსეთისთვისაც უარყოფითი შედეგი ექნება”, – დასძენს იგი.

თურქეთში ნებისმიერი სახის დესტაბილიზაცია – ეკონომიკური სანქციები, ტერორისტული აქტების სერია, თურქეთის ენერგეტიკული პოტენციალის მოშლა, ქურთული სეპარატიზმის ხელშეწყობა და ა.შ. რამაც შესაძლოა ფართომასშტაბიანი მღელვარება და შედეგი გამოიწვიოს, სპეციალისტის აზრით, საქართველოსთვისაც საფრთხეს ქმნის. უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ თურქეთთან უვიზო რეჟიმი გვაქვს და იქიდან ლტოლვილების წამოსვლის შემთხვევაში საქართველოს ახალი გამოწვევებისათვის შესაბამისი სტრატეგია დასჭირდება.

“ერთადერთი დადებითი, რაც ამ სიტუაციას საქართველოსათვის შეიძლება მოჰყვეს, ისაა, რომ რუსეთთან საქართველოს რაღაცაზე “გაცვლა” ნაკლებად რეალისტური ხდება. მოგეხსენებათ, რუსეთ-თურქეთი ბოლო ხანებში მეტად ხმაშეწყობილი იყო და საქართველოს ინტერესები უკანა პლანზე იყო გადასული. ამ სიტუაციის ფონზე კი, საქართველო ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს.

“თურქეთში არასტაბილურობა იმას მოასწავებს, რომ ამერიკას თავისი ბაზებისათვის უსაფრთხო და სტაბილური პარტნიორი სჭირდება. ასე რომ შეიძლება სიტუაცია ისე განვითარდეს, საქართველო აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი სამხედრო თვალსაზრისითაც გახდეს. მე დაახლოებით ისეთ ხელშეკრულებაზე ვსაუბრობ, როგორიც იაპონიასა და აშშ-ს შორის არსებობს. ასე რომ, ჩვენ წინაშე უზარმაზარი რისკებია, თუმცა შეიძლება ამ ახალი გეოპოლიტიკური პარადიგმიდან ისეთი შანსები მოგვეცეს, როგორზეც რამდენიმე წლის წინ ვერც კი ვიოცნებებდით”, – დასძენს ლაგაზიძე.

კითხვაზე შესაძლოა თუ არა, რომ თურქეთისადმი რუსეთის პასუხი ნატოსადმი პასუხში გადაიზარდოს, ლაგაზიძე გვპასუხობს, რომ ეს ნაკლებადაა მოსალოდნელი, რადგან რუსეთის შესაძლებლობები დღეს საკმაოდ შეზღუდულია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგი ერთიან ანტიტერორისტულ კოალიციაშია ჩაბმული, რომლიდან გამოსვლაც მის ინტერესებში არ შედის. ნატოსთან დაპირისპირება კი ამ კოალიციდან გამოსვლას და ისლამური ტერორიზმის საფრთხესთან პირისპირ დარჩენას ნიშნავს – “ასე რომ, სიტუაცია ნატოსთან დაპირისპირებაში არ და ვერ გადაიზრდება”, – დასძენს იგი.

ნიკა ლალიაშვილი (ექსპერტი, უშიშროების სამსახურის ყოფილი წარმომადგენელი): “სამხედრო პასუხი ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია. ამ შემთხვევაში რუსეთი ალბათ მხოლოდ ეკონომიკური და დიპლომატიური სანქციებით შემოიფარგლება. განცხადებები ტურისტული ნაკადის შეწყვეტაზე უკვე გაკეთდა. ასევე, შესაძლოა შემოღებულ იქნას სანქციები თურქეთიდან რუსეთში რიგი პროდუქტების შეტანაზე. მოკლედ, ყველაფერი დიპლომატიური ურთიერთობის გართულებამდე მიდის. ეკონომიკური და დიპლომატიურ რეაქციაზე შორს წასვლას არ ველოდები.

თუკი მოვლენები სამხედრო დაპირისპირებით განვითარდება, რაც უკვე გამოვრიცხე, რა თქმა უნდა, საფრთხე საქართველოსაც დაემუქრება, რადგან გეოგრაფიული მდებარეობა ასეთი გვაქვს. ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობების გართულება კი საქართველოზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.”

ახალი თაობა“, 26 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: ისლამისტები კავკასიური დერეფნის ხელში ჩაგდებას შეეცდებიან

ისლამური სახელმწიფოდან მომდინარე საფრთხემ მთელი მსოფლიო პანიკაში ჩააგდო. აქვს თუ არა საქართველოს მოსახლეობას საქმე საპანიკოდ?  ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ტერორიზმმა შეიძინა სახელმწიფოს ნიშნები. გარდა ამისა, ის იდეოლოგია, რომელზედაც ტერორისტებს აქვთ ორიენტაცია _ ისლამი, ბევრ ადამიანს აერთიანებს. რთული სიტუაციაა მათთვისაც, ვინც იბრძვის ამ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. „ლოგიკურია ველოდოთ, რომ ყველაზე აქტიური მებრძოლები ერთმანეთშიც ასწორებენ ანგარიშს ამ პროცესში“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

- აქტიურ მებრძოლებში და ანგარიშის გასწორებაში რა იგულისხმეთ?

- სავარაუდოა, ამერიკა ეცადოს, რომ რაც შეიძლება მეტად ჩართოს რუსეთი ომში, რაც რუსულ ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს და ჩართოს ისე, რომ რუსეთი ამ ფონზე არ გახდეს ძლიერი ლიდერი პოლიტიკურ არენაზე. ამ რთულ ამოცანას მანევრები მოჰყვება. მეორე მხრივ, რუსეთზეც არის დიდი ეჭვი.

- რა ეჭვი?

- რუსი ექსპერტები, რომლებიც კრიტიკულები არიან პუტინის რეჟიმის მიმართ, ღიად გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ როგორც თავის დროზე რუსული ტერაქტების კვალი მიდიოდა პუტინთან, გამორიცხული არ არის, რომ უკრაინის პრობლემების გადასაფარად, რუსეთმა ხელი შეუწყო იმ პროცესებს, რამაც, დავუშვათ, პარიზის მოვლენები განაპირობა.

- უფრო კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- რუსეთს დიდი კავშირები აქვს ისლამურ სამყაროსთან, ბევრი ტერორისტული დაჯგუფება სწორედ მისი შექმნილია თავის დროზე და მექანიზმები იმისა, რომ პროცესები დაძრას, ან მიმართულება მისცეს, მას გააჩნია.

- ეს ყველაფერი ცუდად ხომ არ შემოუბრუნდება რუსეთს?

- ის, რომ არც რუსეთია იდეალურ მდგომარეობაში, თურქეთის ამბავმაც გვიჩვენა. რაღაც პროცესებში, რუსეთი, შესაძლოა, წამგებიან სიტუაციაშიც კი აღმოჩნდეს. მას თურქეთთან დაპირისპირება ძალიან გაუჭირდება, ეს ნატოსთან დაპირისპირებასაც ნიშნავს. ინციდენტები თურქეთთან დაკავშირებით ადრეც იყო და ახლაც არის. ეს ინციდენტები, საომარი მოქმედებების გააქტიურებასთან ერთად, გახშირდება. სიტუაცია ადვილი ნამდვილად არ არის. თანაც ასეული ათასი დევნილის ფონზე, რომლებიც მუდმივად შედიან ევროპაში.

- ეს ტერორიზმის საფრთხეს ზრდის?

- პარიზის ტერაქტის ავტორების დიდი ნაწილი დასავლეთში მცხოვრები ადამიანები იყვნენ. თვითონ ევროპის ისლამურ ჯგუფებში იბადება ეს ტერორისტული პროცესები, რაც უფრო ართულებს სიტუაციას და ართულებს თავდაცვას ამ პროცესებისგან.

- საქართველოსთვის რამდენად სახიფათოა ეს ყველაფერი?

- ერთი უარყოფითი, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს, არის ის, რომ შესაძლოა ევროპამ გადახედოს იმ პოლიტიკას, რომლის დიდი იმედიც საქართველოს ბოლო ხანებში გვაქვს. ნატოს გაფართოებისა თუ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით.

- ჩვენ თუ გვემუქრება ისლამური სახელმწიფოდან მომავალი საფრთხეები. რას ფიქრობთ ბოლოდროინდელ ვიდეო მუქარებზე?

- ეს საფრთხეები არის. მსგავსი მიმართვები ადრეც ყოფილა და ალბათ კიდევ ბევრი იქნება. თავისთავად საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, მათ შორის ნავთობის სატრანზიტო ქვეყანა, რომლის მიმართაც დიდ ინტერესს იჩენენ ისლამისტები, ინტერესის საგანი გახდება. საქართველო ნარკოტიკების ტრანზიტის ერთ-ერთი ხაზიცაა, რაც აგრეთვე ისლამისტების შემოსავლის წყაროა. ასე რომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, მნიშვნელობა ამ კავკასიის დერეფანს აქვს ისლამისტებისთვის. შესაბამისად, ისინი შეეცდებიან ამ დერეფნის გაკონტროლებას.

- ამ ფონზე როგორ უნდა მოქმედებდეს ჩვენი ხელისუფლება?

- ჯერ ეს არის გასარკვევი, ვინ რა პოზიციას იკავებს ამ პროცესებში? ვისი იმედი უნდა გვქონდეს?! თუკი ასეთი საფრთხის წინაშე დადგა საქართველო, ევროპული სტრუქტურები რამდენად მზად არიან იმისთვის, რომ კავკასიური დერეფნის უსაფრთხოება დაიცვან.

- როგორ ფიქრობთ, არ არიან ამისთვის მზად?

- მათ ინტერესებში ეს უდავოდ უნდა იყოს, მაგრამ აქვთ თუ არა დღეს გაცნობიერებული ასეთი ამოცანა, საეჭვოა. იმიტომ, რომ მათ თავიანთი გასაჭირი აქვთ. ეს საკითხები რომ წამოიწევს და განიხილება, მერე შეიძლება საქართველომ რაღაც კონკრეტული პოზიცია დაიკავოს.

- ამ ფონზე, კიდევ ერთხელ ხომ არ წამოიწევს წინა პლანზე პანკისის ხეობის პრობლემა?

- რთული სათქმელია. თავის დროზე, ვაჰაბიზმი პანკისშიც ძლიერი იყო. თუმცა ახლა ლოკალიზაცია ვაჰაბიზმსაც არ აქვს და ის გავრცელდა სხვა რეგიონებშიც. ეს პროცესები გარკვეულ ხიფათს შეიცავს, მაგრამ მეტნაკლებად, რახან შეძლო საქართველომ ჩაეწყნარებინა პანკისის პროცესი, ამ გამოცდილების გაძლიერება შესაძლებელია და გასაკეთებელიც.

- კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი?

- იქ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც თვალი გაურბით ისლამური სახელმწიფოსკენ, აუცილებელია სამუშაო ადგილების შექმნა, ასევე საგანმანათლებლო ცენტრების ჩამოყალიბება, თანაც ისე, რომ ეს პროცესი ნაძალადევი არ იყოს. ტერორიზმი და რადიკალური მოძრაობები, ნიადაგს იქ პოულობენ, სადაც კულტურის და განათლების დონე დაბალია.

ახალი თაობა“, 26 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ერდოღანმა პუტინს სერიოზული სილა გააწნა

ნათია ხურცილავა

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ თურქეთ-რუსეთს შორის ინციდენტი ამ ეტაპისთვის ამოწურულია. პოლიტოლოგის განცხადებით, ერდოღანმა პუტინს სუ-24-ის ჩამოგდებით უჩვენა, რომ ის მასზე არანაკლებ ამბიციური ლიდერია. „ჯერჯერობით რასაც ვუყურებთ, ჩანს, რომ რუსეთმა, კონკრეტულად კი პუტინმა, ეს ამბავი გადაყლაპა. ბუნებრივია, ასეთი მარტივი არ იქნება თურქეთთან ძიძგილაობა. ეს იცის პუტინმა და ამიტომაც გაჩერდა. თურქეთის არმია ძლიერია, კიდევ უფრო ძლიერია მისი ფლოტი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია მთელ ამ ყველაფერში ის, რომ თურქეთი ნატოს წევრია, შესაბამისად, მის უკან დგას ნატო. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, რა პასუხი უნდა გასცეს ამაზე რუსეთმა“, – ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

- სხვა სახელმწიფო რომ ყოფილიყო, ნატოს არაწევრი ქვეყანა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა?

- რა თქმა უნდა, რუსეთი პირდაპირ ომს გამოუცხადებდა. თუმცა, ფაქტია, რომ პუტინი ამას თურქეთს არ დაუვიწყებს. მეორე, რუსეთის ფედერაციის მთელი მოსახლეობა ახლა პუტინისგან ელოდება პასუხს. თუ პასუხს არ გასცემს პუტინი, თავისი მოქალაქეების თვალში იგივე ვეღარ დარჩება, ამას ის ვერ დაუშვებს. ამით მისი ავტორიტეტი ეჭვქვეშ დადგება, ის არავის არაფერს ასე მარტივად არ პატიობს.

- რატომ მიიღო რუსული ბომბდამშენების ჩამოგდების გადაწყვეტილება ერდოღანმა?

- ერდოღანმა პუტინს დაანახა, რომ არანაკლებ ამბიციური ლიდერია და არანაკლებ ძლიერ სახელმწიფოს მართავს. რაც სხვა ლიდერებმა მოუთმინეს და გაუტარეს პუტინს, იგივე არ გააკეთა ერდოღანმა. შარშან რუსულმა სამხედრო ავიაციამ ასევე დაარღვია შვედეთის საჰაერო სივრცე, მაგრამ მაშინ ამას დიდი ვნებათაღელვა არ მოჰყოლია, ყველა შეეგუა. ახლა თურქეთმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ამას არ შეეგუება. ამისთვის თურქეთის სახელმწიფოს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: პირველი, რამდენჯერმე დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე რუსეთის ავიაციამ. მეორე, რუსეთი ძირითადად სირიაში პროთურქ მოსახლეობას ბომბავს. პროთურქ ამბოხებულ მეომრებს, რომლებიც სირიაში სწორედ თურქეთის მომიჯნავე ტერიტორიაზე ცხოვრობენ. თურქეთს ყელში ამოუვიდა რუსეთის დაბომბვები, რომლებიც ტერორისტების წინააღმდეგ არც არის მიმართული.

- თურქეთმა განაცხადა, რომ მათ 10-ჯერ გააფრთხილეს რუსეთი, რომ მის საჰაერო სივრცეს არღვევდნენ. პუტინმა ერთგვარად მოსინჯა თურქეთი?

- რასაკვირველია, მოსინჯა. პუტინი ყოველთვის ყველაფერს ტესტავს, სად რამდენი გაუვა. გადმოწია საქართველოში საოკუპაციო ზოლი, გაუვიდა, ინგლისის საჰაერო სივრცეს მიუახლოვდა, გაუვიდა, შეფრინდა სირიის საჰაერო სივრცეში, გაუვიდა. ამას პუტინი მიჩვეული იყო, მას გასდის და აკეთებს კიდეც, მაგრამ ახლა აღარ გაუვიდა. მე-19 საუკუნეში რუსეთმა თურქეთი საკმაოდ მძიმედ ორჯერ დაამარცხა. პუტინი აქამდე ფიქრობდა, რომ თურქეთს მისი ეშინია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აღარ ეშინია. აშკარად სერიოზული შოკი იყო პუტინისთვის ერდოღანის ნაბიჯი. ეს მას მეტყველებაზეც ეტყობოდა. ჯერჯერობით ამ ყველაფერზე პუტინს პასუხი არ აქვს. ერდოღანმა სერიოზული სილა გააწნა პუტინს. რუსეთი, ბუნებრივია, ომს ვერ გამოუცხადებს თურქეთს, გაზს ვეღარ გადაუკეტავს ასე მარტივად.

- რუსეთის ხელში ენერგომატარებლები ყოველთვის პოლიტიკური იარაღია. თურქეთი ალტერნატივისთვის მზად არის?

- როგორც ჩანს, თურქეთს ალტერნატიული წყაროები გააჩნია გაზმომარაგების, რადგან გაზის საკითხი არ ადარდებს.

- თქვენ თქვით, რომ პუტინი შოკშია, რატომ? არ ელოდა?

- რა თქმა უნდა, არ ელოდა. ის მიჩვეულია, რომ ყველაფერი ყველასთან გასდის, მაგრამ საქმე აქვს ერდოღანთან, რომელიც არანაკლებად ამბიციურია და თან ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ახლახან მოიგო არჩევნები. ერდოღანი არის ლიდერი, რომელიც თვლის, რომ ათათურქის შემდეგ პირველი ლიდერია, რომელიც თურქეთს ჰყოლია თავის ისტორიაში, ამიტომ ის უპასუხოდ ვერ დატოვებდა რუსეთის გამოხდომას.

- ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ნატოს წევრი ქვეყნები მესამე მსოფლიო ომს არ დაუშვებენო. ამ შემთხვევაში რუსეთს აჩერებს თურქეთი თუ ნატოს წევრი ქვეყნები?

- ფაქტია, რომ რუსეთი გაჩერებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში აქამდე პროცესები განვითარდებოდა. რუსეთი თუ დაიწყებს ძალის დემონსტრირებას, შავ ზღვაში ნატოს ფლოტი გამოჩნდება, ინტენსიურად დაიწყებს ამერიკული ხომალდები შემოდინებას შავ ზღვაში, რაც ჩვენ გვაწყობს. ცხადია, ეს კარგად იცის პუტინმა და ამიტომაც არის გაჩერებული.

- ეს ყველაფერი რამდენად შეიძლება შემაკავებელი აღმოჩნდეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა საქართველოს მიმართ?

- ამ ფაქტმა გამოაჩინა, რომ როგორც კი რუსეთი ძალას დაინახავს, უკან იხევს. მითია, რომ პუტინს არაფრის ეშინია და მისი ყველას ეშინია.

- პუტინის ინტერესებში რატომ არის ასადის რეჟიმის გადარჩენა? რატომ ბომბავს მის ოპოზიციას?

- პუტინის მთავარი ინტერესია, რომ ასადის რეჟიმი გადაარჩინოს როგორმე და არა ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა. ასადის რეჟიმი არის მისი უკანასკნელი დასაყრდენი რეჟიმი ახლო აღმოსავლეთში, სადაც მას ამბიციები გააჩნია. მეორე, ასადის წყალობით, რუსეთს ბაზა აქვს ხმელთაშუა ზღვაზე, ეს არის საზღვაო ბაზა. ეს ორი ფაქტორია და სხვა არაფერი, რის გამოც ის ცდილობს, როგორმე ასადის რეჟიმი გადაარჩინოს.

- ამ ინციდენტიდან გამომდინარე, რამდენად არის ნატო ადეკვატური, რამდენად პასუხობს ის გამოწვევებს?

- ფაქტია, რომ ნატოს ლიდერები შეიკრიბნენ და მკაცრად დააფიქსირეს, რომ ისინი თურქეთს უჭერენ მხარს და მის პოზიციებს დაიცავენ.

ახალი თაობა“, 26 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ნუგზარ წიკლაურთან: ტერორისტებზე უფრო საშიში უუნარო ხელისუფლებაარუსეთსა და თურქეთს შორის ომი არ იქნება

შორენა მარსაგიშვილი

რატომ არ უნდა ეცალოს ხელისუფლებას დეპუტატების ხმის სინჯების ასაღებად, გაუმკლავდება თუ არა ის დღეს არსებულ გამოწვევებს, რას უნდა ველოდოთ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებიდან? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური ესაუბრება. „ჩვენი სახელმწიფო ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. ეს გახლავთ ოკუპირებული ტერიტორიები და მუქარის შემცველი ვიდეომიმართვები. ასევე მნიშვნელოვანია ის საფრთხეები, რომლებიც ახლა იქმნება რეგიონში თურქეთ-რუსეთის სულ უფრო მზარდი დაპირისპირების გამო. ამ ვითარებაში ჩვენი სამართალდამცავები მოტივირებულებიც უნდა იყვნენ და მობილიზებულიც, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება დაცული იყოს. იმის მაგივრად, რომ შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილებით დაკავდნენ, პარლამენტის წევრებს სრულიად უმიზნოდ ატარებენ საგამოძიებო უწყებებში და, თავისი ჭკუით, შეთქმულების საქმეს იძიებენ. ეს მაშინ, როცა სხვა „შეთქმულების საქმე“ არ აქვთ გახსნილი“, – ამბობს ნუგზარ წიკლაური.

- რომელ საქმეზე საუბრობთ?

- ყოფილი შს მინისტრ ჭიკაიძის მიერ დაანონსებულ ე.წ. საბურავების საქმეზე მოგახსენებთ. ეს საქმე აღარც კი ახსოვთ და „ახალ `შეთქმულებას“ იძიებენ. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს არასერიოზულად უდგება. იმ დროს, როცა თავების მოჭრით გვემუქრებოდნენ, სათანადო უწყებებმა ხმის სინჯის ასაღებად დამიბარეს. ამაზე მეტი რა ვთქვა.

- ჩააბარეთ ხმის სინჯი? თავიდან უარს აცხადებდით.

- როდესაც ხმის სინჯის ასაღებად პირველად გამომიძახეს, ვთქვი, რომ ეს იყო მატრაბაზობა. იქვე დავამატე, რომ თუ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნებოდა, აუცილებლად ჩავაბარებდი ხმის სინჯს. ჩემთვის საერთოდ გაურკვეველია, რაში სჭირდებოდათ ეს ხმის სინჯები, პირველ დაკითხვაზე შესვლის წინაც და ჩვენებაშიც დავადასტურე, რომ მიხეილ სააკაშვილთან მრავალჯერ მისაუბრია. ეტყობა, ჩემი და ჩემი მეგობრების დაბარებას სხვა მიზნები აქვს. ხელისუფლებას იმის დემონსტრირება სურს, თუ როგორ დადიან პარლამენტის წევრები ჩვენებების მისაცემად.

- ეს რისთვის სჭირდებათ?

- საერთო სურათის შესაქმნელად, რომ თითქოს ქვეყანაში რაღაც მზადდება. ეს იმისთვის კეთდება, რომ ხალხმა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე არ იფიქროს და მთელი ყურადღება `შეთქმულებებზე~ გადაიტანოს.

- როგორც თქვენ ამბობთ, ხელისუფლებას ხალხის ყურადღება `შეთქმულებებზე~ გადააქვს. მაგრამ ეს თემა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გადაფარა. ყველა თურქეთ-რუსეთის შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაზე საუბრობს. რაღაცა თუ დაიწყო, რა საფრთხეები ელოდება საქართველოს?

- რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, ამის მიუხედავად, ჯერჯერობით საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდე არ მივა, თუმცა გართულებები იქნება. სამხედრო თვალსაზრისით ორი ძალიან ძლიერი ძალა ჩვენს რეგიონში ერთმანეთს უპირისპირდება. ეს როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით სერიოზულ საფრთხეებს უქმნის ჩვენს ქვეყანას. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ოფიციალური მოსკოვის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურს, საქართველოს სამხრეთით გასასვლელი ჰქონდეს. საქართველოს სამხრეთით გასასვლელი მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გავლით შეიძლება მოიპოვო. როცა ამ განწყობის და ძალიან აგრესიული ქვეყანა ლამის სამხედრო დაპირისპირებაში ერთვება, ეს ჩვენთვის არის დამატებითი საფრთხე.

- საქართველო თუ არის მზად ამ შესაძლო დაპირისპირებისთვის?

- იმისთვის, რომ არსებულ ზეწოლებს გავუძლოთ, საქართველოს სჭირდება ძლიერი მმართველობა. ჩვენი ქვეყანა დღეს როგორც საშინაო, ასევე საგარეო კუთხით ძალიან არის დასუსტებული. ასეთი დაუძლურებული ეკონომიკის და ასეთი უარყოფითი საგარეო პრესტიჟის ქვეყანა მოწინააღმდეგისთვის შესაძლოა იოლ ნადავლად იქცეს.

- რამდენიმე დღის წინ ისლამური სახელმწიფოს სახელით გავრცელებულ მუქარებზე რას ფიქრობთ, უნდა ველოდოთ თუ არა ამ მიმართულებით რაიმე საფრთხეებს?

- ამ ვიდეომიმართვებს სერიოზულად არ ვუყურებ. ასეთი ვიდეოები, როგორც წესი, ხშირად ვრცელდება ხოლმე და არა მგონია, რაიმე საფრთხის წყაროს წარმოადგენდნენ.

- რუსეთი თუ გამოიყენებს ამ ვიდეოებს აქ რაიმე სახის პროვოკაციის მოსაწყობად?

- უშუალოდ ეს ვიდეოები რუსეთს საქართველოზე თავდასხმის შესაძლებლობას არ აძლევს. იმის გამო, რომ სირიაში საქართველოს მოქალაქეები იბრძვიან, მოსკოვი ვერ მოგვედავება, იქ რუსეთიდან გაცილებით მეტი ადამიანი წავიდა საომრად. ამ ვიდეოების გამავრცელებლების მიზანი იყო, რომ ჩვენ მათზე სერიოზულად გვეფიქრა. ამ თემის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, მაგრამ ვიმეორებ, მათგან პირდაპირ საფრთხეს არ უნდა ველოდოთ. საქართველოს გაცილებით მეტ საფრთხეს უქმნის საკუთარი უუნარო ხელისუფლება.

- იმის თქმა გინდათ, რომ ტერორისტებზე მეტ საფრთხეს ხელისუფლებისგან უნდა ველოდოთ?

- უუნარო ხელისუფლება ნებისმიერი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. მისი წყალობით, საქართველოს საერთაშორისო პოზიციები შესუსტდა და ის მსოფლიო რადარებიდან საერთოდ დაიკარგა. დღეს ყველა საუბრობს უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე, მაგრამ საქართველოს არავინ ახსენებს. არადა, წინა ხელისუფლების დროს, მთავარ პოლიტიკურ მოედნებზე საქართველო გამუდმებით აქტუალური თემა იყო. ახლა აღარავინ გვახსენებს, რაც ქვეყანას ასუსტებს. ეკონომიკაში არსებული პრობლემები ასუსტებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემები ექმნება. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე აღიარებს იმას, რომ ჩვენ უუნარო ხელისუფლება გვყავს. უუნარო ხელისუფლების პირობებში კი, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები ასმაგდება. მეეჭვება, მათ გამოწვევებს სათანადოდ უპასუხონ.

- საფრთხეების არსებობაზე ხელისუფლებაც საუბრობს და აცხადებს, რომ გამოწვევების წინაშე მთელი საქართველო ერთად უნდა დადგეს. ამაზე რას ფიქრობთ, დადგებით ხელისუფლების გვერდით?

- იმ საფრთხის მიმართ, რასაც ტერორიზმი ჰქვია, მთელი საქართველო ერთსულოვანი უნდა იყოს. ამას მოწოდება არ სჭირდება, მაგრამ როგორ უნდა დავუდგეთ გვერდით იმ ხელისუფლებას, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. კანონიერი ქურდები შემოჰყავს. როგორ უნდა ვენდოთ იმ ხელისუფლებას, რომელიც მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, როგორ გამდიდრდეს, თანაც იმ დროს, როცა მოსახლეობა სულ უფრო ღარიბდება. ასეთი მენტალიტეტის მქონე ხელისუფლებას არსებული საფრთხეების და გამოწვევების გამკლავება გაუჭირდება. ამ დასკვნას „ქართული ოცნების“ წევრების არაადეკვატურობიდან გამომდინარე ვაკეთებ. დარწმუნებული ვარ, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის დროსაც არაადეკვატური იქნება მათი მცდელობა.

განცხადება, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ყველა ერთმანეთის გვერდით უნდა დავდგეთ, ძალიან კარგი სიტყვებია. თუმცა ის შეიძლება სადღეგრძელოში უთხრა ვინმეს. თანამედროვე სახელმწიფოებში ხელისუფლებას არსებული საფრთხეების მიმართ ადეკვატურ მიდგომებს სთხოვენ, რაც `ქართული ოცნებისთვის~ სრულიად უცხოა. აქედან გამომდინარე მივიჩნევ, რომ საკუთარი ხელისუფლებისგანაც გველოდება პრობლემები.

ახალი თაობა“, 26 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „აჭარაში მუსლიმანების უფლებები არ ირღვევა

გულიკო ბალაძე

- ბატონო დიმიტრი, საქართველოდან სირიაში ახალგაზრდების საბრძოლველად წასვლის სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობენ. თქვენ რა მიზეზებს ხედავთ?

- ხვიჩა გობაძე 1993 წელს დაბადებული ახალგაზრდა კაცია. რაღაც გზებით და საშუალებებით, ის დაუკავშირდა იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც მას იმგვარი განათლება მიაღებინეს, იძულებულია, საკუთარ თანამემამულეებში მტრები დაინახოს და თავს უფლებას აძლევს, გვემუქრებოდეს. ხვიჩამ იმ ტიპის განათლება მიიღო ეგვიპტეში, რომელიც არ უკავშირდება ტრადიციულ ისლამს. ხვიჩა გობაძე არ არის ერთეული. მისი მამის კომენტარშიც იგრძნობა აგრესია და განაწყენება, თითქოს აჭარაში მცხოვრებ მუსლიმანებს ჯამეების აშენების საშუალება არ ეძლევათ.

- კარგად ვიცი მუსლიმანური სარწმუნოების მიმდევართა მდგომარეობა აჭარაში. ისიც ვიცი, აჭარაში 1992 წლის შემდეგ, შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს, რამდენი ჯამე აშენდა. გობაძე რატომ უნდა გვსაყვედურობდეს? ასეთი მშენებლობების წარმოება რაღაც კანონის ფარგლებში არ უნდა ექცეოდეს?

- ილია გობაძის კომენტარს იმიტომ შევეხე, მას დაკარგული აქვს სამართლიანობისა და ობიექტურობის განცდა. ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის დროს, აჭარაში 244 ჯამეს რესტავრაცია განხორციელდა და მოქმედი გახდა. როგორ შეიძლება, ამ პატარა მიწაწყალზე ასეთი რაოდენობის ჯამეებს ისლამის მიმდევრების კანონიერი სულიერი ინტერესები ვერ დაეკმაყოფილებინა? მით უმეტეს, ილია გობაძის შვილმა ბათუმის მედრესეში მიიღო პირველი განათლება და შემდგომ წავიდა ეგვიპტეში. ამიტომ ხელოვნურად, თითიდან გამოწოვილი საბაბია განხეთქილების ჩამოსაგდებად და სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებით, ახალგაზრდების სხვა ქვეყნებში წასვლის მიზეზისთვის.

- სწორედ იმის გამო ხომ არ მოხდა მათი რადიკალიზაცია, რომ წლების განმავლობაში ამ ბავშვებს მშობლიურ გარემოს წყვეტდნენ და მიზანმიმართულად საზღვარგარეთ მუსლიმანურ სასწავლებლებში აგზავნიდნენ?

- საქართველოში პოლიტიკური ისლამის არსებობის ფაქტორები სულიერებაზე საუბრებს სცდება. ეს უნდა იყოს სპეცსამსახურების ინტერესის ობიექტი. ჩვენ მართლაც დავკარგეთ დრო, როდესაც შეიძლებოდა კანონის ფარგლებში კონტროლი განგვეხორციელებინა იმ ახალგაზრდა თაობაზე, რომლებსაც მაქსიმალურად იბირებდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები.

- ფიქრობთ, რომ ამ საქმეში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ურევია?

- დიახ. თურქეთის დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ ხდებოდა ამგვარი ახალგაზრდების დაინტერესება. ამას ჰქვია რელიგიური პროზელიტიზმი. რელიგიური პროზელიტიზმი არის, გარკვეული ფინანსური დაინტერესების ფასად, ადამიანის ჩაბმა რელიგიურ საკითხებში, რომელსაც სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო რელიგიასთან.

გობაძემ თქვა, აჭარაში მუსლიმანების უფლებები ირღვევაო. რეალურად კი, აჭარაში ქრისტიანები არიან შევიწროებულები. იძულებულები არიან, ისმინონ მოლის ძახილი. მეჩეთები ააშენეს და მინარეთები მიაშენეს, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდამდე აჭარაში არასოდეს ყოფილა. მიკროფონები ბოლო დონეზე აქვთ აწეული და მოლის ხმა ერთი კიდურიდან მეორემდე ისმის, არავის ერიდებიან. ბელგიის სახელმწიფომ მუსლიმანებს უარი უთხრა მინარეთის დადგმაზე, კლასიკურ, ტრადიციულ მუსლიმანურ სახელმწიფოს არ წარმოვადგენთო და ეს საკითხი კანონით დაარეგულირა.

- აჭარაში მოლა ქრისტიანებს დღენიადაგ არაბულად ლოცვებს თავზე დასძახის. რაში გამოიხატება მუსლიმანების შევიწროება?

- 5 წლის წინ, შვეიცარიაში რეფერენდუმიც კი ჩატარდა, როგორ უნდა ყოფილიყო რეგულირებული ისლამური თემის საკულტო ნაგებობების, მინარეთების მშენებლობების საკითხი. შვეიცარიის საზოგადოებამ უარი განაცხადა მინარეთების მიშენებაზე. სწორედ არატრადიციული ხმების, სხვა რელიგიის წარმომადგენლების ხმამაღალი გამოძახილი ჩაითვალა, ზოგადად, ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტორად, ვინაიდან არ შეიძლება, შენი უფლებების რეალიზაციის პროცესში სხვის უფლებებს ეხებოდე.

„საქართველო და მსოფლიო“, 25 ნოემბერი – 1 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ჰამლეტ ჭიპაშვილთან: პაატა ბურჭულაძე ივანიშვილ-სააკაშვილის თამაშს თამაშობს»

ეკა ნასყიდაშვილი

გასული კვირა სხვა დანარჩენი დღეებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ მსოფლიოს ბანმა პაატა ბურჭულაძემ ხმამაღლა განაცხადა, ძალების მოსინჯვა მსურს ქართულ პოლიტიკაშიო. ამ ფაქტს საზოგადოება სხვადასხვაგვარად შეხვდა, ზოგმა მოუწონა, ზოგმა _ არა. თვითონ მომღერალი კი ამბობს, რომ ილია მეორეს ნებართვისა და დალოცვის გარეშე არაფერს აკეთებს. ამ ინფორმაციის გარდა, ხალხის ყურადღება საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადებამ მიიპყრო. მან განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება არ უნდა მოხდეს. არადა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დეკემბრის ნატოს მინისტერიალს სულმოუთქმელად ელის და თვლის, რომ ნატოს ძალიან დავუახლოვდებით. საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი გვესაუბრება.

- ბატონო ჰამლეტ, მომღერალი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში წავიდა. იყო თუ არა ამის წინაპირობა?

- ორი წლის წინათ პაატა ბურჭულაძეს კულტურის მინისტრობა შესთავზეს და უარი განაცხადა. უარი ასე ახსნა: ძალიან ბევრი ხელშეკრულება მაქვს დადებული და მინისტრობა ხელს შემიშლისო. მისი განცხადება მაშინვე საეჭვო იყო, როგორც ჩანს, შეთავაზებული თანამდებობა არ იყო მისთვის საკმარისი. პაატას უარი გულწრფელი არ იყო, ქვეტექსტში იკითხებოდა, რომ ამ ნაბიჯს გადადგამდა და გადადგა კიდეც. გაოცებული ვარ მისი გადაწყვეტილებით. ბურჭულაძე ჯერ კიდევ არ არის იმ ასაკში, რომ სცენა მიატოვოს.

- მაშ, რასთან გვაქვს საქმე?

- ეს ქართული სიხარბეა. პაატა ბუჭულაძეს სურს, გავლენა ჰქონდეს საზოგადოებაში. ის არ კმაყოფილდება იმით, რაც გააკეთა.

- იქნებ ბურჭულაძე ვინმეს დაკვეთას ასრულებს? იქნებ მას პარტიის შექმნა რუსეთმა დაავალა ან დასავლეთმა?

- არა, ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებ. თუ პაატა ბურჭულაძე პიროვნებაა, ამას არ იზამს. ის არ არის დამოკიდებული არც ქართულ პოლიტიკაზე და არც ქართულ კულტურაზე. ის უცხოეთში მოღვაწეობს. პაატა ბურჭულაძეს რევერანსები არ სჭირდება, ის არავისზე დამოკიდებული არ არის.

- ბიძინა ივანიშვილზეც ასე გვეგონა

- ივანიშვილი ქურდია, მან ფული ცუდი საქმეებით იშოვა. ალბათ, აღარავის სჯერა, რომ ფული კომპიუტერის ყიდვა-გაყიდვით დააგროვა. მილიარდებს ამით ვერ იშოვი. ივანიშვილი ის პიროვნებაა, რომელიც ფულის გამო ყველაფერს დათანხმდება.

- რა არის პაატა ბურჭულაძის მიზანი?

- ბურჭულაძეს ამბიცია ამოძრავებს. ყელში ამოუვიდა მომღერლობა და დიდი თანამდებობა უნდა, სავარაუდოდ, პრეზიდენტობა. აბა, მინისტრთა საბჭოს ის ვერ უხელმძღვანელებს.

- რა გზას დაადგება, საით წავა?

- საით წავა და სადაც 25 წელი იღვწის. პაატა ბურჭულაძე 25 წელია, ავსტრიაშია, მას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებდა “ნაციონალებთან” და სააკაშვილთან. ვინმეს სჯერა, რომ პაატა ბურჭულაძემიავნანასფონდი თავისით დააარსა და უსახკლაროებს ფულს უხდიდა? ერთი ჯიხურის გახსნას ვერ შეძლებდი სააკაშვილის პერიოდში, იგივე ვითარებაა დღესაც. პაატა ბურჭულაძე “ნაცების” პერიოდში სულ პრესისა და ტელევიზიის ყურადღების ცენტრში იყო, სულ მასზე წერდნენ და ლაპარაკობდნენ. არავის არასდროს შეუმოწმებია “იავნანას” ფონდი, არავინ დაინტერესებულა მისი შემოსავლებითა და გასავლებით.

- ვინ იქნება პაატა ბურჭულაძის ამომრჩეველი, თუ ის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს?

- ყველა დეგენერატი. და დეგენერატები ჩვენს ქვეყანაში ოხრად არიან. პაატა ბურჭულაძეს კარგი ბეგრაუნდი აქვს, ის ღარიბ-ღატაკს ეხმარება, ტვინგამორეცხილ საზოგადებას კი მეტი რა უნდა?! პაატა ბურჭულაძის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. არ მომეცემა საშუალება, პირადად დაველაპარაკო, თორემ აუცილებლად ვეტყოდი, რამ გამოგაშტერა ამხელა კაცი, რატომ იხდი საფურთხებლად თავს-მეთქი.

- იქნებ პაატა ბურჭულაძე მსხვერპლია იმ ტექნოლოგიებისა, რომლებითაც მსოფლიოს მართავენ?

- არავითარი ტექნოლოგიები არ არსებობს, თუ ნამდვილად პიროვნება ხარ. რას ჰქვია დაკვეთა და ტექნოლოგია! რა, ხელი წაუჭირეს? არა, ბურჭულაძეს ამბიციები გაუჩნდა. თანაც, ნახეთ რა მოხდა? პაატა გაიქცა და პარტიის ჩამოყალიბების საკითხი ივანიშვილს შეუთანხმა, მერე ალასანიას ელაპარაკა. სავარაუდოდ, ბურჭულაძე ივანიშვილ-სააკაშვილის თამაშს თამაშობს. ბიძინამ იცის, რომ მის მიერ შეკოწიწებული პარტია არჩევნებში ხმების ძალიან ცოტა პროცენტს აიღებს და სატელიტები სჭირდება, ბურჭულაძე კარგი კანდიდატია. ივანიშვილი პრიმიტიულად და პროვინციულად აზროვნებს, სწორედ ისე, როგორც მას შეეფერება. ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლა თამაშია, ბინძური თამაში და ამ სიბინძურეში არ უნდა გაეხვიოს. ალბათ, ყველას გახსოვთ, ბურჭულაძე, როგორც კი მას სააკაშვილმა თითი დაუქნია, უკრაინაში გაიქცა კონცერტში მონაწილეობის მისაღებად. ეს არაფერს ნიშნავს? ბურჭულაძე აშკარად იზიარებდა სააკაშვილის პოლიტიკას.

- ბატონო ჰამლეტ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თქვა, რომ ნატო არ გაფართოვდება, არადა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი დეკემბერში ნატოს მინისტერიალზე სერიოზულ შედეგს ელოდება

- თინა ხიდაშელი სასაცილოა… სირიაში მიმდინარე პროცესებმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა. რამდენიმე დღის წინათ ვრცელი გადაცემა მიეძღვნა სირიაში რუსეთის მოქმედებებს. რუსეთმა ერთ დღეს თავისი ფრთოსანი რაკეტები კასპიის ზღვიდან გაუშვა სირიაში და ზუსტად ის წერტილები დაბომბა, რომლებიც სურდა. იმავე დღეს ჩრდილოეთის ოკეანიდან დაბომბა სირია. წარმოგიდგენიათ, რა მანძილი გაიარა რაკეტებმა? მთელ ევროპას შემოუარეს, შევიდნენ ხმელთაშუა ზღვაზე, გაჰყვნენ ზღვას და ისე შევიდნენ სირიაში, ეს ყველაფერი ზუსტად იყო ნაჩვენები და ვურჩევ ჩვენს პოლიტიკოსებს, ასეთ ინფორმაციებს გაეცნონ.

რაღა დროს ნატო და კატოა? ბოლო ხანს ნატოს თუნდაც ერთი წამოკნავლება ვინმეს გაუგია? ნატო ჩასვრილი და გაყუჩებულია. ეს ორგანიზაცია იდიოტების ბუდეა. საფრანგეთი ნატოს წევრია, მაგრამ მას კი არ მიმართა დასახმარებლად, არამედ რუსეთს. ნატოს წევრია თურქეთიც, რომელიც ნავთობის კოლონებს ატარებს თავის ტერიტორიაზე, ნავთობს, რომელიც მოპარულია და “ისლამური სახელმწიფო” ყიდის უცხოეთში. მოპარული ნავთობი თურქეთის საზღვაო პორტებიდან ევროპაში გადის. მართალია, ტვირთს არ აწერია, რომ “ისლამური სახელმწიფოსია”, მაგრამ ისე იაფია, რომ ამის მიხვედრა ძნელი არ არის. საფრანგეთიც და თურქეთიც ნატოს წევრები არიან.  საქართველოს თავდაცვის მინისტრი კი ჩვენი ფულით, ჩვენი ბიუჯეტის ფულით უაზროდ დადის მსოფლიოში. რა მიაქვს, რა მოაქვს, რატომ არავინ ეკითხება? ნატოს წევრობა რას მოგვცემს, თუ არა იმას, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ლუკმა გავხდებით. ნატოში კი არავინ მიგვიღებს _ ქვეყანას, საიდანაც ისლამისტები სირიაში საბრძოლველად მიდიან, ნატოში არავინ მიიღებს. ბრიუსელს ამდენი ჭკუა აქვს.

- თურქეთმა რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო. როგორ ფიქრობთ, რუსეთი ამას აპატიებს თურქეთს? შესაძლოა, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ღია დაპირისპირება დაიწყოს?

- თურქეთის ხელისუფლება სირიის პრეზიდენტის _ ბაშარ ასადის წინააღმდეგია, რუსეთი კი მხარს უჭერს ამ ადამიანს. თურქეთის ტერიტორიაზე არის ბაზები, სადაც “ისლამური სახელმწიფოს” ჯიჰადისტებს წვრთნიან, ამას თავდაპირველად ამერიკა აკეთებდა. უკვე დადასტურდა, რომ რუსული თვითმფრინავი თურქეთის ჩამოგდებულია და ვლადიმერ პუტინის განცხადებაც მოვისმინეთ. ძალიან გაბრაზებულმა პუტინმა ხაზი გაუსვა, _ ეს ზურგში დარტყმაა, თურქეთი კი მეგობარი ქვეყანა გვეგონაო. პუტინი ასეთ განცხადებებს ტყუილუბრალოდ არ ისვრის და აუცილებლად მოაყოლებს საპასუხო ზომებს. როგორც ჩანს, ვითარება დაიძაბება და რუსეთ-თურქეთის ომიც გამორიცხული არ არის.

- თუ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა და ვლადიმერ პუტინმა მომხდარზეთვალი არ დახუჭა”, საქართველო რა მდგომარეობაში აღმოჩნდება?

- ყველა პარამეტრით მძიმე ვითარებაში ვართ. თურქეთმა აჭარა, ფაქტობრივად, დაიპყრო. აჭარიდან ბევრია წასული “ისლამურ სახელმწიფოში” და ისლამისტების დროშის ქვეშ იბრძვის. თურქეთი არ მალავს აჭარის მიმართ თავის ინტერესს. ეკონომიკურად უკვე დაპყრობილი აქვს ეს ტერიტორია და შორს არ არის ის დროს, როდესაც პოლიტიკურადაც საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცევს. აჭარის მაღალმთიან რაიონებში მეჩეთები უკვე მოქმედებს. საქართველო უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდება და პოლიტიკოსები, რომლებიც დასავლეთისკენ ილტვიან, ჯობია, თვითონ გადასახლდნენ იქ და ამ ქვეყანას თავი დაანებონ.

საქართველოს პარლამენტში არის “ბებია ქალი”, გუგული მაღრაძე, რომელიც თვლის, რომ “ისლამური სახლმწიფო” დიდ ქვეყნებს ებრძვის. არადა, ჩვენი ქვეყანა ცეცხლში იმყოფება. რუსეთ-თურქეთს შორის ვითარების დაძაბვა პირდაპირ აისახება საქართველოზე.

Comments are closed