„რეზონანსი“: რუსეთის პრეზიდენტი ზეიმზე ქართველ კოლეგას ეპატიჟება
„რეზონანსი“: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: “ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა საქართველოსთვის სერიოზული საფრთხეა”
„რეზონანსი“: „ცხინვალი რუსეთის ფედერაციის სუბიექტი ხდება” // კრემლი მძიმე შეიარაღებას და საავიაციო კომპონენტებს შეიტანს
„ალია“: ინტერვიუ გოგა ხაინდრავასთან: „მინდა ვაი-პოლიტიკოსებს შევძახო: ავოიეე, თქვენ ყველას შიგ ხომ არ გაქვთ?“
————————
„რეზონანსი“, 26 დეკემბერი, 2014 წელი
რუსეთის პრეზიდენტი ზეიმზე ქართველ კოლეგას ეპატიჟება
ეკატერინე ბასილაია
(შემოკლებით)
იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, უნდა იღებდნენ თუ არა ქართველი კულტურის მოღვაწეები მოსკოვში სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას, კრემლი ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მოსაწვევი საქართველოს პრეზიდენტის სახელზე თბილისში შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გამოაგზავნა. შესაბამისი ნოტა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იქნა მიღებული, მაგრამ მასში ტექნიკური შეცდომა აღმოჩნდა და ამიტომ გასასწორებლად უკან გაიგზავნა. მართალია, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩასწორებული ნოტა აღარ მიუღია, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა საქართველო კვლავ მიიწვიოს.
უნდა წავიდეს თუ არა პრემიერი ან პრეზიდენტი რუსეთში, მმართველ გუნდში ამ საკითხზე დღეს ერთიანი პოზიცია აქვთ.
საპარლამენტო უმარვლესობის წარმომადგენელ გია ჟორჟოლიანის თქმით, წასვლა-არწასვლაზე პასუხი დღეს არ უნდა გაეცეს. „მაისამდე როგორი ვითარებაც შეიქმნება, პრეზიდენტმაც ამის მიხედვით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება წასვლა+არწასვლაზე და არა დღეს“, – ამბობს ჟორჟოლიანი. თუმცა ვითარების რა ცვლილებებს შეიძლება ელოდოს ხელისუფლება, ცოტა საკვირველია. (…)
„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ საქართველოდან ღონისძიებაზე დელეგაცია არ უნდა წავიდეს და უფრო მეტიც, არც პუტინს უნდა შეხვდეს საქართველოს უმაღლესი ხელი სუფალი, თუკი მოსკოვი 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების შესრულებას არ დაიწყებს.
„სხვა მიწვევა არ მახსენდება. სოჭის ოლიმპიადის დროს სააკაშვილი იყო პრეზიდენტი და მის მიუვიდა თუ არა მიწვევა, არ ვიცით, საგარეო საქმეთა სამინისტროში კი მაშინ არაფერი მოსულა. ვფიქრობ, რომ, რასაკვირველია, ამ ღორნისძიებაზე პრეზიდენტი არ უნდა წავიდეს, თუკი იგივე ვითარება იქნება,რაც დღესაა. როდესაც საქართველოს 20 % ოკუპირებულია და რუსეთის მხრიდან არანაირი მზაობა არ არის, ნაბიჯები გადაიდგას იმ შეთანხმების შესასრულებლად, რომელიც 2008 წლის აგვისტოში დაიდო“, – ამბობს ფანჯიკიძე. – „პუტინის ახალი კომენტარის შემდეგ, რომელიც შესაძლო შეხვედრებს ეხებოდა, პრეზიდენტთან ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ. ვთქვით, რომ ქვეყნის პირველი პირი არ უნდა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, თუკი არ იქნება გადადგმული ნაბიჯები სწორედ იმ ხელშეკრულების შესრულების კუთხით; თუკი რუსეთი არ აიღებს ვალდებულებას ცეცხლის არგანახლების შესახებ; დევნილთა დაბრუნების მიმართულებით არ იქნება ნაბიჯები გადადგმული და მესამე – თუკი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ დაუშვებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ჯერჯერობით რუსეთ-საქართველოს პირველი პირების შეხვედრაზე რაიმე მოლაპარაკება არ დაწყებულა. თუკი ამაზე იქნება მზაობა, მაშინ შეიქმნება წინაპირობები იმისათვის, რომ შეხვედრა შედგეს, რასაც ძალიან სერიოზული მომზადება დასჭირდება და აუცილებლად შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს.
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, მოსკოვში ჩასვლის შემთხვევაში ქართული დელეგაცია უხერხულ და დამამცირებელ გარემოში აღმოჩნდება. „ჩვენი ხელმძღვანელობა აღმოჩნდება მოსკოვში ხაჯიმბას და თიბილოვის გვერდით, რაც იქნება ძალიან დამამცირებელი. რადგან პუტინი ამას აკეთებს, ე.ი. მან ჩათვალა, რომ საქართველოსან მისი გეგმების შესრულება შესაძლებელია, ეს კი ძალიან სამწუხაროა“, – ამბობს შარაშენიძე.
პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას თქმით, თუ დღეს რუსეთთან დაკავშირებით საერთაშორისო პოზიციას გავითვალისწინებთ, ასევე რუსეთის მხრიდან აფხაზეთთან გაფორმებულ მოკავშირეობის ე.წ. ხელშეკრულებას და იმასაც, რომ მაისამდე არაფერი შეიცვლება, მაშინ საქართველოს ხელისუფლების მოსკოვში მაღალი დონის დელეგაციით ვიზიტს არანაირი გამართლება არ ექნება. მისი თვალსაზრისით, ამ ეტაპზე თავად პუტინთან შეხვედრაც კი არ არის გამართლებული, თუკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე არ იქნება შეთანხმება, აბსოლუტურად მიუღებელია. „თუკი რაიმე შეიცვალა და რაღაც აუცილებლობა დადგა, ეს სახელმწიფომ არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთოს და ამ შემთხვევაშიც ვეტერანთა დეპარტამენტის დონის დელეგაცია უნდა გაემგზავროს. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ერთ დღეს განცხადებები გავაკეთოთ და დავგმოთ რუსეთის ეს ქმედება და მეორე დღეს კრემლში ჩავიდეთ და მათ მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე ტაში დავუკრათ. საგარეო პოლიტიკურ ხედვაში მდგრადობა უნდა იყოს და ხელისუფლება, იმედია, ამას მიხვდება. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დღეს თავად რუსეთს უფრო აძლევს ხელს, რომ ამით საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცია დააბრკოლოს, ამ შეხვდერას სხვა აზრი არ აქვს“, – მიიჩნევს კაკაჩია.
ერთადერთი, ვინც ხმამაღლა აცხადებს, რომ საქართველოდან დელეგაცია მოსკოვში უნდა წავიდეს, ეს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეა. როგორც პოლიტოლოგია აღნიშნავს, ზეიმი მაისში უნდა ჩატარდეს და ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა თუკი პრეზიდენტი წავა, ეს იქნება პრინციპული გადაწყვეტილება და მანამდე მოსკოვს უნდა დავუყენოთ პირობა, რომ მთავარ ღონისძიებებზე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერები არ იყვნენ.
„ვიტყოდი, რომ უნდა წავიდეს. ნუ გგონიათ, რომ დიპლომატიაში ასეთი რამ პირველად ხდება. წინაწარ რუსეთთან უნდა მოხდეს მოლაპარაკება იმაზე, რომ იქ მთავარ ღონისძიებებზე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერები არ იყვნენ. კონფიდენციალური არხებით მოსკოვს უნდა დავუყენოთ ეს პირობა. ამით გავიგებთ, უსეთს რამდენად ნამდვილად სურს ჩვენთან დალაპარაკება. თუკი მართლა აინტერესებს, მოსკოვი ფეხებზე დაიკიდებს თიბილოვისა და ხაჯიმბას წყენას. თუკი რუსეთი ამაზე არ წავა, მაშინ დელეგაცია არ უნდა წავიდეს“, – ამბობს ცინცაძე.
„რეზონანსი“, 26 დეკემბერი, 2014 წელი
ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: “ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა საქართველოსთვის სერიოზული საფრთხეა”
ელზა პაპოშვილი
“ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა, შესაძლოა საქართველოსთვის თავისტკივილად იქცეს. ამ პროცესის ფორმირება საზღვრის პირას ხდება. თუ ჩვენი ხელისუფლება უარს იტყვის გზის გაგრძელებაზე, რუსეთს სულ მცირე პროვოკაცია დასჭირდება, რათა ეს გზა საკუთარი ინტერესებისამებრ გამოიყენოს”, – უთხრა “რეზონანსს” პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ.
პოლიტოლოგი ლეკი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც რუსეთის საზღვრისპირა ზონაში ცხოვრობენ, რუსული პასპორტების დარიგებას სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს. მისი თქმით, ეს სერიოზული ბერკეტი იქნება რუსეთის ხელში საქართველოს წინააღმდეგ. „მოსკოვი გამოიყენებს ყველასათვის ნაცნობ გეგმას – თავისი მოქალაქეების უფლებების დაცვის საბაბით სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ამის შესახებ კანონიც აქვს მიღებული“, – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
შეკითხვაზე, „რუსეთს ხომ სხვა გზებითაც შეუძლია საქართველოში შემოსვლა, რად უნდა ამხელა ფულის დახარჯვა ახალი გზის მშენებლობისთვისო“, პოლიტოლოგი პასუხობს: „ეს გზა ერთ-ერთ ბერკეტად სჭირდება. ვლადიმერ პუტინმა ნათლად განაცხადა, რომ ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობას სამხედრო მოქმედებების დაწყებისთვის აპირებს. საერთოდ, სიმართლე რომ გითხრათ, რუსეთის მხრიდან ახლო მომავალში არ უნდა ველოდოთ რაიმე სახის პროვოკაციას ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობის გაგრძელებისთვის, თუმცა რუსეთის მსგავსი არაპროგნოზირებადი ქვეყნისაგან ყველაფერი მოსალოდნელია“.
როგორც ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, „რუსეთის პრეზიდენტს ევრაზიული კავშირის რეალობად გადაქცევა სურს. ამ ოცნების განხორციელებაში ხელის შემშლელი და სუსტი რგოლი საქართველოა. თუ ჩვენი ქვეყანა ურას იტყვის ამ კავშირში გაერთიანებაზე, მაშინ რუსებს სომხეთთან სავაჭრო გზა ეჭრებათ. ჰოდა, ავარეთ-კახეთის გზა სესაძლებელია მათი გეგმების განხორციელების მთავარ ძარღვს წარმოადგენდეს“.
„რეზონანსი“, 26 დეკემბერი, 2014 წელი
„ცხინვალი რუსეთის ფედერაციის სუბიექტი ხდება”
კრემლი მძიმე შეიარაღებას და საავიაციო კომპონენტებს შეიტანს
სტატიაში მიმოხილულია ექსპერთა თავლსაზრისები ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლების (ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“) და რუსეთს შორის მიმდინარე ურთიერთობების შესახებ, განსაკუთრებით “თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ” ხელშეკრულების პროექტზე იანვრის ბოლოს დაგეგმილი ხელმოწერის შემდეგ (ავტორი – მაია აბაიაძე).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კრემლი შემოიტანს მძიმე შეიარაღებას, ტექნიკასა და საბრძოლო ავიაციის კომპონენტებს, ასევე შეიქმნება საბრძოლო დაჯგუფებები და გაგრძელდება მცოცავი ოკუპაცია. “ფაქტობრივად, ეს არის საქართველოს ტერიტორიაზე ყირიმიზაციის პროცესის დაწყება და ანექსია პირდაპირი გაგებით. ძალოვანი სტრუქტურების გაერთიანება და მოსკოვისთვის დაქვემდებარება ნიშნავს, რომ ცხინვალში გადმოიტანენ საგრავიტაციო ცენტრს, კიდევ უფრო გაძლიერდება რუსული სამხედრო დაჯგუფებების რაოდენობა და, შესაბამისად, მივიღებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუციების, სპეცდანიშნულების რაზმისა და სათავო ჯარების ერთობლივი სახით საკმაოდ სერიოზულ დაჯგუფებას ცხინვალში, რომელიც პირადად კრემლის დაქვემდებარებაში იქნება. ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად რუსეთის ფედერაციის სუბიექტი ხდება. აქ შემოვა მძიმე ტექნიკა და საბრძოლო ავიაციის კომპონენტები, უშუალოდ ჩვენს ტერიტორიაზე შეიქმნება საბრძოლო დაჯგუფებები და გაგრძელდება მცოცავი ოკუპაცია”, – აცხადებს მაისაია. მისი თქმით, “სამწუხარო ფაქტია, მაგრამ გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესის შესაჩერებლად კონკრეტულად ვერაფერს აკეთებს“.
პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ამ საკითხზე რეაგირება მაშინვე დაიწყო, რაც კრემლმა შეთანხმებების გაფორმება დააანონსა. თუმცა მისივე თქმით, რუსეთის შესაჩერებლად საკმარისი მექანიზმები არ არსებობს და საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირება შეუძლია. “ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, სახელმწიფოს ლიდერებთან, გაეროში, ეუთოში, ევროკავშირში, ნატოში და ყველგან, სადაც კი ვსაუბრობდით აფხაზეთთან ამ სახიფათო ხელშეკრულებაზე, იქვე მივუთითებდით, რომ ეს უფრო მძიმე ფორმით მოხდებოდა ცხინვალთან. შესაბამისად, ფონი უკვე შემზადებულია და ჩვენ ინტენსიურად გავაგრძელებთ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებას და ვეცდებით ამ ბერკეტის გამოყენებას. თავისთავად ცხადია, რომ რუსეთი დღეს ისეთ პოზიციაშია და იმდენადაა გასული საერთაშორისო სამართლის არეალიდან, საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან ვინმე რამე შედეგს მიაღწევს, არასერიოზულია. დასავლეთი მაქსიმალურად იყენებს ყველა სანქციას, რუსეთი ხედავს შედეგებს, მაგრამ უკან არ იხევს, ამიტომ საუბარი, რომ ჩვენ შევძლებთ რუსეთის იძულებას, ეს ხელშეკრულება არ გააფორმოს, ამის ფონი არ არსებობს და ეს ფაქტია. ეს არათუ ჩვენნაირ პატარა ქვეყანას არ შეუძლია, არამედ მთელი მსოფლიოც რომ გაერთიანდეს, რუსეთი მაინც ჯიქურად ატარებს საკუთარ ინტერესებს. მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ყველა ეს პროცედურა გავიაროთ, საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირება მოვახდინოთ და მაქსიმალურად წინ წამოვწიოთ ეს თემები, სწორედ ამას ვაკეთებთ”, – აცხადებს სესიაშვილი.
რაც შეეხება მავთულხლართებს და მცოცავ ოკუპაციას, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ამ პროცესს ხელშეკრულებებთან კავშირი არ აქვს. “ეს ამ ხელშეკრულებამდეც მიმდინარეობდა, რადგან რუსეთს ჯერ კიდევ 2008 წლის შემდგომ ჰქონდა გადაწყვეტილი და თავის დროზე გეგმაც დაამტკიცა და ფინანსებიც გამოყო. ამ პროცესს ხელშეკრულების გაფორმებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს და ესაა რუსეთის გეგმა, გაამაგროს საკუთარი სამხედრო ბაზები ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე არ არსებობს ამის პირდაპირი საფრთხე და ინფორმაცია ამის შესახებ, მაგრამ რუსეთის პოლიტიკიდან გამომდინარე, რისკები ყოველთვის არის. რუსეთს როგორც კი მოაკლდება პროვოკაციების საფუძველი, თვითონ შექნის მას. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ რუსეთი არ ექცევა ცივილიზებულ ჩარჩოებში და მოსალოდნელ საფრთხეებს წინაწარ ვერ განვჭვრეტთ, ამიტომ ჩვენნაირი ქვეყანა მუდმივად სიტუაციის ანალიზით უნდა იყოს დაკავებული, იღებდეს კონტრზომებს, ასევე უნდა ახდენდეს თავდაცვითი გეგმების გადახედვას და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა სწორედ ამ პროცესში ვართ“, – აცხადებს სესიაშვილი.
„ალია“, 26 დეკემბერი, 2014 წელი
ინტერვიუ გოგა ხაინდრავასთან: „მინდა ვაი-პოლიტიკოსებს შევძახო: ავოიეე, თქვენ ყველას შიგ ხომ არ გაქვთ?“
ინტერვიუში რეჟისორი გოგა ხაინდრავა ჟურნალისტ ნინო სამხარაძესთან თავის მოსკოვურ ვიზიტზე საუბრობს, რომლის დროსაც იგი რუს კოლეგას, რუსეთის პრეზიდენტის აქტიურ მხარდამჭერ სტანისლავ გოვორუხინსა და მსახიობ ვერა გლაგოლევას შეხვდა.
როგორც გოგა ხაინდრავა ამბობს, მისი მოსკოვური ვიზიტი საქართველოზე შესახებ დადგეგმილი ფილმის გადაღებას უკავშირდება და შესაბამისად, იგი სხვა ქვეყნებშიც აპირებს გამგზავრებას. „რადგან რუსეთის გარეშე საქართველოს ბედი არ წყდება, ვრცელი ინტერვიუ ჩავწერე სხვა და სხვა პოლიტიკოსებთან, მათ შორის ევგენი პრიმაკოვთან. მოგეხსენებათ, იგი საქართველოდანაა წარმოშობით… ინტერვიუში პრიმაკოვი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრობს“.
შეკითხვაზე, „როგორ ფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლება ვლადიმერ პუტინს უნდა შეხვდესო“, გოგა ხაინდრავა პასუხობს: „არ ვიცი, რადგან დღეს ვითარება ძალიან რთულია, ასეთი დაძაბულობა არ მახსოვს. უკრაინაში პრაქტიკულად სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, ცეცხლი უკიდია ნახევარ მსოფლიოს… თქვენ გესმით, სად ვყოფთ თავს? რუსეთმა ნატოსთან მიმართებით მკვეთრი განცხადებები გააკეთა… მე მინდა ჩვენს ვაი-პოლიტიკოსებს შევძახო: ავოიეეე, თქვენ ყველას შიგ ხომ არ გაქვთ? რა გინდათ ამ საქართველოსგან, რას გადაეკიდეთ? ვიყოთ ჩვენთვის წყნარად… თუ რაიმეს მიცემა შეიძლებოდა რუსეთისათვის, „ნაციონალებმა“ უკვე ყველაფერი მისცეს – კოდორი, ცხინვალი, ახლა იქიდან ცდილობენ როგორმე თბილისიც წაგვართვან… აი, ნაცების ამ რიტორიკას არიან აყოლილები ექსპერტები, ჟურნალისტები, არსამტავრობოები და დღეს ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ქვეყნის პირველი მტერი დღეს ბიძინა ივანიშვილია და მიხეილ სააკაშვილი კი – ქვეყნის ღირსება… სად იყვნენ 2008 წლის აგვისტოში? ეს გაქცეული კურდღელი სააკაშვილი სადაა? გამაგებინეთ, რატომ არ დავიცავით ჩვენი სამშობლო? უკრაინიდან თითს რომ გვიქნევენ მაგარი მეომრები, აქ რატომ არ იომეს? რომ ჩამოვლენ, მათ თითებს დავამტვრევთ! განა შეიძლება „ზონდერიც“ მეომარი იყოს? გარდა ამისა, იქ რომ გაიქცნენ, ჩვენ ცოტა გვაქვს დასაცავი ცხინვალის რეგიონში?. მართლა ფურთხის ღირსია საქართველო… სამარცხვინოა, რაც აქ ხდება…“, – ამბობს ინტერვიუში გოგა ხაინდრავა.