globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 26 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 26th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: “რესპუბლიკელები” ახალ მთავრობაში 4 ადგილს ითხოვენ

რეზონანსი: სამი მინისტრი გადაყენების მოლოდინში // მმართველი გუნდი ხადურისა და სანიკიძის შეცვლაზე შეთანხმდა, ზაქარეიშვილზე კი ცხარე დებატები მიმდინარეობს

ახალი თაობა“: ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „ირაკლი ღარიბაშვილი სათადარიგო სკამზე დაჯდა, მაგრამ მალე გამოჩნდება“

ახალი თაობა“: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „ირაკლი ღარიბაშვილი სუსტი პრემიერი იყო“

რეზონანსი: მაინც აირჩიეს: იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის დანიშნულებმა მურუსიძის წინააღმდეგ მისცეს ხმა, “ოცნების” დანიშნულებმა კი – მის სასარგებლოდ

რეზონანსი: ინტერვიუ ია მეტრეველთან: “მურუსიძის დანიშვნის შემდეგ სამართლიანობის აღდგენის იმედი დავკარგე”

—————————-

რეზონანსი“, 26 დეკემბერი, 2015 წელი

რესპუბლიკელებიახალ მთავრობაში 4 ადგილს ითხოვენ

ეკატერინე ბასილაია

ვინ მოხვდება და ვინ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში – ამაზე მმართველი კოალიციის შიგნით ვაჭრობა-განხილვა უკვე დაიწყო და როგორც კოალიციის კულუარებში საუბრობენ, ამ მხრივ ყველაზე მეტად “რესპუბლიკელები” აქტიურობენ. კულუარული ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათი მთავარი ამოცანაა სავარაუდო გასაშვებ მინისტრთა სიაში მოხვედრილი თანაპარტიელი მინისტრი – პაატა ზაქარეიშვილი ისევ თანამდებობაზე დატოვონ და პარტიას ახალ კაბინეტშიც ისევ 3 მინისტრი ჰყავდეს. პლუს, საუბარია იმაზეც, რომ “რესპუბლიკელებს” სურთ, როგორც გამოკვეთილ პროდასავლურ ძალას, საგარეო ფლანგზეც მიეცეთ პირველი დიპლომატის სავარძელი.

ინფორმაციას, რომ “რესპუბლიკელები” ახალ მთავრობაში ადგილების შენარჩუნების გარდა კიდევ ერთი მინისტრის სავარძელს ითხოვენ, პარლამენტშიც ადასტურებენ. თუმცა, მათი ინფორმაციით, კოალიცია და ახალი პრემიერი ამას სავარაუდოდ არ დათანხმდებიან, რადგანაც გიორგი კვირიკაშვილს საგარეო საქმეთა სამინისტროდან წამოსვლის შემდეგ ამ თანამდებობაზე თავისი ერთ-ერთი მოადგილის წარდგენა სურს.

“რაღაც გვარები განიხილება, მაგალითად ის, რომ ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის, ქუმსიშვილს კი – ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, კვირიკაშვილის ადგილზე მისი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე განიხილება. “რესპუბლიკელები” ძალიან გააქტიურებული არიან, რომ 3-ვე მინისტრი შეინარჩუნონ.

“პაატა ზაქარეიშვილის გაშვება-არგაშვება ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ჭიდაობა მიდის. ასევე ჯერ გადაწყვეტილი არ არის სანიკიძის შეცვლა. თუკი შეიცვალა, მის ადგილზე მისი მოადგილე გიორგი შერვაშიძე განიხილება.

“რესპუბლიკელებს” ასევე სურთ საგარეო საქმეთა სამინისტროში მათი კადრი გავიდეს, მაგრამ ამჯერად, მგონი, არ გამოსდით. არც ერთ სხვა პარტიას არ აქვს მოთხოვნა. ეს არის, რაც კოალიციაში გაჟღერდა, თუმცა არ ნიშნავს, რომ ზუსტად ასე გადაწყდება. ივანიშვილი ვისაც ყველაზე მეტად ენდობა, წინასაარჩევნოდ იმათ დანიშნავს”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

ის, რომ “რესპუბლიკელები” კოალიციურ მთავრობაში მთავარ ძალად მიიჩნევენ თავს, ამის შესახებ განცხადება ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ ახალ მინისტრთა კაბინეტზე საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია “რესპუბლიკელების” თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, “რესპუბლიკური პარტია” კოალიციურ მთავრობაში მთავარი წამყვანი ძალაა და ამიტომაც იმედოვნებს, რომ ისინი მომავალი მთავრობის შემადგენლობაშიც აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას.

“სენსიტიურები ვართ არა “რესპუბლიკელები”, არამედ ის ადამიანები საქართველოს პარლამენტში, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილი თუ არ იქნება პრემიერი, შეშფოთებულები არიან, თავად სად იქნებიან. მე ამით შემოვიფარგლები. “რესპუბლიკელები” სანდო სუბიექტები ვართ კოალიციის. როგორც საკანონდმებლო, ისე აღმასრულებელ და თვითმმართველ ქალაქებში “რესპუბლიკელები” ერთ-ერთი წამყვანი ძალა ვართ კოალიციური ხელისუფლების. ასევე ვაპირებთ გავაგრძელოთ. ველოდები, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის მთავრობაში “რესპუბლიკელების” პასუხისმგებლობა “რესპუბლიკელების” მინისტრებით ისევე იქნება გაგრძელებული, როგორიც ეს იყო ღარიბაშვილის მთავრობაში,” – აღნიშნავს ლევან ბერძენიშვილი.

არის თუ არა პაატა ზაქარეიშვილის მინისტრად დატოვება-არდატოვებაზე საუბარი – ამაზე ღიად არავინ საუბრობს. “რესპუბლიკელი” ლევან ბერძენიშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ ზაქარეიშვილის გადაყენება განიხილებოდა.

“ვინ იქნება ახალ მინისტრთა კაბინეტში – ამის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ორშაბათს მივიღებთ, მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობას წარმოგვიდგენს. არსად არაფერი საუბარი და ვაჭრობა არ არის. ახლა რაზეც არის საუბარი, მის უკან არანაირი რეალობა არ დგას. ეს არის მარჩიელობა. სალომე ზურაბიშვილზე პირველად მესმის. ასე შეგიძლიათ მიხეილ სააკაშვილიც დაასახელოთ, ვაცალოთ იმ ხალხს, წარმოადგინოს,” – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ზაქარეიშვილზე რაღაც ცნობები სმენია და ახლა პრემიერობის კანდიდატის გადაწყვეტილებას ელოდება.

“რაღაც ცნობები გამიგია და ახლა ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი. კადრების შერჩევის პროცესში არანაირად არ ვარ ჩართული და არ ვიცი, რა გადაწყვეტილებაა. მთავარია, ახალ კაბინეტში ღირსეული პიროვნებები იყონ,” – აცხადებს მეჭიაური.

დავით ლორთქიფანიძის თქმით, რომელ პარტიას რა სურს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ვინ უნდა წავიდეს და ვინ – დარჩეს, ამას ახალი პრემიერი კვირიკაშვილი გადაწყვეტს.

“კოალიციურ რეჟიმში “რესპუბლიკური პარტია” არასდროს არ ყოფილა პასიური. ისინი ყოველთვის ითხოვდნენ პოსტებს და ითხოვენ ახლაც. მათ განცდა აქვთ, რომ თანამდებობებზე მუშაობა შეუძლიათ. ამაში ყველა ეთანხმება თუ არა, ეს სხვა თემაა.

“პოლიტიკურ პარტიას ამგვარი ამბიციისთვის მე ვერ დავზრახავ. აქედან გამომდინარე, არაფერი განსხვავებული ახლა არ ხდება. ასე რომ, არ მიკვირს დღესაც რომ ითხოვენ. რიგ შემთხვევაში რაც ითხოვეს, მიიღეს და დღესაც რაიმეს მოთხოვნაში მოულოდნელს ვერაფერს ვხედავ. კონკრეტულად კიდევ რას ითხოვენ, კულუარული ინფორმაცია არ მაქვს,” – ამბობს დავით ლორთქიფანიძე.

ომარ ნიშნიანიძე მიიჩნევს, რომ “რესპუბლიკელებს” 3 მინისტრი ჰყავთ და ეს საკმარისია.

“კონკრეტულ გვარებზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ რაღაც შეიცვლება. კი, “რესპუბლიკელები” ჩვენი კოალიციის ერთ-ერთი გამორჩეული წევრები არიან, ეცდებიან საკუთარი კანდიდატურა კიდევ გაიყვანონ, ამის მოთხოვნილება აქვთ ხოლმე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს შესრულებადი იყოს. იმიტომ, რომ “რესპუბლიკელები” კოალიციაში საკმაოდ კარგად არიან წარმოდგენილი. ეს საკმარისიცაა და არ მგონია მეტი მიიღონ. დარწმუნებული ვარ ერთი მინისტრის პოსტს კიდევ მოითხოვენ, მაგრამ პირადად მე არაფერი მსმენია,” – ამბობს ნიშნიანიძე.

მისი თქმით, “რესპუბლიკელები” განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ალასანიას გუნდმა დატოვა კოალიციის რიგები.

“მათ ჰგონიათ, რომ დასავლური ორიენტაციის პარტიაა, მაგრამ მე ასე არ ვთვლი, რომ დასავლური ორიენტაციის პარტია მხოლოდ “რესპუბლიკელები” არიან და არა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”.

“მე თავს მედასავლეთედ ვთვლი. მათ შევახსენებ, რომ მარტო ისინი არ არიან. კოალიციაში გამორჩეული ძალა “ქარული ოცნებაა”. წინ ჩვენ მივდივართ, შემდეგ “რესპუბლიკელები” და სხვები. მათ სრული უფლება აქვთ კანდიდატურები წამოაყენონ ხოლმე. თუკი ჩვენთვის მისაღებია, მხარს დავუჭერთ, მაგრამ ამჯერად ვთვლი, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკმარისად არიან,” – დასძენს ნიშნიანიძე.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, რა მოთხოვნებიც უნდა იყოს, ყველაფერს საბოლოოდ მაინც ერთი ადამიანი განაგებს. ამიტომ პოლიტიკური დისკუსიები საკადრო პოლიტიკას არ წყვეტს.

“ვნახავთ მხოლოდ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას და შემდეგ, რაც უნდა უკმაყოფილო ოყვნენ ამ გადაწყვეტილებით კოალიციის წევრები, მაინც ხოტბებს მოვისმენთ. მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტარებში ნერვიულობა მატულობს და ყველას სურს, რაც დღეს აქვს, ის სავარძლები შეინარჩუნოს. ამიტომ ზედმეტი პრეტენზიები არ იქნება.

“ცხადია ის, რომ ალასანიას გუნდის კოალიციიდან გასვლის შედეგად უფრო მკაფიო ლიდერობა “რესპუბლიკელებს” აქვთ, რადგან კოალიციაში ეს ორი პარტია იყო პოლიტიკური გამოცდილების მქონე. დღეს გამოცდილებაში “რესპუბლიკელებს” კონკურენტი არ ჰყავთ და თუკი მიხვდება ჩვენი კადრებთუხუცესი, რომ გარკვეული ბალანსის შენარჩუნებაა საჭირო, მას სურვილი უნდა ჰქონდეს, რომ ეს ნიშა სავსე იყოს.

“რაც უნდა ამბიციური იყოს ეს პარტია, გულწრფელად ვთქვათ, რომ ისინი იმსახურებენ იმას, რასაც დღეს ფლობენ. თუმცა ისევ თავადვე ვნებენ საკუთარ თავს, როდესაც მათგან ქედმაღლურ გამონათქვამებს ვისმენთ.

“სამთავრობო წრეში რაიმე სერიოზულ ცვლილებებს არ ველი. ალბათ “რესპუბლიკელები” ისევ შეინარჩუნებენ საკუთარ სავარძლებს”, – მიიჩნევს ცისკარიშვილი.

რეზონანსი“, 26 დეკემბერი, 2015 წელი

სამი მინისტრი გადაყენების მოლოდინში

რეზონანსისწყაროს ცნობით, მმართველი გუნდი ხადურისა და სანიკიძის შეცვლაზე შეთანხმდა, ზაქარეიშვილზე კი ცხარე დებატები მიმდინარეობს

თაკო მათეშვილი

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი – ეს ის მთავრობის წევრები არიან, რომლებსაც ახალ მინსტრთა კაბინეტში, დიდი ალბათობით, ვეღარ ვიხილავთ. ოფიციალური განცხადება არც ერთ მათგანთან დაკავშირებით არ გაკეთებულა, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, ხადური თანამშრომლებს უკვე დაემშვიდობა.

“რეზონანსის” წყაროს ცნობით, ზაქარეიშვილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ შეიძლება შეიცვალოს, რადგანაც “რესპუბლიკელები” თავგამოდებით ცდილობენ თანაპარტიელი მინისტრისათვის თანამდებობის შენარჩუნებას.

ამ ცვლილებების მთავარი მიზეზი კი მომავალი საპარლამენტო არჩევნებია – “ოცნებას” სურს საარჩევნო კამპანიის დასაწყისშივე შეცვალოს არაპოპულარული მინისტრები, რომელთაც შესაძლოა მმართველ კოალიციას არჩევნებზე ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი დააკარგვინონ.

“რეზონანსისათვის” მათი შემცვლელების ვინაობაც ცნობილი გახდა. სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებულმა წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ თამარ სანიკიძეს მისი პირველი მოადგილე გიორგი შერვაშიძე შეცვლის, ხადურს – ეკონომიკის ახლანდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ეკონომიკის მინისტრის პორტფელს კი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ჩაიბარებს. ზაქარეიშვილის შესაძლო შემცვლელის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

კვირიკაშვილის გაპრემიერების გამო ვაკანტური ხდება საგარეო საქმეთა მინსიტრის პოსტიც, რომელზეც, პირველ რიგში, მის პირველ მადგილე მიხეილ ჯანელიძეს მოიაზრებენ. თუმცა ვრცელდება ცნობები იმასთან დაკავშირებითაც, რომ ამ თანამდებობაზე “საქართველოს გზის” ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაც განიხილება.

რატომ გაუჩნდათ მმართველ გუნდში სანიკიძის, ხადურისა და ზაქარეიშვილის შეცვლის სურვილი, უცნობია. სია შეიძლება შეიცვალოს, გაიზარდოს, ან შემცირდეს, თუმცა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 25 დეკემბრის მდგომარეობით მმართველ გუნდში სწორედ ზემოჩამოთვლილ ცვლილებებზე იყვნენ შეთანხმებული.

ამ თემაზე საუბრისაგან თავს იკავებენ საპარლამენტო უმრავლესობაშიც და ამბობენ, რომ მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ არაფერი იციან. დეპუტატების თქმით, მათ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ და ისინიც, დანარჩენი საზოგადოების მსგავსად, ახალი პრემიერის მიერ ახალი გუნდის წარდგენას ელოდებიან.

“ასეთ დროს სხვადასხვა ინფორმაცია ყოველთვის ვრცელდება. ზოგი თავის მოსაზრებებს ავრცელებს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური სპეკულაცია იყოს. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ კონკრეტულ გვარებთან და შესაძლო გადაყენებებთან დაკავშირებით კომენტარები გავაკეთო. მე თქვენ მიერ დასახელებული ადამიანების საქმიანობის სფეროში ვერანაირ ჩავარდნას ვერ ვხედავ,” – უთხრა “რეზონანსს” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ.

პოლიტოლოგები კი იმაზე მსჯელობენ, თუ რატომ შეიძლებოდა გადაეწყვიტათ კოალიციაში ზემოჩამოთვლილ მინისტრებთან დამშვიდობება და ამბობენ, რომ ამის მიზეზების გამოცნობა საკმაოდ რთულია, ვინაიდან არც ერთი მათგანი არ იყო იმაზე ცუდი, ვიდრე დანარჩენები. მათი თქმით, გაუგებარია, რა პრინციპით იხელმძღვანელეს გადაწყვეტილების მიღებისას და რატომ შეარჩიეს მაინცადამაინც ხადური, სანიკიძე და ზაქარეიშვილი და არა ვინმე სხვა, ვინაიდან, მათი და დანარჩენების მუშაობის ეფექტი დაახლოებით ერთნაირი იყო. შესაბამისად, არ გამორიცხავენ, რომ მათი მოხსნის მიზეზი პირადული იყოს და იმ გუნდებს უკავშირდებოდეს, რომელთაც ისინი წარმოადგენენ.

ნოდარ ხადური

ნოდარ ხადური იმ იშვიათი მინისტრთაგანი იყო, რომელიც არავის გუნდის წევრად არ მოიაზრებოდა. მისი შეცვლის მიზეზებზე საუბარი პოლიტოლოგებს ყველაზე ნაკლებად უჭირთ და ამბობენ, რომ ეს პირველ რიგში ლარის დევალვაციამ განაპირობა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი მინისტრობისას ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა არც ერთ წელს არ ჰქონია, ხოლო 2015 წელს იგი გადაჭარბებით შესრულდა, ხადური ლარის გაუფასურების გამო კრიტიკის ქარცეცხლში კოლეგებზე მეტად ეხვეოდა.

სწორედ ამიტომ, პოლიტოლოგები ცვლილებებს ძირითადად ეკონომიკურ გუნდში ვარაუდობენ და აქვე არც ეკონომიკის მინისტრის გადაყენებას გამორიცხავენ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეკონომიკის მინისტრის პოსტის განთავისუფლებას “რეზონანსის” წყაროც ელის, ვინაიდან ქუმსიშვილს ახალ ფინანსთა მინისტრად მოიაზრებენ.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძისათვის ხადურის გადაყენება მოულოდნელი არ ყოფილა. ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტრომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ვერ უზრუნველყო. 2015 წლის ნოემბერში ინფლაციამ 6.3%-ს მიაღწია, ხადურის გამინისტრების შემდეგ ლარის კურსმა გაუფასურება დაიწყო და დოლართან მიმართებაში 1.67-დან 2.40-ზე დაეცა. შედეგად, როგორც ჩიტაძე ამბობს, “გასაკვირი არაა, რომ აღნიშნულის გამო ხადურის განთავისუფლება დღის წესრიგში დადგა”.

ხადურის მიმართ აგორებულ შავ პიარზე საუბრობს პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე და ამბობს, რომ მედია და გარკვეული ძალები მის დისკრედიტირებას განსაკუთრებულად ცდილობდნენ. შესაბამისად, არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნოდ პოპულარობადაკარგული მინისტრის გუნდში დარჩენა წამგებიანად მიიჩნიეს. “იმ ქვეყანაში, სადაც სოციალური ვითარება მძიმეა, ეკონომიკური გუნდისა და, პირველ რიგში, ფინანსთა მინისტრის მიმართ პრეტენზიები ყოველთვის იქნება,” – ამბობს ძაბირაძე.

თამარ სანიკიძე

თამარ სანიკიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუნდის წევრად მოიაზრება. მაშინ, როცა მარგველაშვილი განათლების მინისტრი იყო, სანიკიძე მისი მოადგილის პოსტს იკავებდა. პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების შემდეგ კი თავის შემცვლელად სწორედ ის დაასახელა.

შესაბამისად, ჩვენი რესპონდენტები არ გამორიცხავენ, რომ სანიკიძის განთავისუფლება სწორედ მმართველ გუნდში მარგველაშვილის პოპულარობის კლებამ და ბიძინა ივანიშვილთან მისმა დაპირისპირებამ განაპირობა.

ეს ეჭვი განსაკუთრებით იმის ფონზე მძაფრდება, რომ სანიკიძის მინისტრობის პერიოდში განათლების სამინისტროს რაიმე სერიოზული ჩავარდა არ ჰქონია. როგორც ძაბირაძე აცხადებს, რაღაც პრიბლემები არის, მაგრამ ამაზე პასუხს, წესით, მხოლოდ სანიკიძე არ უნდა აგებდეს.

“დღეს მინისტრთა კაბინეტი ერთიანი ორგანოა. ზოგად მიმართულებას მთავრობა ერთიანად განსაზღვრავს და არა რომელიმე კონკრეტული მინისტრი. ამიტომ ვერ ვიგებ რატომ ხდება ეს ცვლილებები. იმედი მაქვს, რომ ამას ახსნიან,” – აღნიშნავს ძაბირაძე.

ნიკა ჩიტაძე იმ წარმატებებს ასახელებს, რომლებიც სანიკიძეს მინისტრობისას განათლების სამინისტროს ჰქონდა და მაგალითად სამინისტროს დაფინანსებით უფასო ფაკულტეტების რიცხვის გაზარდა მოჰყავს.

თუმცა, აქვე იმასაც იხსენებს, რომ მათ წელს სასკოლო წიგნების დარიგება ვერ უზრუნველყვეს და ვარაუდობს, რომ მისი გადაყენების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება სწორედ ეს გახდეს.

“თუკი მისი გადაყენება მარგველაშვილთან სიახლოვის გამო სურთ, ეს ადრეც შეეძლოთ. ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის განხეთქილება უკვე 2 წელია არსებობს და თუ ამის გამო სანიკიძის გადაყენებას მოინდომებდნენ, ამას აქამდეც მოახერხებდნენ,” – ამბობს ჩიტაძე.

აღსანიშნავია ისაც, რომ არცთუ შესაშური ურთიერთობა ჰქონდა განათლების სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტს. მეტიც, მათი ერთობლივი სხდომები ხმაურით არაერთხელ დასრულებულა.

მაგალითად, ასეთი იყო სხდომა, როდესაც დეპუტატები ზოგადი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავდნენ, სადაც მთავარ სიახლეს მასწავლებელთა სერტიფიცირების ალტერნატიული მოდელის შემოღება წარმოადგენდა. განათლების სამინისტროსა და კომიტეტს ამ მიმართულებით ერთიან პოზიციაზე შეჯერება საკმაოდ გაუჭირდათ.

კომიტეტში სანიკიძის შესაძლო წასვლაზე ამჟამად ინფორმაციას არ ფლობენ. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მასთან ამ საკითხზე არავის უსაუბრია და შესაბამისად არ იცის, თუ რომელი მინისტრი დატოვებს კაბინეტს. სანიკიძეს, სავარაუდოდ მისი მოადგილე გიორგი შერვაშიძე ჩაანაცვლებს.

პაატა ზაქარეიშვილი

“რეზონანსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სანიკიძისგან და ხადურისაგან განსხვავებით, ზაქარეიშვილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ჯერჯერობით საბოლოო არაა და მას მინისტრის თანამდებობაზე დარჩენის შანსი ჯერ კიდევ აქვს. როგორც ზემოთ ნახსენებმა პირმა დაგვიდასტურა, მის დასარჩენად “რესპუბლიკელები” თავდაუზოგავად იბრძვიან.

იმაზე მსჯელობისას კი, თუ რატომ გაჩნდა საერთოდ მისი განთავისუფლების იდეა, ყველას პირველ რიგში ზაქარეიშვილი ხმაურიანი განცხადებები ახსენდება. ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ ზაქარეიშვილის გამონათქვამები საზოგადოებას ხშირად სჭრის ყურს, ყურადღებას იქცევს, განსჯის საგანი ხდება. სავარაუდოდ სწორედ ამიტომ მიიჩნიეს წინასაარჩევნოდ მისი გადაყენება გამოსავალად და არა იმიტომ, რომ ამ სამინისტროს სხვისი მინისტრობის შემთხვევაში მეტის მიღწევა შეეძლო.

მოგეხსენებათ, ხმაური მოჰყვა ზაქარეიშვილის ბოლოდროინდელ განცხადებასაც იმის შესახებ, რომ საქართველო მზად არის, ქვეყნის ფედერალიზაციის შესახებ მსჯელობა დაიწყოს. ფედერალიზაციის გზით, მისი აზრით, შენარჩუნდება და გაძლიერდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ამით საქართველოში მცხოვრები მცირერიცხვოვანი ერების პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დაცვა უზრუნველყოფილი იქნება.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ მის მიერ გაკეთებული უსიამოვნო განცხადებების რიცხვი საკმაოდ დიდია

“მაგალითად ის, რომ თქვა, თითქოს აფხაზეთი თავის დროზე საქართველოს შემადგენლობაში არ იყო. არაა გამორიცხული, ამის გამო ის მომავალ მინისტრთა კაბინეტში ვერ ვიხილოთ.

“არ მგონია ამით “რესპუბლიკური პარტიის” პოზიციის შესუსტება იგეგმებოდეს, რადგან მინისტრთა კაბინეტში კიდევ ორი “რესპუბლიკელი” რჩება – თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნენ მინისტრებად. ასე რომ, არ მგონია აქ ამ პარტიის წინააღმდეგ გადაგმულ ნაბიჯებთან გვქონდეს საქმე.

“პირიქით, ვფიქრობ, რომ კოალიციას “რესპუბლიკელების” ინტელექტუალური პოტენციალი სჭირდება. მითუმეტეს ახლა, როცა ხელისუფლების რეიტინგი საგრძნობლადაა შემცირებული. ყოველ შემთხვევაში, წესით უნდა სჭირდებოდეთ. ასე რომ, ზაქარეიშვილის გადაყენებას მის “რესპუბლიკელობას” ვერ დავუკავშირებ”, – მიიჩნევს ჩიტაძე.

ვახტანგ ძაბირაძისათვის კი სრულიად გაუგებარია, თუ რა კონკრეტული პრეტენზია აქვთ ზაქარეიშვილთან. ამბობს, რომ ეს სამინისტრო ჩვეულებრივ მუშაობს და თუ ვინმე ელოდა, რომ შერიგების პროცესი ასე უცებ დასრულდებოდა, ძალიან ცდებოდა.

“ვფიქრობ, რომ მისი მუშაობის შედეგად კონფლიქტური სიტუაციები სტაბილურ მგომარეობაშია გადაყვანილი და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სხვა რა შეიძლება გააკეთოს ამ სამინისტრომ, არ ვიცი.

“შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი მისი “რესპუბლიკელობა” იყოს და ამით ამ პარტიის პოზიციების შესუსტება იგეგმებოდეს, მაგრამ ზაქარეიშვილიცა და სანიკიძეც ამდენი ხანია თანამდებობებზე არიან და რატომ გახდა მათი შეცვლა საჭირო სწორედ ახლა, გაუგებარია. ძალიან ცუდია, თუ გადამწყვეტი მიზეზი ესაა.

“სხვა რა შეიძლება იყოს მიზეზი, არ ვიცი, რადგან ეს ხალხი განსაკუთრებულად უარყოფით აურას ნამდვილად არ ქმნიან. ჩვეულებრივად არიან, ამიტომ კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი გამიჭირდება” – აღნიშნავს ძაბირაძე.

ვინ გახდება საგარეო საქმეთა მინისტრი

საგარეო საქმეთა მინისტრის სავარძელი მას შემდეგ გამოთავისუფლდა, რაც მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერობის კანდიდატად დასახელდა. “რეზონანსის” წყარო დარწმუნებულია, რომ ახალი მინისტრი მისი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე გახდება. მისი თქმით, კვირიკაშვილმა ჯანელიძე თანამდებობის ყოველი ცვლილებისას თან წაიყვანა. როცა იგი ეკონომიკის მინისტრი იყო, ჯანელიძე მისი მოადგილის პოსტს იკავებდა, საგარეო საქმეთა მინისტრად გადასვლის შემდეგაც მოადგილედ დანიშნა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ თანამდებობას ახლაც ისეთ პირს ჩააბარებს, ვინც მისი ამხელა ნდობით სარგებლობს.

თუმცა, ამ პოზიციაზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაც განიხილება. მედიაში ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” დაწერა, რომ საქართველოსკენ მოემგზავრებოდა. მის სტატუსს მეგობრების მხრიდან შეკითხვები მოყვა, მოდიოდა თუ არა ის საქართველოში პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად, რაზეც ზურაბიშვილის პასუხი ასეთი იყო: “ჩვენ საერთო საქმეზე… რა ფორმით, ვერ გეტყვით…”

“ინტერპრესნიუსი” კი დაინტერესდა იყო თუ არა საქართველოში მისი გამომგზავრების მიზეზი საგარეო საქმეთა მინისტრობის შეთავაზება, თუმცა ზურაბიშვილმა კომენტარისგაკეთება არ ისურვა.

“4-ში მოვფრინავ თბილისში და ყველაფერს მაშინ მოგახსენებთ, ყველაფერზე გაგცემთ პასუხს”, – განუცხადა ჟურნალისტს მან.

სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით პოლიტოლიგებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ მან თავი ვერც ხელისუფლებაში ყოფნისას გამოიჩინა და ვერც ოპოზიციაში.

“როცა ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, საქართველოს გაეროში ხმის მიცემის უფლება შეუწყდა. ყველას ახსოვს 2007 წლის 6 აგვისტოს ინცინდენტი, როცა რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ საქართველო თავის ტერიტორიას ბომბავდა.

“შემდგომში მას ჰქონდა პრეტენზია, რომ პრემიერ-მინისტრის სავარძელი დაეკავებინა, თუკი ლევან გაჩეჩილაძე საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა. ამ დროს კი სატელევიზიო დებატების დროს მაშინდელმა პრემიერმა ლადო გურგენიძემ ჰკითხა, თუ რამდენი იყო საქართველოს მიმდინარე ხარჯები, რაზეც ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ არ იცოდა და არც აინტერესებდა. როცა ადამიანს პრემიერობა სურს და საქართველოს ბიუჯეტი, მისი შემოსავალი და გასავალი არ აინტერესებს, ჩემი აზრით, არ შეიძლება სერიოზულ თანამდებობას იკავებდეს,” – ამბობს ჩიტაძე.

გარდა ამისა, მისივე თქმით, როცა ზურაბიშვილი “ნაციონალების” გუნდის წევრი იყო, დარწმუნებით ამბობდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდიოდა და ყველა რეფორმა მოსწონდა, ხოლო როცა გადააყენეს, ყოფილ თანაგუნდელებს “ქაჯები” ეძახა.

“როცა “ქართულმა ოცნებამ” არც ერთ თანამდებობაზე არ დაუძახა, აკრიტიკებდა მას. ახლა კი, ამ კრიტიკის მიუხედავად, მინისტრის პოსტს თუ დათანხმდება, ე.ი. პრინციპული ადამიანი არ არის. მე კი ვფიქრობ, რომ ასეთ საკვანძო თანამდებობაზე სწორედ პრინციპული ადამიანები გვჭირდება და არა ისინი, ვინც მხოლოდ საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებაზე ფიქრობენ,” – აცხადებს პოლიტოლოგი.

საპირისპირო მოსაზრებას აფიქსირებს “რეზონანსთან” საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე და იხსენებს, რომ თავის დროზე, როცა სალომე ზურაბაშვილი გადააყენეს, მის ერთ დაძახილზე იპოდრომი ხალხით გაივსო.

“ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ ადამიანს პოსტის დატოვებისას საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. პრინციპში, სეიროზული კრიტიკა, მის მიმართ არც ხელისუფლების მხრიდან მახსოვს და არც ოპოზიციიდან. ვფიქრობ, რომ იგი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ნორმალურად მუშაობდა. შესაბამისად, ახლა ამ პოზიციაზე დანიშვნა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ქვეყნის საგარეო კურსი ევროპულია და არა ჩრდილოეთისაკენ მიმავალი. ვფიქრობ, ის საკმაოდ წონადი კანდიდატურაა და კოალიციას წინაასაარჩევნო პერიოდში საკმაოდ ბევრს მოუტანს,” – აღნიშნავს ძაბირაძე.

ახალი თაობა“, 26 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „ირაკლი ღარიბაშვილი სათადარიგო სკამზე დაჯდა, მაგრამ მალე გამოჩნდება

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გიორგი კვირიკაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრობს. „ირაკლი ღარიბაშვილიც და გიორგი კვირიკაშვილიც ერთი გუნდის წევრები იყვნენ და ასეც რჩებიან. კურსი, რომელიც 2012 წელს იქნა არჩეული, იგივე იქნება. ქვეყნის განვითარება, სტაბილურობის შენარჩუნება და გაძლიერება – ეს არის ის მონაპოვარი, რასაც მივაღწიეთ, მაგრამ ახლა დადგა დრო უფრო ეფექტური და სწრაფი ნაბიჯების გადადგმის“, – ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

- ამით ხსნით ამ ცვლილებას?

- ერთი მხრივ, ასეც არის, ჩვენ ახლა გვაქვს უკვე საფუძველი, უფრო სწრაფად ვიაროთ და გეტყვით, რა არის ეს საფუძველი. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება დასრულდა, ასევე დასრულდა ვიზალიბერალიზაციის ერთი ეტაპი. ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა არ გულისხმობს მხოლოდ ქართული პასპორტებით უცხოეთში წასვლას. ეს ნიშნავს საქართველოს მიმართ ინტერესის ზრდას. ასევე მიღწევა არის ის გარემოებაც, რომ რუსეთთან ურთიერთობა დაძაბული, საომარი რეჟიმიდან რეგულაციისკენ მიდის. თუმცა, დიდი პრობლემა, რაც ოკუპაციაში გამოიხატება, კვლავ რეალობაა. წარმატებები სხვა მიმართულებითაც არის.

- მაშინ რატომ გადადგა პრემიერი? ჩვენ ხომ ვიცით, რომ წარმატებული პრემიერები ასე არ მიდიან თანამდებობიდან? რა იყო მთავარი მიზეზი?

- ყველა პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს გააზრებული, როდის მოვიდეს და როდის წავიდეს. ჩვენ ვამკვიდრებთ კულტურას, როდესაც სკამებს არ ვართ ჩაბღაუჭებულნი. წინა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ბევრი შეცდომა დაუშვა. 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ, სააკაშვილის მიერ არჩევნების გაყალბებისა და ძალაუფლების უზურპირების შემდეგ რა ცხოვრებაც დაიწყო ჩვენს ქვეყანაში, ყველამ ვიცით. ირაკლი ღარიბაშვილს ყველაფრის დალაგება მოუწია. შინაგან საქმეთა სამინისტროში რა მდგომარეობა დახვდა მას, ეს მე რომც არ ვთქვა, ჩვენმა მოქალაქეებმა შესანიშნავად იციან. ყველა მიმართულებით ძირეული რეფორმის ჩატარება დაგვჭირდა. არ იყო სფერო, სადაც ნორმალური მდგომარეობა იყო. გულწრფელად გეტყვით, ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია, მასთან ღამის 2-3 საათზე დამირეკავს და თავში არც კი მომსვლია აზრი, რომ შეიძლება ამ დროს მას სძინებოდა. რეფორმის გეგმა წარმიდგენია პირადად მისთვის და არ მახსოვს შემთხვევა, რომ დეტალებში არ გამოეკითხა. სუფთა ხელებით მოვიდა და სუფთა ხელებით მიდის.

- ბატონო ირაკლი, ბევრი ვარაუდი გამოითქვა. არჩევნებს უკავშირდება ეს ცვლილება?

- ვერ მოგატყუებთ და ვერ ვიტყვი, რომ არ უკავშირდება, რა თქმა უნდა, უკავშირდება. არჩევნები მოდის და ახალი ენერგია, ახალი მოლოდინები გვინდა გავაჩინოთ და რა არის ამაში დასამალი ან დასაძრახი?! მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს კარგი იმიჯი აქვს საზოგადოებაში, შეცდომები იყო, შეცდომების გარეშე საქმის კეთება არ არსებობს. მე ბედნიერი ვარ, მასთან მუშაობა რომ მომიწია, ის არსად არ მიდის.

- თუმცა, თქვა, დავისვენებო. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდანაც მიდის?

- ამ საკითხზე მისი პოზიცია ჩემთვის უცნობია. მის განცხადებას, „დავისვენებ“, მე უფრო „შევისვენებ“ დავარქმევდი. შეიძლება სათადარიგო სკამზე დაჯდა, მაგრამ გუნდიდან ნამდვილად არ წასულა. ძალიან მალე გამოჩნდება.

- სად? რა პოსტზე?

- სად და როგორ, ამას მოგვიანებით გავიგებთ. ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც პოლიტიკური ლიდერი, შედგა და ეს ფაქტია. სერიოზული პოლიტიკური დივიდენდები დააგროვა და ამიტომ, დარწმუნებული ვარ, მისი შესვენება მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ მეტი ენერგიითა და გააზრებით დაუბრუნდეს პოლიტიკას.

- ღარიბაშვილს ხშირად საყვედურობდნენ სიხისტეს ოპოზიციის, ჟურნალისტების მიმართ. კვირიკაშვილი განსხვავებული მმართველი იქნება?

- არ მგონია, მართებული იყოს შედარება. დრო გვიჩვენებს ყველაფერს. გიორგი კვირიკაშვილისგან მე ქვეყნის წინ წაყვანას მოველი, ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვასა და საგარეო პოლიტიკაში სწორ ინფორმირებულობას. მას აქვს ის უნარ-ჩვევები, რომ მისი მმართველობა უფრო ეფექტური იყოს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ღარიბაშვილი იქნებოდა ცუდი. აქ ახლის უპირატესობაზეა საუბარი, როდესაც მოლოდინები უფრო მეტია.

- გიორგი კვირიკაშვილი ახალი სახე არ არის საზოგადოებისთვის. ის იყო ეკონომიკის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი. კონკრეტული მიღწევა რა აქვს?

- გიორგი კვირიკაშვილი არ არის ახალი სახე, მაგრამ ახალია, როგორც პრემიერი, როგორც იდეების გენერატორი. ამ მიმართულებით მან განსაკუთრებული უნარ-ჩვვვები გამოავლინა.

ახალი თაობა“, 26 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „ირაკლი ღარიბაშვილი სუსტი პრემიერი იყო

პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე პრემიერის გადადგომას ნათესავებთან დაკავშირებულ სკანდალებსა და “ოცნების“ რეიტინგის დაცემას უკავშირებს. „პრემიერის გადადგომაზე წელიწადზე მეტია საუბრობენ ანუ მას შემდეგ, რაც ცვლილებები მოხდა და პრემიერის ნათესავები ჯანყარაშვილი, ზედელაშვილი და სხვები გაქრნენ ასპარეზიდან, ზოგი გათავისუფლდა, ზოგი თვალსაწიერს მოშორდა“, – აცხადებს პეტრე მამრაძე.

- ჯერ პრობლემატური ნათესავები ჩამოსცილდნენ და შემდეგ ღარიბაშვილი ჩამოაცილეს ხელისუფლებას?

- თანაც სულ ღარიბაშვილის ცოლის ნათესავები, რომლებსაც ნიშნავდა მისი სიმამრი თამაზ თამაზაშვილი. ადამიანები მასთან დადიოდნენ და ისე ინიშნებოდნენ. ის თავის ნათესავებზე ზრუნავდა. შნაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ჭიკაიძის გარდაცვლილი მამა თამაზაშვილის ამხანაგი იყო. ჭიკაიძის პირველი მოადგილე, გელა ზედელაშვილი, დედით ჯანყარაშვილი იყო. ისიც ახლო ნათესავია. თუ პრესას დაეჯერება, მაშინ, ჯამში, 20 ადამიანი გათავისუფლდა იმ დღეებში. შემდეგ გათავისუფლდნენ სხვა მინისტრებიც. წმენდა მიმდინარეობდა. ძალიან თვალშისაცემი იყო ნოდარ ჯავახიშვილის დანიშვნა რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილედ.

- მგონი, მინისტრი შავლიაშვილიც დაკავშირებული იყო ჯანყარაშვილთან…

- ჯავახიშვილმა თქვა, რომ ტენდერებში სულ ერთი და იგივე კომპანიები იმარჯვებდნენ…

- ღარიბაშვილს დიდ პრობლემას უქმნიდნენ ნათესავები და პრემიერად მუშაობა არ აცალეს?

- თუ პრემიერმა არ იცის ის, რაც მთელმა საზოგადოებამ იცის, მაშინ აშკარად არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.

- თუ იცის?

- თუ იცის და შეგნებულად არ იღებს ზომებს, მაშინაც არ შეესაბამება თანამდებობას.

- ღარიბაშვილმა ხომ გაათავისუფლა ისინი?

- გაათავისუფლა ძალიან გვიან, როცა საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი განწყობა იყო. გახსოვთ, როდესაც ღარიბაშვილს ნათესავების სია წაუკითხეს.

- ნაციონალებმა…

- მგონი, ძირითადად, კახეთში, სახელმწიფო სტრუქტურებში იყვნენ დანიშნული. მათზე ღარიბაშვილმა თქვა, ცოლის ნათესავები ნათესავები არ არიანო.

- ეს ადამიანები სტრუქტურებში ღარიბაშვილამდე ხომ არ მუშაობდნენ?

- ადრე არ მუშაობდნენო. ინტენსიურად ინიშნებოდნენ, თუ სტრუქტურაში მუშაობდნენ, წინაურდებოდნენ. ერთი ან ორი ნათესავი თუ მუშაობს, შეიძლება ღირსეულიც იყოს, ნათესაობა დანაშაული ხომ არ არის.

- ღარიბაშვილი თვითონ ზრუნავდა ნათესავების დაწინაურებაზე?

- როგორც ვიცი, ნათესავების დაწინაურებაზე მისი სიმამრი ზრუნავდა, მაგრამ ღარიბაშვილი ხელს არ უშლიდა. ნეპოტიზმი და ნათესაობით თანამდებობაზე დანიშვნები იყო სასტარტო წერტილი.

- ნათესავების დანიშვნით ღარიბაშვილი თავის დასაყრდენს ხომ არ ქმნიდა?

- ადამიანს ჭკუა უნდა ეყოს, რომ ასეთი ადამიანები დასაყრდენი კი არა, სახელმწიფო თანამდებობის პირის კისერზე უმძიმესი ტვირთია.

- თქვენ რა ამოიკითხეთ ღარიბაშვილის განცხადებაში, თავისი ნებით წასვლა თუ წყენა?

- წყენა სახეზეა. ივანიშვილმა პირადად მიიღო გადაწყვეტილება ღარიბაშვილის ნათესავების გათავისუფლების შესახებ. ამას ემატება გასული წლის განმავლობაში `ოცნების~ რეიტინგის დაცემა. გუნდის წევრები ყოველგვარი სოციოლოგიური კვლევების გარეშე ხედავდნენ, რომ საზოგადოებაში გაღიზიანების დონე იზრდებოდა და ოცნების პოპულარობა მცირდებოდა.

- ოცნების რეიტინგი ღარიბაშვილის ნათესავების გამო მცირდებოდა?

- ასევე თურმე ინვესტიციების ოდენობა კი არ გაიზარდა, როგორც გვეუბნებოდნენ, არამედ შემცირდა 15%-ით. 10 თვის შედეგებით ექსპორტ-იმპორტის კატასტროფული გარღვევაა. უარყოფითი ბალანსი 5 მილიარდი დოლარია. ეს, ექსპორტის შემცირების ხარჯზე ხდება. იმპორტიც მცირდება, მაგრამ პროცენტულად ექსპორტი გაცილებით მეტად მცირდება. ამას მიუმატეთ ლარის გაუფასურება დოლარის მიმართ.

- ნაკლოვანებები ღარიბაშვილის სუსტი მუშაობით იყო განპირობებული?

- არა. ძირითადი მიზეზია არა ღარიბაშვილის სუსტი მუშაობა, თუმცა, როგორც პრემიერი, თავისთავად სუსტი იყო. მართვის სისტემაა მანკიერი. მთლიანად ამ დაჯგუფებაში გაბატონებულია პატრონ-კლიენტური დამოკიდებულება. არ ამუშავდა სახელმწიფო ინსტიტუტები, არ განხორციელდა დემოკრატიული მმართველობა.

- ეს რის ბრალია?

- მთლიანად ჩვენში გამეფებული მენტალიტეტის, განსაკუთრებით გუნდის ივანიშვილისადმი დამოკიდებულების ბრალია.

- „ოცნების გუნდში გამოიკვეთა ღარიბაშვილისადმი არასოლიდარული დამოკიდებულება. ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მას მანამდე აინტერესებდა ღარიბაშვილი, სანამ ის პრემიერი იყო. რესპუბლიკელების განცხადებები შიდაკოალიციურ ბრძოლებზე ხომ არ მიანიშნებს?

- ჯერ კიდევ ადრე გაზაფხულზე მესმოდა, რომ ღარიბაშვილის საქმე დამთავრებულია და ის წავა. ეს ხმა „ოცნების“ წიაღიდან გამოდიოდა. ზაფხულში მოვისმინე ერთი ფრიად კომპეტენტური ადამიანის აზრი – გადაწყვეტილი ამბავია, ღარიბაშვილი ახლა გადადგება „თავისი ნებით“ და ბახტაძე დაინიშნებაო.

- ბახტაძეს დამსახურება ჰქონდა ასეთი?

- მარგველაშვილს რა დამსახურება ჰქონდა, რომ პრეზიდენტი გახდა? ივანიშვილის დამსახურებაა.

- რესპუბლიკელებს, ალბათ, უნდათ, პირველი ნომერი უსუფაშვილი იყოს...

- რესპუბლიკელებს ყოველთვის დიდი ამბიცია აქვთ.

- თუმცა ივანიშვილის გარეშე ყოველთვის 3-%-იანი პარტია ჰქონდათ...

- ბარიერსაც ვერ გადალახავენ. ამ პროცესში ღარიბაშვილის გადადგომის ფორმა იყო საყურადღებო – მის გადადგომას დილით არავინ ადასტურებდა, პრესსამსახურიც კი უარყოფდა.

- პრესსამსახურმა, ალბათ, არ იცოდა...

- შეიძლება თვითონ ღარიბაშვილმა არ იცოდა.

- ძალიან დახვეწილი და მომზადებული სიტყვა ჰქონდა. რომ არ სცოდნოდა, არ შეიძლებოდა...

- დახვეწილობისა რა მოგახსენოთ. ჩანაწერი გაუშვეს. ეს არ იყო „ლაივი“, ამას გეუბნებით, როგორც პროფესიონალი. ასეთ დროს ყოველთვის იწვევენ ჟურნალისტებს და უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირი გამოდის ჟურნალისტებთან, აკეთებს განცხადებას და კითხვებსაც პასუხობს. ირაკლი ღარიბაშვილმა არ მოინდომა პრესასთან შეხვედრა და არცერთ კითხვას არ უპასუხა.

- ეს რას ნიშნავს?

- მას არ შეუძლია და არ უნდა ნამდვილი მიზეზის ახსნა.

- თანამდებობას გამოკიდებული არ ვარო...

- ეჭვი არავის ეპარება, რომ ივანიშვილმა უთხრა, უნდა წახვიდეო.

- ბევრს გაუკვირდა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა...

- ახლა მისი გადადგომა მეც ძალიან გამიკვირდა.

- ვიზალიბერალიზაციისა და ძალიან დადებითი შეფასებების შემდეგ...

- ყოვლად სამარცხვინოა ვიზალიბერალიზაციის გასაღება დიდ მიღწევად.

- არ იყო მიღწევა?

- არავითარი დიდი მიღწევა არ არის. შევისწავლოთ, რას ნიშნავს ეს ერისა და საქართველოსთვის. ინვესტიციები გაიზრდება? ექსპორტ-იმპორტში გარღვევა შემცირდება? დემოგრაფიული ვითარება გაუმჯობესდება? როდესაც ერის წინაშე დგას ძალიან რთული გამოწვევები და პრობლემებია გადასაჭრელი. რას წარმოადგენს ვიზალიბერალიზაცია, მით უმეტეს, ასოცირების ხელშეკრულებასთან შედარებით. რატომ არ წერენ, ყოველთვიურად რა შედეგი მოაქვს ამ ხელშეკრულებას? იმიტომ, რომ თურმე ყოველთვიურად თანხებს ვაგებთ.

- ევროპის პარალელურად რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება რა შედეგის მომტანი იქნება?

- რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ბევრ ქართველს გაუადვილებს არსებობას. 800 ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს რუსეთში, რომლებსაც აქ ოჯახის წევრები ჰყავთ და გაწვალებული იყვნენ.

რეზონანსი“, 26 დეკემბერი, 2015 წელი

მაინც აირჩიეს: იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის დანიშნულებმა მურუსიძის წინააღმდეგ მისცეს ხმა, “ოცნებისდანიშნულებმა კიმის სასარგებლოდ

თიკო ოსმანოვა

სანდრო გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეების განმხილველი ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს პალატის უვადო მოსამართლედ აირჩიეს. ამას უკვე მოყვა პირველი პროტესტი, შეხლა-შემოხლა და დაპატიმრებები. უფლებადამცველების ნაწილი იუსტიციის უმაფლესი სობჭოს დაშლას ითხოვს.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის თქმით, ამით სამუდამოდ დაასამარეს სამართლიანი სასამართლოს იდეა. აღშფოთებულია პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც, რომელმაც გუშინ ხასზგასმით აღნიშნა, რომ იუსტიციის საბჭოში მის მიერ დანიშნულმა ადამიანებმა მურუსიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს.

აღსანიშნავია, რომ ლევან მურუსიძეს, რომლის სახელიც ბოლო წლების რამდენიმე სკანდალურ საქმეს უკავშირდება, საკმაოდ დადებითად ახასიათებდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. მეტიც, რომ არა იუსტიციის საბჭოში “ქართული ოცნების” დანიშნული წევრების მხარდაჭერა, მურუსიძესააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ვერ გახდებოდა.

ვინ აირჩია ლევან მურუსიძე

2013 წელს ჩამოყალიბებულმა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს პალატის უვადო მოსამართლედ ლევან მურუსიძე აირჩია. ფარულ კენჭისყრაში სულ 11 წევრი მონაწილეობდა და მის კანდიდატურას მხარი 10-მა დაუჭირა, მათ შორის “ქართული ოცნების” მიერ არჩეული საბჭოს სამი არამოსამრთლე წევრი იყო. მურუსიძის სასარგებლოდ ხმა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ არ მისცა.

“საზოგადოებრივი აზრისაგან განსხვავებით, სასამართლოს შიგნით, მოსამართლეთა შორის, ბატონი ლევან მურუსიძე, მოგვწონს თუ არა ეს ჩვენ, სარგებლობს გამორჩეული ავტორიტეტით და პატივისცემით, როგორც კოლეგა და როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. მას გააჩნია მოსამართლეთა კორპუსის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამა წლის 20 დეკემბერს ჩატარებულ მოსამართლეთა კონფერენციაზე”, – განმარტეს მოგვიანებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ევა გოცირიძემ, ვახტანგ თორდიამ და კახა სოფრომაძემ.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლედ დანიშვნისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ გუშინდელი კენჭისყრისას კიდევ ერთ ადამიანს რომ შეეკავებინა თავი, მურუსიძის კანდიდატურა ჩავარდებოდა.

ცნობისთვის, საბჭოში ამჟამად სულ 14 წევრია, აქედან 8 მოსამართლე, რომლებიც საერთო მოსამართლეთა კონფერენციაზე აირჩიეს, 4 პარლამენტის კვოტით არამოსამართლე წევრები არიან შერჩეულნი და 2 პრეზიდენტის კვოტით გასული პირები – ნინო გვენეტაძე, რომელმაც ხმა არ მისცა და ვახტანგ მჭედლიშვილი, რომელიც საბჭოს სხდომაზე არ მივიდა.

საიას იურისტის, ეკა ციმაკურიძის თქმით, უშუალოდ კენჭისყრა დარღვევების გარეშე მიმდინარებდა, თუმცა თავად მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში სერიოზული დარღვევები იყო.

“ხმის მიცემის პროცედურაზე დარღვები არ ყოფილა. იუსტიციის საბჭოს წევრებმა ხმა ფარული კენჭისყრის საფუძველზე მისცეს. ჩვენ პრეტენზია გვაქვს მთლიანად პროცესთან დაკავშირებით. ვითხოვდით საერთოდ ამ პროცესის შეჩერებას იმის გამო, რომ მთელი 2 თვის განმავლობაში პროცესები სერიოზული ხარვეზებით მიმდინარეობდა.

“კანდიდატები არათანაბარ პირობებში იყვნენ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ პროცესის ორგანიზატორი მონაწილებოდა არჩევნებში. ეს ასევე გამოჩნდა გასაუბრების დროსაც. ზოგ კონკურსანტს რთულ კითხვებს უსვამდნენ, ზოგს კი – ძალიან მარტივს და ზოგადს. ანუ, თანაბრად არ იყვნენ შემოწმებული, რის გამოც ვერ გავარკვიეთ, რომელი კანდიდატი აკმაყოფილებდა კრიტერიუმს და რომელი არა”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ეკა ციმაკურიძე.

ცნობისთვის, საერთო სასამართლოების 61 ვაკანსიაზე 38 მოსამართლე დაინიშნა. მოსამართლედ დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი სკოლის 8 მსმენელი, 6 მოქმედი მოსამართლე და 24 ყოფილი მოსამართლე. ვაკანტური დარჩა მოსამართლის 23 თანამდებობა, რომელზეც კონკურსი 2-3 დღის განმავლობაში გამოცხადდება

მოლაშვილიდან გირგვლიანამდე

“ეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც არის დემოკრატიული გზით არჩეული, იკისრებს პასუხისმგებლობას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მას სურს, რომ მოსამართლეს ჰქონდეს ნდობა და პრესტიჟი, სასამართლო კი იყოს დამოუკიდებელი”, – ასე შეაფასა 2 წლის წინ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” დროს არაერთი გახმაურებული საქმის მოსამართლე ლევან მურისიძე, რომელსაც ოპოზიცია უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებდა.

ლევან მურუსიძე 2005 წელს მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების (მერაბ ტურავა, ნინო გვენეტაძე, თამარ ლალიაშვილი და მურმან ისაევი) წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური საქმის წარმოებისა და გათავისუფლების პროცესში.

2006 წლის 23 ივნისს მან წაიკითხა განაჩენი, რომლითაც კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მურუსიძის სახელს ასევე უკავშირდება სანდრო გვირგვლიანის საქმე. მან 2007 წელს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სანდრო გვირგვლიანის დედის ირინა ენუქიძის საკასაციო საჩივრები, რომელიც არ დააკმაყოფილა და მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა.

განჩინებაში, რომელიც საბოლოო იყო და რომელსაც მურუსიძის ხელმოწერა აქვს, ვკითხულობთ:

“დაზარალებულ ლევან ბუხაიძისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ირინა ენუქიძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენიდან ამოირიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში გერონტი ალანიას, ავთანდილ აფციაურის, მიხეილ ბიბილურიძისა და ალექსანდრე ღაჭავას მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.”

ამ გადაწყვეტილებით, საკასაციო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა.

ასევე იყო პოლიციელების მიერ ნაწამები გიორგი მიქიაშვილის საქმე, რომელიც კანონით გათვალისწინებული 24 საათის ნაცვლად მურუსიძემ 40 დღეში განიხილა და გამატყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საქმის ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა ამის შემდეგ საჩივარი სტრასბურგში გადააგზავნა, რომელიც მოიგეს კიდეც და საქართველოს ხელისუფლებას მიქიაშვილისთვის თანხის გადახდა დაეკისრა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა ირინა ენუქიძის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ.

მიუხედავად ასეთი ბიოგრაფიისა, ცოტა ხნის წინ მას შეხვდა აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც და სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებული იდეები მოუწონა.

“ჩვენ საინტერესო საუბარი გვქონდა. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ბატონი ლევანის მოსაზრებები მოვისმინე. მოვისმინე შეხედულებები, რომელიც არის განსხვავებული იმისგან, რაც იყო წარმოდგენილი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ და, ასევე, ჩვენი მთავრობის მიერ იყო მოწოდებული და შემდეგ გადაგზავნილი პარლამენტში.

“ყურადღებით მოვისმენთ და შევისწავლით ბატონი ლევანის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას. მიმაჩნია, რომ პარლამენტში კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელმაც მურისიძის არჩევამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა თანამდებობა.

დიდი იმედგაცრუება და პირველი პროტესტი

სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ ლევან მურუსიძის არჩევას საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქციაც კი გაიმართა, სადაც ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავეს.

მურუსიძის არჩევა უარყოფითად შეაფასეს თავად “ქართული ოცნების” წევრებმა და პრეზიდეტმა გიორგი მარგველაშვილმა.

“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იუსტიციის საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას. ასეთი გადაწყვეტილების მიმართ ქართული საზოგადოების მიუღებლობა ამ დღეებში განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა. ეს მიუღებლობა ყალიბდებოდა წლების განმავლობაში გამომდინარე იმ საქმეებიდან, რომლებმაც არა მარტო გააერთიანა ქართული საზოგადოება, არამედ გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

“არ ვიცი რა ჰქვია იმ ფენომენს, რომ საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდე, მოხვიდე ამ ლოზუნგით და თანამდებობებზე აღადგინო ის ადამიანები, რომლებიც ამავე საზოგადოებისთვის უსამართლობის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ”, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას “ფეისბუკში”.

თავად ლევან მურისიძემ კი პრეზიდენტის ეს განცხადება ზეწოლად აღიქვა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა, რომ ამ ზეწოლას გაუძლეს.

ზაზა ხატიაშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის არჩევით სასამართლიანი სასამართლოს იდეა სამუდამოდ დასამარდა

“ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ გაყვანილმა იუსტიციის საბჭოს წევრებმა ხმა მისცეს ლევან მურუსიძეს, რითაც სამუდამოდ დაასამარეს სამართლიანი სასამართლოს იდეა. როდესაც გერმანიაში დამთავრდა ჰიტლერის რეჟიმი, ის ხალხი, ვინც ხმას არ იღებდა, გამოვიდა და ბოდიში მოუხადა სამოქალაქო საზოგადოებას. იტალიაში მუსოლინის რეჟიმის შემდეგ მუსოლინის მოსამართლეებს და პროკურორებს არ ჰქონდათ უფლება მდგარიყვნენ ეკლესიაში სამოქალაქო საზოგადოების გვერდით.

“სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლეები და პროკურორები, რომელთა მიმართ უნდა გამართულიყო ნიურნბერგის პროცესი, ბიძინა ივანიშვილმა თავზე დაგვასვა და ყველა უკანონობა აპატია. დღეიდან ევა გოცირიძე, კახა სოფრომაძე, ვახტანგ თორდია და მათი იდეური მმართველები ბიძინა ივანიშვილი და თეა წულუკიანი გახდნენ სამოქალაქო საზოგადოების მტრები. მათ წესიერი ადამიანი არ უნდა მიესალმოს, ეს იქნება მეზობელი, მეგობარი, თანაკლასელი თუ ქუჩაში უბრალოდ გამვლელი მოქალაქე”, – გვითხრა ზაზა ხატიაშვილმა.

ეკა ციმაკურიძის თქმითაც, ეს არის სამართლიანი სასამართლოს შექმნის იდეის საწინააღმდეგო ძალიან საშიში გზავნილი. “ძალიან ცუდია, რომ ზოგადად სასამართლო სისტემის მიმართ არსებული ძალიან დაბალი ნდობა დარჩება ისევ ასეთად. ამ პროცესებმა აბსოლუტურად არ შეუწყო ხელი საზოგადოების ნდობის ამაღლებას, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის არის მნიშვნელოვანი”, – გვითხრა ციმაკურიძემ.

რეზონანსი“, 26 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ია მეტრეველთან: “მურუსიძის დანიშვნის შემდეგ სამართლიანობის აღდგენის იმედი დავკარგე”

ელზა პაპოშვილი

მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელმაც თავის დროზე სანდრო გირგვლიანის გახმაურებული საქმე განიხილა, სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ დაინიშნა, რასაც საზოგადოების, უფლებადამცველებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილის მკვეთრად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ მან სამართლიანობის იმედი დაკარგა.

მისი თქმით, გუშინ მიღებული ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისა და პრეზიდენტის დაცინვა იყო, რომელმაც მურუსიძის არჩევის წინა დღეს სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

მეტრეველი განსაკუთრებით იმითაა იმედგაცრუებული, რომ მურუსიძის დანიშვნას “ქართული ოცნების” მიერ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებად დანიშნულმა ადამიანებმაც დაუჭირეს მხარი.

ია მეტრეველი: ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე აღარ მჯეროდა, რომ ლევან მურუსიძეს მოსამართლედ დანიშნავდნენ. საზოგადოებამ ნახა, რომ პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. ამიტომაც ჩემსავით ალბათ ძალიან ბევრი ფიქრობდა, რომ ის მოსამართლე ვეღარ გახდებოდა.

ეს ადამიანი იმდენად ცინიკოსია, რომ ყველაფრის მიუხედავად, საკუთარი კანდიდატურა არ მოხსნა. ყველას თვალებში უყურებდა და იძახდა, რომ მართალი იყო და თითქოს გირგვლიანის საქმეზე ხელი მას არ მოუწერია.

ენუქიძისთვის გადაცემულ ორდენს არანაირი ფასი აღარ აქვს. იმ ხალხმა, რომლებმაც მურუსიძეს ხმა მისცეს, პრეზიდენტსაც და მთელ ქართულ საზოგადოებას დასცინეს. ეს არის ირინა ენუქიძის და ყველა შვილმკვდარი დედის აბუჩად აგდება, რომლებსაც შვილები წინა სისხლიანმა რეჟიმმა დაუხოცა. ეს ადამიანი ხომ მათი დანაშაულის გამართლებასა და დაფარვას ხელს უწყობდა. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს მოსამართლე გირგვლიანის საქმის მსგავსად კვლავ უკანონო გადაწყვეტილებებს არ მიიღებს? თუკი მას წინა ხელისუფლება იყენებდა, ახლა რა გარანტიაა, რომ მას საკუთარი მიზნებისთვის კვლავაც არ გამოიყენებენ?

“რეზონანსი”: თქვენ ფიქრობთ, რომ ლევან მურუსიძის დანიშვნის უკან, შესაძლოა, ვინმეს პირადი ინტერესები იკვეთებოდეს?

ი.მ.: როდესაც ადამიანი ამხელა აჟიოტაჟის შემდეგაც არ ამბობს უარს თანამდებობაზე, რა თქმა უნდა, ყველას უჩნდება ლოგიკური კითხვა – ამ ადამიანს ვინმე ხომ არ აგულიანებს? აბა, საიდან ამხელა გამბედაობა და თავდაჯერებულობა?

მან, როგორც ჩანს, ძალიან კარგად იცოდა, რომ მისი დანიშვნა აუცილებლად მოხდებოდა. ამიტომაც ერთი წუთითაც არ უფიქრია, რომ კანდიდატურა მოეხსნა.

სასამრთლოს მიმართ ნდობა ამის შემდეგ საერთოდ დამეკარგა. ყველაზე მეტად იმან აღმაშფოთა, რომ იუსტიციის საბჭოში მას 10-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა და მხოლოდ ერთი წავიდა წინააღმდეგი.

სასამართლო კვლავ იმ მოსამართლეებით არის დაკომპლექტებული, რომელთა უმრავლესობა სააკაშვილის დროს უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდა. მათმა არასწორმა და არასამართლიანმა განაჩენებმა უამრავ ადამიანს ცხოვრება დაუნგრია.

პირადად ჩემი საქმის მოსამართლის მიმართაც ნდობა აღარ მაქვს. ვფიქრობ, რომ ჩემი შვილის საქმის მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ სამართლიანობის აღდგენის იმედი დავკარგე.

“რ”: იუსტიციის საბჭოში “ქართული ოცნების” მიერ არამოსამართლე წევრებად დანიშნულმა სამმა წარმომადგენელმა ლევან მურუსიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. რას ფიქრობთ, რატომ მიიღეს ამ ადამიანებმა ასეთი გადაწყვეტილება, როდესაც ეს ხელისუფლება გირგვლიანის, რობაქიძის და სხვა გახმაურებული საქმეების გამოძიების პირობით მოვიდა?

ი.მ.: ყველაფერი ისე აირდაირია, რომ უკვე ვერაფერს ვფიქრობ. ამ ადამიანების გადაწყვეტილება ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი და გასაკვირია. არ ვიცი, რა არგუმენტებს ასახელებენ ან რა უნდა დაასახელონ იმისთვის, რომ თავიანთი გადაწყვეტილება გაამართლონ. დასკვნის გამოტანა მართლა ძალიან მიჭირს. შეიძლება ამის უკან კიდევ სხვა რაღაც იმალება.

ბევრი რამ ჩარჩოში ვერ ჯდება და ლოგიკური ახსნა არ აქვს. არ ვიცი, არ მინდა იმის თქმა, რომ ეს ხელისუფლება სააკაშვილის მსგავსად ასეთი ხალხის კვლავ გამოყენებას აპირებს. სხვაგვარად ვერაფერს ვერ ვხსნი, ამ წინასაარჩევნოდ მურუსიძის დანიშვნა “ქართულ ოცნებას” რაში უნდა აწყობდეს.

“რ”: ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას მურუსიძის დანიშვნით სასამართლო სისტემის გაკონტროლება სურს?

ი.მ.: არ ვიცი, ამის დაჯერება არ მინდა. მაგრამ ამაზე ეჭვები ნამდვილად ჩნდება. თავიდან, მთავრობის მხრიდან სასამართლო ხელისუფლება მართლაც თავისუფალი იყო, მაგრამ არ იყო თავისუფალი “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, რადგანაც სასამართლოში კვლავ მათ დროს დანიშნული მოსამართლეები იმყოფებიან.

ჩვენ ამაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებებმა ნათლად დაგვარწმუნა. ამიტომაც ამის თქმა მიჭირს, მაგრამ დრო აჩვენებს, არაფერი არ იმალება. ამ ამბის გარშემოც თუ რაიმე იმალება, აუცილებლად გასკდება.

“რ”: ამ გადაწყვეტილებას როგორ გააპროტესტებთ, პერნამენტული აქციების მოწყობას ხომ არ აპირებთ?

ი.მ.: ეს გადაწყვეტილება, როგორც უკვე აღვნიშნე, საზოგადოების დაცინვა და შეურაცხყოფაა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ საზოგადოებამ ხმა აუცილებლად უნდა აიმაღლოს და არ უნდა გავჩუმდეთ.

უბრალოდ, მე არ მინდა, რომ ამ ბიჭების თემა კვლავ ვიღაცებმა პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენოს. რა თქმა უნდა, არ უნდა გავატაროთ და ამ უსამართლობაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ, თორემ რაც გამოვიარეთ, სწორედ იმის შედეგია, რომ ერი ერთსულოვანი არ იყო.

“რ”: საზოგადოების ერთსულოვნებაში რას გულისხმობთ, როგორ უნდა გააპროტესტონ იუსტიციის საბჭოს წევრების გადაწყვეტილება?

ი.მ.: როცა საჭიროა, აქციებიც უნდა გაიმართოს და საზოგადოებამ თავისი ნება უნდა გამოხატოს. ხელისუფლებაა თუ სხვა, უნდა ვაიძულოთ, რომ საბჭოს დაშლა მოხდეს და ახალი წევრები ავირჩიოთ. ფაქტია, რომ ეს ხალხი სანდო არ არის. სწორედაც რომ შესაძლებელია ამ ხალხის სახლში გაშვება პერნამენტული აქციების მეშვეობით მოხდეს.

Comments are closed