globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 26 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 26th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ზაზა შათირიშვილთან: „ლიბერალური გლობალიზაციის პროექტი ჩავარდა“ // „ნაცმოძრაობას“ ან  მისი ტიპის წარმონაქმნებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ სახარებისეულ ფრაზას ვიტყვი: „დაე, მკვდრებმა დამარხონ თავიანთი მკვდრები!“

„კვირის პალიტრა“: გზა ევროპისკენ: „აქვს თუ არა ევროპას შნო, აჯობოს რუსეთის პოზიციას?!

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ლადო პაპავასთან: „ლარის კურსი დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული?!“ // „ეკონომიკაზე ზეწოლის შემცირება მთავრობის ამოცანაა და არა ბიზნესის“ // „სპეკულაციური ოპერაციები საბაზრო ეკონომიკის კომპონენტია. შესაძლოა, ეს არ მოგვწონდეს, მაგრამ ფაქტია და ვერავინ გაექცევა“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „მთელი ქართული პოლიტელიტა ღრმა კრიზისშია!“ // „საქართველოს ხელისუფლებაში როლები და ფუნქციები სათანადოდ არ არის გაწერილი“ // „ქართულმა ოცნებამ“, ანუ კარგმა ადამიანმა ითამაშა ცუდი ბიჭის თამაშის წესებით“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუები ელენე ხოშტარიასთან და პეტრე ცისკარიშვილთან: „მიხეილ სააკაშვილის ჯგუფი ყრილობაზე ძალის დემონსტრირებისთვის ემზადება“ // // „მიხეილ სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ვინც მას არ ემორჩილება, ყოფილი თანამებრძოლია“ // „გივი თარგამაძეს საორგანიზაციო კომისიის შექმნა თუ პარტიულ გადატრიალებად მიაჩნია, ეს მისი საქმეა“

„კვირის პალიტრა“: საქართველო-2016: მთავარი სამხედრო მოვლენები

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ დეკანოზ დავით ციცქიშვილთან: „ეკლესია­ გავლენიანი ძალების დარტყმის ქვეშაა“ // „არის მცდელობა ეკლესიის კომპრო­მეტირებისა, რომ იქ ხალხი ნაკლებად მივიდეს – ეს ერთობ ვერაგ­ული სქემაა“ // „თითქოს ვიღაც შეგნებულად აკეთებს აქცენტს უღირს სასულიერო პირებზე, რომ მერე ითქვას, ამათ როგორ უნდა ვენდოთო“

——-

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „მთავრობამ „იდიოტების გარეკვით“ უნდა დაიწყოს“

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ ზურაბ ბიგვავასთან: „უკმაყოფილება შეიძლება არსებობს, მაგრამ მძლავრ საპროტესტო ტალღას არ ველოდები“

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან: „უამრავი მინისტრი მოიხსნება, პრემიერის ჩათვლით“ // „ვიზალიბერალიზაცია ჩვენთვის ძალიან ცუდად დამთავრდება“

„რეზონანსი//მთელი კვირა“: როგორ კონსტიტუციას მივიღებთ 3-4 თვეში

„რეზონანსი//მთელი კვირა“: მოელით თუ არა, რომ საკონსტიტუციო კომისია ქვეყნის მთავარ კანონს გააუმჯობესებს? (გამოკითხვა)

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ შალვა შავგულიძესთან: „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად ძალაუფლების უზურპაციას ასრულებს“

——-

„ახალი თაობა“: ინტერვიუ შალვა შავგულიძესთან: „თუ პრეზიდენტს „ქართული ოცნება“ დანიშნავს, მაშინ მას სრულად გააკონტროლებს“

„ახალი თაობა“: გიორგი კვირიკაშვილს გიორგი გახარია შეცვლის?! // დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში დავით უსუფაშვილი?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თენგიზ დიხამინჯიასთან: „სამოქალაქო ომის შედეგებს დღემდე ვიმკით“

——————-

„კვირის პალიტრა“, 26 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ზაზა შათირიშვილთან: „ლიბერალური გლობალიზაციის პროექტი ჩავარდა“ // „ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებისას მოვლენები სწორედ იმ სცენარით განვითარდა, რაც შემდეგ ეტაპებზე დანარჩენ მსოფლიოში ვიხილეთ“ // „ნაცმოძრაობასანნაცმოძრაობისტიპის წარმონაქმნებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ სახარებისეულ ფრაზას ვიტყვი: „დაე, მკვდრებმა დამარხონ თავიანთი მკვდრები!“

ეკა ასათიანი

2016 წელს მსოფლიომ რადიკალური ცვლილებები განიცადა, რაც საქართვ­ელოზეც­ აისახა. რა ახალ შანსს აჩენს ჩვენთვის­ აღნიშნული ცვლილებები და საით მიისწრაფვის ქართველი საზოგადოება?! ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ფილოს­ოფოსი ზაზა შათირიშვილი გვესაუბრა. ბატონი­ ზაზა მედიას მაინცდამაინც არ სწყალობს – ბოლო წლების განმავლობაში­ ინტერვიუ არც ერთი მედიასაშუალებისთვის­ არ მიუცია,­ “კვირის პალიტრას” კი ექსკლ­უზიურად ესაუბრა და ისიც დაამატა, რომ ამიერიდან კიდევ კარგა ხანს არ აპირებს პრესის ფურცლებზე გამოჩენას… მაშ, ასე, ზაზა შათირიშვილი წლის მნიშვნელოვან მოვლენებსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება:

- 2016 წელს რამდენიმე ისტორიული ფაქტი მოხდა, რომელთა გადაუჭარბებლად შეფასება ძალიან რთულია. მათ შორის არის კუბაზე რომის პაპ ფრანცი­სკესა და რუსეთის პატრიარქ კირილის შეხვედრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეიძლება ითქვას, რომ მართლმადიდებლობას და კათოლიციზმს შორის რა გაუცხოებაც იყო, რამდენიმეპუნქტიანი კომუნიკეს მიღებით მოიხსნა… საერთო -მორალური ღირებულებები, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა და მსგავსი საკითხები წინა პლანზე წამოვიდა. ასევე, 2016 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების დევნა, რამაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და ამ საკითხზე ყველა სხვაგვარად დააფიქრა… ასევე, იყო Brexit-ი – ბრიტანული­ რეფერენდუმი, რომელმაც, ფაქტობრივად, დაგვანახა, რომ ხალხისა და პოლიტიკური ელიტის მიზნები სხვადასხვაა და ერთმანეთს არ ემთხვევა. სულ ბოლოს აშშ-ის არჩევ­ნები უნდა აღვნი­შნოთ, სადაც ასევე გამოჩნდა, რომ საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა­ ერთმანეთს სრულიად ასცდნენ. შეიძლება ითქვას, რომ წლის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი მოვლენა დონალდ ტრამპის გამარჯვებაა.

- 2016 წელს თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობაც საინტერესო იყო, რომელიც განსხვავებულ ფაზებს მოიცავდა

- დიახ, ამ და სხვა მსგავსმა მომენტებმა­ დაგვანახეს, რომ სამყარო გახდა უფრო მრავალფეროვანი, ვიდრე ის ბოლო 20-25 წლის მანძილზე იყო. ფაქტობრივად, ლიბერალური გლობალიზაციის პროექტი ჩავარდა. სამყარო ისეთი აღმოჩნდა, რომ შეუძლებელი იყო ერთი არტახით შეკვრა ყველაფრის – ტრადიციების, კულტურის, ინტერესების…

- და მთავარი შეკითხვა: სად არის საქართველოს ადგილი ამ პროცესებში და რა გავლენას მოახდენს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე?

- საქართველო მსოფლიოს ნაწილია და მიმდინარე პროცესები მასზეც აისახება. რა გველის? ამას რომ ვუპასუხოთ, კიდევ ერთხელ უნდა გავაანალიზოთ, რა მოხდა. საქმე ის არის, რომ ამ 25 წლის განმავლობაში ვაკეთებდით არჩევანს და ვსვამ­დით საკითხს ასე: დასავლეთი თუ აღმოსავლეთი?! ჩრდილოეთი თუ სამხრეთი?! აღმოჩნდა, რომ დაპირისპირება სინამდვილეში დასავლეთსა და აღმოსავლეთს ან სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის კი არა, გლობალიზაციის პროექტსა და სულიერ ღირებულებებს შორის იყო.

გლობალიზაციის პროექტი მატერიალურ ღირებულებებზე გახლდათ ორიენტირებული, ეს კი რაღაცით წააგავდა მარქსისტულ მოძღვრებას, რომლის მიხედვითაც, მთავარია ეკონომიკა, მატერიალური ღირებულებები და სხვა დანარჩენი მხოლოდ ზედნაშენს წარმოადგენს, ე.ი. მეორეხარისხოვანია სულიერი და კულტურული ფასეულობები. თუ ჩვენ ამერიკის არჩევნებს კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ დონალდ ტრამპს ხმა როგორც ევანგელისტი ქრისტიანების, ასევე, კათოლიკეების ისეთმა რაოდენობამ მისცა, რამდენიც არც ერთ პრეზიდენტს არ მიუღია. ფაქტობრივად, ვნახეთ დაპირისპირება ქრისტიანულ ამერიკას და ე.წ. ლიბერალურ პროექტებს შორის და სწორედ ქრისტიანულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოში მსგავსი პროცესები წინსწრებით მოხდა. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებისას მოვლენები სწორედ იმ სცენარით განვითარდა, რაც შემდეგ ეტაპებზე დანარჩენ მსოფლიოში ვიხილეთ. რაც მთავარია, აღმოჩნდა, რომ ამერიკელი ხალხის უდიდესი ნაწილიც ისე აზროვნებს, როგორც ქართველი ხალხი.

საქმე ის არის, რომ ჩვენ ვიცხოვრეთ მარქსისტულ პარადიგმაში… მარქსსაც ჰქონდა არაჩვეულებრივად ზუსტი ინტუიცია, რასაც ახალი ფენომენალური იდეოლოგიის აღმოჩენა მოჰყვა, თუმცა მისი ძირითადი დოგმები მცდარი აღმოჩნდა. ლიბერალურმა პარადიგმამ კი მარქსიზმისგან ბევრი რამ აიღო. ლიბერალურ გლობალიზმში ხდებოდა მრავალფეროვნებისა და განსხვავებულების იგნორირება. მაგალითად, “ბრექსიტმა” აჩვენა, რომ არსებობს ბრიტანელი ხალხი, რომელსაც აქვს თავისი იდენტობა და ის განსხვავებულია პოლიტიკოსების მიერ თავს მოხვეული საერთომიზნიანი პროექტისგან…

ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში არაფერი ხდება ისეთი, რაც დასავლეთსა და ახლო აღმოსავლეთში არ ხდება. ლიბერალური გლობალიზაციის მთავარი დოგმა რა არის?! ეს არის – “მე”, “მეს” სიამოვნება, “ეგოს” წინ დაყენება და მისი თაყვანისცემა. ე.წ. ლიბერალები გვეუბნებიან: “ჩემთვის ჭეშმარიტია ჩემი სურვილი, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს!” ნებისმიერი ტრადიციული და სულიერი ფაქტორი კი საპირისპიროს ქადაგებს, კერძოდ იმას, რომ არ უნდა ხდებოდეს სურვილების მონობა. ამ შემთხვევაში თავისუფლების იდეალი სწორედ სულიერ გათავისუფლებასთან არის დაკავშირებული, რაც საკუთარი სურვილებისგან, ე.ი. “ეგოსგან” გათავისუფლებასთან ასოცირდება. ეგოიზმის გადალახვა ყველა სულიერი მოძღვრების და ტრადიციის მთავარი ღერძია… პროგრესს კი აქვს თავისი სახე, რომლის კონიუნქტურაც იცვლება. რაც გუშინ პროგრესულად ითვლებოდა, დღეს, შესაძლოა, გაქრეს. დღეს წინ წამოიწია თემამ, რომ ადამიანის უფლებებზე მაღლა დგას ადამიანი, როგორც სულიერი არსება, რომელსაც აქვს უკვდავი სული, ასე რომ, როცა მსოფლიოში ასეთი პროცესები მიმდინარეობს, იქ საქართველოს ადგილი დაკარგუ­ლი კი არ არის, პირიქით – ჩვენს ქვეყანას შანსი უჩნდება, რომ ბევრი რამ სათავისოდ და სასიკეთოდ გამოიყენოს გონიერი და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების დახმარებით…

- მსოფლიო მოვლენების ფონზე 2016 წელი საქართველოსთვის მშვიდობიანი იყოეს რით იყო განპირობებული?

- მშვიდობაც ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, რაც მოხდა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ისეთი ამბები გადავიტანეთ, როგორც იტყვიან, ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზე, თორემ სხვა ყველაფერი მოხდა… 2016 წელი მშვიდობიანი აღმოჩნდა იმიტომ, რომ ქართველი საზოგადოება ერთ-ერთი პირველი დაუპირისპირდა ზემოთ ხსე­ნებულ ანტიქრისტიანულ, ლიბერალურ­ პროექტს… ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ბოლო პერიოდშიც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო. რა მოხდებოდა?! კაცმა 2013 წელს განაცხადა, რუსეთთან დაპირისპირება თუ მოიხსნება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს აღარავითარი ფუნქცია აღარ ექნებაო. ანუ მიხეილ სააკაშვილი რომ ისევ პრეზიდენტი ყოფილიყო, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნებოდა.

ჩვენ ხომ დიდი ქვეყანა არ ვართ, რომ ასეთ დარტყმებს გავუძლოთ. ამიტომ ერთი მხრივ, საქართველოში მიმდინარე პროცესებმა მშვიდობა განაპირობა, მეორე მხრივ, ამერიკის არჩევნებმაც დაგვანახა, რომ ზესახელმწიფოების დაპირისპირების ტალღა კავკასიაზე აღარ გადის, სხვა რეგიონებში გადაინაცვლა და შესაბამისად, მშვიდობიანობის პერიოდი დაგვიდგა. ეს შანსს გვაძლევს, ბევრი რამ ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ. უპირველესად, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ განათლების და ეკონომიკის საკითხებს. სამწუხაროდ, განათლების ამჟამინდელი მინისტრის პირობებში სერი­ოზულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ის თავისი არაადეკვატური განცხადებებით და პოლიტიკით ამას მაფიქრებინებს.

- ლარის გაუფასურებას რას უკავშირებთ?

- “ნაცმოძრაობა” ლარის კურსს ინარჩუნებდა იმით, რომ საგარეო ვალს იღებდა და ბიზნესს ატერორებდა. “ქართულმა ოცნებამ” ამ ორ ფაქტორზე უარი თქვა და ბიუჯეტს სხვა სიმძიმეებიც დაამატა… ვგულისხმობ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის და სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსებას. შედეგად კურსიც გაუფასურდა, ვერ გაუძლო.

- წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საპარლამენტო არჩევნები იყო

- მინდა გავიხსენო სანდრა­ რულოვსის ერთი საინტერესო სლოგანი: “აღარ ვიძალადოთ!” მოსახლეობამ სწორედ ძალადობასა და არაძალადობას შორის გააკეთა არჩევანი.

- “ნაცმოძრაობაორად გაიხლიჩა...

- “ნაცმოძრაობას” ან “ნაცმოძრაობის” ტიპის წარმონაქმნებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ სახარებისეულ ფრაზას ვიტყვი: “დაე, მკვდრებმა დამარხონ თავიანთი მკვდრები!” ეს არის დასასრულის პროცესი. “ნაცმოძრაობის” რეანიმაცია ვერ მოხდება.

- .. პროდასავლური ძალების ნაწილი პარლამენტს გარეთ აღმოჩნდა. რამდენიმე პოლიტიკოსმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებაც გააკეთა...

- ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, რომ დასავლეთი ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა. ის უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ძალა, რომელიც ჰილარი კლინტონთან ან მაკკეინთან არის დაკავშირებული. ჩვენთან პარლამენტს გარეთ აღმ­ოჩნდნენ იმ დასავლური ძალის სატელიტები,­ რომლებსაც თავიანთ მფარველად მხოლოდ დემოკრატიული პარტია ან რესპუბლიკური პარტიის ერთი ნაწილი წარმოედგინათ­. ჰოდა, ეს სატელიტები ისტორიას გადაჰყვნენ….

- . . ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, პაატა ბურჭულაძეყველანი სატელიტები არიან?

- აღარ დავაზუსტებ. მხოლოდ იმას გავიმეორებ, რომ ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ქართველი სატელიტების ადგილიც ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდა.

- საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სჯა-ბაასი გრძელდება. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტის ლეგიტიმაცია (მისი არჩევის წესის­ შეცვლით) უნდა შეიზღუდოს?

- ის, რაც ახლა ხდება, წინა ხელისუფლების “დამსახურებებს” უკავშირდება. სააკაშვილმა სცადა, კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოერგო, ახლა კი როგორც ლიბერალური დემოკრატიის, ასევე კონსტიტუციონალიზმის კრიზისში აღმოვჩნდით. მოკლედ, ბავშვი იზრდება და ტანსაცმელი უმოკლდება. ასეთია საზოგადოების და კონსტიტუციის ურთიერთმიმართებაც და ცვლილებების საჭიროებაც აქედან გამომდინარეობს. ხომ გაგიგონიათ გამოთქმა, პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჰკვეთა კბილიო. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, ამ საკითხს ვერ განვიცდი, ვერ ვგრძნობ, არ მტკივა… ამიტომ შეფასება გამიჭირდება.

„კვირის პალიტრა“, 26 დეკემბერი, 2016 წელი

გზა ევროპისკენ: „აქვს თუ არა ევროპას შნო, აჯობოს რუსეთის პოზიციას?!

ნათია დოლიძე

მას შემდეგ, რაც 2015 წელს გადაწყდა, რომ საქართველო მიიღებდა ვიზალიბერალიზაციას, მთელი 2016 წლის განმავლობაში ქვეყანა ცხოვრობდა მოლოდინით, რომ ბოლოს და ბოლოს დაფასდებოდა ჩვენი ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა და ევროპაც გადმოდგამდა ჩვენკენ ნაბიჯს. რამდენადაც იგვიანებდა ეს ნაბიჯი, მით მეტად მრავლდებოდნენ ჩვენში ევროსკეპტიკოსები, რომელთაც ბრექსიტმა და ევროპაში კონსერვატიული ძალების გაძლიერებამ უფრო გაუმყარა პოზიცია. წლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ევროკომისია და სხვა ევროსტრუქტურები შეთანხმდნენ ე.წ. შეჩერების მექანიზმზე, გაცხადდა, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა ოფიციალურად ეს 2017 წელს გაფორმდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა, რაზეც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამახვილებდნენ ყურადღებას, საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება იყო, რაც მეტ-ნაკლებად მოხერხდა. შეიძლება ითქვას, რომ 2016 წლის მთავარი მოვლენა სწორედ არჩევნებია, რომელშიც დიდი უპირატესობით “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. გადავხედოთ განვლილ წელს ჩვენი რუბრიკის პრიზმიდან:

————

მამუკა არეშიძე: “ვიზალიბერალიზაცია პრინციპულ საკითხად იქცა არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოსთვის, არამედ ევროპელი პოლიტიკოსებისთვისაც. ბოლო დროს ევროპულ პოლიტიკურ ელიტაში ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ თემად ჩვენი და უკრაინის ვიზალიბერალიზაციაც იქცა. თუ გადაავლებთ თვალს ამ საკითხზე მოსაუბრეთა სიჭრელეს, მიხვდებით, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური ბრძოლა თემაზე: აქვს თუ არა ევროპას შნო, აჯობოს რუსეთის პოზიციას?! გაგეცინებათ, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი იმ კოლეგას, ვინც საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მიცემას ეწინააღმდეგება, ლამის რუსეთის აგენტობაში სდებს ბრალს. ამ საქმეში ჩართულია აშშ-ის ადმინისტრაციაც. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს დასავლეთში ამ თემაზე პოლიტიკოსთა დაპირისპირებაა არა მხო­ლოდ ევროკავშირში, ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში, არამედ უკვე დაპირისპირების ასეთი ჰორიზონტალიც გაჩნდა – აშშ და ევროპა. მიუხედავად სერიოზული წინააღმდეგობისა, რეგულაციამ, რომელზეც შეთანხმდნენ და რომელსაც “შეჩერების მექანიზმი” ჰქვია, სასწორი სწორედ ჩვენი და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის მომხრეთა სასარგებლოდ გადაწონა.
სამწუხაროდ, საკმაოდ მაღალია ევროპის პოლიტიკურ ჯგუფებზე, მედიასა და არასამთავრობო სტრუქტურებზე რუსეთის ე. წ. რბილი ძალის გავლენა. სწორედ ამ ძალის მუშაობის შედეგი იყო გაუთავებლად წერა ქართველ კრიმინალებზე, განსაკუთრებით სწორედ ესპანეთსა და გერმანიაში. პატარა საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ თუ არა შენგენის სივრცეში უვიზოდ მოგზაურობა, წესით, კრემლს არ უნდა აღელვებდეს, მაგრამ რადგან ცდილობს, კვლავაც საკუთარ გავლენაში მოაქციოს პოსტსაბჭოთა სივრცე, ყველა მიმართულებით იბრძვის”.

———-

რამაზ საყვარელიძე: “ერთ-ერთ გადაცემაში პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰკითხეს, იყო თუ არა ის ოპოზიციაში, რაზეც უპასუხა, ვის ოპოზიციაში უნდა ვიყო, როდესაც მე თვითონ ვარ უმაღლესი ხელისუფალიო. ვფიქრობ, ის არ თვალთმაქცობდა და ამ ნათქვამში სიმართლის მარცვალიც არის. დავუშვათ, მარგველაშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკური თამაში. მაინც ვის მხარეზე უნდა ითამაშოს, როდესაც ის არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი? პოლიტიკა არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, მაგრამ მას უკვე აქვს ამჟამად ეს ძალაუფლება, მაშ, რისთვის უნდა იბრძოდეს ახლა? არსებობს ვარაუდი, რომ ის პოსტსაპრეზიდენტო პერიოდისთვის ემზადება, თუმცა მე უსაფუძვლოდ მეჩვენება, ისევე როგორც მავანთაგან მისი გამუდმებული მიტმასნება “ნაციონალურ

ბოლო დროს ხშირად მიანიშნებენ, რომ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოიკრიბა საკმაოდ კარგი გუნდი და ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლოა, სწორედ მათთან ერთად აპირებს პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმას. მართლაც საინტერესო და გონიერი ადამიანები არიან პრეზიდენტის გარშემო, მაგრამ კარგი გუნდი სულაც არ ნიშნავს კარგ პოლიტიკურ გუნდს. თუ პრეზიდენტს მართლაც აქვს ამგვარი გათვლები, მაშინ უფრო აზრიანი მუშაობაა საჭირო და არ უნდა ჰქონდეს ის პრობლემა, რასაც ვხედავთ – დღეს პრეზიდენტს არასერიოზულად აღიქვამენ. გავიხსენოთ მისი სიძის ჩხრეკის ფაქტი, იმჟამინდელი მისი განცხადება, არიქა, ჩემზე ზეწოლაა და მიშველეთო. რომც იყოს ასეთი ზეწოლა, პრეზიდენტია ის პირი, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ძალოვან სტრუქტურებზე და სირცხვილია ამაზე საჯარო განცხადების, თანაც ერთი თვის დაგვიანებით გაკეთება”.

————

ლადო პაპავა: “ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ პარტიები ვერ განვითარდნენ, ანუ პოლიტიკური მენიუ ქვეყანაში ძალიან მწირია. ვერ შესთავაზეს ამომრჩეველს რაიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი. პარტიებში ისევ და ისევ დაქსაქსულობა, გაუგებარი გადაწყვეტილებები და უფულობაა… არ არის გამორიცხული, კორუფციაც იყოს, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტიდან პარტიებისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად იხარჯება. საზოგადოება თანდათანობით ვითარდება, მაგრამ ჩამოყალიბებული არ არის… ამ არჩევნებში მთავარი ფაქტორი ხომ სააკაშვილის დაბრუნებით შეშინება იყო… თვითონ სააკაშვილიც იმუქრებოდა, ჩამოვალო.

ჩვენ ვნახეთ, რომ, მაგალითად, გორში მე-2 ტურში სახელისუფლებო კანდიდატთან ერთად გავიდა ირაკლი ალასანია, მაგრამ ადგა და ყველას უღალატა. მას ჰქონდა გამარჯვების შანსი, მაგრამ გაუგებარი ნაბიჯი გადადგა და პოლიტიკიდან წავიდა. ალასანიას განცხადება, ერთი კაცი ვერაფერს გავაკეთებო, აბსურდია. რა, ექვსკაციანი ფრაქციით რომ შესულიყო, რას გააკეთებდა?! როგორც ჩანს, თავიდანვე ჰქონდა წასვლა დაგეგმილი და ამომრჩეველი მოატყუა.

დავით უსუფაშვილის”რესპუბლიკური პარტიიდან წასვლის მესმის, მაგრამ ალასანიასა და მისი ყოფილი პარტიის პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებები გაუგებარია. უსუფაშვილის გადაწყვეტილება სულ სხვაა. მან დაინახა, რა გამოწვევებია ქვეყანაში, რას ელოდება ხალხი და რომ რესპუბლიკური პარტია ამას სრულიად აცდენილია. შესაბამისად, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი და მოაზროვნე, სხვანაირად მიუდგა საქმეს და გადაწყვიტა, აღარ ყოფილიყო ამ პარტიაზე ჩამოკიდებული. უსუფაშვილი არსად წასულა, მან მიატოვა “რესპუბლიკელთა” პოლიტიკური კლუბი, მაგრამ არ მიუტოვებია ქვეყანა. უსუფაშვილს სხვა პერსპექტივა გაეხსნა, ალასანიამ კი პოლიტიკური მომავალი საკუთარი ხელით დაისამარა”.

————

ზაზა ფირალიშვილი: “2010-2011 წლებში ანგელა მერკელი, ნიკოლა სარკოზი და დეივიდ კემერონი ერთმანეთის მიყოლებით აცხადებდნენ, რომ მულტიკულტურალიზმის პოლიტიკამ მარცხი განიცადა. უკვე მაშინ შეგვეძლო გვევარაუდა, რომ ბრექსიტი მოსალოდნელი იყო. ის მოდელი, რითაც დაიწყო ევროპამ ცხოვრება, აშკარად ნაკლოვანი, ზერელე იყო და ახლაც არის მისი რაობის წინააღმდეგ მიმართული. ევროპა კონკრეტული კულტურული ტრადიციების სივრცეა. ლიბერალური დემოკრატიაც ამ კულტურული ტრადიციების ნაყოფია, მაგრამ, როდესაც გადააბიჯებ ამას და შეეცდები, ეს კულტურული ტრადიციები ექსტრემისტულად ეგალიტარული სივრცით ჩაანაცვლო, მიიღებ იმას, რაც მიიღეს. გავიხსენოთ, რა ამბავი მოჰყვა მადრიდში ერთსქესიანთა ქორწინების დაშვებას. მილიონამდე ადამიანი გავიდა ქუჩაში. იგივე ხდებოდა იტალიაში, საფრანგეთში… მაგრამ ამ ადამიანების აზრს არავინ მიაქცია ყურადღება. როდესაც ყურს არ დაუგდებ შენს საზოგადოებას, უნდა ელოდო, რომ მალე საზოგადოება გამოსავლის ძებნას დაიწყებს და ყველაფერი ეს პოლიტიკურ შედეგებად გაფორმდება.

რაც შეეხება დონალდ ტრამპის გამარჯვებას, დემოკრატები შეეცადნენ, მისგან შეექმნათ ურჩხული, გამოეყვანათ პუტინის მიერ დასმულ არაადეკვატურ ადამიანად, რომელიც მსოფლიოს პოლიტიკურ ბალანსს დაარღვევდა და ა.შ. რიგითი ამერიკელების უმრავლესობამ არ მიიღო ეს ვერსია. ცხოვრების იმ მოდელის გაგრძელებას, რომელსაც დემოკრატები სთავაზობდნენ, მან არაპროგნოზირებადი ტრამპი არჩია.

ეჭვი მეპარება, რომ შექმნილ ვითარებაში საქართველოსთვის საფრთხეები გაიზარდოს. თუ ტრამპი რამეს საყვედურობს ევროპელებს, ისაა, ნუ ცდილობთ, რუსეთიდან და მუსლიმანური რადიკალიზმიდან მომდინარე საფრთხეებს მხოლოდ ჩვენი ხელით ებრძოლოთო. ამ ვითარებაში არა მგონია, ვინმემ დათმოს საქართველო. მეტიც, ვფიქრობ, ჩვენი როლი იზრდება. რას ნიშნავს ტრამპის განცხადებები ძლიერ ამერიკაზე? – ბუნებრივია, არა იმას, რომ აშშ სადმე გეოპოლიტიკური გავლენის დათმობას აპირებს”.

————

დათო მაღრაძე: “უტიფრობა “ნაციონალური მოძრაობის” რელიგიაა. ჩვენი ისტორია იცნობს ასეთ შემთხვევებს, როდესაც ხელისუფლებაში მოდიან პროგრესის სახელით მოქმედი სექტანტური ჯგუფები, არწმუნებენ მოსახლეობას, რომ მოაქვთ სიახლე, უკეთესი მომავალი და ახლებური ცხოვრების წესი. თავის დროზე, ასე მოვიდნენ სოციალ-დემოკრატებიც და არცთუ დიდი ხნის წინ “ნაციონალებიც”. ერთი რამ აერთიანებთ პროგრესის სახელით მოსარგებლეებს, მოდიან თუ არა, მაშინვე 10 მცნების რევიზიას იწყებენ. 2003 წელს შევარდნაძის ხელისუფლება უკვე ამაზრზენი იყო. ის, რომ ერთ ადამიანს მოესურვა და 30 წელი თავის ჭკუაზე ატარა ქვეყანა, უნდა დასრულებულიყო და თანაც ისე, რომ არ მისცემოდა დამსახურებულ პენსიაზე მშვიდად გასვლის საშუალება. ამიტომაც არ ვნანობ იმ პროცესებში მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რა საშინელებაც მოჰყვა ამას. რა თქმა უნდა, სანდრო გირგვლიანი რომ გამიცოცხლონ, უარს ვიტყვი ამ მონაწილეობაზე, მაგრამ ასე არ ხდება. ეს ხალხი მერე უცებ თავს დაესხა თავის სამშობლოს და მე ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას ამ ყველაფერში.

მოკლედ, ეს ხალხი ამ ათი მცნების რევიზიას რომ იწყებს, ეს ჰგონიათ სიახლე. მე კიდევ მჯერა, რომ “ახალ აღთქმაზე” უფრო ახალი არაფერი არსებობს სამყაროში, თუმცა, რა თქმა უნდა, პატივისმცემელი ვარ სხვა აღმსარებლობებისა და მათთან თანაცხოვრების კულტურა გენეტიკურ მეხსიერებაში მაქვს. ჩემი პირადი სულიერი ცხოვრებაც ტოლერანტულია ყველას მიმართ, გარდა უსამშობლოო, უჯიშ-ჯილაგო, ურწმუნო, ათი მცნების “რევიზორებისა, რომლებიც მომრავლდნენ ჩვენს ქვეყანაში”.

———-

სანდრო თვალჭრელიძე: “შეცდომა ის არის, რომ ჩვენმა მთავრობამ აირჩია ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელი სუსტი ეროვნული ვალუტის ფონზე – ეს ჩემთვის ცხადია, თუმცა საჯაროდ არ გამოუცხადებიათ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ ჯერ გააძლიერეს ლარი, მერე კი დაიწყო მისი ხავერდოვანი შესუსტების პოლიტიკა, რაც ცხადად აჩვენებს, რომ არჩეულია სუსტი ლარის სტრატეგია. ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გულისხმობს ხელისუფლების მაქსიმალურ დისტანცირებას ეკონომიკური პროცესებისგან და, იმავდროულად, ეკონომიკაში საბანკო სექტორის უდიდეს როლს, რაც ჩვენისთანა ქვეყნისთვის არასწორი მგონია.

როდესაც სუსტი ვალუტა გაქვს, მაგრამ ექსპორტის მაჩვენებელი იმპორტზე მაღალია, მაშინ კონკურენტუნარიანი ხდები საერთაშორისო ბაზარზე და დიდ მოგებას ნახულობ, მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც იმპორტი ლამის 5-ჯერ სჭარბობს ექსპორტს. აქ ეროვნული ვალუტის შესუსტება ნიშნავს, რომ სამომხმარებლო ფასები აიწევს. თუ არ აიწევს, მაშინ მთავრობას მოუწევს ამ განსხვავების დაფარვა და ასეთ პირობებში ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია. ასე რომ, ეს პოლიტიკა არასწორია, აუცილებლად უნდა გააძლიერონ ლარი, რისი შესაძლებლობაც ნამდვილად არსებობს. ჩემი აზრით, ხელისუფლებაში მყოფი ახალგაზრდა სპეციალისტების გადაწყვეტილება, რომ აღარ გამოეკიდებიან ლარს, დიდი შეცდომაა. ეროვნული ვალუტით თამაში სახიფათოა! სუსტი ლარის ტვირთი მთლიანად მოსახლეობას დააწვება.

„კვირის პალიტრა“, 26 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ლადო პაპავასთან: „ლარის კურსი დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული?!“ // „ეკონომიკაზე ზეწოლის შემცირება მთავრობის ამოცანაა და არა ბიზნესის“ // „სპეკულაციური ოპერაციები საბაზრო ეკონომიკის კომპონენტია. ეს ჩვეულებრივი­ ამბავია. შესაძლოა, ეს არ მოგვწონდეს, მაგრამ ფაქტია და ვერავინ გაექცევა

ემა ტუხიაშვილი

მიმავალი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური და ეკონომიკური მოვლენების შეფასება პროფესორ ლადო პაპავას­ ვთხოვეთ. როგორც რესპონდენტმა გვითხრა, ბევრი იფიქრა, რა გაეხსენებინა ყველაზე მნიშვნელოვანი და პოზიტიური ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ ბევრი ვერც ვერაფერი გაიხსენა. სამწუხაროდ, წლის განმავლობაში ეკონომიკამ არცთუ კარგად დაგვამახსოვრა თავი. სირთ­ულე ბევრი იყო, მაგრამ “წლის რეკორდსმენის” ტიტული მაინც ლარს ეკუთვნის, რომელმაც არსებობის ისტორიაში გაუფასურების ყველა რეკორდი მოხსნა…

- გულწრფელად გეტყვით, გამიჭირდა გამორჩევა, რა იყო ეკონომიკური თვალსაზრისით აღსა­ნიშნავი 2016 წელს. მეტიც, შევეც­ადე ზოგიერთი სახელისუფლებო­ უწყების წარმომადგენლისთვისაც­ მეკითხა, რა მოხდა საუკეთესო ეკონომიკური თვალსაზრისით წა­რმავალ წელს, მაგრამ გამორჩეული მათაც ვერაფერი გაიხსენეს. უფრო სწორად, რაც გაიხსენეს, გამორჩეულთა რიცხვში არ შედის. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ 2016 წლის ყველაზე­ გამორჩ­ეული­ მოვლენა წლის დას­აწყისში­ მოხდა, როცა სა­ქა­­რთველო გადაურჩა­ რუ­სეთის­ ჩაფიქრებ­ულ მზაკვრობას, სომხეთისთვის­ გატარებულ­ სატრანზიტო გაზში საქარ­თ­ველოს საფასური აეღო არა ნატურით, არამედ ფულის სახით.

შეგახსენებთ, ენერგეტიკის მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები­ ამბობდნენ, სხვა გზა არ არის, ტრანზიტის საფასური ფულად სახ­სრებში უნდა გადავიდესო. ეს რომ ასე მომხდარ­იყო, უდიდ­ე­სი შეცდომა იქნებოდა. 2016 წელს გადავრჩით, რად­გან ეს ცვლილება არ მომხდარა, თუმცა არანაირი­ გარანტია არ არსებობს,­ რომ იგივე არ განმეორდება ახლა. მოგეხსენებათ, ბატონი კალაძე “გაზ­პრომთან” მოლაპარაკებებზე გაემგზ­ავრა და ეს უკანასკნელი, ალბათ, კვლავ შეეცდება, საკუთარი ინტერესები გაატაროს.

- წლის განმავლობაში აქტუალური იყო ლარის კურსის თემა და, ალბათესეც უნდა შევიდეს 2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონო­მიკურ მოვლენათა ნუსხაში?

- ზემოთ რაც მოგახსენეთ, ეს იყო პოზიტიური მოვლენა ეკონომიკური თვალსაზრისით, ლარი კი… მიუხედავად ჩემი კრიტიკული განწყობისა, ეს ჩემი ქვეყანაა­ და სულაც არ მინდა, მხოლოდ ცუდი მახსენდებოდეს. მით უფრო, როცა “ქართული­ ოცნება” მოდიოდა ხელისუფლებაში, მეგონა, რომ “ჩემი” მთავრობა მოდიოდა “ნაცმოძრაობის” მთავრობის წინააღმდეგ. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ეს იგივე “ნაცმოძრაობაა”, ოღონდ შერბილებული ფორმით.

წლის პოზიტიური დასაწყისი­ წლის დასასრულს უარყოფითი მოვლენებით დაგვირგვინდა. ვგულისხმობ მთავრობის მიერ დაანონსებულ ეკონომიკურ ცვლილებებს, რომელიც ეხება გალარების სქემას, დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირებას, აქციზის განაკვეთის ზრდას, ლარის კურსის ნახტომისებურ ვარდნას…

- ბოლო თვეში ლარმა არაერთხელგააუმჯობესაგაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი. ისიც ითქვა, რომ ეს დიდწილად ბაზარზე სპეკულაციებით იყო გამოწვეული. ხმაურიანი განცხადებების იქით საქმე არ წასულა და დღემდე არ ვიცით, შესაძლებელია თუ არა, რომ ერთი, ორი ან თუნდაც ათი კომპანია ლარის კურსს თავისი ინტერესების შესა­ბამისადათამაშებდეს“?

- სპეკულაციური ოპერაციები საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი­ კომპონენტია. ეს ჩვეულებრივი­ ამბავია. შესაძლოა, ეს არ მოგვწონდეს, მაგრამ ფაქტია და ვერავინ გაექცევა. ამიტომ მთავრობის, ეროვნული ბანკისა და ხელისუფლების ამოცანაა, ყოველთვის გაითვალ­ისწინონ შესაძლო სპეკულაციური­ ეფექტები. ბიზნესის ამოცანაა მაქსიმალური მოგების მიღება რაც შეიძლება სწრაფად, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, ეს კი ყველაზე ადვილი გასაკეთებელია სპეკულაციური ოპერაციებით.

ამაში ბიზნესს არ ვადანაშაულებ. ნუ მოვთხოვთ ბიზნესმენს კეთილშობილებას. მხოლოდ ათასში ერთი გამონაკლისი არსებობს და ასეთი მეცენატები და ქველმოქმედები საქართველოსაც ახსოვს, მაგრამ მეცენატობა ბიზნესის მამოძრავებელი ძალა არ არის.

- თუ ვამბობთ, რომ ბიზნესი მიდრეკილია მაქსიმალური მოგების მიღებისკენ და ამაში გარემოც ხელს უწყობს, მაშინ უნდა არსებობდეს ვიღაც სხვა, ვინც ვითარებას დაარეგულირებს და ასეთ ზეწოლას თუნდაც ლარის კურსზე შეარბილებს

- თუ ეს ეხება ეკონომიკას, უნდა დაარეგულიროს მთავრობამ, თუ ეხება მონეტარულ სფეროს – ეროვნულმა ბანკმა. მთავრობას, ეროვნულ ბანკს იმისთვის ვინახავთ და გვჭირდება, რომ ქვეყნის ინტერესები დაიცვან, ხოლო ბიზნესმენს ნუ მოვ­თ­ხოვთ იმაზე მეტს, ვიდრე მას ევალება, რადგან ის არ არის ვალდებული, იყოს კეთილშობილი გმირი და არც თავგანწირვა მოეთხოვება.

ერთი შემთხვევის შესახებ მინდა გიამბოთ. სახელმწიფო უნივერს­ი­ტეტის რექტორი რომ ვიყავი, უნივერსიტეტს რობოტოსკანერის შეძენა სჭირდებოდა. ეს სკანირების უნიკალური ტექნოლოგიაა, ფანტასტიკურად მაღალი წარმადობით. მისი შეძენა დაახლოებით 300.000 ლარი გვიჯდებოდა. მივ­მართე სხვადასხვა ბიზნესორგანიზ­აციას, მათ შორის ბანკებს და ვთხოვე, ეყიდათ და ეჩუქებინათ ეს დანადგარი სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. არც ერთმა არ მოისურვა ამის გაკეთება, ხოლო ერთ-ერთი ცნობილი ბანკიდან შემომითვალეს: უნივერსიტეტს ჩვენს ბანკში რომ აქვს გახსნილი ანგარიში, საპროცენტო განაკვეთს შეგიმცირებთ და ამ თანხით გიყიდით სასურველ დანადგარსო. ანუ რა გამოვიდოდა – საპროცენტო განაკვეთს უნივერსიტეტის ანგარიშზე არსებულ თანხაზე შეამცირებდნენ, შესაბამისად, უნივერსიტეტი ნაკლებ თანხას მიიღებდა და დაზოგილი თანხით, ბანკი უნივერსიტეტს რობოტოსკანერს უყიდდა. ფაქტობრივად, ბანკი ატყუებდა უნივერსიტეტს. იმ ბანკში (ისევე როგორც ბევრ სხვა ინსტიტუტში)­ ხელმძღვანელ თანამდებობებზე ჩემი ყოფილი მოსწავლეები არიან და კარგად იცოდნენ, რომ ამგვარ ბრიყვულ წინადადებას არ დავთანხმდებოდი. გავბრაზდი, მაგრამ რას ვიზამთ, ბიზნესში ასეთი ხალხია. ეს ჩვეულებ­რივი ამბავია და არა მხოლოდ საქ­ართველოში.

- რადგან ბანკების თემას შევეხეთ, ეროვნული ბანკი რამდენად იყო მთელი წლის განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე?

- ეროვნულ ბანკს რთული პერიოდის გავლამ მოუწია. გახსოვთ, ჯერ კიდევ შარშან პარლამენტმა მიიღო უკიდურესად მცდარი, შეიძლება ითქვას, ბრიყვული გადაწყვეტილება, რომ ეროვნული ბანკი­ დაეშალა ორ უწ­ყებად და ზედა­მხედველობის სამსა­ხ­ური ცა­ლკე გამოეტანა. ეს იქნებოდა ერთხელ დაშვებული შეცდომის განმეორება.

მიხეილ სააკაშვილის დროს დაშალეს ეროვნული ბანკი, მიხვდნენ, რომ ეს შეცდომა იყო და შემდეგ გამ­ო­ასწორეს. ახლა პრობლემა იყო გიორგი ქადაგიძესთან და დააპი­რეს ეროვნული ბანკის კვლავ დაშლა, მაგრამ გაგვიმართლა, გადაგვარჩინა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც ვეტო დაადო ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელმაც ეს პროცესი შეაჩერა. მერე კი შეიცვალა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, რომელსაც პროფესიონალ­იზმი არ აკლია, მაგრამ მეტი სიმკაცრე ესაჭიროება.

- ბანკების თემას თუ განვაგრძობთ, წლის გარიგებად შეიძლება­ შეფასდეს გამსხვილება საბანკო სექტ­ორში, როცათიბისი ბანკმა” “ბანკი რესპუბლიკაშეიძინა. სხვათა შორის, ამ გარიგებიდან მოკლე ხანში ლარი კიდევ ერთხელ ნახტომისებურად გაუფასურდა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მაშინ თქვა, რომ კურსის მკვეთრი ცვლილებები რამდენიმე მსხვილმა ტრანზაქციამ გამოიწვია. ეს, ფაქტობრივად, მინიშნება იყო, რომსოსიეტე ჟენერალმა” “ბანკ რესპუბ­ლიკაშიმიღებული თანხა გაიტანა საქართველოდან

- ეს ობიექტური მიზეზია, მაგ­რამ სწორედ ამას ვამბობ, რომ ასეთ საკითხებში ეროვნული ბანკი უფრო მკაცრი უნდა იყოს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, არ მივცემდი უფლებას, ასე გამსხვილებული და მონოპოლიზებული იყოს საბანკო სისტემა. მეორეც, შესყიდვა უნდა მომხდარიყო ისეთი­ ტრანზაქციებით, რომლებიც ეროვნულ ბანკთან იქნებოდა შეთანხმებული, რათა ლარის კურსის ასეთი რყევა არ გამოეწვია. შესაძლოა, ამის მიზეზი ის იყო, რომ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც მუშაობს საბანკო ზედამხედველობის კუთ­ხით, მაღალი დონის სპეციალისტი­ ოთარ ნადარაია, ამ გარიგების დროს უკვე წასული იყო თანამდებობიდან, ხოლო ახალი ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია ჯერ დანიშნული არ იყო. შესაძლოა, ამის გამო ვერ განახორციელა ეროვნულმა ბანკმა საჭირო ზედამხედველობა.

- თუ წლის რეკორდსმენებზე ვისაუბრებთ, ალბათ, ისიც უნდა ითქვას, რომ კომერციულმა ბანკებმა წლეულს რეკორდული მოგება მიიღეს, რომელმაც, სებ-ის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა

- ასეც არის, აბა, ვის უნდა მიეღო მაღალი მოგება, რომელი ბიზნესი გვაქვს ასე განვითარებული? ყველაზე მსხვილი ბიზნესი საქართველოში არის ბანკები და ახლა კიდევ უფრო გამსხვილდა, რაც, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი. შეიძლება ითქვას, ეროვნულმა ბანკმა ამ საკითხში სისუსტე გამოიჩინა.

ეკონომიკის ყველა სექტორი უნდა ვითარდებოდეს. რატომღაც ყველამ დაივიწყა ჯერ კიდევ 2014 წელს მთავრობის მიერ მიღებული “საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020″, რომელიც ძალიან კარგი დოკუმენტია. მასში ჩადებულია შესანიშნავი იდეები, რომ საქართველოში ინოვაციური ეკონომიკა უნდა შექმნილიყო. შემდგომში ამას სჭირდებოდა სამოქმედო გეგმების მომზადება სამინისტროების მიხედვით, მაგრამ მსგავსი არაფერი გაკეთებულა. მოგვიანებით კი ბატონმა კვირიკაშვილმა ყოვლად გაუგებარი ოთხპუნქტიანი გეგმა შემოგვთავაზა. მხოლოდ მოგების გადასახადის იმ სქემით შეცვლა, რომელსაც გვთავაზობს, ქვეყანას ვერ ააყვავებს. ეს არის ეკონომიკური­ პრიმიტივიზმი. როცა ასეთ გადაწყვეტას გვთავაზობს მთავრობა, ეს ადასტურებს, რომ დღეს საქართველოს მთავრობას ეკონომიკური განვითარების ხედვა პრინციპულად არ გააჩნია.

- რადგან კვირიკაშვილი ახსენეთ, ორიოდე დღის წინ მან განაცხადარომ 2017 წელი ძალიან მაგარი წელი იქნება...

- ოცნებას კაცი არ მოუკლავს… ვფიქრობ, ეს გამოთქმა გადატანითი მნიშვნელობითაც კარგად ჟღერს. ნაციზმს, მათ შორის “ქართულ ნაცობას”, კაცი მოუკლავს,­ “ოცნებას” კი არა…

- წლის სამთავრობოკარუსელიცუნდა აღვნიშნოთ, როცა ძირითადი ცვლილება მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეეხო. ზოგმა ამ კარუსელისდატრიალებისასერთი ნაბიჯი წინ გადადგა, ზოგმა კიორი ნაბიჯი უკან

- საზოგადოებაში მეტწილად მაინც არაობიექტური იყო ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის კრიტიკა, რასაც მე პრინციპულად არ ვიზიარებ. რა, ალექსანდრე ჯეჯელავა საჭმელს არ ჭამს და ნოდარ ხადური ჭამდა საჭმელს? ეს ხომ შეურაცხმყოფელია. შემიძლია გავაგრძელო მინისტრების ჩამოთვლა, რომლებიც ძალიანაც გემრიელად მიირთმევდნენ და ახლაც მიირთმევენ საჭმელს, მაგრამ ეს არავის აწუხებს.

სანამ ნოდარ ხადური იყო მთავრობაში, ისეთი ბრიყვული რაღაცები, როგორიც არის აქციზების ზრდა, ესტონური მოდელის გატარება, ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ყოფილა. გამოდის, ნოდარ ხადური ყოფილა ამ მცდარი გადაწყვეტილებების შემაკავებელი ძალა. რაც შეეხება სხვა გადანაცვლებებს მინისტრთა კაბინეტში, ვფიქრობ, აქ ყველაზე კარგი ახსნა არითმეტიკულია, რომელიც გვასწავლის, რომ “შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება”.

- 2016 წელს საქართველოს ბაზარზე რუსული კომპანიაიანდექს ტაქსიშემოვიდა. მის შემოსვლას დიდი ხმაური მოჰყვა. შეიძლება ამ კომპანიის ბაზარზე შემოსვლას წლის ყველაზე ხმაურიანი ინვესტიცია ვუწოდოთ?

- ხმაურიან კომპანიებს შო­რის, რაც ქვეყანაში შემოდიოდა, “იანდექსი” ყველაზე წვრილმანია. ნუ დაგვავიწყდება, რომ მობილური კავშირგაბმულობის სფეროში გვყავს რუსული კომპანია, ელექტროენერგეტიკაშიც ოპერირებს რუსული კომპანია, საბანკო სექტორში გვყავს საკმაოდ მსხვილი რუსული ბანკი. შესაბამისად, მათ ფონზე “იანდექსი” დიდი არაფერია, მაგრამ ხმაური მაინც მოჰყვა. შესაძლოა, უფრო დიდი ხმაური დაგვჭირდეს იმის გამო, რომ მთავრობამ მაგისტრალური გაზსადენისა და საქართველოს რკინიგზის 25-25%-ის პრივატიზაცია გადაწყვიტა. ამაზე კი უნდა ავტეხოთ განგაშის ზარი. ეს ის საკითხია, რაშიც პრემიერ-მინისტრს პრინციპულად უნდა შევეწინააღმდეგოთ და თუ საჭირო გახდება, მთელი საზოგადოება დავუპირისპირდეთ, რათა საქართველოს სახელმწიფო გადავარჩინოთ. თავის დროზე, “ნაციონალურ მოძრაობას” უნდოდა ამ ობიექტების გაყიდვა.

- 2017 წლის პროგნოზი რომ გავაკეთოთხალხს ახლა ყველაზე მეტად ის აინტერესებს, ლარის კურსი როგორ შეიცვლება, გაიზრდება თუ არა ფასები პროდუქტებზეშეიცვლება თუ არა უკეთესობისკენ სოციალური მდგომარეობა?

- ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, როგორ პოლიტიკას გაატარებს აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ამერიკაში, ისე საერთაშორისო დონეზე.
თუ ტრამპმა პროტექციონისტული ზომების გატარება და იმის შესრულება­ დაიწყო, რასაც ამომრჩეველს დაჰპირდა, ეს დოლარის კურსის დაცემას გამოიწვევს. ჩვენს ლარზე კი აისახება დადებითად დოლარის კურსის დაცემა, მაგრამ, მეორე მხრივ, ამერიკის ეკონომიკაში თუ დაიწყო პრობლემები, ნუ დაგვავიწყდება, რომ ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ეს ნამდვილად არ იქნება კარგი საქართველოსთვის.

„კვირის პალიტრა“, 26 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „მთელი ქართული პოლიტელიტა ღრმა კრიზისშია!“ // საქართველოს ხელისუფლებაში როლები და ფუნქციები სათანადოდ არ არის გაწერილი“ // „ქართულმა ოცნებამ“, ანუ კარგმა ადამიანმა ითამაშა ცუდი ბიჭის თამაშის წესებით

რუსუდან შელია

რას გამოარჩევს 2016 წლის პოლიტიკური პროცესებიდან, რატომ ვერ მოხერხდა ამ წელს ოპოზიციური ფლანგის გაძლიერება და რა პროგნოზი აქვს 2017 წლისთვის, “კვირის პალიტრის” კით­ხვებს ექსპერტი გია ხუხაშვილი­ პასუხობს:

- 2016 წელი საკმაოდ მძიმე პროცესებით დაიწყო – ფარული ჩანაწერების გავრცელებას ვგულისხმობ. ფაქტი, რომ გამოძიება არ დასრულებულა, მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, მათი გავრცელება ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი კონკრეტული ჯგუფის ინტერესში იყო, თუმცა ამ მხრივ საგანგაშო კიდევ ის არის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ბრძოლის ტაქტიკად ისევ ორპოლუსიანი საარჩევნო ტექნოლოგია შეარჩია – მან გამოიყენა ყველა ის მეთოდი, რასაც წინა მმართველები იყენებდნენ. კარგად გვახსოვს,­ ჯერ შევარდნაძე როგორ ქმნიდა ვირტუალურ დაპირისპირებას ასლან აბაშიძესთან, რაც მოგვიანებით, სააკაშვილმაც ოპონენტებთან ბრძოლისას წარმატებით გააგრძელა. რბილად რომ ვთქვათ, ამან მესამე არჩევანის შესაძლებლობა ჩანასახშივე ჩაკლა, არადა, ყველა კვლევის მიხედვით, საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ მოსწონდა არც “ქართული ოცნება” და მის ალტერნატივად “ნაციონალური მოძრაობაც” ვერ წარმოედგინა.

- დავუშვათ, მმართველი პარტიის მთავარი მიზანი მართლაც ორპოლუსიანი პოლიტიკური პროცესი იყო, პარალელურად ხომ არაერთი ახალი ოპოზიციური ძალა თუ გაერთიანება ვიხილეთ, მათ შორის, პაატა ბურჭულაძის ირგვლივ. მხოლოდ ხელისუფლების სურვილმა განაპირობა მათი პოლიტიკური დამარცხება თუ თავად ვერ მოახერხეს ამომრჩევლის სათანადოდ მობილიზება?

- რეალურად მხოლოდ ხელისუფლებისა და “ნაციონალური მოძრაობის” კრიზისთან კი არ გვაქვს საქმე, საქართველოში მთელი პოლიტიკური ელიტა იმყოფება ღრმა კრიზისში და ეს წინასაარჩევნოდაც კარგად გამოჩნდა. პაატა ბურჭულაძის შემთხვევაში იყო წინააღმდეგობრივი მოქმედებები, ჯერ სხვა გუნდით წარდგა საზოგადოების წინაშე, მოგვიანებით, სრულიად განსხვავებულ პოლიტიკოსებზე გააკეთა არჩევანი – ეს თავიდან ბოლომდე გაუთვლელი წინასაარჩევნო კამპანია გახლდათ. ბურჭულაძესთან ერთად, პოტენციური პოლიტიკური ცენტრი ირაკლი ალასანიას ირგვლივ უნდა შექმნილიყო, თუმცა მის პარტიაშიც კრიზისი იმდენად მომწიფდა, რომ ხშირად ალასანია მის გაკონტროლებასაც ვერ ახერხებდა – ეს თვალსაჩინო მაშინ გახდა, როდესაც პოსტსაარჩევნო პერიოდში პარტიის მთელმა პოლიტიკურმა ელიტამ “თავისუფალი დემოკრატების” რიგები დატოვა.
სანამ ცაგარეიშვილი, აბაშიძე თუ სხვები ამ ნაბიჯს გადადგამდნენ, არც კი დაფიქრებულან იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც პარტიაში პოტენციურ პოლიტიკოსებად ყალიბდებოდნენ. იგივე მოხდა პაატა ბურჭულაძის შემთხვევაშიც.

- პირველი პარტიიდან თავად ირაკლი ალასანია წავიდა. ლიდერის გარეშე დარჩენილ­ თანაგუნდელებს სხვა ალტერნატივა ჰქონდათ? ამასთან, საინტერესოა, რა მოხდა ისეთი განსაკუთრებული ამ არჩევნებზე, რომ თითქმის ყველა ოპოზიციური ძალის ლიდერმა საკუთარი პარტია დატოვა?

- ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილ­ების გაგება ადამიანურად შემიძლია – ერთი მხრივ, მან წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა თავად აიღო, მეორე მხრივ კი, შეეცადა საკუთარი წასვლით მოეხსნა ყველა ის პრობლემა, რაც მის პერსონას უკავშირდებოდა. მათ შორის, კაბელების საქმესაც ვგულისხმობ – მისი წასვლა იყო გზავნილი მმართველი ძალის მიმართ, თუ მე ვარ პრობლემა, მივდივარ და იქნებ ახლა პრობლემები დადებითად გადაწყდესო. ამ დროს კი, იმ ფონზე, როცა ალასანიას თანაგუნდელების განცხადება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით გაციებულიც კი არ იყო, მათ ხელისუფლებას საკუთარი სამსახური შესთავაზეს. მძიმე სანახავი იყო, როგორ შეატოვეს მათ პარტია ნინო გოგუაძეს.

რაც შეეხება 2016 წლის საპარლამენტო­ არჩევნების განსაკუთრებულობას, ის წინა არჩევნებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ არ იყო ომი – 2012 წლის არჩევნებზე არაორდინარული მეთოდებით ვებრძოდით­ “ნაციონალურ მოძრაობას”. 2016 წელს წინასაარჩევნო პროცესში ხელისუფლება ბევრად ცივილიზებულად გამოიყურებოდა, თუმცა მან ყველაფერი გააკეთა, რომ წინა ხელისუფლებას დამსგავსებოდა­ – გაკრიფა შუა! “ქართულმა ოცნებამ”, ანუ კარგმა ადამიანმა ითამაშა ცუდი ბიჭის თამაშის წესებით, რაც სახელმწიფოებრივად საკმაოდ დამაზიანებელი გახლდათ. ასეთ პირობებში დამარცხებას კი, შესაძლოა, ხელისუფლებას შეჩვეულმა ლიდერებმა ვეღარ გაუძლეს.

დავით უსუფაშვილი სწორად მოიქცა, როდესაც “რესპუბლიკური პარტია” დატოვა – ეს ძალა მას პერსპექტივის შესაძლებლობას არ აძლევდა. ის ამბიციური, ავტორიტეტული და მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურაა და აქვს გარკვეული რესურსი, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთოს. მისი რანგის სახელმწიფო მოღვაწე, სამ­წუხაროდ, ბევრი არ გვყავს. დავით უსუფაშვილის გარეშე დარჩენილი რესპუბლიკური პარტია” კი ინტელექტუალურ კლუბს უფრო დაემსგავსა, რომელსაც აქტიურ პოლიტიკაში დარჩენაზე ილუზია ნაკლებად უნდა ჰქონდეს.

- არჩევნების შემდეგ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ხელისუფლება გვყავს, რომელიც, მართალია, ახლად შექმნილი კომისიის ფარგლებში ყველა საკონსტიტუციო ცვლილებაზე ფართო განხილვას აანონსებს, თუმცა ოპოზიცია მას უნდობლობას უცხადებს. თქვენი პროგნოზით, შეძლებს თუ არა დაქსაქსული ოპოზიცია 2017 წელს ხელისუფლებისთვის სათანადო ოპონირების გაწევას?

- დღეს წინა მოწვევის პარლამენტზე ოდნავ უკეთესი შემადგენლობა მივიღეთ, თუმცა ხელისუფლებაში უკვე შეინიშნება, რომ დიდი გაურკვევლობაა – როლები­ და ფუნქციები სათანადოდ არ არის გაწერილი. მაგალითად, მუსიკოსი დეპუტატი ეკონომიკაზე ლაპარაკობს, ეკონომიკის სპეციალისტი მღერის და ა.შ. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილებაც კი იქმნება, რომ კონკრეტული საქმით არავინაა დაკავებული. ეს დიდი აჯაფსანდალი კი იმითაა განპირობებული, რომ რეალურად “ქართული ოცნება” მხოლოდ ახლა აცნობიერებს, რას გულისხმობს აბსოლუტური ძალაუფლება. დღეს ნებისმიერ საკითხზე რეალური ტვირთი და პასუხისმგებლობა მხოლოდ მათზეა. თუ ადრე ჰქონდათ ფუფუნება “ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიან სისხლიან რეჟიმზე ესაუბრათ, დღეს ეს აღარ გამოსდით და ამას თავადაც ხვდებიან. “ქართული ოცნების” თაფლობის თვე დასრულდა და ახლა არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში არიან – წინ დიდი ეკონომიკური თუ სოციალური გამოწვევებია, რომელთან გამკლავებაც საკმაოდ რთული იქნება, მით უმეტეს, გუნდში არსებული პოლიტიკური აჯაფსანდალის პირობებში.

- და ამ გამოწვევებთან­ გასამკლავებლად უკვე დაანონსებული ეკონომიკური ცვლილებები არასაკმარისად მიგაჩნიათ?

- ხელისუფლებამ წარმოადგინა გეგმა, რომელიც კრიზისის მასშტაბს ვერ პასუხობს – ეს დაახლოებით იგივეა, დათვზე სანადიროდ “რაგატკით” რომ წავიდეთ.
უფრო ამბიციური გეგმისა და რეფორმის გატარებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი წლის გაზაფხულისთვის გარკვეული კრიზისი აუცილებლად ჩამოყალიბდება.

- საკმაოდ საინტერესოდ­ ვითარდება პროცესებინაციონალურ მოძრაობაში“, სადაც პოლიტსაბჭოს პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის ექვსმა მხარდამჭერმა დამოუკიდებლად საორგანიზაციო კომისია შექმნაგივი თარგამაძის განცხადებით, ეს შიდაგადატრიალებაა, დავით დარჩიაშვილი კი აცხადებს, რომნაციონალურმა მოძრაობამარსებობა დაასრულა...

- “ნაციონალურ მოძრაობას” მართლაც იმდენად მძიმე შიდა პრობლემები­ აქვს, რომ ისედაც დაზიანებულ პარტი­ის სახელს კიდევ უფრო აკნინებს. თანაც­ ამ გუნდის მთავარი მახასიათებელი, ერთი შეხედვით, ყოველთვის მისი ერთიანობა იყო, ახლა კი ვხედავთ ორად გაყოფილ პარტიას. ჩემი აზრით, 20 იანვრის ყრილობა პარტიაში არსებულ კიდევ უფრო ღრმა კრიზისს გამოავლენს. არადა, წინ თვითმმართველობის არჩევნებია და სახელმწიფოსთვის საზიანოა “ქართულმა ოცნებამ” ძალაუფლება რეგიონებშიც სრულად საკუთარ მარწუხებში მოაქციოს.

- და ვინ წარმოგიდგენიათ­ ახალ პოლიტიკურ ძალადმოქმედი პრეზიდენტი?

- იქიდან გამომდინარე, რომ წინ საპრეზიდენტო არჩევნებია, არ გამოვრიცხავ, მარგვე­ლაშვილის პოლიტიკური აქტივობა ბევრად შესამჩნევი გახდეს. თუმცა ვერც იმას ვხედავ, რომ მან საყრდენი მის ირგვლივ არსებულ პოლიტიკურ ელიტაში ეძებოს.

- ისე, კულუარებში დიდი ხანია მარგველაშვილისა და უსუფაშვილის პოლიტიკური ტანდემი განიხილება...

- შესაძლოა, სხვა პარტიები განიხილავენ, თუმცა არა მგონია, მარგველაშვილი ამ სცენარს განიხილავდეს.

„კვირის პალიტრა“, 26 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუები ელენე ხოშტარიასთან და პეტრე ცისკარიშვილთან: „მიხეილ სააკაშვილის ჯგუფი ყრილობაზე ძალის დემონსტრირებისთვის ემზადება“ // // „მიხეილ სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ვინც მას არ ემორჩილება, ყოფილი თანამებრძოლია“ // „გივი თარგამაძეს საორგანიზაციო კომისიის შექმნა თუ პარტიულ გადატრიალებად მიაჩნია, ეს მისი საქმეა

რუსუდან შელია

“ნაციონალურ მოძრაობაში” მოქმედი­ ხელმძღვანელები პარტიულ გადატრიალ­ებაზე ალაპარაკდნენ. გივი თარგამაძეს, პოლიტსაბჭოსგან დამოუკიდებლად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების შექმ­ნილმა ყრილობის საორგანიზაციო კომისიამ გკჩპ გაახსენა, დავით დარჩიაშვილმა კი განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამთავრებს თავის არსებობას. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, პარტიის დელეგატებთან სკაიპით ჩართვისას გიგა ბოკერიას ფლანგი ყოფილ თანამებრძოლებად მოიხსენია და ისინი ბიძინა­ ივანიშვილთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. როგორც ამბობენ, 20 იანვრის ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიასა და მისი მხარდამჭერებისგან საპარლამენტო მანდატების დატოვებას მოითხოვს­ იმ მოტივით, რომ ისინი “ნაციონალური მოძრაობის” ხმებს არ წარმოადგენენ. პარტიის ერთ-ერთი ახალი სახის – ელენე ხოშტარიასთვის­ გაუგებარია, განსხვავებული აზრის გამო რატომ ესხმის თავს თანაგუნდელებს მიხეილ სააკაშვილი:

- გაუგებარია, როდესაც განსხვავებული აზრის გამო თავს უსამართლოდ გესხმიან და მეტიც, მთავარ პოლიტიკურ ოპონენტთან გარიგებაში გადანაშაულებენ. სამწუხაროდ, პარტიაში კამათი, რაც მე პრობლემად არ მიმაჩნდა, გაუგებარ ბრალდებებსა და შეურაცხყოფაში გადაიზარდა. მიხეილ სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ვინც მას არ ემორჩილება, ყოფილი თანამებრძოლია. ამ დაპირისპირებაში კი მთავარ ამოცანას ვწყდებით – შევცვალოთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება.

- მიხეილ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარედ ბაქრაძის არჩევის მსურველებს ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში გადანაშაულებთ. ამ ბრალდებების ფონზე დადგება თუ არა ყრილობის დღის წესრიგში მოთხოვნა, რომ თქვენ საპარლამენტო მანდატები დათმოთ? ეს ხმა კულუარებში ვრცელდება

- სამწუხაროდ, ზუგდიდში დელეგატებთან საუბრის შემდეგ სააკაშვილი იმდენად აგრესიული იყო, რომ ვერაფერს გამოვრიცხავ. თუმცა, სიბრაზის მიუხედავად, მისი და ჩვენი თანაგუნდელების კეთილგონიერების იმედი მაქვს. ასეთ კინკლაობაში მოგებული არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს ბევრ საკითხში არ ვეთანხმებოდით, მის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები არც ერთ ჩვენგანს არ გაუკეთებია, ახლა კი ვხედავთ, რომ ეს ჯგუფი, პოლიტსაბჭოს გვერდის ავლით, ყრილობაზე ძალის დემონსტრირებისთვის ემზადება. დროა, ყველა დავფიქრდეთ, რა არის მიზანი – ბიძინა ივანიშვილს ერთად დავუპირისპირდეთ თუ ერთმანეთს ძAალა ვაჩვენოთ?!
სამწუხაროა, რომ პარტიის თავმჯდომარედ დავით ბაქრაძის არჩევის საკითხი მიხეილ სააკაშვილმა პარტიიდან მისი გარიყვის მცდელობად აღიქვა, არადა, შეეძლო, თვითონ დაესახელებინა ბაქრაძე თავმჯდომარედ და დაპირისპირებაც დასრულდებოდა, პარტია კი კვლავ განვითარდებოდა.

———-

ყრილობისთვის შექმნილი საორგანიზაციო კომისიის ერთ-ერთი წევრი პეტრე ცისკარიშვილია. “კვირის პალიტრასთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ 20 იანვრის ყრილობა “ნაციონალური მოძრაობის” მომავალს გადაწყვეტს:

- ნოემბერში, როდესაც გადაწყდა, რომ ყრილობა შვიდი ათასი დელეგატის­ შემადგენლობით ჩატარდებოდა, ისიც ითქვა, რომ ყრილობის მოსამზადებელ ტექნიკურ დეტალებზე საორგანიზაციო კომისიას უნდა ემუშავა. გაწერილი წესების მიხედვით, საორგანიზაციო კომისიაში პოლიტსაბჭოს ხუთ წევრს ერთი პირის არჩევის უფლება აქვს. ცოტა ხნის წინ პოლიტსაბჭოს 30-მა წევრმა საორგანიზაციო კომისიის ჩამოყალიბება გადაწყვიტა და ტექნიკურ დეტალებზე პასუხისმგებელი პირიც შეარჩია. ასე მოვხვდი მეც ყრილობის მოსამზადებელ საორგანიზაციო კომისიაში. ახლა თვითონაც შეუძლიათ ხუთ-ხუთ ჯგუფად გაერთიანდნენ და კომისიის წევრები წარადგინონ. ეს მხოლოდ ყრილობისთვის აუცილებელი ტექნიკური პროცედურა გახლდათ.

- რასაც თქვენ ტექნიკურ პროცედურას უწოდებთ, გივი თარგამაძემ პარტიაში შიდაგადატრიალების მცდელობად შეაფასა. მალევე გავრცელდა დავით დარჩიაშვილის განცხადება, რომნაციონალური მოძრაობაარსებობას ამთავრებს

- საორგანიზაციო კომისია პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ იღებს. ჩვენ მხოლოდ ისეთი დეტალები უნდა გავარკვიოთ, როგორიცაა ყრილობის დღეს ავტობუსების ან დარბაზის დაქირავება, ბიულეტენების დაბეჭდვა და ა.შ. თუ გივი თარგამაძეს ეს პარტიულ გადატრიალებად მიაჩნია, ეს მისი საქმეა.

- პარტიის შიგნით არც იმას გამორიცხავენ, რომ 20 იანვარს გიგა ბოკერიას ფლანგს საპარლამენტო მანდატების დატოვებას მოსთხოვთ...

- მოვა ყრილობის დღე და ჩვენი დელეგატები თუ პარტიის წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას “ნაციონალური მოძრაობის” მომავალთან დაკავშირებით. მე მინდა, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ერთად განვაგრძოთ. რაც შეეხება მანდატების დათმობას, ამის შესახებ არაფერი ვიცი.

„კვირის პალიტრა“, 26 დეკემბერი, 2016 წელი

საქართველო-2016: მთავარი სამხედრო მოვლენები

ირაკლი ალადაშვილი

2016 წლის 26 მაისს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავი აღნიშნა. მეოთხედი საუკუნის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ხუთი სხვადასხვა ინტენსივობის შეიარაღებულმა კონფლიქტმა ჩაიარა ცხინვალის რეგიონსა (1992, 2004 და 2008 წწ.) და აფხაზეთში (1992-93,1998 და 2008 წწ.), რამაც დაღი დაასვა როგორც ქართული არმიის, ისე ქვეყნის განვითარებას.

გასულ წელს საქართველომ, საბედნიეროდ, მშვიდობა შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, ომები მთელ მსოფლიოში და მით უმეტეს, ჩვენს რეგიონში, შეიარაღებული შეტაკებები (აპრილში, მთიან ყარაბაღში) და ტერორისტული აქტები არ შემწყდარა.

მიუხედავად ამისა, ნაბიჯითაც ვერ წავიწიეთ წინ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში, პირიქით, რუსეთმა გააძლიერა სამხედრო და სასაზღვრო ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სხვა მხრივ, გასულ წელს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან მოვლენებად შეიძლება ჩაითვალოს თავდაცვის მინისტრისა და გენშტაბის უფროსის პოსტზე ცვლილებები, შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შეჩერება-გაგრძელების პერიპეტიები, სამხედროებთან დაკავშირებული ტრაგიკული შემთხვევები, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ქართული არმიის ერთობლივი წვრთნები და სწავლებები, ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის მოქმედება და ა.შ.

თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი

2016 წელს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი შეიცვალნენ. თავდაცვის მე-17 და ამასთან, პირველი ქალი მინისტრი, თინა ხიდაშელი, ქვეყნის მთავარ სამხედრო უწყებას 2015 წლიდან, მხოლოდ 15-იოდე თვის განმავლობაში ედგა სათავეში. ის ასევე იყო პირველი თავდაცვის მინისტრი, რომლის თანამდებობიდან გადადგომა რამდენიმე თვით ადრე წინასწარ დაანონსდა, რადგან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა და კანონის თანახმად, ვალდებული იყო, დაეტოვებინა სახელმწიფო სამსახური.

15-თვიან პერიოდში თინა ხიდაშელი, ალბათ, ყველაზე “მოძრავი” თავდაცვის მინისტრი გახდა – მან მოასწრო თითქმის ყველა სამხედრო ნაწილის შემოვლა (ყაზარმების, სასადილოების, საწყობებისა და ტუალეტების ინსპექტირების ჩათვლით) და ამასთან, არ გაუცდენია არც ერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი კონფერენცია თუ შეხვედრა საზღვარგარეთ. მეორე საკითხია, თავდაცვის მინისტრის ასეთი ხშირი უცხოური ვოიაჟები რამდენად უწყობდა ხელს მის უწყებაში დაგროვილი პრობლემების დროულად გადაწყვეტას.
პირველმა ქალმა-თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას თავი ორი მომენტით – “დელტას” ხელმძღვანელის მოხსნითა და არმიაში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შეჩერებით დაამახსოვრა.

“დელტას” გაკრიტიკება მაშინ, როდესაც მან შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე გასვლა შეძლო და საუდის არაბეთში ჯავშნიანი სამედიცინო-საევაკუაციო მანქანების რამდენიმე ათეულმილიონიანი ლარის დიდი პარტიის გაყიდვა დაიწყო, ცოტა უცნაურად გამოჩნდა, როგორც ის, თუ რატომ არ დართო ნება თავდაცვის სამინისტრომ “დელტას”, კონგოში ის “დიდგორები” გაეყიდა, რომელთა შეიარაღებაში მიღებას ქართული არმიის სარდლობა არც აპირებდა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში საშემოდგომო გაწვევის შეჩერების გადაწყვეტილება თინა ხიდაშელს საზოგადოების ნაწილმა წინასაარჩევნო სვლად ჩაუთვალა წვევამდელების მშობლებისა და ახლობლების ხმების მოსაპოვებლად. როგორც მოსალოდნელი იყო, მისმა შემცვლელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ლევან იზორიამ მინისტრის პოსტის დაკავებიდან ცოტა ხანში გააუქმა წინამორბედის გადაწყვეტილება და 2017 წლის გაზაფხულიდან განახლდება არმიაში წვევამდელების გაწვევა. ამის მიზეზი მარტო ყოფილ და ახალ მინისტრებს შორის არსებული დაპირისპირება (რაც რამდენჯერმე მედიაშიც გაშუქდა) არ ყოფილა, უბრალოდ ჯარისკაცების მწვავე დეფიციტი შეიქმნა და მათი მოვალეობის შესრულება კონტრაქტით მომსახურე იმ სამხედროებს მოუწევდათ, ვინც საბრძოლო სწავლებით უნდა იყვნენ დაკავებული.

წელსვე გენშტაბის უფროსის სავარძელი გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას დაუთმო. ახალმა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ასევე ახალმა გენშტაბის უფროსმა ლადო ჩაჩიბაიამ წლის ბოლოს არმიაში ოპტიმიზაცია დაიწყეს, რომელიც უფროსი ოფიცრების შემცირებასა და მათი სურვილით (მნიშვნელოვანი ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ) თადარიგში გასვლას გულისხმობს, რათა საზღვარგარეთ განათლებამიღებულ ახალგაზრდა ოფიცრებს კარიერული წინსვლისთვის გზა გაეხსნათ.

სამხედროებთან დაკავშირებული ტრაგიკული შემთხვევები

გასულ წელს არმიაში რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, რამაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ჯერ იყო და, აჭარაში, გონიოს სანაპიროსთან უგზო-უკვლოდ დაიკარგა სპეციალური ოპერაციების ძალების ორი მყვინთავი, შემდეგ კახეთში ავტოავარიას ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, კრწანისის სასწავლო ცენტრის დაცულ ტერიტორიაზე კი გუშაგმა პერიმეტრის დამრღვევებს გაფრთხილების შემდეგ ესროლა და ერთი დამრღვევი მოკლა. საზოგადოების ნაწილმა ეს ტრაგიკული შემთხვევები სხვადასხვანაირად აღიქვა, რაც იმითაც იყო განპირობებული, რომ მოქალაქეების ნაწილი ვერ ერკვევა სამხედრო წესდებებისა და კანონების არსში, ამასთან, ზოგიერთი პარტიის წარმომადგენლებმა ამ ტრაგედიების გამოყენება თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისთვის სცადეს.

ამ საქმეებზე ჯერ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ უდავოა, რომ გონიოსა და კახეთის ტრაგედიები უსაფრთხოების წესების დარღვევას მოჰყვა, რისთვისაც პასუხისმგებელმა თანამდებობის პირებმა, თუკი მათ სასამართლო დამნაშავედ ცნობს, პასუხი უნდა აგონ. რაც შეეხება კრწანისში მომხდარს, იქ გუშაგმა წესდების მიხედვით იმოქმედა და დაიცვა ობიექტი, რისთვისაც ის წახალისებასაც კი იმსახურებდა, მაგრამ იმის გამო, რომ უნებურად (ღობის შიგნით შესული ლანდების მიმართულებით მან სიბნელეში გაისროლა) თანატოლის მკვლელი გახდა, მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.

NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები

გასული წელი მდიდარი იყო ქართულ პოლიგონებზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნებისა და ქართული არმიის ერთობლივად გამართული წვრთნებით.

მაისში ვაზიანის პოლიგონზე საერთაშორისო სამხედრო წვრთნები “ღირსეული პარტნიორი-2016″ (Noble Partner-2016) გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ 500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე. პოლიგონზე ჩატარდა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან ტაქტიკური საჰაერო დესანტის გადმოსხმა და პირველად ქართულ მიწაზე გამოჩნდნენ ამერიკული “აბრამსის” ტიპის ტანკები. მმრავალეროვნულ სწავლებაში Agile Spirit-2016, რომელიც აგვისტოში ჩატარდა, საქართველოს გარდა, მონაწილეობდა აშშ-ის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინისა და ლატვიის დაახლოებით 1200 სამხედრო მოსამსახურე. ორფოლოს პოლიგონზე ერთობლივად პირველად გაიარეს საარტილერიო მომზადება ქართველმა და ამერიკელმა არტილერისტებმა. ნოემბერში კრწანისში, NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, გაიმართა სამეთაურო-საშტაბო “NATO-საქართველოს სწავლება-2016″. ქართველმა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედროებმა სხვადასხვა სახის სამხედრო ოპერაციის ერთად დაგეგმვისა და ჩატარების დეტალები დახვეწეს.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ერთად გამართული წვრთნები, რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ეს ვერ შეცვლის ალიანსის სრულფასოვან წევრობასა და უსაფრთხოების შესაბამის გარანტიებს საქართველოსთვის.

ქართული სამხედრო მისიის გაგრძელება ავღანეთში

2016 წლის ნოემბერში შვიდი წელი შესრულდა, რაც ქართული სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში მსახურობს. ავღანური მისია ქართული არმიის რამდენიმე ათასმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა, ბევრმა ორჯერ და სამჯერაც კი. ამჟამად ჩვენი 900-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ავღანეთის სხვადასხვა ქალაქში: ქაბულში, მაზარი-შარიფსა და ბაგრამში ამერიკელ და გერმანელ სამხედროებთან ერთად მსახურობს. ნოემბერში მაზარი-შარიფში “თალიბანი” თავს დაესხა გერმანიის გენერალურ საკონსულოს და გერმანელი დიპლომატები დიდ ტრაგედიას ვერ გადაურჩებოდნენ, რომ არ ემარჯვა ქართული არმიის მეორე ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულის სწრაფი რეაგირების ჯგუფს, რომელმაც უკუაგდო თავდამსხმელები და გერმანელი დიპლომატები გადაარჩინა.

ავღანეთში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეთაურობით მიმდინარე “მტკიცე მხარდაჭერის” ოპერაციაში ქართული სამხედრო კონტინგენტის რიცხოვნობა კვლავ ყველაზე მეტია მისიაში მონაწილე ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის. აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწევს კარდინალური გადაწყვეტილების მიღება 15 წელზე მეტხანს გაჭიანურებული ავღანური ეპოპეის დასასრულებლად, რაზეც დამოკიდებული იქნება ქართული სამხედრო კონტინგენტის ყოფნაც ავღანეთში.

რუსეთის სამხედრო გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში

რუსეთმა 2016 წელს მნიშვნელოვნად გააძლიერა სამხედრო-პოლიტიკური გავლენა სამხრეთ კავკასიაში, როგორც თავის სტრატეგიულ პარტნიორ სომხეთში, ისე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სეპარატისტულ სოხუმსა და ცხინვალთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფებების შექმნით მოსკოვმა ბოლომდე დაიქვემდებარა სეპარატისტთა შეიარაღებული რაზმები, რათა გამორიცხოს მათგან მოსალოდნელი რაიმე არასასურველი სიურპრიზი.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე სომხეთში გიუმრის სამხედრო ბაზის შეიარაღების განახლებით, მათ შორის პირველად სამხრეთ კავკასიაში “ისკანდერის” ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემების გადმოსროლით (რომლებიც 500 კმ-იან რადიუსში მოქმედებენ) მოსკოვმა თითქმის სრულ კონტროლზე აიყვანა სამხრეთი კავკასია (ისიც გასათვალისწინებელია, რომ აზერბაიჯანი რუსული იარაღის მსხვილი იმპორტიორია, ხოლო ბაქოსა და მოსკოვს შორის საუკეთესო პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდა), რაც მას აუცილებლად სჭირდება ახლო აღმოსავლეთში პოზიციის გასაძლიერებლად.

მომავალი 2017 წელი, სავარაუდოდ, რთული იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე ქართული არმიისთვისაც. ეს პირველ რიგში ეკონომიკური პრობლემების გაზრდაში გამოიხატება, რაც აიძულებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, მწირი ფინანსები მხოლოდ ერთი-ორ პრიორიტეტულ მიმართულებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის განვითარებას მოახმაროს. ოპტიმიზაციის მიზნით შემცირდება პირადი შემადგენლობა, რათა სამხედრო ბიუჯეტის ლომის წილი ხელფასებზე აღარ მიდიოდეს. ყველა შემთხვევაში ქართულ არმიას, ისევე როგორც ქვეყანას, წელზე ქამრის შემოჭერა მოუწევს.

„კვირის პალიტრა“, 26 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ დეკანოზ დავით ციცქიშვილთან: „ეკლესია­ გავლენიანი ძალების დარტყმის ქვეშაა“ // „არის მცდელობა ეკლესიის კომპრო­მეტირებისა, რომ იქ ხალხი ნაკლებად მივიდესეს ერთობ ვერაგ­ული სქემაა“ // „თითქოს ვიღაც შეგნებულად აკეთებს აქცენტს უღირს სასულიერო პირებზე, რომ მერე ითქვას, ამათ როგორ უნდა ვენდოთო

ეკა ლომიძე

წმინდა სინოდის სხდომის წინ რამდენიმე სასულიერო პირმა ხმამაღალი განცხადებები გააკეთა და პრეტენზიები გამოთქვა საპატრიარქოში მომუშავე ზოგიერთ საერო პირთან დაკავშირებით. სინოდის სხდომის შემდეგ ასეთი სახის განცხადებები აღარ გაკეთებულა, თუმცა საზოგადოების ნაწილს გაუჩნდა ეჭვი იმის შესახებ, არის თუ არა ღრმად­ წასული აზრთა სხვადასხვაობა ეკლესიაში. ამ კითხვებზე­ პასუხის გაცემა კლდისუბნის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარ, დეკანოზ დავით ციცქიშვილთან (რომელიც უწმინდესი ქრისტეფორე III-ის (1873-1932 წწ.) შვილიშვილია) ერთად ვცადეთ.

- როდესაც მეკითხებიან, ავიღოთ თუ არა აიდი ბარათიო, ვამბობ, უწმინდესი დუმს, სინოდს არ აუკრძალავს, ამიტომაც­ შეგვიძლია ავიღოთ-მეთქი. ადრე გადაწ­ყდა, რომ ეკლესიაში ქართული სამხმიანი გალობა უნდა ისმოდეს და არა ბერძნული. მომწონს თუ არა, უნდა დავემორჩილო ამ და კიდევ სხვა გადაწყვეტილებას, რადგან სხვანაირად წესრიგი ვერ მიიღწევა.

ქრისტიანულ სამყაროში მნიშვნელოვანი – მორჩილების ფენომენის გათვალისწინებით, საპატრიარქო არის ცენტრი, სადაც ამა თუ იმ საგულისხმო პრობლემასა და საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს ეკლესიის წევრები უნდა დაემორჩილონ. შესაძლოა, ყველა არ ეთანხმებოდეს მას და საკუთარი შეხედულებები ჰქონდეთ, მაგრამ თუ თითოეული თავისი პოზიციის დაცვას და გატანას შეეცდება, ქაოსი იქნება.

- ამ მორჩილების პრობლემაა?

- მორჩილება ადამიანის პრობლემაა. სასულიერო პირიც ადამიანია და ისიც უშვებს შეცდომებს. წარმოუდგენელი არაფერი ხდება. საეკლესიო სამყაროში ახალი ეტაპი დადგა. თუ წინათ აზრთა სხვადასხვაობა შიგნითვე განიხილებოდა, ახლა გარეთ გამოვიდა. მიუხედავად ამისა, სასულიერო პირები სახალხოდ არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. “რუსთავი 2″-ის მიერ მომზ­ადებულ გადაცემაში, სადაც სასულიერო პირების დაპირისპირება განიხილეს, არ მივიდნენ. მისვლის შემთხვევაში მტერს გააცინებდნენ და უფრო დასცემდნენ ეკლესიის ავტორიტეტს. მტკიცედ მიმაჩნია, რომ გარკვეულ ეტაპამდე, ზღვრამდე ეკლესიის წიაღში წარმოქმნილი პრობლემები იქვე უნდა განიხილებოდეს და მოგვარდეს.

- სად არის ეს ზღვარი და ახლა სად ვართ?

- ძალიან რთული პერიოდია. გლობ­ალურად თუ შევხედავთ საკითხს, ეკლესია­ მეტად გავლენიანი ძალების დარტყმის ქვეშაა, ამასთან, ქვეყანაშიც რთული ვითარებაა.
წინათ მოსკოვში იწერებოდა სცენარები, როგორ განვითარებულიყო ჩვენი ერი, სად ჩადებულიყო ნაღმები, ვფიქრობ, ახლაც იგივე ხდება, შესაძლოა, კვლავ მოსკოვში ან სადღაც სხვაგან, ამჯერად ეკლესიის წინააღმდეგ. თითქოს ვიღაც შეგნებულად აკეთებს აქცენტს უღირს სასულიერო პირებზე, რომ მერე ითქვას, ამათ როგორ უნდა ვენდოთო. არაკეთილმოსურნეების მიზანია, საზოგადოება დაშორდეს ეკლესიას, რომელიც იმის გარანტია, რომ ჩვენი ეროვნული­ ღირებულებები არ დაკნინდეს, რაც ძალიან ბევრს ეჩხირება ყელში. ამი­ტომაც ვფიქრობ, ვიღაც წინასწარ განსაზღვრავს­ პროცესებს და დაპირისპირების პროვოცირებას ახდენს. უღირსი სასულიერო პირიც სწორედ მათი სამოქმედო ბერკეტი შეიძლება იყოს. კომუნისტების ცნობილი გამოთქმა იყო – კადრები წყვეტენ ყველაფერს. შესაბამისად, ქვეყნის და ნებისმიერი ინსტიტუტის აღმშენებლობის სათავე უნდა იყოს კადრები. ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ეკლესია.

- კერძოდ?

- კომუნისტების პერიოდში უფრო გაშმაგებით ებრძოდნენ ეკლესიას, გასული­ საუკუნის 20-იან წლებში საშინელება ხდებოდა. თუმცა, ეკლესია უძლეველია, რადგან პოლიტიკურად როგორადაც უნდა გათვალონ, რაც უნდა ძლიერი მოწინააღმდეგე ძალები ჩაერთოს, ღმერთს ხომ ვერ დაასუსტებენ? არის მცდელობა ეკლესიის კომპრო­მეტირებისა, რომ იქ ხალხი ნაკლებად მივიდეს – ეს ერთობ ვერაგ­ული სქემაა. მრევლი, როგორც ჩანს, შემცირდა, რასაც ბევრი სასულიერო­ პირი აღნიშნავს; მაგ­რამ ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. XXI საუკუნის ადამიანს ბევრი რამის გამო უჭირს ტაძარში სიარული. ხშირად სამსახურის გამო დრო აღარ რჩება. ახალგაზრდა, იმპულსების თაობა უფრო სიამოვნებაზე­ა ორიენტირებული. იძულება არ იზიდავს, არადა, მარხვას და ლოცვას იძულება უნდა. არსებობს ცუდი მღვდლის ფაქტორიც, ისევე, როგორც ცუდი ექიმის, ხელოსნის და ა.შ.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ თავის დროზე ზოგიერთი სასულიერო პირი არასწორად შეირჩა, რაც ერთ დღეს აუცი­ლებლად ბუმერანგივით დაგვიბრუნდებოდა.

- როგორ უნდა ეშველოს ამ პრობლემებს?

- მრევლს უნდა ვკითხოთ, სასულიერო­ პირებთან ურთიერთობისას მტკივნეულად რა­ ხვდებათ თვალში. როდესაც სტუდენტებს ვკითხე, მიპასუხეს, რომ ყველაზე მეტად აღიზიანებთ ანგარება, შერჩევითი დამოკიდებულება მდიდარსა და ღარიბ, გავლენიანსა და გავლენის უქონელ მრევლს შორის. ამ თვალსაზრისით სამუშაო გვაქვს. შეიძლება ავხსნათ მიზეზებიც, რომ ზოგიერთ სასულიერო პირს, განსაკუთრებით სოფლებში, ძალიან უჭირს, ოჯახი ჰყავს­ სარჩენი… ადამიანი მოძღვრებს პატივს რომ სცემს, ისინი, ბუნებრივია, თბილი და ყურადღებიანი ხდებიან მის მიმართ, ეს კი სხვის თვალში ცუდად ჩანს. ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური მომენტია, რომელიც პრობლემის მიზეზს ხსნის,­ მაგრამ ვერ ამართლებს.

- არის სხვა პრობლემებიც, რომელიც აკნინებს ზოგიერთი სასულიერო პირის ავტორიტეტს. მაგალითად, ნათლობასა თუ ჯვრისწერაზე ფულის დადგენილი რაოდენობის ცნება

- ნამდვილად. ჯვრისწერაზე, ნათლობაზე და ა.შ. გასაღები ფულის დადგენილი რაოდენობა გაუგებარი ცნებაა. სასულიერო პირი რომ ხდები,­ უნდა გესმოდეს, რომ შენი პატრონი არის ღმერთი და არ მიგატოვებს. ძველ დროში ერთ-ერთ მონასტერთან იყო სასტუმრო, სადაც ხალხი საკუთარი სურვილით ტოვებდა შესაწირს, ან არ ტოვებდა. ერთხელაც მოვიდა ვინმე ვაჭარი და როდესაც ფულის გადახდაზე მიდგა ჯერი, ბერებს უთხრა, მე რომ გადავიხადო, სხვები გადაიხდიანო? ბერებმა­ უპასუხეს, ჩვენი წინამძღვარი­ ამბობს,­ – თუ ცხრა არ გადაიხდის, მეათე მოვა, რომელიც თავის ფულსაც გადაიხდის და იმ ცხრის ნაცვლადაცო. უფალი აუცილებლად მოგიწყობს ამ გამოცდას, ვიღაც არ მოგცემს თანხას, მაგრამ მოვა სხვა, რომელიც მოგცემს. მღვდელმა უნდა გაუძლოს.
ამ და სხვა საკითხების გათვალისწინებით, სასულიერო პირებს მეტი გახსნილობა და ყურადღება გვმართებს, რომ ერის დამოკიდებულება, მისი თვალთახედვა გავითვალისწინოთ.

ერთ-ერთმა მწერალმა თქვა, შენიშვნა,­ კრიტიკა, შესაძლოა, ადამიანურად არ მსიამოვნებს, ვბრაზდები, მაგრამ ვცდილობ,­ გავიგო, რა საბაბი მივეცი ამ შენიშვნებ­ისთვისო. ვფიქრობ, ჩვენთვისაც დადგა დრო, უფრო მოვუსმინოთ ხალხს, დავფიქრდეთ და­ გარკვეულწილად გაითვალოს, რაც­ ხალხს არ მოსწონს. ყოველი ცალ­კეული შემთხვევა უნდა გაანალიზდეს.­

- ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ასეთ პრეტენზიებსაც კი გამოთქვამსრატომ სხვა კონფესიებსაც არ აფინანსებს სახელმწიფოო. სხვათა შორის, სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება არაერთხელ გამხდარა საზოგადოების ნაწილის მსჯელობის საგანი. სინოდის ბოლო სხდომის შედეგებში გაწერილია, რომ საჭიროა ხალხს ზუსტად მიეწოდოს ინფორმაცია, რატომ იღებს ამ ფულს ეკლესია, როგორც მის მიმართ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას...

- საქართველოს ისტორია, უზარმა­ზარი კულტურული მემკვიდრეობა, რაც დღემდე მოსულა, უმეტეს შემთხვევაში­ ეკლესიის და საეკლესიო პირების ღვაწლის დამსახურებაა. შეიძლება ამ ღვაწლში საქართველოში მართლმადიდებელ ეკლესიას რომელიმე სხვა კონფესია გაუტოლდეს? ან თუნდაც იტალიაში კათოლიციზმთან, მუსლიმანურ ქვეყნებში კი მათ სჯულთან მართლმადიდებლობის ან სხვა კონფესიების ასე გატოლების უფლებას ვინმე მოგცემთ? არასწორად მიმაჩნია საკითხის ასე დაყენება, როგორც არასწორად მიმაჩნია ვინმესთვის სარწმუნოების თავსმოხვევა. ვისაც რა უნდა, ის იწამოს.

სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს ეკლესიას, მაგრამ ხარჯების მეტი გამჭვირვალობა უნდა იყოს, რათა ვინმეს ქილიკის საბაბი არ მიეცეს.

ფაქტია, პრობლემები დაგროვდა, ხალხს შენიშვნები აქვს, ეს ეკლესიამ უნდა გაითვალისწინოს. საზოგადოება არის სარკე, რომელიც თავის სახეს აჩვენებს როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლებას. შესაძლოა, რაღაც კრიტიკა ვერ მიიღო, მაგრამ უნდა გაფილტრო, რა როგორ არის.

- ხომ არ არის საფრთხე, რომ ეკლესია პოლიტიკური განცხადებების არენად იქცეს?

- იყო ამის მცდელობა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ერთხელ თუ დაუთმე, მერე ვეღარ დაიხსნი თავს. ეკლესია პოლიტიკურ პროცესებში არ უნდა ერეოდეს, არ შეიძლება ამბიონიდან პოლიტიკას ქადაგებდე, მაგრამ თუ პოლიტიკურ ძალას ნაკლოვანებები აქვს, უნდა ითქვას, უნდა ვამხილოთ.

——————-

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 26 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „მთავრობამ იდიოტების გარეკვით უნდა დაიწყოს

ია აბულაშვილი

“მთელი მსოფლიოსათვის აღმოჩნდა გამორჩეული წარმავალი წელი: ბრიტანული ბრექსიტი, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების სკანდალურად სენსაციური შედეგი და კიდევ უფრო გაურკვეველი პერსპექტივები, ევროპის უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო მიგრანტული კრიზისი, პლანეტარული ხასიათის ეკონომიკური რყევები და ისლამური ტერორიზმის უპრეცედენტო გააქტიურება დროის მოკლე მონაკვეთში; ალეპოს ტრაგედია და რუსეთის როლი; ეს ალბათ არასრული ჩამონათვალია იმ ძლიერი გამოწვევებისა, რომლის ფონზეც მარტში ამინდის კაპრიზივით თუ გამოიყურება საქართველოს ეროვნული ვალუტის კრიზისი და ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები,” – ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც “მთელი კვირა” ქვეყანაში და მის გარეთ მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

- სანამ ქვეყნის გარეთ მიმდინარე მოვლენებზე დავიწყებდეთ საუბარს, ჩვენი დღევანდელი დღე არ მოგვცემს საშუალებას, რომ გვერდი ავუაროთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის პრობლემებს. თქვენი აზრით, ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი მართლაც საგარეო ფაქტორებია? მართლაც გარდაუვალი იყო ის, რაც ჩვენს ეროვნულ ვალუტას დაემართა?

- დავიწყოთ იმით, რომ არამეცნიერული და მცდარი მიდგომაა ნებისმიერი კრიზისის გამომწვევი რომელიმე ერთი მიზეზის აბსოლუტიზება, იქნება ეს ამა თუ იმ მთავრობის სავარაუდო შეცდომები თუ ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესები. ეს აქსიომაა. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ რეალობას, ჯერ კიდევ ნაპოლეონი ამბობდა – გამარჯვებას ათასი მამა ჰყავს, დამარცხებაა მუდამ ობოლიო. ფინანსებთან მიმართებაში ჩემი კომპეტენცია, ჩემი ხელფასის სწორად განკარგვის მცდელობით თუ შემოიფარგლება და ამიტომ მასავით მოკრძალებულია, თანაც არც პოლიტიკოსი ვარ, რომ ენციკლოპედიური განათლება დავიბრალო. ამიტომ ლარის მარცხის “მშობლის” ვინაობა დარგის პროფესიონალებთან უნდა გაარკვიოთ. ისე კი, მთელ ჩემს თავხედობასა და გამბედაობას მოვიკრეფ და რიტორიკულ კითხვას დავსვამ: თუ ჩვენს მეზობელ სომხეთში ერთ პროცენტსაც არ აღწევს ინფლაცია, ჩვენში რატომაა ათ პროცენტზე მეტი? რატომ მყარდება რუსული ვალუტა? თანაც მკაცრი სანქციების პირობებში? კი, განსხვავებული სურათია თურქეთსა და აზერბაიჯანში, ასე რომ, ხედავთ, პროფესიონალის განმარტებაა საჭირო.

- კარგით, მაგრამ თქვენი საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით, მაინც რას ურჩევდით ჩვენს მთავრობას?

- მთავრობას თავისი მრჩევლებიც ჰყოფნის. ხომ ხედავთ პარლამენტსაც კი უწილადებს. თუ მაინცდამაინც ჩემი აზრი გაინტერესებთ, პირველ რიგში იმას ვურჩევდი, რის დაწყებასაც, როგორც ჩანს, უკვე აპირებს ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი…

- “ბალასტისგან” განთავისუფლებას?

- “დეკაბრისტების” აჯანყების შემდეგ დაბნეულმა, მისთვის მოულოდნელად გაიმპერატორებულმა ნიკოლოზ პირველმა, რჩევა ჰკითხა ინგლისში მცხოვრებ „გავესტერნიზებულ“ ანგლოფილ თავად სიმონ ვორონცოვს, თუ რითი დაეწყო იმპერიის მართვა. ლონდონიდან ორსიტყვიანი პასუხი მიიღო “იდიოტების გარეკვით”. არა მგონია, მხოლოდ ერთადერთ ჩვენს სამინისტროში შეიკრიბა მთელი ქართული საბიუროკრატო “ბალასტი”. ვუსმენდი ამ დღეებში ჩვენი სუპერ-ლიბერალი არასამთავრობოების კრიტიკას (მინისტრის მისამართით), თურმე ლექსიკონებში რომ ეძებდნენ “ბალასტის” ახსნას. ლექსიკონში ჩაუხედავად ვეტყვი, “ბალასტი” სულაც არ არის სალანძღავი ან დამამცირებელი სიტყვა. გასულ საუკუნეში (ზოგადად დღესაც) იგი დირიჟაბლების აუცილებელი და სასარგებლო ტვირთია, რაც კრიტიკულ მომენტში საიმედო დაზღვევა იყო. ეს ისე, ცნობისთვის.

- ჩვენ შემთხვევაში, ეტყობა, საკითხი ადამიანთა სამსახურს ეხება, ანუ შემოსავლის გარეშე დატოვებას…

- მინისტრმა ეს ტერმინი კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით იხმარა, რომელთაც, თუ ბრალი დაუმტკიცდათ (მინისტრს კი ალბათ ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვს), გაცილებით სუსხიანი ეპითეტებიც ეკუთვნით. საერთოდ არ ვიცი, სწორია ერთი ტერმინის გამო ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა? საქართველოში “ექსპერტებს” (ნეტავ რამდენი ექსპერტი მოდის ჩვენში თითო გაზეთსა და ტელეარხზე?) ის რატომ არ აინტერესებთ, თუ რომელ ადგილზეა ევროპის ორი-სამი ჩვენხელა (მოსახლეობით) ქვეყნებში საქართველო პოლიციელების რაოდენობით? ვიცი, რომ წინა ხელისუფლების დროს ევროპის ყველა ორჯერ ჩვენზე დიდ ქვეყანას ვუსწრებდით ამ მხრივ. დღეს მხოლოდ ის ვიცი, რომ იგივე ბელგიაში კატასტროფულად მომრავლებულმა ტერორისტულმა აქტებმაც კი ვერ დაარწმუნა ხელისუფლება პოლიციელთა რაოდენობის სერიოზული ზრდის აუცილებლობაში.

ჩვენში კი როდის დაიწყო შტატების გიგანტური ზრდა სამართალდამცავ ორგანოებში? პოსტშევარდნაძისტულ პერიოდში, როდესაც 10-15 წლის “ჟიგულების” პარვა-გამოსყიდვა იყო მთავარი პრობლემა. “გულქვა” ხელმძღვანელებს ყველგან და ხშირად უწევთ თავიანთი “კეთილი” წინამორბედების მიერ ჩადენილ “სიკეთეებზე” პასუხისმგებლობის აღება. პროცესი კი მაშინ ხდება განსაკუთრებით მტკივნეული, როდესაც საკადრო სელექციას ნეპოტიზმი ან პარტიული, “შინაურული” მიდგომა უდევს საფუძვლად. მტერს არ ვუსურვებ ახლა იმ დეპარტამენტებისა თუ სამმართველოს უფროსების ტყავში ჯდომას, სამსახურიდან გასაშვები კანდიდატების შერჩევა რომ დაევალათ: რამდენ მათგანს ეყოფა გამბედაობა კარიერული რისკის ფასად ნაკლებად გამოსადეგი, მაგრამ “პატრონიანი” შეიტანოს “შავ სიაში” და საქმისათვის საჭირო “უპატრონო” დაიცვას? ისე, საინტერესოა – დარჩნენ კი ამ რაოდენობით სადმე “უპატრონოები” ამდენი არჩევნებისა და ხელმძღვანელი პირების ცვლილებების შემდეგ?

- კი მაგრამ, საბოლოო გადაწყვეტილებას ხომ მაინც უწყების პირველი პირი, მინისტრი იღებს?

- რასკვირველია, მაგრამ ერთი მინისტრი შტატს ბერავს, თანაც ხშირად მხოლოდ იმიტომ, რომ ახლობლები და პარტიული აქტივისტები დაასაქმოს, ხოლო მეორე მინისტრს მათი შემცირება უწევს. მსოფლიოში კი მხოლოდ ერთი მინისტრი (დირექტორი) იქნებოდა პიროვნულად თავის ყველა თანამშრომელს რომ იცნობდა – ეფ-ბი-აის ლეგენდარული დირექტორი ედგარ ჰუვერი (50 წელი ხელმძღვანელობდა უწყებას, ცოლ-შვილი არასოდეს ჰყავდა და თანამშრომელთა გასაცნობად ბევრი დრო ჰქონდა), ამიტომ უმუშევრობაზე “გასაწირავთა” ძირითადი მასის შერჩევა უშუალო ხელმძღვანელებს ევალებათ.

“ქართულ ოცნებას” 2012 წელს რეალური შანსი ჰქონდა “ოპტიმიზაციის” პრინციპით დაეკომპლექტებინა სამინისტროები, რაც დღეს ნაკლებად მტკივნეულს გახდიდა ფულის დაზოგვას. თუ გახსოვთ, სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაითხოვეს მაშინ ყველაზე მეტი თანამშრომელი. მეორე ადგილზე იყო ალასანია. ხომ შეეძლოთ ახალ მინისტრებს, ოპტიმალურად დაეკომპლექტებინათ თავიანთი უწყებები? მითუმეტეს, რომ ღარიბაშვილიცა და ალასანიაც ახალი პრემიერის უპირობო ნდობით სარგებლობდნენ და თავად იღებდნენ საკადრო გადაწყვეტილებებს.

- ე.ი. დიდწილად დღევანდელი არაპოპულარული საკადრო გადაწყვეტილება იმდროინდელი შეცდომის ბრალიცაა?

- შორს წაგვიყვანს იმაზე დაწვრილებით საუბარი, თუ რა უარყოფითი (ზოგჯერ ფატალურიც კი) შედეგი შეიძლება მოჰყვეს მცდარ საკადრო სელექციას, მითუმეტეს თუ ნეპოტიზმიცაა საქმეში გარეული. ერთია როდესაც ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ პროფესიონალი აიყვანა სამსახურში და შემდეგ დაინახა, რომ შეცდა. აქ გაშვება ან ჩანაცვლება შედარებით იოლია, მაგრამ როდესაც მთავარი მოტივი ნეპოტიზმი ან პარტიული შემადგენელია, აქ უკვე აშკარა “ბალასტიც” კი ზოგჯერ ხელშეუხებელია. ამიტომაც არის, რომ თითქმის 30 წელია დამოუკიდებლები ვართ და ვერა და ვერ ჩამოყალიბდა საქართველოში საქმის მცოდნე და ერთგული, მაღალპროფესიული, კომპაქტური ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც შეძლებდა გაუთვალისწინებელი დანაკარგებისა და მაქინაციური “ლირიული გადახვევების” გარეშე დაეყვანა ადგილამდე სათავეში დაგეგმილი ესა თუ ის რეფორმა და ნებისმიერი აუცილებელი გადაწყვეტილება.

ერთხელ მაინც დაინტერესდით ჟურნალისტები ქართველ ჩინოვნიკთა, ანუ სახელმწიფო მოხელეთა, რამდენ პროცენტს გამოუცვლია თუნდაც ორი-სამი მინისტრი ან დეპარტამენტის ხელმძღვანელი? სად გაგონილა მუდამ “თავისი გუნდით” მიდიოდეს ყოველი ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელი? საბერძნეთიც იტანდა შტატების უაზრო ზრდას და ფანტასტიკურ პრემიებს (ელმავლების მემანქანეები ხელის ყოველ დაქნევაზე რომ იწერდნენ) სანამ ფულს არ უთვლიდა ევროკავშირი, მაგრამ რა დღეში ჩააგდეს, როცა დაუთვალეს? ამ შემთხვევაში ჩვენ “გაგვიმართლა”, რომ ევროკავშირის წევრი არა ვართ, თორემ მაშინ გენახათ “ქამრების მოჭერა” და “ოპტიმიზაცია”.

- იმის თქმა ხომ არ გსურთ, რომ ხელისუფლება მაინც ერიდება სერიოზულ სოციალურ უკმაყოფილებას და უფრო ეფექტური ზომების მიღებაცაა შესაძლებელი?

- ეგ კითხვაც სპეციალისტებს უნდა დაუსვათ. რაკი ძირითადად უცხოეთის გამოცდილებაზე ვსაუბრობთ, ერთსაც ვიტყვი: აი, შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია. ალბათ უახლოეს წლებში კონსტიტუციაში ცვლილებები აღარ შევა. ეგებ გამოვიყენოთ ეს შანსი და მივბაძოთ ჩვენზე დიდ და დემოკრატიულ ქვეყნებს, თუნდაც იგივე ისრაელს, სადაც გაცილებით ნაკლები პარლამენტარი ჰყავთ და ჩვენზე ბევრად უკეთესად ცხოვრობენ? რასაკვირველია, პარლამენტის წევრთა რაოდენობა არ განსაზღვრავს დემოკრატიისა და ცხოვრების დონის ხარისხს, მაგრამ თუ მართლაც იგეგმება მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, რაც ალბათ ახალ კონსტიტუციაშიც აისახება, არ გვეყოფა ასი დეპუტატი? ხომ ყველა ხედავს, რომ არ გაამართლა ხან ხელისუფლების ორმა “ნიუ-ჰაუმ” – დიასპორისა და ინტეგრაცია- შერიგების სამინისტრომ? კარგია, რომ ერთი გაუქმდა. რა აქტივს ითვლის მეორე?

- ე.ი. “ბალასტია”?

- არა, ბალასტს, კიდევ ერთხელ გეტყვით, რეალურ და ექსტრემალურ სიტუაციაში უნიკალური, ძალიანაც სასარგებლო ფუნქცია აქვს. დიდსულოვნად შემინდონ ცოდვა ჩვენმა “შემრიგებლებმა” თუ ვცდები, მაგრამ წელი წელს მისდევს და მე მათი ქაღალდზე დაწერილი ფუნქციის რეალური ეფექტი არ დამინახავს.

- კარგით, ახლა საერთაშორისო მოვლენები განვიხილოთ. წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ილაპარაკა, თანაც დადებით ჭრილში. რას ნიშნავს ეს ფაქტი თქვენთვის?

- არავისთვის არ უნდა იყოს საკამათო, რომ სავიზო რეჟიმს თავისუფალი მიმოსვლა სჯობს. თუ რუსეთი საფრთხეა და წინა ხელისუფლებამ მაინც გააუქმა ცალმხრივ ვიზის საჭიროება, ე.ი. უკანასკნელი არ ყოფილა პანაცეა. ჩვენთვის მხოლოდ სასარგებლოს მომტანი შეიძლება იყოს პუტინის განცხადების რეალიზება, თუმცა ამას ალბათ დრო დასჭირდება. მთავარი კი ის არის, რომ ვიზის გაუქმებას ვაჭრობის გააქტიურებაც მოჰყვება. ამ დღეებში, საახალწლოდ 800 “ფურა” მხოლოდ ხილი ჩაიტანა რუსეთში აზერბაიჯანმა. ჩვენ რამდენი? როდის აქეთ გაუჩნდა აზერბაიჯანს ჩვენზე მეტი საექსპორტო ხილი?

ალბათ არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოებას, რომ მე მუდამ ვიყავი და დღესაც ვარ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის აქტიური მომხრე. ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ნებისმიერ რუსოფობზე უკეთ ვიცნობ რუსეთს, მის ისტორიულ ანატომიას, დიპლომატიურ ხელწერას, სამხედრო ძალაზე დაფუძნებულ (არცთუ იშვიათად ღიად აგრესიულ) საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს, მაგრამ სწორედ ამიტომაც მწამს და მჯერა, რომ არასწორი და არაპროდუქტიულია 140-მილიონიანი მეზობლის გადაკიდება.

- ბევრი თვლის, რომ ჩვენ კი არ გადავიკიდეთ რუსეთი, ის გადაგვეკიდა ჩვენ, ვინაიდან საქართველომ ევროპისაკენ და ნატოსკენ აიღო კურსი.

- ჯერ ისე არ გავგიჟებულვარ, რომ იმის მტკიცება დავიწყო, ევროპას რუსეთი ჯობიაო. მითუმეტეს როცა თავად რუსეთს, პირველ რიგში ბიზნესელიტასა და ინტელიგენციას ევროპულად ცხოვრება უნდა. ჩემთვის ევროპა და ნატო ერთი და იგივე არაა. ნატოს რამდენი ქვეყანა გინდათ დაგისახელოთ, სადაც ევროპული ფასეულობებისა და ღირებულებების სუნიც არ იგრძნობა? არასოდეს არ გახდებიან ნატოს წევრები იაპონია, სამხრეთ კორეა, ისრაელი, მაგრამ ხომ მიაღწიეს დემოკრატიის იმ დონეს, ჩვენთვის რომ საოცნებოა?

ნატოსა და ევროკავშირში ფორმალურად გაწევრიანების გარეშე შეუძლებელია დამოუკიდებელი სასამართლო, გაუყალბებელი არჩევნები, ეფექტური და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება, ძლიერი და პრინციპული ოპოზიცია, მოუსყიდველი ინტელიგენცია, ნეპოტიზმისა და წნეხისგან თავისუფალი საკადრო სელექცია? რა, რუსი ხაკერების დახმარებით გაიმარჯვეს არჩევნებში “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატებმა? ნუთუ სერიოზულად ფიქრობს ვინმე, რომ ნატოში შესვლის (მანამ არაფერი გეტკინოთ) მეორე დღესვე შეიცვლება ეს ყველაფერი? ოცდაექვსი წელი საკმარისზე მეტი დრო იყო საიმისოდ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ თუნდაც ერთ სფეროში მაინც გავთანაბრებულიყავით ევროპასთან, ცივილიზებულ სამყაროსთან.

ვიცი, ყელში მწვდებიან, ეგ ყველაფერი რუსეთის ბრალიაო. ჯერ სამოქალაქო ომი “გაგვიჩალიჩა”, მერე 2008 წლის ომი და დრო აღარ დაგვიტოვა დემოკრატიის სამშენებლოდო. რეალური დამოუკიდებლობისთვის მზად მყოფ ჯანსაღ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტას ელცინისა და პუტინის რუსეთი კი არა ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანეც კი ვერ წამოაგებდა პრიმიტიულ პროვოკაციებზე, თუმცა უკანასკნელი სამართლიანად ითვლებოდა რომაული “გათიშე და იბატონეს” უბადლო დიდოსტატად; ჩერჩილის ცნობილი გამოთქმისა არ იყოს – ჩვენში ყველა პრეზიდენტი მომავალ არჩევნებზე ფიქრობდა და არც ერთი მომავალ თაობაზე.

- სირიის მოვლენებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რა ხდება სირიაში და იქნება თუ არა მშვიდობის მომტანი ახალი წელი ამ ქვეყნისთვის?

- რაც შეეხება მშვიდობას: სამწუხაროდ არანაირ მშვიდობას არ მოუტანს ახალი წელი სირიელებს და მთლიანობაში რეგიონს. თითქოს მთავრდება ალეპოს ტრაგედია, მაგრამ პალმირა კვლავ დაიშის ხელშია და როცა გაზეთის ეს ნომერი მკითხველამდე მივა, შეიძლება უკვე სტრატეგიული ქალაქი ხომსიც მათ ხელში აღმოჩნდეს. ამჟამად უკვე ქალაქის გარეუბნებში იბრძვიან დაიშის მებრძოლები. სირიის ტრაგედიაა, რომ მთავარი სამხედრო ძალის, რუსეთის ავიაციისა და “სპეცნაზის” მთავარი ამოცანაა ასადის რეჟიმის გადარჩენა, თუნდაც დაქუცმაცებულ სირიაში. ეს იყო პუტინის მთავარი მიზანი და მან გაიმარჯვა. სხვა საკითხია რა ფასის გადახდა მოუხდა მოსკოვს და მომავალში კიდევ რა დაუჯდება საერთაშორისო რეზულტატის თვალსაზრისით. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, რხევის განსხვავებული ამპლიტუდით, მაგრამ მაინც ამუშავდება და დიდი ალბათობით რუსეთი კიდევ კარგა ხნით დარჩება საერთაშორისო დონეზე კრიტიკის ობიექტად, თუმცა ჩანს, კრემლს ეს ნაკლებად ადარდებს…

- აქვე უნდა გკითხოთ ოფიციალური თბილისის პოზიციაზე: პარლამენტმა უარი თქვა სპეციალური რეზოლუციით დაეგმო მოსკოვი; გაეროში ჩვენი დელეგაცია ასევე არ შეუერთდა იმ 52 სახელმწიფოს, რომლებმაც სირიაში ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი მიზეზების შესწავლას დაუჭირეს მხარი. რამდენად წაადგება საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს ასეთი “თავშეკავება”?

- ეგ ყველაფერი კარგი მასალაა ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა პოპულისტური დემაგოგიისათვის, მაგრამ რეალური შედეგი არაფერს აღარ ნიშნავს? რა, თუ საქართველოს პარლამენტი მოსკოვს გაკიცხავს, ან ჩვენი დელეგაცია რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციის პროექტს დაუჭერს მხარს, ამის სანაცვლოდ დაჩქარებული წესით მიგვიღებენ ნატოსა და ევროკავშირში? ნუთუ გჯერათ, რომ საერთაშორისო არენაზე მძიმეწონიანი მოთამაშის რეპუტაციით სარგებლობს საქართველო? ერთადერთი დედაქალაქი, სადაც შეამჩნევდნენ და დაიმახსოვრებდნენ ჩვენს ანტირუსულ დიპლომატიურ საჯარო აქტიურობას, მოსკოვი იქნებოდა, რაზეც კრემლს ტრადიციულად ერთნაირი სტანდარტული პასუხი აქვს.

არაერთხელ მითქვამს და დამიწერია – ჯანსაღი სახელმწიფო ეგოიზმი. აი, რა უნდა იყოს ქართული დიპლომატიის მზიდი კონსტრუქცია თანამედროვე საერთაშორისო პასიანსის ფონზე. სწორედ ამ პოლიტიკამ აქცია მეცხრამეტე საუკუნეში არც თუ დიდი და რესურსებით არც თუ მდიდარი კუნძული ინგლისი “ზღვათა მპყრობელ” (ასევე, იმდროინდელი ხმელეთის დიდი ნაწილის) “დიდ ბრიტანეთად”, სადაც პირდაპირი გაგებითაც კი არ ჩადიოდა მზე. როგორც ირკვევა, ჩვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჩვენზე ათჯერ უფრო მდიდარ ბევრ ქვეყანაზე, მეტი სირიელი ლტოლვილი შევიკედლეთ, ეს უკვე რეალური დახმარებაა, რეალური ეფექტით.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 26 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ზურაბ ბიგვავასთან: „უკმაყოფილება შეიძლება არსებობს, მაგრამ მძლავრ საპროტესტო ტალღას არ ველოდები

თაკო მათეშვილი

სოციოლოგი, საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ “ფსიქო-პროექტის” დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების, ლარის კურსისა და მთავრობის მიერ დაგეგმილი სოციალური პროგრამების გაუქმების მიუხედავად ხალხში მასშტაბურ პროტესტს გამორიცხავს და ამბობს, რომ საამისო მუხტი დღესდღეობით არ არსებობს. მისი აზრით, მომდევნო წლები საქართველოსთვის წარმატებული იქნება. ამბობს, რომ რაც უნდა დაუჯერებლად ეჩვენებოდეს ეს ვინმეს, ხელისუფლების მიერ გასულ წლებში გადადგმული ნაბიჯები შედეგს სწორედ მომდევნო წლებში მოიტანს, რაც ხალხს შვებას აგრძნობინებს.

“მთელ კვირასთან” ინტერვიუში სოციოლოგი, რომლის კომპანია “ოცნების” დაკვეთით ატარებს-ხოლმე კვლევებს, საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასაც აფასებს და ლოგიკურად მიიჩნევს, რომ მან პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების საკითხი განიხილოს.

- ბევრი ფიქრობს, რომ ხელისუფლება, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ იგი საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს, მთავარ კანონს საკუთარ ინტერესებს მოარგებს, ამის საშიშროებას ხედავთ?

- აბსოლუტურად ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ თითოეულ ხელისუფლებას თავისი ინტერესი აქვს. თუ ხელისუფლებას იმის მოთხოვნილება აქვს, რომ საკუთარი ინტერესი საზოგადოების ინტერესების ხარჯზე დაიკმაყოფილოს და ხალხს ზიანი მიაყენოს, ეს საზოგადოების პრობლემაა და არა ხელისუფლების. არ ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლებას ასეთი მიზანი აქვს. შეიძლება ფიქრობს, რომ გააკეთოს ის, რაც მის მიერ დასახული გეგმებისათვის ოპტიმალური იქნება. საკონსტიტუციო ცვლილებები საჭირო რომაა, ამაზე ღრმა და სერიოზული კონსენსუსი არსებობს.

- ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც, როგორც ჩანს, საკონსტიტუციო კომისია განიხილავს, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაა. პირადად თქვენ რას ფიქრობთ, შესაცვლელია თუ არა არჩევის წესი?

- წინა კონსტიტუციაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოში პრეზიდენტი მთავარი ხელისუფალი არ უნდა ყოფილიყო. საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავარი, გადამწყვეტი პირი პრემიერ-მინისტრია. პრეზიდენტის პირადაპირი წესით არჩევა კი, შეიძლება ითქვას, შეცდომა იყო. კონსტიტუცია პრეზიდენტისათვის ამხელა ლეგიტიმაციის მინიჭებას არ ითვალისწინებს. ეს იყო შეცდომა, რომელმაც პრობლემები შექმნა. დღეს კი ამ პრობლემის დასრულებას ცდილობენ და ამაში განსაკუთრებული და არალოგიკური არაფერია. პრეზიდენტი, რომელიც აღჭურვილი არაა ისეთი უფლებამოსილებით, როგორითაც საპრეზიდენტო მმართველობის დროს იყო, იმაზე მეტი ლეგიტიმაციის მქონეა, ვიდრე ეს მას სჭირდება.

- ფიქრობთ, სჯობს, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს?

- არ ვიცი რა ჯობია, მაგრამ კანონმდებლებმა ის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომლითაც რეალობაში არსებული წინააღმდეგობები მოიხსნება.

-ნაციონალურ მოძრაობაშიარსებული დაპირისპირების შესახებ უკვე კარგა ხანია გახდა ცნობილი, თუმცა ბოლო დღეებში პარტიის წევრები ერთმანეთისადმი განსაკუთრებულად მწვავე და ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ განცხადებებსაც აკეთებდნენ. უკვე თავადაც აცხადებენ, რომ პარტია დაიშალა. ეს თქვენთვის მოულოდნელი იყო?

- ისინი ამ პროცესს უკეთ ხედავენ. მე დავეთანხმებოდი დარჩიაშვილის მოსაზრებას, რომ “ნაცმოძრაობის” დაშლის პროცესი დაიწყო. ეს პროცესი კარგა ხნით ადრე იყო პროგნოზირებული. ვფიქრობ, რომ იგი ბოლომდე მივა – საბოლოოდ დაიშლება.

“ნაციონალური მოძრაობა” საკუთარი თავის ობიექტივაციას მოახდენს და ნათლად აჩვენებს თუ რას წარმოადგენს ის. ესაა იმ შინაგანი კომპლექსების მანიფესტაცია, რაც ამ პარტიას ჰქონდა. აღნიშნული პროცესიც უკვე დაიწყო. ელენე ხოშტარიას ნათქვამი წავიკითხე, რომელიც ამბობს, ჩვენ ძალიან მძიმე დანაშაულები უნდა გავაცნობიეროთ და ვაღიაროთო. ესაა გზა იქითკენ, რომ მათი კათარზისი მოხდეს. ჩემთვის ნათელია, რომ ეს “ნაციონალური მოძრაობის” აღსასრული იქნება.

- ანუ, პარტიის ორად გაყოფის შემთხვევაში არც ერთ ნაწილს არ ექნება პოლიტიკურ ასპარეზზე ეფექტურად ფუნქციობის შესაძლებლობა?

- “ნაციონალური მოძრაობა” უკვე გაიყო რამდენიმე ნაწილად. ეს პროცესი გაგრძელდება და დარჩენილ ნაწილებს, ჩემი აზრით, მიმზიდველი არაფერი ექნება.

- ანუ, იმ რეიტინგსაც დაკარგავენ, რაც ამ მომენტისათვის აქვთ?

- რა თქმა უნდა. “ნაცმოძრაობა” არა მხოლოდ მომხრეებს დაკარგავს, არამედ იმ მიმზიდველობასაც, რაც ჰქონდა, რადგან გამოდის, რომ მათ მიერ დასახელებული მიზნები და ამოცანები რეალისტური არ იყო. ეს ამ პოლიტიკური ძალის დასასრულია.

- ამ გუნდში დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მიხეილ სააკაშვილი და მისი თავმჯდომარეობა გახდა. პარტიის წევრების ნაწილი ფიქრობს, რომ იგი კვლავ ხელმძღვანელის პოსტზე უნდა დარჩეს, თუნდაც ფორმალურად, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ რაკი სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლა არ შეუძლია, ეს თანამდებობა სხვამ უნდა დაიკავოს. მათი ეს სურვილი ლოგიკურია?

- აბსოლუტურად ლოგიკურია. სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოვა და შესაბამისად, პოლიტიკური ძალის მმართველი არ უნდა იყოს. ასეთი სიტუაციაა – მათი მხარდამჭერების ძირითადი მასა საქართველოს “გადარჩენის” პოტენციალს სააკაშვილში ხედავს. ეს მასა დაინახავს თუ რას წარმოადგენს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე დაყრდნობილი “ნაციონალური მოძრაობა”, როდესაც მას ინტელექტუალური ძალა – “ლიდერშიპის” ნაწილი – გამოაკლდება. ეს პარტის წევრების ის ნაწილია, რომლითაც “ნაციონალური მოძრაობა” ფონს გადიოდა. ასე რომ, ყველაფერი, დიდი ალბათობით “ნაციონალური მოძრაობის” ბოლო ამოსუნთქვა და დასარულია.

- იქიდან გამომდინარე, რომ სააკაშვილი მომხრეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მისი ლიდერობის გარეშე შეძლებდა პარტია ფონს გასვლას?

- ვფიქრობ, რომ “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც პოლიტიკური ძალის თვითგადარჩენის რესურსი ძალიან დაბალია. თუმცა, პარტიის შედარებით რაციონალური ნაწილის, იმ ადამიანების გადარჩენის შანსი არსებობს, რომლებიც ძალიან ცუდ რაღაცებში არ არიან გარეულნი. თუკი მათ ეყოფათ რესურსი, რომ “ნაცმოძრაობის” ყველა შეცდომის აღიარების შემდეგ მაინც ხალხისთვის მიმზიდველ პოლიტიკურ ძალად დარჩნენ.

- ნაცმოძრაობის დაყოფითა და მითუმეტეს დაშლით, ხელისუფლება ძლიერი ოპოზიციის გარეშე არ რჩება? და თუ ასეა, რამდენად სასარგებლოა ეს თავად ხელისუფლებისა და ქვეყნისათვის?

- არ ვფიქრობ, რომ მსგავსი რამ მოხდება. ხელისუფლებას საკმაოდ ბევრი ოპონენტი ჰყავს – არასამთავრობო ორგანიზაციები, პარლამენტს მიღმა დარჩენილი პოლიტიკური ძალები. საქართველოში კრიტიკის პოტენციალი ყოველთვის იყო, არის და იქნება. ყველა მესამე ძალის გამოჩენაზე საუბრობს, მაგრამ ჯერჯერობით ეს დიდი კითხვის ქვეშ დგას. არავინ იცის, როდის გამოჩნდება, რა სახით, რა რესურსი ექნება და ა.შ. ვფიქრობ, რომ ეს არც კარგია და არც ცუდი, რადგან თავად ხელისუფლებაში, საკონსტიტუციო უმრავლესობის შიგნით აუცილებლად წარმოიშვება კრიტიკული მასა, რომელიც ხელისუფლების რაციონალური ოპონენტი იქნება. მათი რაციონალური კრიტიკა კი განვითარების საფუძველი გახდება.

-ნაცმოძრაობისასეთ სიტუაციაში ყოფნა ზრდის თუ არა ხელისუფლების რეიტინგს, მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონისა?

- განსხვავებული ვიქნები და ვიტყვი, რომ ქვეყანაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მოვლენები და პროცესები ლოგიკურად ვითარდება. რა თქმა უნდა, წინ რთული წელი გველის და ეს ძალიან ბუნებრივია. არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ ყველა მტკივნეული რეფორმა უნდა განახორციელოს. თუმცა, ამავე დროს, არსებობს დადებითი რესურსი, რომელიც ქვეყანას სწორ გზაზე გაიყვანს. ასე რომ, ვფიქრობ დევიზი, რომლის მიხედვითაც სწრაფი განვითარებით კეთილდღეობას მივაღწევთ, რეალისტურია. ამისკენ მივდივართ. დღევანდელი გაჭირვება და ლარის კურსი მოგვარებადია. ჩემი აზრით, მომავალი წლიდან საქართველოში ძალიან სერიოზული წინსვლა და ცვილებები იქნება.

- არსებული ეკონომიკური პრობლემების ფონზე, რა გაძლევთ ამგვარი ოპტიმიზმის საფუძველს?

- ძალიან სწორი კითხვაა. გეტყვით, თუ რატომ ვფიქრობ ასე – წინა ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლებას ძალიან კრიტიკული სიტუაცია ჰქონდა. ივანიშვილის პროგნოზი, რომ ყოველი მომდევნო წელი უკეთესი იქნებოდა, არ გამართლდა, მაგრამ იმას გეტყვით, რასაც ჩემი თვალით ვხედავ, პირველი წელი გადარჩენის იყო – ადამიანები სიკვდილსა და შიმშილს გადარჩნენ. არ დაიღუპნენ იმის გამო, რომ ოპერაციას ვერ იკეთებდნენ და ა.შ. პენსიონერების რაოდენობა გაიზარდა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ბევრი სიცოცხლე გადარჩა. მერე ის მოხდა, რომ ადამიანებმა მოსავლის დასეტყვის გამო კომპენსაციები მიიღეს. ბევრი პროგრამა დაიწყო, რის შედეგადაც სოფლებში მიწის მასობრივი დამუშავება დაიწყო. ეს ოთხი წელი ადამიანები იმ დამუშავებულ მიწებში ნარგავებს რგავდნენ, რომელმაც პირველი ნიშანი შარშან მოგვცა, პირველ მოსავალს კი წელს მოგვცემს. ეს საგრძნობ შედეგს მოიტანს. მომავალ წლებში კი ეს შედეგი კიდევ უფრო გაიზრდება.

ცოტა ხანში ბევრი რამის შედეგი გამოჩნდება. არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში გადადგმული ნაბიჯებისა. ეს პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა, რომელიც ტყუილებში, ტრაბახსა და პოპულისტურ გამოსვლებში შემჩნეული არაა.

- ანუ, მიუხედავად ლარის კურსის ვარდნისა, მიუხედავად გარკვეული სოციალური პროგრამების გაუქმებისა და მიუხედავად სამინისტროების თანამშრომლების ხარჯზე ოპტიმიზაციისა, თქვენი აზრით, ხალხი უახლოეს მომავალში შეღავათს იგრძნობს?

- რა თქმა უნდა. კურსი შეიძლება კიდევ გაიზარდოს, მაგრამ მთავარია მყარი სოციალური კაპიტალი გვქონდეს. ასევე ველოდოთ და იმედი გვქონდეს, რომ სიკეთე იქნება. ეს კი ილუზიებსა და ოცნებებზე არ უნდა იყოს აგებული. უბრალოდ უნდა დავინახოთ, თუ რა მოხდა და გაკეთდა.

- შესაბამისად, არ ელით, რომ სოციალური პრობლემები ხალხში პროტეტს გამოიწვევს, რამაც შესაძლოა ქუჩაშიც გადაინაცვლოს?

- არაფერი მსგავსი არ მოხდება. ქვეყანაში “ომის ფორმულა” არ არსებობს. ანუ, არ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრის შესაცვლელად გამოვლენ და “ომს” დაიწყებენ. უკმაყოფილება შეიძლება არსებობს, მაგრამ თუკი პრობლემები დროუალად გამოსწორდება, არაფერი იქნება. მძლავრ საპროტესტო ტალღასა და მოძრაობას არ ველოდები.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 26 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან: უამრავი მინისტრი მოიხსნება, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით“ // „ვიზალიბერალიზაცია ძალიან ცუდად დამთავრდება საქართველოსთვის

ნინო ქეთელაური

“საზოგადოება გამოვა შინაგანი ძილის მდგომარეობიდან და ამის მთავარი მიზეზი იქნება ის სერიოზული შეცდომები, რომელსაც მთავრობა პირველი ოთხი თვის განმავლობაში დაუშვებს,” – ასე აფასებს მოსალოდნელ მამლის წელიწადს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი “მთელ კვირასთან” საუბრისას. როგორც ის აღნიშნავს, ეს იქნება სერიოზული ცვლილებების წელი, რომელიც, ერთი მხრივ, მტკივნეულია, მეორე მხრივ კი, ქვეყნისთვის აუცილებელი. ასტროლოგის თქმით, იქნება სამთავრობო ცვლილებები, გამოჩნდებიან ახალი ლიდერები, იქნება დაპირისპირება რელიგიასა და პოლიტიკოსებს შორის, ინფექციური დაავადებები, ავარიები, ტრავმები, ამიტომ საზოგადოებას პირველი ოთხი თვის განმავლობაში, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისაგან თავის შეკავებას ურჩევს.

მიხეილ ცაგარელი: 2017 წელს შედარებით მეტი სერიოზულობა, საქმისადმი პასუხისმგებლობაა მოსალოდნელი. მაგრამ რომ გითხრათ, იქნება მშვიდი, გაწონასწორებული და ჰარმონიული-მეთქი, მოგატყუებთ. იქნება საკმაოდ დაძაბული, რთული, ნებისმიერ დონეზე უამრავი ცვლილებებით აღსავსე. თუმცა, ქარაფშუტა, ზედაპირული და უპასუხისმგებლო მაიმუნისგან განსხვავებით, მამალი უფრო სერიოზულია და საქმე ბოლომდე მიჰყავს. სიყვარულშიც, თუ მაიმუნს ფლირტისადმი და ზედაპირული ურთიერთობებისადმი აქვს მიდრეკილება, მამალი უფრო სერიოზულია, პასუხს აგებს საკუთარ საქციელზე, უყვარს საკუთარი ოჯახი და გამრავლების ერთ-ერთი სიმბოლოა. ამიტომ, მომავალი წელიწადი დემოგრაფიული კუთხით ძალიან კარგია.

გვექნება სასიკეთო ცვლილებებიც, მაგრამ ეს მოდის გარკვეული პრობლემების მეშვეობით.

- რა ცვლილებებს გულისხმობთ, გვექნება თუ არა სამთავრობო ცვლილებები?

- უამრავი მინისტრი მოიხსნება, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით. ეს კარგია ქვეყნისთვის, მაგრამ მტკივნეულია მათთვის და მათი ოჯახებისთვის. უამრავი ახალი ლიდერი გამოჩნდება, არამარტო იდეოლოგიური, არამედ რევოლუციური და სულიერიც. იმიტომ, რომ მამალი სულისკვეთებით რევოლუციონერია. ოპოზიციის და, ასევე, ხალხის მასის მოქმედება გაძლიერდება. საზოგადოება გამოვა შინაგანი ძილის მდგომარეობიდან და ამის მთავარი მიზეზი იქნება ის სერიოზული შეცდომები, რომელსაც მთავრობა დაუშვებს პირველი ოთხი თვის განმავლობაში.

- რა პერიოდი იქნება ყველაზე რთული?

- პირველი ოთხი თვე ურთულესია. აქ გვაქვს მზის და მთვარის დაბნელებები. ასევე, ადამიანების მიმართ უამრავი შეცდომა იქნება დაშვებული. გვექნება ინფექციური დაავადებები, მათ შორის ლეტალური დასასრულითაც. ამიტომ, მე ვურჩევ ყველას, რომ პირველი ოთხი თვის განმავლობაში საქმის პრაქტიკული რეალიზაცია ნაკლებად მოახდინონ, აქ უფრო შესაძლებელია თეორიული მომზადება, მოლაპარაკებები და პრაქტიკულ საქმიანობაზე გადავიდნენ მაისიდან. ამას მე ბიზნესმენებსაც ვურჩევ. პირველი ოთხი თვის განმავლობაში, ასევე იქნება უამრავი ავარია, ტრავმა, სხავდასხვა ეკოლოგიური კატასტროფები და ა.შ.

მთავრობის მხრიდან გადაიდგმება ძალიან ბევრი არაპოპულარული ნაბჯი, რაც ხალხის მასაში გახდება სერიოზული გაღიზიანების და დაპირისპირების მიზეზი. გაძლიერდება არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური ძალები და ა.შ., რაც გახდება იმის გამომწვევი მიზეზი, რომ მთავრობა იძულებული გახდება, ბევრ საკითხში კომპრომისზე წავიდეს. ხოლო წლის მეორე ნახევარში ძალიან ბევრი ახალი ლიდერი გამოჩდება. იმიტომ, რომ საკადრო კუთხითაც ძალიან ბევრი ცვლილება იქნება.

ასევე, მოსალოდნელია დაპირისპირება რელიგიასა და პოლიტიკოსებს შორის. ცვლილებები იქნება რელიგიურ კონფესიებში და მათ შორისაც იქნება დაპირისპირება. ცვლილებები იქნება განათლების სფეროშიც, ასევე ძალოვან და სამხედრო სტუქტურებში. ეს არის სერიოზული ცვლილებების წელიწადი, რომელიც ერთი მხრივ, მტკივნეულია, მეორე მხრივ, ქვეყნისთვის აუცილებელი.

- ახალი ლიდრები ახსენეთ, ამ მხრივ ოპოზიციურ ფლანგზე გვქნება სიახლეები?

- ოპოზიციურ ფლანგზე თუ “ნაციონალურ მოძრაობას” ვგულისხმობთ, აქაც იქნებიან ახალი სახეები, თუმცა ძველი სახეები მაინც წინა ფლანგზე დარჩებიან. თუმცა, აქაც, როგორც ხედავთ, გარკვეული პრიორიტეტები იცვლება და მიდის შიდა ბრძოლა, რაც მომდევნო წელსაც გაგრძელდება. ეს არის ახალი ძალების წინა ფლანგზე წამოწევის პერიოდი, როგორც ოპოზიციურ, ისე პოზიციურ ძალებში და პარტიებში.

- სოციალურ ფონს თუ გავითვალისწინებთ, 2016 წელი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. ამ მხრივ როგორი იქნება 2017?

- არანაკლებ რთული იქნება 2017 წელიც. შედარებით შეიძლება არა უშავდეს მეორე ნახევარს. მაგრამ, პირველ ნახევარში ლარი ისევ არ იქნება მყარი, რაც დამატებით პრობლემებს შექმნის. სადღაც შემოდგომიდან მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემცირებაა მოსალოდნელი და ეს სულ მცირედით დადებითად აისახება ლარზეც. თუმცა, ამ პერიოდამდე მისვლაა საჭირო და მანამდე ეს ძალიან ბევრ ადამიანს გააღიზიანებს და ფინანსური კუთხით მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.

სოციალური ცვლილებების დრო მოდის, ამიტომ ოპოზიციური ძალების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფკავშირების და სხვათა მოქმედება გახდება უფრო აქტიური. რაც მთავრობას თავისი არაპოპულარული ნაბიჯების შერბილებას ან უკან წაღებას აიძულებს. იმიტომ, რომ ხალხი ისედაც მძიმე მდგომარეობაშია ლარის გაუფასურების გამო და მთავრობა უწესებს კიდევ დამატებით გადასახადებს. მათ შორის, მოგონილი ტექდათვალიერების კუთხით. იმის მაგივრად, რომ შეცვალონ საწვავი და ხარისხი გააუმჯობესებინონ, ბენზინი რჩება იგივე და ტექდათვალირებიდან ფულის ამოღება უნდათ, ამის მიზეზია ის, რომ არ შეუძლიათ არც მრეწველობის აღორძინება, არც სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროების, საიდანაც ბიუჯეტის შევსებაა შესაძლებელი.

ნუ დაგვავიწყდება, რომ მამალი მეომარი და რევოლუციონერია, ამიტომ მის წელიწადში მსგავსი არაპოპულარული ნაბიჯები გამოიწვევს სერიოზულ აქციებს და გამოსვლებს. ამიტომ მთავრობას ვურჩევ, არ მიიღონ ისეთი კანონები, რაც შემდგომ ხალხს გარეთ გამოიყვანს. საზოგადოებას წლების განმავლობაში რაც არ გაუკეთებია, შეიძლება ის გააკეთოს, გაჩნდებიან ქარიზმატული რევოლუციური ლიდერები და ეს ყველაფერი დამთავრდება მთავრობისთვის სრული ფიასკოთი და თანამდებობების დაკარგვით.

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვიზალიბერალიზაციის მოლოდინში ვართ, საგარეო ფალნგზე რა სიახლეები გველოდება?

- რას გვაძლევს ვიზალიბერალიზაცია? მხოლოდ ხალხის მასის გადინებას, რაც ძალიან ცუდად დამთავრდება საქართველოსთვის. ეს ვიზალიბერალიზაციის პროცესი კიდევ დიდხანს გაჯანჯლდება და დროში გაიწელება. სანამ არ მოვუხმობთ გონს, არ დავალაგებით ურთიერთობებს რუსეთთან და არ გვექნება ყველა ქვეყანასთან თანაბარი პრინციპებით აწყობილი ურთიერთობები, ანუ არ ვიპოვით ბალანსს ამ ურთიერთობებში, იქამდე ვიქნებით ასეთ სავალალო მდგომარეობაში.

- ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2017 წარმატებული ან პირიქით, წარუმატებელი?

- დასავლური კალენდრით, ყველაზე კარგია სასწორისთვის, შემდეგ ვერძისთვის. საკმაოდ კარგი წელიწადია ქალწულისთვის. პირველი 4 თვის განმავლობაში მძიმეა კუროსთვის, მაგრამ მერე გამოსწორდება და მაისიდან უკვე უკეთესი იქნება. თხის რქას ბოლო სამი წლიდან გამომდინარე, საუკეთესო წელიწადი აქვს, მომდევნო წელი აქვს რთული ამიტომ, მან უნდა მოასწროს ძირითადი საკითხების შესრულება.

რთულია შედარებით მშვილდოსანთათვის და ცოტა მეტი სიფრთხილე და ყურადღება სჭირდება ამ ნიშანს, ზემდეტ რისკს უნდა მოერიდოს. თებერვლის ბოლომდე რთულია მორიელისთვის, მერე ნელ-ნელა დამშვიდდება, ხოლო ოქტომბრის ბოლოდან უკვე ვარსკვლავური წარმატების პერიოდი იწყება. დანარჩენი ნიშნებისთვის მეტ-ნაკლებად სტაბილურია.

რაც შეეხება აღმოსავლურ ზოდიაქოს ნიშნებს, მთავარი ფავორიტი მამალია, შემდგ კარგი იქნება: ხარის, თხის, დრაკონის, გველის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის. შედარებით რთულია ვირთხის და კატის წელიწადში დაბადებულთათვის. პირველი ოთხი თვე მაინცდამაინც სასიკეთო არ არის ტახის და ცხენის წელიწადში დაბადებულებისთვის. აი, მაისიდან სიტუაცია მათ ცხოვრებაშიც შედარებით გამოსწორდება. დანარჩენებისთვის ეს წელიწადი საშუალოა.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 26 დეკემბერი, 2016 წელი

როგორ კონსტიტუციას მივიღებთ 3-4 თვეში

ეკატერინე ბასილაია

საკონსტიტუციო კომისიის 70 წევრი ქვეყნის მთავარი კანონის შესაცვლელად მუშაობას იანვრის შუა რიცხვებიდან შეუდგება და მათ ფორსმაჟორული დრო, 3,5 თვე აქვთ იმისათვის, რომ წარმოადგინონ კანონპროექტი, კონსტიტუციის რომელი მუხლი როგორ უნდა შეიცვალოს. უკვე ცნობილია, რომ “ქართული ოცნებისთვის” ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა იქნება, სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციისთვის – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება და ამ საკითხების გამო პოზიცია-ოპოზიციას შორის მომავალი შეუთანხმებლობაც უკვე დაანონსდა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება კატეგორიულად მიუღებელია. ამომრჩევლებისთვის არჩევის უფლების ჩამორთმევა და მისი პარლამენტისთვის გადაცემა იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დანიშნული მარიონეტი იქნება და ის მთავარ – არბიტრის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს.

მართალია, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველ პარტიას არც ერთ საკონსტიტუციო დებულებასთან დაკავშირებით წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება არ აქვს, თუმცა კონსტიტუციაში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის ჩაწერა რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, “ოცნებამ” არჩევნების პირველი ტურის მოგებისთანავე განაცხადა.

გარდა ამისა, მაშინვე დასახელდა კიდევ ორი ცვლილების სურვილი – პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა და ქორწინების დეფინიციის შეცვლა ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირის ჩაწერით.

საგულისხმოა, რომ “ქართული ოცნების” ეს სურვილი გახდა ბოლო დროის ერთ-ერთი მთავარი უთანხმოების მიზეზი მმართველ პარტიასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის და რეალურად სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის წარმომადგენლები მონაწილეობას არ მიიღებენ.

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე ბრძანება პარლამენტის თავმჯდომარემ პარასკევს, 23 დეკემბერს გამოსცა. ბრძანების მიხედვით, კომისიის წევრი არის – 73. მათგან 3 პრეზიდენტის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ადმინისტრაციამ კომისიას ბოიკოტი გამოუცხადა.

ამდენად, ცვლილებებზე 70 კაცი იმუშავებს. 15 წევრი არის საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციიდან; 20 – არასამთავრობო სექტორიდან და ექსპერტებიდან; 24 – “ქართული ოცნების” დეპუტატებიდან; 11 – აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და სასამართლო სისტემიდან და ამ უკანასკნელი 11 წევრის აბსოლუტური უმეტესობა სახელისუფლებო პოზიციის გამტარებელია.

პირველი სხდომა შაბათს ჩატარდა, სადაც 4 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და წევრები ჯგუფებში გადანაწილდნენ. ეს ჯგუფებია: 1. ადამიანის უფლებები და სასამართლო ხელისუფლება; 2. პარლამენტი და ფინანსების კონტროლის გადახედვის სამუშაო ჯგუფი; 3. პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხებისა და 4. ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფები. ეს ჯგუფები მუშაობას იანვრიდან დაიწყებენ და სწორედ მაშინ გახდება ცნობილი, კონკრეტულად რა ცვლილებაზე იქნება საუბარი და ვის რა პოზიცია ექნება.

რა სურს „ქართულ ოცნებას“?

„კომისიის მუშაობა ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. ერთადერთი საკითხი, რაზეც ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს, ეს არის ის, რომ საპარლამენტო მმართველობა არ შეიცვლება,” – განაცხადა პირველივე სხდომაზე პარლამენტის სპიკერმა და ასევე კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ.

ექსპერტების თქმით, კობახიძის სურვილია, კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა იყოს, რაც გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტის არჩევა მოხდეს არაპირდაპირი წესით, პარლამენტის მიერ, მას უფლებამოსილება კიდევ უფრო შეეზღუდოს და ქვეყნის პირველი პირიც მის ნაცვლად გახდეს პრემიერ-მინისტრი.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე “მთელ კვირასთან” საუბრისას ამბობს, რომ “ოცნებისთვის” არ არსებობს ერთი-ორი პრიორიტეტული საკითხი, რადგან კონსტიტუციაში ძალიან ბევრი ხარვეზია და ის მთლიანად არის შესაცვლელი.

„კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა გვაქვს და კონსტიტუცია ამას ბოლომდე არ შეესატყვისება“, – ამბობს მამუკა მდინარაძე და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ მიმართულებით უნდა მოხდეს კონსტიტუციის „გასწორება“. მისი განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან გაცხადებული პრიორიტეტი მაჟორიტარული სისტემის გაუქმება მათი პარტიული ინტერესია, “ქართულ ოცნებას” კი ასეთი ინტერესი არა აქვს. თავად დაუჭერს თუ არა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს, ამაზე საჯაროდ პასუხის გაცემა არ სურს.

რა სურს ოპოზიციას

ოპოზიციის მთავარი სურვილიც გაცხადებულია – საარჩევნო სისტემის შეცვლა და მაჟორიტარული წესის გაუქმება. “თავისუფალი დემოკრატების” წევრი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ მისი პარტია სამ საკითხს დააყენებს. პირველი შეეხება იმას, რომ პარლამენტი მხოლოდ პროპორციული წესით დაკომპლექტდეს; მეორე – პროკურატურა უნდა გამოვიდეს აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენიდან და მესამე – საკონსტიტუციო სასამართლოს გაეზარდოს კომპეტენცია.

“ჩვენ აბსოლუტურად პოლიტიზებული პროკურატურა გვაქვს და ამაზე ვენეციის კომისიაც მიუთითებს. მმართველი პოლიტიკური ძალა ნიშნავს და ათავისუფლებს მთავარ პროკურორს და თუ ამას დავამატებთ იმას, რომ მთავარი პროკურორი ნიშნავს და ათავისუფლებს ყველა დანარჩენ პროკურორსა და გამომძიებელს, აშკარაა, რომ მმართველი ძალის ნებაზეა დამოკიდებული მთელი სისტემა. ამიტომაც მას ინსტიტუციური დამოუკიდებლობა უნდა მიეცეს. არსებობს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის სხვადასხვა ვარიანტი. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, დღეს ამ უწყების კომპეტენციაში შედის მხოლოდ სამართლებრივი ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობის კონტროლი. ჩვენი ინიციატივა კი არის, რომ მას შეეძლოს საერთო სასამართლოების საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილების კონსტიტუციასთან და კონსტიტუციით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი. ასეთი მოდელი ძალიან წარმატებულად მუშაობს გერმანიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში,” – ამბობს შალვა შავგულიძე, თუმცა ამის აღსრულების მოლოდინი არა აქვს. მისი თქმით, ასევე უმთავრესი ამოცანაა, აქტიური ოპონირება და წინააღმდეგობა გაუწიონ “ქართული ოცნების” იმ განზრახვას, რომ პრეზიდენტის საყოველთაო არჩევის წესი პარლამენტის მიერ არჩევის წესით შეიცვალოს.

“ეს ჯერ კიდევ არჩევნებისას დააანონსეს და ბიძინა ივანიშვილმა საყვედურად თქვა კიდეც, ცვლილება წინა საკონსტიტუციო კომისიას უნდა განეხორციელებინაო, და ეს დაადასტურა ირაკლი კობახიძემაც. ეს კომისია რეალურად ამ ცვლილებისთვის შეიქმნა და ამ მავნე ინიციატივას ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში წინააღმდეგობას გავუწევთ,” – აღნიშნავს შალვა შავგულიძე.

როგორ იმუშავებს კომისია

კომისიის წევრი კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ ძირითადი კანონი ფუნდამენტურად არის გადასასინჯი და ერთი ან ორი მთავარი საკითხის გამოყოფა რთულია, თუმცა თუკი პოლიტიკური ვითარებიდან გამოვალთ, ამ კომისიაზე ყველაზე აქტუალური თემა ორი იქნება: საარჩევნო კოდექსისა და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება და ამ თემებზე იქნება ყველაზე დიდი წინააღმდეგობაც.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში, რომ საპარლამენტო მმართველობის მომხრე ვრჩებით და უფრო კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკისკენ უნდა წავიდეთ, ქვეტექსტად პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილების შემცირება და პარლამენტის უფლებების გაზრდა იგულისხმება, თუმცა რა დონით მოხდება ერთი ან მეორე, ეს ჯერ არ ვიცით.

ვახტანგ ძაბირაძე პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლისა და პარლამენტისთვის მთავრობის დათხოვნის პროცედურების გამარტივების მომხრეა და ფიქრობს, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, ალბათ ორივე მოხდება. ვახტანგ ძაბირაძის მოლოდინია ისიც, რომ ხელისუფლება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ დათანხმდება.

ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით, რა კანონპროექტსაც დადებს ეს კომისია, პარლამენტში განხილვისას მასში დიდი ცვლილება აღარ შევა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე განაცხადა.

„პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შემდეგ დიდი ცვლილებები არ იქნება, მაგრამ აქ სხვა რამეა. კონსტიტუციური კანონის მიღებას სამთვიანი ინტერვალით ორ სესიაზე განხილვა სჭირდება. ვთქვათ, ერთი იქნება მაისში. ამის შემდეგ მინიმუმ სამი თვე უნდა გავიდეს და სექტემბერ-ოქტომბერში მიიღონ. ამ შუალედში ერთთვიანი სახალხო განხილვა უნდა იყოს, რაშიც აქტიურად ჩაერთვება პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. ეს მათ უკვე განაცხადეს. თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, რომ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს. “ქართულ ოცნებას” დაძლევა არ გაუჭირდება, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტზე მსჯელობისას საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა იქნება პრეზიდენტსა და “ოცნებას” შორის. რაც შეეხება მთავრობა-პარლამენტის ურთიერთობებს, აქ სერიოზულ პროტესტს არ ველი. ყველაზე სადავო თემა პრეზიდენტის ინსტიტუტის საკითხი და საარჩევნო სისტემა იქნება,” – ამბობს ავთანდილ დემეტრაშვილი. მისი თქმით, კიდევ არის ერთი საინტერესო მომენტი, სამუშაო ჯგუფებს ხელმძღვანელები არ ჰყავს და ყველა ჯგუფს ირაკლი კობახიძე და მისი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი უხელმძღვანელებენ. დემეტრაშვილი მიიჩნევს, რომ ამით კობახიძეს სურს, თავისი პოზიცია ყველაგან დააფიქსიროს.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 26 დეკემბერი, 2016 წელი

მოელით თუ არა, რომ საკონსტიტუციო კომისია ქვეყნის მთავარ კანონს გააუმჯობესებს?

გვანცა ღვედაშვილი

(შემოკლებით)

(…) მოელით თუ არა, რომ საკონსტიტუციო კომისია ქვეყნის მთავარ კანონს გააუმჯობესებს? – ამ კითხვით “მთელმა კვირამ” საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი): თუ ვიხელმძღვანელებთ იმით, აქამდე რა ხდებოდა კონსტიტუციასთან მიმართებაში, თუნდაც წინა ხელისუფლების დროს, მაშინ დიდი ენთუზიაზმი არ მიჩნდება. თეორიულად შეგვიძლია ვენდოთ, რადგან ახალი თავმჯდომარეა, თითქოს აქტიურად მიდის მუშაობა. მალევე ვნახავთ, რა პერსპექტივები შეიძლება გაჩნდეს. მოირგებს ისევ პარტია თავის თავზე კონსტიტუციას თუ მისცემს იმ ფორმას, რაც აქამდე შეელახა. საწყის ეტაპზე მირჩევნია დადებითი მოლოდინი გამოვხატო.

ლაშა ჩხარტიშვილი (ეკოლოგი): სამწუხაროდ, რბილად რომ ვთქვა, არ ვარ დარწმუნებული. რეალურად მოველი, რომ ეს კომისია და მისი უმრავლესობა არა დემოკრატიის, არამედ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას შეასრულებს და მორიგი ნაბიჯი კვლავ ავტორიტარიზმისაკენ გადაიდგმება.

იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი, რა ვთქვა. არ მგონია, სამ თვეში უზენაესი კანონის მოწესრიგება შესაძლებელი იყოს. თანაც, მთავარი ხომ არა მხოლოდ ცვლილება, არამედ ამ კანონის აღსრულებაა, რაშიც გვიჭირს, ამიტომ პასუხის გაცემაც ნამდვილად მიჭირს.

იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): კონსტიტუცია აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს, რადგან ის პარადოქსებით არის სავსე. 2004-2010 წლებში განხორციელებული ცვლილებები ერთ ადამიანზე იყო მორგებული და ყველაფერი ხელისუფლების განმტკიცებას ემსახურებოდა. არადა, კონსტიტუციამ საზოგადოების ინტერესები უნდა დაიცვას. ზოგადად ვთვლი, რომ საერთოდ, ახალი კონსტიტუცია უნდა მიგვეღო და არა ცვლილებები შეგვეტანა. მაგრამ, რადგან ასე გადაწყვიტეს, მაშინ ახლა ისე უნდა შეცვალონ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასში ცვლილებები არ შევიდეს, თუმცა ამისთვის მათ ძალიან მცირე დრო აქვთ.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 26 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ შალვა შავგულიძესთან: „ქართული ოცნება ფაქტობრივად ძალაუფლების უზურპაციას ასრულებს

თიკო ოსმანოვა

„საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგად ვიღებთ ძალიან ცუდ რამეს – ერთპარტიულ დიქტატურას. როდესაც ინსტიტუციური მმართველობა არ ხორციელდება, ამას ერთპარტიული დიქტატურა ჰქვია. ჩვენ ასეთი სახელმწიფო უკვე გვქონდა საბჭოური წყობილების დროს და სამწუხაროდ, ვუბრუნდებით იგივეს“, – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე.

საკონსტიტუციო კომისიის პირველ სხდომაზე და მოსალოდნელ შედეგებზე “მთელი კვირა” შალვა შავგულიძეს ესაუბრა.

შალვა შავგულიძე: საკონსტიტუციო კომისიის პირველ სხდომაზე ძირითადად საორგანიზაციო საკითხები განვიხილეთ – მუშაობის წესი, ფორმატი და სხვა, მქონდა რამდენიმე შენიშვნა, თუმცა არცერთი არ იქნა გაზიარებული. კერძოდ, შენიშვნა მქონდა კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმთან დაკავშირებით. დებულებაში მითითებულია, რომ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია უბრალო უმრავლესობით. რადგან საქმე ეხება ქვეყნის მთავარ კანონს, რომელსაც პარლამენტი კვალიფიციური უმრავლესობით იღებს, ჩემი სურვილი იყო, რომ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებაც ფართო კონსენსუსის საფუძველზე მომხდარიყო. მაგრამ ამაზე უარი მითხრეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აბსოლუტური უმრავლესობითაა წარმოდგენილი მმართველი პოლიტიკური ძალა, ნათელია, რომ მათი გადაწყვეტილებები თავისუფლად გაფორმდება კომისიის გადაწყვეტილებად.

ასევე შენიშვნა მქონდა თვითონ სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებითაც. ამ კომისიის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის დაცვა. ეს თავად კომისიის თავმჯდომარემაც აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, თუმცა ამ ამოცანის გადაწყვეტა ძნელი იქნება, ვინაიდან სამუშაო ჯგუფებში საკითხები ცალ-ცალკეა განაწილებული. ცალკე ჯგუფი იმუშავებს სასამართლოს საკითხზე, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ასევე ცალკეა საკანონმდებლო ხელისუფლებაც. და, თუ არ იქნა ფორმატით გათვალისწინებული ერთი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მთლიანობაში დაინახავს სახელისუფლებო ყველა შტოს, ძნელი გახდება ბალანსის დაცვაზე საუბარი. მაგრამ ეს პოზიციაც არ იქნა გათვალისწინებული და დარჩა ისეთი ფორმატი, რომელიც დებულებით იყო შემოთავაზებული. ასევე აღვნიშნე, რომ გაუმართლებლად მიმაჩნია, პრეზიდენტისთვის თანათავმჯდომარეობაზე უარის თქმა, რაც გარკვეული პოზიციებით ახსნა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ იყო სწორი პოზიცია.

გამოითქვა მოსაზრება, რომ კვალიფიციური პარტიებიდან ყველას მიეცეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს კომისიაში თავისი კანდიდატები. მოგეხსენებათ, 20-დან მხოლოდ 7 იღებს მონაწილეობას, რაც ასევე არ იქნა გაზიარებული იმ მოტივით, რომ ბევრი პარტია უბრალოდ ფორმალურადაა დარეგისტრირებული. მაგრამ ეს არის ხარვეზი კანონმდებლობაში, რომლითაც პარტიებს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი აქვს მინიჭებული. ვფიქრობ, ეს ცალკე მსჯელობის საგანია.

ჩემი აზრით, სანამ ეს კანონით ასეა და მათთვის ბიუჯეტი თანხას გამოყოფს, რათა ამ პარტიებმა იფუნქციონ, ასეთ შემთხვევაში ამ პარტიების აზრის მოსმენაზე უარის თქმა არ მიმაჩნია გამართლებულად.

- პრეზიდენტის ორი წარმომადგენელი ანა დოლიძე და გიორგი აბაშიშვილი თუ ესწრებოდნენ სხდომას?

- არა. ჩემთვის სრულიად გასაგებია პრეზიდენტის პოზიცია. სხდომაზე არ მომისმენია რაიმე ლეგიტიმური პასუხი, თუ რატომ ეთქვა მას უარი თანათავმჯდომარეობაზე. ის მიზეზები, რაც სახელდება სრულიად უსაფუძვლოა. ერთადერთი რეალური მიზეზია ის, რომ “ქართულ ოცნებას” არ სურდა ამ კომისიაში პრეზიდენტის რეალური ჩართულობა მომხდარიყო. ასეთ შემთხვევაში ალბათ გამიჭირდებოდა იმ ძირითადი კანონის შეცვლა, რისთვისაც ფაქტობრივად შეიქმნა ეს კომისია, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ვგულისხმობ.

- და კომისიის უმრავლესობა ამ საკითხთან დაკავშირებით რას ფიქრობს. თქვენი აზრით, შეძლებს “ოცნება” ამ საკითხის ბოლომდე გატანას?

- ვფიქრობ, კომისია სწორედ ამიტომაცაა შექმნილი, რომ “ოცნებამ” კონტროლი დაამყაროს ამ ინსტიტუტზე. აქედან გამომდინარე, მოგონილი მიზეზებით უარი ეთქვა პრეზიდენტს კომისიაში მონაწილეობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და სპეციალისტები არჩეულია “ქართული ოცნების” მიერ. თუ იქნებოდა პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობა, ალბათ მარგველაშვილსაც ექნებოდა შესაძლებლობა შემოეკრიბა ისეთი ექსპერტები, სპეციალისტები, რომლებიც “ქართული ოცნების” მიმართ არ იქნებოდნენ აბსოლუტურად ლოიალურები.

იქ არიან, რა თქმა უნდა, ობიექტური და კვალიფიციური სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგრამ რაოდენობრივად ეს იმდენად მცირეა, რომ საერთო სურათს ვერ ცვლის. იქ “ქართული ოცნების” წარმომადგენლობა დომინირებს. 23 წარმომადგენელი ჰყავს მმართველ პოლიტიკურ ძალას, მდივანიც “ოცნების” წარმომადგენელია, მაშინ როდესაც პრეზიდენტს სულ ორი წარმომადგენელი შესთავაზეს. ოპოზიციურ პარტიას გვყავს ერთი წარმომადგენელი და ასეთი თანაფარდობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნება” მისთვის სასურველ პოზიციებს გაიტანს. თუმცა, მიუხედავად, ამისა ჩვენ, “თავისუფალმა დემოკრატებმა” მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ამ კომისიაში მონაწილეობის მიღება. მიგვაჩნია, რომ აქტიური ჩართულობით და ოპონირებით აჯობებს წინააღმდეგობის გაწევა ამ მავნე მოსალოდნელი ცვლილებისათვის, ვიდრე პასიური ბოიკოტით.

- რაც შეეხება პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხს, იყო თუ არა სხდომაზე ამ საკითხზე საუბარი?

- კონკრეტულ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა.

- საბოლოოდ, თქვენი აზრით, ეს კონსტიტუციაც ერთ პოლიტიკურ პარტიაზე იქნება მორგებული?

- მოლოდინი მაქვს, ეს ცვლილებები ნამდვილად იქნება გატარებული იმისათვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ფაქტობრივად ძალაუფლების უზურპაცია დაასრულოს. ხელისუფლებაში ყოფნის გასული 4 წლის მანძილზე სხვა არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია. სრულიად დაიქვემდებარა, მისი აბსოლუტური კონტროლის ქვეშაა როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება და სასამართლო, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაც. ცოტა წინააღმდეგობას უწევდა საკონსტიტუციო სასამართლო, მაგრამ მიიღეს ისეთი კანონი, რითაც, ფაქტობრივად, სრული კონტროლი განხორციელდა. ასევე საუბარია ეროვნულ ბანკზეც. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ინსტიტუცია დაიქვემდებარა, გარდა პრეზიდენტისა, რომელმაც, მისდა სასახელოდ უნდა ვთქვათ, რომ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა. ახლა სწორედ ამაზეა მიმართული ეს კონსტიტუციური ცვლილებებიც და სისწრაფეც, რომ 30 აპრილამდე დაასრულოს საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა. ჩქარობენ ამის შეცვლას, რომ ოქტომბერში “ოცნებამ” პრეზიდენტად დანიშნოს მისთვის სასურველი კანდიდატი.

ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ ვიღებთ ძალიან ცუდ რამეს – ერთპარტიულ დიქტატურას. მაშინ, როდესაც ინსტიტუციური მმართველობა არ ხორციელდება, ამას ერთპარტიული დიქტატურა ჰქვია. ჩვენ ასეთი სახელმწიფო უკვე გვქონდა საბჭოური წყობილების დროს და, სამწუხაროდ, ვუბრუნდებით იგივეს.

————————–

„ახალი თაობა“, 26 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ შალვა შავგულიძესთან: „თუ პრეზიდენტს ქართული ოცნება დანიშნავს, მაშინ მას სრულად გააკონტროლებს

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე საუბრობს.

- ბატონო შალვა, თქვენ კომისიის მუშაობაში მონაწილეობთ. რა საკითხებზე გაამახვილებთ ყურადღებას და როგორი იქნება თქვენი პოზიცია?

- უკვე ცნობილია, რომ კომისია აპირებს, კონსტიტუციური ცვლილება განახორციელოს პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. ეს ძალიან ცუდი იქნება. ამით მოხდება ხელისუფლების სრული უზურპაცია. პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც მმართველი ძალის კონტროლის ქვეშ არ არის მოქცეული. თუ ასეთი კონსტიტუციური ცვლილებები გატარდება და პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა დანიშნავს, მაშინ ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის ცალსახა კონტროლი იქნება.

- თქვენი პოზიცია როგორია?

- ცხადია, ჩვენ შევეწინააღმდეგებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეალურად ეს კომისია კონსტიტუციის გასაკეთილშობილებლად კი არა, მმართველი ძალის ინტერესების გასატარებლად არის შექმნილი.

- ამის არგუმენტის დასახელება შეგიძლიათ?

- თუნდაც ის, რომ კომისიამ აპრილის ბოლომდე უნდა იმუშაოს. სამ თვეში უნდა დაასრულოს ამ კომისიამ მუშაობა. მოგეხსენებათ, იანვარი არდადეგების თვეა. სამ თვეში არათუ კონსტიტუციური ცვლილებების გატარება და სერიოზული კონსენსუსის მიღწევა, უბრალოდ, ჩამოყალიბებაც კი შეუძლებელია. წარმოიდგინეთ, რომ კომისიის სუბიექტებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ხედვა, კომისიამ უნდა იმსჯელოს ამ ყველაფერზე, შეჯერდეს რაღაც პოზიციებზე და შემდეგ ეს ყველაფერი საკანონმდებლო ინიციატივის ფორმით ჩამოაყალიბოს. ამ ყველაფერს როგორ შეიძლება, სამი თვე ეყოს?! ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ალბათ, „ქართულ ოცნებას“ წინასწარ აქვს განსაზღვრული, თუ რა კონკრეტულ ცვლილებებზე იმუშავებს. ერთი საკითხი, სავარაუდოდ, იქნება პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა და მის გაფორმებას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სახელით ნამდვილად ეყოფა სამი თვე.

კიდევ ერთი არგუმენტი არის ის, რომ პრეზიდენტს არ მიეცა შესაძლებლობა, კომისიის თანათავმჯდომარე ყოფილიყო. ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, თუ რატომ არა.

- უმრავლესობის მხრიდან არგუმენტები დასახელდა...

- ეს არის მოგონილი არგუმენტი, რომ პრეზიდენტს არ აქვს კონსტიტუციური ცვლილებების ინიცირების უფლება, საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა და რომ ეს კომპეტენცია აქვს პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტს, ეს გაუმართლებელი და სრულიად უსაფუძვლო მიზეზია. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ კონსტიტუციური ცვლილების ინიცირების უფლება აქვს ასევე 200 ათას ადამიანს და რა ვქნათ, 200 ათასი კაცისგან შემდგარი კომისია შევქმნათ?! კონსტიტუციური ცვლილების ინიცირების უფლება არ აქვს არცერთ მეცნიერს, არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, ექსპერტს და არ ჩავრთოთ ეს საზოგადოება კომისიის მუშაობაში?! რა თქმა უნდა, აქ ლოგიკა არ არის. ასევე გაუგებარია, რა ლოგიკით არის პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეთავაზებული მხოლოდ ორი ადგილი, მაშინ როდესაც 23 წევრით არის საპარლამენტო უმრავლესობა კომისიაში წარმოდგენილი.

- მიუხედავად ამ კითხვის ნიშნებისა, რომლებიც გაქვთ, მაინც მონაწილეობთ კომისიის მუშაობაში?

- დიახ, მიუხედავად ამ ნეგატიური გარემოებებისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, კომისიაში მონაწილეობა მივიღოთ და აქტიური შეწინააღმდეგებითა და ჩართულობით უფრო ეფექტურები ვიყოთ, ვიდრე უარი ვთქვათ და უბრალოდ პროტესტი გამოვხატოთ კომისიის მიღმა. ჩვენ ვერთვებით მუშაობაში იმ იმედით, რომ ნეგატიურ ცვლილებებს შევეწინააღმდეგოთ. ვნახოთ, რამდენად გამოგვივა.

- კონკრეტულად რა შეთავაზებები, წინადადებები გექნებათ კომისიისთვის?

- სამი შეთავაზება გვექნება: ერთი, საარჩევნო სისტემის შესახებ – მაჟორიტარული არჩევნები გაუქმდეს, რაც იყო „ქართული ოცნების“ დაპირება ამომრჩევლისადმი.

მეორე შეეხება სამართლის სფეროს, კონკრეტულად, პროკურატურას. არსებული მოდელი, როგორც ჩანს, არ ამართლებს. სახეზე გვაქვს პოლიტიზებული პროკურატურა. ბოლო ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა პროკურატურის შესახებ კანონში, ვენეციის კომისიის მიერ არ იქნა დადებითად შეფასებული. ჩვენი შეთავაზება იქნება, რომ პროკურატურის სისტემა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გამოიყვანონ.

მესამე შეთავაზება იქნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გაეზარდოს კომპეტენცია და მიეცეს საერთო სასამართლოების შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შეფასების უფლება. ჩვენ ვნახეთ სასამართლო სისტემის რეფორმა, რომელიც `ტალღებად~ მოინათლა, რითიც დასრულდა. ფაქტობრივად, სრული კონტროლი მოხდა როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, ისე საერთო სასამართლოთა სისტემაზე.

კონტროლი იმდენად დიდია, რომ პერსონალიებიც კი არ არის შეცვლილი. უპირატესად ახალი ვადით დაინიშნნენ ის მოსამართლეები, რომელთა მიერ ჩადენილი უსამართლობის გამოსწორების ლოზუნგით მოვიდა ქართული ოცნება~ ხელისუფლებაში. ამ მოსამართლეების საქმეები ყველაზე ნეგატიურად არის შეფასებული ევროპული სასამართლოს მიერ. მათ თავი გამოიჩინეს წინა ხელისუფლების მსახურებაში.

„ახალი თაობა“, 26 დეკემბერი, 2016 წელი

გიორგი კვირიკაშვილს გიორგი გახარია შეცვლის?!

დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში დავით უსუფაშვილი?

მომავალი წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებს ელოდებიან. საპარლამენტო ოპოზიციამ უკვე დაიბარა საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის ეკონომიკური გუნდი. პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე მინისტრი ციხეშიც კი აღმოჩნდეს.

„ქართულ ოცნებაში“ ამ განცხადებას სასაცილოდ მიიჩნევენ, თუმცა მდგომარეობის სიმძიმეზე ისინიც ალაპარაკდნენ. წინა კვირაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ ღიად განაცხადა, რომ საქმე შავად არის. იგი პირველი „მეოცნებეა“, რომელმაც ასეთი რამე აღიარა. დანარჩენები დღემდე პირველ ჩვენებას აწვებიან – ამტკიცებენ, საქართველოში ყველაფერი კარგად არისო.

ოპოზიციის ნაწილმა რევაზ არველაძის განცხადება შიდაპარტიულ დაპირისპირებად შეაფასა. რევაზ არველაძე კახა კალაძის კადრად ითვლება, თვითონ კახა კალაძე კი, როგორც ამბობენ, გიორგი კვირიკაშვილზე ნაწყენია. რამდენიმე თვის წინ პრემიერმა კახა კალაძე ჩამოალაბორანტა და ჩვეულებრივ ვიცე-პრემიერად დატოვა, დიმიტრი ქუმსიშვილს კი პირველი ვიცე-პრემიერობა უბოძა. ვითარება არც არჩევნების შემდეგ შეიცვალა, არადა, კახა კალაძემ არჩევნების მოსაგებად ბევრი იმუშავა.

მთავრობაში რომ პრემიერის შემცვლელზე საუბარი დაწყებულია, ამ ვარაუდს ექსპერტი გია ხუხაშვილიც გამოთქვამს. „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე კი ამბობს, რომ ამ საკითხზე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, დეპუტატებიც აქტიურად მუშაობენ.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მომავალი პრემიერის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. ერთ-ერთი მათგანი, შესაძლოა, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია იყოს. მინისტრის თანამდებობის დაკავებამდე მას ბიზნესომბუდსმენის პოსტი ეკავა.

გახარიას კვალიფიკაციას „ქართულ ოცნებაში“ ყველა იწონებს, მაგრამ მის შესაძლო გაპრემიერებაზე არ საუბრობენ. მთავრობაში ცვლილებები რომ არ იქნება, ამაზე თავს ვეღარ დებენ, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მთავრობა ამ ეტაპზე კარგად მუშაობს.

„ქართული ოცნების“ კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, დავით უსუფაშვილთან მხოლოდ კონსტიტუციის საკითხზე არ დაუწყიათ კონსულტაციები. პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ეს, შესაძლოა, დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ ველზე ხელახლა შემოსაყვანი საბაბი იყოს. არ გამორიცხავენ, რომ მან მთავრობაში მაღალი თანამდებობა, მათ შორის პრემიერის პოსტიც კი მიიღოს. მას ამ თანამდებობას ბიძინა ივანიშვილი ერთხელ უკვე სთავაზობდა. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დავით უსუფაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ მეორედ არჩევაც გარანტირებული ჰქონდა. ამისთვის კი რესპუბლიკური პარტია უნდა დაეტოვებინა.

პარტია მან მხოლოდ არჩევნების შემდეგ დატოვა. პარტიიდან წამოსვლის შემდეგ ის საკონსტიტუციო კომისიაში სამუშაოდ მიიწვიეს. „ოცნებაში“ თანხმდებიან, რომ დავიტ უსუფაშვილი დასაკარგი კაცი არ არის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებს განუდგა.

„ახალი თაობა“, 26 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ თენგიზ დიხამინჯიასთან: „სამოქალაქო ომის შედეგებს დღემდე ვიმკით

1991 წლის 22 დეკემბერს რუსთაველზე გასროლილმა ტყვიამ არა მხოლოდ 1990 წელს არჩეული ხელისუფლებისა და ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული ბედი განსაზღვრა, არამედ ქვეყნის ნგრევაც გამოიწვია. ყოფილი უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი თენგიზ დიხამინჯია „ახალ თაობასთან“ 1991-92 წლების დიდი დაპირისპირების შიდა და გარე ფაქტორებს აანალიზებს.

- ბატონო თენგიზ, 25 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 22 დეკემბერს რუსთაველზე ომი დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანამ უამრავი კატაკლიზმა გამოიარა. დღევანდელი გადასახედიდან რას ფიქრობთ?

- დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რამხელა დანაშაულებრივი შეცდომა იქნა დაშვებული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან, როცა სამოქალაქო-პოლიტიკური დაპირისპირება გადავიდა კრიმინალურში, ბანდიტურში, რამაც გამოიწვია, ფაქტობრივად, სახელმწიფოს ხერხემალში გადატეხა. დღესაც ვიმკით 22 დეკემბერს დაწყებული ომის შედეგებს. ჩვენ ბოლომდე ვერ მოვახერხეთ გადატრიალების შედეგების ლიკვიდაცია კონსტიტუციურად, სამართლებრივად, სამოქალაქო დონეზე. ვერ გავთავისუფლდით ამ კომპლექსისგან.

- რატომ ვერ მოვახერხეთ შედეგების ლიკვიდაცია, მიზეზი კომპლექსია?

- კომპლექსია, რომელსაც ყველა ხელისუფლება თავის თავში ატარებს, მათ შორის, დღევანდელიც.

- ფაქტობრივად, თბილისის ომის შემოქმედნი არ დასჯილან და არც მგონია, რომ მათ ოდესმე ვინმემ პასუხს მოსთხოვს. ზოგი გარდაცვლილია. ცოცხლებს კი არავინ ეხება. გასაოცარია, რომ, მაგალითად, კიტოვანი თავისუფლად და მშვიდად დადის თბილისის ქუჩებში და მათ სახელმწიფო სტრუქტურებიდან კითხვასაც არავინ უსვამს, თუ რატომ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული...

- ასე არა მხოლოდ კიტოვანის მიმართ ხდება. ეს იმის ბრალია, რომ სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები სამართლიანად არ ფუნქციონირებენ, პროკურატურა სისხლისსამართლებრივ დევნას არ ახორციელებს გადატრიალების ორგანიზატორების წინააღმდეგ, სასამართლოში საქმე არ არის განხილვადი. დღევანდელი პარლამენტის მაღალ ეშელონებშიც არიან ვიცესპიკერები, რომლებმაც კარიერა, ფაქტობრივად, აქედან გაიკეთეს და დღესაც წარმატებით აგრძელებენ თავიანთ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ თვითონ ეს ადამიანებიც ამ თემას „ლაითად“ უყურებენ და ამის მნიშვნელობას, ეტყობა, ვერ აცნობიერებენ. მიშა სააკაშვილის დროს იყო რაღაც პატარა მცდელობა, ოღონდ ეს შემდგომ გადაიზარდა თვითკმაყოფილებასა და, ფაქტობრივად, სამეგრელოს მოსახლეობის რევანშისტული იდეების რეალიზაციაში. როგორც კი შევარდნაძის დამხობა მოხდა, სამართლიანობის აღდგენის იდეა თაროზე შემოდეს. შემდგომში პერმანენტულად თითქოს ხდებოდა ამ თემის გააქტიურება. დღევანდელი ხელისუფლებაც სპეკულირებს ამ თემით.

- რას გულისხმობთ?

- გამოვლინებებზე ვლაპარაკობ.

- სამართლებრივი შეფასების ნებას ვინ შეიძლება არ იძლეოდეს?

- ქვეყნის გარეთ მყოფი ძალები, რომლებმაც, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთეს კონსტიტუციურ-სახელმწიფოებრივი წყობის დამხობას. იგულისხმება დასავლური ძალები. რუსები, უბრალოდ, შემსრულებლები იყვნენ. ხელისუფლების დამხობის ყველანაირი წამქეზებლები იყვნენ.

- წინასწარ საუბრებისას მითხარით, რომ შეიძლება რაღაც საშინელებები გაიხსენოთ. მაშინდელი პროცესებიდან ჯერ კიდევ არის ისეთი ფაქტები, რომლებიც ცნობილი არ არის საზოგადოებისათვის?

- არა. შეიძლება, რაღაც ეპიზოდები და გამოვლინებები გამახსენდეს. მეტი საშინელება რა არის, როდესაც ქვეყნის სუვერენიტეტი იავარქმნილია, როდესაც უგულებელყოფილია სამართლებრივი სივრცის დამკვიდრების აუცილებლობა, აფხაზეთის, სამაჩაბლოს, უძრავ-მოძრავი ქონების თემები, მიწა-წყლის პრობლემა. ზვიად გამსახურდია წინასწარ ხედავდა, საქართველოს ეროვნული სხეულის ერთიანობის პრობლემა რომ დადგებოდა და, ფაქტობრივად, ამას შეეწირა.

- კომპლექსი მოქმედებსო, ამბობთ...

- კომპლექსი მოქმედებს, რომელიც თავისუფლების იდეასა და ჭეშმარიტებას ზღუდავს.

- თქვენ სხვადასხვა დროს მხარეებს შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობდით. რა ვერ გადაილახა და რატომ ვერ შეთანხმდნენ მხარეები, რამაც საბოლოოდ ქვეყანას ავნო?

- ბევრი მომენტი იყო, მათ შორის, გლობალური საკითხები და პრობლემები ფიგურირებდა.

- რა გლობალური პრობლემები იყო?

- გლობალური პრობლემა იყო ზვიად გამსახურდია თავისი სულიერი და ეროვნული მსოფლმხედველობით.

- ასეთი ზვიად გამსახურდია მიუღებელი იყო?

- რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი იყო იმ ძალებისთვის, რომლებიც დღემდე განაგებენ მსოფლიოს.

- კერძოდ?

- ახალი მსოფლიო წესრიგის არქიტექტორები. ასეთი ძალები მაშინაც არსებობდნენ. დღეს დონალდ ტრამპის შემდეგ რაღაც ახალი სივრცე გამოჩნდა და ამის თქმა უკვე შეიძლება. ათასგვარი ისტორიული პროცესი მიმდინარეობდა – საბჭოთა კავშირის დაშლა თუ შენარჩუნება, დსთ-ის, რუსეთის ყოფნა-არყოფნის მომენტი, პოსტსაბჭოთა პროცესებზე რუსეთის ზეგავლენა და მისი შენარჩუნება. ზვიად გამსახურდია, ფაქტობრივად, თავისებურ კოლაფსში აღმოჩნდა. ურთულესი პერიოდი იყო და ურთულესი იყო უშეცდომოდ ამ პერიოდის გავლა, ისეთი ძალები იყვნენ ჩართული. თვითონ კავკასიის თემა და მთელი რიგი საკითხები იდგა გლობალურ საკითხთა კონტექსტში, თანაც გამსახურდია ის ადამიანი გახლდათ, რომელიც მოვლენებს ცოტა ასწრებდა. როდესაც შენ შენი აზროვნებითა და მოქმედებებით დროს გაასწრებ, ამას დიდი მოთამაშეები არ გაპატიებენ.

- თქვენ ამ შემთხვევაში გარეფაქტორებზე საუბრობთ...

- დიახ, ამ შემთხვევაში გარეფაქტორებზე ვსაუბრობ.

- შიდაფაქტორები რატომ ვერ გადაილახა?

- უმნიშვნელოვანესი იყო ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობდა თავისებური სინდრომი, რომელიც დღემდე გრძელდება.

- რა სინდრომი?

- სინდრომი იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, პიროვნული შეუთავსებლობა თუ სიმპათია-ანტიპათია დავძლიოთ და ტოტალურად გადაგვაქვს პოლიტიკაში, სახელმწიფოებრიობაში. დღესაც ასეა. პიროვნული დაპირისპირება სახელმწიფოებრივ დაპირისპირებაში გადადის. რაც უფრო გავლენიანი ადამიანები, ინტელიგენციისა თუ სხვადასხვა წრის წარმომადგენლები ერთვებიან ამ თამაშში, მით უფრო ტრაგიკულს სახეს იღებს ეს დაპირისპირება. გამსახურდიას დროს ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო, ძალიან მნიშვნელოვანი. თითქოს იმხელა როლი არ ჰქონდა, სინამდვილეში ძალიან დიდ გავლენას ახდენდა. შემდეგ იყო მოპირდაპირე ბანაკებში გადასვლა, შევარდნაძესთან ჩასვლები, მასთან დივიდენდების მოპოვება, პოსტგამსახურდიას პერიოდისთვის რომ მომზადებულიყვნენ, ყველაფერზე წასულიყვნენ სახელმწიფოს ნგრევის ხარჯზე, თავიანთი თბილი ადგილი მიეღოთ და გადარჩენის ინსტინქტი დაეკმაყოფილებინათ.

- ვის გულისხმობთ?

- ეს ძირითადად ინტელიგენციას ეხება.

- თენგიზ სიგუამ [ინტერვიუს დროს] მითხრა, რომ ზვიად გამსახურდია გაზაფხულზე წავიდოდა იმ დათმობებზე, რომლებსაც ისინი მოითხოვდნენ. როგორც ჩანს, რადიკალური ძალები ჩქარობდნენ, თორემ მათ შეეძლოთ, არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა და, შესაძლებელია, გაემარჯვათ კიდეც იმ ტალღაზე, რომელიც იყო. რატომ ჩქარობდნენ?

- ხელისუფლებაში შესვლა-არშესვლის მომენტებიც იყო და გარდატეხის პერიოდიც მოქმედებდა. ბევრმა ფაქტორმა განაპირობა მათი აჩქარება. თვითგადარჩენის ინსტინქტიც უბიძგებდა მათ რადიკალური გადაწყვეტილებებისკენ. ამაზე ტომები შეიძლება დაიწეროს. განმუხტვა იყო საჭირო. გამსახურდიამაც თავისი ბერკეტები ბოლომდე ვერ აამოქმედა.

- განმუხტვა ვის უნდა მოეხდინა? ქვეყანაში არსებობდა გავლენიანი ჯგუფი, რომელსაც შეეძლო, გაეჩერებინა ომი?

- სხვათა შორის, პატრიარქის მხრიდან (ჩემი მხრიდან ამ პროცესებს მაქსიმალურად ხელს ვუწყობდი) მღვდლების დელეგაცია იყო ზვიად გამსახურდიასთან, შუაში ჩადგომაც შესთავაზეს.

- მამა ზაქარიამ ჩემთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იქ არ იყო საუბარი უპირობოდ შუაში ჩადგომაზე...

- მამა ზაქარიას თქმით, ზვიად გამსახურდიას მან შესთავაზა შუაში ჩადგომა.

- თუ გარანტიას მოგვცემთ, რომ არ გვესვრიან, შუაში ჩავდგებითო, გამსახურდიამ კი უპასუხა, მაგის გარანტიას მე ვერ მოგცემთო...

- ზვიად გამსახურდიამ იცოდა, ერთი პროვოკატორიც რომ გამოჩენილიყო, ხელისუფლებას დაბრალდებოდა. ამიტომ თვითონ მან თქვა უარი. ვინ გააკონტროლებდა სიტუაციას? სხვადასხვა სპეცსამსახურის წარმომადგენლები დაძრწოდნენ. თუ მხარეები თავის თავზე ვერ იძლევიან გარანტიას, რომ ტყვია არ იქნება გასროლილი და რომელიმე მხარეს არ დაბრალდება, რისკზე ვერ წახვალ. ამ შემთხვევაში ზვიად გამსახურდიამ თქვა, მაინც მე დამბრალდება, ამიტომ ამ ინიციატივას აზრი არ აქვსო. ამით დამთავრდა ეს წამოწყება. მთავარი ის გახლდათ, რომ მხარეებს შორის აბსოლუტური უნდობლობა იყო. ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანდნენ და არანაირი კომპრომისების ზღვარი არ იყო დადგენილი ერთმანეთთან ურთიერთობაში.

- ოპოზიციას გააზრებული ჰქონდა, რა შეიძლება მოჰყოლოდა მის რადიკალურ ქმედებებს?

- ძალიან მცირე ნაწილს ჰქონდა გააზრებული, რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა მათ ქმედებებს. მოვლენები ტრაგიკულად განვითარდა _ გადაედო სამეგრელოს, აფხაზეთსა და სხვადასხვა კუთხეს. კარგი იქნებოდა, ინტელიგენციასა და მეორე პარლამენტს ამ დიდი დაპირისპირების თუნდაც რაღაც დონეზე ლოკალიზება მოეხდინათ, მაგრამ მათ ამის გაცნობიერების უნარი არ აღმოაჩნდა, რაც აისახა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემებზე, სამართლებრივ საკითხებზე და მივიღეთ ის სურათი, რომელსაც დღეს ვხედავთ. ეს უნდა გადაილახოს.

Comments are closed