globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 27 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 27th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: სერგეი ლავროვის “პატარა შანტაჟი” // რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება და ქართველი პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების კომენტარი

„ალია“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: რას ნიშნავს ლავროვის გზავნილები და რას უნდა ველოდოთ?

რეზონანსი: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: “საქართველო რომ აღარ იგინება, იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთის პოლიტიკით კმაყოფილია”

რეზონანსი: ინტერვიუ ზაალ ანჯაფარიძესთან: “ოცნება” ცდილობს შექმნას სია, რომელიც მოეწონებათ ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და საქართველოშიც

„ახალი თაობა“: არჩევნებში მონაწილეობა შესაძლოა სავალდებულო გახდეს // არასამთავრობოები პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებით შევიდნენ

„ახალი თაობა“: ინტერვიუ კონსტანტინე გამსახურდიასთან: „დასრულდა არასაპარლამენტო ოპოზიციის მარგინალიზაცია…  გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა არ იყო შეხვედრა შეხვედრისთვის“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან: „ახალი პრემიერი ბიძინა ივანიშვილს სჭირდება“

ალია“: ინტერვიუ ტრისტან წითელაშვილთან: ყოფილი პოლიტპატიმრები ანგარიშსწორებით იმუქრებიან

რეზონანსი: ლარი მთავრობისა და ეროვნული ბანკის თანხმობით უფასურდება // რეგიონში ყველაზე სტაბილური ვალუტა სომხური დრამია, შემდეგ კი თურქული ლირა

რეზონანსი: სავალუტო კრიზისის გამო ბიზნესი აქტივობას წყვეტს //

“თუ კურსი კიდევ 10-15 პუნქტით გაიზარდა, მაშინ ეს იქნება უმძიმესი დარტყმა ეკონომიკისთვის”

რეზონანსი: იმპორტიორები პროდუქტების გაძვირებას აპირებენ // “ამ ნიშნულზეც რომ დასტაბილურდეს ლარი, ფასის შენარჩუნება მაინც შეუძლებელი იქნება”

„ახალი თაობა“: არარატს“ სოხუმში მატჩი ჩაუშალეს

—————————-

რეზონანსი“, 27 იანვარი, 2016 წელი

სერგეი ლავროვისპატარა შანტაჟი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება და ქართველი პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების კომენტარი

ეკატერინე ბასილაია

მოსკოვი თბილისს რამდენიმე ორაზროვან და შანტაჟის ფორმის მესიჯს უგზავნის და სერგეი ლავროვის პირით აცხადებს, რომ მათ აქვთ ცნობა, როგორ იწვრთნებიან პანკისში ტერორისტები, მიუხედავად ამისა უვიზო რეჟიმის აღდგენისათვის მზად არიან ერთი პირობით – საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა წინაპირობების გარეშე უნდა აღადგინოს. რუსეთის პირველი დიპლომატის თქმით, მისი მესიჯები მხოლოდ “კეთილმეზობლური” ურთიერთობის შეთავაზებითაა მოტივირებული, თუმცა მისი ამ გზავნილებიდან ერთგვარი შანტაჟი რუსეთის მიმართ ლოიალურობაში დადანაშაულებულმა “ქართული ოცნების” წევრებმაც აღიარეს.

ხელისუფლებას ყური ყველაზე მეტად პანკისის თემაზე გაკეთებულმა განცხადებამ მოსჭრა. “შანტაჟის ფორმის”, “ტენდენციური” და “ბუნდოვანი” განცხადება” – ასე შეაფასეს პანკისის თემაზე გამოგზავნილი მესიჯები “ოცნებაში”. პრემიერმა კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ არანაირი ტერორისტული რისკი დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს და უკეთ ინფორმირებულობისათვის ის რუსეთს ამ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე ცნობებს მაქსიმალურად მიაწვდის.

გამოხმაურება მოჰყვა რუსეთის სურვილს, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზეც. ითქვა, რომ არა მარტო მოსკოვს აქვს რაღაც წინაპირობები, არამედ თბილისსაც და ეს არის დეოკუპაცია.

———–

ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ გასული წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოზეც ისაუბრა.

რუსეთის პირველი დიპლომატის თქმით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაგაყინვისსტადიიდან გამოდის და დამყარდა კონტაქტი ქართულ-რუსულ უწყებებს შორის რიგ სფეროში, მათ შორის ფიტოსანიტარიულ და სავაჭრო დარგებში.

პირველი გზავნილი შეეხებოდა ურთიერთობის ნორმალიზებას და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაგეგმვის სურვილს. ლავროვმა ჟურნალისტებს ასევე შეახსენა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომლის თანახმადაც, ის ქართველ კოლეგასთან შესახვედრად მზადაა. მისივე თქმით, რუსეთი მომხრეა საქართველოსთან ურთიერთობა იყოს ნორმალური და კეთილმეზობლური დაქართველი ხალხი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებისთვის არ უნდა იხდიდეს საფასურს რუს მეზობლებთან ურთიერთობაში იმ კავშირის გაწყვეტით, რომელშიც ქართველებიც და რუსებიც დაინტერესებულნი არიან.”

რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრის გზავნილი იყო ის, რომ წლების წინ იძულებულები იყვნენ უარი ეთქვათ უვიზო რეჟიმზე, ახლა კი უვიზო მიმოსვლის აღდგენა სურთ. სერგეი ლავროვის მტკიცებით, წლების წინ სავიზო რეჟიმის გამკაცრების იძულების მიზეზი პანკისის ხეობის მხრიდან ტერორიზმის საფრთხის არსებობა იყო.

პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომისლამური სახელმწიფოსწევრები ამ ძნელად მისადგომ ტერიტორიას იყენებენ წვრთნებისთვის, დასვენებისთვის და მომარაგებისთვის,” – ამბობს ლავროვი დაამ საფრთხეებისმიუხედავად რატომღაც უვიზო რეჟიმის გაუქმებისათვის მზადყოფნას მაინც გამოთქვამს, ოღონდ ახლა დამაბრკოლებლად არატერორისტებისაგან საშიშ პანკისსასახელებს, არამედ დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობას.

პერსპექტივაში მზად ვართ უვიზო რეჟიმზე წამოვიდეთ, თუმცა ამაზე მსჯელობა ცოტა არ იყოს უცნაური იქნებოდა პერიოდში, როცა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს. ეს ურთიერთობა ჩვენ არ შეგვიწყვეტია,” – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

სერგეი ლავროვმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის კონტექსტში საუბრისასსაერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევაშიდაადანაშაულა და განაცხადა, რომაფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისგარდა, რუსეთსსხვა გამოსავალიარ ჰქონდა. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური პოლიტიკის შედეგი“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ექსპრეზიდენტის ბრალეულობა დაასახელა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მიზეზად და კეთილმეზობლობაზეც დაიწყო ლაპარაკი, აღიარების უკან წაღებაზე მტკიცე უარი განაცხადა.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა ისაუბრა საქართველოსა დაგაზპრომსშორის მიმდინარე მოლაპარაკებებზეც. მისი თმით მოლაპარაკებები პრაგმატულია და ორივე მხარის ინტერესებში შედის, ასევე აღნიშნული მოლაპარაკებები აწყობს სომხეთსაც.

————

პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა დღის წესრიგში არ დგას. მისი თქმით, “სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია“.

ის, რომ მოსკოვი ერთი ხელით “კეთილმეზობლობას” გვთავაზობს, მეორე ხელით კი პანკისისაკენ გვითითებს, არ მოსწონთ ხელისუფლებაში.

ფრაქცია “ქარული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პანკისის ხეობასთან დაკავშირებით სერგეი ლავროვის განცხადებას შანტაჟის ფორმა აქვს და ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულ-რუსულ ურთიერთობაში გამოკვეთილ პოზიტივს ჩრდილს აყენებს. როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრის რეალური წინაპირობები ჯერ არ არსებობს, ხოლო შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა გაიმართოს. “პანკისის ხეობაში საქმე სხვანაირად რომ იყოს, ლავროვს განცხადების გაკეთებას ბევრი სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი დაასწრებდა,” – მიიჩნევს გია ვოლსკი.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილისთვის ეს განცხადება გაუგებარია. „რა შემდგომ ნაბიჯებს შეიძლება ველოდოთ ამ განცხადების შემდეგ რუსეთის მხრიდან? ეს განცხადება განცხადებად დარჩება”, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას აქვს მნიშვნელოვანი წინაპირობები.

“დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას აქვს მნიშვნელოვანი წინაპირობები, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და კიდე უფრო მნიშვნელოვანი სუვერენიტეტის ანუ ყველა სუვერენული გადაწყვეტილების პატივისცემა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ხალხთან ერთად იღებს. რაც შეეხება იმას, თუ რა განცხადებები გაკეთდა, ამას გარდა მე მინდა, რომ პოზიტივზეც ვისაუბრო, რომ ვიზების შემსუბუქება უკანასკნელ პერიოდში იყო ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება, თუმცა, რა თქმა უნდა, პანკისის ხეობასთან გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ვიტყვი აუცილებლად, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს სრულ კონტროლს, არანაირი ტერორისტული რისკი დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს. დიალოგი აუცილებელია ყველა შემთხვევაში, დიალოგისთვის ჩვენ გვაქვს გარკვეული არხები, ამ საკითხს, ჩვენ რა თქმა უნდა, განვიხილავთ და უახლოეს მომავალში გაკეთდება კომენტარები,” – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დიალოგი ყველა შემთხვევაში აუცილებელია და ამ საკითხზე უახლოეს მომავალში გაკეთდება კომენტარები.

დიპლომატიური აკადემიის რექტორის სოსო ცინცაძის თქმით, სერგეი ლავროვის გზავნილებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის სურვილი იყო, თუმცა იქვე პროგნოზიირებს, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.

“ცხადია, რომ რუსეთი კვლავ გვთავაზობს უმაღლეს დონეზე შეხვედრას. ამასთანავე, როდესაც ლავროვის დონის დიპლომატი ამბობს, ოდნავ გაუგებარია უვიზო მოგზაურობაზე საუბარი, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობსო, ამაში მართალია და არ შეიძლება არ დავეთანხმოთ. მთავარია, ჩვენი პრიორიტეტები რა არის. თუკი გვირჩევნია, რომ სანამ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებენ, დიპლომატიური ურთიერთობა არ უნდა აღდგეს, მაშინ გამოდის, რომ არასოდეს გვექნება დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, ყველა შემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ პუტინი რუსეთის პრეზიდენტია. პუტინი კი ძალიან ჯანსაღად გამოიყურება და თუკი რამე საოცრება არ მოხდება, კიდევ კარგა ხანს იქნება რუსეთის სათავეში. რუსეთთან მიმართებაში ჩვენ არანაირი სტრატეგია და კონცეფცია არ გვაქვს და ერთი ფურცელიც კი არ მოიპოვება, სადაც თეზისების სახით მაინც იქნება ჩამოყალიბებული რუსეთთან ურთიერთობა, გარდა იმისა, რომ [ვეუბნებით] – „ჯერ ტერიტორიები დაგვიბრუნე და მერე ვილაპარაკოთ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზეო“. არ ვიცი, ერთი წიგნი მაინც არ წაუკითხავთ მსოფლიო დიპლომატიაზე? სადმე ყოფილა ასეთი პრეცედენტი?! ჩვენი ორ-წიგნ-წაუკითხავი სპეციალისტები რომ აპირებენ “გაზპრომთან” ხელშეკრულების დადებას, შეიძლება ეს უფრო წამგებიანი იყოს, ვიდრე დიპლომატიურ ურთიერთობის აღდგენაზე საუბრის დაწყება. პანიკური შიში მაქვს, რომ შესაძლოა ამ ხელშეკრულებაში ერთი-ორი საშიში მუხლი შემოგვაპარონ,” – ამბობს სოსო ცინცაძე. მისი თქმით, ჩვენი ხელისუფლება პუტინთან ან ლავროვთან შეხვედრაზე არ წავა, რადგან ხელისუფლებას რუსეთზე მეტად შიდა ოპოზიციის, “ნაციონალური მოძრაობის”, ასევე აშშ-ისა და ევროპის რეაგირების ეშინია.

“კარგად გვახსოვს თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის არცთუ წარმატებული პირველი ვიზიტი და შეფასებები. მაშინ გვახსოვს ოფიციალური განცხადებები, რომ საქართველომ თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალა. არაოფიციალურად კი რა საყვედურებით აივსო თბილისი, ეს კიდევ სხვა საკითხია. ახლა არჩევნებია და რუსეთის გამო ხელისუფლება თავს დამატებთ არ აიტკივებს. რიდესაც რომელიმე უცხოური ქვეყნის განცხადებებს ვკითხულობ, ვეძებ იმ ქვეყანაში არჩევნები როდისაა. რაც უფრო ახლოა არჩევნები, განცხადებებს უფრო არასერიოზულად ვუდგები. წელს არჩევნებია საქართველოშიც და რუსეთშიც და განცხადებებიც სხვა ტონალობაშია,” – აღნიშნავს სოსო ცინცაძე. იგი ასევე მიიჩნევს, რომ პანკისის თემაზე გადაკრული მესიჯი ეს მხოლოდ პატარა შანტაჟი იყო, ისიც მხოლოდ განცხადების დონეზე და არაფერი მოჰყვება.

“ყველამ თავის მკვდარს მიხედოს. თუკი ჩვენგან სირიაში 100 მებრძოლია წასული, პუტინის თქმით, რუსეთიდან 2000-ია წასული და მაგას მიხედონ. ეს უბრალოდ სიტყვის მასალად ითქვა, რომელსაც არანაირი სამხედრო პროვოკაცია არ მოჰყვება, რუსეთი ისედაც ყურებამდეა ჩაფლული კონფლიქტებში. მხოლოდ სიტყვიერი შანტაჟის ნიშნები იყო, საქმით არაფერი იქნება,” – დასძენს სოსო ცინცაძე.

ალია“, 27 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: რას ნიშნავს ლავროვის გზავნილები და რას უნდა ველოდოთ?

ნინო სამხარაძე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს. მისგან სხვა საინტერესო მესიჯებიც გაისმა. ის, ასევე, გამოთქვამს მზაობას თავის ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ჯანელიძესთან აუდიენციაზე. აცხადებს, რომ რუსეთსაქართველოს შორის ყინული დაძრულია, ქართველი ხალხი რუს მეზობლებთან ურთიერთობაში სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებისთვის არ უნდა იხდიდეს საფასურს. ხელისუფლებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და განცხადებებით უპასუხა, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძე განმარტავს, – სანამ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, რუსეთის მიერ დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება და ეს რუსეთმა ძალიან კარგად იცის. აქვე უნდა ითქვას, რომ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას დიპლომატიური მასტერკლასი ჩაატარა, როცა ახლად არჩეულ პრეზიდენტს არგამუნტს ღიად და საჯაროდ გააგებინა, რომ გიგი უგულავა პოლიტპატიმარი არ არის, მას ბრალად ედება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და მიანიშნა: „სხვათა შორის, არც საქართველოა თავში ხელწამოსაკრავი ბიჭი, სულ მუდამ რომ უტყაპუნონ. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა“.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე არგამუნტის პრეზიდენტად არჩევის პარალელურად ვიცეპრეზიდენტად არჩეულია თედო ჯაფარიძე. ვნახოთ, როგორ მოახერხებს თედო ჯაფარიძე „ნაცმოძრაობის“ სულიერი ძმების, „სახალხო პარტიის“, დაარწმუნებას რომ მათთვის სიმართლე იყოს გასაგები.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ალიას“ კითხვებს პასუხობს:

როგორ ფიქრობთ, დაიწყება თუ არა გადატვირთვის პოლიტიკა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს შორის. რას ნიშნავს ლავროვის გზავნილები და რას უნდა ველოდოთ?

– ახალი და სენსაციური არც არაფერი არ არის, დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინასთან ომობს, დასავლეთთან, ამერიკასთან, თურქეთთან და შესაბამისად, აზერბაიჯანთან ცივი ომი აქვს გამოცხადებული, ისლამურ სახელმწიფოსთან სირიაში, პირდაპირი მნიშვნელობით, იბრძვის, ეს არის სურათი, ვთქვათ, რა დღეშია რუსეთი. ამ დროს, ერთი პატარა კონფრონტაციაც კი მას არ აწყობს. აღარაფერს ვამბობ პატარა ომზე, მით უმეტეს, ისეთ ფეთქებად რეგიონში, როგორიც არის ამიერკავკასია, სადაც რუსეთს არცთუ შორეულ, განმჭვრეტ მომავალში შესაძლოა, სერიოზული პრობლემები გაუჩნდეს და ეს იქნება ჩეჩნეთში.

უკანასკნელი მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კადიროვმა ლამისაა მოახერხა, რომ რუსეთის მთელი მოაზროვნე ელიტა გადაიბირა, დაწყებული პოლიტტექნოლოგებიდან დამთავრებული კინორეჟისორებით და მსახიობებით, ფაქტობრივად, რუსული ელიტა შუაზე გაყო – კადიროვის მომხრეებად და მის მოწინააღმდეგეებად. კადიროვი რუსეთის ვარსკვლავებს რომ პატიჟებს, „ლამბორჯინებს“ ჩუქნის და ისე უშვებს. ისეა გამწარებული პუტინი, რომ კადიროვის ზარებს აღარ პასუხობს, ჯერჯერობით პუტინი ითმენს, მაგრამ საფრთხე არის.

სახეზეა აზერბაიჯანთან მისი რთული დამოკიდებულება, რაც განაპირობა ალიევის უპირობო მხარდაჭერამ ერდოღანის მიმართ, პუტინს სომხეთი ჯიბეში უზის და ფიქრობს, ახლა ფეხიან ქვეყნებს რა უყოს, თორემ უფეხო სად წაუვათ. ამ შემთხვევაში უფეხოა სომხეთი, როგორც აზერბაიჯანი, საქართველო მისთვის ფეხიანია, მაგრამ აზერბაიჯანი ნაკლებად საიმედოა რუსეთისთვის, ხოლო საქართველოსთან მათ ბევრი რამ აკავშირებთ, რელიგიიდან დაწყებული, წარსული ურთიერთობებით დამთავრებული. ჯერ კიდევ არსებობს თაობა, ვისაც ახსოვს რუსეთთან კავშირები, პუტინს რომ შეეძლოს, სახე შეინარჩუნოს და საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა აღადგინოს, ამაზე სიამოვნებით წავიდოდა, მაგრამ დღეს ეს შეუძლებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ არის აფხაზეთი, სამაჩაბლო და 2008 წლის ომის შედეგები.

ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ახალ პრეზიდენტს, პედრო არგამუნტს თედო ჯაფარიძემ დიპლომატიური მასტერკლასი ჩაუტარა და მის შეფასებას, რომ უგულავა თითქოს პოლიტიკური პატიმარია, ჯაფარიძემ არგუმენტირებული პასუხი გასცა. როგორ ფიქრობთ, ჯაფარიძე დაარწმუნებს არგამუნტს, რომ ის საკუთარ შეხედულებებში ცდება?

– ჩემთვის საერთოდ გაუგებარია თედო ჯაფარიძის პოზიცია და აი, რატომ. ამ ადამიანს თითქმის ნახევარი საუკუნეა ვიცნობ, მის პროფესიონალიზმში ეჭვი არავის ეპარება, მას აქვს ძალიან დიდი კავშირები რუსეთთან და დასავლეთთან, ბოლოს და ბოლოს, ეს კაცი ამერიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო და ოთხი წელი დუმილში გაატარა. როცა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნეს, დარწმუნებული ვიყავი, დაჩრდილავდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვინაიდან ამ ერთ კაცს გაცილებით მეტი ცოდნა, პროფესიონალიზმი, კვალიფიკაცია აქვს, ვიდრე მთლიანად საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთად აღებულს თავისი მინისტრით, დეპარტამენტის თავმჯდომარეებით და მათი მძღოლებით დასრულებული, მაგრამ ვერ გავიგე, პარლამენტში რისთვის არის. კი ბატონო, გამოაქვეყნა რამდენიმე საინტერესო წერილი დასავლეთში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს და იცით, რატომ? თუკი შენ სისტემურად არ გააკეთებ ამას, არ იაქტიურებ, დაგივიწყებს საზოგადოება. იყო საუბარი, ინგლისში ელჩად უნდა დაენიშნათ, მაშინ ალასანიას ცოლისდა იყო საგარეო საქმეთა მინისტრი. ეტყობა, თედო ჯაფარიძემ აქტიურობა რომ მოინდომა, შეუბღვირეს და უთხრეს, – შენს კომიტეტს მიხედეო. როგორც ჩანს, თედო განაწყენდა და იფიქრა, ელჩად მაინც წავალო, იქაც არ გაუშვეს და უთხრეს, დარჩი, თედო ხარ ჯაფარიძე, დიდი სახელის მქონე ხარ და აქ იყავიო. მოკლედ, მისი განცხადება ევროპის საბჭოს ასამბლეაზე ერთი ეპიზოდია, რაც თქვა, იყო სწორი და კარგი, მაგრამ დიპლომატიაში ეს არაფერს ნიშნავს. თედომ ცივილიზებული ტონით გააკეთა განცხადება და მისი კოლეგისგან განსხვავებით არ უთქვამს, დაბერდი და გამოპრუტუნდიო, როგორც ეს თავის დროზე კვაჭანტირაძემ გააკეთა არგამუნტის მისამართით. მეორეც, არ მგონია, თედოს შინაგანი მოთხოვნა ყოფილიყო ასეთი საყვედურით გამოსვლა, ვინაიდან, ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, დღეს ევროსაბჭოს ალტერნატივა არ გვაქვს. ევროჩინოვნიკებმა საკუთარი თავის ფასი მშვენივრად იციან, ასევე იციან ქართველი დეპუტატების ფასი. მე არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში თედო ჯაფარიძეს, მაგრამ მის კოლეგებს რომ ევროჩინოვნიკები ელაპარაკებიან, ისინი ნუ იფიქრებენ, რომ მას თანასწორადაც აღიქვამენ, შინაგანად ისინი ქართველ დეპუტატებს უყურებენ როგორც სპილო – ბეღურებს… უბრალოდ, კარგად აღზრდილი ხალხია და სხვა ტონალობა აქვთ საუბრებში. მათთან ვერ გამოვნახეთ საერთო ენა ოთხი წლის მანძილზე. არადა, თითქოს ეს საკმარისი დრო უნდა ყოფილიყო, მაგრამ მივდივართ კონფრონტაციაზე. იმის ნაცვლად, ელაპარაკო, დაარწმუნო, რა არის სიმართლე და რა ტყუილი, გამოდიხარ და ეუბნები – დაბერდიო, მაგრამ კვაჭანტირაძემ ეს განცხადება იმიტომ გააკეთა, რომ ერთი კაცისთვის ესიამოვნებინა, ოლიმპოს მთაზე რომ არის, შემდეგ მას რომ ეთქვა, თურმე რა მაგარი ყოფილა და საარჩევნო სიაში კიდევ ჩავწერო… როგორც ჩანს, ქართველი დეპუტატების მიზანი არ არის, ევროჩინოვნიკებს პოზიცია შეაცვლევინონ, არამედ მათი მიზანია, ხმამაღლა ლანძღონ ისინი, დასცინონ, მივიდეს ეს ივანიშვილის ყურამდე და საპარლამენტო სიაში ადგილები გაინაღდონ. არადა, ვინც არგამუნტს ბებერს უწოდებს, ის კაცი აირჩიეს ევროპელებმა პრეზიდენტად და არ აურჩევია ვინმე ქართველ დიასახლისს. ახლა გაიგეს, რომ სოციალისტები ძალიან ძლიერად არიან ევროპაში და მიდის საუბრები, რომ ქართველი „სოციალდემოკრატები“ უფრო დიდი რაოდენობით შეიყვანონ პარლამენტში, რომ „ნაცმოძრაობის“ მოძმე პარტია, „ევროპის სახალხო პარტია“ ამით დააბალანსონ, ასეთი გაუგებრობებიც ხდება. გამკვირვებია ზოგიერთი იმ პოლიტიკოსის, ვინც კრიტიკულად საუბრობდა რამდენიმე ხნის წინ ივანიშვილსა და „ოცნებაზე“, დღეს კი საეჭვოდ დატკბნენ. რა ტონალობაშიც ღარიბაშვილს აქებდნენ, იგივე ტონალობაშიც აქებენ კვირიკაშვილს. მე პირადად გულგატეხილი და იმედგაცრუებული ვარ იმის შემხედვარე, რაღას არ კადრულობენ, ოღონდ სიებში მოხვდნენ.

ინტერპარტიული ჯგუფი პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდა, თქვენ როგორ ფიქრობთ, საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის, თუ რეალური ჩანაფიქრია ამ ყველაფრის მიღმა?

– მოახლოვდა არჩევნები, ცხადია, კვირიკაშვილს აქვს ზემოდან მითითება, მაღლა აიხედეთ და დაინახავთ, ვისგან. მას უთხრეს, შეხვდი ოპოზიციას და ელაპარაკე, თუმცა გადაწყვეტილებების მიღება უჩვენოდ არ გაბედოო. ამიტომ, არავითარი გადაწყვეტილება არ იქნება. კვირიკაშვილმა წინასწარ იცის, რაზე მისცეს თანხმობა და რაზე – არა. ინტერპარტიული ჯგუფის წევრები კვირიკაშვილისგან ბისმარკისა და კისინჯერის სახეებით რომ გამოვიდნენ, მათ რა ჰგონიათ, რამეს შეაცვლევინებენ?.. თუ ფიქრობენ, მათ დაკრულზე ხელისუფლებას აცეკვებენ, მაშინ მაგათი ადგილი 100 წელი კიდევ ხელისუფლებაში ყოფილა. ჩვენ, უბრალოდ, შეიძლება კოსმეტიკური ცვლილება ვნახოთ, რაც საერთო სურათს არ შეცვლის, თქვენ ნახეთ ხელისუფლების განცხადება, რომ სპეცუბნების გაუქმება ისედაც გადაწყვეტილი გვქონდა, ეს სულაც არ ნიშნავს კომპრომისზე წასვლასო, ამით მიანიშნეს ოპოზიციას, ღია კარს ამტვრევთო. რაც მთავარია, ეს არჩევნები ჩატარდება მაჟორიტარული სისტემით. ასე რომ, ოპოზიციის ძირეული მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის. ხელისუფლება რჩება მოგებული, რადგან მან შექმნა ილუზია, რომ ოპოზიციას ხვდება და მოლაპარაკებას მართავს. დაიკიდონ ახლა პრემიერის სურათები ორკაციანი პარტიის ლიდერებმა და შვილიშვილებს მოუყვნენ, რომ ოდესღაც პრემიერს შეხვდნენ.

რეზონანსი“, 27 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: “საქართველო რომ აღარ იგინება, იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთის პოლიტიკით კმაყოფილია”

თაკო მათეშვილი

რუსეთსა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრამდე, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ჯერ ის უნდა გაირკვეს, თუ რას ელის ამ შეხვედრისგან რუსეთი და რა იმალება რეალურად მისი შეთავაზებების მიღმა. მისი თქმით, თუკი პუტინს ქართულ მხარესთან შეხვედრა მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ დასავლეთი დაარწმუნოს, თითქოს ორ ქვეყანას შორის ჰარმონიული ურთიერთობაა, მაშინ შეთავაზებას არ უნდა დავთანხმდეთ.

მოგეხსენებათ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოზე ვრცლად ისაუბრა და განცხადა, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის მომხრეა. მან ქართველ კოლეგასთან ურთიერთობის დაწყების მზადყოფნაც გამოთქვა და ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადება შეახსენა, რომლის თანახმადაც, ის საქართველოს პრეზიდენტთან შესახვედრად მზადაა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრას რამაზ საყვარელიძე უთანასწოროდ მიიჩნევს და ამბობს, რომ უფრო ლოგიკური იქნება, თუკი პუტინს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება. თუმცა მიიჩნევს, რომ შეხვედრამდე საქართველომ უნდა გაარკვიოს, არის თუ არა რუსეთი მზად აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობაზე წავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამაზ საყვარელიძის აზრით, ვიზიტს აზრი არ აქვს. „ამ შემოთავაზებებზე ჩვენი ხელისუფლების პასუხი ადეკვატურია თუ არა, ეს მაშინ გაირკვევა, როცა გვეცოდინება, თუ როგორია რუსული მხარის გეგმები, რა შინაარსს დებენ ამ შეხვედრებში და რა შინაარსს ჩადებს მასში ქართული მხარე. ეს საჯარო განცხადებებით ვერ გაირკვევა. ეს იმ არაოფიციალური არხებით უნდა გაირკვეს, რომელიც ამ ორ მხარეს ერთმანეთთან საურთიერთოდ, ალბათ, აქვს. რა თქმა უნდა, მსგავსი ინიციატივები შემთხვევითობა არაა. თუკი მათ უკან ის დგას, რომ რუსეთს უნდა თავისი “ტოლერანტობა” უცხოეთს დაანახოს და დაარწმუნოს, რომ საქართველოსთან გაუგებრობა არ აქვს, მაშინ ამის ხელშეწყობა საქართველოს ინტერესში ნამდვილად არ შედის», – ამბობს რამაზ საყვარელიძე

- სერგეი ლავროვმა ისიც თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ისევ მზადაა ქართველ კოლეგას შეხვდეს. რამდენად საჭიროა, თქვენი აზრით, ეს შეხვედრა?

- პრეზიდენტების შეხვედრა ცოტა უთანასწორო იქნება. ორივეს პრეზიდენტი კი ჰქვია, მაგრამ პუტინი რუსეთში ყველაფერს განაგებს, მარგველაშვილი კი – არაფერს. ასე რომ, მოლაპარაკებისას რაიმე გადაწყეტილება რომც მიიღონ, რუსული მხარის სიტყვებს აბსოლუტურად სხვა წონა ექნება და ქართული მხარისას – სხვა. მოლაპარაკება მაშინაა შედეგიანი, როცა თანაბარი დონის ფიგურათა შეხვედრაა. პუტინი და მარგველაშვილი კი თანაბარი დონის ფიგურები არ არიან.

- ანუ, ფიქრობთ, რომ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი უნდა წავიდეს?

- დიახ. ის ფიგურა, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის უნარი აქვს.

- ამგვარი შეთავაზებები, სხვადასხვა დონის თანამდებობის პირების შეხვედრასა და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით, ადრეც გაკეთდა, თუმცა ვიზიტი ამ დრომდე არ შემდგარა. ხომ არ რჩება შთაბეჭდილება, რომ ქართული მხარე ფეხს ითრევს?

- ნამდვილად ფეხს ითრევს. ამას იმ მიზეზით აკეთებენ, რაზეც ზემოთ ვისაუბრე – საქართველომ არ იცის, თუ რას სთავაზობს რუსეთი. ეს შეთავაზება არც ღიად ჩანს და, როგორც ჩანს, არც ფარულად. თუკი რუსეთს ეს შეხვედრა მხოლოდ იმისთვის უნდა, რომ ფოტომასალაში გამოჩნდეს და განაცხადონ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა მოაგვარეს, ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს არ აწყობს.

- როგორ უნდა გაიგოს ქართულმა მხარემ თუ რა დგას რეალურად ამ შეთავაზებების უკან?

- ჩვენი ინტერესი დამალული არაა, ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება გვინდა. რა თქმა უნდა, თავიდანვე, რუსეთი პრობლემების მოგვარების ოქროს გასაღებს საქართველოს არ შესთავაზებს, მაგრამ რაღაც ნაბიჯები თუ არ გადმოიდგა, მაშინ შეხვედრას რა აზრი აქვს? გამოვა, რომ ამ შეხვედრით მხოლოდ ერთი მხარე მოიგებს. მეორე მხარე კი გამოყენებული აღმოჩნდება და გამოყენება არავის სიამოვნებს.

- ანუ, მოლაპარაკების წინაპირობად ქართულმა მხარემ ის უნდა წამოაყენოს, რომ გაყინული კონფლიქტების საკითხში რუსეთი გარკვეულ დათმობებზე წავიდეს?

- დიახ, აუცილებლად. აქ მხოლოდ მანდარინისა და ღვინის ექსპორტის საკითხებზე დათმობა არ იქნება საკმარისი. ეს ამ რანგის პოლიტიკოსების შეხვედრის თემა არაა. სახელმწიფოს მეთაურების დონეზე თუ შედგება შეხვედრა, რა თქმა უნდა, ამას ურთიერთობაში სერიოზული პოლიტიკური ძვრა უნდა მოჰყვეს. საქართველო რომ აღარ იგინება და აღარ იფურთხება, იმას არ ნიშნავს, რომ იგი რუსეთის პოლიტიკით კმაყოფილია.

- სავარაუდოდ, რუსეთშიც გაცნობიერებული ექნებათ, რომ საქართველოდან პირველი პირი პუტინთან შეხვედრაზე მხოლოდ მანდარინის გატანაზე სასაუბროდ არ წავა და რომ აფხაზეთისა და ოსეთის საკითხი აუცილებლად წამოიწევს წინ. მიუხედავად ამისა, შეხვედრას სისტემატურად გვთავაზობენ. ეს ყველაფერი ხომ არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ამ კუთხით გარკვეულ დათმობებზე წასასვლელადაც მზად არიან?

- ასეთი საპროგნოზო სიტუაცია არ იქმნება ხოლმე. პირველი პირების შეხვედრა, თავად ფაქტიც კი, საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია. თუ რუსეთს უნდა, რომ ამგვარი პოლიტიკური მოვლენის თანაავტორი საქართველოც გახდეს, მაშინ მისი ინტერესებიც უნდა გაითვალისწინოს.

ამ თემაზე წინასწარ, შეხვედრამდე უნდა იყოს საუბარი. ზოგადად ასე ხდება – შეხვედრების წინ წარმომადგენლები ოფიციალურად ან არაოფიციალურად არკვევენ, თუ რაზე იქნება საუბარი, რას შესთავაზებს ერთი ხმარე მეორეს და მეორე რას უპასუხებს და ა.შ. ანუ, თუკი რუსულ-ქართული შეხვედრა შედგება, მცირე პროგრამა მათი მხრიდან ჩვენც წარმოგვედგინება და ჩვენი მხრიდან – მათაც. ამის მერე გადაწყვეტენ მხარეები, აწყობთ თუ არა ეს ყველაფერი. როგორც ჩანს, ამ ეტაპისათვის რუსეთის მიერ წარმოდგენლი ნუსხა იმ საკითხებისა, რომელზეც მას საუბარი სურს, საქართველოსთვის საინტერესო არ აღმოჩნდა.

- ლავროვმა პანკისზეც ისაუბრა და თქვა, რომ იქ ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა. მისი თქმით, პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პანკისის ხეობაში “ისლამური სახელწმიფოს” მებრძოლებს საწვრთნელი ბაზები აქვთ. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა იმის საშიშროება, რომ ამ საბაბით რუსეთი პანკისში “პრობლემის მოგვარებას” შეეცდება?

- გამორიცხული არაფერია. პანკისური თემის წამოწევა უკვე იმას ნიშნავს, რომ რუსეთს აგრესიული ჩანაფიქრი აქვს. როცა აბზაცის დასაწყისში ლავროვი ამბობს, რომ ჩვენთან ურთიერთობის გაუმჯობესება უნდა, ხოლო ბოლოში პანკისთან დაკავშირებით საჯაროდ თითს იქნევს, ეს ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. დიდი ეჭვი მაქვს, რომ პანკისის თემა ხელოვნურად, რუსეთის აგრესიული რიტორიკისთვისაა შექმნილი.

დავუშვათ, ასეთი პრობლემა მართლაც არსებობს. ამის მოგვარება შეხვედრებზეც შეიძლებოდა ისე, რომ მსოფლიოს სალაპარაკო არ გამხდარიყო. თუკი რუსეთს მსოფლიოს მედიის ალაპარაკება უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას საქართველოს დადანაშაულება სურს “ისლამურ სახელმწიფოსთან” ალიანსში. ცდილობს, მტრობა ჩამოაგდოს საქართველოსა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც “ისლამურ სახელმწიფოს” უპირისპირდებიან. ამ ვერაგულ ჩანაფიქრს მოკეთის სურვილსა და მეგობრულ ჟესტს, ნამდვილად ვერ ვუწოდებ.

- ორი დღის წინ საქართველოს პრემიერი არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და საარჩევნო გარემოზე ისაუბრეს, გარკვეულ შეთანხმებებსაც მიაღწიეს. გუშინ კი კვირიკაშვილთან არასამთავრობო ორგანიზაციები იმყოფებოდნენ. პრემიერმა საჯაროდ განაცხადა, რომ პროცესებში მათი ჩართვა უმნიშვნელოვანესია. ფიქრობთ, რომ იგი იმ ხალხის “შემორიგებას” ცდილობს, ვისთანაც ღარიბაშვილს არცთუ კარგი ურთიერთობა ჰქონდა?

- ფაქტია, რომ პრემიერი ცდილობს თავისი სტილი შექმნას ყველა იმ სუბიექტთან, რომელთანაც ურთიერთობა ექნება. მან თავიდანვე განაცხადა, რომ არავის მიმართ აგრესიული არ იქნებოდა. პიროვნულადაც ასეთია – მაქსიმალურად ცდილობს, ვინმეს არ დაუპირისპირდეს. იგი ცდილობს ყველა მხარესთან დიალოგისა და პარტიორობის ფორმა გამოძებნოს და არა კონფრონტაციის. ვნახოთ, სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი.

- შესაბამისად, შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ ამიერიდან პრეზიდენტსა და მთავრობას შორისაც უფრო ჰარმონიული ურთიერთობა იქნება?

- ვნახოთ, ამის თქმა ჯერ-ჯერობით მიჭირს. ეს ურთიერთობა ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული – პრემიერისა და რეზიდენტის, პრემიერისა და არასამთავრობოების, პრემიერისა და მედიის ურთიერთობაზე. ამ ურთიერთობაში პრემიერის გარემოცვისა და პარტნიორების გავლენაც იქნება. ასე რომ, ამის გამოჩენას დრო სჭირდება.

რეზონანსი“, 27 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ ზაალ ანჯაფარიძესთან: “ოცნება” ცდილობს შექმნას სია, რომელიც მოეწონებათ ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და საქართველოშიც

ია აბულაშვილი

მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და იმაზე, ამჟამინდელი წევრებიდან რომელი სუბიექტი შემორჩება კოალიციას და რამდენი პოლიტიკური სუბიექტი შევა მომავალ პარლამენტში, “რეზონანსი” ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- არჩევნებამდე საკმაო დროა, თუმცა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ირგვლივ, ცოტა არ იყოს, ნაადრევად წარმოქმნილმა ვნებათაღელვამ გააჩინა ეჭვი, რომ პარტიაში გარკვეული ცვლილებები მწიფდება. დასახელდნენ ახალი სიის შესაძლო კანდიდატებიც. როგორ ფიქრობთ, სიის განახლებით “ქართული ოცნება” ამომრჩევლის შეცვლილ მოთხოვნებს პასუხობს? და, საკმარისი იქნება თუ არა ახალი სახეეები იმისათვის, რომ “ოცნებამ” არჩევნები დამაჯერებლად მოიგოს?

- საარჩევნო სიების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი დიდწილად საზოგადოებასთან “ქართული ოცნების” ზოგიერთი ხელმძღვანელის არასწორმა კომუნიკაციამ განაპირობა. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ტელეინტერვიუში ზოგადად განაცხადა საარჩევნო სიის გადახალისების აუცილებლობაზე, როგორც ჩანს, პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ჩათვალა, რომ საკითხი დაკონკრეტებას საჭიროებდა. არადა პოლიტტექნოლოგიური კუთხით ამის აუცილებლობა, ჩემი აზრით, არ არსებობდა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. მოკლედ, ამ არასწორი კომუნიკაციით პარტიას გარკვეული რეპუტაციული ზარალი მიადგა.

საარჩევნო სიის განახლების საჭიროება “ქართულ ოცნებაში” ნამდვილად არის. ჩემამდე მოსული ინფორმაციით, “ქართულ ოცნებაში” ცდილობენ შექმნან ისეთი საარჩევნო სია, რომელიც მოეწონებათ ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და საქართველოშიც. ეს ისე, ნახევრად ხუმრობით! თუმცა მათ ვურჩევდი, რომ ახალი სახეების შერჩევისას მარტო არჩევნებზე კი არ იფიქრონ, არამედ იმაზეც, რომ თუ როგორ პოზიციას დაიკავებენ ეს ახალი სახეები, როდესაც პარლამენტში შევლენ.

როგორც იტყვიან, ყველაფერი, რაც ბრჭყვიალებს, ოქრო არ არის. ჰარვარდის ან პრინსტონის დიპლომი ჯერ კიდევ არ არის იმის გარანტი, რომ მათი მფლობელები “ქართულ ოცნებას” გამოადგებიან გუნდის წევრებად, თუკი ღირებულებითი და მსოფლმხედველური შეუთავსებლობა აღმოაჩნდათ. “ახალი სახეები” ჩვენი საზოგადოებისათვის უნდა იყვნენ მისაღები და გარკვეული ელექტორალური რესურსიც გააჩნდეთ. სხვაგვარად მათი ფასი არჩევნებისას დიდი არ იქნება. შეიძლება ამ ოთხი წლის მანძილზე ელექტორატის რაღაც ნაწილი უფრო მომთხოვნი და ფრთხილი გახდა, მაგრამ უმრავლესობის გემოვნება, ვფიქრობ, იგივე დარჩა. მხარს დაუჭერენ მას, ვისშიც ძალას დაინახავენ და ვისგანაც მეტის მოლოდინი ექნებათ. ასე რომ, “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველს იმაზე მეტი უნდა შესთავაზოს, ვიდრე “ახალი სახეები”. რაც მთავარია, მან უნდა დაარწმუნოს ხალხი იმაში, რომ ამჯერად დაპირებები ბოლომდე შესრულდება.

- თქვენი აზრით, რამდენად დიდია ბიძინა ივანიშვილის როლი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის განახლებაში, როდესაც ის ფორმალურად წასულია პოლიტიკიდან და, წესით, ამ პროცესში აქტიურად არ უნდა მონაწილეობდეს, ექსპერტები აცხადებენ, რომ “ქართულ ოცნებას” რებრედინგიც ვერ უშველის და არსებითი ცვლილებების გარეშე მას მომავალი არ გააჩნია. სჭირდება თუ არა პარტიას რებრენდინგი?

- კლასიკური რებრენდინგი იმას გულისხმობს, რომ პარტიამ მოახდინოს სახელწოდების, ლოგოს, სლოგანის და სხვა ვიზუალური კომპონენტების ცვლილება, ასევე პოლიტიკურ არენაზე მისი პოზიციონირების შეცვლა. ჩემი აზრით, არჩევნებამდე რვა თვით ადრე “ქართული ოცნების” რებრენდინგი პოლიტტექნოლოგიის კუთხით წინააღმდეგნაჩვენები იქნებოდა. “ქართული ოცნება”, როგორც პარტია, ჩამოყალიბდა და განვითარდა ისე, რომ მისი ბრენდიც და მთავარი საყრდენიც იყო და არის ბიძინა ივანიშვილი მისი სოციალური, პოლიტიკური და ფინანსური კაპიტალით.

ივანიშვილმა, რომელიც კარგად გრძნობს მის მიერვე დაფუძნებული პარტიის მაჯისცემას, შემთხვევით არ განაცხადა, რომ აპირებს აქტიურად დაუდგეს გვერდით პარტიას არჩევნების დროს. შესაბამისად, ის იქნება “ქართული ოცნების” ლოკომოტივი არჩევნებზე. ვფიქრობ, სწორედ მისი ინიციატივაა საარჩევნო სიის განახლებაც, რომ ამით მაინც მოახდინონ ცვლილებები პარტიაში, სადაც ბოლო დროს ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობა შეიქმნა.

ვერც ერთი კანონი ვერ აუკრძალავს ივანიშვილს, როგორც “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, საკუთარი აზრი გამოთქვას საარჩევნო სიასთან დაკავშირებით, რაც მავანთ არაფორმალურ მმართველობად მიაჩნიათ. თავად “ქართულ ოცნებაში”, როგორც ჩანს, ბოლო დრომდე ნაკლებად ფიქრობდნენ არსებით ცვლილებებზე, იმდენად არ სურდათ კომფორტის ზონიდან გამოსვლა. თუმცა ივანიშვილის ბრენდმა შეიძლება ამ არჩევნებზე ისეთი ძალით ვეღარ იმუშაოს, როგორც 2012 წელს. ამიტომაც სჭირდება პარტიას ორგანიზაციული სტრუქტურების გაძლიერება, ახალი და ხალხისათვის მისაღები ლიდერების წინ წამოწევა, ახალი პროგრამისა და საზოგადოებისათვის ახალი გზავნილების შემუშავება და, რაც მთავარია, ქვეყანის ეკონომიკაში ნეგატიური პროცესების შეჩერება.

- თუმცა მმართველი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, “რესპუბლიკელი” ლევან ბერძენიშვილი საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი და დარწმუნებით აცხადებს, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებს სახელისუფლებო კანდიდატი მოიგებს. რას უნდა ემყარებოდეს ასეთი მაღალი ოპტიმიზმი?

- ბოლო დროს ბატონი ბერძენიშვილი, ცოტა არ იყოს, უცნაურ განცხადებებს აკეთებს. სავარაუდოდ, მისი ოპტიმიზმი პირად განცდებს ემყარება ან ხელისუფლების ადმინისტრაციული რესურსის ძალას. თუ ბატონი ლევანი თვლის, რომ მაჟორიტარულ ოლქებში სახელისუფლებო კანდიდატები არჩევნებს ისე მოიგებენ, როგორც ეს საგარეჯოს შუალედური არჩევნების დროს მოხდა, შემიძლია ვთქვა, რომ ის ღრმად ცდება.

- პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა ყველაფერი გააკეთოს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად. ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა სახიფათო პოლარიზაციის გამო შეშფოთებული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები საკმაოდ გააქტიურდნენ და მათი კონსოლიდაცია ხდება საარჩევნო კოდექსის შეცვლის მოთხოვნის ირგვლივ. ოპოზიცია, როგორც ჩანს, უკან დახევას არ აპირებს. მათი მხრიდან კეთდება საკმაოდ მწვავე განცხადებები ხელისუფლების დემონტაჟზე, გამოითქვა პროგნოზი შესაძლო შეიარაღებულ დაპირისპირებაზეც კი. მოკლედ, სიტუაცია ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იძაბება. მოელით, რომ ოპოზიცია გაერთიანდება და ხელისუფლებას ერთიანი ფრონტით შეუტევს?

- სიტუაცია დაძაბულია, და ის შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს, თუკი ვერ მოხერხდება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით კომპრომისის მიღწევა. აქ მხოლოდ პარტიებზე არაა საუბარი, სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილიც არის ჩართული ამ პროცესში. მეეჭვება, რომ ოპოზიციამ ისეთი გაერთიანება მოახერხოს, რომ მმართველი კოალიცია მათ წინაშე მარტო დატოვოს. ოპოზიცის რიგებში არიან პარტიები, რომლებიც, არ მგონია, რომ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდნენ და დადგნენ იმ პარტიების გვერდით, რომლებთანაც პოლიტიკური და პიროვნული შეუთავსებლობა აქვთ. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, ასე ვთქვათ, სიტუაციური მოკავშირე გახდეს და არათანაბარი საარჩევნო გარემოს, ან არჩევნების გაყალბების მოტივით საპროტესტო ტალღა ააგოროს, მერე კი ნაცადი მეთოდებით “ფერადოვანი რევოლუციის” მოწყობა სცადოს. დღეს კი ირწმუნებიან, რომ მხოლოდ არჩევნების გზით მოვალთ ხელისუფლებაში და არეულობა არ გვინდაო, მაგრამ პირადად ჩემთვის მათი ეს დაპირებები ბევრს არაფერს ნიშნავს.

- საკმაოდ აქტიურობს კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი და მისი ახლად შექმნილი პარტია, ასევე პაატა ბურჭულაძის ფონდი, რომლის პარტიად გარდაქმნას პროგნოზირებენ, შესაძლოა, რომ სხვა ახალი სახეებიც ჩაერთონ საარჩევნო მარათონში და მათი გამოჩენა გააჯანსაღებს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას?

- პოლიტიკაში ახალი სისხლის გადასხმა, ერთი მხრივ, თითქოს კარგია, რადგანაც პოლიტიკურ ცხოვრებას უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც საკითხავია, თუ რამდენად ჯანსაღია ეს ახალი სისხლი?! დაავადებული ახალი სისხლის გადასხმა კი ნებისმიერ სფეროში სახიფათოა და შეიძლება სერიოზული გართულებებიც გამოიწვიოს. პოლიტიკის ისტორიას, მათ შორის ჩვენთანაც, ამის არაერთი მაგალითი ახსოვს.

- ბევრი საუბრობს, რომ ეს არჩევნები იქნება პრო-დასავლური და პრორუსული ორიენტაციების პარტიათა ჭიდილი და სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება პოლიტიკურად საკმაოდ ჭრელი პარლამენტი მივიღოთ. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- ჩემი აზრით, ქვეყანაში პროდასავლური განწყობის გარკვეული შემცირება არ ნიშნავს იმას, რომ პრორუსული განწყობა იმდენად გაიზარდა, რომ რუსეთზე ორიენტირებულ პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს ისეთი სერიოზული დასაყრდენი გაუჩნდეთ საზოგადოებაში, რომ ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე და ორიენტაციაზე რამდენადმე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინონ. ამაზე ხელოვნურ აჟიოტაჟს ის პარტიები და ლიდერები აგორებენ, რომლებსაც სურთ, ეს თემა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. თუ რამდენი პოლიტიკური სუბიექტი შევა პარლამენტში, ეს ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ არჩევნებამდე რამდენად შეინარჩუნებენ ფორმას ის პარტიები, რომლებსაც სოციოლოგიური გამოკითხვებით ხელეწიფებათ საარჩევნო ბარიერის დაძლევა. ამ ეტაპზე ასეთი 4-5 პარტია იკვეთება. შეიძლება მათი რიცხვი გაიზარდოს კიდეც, თუკი პოლიტიკურ არენაზე ახალი ძლიერი მოთამაშე შემოვიდა.

აქედან გამომდინარე, მე ვვარაუდობ, რომ მოხდება ელექტორატის დანაწევრება და “ქართულმა ოცნებამ” შეიძლება ვერ მიიღოს ის ელექტორალური პაკეტი, რაც ცნობილი მიზეზ-გარემოებების გამო მას ერგო 2012 წელს.

„ახალი თაობა“, 27 იანვარი, 2016 წელი

არჩევნებში მონაწილეობა შესაძლოა სავალდებულო გახდეს

არასამთავრობოები პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებით შევიდნენ

საქართველოში ამომრჩევლის რაოდენობა არჩევნებიდან არჩევნებამდე მცირდება. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს და სახლში ამჯობინებს დარჩენას.

2014 წელს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე ყველაზე ცოტა ამომრჩეველი მივიდა. წინასწარი ვარაუდით, წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ უფრო ცუდ შედეგს უნდა ველოდოთ. ამომრჩევლის დიდ ნაწილს არცერთი პარტიის მიმართ სიმპათია არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი მათგანი საარჩევნო უბანზე არ წავა.

არაერთხელ გაიჟღერა მოსაზრებამ იმის შესახებ, რომ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა გახდეს. ამ მოსაზრებას პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი ეთანხმება. არჩევნების სავალდებულოობას მხარს უჭერს არასამთავრობოების ნაწილიც.

ამ მხრივ ყველაზე მოწადინებული უფლებადამცველთა გაერთიანებაა. ამასთან დაკავშირებით 26 იანვარს მათ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს. უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ დავით უსუფაშვილის სახელზე გაგზავნილი წინადადება რეაგირების გარეშე არ დარჩება.

თუ მათი წინადადება პარლამენტისთვის მისაღები იქნება, საარჩევნო კანონის გარდა, ცვლილებები კონსტიტუციაშიც უნდა შევიდეს.

- საქართველოში არჩევნებში აქტივობის მაჩვენებელი დაბალია და, ამასთან, სულ უფრო მცირდება გასულ წლებთან შედარებით. ცესკოს მონაცემებით, 2004 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 64%-მა, 2006 წელს – 48%-მა, 2008 წლის არჩევნებში აქტივობა 53% შეადგენდა, 2010 წელს – 49%, 2012 წლის არჩევნები, წინა პერიოდთან შედარებით, მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებში (2014 წლის 15 ივნისი) საკმაოდ დაბალი აქტივობა დაფიქსირდა, რაც დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის.

ამიტომ უფლებადამცველთა გაერთიანება აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაფიქსირებული `უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინებას“ ნაცვლად, კონსტიტუციაში ჩაიწეროს „ამომრჩეველთა ნების გამოვლენა სავალდებულოა“. ასევე ცვლილებები უნდა შევიდეს საარჩევნო კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში, – განუმარტეს „ახალ თაობას“ გაერთიანებაში. მათი განმარტებით, კანონმდებლობაში ასევე უნდა დაფიქსირდეს ის სანქციები, რომლებიც დაწესდება იმ პირთა მიმართ, რომლებიც არჩევნებზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდებიან. სანქციები კი შესაძლებელია გამოხატულ იქნას ჯარიმებით, სისტემატურად არჩევნებზე არმისვლის შემთხვევაში კი _ საარჩევნო ხმის ჩამორთმევისა და სახელმწიფო სამსახურში რაიმე თანამდებობის დაკავების აკრძალვით.

- აღნიშნულის ამოქმედების შემდეგ ამომრჩეველთა აქტივობა ნამდვილად გაიზრდება და არჩევნებზე ვიხილავთ არა საქართველოს მოსახლეობის ნახევრის, არამედ უმრავლესობის მიერ გამოვლენილ ნებას, მით უმეტეს, აღნიშნული მოდელი უკვე მოქმედებს ევროკავშირში გაწევრიანებულ და სხვა ქვეყნებში, – აღნიშნავენ უფლებადამცველები. მათი განმარტებით, არჩევნებში მონაწილეობა ათეულობით ქვეყანაშია სავალდებულო. ესენია: ავსტრია, არგენტინა, ავსტრალია, ბელგია, ბოლივია, ბრაზილია, ჩილე, კოსტა რიკა, კვიპროსი, დომინიკის რესპუბლიკა, ეკვადორი, ეგვიპტე, ფიჯი, საფრანგეთი (მხოლოდ სენატი), გაბონი, საბერძნეთი, გვატემალა, ჰონდურასი, იტალია, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მექსიკა, ნაურუ, პარაგვაი, პერუ, ფილიპინები, სინგაპური, შვეიცარია, ტაილანდი, თურქეთი და ურუგვაი.

ამ ცვლილების მომხრეების ერთ-ერთი არგუმენტი ისიც არის, რომ არიან ოჯახები, სადაც არცერთი მშობელი არ დადის არჩევნებზე. შესაბამისად, ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ წავიდეს არჩევნებზე. თუ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდება და ბავშვი თავიდანვე გაიზრდება ასეთ გარემოში, მას ჩამოუყალიბდება კულტურა, რომ არჩევნებში უნდა მიიღოს აუცილებლად მონაწილეობა.

უფლებადამცველთა გაერთიანების აზრით, არჩევნებზე დაბალი აქტივობა გარკვეულმა ჯგუფებმა შესაძლოა თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ.

- არჩევნები, სადაც მოსახლეობის დაბალი აქტივობაა, ცხადია, სრულად ვერ ასახავს მოსახლეობის ნებას, ამასთან, იკვეთება გარკვეული ჯგუფების დაინტერესება და ამ შემთხვევაში, სწორედ, დაინტერესებული ჯგუფის ნება იქნება გადამწყვეტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის მაღალი აქტივობა იქნება, მიღებული შედეგი მოსახლეობის უმრავლესობის ნების გამოხატულება იქნება და არა – გარკვეული დაინტერესებული ჯგუფებისა.

ხმის მიცემის სავალდებულოობის მომხრეები აღნიშნავენ იმასაც, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში დიდი ალბათობაა არჩევნების გაყალბებისა. ეს ფაქტორიც აცილებული იქნება, თუ საქართველოშიც დაინერგება ეს სისტემა. „ამასთან, თუ ამომრჩეველი მხარს არ უჭერს არც ერთ წარმოდგენილ კანდიდატს, უმჯობესია, მივიდეს არჩევნებზე და უნდობლობა გამოხატოს წარმოდგენილი კანდიდატებისადმი, ვიდრე უნდობლობა გამოუცხადოს, ზოგადად, საარჩევნო პროცესს, – განმარტავენ უფლებადამ-ცველთა გაერთიანებაში. კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტი ხმის მიცემის სავალდებულოობასთან დაკავშირებით ის არის, რომ შესაძლებელია შემცირდეს ხარჯები წინასაარჩევნო კამპანიებისა, როგორიცაა ამომრჩეველთა გამოკითხვა.

საზოგადოების ნაწილი არჩევნებზე იმიტომ არ მიდის, რომ ამით ერთგვარ პროტესტს გამოხატავს. აქედან გამომდინარე, თუ არჩევნები სავალდებულო გახდა, პროტესტის მოყვარული ადამიანების უფლებები დაირღვევა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში განგვიმარტეს, რომ არჩევნების სავალდებულოობით არავის უფლება არ დაირღვევა. ამის დასტურად მათ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება მოჰყავთ.

- ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 1971 წელს დაადგინა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა, არჩევნებზე სავალდებულო გამოცხადების შესახებ, არ არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რადგან დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში სავალდებულოა მხოლოდ არჩევნებზე მისვლა და არ არის მოთხოვნა, რომ ადამიანმა აუცილებლად შემოხაზოს რომელიმე კანდიდატი. აღნიშნული დადგენილებით, ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ არ ირღვევა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მეცხრე მუხლი, რაც გულისხმობს `აზრის, სინდისისა და რელიგიის~ თავისუფლებას.

იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ საარჩევნო უბანზე მისვლა იქნება სავალდებულო და არა – ხმის მიცემა კონკრეტული პირისათვის ან პოლიტიკური ძალისათვის, ამისათვის მთელ რიგ ქვეყნებში საარჩევნო ბიულეტენებზე გამოყოფილია გრაფა, სადაც მოქალაქეს შეუძლია დააფიქსიროს აზრი იმგვარად, რომ ის წარმოდგენილ არცერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს. „ამით დასტურდება პირის მონაწილეობა არჩევნებში და ის ფაქტი, რომ ის წარმოდგენილ კანდიდატებს უცხადებს ბოიკოტს და არა – საარჩევნო პროცესს“, – განუცხადეს „ახალ თაობას“ უფლებადამცველთა გაერთიანებაში.

უფლებადამცველები იმასაც ამბობენ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმისთვის, რომ გაიზარდოს არჩევნებში საზოგადოების ჩართულობა და იყოს მაღალი აქტივობა, მიმართავენ ამომრჩეველთა წახალისების გზებს.

„აღნიშნული მიდგომა გამოიკვეთა საქართველოშიც, ადგილობრივი თვითმმართველობის 2014 არჩევნებზე, სადაც რამდენიმე ბიზნესკომპანია ფასდაკლებებს სთავაზობდა იმ პირებს, რომლებიც არჩევნებში მიიღებდნენ მონაწილეობას. მიუხედავად ამისა, არჩევნებში აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო. გარკვეულწილად, აქედან და გასული წლების სტატისტიკიდან გამომდინარე, სადაც იკვეთება აქტივობის ძალიან დაბალი მაჩვენებლები, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოში აუცილებელია დაინერგოს არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის სისტემა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები, რომ მოსახლეობამ გააანალიზოს ის ვალდებულება, რასაც საკუთარი ქვეყნის მომავალი ჰქვია“, – აღნიშნეს არასამთავრობო ორგანიზაციაში.

მათივე განმარტებით, აღნიშნული ცვლილება უნდა იყოს არა ხალხის იძულება და შიშის დანერგვა სანქციების მეშვეობით, არამედ ამ ცვლილებით ხალხში უნდა გაჩნდეს კანონის პატივისცემა.

უფლებადამცველთა გაერთიანების ინიციატივას რამდენიმე არასაპარლამენტო ოპოზიცია მხარს ოფიციალურად უჭერს.

ვნახოთ, რას იზამს პარლამენტი.

„ახალი თაობა“, 27 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ კონსტანტინე გამსახურდიასთან: „დასრულდა არასაპარლამენტო ოპოზიციის მარგინალიზაცია…  გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა არ იყო შეხვედრა შეხვედრისთვის

არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პრემიერ კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ საუბრობს.

„სახელისუფლებო გუნდი არასაპარლამენტო ოპოზიციის, ინტერპარტიულ ფორმატში ჩართული პოლიტიკური ძალების მარგინალიზაციის პროცესს ეწეოდა. პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან შეხვედრით ჩვენ, ოპოზიცია, ამ მარგინალური ზონიდან სრულიად გავედით. მარგინალიზაცია არის პროცესი, რომელიც `ზემოდან~ არის მართული. როდესაც ოპოზიციას არ გაქვს უსასრულო ადმინისტრაციული და ძალაუფლებრივი რესურსი, როგორიც, მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა 2004-2012 წლებში, ან არ გაქვს ისეთი ფინანსური რესურსი, როგორიც `ქართულ ოცნებას~ ჰქონდა 1-ლი ოქტომბრის არჩევნების დროს, მაშინ განწირული ხარ მარგინალიზაციისთვის. როდესაც წასული თუ მოსული პოლიტიკური ძალები მთლიანად იყოფენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, მესამე პლატფორმაზე მყოფი ძალებისთვის ადგილი არ რჩება“, – ამბობს კონსტანტინე გამსახურდია.

- ექსპერტები ხშირად აქცენტს მესამე ძალაზე აკეთებენ, შეიძლება ეს არის მესამე ძალის ფორმირების პროცესი?

- მესამე პოლიტიკური ძალის ფორმირება მართლაც აუცილებელია, მაგრამ ჯერ ამის ნიშნებს ვერ ვხედავ. მე ცოტა ფრთხილი ვარ ამ განცხადების გაკეთებაში.

- თუმცა დიდი ხანია ინტერპარტიულ ფორმატში არასაპარლამენტო ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს. შეიძლება წინასაარჩევნოდ რაღაც ერთობის სახე მიიღოს ამ ფორმატმა?

- კონსულტაციები იმართება საარჩევნო კანონმდებლობის ირგვლივ და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველას ერთი პლატფორმა გვქონდეს, ერთი იდეოლოგია და შეხედულება, ან ვთანხმდებოდეთ ყველა საკითხზე. ეს ნამდვილად არ არის ასე.

- ეს ოპოზიციაც ჭრელი და ეკლექტურია?

- რასაკვირველია, მაგრამ „ქართული ოცნებაც“ ასეთი ჭრელი და ეკლექტური გუნდი არ იყო? აქამდე ქართულ პოლიტიკაში მთავარი იყო, ვის წინააღმდეგ ვერთიანდებით, მაგრამ დღეს უკვე საკითხი ასე აღარ დგას. დღეს საკითხი ასე დგას – ვინ არის ცუდი და რა არის ცუდი კი არა, რა არის კარგი და სწორი. ამ საკითხზე გაერთიანება გაცილებით რთულია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ძალის ან ვიღაცის წინააღმდეგ გაერთიანება.

- პრეზიდენტთან შეხვედრის მიზეზი კვლავ საარჩევნო კანონმდებლობა იყო?

- დიახ. ასევე განვიხილეთ პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრა.

- პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკური იზოლაციის პერიოდი დასრულდა და დაიწყო დიალოგის პროცესი. ასეა?

- დიახ, მე ვეთანხმები პრეზიდენტის ამ განცხადებას. პროცესი მკვდარი წერტილიდან ნამდვილად დაიძრა. მზაობა გამოთქვა, რომ რაღაც შეცვალოს, მაგრამ რას შეცვლიან, ამის თქმა რთულია. ჭკვიანი დიპლომატია. ის არაფერს ამბობს, გარდა იმისა, რომ ამ საკითხს აუცილებლად გაარკვევს ანუ დროს ითხოვს. ზუსტად ასე მოითხოვა დრო პრემიერმაც, რომ გაარკვიოს, სადამდე წამოვა. აქ იგულისხმება შიდა კონსულტაციები „ქართული ოცნების“ ძირითად გუნდთან. ამ კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი, რაში ვთანხმდებით და რაში – ვერა. აქ საუბარია სისტემის შეცვლაზე, მაჟორიტარული სისტემის პროპორციული სისტემით შეცვლაზე.

- საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ კანონი მიღებულია და ვერაფერს მოახერხებენ, კვირიკაშვილმა კი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე ისაუბრა. რა ხდება?

- კანონი მიღებულია, მაგრამ მისი შეცვლა არ წარმოადგენს პრობლემას. საკონსტიტუციო ცვლილებისთვისაც არის საკმარისი დრო. ამას დასჭირდება სამი მოსმენა. მესამე მოსმენა ზაფხულში რომ იყოს, უპრობლემოდ შეიძლება ცვლილებების შეტანა. მთავარია, პოლიტიკური ნება იყოს.

- პრემიერს აქვს იმდენი ავტორიტეტი თავის გუნდში, რომ ეს ნება გაიტანოს?

- ვნახოთ, ეს სულ მალე გამოჩნდება, გამომდინარე იქიდან, თუ რა ცვლილებებს შემოგვთავაზებენ და რაზე წავლენ. გარდა ამისა, საუბარია საეთერო დროზე, ბარიერის საკითხზე, დაფინანსებაზე და ა.შ. ვნახოთ, რა დასკვნებს გააკეთებენ.

- პრემიერთან შეხვედრა იყო შეხვედრა შეხვედრისთვის თუ თქვენ გარკვეული იმპულსები იგრძენით, რომ კვირიკაშვილს რეალურად უნდა რაღაცის შეცვლა?

- მე ვიგრძენი, რომ მმართველ გუნდში არის რეალური ცვლილების სურვილი. ვისი მხრიდან, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ მე ვიგრძენი, რომ ასეთი სურვილი არის. ეს ნამდვილად არ იყო შეხვედრა შეხვედრისთვის, მაგრამ მე არ ვიცი, რა ზომით მოხდება დათმობები.

- ეს მოლაპარაკების ხელოვნებაზე იქნება დამოკიდებული თუ უკვე გადაწყვეტილი საკითხია?

- არ მგონია. ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოებაა ჩართული, არსებობს რეკომენდაციებიც, ეს არის დროის მოთხოვნაც. ამდენად, გამოჩნდება, რამდენად უსწორებს თვალს მმართველი გუნდი დროის მოთხოვნას.

- სპეცუბნების გაუქმება წინ გადადგმული ნაბიჯია?

- სამ შემთხვევაში უნდა გაუქმდეს: მაჟორიტარის არჩევნებში, მერის არჩევნებში და გამგებლის არჩევნებში. დანარჩენ შემთხვევაში, თუ ჯარისკაცი ვერ თავისუფლდება, მას ხმის მიცემის უფლება უნდა ჰქონდეს.

„ახალი თაობა“, 27 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან: „ახალი პრემიერი ბიძინა ივანიშვილს სჭირდება

საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში მამუკა გამყრელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ ბოლო პერიოდის პროცესებზე საუბრობს.

- დიდი აურზაურია უმრავლესობაში. სიების თემამ მათ მოსვენება დაუკარგა. როგორ დალაგდება ეს საკითხი?

- როგორც მახსოვს, მეჭიაურმა გააკეთა ამის შესახებ განცხადება, ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთსო და სწორედ ასეც იქნება. სამწუხაროდ, საქართველო გადაიქცა ერთ დიდ ქარვასლად, იყიდე-გაყიდე, მეტი არაფერი ხდება. სამწუხაროა, მაგრამ ასეა.

- თქვენი გუნდი თუ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას?

- მე არცერთ გუნდში აღარ მოვიაზრები. ივერიაშიც მინიმუმამდეა დასული ჩემი ურთიერთობები. არც ვიცი, ისინი რამე პოლიტიკურ აქტივობას აპირებენ თუ არა.

- რატომ თქვით უარი პოლიტიკაზე?

- არ არის ეს ჩემი საქმე. არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკისთვის არიან დაბადებულები. მე საზოგადოებრივი აქტივობა მერჩია, მაგრამ, ახლა რომ ვუყურებ, არც საზოგადოებრივ აქტივობას მოაქვს დიდი შედეგი. შესაბამისად, მინიმუმამდე დავიყვანე ჩემი ნებისმიერი აქტივობა. ამ ეტაპზე დაკავებული ვარ მხოლოდ საკუთარი ოჯახით. ვხატავ და ვცდილობ, რომ ეს პერიოდი როგორმე გადავიტანო.

- ბიზნესში ხომ არ წახვედით?

- არც ბიზნესით ვარ დაკავებული. არანაირი ბიზნესი არ გამაჩნია და ამ ეტაპზე არც ის ვიცი, რას გავაკეთებ.

- რატომ ჩაიქნიეთ ხელი? პერსპექტივას ვერ ხედავთ ქართულ პოლიტიკაში?

- ვერა! ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. საჭიროა, კიდევ გარკვეულმა პერიოდმა გაიაროს და ამ ხალხში ჩამოყალიბდეს ერთგვარი გაღიზიანება ამ მდგომარეობის მიმართ. პლუს უნდა გამოჩნდეს ლიდერი. ქართულ რეალობაში კი მე ვერ ვხედავ ქარიზმატულ ლიდერს, რომელსაც შეუძლია ღრმა ცვლილებების მოხდენა საქართველოში.

- შეიცვალა პრემიერ-მინისტრი. ის აქტიურად თანამშრომლობს როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მის წინამორბედთან შედარებით, არც ხისტი პოლიტიკით გამოირჩევა. ვერ შეძლებს გიორგი კვირიკაშვილი, დაალაგოს პოლიტიკური პროცესები?

- წინა პრემიერის პირობებში შეიძლება გაღიზიანება მეტი ყოფილიყო. ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანი და დაფიქრებული კაცია და ზუსტად იმ მომენტში ახერხებს სწორი ნაბიჯების გადადგმას, როცა ეს აუცილებელი და საჭიროა, ოღონდ არა ქვეყნისთვის, არამედ პირადად მისთვის.

- ანუ პირადად მას სჭირდებოდა პრემიერის ცვლილება?

- დიახ. მან სათავისოდ სწორი ნაბიჯი გადადგა, მოიყვანა კვირიკაშვილი, რომელიც ყველაზე ნაკლებად ოდიოზური იყო ამ გუნდში, არც დიდი წარმატებით გამოირჩეოდა, რადგან ჩვენ ეკონომიკაში დიდი წარმატებები არ გვქონია. თუმცა ეს ადამიანი, მისი ბუნებიდან გამომდინარე, არ აღიზიანებს არავის და ყველას სჯობია თავისი მოქმედებითაც, თავისი რიტორიკითაც და შესაბამისად მოიყვანეს ასეთი ადამიანი, რომელიც არ გააღიზიანებდა არავის. თუმცა არაფერი გაკეთდება და შეიცვლება.

- რატომ?

- გიორგი კვირიკაშვილი შეიძლება იყოს ძალიან ჭკვიანი ადამიანი, ძალიან დაფიქრებული და სწორად მოაზროვნე, მაგრამ ის დამოუკიდებელი არ არის. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ თანამდებობაზე იქნება ხისტი ღარიბაშვილი თუ უფრო რბილად მოსაუბრე კვირიკაშვილი. ზუსტად იგივე ეფექტი ექნება, გია სურამელაშვილი რომ დანიშნონ ამ პოსტზე, რა ეფექტიც კვირიკაშვილის დანიშვნას მოჰყვა.

- თქვენ ასე ფიქრობთ?

- რასაკვირველია, რადგან არც ერთი, არც მეორე და არც მესამე არაფერს დამოუკიდებლად არ აკეთებენ. ყველაფერს აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. უბრალოდ, ამ არჩევნების წინ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო ისევ და ისევ ივანიშვილის სასარგებლოდ. თორემ რეალურად არაფერი შეიცვლება ქართულ პოლიტიკაში. ყველა პროცესს აკონტროლებს თავად ივანიშვილი და მისი რამდენიმე მრჩეველი. ეჭვი მაქვს, ეს მრჩევლები ქართველები არ არიან.

- საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით სერიოზული კამათი მიმდინარეობს. დათმობს ხელისუფლება რაიმეს ამ თვალსაზრისით? ითქვა, რომ სპეცუბნები უქმდებაო…

- არაფერსაც არ დათმობს. სპეცუბნები არ იქნება, კი ბატონო, უშველა რამე ამ სპეცუბნების ქონამ ნაციონალებს? ვერ უშველა. ამ შემთხვევაში გაცილებით მნიშვნელოვანია პარლამენტის ნახევრის დაკომპლექტება მაჟორიტარებით და ეჭვი ნურავის შეეპარება, რომ მაჟორიტარებს ყველას მოიგებენ. ჩათვალეთ, რომ დადასტურებულად გაიმარჯვებენ საპარლამენტო არჩევნებში. ახლა არაფერსაც არ შეცვლიან.

- სიებს ერთპიროვნულად ივანიშვილი შეადგენს?

- დარწმუნებული ვარ ამაში და ეს აჩვენა საგურამოს შეკრებამაც. დღეს ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ჩვენ, უმცირესობა, ძალად ვატენით და ვაძალებთ ქვეყნის უმრავლესობას ცხოვრების რაღაც წესს და არ უნდა ამ ხალხს და რატომ ვაძალებთ? რაც უნდა უმრავლესობას, სწორედ ის ხდება ახლა. შევეცადეთ, უკეთესი გზა გვეჩვენებინა, მაგრამ არ უნდათ. შეიძლება ბევრმა გამაკრიტიკოს ამის გამო, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას უფრო მწვავე და აქტიური პოზიცია უნდა დაეჭირა.

- მაინც რა უნდა ექნათ ნაციონალებს? ისინი საკმარისზე მეტად აქტიურობენ.

- არ აქტიურობენ ისე, როგორც საჭიროა. როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია ცვლილებების განხორციელება და ისინიც 2020-სკენ მიდიან.

- ანუ მომდევნო ოთხი წელი არაფერი შეიცვლება?

- ასე გამოდის. თუმცა არის კიდევ სხვა ფაქტორებიც, რამაც შესაძლოა საგრძნობლად შემოაბრუნოს სიტუაცია. შეიძლება ეკონომიკური ფონი ისე დამძიმდეს, რომ ამან ყველაფერი ამოატრიალოს. იმან, რაც რუსეთში ხდება, გამორიცხულია, ჩვენზე გავლენა არ მოახდინოს. რუსეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს, რომლებიც აქ ინახავდნენ ოჯახებს. ისინი ამ ფულს ვეღარ გამოაგზავნიან. ეს ჩვენს მოსახლეობაზე ძალიან იმოქმედებს. ასევე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

- რას გულისხმობთ?

- ამ ეკონომიკურმა რყევებმა შესაძლოა რუსეთში მძიმე პოლიტიკური შედეგები მოიტანოს. უკვე მოაქვს კიდეც. ძალიან უცნაური გამოსვლები აქვს პუტინს. ის მიგვითითებს, რომ მიდის საბჭოთა კავშირის ტიპის სახელმწიფოს შექმნისკენ. მას მეტი გამოსავალი არ ექნება, გარდა იმისა, რომ დახუროს ეს ქვეყანა. ეს სერიოზულ პრობლემებამდე მიგვიყვანს.

ასევე პრობლემები იქნება ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ კი ჩეჩნეთში. არც ის არის გამორიცხული, რომ პუტინმა კიდევ ერთი შეტევა განახორციელოს ჩრდილოეთ კავკასიაზე. ჩვენ სწორედ ამ პროცესში უნდა განვიხილოთ ჩვენი ქვეყანა. რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ვართ. ჩვენი სახელმწიფო კი ამ რთული პროცესისთვის მზად არ არის. ექსტრემალური სიტუაცია რომ შეიქმნება, ამას წყალი არ გაუვა.

ალია“, 27 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ ტრისტან წითელაშვილთან: ყოფილი პოლიტპატიმრები ანგარიშსწორებით იმუქრებიან

ნინო ლაბარტყავა

რა ახალი მტკიცებულებები შევიდა პროკურატურაში პოლიტპატიმართა საქმეებში? რატომ არ შეხვდა მათ ბიძინა ივნიშვილი და როგორ აპირებენ სამართლიანობის აღდგენას?

„ალიას“ ყოფილი პოლიტპატიმარი, საპატიო გენერალი ტრისტან წითელაშვილი ესაუბრა:

- ალიასთან ბოლო ინტერვიუში განაცხადეთ, პროკურატურაში ვაპირებ მტკიცებულებების შეტანას, რომ უკანონო პატიმრები ვიყავით, სამართლიანობა უნდა აღდგესო. შეიტანეთ ეს დოკუმენტები და რა ეტაპზეა საქმე?

- შევიტანეთ. მოვიპოვე ვიდეოჩანაწერები, როდესაც მოტაცებული ვიყავი და ამასთანავე, სხვა მასალებიც მოვიპოვე. პროკურატურაში სადღაც ორი კვირის წინ შევიტანე სწორედ ეს დამატებითი მტკიცებულებები, რომელიც დააწერეს იმ დეპარტამენტს, სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩადენილი დანაშაულების საქმეებს რომ იძიებს. პროკურატურა დაკითხავს იმ ჯგუფის ხელმძღვანელებს და იმ პირებს, რომლებიც მასალებში ფიგურირებენ და დღეს შს სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, კონტრდაზვერვაში ისევ მაღალ თანამდებობაზე არიან. მთლიანობაში დაიდება სურათი.

_ თქვენ ამბობთ, რომ გამოძიება დაიწყო, თუმცა თავადვე ამბობთ, საგამოძიებო ორგანოებში `ნაცმოძრაობისდროინდელი~ კადრები ისევ არიანო. გაქვთ იმედი, რომ გამოძიება ჭეშმარიტებას დაადგენს?

_ სამწუხაროდ, ასეა… ჩემი პროკურორი, მილენა მიქიაშვილი, რომელიც პროკურატურაში საკმაოდ სერიოზულ თანამდებობაზეა, უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ჩემი საქმის შეთითხვნაში. მიუხედავად ამისა ჩვენ არ ვჩერდებით, თქვენი, პრესის დახმარებით, სისტემატურად ვაკეთებთ განცხადებებს და მოვუწოდებთ პროკურატურას, გადახედონ ჩვენ საქმეებს და ბოლოს და ბოლოს, სამართლიანობა აღდგეს. იმის შესაბამისად, რა დასკვნებს დადებს პროკურატურა, გავაქტიურდებით და სასამართლოში გადავიტანთ პროცესებს. მართალია, სასამართლოზე მარწუხები გარკვეული დოზით ისევ არ არის მოხსნილი, მაგრამ რაღაც ძვრები მაინც არის.

_ სასამართლოს იმედიც გაქვთ? იქ არიან ისევ ის მოსამართლეები, რომლებიც უსამართლობაზე აწერდნენ ხელს `ნაცმოძრაობის~ პერიოდში, მათ შორის, ალბათ, ტქვენი საქმის მოსამართლეცაა

_ მართალი ხართ, ჩემი საქმის მოსამართლე დღესაც მოქმედი მოსამართლეა, მაგრამ ვიმეორებ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენი ინტერესი მარტო ის კი არ არის, რომ მარტო გამამართლებელი განაჩენი მივიღოთ. უამრავი წინააღმდეგობა გვხვდება ამ გზაზე, უამრავი მუქარის ზარი შემოგვდის. ერთი კვირის წინ დამირეკეს ტელეფონზე, – თუ არ გაჩერდები, ასე გიზამთ, ისე გიზამთ… და როდესაც ამაზე დავწერე განცხადება და მივმართე შესაბამის სამსახურებს, ოთხი დღის წინ მომივიდა პასუხი: თქვენი განცხადება დაეწერა ისანისამგორის რაიონის მეორე განყოფილების უფროსს რუსლან იოსელიანს. იცით, ვინ არის ეს იოსელიანი? ეს არის პიროვნება, რომელიც ჩემს სასამართლო პროცესზე ცრუ მოწმედ გამოიყვანეს. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა, რუსლან იოსელიანი ჩემს განცხადებას შესაბამის მიმართულებას მისცემს და სიმართლეს დაადგენს?!. ამიტომ, ისევ განცხადებით მივმართე ამ ორგანოს და მოვითხოვე, ეს პიროვნება ჩამოეცილებინათ ჩემს საქმეს. კი ბატონო, არიან თანამშრომლები, რომლებიც მართლაც პატიოსნად მუშაობენ და სწორედ ასეთ ხალხს უნდა დაეწეროს საქმეები, რომ მათი დავალება პატიოსნად შეასრულონ.

_ პოლიტპატიმრები ნასამართლობის მოხსნაზე საუბრობდით, ამ კუთხით რა ხდება? და კიდევ, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში სწორედ სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა. პოლიტპატიმრებიდან რომელიმეს თუ გქონდათ მასთან კონტაქტი ან შეხყოფილი პოლიტპატიმრები ანგარიშსწორებით იმუქრებიან ვედრა ამ თემის ირგვლივ?

_ ნასამართლობა მოგვეხსნა, მაგრამ ნასამართლობის მოხსნა არაფერს ნიშნავს. ჩვენ საუბარი გვაქვს გამამართლებელ განაჩენებზე. რაც შეეხება იმას, სამართლიანობა აღდგა თუ არა… _ არა! არ იყო ეს პრობლემა, თითოეულ საქმეში თითო ფურცელია, მეტი კი არა. ორისამი პროკურორი ამ საქმეებს სამ თვეში დაამთავრებდა. პირდაპირ ვამბობ, დღეს ქვეყანაში ადამიანი ისევ იმ მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებოდით სააკაშვილის რეჟიმის დროს, ადამიანი დღესაც იჩაგრება და სამართლიანობა არ არსებობს. ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილს შევხვედროდით, მაგრამ ვერ მოხერხდა, რადგან მეორე მხრიდან არ იყო ამის კეთილი ნება.

როგორც ჩანს, მათ ჩათვალეს, რადგან ციხეებიდან გამოგვიშვეს, ამით თავიანთი ვალი მოიხადეს. რეალურად ციხეებიდან გამოშვება არაფერს ნიშნავს, რადგან ჩვენ ვიმყოფებით ისევ იმ მდგომარეობაში, როგორშიც პატიმრობის დროს ვიყავით. არ გვაქვს სამსახურები, რაც ჩამოგვართვეს, არაფერი ჩვენთვის არ დაუბრუნებიათ და მთლიანობაში ვართ ღირსებაშელახული ადამიანები, მოკლედ, ჩვენ გვაქვს ისევ ის იარლიყები, რაც `ნაცმოძრაობამ~ მოგვაკრა. ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის საქმე გვიკეთებია და ვინც არ უნდა იყოს, ჩვენი ღირსების დასაცავად თავს შევაკლავთ. ბოლოს და ბოლოს, თუ ხელისუფლება და კანონი არ დაიწყებს ჩვენ მიმართ სამართლიანობის აღდგენის პროცესს, ამას დავიწყებთ ჩვენ. დავიწყებთ იმ პირების მიმართ, ვინც ჩვენ წინააღმდეგ ბინძური დანაშაულები ჩაიდინეს.

რეზონანსი“, 27 იანვარი, 2016 წელი

ლარი მთავრობისა და ეროვნული ბანკის თანხმობით უფასურდება

რეგიონში ყველაზე სტაბილური ვალუტა სომხური დრამია, შემდეგ კი თურქული ლირა

მაკა ხარაზიშვილი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება მხოლოდ ნეგატიური მოლოდინით არის გამოწვეული. სებ-ის დაგვიანებული რეაქცია კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვის საბაბს, რომ ლარის გაუფასურების პროცესში დიდი წილი სპეკულაციაზე მოდის. აბსულუტურად გაუგებარია ხელისუფლების წარმომადგენლთა განცხადებები, რამაც ლარზე ფსიქოლოგიური წნეხი არათუ შეამცირა, არამედ კიდევ უფრო გააძლიერა. ხელისუფლება თავს იმშვიდებს ან იტყუებს, რომ ქართული ვალუტა რეგიონში ყველაზე ჯანსაღია. სინამდვილეში იანვარში ლარი უფრო მეტად გაუფასურდა, ვიდრე თურქული ლირა და სომხური დრამი.

ლარის მკვეთრი გაუფასურება 20 იანვრიდან დაიწყო. მთელი კვირის განმავლობაში ეროვნულ ბანკს ერთხელაც კი არ ჩაუთვლია საჭიროდ, მოსახლეობისთვის აეხსნა თუ რა ხდებოდა სავალუტო ბაზარზე და რა ბედი ელოდა ეროვნულ ვალუტას. ბუნებრივია, ასეთი გაურკვევლობს გამო, მთელი კვირის განმავლობაში ვნებათაღელვა მწიფდებოდა და საბოლოოდ, გუშინ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 დოლარის ღირებულებამ 2,54 ლარს მიაღწია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მთავრობასთან ერთად უფრო მეტი კომუნიკაცია რომ ჰქონოდა საზოგადოებასთან, შესაძლოა, 60 მილიონი დოლარის რეზერვის დახარჯვა კურსის 2,50-ის ნიშნულამდე დასაჭერად აღარც გამხდარიყო საჭირო. მით უმეტეს, თავადვე აღნიშნეს, რომ არსებული მაკროეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით ლარი დოლართან მიმართებაში 2,4 ლარის ნიშნულზე უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ლარი მთავრობისა და ეროვნული ბანკის გაურკვეველ პოლიტიკას ეწირება.

გაუფასურება კომენტარის გარეშე

ამჯერად, როგორც იქნა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დრო გამოძებნა და განაცხადა, რომ ლარის დევალვაცია ურაყოფითმა მოლოდინმა გამოიწვია. ქადაგიძე უახლოეს მომავალში ლარის კურსის დასტაბილურებას ვარაუდობს.

“2015 წლისგან განსხვავებით დღეს ლარის გაუფასურებაზე არ ახდენს გავლენას საგადასახდელო ბალანსი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კურსის 2.4-ის “კორიდორში” იმპორტი იმ რაოდენობით არის შემცირებული, რომ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი უცხოურო სავალუტო ნაკადები არის დაბალანსებული”, – განმარტა ქადაგიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ფულის მასა მაქსიმალურად არის შემცირებული, შესაბამისად, ლარის გაუფასურებაზე არც მონეტარული აგრეგატები ახდენს გავლენას.

“სწორედ ამიტომ, ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან ინტერვენციებს. ამიტომ გვაქვს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში მოხდება კურსის დასტაბილურება და ლარი დაუბრუნდება აღნიშნულ “კორიდორს”, – განაცხადა ქადაგიძემ.

სებ-ის პრეზიდენტი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასაც არ გამორიცხავს და იმედოვნებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ფისკალური კონსოლიდაცია მოხდება.

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დარწმუნებულია, რომ წნეხი ეროვნულ ვალუტაზე შემცირდება, რადგანაც სავაჭრო ბალანსის ნაწილში იმპორტი მცირდება. სავაჭრო პარტნიორებთან არსებული პრობლემები მოქმედებს მართალია კურსზე, მაგრამ მაკროეკონომიკური ანალიზი აჩვენებს, რომ ლარი იმაზე მეტად გაუფასურდა, ვიდრე უნდა გაუფასურებულიყო.

“ამ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25 პროცენტით არის იმპორტი შემცირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ლარზე ზეწოლა მკვეთრი არ უნდა იყოს. თუმცა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა. ყოველდღიურად აქტიურ კომუნიკაცია ვართ როგორც ფინანსთა სამინისტროსთან, ასევე ეროვნულ ბანკთან და ვიმედოვნებთ, რომ აჟიოტაჟური მდგომარეობა მალე გაქარწყლდება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ლარის დევალვაცია მეზობელ ქვეყნებში ნავთობის ფასის დაცემით არის გამოწვეული და ამას არანაირი შიდა მიზეზები არ გააჩნია.

“ეს პირდაპირი შედეგია იმ დევალვაციისა, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ხდება ნავთობის ფასის ვარდნის გამო. ამ მოვლენებს შორის პირდაპირი კავშირია, არანაირი შიდა მიზეზები არ არსებობს, თუმცა ჩვენ გვაქვს კონკრეტული, გაწერილი ნაბიჯები, თუ როგორ შეიძლება შევამციროთ ან შევამსუბუქოთ გარე მოვლენების ეფექტი. მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რა ინსტრუმენტებიც მის ხელშია, მათ შორის, ეროვნულ ბანკთან ძალიან კარგი კოორდინაციით, რომ ამ ეფექტების მინიმიზაცია მოხდეს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის ექსპერტი ზვიად კანდელაკი ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება ეროვნულ ბანკსა და საქართველოს მთავრობას. რატომღაც ერთი კვირის მერე ვიგებთ, რომ ლარზე გავლენას ფსიქოლოგიური წნეხი ახდენდა. ამ წნეხის მოხსნაზე კი არავინ იზრუნა.

“რამდენიმე დღის წინ, როდესაც რუსული რუბლის გაუფასურების ახალი ტალღა დაიწყო, რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა შეწყვიტა და სასწრაფოდ თავის ქვეყანაში დაბრუნდა. რუსეთის, უკრაინის და იმ სახელმწიფოთა ცენტრალური ბანკები (სადაც ვალუტა უფასურდება) ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმეც კი აკეთებენ განმარტებებს, რათა ქვეყანაში აჟიოტაჟი ჩააცხრონ და კურსის ობიექტურ გაუფასურებას სპეკულაციები აღარ დაუმატონ. ჩვენთან, სანამ ლარი 2,55-მდე არ ავარდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ერთი განცხადებაც კი არ გაიმეტა.

ახლა ვიგებთ, რომ თურმე საგადასახდელო ბალანსში პრობლემა აღარ არის და ლარის 14-თეთრიანი ვარდნა მთლიანად ნეგატიურ მოლოდინს უკავშირდება. რატომ არ მოხსნა ეს ნეგატიური ფონი აქამდე? ამაზე პასუხი უნდა აგოს ქადაგიძემ, თუმცა ვინ მოსთხოვს პასუხს, როდესაც ქვეყანას უფრო უარესი მთავრობის შემადგენლობა ჰყავს, ვიდრე ეროვნული ბანკია”, – ამბობს კანდელაკი.

ლარი არ არის რეგიონის საუკეთესო ვალუტა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ამტკიცებს, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ლარი ყველაზე კარგ მდგომარეობაშია.

“ეროვნული ვალუტის კურსის კუთხით კარგი მაჩვენებელი გვაქვს. ნორმალური ვითარებაა ასევე ინფლაციის მხრივაც, რადგან ინფლაცია სულ ცოტათი გადაცდა ზღვრულ მაჩვენებელს. ამაზე პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი და ამ სამუშაოს მან ძალიან კარგად გაართვა თავი”, – ამბობს ტყემალაძე. მისი თქმით, რთულია იმის პროგნოზირება, რომ ერთ თვეში ლარი იქნება სტაბილური და გამყარდება დოლართან მიმართებაში, თუმცა დეპუტატს ამ ეჭვი არ ეპარება, რომ ლარის დევალვაცია გამოწვეულია როგორც გარე, ასევე შიდა ფაქტორებით. დეპუტატი, გარე ფაქტორებში ყბადაღებულ ნავთობის გაიაფებას ასახელებს, შიდა ფაქტორებში კი – ინვესტიციების შეფერხებას.

რაც შეეხება ხელისუფლების მტკიცებას, რომ ლარის რეგიონში ყველაზე ჯანსაღია, ეს თავის მოტყუებას უფრო ჰგავს. ზუსტად ერთი წლის განმავლობაში (2015 წლის იანვრიდან 2016 წლის იანვრამდე) სომხური დრამი დოლართან 2,8%-ით გაუფასურდა, ლარი – 32,4%-ით, თურქული ლირა – 27,5%-ით. იანვარში კი სომხური ვალუტა მხოლოდ – 0,8%-ით გაუფასურდა, ლირა – 2,3%-ით, ხოლო ლარი – 4,24%-ით.

რაც შეეხება რესულ რუბლსა და აზერბაიჯანულ მანათს, ეკონომისტების განცხადებით, საქართველოს შედარება ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებთან არასწორია, ვინაიდან მათი შემოსავლების უდიდესი ნაწილი ნავთობის ფასზეა მიბმული. შესაბამისად, მათი ვალუტები ზუსტად ისე მერყეობენ, რა მდგომარეობაცაა სანავთობო ბირჟებზე. აქედან გამომდინარე, რეგიონში ყველაზე სტაბილური და მყარი სომხური ვალუტაა. იანვარში კი ლარის გაუფასურების ტემპებმა თურქული ლირას დევალვაციის ტემპსაც კი გაუსწრო.

რეზონანსი“, 27 იანვარი, 2016 წელი

სავალუტო კრიზისის გამო ბიზნესი აქტივობას წყვეტს

თუ კურსი კიდევ 10-15 პუნქტით გაიზარდა, მაშინ ეს იქნება უმძიმესი დარტყმა ეკონომიკისთვის

ელზა წიკლაური

არაპროგნოზირებადმა ეკონომიკურმა გარემომ და მოკლე პერიოდში რამდენიმე პუნქტით ერთბაშად გაუფასურებულმა ეროვნულმა ვალუტამ ადგილობრივ ბიზნესს გარკვეული ბარიერები შეუქმნა. მათი ნაწილი არათუ გაფათროებას და განვითარებას, არსებულის შენარჩუნებასაც ძნელად ახერხებს. იმ შემთხვევაში, თუ ლარი სტაბილურობას არ დაიბრუნებს, ქართულ ბიზნესს კიდევ უფრო გაუჭირდება და, შესაძლოა, შარშანდელის მსგავსად სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტები ერთიმეორის მიყოლებით დაიხუროს.

იანვარში ეროვნული ვალუტა 4,24%-ით გაუფასურდა. წლის დასაწყისში ერთი დოლარი 2,39 ლარი ღირდა, დღეს კი მისი კურსი უკვე 2,49 ლარს აჭარბებს. ეროვნული ვალუტის ასეთი სწრაფად დაცემა, ცხადია, ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.

სავალუტო რყევისა და არასტაბილურობის განცდის პირობებში ბიზნესი გეგმებს ცვლის. ისინი ხშირ შემთხვევაში გაფართოებაზე უარს ამბობენ. მაგალითად, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელმა “სუპერი” ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფილიალი ქავთარაძის “აიჯი მოლში” გადაიტანა (აღნიშნულ ტერიტორიაზე “გუდვილი” მდებარებს). როგორც კომპანიაში “კომერსანტს” განუცხადეს, ბოლო პერიოდის განმავლობაში კომპანიამ ორი ფილიალი – ერთი ვაჟა-ფშაველაზე, მეორე კი გლდანის “სქაი პლაზაში” დახურა, თუმცა სანაცვლოდ ფილიალები “გლდანი მოლსა” და “აიჯი მოლში” გაიხსნა. ამ ეტაპზე “სუპერს” თბილისში 16 ფილიალი აქვს. ქვეყნაში არსებული არაპროგნოზირებადი ეკონომიკური მდგომარეობის გამო დღეისათვის ახალი ფილიალის გახსნა არ იგეგმება.

ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანია “იბერმითს” კი, რომელიც ბაზარზე 2016 წლის თებერვალში დაბრუნდა, საქმიანობა ისევ შეჩერებული აქვს. როგორც საწარმოს ტექნიკური დირექტორი აცხადებს, კომპანიას ექსპორტი არ დაუწყია. დოლარის კურსი მერყევია, ამიტომ ამ ეტაპზე გაჩერებული არიან. ირაკლი ადეიშვილის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ირანში ექსპორტის დასაწყებად, თუმცა იქ ფასი დაბალია, ამიტომ უცნობია როგორ გადაწყდება საკითხი.

სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ლარის რყევის მოლოდინი ბიზნესს აიძულებს უფრო თავშეკავებული იყოს. ეკონომისტი ვაჟა კაპანაძე ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის ასეთი რყევა ადგილობრივი ბიზნესს კუმშავს, შესაბამისად, კომპანიები ორიენტირებულნი არიან იმის შენარჩუნებაზე, რაც აქვთ და გაფართოებაზე უარს ამბობენ.

“კურსის ასეთი ცვლილება კომპანიების მხრიდან საქმიანობის შეზღუდვას იწვევს. ახლა გაფართოება კი არა, არსებული მდგომარეობის შენარჩუნებაც ძალიან ჭირს. მაგალითად, თუ კომპანიას 1000 დოლარის კრედიტი ჰქონდა და ამაში უნდა გადაეხადა 1700 ლარი, ახლა გადასახდელი აქვს 2500 ლარი, ანუ სხვაობა შეადგენს 800 ლარს.

ახლა ავიღოთ მოკლევადიანი კრედიტების მოცულობა, რომელიც შარშან ერთი მლრდ დოლარი იყო. კურსთა ცვალებადობის გამო ბიზნესს მოუწია 700 მლნ ლარის მობილიზება, რომ კრედიტი დეფარა. საუბარი არ არის გაფართოებაზე, ინვესტირებაზე ან განვითარებაზე. 700 მლნ ლარი არის მიმოქცევიდან ამოღებული ფული, რომელიც მთლიანად ბანკებმა წაიღეს. ეროვნულმა ბანკმა სასწორის პინა კომერციული ბანკების სასარგებლოდ გადაწია და არა ბიზნესის. ფულის მასა რომ შემცირებულიყო, კურსი დარჩებოდა გარკვეულწილად უცვლელი, მაგრამ ეს სებ-მა არ გააკეთა.

აქედან გამომინარე, ბიზნესმა, რომელსაც გასასტუმრებელი ვალდებულების მოცულობა მნიშვნელოვნად გაეზარდა, ძალიან რთულია განვითარებაზე იზრუნოს”, – განუცხადა “რეზონანსს” ვაჟა კაპანაძემ.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, ავთანდილ სილაგაძის თქმით, ლარის კურსის ბოლოდროინდელი ცვალებადობა, რა თქმა უნდა, არასახარბიელო მოვლენაა და ის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს:

“ჯერჯერობით ეს არ არის საგანგაშო, მაგრამ თუ კურსი კიდევ 10-15 პუნქტით გაიზარდა, მაშინ ეს იქნება უმძიმესი დარტყმა ეკონომიკისთვის. საერთოდ, მოკლე პერიოდში ასეთი მკვეთრი დაცემა გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს ბიზნესს და მან აღარ იცის, რა გააკეთოს, რა ნაბიჯი გადადგას. ასეთ სიტუაციაში ის აქტივობას წყვეტს. მე მაინც მგონია, რომ ჯერ ასე არ მოხდება. ვფიქრობ, კურსი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდება”, – განაცხადა სილაგაძემ.

რეზონანსი“, 27 იანვარი, 2016 წელი

იმპორტიორები პროდუქტების გაძვირებას აპირებენ

ამ ნიშნულზეც რომ დასტაბილურდეს ლარი, ფასის შენარჩუნება მაინც შეუძლებელი იქნება

მარი ჩიტაია

ლარის მკვეთრი გაუარესების გამო იმპორტიორები პროდუქტებზე ფასს ვეღარ ინარჩუნებენ. ისინი არ მალავენ, რომ გაძვირებას გეგმავენ. თვის ბოლოს თითქმის ყველა დასახელების უცხოური საქონლის ფასი მოიმატებს. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ შაქრის სავარაუდო ფასი. შემდეგი კვირიდან იგი 10%-ით გაძვირდება.

ქართველი იმპორტიორების განცხადებით, ლარი კრიტიკულ ნიშნულზეა და ფასების შენარჩუნების შესაძლებლობა აღარ აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ ევროპულთან ერთად, რუსული პროდუქტიც გაძვირდება. იმპორტიორების უმეტესობამ ბოლო საფასო ცვლილება რამდენიმე კვირის წინ განახორციელა, როდესაც კურსმა 2,4-ს გადააჭარბა. შეიძლება ითქვას, რომ ლარის ამჟამინდელმა ნიშნულმა პროდუქტის შემომტანი კომპანიების წარმომადგენლები საკმაოდ შეაშფოთა.

კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანიის “კონდის” აღმასრულებელი დირექტორი მიშა რაზმაძე არ მალავს, რომ სავალუტო რყევის გამო, დაძაბულ რეჟიმში უწევს საქმიანობა. პრობლემაა მარაგის მხრივაც, რადგან პროდუქტის დიდი პარტიით შემოტანა საკმაო რისკს უკავშირდება.

“იმპორტირებული პროდუქციის ფასები ლარის კურსზეა მიბმული. კურსის მერყეობა ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში გვაგდებს. რაც არ უნდა ვცადოთ, არსებული ფასის შენარჩუნება გვიჭირს, ამ პროცესს ვერაფრით ვაკონტროლებთ”, – ამბობს რაზმაძე და დასძენს, რომ ბოლო პერიოდში ფასის შენარჩუნებას ძლივს ახერხებდა, რამაც კომპანიადააზარალა.

“გარკვეული პერიოდის განმავლობაში შევჩერდით, საფასო ცვლილებისგან თავი შევიკავეთ. ეს მხოლოდ ერთი კომპანიის ნებაზე არაა დამოკიდებული, კონკურენტულ გარემოში გვიწევს მუშაობა და დიდი მნიშვნელობა აქვს შექმნილ სიტუაციაში პარტნიორი კომპანიების გადაწყვეტილებებსაც.

ვისაც მარაგი აქვს, სავალუტო რყევაზე შედარებით უმტკივნეულოდ რეაგირებს, მაგრამ აქაც პრობლემაა, რადგან დიდი პარტიით საკვების შემოტანა სარისკოა. რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ამ ეტაპზე გაძვირება გარდაუვალია, თუმცა ტენდენციას დავაკვირდებით. ჩემი აზრით, ლარი იმ ნიშნულზეა, როცა ფასს ვერც ერთ სეგმენტში ვერ შევინარჩუნებთ”, – აცხადებს მიშა რაზმაძე.

პრობლემაზე საუბრობენ “საქართველოს სავაჭრტო ჯგუფშიც”. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, სურსათის პარალელურად, კომპანია ავტონაწილების იმპორტსაც ეწევა.

“ორივე მიმართულებით ვცდილობთ, რომ გაძვირება თავიდან ავირიდოთ, მაგრამ სავალუტო ბაზარი ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს. ცხადია, ფასის გადახედვა მოგვიწევს იმ შემთხვევაშიც თუ ეროვნული ვალუტა მინიმუმ 3-4 პუნქტით არ გამყარდება”, – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ანალოგიური პრობლემის წინაშეა იმპორტიორი კომპანია “ჯეოფაქი”, რომელიც შაქრის იმპორტს ახორციელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ თვის ბოლოდან პროდუქტს 10%-ით გააძვირებენ.

“იმპორტის მოცულობაც კი შევამცირეთ, ეს გარდაუვალი გახდა. ლარის გაუფასურება ძალიან ცუდი ტენდენციაა, რამაც უამრავ ბიზნესს შეუქმნა პრობლემა. ხელისუფლების საქმიანობას თვალყურს რომ ვადევნებ, არაფრის იმედი აღარ მაქვს.

ჩვენ შაქრის იმპორტს ვახორციელებთ, მზა პროდუქტი ჩამოგვაქვს, რომელსაც ვფუთავთ და სარეალიზაციო ქსელში ვუშვებთ. ბუნებრივია, ბრუნვაც შეგვმიცირდა. თუ მდგომარეობა არ შეიცვალა, ამ საქმიანობას ვეღარ გავაგრძელებ. მოგებას ვინ ჩივის, ბიზნესი ზარალზე წავიდა”, – ამბობს “ჯეოფაქის” წარმომადგენელი ლუკა ხიზანიშვილი.

სავალუტო კრიზისის გამო პროდუქტის გაძვირებას არ გამორიცხავს კვების პროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორის “ლუქსი 2004″-ის გენერალური დირექტორი გურამ ბროძელი. მისი თქმით, ლარის კურსი ამ მაჩვენებელზეც რომ შენარჩუნდეს, პროდუქტი მაინც გაძვირდება. იგი იქვე დასძენს, რომ იმპორტირებულ პროდუქტზე ფასები ისედაც მუდმივად იცვლება და მიზეზი ყოველთვის ლარის კურსი არ არის.

“საქონელზე ფასის შენარჩუნება უკვე ჭირს, ზრდა გარდაუვალია. რამდენი პროცენტითაც გაუფასურდება ლარი, ფასიც ანალოგიური მაჩვენებლით მოიმატებს (თუ პროდუქტი ადგილზე არ გაიაფდა). რუსეთსა და ევროპაში ფასები ძალიან მერყეობს. ჩვენი კომპანია კვების სხვადასხვა სეგმენტში მუშაობს, ძირითადად, პირველადი მოხმარების პროდუქტის იმპორტს ვახორციელებთ. ნებისმიერი ცვლილებაზე ვრეაგირებთ, რაც მხოლოდ კურსიდან გამომდინარე არ ხდება.

როგორც წესი, იმპორტირებული პროდუქციის ფასები მიბმულია ლარის კურსზე. ამიტომ ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს პროცესში, რომ კურსის მერყეობა არ იყო მყისიერი”, – აცხადებს გურამ ბროძელი.

ცნობისთვის, “ლუქსი 2004″ საქართველოში ექსკლუზიურად ახდენს ისეთი ცნობილი ბრენდების იმპორტს, როგორებიცაა ფქვილი “მაკფა”, ზეთი “დივნოე” და ზეთისხილი “ეხოლივა”. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყანის მომწოდებლებთან მათ შორის: რუსთთის, ბელორუსის, უკრაინის, თურქეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ესპანეთის კომპანიებთან.

პროდუქტის მოსალოდნელ გაძვირებაზე საუბრობენ სპეციალისტებიც. ისინი ფასების მორიგ ზრდას გარდაუვალად მიიჩნევენ ქართველი ექსპერტების განცხადებით, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებელი კიდევ უფრო უარესდება და ლარის გაუფასურება იმპორტის გაძვირებას გამოიწვევს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ხალხს დააწვება კისერზე. მათი ყოფა 2016 წელს კიდევ უფრო გაუარესდება.

„ახალი თაობა“, 27 იანვარი, 2016 წელი

არარატს სოხუმში მატჩი ჩაუშალეს

„ახალი თაობა“ უკვე იუწყებოდა, რომ 27 იანვარს სოხუმში ამხანაგური მატჩი უნდა გამართულიყო, სადაც ერთმანეთს ერევნის „არარატი“ და ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგა“ უნდა შეხვედროდნენ. ამ მატჩისთვის აფხაზეთში მცხოვრები სომხები საგანგებოდ ემზადებოდნენ. დაახლოებით ისეთი სამზადისი იყო, გასული წლის ზაფხულს თბილისში ბარსელონა-სევილიის სუპერთასზე რომ იყო. მართალია, „არარატში“ მესი არ თამაშობს, მაგრამ ჭეშმარიტი სომხის თვალში „არარატის“ ყოველი მოთამაშე (მეკარის გარდა) ორჯერ უფრო მესია.

ამ ინფორმაციის გავრცელებას ენგურსგამოღმა საქართველოში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა მოითხოვა, რომ „არარატს“ თბილისში ჩამოსვლა აეკრძალოს. თამაშამდე ერთი დღით ადრე, ანუ 26 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ „არარატი“ სოხუმში აღარ ჩავა. არადა, აფხაზური მედიის ნაწილი მისი იქ ყოფნის შესახებ იუწყებოდა.

ამხანაგური მატჩის ჩაშლის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსლან აჯინჯალმა მიაწოდა. მისი ინფორმაციით, „ვოლგასა“ და „არარატს“ შორის დაგეგმილი ამხანაგური მატჩი საქართველოს ხელისუფლებამ, კონკრეტულად კი საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩაშალა.

საქმეში სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ჩარეულა და უშუალოდ მათ აუკრძალავთ არარატელებისთვის სოხუმის მინდვრებში ბურთის გაგორება.

- ჩვენ დაგვიკავშირდა „არარატის“ ხელმძღვანელობა და გვითხრეს, რომ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას აღარ მიიღებდნენ. როდესაც უარის მიზეზი ვკითხეთ, გვიპასუხეს: სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის ტერიტორიაზე საფეხბურთო მატჩების ჩატარება აგვიკრძალაო, – აღნიშნა მედიასთან საუბარში უ-არარატ-ოდ დარჩენილმა რუსლან აჯინჯალმა. მას სომხური კლუბის ხელმძღვანელობამ ისიც უამბო, თუ როგორ ააწიოკა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომეხი კოლეგები.

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განუცხადა, რომ არ იქნება სასურველი, თუ ერევნული კლუბი აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩაატარებდა თამაშებს. „არარატი“ თავისი ხელისუფლების ნების წინააღმდეგ ვერ წავიდა, – განმარტავს აფხაზური ფეხბურთის მოქმედი მამა.

„არარატი“ ამ დროისთვის სოჭში იმყოფება. როგორც აფხაზური მედია ამბობს, ის აფხაზეთშიც იყო, მაგრამ სოხუმში თამაში ვერ გაბედა.

ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს წყალობით კი შესაძლოა დღეისათვის, 27 იანვრისთვის, დაგეგმილი ამხანაგური მატჩი საერთოდ ჩაიშალოს. გუშინ საღამომდე აჯინჯალმა არ იცოდა, ვინ შეხვდებოდა აფხაზეთში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფ „ვოლგას“.

26 იანვარს აფხაზური ფეხბურთის მამა-ბიძებმა „ვოლგის“ სპარინგ-პარტნიორის ძიებაში გაატარეს.

- იმ შემთხვევაში, თუ ვერ ვუპოვეთ გუნდი, „ვოლგა“ სოჭში გაემგზავრება და იქ გამართავს სომეხ ფეხბურთელებთან შეხვედრას. უბრალოდ, მათ აქ ჰქონდათ ჩანიშნული ამხანაგური შეხვედრის ჩატარება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათთვის პარტნიორი ვიპოვოთ. ეს მატჩი უნდა გაიმართოს, – ამბობს რუსლან აჯინჯალი.

Comments are closed