globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 27 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 27th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

კვირის პალიტრა: ინტერვიუ ვალერიან გორგილაძესთან: „მსოფლიოში გაჩაღებული უხილავი ომი უფრო ინტენსიური გახდება“ // „არა მგონია, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს დაცარიელება ემუქრებოდეს!“

კვირის პალიტრა: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „სამთავრობო ცვლილებები კარზეა მომდგარი“ // „დიდი ხანია, ქამრების შემოჭერის პოლიტიკის აღარავის სჯერა“

კვირის პალიტრა: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „გამორიცხული არ არის პრეზიდენტი ოპოზიციური ლიდერობისთვის ფონს იმზადებდეს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „გიორგი მარგველაშვილი სახლში არ წავა“

რეზონანსი//მთელი კვირა: ვინ იბრძოლებს თბილისის მერობისთვის, პირველი მინიშნებები

„ახალი თაობა“: თბილისის მერის პოსტზე „ოცნება“ კახა კალაძეს წარადგენს? // „გიორგი კვირიკაშვილი ხალხს ემშვიდობება და წასასვლელად ემზადება“

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „რეფრენდუმი უნდა ჩატარდეს. თქვას ხალხმა, როგორი კონსტიტუცია სურს მას – კონსტიტუცია ყველასათვის თუ კონსტიტუცია ბიძინასათვის“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზვიად კუპრავასთან: „ოცნება“ ოპონენტებს ნარკოტიკისა და იარაღის ჩადებით ებრძვის“ // „ხელისუფლების შეჩერება მხოლოდ საზოგადოებას შეუძლია“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „ხელისუფლება ძირს ითხრის“ // „საზოგადოება ვეღარ მოითმენს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი კამარილია პოზიციებს იმყარებენ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა გამყრელიძეთან: „ნიკა გვარამიამ ფარსი გაითამაშა“ // ინტერვიუ სოფიო ხორგუანთან: „ნიკა გვარამია სადაც მეტად იხეირებს, მისი პოზიციაც იქ იქნება“

რეზონანსი//მთელი კვირა: დაბნეულობა „რუსთავი-2“-ში // მფლობელები არხის ხელმძღვანელობის მიერ შექმნილ შპს-ს არ ცნობენ და უშუალოდ თანამშრომლებთან იწყებენ კონსულტაციას

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან: „პაატა ლეჟავამ გამოძიებას პასუხი უნდა გასცეს“

კვირის პალიტრა: „იგლა“ სომხურ-ქართულ ურთიერთობებში // რა ვერსიებია სომხეთში ვითომ საქართველოდან გადატანილი საზენიტო „იგლა“-ს სკანდალთან დაკავშირებით

კვირის პალიტრა: ინტერვიუ ბადრი ნაჭყებიასთან: „არ უნდა დავუშვათ, რომ საეჭვო პირებმა მიიღონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა“

კვირის პალიტრა: ავტოკალიფსი – „ნასვამი მძღოლი უნდა დააპატიმრო და მერე მიხვდება, რომ პოტენციური მკვლელია“  // „ყველამ უნდა გაიაროს მართვის სკოლა, მხოლოდ გამოცდის ჩაბარება არ არის საკმარისი, რადგან შედეგად პოტენციურ მკვლელებს ვიღებთ“

კვირის პალიტრა: ვინ დაუდგება დეკანოზ გიორგი მამალაძეს პირად თავდებობაში? // ბრალდებულის ადვოკატები წმინდა სინოდის წევრების, 23 სასულიერო პირის, დაკითხვას ითხოვდნენ…

რეზონანსი//მთელი კვირა: რას გულისხმობს ფასიანი შინაპატიმრობა // სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ ინიცირებული სიახლე ციხეებში, სავარაუდოდ, წელსვე ამოქმედდება

—-

რეზონანსი//მთელი კვირა: როგორ აფასებთ ქართული სუფრისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას? (თვალსაზრისები)

——————–

კვირის პალიტრა“, 27 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ვალერიან გორგილაძესთან: „მსოფლიოში გაჩაღებული უხილავი ომი უფრო ინტენსიური გახდება //არა მგონია, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს დაცარიელება ემუქრებოდეს!“ //მოსმენების კანონისმთავარი მოწინააღმდეგე იყონაციონალური მოძრაობა“, რომლის მიერ ფარული ჩანაწერებით გადავსებული კასრიდან ინფორმაციები, სამწუხაროდ, დღემდე ჟონავს

ნათია დოლიძე

გასულ კვირას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 100 წლისთავი აღინიშნა. 28 მარტიდან კი საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას. ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა როგორც ევროპელი, ასევე ჩვენი ექსპერტები რამდენიმე საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას, რამაც, შესაძლოა, პრობლემები წარმოშვას. მათგან ერთ-ერთია მოქალაქეთა ტალღა, რომელიც, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნიდან ევროპისკენ დაიძრას და ეს მიღწევა არალეგალური ცხოვრებისა და მუშაობისთვის გამოიყენოს, შედეგად კი ევროკავშირმა ე.წ. შეჩერების მექანიზმი აამუშაოს.

სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ექსპერტ ვალერიან გორგილაძესთან ინტერვიუ:

- უპირველესად, უნდა ითქვას, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე და მე ამ პროცესში პოზიტივს მეტს ვხედავ, ვიდრე – ნეგატივს. შიშის საფუძველი კი არსებობს, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყნიდან გასვლის მსურველი ვინც იყო, აქამდეც ახერხებდა წასვლას და კარგა ხანია, ათასობით ჩვენი მოქალაქე ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის. ევროპის არაერთ ქალაქში უკვე მრავალრიცხოვანია ქართული დიასპორა. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენგან არცთუ დიდი ნაკადი მიაწყდება ევროპას. მიხარია, რომ ეს პროცესი ევროპისკენ გზას გაუადვილებს ქართველ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, რომელთაც ბებერ კონტინენტზე სწავლისა და მოგზაურობის საშუალება მიეცემათ, შეძლებენ, საკუთარი თვალით ნახონ, როგორია ევროპული ცხოვრების წესი…

აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც წესი, ქვეყნიდან ევროპაში წამსვლელთა მსურველი პირველ წელს ყველაზე მეტია ხოლმე. მაგალითად, მას მერე, რაც ლატვიას გაეხსნა გზა ევროპისკენ, ეს ქვეყანა 150 ათასამდე მოქალაქემ დატოვა. თავის დროზე ასეთივე სერიოზული იყო მიგრაციის პრობლემა პოლონეთიდან. მოკლედ, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან მოკლე ხანში შეიძლება გავხდეთ მომსწრე ინტენსიური ნაკადისა, თუმცა ეს ნელ-ნელა დასტაბილურდება და არა მგონია, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს დაცარიელება ემუქრებოდეს!

რამდენიმე დღის წინ ლონდონში მომხდარმა ტერაქტმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ არც “ბრექსიტი” და არც იზოლაციის სხვა მცდელობა არ არის საშუალება ტერორიზმისგან თავდასაცავად. ეს გლობალური საფრთხეა, რომელიც ყველას ემუქრება, მიუხედავად იმისა, რეპრესიული მიგრაციული რეჟიმი გაქვს, თუ – ლიბერალური…

- ლონდონის ტერაქტი ახსენეთ და, როდესაც ევროსტრუქტურებში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი განიხილებოდა, ამის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი არგუმენტი ისიც იყო, რომ შესაძლოა, საქართველოს ტერიტორია ექსტრემისტებს ტერორიზმის ტრანზიტისთვის გამოეყენებინათ

- ამგვარ საფრთხესაც შეიძლება ჰქონდეს საფუძველი, თუ გავითვალისწინებთ, რომ უვიზო მიმოსვლა გვაქვს არაერთ მუსლიმურ ქვეყანასთან, მათ შორის – ირანთან. მაგრამ ეს არ ნიშნავს­, რომ რადგან ევროპის კარი გაგვიღეს, ჩვენ ამ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმი უნდა დავაწესოთ. ამ მიმართულებით მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს სპეცსამსახურებს, რომლებიც ვალდებული არიან, ეს პროცესი აკონტროლონ. საქართველოში ჩამოსვლა არ ნიშნავს ვინმესთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მიცემას, ამისთვის საჭიროა საქართველოს მოქალაქეობა. ვფიქრობ, ამ მხრივ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყურადღებას იჩენს და აღარ არის ის ლიბერალური მიდგომა, როდესაც ლამის ნახევარ თურქეთს დაურიგა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პასპორტები. მარგველაშვილის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ დღეს ეს მიმართულება უფრო რეგლამენტირებული და შეზღუდულია.

- გამოითქმის ვარაუდები, რომ ევროპაში ტერაქტების ახალ ტალღას ელოდებიან

- ევროპაში ტერაქტების საფრთხე მაღალია და ვერავინ იტყვის, ეს როდის დასრულდება. “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხება ახლო აღმოსავლეთში სულაც არ ნიშნავს, რომ ევროპა უსაფრთხოდ იქნება. რაც უფრო სასტიკი იქნება დასავლეთის მოქმედებები “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ, მით უფრო სასტიკი იქნება ტერორისტების წინააღმდეგობა ყველგან და მათ შორის – ევროპის ტერიტორიაზეც.
ის ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ქვეყნებში უკვე მილიონობით მიგრანტია თავმოყრილი და ეს დიასპორები მძლავრია. ჩვენ ვნახეთ, როდესაც ნიდერლანდებში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ მისცეს პროპაგანდის საშუალება, როგორ შეიკრიბა ქვეყნის დედაქალაქის მთავარ მოედანზე ათასობით თურქი, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

სამწუხაროდ, ეს პროცესები გაგრძელდება. ეს არის ომი, რომელიც ლოკალურად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს, მაგრამ თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა გაჩაღებული; ეს არის “უხილავი დაპირისპირება, რომელიც, ჩემი აზრით, უფრო ინტენსიური გახდება.

- საშიშ ფაზაში შევიდა კონფლიქტი თურქეთსა და ევროპას შორის. თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებები გაჟღენთილია ევროპელების სიძულვილითა და მუქარით

- თურქეთი, მუსლიმურ ქვეყნებს შორის დასავლეთისადმი თითქოს ყველაზე ლოიალური სახელმწიფო, ჯერ კიდევ გუშინ ევროპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, დღეს კი სიტყვით ასეთ აგრესიულ პოზიციას გამოხატავს და ეს, რა თქმა უნდა, ამწვავებს ვითარებასა და ტერორიზმის საფრთხეს. თანაც თურქეთს ევროპაზე ზემოქმედებისთვის აქვს ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი – მიგრანტები. დღეს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ორი მილიონი ლტოლვილია, რომელთა ევროპისკენ გაშვებით იმუქრება ერდოღანი… მოკლედ, უახლოეს მომავალში ევროპას ძნელად თუ ვინმე უწინასწარმეტყველებს მშვიდობას. და ეს პროცესი შეიძლება ათეულობით წლის განმავლობაში გაგრძელდეს. ამ გლობალური დაპირისპირების დარეგულირებას, რომელშიც შედის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სოციალური და ეკონომიკური საკითხებიც, წლები დასჭირდება.

- თურქეთი ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. მისი ევროპასთან გამწვავებული და რუსეთთან დამთბარი ურთიერთობა როგორ შეიძლება აისახოს ჩვენს რეგიონსა და საქართველოზე?

- ჩვენი ორი უდიდესი მეზობელი, რომლებიც, ამავდროულად, ისტორიული კონკურენტები არიან, განსაკუთრებით – სწორედ კავკასიის საკითხში, ფაქტობრივად, უკონტროლოდ არის დარჩენილი. დღეს არ არსებობს არცერთი სახელმწიფო ან სახელმწიფოთა გაერთიანება, რომელსაც აქვს ქმედითი ინსტრუმენტები თურქეთსა ან რუსეთზე ზემოქმედების მოსახდენად. ორივე ქვეყანას აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი ექსპანსიონისტური ინტერესები… ამდენად, არის საშიშროება, რომ საქართველო და კავკასიის ნებისმიერი სხვა ქვეყანა გახდეს რუსეთსა და თურქეთს შორის ვაჭრობის ობიექტი. კი ბატონო, არსებობს ორგანიზებული ძალა – ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, მაგრამ თუ თვალს მივადევნებთ იმას, რაც ხდება დღეს ნატოში და დონალდ ტრამპის დამოკიდებულებას ამ ორგანიზაციისადმი, უფრო მეტი ეჭვი ჩნდება…

- გასულ კვირას საკანონმდებლო ორგანოში ხმაურიანად წარიმართა .. მოსმენების კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევის პროცესი, რომლის დროსაც მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების მოწმენი გავხდით

- უპირველესად უნდა ითქვას, რომ მოსმენა-მიყურადება მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რასაც ყველა აღიარებს. ამერიკელები უსმენენ გერმანელებს, ბრიტანელები, როგორც ახლა ირკვევა – ამერიკელებს, ტრამპმა მერკელსაც კი შეუთვალა, ობამა გისმენდაო.. გავიხსენოთ სნოუდენის გამოქვეყნებული მასალები და ა.შ. ჩემი შთაბეჭდილებით, ევროპელებიც და ამერიკელებიც შეეგუვნენ იმ ფაქტს, რომ მათ უსმენენ და თანხმდებიან, რომ ეს საჭიროა მათივე უსაფრთხოებისთვის. სამწუხაროდ, “მოგისმენ”, “შევზღუდავ შენს პრივატულ სივრცეს”, “ჩავერევი შენს პირად ცხოვრებაში” – პრობლემა თითქოს აღარ არის… მიმაჩნია, რომ ახალმა უწყებამ, რომელიც კანონის შესაბამისად უნდა შეიქმნას, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ამ პროცესის კანონიერება და მეორე მხრივ, აიღოს პასუხისმგებლობა, რომ აღიკვეთოს ის უმსგავსობა, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა, როდესაც ფარული ჩანაწერები საჯარო სივრცეში ხვდებოდა…

ამგვარი საქმიანობის სხვადასხვა ფორმა არსებობს. ვერ ვიტყვი, რომ ის, რაც მიიღო პარლამენტმა, ყველაზე უარესია. მაგალითად, ფინეთში ეს ფუნქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრია და მას მხოლოდ ომბუდსმენი აკონტროლებს. ჩემი აზრით, ჩვენში ამ კანონის განხილვა პოლიტიკური დაპირისპირებისა და პოპულიზმის საგანი გახდა. პრეზიდენტი მიხვდა, რომ კონიუნქტურის თვალსაზრისით მომგებიანი იქნებოდა, დამდგარიყო იმ მხარეს, საითაც იდგა ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი და სწორედ ამით აიხსნება მისი პოზიცია.

მაინცდამაინც ვერ ვხედავ ოპოზიციის ზრუნვას მოქალაქეების პირად თავისუფლებაზე, მით უფრო, რომ ამ კანონის მთავარი მოწინააღმდეგე იყო “ნაციონალური მოძრაობა”, რომლის მიერ ფარული ჩანაწერებით გადავსებული კასრიდან ინფორმაციები, სამწუხაროდ, დღემდე ჟონავს… ეს რომ ხელოვნურად შექმნილი თემა იყო, თავიდანვე ჩანდა, მაგრამ თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, შეუძლია იჩივლოს სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც, როგორც ვნახეთ, ძალიან სწრაფად რეაგირებს…

- ერთი თემა, რომელიც ასევე დაუკავშირდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, არის სამართალდამცავთა მიმართ გამოთქმული ბრალდებები, თითქოს მათი მოქმედების მიზანი პრეზიდენტზე ზემოქმედებაა. ვგულისხმობ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილის განცხადებას, რომ მის მეგობარს ნარკოტიკიჩაუდეს“… დაისვა ასეთი კითხვაც: “თუ ეს სიმართლეა და პრეზიდენტიც კი არ არის დაცული უკანონო შეტევებისგან, რა ელის რიგით მოქალაქეს?”

- აქ მეორე კითხვაც შეიძლება დავსვათ: “პრეზიდენტის ოჯახის წევრობა ან მათთან ახლობლობა უნდა იყოს იმუნიტეტი, თუ ვინმე რამეს აშავებს?!” ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტის განცხადება, თითქოს მის ნათესავებს ავიწროებენ, ამიტომ თითოეული ასეთი შემთხვევა მოითხოვს მტკიცებულებებით იმგვარ გამყარებას, რომ შეკითხვა აღარ დარჩეს. პროცესი უნდა იყოს საჯარო… ეჭვიც კი არავის უნდა გაუჩნდეს, რომ ყველაფრის უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას… ვფიქრობ, მთავრობაში აცნობიერებენ, რა ზიანი შეიძლება მიადგეს ქვეყანასა და ხელისუფლებას, თუ სამართალდამცავთა უკანონო მოქმედების შემთხვევაში საჩივარი სტრასბურგში წავა…

- ბოლო დღეების განმავლობაში რუსთავი-2-თან დაკავშირებით საინტერესო მოვლენები ვითარდება. ჯერ იყო და, მფლობელებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა, ტელევიზიის კოლექტივს მისი 40% შესთავაზეს, საპასუხოდ კი უარი და საკონტროლო პაკეტის მოთხოვნა მიიღეს, რაზეც საბოლოოდ დათანხმდნენ, თუმცა, მას მერე, რაც ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ აპირებდა შპს- დაფუძნებას, რომელიც ამ ტელევიზიის 51%-ის მფლობელი გახდებოდა, ყარამანიშვილებმა მკაცრი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ვკითხულობთ: “ნიკა გვარამიას მიერ წამოყენებულ იქნა ახალი მოთხოვნა, რომ შეიქმნას გაურკვეველი შუამავალი შპს, რომელიც კოლექტივის ნაცვლად ჩაერთვება მოლაპარაკებებში. ითქვა, რომ ამ შპს-ში შეიძლება იყოს 20-30 ან 50 დამფუძნებელი (ანუ ტელეკომპანიის ამჟამინდელი თანამშრომლების მაქსიმუმ 5%). დაიწყო უცნაური მინიშნებები, რომ შესაძლოა, რომელიმე თანამშრომელი გადავიდეს გაუგებარ მეორე მხარეს. გუნდის მხარეებად დაყოფა იმ უპრეცედენტო გარე წნეხის პირობებში, რომელშიც ვიმყოფებით, არაგონივრული და დამაზიანებელია..

- თავდაპირველად ამ პროცესს აშკარად პიარაქციის ნიშნები ჰქონდა, რომელიც გათვლილი იყო სტრასბურგსა და იმ გულუბრყვილო აუდიტორიაზე, რომელსაც ისევ სჯერა, რომ ეს ტელევიზია ძმებ ყარამანიშვილებს ეკუთვნის და არა – მიშას. პამპულობანას ჰგავდა ჯერ ყარამანიშვილების განცხადება – 40%-ს მოგცემთო, მერე “რუსთავი 2″-ის კოლექტივის მოთხოვნა და ყარამანიშვილების თანხმობა… თუმცა მოვლენების განვითარება გვიჩვენებს, რომ “რუსთავი 2″-ის ფაქტობრივ და ნომინალურ მფლობელებს შორის ყველაფერი მთლად დალაგებული არ უნდა იყოს. ერთიც არის – ნიკა გვარამია აქამდეც არაფრად აგდებდა ყარამანიშვილებს და მათდამი არასერიოზული დამოკიდებულება ჰქონდა. როგორც მახსოვს, საჯაროდ გავრცელებულ ერთ-ერთ სატელეფონო ჩანაწერში მათ უდიერადაც მოიხსენიებდა,
ამიტომაც არ არის გასაკვირი ყარამანიშვილების გაღიზიანებული ტონი. აშკარაა, რომ მათსა და გვარამიას შორის არსებობს კონფლიქტი. გვარამია, როგორც ჩანს, ძალიან ვიწრო და სანდო ჯგუფთან ერთად ცდილობს ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის ხელში ჩაგდებას. ეს, შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობის” სცენარია. არ გამიკვირდება, ცოტა ხანში გამოვიდეს და ძმები ყარამანიშვილები მთლად ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულოს.

ჩემი აზრით, არც თანამშრომლებს შორის უნდა იყოს მშვიდი ვითარება. თუნდაც დიმიტრი ობოლაძის წასვლა გავიხსენოთ. არ არის გამორიცხული, რომ პარტიულად ჩამოყალიბებულ ტელევიზიაში თანამშრომლებს შორისაც გაჩნდა ბზარი მას მერე, რაც “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით მოხდა განხეთქილება. ტელევიზიის მფლობელები ამბობენ, რომ იმ რაღაც შპს-ს დაფუძნებისას თანამშრომლების მიმართ აშკარა ტენდენციურობა და მიკერძოებულობა ჩანს და გაურკვეველია, რატომ არ შეიძლება სააქციო საზოგადოების დაფუძნებაში ყველა თანამშრომელმა მიიღოს მონაწილეობა. სავარაუდოდ, სურთ, სწორედ მათ დააფუძნონ შპს, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს ახმოვანებს. შესაძლოა, სტრასბურგში პროცესის წარმართვა საჭირო აღარც გახდეს, ისე გამოააშკარაონ საკუთარი თავი და საქმე დაშლამდეც მივიდეს, რადგან გვარამიას გადაწყვეტილებით, არა მხოლოდ ყარამანიშვილები შეიძლება იყვნენ უკმაყოფილო, არამედ – ტელევიზიის თანამშრომლებიც.

კვირის პალიტრა“, 27 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „სამთავრობო ცვლილებები კარზეა მომდგარი“ // „დიდი ხანია, ქამრების შემოჭერის პოლიტიკის აღარავის სჯერა

რუსუდან შელია

სამთავრობო სხდომაზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მუნიციპალურ ტენდერებთან დაკავშირებით აღმოჩენილ დარღვევებს შეეხო. მისი განცხადებით, გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფულით კომპანიები იგებენ ტენდე­რებს, დასაქმებულებს კი ხელფასს დროულად არ უხდიან. გიორგი კვირიკაშვილმა მსგავს ფაქტებზე მკაცრი რეაგირება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძეს და სამართალდამცავ სტრუქტურებს დაავალა. გამგებლების გაფრთხილების პარალელურად, სამთავრობო სხდომაზე ორთაჭალაში ახალი სამთავრობო ქალაქის მშენებლობაც დაანონსდა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივებს ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს:

- დიდი ხანია ტენდერებისა და საბიუჯეტო თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს, თუმცა რატომღაც ამის დარეგულირება ხელისუფლებამ ჯერაც ვერ შეძლო – მეტიც, ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა ერთ კონკრეტულ პირთან სატენდერო გარიგებები, რის მთავარ არგუმენტადაც “გადაუდებელ აუცილებლობას” ასახელებენ. ეს ტენდენცია აშკარად კორუფციის ინდექსის მატების რისკზე მიანიშნებს და არა მგონია, პრემიერის ერთმა განცხადებამ ვითარება გამოასწოროს – მსგავსი საკითხები სისტემურად უნდა წყდებოდეს და არა პერსონალიების დონეზე. თანაც, თუ ამ პრობლემას ხელისუფლების დონეზეც ამჩნევენ, გაფრთხილებით კი არ უნდა შემოიფარგლებოდნენ, გადაუდებელი აუცილებლობის” დეფინიციის მკაცრი გაწერა უნდა უზრუნველყონ, თუმცა, როგორც ჩანს, ცენტრალურ ხელისუფლებას გამგებლებთან კომუნიკაციაც უჭირს.

- რატომ, ცენტრალური ხელისუფლება რეგიონებში თვითმმართველ ორგანოებს ვერ მართავს?

- არა მხოლოდ მუნიციპალურ დონეზე, ხელისუფლება ზოგადად ეფექტიან მართვაში მოიკოჭლებს. ეს კარგად ჩანს წინააღმდეგობრივ გა­ნცხადებებშიც – წლის დასაწყისში ქამრების შემოჭერის პოლიტიკა და ოპტიმიზაცია დაგვიანონსეს, რეალურად კი ბოლო სამი თვის განმავლობაში ადმინისტრაციული ხარჯები გაზრდილია. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობიდან მოყოლებული, დიდი ხანია ქამრების შემოჭერის პოლიტიკის აღარავის სჯერა, თუმცა ამჯერად ოპტიმიზაციაც დაგვიანონსეს და რეალურად უარესი ვითარება შექმნეს. საჯარო სამსახურში საშუალო და დაბალი რგოლებისთვის ხელფასების შემცირება კი არ არის პრობლემის გადაჭრის გზა, სახელმწიფო ბიუჯეტის ეფექტიანი მართვაა აუცილებელი. ამის ნაცვლად კი პრემიერი ისევ ვირტუალურ მშენებლობებს გვთავაზობს, რისი მაგალითიც ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობაა. როდესაც ეს ინიციატივა მოვისმინე, მაშინვე სააკაშვილი გამახსენდა. სწორედ მან იცოდა პრობლემების გადასაფარად გიგანტური ვირტუალური პროექტების დაანონსება. სააკაშვილი პროექტის დაანონსებისას, მინიმუმ, მაკეტს მაინც სთავაზობდა საზოგადოებას, პრემიერმა კი მხოლოდ ზეპირი ინიციატივა გააჟღერა ყოველგვარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გარეშე – ნედლი ინიციატივა გაჟღერდა, რომელსაც ერთი ფურცელიც კი არ ახლდა თან.

- რატომ ფიქრობთ, რომ პრემიერი ინიციატივას წინასწარი შესწავლის გარეშე გააჟღერებდა?

- ეს მინისტრების სატელევიზიო კომენტარებში კარგად გამოჩნდა. ისინი სამთავრობო ქალაქის იდეის “გაპრავებას” უსუსურად ცდილობდნენ და ეტყობოდათ, რომ იდეის გარდა, სხვა ინფორმაცია არ ჰქონდათ. მეტიც, მერმაც კი ინფორმაცია ტელევიზიიდან შეიტყო და ორთაჭალაში ფართობის გამოყოფის კონკრეტული სამართლებრივი თუ საექსპერტო დოკუმენტაცია არ აღმოაჩნდა. ფაქტია, ხელისუფლება ფასადური ვირტუალური ფონის შექმნას ცდილობს, თანაც ისე, რომ მის მიერვე დაანონსებულ ოპტიმიზაციის პროცესს ეწინააღმდეგება. საბოლოოდ, ეს მოსახლეობას აღიზიანებს. როდესაც ქვეყანაში მძიმე სოციალური რისკები და პრობლემებია, ასეულმილიონიან პროექტზე მთავრობა არ უნდა გველაპარაკებოდეს.

- თუმცა, მეორე მხრივ, ოპოზიცია ხომ სწორედ იმას საყვედურობს ხელისუფლებას, რომ სახელმწიფოს როლი ეკონომიკის სტიმულირებაში მეტი უნდა იყოს?

- სამთავრობო ქალაქის მშენებლობაზე საუბრისას, უცნაური არგუმენტებიც მოვისმინეთ – მინისტრებს ერთმანეთთან უკეთესი კომუნიკაცია ექნებათო. წარმოგიდგენიათ, ხელისუფლება სამინისტროებს ერთად იმიტომ უყრის თავს, რომ მინისტრებს ერთმანეთთან მეტი კომუნიკაცია ექნებათ და ეს იმ ფონზე, როდესაც XXI საუკუნეში სახელმწიფოები ვიდეოკონფერენციებით იმართება. ანუ, მთავრობა აანონსებს, ერთმანეთთან მარტივად გადავირბენ-გადმოვირბენთო. გასაგებია, რომ ეკონომიკის სამინისტროს შენობა არა აქვს და ყოველთვიურად ქირას იხდის, ისიც გასაგებია, რომ შესაძლოა კულტურის სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად შეფასებულ შენობაშია განთავსებული, თუმცა გიგანტური ვირტუალური მშენებლობა ამას ვერ გადაწონის. სანამ მოსახლეობა საკუთარ მაცივარზე არ იგრძნობს ეკონომიკურ კეთილდღეობას, ტელევიზორებიდან შეთავაზებულ ვირტუალურ განვითარებას არ დაიჯერებს.

რაც შეეხება სახელმწიფოს როლს ეკონომიკის სტიმულირებაში, ხელისუფლების ამოცანაა ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემო შექმნას. თუმცა რატომღაც ვაშენებთ არა ნორმალურ კონკურენტულ ცივილიზებულ ურთიერთობებს, არამედ ნომენკლატურულ კაპიტალიზმს, სადაც ეკონომიკის დირექტორი ხელისუფლებაა. ეს უპერსპექტივო მცდელობაა, რაც წინა ხელისუფლების მმართველობის მაგალითზეც კარგად გამოჩნდა.

- ქართულმა ოცნებამ სწორედ აღნიშნული მმართველობა დააანონსა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, თუმცა საქართველოს შემთხვევაში სახელმწიფოს ნომინალურმა ჩარევამ ეკონომიკის სტიმულირებაში გაამართლა?

- იმიტომ ვერ გაამართლა, რომ პრობლემები ინსტიტუციურად ვერ აღმოიფხვრა. თუნდაც ე.წ. მოსმენების კანონი ავიღოთ – ხელისუფლებამ კერძო სექტორს დაავალა, მოსმენების კომფორტულად უზრუნველყოფისთვის კერძო კომპანიებმა დამატებითი თანხა გადაიხადეთო. მსგავსი დამოკიდებულება საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით მწვავე კითხვის ნიშნებს ბადებს. ამასთან, ხშირ შემთხვევაში სასამართლოც ვერ უზრუნველყოფს კეთილსინდისიერი მყიდველის ცნების დაცვას. დღეს მსოფლიოში ფულის კი არა, კარგი პროექტების ნაკლებობაა, პროექტების განხორციელებას კი სტაბილური გარემო სჭირდება. მთელ ამ პროცესში სამწუხარო ისაა, რომ ხელისუფლება მის მიერვე დაანონსებულ ღონისძიებებს ვერ ახორციელებს – რამდენიმე თვის წინ გამოცხადებულმა ოპტიმიზაციამ საბოლოოდ რადიკალურად განსხვავებული სახე მიიღო. ზოგჯერ, იმ დასკვნამდეც მივდივარ, რომ პრემიერის ბრძანებები სერიოზული ხარვეზებით ხორციელდება.

- ანუ კლანური მმართველობაა ხელისუფლებაში?

- სახელისუფლებო მართვის ცუდი სისტემა ჩამოყალიბდა, რომელსაც პრემიერთან კვეთა იშვიათად აქვს. ანუ, სახელმწიფო ინსტიტუციურად კი არა, კონკრეტული პირებისგან იმართება. არ დავაკონკრეტებ, რომელი გავლენიანი ჯგუფები ჩამოყალიბდა მთავრობაში, ეს ისედაც ყველამ იცის. როდემდე გაგრძელდება ეს, დრო გვიჩვენებს. ვფიქრობ, სამთავრობო ცვლილებები კარზეა მომდგარი.

კვირის პალიტრა“, 27 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძერსთან: „გამორიცხული არ არის პრეზიდენტი ოპოზიციური ლიდერობისთვის ფონს იმზადებდეს

რუსუდან შელია

ე.წ. მოსმენების კანონის ვეტო დაძლეულია, თუმცა როგორც ექსპერტები აცხადებენ, მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობა სულ უფრო ჩიხში შედის. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე დღის წინ ასპარეზზე პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილიც გამოჩნდა და ის სამართალდამცავებს ნარკოტიკული საშუალებების ჩადებაში ადანაშაულებს. პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის ურთიერთბრალდებებზე „კვირის პალიტრასთან“ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საუბრობს:

- გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, თითქოს ორ სახელისუფლებო შტოს შორის შეხების წერტილი გამოინახა, თუმცა მცდელობა მაინც უშედეგოდ დასრულდა. თუ მარგველაშვილის ნაბიჯებს გავაანალიზებთ, არ არის გამორიცხული, ის საკუთარი ქმედებებით ოპოზიციური ლიდერობისთვის ფონს იმზადებდეს, მით უმეტეს, რომ საქართველოში ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბება აუცილებლად ხელისუფლებასთან რადიკალურ დაპირისპირებას გულისხმობს.

- ფიქრობთ, . . მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო რეალურ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდა და მხოლოდ პოლიტიკური ფონის შესაქმნელად გათვლილი გადაწყვეტილება იყო?

- ასე გამოჩნდა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს ცუდი პოლიტიკური მრჩევლები ჰყავს. ე.წ. მოსმენების კანონი არ არის ის საკითხი, რომელიც დღეს საზოგადოებას აწუხებს, ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, თუმცა ამ მიმართულებით გიორგი მარგველაშვილი არაფერს ამბობს. თუ ის პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბებას ცდილობს, თავშივე არასწორ არჩევანს აკეთებს – ის ანგარიშს ხალხსა და რეალურ პრობლემებს კი არ უწევს, კონკრეტული საკითხების ხელოვნურად ანგაჟირებას ცდილობს. თუ პრეზიდენტი პოლიტიკურ პერსპექტივაზე ზრუნავს, უმჯობესია, ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხები წამოსწიოს და არა ხალხზე ზრუნვის მოტივით ხელისუფლებას ეომოს.

- . . მოსმენების კანონზე ვეტოს დადების პარალელურად, პრეზიდენტის ქალიშვილი მის მეგობრებზე სამართალდამცავების ზეწოლაზე საუბრობს. გამორიცხავთ, რომ პრეზიდენტის აქტიურობის პარალელურად ხელისუფლებას მასზე ზემოქმედების ინტერესი მართლაც ჰქონდეს?

- დავუშვათ, ხელისუფლება მართლაც ცდილობს მარგველაშვილზე ზეწოლას, იქნებ პრეზიდენტმა და მისი ოჯახის წევრებმა აგვიხსნან, რა შედეგი უნდა მიიღოს ხელისუფლებამ საბოლოოდ? ასეთი სცენარის განხილვისას შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მაქსიმუმ გიორგი მარგველაშვილსა და მთავრობას შორის ჰარმონიული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, მაგრამ რა შედეგია ეს ხელისუფლებისთვის?

დღეს პრეზიდენტი არ წარმოადგენს ისეთ ფიგურას, რომ მმართველ გუნდს მის ხელთ არსებული რესურსი საფრთხეს უქმნიდეს, ვეტოც კი მარტივად დასაძლევია საკონსტიტუციო უმრავლესობის გათვალისწინებით. ასე რომ, კამპანია “არა ჩადებას”, რომელსაც პრეზიდენტის ოჯახის წევრები გვთავაზობენ, უფრო სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაციის მცდელობას ჰგავს. როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ მიზანმიმართული ნეგატიური კამპანიის წარმოება დაიწყეს, ველოდი, რომ პრეზიდენტი დაიცავდა ქვეყანაში სტაბილურობის გარანტს – პოლიციას. სამართალდამცავი ორგანოებისთვის ავტორიტეტის შერყევა სახელმწიფოს ძირს უთხრის, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ამ კამპანიაში ჩაერთო. მას მსგავსი საკითხებით მანიპულირება საზოგადოების მხარდაჭერას ვერ მოაპოვებინებს და ვერც საკუთარ პოლიტიკურ რეიტინგს გაზრდის. ისიც გაუგებარია, რატომ დაიწყო საარჩევნო მარათონი კონსტიტუციის სახელით, როდესაც პრეზიდენტის არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი. მას პოლიტტექნოლოგია კარგად ესმის და იცის, რომ მსგავსი შეხვედრების პიკი და მოპოვებული საზოგადოების მხარდაჭერა საარჩევნო თარიღს უნდა დაემთხვეს.

- ფიქრობთ, საპრეზიდენტო არჩევნები ვადამდე ჩატარდება?

- არ გამოვრიცხავ, მას საზოგადოებრივი მხარდაჭერა და მუხტი სჭირდება. ამიტომაც დაიწყო რეგიონებში შეხვედრები, სადაც კონსტიტუციის გარდა ყველა პოლიტიკურ საკითხზე საუბრობს, ეს ან არასწორად გათვლილი კამპანიაა, ან პრეზიდენტისგან უფრო სერიოზულ სიურპრიზებს უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ.

„ახალი თაობა“, 27 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „გიორგი მარგველაშვილი სახლში არ წავა

პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის დამოკიდებულება არცერთი მხარისთვის არ არის მომგებიანი.

- ბატონო რამაზ, პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გააქტიურება რამდენად შეიძლება კავშირში იყოს სამომავლოდ მის პოლიტიკურ გეგმებთან?

- მრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი გააქტიურება გარკვეულ პოლიტიკურ პერსპექტივებს უკავშირდება. არ გამოვრიცხავ, რომ ის ამისთვის ემზადებოდეს, თუმცა მიჭირს დანამდვილებით იმის თქმა, რომ ეს სწორი ახსნაა, რადგან გიორგი მარგველაშვილი, ზოგადად, აქტიური ადამიანია. შეიძლება, დღეს აქტიურია იმდენად, რამდენადაც თვლის, რომ აქტიური უნდა იყოს. გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პოლიტიკური პროცესებიდან შორს არასდროს ყოფილა. მას, როგორც აქტიურ მოქალაქეს, ყოველთვის ჰქონდა თავისი მკაფიო პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე და, როდესაც ის ამბობს, მე ყოველთვის ვიყავი აქტიურიო, დიახ, ასეც იყო.

- ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ რთულად წარმოსადგენია, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი სახლში წავიდეს და მემუარების წერას შეუდგეს...

- ამის წარმოდგენა, სიმართლე გითხრათ, მეც ძალიან მიჭირს. ამიტომ ვამბობ, რომ არ არის გამორიცხული, მას შორეული პოლიტიკური გათვლები ჰქონდეს.

- შეიძლება, მეორე ვადით იყაროს კენჭი?

- ამას გამოვრიცხავ, თუმცა მე, რასაკვირველია, არ ვიცი, ის რას ფიქრობს ამ საკითხზე. მე ვამბობ ანალიზის შედეგად, ლოგიკიდან გამომდინარე. არა მგონია, მეორე ვადაზე იყოს მისი გათვლა მიმართული. ეს უფრო არალოგიკური იქნებოდა.

- პრეზიდენტმა თქვა, რომ უყვარს პარლამენტი, რადგან იქ ცოცხალი დისკუსიაა. საპარლამენტო არჩევნებში ხომ არ აპირებს მონაწილეობას?

- ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ეს ბევრად ლოგიკური იქნებოდა, თუ მას სურს, ჩაერთოს რეალურ პოლიტიკაში, იქ, სადაც მართლაც ცოცხალია პოლიტიკური პროცესები და სადაც არის დაპირისპირებულ აზრთა ჭიდილი. მე თუ მკითხავთ, პოლიტიკის საკეთებლად ყველაზე დიდი ადგილი სწორედ პარლამენტია. მნიშვნელოვანია, როგორი იქნება მისი სტრატეგია, რას აპირებს ის სამომავლოდ და როგორია მისი ამოცანები. სანამ არ გვეცოდინება ეს, მანამდე რთულია, ვიმსჯელოთ ამ ყველაფერზე. ჯერჯერობით ამ საკითხს ის ღიად ტოვებს, თუმცა მოქმედი პრეზიდენტისგან არც არის გასაკვირი, რომ ჟურნალისტების ეს ინტერესი არ დააკმაყოფილოს და ეს კითხვა ღიად დატოვოს.

თუკი გიორგი მარგველაშვილი აპირებს პოლიტიკური პერსპექტივისთვის საფუძვლის ჩაყრას, მაშინ უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების აზრი. არა მგონია, რომ მისი ქცევა ახლა ფართო საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით იყოს აგებული.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ გარკვეული კრიტიკული დამოკიდებულება არის მის მიერ გამოყენებული ვეტოს მიმართ. არ ვგულისხმობ ერთი რომელიმე კონკრეტული კანონპროექტისთვის დადებულ ვეტოს, ვგულისხმობ ვეტოთა სიმრავლეს. ის შთაბეჭდილება, რომელიც ამ ფონზე ვითარდება, არცერთი მხარისთვის, არც პრეზიდენტის ინსტიტუტისა და არც პარლამენტისთვის არ არის მომგებიანი.

- რამდენად აქვს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შანსი, თუ მან დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაიწყო?

- პირველ რიგში, ეს დამოკიდებული იქნება იმ გარემოზე, რომელსაც ის შექმნის, ასევე – იმ პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელიც იმ დროისთვის იქნება ქვეყანაში. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ თუ მარგველაშვილი სამომავლოდ პოლიტიკურ პროცესებში აპირებს ჩართვას, მაშინ ის ფართო საზოგადოების დამოკიდებულებას მეტ ანგარიშს გაუწევს. თუმცა, ვნახოთ, არაფერია გამორიცხული.

- პარლამენტის დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ რამდენად არის ადეკვატური?

- ვიმეორებ, ეს დამოკიდებულება ორივე მხარეს აყენებს ზიანს. ამ ზიანს თავს უნდა არიდებდეს ორივე მხარე.

- ვინ შეიძლება, გიორგი მარგველაშვილის მოკავშირეები იყვნენ?

- ვერ გეტყვით, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია პოლიტიკაში და ამაზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 27 მარტი, 2017 წელი

ვინ იბრძოლებს თბილისის მერობისთვის, პირველი მინიშნებები

ეკატერინე ბასილაია

წელს თბილისის მერის პოსტზე ბრძოლაში ორი ახალი ინტრიგა შემოდის. ერთი, რომ ყველაზე ბრძოლისუნარიან და მთავარ ოპოზიციურ ძალას, “ნაციონალურ მოძრაობას” “ქართულ ოცნებასთან” ომში სავარაუდოდ პირველად ჩაანაცვლებს სხვა, ამჯერად უპარტიო კანდიდატი. ხოლო რადგანაც დამოუკიდებელ კანდიდატად ალეკო ელისაშვილი უკვე სახელდება, “ოცნებიდან” კი კულუარებში საუბარია კახა კალაძის დასახელებაზე, ამ ორ ფიგურას შორის საარჩევნო ბრძოლა იქნება მეორე ინტრიგა და შეთავაზება ამომრჩევლისთვის, რა სურთ მათ – მერი, რომელიც პოლიტიკური ფიგურა იქნება, თუ მერი, რომელსაც ქალაქი აინტერესებს და არა პოლიტიკური ინტრიგები.

პოლიტოლოგთა დიდი ნაწილი, მათ შორის “ოცნების” მიმართ ლოიალურად განწყობილებიც კი, მიიჩნევს, რომ ამომრჩეველთა არცთუ მცირე ნაწილში პოლიტიკური ელიტის მიმართ დიდი იმედგაცრუებაა, ამიტომაც წონიან, კარგი ბექგრაუნდის მქონე უპარტიო ფიგურის გამოჩენას საარჩევნო მარათონზე, თუკი ასეთ ფიგურას ბრძოლისუნარიანი მენეჯმენტიც დაუდგება გვერდით, შანსი აქვს, “ოცნებას” დიდი მეტოქეობა გაუწიოს და ეს იქნება საინტერესო ინტრიგა თბილისის მერობისთვის ბრძოლაში.

ალეკო ელისაშვილს კი, რომელმაც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სულ მარტო დაამარცხა მაშინ ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალი რეიტინგის მქონე “ქართული ოცნება” და თბილისის პრობლემებზე ყველაზე აქტიური მებრძოლადაც მიიჩნევა, შანსი აქვს, მმართველი ძალისთვის ანგარიშგასაწევი მეტოქე გახდეს.

თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატები

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნები 2017 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. პოლიტიკურ ძალებს ჯერ საკუთარი კანდიდატები არ დაუსახელებიათ, თუმცა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატი შესაძლოა, ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გახდეს.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, “რესპუბლიკელებმა”, “თავისუფალმა დემოკრატებმა” და შეიძლება მათ სხვებიც შეუერთდნენ, შესაძლოა, დაასახელონ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. ასევე საკუთარ კანდიდატებს წარადგენს პარლამენტში შესული და მოძლიერებული “პატრიოტთა ალიანსიც” და ორად დაშლილი “ნაციონალური მოძრაობაც”. “ნაციონალები” დიდი ალბათობით ნიკა მელიას დაასახელებენ, “ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, რომ განიხილება რამდენიმე ფიგურა, რომლებიც თბილისის საქმეებში ძალიან აქტიური არიან. დიდი ალბათობით შესაძლებელია, გიგი უგულავა არ დასახელდეს თბილისის მერობის კანდიდატად და არჩევანი ელენე ხოშტარიაზე გაკეთდეს.

კახა კალაძე რომ მერობის კანდიდატობისთვის ემზადება, ამაზე საუბრობს თბილისის საკრებულოს “რესპუბლიკელი” დეპუტატი ხათუნა სამნიძე, რომლის თქმითაც, ბოლო დროს კალაძის ვიზიტები დედაქალაქის საკრებულოში გახშირდა და მას თან ახლავს პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე.

ამ ინერციით შეძლეს. დღეს ვითარება შეცვლილია. დიდი მეტოქეობა “ქართულ ოცნებასა” და დამოუკიდებელ კანდიდატს შორის იქნება და სწორი მენეჯმენტის პირობებში დამოუკიდებელ კანდიდატს აქვს შანსი,” – აცხადებს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ, კი, ორად დაშლილი “ნაციონალების” ფონზე დამოუკიდებელ კანდიდატს, ამ შემთხვევაში ალეკო ელისაშვილს, აქვს შანსი, “ოცნების” კანდიდატის მთავარი მეტოქე იყოს და ეს დიდ ინტრიგას შეიტანს ამ არჩევნებში, თუმცა თვლის, რომ, ამ ინტრიგის მიუხედავად, “ოცნებას” თბილისში პირველივე ტურში მოგება არ გაუჭირდება.

“ცხარე ბრძოლა იქნება როგორც ყველა თანამდებობაზე, თბილისის მერობაზე კი ყველაზე მეტად. ნარმანიას ხელში ცოტათი დეპოლიტიზაცია მოხდა ამ თანამდებობისა. ის პოლიტიკური წონა, რაც თბილისის მერს აქვს, ცოტა დაიკარგა, მაგრამ გვახსოვს ისეთი შემთხვევებიც, იმავე გიგი უგულავას მერობისას, როდესაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თბილისის მერი წამყვან როლს თამაშობდა. სავარაუდოდ, ანალოგიური პოლიტიკური დატვირთვის, პოლიტიკური წონისკენ მიისწრაფვის “ქართული ოცნება”, თუ იგი აპირებს კალაძის კანდიდატად დასახელებას. სამეურნეო მერზე უფრო ის პოლიტიკური მერი იქნება. ენერგეტიკის მინისტრადაც კი ის პოლიტიკურ ფუნქციებში უფრო ჩანს, ვიდრე მხოლოდ ენერგეტიკის საკითხების გამრჩევი პირი.

თუ ოპოზიციური ფრთიდან ელისაშვილის კანდიდატურა დასახელდება, ეს მეტ ინტრიგას შესძენს არჩევნებს. ის საინტერესო ფიგურაა. ქალაქის ინტერესების სახელით ის ხშირადაც დაუპირისპირდება ცენტრალურ ხელისუფლებას. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ელისაშვილი ქალაქის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული, ვიდრე ზოგად პოლიტიკურ ინტერესებზე. ამდენად, ვერ ვიტყვი, რომელი ვარიანტი უფრო საინტერესოა თავად ქალაქისთვის – კალაძის მაგვარი მერი, რომელიც წამყვან როლს თამაშობს ძირითად პოლიტიკურ პროცესში, თუ ელისაშვილის მაგვარი მერი, რომელიც მხოლოდ ქალაქზეა ორიენტირებული. საინტერესოა, ქართულ ელექტორატს რაზე ექნება ორიენტაცია.

რაც შეეხება გამარჯვების შანსებს, მაინც სავარაუდოა, რომ რამდენი პოლიტიკური პარტიაც არ უნდა იყოს, გამარჯვება პარტიების რეიტინგსა და გავლენაზე იქნება დამოკიდებული და “ქართულ ოცნებას” პირველივე ტურში გამარჯვება არ გაუჭირდება”, – ამბობს რამაზ საყვარელიძე. მისივე თქმით, ნარმანიას კანდიდატობას მაშინ თავად პარტიის შიგნით არ უჭერდა ყველა მხარს, კალაძეს კი ეს წინააღმდეგობა არ ექნება. თან კალაძეს პირვნული რეიტინგი გააჩნია. პლუს, მაშინ ნარმანიას მოწინააღმდეგე იყო ნიკა მელია, რომელიც ერთიანი “ნაციონალების” კანდიდატი იყო. დღეს “ნაციონალები” ორად არიან გაყოფილი და ერთმანეთს ხმებს წაართმევენ. ამიტომ, არ არის გამორიცხული, პირველივე ტურში გადაწყდეს საკითხი.

“ელისაშვილის გამოჩენა ბევრი მოულოდნელი სიურპრიზი იქნება მეტოქეებისთვის, მაგრამ მას გამარჯვება გაუჭირდება. არჩევნებში მნიშვნელოვანია ის რაზმი, რომელიც შენთვის იბრძვის და ამ რაზმის წონა. ერთმა კაცმა შეიძლება დეპუტატად გამარჯვება შეძლო, მაგრამ ისეთ მარათონში, როგორიც ქალაქის მერობაა, სადაც დიდი ძალები ერთვება, ელისაშვილს გაუჭირდება,” – დასძენს რამაზ საყვარელიძე.

„ახალი თაობა“, 27 მარტი, 2017 წელი

თბილისის მერის პოსტზე ოცნება კახა კალაძეს წარადგენს?

გიორგი კვირიკაშვილი ხალხს ემშვიდობება და წასასვლელად ემზადება

პარტიებმა ნელ-ნელა დაიწყეს მერობის კანდიდატების გამომზეურება. „ახალი თაობა“ უკვე წერდა, რომ დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, შესაძლოა, კახა კალაძე ყოფილიყო. ეს ინფორმაცია ამ დღეებში რესპუბლიკურმა პარტიამაც გააჟღერა. ინფორმაციას „ოცნებაშიც“ ადასტურებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ივანიშვილი მიიღებს და მანამდე საჯარო კომენტარების გაკეთებას ერიდებიან. ამ საკითხზე უფრო თავისუფლად საუბრობს ოპოზიცია. მისი ნაწილი ფიქრობს, რომ კალაძე მერობისთვის ზედგამოჭრილი კადრია, ნაწილი კი კალაძის გამერების შემთხვევაში მერიის დინამოს სტადიონზე გადატანას ითხოვს.

ყოფილი დეპუტატი ანი მიროტაძე ეროვნულ ფორუმთან ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში იყო კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ და იცის, როგორ ხდება კანდიდატების შერჩევა. მისი თქმით, დედაქალაქის მერის კანდიდატურის შერჩევაში ბოლო სიტყვას ამჯერადაც ბიძინა ივანიშვილი იტყვის. „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, „ოცნებას“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი ჯერ შერჩეული არ ჰყავს. კახა კალაძის წარდგენა ამ თანამდებობაზე ჯერ მხოლოდ ვერსიაა. საბოლოო გადაწყვეტილებას ივანიშვილი მიიღებს. თბილისის მერობისა და პრეზიდენტის შერჩევა მასზეა დამოკიდებული“, – ამბობს „ახალ თაობასთან“ საუბარში ანი მიროტაძე. მისი თქმით, დავით ნარმანიასა და გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურები ყოფილმა პრემიერმა ერთპიროვნულად შეარჩია და სხვისი აზრი არ გაითვალისწინა.

დედაქალაქის გარდა, მერს კიდევ რამდენიმე ქალაქი ირჩევს. როგორც ანი მიროტაძე ამბობს, ამ შემთხვევაში კოალიციამ თავად შეარჩია კანდიდატურები. „რა თქმა უნდა, მოხდა ივანიშვილის აზრის გათვალისწინება, მაგრამ ამ შემთხვევაში არჩევანის თავისუფლება ბევრად მეტი იყო“, – აღნიშნავს ყოფილი დეპუტატი. იგი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი თბილისის მერობის კანდიდატურას ერთპიროვნულად მიიღებს. ანი მიროტაძე ეჭვობს, რომ ივანიშვილმა კალაძე შეარჩიოს. „თავად კახა კალაძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, შესაძლოა, ის კარგი მერიც კი იყოს, მაგრამ მეეჭვება, ივანიშვილმა მის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი. მას ამ თანამდებობაზე ისეთი ადამიანები სჭირდება, რომლებსაც სრულად მართავს. კახა კალაძე კი ასეთი ტიპი არ არის. ჩემი აზრით, ამ თანამდებობისთვის ყოფილი პრემიერი „ნარმანია-2“-ს გამონახავს“, – აღნიშნავს „ახალ თაობასთან“ საუბარში ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი.

ვინ იქნება „ნარმანია-2“, ამის თქმა ანი მიროტაძეს ამ ეტაპზე უჭირს, ისევე, როგორც იმის თქმა, თუ ვინ იქნება ფორუმის მერობის კანდიდატი. „ჩვენ ამ არჩევნებში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. მერობის კანდიდატი გვეყოლება როგორც თბილისში, ასევე სხვა თვითმმართველ ქალაქებში. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მერობის კანდიდატებს დამოუკიდებლად არ წარმოვადგენთ, ეს სხვა ძალებთან შეთანხმებით მოხდება“, – ამბობს ანი მიროტაძე. იგი არ აკონკრეტებს, თუ რომელ პარტიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამბობს, რომ ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე თვეში გახდება. ერთ რამეში კი ღრმადაა დარწმუნებული – აუცილებელია ოპოზიციის გაერთიანება არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ.

კახა კალაძე რომ „ოცნების“ მერობის კანდიდატი იქნება თბილისში, ამაში ბოლომდე არც „ახალი საქართველოა“ დარწმუნებული. ამის მიუხედავად, მისი ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ყველაზე შორს წავიდა და იმ ხალხის სავარაუდო სიაც კი დაასახელა, რომლებითაც დედაქალაქის მომავალი მთავრობა დაკომპლექტდება.

„კახა კალაძემ პოლიტიკაში მოიყვანა: ჯამარაული – გარდაბნის გამგებლად, ლევან კობიაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში, ცოლისძმა გიორგი არველაძე თბილისის მერიაში. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მივიღოთ ქალაქის ასეთი მთავრობა: როინ კვასხვაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, მურთაზ შელია, კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, თემურ ქეცბაია, ალექსანდრე იაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და გიორგი დემეტრაძე“, – ასეთია ლევან ხაბეიშვილის პროგნოზი.

„ოცნების“ კულუარებში თბილისის მერობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძეც განიხილება. როგორც „ახალ თაობას“ „ოცნებასთან“ დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, დახურულ შეხვედრებზე ირაკლი ღარიბაშვილის გვარმაც გაიჟღერა.

ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელებას მიესალმება პატრიოტთა ალიანსის წევრი ლადო სადღობელაშვილი, თუმცა ეჭვობს, რომ ეს ასე არ მოხდება. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ ოფიციალურად მიღებული არ არის, მაგრამ სასწორი ამ მომენტისთვის კახა კალაძისკენ არის გადახრილი.

„კახა კალაძე რომ „ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი იქნებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვთქვი „ახალ თაობასთან“ საუბარში. მაშინ საუბრობდნენ მამუკა ხაზარაძეზეც, მაგრამ მისი კანდიდატურა ჩააჩოჩეს და მხოლოდ იმიტომ, რომ ის კვირიკაშვილის კადრად მოიაზრებოდა“, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ საუბარში ლადო სადღობელაშვილმა. მისი თქმით, „ოცნებაში“ გიორგი კვირიკაშვილის პოზიციები სერიოზულად არის შერყეული.

„ესეც რომ არ იყოს, ხელისუფლებაში გიორგი კვირიკაშვილის კადრებს უკვე ეჭვის თვალით უყურებენ. ალბათ, გახსოვთ დავით კოღუაშვილთან დაკავშირებული სკანდალი. ეს ადამიანი „ოცნების“ პოლიტსაბჭოში იყო, საარჩევნო სიის პირველ ათეულშიც მოიაზრებოდა და მან წინა ხელისუფლების ქება დაიწყო. ამის შემდეგ დავით კოღუაშვილი „ოცნებას“ ჩამოაშორეს, გიორგი კვირიკაშვილს კი შეზღუდვები დაუწესეს“, – აღნიშნავს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი. მისი თქმით, ამ შეზღუდვების შედეგი პარლამენტის შემადგენლობაზეც აისახა.

„ოცნებას“ პარლამენტში 117 დეპუტატი ჰყავს და აქედან მხოლოდ ორი – ბიძინა გეგიძე და ლევან გოგიჩაიშვილი ითვლებიან პრემიერის გუნდის წევრებად“, – ამბობს ლადო სადღობელაშვილი. მისი თქმით, ახლო მომავალში პრემიერის კადრები კიდევ უფრო მძიმე დღეში აღმოჩნდებიან, რადგან მთავრობის მეთაური წასვლას აპირებს.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, გიორგი კვირიკაშვილი ვიღაც ტიპებს უკვე დაემშვიდობა „ოცნებიდან“. ის მალე წავა. ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ეს აპრილის დასაწყისში მოხდება. მისი ამბავი რაღაცით ჰგავს ირაკლი ღარიბაშვილის ისტორიას. ისიც მოულოდნელად წავიდა პრემიერობიდან. თანამდებობა მან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე თვეში დატოვა. კვირიკაშვილმაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლაზე მოაწერა ხელი. მას თან გააყოლებენ საგარეო საქმეთა მინისტრ თეა წულუკიანსა და ალექსანდრე ჯეჯელავას. პოსტს, ალბათ, ბღუჯა-ბღუჯა ქუმსიშვილიც დატოვებს“, – ვარაუდობს ალიანსელი. ლადო სადღობელაშვილის ინფორმაციით, ზევით გიორგი მღებრიშვილის შემცვლელზეც სერიოზულად ფიქრობენ.

„შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს კახი კახიშვილის ხათრით ინარჩუნებს პოსტს _ ისინი ძმაკაცები არიან. ვიღაცებს არ სურთ, კახიშვილი გაანაწყენონ. ის მთავრობაში ერთადერთი ადამიანია, რომლის მიმართაც ყველა დადებითად არის განწყობილი. მას ყველაზე რადიკალური ოპოზიციაც კი ვერ უძებნის წუნს“ – აღნიშნავს სადღობელაშვილი. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, თანამდებობას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც დატოვებს, ოღონდ ის საპატიო მიზეზით წავა: „კახა კალაძის მიმართ ჩემი უარყოფითი პოზიცია არაერთხელ დამიფიქსირებია. ამის მიუხედავად, უნდა ვაღიარო, რომ თბილისის მერობა მისთვის ზედგამოჭრილი თანამდებობა იქნება. საბოლოო გადაწყვეტილებას ივანიშვილი მიიღებს და, ვფიქრობ, ის ენერგეტიკის მინისტრზე შეაჩერებს არჩევანს“.

ოპოზიციონერის თქმით, არსებობს რამდენიმე არგუმენტი, რომელთა გათვალისწინებით არჩევანი ენერგეტიკის მოქმედ მამაზე შეჩერდება: „ვიცე-პრემიერი არის ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარი. ის შეეცდება, ბერას დახმარებით დაარწმუნოს ყოფილი პრემიერი, რომ მის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი. ამის გარდა, კალაძე არის ცნობადი სახე და მერის თანამდებობას მისი ტიპაჟის ხალხი უხდება. ის ასევე ამოვარდნილია მთავრობის კურსიდან. მთელი მთავრობა ევროპა-ევროპას გაიძახის, ეს კი ერთადერთია, რომელიც რუსეთთან დიალოგს აწარმოებს“.

ლადო სადღობელაშვილი არ გამორიცხავს, რომ დედაქალაქის მერის პოსტზე სხვების კანდიდატურებიც დასახელდეს. „მე არ ვიცი, რა მოხდება რამდენიმე კვირის შემდეგ, მაგრამ, დღეის მდგომარეობით, ყველაზე მეტი შანსი ენერგეტიკის მინისტრს აქვს“, – ასეთია პატრიოტთა ალიანსის წევრის პოზიცია. ხელისუფლებაში დედაქალაქის მერობის კანდიდატის შერჩევაზე აქტიური მუშაობა რომ მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილიც ფლობს. ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე მას კომენტარის გაკეთება უჭირს, თუმცა ამბობს, რომ იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ამ პოსტზე მოიაზრებიან, ბევრი კითხვა არსებობს.

„მკითხაობის დონეზე არ მინდა იმაზე საუბარი, თუ ვინ იქნება მერობის კანდიდატი. დასახელებულია სამი გვარი – კახა კალაძე, ლევან გაჩეჩილაძე და მამუკა ხაზარაძე. მივმართავ გადაწყვეტილების მიმღებ ხალხს, არცერთი მათგანი არ დაასახელონ მერობის კანდიდატად. სამივე მათგანის მიმართ სერიოზული კითხვები აქვს ხალხს. სამივე მათგანის გვარი ეკონომიკურ დანაშაულთან არის დაკავშირებული“, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ საუბარში ზაალ კასრელიშვილი. მისი განცხადებით, კარგი იქნება, თუ `ოცნებაში~ სხვა კანდიდატურებს შეარჩევენ. თბილისის მერობის სასურველი კანდიდატი მას უკვე შერჩეული ჰყავს, ოღონდ არა – „ოცნებიდან“.

„მესმის, რომ აქცენტი ცნობად სახეებზე კეთდება, მაგრამ ცნობადი სახე, შესაძლოა, არაპოპულარულიც იყოს. კალაძე, გაჩეჩილაძე და ხაზარაძე სწორედ არაპოპულარული სახეები არიან. უმჯობესია, „ოცნებამ“ შედარებით ნაკლებად ცნობადი, მაგრამ პატიოსანი კანდიდატურა დაასახელოს. ხელისუფლებაში ასეთი ხალხი ჯერ ისევ არის. პირადად ჩემთვის თბილისის მერობის ყველაზე მისაღები კანდიდატი ზაალ კასრელიშვილია. ცუდი მერი არ ვიქნები და შეიძლება, მივიღო კიდეც არჩევნებში მონაწილეობა“, – ამბობს ანალიტიკოსი. მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნები „ოცნებისთვის“ ძალიან რთული იქნება. სირთულის მიზეზი კი, კასრელიშვილის თქმით, შემდეგში მდგომარეობს: „მოსახლეობა ძალიან მძიმე დღეშია. ეკონომიკური მდგომარეობა ვერ უმჯობესდება. „ოცნება“ დაპირებებს არ ასრულებს. ისინი ნაციონალებისგან მტრის ხატის შექმნით შორს ვეღარ წავლენ. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები ძალიან პრეტენზიული იქნება. უმჯობესია, თუ „ოცნება“ ყველა დონეზე ღირსეულ კანდიდატებს დაასახელებს.

ანალიტიკოსი ხელისუფლებას ურჩევს, არჩევნების გაყალბებაზე არც კი იოცნებოს.

„იმედია, „ოცნება“ ფონს გასვლას არჩევნების გაყალბებით არ შეეცდება. დასავლეთი ამ არჩევნებს გამადიდებელი შუშით დააკვირდება. თვალს არაფერზე აღარ დახუჭავენ. მათ ჩვენი ხელისუფლების მიმართ ისედაც ბევრი პრეტენზია აქვთ“, – ასეთია ზაალ კასრელიშვილის მოსაზრება.

————

მართალია, კახა კალაძის დედაქალაქის მერის პოსტზე წარდგენის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ენერგეტიკის სამინისტროში მინისტრის სავარაუდო შემცვლელს უკვე ეძებენ. კახა კალაძის შემცვლელებად მისი მოადგილეები მარიამ ვალიშვილი და ილია ელოშვილი მოიაზრებიან.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 27 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „რეფრენდუმი უნდა ჩატარდეს. თქვას ხალხმა, როგორი კონსტიტუცია სურს მასკონსტიტუცია ყველასათვის თუ კონსტიტუცია ბიძინასათვის

სალომე სარიშვილი

ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ძალად იქცა და მას სხვა ინტერესი არ აქვს, თუ არა რამენაირად საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებებიც, რომლებიც მომავალში პრეზიდენტის უფლებებს შეზღუდავს, ამ გეგმის ნაწილია. ცისკარიშვილი ამბობს, რომ “ოცნების” რამდენიმე აგრესიული წევრი ამას ღიად ავლენს, როცა პრეზიდენტს თავს ესხმის და მის ინსტიტუტს შეურაცხყოფს.

პოლიტოლოგის აზრით, რთულია შეფასება, რა შეიძლება მოჰყვეს პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის წამოჭრილ მორიგ უთანხმოებას. ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” წევრები ასე კონკრეტული პირის, “იატაქვეშეთის სუფრის თამადის” დასაამებლად იქცევიან. სოსო ცისკარიშვილი ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს, რათა მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ხალხის რეალური აზრი და შეხედულება გამოვლინდეს.

მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე “მთელი კვირა” სოსო ცისკარიშვილს გაესაუბრა.

სოსო ცისკარიშვილი: ქვეყანაში, რომელიც არაფორმალური, ანუ რიგითი მოქალაქის მიერ იმართება, ყველაფერია მოსალოდნელი. ჩვენ იმდენიც ვერ მოვახერხეთ, ევროპელ მეგობრებს გავაგებინოთ, რა ხდება ჩვენს თავს, რადგან ცივილიზებულ სამყაროში ასეთი რამ არსად ყოფილა. ამდენად, რისი გამკეთებელი აღმოჩნდება პარლამენტი პრეზიდენთან მიმართებაში და რაზე შეიკავებს თავს, რთული პროგნოზირებადია, ამას ვანგაც კი ვერ გამოიცნობს. ერთი რამ კი ცხადია – 10-12-კაციანი ე.წ. “მეოცნებეთა” ზონდერების გუნდი აშკარად პრეზიდენტისა და მისი ინსტიტუტის დისკრედიტაციას ცდილობს.

ერთადერთი, რაც შეიძლება დადებითად მივიჩნიოთ, ისაა, რომ 115 “მეოცნებეს” შორის, ასეთი აგრესიული მხოლოდ 15-მდე ადამიანი თუ იქნება. სწორედ ისინი აღვივებენ უსამართლოდ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის დაპირისპირებას. ამ ყველაფრის თავი კი “ქართულ ოცნებაში” ის გახლდათ, რომ მათთვის პრეზიდენტთან ურთიერთობის კარი მუდმივად იკეტებოდა. ეს ჩანდა პრემიერ ღარიბაშვილის დროსაც, რომელსაც პრაქტიკულად პრეზიდენტთან ურთიერთობის კარი ჩაკეტილი ჰქონდა. ახლა კი იგივე ვეტო ახალბედა პარლამენტის თავმჯდომარეს ადევს. ჩანს, რომ ახლა ისაა საპრეზიდენტო ინსტიტუტის შეურაცხყოფის თავკაცი. არცთუ ისე ადვილია წინასწარ იმის პროგნოზირება, ვერაგობის რა კოეფიციენტი გააჩნია ამ პროცესის ავტორს და ყველამ კარგად იცის, ვინაა ის.

- თუმცა, ჩანს, რომ დათმობას არც პრეზიდენტი აპირებს. გასულ კვირას იგი მმართველი გუნდის მხრიდან კრიტიკის ობიექტი რამდენჯერმე გახდა, როცა კამპანიაკონსტიტუცია ყველასიაწამოიწყო

- რასაკვირველია, პრეზიდენტი არავისზე ნაკლები სიჯიუტისაა, თუმცა განსხვავებით მასზე თავდამსხმელებისაგან, ის გაცილებით უფრო კულტურული და ცნობიერია. ის ჭორებსა და ურთიერთმაამებლობაზე დამოკიდებული პირი არაა, როგორც მისი მიჭირხვნის მსურველი მმართველი გუნდი. საუბარი ვეტოებით გატაცებაზეც სრულიად კომიკურია, რადგან სინამდვილეში პრეზიდენტის ჟინი სულ სხვა რამეს უკავშირდება და ის სწორიცაა.

რატომღაც ჩვენი საზოგადოება შპს “ქართული ოცნებისთვის” არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს და ეს მაშინ, როდესაც ხალხის კონსტიტუციაში მონაწილეობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, დროული იქნება, თუ საქართველოში რეფერენდუმი შედგება და ხალხის აზრი გამომჟღავნდება. თქვას ხალხმა, როგორი კონსტიტუცია სურს მას – კონსტიტუცია ყველასათვის თუ კონსტიტუცია ბიძინასათვის. თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას სურს დაამტკიცოს, რომ კონსტიტუცია ყველასია და არა ერთი კონკრეტული პირის, მაშინ ეს რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. ვიდრე საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ გზააბნეულ ამომრჩევლად მიიჩნევა, ასეთ ქვეყანაში ვერც კონსტიტუცია და ვერც სამართლიანი არჩევნები ვერ შედგება.

- ექსპერტულ წრეებში ითქვა ისიც, რომ შესაძლოა, პრეზიდენტი მარგველაშვილი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ალიანსში ვიხილოთ. თქვენ როგორ უყურებთ ამ მოსაზრებას?

- ასეთი თანამშრომლობა ობიექტურად უფრო ბუნებრივი იქნებოდა, ვიდრე ერთმანეთისგან საჯაროდ განდგომა. მით უმეტეს, ახლა გვიახლოდება დრო, როცა ბატონი უსუფაშვილი საზოგადოებას თავის ხედვას გააცნობს. ვფიქრობ, რაიმე ერთობლივი მოლაპარაკება ამ თემაზე არ არსებობს, მაგრამ არსებობენ პოლიტიკური ძალები, ექსპერტები, რომელთაც თეორიული შეფასებები ხელეწიფებათ.

მგონია, რომ “ქართულ ოცნებას” ამაზე უკვე ნაფიქრიც კი აქვს. თუმცა, უკვე დიდი ხანია გამოჩნდა, რომ “ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” ემსგავსება და წინასწარ ზრუნავს ძალუფლების განმტკიცებაზე. ამაზე მეტყველებს მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებებებიც. ცხადია, ასეთი მიდგომით ისინი შორს ვერ წავლენ, რადგან ხალხი უკვე ხვდება, რომ “ქართული ოცნება” ნელ-ნელა შპს ორგანიზაციად იქცა. დიახ, “ქართული ოცნება” შპს ორგანიზაციად იქცა, რომელიც მხოლოდ ძალაუფლების განმტკიცებისთვის ისწრაფვის. პრინციპში, ჩვენ უკვე გვყავს ერთი გამოცდილი მოქალაქეც, რომელიც შპს-ებს განაგებს და ეს ძალიან კარგადაც გამოსდის. შეგვიძლია მივულოცოთ, რომ “ქართული ოცნებაც” შეზღუდული შესაძლობლობების მქონედ აქცია.

რაც შეეხება უსუფაშვილსა და მარგველაშვილს, ვაკვირდებით რა მოცარიელებულ პოლიტიკურ სივრცეს, ეს დუეტი არ იქნება სრულყოფილი მანამ, სანამ მათი გონივრული და სრულიად მისაღები გამოცდილება არ გაძლიერდება თავად საზოგადოების მიერ. ამისთვის მათ ჯანსაღი ძალები დასჭირდებათ. ამიტომ მგონია, რომ წინასწარ რაიმეს დაანონსება სწორი არ იქნება.

პრეზიდენტის ახლანდელი სატკივარი არა მომავალი პოლიტიკური ცხოვრება, არამედ კონსტიტუციაა. პრინციპში, მან ეს სატკივარი გამოხატა კიდევაც, როცა მარგველაშვილმა კონსტიტუციაზე საუბარი ხალხთან შეხვედრით დაიწყო და რაც შპს “ქართული ოცნების” ზენდერებმა ქვეყნის ნგრევად შეაფასეს.

- გასულ კვირას პრემიერმა სამთავრობო ქალაქის მშენებლობის გეგმაზე ისაუბრა და თქვა, რომ საამისოდ კრწანისში საკმაოდ დიდი ტერიტორია უკვე გამოყოფილია. როგორ აფასებთ ამ გეგმის შესაძლო განხორციელებას?

- უპირველესად ყოვლისა, ამ განცხადების ავტორს ვკითხავდი – რა ხდებოდა მაშინ, ვიდრე ეს ფრაზა მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერდებოდა?! ვინ მოისურვა სამინისტროების შენობების ნგრევა და იქ სასტუმროების აშენება?! ვინ არის ამ იდეის ავტორი და საიდან ვიღებთ ჩვენ ამ თანხებს? თუმცა, თავად იდეა ქართული არაა, ბევრ ქვეყანაში მთავრობის ადგილი ცალკეა, დიპლომატების კი – ცალკე. მაგრამ ჩვენთან ახლა ამის დრო ნამდვილად არაა, ეს უფრო დემაგოგიური აზრია. ისე, თუ გავიხსენებთ, წინა ხელისუფლებამ ქალაქის ცენტრიდან სამინისტროები ისედაც მოაშთო. მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც კოსტავას ქუჩაზე იყო და ამდენი წლის შემდეგ იქ ახლა არაფერი ხდება. ჯანდაცვის სამინისტრომდე მისასვლელად კი გაჭირვებული ადამიანი ჯანმრთელობას კიდევ უფრო შეირყევს.

- დაბოლოს, “ციანიდისგახმაურებულ საქმეზეც მინდა გკითხოთ. პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებული დეკანოზის წინასასამართლო სხდომის ერთი თვის გადადებით მოთხოვნით მიმართა, რასაც დაცვის მხარე აპროტესტებს და ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება დროს განგებ აჭიანურებს, რადგან დეკანოზს ბრალს ვერ უმტკიცებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად თანმიმდევრულად და ლოგიკურად მიდის ამ საქმეზე გამოძიება?

- ვფიქრობ, ნებისმიერი პატრიოტულად განწყობილი საგამოძიებო უწყება თავს ვალდებულად იგრძნობდა, რომ ქვეყნის შემარცხვენელი თემა რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო. რაც მთავარია, ეს სამართლიანად უნდა მოხდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ პროკურატურაში რაღაც მაზოხისტური სიამოვნებაა, რაც სინამდვილეში კიდევ ერთი სირცხვილია. ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი მაღალი ინტერესის თემა ლოკოკინის მოძრაობის სისწრაფით არ უნდა მიდიოდეს.

ეს მაშინ, როცა ბრალდებულის ყველანაირი გამოკვლევა მოხდა, ვგულისხმობ გამოძიებისთვის საჭირო მასალებს. ახლა პროკურატურამ კიდევ 10-12 საკვლევი თემა ჩამოთვალა, რომლებიც მხიარულთა და საზრიანთა კლუბის მოთამაშეს უფრო ეკადრება, ვიდრე მთავარ პროკურორს. ვფიქრობ, რომ ძალიან შეტოპეს და იქიდან ვეღარ გამოდიან. მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთვის სამარცხვინო ზრახვის შესახებ გაჟღერდა, არაფერი შეცვლილა და ჯერ კიდევ იმავე საფეხურზე ვარ.

არ გამოვრიცხავ, რომ შედეგი აბსოლუტურად სხვაგან შეიძლება დადგეს, ვიდრე ამას პროკურატურა საკუთარ სივრცეში მოიაზრებს. პროკურატურამ თქვა, რომ ბრალდებულის შესასწავლად ყველაფერი გააკეთა და ამით კმაყოფილიც იყო, ახლა კი აღმოჩნდა, რომ თურმე არაფერიც არ გაუკეთებიათ და შესაბამისად, არც არაფერი მოსწონთ. ყველაფრის თავიდან გამოსაკვლევად 1 თვის მოთხოვნა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასერიოზულია ისეთი ორგანოს მხრიდან, რომელსაც მთავარი პროკურატურა ჰქვია.

„ახალი თაობა“, 27 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ზვიად კუპრავასთან: „ოცნება ოპონენტებს ნარკოტიკისა და იარაღის ჩადებით ებრძვის“ // „ხელისუფლების შეჩერება მხოლოდ საზოგადოებას შეუძლია

რატომ გახშირდა ნარკოტიკის ჩადების ფაქტები, ბრძოლის რა ფორმა აირჩია „ოცნებამ“, შეაჩერებს თუ არა საზოგადოების პროტესტი ხელისუფლებას? ამის შესახებ „ახალ თაობას“ სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ესაუბრება.

ზვიად კუპრავა:

- ჩადებებთან დაკავშირებით გვაქვს ორი ძალიან სერიოზული პრეცედენტი. ეს არის კახა შპეტიშვილისა და დავით ბუდაძის საქმეები. ამ უკანასკნელს იარაღი ჩაუდეს, ხოლო შპეტიშვილს – ნარკოტიკი. ისინი ორი წლის განმავლობაში ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ მათ იარაღი და წამალი ჩაუდეს. დაახლოებით ორი კვირის წინ სასამართლომ გაიზიარა შპეტიშვილის არგუმენტები და ის 260-ე მუხლში უდანაშაულოდ ცნო, რითაც პირდაპირ მოხდა იმის აღიარება, რომ ამ ადამიანს ნარკოტიკი ჩაუდეს. იგივე მოხდა ბუდაძესთან მიმართებით. სასამართლომ გაითვალისწინა დაცვის არგუმენტები და ის პატიმრობიდან გაათავისუფლა. ეს არის ორი2 უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი. სასამართლომ აღიარა, რომ ხელისუფლება და კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულია ჩადებით.

იარაღსა და ნარკოტიკებს იმ მოქალაქეებს უდებენ, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი. აქ იმაზე აღარ არის საუბარი, რომ პრეზიდენტის ოჯახის ახლობლის წინააღმდეგ ხორციელდება ასეთი ქმედება. არგუმენტად აღარც ელისო კილაძის შვილის ამბის მოყვანაა საჭირო, სადაც სერიოზული დარღვევები და ეჭვებია. მთავარი ისაა, რომ უკვე სასამართლომ დაადასტურა, რომ მოქალაქეებს იარაღსა და ნარკოტიკებს უდებენ.

- სასამართლოს ეს გადაწყვეტილება რამეს შეცვლის?

- სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. ხელისუფლებამ აღიარა, რომ ჩადებას ჰქონდა ადგილი და, რადგან 2 ადამიანს ჩაუდეს იარაღი თუ ნარკოტიკი, სხვებთანაც შეიძლება ასევე მოიქცნენ.

- თქვით, რომ იარაღსა და ნარკოტიკს პოლიტიკურად მიუღებელ ადამიანებს უდებენ. შპეტიშვილი და ბუდაძეც პოლიტიკურად აქტიური ადამიანები არიან?

- პოლიტიკურად არცერთი არ არის აქტიური. აქ უფრო სხვა მომენტთან გვაქვს საქმე. მთავარი ისაა, რომ სასამართლომ ისინი გაამართლა.

- ხშირად მოგვისმენია, რომ სასამართლო ერთი კაცის ნების აღმსრულებელია. გვესმის ისიც, რომ შსს- იმ ერთ კაცს ემორჩილება. და რადგან სასამართლომ ეს 2 მოქალაქე გაამართლა, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების შტოებს შორის რაღაც დაპირისპირებაა? ნორმალურ ქვეყანაში ეს კითხვა არ დაისმებოდა, მაგრამ ჩვენი რეალობა სხვაა და ამიტომაც ჩნდება ასეთი ეჭვი...

- სასამართლო ერთი ინსტიტუტია, მაგრამ მას ჰყავს უამრავი მოსამართლე. მათი დიდი ნაწილის მიმართ სერიოზული კითხვის ნიშნებია, მაგრამ ჯერ კიდევ არის ამ სისტემაში ისეთი ხალხი, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ, რომ მოსამართლის მანტია ეცვათ. ისინი სასამართლო პროცესებს ატარებენ ისე, როგორც წესი და კანონი მოითხოვს.

შპეტიშვილთან და ბუდაძესთან მიმართებით იმდენად აშკარა იყო ჩადების ფაქტი, რომ სასამართლომ თვალი ვეღარ დახუჭა. შპეტიშვილის ისტორიაში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია – დაკავებამდე ის ქვეყნიდან განდევნეს. იგი თბილისის აეროპორტში კი არ დააკავეს, მისი ნების წინააღმდეგ ჩაისვეს მანქანაში და სომხეთის საზღვრის გავლით ქვეყანა დაატოვებინეს. საქართველოში ის თურქეთიდან შემოვიდა. ეს ყველაფერი დოკუმენტურადაც დადასტურდა. ადამიანი ქვეყნიდან განდევნეს. არადა, კონსტიტუციაში პირდაპირ გვიწერია, რომ ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია.

ეს ადამიანი რამდენიმე დღეში ისევ დაბრუნდა საქართველოში და, ქვეყნიდან რომ ვეღარ გაიყვანეს, წამალი ჩაუდეს და დააკავეს. ახლა სასამართლომ გაამართლა და ეს საქმე ყველა მსგავსი საქმის ჰედლაინი უნდა გახდეს.

ერთხელ ერთმა ქოცმა პირად საუბარში მითხრა, ჩადებებს მაშინ დავიჯერებ, თუ ამას სასამართლო დაადასტურებსო. აი, ბატონო, დადასტურებაც და, სადაც ერთს ჩაუდეს, იქ ათსაც ჩაუდებენ. ამ ხელისუფლებას მხოლოდ ხალხის პროტესტი გააჩერებს და ძალიან კარგია, რომ საზოგადოება ჩადებების წინააღმდეგ აქციებს მართავს. მე მჯერა, რომ საზოგადოების პროტესტი `ოცნებას~ უკანონო ქმედებებზე ხელს ააღებინებს. ჩადებების მავნე პრაქტიკა კომუნისტების დროიდან მოგვდევს და ვერაფრით მოვიშორეთ.

- ჩადებაზე საუბარი ბოლო პერიოდში გახდა ძალიან აქტუალური. ამის მიზეზი რა არის?

- ჩადებებმა აქტიური სახე მას შემდეგ მიიღო, რაც „ქართული ოცნება“ მეორე ვადით მოვიდა ხელისუფლებაში.

- 2012-2016 წლებში მსგავსი ფაქტები არ იყო?

- როგორ არ იყო, მაგრამ ასეთი აქტიური სახე არ ჰქონდა. ბუდაძეც და შპეტიშვილიც მაგ პერიოდში დააკავეს. რადგან ეს ადამიანები აქტიურები არ იყვნენ, ამ საქმეს დიდი რეზონანსი არ გამოუწვევია. ხელისუფლებაში `ოცნების~ მეორედ მოსვლის შემდეგ საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების ოჯახებს მიადგნენ. პრეზიდენტის ოჯახის ახლობლებსაც არ ერიდებიან და სხვაზე რა უნდა ვილაპარაკო.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ამ მეთოდით იმ ადამიანებს ებრძვის, რომლებიც მისი წინააღმდეგი არიან?

- კი არ ვფიქრობ, ასეა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის 4-წლიანი ვადა გაინაღდა და ახლა ისეთი ადამიანების ჩამოშორებას ცდილობს, რომლებიც მის მიმართ კრიტიკულად იქნებიან განწყობილი. ამისთვის იარაღისა და ნარკოტიკების ჩადების მეთოდს იყენებენ. მინდა, მივმართო პოლიციელებს, რომლებიც უკანონო ბრძანების გამცემი ხელისუფლების ხელში დანაშაულის იარაღად იქცნენ. ჩადება უმძიმესი დანაშაულია და ადრე თუ გვიან ამაზე მათ პასუხი მოეთხოვებათ. ეს ყველა მათგანმა უნდა გაიაზროს. არცერთი თანამდებობა და ხელფასი მსგავსი უკანონობის ჩადენად არ ღირს.

„ახალი თაობა“, 27 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: ხელისუფლება ძირს ითხრის“ // „საზოგადოება ვეღარ მოითმენს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი კამარილია პოზიციებს იმყარებენ

მარიამ მჭედლიშვილი

„ახალი თაობა“ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე საქართველოს გადარჩენის მოძრაობის ლიდერ მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.

- საზოგადოებისთვის გაუგებარია არა მხოლოდ ის, თუ რატომ შენდება ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი, არამედ, ბევრი სხვა უფრო მწვავე საკითხიც. ყველაზე მეტ უკმაყოფილებას იწვევს ხალხის შეკვეთის უგულებელყოფა. `ქართული ოცნების~ ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო სამართლიანობის დამკვიდრება. ეს თავისთავად ნიშნავდა ნაციონალური მოძრაობის დასუსტებასა და პოლიტიკური ველიდან ფაქტობრივ გასვლას.  რეალობა სხვაა – ნაციონალური მოძრაობა საგრძნობლად გაძლიერდა და ყველა პოლიტიკური ნიშა დაიკავა. თუ ადრე იყო კოაბიტაციის დასრულების იმედი, ხელისუფლების ბოლოდროინდელმა მოქმედებებმა საზოგადოება საგონებელში ჩააგდო. ამაზე მწვავედ რეაგირებენ „ქართული ოცნების“ მომხრეები.

- ხელისუფლების რომელი მოქმედებები გაქვთ მხედველობაში?

- მაგალითად, რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები.

- ითვლება, რომ ამ ტელევიზიის თემის გამოყენებით ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას ებრძვის...

- ეს რომ ფიქტიური ბრძოლაა, ამას ძალიან ბევრი მიხვდა. ამ „ბრძოლით“ გაძლიერდა ნაციონალური მოძრაობა და დასუსტდა „ქართული ოცნება“. ხელისუფლების ავტორიტეტი დაეცა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ხელისუფლებას რომ „რუსთავი-2“-ის დამარცხება ან ხელში ჩაგდება სდომებოდა, ამ ტელევიზიაში მსხვილი ბიზნესმენები რეკლამას არ მიიტანდნენ და ამ არხის პარტნიორები არ გახდებოდნენ. გაუგებარია სასამართლო პროცესი, რომელმაც ეს ტელევიზია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა მაშინ, როცა სხვა მოდავეებიც არიან. სარწმუნო წყაროდან ვიცი, რომ დასავლეთის გარკვეულმა წრეებმა საქართველოს ხელისუფლება „რუსთავი-2“-ის საკითხზე უზენაესი სასამართლოს მიერ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე გააფრთხილეს. ხელისუფლებას შემოუთვალეს, რომ ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში სტრასბურის სასამართლო მის აღსრულებას აუცილებლად შეაჩერებს. ეს ყველაფერი მაინც მოხდა და საქართველოს ხელისუფლებას იმიჯიც შეელახა.

- რა ახსნა აქვს ამას?

- ხელისუფლებაში არსებობს ჯგუფი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ზურგს უკან მუშაობს ნაცმოძრაობის ინტერესებზე. აბა, სხვანაირად როგორ უნდა ახსნა ის, რომ ხელისუფლება ძირს ითხრის? შეიძლება, ხელისუფლება იყოს საკუთარი თავის მესაფლავე? ხალხი ხვდება, რომ „ქართული ოცნების“ კინკლაობა სააკაშვილთან და მის პარტიასთან უმეტესად სპექტაკლია. ამის გამო სერიოზული უკმაყოფილება მწიფდება. საზოგადოება ვეღარ მოითმენს იმას, რომ სააკაშვილი და მისი კამარილია პოზიციებს იმყარებენ.

- ბათუმის მოვლენების გამოც არ იყო ნამდვილი დაპირისპირება ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის?

- თუ გამოძიება გაჭიანურდა და არაფერი გამოვლინდა, დადასტურდება, რომ ეს კამათიც ფიქცია იყო. ბათუმის მოვლენების ორგანიზატორებმა ტესტი ჩაატარეს. მათ აინტერესებდათ, ვინ როგორ მოიქცევა არეულობის დროს. ვისაც მოეთხოვება, უნდა იცოდეს, რომ აჭარაში რუსეთისა და თურქეთის სპეცსამსახურები ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებენ. მათ თანამშრომლობის მემორანდუმი 1995 წელს გააფორმეს. არა აქვს მნიშვნელობა, იყვნენ თუ არა ამ მოვლენების მთავარი ინსპირატორები მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“ და „რუსთავი-2“, რომელიც ასევე პარტიად გადაიქცა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო წინაპირობების შექმნა მიხეილ სააკაშვილისთვის. ეს ქვეყნის სტაბილურობას ემუქრება. თუ საზოგადოებამ ზეწოლა არ მოახდინა ხელისუფლებაზე და არაფერი შეიცვალა, ეს სავალალო იქნება საქართველოსთვის.

- საზოგადოების ზეწოლა რით უნდა გამოიხატოს?

- საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა, დროული და პრინციპული გადაწყვეტილებები, სამართალი, გარიგებების შეწყვეტა. ამის შეკვეთა ისედაც არსებობს. ბათუმის მოვლენები სხვა საქმეების გამოძიებას არ უნდა დაემსგავსოს. მიხეილ სააკაშვილს დღემდე არ მოსთხოვეს პასუხი უმძიმეს დანაშაულებზე, ქვეყნიდან გატანილ მილიონებზე. მას რამდენიმე პიჯაკზე მოედავნენ. ბოლო დროს ამ ყველაფერმა კომიკური სახე მიიღო. ხელისუფლებას ვერ გაუგია, რომ ეს ხალხის აღშფოთებას იწვევს. პირადად მე ბევრი მომიწოდებს, განვაახლო სასამართლო პროცესი ნაცმოძრაობის ლიდერებთან პარტიის გამო. ყველამ იცის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჩემი დაფუძნებულია და ამ საქმეში ცამდე მართალი ვარ.

- პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურ ცენტრში ნაციონალური მოძრაობაც ხომ არ მოიაზრება?

- გიორგი მარგველაშვილის საგრძნობლად გააქტიურება ცარიელ ნიადაგზე ვერ მოხდებოდა. აშკარაა, რომ მას ზურგს უმაგრებენ. პირადად მას საკმარისი კავშირები, გავლენა, ფული და სტრუქტურები არ გააჩნია. არის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილი მარგველაშვილის დასაყრდენია. პრეზიდენტი მარტო ინსტიტუციურად არ უპირისპირდება „ოცნების“ გარკვეულ ნაწილს. იგი საშინელებებს ლაპარაკობს „ქართულ ოცნებაზე“ უცხოელებთან შეხვედრის დროს. მისი ბევრი მოქმედება უნისონშია ნაციონალურ მოძრაობასთან.

„ახალი თაობა“, 27 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა გამყრელიძეთან: „ნიკა გვარამიამ ფარსი გაითამაშა“ // ინტერვიუ სოფიო ხორგუანთან: „ნიკა გვარამია სადაც მეტად იხეირებს, მისი პოზიციაც იქ იქნება

„რუსთავი-2“-ის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი აქტუალურობას არ კარგავს. წილების გადანაწილება, თათბირები პირდაპირ ეთერში „რუსთავი-2“-ის თანამშრომლებს შორის დაპირისპირების საგნად იქცა. რა პროცესები მიმდინარეობს ტელევიზიაში, რის მიღწევას ცდილობს ნიკა გვარამია? „ახალი თაობის“ ამ და სხვა კითხვებს ანალიტიკოსი სოფიო ხორგუანი და ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობენ.

- სოფიო, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა თავად რუსთავი-2-ის თანამშრომლებში ნიკა გვარამიას ინიციატივებსა და თათბირს პირდაპირ ეთერში. რა პროცესები მიმდინარეობს? რამდენად ჯდება სამართლებრივ ჩარჩოებში ის, რასაც საზოგადოება ადევნებს თვალს?

- თვალს არ ვადევნებ იმ შოუებს, რომლებიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა და არც აზრი შემცვლია ამ ყველაფერზე. ფაქტია, რომ თავის დროზე ეს ტელევიზია წაართვეს, ვის და როგორ, ეს კიდევ დასადგენია. რაც შეეხება ბოლო მოვლენებს, ჩვენ ვიცით, რომ ეროვნულ დონეზე დასრულებულია საქმის განხილვა, გარკვეულია, წილები ვისია, თუმცა ამის დარეგისტრირება არ ხდება იმიტომ, რომ ევროპის სასამართლომ გააჩერა ეს. ამიტომ ვის, რას, სად და როგორ უნაწილებენ, არ ვიცი. შესაძლოა, ეს ვიღაცის სურვილი, ვიღაცის ოცნებაა.

- ანუ სანამ არ იქნება ევროპული სასამართლოს საბოლოო პასუხი, ასეთი ქმედებები სამართლებრივად არასწორია?

- ასე ვიტყოდი, ჩემთვის ეს არის ბრძოლა გავლენისთვის, ანუ ვის ექნება გავლენა ტელევიზიაზე იმ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც ფლობდა ამ ტელევიზიას.

- რომელ ჯგუფს გულისხმობთ?

_ რომელ ჯგუფსაც ჰქონდა მითვისებული ეს ტელევიზია, ანუ ნაციონალურ მოძრაობას ხელში ჰქონდა ჩაგდებული „რუსთავი-2“, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი მედიასაშუალება. ნაციონალური მოძრაობა გაიყო ორ ჯგუფად და სწორედ ამ ჯგუფებს შორის მიდის ბრძოლა, ვის დარჩება გავლენა რუსთავი 2-ზე! ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვისი გავლენის ქვეშ იქნება? უბრალოდ, ერთი ჯგუფი უფრო რადიკალური და აგრესიული მოქმედების მომხრეა, მეორე ნაკლებად აგრესიული ჯგუფია.

- ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტებიც ამ ჯგუფებში არიან გადანაწილებული და ამიტომ გვესმის სხვადასხვაგვარი შეფასებები?

_ კი, ასეა. ეს ასევე შეიძლება იყოს პირადი ურთიერთობების მიხედვით. რასაც ჩვენ ვუყურებთ და რაც გარეთ გამოდის, ვიღაცას ვიღაცასთან უფრო პირადი, სუბიექტური და მჭიდრო ურთიერთობები აქვს. ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ღიაა და გარეთ გამოდის, მე, პირადად, მომწონს. საჯაროობა არის ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლება ასეთ დროს ხდებოდეს. მითებისა და ლეგენდებისგან გვიცავს ეს საჯაროობა.

- ამბობთ, რომ დაპირისპირებაა ორ ჯგუფს შორის. ამ სიტუაციაში ვის თამაშს თამაშობს, ვის ინტერესებს ემსახურება ნიკა გვარამია?

- ნიკა გვარამია ცდილობს, საკუთარი ინტერესები დაიცვას და თავისი პირადი ინტერესები გაატაროს. სადაც მეტად იხეირებს, იქ იქნება მისი პოზიციაც და იქ იქნება მისი ადგილიც. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ იქ რომელიმე მათგანი რაიმე ღირებულებებისა და იდეალისთვის მებრძოლია. არცერთი იქ მყოფი ადამიანი არანაირი ღირებულებებისთვის მებრძოლი არ არის. წლებია ამ ადამიანებს ვუყურებთ და ყველამ ვნახეთ, როგორ იქცეოდნენ და რა ღირებულებებს ემსახურებოდნენ. ნამდვილად არ მჯერა იმის, რომ სავლეები პავლეებად გადაიქცნენ! აღარაფერს ვამბობ სამართლებრივ შედეგებზე.

- ვერ იქნება ეს პროცესი სამართლებრივ ჭრილში განხილული?

- ვინ რა უნდა დაარეგისტრიროს, ვინ ვის უნდა გადაუფორმოს წილები?! ეს ყველაფერი ხომ გამორიცხულია! ყველამ ვიცით, სამართლებრივად რა სიტუაციაშიც ვართ. პრაქტიკულად, არაფრის გაკეთება სამართლებრივად ან რაღაცა ქონების რეგისტრაცია არ გამოვა. სად უნდა განახორციელონ?! როგორ უნდა განახორციელონ?!

- ახალი შპს შეიქმნებაო...

- მე არ ვიცი, სად რას არეგისტრირებენ. შპს-ს დარეგისტრირება შეგვიძლია ყველას. ეს ჩვენს ქვეყანაში გაიოლებულია. ჩვენც შეგვიძლია, ხვალვე წავიდეთ და რაღაც კომპანია დავარეგისტრიროთ. ეს იოლია და არავისთვის არის აკრძალული, მაგრამ მე ვლაპარაკობ „რუსთავი-2“-ის ქონებაზე, რომელიც ეკუთვნის „რუსთავი-2“-ს, დაყადაღებულია და ვინ ვის რას უფორმებს?! ეროვნულ დონეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არ ხდება და სხვა რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?! ნიკა გვარამიამაც მშვენივრად იცის, რომ სამართლებრივად ასეა და იმას, რასაც „რუსთავი-2“-ის წილები ჰქვია, ხელს ვერ მოჰკიდებს.

- მაშინ, რა თამაშს თამაშობს ნიკა გვარამია?

- ის ცდილობს თავისი ინტერესების დაცვას, ცდილობს, მიიღოს მაქსიმალური მოგება, ნახოს დიდი სარგებელი. აი, ეს არის მისი თამაშის წესი! თუ გაუშვებენ მას დირექტორობიდან, ტელევიზიამ უნდა გადაუხადოს 5 მილიონი, თუ დარჩება იქ და იტივტივებს, შეეცდება, მიიღოს მაქსიმალური სარგებელი სათავისოდ! ჟურნალისტების პროტესტი, ეს კრიტიკული განცხადებები თუ სხვა შიდა ჯგუფებს შორის არსებული დაპირისპირებაა. არც ის არის გამორიცხული, ეს იყო სუფთა ემოცია, რადგან ვიღაცამ მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მის თემას ასე ღიად, საჯაროდ პირდაპირ ეთერში განიხილავენ. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ რომელიმე მათგანი მსხვერპლია. ისინი არასოდეს ყოფილან სიმართლისთვის მებრძოლები. მოსწონთ იქ ყოფნა, სადაც არიან. სწორედ მათმა გაჩუმებამ და თვალის დახუჭვამ ბევრ რამეზე მოიტანა ის, რაც მოიტანა. არცერთ მათგანს არ უბრძოლია სიტყვის თავისუფლებისთვის და, როგორც ჩანს, ეს არც დღეს უნდათ!

——–

მამუკა გამყრელიძეს გია ყარამანიშვილთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს და მის პოზიციასაც იზიარებს. „ძმების შეთავაზება საინტერესო წინადადება იყო, დანარჩენი კი ნელ-ნელა გამოჩნდება და გამოიკვეთება. იყო უცნაური წინადადებები „რუსთავ- 2“-ის მხრიდან, რომ ნაწილისთვის მიეცათ ეს აქციები და არა ყველასთვის. ალბათ, ამაზეც ჩამოყალიბდებიან“, – გვითხრა მამუკა გამყრელიძემ.

- ნანუკა ჟორჟოლიანი იმ ყველაფერს, რაც რუსთავი-2-ის ეთერით გადაიცა, ბინძური საცვლების გამოფენას ადარებს. რას ფიქრობთ თქვენ?

- რაც შეეხება ამ შოუს, ეს მეც დავწერე, რომ ჩემს გემოვნებაში არანაირად არ ჯდება. მე და ნიკა გვარამიას განსხვავებული გემოვნება რომ გვაქვს, ყველამ იცის. ეს მისი საქმეა.

- რატომ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი ასე ღია და საჯარო იყოს?

- ამას რაღაც ფარსის სახე ჰქონდა, რაღაცა დემოკრატიობანას თამაში მოინდომა. ეს ყალბი მომენტი იყო. ყოველ შემთხვევაში, მე ასე დავინახე. შესაძლოა, ვიღაცაზეა ისეთზე გათვლილი, რომელმაც უნდა აღიქვას, როგორც დემოკრატიის ძალიან დიდი მონაპოვარი. კერძო სტრუქტურის შიდა საქმეებში, მის საფინანსო საქმეებში არ უნდა ერეოდეს არავინ. ეს არ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს არის კერძო კომპანია. ამიტომ მისი საშინაო პოლიტიკა და მით უმეტეს საფინანსო საკითხები არავის გასარჩევი არ არის! ეს უსარგებლო პოლიტიკაა, რომ, იცით რა, ჩვენ მიუკერძოებლები ვართ და ასე შემდეგ. კარგი, თუ ძმა ხარ!

- არ არის ასე?

- ეს არის კერძო ტელევიზია და ამით ყველაფერი ნათქვამია. მე პრეტენზია არა მაქვს არც ჯიდიესისა და არც იმედის მიმართ. კერძო ტელევიზიებია და რა გემოვნებითაც აკეთებენ, იმ გემოვნებით უნდა იყოს.

- რას იტყვით სამართლებრივ მხარეზე? ყველაფერი კანონიერი ვერ იქნებაო. ასეა?

- არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. იურისტი არ ვარ და ამ საკითხს ვერ განვიხილავ. ძალიან მალე გამოჩნდება, რა ხდება.

- საუბარია ასევე შიდა დაპირისპირებაზე. ნაცმოძრაობა შუაზე გაიყო და რუსთავი 2- ვერ იყოფენო. ასეა?

- „ნაციონალური მოძრაობა“ არაერთხელ გაიყო. არ ვიცი, შიგნით რა დაპირისპირებაა, არა მგონია, ასე იყოს.

- გაკეთდა შეფასებები, რომ ნიკა გვარამია ცდილობს, პარტიული წნეხიდან გამოიყვანოს ტელევიზია და სწორედ ამ პროცესს აქვს ადგილიო. ასეა?

- დიდი ბოდიში, რას ნიშნავს პარტიული წნეხიდან გამოსვლა?! რა პარტიული ზეწოლა იყო ამ ტელევიზიაზე, მით უმეტეს უკანასკნელ წლებში? მე ეს არ მესმის. ნაციონალურ მოძრაობას, განსაკუთრებით ბოლო წლებში, არანაირი ზემოქმედება ამ არხზე არ ჰქონია. მეტსაც გეტყვით, სულ იყო წუწუნი, ჩვენ უფრო ნაკლებ დროს გვაძლევენ, ვიდრე გასულებსო.

- გიგა ბოკერიას გუნდს გულისხმობთ?

- დიახ, ბოკერიას გუნდი უფრო აქტიურად არის ტელევიზიაში წარმოდგენილი, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა. გვარამია ბოლო წლებში საკუთარ თამაშს თამაშობდა!

- ანუ ასე ხსნით გვარამიას ასეთ აქტიურობას? ის ცდილობს, მაქსიმალურად მეტი სარგებელი ნახოს?

- ყველანი ადამიანები ვართ. რა თქმა უნდა, ის, ალბათ, ცდილობს, მეტი სარგებელი ნახოს. რატომ უნდა დათმოს ადამიანმა ამხელა ხელფასი? თავადვე ასაჯაროებს, რამხელა ხელფასიც აქვს, თან ამხელა შესაძლებლობები გააჩნია. მოსწონს, ეტყობა, ამ პოზიციაზე ყოფნა. რაღა დაგიმალოთ და ტელევიზიას აქვს თავისი ხიბლი. არის სერიოზული დრაივი, ადრენალინი. შენ შეგიძლია, საზოგადოებრივ აზრზე გავლენა იქონიო, მით უმეტეს, როდესაც „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი ხარ.

- და ამ ყველაფრის დაკარგვა არ უნდა გვარამიას?

- რა თქმა უნდა, არ უნდა და მე მესმის მისი. პლუს ამას ამხელა ხელფასი. ვის ენდომება ამის დაკარგვა?! თანაც ტელევიზიების ხელმძღვანელებიდან ის პირველია, ვინც „ტელევარსკვლავად“ წარმოჩნდა. ეს ნამდვილად არ იყო სწორი. არც მისი პოლიტიკურ ფიგურად გადაქცევა იყო სწორი. ის უნდა ყოფილიყო მენეჯერი და ეკეთებინა თავისი საქმე. ვინ რად ღირს, ამ ყველაფერს დრო აუცილებლად გვიჩვენებს!

რეზონანსი//მთელი კვირა“, 27 მარტი, 2017 წელი

დაბნეულობარუსთავი-2“-ში

მფლობელები არხის ხელმძღვანელობის მიერ შექმნილ შპს- არ ცნობენ და უშუალოდ თანამშრომლებთან იწყებენ კონსულტაციას

თიკო ოსმანოვა

ძმები ყარამაშიშვილების მიერ „რუსთავი-2“-ის საკონტროლო პაკეტის ტელეკომპანიის კოლექტივისათვის გადაცემა შესაძლოა, ჩაიშალოს ან იმ ფორმით არ მოხდეს, როგორითაც არხის ხელმძღვანელობას წარმოუდგენია. შაბათს ტელეკომპანიაში გამართულ თათბირზე შეირჩა თანამშრომელთა 40-კაციანი ჯგუფი, რომელიც ახალ შპს-ს ჩამოაყალიბებს სახელწოდებით „რუსთავი-2 ჩემია“. არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელი სწორედ ეს შპს უნდა გახდეს.

თუმცა, ამას არ ეთანხმებიან ძმები ყარამანიშვილები. მათი თქმით, წილის გადაცემა უშუალოდ ტელეკომპანიის თანამშრომლებისათვის უნდა მოხდეს და არა, მათი თქმით, გაურკვეველი შუამავალი შპს-სათვის, რომელშიც არხის თანამშრომელთა დაახლოებით 5% იქნება გაერთიანებული. საბოლოოდ ასეთი ვითარება შეიქმნა – დღეს არხის ხელმძღვანელობა ახალ შპს-ს დააფუძნებს, არხის მფლობელები კი წილების გადაცემაზე უშუალოდ ტელეკომპანიის თანამშრომლებთან დაიწყებენ კონსულტაციებს.

ამის პარალელურად, საგანგებო განცხადება გაავრცელეს არხის ყოფილმა მფლობელებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ. ისინი ხელისუფლებასა და ორად გაყოფილ “ნაციონალურ მოძრაობას” “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით გარიგებაში ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ ახალი შპს-ს შექმნის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ძმებმა ყარამანიშვილებმა 24 მარტს გამოხატეს მზადყოფნა, ტელეკომპანია “საქართველოს” 51% უსასყიდლოდ “რუსთავი 2″-ის თანამშრომლებისთვის გადაეცათ. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “საქართველო” ფლობს “რუსთავი 2″-ის წილების 51%-ს.

შპს-ს “რუსთავი 2 ჩემია” შექმნასთან დაკავშირებით განცხადება არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 25 მარტს, დილით გააკეთა, რამაც გამოიწვია “რუსთავი 2″-ის 91%-ის წილის მფლობელების, ლევან და გია ყარამანიშვილების უკმაყოფილება.

ახალი შპს და რჩეული 40 თანამშრომელი

შაბათს გვიან საღამოს ტელევიზიაში თათბირი გამართა, სადაც გადაწყდა, რომ ნაჩუქარი წილი 40 თანამშრომელზე გადანაწილდება. ამ სიაში შედიან თავად ნიკა გვარამია, მისი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, გიორგი გაბუნია და სხვები.

გადაცემა “კურიერს” შპს-ს მმართველობაში ყველაზე ფართო – 6-კაციანი წარმომადგენლობის უფლება მისცეს. მათი ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის და ეს “კურიერის” გუნდმა უნდა აირჩიოს. შპს-ში ასევე იქნებიან ტელეკომპანიის ადვოკატები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი.

თანამშრომლებმა ასევე იმსჯელეს, უნდა მიეღოთ თუ არა ამ პროცესში მონაწილეობა “ნანუკას შოუს” და “ფორმულა კრეატივს”, რომლებიც ტელეკომპანიის თანამშრომლები არ არიან და პროდუქტს გარედან აწვდიან. თავდაპირველად, ხმები გაიყო, თუმცა, საბოლოოდ, ტელეკომპანიის კოლექტივი შპს-ს მმართველობაში მათ მონაწილეობას დათანხმდა.

ეს ყველაფერი კი შაბათს, გვიან ღამე “რუსთავი 2″-მა პირდაპირ ეთერში გადასცა, რამაც თანამშრმლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მაგალითად, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ამას “საცვლების გამოფენა” უწოდა და წილების მიღებაზე უარი თქვა.

ყარამანიშვილების უკმაყოფილება და გვარამიას პასუხი

პირველი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი შპს-ს შექმნა და ტელეარხის საკონტროლო პაკეტის გადაცემა მათთვის მიუღებელია, ძმებმა ყარამანიშვილებმა შაბათს შუადღისას, “რუსთავი 2″-ში თათბირის გამართვამდე გაავრცელეს.

კვირას კი ამას კიდევ ერთი განცხადება მოჰყვა, სადაც ყარამანიშვილები არხის ხელმძღვანელობას მათი შაბათის განცხადების იგნორირებაში ადანაშაულებენ და თავის გეგმაზე საუბრობენ.

“სამწუხაროა, რომ ჩვენი გუშინდელი განცხადება, რომელიც 15:25-ზე გავრცელდა, პრაქტიკულად არ გაშუქებულა (მშრალად გავიდა 6-საათიანი “კურიერის” შუაში, თემის გაუშლელად და საერთოდ არ გაშუქებულა 9-საათიან კურიერში). ეს იმ ფონზე, როცა გენერალური დირექტორის მიერ მოწვეულ თათბირს ამხელა დრო დაეთმო ეთერში. ჩვენი განცხადება რომ გაშუქებულიყო, საზოგადოება და ჩვენი კოლექტივი ბევრ უხერხულობას აცდებოდა (პირველ რიგში, ზემოხსენებული თათბირის კონტექსტში)”, – ნათქვამია ყარამანიშვილების განცხადებაში. მათი თქმით, წილის გადაცემა “რუსთავი 2″-ის თანამშრომელთა 40-კაციანი ჯგუფის მიერ დაფუძნებული ახალი შპს-სათვის მათთვის მიუღებელია და ისინი ორშაბათიდან, ამ შპს-ს გვერდის ავლით, უშუალოდ თანამშრომლებთან დაიწყებენ კონსულტაციებს წილების გადაცემასთან დაკაშირებით.

ამის საპასუხოდ ნიკა გვარამიამ გუშინ ინტერნეტით განცხადება გაავრცელა.

ძვირფასო დამფუძნებლებო, მოელაპარაკეთ ვისაც და რა ფორმითაც გნებავთ. კოლექტივის უმრავლესობამ პასუხი გაგცათ ღია ეთერით. აწი ვისაც გნებავთ, იმას გადაეცით თქვენი წილები და რა ოდენობითაც გნებავთ. გნებავთ, საერთოდ ნუ გადასცემთ ნურავის ნურაფერს. ჩვენ არ გამოვსულვართ თავდაპირველი მოთხოვნით, გინდა თუ არა, რამე გადმოგვეცითო. ღიად მივიღეთ ეს შემოთავაზება და ღიად ჩავებით დისკუსიაში.

ამ დისკუსიაში წარმოვაჩინეთ ერთი მკაფიო პოზიცია – წილების გადმოცემა თვალის ასახვევად, რომ კოლექტივი წყვეტს ამიერიდან ყველაფერს, არ გამოვა. არ ვაპირებთ ლეღვისფოთლობას. ადამიანების დახარბება და კოლექტივში ბზარის შეტანა რაღაც მითიური დივიდენდებით და ჩემი ხელფასის და ვინ რა პრემია მიიღო იმის ყველასთვის მოყოლით, არის ძალიან ცუდი საქციელი და ამაზე უარესს ნორმალური ბიზნესმენი და მენეჯმენტზე ელემენტარული წარმოდგენის მქონე ადამიანი, ვერ გააკეთებს.

საბოლოო ჯამში, ვერც მე და ვერც ბევრი „რ2“-ელი, საერთოდ ვერ ვხვდებით, რა განზრახვით დაიწყეს ეს ყველაფერი ძმებმა ყარამანიშვილებმა ისე, რომ ისიც არ გვაცალეს, სტრასბურგის გამარჯვება გვეზეიმა. ეს გამოცანად რჩება, ისევე, როგორც ამ შემოთავაზებების მიზანი”, – წერს გვარამია.

რას ფიქრობს ქიბარ ხალვაში

ქიბარ ხალვაშის ადვოკატ პაატა სალიას განმარტებით, ყარამანიშვილები ტელეკომპანიის კანონიერი მესაკუთრეები არ არიან. შესაბამისად, მისი აზრით, “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით რეალურად არაფერი შეიცვლება.

“პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ უზენაესი სამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის ძალაში. შესაბამისად, “რუსთავი 2″-ის წილები ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს. თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, დროებით ვერ ხდება ამ წილების რეგისტრაცია მის სახელზე. როგორც კი ეს მოიხსნება, მოხდება წილების გადაფორმება ქიბარ ხალვაშის სახელზე. აქედან გამომდინარე, “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით მაინტერესებს მხოლოდ ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სტრასბურგის სასამართლო ჯერ დროებითი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით და მერე ზოგადად სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით. ვიღაცა რაღაც წილებს რომ ინაწილებს, ეს მეათეხარისხოვანია და ამას არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია იმ სამართლებრივ პროცესებზე, რაც ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია, რომ ქიბარ ხალვაშის სახელზე აისახოს ტელევიზიის წილები. შესაბამისად, ამ პროცესებს პირდაპირი შემხებლობა ამ საქმესთან დაკავშირებით არ აქვს. რაც შეეხება ტელეკომპანია “საქართველოს” წილების გადანაწილებას, ჩვენ ამ ტელეკომპანიის მიმართ არანაირი ინტერესი არ გვაქვს. ასე რომ, რაც არ უნდა მოიმოქმედოს გვარამიამ, სასამართლოზე ამას არანაირი ეფექტი არ ექნება”, – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას სალია.

“რუსთავი 2″-ის ადვოკატები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საგაძლიშვილი კი ამ პროცების იურდიული განმარტებისგან თავს იკავებენ. “მთელი კვირა” მათ გუშინაც დაუკავშირდა, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე უარი კიდევ ერთხელ თქვეს.

დვალისა და აქიმიძის პროტესტი

ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს ტელევიზიის ყოფილმა მესაკუთრეებმა ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა და ამაში ხელისუფლება დაადანაშაულეს. ისინი ქიბარ ხალვაშს “რუსთავი 2″-ის “შუალედურ, დროებით მფლობელს” უწოდებენ და აცხადებენ, რომ “დანაშაულის პირველი მსხვერპლი სრულიად იგნორირებულია პოლიტიკოსებისა და სამართალდამცველების მიერ”.

“ბოლო პერიოდში ამ პროცესმა განსხვავებული ელფერი შეიძინა. თუკი აქამდე საქმეს, ასე ვთქვათ, ორი ძირითადი პოლუსი ჰქონდა, ერთი მხრივ, “რუსთავი 2″-ის დამფუძნებელი კანონიერი მფლობელებისა და მეორე მხრივ, მათი მძარცველი “ნაციონალური მოძრაობის” სახით, ახლა სცენაზე ახალი მოქმედი პირები გამოჩნდნენ.

პირველ რიგში, სასამართლოში “რუსთავი 2″-ზე პრეტენზია განაცხადა შუალედურმა, დროებითმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა. ჩვენ სრულიად არ გამოვრიცხავთ, რომ იგი მართლაც წარმოადგენდეს “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის მიერ უკანონოდ დროებით გამოყენებულ და შემდეგ ასევე უკანონოდ დაზარალებულ მხარეს. ამ მხრივ ჩვენ აბსოლუტურად თანავუგრძნობთ მას, ისევე, როგორც რეჟიმის სხვა უამრავ მსხვერპლს. მაგრამ ამავე დროს ყველამ უნდა გაიაზროს, რომ სამართლიანობის აღდგენა “რუსთავი 2″-ის საქმეში შეუძლებელია შემოიფარგლოს მხოლოდ შუალედური მფლობელის ინტერესების აღდგენით, მაშინ, როდესაც დანაშაულის პირველი მსხვერპლი სრულიად იგნორირებულია პოლიტიკოსებისა და სამართალდამცველების მიერ.

მეორე გარემოება, რომელმაც მოქმედი გმირების გამრავლება გამოიწვია, არის პროცესები “ნაცმოძრაობის” შიგნით, რამაც ამ მოძრაობის, მინიმუმ, ორ ფრთად გაყოფა გამოიწვია. სრული ინფორმაციის ფლობის გარეშე რთულია იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენად არაფორმალურია ეს გაყოფა, თუმცაღა ის ოფიციალურად გაფორმებულია. შესაბამისად, გასაგებია, რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგებოდა “რუსთავი 2″-ის ამ ორი ძალის მიერ გაყოფის საკითხი.

დაბოლოს, “რუსთავი 2″-ის საქმეში დაინტერესებულ მხარედ აშკარად იკვეთება დღევანდელი მთავრობა. ამის უტყუარი საბუთი არის სწორედ ის, რომ უკვე 5 წელია, პროკურატურა იგნორირებას უკეთებს დამფუძნებლების ლეგიტიმურ მოთხოვნას საქმის გამოძიების დასკვნის გამოქვეყნების შესახებ. ასევე ამას ადასტურებს დამფუძნებლების სრული იგნორირება მმართველი ძალის პოლიტიკოსების მიერ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი და არ თვლის მიზანშეწონილად, ამ ბრალდებებს პასუხი გასცეს.

“არ ვთვლი მიზანშეწონილად, რომ პასუხი გავცე ყველაფერს. ყველაფერზე პასუხის გაცემა არ შეიძლება იმიტომ, რომ მერე თავად ხდები ამ აბსურდის მონაწილე და რატომ უნდა ჩავერთო აბსურდში?!” – უთხრა “მთელ კვირას” ზაქარია ქუცნაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია კი დვალისა და აქიმიძის განცხადებას სპეკულაციას უწოდებს. მისი თქმით, მთავარია ის, რომ “რუსთავი 2″ არის დამოუკიდებელი ტელევიზია.

“რუსთავი 2″ არის კერძო კომპანია. ამიტომ ვერანაირად ვერ შევაფასებ ამ პროცესებს. ეს გუნდი თავად გადაწყვეტს საკითხებს, რომლებიც დღის წესრიგში დგას. ამიტომ ჩემი, როგორც პოლიტიკოსის მხრიდან რაიმე განცხადების გაკეთება უხერხულია. მთავარია, არხმა შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, სტატუსი დამოუკიდებელი მედიასაშუალებისა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის კონტროლის მიღმა. არის ერთადერთი კრიტიკული ოპოზიციური ტელევიზია და ესაა მთავარი.

“რაც შეეხება დვალისა და აქიმიძის განცხადებას, არ გავცნობივარ, მაგრამ, როგორც გითხარით, ათასგვარი მითქმა-მოთქმა და სპეკულაციები იქნება და არ უნდა გაგვიკვირდეს. რეალობა ერთია – ეს ტელეკომპანია არის ივანიშვილისგან დამოუკიდებელი. დანარჩენი საკითხი, რომელიც ტელეკომპანიის წინაშე დადგება, ტელევიზიამ თავად უნდა გადაწყვიტოს. აქ პოლიტიკოსების ჩართულობა უადგილოა”, – გვითხრა ნიკა მელიამ.

„ახალი თაობა“, 27 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან: „პაატა ლეჟავამ გამოძიებას პასუხი უნდა გასცეს

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი დავით ლორთქიფანიძე „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ თუ ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მხრიდან ერთი უმნიშვნელო გადაცდომაც მოხდება, ისინი სანიმუშოდ უნდა დაისაჯონ.

- ბატონო დავით, თქვენ გამორიცხავთ, სააკაშვილის პერიოდისაგან განსხვავებით, დღეს ნარკოტიკების ჩადება ხდებოდეს. რატომ?

- ციხისთვის არავინ მემეტება, მაგრამ გეტყვით, რას ემყარება ჩემი მოსაზრება. დაკავებულის ახლობლები აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა იძულების წესით, ცივი იარაღის, დანის დადებით მანქანაში ჩატენეს და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მანამდე, სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა, ამ ახალგაზრდას აშანტაჟებდნენ, ემუქრებოდნენ, უგზავნიდნენ სატელეფონო შეტყობინებებს, ურეკავდნენ. თუ ასე იყო, უსიამოვნო ინციდენტის მოხდენამდე რატომ არ გააჟღერეს? იმავე პროკურატურაში, პოლიციაში უნდა მისულიყვნენ და დაეფიქსირებინათ.

- მხოლოდ ეს გაეჭვებთ?

- გარდა ამისა, კიდევ ერთი რამ არის საეჭვო – პოლიციის თანამშრომელმა, რომელსაც აქვს ტაბელური იარაღი, ნაკლებ რეალურად მეჩვენება, ცივი იარაღი დაადოს, თუ, ვთქვათ, დამნაშავე არ ემორჩილება. ასეთ შემთხვევაში პოლიციელი ცივ იარაღს რატომ გამოიყენებს? პოლიციელი გამოიყენებს ტაბელურ იარაღს (რა თქმა უნდა, სროლას არ ვგულისხმობ) და ადამიანს დაიმორჩილებს. დანის ფიგურირება, დანის დადებით პოლიციაში წაყვანა მთლად რელევანტურად არ ჟღერს, თუმცა, გამორიცხვა იმისა, რომ, დავუშვათ, პოლიციაში ვიღაც იყოს ჩარჩენილი, არ შეიძლება. ჩვენ არაფრისგან დაზღვეული არ ვართ.

ამიტომ არსებობს შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია, რომელიც სწავლობს უშუალოდ პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულს.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის შესაძლებლობა, ფაქტი ნამდვილად იქნეს გამოძიებული და, თუ პოლიციელებმა გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებებს, ისინი უნდა დაისაჯონ. აპრიორი იმის მტკიცება, რომ გრძელდება ჩადებები და მოქმედებს ეს ინსტიტუტი, არასწორია. მე, როგორც ხელისუფლების მხარდამჭერმა და გუნდის წევრმა, აპრიორი შემიძლია ვთქვა, რომ ის, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს, აღარ არის დღეს. თუ ძალოვანი უწყების წარმომადგენლისგან ერთი უმნიშვნელო გადაცდომაც მოხდება, ის სანიმუშოდ უნდა დაისაჯოს. ინდულგენციას არ წარმოადგენს ვინმეს შვილობა ან ვინმეს შვილის მეგობრობა.

- ინდულგენცია ვინმეს შვილობა ნამდვილად არ არის, მაგრამ, როდესაც დედა აცხადებს, რომ არ ჩაუტარებიათ სახლში ჩხრეკა, მანქანა არ დაუთვალიერებიათ და არსებობს კონკრეტული დარღვევები საქმეში, ანუ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ არის ჩატარებული და ახლობლებს ეჭვის საფუძველს უქმნიან, ეს ეჭვისთვის სივრცეს არ ტოვებს?

- თუ იმგვარ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რაზეც ელისო კილაძე ლაპარაკობს, მართლაც სერიოზულ გადაცდომებზეა საუბარი. როგორც მე ვიცი, ისინი საქმეს ასაჩივრებენ. თუ იქ არასწორადაა რაიმე, სასამართლო შეაფასებს. თუ მტკიცებულებები არასწორადაა მოპოვებული, არასათანადოდ ხდება ადამიანის დაკავება, სასამართლო ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

იმას ვერავინ უარყოფს, რომ დღეს მოქალაქეებს შეუძლიათ გამოვიდნენ, პროტესტი ნებისმიერი ფორმით გამოხატონ. შეზღუდული არავინ არის, მათ შორის, არც ამ შემთხვევაში ხარშილაძის დედაც. მივიდნენ შს სამინისტროსთან, ამოიკერეს ჯიბეები. ეს არის პროტესტის ერთგვარი ფორმა, რომელიც საზოგადოებას არ აძლევს მოდუნების საშუალებას. საზოგადოება ყოველთვის უნდა იყოს მზად, თუ მათ მიმართ სახელმწიფო კანონის ჩარჩოებს გასცდება და რეპრესიული რეჟიმისკენ გადაიხრება, ამაზე ხმა ამოიღოს. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამის გაკეთების საშუალებას არავის მისცემს.

- მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ძალიან შეურყია ნდობა სამართალდამცავ სტრუქტურებს. სააკაშვილის შემდეგ არ მომხდარა ძირეული წმენდა. ეს სტრუქტურები სახელმწიფოს უსაფრთხოებას ემსახურებიან, მაგრამ, როდესაც კეთდება განცხადებები, რომ ვიღაცას ნარკოტიკი ჩაუდეს, ვიღაც სპეციალურად დააპატიმრეს, ეს ხელისუფლებისგან საგანგებო ყურადღებას მოითხოვს იმის გასარკვევად, ამგვარი ქმედება შეგნებულად ხომ არ ხდება ან დივერსიას ხომ არ აქვს ადგილი...

- გეთანხმებით. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც ადამიანის უფლებების ხელყოფისკენ გადადგამს ერთ ნაბიჯს მაინც. თუ ვინმეს ქმედებით ძალოვანი სტრუქტურების ნდობის ხარისხი იკარგება, დამერწმუნეთ, ამას რეაგირება აუცილებლად მოჰყვება, რადგან ყველაფერი ეჭვის ქვეშ დგება. სადაც ეჭვია, იქ განვითარებას ადგილი აღარ აქვს.

- ასევე, ცხადია, ვიღაცის შვილობა ინდულგენცია არ არის, მაგრამ, როდესაც პრეზიდენტის შვილი აცხადებს, რომ თურმე შესაძლებელია, ვიღაცას ნარკოტიკი ჩაუდონ, მათ შორის, მის მეგობრებსაც, ესეც ხომ დასაფიქრებელია?

- პრეზიდენტის შვილიც ჩვეულებრივი მოქალაქეა, როგორც სხვა მოქალაქეები ამ ქვეყანაში. მისი უფლებაა, რას იტყვის, თუმცა, რადგან თქვენ, როგორც ჟურნალისტი, აქცენტს აკეთებთ პრეზიდენტის შვილობაზე, გეტყვით, რომ მე არ მომწონს, როცა პრეზიდენტის შვილი (იმ პრეზიდენტის, რომელიც არის მთავარსარდალი და არჩეული პრეზიდენტი) თავისი ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს აპრიორი შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებს. რატომ აკეთებს ამას? მისი ნებაა. მე, როგორც ერთ მოქალაქესა და ერთ პოლიტიკოსს, არ მომწონს, რომ პრეზიდენტის შვილს ასეთი მწვავე და რადიკალური პოზიცია აქვს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ.

რასაც ანა მარგველაშვილი ლაპარაკობს, მისი პოზიციაა. მას აქვს უფლება, რასაც თვითონ საჭიროდ ჩათვლის, ის ილაპარაკოს და იმაზე გააკეთოს აქცენტები, თუმცა, არის მეორეც – სამართლებრივი მხარე, რაზეც სათანადო უწყებებმა სათანადო რეაგირება უნდა მოახდინონ.

- თქვენ წლებია, მოითხოვთ 26 მაისის დარბევის დროს დაღუპული სულიკო ასათიანის საქმის გამოძიებას და ამ საკითხზე დიდი ხანია წერთ, მოუწოდებთ, გამოიძიონ. რა ვითარებაა ამ საქმესთან დაკავშირებით?

- ახლახან შალვა ობგაიძის ეპიზოდთან დაკავშირებით დაიკითხა დიმიტრი ლორთქიფანიძე. მე, დიმიტრი ლორთქიფანიძემ და გვანცა ყუფარაძის მამამ შალვა ობგაიძე 27 მაისს, ფაქტობრივად, მოვიპარეთ საავადმყოფოდან, რითაც გადავარჩინეთ მისი სიცოცხლე, რომ სხვა ადამიანების ბედი არ გაეზიარებინა. სულიკო ასათიანი მოკლეს და მაღაზიის თავზე დააგდეს. ამ საქმეში ფიგურირებს ნაციონალების აქტივისტი პაატა ლეჟავა, რომელიც ნაციონალების ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და სამი მოწვევის დეპუტატი იყო. პაატა ლეჟავასთან დაკავშირებით სულიკო ასათიანის ოჯახის წევრებს დაწერილი აქვთ ჩვენება, რომ ოჯახს აშანტაჟებდა. რადგან 26 მაისის თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა, მე, უბრალოდ, პროკურატურას კიდევ ერთხელ მივმართე, რომ დროა, ლეჟავა დაიბარონ პროკურატურაში, გამოჰკითხონ, რატომ აშანტაჟებდა და ატერორებდა სულიკო ასათიანის ოჯახს, რომ თუ ისინი ჩივილს თავს არ დაანებებდნენ, ცუდად დაამთავრებდნენ.

ეს არის ფაქტი. პარლამენტის წევრი ხელს უნდა უწყობდეს, ხელს კი არ უნდა უშლიდეს და აშინებდეს ისედაც გაუბედურებულ ოჯახს. ამის გამო, ვფიქრობ, პროკურატურას ლეჟავასთან კითხვები ექნება, რატომ ჩადიოდა ამას. რასაც ლეჟავა ჩადიოდა, სისხლის სამართლის დანაშაულია. ლეჟავამ უნდა თქვას, ვინმე ავალებდა იმას, რასაც ის აკეთებდა, თუ ეს მისი ინიციატივა იყო. თუ ლეჟავა თავისი ინიციატივით აშანტაჟებდა 26 მაისს მოკლული სულიკო ასათიანის ოჯახს, ვაია, თუ შეკვეთით აკეთებდა ყოველივეს – ვუი. ამიტომ ლეჟავას, უნდა თუ არა, გამოძიებას პასუხი უნდა გასცე

კვირის პალიტრა“, 27 მარტი, 2017 წელი

იგლა სომხურ-ქართულ ურთიერთობებში

რა ვერსიებია სომხეთში ვითომ საქართველოდან გადატანილი საზენიტო იგლა“- სკანდალთან დაკავშირებით

ირაკლი ალადაშვილი

სომხეთის სპეცსამსახურებმა 22 მარტს თავიანთი ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, რომელთაც ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდის სახით სომხეთში გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Игла-ს თვითდამიზნებადი საზენიტო მართვადი რაკეტა – 9М39-ის (გასაშვებ ერთჯერად კონტეინერთან ერთად) შეტანა. ამ საქმეზე თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ყოფილი მინისტრის სამველ ბაბაიანის დაკავებამ (გამოძიება მას ბრალს “იგლას” სომხეთში შეტანის დაკვეთაში სდებს) სიტუაცია უფრო სკანდალური გახადა, რადგან სამველ ბაბაიანი ცნობილი ოპოზიციონერი ლიდერი გახლავთ და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება.

საქართველოს სპეცსამსახურებისთვის, სავარაუდოდ, სრულიად მოულოდნელი იყო სომეხი კოლეგების “ნადავლი”, თუმცა საქმე სახუმაროდ ნამდვილად არ არის. გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების საერთაშორისო კონტრაბანდა დიდ საშიშროებას შეიცავს, რადგან კომპაქტური “იგლადან”, “სტრელადან” თუ “სტინგერიდან” ტერორისტებს სამგზავრო ლაინერებისა და შვეულმფრენების ჩამოყრაც შეუძლიათ, განსაკუთრებით – მათი აფრენა-დაფრენის პროცესში.

“იგლას” სკანდალთან დაკავშირებით შეიძლება განვიხილოთ შემდეგი ვერსიები:
სომეხმა კონტრმზვერავებმა “იგლას” რაკეტა თუ მართლაც საქართველოდან შეტანის დროს აღმოაჩინეს, მაშინ ის შეიძლება ან ქართული არმიის საწყობიდან იყოს მოპარული, ან საბრძოლო მოქმედებების ზონიდან (აფხაზეთის ან აგვისტოს ომები) შემორჩა, ან კიდევ სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებმა ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზის გაყვანამდე (2007 წელი) ჩუმად იყიდეს რუსი ოფიცრებისგან და მას შემდეგ ინახავდნენ.

ამ სამი ვერსიიდან პირველი ყველაზე ნაკლებად შესაძლებელია, რადგან ქართულ არმიას, სამწუხაროდ, თავადაც ნაკლებად მოეპოვება „იგლას“ ტექნიკურად გამართული რაკეტები და მათი ჩუმად გაყიდვა საეჭვოა, მით უფრო, რომ უცხოელი სამხედრო ექსპერტები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, განსაკუთრებულად აკონტროლებენ გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს. მეორე ვერსია – ომიდან შემორჩენილი “იგლა” – აუცილებლად გასათვალისწინებელია, მაგრამ მესამე (ახალქალაქის ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაში ნაყიდი რაკეტა) შეიძლება უფრო ახლოს იყოს რეალობასთან. თუკი ამ სამი ვერსიიდან ერთ-ერთი მაინც გამართლდა, ეს ქართული სპეცსამსახურების სერიოზული შეცდომის მაჩვენებელი იქნება, რადგან მათ დაუშვეს ქვეყნის ტერიტორიაზე ასეთი საშიში იარაღით ვაჭრობა და კონტრაბანდა.

ზემოთ ნახსენები სამი ვერსიის შემდეგ ჩნდება მეოთხეც, რომელსაც არსებობის სრული უფლება აქვს – საქართველოდან სომხეთში რაკეტა არ შეუტანიათ და ამ ქვეყნის სპეცსამსახურმა ოპოზიციის ცნობილ ლიდერს, რომელიც არჩევნებისთვის ემზადება, 1,7 მ-იანი “იგლა” “ჩაუდო”, რადგან თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის პისტოლეტის “ჩადებას” (რომლის შენახვა-ტარების ოფიციალური ნებართვა მას უნდა ჰქონოდა) არავინ დაიჯერებდა…

თუკი მეოთხე ვერსია გამართლდა, გაცხადდება, რომ სომეხი სპეციალისტებიც ასე კარგად ნაცნობი ძველებური “ჩადების” სქემით მუშაობენ, მაგრამ რა შუაშია საქართველო? თვითაღიარებულ მთიან ყარაბაღში ხომ უფრო ადვილად შეიძლება “იგლას” შოვნა, ვიდრე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამასთან, “იგლას” რაკეტას თავისი საქარხნო ნომერი აქვს, რომლის საშუალებით ადვილად შეიძლება დადგინდეს, როდის გამოუშვეს და სად გადაგზავნეს იგი.

P.S. სომხეთის გარდა, გასულ კვირას რუსეთის საგამომძიებლო კომიტეტმა დაგვაბრალა უკრაინისთვის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსისრომ-ის საზენიტო რაკეტის მიყიდვა, რომელიც თურმე უკრაინელმა სამხედროებმა 2014 წლის 18 მაისს დონეცკთან ტაქსის საბარგულში ჩაუდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეკომპანიაზვეზდასჟურნალისტებს და ამის საფუძველზე ისინი დააკავეს. ჩვენ არაერთხელ დაგვიწერია, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთის შეიარაღებული ძალების 45- სპეციალური დანიშნულების პოლკის სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფებმა ცხინვალის რეგიონიდან და ფოთის სამხედრო პორტიდან ალაფის სახით ქართული არმიის ხუთი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი წაიღეს. მათგან ერთ-ერთიგრომისრაკეტის ნომერი ზუსტად ემთხვევა უკრაინაში აღმოჩენილს, რაც მიუთითებს, რომ საქართველოდან წაღებულგრომებსუკრაინის აღმოსავლეთში სწორედ რუსი მზვერავ-დივერსანტები იყენებდნენ.

კვირის პალიტრა“, 27 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ბადრი ნაჭყებიასთან: „არ უნდა დავუშვათ, რომ საეჭვო პირებმა მიიღონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა

ეკა ასათიანი

ევროკავშირის ქვეყნებში ქართული პასპორტებით უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა არაერთ უცხოელს უჩენს საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილს. რომელი ქვეყნებიდან ითხოვენ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, ამ საკითხით დაინტერესდა “კვირის პალიტრა” და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ოფიციალურად გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რომელიც 2015 წლის 1-ლი მარტიდან 2017 წლის 1-ლ მარტამდე პერიოდს მოიცავს. სტატისტიკური მაჩვენებლები საინტერესო აღმოჩნდა, რაზე დაყრდნობითაც “ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის” დირექტორმა, ბადრი ნაჭყებიამ ყურადღება მნიშვნელოვან ტენდენციებზე გაამახვილა:

- მონაცემები მნიშვნელოვან ტენდენციებს გვაჩვენებს. მზარდია იმ ემიგრანტთა რაოდენობა, ვისაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურთ. საქართველო უვიზო­ მიმოსვლის შესაძლებლობით ახალ ფუნქციას იძენს და არ უნდა დავუშვათ, რომ არაკეთილმოსურნეებმა ამით ისარგებ­ლონ. სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით უნდა დადგინდეს, რატომ უნდა ამა თუ იმ პირს საქართველოს მოქალაქეობის მიღება, თავად საიდან არის, რომელ რელიგიურ ჯგუფს ეკუთვნის და ა.შ.

მსოფლიოში ტერორისტული აქტების ალბათობა გაიზარდა. შეიძლება ტერაქტის მომწყობთ არა აქვთ ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირი, მაგრამ ეცნობიან ტერორისტულ ლიტერატურას, იდეოლოგიას, უყურებენ სპეციალურ გადაცემებს. მოკლედ, ისინი თვითგანათლებას იღებენ და ისე აწყობენ ტერაქტებს. სწორედ ასეთი ტერაქტებია ძნელად გამოსაძიებელი. ლონდონის ტერაქტსაც ისეთი ხელწერა აქვს, რომ ინდივიდის მიერ ჩადენილ დანაშაულს ჰგავს და რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან მის კავშირს გამოვრიცხავ. ცხადია, არაფერს ნიშნავს ის, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ასე რომ, არ უნდა დავუშვათ, საეჭვო პირებმა მიიღონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, რომელთაც ევროკავშირის ქვეყანაში გადასვლის შესაძლებლობა მიეცემა.

- ერაყის, სირიის, ავღანეთის, ლიბიის მონაცემებზე რას გვეტყვით?

- ერაყიდან 50, სირიიდან 28, ლიბიიდან 14, ხოლო ავღანეთიდან 1 პირი საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ითხოვს. ამ ქვეყნებიდან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველთა რაოდენობის ზრდას, არამედ არალეგალურ ლტოლვილთა ნაკადებსაც უნდა ველოდოთ. მით უფრო, რომ მეზობელ სახელმწიფოებთან კარგად კონტროლირებული საზღვრები არა გვაქვს. განსაკუთრებით საინტერესოა თურქეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული სტატისტიკა. 2015 წლის 1-ლი მარტიდან­ 2017 წლის 1-ლ მარტამდე 724-მა თურქმა მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობა. თურქეთი გახდა ის ქვეყანა, სადაც თავს იყრის სხვადასხვა სახის ტერორისტული ორგანიზაცია. ერთხანს თურქეთს “ისლამურ სახელმწიფოსთან” პრობლემები არ ჰქონდა, თუმცა დაახლოებით ერთი წელია, რაც მასთან ურთიერთობა დაეძაბა. თურქეთს დღეს ძალიან უჭირს, მას ლტოლვილების სახით დიდი ტვირთი­ აწევს.

გარდა ამისა, თურქეთს აქვს სერიოზული შიდა პრობლემები და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ დღეს თუ ხვალ იქიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადი წამოვიდეს. ამას ხელს შეუწყობს ისიც, თუკი კიდევ უფრო დაიძაბება ურთიერთობა ქურთებსა და ქურთულ ორგანიზაციებთან, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე სერიოზულ ნიშას იკავებენ. თურქეთში სამ მილიონზე მეტი ლტოლვილია სირიიდან და ერაყიდან. ეს ოფიციალური მონაცემებით, სხვა წყაროებით კი მათი რაოდენობა 5 მილიონსაც კი აღწევს. არ არის გამორიცხული, ბევრმა მათგანმა თურქეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობაც მოითხოვოს, დაიწყოს პასპორტებით მანიპულირება და ა.შ.
შესაძლოა, ზოგიერთი ეძებდეს საშუალებას, როგორმე ევროპაში გადავიდეს, ან საქართველოში დარჩეს. ჩვენთვის არც პირველი ვარიანტია სასურველი და არც მეორე. ამიტომ ამ პირებზე თურქეთის სახელმწიფოსა და სპეცსამსახურთან მაქსიმალური თანამშრომლობით უნდა მოვიპოვოთ სრული ინფორმაცია.

- რუსეთიდან 6.280 მოქალაქე ით­ხოვს საქართველოს მოქალაქეობას...

- სამწუხაროდ, არ ვიცით, რუსეთის­ ფედერაციის მოქალაქეთა შორის რამდენი ჩრდილოკავკასიელია. არ არის გამორიცხული, რომ ეს სეგმენტი ჩვენთვის პრობლემად იქცეს.

- ასევე 934 სომეხს სურს საქართველოს მოქალაქეობის მიღება...

- სომხეთი რუსეთის ერთ-ერთი მთა­ვარი მოკავშირეა, რომლის ბაზებიც სომხეთის ტერიტორიაზეა. რასაკვირვ­ელია, რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურს იოლად შეუძლია სომეხი მოქალაქეები გამოიყენოს და მათი მეშვეობით შექმნას აგენტურული ქსელი ჩვენს ტერიტორიაზე, რასაც სასურველ დროს დესტაბილიზაციისთვის გამოიყენებს. რაც შეეხება ინდოეთსა და იორდანიას, სადაც ტერორისტული ორგანიზაციები აქტიურობენ, ინდოეთიდან 21 პირი ით­ხოვს საქართველოს მოქალაქეობას, იორდანიიდან კი 35. ვფიქრობ, დანარჩენი ქვეყნებიდან საფრთხე ნაკლებად გვემუქრება…

- ირანიდან 250 კაცი ითხოვს საქა­რთველოს მოქალაქეობას

- ირანთან დაკავშირებით სერიოზულ პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა კონტროლის მექანიზმი მაინც გამკაცრებული უნდა გვქონდეს, წელს ირანიდან მილიონ ტურისტს ველოდებით. კონტროლი კონტრაბანდის შემოტანის თვალსაზრისითაც ზედმიწევნით უნდა გამკაცრდეს. არის შემთხვევები, როცა საბარგულებით ან კონტეინერებით გადაჰყავთ ემიგრანტები. გახშირდება კონტრაბანდული საქონლის გატანის მცდელობაც. საერთაშორისო ნარკოტრაფიკთან დაკავშირებული დანაშაულის რაოდენობაც მოიმატებს, ვიღაც ამ მიზნით საქართველოსთვის ახალი ფუნქციის მინიჭებასაც შეეცდება. მთავარი საფრთხე კი ისევ ტერორიზმია…

- ზოგიერთი ექსპერტი სოციალურ ქსელებში წერს, რომ საქართველოს ტერიტორიაზეც იგეგმება ტერაქტების მოწყობა

- საერთაშორისო ტერორიზმის მიზ­ანია, დესტაბილიზაცია დიდ და განვით­არებულ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ და ევროკავშირის ქვეყნები, შემდეგ უკვე თურქეთი ან თუნდაც რუსეთი. საერთა­შორისო ტერორიზმს თვითრეკლამა და საზოგადოებაზე ზემოქმედება სჭირდება და ადგილსაც ამის მიხედვით არჩევს. განცხადება, რომ საქართველოში ტერაქტებია მოსალოდნელი, ჩვენთვის შესაძლოა, ძალიან დამა­ზიანებელი აღმოჩნდეს. სხვათა შორის, როცა სოციალურ ქსელებში ე.წ. ექსპერტები ტერაქტებთან დაკავშირებით ვარაუდებს გამოთქვამდნენ, ხალხმა ისიც გაიხსენა, თუ როგორ ცდილობდნენ არაკეთილმოსურნეები ცოტა ხნის წინ მულტირელიგიური კონფლიქტის აგორებას აჭარაში. ამიტომაც გამოითქვა ვარაუდი, არ არის გამორიცხული, რომ მავანმა ქვეყანაში დესტაბილიზაციის გასამძაფრებლად ტერორისტული აქტი გამოიყენოსო. ჩვენ ასეთი აზრის მუსირებაც კი სახიფათოდ უნდა მივიჩნიოთ.

საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველთათვის კანონმდებლობა შესაძლოა, გამკაცრდეს ქართული პასპორტის აღება გამარტივებული წესით შეუძლია საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ უცხოელს; ასევე, რეპატრიანტის სტატუსის მქონეს. იმავდროულად, საქართველოს პრეზიდენტს (“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის მე-17 მუხლის თანახმად) უფლება აქვს, გამონაკლისის წესით მიანიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა.

კვირის პალიტრა“, 27 მარტი, 2017 წელი

ავტოკალიფსინასვამი მძღოლი უნდა დააპატიმრო და მერე მიხვდება, რომ პოტენციური მკვლელია“  // „ყველამ უნდა გაიაროს მართვის სკოლა, მხოლოდ გამოცდის ჩაბარება არ არის საკმარისი, რადგან შედეგად პოტენციურ მკვლელებს ვიღებთ

ნანა ფიცხელაური

22 მარტს აღმაშენებლის ხეივანში გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი BMW შეეჯახა ამავე მარკის მანქანას, რომელიც მოსრიალდა და გაჩერებაზე, სავალი ნაწილის პირას ბანერის ბოძს და შემდეგ დედა-შვილს შეეჯახა. დაიღუპა 11 წლის მარიამ ჯიქურაძე, 56 წლის ნანა ჯიქურაძე უმძიმეს მდგომარეობაშია. იმავე ღამით თბილისში კიდევ სამი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე.

უბედურ შემთხვევებს, რომლის მიზეზიც ხში­რად­ ნასვამი ან დიდი სიჩქარით მოძრავი მძღოლებია, ბოლო არ უჩანს. ქვეყანაში კატასტროფულად გაზრდილი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისთვის შსს-მ პარლამენტს “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების ახალი კანონპროექტი წარუდგინა, რომლის განხილვასაც პარლამენტი არ ჩქარობს.

მევლუდ მელაძე, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი:

- როგორ მარტივადაც მართვის მოწმობები გაიცემოდა, მძღოლებიც შესაბამისი გვყავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია აღსრულება. შეიძლება არ იყოს მიღებული ისეთი უხეში ფორმა, რომ ყველა დააჯარიმო (როგორც ეს ბათუმში მოხდა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა), მაგრამ აღსრულება აუცილებელია და ეს ელემენტარუ­ლიდან უნდა დავიწყოთ – ზოლიდან ზოლში გადაკვეთის, წითელ შუქნიშანზე გავლისა და სხვა დარღვევების შემთხვევაში. დამრღვევი მძღოლები თუ არ დაჯარიმდნენ, უარესად დაარღვევენ წესებს. შესაძლოა, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვიოს მძღოლმა, რომელიც ნელა მიდის, მაგრამ გზა ისეთ ადგილას გადაჭრას, სადაც არ შეიძლება და სწრაფად მოძრავ ავტომანქანას შეეჯახოს. ასე რომ, ყველა შემთხვევაში გვჭირდება მკაცრი, ოღონდ ობიექტური პატრული. პოლიციელებს უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგები. პირველ რიგში, პატრული უნდა გამოფხიზლდეს. მიდგომა – “მოსახლეობა არ გავაღიზიანოთ”, ჩვენს მოქალაქეებს­ უწევს დათვურ სამსახურს.

სკოლებში უნდა შემოვიღოთ ავტომან­ქანის მართვის სწავლება, ყველამ უნდა გაიაროს მართვის სკოლა, მხოლოდ გამოცდის ჩაბარება არ არის საკმარისი, რადგან შედეგად პოტენციურ მკვლელებს ვიღებთ. სიმკაცრე უნდა გამოვიჩინოYთ ნასვამ და სწრაფად მავალ მძღოლებთან. დასაცავია პარკინგის წესებიც…

ვასილ ურუშაძე, “ეკო ტრანსპორტ ცენტრისდირექტორი:

- ყველაფერში ხელისუფლების დადანაშაულება, შეცდომაა. თუმცა, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოდ მიმოსვლის შესაძლებლობა. ბოლო წლებში ავტოსაგზაო შემ­თხვევების მაქსიმალური რაოდენ­ობა 2008 წელს იყო, დაღუპულთა რაოდენობა 2012 წლამდე მცირდებოდა, მას მერე ისევ შეუქცევადად მზარდია. საკანონმდებლო ინიციატივით, საგზაო წესების დარღვევაზე ჯარიმები განახევრდა. სიჩქარის გადაჭარბებისთვის, არასწორი მანევრირებისთვის ჯარიმა 100 ლარი იყო და განახევრდა. სწორედ ამ პოლიტიკამ განაპირობა, რომ ბოლო წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების ტენდენციამ შეუქცევადი სახე მიიღო…

ჩვენ არა გვაქვს სახელმწიფო უწყება, რგოლი, რომელიც საგზაო პრობლემებს­ კომპლექსურად შეისწავლის და პრევენცი­ულ ღონისძიებებს გაატარებს. შს სამინი­ს­­ტრო თითოეულ ავტოსაგზაო შემთხვევას­ აღიქვამს როგორც უბედურ შემთხვევას და არ ხდება მისი გამომწვევი მიზეზების­ საფუძვლიანი შესწავლა – რა იყო მაპროვოცირებელი მიზეზი, იყო თუ არა ავტომანქანა ტექნიკურად გაუმართავი და ა.შ.

იმ სტატისტიკაში, რომელსაც შს სამინისტრო აქვეყნებს, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი 4 მიზეზია: სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, ნასვამი მძღოლი და 20% დაუდგენელი მიზეზია. რეალურად, ჩვენ არ ვიცით, რატომ ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები და, შესაბამისად, ვერც ერთი უწყება ვერ ატარებს პრევენციულ ღონისძიებას.

დღემდე პარლამენტს არ დაუმტკიცებია პროექტები, რომლებიც მართლა პასუხობს მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას – ეს არის უკონტაქტო პატრულირება და ასქულიანი მართვის სისტემა. როდესაც თბილისში მოძრაობა გადატვირთულია, საპატრულო პოლიცია საცობების განმუხტვას ცდილობს, მოძრაობას არეგულირებს და ამ დროს არავინ აკონტროლებს უსაფრთხოებას. საპატრულო პოლიცია ვეღარ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს არსებობს. ამის პრევენცია იქნება უკონტაქტო პატრულირების სისტემის დანერგვა, საავტომობილო გზებზე “ჭკვიანი” ფოტო და ვიდეოფიქსატორების დადგმა საგზაო მოძრაობის მონიტორინგისთვის.

იმედა არაბული, მსახიობი (მძღოლი):­

- როგორც ვიცი, ამერიკაში ნასვამ­ მძღოლს მარტო მართვის მოწმობას კი არ ართმევენ, ერთი წლით ციხეში უშვებენ. შეიძლება ნასვამიც არ იყო, მაგრამ ქალაქში რომ აწყვეტილი მიდიხარ, მანქანას აბღუილებ და ხალხს ხოცავ, რა უბედურებაა?! მძღოლს წითელი უნთია და მაინც მიდის, ქართველია და ტიპობს, უნდა გავარდეს, სადმე კი არ ეჩქარება. არასწორადაც რომ გადადიოდეს გზაზე ქვეითად მოსიარულე, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს, თუმცა ისინიც ცუდად იქცევიან. ასე რომ, დამნაშავეა მძღოლიც და ფეხით მოსიარულეც. ვერ მიეჩვია ხალხი, შუქნიშანს დაელოდოს.”შე კაი ადამიანო, ორი წამი რას წყვეტს, რომ დაელოდო, რატომ იგდებ­ თავს საფრთხეში? ფეხით მოსიარულესაც რომ გამოუწერდნენ 100-ლარიან ჯარიმას, მეორედ დაარღვევს წესებს? ჩვენ არა ვართ კანონმორჩილი მოქალაქეები, ამიტომაც საჭიროა მკაცრი ხელი. ნასვამი მძღოლი უნდა დააპატიმრო და მერე მიხვდება, რომ პოტენციური მკვლელია. ვაღიარებ, მეც ვმჯდარვარ საჭესთან ნასვამი და ძალიან მრცხვენია.

——-

საგზაო უსაფრთხოებისთვის

ამერიკული “პულიცერ ცენტრის” მონაცემებით, მსოფლიოში საავტომობილო გზებზე დაღუპულთა რაოდენობამ 1 240 000-ს მიაღწია და არსებული ტენდენციით, 2030 წლისთვის გასამმაგდება – 3,6 მილიონს მიაღწევს.

გასული საუკუნიდან მოყოლებული, აშშ-ში მკაცრად ებრძვიან ნასვამ მძღოლებს (ავარიების 60% ნასვამი მძღოლის გამო ხდებოდა). ამ სიმკაცრის გამო 1970-იანი წლებიდან გზებზე სიკვდილიანობამ იკლო. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობა მაღალი იყო ავსტრალიაშიც (30 დაღუპული 100 000 მცხოვრებზე), რადგან მძღოლები არად დაგიდევდნენ მოძრაობის წესებს, თუმცა მისი გამკაცრების შემდეგ, ეს მაჩვენებელი 80%-ით შემცირდა. კანონმორჩილი ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი აშშ-თან შედარებით 2-2,5-ჯერ დაბალია. მაგალითად, ბრიტანეთში 100 000 მცხოვრებზე 5,4 დაღუპული მოდის.

კვლევით დადგინდა, რომ ბრიტანეთში ავტოსაგზაო შემთხვევათა მხოლოდ 5%-ია გამოწვეული სიჩქარის გადაჭარბებით, მაშინ, როცა 30% მძღოლთა უყურადღებობაზე მოდის. 16%-ის მიზეზი რისკიანი მართვაა, რაც გულისხმობს საჭესთან სმს შეტყობინების გაგზავნა-მიღებას, მობილურზე საუბარს, მართვისას მოწევასა და ჭამას…

სამაგიეროდ, ჟენევაში მსხვერპლით დასრულებული ავარიების მთავარი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა.

ფინეთში მთავარ პრობლემად ნასვამი მძღოლი ითვლება. იქ ნასვამ მძღოლებს ართმევენ მართვის მოწმობას და ციხეშიც სვამენ. მოითხოვენ, რომ ყველა ავტომობილს ჰქონდეს ავტომატური ბოქლომი, რომელიც ბლოკავს ძრავის ჩართვას თუ მძღოლის სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია 0,2 პრომილეს აღწევს.

პოლონეთში წელიწადში 50 000-მდე ავტოავარია ხდება და საშუალოდ 5 500 ადამიანი იღუპება, რაც ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ის წლიდან წლამდე იზრდება. ევროპის საგზაო უსაფრთხოების საბჭოს მონაცემებით, პოლონეთი შედის იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც ამ მხრივ დიდი საშიშროებაა. ძირითადი მიზეზებია – სიჩქარის გადაჭარბება და მართვა არაფხიზელ მდგომარეობაში. სიტუაციის გამოსასწორებლად მკაცრდება კანონი – ნასვამი მძღოლი სამუდამოდ გამოემშვიდობება არა მარტო მართვის მოწმობას, არამედ თავის ავტომობილსაც.

განვითარებად ქვეყნებში გზებზე სიკვდილიანობა გაცილებით მეტია და ის საერთო სიკვდილიანობის მიზეზებში (შიდსი, მალარია, და ა.შ.) მე-5 ადგილს იკავებს. გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია რუსეთში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიის ქვეყნებში.

კვირის პალიტრა“, 27 მარტი, 2017 წელი

ვინ დაუდგება დეკანოზ გიორგი მამალაძეს პირად თავდებობაში?

ბრალდებულის ადვოკატები წმინდა სინოდის წევრების, 23 სასულიერო პირის, დაკითხვას ითხოვდნენ

თეა ხურცილავა

დეკანოზი გიორგი მამალაძე ბევრისთვის საჭირო არ იყო და ამიტომ გადაწყვიტეს მისი მოშორება – ბრალი შეუთითხნეს. აქ საუბარია არა მარტო სასულიერო, არამედ საერო პირებზეც. მაქვს გარკვეული კითხვები. რას ემსახურება ასეთი აჟიოტაჟი საქმისა, რომელიც მას არ ჩაუდენია. ეს ხომ არ არის ეკლესიის დისკრედიტაციისთვის გაკეთებული, ან კონკრეტული პირი ხომ არ დგას ამის უკან? მამა გიორგი შეურაცხყოფილია. როდესაც  ცუდად იყო, პროკურატურის თანამშრომლები მას მსახიობს უწოდებდნენ.

ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობაში ყოფნის ვადა 10 აპრილს იწურება­ და ცხადია, სასამართლოს მოუწ­ევს მსჯელობა იმაზე, დარჩეს თუ არა დეკანოზი წინასწარ პატ­იმრობაში. სავარაუდოდ, პატიმრობის ვადის გაგრძელების მოთხოვნით პროკურატურა სასამართლოს მიმართავს. 5 აპრილს ჩანიშნული წინასასამართლო სხდო­მა არ ჩატარდება. 24 მარტს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს გამოძიების ვადის ერთი თვით გაგრძელება სთხოვა. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, დანიშნულია სხვადასხვა­ სახის ექსპერტიზა, რომლებიც სირთულისა და დიდი მოცულობის გამო ამ ეტაპისათვის დასრულებული არ არის. ამასთან, ჩასატარებელია არაერთი შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება… დასაკითხია არაერთი მოწმე… ამიტომ პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გაგრძელების თაობაზე.

მიხეილ რამიშვილი, ბრალდებულის ადვოკატი: – არც მეეჭვებოდა, ვადის გაგრძელებას რომ მოითხოვდნენ. მათ არა აქვთ არანაირი სამხილი, ვერაფრით დაამ­ტკიცებენ იმ ბრალს, რაც მოძღვარს წაუყენეს, ამიტომ პროკურატურა დროის გაჭიანურებას ცდილობს. ჩვენ ვისმენდით მათ განცხადებებს, როდესაც დარწმუნებით აცხადებდნენ დეკანოზის ბრალეულობაზე, აჟიოტაჟი ატეხეს – გადავარჩინეთ საქართველოო, ახლა კი ამას ვეღარ ამტკიცებენ. გიორგი მამალაძეს წინასწარი პატიმრობის 2-თვიანი ვადა ეწურება და სასამართლო ვალდებულია, აღკვეთის ღონისძიების საკითხს გადახედოს. მოვი­თხოვთ პატიმრობის შეცვლას პირადი თავდებობით ან გირაოთი.

ადვოკატი არ აკონკრეტებს, ვინ დაუდგება პირად თავდებობაში დაკავებულ სასულიერო პირს: „10 აპრილს გადის პატიმრობის ვადა. მოვითხოვთ პირადი თავდებ­ობით მის გათავისუფლებას. ალტერნატივის სახით სასამართლოს გირაოსაც შევთავაზებთ. თითოეული სასულიერო პირის, ცნობილი სახეების გადასაწყვეტია, დაუდგებიან თუ არა მას თავდებად. ეს სასამართლოზე გამოჩნდება. დეკანოზი გიორგი მამალაძე ბევრისთვის საჭირო არ იყო და ამიტომ გადაწყვიტეს მისი მოშორება – ბრალი შეუთითხნეს. აქ საუბარია არა მარტო სასულიერო, არამედ საერო პირებზეც. მაქვს გარკვეული კითხვები. რას ემსახურება ასეთი აჟიოტაჟი საქმისა, რომელიც მას არ ჩაუდენია. ეს ხომ არ არის ეკლესიის დისკრედიტაციისთვის გაკეთებული, ან კონკრეტული პირი ხომ არ დგას ამის უკან? არის რაღაც, რასაც სიცოცხლის ფასად არ დავთმობ. მამა გიორგი შეურაცხყოფილია. როდესაც ცუდად იყო, პროკურატურის თანამშრომლები მას მსახიობს უწოდებდნენ. ის ისევ სამარტოო საკანშია გამოკეტილი. კიდევ ერთხელ ვეუბნები პროკურატურას, – სჯობს შეწყვიტოს საქმე. მოწმე ირაკლი მამალაძე თავის ჩვენებებში გაიხლართა. მედიაში გაკეთებული მისი განცხადებები საერთოდ არ ემთხვევა მიცემულ ჩვენებებს…“.

სავარაუდოდ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს თავდებად დაუდგება მეუფე პეტრე: “დეკანოზის თავდებით გამოსვლაზე მოსაზრება პირველად პატრიარქმა გამოთქვა. მე და პატრიარქი ამ საკითხზე ერთ აზრზე ვიყავით. ოღონდ, სინოდის წევრებმა სთხოვეს უწმინდესს, რომ მამა გიორგის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჯობდა, ის საპყრობილეში დარჩენილიყო”, – აცხადებს მეუფე პეტრე.

ბრალდებულის ადვოკატები წმინდა სინოდის წევრების, 23 სასულიერო პირის, დაკითხვას ითხოვდნენ. ამის თაობაზე ჯერ საპატრიარქოს მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს და სასამართლოს სთხოვეს შუამდგომლობა. ადვოკატების მოთხოვნა არც სასამართლომ დააკმაყოფილა. პროკურატურამ უკვე დაჰკითხა მეუფე იაკობი, მეუფე თეოდორე ჭუაძე, მეუფე პეტრე, მამა მიქაელ ბოტკოველი, მამა დავით ჭინჭარაული.

დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის ინფ­ორმაციით, პროკურატურის შეკითხვები საპატრიარქოში მის სამსახურებრივ მოვალეობებს უკავშირდებოდა: „ფარულ ჩანაწერებში მამალაძე მე მახსენებს და გამოთქვამს სურვილს, რომ კარგი იქნებოდა, თუ საპატრიარქოში ჩემს პოზიციას დაიკავებდა. ამიტომ საგამოძიებო უწყებას ჩემთან შეკითხვები გაუჩნდა – რა სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი, რა იყო ჩემი უშუალო დავალება და რატომ უნდა გასჩენოდა მამალაძეს სურვილი ჩემი პოზიციის დაკავებისა…“

ადვოკატი კი აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას:

- ითქვა, რომ გიორგი მამალაძეს უნდ­ოდა შორენა თეთრუაშვილის ან მიქაელ ბოტკოველის თანამდებობაზე ყოფნა, რაც სრული აბსურდია, რადგან მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პატრიარქი აწე­ს­ებს იმას, თუ ვინ დანიშნოს ამ თანამდებობებზე…

რეზონანსი//მთელი კვირა“, 27 მარტი, 2017 წელი

რას გულისხმობს ფასიანი შინაპატიმრობა

სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ ინიცირებული სიახლე ციხეებში, სავარაუდოდ, წელსვე ამოქმედდება

ნინო ქეთელაური

პარლამენტი პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, თუ აქამდე შინაპატიმრობა მხოლოდ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ეხებოდათ, ახლა უკვე სრულწლოვნებსაც შეეხებათ და ის ფასიანი სერვისი იქნება, რაც შინაპატიმრობის მოწყობილობის სიძვირით აიხსნება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე დარახველიძე “მთელ კვირასთან” საუბრისას განმარტავს, რომ შინაპატიმრობა გამოიყენება იმ მსჯავრდებულებულების მიმართ, ვინც დანაშაული პირველად ჩაიდინეს.

“შინაპატიმრობა გულისხმობს მსჯავრდებულისთვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულებას, რა დროსაც მსჯავრდებული კონტროლდება სამინისტროს სსიპ-ის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ, როგორც წესი, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებების (ელექტრონული სამაჯური) გამოყენებით. ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, მსჯავრდებულის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, დარჩენილი სასჯელი შეუცვალოს უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით, თუ მსჯავრდებული აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს და მან ფაქტობრივად მოიხადა: ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; მძიმე დანაშაულისათვის – ნახევარი; ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისავის – ორი მესამედი”, – აღნიშნავს ალექსანდრე დარახველიძე. მისივე განმარტებით, თუკი მსჯავრდებულს სასამართლო უფარდებს შინაპატიმრობას, ვადა 6 თვიდან 2 წლამდე პერიოდს მოიცავს, ხოლო თუ დანიშნულ სასჯელს ადგილობრივი საბჭო შინაპატიმრობით შეუცვლის, ეს იმ ვადით მოხდება, რამდენიც მსჯავრდებულს სასჯელის მოხდამდე აქვს დარჩენილი: “შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს 6 თვეზე ნაკლები ან 2 წელზე მეტი”.

რაც შეეხება გადასახადს, პატიმარს თანხის გადახდა იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ შინაპატიმრობა ელექტრონული მექანიზმით აღსრულდა.

“არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისგან განსხვავებით, სრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით შინაპატირობის აღსრულების შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს საფასური. ჯერჯერობით კონკრეტული თანხა და გადახდის პრინციპი განსაზღვრული არ არის. მას შემდეგ, რაც კანონპროექტს პარლამენტი მხარს დაუჭერს, მინისტრს ენიჭება უფლებამოსილება, რომ ბრძანებით განსაზღვროს თანხის ოდენობა, გადახდის პერიოდულობა და სადეპოზიტო თანხის (იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული აპარატურას დააზიანებს) განთავსებაც.

შინაპატიმრობის აღსრულებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლდებიან მსჯავრდებულები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში”, – აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე და აღნიშნავს, რომ ცვლილებათა პაკეტი, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს უკვე ამოქმედდება.

ცვლილებებს პარლამენტმა მხარი პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა. წინ არის კიდევ 2 მოსმენა. რა თქმა უნდა, გარკვეული დრო დაწესდება იმისთვის, რომ ამ კანონის ამოქმედებისთვის საჭირო კანონქვემდებარე აქტები მომზადდეს და ამუშავდეს. ვფიქრობთ, ცვლილებათა პაკეტი მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე სრულფასოვნად ამოქმედდება”, – ამბობს ალექსანდრე დარახველიძე.

იურისტ გელა ნიკოლაიშვილის შეფასებით, უმჯობესია, შინაპატიმრობასთან დაკავშირებული ხარჯები სახელმწიფომ დაფაროს, თუმცა, მისასალმებელია ის, რომ მსჯავრდებულს არჩევანის საშუალება ეძლევა.

“საერთოდ, რაც უფრო ნაკლები იქნება აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება, მით უკეთესი. პირველ რიგში, თავისუფლებაზე უფრო მეტი ბრალდებული იქნება და მეორე, დაიზოგება სახელმწიფოს ხარჯები. აქედან გამომდინარე, მთლიანობაში მისასალმებელია.

რაც შეეხება ფასიან სერვისს (აქ ალბათ იგულისხმება ის, რომ ვისაც ე.წ. სამაჯური ექნება, თანხას გადაიხდის), ჯობია უფასო იყოს. თუ სახლმწიფოს თანხა არ აქვს, ძალიან ძვირი ჯდება ან ეს მასობრივი გახდება და თანხის დაწესება აუცილებელია, ალბათ, ეს არჩევითი იქნება. არავის დააძალებენ ფასიანი სერვისის გამოყენებას და თუ მას საშუალება არ აქვს, საპატიმროში დარჩება”, – ამბობს გელა ნიკოლაიშვილი.

კითხვაზე, ფასიანი სერვისი ხომ არ გამოიწვევს იმას, რომ მსჯავრდებულების ნაწილი უსახსრობის გამო უარს იტყვის შინაპატიმრობაზე, გელა ნიკოლაიშვილი პასუხობს, რომ სწორედ ამიტომაცაა საჭირო, ხარჯები სახელმწიფომ დაფაროს.

„რა თქმა უნდა, უფრო სწორია, რომ სახელმწიფომ ეს ხარჯი აიღოს თავის თავზე, თუმცა, როდესაც ადამიანები არჩევანის წინაშე არიან – საპატიმრო თუ გირაო – ყოველთვის თანხის გადახდა ურჩევნიათ. ამ შემთხვევაშიც, თუ ისინი ალტერნატივის წინაშე დადგებიან – შინაპატიმრობა და ე.წ. სამაჯურის ფულის გადახდა თუ პატიმრობა – სავარაუდოდ, ისინი შინაპატიმრობას აირჩევენ. თუმცა, ვიმეორებ, უკეთესი იქნება, თუ სახელმწიფო თავად დაფარავს შინაპატიმრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს”, – ამბობს გელა ნიკოლაიშვილი.

“ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელი, იურისტი არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით არ უნდა განვიხილოთ, რადგან ეს მთლიანობაში ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას გულისხმობს.

“აღნიშნული წინადადებები განხილული იყო სამინისტროსთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭოში, სადაც მსჯელობისა და დისკუსიის ერთ-ერთი თემა სწორედ შინაპატიმრობის ფასინი სერვისი იყო. ჩვენ, უფლებათადამცველები შევთანხმდით, რომ წარმოდგენილი სიახლე ნამდვილად ინოვაციურია.

“ამასთანავე, ევროკავშირის არაერთი წევრი სახელმწიფოსა და ასევე აშშ-ში პენიტენციური სისტემა გამოიყენებს ასეთ ინოვაციურ მიდგომას და ვინაიდან საქართველოც ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა, ამის ჩვენთან დანერგვა სახელმწიფოს მხრიდან პატიმრის შენახვის საკითხსაც ხარჯეფექტურს გახდის”, – ამბობს არჩილ კაიკაციშვილი. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშული სევისით სარგებლობა შეუძლია არა ყველა, არამედ მსჯავრდებულთა იმ გარკვეულ კატეგორიას, რომელიც სასჯელს ნაკლებად მსუბუქი დანაშაულისთვის იხდის.

“ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი რეგულაციის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, როდესაც განაცხადი შინაპატიმრობის საქმეს შეეხება, გადაწვეტილებებს სამინისტრო კი არ მიიღებს ერთპიროვნულად, არამედ ამას გააკეთებს ადგილობრივი საბჭოები, რომელიც ზოგადად პატიმრების გათავისუფლების საკითხებზე მუშაობს. აქაც ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოსგან ასეთი ფრთხილი მიდგომა სწორია. საერთო ჯამში, ცვლილება ინოვაციურია და მას მივესალმები. დანარჩენს პრაქტიკა აჩვენებს”, – აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 27 მარტი, 2017 წელი

როგორ აფასებთ ქართული სუფრისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას?

სალომე სარიშვილი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბრძანების გასაჩივრება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტს საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვაობა მოჰყვა, ზოგიერთმა ეს ინიციატივა სასაცილოდაც კი მიიჩნია.

ცნობისთვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იუნესკო-ს არამატერიალური ძეგლების დაცვის შესახებ 2003 წლის კონვენციით ხელმძღვანელობს, რომელსაც საქართველო 2008 წელს შეუერთდა და რაც ნიშნავს, რომ სააგენტო ვალდებულია დაარეგისტრიროს, დაიცვას, გამოიკვლიოს და ქვეყნის არამატერიალური კულტურის ნიმუშებს პოპულარიზება გაუწიოს. დღეისათვის კი აღნიშნული კატეგორია მინიჭებული აქვს: ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ ტექნოლოგიას, “დედაენას”, როგორც სწავლების მეთოდს, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურასა და ქართულ ჭიდაობას.

როგორ აფასებთ ქართული სუფრისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მიენიჭების გადაწყვეტილებას? – ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძვანელი): “დიდი ხანია, ასეთი კარგი რამ არ მსმენია. ვინც ქართული სუფრის მნიშვნელობა ნამდვილად იცის და შესაბამისად, უნახავს, როგორ იმართება იგი, აუცილებლად მოიწონებს ამ იდეას. ქართულ სუფრას სიყვარულის სუფრა, ერთმანეთის პატივისცემა და დაფასება ჰქვია, თავისი თამადითა და კერძებითურთ. თუ ამ საქმეს სწორად წაიყვან და თამადასაც სწორად აარჩევ, ქართული სუფრა სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებს. არ ვსაუბრებ იმ ხალხზე, რომლებიც ლოთობენ და შემდეგ ერთმანეთს ჭიქებს ესვრიან, მე ნორმალურ ხალხზე ვსაუბრობ. ქართულ სუფრას ყველა გაოცებული შესცქერის. შეიძლება ავი ტრადიციები გვაქვს კიდევაც, მაგრამ ამას ქართულ, ტრადიციულ სუფრაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. ძალიან კარგი იდეაა და ვფიქრობ, რომ ძეგლის სტატუსის მინიჭება სწორი გადაწყვეტილება იყო.”

იური მეჩითოვი (ფოტოხელოვანი): “სინამვილეში, “სუფრაც” კი არაა ქართული და ჩვენი სიტყვა. რა გითხრათ, როგორ უნდა მიანიჭო ქართულ კერძს ძეგლის სტატუსი, არ მესმის. რა თქმა უნდა, ქართული სუფრა და სტუმართმოყვარეობა ქართული კულტურის ნაწილია, მაგრამ რამდენად უნდა გამოარჩიო ის და ხაზი გავუსვათ ამას, ვერ გეტყვით. იმ ფონზე, როცა საქართველოში 80% შიმშილობს, ეს იდეა ცოტა სასაცილოდაც კი ჟღერს.”

ნიკა ჩიტაძე (პოლიტოლოგი): “მიუხედავად იმისა, რომ ქართული სუფრის ტრადიციას პატივს ვცემ, მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება გადაჭარბებული იდეა მგონია. 40-მდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართული სუფრა, კერძები ნამდვილად მსოფლიოში საუკეთესოა, ის ნამდვილად არის ისტორიის ნაწილი და ტრადიციადაც უნდა დარჩეს, მაგრამ, საერთო ჯამში, კულტურის სამინისტროს პოზიციას ვერ გავიზიარებ. ვფიქრობ, ეს სტატუსი უფრო სხვა რამეს ნიშნავს და სუფრისთვის მისი მინიჭება არაორდინალურია.”

გივი სიხარულიძე (მწერალი და მსახიობი): “არის ქართული სუფრა, რომელიც ამაზრზენია. ეს მაშინ, როცა თამადა იდიოტია. მაგრამ თუ თამადა გენიოსია და ღირს სუფრის წამყვანად, მაშინ მას თამამად შეგვიძლია, ძეგლი ვუწოდოთ.

“ვფიქრობ, რომ ქართული, კერძებით დაწყებული, კარგი თამადით დასრულებული, ჩვენი სუფრა ნამდვილად კლასიკა და საქართველოს ისტორიული განძია. ამ სტატუსს ნამდვილად იმსახურებდა, რადგან სხვაგან ასეთი რამ არ არსებობს.”

Comments are closed