globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 27 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 27th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის პალიტრა“: უვიზო რეჟიმი – რუსეთთან თუ ევროკავშირთან?

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: “ლუკაშენკო პუტინის ფოსტალიონი არ არის”

„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: ნატო, ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტი და ყირიმის საკითხი

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ ელენე ხოშტარიასთან: „უნდა გვესმოდეს, რომ საერთაშორსიო თანამეგობრობის გარეშე რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები საქართველოსთვის საფრთხეა“

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან: “გალში თავისუფლად სუნთქვა დღეს უფრო შეიძლება, ვიდრე ადრე”

რეზონანსი//მთელი კვირა: რატომ მარცხდება პროკურატურა “საგარეო ფრონტზე”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით თარხან-მოურავთან: საქართველოს ხელისუფლებას ასოცირების შეთანხმების გაფორმების დროს ევროკავშირისაგან რეფორმების განხორციელებისათვის სოლიდური თანხის გამოყოფა უნდა მოეთხოვა“

———————-

„კვირის პალიტრა“, 27 აპრილი, 2015 წელი

უვიზო რეჟიმირუსეთთან თუ ევროკავშირთან?

ხათუნა ლაგაზიძე

როცა „ნატოსა“ და „ევროკავშირის“ ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით აცხადებენ, რომ ამ ორმა უმნიშვნელოვანესმა გაერთიანებამ უნდა შეწყვიტოს ან შეაჩეროს გაფართოება, სულ ცოტა, უახლოესი 10 წლის მანძილზე, საქართველოს პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს სჭირდებათ კოზირი, რომელიც დაბნეულ და იმედგაცრუებულ ამომრჩეველს ჩვენი ქვეყნის დასავლურ სივრცეში ინტეგრაციის რეალურ პერსპექტივას დაანახებს. ამ გადასახედიდან ეს უვიზო მიმოსვლაა ევროკავშირთან. ყველაზე ახლო პერიოდი, როცა „ევროკავშირმა“ ამ საკითხზე თავისი გადაწყვეტილება უნდა გაგვაცნოს, კარს მომდგარი რიგის სამიტია. თუმცა, როგორც ყველაფრიდან ჩანს, დიდი მოლოდინი უვიზო რეჟიმის პრივილეგიის მონიჭებაზე საქართველოს დიპლომატიას არა აქვს. და რა ვქნათ მაშინ, თუ კვლავ, სულხან-საბასი არ იყოს “ლუდოვიკო მეთოთხმეტისგან” ხელცარიელები გამოვალთ?!
იმავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არცთუ ისე დიდი ხნის წინ თავისი ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოსთან არსებული სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესაძლებლობას. როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებაც განიხილავს წინასაარჩევნოდ სავიზო რეჟიმის გაუქმებას საქართველოსთან ქართველი ამომრჩევლის გულის მოგების ერთ-ერთ გზად.

შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ის, რაც ევროპისთვის სახვეწარი გვაქვს, რუსებმა ქართული დიპლომატიის განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე „გვიფეშქაშონ.

ყოფილი საბჭოთა ქვეყნების საკუთარი გავლენის სფეროში დაბრუნების რუსულ სტრატეგიაში ეკონომიკურ ბერკეტებს უდიდესი როლი მიენიჭა. ამ ტაქტიკის გამოყენებას რუსეთი განსაკუთრებით იმ ქვეყნებში აპირებს, რომელთაც ე.წ. ბუფერულ ზონად მოიაზრებს, მათ შორისაა საქართველო, მოლდავეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა, ხოლო ერთ-ერთ ეფექტურ იარაღად ამ გზაზე რუსეთს ახალშექმნილი “ევრაზიული კავშირის”“წევრი სახელმწიფოები მიაჩნია. კერძოდ, რუსეთს სურს სწორედ ამ ქვეყნების: სომხეთის, ბელორუსიისა და ყაზახეთის მეშვეობით საქართველოს მსგავს ქვეყნებზე გავლენის გაფართოება. ამ მიზნით უპირველესად სწორედ “ევრაზიის კავშირის” წევრი სახელმწიფოების ეკონომიკების გამოყენება მოხდება, რაც ამ ქვეყნების გავლით შესაძლო რუსული ინვესტიციების შემოდენასა და ერთობლივი საწარმოების შექმნაში გამოიხატება. ლოგიკა მარტივია: ქართველი საზოგადოებისთვის ნაკლებად მტკივნეული და საეჭვო იქნება ბელორუსიის, სომხეთისა თუ ყაზახეთის მიერ განხორციელებული ინვესტიცია, ვიდრე უშუალოდ რუსული. რუსეთს ნათელი მაგალითი აქვს იმისა, რომ ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნასაც კი არაერთმნიშვნელოვნად შეხვდა საქართველოს მოსახლეობა. თანაც, საქართველოსთანა ღარიბ ქვეყანას არა აქვს იმის ფუფუნება, რომ ინვესტიციები პოლიტიკური ნიშნით აირჩიოს, მით უფრო,„”ევრაზიის კავშირი” შეიძლება გასცდეს ყოფილი საბჭოთა სივრცის ფარგლებს და მასში სხვა ქვეყნებიც გაერთიანდნენ. მაგალითად, სულ რამდენიმე დღის წინ ვიეტნამმა განაცხადა, რომ ემზადება “ევრაზიის კავშირში” შესასვლელად. ყოველ შემთხვევაში, რუსეთი ცდილობს, მაქსიმალურად გააფართოოს “ევრაზიის კავშირში” საზღვრები თავისი მეთაურობით.

რუსეთი შეეცდება, შემოგვთავაზოს ორი ეკონომიკური ზონის ჰარმონიზაციის პოლიტიკა და სწორედ საქართველოში: საქართველო, როგორც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში შემავალი ქვეყანა, ობიექტურადაც საინტერესოა “ევრაზიულ კავშირში” შემავალი ქვეყნებისთვის. თავის დროზე, რუსეთს კონფლიქტამდე ამ იდეის რეალიზაციის მცდელობა ჰქონდა უკრაინაში: ჯერ კიდევ იანუკოვიჩი აცხადებდა, რომ უკრაინა იქნებოდა სამოდელო ქვეყანა, ერთგვარი ხიდი პუტინისეული “ევრაზიისა” და დასავლური “ევროკავშირის” ეკონომიკებსა და საბაჟო ზონებს შორის. საბოლოოდ, რა ბედი ეწია უკრაინას, ვნახეთ. ამჯერად ამ იდეის საქართველოში განხორციელებაზე  მიდის საუბარი.

მაგალითად, ბიზნესის ლოგიკა ასეთია: სანქციების გამო რუსეთის ბაზარი ჩაკეტილია, ანუ ევროპაში რუსეთიდან ვეღარ გადის პროდუქცია. ამ პირობების გათვალისწინებით, რუსულ კომპანიებს აწყობთ, საქართველოში აწარმოონ პროდუქცია და აქედან განახორციელონ ექსპორტი ევროპაში. ბიზნესმენები, რომლებიც უკვე სარგებლობენ რუსული ინვესტიციებით, ფიქრობენ, რომ „ბიზნესმა და ხელისუფლებამ გონივრულად უნდა გამოიყენონ დღევანდელი სიტუაცია, როცა შესაძლებელია, რუსული ინვესტიცია გადმოიტვირთოს საქართველოში, აქ მოხდეს პროდუქციის წარმოება და აქედანვე განხორციელდეს ექსპორტი ევროპაში… რუს ინვესტორებს უკვე ათვისებული აქვთ ევროპული ბაზარი და დალაგებული აქვთ იქ გაყიდვები. აქედან გამომდინარე, მათი საქართველოში შემოყვანა დღეს უფრო მარტივი, სწრაფი და ეფექტური იქნებოდა.

თავისთავად იდეა ეკონომიკური თვალსაზრისით შესაძლოა მომხიბლავია, მაგრამ, რა გამოწვევებს გვიქადის რუსული ფულის დიდი ოდენობით საქართველოში შემოდინება, ეს უკვე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია და რისკებისა და საფრთხეების დაწვრილებით დათვლა-განეიტრალებას საჭიროებს.

დასავლეთი კი კვლავ აგრძელებს “წაჯექ-უკუჯექობის” პოლიტიკას რუსეთთან და ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, რითი უფრო შეზღუდავს რუსულ აგრესიას. მაშინ, როცა უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს უკრაინისთვის„ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასა და აღმოსავლეთ უკრაინაში იმავე„ევროკავშირის სამშვიდობო მისიის ჩაყენებას სთხოვს, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირმა რუსეთთან თავისუფალი სავაჭრო სივრცე შექმნას. გასაგებია, რომ დასავლეთი რუსეთთან დეესკალაციასა და რუსეთის შეკავების ათასნაირ გზას ეძებს და მერკელის ეს განცხადებაც უნდა განვიხილოთ როგორც რუსეთთან სავაჭრო თემა, მაგრამ ჩვენ როგორ დავიძვრინოთ თავი რუსული გავლენისგან ამ ბრინჯივით დაბნეული ევროპის შემყურე, ეს არის ყველაზე საჭირბოროტო საკითხავი.

„კვირის პალიტრა“, 27 აპრილი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: ლუკაშენკო პუტინის ფოსტალიონი არ არის

ნათია დოლიძე

(შემოკლებით)

საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, გარდა სოხუმისა“, – ვიზიტის დასაწყისშივე ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამ განცხადებამ ცხადყო, რომ ის მაქსიმალურად შეეცდებოდა ჩვენი ხელისუფლების თუ საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვებას, თუმცა, კითხვაზე: რა მიზნით? – პასუხი ვიზიტის დასრულების შემდეგაც არ არის მკაფიო. როგორც ამ ვიზიტის მიმართ მოლოდინი იყო სხვადასხვაგვარი, ასევე სხვადასხვაგვარია შეფასებებიც. ნაწილი ანალიტიკოსებისა მიიჩნევს, რომ ლუკაშენკომ საქართველოს ხელისუფლებას გზავნილები ჩამოუტანა რუსეთიდან, ნაწილის აზრით კი, ის რუსეთსა და დასავლეთს შორის თამაშს ცდილობს და საქართველოს მოკავშირეობა სწორედ დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებისთვის სჭირდება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ბელორუსიის სამთავრობო უწყებებს შორის თანამ­შრომლობის გაღრმავების მიზნით ათზე მეტი შეთანხმება გაფორმდა. როგორც გაირკვა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა უახლოეს მომავალში 200 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. ინტერვიუ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან სწორედ ამ ვიზიტის შეფასებით დავიწყეთ:

- უკვე 21 წელია, რაც ბელორუსიას ალექსანდრ ლუკაშენკო მართავს და ლამის უაზრობად აქციოს გამონათქვამი, “დრონი მეფობენ და არა მეფენიო”. ხუმრობა იქით იყოს და, ეს ქვეყანა ბევრი მიმართულებით არის საინტერესო, თუმცა, ცხადია, რომ მის დემოკრატიულ განვითარებაზე ლაპარაკი, ჯერჯერობით, უსაფუძვლოა. ერთი კია, თანამედროვე მსოფლიოში უკვე საჯაროდ ლაპარაკობენ ლუკაშენკოს ბოლოდროინდელ ტრანსფორმაციაზე. ბელორუსიის პრეზიდენტი, რომელსაც ბევრი კრემლის მოკავშირედ მიიჩნევს, იმავე კრემლისთვის მუდმივი გამაღიზიანებელი ფაქტორია. რუსეთში სულ იმედი აქვთ, რომ ლუკაშენკო უსიტყვოდ დაემორჩილება მათ სურვილებს, თუმცა, ხშირად ასე სულაც არ ხდება. ბევრისთვის მოულოდნელი და გასაოცარიც კი აღმოჩნდა ბელორუსიის დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი – ლუკაშენკოს რუსეთისთვის დიდად მოსაწონი პოზიცია არ ჰქონია. ვიცით, რომ მან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა.

საქართველოში ლუკაშენკოს ვიზიტს რამდენიმე მიზანი ჰქონდა. ცხადად ჩანს, რომ ბოლო წლებში მას ჩვენი ქვეყნისადმი სიმპათია გაუჩნდა. მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობისას არაერთხელ მიმართა დასავლეთის ლიდერებს თხოვნით, არ გაერიყათ ბელორუსია ევროპული სივრცისგან, არ დაეტოვებინათ რუსეთის ბრჭყალებში. ვფიქრობ, ეს ვიზიტიც გარკვეული გზავნილი იყო ევროპისთვის, რადგან ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანაში ის ჩავიდა როგორც მეგობარი და პარტნიორი. განცხადება, რომ ერთი ქვეყნის “ევრაზიულ კავშირში” ყოფნა და მეორის ევროკავშირისკენ სწრაფვა ამ ქვეყნების ურთიერთობას ხელს არ შეუშლის, აქამდეც გვსმენია, განსაკუთრებით, სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრებისას, და ეს გაიმეორა ლუკაშენკომაც. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისითაც საქართველო შესაძლოა, მნიშვნელოვანი პარტნიორი იყოს ბელორუსიისთვის, სწორედ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით.

ეკონომიკური თვალსაზრისითვე ჩვენთვისაც საინტერესოა ბელორუსიის გამოცდილება. იქ უმუშევრობა უცხო ხილია, მუშაობს უამრავი ფაბრიკა-ქარხანა. ამ ქვეყანას უზარმაზარი კვების მრეწველობის პოტენციალიც აქვს; ამასთან, ბელორუსია ჩვენთვის საინტერესო პარტნიორი შეიძლება იყოს სასოფლო-სამეურნეო სფეროში. ლაპარაკი წარსულზე, როდესაც ლუკაშენკოს ევროპის უკანასკნელ დიქტატორად მოიხსენიებდნენ, ყავლგასული მგონია. მოგეხსენებათ, დაწესებული სანქციების გამო საფრანგეთსა და გერმანიაში ბელორუსიის პროდუქტი არ შედის, თუმცა, უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, ამ ორი ევროპული სახელმწიფოს პირველი პირები არ თაკილობენ მასთან სტუმრობას და კმაყოფილნი არიან სამშვიდობო პროცესში ლუკაშენკოს შეტანილი წვლილით.

- ბრძანებთ, რომ ამ ეტაპზე ლუკაშენკოს სჭირდება საქართველო სწორედ დასავლეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად, თუმცა, მის განცხადებებს თუ გავიხსენებთ, ეს უფრო რუსეთის ინტერესებს ემსახურება

- სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რატომ უკავშირებენ ლუკაშენკოს მაინცდამაინც პუტინს და ამბობენ, რომ მან პუტინის გზავნილები ჩამოიტანა? როგორც ვიცი, ლუკაშენკო პუტინის ფოსტალიონი არ არის, რაც კარგად ჩანს ხოლმე მინსკის შეხვედრებზე, სადაც რუსულ-უკრაინული კონფლიქტი განიხილება.

- “ვფიქრობ, უახლოეს ხანებში ჩვენ ვიპოვით პასუხს ერთ კითხვაზე: რა ნაბიჯი გადავდგათ იმისთვის, რომ დავაახლოოთ სახელმწიფოების პოზიცია და ვიცხოვროთ ერთ ოჯახში, როგორც ეს ერთ დროს იყო. ქართველ, ბელორუს და რუს ხალხებს შორის არ არის წინააღმდეგობა. არის გაუგებრობა პოლიტიკურ დონეზე და ამის დაძლევა შეიძლება, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო” – მაშ, როგორ უნდა აიხსნას მისი ეს განცხადება დარუსი ხალხისადაერთი ოჯახისხსენება?

- ჯერ უნდა გითხრათ, რომ ლუკაშენკოს ადვოკატად ვერ გამოვდგები, რადგან ამისთვის მეტად სუბიექტური მიზეზი მაქვს. საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ 2005 წელს ლუკაშენკო მე დივერსანტად მომიხსენიებდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2005 წელს ბელორუსიის “ინტელიგენციის რადის” მე-5 კონგრესს დავესწარი. ღონისძიება ჩატარდა ხელისუფლებისგან მალულად, სადღაც ტყეში, რომელსაც ომონმა მაინც მიაგნო და დაარბია, თუმცა, მე მანამდე გამიყვანეს იქიდან. მეორე დღეს ლუკაშენკომ განაცხადა, საქართველოდან დივერსანტები შემოიპარნენ, ამიტომ უვიზო რეჟიმი ამ ქვეყანასთან უნდა გავაუქმოო…

ახლა რაც შეეხება თქვენ მიერ მოყვანილ ფრაზას. მე მასში უფრო ამგვარი კონტექსტი წავიკითხე: რომ რუსეთს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც განსხვავებულად აზროვნებს და პოლიტიკურ გაუგებრობას ქმნის, თუმცა, ვიღაც ამას, ალბათ, მიიჩნევს რუსეთის ინტერესების გამომხატველ განცხადებად.

რაც შეეხება ოჯახისა და თანაცხოვრების ხსენებას, შესაძლოა, ლუკაშენკოს მართლმადიდებლური სივრცეც ჰქონდა მხედველობაში; შესაძლოა, სიმბოლურად ახსენა ოჯახი. უბრალოდ, საბჭოთა კავშირის გამოცდილება ამგვარ ნათქვამს უარყოფით კონტექსტს ანიჭებს…

„კვირის ქრონიკა“, 27 აპრილი, 2015 წელი

ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: ნატო, ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტი და ყირიმის საკითხი

ინტერვიუში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ჟურნალისტ ნინო სამხარაძესთან, საქართველოს საშინაო და საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს:

- თქვენ საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის გამო კოალიციის მიღმა აღმოჩნდით და დღესაც ეს პრობლემაა, ქართული ოცნებაკატეგორიულად გამორიცხავს თქვენთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას, ამ ფონზე როგორ აფასებთ გოგი თოფაძის სკანდალურ განცხადებას - არა ნატოს!..“, რომელმაც კოალიციაქართული ოცნების საგარეო კურსი ალასანიას შემდეგ კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ?

- გოგი თოფაძე თავის პოზიციას არასდროს მალავდა, მან თქვა ის, რასაც წლების განმავლობაში მუდამ ამბობდა. ჩემი „საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია“ არაფერ შუაშია, უკაცრავად და, ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან ჩემზე ნაკლები კონტაქტები აქვს?.. გარწმუნებთ, რომ გაცილებით განსხვავებული კონტაქტები აქვს და ისეთი, რომელიც მე რუსეთთან არასოდეს მქონია და არც მექნება… მე არც ადრე ვილტვოდი კოალიციაში, არანაირი სურვილი არ მქონდა მაგ ადამიანების გვერდით ყოფნის, კარგად ვიცი თითოეული მათგანის ფასი, ეს ადამიანები მე მინახავს ოპოზიციაში, ხელისუფლებაშიც, ვინ სად, როგორ დაძვრებოდა, ესეც კარგად ვიცი, ყველაფრის თქმის უფლებას ჩემს თავს არ ვაძლევ. ასე რომ, ჩემი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციით სპეკულაციის აღარავის სჯერა. შეგახსენებთ, ყველაზე „პროდასავლური“ ალასანია თავის დროზე ზურაბ ნოღაიდელს გაუერთიანდა, მან კოალიცია შექმნა ნოღაიდელთან, მართალია, სამი დღე იარსება, ეტყობა, ალასანიას ვიღაცამ თითი დაუქნია და მერე გადაიფიქრა, მაგრამ ეს ერთ-ერთი მაჩვენებელია პოლიტიკოსის გაჭვრეტის უნარისა. ნოღაიდელი პროდასავლურობის დროშა იყო, თუ როგორ არის ეს ამბავი?!.

- ოფიციალურ თბილისს ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო სტუმრობდა, მან განაცხადა, - მრცხვენია, რომ თბილისში პირველად ვიმყოფები, ერთხელ ვარ საქართველოში ნამყოფი, ისიც სოხუმშიო. ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. თქვენი აზრით, რას უკავშირდება მისი ვიზიტი თბილისში? ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მან ითამაშა შუამავლის როლი პუტინისა და მარგველაშვილის სავარაუდო შეხვედრის წინ?

- ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანი იყო ლუკაშენკოს ვიზიტიც. უბრალოდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის მესიჯები, რაც ლუკაშენკომ გაახმოვანა, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გაუგონიათ, ან ვერ მიხვდნენ, რაშია საქმე. ბელორუსის პრეზიდენტი ძალიან საინტერესო ფიგურა აღმოჩნდა, ადამიანი, რომელმაც, ერთი მხრივ, შეძლო ღრმა კოორდინირება და კავშირი რუსეთთან და მეორე მხრივ, ამ ადამიანმა შეინარჩუნა დამოუკიდებლობა.

ისიც დასაფასებელია, რომ ბელორუსის პრეზიდენტი ყოველთვის სწორ პოზიციას იკავებდა აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით და მისი პოზიცია ემთხვევა საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს… თქვენ მკითხეთ, ხომ არ შეიძლებოდა პუტინს ლუკაშენკო შუამავლად გამოეგზავნა? არა მგონია, თუმცა დარწმუნებული ვარ, თუკი ლუკაშენკო შესაბამის საფუძველს დაინახავდა, აუცილებლად შეეცდებოდა, ჩვენი ხელისუფლებისთვის პოზიტიური შეთავაზებები გაეკეთებინა ამ მიმართულებით.

- ქალბატონო ნინო, სალომე ზურაბიშვილი ძალიან აღშფოთებულია თქვენი განცხადებით, რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა. მისი თქმით, თუ ამ განცხადების რეალური ავტორი ნინო ბურჯანაძეა, ეს იმას ნიშნავს, რომ მან თავის პოლიტიკურ კარიერას მძიმე განაჩენი გამოუტანაო. რატომ დაინახა ოპონენტმა თქვენში კვლავ რუსეთის დამცველი მაშინ, როცა ამერიკელი დიპლომატი და გერმანელი პოლიტიკოსი თქვენი განცხადების პათოსს უერთდებიან და აცხადებენ, რომ დასავლეთი ყირიმის დასაბრუნებლად არ იბრძოლებსამერიკა მზად არ არის, იბრძოლოს ყირიმისთვის, როგორც არ იყვნენ მზად თავის დროზე ებრძოლათ პოლონეთისთვის, უნგრეთისა და ჩეხოსლოვაკიისთვის. ეს ისტორიული ფაქტია, უნდა ვიყოთ რეალისტები. ხანდახან მგონია, რომ ადამიანები ამერიკისგან უფრო მეტს ითხოვენ, - აცხადებს ამერიკელი დიპლომატი მაიკლ მაკფოლი.

_ თქვენ მიერ ჩამოთვლილი პოლიტიკოსების გარდა, სარკოზისა და ოლანდის განცხადებებიც ნამდვილად არ არის შორს იმ განცხადებებისგან, რაც მე გავაკეთე. მე არ მითქვამს, რომ ეს რეალობა, რაც დღეს ყირიმთან მიმართებაშია, მომწონს. არ გამიკეთებია ამის სამართლებრივი, მორალური თუ პოლიტიკური შეფასება, მე გავაკეთე მხოლოდ ფაქტის კონსტატირება. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, შემიძლია, ნებისმიერ ადამიანს კითხვა შევუბრუნო და ვკითხო, – დღეს ყირიმი უკრაინის ნაწილია, თუ რუსეთის? მე ვთვლი, რომ ყირიმი არასოდეს გახდება უკრაინის ნაწილი, ეს არის, უპირველეს ყოვლისა, დღევანდელი უკრაინელი პოლიტიკოსების დამსახურება. მათი აბსოლუტურად არასწორი ნაბიჯებისა და იმ პოლიტიკის ბრალი, რომელიც, ნებით თუ უნებლიეთ, გაატარა დასავლეთმა… თუ უკრაინელები სააკაშვილსა და მის მეგობრებს დაუჯერებენ ყველაფერში, შეიძლება სხვა ტერიტორიებიც დაკარგონ, ამის სერიოზული ნიშნები დონეცკში, ლუგანსკში და სხვა ადგილებშიც ჩანს. მე ვგულშემატკივრობ და გული მტკივა, ასე რომ დაიქცა ქვეყანა.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 27 აპრილი, 2015 წელი

ინტერვიუ ელენე ხოშტარიასთან: „უნდა გვესმოდეს, რომ საერთაშორსიო თანამეგობრობის გარეშე რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები საქართველოსთვის საფრთხეა

ინტერვიუში საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS – ის თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდებს:

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტი თბილისში ძალიან არაორდინალური გახლდათ. საქართველოს ბელორუსთან, როგორც ქვეყანასთან, არა აქვს საგარეო პოლიტიკაში თანხვედრა, ანუ იმაში, რაზეც სახელმწიფო ეწყობა. ბელორუსი პრობლემური სახელმწიფოა ევროპისთვის. აქედან გამომდინარე, თავად ლუკაშენკო ვერ იქნება სანდო პარტნიორი. ის არ გახლავთ პარტნიორი, რომელსაც შეიძლება მოელაპარაკო და ის მერე ბოლომდე შესრულდეს. ან, მან რაღაც გითხრას და ეს იყოს სწორედ ასე. მისი მესიჯებიც და საქციელიც არის დასაფიქრებელი. ამიტომ, როდესაც ბელორუსთან ურთიერთობაში შევდივართ, უნდა გვესმოდეს, რომ მასთან დაკავშირებული საკითხები საფრთხილო საკითხებია.

ბუნებრივია, იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ მისი სიახლოვე პუტინის რეჟიმთან საქართველოსთვის საკმაოდ საშიშია. ამასთანავე, უნდა გვესმოდეს, რომ ეს მისი ვიზიტის მეორე კონტექსტია, თავად მას მუდმივად ახასიათებდა გარკვეული თამაში დასავლეთსა და რუსეთს შორის. რა თქმა უნდა, ის უმეტესად ორიენტირებულია რუსეთზე, მაგრამ ბოლო პერიოდში გააკეთა განცხადებები, რომ შეიძლება რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში რაღაცებს გადახედოს.  იგი ცდილობს, მიიპყროს დასავლეთის ყურადღება არა იმიტომ, რომ შეიცვალა შეხედულებები დასავლეთზე და უნდა მისსავე ქვეყანას ორიენტაცია შეუცვალოს, არამედ იმიტომ, რომ ეს არის თამაში და ჰგონია, რომ ეს დაეხმარება ხელისუფლების შენარჩუნებაში. მისი, როგორც ნებისმიერი დიქტატორის მიზანი სწორედაც რომ ხელისუფლების შენარჩუნებაა. მან იცის, რომ ამ თამაშში საქართველოსთან გარკვეული ურთიერთობა, რევერანსი დასავლეთთან სალაპარაკოდაც დასჭირდება. ამ ვიზიტის ერთ-ერთი კონტექსტი ასეთიცაა.

ბუნებრივია, ყველაფერ ამის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია არ მოხდეს დასავლეთის მიერ მისი კიდევ უფრო იზოლაციაში მოქცევა. ჯერ ერთი, ბელარუსი რეგიონის უახლოესი ქვეყანაა, ამას აქვს გავლენა არაღაირების პოლიტიკაზე, არის რისკის ქვეყანა, რომელზეც რუსეთს შეუძლია ზეწოლა განახორციელოს და საბოლოო ჯამში აღიარებინოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობა”. ამიტომ, ასე რომ არ მოხდეს, ამას მინსკთან მუდმივი კონტაქტი უნდა. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ბელარუსისთვის ვიყოთ გარკვეული კარი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მინსკი დასავლეთთან მხოლოდ ფლირტს აპირებს.

რასაკვირველია, ალექსანდრ ლუკაშენკოს თავის მთავარ პარტნიორთან, პუტინთან თბილისში ვიზიტის წინ ექნებოდა კონსულტაციები, ამაში გასაკვირი არაფერია. გასაგებია ისიც, რომ იგი “ოჯახში”, სადაც მიგვიწვია, გულისხმობდა ევრაზიულ კავშირსა და რუსულ ორიენტაციას. მაგრამ, ეს ჩვენ ვიდრე ლუკაშენკო თბილისში ჩამოვიდოდა, წინასწარ ვიცოდით. წარმოუდგენელია, ლუკაშენკოსგან ვინმეს სხვა მოლოდინი ჰქონოდა. მაგრამ, მე მაინც მგონია, რომ მისი თბილისში ჩამოსვლა გარკვეულწილად დასავლეთთან ფლირტიც იყო.

რაც შეეხება გზავნილებს. ძალიან რთულია პუტინის და ლუკაშენკოს მსგავსი ტიპის პოლიტიკოსების გზავნილების მიხედვით გარკვეული ანალიზის გაკეთება. ორივე პოლიტიკოსი გახლავთ საკმაოდ დახურული, არატრანსფარენტული და ამიტომაც არასანდო. მათი მესიჯები შეიძლება ერთ დღეს ერთი ხასიათის იყოს, ხოლო მეორე დღეს – სულ სხვა შინაარსის. ალ.ლუკაშენკომ ისაუბრა “ერთიან ოჯახზე”, მაგრამ ამას ქართულ პოლიტიკაზე არანაირი გავლენა არ ექნება. ვფიქრობ, ჩვენს ხელისუფლებას უნდა გამოეყენებინა ლუკაშენკოს ვიზიტი იმისთვის, რომ სწორედ ამის დაუშვებლობისთვის გაესვა ხაზი. ასევე გაესვა ხაზი იმისათვის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ თავად ბელარუსისთვის. ჩემი აზრით, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, მოსკოვიდან ვინ რა მესიჯებს ჩამოიტანს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ საქართველო ბელარუსისთვის დასავლეთთან ურთიერთობაში ფანჯარა იყოს.

რაც შეეხება რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის მზადების შესახებ ინფორმაციას, ამ თემაზე სპეკულაციები კეთდება და ვხედავთ, რომ ეს თემა მუსირებს. თუმცა, ძალიან ინტენსიურად არა. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ითქვა, რომ ამის მზაობა არ არის და ეს სწორია. ამის თქმა უფრო მკაფიოდაც შეიძლებოდა, ვინაიდან აბსურდია ამ თემებზე საუბარი, ვიდრე რუსეთი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მკაფიო ნაბიჯებს არ გადადგამს. ზოგადად, ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში მუდმივად საფრთხის შემცველი სიურპრიზების მოლოდინის რეჟიმში ვცხოვრობთ. შესაძლოა, მოვლენები ამ მიმართულებით განვითარდეს, მაგრამ არ ვიცით, მოსკოვი რა სიურპრიზს გვიმზადებს, შესაბამისად, ამ თემაზე მარჩიელობა არ ღირს.

(…)

ჯერ ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ვისი გზავნილი ჩამოიტანა ლუკაშენკომ თბილისში, ჯერ არც ის ვიცით, მან მარგველაშვილს პუტინისგან გზავნილი ჩამოუტანა თუ არა. ამიტომ, ძალიან კონსპიროლოგია რომ არ გამოგვივიდეს, აჯობებს, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ამ თემაზე შემდეგ ვიმსჯელოთ. არა მგონია, რომ პუტინს განსაკუთრებით აინტერესებდეს მარგველაშვილის პერსონა. ერთადერთი, რაც შეიძლება პუტინს აინტერესებდეს, საქართველოში გარკვეული ქაოსის შექმნაა, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მის მიერ ამ ტიპის ნაბიჯების გადადგმას და შეეცადოს ამგვარი ვითარების გამოყენებას. მაგრამ ამ ეტაპზე პუტინ-მარგველაშვილის სავარაუდო შეხვედარზე საუბარი ძალიან დიდი სპეკულაცია იქნებოდა.

(…)

ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რუსეთთან დასავლეთის დამოკიდებულების ფორმირებაში ჩვენ არ ვართ პასიურები და მხოლოდ ველოდებით, თუ რაზე ჩამოყალიბდება დასავლეთი. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენც ვიყოთ ერთ-ერთი ხმა, რომელიც გავლენას მოახდენს მათი პოზიციის ჩამოყალიბებაში. ამისათვის ჩვენ ძალიან ბევრი საშუალება გვაქვს. დღეს არსებობს უამრავი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ აქტიურობის საშუალებას გვაძლევს. ესენი გახლავთ უმაღლეს დონეზე შეხვედრები, ინსტიტუცუიურად გაფორმებული შესაძლებლობები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, რომ ამ დისკუსიაში არა მარტო მივიღოთ მონაწილეობა, არამედ ამ პროცესში ჩვენი წვლილიც შევიტანოთ.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, ჩვენ სამწუხაროდ, რუსეთთან ურთიერთობებისთვის ჩამოყალიბების დიდი არჩევანი არა გვაქვს. რუსეთთან ურთიერთობაში მუდმივად თავდაცვით რეჟიმში ვართ. ვერ განვსაზღვრავთ, თუ როგორი ურთიერთობა შეიძლება მასთან გვქონდეს. თავის დროზე, სააკაშვილის დროსაც კი, უკვე ომის შემდგომ დაიწყო პერიოდი, როცა ჩვენ რუსეთთან ცალმხრივად გავხსენით უვიზო რეჟიმი, ვთქვით, რომ არ გვეშინია რუსული ბიზნესის შემოსვლის, ოღონდ ტანკით არა, მაგრამ ვისაც სურვილი აქვს, ნებისმიერს შეუძლია ჩამოვიდეს. ამგვარი მიდგომა მე თავისთავად სწორი მიდგომა მგონია. მაშინ ხელისუფლებას უნდოდა რუსეთთან მიმართებაში ყოფილიყო აბსოლუტურად კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული. ეს ზოგადად კარგი იყო, თუნდაც რუსულ საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ვინაიდან თავად რუსეთში უნდა მოხდეს რაღაცა ტიპის ცვლილება, ვინაიდან ეს ქვეყანა სხვანაირად ვერ შეიცვლება.

ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ საერთაშორისო სამართლის პრინციპების 100%-იანად ერთგულები და ვერავინ ვერ უნდა შეიტანოს ეჭვი, რომ ჩვენ ამ საკითხში მოვიკოჭლებთ. არ უნდა შევქმნათ ხელოვნური პრობლემები რუსეთთან. სადაც შეგვიძლია ვიყოთ გახსნილები,  რიტორიკაში არ ვიყოთ აგრესიულები, თუმცა, მეორე მხრივ უნდა გვესმოდეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის გარეშე რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები, საქართველოსთვის საფრთხეა. ამიტომ, რუსეთთან ურთიერთობაში აქცენტი უნდა გაკეთდეს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში დასავლეთის ჩართულობაზე.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 27 აპრილი, 2015 წელი

ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან: “გალში თავისუფლად სუნთქვა დღეს უფრო შეიძლება, ვიდრე ადრე”

ეკატერინე ბასილაია

(შემოკლებით)

“მე გალში ცოცხალ, კონკრეტულ ადამიანებთან მაქვს კონტაქტი და როგორც წესი, უმრავლესობა აღიარებს, რომ თავისუფლად სუნთქვა დღეს უფრო შეიძლება, ვიდრე ადრე…” – აცხადებს “მთელ კვირასთან” ინტერვიუში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. მისივე თქმით, მაგალითად, გალში ქართული ენის რუსულით ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის და ინფორმაცია ამის შესახებ დამახინჯებულად ვრცელდება. “ქართული ენა რჩება და ქართულთან ერთად რუსული ენა შემოაქვთ, ასეა სწორი ინფორმაცია… თუკი ადამიანს ორი ენა ეცოდინება, ამაში უარესი რა არის?! ჩვენ სხვადასხვა რეგიონში გვაქვს ბილინგვური სწავლება, როდესაც ადამიანს ორ ენაზე ასწავლიან. სიტყვაზე, ინგლისური რომ შეიტანონ, უარესი იქნება? ჩვენ სკოლაში რომ ვასწავლით ქართულთან ერთად ინგლისურს და ფრანგულს, კარგია თუ ცუდი?! ანუ, ადამიანმა ორი ან სამი ენა რომ იცის, ხომ კარგია?!” – დასძენს ზაქარეიშვილი.

რამდენიმე დღის წინ გაერო-ს წარმომადგენლობა სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდა, სადაც 2012 წელს შეწყვეტილი ე.წ. ჭუბურხინჯის შეხვედრების აღდგენის შესაძლებლობაზე ისაუბრეს.  როგორც პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, ადრე ამ თემაზე მოლაპარაკება გაჩერებული იყო, ახლა კი მოლაპარაკება მიდის. “ეს არ არის იმის გარანტია, რომ ის კონკრეტული შედეგით დასრულდეს. თუმცა, ამ წუთში მოლაპარაკების, შეთანხმების, დეტალების დაზუსტების პროცესი მიმდინარეობს”, – აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

(…)

- რამდენად მნიშვნელოვანია ე.წ. ჭუბურხინჯის ფორმატის აღდგენა? რამდენად სასარგებლო იყო და აღდგენის შემთხვევაში რამდენად სასარგებლო იქნება?

- სასარგებლო იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში ადგილზე წყდება ბევრი საკითხი. მოგეხსენებათ, გალში თუ ერგნეთში პოლიტიკური საკითხები არ განიხილება. განიხილება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისა და გამყოფი ხაზის გასწვრივ არსებული პრობლემები. ეს შეიძლება ყოფითი საკითხები იყოს, გამორიცხული არ არის კრიმინალური საკითხებიც – ვიღაცას ძროხა დაეკარგა, ვიღაც ადამიანი დაკავებულია და ასე შემდეგ. უამრავი, ყველდღიური საკითხები, რაც ადგილზე საკითხის გადაწყვეტას მოითხოვს ყოველგვარი ცენტრიდან თუ გარკვეული მაღალ დონიდან ჩარევის გარეშე.

ამ ტიპის შეხვედრები ტარდება, მაგალითად, ერგნეთში და ჩვენ ვხედავთ, რომ სირთულეების მიუხედავად, ბევრი საკითხი გვარდება. თუმცა, უფრო მეტი ვერ გვარდება, მაგრამ საუბარი მიმდინარეობს. მუშაობის საშუალება გვეძლევა. ამიტომ ასეთი ფორმატი აუცილებელია.

- ამ ორი წლის განმავლობაში, რაც ჭუბურხინჯის ფორმატი ჩაშლილია, აფხაზეთთან ყოფითი პრობლემები ვერ გვარდებოდა?

- როგორ ვერ გვარდებოდა – გვარდებოდა, მაგრამ ტელეფონებით, კონკრეტულ თემებზე კონკრეტული შეხვედრებით. ასეთ პირობებში დრო ძალიან იწელება. იმ საკითხს, რომელიც შეიძლება ერთ კვირაში გადაწყდეს, ერთი თვე ვუნდებით.

(…)

ნამდვილად დადებითი ნიშანია ის, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება დღეს ცდილობს გალელები მიიღოს, მათი მოქალაქეობის მიუხედავად. ჩვენთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გალის რაიონი იყოს მშვიდობის რეგიონი, ურთიერთობების გარკვეულწილად მომწესრიგებელი და რომ გალელებს მოქალაქეობის გამო არ ექმნებოდეთ პრობლემები. მოქალაქეობა არ უნდა იყოს ადამიანების უფლებების დარღვევის მიზეზი. ამ მხრივ ნამდვილად სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. მიმაჩნია, რომ მისასალმებელია ასეთი დამოკიდებულება და გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეებს გარკვეულწილად უკვე ანგარიშს უწევენ.

(…)

პრობლემები არის, საერთო ფონი საკმაოდ მძიმეა, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა იმაზე მძიმე არ არის, ვიდრე წინათ იყო. ვერ ვიტყვი, რომ ბოლო 6-7 თვის განმავლობაში იქ მდგომარეობა არსებითად გაუარესდა, ამის თქმის უფლებას თავს არ მივცემ.

ექსპერტებში თქვენ ვის გულისხმობთ, არ ვიცი, მაგრამ მათი განცხადებები ანონიმურ ადამიანებს ეყრდნობა. მე გალში კონკრეტულ ადამიანებთან მაქვს მუდმივი კონტაქტი და როგორც წესი, უმრავლესობა აღიარებს, რომ დღეს სუნთქვა უფრო შეიძლება, ვიდრე ადრე. თუმცა, ვითარება, რა თქმა უნდა, სერიოზულად რთულია.

გალელების მხრიდან ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობა ჩემი შეშფოთების საგანი არ არის. ჩემი შეშფოთების საგანია გალელების იქ ღირსეული ცხოვრება, სწავლის ხელმისაწვდომობა, გადაადგილების უფლება, საკუთრების განკარგვა.

(…)

გალში 11 ე.წ. ქართული სკოლაა, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს. სიახლე ეხება ბილინგვურ სწავლებას. ანუ, ქართულ სკოლებში ქართულ ენასთან ერთად რუსული ენის სწავლების დაწყებას. ქართული ენის რუსულით ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის. თუ ვეყრდნობით იმას, თუ რას ამბობენ და აპირებენ, ამბობენ და აპირებენ სწორედ ამას – ქართულთან ერთად რუსული ენის სწავლებასაც.

რასაც და როგორც აპირებენ, ზოგადად სულაც არ არის მისასალმებელი, მაგრამ ისე არ არის, როგორც თქვენ წარმოაჩენთ ვითარებას. ანუ, გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, ქართული ენა რჩება და ქართულთან ერთად რუსული ენა შემოაქვთ, ასეა განცხადებული დე ფაქტო ხელისუფლების მიერ.

თუკი ადამიანს ორი ენა ეცოდინება, ამაში უარესი რა არის?! ჩვენ სხვადასხვა რეგიონში გვაქვს ბილინგვური სწავლება, როდესაც ადამიანს ორ ენაზე ასწავლიან. სიტყვაზე, ინგლისური რომ შეიტანონ, უარესი იქნება? ჩვენ სკოლაში რომ ვასწავლით ქართულთან ერთად ინგლისურს და ფრანგულს, კარგია თუ ცუდი?! ანუ, ადამიანმა ორი ან სამი ენა იცის, ხომ კარგია?!

მე ვამბობ, ამას აპირებენ, მათი განცხადებით. ზოგადად, ენის პოლიტიკის შეცვლა ერთი და ორი წლის საქმე არაა. მაშინ, როცა გარშემო მხოლოდ ქართული ენაა და ქართული სახელმწიფოა, ხოლო რუსული ენის სპეციალისტები და რუსული კულტურა საკმაოდ შორსაა, პანიკასა და ისტერიკას თავი უნდა დავენებოთ და მშვიდად გავნაგრძოთ იმ საქმის კეთება, რაც აფხაზი და ქართველი ხალხის ინტერესებშია.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 27 აპრილი, 2015 წელი

რატომ მარცხდება პროკურატურასაგარეო ფრონტზე

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

საქართველოს მთავარმა საგამოძიებო უწყებამ საგარეო ფრონტზე კიდევ ერთი მარცხი განიცადა – საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ ქართულ მხარეს დათა ახალაიას ექსტრადიციაზე უარი უთხრა. ბადაშვილის უწყებამ უარის თქმის მიზეზი ჯერჯერობით არ იცის. იურისტები კი საგარეო ფრონტზე ქართული მხარის მარცხს ორი მიზეზით ხსნიან. “ანტიკორუფციული პალატის” თავმჯდომარე პაატა შავაძე ამბობს, რომ პროკურატურაში ჯერ ისევ ძველი კადრები მუშაობენ, რომლებიც ხელს უშლიან გამოძიების მიმდინარეობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი გია მეფარიშვილი კი “ოცნებას” დიპლომატიას უწუნებს და მასში კორექტირების შეტანას ურჩევს.

„ვფიქრობ, რომ პროკურატურის ზედიზედ ამდენ მარცხს მიზეზების მთელი კომპლექსი აქვს. პირველი, ეს არის საგარეო პოლიტიკური დამოკიდებულკება, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების მიმართ სახარბიელო არ არის. ძალიან სერიოზული პრობლემებია დასავლეთთან ურთიერთობებში. ისეთი გადაწყვეტილებებია საერთაშორისო დონეზე მიღებული, რომ ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა საქმიანობაში ძალიან სერიოზული კორექტივები უნდა შეიტანოს“, – ამბობს გია მეფარიშვილი

„ახალი თაობა“, 27 აპრილი, 2015 წელი

ინტერვიუ დავით თარხან-მოურავთან: საქართველოს ხელისუფლებას ასოცირების შეთანხმების გაფორმების დროს ევროკავშირისაგან რეფორმების განხორციელებისათვის სოლიდური თანხის გამოყოფა უნდა მოეთხოვა“

ინტერვიუში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი დავით თარხან-მოურავი  ჟურნალისტ მარიამ მჭედლიშვილთან საქართველოს საშინაო და საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდებს:

„ახლოვდება ნატოს სამიტი. როგორც ყოველთვის, ამ სამიტზე ჩვენ არსად არავინ მიგვიღებს. როგორც ყოველთვის ამ სამიტსაც წინ უძღვის სპეკულაციები, რომელიც ჩვენს მიერ საპროტესტოი აქციებისაგან თავის შეკავებას უკავშირდება. ბოლო დროს ამას დაემატა მოწოდება – „ნაცმოძრაობაზე“ და სააკაშვილზე ცუდს ნუ იტყვით, თორემ ნატოში არ მიგვიუღებენო“. მიტინგების ჩატარებაში პაუზის გამოცხადებას ნატოში მიღებასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – აცხადებს დავით თარხან მოურავი.

იგი ხელისუფლებას სხვა კუთხითაც აკრიტიკებს: ესაა საქართველოს ინტერესების დაუცველობა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებში სრული უმოქმედობა. იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა ასოცირების შეთანხმების გაფორმების წინ ევროკავშირს რეფორმების განხორციელებისათვის სოლიდური თანხის გამოყოფა არ მოსთხოვა:

„მაშინაც ვამბობდი, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა მოეთხოვა წელიწადში ორმილიარდიანი დოტაცია, ანუ საჩუქარი. ხუთ წელიწადში ეს იქნებოდა 10 მილიარდი. მაშინ ამ ფულის გადამხდელი იყო ევროკავშირი, ხელისუფლებამ კი ამაზე უარი თქვა. ახლა იმ ასოცირების შეთანხმებით უამრავი ვალდებულება გვქვს აღებული, რომელიც ჩვენი ფულით უნდა შევასრულოთ, ამ დროს კი ნახევარი მოსახლეობა მშიერი გვყავს“.

Comments are closed