globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 27 აპრილი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Apr 27th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: “რეზონანსის” განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის ბრალდებების საპასუხოდ

რეზონანსი: „ნაციონალების” ლობისტებმა ბრიუსელში ვიზების პროცესის გაჯანჯლება ამჯერად ვერ შეძლეს

რეზონანსი: ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან: „უვიზო რეჟიმი აფხაზებს და ოსებს ქართული პასპორტების აღების სტიმულს გაუჩენს“

————

“ალია”: რისთვის დაიბარეს აშშ-ში პრემიერი კვირიკაშვილი?

“ალია”: ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „ხალხი უკვე ისე გაცეცხლებულია ივანიშვილის მიმართ, როგორც 2012 წლის ზაფხულში, როცა ხალხი ასევე გაცეცხლებული იყო სააკაშვილის მიმართ“

————

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან მურუსიძესთან: „არავის არაფერს ვემუქრები… ხომ არ შეიძლება, სულ მურუსიძე იყოს დამნაშავე?!“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „არც არჩევნების გაყალბებას დავუშვებთ და არც აფხაზეთში რკინიგზის აღდგენას“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „20 მაისიდან წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადება გამოსავალი იქნება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ კარლო კოპალიანთან: გამოუშვებენ თუ არა ციხიდან მერაბიშვილს და უგულავას? „ჩვენს გია ვოლსკის უნდა ვუთხრათ, რომ ევროპელი ვოლსკი გააჩეროს“

————

„საერთო გაზეთი“: პოლიტიკური ჭადრაკი და ბიძინა ივანიშვილი

„საერთო გაზეთი“: ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „დაპირისპირებას გამოვრიცხავ, ეს არჩევნები მშვიდად ჩაივლის!“

„საერთო გაზეთი“: ინტერვიუ გელა ხუციშვილთან: საქართველოს საზღვრების ბნელი, ანუ კრიმინალური ხვრელები

„საერთო გაზეთი“: რატომ გახდა საქართველოში ოპოზიციონერობა ფულის შოვნის საშუალება

„საერთო გაზეთი“: „ჩინგიზ ხანი“ პოლიტიკაში მოდის

———————

რეზონანსი, 27 აპრილი, 2016 წელი

რეზონანსისგანცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის ბრალდებების საპასუხოდ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე “რეზონანსს” და მის ყოველკვირეულ დამატება “მთელ კვირას” საკმაოდ მძიმე ბრალდებას უყენებს, ბოდიშის მოხდას ითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთობის გაწყვეტით იმუქრება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აზრით, ამ მუქარის ასრულება მაინცდამაინც დიდად არ დააზარალებს არც გაზეთს და არც მის მკითხველს, მაინც ჩავთვალეთ საჭიროდ ამ საკითხზე განმარტების გაკეთება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის პრეტენზია უკავშირდება მასთან ჩაწერილ ინტერვიუს, რომელიც “რეზონანსის” ყოველკვირეულ დამატება “მთელი კვირას” 18 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა სათაურით – “ოცნების” სიას სამი კაცი ადგენს”. მისი აზრით, ეს ინტერვიუ არის იმის მაგალითი, რომ მედია “წერს ყველაფერს, ხშირად ცილისმწამებლურ, დაუზუსტებელ, გადაუმოწმებელ და, სამწუხაროდ, საკუთარი ინტერპრეტაციით ისეთ სტატიებს თუ ინტერვიუებს, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. მათ არც კანონი და არც მორალი ზღუდავთ.” შემდეგ ბრალდებები ასე გრძელდება: “რეზონანსი” არღვევს ჟურნალისტურ სტანდარტებს, შეცდომაში შეჰყავს მკითხველი, მიმართავს არაეთიკურ გზებს და აყენებს შეურაცხყოფას როგორც მოსახლეობას, ასევე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს”.შემდეგ გამოთქმულია მოსაზრება, რომ “რეზონანსი” ამას მიზანმიმართულად აკეთებს და რომ ჩვენ გვსურს შევქმნათ “უარყოფითი განწყობა პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მიმართ”. და ბოლოს, ბოდიშის მოხდის მოთხოვნისა და ურთიერთობის გაწყვეტის მუქარის შემდეგ დასკვნის სახით წერია, რომ “რეზონანსი” “ჩაეწერა იმ გამოცემების ნუსხაში, რომლებიც პატივს არ სცემენ საკუთარ მკითხველებს, მოქალაქეებს, რადგან არ იცავენ ყველაზე მთავარ ჟურნალისტურ სტანდარტს – მიაწოდოს მოსახლეობას სიმართლე”.

ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, ქალბატონი ვიცე-სპიკერის ავტორობით მის “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ეს განცხადება პირადად მანანა კობახიძის მომზადებულია, თუ მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის. თუმცა მივიჩნევთ, რომ იგი წარმოადგენს “რეზონანსის” რეპუტაციის შელახვის პირდაპირ მცდელობას, თანაც საკმაოდ შეურაცხმყოფელი ფორმით, რასაც რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ.

ყველა ზემოთ მოყვანილი ბრალდების საფუძველი ხსნებულ განცხადებაში ორიოდე წინადადებითაა გადმოცემული: “ინტერვიუ, რომელიც გაზეთ “მთელი კვირისთვის” მომზადდა, გამოიცა არათუ დამახინჯებული, არამედ არასწორი ინტერპრეტაციით და მოგონილი სათაურით. გამოტანილია ფრაზა, რომელიც მე არ მეკუთვნის. მკითხველს უტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თითქოს სათაური – “ოცნების” სიას სამი კაცი ადგენს – ჩემი ნათქვამია”.

დავიწყოთ სათაურით. სათაური არ არის ჩასმული ბრჭყალებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ წარმოადგენს ციტატას. უშუალოდ ინტერვიუში რესპონდენტი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის შედგენაში ჩართული არიან: პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. თუ დავთვლით, გამოდის სამი ადამიანი. შესაბამისად, ინფორმაცია, რომელიც სათაურშია მოცემული, არ ეწინააღმდეგება ინტერვიუსას რესპონდენტის მიერ ნათქვამის შინაარსს და კონტექსტს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, აქვს თუ არა კიდევ რამე სხვა პრეტენზია ქ-ნ ვიცე-სპიკერს – გამოქვეყნებული ინტერვიუს რომელიმე სხვა ნაწილსაც ხომ არ მიიჩნევს “დამახინჯებულად” ან “არასწორად ინტერპრეტირებულად” – ის თავის საჯარო განცხადებაში სათაურის გარდა ინტერვიუს სხვა რომელიმე დეტალს არ ახსენებს, თუმცა ამტკიცებს, რომ მისი სიტყვები „დამახინჯებული” და “არასწორად ინტერპრეტირებული“ იყო.

ინტერვიუს ბეჭდური ვერსიისა და შესაბამისი აუდიო-ჩანაწერის მრავალგზის შედარების შედეგად მათ შორის შინაარსობრივი წინააღმდეგობა არ იქნა გამოვლენილი, რაშიც დაინტერესებული მკითხველი მალე თავად დარწმუნდება, თუკი ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდს ეწვევა, სადაც უახლოეს მომავალში ინტერვიუს აუდიო-ჩანაწერი აიტვირთება. დაურედაქტირებელი ონლაინ-ვერსია კი ხელმისაწვდომია საიტზე (…)

ჩვენი აზრით, გაზეთში გამოქვეყნებული ეს ინტერვიუ ვერანაირად ვერ იქნება იმ მძიმე ბრალდებებისა და არაადეკვატური მოთხოვნის საფუძველი, რომელსაც ქალბატონი ვიცე-სპიკერი “რეზონანსსა” და მის ყოველკვირეულ დამატება “მთელ კვირას” უყენებს. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, თუ რა გახდა ქ-ნი ვიცე-სპიკერის გადამეტებული ბრაზის მიზეზი.

შესაძლოა, მოახლოებული წინასაარჩევნი ციებ-ცხელება და საარჩევნო სიის ფორმირების პროცესი, რომელსაც თან ახლავს გარკვეული დაძაბულობა, ზოგიერთ პოლიტიკოსს წაკითხულიდან შინაარსის სწორად გამოტანისა და ზოგადად რეალობის სწორად აღქმის უნარს უზღუდავს, ან შესაძლებელია ე.წ. შეწყალების სკანდალის შემდეგ ვიცე-სპიკერს სხვისი რეპუტაციის შელახვის მცდელობა საკუთარი შელახული რეპუტაციის აღდგენის ერთ-ერთ საშუალებად მიაჩნია. ასევე მიგვაჩნია, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირის მიერ უსამართლო და უხეში თავდასხმა დამოუკიდებელ მედიაზე იმ პოლიტიკურ ძალას აზიანებს, რომელსაც ის წარმოადგენს.

გაზეთრეზონანსისრედაქცია

რეზონანსი, 27 აპრილი, 2016 წელი

ნაციონალებისლობისტებმა ბრიუსელში ვიზების პროცესის გაჯანჯლება ამჯერად ვერ შეძლეს

ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)

ბრიუსელში გამართულმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ, მიიღო განცხადება და შეიმუშავა რეკომენდაციები, მაგრამ მძაფრი დაპირისპირების თემა გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხი .

“ევროპის სახალხო პარტიის” წარმომადგენლები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ დოკუმენტში ვიზალიბერალიზაციის დაჩქარებულად განხილვის რეკომენდაციას. მათი მცდელობა ამჯერად წარუმატებელი იყო. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიულ სტანდარტებს, მე ვგულისხმობ პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებას, თავისუფალი ტელეკომპანია “რუსთავი 2″-სა და საკონსტუტიციო სასამართლოზე ზეწოლის შეწყვეტას. ეს უნდა განხორციელდეს საშემოდგომო არჩევნებამდე. მანამდე ჩვენ ვიქნებით ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგნი. ეს არის “ევროპის სახალხო პარტიის” ცალსახა პოზიცია,” – განაცხადა ასოცირების კომიტეტის დამთავრებისას “სახალხო პარტიის” ფრაქციის წევრმა, დეპუტატმა პოლონეთიდან იაცეკ საირუშ-ვოლსკიმ.

პოლონელი ევროდეპუტატის პოზიცია ამჯერად კომიტეტის არა მარტო ქართველმა, არამედ ევროპარლამენტარმა წევრებმაც არ გაიზიარეს და ევროკავშირის საბჭოსა (რომელიც წევრი ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებისგან შედგება) და ევროპარლამენტს მიმართეს რეკომენდაციით ვიზალიბერალიზაციის პროცედურების საზაფხულო შესვენებამდე დასრულების შესახებ.

თუმცა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის გადადების საქმეში არც თვით “სახალხო პარტიაშია” ერთობა. სახალხო პარტიის ფრაქციის სხვა წევრმა ჩეხეთიდან, იოამირ შტეტინამ “რეზონანსს” განუცხადა, რომ უვიზო რეჟიმის შემოღება არ უნდა იყოს დაკავშირებული საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შედეგებთან. მისი აზრით, ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხია.

“ვიზალიბერალიზაცია, პირველ რიგში, შეეხება საქართველოს მოქალაქეებს და არა პრემიერ-მინიტრს ან მთავრობის სხვა წევრებს. ვიზალიბერალიზაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევიდეს ძალაში,” – აცხადებს ჩეხი ევროპარლამენტარი.

“მე მესმის ჩემი კოლეგის (იაცეკ საირუშ ვოლსკის) პოზიცია, მაგრამ არ შეიძლება ვიზალიბერალიზაციის იარაღად გამოყენება. მეორე მხრივ, საჭიროა პრესინგი საქართველოს მთავრობაზე, მითითება, რომ არ შეიძლება შერჩევითი სამართალი, წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპატიმრება. ჩვენ განვაგრძობთ საპატიმროში მყოფი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების განთავისუფლების მოთხოვნას, ევროპელებისათვის ასეთი ანგარიშსწორება მიუღებელია,” – მიაჩნია იოამირ შტეტინას.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი არ არის მხოლოდ საირუშ-ვოლსკისა და “სახალხო პარტიის” გადასაწყვეტი, მით უმეტეს, რომ თვითონ მათ პარტიაში ძალიან ბევრი პარლამენტარი მხარს უჭერს პროცესის დაჩქარებას.

“საბოლოოდ, კომიტეტში კენწრისყრის შედეგად, ჩვენი კოლეგების უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა შესწორებას და ევროკავშირის საბჭოს და იგივე პარლამენტს მიეცა ჩვენი კომიტეტიდან რეკომენდაცია, რომ ზაფხულის შესვენებადმე დასრულდეს ეს პროცედურები. ისივე როგორც წინა რეკომენდაციებმა იმუშავა და შეიტანა თავისი წვლილი პროცესების დაჩქარებაში, დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი რეკომენდაციაც პოზიტიურ წვლის შეიტანს ვიზა- ლიბერალიზაციის პროცედურების სწრაფად დასრულებაში,” – განუცხადა “რეზონანსს” ზვიად კვაჭანტირაძემ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე თვლის, რომ საირუშ-ვოლსკის პოზიცია მიუღებელია.

“ვიზალიბერალიზაციის არჩევნებთან დაკავშირება აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ გვქონდა წინასწარ განსაზღვრული პირობები, რომლებიც უნდა შესრულებულიყო, რაიმე ახალი პირობა ევროსტრუქტურებს არ წამოუყენებიათ. ახლა ახალი პირობის დაყენება არის მიუღებელი, რადგან მაშინ პროცესი შეიძლება გაიწელოს დაუსრულებლად,” – აცხადებს დეპუტატი.

“ევროპარლამენტში პოლიტიკური ძალა, სოციალ-დემოკრატები, მწვანეები, კონსერვატორები ცალსახად მხარს უჭერენ ვიზალიბერალიზაცისათვის საჭირო პროცედურების უმოკლეს დროში დამთავრებას, მხოლოდ “სახალხო პარტიის” ერთი ნაწილი, რომელიც ძალიან კარგ ურთიერთობაშია “ნაციონალურ მოძრაობასთან”, ახმოვანებს რა მათ მოთხოვნებს, წინააღმდეგია და ცდილობს პროცესის მაქსიმალურად გაწელვას,” – დარწმუნებულია გუგული მაღრაძე.

რაც შეეხება ასოცირების კომიტეტის განცხადებასა და რეკომენდაციებს, გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ ევროპული სტრუქტურები აფასებენ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მან გასწია იმისათვის, რომ შეესრულებინა ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა.

“ახლად მიღებული კანონები ჩენს ხელისუფლებას ახალ და ახალ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის ფინანსურადაც. თუ “ნაციონალური მოძრაობა” აცხადებდა, რომ სურდა ევროპასთან დაახლოება, მაგრამ არ იღებდა ისეთ კანონებს, რომელიც მას ტვირთად დააწვებოდა, მათგან განსხვავებით ჩვენ ვიღებთ ყველა საჭირო კანონსა და რეგულაციებს,” – განაცხადა პარლამენტარმა.

რეზონანსი, 27 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან: „უვიზო რეჟიმი აფხაზებს და ოსებს ქართული პასპორტების აღების სტიმულს გაუჩენს

თაკო მათეშვილი

“ქართულ პასპორტს ბევრი აიღებს, თუმცა რუსეთისა და მის მიერ დასმული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისაგან იმ ხალხის მიმართ, ვინც ქართული პასპორტის აღებას გადაწყვეტს, ძალიან დიდი დევნა და შევიწროება იქნება,” – ამბობს პოლიტოლოგი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი. მაგალითად კი მოლდოვა მოჰყავს და დასძენს, რომ უვიზო რეჟიმმა დნესტრისპირეთის სეპარატისტულად განწყობილ მოსახლეობასაც მოლდავური პასპორტი მასობრივად ააღებინა. კახა გოგოლაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი ივლისამდე დასრულდება და სექტემბრიდან უკვე ძალაში შევა.

კახა გოგოლაშვილი: ევროპარლამენტის კომიტეტის გადაწყვეტილებაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. იქ, პრინციპში, სრული თანხმობა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმის უფლება მიენიჭოს. ევროპარლამენტის დელეგაცია ორი კვირით ადრეც იყო ჩამოსული და ამასთან დაკავშირებით მათი აზრი სამოქალაქო საზოგადოებამ იცოდა.

- რა პროცესი გველის ახლა წინ?

- პროცესს რაც შეეხება, იგი მარტივი არაა. მას შემდეგ, რაც კომიტეტმა ამ გადაწყვეტილებას მწვანე შუქი აუნთო, ევროპარლამენტმა საკითხი პლენარულ სესიაზე უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება პირველი წაკითხვით მიიღოს. ამის შემდეგ ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ, ევროპის ქვეყნების შს მინისტრების სახით, საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, საქართველოს უვიზო მიმოსვლა მიანიჭოს თუ არა. ამის შემდეგ საკითხი ისევ ევროპარლამენტს დაუბრუნდება და საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იგი უკვე საბოლოოდ დაამტკიცებს. პროცედურა ასეთია და კარგი იქნება, თუ ეს ყველაფერი ივლისამდე მოესწრება, რადგან 10 ივლისიდან ევროპარლამენტი ისვენებს. განრიგში ჩანს, რომ ბოლო პლენარული სესია ივლისის დასაწყისში ტარდება. შემდეგ უკვე იგი სექტემბრამდე აღარ შეიკრიბება. ამიტომ კარგი იქნება, თუ ივლისამდე მთლიანად მოესწრება, რათა სექტემბრიდან ან მაქსიმუმ ოქტომბრიდან უკვე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს და რეალურად ამოქმედდეს.

- ანუ, მოსაზრება, რომ ეს პროცესი შეიძლება არჩევნებამდე გაიწელოს და საბოლოოდ არჩევნების დამოკრატიულობის ხარისხი და შედეგი გადაწყვეტს, საფუძველს მოკლებულია?

- ამაზე საუბარი იყო, თუმცა ევროპარლამენტის წევრებს არ გამოუთქვამთ აზრი, რომ არჩევნებამდე გაჩერდებიან, ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე ბატონი დოლის გარდა, რომელმაც შემდგომში ეს უარყო და თქვა, რომ ისიც საკითხის დროულად განხილვის მომხრეა. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით შეფერხება არ უნდა გვქონდეს და არჩევნებს არავინ დაელოდება. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში მოვლენები ძალიან უარყოფითად არ განვითარდა. მე პირადად “რუსთავი 2″-ის საკითხის ისევ გააქტიურება მაწუხებს. თუ ამას ცუდი რეზონანსი მოჰყვა, შეიძლება პროცესი შეფერხდეს. იმედი მაქვს, ასე არ მოხდება და გადაწყვეტილებას ზაფხულში მიიღებენ.

- ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ ევროინტეგრაციის შანსიც გაიზრდება?

- დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც მათ ვიზალიბერალიზაცია მიიღეს, ევროინტეგრაციის მხარდაჭერა გაძლიერდა. ზოგიერთი ქვეყანა უკვე კანდიდატიც კია ევროკავშირში გაწევრიანების. ამ გზაზე ძალიან აქტიურად საქმიანობენ. მოლდოვას რაც შეეხება, იქ სულ სხვა პროცესები განვითარდა და ამან გარკვეული ევროსკეპტიციზმი განაპირობა – კორუფციული სკანდალი, რუსეთის გაძლიერებული მუშაობა, სიღარიბე, ეკონომიკური მდგომარეობა, პოლიტიკური სპექტრის სისუსტე და ა.შ. სწორედ ამის გამო გაიზრდა იქ ევროსკეპტიციზმი. ეს ყველაფერი პრორუსული განწყობისთვის ფონს ქმნის. ასე რომ, ეს ვიზალიბერალიზაციასთან არანაირად არაა დაკავშირებული.

ამ კუთხით უვიზო მიმოსვლამ მოლდოვას ბევრი ვერაფერი უშველა, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს რუმინული პასპორტები აქვს და პროდასავლურად მოაზროვნე ბევრი ადამიანი მოდლოვადან უკვე გასულია. ესეც პრორუსულად განწყობილ ძალებს მომძლავრების საშუალებას აძლევს და მთლიანობაში ქვეყანაზე გავლენას ახდენს. ასე რომ, მოლდოვაში უვიზო მიმოსვლამ ევროპული ინტეგრაციის სტიმული მაინცადამაინც რომ ვერ აწია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოც ასე იქნება.

ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევებმაც ცხადყო, რომ მოსახლეობის დაახლოებით 90% ვიზალიბერალიზაციას დადებითად აფასებს და ამას მოელის. ეს ევროპული ინტეგრაციისაკენ მისწრაფების გაძლიერებაზე აუცილებლად იმოქმედებს.

- ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინიტროში განსაკუთრებით დიდი იმედით ელოდებიან. მინისტრი ზაქარეიშვილი ხშირად ამბობს, რომ უვიზო რეჟიმის მიღების შემდეგ აფხაზეთისა და ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებთან ურთიერთობა უფრო გაიოლდება და იქ ქართული პასპორტის აღების სურვილი ბევრს ექნება. თქვენ რამდენად ელით ამას და რას გვკარნახობს ამ ვითარებაში მოლდოვას გამოცდილება მის სეპარატისტულ რეგიონთან, დნესტრისპირეთთან დაკავშირებით?

- ცნობილია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხალხს ქართული პასპორტების აღება უკვე აინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ იქ არსებული რეჟიმი ასეთ შესაძლებლობას ძალიან ზღუდავს, ადამიანებს ქართული პასპორტების გამოჩენის ეშინიათ. თუმცა მას შემდეგ, რაც უვიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შევა, დარწმუნებგული ვარ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული პასპორტების აღება მასობრივ ხასიათს მიიღებს. ეს ზემოქმედებას აუცილებლად იქონიებს. მოლდოვას შემთხვევაშიც ცნობილია, რომ დნესტრისპირეთის სეპარატისტულად განწყობილმა მოსახლეობამ მოლდავური პასპორტები აიღო იმის გამო, რომ ევროკავშირში მოგზაურობა შეძლებოდათ.

- რამდენად მასობრივი სახე შეიძლება მიიღოს ამან იმის გათვალისწინებით, რომ ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ უვიზოდ მოგზაურობის უფლებას ითვალისწინებს? ანუ, მოსახლეობის რა ნაწილი შეიძლება იყოს ისეთი, ვისაც ევროპაში მოგზაურობის საშუალება ექნება და ვიზალიბერალიზაცია ქართულ პასპორტს ააღებინებს?

- ვერ ვიტყვით, რამდენად ფართოდ გაიშლება პროცესი. რა თქმა უნდა, ბევრი აიღებს, მაგრამ მეორეს მხრივ რუსეთისა და მის მიერ დასმული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისაგან იმ ხალხის მიმართ, ვინც ქართული პასპორტის აღებას გადაწყვეტს, ძალიან დიდი დევნა და შევიწროება იქნება. ამიტომ, ცოტა ძნელია განჭვრიტო თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი. მთავარია ხალხს მოტივაცია გაუჩნდეს. მოტივაცია კი აუცილებლად გაჩნდება.

- პრემიერი კვირიკაშვილი აშშ-ში ვიზიტით იმყოფება. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი საქართველოსთვის და რა შესაძლებლობები შეიძლება გაგვეხსნას?

- ვიზიტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მე ის მომეწონა, რომ კვირიკაშვილი ისეთ პოლიტიკურ ლიდერებსაც შეხვდა, რომლებიც ტრადიციულად “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერენ მხარს და მისი გულშემატკივრები არიან. მაგალითად, სენატორ მაკკეინს. ძალზე მნიშვნელოვანი იყო მათი ინფორმირება იმის თაობაზე, რომ საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება მომხრეა აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთობისა და იმედი აქვს, რომ იგი საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს. თუ აშშ-ს გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში რამე კითხვები არსებობს, მაგალითად რესპუბლიკელებში, მათთან შეხვედრები, ახსნა-განმარტება და დიპლომატიური ურთიერთობები მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ კვირიკაშვილს სწორი პოზიცია აქვს არჩეული. ცდილობს შეარბილოს ის სიმწვავე, რომელიც არსებობს როგორც პოლიტიკურ პარტიებს შორის, ისე უცხოეთის გარკვეული წრეებიდან.

———————–

“ალია”, 27 აპრილი, 2016 წელი

რისთვის დაიბარეს აშშ-ში პრემიერი კვირიკაშვილი?

ნინო სამხარაძე

ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ მმართველობის 4 წლის თავზე ევროპის გაოცება ვერ მოახერხა, თუმცა ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები გვაოცებს ჩვენ. „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრმა, იაცეკ საირუშ ვოლსკიმ პოლიტიკურად იმრუშა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა: „ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო რეჟიმს, თუმცა საქართველოს მთავრობა ჯერ კიდევ არღვევს ევროპულ სტანდარტებს, ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავებას, მაგალითად, როგორიც არის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თბილისის ყოფილი მერი… ადგილი აქვს დამოუკიდებელი ტელევიზიის „რუსთავი 2“-ის შევიწროებას. ასე რომ, სანამ უვიზო რეჟიმი ამოქმედდება და სანამ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, საქართველომ ეს სტანდარტები უნდა გააუმჯობესოს, მხოლოდ ამის შემდეგ დაიმსახურებთ უვიზო რეჟიმს. ამისთვის კი უნდა განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები…“.

ულტიმატუმი „ევროპის სახალხო პარტიიდან“ დიდი ხანია გვესმის და მათ ამის საბაბს რომ აძლევს ხელისუფლება, ეს არის ნიშანი იმისა, რომ საქართველო არშემდგარი სახელმწიფოა. ევროკავშირის ვერც ერთ წევრს ვერ გაუბედავენ მათი მართლმსაჯულების კითხვის ქვეშ დაყენებას. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სწორედ ასეთ ევროპაზე თქვა უარი და მათ მოუწოდა, რომ ელაპარაკოს როგორც თანასწორუფლებიან პარტნიორ ქვეყანას და არა როგორც მის მორჩილ სახელმწიფოს.

„ნაციონალური მოძრაობა» „გულმხურვალედ“ უმტკიცებდა ევროპას, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა არ მიეცათ ოქტომბრის არჩევნებამდე. გიორგი კანდელაკი, ეს პოლიტიკური ჯოჯო რომ მავნებლობს, ამას ოთხი წელია ვხედავთ. გასაკვირია ხელისუფლების სიმხდალე, ანტიკონსტიტუციური გზით სახელმწიფოს დამხობის მუხლით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე ორჯერ აღიძრა საქმე, ერთი ალექსანდრე ჭიკაიძის დროს, ე.წ. საბურავების რევოლუციის მომწყობებზე და მეორედ, ცნობილი სატელეფონო საუბრების შემდეგ, როცა მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის დასაცავად სისხლიან რევოლუციას უკვეთდა, მინიშნებებს აძლევდა, როგორ უნდა მომკვდარიყო „რუსთავი 2“-ის რომელიმე შვილიანი თანამშრომელი, რაც გახდებოდა ბარიკადებზე ასვლის მიზეზი. სამწუხაროდ, ხელისუფლება ხელს უწყობს დამნაშავე „ნაციონალებზე“ სამართალმა არ იმუშაოს. სანამ სააკაშვილი „თავისუფლების მოედანზე“ ვერტმფრენით არ დაეშვება, ხელისუფლებას, ალბათ, საღათას ძილით ეძინება, არადა, ამ კაცმა რამდენიმე დღის წინ სრული სერიოზულობით თქვა,არჩევნების შემდეგ ჩამოვალო და დაადასტურა აქამდე ბევრჯერ დაწერილი ინფორმაცია, რომ ის კომუნიკაციაშია და საუბრებს მართავს სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებთან.

რა თქმა უნდა, ყველას გაგახსენდებათ „ვიკილიკსის“ სკანდალური ჩანაწერი, რომელიც ზოგიერთისთვის ზღაპარია, მაგრამ, როგორც ირკვევა, მასში არის რეალობის მარცვალი, საიდანაც გავიგეთ, რომ დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან ხშირ მუსაიფში არიან შემჩნეული. უცნაურად ემთხვევა ის გარემოებაც, რომ „იკილიკსში“ აღწერილი სცენარი, სააკაშვილის საუბრები უმეტეს შემთხვევაში თანხვედრია რეალობასთან. ნუ იქნება ხელისუფლება თავდაჯერებულის პოზაში, ასე ერთბაშად ცეცხლის დანთება და აშშ-დან თუ ევროპიდან იერიშის მიტანა, აუცილებლად ლოგიკურ დასასრულამდე მივა. ეს ხელისუფლებაც წყალს წაუღია და სააკაშვილისაც, უბრალოდ, ხალხია ცოდო, წლებია, წელში ვერ გასწორებულა…

იურისტი ვალერი გელბახიანი»ალიასთან“ ინტერვიუში ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობს, რაზეც აქცენტი გავაკეთეთ.

- ბატონო ვალერი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დღემდე კარგ ურთიერთობაშია და მოლაპარაკებას მართავს სახელმწიფოს მაღალი დონის ფიგურებთან. ვიკილიქსი წერდა, რომ ასეთი შეხვედრა სააკაშვილს ჰქონდა უსუფაშვილთან, მარგველაშვილთან, ხიდაშელთან… იცით რამე ასეთ შეხვედრებზე?

- არ ვიცი, მაგრამ არა მგონია სააკაშვილის მხრიდან ეს იყოს პროვოკაცია, ეს უფრო რეალობაა. პარლამენტში საკმაოდ სერიოზული ვითარებაა შექმნილი საარჩევნო კანონთან დაკავშირებით. თქვენ ეს საკითხი ნუ გგონიათ მარტივი თემა, რომელიც ასე იოლადჩაივლის. ქვეყანაში დაძაბულობის ათვლის წერტილი ამ კანონს უკავშირდება, როგორც ჩანს, მიდის მოლაპარაკება იმ პარტიებთან, ვისაც მონაწილეობის მიღება უნდათ საპარლამენტო არჩევნებში. სააკაშვილი კმაყოფილია იმით, რაც ამ თემის ირგვლივ ხდება, „ოცნებამ» არ გადადგა ნაბიჯი თავის დროზე და პირობა არ შეასრულა, ამას ახლა უკვე თემატური უმრავლესობა გააკეთებს. ამ თემამ შესაძლოა საპარლამენტო კონფიგურაცია შეცვალოს „ოცნების“ წინააღმდეგ. იმდენად აფორიაქებული და დაბნეულია „ქართული ოცნება“, რომ შესაძლოა, კონტროლი დაკარგოს არა მარტო შიგნით პარლამენტში, არამედ საარჩევნო პროცესზე. შეიქმნა სხვა რეალობა, დააკვირდით, როგორ იქცევა „ნაციონალური მოძრაობა“, საკუთარ ინტერესებს წინ არ აყენებს და ოპოზიციურ პარტიას ეუბნება, – თქვენი ინტერესების მიხედვით ვიმოქმედებთო. „რესპუბლიკელებს“, ალასანიას პირდაპირ ეუბნება „ნაცმოძრაობა“, ჩვენ ვიქნებით თქვენი ინიციატივის მხარდამჭერი, ოღონდ «ქართული ოცნება“ დაამარცხეთო.

- ფიქრობთ თუ არა, რომ დასავლეთში 2016 წლის შედეგის სცენარი უკვე დაწერილია?ევროპის სახალხო პარტიამ» უკვე მერამდენედ დააყენა ულტიმატუმი, ე.წ. პოლიტპატიმრები გაანთავისუფლეთო…

- მე ვხედავ, რომ მუშაობა მიდის ორი მიმართულებით, როგორც „ნაციონალებიდან“, ასევე „თავისუფალი დემოკრატების“ მხრიდან. მათ ინტერესებშია ივანიშვილის გაშავება დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში. ივნისში ამერიკის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ჩამოდის. ჯონ ქერიმ საქართველოში უნდა დააყენოს პოლიტიკური საკითხები როგორც პოლიტიკური პატიმრების, ასევე ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ფორმის შესახებ, ეს საკითხი უნდა მოაგვაროს. ხომ ხედავთ, გამოიძახეს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ალბათ, მასაც მისცემენ დაახლოებით მსგავს ინსტრუქტაჟს. შტატები ღიად აფიქსირებს საკუთარ ინტერესს საქართველოში ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, მათაც საკუთარი საპრეზიდენტო არჩევნები აქვთ ჩასატარებელი და ვიდრე ჩვენთვის სცალიათ, თავს იზღვევენ, საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში არ მოხდეს გაურკვევლობა. კერძოდ, შიში აქვთ, რომ არ იმძლავროს რუსულმა ფაქტორებმა და არ მოვიდნენ ხელისუფლებაში პრორუსული ძალები.

ყველა ვხედავთ, როგორ იძაბება ნელ-ნელა ქვეყანაში ვითარება, დღე არ გავა, აქციები არ მოეწყოს, ხან სტუდენტები აწყობენ აქციებს, ხან მძღოლები, გაუთავებელი ქაოსისკენ მიექანება პროცესი. მართული აქციების უკან კი დგას „ნაცმოძრაობა“ და ამით მხოლოდ და მხოლოდ ისინი ისარგებლებენ. მათი სატელიტი მხარდამჭერები და თუ დასავლეთი წააქეზებენ ოპოზიციურ ძალებს, ეს ქვეყანაში არეულობას გამოიწვევს, რაც სტაბილური არჩევნების ჩატარებას ხელს ნამდვილად არ შეუწყობს. ხელისუფლებას კი ვურჩევ, ყურები გამოიფხიკონ და ისეთი პოზის დაკავება, თითქოს არაფერი ხდება, არ შეიძლება, რადგან ამ ადამიანებმა არ იციან, რა ფინალით სრულდება ეს შემთხვევები, ან კიდევ იციან და სხვა რამის იმედი აქვს. თუ ვინმეს აქვს იმედი, ივანიშვილი ტომრებს გამოიტანს და არჩევნებს მაინც მოიგებს, მათ შევახსენებ, ფული რომც გამოიტანოს, არჩევნებს არავინ აყიდვინებს, როცა ასეთი სერიოზული ოპოზიცია ჰყავს. ვერ ვხვდები, რატომ არის ხელისუფლება ამ პოზაში, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, უფრო გახშირდება აქციები, მანიფესტაციები და მოთხოვნები. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ გადაწყვეტილების უნარი არ აქვთ, თუკი ხელისუფლება ამ პროცესებს მიუშვებს, მერწმუნეთ, რომ მისი შეჩერება შეუძლებელი იქნება.

“ალია”, 27 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „ხალხი უკვე ისე გაცეცხლებულია ივანიშვილის მიმართ, როგორც 2012 წლის ზაფხულში, როცა ხალხი ასევე გაცეცხლებული იყო სააკაშვილის მიმართ

გელა ზედელაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და სააპელაციო სასამართლოში „გადანიშნული» ლევან მურუსიძე აშკარად „გაბლატავდა“. ორშაბათს, არასამთავრობოებთან შეხვედრაზე განაცხადა: „მეც მაქვს ბევრი ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერი აქ არ ითქმება… თუ ვინ დგას ვის უკან, საიდან დაიწყო ყველაფერი, რა და როგორ მოხდა, ვინ დააფინანსა და ასე შემდეგ. ამიტომ შევხვდეთ და დავილაპარაკოთ. ყველამ ყველაფერი ვიცით, რა ხდება“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მურუსიძესთან აქვთ საკმაოდ სერიოზული პრეტენზიები, მაგრამ ამომწურავი პასუხები ვერ მიიღეს. არასამთავრობოების თქმით, სასამართლოს კონკურსების გარეშე აკომპლექტებს ის ადამიანი (მურუსიძე), რომელიც, მინიმუმ, ამ სისტემიდან უნდა იყოს სასწრაფო წესით გაძევებული თავისი წარსულის გამო. ამაზე ბატონი მურუსიძე ირონიულად იღიმის და კვლავ აცხადებს, რომ მისთვის პრინციპულად მიუღებელია, როდესაც მოსამართლეობის კანდიდატებს ლანძღავენ:

„არ შეიძლება მითითება, რომ კონკრეტული კანდიდატები არ უნდა იყვნენ დანიშნული. მაშინ მიგვითითონ, რომელი კანდიდატები უნდა ავირჩიოთ და ჩაგვითვალონ, რომ ეს მოხდა გამჭვირვალედ. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის საბჭო, რატომღაც სულ მე მეწერება ეს თემა, რომ მურუსიძე აფარებს ხელს, არადა მურუსიძე იქ არის ერთი წევრი“.

რატომ „აიწყვიტა“ მურუსიძემ? რა დავალება მიიღო „პატრონებისგან“ და რატომ დუმს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე?

„ალიას“ „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილიესაუბრა:

- გელა, ალბათ, შენ უკვე წაიკითხე შალვა რამიშვილის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ „იმედის“ ხელმძღვანელობა აიძულებდა, გადაცემაში ის ადამიანები მიეწვია, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ ლევან მურუსიძეს, მას რაღაც შეკითხვებს კი დაუსვამდნენ, მაგრამ სინამდვილეში „გააპრავებდნენ“. იქვე ნახსენებია ჩემი გვარი, ხატიაშვილი არ მიიწვიო, ეგ არ გვჭირდებაო. ახლა რა გამოდის? რასაც მე ადრე ვამბობდი „ალიასთან“ ინტერვიუებში, ხომ დასტურდება ასი პროცენტით? დიახ, მე, ზაზა ხატიაშვილი, ვარ მიუღებელი ხელისუფლებისთვის და ლევან მურუსიძე კიდევ მიღებული. იგივე ხელისუფლება ცდილობს, დამნაშავე მოსამართლეს გაუკეთოს რეკლამა, რატომ? იმიტომ, რომ შედგა დიდი გარიგება.

- ზაზა, ჩვენ სულ ვლაპარაკობთ, რომ მოხდა რაღაც გარიგება, რომ მურუსიძე ხელისუფლებას სჭირდება გაყალბებული არჩევნების «გასაპრავებლად და ასე შემდეგ. კი, მაგრამ ამ საქმეს გააკეთებდა ნებისმიერი მონა მოსამართლე, რომელსაც მის ადგილზე დანიშნავდნენ. იძახის, მეც ვიცი რაღაცები, ვინ ვისი კაცია და ვის ვინ აფინანსებსო. თუ ამდენი იცის, მაშინ პირდაპირ პროკურატურაში უნდა გარბოდეს, ვალდებულია.

- რა თქმა უნდა… მე მურუსიძეზე უკვე 6 წელიწადია ვამბობ, რომ არის დამნაშავე და უნდა დაჯდეს საბრალდებო სკამზე. ათასჯერ ვთქვი და ვიმეორებ: 2012 წელს ევროპის სასამართლოში მოვუგე გიორგი მიქიაშვილის საქმე. მურუსიძემ თვითონვე აღიარა, დავაშავე, კანონი დავარღვიე, თანაშემწემ გვიან მომიტანა საქმეო. ჯერ ივანიშვილი არ იყო მოსული, მაშინაც ვამბობდი, ეს კაცი საბრალდებო სკამზე დასვით-მეთქი. ახლა რა უნდა ჰქონდეს ზაზა ხატიაშვილზე მურუსიძეს, როცა იძახის, ვიცი, ჩემ წინააღმდეგ კამპანიას ვინც აფინანსებსო?!

გაიხსენე, 25 დეკემბერს შენთან ინტერვიუში ვთქვი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია და კახა სოფრომაძე ხმას მურუსიძეს აძლევენ-მეთქი. ასე არ მოხდა? აგერ, გავიდა ცოტა დრო და ახლა შალვა რამიშვილი აცხადებს, გადაცემის გაკეთებას მაიძულებდნენო. ევა გოცირიძე არის ივანიშვილის ხელისუფლების კადრი, რომელმაც აირჩია მურუსიძე. ხატიაშვილი რატომ გაეჩხირათ ყელში? იმიტომ, რომ მხარს არ ვუჭერ მურუსიძეებს. მაჩვენონ ერთი ფაქტი, როცა მე რამე ავიღე სააკაშვილის რეჟიმიდან. ასეთი ფაქტი არ არსებობს. რაც შალვა რამიშვილმა გაახმაურა, ამაზე პროკურატურამ უნდა აღძრას სისხლის სამართლის საქმე. რაც შეეხება გარიგებასა და არჩევნებს, ყველაფერს სხვა მოსამართლე ვერ გააკეთებს… ლევან მურუსიძე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, რომლის ხელშიც არის მოსამართლეების მიმართ დისციპლინარული დევნის აღძვრა. მას ყველა მოსამართლე კუთხეში ჰყავს მიყენებული და მხარს უჭერენ: ჩინჩალაძე, ცერცვაძე და მეიშვილი. ეს ოთხეული გახლავთ ზურაბ ადეიშვილის მოწაფე, მათ ძალიან კარგად იციან, როგორ უნდა მართონ სასამართლო. მე კი ვიცი, მაგრამ ცოტა ხანში უკეთესად გამოჩნდება, კონკრეტულად რაში სჭირდებოდა ივანიშვილს მურუსიძე. დაუკვირდით, რა უსუსური იყო პროკურატურის ქმედებები, როცა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებს იძიებდნენ. ერთ მხარეს არის პროკურატურა, მეორე მხარეს – სასამართლო მურუსიძის მეთაურობით. ამ ორი სტრუქტურის მეშვეობით მიდის ყოფილი მაღალჩინოსნების, დამნაშავეების გამართლება. ხ

ხალხი უკვე ისე გაცეცხლებულია ივანიშვილის მიმართ, როგორც 2012 წლის ზაფხულში, როცა ხალხი ასევე გაცეცხლებული იყო სააკაშვილის მიმართ. აქედან გამომდინარე, ივანიშვილის ამოცანაა, შეინარჩუნოს მაჟორიტარები და არ გაუშვას ხელიდან ძალაუფლება. აი, აქ სჭირდება მას მურუსიძეები, რომ ყველა დარღვევა „გაუპრავონ“. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ამ საქმეს ყველა ვერ გააკეთებდა, ყველა ვერ დაიჭერდა სასამართლოს კბილებით, ვერ ააყუდებდა კედელთან მოსამართლეებს.

მურუსიძე იყო და არის საზოგადოებისთვის მიუღებელი ფიგურა, ბოლოს და ბოლოს, ივანიშვილის ხელისუფლება სულელი ხომ არ არის, ასეთი ადამიანი თავზე დაისვას? ეს ადამიანი იძლევა მეტ გარანტიებს ხელისუფლებისთვის. ახლა მიდის მოსამართლეების შერჩევა, დანიშვნა და რასაკვირველია, იზრდება მურუსიძის როლიც ამ ქვეყანაში. თითქოს კონკურსებიც ტარდება ფორმალურად, მაგრამ ნებისმიერი კანდიდატი უნდა იყოს მურუსიძისთვის მისაღები, რათა შემდგომში გაჩნდნენ პატარა მურუსიძეები და გამრავლდნენ, თუ ხელი არ შევუშალეთ.

- ზაზა, როდესაც მურუსიძეს არასამთავრობოებთან ჰქონდა შეხვედრა, იქ იჯდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძეც, რომელსაც საერთოდ არ ამოუღია ხმა, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა. რა ხდება, ასე რამ დაადუმა ეს ქალბატონი?

- სირცხვილია, რომ დღეს უზენაეს სასამართლოს ჰყავს ასეთი თავმჯდომარე. ეგ ქალბატონი, ფაქტობრივად, არის კოტე კუბლაშვილი კაბაში! რაც ახლა ხდება, ეტყობა, აწყობს და სიამოვნებს, აბა, სხვა რა უნდა ვიფიქრო? არ ვიცი, მე ვაგრძელებ ბრძოლას, რაც გამოვა, ვნახავთ, ყოველ შემთხვევაში, ხომ ვერ მეტყვიან, ხმა არ ამოგიღიაო? თუ ამათ ეს ყველაფერი შერჩათ, ძალიან საშიში მოვლენები განვითარდება, ხალხის ნერვებზე თამაში ძალიან სახიფათოა!

———————–

„ახალი თაობა“, 27 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ ლევან მურუსიძესთან: „არავის არაფერს ვემუქრები… ხომ არ შეიძლება, სულ მურუსიძე იყოს დამნაშავე?!“

დაემუქრა თუ არა ლევან მურუსიძე არასამთავრობო ორგანიზაციებს? რას გულისხმობდა, როდესაც განაცხადა, რომ იცის, ვის უკან ვინ დგას? იყო თუ არა ეს მესამე სექტორის მისამართით ნათქვამი? „ახალი თაობის“ ამ და სხვა შეკითხვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე პასუხობს.

- ბატონო ლევან, თქვენს განცხადებებს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა არასამთავრობო სექტორში. თქვენი ტონი აღიქვეს, როგორც მუქარა. როდესაც თქვით, არ გვინდა აგრესიული ტონი, თორემ მეც ბევრი ინფორმაცია მაქვსო, რას გულისხმობდით?

- მე ამ საკითხთან დაკავშირებით ვაცხადებ, რომ მინდა, არასამთავრობო სექტორთან და ყველა იმ სუბიექტთან თუ კონკრეტულ პიროვნებასთან მქონდეს კონსტრუქციული ურთიერთობა, რათა შევძლოთ იმ თემებზე ერთად მუშაობა, რაც ორივე მხარეს გვაწუხებს, სასამართლო სისტემის გაძლიერება იქნება თუ სხვა. ამიტომ მე შევთავაზე არასამთავრობო სექტორს ზოგადად შეხვედრები და პოზიციების გაზიარება.

- გაქვთ ამ შეხვედრების და ურთიერთობების იმედი?

- ეს მათზეა დამოკიდებული. მე ასევე ავხსენი და ვთქვი, რომ ურთიერთობა არ გამოვა ისე, რომ არასამთავრობო სექტორი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოსამართლეებს ეძახდეს ზნეობრივად დაცლილ ადამიანებს, უზნეოებს, რომ თურმე ჩვენ არაფერი ზნეობრივი არ გაგვაჩნია. შესაბამისად, ეს არის ჩემთვის მიუღებელი. არავის არაფერს ვემუქრები. ვაცხადებ, რომ იუსტიციის საბჭო და სასამართლო კორპუსი შედგება ღირსეული წევრებისგან. თუ რამე ნაკლოვანება გვაქვს, დავსხდეთ და ვისაუბროთ. ხოლო თუ ნაკლზე ჩამოვარდება ლაპარაკი და ზოგადად ვინ უკეთესია და ვინ უარესი, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი პოზიციები გვაქვს. წლების განმავლობაში ჩემი ლანძღვა-გინება მიმდინარეობს, სიმართლეს რომ არ შეეფერება, ისეთი რაღაცის დაბრალებაც ხდებოდა ჩემთვის, თუმცა, ამის მიუხედავად, მე მაინც ვინარჩუნებდი კორექტულობას. ზნეობასა და მორალზე საუბარი მათი მხრიდან ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია! დავსხდეთ და ვისაუბროთ.

- წინააღმდეგ შემთხვევაში გააჟღერებთ იმ ქვეტექსტებს, რისი თქმაც გინდოდათ?

- არაფრის გაჟღერებას არ ვაპირებ.

- კარგად ვიცი, ვინ ვის უკან დგასო და ამაში რას გულისხმობდით?

- მე ვთქვი ის, რაც ვთქვი! დანარჩენი მათზეა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავსხდებით და დავილაპარაკებთ და რაღაც გარემოებებზე შევთანხმდებით.

- ადრეც არაერთხელ მოგვისმენია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები კონკრეტული ძალისგან იმართებიან. თქვენს განცხადებაშიც ეს იგულისხმებოდა?

- მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით, მე ველოდები არასამთავრობო სექტორის მხრიდან თანამშრომლობას. ამ საკითხებზე ეს არის ჩემი კომენტარი.

- ეს რას ნიშნავს, თუ თანამშრომლობაზე არ წამოვლენ, დანარჩენს მაშინ იტყვით? ეს ხომ არ არის შანტაჟი, რაზეც არასამთავრობოები გუშინ მიანიშნებდნენ?

- რა შუაშია აქ შანტაჟი. აქ საუბარია ურთიერთთანამშრომლობაზე და კონსტრუქციულობაზე. ამის თაობაზე მეტს ვერაფერს გიპასუხებთ. პირდაპირ მინდა აღვნიშნო, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები არ ვართ უზნეო ადამიანები. არ არის სასამართლო კორპუსი უღირსი. სასამართლო ყოველდღიურად, ყოველთვიურად ვითარდება და წინ მიდის. ასეთი დამოუკიდებელი სასამართლო ჯერ საქართველოს არ ჰქონია! ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს მისაღწევი, თუ დაგვეხმარებიან, ხომ კარგი, თუ არა და ჩვენ ჩვენს საქმეს გავაგრძელებთ. ვინც დაინტერესებულია სასამართლო სისტემის რეფორმით, ყველას ვთავაზობ, რომ ადამიანურად დავილაპარაკოთ. გავცვალოთ ჩვენი მოსაზრებები, ხოლო ვინ ზნეობრივია, ვინ უზნეო, ვინ კარგი და ვინ ცუდი, თუ ამ კუთხით წავა შეჯიბრი, მაშინ ჩვენც გვაქვს ჩვენი პოზიციები.

- ამაზე ბოლომდე მაინც რომ არ საუბრობთ?

- ჩემი მოწოდება ასეთია, რომ ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს იმაში, ვინ უფრო კარგია და ვინ უფრო ცუდი. მოდი შევეჯიბროთ ერთმანეთს იდეებში, ვიმსჯელოთ, ვისაუბროთ, რა გზები მიგვიყვანს დამოუკიდებელ სასამართლომდე. ხედავთ ამაში შანტაჟის ელემენტებს?!

- ლევან მურუსიძის წარსულიდან გამომდინარე, ჩვენთვის ეს პიროვნება მიუღებელიაო, ასეთი პოზიცია აქვს არასამთავრობოების ნაწილს. ამაზე რას იტყვით?

- ჩემთვისაც ბევრი რამ არის მიუღებელი, მაგრამ თუ არსებობს ქვეყნის ინტერესი და ადამიანს თუ მართლა აქვს კეთილშობილური მიზნები, მაშინ უნდა დაელაპარაკო იმას, ვისაც შეუძლია გარკვეული პრობლემების მოგვარება. შეიძლება არც მე მაქვს იდეალური წარმოდგენები ვიღაც-ვიღაცებზე, მაგრამ თუ სჭირდება ეს სასამართლო სისტემას, თუ სჭირდება ეს ქვეყანას, მე მივდივარ და ვესაუბრები!

- რატომ კეთდება შეფასებები, რომ უმაღლესი საბჭო ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აკისრია?

- იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რაც აკისრია. შეგვხვდნენ და ჩვენ მზადა ვართ ავუხსნათ, რა კარგად ვაცნობიერებთ ამას.

- რამდენად იზიარებთ მათ ანგარიშში შესულ შენიშვნებს?

- ისინი რომ გულწრფელად დაინტერესებულიყვნენ, რა ხდება რეალურად, ეთანამშრომლათ ჩვენთან, მაშინ ეს ანგარიში სხვაგვარი იქნებოდა. ვისაც ეხება ეს თემა, იქნებ მათთვისაც მოესმინათ და მერე გამოაქვეყნონ თავისი ანგარიში. პირდაპირ გეუბნებით, ის ანგარიში ერთი მესამედიც არ დარჩებოდა რეალურად, რეალური ინფორმაცია რომ იყოს გათვალისწინებული.

- ანუ ხარვეზები არ გაქვთ?

- მე არ ვამბობ, რომ ხარვეზები არ გვაქვს, თუმცა ამ ანგარიშში რეალურ ხარვეზებზე არ არის საუბარი. რასაც გვაბრალებენ და რაც ჩვენი ბრალი არ არის, იმას არ დავიბრალებთ! იმის ძახილი, რომ კანონი არ იცით და მორალი არა გაქვთო, არ გამოვა! თუ ზნეობის დამტკიცებაზე წავიდა საქმე, არც ამაში ვართ ჯაბანნი. თუმცა ეს ჩემი სტილი არ არის. ხომ არ შეიძლება სულ მურუსიძე იყოს დამნაშავე?! ხომ შეიძლება რაღაც ამბავში მეც ვიყო მართალი?! თუ ასე უნდათ, კი ბატონო, გავაგრძელოთ და ვნახავთ, რაც გამოვა. მიჩნდება ეჭვი, რომ მათ სურთ, სულ დაძაბულობის რეჟიმში ვიყოთ.

- ანუ მიზანმიმართული პროცესია?

- ერთხელ დაგიძახე, ორჯერ, სამჯერ, ათჯერ და არ მოდიხარ. მიდის გაუთავებელი ლანძღვა. ყველაფრის მიუხედავად, ვცდილობ, არ ჩავტეხო ხიდები, მინდა, ყველასთან კონსტრუქციული ურთიერთობა მქონდეს. მაგალითად, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე რასაც კადრულობს, ეს ყოვლად მიუღებელია.

- რას გულისხმობთ?

- ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე არ შეიძლება ლაპარაკობდეს მოსამართლეებზე, რომ ისინი არიან უღირსები. ნორმალურ ქვეყანაში ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო, მაგრამ მე ზაზა ხატიაშვილს ხომ არ გავუტოლებ თავს! სასამართლოს წინსვლაში ხელს ვერავინ შეუშლის. მე მათ დიალოგს ვთავაზობ, თორემ თუ იმაზე მიდგა საქმე, ვინ მეტად ზნეობრივია და ვინ არა, ეს ძალიან შორს წაგვიყვანს. მე ამით არავის ვემუქრები, უბრალოდ, ეს ჩემი პოზიციაა.

„ახალი თაობა“, 27 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „არც არჩევნების გაყალბებას დავუშვებთ და არც აფხაზეთში რკინიგზის აღდგენას“

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტის წინ საქართველოზე განცხადება გააკეთა კონგრესმენმა სტივ რასელმა. მან დიდი ადგილი დაუთმო მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას. პარლამენტის უმცირესობის წევრი, ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერი შოთა მალაშხია `ახალ თაობასთან~ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ეს კრიტიკული განცხადება არ არის ერთი პიროვნების მოსაზრება.

„ჩვენს დასავლელ პარტნიორებს არ გააჩნიათ ნდობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. კონგრესმენი რასელი არაა ერთადერთი პირი, რომელიც აკრიტიკებს და აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას. მანამდე ასეთი დამოკიდებულება გაისმა ევროსტრუქტურებიდან. ახლა ამერიკა და ევროკავშირი ერთიანად მოქმედებენ. არ არსებობს იმის რწმენა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და გადაწყვეტილებების მიმღები პირები უარს არ იტყვიან რუსულ ორიენტაციაზე. ჩემი მხრივ, დავამატებ, რომ სრული ჩავარდნაა ყველა სფეროში, მწამებელი ვლადიმერ ბედუკაძე კი ისევ გმირად ითვლება. ამ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ სრული კრახი ელიოდება”, – ამბობს შოთა მალაsხია.

- თუ ამბობთ, რომ “ქართული ოცნება” წააგებს, გამოდის, რომ არჩევნების გაყალბებას არ ელოდებით?

- ხელისუფლებას ხმებით მანიპულირების სურვილი აქვს, მაგრამ ჩვენ არჩევნების გაყალბებას არ დავუშვებთ. საამისოდ დიდი გამოცდილება გვაქვს. ფაქტია, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო გარემო არ შეცვალა. უცვლელი დარჩა მაჟორიტარული სისტემა. სხვათა შორის, ეს მაჟორიტარული სისტემა ბუმერანგად მოუბრუნდება „ქართულ ოცნებას“.

- კერძოდ?

- „ქართული ოცნება“ მაჟორიტარულ ოლქებს წააგებს. ამას განაპირობებს მისი დავარდნილი რეიტინგი. ხელისუფლებას სტრატეგიულად და იდეურად აქვს პრობლემები. ის მარტო ფულზე და რუსულ ინტერესებზეა ორიენტირებული. ასეთი ძალა არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს.

- რუსულ ინტერესებში რას გულისხმობთ?

- საქართველოში გადაწყვეტილებებს იღებს რუსული სახელმწიფო კომპანია გაზპრომის მეწილე ბიძინა ივანიშვილი. მან მთელი ქვეყანა საკუთარი მომსახურების სფეროდ გადააქცია. თავის მხრივ, ის პუტინს ემსახურება. ეს დასავლეთშიც გააზრებული აქვთ. ამიტომ ახსენა სტივ რასელმა მისი ანგარიშების გაყინვა. არჩევნებს თუ გააყალბებს, ანგარიშებს გაუყინავენ.

- დასავლელი პარტნიორების არაერთ განცხადებაში იყო საუბარი რუსეთის გავლენის ზრდის საფრთხეზე საქართველოში. რა იგულისხმება ამაში?

- მდგომარეობის გაუარესება და რუსეთის გაძლიერება ყველა მიმართულებით. ავიღოთ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები. ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი მუდმივად ატარებენ შეხვედრებს, მაგრამ საოკუპაციო ზოლის გადმოწევა, ადამიანების გატაცება გრძელდება. მიმდინარეობს რუსული ლეკიანობა. კარასინი წარმომადგენელია ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობების საკითხებში, თუმცა, ამ მწვავე პრობლემებზე მას არავინ ელაპარაკება. არც საერთაშორისო ორგანიზაციებში დგება ეს საკითხები. აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის აღდგენა ისევ აქტუალურია. ეს შედის რუსეთის ინტერესებში. ასევე იყო მცდელობები, რომ რუსეთს გაემყარებინა პოზიციები ენერგეტიკის სფეროში.

- რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის გეგმებს ყოველთვის უარყოფენ…

- მისი აღდგენა არის საქართველოს ხელისუფლების სურვილი, რომელიც შეესაბამება რუსეთის ინტერესებს. ჩვენ ამ რკინიგზის ამუშავებას არ დავუშვებთ. საქართველოს ხელისუფლება, იმის მაგივრად, რომ აამოქმედოს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, ასევე ჩინეთთან დამაკავშირებელი პროექტები, იმედს ამყარებს აფხაზეთის რკინიგზაზე. ეკონომიკაში მძიმე სიტუაციაა. ეკონომიკის მოშლაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. რუსული გავლენის ზრდაში ასევე იგულისხმება ზემოქმედება მედიაზე.

- არჩევნების წინ სხვა დატვირთვა აქვს რეიტინგებს. აირაის კვლევებით, ყველაზე დიდი რეიტინგი პაატა ბურჭულაძეს აქვს…

- ეს არაა პოლიტიკური რეიტინგი. მან გამოკითხულთა ნდობა მიიღო, როგორც ქველმოქმედმა და პატიოსანმა ადამიანმა.

- თუმცა, მისი ფონდი შესაძლოა პარტიად გადაკეთდეს…

- პოლიტიკა გაცილებით რთულია, ვიდრე საოპერო არიების შესრულება ან საზოგადოებრივი აქტიურობა. პოლიტიკას დიდი გამოცდილება სჭირდება. თუ პაატა ბურჭულაძე ახლა მოვა პოლიტიკაში, მას ძალიან გაუჭირდება. ქვეყანას ჩიხიდან ისევ ჩვენ გამოვიყვანთ შეცდომების გათვალისწინებით.

„ახალი თაობა“, 27 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „20 მაისიდან წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადება გამოსავალი იქნება“

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტისა და პრემიერის ურთიერთობაზე, წინასაარჩევნო კამპანიის თარიღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

- ბატონო ლევან, საარჩევნო კამპანიის თარიღის გაურკვევლობამ ერთგვარი პრობლემა შექმნა. პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის შეუთანხმებელი ურთიერთობები კვლავ გრძელდება. ეს სამართლებრივი ლაფსუსია თუ პრობლემა უფრო ღრმაა?

- არჩევნების თარიღს ვერაფერი დაემუქრება, რადგან ის ზუსტად არის განსაზღვრული, რადგან პირდაპირ არის ოქტომბერი კონსტიტუციაში, როგორც არჩევნების თვე ჩაწერილი. სამართლებრივი ლაფსუსი არ შეიძლება მოუვიდეთ ისეთი მაღალი სახელმწიფო უწყების აპარატში, როგორიც არის პრემიერის აპარატი, ასევე პრეზიდენტის აპარატი. პრემიერი შეეცადა, რომ ერთობლივი გადაწყვეტილება მთლიანად პრეზიდენტზე ჩამოეკიდებინა. ჩვენ ვნახეთ, როგორ მივიდა პრეზიდენტი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან, როგორ გაიმართა მოლაპარაკებები და შემდეგ უკვე საგანგებო პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი გამოაცხადა.

- პრეზიდენტმა იჩქარა?

- პრეზიდენტმა არ იჩქარა, მათ მოილაპარაკეს და ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რაც შემდეგ გაახმოვანა. ამიტომ პრემიერის მხრიდან პრეზიდენტისთვის გადაბრალება სწორი გადაწყვეტილება არ იყო, ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის პირველი პირი და მესამე პირი მას ვერ უბრძანებს, როდის დანიშნოს არჩევნები თუ წინასაარჩევნო კამპანია. შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობა თანაბრად აკისრია ორივე სახელმწიფო პირს. ეს იყო ერთობლივი შეცდომა, მაგრამ ვისი უფრო მეტი იყო, პრეზიდენტის თუ პრემიერ-მინისტრის, ამას ახლა არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ახლა მთავარია, რომ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა და ელექტორატმა გაიგონ, როდის იწყება წინასაარჩევნო კამპანია ქვეყანაში, რადგან ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და მიბმული.

- პრეზიდენტმა თქვა, რომ წინასაარჩევნო კამპანიას მაისის დასაწყისში გამოაცხადებს, რაც ძალიან არ მოეწონათ უმრავლესობის წარმომადგენლებს. 6 თვე ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმში ვერ იცხოვრებსო…

- ამაში არის გონიერების მარცვალი, მაგრამ ეს ვითარება რომ არ შექმნილიყო, ამაზე თავის დროზე უნდა ეზრუნათ. თუ 10 მაისს გამოსცემს პრეზიდენტი განკარგულებას და ამას დაემატება ის ათდღიანი ვადა, რომელიც კონტრასიგნირებისთვის არის საჭირო, მაშინ მივიღებთ მაისის შუა რიცხვებს და 20 მაისის შემდეგ უკვე წინასაარჩევნო კამპანია არც პრეზიდენტის მიერ ნათქვამი გამოვა და არც პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული მოწოდება პრეზიდენტისთვის. ამდენად, შეიძლება 20 მაისისთვის პრეზიდენტის განკარგულების ძალაში შესვლა შექმნილი ვითარებიდან გამოსავალიც კი იყოს. თანაც ეს იქნება კარგი ჩვენი დემოკრატიის გამოცდისთვისაც.

- ეს რა კუთხით?

- სახელისუფლო რესურსის შეზღუდვის, მისი არგამოყენების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ხელისუფლების, სახელისუფლო პარტიის დამოკიდებულება სახელისუფლო რესურსისადმი. არჩევნების შეფასება ხდება არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მთელი წინასაარჩევნო პროცესი ფასდება, რამდენად იყო თავისუფალი და თანაბარ პირობებში. ჩვენნაირი ქვეყნებისთვის სახელისუფლო რესურსი და მისი არგამოყენება სერიოზული გამოცდაა, ამიტომ თუ წინასაარჩევნო კამპანია მაისის შუა რიცხვებიდან შევა ძალაში და პოლიტიკური პარტიები თანაბარ პირობებში ჩადგებიან, ეს ძალიან კარგი იქნება.

- წინა პრემიერსა და პრეზიდენტს არცთუ სახარბიელო ურთიერთობა ჰქონდათ. როდესაც ამ საკითხზეა საუბარი, ხშირად ევროპის მაგალითები მოჰყავთ, სადაც პრეზიდენტი და პრემიერი სხვადასხვა პარტიას წარმოადგენენ და მათი ურთიერთობებიც მთლად ჰარმონიული არ არის…

- ეს არ არის რელევანტური მაგალითი. ვისაც ეს მაგალითები მოაქვს, მე მათ ვერ დავეთანხმები, რადგან ჩვენს კონსტიტუციაში ყველაფერი გაწერილია.

- არის კი გაწერილი? ინტერპრეტირების შესაძლებლობას ხომ არ იძლევა კონსტიტუცია? ვინ არის პირველი პირი, ვინ არის მეორე და ა.შ.?

- ყველაფერი არის კონსტიტუციაში გაწერილი და ის ინტერპრეტირების შესაძლებლობას არ იძლევა. ინტერპრეტირებას პოლიტიკოსები ახდენენ იმის მიხედვით, ვის რა და როგორ აწყობს. ეს არის და ეს. პირველი პირი არის ქვეყნის მეთაური, მთავარსარდალი და ის არ არის პოლიტიკოსი, ის პოლიტიკის მიღმა დგას. სამწუხარო ის არის, რომ ბევრს ეს ვერ გაურკვევია. ამიტომ პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პარტიის თავმჯდომარე.

- ეს კონსტიტუციაში წერია?

- დიახ, ვინაიდან ის პოლიტიკის მაღლა დგას და ყველას პრეზიდენტია, არ შეიძლება პარტიის ლიდერი იყოს.

„ახალი თაობა“, 27 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ კარლო კოპალიანთან: გამოუშვებენ თუ არა ციხიდან მერაბიშვილს და უგულავას? „ჩვენს გია ვოლსკის უნდა ვუთხრათ, რომ ევროპელი ვოლსკი გააჩეროს“

ევროპის სახალხო პარტიის წევრი საირუშ ვოლსკი ითხოვს, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი მანამდე არ ამოქმედდეს, სანამ პოლიტპატიმრები ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა არ გათავისუფლდებიან. წავა თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამ დათმობაზე? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კარლო კოპალიანი ესაუბრება.

„რას მეუბნებით, რომ სახალხო პარტიის წევრმა საირუშ ვოლსკიმ მერაბიშვილის და უგულავას გათავისუფლება მოითხოვა და თანაც მათ პოლიტპატიმრები უწოდა? მაგ დალოცვილმა არ იცის, რას ნიშნავს პოლიტპატიმარი? ამდენი ხანია, პოლიტიკაშია და ასეთი რამეები როგორ ეშლება? კი ვიცი, რატომაც „უშვებს“ ასეთ შეცდომებს, მაგრამ რაღაც ზომას ჩვენც უნდა მივმართოთ. ჩვენს გია ვოლსკის უნდა ვთხოვოთ, რომ ის ვოლსკი გააჩეროს, ან რაღაც მაინც გააგებინოს. სამწუხაროა, მაგრამ ვოლსკები, რასელები, ბილდტები ღიად ლობირებენ ნაციონალურ მოძრაობას. რას წარმოადგენს ეგ ხალხი, რომ საქმის შესწავლის გარეშე ვიღაცებს პოლიტპატიმრის სტატუსს აძლევს“, – ამბობს კარლო კოპალიანი.

- ეგება შეისწავლეს საქმე?

- საქმე რომ შეესწავლათ და სიმართლის დადგენა სურდეთ, ასე არ ილაპარაკებდნენ. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა სასამართლოს დამოუკიდებლობა და ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზებაა. ჩვენს მოსვლამდე ყველაფერში ვანო მერაბიშვილის ცხვირი იყო ჩაყოფილი და მის გარეშე ჩიტიც ვერ დაფრინავდა. ყველამ კარგად იცის, რომ მერაბიშვილის და უგულავას საქმე სასამართლომ ყოველგვარი ჩარევის გარეშე განიხილა და განაჩენიც ზემოდან დარეკვის გარეშე გამოიტანა. ამ განაჩენით, სხვათა შორის, საქართველოს მოსახლეობაც უკმაყოფილოა. ის ადამიანები, რომლებსაც სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან რაღაც შეხება ჰქონდა, ამ განაჩენს არასაკმარისად მიიჩნევენ. სასამართლომ მერაბიშვილს მართლაც ჰუმანური განაჩენი გამოუტანა. ერთი იმ ვოლსკიმ ამიხსნას, რანაირად შეიძლება კაცი პოლიტპატიმარი იყოს, რომელიც ღიად ითხოვს ორ  „ტრუპს“. მშვიდობიან მანიფესტანტებს რომ დახოცავ და მაღაზიის თავზე შემოაწყობ და ამის გამო გაგასამართლებენ, ეს პოლიტიკური ნიშნით დევნაა? ამ ნაციონალებზე ყველაფერი რომ დაეწვა ვოლსკის, მაშინ სად იყო, აკადემიკოსი გურამ შარაძე ქუჩაში რომ მოკლეს?

რაღაც ძალიან გამიგრძელდა ამ ვოლსკიზე საუბარი, მაგრამ მისმა განცხადებამ ბევრი რამე გამახსენა და მაინტერესებს, მაშინ სად იყო, საქართველოში 200-მდე პოლიტპატიმარი რომ იყო. ეს ადამიანები ჩვენ გამოვუშვით ციხიდან.

- ნაციონალები ამბობენ, რომ ისინი პოლიტპატიმრები არ ყოფილან.

- აბა მერაბიშვილი და უგულავა არიან პოლიტპატიმრები? მართლა მაინტერესებს, სად იყვნენ ძვირფასი ევროპელები, როცა საქართველოში დიქტატურა იყო გამეფებული? მაშინ ხმას არ იღებდნენ და ახლა აღმოაჩინეს, რომ თურმე პოლიტპატიმრები გვყოლია. თანაც ამ თემას ძალიან ცუდად იყენებენ. საირუშ ვოლსკი და მაგნაირები პირდაპირ რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს.

- რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა რაში გამოიხატება?

- იმაში გამოიხატება, რომ ნაციონალების ლობისტები მოსახლეობას აიძულებენ, ევროპაზე უარი თქვან. ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის. მართლა გაუგებარია ხალხისთვის, როგორ შეიძლება ევროპა მხარს უჭერდეს დამნაშავე ელემენტებს. საბედნიეროდ, ევროპა ვოლსკი და ბილდტი არაა მხოლოდ და იქაც კარგად ხედავენ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოშია. ამას ნაციონალების ლობისტებიც კარგად აცნობიერებენ, მაგრამ დავალებული არიან წინა ხელისუფლებისგან და მათ სასარგებლო განცხადებებს აკეთებენ.

- აქამდე, სადაც მერაბიშვილს და უგულავას ახსენებდნენ, იქვე ბაჩო ახალაიასაც იხსენებდნენ. ახლა ბაჩო აღარ ახსენეს და რა ხდება, რაიმე უთანხმოებაა ნაციონალებში?

- თანხმობა როდის ჰქონდათ? ჭამენ და გლეჯენ ერთმანეთს. ახლა უფრო გაუმწვავდათ მდგომარეობა. საარჩევნოდ სულ შემოეჭმებათ ერთმანეთი. საკუთარ დასასრულს თავადაც ხედავენ და ახლა ცდილობენ, ქვეყანა რამენაირად დააზარალონ. ჰგონიათ, რომ ამით ხელისუფლებას დაიბრუნებენ. იმ დღეს მათი გადარეული და გაკრეჭილი ლიდერიც გამოვარდა, საქართველოში ვბრუნდებიო. აშკარაა, ესენი რაღაცას აპირებენ.

- ცოტა ხნის წინ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მიშა მაჭავარიანმა ძალიან თავდაჯერებულად განაცხადა, არჩევნებამდე მერაბიშვილი და უგულავა აუცილებლად გამოვლენ ციხიდანო. ახდება მაჭავარიანის წინასწარმეტყველება?

- მერე არ გაინტერესებთ, რატომ იყო ასეთი თავდაჯერებული? მთელ მსოფლიოს არიან მოდებული და ყველას სთხოვენ დახმარებას. ეტყობა, ლობისტებმა დაარწმუნეს, რომ რაღაცას იღონებენ. მოახლოვდა არჩევნები და ისინიც გააქტიურდნენ. კვირა ისე არ გავა, ვიღაც ამათი ლობისტი არ გამოვიდეს და რაღაც მოთხოვნები არ წამოგვიყენოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ჩვენს საქმეებში არავინ უნდა ჩაერიოს. ამიტომ ვთხოვ ვოლსკებს და რასელებს, რომ თავის ქვეყნებს მიხედონ და ჩვენ თავი დაგვანებონ. მათი განცხადებები, როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. იმედია, დასავლეთში ამას კარგად გააანალიზებენ.

———————-

„საერთო გაზეთი“, 27 აპრილი, 2016 წელი

პოლიტიკური ჭადრაკი და ბიძინა ივანიშვილი

ვახტანგ ხარჩილავა

რა თქმა უნდა, გინახავთ, როგორ ეთამაშება ერთი მოჭადრაკე 40-50 (ხანდახან მეტსაც) ადამიანს ერთდროულად. ერთდროული თამაშის სეანსი ჰქვია ამას მოჭადრაკეების ენაზე.

ბიძინა ივანიშვილიც იმ მოჭადრაკესავით ერთდროული თამაშის სეანსს ატარებს, აგერ უკვე მეხუთე წელია და ჯერჯერობით ყველა პარტიას იგებს. პოლიტიკური ჭადრაკია ეს ჭადრაკი – ჩვეულებრივ ჭადრაკზე გაცილებით რთული, სპეციფიკური ტექნოლოგიით, სპეციფიკური წესებით და, რაც მთავარია, სპეციფიკური ხასიათის და ზნე-ჩვეულების მოთამაშეებით, რომლებიც თამაშის წესებს ხშირად არღვევენ.

მიუხედავად ამისა, როგორც ვთქვით, ბიძინა ივანიშვილს ამ ხნის განმავლობაში არც ერთი პარტია არ წაუგია ამ ყველაფრის მკადრებელ „მოჭადრაკეებთან“.

მართალია, ბატონი ბიძინა ხშირად იმეორებს, რომ ის პოლიტიკოსი არ არის და პოლიტიკა არ უყვარს, თუმცა, პოლიტიკაში მისი შემოსვლის დღიდან დღემდე მის მიერ ნათამაშევ პოლიტიკურ „პარტიებს“ თუ გავაანალიზებთ, უდავოდ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ მისი დონის პოლიტიკური მოთამაშე საქართველოს დიდი ხანია არ ჰყოლია.

ისე, როგორც მოჭადრაკე, პოლიტიკოსიც იმით ფასდება, რამდენად შეუძლია მას წინასწარ გათვალოს სვლები, წინასწარ გაიანგარიშოს კომბინაციები, განსაზღვროს მოწინააღმდეგის საპასუხო დარტყმები, ჩასწვდეს მის ხასიათს, გაერკვეს მისი ფსიქოლოგიის თავისებურებებში.

2011 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ჭადრაკის დაფაზე არ გაუკეთებია არც ერთი მცდარი სვლა, ხოლო 2011 წელს დაწყებული ზოგიერთი რთული კომბინაცია, რომელსაც შეცდომად მივიჩნევდით, მან გამარჯვებით დაასრულა 2016 წლის გაზაფხულზე ზუსტად იმ დროს და იმ მომენტში, როცა ამის გაკეთება ყველაზე სწორი, ყველაზე საჭირო და ყველაზე ეფექტური იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მრავალრიცხოვანი პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა სახის მაღალფარდოვან განცხადებებს აკეთებენ, საუბრობენ პოლიტიკურ პლატფორმებზე და ახალ იდეებსა და პროექტებზე, სინამდვილეში ყველანი ისინი ერთ `მოჭადრაკეს~, ბიძინა ივანიშვილს, ეთამაშებიან და ზოგჯერ ღიად, ზოგჯერ ფარულად, ცოტაოდენ დანდობას და ლმობიერებას ითხოვენ მისგან, რომ გარდაუვალი შამათისგან თავი დაიხსნან.

ამ ნახევარი წლის წინათ, ერთ-ერთი საჭადრაკო ჩემპიონატზე შეჯიბრებიდან მოხსნეს მოჭადრაკე, რომელიც თამაშის დროს ხშირ-ხშირად შედიოდა ტუალეტში. როგორც გაირკვა, გონებამახვილი მოჭადრეკე ტუალეტში კომპიუტერის საშუალებით უკავშირდებოდა კონსულტანტებს, რომლებიც მას საჭირო სვლებს და კომბინაციებს კარნახობდნენ.

ჩვენი „მოჭადრაკე“ პოლიტიკოსებიც სულ ტუალეტში სხედან და, დიდი ალბათობით, თავიანთი უცხოელი მწვრთნელებისა და კონსულტანტებისგან იღებენ ინსტრუქციებს და დარიგებებს. არაფერი გამოვა აქედან – ერთდროული თამაშის სეანსს, კოდური სახელწოდებით „საპარლამენტო არჩევნები“, კვლავ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი მოიგებს!

ორი ვარიანტია: ან „ენდიაი“ და „აირაი“ აყალბებენ სოციოლოგიურ  გამოკვლევებს,  ან ქართველი ხალხი საჭიროებს ფსიქიატრიულ მკურნალობას

სამკურნალოა ერი, აბა, რა არის, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ცხრაწლიანი სადისტურ-მანიაკალური რეჟიმის შემდეგ კვლავ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს დაუჭერს მხარს, ხოლო ყველაზე სანდო და სანდომიან პოლიტიკოსად მამრობითი სქესის ქართველ ჯოკონდას, დავით ბაქრაძეს, მიიჩნევს.

სამკურნალოა ერი, რომელიც ყველაზე პერსპექტიულ პოლიტიკოსად აბსოლუტურად არაპოლიტიკურ ფიგურას – მომღერალ პაატა ბურჭულაძეს დაასახელებს.

სიმღერა კარგია, მაგრამ რა შუაშია იგი პოლიტიკასთან, რა შუაშია ქვეყნის მართვის ხელოვნებასთან, მით უმეტეს, როდესაც ამ მომღერალს აქამდე არასოდეს გამოუჩენია პოლიტიკური აქტიურობა?

როგორც ადრე ვწერდით, „ნაცმოძრაობა“ გვარბევდა, ხელკეტებს გვიზაპუნებდა, გაზით გვწამლავდა, „დუბინკებით“ და ცოცხის ტარით გვაუპატიურებდა, ბატონი პაატა მღეროდა.  „ნაცმოძრაობა“ ქუჩაში ხვრეტდა უდანაშაულო მოქალაქეებს, ციხეში ყრიდა ათასობით ადამიანს, ძარცვავდა, არეკეტებდა, აყაჩაღებდა მოსახლეობას, ბატონი პაატა მაინც მღეროდა და მღეროდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი პროტესტის სიტყვა არავის სმენია მისგან – მღეროდა და ხავერდოვანი ბანით „ახავერდებდა“ „ნაცმოძრაობის“ მიერ დაწიოკებული ქვეყნის კვნესას და გმინვას.

ვისარგებლებ შემთხვევით და ბარემ აქვე ვიტყვი: ოდესის გუბერნატორთან ვიზიტის შემდეგ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ პაატა ბურჭულაძე მისი ფარული მოკავშირე და სატელიტია. ჰოდა, ასეთ კაცს ერი იმედად და მხსნელად რომ ჩათვლის, ის ერი სამკურნალოა, აბა, რა არის?

სამკურნალოა ერი, რომელიც დიდ ქველმოქმედსა და მეცენატს, რომელსაც უამრავი სიკეთე აქვს მისთვის გაკეთებული, უკან დასწევს და წინ არაფრისმაქნის მოლაყბეებს დაუყენებს, რომლებსაც ენის ტარტალის და მავნებლობის გარდა თითი თითზე არ დაუკარებიათ და ქვა ქვაზე არ დაუდიათ ქვეყნის საკეთილდღეოდ.

დიახ, სამკურნალო ერი ვართ ჩვენ! – აი, ასეთ სამწუხარო დასკვნამდე მივალთ, „ენდიაი“-ს და „აირაი“-ს კვლევებს სარწმუნოდ თუ მივიჩნევთ. ჰო, მაგრამ მთლად  ასეთი სულელები, ბრიყვები და შეშლილები რომ არ ვართ, როგორც ზემოთხსენებული ეს ორი ორგანიზაცია წარმოგვაჩენს? ჩვენი გონიერებით და წინდახედულობით ვარსკვლავებს თუ არ ვწყვეტთ, შავს და თეთრს, გიჟს და ჭკვიანს, კეთილსა და ბოროტს მაინც ხომ ვარჩევთ ერთმანეთისგან, „ენდიაი“ და „აირაი“ კი შეურაცხყოფას გვაყენებს და მთლად გონებაჩლუნგებად გამოვყავართ.

ვიღაცას ჰგონია, რომ არჩევნები პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების გამოცდაა. არა, ბატონებო, არჩევნები, პირველყოვლისა, ამომრჩევლის გამოცდაა, მისი ინფორმირებულობის, მისი ინტელექტის, მისი წინდახედულობის, გნებავთ, მისი პატრიოტიზმისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების შემოწმების უტყუარი საშუალებაა.

საზოგადოების სახე არჩევნებში ისე ჩანს, როგორც – სარკეში. როგორებიც ვართ სინამდვილეში, ისეთივე იქნება არჩევნების შედეგები.

ჰოდა, მოდით, ამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ყველამ ერთად დავუტმტკიცოთ „ენდიაის“, „აირაის“ და საერთოდ, მთელ მსოფლიოს, რომ საღად მოაზროვნე, გონიერი ერი ვართ და სამკურნალო და სააქიმო არაფერი გვჭირს…

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო, მკვეთრი და კატეგორიული ხდება პოლიტიკური პარტიების მოთხოვნები – ითხოვენ საარჩევნო სისტემის შეცვლას, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, ბარიერის დაწევას, მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ა. შ.

ამ ხმამაღალი მოთხოვნების უკან, რომლებიც სახელმწიფოებრივი ინტერესების და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რანგში აჰყავთ მოთხოვნათა ავტორებს, სინამდვილეში ვიწრო პარტიული და ფრიად ეგოისტური ინტერესები დგას – თუ მთლად პარლამენტში შესვლა არა, რაღაც ხეირი მაინც ნახონ ამ არჩევნებიდან.

საქართველოში არჩევნები თხილის კრეფის სეზონს დაემსგავსა – ყველას უნდა პაწა ფული იშოვოს, მარაქაში გაერიოს და, რაც მთავარია, იმ ერთი თხილის გული მასაც გაუნაწილონ.

ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო, ნათქვამია, მაგრამ ერთი თხილის გული ორასმა ძმამ გაიყო და ყველა კმაყოფილი დარჩაო, ასეთ რამეს ანდაზა არ ამბობს.

საქართველოში კი, მოგეხსენებათ, ორასამდე პარტიაა და ეს ერთი თხილის გული ყველას რომ ვერ შეხვდება, ცხადია, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხენ და ყაყანსა და გნიასს მაინც არ წყვეტენ.

კარგად მახსოვს, ამ პარტიებიდან რამდენიმეს თავის დროზე ძალიან მაღალი რეიტინგები ჰქონდათ და ათასობით კი არა, ასიათასობით ადამიანი გამოჰყავდათ ერთ დაძახებაზე, რომლებსაც წაღმა-უკუღმა დააპროწიალებდნენ თავიანთ ჭკუაზე.

ახლა რომ სახვეწრად და სამათხოვროდ გაიხადეთ საქმე, რა უყავით თქვენ ის რეიტინგები, პატივცემულო პარტიებო?

რა უყავით და გაყიდეთ, ამ სიტყვის გადატანითი კი არა პირდაპირი მნიშვნელობით.

გაყიდეთ, ჯიბეები გაისქელეთ, მილიონები იშოვეთ, მაგრამ პოლიტიკურად გაკოტრდით და ახლა ეს პოლიტიკურად გაკოტრებულები „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს მიადექით პრეტენზიებით და ულტიმატუმებით?

ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ რა გინდათ – არ გაგეყიდათ თავის დროზე ეგ თქვენი რეიტინგები და დღეს ქართულ პოლიტიკაში სულ სხვა ადგილი გექნებოდათ და თქვენს სიტყვას და საქმესაც სხვა წონა ექნებოდა.

ადამიანს შეუძლია, ვისაც უნდა იმას მიჰყიდოს ის, რაც მას ეკუთვნის, რაც მისია, მაგრამ თქვენ გაყიდეთ ის, რაც თქვენ არ გეკუთვნოდათ, ანუ გაყიდეთ ქვეყნისა და ხალხის ინტერესები, ხალხის იმედი, ხალხის სურვილები, რომელიც ხალხმა თქვენ განდოთ, თქვენ ჩაგაბარათ, თქვენ კი ადექით და ეს ყველაფერი გაუყიდეთ და გაუსხვისეთ.

ყოველივე ამის შემდეგ, მე თუ მკითხავთ, თქვენი ადგილი საერთოდ არ არის ქართულ პოლიტიკაში.

თქვენ პოლიტიკა აღებ-მიცემობის ასპარეზად, სავაჭრო ფუნდუკად აქციეთ, სადაც სულ თქვენ გინდათ დახლში იდგეთ.

ამიტომ ყვირიხართ და წივიხართ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე,  საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე – იქნება და, დახლში დგომის შანსს გამოჰკრათ ხელი.

ერთი იდეა მაქვს – იქნებ დაიწეროს ბოლო ოცი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების მიერ გაყიდული რეიტინგების, კულუარული გარიგებების და აღებ-მიცემობების ისტორია.

თუ ეს გაკეთდება, დარწმუნებული ვარ, ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და შემაძრწუნებელი ამბავი, რაც ჩვენს ქვეყანას ოდესმე გადახდენია.

„საერთო გაზეთი“, 27 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „დაპირისპირებას გამოვრიცხავ, ეს არჩევნები მშვიდად ჩაივლის!“

თამარ შველიძე

გვესაუბრება დამოუკიდებელი უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე:

- ბატონო დიმა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად კვლავ გააქტიურდა მოთხოვნა საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით. რატომ იწყება ამ საკითხზე მსჯელობა მაინცდამაინც არჩევნების წინ?

- ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში გარკვეული წვლილი მეც შევიტანე. მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიის შემადგენლობაში არ აღვმოჩნდი და ალბათ, სწორადაც მოვიქეცი, ეს ისტორიული მნიშვნელობის გამარჯვებად მიმაჩნია, რასაც ზედნაშენის სახით, აუცილებლად, უნდა მოჰყოლოდა შემდგომი მოქმედებები – დემოკრატიის, საჯაროობის განვითარება, რეფორმები მართლმსაჯულების მიმართულებით, დაპირებული სამართლიანი სამრთლებრივი გარემოს აღდგენა და ა.შ. დღეს, საზოგადოება ფრუსტრირებულია, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა – 63% არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. როგორ ვუმკურნალოთ ყოველივეს? – საარჩევნო გარემოს ცვლილებით. საზოგადოების ყური ამ ფრაზას მიეჩვია და ესეც უკვე აღარ მუშაობს. ჩემი აზრით, პოლიტიკური გაერთიანებები, ბლოკები თუ კოალიციები მხოლოდ ერთადერთი მიზნის მისაღწევად უნდა იქმნებოდეს – შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ერთხელდასამუდამოდ შევთანხმდეთ, ვინ არის პოლიტიკურ სივრცეში ძირითადი მოთამაშე. როგორ შეიძლება ოდესღაც რეგისტრირებული პარტია როცა ვიღაცას მოუნდება მაშინ გააცოცხლოს იმ პირობებშიც კი, როდესაც პარტიას, მისი ოჯახის წევრების გარდა,  სხვა ადამიანური რესურსი არ ამყარებს. ამ დროს, უცებ ამ პარტიას უჩნდება ფული, არჩევნებში მონაწილეობის ამბიცია, აღმოჩნდება, რომ იგი საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე პოზიციონირებს და აცხადებს, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდაო და ა.შ. ამას წერტილი უნდა დაესვას.

- კონკრეტულად, რა ცვლილებების მომხრე ხართ საარჩევნო სისტემაში?

- „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისთვის“ პარტიათა მექანიკური ჯამი, ეკლექტური შენაერთი არავითარ პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ეკლექტური გაერთიანებები, საზოგადოების თვალში, არ მუშაობს და ეფექტურად ვერ ჩაითვლება. ჩვენი ამოცანა ის კი არ იქნება რომ კოალიციურ რეჟიმში წარვსდგეთ, ან ბლოკი შევქმნათ, არამედ პარტიაში რაც შეიძლება მეტი საინტერესო ადამიანი მოვიზიდოთ და სწორედ, ადამიანთა კრებული გახდეს მიმზიდველი და არა ზოგადად, სხვადასხვა პარტიების მექანიკური გაერთიანება, რომლებიც ცალ-ცალკე აღებული, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების თვალში არავითარ ღირებულებას არ ატარებენ.

- თუმცა, საუბრობენ, რომ შესაძლოა თქვენი პარტიაეროვნულ ფორუმთანანპატრიოტთა ალიანსთან“ გაერთიანდეს. ეს რეალობაა?

- ეს მოარული ხმებია და ასეც დარჩება. ჩვენ მოლაპარაკებებს არავისთან  ვაწარმოებთ არც კულუარულად, არც სააშკარაოდ. რაც შეეხება ჩვენს მიმართ სხვადასხვა პარტიებისა და დღევანდელი სახელისუფლებო ლიდერების დამოკიდებულებას, ყალიბდება სიმპტომატური სურათი. როცა პრემიერ კვირიკაშვილს ჰკითხეს ვისთან არ ითანამშრომლებდა, მან ძალიან მკაფიოდ უპასუხა – „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობასთანო“. რატომღაც, მსგავსი განცხადება გუბაზ სანიკიძემაც გააკეთა, რაც ცოტა გამიკვირდა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს განცხადებები დასავლელი პარტნიორების წინაშე მაამებლური პოლიტიკის გავლენით ხორციელდება. როგორც ჩანს, იმისთვის რომ დასავლეთს ერთგულ ჯარისკაცებად მოაჩვენონ თავი, ხმამაღლა უნდა თქვან ბურჯანაძის პარტიასთან არ ვითანამშრომლებთო. ეს, დასავლეთთან ინტეგრირების კუთხით, ერთგვარი პაროლი გახდა. ეს ჩვენ ღირსებას არ გვაკლებს, პირიქით, გვმატებს და საზოგადოებას კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი, ეროვნულ იდეოლოგიაზე მყოფი პარტიის მთავარი ამოცანა სწორედ საზოგადოების დაკვეთის შესრულებაა, რაც, ხშირ შემთხვევაში, სახელისუფლებო პარტიებისთვის ე.წ. დასავლური ღირებულებებისა და საერთოდ, დასავლეთის მიმართ ერთგულების ფიცზე გადის.

ჩვენ ვნახეთ როგორ შეძლო რუსეთმა პრევენციული დარტყმების განხორციელება იმისთვის, რომ სირიის კანონიერი ხელისუფლებიის სასარგებლოდ, ომის ბედი გადაეწყვიტა. რა თქმა უნდა, ამას ხიდაშელიც მშვენივრად აცნობიერებს, ალასანიაც, „ნაცმოძრაობაც“, „თავისუფალი დემოკრატებიც“, „რესპუბლიკელებიც“, მაგრამ მათი ამოცანა თვითმყობადი პოლიტიკის წარმოება არ არის, არამედ დავალებების შესრულება და საქართველოში როგორც ოკუპირებული ტერიტორიების მქონე სახელმწიფოში, მუდმივი დაძაბულობის კერის არსებობა. ის რომ ამას საზოგადოება ეწირება, მოსახლეობა უკიდურეს ეკონომიკურ სიდუხჭირეშია, ყურადღებას არ აქცევენ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე გამოსვლისას ჩემი ყურადღება კვირიკაშვილის განცხადებამ მიიპყრო. მან თქვა – თავისუფლების ხარისხი შეჭირვების ხარისხის შემცირებაზე გადისო. კარგია, რომ პრემიერ-მინისტრი ხმამაღლა აღიარებს საქართველოს მოსახლეობის უკიდურესად შეჭირვებულობას. ასეთი დონის შეჭირვება სირცხვილიცაა – 900 ათასი სოციალურად დაუცველი გვყავს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მათხოვრები გვხვდება, სანაგვე ურნებში მოშიებული ადამიანები საკვებს ეძებენ. ეს ყველაფერი, 21-ე საუკუნეში, ქვიშის კარიერის გენერლებად გვაქცევს, რაც საშინელებაა. როდესაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ისეთი სტრატეგიული პარტნიორი გვყავს როგორიც აშშ-ია, მათ შეუძლიათ ისეთი დასაქმების პროგრამები შემოგვთავაზონ, რომ 6 თვით მაინც შესაძლებლობა გვქონდეს ამერიკაში ლეგალური ჩასვლით და დასაქმების გზით სარჩო მოვიპოვოთ, ჩვენმა შვილებმა თავისუფლად შეძლონ პრისტონის, ვილანოვასა თუ სხვა ცნობილ უნივერსიტეტებში განათლების მიღება. ხომ შესაძლებელია ეს პროექტები ხორციელდებოდეს არა განსაკუთრებით პრივილეგირებული კასტის შვილებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების იმ დაახლოებული პირებისთვის რომლებიც უშუალოდ პოლიტიკის გამტარებლები არიან, არამედ მთელი ერისთვის?! თუკი სტრატეგიაზეა საუბარი, აი, ასეთი ქმედება იქნებოდა დამაჯერებელი. მათ კი საქართველო პოლიგონად, საკუთარი მზაკვრული იდეების განსახორციელებლად სჭირდებათ.

- ახლა ახსენეთ, მავანმა დასავლეთს ერთგულება შეჰფიცა და ქვეყნის ბედი არც აინტერესებსო. მართლაც, რიგი პარტიები ევროკავშირის, ნატოს ძახილს პრივილეგიად მიიჩნევენ და ამისთვის პარლამენტში შეყვანასაც გვთხოვენ

- დიახ. რეალურად, ეს 30 ვერცხლად გაყიდული პოლიტიკაა იმიტომ, რომ ცალკე აღებულ უმაღლეს სახელისუფლებო კასტაში მოქცეულ პიროვნებას რომ ჰკითხო – არის თუ არ იგი მორწმუნე, აღმოჩნდება, რომ სუფრაზე ქართველია, მრავალი ბავშვის ნათლიაა, შვილებს ნათლავს, ეკლესიაში სანთელს ანთებს, მაგრამ მეორე მხრივ, ანტიდისკრიმინაციული კანონის მოქმედების ეგიდით, ბავშვებში განათლების დონის ამაღლების მიზნით, პირდაპირ განგისაზღვრავს ჰომოსექსუალიზმის ნორმად აღიარებას, ახდენს  მის სოციალიზაციას, ცნობიერების ამაღლებას იმ კუთხით, რომ ეს კარგია – გეიდ ან ლესბოსელად ყოფნა ნორმაა. ეს უნდა ასწავლონ შვიდიდან ცამეტი წლის ასაკის ბავშვებს წინასწარ დაწერილი საგანმანათლებლო პროგრამებით. როდესაც უმაღლეს ხელისუფლებაში მყოფი პირი, მორწმუნე ქართველი ქრისტიანი აცხადებ, რომ ეს ნორმაა და დემოკრატიისთვის აუცილებელი პირობაა, ამით მართლმამდიდებლობას მთლიანად ხაზს უსმევ. ეს ჩვეულებრივი რელიგია არაა, ეს ქართველთათვის ცხოვრების წესია და არავის უნდა რცხვენოდეს იმის აღიარება, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია. წინააღმდეგ შემთხვევაში იცით, რა გამოვა? – რომ ამ ქვეყანაში სახალხო დამცველი არასოდეს უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი, ანუ, მართლმადიდებლობა გამომრიცხავი გარემოებაა ქვეყნის სახალხო დამცველად ყოფნისთვის.

ბატონო დიმა, ქართული პოლიტიკის ველზე მიდის მსჯელობა ვინ არის ნომერ პირველი ოპოზიციური ძალა? თქვენი პარტია საერთოდ არ აქტიურობს. ზოგმა შეიძლება ისიც კი იფიქროს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებთ. რით ახსნით ყოველივეს?

– პირდაპირ გეტყვით, ქალბატონი ნინო ბურჯანაძის გვერდით დგომა განპირობებულია რამდენიმე ნიშნით, მათ შორის, უმთავრესი გახლავთ ის, რომ იგი უძლიერესი პოლიტიკოსია, ქართულ პოლიტიკაში ურთულესი გზა გაიარა, საკუთარი შეცდომებიც აღიარა და მომავლის ხედვა უნიკალურად სწორად აქვს წარმოდგენილი. მას შეეძლო უდარდელად, ფეხი ფეხზე გადადებულს ეცხოვრა, მაგრამ ამის ნაცვლად, რთული, ეკლიანი გზა აირჩია. ჩვენს პარტიაში ის ხალხია ვინც უდიდეს პატივისცემას იმსახურებს: გიგლა ბარამიძე, რომელსაც ძალიან სერიოზული დიპლომატიური გამოცდილება აქვს, ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც თავად გახლდათ უსამართლობის მსხვერპლი, ასევე, რეგიონებში: მარნეულში – კაკო შუბითიძე, ყვარელში – ისაკო ცქიფურიშვილი, ახმეტაში – ირაკლი უჯირაული და ა.შ. თქვენი გაზეთი რეგიონებშიც ძალიან პოპულარულია და ბუნებრივია, ამ სახელებისა და გვარების ჩამოთვლა საინტერესო ტესტი იქნება. აბსოლუტურად ვიზიარებ შენიშვნას პასიურობასთან დაკავშირებით. თუმცა, ამომრჩეველს მინდა ვუთხრა, რომ ეს პასიურობა ტაქტიკის თემაა. აღდგომის შემდეგ, აქტიურ მოქმედებას დავიწყებთ.

ზოგადად, წინასაარჩევნოდ რა პოლიტიკურ გაერთიანებებს ელოდებით. რამდენად მშვიდობიანად ჩაივლის საარჩევნო კამპანია, ბევრი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეზე საუბრობს

– სამოქალაქო დაპირისპირებას გამოვრიცხავ, კმარა, გვეყო. ღრმად ვარ დარწმუნებული, საღი აზრი გაიმარჯვებს. `ქართულ ოცნებაში~ თავადაც კარგად ხვდებიან, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების გარეშე, მიშა მაჭავარიანისა და ხათუნა გოგორიშვილის მიერ დაწერილი კოდექსით სიარული, მათ ძალიან დიდ ჩრდილს აყენებს. ასე, საზოგადოების მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, გამორიცხულია. თუ რევოლუციური ნაბიჯები არ გადადგეს, ისე არაფერი გამოვა. ბევრს ჰგონია რაც უფრო ხმამაღლა დაიყვირებს და ექსპრესიული იქნება, ხალხი მით უფრო დაუჭერს მხარს. ასე არაა, ხალხი გაიზარდა, დაბრძენდა. საზოგადოებას ვერ მოატყუებ. ერთადერთი რაც საზოგადოებამ შეიძლება გააკეთოს, არჩევნებზე მოსვლაზე უარის თქმაა. `საერთო გაზეთიდან~ მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, სწორედ იმ 63%-ს მივმართავ – არჩევნებზე აუცილებლად მოდით, სახლში დარჩენა – ესაა თქვენი და თქვენი მომავლის წინააღმდეგ მიმართული სტრატეგიული კამპანია.

„საერთო გაზეთი“, 27 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ გელა ხუციშვილთან: საქართველოს საზღვრების ბნელი, ანუ კრიმინალური ხვრელები

მანანა სუხიშვილი

(გაგრძელება)

ვაგრძელებთ ინტერვიუს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილესთან, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ გელა ხუციშვილთან, რომელმაც სხვა გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია „სახელმწიფო სასაზღვრო პოლიტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“ დააფუძნა. რესპოდენტის განცხადებით, 1997 წელს, როდესაც საქართველო ევროპის სასაზღვრო ქარტიას შეუერთდა, მისი უწყება იყო ინიციატორი, ხსენებული დეპარტამენტი პოლიციურ სისტემაზე გადასულიყო, ანუ საზღვრის დაცვის პოლიციად ჩამოყალიბებულიყო. ამ ყველაფერს ორმაგი დატვირთვა ჰქონია, პირველი ის, რომ სამხედრო კომპონენტის შემოღების შემთხვევაში, მეგობარ სახელმწიფოებს შესაძლებლობა ექნებოდათ ტექნიკური აღჭურვილობა და იარაღი გადმოეცათ ჩვენი მესაზღვრეებისთვის, რაც მანამდე აკრძალული იყო. მეორე – ჩვენ გადავდიოთ ევროპის სახელმწიფოთა სტრუქტურის მსგავს ფორმირებაზე. „მაგრამ ნახეთ როგორ განვითარდა მოვლენები, ის რაც ცოტა ხნის წინ საბერძნეთი-მაკედონიის საზღვარზე მოხდა, ყოველგვარი დემოკრატიის და ჰუმანურობის პრინციპების უგულვებელყოფაა. ლტოლვილებს ტყვია დაუშინეს, მართალია რეზინის, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს საფრთხე ჩვენც გველოდება, რასაც სათანადო პასუხს ვერ გასცემს ჩვენი ტექნიკური საშუალებები და დაქსაქსული ძალები“, – აცხადებს პოლკოვნიკი გელა ხუციშვილი.

- ბატონო გელა, სანამ მოსალოდნელ საფრთხეებზე ვისაუბრებთ, იქნებ გვითხრათ სად გადის რუსეთ-საქართველოს საზღვარი აფხაზეთის მიმართულებით, მდინარე ფსოუზე?

- რუსეთთან საზღვრის მონაკვეთი 700 კმ-ზე მეტია. 1991 წლის 21 დეკემბერს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამ მიმართულებით ჩვენსა და რუსეთს შორის საზღვარი მდინარე ფსოუზე დაფიქსირდა. სხვათა შორის, ესეც ერთგვარი ცინიზმი იყო, სტალინის დაბადების დღეს რომ დაშალეს საბჭოთა კავშირი. მერე იყო სეპარატისტული მოძრაობები და ახლა ზოგიერთი ქართველი ჟურნალისტი თავიანთი არაკვალიფიციურობის გამო, საზღვრად მოიხსენიებენ ენგურს და იქ არსებულ გამყოფ ზოლს. ერთი სიტყვით, გადმოგვიწიეს საზღვარი, არადა ეს არის ჩვეულებრივი სადემარკაციო ზოლი, რომელიც კონფლიქტის მხარეთა დაშორიშორების შემდეგ იქმნება და მასზე არსებობს თავისი წესები. ერთია, რომ აფხაზეთი თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს, მაგრამ შენ ხომ იცი, რომ იქ კონფლიქტის ზონაა, სადემარკაციო ხაზი გადის და რა წესები უნდა გქონდეს დაწესებული. მე სრულებითაც არ მინდა, რომ ვინმემ დრომოჭმულ დინოზავრად ჩამთვალოს, თუმცა ჩემი მოსაზრის გამოთქმას არ მოვერიდები, მითუმეტეს, რომ უშუალო შეხება მქონდა ამ სფეროსთან. რაც წლები გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები აქ ჩვეულებრივ დასაქმების წყაროს ხედავენ ჩვენი უბედურების ხარჯზე და მეტი არაფერი. ყოველ შემთხვევაში, მათ მიერ მოგვარებული რომელიმე კონფლიქტი მე ჯერ არ მინახავს. არის ნიუანსები, რომელთა დასაბუთებსაც თუ ვერ შეძლებ, არც უნდა ისაუბრო, თორემ როგორ ხელოვნურად ხდება კონფლიქტის ექსკალაცია, რის შემდეგაც ამ ორგანიზაციების წარმომადგენელთა ხელფასები და სამივლინებო ხარჯები ასტრონომიულად იზრდება, თაღლითობაა და მეტი არაფერი.

არსებობს ცნება ტრანსსასაზღვრო დანაშაული, ყველაზე მეტად ამის გვეშინოდა და ახლა სწორედ მისი ნიშნები იკვეთება. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია იმიტომ შევქმენით, რომ დაგვიგროვდა უზარმაზარი ცოდნა და ინფორმაცია, ორგანიზაციაში ისეთი ოფიცრებიც არიან გაწევრებული, რომლებსაც წლების მანძილზე ებარათ სასაზღვრო დაზვერვის ფუნქციები აღმოსავლეთ, სამხრეთაღმოსავლეთ საზღვრის მონაკვეთებზე. მართალია, მათ შესაბამის დოკუმენტებთან წვდომის უფლება დღეს აღარ აქვთ, მაგრამ ყველაფერი ხომ ახსოვთ. განვლილმა პერიოდმა მათ საშუალება მისცა, რომ პროცესები გაეანალიზებინათ და მივედით დასკვნამდე, რომ მდგომარეობა არ არის მთლად მშვიდი და სახარბიელო. მოვიდა ახალი თაობა, დღეს სასაზღვრო პოლიცია უმეტესად კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული, ხოლო საკონტროლო-გამტარ პუნქტებს საპატრულო პოლიცია განაგებს, დაქსაქსულ ძალებში ამას ვგულისხმობდი. მე ამ ახალგაზრდების წესიერებასა და პატიოსნებაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ გამოცდილება ისეთი რამაა, რასაც ვერცერთ უმაღლეს სასწავლებელში ვერ შეიძენ.

ჩვენმა ორგანიზაციამ პირველ რიგში საფრთხეები განსაზღვრა, ანუ საფრთხეები ზღვაზე, საკონტროლო-გამტარ პუნქტებში ხმელეთზე. როდესაც ვამბობთ, სატრანზიტო ფუნქციის მატარებელი ქვეყანა ვართო, რატომ არ გვინდა მაშინვე დავაყენოთ დღის წესრიგში, რომ პირველი, რაც ამ შემთხვევაში მოძრაობასა და მოქმედებას იწყებს, კრიმინალია. სახელმწიფოებრივ ღონისძიებათა ორგანიზებას დრო, ფინანსები და სხვ. ჭირდება, რაზეც კრიმინალი მყისიერად რეაგირებს. ტრანსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაული ეწოდება დანაშაულს, რომელიც ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე იწყება და მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე სრულდება, შეიძლება განგრძობადიც იყოს და ტრანზიტად გამოიყენოს რამდენიმე სახელმწიფოს ტერიტორია. ხსენებული დანაშაული გულისხმობს არალეგალურ მიგრაციას; ყველაზე საშიში და მრავალწახნაგოვანი დანაშაულია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა, იარაღის კონტრაბანდა, ორმაგი დანიშნულების ნივთიერებათა ექსპორტ-იმპორტი, საუბარია იმ ნივთიერებებზე, რომლებიც გამოიყენება სახალხო მეურნეობაშიც და ტერორისტული ორგანოების მიერაც, მაგალითად რადიაციული და სხვა კომპონენტები. ტრანსსასაზღვრო დანაშაულში იგულისხმება ტერორიზმიც, რომელიც ადრე თითქოს არალეგალურ მიგრაციაში ითვლებოდა, მაგრამ ახლა განყენებულია, რადგან ძალიან თავხედური მოქმედებებით წავიდა. არალეგალური მიგრაცია თავის მხრივ რამდენიმე ნაწილად იყოფა: სატრანსპლანტაციო ორგანოების ტრანსპორტირება; იაფი მუშახელი; პროსტიტუციის ესკალაცია და ა.შ. დადგენილია, რომ თითოეული არალეგალი (არის, როგორც ინდივიდუალური, ისე ორგანიზებული სახით შემოსვლები), რომელიც სახელმწიფოში შემოდის, ადგილზე 7.000 ევროს ტოვებს, ეს ყველა სახელმწიფოში ასეა. მას, როგორც წესი, ნაღდი ფული არ აქვს და ამ „გადასახადს“ ხშირად გარკვეული სამუშაოს შესრულებით ანაზღაურებს, არცთუ იშვიათად ნარკოტიკის შემოტანა-რეალიზებითაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის არარეგისტრირებული მუშახელი, რომელიც ისედაც უმუშევრობის სფეროში მყოფ ქვეყანას ზედმეტ ტვირთად აწვება. ეს პრობლემა სერიოზულად დგას. მართალია, ჩვენთან ჯერ არ არის ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა, რომ არალეგალები აქ დარჩნენ, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს სატრანზიტო ხაზად იყენებენ, რითაც მავანნი სერიოზულ ფულს შოულობენ. ბოლო ხანს, ერთ-ერთ ტელეგადაცემაში საქართველოდან ბავშვების გაყვანაზე საუბრობდნენ, რაც ახალი ამბავი არ არის, პირველად ეს თემა 90-იანი წლების დასაწყისში გახმაურდა, 90-იანი წლების ბოლოსაც იყო საუბარი. ახლა კვლავ გააქტიურდა, ოღონდ მეთოდები შეცვლილია, ადრე თუ უპატრონოდ დარჩენილი ბავშვების გაყვანაზე `მუშაობდნენ~, ახლა ხელოვნური ჩასახვა და ამ გზით გაყვანა ხდება.

ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის ყოფილმა პროკურორმა კარლა დელ პონტემ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ 2008 წელს წიგნი („ნადირობა. მე და სამხედრო დამნაშავეები“) გამოსცა, სადაც ყვება კოსოვოელი ალბანელები როგორ აჭრიდნენ ცოცხალ ადამიანებს, სერბ სამხედრო ტყვეებს ორგანოებს და ყიდდნენ. ამ წიგნში მოხსენიებულია ნახევრადაღიარებული კოსოვოს მოქმედი პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი. ქალბატონი დელ პონტე მას ბრალს უყენებს, რომ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდა (ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაციით, ჰაშიმ ტაჩს იუგოსლავიის სასამართლომ 1997 წელს, ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით აწლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. იგი 1999 წლის დასაწყისიდან ერთ-ერთი მთავარი საველე მეთაური გახდა, ხოლო კოსოვოს პრეზიდენტის თანამდებობას 2016 წლის აპრილის დასაწყისიდან იკავებს – მ.ს.), დღეს ჰაშიმ ტაჩი ოფიციალური მილიარდერია. ერთი ადამიანი თურმე ნახევარ მილიონ ევროდ ფასობს, ცხადია, ყველა ორგანოს თავისი ფასი აქვს. კოსოვოს ტერიტორიაზე ბანაკები ჰქონდათ შექმნილი, სადაც დატყვევებულ ხალხს ათავსებდნენ, იქ მარტო სერბები კი არა, მთელი საქრისტიანოს წარმომადგენლები ყავდათ და მათ ორგანოებს ნელ-ნელა ყიდდნენ. მცირე სამხედრო ინციდენტებსაც აწყობდნენ, შეტაკებები ხდებოდა სერბებთან, რა დროსაც ცხადია იღუპებოდნენ ჯარისკაცები, რომლებსაც ასევე ტრანსპლანტაციისთვის იყენებდნენ. გაიხსენეთ რამდენი ასეთი სტიქიური შეტაკება მოხდა საქართველოში 2004 და 2008 წლებში, ამის მიხევით განსაზღვრეთ, რამხელა ფულია მავანთა ჯიბეში შესული.

ტრანსსასაზღვრო დანაშაულის პარალელურად სხვა პროცესებიც განვითარდა, არსებობს საქართველოს საზღვარზე ლტოლვილების ორგანიზებულად, მასობრივად გადმოსვლის საშიშროება, ხომ ხედავთ, ევროპა აღარ ღებულობს ამ ხალხს. თურქეთმა პასუხისმგებლობა აიღო, რომ მათ თავის ტერიტორიაზე მოუყრის თავს, ამ ქვეყანასთან კი ჩვენ ძალიან დიდი სასაზღვრო სივრცე გვაკავშირებს, რომელიც არცთუ ისე დიდი სიმჭიდროვითაა დაცული, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად დაუცველია. სხვათა შორის, ერთ-ერთი ჟურნალისტი დაინტერესდა, ადრე როგორ ხდებოდა ამ საზღვრის დაცვა, მაგრამ მან საზოგადოებამდე სწორად ვერ მიიტანა ჩემი პასუხი. კომუნისტების პერიოდში საქართველო-თურქეთის საზღვარს საბჭოთა კავშირის სასაზღვრო ჯარი იცავდა, მერე რუსეთის სასაზღვრო ჯარების ჯგუფი ჩადგა, 1994 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად, მათ უნდა გაეკონტროლებინათ ესენგეს (დსთ) გარე საზღვარი, რომელიც 1998 წელს ჩაგვაბარეს. იმ პერიოდში სარფიდან ვალემდე მონაკვეთზე 10.000 რუსი მესაზღვრე იყო განთავსებული, ეს მაშინ, როცა საქართველოს სასაზღვრო ჯარს დარჩენილ სხვა ტერიტორიაზე სულ 3500 მესაზღვრე ყავდა. მართალია, ამ მონაკვეთებზე ნაკლები საშიშროება იყო, მაგრამ არც სარფი-ვალეს მონაკვეთზე გველოდა საშიშროება, რადგან თურქეთთან ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. დღეს მდგომარეობა შეცვლილია, მე არ მინდა სამხედრო საიდუმლო გავცე და დავასახელო იქ რა და რამდენი ერთეულები გვყავს, მაგრამ ფაქტია, თუ ხვალ საზღვარზე ლტოლვილთა მოძალება და მასობრივი გადმოსვლის მცდელობა დაიწყება, თურქეთმა თვითონ თუ არ გააჩერა, მეეჭვება ჩვენი ძალებით ეს შევძლოთ. კითხვა გამიჩნდა, რომელიც კომპეტენტურ ორგანოებს დავუსვი, თუმცა პასუხი ვერ მივიღე და თქვენი გაზეთის საშუალებითაც მინდა დავსვა. ჩვენ ვნახეთ როგორ განვითარდა მოვლენები ლიბიაში, სირიაში, ეგვიპტეში, სირიის ქალაქი ალეპო მთლიანად დაინგრა, იყო ქალაქები, სადაც კომპაქტურად ცხოვრობდნენ ქრისტიანი სომხები, საკმაოდ შეძლებული ხალხი, რომლებიც კონფლიქტის ესკალაციის სხვადასვა ეტაპზე პერმანენტულად გადიოდნენ იქიდან. მაინტერესებს სად წავიდა ეს ხალხი, შემოვიდა თუ არა ჩვენს ტერიტორიაზე და განსახლდა. ამის მონაცემები არ არსებობს, შეიძლება არსებობს კიდეც, მაგრამ გასაიდუმლებულია, ვერაფერს გეტყვით. ფაქტი ერთია, როდესაც ქვეყნის შემოგარენში ასეთი პროცესები იწყება, მით უმეტეს, რომ ყარაბაღის კონფლიქტიც განახლდა, არალეგალური მიგრაციის განსაკუთებული კონტროლია საჭირო. მიწა ყიდვა-გაყიდვის საგნადაა ქცეული, მიწა საქონლად აქციეს, არადა გვასწავლიდნენ, რომ საქონელია ის საგანი, რომელიც ადამიანის შრომით იქმნება და შემდგომ ყიდვა-გაყიდვის ობიექტი ხდება. მიწა ადამიანის შრომით არ შექმნილა, ის ღვთის ბოძებულია და არავის აქვს უფლება შეეხოს.

-  1987 წელს სვანეთში დიდთოვლობისას დაზარალებული მოსახლეობა საქართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა ჯუმბერ პატიაშვილმა ქვემო ქართლში საზღვრისპირა რაიონებში ჩაასახლა. უფრო ადრე სტალინმა ჩაასახლა ამ რეგიონშიც და სამცხე-ჯავახეთშიც იმერლები და რაჭველები, რითაც მეტნაკლებად გამოსწორდა დემოგრაფიული მდგომარეობა საზღვრისპირა რეგიონებში. .. მთავარი ხელისუფლების ნება ყოფილა

- მოდით, სხვებსაც ნუ დავუკარგავთ დამსახურებას, 80-იან წლებში ავთანდილ მარგიანიც მუშაობდა ამ საკითხზე, რომელიც იმ პერიოდში გარდაბნის რაიკომის მდივანი იყო. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ზოგიერთ საკითხს, ჯერ ერთი, საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები არ არიან ერთიანი ერი. ეს სხვა საუბრის თემაა, მაგრამ მოკლედ მაინც გეტყვით, ჩვენ ყველაზე დიდ შეცდომას ვუშვებთ, როცა მათ ეროვნულ უმცირესობად ვთვლით, აზერბაიჯანელი ერი 1921 წელს ჩამოყალიბდა, რომელიც სხვადასხვა ეროვნებათა კონგლომერატი იყო. ეს ადამიანები საუკუნებია საქართველოს მიწაზე ცხოვრობენ და ვერც კი წარმოიდგენთ როგორ უყვართ ეს მიწა, ნეტავ ქართველს შეაყვარა ისე საქართველო, როგორც მათ უყვართ. ამ ადამიანების ინტეგრირება უნდა მომხდარიყო ჩვენში. არ გაინტერესებთ სად გაქრა ის ათეულ ათასობით ყივჩაღი, რომელიც დავით აღმაშენებელმა ჩამოასახლა საქართველოში? არსად, ენამ გალეწა ყველაფერი, მან მოახდინა ამ ხალხის ასიმილაცია. როდესაც აზერბაიჯანელები ქართულად ამეტყველდებიან, სულ სხვა სურათი გვექნება. მე ძალიან დიდი პატივისცემით ვექცევი იმ ადამიანებს, ვინც წარსულში შეიძლება სხვა ეთნოსის წარმომადგენელი იყო, მაგრამ თავს ქართველად აცხადებს. შეიძლება ადამიანი იმისთვის გაკენწლო, რომ ის ქართულად ფიქრობს, აზროვნებს და სუნთქავს? ეს მან აირჩია და გახდა ამ კულტურის თანამოაზრე, შენ კი ამ დროს ხელს კრავ და იცილებ. ჩვენ არაერთხელ ვართ შევსებული, განსაკუთრებით საქართველოს მთა, იქ მოხუცებმა კარგად იციან ვინ ვისი კუთვნილებაა და საიდანაა გამოსული, რადგან წესად იყო, რომ შეხიზნულ ან ჩასიძებულ კაცს სამი თვის მერე ამ სოფლის გვარი უნდა მიეღო „სარეველა“ რომ არ გამრავლებულიყო. რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთიდან გასახლებულ ე.წ. თურქ-მესხებს, მათ გვარებსა და მონაცემებს რომ გადახედოთ, მათი გარკვეული ნაწილი არაქართველია.

დავუბრუნდეთ, არალეგალური მიგრაციის თემას. საზღვრის დაცვის დეპარტამენტში ძალიან კარგი სტრუქტურული დანაყოფი შეიქმნა, რაც სამწუხაროდ, ჩვენს დროს არ იყო. ეს არის ოპერატიულ-სამძებრო მთავარი სამმართველო, რომლის კომპეტენციებშიც შედის, როგორც საზღვრის მიღმა, მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთანამშრომლობა, ისე საზღვრის მთელ პერიმეტრზე და ქვეყნის შიგნით ოპერატიული საქმიანობის განხორციელება არალეგალური მიგრაციისა და სხვა სასაზღვრო დანაშაულობების აღკვეთის მიზნით. მე არ ვიცი რატომ ვერ ხერხდება ამ უფლებამოსილების განხორციელება, ალბათ ან შესაძლებლობას არ აძლევენ, ან რაღაც არ ყოფნით, თორემ ამ სამსახურს შეუძლია პროცესებში ძალიან სერიოზულად ჩაერთოს და კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს იმ ადამიანების დაკავება, ვისაც საქართველოში უნებართვოდ შემოსვლის მცდელობები აქვს. თქვენ ბოშები ახსენეთ, რომლებიც რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანიდან მასიურად გადმოსულან, მარტო ისინი კი არა, სხვა ეთნოსის წარმომადგენელებიც შემოდიან. სამწუხაროდ, ჩვენი კანონი, მათ მოქალაქეობის მიღებას უმარტივებს. როდესაც საკითხი კავკასიური რასის ხალხის შემოსვლას ეხება, ეს ძნელად შესამჩნევია, მაგრამ ძალიან დამაფიქრებელია, მათი ასიმილირება შემდგომში რა შედეგს მოგვიტანს. უნდა ვაღიაროთ, რომ ფაქტობრივად, ცივილიზაციათა ომი მიდის, როდესაც ევროპაში ასე განუკითხავად მოხდა ლტოლვილების მასობრივი შეყვანა, თანაც საფილტრაციო ბანაკების გარეშე.

მოხარული ვიქნები თუ თქვენი გაზეთი დააწესებს რუბრიკას სახელწოდებით „მრგვალი მაგიდა“, სადაც აუცილებლად მიწვეული იქნება სახელმწიფო სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები ჯანსაღ ოპონირებას გავუწევთ. საზღვრის დაცვის სუბიექტების ფართო სპექტრი არსებობს – საბაჟო, ფინანსთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა, ეკონიმიკის და ჯანდაცვის სამინისტროები, ამ უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობით უნდა მოეწყოს საზოგადოებასთან კონტაქტი მედიასაშუალებების მეშვეობით, რადგან არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, დასაფიქრებელი და საზრუნავი, ვიდრე სახელმწიფოს ტერიტორია, რომელსაც თანდათან ვკარგავთ. არსებობს ცნებები დუბელაცია და ცესია, დუბელაცია ნიშნავს, როცა ერთი სახელმწიფო ძალით იპყრობს მეორის ტერიტორიას, ნებისმიერ დროს შეიძლება საერთაშორისო ძალისხმევით, იგივე ძალის გამოყენებით, ან სახელმწიფოთა შეთანხმებით ეს ტერიტორია კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს. ცესია კი იმას ნიშნავს, როდესაც სახელმწიფო ნებაყოფილობით გასცემს, გაცვლის, გაასხვისებს თავის ტერიტორიას, რომელიც დაბრუნებას აღარ ექვემდებარება. ამიტომ სერიოზული დაფიქრება გვმართებს იგივე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. ძალიან მტკივნეული თემაა გარეჯის სამონასტრო კომპლექსი და მისი მიმდებარე ტერიტორია, გარეჯის გადარჩენის, ამ პრობლემის მოგვარების ქვაკუთხედი სასაზღვრო დასახლებათა სისტემის ამუშავებაა. ვეტერანთა დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან ამ საკითხზე ჩვენი ურთიერთობა როგორც დამთავრდა, უკვე გითხარით. ამ თანამდებობაზე კობა კობალაძის დანიშვნამ იმედი გაგვიჩინა, მინდა მას შევხვდე და კვლავ წამოვწიო სასაზღვრო დასახლებების საკითხი. არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თემას ინიცირებას ვერ გაუკეთებენ, სახელმწიფოს კონფიდენციალური დემოგრაფიული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს, რაც ვეტერანთა დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს. ამით ძალიან დიდი პრობლემას გადავჭრით. კობალაძის იმედი იმიტომ გვაქვს, რომ მებრძოლი კაცია, იცის დენთის სუნი, სამშობლოსთვის სისხლი დაუღვრია, თანაც კარგ ოჯახშია აღზრდილი. ძალიან კარგია, რომ მას მიანდეს ასეთი დიდი და სერიოზული საქმე, უპატრონოს იმ ხალხს, ვისაც სამშობლოს წინაშე ვალი აქვს მოხდილი. ვეტერანების, გამოცდილი ძალოვნების კონტიგენტით შეიძლება მოეწყოს სასაზღვრო დასახლებები, რაც ჩვენს საზღვრებს საიმედოდ გაამაგრებს.

„საერთო გაზეთი“, 27 აპრილი, 2016 წელი

რატომ გახდა საქართველოში ოპოზიციონერობა ფულის შოვნის საშუალება

ირინე გოგოსაშვილი

იქნებ განმარტოს მავანმა – არჩევნებამდე 5 თვით ადრე – რომელი ჭკუათმყოფელი ითხოვს „საარჩევნო გარემოს“ შეცვლას მაშინ, როდესაც სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დამთავრებიდან დღემდე ლამისაა 4 წელი იწურება?! რატომ მაშინვე, ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე არ დადგა დღის წესრიგში მიშასდროინდელ „საარჩევნო კანონში“ ცვლილებების შეტანის აუცილებლობა, თანაც იმ ფონზე, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ოცნებამ ნაცებს 45 დეპუტატის სავარძელი ფაქტიური გაყალბებებით უბოძა?

რაღა გუშინ გაახსენდათ ერთმანეთი იმ ძალებს, რომელთა პოლიტიკურ პარტიებსაც მათი სანათესაო-საძმაკაცო-სამეგობროს გარდა არავინ ცნობს?

ანდა „ოპოზიცია“-ო, რომ გაიძახით – ვინ არის ოპოზიციაში და ვისთან? იმათთან, ვინც სული ჩაუდგათ, ვინც გამოკვება და შემოსა?! (იგულისხმება სისტემა – ი.გ.).

მკვდრების გაცოცხლება მხოლოდ უფალს შეუძლია (ასე მეგონა აქამდე) მაგრამ, ღმერთო მაპატიე და, თურმე ჩვენთან „ქართული პოლიტიკის“ წყალობითაც შესაძლებელი ყოფილა დიდი ხნის წინ – დაუმარხავი მიცვალებულების ჯგუფურად აღდგომა, ჰოდა, ნუღარ გვიკვირს ხოლმე ყოველი არჩევნების წინ ახალ-ახალ მიცვალებულებს რომ წამოაყენებენ ხოლმე…

პოლიტიკა ბინძური საქმეაო… დიახ! განსაკუთრებით კი – ქართული პოლიტიკაა ბინძური და, ამასწინათ სოციალურ ქსელში ერთი პატარა გოგონას – თამარ წინწავას „ფბ პოსტი“ რომ წავიკითხე, ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი, ისეთი სიზუსტით ჰქონდა აღწერილი ქართული პოლიტიკური ლაბირინთები და დღევანდელი რეალობა:

„მარადიული დუმილი, მარადიული წყვდიადი… მარადიული უკანსვლა და მარადიული ჭაობი – აი, ქვეყანა, როგორშიც და რომელშიც მე ვცხოვრობ…  აქ ობლის კვერის გამოცხობის შანსი, უბრალოდ, არ არსებობს… აქ მთავრობაში ყველაფერზე ერთი პასუხი აქვთ… აქ საზოგადოება უნებო და პირდაღებულია… აქ, ამ ქვეყანაში ვცხოვრობ მე, ყველასგან დავიწყებული, სევდაგაჟღენთილი და მაინც „ცოცხალი“… აქ არავინ უნდა გნახოს წაქცეული, ცუდი ტონია ეს ყველაფერი… არადა, ყველანი – წაქცეულები და ცოცხლად დამარხულები ვართ, კი ვგრძნობთ, მაგრამ არ ვიმჩნევთ!!! აქ არაფერი არ შეიცვლება არასოდეს, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ჭაობია და ჭაობიდან ამოსვლაა შეუძლებელი!!! აქ ბევრ რამეზე გვტკივა გული, მაგრამ ჩვენი გულის ტკივილი სასაცილოა „მავანისთვის“… აქ ყველა სამინისტრო, ყველა უწყება სულ მუდამ პრობლემების მოგვარებას ებრძვის, მაგრამ პრობლემის წინაშე კომპეტენცია არ ჰყოფნით… აქ ყველაფერი ძალიან კარგად უნდა იყოს, მაგრამ ყველაფერი სულ მუდამ ცუდად არის… აქ წყალი სულ მღვრიეა და „თევზი“ სულ მუდამ კარგად ეგება ანკესს… აქ მოსამართლეებს მანტია „მორღვეული“ აცვიათ… აქ ციხეებში შიმშილობენ და არასამთავრობო ორგანიზაციები ამით ფულს შოულობენ… აქ ადვოკატებიც გვყავს, რომელთაც სინდის-ნამუსი არ გააჩნიათ… და კიდევ რამდენი რამ არის აქ?.. მაგრამ… არსად, მაინც ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში…“

ძვირფასებო! როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ წერილს პატარა გოგონა წერს და ბევრ ასაკით მასზე უფროს ადამიანს, მით უმეტეს, პოლიტიკოსებს, თავში აზრადაც არ მოსდით ის, რომ ამ ქვეყანაში იბადებიან, იზრდებიან და ბოლოს კვდებიან უბედური თაობები! უსიხარულო და „მავანის“ სიხარულისთვის დაბადებული „საარჩევნო ხმები“ და არა-ადამიანები!!!

წინ უნდა მივდიოდეთ და უკან ვბრუნდებით? უკან, 2007 წლის მაის-ივნისში, როცა „გაერთიანებული ოპოზიცია“ „საარჩევნო გარემოს“ შეცვლის მიზნით დროებით შეიკვრნენ „ფიც-ვერცხლით“ და როცა ვერცხლმა სძლია ფიცს?! მაშინაც რესპუბლიკელების ინიციატივით დაიწყო ყველაფერი, თუმცა ფლაგმანი პოლიტიკური პარტია „ეროვნული ფორუმი“ იყო! გამორჩეული, როგორც პარტიის მომხრეთა რეცხობრივი რაოდენობით, ისე ლიდერების „ეროვნული პოზიციით“, თუმცა მოგვიანებით ფიასკო იმიტომ განიცადეს, რომ ასევე ყალბი ოპოზიციონერის – ნინო ბურჯანაძის ‘ხედვებით“ მოიხიბლნენ და სპორტის სასახლის არენაზე ურთიერთსიყვარული გაწბილებული მომხრეების თვალწინ უსირცხვილოდ დააფიქსირეს!!! ის, რაც „ფორუმს“ და რიგ პოლიტიკურ პარტიებს დაემართა – ისტორიული სამართლიანობა იყო! თუმცა მოგვიანებით ისინი, როგორც „პარტია“ ივანიშვილმა გაიხსენა და მიუხედავად ამისა, რომ „ძაღლად ჩააგდო“, ჭორიკანობამ, გაუტანლობამ და ბოღმამ (ფორუმულად) მაინც თავისი ქნა და ყველამ მოისმინა ის ჩანაწერი.

გუბაზს რომ ჰკითხო, ეს ჩანაწერი და მისი შინაარსი მხოლოდ მისი და ბიძინას საქმეა… არა, არა და არა, გუბაზ ბატონო! ჩვენი საქმეც არის, იმიტომ, რომ ჩვენც მოვისმინეთ, რა ითქვა უმადურთა თავყრილობაზე მაშინ და, რადგან მოვისმინეთ, დასკვნებიც გავაკეთეთ იმ ყველაფერზე, რაც კი „ეროვნულმა ფორუმმა“ „გაერთიანებული ოპოზიციიდან“ დღემდე ავნო საქართველოს!!!

რატომ ავნეთ? იმიტომ, რომ 2007 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე იფიქრეთ თქვენც, რესპუბლიკელებმაც, კონსერვატორებმაც, მემარჯვენეებმაც და ყველამ, ვინც ქართულმა საზოგადოებამ ხელში ატატებული მიგიყვანათ პოლიტიკურ მწვერვალამდე, მაგრამ ფული, ბაბა, ფული გიყვართ ნამეტნავად და აი, არჩიეთ კაცობას ფული ხალხისა და სამშობლოს სანაცვლოდ!!

როგორ შეიძლება ოპოზიციონერი უწოდო მას, ვინც ყველა ხელისუფლებასთან გარიგებულია და წინასწარ გაწერილი სცენარით მოქმედებს? მილიონერები თუ არა, ფინანსურად მოღონიერებულები რატომ გამოდიხართ ხოლმე ყოველი არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგაც? ანუ ხალხი თუ მარცხდება, ხელისუფლებებთან ბრძოლაში თქვენ ამ ხალხის ოპოზიციონერი ლიდერები, გამარჯვებულები და ფინანსურად მოყოჩაღებულები როგორ გამოდიხართ ხოლმე!!! აი, ხელისუფლება ახლაც 100 000 ლარს რატომ გთავაზობთ. ერთკაციანო პარტიებო? განა რა ისეთი სარგებელი გაქვთ ქვეყნისთვის გაკეთებული, რომ ხალხის ფულით შევსებული ბიუჯეტიდან დაფინანსდეთ და ოფიციალური დაფინანსების მიღმა კიდევ რამდენზე ივაჭრებთ, არავინ რომ არ იცის?

რა წინასაარჩევნოდ აგიტყდებათ ხოლმე ‘საარჩევნო გარემოს შეცვლის“ ტიკები, გაგვაგებინეთ ერთი, რა?

ჯერ ერთი – ზურაბ ხარატიშვილის გვერდით დგომა მაინც არ „გიტყდებათ“, რომელმაც „ცსკო“-ში ათასი მამაძაღლობა ჩაიდინა, თავმჯდომარედ რომ მიაბრძანეს მიშას დროს? რისი და ვისი ოპოზიციონერია პაატა დავითაია ანდა ბაჩუკი ქარდავა, რომლებიც მიშა სააკაშვილის მედუდუკეთა ანსამბლის  წევრები არიან დღემდე და გვერდით მაინც ამოიყენეთ?! ყველა დროის აფერისტი, ვაჭარი კაციტაძის გვერდით დგომა რა აუცილებლობით არის ნაკარნახევი, კარგით, რაა???

მართლა ხომ არ ბნელა, ამის ღმერთი არ იყოს, ჰა?!

ააა, ე. ი. 100 000 ლარი გეცოტავათ და უფრო უნდა გაზარდოტ კუში, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში არ იყოს ფერები მუქი?

აგერ, ჭია მერი გაიძახის – სცენარი უკვე დაწერილია, ამ ხელისუფლებას აღარაფერი ეშველებაო! გივია თარგამაძე საერთაშორისოებს იშველიებს და ტუჩქვემოდან იმუქრება! სააკაშვილი მონატრებულ საქართველოს ხედავს სიზმარში! გვარამია „ტიტის ხეზე“ დაკიდებით ემუქრება ბიძინას! ნინია კაკაბაძე „რუსთავი-2“-ის დასაცავად ხალხს მოუხმობს! ახალი „ოპოზიციური ერთობა“ ქუჩის აქციებით იმუქრება – საარჩევნო გარემო შეცვალეთო, მაგრამ არავის ებადება კითხვა– საგარეჯოში იგივე საარჩევნო გარემო არ იყო, რომლის შეცვლასაც ახლა ლამობთ? – თუ იგივე იყო, მაშ, რატიმ მიიღეთ მონაწილეობა? და თუ მიიღეთ და გააყალბეს, მაშინვე რატომ არ დაიწყეთ მასშტაბური საპროტესტო აქციები მომხრეებთან ერთად (საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანის მოხოვნით) გამარჯვებამდე?!

მიცვალებულები რომ დაიყენე, ჩემო ირმა, გვერდით, მიცვალებულებთან ერთად ბრძოლა ვინ თქვა? მიცვალებული უნდა დამარხო, ვიდრე აყროლდება, თორემ დაუმარხავმა მკვდარმა შეიძლება შენვე დაგაავადოს და დაიმახსოვრე ეს ჩემგან!

გუშინდელი გარდაცვლილი მტრის ჭირისუფალთან ერთად სამძიმარს როგორ კადრულობთ, ხალხო?!

კუკავააა! რომ გაიძახი, ქუჩის აქციებს დავიწყებთო, ვინ გამოგყვებათ, აბა, მითხარი?!

ანდა, რომ იმუქრებით, ვის ემუქრებით – ხელისუფლებას, ხომ? მერედა, ამ აქციებით ვინ იზარალებს? ისევ ხალხი და ქვეყანა ხომ?

ჰოდა, ამის ღმერთი არ იყოს, შეეშვით რა, ამ ქვეყანასაც და ამ ხალხსაც იმიტომ, რომ მათ სასიკეთოდ არასოდეს არაფერი გაგიკეთებიათ! ერთი აგური არ დაგიდიათ და „რასტვორში ლაფატკა“ არ ამოგიღიათ, რაიმე რომ აგეშენებინათ! „ბლა, ბლა, ბლა“, ტლიკინი და ფულის შოვნაა ამ უსაქმური პარტიების ხანგრძლივი არსებობის საიდუმლო, ბატონებო და რაც მალე შეიგნებს ამას საზოგადოება, მით უკეთესი ქვეყნისთვის!

არსად მინახავს, ადამიანი არ მუშაობდეს, არაფერს არ ქმნიდეს და ოჯახი კი მსუყედ ჰყავდეს გამოკვებილი! არსად მსმენია, ქვეყანაში ამდენი ოპოზიციური პარტია არსებობდეს და უკლებლივ ყველა ხელისუფლებასთან იყოს გერიგებული! ამიტომაცაა თითქოს, წინ უნდა წავიდეთ, მაგრამ უკან კი ვბრუნდებით – თითქოს უკუნი სინათლემ უნდა გაჭრას, მაგრამ პირიქითაა, ბნელი ისადგურებს…

„საერთო გაზეთი“, 26 აპრილი, 2016 წელი

„ჩინგიზ ხანი“ პოლიტიკაში მოდის

ირინე გოგოსაშვილი

2012 წლამდეც და შემდეგაც, ნეპოტიზმი და კორუფცია ქართული პოლიტიკის მუდმივი თანამგზავრია და არავის უკვირს და საზოგადოება მიეჩვია იმ აზრს, რომ ნათესავ-მეგობრობის ნიშნით მმართველ წრეებში, ისევე, როგორც ოპოზიციურ სპექტრში, ამ დამკვიდრებულ ტრადიციას წარმატებით აგრძელებენ.

აჭარაში, ამ მხრივ, ყველაფერი ტრადიციულად გრძელდება და არცაა გასაკვირი, რომ კლანური მმართველობის მასშტაბები „გათავისუფლებულ“ აჭარაში არა თუ შემცირდა, არამედ უფრო მოწადინებული და მასშტაბური გახდა. თუმცა, ამას დღეს უკვე სხვა სახელი შეერქვა და ბედის ირონიით, სააკაშვილის ბიზნესმენები თუ ჩინოვნიკები, კოჰაბიტაციურად თანაცხოვრობენ.

აჭარაში, მამა-შვილი ვარშალომიძის ზეობის ეპოქაში, ანუ „თავისუფალი აჭარის“ ახალი მმართველების მოსვლის შემდეგ, ძირითადად იმ ადამიანებს ეძლეოდათ ინდულგენციები, ვინც არა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით იყვნენ აღმატებულნი, არამედ, ვინც ასლან აბაშიძის მოწინააღმდეგეთა ბანაკში იმყოფებოდა, ვინც „კმარას“  გამორჩეულად აქტიური წევრი იყო და დროშა სხვაზე მაღლა ეჭირა… და ვინც, როგორც ასლან აბაშიძის დროს, ისე შემდგომ, „ერთგულად ემსახურებოდა“ იმ საქმეს, სადაც ბევრი ფული იშოვებოდა.

მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოლიგარქების ბიზნესინტერესები აჭარაში დღესაც სრულიად დაცული და ხელშეუხებელია. ამ თვალსაზრისით, აჭარა დღემდე იმართება გურამ და ლევან ვარშალომიძეების მიერ აღზევებული ბიზნესმენებით, მაგრამ ამას აღარავინ კითხულობს, რადგან ოღონდ ფული იყოს და არად დაგიდევენ არც კანონს, არც სამართალს და არც ქვეყნის ინტერესებს. აჭარაში ყველა მომგებიან და მსხვილ ბიზნესს ადგილობრივი კლანები აკონტროლებენ. ყველასათვის ცნობილია, რომ ელიტური კორუფციის ის მასშტაბები, რაც დღეს აჭარაშია, საქართველოს სხვა კუთხეში არ შეგხვდებათ.

ალბათ, მოვა დრო, როცა არა მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის შენარჩუნების საფასურად დასაქმებულ ბიზნესმენებს რომელიმე ხელისუფლება მაინც მოჰკითხავს პასუხს, ამას მომავალიც გვიჩვენებს, დღესდღეობით კი აჭარაში უმსხვილეს ბიზნესს ლევან და გურამ ვარშალომიძეების ერთ-ერთი ფავორიტი – თენგიზ ბაკურიძე ეწევა. აჭარის სავაჭრო პალატის თავმჯდომარედ იგი ასლან აბაშიძის დროსაც მუშაობდა, მას საკუთარი გემით შაქრისა და ფქვილის მსხვილი პარტიები შემოჰქონდა და იმიტომ, რომ მაშინ ქვეყანაში ამ პროდუქტების მწვავე დეფიციტი იდგა, საბაჟო გადასახადს მხოლოდ 20%-ით უდგენდნენ იმ მოსაზრებით, რომ ბიზნესმენიც მოტივირებული ყოფილიყო, რათა ქვეყანაში შიმშილს არ დაესადგურა. სწორედ იმ დროიდან იწყება თენგიზ ბაკურიძის „საბიზნესო“ ყულაბა, დიდძალი თანხების აკუმულირება და რომელი რეგვენი გაუშვებდა  ხელს ამ ფულის ყულაბას?.. როგორც კი „ასლანი გაიქცა და აჭარა თავისუფალი“ შეიქმნა, იმ ბიზნესმენებისგან განსხვავებით, რომელსაც დიდძალი ფული შეაწერა „ნაცმოძრაობამ“, თენგიზ ბაკურიძე რატომღაც ხელშეუხებელი აღმოჩნდა. მეტიც, 2006-2008 წლებში, ლევან ვარშალომიძე მას გვერდიდან არ იშორებდა და უცხოეთში ყველა ვოიაჟისას თან დაჰყავდა. მოარული ხმები, რომ ლევან და გურამ ვარშალომიძეების კაპრიზებს უცხოეთში ასლან აბაშიძის მიერ ჩინგიზ-ხანად მონათლული თენგიზ ბაკურიძე აკმაყოფილებდა, იგი აგრეთვე იმ ღონისძიებების დაფინანსებაზეც არ ამბობდა უარს, რომელიც მაშინ აჭარაში მრავლად იყო და როგორც ფავორიტ ბიზნესმენს, ბაკურიძეს ყველაფრის უფლება ჰქონდა. ლევან ვარშალომიძის მთავრობამ მას ბათუმის ცენტრში ჯერ კინოთეატრი „თბილისი“ უბოძა, ხოლო შემდეგ, ცირკი. თენგიზ ბაკურიძემ კინოთეატრიცა და ცირკიც საუკეთესოდ გაარემონტა, მაგრამ სამაგიეროდ, მიიღო ბათუმის ცენტრში ორჯონიკიძის ქუჩაზე უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ფართი, სადაც მაშინვე მრავალსართულიანი კორპუსი ააგო და გაყიდა! ხოლო ცირკის საფასურად კომუნისტებისდროინდელი „საყოფაცხოვრებო სახლის“ („დომ ბიტა“ – ავტ.) ყოფილი შენობა მისცეს და აქაც, მრავალსართულიანი სახლის აშენება და გაყიდვა მოახერხა. თენგიზ ბაკურიძე დღეს ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენია, რომელიც თანხებს სამშენებლო ბიზნესით მოიპოვებს. ასევე იგი კვლავ აკონტროლებს აჭარაში შაქრის ბიზნესს, რადგან სხვა უფრო ჭკვიანი, უფრო კარგად ფულის გადამხდელი და შინაური, აქამდე ვერავინ მოიძებნა.

საინტერესო ისტორია აქვს ორჯონიკიძის ქუჩაზე იმ მიწის ნაკვეთს, რომელიც ვარშალომიძეებმა და სააკაშვილმა თენგიზ ბაკურიძეს გადასცეს. მიწა, რომელზეც მოგვიანებით კორპუსი აშენდა, ეკუთვნის ედუარდ კაკაბაძეს. იგი, იმავე სააკაშვილის ხელისუფლებამ დააპატიმრა. მოგვიანებით, იმიტომ, რომ მაშინდელმა საჯარო რეესტრმა მიწის დარეგისტრირებაზე 2010 წელს უარი უთხრა, ახლა უკვე 2012 წლის იანვარში დადებული ყადაღაც მოხსნეს და მაშინვე გაყიდეს. ბატონი ედუარდ კაკაბაძე იმთავითვე აფრთხილებდა როგორც საზოგადოებას, ასევე ხელისუფლებას, რომ თავი შეეკავებინათ ამ მიწაზე აშენებულ კორპუსში ბინის ან კომერციული ფართის ყიდვისას და იმასაც ამბობდა, რომ აღნიშნული ფართის დაბრუნებაზე ბრძოლას არ მოეშვებოდა. მაგრამ მიწის ნაკვეთის თითქმის უფასოდ ხელში ჩამგდებმა თენგიზ ბაკურიძემ მშენებარე კორპუსის მშენებლობა არათუ შეაჩერა, არამედ დაასრულა კიდეც და მაშინვე გაყიდა ისე, რომ მიწის კანონიერ მფლობელთან შეხვედრაც არ ისურვა, თუმცაღა ედუარდ კაკაბაძეს ჩინებულად იცნობდა იმ კუთხით, რომ იგი წარსულში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო. 2012 წელს ედუარდ კაკაბაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ხელშეუხებელი ბიზნესმენი, თენგიზ ბაკურიძე, ბათუმში რამდენიმე სასტუმროს მფლობელია, აგრეთვე ფლობს ქალაქსა და მის შემოგარენში მდებარე რამდენიმე დიდ მიწის ნაკვეთს. ამას ემატება ბათუმის საკოლმეურნეო ბაზარი, როგორც ბათუმელები ხუმრობენ, აჭარის რეალური მმართველი დღეს თენგიზ ბაკურიძეა, რადგან ხელისუფალთა გასაჩუმებლად უამრავ ფინანსურ საშუალებას ფლობს.

არავინ კითხულობს, როგორ და რატომ გადაეცა მას, ამოდენა ფულის პატრონს, რამდენიმე მსხვილი ქონება ერთ ლარად, თუმცაღა რა გასაკვირია, ფული ხომ ყოველთვის იმას `არა აქვს~, ვისაც ბევრი ფული აქვს?!.. ბათუმში „დომ ბიტას“ შენობა ყველაზე ცოტა, თავისი ტერიტორიით 6-7 მილიონიანი ქონება იყო, მაგრამ მამა-შვილი ვარშალომიძეების წყალობით, აღნიშნული ობიექტი ჯერ 600 ათას ლარად შეუფასეს, ხოლო შემდეგ მოიფიქრეს, რომ ბაკურიძისათვის 600 ათასი ლარი ბევრი იქნებოდა, ჰოდა, მაშინვე მიიღეს გადაწყვეტილება, საერთოდაც უფასოდ, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცათ იმ ადამიანისათვის, ვინც მათ კაპრიზებს ულაპარაკოდ ასრულებდა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, 10 წლის განმავლობაში საკუთარი გემით თითქმის განუბაჟებლად ეზიდებოდა თურქეთიდან საქართველოში ფქვილს, შაქარს და ზეთს თენგიზ ბაკურიძე და ამიტომაც, დღემდე „ნაცების“ ყულაბადაა ცნობილი, მაგრამ აჭარლები იმაზე გიჟდებიან, რომ „ჩინგიზ-ხანს“ ახლა უკვე ორი „ღმერთი“ იფარავს და ამ ღმერთებს სახელად – „ქოცი“ და „ნაცი“ ჰქვიათ. ისე, ერთი კია, თუ მაინცდამაინც „ნაცმოძრაობის“ მოსაბრუნებელი გზები დაინახა, ანდა მამა-შვილმა ვარშალომიძეებმა უთხრეს – „რამდენიმე მილიონი მჭირიაო“, თენგიზა რის თენგიზაა, უმალ არ გახსნას მუთაქები და საყვარელ „ნაცმოძრაობას“ არ დაეხმაროს?!.. მისთვის ხომ ერთი და ორი მილიონი მზესუმზირის ფულია და მისცემს ყველას, ვინც მის კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

ისევე როგორც ლევან ვარშალომიძე, არჩილ ხაბაძე საუკეთესო ურთიერთობებშია მილიონერ ბაკურიძესთან და როდესაც აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ვარშალომიძეების პერიოდში ჩალის ფასად ყიდდა მილიონიან ობიექტებს, მაშინ სწორედ არჩილ ხაბაძის მამა გახლდათ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და, ხვდებით ალბათ, რა ფესვებიც აქვთ მათ კავშირებს.

უფრო მეტიც, აჭარაში ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენდა, დღეს თენგიზ ბაკურიძემ იმიტომ, რომ დიდი ფულის პატრონია და ამ ფულის შენარჩუნების იმუნიტეტიც ესაჭიროება, გადაწყვიტა (ან გადააწყვეტინეს) – პოლიტიკაში შემოაბიჯოს. დიახ, „ნაცმოძრაობის“ ყულაბა – თენგიზ ბაკურიძე სამოგობრო წრეებში „საიდუმლოდ“ ამბობს, რომ „ქართული ოცნებიდან“ აქვს თურმე შემოთავაზება და შეიძლება ხელვაჩაურის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად მოგვევლინოს. მაგრამ რამდენად შეეგუება ხალხი ამას, ის ხალხი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და მისი „კასირების“ უზნეობას დიდი ხანია შორიდან აკვირდება. აი, ამ განრისხებული ხალხის სამომავლო ნაბიჯებს, ვერცერთი ხელისუფლება ვერ გათვლის… და იქნება ის, რაც ლოგიკური იქნება, ანუ ან ბარიკადები, ანდა კიდევ არჩევნებზე მტკიცე უარი… უნდა ეს დღევანდელ ხელისუფლებას? თუ უნდა, მიიღებს და თუ არ უნდა, მაშინ, საკუთარი საარჩევნო სიიდან სასწრაფოდ უნდა მოაშოროს ის პერსონები, რომლებსაც დიდი ფული კი აქვთ, მაგრამ, სამაგიეროდ, სახელი აქვთ გატეხილი. სახელის გატეხვას კი თავის გატეხვა ჯობიაო, ნათქვამია.

Comments are closed