globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 27 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 27th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ვერსია“: მანანა კობახიძე იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე საქართველო უვიზო მიმოსვლას მაინც მიიღებს

„ვერსია“: „თუ დეკემბერშიც ვერ მივიღებთ უვიზო მიმოსვლას, არ ნიშნავს, რომ ქვეყანა დაიქცა” // რას უწუნებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ქართულ სპეცსამსახურებს და რატომ თანამშრომლობდა საქართველოს ხელისუფლება პანკისის ოპერაციის დროს უცხოელებთან

ახალი თაობა: „გოგა ხაჩიძე დაწერს სიმღერას „მიშა ფარჩაკია“ // ნანა დევდარიანი: „არავის უნდა, ნაციონალურ მოძრაობას საფლავში ჩაჰყვეს“

———————-

„ვერსია“, 27 მაისი, 2015 წელი

მანანა კობახიძე იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე საქართველო უვიზო მიმოსვლას მაინც მიიღებს

ნინი ჯაფარიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე აცხადებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიღებული დადებითი შეფასებები ნამდვილად იძლევა იმედს, რომ დეკემბერში საქართველო უვიზო მიმოსვლას მიიღებს.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას მან ხაზი გაუსვა იმ საკითხებს, რომლებზეც რიგის სამიტზე საქართველომ პოზიტიური შეფასებები მიიღო. მათ შორისაა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმებიც:

,,იმედი მაქვს, მომავალი წელი იქნება წარმატებული იმ თვალსაზრისითაც, რომ საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლას მიიღებს და უფრო დაგვაახლოებს იმ დიდ ოჯახთან, რომლისკენაც ასე მივისწრაფვით. ანგარიშში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით არის სერიოზული შეფასება და არ შეიძლება ამასთან მიმართებაში ყურადღება მოვადუნოთ. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ხშირად უსვამენ ხაზს, რომ კრიმინალმა იმატა და თითქოს დანაშაულებრივი ფონი გაზრდილია. თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი მოსაზრებაა და რეალურ მდგომარეობას არ შეესაბამება.

როდესაც ჩვენი ევროპელი კოლეგები აფასებენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, აცხადებენ, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა არის საკმაოდ მაღალ დონეზე და ამ კუთხით არსებული დავალებები შესრულებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ, როდესაც საუბარია პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, ახლო წარსულში ალბათ ვერავინ იფიქრებდა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა ჩვენი ხელისუფლებისთვის ასეთი პრიორიტეტული საკითხი იქნებოდა. დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვა საკმაოდ მაღალ ხარისხშია აყვანილი. მინდა გითხრათ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ თავის დროზე ძალიან დიდი შრომა გასწია. მოაგვარა პირად დოკუმენტებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. ეს ყველაფერი ანგარიშში ასახულია და ევროკომისიის წარმომადგენლების საკმაოდ დადებითი შეფასებაც აქვს. ექვსი თვის განმავლობაში პროგრესი ხელშესახებია და ეს ფაქტი სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული”.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, დადებითი შეფასებები საქართველომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხითაც მიიღო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მუშაობა შეჩერებულია. კობახიძის განმარტებით, ეს არის სფერო, რომლის ამოღებაც დღის წესრიგიდან შეუძლებელია. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ასევე ხაზი გაუსვა სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს და განმარტა, რომ დღეს რეფორმების მესამე ეტაპი წარმატებით მიმდინარეობს:

,,ბუნებრივია, კორუფციასთან ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და ეს ჩვენი ყოველდღიური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია. ყველაზე განვითარებულ ევროპულ ქვეყანაშიც კი კორუფციასთან ბრძოლა დღის წესრიგიდან არასოდეს იხსნება. აქამდე, არც ერთი ხელისუფლების დროს, ქვეყნის სტრატეგია, არც დოკუმენტის და არც პრიორიტეტის სახით არ არსებობდა. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ნამდვილად წინ ვართ. ასევე გამოვყოფდი მართლმსაჯულების რეფორმას – ამ კუთხითაც მაღალი შეფასება გვაქვს.

ვფიქრობ, მართლმსაჯულების რეფორმები რამდენიმე ეტაპად განხორციელდა და ახლა მესამე ეტაპზე ვართ, რომელსაც ასევე წარმატებული შედეგი ექნება. ხოლო ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო, თვალსაჩინოდ აჩვენებს ქვეყნის პროგრესს, იმასაც _ რა გაკეთდა და რა არის კიდევ შესასრულებელი. უარყოფითი შეფასება იქ ნამდვილად არც ერთ დოკუმენტს არ აქვს. გვაქვს მოლოდინი, რომ მომავალი წლიდან ნამდვილად ვისარგებლებთ ვიზალიბერალიზაციით”.

„ვერსია“, 27 მაისი, 2015 წელი

თუ დეკემბერშიც ვერ მივიღებთ უვიზო მიმოსვლას, არ ნიშნავს, რომ ქვეყანა დაიქცა”

რას უწუნებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ქართულ სპეცსამსახურებს და რატომ თანამშრომლობდა საქართველოს ხელისუფლება პანკისის ოპერაციის დროს უცხოელებთან

ნინი ჯაფარიძე

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, საქართველო ის რეგიონია, რომელიც სპეცსამსახურებისთვის, გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, საუკეთესო დასაყრდენია. მისივე განმარტებით, ქართულ სპეცსამსახურებს დღეს ყველაზე მეტად ანალიტიკური აზროვნება, ინფორმაციის მიღებისა და მისი დამუშავების უნარჩვევები აკლია.

ექს-მინისტრი რიგაში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტსაც შეეხო და განმარტა, რომ საზოგადოებაში არსებული მოლოდინი, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ოპოზიციური ძალების მიერ ხელოვნურად იყო შექმნილი.

- რიგის სამიტი არ იყო უფლებამოსილი, სავიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები გადაეწყვიტა. ეს გადამეტებული მოლოდინი საზოგადოებაში ხელოვნურად გაჩნდა, რასაც გარკვეულწილად, ოპოზიციური პარტიების აქტიურობამ შეუწყო ხელი. ხელისუფლებას უფრო დეტალურად უნდა განემარტა, როგორი შინაარსის იქნებოდა ეს სამიტი. თუ ხელისუფლება ამგვარ ტყუილ მოლოდინს არ ჩააქრობს, ეს საკითხი ძალიან პრობლემური იქნება.

- პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ დეკემბერში საქართველომ შესაძლოა უვიზო მიმოსვლა მიიღოს. ამ განცხადების საფუძველი ობიექტური რეალობაა თუ საზოგადოების ,,დასაიმედებლად” გაკეთდა?

- აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალბათ მეტადაა ინფორმირებული. ჩემი მსჯელობა ეფუძნება განვლილ პერიოდს და პირად გამოცდილებას, 90-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული, როცა დავიწყეთ სწრაფვა ევროსტრუქტურებისკენ. ეს პროცესები სწრაფი და მყისიერი არასოდეს ყოფილა, იყო რთული გზა იქამდეც კი, სანამ ევროსაბჭოს წევრები გავხდებოდით. სწორედ ამ გამოცდილებას ვეყრდნობი. ხელისუფლებამ რეალობა უნდა უთხრას საზოგადოებას და ხალხს არ უნდა გაუჩნდეს უსაფუძვლო მოლოდინი. პარალელურად, უკრაინისა და საქართველოს საკითხიც დაკავშირებულია და თუ დეკემბერშიც ვერ მივიღებთ უვიზო მიმოსვლას, არ ნიშნავს, რომ ქვეყანა დაიქცა.

- თქვენი აზრით, რიგის სამიტს საქართველოსთვის პოზიტიური დატვირთვა ჰქონდა?

- სამიტს პოზიტიური დატვირთვა მაინც ჰქონდა. საქართველოს ევროკავშირმა შესაძლოა ფინანსური დახმარება გაუწიოს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, რაც ჩვენთან არსებული სავალუტო რყევების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მცდელობა უვიზო მიმოსვლის მისაღებად. შესაძლოა, ვინმე არ დამეთანხმოს, მაგრამ ამ კუთხით ტრაგედიას ვერ ვხედავ. იმ ეკონომიკურ ვითარებაში, რომელშიც ქვეყანაა, კიდევ საკითხავია, რას გვიქადის უვიზო მიმოსვლა. თუ გადავხედავთ აღწერის ბოლო მონაცემებს, შედეგები შემაშფოთებელიც კია. უვიზო მიმოსვლა კარგი იქნება მაშინ, როცა ჩვენი ეკონომიკა სხვა რელსებზე გადავა.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ მუსულმანი ფუნდამენტალისტების რეგიონში გაძლიერება შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეფერხების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორიც იყოს?

- გეთანხმებით… შეიძლება ხელისუფლებამ ამაზე ნაკლებად ან საერთოდ არ ისაუბროს, მაგრამ ამ მხრივ, უფრო თავისუფალი ვარ და მინდა გითხრათ, რომ ეს ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. 2002-2005 წლების მასალები ცხადყოფს _ რუსეთის სპეცსამსახურები გამუდმებით აპელირებდნენ, რომ საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტები და ბოევიკები აღწევდნენ და ეს მუდმივად იყო განხილვის საგანი. რასაკვირველია, ამ თვალსაზრისით ევროპა თავს იზღვევს. გვინდა თუ არა, საქართველო არის დერეფანი, გზაგამტარი და ამიტომაც უვიზო მიმოსვლის მიღება შესაძლოა გაჭიანურდეს.

- როგორც შს ყოფილი მინისტრი, როგორ ფიქრობთ, რომელ კონკრეტულ საკითხში უნდა გააძლიერონ ძალოვანმა უწყებებმა მუშაობა, რათა საქართველოდან სირიაში ახალგაზრდების გადინება შეწყდეს ან შემცირდეს მაინც?

- ეს მხოლოდ საზღვარზე შეშვება-გაშვების კი არა, კომპლექსური საკითხია. თუ გლობალურად მივუდგებით, ჩვენს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან პირდაპირ კავშირშია. როგორც ჩანს, ის შეთავაზებები, რომლებსაც ეს ადამიანები იღებენ, თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით, მისაღებია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს შესაძლოა იდეურად არ ჰქონდეს ასეთ პროცესში ჩართვის სურვილი. საქართველო, გეოპოლიტიკური მდგომარეობით, ბევრი ქვეყნის სპეცსამსახურების დაინტერესების საგანია. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, კომპაქტურად მცხოვრები მუსულმანური მოსახლეობა, ზოგან თითქმის სრულად არაქართული მოსახლეობაც ნიადაგია, სადაც სპეცსამსახურები დასაყრდენს ეძებენ. ეს ქვეყნის გლობალური უსაფრთხოების საკითხია, რომელსაც, როგორც ვთქვი, კომპლექსურად უნდა შევხედოთ. ჩვენ გვგონია, რომ ეროვნული უსაფრთხოება სპეციალური სუბიექტების კომპეტენციაა, მაგრამ ასე არაა. გლობალური უსაფრთხოება ქვეყნის პოლიტიკური სისტემის პრობლემაა და ამ გამოწვევებს ვერ უპასუხებს უსაფრთხოების ცალკეული სუბიექტები. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტიები დღეს იდეოლოგიურ ხასიათს არ ატარებენ, პერსონიფიცირებულები არიან – ძირითადად დაკავშირებულია კონკრეტული ადამიანების სახელებთან და არა იდეოლოგიასთან, იდეასთან. შესაბამისად, პოლიტიკაც პერსონიფიცირებულია და ეს ჩვენი პოლიტიკური სისტემის ნაკლია. არადა, სახელმწიფო ინსტიტუტები მაშინ ძლიერდება, როცა პოლიტიკური სისტემა ძლიერდება და შესაბამისად, ძლიერდება ეროვნული უსაფრთხოებაც.

- ჩვენი სპეცსამსახურების პროფესიონალიზმი საკმარისია, რომ მათი საქმიანობა წარმატებული იყოს?

- ზოგადად, ეს სამსახურები დაკავშირებულია ინტელექტთან. ინტელექტი და ანალიზის უნარი კი ყველაზე მეტად საჭიროა დაზვერვაში. ამ თვალსაზრისით, სასურველია, ჩვენი სპეცსამსახურები იყოს უკეთეს მდგომარეობაში. მხოლოდ კონტრდაზვერვას კი არა, თუნდაც კრიმინალთან მებრძოლ სამსახურებს ვგულისხმობ. ვფიქრობ, ამ მხრივ, სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს. ძალიან კარგი ტექნიკური საშუალებები გვაქვს, მაგრამ ამ სფეროში დაიკარგა შემოქმედებითობა და სერიოზული ანალიტიკა. ამის გარეშე კი, შეუძლებელია. ერთია, მოიპოვო ინფორმაცია და მეორეა, ამ ინფორმაციის შესაბამისი ანალიზი. ადრე ჩვენი სპეცსამსახურების მუშაობით უცხოელი კოლეგები საკმაოდ კმაყოფილები იყვნენ.

- ადრე, როდის?

- 2002 წელს, როცა პანკისის ანტიკორუფციული ოპერაცია წამოვიწყეთ. შესაძლოა, ამ თემაზე მაშინ ასე ღიად არც მესაუბრა, მაგრამ ვფიქრობ ახლა დასამალი არაფერია – უცხოელ კოლეგებთან ვთანამშრომლობდით და ვცდილობდით, მათი ინტერესები ჩვენ სასარგებლოდ გამოგვეყენებინა. რაც დღეს გვაკლია, ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, მისი გაანალიზების და გადამუშავების უნარჩვევებია.

ახალი თაობა“, 26 მაისი, 2015 წელი

გოგა ხაჩიძე დაწერს სიმღერასმიშა ფარჩაკია

ნანა დევდარიანი: „არავის უნდა, ნაციონალურ მოძრაობას საფლავში ჩაჰყვეს

ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებულ პროცესებსა და ზოგადად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ფონს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ექსპერტები აფასებენ.

———–

სოსო ცისკარიშვილი, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი.

ბატონო სოსო, რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში? საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალ მზაკვრულ გეგმას ამზადებენ, ნაწილი მიიჩნევს, რომ მათში განხეთქილებაა. რას იტყვით თქვენ?

– მე მგონი, ჯერ თავად ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ვერ გარკვეულან, რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ მათ მაგივრად რაიმე ნერვიულობის საფუძველი არა გვაქვს. რასაკვირველია, მოულოდნელი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ნაციონალთა ერთმა კვარტეტმა, მაგრამ არა მგონია, ეს ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი იყოს , რომ მთელი აქართველო ჩაგვაფიქროს. ჩემთვის გასაკვირია ამ კვარტეტის კონფიგურაცია.

რატომ?

– ასეთი ერთიანობა ამ ოთხი დეპუტატისა ძნელად წარმოსადგენი იყო. არ გამოვრიცხავ, რომ თითოეულს სხვადასხვა მოტივაცია გააჩნია ასეთი ნაბიჯისთვის,/ მაგრამ არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ ისინი გულწრფელნი იყვნენ საკუთარი ქმედების ახსნისას.

მოტივი სულ სხვაა?

– ეს ადამიანები არ არიან ნაციონალური მოძრაობის ის წარმომადგენლები,რ ომლებიც კატეგორიულად მიუღებელი არიან საზოგადოებისთვის. სიმართლე რომ გითხრათ, მე სახეზეც არ ვიცნობ დეპუტატ მელაძეს და მასზე ვერ ვისაუბრებ, ხოლო ჯაფარიძე, კუბლაშვილი და ხაჩიძე შედარებით უწყინარი პოლიტიკოსები იყვნენ. ვერ ვიტყვი, რომ ობიექტურნი და სამართლიანები, მაგრამ მათი მავნებლობის ხარისხი ნაკლები იყო, ვიდრე მათი კოლეგების. როგორც ჩანს, ვიღაცას რაღაცა მოსწყინდა.

რა მოსწყინდა?

– ალბათ, ბატონმა ჯაფარიძემ გაიხსენა, რომ ის პოლიტიკაში შემოვიდა იმ ორგანიზაციის ჩამოყალიბების საფუძველზე, რომელსაც თავადვე დაარქვა სუფთა პოლიტიკა. გონიერი ადამიანია და ალბათ, დარწმუნდა, რომ პოლიტიკას, რომელსაც ის აჰყვა, არაფერი ჰქონდა სისუფთავისა. რაც შეეხება გოგა ხაჩიძეს, როგორც ჩანს, დეპუტატ ხაჩიძეს მობეზრდა სიმღერა – მიშა მაგარია და აპირებს, რომ ახალი სიმღერით გაგვამდიდროს, რომელსაც ერქმევა – მიშა ფარჩაკია.

ლიდერებმა მათ უპასუხისმგებლოები უწოდეს და როგორ ფიქრობთ, რეალურად მართლაც არის შიგნით განხეთქილება? თუ ეს თამაშია?

– თუ ეჭვს შევიტანთ, რომ ეს არ არის განხეთქილება, მაშინ უნდა ვაღიაროთ სერიოზული მსახიობური ნიჭი იმ დეპუტატებისა, რომლებიც საკმაოდ აგრესიული შეფასებებით ამჯობენ განდეგილებს. ნაციონალური მოძრაობა თანდათან ჩამოყალიბდა, როგორც ნაციონალური უძრაობა. მხოლოდ ოპონენტთა ლანძღვა-გინებით რაიმე სიკეთეს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მიიღებს.

ჩაბარდება წარსულს ნაციონალური მოძრაობა?

– თემურ ლენგი არ მიგვიბარებია წარსულისთვის და ნაციონალურ მოძრაობასაც ნამდვილად ექნება საშუალება, რომ ახსოვდეს ჩვენს შვილიშვილებს.

———–

ნანა დევდარიანი, ექსპერტი, გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი:

– ნაციონალების დაბრუნება ხელისუფლებაში არის წარმოუდგენელი რამ! მათი რეიტინგი ეს არის რაც არის და არ მომიმატებს, თუ არ დაიკლებს. მე ადრეც მითქვამს, რომ აუცილებლად შეიქმნება ახალი კონფიგურაციები, იმიტომ, რომ ეს ადამიანები არ წავლენ პოლიტიკიდან. შეიძლება შეუერთდნენ, ნიკა რურუამ და ვაშაძემ რომ მოძრაობა ივერია შექმნეს, ისინი, შეიძლება, რაღაც ახლის შექმნას შეეცადონ.

შესაძლოა, ალასანიას შეუერთდნენო

– დიახ, არ გამორიცხავენ მასთან თანამშრომლობას.

– ალასანიასთვის რამდენად მომგებიანი იქნება მათთან თანამშრომლობა?

– ვერ გეტყვით, რომ რამით მომგებიანი იქნება. ყველა პარტია უნდა ეცადოს, რაც შეიძლება მეტი ცნობადი სახე ჰყავდეს. მეორე საკითხია, ეს ცნობადი სახეები რას შემატებენ ამა თუ იმ პარტიას, რამდენიც უნდა ილაპარაკო, კუბლაშვილი არის იმ რეჟიმის გამოკვეთილი სახე. მას ასე პირდაპირ დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა, მისი ძმის მიმართ არის სერიოზული პრეტენზიები და დღეს რომ ნადირაშვილი გამოხტება ხოლმე და ნეპოტიზმზე დაპარაკობს, ერთი როგორ ხდებოდა, რომ მათი მმართველობის დროს ერთი ძმა პარლამენტის კომიტეტის ხელმძღვანელი იყო და მეორე ძმა – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ეს არ იყო ნეპოტიზმი?! ამ ადამიანებს  ასეთი შლეიფი მოჰყვებათ.

გოგა ხაჩიძეზე რას იტყვით?

– ხაჩიძეზე არაფერს ვილაპარაკებ, ეპატაჟური გამოხდომებით უფროა ცნობილი, ვიდრე პოლიტიკური მოღვაწეობით. მე არ მავიწყდება ის ანეკდოტური ვიდეო, რომელიც თავადვე გაავრცელა, როგორ მიდიოდა ველოსიპედით პარლამენტში და უკან მიჰყვებოდა ჯიპი, რომლიდანაცამას იღებდნენ. ბოკერია ამბობს, რომ ეს არის უპასუხისმგებლობა. უპასუხისმგებლობა კი არა, მათთვის ეს არის სასიკვდილო დარტყმა?

რატომ? ვინ არ წასულა პარტიიდან?

– ისინი ყოველთვის ამით იწონებდნენ თავს, რომ ეს არის ერთიანი შეკრული გუნდი და მათ არაფერი არასოდეს არ დაშლის.

ივანიშვილს აბრალებენ, მან მოახდინა ზეწოლაო

– ცოტა ვერ ვხვდები, ზეწოლა შეიძლება მომხდარიყო 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბერში. ახლა ამაზე ლაპარაკი სასაცილოა. იმიტომ, რომ თუ რამეს ემართლება ხალხი ამ ხელისუფლებას, სწორედ იმას, რომ არანაირ ზემოქმედებას და არანაირ კანონიერ მოქმედებას არ მიმართავს ნაციონალების მიმართ.

რაღაცა მოტივს დაასახელებენ, მაგრამ რა არის რეალური მიზეზი?

– მიზეზი არის ის, რომ არავის უნდა საფლავში ჩაჰყვეს ნაციონალურ მოძრაობას. მათი მიზანია, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ამ სახელით და ამ სახით ვერ დაბრუნდებიან. შევახსენებ მკითხველს, რომ ეს გზა გავლილია უკვე. ნაციონალური მოძრაობა შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც იყვნენ მოქალაქეთა კავშირში. მერე გამოეყვნენ და დაირქვეს ნაციონალური მოძრაობა. 2002 წელს ნაციონალური მოძრაობა რომ დააფუძნა სააკაშვილმა, მარტო ის არ იყო თავმჯდომარე. ოთხი თანათავმჯდომარე ჰყავდა პარტიას და მეოთხე იყო ლევან ბერძენიშილი.

დღესაც იგივეს იმეორებენ?

– ეს ათვისებული ტექტიკაა. ეს ადამიანები ნამდვილად შექმნიან რაღაცა სხვას, სხვა სახელით, მაგრამ ეს არ არის სავლეს პავლედ გადაქცევა.

ნაციონალური მოძრაობა ჩაბარდა ისტორიას?

– როგორც პოლიტიკური ძალა, წარსულის პოლიტიკური ძალაა, მაგრამ პერსონალიები, როგორც ეს ოთხი ადამიანი, მოიქცევიან სრულიად სხვადასხვაგვარად. ეს ყველაზე სერიორზული დარტყმა არის სააკაშვილისთვის. მოდით, სუფთა ადამიანური თვალით შევხედოთ ამ ყველაფერს, სააკაშვილი წასულია, ცუდად ნამდვილად არ არის, შემოსავალიც კარგი აქვს, მშვენივრად მოეწყო, ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს. ხოლო ეს ადამიანები აქ რეალურად გრძნობენ მტრულ დამოკიდებულებას ხალხის მხრიდან.

Comments are closed