globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 27 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 27th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „რუსეთს ევროპისკენ მიმავალი ყველა ქვეყნის დასჯა სურს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „დასავლეთმა საქართველოს ნატოში მიღებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „მიდის თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან? // „საპატრიარქოს წინააღმდეგ სკანდალი ქვეყნის გარეთ დაიგეგმა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „არასამთავრობოები სახელმწიფოს მიმართ სიძულვილს ნერგავენ“ // „საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებით „ქართული ოცნება“ ოპოზიციას უგებს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზვიად კუპრავასთან: „ქართული ოცნება“ გიორგი მღებრიშვილის გადადგომას ითხოვს“ // „შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობას 30 მაისის შემდეგ დატოვებს, მის შემცვლელად ანზორ ჩუბინიძის კანდიდატურა განიხილება“

———————

რეზონანსი“, 27 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „რუსეთს ევროპისკენ მიმავალი ყველა ქვეყნის დასჯა სურს

გვანცა ღვედაშვილი

“თურქეთი ძირითადი პარტნიორია, რომელთანაც ჩვენს ქვეყანას არაერთი საერთო პროექტი აქვს. ამ დროს დღეს ის საკმაოდ არაპროგნოზირებადია და აგრძელებს რეპრესიებს. თუმცა ამ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირება შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. ამიტომ ძნელია იმის თქმა, შეცდომა დაუშვა თუ არა საქართველომ. თუმცა თურქეთისგან დამოუკიდებელი რომ ყოფილიყო, ალბათ ამ ნაბიჯს არ გადადგამდა”, – ასე შეაფასა “რეზონანსთან” პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ რამდენიმე დღის წინ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის – მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაჭერა და მისი თურქეთში შესაძლო ექსტრადირება. ამასთან, პოლიტოლოგი საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარების მნიშვნელობასა და ევროპისთვის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობს.

- თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა იმართება, რამდენად მნიშვნელოვანია და რაზე მიუთითებს ეს მოვლენა?

- თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა მოვლენა რაღაცას ნიშნავს და ამ ნაბიჯით, პრაქტიკულად, ცხადდება, რომ ნატოსთვის საქართველო სრულუფლებიანი წევრია. ეს არის ქვეყანა, რომლის განვითარების უმნიშვნელოვანეს მომენტში ნატო მის გვერდით დგას. ეს ნაბიჯი საქართველოსთვის მისასალმებელია.

- ნატოს სამიტზე უკვე ღიად განაცხადეს, რომ რუსეთი რეგიონში დაძაბულობას ქმნის, რაც ევროპისთვის საფრთხის შემცველია. კონკრეტულად რა საფრთხეები იგულისხმება?

- რუსეთი არ გღლის იმაზე ფიქრით, თუ რა საფრთხეები შეიძლება მისგან მოდიოდეს. ის საკმაოდ მკაფიოდ მოქმედებს და, უპირველეს ყოვლისა, რეგიონში უკრაინა და საქართველო იგულისხმება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ ქვეყნების მიმართ არის რუსეთის ყურადღება გამახვილებული.

ახლახან სამიტზე ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა რუსეთის აგრესიის მსხვერპლნი არიან, რაც ადრე ასე მკაფიოდ არ იყო გაცხადებული. უკრაინა და საქართველო, როგორც ერთხელ უკვე მსხვერპლად ქცეულნი, შეშფოთებას იწვევს ევროპაში, რომ ასეთი მისწრაფების ქვეყანამ -რუსეთმა შეიძლება მთელი ევროპული რეალობა თავდაყირა დააყენოს, ევროპული მთლიანობა, მშვიდობა შეიძლება დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს. ეს გაცნობიერდა იმით, რომ ვინც კი ევროპისკენ გადაწყვიტა წასვლა, ამ შემთხვევში უკრაინამ, რუსეთმა მათი დასჯა განიზრახა. მოცემული მომენტისთვის რუსეთს იმის საშუალება რომ ჰქონდეს, თავად ევროპა დასაჯოს, ცხადია, ამასაც გააკეთებდა. ამ ფონზე კი რუსეთის მისწრაფება შეიარაღების გაძლიერებისკენ, ბუნებრივია, ევროპელებში ხიფათის განცდას იწვევს.

- რამდენიმე დღის წინ რუსეთმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთშიელჩადმარატ კულახმეტოვი დანიშნა. რას ემსახურებოდა ეს ნაბიჯი?

- რუსეთმა წამოიწყო თამაში, რომ თუკი დამოუკიდებელი ქვეყნები არიან სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, მაშინ ელჩიც უნდა დაინიშნოს. შესაბამისად, ეს ქმედება ამ თამაშის ნაწილად შეიძლება აღვიქვათ. მარატ კულახმეტოვის დანიშვნა არის უდავოდ საინტერესო ფაქტი, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთს არაფერი დავიწყებია. დანიშნა ადამიანი, რომელიც ძალიან კარად ერკვევა რუსულ და ოსურ საქმეებში და აქვს გამოცდილება ოსეთში რუსეთის სასარგებლო საქმეების კეთების.

- ასევე, მინდა გკითხოთ საქართველოში დემირელის სკოლის ერთ-ერთი მმართველის დაპატიმრების შესახებ, რომლის ექსტრადიციასაც თურქეთის მხარე ითხოვს. თუ გავიხსენებთ, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას თურქეთის მსგავსი ხასიათის მოთხოვნა არ გაუთვალისწინებია, რამდენად სწორი იქნება მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემა?

- ძალიან რთულია ამ შემთხვევაში საქართველოს გამართლებაც და გამტყუნებაც. მოგეხსენებათ, თურქეთი ძირითადი პარტნიორია, რომელთანაც ქვეყანას არაერთი საერთო პროექტი აქვს. ამ დროს თურქეთი დღეს საკმაოდ არაპროგნოზირებადია და აგრძელებს რეპრესიებს. თუმცა მის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირება საქართველოს შეიძლება ძვირად დაუჯდეს.

ძნელია იმის თქმა, შეცდომა დაუშვა თუ არა საქართველომ. თუმცა თურქეთისგან დამოუკიდებელი რომ ყოფილიყო, ალბათ ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. ფაქტია, რომ თურქეთის დღევანდელ ხელისუფლებას მთელი რიგი პრეტენზიები და მოთხოვნები აქვს გამოთქმული. თუ ამას უკავშირდება ქართული მხარის ნაბიჯი და გარდა პოლიტიკურისა, სხვა ტიპის დანაშაული ამ პირთან დაკავშირებით არ იკვეთება, პოლიტიკური დანაშაული კი ხშირად პოლიტიკური დევნის საბაბი ხდება, ამ თვალსაზრისით საქართველო შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება ჩვენთვის ძალიან ყურადსაღები და მნიშვნელოვანია, მაგრამ ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ხალხთან ურთიერთობა კი რჩება. ამის გათვალისწინებით, ძალიან რთულია დღეს გადაწყვეტილებების მიღება. ამ ეტაპზე ქართულმა მხარემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ვნახოთ. ვიმეორებ, რომ ამ შემთხვევაში მსგავსი ნაბიჯის გაგება შესაძლებელია, მაგრამ ალბათ სასურველია, ეს პოლიტიკა არ გაგრძელდეს.

- გარკვეულ სიახლეებს ვხედავთ ოპოზიციაშიც. ვგულისხმობრესპუბლიკელებისადა თავისუფალი დემოკრატების გაერთიანების შესახებ განცხადებას. როგორ ფიქრობთ, რამე შეიცვლება მათი გაერთიანებით?

- თუკი სიახლე თვითონ ამ პარტიებმა არ წარმოადგინეს და რაღაცით უფრო საინტერესონი არ გახდნენ ამომრჩევლისთვის, მეეჭვება, მხოლოდ გაერთიანებით რაიმე განსაკუთრებულ შედეგს მიაღწიონ. მით უმეტეს, რომ როგორც ერთ, ისე მეორე პარტიას არ ჰყავს ის ბირთვი, რითაც აქამდე მოსახლეობის ინტერესს იწვევდნენ. შესაბამისად, ახლა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში არიან, ამიტომ შემდგომი ცვლილებებით თუ ამ ტიპის მოვლენებს გაუწევენ ანგარიშს, გაერთიანებაზე არ უნდა წავიდნენ და უნდა იფიქრონ საკუთარი პარტიების შეცვლაზე, სტილის, იდეოლოგიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის შეცვლაზე და ასეთ შემთხვევაში გამორიცხული არ არის, ცალკეულმა პარტიებმა მიიღონ მოსახლეობისგან ის ნდობა და რეიტინგი, რომ ეყოთ პარლამენტში შესასველად. ამ მიმართულებით კი არაფერი გაკეთებულა. ჩვენ ვხედავთ გაერთიანებას, თუმცა მეეჭვება, ეს შედეგიანი იყოს.

————————

„ახალი თაობა“, 26 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „დასავლეთმა საქართველოს ნატოში მიღებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა“ // რა მუქარა გამოუგზავნა ისლამურმა სახელმწიფომ საქართველოს მუსლიმანთა კავშირს

ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ მაისაია „ახალ თაობასთან“ ნატოს ბრიუსელის სამიტისა და თბილისში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისის სესიის დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობაზე საუბრობს.

- ბატონო ვახტანგ, როგორ აფასებთ ნატოს ბრიუსელის სამიტს, რომელსაც ტრამპიც ესწრებოდა?

- სამი საკითხი იყო პრიორიტეტული – ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა; ასევე, დონალდ ტრამპი ცდილობს, ყველამ გადაინაწილოს ნატოს ხარჯები და მხოლოდ ამერიკაზე არ იყოს დამოკიდებული; მნიშვნელოვანია შავიზღვისპირეთის უსაფრთხოების ინიციატივა.

- შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი ამერიკამ არ წამოსწია?

- ამერიკის ინიციატივაა, ვარშავის სამიტზე ვერ მოხერხდა და ბრიუსელის სამიტზე უნდა მომხდარიყო დამტკიცება. გამოქვეყნდება სამიტის დოკუმენტები და ვნახავთ, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

- ნატოს ჩართვა ისლამური სახალიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში რა შედეგს მოიტანს?

- ნატოს გააჩნია თავისი კოალიციური სამხედრო საშუალებები, რომლებიც გააძლიერებს ისლამური სახალიფოს წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციას. მეორეც, ალიანსი მეტად დახვეწს თავის სამხედრო ოპერაციებს და ოპერატიულად განავითარებს. ნატოს ჩართვა იქნება ერთ-ერთი კომპონენტი ბრიუსელის მართვის ფორმატში. შესაბამისად, უფრო სერიოზული ძალა ამოქმედდება ისლამური სახალიფოს წინააღმდეგ. ამ კონტექსტში რუსეთისა და მისი მოკავშირეების საკითხი ირანის სახით ცალკე სასაუბროა. აქ გეოსტრატეგიულ დაპირისპირებაზეა საუბარი. არ არის გამორიცხული, ნატოს ჩართვის შემდეგ ჩინეთმაც გამოთქვას სურვილი ამ მიმართულებით ჩართვაზე, რადგან გეოსტრატეგიული დაპირისპირებაა.

- შეიძლება, ჩინეთი შეუერთდეს ნატოსა და საერთაშორისო კოალიციას?

- ნატოს არ შეუერთდება, მაგრამ ჩინეთი შეიძლება ჩაერთოს აღმოსავლეთის მიმართულებით ერთგვარი ბალანსირების მიზნით. ნატოს ჩართვა ჩინეთის ინტერესებზეც გადის, რადგან ჩინეთი პირდაპირ კავშირშია აფრიკის კონტინენტთან დაკავშირებულ ინტერესებთან. ამიტომ ნატოს ჩართვა მოიცავს ჩინეთის ჩართულობასაც, რომ დაიცვას თავისი ინტერესები ამ მიმართულებით.

როგორც ჩანს, დასავლეთი აპირებს სამი კოალიციური ერთობის შეკვრას. პირველი _ ეს იქნება საერთაშორისო კოალიცია, რომელიც ახორციელებს ოპერაციებს ისლამური სახალიფოს წინააღმდეგ; მეორე – ჩრდილოატლანტიკური ალიანსი (უშუალოდ სამხედრო ბლოკის ჩართვა) და მესამე – საუდის არაბეთში ტრამპმა გაახმოვანა ახალი იდეა არაბული ნატოს შექმნის შესახებ ანუ არაბეთის ნახევარკუნძულზე ახალი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის შექმნა.

- არაბული ნატოს ანუ ნატოს მსგავსი ძლიერი სამხედრო ძალების შექმნა არაბული კუთხით, მუსლიმანური კოალიციის სახით კიდევ ახალ საშიშროებას არ წარმოშობს?

- „არაბული ნატოს“ შექმნა მიმართულია არა მარტო ისლამური სახალიფოს, არამედ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგაც.

- ახლა კი, მაგრამ მომავალში დასავლეთს არ შემოუტრიალდება? ასე აძლიერებდნენ ავღანეთში გარკვეულ ძალებს და შემდეგ აქეთ შემოუტრიალდნენ.

- ეს არის ახალი ცივი ომის მოდელი. პირველი ცივი ომის პირობებში შეიქმნა ნატო 1949 წელს. 1955 წელს შეიქმნა ბაღდადის პაქტი, რომელშიც გაწევრიანდნენ ირანი, ერაყი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, თურქეთი და იორდანია. როგორც ჩანს, ამგვარი გაერთიანების შექმნას სთავაზობს ტრამპი არაბულ ქვეყნებს.

- არაბული ნატო იქნება სუფთა არაბული ქვეყნების სამხედრო კოალიციური გაერთიანება თუ შეიძლება ამერიკაც შევიდეს?

- ძირითადად, ალბათ, სპარსეთის ყურის ქვეყნები იქნებიან ჩართული, მაგრამ, შეიძლება, ამ კოალიციაში მონაწილეობა მიიღოს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმაც. კოალიციების შექმნა დამატებითი სტიმული არ იქნება მშვიდობისთვის, მაგრამ ისლამური ხალიფატი გააქტიურდა, ფართომასშტაბიან შეტევებზე გადავიდა. ახლახან იყო მანჩესტერის ტერაქტი. საქართველოს მიმართაც იყო უკვე მუქარა. ისლამურმა ხალიფატმა გამოაგზავნა მუქარები საქართველოში მუსლიმანური თემის მიმართ.

- რომელ მუსლიმანურ თემს გამოუგზავნა მუქარა?

- საქართველოს მუსლიმანთა კავშირს.

- მუსლიმანთა კავშირმა რა დააშავა, რა არ მოეწონა ხალიფატს?

- არ ვიცი, რა არ მოეწონათ. ისინი წინააღმდეგი არიან ტრადიციული ისლამისა და თავიანთი ვაჰაბისტური მიზნები ამოძრავებთ. შეიძლება, ინტერკონფესიური დაპირისპირება იყოს. საქართველოს მუსლიმანთა კავშირის წინააღმდეგ მუქარა არის ერთგვარი ინდიკაცია იმისა, რაც ხდება ავღანეთში, რაც მოხდა მანჩესტერში და სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარი ტერაქტებისა.

- ხალიფატის მუქარა ქართველი მუსლიმანების წინააღმდეგ ირიბად ხომ არ უკავშირდება თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნას?

- არა მგონია.

- როგორ აფასებთ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ჩატარებას თბილისში? რას უნდა ელოდოს საქართველო ამ დონის ღონისძიებიდან?

- ეს დიდი მოვლენაა. ეს არის ნატოს საგაზაფხულო პლენარული სესია. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ძლიერი პოლიტიკური ორგანოა. მის რეკომენდაციას ნატოს ხელმძღვანელობა ითვალისწინებს. ამ ორგანომ მიიღო რეზოლუცია, რომ საქართველოს მინიჭებოდა ინტენსიური დიალოგის სტატუსი. ამ გაერთიანებაში წარმოდგენილი არიან გავლენიანი პოლიტიკური ძალები, ნატოს წევრი ქვეყნების დეპუტატები, რომლებსაც თავიანთ ქვეყნებში გავლენა აქვთ. ამ ასამბლეის გადაწყვეტილებებს სერიოზულად ეკიდებიან.

- ითქვა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა გრძელდება და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება მიღებულია, ოღონდ ეს დროის საკითხია. თქვენ რაიმე წინსვლას ელოდებით ამ მხრივ?

- ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის საქართველოში ჩატარება პოლიტიკური მხარდაჭერაა იმის საწინააღმდეგოდ, რასაც რუსეთი ახორციელებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ლავროვის სოხუმში ვიზიტის შემდეგ. სესია მიიღებს საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელიც საკმაოდ სერიოზული განაცხადია ჩვენი მტრების წინააღმდეგ. ჩვენამდე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია რომელ ქვეყნებშიც ჩატარდა, ის ქვეყნები ნატოს წევრები გახდნენ. ესეც სერიოზული განაცხადია.

- მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგი იმგვარად ხომ არ შეიცვალა, რომ შეიძლება, უახლოეს პერიოდში ნატოში მართლაც აღმოვჩნდეთ? შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი, ახლო აღმოსავლეთის მწვავე პრობლემები ჩვენს სიახლოვეს ხომ არ ქმნის იმის აუცილებლობას, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს? ხომ არ დასჭირდებათ ამერიკასა და ევროგაერთიანებას ჩვენი ნატოში ყოფნა?

- ეს ყველაფერი ამ ადამიანების გადასაწყვეტია. შეიძლება, იმგვარი გეოპოლიტიკური ფონი შეიქმნას, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდეს, როგორც, ვთქვათ, ბალტიის ქვეყნებთან დაკავშირებით შეიქმნა.

- რას შეცვლის ჩვენი ნატოში მიღება არსებულ სიტუაციაში? რაიმე გავლენას მოახდენს რუსეთზე?

- რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს, რადგან ნატოს ტერიტორია კიდევ უფრო გაფართოვდება, შავი ზღვა გახდება ალიანსის ტერიტორია. საქართველო რუსეთის პროვოკაციებისგან უფრო დაცული იქნება.

- დეოკუპაციასთან დაკავშირებით რას მოიტანს საქართველოს ნატოს წევრობა? ნატომ, ალბათ, იმ ფარგლებში უნდა მიგვიღოს, რომლებშიც გვაღიარა დამოუკიდებლად მთელმა მსოფლიომ, მაგრამ ფაქტობრივი მდგომარეობა რომ სხვაგვარია?

- არსებობს გერმანიის მაგალითი. როცა გერმანია ნატოში შევიდა, ოკუპირებული იყო. აღმოსავლეთ გერმანია ოკუპირებული ჰქონდათ საბჭოთა ჯარებს. მიუხედავად ამისა, გერმანია გახდა ნატოს წევრი სახელმწიფო. ასე შეიძლება მოხდეს საქართველოს შემთხვევაშიც.

„ახალი თაობა“, 26 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „მიდის თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან? // „საპატრიარქოს წინააღმდეგ სკანდალი ქვეყნის გარეთ დაიგეგმა

რა ხდება ხელისუფლებაში, შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილი გუნდს, ვინ დგას საპატრიარქოს წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის უკან? ამ თემებზე „ახალ თაობას“ ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

- ამ დღეებში ბიძინა ივანიშვილმა სპორტსმენებსა და მსახიობებს ფულადი დახმარება შეუწყვიტა. ამას, ბუნებრივია, მოჰყვა მითქმა-მოთქმა. ერთ-ერთი ვერსიით, ის საქართველოს დატოვებას აპირებს...

- გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ არა მგონია, ივანიშვილმა საქართველო დატოვოს. თავად, თავისი სურვილით თუ მოუნდება წასვლა, ეს მისი ნებაა, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ მას გასაქცევად აქვს საქმე, ძალიან შემცდარა. ამ ადამიანს ქვეყნისთვის იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, რომ გასაქცევად არასდროს გაუხდება საქმე. და როცა ვიღაც ბიძინა ივანიშვილს ქვეყნიდან გაქცევას უწინასწარმეტყველებს, გაიხსენონ, რამდენი საეჭვო ტიპი ცხოვრობს საქართველოში. მხედველობაში ის ადამიანები მყავს, რომლებსაც ქვეყნის დაქცევის მეტი არაფერი უკეთებიათ.

- თქვენ მის წასვლას გამორიცხავთ?

- საკუთარი სურვილით შეიძლება წავიდეს სხვაგან საცხოვრებლად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას გასაქცევად აქვს საქმე. ამის იმედი ტყუილად აქვს ვინმეს.

- ამის იმედი ბევრს აქვს. აქვთ თუ არა იგივე მოლოდინი მის გუნდში?

- თავის დროზე მის გარშემო ძალიან ბევრმა საეჭვო ადამიანმა მოიყარა თავი. ამ ადამიანებს შეძრომის საოცარი ნიჭი აქვთ. მეტსაც გეტყვით, შეძრომის სქემებიც კი აქვთ დამუშავებული. ასეთი ხალხი ყველაფრისთვის მზადაა.

- გუნდში თუ ასეთი ხალხი ჰყავს, ხომ შეიძლება მათ გაუხადონ გასაქცევად საქმე?

- ისინი ყველაფერს იკადრებენ, მაგრამ ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს. ამ წლების განმავლობაში ავის და კარგის გარჩევა რაღაცნაირად ვისწავლეთ. ყოფილი პრემიერის გარშემო ბევრი საეჭვო ადამიანი მოხვდა, მაგრამ ერთგული ხალხიც ჰყავს. ეს ხალხი მას აუცილებლად დაუდგება გვერდით,

- ახლა მას გვერდით ერთგული ხალხი არ ჰყავს?

- ძალიან მცირე რაოდენობით. თავის დროზე ერთგული ადამიანები ჩააჩოჩეს. ამის შედეგად მივიღეთ ის სიტუაცია, რაც დღეს გვაქვს.

- ვის თვლით მის ერთგულ ადამიანებად და როგორ მოხდა მათი ჩაჩოჩება?

- ეს ადამიანები ივანიშვილს 2011 წლის ნოემბრიდან ედგნენ გვერდით. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ მოხდა მათი ჩაჩოჩება. ადამიანებმა, რომლებმაც რაღაც გავლენები მოიპოვეს, „ოცნება“ თავისი საყვარლებითა და ნათესავებით გაავსეს. კორპორატიულმა ინტერესებმა ქვეყნის ინტერესები უკანა პლანზე გადასწია. ახლა ყველანი ერთად ვიმკით ამის შედეგებს. კარგი მდგომარეობა არ გვაქვს, მაგრამ ივანიშვილს ჯერ კიდევ შეუძლია რეალობის შეცვლა. პატრიარქის შემდეგ, საქართველოში ყველაზე მეტად მას ენდობიან. დიდი მცდელობის მიუხედავად, ჩვენს ეკლესიას ვერაფერი დააკლეს.

- ციანიდის საქმის შემდეგ, როგორც ამბობენ, საპატრიარქოს იმიჯი შეილახა. ამაზე რას იტყვით?

- მეც მომისმენია განცხადებები იმის შესახებ, რომ საპატრიარქოს რეიტინგი დაეცა, მაგრამ ის ხალხი მანახეთ, ვინც ეს რეიტინგი გაზომა. ეს ვიღაცების სურვილია და მეტი არაფერი.

- ამბობენ, მრევლიც დააკლდა ეკლესიასო.

- ამაზე ვერაფერს ვიტყვი. ვიღაც ალბათ წავიდა, მაგრამ ეს ციანიდის სკანდალს არ უკავშირდება. ისინი წავიდნენ იმიტომ, რომ წასვლა უნდოდათ. ისინი ციანიდის გარეშეც წავიდოდნენ. თავად ამ სკანდალს რაც შეეხება, მავანთა დიდი მცდელობის მიუხედავად, მიზანი მიღწეულ არ იქნა. უფლის წყალობით, ყველაფერი კარგად დასრულდა. რაღაც ძალებს კიდევ ექნებათ ეკლესიაზე შეტევის მცდელობა, მაგრამ ესეც კრახით დასრულდება. ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ტყუილად ფუთფუთებენ.

- ეს სკანდალი ქვეყნის გარეთ დაიგეგმა?

- ზუსტად რა და როგორ დაიგეგმა, ეგ საგამოძიებო ორგანოებმა უნდა დაადგინონ. მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ქვეყნის გარეთ ვერაფერი დაიგეგმება, თუ მას საქართველოში რაღაც საფუძველი არ აქვს. და, ასევე, საქართველოში ვერაფერი დაიგეგმება, თუ მას გარედან მხარდაჭერა არა აქვს.

- ამაში შინაურიცაა გარეული და გარეულიც?

- რა თქმა უნდა. საქართველოში ყველა უბედურება რაც კი მომხდარა, ყველაფერი შინაურმა და გარეულმა ერთად დაგეგმეს.

- ერთ-ერთი ვერსიით, ამის უკან რუსეთი დგას, მეორე ვერსიით, დასავლეთი და ჯორჯ სოროსი. თქვენ რას ფიქრობთ?

- დასავლეთს გამოვრიცხავ, ფსევდომართლმადიდებლური ქვეყნებიდან ყველაფერია მოსალოდნელი, ისევე, როგორც ჯორჯ სოროსისგან. დასავლეთში საქართველოს პატრიარქს ბევრად დიდ პატივს სცემენ, ვიდრე საქართველოში. არ დაგვავიწყდეს, რომ ევროპაში ჯვაროსნები ცხოვრობდნენ. ჯორჯ სოროსს რაც შეეხება, გიმეორებთ, ის არ არის დასავლეთი. ის და მისი გარემოცვა დასავლეთში მხოლოდ იმიტომ არიან, რომ იქ მათი ფული უფრო დაცულია. რუსეთში რომ იყოს მისი ფინანსები დაცული, იქაც მშვენივრად წავიდოდა.

ახლა პრორუსული ძალები შეეცდებიან, საპატრიარქოს წინააღმდეგ დაწყებული კამპანია დასავლეთს დააბრალონ. ეს მცდელობა ახლა გაცილებით ისტერიული გახდება, რადგან საქართველომ დასავლეთის ფრონტზე ორი უმნიშვნელოვანესი წარმატება მოიპოვა.

- რომელ წარმატებაზე საუბრობთ?

- პირველი გახლავთ ტრამპის ხელმოწერილი განკარგულება და მეორე ის ღონისძიება, რომელსაც ნატო საქართველოში ატარებს.

- ნატოს საქართველოში სხვა დროსაც ჩაუტარებია ღონისძიებები.

- ეს სამიტი ყველასგან გამორჩეულია. ამ ღონისძიების ჩატარება იმას ნიშნავს, რომ საქართველო ძალიან ძლიერი და გავლენიანი ოჯახის ნათესავი გახდა. ეს ძალიან დიდი მიღწევაა. ეს იმას ნიშნავს, რომ თავზე ხელს იოლად ვერავინ წამოგვარტყამს. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან გზას დაადგა და ამ გზიდან გადახვევა დაუშვებელია. ჩვენი ჩრდილოელი და სამხრეთელი მეზობლები ამით გახარებული არ არიან. თავის დროზე მათი დაზავებაც სწორედ ანტიდასავლურმა განწყობამ განაპირობა. ახლა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა რუსულმა პროპაგანდამ არ გაიმარჯვოს. ასევე სახიფათოა რადიკალური ისლამის პროპაგანდა.

- რადიკალური ისლამისტებიც ეწევიან საქართველოში პროპაგანდას?

- კონკრეტულად საქართველოში მათ არ აქვთ დაწყებული პროპაგანდა, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით აქტიურად მუშაობენ. ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ და ამ პროპაგანდას ვერსად გავექცევით. ქართველებმა ერთი რამ უნდა შევიგნოთ – ამერიკაში ცხოვრობენ კოვბოები, ევროპაში – ჯვაროსნები, ჩრდილოეთ კავკასიაში – ჯიგიტები, ხოლო საქართველოში – ვაჟკაცები.

- ამის შეგნება რაში დაგვეხმარება?

- ქართველებმა უნდა ვიპოვოთ ჯიგიტები, მათთან ერთად ჯვაროსნები და მერე კოვბოებთან გამოვნახოთ საერთო ენა. ასეთ შემთხვევაში ყველანი მოგებულები დავრჩებით. კიდევ ერთხელ ვიტყვი – საქართველო სწორი გზით მიდის. მოწოდების სიმაღლეზეა თავდაცვა და ჯანდაცვა. სპეცსამსახურებიც კარგად მუშაობენ. მათი წყალობით, საქართველომ არაერთხელ აიცილა ტერორიზმის საფრთხე.

„ახალი თაობა“, 26 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „არასამთავრობოები სახელმწიფოს მიმართ სიძულვილს ნერგავენ“ // „საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებით ქართული ოცნება ოპოზიციას უგებს

„ახალი თაობა“ მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ ანზორ აბრალავას.

- იქმნება თუ არა ფეთქებადი სიტუაცია ქვეყანაში იმით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, ქართული ოცნების გარდა, არავინ უჭერს მხარს?

- კონსტიტუცია თანხმობის დოკუმენტია. ის შეთანხმებული უნდა იყოს საზოგადოების ფართო ფენებთან. რა შენიშვნებიც არ უნდა გვქონდეს წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, განხილვების ფორმას ვერ დავიწუნებთ. ეს ისეთი ფორმატია, რომ ამით `ქართული ოცნება~ ოპოზიციას 100:0 უგებს. ამის მსგავსი რამ სააკაშვილის დროს წარმოუდგენელი იყო.

- პროექტში არის ისეთი მუხლები, რომლებსაც არავინ ეთანხმება...

- პირადად მე კონსტიტუცია სულ სხვაგვარად წარმომიდგენია. იქ უნდა ჩაიდოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა, განისაზღვროს უფლებამოსილებები ცენტრსა და რეგიონებს შორის, თვითმმართველობის საფუძვლები. პარტიების დიდ ნაწილს საკუთარი ინტერესები და ინტრიგები ამოძრავებს. მათთვის არსებითია მანდატების გადანაწილება. ზოგი პარტია დესტრუქციულია და ვერ ჩაითვლება ოპოზიციად. ასეთია ნაციონალური მოძრაობა, რომლის ამოცანაა ხელისუფლებაში ნებისმიერი გზით დაბრუნება. ნაცმოძრაობა საკონსტიტუციო განხილვებს სიტუაციის დაძაბვისათვის იყენებს. რეგიონებში შეხვედრებზე ამ პარტიასთან დაახლოებული ყოფილი ჩინოსნები ურევენ სიტუაციას. ასეთები შარზე არიან.

წარმოდგენილი პროექტი შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ მოკამათესაც მოეთხოვება კონსტრუქციულობა. პარტიების ნაწილს, რომელსაც მდგომარეობის დაძაბვა უნდა, არც სხვა ვარიანტი მოეწონებოდა. ახლა ოპოზიციონერები ებღაუჭებიან ვენეციის კომისიას. ის კი ავიწყდებათ, რომ ევროპა საბჭოთა კავშირი არ არის. ევროპაში შემდგომი ინტეგრაცია იმიტომ კი არ გვინდა, რომ საბჭოთა კავშირი და მოსკოვისნაირი დირექტივები დავიბრუნოთ! ევროპელები გვაძლევენ რეკომენდაციებს. მთავარი სამუშაო ჩვენ თვითონ უნდა შევასრულოთ ისე, რომ არ შევბღალოთ ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

- ქართული ოცნებისთვის სასარგებლო არ არის ფარცხალაძე-თორდიას კონფლიქტი. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ვის დაარტყა. ამ ინციდენტმა გარეთ გამოიტანა ბევრი მანკიერება.

- ეს ინციდენტი ცუდია სახელმწიფოსათვის. ამის შემხედვარე საზოგადოებას ბევრი კითხვა გაუჩნდა. მაფიქრებს ის, რომ არასამთავრობო სექტორი ამას თითქოს მომზადებული და ჩასაფრებული შეხვდა. ამ სექტორის წარმომადგენელია ნინო ლომჯარია, რომელიც რატომღაც გენერალური აუდიტორის მოადგილედ დანიშნეს. ეს ერთი მაღალჩინოსნის რეკომენდაციით მოხდა.

- გავრცელებული ინფორმაციით, იგი თამარ ჩუგოშვილის პროტეჟეა...

- დღეს არ მინდა ამაზე საუბარი. იმას კი ვიტყვი, რომ ლომჯარიები და მისთანები აუძლურებენ სახელმწიფოს. გრძელდება ძლიერი შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტებზე. გარკვეული ჯგუფები ხალხში სახელმწიფოს მიმართ სიძულვილს ნერგავენ. მათი გაგებით, ყველა თანამდებობის პირი უნდა იყოს სასაცილო, უწყებები _ სუსტი. განსაკუთრებული თავდასხმებია უშიშროების სამსახურზე, რომელსაც არ აძლევენ საქმიანობის საშუალებას.

ასეთი ხალხისათვის, მათ შორის, თინა ხიდაშელისათვის კომპრომატია ის, რომ თავდაცვის ახლანდელი მინისტრი უშიშროებაშია ნამუშევარი. ამას წინათ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია შსს-გან დაჟინებით მოითხოვდა ინფორმაციას სპეცდანიშნულების ჯგუფებზე. ამ `ენჯეოს~ აინტერესებს სპეცრაზმების განლაგების ადგილები, რიცხოვნობა, წევრების ხელფასები და გენდერული შემადგენლობა. ასეთ მონაცემებზე უცხო ქვეყნების დაზვერვა ნადირობს. არ მესმის, რატომ უნდა დაენიშნათ აუდიტორულ სამსახურში მაღალ თანამდებობაზე ამგვარ `ენჯეოში~ ნამუშევარი ადამიანი!

- შექმნილ სიტუაციაში ხალხს ადგილობრივ არჩევნებზე მისვლის სურვილი ხომ არ გაუქრება?

- არა მგონია. საზოგადოება არჩევნებზე მივა. ძალიან კარგი ახალგაზრდობა გვყავს. სტუდენტებთან და დოქტორანტებთან მუდმივი კავშირი მაქვს. არჩევნების ბოიკოტის სურვილს მათ ვერ ვატყობ. მაფიქრებს ის, რომ არასამთავრობოები და ტელევიზიები აღვივებენ ანტისახელმწიფოებრივ განწყობებს. ადამიანებს ტვინს ურეცხავენ შეგონებებით, რომ სახელმწიფო მტერია.

- ლიბერტარიანული მიდგომები ანარქიას უახლოვდება...

- ეს ჯგუფები ამახინჯებენ ლიბერალიზმს. ლიბერალიზმი ნიშნავს სახელმწიფოს წნეხისაგან გათავისუფლებას და არა წესრიგის უარყოფას. ამ ანტისახელმწიფოებრივ ჯგუფებს უნდათ არა ნამდვილი დემოკრატია, არამედ ქაოსი და ანარქია. ამ მიზნით ხდება ავადმყოფობის ნორმად ქცევა, მარგინალობის ტირაჟირება და მორალის უარყოფა. ასეთ ჯგუფებს ზურგს უმაგრებენ ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც ხშირად არიან ტელევიზიებში, აკადემიურ წრეებს კი არაფერს ეკითხებიან.

„ახალი თაობა“, 26 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ ზვიად კუპრავასთან: „ქართული ოცნება“ გიორგი მღებრიშვილის გადადგომას ითხოვს“ // „შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობას 30 მაისის შემდეგ დატოვებს, მის შემცვლელად ანზორ ჩუბინიძის კანდიდატურა განიხილება

ხელისუფლებაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე დიდი ხანია რაც საუბრობენ. ექსპერტების და პოლიტიკოსების ნაწილი სამთავრობო კარუსელის დატრიალებას ადრიან გაზაფხულზე ვარაუდობდა, მაგრამ წელიწადის ეს დრო მთავრობამ მშვიდად ჩაამთავრა.

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას ინფორმაციით, უახლოეს მომავალში თანამდებობას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დატოვებს. ზვიად კუპრავას ხელთ არსებული ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილი პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს ჩაიბარებს და წავა. პოლიციის დღე კი 30 მაისს აღინიშნება. (…)

„ახალ თაობასთან“ საუბარში ზვიად კუპრავამ განმარტა, რომ გიორგი მღებრიშვილის თანამდებობა ცოტა ხნის წინ გორის ტრასაზე მომხდარ ინციდენტს შეეწირება, რომლის დროსაც 21 წლის ბექა ხახუბია დაიღუპა. საზოგადოებისთვის ამ ტრაგედიის დეტალები ცნობილია. გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მანქანის გასაჩერებლად პოლიციამ ტრაილერი გამოიყენა. სწორედ ეს ტრაილერი გახდა 21 წლის ახალგაზრდის დაღუპვის მიზეზი.

„ამ ტრაგედიის დეტალები პირველმა მე გავასაჯაროვე და ბოლომდე გადავწყვიტე მისი გარკვევა. წლების განმავლობაში საპატრულო პოლიციაში ვმუშაობდი და იქ ბევრი ნაცნობი მყავს. მათი და სხვა ადამიანების დახმარებით შევეცადე გამერკვია, ვინ გასცა ეს ბრძანება. რამდენიმედღიანი მუშაობის შედეგად დავადგინე, რომ ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გასცა“, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ საუბარში ზვიად კუპრავამ. მისი თქმით, მინისტრმა პოლიციელებს მოსთხოვა, რადაც უნდა დასჯდომოდათ, გაეჩერებინათ ეს მანქანა.

ზვიად კუპრავას თქმით, პოლიციას ჰქონდა ტრაილერის გამოყენების უფლება, მაგრამ ის მკვეთრი ფერის ციმციმებით უნდა ყოფილიყო აღჭურვილი.

„ამ შემთხვევაში არანაირი ნიშნები არ ყოფილა გამოყენებული, რომ მანქანის მძღოლს წინაღობა დაენახა. თან მას 100 მეტრში დაუყენეს ეს ტრაილერი. ასეთ შემთხვევაში ვერც ერთი მძღოლი მანევრირებას ვერ მოასწრებდა. მით უმეტეს, თუ მანქანა სწრაფად მოძრაობდა“, – აღნიშნავს სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი. იგი გამორიცხავს, რომ პოლიციას ასეთი რამე უფრო დაბალი რანგის ჩინოსნის ბრძანებით გაკეთებინა. მისი თქმით, ბრძანება რომ მინისტრმა გასცა, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობამაც იცის.

„ამ საკითხზე „ოცნების“ კულუარებში სერიოზული განხილვები იყო. დეპუტატების უმრავლესობამ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, გიორგი მღებრიშვილის გადადგომა მოითხოვა. ამ თემაზე მინისტრთანაც იყო საუბარი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ითხოვა, რომ პოლიციის დღეზე აღლუმს ჩაიბარებს და წავა, პოლიციის დღე 30 მაისს აღინიშნება. მინისტრი სავარაუდოდ ივნისის დასაწყისში დატოვებს თანამდებობას“, – ამბობს ზვიად კუპრავა. მისი თქმით, „ოცნების“ კულუარებში უკვე განიხილება გიორგი მღებრიშვილის შესაძლო შემცვლელები. ამ ეტაპზე ერთი კანდიდატურაა აქტუალური: „ყველაზე აქტიურად ანზორ ჩუბინიძის კანდიდატურა განიხილება. მას ახლა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის პოსტი უკავია. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურა რამდენიმე წლის წინაც განიხილებოდა“.

„ახალ თაობასთან“ საუბარში კუპრავა იმასაც ამბობს, რომ, დეპუტატების გარდა, მღებრიშვილის საქმიანობით პოლიციაც უკმაყოფილოა: „ყველას ახსოვს მისი განცხადება პოლიციელებთან დაკავშირებით, მინისტრმა საკუთარ თანამშრომლებს ბალასტი უწოდა. ასეთი ტერმინით მან ის ხალხი მოიხსენია, რომელთა სიცოცხლე გამუდმებით საფრთხეშია. საქართველოში პოლიციელს იმხელა ხელფასი არა აქვს, რომ ფულის გულისთვის ტყვიას შუბლი შეუშვიროს. ერთადერთი, რატომაც პოლიციაში ხალხი მუშაობს, ეს მოტივაციაა. მინისტრი თავისი განცხადებებით მათ მოტივაციასაც უკარგავს“.

ზვიად კუპრავას თქმით, გიორგი მღებრიშვილის გადადგომა სხვებისთვის მაგალითი გახდება და ასეთი მეთოდებით აღარავინ შეეცდება მანქანების გაჩერებას.

მედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციელებს 21 წლის ბექა ხახუბიას გაჩერება მამამისმა, დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ სთხოვა, რადგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი ნასვამი იჯდა საჭესთან და გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა.

„ეს ვერსია მეც მოვისმინე. ხახუბიების ოჯახის ახლობლები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. მე დანამდვილებით არ ვიცი, აქ რა მოხდა. შესაძლოა, მართლაც სთხოვა მამამ მინისტრს, მისი შვილი გაეჩერებინათ, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მისთვის ტრაილერი ჩაეყენებინათ? მთელი პრობლემა ეს ტრაილერია და არა ის, რომ პოლიცია დევნას ახორციელებდა“, – ამბობს სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი.

ზვიად კუპრავა იმედოვნებს, რომ ასეთი ფაქტები აღარ მოხდება. მისივე განმარტებით, ხშირად არის შემთხვევები, როცა პოლიცია დევნას თავს ანებებს და მოგვიანებით აჯარიმებს მძღოლს. „ასეთი შემთხვევა მეც მქონია პრაქტიკაში და ახლაც აკეთებენ ამას პოლიციელები. როცა მანქანას ვერ ვეწეოდით და ვხედავდით, რომ ამ დევნას შესაძლოა უარესი შედეგი მოჰყოლოდა, მას თავს ვანებებდით. მანქანის ნომრის მიხედვით მძღოლის ვინაობას ვადგენდით და რამდენიმე საათში სახლში ვადგებოდით. სიჩქარის გადაჭარბების გარდა, მას დაუმორჩილებლობისთვისაც ვაჯარიმებდით“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

———-

„ქართულ ოცნებაში“ გიორგი მღებრიშვილის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

Comments are closed