globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 27 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 29th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხის ასაცილებლად საზღვრების კონტროლის გამკაცრებაა საჭირო“

რეზონანსი: მოსკოვის პასუხი ფსოუსა და როკის გვირაბის საერთაშორისო კონტროლზე ივლისის ბოლოს იქნება

„ახალი თაობა“: აფხაზეთის პარლამენტი რუსეთის წინააღმდეგ // სოხუმში ანტირუსული განწყობა იზრდება: „თავისუფლება ფულზე არ იყიდება“

———————-

„ახალი თაობა“, 27 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხის ასაცილებლად საზღვრების კონტროლის გამკაცრებაა საჭირო“

ნათია ხურცილავა

(შემოკლებით)

რა საფრთხე შეიძლება უკავშირდებოდეს „ისლამური სახელმწიფოს გამოჩენას ჩრდილოეთ კავკასიაში? რამდენად შეიძლება შეეხოს ეს პრობლემა საქართველოს და როგორი უნდა იყო სახელმწიფო სტრუქტურების რეაქცია? ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე საუბრობს.

- „ისლამურმა სახელმწიფომ“ კავკასიაში საკუთარი სახელმწიფოს დაარსების შესახებ განცხადება გააკეთა. როგორი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია?

- რასაკვირველია, ეს არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის პრობლემა, ერთი ქვეყანა მას ვერ გაუმკლავდება. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, პირველ რიგში, ერთიანი და ცამოყალიბებული გეგმა უნდა არსებობდეს, მეორე – ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო საზღვრების მკაცრი კონტროლი, რომელიც სრულიად შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით. სახელმწიფო საზღვრები ჩვენმა მესაზღვრეებმა უნდა გააკონტროლონ. ამ პროცესში სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული და საფრთხეების თავიდან აცილების, პრევენციის ყველა ღონისძიება უნდა დასახოს.

- აშშ და ნატო რაიმე ახალ სტრატეგიას გეგმავენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ თუ ეს იმდენად საიდუმლოა, რომ ამაზე ღია დისკუსია არ ხდება?

- ამ ეტაპზე ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკა და ჩრტდილოატლანტიკური ალიანსი საჰაერო თავდაცვის სისტემებს აძლიერებენ. 21-ე საუკუნის ტერორიზმს პასუხიც თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად უნდა გაეცეს. გარდა ამისა, ხორციელდება სახმელეთო და საჰაერო ღონისძიებები. ნატომ პირველ რიგში თავისი წევრები უნდა დაიცვას „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხისაგან და ამას აკეთებს კიდეც.

(…)

- საქართველოზე რა შეგიძლიათ გვითხრათ – აშშ-ის ყურადღება სეიძლება გაიზარდოს, რადგან „ისლამური სახელმწიფო“ კავკასიას მოუახლოვდა?

- ვაშინგტონი, ცხადია, ყურადღებას გაამახვილებს, რომ რეგიონში არაფერი გამოეპაროს და მოვლენები აკონტროლოს, მაგრამ ჩვენს სათანადოდ უნდა ვიმუშაოთ, ჩვენ უნდა დავაყენოთ ჩვენი პრობლემა მუდმივად, რომ აქტუალობა არ დავკარგოთ აშშ-ის თვალში. ჩვენი გაჭირვება უნდა შევახსენოთ ხოლმე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მსოფლიოში იმდენი პრობლემაა, რომ თუ მუდმივად არ შეახსენებ ხოლმე თავს, შეიძლება დაგივიწყონ. ეს, ალბათ, ძნელი იქნება, მაგრამ თავის შეხსენება აუცილებელია.

რეზონანსი“, 27 ივნისი, 2015 წელი

მოსკოვის პასუხი ფსოუსა და როკის გვირაბის საერთაშორისო კონტროლზე ივლისის ბოლოს იქნება

თიკო ოსმანოვა

საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთის ბრუნვის მინიტორინგთან დაკავშირებით რუსეთის საბოლოო პასუხი შესაძლოა ორიოდე კვირაში გახდეს ცნობილი. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს გაფორმებული ქართულ-რუსული შეთანხმებით, მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან ნეიტრალური დამკვირვებლები უნდა განთავსდნენ, რომლებიც საზღვარზე ტვირთის მოძრაობას დააკვირდებიან.

პრაქტიკულად ეს ოფიციალური მოსკოვის მიერ ხელმოწერილი ერთადერთი შეთანხმებაა, რომლითაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. შესაბამისად, ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, მის ამოქმედებას საქართველოსათვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს პრემიერის ოფიციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ამ საკითხის ბოლო განხილვისას რუსულმა მხარემ ტექნიკური დეტალების დასაზუსტებლად 3 თვე ითხოვა. ეს ვადა უკვე გასულია და აბაშიძე ვარაუდობს, რომ რუსების საბოლოო პასუხს შეთანხმების ამოქმედებაზე ივლისის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებს.უკვე განსაზღვრულია ის კომპანია, რომელიც ფსოუსა და როკის გვირაბთან ტვირთებს გააკონტროლებს. ეს გახლავთ შვეიცარიული “ეს-ჯი-ესი”, რომელიც საინსპექციო მომსახურებას ეწევა. რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების მიხედვით, ქართულმა და რუსულმა მხარეებმა ამ კომპანიასთან ცალ-ცალკე უნდა გააფორმონ შეთანხმება.

ზურაბ აბაშიძის თქმით, ქართულ მხარეს ყველაფერი მზად აქვს და ახლა საბოლოო პასუხს მოსკოვისგან ელოდებიან.

“თებერვალში რომ შევხდი კარასინს, მითხრა – შიდა უწყებრივი საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი და ამისთვის 3 თვე გვიჭრდებაო. ასე რომ, ეს დრო გავიდა და ახლა რომ შევხვდები, გავიგებ, რას აპირებენ. ჩვენ ჩვენის მხრივ ყველაფერი მოგვარებული გვაქვს და ახლა მეზობელი ქვეყნის პასუხს ველოდებით, რომ საბოლოოდ ორივე მხარემ შვეიცარიულ კომპანიასთან გავაფორმოთ ხელშეკრულება”, – უთხრა “რეზონანსს” აბაშიძემ.

რაც შეეხება კონკრეტულ ადგილებს, თუ სად ჩადგებიან შვეიცარიელი მონიტორები, აბაშიძემ გვითხრა, რომ ხელშეკრულებაში ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი – პარამეტრები და კილომეტრებიც განსაზღვრულია, თუმცა, ამასთან დაკავშირებით ტელეფონით ვერ გვესაუბრება, მაგრამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

“ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა. სხვადასხვანაირი ხედვა და წინააღმდეგობები არის, მაგრამ ხელშეკრულება ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. ეს საერთაშორისო ვალდებულებაა ჩვენთვისაც და რუსეთისთვისაც. მართალია, წინა ხელისუფლებამ მოაწერა ხელი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს საქართველოს ვალდებულებაა. ასე რომ, ვნახოთ, რას იზამენ.

“ამბობენ, რომ მიმდინარეობს მუშაობა. შვეიცარიელებსაც აქვთ ასეთი სიგნალები, რომ მუშაობა გრძელდება. ასე რომ, შევხვდები და ყველაფერს გავიგებ”, – გვითხრა აბაშიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ამ ხელშეკრულების მომზადებასა და გაფორმებაში, აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, ეს ხელშეკრულება აღარ ამოქმედდება და ამაში იგი დღევანდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს.

“ხელშკერულების გაფორმებიდან 3 წელი გავიდა და აქამდე არ ამოქმედებულა. ასე რომ, არ მგონია, ახლა მოხდეს მისი იმპლემენტაცია. სამწუხაროდ, ეს არ არის მარტო რუსეთის ბრალი, საქართველოს ხელისუფლებაც დამნაშავეა, რომ ხელშეკრულება ვერ მიიყვანეს ბოლომდე და ვერ შეიყვანეს ძალაში.

“ამ ხელისუფლებას ამაზე პასუხისგება მოუწევს და ეს იქნება მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური შეცდომა, რადგან ფაქტობრივად ხელში გვქონდა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც საერთაშორისო ფორმატით შესაძლებელი იქნებოდა.

არაფერი შესათანხმებელი არ იყო. ძალიან კარგად მახსოვს, თუ რა სახით დავტოვეთ დოკუმენტი. მხოლოდ ტექნიკური საკითხები იყო გადასაწყვეტი, რომელსაც უნდა დასჭირვებოდა რამდენიმე თვე და არა სამი წელი.

“რუსეთისთვის ამ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულება სასურველი არ არის. ამიტომ ყველანაირად ეცდება, რომ ეს არ შესრულოს. შემოდგომაზე რუსეთს ხელშეკრულების გადახედვის უფლება ექნება და ალბათ ეს შეთანხმება აღარც შესრულდება,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას კაპანაძე. მისივე თქმით, სავაჭრო დერეფნები გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით განისაზღვრა.

“ხელშეკრულებაში განსაზღვრულია კონკრეტული კოორდინატები, თუ სად უნდა დადგნენ მონიტორები. მათი განლაგების ადგილი არის – როკის გვირაბის ჩრდილოეთით, ასევე ლარსის ჩრდილოეთი და მდინარე ფსოუს წინ. ეს არის კორიდორის ჩრდილოეთი ნაწილი. რაც შეეხება ქვედა ნაწილებს, ეს არის ზუგდიდთან, გორთან და ლარსის სამხრეთით.

“აფხაზეთი” და “სამხრეთ ოსეთი” ხელშეკრულებაში ნახსენები არ არის. თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც არის ამ ხელშეკრულებაში, ისაა, რომ ზოგადად მონიტორინგი ეხება ყველა იმ ტვირთს, რომელიც შედის და გადის ამ კორიდორებიდან. საუბარია ყველა ვაჭრობაზე, რომელიც არის აფხაზეთსა და რუსეთს შორის”, – გვითხრა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმებას რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) მის გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ დათანხმდა.

რუსეთმა მსო-ში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო, თუმცა საბოლოოდ ორგანიზაციაში გაწევრიანება მხოლოდ 2012 წელს შეძლო.

„ახალი თაობა“, 26 ივნისი, 2015 წელი

აფხაზეთის პარლამენტი რუსეთის წინააღმდეგ

სოხუმში ანტირუსული განწყობა იზრდება: „თავისუფლება ფულზე არ იყიდება

შორენა მარსაგიშვილი

(შემოკლებით)

აფხაზეთში დიდი ამბები იწყება. აქაურები უკვე აქტიურად გამოდიან რუსეთის წინააღმდეგ. მოსკოვის პოლიტიკას აქამდე თუ უბრალო მოკვდავები აპროტესტებდნენ, ახლა მათ მხარი დეპუტატებმაც აუბეს. აფხაზი დეპუტატები რუსებს დანაპირების შეუსრულებლობასა და აფხაზეთის დაშანტაჟებაში ადანაშაულებენ. მოსკოვი სოხუმს აფხაზეთსა და რუსეთს შორის შინაგან საქმეთა ორგანოების სანიფორმაციო ცენტრის შექმნის საკითხის გადაწყვეტას სთხოვს. ეს პროექტი მოსკოვში შეიმუშავეს და აფხაზებს დასამტკიცებლად გამოუგზავნეს.

რაულ ხაჯიმბას გაპრეზიდენტების შემდეგ სოხუმი მოსკოვის თითქმის ყველა კაპრიზს უსიტყვოდ ასრულებდა. საინფორმაციო ცენტრის საკითხთან დაკავშირებით კი აფხაზმა კანონმდებლებმა პრინციპული პოზიცია გამოიჩინეს. მათი განცხადებით, ეს პროექტი აფხაზეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მათ სუვერენიტეტს მნიშვნელოვნად ზღუდავს.

დეპუტატების მოსაზრებას მოსახლეობაც იზიარებს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, აფხაზეთში ანტირუსული განწყობა დღითიდღე იზრდება.

ანტირუსული განწყობის ზდის ერთ-ერთი მიზეზი ფინანსური დახმარების დაგვიანებაც გახლავთ. სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის ფარგლებში მოსკოვმა სოხუმს ფინანსური დახმარება უნდა აღმოუჩინოს. დაპირებულმა დახმარებამ დააგვიანა. დახმარების დაგვიანების საკითხი დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრ არტურ მიქვაბიასთან შეხვედრისას განიხილეს. ეს განხილვა ხმაურიან კამათში გადაიზარდა.

არტურ მიქვაბიამ დეპუტატებს უთხრა, რომ სანამ მოსკოვიდან დაპირებული დახმარება არ მოვიდოდა, ერთობლივი საინფორმაციო ცენტრის შექმნის შესახებ პროექტს არ განიხილავდნენ, დახმარების მიღების შემდეგ კი ამ პროექტს დაამტკიცებდნენ.

არტურ მიქვაბიას განცხადებამ დეპუტატები აღაშფოთა. მათ ამ პროექტის დამტკიცება არც ერთ შემთხვევაში არ სურთ, რადგან ამით აფხაზეთის სუვერენიტეტი იზღუდება.

საინტერესო ინიციატივით გამოვიდა აფხაზეთის პარლამენტის ფინანსური და საბიუჯეტო კომიტეტის წევრმა ბესლან ცვინარია. მან კოლეგებს ხელმოწერების შეგროვება სთხოვა. მისი აზრით, აფხაზეთმა უარი უნდა თქვას რუსულ ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც ისედაც არ მოდის რუსეთიდან.

ჯერჯერობით უცნობია, დაიწყებენ თუ არა ამ საკითხზე ხელმოწერების შეგროვებას აფხაზები. არც ის არის ცნობილი, რის ხარჯზე აპირებენ ცხოვრებას, თუ მოსკოვიდან ფინანსურ დახმარებას არ მიიღებენ.

ბესლან ცვინარია კოლეგებს მოუწოდებს, აფხაზეთმა დამოუკიდებლად იზრუნოს საკუთარი ბიუჯეტის შევსებაზე.

- ნარკომანივით რუსულ ფინანსურ ნემსებზე დამჯდარ აფხაზეთს, რუსეთისათვის ფულის თხოვნით დამცირებასა და ტვირთად ყოფნას, ურჩევნია, საკუთარ თავში გამონახოს ძალები ბიუჯეტის შესავსებად, – ამბობს დეპუტატი. მისი თქმით, რუსეთს აფხაზეთისთვის ახლა არ სცალია და დაწესებული სანქციების გამო თავისი თავი გასჭირვებია.

აფხაზები საკუთარი ბიუჯეტის შევსებას რუსული სამხედრო ბაზების ხარჯზე აპირებენ. აქ არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვს სამხედრო ბაზების იჯარის ფული გადაახდევინონ.

- რუსეთი შეგვპირდა ფინასურ დახმარებას, თუმცა ნახევარი წელია, ამ დახმარებას არ გვაწვდის. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საშიში არაფერი მომხდარა, ამ დახმარების გარეშეც ვიცოცხლებთ. თუ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ხვეწნას და თხოვნას, თავის დამცირებას, ხვალ ჩვენ ალბათ ვერ შევძლებთ ნორმალური საქმიანი ურთიერთობის დამყარებას. კომერციული თვალსაზრისით, ჩვენ რუსეთთან სულ მცირე თანაბარ პირობებში უნდა ვიყოთ.…დღეს კი მათხოვრის როლში ვართ, – აღნიშნავს ბესლან ცვინარია. მისი თქმით, აფხაზეთს დამოუკიდებლად შეუძლია ბიუჯეტის შევსება.

- აფხაზეთს აქვს უფლება, რომ მის ტერიტორიაზე არსებული რუსული ბაზებისათვის იჯარის თანხა მოითხოვოს, ისევე, როგორც ამას ყაზახეთი ბაიკონურზე აკეთებს, _ აღნიშნავს დეპუტატი.

დეპუტატი ლეონიდ ჩამაგუა კი მიიჩნევს, რომ რუსეთი სასურველი მიზნის მისაღწევად აფხაზეთს აშანტაჟებს.

- რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების რეალიზების შეფერხებებთან დაკავშირებით, აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილს რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკების მხრიდან ადგილი აქვს აფხაზეთის დაუფარავ შანტაჟს, – აღნიშნა ჩამაგუამ. იგი განსაკუთრებით იმით არის უკმაყოფილო, რომ რუსეთი, ფინანსური დახმარების სანაცვლოდ, ყოველ წელს ახალ-ახალ მოთხოვნებს აყენებს.

- რუსეთის მხრიდან აფხაზეთისთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას ყოველწლიურად თან მოჰყვება დამატებითი მოთხოვნები და ეს იმ დროს, როცა რუსეთი თავის დაპირებებს არ ასრულებს.…რუსეთი არც საკუთარ საზღვარზე ამსუბუქებს გადასვლის რეჟიმს და არც აფხაზეთის საზღვრის გამაგრებაში ხარჯავს დამატებით თანხებს, – განაცხადა პრემიერთან შეხვედრისას ლეონიდ  ჩამაგუამ.

სხვა დეპუტატების მსგავსად, ჩამაგუა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ერთობლივი საინფორმაციო ცენტრის შექმნის რატიფიცირებას.

- ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთმა ამ ფორმით წარმოადგინა საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ, ეწინააღმდეგება აფხაზეთის კონსტიტუციას. მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთისგან ფული მივიღოთ, ხელი არ უნდა მოეწეროს დოკუმენტს, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტს ზღუდავს, – აღნიშნავს დეპუტატი.

(…)

ერთობლივი საინფორმაციო ცენტრის შექმნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება დეპუტატი ასლან კობახია. ის აფხაზეთის ეროვნული გმირი გახლავთ და ანტიქართული განწყობით გამოირჩევა. ახლა მას ანტირუსული განწყობებიც შეეპარა. მისი თქმით, რუსეთში არიან ჩინოვნიკები, რომლებსაც არ უნდათ გაიგონ, რომ აფხაზეთის პარლამენტი არასდროს გაუკეთებს რატიფიცირებას იმას, რაც აფხაზურ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

- რუსეთი დიდი ქვეყანაა და მის გეგმებში პატარა, დამოუკიდებელი აფხაზეთის გვერდით ყოფნა არ შედიოდა. მაგრამ სიტუაცია ისეთი შეიქმნა, რომ რუსეთი იძულებული გახდა, ვეღიარებინეთ. მე პატივისცემით ვარ განწყობილი რუსეთის პრეზიდენტის მიმართ, მაგრამ მის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც ელცინის დროს აფხაზეთს ბლოკადაში აქცევდნენ. თუ ამ ხელშეკრულებების რატიფიცირებაზე უარის გამო რუსეთი ჩვენ არ მოგვცემს დახმარებას… ჩვენ 2004 წელში დავბრუნდებით, მაგრამ აფხაზეთს არაფერი მოუვა და რუსეთის მიმართაც დიდად არაფერი შეიცვლება. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთშიც მოიძებნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც მიხვდებიან, რომ აფხაზეთთან ასე მოქცევა არ შეიძლება და პატიოსან და კეთილსინდისიერ პარტნიორზე უარს არ იტყვიან.

ასლან კობახიამ კონკრეტული გვარებიც დაასახელა. მისი თქმით, მოსკოვსა და სოხუმს შორის ვითარებას სურკოვი ძაბავს.

- რუსეთის პრემიერის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ძაბავს რუსეთის ურთიერთობას აფხაზეთთან, თუმცა ვერ ახდენს გავლენას აფხაზეთის ხელისუფლებაზე. ვინ ეკითხება სურკოვს ჩვენს შიდა საქმეებს? ვინ დანიშნა ის აფხაზების ზედამხედველად? – კითხულობს ასლან კობახია.

(…)

იმის მიუხედავად, რომ პრემიერთან შეხვედრაზე რუსეთის მიმართ უკმაყოფილო ტონი აშკარად სჭარბობდა, იყვნენ ისეთებიც, ვინც თვლიდა, რომ რუსეთისგან დახმარების მოსაპოვებლად, ისინი ყველანაირ პირობებზე უნდა წასულიყვნენ და რუსეთი არაფერს განსაკუთრებულს არ ითხოვდა.

შეხვედრის ბოლოს დეპუტატებმა სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც რუსეთ-აფხაზეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და დაპირებული დახმარების მიღებას გააკონტროლებს.

საბოლოო სიტყვა, ბუნებრივია, პრემიერ არტურ მიქვაბიას მისცეს. ის თავიდან დეპუტატების გადარწმუნებას ცდილობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მათი პოზიცია გაიზიარა.

- მე ვიზიარებ დეპუტატთა უდიდესი უმრავლესობის მოსაზრებას – თავისუფლება ყველაფერზე მაღლა დგას, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Comments are closed