globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 27 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 27th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი//მთელი კვირა“: ბოლო ცნობები „ოცნების“ საარჩევნო სიასა და მაჟორიტარებზე // მმართველი პარტია სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მინისტრის მაჟორიტარებად წარდგენას გეგმავს

რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: საქართველოში კოორდინაციისა და გადაწყვეტილების მიღების ცენტრის პრობლემა დგას: „ცალ-ცალკე ერთ საკითხზე სანამ შეთანხმდებიან, აბა, მიდით, სამ მინისტრს დაელაპარაკეთ – სამივეს განსხვავებული ვერსია ექნება”

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან: „ევროპას პატრონი არ ჰყავს!..”// ამ გადაწყვეტილებით ის მოახერხეს, მგონი, დადგა გაერთიანებული სამეფოს დაშლის ხანა // „პარლამენტი გვეყოლება ოთხ ან ხუთსუბიექტიანი, შედეგად კი მივიღებთ რეალურად კოალიციურ მთავრობას

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ნატოს ხომალდები შავი ზღვის პატრულირებას მოახდენენ”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „ევროკავშირის დაშლით შესაძლოა საქართველომ დიდი სარგებლობა მიიღოს“ // „ახალი ევროატლანტიკური კავშირი რუსეთს დიდ პრობლემებს შეუქმნის”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნოდარ ნათაძესთან: „დღეს შეუძლებელია ჯანსაღი პროდასავლელი პატრიოტი ხალხის ხელისუფლებაში მოსვლა”

——————–

რეზონანსი//მთელი კვირა“, 27 ივნისი, 2016 წელი

ბოლო ცნობებიოცნების საარჩევნო სიასა და მაჟორიტარებზე

მმართველი პარტია სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მინისტრის მაჟორიტარებად წარდგენას გეგმავს

ეკატერინე ბასილაია

“ქართული ოცნების” საარჩევნო სიაზე მუშაობა უკვე დასრულებულია და მისი ოფიციალური პრეზენტაცია უახლოეს ხანებში მოხდება. თუმცა, მანამდე “მთელმა კვირამ” შეძლო, არაოფიციალურად მოეპოვებინა რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობა და პარტიული სიის ნაწილიც, ის, რაც ბოლო დრომდე განიხილებოდა. მათგან ბევრი ძველი სახეა, ნაცნობიც და უცნობიც, ნაწილი კი – ახალი.

“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პრეზენტაცია უახლოეს ხანებში მოხდება, ამაზე განცხადება შაბათს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ გააკეთა. “მთელი კვირის” ინფორმაციით, გასაჯაროება 10 ივლისამდე იგეგმება.

“შეჯერებულია ყველაფერი – როგორც მაჟორიტარების კანდიდატები, ასევე სიის შემადგენლობა. ყველაფერს აქვს თავისი დრო. უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება ოფიციალურად საარჩევნო კამპანიის დაწყებაც, ცნობილი იქნება სიები, მაჟორიტარობის კანდიდატები რაიონებში. ეს ყველაფერი იქნება საარჩევნო კამპანიის ნაწილი და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის”, – განაცხადა კალაძემ.

სიისა და მაჟორიტარების პრეზენტაციის მოლოდინში

საპარლამენტო უმრავლესობაში კონკრეტულ გვარებზე არავინ საუბრობს. აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ როცა დრო მოვა, მაშინ გაიგებს ყველა. “პარტიულ სიებსა და მაჟორიტარებზე მუშაობა მიმდინარეობს. პარლამენტიდან ამ პროცესში ჩართულები არიან უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკი და ასევე დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი. გარდა ამისა, პარტია მუშაობს და სიებს ადგენენ კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე და პრემიერ-მინისტრი.”მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტის საქმიანობაში ვარ ჩართული. ამდენად, კონკრეტული ინფორმაცია არ გამაჩნია, მაგრამ ვიცი, რომ პარტიაში მუშაობა მიმდინარეობს და სიები უკვე ჩამოყალიბებულია,” – აცხადებს “მთელ კვირასთან საუბარში “ქართული ოცნების” წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი ელისო ჩაფიძე და თავად იქნება თუ არა საარჩევნო სიაში, ამაზეც არ საუბრობს.

“თუ ტყიბულელებს უნდათ ელისო ჩაფიძე მაჟორიტარად – ვიქნები, თუ არ უნდათ, სხვა კუთხით გავაგრძელებ საქმიანობას”, – ამბობს ელისო ჩაფიძე. მისი თქმით, ივლისის შუა რიცხვებამდე საზოგადოება შეიტყობს როგორც მაჟორიტარ კანდიდატებს, ისე საპარლამენტო სიის შესახებ, თავად კი კონკრეტულად ვერავის ვერ დაასახელებს. ამბობს, რომ ამაზე პარტიის ლიდერები გააკეთებენ განცხადებას. “არავითარი დაგვიანება არ არის, 2-3 თვე წინასაარჩევნო კამპანიისთვის სავსებით საკმარისია”, – დასძენს ელისო ჩაფიძე.

პარტია “სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, რომელიც ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრია, აცხადებს, რომ მისი პარტია ისევ “ოცნებასთან” იქნება, სხვა კონკრეტულ გვარებზე კი ვერ ისაუბრებს.

“არაფერი განსაკუთრებული არ არის იმაში, რომ ჯერ საარჩევნო სია არ დასახელებულა. არც არანაირი დაძაბულობა და წინააღმდეგობა არ არის. არაფერიც არ ჭიანურდება. ზოგმა პარტიამ კანდიდატების დასახელება დაიწყო, ზოგმა – არა. ყველას თავისი სპეციფიკა აქვს. ეს შიდა საქმეა. მიმდინარეობს მსჯელობა და შემიძლია გითხრათ ის, რომ ჩვენი პარტია “სოციალ-დემოკრატები” “ქართულ ოცნებასთან” ერთად ვიქნებით. თუ გაინტერესებთ ის, თუ ვინ იქნებიან სიაში, კონკრეტულ კანდიდატებზე ვერაფერს გეტყვით. ჯერჯერობით მსჯელობა ისევ მიმდინარეობს. არსებითად მნიშვნელოვანი საკითხები განხილულია, მაგრამ საბოლოო სახე და ფორმა ჯერ არ არის. ეს ხომ დასამალად არ კეთდება? როგორც კი მსჯელობა დასრულდება, ყველასთვის ცნობილი გახდება და ეს მალე მოხდება,” – აცხადებს სოციალისტი გია ჟორჟოლიანი.

ვინ სად იქნება მაჟორიტარი

მართალია, საპარლამენტო უმრავლესობიდან კონკრეტული გვარების დასახელება არავინ ისურვა, მაგრამ “მთელი კვირისთვის” კულუარებიდან ცნობილი გახდა ის გვარები, რომელთა განხილვაც მიმდინარეობდა. მაგალითად, ახმეტაში ზურაბ ზვიადაურის ნაცვლად დასახელდება თელავის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ხოლო თელავში მაჟორიტარობის კანდიდატი პოეტი დავით მაღრაძე იქნება.

ქუთაისში სამი მაჟორიტარიდან ერთ-ერთ კანდიდატად წარადგენენ ქუთაისის ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარიას, რომელიც მანამდე იმერეთის რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა; ქუთაისში მეორე კანდიდატად ასევე განიხილებოდა ახლანდელი მერი შოთა მურღულიაც, თუმცა, დიდი ალბათობაა, რომ ის არ დასახელდეს; ხარაგაულ-ბაღდათში შერჩეულია ინტელექტ კლუბის “რა? სად? როდის?” წევრი დავით ლომინაძე; ფოთში ორიდან ერთ-ერთ კანდიდატად გადაწყვეტილია სალომე ზურაბიშვილის დასახელება; მარტვილი-აბაშის ოლქში ისევ სოსო დანელია უნდა იყოს, რომელიც გასულ წელს აირჩიეს; ზუგდიდში ორიდან ერთ-ერთი, დიდი ალბათობით სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია იქნება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის ახლო მეგობარია; ოზურგეთში იგეგმება შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძის წარდგენა, ლანჩხუთი-ჩოხატაურში – თემურ ჭკუასელის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მეგობარია. ამ ორს თუ მაჟორიტარად არ წარადგენენ, პარტიულ სიაში ადგილები მაინც გარანტირებული აქვთ. ისევე, როგორც ოზურგეთის ამჟამინდელი მაჟორიტარი ზვიად კვაჭანტირაძე იქნება სიაში. ზაქარია ქუცნაშვილის დაყენება იგეგმება დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის გაერთიანებულ ოლქში; ასევე გარკვეულია, რომ მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძე იყრის კენჭს, გედევან ფოფხაძე კი ისევ ბორჯომში განიხილება.

მოქმედი მინისტრებიდან კახა კალაძე სამტრედიის მაჟორიტარად უნდა დასახელდეს; სოზარ სუბარი – თბილისის რომელიმე რაიონში. ასევე განიხილება თეა წულუკიანის შესაძლო მაჟორიტარობაც თბილისის რომელიმე რაიონში.

შეთანხმება კონსერვატორებთან

საჩხერეში “ოცნებას” საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება და “კონსერვატორ” პაატა კვიჟინაძის გამარჯვებაზე იმუშავებს. საერთოდ შეთანხმებაა, რომ იმ ოლქებში, სადაც “კონსერვატორები” დააყენებენ კანდიდატებს, “ქართული ოცნება” მაჟორიტარს არ დაასახელებს. მაგალითად, რუსთავში ორი მაჟორიტარიდან ერთი “კონსერვატორების” ლიდერი ზვიად ძიძიგური იქნება, მეორე – “ქართული ოცნებიდან”. ასევე სამეგრელოშიც – ხობში თითქმის გადაწყვეტილია, კენჭი “კონსერვატორმა” გიგა ბუკიამ იყაროს. თუმცა, ასევე განიხილება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაც.

ჯერჯერობით “ქართულ ოცნებას” მხოლოდ “კონსერვატორებთან” აქვს კანდიდატების შეთანხმება გადაწყვეტილი, “რესპუბლიკელებთან” და “ეროვნულ ფორუმთან” კი მსგავს მოლაპარაკებას და დათმობას არ აპირებს.

სიის დეტალები

დადასტურებულია ის, რომ მომავალ დეპუტატებად განიხილებიან ყველა ისინი, რომლებიც პარტიის ყრილობაზე განახლებული პოლიტსაბჭოს წევრებად დასახელდნენ. ნაწილი მაჟორიტარებად იყრის კენჭს, ნაწილი პარტიული სიაში იქნება. პოლიტსაბჭოს წევრებიდან ერთადერთი დავით საგანელიძე არ იქნება არცერთ სიაში. როგორც თავად აცხადებს, ის დეპუტატობას საკუთარი სურვილით დაემშვიდობა.

მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი იქნება პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. მას შეცვლილი კანონით სიაში მოხვედრის გამო თანამდებობიდან გადადგომაც არ მოუწევს. განსხვავებით კახა კალაძისგან, რომელიც სამტრედიაში კენჭისყრის გამო უნდა შეელიოს მინისტრის სავარძელს.

პოლიტსაბჭოს წევრებიდან პარტიულ სიაში აუცილებლად იქნებიან: გია ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, თუმცა ეკა ბესელიაზე საუბარია, რომ შესაძლოა, მან საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს. ასევე სიაში იქნებიან პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი ტრიპოლსკი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და ირაკლი სესიაშვილი. ირაკლი სესიაშვილს დიდი ხანია მედიაში თავდაცვის მომავალ მინისტრადაც განიხლავენ, რადგან ვარშავის სამიტის შემდეგ “რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელის გადადგომის მოლოდინია, თუმცა, ასევე ვრცელდება ცნობა იმაზე, რომ თინა ხიდაშელი შესაძლოა არა ირაკლი სესიაშვილმა, არამედ გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ჩაანაცვლოს, რომელიც მესამე თვეა, რაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პოსტზე დაინიშნა და ის პრემიერის უშუალო კანდიდატურა იყო. ამ ინფორმაციას სააგენტო “ექსპრესნიუსი” ავრცელებს.

ახალი სახეები

სიაში ძველ დეპუტატებს ახლებიც შეემატებიან: ბიზნესმენი, ევროკავშირის მხრიდან მთავრობის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა მთავარი მრჩეველი დავით კოღუაშვილი; ორგანიზაცია “ადვოკატთა ალიანსის” ექსთავმჯდომარე მამუკა მდინარაძე; ინტელექტუალური კლუბის “რა? სად? როდის?” წევრი ირინე ფრუიძე; ევროკავშირის პროგრამების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი რომან კაკულია; შს სამინისტროს აკადემიის პრორექტორი სოფიო კილაძე; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანი მკვლევარი აკაკი ზოიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე.

საუბარია იმაზეც, რომ პოლიტსაბჭოს წევრად დასახელება არ ისურვა, მაგრამ პარტიულ სიაში განიხილება თამარ ჩუგოშვილიც. ასევე განიხილებიან: “2030″-ის ექსპერტებიდან მიხეილ დუნდუა და ლევან კალანდაძეც, განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძეც და “ქართული ოცნების” საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი ცქიტიშვილიც. ასევე საუბარია იმაზეც, რომ არჩილ თალაკვაძეს შს სამინისტროდან პარტიის სიაში კიდევ რამდენიმე ადამიანი შეჰყავს.

ზოგადად, გაცხადებულია ის, რომ გუნდში არ იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე ექნებათ განსხვავებული მოსაზრება. ასევე ნაკლები მსახიობი და სპორტსმენი იქნება მომავალ სიაშიც. მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ სიაში არ განიხილება ან ბოლო ნომრებად მიიჩნევა მოქმედი დეპუტატების ნაწილიც, მაგალითად, ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი, ზაზა პაპუაშვილი, ომარ ნიშნიანიძე, ზვიად ზვიადაური და სხვები.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 27 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: საქართველოში კოორდინაციისა და გადაწყვეტილების მიღების ცენტრის პრობლემა დგას: „ცალ-ცალკე ერთ საკითხზე სანამ შეთანხმდებიან, აბა, მიდით, სამ მინისტრს დაელაპარაკეთ – სამივეს განსხვავებული ვერსია ექნება”

ლიკა ამირაშვილი

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ ევროპაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და პრობლემა გააჩინა. როგორც ცინცაძემ “მთელ კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, ამ მოვლენას ყველა აფასებს, როგორც ქაოსსა და პანიკას.

ცინცაძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ კიწმარიშვილის საქმის დახურვით პროკურატურამ კითხვის ნიშნები დატოვა.

სოსო ცინცაძე: ბრიტანეთის გასვლით ევროკავშირი ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. პირველი, რაც ჩვენ შეგვეხო, ესაა დოლარის გაძვირება და ლარის გაიაფება, ეს რაც ახლავე შეგვეხო. გარდა ამისა, პერსპექტივაში, რაკი ჩვენ კურსი აღებული გვაქვს ევროპის მიმართულებით, რასაკვირველია, უკეთესი იყო, ურთიერთობა გვქონოდა ერთიან, ძლიერ, მდიდარ ევროპასთან და არა დასუსტებულ ევროპასთან, რომელიც ახლა დომინოს ეფექტის მოლოდინშია – ჰოლანდიასაც რეფერენდუმი უნდა, ბელგიაც აპირებს, იტალიაც და შემდეგ ჯაჭვური რეაქცია თუ წავიდა, ეს ევროპას სასიკეთოს არაფერს არ მოუტანს.

რასაკვირველია, ეს ყველაფერი საჩუქარია რუსეთისთვის, თუმცა, საქმე არც ასე არაა, იმიტომ, რომ გამოქვეყნდა ეკონომიკის მინისტრის პროგნოზი, რომელიც ამბობს, რომ ეს ჩვენთვისაც ცუდია, რადგან რუბლის გაუფასურებას და ეკონომიკური პრობლემების გამწვავებას გამოიწვევსო. მოკლედ, არავისთვის არ არის კარგი. ინგლისელებისთვისაა კარგი იმ მხრივ, რომ უფრო ნაკლები საფრთხე ელით ემიგრანტებისგან, მაგრამ ორწელიწადნახევარში, რაც ალბათ დასჭირდება ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას, ამ პერიოდში ინგლისი ვალდებულია, შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რაც მას გააჩნია.

უნდა დაიწყოს პროცესი – 27 სახელმწიფოსთან ცალ-ცალკე ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება. განაწყენებული ქვეყნები ინგლისს ალბათ აღარაფერს აღარ დაუთმობენ და სავაჭრო ხელშეკრულებები მათთვის ხელსაყრელი აღარ შეიძლება იყოს.

ევროპა კიდევ იმას კარგავს, რომ აქამდე ევროკავშირს ორი ხმა ჰქონდა გაეროს უშიშროების საბჭოში, ეს იყო საფრანგეთის ხმა და ინგლისის ხმა, ახლა ევროკავშირს საფრანგეთის სახით ერთი ხმა დარჩა. გარდა ამისა, ევროკავშირმა დაკარგა რუსეთის ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსი ინგლისის სახით. ივლისში რუსეთის სანქციები ავტომატურად გაგრძელდება, მაგრამ წლის ბოლოსათვის ამ საკითზე კითხვის ნიშანი დგება. მართალია, პროცედურების დასრულებამდე ჯერ ევროკავშირში რჩება ბრიტანეთი, მაგრამ ცხადია, ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნება. ამიტომ რუსეთში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს სანქციების მოხსნა გარანტირებული აქვთ. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია.

თეორიულად, ბრიტანეთის პარლამენტმა შესაძლოა რეფერენდუმის შედეგები არ დაამტკიცოს. ტექნიკურად, ეს შესაძლებელია, თუ ყველა პარტია, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში შედის, წინააღმდეგ გამოვა. მაგრამ ვინაიდან ინგლისი მაინც დემოკრატიის სამშობლოა, ინგლისელი კანონმდებლები ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას ვერ გაბედავენ. რეფერენდუმი ტარდება მაშინ, როცა პოლიტიკოსები რაიმე გადაწყვეტილებამდე ვერ მიდიან, ამიტომ აზრს ხალხს ეკითხებიან.

ცალკე შოტლანდიის გამოყოფის საკითხი დგება. შარშან შოტლანდიის რეფერენდუმმა აჩვენა, რომ მათ დიდ ბრიტანეთში დარჩენა სურდათ, მაგრამ დღეს შოტლანდიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მაშინ ჩვენ ხმა ევროკავშირში დარჩენას მივეცითო. ახლა თუ ინგლისი გადის, ჩვენ რა შუაში ვართ, რეფერენდუმს ახლიდან ჩავატარებთ, ინგლისიდან გავალთ და ევროკავშირს შევუერთდებითო. თუმცა, ესეც იოლი არ იქნება, რადგან შოტლანდიას ევროკავშირში ავტომატურად არ მიიღებენ.

მოკლედ, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და პრობლემა გააჩინა. დღეს უკვე მსოფლიო ბირჟაზე ყველგან ორი სიტყვით აფასებენ სიტუაციას – ქაოსი და პანიკა. თითქოს აზიას რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან, მაგრამ იქაც კი პანიკაა. 50 დოლარით გაძვირდა უნცია ოქრო და ასევე დოლარის კურსი გაიზარდა. გირვანქა სტერლინგი ასეთი დაბალი კურსით უკანასკნელად იყო 1985 წელს, იმის მერე არ ყოფილა. მსოფლიოს დიდი ბიზნესი პანიკის წინაშეა, იმიტომ, რომ უიმედო განცხადებებს აკეთებს ქალბატონი ლაგარდი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ყველა დიდი ფინანსური ორგანიზაცია.

- ეს საქართველოზე როგორ იმოქმედებს, თუნდაც ვიზალიბერალიზაციის კუთხით?

- ამ დღეებში კიდევ ერთი ფაქტი მოხდა, რომელიც ქართულ მედიას გამორჩა. ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ უარი უთხრა ობამას, 13 მილიონი არალეგალი ემიგრანტის ლეგალიზაციაზე. ამ განკარგულებას ობამამ ხელი შარშან მოაწერა, მაგრამ უარი უთხრა. ვიზალიბერალიზაციაზე საფრთხე ის კი არ არის, რომ ქართველი მილიონრები დაიძვრებიან იმისათვის, რომ ევროპაში ფული ვხარჯოთო. ვის მოატყუებ. ევროპაში წასული ყოველი 100-დან 99 იმის იმედზე იქნება, რომ როგორმე იქ დარჩება, სადღაც რაიმე სამუშაოს იშოვის. რასაკვირველია, ეს არავის არ უხარია. რასაკვირველია, ვიზალიბერალიზაციის პროცესი გართულდება. იმას არ ვამბობ, რომ უარს გვეტყვიან, როცა 3 მილიონიანი ქვეყანა ვართ. როდესაც ევროპაში 2 მილიონი ლტოლვილი უკვე შევიდა, ჩვენგან რამდენიღა უნდა შევიდეს, მაგრამ ის, რომ პროცესი გართულდება, ფაქტია.

- გადავიდეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. პარლამენტმა საზაფხულო სესია დაასრულა და ეთიკის კოდექსიც შეიმუშავა, რომელიც იმისთვის მიიღეს, რომ არჩევნებში ძალადობა აღარ განმეორდეს. დაგვეხმარება თუ არა ეს იმაში, რომ კორცხელის ინციდენტი აღარ განმეორდეს?

- მგონია, რომ არჩევნებში ცემა-ტყეპა აღარ იქნება. საღი აზრის პირობებში აღარ უნდა იყოს. მაგრამ ჩვენ თუ ასე მივუდგებით – ხელისუფლებას რა აწყობს და რა არა, ხელისუფლებას არც კორცხელი არ აწყობდა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ სადავეები ხელიდან გაუშვა, ყველაზე ცუდი სწორედ ესაა. კორცხელის ინციდენტი ძალიან ცუდად აღიქვა კვირიკაშვილმაც. ის გულწრფელია, როდესაც ამბობს, რომ საშინელება მოხდაო, მაგრამ კვირიკაშვილს აღარავინ არაფერს არ ეკითხება.

ბიძინა ივანიშვილსაც არ უნდოდა. პროვოკაცია იყო. ამათი გეგმა იყო, თუ იმათი, ეს ევროპელი კანონმდებლისათვის მეათეხარისხოვანია. ისინი უყურებენ ფაქტს – ფაქტია, რომ ჯანღონით სავსები ბიჭები სცემენ ჩვეულებრივ ადამიანებს. სპორტსმენები გამეტებით ურტყამენ ჩვეულებრივ ადამიანებს. ვინ დაგეგმა, ვინ წაიყვანა – ეს შესაძლოა ჩვენი მმართველი პარტიის ლიდერებისთვის არგუმენტია, მაგრამ ევროპელებისთვის ეს არაფერი არგუმენტი არ არის, როდესაც ნიშნიანიძეები განცხადებებით გამოდიან, რომ მთელი საქართველო მათ მარჯვენას ლოცავს, ვინც იქ ურტყამდაო. ბიძინა ივანიშვილი გულწრფელია, როცა ამბობს, რაც არ უნდა ყოფილიყო პროვოკაცია, გამოწვევა, ეს არ უნდა მომხდარიყო. ცემა-ტყეპა არ უნდა დაფიქსირებულიყო.

- ვის შეიძლება ჰქონოდა ამის ინტერესი, თუ კვირიკაშვილსაც და ივანიშვილსაც ეს არ სურდათ?

- ხელისუფლებაში არიან ცხელი თავები, რომლებიც ჯერ აკეთებენ და მერე ფიქრობენ. როგორ გგონიათ, იმ კადრებს მხოლოდ ჩვენ ვუყურეთ და ევროპაში არ წავიდა?! როდესაც კალაძის ნათესავი გამოდიოდა და ამბობდა, ამ ხალხს არ დაგაჭერინებთო… ეს მაშინ, როდესაც ერთი საათის წინ შს მინისტრს გაცხადებული აქვს, რომ ჩვენ უახლოეს საათებში სასამართლოს მათ დაპატიმრებას მოვთხოვთო. ამ დროს გამოდის რიგითი მოქალაქე და ამბობს – არ დაგაჭერინებთო და მართლაც არავის არ იჭერენ. ეს, რასაკვირველია, ქვეყანას ღირსებას არ მატებს. რასაკვირველია, ევროპული ფასეულობები არ არის ეს ყველაფერი. თუ ხელისუფლებას აწყობს არჩევნებზე ასეთი სკანდალები, რომ შემდეგ უკვე არჩევნების შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, მაშინ ჩვენი საქმე კარგად ყოფილა.

- ცვლილებებია სარეკლამო დროის განაწილებასთან დაკავშირებით, რომელსაც ინტერპარტიული ჯგუფი არ ეთანხმება.

- სწორიცაა. აბა, როგორ შეიძლება, მაგალითად, სადღაც 5 ადამიანისთვის გამოყოფილია საკვებისთვის 100 ლარი, უცებ ამ ხალხს დაუმატეს 50 ადამიანი და თანხა იგივე დარჩა. დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა. ეს სარეკლამო ფული აღარავის არ ეყოფა. რამდენიმე პარტიას გაჭირვებით ყოფნიდა და ახლა კიდევ რამდენი პარტია დაუმატეს და თანხა არ გაზარდეს. რასაკვირველია, უსამართლობაა და არ შეიძლება. თუმცა, რა ვუყოთ, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ამას ვერ შევცვლით.

- პოლიციელების უფლებები საარჩევნო უბანზე გაიზარდა. კერძოდ, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ კომისიის თავმჯდომარის მოწვევის გარეშე ყოფნის უფლება ექნებათ. ოპოზიცია საუბრობს, რომ ეს ამომრჩეველზე გარკვეულ ზეწოლას მოახდენს.

- არ მგონია, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. მთავარია, ეს პოლიციელები სად იდგებიან. საარჩევნო უბნიდან რამდენი მეტრის მოშორებით იდგებიან, თუ შენობაში არიან – ეს სხვა არის. კაბინაში ხომ არ შეჰყვებიან?! მიმდებარე ტერიტორიაზე გასაგებია, მაგრამ მიმდებარე ტერიტორია რას ნიშნავს – 10, 20 თუ 50 მეტრს? ამის შემდეგ თუ იქ ისევ ატყდა ცემა-ტყეპა, უკვე ხელისუფლებას არგუმენტი აღარ აქვს. ამით ხელისუფლებამ ვალდებულება იკისრა, რომ ცემა-ტყეპა აღარ განმეორდება. ვნახოთ. მგონია, რომ მაინც არ განმეორდებოდა, ეს უკვე ხელისუფლებისთვის წამგებიანი მომენტი იქნებოდა.

- პროკურატურამ კიწმარიშვილის საქმე დახურა. მათი არგუმენტები საქმის დახურვასთან დაკავშირებით რამდენად დამაჯერებლად მიგაჩნიათ?

- დღეს რუსულ საიტებზე უკვე დევს კინწმარიშვილის საქმე, სადაც წერია – საქართველოს ყოფილ ელჩზე პროკურატურა ამბობს, რომ მკვლელობა არ იყო, მაგრამ ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა მოხდა. ეს ფაქტი უკვე გახმაურდა. საერთოდ, ერთი მხრივ, ძნელია, მაგრამ მეორე მხრივ, სხვა მომენტებია, ვინაიდან კიწმარიშვილის ეს განცხადებები, სანამ მე ცოცხალი ვარ, “რუსთავი 2″ უჩემოდ არ გაიყიდებაო, ხელისუფლებისთვის ლაქად რჩება.

- ანუ “რუსთავი 2″-ის გარშემო მიმდინარე პროცესებთან კავშირი აქვს?

- ყოველ შემთხვევაში, ეს არაა ჩვეულებრივი მკვლელობა და ჩვეულებრივი თვითმკვლელობა, სადაც მხოლოდ უსაფუძვლო ეჭვია. აქ საფუძვლიანი ეჭვია, ვინაიდან, არსებობს კიწმარიშვილის წინა ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ “თვალებში შემომხედეთ, უჩემოდ “რუსთავი 2″ ვერ გაიყიდება, მე ათასი რაღაცები ვიცი” და ამის მერე ეს კაცი თავს იკლავს, თუ კლავენ. ამბობენ, სამასი ათასი ჰქონდა ვალიო, თუმცა ირკვევა, რომ 4 მილიონი ქონება ჰქონია. 4 მილიონი გქონდეს და სამასი ათასისთვის თავი მოიკლა?! თანაც ის არასოდეს არ ტოვებდა ისეთ შთაბეჭდილებას, რომ შეიძლება ემოციას აჰყოლოდა და თავი მოეკლა. (…)

ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობა სჯერა მხოლოდ პარლამენტის წევრებს. რატომ ხდება ასე, რომ ხალხი ცალკეა და პარლამენტი ცალკე? რაც ხალს სჯერა, ის პარლამენტს არ სჯერა, რაც პარლამენტს სჯერა – იმისი ხალხს არ სჯერა. ეს ფაქტია, რომ ყველა ამ სადავო საკითხში ხალხი ცალკეა და პარლამენტი ცალკე.

- ვანო მერაბიშვილის საქმეზე ძიება დაიწყო. რამდენად ადეკვატურია გამოძიების ახლა დაწყება?

- ხალხს ამ ძიების სჯერა? თქვეს, რომ გამოძიება დაიწყეს, მაგრამ როგორ მიდის – მერაბიშვილის ადვოკატებს არაფერი განცხადება არ გაუკეთებიათ. ჩვენ არ ვიცით, რა პროცესები მიდის. ქვეყანაში იგრძნობა ერთი რამ – რომ გადაწყვეტილების მიღების ცენტრი სად არის, არ ვიცით. სააკაშვილის დროს ვიცოდით, სადაც იყო გადაწყვეტილების მიღების ცენტრი, ეს იყო პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ახლა სადააა, არ ვიცით – მთავრობაშია? პრეზიდენტი არაფერ შუაშია, სადღაც სხვაგან არის, კოორდინაცია როგორ არის? არაფერი არ ვიცით. ცალ-ცალკე ერთ საკითხზე სანამ შეთანხმდებიან, აბა, მიდით, სამ მინისტრს დაელაპარაკეთ, სამივეს განსხვავებული ვერსია ექნება.

„კვირის პალიტრა“, 27 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან: „ევროპას პატრონი არ ჰყავს!..”// ამ გადაწყვეტილებით ის მოახერხეს, მგონი, დადგა გაერთიანებული სამეფოს დაშლის ხანა // „პარლამენტი გვეყოლება ოთხ ან ხუთსუბიექტიანი, შედეგად კი მივიღებთ რეალურად კოალიციურ მთავრობას

ნათია დოლიძე

(შემოკლებით)

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 23 ივნისს დიდ ბრიტანეთში გამართულ საერთო ეროვნულ რეფერენდუმს “ევროპისთვის გარდატეხის მომენტი” უწოდა, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობამ ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ევროკავშირის დამფუძნებელმა ქვეყნებმა დიდ ბრიტანეთს უკვე მოუწოდეს, ევროკავშირიდან გასვლის პროცესი რაც შეიძლება მალე დაიწყოს. რა ელის ევროპის ერთიანობას და ამ კრიზისის ფონზე როგორია საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა? – ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან.

- რეფერენდუმის შედეგი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა და ამას თავისი მიზეზები აქვს. უპირველესად ის, რომ მიგრაციულმა პროცესმა ლამის უმცირესობაში დატოვა ინგლისელები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მთელი რიგი ეკონომიკური სფეროები არაინგლისელთა ხელშია. გაჩნდა შიში, რომ გაერთიანებული სამეფო თანდათან კარგავს ეროვნულობას. ამ ცეცხლს ბევრმა პოლიტიკოსმა ნავთი მიაშველა და მოხდა ის, რაც მოხდა… მეორე საგულისხმო მომენტი ის არის, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის საკმაოდ უცნაური წევრი იყო – ის არ შედიოდა არც ევროს და არც შენგენის ზონაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მჭიდრო ეკონომიკური კავშირი ჰქონდა ევროკავშირის ქვეყნებთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ის სარგებლობდა სასოფლო-სამეურნეო დოტაციებით, რასაც ახლა დაკარგავს და მის წარმოებას მძიმე დღეები დაუდგება. როგორც ჩანს, ინგლისელებმა და უელსელებმა გადაწყვიტეს, რომ თავიანთ კუნძულებზე განმარტოებულნი უფრო კარგად იცხოვრებენ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან წინდაუხედავი ნაბიჯია და ამას მძიმე შედეგები მოჰყვება. მაგალითად, ბრიტანეთი ამ გადაწყვეტილების შემდეგ დაკარგავს გავლენას ირლანდიაზე, რომელიც ევროკავშირის აქტიური წევრია. ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან არც ჩრდილოეთ ირლანდია და შოტლანდია, სადაც უკვე აპირებენ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას. დამერწმუნეთ, ამჯერად ორი წლის წინანდელი რეფერენდუმის საპირისპირო შედეგს მივიღებთ. შოტლანდიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირში ყოფნა. შედეგად ინგლისი და უელსი დაკარგავენ კონტროლს ნავთობის ოფშორულ ზონებზე, რადგან ისინი მთლიანად შოტლანდიას ეკუთვნის. ამ გადაწყვეტილებით ის მოახერხეს, მგონი, დადგა გაერთიანებული სამეფოს დაშლის ხანა. თუ ასე მოხდა, ინგლისი გადაიქცევა ძალიან პატარა და ეკონომიკურად სუსტ ქვეყნად, რადგან სადღესასწაულო ტორტის ძალიან დიდი ნაჭრები მოჭრილი იქნება. ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება ორ-სამ წელიწადში, მაგრამ უახლოეს 20 წელიწადში ამ შედეგებს ყველა დავინახავთ. თუ ჩრდილოეთ ირლანდიაც გამოეყო ინგლისს, ეს უარესი იქნება. გაისმა ირლანდიასთან შეერთების ვარაუდიც, თუმცა აქ დიდი რელიგიური უთანხმოებაა. მოკლედ, გაერთიანებული სამეფო ჩამოკიდებულია ბაწარზე, მის თავს ზემოთ კი დამოკლეს მახვილი კიდია. ძალიან რთულია პროგნოზირება, თუ რა შეიძლება მოხდეს.

- მეორე მხრივ, რთულად არის ევროკავშირის საქმეც. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ამ რეფერენდუმს, შესაძლოა, სხვა ქვეყნების მსგავსი გადაწყვეტილებებიც მოჰყვეს. გასათვალისწინებელია, რომ ევროპაში აშკარად ძლიერდებიან ულტრამემარჯვენე ძალები. ასეთი რეფერენდუმის ინიციატივით უკვე გამოვიდნენ საფრანგეთში, ჰოლანდიასა და სლოვაკეთში

- იმედი მაქვს, ევროკავშირი არ დაიშლება. ეს ევროპისთვის კატასტროფული შედეგით დასრულდება. სიმართლე გითხრათ, რაც ახლა ხდება, ევროკავშირის ცენტრალური ხელისუფლებების წინდაუხედავი პოლიტიკის ბრალია. მათ ვერ მოახერხეს, გამკლავებოდნენ ბოლოდროინდელ კრიზისებს, როდესაც მოხდა ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო პრინციპის შეჯახება. ერთი, ეს არის დემოკრატია და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სადაც წერია, რომ ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს იქ, სადაც სურს და მეორე – ქვეყნების უსაფრთხოება, რომელიც აშკარად საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც აურაცხელი მიგრანტი მიაწყდა ევროპას. თავიდანვე კარგად ჩანდა, რომ შეუძლებელი იყო, ევროპას ამდენი, აბსოლუტურად სხვა კულტურის და არაკვალიფიციური მუშახელი მიეღო. ევროპელმა ლიდერებმა ძალიან ბევრი რამ ვერ გათვალეს და ვერც კრიზისიდან გამოსავალი იპოვეს დროულად…

- ანუ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ რაც ევროპაში ხდება, დიდწილად ძლიერი პოლიტიკური ლიდერების არყოლის ბრალია?

- დიახ, ევროპაში მმართველობის ინტელექტუალური კრიზისია. ბოლო ნამდვილი ინტელექტუალური ლიდერი ევროპაში იყო ჟაკ შირაკი. მას შემდეგ პოლიტიკური ფიგურების დონე, მათი ქარიზმატულობა, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად და სწრაფად მიღების უნარი მკვეთრად დაქვეითდა. ახლა ევროპაში მეფობს კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღების მეთოდი, რომელიც ვერ არის მაინცდამაინც ეფექტიანი. პრობლემების გადაჭრისთვის მზადყოფნა არ ჩანს. ლამის იგივე ხდება, რაც ხდებოდა საქართველოში, როდესაც ჩვენი მოსახლეობა გაიძახოდა, პატრონი არ გვყავსო. ევროპას პატრონი არ ჰყავს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ევროპის პრობლემა. ხშირად ვუსმენ ევროპელი პრეზიდენტების, პრემიერების გამოსვლებს და მრჩება შთაბეჭდილება, რომ იდეები გაქრა. სამწუხაროდ, მათ არ იციან, როგორ უნდა განვითარდეს ევროპა…

რასაკვირველია, მოსახლეობას ასე ცხოვრება არ აკმაყოფილებს, მაგრამ ულტრამემარჯვენეებიც რომ მოვიდნენ მთავრობაში, ვერც ისინი შეძლებენ ვერაფერს და მათი თარეში ძალიან მალე დასრულდება, რადგან ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალი იქნება. ევროპული ქვეყნები ისე არიან ერთმანეთთან გადახლართული, რომ ვერც ერთი ქვეყანა სხვებისგან დამოუკიდებლად ვერ იარსებებს. ნგრევა და სრული სიღატაკე – აი, რა ელის ევროკავშირის დაშლის შემთხვევაში ევროპის უდიდეს ნაწილს.
მოკლედ, ლიდერთა პრობლემა მართლაც მნიშვნელოვანია. მაგალითად, ანგელა მერკელი თავის დროზე გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრობდა, დიდი ხანი გაატარა საბჭოთა კავშირში და შესაბამისი მენტალიტეტი აქვს. საჭიროა, ახალგაზრდები მოვიდნენ ხელისუფლებაში…

- ამ ვითარებაში, ალბათ, ბუნებრივია, ჩვენში ევროინტეგრაციის მიმართ ნიჰილისტური განწყობა გაღვივდეს. საინტერესოა, რა პერსპექტივა აქვს დღეს ჩვენს ქვეყანას, რომელიც ვიზალიბერალიზაციის მოლოდინშია

- ვფიქრობ, ჩვენ ევროპისკენ მიმავალ გზას არ უნდა გადავუხვიოთ. კი გვესმის ნიჰილისტური განცხადებები, მაგრამ ვისგან? არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ეს ხომ ის ხალხია, ვინც ხვალინდელი კი არა, გუშინდელი დღით ცხოვრობს, იმ წლებით, როდესაც იყიდდნენ ერთ ყუთ კონიაკს, ჩადიოდნენ მოსკოვში და თავიანთ პრობლემებს აგვარებდნენ. სხვაგვარად მოქცევა მათ არ იციან, სამაგიეროდ, ერთადერთი უცხო ენა, რომელიც იციან, რუსულია და როგორც ჩანს, ამ უცხო ენის ცხოვრებაში გამოყენება ძალიან უნდათ… ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ ეს ხალხი უკვე წარსულია. ჩემმა სტუდენტებმა და მაგისტრებმა რუსული არ იციან და მოსკოვშიც არასდროს ყოფილან, მაგრამ მოვლილი აქვთ ნახევარი ევროპა. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ეს ხომ უბრალოდ აქტია, რომელიც კომფორტს გვიქმნის, თორემ ვისაც ევროპაში წასვლა უნდოდა, აქამდეც მშვენივრად მიდიოდა. ჯერჯერობით ვიზალიბერალიზაცია არ გვაძლევს უფლებას, ევროპის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ, მაგრამ ესეც საშუალებაა ამ მიზნის მისაღწევად. ამასთანავე, ეს არის ეროვნული ღირსების საქმე, თუმცა, არა მგონია, ვიზალიბერალიზაციას ჰქონდეს გადამწყვეტი­ მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოს განვითარებისთვის, გარდა პოლიტიკური დეკლარირებისა, რომ ჩვენს მცდელობას, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, ევროპაშიც ხედავენ და აფასებენ. მთავარი სხვა რამაა – უნდა ვიცოდეთ, რა გვაერთიანებს ევროპასთან, რატომ არის ეს ბუნებრივი წიაღი საქართველოსთვის… ევროპისკენ გვიბიძგებს ის მენტალური და კულტურული ერთობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება…
ძალიან კარგი იქნება, თუ ევროპაში ბევრი ქართველი ჩავა და ნახავს, იქ რა ხდება. ეს არ არის სამოთხე დედამიწაზე და არც უშრომლად მოდის რაიმე. ადამიანი ყველგან იბრძვის თავისი კეთილდღეობისთვის.

- ჩვენი საუბრისას გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდ ბრიტანეთში პეტიციამ რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების თაობაზე უკვე მილიონზე მეტი ხელმოწერა დააგროვა..

- ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც მივიდნენ ყუთებთან და ჩაყარეს ბიულეტენები, მხოლოდ შემდეგ დაფიქრდნენ, რა ელის დიდ ბრიტანეთს და თითოეულ მათგანს. მათ ამ კითხვებზე პასუხი არა აქვთ და გვარიანად შეშინდნენ, რადგან ისე ჩანს, რომ ამ იდეის ინიციატორებმაც კი არ იციან, ამის შემდეგ როგორ უნდა იმოქმედონ. რთულია თქმა, რა მოხდება. ჩემი აზრით, თუ განმეორებითი რეფერენდუმი დაინიშნება, მას მნიშვნელოვნად განსხვავებული შედეგი მოჰყვება.

- დავუბრუნდეთ საქართველოს, სადაც წინასაარჩევნო კამპანია უკვე ოფიციალურად გამოცხადდა, თუმცა პოლიტიკური ტემპერატურა მაინცდამაინც მაღალი არ არის

- ამას ველოდი. წინასაარჩევნო პროცესები, ალბათ, სექტემბრის შუა რიცხვებიდან გამძაფრდება. კვლავაც ვფიქრობ, რომ მომავალ არჩევნებში ფინიშის ხაზთან პირველი “ქართული ოცნება” მივა, მაგრამ მას არ ექნება დიდი უპირატესობა და, სავარაუდოდ, კოალიციების შექმნა გახდება საჭირო. პარლამენტი გვეყოლება ოთხ ან ხუთსუბიექტიანი, შედეგად კი მივიღებთ რეალურად კოალიციურ მთავრობას, რომლის უპირატესობაც ის იქნება, რომ მოუწევთ, ის პროფესიული ნიშნით დააკომპლექტონ.

- როგორც ჩანს, წინასაარჩევნო პროცესის ნაწილად ქცევისთვის განწირულია ტელეკომპანიარუსთავი 2″ და საქმე, რომელიც სააპელაციო სასამართლოში ქიბარ ხალვაშის გამარჯვებით დასრულდა, ალბათ, უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება. ამჯერად ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისა დანაციონალური მოძრაობისპროტესტის მიზეზად იქცა ის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიას გაუგზავნეს. მათი თქმით, ხელისუფლება პროცესის დაჩქარებას ცდილობს

- ვფიქრობ, ეს არის კარგი ტექნოლოგიებით შეკრული, აბსოლუტურად აღვირახსნილი და ამორალური კამპანია. თავის დროზე “რუსთავი 2″ რეალურ მფლობელებს წაართვეს იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონოდა ჯიბის ტელევიზია. ის დღესაც სააკაშვილის ტელევიზიაა. რატომ უნდა ჰქონდეს რომელიმე პარტიას საკუთარი ტელევიზია, თანაც – დამარცხებულსა და ფაქტობრივად ფაშისტურს?! პროცესი გრძელდება, ვნახოთ, რა განაჩენს გამოიტანს უზენაესი სასამართლო… რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება იხმაუროს და ყველაფერი ხელისუფლებას დააბრალოს, მაგრამ ძალიან მეეჭვება, ამ პროცესში ხელისუფლება მონაწილეობდეს. არ ვიცი, ვიღაცის კერძო ინიციატივით, შესაძლოა, იყო ზეწოლის მცდელობა – ბოლოს და ბოლოს, საქართველოში ვართ, სადაც პირად ნაცნობობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ “რუსთავი 2″-ის გარშემო შექმნილი ვითარება სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი ნამდვილად არ არის.

- პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმის ძიება შეწყვიტა. მათი საბოლოო დასკვნით, ეს იყო თვითმკვლელობა, რასაც ოჯახი არ ეთანხმება

- გამიჭირდება რამის თქმა. მჯერა, რომ პროკურატურა არ არის დაინტერესებული ამ ფაქტის მიჩქმალვით და არც შესაძლო მკვლელის დაფარვას ცდილობს. თუ ეს იყო მკვლელობა, იმდენად მაღალ პროფესიულ დონეზეა შესრულებული, რომ ხელშესახები მტკიცებულებები არ არის დატოვებული. პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის შედეგები საკმაოდ დამაჯერებელი ჩანს. ყველაზე მეტად ერთი რამ ბადებს ეჭვს – როდესაც თვითმკვლელობაზეა ლაპარაკი, ამის ფსიქოლოგიური მომენტებიც უნდა იყოს კარგად გამოკვლეული. რატომ ან ვინ მიიყვანა პირი თვითმკვლელობამდე. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ამის წინაპირობა არ არსებობდა. მოტივად ვალის დასახელება არ ვიცი, რამდენად რეალურია. მესმის, რომ თვითმკვლელობის ვერსია ოჯახისთვის რთული მისაღებია, მაგრამ აქ პოლიტიკური ან ეკონომიკური ასპექტი არ ჩანს…

(…)

——————–

ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით გამოქვეყნდა აგრეთვე 27 ივნისის სხვა ქართულ გაზეთებშიც – მაგალითად, „ახალ თაობაში“ სათაურით „ადვოკატებს ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ // ექსპერტები მკვლელობის კვალს ვერ ხედავენ“.

პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. გარდაცვლილის მხარე არ იზიარებს პროკურატურის ვერსიას და დარწმუნებულია, რომ ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით „ახალი თაობა“ ესაუბრება დაზარალებული მხარის ადვოკატ გაგი მოსიაშვილს და ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს.

————————

„ახალი თაობა“, 27 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ნატოს ხომალდები შავი ზღვის პატრულირებას მოახდენენ”

რვა-ცხრა ივლისს ვარშავაში ნატოს სამიტი გაიმართება. უნდა ველოდოთ თუ არა „მაპ“-ს? ამ საკითხზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი, „ჯიპა“-ს პროფესორი თორნიკე შარაშენიძე საუბრობს. „სამწუხაროდ, ნატოს ვარშავის მორიგი სამიტი ჩვენს ხარჯზე არ იქნება გაფართოების სამიტი. ახალ წევრებს მიიღებენ, მაგრამ ეს არ იქნება საქართველო“, –  ამბობს პოლიტოლოგი.

- არც მაპ“-ი იქნება?

- სამწუხაროა, მაგრამ მე კვლავ მიწევს იმის თქმა, რომ არც მაპი იქნება.

- ამ სამიტზე რამე ხელშესახებს მივიღებთ თუ ალიანსის მხრიდან ისევ იქნება ღია კარის პოლიტიკის დეკლარირება?

- ამ სამიტზე ჩვენ ველოდებით ძალიან მნიშვნელოვან შედეგს და ეს მართლაც არის ხელშესახები შედეგი. ნატო დაიწყებს ახალ ოპერაციას და ეს იქნება შავ ზღვაში პატრულირების ოპერაცია, რომელიც შავი ზღვის აკვატორიის უსაფრთხოებას დაიცავს. ნატოს ეს ინიციატივა იქნება ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის. ჩვენ არ ვართ ნატოს წვერი სახელმწიფო და ჩვენზე არ ვრცელდება ნატოს უსაფრთხოების გარანტიები. საქართველოში არ არის განლაგებული ნატოს სამხედრო ბაზები და ერთადერთი, ყველაზე ქმედითი უსაფრთხოების გარანტია შეიძლება იყოს შავ ზღვაში ნატოს წევრი სახელმწიფოების გამოჩენა.

- კონკრეტულად?

- კონკრეტულად აქ იგულისხმება ის, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების ხომალდები მუდმივად იქნებიან ჩვენთან და ისინი მოახდენენ პატრულირებას შავ ზღვაში. ეს იქნება ძალიან სერიოზული ნაბიჯი, რომ შავი ზღვა იყოს დაცული და ჩვენც ვიყოთ დაცული.

- აქამდე მსგავსი ინიციატივა ნატოს არ ჰქონია?

- აქამდე ნატოს შავ ზღვაში პატრულირება არასდროს ჰქონია. ნატოს ხომალდები პატრულირებდნენ ხმელთაშუა ზღვაში, მაგრამ არა შავ ზღვაში, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონია ნატოსთვის.

- ამით შემოიფარგლება ნატო?

- ალბათ, ერთ-ორ კარგ სიტყვასაც გვეტყვიან და თავზეც გადაგვისვამენ ხელს, თუ რა კარგები ვართ. უფრო მეტ პროექტშიც ჩავერთვებით და ამაზე გაკეთდება განცხადებები.

- მაპ“-ის არმიღება საზოგადოებისთვის შეიძლება გახდეს მორიგი იმედგაცრუების საფუძველი?

- არა მგონია. საქართველოს მოქალაქეები უკვე მიეჩვივნენ ამგვარ დამოკიდებულებას. საკმაოდ ნელი ნაბიჯებით მივდივართ წინ და ეს უცხო არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში, ევროპაში პროცესები არ არის ისეთი მარტივი და ადვილად გასაგები და ასახსნელი.

- რამდენად არის შესაძლებელი, რომ მაპის გვერდის ავლით გავხდეთ წევრი? თუ იყო აქამდე მსგავსი პრეცედენტი?

- მას შემდეგ, რაც ნატოს დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ სწორედ მაპი არის გაწევრიანების გზაზე ერთადერთი შესაძლებლობა, მსგავსი ფაქტი, რომ მაპის გარეშე სახელმწიფო წევრი გამხდარიყო, არ ყოფილა. მაპი არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი და ამიტომაც ვერ ვიღებთ ამდენი ხნის განმავლობაში მას. რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, ჩვენ ყველაფერი შესრულებული გვაქვს, მაგრამ ფაქტი ფაქტია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ნატოს სახელმწიფოებმა, უფრო სწორად კი – გერმანიამ და საფრანგეთმა. სამუშაოები, პირველ რიგში, არის არა ნატოს შტაბბინაში, ბრიუსელში, არამედ ბერლინსა და პარიზში. სწორედ ამ დედაქალაქებში უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლების მთავარი ფოკუსი და არა – ბრიუსელში.

„ახალი თაობა“, 27 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „ევროკავშირის დაშლით შესაძლოა საქართველომ დიდი სარგებლობა მიიღოს“ // „ახალი ევროატლანტიკური კავშირი რუსეთს დიდ პრობლემებს შეუქმნის”

რატომ გადაწყვიტა დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლა, რა სარგებლობას მოუტანს საქართველოს ევროკავშირის სახეცვლილება, გახდება თუ არა ნატო უფრო ქმედებაუნარიანი? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

„დაახლოებით წელიწადნახევრის წინ „ახალ თაობასთან” საუბარში ვთქვით, რომ ახლო მომავალში ევროკავშირი ფორმას შეიცვლიდა. მაშინ ვივარაუდეთ ისიც, რომ პირველი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთი გავიდოდა. ამ თემაზე ჩვენი პოლიტიკოსების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები სასაცილოც კი აღარ არის. ეტყობა, ჩვენში პოლიტიკოსობა შიდა ინტრიგების ხლართვას ითვალისწინებს მხოლოდ, გლობალური აზროვნებისთვის კი ბევრს მასშტაბები არ ჰყოფნის. ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატოს ფუნქციები შესუსტდა და ამის ფონზე გაძლიერდა ევროკავშირი. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებები განახორციელა, ნატოს როლი ისევ გაიზარდა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ევროკავშირზე მეტი ფუნქცია შეიძინა და მოახერხა კიდეც მისი გადაფარვა. ევროპელების უსაფრთხოება ნატოს ქვეშ უფრო დაცულია, ვიდრე – ევროკავშირის”, – ამბობს ზაალ კასრელიშვილი.

- ევროკავშირის ქვეყნები ნატოს წევრებიც არიან და რატომ არ იქნება ევროპელების უსაფრთხოება დაცული?

- განსხვავება ისაა, რომ ევროკავშირი სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კავშირებია, ნატო კი – თავდაცვა და უსაფრთხოება.

- გასაგებია, რომ ნატო თავდაცვა და უსაფრთხოებაა, მაგრამ ევროკავშირი რაში უშლის ნატოს ხელს?

- ევროკავშირის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ისეთი კონვენციებია მიღებული, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ისლამური სახელმწიფოს გაძლიერებისა და ევროპაში მიგრანტების შესვლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ევროკავშირი გამოწვევებს ვეღარ პასუხობს. აი, ამიტომაც გადაწყვიტა დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლა. ამ ნაბიჯით მათ დაამტკიცეს, რომ როგორც ევროპაში, ასევე მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანას წარმოადგენენ.

- დიდი ბრიტანეთი ბოლომდე ევროკავშირის წევრი არც ყოფილა. სხვა თუ არაფერი, მათ ევრო არ მიუღიათ...

- მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა შეინარჩუნეს, ისინი ამ გაერთიანების სრულუფლებიანი წევრები იყვნენ. მათი ვალუტა ყველაზე ძლიერია და ამ ქვეყანას ევროკავშირში წამყვანი როლი ეკავა. მარტო ის რად ღირს, რომ ფუნტი სტერლინგის განწყობაზეა დამოკიდებული დოლარის კურსი. ამას დავამატოთ ისიც, რომ საფონდო, ოქროსა და ძვირფასი ქვების ბირჟები სულ ლონდონშია განლაგებული. ბრიტანეთი მონარქიული ქვეყანაა და ყოფილ კოლონიებზე მათი გავლენა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყნისა. აქედან გამომდინარე, მათი საგარეო პოლიტიკაც სხვებზე უფრო ანგარიშგასაწევია. ამიტომაც გასაკვირი არ არის მათი გადაწყვეტილება. იმის შესახებ უკვე მოგახსენეთ, რომ ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის ქარტია ევროპის მოსახლეობას რადიკალური ისლამისტებისა და მიგრანტებისგან, ფაქტობრივად, დაუცველს ტოვებს. ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ინგლისს იმის უფლება ექნება, რომ ევროპული კონვენციის ზოგიერთ მუხლზე თქვას უარი.

- რა მუხლებზე შეიძლება თქვან უარი?

- თუნდაც უარს იტყვიან მიგრანტების მიღებაზე. უპრობლემოდ შეძლებენ რადიკალი ისლამისტების აღრიცხვასა და საჭიროების შემთხვევაში მათ დეპორტაციას. თავდაცვისა და უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით ინგლისს ხელ-ფეხი ეხსნება.

- როდესაც თქვენ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის შესაძლო გასვლაზე საუბრობდით, მაშინ განაცხადეთ, რომ ისინი ამერიკასთან ერთად შექმნიდნენ ანგლოამერიკულ კავშირს. ახლაც ასე ფიქრობთ თუ ახლა მათ სურვილს უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას უკავშირებთ?

- იმავე მოსაზრებაზე ვრჩებით ახლაც. ამერიკა და ინგლისი მაინც ერთნაირად უყურებენ პროცესებს. რადიკალური ისლამის მიმდევრების წინააღმდეგ ბრძოლის მოტივი და კიდევ მრავალი რამ მათ გაერთიანების საფუძველს აძლევს. საინტერესოა ისიც, რომ თავის დროზე ინგლისი და ამერიკა იყვნენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტები, როცა უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე. რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა და ამაზე აუცილებლად უნდა იყოს რეაგირება. ანგლოამერიკული კავშირი აუცილებლად შეიქმნება, სადაც ადამიანების უსაფრთხოების დაცვა იქნება მთავარი. ევროკავშირს ამ საკითხზე ცოტა მეტი რომ ეფიქრა, შესაძლოა, არც დიდი ბრიტანეთი გასულიყო და არც ტერაქტები მომხდარიყო ევროპაში.

- დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას თქვენ მაინც იმას უკავშირებთ, რომ ევროპა რადიკალ ისლამისტებს სათანადოდ ვერ უმკლავდება, თუმცა, როდესაც პირველად ეს განცხადება გააკეთეთ, მაშინ ევროპაში მსგავსი არაფერი ხდებოდა...

- ისტორიის მცოდნენი დამეთანხმებიან, რომ დიდი ბრიტანეთისა და ისლამური სახელმწიფოების წარსული ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული – ისლამურ სამყაროში პირველი კოლონიზატორები სწორედ ისინი იყვნენ. ამდენად, ბრიტანელებს იქ მიმდინარე პროცესებზე სხვებზე მეტი ინფორმაცია ჰქონდათ. თავს მხოლოდ იმიტომ იკავებდნენ, რომ ელოდნენ, ევროკავშირის ხელმძღვანელობა რამდენად სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას მოახდენდა ამ ტიპის საფრთხეებზე. ევროკავშირი მსგავსი საფრთხეებისგან სრულიად დაუცველია. ევროპელები მათ მიერვე მიღებული კანონების გამო აღმოჩნდნენ დაუცველობის ტყვეობაში. ჩვენ მაშინ განვიხილავდით ორ ვარიანტს. ანგლოამერიკული კავშირი შეიქმნებოდა, რომელიც დანარჩენ მსოფლიოს ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას შესთავაზებდა. ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროატლანტიკური კავშირის შექმნის პროცესი უკვე დაწყებულია. არ გამოვრიცხავთ, რომ ევროკავშირში დარჩენილმა ქვეყნებმა ამ ახალ გაერთიანებაში შესვლა მოითხოვონ.

ევროატლანტიკური ეკონომიკური სივრცე იქნება ახალი ტიპის გაერთიანება. ის ახალი ტიპის ლობი გახდება ნატოსთვის და ნატოც იძულებული იქნება, სწრაფი ტემპებით მოახდინოს შესაძლებლობების რეალიზება. ეჭვიც არ გვეპარება იმაში, რომ ეს გაერთიანება რუსეთის მიერ დაანონსებული ევრაზიული კავშირის უპირობო ალტერნატივა გახდება.

- რატომ გგონიათ, რომ უპირობო ალტერნატივა იქნება?

- აშშ, სამხრეთ ამერიკა, კანადა და პლუს ამას 500-მილიონიანი ევროპა, მივიღეთ ევროატლანტიკური 2-მილიარდიანი მდიდარი სივრცე. ეჭვი გვეპარება, რომ იგივე ჩინეთი ან ინდოეთი 140-მილიონიანმა ღარიბმა რუსულმა ბაზარმა მოხიბლოს. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში უფლებებიც და უსაფრთხოებაც ბევრად უფრო დაცული იქნება. ჩვენ მოვლენების განვითარების მეორე ვარიანტსაც განვიხილავთ. ინგლისი და ამერიკა პირდაპირ დადებენ მათთვის სასურველ ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებებს. ევროპული ქვეყნები პირდაპირ აღმოჩნდებიან ალტერნატივასთან – ან ალიანსი, ან რუსეთი თავისი საბჭოური ამბიციებით. დიდმა ბრიტანეთმა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას რაღაც გარიგებები უკვე ჩაუშალა.

- რა გარიგებებზე საუბრობთ?

- ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგა ინგლისს, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ასე რომ, ბრიტანელებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

- ჩვენი პოლიტიკოსები საკმაოდ მწვავედ შეხვდნენ დიდი ბრიტანელების გადაწყვეტილებას და ვითომ ასეთი უსაფუძვლოა მათი შეშფოთება?

- პროდასავლელები ისტერიულ პანიკაში ჩაცვივდნენ, პრორუსულებს კი ისტერიულად გაუხარდათ. ან ერთს რა უხარია, ან მეორეს რა აშინებს, ვერ გავიგე. ეს არის დადებითი პროცესი. დიდი ბრიტანეთი ერთი წლის წინ რომ გასულიყო ევროკავშირიდან, ევროპაში ტერაქტები არ მოხდებოდა. ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის, რომლებსაც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვთ, ასეთი პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია. მას ვერც ვგეგმავთ და ვერც ვმართავთ. ასეთი პროცესებიდან მაქსიმალური სარგებლობა უნდა მივიღოთ. თუ ჭკუით მოიქცევა პოლიტიკური სპექტრი, აუცილებლად ვნახავთ ამ საქმიდან სარგებელს.

- რას იზამენ ევროპის სხვა ქვეყნები? საფრანგეთში უკვე მოითხოვეს ევროკავშირიდან გასვლის თემაზე რეფერენდუმის ჩატარება...

- ეს მოსალოდნელიც იყო. ჩვენ ევროპაში ნაციონალისტური ჯვაროსნული მთავრობების მოსვლას ველოდებით. ევროპაში მომხდარი ტერაქტების შემდეგ რადიკალურ ისლამთან ბრძოლის სურვილი ყველას გაუჩნდება. ევროკავშირის კონვენცია კი ამის უფლებას, ფაქტობრივად, არ იძლევა.

„ახალი თაობა“, 27 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ ნოდარ ნათაძესთან: „დღეს შეუძლებელია ჯანსაღი პროდასავლელი პატრიოტი ხალხის ხელისუფლებაში მოსვლა”

გაერთიანებულ სამეფოში მოსახლეობის ნაწილი ახალი რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს. გრძელდება ევროკავშირთან დაკავშირებით გამართული რეფერენდუმის შედეგის განხილვა. სახალხო ფრონტის ლიდერი ნოდარ ნათაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გამოთქვამს მოსაზრებას, რომ საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ხელშეკრულებითი ურთიერთობის გაფორმება.

„დიდი ბრიტანეთისთვის ევროკავშირში წევრობა უფრო კომფორტული იქნებოდა, მაგრამ გამოკითხულთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებმა კომფორტზე წინ ისტორიული ასპექტი, თვითდამკვიდრების ფაქტორი დააყენეს. წინა პლანზე გამოვიდა ჰუმანური და ზოგადსაკაცობრიო იდეები. ევროკავშირიდან გამოსვლის მომხრეები გამოვიდნენ არა აღმოსავლელი ლტოლვილების, არამედ, ევროკავშირში დაწესებული შიდა მიგრაციის წინააღმდეგ. ეს, გარკვეულწილად, ჩვენთვისაც ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს”, – ამბობს ნოდარ ნათაძე.

- რა გაქვთ მხედველობაში?

- თუ უზარმაზარი ბრიტანეთისთვის გახდა მტკივნეული უკონტროლო მიგრაცია, მაშინ რა უნდა ქნას პატარა საქართველომ? წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ მიგვიღეს ევროკავშირში იმ დროს, როცა თურქეთი არაა ევროკავშირის წევრი. ვინ გააკონტროლებს თურქეთიდან ადამიანების მოზღვავებას? მიწის საკითხი ჩვენთვის უმტკივნეულესია. ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას მიწის შესასყიდი თანხები არ გააჩნია. თუ მიწა თავისუფლად გაიყიდება, მას უცხოელები შეიძენენ. ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში რეგულაციებს ვერ შემოვიღებთ.

- მაგრამ ევროკავშირთან თანამშრომლობა მაინც აუცილებელია?

- რა თქმა უნდა. მიმაჩნია, რომ ამა თუ იმ დასავლურ სტრუქტურასთან ჩვენ ხელშეკრულებები უნდა დავდოთ, მაგალითად, ნატოსთან. თუ წევრობა არ გამოვა, ამ ორგანიზაციასთან უნდა დავდოთ თავდაცვითი ხელშეკრულება. ორმხრივი ხელშეკრულებებია გასაფორმებელი ნატოს წევრ ძირითად სახელმწიფოებთანაც. ევროკავშირთანაც სასურველი იქნებოდა ასეთი დოკუმენტის გაფორმება. ამის პრაქტიკა უნდა დაინერგოს.

- რა შეიცვლება დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმით?

- ამით გაძლიერდება ამერიკა-ბრიტანეთის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობა. თუ გავიხსენებთ მეორე მსოფლიო ომს, მასში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოკავშირეობამ გადამწყვეტი როლი შეასრულა გერმანიის დამარცხებაში. ახლა ეს მოკავშირეობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

- ანუ თქვენ არ იზიარებთ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ამით რუსეთი გაძლიერდება?

- დიახ, არ ვიზიარებ. რუსეთი ვერ გაძლიერდება. აშშ და ბრიტანეთი ყოველთვის უფრო რადიკალურები იყვნენ რუსეთის მიმართ, ვიდრე ევროპა.

- საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ მსგავსი რეფერენდუმები ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც უნდა ჩატარდეს...

- მარინ ლე პენი საფრანგეთში არც ყველაზე ჭკვიანია და არც გავლენიანი. ის ხელისუფლებაში ვერ მოვა. საფრანგეთი კი ამაზე არ წავა. გერმანია ევროკავშირის პირველი პატრონია, საფრანგეთი – მეორე. ისინი ევროკავშირის წინააღმდეგ არ გამოვლენ.

- საქართველოს მოსახლეობის განწყობებზე იმოქმედებს ეს ახალი გარემოებები?

- არა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს რუსულმა პროპაგანდამ გამოკვეთილი სახე მიიღო. გაისმის მოსაზრებები, რომ ურუსეთოდ ვერაფერს მივაღწევთ. ერთი პოლიტიკოსია, რომლის გვარს არ დავასახელებ. ეს კაცი მოსახლეობას ხვდება და ერთ საკითხზე ხელმოწერებს აგროვებს. ის ამას წინათ მეუბნებოდა, ხალხის დაახლოებით 60% ამერიკას აგინებსო. მას რომ ჰკითხო, ამ ადამიანებს რუსეთი უყვართ. სინამდვილეში, ეს ასე არ არის – ამ ხალხს რუსეთი არ უყვარს. ეს ადამიანები დაბოღმილები არიან. მათმა უმრავლესობამ ინგლისური არ იცის. ეს ის ტლუ ნაწილია, რომელიც გადარჩენას რუსეთში ხედავს. მოსახლეობის კიდევ ერთი ნაწილი მაფიქრებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ინგლისურისა და კომპიუტერის გარდა არაფერი იციან. მათ შორის ბევრია მიხეილ სააკაშვილის მომხრე.

ორივე ჯგუფი გაუნათლებელია და საქართველოს არცერთი არ გამოადგება. ის მაწუხებს, რომ ეს გაუნათლებელი ჯგუფები ერთმანეთს შეიძლება დაერიონ. ქვეყანას უნდა უშველონ პროდასავლელებმა, რომლებიც განათლებულნი არიან და დასავლეთთან კამათიც შეუძლიათ. საკამათო თემა დასავლეთთან სულ თითო-ოროლა შეიძლება გვქონდეს. საუბედუროდ, დღეს შეუძლებელია ჯანსაღი პროდასავლელი პატრიოტი ხალხის ხელისუფლებაში მოსვლა.

- ანუ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება?

- უმრავლესობით – ვერა, მაგრამ ასეთი ადამიანების ჯგუფი აუცილებლად მოხვდება პარლამენტში და თავის სიტყვასაც იტყვის.

- ასეთი ბლოკი შეიქმნა?

- ასეთი გაერთიანება, ეროვნული ბლოკი, მალე იქნება. ახლა ჩვენ ყველა უნდა ვეცადოთ, რომ დაპირისპირება არ მოხდეს. ის გაუნათლებელი დაჯგუფებები, რომლებზეც ვისაუბრე, შეიძლება ერთმანეთს დაერიონ და 90-იან წლებზე უარესი ამბები მოხდეს.

- წინასაარჩევნოდ?

- წინასაარჩევნო პერიოდი ხელსაყრელია ასეთი სისხლიანი ამბებისთვის. ეს არ უნდა დავუშვათ. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ცნობიერება და კულტურა ეკონომიკაზე მაღლა დგას. ბავშვები არ უნდა იზრდებოდნენ ისეთ გარემოში, სადაც მშობლიურ ენაზე წარწერები არაა, სადაც ყველა წარწერა ან ინგლისურ ენაზეა, ან ქართული შრიფტით ინგლისური სიტყვები წერია. ეს მოზარდი თაობისთვის გაურკვეველი გარემოა. ამასაც მიხედვა სჭირდება.

Comments are closed