globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 27 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 27th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ვერსია: ლევან ხაბეიშვილმა გიორგი ვაშაძის პარტია დატოვა და ზაალ უდუმაშვილის შტაბში გადავიდა?! // გიორგი ვაშაძე „ნაცმოძრაობას „უბლოკდება? – „ამაზე საუბარს არ ვაპირებ!“

—-

ახალი თაობა: ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „ზაალ უდუმაშვილის მთავარი მინუსი მისი გამოუცდელობაა“ // „კახა კალაძის გამარჯვება არსებულის გაგრძელება იქნება“

ახალი თაობა: „ბიძინა ივანიშვილი არ დაუშვებს, რომ კახა კალაძემ არჩევნები მის გარეშე მოიგოს“ // „თბილისში ნაციონალების კანდიდატს მცირე შანსი ექნება“ // ინტერვიუბი რამაზ საყვარელიძესთან და თორნიკე შარაშენიძესთან

ახალი თაობა: გია ჟორჟოლიანი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს? // „94-ე მუხლის არსებული ფორმით დატოვება მიუღებელია“

—-

ვერსია“: ჰერეთში ქრისტიანულ ტაძრებს ტუალეტად და ძროხების სადგომად იყენებენ! // საპატრიარქო აზერბაიჯანის ხელისუფლებას  ეკლესიების დაცვას სთხოვს: „ეს აღმაშფოთებელია!“

———————

ვერსია“, 26-28 ივნისი, 2017 წელი

ლევან ხაბეიშვილმა გიორგი ვაშაძის პარტია დატოვა და ზაალ უდუმაშვილის შტაბში გადავიდა?! // გიორგი ვაშაძე ნაცმოძრაობას უბლოკდება?ამაზე საუბარს არ ვაპირებ!“

ნათია გოჩაძე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ტემპერატურაც მატულობს. ასე, მაგალითად, თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები უკვე დაბლოკდნენ და მერობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილიც წარადგინეს. ისიც ცნობილია, რომ ნაციონალური მოძრაობის სახელით თბილისის მერობისთვის ,,რუსთავი 2”-ის აწუკვე ყოფილი სახე ზაალ უდუმაშვილი იქნება. ისე, უდუმაშვილი, როგორც მერობის კანდიდატი, ოფიციალურად ჯერ არ დარეგისტრირებულა, მაგრამ მის გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება: ზოგი პოლიტიკისთვის ვერ იმეტებს და ისევ ტელევიზიაში დაბრუნებას ურჩევს, ზოგიც სიმპათიურ ტელეწამყვანს არჩევანს უწონებს. ამასობაში კი, ,,ვერსიისთვის” ერთი საინტერესო კულუარული ინფორმაცია ხდება ცნობილი, რომლის თანახმადაც, გიორგი ვაშაძის პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი შესაძლოა, ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბში ვიხილოთ.

საერთოდ, ხაბეიშვილი, რომელიც ვაშაძის გუნდის ერთგვარი ,,ფეისია”, აქტიურობით დიდი ხანია გამოირჩევა – ბოლო თვეებში არაერთი სკანდალური კვლევა გამოაქვეყნა დედაქალაქის მერიასა და მუნიციპალიტეტებში ფესვგამდგარ საფინანსო-საბიუჯეტო კორუფციასა და გადაცდომებთან დაკავშირებით.

მოკლედ, ხაბეიშვილი ამ დრომდე ვაშაძის, როგორც იტყვიან, მარჯვენა ხელად ითვლება და საინტერესოა, რას უნდა ნიშნავდეს მისი ზაალ უდუმაშვილის შტაბში გადაბარგება? – ეს კითხვა პოლიტიკური შეკრება-შეჯვარების საბაბს იძლევა ანუ შეიძლება, გაჩნდეს ვერსია, რომ გიორგი ვაშაძის პარტია ახალი საქართველო ნაციონალურ მოძრაობასთან აპირებს დაბლოკებას ან, უბრალოდ, ლევან ხაბეიშვილმა აქცია ზურგი ვაშაძეს. ამის გასარკვევად ვერსია თავად ლევან ხაბეიშვილს დაუკავშირდა, რომლის თქმითაც ჯერ არავინ არსად გადასულა:

,,პოლიტიკური პროცესია და მოლაპარაკებები ყველასთან, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან მიმდინარეობს… რაც შეეხება ზალიკოს, მერის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურა ჯერ ოფიციალურად არ დაუყენებია და არც ის განუცხადებია, როგორ და რა ფორმით იქნება, ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ. ჩვენ ბლოკებსა და თანამშრომლობაზე ყველა მიმართულებით ვლაპარაკობთ, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ამაზე საუბარი მანამ არ შემიძლია, სანამ იმ პოლიტიკური პარტიებიდან, ვინც მოლაპარაკებების პროცესშია, საჯაროობის მზაობა არ იქნება”.

,,ვერსიის” კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ მალე ნაციონალურ მოძრაობაში ვიხილოთ, ლევან ხაბეიშვილი ორაზროვნად პასუხობს: ,,ველაპარაკები აბსოლუტურად ყველას, ვინც შეიძლება იყოს პროდასავლური”.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძის მიერ მერის პოზიციაზე კანდიდატურის დაყენებას, ხაბეიშვილი განმარტავს, რომ ეს განცხადება ახალი საქართველოს ლიდერს საჯაროდ ჯერ არ გაუკეთებია: ,,ვნახოთ… ეს, ალბათ, გუნდში გადაწყდება. პროცესი გვაჩვენებს, ეს ბლოკით მოხდება თუ სხვაგვარად. ამაზე საუბარი ნაადრევია _ ჯერ არჩევნებიც არ გამოცხადებულა. ის, რომ ვინმესთან კონსულტაცია გვაქვს, გადაწყვეტილებას არ ნიშნავს. იმაზე, რაც არ გადამიწყვეტია, როგორ ვისაუბრო? გინდათ, მოვიტყუო?!

ოპოზიციის მთავარი ამოცანა ისაა, რომ დედაქალაქის კორუმპირებული მთავრობა გავისტუმროთ. ამიტომ, ამ მიზნის მისაღწევად, ოპოზიციური პარტიები, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან ლაპარაკობენ და მიმდინარეობს კონსულტაციები ყველა მიმართულებით, მათ შორის რომელიმე კანდიდატის, მაგალითად, ზალიკო უდუმაშვილის მხარდაჭერაზე, თუმცა ცალსახად ჯერ ვერაფერს ვიტყვი.”

კითხვას, რჩება თუ არა გიორგი ვაშაძის გუნდში, ლევან ხაბეიშვილი პასუხობს: ,,რა თქმა უნდა!”.

მოკლედ, ლევან ხაბეიშვილი კულუარულ ინფორმაციას, რომ ვაშაძეს ,,გაეყარა” და უდუმაშვილის შტაბში გადაპორტირდა, არ ადასტურებს, თუმცა ნათქვამია, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება და მალე, ალბათ, ისიც გაირკვევა, დაბლოკდება თუ არა გიორგი ვაშაძე იმ პარტიასთან, რომლისგანაც არცთუ დიდი ხნის წინ სკანდალურად წამოვიდა და საკუთარი პოლიტიკური მოძრაობა შექმნა.

——————-

ახალი თაობა“, 27 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „ზაალ უდუმაშვილის მთავარი მინუსი მისი გამოუცდელობაა“ // „კახა კალაძის გამარჯვება არსებულის გაგრძელება იქნება“ // „თბილისის მერობა ყოველი ჭისა და ჭანჭიკის ცოდნას არ ნიშნავს, ეს პირველ რიგში პოლიტიკური თანამდებობაა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი წევრი დავით დარჩიაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თბილისის მერობის კანდიდატების შანსებს აფასებს.

- ბატონო დავით, რა შანსი აქვს ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატ ზაალ უდუმაშვილს? გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მას მეტი შანსი ექნებოდა, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, რამაზ საყვარელიძე კი პირიქით ამბობს, რომ ზაალ უდუმაშვილი აიღებს იმდენ ხმას, რამდენსაც აიღებს ნაციონალური მოძრაობაო“...

- რა შანსები აქვს ზაალ უდუმაშვილს? მე ვფიქრობ, რომ უდუმაშვილმა შეიძლება მიიღოს ცოტა მეტი ხმა, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა მიიღებდა, რადგან მას წარსულზე ვერავინ ვერაფერს მოსთხოვს. უდუმაშვილი არის სუფთა ფურცლით მოსული. ამავე დროს, ის არის ცნობადი სახე, მაგრამ ვინც კრიტიკულად დაფიქრდება, იტყვის, რომ მისი მინუსი გამოუცდელობაა. პოლიტიკური ბრძოლის გამოუცდელობაზე ვსაუბრობ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში.

- როგორ მიიღეთ მისი ეს გადაწყვეტილება? ზოგადად როგორ აფასებთ, როდესაც გამოუცდელი ადამიანები მიდიან პოლიტიკაში?

- როგორც ჩანს, ის დაარწმუნეს. არ ვიცი, საბოლოო ჯამში რამ გადაწყვიტა, მაგრამ მის ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, რადგან ეს არის მისი, პიროვნების გადაწყვეტილება. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პოსტისთვის, ნაკლები გამოცდილება აქვს, რაც მისი მინუსია. პოლიტიკური ბრძოლა, ოპონენტებთან პოლემიკა, ამომრჩეველთან მუშაობა, 24 საათიანი, ყოველდღიური მუშაობა ძალიან რთული საქმეა.

- ჟურნალისტობაც არ არის მარტივი საქმე...

- გასაგებია, მაგრამ სულ სხვა სპეციფიკა არის. მით უფრო, საინფორმაციო გადაცემის წაყვანა სულ სხვა არის და სულ სხვა არის საარჩევნო მარათონი და საარჩევნო ბრძოლის გამოცდილება.

- ისე, ჟურნალისტები, როდესაც პოლიტიკაში მიდიან, მერე უკან იმედგაცრუებულები ბრუნდებიან. მართლაც რა არის გადამწყვეტი, მხოლოდ გამოცდილება?

- გამოცდილება და სპეციფიკური ენერგიაა საჭირო ამ საქმისთვის. ყველაფერზე მაღლა აყენებ იმ ამოცანას, რომელიც დასახული გაქვს და იმ ამოცანის მისაღწევად დღენიადაგ იბრძვი. პოლიტიკოსობა არ არის პროფესია, ეს უფრო გუნებ-განწყობის მდგომარეობაა. პოლიტიკოსი ხარ ან არ ხარ. ამდენად, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია გახდეს პოლიტიკოსი, მაგრამ როგორი პოლიტიკოსი დადგება, ეს უკვე მასზე არ არის დამოკიდებული. ეს ენერგეტიკა გაქვს ან არ გაქვს.

- ხშირად გამიგია, რომ თბილისის მერი, მიუხედავად იმისა, რომ მილიონნახევრიანი ქალაქია, პოლიტიკოსი არ უნდა იყოს, ყველა ჭის თუ ჭანჭიკის ადგილი უნდა იცოდეს ქალაქში. ეთანხმებით?

- არა, ხშირად გამიგია ამ მოსაზრების შესახებ, მაგრამ მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ეს უფრო პოლიტიკური თანამდებობაა, ვიდრე ყოველი ჭისა თუ ჭანჭიკის მცოდნის თანამდებობა. მართალია, მერის ფუნქციები პოლიტიკურად განსაზღვრული არ არის, ქვეყნის პოლიტიკაზე თითქოს გავლენას არ ახდენს, არ უნდა ახდენდეს კანონმდებლობით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამომრჩევლის ერთი მესამედი თბილისში ცხოვრობს და მერის არჩევაც პირდაპირი წესით ხდება, უზარმაზარი სიმბოლური კაპიტალის მფლობელი ხდება ამ თანამდებობაზე არჩეული პირი. ეს ნაკლებად ითქმის ნარმანიაზე, რადგან სისტემა, რომელშიც აღმოვჩნდით, ისეთია, რომ ქვეყანაში ყველა ინსტიტუტმა აზრი დაკარგა, ივანიშვილის გარდა. მერის თანამდებობა იმ შემთხვევაში იქნება პოლიტიკური წონის, თუკი ივანიშვილის დამარცხება მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში დამოუკიდებელი, პოლიტიკური ფიგურის დანახვა შეუძლებელი იქნება.

თუ სახელისუფლო კანდიდატი არ გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს ელენე, ზალიკო თუ ალეკო, არ ვიცი, კიდევ ვინ, ეს ადამიანები სხვა წონის მატარებლები იქნებიან, მათ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ექნებათ პირდაპირ თბილისელებთან, ისინი ბევრად უფრო დამოუკიდებელი ფიგურები იქნებიან.

- ჯერ ოფიციალურად არ არის კალაძე დასახელებული, თუმცა, როგორი მერი იქნება, რას ფიქრობთ?

- კალაძის შანსები, რა თქმა უნდა, მაღალია, რადგან ხელისუფლების წარმომადგენელია. ხელისუფლებამ ვინც არ უნდა დააყენოს, მის უკან არის ძალის დიდი რესურსი, ადმინისტრაციულიც და პიროვნულიც, ვგულისხმობ ივანიშვილის რესურსს. შესაბამისად, შანსები მაღალი აქვს, მაგრამ მისი გამარჯვება ნიშნავს იმ სისტემის გაგრძელებას, რაშიც ახლა ვიმყოფებით. ვიღაცას შეიძლება ეს სისტემა მოსწონს, თავისად მიაჩნია, მაგრამ მთლიანობაში ეს არის დაბრუნება ახალი ფორმით იერარქიული, ფეოდალური საზოგადოებისა და პოლიტიკური სისტემის. კალაძე იქნება, რასაკვირველია, თუ მერი გახდა, იმ თანამდებობის პირი, რომელიც გარკვეული კლანების ინტერესებს გამოხატავს და მათ ემსახურება.

- თუმცა, ექსპერტები აცხადებენ, რომ კალაძე ნარმანიას ანტიპოდი იქნება, სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით წავა, ვინაიდან კალაძეს მეტის პრეტენზია აქვს. ასე არ ფიქრობთ?

_ შეიძლება პარადოქსალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნარმანია თავისდაუნებურად ჩაჰყვა ამ კლანურ, იერარქიულ თამაშებს, თორემ ის თავისი ღირებულებებითა და წარსულით, ასეთი სულაც არ იყო. წაიყვანეს და ნელ-ნელა გადააქციეს იმად, რადაც გადააქციეს. კალაძე კი არის პოსტსაბჭოური ოლიგარქიული მმართველი კლასის ტიპიური წარმომადგენელი, მთელი თავისი ურთიერთობებით, ნაცნობობით, დამოკიდებულებებით. წითელი ვარდისფერში რომ გადაიზარდა, იმგვარი მმართველი ელიტის წარმომადგენელია.

- აშკარაა, რომ კალაძეს ამბიცია აქვს, რომ უკეთესი მერი იყოს

- დიახ, აქვს ამბიცია, ეს სავსებით გასაგებია, მას აქვს ამბიცია, რაც ნარმანიას აბსოლუტურად არ ჰქონდა. ნარმანია დასვეს და ოლიგარქიული მმართველობის დანამატად გადაიქცა, მაგრამ მე ვამბობ, რომ კალაძე თავად არის ამ ოლიგარქიული მმართველობის სისხლი და ხორცი. ამიტომ ვამბობ, რომ კალაძე დიდი ენთუზიაზმით იქნება იმთავითვე აღჭურვილი, ეს ღიად ჩანს. ის იფიქრებს თავის უახლოეს გარემოცვაზე და საერთო სისტემის შენარჩუნებაზეც.

- თქვენი პარტიიდან ელენე ხოშტარიას რა შანსები აქვს?

- მე მგონია, რომ მერობის ფუნქციის განხორციელებას ყველაზე კარგად სწორედ ელენე ხოშტარია შეძლებს, რადგან მისთვის ამოსავალი სწორედ მოქალაქეთა ინტერესებია. ის პირველი დღე არ არის, რაც პოლიტიკაშია, მას გააჩნია შესაბამისი განათლებაც, იცის ქალაქის სპეციფიკა. მონაწილეობდა არჩევნებში, მან ეს საქმე იცის.

- თუმცა, არჩევნებში ვერ გაიმარჯვა...

- მან ეს საქმე იცის კონკურენტებთან შედარებით კარგად.

- გადამწყვეტი ბრძოლა ვისა და ვის შორის იქნება?

- მე სურვილი მაქვს, რომ ეს ორთაბრძოლა ელენესა და სახელისუფლო კანდიდატს შორის გაიმართოს.

- ობიექტურად?

- რეალურად რა და როგორ წავა, ვნახოთ, ყველა შეეცდება, რომ ამ გამარჯვებას არაფერი დააკლოს და ბოლომდე იბრძოლოს.

ახალი თაობა“, 27 ივნისი, 2017 წელი

„ბიძინა ივანიშვილი არ დაუშვებს, რომ კახა კალაძემ არჩევნები მის გარეშე მოიგოს“ // თბილისში ნაციონალების კანდიდატს მცირე შანსი ექნება“ // ინტერვიუბი რამაზ საყვარელიძესთან და თორნიკე შარაშენიძესთან

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა. ზაალ უდუმაშვილის და ნიკა მელიას წარდგენა ძველ თბილისში, მეტეხის ხიდზე შედგა. როგორც ყოფილი ჟურნალისტი აცხადებს, ის გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატია და თბილისელებთან ერთად დაამარცხებს ივანიშვილის კორუმპირებულ რეჟიმს.

რა შანსები აქვთ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს? რატომ შეჩერდა არჩევანი ზაალ უდუმაშვილზე? რატომ აგვიანებს „ოცნება“ კანდიდატის დასახელებას? იქნება თუ არა ხელისუფლება ამ არჩევნებშიც უალტერნატივო? „ახალი თაობის“ ამ და სხვა კითხვებს ექსპერტები რამაზ საყვარელიძე და თორნიკე შარაშენიძე პასუხობენ.

———–

რამაზ საყვარელიძე. ექსპერტი, ფსიქოლოგი.

- ბატონო რამაზ, ნაციონალურმა მოძრაობამ ოფიციალურად წარადგინა მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი. რა შანსები აქვს მას და ექნებოდა თუ არა მეტი შანსი უდუმაშვილს, ის რომ დამოუკიდებელი კანდიდატი ყოფილიყო?

- რა თქმა უნდა, დამოუკიდებელ კანდიდატს მეტი შანსი აქვს დღევანდელ პირობებში, მაგრამ უდუმაშვილი არ აღიქმება დამოუკიდებელ კანდიდატად, ამიტომ გინდ ყოფილიყო ნაციონალების სახელით და გინდ არა, რეაქცია მაინც ერთნაირი იქნებოდა.

- გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი ვარო...

- რაც შეეხება გაბრაზებულ თბილისელებს, სიტყვებს რეალური მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს იმის მიხედვით, თუ ვინ ამბობს ამას. 2012-ში ნამდვილად იყვნენ გაბრაზებული ადამიანები. დღეს უკმაყოფილო ადამიანები არიან, გაბრაზებული ნამდვილად არა. 2012-მდე ჩვენ გვახსოვს რამდენი დემონსტრაცია იყო, მათ შორის სისხლით დარბეული. დღეს უკმაყოფილება არის, მაგრამ ეს უკმაყოფილება იმ გაბრაზებამდე არ მისულა, როცა ქუჩაში ხალხი გამოდის. ამიტომ ტერმინებს რომ მოუფრთხილდნენ და ასე არ ისროლონ, რომელიც მათ მიმართ გამოიყენება უპირველეს ყოვლისა, ალბათ მათთვის უკეთესი იქნება, იმიტომ, რომ მათ სიტყვას ექნება ფასი, თუ არადა მათივე სიტყვა უფასურდება, როცა იწყება სიტყვების გაყალბება.

- რა შანსები აქვს თბილისში ნაციონალურ მოძრაობას?

- თბილისში ნაციონალური მოძრაობის შანსი არის იმ მხარდამჭერების რიცხვი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ხმას აძლევს მათ. ეს შედარებით ნაკლებია, ამიტომ შანსიც მცირეა.

- კარს ვტოვებთ ღიას, ვისაც სურვილი აქვს, შემოგვიერთდეს, მე სხვა პარტიების კანდიდატიც ვიქნებიო. ანუ გაერთიანებას სთავაზობენ ოპოზიციურ პარტიებს ნაციონალები? წავა ამაზე ოპოზიცია? რამდენად სჭირდებათ დღეს ნაციონალური მოძრაობის იარლიყი?

- მე მახსოვს, რომ რამდენჯერმე გაიჟღერა ანალოგიურმა შეთავაზებებმა ნაციონალების მხრიდან და მაშინაც კი, როცა პარტიებს ძალიან უჭირდათ, ამგვარი შეთავაზება არ მიუღიათ. ფაქტებმა გვიჩვენა, რომ დამღუპველია ამ წინადადების მიღება პარტიებისთვის.

- რას გულისხმობთ?

- პაატა ბურჭულაძე რომ შემოვიდა პოლიტიკაში, მის მიმართ, როგორც მესამე ალტერნატიული ძალის მიმართ, ძალიან დიდი ინტერესი იყო, დიდი სიმპათია გაჩნდა. 10%-ზე მეტი აიღო მაშინვე რეიტინგებში, როგორც კი შემოვიდა, მაგრამ როგორც კი გამოიკვეთა, რომ იგი ნაციონალების მომხრე იყო, ოღონდ ეს ირიბად გამოჩნდა, ამ ყველაფრის შემდეგ პაატა ბურჭულაძის რეიტინგი დაეცა. ასე რომ, ნეიტრალური ფიგურაც კი, საკმაოდ დიდი ავტორიტეტის, გააფუჭა, ჩაძირა ნაციონალურმა მოძრაობამ.

დღევანდელი სუსტი პარტიები, რომლებიც 10%-ს ყველა ერთადაც კი ვერ აგროვებს, ნაციონალებს რომ მიეწებონ, კიდევ უფრო მძიმე იქნება მათი შედეგები.

- ასევე წარადგინეს ნიკა მელიას კანდიდატურა, რომელიც აცხადებს, რომ ტოვებს პარლამენტის დეპუტატის მანდატს და იბრძოლებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის

- ეს მათი არჩევანია. მიაჩნიათ, რომ თბილისი ისეთი ძლიერი რეგიონია, რომ აქ დიდი ბრძოლაა საჭირო. რეალურადაც ასეა, საკვანძო ადგილია ნებისმიერი პოლიტიკური არჩევნებისთვის. კი ბატონო, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარე რომ გახდეს, ჯერ საკრებულოში უმრავლესობა უნდა მოიპოვოს ნაციონალურმა მოძრაობამ. ამ სტატუსისთვის ბრძოლა მეეჭვება, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის პერსპექტიული იყოს.

- ბოლო პერიოდში ხშირად იხსენებენ და ადარებენ დღევანდელ სიტუაციას შევარდნაძის მოღვაწეობის ბოლო წლებს, როდესაც მან წააგო ადგილობრივი არჩევნები მაშინდელ ოპოზიციასთან. გვახსოვს, რომ სააკაშვილი გახდა იმ დროს საკრებულოს თავმჯდომარე. რამდენად აქვს დღეს რომელიმე ოპოზიციურ ძალას იმის შანსი, რომ დაამარცხოს ქართული ოცნება?

- ჯერ ერთი, მაშინ, თუ არ ვცდები, „ბოროტი ენები“ ამბობდნენ, რომ გაიმარჯვა ლეიბორისტულმა პარტიამ. იმ პერიოდში ლეიბორისტული პარტია სიახლეს წარმოადგენდა და ხალხი ამ სიახლემ მიიზიდა. დღეს ნაციონალური მოძრაობა ხალხისთვის ასეთ სიახლეს არ წარმოადგენს. ხოლო რითაც ცნობილია საზოგადოებაში, ეს ხალხისთვის დიდად მიმზიდველი არ არის.

- ქართული ოცნება რატომღაც არ ჩქარობს საარჩევნო კამპანიის დაწყებას. ოფიციალურად არც კანდიდატი წარუდგენიათ. კახი კალაძე აცხადებს, პოლიტსაბჭო ჩატარდება და გადაწყდება, ვინ იქნება კანდიდატიო. მისივე თქმით, სამი თვის განმავლობაში საარჩევნო კამპანიის ჩატარება ამომრჩევლის შეწუხებაა. რას იტყვით თქვენ?

- თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს სამი თვე ზაფხულის თვეებია. პრაქტიკულად ალბათ დაკარგული თვეებია. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ალბათ სპრინტერის პრინციპს აირჩევს, როცა გვიან ერთვება ფინალური ბრძოლისთვის სპორტსმენი და იმარჯვებს სწორედ იმის ხარჯზე, რომ გადაქანცულ მეტოქეებს გადაუსწრებს ხოლმე. ეს სტრატეგიაც არსებობს.

- რატომ აჭიანურებს პრეზიდენტი არჩევნების თარიღის გამოცხადებას?

- არ არის გამორიცხული, ოქტომბერში გადავიდეთ. თუმცა, გინდ სექტემბერი იყოს და გინდ ოქტომბრის შუა რიცხვები, ან სულაც ოქტომბრის ბოლო, არსებითად არ მგონია, სურათი შეიცვალოს.

- ანუ ამ არჩევნებშიც ოცნებაუალტერნატივო იქნება?

- ამ არჩევნებში „ოცნება“ კიდევ უფრო უალტერნატივო იქნება, რადგან პერსონალური თემა მოდის წინა პლანზე. ანუ თბილისის მერობა! თბილისის მერობის თვალსაზრისით კი ბევრი უპირატესობა აქვს კახი კალაძეს. უკვე დიდი უპირატესობაა ის, რომ არ არის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. მით უმეტეს, არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. გარდა ამისა, მას, განსხვავებით ნაციონალების კანდიდატ უდუმაშვილისგან, აქვს მეურნე მუშაობის გამოცდილება, სადაც თავი არც ისე ცუდად აჩვენა. საკმაოდ წარმატებული მინისტრი იყო. ეს დიდი პლუსია მერობისთვის, თუ პრაგმატულად მიუდგება მოქალაქე. მერობა არ არის მარტო პოლიტიკური თანამდებობა. დასახელებულ კანდიდატებს კალაძე არაფრით ჩამოუვარდება, პირიქით, ყველა მათგანს ჯობია.

- ამ არჩევნებზე რამდენად წამოიწევს წინა პლანზე ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი? ის ამ არჩევნებში არ ჩაერთვება? რას იტყვით თქვენ?

- ივანიშვილი ყოველთვის ცდილობს, არ მიიღოს მონაწილეობა, თუ არ არის ამის აუცილებლობა. 2016-შიც მინიმალურად ჩაერია. მე მგონი, კახი კალაძის ფიგურასთან დასახმარებელი ჩარევა არ იქნება საჭირო.

———–

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ „თუ სერიოზული სისტემური კრიზისი არ შეიქმნა „ოცნებაში“, ნაციონალურ მოძრაობას და მის კანდიდატს თბილისში სერიოზული შანსები არ აქვს“.

- ანუ ზაალ უდუმაშვილის შანსები მინიმალურია?

_ თუ `ოცნებას~ გამოვრიცხავთ, ამ შემთხვევაში შანსი პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობას აქვს, ხოლო ამ მონაცემებით მათი შანსი ნაკლებია. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ თბილისში ნაციონალურ მოძრაობას გაცილებით ნაკლები რეიტინგი აქვს, ვიდრე რეგიონებში.

- რა შანსი ექნებოდა უდუმაშვილს, დამოუკიდებელ კანდიდატად რომ ეყარა კენჭი?

- ამ შემთხვევაში მედლის ორი მხარეა. კი, თბილისში ნაცმოძრაობა ბევრს არ უყვარს, ამიტომაც ეს ზაალ უდუმაშვილის პირად რეიტინგს რაღაცას აკლებს, მაგრამ, ამავდროულად, მის უკან დგას საკმაოდ სერიოზული პარტია სერიოზული რესურსებით. ასე რომ, ძნელია იმის თქმა, დამოუკიდებლად ზაალ უდუმაშვილი მეტ ხმას აიღებს თუ არა. ალბათ, არა. დღეს მის უკან დგას გამოცდილი პარტია, მობილიზებული ამომრჩევლით. მას უკვე აქვს გარანტირებული ხმები, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი ნამდვილად არ არის.

- მით უმეტეს მაშინ, თუ მისი მეტოქე კალაძე იქნება?

- წესით, დიდად კალაძეც არ უნდა უყვარდეთ თბილისში. თბილისელებს უკვე მეორედ არათბილისელი მერი ალბათ არ მოსწონთ, მაგრამ ეს უნდა გადაწონოს მაინც თბილისელების ანტიპათიამ ნაციონალების მიმართ. ფაქტია, რომ ეს ანტიპათია ჯერ კიდევ არსებობს.

- და მათ ვერც ზალიკო უდუმაშვილი უშველის?

_ დღეს ნაციონალებმა იპოვეს მშვენიერი კანდიდატი, რომლის მიმართაც არავის პრეტენზია არ აქვს, მათ შორის თბილისელ ყველაზე უფრო რადიკალ ქოცებსაც კი. მომავალში, შესაძლოა, ეს კანდიდატი გამოადგეთ კიდეც, თუ ნაციონალური მოძრაობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაძლიერდება და შეივსება მისი რიგები ახალი სახეებით. ამას დიდი დრო და სწორი მუშაობა დასჭირდება. ჯერჯერობით უჭირთ.

- რატომ შეირჩა უდუმაშვილის კანდიდატურა?

- ნაციონალებში სერიოზული კრიზისია და ამ სიტუაციაში უდუმაშვილი მათთვის დიდი მიგნებაა. ეს არის პარტია, რომელიც ხუთი წლის წინ იყო ძლიერი და ახლა დაიშალა რამდენიმე ნაწილად. იმ ნაწილს, რომელიც დარჩა, უბრალოდ შერჩა სახელი ნაციონალური მოძრაობის. ზალიკო უდუმაშვილი კარგი ნაბიჯია, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი. მე არ ვიცი, ზალიკო როგორ დაითანხმეს, უნდოდა თუ არა მერობის კანდიდატობა, ესეც საკითხავია, მაგრამ ეს მიღწევაა ნაციონალებისთვის და არა – თავად ზაალ უდუმაშვილისთვის. დღეს ნაციონალებს უფრო აწყობთ უდუმაშვილი, ვიდრე პირიქით.

- რამდენად წარმატებული იქნება მისთვის პოლიტიკაში წასვლა? ბევრი ცნობილი სახე წავიდა ჟურნალისტიკიდან, თუმცა ისევ უკან დაბრუნდნენ...

- ეს გვახსოვს ჩვენ. თუმცა ზალიკოს უკან პარტია დგას და იდგება ბოლომდე. ხოლო სხვა ჟურნალისტები, ვინც წავიდნენ, გვარს აღარ დავასახელებ, მათ უკან ძლიერი პარტიები არ იდგა. მათ უკან დროებითი პარტიები იდგა.

- ბიძინა ივანიშვილის ასეთი პასიურობის მიუხედავად, ოცნება» ამ არჩევნებში უალტერნატივოა?

_ კი, თუ „ოცნებას“ არ ექნება სისტემური კრიზისი. ჯერჯერობით სისტემური კრიზისი არ დგას. თუმცა ორი კვირის წინ იცით, რაღაც ხმები გავრცელდა, თუმცა ამას სერიოზული ჯერჯერობით არაფერი მოჰყოლია. ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდება.

- თქვენ ასე ფიქრობთ?

- დიახ, რადგან ბიძინა ივანიშვილს არ აწყობს, რომ კალაძემ დამოუკიდებლად მოიგოს არჩევნები, ისე, რომ ბიძინა ივანიშვილი მის გვერდზე ერთხელაც არ გამოჩნდეს. ეს ივანიშვილისთვის მიუღებელი იქნება. გამომდინარე ძველი გამოცდილებიდან, მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. როცა მარგველაშვილის კანდიდატურა დასახელდა, მის გვერდით იდგა, ასევე იდგა ნარმანიას გვერდით. ამით აფიქსირებდა ივანიშვილი, ჩემ გარეშე ვერ გავლენო. მარგველაშვილის გვერდით რომ არ მდგარიყო ივანიშვილი, მარგველაშვილი მაინც გავიდოდა, რადგან ის `ოცნების~ კანდიდატი იყო. უფრო იმიტომ იდგა, რომ დაენახებინა ხალხისთვის, ჩემი ავტორიტეტის გარეშე ის არაფერს წარმოადგენსო.

- იგივე იქნება კალაძის შემთხვევაშიც?

- ახლაც ასე იქნება. მით უმეტეს, კალაძის შემთხვევაში, როდესაც კახი კალაძე ჩამოყალიბდა ძლიერ თვითმყოფად ფიგურად, ვიდრე 2012-ში იყო მარგველაშვილი, არ მგონია, რომ მას მისცეს ამის საშუალება და კალაძემ თქვას, რომ დამოუკიდებლად მოიგო არჩევნები, ბიძინას დახმარების გარეშე. ივანიშვილი ამას არ დაუშვებს.

- კვირიკაშვილმა განაცხადა, კალაძეს სერიოზული პოლიტიკური ამბიციები აქვსო. ის მხოლოდ მერობით შემოიფარგლება?

- ეს ჩანს ნამდვილად, რომ მას სერიოზული ამბიციები აქვს. მე მგონი, არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მერობით. კალაძეს რომ ვუყურებ, გამომდინარე იქიდან, რასაც მიაღწია, მისი სპორტული ჟინიდან, მას მეტი ამბიციები უნდა ჰქონდეს. რამდენად მისცემს ამის საშუალებას ბატონი ბიძინა, ეს სხვა ამბავია.

- რატომ აჭიანურებს ოცნება მისი კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენას?

- ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ „ოცნების“ შიგნით რაღაც ხდება. ამიტომაც ვახსენე სისტემური კრიზისი, შიდა ჯგუფური დაპირისპირებები და სწორედ ამის გამოვლინებაა კალაძის წარდგენის გაჭიანურება. არის პატარა შანსიც, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს სისტემურ კრიზისში.

- უშვებთ იმას, რომ შესაძლოა შეცვალონ კანდიდატი და ეს სულაც არ იყოს კახი კალაძე?

- არაფერი გამორიცხული არ არის. ფაქტია, რომ ეს პროცესი ძალიან ჭიანურდება.

ახალი თაობა“, 27 ივნისი, 2017 წელი

გია ჟორჟოლიანი ქართულ ოცნებას ტოვებს?

94- მუხლის არსებული ფორმით დატოვება მიუღებელია

დატოვებს თუ არა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატები“ „ქართულ ოცნებას“ და წარმოგვიდგება თუ არა კონსტრუქციულ ოპოზიციად? რას ნიშნავს სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტში?

ყოველ შემთხვევაში, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ ლიდერი გია ჟორჟოლიანი და წევრები ბექა ნაცვლიშვილი და კობა ნარჩემაშვილი, მიუხედავად იმისა, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცეს, უკმაყოფილო არიან კონსტიტუციაში 94-ე მუხლის დატოვებით.

გია ჟორჟოლიანი „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ იბრძოლებენ 94-ე მუხლის გაუქმებისთვის და არ გამორიცხავს პოლიტიკურ ბრძოლასაც. „მოქმედებას ვაპირებთ და შეიძლება პოლიტიკურ ბრძოლაც. 94-ე მუხლის გაუქმებაც გვინდა და კანონმდებლობის შეცვლაც, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების აქტის სახელით არის ცნობილი“, – აღნიშნავს გია ჟორჟოლიანი.

ჩვენს კითხვაზე, „პოლიტიკური ბრძოლა რას ნიშნავს – უმრავლესობას ხომ არ გამოეყოფით კონსტრუციული ოპოზიციის სახით?“, გია ჟორჟოლიანმა გვიპასუხა: „უახლოეს ხანში ჩვენს სამოქმედო გეგმებს გავაცნობთ ფართო საზოგადოებას“.

ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა და ფრაქციის წევრებმა ბექა ნაცვლიშვილმა და კობა ნარჩემაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

გია ჟორჟოლიანს მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები წინ გადადგმული ნაბიჯია. მოქმედ რედაქციასთან შედარებით ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული პროექტია, რის გამოც ფრაქციის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დავუჭირეთ, რადგან უდავოა, იგი მოქმედ კონსტიტუციასთან შედარებით გაუმჯობესდა ბევრი თვალსაზრისით: მმართველობის სისტემის, სასამართლოს, მიწის ფლობის, ადამიანის უფლებათა საკითხებზე ახალი ჩანაწერები, წარმოდგენილი ჩვენი პარტიის თუ სხვათა მიერ, კონსტიტუციას ბევრად დაახლოებულს ხდის საზოგადოებასთან და ხალხის ინტერესებთან“. – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

გია ჟორჟოლიანი კონსტიტუციის 94-ე მუხლის გაუქმებას მოითხოვდა და მომავალშიც ამ კუთხით მოქმედებას. მათ შორის, პოლიტიკურ ბრძოლასაც არ გამორიცხავს.

„94-ე მუხლის არსებული ფორმით დატოვება მიუღებლად მიგვაჩნია, რადგან იგი ეჭვქვეშ აყენებს პარლამენტის მიერ მისი ძირითადი ფუნქციის განხორციელებას – წარმომადგენლობით კანონშემოქმედებასა და საშინაო პოლიტიკის განსაზღვრას. ამიტომ ვთვლით, რომ არ არსებობს მიზეზი ამ ცვლილების გადადებისთვის“, – აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

ბატონო გია, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები ორი მოსმენით მიიღო. თქვენ 94- მუხლის კონსტიტუციიდან ამოღებას მოითხოვდით. თუმცა, უმრავლესობამ თქვენი პოზიცია არ გაიზიარა. თქვენ განაცხადეთ, რომ ეს არის სააკაშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი ეკონომიკური და მმართველობის პოლიტიკის ინერცია. რატომ ფიქრობთ, ასე?

- ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონმდებლობა სააკაშვილმა მიიღო. მან მიიღო კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, შესაბამისი მუხლი კონსტიტუციაშიც შეიტანა და ქარტიაც მიიღო.

- უმრავლესობამ თქვენი პოზიცია რატომ არ გაიზიარა?

- გაიზიარა ნაწილობრივ. ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე მთლიანი ცვლილება შეიძლებოდა არ ყოფილიყო ხელსაყრელი ინვესტიციებისთვის. მე მიმაჩნია, რომ ეს არანაირად არ შეუშლიდა ხელს ინვესტიციებს. არც ერთ ქვეყანაში დედამიწის ზურგზე ამაზე კონსტიტუციური ჩანაწერი არ არსებობს.

- თუ ინვესტიციებს ხელს არ უშლიდა, მაშინ რატომ არ გაიზიარეს?

- მე ასე ვამბობ, მაგრამ ვიღაც ფიქრობს, რომ ასე არ არის. ორმა ძალიან ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ (სხვას რომ თავი დავანებოთ) ვენეციის კომისიამ და სავალუტო ფონდმა უთხრეს, ამოიღეთო. სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი არის არჩევითი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო საფინანსო დახმარებებს გვიწევს. ამიტომ 94-ე მუხლის კონსტიტუციაში დატოვება არის შეცდომა და ინერცია, რომელიც სააკაშვილის პოლიტიკიდან მომდინარეობს. ჩვენ უკვე ვნახეთ, ეს კანონი რაოდენ უვარგისია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გაუმჯობესებისათვის. ვიღაცას მიაჩნია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ 94-ე მუხლი გვჭირდება. მე მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური შეზღუდვები, რომელიც აფერხებს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას, ხელს უშლის სახელმწიფოს, როგორც ეკონომიკური განვითარების აქტიურ მონაწილეს, განსაზღვროს ეკონომიკური პოლიტიკა და ა.შ.

- ამ მუხლის დატოვება იმითაც ხომ არ იყო განპირობებული, რომ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე უარი თქვეს? ეს რაღაც მაკომპენსირებელი ნაბიჯი ხომ არ იყო? მიწის გაყიდვის აკრძალვაზეც ამბობდნენ, ინვესტიციების შემოსვლას შეამცირებსო...

- არა. როგორც აღვნიშნე, სავალუტო ფონდმა და ვენეციის კომისიამ მიიჩნია, რომ შეიძლებოდა კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღება, რაც მიწის საკითხთან არ არის დაკავშირებული. მათ შორის ვერავითარ კავშირს ვერ ვხედავ.

- ამ კუთხით კიდევ აპირებთ ბრძოლას?

- რა თქმა უნდა, მოქმედებას ვაპირებთ და შეიძლება პოლიტიკურ ბრძოლაც. ამ მუხლის გაუქმებაც გვინდა და კანონმდებლობის შეცვლაც, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების აქტის სახელით არის ცნობილი.

- პოლიტიკური ბრძოლა რას ნიშნავს? უმრავლესობას ხომ არ გამოეყოფით კონსტრუქციული ოპოზიციის სახით?

- უახლოეს ხანში ჩვენს სამოქმედო გეგმებს გავაცნობთ ფართო საზოგადოებას.

- მაინც არ გვეტყვით, რა არის ამ მხრივ მოსალოდნელი?

- გეგმები კარგად უნდა დავსახოთ და სისტემა უნდა წარმოგიდგინოთ. დასამალი არაფერია, მაგრამ დროა საჭირო, რომ ამას მივცეთ მიზანმიმართული, გეგმაზომიერი ხასიათი და ფართო საზოგადოებას ჩვენი გეგმები გავაცნოთ.

- თუმცა, ამ კუთხით გარკვეულ პარტიულ გადაწყვეტილებებს არ გამორიცხავთ?

- როგორც გითხარით, ჩვენი გეგმების შესახებ გაცნობებთ და ვაცნობებთ ფართო საზოგადოებას. კონსტიტუციის 94-ე მუხლი სავალდებულო გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდას ეხება კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.

გადასახადებისაგან განთავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონით, რომელიც ამოქმედდა 2011 წლის 1 იანვრიდან.  საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა, შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რეფერენდუმის დანიშვნის ინიცირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას. ეს ნორმა ამოქმედდა 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.

ასევე საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება აგრეთვე გადასახადის სახის მიხედვით, არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში, გადასახადის განაკვეთის ცვლილება. ეს ნორმა ამოქმედდა 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. სწორედ ამ მომენტიდან შევიდა ძალაში ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც ქვეყანამ უარი თქვა ძლიერ საპრეზიდენტო მმართველობაზე.

————————

ვერსია“, 26-28 ივნისი, 2017 წელი

ჰერეთში ქრისტიანულ ტაძრებს ტუალეტად და ძროხების სადგომად იყენებენ!

საპატრიარქო აზერბაიჯანის ხელისუფლებას მართლმადიდებლური ეკლესიების დაცვას სთხოვს: ეს აღმაშფოთებელია

ილია მარტყოფლიშვილი

ისტორიულ ჰერეთში ქრისტიანულ ტაძრები აზერბაიჯანელებმა კიდევ ერთხელ შეურაცხყვეს – ერთ-ერთ აზერბაიჯანულ ტელეგადაცემაში, ახალგაზრდა მამაკაცმა ქურმუხის ტაძრის საკურთხეველში „ავე მარია“ გაშარჟებულად შეასრულა. 2015 წელს კი აზერბაიჯანული ტელეარხის ინიციატივით, ტაძარი ფილმის გადასაღებ მოედნად გამოიყენეს – მოცეკვავეები საკურთხეველში ცეკვავენ, ხტუნაობენ და სხვადასხვა შეუფერებელ მოძრაობას აკეთებენ. გუმბათსა და კედელზე ცოცვისას კი კედლიდან ქვები ცვივა… საერთოდ, ისიც ცნობილია, რომ საინგილოში მდებარე ქრისტიანული ტაძრების ხშირად ალბანური ძეგლებად წარმოჩენას და ამით ისტორიის გაყალბებას ცდილობენ. საპატრიარქოს ცნობით, ზაქათალის რაიონში მდებარე უმოქმედო ტაძარიც შეუფერებელ მდგომარეობაშია – კარი არ აქვს და ხან ტუალეტად იყენებენ, ხანაც საქონლის სადგომად.

სხვათა შორის, 2015 წელს, როცა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის გამო ჩვენმა უწმინდესმა შეშფოთება გამოთქვა, ტელეკომპანია АТВ-მ ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში გადაღებული კლიპის ჩვენებაზე უარი თქვა.

მართლმადიდებელი სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ ახლახან გავრცელებული ზემოხსენებული ვიდეო ღვთისმშობლისა და, საერთოდ, ქრისტიანული სამყაროს შეურაცხყოფაა, თუმცა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის ცნობით, არსებობს მზაობა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ბოდიში მოიხადოს. ამასთან, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე ,,ვერსიასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ 21 ივნისს, ბაქოში გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, სადაც საკითხზე ორივე მხარემ იმსჯელა. „ეს აღმაშფოთებელია, რადგან ადამიანის რელიგიურ გრძნობებზე თამაში ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ საქართველოს საპატრიარქოს მიმართვას აზერბაიჯანული მხრიდან რეაქცია დაუყოვნებლივ მოჰყვა – აზერბაიჯანის რელიგიებთან ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელები დაგვიკავშირდნენ და აღნიშნეს, რომ ამ საკითხში უმაღლესი სასულიერო და თანამდებობის პირები ჩაერივნენ. მათი თქმით, ის, რაც მოხდა, კერძო ინიციატივა იყო და სახელმწიფოს პოზიციას არ გამოხატავდა. მეც მიმაჩნია, რომ ეს კერძო ინიციატივა გახლდათ და ამიტომ ცოტა რთულია, ადამიანების კონკრეტულ ქმედებებზე პასუხი სახელმწიფოს მოვთხოვოთ. მოკლედ, ჩავთვალოთ, რომ პრობლემა ამოწურული და მოგვარებულია, თან ბაქოში გამართულ შეხვედრაზე რელიგიის კომიტეტმა არათუ ბოდიში მოიხადა, არამედ, პირობა დადო, რომ ამგვარი ფაქტები მომავალში აღარ განმეორდება.
წელიწადზე მეტია, ჰერეთში ახალი მღვდელმსახურია გაგზავნილი. აზერბაიჯანში მოქმედი კანონით, იმ ადამიანს, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქე არაა, რელიგიური რიტუალების ჩატარება ეკრძალება. ამიტომ, არქიმანდრიტმა დემეტრე თეთრუაშვილმა მსახურების გაგრძელება ვეღარ შეძლო და სხვა სასულიერო პირის შერჩევა მოგვიხდა. დეკანოზმა პეტრე ხუმარაშვილმა აზერბაიჯანის მოქალაქეობა მიიღო და წელიწადზე მეტია, ჰერეთში შეუფერხებლად მსახურობს – ყოველ შაბათ-კვირას წირვა-ლოცვა ტარდება, დღესასწაულები სათანადოდ აღინიშნება და მრევლს და სასულიერო პირებსაც საზღვრის გადაკვეთა დაუბრკოლებლად შეგვიძლია“.

მეუფეს თქმით, მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის სამართალდამცავმა უწყებებმა გამოძიება დაიწყეს. ისე, ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო დროს ქურმუხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების სიმრავლე შეინიშნება – პოლიცია ტაძართან მიმსვლელ ნებისმიერ მსურველს არათუ ამოწმებს, არამედ, ეკლესიაში მობილური ტელეფონის შეტანასაც უკრძალავს.

როგორც „ვერსიამ“ გაარკვია, ქურმუხის ტაძარი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას არ ექვემდებარება. შესაბამისად, საპატრიარქო ვერც მეთვალყურეობას ახდენს და ვერც დარაჯს აყენებს. აზერბაიჯანის რესპუბლიკა ქრისტიანებს ლოცვის უფლებას მხოლოდ განსაზღვრულ ტაძრებში აძლევს, ქურმუხის ტაძრის კარი კი წელიწადში ორჯერ, მხოლოდ გიორგობაზე იხსნება. ამდენად, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, ტაძარში ვინ და რას გააკეთებს…

ჰერეთში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი, დეკანოზი პეტრე (ხუმარაშვილი) ამბობს, რომ დანარჩენ ორ ტაძარში მღვდელმსახურების აღსრულების პრობლემა არაა: „დანარჩენ ტაძრებში მეთვალყურეც გვყავს და იქ ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც წესრიგზე სხვა დღეებშიც ზრუნავენ. ქურმუხის ეკლესია ქალაქიდან 7 კილომეტრით დაშორებულ შემაღლებულ ადგილზეა აგებული, შესაბამისად, იქაურობა უმეტესად უყურადღებოდაა მიტოვებული. იქ მოღვაწეობა მეკრძალება, თუმცა როგორც Aზერბაიჯანის მოქალაქეს, შემიძლია, ტაძარს ვესტუმრო. თუ ამ კანონს დავარღვევ, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დამაჯარიმებენ, კანონის მეორედ დარღვევას კი სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიეცემა“.

პარლამენტის წევრი, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი „ვერსიასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ორივე ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია და იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანული მხარე ადეკვატურად იმოქმედებს – დამნაშავესაც დასჯის და ვანდალური ფაქტების პრევენციასაც მოახდენს: „ამ ვანდალიზმის ჩამდენები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. ჩემი აზრით, საქმე დიდ კი არა, ძალიან პატარა ჯგუფთან გვაქვს, რომელსაც ამ აქციით რაღაცის გამოხატვა სურს“.

როგორც აღვნიშნეთ, მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას, ასევე, სულიერ ლიდერს მიმართა, რომ კახის რაიონში მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში მომხდარი ფაქტი შეისწავლოს და, საერთოდ, ქრისტიანული ეკლესიის მიმართ უდიერი დამოკიდებულება შეწყდეს: „გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს იმ დამოკიდებულების გამო, რაც საინგილოში, კახის რაიონში, მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმართ განხორციელდა. კერძოდ, აზერბაიჯანული გასართობი ტელეკომპანია „არბის” ეთერში გავიდა გადაცემა „ფერნანდო ქალაქშია“, რომლის ერთ-ერთი სიუჟეტი გადაიღეს ქურმუხის ტაძარში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ტაძრის საკურთხეველში შეუფერებელი მანერით „ასრულებს“ შუბერტის „ავე მარიას“.

სამწუხაროდ, ეს უკვე ჩვენთვის ცნობილი მეორე შემთხვევაა, როდესაც ამ ძეგლს უდიერად ექცევიან. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ტელეკომპანია „ატვ“-მ მკრეხელური შინაარსის კლიპი სწორედ აქ გადაიღო. ქურმუხის ეკლესია უდიდესი მადლისა და ძალის სალოცავია და ეს აღიარებულია, როგორც მართლმადიდებლების, ისე მუსლიმთა მიერაც. ამიტომაც გაუგებარია და დიდად საწყენი, რომ შეუფერებელი ქმედებები ხდება ამ ტაძარში და მის საკურთხეველში. ახლახან ინტერნეტ სივრცეში დაიდო ინფორმაცია იმის შესახებაც, როგორი დაუცველი და შეურაცხყოფილია ზაქათალის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ტაძარიც.

მივმართავთ აზერბაიჯანის ხელისუფალთ და ვთხოვთ სულიერ ლიდერს, მის აღმატებულება შეიხ ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს, დროულად მოხდეს ფაქტების მოკვლევა და სათანადო ზომების მიღება არსებული დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად.
ვიმედოვნებთ, ჩვენს ქვეყნებსა და რელიგიურ ლიდერთა შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულება მდგომარეობის დროულად გამოსწორების წინაპირობა იქნება“.

შეგახსენებთ: საქართველოს საპატრიარქო ჰერეთის ეპარქიის შექმნას ცდილობდა, რასაც აზერბაიჯანისგან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ამიტომ, ილია მეორემ გადაწყვეტილება შეცვალა და 2014 წლის 3 ივნისს, წმინდა სინოდის სხდომაზე მხოლოდ ამერიკის, კანადის, ბენილუქსის ქვეყნების, გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიები შეიქმნა. ჰერეთში კი ეპისკოპოსად არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი დადგინდა, თუმცა თეთრუაშვილი ეპისკოპოსად არ აკურთხეს. რატომ? – ამის შესახებ ოფიციალურად არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ ითქვა, რომ აზერბაიჯანთან ვითარების გამწვავებას მოერიდა და საპატრიარქომ გადაწყვეტილება ამიტომაც შეცვალა. მოკლედ, ჰერეთის სამრევლო დედოფლისწყაროს ეპარქიას შეუერთეს, რომელსაც ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია უწოდეს. იმ დღიდან ეპარქიის რეზიდენცია დედოფლისწყაროში მოქმედებს.

მართალია, მომხდარით ისტორიულ ჰერეთში მცხოვრები ქართველები შეშფოთებულნი არიან, მაგრამ საჯარო საუბარს თავს არიდებენ. კახის რაიონის მოსახლეობა ,,ვერსიასთან” პირად საუბარში ამბობს, რომ ისედაც არათანაბარ პირობებშია და თუ პრობლემებზე ღიად ისაუბრებს, დიდი ხნით საზღვარზე გადასვლის პრობლემა შეექნება და შესაძლოა, ფულადი ჯარიმაც დაეკისროს. რამდენიმე ახალგაზრდა, რომელთანაც ჰერეთის პრობლემებზე ინტერვიუ ოთხი წლის წინ ჩავწერე, იხსენებს, რომ ამის გამო პრობლემებს დღემდე აწყდება – მცირე ბიზნესის განვითარებასა თუ დასაქმებაში ხელი ეშლება.

ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ კრიტიკის შემდეგ ჰერებს მილიციის ადგილობრივ განყოფილებაში იბარებენ და თამამი განცხადებებისთვის ახსნა-განმარტებას სთხოვენ. „აბა, სცადეთ და ხატები ან ქართულენოვანი წიგნები საზღვარზე გადმოიტანეთ. ცხადია, პრობლემები შეგექმნებათ. ამ მიზეზით, მრავალი წელია, ჰერეთის ქართულენოვანი სკოლები მოძველებული წიგნებით სწავლობენ. სამაგიეროდ, მარნეულსა და ზოგადად, ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს თავიანთი სახელმწიფო ახალ-ახალი წიგნებით ყოველ წელს ამარაგებს და ქართული მხარე ამაში დაბრკოლებას არ ქმნის. როგორც ჩანს, ძმობა ცალმხრივია. სკოლა რამდენიმე წლის წინ დავამთავრე და მახსოვს, ისეთი წიგნი არასოდეს მქონია, რომელსაც ფურცლები არ აკლდა… სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფოს მხრიდან არ ჩანს ინტერესი და სურვილი, რომ ჰერებს ენის შენარჩუნებაში დაგვეხმაროს და ლიტერატურით მოგვამარაგოს“, – აცხადებს ადგილობრივი ნიკოლოზ ყიყიშვილი.

ადგილობრივები იმაზეც წუხან, რომ ჰერეთის სოფლებში ქართული სკოლების დახურვა და გამსხვილება იგეგმება, რის გამოც რამდენიმე სოფლის ბავშვებს განათლების მისაღებად ყოველ დღე ათეულობით კილომეტრიც გავლა მოუწევთ. „ვერსიის“ ინფორმაციით, ჰერეთში ამჟამად მოქმედი 7 სკოლის ქართულ სექტორებზე მოსწავლეთა სიმცირე თვალშისაცემი არაა. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ყოველ წელს, ყველა სკოლაში, პირველ კლასში 17-20 ბავში შედის. ამიტომ გაუგებარია, რატომ გეგმავენ სკოლების გამსხვილებას.

ჰერები აქცენტს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის უმოქმედობაზეც აკეთებენ და ამბობენ, რომ ის ჰერეთს მხოლოდ გიორგობაზე ანუ მაშინ სტუმრობს, როცა საქართველოდან ხალხი ჩადის. რიგითი მოქალაქეების გარდა, პრესასთან საუბარს ის ჰერელებიც ერიდებიან, რომლებიც აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ეწევიან.

მოკლედ, ჰერელები გვემდურიან და უყურადღებობას გვსაყვედურობენ. ძნელია, ჩვენს ძველ თანამემამულეებს არ დავეთანხმო _ ისინი ხომ ისტორიული უსამართლობის მსხვერპლნი ქურმუხის ეკლესიასთან ერთად არიან!..

Comments are closed