globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 27 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 27th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: „ქართული ოცნება” VS პრეზიდენტი – დაპირისპირების მორიგი რაუნდი

რეზონანსი“: ახდენს თუ არა გიორგი მარგველაშვილი თავისი გამოსვლებით სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „ასეთი შემადგენლობით „ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებს“ // „სახელმწიფო სტრუქტურები ნაციონალების ნარჩენებისგან სასწრაფოდ უნდა გაიწმინდოს!“

საქართველო და მსოფლიო: ინტერვიუ ელენე თევდორაძესთან: „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წევრი, რომლებიც დღეს იხდიან სასჯელს, ნამდვილი კრიმინალები არიან. გარკვეული პერიოდი ვიყავი მათთან ერთად, ამიტომ შეიძლება სხვებზე მეტი ვიცი იმაზე, რაც შიგნით ხდებოდა

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „გიორგი პაპუაშვილის განცხადებებში მეტი კონკრეტიკაა საჭირო“ // „მე ვარ აპოლიტიკური ადამიანი და ვიცავ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას“

——————-

რეზონანსი“, 27 ივლისი, 2016 წელი

“ქართული ოცნება” VS პრეზიდენტი – დაპირისპირების მორიგი რაუნდი

ეკატერინე ბასილაია

უკვე ორი დღეა პრეზიდენტი და “ქართული ოცნების” ლიდერები ერთმანეთს სკანდალური და არაკორექტული განცხადებებით ეხმიანებიან. გიორგი მარგველაშვილი ძალოვნების მხრიდან წნეხის საშიშროებაზე საუბრობს და კორცხელის ინციდენტის ადეკვატურად გამოძიებას და მასთან ვიცე-პრემიერი კალაძის კავშირის დადგენასაც ითხოვს. “ოცნებიდან” კი პასუხია, რომ ეს ამორალური, ზნეობადაკარგული განცხადება და ჭორაობაა.

“სამწუხაროა, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ამორალურ, ზნეობადაცემულ განცხადებებს ვისმენთ პოლიტიკოსებისგან,” – თქვა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ოზურგეთში პარტიის კანდიდატის წარდგენისას ჟურნალისტებთან პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას.

გიორგი მარგველაშვილსა და მმართველ გუნდს შორის უკვე მერამდენე, ლამის ტრადიციადქცეული დაპირისპირება ორშაბათს ხელახლა მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართა და ქვეყანაში არსებულ “ზეწოლის საშიშ ტენდენციაზე” ისაუბრა. თქვა, რომ პაპუაშვილის მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ მოსამართლეებზე განხორციელებულ წნეხზე ის არ გააკვირვა, რადგან წნეხის მცდელობა მისი ოჯახის წევრზეც იყო. ხაზი გაუსვა იმასაც რომ ამ ყველაფერში პრემიერი ჩართული არ არის და ეს მისი გვერდის ავლით ხდება.

პირველი გამოხმაურება იყო პრემიერისგან, რომელმაც პოლიტიკური კონტექსტი გამორიცხა და ყველას, მათ შორის უპირველესად პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მოუწოდა, “პოლიტიკური განცხადებების გაკეთებამდე” ინფორმაცია სამართალდამცავებს მიაწოდონ. თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციების დისკრედიტაცია ხდება, რაც მისთვის მიუღებელია. ამას მოჰყვა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის შეფასება, სადაც მან პრეზიდენტის განცხადებას არასერიოზული უწოდა და თქვა, რომ გაუჩნდა განცდა, პრესკონფერენციაზე პრეზიდენტს ალკოჰოლის ზედმეტი დოზა ჰქონდა მიღებული. ითქვა ისიც, რომ “ნაციონალური მოძრაობის” და პრეზიდენტის განცხადებები ძალიან ხშირად ემთხვევა ერთმანეთს, რაც, მისი აზრით, გარკვეულ პოლიტიკურ სიმპათიებზეც მიუთითებს. არანაკლები მწვავე შეფასება გააკეთა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემაც, რომელმაც გიორგი მარგველაშვილის ბრიფინგს “ჭორაობა” უწოდა.

ამის ფონზე, შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მათ პრეზიდენტის გერთან “არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი” არაერთხელ ნასამართლევი მინდია გოგოჭურის სახლი მართლაც გაჩხრიკეს, მაგრამ ყველაფერი კანონის დაცვით მოხდა. შემდეგ პროკურატურამაც გაავრცელა განცხადება, რომ პრეზიდენტის მიერ ნათქვამ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, როგორც მისი ოჯახის წევრზე განხორციელებულ წნეხზე, ისე მოსამართლეებთან დაკავშირებით და გუშინ საკონსტიტუციოს ყველა მოსამართლე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ურთიერთბრალდებები გუშინაც გაგრძელდა. გიორგი მარგველაშვილის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ სამშაბათს დილით ბრიფინგზე თქვა, რომ პრეზიდენტმა საკუთარი ოჯახის წევრთან დაკავშირებულ ფაქტზე ისაუბრა იმ მიზეზით, რომ პრემიერის გუნდში, მისი გვერდის ავლით გარკვეული ძალები პოლიტიკური პროცესის სხვა მიმართულებით წაყვანას ცდილობენ, და მეორე – პრეზიდენტის აზრით, უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროს კახა კალაძეს. “რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებებზე არაეთიკურ რეაგირებას და ბრალდებებს, პოლიტიკური ბრალდებები და გიორგი მარგველაშვილის დადანაშაულება ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან ალიანსის თაობაზე, ჩვენთვის ახალი არ არის და არც პირველი შემთხვევაა. ეს ჩვენ დიდი ხანია უკვე აღარ გვიკვირს,” – თქვა რკა მიშველაძემ.

კახა კალაძემ პასუხად პრეზიდენტს მოუწოდა, თავი შეიკავოს ჭორაობისგან და პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს, რადგან ბოლო ორი დღის განმავლობაში პრეზიდენტის მხრიდან არაადეკვატური განცხადებები ესმის და თვლის, რომ აშკარად ჩანს, მარგველაშვილი სახელმწიფო ინსტიტუტების გარკვეულ დისკრედიტაციას ცდილობს.

“მერე რა რომ გარკვეული ადამიანების ხათრით იქნა არჩეული, ის პრეზიდენტია, პატივი სცეს ამ ინსტიტუტს და თავი შეიკავოს ჭორაობისგან,” – განაცხადა კახა კალაძემ. მან გიორგი მარგველაშვილი ერთგვარად დაანამუსა კიდეც: რაც ის პრეზიდენტია, არ მახსოვს თუნდაც 2012 წელს კარალეთში მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით გაეკეთებინა განცხადება ან იმ ზონდერებთან დაკავშირებით, ვინც წლების განმავლობაში ქართველ ხალხს უსწორდებოდაო.

“ხათრით არჩეულობასა” და “ნაციონალებთან” კავშირზე ისაუბრა ირიბად “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემაც. მან პრეზიდენტს ისიც შეახსენა, რომ სწორედ ამ პარტიის დახმარებით გახდა 2013 წელს პრეზიდენტი სოფელ-სოფელ სიარულით და საარჩევნო შტაბს მაშინაც იგივე ადამიანები ხელმძღვანელობდნენ, ვინც დღეს.

“აქედან გამომდინარე, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია, არაკორექტულია და არაეთიკურია პრეზიდენტის მხრიდან საუბარი, კითხვების დასმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ამოძრავებდა საარჩევნო შტაბს არჩევნებში მონაწილეობის პროცესში. ძალიან კარგი იქნებოდა პრეზიდენტს დაესვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო ბოკერიას და მელიას როლი კორცხელის ინციდენტისა და პროვოკაციის წამოწყების დროს,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, პრეზიდენტ-ოცნებას შორის დაპირისპირების “უბედურების” თავი და თავი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მისი სატელევიზიო აღსარებაა, როდესაც მან მთელი ქვეყნის წინაშე გამოიგლოვა ფაქტი, რომ მის სურვილს ახლად არჩეული პრეზიდენტი არ ასრულებდა.

ამის შემდეგ “ოცნებასა” და მარგველაშვილს შორის თითქმის ნებისმიერ თემაზე იყო დაპირისპირება და კრიტიკული განცხადებები, ეს ეხებოდა ვიზიტებში დელეგაციის ხელმძღვანელობას, საერთაშორისო ხელშეკრულებებზე ხელმოწერას თუ უმრავლესობის მიერ მიღებულ კანონებზე ვეტოს დადება-არდადებას. ღარიბაშვილის წასვლისა და კვირიკაშვილის გაპრემიერების შემდეგ დაპირისპირება თითქოს შეწყდა, პრეზიდენტის მიერ კანონპროექტებზე დადებული ვეტოს შემდეგ მის მიმართ უმრავლესობის დეპუტატების კრიტიკა აღარ ისმოდა, თუმცა დროებითი მორატორიუმი ერთი თვის წინ დაირღვა, მაშინ, როდესაც მარგველაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის წარდგენას დაუჭირა მხარი და იმავე ქმედებისკენ საქართველოს დელეგაციის წევრებსაც მოუწოდა. ახლა კი ამ დაპირისპირების მორიგი და ჯერჯერობით, ყველაზე არაკორექტული სერიაც დაიწყო.

“ძალიან ვწუხვარ, რომ ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე საზოგადოებისგან სიმპათიას იმსახურებდნენ, დღეს სიხარულით ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი უზრდელობით გამოიჩინონ თავი პრეზიდენტის მიმართ და ეს აუცილებელი პირობაც იყო იმისათვის, რომ დღევანდელ პარლამენტარებს ახალ სიებში მოხვედრის პერსპექტივა ჰქონოდათ. რაც შეეხება ჩვენს პროკურატურას, სამწუხაროდ, ის ქართული სახელმწიფოს შავი ლაქა იყო, რჩება და ასეთი აწყობს იმ ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს რიგით მოქალაქეს უწოდებს, ხოლო იქცევა, როგორც ვამპირი. სანამ ჩვენი საზოგადოება არ გააქტიურდება და არ მოისურვებს, რომ ქვეყანა ცივილიზებულ ქვეყანას დაემსგავსოს, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ორივე წამყვანი პოლიტიკური ძალის მამა-მარჩენალთ არ სურთ სამართლიანი, მშვიდი არჩევნები შედგეს,” – ამბობს სოსო ცისკარიშვილი. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ის ძალიან დიდ პატივს სცემს, დღეს დამოუკიდებელი არ არის. “როდესაც მუდმივად გრძნობ იმ ადამიანის სუნთქვას, რომლის მიმართ სრულიად საფუძვლიანი პატივისცემა გაგაჩნია, ის კი სხვა მიდგომის ადამიანია, რა ქნას?! ვფიქრობ, არჩევნების მოგების შემდეგ ბატონი კვირიკაშვილის ფასი დაიკლებს, რადგან მას საქმე შესრულებული ექნება და შესაძლებელია, კვლავ ივანიშვილის უტყვი მონა-მორჩილი პრემიერი ვიხილოთ ღარიბაშვილის სახით,” – მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.

რეზონანსი“, 27 ივლისი, 2016 წელი

ახდენს თუ არა გიორგი მარგველაშვილი თავისი გამოსვლებით სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას?

ელზა პაპოშვილი

(შემოკლებით)

ახდენს თუ არა გიორგი მარგველაშვილი თავისი გამოსვლებით სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას? ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წევრებს მიმართა.

იგორ კვესელავა  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): კალაძის განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები. ასევე ვიზიარებ “ოცნების” სხვა ლიდერების შეფასებებს პრეზიდენტთან მიმართებაში. გიორგი მარგველაშვილი უკვე ყველაგვარ ზღვარს გადადის. სამწუხაროდ, ჰგონია, რომ მისი გამოხტომები ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ, პრეზიდენტის ინსტიტუტის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. არადა ყველაფერი პირიქით არის. ეს კაცი ყველაზე უმადური ადამიანია – რომ არა “ოცნება”, ის ამ თანამდებობაზე ვერასდროს მოხვდებოდა. მარგველაშვილი არჩეული კი არა, უბრალოდ დანიშნული პრეზიდენტია.

თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): კახი კალაძის განცხადებას არ ვეთანხმები, რადგანაც როცა ქვეყნის პირველი პირი ასეთ განცხადებას აკეთებს, რეაგირება მაშინვე უნდა მოხდეს. ჩემი აზრით, მარგველაშვილის ნათქვამი სწორია თუ არასწორი, ის მაინც ქვეყნის პირველი პირია და მის ყველა განცხადებას ადეკვატური რეაგირება უნდა მოჰყვეს.

პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას თავად “ქართული ოცნება” ცდილობს და მათი მხრიდან არაკორექტული კომენტარები გაკეთდა. სირცხვილია, როცა პრეზიდენტზე ამბობ, რომ თურმე მას ალკოჰოლი უყვარს და ზედმეტად მეტი ჰქონდა დალეული.

კახა კალაძემ კარალეთის ფაქტი ახსენა, კი ბატონო, მოხდეს ამ საქმის გამოძიება. ასევე მოხდეს კორცხელის ინციდენტის გამოძიებაც. თუ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი შეცდომები არ მოგწონს, იგივეს რატომღა იმეორებ? ასე სახელმწიფო წინ ვერ წავა. პრეზიდენტის გამოსვლაზე ღლაბუცი და დაცინვა, ეს რას ნიშნავს?

ნანა კაკაბაძე  (უფლებადამცველი): ვეთანხმები კახი კალაძის განცხადებას, რადგანაც ის პიროვნება, რომლიც პოლიციამ გაჩხრიკა და მარგველაშვილის განცხადებით მისი ოჯახის წევრია, სამართლიანად შეამოწმა. ეს ადამიანი წინა ხელისუფლების დროს ციხეში საკმოდ მძიმე დანაშაულებისთვის იხდიდა სასჯელს. 17 წელი ჰქონდა მისჯილი. მოვიდა თუ არა მარგველაშილი პრეზიდენტად, მაშინვე შეიწყალა, მითუმეტეს მასზე ნაკლები სასჯელი ჰქონდა ბევრ პატიმარს, რომლებიც არ გაათავისუფლა. ამიტომაც, როცა პრეზიდენტი გამოდის და მსგავს განცხადებას აკეთებს, თავად უნდა სცხვენოდეს. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელსაც პრეზიდენტი “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ახორციელებს. ის ამ ხალხს შეეკრა.

გია ბუღაძე  (ფერმწერი): კახი კალაძეს არასდროს არაფერში არ ვეთანხმები. არც ფეხბურთელობის დროს და არც ახალა. რაც შეეხება ინსტიტუტების დისკრედიტაციას, მარგველაშვილი კი არა, ამას “ქართული ოცნება” ახორციელებს. რაც უფრო ბევრს ილაპარაკებენ, ხალხი მით უფრო დაინახავს, ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი. ჩემი აზრით, ქვეყანაში ორი მაფიოზია, რომლიც ხელისუფლებას მართავს – ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე.

„ახალი თაობა“, 27 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: ასეთი შემადგენლობით ოცნება არჩევნებს ვერ მოიგებს“ // „სახელმწიფო სტრუქტურები ნაციონალების ნარჩენებისგან სასწრაფოდ უნდა გაიწმინდოს!

რატომ ალაპარაკდა პრეზიდენტი ზეწოლაზე არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, რა კითხვებს უნდა გასცეს მან პასუხი, რა მიზანს ისახავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები, რომელი სტრუქტურები უნდა გაიწმინდოს საეჭვო ხალხისგან? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.

ნიკოლოზ მჟავანაძე:

- პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებმა, მათზე შემდგომმა რეაქციებმა ცხადყო, თუ რა პროცესებთან გვაქვს საქმე. თუ 1991-1992 წლებში არაკანონიერი შეიარაღებული ფორმირებების მეშვეობით ხდებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურება, ახლა ორი წელია, ცრუ ბრალდებებით, სახელგამტეხი ინფორმაციების მუდმივი ტირაჟირებით ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, ნაცმოძრაობასთან და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ არასამთავრობოებთან ერთად, ცდილობენ, ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუტები – პროკურატურა, პოლიცია და სასამართლო. სწორედ ამ ინსტიტუტების ჩამოშლის შემდეგაა შესაძლებელი სახელმწიფო გადატრიალებისა და რევოლუციების მოწყობა, რასაც უკვე კარგა ხანია, აანონსებს ნაცმოძრაობა.

- ამათი განცხადებების საფუძველზე როგორ უნდა ჩამოიშალოს სახელმწიფო ინსტიტუტები?

- მათი ყველა განცხადება ამაზეა გათვლილი. პაპუაშვილის განცხადება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე მიდის ზეწოლა და შანტაჟი, თავიდანვე იმიტომ არ იყო სარწმუნო, რომ თავად მოსამართლეებმა ლალი ფაფიაშვილმა, მერაბ ტურავამ, ოთარ სიჭინავამ და სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა თავაძემ მედიასთან კატეგორიულად უარყვეს მათზე და სასამართლოს სხვა წევრებზე რაიმე სახის ზეწოლა და შანტაჟი. გიორგი პაპუაშვილის საჯარო განცხადებიდან გავიდა 6 დღე და, მიუხედავად მყისიერი შეთავაზებისა მთავარი პროკურატურის მხრიდან, გამოცხადებულიყო პაპუაშვილი დაკითხვაზე, ამ უკანასკნელმა კატეგორიული უარი განაცხადა. მიზეზად თქვა, არ ვენდობი გამოძიებასა და პროკურატურასო.

ჩნდება კითხვა: რატომ არ მიდის გამოძიებასთან სასამართლოს თავმჯდომარე? ამ კითხვაზე პასუხი ნათელია – მას არ აქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ეშინია, რომ თავად არ აღმოჩნდეს ბრალდებული.

- რატომ უნდა აღმოჩნდეს პაპუაშვილი ბრალდებულის სკამზე?

- ცრუ დასმენის გამო. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენა კანონით ისჯება. მიუხედავად ამისა, ნაცმედია და ნაცარასამთავრობოები ხელისუფლებას ბრალად სდებენ საქმის გამოძიების გაჭიანურებას, რაც გაუგებარია, რადგან წარსულში ჩადენილ დანაშაულზე თუ თავად ამგვარი ზეწოლისა და შანტაჟის მსხვერპლმა არ მიაწოდა ინფორმაცია და მტკიცებულება პროკურატურას, არ ითანამშრომლა მასთან, რა საქმის გამოძიებაზე შეიძლება იყოს საუბარი.

25 ივლისს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ასევე ღიად და გამიზნულად დაარტყა ძალოვან სტრუქტურებს, როცა თქვა, ჩემი სიძე როგორ გაჩხრიკეთო.

- არ შეიძლებოდა, პრეზიდენტს ამის გამო გამოეთქვა პრეტენზია?

- არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ამის გაკეთება. ამერიკის ან ევროპის რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტს ამ ტიპის განცხადება რომ გაეკეთებინა, დაუყოვნებლივ დადგებოდა მისი გადაყენების საკითხი. თავისი განცხადებით მარგველაშვილმა დაარღვია კანონის წინაშე ყველას თანასწორობის აღიარებული პრინციპი. მარგველაშვილისა და მისი და მისი დამცველი ასოების მისამართით მინდა ვთქვა, რომ აშშ-ისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების პირველი პირების შვილები და ოჯახის წევრები ხშირად ყოფილან კანონთან კონფლიქტში და გასამართლებულნიც, მაგრამ ეს არ გამხდარა მათ მხრიდან რაიმე შეთქმულების ძიების მიზეზი. ამ შემთხვევაში ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩხრეკისას პრეზიდენტის სიძის თანმხლებ პირს აღმოჩნდა ცივი იარაღი, რამაც შექმნა გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა თავად სიძესა და სხვა პირებსაც ჰქონოდათ იარაღი კანონით აკრძალული ან სხვა საშუალება. მივმართავ ასოებსა და მარგველაშვილის სხვა გულშემატკივრებს, ამ ამბავზე ხმაურს თავი დაანებონ და ის გააპროტესტონ, ნათესავების გადასარჩენად პრეზიდენტი კანონთან რომ შედიოდა კონფლიქტში.

- რას გულისხმობთ?

- 2013 წელს მისი ცოლისძმის შეწყალებას. მაკა ჩიჩუას ნახევარძმა, მიხეილ მგალობლიშვილი, რომელსაც 2012 წელს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 17 წელი მიუსაჯეს, მარგველაშვილმა შეიწყალა და ციხიდან გაათავისუფლა. სასამართლოს განაჩენის მიხედვით, მაკა ჩიჩუას ძმა მანამდე ორჯერ იყო გასამართლებული – ნარკოტიკების მოხმარებისთვის, ხოლო ბოლო დანაშაული მან პირობითი მსჯავრის ქვეშ ჩაიდინა. მიხეილ მგალობლიშვილმა ციხე 2013 წელს მაშინ დატოვა, როცა მას მინიმუმ კიდევ 10 წელი ჰქონდა მოსახდელი. ამაზე პატივცემულ ასოებს განგაში არ აუტეხიათ.

- თქვენ თვითონ თუ გააპროტესტეთ ეს ამბავი?

- პრეზიდენტის რეზიდენციასთან ამის გასაპროტესტებლად აქციაც გავმართეთ.

- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ხმა არ ამოიღოს, თუ მასზე ზეწოლა ხორციელდება?

- თუკი პრეზიდენტი საუბრობს მასზე ზეწოლაზე, თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეც საუბრობს ამგვარ ქმედებაზე და ორივე მათგანი ღია ბოიკოტს უცხადებს საგამოძიებო სტრუქტურებსა და მათ ვიღაცების პოლიტიკურ ინსტრუმენტად მიიჩნევენ, ამ ფონზე რაღა უნდა იფიქროს უბრალო მოქალაქემ, რომელსაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებისგან ასეთი განცხადებები ესმის. ყოველივე მიზნად ისახავს საზოგადოებაში დაუცველობისა და უკანონობის განცდის შექმნას, რათა არჩევნების წინ ნაცმოძრაობის დაანონსებულ სახელმწიფო გადატრიალებას სწორედ ამ უბრალო მოქალაქეებმა დაუჭირონ მხარი.

პაპუაშვილისა და მარგველაშვილის განცხადებები ასევე გათვლილია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად. როცა სახელმწიფოს მიერ ძალადობაზე ქვეყნის პრეზიდენტი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საუბრობენ, ამას სხვა ელფერი და გამოხმაურება აქვს.

ეს ჩვენ ვიცით, რომ ორივე ოდესიდან იღებს დავალებებს ამ განცხადებების გასაკეთებლად, მაგრამ ევროპაში ამის ახსნა, ხშირ შემთხვევაში, ძალიან ჭირს. ერთი კი უდავოდ ფაქტია: მარგველაშვილისა და პაპუაშვილის განცხადებები სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევისა და ნაცმოძრაობის დაანონსებული სახელმწიფო გადატრიალებისთვის შესაბამისი ფონის შექმნისკენაა მიმართული.

ასეთ ვითარებაში ხელისუფლებას განსაკუთრებული ყურადღება მართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდია იმის ალბათობა, რომ აქ მოვლენები თურქული სცენარით განვითარდეს. ერდოღანის ხელისუფლებისგან განსხვავებით, `ქართულ ოცნებას~ ძალიან გაუჭირდება თავის გადარჩენა. იმისათვის, რომ მომავალში ასეთი რამე აღარ მოხდეს, ერდოღანმა სამთავრობო სტრუქტურებში სერიოზული წმენდა დაიწყო. იგივე უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე პუტჩამდე მივა. ჩვენი სპეცსამსახურები ვალდებულნი არიან, გამოავლინონ ის ხალხი, რომლებიც უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებზე მუშაობს. იმის მტკიცება, რომ აქ მხოლოდ რუსეთს აქვს ინტერესი, სისულელეა. აქ რამდენიმე ქვეყანა ცდილობს გავლენის მოპოვებას.

- თქვენ დიდი წმენდის დაწყებას ითხოვთ. ეს არჩევნების წინ სარისკო არ იქნება?

- გაცილებით სარისკოა სამთავრობო სტრუქტურებში სხვა ქვეყნის დავალებების შემსრულებელი პირების ყოფნა. თითქმის ყველა სახელისუფლებო სტრუქტურაში არიან ადამიანები, რომლებიც დასავლეთიდან იღებენ დავალებებს. საქართველოს ხელისუფლება როგორც კი დამოუკიდებელი თამაშის დაწყებას გაბედავს, ამერიკა მის შესაცვლელად დაიწყებს მუშაობას და, როგორც თურქეთში მოუწყვეს ერდოღანს პუტჩი, იმავეს გაიმეორებენ აქაც.

- ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ერდოღანი სწორედ აშშ-ის ჩარევის შედეგად გადარჩა...

- ეს შეფასებები მეც მოვისმინე და პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის სისულელე. ერდოღანის ჩამოგდება ამერიკამ იმიტომ გადაწყვიტა, რომ მან რუსეთთან თავისი დამოკიდებულება შეცვალა. თურქეთის პრეზიდენტი გადაარჩინა რუსეთმა და ამაზე უკვე დასავლური მედიაც წერს. მთავარი როლი მაინც ხალხმა ითამაშა და ვთვლი, რომ საქართველოშიც ხალხზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. ხალხი ნაციონალების დაბრუნებას არ დაუშვებს.

- ნაციონალების დაბრუნება შეიძლება არ დაუშვან, მაგრამ არც ოცნებას დაუჭერენ მხარს. ყველა კვლევა იმაზე მიუთითებს, რომ მმართველმა გუნდმა ძალიან ბევრი მხარდამჭერი დაკარგა. მათ რიგებში ყოფილი ნაციონალებიც მრავლად აღმოჩნდნენ...

- „ქართულ ოცნებაში“ ბევრი სპორტსმენია და შევეცდები, მათთვის გასაგებ ენაზე ვისაუბრო. ბარსელონა სათამაშოდ მესამე შემადგენლობით რომ გამოვიდეს, შესაძლოა, მას თბილისის „დინამომაც“ კი მოუგოს. „ქართული ოცნება“ ბარსელონა არ არის და მის მიერ წარმოდგენილი ხალხი მესამე შემადგენლობაზე უარესია. ასეთი შემადგენლობით წარმატებაზე ფიქრი უაზრობაა. როდესაც სპორტსმენი შედარებით ძლიერ გუნდში გადადის, ამისთვის ხომ სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ისეთი ხალხია მოხვედრილი, რომლებსაც ეს წლები ხმა საერთოდ არ ამოუღიათ. ამ ხალხმა ისიც კი არ იცის, რას ნიშნავს პოლიტიკა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ხალხის ჩაჩოჩება მიდის, ვინც მთელი ეს წლები ნაციონალების რეჟიმს ებრძოდა. არც იმათ აფასებენ, ვინც ყველაფერი გააკეთა, 2012 წელს არჩევნები „ქართულ ოცნებას“ რომ მოეგო. ახლა, როცა ამ ხალხზე ეკითხებიან, ასეთი პასუხი აქვთ – ქუჩიდან ხომ არ მოვიყვანდით სიისთვის ხალხსო. ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს ე.წ. ახალი სახეები ძალიან ინტელიგენტები არიან. მათ სასარგებლოდ მხოლოდ ის მეტყველებს, რომ სადღაც დასავლეთში სამთვიანი კურსები გაიარეს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ასეთი შემადგენლობით „ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებს. კონკრეტულად ამ პარტიის ბედი არ მაწუხებს, თავში ქვა უხლიათ და მუცელში სამართებელი, მაგრამ მათი დამარცხების შემთხვევაში ნაციონალებს ეძლევათ დაბრუნების შანსი. ეს კი ქვეყნის დაღუპვის ტოლფასი იქნება.

საქართველო და მსოფლიო“, 27 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ ელენე თევდორაძესთან: „ნაციონალური მოძრაობისთითოეული წევრი, რომლებიც დღეს იხდიან სასჯელს, ნამდვილი კრიმინალები არიან. გარკვეული პერიოდი ვიყავი მათთან ერთად, ამიტომ შეიძლება სხვებზე მეტი ვიცი იმაზე, რაც შიგნით ხდებოდა

ქრისტინე ტოგონიძე

„გატეხილი ფანჯრის“ თეორია 1982 წელს ამერიკელმა სოციოლოგებმა – ჯეიმს უილსონმა და ჯორჯ კელინგმა შეიმუშავეს. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანს დესტრუქციული ქმედებისკენ არც გენეტიკა უბიძგებს და არც აღზრდა, ამის მიზეზი მის გარშემო არსებული რეალობაა. ხატოვნად რომ ვთქვათ, მიტოვებული შენობა, შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში იყოს ხელუხლებელი, თუ იგი გარედან დაზიანებული არ არის, მაგრამ, თუ ერთი მინა მაინც ჩაიმსხვრა, მესვეურებმა ის სასწრაფოდ უნდა შეცვალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლი ნანგრევებად იქცევა. ასოციალური ქმედება ეპიდემიის სისწრაფით ვრცელდება. “გატეხილი ფანჯრის” თეორიის მაგალითებს ხშირად ვაწყდებით ქართულ პოლიტიკაში. ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან იუსტიციის იმჟამინდელი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ამბობდა, რომ მათი ხელისუფლების ბრძოლა კრიმინალთან სწორედ ამერიკელების მიერ აღმოჩენილი “გატეხილი ფანჯრის” თეორიის მიხედვით წარიმართებოდა. აშკარაა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი მოღვაწეობა ამ თეორიის მიხედვით განაგრძო. რატომ არავინ სჯის სისხლიანი რეჟიმის შემოქმედთ? იქნებ ქვეყანაში რომ პოლიტიკური ქაოსია, სწორედ დამნაშავეთა დაუსჯელობის ბრალია? – ამ და სხვა თემებზე გვესაუბრება შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ქალბატონი ელენე თევდორაძე.

- პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა აქტიურად დაიწყოსტაბილურ პოლიტიკაზელაპარაკი. გამოდის, რომ ცხრაწლიანი გაუსაძლისი რეჟიმის შემდეგ იმ ადამიანებმა, რომლებმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს და შემდეგ ასეთი ქაოსი შემოიტანეს ქვეყანაში, პასუხი არ უნდა აგონ თავიანთ დანაშაულზე. ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ კოაბიტაციურ რეჟიმში კვლავ უნდა განაგრძონ ხელისუფლებაში ყოფნა?

- ამ კოაბიტაციამ, პრაქტიკულად, მახინჯი ფორმა მიიღო. ევროსაბჭოში ცხრა წელი ვმუშაობდი და ამ ხნის განმავლობაში რიგითი წევრი არ ვყოფილვარ – ხან ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილე ვიყავი, ხან – კომიტეტის თავმჯდომარე, მონიტორინგის ჯგუფის თავმჯდომარეც. „ქართულ ოცნებას” ფაქტები რომ დაედო ევროპისთვის, არავითარ კოაბიტაციას არ შესთავაზებდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ “ქართული ოცნება” გამოუცდელი კოალიცია იყო, თავისი არგუმენტები ვერ გაამყარა.

- როდესაც ქალაქში ერთი ფანჯარა ჩატეხილია, ქალაქში ქაოსია. საქართველოს პოლიტიკურ პარტიებშიც ასე ხდებოდა: როდესაც პარტიის ერთი წევრი გზას ასცდებოდა ხოლმე, პარტიაც დაშლის პირას მიდიოდა. მაგალითად, როდესაც დააპატიმრეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები - მერაბიშვილი და უგულავა, პარტია კინაღამ დაიშალა

- “ნაციონალური მოძრაობის” წევრები სულაც არ თვლიან, რომ მათი პარტიის წევრები სამართლიანად არიან დაპატიმრებულები. პირიქით _ ამბობენ, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტპატიმრები. “ნაციონალური მოძრაობის” თითოეული წევრი, რომლებიც დღეს იხდიან სასჯელს, ნამდვილი კრიმინალები არიან. გარკვეული პერიოდი ვიყავი მათთან ერთად, ამიტომ შეიძლება სხვებზე მეტი ვიცი იმაზე, რაც შიგნით ხდებოდა, თუმცა ისინი დღემდე თვლიან რომ არაფერ შუაში არიან.

- ისინი კი თვლიან, მაგრამ ხალხი რას თვლის, არ აქვს მნიშვნელობა?

- ისეთი მძიმეა სოციალური მდგომარეობა, რომ ხალხს ნაკლებად აინტერესებს პოლიტიკური ცხოვრება. ამდენი წელია, აღარ ვარ პოლიტიკაში, მაგრამ ხალხი მიცნობს. ადამიანები დღესაც მაჩერებენ ქუჩაში და მესაუბრებიან თავიანთ გაჭირვებაზე, გულისტკივილზე; მეკითხებიან, ვის მივცეთ ხმაო, დაბნეულია ერი. სოციალურმა მხარემ გადაწონა ყველაფერი. ხალხის მეხსიერება ასეთია. თავდაპირველად სწორად მსჯელობდნენ, უხაროდათ, რომ ზოგიერთი ადამიანი, რომლებიც კრიმინალს სჩადიოდნენ, დააკავეს, მაგრამ, როდესაც დროთა განმავლობაში ხედავ, რომ კიდევ ვერ მუშაობ, ოჯახს ვერ არჩენ, ყველაფერი გაძვირდა, იმედი გიცრუვდება.

- 2015 წელს გადაცემა არჩევანშიჟურნალისტის კითხვაზე - რატომ იყო საქართველოშინაციონალური მოძრაობისმმართველობის პერიოდში ბევრი პატიმარი? - იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა განაცხადა: “2003-2004 წლებში, როცა ქვეყანა ჩავიბარეთ, საქართველოში, კრიმინალის მხრივ, მძიმე მდგომარეობა იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, კრიმინალთან ბრძოლის ამერიკული მოდელის -გატეხილი ფანჯრისთეორიის საქართველოში განხორციელება”. გაამართლა ნაციონალების მიერგატეხილი ფანჯრისთეორიის დანერგვამ?

- ნამდვილად არ გაამართლა. საზოგადოებას, ალბათ, არ ემახსოვრება, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2003 წელს, პატიმრების რაოდენობა 18 000-დან 7 000-მდე შემცირდა. ეს ნიშნავდა, რომ სამართალდამცავი ორგანოები უფრო სინდისიერად უდგებოდნენ ადამიანების დაპატიმრებას. 2005 წელს კი უკვე 16 000 პატიმარი გვყავდა, 2007 წელს მათი რაოდენობა 24 000-მდე გაიზარდა. 2007 წლის შემდეგ პოლიტიკაში აღარ ვიყავი, მაგრამ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ვრჩებოდი. ჩემთან დღეში 100-მდე პატიმრის ოჯახის წევრები მოდიოდნენ ხოლმე. მე მათ ვუსმენდი და ვრწმუნდებოდი: პატიმრების უმეტესობა მხოლოდ იმიტომ იჯდა ციხეში, რომ ხელისუფლებას მათი ბიზნესი აინტერესებდა. აქედან გამომდინარე, ადეიშვილმა რაც განაცხადა, შეიძლება თავდაპირველად მისაღები იყო, მაგრამ ბოლოს ყველამ ნახა სამწუხარო შედეგი. კარგი გადაწყვეტილება იყო ე.წ. კანონიერი ქურდების შესახებ კანონის მიღება – ყველა დავაპატიმრეთ, ძალიან ბევრმა კი საქართველო დატოვა. მათ გაუსაძლის პირობებში მოუწიათ პატიმრობა – სოფელში ღორები უკეთეს პირობებში იყვნენ. ჩვენ გვინდოდა, გვენახვებინა, რომ ვსჯით, მაგრამ წლების შემდეგ ისინი, შესაძლოა, სხვანაირები გამოსულიყვნენ ციხიდან, ჩვენ კი ჩვენი გადაწყვეტილებებით ვაჩვენებდით, რომ ისეთივე ადამიანები ვართ, როგორიც პატიმრები იყვნენ ციხეში ჩასმამდე.

- 2011 წელს სააკაშვილის მთავრობამ უარი თქვა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკაზე, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის შემცირების მაჩვენებელიც და საზოგადოებრივი განწყობაც ამ პოლიტიკის მხარდამჭერი იყო. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა .. ჩატეხილი ფანჯრის თეორიას ეფუძნება. რატომ მოისურვა სააკაშვილმა საქართველოში ნულოვანი ტოლერანტობის გაუქმება?

- ციხეებში ადგილი აღარ იყო. შეწყალებით ძალიან ცოტა გამოდიოდა, ციხეში კი ორჯერ მეტი შედიოდა. სწორედ ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობის გაუქმების მიზეზი. თუ შევარდნაძის პერიოდში მორიგეობით არამხოლოდ საწოლზე ეძინათ, არამედ სკამზეც მორიგეობით სხდებოდნენ, მიხეილ სააკაშვილის სავიზიტო ბარათი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის სწორედ ახალი ციხეები იყო. მაგრამ ამ ახალ ციხეებს უცხოელებისთვის თვალის ასახვევად იყენებდნენ.

- ქალბატონო ელენე, 2013 წლის ნოემბერში რადიოთავისუფლებისეთერში შეწყალების კომისიაზე საუბრისას განაცხადეთ, რომ შეწყალების კომისიის სარეკომენდაციო სიებს პროკურატურაში ფილტრავდნენ

- როცა ადამიანების უფლებების კომიტეტს ვხელმძღვანელობდი, საშუალება მქონდა, ნებისმიერ დროს გაუფრთხილებლად შევსულიყავი ციხეში პატიმრებთან. იმ პერიოდში პარალელურად ვიყავი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეც, ამიტომ ჩემი მოტყუება ძალიან ძნელი იყო. მას შემდეგ, რაც პარლამენტიდან წამოვედი, დავით ბაქრაძემ თავისი უფლებამოსილება არავის დაუთმო და ციხეში აღარავის უშვებდა. არადა, რაც იქ ხდებოდა, ბოლოს ვნახეთ – არჩევნების წინ. მიუხედავად იმისა, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ვრჩებოდი, კონტროლის საშუალება აღარ მქონდა. თურმე შეწყალების კომისიის მიერ მომზადებული სარეკომენდაციო სიები კომისიისგან მალულად პროკურატურაში იგზავნებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდებოდა პრეზიდენტის მაგიდაზე ხელმოსაწერად. უკვე ვფქირობდი, აღარ მინდა ეს კომისიის თავმჯდომარეობა-მეთქი, მაგრამ ადამიანების თავისუფლება ხომ ჩემზე იყო დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, არ ვტოვებდი თანამდებობას. სამჯერ თუ ოთხჯერ დამიბარეს პროკურატურაში ციხის ბუნტზე, გირგვლიანის საქმეზე, ნავთლუღის სპეცოპერაციის ეპიზოდზე. ვასახელებდი კონკრეტულ გვარებს, მაგრამ ჩემ მიერ დასახელებული არც ერთი პირი არ დაუბარებიათ. აქედან გამომდინარე, მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ვხვდებოდი იმავე პროკურორებს, რომლებიც უსამართლოდ აპატიმრებდნენ და სჯიდნენ ადამიანებს. ბოლოს რომ მივედი, ვუთხარი მათ, – როგორც ვხედავ, ან არ იცით თქვენი საქმე, ან არ გინდათ, გააკეთოთ-მეთქი. მე ძალიან ბევრი ვიცოდი, მაგრამ არ მომისმინეს.

„ახალი თაობა“, 27 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „გიორგი პაპუაშვილის განცხადებებში მეტი კონკრეტიკაა საჭირო“ // „მე ვარ აპოლიტიკური ადამიანი და ვიცავ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას

ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი აფასებს.

- ბატონო ზაზა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხარდამჭერთა რიგებში თქვენც აღმოჩნდით. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ გიორგი პაპუაშვილი ნაციონალების დაკვეთას ასრულებს. როგორია თქვენი შეფასებები, რასთან გვაქვს საქმე?

- გიორგი პაპუაშვილის განცხადება რომ იყოს პირველი განცხადება და ჩვენ არ ვიცოდეთ, რა ხდება საქართველოს სასამართლო სისტემაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პაპუაშვილის განცხადება სულ სხვა მიზანს ისახავს. ამ შემთხვევაში კი პაპუაშვილის განცხადება უნდა შეფასდეს ერთ მთლიან კონტექსტში.

- რომელ კონტექსტზე საუბრობთ?

- იმაზე, რომელშიც ჩაგვაგდო 9 წლის განმავლობაში სააკაშვილმა და შემდეგ ივანიშვილის ფეოდალურმა ხელისუფლებამ 4 წლის განმავლობაში. სასამართლო ხელისუფლების უზურპაცია იყო სააკაშვილის რეჟიმის ძირითადი მოქმედება. სააკაშვილის რეჟიმი აგებული იყო ამ პროკურორებზე და მოსამართლეებზე.

- დღესაც იგივეს ცდილობენ, არაფერი შეცვლილა?

- 2012 წელს, როცა ჩვენ ხელისუფლების ცვლილება გვინდოდა, როდესაც ვიბრძოდით ამისთვის, მხოლოდ იმიტომ ვიბრძოდით, რომ სამართლიანი სასამართლო გვქონოდა. მურუსიძეების სასამართლო, ადეიშვილების სასამართლო, კუბლაშვილების და ცერცვაძეების ამ ქვეყანაში დამთავრებულიყო. 2012 წელს, როდესაც ივანიშვილი მოდის ხელისუფლებაში, 3 თვეში ხვდება მურუსიძეს და აცხადებს, ეს რა კარგი კაცი გავიცანიო. მაშინ, როდესაც არსებობდა ევროპის სასამართლოში გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომლებიც იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მინიმუმ ამ ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო.

- რატომ წავიდა ეს ხელისუფლება ამაზე? დიდი უკმაყოფილება მოჰყვა საზოგადოებაში ლევან მურუსიძის დაწინაურებას...

- სწორედ მანდ მივდივარ. შემდეგ მე გავაერთიანე მთელი პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი. ვამბობდი, რომ ეს ხელისუფლებას არ უნდა შერჩენოდა. მაგრამ ვინ გამოვიდა მურუსიძის დასაცავად, როცა მთელი სამოქალაქო საზოგადოება დაირაზმა? _ ივანიშვილი! ეს იყო სიბოროტე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, როდესაც ივანიშვილმა განაცხადა, მურუსიძე მსხვერპლია, თავი დაანებეთო.

მე მინდა ცოტა უკან წავიდე და გაგახსენოთ მოლაშვილის გადაწყვეტილება. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც სულხან მოლაშვილი დაკრძალეს, მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ცრემლები ღვარეს. ვინ მოაწერა ხელი სულხან მოლაშვილის გადაწყვეტილებაზე? ლევან მურუსიძემ! გადაწყვეტილებას კი ხელი არ მოაწერა მესამე მოსამართლემ – ნუნუ კვანტალიანმა, რომელიც ამბობდა, რომ სულხან მოლაშვილი უკანონო პატიმარია. ლევან მურუსიძის სასამართლომ ნუნუ კვანტალიანი გააგდო სასამართლოდან, დღეს ის აღარ არის მოსამართლე. ახლა ვინ გამოდის მსხვერპლი – ლევან მურუსიძე თუ ნუნუ კვანტალიანი?!

ანუ ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო იმ ადამიანის დაცვა, რომელიც ყველა მთავრობის დროს ემსახურებოდა მთავრობას! ვინც უწევდა წინააღმდეგობას, მათ ბრძოლა გამოუცხადა.

- საკონსტიტუციო სასამართლოზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- საკონსტიტუციო სასამართლომ ვინაიდან მიიღო რუსთავი 2-ის სასარგებლო გადაწყვეტილება, ამიტომ მასაც ებრძვიან. მე ვესწრებოდი რუსთავი 2-ის პროცესებს და შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე განხორციელებული ძალადობა! რუსთავი 2 მხოლოდ იმიტომ ვერ გადავიდა დღეს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, რომ დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ ნორმა საკონსტიტუციომ შეაჩერა. აქედან გამომდინარე, ამ კონტექსტში ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე და პაპუაშვილზე მოხდა სერიოზული ზეწოლა.

- ამას საიდან ასკვნით?

- ეს თავად ივანიშვილის სტილია _ თუ მე არ მემორჩილები, მაშინ მე შენ წინააღმდეგ გამოვიყენებ ყველა კანონიერ და უკანონო გზას. ეს არის რეალური და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალადობა იქნებოდა თუნდაც იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც მე რუსთავი 2-თან დაკავშირებით დავინახე.

- ხელისუფლება აცხადებს, რომ არ არის დაინტერესებული რუსთავი 2-ით.

- ეს სიცრუეა. ყველას გახსოვთ ივანიშვილის ისტერია. მან რამდენიმე კვირის წინ ინტერვიუ მისცა და თქვა, რუსთავი 2-ის გამო 35%-მდე დაგვივარდა რეიტინგიო. ის რუსთავი 2-ს ყოველთვის სიცრუის ტელევიზიას ეძახდა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს არის რეალური მუქარა. უბრალოდ, იცით, რა მიკვირს პაპუაშვილისაგან? ცოტა მეტი კონკრეტიკა რატომ არ შეაქვს. კონკრეტიკაა საჭირო.

- სწორედ ეს იწვევს საზოგადოებაში კითხვებს, რატომ არ ასახელებს შანტაჟის ავტორებს? ან ის მოსამართლეები რატომ არიან ჩუმად, ვისზეც შანტაჟი ხორციელდება?

- მე როდესაც ვნახე მოსამართლეები რუსთავი 2-ის სიუჟეტში, რომლებსაც ეკითხებოდნენ, თქვენზე ხორციელდება თუ არა შანტაჟიო, აკანკალებული ხმით პასუხობდნენ, ეტყობოდათ, რომ მოსამართლეები სერიოზული წნეხის ქვეშ არიან. მე ეს ნამდვილად დავინახე.

- ეს ყველას ეხება?

- მერაბ ტურავა რომ წნეხის ქვეშ არ იქნება, ეს ფაქტია. აქ ლაპარაკია მოსამართლეებზე, რომლებმაც რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდების პროცესი ივანიშვილის ხელისუფლებას გადაუვადეს.

- თავადვე საუბრობთ, რომ პაპუაშვილის განცხადებები ბუნდოვანია, რატომ უფრო ღიად არ საუბრობს? ბოლომდე რატომ არ ასაჯაროებს ყველაფერს?

- ორ ნაწილად იყოფა ეს საკითხი. აქ თუ არის ინტიმური სახის ძალადობა, ის ამაზე ხმამაღლა ვერ იტყვის. ხოლო თუ არ არის ინტიმური სახის ძალადობა, მაშინ უნდა თქვას. მე არ ვიცი, ეს რა ხასიათისაა. აქ მარტო ინტიმური ხასიათის მუქარა ხომ არ იქნება, უნდა გამოვიდეს და რაც ითქმის, ხმამაღლა უნდა თქვას.

- პროკურატურა დაინტერესდა ამ საკითხით, თუმცა პაპუაშვილი უარს ამბობს პროკურატურასთან თანამშრომლობაზე.

- პროკურატურის გამოძიებული საქმე გინახავთ თქვენ, სადაც კითხვის ნიშნები არ დაეტოვებინა?! მე მჯერა, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ ზეწოლას ადგილი აქვს. მე რატომ ვუპირისპირდები ივანიშვილს? იმიტომ, რომ მურუსიძე დატოვა! მურუსიძე არის სააკაშვილის სიმბოლო!

- რატომ დატოვეს მურუსიძე, რისთვის სჭირდებათ?

- ლევან მურუსიძე არის ადამიანი, რომელიც ნებისმიერ რაღაცაზე მოაწერს ხელს. იმიტომ, რომ მის მიმართ არსებობს უამრავი კომპრომატი. სად გადაიყვანეს მურუსიძე, დააკვირდით და გეტყვით, რისთვის სჭირდებათ ის. ის გადაიყვანეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში. თქვენმა მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატა საარჩევნო დავების დროს არის ბოლო ინსტანცია. ეს აღარ საჩივრდება. აი, ამიტომ სჭირდებათ მურუსიძე. თავად ივანიშვილი აღიარებს, 35%-მდე დაეცა ჩემი რეიტინგიო და 35% 50% ხომ არ არის? ამიტომ მათ დასჭირდებათ საარჩევნოდ რაღაც შავი ხვრელებით ამ არჩევნების მოგება.

_ თქვენი მისამართით კეთდება შეფასებები, ზაზა ხატიაშვილი ნაციონალების მხარეს გადავიდა და ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებსო. ამაზე რას იტყვით?

_ აბა, რა გითხრათ. ამას ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის მეტი არავინ იტყვის! სწორედ ივანიშვილი იყო ნაციონალი, ივანიშვილი აფინანსებდა ნაციონალებს! ამას თავად ივანიშვილი ამბობს. მე რომ სააკაშვილზე მიტინგებს ვატარებდი, ივანიშვილი და სააკაშვილი ერთად მებრძოდნენ. ყველა იმალებოდა, მე რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვდიოდი.

- ეს მაშინ იყო და დღეს აღარ ებრძვის ნაციონალებსო...

- მე ვარ სამართლიანი ადამიანი. 12 წელი მე „ახალი თაობის“ ადვოკატი ვიყავი და ვიცავდი ამ გაზეთს ძალადობისგან. ყველა პროცესზე, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ იყო მიმართული, თავგამოდებით ვიბრძოდი და ყველგან მარტო დავდიოდი. ყველა ტელევიზიას ვიცავდი და დღემდე ასე ვიქცევი.

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, გაზეთს დაარბევენ თუ ტელევიზიას, ყველას ერთნაირად დავიცავ! სხვებისგან განსხვავებით, მე ვარ აპოლიტიკური ადამიანი და ვიცავ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ჩემთვის ეს არის ღირებულება.

ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის ბიზნესი! მიხეილ სააკაშვილისთვის ეს იყო ბიზნესი! თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ დღეს მარიკა ვერულაშვილი `ქართული ოცნებაა~ და ზაზა ხატიაშვილი ნაციონალია?! სააკაშვილმა, გინდ ივანიშვილმა დადონ კადრი, სადაც მე მაგათგან თუნდაც ერთი `პონჩიკი~ შემიჭამია! მე კი შემიძლია ძალიან ბევრი რამე ვთქვა, თუ რეებს მთავაზობდა ორივე ხელისუფლება!

- რას გთავაზობდათ?

- ეს სხვა დროისთვის. მე ვარ ღირებულებების მატარებელი ადამიანი. მე ვიცავ ღირებულებებს! დღეს რუსთავი 2 არის ტელევიზია, რომელიც აშუქებს ყველაფერს! ჩვენი ადვოკატი რომ აწამეს, მდინარაძე, რუსთავი 2 რომ არა, ის იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდა. სხვა ვერც ერთი ტელევიზია ვერ მივიყვანეთ! რაც გინდა, ის დამიძახონ, ბოლომდე დავუდგები და დავიცავ. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ოქტომბრის შემდეგ ივანიშვილი ხელისუფლებაში დარჩეს და როდესაც ეს მოხდება, ყველაზე დაცული ტელევიზია უნდა იყოს ჯიდიესი და მე ამაზე ვიზრუნებ.

Comments are closed