globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 27 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 27th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი ახვლედიანთან: „ხელისუფლება პროპორციულ არჩევნებს დათანხმდება, ოპოზიცია თუ ერთიანი იქნება“ // ინტერვიუ ნიკა რურუასთან: „კონსტიტუციის მიღების პროცესი თავიდან უნდა დაიწყოს“

ახალი თაობა: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „კახა კალაძე გიორგი მარგველაშვილის გზით უნდა წავიდეს“

ახალი თაობა: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „რუსეთს ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ხელში ჩაგდება სურს“

—–

საქართველო და მსოფლიო: „ჩვენ სიყვარულით დიდ თვალებში ვუყურებთ ლენინს“ // ჯანსუღ ჩარკვიანის პორტრეტისათვის

——————-

ახალი თაობა“, 27 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ გიორგი ახვლედიანთან: „ხელისუფლება პროპორციულ არჩევნებს დათანხმდება, ოპოზიცია თუ ერთიანი იქნება“ // ინტერვიუ ნიკა რურუასთან: „კონსტიტუციის მიღების პროცესი თავიდან უნდა დაიწყოს

ოპოზიციურმა პარტიებმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს საჩივრის წერილით კიდევ ერთხელ მიმართეს. ბუკიკიომ კი მათ საპასუხო წერილი გამოუგზავნა, სადაც საუბარია, რომ ის გამოსავალს კვლავ ფართო კონსენსუსში ხედავს. უმრავლესობა აცხადებს, რომ ოპოზიცია არ მოდის დათმობაზე და ამიტომ ჯანი ბუკიკიოს ნუ დააკისრებენ იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, ვიდრე მას ეკისრება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ახალი თაობა“ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ნიკა რურუას და გიორგი ახვლედიანს ესაუბრა.

——

- ბატონო ნიკა, ჯანი ბუკიკიო გამოსავალს ფართო კონსენსუსში ხედავს. ხელისუფლება კი ოპოზიციას ადანაშაულებს, რომ ისინი არ არიან მზად კონსენსუსისთვის. როგორია თქვენი შეფასებები?

- მართალს ბრძანებს ჯონი ბუკიკიო, ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი, ქართველი საზოგადოების, თუ როგორი კონსტიტუცია გვექნება და არა უმცირესობაში მყოფი ხელისუფლების, რომელიც მხოლოდ პარლამენტშია უმრავლესობაში. `ქართული ოცნება~ მთელ ქვეყანაში უმცირესობაშია! ის არის უმცირესობაში, რადგან ოლიგარქიულ კონსტიტუციას ახვევს თავს ქვეყანას. ეს პროცესი უნდა შეჩერდეს.

- გამოსავალი რაშია?

- დღეს ყველა მზად არის იმისთვის, რომ ეს პროცესი დაიწყოს თავიდან. ყველა, ხელისუფლების გარდა. ეს პროცესი ჩიხში სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა. არ შეიძლება ქურდულად, ორი მოსმენით, სასწრაფოდ მიიღო კონსტიტუცია და შემდეგ თქვა, რომ არაფერს არ დავთმობ და ისე ვილაპარაკოთ. არა, ბატონებო, ასე არ გამოვა. ეს პროცესი უნდა გაჩერდეს და დაიწყოს თავიდან ყველა მონაწილის ჩართულობით, გამჭვირვალედ და არა აჩქარებულად. ძალიან საეჭვოა, როდესაც კონსტიტუცია მიიღება ასეთი ნაჩქარეობით. ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს…

- რაზე?

- ხელისუფლებას უნდა, რომ შეცვალოს ქვეყნის უზენაესი კანონი, მთავარი თამაშის წესები მხოლოდ მის სასარგებლოდ.

- ხელისუფლება აცხადებს, რომ თავად ვერ გარკვეულა, თუ რისი შეცვლა უნდა ოპოზიციასო. სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა ოპოზიციაში კონსტიტუციასთან დაკავშირებით?

- ეს არის ბოდვა! რას ჰქვია, ვერ ჩამოვყალიბებულვართ?! ჩვენ გვინდა, რომ ქართველმა ხალხმა აირჩიოს თავისი პრეზიდენტი, ჩვენ გვინდა, რომ 2020 წლიდან ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, ჩვენ გვინდა, რომ კონსტიტუცია იყოს საქვეყნო და ასე შემდეგ. ეს გარკვეულია, ყველა პატრიოტი ძალა, რომელიც არ არის მთავრობის სატელიტი, ამ აზრზეა.

ჩვენთან არანაირ გაუგებრობას ადგილი არა აქვს. გაუგებრობას თესავს და ხალხის მოტყუებას ცდილობს „ქართული ოცნება“. უკეთესი იქნება, `რუსული ოცნება~ ერქვას, რადგან რუსეთს ამაზე უკეთესი მთავრობა აქ ვერ ეყოლებოდა!

- თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიამ თავისი წილი საქმე უკვე გააკეთა და ნუ დავაკისრებთ იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, ვიდრე ამის მოვალეობა აქვსო...

- ვენეციის კომისიამ თქვა, რომ არ მოსწონს დღევანდელი ვერსია, მას არ მოსწონს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი დემოკრატიულ პროცესებს ხელს უწყობს, ის არის ყველაზე მეტი ლეგიტიმაციის მქონე პირი და ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მთავარი დამაბალანსებელი. ამიტომ ეს სისტემა ბევრად ჯობია იმას, რასაც გვთავაზობს ოლიგარქი და მისი მსახურები ჩუგოშვილის ჩათვლით. კონსტიტუცია ან იქნება როგორიც არის დღეს, ან შეიცვლება და გახდება უკეთესი, ნორმალური კონსტიტუციური პროცესით, რომელიც აქამდე ვერაფრით და არაფრით არ წარმართა „ქართულმა ოცნებამ“.

- გაქვთ იმის იმედი, რომ ქართული ოცნება ამ პროცესს თავიდან დაიწყებს, როდესაც ორი მოსმენით კანონი მიღებულია?

- მე არ მაინტერესებს, რას იზამს „ქართული ოცნება“, ჩვენ არ ვართ მათ იმედზე. ქართველი ხალხი არ დაუშვებს ოლიგარქიულ კონსტიტუციას! თუ მაინც წავა „ქართული ოცნება“ ამაზე, ის მიიღებს გამანადგურებელ პროტესტს ქართველი ხალხისგან.

- თქვენ პრეზიდენტის ინსტიტუტზე საუბრობდით, რას იტყვით ამ ვეტოებზე, რომელთაც შემდეგ ყოველ ჯერზე ძლევს უმრავლესობა?

- პრეზიდენტმა აბსოლუტურად სწორად დაადო ვეტო, რადგან არ შეიძლება, რომ ქალაქები დატოვო თვითმმართველობის გარეშე და ისინი გადააკეთო შენი პარტიის ინტერესების გამო. არ შეიძლება, საარჩევნო გეოგრაფია შეცვალო ისე, რომ ეს მხოლოდ შენს პარტიულ ინტერესებს ემსახურებოდეს. ეს არის სამარცხვინო ქმედება. ამით თვითლუსტრაციას ახდენს „ქართული ოცნება“! ამდენი ვეტოების დაძლევა, უბრალოდ, სირცხვილია. ამიტომ ვამბობდით, რომ დამღუპველი იყო მათთვის კონსტიტუციური უმრავლესობა! კონსტიტუციური უმრავლესობა არ უნდა ჰქონდეს არავის. მით უმეტეს, ასეთ უსახურ და არაქართულ ძალას, როგორიც `ოცნებაა!~

———-

„თუ ვინმეს ინგლისურთან აქვს პრობლემა და არ შეუძლია წერილის წესიერად წაკითხვა, მაშინ ჩვენ ვუთარგმნით, რადგან ისეთი არასწორი ინტერპრეტაციებით, როგორც ახლა „ქართული ოცნება“ ჯანი ბუკიკიოს წერილს განიხილავს, სამარცხვინოა’, ამბობს გიორგი ახვლედიანი „ახალ თაობასთან“ საუბარში.

- ამას შეგნებულად აკეთებენ?

- რა თქმა უნდა! თამარ ჩუგოშვილმა ძალიან კარგად იცის ინგლისური და ვერ დავიჯერებ, რომ მან ამ წერილის წაკითხვა ვერ შეძლო. ეს ინტერპრეტაციები ხდება შეგნებულად. დღეს მათ პოლიტიკას სჭირდება ის, რომ არასწორად წაიკითხონ ვენეციის კომისიის წერილი.

- სინამდვილეში რა მოგწერათ ჯანი ბუკიკიომ?

- ოპოზიციურმა პარტიებმა ვენეციის კომისიას წერილი მივწერეთ მეორე დღესვე, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოგვიცხადა, რომ მზადაა არა დიალოგისათვის, არამედ ვაჭრობისათვის. როდესაც გამოაცხადეს ქალბატონმა ბესელიამ და ბატონმა ვოლსკიმ, ორი მოსმენით მიღებულ კონსტიტუციას არ შევცვლითო. მერე ვოლსკიმ დაამატა, რომ ჯანდაბას თქვენი თავი და ბლოკებზეც დაგელაპარაკებითო. ღიად გვითხრა, რომ ვისაც სისტემის შეცვლაზე გინდათ საუბარი, მათთან ჩვენ არ გვინდა საუბარიო. მარტო იმათ ველოდებით მოლაპარაკებებზე, ვინც უნდა `გაგვიპრავოს~ მაჟორიტარული სისტემა 2020-შიო.

- და ამიტომ ისევ ჯანი ბუკიკიოსთან იჩივლეთ?

- მეორე დღესვე გავაგზავნეთ წერილი ვენეციის კომისიაში, სადაც სწორედ ამის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მოლაპარაკებები ჩაშალოს. ფაქტია, რომ მათ აშკარად არ უნდათ მოლაპარაკებები, ისეთ ულტიმატუმებს და წინაპირობებს გვიყენებენ, როცა შეუძლებელი ხდება საუბარი. ჩვენი მიზანი იყო ვენეციის კომისიის ინფორმირება ხელისუფლების ჩიხური პოზიციის შესახებ. ასევე ვთხოვეთ დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, მისთვის დამახასიათებელი პრინციპულობით.

- რა პასუხი მიიღეთ ვენეციის კომისიისგან?

- ვენეციის კომისიამ მოგვწერა, რომ იგივე პოზიციაზეა, რაზეც იყო. მათ მიაჩნიათ, რომ აუცილებელია პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსი. ოღონდ ეს კონსენსუსი უნდა განიხილებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

- თამარ ჩუგოშვილი კი აცხადებს, რომ ჯანი ბუკიკიოს იმაზე მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიცია, ვიდრე აკისრიაო...

- ნუ ნერვიულობს ჩუგოშვილი. მათ ინერვიულონ სწორედ იმ ხისტ პოზიციაზე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს. ოპოზიციის მაგივრად ნუ ინერვიულებს ჩუგოშვილი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა საპირისპირო მიმართულებით მიდის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისგან.

- რამდენად გაქვთ ამ ფონზე კონსენსუსის იმედი? წამოვა ამაზე უმრავლესობა? ბესელია აცხადებს, რომ ბევრად უკეთეს კონსტიტუციას ვიღებთ, ვიდრე აქამდე იყოო...

- ეს არის დიდი ტყუილი! ეს ხალხი საკუთარ თავს იტყუებს.

- არ არის ერთსულოვნება ოპოზიციაში?

- ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციურ პარტიებში ერთიანი დამოკიდებულება შენარჩუნდება და არც ერთი პოლიტიკური პარტია არ `გაუპრავებს~ მაჟორიტარულ სისტემას ხელისუფლებას, ბლოკების სანაცვლოდ.

- თუმცა, როგორც ჩანს, თქვენც გაქვთ ეს მოლოდინი...

- თუ ეს მაინც მოხდა, ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება. ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი. თუ ჩვენ გვინდა, რომ საარჩევნო სისტემა გავიტანოთ და პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ, ჩვენ გვერდით იდგეს ვენეციის კომისია, საჭიროა ჩვენი ერთიანობა. თუ ხელისუფლება ვერ დაშლის ოპოზიციას, მაშინ მოუწევს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ოპოზიციასთან ამ თემაზე საუბარი! ხოლო თუ მოახერხა და შეძლო პატარ-პატარა პარტიებთან გარიგება, მაშინ პროცესი ცოტა გართულდება. თუმცა ამ სისტემის `გაპრავებას~ ხელისუფლება მაინც ვერ მოახერხებს!

ახალი თაობა“, 27 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „კახა კალაძე გიორგი მარგველაშვილის გზით უნდა წავიდეს

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.

- ბატონო სოსო, რამდენიმე დღის წინ ევროპული საქართველოს აქციას თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები შეუერთდნენ. შეიძლება ვიფიქროთ, რომ დასავლური ღირებულების პარტიები ჯგუფდებიან?

- ასეთ გადაწყვეტილებას მივესალმებოდი. ამით ძალიან ბევრ რამეს ნათელი მოეფინებოდა და ეს ერთგვარი ევროპული ტიპის გადაწყვეტილებაც იქნებოდა. ამომრჩეველიც ბევრად უფრო მარტივად მიიღებდა გადაწყვეტილებას არჩევნებზე. პროდასავლური ძალები იქნებოდნენ ერთ მხარეს, მეორე მხარეს კიდევ ვიღაცები, მაგრამ აქამდე ქართული პოლიტიკა ჯერ ვერ გაიზარდა.

- ფიქრობთ, თუნდაც ჩემ მიერ ნახსენები პარტიები ვერ გადალახავენ იმ კომპლექსებს, რომლებიც ყოფილ ნაციონალებს უკავშირდებათ?

- დიახ.

- რთულად წარმოგიდგენიათ, მაგალითად, გიგა ბოკერია და ძმები ბერძენიშვილები ერთად?

- რთული მოზაიკაა. ყოველდღე ვხვდებით ქართულ პოლიტიკაში შეუთავსებელთა შეთავსების დილეტანტურ ცდებს. ცივილიზებული, დასავლური ტიპის პოლიტიკა ამას ვერ იტანს, საქართველოში კი ყველაფერი მოსულა. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, თუ ამ პარტიებს გადარჩენა უნდათ, ამ ხერხს მიმართონ. 2012 წელს სხვა არაფერი გაუკეთებია ბიძინა ივანიშვილს, შეკრიბა კოქტეილი და არჩევნებში გაიმარჯვა.

- მაშინ იდეოლოგიაზე საერთოდ არ იყო საუბარი, ცხადი იყო, რა მიზნით გაერთიანდნენ...

- სწორედ ამას ვამბობ, ასეთი ერთობები გრძელვადიან პერსპექტივაზე არ არის ორიენტირებული. გამარჯვების შემდეგ კოალიცია უნდა დაეშალა ბიძინა ივანიშვილს და ვადამდელი არჩევნები დაენიშნათ. პოლიტიკა ძალზე მკაცრი სპორტია. ჩვენთან ყველა პოლიტიკოსია, მაგრამ რეალურად ასე არ არის.

- ჩემს კითხვას რომ დავუბრუნდეთ

- შეიძლება ამ პარტიებმა ერთმანეთისკენ მისასვლელი გზები მოსინჯეს. ამის ყველაზე კარგი შესაძლებლობა იყო ის აქცია, თანაც ლოზუნგი იყო „არა რუსულ ფაშიზმს“. არაფერი გამორიცხული არ არის, მით უფრო, პოლიტიკაში, მაგრამ ლიდერების გაერთიანება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ელექტორატის გაერთიანებას. თუ ასე მოხდა, მათ ბევრი სამუშაო ექნებათ თავიანთ ელექტორატთან.

- ექსპერტების მიერ არაერთხელ ითქვა, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკაში დარჩება. ის მარტო იქნება თუ ვინმესთან გაერთიანდება? მაგალითად, უსუფაშვილი და მარგველაშვილი რთული დუეტია?

- პირდაპირ გეტყვით, ეს გიორგი მარგველაშვილისთვის არ იქნება მომგებიანი. მისთვის ყველაზე სწორი პოლიტიკა არის ის, რასაც ის დღეს ატარებს. არავისთან კავშირი, მარტო, ნაბიჯ-ნაბიჯ, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ხალხში. შეიძლება ამაზე ხმამაღლა არ იყოს საუბარი, მაგრამ მისი მომხრეების რიცხვი იზრდება.

შეიძლება ვიღაც ფიქრობს, რა მოხდა, კანონს ვეტო დაადო, შეიკრიბება პარლამენტი და, როგორც ყოველთვის, კიდევ გადალახავს, მაგრამ ასე ფიქრობენ სულელები. მარგველაშვილმა მშვენივრად იცის, რა ფასი აქვს მის ვეტოს. ეფექტი არ აქვს ამ ვეტოს, მაგრამ პოლიტიკური ლექი რჩება. მოვა დრო, როდესაც მარგველაშვილი ხმამაღლა იტყვის, მე ამ ყველაფრის წინააღმდეგი ვიყავი და ამას იმ შესაძლებლობით გამოვხატავდი, როგორც შემეძლოო.

დღევანდელი პრეზიდენტის ერთადერთი იარაღი სწორედ ვეტოა. მორალური თვალსაზრისით, ვეტო ატომური ბომბია. ევროპაში მორალური ღირებულება, მით უფრო პოლიტიკოსის, ძალიან ძვირად ფასობს. პოლიტიკაში ძველი ცოდვების წამოძახებას, შეხსენებას ძალიან დიდი ფასი ადევს. სად იყავი? რატომ არ ამოიღე ხმა? ამ ფრაზების პოლიტიკური წონა ყველამ ვიცით. ასეთ ცოდვებს გიორგი მარგველაშვილს ვერ გაუხსენებენ, როდესაც ამის დრო მოვა. გიორგი მარგველაშვილს მორალური უფლება ექნება, რომ მომავალი პოლიტიკური კარიერა გააგრძელოს.

დღეს მარგველაშვილი მორალურ რეიტინგს ზრდის. ის ნამდვილად არის ჭკვიანი პოლიტიკოსი, ინტელექტუალია. თუ ვინმე არის ჩვენთან დღეს ქართველი ევროპელი, ეს არის გიორგი მარგველაშვილი. თქვენ რესპუბლიკელებზე მკითხეთ, რესპუბლიკელები ძლიერი პოლიტიკოსები რომ ყოფილიყვნენ, ხელისუფლებას 2013 წელს დატოვებდნენ ან 2014 წელს და არა მაშინ, როდესაც დატოვეს. ყველა შეცდომა, რასაც `ოცნება~ უშვებდა, მათთანაც ასოცირდება, უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყო, დანარჩენი ნაწილი კი მინისტრები იყვნენ. უსუფაშვილი, რომელიც ჭკვიანია უდავოდ, ბევრად უფრო რაციონალურად უნდა მოქცეულიყო, მას ყოველთვის წამოაძახებენ იმ ფრაზებს, რომლებიც უკვე ვახსენე.

- დავით უსუფაშვილი ხშირად ამბობს, რომ ის ცდილობდა გუნდის შიგნით

- თუ ცდილობდა და ვერ აღწევდა შედეგს, მაშინ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. მარგველაშვილის გამჭრიახობა და ჭკუა იმაშია, რომ მან უსუფაშვილის შეცდომები გაითვალისწინა. მარგველაშვილმა სხვის შეცდომებზე ისწავლა, თუ შეიძლება ასე ითქვას.

იგივე შემიძლია ვთქვა კახა კალაძეზე. თუ ის გაიმარჯვებს, მან უნდა ისწავლოს გიორგი მარგველაშვილის გამოცდილებით, ის უნდა გახდეს დამოუკიდებელი და არა პარტიაზე დამოკიდებული, როგორც ეს მოახერხა გიორგი მარგველაშვილმა. თბილისის მერობა ვერც ერთი მერისთვის ვერ გახდა ტრამპლინი. კახა კალაძეს უნიკალური შანსი აქვს, რომ მერობა ტრამპლინად გამოიყენოს, თუმცა, ამისთვის მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გაემიჯნოს დაკვეთებს. თუ დამოუკიდებელი იქნება, მერწმუნეთ, ხალხი მის გვერდით დადგება. ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბევრ რამეს გამოაჩენს, ბევრი პოლიტიკური მოვლენა უფრო ადვილად პროგნოზირებადი გახდება.

ახალი თაობა“, 27 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „რუსეთს ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ხელში ჩაგდება სურს

ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „ახალ თაობასთან“ აანალიზებს შიდა ქართლში რუსეთისა და მისი საოკუპაციო ჯარის ქმედებებს და, შესაბამისად, საჭირო ღონისძიებებზე საუბრობს..

- ბატონო ვახტანგ, ბოლო დროს რუსმა ოკუპანტებმა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში გადმოწიეს საოკუპაციო საზღვარი. მას წინ უძღოდა საზღვრის გადმოწევის მთელი სერია. ითქვა, რომ .. საოკუპაციო საზღვრის იქით მოჰყვა ბაქო-სუფსის ნავთობსადენიც. თქვენ როგორ აფასებთ ამ პროცესს. რა არის რუსეთის მიზანი?

_ მიზანი ძალიან კარგად არის გამოკვეთილი რუსეთის სამხედრო დოქტრინაში, რომელიც დუმამ ჯერ კიდევ 2015 წელს დაამტკიცა. ამ სამხედრო დოქტრინის 32-33-ე პარაგრაფში სიტყვასიტყვით წერია, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები გამოყენებული იქნება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ეკონომიკური ინტერესების განსახორციელებლად. მართალია იხმარეს ტერმინია „მსოფლიო ოკეანეთი“ („მიროვაია ოკეანია“), მაგრამ იგივეა, რაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილი. ამიტომ რუსეთის საოკუპაციო ძალები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ძირძველ ტერიტორიაზე, ასრულებენ თავიანთი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დამტკიცებულ დოქტრინალურ პრინციპებს.

- ანუ მიზანი ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ხელში ჩაგდება და კონტროლია?

- ბუნებრივია, რადგან ეკონომიკური ინტერესები არსებობს, ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენის ჩვენი კონტროლიდან გაყვანა-ამოქმედება, რუსეთის შეიარაღებული ძალები ამ ამოცანას ასრულებენ, რომ ხელი შეუწყონ თავიანთი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების განხორციელებას, რომლის მთავარი ამოცანაა, არ დაუშვას საქართველოს სატრანზიტო ქვეყნის სტატუსის იმიჯის გამტკიცება, განსაკუთრებით, სამხრეთ-აღმოსავლეთის კორიდორის ფარგლებში, ანუ საუბარია კასპიისპირეთიდან, დავუშვათ, იგივე ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით ნახშირწყალბადების, ანუ ენერგორესურსების გადატანის საშუალება. რუსეთის შეიარაღებული ძალები ამ მისიას ასრულებენ.

- ნავთობსადენის გაჩერება და ნავთობის გადაზიდვის შეჩერება უნდათ?

- შეიძლება უნდათ მათი კონტროლის ქვეშ მოხდეს ნავთობის გადაქაჩვა.

- როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესის შეჩერება?

- რუსეთის ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. თუ აქამდე ეს ეხებოდა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას, ამ ნავთობსადენის მტრის ხელში ჩავარდნის შედეგად იკვეთება პრობლემები საერთაშორისო დონეზე, ეს არის საერთაშორისო ნავთობკორპორაციების ინტერესები, პირველ რიგში, კომპანია „ბიპი“ (კომპანია „ბრიტიშ პეტროლეუმი“). „ბიპი“-ს უკან დგას დიდი ბრიტანეთი. ბუნებრივია, ამ პროექტის განხორციელებით დაინტერესებულია თურქეთი და აშშ. ბუნებრივია, რომ ამ სამი ქვეყნის ინტერესებს პირდაპირ ავნებს. აქ თურქეთი შეიძლება არ იყოს მაინცდამაინც გამოკვეთილი, მაგრამ სუფსის ტერმინალის მეშვეობით ხდება ნავთობის გადატანა რუმინეთში, ბულგარეთში, ანუ აქ საუბარია დასავლეთის სახელმწიფოებზე, ევროკავშირზე, დიდ ბრიტანეთზე, აშშ-ზე, რომელთა ინტერესებსაც უკვე აფერხებს ბაქო-სუფსის ნავთობსადენის რუსეთის კონტროლირებად სივრცეში გადასვლა. ამიტომ საერთაშორისო საზოგადოებამაც უნდა ამოიღოს ხმა, რადგან რუსეთის ქმედება მათ ეკონომიკურ ინტერესებსაც აზიანებს. ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ, რომ რუსეთის მხრიდან არა მარტო საქართველოს, არამედ საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებიც ირღვევა.

- ქართულ მხარეს შეუძლია ძალის დემონსტრირებით შეაჩეროს ეს პროცესი, ვთქვათ, კონკრეტულ ადგილზე, ლოკალურად, ყარაფილაში?

- ასეთი რამ მხოლოდ ყარაფილაში არ ხდება. ბაქო-სუფსის 2-კილომეტრიანი მონაკვეთი ასევე არის რუსი ოკუპანტების ხელში. ამას დაემატება ყარაფილას მონაკვეთი და პირობითად ეს იქნება სამკილომეტრიანი მონაკვეთი, რომელსაც რუსული მხარე აკონტროლებს. არ არის გამორიცხული, დააზიანონ და შეაფერხონ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მოქმედება.

- ამბობენ, რომ საოკუპაციო ხაზთან ძალის დემონსტრირება ომს გამოიწვევს. კონკრეტულად იმ ადგილზე რომ დავაყენოთ შეიარაღებული ძალა. თქვენი შეფასებით, საოკუპაციო ხაზის გაზრდისა და ოკუპაციის გაგრძელების ხელისშეშლისთვის ძალისმიერი შენაერთების განთავსება საოკუპაციო ხაზთან, ომს გამოიწვევს?

- მაშინ თავი დავუკრათ და ჩავბარდეთ, როგორც თავის დროზე ჩეხოსლოვაკია ჩაბარდა გერმანიას და ე.წ. ფარული ოკუპაციის მსხვერპლი გახდა. ან რეჟიმი უნდა შეიცვალოს და პრორუსული მთავრობა მოვიდეს. მაშინ რაზეა საუბარი? მაშინ უარი უნდა ვთქვათ 26-წლიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაზე. ეს არის კაპიტულანტობა. რუსეთი სვენებ-სვენებით შეიძლება თბილისამდე ჩამოვიდეს. რა განსხვავებაა, ყარაფილას ტერიტორიის ოკუპირებას მოახდენენ თუ თბილისის ოკუპირება? ამ შემთხვევაში ერთი და იგივეა.

- ანუ ჩვენმა ძალებმა დაიცვან?

- აქ უკვე არა მარტო ჩვენი ეკონომიკური ინტერესები იკვეთება, არამედ საერთაშორისო ინტერესებიც და დაუცველობა ვნებს ჩვენს საერთაშორისო იმიჯს. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შეიარაღებული ძალები და დავიცვათ ჩვენი ენერგეტიკული ინტერესები. შეიარაღებული ძალები უნდა გამოვიყენოთ, რომ საერთაშორისო ენერგომაგისტრალი დაიცვან. მაშინ შეიარაღებული ძალები რისთვის გვჭირდება? აღლუმებისა და მარშირებისთვის გვჭირდება თუ რაში მდგომარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოლის მიზანი. მაშინ ვთქვათ, რომ ჯარი არ გვჭირდება და დავშალოთ. არ მესმის, შეიარაღებული ძალები რისთვის გვჭირდება, თუ მტერი ყოველ წუთში საოკუპაციო ხაზს აქეთ წევს და შენ კი რეაგირებას არ ახდენ.

- შეიარაღებული ძალები რომ დავაყენოთ და რუსებმა ისროლონ?

- ისროლონ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები თუნდაც შეიარაღებული ძალების გამოყენებით.

- საინტერესოა, რუსები სადამდე წამოვლენ?

- იქამდე წამოვლენ, სადამდე ჩვენ მივცემთ ამის უფლებას. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შეიარაღებული ძალები და დავიცვათ ჩვენი ტერიტორია. მე ასე მოვიქცეოდი. მაშინ რაში სჭირდებათ ამდენი შეიარაღებული ძალა და რა არის შეიარაღებული ძალების ფუნქცია? ვერ ვხედავ ლოგიკას, რაში გვჭირდება შეიარაღებული ძალები? მხოლოდ საერთაშორისო მისიებში რომ მიიღონ მონაწილეობა და საერთაშორისო მშვიდობა დაიცვან? საერთაშორისო მისიებიც მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებენ, მაგრამ მთავარი ამოცანა საკუთარი ტერიტორიების დაცვაა.

- ეს რომ მოვიმოქმედოთ, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებაც გამოფხიზლდება...

- 2008 წელს რუსეთის ჯარს მშვიდობისმყოფელის სტატუსი ჰქონდა. ახლა ამას ვერ იტყვიან. ახლა რუსის ჯარს ოკუპანტის სტატუსი აქვს და არავითარი სამართლებრივი საფუძვლით არ იმყოფება ჩვენს ტერიტორიაზე.

- რუსეთს ახლა აწყობს საქართველოსთან ომის დაწყება?

- რუსეთს, ბუნებრივია, ახლა ომის დაწყება არ აწყობს. მთავარია, გასცე სამხედრო პასუხი.

- ჩვენ არ გვინდა საზღვრის დაფიქსირება, მაინც ხომ ფიქსირდება საოკუპაციო საზღვარი, მუდმივად აქეთ მოიწევს და არ უნდა შეაჩერო?

- დიახ, უნდა შეაჩერო.

- მეორე მხრივ, პატრულირების ახალი კომპონენტი გაჩნდა. შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში ოკუპანტებმა ეკლესიაში მიმავალი ორი ახალგაზრდა გაიტაცეს, გარკვეული ჩარევის შემდეგ, გამოუშვეს. ამას მოჰყვა სამოქალაქო პატრულირების შემოღება. 3-3 კაცი პატრულირებს. რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამან?

- კარგი, პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ინიციატივაა, მაგრამ ეს სახელმწიფო სტრუქტურების ჩანაცვლებას ნიშნავს. პატრულირება სახელმწიფოს პრეროგატივაა და არა მოქალაქეების. როგორც ჩანს, თუ სახელმწიფო არ ავლენს ამგვარ ნებას, სამოქალაქო სექტორი აკეთებს ამას.

- როგორც ვიცი, ყარაფილაში პოლიციელები პატრულირებდნენ (ვაზაგაშვილი რომ ააფეთქეს, მაშინ ითქვა). 3-5 პოლიციელი იყო საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში. იმ სოფელში, ბოლოს ახალგაზრდები რომ გაიტაცეს, პოლიციელები პატრულირებდნენ თუ არა, ცნობილი არ არის. იგივე როლის შესრულება პოლიციას არ შეუძლია, რაც სამოქალაქო პატრულებს?

- პოლიციას მაინც არ აქვს ისეთი ქმედუნარიანობა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს შეიარაღებული ოკუპანტების ქმედებას. ქვეყანა არის საომარ მდგომარეობაში. ერთ მხარეს არიან სამოქალაქო პირები, მეორე მხარეს კი რუსი ოკუპანტები, რომლებიც მიზნის მისაღწევად შეიარაღებულ ძალებს იყენებენ.

- პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რასაც რუსეთი აკეთებს, პროვოკაციაა და იქ ჯარის ჩაყენება არ შეიძლებაო...

- მე იგივე პოზიციაზე ვარ. ვითარება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. საქართველოში საერთაშორისო ენერგოპროექტების რეალიზაცია ხდება და ქვეყნის ეკონომიკური იმიჯი უფრო ფუჭდება. საქართველო კარგავს იმ მიზიდულობას, რაც 26 წლის მანძილზე ჰქონდა. ეს არის მისი ენერგოტრანზიტულობის სტატუსი.

- ძალოვნების ჩაყენება ვითარების ესკალაციას ხომ არ გამოიწვევს?

- რა ვითარების ესკალაცია, ისედაც სიტუაცია ჩიხში შედის. ფაქტობრივად, ამის იქით სახელმწიფოს გამოსავალი არ აქვს. მაშინ ვთქვათ, რომ არ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო და გვინდა ვიყოთ მარიონეტები რუსეთის ოკუპაციის ქვეშ. ეს პირდაპირ ვთქვათ. მიხეილ სააკაშვილი ჩავარდა ერთ უკიდურესობაში, ის რუსეთს აღიზიანებდა და ცხინვალში საბრძოლო ოპერაციები დაიწყო, რუსეთის პროვოკაციებს წამოეგო და საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

- როგორც ჩანს, სწორედ ამის ეშინია ხელისუფლებას. ამიტომ გამორიცხავენ საოკუპაციო ხაზთან ჯარის ჩაყენებას..

- მეორე უკიდურესობაა, როცა საქმე ეხება ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს, შენი სახელმწიფოებრიობის ფიზიკური შებღალვა ხდება (ამაზე მეტი ფიზიკური შებღალვა რა უნდა იყოს, დაიკავეს ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენი და ნავთობსადენი აღარ მოქმედებს, მორჩა) და შიშის გამო, რომ ვითარების ესკალაცია არ მოხდეს, უმოქმედოდ ხარ.

- ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ რუსების კონტროლქვეშ ნავთობსადენის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი არ არის და ნუ ვამბობთ, რუსები 3 კილომეტრიან მონაკვეთს აკონტროლებენ

- აბა, რამდენ კილომეტრს აკონტროლებენ? დაავიწყდათ, რომ 2015 წელს რუსებმა ხელთ ჩაიგდეს ნავთობსადენის ორკილომეტრნახევრიანი მონაკვეთი. მე მაქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტები და მასალები. ამასთან დაკავშირებით არსებობს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლის ხოხ გაგლოევის მუქარა, ჩვენც უნდა გადაგვიხადოთ გადასახადი, თუ გინდათ, ნავთობი გაატაროთო. ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენს ჩვენ ვაკონტროლებთ და ბიპიმ ჩვენ უნდა გადაგვიხადოს გადასახადიო. ახლა დამატებით კიდევ ჩაიგდეს ხელში ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთი ყარაფილაში.

- თქვენ აცხადებთ, ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენი აღარ მოქმედებსო...

- აღარ მოქმედებს, როცა ნავთობსადენი ოკუპანტების კონტროლის ქვეშაა. ოკუპანტი ნავთობსადენის ერთ კილომეტრის სიგრძის მონაკვეთსაც რომ აკონტროლებდეს, იქ ნავთობის გატარებას აზრი ეკარგება.

- მილში ნავთობი აღარ გადის?

- გადის თუ არა, ენერგეტიკის სამინისტროს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ თუ მილი არის ოკუპანტების კონტროლის ქვეშ, მაშინ ნავთობის გატარებას აზრი ეკარგება. ეს საქართველოს ამოაგდებს საერთაშორისო პროექტებიდან. რუსებმა მილი რომ ააფეთქონ, ნავთობსადენი ხომ ვეღარ იფუნქციონირებს? ფაქტია, რომ ეს ნავთობსადენი ოკუპანტების კონტროლქვეშ 2015 წელს მოჰყვა. გარდა ამისა, 200 მეტრი რჩება გორი-თბილისის მაგისტრალამდე. გორი-თბილისის მაგისტრალამდე თუ ჩამოვიდნენ და იქ გააკეთეს პოსტი, მაშინაც პროვოკაციაზე ვისაუბრებთ და არ გამოვიყვანთ შეიარაღებულ ძალებს?!

- თუკი ჯარი ჩადგება, შედეგი გათვლილი გვაქვს?

- რუსეთი ვეღარ გაბედავს მეორე ფრონტის გახსნას. უკრაინასთან ძალიან მძიმე ომს აწარმოებს. თუკი რუსეთი საქართველოსთან განაახლებს სამხედრო ოპერაციას, მიიღებს მძიმე სანქციებს. ეს იქნება სრული ეკონომიკური ბლოკადა. თუ რუსეთი ითავხედებს, შეიძლება მიიღოს პოლიტიკური და სამხედრო ტიპის ომებიც კი. მისი ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია. რუსეთი კიდევ ასეთი ტიპის დარტყმას ვეღარ გაუძლებს.

საქართველო და მსოფლიო“, 26 ივლისი – 01 აგვისტო, 2017 წელი

ჩვენ სიყვარულით დიდ თვალებში ვუყურებთ ლენინს

ჯანსუღ ჩარკვიანის პორტრეტისათვის

დავით მხეიძე

“არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი” – ეს ცნობილი სენტენცია განგსტერ ალ კაპონეს ეკუთვნის და ამ “მორალური ხასიათის გამონათქვამის, ზნეობრივი დარიგების” (ასე განმარტავს ლათინურ ტერმინ “სენტენციას” უცხო სიტყვათა ლექსიკონი) სიუჟეტის რამდენი ამერიკული ფილმი გვინახავს, რომლებშიც ძმა – ძმას, მეგობარი – მეგობარს, შვილი – მამას და პირიქით – მამა შვილს კლავს?

რადგან წინამდებარე წერილით შეიძლება მავანის მორალური მკვლელობა ჩავიდინო, ამ ამერიკულ სენტენციას გურამ დოჩანაშვილის დახმარებით გადმოვაქართულებ: არაფერი პირადული, მხოლოდ “ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება”, ხოლო ამ “ერთ რამეში” სამშობლო რომ იგულისხმება, ამის შეხსენება არ სჭირდება ჩვენი გაზეთის მკითხველს. იქნებ ცოდვილთა შორის უცოდვილესი ვარ, მაგრამ სხვისი დაკვეთით ჯერ სიტყვაც არ დამიწერია, ბევრჯერ შევმცდარვარ, მაგრამ ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია.

ჩემი ნახევარძმა (მამით ერთნი), გაქანებული ნაცი ლევან მხეიძე (სააკაშვილის ზეობის ჟამს კეზერაშვილის მოადგილე და ფინანსური პოლიციის შეფი, კონტროლის პალატის მოადგილე და ბოლოს – დიდუბის გამგებელი), მხოლოდ იმას მეხვეწებოდა, სააკაშვილს თუ არ აქებ, ნუ ლანძღავ მაინც, გადაიდე ფეხი ფეხზე და არხეინად იცხოვრეო, მაგრამ ჩემი ვერ მომაშლევინეს, რის გამოც მამასთან წლების განმავლობაში უბრად ვიყავი. უფრო მეტიც, მანამდე “ვიხტუნავე”, სანამ 2008 წელს “დანაშაული” არ “გამიჩალიჩეს” და გლდანის ციხის ჯოჯოხეთს, ღვთის წყალობით, სასწაულით გადავრჩი – საპროცესო გარიგებით პირობითი 4 წელი მაკმარეს… ჩემი “სროკის” დამთავრება და “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლა ლამის ერთად მოხდა. ვიფიქრე, არიქა, როგორც იქნა, გვეშველა ქართველებს-მეთქი, მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ ქართველების ოცნება სულაც არ ყოფილა “ქართული ოცნება” და კვლავ რადიკალურ ოპოზიციაში ვდურთე თავი.

ხოლო, როდესაც თავდაცვის მინისტრმა და ჩემმა სიძემ (ფანჯიკიძეები ჩემი ალალი დეიდაშვილები არიან) ირაკლი ალასანიამ, ცოლისდა მაია ფანჯიკიძესა და საკუთარ გუნდთან ერთად, დემარშით დატოვა “ქართული ოცნება”, – არიქა, საქართველოს ხელისუფლების მიერ დეკლარირებული ე.წ. ჩრდილოატლანტიკურ არჩევანს საფრთხე ემუქრება და ქვეყნის საგარეო ვექტორი რუსეთისკენ იხრებაო, ბეჭდურ მედიაში ერთ-ერთმა პირველმა მე “დავარტყი” “თავისუფალ დემოკრატებს” (დეიდაშვილსა და სიძეს) გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” გამოქვეყნებული სტატიით “სიძევ, შენ გეუბნები და, დაო, შენც გაიგონეო”…

მოკლე ხანში იმავე თემაზე და იმავე პათოსით, ამჯერად სიტყვით გამოვედი ბატონი რეზო ამაშუკელის მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაცია “ლაზარეს” რიგით მეორე შეკრებაზე რუსთაველის თეატრის გადაჭედილ დარბაზში, რითაც, ალბათ, სამუდამოდ დავანგრიე ჩემს სისხლსა და ხორცთან დასაბრუნებელი ხიდი. სიტყვამ მოიტანა და, რუსთაველის თეატრის, მაგრამ ამჯერად არა გადაჭედილ, არამედ ნახევრადშევსებულ დარბაზში “ლაზარეს” (რომლის გამგეობის წევრიც გახლდით) ბოლო, მესამე შეკრებაზე, რომელიც ბიძინა ივანაშვილისთვის გუნდრუკის საკმევად იყო ჩაფიქრებული, შეიძლება ითქვას, ძალით ავიჭერი სცენაზე, რადგან ბატონი რეზო, იცოდა რა ჩემი განხიბლვის შესახებ ბიძინა ივანაშვილის პერსონის მიმართ, სიტყვის მოცემას არ აპირებდა. ჰოდა, მივიჭერი მიკროფონთან და ვთქვი, რომ საქართველო ივანაშვილის მილიარდებს არ უნდა გადავაყოლოთ, არ მჯერა საყდრისის ამფეთქებელი საქართველოს აღმშენებლობას რომ ეწევა-მეთქი, და გავიხსენე კოჰაბიტაცია, სამართლიანობის არაღდგენა და სხვა მრავალი ცოდვა. დარბაზში მსხდომნი სიტყვას, მოწონებისა და თანხმობის ნიშნად, აპლოდისმენტებითა და შეძახილებით მაწყვეტინებდნენ.

ამ დემარშს, ვიცოდი, არ მაპატიებდა ბატონი რეზო… ასეც მოხდა _ “ბოლნისის ლომების” ავტორთან მეგობრობა იმ საღამოს დასრულდა. ახლა მავანი იკითხავს, რას ემსახურება წერილის ეს ერთობ ვრცელი “პრელუდიაო”?

თავის ქებას? საქებარ საქმედ არ მიმაჩნია ზემოთქმული, რადგან დიდი ტკივილის ფასად დამიჯდა ეს ყველაფერი. იქნებიან, ალბათ, ისეთებიც, რომლებიც გიჟად ჩამთვლიან, _ რა გინდა, ვის და რისთვის ებრძვი, წუთისოფლის სტუმრები ვართ, დაჯექი და წყნარად თალე შენი წილი ცხვრის დუმაო. მაგრამ რა ვქნა! “აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!” როდესაც საქმე ეხება “ერთი რამის სიყვარულს, დაფარვა რომ სჭირდება”, სამშობლოს მტრების მიმართ ლმობიერების გამომჩენი შვილიც არ მინდა. ეს ვრცელი შესავალიც იმისთვის დამჭირდა, რომ მეთქვა: საკუთარ სისხლსა და ხორცს არ ვინდობ და მით უმეტეს, არ მაქვს მორალური უფლება, სხვა დავინდო.

თუნდაც ეს სხვა იყოს “სახალხო პოეტი” ჯანსუღ ჩარკვიანი.

ფუნაგორიების დიდოსტატმა ამას წინათ ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” “იანგლა” (იქნებ, “ინაგლა”?): “ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან რუსულმანებიო”. და ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა ჩემი მოთმინების ფიალის ასავსებად, თორემ, აგერ მესამე წელიწადია, ჩემი კალამი ბატონ ჯანსუღს ნატრობს.

გახსოვთ, ალბათ, “იმედის” ეთერში ინგა გრიგოლიასა და შალვა რამიშვილის გადაცემა. სტუმრად მიწვეულმა ბატონმა ჯანსუღმა შალვა რამიშვილის პროვოკაციულ შეკითხვაზე – ლენინ-სტალინზე ლექსები არ დაგიწერიათო? – ისეთი ტყუილი დაახეთქა წარბშეუხრელად, რომ სირცხვილისგან მის მაგივრად ყურები მე ამეწვა: “ლენინზე არა, მაგრამ სტალინი ერთი–ორგან მყავს ნახსენებიო”, – განაცხადა ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატმა.

ახლა გადავხედოთ ჯანსუღ ჩარკვიანის ბიოგრაფიას. ვიკიპედიაში ვკითხულობთ:

1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა. დააკვირდით თარიღს, მკითხველო, – 1947-1953 წლები, ანუ მწვერვალი დიდ სამამულო ომში გამარჯვებული დიდი სტალინის ზეობისა… ალბათ, ამ ლექსში თუ ახსენა “ერთი-ორჯერ” ვინმე გორელი სოსო ჯუღაშვილი ბატონმა ჯანსუღმა.

1962-63 წლებში იყო ჟურნალ “ცისკრის” პასუხისმგებელი მდივანი; 1963-67 წლებში – ჟურნალ “დილას” მთავარი რედაქტორი; 1967-77 წლებში – ჟურნალ “ცისკრის” მთავარი რედაქტორი; 1977-87 წლებში – საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი; ჟურნალ “დროშის” მთავარი რედაქტორი; იყო მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი; გამომცემლობა “საბჭოთა საქართველოს” დირექტორი; საზოგადოება “თბილისელის” პრეზიდენტი; 1978 წელს მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია; 1985 წელს 1983-84 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (საკვირველია, რომ ვიკიპედიაში არაფერი წერია ბატონი ჯანსუღის ლენინური კომკავშირის პრემიით დაჯილდოებაზე).

ეს რაც შეეხება საბჭოთა “რუსულმანების” პერიოდის მონაგარს. ბატონ ჯანსუღს ერთი ლექსი მაინც რომ არ დაეწერა ვლადიმერ ილიჩზე, ზემოჩამოთვლილ ურიცხვ საბჭოთა ჩინ–მედლებსა და ცეკას ნომენკლატურულ თანამდებობებს ვინ მიაშავებდა?!

ერთ მომენტში ვიფიქრე, თუ საბჭოეთის პერიოდში გენიალური გალაკტიონით, ტიციანით, გოგლათი, ლადოთი, მუხრანით დაწყებული და “ლექსმახერებით” დამთავრებული, ყველას აქვს პროლეტარიატის ბელადისადმი მიძღვნილი ლექსები, “ლომთა ხვედრიას” ავტორი, რომლის შემოქმედება ახლოსაც ვერ მივა ჩამოთვლილ კლასიკოსებთან, იქნებ ლომური ვაჟკაცობითა და სიმამაცით აღემატება მათ და მართლაც არ აქვს ლენინზე ლექსი დაწერილი, თორემ ასეთ ტყუილს როგორ გაბედავდა, მით უმეტეს, ინტერნეტის ეპოქაში, სადაც ტყუილს, მოკლე კი არა, საერთოდ არ აქვს ფეხები-მეთქი, და ბატონი ჯანსუღი ამხანაგ ლენინთან ერთად “დავგუგლე”…

ჰოდა, ბატონი ჯანსუღის მიერ ლენინზე დაწერილი ორი ლექსის ზუსტი მისამართი მომცა ინტერნეტმა – საჯარო ბიბლიოთეკა. წავედი და… აი ეს ლექსებიც:

„უსმინეთ ლენინს“

„მოდის აპრილი ულამაზეს ფერთა სიმღერით, // მოდის დიადი, დიდებული და მოლხენილი. // ჩვენ ვდგავართ ძეგლთან, დღეთა რწმენით, // დღეთა სიმხნევით, ჩვენ, ვისაც ერთხელ არ გვინახავს დიდი ლენინი“ და ა.შ. (გამომცემლობა “ნაკადული”, თბილისი, 1970, “მსოფლიო პოეტები ლენინს”. კრებული, გვ. 235-236)

„მოსკოვი, იანვრის 21“

„ახლა მოსკოვში ყინავს და ოცდაათი გრადუსია, ცა ფეხად ჩამოდის და უხარიათ ნაძვებს… // გარეთ გამოსულა, ქვეყანაზე რაც რუსია, რუსი, ყინვის ამტანი და ჭირის გამძლე // წითელ მოედნამდე რიგია უსაშველო, კრემლის საათი თორმეტჯერ რეკავს“ და ა.შ.  (საქ. კპ. ცკ-ის გამომცემლობა, ჟურნალი “ცისკარი”, 1970, #4, გვ.12).

ილიკო ჩიგოგიძე რომ ვიყო, ვიტყოდი: „ეტყობა, უგრძვნია კაცს, უგრძვნია“…

ისეთი განცდით, ექსპრესიით არის დაწერილი ორივე ლექსი, “რუსულმანებმა” დღეს ილიჩისადმი მიძღვნილი ლექსების კონკურსი რომ ჩაატარონ, ბატონი ჯანსუღი გრანპრის ფავორიტი გახდება. პირველი ლექსი გამომცემლობა “ნაკადულის” მიერ გამოცემული ლენინის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ლექსების კრებულშია (“მსოფლიო პოეტები ლენინს”) დაბეჭდილი, სადაც ბატონ ჯანსუღს “გვერდს უმშვენებს” ორმოცამდე ქართველი პოეტის, უკლებლივ ყველა კლასიკოსის, “ლენინიადა”, ხოლო მეორე ლექსი დაბეჭდილია ჟურნალ “ცისკარში”, რომლის მთავარი რედაქტორიც თვითონ ბრძანდებოდა “სახალხო პოეტი”.

ეს ყოველივე ორი წლის წინათ უნდა დამებეჭდა, მაგრამ მაშინ ბატონი ჯანსუღის ერთი მეგობრის თხოვნით ამომაღებინა რედაქტორმა გაზეთის ნომრიდან, რომელსაც დაკაბადონებაღა აკლდა, – მოხუცდა, ცოდოა, რამე ფარსაგი არ დაემართოსო და ა.შ. ახლა კი ვნანობ, რომ მაშინ ეს თხოვნა გავითვალისწინე, რადგან კაცს ფარსაგი შეიძლება ცილისწამებამ დამართოს და არა სიმართლემ. ცილისწამებას კი ვერც იმ და ვერც წინამდებარე წერილში ვერ იპოვით. ისე კი, როგორც “რუსულმანები” იტყვიან, “Правда людям глаза колит”, მაგრამ რა გაეწყობა, ცოტას “სახალხო პოეტიც” ინერვიულებს, ალბათ. ეს სიმართლე თავის დროზე რომ მეთქვა, იქნებ ბატონ ჯანსუღს ის პატარ–პატარა შეცდომები აღარ დაეშვა, რომლებმაც ბოლოს მისი ცხოვრების შეცდომების კვინტესენციამდე მიიყვანა _ “რუსულმანობამდე”.

ირაკლი ალასანიას დემარშის შემდეგ ფილარმონიაში “თავისუფალი დემოკრატების” პომპეზურ ყრილობაზე ბატონი ჯანსუღი ამ პარტიის მხარდამჭერი ისეთი “შემოქმედებითი ინტელიგენციის” წარმომადგენელთა გვერდით აღმოჩნდა, როგორებიც არიან: “საიდუმლო სირობის” ავტორი ერეკლე დეისაძე, რომელსაც თავის დედაზე ერექცია აქვს; “გასაბერი ანგელოზის” ავტორი ზაზა ბურჭულაძე, რომელიც საქართველოს პატრიარქის ზოოპარკის ვოლიერში დამწყვდევას ითხოვს; ლაშა ბუღაძე, რომელმაც წმინდა მეფე თამარი შეურაცხყო და ა.შ. აი ამ სამარცხვინო ადამიანებთან ერთად აკეთებდა “სახალხო პოეტი” ივანიშვილის რეჟიმის საწინააღმდეგო შეკრებაზე კომენტარებს, მაგრამ დიდი ჭაბუას ორმოცზე ივანაშვილის გვერდით მჯდომმა ბატონმა ჯანსუღმა ვერ გააპროტესტა ბიძინას მიერ საქართველოს პატრიარქის შეურაცხყოფა (თუმცა, ობიექტური ვიყოთ, რატომ მხოლოდ ჯანსუღ ჩარკვიანისგან ვითხოვთ გულადობას _ იმხელა სუფრაზე, პოეტ ვაჟა ოთარაშვილისა და დრამატურგ ლაშა თაბუკაშვილის გარდა, ვერავინ გაბედა ხმის ამოღება).

ბატონმა ჯანსუღმა ვერ გააპროტესტა შეურაცხყოფა პატრიარქისა, რომლის უზარმაზარი პორტრეტი, დარწმუნებული ვარ, უკიდია მუზეუმივით მორთულ ბინაში, სადაც, რომ იტყვიან, ცხენი გაჭენდება და, რომელიც სწორედ საბჭოთა “რუსულმანებმა” უწყალობეს პოეტს იმიტომ, რომ ერთი ლექსიც “არ დაუწერია” ლენინზე.

ცალკე თემაა ბატონი ჯანსუღის მართლაც პირმშვენიერი ასული, ქალბატონი თამარი, თაკოდ წოდებული, რომლის ხელოვნურად განაბული თვალებიდან დაყენებულმა “არისტოკრატულმა მზერამ” ლამის ნახევარ საქართველოს ნევროზი დამართა. როგორც კი ეს ქალბატონი პირს გააღებს და მორალის კითხვას დაიწყებს, მისი ვიზუალური სილამაზე უკვალოდ ქრება. იყო პერიოდი, ლამის ყოველდღე იჯდა სხვადასხვა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში და ნებისმიერ თემაზე ისე “პროფესიონალურად” ლაპარაკობდა, რომ, ერთი ძველი ანეკდოტისა არ იყოს, იფიქრებდით, ამ ქალბატონს “საყველაფრო” აქვს დამთავრებულიო. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ქალბატონ თაკოს ერთი “ფრთიანი ფრაზა”: “ოო, რა დიდი განსხვავებაა ჩურკინთან მოპაექრე ალასანიასა და პუტინის გვერდით მჯდომ ნინო ბურჯანაძეს შორის”.

და კიდევ _ ყველა ეთერში ქალბატონ თაკოს წარადგენდნენ, როგორც პუბლიცისტს და ახლა ვსვამ კითხვას: ვინმეს წაკითხული გაქვთ თაკო ჩარკვიანის “პუბლიცისტიკა”?

საზოგადოდ, როგორც წესი, შვილი განაგრძობს ხოლმე მამის გზას, მაგრამ ჩარკვიანების შემთხვევაში, როგორც ჩანს, პირიქითაა _ შვილმა გადაიყვანა მამა ლიბერალურ რელსებზე, რომელზეც საბჭოეთში აღზრდილ, ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატსა და საქართველოს “სახალხო პოეტს” არასოდეს უოცნებია, რადგან, როგორც ე.წ. ელიტური შემოქმედებითი ინტელიგენციის წევრი, მუდამ სარგებლობდა საბჭოთა პერიოდში არსებული პრივილეგიებით, შავი “ვოლგა” იქნებოდა ეს, ბინები თუ სპეცმაღაზიები, სახელმწიფო აგარაკები მთაში თუ ზღვაზე, სპეცსაავადმყოფოები და ა.შ.

ისიც კარგად იცის ბატონმა ჯანსუღმა, რომ საქართველოს ხსნა ერთმორწმუნე რუსეთის გარეშე შეუძლებელია და გაუგებარია, რისთვის სჭირდება ხანდაზმულ პოეტს (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს), როდესაც ყველა ნორმალური ადამიანი სულის ცხონებაზე ფიქრობს, ტყუილი, რომ ლენინზე ლექსი არ დაუწერია?! ისე, თუ ტყუილია, ბარემ ისიც ეთქვა, რომ კომპარტიის წევრიც არასოდეს ყოფილა. არადა, პროვოკატორ შალვა რამიშვილის “მიჯირყვნა” ერთი კონტრკითხვით შეეძლო – იყო კი საბჭოეთში პოეტი ან მწერალი, რომელსაც ლენინ-სტალინზე რამე არ დაუწერია, რა, ამით გალაკტიონის, ტიციანის, მუხრანის ან კონსტანტინე გამსახურდიასა და სხვათა შემოქმედებას ჩრდილი მიადგა?

ამ შემთხვევაში, ალბათ, არც წინამდებარე წერილი დაიწერებოდა, მაგრამ… “ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან რუსულმანები” – ამ იდიოტურმა და, რაც მთავარია, უმადურმა ფუნაგორიამ მოთმინების ფიალა ამივსო.

საბჭოეთის მიერ ბოძებულ სიკეთეებზე, რომლებიც ბატონმა ჯანსუღმა დედის რძესავით შეირგო, უკვე ვთქვით და ახლა რეზო ამაშუკელის კერძო საუბარში ნათქვამს გამოვამზეურებ, რასაც, იმედია, არ მიწყენს, ერთ დროს ჩემი უფროსი მეგობარი და, ჩემი აზრით, ცოცხალთა შორის ერთადერთი დიდი პოეტი: „200 წელიწადი რუსეთის ძუძუებს ვწოვდით. ერთიდან “სგუშჩონი მალაკო” მოდიოდა და მეორედან – „შიკალადი“…

სერიოზულად კი, რუსეთმა გადაგვარჩინა ფიზიკურ განადგურებას, შეგვინარჩუნა მართლმადიდებლობა (ახლა არ მითხრათ, ფრესკები შეგვითეთრაო), რაც იმავე ქართველობის შენარჩუნება იყო, დაგვიბრუნა თითქმის სამუდამოდ დაკარგული სამცხე-ჯავახეთი და აჭარა. რუსეთის ცარისტულ იმპერიაში ხალხმა წერა-კითხვა ისწავლა, გამოვიდა პირველი ქართული გაზეთი, შეიქმნა ქართული თეატრი, 60-იანელმა „თერგდალეულებმა“ მიიღეს ევროპული განათლება მოსკოვის, პეტერბურგის, ოდესის უნივერსიტეტებში და ა.შ. აღარაფერს ვიტყვი საბჭოთა იმპერიაზე, სადაც ქართველები 70 წელიწადი „უდელნი კნიაზებივით“ ვცხოვრობდით და ამის შემდეგ – „რუსულმანები“? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბატონი ჯასუღის მიერ რუსეთის ასე მოხსენიება ელემენტარული უმადურობაა, რადგან სწორედ “რუსულმანებმა” აქციეს იმად, ვინც დღეს ბრძანდება.

ბატონი ჯანსუღი მომენტს არ გაუშვებს, არ დაიტრაბახოს, რომ ჭაბუა ამირეჯიბის “დათა თუთაშხია”, ზემოდან სანქციის გარეშე, ლამის საკუთარი სიცოცლის რისკის ფასად დაბეჭდა ჟურნალ “ცისკარში”, ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ლენინზე ლექსების იგავი. 1970-იანი წლების დასაწყისში ასეთ თვითნებობას არავის აპატიებდა საბჭოთა ხელისუფლება. და მეორეც – საბჭოთა ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებელ და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტისადმი არალოიალურ “სახალხო პოეტს” ხალხი მეტსახელად ჯანსუკს (ახალგაზრდებისათვის განვმარტავ: სუკ-ი აბრევეატურაა და ასე იშიფრება – სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) რატომ შეარქმევდა?

ბატონი ჯანსუღი, აგრეთვე, ხშირად ყელყელაობს იმით, რომ ერთადერთი იყო, ვინც ხმა არ მისცა მწერალთა კავშირიდან ზვიად გამსახურდიას გარიცხვას, იმას კი “ვერ იხსენებს”, რომ “ლომთა ხვედრიას” ავტორმა, ედუარდ შევარდნაძის სხვა “შემოქმედებით ინტელიგენტებთან” ერთად, ლომის წილი დაიდო ზვიად გამსახურდიას “საქართველოდან გარიცხვაში”… მკითხველი შენიშნავდა, რომ ბატონი ჯანსუღისადმი მიმართვისას სახალხო პოეტი ყველგან ბრჭყალებშია ჩასმული და ეს არა იმიტომ, რომ დიდ პოეტად თუ არა, საერთოდ, პოეტად არ მიიჩნევს საზოგადოება. არა, ბატონებო! ჯანსუღ ჩარკვიანი დიდი პოეტი არ არის, მაგრამ რამდენიმე კარგი ლექსი მართლაც დაწერა!

ეს “რამდენიმე” კი რუსთაველის, გურამიშვილის, ტატოს, ვაჟას, აკაკის, ილიას, გალაკტიონის, ტიციანისა და სხვა ბუმბერაზი პოეტების ქვეყანაში სულაც არ არის პატარა საქმე. უბრალოდ, ეს ტიტული – “სახალხო პოეტი” დააწესა და ბატონ ჯანსუღს მიანიჭა მაყვალა გონაშვილისა და რეზო მიშველაძის მიერ პრივატიზებულ-უზურპირებულმა მწერალთა კავშირმა, რომელშიც ნამდვილი მწერალი სანთლით საძებარია. სახალხო პოეტის ტიტულს ვერავის მიანიჭებს მიშველაძის მიერ დარტყმული ბეჭედი. ამ ტიტულს თვით ხალხი ანიჭებს ხელოვანს და თანაც ყოველგვარი ბეჭდის გარეშე! მათვე უბოძეს (თუ არ ვცდები) ბატონ ჯანსუღს მწერალთა კავშირის საპატიო თავმჯდომარის ტიტული. მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობა – აი ერთადერთი ნატვრა, რომელიც ვერ აისრულა ბატონმა ჯანსუღმა საბჭოთა “რუსულმანების” ხელში და, ალბათ, ამიტომაც მოიხენიებს ასე უდიერად საქართველოს გადამრჩენელ რუსეთს.

ამას წინათ ცეკას ყოფილმა მაღალჩინოსანმა მიამბო: როდესაც ედუარდ შევარდნაძე “ლეჩკომბინატში” სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ნოდარ დუმბაძის სანახავად მისულა, დამშვიდობებისას ბატონ ნოდარს, იმჟამად მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, შევარდნაძისთვის უთხოვია, გნებავთ, ანდერძად დაუგდია _ მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ ჯანსუღ ჩარკვიანი არ დანიშნოო. ეს ამბავი, თვითონ შევარდნაძემ მიამბოო, ირწმუნება ცეკას ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლის ვინაობასაც მისი თანხმობის გარეშე, ცხადია, არ გავამხელ.

————

P.S. „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“…

ლამის მთელი კვირაა ამ წერილს „ვეჭიდავები“ და, აჰა, როგორც იქნა, მოვახრჩე, მაგრამ ეჭვი შემომიჩნდა – თქმა სჯობდა თუ არათქმა? ჩვენთან ხომ ასე იციან, – ის მოხუცია და ვაპატიოთ, სიმართლის თქმით დარჩენილ სოცოცხლეს ნუ გავუმწარებთო, ეს ახალგაზრდაა და მომავალს ნუ გავუფუჭებთო. სჭირდება კი ასეთი სიმართლე, ჩემ გარდა, ვინმეს?

მუხრანის სტრიქონები ამეკვიატა:

„რა ჩემი ჭკუის საქმეა, ნეტავ, მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! // რომელი მეფე ერეკლე მე ვარ ანდა მსაჯული მისი!“.

ახლაც და ყოველთვის ნიკალასავით მეც თითქოს წმინდა გიორგი მადგას თავზე და მიყვირის: დაწერე, დაწერე, დაწერე, დავით! ჰოდა, მეც დავწერ და, შვილის საფლავს ვფიცავ, არავის დავინდობ! არავითარი პირადული, მხოლოდ „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“…

Comments are closed