globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 27 აგვისტო 2016 წელი

Posted by Globalresearch on Aug 27th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ სპექტრს ალაგებს“ // „ადგილობრივშიც და საპრეზიდენტო არჩევნებშიც „ოცნება“ და „ნაციონალები“ ნინო ბურჯანაძეს ებრძოდნენ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „ სანდრა რულოვსს პრეზიდენტობისათვის ამზადებენ“ // „მიხეილ სააკაშვილი ბოკერიას აღარ ენდობა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ეს მთავრობა მიხეილ სააკაშვილს პიარს თვითონ უკეთებს“

——-

ინტერპრესნიუსი“: ინტერვიუ სოსო გალუმაშვილთან: „ინფორმი-რებული ამომრჩევლის ნაცვლად, დაბნეული ამომრჩეველი მივიღეთ“

——-

„რეზონანსი“: როგორი საარჩევნო განწყობაა რეგიონებში

„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ვისაც სურს, კრემლს საჩუქარი უძღვნას, შეუძლია, არჩევნებზე არ მივიდეს“

„რეზონანსი“: ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: “შეიძლება, გვქონდეს არა მოსახლეობის, არამედ პარტიული აქტივისტების არჩევნები”

„რეზონანსი“: უვიზო რეჟიმს დემოგრაფიული პრობლემები მოჰყვება?!

მოსახლეობას თვალი ისევ ქვეყნიდან გაქცევისკენ უჭირავს

„რეზონანსი“: ჩინელი ინვესტორები ინვესტირებისთვის ეკონომიკის ყველა დარგს განიხილავენ

——————-

„ახალი თაობა“, 27 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ სპექტრს ალაგებს“ // „ადგილობრივშიც და საპრეზიდენტო არჩევნებშიც „ოცნება“ და „ნაციონალები“ ნინო ბურჯანაძეს ებრძოდნენ“

საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილ სიტუაციაზე „ახალი თაობის“ კორესპონდენტი მარიამ მჭედლიშვილი ყოფილ დეპუტატს ვალერი გელბახიანს ესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

„პაატა ბურჭულაძის პარტიის ირგვლივ ირგვლივ შექმნილ გაერთიანებაში (ჯერ არ ვიცით, არის თუ არა ეს საარჩევნო ბლოკი, ის ცესკოში რეგისტრირებული არ არის) არიან პარტიები და პირები, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ გამოეყვნენ. მარტალია, „ახალი მემარჯვენეები“ ფორმალურად „ნაცმოძრაობაში“ არ ყოფილან, მაგრამ მასთან კავშირი ჰქონდათ. პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული ახალი გაერთიანება „ნაციონალების“ სატელიტია. პირადად მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ სპექტრს ალაგებს და ეს ამის გამოვლინებაა. მან სექმნა, მაგალითად, თამაზ მეჭიაურის პარტია, რომელიც ახლა სხვა სუბიექტებს იერთებს.

(…)

[თამაზ მეჭიაურის პარტია ნინო ბურჯანაძის დასასუსტებლად შეიქმნა], მან ნინო ბურჯანაძეს ხმები უნდა წაართვას, ხოლო პაატა ბურჭულაზემ – „ნაციონალურ მოძრაობას“. მოკლედ, ასეთი გეგმები არსებობს. გამოვა თუ არა მათი რეალიზება, ეს [მიმდინარე პოლიტიკურ] მოვლენებზეა დამოკიდებული: საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძე მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა ოფიციალურად მას მესამე ადგილი მიაკუთვნეს. მის წინააღმდეგ „ნაციონალები“ და „ქართული ოცნება“ ერთად იბრძოდნენ. ასე იყო ადგილობრივ არჩევნებშიც. მიუხედავად ამისა, ნინო ბურჯანაძის პარტიამ ბარიერი გადალახა და 12%-იანი მხარდაჭერაც მიიღო, თან ეს მან განსაკუთრებული აქტიურობის გარეშეც მოახერხა. არადა, მაშინდელი სოციოლოგიური კვლევები ნინო ბურჯანაძეს ათჯერ ნაკლებ რეიტინგს უფიქსირებდნენ. მისმა ბრძოლამ [იმ პირობებში] წარმატებული შედეგი გამოიღო. ნინო ბურჯანაძეს აქვს უნარი აწარმოოს დიალოგი როგორც მოსკოვთან, ასევე ვაშინგტონთან. ამიტომაც მისი გაძლიერება არც ბიზინა ივანიშვილს არ უნდოდა და არც ნაცმოძრაობას. ყველას მისი ჩაძირვა სურდა.

სიტუაცია ახლაც ადრინდელის მსგავსია იმ განსხვავებით, რომ ნინო ბურჯანაძესთან მებრძოლ ძალებს საფიქრელი მზარდმა ახალმა ძალამ – „პატრიოტთა ალიანსმა“ გაუჩინა…. თუმცა პ[ატრიოტები ყოველთვის დამოუკიდებლები არ ყოფილან, მათ თვითონვე აღიარეს - „ოცნებასთან“ კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდაო. გამოდის, რომ ყველაზე დამოუკიდებელი მაინც ნინო ბურჯანაძეა, ბოლო დროს კი მას ყველამ ბრძოლა გამოუცხადა...

(...)

საქართველოს ბლოკსგარეშე სტატუსის იდეის გაჟღერების გამო „გაერთიანებულ დემოკრატებსის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველა გაერთიანდა. უბედურება ისაა, რომ ამ პოლიტიკოსებს საქართველოს ბედი კი არ აწუხებთ, არამედ „ტორტის ნაჭრის“ დათრევა უნდათ. ახლა მთავარია რას იზამს საზოგადოება... თუ ნინო ბურჯანაძე რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაში წარმატებებს მიაღწევს (კონფლიქტების მოგვარების საკითხში, ვიზების გაუქმებში და ა.შ.), რაც ხალხის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, მაშინ სხვა პოლიტიკური ძალები უკან დაიწევენ. გაუგებარია, რაზე უნდა ელაპარაკონ რუსეთის წარმომადგენლებს თამაზ მეჭიაური ან მასთან გაერთიანებული სუბიექტები, როცა მოსკოვთან ურთიერთობაში მეტ შედეგებს სწორედ ნინო ბურჯანაძე აღწევს.

რაც შეეხება ლადო ბედუკაძეს, თემურ ხაჩიშვილს და ვალერი კვარაცხელიას, ისინიც ხელისუფლების სცენარში ჯდებიან. ყველანი ებრძვიან ნინო ბურჯანაძეს, ყველაფერი მიმართულია მისი პარტიისთვის ხმების წასართმევად, ანუ პოლიტიკურ სპექტრს ხელოვნურად ალაგებენ.

ბოლო მონაცემებით, ელექტორატის თითქმის 60%-ს არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია, თუ ვის მისცეს ხმა. თუ ამომრჩევლები რვა ოქტომბერს სახლებში დარჩებიან, მაშინ არჩევნებში მიღებულ ხმებს საბოლოო ჯამში ისევ „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ გადაინაწილებენ. თუ ძალები საგარეო ორიენტაციის მიხედვით დალაგდებიან, ამომრჩეველიც გააქტიურდება. ახლა ხასლხი დაბნეულია. თუ იქნება მეტი სიმკვეთრე და სინათლე, ამომრჩეველს არჩევანის გაკეთების საშუალება და მოტივაცია ექნება“.

„ახალი თაობა“, 27 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „ სანდრა რულოვსს პრეზიდენტობისათვის ამზადებენ“ // „მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას აღარ ენდობა“

რატომ ჩასვეს ნაციონალების საარცევნო სიაში სანდრა რულოვსი, რა სცენარით განვიტარდება მოვლენები არჩევნებამდე და რა გამარჯვების რა სანსები აქვს ხელისუფლებას? - ამ თემებზე „ახალი თაობის“ ჟურნალისტს შორენა მარსაგიშვილს უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

„ნაციონალები“ და მათი პატრონები სერიოზული პროცესებისათვის ემზადებიან. ამის ერთ-ერთი დასტურია ნაციონალების საარჩევნო სიაში  სანდრა რულოვსის შეყვანა. აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოიკერიას და მის გუნდს აღარ ენდობა. მას უნდა რომ ყველაფერი საკუთარი მეუღლის მეშვეობით აკონტროლოს. სანდრას რულოვსის საარჩევნო სიაში ჩაწერას სხვა მიზანიც აქვს - მას პრეზიდენტობისათვის ამზადებენ. პოლიტიკაში პაატა ბურჭულაძის გამოჩენაც ნაციონალების პროექტია. ადრეც ვთქვი, რომ პაატა ბურჭულაძე  ყოფილი ხელისუფლების სატელიტ პარტიებთან შექმნიდა ალიანსს ეს ყველაფერი ახდა. ხელისუფლების შეცვლაში დიდ როლს ითამაშებს სოციოლოგიური კვლევები. ბევრი პოლიტიკოსი და პარტია ამბობს, რომ ამ კვლევების არ სჯერათ, მაგრამ მათი დახმარებით საზოგადოებრივი  აზრის მანიპულირება და სასურველი ფონის შექმნა მაინც ხდება. ბოლო კვლევების მონაცემებით, ნაციონალები უკვე დაეწიენ „ოცნებას“ და, ალბათ, მალე გამოქვეყნდება ახალი მონაცემები, რომელთა მიხედვით, ნაციონალები პირვფელ ადგილზე იქნებიან. თუ არჩევნები მათთვის სასურველი სედეგებით არ დასრულდება, დაიწყება აქციები და არეულობა. პრეზიდენტი, სახლახო დამცველი, რესპუბლიკელები, ალასანიას პარტიია, გირჩები, ციყვები და ყველა მათნაირი ნაციონალების გვერდზე დადგებიან. ამ შემთხვევაში ხალხის აზრს არავინ გაითვალისწინებს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოში გადაწყდება...

(...)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა უწყებაში ჯერ კიდევ ბევრი ნაციონალია შემორჩენილი. საჭიროების შემთხვევაში ისისნი აუცილებლად დაიწყებენ მოქმედებას. ნაციონალებს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად რამდენიმე გეგმა ექნებათ...

მინდა მივმართო ხელისუფლებას, ისე გააკეთოს, როგორც რეჯეპ ერდოღანმა გააკეთა თურქეთში, რომელმაც სასწავლო დაწესებულებები, პოლიცია და არმია იმ ადამიანებისაგან გაწმინდა, რომლებთაც იქ წარუმატებელ სამხედრო გადატრიალებასთან ჰქონდათ კავშირი. თურქეთის ლიდერი რეჯეპ ერდოღანი ამერიკას ფეთჰულა გიულენის გამო დაემუქრა...

[მე არ ვითხოვ, რომ საქართველოს ხელისუფლებაც დაემუქროს ამერიკას, მაგრამ] ჩვენი მთავრობა უნდა შეეშვას სხვისი კარნახით მოქმედებას და გადამჭრელ;ი ზომები მიიღოს. საქართველოში ხალხს ნაციონალები ეზიზრება, მაგრამ ხელისუფლებას იმედი ნუ ექნება, რომ მისთვის ხალხი ტანკებს ქვეშ დაუწვება. და ტანკების გამოყვანა რომ არ მოხდეს, ამისთვის ყველა სტრუქტურა სასწრაფოდ უნდა გაიწმინდოს.

(…)

ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუსვა, რომ ვიღაცეების მოთხოვნას აჰყვა და ლადო ბედუკაძეს დაცვა მოუხსნა. არავინ არ უნდა დაივიწყოს, რომ მის მიერ გამოტანილმა ვიდეოკადრებმა ითამასა მნიშვნელოვანი როლი 2012 წელს. სწორედ იმ კადრების გამო აღარ დაუჭირა მხარი დასავლეთმა „ნაციონალებს“.

„ახალი თაობა“, 27 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ეს მთავრობა მიხეილ სააკაშვილს პიარს თვითონ უკეთებს“

„ახალი თაობის“ კორესპონდენტის ნონა ცაბაძის შეკითხვებს ექსპერტი თონიკე შარაშენიძე პასუხობს.

ინტერვიუს დასაწყისში საუბარი ეხება შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში მომხდარ მოვლენებს – რუსი სამხედრო მოსამსახურეების ადგილობრივ ქართული მოსახლეობას ხელს უშლიან მოსავლის აღებაში და უფრო მეტიც – ისინი ამ მოსავალს ითვისებენ. როგორც თ.შარაშენიძე ამბობს, ეს სიტუაცია კრემლის სტრატეგების მიერ კი არაა დაგეგმილი, როგორც ზოგიერთებს ჰქონიათ, არამედ ასე იმიტომ ხდება, რომ რუსები თავიანთ ნებაზე არიან მიშვებულნი, რომ საკუთარი თავი გამოიკვებონ, ანუ ნადავლს ეძებენ. ეს ყველაფერი სპონტანურად ხდება. „საქართველოს ხელისუფლება კი ხმას ვერ იღებს, ეშინია რეგირება, სიტუაცია თვითდინებაზეა მიშვებული. არიქა, როგორმე რუსეთი არ გავაღიზიანოთო… ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთს დაანახოს – არაფერში ხელს არ გიშლი, ოღონდაც არ დამარტყაო. აი, ესაა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია“, – ამბობს თ.შარაშენიძე.

ექსპერტი კომენტარს აკეთებს აგრეთვე სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზაში დაწყებულ მანევრებზეც: „რუსები წინასაარცევნოდ გვანახვებენ, რომ ჩვენ ისევ აქ ვართ და თუ დაგვჭირდება, თბილისშიც შემოვარდებითო… თუმცა მაინც არა მგონია, რომ არჩევნების წინ, ოქტომბერში რაიმე განსაკუთრებული აგრესიული რიტორიკა  ან დამატებითი სამხედრო მანევრები დაიწყონ“

რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღკვეთილ ტერორისტულ აქტს, თ.შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ეჭვმიტანილების დაკავება და საერთოდ, ეს ტერაქტის მცდელობა გათამაშებული იყო. „ჯერ დივერსიის მცდელობად შეფასდა და მერე უცებ ტერაქტად გადააკეთეს… სურდათ ეს ყველაფერი უკრაინაში მყოფ მიხეილ სააკაშვილისათვის შეეტენათ და რასაკვირველია, ჯობია შეტენო ტერორისტული აქტი, ვიდრე დივერსია“.

თორნიკე შარაშენიძე წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვას ელოდება: „ეს უკვე ქართულ ტრადიციად იქცა, რომ არჩევნები სამოქალაქო ომს ემსგავსება. მთავრობას თუ ჭკუა აქვს, უნდა ეცადოს, რომ დაძაბულობა თავიდან აიცილოს, რადგან ნებისმიერი დაძაბულობა, რომელიც მან გამოიწვია, კატასტროფულად დაამტავრა. ეს ხელისუფლება კრიზისებისა და დაძაბულობის დროს ცუდად მუშაობს, არადა, კრიზისების საბჭო დიდი ხანია შექმნილია“.

ექსპერტი საუბრობს რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებულ ფილმზეც სახელწოდებით „ჰეროკრატია“, რომელშიც „ნაციონალების“ მმართველობის ცხრა წლიანი პერიოდის ანტიდემოკრატიული ხასიათია მხილებული: „ესაა უნიჭო და პათეტიკური ფილმი. რა მიზანი აქვს ამ ფილმს? რომ უფრო მეტად შესძულდეს ხალხს მიხეიულ სააკაშვილი? ხალხის ნაწილს იგი ისედაც სძულს. ამ ფილმის მიზანია გავლენა მოახდინოს ნეიტრალურ მოსახლეობაზე. ამ ფილმის გადასაღებად დახარჯული მილიონები წყალში გადაყრილია… შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ფილმმა მიხეილ სააკაშვილს მეტი პოპულარობა შესძინოს… მე ვუყურე ფილმს აგვისტოს ომზე, ისიც უნიჭოდ იყო გადაღებული, რომ თითქოსდა საქართველო არაფერ შუაში არ იყო და ომი მხოლოდ რუსეთმა წამოიწყო. ის [ამერიკული] ფილმი შემდეგ უკან შემოგვიტრიალდა. აქც იგივე მოხდება. საერთოდ, როდის აქეთაა გოგა ხაინდრავა დიდი რეჟისორი? მორალსაც შევხედოთ: იგი ხომ სამი წელი იყო მინისტრი მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში? მას ფილმისთვის „9+1-3“ უნდა დაერქმია“.

—————————

ინტერპრესნიუსი“,  27 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო გალუმაშვილთან: „ინფორმირებული ამომრჩევლის ნაცვლად, დაბნეული ამომრჩეველი მივიღეთ

კობა ბენდელიანი

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ”ჯეპრა”-ს უფროს კონსულტანტს, სოსო გალუმაშვილს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, საარჩევნო კამპანია და ელექტორატისთვის ბრძოლა დასკვნით ფაზაში რომ შედის, ამას თვალს კი ვადევნებთ, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით და დაახასიათებდით არჩევნებში მონაწილე ძირითადი პოლიტიკური სუბიექტების ტაქტიკასა და სტრატეგიას, არჩევნების მენეჯმენტს? თუნდაც, იმ ფაქტების მაგალითზე, რაც საინფორმაციო სივრცეში პრაქტიკულად ყოველდღე ხვდება და საყოველთაო განსჯის საგნად იქცევა ხოლმე

- დასკვნით ფაზაში შედის ვადების თვალსაზრისით, მაგრამ ბრძოლას და მით უმეტეს ელექტორატისთვის ბრძოლას, მე ვერ ვამჩნევ. საარჩევნოდ პარტიების არჩეული სტრატეგიები და ტაქტიკაც, უფრო წააგავს მეთოდებს ჯერ არარსებული სახელმძღვანელოდან „როგორ დავკარგოთ ამომრჩეველი“. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პოლიტიკური სპექტრი მთლიანად გასულია საკონსტიტუციო სივრციდან და რაღაც პარალელურ სამყაროში მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში. ამის თქმის უფლებას პარტიების მხრიდან მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნებამდე მხოლოდ 2 თვით ადრე მაჟორიტარების ვინაობის დასახელება მაძლევს. ჩემთვის წარმოუდგენელია, რა ტიპის, რა ინტენსივობის წინასაარჩევნო კამპანია უნდა აწარმოოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, რომ თავისი ხედვები, საარჩევნო პლატფორმა, ან თუნდაც დაპირებები გააცნოს ამომრჩეველს.
არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოში, ისევე როგორც ყველგან, ზაფხული შვებულებების და დასვენების დროა. თბილისი, ფაქტობრივად, დაცლილია, კლიმატური პირობები კი ხელს არ უწყობს კანდიდატებს შეხვედრების ინტენსივობა გაზარდონ. რეგიონებში სექტემბრიდან მოსავლის აღება იწყება და ამომრჩევლების ძირითადი მასა ვენახებსა და ყანებში იქნება გასული. არადა, ჩვენთან შერეული საარჩევნო სისტემაა და კანონმდებლების ნახევარს სწორედ მაჟორიტარი კანდიდატებისგან ვირჩევთ.

გუშინ მცირე ექსპერიმენტი ჩავატარე ერთ-ერთ უბანში. გამოკითხულთა ნაწილი სხვა ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატებს ასახელებს საკუთარი ოლქის კანდიდატად, მაშინ როცა, უმრავლესობა არც ერთი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს არ იცნობს.
სატელევიზიო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციებიდან თუ სარეკლამო რგოლებიდან გამიჭირდება ვინმეს გამოყოფა – დაპირებები კლონირებულია, წაშლილია მემარცხენე და მემარჯვენე ძალების ინიციატივებს შორის ზღვარი, გამოცხადებულია აუქციონი მზარდი ბიჯებით პენსიონერების გულების დასაპყრობად და ბიზნესზე ძალადობასა და დატერორებაში შემჩნეული პარტიები თუ მათი განაყოფები ბიზნესის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის ინდულგენციებს არიგებენ.

ჩემი აზრით, ასეთია რეალობა და ანი და ჰოეც ამ არჩევნების – სრული ეკლექტიკა, დამაბნეველი უცნობი სახეებითა და ე.წ. გამწევი ლოკომოტივების კიდევ უფრო დამაბნეველი რიტორიკით. მათ შორის, ძალადობის აღარ განმეორებადობაზე და თვალებში ჩახედვის ბანალურ მოქმედებაზე.

პარტიების მხრიდან, არჩევნების რა მენეჯმენტზეა საუბარი, როცა მთელი წინასაარჩევნო პროცესის შედეგად დღეის მდგომარეობით ინფორმირებული ამომრჩევლის ნაცვლად, ჩვენ დაბნეული ამომრჩეველი მივიღეთ.

დაბნეულია ”გირჩის” და ”ახალი საქართველოს ამომრჩეველი,” კიდევ უფრო დაბნეულია პაატა ბურჭულაძის ამომრჩეველი, რომელიც გაურკვევლობაშია ამ გაერთიანების გამო. თავდაპირველი ბრენდინგის სწორი გააზრების, სეგმენტაციის სწორი გადაწყვეტის შემდეგ, ღირებულებათა სხვადასხვა სისტემის, რაც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ მათი იდეოლოგიების მსგავსება დასავლური ღირებულებების ერთგულების ერთიან პლატფორმას ეფუძნება, ერთ ქვაბში მოთავსება, პოლიტიკური აჯაფსანდალის მომზადების ტოლფასია.

დაბნეულია ”ნაცმოძრაობის” ამომრჩეველი, რომელსაც მთელი წელი განახლებაზე, ცვლილებებზე და გარდაქმნაზე ესაუბრებოდნენ, რაღაც პერიოდში ახალი სახეებიც კი წარუდგინეს პარტიის განახლების დასადასტურებლად, მაგრამ საბოლოო ჯამში ლიდერად ისევ სანდრა რულოვსი მოევლინათ.

დაბნეულია შალვა ნათელაშვილის ამომრჩეველი, რომელსაც მთავარ ამოცანად 100 წლამდე მიღწევის გეგმა დაუსახეს, ხოლო მათი ლიდერის პოლიტიკური გემოვნების ცვლილება კი დედამიწაზე დღე-ღამის მონაცვლეობის ციკლს ასწრებს.

დაბნეულია ნინო ბურჯანაძის ამომრჩეველი, რომელიც მითიური ბლოკებისა და განბლოკვის იდეით უნდა დაირაზმოს წინასწარ უცნობი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ.
კოალიცია ”ქართული ოცნების” დაყოფის შემდეგ, ცალკ-ცალკე პარტიების ამომრჩეველი კიდევ უფრო დაბნეულია, ვიდრე მაშინ, როდესაც ერთიან კოალიციას უჭერდა მხარს.

შეიძლება ჩემი შეფასება ნაკლებად სარწმუნოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ვიდრე გამაკრიტიკებთ, თქვენც ჩაატარეთ მცირე ექსპერიმენტი – საქართველოს 10 მოქალაქეს ჰკითხეთ, რომელი პარტიის საარჩევნო პლატფორმას იცნობს და რითი განსხვავდება ის სხვა პარტიის პლატფორმისგან? ისიც მოგეხსენებათ, რომ პარტიების უმრავლესობას საკუთარი პროგრამა არჩევნებამდე 43 დღით ადრე არც კი გამოუქვეყნებია.

- იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას ეფექტური საინფორმაციო პოლიტიკა მანამდეც არ ჰქონია, საარჩევნო პერიოდშიც ჩანს, რომ ამ თვალსაზრისით მასზე ეფექტურად მისი ოპონენტები აქტიურობენ. რა უნდა ვიფიქროთძირითად პოლიტიკურ სუბიექტებს რაიმე ახლისა და კრეატიულის შემოთავაზება არ შეუძლიათ, თუ ოპონენტები ერთმანეთს იმდენად დაემსგავსნენ, რომ მათი პოლიტიკური ხელწერის გარჩევა სულ უფრო მეტად ჭირს?

- მივდივართ მთავარ პრობლემამდე – პოლიტიკური სუბიექტები მზად არ არიან არჩევნებისთვის. ჩვენ ახლა ვაკვირდებით დაუგეგმავი ნაადრევი მშობიარობის პროცესს და სამწუხარო ფაქტს, რომ ნაყოფი მოუმწიფებელია. ამის დასტურია სიების ხშირი, ფსევდოსტრატეგიული თუ ფსევდოტაქტიკური ცვლილება, დასახელებული მაჟორიტარების კანდიდატობიდან მოხსნა, შერწყმა-გაერთიანებების უთავბოლო პროცედურები და შედეგად გვაქვს ამომრჩევლის განხიბვლა.

ის, რომ ამომრჩეველი უკმაყოფილოა, ან ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, სულაც არ არის ამომრჩევლის ბრალი. ამომრჩეველი არ არის ინფორმირებული და მას არ უნდა მოვთხოვოთ, რომ თვალყური ადევნოს ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც პოლიტიკაში ხდება. არსებობს ინფორმაციის ნაკადის გარკვეული კრიტიკული რაოდენობა, რომლის იქით ადამიანები არ, ან ვერ იმახსოვრებენ გზავნილებს. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ასეთი პროცენტული მოცულობაც ამის ბრალია.

როდესაც ვამბობ, რომ პოლიტიკური სუბიექტები არ არიან მზად არჩევნებისთვის, პირველ რიგში ვაანალიზებ მათ განვლილ გზას და სტრატეგიას, ელექტორატის პოტენციურ სტრატებს, რომელზეც უნდა ემუშავათ მათ წინასაარჩევნო კამპანიებით. პროდუქტი, რომელიც საარჩევნო პლატფორმის, პარტიული სიებისა და მაჟორიტარების სახით უნდა მიეღო ამომრჩეველს საბოლოო სახით არ არსებობს – დაუსრულებელი და არასრულყოფილია.

მოსაწონია, რომ ამომრჩეველი აღარ ყიდულობს ნაკლიან პროდუქტს, შეუფუთავს და, მით უმეტეს, მანქანის ძარიდან. ამომრჩეველი გაზრდილია, ის კომფორტს და ხარისხიან პროდუქტს ითხოვს, რომელსაც ვერ იღებს. აქედან გამომდინარეობს პარტიების დაპირებების მსგავსებაც. მათ მოთხოვნილება უნდა დააკამყოფილონ, თუმცა, დრო არ ყოფნით. ცაიტნოტში კი უფრო ადვილია კოპირებით გახვიდე ფონს, ვიდრე რაიმე კრეატიული მოიფიქრო.

”ნაციონალების” კინგჩეზი (ჭადრაკის ნაირსახეობაა, როდესაც მოწინააღმდეგეები პარტიას ცარიელ დაფაზე იწყებენ და ეტაპობრივად შემოაქვთ ფიგურები დაფაზე), რომელიც მოულოდნელობის ეფექტის გამოყენებით სანდრას პოლიტიკაში შემოსვლას გულისხმობს, კონსტანტინე გამსახურდიას სამშობლოში დაბრუნებას და პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებას მაგონებს 2004 წელს. ეს ყველაფერი ჩვენ ნანახი გვაქვს. თუმცა, სანდრა მიხეილ სააკაშვილი არ არის და არც კოსტანტინე გამსახურდიას მსგავსი ორატორობით გამოირჩევა.

მართალი გითხრათ, დიდ ძვრებს ამ არჩევნებზე არც ველოდი, მაგრამ ასეთ მოუმზადებლობას ვერც წარმოვიდგენდი.

- ვინაიდან, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო რგოლებისა თუ სარეკლამო ატრიბუტიკის ვიზუალურ და შინაარსობრივ მხარეებს, თქვენ როგორც პიარტექნოლოგი, როგორ შეაფასებდით საარჩევნოდ პარტიების მიერ მომზადებულ სააგიტაციო პროდუქციას, რომელსაც პარტიები ამომრჩეველს გზავნილებისა და სარეკლამო რგოლების სახით სთავაზობენ?

- რა უნდა განვიხილოთ? უფასო სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამა, რომლის დამზადებაზეც ბიუჯეტების კუთხით მართლა თეთრებია დახარჯული და ძირითადად ძველი კადრების კომპილაციით არის შედგენილი ან უხარისხო კომპიუტერული გრაფიკით არის განზავებული? მათ საკუთარი მომხმარებელი ყავთ, თუმცა, გამიჭირდება შეფასება მათი ფრაგმენტულობისა და არასისტემურობის გამო. სააგატიცაიო მასალას მაინც შევაფასებდი, რომ ჰქონოდა ვინმეს. თუ არ ვცდები წინასაარჩევნო ლიფლეტები მხოლოდ ”ნაციონალებს” აქვთ ჯერ მზად და ისიც მცირე ტირაჟით დაბეჭდილი და ისიც ზოგადი და არასახელობითი.

ბოლო დროს ხშირად მიხდება რეგიონებში სიარული და ამიტომაც მხოლოდ თბილისის მაგალითით არ ვიმსჯელებ. საქართველოს არც ერთ ქალაქში, არც ერთ დაბაში და სოფელში არც ერთ პოლიტიკურ პარტიას თუ საარჩევნო ბლოკს, არც ერთი პლაკატი ჯერ არ აქვს გაკრული. გზავნილებზე თუ პოლიტიკური აგიტაციის ვიზუალურ მხარეზე გაზარმაცებული პოლიტიკური სუბიექტების გამოცოცხლების შემდეგ ვისაუბროთ.

- საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას სულ უფრო თვალშისაცემია პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან ჭკუის მასწავლებლისა და დამრიგებლის როლის მორგება, კონკრეტული პოლიტიკური გეგმების ნაცვლად, მორალურ-ზნეობრივი შეგონებების გულუხვად ფრქვევა. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ამომრჩეველს პოლიტიკოსების მხრიდან ბრძენის გამომეტყველებით მიწოდებულ შეგონებებსა და ჭკუის სწავლებებს?

- კარგი კითხვაა, რადგან არაერთხელ წავიკითხე კრიტიკული წერილები პარტიული ლიდერების სარეკლამო ტონზე და მანერულობაზე. აქ ერთ დიდ შეცდომას უშვებენ კრიტიკოსები – არ შეიძლება განსაჯო პოლიტიკური გზავნილების ვიზუალური, ხმოვანი თუ შინაარსობრივი მხარე შენი განწყობებიდან გამომდინარე.

ამომრჩეველი დღეს ჭრელია – სეგმენტირებული და დიფერენცირებული პოლიტიკური და ღირებულებითი გემოვნებების მიხედვით. ვიღაცას ლაკონური, სხარტი გზავნილები მოსწონს, – მაგალითად, ”გირჩის”, ვიღაცას – დაღეჭილ-გადაღეჭილი ახსნა-განმარტებით, მაგალითად, ”პატრიოტთა ალიანსის”. არ ვიცი, არიან თუ არა ისეთი ადამიანები, რომლებსაც მოწონთ შალვა ნათელაშვილის სარეკლამო რგოლის ძირითადი გზავნილი, რომლითაც საკუთარი ამომრჩეველი დანაშაულებრივ ქმედებებში ამხილეს, მაგრამ … ალბათ არიან, რადგან ნათელაშვილის რეიტინგზე ამ განცხადებას არ უმოქმედია.
მეორე საკითხია, რამდენად შესწავლილი ყავთ პარტიებს ამომრჩევლები, რამდენად იციან როგორ მიმართონ, რა მოსწონთ მათ ამომრჩეველს, როგორი ტემბრი ურჩევნიათ, ან თუნდაც რა კამერით უნდა იყოს გადაღებული მათი საარჩევნო კლიპები. ჩვენ ჯერ კიდევ ქვის ხანაში ვართ ამ მხრივ, მაშინ როცა დასავლეთში ამომრჩევლებთან შეხვედრებზე არომამარკეტინგის ელემენტებს აქტიურად იყენებენ.

- საზოგადოების სავარაუდო პოლიტიკურ განწყობებზე ბევრს საუბრობენ, ბევრი აშკარა მანიპულაცია გვესმის და ვხედავთ, მაგრამ მართლაც ძნელი სათქმელია, რა განწყობით გაიღვიძებს ამომრჩეველთა უმრავლესობა 8 ოქტომბრის დილას. ბატონი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომამომრჩეველთა 60%- არცოცნებადა არცნაციონალებიარ სურთ და მათ ახალი ძალა სჭირდებათ”. როგორც ბატონი რამაზ საყვარელიძე შენიშნავს, ბურჭულაძისსახელმწიფო ხალხისთვისმესამე პოლიტიკურ ძალად ვერ იქცა”. მოსწონს დღეს ეს ვინმეს თუ არა, აშკარაა რომ არჩევნების შედეგების ბედს სწორედ ის ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომელიც აცხადებს რომ არჩევანში არ ჩამოუყალიბებულა. თქვენ რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ხელმძღვანელობდეთ, რა მეთოდს გამოიყენებდით და მიმართავდით, რომ ამომრჩეველმა არჩევანი სწორედ თქვენს პარტიაზე შეაჩეროს?

- აქ ძალიან მარტივი პასუხი მაქვს: საარჩევნო კამპანიას დავიწყებდი საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე და ახლა არსებულ პარტიებზე 4 წლით წინ ვიქნებოდი. მაჟორიტარებს დავასახელებდი 1,5 წლით ადრე. ახალი პარტიის შემთხვევაში და 1 წლით ადრე (არსებული პარტიის შემთხვევაში). 4 წლით ადრე დავასახელებდი ჩრდილოვანი კაბინეტის წევრებს.

პარტიის სტრატეგიას, საარჩევნო პროგრამასა და პლატფორმას ღიად განვაცხადებდი და 4 წელს მოვანდომებდი სწორად ამომრჩევლებთან ყოველდღიურ მუშაობას, შეხვედრებს და უზრუნველყოფდი მათ ჩართულობას ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თეორიულად კარგად გამომდის და პრაქტიკულადაც ხომ არ მეცადა?!

- ამ არჩევნებისთვის აშკარად ვერ მოასწრებთ, მაგრამ თუ 2020 წლის არჩევნებისთვის დაიწყებთ ფიქრს, მხოლოდ მივესალმები. ფაქტია, რომ 2016 წლის საარჩევნო კამპანია გამოირჩევა თავისუფლებითა და პლურალისტური გარემოთი, მაგრამ ოპონენტები ხელისუფლებას იმაში სდებენ ბრალს, რომ საარჩევნო უბნების კომისიები სახელისუფლებო რესურსის დახმარებითქართული ოცნებისმხრდამჭერებით კომპლექტდება. გასაგებია რომ არჩევნებზე ყველა ხელისუფლება აქტიურად იყენებდა სახელისუფლებო რესურსს, მაგრამ წელს შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ არჩევნების შედეგები სახელისუფლებო რესურსის გამოყენებაზე ნაკლებად იქნება დამოკიდებული?

- დიახ, ასე იქნება. ვფიქრობ, რომ კორცხელის სამარცხვინო ინციდენტის შემდეგ, ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ სერიოზული დასკვნები უნდა გამოიტანოს და გაანალიზოს ყველა შესაძლო შედეგი, რაც შეიძლება მოჰყვეს არჩევნების პროცესში არამართლზომიერ ჩარევებს. არჩევნების პროცესი უნდა იყოს სამართლიანი, დემოკრატიული და გამჭვირვალე.

- ქართველ ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ”2016 წლის არჩევნები ის ტესტია, რომელიც გამოავლენს ევროპულ არჩევანს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს თუ რუსულს”. თქვენც ასე ფიქრობთ?

- ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. არც ერთ კვლევაში და არც საზოგადოებრივ განწყობებში არ იკვეთება ასეთი არჩევანის შესაძლებლობა. არაშედარებადი სიდიდეეებია. ჩემი აზრით, თემა არააქტუალურია და ხელოვნურად არის შექმნილი.
თუმცა, ეს არჩევნები თავისებური ტესტი მაინც იქნება იმის შესაფასებლად, რამდენად გაიზარდა ქვეყანა და რამდენად შეძლო ევროპული სტანდარტების მიხედვით არჩევნების ჩატარება.

—————————

„რეზონანსი“, 27 აგვისტო, 2016 წელი

როგორი საარჩევნო განწყობაა რეგიონებში

თაკო მათეშვილი

წინასაარჩევნოდ რეგიონებში დედაქალაქისაგან განსხვავებული, უფრო რთული სიტუაციაა და პარტიებსაც იქაური მოსახლეობის გულის მოსაგებად მეტი ძალისხმევის გამოვლენა მოუწევთ – ასე აფასებენ პოლიტოლოგები და სოციოლოგები რეგიონებში არსებულ მდგომარეობას და დასძენენ, რომ ეს მოსაზრება უკანასკნელი კვლევების შედეგებითაა გამყარებული. მათი ნაწილის აზრით, რეგიონის მოსახლეობაში უფრო მეტადაა იმედგაცრუება და მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რეალური საფუძველი აქვს ამას, პოლიტიკოსებისადმი უნდობლობა და ნიჰილისტური განწყობაც შეინიშნება. სწორედ ამიტომ არჩევნებში მათ აქტიურობას არ ელიან.

თუმცა, ამ მოსაზრებას მეორე ნაწილი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ თანამედროვე საინფორმაციო საშუალებების წყალობით ისინი ისეთივე ინფორმირებულები არიან, როგორც დიდ ქალაქებში მცხოვრები ამომრჩეველი და ამის წყალობით სწორ და ობიექტურ დასკვნებსაც აკეთებენ.

სოციოლოგი, საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ “ფსიქო პროექტის” დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა (რომელიც კვლევებს ხშირად “ქართული ოცნების” დაკვეთით ატარებს) რეგიონებში არსებულ სიტუაციას ოპტიმისტურად აფასებს და ამბობს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არჩევნებზე წასვლას აპირებს. ამას კი, ბიგვავას თქმით, ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევებიც ცხადჰყოფს. მისი თქმით, კვლევებით ისიც დგინდება, რომ ყოველწლიურად არჩევნებში მონაწილეობის მიღებას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გეგმავს, რადგან არჩევნებისათვის პოლიტიკოსებიც უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავენ და ეს ხალხს ამ პროცესებში ჩაერთვისკენ უბიძგებს. მართალია, ბიგვავას თქმით, მოტივი, ფორმა და ხარისხი განსხვავებულია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ პროცესში ერთვებიან.იგი კატეგორიულად არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ რეგიონებში ნიჰილისტური განწყობაა გამეფებული და ამბობს, რომ გარკვეული მიზეზებისდა გამო იმედგაცრუება შეინიშნება, თუმცა ამას შემაშფოთებელი სახე ნამდვილად არ აქვს.

“ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ქადილს, რომ რაღაცებს გააკეთებენ, ხალხი სწორად და ობიექტურად აფასებს. ყველა კვლევის შედეგი აჩვენებს, რომ ხალხს არ სჯერა იმ პოლიტიკოსების, რომელთაც საქმე არასოდეს უკეთებიათ, რომელთა წარმატებაც არ უნახავთ. ადამიანები სოფლებშიც და ქალაქებშიც ცდილობენ, გადაწყვეტილება ობიექტურად მიიღონ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ პროგრესთან გვაქვს საქმე, რადგან ხალხი პოლიტიკურ პროცესებს მეტი მოთხოვნით, მეტი კვალიფიკაციით უყურებს და აფასებს. ყველაფერი შედარებითია და ამ შედარებას ადამიანები აკეთებენ. ვერ ვიტყვი, რომ რეგიონებში ადამიანები ნიჰილისტურად არიან განწყობილი. ასე ნამდვილად არაა. 85%-მდე ავიდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. ასეც იქნება. მით უმეტეს, რომ ეს ცოტა სხვანაირი არჩევნებია – ბევრი სიახლეა, მეტი კონკურენციაა. ყველა კვლევა, ოპოზიციის თუ ხელისუფლების მიერ დაკვეთილი, ამბობს, რომ საზოგადოება არჩევნების ობიექტურად ჩატარებაში დარწმუნეულია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სჯერათ, პროცესებზე უფრო მეტი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. ამის გამო მეტი სტიმული აქვთ, არჩევნებზე მივიდნენ და მეტი აქტიურობაც იქნება,” – ამბობს ზურაბ ბიგვავა.

როგორც წესი, პოლიტიკური პარტიების თამამი დაპირებები პენსიების მომატებისა თუ სოციალური პაკეტების გაუმჯობესების თაობაზე, ძირითადად რეგიონის მოსახლეობაზეა ხოლმე გათვლილი, რადგან მიიჩნევა, რომ იქაური მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებული და გარკვეულია, თუმცა ზურაბ ბიგვავა ამბობს, რომ ყველა ძალიან ცდება, ვინც ფიქრობს, რომ რეგიონებში მცხოვრებნი არარეალისტურ დაპირებებს წამოეგებიან. იგი ამბობს, რომ ადამიანების ინფორმირებულებაში, მსოფლმხედველობაში, ჩამოყალიბებულობაში, პოლიტიკურ კულტურაში სერიოზული პროგრესი შეიმჩნევა. ისინი პოლიტიკურ პროცესებში მეტად არიან ჩახედული, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მეტი ინფორმაცია აქვთ და ეს ყველაფერი თავის გავლენას ახდენს. “ადრე პარტიები წინასაარჩევნოდ მოსახლეობას თითო კილო შაქარს და თითო ბოთლ ზეთს ურიგებდნენ ხოლმე და ამით იგებდნენ მათ გულს, რადგან მაშინ ისეთი გაჭირვება იყო, პროდუქტითაც შეიძლებოდა მათი ხმების მოპოვება. ახლა სხვა დროა. არც ასეთი გაჭირვებაა და არც შაქრის გამო მოგცემენ ხმას. ახლა რეალურ საქმეებს უყურებენ და იმას აფასებენ, თუ რისი გაკეთება შეუძლია პოლიტიკურ ძალას,” – დასძენს სოციოლოგი.

ამგვარ ოპტიმიზმს ნაკლებად იზიარებს პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე და ამბობს, რომ იმდგაცრუებისა და პასიურობის სიმპტომი უკვე ჩანს.

“პოლიტიკოსების გამოსვლებშიც ჩანს ხოლმე, როცა ისინი მოსახლეობას ხვდებიან, იქ დიდად აჟიტირებული და აღგზნებული სახეები არ შეიმჩნევა. მათ გამომეტყველებაშიც შეიძლება წავიკითხო, რომ ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებაში საკმაოდ დიდი ჭეშმარიტებაა,” – აცხადებს იგი. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად აქვს რეგიონის მოსახლეობას იმედგაცრუებისა და ნიჰილიზმის რეალური მიზეზი და რა გააკეთა გასული წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მათი გულის მოსაგებად, საყვარელიძე ამბობს, რომ რეალურად სოფლის მეურნეობისთვის ბევრი რამ გაკეთდა და ამის ანალოგიური დედაქალაქის მოსახლეობისათვის არაფერი ყოფილა.

ამდენად, ობიექტური საფუძველი იმისა, რომ სოფელი უფრო განაწყენებული იყოს, ვიდრე ქალაქი, მისი აზრით, არ არსებობს. თუმცა, აქვე იმასაც დასძენს, რომ წყენას სუბიექტური მხარეც აქვს – სოფელი უფრო ემოციურია, უფრო თავის სურვილზეა ორიენტირებული, არ აინტერესებს, რა მიზეზით არ დაუკმაყოფილდა ესა თუ ის სურვილი და პოლიტიკურ პროცესებსაც ნაკლებად ადევნებს თვალს.

ამიტომ, რადიკალიზმი – რომელიღაც პოლიტიკური პარტიისადმი სრული მხარდაჭერა ან სრული უარყოფა, პოლიტოლოგის თქმით, სოფლის მოსახლეობაში უფრო ხშირია. მისივე თქმით, იმედგაცრუებას იმდენად ის კი არ იწვევს, რომ რასაც დაგვპირდნენ, არ შეგვისრულეს, არამედ ის, რომ არ გვაქვს, რაც გვინდა. ამის შესახებ დაპირება იყო თუ არა, ხალხს ნაკლებად ახსოვს.

ამ ყველაფრის მაგალითად პოლიტოლოგს 2012 წლის შემდგომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის იმედგაცრუება მოჰყავს იმის თაობაზე, რომ არჩევნების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ისევ აგრძელებდნენ სხვადასხვა დაწესებულებაში მუშაობას და ზოგი მათგანი დაწინაურდა კიდეც. მათ კი არანაირი ხეირი არ უნახავთ. “არადა, წინასაარჩევნოდ ხომ არავის დაუდია პირობა, “ნაციონალებს” სამსახურებიდან გავყრითო. უბრალოდ, როცა ხალხმა რეალობას შეხედა, რაღაც არ მოეწონა და ეს რეაქცია ჰქონდა. ასე რომ, პოლიტიკოსმა უნდა გათვალოს, თუ რაზე ექნება საზოგადოებას უარყოფითი ან დადებითი რეაქცია და თუ საზოგადოება პატარა ბავშვივით კმაყოფილია, მერე უკვე საერთოდ აღარ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რას დაჰპირდი,” – დასძენს რამაზ საყვარელიძე.

„რეზონანსი“, 27 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: “ვისაც სურს, კრემლს საჩუქარი უძღვნას, შეუძლია, არჩევნებზე არ მივიდეს”

თაკო მათეშვილი

“თუკი 8 ოქტომბრის არჩევნები ლეგიტიმური არ გამოდგება, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი თავი კრემლისთვის ჩაგვიბარებია,” – ამგვარად აფასებს საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და ამბობს, რომ იგი ბევრი რამის ტექსტი იქნება. ეს არჩევნები, სოსო ცისკარიშვილის აზრით, იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მას გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან და იმაზე, თუ როგორი იქნება ეს მოვლენები, საქართველოს ევროპული პერსპექტივა დიდწილადაა დამოკიდებული. “რეზონანსთან” ინტერვიუში პოლიტოლოგი ბოლო დღეებში თბილისის მერიის გარშემო განვითარებულ ხმაურიან მოვლენებსაც ეხება და აცხადებს, რომ ნარმანიამ, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომა დაუშვა, როდესაც წინასაარჩევნოდ ოპონენტებს ასეთი “მსუყე” საკბილო მისცა.

სოსო ცისკარიშვილი: არ ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი ნარმანია “ქართული ოცნების” ფასადად აღიქმება. მე მას წინა საქმიანობიდან, ანუ როგორც ძალიან პროფესიონალ ეკონომისტსა და როგორც უაღრესად პატიოსან ადამიანს, ისე ვიცნობ და მისი თავდაჭერის შესაძლებლობები დიდი ხანია მაკვირვებს. რომ არა ძალიან ძლიერი თავშეკავების უნარი, ისეთი რიტუალური დევნისას, როგორიც დღევანდელმა ოპოზიციამ თბილისის მერს გამოუცხადა, ის ფრაზა, რომელიც ასეთი მიდგომისაგან გადაღლილ ადამიანს წამოცდა, 2 წლით ადრე და ბევრად უფრო ხშირად იქნებოდა ნათქვამი. რაც შეეხება კადრებს, რომელსაც დავით ნარმანია ხელმძღვანელობს, დიდი ალბათობით, კადრების შერჩევის პროცესთან მას არანაირი წვდომა არ აქვს.

- რატომ არ აქვს წვდომა?

- ამის საშუალებას არ აძლევენ. თავიდანვე არ აძლევდნენ.

- ვინ არ აძლევს?

- ამას იქნებ თქვენი გამჭრიახი მკითხველი თავად მიხვდეს. რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა აქ ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესს ვგულისხმობ, რომელმაც ბატონი ნარმანია თბილისის მერის თანამდებობაზე შეარჩია. თუმცა, ნარმანიამ ნამდვილად არ იცოდა, რომ მას საქმის კეთების ნაცვლად წინ ომი ელოდა როგორც ოპოზიციურად განწყობილი ცინიკოსებთან, ისე შიდა სამზარეულოს მზარეულებთან. მოწმენი ვართ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მუდმივად უკმაყოფილების დანერგვის რეჟიმშია, მაგრამ ის, რასაც ამ დღეებში ვხედავთ, რასაკვირველია, მსუბუქად რომ ვთქვათ, ბატონი მერის შეცდომაა, რომელიც მილიონ ხეს გვპირდებოდა. არ ვარ დარწმუნებული ერთ წელიწადში საკუთარი დანაპირების შესრულება მოახერხოს. თუმცა, “ქართული ოცნების” მიერ შერჩეულ კადრს დაპირების შეუსრულებლობის გამო საკუთარ პოლიტიკურ ძალაში აუგს ალბათ არავინ ეტყვის. დიახ, არ უნდა მომხდარიყო ის, რაც მოხდა, მაგრამ ის კი არ უნდა ვეძიოთ, ეს შეცდომა იყო თუ დანაშაული, არამედ უნდა ვიკითხოთ, ვისი რეკომენდაციით მოხვდნენ სამსახურში ის ადამიანები, რომელთა დათხოვნის მოთხოვნითაც შიმშილობენ ჩვენი საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები. მათ თავი აქვთ გადადებული იმისთვის, რომ ქვეყანა არაცივილიზებულად და ჯერ გონსვერმოსულ სახელმწიფოდ არ აღიქმებოდეს.

- თქვენი აზრით, ნარმანია არა მხოლოდ კადრების დანიშვნას, არამედ პროცესებსაც ვერ აკონტროლებს? როგორ ფიქრობთ, თუნდაც ამ ხეების მოჭრისათვის ხელის შეშლა არ შეეძლო?

- როცა ადამიანი, მაღალი თანამდებობის პირი, გუნდს თავად ვერ აყალიბებს, ის ვერც მოხსნის საკითხს გადაწყვეტს. რა კატეგორიებით და შერჩევის რა ინდიკატორებით ხდებოდა თბილისის მერიის დაკომპლექტება, უცნობია. თანაც მერია, როგორც სტრუქტურა, თანამშრომელთა ცვლილების სიხშირით, რეკორდსმენია.

- მსგავს ხმაურიან ნაბიჯებს, როგორც წესი, პარტიები წინასაარჩევნოდ ერიდებიან, რათა ხალხის გაღიზიანება თავიდან აიცილონ. თქვენი აზრით, რატომ უღირდა მას, ვინც ამის გადაწყვეტილება მიიღო, ოპოზიციისათვის წინასაარჩევნოდ ასეთი საკბილო თემის მიცემა?

- აქ, ისევე როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, ქმედების საფუძვლად ფინანსური ინტერესი იკვეთება. ვიღაცას ეს ტერიტორია მოუნდა. უკვე 10 წელია, რაც თბილისში უკანონო მშენებლობები არანაირ სტანდარტს არ ემორჩილება. განსაკუთრებული ზეწოლა ვაკის რაიონზე მოდის, რომლის მიმართ ზოგიერთს გარკვეული შურისმაძიებლური დამოკიდებულება აქვს. სამშენებლო ბიზნესი სახელისუფლებო გართობის საუკეთესო სფეროდ გადაიქცა. ცხადია, ეს ყველაფერი ნარმანიას მერობის დროს არ დაწყებულა. ყველას ახსოვს, რა საამური იყო სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის ხილვა და დღეს ეს ადგილი სრულიად პარალიზებულია. ის, რომ თბილისის მერიის მიმართ ასეთი უდიერი დამოკიდებულებაა, გასაკვირი არ არის, რადგან საზოგადოების არაერთი პროტესტის მიუხედავად ჩანაფიქრი ბოლომდე მიდის ხოლმე. ეს, როგორც ჩანს, მერიისათვის გენეტიკური ნაკლია.

- “ნაციონალურმა მოძრაობამ” ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი სიის მეორე ნომრად წარმოადგინა. რას ფიქრობთ ამაზე?

- მე სიმღერა მახსენდება ფიგაროზე – “ფიგარო აქ, ფიგარო იქ”. “ნაციონალური მოძრაობის” გადმოსახედიდან ფიგარო სანდრა რულოვსია. ჩემთვის ისაა დამაფიქრებელი, რომ მაინცდამაინც გარკვეული არ ვარ თუ ვინაა სიის პირველი ნომერი. არ მგონია, დავით ბაქრაძეს, საკუთარი მდიდარი ფანტაზიის მიუხედავად, ასეთი სვლა მოეფიქრებინა და შემდეგ განეხორციელებინა. საინტერესოა, მან რულოვსის მეუღლისაგან ამ შეთავაზებაზე ნებართვა აიღო თუ ბრძანება მიიღო. ეს ადრე თუ გვიან გაირკვევა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ელოდა, რომ რულოვსი საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდვით წარდგებოდა, იმ სადისტური პროცესის მიმართ სრული და დამაჯერებელი მიუღებლობით და არა არსებული ხელისუფლების კრიტიკით. ნათქვამია – “ისეთმა ფურმა ჩამწიხლოს, ჩემზე მეტს იწველოდესო.”

- მისი ბოლოდროინდელი განცხადებები და ზოგადად, “ნაცმოძრაობის” წინასაარჩევნო კამპანია აგებულია იმაზე, რომ ისინი ძალადობას აღარ გაიმეორებენ. რამდენად მომგებიანია საზოგადოებისათვის ამის შეხსენება და მთავარ დაპირებად იმის გაჟღერება, რომ ძალადობას აღარ გაიმეორებენ?

- რასაკვირველია, არ ვგულისხმობ, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” მხოლოდ სადისტები არიან. იქ საკმაოდ ნიჭიერი და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებიც გახლავან, მაგრამ მათ რატომღაც კარსმომდგარი არჩევნების წინ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ რაც იყო, აღარ უნდა განმეორდეს. ვაკვირდები და წლების განმავლობაში ვერც ერთი მათი წევრისგან თუ მხარდამჭერისგან ვერ მოვისმინე სიტყვა – დანაშაული. მათგან ყველაზე გულადები ზოგჯერ სარგებლოდნენ სიტყვით – შეცდომა. თითქოს შეცდომა და დანაშაული სინონიმები იყოს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში დაწყებული მოულოდნელი შემოწმების ფარგლებში ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული ბაზა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. რას ნიშნავს ეს და რამდენად გვაქვს შეშფოთების საფუძველი?

- როგორც წესი, ასეთი მზაკვრული სამხედრო გართობების იდეა კრემლის წიაღში მაშინ იბადება, როცა მათ საშინაო და საგარეო რეალობის გაუმჯობესება უჭირთ. ჩვენ უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ ის ფაქტი, რომ ბატონმა პუტინმა სრულიად მოულოდნელად თანამდებობიდან უშიშროების საბჭოს [პრეზიდენტის ადმინისტრაციის] ხელმძღვანელი იგორ ივანოვი გაათავისუფლა.

იგორ ივანოვის განცხადებაში, რომელიც ამერიკულ პრესაში გავრცელდა, სრულიად მკაფიოდ იკითხებოდა თუ რა სახის სირთულეა ახლა კრემლში, რადგან თანამდებობიდან გადაყენებულმა პირმა სრულიად მოურიდებლად გამოაცხადა, რომ თავადაც და პუტინიც ე.წ. “კაგებეშნიკები” არიან. ეს პუტინის მიმართ ღიად გამოცხადებული მტრობაა და იგი არაა მხოლოდ ერთი პირის განწყობის გამომხატველი. ჩვენ კი კმაყოფილების გამოხატვის საფუძველი არ გვაქვს, რადგან ივანოვს საქართველოს მიმართ სიმპათიები არასოდეს გამოუვლენია.

ასეთი შიდა დაძაბულობის პერიოდში რუსული ჯარის მზაკვრული ვარჯიშის პოლიგონად რომ აღმოვჩნდით, ეს, რასაკვირველია, 2008 წლის მტკივნეულ აგვისტოს გვახსენებს.

- ამ ყველაფრის მიმართ ხელისუფლების რეაქცია, უფრო სწორად, ურეაქციობა ადეკვატურია?

- მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება დუმს და ამ ფაქტის მიმართ პროტეტს არ აცხადებს, თეთრმა სახლმა უკვე მიიღო ასეთი წვრთნების მეზობლებთან შეუთანხმებლად ჩატარების გამო მიუღებლობის დოკუმენტი. იგი კავკასიის ინტერესების დაცვის მიზნით ახლა უფრო აქტიურია, ვიდრე 2008 წელს.

გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის ინტერესებში არ შედის ნატო-სა და ევროკავშირის დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანაში ჩასატარებელი არჩევნების მიმართ დადებითი იყოს. ევროატლანტიკური სივრციდან ჩვენ მიმართ ყველა დაპირება ერთი და იმავე ფრაზით მთავრდება – საქართველოში სამართლიან, მშვიდ არჩევნებს ველოდებითო. ეს რუსეთისათვის, ცხადია, მიუღებელია. მისთვის სასურველია, რომ ჩვენი ქვეყნის საქმიანობის ყველა სფეროში გაუთავებელი შფოთი, არეულობა და ურთიერთწინააღმდეგობა იყოს.

თუკი 8 ოქტომბრის არჩევნები ლეგიტიმური არ გამოდგება, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი თავი კრემლისთვის ჩაგვიბარებია. ამიტომ, ჩვენი სახელმწიფოს წინსვლის პროცესში საკუთარი ვალდებულება თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გააცნობიეროს და თუ ისინი საარჩევნო უბნებზე არ მივლენ, შეუძლიათ მკაფიოდ განაცხადონ, რომ ეს კრემლის გასახარად გააკეთეს. ვისაც სურს, კრემლს საჩუქარი უძღვნას, შეუძლია არჩევნებზე არ მივიდეს.

„რეზონანსი“, 27 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: “შეიძლება, გვქონდეს არა მოსახლეობის, არამედ პარტიული აქტივისტების არჩევნები”

ელზა პაპოშვილი

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ ამომრჩევლის 60%, რომელსაც არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი არ სურს, ჯერ კიდევ მერყეობს, რადგანაც ამ დრომდე არ გამოჩენილა მესამე სერიოზული ძალა, რომელიც მის გადაბირებას შეძლებდა. მისი აზრით, არსებულ პოლიტიკოსებს შორის მესამე ძალის შექმნის შესაძლებლობა ჯერ ირაკლი ალასანიას ჰქონდა, შემდეგ კი – პაატა ბურჭულაძეს, თუმცა ეს შანსი ვერც ერთმა ვერ გამოიყენა.

არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ ქართველი ამომრჩეველი ძალიან გაიზარდა და შესაბამისად მასზე იაფფასიანი დაპირებები აღარ სჭრის. ამიტომაც არსებობს დიდი საფრთხე იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მივიდეს, რაც, რა თქმა უნდა, “ნაცინალური მოძრაობის” წარმატების შანსებს ზრდის.

- როგორ შეაფასებთ პარტიების წინასაარჩევნო მარათონს და როგორ ფიქრობთ, ამომრჩევლის ის 60%, რომელიც, როგორც სოციოლოგები და ექსპერტები ამბობენ, ხმას არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ აძლევს, რომელიმე პარტიისკენ თუ გადაიხარა? დღევანდელი გადმოსახედიდან მათი მოხიბვლა ვის შეეძლო?

- ის 60 პროცენტი, რომლიც სრულ პოლიტიკურ სპექტრს სკეპტიკურად უყურებს, თუ ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოხიბლა ან არჩევნებზე საერთოდ არ მივა და ხმას არვის მისცემს, ანაც, თუ ორპოლუსიანი დაპირისპირება კვლავ წავა და ამომრჩეველს არჩევანი გასაკეთებელი ექნება, “ნაციონალურ მოძრაობასა” და მათ ირიბ სატელიტ პარტიებს შორის, მაშინ ისინი სავარაუდოდ “ნაციონალების” წინააღმდეგ გააქტიურდებიან და ხმას კვლავ “ოცნებას” მისცემენ. სამწუხაროდ, ჩვენი საარჩევნო კოდექსი იმდენად უხარისხოა, რომ ამ ადამიანების პროტესტს ყურადღებასაც არ აქცევს და ვინც მივა, ის ირჩევს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ 60%-ს ხელისუფლების მიმართ მკვეთრი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს, გადაწყვეტილებას მაინც მათ სასარგებლოდ მიიღებს. პრაქტიკულად გამოდის, რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს არა მოსახლეობის არჩევნები, არამედ პარტიების აქტივისტების არჩევნები. თუ ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იქნება, ლოგიკურად ასე გამოდის.

- როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ისე, რომ მთლიან ქართულ პოლიტიკურ სპექტრს გამოკითხულთა 60%-მა უარი უთხრა და დაიწყო ახლის ძიება? მით უმეტეს, “ქართულ ოცნებას” 2012 წელს მათი მხრიდან მხარდაჭერა ჰქონდა.

- მე ვფიქრობ, რომ 2012 წელს მხარდაჭერა ჰქონდა არა “ოცნებას”, არამედ მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო პარტიას. გავიხსენოთ, საპრეზიდენტო არჩევნებზე ლევან გაჩეჩილაძეს ხმა რამდენმა ადამიანმა მისცა, მით უმეტეს, საუბარი კიდევ მიდის იმაზე, რომ სააკაშვილმა მაშინ არჩევნები გააყალბა. ამიტომაც საზოგადოებას არჩევანი ჰქონდა არა ვიღაცის მომხრეზე, არამედ სააკაშვილის წინააღმდეგ ვიღაცისთვის ხმა მიეცა. ასევე განსაკუთრებული როლი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმაც ითამაშა. რადგანაც მას ასევე საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა ჰქონდა. ასე ავირჩიეთ პრეზიდენტი, თბილისის მერი და თვითმმართველობები.

“ქართულ ოცნებას” ამომრჩეველი პრაქტიკულად არ ჰყოლია. ამომრჩეველი ივანიშვილს ჰყავდა. შესაბამისად ეს ენთუზიაზმი მის მიმართ ამ წლების განმავლობაში ჩაცხრა, ამიტომაც საზოგადოებამ მეტი სკეპტიკურობა გამოხატა. თუმცა მე ვიტყოდი, რომ ეს არ არის ყველაზე უარესი, რადგანაც ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება პრაქტიკულად გავიზარდეთ. თუკი ადრე ჩვენი მოტყუება ადვილი იყო, დღეს სრულიად სხვა სიტუაციაა. ამიტომაც არის, რომ ამომრჩევლის 60%-მა ამ ხალხს უარი უთხრა და უფრო მეტი მოსთხოვა.

საზოგადოება დაპირებებს ახლა აუქციონის სახით აღარ უყურებს, ვინ მეტ პენსიას შეჰპირდება და ვინ დენის ფასს დააკლებს. ამიტომაც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მხრივ წინსვლა არსებობს. საქმე იმაშია, რომ პოლიტიკურ სპექტრს მოტივაცია არ გააჩნია. მოტივაცია საზოგადოებას გააჩნია, რადგანაც ყველაზე მეტად დაზარალებული ისინი არიან.

პოლიტიკოსებს დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან ისედაც აქვთ. ყოველ საარჩევნო პერიოდში საკუთარი პრომოუტირების ყოლის საშუალება აქვთ. ამიტომ, პოლიტიკურ სპექტრს ჩვენს ქვეყანაში ბევრად მეტი ფუფუნების საშუალება აქვს. საერთო ჯამში, ამომრჩევლის მეტად განვითარება საკამრისი არ არის იმისთვის, რომ პოლიტიკოსებს რაიმე ვაიძულოთ, რადგანაც, როგორც ზემოთ ვახსენე, საარჩევნო კოდექსი გვაქვს ისეთი, რომ მოვა თხუთმეტი კაცი და არჩევნები მაინც ჩატარებულად გამოცხადდება. ამიტომ არის მოსაზრება, რომ არჩევნებზე რაც უფრო ნაკლები ადამიანი მივა, “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შანსი მით უფრო მეტია, რადგანაც პროპორცია იცვლება და მათი აქტივისტები უფრო აქტიურები არიან.

- როგორ ფიქრობთ, არჩევნებამდე თვე-ნახევარში პოლიტიკოსებმა ეს 60% ისეთი რა საარჩევნო დაპირებით უნდა მოხიბლონ? რას სურთ ახლა ამ ადამიანებს?

- ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი გაბანკროტებულია, არაგულწრფელი და მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამტარებელი. ჩვენ ვხედავთ, როგორი საშინელი ხდება ნებისმიერი პატივსაცემი ადამიანი, რომლიც პარტიულ ინტერესებამდე დავა. ამიტომ პარქტიკულად, ილიას სიტყვები რომ გავიმეოროთ, საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის დიდი ხიდჩატეხილობა გვაქვს. საქართველოში პოლიტიკოსები არიან, რომლებიც მხოლოდ კარიერისტული და პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობენ. იშვიათია, რომ ისინი პოლიტიკაში საზოგადოებრივი ინტერესების გამო მიდიოდნენ. ახლა პოლიტიკურ რეკლამებს რომ შეხედოთ, ძალიან საშინელი შესახედია. აჩვენებს, რომ პრიმიტიული საარჩევნო გარემო გვაქვს. ამიტომაც, ეს პრობლემა იმას ქმნის, რომ ვერ ხედავენ, საზოგადოებას რა სურს.

ერთადერთი მიგნება მათი მხრიდან ისაა, რომ საზოგადოებას სოციალურად უჭირს. ამის უკან კავშირი კიდევ უფრო მითოსურია. საზოგადოებას ისეთ აბსურდს ჰპირდებიან, რომ თავადვე იციან, ამის შესრულება შეუძლებელია. შესაბამისად, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამომრჩეველი ამას უკვე კარგად ხვდება და თავს ადვილად აღარ იტყუებს. დღევანდელი პოლიტიკოსებისთვის საზოგადოება და სამშობლო სიბნელია, რომლშიც შედიან და ვერაფერს ხედავენ.

- პაატა ბურჭუალძის თემას მინდა შევეხოთ. მისი გამოჩენის შემდეგ პოლიტოლოგები საუბრობდნენ იმაზე, რომ მას შეეძლო, მესამე პოლიტიკური ცენტრი შეექმნა და ეს 60% თავისკენ გადაებირებინა. თუმცა ოპოზიციასთან ალიანსის შექმნის შემდეგ, გაჩნდა მოსაზრება, რომ ის მომხრეებს დაკარგავს. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- რაც შეეხება პოლიტიკური პლატფორმის განახლებას და ახალი, მესამე ძალის შექმნას, ვფიქრობ, პირველად ამის შანსი ირაკლი ალასანიას ჰქონდა, რომელმაც, სამწუხაროდ, ის ვერ გამოიყენა. შემდეგ ამის საშუალება პაატა ბურჭულაძეს ჰქონდა, რომლის პირველივე შეტყობინებები “ნაციონალური მოძრაობის” ასლი იყო. შესაბამისად, როდესაც სიტყვა სიტყვაში სხვის აზრებს სვამ, რა თქმა უნდა, იქ ახალი ძალა ვერ შეიქმნება. ვფიქრობ, შანსი ასევე “გირჩს” ჰქონდა, რომელმაც, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად შეძლო, რომ დისტანცირებული ყოფილიყო როგორც “ნაციონალური მოძრაობისგან”, ასევე პოლიტიკური დემაგოგიისგან. ამიტომაც, ამ პარტიის მიმართ საზოგადოებაში ინტერესი იზრდებოდა. შეიძლება, ეს კვლევებში არ გამოჩნდა, მაგრამ მის მიმართ გარკვეული მოლოდინი გაჩნდა.

სამწუხაროდ, ბურჭულაძესთან მიმართებაში, ვფიქრობ, რომ დრო მის წინააღმდეგ იმოქმედებს, რადგანაც მას საკუთარი ქმედებები და განცხადებები “ნაციონალურ მოძრაობასთან” აახლოებს. საუბარი იმაზე, რომ მის პარტიაში რყევები ხელისუფლების ბრალია, იქ მიმდინარე მოვლენებს გამართლებას ვერ მისცემს.

- რას იტყვით “ნაციონალური მოძრაობის” ახალ სახეზე, სანდრა რულოვსსა და არჩევნებში მის მონაწილეობაზე?

- სანდარა რულოვსი, როგორც ცალკე აღებული პერსონა, ძალიან საინეტერსო ფიგურაა. ზოგადად პირველი ლედები, ძალიან უნდა ინდომებდნენ, რომ საზოგადოებაში მათ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გაჩნდეს. ჩვენ გვახსოვს, რომ მოსახლეობის აგრესია მხოლოდ ზვიად გამსახურდიას ცოლის მიმართ იყო. სანდრა რულოვსის მისამართით საზოგადოებას პრეტენზიები პერსონალურად არ გააჩნია, მათ აგრესია მიშას ცოლის მისამართით აქვთ. ის შეიძლება აკრიტოკონ, რომ როგორც მოქალაქე, ქმარს რატომ არ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ, ვფიქრობ, სანდრა რულოვსი ყოველთვის დადებითად იყო წარმოდგენილი. ამიტომაც, მისი შანსები გარკვეულწილად დიდია, თუ ისიც ისეთ შეცდომებს არ დაუშვებს, რომ აგრესია გაიზარდოს. თუმცა ნაკლებად მგონია, რომ სანდრა რულოვსის გამოყვანა, მხოლოდ მის გამარჯვებას ემსახურებოდეს.

ვფიქრობ, საქმე კიდევ სხვაგვარად არის, მისი ფუნქცია უფრო დიდი და მნიშვნელოვანი მგონია. წინასაარჩევნოდ სანდრა რულოვსი, შესაძლოა, თავდაცვის ობიექტად იქნას გამოყენებული, რადგანაც ვნახეთ, რომ მის მიმართ, როგორც პოზიტივი ასევე აგრესიაც არსებობს, ამიტომაც არ არის გამორიცხული, კორცხელის მსგავსი ინციდენტები განმეორდეს.

სანდრა რულოვსი სადაც ჩავა, შესაძლოა, რომ მას საზოგადოების მხრიდან მწვავე ნეგატივი დახვდეს. ამიტომაც საშიშია, რომ რაიმე სამოქალაქო დაპირისპირება არ გამოიწვიოს, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” ძალიანაც აწყობს. ამიტომ ხელისუფლებამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

„რეზონანსი“, 27 აგვისტო, 2016 წელი

უვიზო რეჟიმს დემოგრაფიული პრობლემები მოჰყვება?!

მოსახლეობას თვალი ისევ ქვეყნიდან გაქცევისკენ უჭირავს

მარიამ აფციაური

ნეპოტიზმი, შერჩევითი სამართალი, სოციალური პრობლემები – ეს არის მთავარი მოტივები, რომელთა გამოც საქართველოს მოსახლეობას გასაქცევად უჭირავს თვალი. ჩვენ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპოდენტების დიდი ნაწილი უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას მხოლოდ იმიტომ ელის, რომ სამუშაოდ წავიდეს, ზოგიერთს კი სასწავლებლად სურს ევროპაში გასვლა, თუმცა ბევრმა არ იცის იმ შეზღუდვების შესახებ, რომლებსაც ევროკავშირი აწესებს. დემოგრაფები უვიზო რეჟიმის ამოქმედების მოახლოებას შიშით უყურებენ და აცხადებენ, რომ ცვლილება მიგრაციულ პროცესს, ამასთანავე “ტვინების გადინებას” წარმოშობს.

ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს 2017 წლის 1-ლი იანვრიდან დააწესებს. ამის შესახებ “ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგში რადიო “თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს კორესპოდენტი, რიკარდ იოზვაკი წერს. მანამდე ევროპელი დიპლომატები აცხადებდნენ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ევროკავშირის სტრუქტურები შემოდგომაზე იმსჯელებენ.

დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე ფიქრობს, რომ უვიზო მიმოსვლა ოდესღაც ამოქმედდება, თუმცა დასძენს იმასაც, რომ ამას დემოგრაფიული პრობლემები მოჰყვება. მისი თქმით, სამუშაოდ, სასწავლებლად ძირითადად რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობა, ახალგაზრდობა წავა. გაიზრდება დაბერების მაჩვენებელი, მოიმატებს გარდაცვალების რაოდენობა და შემცირდება შობადობა.

“ტვინების გადინება დაიწყება. ასევე შეიძლება (დემოგრაფიულ დივიდენდს ეძახიან ჩვენთან), 60 წელს გადაცილებული მოსახლეობაც წავიდეს. ისინი, ვისაც აქვს განათლება და უნარი. ევროპას სჭირდება გამოცდილი სპეციალისტები. ჩვენთან განათლების დონე ძალიან დაბალი არ არის, უბრალოდ ვერ ვიყენებთ. გადამზადება არ ხდება ჩვენი ხალხის, არის ნეპოტიზმი, ამიტომ იძულებულნი არიან, რომ სხვა ქვეყანაში მოსინჯონ ძალები”, – განმარტა ავთანდილ სულაბერიძემ.

რესპოდენტების თქმით, ქვეყანაში დაულაგებელი, არასტაბილური მდგომარეობაა, სწორედ ამიტომ უმეტესობა, მათ შორის გია ბიტარაშვილიც გამოსავალს ევროპაში ხედავს.

“უვიზო რეჟიმის ამოქმედება გაამარტივებს ყველაფერს, აღარ გახდება საჭირო მთელი რიგი პროცედურები. მე პირადად წავალ, აბა რას ვიზამ. გარდა ამისა, აღარავინ მიმართავს ტურისტულ სააგენტოებს და აღარ იქნებიან მათი მაქინაციების მსხვერპლნი. მე პირადად რამდენიმე თვის წინ დავჯავშნე ტურისტული მარშრუტი და მოტყუებული დამტოვეს. უვიზო მიმოსვლის არსებობისშემთხვევაში, აღარ დაგვჭირდებიან ასეთი ორგანიზაციები და ზარალიც ნაკლებიიქნება”, – გვითხრა გია ბიტარაშვილმა.

რესპოდენტების უმეტესობა ამტკიცებს, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედება მათ ევროპისკენ მიმავალ კარს გაუხსნის და ბევრი ამას ფინანსური კეთილდღეობისთვის გამოიყენებს. “უვიზო რეჟიმის ამოქმედება არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ქვეყანაში ვინმე დარჩენას შეძლებს, თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ბევრი შეეცდება საქართველოდან გაღწევას და არალეგალად დარჩენას. ამისთვის ხალხს ბევრი მიზეზი აქვთ, უამრავი შეზღუდვა, უკანონობა არსებობს, რასაც არასწორი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა უწყობს ხელს. მაგალითად, ნარკოპოლიტიკა, ნეპოტიზმი, შერჩევითი სამართალი”, – ამბობს ირაკლი გიორგაძე.

არიან ხელჩაქნეული ახალგაზრდები, რომლებმაც საკუთარი შრომის, ძალისხმევის მიუხედავად ქვეყანაში თავისი ადგილი ვერ იპოვეს. მათთვის ევროპა იმედია, წვდომა წარმატებაზე. “ძნელია ამ ქვეყანაში უპატრონოდ თავის დამკვიდრება. მე პირადად არ ვიცი წავალ თუ არა, სასწავლებლად გასვლაზე მაინც დავფიქრდებოდი, თუმცა ამასაც ფინანსები უნდა, რაც ჩემს მშობლებს არ აქვთ. სიამოვნებით კი წავიდოდი. ამოქმედდეს ჯერ უვიზო მიმოსვლა და შემდეგ უფრო თამამად გადავდგამ ნაბიჯს უკეთესი მომავლისკენ”, – ამბობს დალი სიხარულიძე.

“რეზონანსის” მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ბევრი ელოდება. მათ შორის არის ჩვენი ერთ-ერთ რესპოდენტი ნიკოლოზ პირმისაშვილი, რომლესაც ევროპაში წასვლა და იქ მუშაობის დაწყება სურს.

“მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. იტალიაში მყავს ახლობლები, თუმცა პროცედურები რთულია. ვიზის მიღება არ არის ადვილი, თანხა სჭირდება, რაც მე არ მაქვს. ტურისტული კოპანიების დახმარებით შეძლო რამდენიმე ჩემმა ახლობელმა ქვეყნიდან გასვლა. ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი დაუჯდა, რაღაც ნივთების გაყიდვა, რომ მოუხდათ ეგ კი ვიცი”, – აცხადებს ნიკოლოზ პირმისაშვილი.

გელა მალასიძემ ისრაელის მაგალითი მოიყვანა და იმ დარღვევებზე ისაუბრა, რამაც უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ იჩინა თავი. მისი თქმით, კომპანიები ქართველებს სამუშაოდ აგზავნიან და არალეგალად საშინელ პირობებში ამუშავებენ. ქვეყანაში ყოფნის დრო შეზღუდულია. ამის გამოაშკარავების შემთხვევაში კი ქართველებს უკან აბრუნებენ. გელა მალასიძის მტკიცებით, ასეთი შემთხვევები ხშირია.

“გვაქვს ისრაელის მაგალითი, უვიზო მიმოსვლის შემდეგ ბევრი მიაწყდა, თუმცა რად გინდა, დარჩენას მაინც ვერ ახერხებენ. რამდენიმე ჩემი ახლობელი ტურისტული კომპანიის დახმარებით წავიდა. კომპანიაში გარანტია მისცეს, რომ სამსახურსაც დაახვედრებდნენ, მართლაც ასე მოხდა, თუმცა მალევე გამოაბრუნეს”, – აღნიშნა გელა მალასიძემ.

როგორც ჩანს, ბევრს ჰგონია, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედება ყველანაირ პროცედურულ დაბრკოლებას მოუხსნის და გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებს, თუმცა ასე არაა. უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები. მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

“ეს არის შესაძლებლობა მცირე ვადით ანუ ტურისტულად, დასათვალიერებლად წავიდეთ ევროპაში, ვიზის გარეშე, რაც არ ნიშნავს იმას, რომ არაფერი მოგეთხოვება. პირველ რიგში, ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უვიზო რეჟიმი არ აძლევს იქ მუშაობის უფლებას და მეორე, საზღვარზე გარკვეული საბუთების წარდგენა მაინც მოეთხოვება: ფინანსური შესაძლებლობის დადასტურება, სასტუმროსა და ბილეთის ჯავშანი, მოსაწვევი. თუ საზღვარზე ვერ დაამტკიცებ რატომ და რა მიზნით მიდიხარ, მესაზღვრეს უფლება აქვს არ შეგიშვას”, – განაცხადა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელმა საქართველოში ზურაბ ყორღანაშვილმა.

ავთანდილ სულაბერიძის აზრით მიუხედავად გარკვეული შეზღუდვებისა, უვიზო რეჟიმის ამოქმედება მიგრაციულ პროცესებს მაინც წარმოშობს. სპეციალისტის თქმით, რეგულაციები, რომლებიც ევროკავშირის სივრცეში არსებობს, საქართველოში მოსალოდნელ პროცესებს ვერ დააბალანსენს.

“ეს, ჯერ ერთი, არალეგალურად ხდება, როცა გაიხსნება საზღვრები, უფრო ლეგალური გახდება. მიგრაციულ პროცესებს გამოიწვევს, რადგან ძალიან ბევრი გვყავს დაუსაქმებელი. მთიანი რაიონებიდან, ბარიდანაც ძალიან ბევრია უცხოეთში წასული. ბუნებრივია, სავიზო რეჟიმის ამოქმედება წაახალისებს მათ. საზღვარგარეთ მყოფი ქართველები ამის შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად შეეცდებიან ახობლების წაყვანას. დემოგრაფიულად ჩვენთვის მიუღებელი არის უვიზო მიმოსვლის ამოქმედება, იმ მხრივ, რომ აქედან წავა ახალგაზრდობა და შეიძლება, დაბრუნდეს ხანდაზმული მოსახლეობა, საპენსიო ასაკის. ეს დააწვება ჩვენს ბიუჯეტს სოციალურად”,- განაცხადა დემოგრაფმა ავთანდილ სულაბერიძემ.

„რეზონანსი“, 27 აგვისტო, 2016 წელი

ჩინელი ინვესტორები ინვესტირებისთვის ეკონომიკის ყველა დარგს განიხილავენ

მარიამ ხიდაშელი

საქართველოში ჩინური ინვესტიციების შემოსვლა 2002 წლიდან დაიწყო, იმ პერიოდში ქვეყანაში მხოლოდ 2,5 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. აგვისტოს ომის შემდეგ 2010 წლამდე სტატისტიკა საქართველოდან ჩინური ინვესტიციების გადინებას აფიქსირებს. 2011 წლიდან ჩინელმა ინვესტორებმა საქართველოსკენ გული ისევ მოიბრუნეს. ჩინური ინვესტიციების რეკორდად 2014 წელი ითვლება, იმ პერიოდში ქვეყანაში 218 მილიონი დოლარი შემოვიდა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 66 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ხოლო 2016 წლის პირველ კვარტალში ჩინელებს არაფერი შემოუტანიათ, პირიქით, საქართველოდან ჩინეთში 2,5 მილიონი დოლარის კაპიტალი გავიდა.

რაც შეეხება სავაჭრო მონაცემებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობის მიხედვით, ჩინეთი პარტნიორ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზე მოხვდა. ამ ქვეყანასთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 712,788 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან იმპორტი 586,988 მილიონი დოლარია, ხოლო ექსპორტი – 125,800 მილიონი დოლარი. 2016 წლის იანვარ-ივლისში ჩინეთთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 7 თვეში ამ ქვეყანასთან იმპორტ-ექსპორტმა 413,129 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 109,233 მილიონი დოლარია, იმპორტი კი – 303,895 მილიონი დოლარი.

მთავრობაში ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და ჩინური ინვესტიციების ზრდას ვარაუდობენ. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ჰუალინგ ჯგუფის” პრეზიდენტ მი ენჰუასა და სხვა ჩინური კორპორაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ უმსხვილესი ჩინური კორპორაციები საქართველოს სამშენებლო სექტორით, ქართული ღვინითა და ტურიზმის სფეროში ინვესტირებით დაინტერესდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კვირიკაშვილმა ჩინელ ბიზნესმენებს საინვესტიციო გარემო გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველო ინვესტორებს სთავაზობს დიდ შესაძლებლობებს – თავისუფალ და ღია ეკონომიკას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებზე და ასევე ჩინეთიდან ტურისტების ზრდაზე.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩინეთთან თანამშრომლობას აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის ინიციატივის ფორმატში. 2016 წელს, ნოემბერში თბილისის ფორუმი მეორედ ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც იგეგმება თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა: ვაჭრობა და ბიზნესკონტაქტების დამყარება, ინვესტიციები, ტურიზმი, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და სხვა.

ჩინეთის ბაზარი ყველაზე პერსპექტიული ქართული ღვინისთვის გახდა. ამ ქვეყანაში ღვინის ექსპორტი 152 პროცენტით გაიზარდა, 2 მილიონ ბოთლს აღემატება. მთავრობაში იმედოვნებენ, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოდან ჩინეთში დაახლოებით 4 მილიონი ბოთლი ღვინო გავა. ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ 2020 წლისთვის ჩინეთი ტრადიციული ბაზრების სერიოზული ალტერნატივა იქნება, რასაც ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან.

ამ დროისთვის, საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია ჩინურ კომპანია “ჰუალინგ ჯგუფს” შემოაქვს. აღნიშნული ჩინელი ინვესტორები ეკონომიკის თითქმის ყველა დარგს მოედნენ. ჩინური კორპორაცია საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

“ჰუალინგის” რეგიონული დირექტორის მოადგილე ვანგ ჰინფუს განცხადებით, კორპორაციის დამფუძნებელს ძალიან უყვარს საქართველო და ინვესტირება ახალ პროექტებშიც იგეგმება. საუბარია როგორც ბუნებრივი გაზსაცავის მშენებლობაში მონაწილეობაზე, ასევე ჩაის მრეწველობისა და ტურიზმის განვითარებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ “ჰუალინგი” საქართველოს ავიასივრცეშიც გეგმავს შემოსვლას. ვანგ ჰინფუს ინფორმაციით, “ჰუალინგმა” ჩინეთში შეისყიდა ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოდის. ჩინური ავიაკომპანია საქართველოდან რეისების შესრულებას ევროპისა და აზიის მიმართულებით ახორციელებს, ხოლო სამომავლოდ ამერიკის მიმართულების ათვისებასაც არ გამორიცხავს.

კერძო კორპორაცია “ჰუალინგ ჯგუფი” დაარსდა 1988 წ. ჩინეთში, ქ. ურუმჩიში. კორპორაციის ძირითადი საქმიანობა მოიცავს: სავაჭრო ცენტრებისა და საბითუმო მარკეტების მშენებლობას, გაქირავებას და მართვას; საგარეო ვაჭრობას; სასტუმროების ქსელის მშენებლობა-მართვას; დეველოპერული პროექტების განხორციელებას; ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკული და მეცხოველეობის პროექტების განვითარებას და ქველმოქმედებას.

“ჰუალინგ ჯგუფმა” საქართველოში ინვესტირება 2007 წლიდან დაიწყო და შემდეგი 8 მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა: თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, თბილისის ზღვის პლაზა, ახალგაზრდული ოლიმპიური სოფელი, ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ჰოთელს $ პრეფერენს, სასტუმრო ფანდი, ჰუალინგის სასტუმრო ქუთაისში.

Comments are closed