globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 27 სექტემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Sep 27th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „მესამე ძალა აღარ იქნება“

„რეზონანსი“: შესაძლებელია თუ არა, არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაიწყოს?

„რეზონანსი“: ინტერვიუ ბიძინა გეგიძესთან: „გული მწყდება, რომ ელენე ხოშტარია „ნაციონალურ მოძრაობაშია“

„რეზონანსი“: ინტერვიუ ელენე ხოშტარიასთან: „მთვარობისგან ვერ ვხედავ ვერაფერს, გარდა ოპონენტების ლანძღვისა“

„რეზონანსი“: ბიძინა გეგიძე, ელენე ხოშტარია და ვიქტორ დოლიძე: „დიდი ტრიოს“ შეტაკება ვაკეში // ვინ – ვის? პოლიტოლოგის კომენტარი

„რეზონანსი“: ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „ხელისუფლების მიერ საზოგადოებისთვის დამთრგუნველი გზავნილების მიწოდება არასწორია“ // „ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილი განტევების ვაცად გამოჰყავს“

——-

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ბიძინა გუჯაბიძესთან: „მიხეილ სააკაშვილი ბოლოჯერ გაიფაფხურებს“ // „ნაცმოძრაობა აყოლილია თავისი ლიდერის ავანტიურებს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ პაატა შეშელიძესთან: „ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს აგიტატორობა სთხოვა“

——-

„თბილისელები“: ინტერვიუ ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან: რატომ იტყუებს თავს ამომრჩეველი, რომელმაც იცის, რომ ატყუებენ

„თბილისელები“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: რატომ აუწიეს „სატოპკე“ ვლადიმირ პუტინს საქართველოში ამერიკული ბაზის გახსნის განცხადებით და როგორ დარჩა საქართველო ბედის ანაბარად

——-

„ვერსია“: „თურქეთმა საქართველოს სულში ჩააფურთხა!“ // რა კავშირი აქვს ბათუმში გახსნილ თურქულ სკოლას კომპანია „მეტროსთან“

——-

„რეზონანსი“: ევროპაში ბანკები კოტრდება, რა ელოდება საქართველოს // „ეროვნული ბანკი ცდილობს, მოსახლეობას საბანკო სფეროს პრობლემები დაუმალოს“

——————–

„რეზონანსი“, 27 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „მესამე ძალა აღარ იქნება

ელზა პაპოშვილი

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ საზოგადოებასა და ქვეყანაში წინასაარჩევნო ციებ-ცხელება არ შეიმჩნევა. ამის მიზეზად კი ამომრჩევლის ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ასახელებს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას პოლიტიკურ ასპარეზზე მესამე ძალის არგამოჩენამ შეუქმნა. რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ საზოგადოება არჩევანს კვლავ ორ მთავარ ძალას შორის გააკეთებს და ხმას მისცემს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, არა იმიტომ, რომ ის კარგია, არამედ იმიტომ, რომ სხვას სჯობს.

- წინასაარჩევნო პერიოდი უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა, თუმცა ვხედავთ, რომ საზოგადოებაში ნაკლები აქტიურობაა. რა არის ამის მიზეზი?

- ამ საარჩევნო პროცესს 2012 წლის არჩევნებს თუ შევადარებთ, მათ შორის თვისობრივი განსხვავება დიდია. წინა საპარლამენტო არჩევნები ბრძოლა იყო, სადაც მოსახლეობა სისტემის წინააღმდეგ აღდგა. უბრალოდ, ამ ბრძოლამ შემდეგ არჩევნების ფორმა მიიღო. ის უფრო საპროტესტო არჩევნები იყო. ასეთი მუხტი ამ არჩევნებს აღარ აქვს. ახლა საზოგადოებას ასეთი დამოკიდებულება აქვს – რომელიმე პარტია მოსწონს ან არ მოსწონს, ამიტომაც პროცესები მდორედ ვითარდება.

- ამ არჩევნებზე საზოგადოება მესამე ძალას ელოდა, რომელსაც “ნაცმოძრაობა” და “ოცნება” უნდა ჩაენაცვლებინა. თუმცა აღმოჩნდა, რომ მთავარი მოთამაშეები კვლავ ეს ორი პარტიაა. როგორ ფიქრობთ, საზოგადოება ამის გამო საპარლამენტო არჩევნების მიმართ ნიჰილისტურად ხომ არ განეწყო?

- რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება არსებობს, რადგანაც წინასაარჩევნო გამოკითხვებში კარგად გამოჩნდა, რომ გამოკითხულთა 60%-ს ხმა ვის მისცეს, ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს. ეს ფაქტობრივად ნიჰილიზმს ნიშნავს. რაც შეეხება მესამე ძალას, საზოგადოებაში ამ არჩევნებზე ეს მოთხოვნა ნამდვილად არსებობდა და ამის კარგი შანსი ბურჭულაძეს ჰქონდა. ის პოლიტიკაში ძალიან შთამბეჭდავად შემოვიდა და შემდეგ შთამბეჭდავადაც დაიკავა ის პოზიცია, რომელმაც მას მესამე ძალის შექმნის შანსი დაუკარგა.ის ორი პოლუსიდან ერთ-ერთისკენ გადაიხარა, რამაც ახალი ძალის შექმნის საშუალება წაართვა. მას რომ შუა წერტილი შეენარჩუნებინა, ძალიან სერიოზული პროცესის ავტორი გახდებოდა. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მოსახლეობამ ნახა, რომ მესამე ძალა აღარ იქნება. ნიჰილიზმში ჩვენი საზოგადოების გადავარდნა ისევ და ისევ გამოუცდელობის ბრალია. სამწუხაროდ, ამ არჩევნებზე ასეთი არჩევანი გვექნება, ხმას მივცემთ პარტიას არა იმიტომ, რომ კარგია, არამედ იმიტომ, რომ სხვას სჯობია.

- წინასაარჩევნოდ კომპრომატების ბრძოლის მეთოდზე მინდა გკითხოთ. ვნახეთ, რომ პროკურატურამ 26 მაისის უცნობი კადრები წარმოადგინა. გამოითქვა მოსაზრება, რომ “ოცნება” ცდილობს მოსახლეობის დაშინებას და აფრთხილებს, რომ ხმას მათ თუ არ მისცემენ, მაშინ ხელისუფლებაში კვლავ “ნაციონალური მოძრაობა” მოვა. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება მათ გაცოცხლებას ხომ არ ცდილობს, რადგანაც მათი არსებობა თავად სჭირდება?

- სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას კოლექტიური მახსოვრობის დაკარგვა ახასიათებს. იმის იმედი, რომ ადამიანებს ყველაფერი ახსოვთ, მცდარი შეხედულებაა. ამიტომ “ნაციონალური მოძრაობის” სურათები წარსულიდან აუცილებლად უნდა ამოვატივტივოთ. აქ შეიძლება სხვა რამის პრეტენზია გვქონდეს, თემა, რომ ეს პარტია მიუღებელია, მაშინ მთელი ამ 4 წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო და არა წინასაარჩევნოდ. ხელისუფლების მხრიდან ამაზე თავშეკავება ერთი იმის გამო მოხდა, რომ ამ პარტიასთან კოჰაბიტაციის მოთხოვნა არსებობს. მეორე იმიტომ, რომ თავად “ქართული ოცნება” მართვაში გამოუცდელი გუნდით მოვიდა. ამ დროს მართვის ძალიან რთული ამოცანა იდგა, რადგანაც “ნაციონალებს” სახელმწიფო სტრუქტურებში თავისი ხალხი ჰყავდათ. ერთი მხრივ, “ნაცინალების” გამოცდილებამ ძალაუფლების მართვაში და მეორე მხრივ, “ოცნების” გამოუცდელობამ, შექმნა ის სიტუაცია, რომელსაც ახლა ჩვენ ვხედავთ. ვფიქრობ, არსებობს კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ვიდეოფირები, რომელიც ჩვენს საზოგადოებას “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩადენილი ქმედება, კიდევ უფრო გააოცებს.

- რას იტყვით იმ განცხადებებზე, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა, ქვეყანაში გარკვეული ძალების მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობა იყოს. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ასევე გააკეთა განცხადება, რომ ქვეყანაში რამე სახის დაპირისპირებისგან თავის დაცვის მიზნით, ქუჩებში პოლიციის რიცხვი გაიზრდება…

- საქმე იმაშია, რომ თუ “ნაციონალები” ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას გადაწყვეტენ, მათ მხარდამჭერები აუცილებლად დასჭირდებათ. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ სხვადასხვა ხერხით მათ ეს მხარდაჭერა მოიპოვონ. მათ შეიძლება ასეთი იდეები ჰქონდეთ, მით უმეტეს მსგავსი სახის გამოცდილება უკვე აქვთ. რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან პრევენციას, მათ საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენეს და კონტროლის მექანიზმები მომზადებული აქვთ.

„რეზონანსი“, 27 სექტემბერი, 2016 წელი

შესაძლებელია თუ არა, არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაიწყოს?

ელზა პაპოშვილი

გუშინ “თავისუფალი ზონის” ათმა წევრმა ორგანიზაციის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, რის მიზეზადაც მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან დავალების მიღება დაასახელეს.

“აგვისტოს თვიდან პარტიულ შეკრებებზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” დესტაბილიზაციას აპირებს. მე ოდესაში მითხრა სააკაშვილმა, რომ ინსტრუქციებს შუამავლის მეშვეობით მივიღებდით. “არჩევნების გაყალბების სახელით უნდა დაგვეწყო საპროტესტო აქციები. ხალხი გვეიძულებინა, ქუჩაში გამოსულიყო. მოხდებოდა სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყოლოდა მსხვერპლი. მე სააკაშვილს ამ დიალოგის დროს დავთანხმდი, რადგან უკრაინიდან მშვიდობით მინდოდა წამოსვლა”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ბესო კალაძემ.

როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, ქვეყანაში არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაცია დაიწყოს? ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წევრებს მიმართა.

იგორ კვესელავა  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): დიდი ხანია რაც ვსაუბრობ, რომ ამ არჩევნებზე სააკაშვილის უკანასკნელი გედის სიმღერა იქნება. მას დღეს დესტაბილიზაციის მოწყობისა და არეულობის გარდა ქვეყანაში სხვა გზა არ გააჩნია. მან კარგად იცის, რომ უკან ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება, შესაბამისად, ყველაფერზე წამსვლელია. ეს არის მისი მთავარი ტაქტიკა, რომლის გამოყენებასაც აუცილებლად შეეცდება. ვხედავთ, რომ ის და მისი გუნდი ამომრჩეველზე პირველ რიგში ფსიქოლოგიურ გავლენას ცდილობს და ხმამაღლა გაჰყვირიან, რომ 8 ოქტომბერს ხელისუფლებას დაამთავრებენ, ამიტომაც მათგან გამორიცხული არაფერია.

ლევან ალაფიშვილი (იურისტი): ამგვარ განცხადებებს და მცდელობებს, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება შიშით აღარ უყურებს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საზოგადოების ცნობიერება გაიზარდა და მათი მოტყუება ასეთი ადვილი აღარ არის. ამ ყველაფერს ნიადაგი ხომ უნდა ჰქონდეს? ვინმემ შეიძლება რამე სცადოს, მაგრამ საზოგადოება ამას არ მიიღებს. სახელმწიფო ინსტიტუტებს ბევრ რამეში შეიძლება ვუსაყვედუროთ, მაგრამ უსაფრთხოების სამსახური ძალიან მომზადებულია. მათ იმის უნარი შესწევთ, რომ მსგავსი რამ კანონიერ ფარგლებში აკრძალონ და ხელი შეუშალონ. კი ბატონო, თუ არჩევნების შემდეგ ვინმე რამეს გააპროტესტებს, რა პრობლემაა, უსაფრთხოების სამსახურები ყველაფერს კანონის ფარგლებში გააკონტროლებენ. თუ რამე ზედმეტში გადაიზარდა, ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ ეს უწყებები სიტუაციის გაკონტროლებისთვის მზად არიან.

ნანა კაკაბაძე  (უფლებადამცველი): ჩემი აზრით, ასეთი რამ შეუძლებელია, რადგანაც მათი სურვილების განხორციელება მხოლოდ ოცნებაა და მეტი არაფერი. დღეს ქართული საზოგადოება საკმაოდ გაიზარდა და კარგად იციან, ვინ ვინ არის. მით უმეტეს “ნაციონალურ მოძრაობას” არავინ აჰყვება და მათ დაკრულზე ხალხი არ ივლის. რა თქმა უნდა, მათ ქვეყანაში არეულობის მოწყობის დიდი სურვილი აქვთ, თუმცა ამის განხორციელების საშუალებას არც ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები არ მისცემენ.

„რეზონანსი“, 27 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ბიძინა გეგიძესთან: „გული მწყდება, რომ ელენე ხოშტარია ნაციონალურ მოძრაობაშია

თიკო ოსმანოვა

მმართველი პარტიის კანდიდატ ბიძინა გეგიძეს გული სწყდება, რომ მისი ოპონენტი ელენე ხოშტარია “ნაციონალური მოძრაობის” წევრია. მისი თქმით, იგი “ქართულ ოცნებასთან” ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს.

ბიძინა გეგიძე: სიტყვა “დაპირებები” არ მიყვარს და ამ სიტყვას იშვიათად ვიყენებ. უბრალოდ ვაპირებ იმის გაკეთებას, რაც მიმაჩნია, რომ მოსახლეობას სჭირდება – ვაკე უნდა იყოს მწვანე, სუფთა. ვაკეში უნდა იყოს კულტურა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, წახალისების გარემო. მინდა ვაჭრობის ევროპული სტანდარტი შევქმნა – როგორც გარემოვაჭრეებისთვის, ასევე მყიდველებისა და მოსახლეობისთვის იქნება კიდევ ერთი, ახალი კარგი ნაბიჯი.

- ვინ მიგაჩნიათ თქვენს მთავარ კონკურენტად?

- ყველა კონკურენტს ვუსურვებ წარმატებებს.

- ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ელენე ხოშტარიაზე რას იტყვით?

- ელენე ხოშტარიაზე გული მწყდება, რომ “ნაციონალურ მოძრაობაშია”.

- როგორ ფიქრობთ, შეძლებთ მის დამარცხებას?

- “ნაციონალური მოძრაობა” უკვე დამარცხებულია. აუცილებლად გავიმარჯვებ “ქართულ ოცნებასთან” ერთად.

„რეზონანსი“, 27 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ელენე ხოშტარიასთან: „მთვარობისგან ვერ ვხედავ ვერაფერს, გარდა ოპონენტების ლანძღვისა

თიკო ოსმანოვა

“ნაციონალური მოძრაობის” ვაკის მეორე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია მთავარ კონკურენტად “მმართველი პარტიის კანდიდატ ბიძინა გეგიძეს მიიჩნევს, თუმცა მის დამარცხებაში დარწმუნებულია. ამის საფუძველს კი მოსახლეობასთან შეხვედრები აძლევს.

ელენე ხოშტარია: მე, როგორც მაჟორიტარი, რეალურად ვიქნები მათი ხმა და საყრდენი პარლამენტში. ვაპირებ, რომ მუდმივად ვიყო ამ ადამიანებთან კომუნიკაციაში. ეს კარდაკარი პროგრამა, რაც გვაქვს, არავითარ შემთხვევაში არ შეწყდება არჩევნების შემდეგ. მუდმივად გვექნება მათთან ურთიერთობა და პრობლემების გამზიარებელი ვიქნები.

რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, ჩვენი მთავარი ამოცანაა სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ყველაზე მეტად უჭირს მოსახლეობას. გვაქვს ასევე კონკრეტული პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის გადასადახების მაქსიმალურად დაწევის გზით. 90 ათასამდე, საერთოდ ბიზნესი არ დაიბეგრება. ჩვენი ამოცანაა, ფული არა ბიუროკრატიამ წაიღოს, არამედ დარჩეს ბიზნესში. გარდა ამისა, გვაქვს მნიშვნელოვანი სოციალური პაკეტი – ეს ფული, რომელიც ტყუილად იხარჯება ბიუროკრატიაზე, ჩვენ გვინდა დავხარჯოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ვამატებთ მედიკამენეტებს, იმიტომ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, გაძვირებულია მედიკამენტები.

- თქვენს მთავარ კონკურენტად ვინ მიგაჩნიათ?

- რა თქმა უნდა, დღევანდელი მთავრობა არის ჩვენი მთავარი კონკურენტი, თუმცა “ოცნება” დღეს სრულიად გაკოტრებულია, ეს იგრძნობა როგორც გამოკითხვებში, ასევე ადამიანებში, იმიტომ, რომ მოსახლეობის პრობელემებს აბსოლუტურად არ აქცევენ ყურადღებას. სოციალური დახმარება მასობრივად მოუხსნეს ადამიანებს და ამათ პასუხსაც არ სცემენ. ერთი თვეა, გათხრილია მცხეთის ქუჩა და არავის არაფერს უხსნიან. ფიცრებიც კი არ არის დადებული, რომ ადამიანებმა გაირონ. წინასაარჩევნოდ ჩათვალეს, რომ გზების დაგება მომგებიანია, იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ ახლა წვიმის სეზონია და გზების დაგება აბსოლუტურად არაგონივრულია. წყნეთში ყოველი წვიმა არის დრამა, ადამიანებს უქმნის კატასტროფულ მდგომარეობას. სახლში წვიმს – ახალდაბაში მაგალითად, ადამიანებს სახლი თავზე ენგრევათ. 22 ქუჩიდან, რომელიც წყენთშია, სულ 5-ია გაკეთებული.

- რას იტყვით მმართველი პარტიის კანდიდატ ბიძინა გეგიძეზე?

- სიმართლე რომ გითხრათ, ამ მთვარობისგან ვერ ვხედავ ვერაფერს, გარდა ოპონენტების ლანძღვისა. მთელი მათი პროგრამა აწყობილი კი არაა იმაზე, რა გააკეთეს მთელი 4 წლის განმავლობაში, არამედ იმაზე, თუ რა ცუდები არიან “ნაციონალები”. ეს წამგებიანია, როგორც ქვეყნისთვის, ისე მოსახლეობისთვის. რეალურად ძალიან დასუსტებულია “ოცნება”, პირველ რიგში იმიტომ, რომ ხალხთან აქვთ აბსოლუტურად ყველანაირი კონტაქტი გაწყვეტილი. ვერ გრძნობენ, საზოგადოებაში რისი მოთხოვნაა.

- როგორ ფიქრობთ, შეძლებთ მის დამარცხებას?

- აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ყველანაირი საშუალება მაქვს, რომ ნდობა მოვიპოვო.

- ერთ-ერთი კანდიდატია ასევე “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ვიქტორ დოლიძე, მის შესახებ რას იტყვით?

- სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვაკვირდები ჩემს ოპონენტებს. მე ვარ ორიენტირებული ამომრჩევლის ინტერესებზე. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იყრის კენჭს. ერთი ცუდი, რაც არის, ყველა მაჟორიტარი მიმართ, ვინც იყო ვაკეში, იმედგაცრუებაა. ვინც კი ყოფილა, მარტო წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩნდებოდა მოსახლეობასთან, არჩევნების მერე ხალხს ივიწყებდნენ.

„რეზონანსი“, 27 სექტემბერი, 2016 წელი

ბიძინა გეგიძე, ელენე ხოშტარია და ვიქტორ დოლიძე: დიდი ტრიოსშეტაკება ვაკეში

ვინ – ვის? პოლიტოლოგის კომენტარი

თიკო ოსმანოვა

8 ოქტომბერს ვაკის მეორე ოლქი პოლიტიკური მოვლენების ერთ-ერთი ეპიცენტრი იქნება – საპარლამენტო მანდატისთვის სულ 15 ადამიანი იბრძოლებს, თუმცა, განსაკუთრებით საინტერესო იქნება “დიდი ტრიოს შერკინება”: ელენე ხოშტარია (“ნაციონალური მოძრაობა”) – ბიძინა გეგიძე (“ქართული ოცნება”) – ვიქტორ დოლიძე (“თავისუფალი დემოკრატები”).

რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი ბიძინა გეგიძე თუ „ნაციონალური მოძრაობის” ახალი სახე, სიის ათეულში მყოფი ელენე ხოშტარია?

ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას აზრით, თბილისში “ნაციონალურ მოძრაობას” გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს. თუმცა მას ეეჭვება, რომ  ”ქართული ოცნების” კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს:

„მე მგონი, თბილისში “ნაციონალურ მოძრაობას” დიდი შანსები არ აქვს – აქამდე არსებული კვლევა ამას აჩვენებს. შესაბამისად, არა მგონია, რომ მას ვაკეში რამე შანსი ჰქონდეს, იმიტომაც არის იგი პარტიული სიის ათეულში. რომ დააკვირდეთ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალების” სიის სტრატეგიას, ნახავთ – “ოცნებამ” მაჟორიტარები უკან გადაწია, რაც იმას ნიშნავს, რომ, ხელისუფლებას მათი გამარჯვების იმედი აქვს. “ნაციონალებს” კი პირიქით აქვს გაკეთებული და ვისი იმედიც არ აქვს, სიის თავში ჩასვა. ამიტომ მგონია, რომ ხოშტარიას არანაირი შანსი არ ექნება”, – გვითხრა არჩილ გამზარდიამ. მისივე თქმით, “თავისუფალ დემოკრატებს” თბილისის ზოგიერთ რაიონში საინტერესო სახეები ჰყავს წარდგენილი და მათი შანსები ზოგან შედარებით მაღალია.

“რაც შეეხება ვიქტორ დოლიძეს, წესით, რაღაც დადებითი შანსები უნდა ჰქონდეს. თუ პარტიული ნიშნით არ მოხდა მათი განსაზღვრა, მაშინ შეიძლება რამდენიმე ოლქში “თავისუფალმა დემოკრატებმა” გაიმარჯვოს, იმიტომ, რომ საინტერესო სახეები ჰყავთ წამოწეული. ბიძინა გეგიძის მთავარი ეფექტი კი არის ის, რომ იგი “ქართული ოცნების” წარმომადგენელია და შესაბამისად, ყველაზე მეტი შანსის მქონე სუბიექტია. შესაძლოა აქ ვიხილოთ მეორე ტური, იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” არ იყოს ფავორიტებში, თუმცა მეორე ტურში მე მგონი “ნაციონალური მოძრაობა” სულ არ იქნება. შესაძლოა, სხვა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი შეერკინოს მმართველი პარტიის კანდიდატს”, – უთხრა “რეზონანსს” არჩილ გამზარდიამ.

„რეზონანსი“, 27 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „ხელისუფლების მიერ საზოგადოებისთვის დამთრგუნველი გზავნილების მიწოდება არასწორია“ // ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილი განტევების ვაცად გამოჰყავს

სალომე სარიშვილი

საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მუდმივად პროვოკაციებსა და მოსალოდნელ არეულობაზე აპელირება, მმართველი გუნდის მხრიდან არასწორად შერჩეული პოლიტიკაა, ვინაიდან ამის შესაჩერებლად ბერკეტი არა საზოგადოებას, არამედ ხელისუფლებს აქვს. ანალიტიკოსი “რეზონანსთან” საუბრისას პარლამენტში გამსვლელ პარტიებისა და პოტენციური პარტნიორების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი “ქართული ოცნება” სრული უმრავლესობით ვერ მოვიდა, მას თანამშრომლობა ყველა პარლამენტში შემავალ ძალასთან მოუწევს.

არჩილ გამზარდია: პირველ რიგში, რაც სახელმწიფოსგან დადებითი შეგვიძლია შევნიშნოთ, ესაა ნაკლებად ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო, რისი მოწმეც გასულ წლებში ჩვენ ხშირად ვიყავით. ოპოზიცია არც გაყალბების მცდელობას ელოდება და ამის შესახებ ცალკეული პარტიების მხრიდან განცხადებები ძალიან მცირე რაოდენობითაა.

უარყოფით ნაწილში ხელისუფლების მიერ დამთრგუნველი საერთო ამინდის შექმნას გამოვყოფდი, რაც მუდმივად მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრითა და მსგავსი გზავნილების მსახლეობისთვის მიწოდებით გამოიხატება. მით უფრო, რომ მოსახლეობას ამის შესაჩერებლად არავითარი ბერკეტი არ გააჩნია, ეს ხელისუფლებამ უნდა უზრუველყოს და მოსახლეობა პირიქით, დაამშვიდოს. ნაცვლად ამისა, დამთრგუნველი გზავნილების მიწოდება, არაფრით არ შეიძლება. კიდევ უფრო უარესია 26 მაისის ახალი კადრების გამოქვეყნება, ეს ცეცხლზე ნავთის დასხმაა. როდესაც ამგვარი მეთოდებით საზოგადოებაში აგრესიული მუხტის შექმნას ცდილობენ, ამით პრობლემას თავად ხელისუფლებას უქმნის, რადგან პასუხისმგებელი ამ მუხტზე ისევ მმართველი ძალაა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ წამოიწია ეს თემა მაინცდამაინც ახლა და როგორ აისახება ამ კადრების ახლა გავრცელება მმართველი გუნდის იმიჯზე?

- შესაძლოა, ამ შემხსენებლურმა პოლიტიკამ “ოცნებაზე” გარკვეულწილად კარგად იმუშაოს, რადგან წინასაარჩვენო პერიოდში ეს ერთგვარი პოლიტიკური ინსტრუმენტია. შესაძლოა, ეს ამომრჩევლის მობილიზების თვალსაზრისითაც იყოს მომგებიანი, თუმცა ვიტყოდი, რომ საკმაოდ დიდი რისკის ფასად, რადგან ასეთ შემთვევაში საზოგადოებაში ვნებათაღელვაც იზრდება და შესაძლოა, ის პროვოკაციებზეც ადვილად წამოეგოს.

- თქვენი აზრით, ამომრჩეველზე ეს კადრები იმუშავებს?

- აქ გათვლა ალბათ უფრო ინდეფერენტულად განწყობილ ამომრჩევლზეა, რათა მასში ემოციები მოაზღვაოს და გადაწყვეტილება ისევ “ოცნების” სასარგებლოდ მიიღოს. მმართველი გუნდისათვის ეს შეიძლება კარგიც იყოს, მაგრამ საერთო საზოგადოებრივი თვალსაზრისით, ეს ისევ რეგრესის ნიშანია. აქვე შესამჩნევია მთლიანად პოლიტიკურ დემოგოგიაზე აგებული კამპანია, რომელიც არა მხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ მლიანად პოლიტიკურ სპექტრს აქვს. რაკიღა საზოგადოება ინდეფერენტულია, მათი მოტყუება ადვილი არაა, მაგრამ პოლიტიკური სპექტრი ამ კუთხით ისევ მაჩანჩალას როლს ირგებს.

- რაკიღა “ქართულ ოცნებაზე” ვსაუბრობთ, გკითხავთ, როგორია თქვენი შეფასება მათ საარჩევნო სიასა და ახალ სახეებზე, რომელთა შერჩევასაც ექსპერტები მმართველ ძალაში “საკადრო შიმშილსაც” კი უკავშირებენ…

- ვფიქრობ, ახალი სახეების მომატება მმართველ ძალაში “ქართული ოცნების” კოსმეტიკაა, რათა ძველი და ამასთან, სხვა ძალებიდან პორტირებული სახეების ერთგვარი გადაფარვა მოხდეს, შემდგომ კი აპელირება სწორედაც რომ ახლებზე იქნება. ნაცვლად ლიდერების გაერთიანებისა, მმართველ ძალაში რამდენიმე გავლენიანი ლიდერი და აი, ასეთი წყნარი შემსრულებლები შეინიშნება. ახალ სახეებს კი არანაირი თვითმყოფადობისა და მომავლის პერსპექტივა არ გააჩნიათ. რა თქმა უნდა, მათ სიაში კვალიფიციური და ქვეყნისთვის საჭირო ხალხიც არის, მაგრამ უმავლეს შემთხვევაში ეს ძალიან მცირე რაოდენობითაა. ამჟამინდელი “ქართული ოცნება” მთლიანად აგებულია იმაზე, რომ მოძლიერებული შიდა კლანებისთავის კომფორტული გარემოს შემქმნელი იყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არა საკადრო შიმშილის შედეგი, არამედ გარკვეული ლიდერთა ჯგუფების გავლენის შედეგად მიღებული რეალობაა. ზოგადად, არ მიმაჩნია სწორად, რომ საზოგადოებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება და მომავალ გეგმებს აცნობს, დღევანდელი პრემიერი კი მშვიდობის მტრედივით დადის. ამით ჩვენ მივიღეთ ის, რომ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპონენტებთან პასუხისმგებელი პირი ისევ ყოფილი პრემიერი ივანიშვილი გამოჩნდა. მგონია, რომ ამის ფესვები ისევ “ქართულ ოცნებაში” უნდა ვეძებოთ, რადგან ივანიშვილი ისევ განტევების ვაცად გამოჰყავთ.

- ბურჭულაძისა და გვარამიას სატელეფონო ჩანაწერზე რას ფიქრობთ?

- ამ ჩანაწერმა პრინციპში ახალი არაფერი აჩვენა, უბრალოდ ჩვენი ვარაუდი დაადასტურა. ერთი მხრივ, ამ ჩანაწერის გამოქვეყნება ამორალური საქციელი და რეგრესული ინსტრუმენტია, მაგრამ, მეორე მხრივ, მან დაადასტურა, რომ ბურჭულაძე შექმნილი პროექტია. ზოგჯერ მიჩნდება განცდა, რომ შესაძლოა, ის პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლიც იყოს. ამ ადამიანმა წლების განმავლობაში შექმნილ იმიჯს სამარე თავად გაუთხარა. თუ ეს ყველაფერი საპარლამენტო მანდატად უღირს, ვერ გეტყვით, რას ფიქრობს. რაც შეეხება გვარამიას, იგი სააკაშვილის ჩვეულებრივი შიკრიკია, რომელიც სხვადასხვა ძალაზე, სხვადასხვა ინსტრუმენტით გავლენას ახდენს და ეს ახალი არაა. საბოლოოდ, პაატა ბურჭულაძეს გამსვლელი შანსი აქვს, თუმცა საერთო, ჯამში ეს ყველაფერი ამ ფორმატში მოხდება.

——————–

„ახალი თაობა“, 27 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ბიძინა გუჯაბიძესთან: „სააკაშვილი ბოლოჯერ გაიფაფხურებს“ // „ნაცმოძრაობა აყოლილია თავისი ლიდერის ავანტიურებს“

ბოლოდროინდელ მოვლენებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა პარლამენტის უმრავლესობის წევრ ბიძინა გუჯაბიძეს

- ბოლო დროს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის მოქალაქემ, ძებნილმა სააკაშვილმა ბევრჯერ განაცხადა საქართველოში თავისი მოსალოდნელი ჩამოსვლის შესახებ. ის და მისი გუნდი ირწმუნება, რომ ბრძოლა „ქართულ ოცნებასთან“ მოგებული აქვთ. ხალხში ამის გამო შეშფოთება და დაბნეულობაა…

- ეს სააკაშვილის მორიგი ბაქიაობაა. მის ბაქიბუქს ხელისუფლება სტაბილური და თანმიმდევრული მოქმედებებით პასუხობს. საზოგადოებას მოვუწოდებ, სააკაშვილის განცხადებების გამო ნუ აღელდება. ის არჩევნების შემდეგ საერთოდ აფსაიდში აღმოჩნდება. ოღონდ, ამისათვის ამომრჩევლის აქტიურობაა აუცილებელი.

- სააკაშვილი აცხადებს, მათ შორის უკრაინის ტელევიზიებშიც, რომ საქართველოში პოლიცია მხარს არ უჭერს ხელისუფლებას…

- ეს აბსურდია. ასეთი აბსურდული განცხადებებით და მუქარებით სააკაშვილი, საბოლოოდ, კისერს წაიმტვრევს. პოლიცია უზრუნველყოფს წესრიგს ქვეყანაში. მათ შორის, წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგ. სააკაშვილი ახლაც ილუზიებშია. ის ილუზიების ტყვეობაში იმყოფებოდა 2012 წლის შემოდგომაზეც. ის მაშინაც ბევრ რამეს ამბობდა, საკუთარი პარტიის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა, მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდა. სააკაშვილი დამარცხდა.

- მაშინ ამომრჩეველი ნაცმოძრაობის წინააღმდეგ იყო მობილიზებული…

- „ნაცმოძრაობას“ ახლაც არ გააჩნია მხარდაჭერა. ჩვენი ამომრჩეველი ჭკვიანი და ბრძენია. დარწმუნებული ვარ, ადამიანები 8 ოქტომბერსაც მივლენ საარჩევნო უბნებზე და გამოხატავენ თავიანთ პოზიციას. თუ ამომრჩეველმა არჩევანი აქტიურად გააკეთა, „ქართული ოცნების“ გარდა, პარლამენტში მცირე რაოდენობით მოხვდებიან სხვა ძალებიც.

- „ნაცმოძრაობა“ საპროტესტო აქციებზე ხელს არ აიღებს. როგორ გგონიათ, დაუდგებიან მას გვერდით სხვა პარტიები?

- თუ დაუდგებიან, მინიმალური რაოდენობით. აქციას 40 კაცი თუ შეემატება, ამით არაფერი შეიცვლება. აქციების გამართვის, გამოსვლების მცდელობები ნაცმოძრაობას ექნება, მაგრამ ისინი მათთვის ფუჭად ჩაივლის.

- დიდი ხანია არსებობს ვარაუდი იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ ეცდება საქართველოს გახლეჩას, ანუ აჭარასა და სამეგრელოზე კონტროლის დამყარებას..

- საქართველოს გახლეჩა გამორიცხულია. აჭარასა და სამეგრელოზე გაკეთებული განცხადებებიც სააკაშვილის კვეხნაა. მისთვის ასეთი ტრაბახი და ტყუილები დამახასიათებელია. ნაცმოძრაობა აყოლილია თავისი ლიდერის ავანტიურებს. ახლანდელი მოქმედებები ყოფილი პრეზიდენტის საბოლოო აქტიურობა იქნება. სააკაშვილი ბოლოჯერ გაიფაფხურებს.

- მისი პარტია პარლამენტში მოხვდება და საქმიანობას გააგრძელებს…

- დიახ, ნაცმოძრაობა მომავალ პარლამენტშიც მოხვდება. ჩემი ვარაუდით, ნაციონალები 7 ან 8 დეპუტატს გაიყვანენ. ისინი გადაიქცევიან მარგინალურ ჯგუფად. ამ პარლამენტში რომ დაახლოებით 40 დეპუტატი ჰყავთ, ეს გაყალბების შედეგია. სინამდვილეში, მათ მაშინ გაცილებით ნაკლები ხმა მიიღეს. 2012 წელს ხელისუფლებაში იყო ნაცმოძრაობა, რომელმაც გააყალბა არჩევნები. ახლა „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში და გაყალბება გამორიცხულია. 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულ, თავისუფალ და სტაბილურ გარემოში. პარტიებს წინასაარჩევნოდაც თავისუფალი და მშვიდი გარემო აქვთ შექმნილი.

„ახალი თაობა“, 27 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ პაატა შეშელიძესთან: „ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს აგიტატორობა სთხოვა“

ბიძინა ივანიშვილისა და ბიზნესმენების შეხვედრაზე ბევრს საუბრობენ. ბევრი თვლის, რომ წინასაარჩევნოდ ეს ივანიშვილის მხრიდან თითის დაქნევას უფრო ჰგავდა. მან ბიზნესმენებს „ოცნების“ სასარგებლოდ აგიტაციის გაწევა დაავალა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა ახალი ეკონომიკური სკოლა -საქართველოს ხელმძღვანელი პაატა შეშელიძეც, რომელსაც ამ შეხვედრასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აღმოაჩნდა. პაატა შეშელიძე „ახალი თაობის“ კითხვებს პასუხობს.

- ბატონო პაატა, შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენების ნაწილმა დადებითი შეფასებები გააკეთა. სხვები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი თითის დაქნევას უფრო ჰგავდა. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- უმრავლესობას აზრი საერთოდ არ გამოუთქვამს, ამიტომ არასწორია შეფასება, რომ ყველამ მოიწონა. უბრალოდ, არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ საკუთარი აზრი დამეფიქსირებინა.

- არ იყო შესაფერისი სიტუაცია?

- ეს აუცილებლად გადაიზრდებოდა დავა-კამათში, რომელსაც აზრი არ ჰქონდა უბრალოდ. თორემ პირზე ხელს არავინ აგაფარებდა. ამაზე არავინ არ წავიდა და ყველა გაჩუმდა. მეც კი ხმა არ ამომიღია. აზრი არ ჰქონდა.

- რატომ, ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირება ვერ შეძელით?

- არა, მე ეს წინაზე მშვენივრად შევძელი. დავამტკიცე და ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ამ შეხვედრაზე სხვა სიტუაცია იყო. იქ იდგა საკითხი ასე – ივანიშვილმა, როგორც კერძო პირმა, მოიწვია სტუმრები და დაუსვა ბიზნესმენებს კითხვა: „მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მმართველმა პარტიამ, რომელსაც აქვს გარკვეული მიღწევები, გაიმარჯვოს მომდევნო არჩევნებში და გააგრძელოს ის კარგი კურსი, რაც აქვს. ამიტომ გთხოვთ და მოვითხოვ, რომ დააფიქსიროთ თქვენი აზრი და ამიხსნათ, რატომ არ უკეთებთ ამ ყველაფერს პროპაგანდას“?! ეს იყო მისი მიმართვის მოკლე შინაარსი.

- ანუ პროპაგანდის გაწევა მოითხოვა ბიზნესმენებისგან, რომ თავისუფალია ბიზნესი?

- როდესაც ადამიანს ეუბნები, რატომ არ ეუბნებით ამას თქვენს თანამშრომლებს, რატომ არ ავრცელებთ ინფორმაციას, ითხოვთ მათგან აგიტატორობას. რამდენიმე მეწარმე, რომელსაც მოუნდა სიტყვით გამოსვლა, დაეთანხმა და მოიწონა ეს. უმრავლესობას ხმა არ ამოუღია. აქ სხვა რამეა პრობლემა: ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის თანადამფუძნებელი, მისი მთავარი დონორი და იდეური მამოძრავებელი ძალა. მისი გავლენა ვრცელდება პარტიაზეც და გადადის მთავრობაზეც, რომელსაც ეს პარტია აკონტროლებს. არჩევნები მოდის, ის ამბობს, რომ მხარს უჭერს გარკვეულ ძალას და ნებისმიერი შეწინააღმდეგება მასთან შეიძლება პარტიულმა სტრუქტურებმა, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებმა, მიიღონ ნიშნად იმისა, რომ ესა თუ ის პიროვნება, ორგანიზაცია თუ მეწარმე, არ არის მათ მხარეს და, შესაბამისად, ხსნილია მათ წინააღმდეგ რაღაც ქმედებები. მაგალითად, საჯარო კრიტიკა, მათი პროდუქციის უარყოფითი შეფასება, მათთვის ტენდერებზე უარის თქმა, საგადასახადო შემოწმების გახშირება და ასე შემდეგ.

- ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ამას დაავალებს მის ჩინოვნიკებს, წამსვლელია ამაზე?

- სულ არ არის აუცილებელი, რომ ამის გაკეთება დაავალონ საშუალო და დაბალი რანგის ჩინოვნიკებს, მათ შეიძლება ეს ნიშნად მიიღონ, რომ ეს ჩვენ გვეწინააღმდეგება და რატომაც არ იქნება კარგი, თუ მას ცოტა პრობლემებს შევუქმნით.

- ანუ ეს უნდა განვიხილოთ იმ ჭრილში, რომ თუ ჩვენ არ დაგვიჭერთ მხარს, პრობლემები შეგექმნებათ? ასეთი იყო ამ შეხვედრის დედააზრი?

- დიახ, შეიძლება ასე იქნეს განხილული. მე არ ვიტყვი, რომ ვინმე პირდაპირ გასცემს ასეთ დავალებებს, მაგრამ შეიძლება ასე იყოს აღქმული.

- ანუ ვერ ვიტყვით, რომ ბიზნესი თავისუფალია? წინა წლებთან შედარებით სხვაობა ხომ დიდია?

- აქ ჩვენ უნდა განვასხვავოთ ერთი რამ. ამ კაცს აზრის გამოთქმის უფლება აქვს, ისე როგორც ნებისმიერ ჩვენგანს. მთავარია, რა მოჰყვება მის აზრებთან შეწინააღმდეგებას. ეს ჩვენ არ ვიცით. ჩვენ უბრალოდ ვარაუდს გამოვთქვამთ, რომ შესაძლოა ამას მოჰყვეს ზოგიერთი ადამიანის არაკეთილსინდისიერი ქცევა განსხვავებული აზრის დევნის მიმართულებით. არის თუ არა თავისუფალი ბიზნესი? ეს კონკრეტული შეხვედრა ამას ვერ შეაფასებს. ჩვენ ეს ყველაფერი დინამიკაში უნდა ავიღოთ.

- და როგორია ეს დინამიკა?

- დინამიკა ბევრი კომპონენტისგან შედგება. რადგან ამ კონკრეტულ ღონისძიებას ვაფასებთ, თვითონ კატეგორიულობამ, საჯაროდ აზრის დაფიქსირების მოთხოვნამ, გარკვეულწილად მორალური ზეწოლა მოახდინა. ანუ ეს შეიძლება იქნეს შეფასებული ზეწოლად. იქ შეკრებილებიდან ძალიან ბევრი ლოიალური იყო ამ ხელისუფლების, ბევრი მხარდამჭერიც და ამიტომ შესაძლოა მათ ამის გამო არანაირი პრობლემაც არ ჰქონოდათ. იქ ასი კაცი იყო და საქართველოში ორი ათასზე მეტი მეწარმეა.

- ანუ კრიტიკული აზრის გამოთქმისგან ყველამ თავი შეიკავა?

- ერთადერთი პიროვნება, რომელმაც განსხვავებული აზრი თქვა, ზურაბ ჯაფარიძე იყო, რომელმაც თქვა, რომ ეს ფორმატი მისთვის მიუღებელია, რადგან წინასაარჩევნოდ ეს ჰგავს ბიზნესმენების დამუშავებას. დანარჩენებმა ყველამ თავი შეიკავეს.

——————–

„თბილისელები“, 26-30 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან: რატომ იტყუებს თავს ამომრჩეველი, რომელმაც იცის, რომ ატყუებენ

ნინო ხაჩიძე

წინასაარჩევნო პერიოდი იმითაცაა გამორჩეული, რომ პოლიტიკოსები ამომრჩევლებს, ოღონდ მათი გულები დაიპყრონ და ციდან ვარსკვლავების მოწყვეტასაც კი ჰპირდებიან. უცნაური ამაში არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი მაგრამ: უდიდესი ალბათობით, თითოეულმა პოლიტიკოსმა იცის, რომ უხვად გაცემუდ დაპირებებს ვერ შეასრულებს და იტყუება, უფრო მეტიც, იმავე უდიდესი ალბათობით, ამომრჩეველმაც იცის, რომ ატყუებენ, მაგრამ თავს მაინც ატყუებინებს. ამ ფენომენის ფსიქოლოგიურ მექანიზმში გასარკვევად ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე დავიხმარეთ.

არჩევნებში იღებს მონაწილეობას ამომრჩეველი, ის ირჩევს ხელისუფლებას და ეს აქტი უზრუნველყოფს მის მონაწილეობას არჩევნებში და ასე ხორციელდება ხალხის, ანუ დემოსის მმართველობა, ანუ კრატია. პოლიტიკოსები, როგორც წესი, ატყუებენ ამომრჩევლებს. ამომრჩევლებმა იციან, რომ ატყუებენ. რა მექანიზმია ეს, როდესაც ერთმა მხარემ იცის, რომ იტყუება, მეორემ, რომ ატყუებენ და მაინც ატყუებინებს თავს?

– არის დაშვება, რომლის თანახმადაც, რაკი ხალხი თავისი ნებით აირჩევს საუკეთესოს, გადახედავს რა პროგრამებს, გააკეთებს რაციონალურ არჩევანს. ანუ დაშვებაა, რომ ადამიანი არის რაციონალური არსება და მხოლოდ გააანალიზების შედეგად გამოაქვს თავისი დასკვნა, თუ ვის მისცეს ხმა. სინამდვილეში ეს არის ილუზია, იმ გაგებით, რომ ადამიანი, ზოგადად, არის თუ არა რაციონალური არსება, ჯერ კიდევ საჭვოა. რადგან ადამიანის არჩევანს განსაზღვრავს არა ობიექტური კრიტერიუმები, არამედ მარტივი მიკერძოება, მას, რაც გამოადგება, იმას მისცემს ხმას. ამდენად, პოლიტიკოსის დაინტერესება ისეთივეა, როგორც მარკეტოლოგის, ანუ ვაჭრის, კარგად შეფუთოს თავისი საქონელი და კარგად მიჰყიდოს ამომრჩეველს. ეს საქონელი შეიძლება, იყოს დაპირება ან ფული, რომ მოისყიდოს, ან საჩუქრები, რომ ასიამოვნოს, პურ-მარილი გაუშალოს, მაისურები აჩუქოს, ბავშვთა სახლებში მივიდეს. ანუ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეფუთავს თავის პროდუქტს პოლიტიკოსი, რომ მოაწონოს თავი ამომრჩეველს. ამომრჩეველი ელის სარგებელს, ხოლო პოლიტიკოსი, თავისი აზრით, სარგებელს სთავაზობს მას და ამ შეთავაზების დროს წამყვანია დაპირება. მაგრამ, მეორე მხრივ, დაპირება თავის თავში იმთავითვე შეიცავს ტყუილს. იმიტომ, რომ შენ თუ რამის გამკეთებელი და მიმცემი ხარ, ამას დაპირება არ სჭირდება, ისედაც მისცემ დაპირების გარეშე. ანუ კეთება წინ უსწრებს დაპირებას, როდესაც შენ ნამდვილად გინდა, რომ ადამიანს რამე გაუკეთო უანგაროდ. სიტყვას ყოველთვის წინ უსწრებს ქმედება, თუ გაკეთება გინდა: აკეთებ მაშინვე, ყოველგვარი დაპირების გარეშე. ადამანი რომ იხრჩობოდეს, ხომ არ დაჰპირდები, თუ ჭკუით მოქცევი, გადაგარჩენო?! არა, თუ დაინახავ, რომ იხრჩობა, გადახტები და უშველი. ანუ სიკეთე, კეთილქმედება თავის თავში არ შეიცავს დაპირებას. ხშირად დაპირებას იძლევიან იმიტომ, რომ თავი მოუქონონ მეორე ადამიანს და დაპირების მიცემა თავისებური სურვილია, რომ მიიმხრო ადამიანი.

მაგრამ პოლიტიკოსის შემთხვევაში, თუ არ დაჰპირდა, ჯერ როგორ შეამცირებს, მაგალითად, ტარიფებს ან გაზრდის პენსიას და შექმნის სამუშაო ადგილებს?

– არსებობს დაპირება და არსებობს პროპაგანდა, აგიტაცია,  გნებათ, საარჩევნო კამპანია. როდესაც რამის გაკეთებას აპირებ, კი არ ჰპირდები, ალაგებ ფაქტებს და აჯერებ ადამიანს, რომ ასეთი და ასეთი ქმედებაა საჭირო ამ და ამ მინის მისაღწევად, მე მაქვს ასეთი და ასეთი სამოქმედო პროგრამა, რომ ამ მიზანს მივაღწიო და არჩევანი შენზეა, დამიჭერ თუ არა მხარს. წინასაარჩევნო აგიტაციისას კი, ადამიანს ეუბნებიან, მე უნდა მომცე ხმა. თუ ადამიანი მპირდება რამეს, გონებაში გავიფიქრებ ხოლმე, ის მატყუებს და, ძირითადად, ასეა. ხანდახან შეიძლება, ისე გითხრას ადამიანმა, რომ ამა და ამას გაგიკეთებო, იგრძნობა, რომ გამკეთებელია. ზოგადად, დაპირება თავის თავში შეიცავს ადამიანისთვის თავის მოქონვას, დაპირების გამცემს შენგან უნდა რაღაც მანამდე, ვიდრე  თავად რამეს გაგიკეთებს.

ქართველი ამომრჩეველი როგორ რეაგირებს დაპირებებზე, ანუ ტყუილებზე?

– ქართველი ამომრჩეველი პოლიტიკოსს უყურებს მომხმარებლურად, პოლიტიკოსიც უყურებს ამომრჩეველს მომხმარებლურად. მქონია შემთხვევა, იყო ერთი ადამიანი, რომელიც დევნილებთან კარგად მუშაობდა და იყო ერთი პარტია, რომელსაც ხმები სჭირდებოდა. ამ ადამიანმა პარტიას შესთავაზა დახმარება დევნილების ხმების მოზიდვაში, მაგრამ იმ პარტიამ უარი უთხრა, დევნილები მაინც არ მოგვცემენ ხმას და თავი რატომ უნდა შეიწუხოო. ანუ დევნილი, თუ გაუკეთებ კეთილ საქმეს შენი პოლიტიკოსობით, მოგცემს ხმას, მაგრამ, თუ შენ არ ხარ ორიენტირებული ამაზე და მომხმარებლურად უყურებ, იმთავითვე უკაგდებ დევნილების ხმების მოზიდვის შესაძლებლობას. იმის თქმა მინდა, რომ ორივე, პოლიტიკოსიც და ამომრჩეველიც, ერთმანეთს მომხმარებლურად უყურებს და ერთმანეთს იყენებენ.

პოლიტიკოსიც ადამიანია, ფაქტია და, როდესაც ვარჯიშობს ამ ტყუილში, მისი ფსიქიკა როგორ იღებს ამ ფაქტს? ადამიანისთვის ბუნებრივია ტყუილების თქმა?

– აქ არის ორმაგი ტყუილი. არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანს არ შეუძლია, არ მოატყუოს თავისი თავიო. ანუ, თუ ვინმეს ატყუებს ადამიანი ყველაზე მეტად და თუ ვინმე არ შეუძლია, არ მოატყუოს, ეს მისი საკუთარი თავია. როდესაც პოლიტიკოსი თავის დაპირებებს შეფუთავს სანდო სიტყვებში, ეს უკვე ნიშნავს, რომ იტყუება და გულწრფელი არ არის და რადგან გულწრფელი არ არის, თავის თავს აჯერებს, რომ მართლაც აპირებს ამომრჩევლისთვის კარგის გაკეთებას.

ანუ პოლიტიკოსებს სჯერათ, რასაც ჰპირდებიან ამომრჩეველს, თუნდაც, ეს ტყუილი იყოს?

– ხშირად სჯერათ. ასეთი გაიძვერებიც არ არიან.

არ გადუვუწუროთ წყალი ბოლომდე?!

– დიახ. ის თავის თავსაც ატყუებს და შემდეგ სჯერა, რომ შეასრულა. მაგალითად, ივანიშვილს სჯერა, რომ „ოცნებამ“  დანირებები შესრულდა. თავისი თავი დააჯერა ამაში და ძალიან ბევრი პოლიტიკოსი შემდეგ თავის თავს აჯერებს. განსაკურებით ხელისუფლებაში მყოფნი.  ტყუილი უნივერსალური მექნიზმია. ადამიანი, თურმე, ყოველ სამ წუთში ერთხელ იტყუება, რა თქმა უნდა, არა ძილში, ქმედებისას.

იმედია, ახლა მე და თქვენ ერთმანეთს არ ვატყუებთ?

– როდესაც რაღაც ორი რამ ერთმანეთს არ შეესაბამება, აი, ეს არის ტყუილი, მაგალითად, როდესაც ქცევა არ შეესაბამება ნათქვამს და ასე შემდეგ. არსებობს ორი ტიპის ტყუილი: ტყუილი, რომელსაც ამბობ და მეორე, როდესაც სიმართლეს მალავ. სიმართლის დამალვაც ტყუილია და სიმართლის დამახინჯებაც. ამ ორივე ტიპის ტყუილს იყენებს პოლიტიკოსი: ერთი მხრივ, მალავს რაღაცას და, მეორე მხრივ, ამახინჯებს. ანუ თვითონ არიან ილუზიაში.  მაგალითად, ვაჭრობაც შეიცავს ტყუილს, რადგან ნებისმიერი გამყიდველი გადამეტებულად აქებს თავის საქონელს. ტყუილითაა გაჯერებული მთელი სამყარო. ამიტომ სულ არ მიკვირს, რომ პოლიტიკოსები იტყუებიან, იმიტომ რომ ამომრჩევლებიც იტყუებიან. თავიანთ თავს ატყუებენ, რომ ვიღაც მოსწონთ, ამ დროს კი, ეზიზღებათ, მაგრამ სჭირდებათ.

ნაციონალები“

– ისინი ხომ საერთოდ ტყუილების ტირაჟირებას აკეთებენ.

დავასრულებ შეკითხვას: ისინი ჩადენილ სისასტიკეზე, რომლის დამადასტურებელი ფაქტებია, ამბობენ, რმო არ ჩაუდენიათ. სჯერათ, რომ არ ჩაუდენიათ ის, რასაც ხედავენ?

– რა თქმა უნდა, თავიანთ თავს არწმუნებენ. თვით მკვლელსაც კი არ უნდა, რომ გამოჩნდეს საძაგელ პიროვნებად. ისიც კი თავის თავს იმართლებს და ცდილობს, გააკეთილშობილოს საკუთარი თავი. მით უმეტეს, პოლიტიკოსი. პოლიტიკა შესაძლებლობების ხელოვნებაა. ამიტომ მათ დაშვება აქვთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მაკაველიზმი ხომ ამაზე იყო აგებული?!

ნიკოლო მაკიაველი საოცრებებს წერს, როდესაც პოლიტიკოსებს რჩევებს აძლევს: ისეთი უტიფარი ტყუილი უთხარით ადამიანებს, ფიქრონ, სიმართლე იქნება, თორემ ასეთ რამეს როგორ მოიტყუებსო. კულტურული შოკი მივიღე, პირველად რომ მისი რჩევები წავიკითხე. ჩვენი პოლიტიკოსები მიჰყვებიან მაკიაველის რჩევებს, რასაც მე ვაკვირდები...

– მაკიაველი თავისი ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი იყო და მისი დაწერილი „მთავარი“ პატრიოტიზმით გაჟღენთილი ნაწარმოებია, მაგრამ პატრიოტიზმიც ტყუილითაა გაჟღენთილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეში ატყუებ შენს თავს, როდესაც დადებით თვისებებს მიაწერ შენს თანამოძმეებს, ალამაზებ რეალობას. მაკიაველი არ იყო მატყუარა პიროვნება, ის ამბობდა, მიზანი ამართლებს საშუალებასო.

მე ვერ ვეთანმხები, თუმცა ჩვენი პოლიტიკოსები ეთანხმებიან, როგორც ჩანს. ყველგან ასეთი მექანიზმია?

– ყველგან ასე ხდება. როდესაც კონგრესში დაკითხეს კონდოლიზა რაისი სადამ ჰუსეინის საქმესთან დაკავშირებით, გააანალიზეს მისი სხეულის ენა პასუხების გაცემისას და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი რამ მოიტყუა.

ყოველ შემთხვევაში არის საშუალება, შეამოწმონ, მოიტყუა თუ არა, ჩვენთან კი არ არის ამის არც საშუალება და არც მოთხოვნა, რომ შევამოწმოთ, ვინ იტყუება...

– მე იმას ვამბობ, რომ არც ტყუილისგანაა ვინმე დაზღვეული და არც ტყუილის გამჟღავნებისგან. მე ვილაპარაკე იმის შესახებ, რომ ტყუილისგან არავინაა დაზღვეული და თქვენ დაამატეთ, რომ იმ სისტემაში მატყუარების მხილებისგან არავინაა დაზღვეული. მართალი ხართ: ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.

ამომრჩევლის რა თვისებებზე მეტყველებს, როდესაც ატყუებინებს თავს პოლიტიკოსს. არ სთხოვს იმის შესრულებას, რასაც დაჰპირდა. ჩვენთან განსაკუთრებული უტიფარი ტყუილების უფლებას აძლევენ თავს, ანუ ჩვენ ვიმსახურებთ იმას, რომ ასე უტიფრად მოგვატყუონ?

– სიანტერესო დებულებაა, რაც თქვით, რაოდენ ატყუებინებენ ამომრჩევლები თავს პოლიტიკოსებს. ეს მართლაც საინტერესოა საკვლევად. ალბათ, მართალი ხართ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით ატყუებინებენ თავს, იმდენად შესულები არიან როლში და იმდენად ანგარიჟებურები. ზოგს პოლიტიკოსი გარეგნულად მოსწონს, ზოგს – მისი ლაპარაკი, ზოგის ნათესავია და ზოგიც რაღაც სარგებელს ელის. იმდენად ანგაჟირებულია თავისი მოტივაციის გამო, თანახმაა თვალი დახუჭოს და საკუთარი თავი მოატყუოს. ჯერ საკუთარ თავს მოტყუებს და მერე პოლიტიკოსსაც მოატყუებინებს თავის თავს.

რომ იტყვიან, გვეშველება რამე?

– ჩვენი ადამიანები არ არიან ავთენტურები, არ არიან გულწრფელები. ჩვენი კულტურა არ არის სიმართლის თქმის, თუ იტყვი სიმართლეს, ჩაშვება გამოდის; თუ იტვი სიმართლეს, გეტყვიან, რატომ აწყენინე ადამიანსო. ანდაზა კი გვაქვს, მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო, მაგრამ ამის კულტურა არ არის. იმიტომ რომ, ჩემი დაკვირვებით, ადამიანი, როდესაც ამბობს სიმართლეს ან გნებავთ არასიმართლეს, ამბობს აუილებლად ემოციურად. ანუ, როდესაც მეორეს მიუთითებს, ეს რომ გააკეთე, არ იყო სწორიო, ამას კი არ ეუბნება, არამედ ასე ამბობს, რატომ გააკეთე, შე ოხერო, ეს და გადადის აგრესიაზე, ამ დროს მეორე მხარესთან მიდის მესიჯი, რომ სიმართლეზე კი არ უხელს თვალს, არამედ განადგურებას უპირებს. ესე იგი, სიმართლეზე თვალის ახელის კულტურა არ არის ჩვენთან, ჩვენთან არის აგრესიის კულტურა, რომ სიმართლე დაუმტკიცო ჟესტებით და მიწოლით, ზეწოლით და ღრიალით. ხმამაღლა ყვირილი ჰგონიათ არგუმენტი. თუ დედას შეაგინებს, ჰგონია, რომ ეს არგუმენტია. ან საკუთარ დედას დაიგინებს და არგუმენტი ჰგონია. ანუ „თინეიჯერებში“ არგუმენტს ძალა აქვს დედის შეგინებას და ზრდასრულებშიც კი. სიმართლეს ვამბობ, ჩემი დედა ასეო… როგორი ანტიკულტურაა?! სიღრმისეული უკულტრობაა. ამდენად, მართალი ხედვის კულტურა არ გვაქვს. დაახლოებით, ისევეა, როგორც მარკესის „მარტოობის ას წელიწადში“, გამოგონილ სამყაროში ვცხოვრობთ. ყველაფერი გამოგონილია, მთელი ქართული სუფრა გამოგონილია, სადღეგრძელოები გამოგონილია. ცხოვრებაშიც გამოგონილ რამეებზე ლაპარაკობენ. ადამიანები ფაქტებით კი არ მსჯელობენ, არამედ ინტეპრეტაციებით. ჭორაობენ და ჭორაობენ გაუთავებლად. ჩვენთან ჭორი ცვლის დიალოგსა და რეალურ ინფორმაციას: ყველა ჭორაობს და ჭორაობდა, პოლიტიკოსებიც და საზოგადოებაც. იმიტომ რომ გავიზარდეთ კულტურაში, რომელშიც ჭორია წამყვანი, მოგონილი ამბავია მთავარი და არა ფაქტი. ესეც არაა გასაკვირი. როდესაც შეადარეს იტალიური და იაპონური კულტურები, მათ შორის აღმოჩნდა შემდეგი განსხვავება:  მაგალითად, თათბირები იაპონიაში ტარდება ისე, რომ მხოლოდ ფაქტებზე საუბრობენ, არანაირი ინტერპრეტაცია და ბოლოს გააკეთებენ დასკვნას, იტალიაში კი ფაქტებს წინ უსწრებს ინტერპრეტაცია. ჯერ ინტერპრეტაციაა და მერე ფაქტები. არ იცი, რა მოხდა, მაგრამ ინტერპრეტაციას უკეთებ. ასეა ჩვენთანაც და არცაა გასაკვირი. ეს დამახასიათებელია სამხრეთული კულტურისთვის.

„თბილისელები“, 26-30 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: რატომ აუწიესსატოპკევლადიმირ პუტინს საქართველოში ამერიკული ბაზის გახსნის განცხადებით და როგორ დარჩა საქართველო ბედის ანაბარად

ნინო ხაჩიძე

სანამ ჩვენ კვლავ წინასაარჩევნო ამბებით ვართ გართულნი, რაკი მოლდოვაშიც ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, თვითაღიარებულმა დნესტრისპირეთმა დედა-რუსეთს მიმართა, არც მეტი, არც ნაკლები, შეერთების თხოვნით, რათა აღსრულდეს 2006 წლის რეფერენდუმის გადაწყვეტილება. საინტერესოა, რომ რეფერენდუმი 2006-ში ჩატარდა, მაგრამ დნესტრისპირეთი რუსეთს ათი წლის შემდეგ სთხოვს მის შესრულებას. მეორე მხრივ, ერთ-ერთ „დუმელს“ არც დაუმალავს, რომ ეს მიმართვა მოლდოვაზე ზეწოლის ბერკეტია: თუკი მოლდოველები პრეზიდენტად პრორუს კანდიდატს აირჩევენ, ისტორია კეთილად გასრულდება, თუ არა – შესაძლოა გართულებები. თუ გავიხსენებთ, რომ მსგავსი შინაარსის რეფერენდუმები ჩვენს სეპარატისტულ ცხინვალშიც ჩაუტარებიათ და არაერთხელ უკვე მიუმართავთ კიდეც რფ-ისთვის შეერთების მოთხოვნით, დნესტრისპირეთის აქტიურობამ შესაძლოა, ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებშიც გამოიწვიოს ჩვენთვის უსიამოვნო რეზონანსი. რაც მთავარია, აშშ-შიც ელიან საპრეზიდენტო არჩევნებს და ახალი ხელისუფალი მომავალი წლის იანვარში შეუდგება  უფლებამოსილების აღსრულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს  თავისი მიზნების მისაღწვად, ანუ საკუთარი გავლენის გასაფრთოებლად დრო წლის ბოლომდე აქვს. რის მიღწევას ცდილობს რუსეთი აშშ–ს არჩევნებამდე, როგორ შეიძლება, შეიცვალოს კონფიგურაცია 2016 წლის გასრულებამდე და შეძლებს თუ არა რუსეთი, ისარგებლოს მომენტით? – ამ კითხვებზე პასუხის მისაღებაში სოსო ცინცაძე დაგვეხმარება.

ჩვენთვისაც მტკინეული თემაა დნესტრისპირეთის სურვილი, შეუერთდეს რუსეთს. რა ტაქტიკით მოქმედებს რუსეთი და არის თუ არა მართებული ჩემი ეჭვი, რომ ცდილობს, აშშ-ში ხელისუფლების ცვლილებამდე გაიმყაროს თავისი პოზიცია გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში?

– ეს საკითხი ცოტა ფართოდ უნდა განვიხილოთ. მოლდოვას ინციდენტს კონტექსტიდან ამოვარდნილად თუ შევაფასებთ, სრულ წარმოდგენას ვერ შევიქმნით, უნდა ვიმსჯელოთ მოვლენათა პასეანსში.

სირიის მოვლენების ჩათვლით

– მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში ახლახან ჩატარდა „დუმის“არჩევნები; ერთი მხრივ, პუტინის პარტიამ დაიბრუნა საკონსტიტუციო უმრავლესობა, უკვე შეუძლია ნებისმიერი კანონის გატანა და არ სჭირდება აღარანაირი ჟირინოვსკი და კომუნისტები, მეორე მხრივ კი , პეტერბურგსა და მოსკოვში ამომრჩევლის უპრეცედენტოდ დაბალი აქტივობა იყო: მხოლოდ მესამედი გამოცხადდა, ანუ ორი მესამედი არ მივიდა არჩევნებზე. ამართლებენ იმით, რომ თითქოს მოსავალს იღებდნენ აგარაკებზე, არადა მოსავლის აღება შაბათსაც შეიძლებოდა, ერთი-ორი კალათა კიტრი და პომიდორი უნდა აიღონ დასამჟავებლად. ესაა მათი მოსავალი. პუტინმა ახლა უკვე იცის, რომ „დუმა“ მისია და თითქოს ეს წარმატებაა, მაგრამ  ხანგრძლივ გათვლაში რუსეთის მმართველ პარტიას კრიზისი უახლოვდება. მცირდება ელექტორატის ლოიალობა.

რაც ჯერჯერობით არჩევნებში არგამოცხადებით გამოიხატება

– ჯერჯერობით პასიურობით გამოიხატება. ერთ წელიწადში 9-პროცენტით შემცირდა რუსების ფინანსური შემოსავალი, ეს საგრძნობი თანხაა, მით უმეტეს, რომ იქ ყველაფერი ძვირდება, სანქციებს კი ბოლო არ უჩანს. ასეთი მდგომარეობა, როდესაც არანახულად დაეცა მისი რეიტინგი, პუტინს ჰქონდა ორიოდ წლის წინათ და მაშინ ბრწყინვალედ გადაჭრა – ყირიმის მიერთებით და აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების შეყვანით; გვახსოვს, სად ავარდა იმხანად მისი რეიტინგი. მაგრამ ამას დასავლეთიდან სანქციების დაწესება მოჰყვა, რის შედეგადაც პუტინის რეიტინგმა დაცემა დაიწყო და მან ისევ მიმართა სამხედრო აგერსიას რუსეთის გარეთ. ამჯერად სირიაში, რასაც, ასევე, მოჰყვა პუტინის რეიტინგის ზრდა. ეს რაც შეეხებოდა რუსეთს. ახლა ვნახოთ, რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში: თითქოს წინ გაიჭრა ჰილანი კლინტონი, მაგრამ ავადმყოფობის გამო ცოტა ხანს გამოეთიშა არჩევნებს. ტელევიზიებისთვის მისწრება იყო, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი თავისი ქალიშვილის სახლიდან გამოვიდა და კინაღამ წაიქცა. ამის შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ მას პნევმონია აქვს. მართალია, უკვე გამოვიდა სახლიდან, მაგრამ გამოვიდა იმიტომ, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან იმდენად დაეცა მისი რეიტინგი, რომ, ფაქტობრივად, გაუტოლდა ტრამპისას, ერთპროცენტიანი სხვაობაა. ტრამპა ეს მაშინვე გამოიყენა, ინვალიდი პრეზიდეტი გინდათო, თუმცა თვითონ ტრამპიც არაა პატარა ბიჭი, 71 წლისაა და არც მას აქვს რკინისებური ჯანმრთელობა, თუმცა ასეთი რამეები მაინც არ ემართება.

ევროპა თითქოს საერთოდ გამოეთიშა მსოფლიო გეოპოლიტიკას

– ევროპა თავის პრობლემებში ჩაიკეტა, ამას დაემთხვა ის, რომ ანგელა მერკელმა წააგო არჩევნები ბერლინში. ადგილობრივი არჩევნების დონეა, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა არასდროს. ბრიტანეთის ახალმა ლიდერმა თქვა, ჩემი საკულტო პიროვნებები არიან მარგარეტ ტეტჩერი, უინსტონ ჩერჩილი და ვლადიმირ პუტინიო. იტალია, უნგრეთი, კვიპროსი და გერმანია ყოველდღე ითხოვენ სანქციების გაუქმებას რუსეთის წინააღმდეგ. ასეთ ვითარებაში არ არის გამორიცხული, რომ ვლადიმირ პუტინი წავიდეს ჩვეული გზით: რუსეთს გარეთ რაიმე ძალოვანი ოპერაცია ჩაატაროს.

სირიაში ხომ მიაღწია ერთგვარ წარმატებას?

– სირიაში ამერიკელებმა ასადის არმიის პოზიციები დაბომბეს. მართალია, ჩვენ შეგვეშალაო და პუტინი ამბობს, არ შეშლიათ, პროვოკაციააო, მაგრამ, რა მოხდა, ამას უკვე ვეღარავინ გაიგებს. საერთო სიტუაცია ასეთია და ამგვარ ვითარებაში მადლობა ღმერთს, რომ საქართველოზე ხმას არ იღებენ. იმავე ცხინვალის მიერთებაზე ჩუმად არიან, თუმცა რეფერნედუმი პუტისნ ჯიბეში აქვს.

და, როცა უნდა, მაშინ ამოიღებს

– რასაკვირველია. ეს იმას ჰგავს, მოთამაშეს რომ კოზირის კარტი აქვს დამალული და კრიტიკულ მომენტს ელოდება, რომ დააგდოს მაგიდაზე და დაამთავროს პარტია. საქართველოშიც არჩევნებს ელოდება პუტინი. ცხინვალი რუსეთისთვის მაინც შავი ხვრელია. რომ მიიერთოს, მაშინ კმაყოფაზე უნდა აიყვანოს.

მაგრამ ხომ ისედაც ჰყავს კმაყოფაზე?

– ჰყავს, მაგრამ, თუ მიიერთებს, მაშინ იქ ხელფასებისა და პენსიების რუსული დონე უნდა იყოს. ერთი რეესტრით მაღლა ადის პუტინის ვალდებულება. ასეთი სიტუაცია ყველაზე საშიშია ჩვენთვის, იმიტომ რომ პუტინი ამ დროს გარე ფაქტორებს მიმართავს ხოლმე. პუტინი მშვენივრად იცნობს რუსულ მენტალობას: რუსი მუჟიკის მენტალობაა, ყველაფერს მოვითმენთ, ოღონდ ყირიმი დავიბრუნოთო; ყირიმის დაბრუნებით ათი წლის სიცოცხლე შეემატა ციმბირელ „ბომჟს“, რომელმაც რუკაზეც კი არ იცის, სადაა ყირიმი და ვერც ვერასდროს ჩავა იქ. ჩვენ ხომ სალონური ინტერესი არ გვაქვს დნესტისპირეთზე საუბრისა?!

ჩვენთან კავშირი აქვს და იმიტომ ვსაუბრობთ

– რასაკვირველია, ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ პრინციპით, კოკას ეუბნებოდნენ, ლიტრავ, გესმოდესო. რაც ხდება, იმაში ჩვენი თავი უნდა წარმოვიდგინოთ, იმიტომ რომ მოლდოვასა და საქართველოს მდგომარეობა დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ასეთ სიტუაციაში თითქოს მილიარდი უნდა მისცე ქართველ პოლიტიკოსს, რომ „სატოპკე“ აუწიოს პუტინს და მოითხოვო ამერიკის ჯარის შემოსვლა საქართველოში. ეს არ არის უბრალო პროვოკაცია. ეს სუპერპროვოკაციაა, ძალიან მაგრად დაფინასებული, რადგან არ შეიძლება, ასეთი რამის თქმა, მით უმეტეს, როდესაც იცი, რომ არანაირი ჯარი აქ არ შემოვა, პუტინმა კი  შესაძლოა, საბაბად გამოიყენოს. 2008 წელს „მაფიც“ კი არ მოგვცეს და არც არავის უთქვამს, რომ „ნატოში“ ვიღებთო, მაგრამ მედვედევმა მაინც გამოიყენა და თქვა, ომი რომ არ დამეწყო, „ნატოში“ შედიოდა საქართველოო. არადა საქართველო არსადაც არ შედიოდა. გერმანელებმა, ფრანგებმა და იტალიელებმა გარკვევით თქვეს უარი, მაგრამ მედვედევმა გამოიყენა და დღესაც ოფიციალურად აცხადებს, ჩვენ არ გვინდოდა ჩვენს ძმებ ქართველებთან ომი, მაგრამ სააკაშვილი უკვე „ნატოში“  შედიოდაო. თუმცა „ნატოში“ არავინ გვიშვებდა. ასეთი ზოგადი ვითარებაა და ამ პირობებში ინტერვიუში არასერიოზულია, რაღაც რეცეპტი მოგცეთ და გამოსავალზე ვილაპარაკო, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ეს საკითხი უნდა იყოს ქართული აკადემიური, საექსპერტო წრეების მეცნიერული მსჯელობის საგანი.

რა შეუძლია, დაუპირისპიროს დასავლეთმა რუსეთის შესაძლო ქმედებებს?

– ამ დღეებში გამოქვეყნდა ცნობილი ამერიკელი გენერლის განცხადება, რომელშიც ის პირდაპირ ამტკიცებს, რომ „ნატო“ გახლეჩილია; ღმერთმა ნუ ქნას და პუტინი რომ მოულოდნელად თავს დაესხას „ნატოს“  რომელიმე სახელმწიფოს და მიიერთოს, „ნატო“ გარდა განცხადებებისა და გაეროსთვის მიმართვისა, ვერაფერს გააკეთებს. ვინაიდან „ნატო“ ორად გაიყო, ერთი ნაწილია ბალტიისპირეთი და პოლონეთი, რომლებსაც უშუალოდ ემუქრებათ რუსეთისგან საფრთხე და რომლებით ითხოვენ დაფინანსების ზრდასა და გაძლიერებას და დანარჩენი წევრები „ნატოსი“, რომელთა საზრუნავი ახლა რუსული გაზია, რადგან ზამთარი მოდის. ჩავარდა პოლიტიკა, რომ რუსული გაზის ხვედრითი წონა 40-პროცენტს ჩამოსცილებოდა ევროპის გაზმომარაგებაში. „გაზპრომიც“ მზადაა ფასის დასაწევად და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. თორემ, რაც რუსეთმა უნგრეთს გაუკეთა, დაწყებული ნიკოლოზ პირველით და დამთავრებული ხრუშჩოვის პერიოდით, როგორ შეიძლება, „ნატოს“ წევრი უნგრეთი დღეს პრორუსული სახელმწიფო იყოს?! იტალიასთან და კვიპროსათან ერთად. კვიპროსი საერთოდ სასაცილოა, არავინ იცის, რით შეაყვარა პუტინმა თავი. ამ დროს კი არამეცნიერული, არასერიოზული და ანეკდოტურიცაა, რმო ჩვენთან კამათობენ, „ნატოში“ უნდა შევიდეთ თუ რუსეთთან უნდა დავარეგულიროთ ურთიერთობა?! თითქოს „ნატოდან“ მოსაწვევი მოსაწვევზე მოდის. მერკელმა ბოდიში მოიხადა დამარცხების გამო და თქვა, არ ვიცით, მიგრანტებს რა ვუყოთო? ინგლისმა ევროკავშირიდან გასვლის პროცესი დაიწყო. თურქეთთან ურთიერთობა გამწვავებულია, არადა მილიონამდე თურქი მიგრანტი ელოდება უვიზო მიმოსვლას, რომ შეცვივდნენ ევროპაში. ამის პარალელურად, აფეთქებებია ევროპასა და ამერიკაში და ამგვარ ვითარებაში ჩვენ დღეს, ფაქტობრივად, ვართ ბედის ანაბარა მიტოვებულები. რასაკვირველია, დასავლეთია ჩვენი ორიენტირი, მაგრამ ერთი რამ არ მესმის, „ნატოს“ გარეშე არ შეიძლება დემოკრატიულ საწყისებზე დავიწყოთ ფიქრი?!

გასაგებია, რომ ჩვენი თვითმიზანი არა წევრობა, არამედ ჩვენთან დასავლური ცხოვრების სტანდარტის დამკვიდრებაა, მაგრამნატოს“, აშშ-სა და ევროკავშირის განცხადებებია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ფორმალურად შენარჩუნების გარანტია

– მაშინ პირველი პრინციპია ანტიმონოპოლიური სამსახურის გაძლიერება და ნეპოტიზმთან ბძროლა. ეს ხდება ჩვენთან?! თორემ ვის უნდა ისეთი ცხოვრება, როგორიც რუსეთშია?! ერთ რიგით ჩინოვნიკს ახლახან უნახეს 9 მილიარდი რუბლი, შუაგულ მოსკოვში ბინა ჰქონდა ნაყიდი და იქ ინახავდა ფულს. ან რად უნდოდა, ვერც კი ხარჯავდა. ვის უნდა ისეთი ცხოვრება, როგორიც რუსეთშია?!

დასავლეთი სიტყვიერად მაინც გვიჭერს მხარს, რუსეთმა კი აღიარა ჩვენი სეპარატისტული რეგიონები და განაგრძობს მცოცავ ოკუპაციას

– ერთია ურთიერთობის ნორმალიზაცია და მეორე რაღაც კავშირებში შესვლა. არ მგონია, ნორმალური ქართველი ითხოვდეს „ოდეკაბეში“ ან ევრაზიის კავშირში გაწევრიანებას. აქ, ჩემი აზრით, ოპტიმალური მაინც უბლოკო სტატუსია, რომ მანიაკალურად განწყობილ კრემლს იმის შიში მაინც აღარ ჰქონდეს, რომ საქართველო „ნატოში“ შეიძლება, მოხვდეს. მით უმეტეს, რომ დღევანდელ სიტუაციაში დამცველი არავინ გვყავს. ჩვენი დიპლომატია მასაც ვერ ახერხებს, რომ ისეთი ურთიერთობა და ვალდებულება მაინც ჰქონდეს „ნატოს“ ჩვენთან, როგორიც აქვს „ნატოს“ არაწევრ ფინეთთან, შვედეთთან. მაგალითად, სამხრეთ კორეა არ არის არც „ნატოს“ და არც ევროკავშირის წევრი, მაგრამ იქ დემოკრატია ყვავის და არც ნეპოტიზმია. ჩინოვნიკები ქრთამს ყველგან იღებენ, მაგრამ ხელისუფლება ებრძვის ამას.

ჩვენს თემას რომ დავუბრუნდეთ. რუსეთს როგორი სტატუს-კვოს დახვედრება უნდა 2017 წლის იანვარში ინაუგურაციის შემდეგ აშშ- ახალი პრეზიდენტითვის: გავლენა პოსტსაბჭოთა თუ სრულიად პოსტსოციალისტურ სივრცეზე?

– თუ ტრამპი გახდა პრეზიდენტი, არავინ იცის, რა მოხდება, რადგან ერთია წინასაარჩვენო კამპანიები  და სულ სხვაა რეალობა. ამერიკის პრეზიდენებიდან ყველაზე უდრეკი და ხმალამოწვდილი ანტიკომუნისტები იყვნენ ნიქსონი და რეიგანი, მაგრამ ნიქსონის დროს დაიწყო სსრკ-თან ურთიერთობის დათბობა, რეიგანის კი დროს კი დაიწყო ყველაზე დიდი ხელშეკრულებების გაფორმება საბჭოთა კავშირთან, მათ შორის, განიარაღებაზე. ნიქსნონი თვითონ ბრწყინვალე სპეციალისტი იყო საგარეო პოლიტიკის, რეიგანი კი საერთოდ ვერ ერკვეოდა, მრჩევლები ჰყავდა. ჩვენ ერთი უნდა ვიცოდეთ: არავინ დაგვეხმარება და ამას ხედავენ რუსები. ყველაზე საშიშია დასუსტებული და კუთხეში მიმწყვდეული რუსეთი, რომელსაც ამხელა სამხედრო პოტენციალი აქვს. ეს მშვენივრად ესმით ვაშინგტონსა და ბრიუსელში, თანაც პუტინს არც პნევმონიის ეშინია, პირველი მმართველია რუსეთში, რომელიც არ ეწევა და არ სვამს. გინახავთ ასეთი რუსი?!

მხოლოდ ბოტოქსს იკეთებს

– მაგრამ სპორტულად ხომ გამოიყურება?!

——————–

„ვერსია“, 26 სექტემბერი, 2016 წელი

„თურქეთმა საქართველოს სულში ჩააფურთხა!

რა კავშირი აქვს ბათუმში გახსნილ თურქულ სკოლას კომპანია მეტროსთან

ვანო პავლიაშვილი

რამდენიმე დღის წინ ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, თურქეთის მთავრობის დაფინანსებით, თურქული სკოლა გაიხსნა, რაც ახალი სკანდალის საბაბი გახდა. ისე, სკანდალი შესაძლოა, არც აგორებულიყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ სკოლის გახსნის შესახებ ქართული მხარე, ესე იგი, არც ქვეყნისა და არც ავტონომიური რესპუბლიკის განათლების უწყება საქმის კურსში არ იყო და ზარზეიმით გახსნილი სასწავლებლის თაობაზე პოსტფაქტუმ შეიტყო. სამაგიეროდ, სკოლის გახსნას თურქეთის განათლების სამინისტროსა და საქართველოში თურქეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თურქული სკოლის გახსნა ოპოზიციური ფლანგის ნაწილმა გააპროტესტა, ამ მხრივ კი, ყველაზე მეტად პატრიოტთა ალიანსი, კერძოდ, მისი წევრი, უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე აქტიურობს, რომელიც თურქული სკოლის გახსნის კონტექსტში ე.წ. ნეოოსმალური ძალების ფარულ ქართულ ინტერესებზეც საუბრობს, თუმცა მოდით, მოვლენების განვითარებას ქრონოლოგიურად მივყვეთ.

თურქული სკოლის გახსნის თაობაზე ინფორმაცია, ფოტოებითურთ, თურქეთის საკონსულოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა წარწერით: „ოფიციალურ სასწავლებელში, ბათუმის თურქულ სკოლაში პირველი ზარი დაირეკა. ბედნიერებისა და სიკეთის მომტანი ყოფილიყოს ბათუმში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ერისათვის“.

აღსანიშნავია, რომ სკოლა თურქეთის განათლების სამინისტროს დაექვემდებარება ანუ გარდა იმისა, რომ სწავლა თურქულ ენაზეა, სასწავლო პროგრამებიც თურქეთის განათლების სამინისტროს მიერაა დამტკიცებული. სკოლაში სწავლა ბათუმში მცხოვრები თურქი ოჯახების შვილებს შეეძლებათ და პედაგოგებიც თურქეთის მოქალაქეები იქნებიან.
მოგვიანებით, თურქეთის გენერალურმა კონსულმა სკოლის გახსნაზე განმარტებები გააკეთა. იასინ თემიზქანის თქმით, შენობა, სადაც სკოლაა განთავსებული, ქველმოქმედმა ბიზნესმენმა ააშენა, თუმცა საკონსულო მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ პროცესში ჩართული არ ყოფილა.

„ჩვენი პრიორიტეტია, სკოლამ იფუნქციონიროს და ბავშვებმა მიიღონ განათლება. ეს არ იყო ოფიციალური გახსნა, უბრალოდ შევეცადეთ, სასწავლო წლის დაწყებამდე მოგვესწრო. უახლოეს მომავალში იგეგმება სკოლის ოფიციალური გახსნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს მთავრობის კომპეტენტური პირები, ასევე თურქეთის მხარე. ჩვენი საელჩო თბილისში კავშირზე იყო, მუშაობდა ამ პროცესზე საქართველოს განათლების სამინისტროსთან. სკოლაში, რა თქმა უნდა, შეისწავლება ქართული ენა – ჩვენი მიზანია, ამ სკოლის კურსდამთავრებულები სრულად ფლობდნენ ქართულს, ასევე იცნობდნენ ადგილობრივ კულტურას იმიტომ, რომ ამ ხალხმა უნდა შეასრულოს ერთგვარი ხიდის როლი თურქეთსა და საქართველოს საზოგადოებას შორის“, – ამბობს იასინ თემიზქანი და დასძენს, რომ ამ ეტაპზე სასწავლო დაწესებულებაში 170 მოსწავლე ირიცხება.

კონსულის თქმითვე, „თურქეთს უამრავ ქვეყანაში აქვს სკოლები, რომლებიც თურქეთის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს. გავააქტიურეთ ჩვენი საქმიანობა ამ მიმართულებით, რათა საზღვარგარეთ ჩვენი სკოლების რაოდენობა გაზრდილიყო. აქედან გამომდინარე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობები ყველა სფეროში ღრმავდება და განათლების სფეროშიც გვინდა, გავაღრმაოთ ურთიერთობა; ასევე შესაძლებელია, მომავალში თურქეთში გაიხსნას ქართული სკოლები, რომელიც მოემსახურება ქართველებს”.

სხვათა შორის, კონსულმა ზემოხსენებული განმარტებები მას შემდეგ გააკეთა, რაც ქართველმა ოპოზიციონერებმა ხმაური ატეხეს და ამასთან, გაჩნდა ალბათობა, ბათუმის მერიას, შესაძლოა, სკოლის დემონტაჟი მოეთხოვა.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ სკოლის მშენებლობის ნებართვა მერიას არ გაუცია; ირკვევა ისიც, რომ სამშენებლო ნებართვის უქონლობის გამო, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სკოლა რამდენჯერმე დააჯარიმა, მათ შორის, ბოლოს – 9 000 ლარით. „მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რომელიმე ქვეყანაში სხვა ქვეყნის სკოლა დიპლომატიური სტატუსით გაიხსნას. სხვა შემთხვევაში, სკოლის გახსნა, ასე ვთქვათ, მიმღები ქვეყნის, მინიმუმ, განათლების სამინისტროსთან უნდა იყოს შეთანხმებული, მაგრამ თურქეთის საელჩომ ეს სკოლა თვითნებურად გახსნა, რაც საქართველოსთვის სულში ჩაფურთხებაა და მეტი არაფერი!” _ აცხადებს ,,ვერსიასთან” საუბრისას უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე, რომელიც აქცენტს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თურქეთის ნეოოსმალური ძალების ფარულ ინტერესებზეც აკეთებს და ამბობს, თურქეთიდან საქართველოში ფულის რელიგიური მიზნებით ინვესტირება ხდება:

„მე არც მუსულმანები მძულს და არც – მუსლიმური საკულტო ნაგებობები თუ საგანმანათლებლო დაწესებულებები! ან როგორ უნდა მძულდეს, როცა პირადად მე, მუსულმანი ბებიების გაზრდილი ვარ და ყოველ საღამოს „ბისმილას ლოცვით“ ვიძინებდი. ჩემი და ჩემი თანამოაზრეების პოზიცია მარტივია: საქართველოში უნდა აშენდეს მეჩეთი, დაიდგას მინარეთი, გაიხსნას მედრესეები და სკოლები, მაგრამ მედრესეებში საგნები საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებითა და ლიცენზიით უნდა ისწავლებოდეს. ამასთან, ყველაფერი ეს, მხოლოდ და მხოლოდ, ქართული ფულით უნდა მოხდეს! სხვათა შორის, საქართველოში „საქართველოს სამუფთო სამმართველო“ ფუნქციონირებს, შესაბამისად, ყველა საკულტო ნაგებობის აღმშენებელი სწორედ ის უნდა იყოს და არა თურქეთი, სპარსეთი თუ არაბეთი. თუ რომელიმე უცხოელ მუსულმანს სურს, ქართველ მუსლიმებს დაეხმაროს, კეთილი ინებოს და მეჩეთი თვითონ კი არ ააგოს, არამედ ეს ფული „სამუფთოს“ ანგარიშზე გადარიცხოს! გეკითხებით, რა არის ამაში ანტიმუსულმანური ან „მუსლიმებისადმი სიძულვილს“ სად ხედავთ?

ასეთ დამოკიდებულებას, საქართველოს მოძულეთა გარდა, ვერავინ დაინახავს იმიტომ, რომ სწორედ ესაა სახელმწიფოებრივი მიდგომა და არა საარჩევნო ხმების ცილისწამებით შეგროვება! – აცხადებს მერაბ ბლადაძე და არ გამორიცხავს, რომ ბათუმში თურქული სკოლის გახსნა შესაძლოა, რომელიმე მაღალჩინოსნის ფარული ხელშეწყობით მოხდა, – საზოგადოება დუმს, აჭარა ისევ მარტოა! ისე, ვერავინ დამაჯერებს, რომ ფარულად რომელიმე მაღალჩინოსნის მხარდაჭერის გარეშე გაბედა თურქმა ელჩმა და ინტერპოლით ძებნილმა „მეტროს“ მფლობელმა ამ სკოლის გახსნა”.

„ვერსია“, ცხადია, დაინტერესდა, რატომ ახსენა მერაბ ბლადაძემ საუბრისას კომპანია „მეტრო“, თუმცა უფლებადამცველმა მეტი კონკრეტიკისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა… ასეა თუ ისე, ბათუმში თურქული სკოლის, მარტივად რომ ვთქვათ, თვითნებურად გახსნა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე დადებით კვალს არ დატოვებს, მით უმეტეს ახლა, როცა საქართველოში დღე-დღეზე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს – შეიძლება, ეს ფაქტი ყველა მხარემ სათავისოდ გამოიყენოს და პრობლემის რეალურად მოგვარების ნაცვლად, თურქული სკოლა პოლიტიკური ვაჭრობის ერთგვარი საბაბი გახდეს, რაც, პირველ რიგში, მოსახლეობას დააზარალებს. ამის თქმის საფუძველს კი აზიზიეს მეჩეთის ირგვლივ თავის დროზე განვითარებული მოვლენები იძლევა.

ზოგადად, რელიგიური საკითხები სენსიტიურია, ამიტომ, როცა საქმე თუნდაც ერთი შეხედვით, უწყინარი სკოლის გახსნას ეხება, ყველა მხარემ მოზომილი და არგუმენტირებული განცხადებები უნდა გააკეთოს.

——————–

„რეზონანსი“, 27 სექტემბერი, 2016 წელი

ევროპაში ბანკები კოტრდება, რა ელის საქართველოს

„ეროვნული ბანკი ცდილობს, მოსახლეობას საბანკო სფეროს პრობლემები დაუმალოს

ელზა წიკლაური

მსოფლიო საბანკო სისტემა ახალი გამოწვევის წინაშეა – აზერბაიჯანში რამდენიმე ბანკს ლიცენზია უკვე გაუუქმდა, რუსეთშიც რეგულატორმა წელს 48 ბანკი დახურა. გარდა ამისა, პრობლემა აქვს გერმანულ “დოიჩე ბანკსაც”, რომლის ხელმძღვანელიც ფინანსურ დახმარებას ითხოვს. დახურვის წინაშეა უკრინული და ევროპის სხვა ქვეყნებში მოქმედი ფინანსური ორგანიზაციებიც. საქართველოში კი ჯერჯერობით საბანკო სექტორში რამე ნეგატიური ცვლილება არ შეინიშნება, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ბანკის გამსხვილებას.

მთელი წლის განმავლობაში უკრაინაში, რუსეთსა და აზერბაიჯანში სავალუტო კრიზისმა ასობით ბანკის გააკოტრა. ყოველთვე ვრცელდება ინფორმაცია ამ ქვეყნებში ბანკების დახურვის შესახებ. ექსპერტების შეფასებით, ეს თავად ამ ქვეყნების საბანკო სისტემის ხარვეზის შედეგია, რაც სავალუტო რყევამ გამოავლინა. ყველგან გაკოტრების მთავარ მიზეზად დევალვაცია დასახელდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში აზერბაიჯანში დაახლოებით 10 ბანკი დაიხურა. რაც შეეხება უკრაინას, რომელიც პოლიტიკურ კრიზისშიცაა, იქ ამ ეტაპზე 166 ბანკი მოქმედებს და მათ უმრავლესობას მიზერული საწესდებო კაპიტალი აქვს. ბოლო ორ წელიწადში უკრაინაში 70 ბანკი დაიხურა.

ბანკები და მათი ფილიალები უქმდება რუსეთშიც: 2015 წლის დასაწყისიდან მოსკოვში მომუშავე ბანკების ყოველი მეექვსე ფილიალი ლიცენზიის ჩამორთმევის გამო დაიხურა. რუსული მედიის ინფორმაციით, 2015 წელს რეგულატორმა 93, ხოლო 2016 წლის პირველ ნახევარში 48 ბანკი გააუქმა. მათ შორის კი ისეთი ცნობილი ბანკებია, როგორებიცაა “სვიაზნოი ბანკი”, “ბალტიკა”, “რუსსლავბანკი” და სხვა. ზოგიერთი ბანკი კი არ გაქრა, არამედ სხვა ბანკთან გაერთიანდა, რადგან დამოუკიდებლად მუშაობა გაუჭირდა.

რუსეთის მიმდინარე პროცესებს ნეგატიურად აფასებს რუსული “სბერბანკის” ხელმძღვანელი გერმან გრეფი. მისი განცხადებით, ცენტრალური ბანკი არის ყველაზე გამჭვირვალე რეგულატორი რუსეთის ფინანსურ ბაზარზე, ამიტომ არაკეთისინდისიერი ბანკირების მიმართ ზომები უნდა გამკაცრდეს.

“ჩემი აზრით, ცენტრალური ბანკი საკმაოდ ეფექტურად ხურავს ამ ე.წ. ბანკებს. ამიტომ არ მიმაჩნია, რომ მის საქმიანობაში რამე იყოს შესაცვლელი, მაგრამ კანონმდებლობას სრულყოფა სჭირდება”, – განაცხადა ბანკირმა და დასძინა, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც მიიყვანა ბანკები ამ მდგომარეობამდე – “სასჯელი უნდა იყოს გარდაუვალი!

რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ელვირა ნაბიულინამ არაკეთილსინდისიერი ბანკირებისთვის უცხოეთში გამგზავრების აკრძალვა მოითხოვა, თუმცა გერმან გრეფის აზრით, ეს ზომა არ იქნება ეფექტური. “ასეთი ხალხი უნდა აღმოჩნდეს, იქ სადაც ეკუთვნით”, – აღნიშნა “სბერბანკის” ხელმძღვანელმა.

გარდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა, პრობლემა აქვს გერმანულ გიგნატს – “დოიჩე ბანკსაც”. ის ფაქტობრივად, გაკოტრების ზღვარზეა. “დოიჩე ბანკის” პრეზიდენტის ჯონ კრაიენის ბოლოდროინდელი მიმართვები ცხადყოფს, რომ მან ვერ მოახერხა ბანკში სიტუაციის გამოსწორება და გერმანიის ფინანსური სისტემის სიამაყე კვლავ გაკოტრების წინაშეა. ფრაკნფურტში ჩატარებულ ბიზნეს-ფორუმზე გამოსვლისას, ტოპ-მენეჯერმა ფაქტობრივად, გააფრთხილა ევროპის ცენტრალური ბანკი მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ. “ბანკებო, გადაგვარჩინეთ, თორემ დაზარალდება ევროპის ეკონომიკა”, – ასეთი იყო მისი გამოსვლის დედააზრი.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ “დოიჩე ბანკის” მკვეთრად გაუარესებულ ფინანსურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა, ძირითადად, წინა ხელმძღვანელობას ეკისრება, რომელმაც ორგანიზაცია მრავალ სკანდალში ჩაითრია და შედეგადაც ბანკი მრავალმილიარდიან ჯარიმებს იხდის. თუმცა, ბანკის წარუმატებლობაში თავისი წვლილი მიუძღვის დღევანდელ ხელმძღვანელობასაც. მაგალითად, მან ვერ მოახერხა ნების გამოვლენა და ტოპ-მენეჯმენტისთვის გერმანული სტადნარტებითაც კი უკიდურესად მაღალი ბონუსების შემცირება. შედეგად, 2016 წლის დასაწყისში კრაიენმა ბანკის ისტორიაში უპრეცედენტო ზარალზე განაცხადა. ამის შემდეგ, ბანკის აქციების ფასი შემცირდა 30 წლიან მინიმუმამდე, ხოლო თავად ფინანსური ორგანიზაციის ღირებულება ჩამოვიდა 18 მლრდ ევრომდე.

რაც შეეხება ქართულ საბანკო ბაზარს, აქ ბოლო წლებში ბანკის გაკოტრების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, უბრალოდ, მოხდა ბანკების მიერ სხვა მოთამაშის შეძენის რამდენიმე ფაქტი. საბანკო სფეროს ექსპერტი გოჩა თუთბერიძე ამბობს, საქართველოში მოქმედ ბანკებს ჯერჯერობით პრობლემა არ ემუქრებათ, რამდენადაც ეს სფერო საკმაოდ სტაბილურია.

“რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის უკრაინას, იქ ბანკებისთვის ლიცენზიის გაუქმება რამდენიმე მიზეზთანაა დაკავშირებული. მაგალითად, რუსეთში ბანკების გაკოტრების რეალური საბაბი ისაა, რომ იქ ძალიან ბევრი ბანკი მოქმედებს, მათ შორის, პატარა ბანკებიც. გარდა ამისა, საბანკო ზედამხედველობა არის ძალიან სუსტი და არასრულყოფილი, იქ არის კორუფციაც.

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ რუსეთის ბანკებს ევროპული და ამერიკული ბანკებიდან საკრედიტო ხაზის მიღება გაურთულდათ. მათ ახლა აღებული სესხების დაფარვა უწევთ, რომლისთვისაც ძალიან ცოტა თანხა აქვთ. ეს გამოიწვევს ტურბულენტურ პროცესს საბანკო სისტემაში, ამიტომაც რუსეთში ძალიან ბევრი მცირე და საშუალო ბანკი გაკოტრდება. ეს რომ ასე მოხდება, კარგად იციან რუსეთის ცენტრალურ ბანკში”, – აღნიშნა თუთბერიძემ.

რაც შეეხება “დოიჩე ბანკს”, ექსპერტის აზრით, ეს სპეციფიკური საკითხია. მას ბოლო პერიოდში სერიოზული პრობლემა ჰქონდა, რა დროსაც გერმანიის ბუნდესბანკი დაეხმარა და გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოვიდა სიტუაციიდან. ახლა ხელახლა ითხოვს დახმარებას.

“ვფიქრობ, გერმანია არ დაუშვებს “დოიჩე ბანკის” გაკოტრებას, რადგან ის არის გერმანიის სახე. მისი ფინანსური პრობლემა, ამერიკის საბანკო კრიზისიდან, ანუ 2008-09 წლიდან დაიწყო. ამის გარდა, “დოიჩე ბანკს” მოუწია დიდი ჯარიმების გადახდა, რადგან ის რამოდენიმე აფიორაში აღმოჩნდა ეჭვმიტანილი. ეს ყველაფერი ერთად ამ ბანკს სერიოზულ პრობლემას უქმნის, თუმცა დარწმუნებული ვარ, გერმანია არ დაუშვებს ისეთი ბრენდის ბაზრიდან გასვლას, როგორიც “დოიჩე ბანკია”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” თუთბერიძემ და დასძინა, რომ “ქართულ საბანკო სისტემას დღეს არავითარი საფრთხე არ ემუქრება”.

განსხვავებული პოზიცია აქვს საბანკო სფეროს კიდევ ერთ სპეციალისტს, ლია ელიავას. მისი თქმით, სისტემა არ არის მდგრადი, რადგან კომერციული ბანკები სისტემატურად კოტრდებიან და ამის გამო სხვა ბანკებთან ერთიანდებიან. შესაბამისად, თქმა იმისა, რომ საქართველოში ყველა ბანკი არის ჯანსაღი, ნამდვილად არ შეიძლება. გამომდინარე აქედან, არც მთლიანად სექტორი შეიძლება ჩაითვალოს მდგრად სისტემად.

“თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს საბანკო სექტორი არის ოლიგოპოლიზებული, ფაქტობრივად, საბანკო სექტორის მდგრადობა დამოკიდებულია 2 უმსხვილეს ბანკზე, ანუ მათ ფინანსურ სიჯანსაღეზე. “საქართველოს ბანკს და “თიბისის” კი პრობლემა ნამდვილად არ აქვთ”, – აღნიშნა ელიავამ.

ზოგადად კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საბანკო ზედამხედველობას, მის ადეკვატურობას, ხარისხს, სიმკაცრეს და კონტროლს, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით არის დაბალი.

“უცხოეთში ბანკი კოტრდება, ართმევენ ლიცენზიას, მის აქტივებს ყიდიან, საქართველოში კი ეროვნულ ბანკს არასდროს ჰყოფნის სითამამე, განაცხადოს, რომ ბანკი გაკოტრდა და გაიყიდა. ეს თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკა, რომ ლიცენზია არ ჩამოართვან.

სებ-ი ცდილობს, რომ მოსახლეობას საბანკოს სფეროს პრობლემები დაუმალოს. შეიძლება ნაწილობრივ ეს გამართლებულიცაა, რათა არ წარმოაშვას პანიკა და მოსახლეობა საკუთარი ფულის გამოსატანად კომერციულ ბანკებს არ მიადგეს, მაგრამ, მეორე მხრივ, ზედმეტი ნდობა ბანკის მიმართ, რომელიც გაკოტრებულია, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.

თუ არ გამკაცრდა საქართელოში საბანკო ზედამხეველობა, ჩვენთან ისევ იქნება ბანკები, რომლებიც გაყიდიან და ფაქტობრივად, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ საბანკო სექტორი არ არის მდგრადი. საქართველოში ძირითადი პრობლემა არის არაადეკვატური საბანკო ზედამხედველობა”, – დასძინა ელიავამ.

რაც შეეხება უცხოეთში ბანკების გაკოტრებას, ელიავა ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია: “დასავლეთში ბანკებს ხშირ შემთხვევაში თავიანთი მენეჯმენტი და მფლობელები აკოტრებენ, ჩვენისთანა ჩამორჩენილ ქვეყნებში კი ზოგჯერ სახელმწიფოც”.

Comments are closed