globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 27 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 27th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: თინა ხიდაშელის “გაფერმკრთალებული მოლოდინი”

“მინისტრი დარწმუნდა, რომ სამიტზე სენსაციური გადაწყვეტილების იმედი არ უნდა გვქონდეს”

რეზონანსი: როგორია ქართველი ხალხის მოლოდინი ნატოში ინტეგრაციაზე?

„ალია“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ისე ნუ გააკეთებენ, რომ მარგველაშვილმა კონსტიტუციის დარღვევის ბრალდებით უჩივლოს ხელისუფლებას და… მოიგებს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „მშიერ ადამიანს სიტყვის თავისუფლება არ ადარდებს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: „ნაციონალები ყოველთვის რუსეთზე მუშაობდნენ“

„ახალი თაობა“: რამზან კადიროვი საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრას აპირებს?

რეზონანსი: ძველებური შეტევა ლარზე // ზედამხედველობის სააგენტოს შეჩერების შემდეგ ეროვნული ვალუტის მოთოკვა შეუძლებელი გახდა

—————————-

რეზონანსი“, 27 ოქტომბერი, 2015 წელი

თინა ხიდაშელის “გაფერმკრთალებული მოლოდინი”

მინისტრი დარწმუნდა, რომ სამიტზე სენსაციური გადაწყვეტილების იმედი არ უნდა გვქონდეს”

თაკო მათეშვილი

გაფერმკრთალებული მოლოდინი და უხეში რეალობა – დამაიმედებელი და თამამი პროგნოზების შემდეგ ნატოსთან მიმართებაში თავდაცვის მინისტრისა და ალიანსის სპეციალური წარმომადგენლის მხრიდან საკმაოდ პესიმისტური განცხადებები გაკეთდა.

სპეციალისტები “უკან დახევას” ბუნებრივად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ნატოს ამჟამად გაფართოება სხვა მიმართულებით უფრო აწყობს. ჩვენი მაქსიმუმი და საუკეთესო შედეგი კი მაპ-ის მიღება იქნება, რაც ასევე სათუოა.

მოგეხსენებათ, საქართველოში ნატოს კვირეული გაიხსნა, ამავდროულად სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიებებზე ნატოსთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დაისვა და ქვეყნის პირველი პირების მხრიდანაც არაერთი განცხადება გაკეთდა, თუმცა, პოლიტოლოგების აზრით, ოპტიმიზმი შემცირებულია.

ფორუმზე სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაიც იმყოფება, რომელმაც ნატო-საქართველოს ურთიერთობბზე ჟურნალისტებთან ვრცლად ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს ადგილი ნატოში ნათელი და მზარდია, ჩვენი ქვეყანა წევრობის “ერთგული და მყარი” კანდიდატია და ბოლო პერიოდში “ნატო უფრო მეტად აისახება საქართველოში”.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა ნატოს წევრ ქვეყნებს შეუერთდეს და ამისათვის იმ მიმართულებით სვლის გაგრძელებაა საჭირო, რომლითაც ქვეყანა ახლა მიდის. აქვე ისიც დასძინა, რომ მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რათა მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საქართველო ყველაფრისთვის მზად არის.აპატურაის არც ის პროგრესი გამორჩენია, რასაც ქვეყანამ, მისი თქმით, ბოლო 15 წელიწადში მიაღწია და დადო პირობა, რომ როგორც ნატოს მინისტერიალი, ისე ვარშავის სამიტი, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს აუცილებლად აღიარებს. მისი თქმით, ალიანსის შიგნით ჯერ არ დასახულა გეგმები, თუ რა შედეგებით დასრულდება ვარშავის სამიტი.

ამასთან, აპატურაიმ რეგიონში არსებული უსაფრთხოების შესახებაც ისაუბრა და ამ კონტექსტში განსაკუთრებული ადგილი რუსეთს დაუთმო.

“რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რომ შეამციროს თავისი მეზობლების სუვერენიტეტი. თუ თქვენ შეხედავთ ევროკავშირის “აღმოსავლეთ პარტნიორობაში” ჩართულ ქვეყნებს, 5 მათგანს აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ასევე ჩვენ ვხედავთ გაძლიერებულ არასტაბილურობას ბალტიისპირეთში და გაიზარდა საშიშროება შავი ზღვის რეგიონში. არ უნდა დაგვავიწყდეს ყირიმი, სირია, ერაყი და ა.შ.”, – განაცხადა აპატურაიმ.

ამ განცხადების მერე ლოგიკურად ჟღერდა მისი ნათქვამი, რომ მათ არ უნდათ გამოგზავნონ ისეთი სიგნალი, რომელიც რუსეთის პროვოცირებას მოახდენს.

“2008 წელს ითქვა, რომ საქართველო შეუერთდება ნატოს. ეს არის როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური მზადყოფნის საკითხი. ნატო აკვირდება თითოეულ ასპირანტ ქვეყანას. უშუალოდ საქართველოსთან მიმართებაში კი ჩვენ არ გვინდა გამოვაგზავნოთ ისეთი სიგნალი, რომელიც პროვოცირებას გაუწევს რუსეთს და ამ თვალსაზრისით საქართველო საფრთხის ქვეშ დავაყენოთ”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მოვლენების განვითარებას სხვაგვარად ხედავს თინა ხიდაშელი, რომელიც დარწმუნებულია, რომ თუ ვარშავის სამიტზე რუსეთს არ უთხრეს, რომ ევროპა ახალი “რკინის ფარდის” ჩამოშვებას არ დაუშვებს, ეს კრემლის გამარჯვება იქნება და მას შემდგომი აგრესიისაკენ უბიძგებს.

მისივე თქმით, საქართველო სამიტს ოპტიმიზმით უყურებს, თუმცა, აქვე ისიც დასძინა, რომ მოლოდინი, რომელიც ქართველ ხალხს ნატოსთან მიმართებაში აქვს, ფერმკრთალდება, რადგან “რეალობა უხეშია”.

აღნიშნულ კონტექსტში თინა ხიდაშელმა ხაზი გაუსვა, რომ ზოგადი გზავნილების გარდა, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა საჭიროა.

“ხალხის იმედი და მოლოდინი იცვლება, ჩვენ გვესმის განცხადებები, რომ საქართველო იმაზე მეტს აკეთებს ნატოსთვის, ვიდრე წევრი ქვეყანა. მაგრამ ეს არ კეთდება იმისთვის, რომ ვინმემ მადლობა მოიხადოს, ეს არის ჩვენი არჩევანი – გვინდა, რომ მსოფლიო საზოგადოების წევრი ვიყოთ. მაგრამ აუცილებლად უნდა გავითავისოთ საქართველოს რეალობა, რომ ჩვენი უსაფრთხოება უფრო მწვავედ დგას სხვებთან მიმართებაში. ზოგად განცხადებებთან ერთად, რომელიც გამჟღავნდა, ჩვენ ასევე ვლაპარაკობთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე.

“საზოგადოება ჩვენ ოქტომბრამდე, საარჩევნო კამპანიის დროს აუცილებლად გვკითხავს, რა შეგვიძლია რეალურად მივიღოთ ვარშავიდან”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ხიდაშელის განცხადებას წინა შემთხვევებთან შედარებით უფრო ფრთხილს, მოზომილსა და პესიმისტურს უწოდებენ პოლიტოლოგები და ამბობენ, რომ როგორც ჩანს, მინისტრი დარწმუნდა, რომ სამიტზე სენსაციური გადაწყვეტილების იმედი არ უნდა გქვონდეს.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამ ყველაფრის მიზეზებზე საუბრისას ამბობს, რომ სირიის მოვლენებმაც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩინა, თუ რაზე წამსვლელია რუსეთი და რომ მოწინააღმდეგეებთან ძალის გამოყენება მათთვის პრობლემა არაა.

ამავდროულად, პუტინი პირდაპირ ამბობს, რომ ნატოს გაფართოება რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აღიქმება. გარდა ამისა, მაისაიას თქმით, ამერიკისა და ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანელებს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს. იგი ამბობს, რომ ვაშინგტონის მსგავსად ალიანსის გაფართოების მომხრე ევროპაში ბალტიის ქვეყნები, ვიშეგრადის სახელმწიფოები არიან – რუმინეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ა.შ თუმცა, ექსპერტის თქმით, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არაა იმისათვის, რომ ალიანსში გაფართოების საკითხი დაისვას.

ამბობს, რომ გადამწყვეტი პოზიცია სწორედ ევროპის დანარჩენ სახელმწიფოებს ეკუთვნის. იმ ქვეყნებს, რომლებიც თავის დროზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების დამამუხრუჭებლები იყვნენ – იტალია, ესპანეთი, ბენილუქსის სახელმწიფოები.

“ისიც აღსანიშნავია, რომ ნატოს დღის წესრიგში ამჟამად სხვაგვარი გაფართოების საკითხი დგას. მისთვის მნიშვნელოვანია, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე გაფართოების პროცესი დასრულდეს. სხვა ქვეყნების მიერთების პერსპექტივა, ალბათ, მერე განიხილება. საუბარი მონტენეგროზე, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მაკედონიაზეა. მონტენეგროს საკითხი უფრო პრიორიტეტულია. ბოსნია-ჰერცოგოვინას, თუ არ ვცდები, მომდევნო სამიტზე მაპი მიენიჭება.

“ამიტომაც განიხილება ჩვენი ინტეგრაციის საკითხი პესიმისტურ კონტექსტში. ბუნებრივია, საქართველო ალიანსის წევრი მაპ-ის გარეშე ვერ გახდება. მის გარეშე გაწევრიანების მოლოდინი ილუზიაა. იგი ქვეყნის მოსამზადებლად აუცილებელია.

“ვარშავის სამიტზე მაპის მიღება საქართველოსათვის ყველაზე დიდი მიღწვეა იქნება. პესიმისტური განცხადებების მიუხედავად, თუ ეს მაინც მოვახერხეთ, ე.ი. ნატოში ფეხი გვექნება შედგმული”, – ამბობს ვახტანგ მაისაია.

რეზონანსი“, 27 ოქტომბერი, 2015 წელი

როგორია ქართველი ხალხის მოლოდინი ნატოში ინტეგრაციაზე?

ნინო ქეთელაური

თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ მოლოდინი, რომელიც ნატოსთან მიმართებით აქვს ქართველ ხალხს, მკრთალდება, რადგან რეალობა უხეშია. მისი თქმით, გარდა ზოგადი გზავნილებისა, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.ხალხის იმედი და მოლოდინი იცვლება, ჩვენ გვესმის განცხადებები, რომ საქართველო იმაზე მეტს აკეთებს ნატოსთვის, ვიდრე წევრი ქვეყანა. მაგრამ ეს არ კეთდება იმისთვის, რომ ვინმემ მადლობა გადაგვიხადოს, ეს არის ჩვენი არჩევანი – გვინდა, რომ მსოფლიო საზოგადოების წევრი ვიყოთ. მაგრამ აუცილებლად უნდა გავითავისოთ საქართველოს რეალობა, რომ ჩვენი უსაფრთხოება უფრო მწვავედ დგას სხვებთან მიმართებაში. ზოგად განცხადებებთან ერთად, რომელიც გამჟღავნდა, ჩვენ ასევე ვლაპარაკობთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. მოლოდონ, რომელიც აქვს ქართველ ხალხს, მკრთალდება, რადგან რეალობა უხეშია. საზოგადოება ჩვენ ოქტომბრამდე, საარჩევნო კამპანიის დროს აუცილებლად გვკითხავს, რა შეგვიძლია რეალურად მივიღოთ ვარშავიდან”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

როგორ ფიქრობთ, ბოლო პერიოდში, ნატოსთან მიმართებით, როგორია ქართველი ხალხის მოლოდინი? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

————-

ვახტანგ ძაბირაძე  (კონსტიტუციონალისტი): “სამწუხაროდ, თინა ხიდაშელის შეფასებას უნდა დავეთანხმო, იმ მარივი მიზეზის გამო, რომ ნატოს მიმართ მოლოდინმა მართლაც იკლო. უფრო დიდი მოლოდინი იყო საზოგადოებაში. თუ გავიხსენებთ თუნდაც 2008 წლის მოვლენებს და შემდგომ პერიოდს, რთულია, ქართველ ხალხს დააჯერო, რომ ნატო არავის ზეგავლენას არ განიცდის და საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არ უკავშირდება ნატო-რუსეთის ურთიერთობას. ნატოში გაწევრიანება საზოგადოებას სწორედ იმიტომ უნდოდა, რომ ის ყოფილიყო დამცავი ფარი რუსეთის აგრესიასთან მიმართებაში. თუ დასავლეთი არ მიიღებს რაღაც ზომებს, რომ აღდგეს ეს დამოკიდებულება ნატოსადმი, მაშინ ძალიან რთული ვითარება იქნება ჩვენს ქვეყანაში”.

თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): “საქართველოს მთელი მოსახლეობა ელოდება ნატოში გაწევრიანებას. თუ ვინმეს უნდა, რომ რამე გაფერმკრთალდეს, ეს სხვა საკითხია. რაც უფრო ადეკვატურად და გონივრულად მოიქცევა ჩვენი ხელისუფლება, რაც უფრო დემოკრატიასთან მიახლოებული იქნება მათი ქმედებები, მით უფრო მალე შევალთ ნატოში. არაერთხელ გამოხატა ქართველმა ხალხმა სხვადასხვა გამოკითხვაში, რომ სურვილი აქვთ, დასავლეთის ოჯახის წევრი იყვნენ – მეტი რა ქნას ხალხმა? ფერმკრთალდება არა ქართველი ხალხის მოლოდინი ნატოს მიმართ, არამედ ხელისუფლების ყოველდღიური პოლიტიკური საქციელი. სულ უფერული ხდება მათი მოქმედება. გაუსაძლისად ველოდებით იმ დღეს, როცა შევალთ ნატოში. აბა ევრაზია არ ფერმკრთალდება? თუ წაიყვანენ ქვეყანას იქით, რომ საკვების ფულიც არ ექნებათ ადამიანებს და მარტო იმაზე იფიქრებენ, სახლში 2 კაპიკი შეიტანონ, რომ როგორმე გადასახადები გადაიხადონ, მერე ზოგადად ყველაფერი გაფერმკრთალდება. თუ ეს უნდათ, თქვან პირდაპირ. გაუსაძლის გაჭირვებას ითმენს ხალხი, რომ როგორმე გახდნენ ძლიერი ეკონომიკური გაერთიანების წევრი და ეს ძლიერი ეკონომიკა რუსეთს ნამდვილად არ აქვს, აქვს მხოლოდ დასავლეთს. ჩვენც გვინდა, რომ ასეთ ძლიერ გაერთიანებაში ვიყოთ. ეს არის ძალიან მარტივი და ჯანმრთელი ლოგიკა”.

ნინო ლაპიაშვილი  (ა/ო “სუფთა პოლიტიკა”): “თავდაცვის მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოსთან ინტეგრაციასთან მიმართებით უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ცხადია, არის სახელმწიფოებრივი პოზიცია, მაგრამ მეორე საკითხია, მთავრობა რას აკეთებს იმისთვის, რომ ხალხში ნატოს მიმართ მოლოდინი არ შიცვალოს. ჩემი აზრით, ტენდენცია მიდის იქითკენ, რომ ევრაზიული კავშირის მხადამჭერი ჯგუფების წახალისება ხდება და ამაზე რეაგირების ნაცვლად, მთავრობას სრული დუმილი აქვს. ერთი მხრივ, თავდაცვის მინისტრის პოზოცია არის კარგი, მაგრამ მეორე მხრივ, ამ ქვეყნის მოსახლეობას მთავრობის მხრიდან სჭირდება იმის დადასტურება, რომ ქმედითი ნაბიჯები იდგმება. იმის იმედი გვაქვს, რომ ნატოსთან ინტეგრაცია მოხდება, მაგრამ ისიც ცუდია, რომ გადაჭარბებული მოლოდინი შევუქმნათ მოსახლეობას, რადგან ნატოსთან ინტეგრაციის პროცესების სწრაფად არდასრულების შემთხვევაში, მათ პროტესტის გრძნობა გაუჩნდებათ. საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, რომ მათ დეტალურად ავუხსნათ, რას მოიცავს ინტეგრაციის საფეხურები, რა ეტაპები უნდა გაიაროს ქვეყანამ და სად ვართ”.

ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): “მე ვფიქრობ, ქართველი ხალხის მოლოდინზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს ძალიან პირობითი მცნებაა და ნატოსთან ინტეგრაცია ქართველი ხალხის მოლოდინით არ გადაწყდება. აპატურაიმ ძალიან მკაფიოდ და ამომწურავად განაცხადა, რომ უშუალოდ საქართველოსთან მიმართებით ჩვენ არ გვინდა გამოვგზავნოთ ისეთი სიგნალი, რომელიც პროვოცირებას გაუწევს რუსეთს და ამ თვალსაზრისით, საქართველო დავაყენოთ რისკის ქვეშო. ყველა, ვინც კი ნატოსთან პასუხისმგებელი პირია, ამ საკითხს განიხილავს ისე, რომ ეს უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად და არ მოხდეს ნატო-რუსეთის დაპირისპირება. ამ კონტექსტში გადაწყდება ეს საკითხი და არა ქართველი ხალხის მოლოდინებით”.

„ალია“, 27 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ისე ნუ გააკეთებენ, რომ მარგველაშვილმა კონსტიტუციის დარღვევის ბრალდებით უჩივლოს ხელისუფლებას და… მოიგებს“

ნინო სამხარაძე

პრეზიდენტი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის კომპრომატად იქცა. ერთია, რომ მარგველაშვილმა ივანიშვილი „გადააგდო“; მეორე ფაქტორი გახლავთ ის, რომ მარგველაშვილი, რომელიც საზოგადოებას ჰპირდებოდა, გაპრეზიდენტების შემდეგ დავასრულებ „ნაცმოძრაობასთან“ კოჰაბიტაციასო, დღეს ისეა შეთვისებული ამ მაზოხისტურ სექტანტურ და სატანისტურ ძალასთან, რომ რჩება შთაბეჭდილება, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ხელისუფლებაშია და მათ ჰყავთ თავისი პრეზიდენტი… ბატონო პრეზიდენტო, ვისთან მართავთ კონსულტაციებს?.. ვის მიერ უკანონოდ მითვისებული ქონების დასაცავად არღვევთ კონსტიტუციას და რატომ ძალადობთ სასამართლოზე?.. როცა ამბობთ, რომ კონსტიტუციურ წყობას საფრთხე ემუქრება და მიანიშნებთ პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მადლობას უნდა უხდიდეს ქართველ ხალხს, რომ ისე არ ექცევიან მათ, როგორც იმ ვიდეოებში ნიღბიანი ჯალათები აუპატიურებენ და აწამებენ ადამიანებს.

პოლიტიკოსებმა რატომღაც გადაწყვიტეთ, რომ საზოგადოება გადაიქცეს ბიომასად, იმიტომ, რომ თქვენ არ შეგწევთ უნარი, ქვეყანაში დაამყაროთ კანონის უზენაესობა და დასაჯოთ დამნაშავეები. პოლიტიკოსები თავად ხართ ინსპირატორები იმ ყველა უბედურებისა, რაც ჩვენს თვალწინ ვითარდება.

ქვეყანაში რომ ფსიქოზია და ამას დასასრული არ უჩანს, ეს ერთია, მაგრამ საკითხავია, რის მიღწევა გსურთ ამით?.. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ სამეგრელოს საწამებელ ბუნაგებში გადაღებული ფირები, სადაც ადამიანებზე სექსუალურად ძალადობენ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი ადამიანის ბინძურ ფანტაზიას თუ ამხელა გასაქანი ექნებოდა, ეს რაღაც სატანისტურ რიტუალს ჰგავს, ადამიანების შეწირვას რაღაცისთვის, ვიღაცის გულის მოსაგებად, ვიღაცისთვის სიამოვნების მისანიჭებლად და ეს ვიღაცა იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა, რომელიც ასეთ სატანისტურ რიტუალებზე აფანატებდნენ.

ნებისმიერ შემთხვევაში კვალი ყოფილ პრეზიდენტამდე მიდის, რომელსაც მისი შემცვლელი გიორგი მარგველაშვილი ასე ამბრაზურასავით ეფარება. მე ვიზიარებ ცოტნე გამსახურდიას სიტყვებს: „ვინც ამ ვიდეოების ნახვის მერე „ნაცმოძრაობისადმი“ სიყვარულს ინარჩუნებს, არის მანიაკი და ნაძირალა. არანაკლები ნაძირალაა ის, ვინც ამომრჩევლის ნდობას უღალატა, გამოიყენა და ამ კაციტყ….ბთან კოჰაბიტაციობს… ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს სრულფასოვანი გამოძიება სამაგალითოდ დასაჯონ ათასობით სხვა ვიდეოებში მონაწილე პირები… ვინც ცნობილ ციხის კადრებში იმას აპროტესტებთ, რომ დადგმულია, რახან ცოცხი ანუსში ვერ შეეტეოდა, არ ასცდეს თქვენს გულით საყვარლებს, ოჯახებს, დიდებს და პატარებს, რაც კარგად შეეტეოდა, ის!..“.

როგორც ხედავთ, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ძალადობს ხალხზე, ოღონდ არა გაუპატიურების, წამების, მკვლელობის გზით, არამედ იდეოლოგიურად და ისინი კვლავ ცდილობენ ჩვენი ტვინების გამორეცხვას, ზონდაჟს და გვამყოფებენ მუდმივი სტრესის ქვეშ. არ არსებობს ეპითეტი, რომელიც ამ მოძალადე დამნაშავე ძალის ქმედებას აღწერს… ახლა ერთ ძალიან ცუდ რაღაცას ვიტყვი – ფაშისტები არაადამიანური მეთოდებით აწამებდნენ ადამიანებს, ცოცხლად აძრობდნენ ფრჩხილებს, კბილებს, ათლიდნენ სხეულის ნაწილებს, ატარებდნენ სამეცნიერო კვლევებს. თუმცა, ისეთ რამეს, რასაც „ნაციონალური“ სექტა სჩადიოდა, ვერსად შეხვდებით – ფაშისტურ გერმანიაში მამაკაცებისადმი ასეთ მოპყრობას, სადისტურ წამებას და გაუპატიურებას. თუკი ფაშისტები ამ დანაშაულისთვის სამაგალითოდ გასამართლდნენ, რატომ გვაიძულებს ევროპა, ამ დანაშაულს თვალი დავუხუჭოთ და რატომ არ აძლევს ხელისუფლება ამ ფაქტს სისტემური დანაშაულის კვალიფიკაციას?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს:

- ამ ფაშისტური დანაშაულების გამო სათანადოდ დაისაჯნენ ის ადამიანები, ვინც ამ დანაშაულს სჩადიოდნენ. რა ხდება ჩვენთან… კაცობრიობის წინაშე ჩადენილია სასტიკი დანაშაული, რომელსაც ჰქონდა სისტემური ხასიათი და ეს მხოლოდ ციხეებში არ ხდებოდა, ამას სჩადიოდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები საწამებელ ბუნაგებში და რა გამოდის?.. აქ არის მაზოხიზმი და სულ ასე უნდა ვიცხოვროთ?.. ჩემთვის როგორც ეს დანაშაულია მიუღებელი, ასევე, მიუღებელია ამკადრების გავრცელება. მივმართავ ხელისუფლებას, თქვე დალოცვილებო, თუ გაქვთ შნო და უნარი, სასტიკად დასაჯეთ დამნაშავეები, ნუღარ გვაყურებინებთ ამ საშინელ კადრებს, ფსიქოლოგი მაინც არავინ გყავთ გუნდში, გირჩიოთ, რომ ამის ტირაჟირება არ შეიძლება? მე მაინც მგონია, რომ ამ კადრების გავრცელებით ხდება უმძიმესი სოციალური ფონის გადაფარვა. როდესაც ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ვუსმენდი, ვფიქრობდი, როგორც ქვეყნის მესია და ამ ხელისუფლების ნათლიმამა, ილაპარაკებდა კონკრეტულ პრობლემატიკაზე, თუ რა ეშველება ლარის ინფლაციას, უმუშევრობას, პროდუქტზე ფასის გაძვირებას. მეგონა, ამ პრობლემებს შეეხებოდა, მაგრამ არა, ივანიშვილი ისევ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და „რუსთავი 2“-ზე საუბრობს…

- ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ასცდა რიგითი მოსახლეობის პრიორიტეტებს?

- დიახ, რეალურად ვთქვათ, მოსახლეობის 80%-ს სულ არ აინტერესებს არც „რუსთავი-2“, არც სამართლებრივი დავა, არც სიტყვის თავისუფლება, არც მიხეილ სააკაშვილი და მის დროს ჩადენილი დანაშაული. მათ აინტერესებთ ერთი რამ – გადარჩნენ!.. დღეს ქვეყანაში არის ბრძოლა არსებობისთვის, დღეს ვერ ნახავთ ოჯახს, რომელთა წევრების აბსოლუტური უმრავლესობა უმუშევარი არ იყოს. ამ პრობლემებზე ივანიშვილი არ საუბრობს და მისი მთავარი სამიზნე არის მარგველაშვილი, თითქოს, ეს კაცი პრეზიდენტად მე დავნიშნე. ეს არის არასწორი საკადრო პოლიტიკის ბრალი. ჩვენ მოვისმინეთ ივანიშვილის მხრიდან ასეთი განცხადება, – მისი ბიოგრაფია შესწავლილი არ მქონდა, მოვიცლი ამისთვისაც… და მან გამოიტანა საჯაროდ კულუარული საუბრები, – მარგველაშვილმა პრეზიდენტობამდე მითხრა, არც დაცვა მინდა, არც ესკორტი და არც ავლაბრის რეზიდენციაში შევალო… პრეზიდენტი როცა გახდა, პირობა დაივიწყა, დამირეკა და მითხრა, ბობოყვათის რეზიდენცია მინდაო. ჩანს, რომ ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია მარგველაშვილზე და ხალხის აყოლიებასაც აპირებს. ასეთი საუბრები რას გვაძლევს ჩვენ?.. სასიკეთოს, არაფერს… როცა ამბობს მარგველაშვილზე, შევცდი და ეს კაცი შეიცვალაო, არ შეცვლილა მარგველაშვილი, ის რაც თავის დროზე იყო, ისეთივე დარჩა. ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაუგო.

სხვათა შორის, არც ირაკლი ალასანია არ შეცვლილა, რაც იყო, ისევ ის დარჩა. ისეთი იყო იმ დროსაც, როცა ივანიშვილი ამბობდა ალასანიასთვის ნებისმიერი თანამდებობა მემეტებაო. თუ მარგველაშვილი და ალასანია არ იცოდა, ვინ იყვნენ, სხვას რატომ არ ჰკითხა? რომ ამბობს 50% პარლამენტში ეს ხალხი აღარ იქნებაო, ნახეთ, დავით უსუფაშვილმა რა განცხადება გააკეთა? ივანიშვილი, ალბათ, გულისხმობს „ქართულ ოცნებას“, თორემ მაგას რა ესაქმება, „რესპუბლიკური პარტიიდან“ პარლამენტში ვის შევიყვანო?!. _ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს წინ უსწრებს ნატოს ვარშავის სამიტი. არავინ იცის, რა პოლიტიკურ მოცემულობაში აღმოვჩნდებით ამ სამიტის შემდეგ… თინა ხიდაშელის ხისტი რიტორიკა რამდენად მისაღებია. მან ნატოს უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, – ნატოსთან მიმართებაში ფერმკრთალდება ქართველი ხალხის მოლოდინი, თუ ვარშავის სამიტზე რუსეთს არ უთხრეს, რომ ევროპა არ დაუშვებს ახალი რკინის ფარდის ჩამოშვებას, ეს იქნება კრემლის გამარჯვება. სამიტი იქნება ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის

მნიშვნელოვანი, თინა ხიდაშელის ხისტი განცხადებები ნატოს მისამართით აშკარაა. ხიდაშელმა ჩემზე და შენზე უკეთესად იცის, რომ ნატოში დღეს და ხვალ ჩვენ არავინ მიგვიღებს და გაისად, ვარშავის სამიტზე, სამი თითის კომბინაცია გველის. ამიტომ, ხიდაშელი წინასწარ ქართველ ევროსკეპტიკოსებში ქულებს აგროვებს. ხიდაშელის ეს ტონი თავის დროზე რომ აეღო სააკაშვილს ნატოსთან მიმართებაში, შეიძლება დღეს ჩვენ მაპ-ი მაინც მიგვეღო. ახლა ხიდაშელმა ხისტი პოზიცია აიღო, ის უკვე ვა-ბანკზე მიდის, იგი ცოტა ავანტიურულ და სარისკო განცხადებებს აკეთებს, – ან მაპ-ს მაძლევ, ან ვცვლი შენთან ურთიერთობის სტრატეგიას. სწორია ხიდაშელის პოზიცია, მაგრამ რეზერვში რაღაც უნდა გქონდეს… ვფიქრობ, საჭიროა რუსეთთან დიალოგის დაწყება, მაგრამ მეშინია ერთი რამის, ჩვენ ხომ ოქროს შუალედი არ გვაქვს, ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში ვვარდებით, დაბალანსების პოლიტიკაა საჭირო.

- როგორ ფიქრობთ, 2016 წლის არჩევნებამდე ქვეყანა სისხლისღვრის გარეშე მივა? არის თუ არა სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნები?

- სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნები ეს არ არის, ჩვენთან არის სამოქალაქო უკმაყოფილება, რომელსაც სოციალური ფონი აქვს და შესაძლოა, სოციალური ფონი უფრო საშიში აღმოჩნდეს, რადგან სოციალურ უკმაყოფილებას, საბოლოო ჯამში, როგორც ისტორია გვასწავლის, მოჰყვება რევოლუციები. სამოქალაქო დაპირისპირებისთვის საჭიროა ორი პოლუსი და ჩვენ არ გვაქვს ორი პოლიტიკური პოლუსი „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ სახით, რომელთა მომხრეებიც ერთმანეთთან დაპირისპირებაში არიან და ამან შესაძლოა, უფრო უხეში ფორმები მიიღოს. ხელისუფლებას უნდა ჰყავდეს ძალიან ძლიერი ოპოზიცია, რომელიც შეძლებს ხალხის ქუჩაში გამოყვანას. სამოქალაქო დაპირისპირება იწყება ქუჩაში, სამოქალაქო დაპირისპირება კაბინეტებში და პარლამენტში არ ხდება. ქუჩაში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირება გადადის სამოქალაქო ომში, რაც ჩვენ გამოვიარეთ გამსახურდიას დროს. დღეს ჩვენთან არის აი, რა, – დაბოღმილი ღარიბები გაზულუქებული მდიდრების წინააღმდეგ.

კარგად დაიმახსოვრეთ, „ნაციონალები“ ხალხს ქუჩაში ვერ გამოიყვანენ. ხომ ნახეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ მისულები „რუსთავი 2“-ის ოფისთან და სასამართლოში, ეს იყო ხალხის ძალიან ცოტა რაოდენობა. ამ რესურსით ისინი ვერაფერს გახდებიან. დღეს სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნებს ვერ ვხედავ. არის უკმაყოფილო მასა, სოციალურად დაუცველების, უმუშევრების, პენსიონერების, რომელთა სოციალური ფონი არის მძიმე.

- დაბოლოს, 315-ე მუხლის Iნაწილით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე. დაკითხულია გიგა ბოკერია და ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, დაიკითხოს პრეზიდენტი მარგველაშვილი, თუმცა პრეზიდენტს იცავს იმუნიტეტი და მისი დაკითხვა როგორ მოხდება, ეს ცალკე თემაა. ძალოვანი უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმე აღიძრა მედიაში გამოქვეყნებული მასალებისა და კონტრდაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციების საფუძველზე. ლაპარაკია უკრაინულ `ვიკილიკსში~ გამოქვეყნებულ სტენოგრამაზე, სადაც სააკაშვილი ბოკერიასთან ერთად აწყობს ხელისუფლების დამხობის გეგმებს და დამხმარე ძალად ასახელებს პრეზიდენტ მარგველაშვილს. ხელისუფლება „მგელი მოდის“ ძახილის პრინციპით ხელმძღვანელობს, თუ რეალურად არსებობს ხელისუფლების დამხობის საფრთხე?

_ ახლაც რაც თქვენ თქვით, მე უნდა მეთქვა და დამასწარით. უნდა მეთქვა, „მგელი მოდის“ ძახილის პრინციპია-მეთქი და დამასწარით… პრეზიდენტი მარგველაშვილი რომ დაკითხონ, ეს იქნება საერთაშორისო სკანდალის საფუძველი. ისე ნუ გააკეთებენ, რომ მარგველაშვილმა კონსტიტუციის დარღვევის ბრალდებით უჩივლოს ხელისუფლებას და თქვენ წარმოიდგინეთ, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტი მოიგებს. ნუ ეხუმრებიან პრეზიდენტს, მას კონსტიტუციურად აქვს ბევრის უფლება, მსოფლიო პრაქტიკაში ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა გამოძიება იწყება უცხოურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე. ეს არის უმძიმესი მუხლი, მხოლოდ ის სტენოგრამა, რომელიც უკრაინულმა „ვიკილიკსმა“ გამოაქვეყნა, თითქოს ერთმანეთს შეხვდნენ სააკაშვილი და ბოკერია და ხელისუფლების დამხობის გეგმა დასახეს, საკმარისი არ არის, რადგან ამას არც აუდიო და არც ვიდეოჩანაწერი არ ახლავს. სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება, ამას სულ სხვა წინაპირობა სჭირდება. სახელმწიფო გადატრიალება რომ მოხდეს, უნდა აჯანყდნენ საჯარისო ნაწილების მეთაურები და დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას.

შეუძლებელია, ცარიელ ადგილზე ასეთი რამ მოხდეს. მინიმუმ ნახევარი მილიონი უნდა გამოიყვანო, რომელიც წალეკავს პარლამენტს, მთავრობას, რაც გამორიცხულია. სააკაშვილმა ოდესაში ასი ბოევიკი რომ დაიქირაოს და ხელისუფლების დამხობის მიზნით საქართველოში შემოუშვას, ესეც ფანტაზია და ზღაპარია. რა გამოდის, საქართველოში უსაფრთხოების სამსახურს სძინავს? მერწმუნეთ, გავა დღეები და ეს საკითხიც დავიწყებას მიეცემა, როგორც თავის დროზე დავიწყებას მიეცა „საბურავების რევოლუციის“ ამბავი.

„ახალი თაობა“, 27 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „მიხეილ სააკაშვილი უნდა დაისაჯოს, თუ მან დაუკვეთა ძალადობა ციხეებში.. „რუსთავი 2“-კი ყველანაირი გზით და ყველანაირი ფორმით დავიცავთ

ნონა ცაბაძე

ქვეყანაში მიმდინარე ბოლო პერიოდის პოლიტიკურ პროცესებს `ახალ თაობასთან~ ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე აფასებს.

- ბოლო პერიოდში, საკმაოდ ხშირად გვსმენია შეფასებები, რომ ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადება და ამისთვის რუსთავი 2-ის თემას აქტიურად იყენებს. როგორია თქვენი პასუხი ამ მოსაზრებაზე?

- ძალიან მარტივია, შეეშვან რუსთავი 2-ს და ვერაფერს ვერ გამოვიყენებთ. მისცენ „რუსთავი-2“-ს თავისუფლად მუშაობის საშუალება და ჩვენი მხრიდანაც შეწყდება ეს საჯარო პროტესტი.

- მოწოდებებიც ხომ ისმის თქვენი მხრიდან?

- დღეს ეს მოწოდებები ჩვენი მხრიდან სრულიად ლოგიკურია. ნამდვილად მოვუწოდებთ ხალხს, რომ უნდა გამოვიდნენ და დაიცვან სიტყვის თავისუფლება. ეს ცალსახაა, ეს ჩვენი პოზიციაა და ასე იქნება ბოლომდე.

- იმედიც ხომ სწორედ ამ მოტივით დახურა თქვენმა ხელისუფლებამ, რომ მოწოდებები ისმოდა სახელმწიფო გადატრიალებისკენო. რა პარალელს გაავლებთ რუსთავი 2-თან დაკავშირებით?

- ჯერ ერთი, იმედთან დაკავშირებით სრულიად სხვა შემთხვევა იყო. მეორეც, იმედის დახურვის შემდეგ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და გადადგა. ამის შემდეგ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა და ხალხს ჰქონდა საშუალება, საკუთარი მანდატით განესაზღვრა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში.

- რუსთავი 2-ზე რას იტყვით?

- ეს სასამართლო განხილვები არის ფარსი და ხელისუფლება ცდილობს, შეაჩეროს თავისუფალი მედიის მოქმედება. არანაირი მტკიცებულება ანტისახელმწიფოებრივი ქმედების არ არსებობს, გარდა აბსურდული გაზეთის მონაჩმახისა. როგორც ჩანს, კარგი მეზღაპრე ჰყავთ, რომელიც საოცარ გასაუბრებებს წერს ხოლმე. კარგად მახსოვს საუნაში გასაუბრება ადეიშვილი-სააკაშვილისა.

- თქვენ აბსურდულს უწოდებთ და ეს ფარული ჩანაწერები დღემდე არ კარგავს აქტუალობას. წამებისა და გაუპატიურების კადრებიც აბსურდულია?

- დიახ, ეს კადრები აქტუალურობას არ კარგავს. არ კარგავს მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ეს საქმეები არის გამოუძიებელი. სანამ ის ადამიანები, ვინც ჩართულნი იყვნენ ამ ყველაფერში, დამკვეთიც და შემსრულებელიც, ყველა შესაბამის სასჯელს არ მიიღებს, ყოველთვის ასე იქნება! „ქართული ოცნება“ სწორედ ამ კადრებით ცდილობს, მოახდინოს მაქსიმალური მანიპულაცია და იძალადოს ხალხის აზრზე. ოპოზიციონერი აცხადებს, რომ „ოცნება“ ამით მოვიდა ხელისუფლებაში და ის ამას მიჩვეულია.

- ბატონო გიორგი, ეს კადრები, ეს საშინელი სცენები არ ზრდის თქვენს პასუხისმგებლობას? ისე თავისუფლად საუბრობთ ამ ყველაფერზე, თითქოს თქვენი მმართველობის დროს არ ხდებოდა ეს ყოველივე.

- ეს ჩვენს პერიოდში ხდებოდა და პასუხისმგებლობასაც აყენებს. ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ კონკრეტული ადამიანები უნდა დაისაჯონ, ნებისმიერი, როგორი მაღალი თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, ვინც ჩართული იყო ამაში! თუმცა აქ პრობლემა სხვა რამეშია.

- რაშია პრობლემა?

- იმაში, რომ, ფაქტობრივად, არავინ დასჯილი არ არის! მოძალადეები გარეთ არიან. პირადად მე ვაცხადებ საჯაროდ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, პირველი, რასაც გამოვიძიებ, სწორედ ეს ფაქტები იქნება! რა ხდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ვინ მონაწილეობდა, ვინ იცოდა ამის შესახებ, ვინ გასცემდა ბრძანებებს, ვინ ასრულებდა და ვინ სარგებლობდა ამ ყველაფრით!

- თქვენ აცხადებთ, რომ ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში, მათ შორის, დამკვეთები. ჩვენ კი გვესმის შეფასებები, რომ ეს ქვეყნის პირველი პირის, სააკაშვილის შეკვეთა იყო. მასაც დასჯით?

- თუ გამოიკვეთება, რომ სააკაშვილმა დაუკვეთა ეს ყველაფერი, კი ბატონო, მაგრამ ეს ხომ აბსურდია! ბედუკაძეს რომ სააკაშვილმა დაუკვეთა ამ სიბინძურეების კეთება, ეს არის ასავალ-დასავალის აზრი. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემი პოზიცია ასეთია: მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაუკვეთა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ იყო თანამონაწილე და ვინ არა ამ ყველაფერში! ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ყველა უნდა დაისაჯოს და არა ისე, როგორც სამი წელია, „ქართული ოცნება“ იქცევა – დასჯილი არავინ არის და ყველას საპროცესო გაუფორმდა, ვინც კი ამაში მონაწილეობდა.

- ადამიანები, რომლებსაც ნეიტრალური პოზიცია აქვთ, არც `ოცნება~ მოსწონთ და არც ნაცები, აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი მახინჯმა ფორმამ, კოჰაბიტაცია რომ ეწოდება, იმან მოიტანა. ამ აზრს თუ გაიზიარებთ?

- ვერ გავიზიარებ. სამი წელია უკვე პროკურატურა მათ ხელშია. კოჰაბიტაციაზე შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ პირველ წელზე, დანარჩენი ორი წელი? თუმცა არც მაშინ არაფერი უშლიდა ხელს პროკურატურას, რომ სათანადო გამოძიება ჩაეტარებინა. ორი წელი საკმარისი დროა, რომ დამნაშავეები დასჯილიყვნენ.

- ხომ განადგურდა ეს ფირები? როგორ ხვდება ინტერნეტსივრცეში?

- ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ არაფერიც არ განადგურებულა! როგორც ჩანს, ყველაფერი შეინახეს `შავი დღისთვის~, როცა გაუჭირდებოდათ, მაშინ გამოექვეყნებინათ! `ქართულ ოცნებას~ არ აწყობს იმ ფაქტების გამოძიება, სამწუხაროდ, რაც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს.

- რატომ არ უნდა აწყობდეს?

- იმიტომ, რომ ამ ძალადობით მოვიდა! თუ ის გარიგებულია ბედუკაძესთან, ამ შეთანხმებას ვერ დაარღვევს. ასეთ შემთხვევაში ბედუკაძე მოაღებს პირს და ყველაფერს იტყვის. იტყვის, რატომ დათანხმდა ამას და მთლიანად გაიხსნება ეს პროცესი. აი, ამის ეშინია `ოცნებას~ და იმიტომ ეწინააღმდეგება ამ ყველაფრის გამოძიებას!

ოპოზიციონერი დეპუტატი ხაზს უსვამს, თუ რას მოჰყვა ამ კადრების გამოქვეყნება:

- ეს ყველაფერი მოჰყვა კვლევის შედეგებს, სადაც გამოჩნდა, რომ `ქართული ოცნება~ არის ფაქტობრივად გაკოტრებული პოლიტიკური ძალა. მან კატასტროფულად დაკარგა რეიტინგი და ამას ვეღარაფერი შეაჩერებს! სწორედ ამას მოჰყვა ეს მწყობრი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან.

- მწყობრ ნაბიჯებში რას გულისხმობთ?

- ჯერ იყო კადრების გამოქვეყნება, შემდეგ საჯაროდ ჩვენება ამ ყველაფრის, შემდეგ რუსთავი 2-ზე შეტევის აქტივიზაცია. ასევე პრემიერის განცხადებები, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს საზოგადოებს დაპირისპირებისკენ. ამ ყველაფერს კი მოსდევს პოლიციის სრული უმოქმედობა. ამით პოლიციის სრული დემორალიზება ხდება. პოლიციელები თავისი თვალით უყურებენ ამ ძალადობებს და აკრძალული აქვთ ყოველგვარი ქმედება. აი, ეს არის მწყობრი სტრატეგია, რომელიც აქვს ამ ხელისუფლებას.

გიორგი ვაშაძე თვლის, რომ დღეს ხელისუფლებას აქვს ორი კონკრეტული გამოკვეთილი მიზანი: პირველი – დამოუკიდებელი მედიასაშუალებების განადგურება და მეორე – ოპოზიციური ფლანგის მთლიანად გაწმენდა. სხვა პირობებში ბიძინა ივანიშვილი ვერ ხედავს პერსპექტივას.

- თქვენ კვლევები ახსენეთ, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი არ ენდობა ენდიაის კვლევებს. მათ არ სჯერათ, რომ პირველ ადგილზე ნაციონალური მოძრაობაა.

- ძალიან შეფასებითია ის, რასაც თქვენ ამბობთ. რას ჰქვია, არ სჯერათ? ან არ ენდობიან? ეს, რბილად რომ ვთქვათ, სპეკულაციური განცხადებაა. ფაქტია, რომ შედეგები სახეზეა, კვლევა ჩაატარა ამერიკულმა ინსტიტუტმა. მისი კვლევებით თავის დროზე ქართულ ოცნებას 60% ჰქონდა რეიტინგი და იგივე კვლევით დღეს 11% აქვს. ეს ფაქტია. დღეს ქუჩაში ვერ ნახავთ ადამიანს, ვინც ამ ხელისუფლების მოქმედებით კმაყოფილია. რატომ უნდა ჰქონდეს ვინმეს განცდა, რომ `ქართულ ოცნებას~ ექნება მეტი რეიტინგი? კითხულობს ვაშაძე და იქვე პასუხობს: – რომელი დანაპირები შესრულდა, სად არის დაპირებული საწარმოები!

- ისევ რუსთავი 2-ის თემით რომ დავასრულოთ. თუკი ხალვაშმა მოიგო სასამართლო პროცესი, რას აპირებს ნაციონალური მოძრაობა?

- რას ვაპირებთ ჩვენ, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რას აპირებს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ სიტყვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. მე პირადად ვაპირებ, რომ ვიყო რუსთავი 2-ში, ვაპირებ, მაქსიმალურად დავიცვა თუნდაც ამ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულებისაგან. ეს იქნება უკანონო გადაწყვეტილება!

როგორ უნდა დაიცვათ? თუკი მოსამართლე ხალვაშს მიაკუთვნებს ტელევიზიას, რით აღუდგებით წინ ამ გადაწყვეტილებას?

- ჩვენ არ უნდა დავუშვათ აღსრულების პროცესი თვითონ რუსთავი 2-ის შენობასთან. ჩვენ იქ ვიქნებით და არ შევუშვებთ უკანონო გადაწყვეტილების შემსრულებლებს. იმ ადამიანებს, ვინც იქ მოვლენ!

- ანუ რუსთავი 2“-იცავთ ყველანაირი გზით და ყველანაირი ფორმით?

- დიახ, ასეა. ახლაც იქ მივდივარ და დავიცავთ ყველანაირი გზით და ყველანაირი ფორმით!

„ახალი თაობა“, 27 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: მშიერ ადამიანს სიტყვის თავისუფლება არ ადარდებს

ნათია ხურცილავა

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ სიას პირადად ბიძინა ივანიშვილი შეადგენს. გახდება თუ არა საპარლამენტო სია კოალიციაში დაპირისპირების მიზეზი? რაზე გაკეთდება აქცენტი საპარლამენტო სიის შედგენისას?

„ყოფილ პრემიერ-მინისტრს კანონი არ უკრძალავს, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთოს. ალბათ, როგორც თქვა, ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება. „ქართული ოცნება“ მისი დაარსებული პარტიაა და ის გულგრილი ვერ იქნება ამ პარტიის ბედით. თუმცა, მთავარი ეს არ არის, მთავარი ის არის, რა პროგრამით აპირებს წარდგეს „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის წინაშე.

- რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი?

- დღეს ადამიანებს არ ადარდებთ სიტყვის თავისუფლება. როდესაც შია, ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. სიტყვის თავისუფლება ძალიან მაღალი ღირებულებაა, მაგრამ უმუშევარ შუახნის ადამიანს, რომელმაც ოჯახის გადარჩენაზე უნდა იფიქროს, ამ ღირებულებისთვის აღარ სცხელა. კახელ მევენახეს სულ არ ადარდებს, პრეზიდენტი როგორ აფასებს მთავრობის მუშაობას ან რუსთავი 2-ის მესაკუთრე ვინ იქნება. პენსიების ზრდა, გადასახადების შემცირება, სოციალურად დაუცველი ფენების პატრონობა – ეს საკითხები აწუხებთ მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც. როგორია სოციალური ფონი, როგორია უმუშევრობის დონე ქვეყანაში? აი, ეს იქნება ის ტვირთი, რომლითაც `ოცნება~ გავა არჩევნებზე.

- შეიძლება გაუჭირდეს მმართველ პარტიას ამომრჩევლის დარწმუნება?

- სოციალური ფონის პარალელურად, ხელისუფლებას გაუჭირდება საზოგადოებას აუხსნას ამხელა ბიუროკრატიული აპარატის არსებობა. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ნეპოტიზმი – ნათესაობით, მეგობრობით, პარტიული ნიშნით ადამიანების დასაქმება. ეროვნული ვალუტის გაუფასურება ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, მაგრამ უკვე ლარის გაუფასურების საკითხი მთავრობის დღის წესრიგიდან გაქრა. გაუფასურებული ლარი ლამის დაგვიკანონდა.

- ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა. ჩანს, რომ ის არ არის კმაყოფილი პარლამენტის მუშაობით. მის განახლებასა და ახალ სახეებზე გაკეთდა აქცენტი. ვინ შეიძლება იყვნენ ახალი სახეები?

- 2012 წელს განსხვავებული მდგომარეობა იყო და დაკომპლექტდა პარლამენტი ისე, როგორც დაკომპლექტდა, მაგრამ ამ სამი წლის განმავლობაში რა გაკეთდა, როგორ ხდება კადრების სელექცია?!

- დეპუტატებს ხომ ვერ შეცვლიდა?

- ცხადია, ვერ შეცვლიდა, მაგრამ უნდა ჩანდეს, რომ ტენდენცია შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა. მე რევოლუციურ ღონისძიებას არ ველოდები ამ მიმართულებით. ალბათ 2016 წლის არჩევნებისთვის კოალიცია შენარჩუნდება და მათ კვლავ კვოტები ექნებათ.

- პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ რესპუბლიკური პარტიის საქმეებში ივანიშვილი ვერ ჩაერევა. საუბარია, თუ რა სიას წარადგენს რესპუბლიკური პარტია. ეს შეიძლება კოალიციაში დაპირისპირების საგანი გახდეს?

- სწორედ ამას მოგახსენებთ. კოალიციაში შემავალი პარტიები კვოტებს მოითხოვენ და ვის შეიყვანენ სიაში, ამას ბიძინა ივანიშვილს არ ჰკითხავენ. ივანიშვილი „ქართული ოცნების“ სიას შეადგენს. თუმცა, „ქართული ოცნება“, როგორც დამოუკიდებელი პარტია, დღეს არ არსებობს. არსებობს კოალიცია „ქართული ოცნება“. არის რამდენიმე პიროვნება, რომელთაც არ აქვთ პარტიული წარსული და დღეს პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ.

- დღეს ვინც წარმოადგენს პარტია ოცნებას“, დარჩება სიაში?

- ზვიად კვაჭანტირაძე, მანანა კობახიძე, ტრიპოლსკი, ვოლსკი, სესიაშვილი დღეს წარმოადგენენ პარტია „ქართულ ოცნებას“.

- ამ ადამიანებს შეცვლის ივანიშვილი?

- ვერ გეტყვით, ივანიშვილის უკმაყოფილება კონკრეტულად რითი არის გამოწვეული.

- მაგალითად, იმით, რომ ინგლისური ენა არ იციან.

- გამოდის, ინგლისური ენის მასწავლებლებით უნდა დაკომპლექტდეს პარლამენტი?! მსოფლიოს არც ერთ პარლამენტში აქცენტი პოლიგლოტებზე არ კეთდება.

- რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი?

- ევროპაში აქცენტი იურისტებზე, კანონშემოქმედებზე კეთდება, ვინაიდან პარლამენტის უმთავრესი ფუნქცია კანონშემოქმედებაა.

- უკმაყოფილების მიზეზი, როგორც ჩანს, მხოლოდ ინგლისურის არცოდნა არ არის.

- რა თქმა უნდა. ბატონი ბიძინა ხომ ხედავს, რომ დღევანდელმა პარლამენტმა არაპოპულარობის ყველა რეკორდი მოხსნა საქართველოს უახლეს ისტორიაში. შევარდნაძის პირველი პარლამენტი, რომელსაც უდღეურ პარლამენტს ეძახდნენ, ისიც კი გაცილებით პოპულარული იყო, ვიდრე ეს პარლამენტია.

- სიის პირველ ნომერს უკავშირდება მთელი ინტრიგა, რადგან ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლიტიკაში არ დაბრუნდება, ის ვერ იქნება სიის პირველი ნომერი. ვინ შეიძლება იყოს?

- ძალიან რთული სათქმელია. არიან დეპუტატები, რომელთაც არავინ იცნობს, გარდა ოჯახის წევრებისა. მაგალითად მე, რომელიც არცთუ შორს ვდგავარ პოლიტიკიდან, მხოლოდ რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების დროს გავიგე, რომ ქიბარ ხალვაშის და ყოფილა პარლამენტის წევრი. ასევე, ჟვანიას საქმის გამწვავების დროს გავიგე, რომ მისი ძმა ყოფილა დეპუტატი.

- როგორ შეარჩევენ დეპუტატობის კანდიდატებს?

- კრიტერიუმებზე ვერაფერს გეტყვით. როგორც ჩანს, სიას თავად ივანიშვილი დააკომპლექტებს.

„ახალი თაობა“, 27 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: ნაციონალები ყოველთვის რუსეთზე მუშაობდნენ

დეპუტატმა გიორგი გაჩეჩილაძემ `პირველის~ პრესკლუბში ბიძინა ივანიშვილის შაბათის ინტერვიუ და სხვა პოლიტიკური საკითხები მიმოიხილა.

_ შევამჩნიე, რომ ბიძინა ივანიშვილი გულნატკენია. მის წინააღმდეგ ატეხილია აჟიოტაჟი, რომელიც ნაციონალებმა სპექტაკლის სახით დადგეს. პარლამენტშიც და მედიაშიც ნაცმოძრაობის ყველა გამოსვლა ბიძინა ივანიშვილის ლანძღვით მთავრდება. ეს არის მესიჯი, რომელიც ნაცმოძრაობის შემუშავებულია, -_ განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

დეპუტატი მოუწოდებს ივანიშვილს, ამ აჟიოტაჟს ყურადღებას ნუ მიაქცევს.

-         რუსთავი 2“-თან დაკავშირებით დავაზე რა აზრის ხართ?

- დღევანდელი მეპატრონეებიც არ არიან კანონიერი მეპატრონეები. ამბობენ, რომ ერთ-ერთი ძმა ყარამანაშვილი რუსული კომპანია `ბილაინის~ ერთ-ერთი მოწილეა საქართველოში. ამით ძალიან სერიოზული ძაფი შეიძლება გააბა.

- ქიბარ ხალვაშის მოთხოვნასა და სასამართლო პროცესთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

- ვერავინ მეტყვის, რომ ხალვაშს უფლება არ აქვს, იდავოს თავის ქონებაზე. დავა სამართლიანად გადაწყდება თუ არა, იმის მიხედვით ვიმსჯელოთ.

დეპუტატი ამბობს, რომ ჩვენთან დამოუკიდებელი მედიის არსებობა პრობლემატურია:

- ღარიბი ქვეყანაა. ბიზნესი ღარიბია, შემოსავლები ნაკლებია. ამიტომ ძალიან ნუ მოიკლავენ თავს იმის ძახილით, რუსთავი 2 დამოუკიდებელი ტელევიზიააო. ერთმანეთში გაარკვიონ, ვის მფლობელობაში იყო და ვის რამდენი წილი ეკუთვნის. ამას სასამართლო გადაწყვეტს.

- ხელისუფლების დამხობის მზადების მუხლით საქმე აღიძრა. რა შეგიძლიათ თქვათ?

- ამას ვიკილიქსები არ სჭირდება. ნაცმოძრაობის ძირითადი ბერკეტია პიარი. ისინი ქუჩაში დემონსტრაციებით, გამოსვლით გეგმავენ ხელისუფლების ცვლილებას. პირდაპირ არის მინიშნება, რომ დესტაბილიზაცია უნდა მოვაწყოთ და ამ ფონზე მოვითხოვოთ რიგგარეშე არჩევნებიო.

- რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში ძალაუფლების დაბრუნების შანსი აქვთ?

- არა მგონია, მაგრამ მათ დესტაბილიზაციის მოწყობის ინტერესი აქვთ. ხელისუფლებამ ალბათ ეს იცის და ამიტომ იქცევა ფრთხილად. იცის, რომ შეიძლება მკვლელობები მოხდეს. ესეც ტექნოლოგიებია. დესტაბილიზაციის უკან დგას ჩრდილოეთი.

- როგორ?

- ძალიან მარტივად. რამდენიც უნდა იძახოს ნაცმოძრაობამ, დასავლეთი, დასავლეთიო, სააკაშვილის ხელისუფლება ყოველთვის მუშაობდა საქართველოში რუსეთის ინტერესების გატარებაზე. ეს ჩანს ეკონომიკიდან, რომელიც მათ დაგვიტოვეს. ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსების ხელშია. ელენერგიის გამომუშავების 65% რუსული კომპანიების ხელშია. ყველაფერი სააკაშვილის პირობებში განხორციელდა.

- გაზპრომ“-თან მოლაპარაკებებზე რა აზრის ხართ?

- საქართველოში ახლა ხორციელდება ორი უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური პროექტი, რომელიც რუსეთისთვის კატასტროფულად ცუდია. ეს არის აბრეშუმის გზა, რომლითაც რუსეთის გვერდის ავლით ტვირთები უნდა გადაიზიდოს ევროპაში, მეორეა „შაჰ-დენიზი-2“. ეს არის გაზის უზარმაზარი ნაკადი, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით პირდაპირ ევროპაში უნდა გავიდეს. რუსეთს რა დარჩენია, კიდევ ტანკებით ხომ არ შემოვარდება? ამიტომ რუსეთს აწყობს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა, ამ პროექტების განხორციელება რომ გადაიდოს, ან სიტუაცია სულაც აირიოს. ვფიქრობ, ხელისუფლება საჭირო ღონისძიებებს ატარებს, თორემ საქართველოს, შეიძლება, კატასტროფა დაემუქროს.

„ახალი თაობა“, 27 ოქტომბერი, 2015 წელი

რამზან კადიროვი საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრას აპირებს?

შორენა მარსაგიშვილი

რამდენიმე დღის წინ რამზან კადიროვმა საქართველოს საზღვრებს ქორივით ჩამოუქროლა. ჩვენს კარიბჭესთან მდგომმა ჩეჩენთა მეთაურმა საქვეყნოდ დაიფიცა, საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ვერც ერთი ისლამისტი მებრძოლი ვერ გადმოვაო.

კავკასიის ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი მიიჩნევს, რომ კადიროვის პირით კრემლმა საქართველო და აზერბაიჯანი გააფრთხილა.

- რამზან კადიროვს საქართველოს მიმართ არანაირი ეტიკეტი არ დაურღვევია. მას არც ქართველები და არც საქართველო არაფერში დაუდანაშაულებია. უბრალოდ საზღვართან დადგა და განცხადება გააკეთა, რომ ვერც ერთი მებრძოლი ვერ გადავიდოდა რუსეთის ტერიტორიაზე. მართალია, ის ჩვენი მისამართით დელიკატური იყო, მაგრამ მისი გამოჩენა ჩვენს საზღვრებთან ხელისუფლებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ საუბარში კასრელიშვილი. მისი თქმით, კადიროვს ამის თქმა გროზნოშიც შეეძლო, მაგრამ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი საგანგებოდ შეარჩია.

- მეფის რუსეთის დროს კავკასიის ჟანდარმის ფუნქციას თბილისი ასრულებდა. ახლა ეს ჟანდარმერია გროზნოშია, მთავარი ჟანდარმი კი კადიროვი გახლავთ. მას მიაჩნია, რომ მთელ კავკასიაში უნდა დაამყაროს წესრიგი. ჩვენს საზღვართან გაკეთებული განცხადებით, საქართველოსთან ერთად მან აზერბაიჯანიც გააფრთხილა. რუსეთმა საჭიროდ თუ ჩათვალა, კადიროვი საქართველოშიც შეეცდება შემოვარდნას და აზერბაიჯანშიც, – აღნიშნავს კავკასიის ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი.

რამზან კადიროვს საკმაოდ კარგად გაწვრთნილი რაზმი ჰყავს. მის ხალხს ჩეჩნეთში კადიროველებად მოიხსენიებენ. ეს ხალხი, ისევე, როგორც კადიროვი და მოსკოვი, ყველაფერზეა წამსვლელი.

კავკასიის ჟანდარმმა რამდენიმე წლის წინ ინგუშეთის ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ოპერაცია ისე ჩაატარა, ამ რესპუბლიკის ხელმძღვანელობა არც კი გაუფრთხილებია. ახლა კადიროვი დაღესტანზე იწევს და იქ გეგმავს ანტიტერორისტული ღონისძიებების გატარებას.

- დაღესტანი და ინგუშეთი ჩეჩენთა მეთაურისთვის იოლად ხელმისაწვდომია, რადგან ყველანი რუსეთის შემადგენლობაში არიან, მაგრამ რამდენად გაბედავს ის დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიაზე შეჭრას?

- რამზან კადიროვი ასრულებს რუსეთის დავალებას, კრემლისგან მითითება თუ იქნება, ის საქართველოშიც შემოიჭრება და აზერბაიჯანშიც. სხვა საქმეა, რამდენად მივცემთ ჩვენ ამის შესაძლებლობას. რუსეთს და კადიროვს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი არ აინტერესებთ. იმითაც ნუ დავიმშვიდებთ გულს, რომ ჩეჩნეთის მეთაური ვერ მოგვწვდება. მას საკმაოდ გრძელი ხელები აქვს და როცა უნდა, ევროპის ქვეყნებშიც აწყობს რაღაც-რაღაცებს. ის საუდის არაბეთშიც არ ერიდება ტერაქტების მოწყობას, – ამბობს კასრელიშვილი.

ევროპასა და საუდის არაბეთში კადიროვს თავისი ხალხი ჰყავს. ამბობენ, რომ უმაგისობა არც საქართველოშია. პანკისელი ახალგაზრდების ნაწილი მის მიმართ დადებითად არის განწყობილი. ხეობაში ამ ადამიანზე საუბარი ტაბუდადებულია. მასზე არც კარგს ამბობენ და არც – ცუდს.

ზაალ კასრელიშვილი ამ დუმილს შემდეგი მიზეზით ხსნის:

- პანკისში ჩეჩენთა მეთაურს არავინ ლანძღავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის მიმართ დადებითად არიან განწყობილი. ეს ხალხი დუმილს თავისი ნათესავების კეთილდღეობისთვის ინარჩუნებს. პანკისელების უმეტესობას ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ჰყავს ნათესავები. ვინმემ მასზე აუგი რომ თქვას, გაიგებს და მათ ნათესავებზე იძიებს შურს.

კავკასიის ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტის აზრით, ახლა რუსეთს ძალიან უჭირს და ისლამისტებთან საბრძოლველად კადიროვის დახმარება სჭირდება. ის არ გამორიცხავს, რომ კავკასიაში წესრიგის დამყარება სწორედ ჩეჩნეთის მეთაურს დაევალოს.

- რუსეთმა საბედისწერი შეცდომა დაუშვა, როცა სირიაში საომარ მოქმედებებში ჩაერთო. ამ გადაწყვეტილებით მან არა მარტო ისლამისტები, არამედ მთელი მუსლიმანური სამყარო გადაიკიდა. რუსეთის მოსახლეობის 30%-ზე მეტი ისლამის მიმდევარია და არავინ იცის, საიდან რა საფრთხე დაემუქრება მოსკოვს. მას რამდენიმე ფრონტზე უწევს ბრძოლა და კავკასიისთვის აღარ სცალია. აქაურობას, სავარაუდოდ, კადიროვს ჩააბარებენ, რომელიც თავის მხრივ კრემლის დავალებებს შეასრულებს, – მიიჩნევს ზაალ კასრელიშვილი.

ისლამისტებთან ბრძოლაში გართულ მოსკოვს და გროზნოს კავკასიის ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი უსიამოვნო სიურპრიზებს უწინასწარმეტყველებს.

- ამათ ყველგან ისლამისტები ელანდებათ და ამასობაში სულ დაავიწყდათ ის ხალხი, რომლებიც ჩეჩნეთის თავისუფლებისთვის იბრძვის. ამდენწლიანი ბრძოლის მიუხედავად, რუსეთმა მათი დამარცხება და ამოწყვეტა ვერ შეძლო. ეს ხალხი ტყეშია გასული და, ადრე თუ გვიან, თავის ბრძოლას განაახლებს. ახლა კარგი მომენტი დგება ამისთვის. რუსეთი რამდენიმე ფრონტზე იბრძვის და თავისუფლებისთვის მებრძოლები აღარც კი ახსოვს. სამაგიეროდ, ამ ხალხს ახსოვს, რომ სამშობლო უნდა გაათავისუფლონ. კადიროვსა და რუსეთს მათი მხრიდან მომავალში ბევრი უსიამოვნება შეხვდება, – აცხადებს კონფედერაციის პრეზიდენტი. მისი თქმით, ჩეჩნეთში განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღის დაწყების შემთხვევაში, პროცესები საინტერესოდ განვითარდება.

- ამ ბრძოლაში აუცილებლად ჩაერთვებიან დაღესტანი, ინგუშეთი, ყაბარდო. წინ ბევრი ცუდი რამე ელოდება რუსეთს. ცალკე ისლამისტებთან მოუწევს ბრძოლა, ცალკე – განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებთან, – ამბობს კასრელიშვილი.

ამ ბრძოლის დაწყების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველო შარში აღმოჩნდეს,.

- კავკასია თუ აირია, საფრთხეები ჩვენც გვემუქრება, შესაძლოა, აქედან ვიღაცამ მართლაც სცადოს რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა, ამას მოსკოვი სათავისოდ გამოიყენებს და საქართველოში რაღაცას მოაწყობს.

პანკისზე მას ცუდად აქვს თვალი დადგმული, თანაც, კადიროვის პირით უკვე გაგვაფრთხილა. ამ კაცს, როგორც უკვე გითხარით, ჩვენ მიმართ ეტიკეტი არ დაურღვევია, მაგრამ კრემლის დავალება თუ იქნა, აუცილებლად შეეცდება შემოჭრას. იმედი მაქვს, ჩვენი სპეცსამსახურები მზადყოფნაში არიან, – აცხადებს კავკასიის ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი.

რეზონანსი“, 27 ოქტომბერი, 2015 წელი

ძველებური შეტევა ლარზე

ზედამხედველობის სააგენტოს შეჩერების შემდეგ ეროვნული ვალუტის მოთოკვა შეუძლებელი გახდა

მაკა ხარაზიშვილი

ლარის კურსი კვლავ დაცემის გზას დაადგა და საკმაოდ სწარაფადაც უფასურდება. მთავრობაში მთავარ მიზეზად ფსიქოლოგიურ ფაქტორს ასახელებენ და ვალუტაზე ეკონომიკურ წნეხს გამორიცხავენ. ფაქტი კი ისაა, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის პერიოდში ლარი მყარდებოდა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სააგენტოს გაჩერების შემდგომ კვლავ გაუფასურება დაიწყო.

ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა გამუდმებით უფასურდება და ცოცვა-ცოცვით კვლავ კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა. დაახლოებით ამ მეთოდით ეცემოდა კურსი აგვისტოს შუა რიცხვებიდან მოყოლებული და ისტორიულ მაქსიმუმსაც მიუახლოვდა.

ამ დროს კი რეგიონში ყველა მეზობელი ქვეყნის ვალუტა დოლართან მიმართებაში სტაბილურია ან მცირედით მყარდება. რა სჭირს ქართულ ლარს, ამის ახსნა სპეციალისტებს ისევ ეჭირთ. ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ იმპორტი, ექსპორტთან შედარებით, 100 მილიონი დოლარით შემცირდა და ამ პროცესმა უარყოფითი დეფიციტი დააბალანსა. შესაბამისად, სამინისტროში ვალუტის გაუფასურებაში ეკონომიკურ ფაქტორებს გამორიცხავენ და ლარის დევალვაციას მთლიანად ფსიქოლოგიურ წნეხს მიაწერენ. თუმცა, როგორ უნდა მოიხსნას ფსიქოლოგიური ზეწოლა, ამის ახსნა არ არსებობს.

ეკონომისტების აზრით კი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობის გაჩერება შეცდომა იყო. საზოგადოების დიდი ნაწილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის ქმედებას პოლიტიზირებულად მიიჩნევს და მის მიმართ ნდობა არ აქვს. შესაბამისად, ლარის კურსისა და ფინანსური ბაზრების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, რაც უფრო გამჭვირვალე იქნებოდა, ეს მოსახლეობის ფსიქოლოგიურ განწყობაზე უფრო დადებით გავლენას მოახდენდა.

ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო ამოქმედების პირველივე დღის საღამოს 9-ის ნახევარზე კანცელარიაში გიორგი ქადაგიძე და ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები დაიბარეს. გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ კურსზე პასუხისმგებლობას ისიც იღებდა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად მის ხელთ არსებულ მონეტარულ ბერკეტებს გამოიყენებდა. მეორე დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გამოიტანა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბაზარს ამ რაოდენობის თანხა არ სჭირდებოდა და მხოლოდ 27 მილიონ დოლარამდე ვალუტა გაიყიდა. გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც და ლარმა გამყარება დაიწყო. სავალუტო ბაზარზე ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,37-ლარიან ნიშნულზე ჩამოვიდა და “ბლუმბერგის” პლატფორმაზე გაცილებით ოპტიმისტური ტენდენცია იკვეთებოდა. ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობის გაჩერების შემდეგ ლარი მხოლოდ რამდენიმე დღე ინარჩუნებდა სტაბილურობას და ისევ გაუფასურების გზას დაადგა.

გადაწყვეტილების მიღებამდე საკონსტიტუციო სასამართლომ მოწმეებად მიიწვია ისევ გიორგი ქადაგიძე და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი. სასამართლომ სწორედ ამ ადამიანების არგუმენტების საფუძველზე მიიღო სააგენტოს შეჩერების გადაწყვეტილება. ეკონომისტების ნაწილისთვის აბსოლუტურად გაუგებარი აღმოჩნდა ამ სააგენტოს ამოქმედებით სასამართლოს მიერ დანახული “აპოკალიფსური” სურათი. ასევე გაუგებარია, მოწმის სახით რატომ მოუსმინეს სააგენტოს შექმნის მოწინააღმდეგე მხარეებს და არ დაინტერესდნენ ნეიტრალური ეკონომისტების მოსაზრებებით.

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა აღნიშნავს, რომ ფინანსური ზედამხედველობის სამსახური ცენტრალური ბანკებისგან დამოუკიდებლად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საქმიანობს და იმ ქვეყნების ეკონომიკა არ დაქცეულა. პირიქით, ეს ქვეყნები – ავსტრია, ესტონეთი, გერმანია, დანია, იაპონია, ესპანეთი, კანადა – ასეთი მოდელის შექმნას უფრო გამართლებულად მიიჩნევენ.

“საკონსტიტუციო სასამართლომ ფინანსური ზედამხედველობის საააგენტოს საქმიანობა ისე გააჩერა, რომ სამოტივაციო წერილიც კი არ გამოუქვეყნებია. ბევრ ქვეყანაში მოქმედებს ამგვარი მოდელი, ეს კაცობრიობისთვის ახალი მოვლენა არ არის. მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებში ზოგს ცალკე აქვს, ზოგს ცენტრალურ ბანკთან ერთად. რატომ გააჩერა სააგენტოს საქმიანობა ამის არგუმენტირებული საფუძველი არ ჩანს”, – ამბობს მიხეილ დუნდუა.

საქმიანობის უფრო მეტად გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკი არ ასრულებს სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს და არ აქვეყნებს ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს. “ჩვენ არ ვიცით იკრიბება თუ არა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი კვარტალში ერთხელ ან საერთოდ შეიქმნა თუ არა ეს კომიტეტი, ამის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნება”, – აღნიშნავს დუნდუა.

ეკონომისტი ვაჟა კაპანაძე აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის ქმედება კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად არაადეკვატური იყო, ვინაიდან სებ-ი თავის ქმედებებით არათუ აფერხებდა კურსის ვარდნას, არამედ ხელს უწყობდა. იგი ასევე დარწმუნებულია, რომ ხშირ შემთხვევაში კურსზე სპეკულაციური გარიგებებიც ახდენდა გავლენას, რისი მაგალითებიც მსოფლიოში უამრავია.

“კურსის მასშტაბური გაუფასურება, ძირითადად, პიროვნულ ფაქტორებზეა დამოკიდებული. ამიტომაც, ასეთ რეალობაში ზედამხედველობის სააგენტოს ამოქმედება და ინფორმაციის განაწილება როგორც გამჭვირვალობის, ისე ნდობის ხარისხს ზრდიდა”, – ამბობს ვაჟა კაპანაძე და აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისთვის მიწოდებული ლარი დოლარში კონვერტირდება და კურსზე დამატებით წნეხს აჩენს.

“ზედამხედველობის სამსახურის უშუალო ფუნქციაა ბანკების ლიკვიდურობის დონის განსაზღვრა, მენეჯმენტის შეფასება, აუდიტი და ა.შ. ამ სექტორში პოლიტიკას ისევ ეროვნული ბანკი განსაზღვრავს. დარწმუნებული ვარ, რომ სპეკულაციური გარიგებები რამდენიმე კომერციულ ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის შეთანხმებით მიმდინარეობს. საერთოდ, იქნებ ვინმემ ახსნას, რას აკეთებს ეროვნული ბანკი”, – ამბობს ვაჟა კაპანაძე და აღნიშნავს, რომ ლარმა დაკარგა დაგროვებისა და ანგარიშსწორების ფუნქცია.

“დოლარიზაციის მაჩვენებელი 65%-ია, ეს ქვეყნის დაქცევას ნიშნავს და ამ პროცესის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა არაფერი გააკეთა. მაინტერესებს, ქადაგიძეს თუ ესმის, რა არის მისი ფუნქცია? გამოიკვეთება რაღაც პოზიტიური ტენდენცია და მაშინვე ძირში კლავს”, – ამბობს ვაჟა კაპანაძე.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მოკლე დროში მიიღებს. მისი თქმით, ლარის კურსის გაუფასურებაზე შიდა და გარე ეკონომიკური ფაქტორები ამოწურულია, ხოლო გაუფასურების მიზეზების გასაანალიზებლად ხელისუფლებას დეტალურ ინფორმაციასთან წვდომა ისევ არ აქვს. “იმედია, საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას დროულად მიიღებს”, – ამბობს მეჭიაური.

საკონსტიტუციო სასამართლომ კი გადაწყვეტილება მინიმუმ 4 თვეში და მაქსიმუმ 11 თვეში უნდა მიიღოს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის გიორგი გოცირიძის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონიის 22-ე მუხლში აღნიშნულია, რომ სარჩელის განხილვა არ უნდა აღმეტებოდეს 9 თვეს და ეს პროცესი შეიძლება კიდევ 2 თვით გაგრძელდეს, ანუ მაქსიმალური ვადა 11 თვეა. თუკი საქმეს პრიორიტეტული მიენიჭა, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლომ ვერდიქტი 4 თვის ვადაშიც შეიძლება

Comments are closed