„რეზონანსი“: ახალი მთავრობა, როგორც „ოცნების“ პირველი ტესტი
„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „მალე ბევრი მინისტრის გაკვირვებულ და განაწყენებულ სახეებს ვიხილავთ“
„რეზონანსი“: ბრძოლა მცხეთისთვის-2: დიმიტრი ხუნდაძე ცეზარ ჩოჩელის წინააღმდეგ
„რეზონანსი“: ინტერვიუ დიმიტრი ხუნდაძეთან: „მიუხედავად იმისა, რომ უკვე პარლამენტში ვარ, მცხეთას მაინც არ დავთმობ“
„რეზონანსი“: ინტერვიუ ცეზარ ჩოჩელთან: „თუ არჩევნები კანონის დაცვით ჩატარდება, გავიმარჯვებ“
„რეზონანსი“: როგორ აფასებთ “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი ლიდერების გადაწყვეტილებას?
—-
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ვოლსკისთან: „პარლამენტის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა არ განხილულა“ // „თავისუფალ დემოკრატებთან საიდუმლო შეხვედრა არ მქონია“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ბიძინა გუჯაბიძესთან: „ეჭვი გვაქვს, რომ ნაცმოძრაობამ ამომრჩევლის მიმართ მოსყიდვა და კომპრომატები გამოიყენა“ // „პატრიოტთა ალიანსის განცხადებები უსაფუძვლოა“ // „ნაცმოძრაობის ნამდვილი სახე დასავლეთშიც დაინახეს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ეკა გიგაურთან: „საკონსტიტუციო უმრავლესობა საქართველოში საფრთხის შემცველია“ // „ქართველმა ხალხმა არჩევანი თავისუფალ გარემოში გააკეთა“
—-
„ვერსია“: ვისთან ერთად ქმნის ახალ პარტიას გიორგი მარგველაშვილი და რატომ გაწირეს ნაცებმა მიხეილ სააკაშვილი
—-
„კვირის პალიტრა – online“: ბიძინა ივანიშვილი, როგორც შემაკავებელი ფაქტორი, ანუ პატრონყმობის პროვინციული ხიბლი
—-
„რეზონანსი“: „საერთაშორისო იზოლაცია რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის დათბობას აიძულებს“ // ექსპერტთა პროგნოზით, ქართულ-რუსული დიალოგის არსებულ ფორმატებს მალე საპარლამენტთაშორისო დიალოგიც შეემატება
„რეზონანსი“: 24 ნოემბერი – ვიზალიბერალიზაციის ახალი შესაძლო თარიღი?! // რა გახდა ეს ვიზალიბერალიზაცია?
——————-
„რეზონანსი“, 27 ოქტომბერი, 2016 წელი
ახალი მთავრობა, როგორც „ოცნების“ პირველი ტესტი
ეკატერინე ბასილაია
პრემიერ-მინისტრმა მომავალ მთავრობაში გარკვეული ცვლილებები, მათ შორის სამინისტროების ოპტიმიზაცია, უკვე დააანონსა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კონკრეტულად არაფერი განუცხადებია, სხვადასხვა ვერსია უკვე არსებობს იმაზე, თუ რომელი სამინისტრო გადაიქცევა დეპარტამენტად და ამა თუ იმ სამინისტროს პირველ პირად ვინ შეიძლება, ვიხილოთ.
იმის შესახებ, რომ ეკონომიკურ ბლოკში სამინისტროების შერწყმა არ მოხდება, კვირიკაშვილმა უკვე განაცხადა. ასევე გამორიცხულია ძალოვანი სტრუქტურების ოპტიმიზაციაც, რადგან სწორედ “ქართული ოცნების” ინიციატივით გაიყო შს სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური. ვარაუდია მხოლოდ იმაზე, რომ შესაძლოა, დეპარტამენტების სახით სხვა სამინისტროებს შეუერთდეს ევროინტეგრაციის, შერიგებისა და ასევე დიასპორის სახელმწიფო მინისტრის აპარატები.
კონკრეტულად მინისტრების ცვლილებაზე არაფერი თქმულა, თუმცა, დიდი ალბათობით, საკუთარ თანამდებობებზე დარჩებიან: დავით სერგეენკო, დიმიტრი ქუმსიშვილი, ნოდარ ჯავახიშვილი, კახი კახიშვილი, გიგლა აგულაშვილი, ალექსანდრე ჯეჯელავა, მიხეილ გიორგაძე. ასევე საუბარია, რომ არ შეიცვლება არც საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი. თუმცა, “რუსთავი 2″-ის ცნობით, გამორიცხული არ არის, დევნილთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავდეს და ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოქმედმა თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ ჩაიბაროს. ვარაუდია, რომ ლევან იზორია დარჩება მინისტრთა კაბინეტში, თუმცა, შესაძლოა გადაინაცვლოს შს მინისტრად. თუმცა, შს მინისტრად ასევე განიხილება კახა კალაძეც და ანზორ ჩუბინიძეც. თითქმის გადაწყვეტილია, რომ შეიცვლება იუსტიციის მინისტრი და თეა წულუკიანის ნაცვლად იქნება თამარ ჩუგოშვილი.
ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენა ნოემბერში მოხდება, მას შემდეგ, რაც 30 ოქტომბრის მაჟორიტარების მეორე ტურის შედეგები გამოცხადდება, შეიკრიბება პარლამენტი და “ქართული ოცნების” უმრავლესობა პრემიერ-მინისტრს აირჩევს, რომელიც ყველა ვერსიითა და მტკიცებით, გიორგი კვირიკაშვილი იქნება, რომელმაც უნდა წარადგინოს ახალი მთავრობა.
პოლიტოლოგთა ერთი ნაწილის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარდგენილი ახალი კაბინეტი გარკვეული ტესტი იქნება, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის გავლენა ისევ ნარჩუნდება, თუ გიორგი კვირიკაშვილი ხდება რეალური პრემიერი და ლიდერი. თუკი მინისტრებს შორის რამდენიმე ახალი სახე გამოჩნდება, გამოვა, რომ გიორგი კვირიკაშვილი საკუთარი გუნდით აპირებს ქვეყნის მართვას.
ყველაზე საკვანძო მიმართულებებად სახელდება ძალოვანი სტრუქტურები და ეკონომიკური ბლოკი და ამიტომაც არის საუბარი იმაზე, რომ თუ კვირიკაშვილი შეძლებს ამ ფლანგზე მასთან აფილირებული მინისტრები წარადგინოს, ეს იქნება იმის მიმანიშნებელი, რომ ის არის რეალური ლიდერი.
ამდენად, ყველაზე დიდ ინტერესს 4 სამინისტრო იწვევს – შსს, თავდაცვის უწყება, ფინანსთა და ეკონიმიკის სამინისტროები. ამათგან ეკონიმიკის მინისტრი – დიმიტრი ქუმსიშვილი კვირიკაშვილის კადრია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ივანიშვილის კადრად ითვლება და 2-წლიანი ლარის გაუფასურების ფონზე, ეკონიმიკის ექსპერტთა ნაწილისა და ოპოზიციის დიდი კრიტიკის მიუხედავად ის 2012 წლიდან მინისტრის სავარძელს მყარად ინარჩუნებს.
ასევე კვირიკაშვილის კადრი არ არის გიორგი მღებრიშვილი. ის მინისტრთა კაბინეტში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას, 2014 წელს გამოჩნდა. თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი ლევან იზორიაც 2012 წლიდან იყო ჯერ ღარიბაშვილის, შემდეგ ალექსანდრე ჭიკაიძის მოადგილე შს სამინისტროში. თავდაცვის მინისტრად კი ის კვირიკაშვილმა 1-ელ აგვისტოს დანიშნა მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნო კამპანიის გამო “რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელი წავიდა თანამდებობიდან. თუმცა, იზორია ღარიბაშვილის კადრად მაინც არ მიიჩნევა.
ვერსიები
დღეისთვის სულ 19 სამინისტროა, მათ შორისაა 3 სახელმწიფო მინისტრის აპარატიც და კეთდება პროგნოზები, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატები გადაკეთდება დეპარტამენტებად. ევროინტეგრაციის სამინისტრო და დიასპორის სამინისტრო შეურთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო კი – სოზარ სუბარის უწყებას – დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
დანარჩენი 16 სამინისტრო კი ისევ დარჩება. შესაძლოა, მხოლოდ მინისტრების ცვლილება მოხდეს. პროგნოზები კეთდება, რომ მინისტრების უმეტესობა პორტფელებს შეინარჩუნებს.
ცვლილება, დიდი ალბათობით, აუცილებლად შეეხება 3-4 სამინისტროს, მათ შორის კი ახალი მინისტრი ეყოლება იუსტიციის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს.
“ქართული ოცნების” კულუარებიდან “რეზონანსისთვის” რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის ჩანაცვლება იგეგმება “ოცნების” ახალი სახით – თამარ ჩუგოშვილით, რაც გაზეთს უკვე ეწერა კიდეც.
ასევე “რეზონანსისთვის” კულუარებიდან ცნობილია, რომ თანამდებობას გამოემშვიდობება შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და ამ პოსტზე თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი ლევან იზორია შეიძლება ვიხილოთ.
პრაქტიკულად ეჭვიც არავის ეპარება, რომ პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსი და სიის მე-2 ნომერი კახა კალაძე მინისტრთა კაბინეტში ისევ დაბრუნდება. შესაძლოა, ისევ ენერგეტიკის მინისტრად. თუმცა, მედიაში ასევე ვრცელდება ცნობა, რომ მას შს მინისტრობაც სურს და ამ პოსტზე შეიძლება ვიხილოთ.
“ქრონიკა პლუსის” რედაქტორი ელისო კილაძე “ფეისბუქში” წერს, რომ შს მინისტრის პოსტზე კახა კალაძისა და ანზორ ჩუბინიძის კანდიდატურები განიხილება.
მომავალ სავარაუდო მინისტრებზე განხილვას არ ადასტურებენ “ქართული ოცნების” ლიდერები და მათი არგუმენტი ისაა, რომ ჯერ მაჟორიტარების მეორე ტურები აქვთ მოსაგები.
პრემიერმა კვირიკაშვილმა კი გარკვეული პატარა ცვლილებები დააანონსა, მაგრამ კონკრეტულად არაფერი უთქვამს. ერთადერთი, რაც აღნიშნა, ისაა, რომ ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება.
“ისე, სჯობს დავიცადოთ, იმიტომ, რომ ეს არჩევნების ეპოპეა უნდა დასრულდეს ალბათ. 30 ოქტომბერს არის მეორე ტური და გვინდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცოდეს, რომ არჩევნები ჯერ არ დასრულებულა. შემდგომ იქნება გარკვეული პერიოდი იმისათვის, რომ პარლამენტში წარსდგეს მთავრობა. არ არის გამორიცხული გარკვეული ცვლილებები სამინისტროების მიმართულებითაც. ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, თუ ამას კითხულობთ. მაგრამ გარკვეული პატარა ცვლილებები იქნება. ვაგრძელებთ კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტთან და ამაზე შეიტყობთ, როცა ამის დრო იქნება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კახა კალაძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში შესაძლო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გახდება ცნობილი.
“პირველი, რაც შემიძლია გითხრათ, 30 ოქტომბერს არის მეორე ტური, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. მინდა მოვუწოდო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, იაქტიურონ, მოიხადონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი. დარწმუნებული ვარ, იქნება სწორი არჩევანი. როდესაც დასრულდება მეორე ტურები, შესაძლებელი იქნება, ვისაუბროთ როგორ დაკომპლექტდება მთავრობა და რა რეფორმები არის დაგეგმილი,” – განაცხადა კალაძემ.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ირწმუნება, რომ მისთვის უცნობია, თუ რა ტიპის საკადრო ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს მთავრობის შემადგენლობაში, რომელსაც ახალი პარლამენტი დაამტკიცებს.
“მთავრობაში ცვლილებების წარდგენის პრეროგატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. მე კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიმიღია. ვფიქრობ, რომ აქ პირველი სიტყვა და პირველი ნაბიჯები პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ის მოსახლეობას წარუდგენს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას. კონკრეტულად რა შეიცვლება, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.
კითხვაზე, დარჩება თუ არა პირადად ის მინისტრად, სერგეენკომ განაცხადა, რომ “არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა გვარია მინისტრი, მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვითარდება დარგი”.
საკვანძო მინისტრები
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელ გია ხუხაშვილის განცხადებით, მთავრობაში შესაძლო საკადრო გადაადგილებასა და მთავრობის ოპტიმიზაციაზე საუბარი ნაადრევია და ეს მხოლოდ ჭორაობას ჰგავს.
“ბევრად უფრო ფუნდამენტური საკითხია საერთოდ ვინ არის პრემიერ-მინისტრი, სად დევს ძალაუფლება, რადგან დღეს არავის სჯერა, რომ რაიმე გადაწყვეტილებებს იღებს კვირიკაშვილი,” – ამბობს ხუხაშვილი, რომელიც თვლის, რომ ახალი სამთავრობო გუნდის წარდგენის შემდეგ გამოჩნდება, არის თუ არა კვირიკაშვილი რეალური პრემიერი.
“ჩვენ დაგვრჩება თუ არა განცდა, რომ ეს მისი გუნდია, თუ ეს არის იგივე გუნდი, რაც მაინცდამაინც მასთან შეიძლება არ იყოს აფილირებული. მთავარია, ჩვენ ვიგრძნოთ, რომ ინსტიტუტები მართავენ ქვეყანას, კვირიკაშვილია ნამდვილად ლიდერი, ის იღებს გადაწყვეტილებებს და შესაბამისად, ის იღებს პასუხისმგებლობას ამ გადაწყვეტილებებზე.
“თუ იგივე კაბინეტი შენარჩუნდება და კვირიკაშვილი ისევ სიყვარულსა და აგუგუნებულ საქართველოზე გველაპარაკა და მეტი არაფერი მოხდა, ამ შემთხვევაში, რაც არ უნდა დაშავდეს, მთელი პრეტენზიები სხვა მხარეს წავა და კვირიკაშვილზე არავის ექნება ეჭვი, რომ მან დააშავა რამე. ჩვენ უნდა დაგვრჩეს განცდა, რომ ეს არის ვერტიკალი და კვირიკაშვილი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და ლიდერია. არავინ არ უნდა ახსენოს ბიძინა ივანიშვილი. ამას უნდა მივაღწიოთ,” – ამბობს “რუსთავი 2″-თან ხუხაშვილი. მისი თქმით, სახელმწიფო ძალოვან სისტემასა და ფინანსებზეა დაფუძნებული. თუ ამ ორი მიმართულებით გაგვიჩნდა განცდა, რომ კვირიკაშვილის კადრებია დანიშნული, მაშინ ის გამოჩნდება ნამდვილ პრემიერად და ლიდერად და ივანიშვილიც დაისვენებს ამდენი ბრალდებისგან.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აღნიშნავს, რომ რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, რადგან მთელ ქვეყანაში ყველა მიმართულებით კომპეტენტური კადრების დეფიციტია და ამა თუ იმ მინისტრის ჩანაცვლება ადვილი გადასაწყვეტი არ არის. კითხვაზე, ვინ შეიძლება ჩაითვალოს წარუმატებელ მინისტრად, ვისი შეცვლაც ახლა “ქართული ოცნებისთვის” დადებითი იქნება, იგი ამბობს, რომ “ოცნება” არც ერთ საკუთარ მინისტრზე არ იტყვის, რომ ცუდია.
რამაზ საყვარელიძე არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ლარის მუდმივი გაუფასურების ფონზე “ოცნებისთვის” სასარგებლო იქნება ახალ კაბინეტში ახალი სახე წარადგინოს ფინანსთა მინისტრის პოსტზე.
“ოცნება” არც ერთ მინისტრზე არ იტყვის, ცუდიაო. პირიქით, ყველაზე ბევრ პოზიტივს გაიხსენებენ, მათ შორის ხადურზეც, რომლის მხრებზეც ბევრმა მძიმე პერიოდმა გადაიარა. მე ხადურის პროფესიონალიზმის მსაჯული ვერ ვიქნები, მაგრამ ეკონომისტებს და მის მასწავლებლებს ვენდობი, რომლებსაც ნათქვამი აქვთ, რომ შესანიშნავი ეკონომისტია. პირადად მე მსმენია, რომ კურსის ცვლილებები ფინანსთა სამინისტროსთან დაკავშირებული არ არის და მას ზოგჯერ ეკონომიკას აბრალებდნენ, ზოგჯერ – ეროვნულ ბანკს,” – ამბობს რამაზ საყვარელიძე და დასძენს: “თუ ხადურს ლარის გაუფასურების გამო გადააყენებენ, შესაძლოა, მის ადგილზე მოვიდეს ისეთი, ვინც კომპეტენციით ხადურზე ნაკლებია და მაშინ ხომ შეიძლება კიდევ უფრო დიდ სირთულეებს წავაწყდეთ იმიტომ, რომ საქართველოში ყველა მიმართულებით კადრების დეფიციტია. კადრების შეცვლა ადვილი გადასაწყვეტი არ არის. მთელმა ქვეყანამ სამი პარტიის კანდიდატები ვერ წარმოშვა ისეთი, რომ 5%-ანი ბარიერი გადაელახა. მეტი კადრების დეფიციტი რა გვინდა? მინისტრთა კაბინეტები კი ყველა პოლიტიკურ ძალას უჭირს და ყველგან სათუოა, გამოდგება თუ არა ესა თუ ის მინისტრი”.
„რეზონანსი“, 27 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „მალე ბევრი მინისტრის გაკვირვებულ და განაწყენებულ სახეებს ვიხილავთ“
ელზა პაპოშვილი
“ექსპერტთა კლუბის” თავმჯდომარე, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ თუ “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრების გამოცდილება და პროფესიონალიზმი ქვეყანას სჭირდება, ის გამოყენებული უნდა იყოს. მისი აზრით, ამ ადამიანებით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული, თუმცა, ეს “ოცნების” დიდ ნაწილს არ უნდა მოსწონდეს. სოსო ცისკარიშვილს მიაჩნია, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილისგან მთავრობის დაკომპლექტებისას სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, რადგანაც თანამდებობებზე შესაძლოა ისეთი ხალხის დანიშვნა მოხდეს, რომელსაც საერთოდ არ ველოდებით.
- არჩევნების შემდეგ “ქართულ ოცნებას” საზოგადოების წინაშე პირველი რა ტესტი ექნება ჩასაბარებელი?
- ამომრჩევლის მიერ არჩევნების შემდეგ ყველაზე მარტივად დასანახი და შესაფასებელი ახალი მთავრობის შემადგენლობის დანიშვნა იქნება. ცხადია, “ქართული ოცნების” “კადრებთუხუცესმა” ვინც არ უნდა დაასახელოს, უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს. საინტერესო ის იქნება, ხომ არ გაუჩნდება ვინმეს მადა, რომ კალიგულასავით სენატორად რომელიმე თავისი საყვარელი ცხოველი დანიშნოს.
მეორე ჩასაბარებელი ტესტი კი პარლამენტის მუშაობა იქნება. იმედს ვიტოვებ, რომ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, დახურულ სივრცეში “ოცნება” და “ნაციონალები” თანამშრომლობას შეძლებენ. საზოგადოება პირველ რიგში მათ შორის თანამშრომლობას ელის და არვის აღარ სურს, რომ კიდევ 4 წელი ამ ხალხმა ურთიერთლანძღვასა და დაპირისპირებაში გაატაროს. გზააბნეული ქართველი ამომრჩევლის მიერ ისინი პარლამენტში მოხვდნენ და მივიღეთ ორპარტიული მონსტრი, რომელთა თავკაცებიც არალეგიტიმურები არიან. მთავარია, რომ ის სპექტაკლი, რასაც საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი ჰქვია, მალე დასრულდეს და ამ ადამიანებმა სახელმწიფოსთვის სასარგებლო საქმის კეთება დაიწყონ.
- როგორ ფიქრობთ, “ოცნებას” აქვს თუ არა იმის რესურსი, რომ მთავრობის სერიოზული რეორგანიზაცია მოახდინოს და ქვეყანაში არსებული რიგი პრობლემების მოსაგვარებლად ახალი მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტოს?
- ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესი ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, წინდახედული ადამიანია, რომლსაც სულ ცოტა სამი შემადგენლობის მთავრობა ჰყავს შეცვლილი. ახლა მთავარია, მის შეთავაზებებს ვინ დათანხმდება. თორემ ფანტაზია ღარიბ ხალხსაც გააჩნია და ისეთ შეძლებულ ადამიანს, როგორიც ივანიშვილია, ყველა ნაბიჯი უკვე გათვლილი ექნება. მას სარეზერვოდ ვფიქრობ შერჩეულიც კი ეყოლება უკვე მთავრობის წევრები, რომლითაც ახალ მინისტრთა კაბინეტს დააკომპლექტებს.
ვფიქრობ, დიდი ალბათობით, მოულოდნელობაც იქნება და ძალიან მალე ბევრი მინისტრის გაკვირვებულ და განაწყენებულ სახეებს ვიხილავთ, რომელთა შესაცვლელადაც კადრებთუხუცესი ახალ კანიდატურებს წარმოგვიდგენს.
მე მგონი, ყველაზე სერიოზული მოულოდნელობა პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურა იქნება. წინა მოწვევის პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილთან შესადარებლადაც სირცხვილი იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანას სცენარისტი და რეჟისორი კვლავ ერთი ადამიანი ჰყავს, შესაბამისად, მისგან ახალს არაფერს უნდა ველოდოთ. ის ქვეყნის მართვას კვლავ იმ სცენარით განაგრძობს, რომელსაც 4 წლის განმავლობაში აკეთებდა. თუმცა, ახალი სახეების იმედი უნდა ვიქონიოთ, რომელთაც თავმოყვარეობის უნარი ჯერ არ დაჰკარგვიათ და ქართული სიბრძნეც კარგად ახსოვთ – “სახელის გატეხას თავის გატეხა ჯობიაო”.
- მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრები შესაძლოა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვიხილოთ. როგორ ფიქრობთ, “ოცნებას” ინტელექტულაური რესურსის ძებნა პარტიის მიღმა უწევს და საკადრო შიმშილს განიცდის?
- მე პირადად იმ პარტიას მივესალმები, რომელსაც ვიწრო პარტიული ინტერესები უპირობო ფასეულობად არ მიაჩნია. თუ მათთვის მთავარ სადარდებელს სახელმწიფო წარმოადგენს, მაშინ თავისი პროფესიონალიზმი და გამოცდილება ქვეყანას უნდა მოახმარონ. არ არის გამორიცხული, რომ ეს ადამიანები კადრებთუხუცესს სურდეს და “ოცნების” წევრების დაუკითხავადაც მოქმედებდეს. ვფიქრობ, რომ ეს თავად პარტიის დიდ ნაწილს არ სიამოვნებდეს. თუ ისინი რაიმე მნიშვნელოვან თანამდებობებზე დაინიშნენ, არ არის გამორიცხული, რომ ამან “მეოცნებეთა” რიგებში მკაფიო აგრესია გამოიწვიოს. გუნდის ძახილსა და პირად ამბიციებს ქვეყანას ხომ არ გადავაყოლებთ? თუ ეს ადამიანები სახელმწიფო ინტერესებს სჭირდება – რატომაც არა. “თავისუფალი დემოკრატების” ირგვლივ ასეთი აჟიოტაჟი ტყუილად არ ატყდებოდა. დიდი ალბათობით, მათით კადრებთუხუცესი ივანიშვილია დაინტერესებული.
- “ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, პირველ რიგში კონსტიტუციაში ცვლილება განხორციელდება, რათა ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობა გაძლიერდეს. როგორ ფიქრობთ, დღეის მდგომარეობით ქვეყანა არის თუ არა მზად, რომ საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდეს?
- ვფიქრობ, ეს ბიჭი ძალიან დაიღალა და მისთვის ორკვირიანი არდადეგები კარგი იქნება. ის სახელმწიფოებრივი მენტალიტეტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან არსებობს, სამწუხაროდ, კვლავ არის და მინდა გითხრათ, რომ უფრო უარესი ფორმით. ჩვენს ქვეყანაში ყველაფერს ჯერ კიდევ ერთი ადამიანი წყვეტს, რომელიც კანონის ფარგლებშიც კი არ ჯდება. შესაბამისად, ეს კი კარგი იდეაა, მაგრამ საქმე ისაა, მისი განხორციელება როგორ მოხდება. ქვეყანაში, სადაც პარლამენტის წევრების უმრავლესობა არ არის არც კონსტიტუციონალისტი და არც ინტელექტით დიდად დაჯილდოებული, მათ კანონების მიღება და იდეების გენერირება როგორ უნდა შეძლონ? აქაც მხოლოდ ერთი კაცი იქნება მბრძანებელი, რომლის სურვილისამებრ ეს ხალხი პარლამენტში პულტს ხელს ისე დააჭერს, რომ იქიდან უმეტესობას ბოლომდე არ ეცოდინება, ხმა რას მისცა.
- თქვენთვის პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევა რამდენად მისაღებია?
- ეს ძალიან საშიში და საფრთხილო თემაა, რადგანაც საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, ვფიქრობ, პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურა იქნება, რომლის გაკონტროლებასაც კადრებთუხუცესი ვერ შეძლებს. ამიტომაც ქვყანაში ყველაფრისა და ყველას კონტროლისთვის მან ამ ინსტიტუტის ხელში ჩაგდებაც გადაწყვიტა. ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევის წესის გადაბარება პარლამენტისთვის მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მას გიორგი მარგველაშვილი აღარ დაემორჩილა და აუმხედრდა. კადრებთუხუცესმა ეს თავის პირად შეცდომად მიიჩნია და ამ შეცდომის ამგვარად გამოსწორება სურს.
„რეზონანსი“, 27 ოქტომბერი, 2016 წელი
ბრძოლა მცხეთისთვის-2: დიმიტრი ხუნდაძე ცეზარ ჩოჩელის წინააღმდეგ
თიკო ოსმანოვა
კვირას მცხეთის ამომრჩეველს “ქართული ოცნების” მაჟორიტარ კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძესა და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს შორის არჩევანის გაკეთება კიდევ ერთხელ მოუწევს. თუ ვისკენ გადაიწევა სასწორის პინა, ზუსტად 3 დღეში გაირკვევა. არჩევნების პირველი ტურის შედეგებით კი მმართველი პარტიის კანდიდატი ლიდერობს, თუმცა, მცირე სხვაობით. აღსანიშნავია, რომ არჩევნების მეორე ტური 50 ოლქში იმართება და ამჯერად ერთმანეთს მხოლოდ ის მაჟორიტარი კანდიდატები დაუპირისპირდებიან, რომლებმაც არჩევნებზე ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მიიღეს, თუმცა, ვერ შეძლეს 50%-იანი ბარიერის გადალახვა.
მცხეთაში არჩევნების პირველი ტურის შედეგად მმართველი პარტიის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ ხმების 41% მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი, რომელმაც ხმების 39%-ის მოპოვება შეძლო. აქედან გამომდინარე, ამომრჩევლებს ამ ორ ადამიანს შორის არჩევანის გაკეთება კიდევ ერთხელ მოუწევთ.
მიუხედავად, “ქართული ოცნების” კანდიდატის უპირატესობისა, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეცილისტი არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ არჩევნების მეორე ტურზე ცეზარ ჩოჩელს გამარჯვების უფრო მეტი შანსი აქვს. ასეთი პროგნოზის გაკეთების საფუძველს კი ჩოჩელის ფინანსური შესაძლებლობები აძლევს. მისი თქმით, ფულს არჩევნებზე დიდი მნიშვნელობა აქვს.
“მცხეთა საინტერესო ქეისია, თუმცა, წინასწარი პროგნოზი საკმაოდ რთულია. ფინანსებს არჩევნებზე დიდი მნიშვნელობა აქვს, გავიხსენოთ ოქრიაშვილი, ბუკია და კიდევ სხვა დანარაჩენი, ანუ ისეთი სუბიექტები, რომლებიც საერთო ჯამში საკუთარი ბიზნესებით ადგილზე ეფექტს ქმნიდნენ, ფინანსური რესურსების ხარჯვას ახდენდნენ და ამ კუთხით ჰქონდათ გარკვეული ზემოქმედების უნარი.. ამიტომ ჩოჩელიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. უბრალოდ ამათგან იმით განსხავდება, რომ “ქართულ ოცნებაში” არ გადავიდა.
„თუკი გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ბიზნესმენებს პოლიტიკაში მოსვლისა და გამარჯვების პრობლემა არ აქვს, ადგილებზე ადვილად იგებენ, აქედან გამომდინარე, ჩოჩელს გამარჯვების უფრო რეალური შანსი აქვს, ვიდრე ხუნდაძეს”, – უთხრა “რეზონანსს არჩილ გამზარდიამ. მისივე თქმით, ხუნდაძის გამარჯვების პერსპექტივა დამოკიდებულია ამომრჩევლების აქტიურობაზე. ეს კი, როგორც წესი, მეორე ტურებში დაბალია, რაც ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს.
“მმართველი პარტია ადმინისტრაციულ და სახელისუფლებო რესურსს ბოლოში უფრო ხარჯავს, ბიზნესმენი პოლიტიკოსები კი უფრო ხანგრძლივად მუშაობენ. ამიტომ შესაძლოა, მათი ეფექტიც უფრო მაღალი იყოს. გასაგებია, რომ მმართველ ძალას აქვს გარკვეული ბერკეტები, მაგრამ ეს ასე ხელაღებით გამარჯვების შანსს არ აძლევს. პირველ ტურში დიმიტრი ხუნდაძის მიერ მოპოვებული შედეგი არის მხოლოდ და მხოლოდ მცირე უპირატესობა. მისი გამარჯვების პერსპექტივა დამოკიდებულია იმაზეც, თუ რამდენად მივა მისი ამომრჩეველი არჩევნების მეორე ტურზეც. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში გარკვეული რისკები არსებობს – ისეთივე მოწადინებით აღარ მივლენ. პირველ ტურზე იყო დამოკიდებულება, რომ “ნაციონალები” ხელისუფლებაში არ მოვიდნენ. დღეს კი საუბარია საკონსტიტუციო უმრავლესობაზე. მმართველი პარტია ძალიან მშვიდად გრძნობს თავს. მოსახლეობის დაბალი აქტივობა კი ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. თანაც, აქ გაიზომება ხუნდაძის პირადი რეიტინგი. და არა მარტო მცხეთაში საერთოდ მეორე ტურებში ძირითადად ინდიკატორია უშუალოდ პიროვნება. ასევე საინტერესოა, უკვე დამარცხებული პარტიის ამომრჩევლები ვის მისცემენ ხმას”, – გვითხრა არჩილ გამზარდიამ.
თავად კანდიდატები კი გამარჯვებაში დარწმუნებული არიან და პირველ ტურში მარცხს ერთმანეთს აბრალებენ.
„რეზონანსი“, 27 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ დიმიტრი ხუნდაძეთან: „მიუხედავად იმისა, რომ უკვე პარლამენტში ვარ, მცხეთას მაინც არ დავთმობ“
თიკო ოსმანოვა
“ქართული ოცნების” კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე პროპორციული სიით პარლამენტში უკვე მოხვდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მცხეთის მაჟორიტარობისათვის ბრძოლას აგრძელებს. „რეზონანსთან“ საუბრისას იგი ამბობს, რომ მცხეთას არ დათმობს და 30 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს: „მიუხედავად იმისა, რაც მცხეთაში არჩევნების პირველ ტურზე ხდებოდა, მაინც მოვიგე და დარწმუნებული ვარ, მეორე ტურშიც გავიმარჯვებ. ჩემი ოპონენტი აქცენტს ფულზე აკეთებს, თუმცა, მე ეს არ შემაჩერებს, მას მეორე ტურშიც დავამარცხებ“.
- კონკრეტულად რა ხდებოდა მცხეთაში?
- ჩემი ოპონენტი თავიდან მმართველი პარტიის სახელს იყენებდა და ამით ცდილობდა თავისი წარსულის წაშლას. საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში. ამას დაემატა არჩევნებისთვის მიუღებელი ფინანსური რესურსის გამოყენება.
- თუმცა, ფინანსური რესურსის დახარჯვაში ჩოჩელი პირიქით, თქვენ გადანაშაულებთ?
- მცხეთაში იმდენი ფული დაიხარჯა ჩემი ოპონენტის მხრიდან, რომ, მე მგონი, სიღარიბის მაჩვენებელმა დაიწია, რაც გარკვეულწილად კარგია – ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. ამ არჩევნების უჩვეულობა კიდევ ერთ რამეში გამოიხატება – მართველი გუნდის წარმომადგენლები ჩივიან, რომ მათი ოპონენტები ფინანსურ რესურსს იყენებენ.
- ოპოზიცია პირიქით ჩივის…
- სხვათა შორის, ამ ტიპის განცხადებების გაკეთება მხოლოდ ჭორებზე არ შეიძლება. მე რასაც ვსაუბრობ, ამის საფუძველს მაძლევს უწყებათაშორის კომისიაში ჩემ მიერ შეტანილი განცხადება. იცით, რომ ბატონ ჩოჩელზე შევიტანე საჩივარი. მას შემდეგ, რაც მაჟორიტარ კანდიდატად დარეგისტრირდა, მეორე დღეს ერთ-ერთ სკოლაში გადარიცხა თანხა ფინანსური მხარდეჭერისათვის და მე ამას დავარქვი “საარჩევნო ქველმოქმედება”, რომელიც კატეგორიულად იკრძალება არჩევნების დროს.
- თქვენი უპირატესობა პირველ ტურში არც ისე დიდი იყო…
- საზოგადოებამ უკვე იცის, ვინ არის მმართველი გუნდის წარმომადგენელი და არჩევნს მყარად გააკეთებს და კიდევ ერთხელ გავიმარჯვებ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე პარლამენტში ვარ, მცხეთას მაინც არ დავთმობ. ქალაქს უნდა ჰყავდეს სუფთა წარსულის ადამიანი და პირი, რომელიც დაიცავს ქალაქისა და მოქალაქეების ინტერესებს.
„რეზონანსი“, 27 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ცეზარ ჩოჩელთან: „თუ არჩევნები კანონის დაცვით ჩატარდება, გავიმარჯვებ“
თიკო ოსმანოვა
ბიზნესმენი, დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი კი მის ოპონენტ ხუნდაძეს ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და მოსახლეობის შევიწროებაში ადანაშაულებს. „რეზონანსთან“ საუბარში იგი ამბობს, რომ სწორედ ამან გამოიწვია არჩევნების მეორე ტური, რადგან იგი პირველივე ტურში იმარჯვებდა: „არ ვთვლი, რომ დავმარცხდი, იმიტომ, რომ დაახლოებით ათასზე მეტი ჩემი ბიულეტენი იყო დაზიანებული“.
- ფიქრობთ, რომ მიზანმიმართულად დაგიზიანეს?
- ამას აღარ აქვს მნიშვნელობა.
- და როგორ ფიქრობთ, შეძლებთ მეორე ტურში გამარჯვებას?
- თუ კანონიერად ჩატარდა, გავიმარჯვებ.
- თქვენი ოპონენტი ფინანსური რესურსის გამოყენებაში გადანაშაულებთ.
- ჩვენ პირიქით ვადანაშაულებთ არა მარტო ფინანსური, არამედ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა, მოსახლეობის შევიწროებაში და ყველა იმ ტექნოლოგიის კანონიერი თუ უკანონო გზების გამოყენებაში, რაც ხუნდაძემ პირველ ტურში გამოიყენა. ამან განაპირობა, რომ არჩევნები პირველი ტურით არ დასრულდა. რაც შეეხება ფინანსურ რესურსს, გადით მოსახლეობაში და იკითხეთ, ვინ რა გააკეთა. ჩვენ არანაირი ფინანსური რესურსი არ გამოგვიყენებია გარდა იმ ქმედებისა, რომელიც კანონით არის დაშვებული. ვგულისხმობ, აგიტარორებისა და კოორდინატორების ხელფასებს.
„რეზონანსი“, 27 ოქტომბერი, 2016 წელი
როგორ აფასებთ “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი ლიდერების გადაწყვეტილებას?
გვანცა ღვედაშვილი
(შემოკლებით)
“თავისუფალი დემოკრატების” ყოფილმა ლიდერებმა, დავით ონოფრიშვილმა, ზურაბ აბაშიძემ და გია ცაგარეიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდეს, რომ ხმა “ქართულ ოცნებას” მისცენ.
“პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებთ, არც პოლიტიკური თანამდებობების დაკავებას. მალე მეორე ტური იქნება და ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ მხარი “ქართული ოცნების” კანდიდატებს დაუჭირონ, რადგან 2012 წელს ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი ოპოზიციაში გადასულიყვნენ და იქნებ პოლიტიკიდანაც წასულიყვნენ. ხელისუფლების მხრიდან არანაირი შემოთავაზება არ მიმდინარეობს. საკონსტიტუციო უმრავლესობა ბოროტად იყო გამოყენებული “ნაციონალური მოძრაობის” დროს და იმედს გამოვთქვამთ, რომ კვირიკაშვილის მთავრობის ხელში ეს ასე არ იქნება”, – განაცხადეს “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილმა წევრებმა. (…)
როგორ აფასებთ “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი ლიდერების გადაწყვეტილებას “ოცნებასთან” თანამშრომლობის შესახებ? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიამრთა.
ირმა სოხაძე (მუსიკოსი): “ყველა, ვინც არ არის “ნაციონალების” უპირებო მომხრე და ჭკუიდან გადაცდენილი, “ქართულ ოცნებას” დაუჭერს მხარს. ძალიან ცუდია საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ კიდევ უფრო ცუდია “ნაციონალების” დიდი რაოდენობით პარლამენტში მოხვედრა. “როდესაც ორი ცუდია, უარესი არ უნდა ავირჩიოთ. ამიტომ “ოცნების” მხარდაჭერისკენ მოწოდება ჩემთვის გასაგებია, თუმცა, თუკი ამის გამო ელოდები რაღაც თანამდებობას, ეს სხვაა. “მე ყველას მინდა ვურჩიო, ახალგაზრდებსაც და ჩემი ასაკის ადამიანებსაც, რომ მოიძიონ და წაიკითხონ აკაკი წერეთლის “კორინთელი”. ამით ბევრ რამეს გაიგებენ და მიხვდებიან.”…
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): “ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ “ოცნების” კანდიდატურას დაუჭირონ მხარი და მათ თქვეს, რომ ჩვენ არც შემოთავაზება გვქვს რაიმე და არც არაფერი და ეს ჩვენი სახელმწიფოებრივი აზროვნებაა და მაშინ ეს სამოქლაქო პოზიციაა.”
გია ბუღაძე (ფერმწერი): “ძალიან სასაცილოები არიან. ჯერ მარტო ყველაზე ღირსეულ ადამიანზე, ნინო გოგუაძეზე როგორ ილაპარაკეს. დიდი წარმოდგენა მათზე არც მანამდე მქონდა და ამის შემდეგ საერთოდ. ასეთი ქმედებებით მათ საკუთარი ავტორიტეტი დამარხეს, მეტი არაფერი.”
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): “მე მოველოდი ასეთ გადაწყვეტილებას. როდესაც პარტია მარცხდება და პოლიტიკაში დარჩენის სხვა არავითარი შანსი აღარ გაქვს, ასეთი გადაწყვეტილება პრაგმატულია და ამ მხრივ მათ მოქმედებას დადებითად ვაფასებ. არ ვიცი, მათი ურთიერთობები ხელისუფლებასთან როგორ დალაგდება, თუმცა, ჩემი აზრით, მათ პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.”
——————–
„ახალი თაობა“, 27 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ გია ვოლსკისთან: „პარლამენტის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა არ განხილულა“ // „თავისუფალ დემოკრატებთან საიდუმლო შეხვედრა არ მქონია“
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ჯერ არ შეკრებილა ის მაგიდა, რომელმაც მომავალი პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა საპარლამენტო თანამდებობების საკითხები უნდა განიხილოს.
- ბატონო გია, გარკვეული სამინისტროების ოპტიმიზაციაზე, შერწყმაზე ინფორმაცია არსებობს. პრემიერ-მინისტრმა არ გამორიცხა, რომ მოხდეს სამინისტროების შერწყმა, თუმცა, მისივე განცხადებით, ეს არ ეხება ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებს. რომელ სამინისტროებზეა საუბარი?
- სამინისტროების ოპტიმიზაციაში და გარკვეული სახის ცვლილებებში დრამატულს ვერაფერს ვხედავ. არ მგონია, რომ ეს იყოს ძალიან მასშტაბური ცვლილებები. თუმცა, უკეთესი იქნება, ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას დაველოდოთ.
- კონკრეტულად რომელ სამინისტროებს შეიძლება შეეხოს ოპტიმიზაცია?
- ამაზე მეტ ინფორმაციას ამ საკითხზე მე დღეს არ ვფლობ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
- ბატონო გია, მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის ვინაობის საკითხი თუ განიხილა „ქართულმა ოცნებამ“?
- არა, ეს საკითხი ჯერ არ განხილულა. იმ მაგიდის გარშემო ჯერ არ შევკრებილვართ, სადაც მსგავსი საკითხების განხილვა უნდა მოხდეს. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა არის არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება. ეს საკითხი არაფრით უნდა გადაიფაროს. ახლა პირველი რიგის ამოცანა სწორედ მეორე ტურია. მერე, რასაკვირველია, შევიკრიბებით და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. ჩვენ ჩვენი აზრები გვაქვს, მაგრამ განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისგან, ვისაც რა საპარლამენტო პოზიციაც არ უნდა ერგოს, ეს ჩვენ შორის შიდა დაძაბულობას ნამდვილად არ გამოიწვევს. ამ საკითხზე, სამწუხაროდ, არასწორი ინტერპრეტაციები არსებობს.
- ირაკლი კობახიძისა და თამარ ჩუგოშვილის კანდიდატურები კვლავ აქტუალურია თუ თქვენი კანდიდატურა განიხილება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?
- ირაკლი კობახიძემაც და თამარ ჩუგოშვილმაც გააკეთეს განცხადებები ამ საკითხზე.
- თქვენი კანდიდატურა განიხილება?
- არანაირად არ განიხილება, არც ჩემი კანდიდატურა და არც სხვისი არ დასახელებულა.
- ბატონო გია, თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრების შეხვედრა თქვენთან მითქმა-მოთქმის საფუძველი გახდა. თითქოს მათ ახალ მთავრობაში შეთავაზებები მიიღეს. მოგვიანებით მათ მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატების სასარგებლო მოწოდებები გააკეთეს. ამ შეხვედრაზე რა განიხილეთ?
- არაფერ შუაში არ არის ის შეხვედრა იმ განცხადებასთან, რომელიც მათ მოგვიანებით გააკეთეს. მათ ჯერ კიდევ 2012 წელს ჰქონდათ ჩამოყალიბებული აზრი და არასდროს შეუცვლიათ ეს აზრი, ვგულისხმობ ნაციონალური მოძრაობის მიმართ დამოკიდებულებას, ამ განცხადებაში გასაკვირი არაფერი უნდა იყოს.
- შეხვედრაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
- შეხვედრა სპონტანური იყო და არავითარ მოლაპარაკებებს არ ჰქონია ადგილი. განვიხილეთ მიმდინარე პროცესები, შევაფასეთ სიტუაცია, გარკვეულ საკითხებზე ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა. ეს არ ნიშნავს, რომ თანამდებობების საკითხი განიხილება, რაც თითქოს კონსპირაციას ექვემდებარება. დამერწმუნეთ, საიდუმლო შეხვედრა რომ გვდომოდა, ამის პრობლემა არ გვექნებოდა და ეს შეხვედრა პარლამენტში არ შედგებოდა.
- სამომავლოდ თუ იგეგმება ამ ადამიანებთან თანამშრომლობა?
- მომავალში ვითანამშრომლებთ ნებისმიერ ადამიანთან, პარტიასთან, რომელთაც ჩამოყალიბებული აზრი და სახელმწიფოებრივი ხედვა აქვთ.
- ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე, ის ადამიანები, რომლებმაც დატოვეს თავისუფალი დემოკრატები, სახელმწიფოებრივად უყურებენ პრობლემებს?
- რამდენიმე მაგალითი შემიძლია დავასახელო, როდესაც სწორედ სახელმწიფოებრივი მიდგომა იყო საფუძველი პროგრესისა და პოზიტიური განვითარების, თუნდაც ევროსაპარლამენტო სტრუქტურებთან ურთიერთობაში. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა და დღესაც ხელმძღვანელობს ვიქტორ დოლიძე. არც ერთხელ არ მახსოვს, ჩვენი აქ ოპონირების მიუხედავად, უცხოეთში ნებისმიერ საკითხზე არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულება ჰქონოდა ვიქტორ დოლიძეს და განსხვავებულად ემსჯელა.
- შესაძლებელია, რომ სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო, ვიქტორ დოლიძემ ევროინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოსტი დაიკავოს? ჩვენი ინფორმაციით, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია...
- ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, თქვენი, ჟურნალისტების, ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში წინ უსწრებს მოვლენებს.
- რამდენად ისურვებდით ამას?
- ვისურვებდი, რომ ვიქტორ დოლიძე თავისი გამოცდილებით იყოს იმ რიგებში, სადაც სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხები წყდება. გარკვეული პერიოდის მანძილზე შეიძლება ადამიანი პოლიტიკური ოპონენტი იყოს, მაგრამ სახელმწიფოებრივად მსჯელობდეს, აზროვნებდეს. მე გითხარით, რომ ევროპულ სტრუქტურებთან, კონკრეტულად კი ევროპარლამენტთან, როდესაც ჩვენი ურთიერთობები ყალიბდებოდა, ძალას იკრებდა, საკმაოდ წარმატებული იყო ამ მიმართულებით ვიქტორ დოლიძე. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. წინ არჩევნების მეორე ტურია.
„ახალი თაობა“, 27 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ბიძინა გუჯაბიძესთან: „ეჭვი გვაქვს, რომ ნაცმოძრაობამ ამომრჩევლის მიმართ მოსყიდვა და კომპრომატები გამოიყენა“ // „პატრიოტთა ალიანსის განცხადებები უსაფუძვლოა“ // „ნაცმოძრაობის ნამდვილი სახე დასავლეთშიც დაინახეს“
„ახალი თაობა“ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა პარლამენტის უმრავლესობის წევრ ბიძინა გუჯაბიძეს
- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი აცხადებს, რომ 8 ოქტომბერს არჩევნებში გაყალბების ახალი ფორმულა გამოიყენეს და ამ ფორმულის გამოკვლევა დაიწყება...
- არ მესმის, რატომ გაუჩნდათ ასეთი ეჭვი პატრიოტთა ალიანსში. არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ პირველ ადგილზე გავიდოდა „ქართული ოცნება“ და ის მიიღებდა მანდატების დიდ რაოდენობას.
- თქვენ ადრევე ვარაუდობდით, რომ პარლამენტში, მთლიანობაში, „ქართული ოცნება“ 100-ზე მეტ დეპუტატს გაიყვანდა...
- დიახ. ჩემი პროგნოზი გამართლდა. სიმართლე გითხრათ, უფრო უკეთეს შედეგსაც ველოდი. არ მეგონა, თუ ამდენ ოლქში დაინიშნებოდა მეორე ტური. ჩვენ პარტიული სიითაც შეგვეძლო უკეთესი შედეგის მიღწევა, მაგრამ ყველა ამომრჩევლის მობილიზაცია ვერ მოხერხდა. იმედია, მეორე ტურში ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბნებზე და მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას, რომლის შედეგად „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით 115 დეპუტატი ეყოლება.
- ნაცმოძრაობისა და პატრიოტთა ალიანსის შედეგებზე რისი თქმა შეიძლება?
- პატრიოტთა ალიანსის ასეთი შედეგი მოსალოდნელი იყო. თუ რაიმეს აპროტესტებენ, შეუძლიათ სასამართლოში გაარკვიონ. პატრიოტთა ალიანსის განცხადებები უსაფუძვლოა და კორექტულიც არაა. ნაციონალური მოძრაობის მიღებულმა პროცენტებმა ბევრი გააკვირვა. ჩვენც მიგვაჩნია, რომ ნაციონალებმა იმაზე მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე მათი რეიტინგია. ამის თაობაზე ეჭვები გვაქვს და შესაბამის ანალიზსა და კვლევებსაც ჩავატარებთ.
- ფიქრობთ, რომ ნაცმოძრაობამ რაიმე ტექნოლოგიები აამოქმედა?
- ამას არ გამოვრიცხავთ. ჯერ ერთი, არჩევნების შედეგზე იმოქმედებდა ამომრჩევლის მოსყიდვა, ასევე კომპრომატები. ნაციონალურ მოძრაობას არქივები აქვს მოქალაქეების კომპრომატებით. ეს კომპრომატები ადრე არაერთხელ გამოუყენებიათ ადამიანებზე ზემოქმედებისათვის. ახლაც არაა გამორიცხული ამ უზნეო ბერკეტის გამოყენება. იყო კიდევ ერთი ფაქტორი _ შიში. 8 ოქტომბრის წინ სააკაშვილმა სხვადასხვა ჩართვის დროს რამდენჯერმე განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოდის. შესაძლოა, ადამიანების გარკვეულ ნაწილზე ამანაც იმოქმედა. განსაკუთრებით, ნაცმოძრაობის ადრინდელ მომხრეებზე.
- ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები აცხადებენ, რომ 8 ოქტომბრის შემდეგ ნაცმოძრაობა ქვეყანაში ერთადერთი პროდასავლური ძალაა...
- ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის მხოლოდ სიტყვით იყო პროდასავლური პარტია. მათი თითქმის ყველა მოქმედება საპირისპიროს ამტკიცებდა. ამას ადასტურებს ახლა მიმდინარე არაერთი გამოძიება..
- რას გულისხმობთ?
- სააკაშვილის მმართველობის დროს ჩადენილ საქმეებს, სისტემურ დანაშაულს. ეს დანაშაულები და მაშინდელი რეჟიმი ყველანაირად ეწინააღმდეგება დასავლურ ღირებულებებს. დასავლეთში თავიდან ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. შორიდან ძნელია მოვლენების შეფასება. ამიტომ, კარგა ხანს დასავლეთში იჯერებდნენ იმას, რასაც მათ ეუბნებოდნენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს ფარდა აეხადა. ჩვენ გავარღვიეთ ყრუ კედელი. ამაში წვლილი შევიტანეთ „კონსერვატორებმაც“. ჩვენ ევროპარლამენტის კონსერვატორების მრავალრიცხოვან ფრაქციასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. მისი დელეგაცია აქაც ჩამოდის და საკუთარი თვალით ეცნობა სიტუაციას. აღარავის ეპარება ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ დასავლური ორიენტაციის ძალაა და ქართულ ინტერესებსაც ატარებს. ამას ვეღარ ეწინააღმდეგებიან ნაციონალური მოძრაობის მეგობრები თუ ლობისტები დასავლეთში. როცა პოლიტიკაში მოდიოდა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ არ იქნებოდა ანგარიშსწორება. მართლაც, არანაირი შურისძიება არავისზე არ ყოფილა. ჩვენ არ ვერევით პროკურატურისა და სასამართლოს ფუნქციებში. დემოკრატიული პროცესები დადებითად შეფასდა. 8 ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულობა აღიარეს უცხოელმა დამკვირვებლებმა. ეს დიდი მიღწევაა.
- ბევრი მიიჩნევს, რომ ნაცმოძრაობის დეპუტატობის არაერთ კანდიდატს კანონთან პრობლემები აქვს და სადეპუტატო იმუნიტეტი სჭირდება. ამიტომ ისევ წამოიწია დეპუტატის იმუნიტეტის გაუქმების თემამ...
- ეს საკითხი განხილვას მოითხოვს. არ მესმის, რისი უნდა ეშინოდეთ ნაციონალური მოძრაობის წევრებს? მათ მიმართ რეპრესიებს არავინ აპირებს. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, რომელი პარტიიდანაც არ უნდა იყოს დეპუტატი, მან პასუხი უნდა აგოს. პარლამენტი დამნაშავის თავშესაფარი არ არის.
- საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხიც გახდება განხილვის საგანი?
- თუ დღის წესრიგში დადგა, ეს ინიციატივაც განიხილება. ამ ეტაპზე გვაქვს 5%-იანი ბარიერი პარტიებისათვის და 50%-იანი ბარიერი მაჟორიტარობის კანდიდატებისათვის. ამ ნორმებით პარლამენტში მოხვდა 3 პარტია. ჩემი სურვილი იყო, უფრო მეტი ძალა ყოფილიყო წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში. თუ მრავალპარტიულობას წაადგება, შესაძლოა, ბარიერის დაწევაც მოხდეს. ეს სამსჯელო თემაა და ეს საკითხი გადაწყდება ისე, როგორც დემოკრატიისათვის ი
„ახალი თაობა“, 27 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ეკა გიგაურთან: „საკონსტიტუციო უმრავლესობა საქართველოში საფრთხის შემცველია“ // „ქართველმა ხალხმა არჩევანი თავისუფალ გარემოში გააკეთა“
არჩევნები მეორე ტური აქტუალობას არ კარგავს. რა დარღვევები დაფიქსირდა არჩევნების პირველ ტურზე? რამდენად დაძაბული მეორე ტური გველის? რა დასკვნები დადეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა? პირველ რიგში რა ცვლილებები უნდა შევიდეს კონსტიტუციაში? „ახალი თაობის“ ამ და სხვა კითხვებს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პასუხობს.
- ეკა, რამდენიმე დღეში მეორე ტური გაიმართება. როგორია თქვენი ორგანიზაციის შეფასებები პირველ ტურთან დაკავშირებით? მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ამ პროცესს, ოპოზიციური პარტიები საუბრობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. რას იტყვით თქვენ?
- ჩვენს ორგანიზაციას წარდგენილი ჰყავდა 450 დამკვირვებელი. ძირითადი ნაწილი, 400 კაცი, გვყავდა სტატიკური დამკვირვებელი, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში იყვნენ უბანზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით და ნაწილი იყო მობილური ჯგუფების, რომლებიც ბევრ უბანზე იმყოფებოდნენ და ვცდილობდით ყველა ის პრობლემა, რომელზეც ვიღებდით ინფორმაციას, დაგვეფიქსირებინა.
- აქედან გამომდინარე, რა დასკვნა დადეთ?
- ჩვენმა ორგანიზაციამ ოთხი განცხადება გააკეთა არჩევნების დღეს, ხოლო მეორე დღეს მთლიანად შევაფასეთ არჩევნები, სადაც ვსაუბრობდით კონკრეტულ ტენდენციებზე, მაგრამ ასევე ვთქვით, რომ ეს არჩევნები იყო ბევრად იმაზე უკეთესი, რომელიც ჩვენ ჩაგვიტარებია. განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნებს ვგულისხმობ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ არ იყო გარკვეული პრობლემები. მეც დავეთანხმები საერთაშორისო ორგანიზაციებს და ვიტყვი, რომ თავისუფალ გარემოში გააკეთა ქართველმა ხალხმა არჩევანი. მიუხედავად ცალკეული ინციდენტებისა, მაინც კარგად ჩატარდა ეს არჩევნები.
- საპირისპირო გვესმის პოლიტიკური პარტიების მხრიდან...
- არჩევნები პოლიტიზირებული თემაა, მაგრამ ეს საკითხი მეტისმეტად პოლიტიზირებული გახდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მაღალი პოლიტიკური კულტურა აჩვენონ. ცხადია, მათ არავინ უკრძალავს, ისაუბრონ იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ შეხვდათ, თუმცა მასობრივ გაყალბებაზე საუბარი და არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხის დაყენება არ არის სწორი.
- ანუ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია?
- კონკრეტულ პრობლემებზე ჩვენ ჩვენს განცხადებებში ვსაუბრობდით. იყო გარკვეული პრობლემები ადგილებზე, კომისიის წევრების კვალიფიკაციასთან. ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ჩვენ შევხვდით. საკმაოდ კონკურენტული არჩევნები იყო, ფონიც დაძაბული და ამ ფონზე საკმაოდ რთული პროცედურები გვაქვს, გასაფორმებელია უამრავი დოკუმენტაცია, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილებზე კომისიების მუშაობას.
- ამ საკითხზე იყო თქვენი შენიშვნები?
- ჩვენი მთავარი რეკომენდაცია იყო, რომ მათი კვალიფიკაციის საკითხი უნდა დადგეს და მათ უფრო მეტი ტრეინინგი ჩაუტარდეს. ასევე იმისთვის, რომ ცესკოს გაუმარტივდეს ადმინისტრირება არჩევნების, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ელექტრონული ხმის მიცემის წესზე. ტექნოლოგიების შემოტანა ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი. 21-ე საუკუნეა და მხოლოდ ფურცელზე დაყრდნობით ძალიან რთულია ამ ყველაფრის გაკეთება.
- მეტად დაზღვეულები ვიქნებით?
- რა თქმა უნდა, ამ სისტემის მიმართ უნდა იყოს ნდობა. ასევე დაცვის სისტემებიც უნდა შეიქმნას და მანიპულაცია გამოირიცხოს. ჩვენი დასკვნების შედეგად ვიტყოდი, რომ ყველაზე პრობლემატური იყო ის სამი უბანი, სადაც დაპირისპირებები მოხდა.
- ეკა, ერთმანეთს აბრალებდნენ მხარეები ამ კონკრეტულ უბნებზე არჩევნების ჩაშლას. რა იყო სინამდვილეში?
- ცხადია, ჩვენ გამოძიება არ ჩაგვიტარებია, მაგრამ, ჩვენი ინფორმაციით, მარნეულში უფრო აქტიურობდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. იქ დაძაბულობის განმუხტვის თვალსაზრისით, პოლიცია იყო საკმაოდ მობილიზებული და ეფექტური. რაც შეეხება ზუგდიდს, აქ იყო ორი უბანი, რომელიც იქნა დარბეული, მიუხედავად იმისა, რომ იქ პოლიციელები ახლო-მახლო იყვნენ, მათ ეფექტურად არ უმოქმედიათ და ეს უნდა აღინიშნოს.
- რამდენიმე უბნის ინციდენტი საერთო სურათს ცვლის?
- ცხადია, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ეს ძალადობის ფაქტები არ გვქონოდა, მაგრამ 3.700 უბნიდან ასეთი პრობლემები ჩვენ გვქონდა 4 უბანზე და ამიტომ ამ შეხედულებას ყველა უბანზე ვერ განვავრცობთ. ამ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ნამდვილად არ დგება და ამაზე ლაპარაკი არის ზედმეტი და არასწორი.
- წინ მეორე ტურია. მიუხედავად იმისა, რომ კეთდებოდა შეფასებები, რომ მრავალპარტიული პარლამენტი გვეყოლებოდა, ვხედავთ, რომ სულ სხვა სურათი მივიღეთ. რამდენად ჯანსაღ და დემოკრატიულ პროცესებს ელით?
- ეს იყო არჩევანი საზოგადოების. უნდა ვთქვა ისიც, რომ ჩემი არც ერთი ფავორიტი არ გავიდა პარლამენტში, ვერ დავმალავ ამ გულისტკივილს. მიუხედავად ყველაფრისა, ეს იყო ჩვენი ხალხის არჩევანი და ყველამ ამ არჩევანს პატივი უნდა ვცეთ.
- ეს რამდენად დააზარალებს დემოკრატიულ პროცესს?
- ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებს ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“. მათ ამ შემადგენლობით და ამ რაოდენობით, შეუძლიათ ძალიან ბევრი კარგი რამე გააკეთონ, მაგრამ ასევე ძალიან ბევრი მტკივნეული შეცდომაც დაუშვან. ეს დიდი ძალაუფლება ზუსტად ამის მომტანია.
- თქვენ მიანიშნებთ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე?
- ჩვენ წარსულში გვქონდა გამოცდილება, როდესაც კონსტიტუციური უმრავლესობა ჰქონდა პოლიტიკურ პარტიას. ვერ ვიტყოდი, რომ მათ ამ პერიოდის განმავლობაში შეცდომები არ დაუშვიათ და მართლაც მტკივნეული შეცდომები დაუშვეს. თუმცა, ეკონომიკის განვითარების მხრივ რაღაცები გაკეთდა. თუმცა იმის გამო, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ამდენი პრობლემა იყო, ამან გადაფარა ეს ყველაფერი.
- „ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარშემო ნაციონალებმა და საზოგადოების ნაწილმა უკვე გაილაშქრეს. ისმოდა მოწოდებები, რომ მეორე ტურში მხარი ოპოზიციისთვის დაეჭირათ. თუმცა გვესმის შეფასებები, რომ ნაციონალებს ეს კამპანია ჩაუვარდათ. რამდენად სწორი იყო მსგავსი აქციები?
- ამ ადამიანებსაც ჰქონდათ საკუთარი მოსაზრება. საკონსტიტუციო უმრავლესობა ისეთ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო სუსტია, არის საფრთხის შემცველი. საფრთხეები რომ დიდია, ამის თაობაზე მეც ვისაუბრე. თუმცა მე თავს შევიკავებდი, ჩვენს მოქალაქეებს რომ მოვუწოდო, რომელ პარტიას მისცენ ხმა.
- უკვე კეთდება განცხადებები, რომ კონსტიტუციაში შევა ცვლილებები. რამდენად შესაცვლელი და დასახვეწია ჩვენი კონსტიტუცია და რას ურჩევდით ხელისუფლებას, რა ცვლილება უნდა იყოს პირველი, რომელიც კონსტიტუციაში შევა?
- პირველი ცვლილება უნდა იყოს საარჩევნო სისტემის შეცვლა. თუკი ვინმეს უფრო მეტი დემოკრატიის სტანდარტის დამკვიდრება უნდა საქართველოში, პირველ რიგში, ამ პრობლემას უნდა შეხედოს. რაც შეეხება პრეზიდენტის ფუნქციებს, მე, მაგალითად, საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრე ვარ, რადგან მგონია, რომ ის ქვეყანა, რომელიც ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, რომელმაც ძალიან სწრაფად უნდა ჩაატაროს რეფორმები, გადაწყვეტილებები ძალიან სწრაფად უნდა იქნას მიღებული და ასე შემდეგ. უფრო უპრიანი იქნებოდა, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყოს.
- აქ სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა...
- დიახ, აქ შეხედულებები იყოფა. მთავარი კი ამ ყველაფერში ის არის, რომ საქართველოში უნდა იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული სისტემა, რომ ინსტიტუტები ერთმანეთს აბალანსებდნენ.
—————————-
„ვერსია“, 26 ოქტომბერი, 2016 წელი
ვისთან ერთად ქმნის ახალ პარტიას მარგველაშვილი და რატომ გაწირეს ნაცებმა სააკაშვილი
ნინო დოლიძე
ყველა ან თითქმის ყველა გონიერი ადამიანი ხვდება, რომ ყოფილ ხელისუფლებაში რაღაც ხდება და ეს ,,რაღაც” ის არის, რომ 9-წლიანი რეჟიმის შემქმნელები იმ ადამიანისგან გამიჯვნას ცდილობენ, ვინც თავის დროზე საქართველოს ასობით, ათასობით, ათი ათასობით და, შეიძლება, ასი ათასობით მოქალაქე ნაციონალური ვირუსით დააინფიცირა. დიახ, დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ მიშა გიგასთვის, გივისთვის, გიგისთვის, კაკოსთვის, ,,ჩერგოსთვის” და სხვა წვრილ-მსხვილი ნაციონალისთვის უკვე ,,ზედმეტი ბარგია”. ,,ზედმეტ ბარგს” კი, როგორც წესი, თავიდან იშორებენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა რთული გზაა გასავლელი. ჰოდა, ნაციონალებიც ,,რთულ გზას” ადგანან ანუ ცდილობენ, ხელისუფლებაში თუნდაც უმცირესობის ფორმით დარჩნენ და მერე, წლები რომ გავა, მართვის სადავეები ისევ ხელთ იგდონ. ისე, ცოტა პათეტიკური შესავალი გამომივიდა, მაგრამ არა უშავს _ პოლიტიკა ხანდახან პათეტიკასაც იტანს და სენტიმენტებსაც. აი, საზოგადოებას კი, სენტიმენტებზე მეტად, კულუარებში მიმდინარე ამბები აინტერესებს. ჰოდა, მოდით, პოსტსაარჩევნო ქართული პოლიტიკის კულუარებში მინიტური მოვაწყოთ.
„ზუსტად აღარ მახსოვს, 2004 წლის ზამთრის მიწურული იქნებოდა ან გაზაფხული, როცა შემთხვევით დათა ახალაიასა და რამდენიმე ნაცის პრივატულ საუბარს ყური შემთხვევით მოვკარი. ამ დიალოგის დეტალები არ მახსოვს, მაგრამ დათას სიტყვები დამამახსოვრდა, რომელიც ამბობდა, ხელისუფლებში 8-9 წელი ვიქნებით, მერე, ორი ვადა ოპოზიციაში გადავალთ და მერე, ისევ ხელისუფლებაში დავბრუნდებით და, მინიმუმ, 20-30 წელი ქვეყანას ისე ვმართავთ, როგორც მოგვინდებაო. მართალია, მაშინ ამ ნათქვამზე გამეცინა, მაგრამ ახლა რომ ვაანალიზებ, მგონი, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ნაცები ხელისუფლებაში 2020 წელს უეჭველი დაბრუნდებიან”, – ამბობს ,,ვერსიასთან” პიროვნება, რომელიც ,,ვარდების რევოლუციამდე” და შემდეგაც, ერთხანობა, საქართველოს უშიშროების ორგანოებში არცთუ დაბალ თანამდებობაზე მუშაობდა და რომელთანაც ოპერატიულ კავშირზე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, როგორც თვითონ აცხადებს, დღესაც იმყოფებიან.
ერთი სიტყვით, იმ განცხადებების კომენტირებისას, რაც ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა 8 ოქტომბრის შემდეგ გააკეთა, ჩვენი წყარო ამბობს, რომ მიშა თამაშიდან, უბრალოდ, გავიდა. მეტიც, მისივე თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა სანდრას კენჭი ზუგდიდის მაჟორიტარად აყრევინა.
„მიშას, ალბათ, იმედი ჰქონდა, რომ სანდრა ხალხის გულის მოგებას მოახერხებდა, მაგრამ ახლა სხვა დროა და მოსახლეობის ,,დაბოლება” ცოტა ძნელია. ისე, სანდრას მომენტი მიშასთვის ერთგვარი ტესტიც იყო ანუ სანდრა რომ არა, შეიძლება, კიდევ ჰქონდა იმედი, რომ ნაცმოძრობა, როგორც პარტია და გუნდი კვლავ მის გვერდით იდგებოდა, მაგრამ როგორც გამოჩნდა, ყველაფერი სხვანაირად არის, რაც პირადად მე არ გამკვირვებია, რადგან აქამდეც ვიცოდი და ახლა, მით უმეტეს, ეჭვი აღარ მეპარება, რომ იგივე გიგა ბოკერიას დასავლეთში, უფრო კონკრეტულად, აშშ-ში აბსოლუტურად სხვა მფარველები ჰყავდა და ჰყავს. მეტიც, გიგა მიშას ვერასოდეს იტანდა, მაგრამ იძულებული იყო, პოლიტიკურ კონიუნქტურას დამორჩილებოდა“, – აღნიშნავს „ვერსიის“ კარგად ინფორმირებული კონფიდენტი და განმარტავს, რომ ის, რაც ნაცმოძრაობაში დღეს ხდება, შესაძლოა, კარგა ხნის წინ იყოს დაგეგმილი.
ამასთან, „ვერსიის“ წყარო ყურადღებას ნაცმოძრაობის ერთ-ერთ სახეზე ამახვილებს და ეს „სახე“ გივი თარგამაძე გახლავთ.
„შეიძლება იფიქროთ, გივი რა ისეთი ფიგურააო, მაგრამ მერწმუნეთ, თუნდაც ჩემი ყოფილი სამსახურიდან გამომდინარე, ამ ადამიანის ბეგრაუნდზე იმაზე ცოტა მეტი ვიცი, ვიდრე საზოგადოდ არის ცნობილი. ამიტომაც, არც ის გამკვირვებია, რომ იგივე 8 ოქტომბრის წინ, თავდასხმა თარგამაძეზე მოხდა – მხედველობაში მისი ავტომანქანის აფეთქება მაქვს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჯერ ერთი, იმაზე მეტი სკანდალი რაღა იქნებოდა, დეპუტატი არჩევნების წინ აფეთქების მსხვერპლი რომ გამხდარიყო, ანუ თუ ყველაფერი ფატალურად დამთავრდებოდა, დღის წესრიგში, შეიძლება, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხიც დამდგარიყო; მეორეც, გითხარით, რომ გივი მნიშვნელოვანი ფიგურა და ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებელია. შესაბამისად, მისი გაჩუმება ბევრის ინტერესში შედის და ამ ,,ბევრიდან” ერთ-ერთი, ალბათ, სააკაშვილია. ისე, თუ ყურადღება მიაქციეთ, სანდრას გადაწყვეტილება, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, სულ რამდენიმე ნაცმა გააპროტესტა და ერთ-ერთი სწორედ გივი გახლდათ. იმის თქმა მინდა, რომ ამ საჯარო განცხადებით, თარგამაძე შეიძლება, თავის გადარჩენასა და იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ მიშას ემიჯნება. ზოგადად, პირადი ოპერატიული კავშირებით მაქვს მეტ-ნაკლებად უტყუარი ინფორმაცია, რომ ახალ წლამდე დაჭერების ტალღა აგორდება და ერთ-ერთი, ვისითაც სამართალდამცავი უწყებები დაინტერესდებიან, შეიძლება, სწორედ გივი თარგამაძე იყოს. მოკლედ, საუბარი იქითკენ მიმყავს, რომ ჩემი დაკვირვებით, გივი ცდილობს, „ოცნებას“ თავი „მოუქონოს“, თუმცა არ ვიცი, ეს მცდელობა რამდენად წარმატებული იქნება“, – ეუბნება „ვერსიას“ კონფიდენტი, რომელიც ლამის ასპროცენტიანი ალბათობით ამბობს, რომ მალე ნაცმოძრაობას ახალი თავმჯდომარე ოფიციალურად ეყოლება.
ჩვენი წყარო არ გამორიცხავს, მიშას ,,ზამენა” დავით ბაქრაძე იყოს, თუმცა აქვე უშვებს ვერსიას, რომ ნაციონალების არენაზე სრულიად ახალი პერსონა გამოჩნდეს, რომლის მიმართაც ხალხს პრეტენზია არ ექნება და სწორედ ასე დაიწყოს ყოფილი მმართველი გუნდის პოლიტიკური რეინკარნაცია.
„ყველაფერი, რასაც გეუბნებით, შეიძლება უტოპია გგონიათ, მაგრამ ერთი ქართული ფილმისა არ იყოს, მოთმინება იქონიეთ, მოთმინება და ჩემი ნათქვამი რეალობად რომ იქცევა, მაშინ გამიხსენეთ, – ღიმილით აღნიშნავს „ვერსიის“ კონფიდენტი, – არ ვამბობ, რომ ნაცმოძრაობა, როგორც პარტია სახელს გადაირქმევს, მაგრამ მისი რებრენდინგი უფრო აქტიურ ფაზაში შევა და, ჩემი ინფორმაციით, ყველაფერ ამაში, პირდაპირ თუ ირიბად, შესაძლებელია, თავად მარგველაშვილიც ჩაერთოს. ზოგადად, მარგველაშვილმა პრეზიდენტობის ვადის თითქმის ნახევარი ამოწურა და ბავშვიც კი ხვდება, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ კონსტიტუცია არ შეიცვალა და პრეზიდენტი პარლამენტმა არ დაამტკიცა, ,,ოცნება” მას საპრეზიდენტო კანდიდატად აღარ დაასახელებს, მაგრამ ისიც ნათელია, რომ ეს ახალგაზრდა კაცი, მას მერე, რაც ვადა ამოეწურება, შინ არ წავა და წინდების ქსოვას არ დაიწყებს _ პოლიტიკურ ავანსცენაზე დარჩენას შეეცდება, საამისოდ კი, მინიმუმ, პოლიტიკური გუნდი უნდა ჰყავდეს. პირადად მე, ,,მარგველას” ბეგრაუნდზე რაღაც კითხვები მაქვს, ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ თავის დროზე რუსული კავშირები მასაც ჰქონდა, მაგრამ დღეს სხვა მოცემულობაა _ პრეზიდენტი მკვეთრად პროდასავლურ კურსს ,,აწვება”, ამიტომ შეეცდება, გარეშემო პროდასავლური ძალები შემოიკრიბოს. ასეთი ძალა კი ქვეყანაში სულ რამდენიმეა და მათგან ყველაზე სოლიდურად ნაცმოძრაობა გამოიყურება. ამიტომ, მხოლოდ პირადი დაკვირვების კი არა, გარკვეული ინფორმაციის საფუძველზეც ვვარაუდობ, რომ ნაცმოძრაობის ლიდერშიპის თავში, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, შეიძლება, სწორედ მარგველაშვილი ან, სულაც, მისი გარემოცვის რომელიმე წევრი მოექცეს. ეს მიშასთვის საბოლოო დარტყმა იქნება და თავადაც მიხვდება, რომ საქართველოში მისი პოლიტიკური კარიერა დამთავრებულია.
სხვათა შორის, იმ შემთხვევაში, თუ სანდრა პარლამენტში სიითაც არ შევა, მაშინ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სააკაშვილმა ხელი ჩაიქნია და როგორც პოლიტიკოსი, წარსულს ჩაბარდა“, – აღნიშნავს „ვერსიის“ კონფიდენტი და კიდევ ერთხელ აკონკრეტებს, რომ მარგველაშვილი ძალიან მალე რომელიმე პოლიტიკური პარტიის არაოფიციალურ ლიდერად მოგვევლინება და ეს პარტია შესაძლოა, ნაცმოძრაობა იყოს ან, სულაც, ახალი პოლიტიკური გაერთიანება დაფუძნდეს, რომელშიც ნაციონალები და სხვა პროდასავლური პარტიის წევრების პორტირება მოხდება, თუმცა ამ ,,გადაპორტირებულთა” შორის ჩვენი წყარო თავისუფალი დემოკრატებიდან წასულებს, კერძოდ, ცაგარეიშვილს, აბაშიძესა და დოლიძეს ვერ ხედავს და ამბობს, რომ ეს სამი პერსონა, დიდი ალბათობით, ,,ოცნებას” მიეკედლება.
ისე, კულუარებში უკვე ამბობენ, რომ მაგალითად, ვიქტორ დოლიძემ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში შესაძლოა, ელჩის პოსტი მიიღოს…
—————————-
„კვირის პალიტრა – online“, 26 ოქტომბერი, 2016 წელი
ბიძინა ივანიშვილი, როგორც შემაკავებელი ფაქტორი, ანუ პატრონყმობის პროვინციული ხიბლი
პეტრე მამრაძე
რვა ოქტომბრის შემდეგ ხშირად მეკითხებიან (განსაკუთრებით უცხოელი ჟურნალისტები და ექსპერტები), როგორ მოვახერხე “ნაცების” პარტიული სიით მიღებული 27%-ის ზუსტი პროგნოზირება. პასუხად ვიმეორებ იმას, რასაც არჩევნებამდე ვამბობდი: რომ მრავალმა გამოკვლევამ და 2012 წლის შემდეგ ჩატარებულმა არჩევნებმა ცხადყო, რომ “ნაცების” მხარდამჭერები ამომრჩეველთა სულ 12-13%-ს შეადგენენ. ისიც დადგინდა, რომ “ნაცების” ელექტორატი მოტივირებულია და მობილიზებული და ნებისმიერ ამინდში მიდის არჩევნებზე. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამომრჩეველთა მთელი სიმრავლის ნახევარის მონაწილეობის შემთხვევაში (გამოკითხვების შედეგები სწორედ ასეთი იყო, რომ მხოლოდ ნახევარი მივიდოდა), “ნაცების” პროცენტული შედეგი ავტომატურად გაორმაგდებოდა და 27%-მდე ავიდოდა.
ახლა უფრო დეტალურად განვიხილოთ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები: ოფიციალური მონაცემებით ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა მთელი სიმრავლის 51.6%-მა; “ოცნებამ” მიიღო ხმების 48.7%, ნაცებმა -27.1%, “პატრიოტთა ალიანსმა” – 5.01%, ხოლო სხვა პარტიებმა და ბლოკებმა ვერ გადალახეს 5%-იანი ბარიერი და პარლამენტში ვერ მოხვდენენ; მაჟორიტარულ არჩევნებში 23 ოლქში გამარჯვებულები პირველივე ტურში გამოვლინდნენ და ყველგან “ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს. დარჩენილ 50 ოლქში კი მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება და, სავარაუდოდ, ისევ ყველგან “ოცნების” კანდიდატები გაიმარჯვებენ (აქედან მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი არ არის “ოცნების” წევრი, მაგრამ “ოცნება” მხარს უჭერს მას, როგორც დეპუტატობის კადიდატს). ასეთ შემთხვევაში “ოცნებას” პარლამენტში 117 დეპუტატი ეყოლება, ანუ 4-ით მეტი, ვიდრე საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად.
რაზე მეტყველებს ეს რიცხვები?
ელემენტარული არითმეტიკა გვაძლევს, რომ პროპორციულ არჩევნებში “ოცნებას” ხმა მისცა ამომრჩეველთა მთელი სიმრავლის 25.1%-მა, “ნაცებს” კი 14%-მა. მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტურის შედეგების გათვალისწინებით გამოდის, რომ მთელი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის გამოყენების შედეგად “ოცნებამ” მიიღო ამომრჩეველთა 25%-ზე, ანუ ხმების მეოთხედზე ნაკლები და მხოლოდ 11%-ით აჯობა “ნაცებს”, რომლებსაც ამჟამად არავითარი ადმინისტრაციული რესურსი არ გააჩნდათ. რა შედეგს მივიღებთ, თუ გამოვაკლებთ “ოცნების” 25%-ს იმ ხმებს, რომელიც ადმინისტრაციულ-ფინანსური რესურსით არის მოპოვებული და დავტოვებთ მხოლოდ იმ ხმებს, რომელიც “გულის კარნახით” მისცა ხალხმა “ოცნებას”?
იმის წარმოსადგენად, თუ რას ნიშნავს “გულის კარნახი” და რით განსხვავდება ის ადმინიტრაციულ-ფინანსური რესურსით ამომრჩეველთა მობილიზაციისაგან, საკმარისია გავიხსენოთ ის საერთო-სახალხო მხარდაჭერა, რომელიც პირადად ივანიშვილს და მისი ხათრით ყველას, ვისაც კი ის გვერდში დაიყენებდა, ჰქონდა 2011-2012 წლებში. მაშინ თქვა ადამ მიხნიკმა, რომ ასეთ საერთო-სახალხო მხარდაჭერას მსოფლიოში არსებული მთელი ფული ვერ უზრუნველყოფდა. ასე იყო ამ 4-5 წლის წინათ და ასეთი პოლიტიკური კაპიტალი და ხალხის მხარდაჭერა და ნდობა გაფლანგეს და დაკარგეს “ქოცებმა” განვლილ წლებში. შედეგად დღეს, ჩემი შეფასებით, “ოცნებისათვის” სულ ცოტა ყოველი მეორე ხმის მიმცემი სწორედ ადმინისტრაციულ-ფინანსური რესურსის გამოყენების წყალობით და არა საკუთარი გულის კარნახით მივიდა არჩევნებზე და ხმა მისცა “ოცნებას”. ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ნაღდი” ხმების რაოდენობით “ქოცებმა” “ნაცებთან” წააგეს! დავეთანხმოთ ზაალ ანჯაფარიძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინათ გაიხსენა 2012 წელს კოალიცია “ოცნების” გამარჯვების შემდეგ უსუფაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება: რომ “ნაცმოძრაობის” გადარჩენა როგორც ოპოზიციური ძალის, ქართული დემოკრატიის ამოცანა იყო. ანჯაფარიძემ იქვე აღნიშნა, რომ ეს ამოცანა “ოცნებამ” გადაჭარბებით შეასრულა. მე კი დავაზუსტებ და ვიტყვი, რომ ეს “ოცნების” ის ერთადერთი დაპირებაა ქართველი ხალხისათვის, რომელიც მართლაც გადაჭარბებით შესრულდა. აი, ასეთი კრახისა და სავალალო შედეგის შემდეგ “ქოცებს” საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნებათ პარლამენტში.
ამის მოლოდინში ჩვენში დაიწყო საუბარი იმაზე, თუ რამდენად სახიფათოა ასეთი პოლიტიკური მონოპოლია და იმ შესაძლო ზიანზე, რაც შეიძლება “ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობამ მოუტანოს ქვეყანას. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და “ცნობადი” სახე, ნაცებზე რომ არაფერი ვთქვათ, იმის აგიტაციასაც შეუდგა, რომ მეორე ტურის არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მივიდეს და ხმა მისცეს “ოპოზიციის” წარმომადგენელს სწორედ იმისათვის, რომ “ოცნებამ” ვერ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში და ქვეყანა გადაურჩეს ერთი პარტიის პოლიტიკურ მონოპოლიას და ამის გარდაუვალ სავალალო შედეგებს.
როგორ შევაფასოთ ეს?
პოლიტიკური მონოპოლია მართლაც სახიფათო რამ არის. “ძალაუფლება რყვნის და აგიჟებს, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის და აგიჟებს აბსოლუტურად” – დიდი მოაზროვნის ლორდ ექტონის მიერ ფორმულირებულ ამ უნივერსალურ კანონს მე, საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით, მხოლოდ ერთი სიტყვა – “აგიჟებს” დავუმატე. ექტონის კანონი მართლაც უნივერსალურია და “ნაცების” და სააკაშვილის მმართველობის ისტორია ამ კანონის უმოწყალო მოქმედების ქრესტომათიულ მაგალითს წარმოადგენს.
2008-2012 წლებში სააკაშვილის მონა-მორჩილი პარლამენტის წევრი გახლდით. იმ პარლამენტში სულ ოციოდე დეპუტატი ფორმალურად ოპოზიციას წარმოადგენდა, არსებითად კი მათი დიდი ნაწილი უფრო მორჩილი იყო საკაშვილის სადისტური რეჟიმისა და პირადად მერაბიშვილის, ვიდრე “ნაცების” ზოგიერთი ლიდერი – იმათ ზოგ საკითხზე ერთმანეთთან და, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სააკაშვილთან კამათი მაინც შეეძლოთ, ეს “ოპოზიცია” კი მხოლოდ ბრძანებებს ღებულობდა სადისტური სისტემის “ხერხემლისა” და “ნეკნებისაგან” და მორჩილად ასრულებდა მათ. ამ ფონზე, ბოლოს, ძლივს შევკრიბეთ 7-კაციანი ნამდვილად ოპოზიციური ფრაქცია. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პარლამენტში სრული მონოპოლიის არქონის შემთხვევაში სააკაშვილი და მისი თანამზრახველები ვერ გაბედავდნენ 2008 წლის აგვისტოში სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის, ანუ სამშობლოს ნამდვილი ღალატის ჩადენას; ვერ დაიქვემდებარებდნენ სასამართლოებს; ვერ შექმნიდნენ სადისტურ სისტემას; ვერ მიაყენებდნენ ქვეყნის ეკონომიკას ვეებერთელა ზარალს და ა.შ. მაგრამ ყველა ამ არგუმენტისა და ხიფათის მიუხედავად უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი აგიტაცია, რომ ხალხმა ხმა მისცეს “ოპოზიციას” (ანუ “ნაცებს”) იმისათვის რომ მონოპოლია არ განმეორდეს, არის ამაზრზენი და კურიოზულიც. ამაზრზენი იმიტომ, რომ “ნაცები” არ წარმოადგენენ ოპოზიციას!
აქ მინდა გავიხსენო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ქალბატონ მადლენ ოლბრაიტის ვიზიტი საქართველოში 1995 წელს. ოლბრაიტი შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობას და, აგრეთვე, ცალკე შეხვედრა გამართა საპარლამენტო ოპოზიციასთან. დასავლეთში ღრმად აცნობიერებენ აქსიომას, რომ ოპოზიციის გარეშე დემოკრატია არ არსებობს და ცდილობენ ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდეთ ყველა პარტნიორი ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლებთან. უფროს თაობას კარგად ახსოვს 1995-1999 წლების პარლამენტის კოლორიტული შემადგენლობა, პარლამენტისა, რომელშიც “ლუიზა კიოდა და დრო გადიოდა”, მიკროფონებთან კი ეროვნულ- დამანგრეველი მოძრაობის წარმომადგენელთა რიგი დგებოდა განურჩევლად იმისა, თუ რამდენად შორს იყო განსახილველი საკითხების შინაარსი მათი ინტელექტისა და განათლების შესაძლებლობებისაგან. ქ-ნი ოლბრაიტი მაშინ იმდენად გააოგნა “ოპოზიციის” აზრებმა, რომ საჯარო გამოსვლაში თავი არ შეიკავა და განაცხადა, რომ ოპოზიცია უნდა იყოს ეროვნული, ანუ სახელმწიფო ინტერესების ერთგული, ხოლო ადამიანები, რომლებიც საკუთარი ერის და სახელმწიფოს ინტერესებს მტრობენ, ოპოზიციას ნამდვილად არ წარმოადგენენ, მათ სულ სხვა სახელი ეწოდებათ… (გამოცდილმა დიპლომატმა არ თქვა, რომ ასეთი ადამიანები სინამდვილეში ერისა და სამშობლოს მოღალატეები და მტრები არიან, თუმცა კონტექსტიდან აშკარა იყო, რომ ოლბრაიტი სწორედ ამას გულისხმობდა). ოლბრაიტის ეს სიტყვები მახსენდებოდა მაშინ, როდესაც სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას ვეცნობოდი მასალებს ეროვნულ-დამანგრეველი მოძრაობის წევრების “კაგებეშნიკურ” წარსულზე და მაშინაც, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ვკითხულობდი ამერიკელი პოლიტოლოგების აზრს იმაზე, რომ სააკაშვილმა თავის “თანაგუნდელებთან” ერთად იმდენი რამ შეუსრულა პუტინს, რამდენსაც პუტინის პროფესიონალი აგენტიც ვერ შეძლებდა.
“ოპოზიისათვის” ხმების მიცემის აგიტაციის კურიოზულობაზე კარგად თქვა მამუკა არეშიძემ: “ცოტა სასაცილოც კია და პოლიტიკური კომედიაა, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დაახლოებით ასე რომ მიმართავენ საზოგადოებას – ხმა ჩვენ მოგვეცით, რათა “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდეს და ჩვენსავით მოძალადეები არ გახდნენო”.
მეორე ტურამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი და საგულისხმოა, რომ “ნაცების” და “არასამთავროების” აგიტაცია თითქმის შეწყდა – დაინახეს, რომ “გაბითურდნენ”. მაინც მინდა ყველას შევახსენო, რომ ანტიეროვნული ძალისათვის და სამშობლოს მოღალატეებისათვის ხმის მიცემას გამართლება არ აქვს!
კონკრეტულად რა რისკები ახლავს “ოცნების” მიერ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას?
დავიწყებ იმით, რომ პრაქტიკულად არ მაქვს იმედი, რომ “ოცნება” ნაყოფიერად და ეფექტიანად გამოიყენებს ამ ფაქტორს ქვეყნის სასიკეთოდ. ოთხი წლის განმავლობაში მათ დაასაბუთეს, რომ ქვეყნისათვის აუცილებელი რეფორმების ჩატარებისათვის საჭირო პოლიტიკური ნება და ცოდნა არ გააჩნიათ და მათ რიგებში მყოფი რამდენიმე მეტ-ნაკლებად გამოცდილი ადამიანი ამ მხრივ ამინდს არა ქმნის.
ბევრი დამიწერია და მისაუბრია იმაზე, რომ პრემიერის პოსტიდან ივანიშვილის წასვლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა მართვის ე.წ. პატრონ-კლიენტელური, ანუ ჩვენში დამკვიდრებული ტერმინით რომ ვთქვათ – მართვის პატრონყმული სისტემა. ამ სისტემის სპეციფიკა კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენში და დასავლეთის ზოგიერთ წრეში დამკვიდრებული წარმოდგენა “არაფორმალურ მმართველობაზე” საქართველოში, არ შეესაბამება ამ ტერმინის ჩვეულებრივ მნიშვნელობას და, სულ ცოტა, დაზუსტებას მოითხოვს. ადამიანი, რომელსაც გუნდში “ხაზეინად”, ანუ პატრონად აღიქვამენ, სულაც არ მართავს სახელმწიფოს. ის კი არა, ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას არ ასრულებდა თავის მოვალეობას სრულყოფილად და ვერავინ უბედავდა იმის მოხსენებას და ახსნას, თუ რა უნდა ეკეთებინა პრემიერს. საქართველოს ისტორიაში უდიდეს ქველმოქმედს მისთვის ჩვეული გულახდილობითა და გულწრფელობით არაერთხელ უთქვამს, რომ იგი არ არის პოლიტიკოსი და არც უნდა, რომ იყოს პოლიტიკოსი. მას ნამდვილად გულით არ უნდა არც მართვა და არც ჩარევა პოლიტიკაში. მაგრამ უნდა, რომ “ყველაფერი კარგად იყოს”, რომ ქვეყანა ვითარდებოდეს და ა.შ. მას აქვს თავისი საქმე, ინტერესები, შესაბამისი დღის წესრიგი და მხოლოდ მაშინ ანებებს თავს მისთვის საინტერესო და სასიამოვნო საქმიანობას და ერევა ქვეყნის მართვაში, როდესაც ჰგონია (ეჩვენება), რომ ეს საქმეს სჭირდება; როცა გრძნობს, რომ იძულებულია და ვალდებულია თავისი “სწორი ანალიზით” და რჩევით დაეხმაროს თავის გუნდს და სამშობლოს. მიიჩნევს თუ არა, რომ ვითარება გამოსწორდა, ისევ თავს ანებებს ჩარევას და თავის საქმეებს უბრუნდება. გავიხსენოთ მისი ჩარევა და მისი ინიციატივით სახელმწიფო სტრუქტურების გაწმენდა ღარიბაშვილის ცოლის ნათესავებისაგან – კოლექტიური თამაზაშვილ-ჯანყარაშვილებისაგან ღარიბაშვილის გადადგომამდე ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე და, შემდეგ, თვით ღარიბაშვილის “გადადგომაც”; გავიხსენოთ, როგორ ამოქმედდა მთელი სასამართლო სისტემა მხოლოდ იმის გამო, რომ ივანიშვილი შეხვდა ქიბორ ხალვაშს და ურჩია მას (სრულიად ლოგიკურად და სწორად), “რუსთავი 2″-ის საქმეზე სასამართლოსთვის მიემართა (ეს თვითონ ივანიშვილმა გაიხსენა ტელევიზიით) და როგორ გაჩერდა მყისიერად ეს მანქანა, როცა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ამ საქმის უკან არ იდგა და რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საზიანო იყო “ოცნების” ხელისუფლებისათვის. ეს ფაქტები მხოლოდ მაგალითებად მოვიყვანე. სხვა ბევრი მაგალითის გახსენებაც შეიძლება. მაინც როგორ მოქმედებს ეს სპონტანური ჩართვები ქვეყნის მართვაზე? პირველ რიგში ეს იწვევს მართვის პარალიზებას, ვინაიდან გუნდის ვერცერთი წევრი ვერ ბედავს რამის წამოწყებას, თუ ეს არ მოდის ივანიშვილისაგან, ვინაიდან ადრე თუ გვიან პატრონს შეიძლება არ მოეწონოს რამე და ეს მათთვის კატასტროფის ტოლფასია. არადა ივანიშვილისაგან თითქმის არაფერი არ მოდის საგანგებო შემთხვევებში ხანმოკლე ჩართვების გარდა. შესაბამისად, განვლილი ოთხი წელიწადის განმავლობაში მმართველ პარტიას არც დაუწყია ქვეყნისათვის აუცილებელი რეფორმები.
“საქართველოში პლურალისტული ფეოდალიზმი სუფევს”, – წერდა 2009 წელს ათენში მოღვაწე შესანიშნავი მეცნიერი ილია რუბანისი. განვლილ 7 წელიწადში ვითარება არ შეცვლილა და წლევამდელი არჩევნები, განსაკუთრებით კი მაჟორიტარების შედეგები, ადასტურებს რუბანისის დიაგნოზოს სისწორეს. მართვის პატრონყმული სისტემაც ამ პლურალისტული ფეოდალიზმის ორგანული ნაწილია, მაგრამ უარყოფითი თვისებების გარდა მას ისეთი თვისებებიც აქვს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარების დონის და შესაძლო ალტერნატივების გათვალისწინებით შეიძლება დადებითად შევაფასოთ. საქმე ის არის, რომ ამ სისტემის ჩარჩოებში “ოცნებიდან” პარლამენტში შესული ყველა დეპუტატი და მთავრობაშიც მოხვედრილი ყველა ადამიანი თავს ანგარიშვალდებულად ივანიშვილის წინაშე გრძნობს – სწორედ ის არის მათთვის “ხაზეინი”, რომლის ნებით მოხვდნენ ისინი პარლამენტში; პატრონი, რომელზედაც დამოკიდებულია მათი შემდგომი მატერიალური კეთილდღეობა და კარიერა. (ზოგიერთმა მათგანმა ისიც იცის, რომ თანაგუნდელებიც არ დატოვებდნენ მათ სიაში, რომ არა ივანიშვილის ნება). მსგავსი დამოკიდებულება ქონების ჩამორთმევისა და “ცოცხების” შიშთან ერთად ჰქონდათ სააკაშვილის მორჩილ დეპუტატებსაც სააკაშვილის (მერაბიშვილის) მიმართ, მაგრამ პრინციპული განსხვავება ის არის, რომ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კორუფციაში ჩაფლული, მესიანიზმით და მეგალომანიით შეპყრობილი სააკაშვილი თვითონ იყო დესტაბილიზაციის მუდმივი წყარო, მორჩილი დეპუტატები კი მორჩილად ასრულებდნენ მის ბრძანებებს. თუმცა ბევრი მათგანი ზურგს უკან და ვიწრო (“სანდო”) წრეში გიჟს და იდიოტს უწოდებდა სააკაშვილს და უფრო ძლიერ სიტყვებსაც არ იშურებდა.
ივანიშვილს კი არასოდეს მოუვა თავში რაიმე ავანტიურისტული ან კანონსაწინააღმდეგო გეგმები. სააკაშვილისაგან განსხვავებით იგი პირიქით, პარლამენტისა და მთლიანად “ოცნების” ხელისუფლების შემაკავებლის და გამაკონტროლებელის როლს ასრულებს და ჩვენში არსებული “პლურალისტული ფეოდალიზმის” პირობებში მისი ფაქტორი უფრო ეფექტიანია ამ მხრივ, ვიდრე ერთად აღებული ჯერ კიდევ სუსტი სამოქალაქო საზოგადოება და მასმედია. თუმცა ამ უკანასკნელთა როლიც, სააკაშვილის “პროპაგანდონ” “რუსთავი 2″-ის ჩათვლით, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციისათვის, ასევე იმისათვის, რომ ივანიშვილამდე სწრაფად მივიდეს საჭირო ინფორმაცია. ივანიშვილის ეს ფაქტორი ნამდვილად დადებითია, ვინაიდან “ოცნების” ცნობად სახეებს შორის არაერთია, ვინც ივანიშვილის შემაკავებელი ფაქტორი რომ არა, “აიწყვეტდა” და მაშინ კანონიერი ქურდების ჩამოყვანა თბილისის აეროპორტში და მერე მათი გაუჩინარება სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის გარეშე, პატიმრების უკანონო გაყვანა საკნებიდან დაკითხვებზე და ბევრი სხვა კანონსაწინააღმდეგო და იდიოტური მოქმედება არა ცალკეული დასანანი შემთხვევა, არამედ დამკვიდრებული პრაქტიკა იქნებოდა.
“ჩემი მისიაა მესიების მისიების დასრულება საქართველოში”, – წერდა ივანიშვილი 2013 წლის 2 სექტემბრის ცნობილ ღია წერილში. 8 ოქტომბრის შემდეგ უცხოელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილმა სიტყვა შეასრულა და ეს არჩევნები 1990 წლის ოქტომბრიდან დღემდე მოყოლებული პირველი არჩევნებია საქართველოში, რომელიც მესიად აღიარებული ლიდერის გარეშე ჩატარდა.
უცხოელები იმასაც აღნიშნავენ, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი დროდადრო ჩნდებოდნენ ტელეეკრანებზე საარჩევნო კამპანიის დროს, მაგრამ არჩევნებში არ მონაწილეობდნენ და ხალხიც აღარ აღიქვამდა მათ ქარიზმატულ ლიდერებად. ეს უდავოდ მნიშვნელოვანი მიღწევაა. გარდა ამისა უნდა გვახსოვდეს, რომ “ყველაფერი შეფარდებითია” და უცხოელი ექსპერტები სამართლიანად მიიჩნევენ საქართველოს დემოკრატიის, თავისუფლების და სტაბილურობის ჭეშმარიტ კუნძულად ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან შედარებით.
8 ოქტომბრის არჩევნები ჩვენთან ბევრად უკეთ ჩატარდა, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები 4 წლის წინათ და მანამდეც, ხოლო მეზობელი ქვეყნებში “ამფერი” თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება წარმოუდგენელია და ვერავინ ამბობს იმას, როდის გახდება ეს შესაძლებელი, ვინაიდან ვითარება იქ მხოლოდ უარესდება. სულ რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნდა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის “მსოფლიო სამართლიანობის პროექტის” მიერ მომზადებული “კანონის უზენაესობის ინდექსი 2016″ და აღმოჩნდა, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველო პირველ ადგილზეა ისეთი ფაქტორების მიხედვით როგორიცაა კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები, ფუნდამენტური უფლებები, აღსრულება (კანონის/გადაწყვეტილების) და სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება.
სულ მსოფლიოს 113 ქვეყანას შორის საქართველო 34-ე ადგილს იკავებს, თუმცა 2015 წლის მონაცემების მიხედვით ის მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის 29-ე ადგილზე იმყოფებოდა, ანუ 5 ადგილით დაქვეითდა (!). ინდექსის თანახმად, საქართველო კანონის უზენაესობის მაჩვენებლის მიხედვით წინ უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: იტალია (35-ე ადგილი), ხორვატია (39-ე ადგილი), საბერძნეთი (41-ე ადგილი), უნგრეთი (49-ე ადგილი). რაც შეეხება ჩვენს მეზობლებს: რუსეთი 92-ე, თურქეთი კი 99-ე ადგილზეა. სომხეთსა და აზერბაიჯანის შესახებ მონაცემები არ არის მოყვანილი.
შეჯამებისათვის აღვნიშნავ, რომ ჩვენი ერისა და სახელმწიფოს წინაშე მდგარ უდიდეს პრობლემად დემოგრაფიული და ეკონომიკური პრობლემები რჩება. სწორედ ეკონომიკური პრობლემების დაძლევის შედეგად შეიძლება გავარღვიოთ “მანკიერი წრე და გავიდეთ განვითარებაზე”, როგორც ამბობდა ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს. “განვითარებაზე გასვლის” კვალდაკვალ კი შეიძლება დავძლიოთ პატრონყმული სისტემა და ერთ მშვენიერ დღეს ხალხის და არა “ხაზეინის” წინაშე ანგარიშვალდებული პარლამენტიც ავირჩიოთ. ხოლო რა გველის ეკონომიკური კოლაფსის და პოლიტიკური დესტაბილიზაციის შემთხვევაში და როგორ მისიებს შეასრულებენ მაშინ მყისვე გაჩენილი მესიები, ყველამ კარგად ვიცით.
—————————-
„რეზონანსი“, 27 ოქტომბერი, 2016 წელი
„საერთაშორისო იზოლაცია რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის დათბობას აიძულებს“ // ექსპერტთა პროგნოზით, ქართულ-რუსული დიალოგის არსებულ ფორმატებს მალე საპარლამენტთაშორისო დიალოგიც შეემატება
თაკო მათეშვილი
(შემოკლებით)
მას შემდეგ, რაც საქართველოშიცა და რუსეთშიც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სპეციალისტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობას პროგნოზირებენ და აცხადებენ, რომ ამისთვის ახლა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე საუკეთესო დროა. კერძოდ, მათი თქმით, გეოპოლიტიკური ვითარების გამო, რუსეთი ახლა მეზობლებთან ურთიერთობის დარეგულირებით განსაკუთრებით დაინტერესებულია და ბოლო პერიოდში შესაბამის მესიჯებსაც ხშირად გზავნის. მას, სპეციალისტების თქმით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უნდა, მათ შორის საქართველოსთან უფრო მაღალი დონის პირებს შორის დიალოგის დაწყებაც.
(…)
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია დარწმუნებულია, რომ ახალი პარლამენტის პირობებში რუსულ-ქართული ურთიერთობები დათბობისაკენ უფრო ინტენსიურად წავა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა. ამას, მისი აზრით, ხელს ისიც შეუწყობს, რომ პარლამენტში შესული სამივე პარტია, მათ შორის “პატრიოტთა ალიანსი”, პროდასავლურია და ეს რუსეთისათვის ბევრი რამის გაკვეთილია. პირველ რიგში, მაისაიას თქმით, ის დაინახავდა, რომ მისმა გეგმებმა საქართველოს პარლამენტსა და ხელისუფლებაში საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფი ძალების მოხვედრის შესახებ კრახი განიცადა. შესაბამისად, იძულებული ხდება, საქართველოსთან ურთიერთობის დასარეგულირებლად სხვა, ჩვენთვის უფრო სასარგებლო ხერხებს მიმართოს.
“რუსეთმა დაინახა, რომ პოლიტიკური კუთხით საქართველოში სიტუაციის შეცვლა შეუძლებელია, რადგან პროდასავლურ ორიენტაციაზე კონსენსუსი შემდგარია. შედეგად, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, ჩვენთან ერთგვარად თანასწორუფლებიანი ურთიერთობა ჰქონდეს. სწორედ ასეთი განცხადებები მოდის ახლად არჩეული სახელმწიფო სათათბიროდან. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთმა ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტის გადაბირებაზე ხელი ჩაიქნია. ახლა კი ცდილობენ, ფორმატი შეცვალონ და ის მეთოდები გამონახონ, რითაც ჩვენთან საკუთარი ინტერესების დაცვას შეძლებენ. მოკლედ, რუსები მიხვდნენ, რომ მათი მცდელობები საქართველოში საყრდენი ძალის შექმნის თაობაზე წარუმატებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, მათი მცდელობები ტაქტიკის შეცვლის შესახებ, ბუნებრივია”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.
შესაბამისად, სპეციალისტის თქმით, ზედაპირზე დევს მოცემულობა, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის დარეგულირებით დაინტერესებულია. ადრე თუ ქართული მხარე მეტ ინტერესს იჩენდა ამასთან დაკავშირებით, ახლა, მაისაიას თქმით, ამ საპარლამენტო არჩევნების შედეგად რუსული მხარე უფრო მონდომებულია. შედეგად, იგი დარწმუნებულია, რომ მალე რუსულ-ქართული დიალოგის არსებულ ფორმატებს ახალი, საპარლამენტთაშრისო დიალოგიც შეემატება. მხოლოდ კარასინი-აბაშიძისა და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატები, მისი თქმით, საკმარისი უკვე აღარაა. ელის, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო შეეცდება პოლიტიკური დიალოგი საპარლამენტო დონეზე დაიწყოს. “ეს თანასწორუფლებიანი პრინციპის ფორმატში განხორციელებული იქნება და უფრო პრობლემატური საკითხებიც დაისმება,” – აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.
გარდა ამისა, რუსეთის ტრანსფორმაციის კიდევ ერთი მიზეზი, ანალიტიკოსის თქმით, გეოპოლიტიკური ვითარებაცაა. კერძოდ ის, რომ სირიაში განხორციელებული ქმედებების გამო იგი დასავლეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში ექცევა.
ამ მდგომარეობას ვახტანგ მაისაია ახალ ცივ ომს უწოდებს. იგი იხსენებს რუსეთის საგარეო უწყების მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ თუკი დასავლეთი და აშშ სირიაში განხორციელებული ქმედებების გამო რუსეთს სანქციებს კიდევ დაუწესებენ, იგი დასავლეთთან ურთიერთობას საბოლოოდ გაწყვეტს
ვახტანგ მაისაიას თქმით, ასეთი რადიკალური განცხადება რუსეთს ცივი ომის დროსაც კი არ გაუკეთებია. ასეთ პირობებში, მისი აზრით, რუსეთი აუცილებლად შეეცდება საქართველოსთან თავისი ურთიერთობა გაააქტიუროს. დასავლეთსა და მას შორის გავლენის სფეროების დასასაკუთრებლად შეჯიბრება წავა. დასავლეთი კი, მისი აზრით, რუსეთს ახალ სანქციებს აუცილებლად დაუწესებს და შესაბამისად, მოვლენებიც ზემოთ აღწერილი სცენარით წავა. ასე რომ, საწყის ეტაპზე საპარლამენტთაშორისო დიალოგის დაწყებას იგი აბსოლუტურად რეალურად აფასებს. რაც შეეხება უფრო მაღალი დონის – ქვეყნების პირველ პირებს შორის საუბრის დაწყებას, მაისაიას თქმით, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტური იქნება დეპუტატების შეხვედრები.
მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რუსეთი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იზოლაციაში მოქცევის გამო საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებას შეეცდება, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც იზიარებს. ეს, მისი თქმით, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას არ ნიშნავს. უბრალოდ, ყინული უნდა დაიძრას.
რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, მისი აზრით, მოსალოდნელია სავიზო რეჟიმის გაუქმება და სავაჭრო ურთიერთობის გამარტივება. ამბობს, რომ ამით ორივე მხარე თანაბრად უნდა იყოს დაინტერესებული და თუკი საქართველო ნაკლებ ენთუზიაზმს ავლენს, ძალიან დიდ შეცდომას უშვებს. “ფაქტია, რომ ომის მერე რვა წელი გავიდა და საქართველოს ხელისუფლებამ აქამდე ნაწარმოები პოლიტიკით ვერაფერს მიაღწია. პირიქით, ყველაფერი უარესობისაკენ მიდის და ტერიტორიულად ბევრად ცუდი ვითარება გვაქვს, ვიდრე ომის დამთავრების დროს. მუდმივად მავთულხლართების გადმოტანა მიდის და ხან რომელი სოფელი ექცევა იქით და ხანაც რომელი. ჩვენი დამხმარე კი არავინაა. მხოლოდ არაღიარებას ვიღებთ, მეტს ვერაფერს. ასე რომ, ურთიერთობის ნორმალიზაცია აუცილებელია”, – აცხადებს სოსო ცინცაძე.
ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ ჭიანურდება რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, თუკი იგი ჩვენთან ურთიერთობის მეტ-ნაკლებად მოგვარებით დაინტერესებულია, სოსო ცინცაძე გვპასუხობს, რომ იგი საქართველოსგან რეალურ ნაბიჯებს ითხოვს. რაშიც მაღალი დონის შეხვედრები იგულისხმება. კარასინი-აბაშიძის ფორმატი, მისი აზრით, უკვე “კომიკური” გახდა.
„ოთხი წელია, აბაშიძე და კარასინი ერთმანეთს ხვდებიან და შედეგი ნულია. შეხვდებიან, ნახევარი საათი რაღაცას ილაპარაკებენ, ჩამოდის აბაშიძე და საწყალი იძულებულია, არაფრისგან რაღაც თქვას. ხუთწუთიან განცხადებებს აკეთებს, ბრიფინგსაც რომ ვერ უწოდებ და მორჩა, სამი თვით ისევ სიმშვიდეა. ეს ყველაფერი უბრალოდ დიპლომატიის ფარსია. რამდენჯერმე დაპატიჟეს პრეზიდენტი, მაგრამ ამაოდ. ახლა კი, როცა რუსეთი პრაქტიკულად საერთაშორისო იზოლაციაშია, მისთვის კეთილმეზობლური ურთიერთობები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ამიტომ, რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში დღეს შეიძლება მეტ დათმობებზე წავიდეს, ვიდრე ადრე წავიდოდა. ამ დროს ჩვენ ჯიბრში ვდგებით, ვყოყლოჩინობთ იმის გამო, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” დემაგოგიის საბაბი არ მივცეთ”, – აცხადებს სოსო ცინცაძე და დასძენს, რომ ეს საბაბი რომ არა, უფრო მაღალი დონის დიალოგი აქამდეც გვექნებოდა.
„რეზონანსი“, 27 ოქტომბერი, 2016 წელი
24 ნოემბერი – ვიზალიბერალიზაციის ახალი შესაძლო თარიღი?!
რა გახდა ეს ვიზალიბერალიზაცია?
თაკო მათეშვილი
უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ 24 ნოემბრამდე უკრაინა უვიზო მიმოსვლას მიიღებს, საქართველოში გაოცებით ხვდებიან. არც საგარეო საქმეთა სამინისტროში, არც ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტსა და არც ექსპერტთა წრეებში არ იციან, თუ რამ მისცა უკრაინის პრეზიდენტს ამგვარი ოპტიმისტური განცხადების გაკეთების საფუძველი. ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ ამ პროცესში უკრაინა საქართველოსთან შედარებით ერთი ნაბიჯით უკანაა და აქედან გამომდინარე, შეუძლებელია მან ვიზალიბერალიზაცია ჩვენზე ადრე მიიღოს. 24 ნოემბრამდე კი, მათი ვარაუდით, ვერ მოესწრება ის პროცედურები, რაც საქართველომ და მით უმეტეს უკრაინამ უნდა გაიაროს.
——–
მოგეხსენებათ, საქართველომ მასზე დაკისრებული ვალდებულებები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შეასრულა და ჯერი ევროკავშირზე მიდგა. გაზაფხულიდან უკვე იმ ტექნიკური საკითხების მოგვარება დაიწყო, რაც ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებისთვისაა საჭირო.
საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფრის დასრულებას ჯერ კიდევ ივნისისთვის ვარაუდობდა, მოგვიანებით ამ ვადამ ივლისამდე, შემდეგ კი ოქტომბრის დასაწყისამდე გადაიწია. თუმცა, პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
ხელისუფლებაში ისევ ირწმუნებიან, რომ ეს საქართველოს “ბრალი არაა” და რომ მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიაა “დამნაშავე”. ამას არც სპეციალისტები უარყოფენ და ჩვენთან საუბრისას ისინიც ადასტურებენ, რომ საქართველომ თავისი გასაკეთებელი მაღალ დონეზე გააკეთა.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ბოლო სიახლე ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (კორეპერი) შეთანხმება იყო იმაზე, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებები დაიწყოს. “ევროკავშირის საბჭო მიიჩნევს, რომ (საქართველოსთან) სავიზო რეჟიმი იმ დროს უნდა გაუქმდეს, როდესაც ე.წ. სწრაფი შეჩერების მექანიზმი შევა ძალაში”, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
სწორედ ეს საფეხური არ გაუვლია ჯერ უკრაინას. ანუ, კორეპერს მისი საკითხი ჯერ არ განუხილავს. ჩვენ კი ახლა სწრაფი შეჩერების მექანიზმის შემუშავებას ველოდებით, რომლის განხილვაც ნოემბრის პირველ ნახევარში მოხდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არც პოროშენკოს განცხადებაზე და არც მის მიზეზებზე არაფერი იციან. ჩვენს კითხვებზე იმასთან დაკავშირებით, თუ რამ მისცა უკრაინის პრეზიდენტს ასეთი ოპტიმიზმის საფუძველი და შეგვიძლია თუ არა საქართველოს შემთხვევაშიც გვქონდეს იმავეს იმედი, გვახსენებენ, რომ უკანასკნელი შეხვედრის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ საქარველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა და სრული კონსენსუსი იქნა მიღწეული.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი პოზიცია ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებისათვის შეთანხმებულია და რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას მიესალმება. “ჩვენი მოლოდინია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებები ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებისათვის აუცილებელი პროცედურა დროულად დასრულდება. კონკრეტული ვადები დღის წესრიგში ბრიუსელმა უნდა შეიტანოს,” – აცხადებენ სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.
პოროშენკოს განცხადების შესახებ არც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში იციან რამე. კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ არ იცის, თუ რას გულსხმობდა პოროშენკო, როცა ამას ამბობდა.
“შეიძლება ვარაუდობს, რომ 24-ში მათი საკითხიც გადაწყდბა ისე, როგორც ჩვენი უკვე გადაწყდა. ანუ, კორეპერის სხდომას თუ გულისხმობს, შეიძლება მართლაც იყოს ნოემბერში. სამწუხაროდ, მეტი ინფორმაცია არ მაქვს. არ მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ 24 ნოემბერს ჩვენი საკითხიც დასრულდება. ყოველ შემთხვევაში, ბოლო ხანებში ასეთი ინფორმაცია არ მიგვიღია”, – აცხადებს ბერძენიშვილი.
რაც შეეხება სწრაფი შეჩერების მექანიზმს, რომელზეც უვიზოდ მიმოსვლის ბედია დამოკიდებული, იგი გულისხმობს გარკვეული წესის შემუშავებას იმ შემთხვევებისათვის, თუკი მომავალში ევროკავშირს ან რომელიმე წევრ ქვეყანას საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერება დასჭირდება.
როგორც ყოფილი საგარეო საქმეთა მინსიტრი, ექსპერტი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი მენაღარიშვილი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, საკამათო გახდა საკითხი, თუ რა დონეზე უნდა მიიღებოდეს ეს გადაწყვეტილება – კონკრეტული ქვეყნის, ევროკომისიის მიერ თუ ევროპარლამენტის შესაბამისი სტრუქტურების ჩართვაც საჭიროა. ამბობს, რომ თემის განხილვა ნოემბრის პირველ ნახევარში იგეგმება და გადაწყვეტილებაც სავარაუდოდ ამ დროისთვის იქნება მიღებული. ასე რომ, ჩვენი რესპონდენტის შეფასებით, საქმე წმინდა ტექნიკურ საკითხს ეხება, რის თაობაზეც ევროკავშირმა გადაწყვეტილება ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებაში უნდა მიიღოს, ვისთანაც უვიზო მიმოსვლის დაწესებას გადაწყვეტს.
“რა იგულისხმა ბატიონმა პოროშენკომ, ჩემთვის უცნობია. შეიძლება გულისმობდა რაიმე საუბარს, რომელიც საფრანგეთისა და გერმანიის ხელმძღვანელებსა და მას შორის შედგა. მოგეხსენებათ, ისინი ერთმანეთს ბერლინში შეხვდნენ. თუმცა, ეს ჩემი ვარაუდია. შესაძლოა მან რაიმე ტექნიკური პროცედურა იგულისხმა, რომელიც საქართველოს უკვე გავლილი აქვს,” – აცხადებს მენაღარიშვილი და იმედოვნებს, რომ საქართველო ყველა პროცედურის გავლას წლის დასასრულამდე შეძლებს და ამოქმედების თარიღიც გაირკვევა.
ყოველ შემთხვევაში, მისი თქმით, არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ უკრაინამ ამ პროცესში ჩვენზე წინ წაიწია და ვიზალიბერალიზაციას ჩვენზე ადრე იღებს.
უკრაინა ამ ეტაპზე ჩვენთან შედარებით ერთი ნაბიჯით უკან რომაა, ამას ვანო ჩხიკვაძეც ადასტურებს. ამბობს, რომ მასთან მიმართებაში კორეპერს ის ჩანაწერი არ გაუკეთებია, რაც ჩვენთან მიმართებაში გაკეთდა – რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ საქართველოს უვიზო რეჟიმი ავტომატურად ექნება. იქიდან გამომდინარე, რომ უახლოეს მომავალში, კერძოდ კი ნოემბერში უკრაინა-ევროსაბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს, რომელში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტიც მიიღებს, ჩხიკვაძე არ გამორიცხავს, რომ პოროშენკოს ზემოაღნიშნულ განცხადებას ამ შეხვედრის წინ ერთგვარი პოლიტიკური მესიჯის დატვირთვა ჰქონდოდა, “რათა პროცესი რამენაირად დაჩქარდეს და ამ შეხვედრას კონკრეტული შედეგი ჰქონდეს”.
“შემდეგ კი მას უკრაინელი ამომრჩევლისთვის შეეძლოს იმის თქმა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესმა ერთი ნაბიჯით წინ წაიწია. თუმცა, ძალიან მეეჭვება, უკრაინამ უვიზო მიმოსვლა მანამ მიიღოს, სანამ შეჩერების მექანიზმის დახვეწა არ დასრულდება,” – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.
რაც შეეხება სწრაფი შეჩერების მექანიზმის შემუშავების შემდეგ დარჩენილ პროცედურებს, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ამის შემდეგ უკვე მხოლოდ ორგანიზაციული საკითხებიღა რჩება მოსაგვარებელი.
კერძოდ, გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში, თუ სხვაგვარად არ გადაწყვეტს მინისტრთა საბჭო და მიღებულ გადაწყვეტილებაში შესაბამის ჩანაწერს არ გააკეთებს. ყველა ამ ეტაპის დასრულების შემდეგ შეეძლება ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, შენგენის ზონის ქვეყნებში ტურისტული მიზნით უვიზოდ გაემგზავროს და 180 დღის მანძილზე 90 დღით დარჩეს.