globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 27 ნოემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Nov 27th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ალია“: გახდება საქართველოში რუსეთის შემოჭრის საბაბი თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადება?

„ალია“: რა გაიაფდება და რა გაგვიძვირდება, თუკი რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი გაგრძელდება?

რეზონანსი: საქართველოს მომენტი // “ამ გარემოში შეიძლება ისეთი დიპლომატიური სვლების გაკეთება, რითიც ქვეყანა სარგებელს მიიღებს”

ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილითან: „ისლამური სახელმწიფო საქართველოზე ხელს არ აღმართავს… რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს აძლევს“

ახალი თაობა“: ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის გამწვავება არ სჭირდება, ჩვენ ნეიტრალიტეტი უნდა დავიცვათ“

ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება საქართველოსთვის სახიფათოა“

ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან: საქართველოს ინტერესებზე არავინ ზრუნავდა და არც ახლა ზრუნავს. „ქართული ოცნება“ საერთოდ ჩამოუყალიბებელი ძალაა“

—————————-

„ალია“, 27 ნოემბერი, 2015 წელი

გახდება საქართველოში რუსეთის შემოჭრის საბაბი თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადება?

ნინო სამხარაძე

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ცივილიზებული სამყაროს ბრძოლა დაჩრდილა 24 ნოემბერს მომხდარმა ფაქტმა, როცა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო თურქულმა გამანადგურებელმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო.

მსოფლიო ლიდერებმა მომხდარს განსხვავებული შეფასება მისცეს. ნატოს გენერალურმა მდივანმა პუტინის რუსეთი გააკრიტიკა, მაგრამ პუტინი ზურგში დანის ჩარტყმას, როგორც ჩანს, თურქეთს არ პატიობს, ჩვენ ვნახეთ, როგორ ააფეთქა თურქეთის ჰუმანიტარული ტვირთი. რა მნიშვნელობა აქვს, რა სახელს დავარქმევთ სამხედრო დაპირისპირებას, ფაქტია, რომ ორი გიგანტი სახელმწიფო ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში შევიდა და ორივე ჩვენი მეზობელია.

საინტერესოა ერთი რამ, თურქეთი აღშფოთდა, როცა დაირღვა მისი საზღვრები და რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ, როცა თურქეთი არღვევს საერთაშორისო ნორმებს და საქართველოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად შედის აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში. ამასობაში საინტერესო პოზიციაზე დგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა, ამ ქალბატონმა საქართველო კვლავ ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანოს. ერთია თავდაცვის მინისტრის ურაპატრიოტიზმი და მეორეა არსებული რეალობა და აი, რას აცხადებს იგი:

„თუ ევროპა და ამერიკა მიიღებენ თამამ გადაწყვეტილებას და იტყვიან, რომ რუსეთის შესაჩერებლად მზად არიან შუაგულ ევროპაში ომისთვის, ეს პუტინს შეაჩერებს, რადგან რუსეთს დასავლეთთან ომის შეეშინდება. რუსეთის პოლიტიკა მაშინ დამარცხდება და პრობლემების მოგვარება მაშინ დაიწყება, როდესაც ევროპა და აშშ თამამად გასცემენ პასუხს ძალიან მარტივ კითხვაზე, – მზად არიან თუ არა ისინი რუსეთთან ომისთვის შუაგულ ევროპაში. ეს არის მთავარი ტესტი, სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა…“.

ნეტარ არიან მორწმუნენი, მათ შორის თინა. როგორც ჩანს, ხიდაშელი ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რომ საქმე აქვს ისეთ ავანტიურისტ ლიდერთან, რომელსაც შეუძლია ატომური ბომბის ღილაკზე თითის დაჭერით მთელი მსოფლიო გაანადგუროს და ვლადიმერ პუტინს ამის გაკეთების ნამდვილად არ მოერიდება. უცნაური კი ერთი რამაა, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების, მათ შორის თურქეთის თავდაცვის მინისტრსაც კი არ სწყურია ომი ისე, თავდაცვის არც ერთ მინისტრს აგრესიული რიტორიკა არ გამოუვლენია, როგორსაც თინა ხიდაშელი ავლენს.

რას ფიქრობს მიმდინარე პროცესებზე პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე:

- მიუხედავად იმისა, რომ ლავროვი გამორიცხავს ომს თურქეთთან, რადგან თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და ამდენი ჭკუა ყოფნის რუსეთს, რომ ნატოსთან ომში არ შევიდეს, თქვენი აზრით, რა ფორმატში განვითარდება მოვლენები?

- საომარი ვითარება მომწიფებული არ არის და ყველა იქნება ფრთხილად. ნელნელა ყველა წავიდა იმ მოსაზრებისკენ, რომ ასადის პრობლემა გახდა ძალიან მნიშვნელოვანი. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთ-თურქეთის ეს ინციდენტი, რომელიც 24 ნოემბერს მოხდა, გახლდათ გამოხატულება იმ აზრთა სხვადასხვაობისა, რაც ირან-რუსეთს, ბაშარ ალ ასადსა და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციას შორის ხდება. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგან რაც ხდება, ეს მიანიშნებს, რომ აქ საუბარია არა მხოლოდ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს განადგურებაზე, არამედ იმის შემდგომ პერიოდზე, თუ რა იქნება მერე.

- თქვენ აკეთებთ აქცენტს, რა იქნება შემდეგ, როცა ისლამური სახელმწიფო განადგურდება, ხომ არ გაუჩნდება უფრო მეტი ამბიცია რუსეთს, სსრკ-ის სტატუს-ქვო კვლავ დაიბრუნოს და რამდენად სწორად იქცევა საქართველოს ხელისუფლება, როცა ის ზედმეტად არ ერევა რუსეთთურქეთის კონფლიქტში და არ აკეთებს განცხადებებს?

- სამწუხაროდ, ისეთ გეოპოლიტიკურ სივრცეში ვიმყოფებით, რომ ყოველთვის ასეთ მდგომარეობაში ვიყავით. თუ ვითარება გამწვავდა, მოგეხსენებათ, რომ რუსეთსომხეთის სამხედრო კავშირი მოითხოვს საქართველოს გზას, რომ ჩვენს ტერიტორიაზე გავატაროთ სომხეთის მიმართულებით რუსეთის შეიარაღება, რაც ასევე გამოიწვევს დაპირისპირებას თურქეთსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. ამიტომ მე ვერ ვხედავ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკვეთრი განცხადების მოტივს. თუ საქართველოს ხელისუფლება აპირებს რაიმე განცხადების გაკეთებას, სასურველია, გააკეთოს არა კრიტიკული და რადიკალური. მაგრამ არის საკითხის მეორე ნაწილი, დიპლომატიამ უნდა იმუშაოს ძალიან ინტენსიურად, წინასწარ უნდა იყოს გათვლილი ყველაზე ცუდი ვარიანტები, რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები. დღეს კი ვართ დარწმუნებული, რომ შეიარაღებული დაპირისპირება რუსეთსა და თურქეთს შორის არ იქნება, მაგრამ ხვალ რა მოხდება, ამის გათვლა წარმოუდგენელია. მსოფლიო შევიდა უპროგნოზო ფაზაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის პუტინისა და რუსეთის პოლიტიკა, ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინი თავისივე პოლიტიკის ტყვე აღმოჩნდა, 2008 წლის აგვისტოს ომიდან მოყოლებული, მან გადალახა წითელი ხაზები და ჩატეხა ყველა ხიდი და ბერკეტი, რითაც მას შეეძლო დასავლეთის პოლიტიკოსებთან დიალოგი. ყირიმის ანექსიის შემდეგ კი საერთოდ მოხდა გაუცხოება დასავლეთსა და პუტინს შორის.

- თქვენ აცხადებთ, რომ ამ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლება არ უნდა აკეთებდეს შექმნილ ვითარებაზე რადიკალურ განცხადებებს და უნდა იყოს ზომიერი, მაგრამ რას იტყვით თინა ხიდაშელის განცხადებებზე? მან კანადაში უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ, ერთი მხრივ, დასავლეთი ამბობს, რუსეთი აგრესორია და მეორე მხრივ, მასთან კოალიციურ რეჟიმში თანამშრომლობს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, ახლა კი აცხადებს, – პუტინის შეჩერება მხოლოდ შუაგულ ევროპაში ომს შეუძლია… რისი დამტკიცება სურს თინა ხიდაშელს და ეს ქალბატონი ხომ არ დაგვაბრუნებს 2008 წელში, რატომ იწვევს პუტინს?

- თინა ხიდაშელი ლაპარაკობს როგორც თავდაცვის მინისტრი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის მიერ გაჟღერებული პოზიცია არის მთავრობის პოზიცია, თუმცა ვიდრე არ დარეგულირდება სიტუაცია, არ არის სასურველი, თავდაცვის მინისტრმა გააკეთოს რადიკალური განცხადებები. სასურველია, აქცენტები გადავიდეს კულუარულ საუბრებზე, კულუარულ დიპლომატიაზე, ვიდრე ხმამაღალ განცხადებებზე. დღეს არ არის მკვეთრი განცხადებების დრო, არავის არაფრის დამტკიცება უკვე აღარ სჭირდება. დღეს იწყება ახალი რეალობის ჩამოყალიბება, ამ ვითარებაში მთავარი წამყვანი ძალა, ძალიანაც რომ გვინდოდეს, ვერ ვიქნებით.

- და მაინც, თინა ხიდაშელი მიხეილ სააკაშვილის რიტორიკის მემკვიდრედ იქცა, შესაძლოა, რუსეთს დღეს ჩვენთვის არ სცალია, მაგრამ ხვალ რომ მოიცალოს და ხიდაშელის განცხადებებზე პასუხი გვაგებინოს?

- ამიტომ ვამბობ, რომ არ არის სასურველი ასეთი განცხადებების გაკეთება. შესაძლოა, რუსეთმა თავდაცვის მინისტრის ეს განცხადებები გამოიყენოს ჩვენს საწინააღმდეგოდ და მოახდინოს ქვეყნის ხელახალი ანექსია. ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არ მოხდეს პროვოცირება, რომ ტერორი გამოყენებული არ იქნას სამხედრო პროვოკაციისთვის. დღეს არის სხვა რეალობა და ხიდაშელმა თავი უნდა შეიკავოს აგრესიული რიტორიკისგან.

- განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებთ დიპლომატიურ მოლაპარაკებას და კულუარულ პოლიტიკას, საქართველოს არცთუ ისე ძლიერი დიპლომატიური კორპუსი ჰყავს, მათი დიდი ნაწილი „ნაცმოძრაობაზე“ მუშაობს, ჯერ კიდევ 18 აგვისტოს წერდა „ალია“, რომ აუცილებლად შეიცვლებოდა დიდ ბრიტანეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი რევაზ გაჩეჩილაძე და აშშ-ში ელჩი არჩილ გეგეშიძე, ინფორმაცია დადასტურდა და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ბრიტანეთში ელჩად დაინიშნება, დიპლომატიურ საკადრო პოლიტიკას როგორ აფასებთ?

- როგორც ჩანს, ხელისუფლება თვლის, რომ ამ მიმართულებით გარღვევაა და თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საჭიროა დიპლომატიური კორპუსის განახლება, ეს მათი გადასაწყვეტია, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან თქვენგან მესმის, რომ თამარ ბერუჩაშვილი ჩაანაცვლებს გაჩეჩილაძეს დიდ ბრიტანეთში.

- რას ფიქრობთ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ გააქტიურებაზე, რამდენადუკავშირებთ მიხეილ სააკაშვილს მის გამოჩენას, ინტერნეტსივრცეში აიტვირთა ოდესაში პაატა ბურჭულაძის სააკაშვილთან და გია ბარამიძესთან ერთად გადაღებული ფოტოები, სოციალურ ქსელში უკრაინულმა „ვიკილიკსმა“ გამოაქვეყნა ადეიშვილისა და სააკაშვილის სტენოგრამა, სადაც ნათქვამია, რომ პაატა ბურჭულაძე – ეს არის სააკაშვილის პროექტი და მისგან შექმნიან მესამე პოლიტიკურ ცენტრს….

- რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მივაქციოთ, სად რა ქვეყნდება, მაგრამ შეუვალ არგუმენტად „ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებული მასალების მიღება არ იქნება სწორი. შეიძლება სრულიად სხვა ძალა მუშაობდეს პაატა ბურჭულაძის სასარგებლოდ. სხვათა შორის, თუ „ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებულ სტენოგრამას დავეყრდნობით, მიმართულია სწორედ ბურჭულაძის და ამ ახალი ჯგუფის საწინააღმდეგოდ და არა მის სასარგებლოდ, რადგან, თუ ეს თემა გაიშლება და მოსახლეობა ჩათვლის, რომ პაატა ბურჭულაძე არის სააკაშვილის მე-5 კოლონა ქართულ პოლიტიკაში, მაშინ მას წარმატების თითქმის ნულოვანი შანსი აქვს. ჩემი აზრით, პაატა ბურჭულაძე და მისი ჯგუფი „ქართული ოცნებისთვის“ დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, თანაც გარკვევით იყო ნათქვამი, რომ პაატა ბურჭულაძეს ჰქონდა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან და ასევე, ირაკლი ალასანიასთან. ვნახოთ, რა იქნება. რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ ბურჭულაძეს, მაგრამ მეეჭვება, პაატა ბურჭულაძემ და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა 2016 წელს საარჩევნო ბარიერი დაძლიოს.

- დაბოლოს, მართალია, თქვენ ამბობთ, რომ „ვიკილიკსის“ ინფორმაციები უტყუარ არგუმენტად არ უნდა მივიღოთო, მაგრამ ადეიშვილსა და სააკაშვილს შორის ასეთი საუბარიცაა, რომ ისინი დარწმუნებულები არიან, პრეზიდენტი მარგველაშვილი ახალ წელს შეიწყალებს მერაბიშვილსა და უგულავას. თქვენ გაქვთ ამის მოლოდინი?

- არ მაქვს ასეთი მოლოდინი, ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ, თუკი პრეზიდენტი ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს იქნება გამანადგურებელი პრეზიდენტისთვის, ის დაამთავრებს თავის კარიერას, როგორც პოლიტიკური მოღვაწე. მარგველაშვილისთვის კატასტროფა იქნება ასეთი ნაბიჯის გადადგმა.

„ალია“, 27 ნოემბერი, 2015 წელი

რა გაიაფდება და რა გაგვიძვირდება, თუკი რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი გაგრძელდება?

გელა ზედელაშვილი

2016 წლიდან დოლარი გაუფასურდება და ლარი დაიწყებს გამყარებას. საქართველოში არსებულ ფინანსურ მდგომარეობას ასე აფასებს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი „საქსო ბანკის“ მთავარი ეკონომისტი, სტინ იაკობსენი:

„ლარი 10%-ით გამყარდება. ამის ძირითადი მიზეზი ის იქნება, რომ ამერიკული დოლარი შეწყვეტს გამყარებას. აქ გასათვალისწინებელია ერთი ტენდენცია, რომელიც ყველას ყურადღების მიღმა რჩება, დოლარის კურსი უარყოფით კორელაციაშია შეერთებული შტატების მონეტარულ პოლიტიკასთან. შესაბამისად, ინვესტორებს ლარი უდიდეს შესაძლებლობებს უხსნის, რადგან სახეზეა ინვესტორებისთვის აუცილებელი ორივე კომპონენტი – ღირებულება და ფასი. საუკეთესო მაკროეკონომიკური განვითარება, რასაც 30 ქვეყანაში ჩემი ვიზიტის დროს დავაკვირდი, არის საქართველოს შემთხვევაში. ალბათ, ბევრი ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს, მაგრამ ვფიქრობ, ლარს დიდი შესაძლებლობები აქვს კურსის გამყარების თვალსაზრისით, ანუ მაღალპროდუქტიულობის წყალობით, ასევე, ჰიდროენერგეტიკული და სხვა პროექტების საშუალებით“.

იაკობსენი არ გახლავთ ხელწამოსაკრავი ბანკის წარმომადგენელი, ეს ორგანიზაცია დანიურია და მოქმედებს როგორც დიდ ბრიტანეთში, სინგაპურში და ევროპის ქვეყნებში – სულ 26 ქვეყანაში. კი, ბატონო, დონე გასაგებია, მაგრამ ჩვენ მაინც გვიჩნდება შეკითხვა: ეს კაცი მოგზავნილია თუ სიმართლეს ლაპარაკობს? ჯერ ამბობს, ლარი იმიტომ გამყარდება, რომ დოლარის კურსი დაეცემაო, ბოლოს ამტკიცებს, ამაში ლარს თქვენი ჰიდრორესურსები დაეხმარებაო. რატომ აალაპარაკეს უცხოელი ეკონომისტი, ჩვენს თავზე შავი ღრუბლები ტრიალებს და თავისებურად გვამშვიდებს?

როგორც ეკონომიკის ექსპერტი, ლია ელიავა ამბობს „ალიასთან“ საუბარში, ეტყობა, ამ ადამიანმა ჯერ არ იცის, რა ხდება თურქეთსა და რუსეთს შორის: „მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები აცხადებენ, რომ 2016 წელს დოლარს კვლავ ექნება გამყარების ტენდენცია. ასეთ სიტუაციაში ლარის გაუფასურება არის გარდაუვალი. ეკონომისტებს აქვთ თავიანთი მოსაზრებები: პირველი – დეკემბერში შეერთებული შტატები აპირებს, გადახედოს მონეტარულ პოლიტიკას და გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინვესტიციები, რომლებიც ახლა გაბნეულია განვითარებად ქვეყნებში, დაბრუნდება ამერიკაში. რასაკვირველია, ეს პროცესი აუცილებლად დაარტყამს საქართველოს საფინანსო სისტემას. კაპიტალის საქართველოდან ნაწილობრივმა გაქცევამ უკვე იმოქმედა უარყოფითად ლარის კურსზე“.

მთავარი პრობლემა, რაზეც ყურადღებას ამახვილებს ქალბატონი ლია ელიავა, არის თურქეთში შექმნილი რთული მდგომარეობა. ვინაიდან თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია, მისი ეკონომიკური კრიზისი ჩვენც დაგვარტყამს:

„რა თქმა უნდა, ეს ჩვენზე აუცილებლად იმოქმედებს, თურქეთს რუსეთთან კონფლიქტის გამო დააკ ლდება ფინანსები. ეს ქვეყანა მიბმული იყო რუსეთთან ტურისტულ და სავაჭრო ურთიერთობაზე, არსებობს დიდი ალბათობაც, რომ კაპიტალი ასევე გაექცეს ქვეყნიდან. დიდი ალბათობით, ამიერიდან თურქეთის ხელისუფლება შეეცდება, უფრო მეტად ხელსაყრელი პირობები შეუქმნას ინვესტიციებს, რამაც შეიძლება საქართველოდან თურქული კაპიტალის გადინება გამოიწვიოს. აქ უამრავი ნიუანსია, ამ პოლიტიკური კრიზისის შედეგად თურქული ლირა დავარდა. უკვე ვხედავთ, ეროვნულმა ბანკმა როგორ განახორციელა სასწრაფოდ 20 მილიონი დოლარის ინტერვენცია იმიტომ, რომ ლარსაც შეერყა მდგომარეობა. წინა გამოცდილებიდან ვიცით, რომ ლარის ვარდნის ტრაექტორია პრაქტიკულად იმეორებდა ლირას ვარდნის ტრაექტორიას. ასევე, მოხდება ახლაც“.

რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ მაშინ, როცა რუსეთი გაშმაგებით უტევს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორის, თურქეთის ეკონომიკას, როცა რუსეთიდან ანტალიაში თვითმფრინავები ტურისტების გარეშე ბრუნდება, როცა ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დატვირთულ თურქულ ტრაილერებს აღარ ატარებენ? რუსეთის ხელისუფლებას ისიც კი შეუძლია, ერთ დღეს საერთოდ გამოყაროს თურქული საქონელი თავისი ბაზრიდან და დაწვას. ვლადიმერ პუტინი კიდევ რას მოიმოქმედებს, ჯერ კიდევ არავინ იცის. ბოლოს და ბოლოს, რას უზამს თურქეთი თავის ჭარბ საქონელს, ისევ ჩვენ წაგვლეკავს და დაასამარებს ისედაც გაჭირვებულ ადგილობრივ წარმოებას?

ლია ელიავას თქმით, თუკი თურქეთში დაიწყება მძაფრი ეკონომიკური კრიზისი, საქართველო ამით ნამდვილად ვერ იხეირებს: „ის პროდუქცია, რომელიც არ შევა რუსეთის ბაზარზე, აუცილებლად სადღაც უნდა შევიდეს. ბუნებრივია, გაიაფებული სახით აუცილებლად მოაწვება ჩვენს ქვეყანას. ეს კონკურენციას გაუწევს ქართულ პროდუქციას და ჩაკლავს. საქართველოს არ გააჩნია სხვისი პროდუქციისგან ადგილობრივის დაცვის მექანიზმები. აი, სწორედ ეს მექანიზმებია შესამუშავებელი და სასწრაფოდ დასანერგი. საქართველოში დღემდე უამრავი საწარმო დაიხურა, რადგან ვერ გაუძლო იაფ იმპორტს. იმპორტის მოძალება დაიწყება უახლოეს ხანში და მთელი ქვეყანა გადავა მხოლოდ ვაჭრობაზე. რუსების გათვლებით, ამ საპასუხო დარტყმის შედეგად თურქეთმა უნდა იზარალოს დაახლოებით 10 მილიარდი დოლარით. ახლა ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთმა შეიძლება უარი თქვას სამხრეთ ნაკადის მშენებლობაზე, შეიძლება შეუმციროს გაზის მიწოდება, თურქეთი 60 პროცენტით რუსულ გაზს მოიხმარს. კიდევ, რუსეთი თურქეთს უშენებს ატომურ ელექტროსადგურს, რაც ჯდება 32 მილიარდი დოლარი. თუ პუტინი ამაზეც იტყვის უარს, ჩვენი მეზობელი დადგება ძალიან რთული ეკონომიკური პრობლემების წინაშე. პლუს, ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერდოღანს ევროპა უკვე აღარ უყურებს კარგი თვალით. ის თავს იმართლებს, „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობს იაფად არ ვყიდულობთო“.

საინტერესოა, რატომ ანაცვალა თურქეთმა ეკონომიკური სტაბილურობა ერთ თვითმფრინავს? ბუნებრივია, მათ უნდა უღირდეთ, რაც გააკეთეს. თურქეთი ძალიან დიდ მოგებას ნახულობდა იაფი გაზისა და ნავთობის სახით, რასაც „ისლამური სახელმწიფო“ აძლევდა.

ლია ელიავას თქმით, რუსეთმა, ასევე, საფრთხე შეუქმნა ნარკოტიკების მოძრაობას და ამ გზების გადაკეტვამ ძალიან აანერვიულა თურქეთის ხელისუფლება: „როცა ერდოღანმა უკვე დაიწყო თავის მართლება, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ბრალდებები არა მხოლოდ რუსეთიდან მოდის, არამედ ევროპიდანაც. თვით თურქეთის ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, ამაზე დიდი ხანია ვლაპარაკობთ, მაგრამ აქამდე არავის სჯეროდაო. ამ ეტაპზე ჩვენ განსაკუთრებულს ვერაფერს გავაკეთებთ, უნდა დავიცვათ ადგილობრივი წარმოება და ხმა არ ამოვიღოთ. ჩვენ გავიჭყლიტებით ნებისმიერ შემთხვევაში. მართალია, ამ შემთხვევაში რუსეთიც დაზარალდება, მაგრამ ჩვენ ვზარალდებით ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც, ორივე ქვეყნის ეკონომიკის გაუარესება მომენტალურად აისახება ჩვენზე. უკვე დაიწყო ვარდნა რუბლმა და ლირამ. პოლიტიკური პრობლემები ძალიან მგრძნობიარედ აისახება ეკონომიკაზე, დაუკვირდით, ჩვენს ქვეყანაში თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ ლარის კურსი დღეში რამდენიმეჯერ იცვლება“.

ლარს აშკარად სჭირს „მოციმციმე არითმია“, ეკონომიკის ექსპერტების თქმით, ეს გამოწვეულია ფინანსური და ბიზნესწრეების ნევროზული მდგომარეობით. ეკონომიკის ექსპერტის, დემურ გიორხელიძის თქმით, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა საკმაოდაა მიბმული თურქეთზე, რა თქმა უნდა, იქაური პრობლემები ავტომატურად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე და არ არის გამორიცხული, ლარის კურსმაც დაიწყოს ვარდნა:

„ამ დროს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს შემუშავებული გეგმა, აუცილებლად გასაკონტროლებელია იმპორტი. შემცირდება თუ ჭარბი წამოვა, ორივე შემთხვევაში პრობლემაა. 20 მილიონი დოლარის ინტერვენციაც იმაზე მიანიშნებს, რომ ლარს ემუქრებოდა საფრთხე და ამით შეაჩერეს. ეროვნულ ბანკს პერიოდულად ამის გაკეთება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება ეროვნული ვალუტის ტოტალური დაცემა“.

როგორც ხედავთ, მისტერ იაკობსენი აშკარად გვატყუებს, ხოლო უკეთეს შემთხვევაში, გვანუგეშებს. არადა, ჩვენ კიდევ ტყუილების მოსმენა გვინდა?!

რეზონანსი“, 27 ნოემბერი, 2015 წელი

საქართველოს მომენტი

ამ გარემოში შეიძლება ისეთი დიპლომატიური სვლების გაკეთება, რითიც ქვეყანა სარგებელს მიიღებს”

თაკო მათეშვილი

(შემოკლებით)

რეგიონში დაძაბული სიტუაციით საქართველომ შესაძლოა გარკვეული სარგებელი მიიღოს. სარგებელი კი იმაში მდგომარეობს, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციებისა და თურქეთთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის გამო რუსეთს საქართველოსათვის, ე.წ. საზღვრებთან პროვოკაციების მოწყობისა და სიტუაციის გამწვავებისათვის უბრალოდ აღარ “სცხელა”. მეტიც, ქართველი პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ ამ ფონზე რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება უფრო აწყობს. არ გამორიცხავენ, რომ ამის გამო გარკვეულ დათმობაზეც წავიდეს და ჩვენი მისამართით დაპირებებიც უხვად გასცეს. შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ საქართველომ მომენტით უნდა ისარგებლოს.

(…)

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვას სპეციალისტები საქართველოსათვის გარკვეული სარგებლის მომტანს უწოდებენ და ამბობენ, რომ რუსეთს მეზობელ ქვეყნებთან სულ უფრო მეტი პრობლემა ექმნება და ამის ფონზე, საქართველოსთან მეტ-ნაკლებად ნორმალური ურთიერთობა მის ინტერესებში შედის.

“კავკასიური სახლის” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი ამბობს, რომ პრინციპული თვალსაზრისით ჩვენ ისევ დაპირისპირებულებად ვრჩებით, თუმცა შესაძლებელია ამ დაძაბულობის ფონზე პატარა, ტაქტიკურ წარმატებებს მივაღწიოთ.

მთლიანობნაში კი, კანაშვილის თქმით, ჯობია, რომ მაქსიმალურად მშვიდად და წყნარად ვიყოთ და ის რისკები ავწონ-დავწონოთ, რომლებიც დღეს ყველა მხრიდან მოდის. ამბობს, რომ ვითარება ძალიან დაძაბულია და არავინ იცის რით დასრულდება ყველაფერი.

“როგორც უნდა დალაგდეს ურთიერთობა ჩვენსა და რუსეთს შორის, აშკარაა, რომ ჩვენ პრინციპულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები გვაქვს. ეს საკითხებია: ტერიტორიები, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება და ა.შ. ამ ყველაფერთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია არ შეცვლილა. უბრალოდ, რუსეთისათვის უხერხულია ყველა მეზობელთან გაფუჭებული ურთიერთობა ჰქონდეს. ასეთი ქვეყნების რიცხვი კი სულ უფრო იზრდება. საქართველოსთან სიტუაციის დალაგება კი მათთვის ახლა შესაძლოა, მომგებიანი და პოზიტიურიც იყოს”, – აცხადებს კანაშვილი.

პოლიტოლოგის, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელ კახა გოგოლაშვილის აზრით კი, თურქეთსა და რუსეთს შორის სიტუაციის დაძაბვით საქართველო სერიოზულად ვერ ისარგებლებს, რადგან ამით შესძლოა ურთიერთობა საკმაოდ კარგ პარტნიორთან-თურქეთთან გაგვიფუჭდეს. თუმცა, ამ გარემოში, მისი აზრით, შეიძლება ისეთი დიპლომატიური სვლის გაკეთება, რითიც ქვეყანა სარგებელს მიიღებს. იგი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, თურქეთთან დაპირისპირებამ რუსეთის საგარეო პოზიციები დაასუსტოს და საქართველოსთან პოლიტიკა შეარბილოს. შედეგად მეზობელ ქვეყნებთან და მათ შორის საქართველოსთანაც, რომელიც უშუალოდ რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს, მეტი დათმობა გამოიჩინოს. ანუ, იმ ქვეყნებთან ურთიერთობის გამოსასწორებლად, რომლებიც დასავლეთთან ახლოს არიან, მეტი ძალისხმევა დახარჯოს. ამიტომაც შეიძლება მეტი დათმობა და დაპირება წამოვიდეს. ჩემი აზრით, იგი საქართველოსთან ურთიერთობის გამწვავებას აღარ ეცდება და პირიქით, დათბობისაკენ გადადგამს ნაბიჯებს. რა თქმა უნდა, შეიძლება საქართველომ ეს ვითარება გამოიყენოს, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, რათა ისევ რუსულ ხაფანგში არ აღმოვჩნდეთ და ამის გამო სხვა პარტნიორებთან ურთიერთობები გავიფუჭოთ”, – აღნიშნავს გოგოლაშვილი.

“რეზონანსთან” საუბრისას იგი რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებასაც აფასებს და ამბობს, რომ მათი ურთიერთობის გაფუჭების გამო შექმნილი პანიკა მთლიანობაში გადაჭარბებულია. ამ დაპირისპირებას, მისი აზრით მეტი საფუძველი აქვს, ვიდრე მხოლოდ იმ თვითმფრინავის ჩამოგდება. მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ საბაბი იყო, რის გამოც ღია კონფრონტაცია განვითარდა. რეალური მიზეზი კი სირიის საკითხში უთანხმოებაა.

უფრო კონკრეტულად კი რუსეთის გეგმებია – სირიაში თავისი ყოფნა გაამართლოს და გააფართოოს. გოგოლაშვილის აზრით, რუსეთი ამ კონფლიქტს რეგიონში თავისი გავლენის გასაზრდელად იყენებს. ამით კი სირიაში და ახლო აღმოსავლეთში თურქეთის გავლენის შემცირებას ცდილობს. ამ ყველაფრის გამო ორი ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს ეჯახება. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრისაკენ იქნება მიმართული, ექსპერტის აზრით საერთაშორისო ძალისხმევა. პირველ რიგში ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან, რათა რუსეთს თავისი ადგილი მიუჩინონ, მას ზედმეტი ამბიციები არ გაუჩნდეს, სირია თავის სამხედრო გავლენის სფეროდ არ გადააქციოს და შემდგომ იქიდან მთელ ხმელთაშუა ზღვის რეგიონს არ დაემუქროს. “ყველაზე დიდი პრობლემა ესაა, რის აღმოფხვრასაც დასავლეთი შეეცდება და, ჩემი აზრით, მოახერხებს კიდეც”, – დასძენს კახა გოგოლაშვილი.

ახალი თაობა“, 27 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილითან: „ისლამური სახელმწიფო საქართველოზე ხელს არ აღმართავსრუსეთ-თურქეთის დაპირისპირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს აძლევს

შორენა მარსაგიშვილი

რატომ არ მოხვდა ისლამური სახელმწიფოს მტერი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო, რა გამოწვევები დგება ქვეყნის წინაშე, რა სარგებლობის მიღება შეუძლია საქართველოს რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებით? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება. „რამდენიმე თვის წინ „ახალ თაობასთან“ საუბარში განვაცხადეთ, რომ სირიის თემაზე რუსეთი და თურქეთი ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი გამართლდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მალე კონფლიქტური სიტუაცია წარმოიშობა ირანთანაც. თეირანსა და მოსკოვს შორისაც გამწვავდება ურთიერთობა. რაც შეეხება რუსეთსა და თურქეთს, ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ. ორივე მათგანს იმპერიული წარსული აქვს და ორივეს ძველი იმპერიული გავლენების აღდგენის ამბიცია აწუხებს. ორივე ქვეყანას გააჩნია კარგი შეიარაღება და, რაც მთავარია, აქვთ ერთმანეთთან ომის გამოცდილება. ამ ომებმა დაანგრია როგორც რუსეთის, ასევე ოსმალეთის იმპერიები და თან მაშინდელი მსოფლიოს 2 იმპერიაც მიიყოლა. ამ ეტაპზე მათ შორის საომარ მოქმედებებს გამოვრიცხავთ“, – ამბობს ზაალ კასრელიშვილი..

- ძველი მწარე გამოცდილების გამო შეიკავებენ ომისგან თავს?

- საამისოდ ორივე მხარეს ბევრი მიზეზი აქვს. დავიწყებ რუსეთით. მას კონფლიქტი აქვს კავკასიელებთან, საომარ მდგომარეობაშია უკრაინასთან, ებრძვის ისლამურ სახელმწიფოს და თურქეთთან მეოთხე ფრონტის გახსნა ამ ეტაპზე არანაირად არ აწყობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე არ ემუქრება. თურქეთს ომი აქვს ქურთებთან, ებრძვის ისლამურ სახელმწიფოს, სერიოზული პრობლემები აქვს ოპოზიციასთან, რომელიც ძალიან ძლიერია, მის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე არ ემუქრება. აქედან გამომდინარე, ის რუსეთს იარაღით არ დაუპირისპირდება, თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ ის ნატოს წევრი ქვეყანაა და მას დამოუკიდებლად ომის დაწყების უფლება არ აქვს.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ მოსკოვიც და ანკარაც ებრძვიან ისლამურ სახელმწიფოს. რუსი პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ თურქეთი დგას ისლამისტების უკან, ჩეჩნეთის ყოფილი ვიცეპრემიერი ახმედ ზაკაევი კი ამტკიცებს, რომ ხალიფატი კაგებე-მ შექმნა. ამაზე რას იტყვით?

- ისლამურ სახელმწიფოს რუსეთიც და თურქეთიც აფიშირებულად ებრძვიან. ეს არის მოტივაცია. სინამდვილეში რუსეთი სირიაში თავისი გავლენების დასაცავად იბრძვის. ახლო აღმოსავლეთში მოსკოვს მხოლოდ სირიაში დარჩა სამხედრო ბაზა. ამ ტერიტორიის შენარჩუნება სურს ბაშარ ალ ასადის ხელით. როგორც კი ამ ტერიტორიას თურქეთი ან ირანი დაეპატრონება, რუსეთს ასადი აღარ დასჭირდება და აღარც ხალიფატის პრობლემა იქნება. თურქეთი თვლის, რომ სირია ოსმალეთის იმპერიის ნაწილია და ის ტერიტორია, სადაც რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს, არის მისი საკუთრება. ასევე გავლენის სფეროებისთვის იბრძვის ირანი, ისიც თვლის, რომ სირიის გარკვეული ნაწილი მისი ისტორიული ნაწილი. იქ დღეს შიიტი სპარსელები ცხოვრობენ. ამ ბაკქანალიის მთელი ფილოსოფია გეოგრაფიული ტერიტორიების დასაკუთრების მისწრაფება გახლავთ. აქედან გამომდინარე, ამ ფრონტზე სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება.

- საქართველოს რა საფრთხეები ელის ამ დაპირისპირებიდან?

- არის ასეთი ქართული გამოთქმა: ძროხა წაკლეს, ზედ დამაკლეს, ცხვარი დაკლეს, ზედ წამაკლესო. ჩვენს ქვეყანას სწორედ ეს უბედურება სჭირს. ყარსის ხელშეკრულებიდან 100 წელი სრულდება. მაშინდელმა რუსეთ-თურქეთის ომმა საქართველო დაანგრია. იმ დროს ჩვენ რუსეთის იმპერიის მიერ ვიყავით დაპყრობილი და რუსეთის იმპერიამ ზავის დროს ძირძველი ტერიტორიები ძალიან იოლად დაუთმო თურქეთს. დღევანდელ ვითარებაში, უფლის წყალობით, პროცესები ჩვენ სასარგებლოდ მიდის. ახლა საკითხავი ისაა, როგორ გამოიყენებს ამას დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა. ახლა ვნახავთ, არის თუ არა ხელისუფლება მზად დიდი თამაშის სათამაშოდ. აქვს თუ არა უახლოესი 10 წლის სამოქმედო გეგმა, ეს დაპირისპირება მინიმუმ 10 წელი გაგრძელდება. დროის ამ მონაკვეთში დამოუკიდებლობაც უნდა შევინარჩუნოთ, გავლენებიც გავზარდოთ და ორივე ქვეყანა ღირსეული საქციელით ვაიძულოთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარი თქვან.

- ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება რეალურად შეიძლება თუ ეს თქვენი სურვილია?

- შეიძლება და მერე როგორ. უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში საქართველოს ასეთი შანსი არ ჰქონია. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ შეიძლება, პოლიტიკაში მოვიდეთ, მხოლოდ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება იქნება. ამას მხოლოდ მაშინ გავაკეთებთ, თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია პროცესებს სწორად ვერ აუღებენ ალღოს. სწორად თუ ვიმოქმედებთ, ამ ორი უზარმაზარი სახელმწიფოს დაპირისპირებით საქართველოს მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს.

- როგორ შეიძლება ნახოს საქართველოს სარგებელი ამ ორი იმპერიის დაპირისპირებით?

- ეს საინტერვიუ თემაა არაა. აქ უნდა ჩაერთოს დიპლომატია, ეკონომიკა. ანტიტერორისტული საქმიანობა და ეთნორეგიონული პოლიტიკა. ყველა მათგანი ცალ-ცალკეა დასალაგებელი.

- თქვენი აზრით, ხელისუფლებას აქვს რაიმე მონახაზი ამ მიმართულებით?

- არ ვიცით, მათთან არ ვკონტაქტობთ. ხელისუფლებას ჩვენთან ურთიერთობა თუ უნდა, ჩვენ მზად ვართ მასთან სათანამშრომლოდ, ოღონდ ოფიციალურად.

- წინა ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, რუსეთი და თურქეთი ერთმანეთს კავკასიაში გავლენების სფეროებს შეეცილებიანო. ეს დაპირისპირება ამ მცდელობას კიდევ უფრო გაამძაფრებს. საქართველო ამისთვის მზად არის?

- თუ ხელისუფლება და ოპოზიცია, ანტიხალხურთან ერთად, ანტიქართულიც იქნება, მაშინ ძალიან დიდ შარში გავყოფთ თავს. რუსეთი თურქეთის ტერიტორიაზე ქურთული მოძრაობის გაძლიერებას შეეცდება. ამისთვის მოსკოვს მთელი კავკასია სჭირდება, როგორც პლაცდარმი და როგორც ზურგი. ის ყველაფერს გააკეთებს, ისეთი პროვოკაცია მოაწყოს, რომ აქ შემოვიდეს. ამის გაკეთება მას ძალიან მარტივად შეუძლია.

- ძალიან მარტივად როგორ?

- საკმარისია, რამდენიმე შეიარაღებულმა ტერორისტმა საქართველოს მხრიდან მიაღწიოს რუსეთის საზღვრამდე, რომ მოსკოვი აქ სამხედრო ოპერაციას ჩაატარებს. დღეს არსებული სამხედრო დოქტრინა კრემლს აძლევს იმის საშუალებას, რომ შევიდეს და ოპერაცია ჩაატაროს იმ ტერიტორიაზე, საიდანაც მის სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება. თურქეთმა კარგად იცის, რომ ქურთული მოძრაობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო. ანკარა შეეცდება, რომ რუსეთს საპასუხო დარტყმა მიაყენოს. ის რუსეთს გასული საუკუნის 90-იანი წლების მოდელით შეუქმნის პრობლემებს. წაახალისებს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლებს ჩრდილოეთ კავკასიაში და თათარსტანში. მოსკოვისა არ იყოს, ამ მიზნის მისაღწევად კავკასია მასაც სჭირდება. საქართველოში მის დასაყრდენს სუნიტი ქართველები შეადგენენ. ამ მიმართულებით მეტს არაფერს ვიტყვი, ისედაც იმაზე მეტი ვილაპარაკე და გამგებმა, წესით, უნდა გაიგოს. ჩვენს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ანკარასა და მოსკოვს ერთმანეთისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლიათ, რისთვისაც მათ საქართველო და კავკასია სჭირდებათ.

- ოკუპირებულ აფხაზეთში აქამდე რუსები და თურქები კარგად თანაცხოვრობდნენ. ეს დაპირისპირება იმოქმედებს აფხაზეთზე?

- აქაც აირევა სიტუაცია. აფხაზეთში არიან როგორც პრორუსული, ასევე პროთურქული ორიენტაციის აფხაზები.

- რომელს დარჩება გამარჯვება?

- პრორუსული ორიენტაციის აფხაზები პროთურქულებს აშკარად სჭარბობენ. აფხაზეთზე გავლენის სფეროები ქართველებთან ვაჭრობის ერთ-ერთი მიზეზი იქნება. ამაზე რუსიც შეგვევაჭრება და თურქიც. მართალია, აჭარა ოკუპირებული არ არის, მაგრამ რუსეთს და თურქეთს აქაც აქვთ გავლენები. ვაჭრობა ამ მიმართულებითაც იქნება.

- ცხინვალის რეგიონზე არავინ შეგვევაჭრება?

- ე.წ. სამხრეთი ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, პრინციპში, აღარ არსებობს.

- რას ნიშნავს აღარ არსებობს?

- იმას, რომ ის წმინდა წყლის რუსულ სამხედრო ბაზად გადაიქცა, რომელსაც ამ კატეგორიის კულუარულ-დიპლომატიური თამაშები არ ეხება.

- ფიქრობთ, რომ მისი დაბრუნება უფრო გაჭირდება, ვიდრე აფხაზეთის?

- ჩვენ პირიქით გვგონია, მაგრამ, იცოდეს ყველამ, რომ დაბრუნების პროცესი ასე მარტივი არ იქნება. ბევრი რამ ჩვენი ხელისუფლების ხედვაზე იქნება დამოკიდებული. ახლა საქართველო გადის ბეწვის ხიდზე. თუ გავივლით, გავიმარჯვებთ.

- თუ ვერ გავივლით?

- თუ ვერ გავივლით და ჩავვარდით, სახელმწიფო დაიშლება. ამის ნებას კი არავის მივცემთ.

- რა საფრთხეები შეიძლება დაემუქროს საქართველოს ისლამური სახელმწიფოსგან? 23 ნოემბერს გავრცელებული მუქარა ბევრმა არასერიოზულად აღიქვა.

- არასერიოზულად არანაირი მუქარა არ უნდა აღიქვა, მით უმეტეს მაშინ, როცა 2 ყოფილი იმპერია გავლენების სფეროების გადანაწილებისთვის ერთმანეთს შეერკინა. ეს დაპირისპირება ისლამურ სახელმწიფოზეც იმოქმედებს. ძალიან ბევრ საველე მეთაურს მიეცემა საკუთარი წარსულის გადაფარვის შანსი. ზოგი თურქეთის მხარეს დაიჭერს, ზოგი რუსეთისკენ წავა. ისლამურ სახელმწიფოში ორივე ქვეყნის სპეცსამსახურებს ჰყავს თავისი ხალხი ჩანერგილი. მოსკოვის მიერ ჩანერგილები ნელ-ნელა ბაშარ ალ ასადის მხარეს გადავლენ. საფრთხეები სერიოზულია, ჩვენი სპეცსამსახურები ჯერჯერობით ნორმალურად მუშაობენ და ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ასევე იმედს მაძლევს ისლამური სახელმწიფოს მიერ გავრცელებული ბოლო განცხადებაც.

- რომელი განცხადება, საქართველო მტრული ქვეყნების ჩამონათვალში რომ არ შეიყვანა?

- ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებაა. ამაში დიდი წვლილი შეიტანა ჩვენმა პატრიარქმა. მას ისლამურ სამყაროში ყოველთვის მაღალი ავტორიტეტი ჰქონდა, პარიზის ტერაქტის შემდეგ გაკეთებულმა განცხადებამ კი მის მიმართ პატივისცემა კიდევ უფრო გაზარდა. ტრაბახში არ ჩამომართვათ და ამ მიმართულებით ჩვენც ბევრი ვიმუშავეთ. ისლამურ სახელმწიფოს მხარეს ბევრი კავკასიელი იბრძვის და ჩვენი კავკასიელი მეგობრების მეშვეობით მათ დავუბარეთ, რომ აქ თუ მათი მხრიდან რამე მოხდა, ეს მთელი კავკასიის დასამარება იქნება, რადგან რუსეთი აქაურობას ცეცხლის ალში გახვევს. ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ჩვენმა პანკისელებმა, რომლებიც იქ არიან.

- თარხან ბათირაშვილი გყავთ მხედველობაში?

- არამარტო ის. თუმცა თარხანი ერთ-ერთი გამორჩეულია. პანკისელები არასდროს წასულან საქართველოს და ქართველების წინააღმდეგ. ეს ახლაც გამოჩნდა. ისლამური სახელმწიფო საქართველოსა და კავკასიაზე ხელს არ აღმართავს.

- ბოლოს ისევ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებას დავუბრუნდეთ. ჩრდილოეთი კორეის ლიდერი გამოვიდა და თქვა, თურქეთს მიწასთან გავასწორებო. ამ კიმ ჩენ ინს მართლა რამის თავი აქვს?

- რისი თავი აქვს კიმ ჩენ ინს, ვერ გეტყვით, მაგრამ კორეას ბირთვული იარაღი აქვს, რაც პატარა საქმე არ არის. მისი განცხადება რუსეთის მხარდაჭერაა და მეტი არაფერი.

ახალი თაობა“, 27 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან:რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის გამწვავება არ სჭირდება, ჩვენ ნეიტრალიტეტი უნდა დავიცვათ

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ, საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე, ტერორიზმის საფრთხეები რეალურად იზრდება, მით უმეტეს, რომ მუქარის ვიდეოებს არა უცხო ქვეყნის, არამედ საქართველოს მოქალაქეები ავრცელებენ.

- ბატონო არჩილ, დღეს საქართველოს ტერორიზმის რეალური საფრთხეები აქვს?

- ტერორიზმის საფრთხე მთელ მსოფლიოს და ჩვენს ქვეყანასაც ემუქრება. ჩვენი ქვეყანა განლაგებულია ისეთ სივრცეში, რომელიც ამ საფრთხეებს უფრო მეტად აირეკლავს, თუმცა მოცემულ მომენტში საფრთხეები რამდენიმე მიზეზის გამო არ ჩანს. პირველი იმიტომ, რომ ამ მხრივ სუბიექტს არ წარმოვადგენთ, მეორე – საზოგადოება მშვიდად მიჰყვება პროცესებს, არ არის დაპანიკებული. ხელისუფლება და ზოგადად სახელმწიფო სექტორი საკითხებს სიფრთხილით ეკიდება. მაქსიმალურად აკონტროლებს პროცესებს. ტერორიზმის საფრთხე არსებობს, მაგრამ ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა მთავარი რისკის ქვეშ არ მოხვდება.

- რატომ, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც იბრძვიან ისლამური სახელმწიფოს რიგებში, რეალურ ქმედებებს ვერ განახორციელებენ?

- თეორიულად შეუძლიათ საფრთხის შექმნა, ოღონდ გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომ მუქარის ვიდეოებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ავრცელებენ, ამიტომ ტერორიზმის ანატომია კიდევ უფრო მეტად არის გასააზრებელი. ამ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული ზემოქმედების ბერკეტები. ამიტომ საჭიროა, სახელმწიფოც და საზოგადოებაც გარკვეული სიფრთხილისა და წესების ფარგლებში მოქმედებდნენ. ამას შეუძლია, გარკვეული რისკები შეამციროს.

არჩილ გამზარდიას თქმით, საქართველო მოქცეულია ორ დიდ ქვეყანას შორის და მათი ურთიერთობების დაძაბვა ჩვენც გვიქმნის საფრთხეს.

- რუსეთ-თურქეთის გართულებული ურთიერთობის ფონზე საქართველოს საგარეო პოლიტიკა როგორი უნდა იყოს?

- თუ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა მაქსიმალურად დაიძაბება, საქართველომ ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს. გასააზრებელია, თურქეთსა და რუსეთს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, საქართველო, როგორც ის ქვეყანა, რომელზეც შეიძლება, ეს კონფლიქტი რთულად აისახოს, რა პოზიციაში შეიძლება აღმოჩნდეს და როგორ შეიძლება, თავი დაიცვას. ამ წუთისთვის სწორი იქნება გონივრული ქმედებები და ფრთხილი განცხადებები სახელმწიფოს მხრიდან. საჭიროა სიფრთხილე საზოგადოების მხრიდან, რომ საზოგადოებამ ისეთი პასაჟები არ წამოსწიოს, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს ცუდ პირობებს შეუქმნის და ხელისუფლებაზე არასწორი ზეწოლა იქნება.

- დღეისთვის პროცესები როგორ ფორმებს იღებს?

- დღეისთვის ეს პროცესები ძალიან რთული არ არის, მაგრამ ბევრი სამუშაო აქვთ ჩვენს უშიშროების სამსახურებს. მათ მაქსიმალურად უნდა იმუშაონ საზოგადოებასთან, რათა საზოგადოება არ იყოს პანიკურ ან ემოციურ მდგომარეობაში, არამედ იყოს გონივრული და რაციონალური.

- რუსეთის მხრიდან საფრთხე მუდამ გვემუქრება, მაგრამ, თურქეთთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე, რუსი სამხედროები გააქტიურდნენ ცხინვალის რეგიონშიც. ბოლო რამდენიმე დღეში მათ 20-მდე მოქალაქე გაიტაცეს ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებიდან. რუსეთი ხომ არ ცდილობს ჩვენთან ურთიერთობის დაძაბვას?

- მთელი უცნაურობა ის არის, რომ რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენლები არ ახორციელებენ იმას, რაც სჭირდება მათ ქვეყანას. ამ წუთისთვის რუსეთს აწყობს, ყველა მხარესთან ნაკლები დაძაბულობა ჰქონდეს. ის კი, პირიქით, ყველა მხარესთან ამწვავებს ურთიერთობას. ახლახან უკრაინასთან კვლავ დაძაბა ურთიერთობა, გაზი შეუწყვიტა. ახლახან თურქეთთან ვითარების დაძაბვას ემბარგოები მოჰყვა. ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსაკუთრებული არაფერი ხდება. ადამიანთა გატაცებები ადრეც ხდებოდა.

- ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 20 ადამიანი გაიტაცეს...

- მე არ ვიცი, ამ გატაცებებს ტენდენციის სახე მიეცა თუ არა. სხვა შემთხვევაში გაუგებარია, რად უნდა რუსეთს საქართველოსთან ვითარების გამწვავება. თუკი რუსეთი ყველა ქვეყანასთან დაძაბავს ურთიერთობას, მაშინ სხვა შრეები შეიქმნება.

- რა შრეები შეიქმნება?

- რუსეთი ბოლო დროს ცდილობს, მსოფლიოს ქვეყნებს აჩვენოს თავისი სიძლიერე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსეთი ყველა ქვეყნის მიერ გამარგინალებული იყო. რუსეთი ცდილობს, ერთი მხრივ, სირიასთან დაკავშირებით თავი ცივილიზებული საზოგადოების ნაწილად წარმოადგინოს, მეორე მხრივ, გაშორდეს ცივილიზებულ პროცესს, რაც გაუგებარია. რუსეთის პოლიტიკა სხვა ქვეყნების მიმართ წინააღმდეგობრივია.

არჩილ გამზარდია აღნიშნავს, რომ რუსეთ-თურქეთის უთანხმოებაში ნატომ პოზიცია თურქეთის სასარგებლოდ დაიკავა. „რუსეთს არაერთხელ შერჩა სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევა. საქართველოს საჰაერო სივრცეს ის დღენიადაგ არღვევს. არასაბრძოლო ვითარებაში საჰაერო სივრცის დარღვევისთვის რუსული თვითმფრინავი რომ ჩამოგვეგდო, პუტინი მაშინვე დაუფიქრებლად ტანკებს შემოაგელვებდა, მაგრამ თურქეთის წინააღმდეგ ძალისმიერი ქმედება ვერ გაბედა“, – აღნიშნავს ექსპერტი. მისი თქმით, რუსეთი შეჩვეულია თვითნებობას საქართველოსთან, უკრაინასთან და სხვა ქვეყნებთან, მაგრამ უცებ მას გასცეს პასუხი თავნებობისთვის. თურქეთი თავისი შესაძლებლობებითა და ფუნქციით სხვაა. ჩვენგან განსხვავებით, თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ თავნებობა ყველგან და ყოველთვის არ გაუვა.

- რუსეთს შეუძლია გაცნობიერება იმისა, რომ რომელიღაც ფრონტზე უკან უნდა დაიხიოს?

- ევროპული პოლიტიკა რუსეთის მიმართ ფრთხილია. უნდათ, რუსეთმა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გაითვალისწინოს და გააცნობიეროს თავისი ნაბიჯები, თავისი თავი დანარჩენ მსოფლიოში. დღეს რუსეთი თავის თავს ვერ ხედავს თანამედროვე მსოფლიოში. ის თავს ისევ ძველ იმპერიად აღიქვამს. თუ რუსეთი სწორად გაიცნობიერებს თავის როლს, ბევრი პრობლემა შეიძლება მოხსნას.

- საქართველოს დღეს ჰყავს ის ხელისუფლება, რომელიც ისეთ პოლიტიკას გაატარებს, რომ საქართველოს პრობლემები არ შეექმნება?

- ამას რეალობა აჩვენებს. წინა ხელისუფლებამ პროვოკაციებს ვერ აარიდა თავი და ქვეყანა ჩათრეული აღმოჩნდა რუსეთის მიერ წამოწყებულ საომარ მოქმედებებში, რაც საკმაოდ წამგებიანად დამთავრდა ქვეყნისთვის. ვერც შევარდნაძემ აარიდა თავი პროვოკაციებს. დღევანდელ პირობებში რას გააკეთებს ხელისუფლება, სამსჯელო საგანია, მაგრამ, არსებული მოცემულობით, ახლანდელი ხელისუფლება ბევრად უფრო ფრთხილია.

ახალი თაობა“, 27 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება საქართველოსთვის სახიფათოა

პარლამენტმა დღეს მთავარი პროკურორის კანდიდატურას უნდა უყაროს კენჭი. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების კანდიდატს მხარს არ უჭერს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ და შოთაძის კანდიდატურის წინააღმდეგ მისცემენ ხმას.

- რატომ მიდიხართ წინააღმდეგი?

- ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ შოთაძე ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა დღევანდელ პროკურატურაში. შესაბამისად, თუ შევაფასებთ ბოლო წლების განმავლობაში პროკურატურის მუშაობას, არის უამრავი გამოუძიებელი საქმე, დაწყებული ბარბარე რაფალიანცის საქმიდან, გაგრძელებული თავთუხაშვილის საქმით, ასევე ეროსი კიწმარიშვილის საქმე. არის პოლიტიკურად მიკერძოებული დამოკიდებულება პროკურატურის სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით.

- იმის თქმა გინდათ, რომ დღეს პროკურატურა პოლიტიზებულია?

- დიახ, ასეა. ეს პროკურატურა კი არ არის, ეს არის `ქართული ოცნების~, უფრო სწორად კი ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი პოლიტიკური ორგანო და ეს დიდი პრობლემაა. ამიტომაც წინააღმდეგი ვართ, რომ ადამიანი, რომელიც არის ამ სისტემის ერთ-ერთი შემოქმედი, გახდეს მთავარი პროკურორი.

- შოთაძე ხომ არ იყო ამ დრომდე პასუხისმგებელი პირი, გადაწყვეტილებებს ხომ სხვა იღებდა? იქნებ მთლიანად ცვლის პროკურატურის მუშაობის სტილს?

- პირდაპირ გეტყვით, რომ ამის ნამდვილად არ მჯერა, იმიტომ, რომ ის იყო აქტიური, მოქმედი პირი ყველა ამ საქმეში. აქტიურად აკეთებდა კომენტარებსაც, განმარტებებსაც და აქტიურად მონაწილეობდა პროკურატურის საქმიანობაში.

- ხელისუფლების პოზიცია ასეთია, რომ შოთაძე დიდი აქტიურობით გამოირჩეოდა და ბევრი გახმაურებული საქმე გახსნა. თქვენ არ იზიარებთ ამ პოზიციას?

- მე არ ვიცი, რომელი საქმე გახსნა შოთაძემ, მაგრამ ის ვიცი, რომ კორუფციული საქმეები ყველა თაროზე დევს ან გამოუძიებელია. ზუსტად ამიტომ არის, რომ კორუფციის ჭაობში სულ უფრო ვიძირებით. რომელი გახმაურებული საქმე გახსნა შოთაძემ?!

- თუნდაც ვაზაგაშვილის.

- ნუ, ვაზაგაშვილის საქმე და სხვა საქმეები ჯერ კიდევ მიდის სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ უზენაესში და ამ საქმეებზე ამის შემდეგ დადგება შედეგი. თუმცა ესეც `ქართული ოცნების~ დაკვეთა იყო. სწორედ მაგას ვამბობ, რომ მარტო `ქართული ოცნების~ დაკვეთას ასრულებს პროკურატურა და არ ასრულებს იმ ვალდებულებას, რომელიც დღეს არის. რაფალიანცის საქმე რატომ არ გამოიძია?! ან ეროსი კიწმარიშვილის?! ცოტაა ასეთი საქმე?!

- გყავდათ ფავორიტი კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერდით?

- ამ შემთხვევაში _ არა. დასახელებულ კანდიდატებს შორის ჩვენი ფავორიტი ნამდვილად არ ყოფილა.

- ამბობენ, რომ პროკურატურას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, საკმაოდ რთული პერიოდია არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში. რამდენად არის პანიკის საფუძველი? ისლამურ საფრთხესთან დაკავშირებით რა პოზიცია გაქვთ?

- გეოპოლიტიკური სიტუაცია სწრაფად იცვლება. დღეების მიხედვით განსხვავებული მდგომარეობაა. მაგალითად, საფრანგეთის ტერაქტის შემდეგ დამოკიდებულება საერთაშორისო საზოგადოების რუსეთის მიმართ თითქოს რამდენიმე საათით შეიცვალა, პრორუსულად მოაზროვნე ადამიანებში გაჩნდა განწყობა, რომ აი რუსეთმა მაინც თავის ძალა აჩვენა, თუმცა დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს პარტნიორად ცივილიზებული სამყარო არ მიიჩნევს.

- რატომ არ მიიჩნევს?

- იმიტომ, რომ არასანდოა! პუტინთან თანამშრომლობა არასანდოა. პუტინი სანდო პარტნიორად შესაძლოა ღარიბაშვილმა მიიჩნიოს და ივანიშვილმა. ცივილიზებული მსოფლიო მას არ ენდობა. ასევე ძალიან სპეციფიკური და მნიშვნელოვანია რუსეთსა და თურქეთს შორის არსებული დაძაბული მდგომარეობა, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს ეკონომიკასა და ზოგადად გეოპოლიტიკაზე.

- ორივე ჩვენი მეზობელია. თუკი მათ შორის ურთიერთობები გამწვავდება, ეს ჩვენთვის რამდენად სახიფათო იქნება?

- ეს სიტუაცია საკმაოდ საფრთხის შემცველია, თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთს არ შესწევს იმის ძალა, რომ თურქეთთან, ნატოს წევრ ქვეყანასთან, რაიმე შეიარაღებულ დაპირისპირებაზე წავიდეს. პირდაპირ გეტყვით, რომ რუსეთი სულს ღაფავს, იმიტომ, რომ ნავთობის ფასი ისევ მცირდება, მას რეზერვები ეწურება და არის ურთულეს ეკონომიკურ მდგომარეობაში. მისივე სისულელის გამო შევიდა სირიაში და დღეს ჩათრეულია ამ პროცესშიც. აბსოლუტურად ვერავინ გაიგო რუსეთის მოქმედება სირიაში, რას ბომბავს, ვის ბომბავს.

- ხომ ახორციელებს საომარ მოქმედებებს?

- ის რეალურად კი არ ბომბავს ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების ადგილსამყოფელს, არამედ ისეთ ტერიტორიას ბომბავს, სადაც ოფიციალურად არ არის ისლამური სახელმწიფო და იქ რეალურად არ არის ის საფრთხე, რის წინააღმდეგაც თითქოს იბრძვის რუსეთი.

- ანუ რუსეთი თვალთმაქცობს?

- თვალთმაქცობს, თავის თამაშს თამაშობს. თუმცა მისი თამაშის წესები არავისთვის გაუგებარი აღარ არის. ყველამ ყველაფერი კარგად დაინახა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფონზე საქართველოს ჰქონდეს ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა და იყოს თანამონაწილე იმ მოლაპარაკებების, იმ პროცესების, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოში ხდება.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ? რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ?

- ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ტერიტორიის უსაფრთხოებაზე, ტერორიზმისგან დაცვაზე. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მხარდაჭერა ნატოს წევრი ქვეყნებისგან, აუცილებლად გვჭირდება სპეციფიკური მუშაობა და მოლაპარაკება მათთან, რომ საფრთხეში არ ვიყოთ. არა მგონია, რომ საქართველოს ჰქონდეს ტერორიზმთან ბრძოლის იმხელა გამოცდილება, როგორიც ამ ქვეყნებს აქვთ.

- კონკრეტულად რაში უნდა დაგვიჭირონ მხარი?

- მე ვგულისხმობ როგორც ფიზიკური ძალით მხარდაჭერას, შეიარაღების კუთხით მხარდაჭერას, ასევე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ასე შემდეგ. საქართველოს ხელისუფლებაში კი ამ თანამშრომლობის სურვილს ვერ ვხედავ და ეს პრობლემად მიმაჩნია. ყველაზე სერიოზულ კრიზისულ სიტუაციაში, გლობალურ პოლიტიკაში, რომელიც კი ყოფილა საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, საქართველო ამ სიტუაციას ხვდება ყველაზე სუსტი ხელისუფლებით.

- თქვენ უკეთ გაართმევდით თავს?

- მხოლოდ ჩვენ კი არა, ამ სიტუაციაში შევარდნაძეც კი აჯობებდა ამ ხელისუფლებას. მას თუ სადმე რამე ესმოდა, საგარეო პოლიტიკაში ნამდვილად შეეძლო, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაედგა და სწორი პოზიციონირება მოეხდინა. მეშინია, რომ ჭორვილური პოლიტიკით შეიძლება ნეგატიური შედეგი მივიღოთ ზოგადად ამ სიტუაციაში. არადა, შეგვეძლო, სწორი პოზიციონირებით, გარანტირებული, უსაფრთხო გარემო მიგვეღო ქვეყანაში.

- როგორ, რა კუთხით? თქვენ რას იზამდით არსებულ სიტუაციაში?

- თანამონაწილეობა უნდა მიიღონ ყველა მოლაპარაკებაში, სხვადასხვა ფორმატში ყოფნა, თანამშრომლობა უსაფრთხოების თვალსაზრისით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ცოდნისა და გამოცდილების მიღება, შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება. იმ დასახლებულ პუნქტებთან მუშაობა, საიდანაც ისლამურ სახელმწიფოში არიან საბრძოლველად წასული და ასეთი რეგიონები გვაქვს. აუცილებელია ამ ახალგაზრდების ჩართვა სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობაში, ასევე აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო დისკუსიებში, იქნება ეს გაერო თუ ევროსაბჭო! ეს რომ ჩვენს დროს ყოფილიყო, ჩვენ გვექნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი და აქტიური პოზიცია. ჩვენ უნდა ვიდგეთ ცივილიზებული სამყაროს გვერდით, თუ გვინდა, რომ ისინი იდგნენ ჩვენ გვერდით. ჩვენი პასიური პოზიციით საფრთხე არ უნდა შევუქმნათ საერთაშორისო უსაფრთხოებას.

- თუმცა გვესმის შეფასებები, ექსპერტების, პოლიტიკოსების, ამ საქმის სპეციალისტების, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და წინა ხაზზე ვერ იბრძოლებს ტერორიზმის წინააღმდეგ...

- ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა ის, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, არამედ ის, რომ ჩვენს რეგიონში ხდება ეს ყველაფერი! გვინდა, არ გვინდა, ჩვენ მოგვიწევს წინა ხაზზე ყოფნა, იმიტომ, რომ ჩვენგან შორს არ არის ტერიტორიულად ის ადგილი, სადაც ყველა ეს ოპერაცია ხორციელდება. ვერასდროს ვიტანდი ამ თვითგვემით დამოკიდებულებებს, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ვინ გვეკითხება და ასე შემდეგ. ეს დამღუპველია!

- ანუ საქმე იმაზე სერიოზულადაა, ვიდრე ეს ჰგონიათ?

- რასაკვირველია. რა მნიშვნელობა აქვს ტერიტორიულ საზღვრებს?! შენი ინტერესები ყოველთვის წინა პლანზე უნდა დააყენო! ნატოს პარტნიორი ხარ, თურქეთის პარტნიორი ხარ, ეს საფრთხე შენც გემუქრება, ასევე შენი ქვეყნის მოქალაქეებიც არიან ჩართულნი ამ პროცესში და, შესაბამისად, შენ წინა ხაზზე უნდა იყო, აუცილებლად! საფრთხე რეალურია.

- ფიქრობთ, რომ ეს ვიდეომუქარები რეალურია?

- ადამიანს ყოველთვის იმის იმედი გაქვს ხოლმე, რომ ეს ის მუქარა არ არის, რომელიც უნდა იყოს. თუმცა სიტუაცია საფრთხის შემცველია. უსაფრთხოების თვალსაზრისით კონკრეტული ქმედებებია საჭირო. კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. მარჩიელობის დრო ნამდვილად არ არის.

ახალი თაობა“, 27 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან: საქართველოს ინტერესებზე არავინ ზრუნავდა და არც ახლა ზრუნავს. ქართული ოცნება საერთოდ ჩამოუყალიბებელი ძალაა

სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის წინაშე გაჩენილმა რისკებმა უფრო გამოკვეთა მანკიერებები, რომლებიც ქვეყნის მართვაში არსებობს. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთ-თურქეთს შორის წარმოქმნილ დაპირისპირებაში უნდა გააკეთოს თურქეთის მხარდამჭერი განცხადება. მამუკა გიორგაძის აზრით, ხელისუფლება ამისთვის მზად არ არის.

„პირველ რიგში, ქვეყანამ საკუთარი ინტერესების დაცვა უნდა შეძლოს. ეს ექსპერტები იმაზე რატომ არ იღებენ ხმას, რაც აფხაზეთში ხდება? აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის გახსნა უფრო მეტი ხიფათის მომტანი არ არის? გიორგობას რომ შენს მოქალაქეს დაიჭერენ იმის გამო, რომ სალოცავად სხვა სოფელში გადავიდა და მას ვითომდა საზღვრის დარღვევას დააბრალებენ, ეს არ არის ქვეყნისათვის საშიში? ჯერ საკუთარი სახელმწიფოს, საკუთარი მოქალაქეების დაცვა უნდა შეგეძლოს. თუ ამას მოახერხებ, მაშინ შეძლებ რუსეთ-თურქეთის კონფლიქტში ჩარევას. გადაწყვეტილებების მიღება ჩამოუყალიბებელი იდეოლოგიის მქონე სტრუქტურის ხელშია. ეს პარიზის ტერაქტების შემდეგაც გამოჩნდა“, – ამბობს მამუკა გიორგაძე.

- რას გულისხმობთ?

- პარიზში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შემდეგ საქართველოში მთავარი განსახილველი თემა გახდა ის, თუ ვინ მოიწვევს სხდომას უსაფრთხოების საკითხებზე – მარგველაშვილი თუ ღარიბაშვილი. საერთოდ, ხელისუფლება ამორფულია. არის პოლიტიკური ქაოსი. წინა ხელისუფლება ანუ ნაციონალური მოძრაობა პროდასავლურ ძალად ითვლებოდა. რეალურად კი სააკაშვილის რეჟიმმა რუსეთსა და პუტინს იმხელა საქმე გაუკეთა, რომელსაც რუსეთის მოყვარე ვერ გააკეთებდა. საქართველოს ინტერესებზე არავინ ზრუნავდა და არც ახლა ზრუნავს. „ქართული ოცნება“ საერთოდ ჩამოუყალიბებელი ძალაა. აქ შეხვდებით ულტრამემარცხენეებსაც, ულტრამემარჯვენეებსაც, ქრისტიან-დემოკრატებს, ასევე სტალინელებსა და პატრიოტებს. ისინი ერთ პიროვნებას ემსახურებიან.

- ხელისუფლებას ჩამოყალიბებული ხედვა ესაჭიროება?

- საერთოდ, შესაქმნელია ძირითადი კონცეპტუალური დოკუმენტი, რომელმაც ჩვენ ყველა უნდა გაგვაერთიანოს. გაწერილი უნდა იყოს, ვის რა ევალება, რა პასუხისმგებლობა აქვს. საუბარია ხელისუფლების, საზოგადოების თითოეულ წევრზე. ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ. მხოლოდ ასე შევძლებთ იმ რისკებთან გამკლავებას, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. ხელისუფლება თავის უსუსურობას საგარეო პოლიტიკაში ხშირად აბრალებს ორ-სამ დეპუტატს ნაციონალური მოძრაობიდან. თურმე ყველაფერი გიორგი კანდელაკის ბრალი ყოფილა. ეს არასერიოზულობაა.

- არსებობს სხვა ოპოზიციაც.

- იმ პარტიებს შორის, რომლებიც ოპოზიციად მიიჩნევა, არიან ნაცმოძრაობის ნარჩენები, ასევე ისინი, ვინც „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა. ისეთებიც არიან, ვისაც „ქართული ოცნების“ კოალიციაში უნდა სხვისი ადგილის დაკავება. ამ ქაოსში კონსოლიდირებული აზრის ჩამოყალიბება და ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა წარმოუდგენელია.

- გამოსავალი სად არის?

- გამოსავალი ახალი კოალიციის შექმნაშია. ამ გაერთიანებაში უნდა შევიდნენ ძალები, რომლებსაც იდეოლოგია და პრინციპები აქვთ. საქართველოში ძალიან მცირეა ის პოლიტიკური პარტიები, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა ჩამოყალიბებულ იდეოლოგიასა და პრინციპებს. მხოლოდ ასეთი გაერთიანება შეძლებს, ააცილოს ქვეყანას ის საშიშროება, რომლის წინაშეც დავდექით.

- ამ კოალიციის შესაქმნელად კონსულტაციებიც ხომ არ დაიწყო?

- ცხოვრებამ დაგვანახა, ვინ ვინაა, ვის როგორი წარსული აქვს. შეხვედრები და კონსულტაციები პრობლემა არ არის. ამ ტიპის სამუშაო მიმდინარეობს. ვნახოთ, გვეყოფა თუ არა ძალა, ავიღოთ პასუხისმგებლობა ერზე, სახელმწიფოზე, თითოეულ მოქალაქეზე. ღვთის შეწევნით, ამას მოვახერხებთ, თუ არადა, გაგრძელდება მარაზმი, პოლიტიკაში არაპოლიტიკოსების მოსვლა, კორუფცია, ერთი კაცის „პახმელიაზე“ თანამდებობის პირების დანიშვნა, კლანური მართვა და სახელმწიფოებრივი ინტერესების უგულებელყოფა.

ასე თუ გაგრძელდა, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება.

Comments are closed