globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 28 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 28th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: შინაგან საქმეთა სამინისტრო: ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს თანმიმდევრულად ასრულებს

„რეზონანსი“: ლოპოტის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძვის

„რეზონანსი“: გალელებისათვის ეროვნების შესაცვლელად სპეციალური კანონი მიიღეს

———————–

„რეზონანსი“, 28 თებერვალი, 2015 წელი

შინაგან საქმეთა სამინისტრო: ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს თანმიმდევრულად ასრულებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო „თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგნელის ვიქტორ დოლიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წინაშე მდგარ საფრთხეს შეეხება.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ვიქტორ დოლიძე განცხადებაში ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წინაშე მდგარი საფრთხის შესახებ საუბრობს და რამდენიმე ე.წ. “პრობლემურ საკითხზე” ამახვილებს ყურადღებას, რომელთა შორის მისი მოსაზრებით არის სახელმწიფო საზღვრის დაცვა და მთავრობის მხრიდან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ინტენსიური კომუნიკაციის ნაკლებობა.

“სინამდვილეში უკანასკნელ წლებში როგორც საზღვრის მართვის, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის მხრივ მნიშვნელოვანი სამუშაოა გაწეული: სასაზღვრო გამტარი პუნქტები, რომელთა რაოდენობა შეადგენს 20–ს, უზრუნველყოფილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, შესაბამისი აღჭურვილობით და სრულად ახორციელებს მგზავრთა ნაკადების შეუფერხებელ და უსაფრთხო გატარებას; სულ საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფილია 65 სასაზღვრო სექტორის შეუფერხებელი მუშაობა მკაცრი კლიმატური და რთული რელიეფური პირობების მიუხედავად; სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 10 რეგიონული სამმართველო და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 2 სამმართველო (ფოთი და ბათუმი) უზრუნველყოფს სასაზღვრო სექტორების მუშაობას (პატრულირება, ბლოკ–პოსტებისა და სასაზღვრო პოსტების ორგანიზება და სხვა) 24 საათიან რეჟიმში; ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე (მაგ. ბაქო–თბილისი–ყარსის სატრანსპორტო დერეფანი) დამატებით შენდება ახალი გამტარი პუნქტები, როგორიცაა, მაგალითად, კარწახის სარკინიგზო და სახმელეთო გამტარი პუნქტი;

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის უშუალო მეთვალყურეობით სასაზღვრო პოლიციაში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყო 5 800 000 ლარი და განხორციელდა 10 ახალი სასაზღვრო სექტორის მშენებლობა.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა სხვადასხვა სექტორების საგზაო ინფრასტრუქტურითა და წყლის ჭაბურღილებით უზრუნველყოფა; 65 სასაზღვრო სექტორიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა 39 სექტორს, სადაც სტანდარტების თანახმად უზრუნველყოფილია მესაზღვრეთა სამუშაო და საცხოვრებელი პირობები; მიმდინარე წელს იგეგმება და ხორციელდება დამატებით 12 სასაზღვრო სექტორისმშენებლობა, ხოლო დარჩენილი 14 სექტორის სარემონტო–სარეაბილიტაციო სამუშაოები მომდევნო წლებში წარიმართება; სასაზღვრო პოლიციის მოდერნიზაციის, სტანდარტიზაციისა და უნიფიკაციის ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში, პირველი სამი წლის განმავლობაში მთლიანად იქნება დასრულებული სასაზღვრო პოლიციის ინფრასტრუქტურის განახლება;

2014 წელს ამერიკული მხარის დახმარებით სასაზღვრო პოლიციაში განხორციელდა რადიოსისტემების სრული განახლება, რაც სასაზღვრო სექტორებსა და განწესში მყოფ მოსამსახურეებს შორის არამარტო ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში გაცვლის შესაძლებლობას იძლევა, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სისტემის მეშვეობით შესაძლებელს ხდის სასაზღვრო ზონაში მოძრავი განწესების რუკაზე რეალურ რეჟიმში ხედვასა და მონიტორინგს; სასაზღვრო პოლიციაში აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, კერძოდ, შემუშავებულია სახელმწიფო საზღვრის ელექტრონული მართვის კონცეფცია, რაც ელექტრონული კომუნიკაციების სისტემების დახვეწასთან ერთად გულისხმობს სახელმწიფო საზღვრის ტექნიკური დაცვის საშუალებებით აღჭურვას, როგორიცაა ელექტრო სენსორებისა და ვიდეოკამერების მონტაჟი;

მუდმივად მიმდინარებს მესაზღვრეთა საბაზისო მომზადებისა და გადამზადების სასწავლო პროგრამების დამუშავება და გაუმჯობესება შსს აკადემიის ბაზაზე, სადაც უზრუნველყოფილია როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მეცადინეობის საშუალებები.

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მესაზღვრეთა პროფესიული გადამზადება სამუშაო ადგილებზე. მესაზღვრეები პროფესიულ მომზადებასთან ერთად უზრუნველყოფილნი არიან შესაბამისი სამუშაო პირობებითა და სახელფასო ანაზღაურებით, გასული წლის განმავლობაში მესაზღვრეთა ხელფასი გაზრდილი იქნა  ორ ეტაპად.

რაც შეეხება ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობას და ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციას: 2013 წლიდან დღემდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების დონეზე მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩატარდა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, უნგრეთის, გერმანიის, ავსტრიის, ბელგიის და ესპანეთის შს მინისტრებთან. შეხვედრებზე ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის, კერძოდ კი ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერასა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს; 2015 წლის 29 იანვარს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა კვიპროსელ, ფინელ, ავსტრიელ, პოლონელ, პორტუგალიელ, ბელგიელ, გერმანელ და ჰოლანდიელ კოლეგებთან;

გარდა ამისა, 2013-2015 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების და განმტკიცების მიზნით გააფორმა 25 ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება, აქედან 16 ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება დადებულ იქნა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ინტენსიურად თანამშრომლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების მეშვეობით. 2013-2014 წლებში საქართველომ მიავლინა პოლიციის ატაშეები ავსტრიაში, საბერძნეთსა და საფრანგეთში. სამომავლოდ იგეგმება პოლიციის ატაშეების მივლინება გერმანიაში, ესპანეთში, იტალიასა და პოლონეთში. პოლონეთიდან აგრეთვე მოხდება ბალტიის ქვეყნების დაფარვა.

ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ბატონი დოლიძის განცხადებაში არის საკმაოდ ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა სახელმწიფო საზღვრის მართვის და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და პროცესი დააზიანოს.

მტკიცედ გვჯერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღწეული პროგრესი სახელმწიფო საზღვრის მართვის და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაუმჯობესების კუთხით, ხელს შეუწყობს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს.

ამასთანავე, შსს გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

„რეზონანსი“, 28 თებერვალი, 2015 წელი

ლოპოტის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილეისლამური სახელმწიფოსრიგებში იბრძვის

ვახტანგ შამუგია

(შემოკლებით)

2012 წლის აგვისტოს ბოლოს, ლოპოტის ხეობაში ჩატარებული ხმაურიანი სპეცოპერაციისას დაკავებული ახმედ ჩატაევი, იგივეცალხელა აჰმედიდღეს სირიაში იმყოფება. იქ იგიისლამური სახელმწიფოსრიგებში იბრძვის და ჩრდილო კავკასიელ მოხალისეთა ერთ-ერთ შენაერთს, “იარმუკსმეთაურობს. მას მოიხსენიებენ როგორც ამირ ახმად შიშანს (არაბ. – ჩეჩენი).

მისი ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, სადაც იგი ჩვენს რეგიონზეც საუბრობს. “მინდა სალამი გადავცე დაღესტნის ვილაიეთში მებრძოლ ჩვენს მოჯაჰედ ძმებს, რომლებმაც ერთგულების ფიცი დადეს. სალამი და ალაჰის წყალობა მათ მეთაურს, აბუ მუჰამედ კუდარელს. ამ ამბავმა ჩვენ ძლიერ გაგვახარა. მე მოვუწოდებ ჩვენს დანარჩენ ძმებს – შემოგვიერთდით, გავზარდოთ ხალიფატის ტერიტორია და ისლამის რელიგია. დავდგეთ ერთი დროშის ქვეშ”, – ნათქვამია ახმედ ჩატაევის სამწუთიან ვიდეომიმართვაში.

ახმედ ჩატაევი ქართველი საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი. ის ლოპოტაში ჩატარებული სპეცოპერაციის მსვლელობისას შეიარაღებულ პირებთან ერთად იმყოფებოდა და ჯგუფის ლიკვიდაციისას ქართველ სამართალდამცავებთან შეტაკებაში დაიჭრა. იგი სამხედროებს ათი დღის განმავლობაში ემალებოდა და ბოლოს ქართველ მესაზღვრეებს ჩაბარდა. გართულებული ჭრილობის გამო გორის სამხედრო ჰოსპიტალში ფეხი მოაჭრეს.

დაპატიმრებულ ახმედ ჩატაევს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, აგრეთვე შეიარაღებული დაჯგუფების წევრობას ედავებოდა. თუმცა 2013 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი უდანაშაულოდ ცნო და 5 000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.

“მე უდანაშაულო ვარ და, ალაჰის ნებით, მე დღეს თავისუფალი ვარ. დიდი მადლობა თქვენ, ჟურნალისტებს, რადგანაც ჩემი სიმართლის დამტკიცებაში თქვენც დიდი როლი ითამაშეთ. ქართველებისა და საქართველოს წინააღმდეგ არანაირი წყენა არ მაქვს. ეს ყველაფერი, რაც მოხდა, ღმერთის ნება იყო. თუმცა, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა, ის ძალიან ცუდად მოიქცა”, – თქვა ჩატაევმა სასამართლოდან გათავისუფლების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, ლოპოტას ხეობაში იგი ქართველი ძალოვანების თხოვნით იყო ჩასული, რათა შეიარაღებულ პირებთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა და იარაღის დაყრაზე დაეთანხმებინა. შესაბამისად, იმ ბრალდებებს, რომელსაც მას უყენებდნენ, იგი დაუსაბუთებლად მიიჩნევდა.

აღსანიშნავია, რომ 34 წლის ახმედ ჩატაევი ავსტრიის მოქალაქეა. 1990-იან წლებში ჩეჩნეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო მისი ოჯახი საქართველოში, პანკისის ხეობაში გადმოვიდა საცხოვრებლად. იგი აქტიურად მონაწილეობდა ჩეჩნეთის მეორე ომში.

2000 წელს დაჭრილი ჩატაევი ურუს-მარტანის საავადმყოფოდან რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს. დაკითხვისას ძალოვანებმა იგი აწამეს, მარჯვენა ხელი მოაჭრეს და დენზე შეაერთეს.

ჩატაევი ბრიტანეთში მცხოვრები ჩეჩენი ლიდერის, ახმედ ზაკაევის ნდობით აღჭურვილი პირია. ის ზაკაევის ხელისუფლების წარმომადგენელი იყო ავსტრიაში.

ჩატაევი დუისში 2010 წლიდან ცხოვრობდა. მას რუსეთისგან ავსტრიის ხელისუფლების მიერ 2003 წელს მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი იცავდა. საგულისხმოა ისიც, რომ 2007 წლის მარტში ჩატაევი იარაღის ტარების ბრალდებით შვედეთში დააკავეს და 2009 წლის იანვარში გაათავისუფლეს. იქ ის დევიდ მაიერის სახელით ცხოვრობდა.

2010 წლის იანვარში ჩატაევი უკრაინაში დააპატიმრეს. მოსკოვი ჩატაევის ექსტრადირებას კატეგორიულად ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ჩარევით ეს არ მოხდა. მას აქაც ლტოლვილის სტატუსმა უშველა. 2010 წლის მარტში უკრაინამ ჩატაევი თბილისს გადასცა. ჩეჩენს დახმარება საქართველოს ხელისუფლებამ აღმოუჩინა.

ახმედ ჩატაევის სირიაში გამოჩენა მოულოდნელი არ ყოფილა სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიასათვის. იგი იმ საზოგადოებრივი კომისიის წევრი იყო, რომელიც სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის ინიციატივით შეიქმნა და იძიებდა ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს.

“ახმედ ჩატაევი, ისევე როგორც ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული სხვა ოთხი პირი, სირიაში წავიდნენ საბრძოლველად. ერთ-ერთი მათგანი, ეთნიკურად ჩეჩენი ამირ ნაიბი, ქალაქ ალეპოსთან წარმოებულ ბრძოლებში დაიღუპა. ჩატაევი სათავეში უდგას საკმაოდ ბრძოლისუნარიან სპეცდანიშნულების რაზმ “იარმუკს”, რომელიც ჩრდილოკავკასიელი ჯიჰადისტებით არის დაკომპლექტებული. საქართველოში პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ ჩატაევი ავსტრიაში წავიდა და სირიაშიც ალბათ იქიდან მოხვდა. რამდენადაც ვიცი, იქ 2013 წლიდან იმყოფება”, – თქვა მაისაიამ “რეზონანსთან” საუბრისას. იგი მიიჩნევს, რომ “ცალხელა ახმედის” ის მოწოდება, რომელიც ვიდეომიმართვაში გაიჟღერა ჩრდილოეთკავკასიელი მოჯაჰედების მისამართით, თავის გავლენას აუცილებლად იქონიებს.

“ჩატაევი ავტორიტეტული პიროვნებაა კავკასიაში. ამასთან, “ისლამურ სახელმწიფოს როგორც სამხრეთ, აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიაში ბევრი ე.წ. “შეფიცული” ჰყავს. ისინი ბრძანების შემთხვევაში მზად არიან, იმოქმედონ და, ასე ვთქვათ, დღის სინათლეზე გამოვიდნენ”, – თქვა მაისაიამ. მისივე თქმით, “ისლამურ სახელმწიფოს” საქართველოშიც ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს. ექსპერტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სირიაში საქართველოს 300-400 მოქალაქე იბრძვის და მათი რაოდენობა სულ უფრო მატულობს. იგი მიიჩნევს, რომ კავკასიელთა ასეთი მაღალი აქტივობა იმ სწორი იდეოლოგიური სამუშაოთია განპირობებული, რომელსაც ისლამისტი პროპაგანდისტები ეწევიან.

ამასთან, არსებობს სერიოზული სოციალური ინტერესიც, კერძოდ, ამ ტერორისტულ ორგანიზაციას დიდი ფინანსური პოტენციალი აქვს, რაც დაინტერესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. “სამხრეთ კავკასიაში ისლამი კლასიკური სახით აქამდე ნაკლებად იყო გავრცელებული. ის ათეიზმთან უფრო ახლოს იყო, არც ტრადიციებს მისდევდნენ მაინცდამაინც. დღესდღეობით კი რადიკალური ისლამის გამოჩენამ, რომელიც ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში მკვიდრდება ჩვენს რეგიონში, ბევრზე მოახდინა ზეგავლენა.

“თავისი როლი ითამაშა პროპაგანდამაც და დღეს ბევრს, განსაკუთრებით ახალგაზრდას, ჭეშმარიტი ისლამი და ამ რელიგიის ღირებულებების დაცვა სწორედ ის იდეები მიაჩნიათ, რასაც რადიკალური ისლამი ქადაგებს”, – თქვა მაისაიამ.

„რეზონანსი“, 28 თებერვალი, 2015 წელი

გალელებისათვის ეროვნების შესაცვლელად სპეციალური კანონი მიიღეს

ეკატერინე ბასილაია

(შემოკლებით)

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რომლის საბოლოო მიზანიც გალის მოსახლეობის ასიმილირებაა. კანონის მიხედვით, აფხაზეთში მცხოვრები გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის დე ფაქტო პასპორტში ეროვნების შეცვლა მარტივდება.

კანონი რომ სწორედ გალის მოსახლეობაზეა გათვლილი და მიზნად მათ გააფხაზებას ისახავს, ამაზე დე-ფაქტო პარლამენტის წევრები დაუფარავად საუბრობენ – ეს გალელებისათვის კეტდება, რატა მათ „აღადგინონ ისტორიული სამართლიანობა“ და ქართველების მიერ „ძალთ გამეგრელებულებმა“, აფახაზობა დაიბრუნონ.

სეპარატისტების თქმით, ისეთი გვარ-სახელების მქონე პირები, როგორიცა ბუთბაია, ზუგბაია, ზვამბაია, ლაცუზბაია, ქეცბაია, ეზუგბაია და ასე შემდეგ, ეროვნებით აფხაზები არიან, შესაბამისად, მათ ძველი გვარები უნდა აღიდგინონ და ეროვნებაც უნდა დაიბრუნონ..

თუმცა ქართველი ექსპერტების აზრით, აფხაზების გათვლა მარტო აფხაზურფუძიანი გვარებისათვის ეროვნება „აფხაზის“ მინიჭება არ არის. სეპარატისტებს სურთ ქართველები აფხაზებად ცაწერონ და ამით ისინი დანარჩენი ქართველებისაგან გააუცხოონ. წლების შემდეგ კი ასე თითქოს მხოლოდ ფორმალურად გააფხაზებულიქართველის შთამომავალი ქართველობას თითქმის საერთოდ დაივიწყებს. ისე მოხდება, როგორც გასულ საუკუნეში მოხდა და დღესაც სეპარატისტების მხარეზე ბევრი ასეთი ნგააფხაზებული ქართველი დგას.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი ჯემელ გოგოხია აცხადებს, რომ გალში აფხაზურძირიანი გვარების მქონე ადამიანები ცოტაა, 300-ზე მეტი არ იქნება და ეროვნებას „აფხაზად“ ბევრი არ გადაიკეთებს: „სისულელეა ეს, გვბწკენენ ამით. ასეთი ლაპარაკი ადრეც იყო და ახლაც წამოსწიეს. ეს რუსეთის თამაშია და ცხადია, ჩვენთვის სასიამოვნო არ არის, მაგრამ არც საგანგაშოა. სეპარატისტული ხელისუფლება უკანონოა და ყველაფერს უკანონოდ აკეთებს. არა მგონია ბევრი ქართველი აჰყვეს ამ კამპანიას, მათ იციან რომ ქართველები არიან და ასეთებად დარჩებიან“, – თავს იმშვიდებს ჯემალ გოგოხია.

Comments are closed