„რეზონანსი“: გიორგი კვირიკაშვილი: „დღეს არსად ისე, როგორც საქართველოში, ძლიერია ევროპული სულისკვეთება“
„რეზონანსი“: ინტერვიუ ირაკლი მენაღარიშვილთან: „მთავარია, ჩვენ შევძლოთ იმის დამტკიცება, რომ საქართველო ღირსეული პარტნიორია ევროკავშირისთვის“ // „საემიგრაციო პოლიტიკას ტერორიზმის საფრთხის გამო ამკაცრებენ“
„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ეს არანაირი უვიზო მიმოსვლა არ არის, რადგან დოკუმენტაცია მაინც აუცილებელია“ // „ეს არის სერიოზული ვალდებულება, რომელზეც არავინ საუბრობს“
„რეზონანსი“: ლარსის რა ალტერნატივაზე მოილაპარაკეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა // „ამ რკინიგზის მთავარი ეშხი როგორც მოსკოვისთვის, ისე ერევნისთვის გიუმრის სამხედრო ბაზის მომარაგებაა“
—-
„ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „აფხაზეთის რკინიგზის გახსნა დაუშვებელია“ // „რისკები თვალნათელია, ზედაპირზე დევს საფრთხეები“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „აფხაზეთის რკინიგზა არ უნდა გაიხსნას“ // „ესენი სერგო ორჯონიკიძეზე უარესები არიან“ // „კორუფციულ სისტემაში ბევრი სტრუქტურაა ჩართული“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან: „დავით ნარმანიამ თავის „ორმო შოუს“ მიხედოს“
—-
„რეზონანსი“: ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „ქართულ ოცნებაში“ ფარული კლანებია, რომლებსაც ხელისუფლებაში დიდი გავლენა აქვთ“ // „მთავრობა ძალიან ცუდად მუშაობს და ეს ქვეყანას აშკარად დაეტყო“
„რეზონანსი“: პროკურორებმა დაკავებულ დეკანოზს კითხვები შორენა თეთრუაშვილზეც დაუსვეს
„რეზონანსი“: რამდენად დამაჯერებელია ოპოზიციის განცხადება, რომ ხელისუფლება ეკლესიის საქმეებში ერევა? (თვალსაზრისები)
„რეზონანსი“: პროდუქციის გაიაფებაზე საუბარი ჯერჯერობით ზედმეტია // „ვერანაირ გათვლას ვერ გავაკეთებთ, რადგან ბაზარზე სტაბილურობის განცდა არ არის“
„რეზონანსი“: წლის ბოლომდე ათასობით ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩება // „ზუსტად ვიცით, რომ ბოლო 2-3 თვეში 4000-მდე ადამიანმა დაკარგა სამსახური“
„რეზონანსი“: საქართველო-ბელარუსის თანამშრომლობის 23 წელი – ვაჭრობისა და ტურიზმის ზრდა // ბელარუსის ელჩი საქართველოში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებას გვპირდება
————————
„რეზონანსი“, 28 თებერვალი, 2017 წელი
გიორგი კვირიკაშვილი: „დღეს არსად ისე, როგორც საქართველოში, ძლიერია ევროპული სულისკვეთება“
გვანცა ღვედაშვილი
ევროკავშირის საბჭომ 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 1 მარტს ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი ხელს მოაწერენ მიღებულ რეგულაციას, რის შემდგომაც ტექსტი გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 20 დღეში, რაც იმას ნიშნავს, რომ აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ.
მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “საქართველო, უკვე დღეს მნიშვნელოვან გზავნილს უგზავნის ევროპას. გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეინარჩუნებს პროგრესის დონეს. ის კვლავ მიაღწევს წარმატებებს და დაკისრებული მოვალეობების შესრულებას იგივე პასუხისმგებლობით გააგრძელებს. იყო ევროკავშირის წევრი – ეს ნიშნავს, რომ იყო ნაწილი მშვიდობის, ტოლერანტობის, სტაბილურობის, პროგრესის და კეთილდღეობის. საქართველო უკვე დღეს მნიშვნელოვან გზავნილს უგზავნის ევროპას. გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, – განაცხადა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა.
ამავე შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უვიზო რეჟიმის ამოქმედებას უკავშირდება: „უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩვენს საზოგადოებებს შორის მჭიდრო ტურისტული, საგანმანათლებლო-კულტურული და ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და წვლილს შეიტანს საქართველოში ევროპული ფასეულობებისა და იდეების დამკვიდრებასა და განმტკიცებაში. მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. საქართველოს ხელისუფლება სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას უკავშირდება. ჩვენ ვახორციელებთ მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ფართომასშტაბიან ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიას უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ.
ეს შედეგი ადასტურებს ორ რამეს – პირველი, რომ ევროკავშირი სათანადოდ აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში და რომ საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა სანდო და მტკიცეა. ამასთან ერთად, ეს მიღწევა საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმების გასაგრძელებლად. მაგრამ მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ევროკავშირი ასრულებს საკუთარ პირობას და დაპირებებს. დღეს არსად, ისე როგორც საქართველოში, ძლიერია ევროპული სულისკვეთება. დღეს საქართველოში, როგორც არსად, ზეიმობს ერთიანი ევროპის იდეა, ესმით ევროპის ერთიანი საგარეო, უსაფრთხოების და ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელობა. გილოცავთ დღევანდელ დღეს ჩვენო თანამემამულენო და მე ვულოცავ ევროპასაც, რადგან დღეს, საქართველო როგორც ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი, კიდევ უფრო ახლოს მივიდა თავის ოჯახთან”, – განაცხადა პრემიერმა.
——–
„რეზონანსი“ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ რას გულისხმობს უვიზო რეჟიმი, რომელ ქვეყნებში შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილება და რა უნდა გაითვალისწინონ.
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას. წევრი ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი; არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია; კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;
გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის ორი წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია. ამ ქვეყნების ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურებს.
მნიშვნელოვანია ის, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები. რაც გულისხმობს, 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. ევროკავშირის – შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ; მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ახლობლების მონახულება, ბიზნეს-შეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები – ტრეინინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს;
გასათვალისწინებელია ის, რომ უვიზო რეჟიმი არ შეეხება შენგენის წევრ სახელმწიფოებში გრძელვადიან ვიზიტებს, როგორიც არის – განათლების მიღება, მუშაობა ან სხვა. ევროკავშირის – შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს ვიზის მისაღებად.
ქვეყანაში 90 დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება რეადმისიას (საქართველოში დაბრუნებას). ამასთან, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს შეეზღუდება შენგენის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე პერიოდით. ალტერნატივის სახით შესაძლოა გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული ზომები – ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონდამრღვევს აეკრძალება შესვლა შესაბამის ქვეყანაში ან შენგენის ტერიტორიაზე.
„რეზონანსი“, 28 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ ირაკლი მენაღარიშვილთან: „მთავარია, ჩვენ შევძლოთ იმის დამტკიცება, რომ საქართველო ღირსეული პარტნიორია ევროკავშირისთვის“ // „საემიგრაციო პოლიტიკას ტერორიზმის საფრთხის გამო ამკაცრებენ“
ნინო ქეთელაური
„მთავარია, ჩვენ, მოქალაქეებმა შევძლოთ იმის დამტიცება, რომ ეს გადაწყვეტილება უსაფუძვლო არ გახლავთ და საქართველო ღირსეული პარტნიორია ევროკავშირისთვის“, – ასე აფასებს ვიზალიბერალიზაციის პროცესს საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი. იგი აღნიშნავს, რომ აშშ-სა და რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს მხრიდან საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება, წესით, საქართველოს მოქალაქეებზე არ აისახება.
ირაკლი მენაღარიშვილი: საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით, უნგრეთის ხელმძღვანელობის განცხადება ახალი არ არის. ისინი დიდი ხანია, რაც პრაქტიკულად ბოიკოტს უცხადებენ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ლტოლვილებთან დაკავშირებით. მათ საკმაოდ მკაცრი რეჟიმი შემოიღეს საზღვრებზე და ა.შ. ამ ყველაფერს, თუ როგორი პოლიტიკური შედეგი ექნება, ეს სამომავლო თემაა და ამაზე უმჯობესია მოგვიანებით ვისაუბროთ, როდესაც რაღაც შედეგები გვექნება, მაგრამ ჯერ-ჯერობით უნგრეთის ხელისუფების ეს გადაწყვეტილება ძალაშია და ამ მიდგომას აგრძელებენ.
- რამდენად მოსალოდნელია, რომ საემიგრაციო პოლიტიკა ევროპის სხვა ქვეყნებმაც გაამკაცრონ?
- მთლიან ევროპას ასეთი განწყობა დაეუფლოს, ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა, ევროპის ყველა ქვეყანაში (მათ შორის, ევროკავშირის კოორდინაციით), საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები იდგემება ლტოლვილთა შორის, ტერორისტული ელემენტების მოძიების და აღმოჩენის მიმართულებით, რაც მათი ქმედებების პროფილაქტიკის მიზნით ხორციელდება. ამგვარი ინფორმაცია არაერთი სახელმწიფოს მიერ გავრცელდა და ის რეალობა, რომელიც ლტოლვილთა დიდი ტალღის მოწოლის შედეგად ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში შეიქმნა, რა თქმა უნდა, მათ ამის აუცილებლობას კარნახობს. ასე რომ, დანაშაულის წინააღმდეგ შიდა ზომები, ალბათ, კვლავაც გამკაცრდება და კიდევ უფრო მეტად, მაგრამ ევროპას ჯერ-ჯერობით არაეფრი ეტყობა, რომ ის ისეთ პოლიტიკას აირჩევს, როგორსაც პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაცია ახორციელებს.
- ამ თვალსაზრისით, ევროკავშირს ხომ არ მოუწევს საემიგრაციო პოლიტიკის გადახედვა და თუნდაც, დაწესებული კვოტების შემცირება?
- ასეთი რამ ჯერ-ჯერობიოთ დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, თუკი ახლო აღმოსავლეთში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტურად წარიმართება (თქვენ იცით, რომ ჯერ-ჯერობით საერთაშორისო კოალიციის ბრძოლა საკმაოდ წარმატებულია), მაშინ შესაძლებელია, რომ ამ წყაროდან ლტოლვილთა შემოდინება ევროკავშირში საერთოდ შეწყდეს. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პრობლემა გადაწყვეტილი იქნება, რადგან ისლამური სახელმწიფოს აგრესიული მოქმედება, ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი წყარო იმ დაზარალებული მოსახლეობისა, რომლებსაც ევროპისთვის თავის შეფარება უნდათ.
ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაც აიძულებს ადამინებს, რომ უკეთესი პირობები ეძებონ. ამიტომ, როგორც ჩანს, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ლტოლვილთა თემა ჯერ კიდევ კარგა ხანს იქნება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.
- თუკი ევროპის ქვეყნებმა საემიგრაციო პოლიტიკა გაამკაცრეს, საქართველოს მოქალაქეებზე ეს როგორ აისახება?
- არამგონია, რამე შეიცვალოს. პირიქით, თქვენ იცით, რომ ევროკავშირის საბჭომ, მიუხედავად ლტოლვითა პრობლემიდან გამომდინარე არსებული დაძაბული სიტუაციისა, საქართველოს მოქალაქეთათვის ვიზების გამარტივებას მხარი დაუჭირა. ამიტომ, იმ მიზეზით, რომ ზოგადი სიტუაცია მძიმეა, საქართველოსადმი დამოკიდებულებას საფრთხე არ ემუქრება. მთავარია, ჩვენ, მოქალაქეებმა შევძლოთ იმის დამტიცება, რომ ეს გადაწყვეტილება უსაფუძვლო არ გახლავთ და საქართველო ღირსეული პარტნიორია ევროკავშირისთვის.
„რეზონანსი“, 28 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ეს არანაირი უვიზო მიმოსვლა არ არის, რადგან დოკუმენტაცია მაინც აუცილებელია“ // „ეს არის სერიოზული ვალდებულება, რომელზეც არავინ საუბრობს“
გვანცა ღვედაშვილი
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მგზავრობისთვის 2017 წლის აპრილიდან. ექნება თუ არა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გახსნას გავლენა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებზე, რა პრიორიტეტებისა და ვალდებულებების წინაშე ვართ, ამ თებემზე “რეზონანსი” პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
- რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა და რა ვალდებულებები გვეკისრება?
- ნებისმიერ შემთხვევაში ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. მთავარი ის არის, რომ ჩვენ გონივრულად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და ის არ დაგვემართოს, რაც ახლა ისრაელთან მოგვივიდა. როცა 30 ჩვენი მოქალაქე პირდაპირ აეროპორტიდან გამოუშვეს უკან. ჩვენი ხელისუფლება, რატომღაც მორცხვად დუმს და მოსახლეობას არ აცნობს ვალდებულებებს. საუბარი მხოლოდ პრივილეგიებზე მიდის, რომ ევროპამ კარი გაგვიღო, ევროპაში უვიზო მიმოსვლა შეგვიძლია და ა.შ. არადა, ეს არანაირი უვიზო მიმოსვლა არ არის, რადგან დოკუმენტაცია მაინც აუცილებელია. გარდა ამისა, მოქმედებს უკან დაბრუნების რეჟიმიც. უვიზო მიმოსვლის შეჩერების კანონიც მიიღო ევროკავშირმა. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ პრივილეგია, ეს სერიოზული ვალდებულებაც არის, რომელზეც არავინ ლაპარაკობს.
მე მეშინია, რომ რეჟიმით მოსარგებლე პოტენციური ადამიანები, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, იქნებიან სოფლის მოსახლეობა, ქალები, რომლებიც ელოდებიან, რომ შესაძლებლობა ექნებათ წავიდნენ ევროპაში და იმუშაონ, ანუ შრომითი მიგრანტები. თორემ იქ ლუვრის, ვერსალის სანახავად, არ მგონია, ბევრი წავიდეს. მათ საერთოდ არ იციან, ეს რა კანონია. ხელისუფლება მათ ეუბნება, რომ უვიზო რეჟიმი გვაქვს და ევროპა გვეპატიჟება ჩვენ. არადა, ეს ხალხი რომ წავა, ენა არ იციან და კანონები, ამიტომაც ეს ბევრ რისკებთან არის დაკავშირებული. აუცილებელია, ხელისუფლებამ მეტი განმარტებითი და საინფორმაციო სამუშაოები ჩაატაროს, რათა პირიქით არ მოხდეს და არ დავაზიანოთ ჩვენი რეპუტაცია.
- რაც შეეხება მეზობელი ქვეყნის დამოკიდებულებას დასავლეთთან მიმართებით, რამდენად შესაძლებელია, საქართველოს მაგალითიდან გამომდინარე შეიცვალოს შეხედულებები?
- არ მგონია რადიკალურად შეიცვალოს რამე, ვინაიდან ვისაც ფული ჰქონდა, ისინი ისედაც მოგზაურობდნენ და საზოგადოების დაბალ ფენას გინდ საზღვარი გაუხსენი და გინდ არა, მაინც გაუჭირდება მოგზაურობა. ამიტომ არ მგონია, რომ ამან სერიოზული გავლენა მოახდინოს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით რაც ჩანს – ოსებიც და აფხაზებიც დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან ამ ამბავს. ასეთია ოფიციალური პოზიცია ცხინვალისა და სოხუმის, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან არც ოსებს და არც აფხაზ მოსახლეობას იქ არავინ არაფერს არ ეკითხება. ჩვენთან მიმართებით რუსეთის დიპლომატია სულელურად მოიქცა, როცა არ ისარგებლა ამ მომენტით და უვიზო რეჟიმი არ შემოიღო. სერგეი ლავროვმა ის მოითხოვა, რომ დიპლომატიური ურთიერთობა აღდგეს და ანტიტერორისტული ცენტრი შეიქმნასო, რაც გამორიცხულია. ასე რომ, ის მოლოდინი, რომელიც არსებობდა, თითქოს უვიზო რეჟიმი ამოქმედდებოდა და ამასთან დაკავშირებით აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, არ გამართლდა. სერგეი ლავროვმა ამ ყველაფერს ჯვარი დაუსვა და პირდაპირ გვითხრა, რომ სანამ დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგება, მანამდე არავითარი უვიზო რეჟიმი რა იქნებაო.
„რეზონანსი“, 28 თებერვალი, 2017 წელი
ლარსის რა ალტერნატივაზე მოილაპარაკეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა // „ამ რკინიგზის მთავარი ეშხი როგორც მოსკოვისთვის, ისე ერევნისთვის გიუმრის სამხედრო ბაზის მომარაგებაა“
ეკატერინე ბასილაია
“თუ თქვენ გაინტერესებთ, გაჩნდება თუ არა ლარსის ალტერნატივა, გარწმუნებთ, რომ დიახ, გაჩნდება”, – სომხეთის პრემიერის ამ განცხადების შემდეგ, რომ თბილისში რამდენიმე დღის წინ ვიზიტისას ლარსის გამშვები პუნქტის ალტერნატივაზე მოლაპარაკება წარმატებით შედგა, უკვე მერამდენედ გაააქტიურდა აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის რკინიგზის შესაძლო აღდგენის თემა და ეს თბილისში მორიგი ურთიერთბრალდებების თემა გახდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. კონკრეტულად კი, 23-24 თებერვალს სომხეთის პრემიერი კარენ კარაპეტიანი ოფიციალური ვიზიტით თბილისს სტუმრობდა და სომხეთში ჩასვლის შემდეგ რუსულ გამოცემა “სპუტნიკთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ლარსის გამშვები პუნქტის ალტერნატივაზე ნაყოფიერი მოლაპარაკება შედგა. “ჯერჯერობით მე ფრჩხილებს ბოლომდე არ გავხსნი. ჩვენ მოვილაპარაკეთ როგორც ლარსზე, ასევე ენერგეტიკულ დერეფანზეც”, – განაცხადა კარაპეტიანმა, რომლის თქმითაც, საქართველოში ვიზიტი ნაყოფიერი და კონსტრუქციული იყო და მან სრულად შეასრულა ის დღის წესრიგი, რომლითაც სომხეთიდან ჩამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ კარენ კარაპეტიანს არ დაუკონკრეტებია, რა არის ლარსის ალტერნატივა, მისი განცხადების შემდეგ რამდენიმე დღეა სომხური და რუსული მედია აქტიურად წერენ, რომ სწორედ სომხეთ-რუსეთის რკინიგზის აღდგენაზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები. ამ ინფორმაციას კი ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების ღალატში ბრალდებები მოჰყვა.
ამ თემის განხილვას კატეგორიულად უარყოფს მმართველი გუნდი და აცხადებს, რომ ოპოზიციამ ამ თემით უბრალოდ სპეკულირებს. ორი ქვეყნის პრემიერების, გიორგი კვირიკაშვილისა და კარენ კარაპეტიანის ოფიციალური შეხვედრა ისე დასრულდა, რომ შეხვედრის დეტალებზე მედიასთან არ უსაუბრიათ.
მათ მხოლოდ მცირე განცხადებები გააკეთეს სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებაზე და ითქვა ის, რომ საუბარი ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხებოდა.
საგულისხმოა ის, რომ 2013 წლის იანვარში სომხეთში ვიზიტისას იმჟამინდელმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მალე რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზა, რომელიც საქართველოზე გაივლის, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთზე, რეალობადაც იქცეს.
ბიძინა ივანიშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ ყველა მხარის თანხმობის შემთხვევაში, რკინიგზის გახსნა შესაძლებელი იყო. ეს თემა მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გააქტიურდა, თუმცა ყოველ ჯერზე ხელისუფლება უარყოფდა მსგავს მოლაპარაკებას.
სომხურ მედიაში თემის ისევ გააქტიურების შემდეგ ოპოზიცია ხელისუფლებას, ქართველი ხალხის ზურგს უკან, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს და სომხეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების გასაჯაროებას ითხოვს.
“როგორც კი ჩვენ შევალთ რაღაც გარიგებებში სეპარატისტებთან და მათ მივანიჭებთ რაღაც ლეგიტიმურობას, თუნდაც აფხაზეთის მონაკვეთზე ამ ხელშეკრულებით და არ არის გამორიცხული, ასე იყოს, მაშინ ეჭვქვეშ დავაყენებთ არაღიარების პოლიტიკას, რაც არის უმთავრესი იარაღი ამ წუთას ჩვენს ხელში. ეს ეროვნული საკითხია და არ შეიძლება კულუარებში გადაწყდეს. უნდა მოხდეს ამ საკითხის გარჩევა საპარლამენტო მოსმენაზე”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა რურუა.
“საქართველოს დღეს მართავს ხელისუფლება, რომლის მიმართაც არსებობს ძალიან დიდი უნდობლობა, რომ ის ყველაფერს უთმობს რუსეთს. ეს “გაზპრომის” მაგალითზეც კარგად გამოჩნდა. ამიტომ, ამ საკითხშიც საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, საჯაროდ თქვას სიმართლე, რა გარიგებასთან გვაქვს საქმე”, – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
“ქართულ ოცნებაში” კი რკინიგზასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს კატეგორიულად უარყოფენ.
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ მთავრობაში ამ საკითხზე არავითარი მსჯელობა არ ყოფილა, ოპოზიცია კი ტყუის. “პირველად მესმის, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. მსჯელობაც კი არ ყოფილა მთავრობაში ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით. ოპოზიცია ბევრ რამეს ამბობს და ძალიან ბევრ სიცრუეს”, – აცხადებს კალაძე.
შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ თემას “ბევრი ინტერპრეტაცია მიეცა გაუგებარი მიზეზებით” და “რკინიგზის საკითხზე ასეთი მოლაპარაკებები არ ყოფილა და არც მიმდინარეობს”.
ინფორმაციას არ ადასტურებენ არც საპარლამენტო უმრავლესობაში. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ “ეს საკითხი ძალიან შორს არის მოლაპარაკებიდან კი არა, განხილვიდანაც”.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის თქმით, აფხაზეთის რკინიგზის შესაძლო გახსნის საკითხი ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად ინსპირირებულია და მსგავსი თემა დღის წესრიგში არ დგას.
ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ ლარსი ალტერნატიული გზა საზღვაო მიმართულებით შესაძლოა იყოს, მაგალითად, ფოთის პორტში ახალი ტერმინალების დამატება, სახმელეთო კი – აფხაზეთზე გამავალი რკინიგზა და სომხები რკინიგზის აღდგენის საკითხს პერმანენტულად აყენებენ ხოლმე. თუმცა თვლის, რომ ეს თემა რეალური გადაწყვეტისგან შორსაა.
„რკინიგზა სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, ისინი ყველა შეხვედრაზე ცდილობენ, რაღაც ტიპის მოლაპარაკების ინიცირება მოახდინონ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქართული მხარე ამ საუბრებში ღრმად შედის. ჩემი აზრით, საქმე ისე არ უნდა დავაყენოთ, რომ ამ საკითხზე საერთოდ ხმა არ უნდა ამოვიღოთ და თვალები დავხუჭოთ, არამედ ყველას უნდა ველაპარაკოთ საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. მთავარი საკითხია ის, რომ თუ ჩვენ ეკონომიკური ტვირთების გადაადგილებაზე და სატრანზიტოზე ვსაუბრობთ, სად უნდა გავიდეს ეკონომიკური საზღვარი. ჩვენი პირობით ეკონომიკური საზღვარი უნდა გადიოდეს ფსოუზე და არა ენგურზე.
თუ მეორე მხარე, პირობითად რუსეთი და აფხაზები ამ პირობას დათანხმდებიან, მაშინ რატომაც არ უნდა განვიხილოთ? თუ უარს იტყვიან, ეკონომიკური საზღვარი გადიოდეს ფსოუზე, ჩვენც უარს ვიტყვით”, – ამბობს გია ხუხაშვილი.
„ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო მასონურ ლოჟას დაემსგავსა, ისეთი ჩაკეტილია. არანაირი ინფორმაცია არ გამოდის. სომხეთის პრემიერი ჩამოვიდა, ტრანსპორტზე ვილაპარაკეთო, თქვეს და რა ტრანსპორტია, არ უნდა თქვან? თითქოს საკუთარი რეიტინგის დაცემაზე მუშაობენ. ყოველ ახალი უპასუხო კითხვას პარლამენტიდან მიღებული სულელური პასუხები მოსდევს, მათგან, ვინც ამ საკითხის ბაიბურში არ არის და გადაწყვეტილებასაც არავინ ეკითხება. ასეთი არამკითხე მოამბეები გამოდიან და ისინი იძლევიან პასუხებს, ნაცვლად იმისა, პასუხი გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა მოგვცეს”, – რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობაზე გაჩენილი კითხვების შესახებ საუბრობს დიპლომატიის აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე.
„აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის თემაზე საუბარი დიდი ხანია არსებობს. ჩემი აზრით ეს მოლაპარაკების თემა შეიძლება გახდეს იმ შემთხვევაში თუ საკითხი ასე დაისმევა – ჩვენ სანაცვლოდ რას მივიღებთ? ედუარდ შევარდნაძის დროს სოჭის შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ დევნილები უნდა დაბრუნებულიყვნენ ოჩამჩირეში. თუკი ასე დადგება საკითხი, მაშინ შესაძლებელია შეთანხმება მოხდეს. ჩვენ აფხაზეთი დავკარგეთ მაშინ, როდესაც იქიდან ქართველები გამოაძევეს. თუ ტერიტორიაზე მოსახლეობა გყავს, ეს კოზირის გაუჭრელი კარტია. თუ ისინი ამაზე არ წამოვლენ, მაშინ საკითხი დახურულია. მორჩა, ჩვენც არ უნდა დავთანხმდეთ. აფხაზებს ყველაზე დიდი მეცნიერი ვლადისლავ არძინბა ჰყავდათ და ისიც რა მეცნიერი იყო, ესეც კარგად მახსოვს. თამაზ გამყრელიძეს უნდა უმადლოდეს თავის დოქტორობას.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სად უნდა დაფიქსირდეს ეკონომიკური საზღვარი, ენგურზე თუ ფსოუზე? ქართველ მესაზღვრეებს სად შეეძლებათ მატარებელზე ავიდნენ და ტვირთი შეამოწმონ? მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ კოზირი დაკარგა, როდესაც ევროპამ დაიყოლია და რუსეთს მსო-ში (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია) შესვლის ნებართვა მისცა და სანაცვლოდ არაფერი არ მიგვიღია. დღეს ვეძებთ იმას, რომ შვეიცარიელი მონიტორები დადგნენ, მაგრამ არანაირი მონიტორინგი არ ხდება და არავინ არ იცის, როგორ ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთიდან ტვირთების შემოტანა, რუსეთი კი მსო-ს წევრია.
რკინიგზის შემთხვევაშიც, სად იქნება საზღვარი? თუ კომპრომისამდე მივიდნენ, რომ ფსოუზე იყვნენ შვეიცარიელი მებაჟეები, უცხო ქვეყანას რატომ უნდა მივცეთ ჩვენი საზღვრის, ფსოუს საზღვრის გაკონტროლების ნებართვა? თუკი არაფერს არ მივიღებთ, რკინიგზის გახსნა გამორიცხულია. სანაცვლოდ რას მივიღებთ, ტრანზიტისთვის რაღაც კაპიკებს გადაგვიხდიან? გარდა ამისა, ამ დღეებში ყველაფერზეა ლაპარაკი, გარდა ერთი დელიკატური საკითხისა. როგორ შეხედავს ამ შესაძლებლობას აზერბაიჯანი. საიდუმლო არ არის, რომ ამ რკინიგზის მთავარი ეშხი როგორც მოსკოვისთვის, ისე ერევნისთვის გიუმრის სამხედრო ბაზის მომარაგებაა. მიკვირს ქართული დიპლომატიის გაუთვლელი სისულელეები. კიდევ კარგი, სომხური პრესა თავშეუკავებელია და იქიდან ვგებულობთ რა ხდება. ჩვენ მთავრობა ხშირად გვეუბნება რაღაც თემებზე, არ განიხილებაო, თუმცა შემდეგ რეალობის წინაშე გვაყენებს. ასე იყო, გაზის გადასახადი არ გაიზრდებაო და გაიზარდა.
თავის დროზე ენერგეტიკის სამინისტრო გვიმტკიცებდა, რასაც “გაზპრომი” გვთავაზობს, ის პირობები წამგებიანია და ხელს არ მოვაწეროთო, მაგრამ შემდეგ მოაწერეს. ამიტომ მთვარობის მიმართ ნდობა დაკარგულია და რასაც მინისტრები ამბობენ, ხალხს არ სჯერა, ეს “ციანიდის საქმე” იქნება თუ სხვა დანარჩენი, ყველაფერზე ასეა.
რუსეთს მადა ჭამაში მოსდით. აგერ ლავროვმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნება თუ დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგა და პლუს, ანტიტერორისტული ცენტრი არ შეიქმნებაო. ანტიტერორისტული ცენტრი კი ოფიციალურად ფე-ეს-ბეს ფილიალს ნიშნავს, რომელსაც შენ ხელს ვერ ახლებ. რუსეთის ეს სტილი რაღაც ცუდის მანიშნებელია. არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს რუსეთში, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ასე ცალკე კარში თამაშს დაამსგავსონ. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ასე ცალ კარში თამაშის.
ჩვენი საგარეო საქმეთ სამინისტრო მასონურ ლოჟას დაემსგავსა, ისეთი ჩაკეტილია. არანაირი ინფორმაცია არ გამოდის. სომხეთის პრემიერი ჩამოვიდა, რაღაცაზე მოილაპარაკეს და ერთობლივი პრესკონფერენციაც არ ჩაატარეს, რომ შეკითხვები დასმულიყო. არ მესმის, რატომ ხდება, რომ ჩვენი მთავრობის ყველა ნაბიჯი მხოლოდ ახალ-ახალ კითხვებს ბადებს ყოველთვის. ეს მარტო ამ თემას არ ეხება, არამედ იგივე ციანიდის თუ გაზპრომის თემასაც. რა გამოდის, სომეხი პრემიერი უფრო გულახდილია? თუ მისი განცხადება სიმართლე არ არის, გამოვიდეს ჩვენი პრემიერ, და სომეხი კოლეგის განცხადების დეზავიურება მოახდინოს.
ტრანსპორტზე ვილაპარაკეთო, თქვეს და რა ტრანსპორტია, არ უნდა თქვან? თითქოს საკუთარი რეიტინგის დაცემაზე მუშაობენ. ყოველი, ახალ უპასუხო კითხვას პარლამენტიდან მიღებული სულელური პასუხები მოსდევს მათგან, ვინც ამ საკითხის ბაიბურში არ არის და გადაწყვეტილებასაც არავინ ეკითხება. ასეთი არამკითხე მოამბეები გამოდიან და ისინი იძლევიან პასუხებს, ნაცვლად იმისა, პასუხი გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა მოგვცეს“, – ამბობს სოსო ცინცაძე „რეზონანსთან“ საუბარში..
————————
„ახალი თაობა“, 28 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „აფხაზეთის რკინიგზის გახსნა დაუშვებელია“ // „რისკები თვალნათელია, ზედაპირზე დევს საფრთხეები“
„ჯიპა“-ს პროფესორი, საერთაშორისო საკითხების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აფხაზეთში რკინიგზის გახსნის საკითხზე საუბრობს.
- ბატონო თორნიკე, გავრცელებული ინფორმაცია, რომ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა შეიძლება მოხდეს, რამდენად რეალურია?
- რამდენად რეალურია, ვერ გეტყვით, რადგან მე ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ გამორიცხული არაფერია. პირველ რიგში, როგორც ყოველთვის, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ისმის და მიმდინარეობს მარჩიელობა. არადა საუბარია უმნიშვნელოვანეს საკითხზე, ქვეყნისთვის მართლაც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე. მთავრობამ უნდა გვითხრას, რეალურად რა დონეზე მოხდა საკითხის განხილვა ან საერთოდ მოხდა თუ არა.
- კონკრეტულად რა რისკები ახლავს ამ საკითხს? ასეთი მოსაზრებაც მოვისმინე, რომ შესაძლებელია, აფხაზეთის დაბრუნების შანსი საერთოდ დაიკარგოს...
- დღემდე არ მომისმენია არც ერთი რელევანტური არგუმენტი, თუ რაში აწყობს საქართველოს აფხაზეთის მონაკვეთის რკინიგზის გახსნა. სამაგიეროდ, მე მაქვს ძალიან ბევრი არგუმენტი, რატომაც არ გვაწყობს აფხაზეთის რკინიგზის გახსნა და რა რისკები ახლავს ამ ყველაფერს.
პირველი – თუ გაიხსნა რკინიგზა და მატარებელში მოქალაქეები ჩასხდებიან, ვინ დახვდებათ მათ ენგურზე, საოკუპაციო ხაზთან?! ბუნებრივია, რომ რუსი დახვდება.
მეორე – რუსი მესაზღვრე შეამოწმებს პასპორტს და მერე ჩვენ ვაფიქსირებთ თუ არა, რომ მოქალაქეებმა საზღვარი გადმოკვეთეს თუ რას ვშვრებით?! ვინმეს აქვს ილუზია, რომ ენგურზე ან ფსოუზე ქართველ მესაზღვრეებს დასვამენ?! ან ვინმეს აქვს ილუზია, რომ შვეიცარიელ მესაზღვრეებს დასვამენ?! კი არსებობს ჩანაწერი, რომ შვეიცარიელი მესაზღვრეები ჩადგებიან, მაგრამ ამ საკითხზე დღემდე დუმს რუსეთი, კონკრეტულ პასუხს არ გვაძლევს. ფაქტია, რომ არავინ მოგვცემს იმის ნებართვას, რომ შვეიცარიელი მონიტორები იქნებიან საზღვარზე ჩაყენებული. გარდა ამისა, განა ვინმეს აქვს ილუზია, რომ რკინიგზის გახსნით დაფიქსირდება ის, რომ საქართველოს საზღვარი ფსოუზეა და არა ენგურზე?! რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაცია არავითარ შემთხვევაში არ წავა იმის აღიარებაზე, რომ საქართველოს საზღვარი არის ფსოუზე და არა – ენგურზე.
მნიშვნელოვანი რისკი უკავშირდება ტვირთებს. რეალურად სწორედ ტვირთების გადასაზიდად სჭირდება რუსეთს აფხაზეთის რკინიგზა. მოგეხსენებათ, რომ სომხეთში არსებობს გიუმრის სამხედრო ბაზა. არავის აქვს იმის ილუზია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება იმის საშუალება, რომ რუსული ტვირთები გააკონტროლოს. ეს ავტომატურად გამოიწვევს აზერბაიჯანთან ურთიერთობის დაძაბვას, ასევე ურთიერთობის გაფუჭებას თურქეთთან და ა.შ. ფაქტია, რომ უამრავ პრობლემას ვაწყდებით.
- თუ ეს რისკები ხელისუფლებას გაცნობიერებული აქვს, მაშინ რის სანაცვლოდ შეიძლება ამაზე წავიდეს?
- არ ვიცი, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. მეც მაქვს კითხვა, რას ვიგებთ?! თუ პასუხი არის ის, რომ მატარებელში ჩასხდებიან აფხაზი მოქალაქეები და თბილისში ჩამოვლენ ან სხვა ქალაქებს მიაწყდებიან, რა, აქამდე ტრანსპორტი არ იყო თუ რა?! ეს არ არის პასუხი ამ კითხვებზე. რატომღაც მთავრობაში ვიღაც-ვიღაცებს ყოველ გაზაფხულზე ეს საკითხი უმწვავდებათ.
- რას გულისხმობთ?
- არსებობს კითხვები საზოგადოებაში, დაინტერესებულ წრეებში და საჭირო არის პასუხები. როდესაც პასუხი არ არის, ეს ძალიან ცუდია.
- არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ჩვენ გვინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზეთის დაბრუნება და თუ რკინიგზის გახსნა მოგვიგვარებს ამ პრობლემას, რატომაც არა?
- გამაგებინონ, როგორ ვაგვარებთ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას რკინიგზის გახსნით?! ალბათ მათი არგუმენტია, რომ აფხაზები ჩასხდებიან მატარებელში და მოგვაწყდებიან თბილისში, მაგრამ ასე არ იქნება, სამწუხაროდ. ასეთი მარტივი არ არის ის, რაც გვინდა. არ დათანხმდებიან საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებას, ეს ხომ ვიცით, ასევე ხომ ვიცით, რატომაც არ დათანხმდებიან.
- რუსეთის გავლენის გამო...
- რა თქმა უნდა.
_ გასულ კვირას თბილისში სომხეთის პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა, რის შემდეგაც ამოიწია ეს საკითხი. კარაპეტიანმა პირდაპირ თქვა, რომ ლარსს ალტერნატივა ექნება. კალაძემ კი განაცხადა, რომ ეს საკითხი არ განხილულა. შეიძლება ვთქვათ, რომ ამაზე იყო საუბარი?
- ვერ გეტყვით, რადგან ინფორმაცია არ არსებობს. მითქმა-მოთქმის საფუძველი რომ არ დაუტოვო არავის, ღიად უნდა თქვა, რისი თქმაც არის შესაძლებელი. ეს იქნებოდა მთავრობის სწორი ტაქტიკა. სხვა შემთხვევაში ინტერპრეტაციების ადგილი ყოველთვის რჩება. თუმცა, ის რისკები, რაზეც გესაუბრეთ, რეალობაა და არავითარი საერთო ინტერპრეტაციებთან არ აქვს.
- უშვებთ, რომ შეიძლება ერთგვარი მოსინჯვა ხდება, თუ როგორი იქნება საზოგადოების რეაქცია?
- მე მაინც მგონია, რომ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან, როდესაც ერთი უარყოფს, მეორე ნაწილობრივ ადასტურებს, მესამეს საერთოდ არ გაუგია, რაზეა საუბარი. რეალურად კი არც არაფერი ხდება, მთავრობა არანაირი რკინიგზის გახსნას არ აპირებს, ჩემი აზრით, რადგან ეს ყოვლად დაუშვებელია. ეს არ გაუკეთებია არც სააკაშვილს და არც შევარდნაძეს. ორივემ შეიკავა თავი, ორივეს ჰქონდა არგუმენტი. სააკაშვილი შევარდნაძეს ვერ იტანდა, მაგრამ სააკაშვილი ამ საკითხში დაეთანხმა შევარდნაძეს. ხომ უნდა დაფიქრდე, რომ რადგან ორივემ თავი შეიკავა ამ საკითხზე, არ ღირს ამაზე წასვლა.
- თუმცა, ამდენი წელი კონფლიქტი გაყინულია, პრობლემა ადგილიდან არ იძვრის...
- და გალღობით რა გამოვა? თუ შედეგი არ დადგება, ისე რა აზრი აქვს? გეუბნებით, უარესი შედეგი მოჰყვება.
- საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგალითად, ამერიკელებთან შესაძლებელია კონსულტაცია გაიაროს მთავრობამ?
- რა საჭიროა კონსულტაციები, დათვალონ რისკები და ისე იმოქმედონ. თვალნათლივ ჩანს საფრთხეები, ზედაპირზე დევს რისკები. ნამდვილად ვიცი, რომ მთავრობაში არიან ჭკუათმყოფელი ადამიანები და მათ დაეკითხონ.
„ახალი თაობა“, 28 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „აფხაზეთის რკინიგზა არ უნდა გაიხსნეს“ // „ესენი სერგო ორჯონიკიძეზე უარესები არიან“ // „კორუფციულ სისტემაში ბევრი სტრუქტურაა ჩართული“
„ახალი თაობა“ ესაუბრა ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერს, ყოფილ დეპუტატ შოთა მალაშხიას.
- ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია საქართველო-რუსეთის რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნის შესახებ. ეს შესაძლებელია?
- ამის გამო საზოგადოებაში იქნება პროტესტი. ეს ხელისუფლება რკინიგზის გახსნას წინ არ აღუდგება. ამას ფაქტებზე დაყრდნობით ვამბობ. ეს ფაქტები მას შემდეგ მოხდა, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა და რაც ხორციელდება ივანიშვილის დოქტრინა. 2012 წლიდან გვესმის შეფასებები იმის შესახებ, თითქოს 2008 წლის ომი რუსეთთან საქართველომ დაიწყო. ამას მოჰყვა პოლიტპატიმრების ეგიდით მოღალატეების, სეპარატისტებისა და „გრუ“-ს აგენტების ციხიდან გამოშვება. წინა მოწვევის პარლამენტში „ოცნებას“ უნდოდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შეცვლა. ჩვენ ამაზე დიდი ხმაური ავტეხეთ და ის მხოლოდ პირველი მოსმენით მიიღეს. ცნობილია, რომ ამ კანონის მიღება ისევ დგას დღის წესრიგში.
- ზოგს ეს კანონპროექტი სახიფათოდ არ მიაჩნია...
- მოქმედი კანონით, საზღვრის ნებისმიერი მონაკვეთის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია. ბიძინა ივანიშვილს და „ოცნებას“ უნდათ, რომ ეს სასჯელი შემსუბუქდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს ნიშნავს გადაადგილების გაადვილებას ოკუპანტისთვის. ამას ემატება „გაზპრომ“-თან გაფორმებული ხელშეკრულება.
- მისი დეტალები ისევ უცნობია...
- დეტალების გარეშეც ცხადია, რომ ეს დამაზიანებელი და წამგებიანი ხელშეკრულებაა. „გაზპრომი“ სომხეთში გაზის გატარების სანაცვლოდ აღარ გვაძლევს გაზს და ამაში გვიხდის თანხას. ეს წამგებიანია. ჩვენ ამოვარდნილი ვართ ჟენევის ფორმატიდანაც.
- რატომ? ჟენევის მრავალმხრივ ფორმატში ხომ ვმონაწილეობთ?
- ჟენევის მოლაპარაკებებზე არაფერი ხდება. ჩვენი პრობლემები არ აისახება გაეროს, ევროკავშირის, სხვა ორგანიზაციების გადაწყვეტილებებზე. საქართველო ოკუპირებული ქვეყანაა, აქ მოხდა ეთნოწმენდა, მაგრამ ამაზე საუბარი არსად მიდის. ჟენევის შეხვედრები მოკლედაც არ შუქდება. უფრო ხშირად ახსენებენ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებს. მოხდა სხვა გაუგონარი მოვლენები – ტრისტან წითელაშვილმა დახურული სამხედრო ობიექტები გადაიღო, შსს-დან კი ერთი მაღალჩინოსანი „გაქრა“, რომელმაც საიდუმლო დოკუმენტაცია წაიღო რუსეთში. ნამდვილი პატრიოტებიდან ზოგი დააპატიმრეს, ზოგი გაქცეული ან დაღუპულია. საოკუპაციო ზოლის გადმოწევაზე, ჩვენი მოქალაქეების გატაცებაზე ხმას არ იღებენ. უდანაშაულო მოქალაქეებს ტერორისტებში ცვლიან. ვსვამ შეკითხვას – სერგო ორჯონიკიძეს ქვეყნისათვის ამდენი ცუდი გაუკეთებია? ესენი ორჯონიკიძეზე უარესები არიან. აფხაზეთში რკინიგზის გახსნა ამ მოვლენების გვირგვინი გამოდის.
- რუსეთს ამ რკინიგზის ამუშავება სჭირდება?
- რუსეთს უნდა გიუმრის ბაზასთან თავისუფალი მიმოსვლა და სამხედრო ტვირთების გადაზიდვის გაადვილება. ეს რკინიგზა ჩვენთვის ეკონომიკურად არაფერს ნიშნავს. ადრეც მითქვამს, რომ ამან შეიძლება ააფეთქოს სიტუაცია.
- თუ საქმეში აზერბაიჯანი და თურქეთი ჩაერევიან?
- დიახ. სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების გამწვავებას, რაც რეალურია, მოჰყვება პროცესებში თურქეთის ჩართვა აზერბაიჯანის მხარეს. რუსეთი და სომხეთი ერთად დადგებიან. საქართველო ამ სიტუაციაში გადაიქცევა პლაცდარმად. თუ ეს მოხდა, ამ სახელმწიფოსგან არაფერი დარჩება.
- აფხაზეთში რკინიგზის შესაძლო გახსნას საქართველოს საზოგადოება ყოველთვის მწვავედ უპირისპირდებოდა...
- ახლაც დაუპირისპირდება. ედუარდ შევარდნაძე ამ რკინიგზის გახსნის პირობად აყენებდა დევნილების დაბრუნებას. ესენი ამაზე ხმას არ იღებენ! ეს პროტესტი ქუჩაში გამოვა, იმიტომ, რომ პარლამენტი არ გამოხატავს ხალხის ნებას. ამ პარლამენტში არიან მხოლოდ ივანიშვილის მონები და უმრავლესობის გადაწყვეტილებების „გამპრავებლები“. უმრავლესობას გააქვს ყველაფერი, რაც უნდა. ეს ადასტურებს იმ პოზიციის სისწორეს, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ პარლამენტში არ უნდა შესულიყო. „ქართული ოცნება“ ღირებულებებსაც ურტყამს.
- რას გულისხმობთ?
- საპატრიარქოში, მედიასა და სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს. 2012 წელსაც გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“ „კაგებე“-ს მეთოდები. მაგალითად, ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა დააბრალეს ოპონენტს. ადამიანი, რომელიც ამ სიბინძურეში იყო ჩართული, დღეს კულტურის მინისტრის მოადგილეა. ეს ადამიანები დღესაც რუსეთის უშიშროების მეთოდებს მიმართავენ. აბა, როგორ შეიძლება აიხსნას ის, რომ კათოლიკოს-პატრიარქს მძიმე ოპერაციის წინ უყვებიან ციანიდის ამბავს? ესაა ჩარევა საპატრიარქოს ცხოვრებაში და პატრიარქად საკუთარი კანდიდატის გაყვანის მცდელობა. სასამართლოში ხომ საშინელება ხდება! არის მოსამართლეების კორუფციაში ჩართვის მცდელობა. მაგალითად, ნატალია ნაზღაიძე ნორმალური მოსამართლე იყო, მაგრამ ის „გააფუჭეს“. ხელისუფლება მისი ოჯახის წევრს უხდის ქრთამს იმისთვის, რომ მფლობელს წაართვას „რუსთავი-2“. თუ ეს ორ მეპატრონეს შორის სამართლებრივი დავაა, ქრთამს რატომ იხდიან?
- ამ საკითხზე დიდი ვნებათაღელვაა დედაქალაქის საკრებულოში...
- ამ კამათისას გაირკვა, რომ კორუფციულ სისტემაში ბევრი სტრუქტურაა ჩართული – არა მარტო მერი და მოსამართლის ოჯახი, არამედ საკრებულო, ეკონომიკის სამინისტრო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ისინი ამართლებენ ამ ქრთამს და თან საზოგადოებას უყვებიან ზღაპრებს ვინმე ჩოხელის შესახებ. ეს ყველაფერი ცინიკურ სახეს იღებს, იმიტომ, რომ მოღალატეები მორალს გვიკითხავენ და აქეთ გვესხმიან თავს.
„ახალი თაობა“, 28 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან: „დავით ნარმანიამ თავის „ორმო შოუს“ მიხედოს“
დიდი მცდელობის მიუხედავად, თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა ნარმანიას საკრებულოში მიყვანა ვერ შეძლეს. ნარმანია ამბობს, რომ მათ დადგმულ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს და არც საკრებულოში მისვლას გეგმავს. დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მტკიცებით კი, თბილისის მერს აუცილებლად მოუწევს, საკრებულოს დეპუტატების კითხვებს უპასუხოს. რა ბერკეტის გამოყენებით აპირებენ ოპოზიციონერი დეპუტატები ნარმანიას თბილისის საკრებულოში მიყვანას და უპირებენ თუ არა შოუს გამართვას?
„ახალი თაობის“ ამ და სხვა კითხვებს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პასუხობს.
- ალეკო, გასულ კვირას თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფლანგი აქტიურად ითხოვდა, ნარმანია მოსულიყო და თქვენს კითხვებზე პასუხი გაეცა, რომელიც ნაზღაიძის სკანდალს უკავშირდება. მერმა ყოველივე ამას პოლიტიკური შოუ უწოდა. შოუს მოწყობას უპირებდით დავით ნარმანიას?
- ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და მავნებლური პოზიციის ხმამაღლა თქმა. ქვეყანა იმართება კანონებით და წესებით! ამ კანონებსა და წესებში და ასევე საკრებულოს რეგლამენტში წერია, რომ თუ იქნება საჭირო რაოდენობის დეპუტატთა ხელმოწერა, მერი ვალდებულია, ჯერ თავისი თანამშრომლები გამოგზავნოს და მერე თვითონ მოვიდეს!
- რომ არ მოვიდეს?
- ამის უგულებელყოფა არის სამოხელო დანაშაული! ეს არის იგნორირება კანონების და წესების! „ქართული ოცნება“ ძალიან გაუთამამდა კონსტიტუციას, კანონებს, წესებს და ახდენს მის აბუჩად აგდებას, ეს კი არის სახელმწიფო საფუძვლების ნგრევა! რას ჰქვია შოუ?! როგორც ჩანს, საკრებულო შოუ ჰგონია დავით ნარმანიას! საკრებულო არის ორგანო, სადაც მუშაობენ ხალხის მიერ არჩეული ადამიანები. თუ მათ აქვთ კითხვები, მოსახლეობაშიც არის სერიოზული კითხვები. ნაზღაიძის კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით კი ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა! შესაბამისად, ამის უგულებელყოფა არის თავზე გადავლა კანონების და წესების!
- არსებობს იმის ბერკეტი, რომ დავით ნარმანია საკრებულოში მოიყვანოთ?
- ჩვენ ვფიქრობთ, ვმსჯელობთ, ვწონით ყველაფერს, რა და როგორ გავაკეთოთ, თუმცა ერთი ზუსტად ვიცი, რომ ეს ასე მარტივად არ დასრულდება! ამაზე მოუწევს სერიოზული პასუხისგება დავით ნარმანიას!
- რამდენი დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო იმისთვის, რომ დავით ნარმანია საკრებულოში მოვიდეს?
_ ხელმოწერები საკმარისზე მეტი გვაქვს! ხმების ერთი მეხუთედია იმისთვის საჭირო, რომ მერი საკრებულოში მოვიდეს. 13 ხელმოწერაა საჭირო, ჩვენ კი 15 ხელმოწერა გვაქვს და ამის იგნორირებას ახდენს ნარმანია. მაშინ გვითხრან, რომ ქურდულ სახელმწიფოში ვართ, ან ბიძინა ივანიშვილის დუქანი ვართ, სადაც წესი და კანონი, რომელიც ფურცელზეა დაწერილი, არ მოქმედებს! ამ ყველაფერს ასე მარტივად თავს ვერ დააღწევენ. ნარმანიას აუცილებლად მოუწევს, ჩვენს კითხვებს პასუხი გასცეს!
- იმის მიუხედავად, რომ შოუდ მიიჩნევს ამ ყველაფერს?
- პოლიტიკური შოუ, თან უნიჭო – აი, ეს არის დავით ნარმანიას მმართველობა! გინდათ შოუ? შეხედეთ ნარმანიას მმართველობას! მან თავის შოუს მიხედოს, ორმო რომ ვერ ამოუვსია სამი წელია! ქალაქი ორმოებმა წალეკა! „ორმო შოუ“ აქვს დავით ნარმანიას. მას ამ ყველაფერზე ადრე თუ გვიან პასუხისგება აუცილებლად მოუწევს!
- დაიდო არასამთავრობოების ერთობლივი დასკვნა, საიდანაც ჩანს, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. ასევე გამოდის მურუსიძე და აცხადებს, რომ მან ყველა ეს დასკვნა, ყველანაირი დოკუმენტი შეისწავლა და აქ ქრთამზე არ არის საუბარი. ამაზე რას იტყვით?
- არასამთავრობოების განცხადება საკმაოდ ფრთხილი და თავშეკავებული იყო. ხოლო რაც შეეხება მურუსიძეს, ჯერ თვითონ ის ფაქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ლევან მურუსიძე მოგვასვა თავზე და სასამართლოს მურუსიძე დაასვა თავზე, არის უკვე ყველაფრის დიაგნოზი და ყველაფრის ახსნა! ამის ფონზე დავით ნარმანიას ბოდიალი გასაკვირი როგორ უნდა იყოს, როდესაც სანდრო გირგვლიანის თემით მოვიდა ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში, სანდრო გირგვლიანის ტრაგედიით იშოვეს სკამები, გაინაღდეს ცხოვრება და სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე დაასვეს სასამართლოს თავზე. დღეს ეს კაცი დგას და მორალს გვიკითხავს! ეს არის თავისთავად ყველაფრის პასუხი!
- ანუ ნატალია ნაზღაიძის თემა ასე მარტივად არ დაიხურება?
- ნატალია ნაზღაიძის საქმეს ჩვენ არ მოვეშვებით და ამ კორუფციული სქემის დაგეგმისთვის და განხორციელებისთვის, დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად მოუწევთ პასუხის გაცემა! ამას ვაცხადებ დანამდვილებით, ეს ასე მარტივად არ ჩაივლის! დღეს „ქართული ოცნება“ ყველაფრით არის დაკავებული, გარდა საქმის კეთებისა და ხალხის პრობლემების მოგვარებისა. ფულის კეთება, ინტრიგების ხლართვა და მაქინაციების კეთება მათი ყოველდღიური საზრუნავი გახდა. მათ ხალხი და ეს ქვეყანა საერთოდ დაავიწყდათ. მარტო 9-წლიანი რეჟიმის წამოძახებით ეს ქვეყანა ვერ განვითარდება. ამ გაღლეტილ და გაუბედურებულ ქვეყანას უარესად აღატაკებენ. როგორც ჩანს, მათ დასკვნების გამოტანის უნარი არ აქვთ და მალე „ნაციონალებზე“ უარეს დღეში ჩაცვივდებიან!
———————–
„რეზონანსი“, 28 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „ქართულ ოცნებაში“ ფარული კლანებია, რომლებსაც ხელისუფლებაში დიდი გავლენა აქვთ“ // „მთავრობა ძალიან ცუდად მუშაობს და ეს ქვეყანას აშკარად დაეტყო“
ელზა პაპოშვილი
საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორის, არჩილ გამზარდიას განცხადებით, ხელისუფლებაში სამთავრობო ცვლილებები სასწრაფოდ განსახორცილებელია და ის ამ ცვლილებებს უახლოეს მომავალში ელის. მისი თქმით, არჩევნების შემდეგ მთავრობა და პრემიერი ფაქტობრივად ვერ მუშაობენ. მისი აზრით, რაიონული ორგანიზაციებიდან დაწყებული და უმაღლესი ხელისუფლებით დასრულებული, ისინი აბსოლუტურ ცვლილებებს საჭიროებენ. ის ფიქრობს, რომ მინისტრთა კაბინეტის ამ ფორმით ტრანსფორმირება გაუმართლებელი იყო.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში დიდი სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. თქვენ თუ თვლით, რომ ახლა მთავრობის შეცვლა აუცილებელია და რატომ?
- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთავრობა ძალიან ცუდად მუშაობს და ეს ქვეყანას აშკარად დაეტყო. ის ყველა მიმართულით არაეფექტურია. ამაში პრემიერიდან დაწყებული, ყველა სამინისტროების ხელმძღვანელებს ვგულისხმობ. პრემიერის არაეფექტურ მუშაობაში ვგულისხმობ ქვეყანაში სავალუტო პოლიტიკის არაეფექტურობით დაწყებული, გადასახადების მომატებით დასრულებული. გვახსოვს, როდესაც ხელისუფლება აცხადებდა, რომ ეს მოსახლეობას ცუდად არ დააწვებოდა. ბოლოს და ბოლოს ხომ შეიძლება ადამიანებს აუხსნან მაინც და მათი გაჭირვება შეიმჩნიონ. ასევე მიუღებელია ბოლო დროს “ქართული ოცნების” რიტორიკა და საზოგადოებასთან ურთიერთობა. ტელევიზიებში დებატებზე საერთოდ არ მიდიან, თუ მივლენ, ისიც იმ თემაზე, რომელიც მათ ინტერესებში შედის.
მედიაში ძირითადად მონოლოგის რეჟიმში არიან გადასულები და საზოგადოებასთან პრობლემური საკითხების ირგვლივ განმარტებების გაკეთებისგან თავს იკავებენ. ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე თვეში ყველა საკვანძო თემა ნეგატიურად არის გადაწყვეტილი.
პარალელურად, საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას ვხედავთ. საბოლოო ჯამში კი გამოდის, რომ სახელმწიფო უწყებებში რიგითი თანამშრომლები ზარალდებიან. დამატებითი პრემიები და მე-13 ხელფასები საბოლოო ჯამში, ამ ადამიანებზე კი არა, მაღალი რანგის ჩინოვნიკებზე ისევ გაიცემა.
- როგორ ფიქრობთ, თუ პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან წასვლა არ სურს, მისი გადაყენების საკითხი ვინ უნდა დააყენოს?
- ვფიქრობ, პრემიერის გადაყენების საკითხი პარლამენტმა ან შიგნით პარტიამ უნდა მიიღოს. ამგვარი მოცემულობით ხელისუფლებამ მუშაობა აღარ უნდა გააგრძელოს. როდესაც არსებული მოცემულობა მიუღებელია, მინიმუმ მის შეცვლაზე უნდა ვიფიქროთ. ხელისუფლებაში ვინ არის ლიდერი, ამის ინდიკატორი ყოველთვის ოპოზიციაა. თუმცა, ოპოზიცია მმართველ ძალაში არცერთ სახეს არ აღიარებს და ყოველთვის ყველა დარტყმას ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს აყენებს. ამის წინაარმდეგი კი თავად ხელისუფლებაც არ არის და ის ამ პოზაში თავს საკმაოდ კარგად გრძნობს.
- შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება თავს კომფორტულად გრძნობს, როდესაც ყველა დარტყმა ბიძინა ივანიშვილისკენ არის მიმართული?
- ხელისუფლება მთლიანად მოტივირებულია, რომ ნეგატიური მოვლენების ადრესატი, ეს იქნება ოპოზიციის თუ საზოგადოების მხრიდან წამოსული, ბიძინა ივანიშვილისკენ მიმართოს. ოპოზიციამ თუ ბევრი რამ არ იცის, მეც და ხელისუფლების წარმომადგენლებმაც ხომ კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი მმართველობაში არ ერევა. თუმცა, “ქართულ ოცნებაში” ფარული კლანებია, თავს არ აჩენენ და სინამდვილეში ხელისუფლებაში ძალიან დიდი გავლენა აქვთ. ისინი ძალიან კარგად სარგებლობენ იმით, რომ მათი პასუხისმგებლობა ნულოვანია და მთავარი დარტყმის ობიექტი ყოველთვის ივანიშვილზე მოდის. ამიტომ ცალსახად გამოდის, რომ თავად “ქართული ოცნება” ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული – გამოსავალი კი თვითრეგულირებაშია.
ბიძინა ივანიშვილი მოვიდა, მოიყვანა ის ძალა, რომელიც, ვთქვათ, მას უნდოდა და ჩვენც ავირჩიეთ. ჩვენვე გადავწყვიტოთ და პარლამენტზე ზეწოლა მივიტანოთ, რათა ცვლილებები მოხდეს, რომელიც ქვეყნისთვის მისაღები და სასურველი იქნება.
- ფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ მდგომარეობაში ყოფნა აწყობს და არ სურს, რომ ოპოზიციის მთავარი მოპასუხე თავად იყოს?
- ოპოზიციაც ძალიან ცუდ რამეს აკეთებს, რეალურად ქვეყანაში პასუხისმგებელი ვინც არის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მათ პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, დღეს “ქართული ოცნების” გარდა არავის აწყობს. ამავდროულად გამოდის, რომ მმართველი ძალის გავლენიანი პირები ძალიან კომფორტულ პირობებში იმყოფებიან.
„რეზონანსი“, 28 თებერვალი, 2017 წელი
პროკურორებმა დაკავებულ დეკანოზს კითხვები შორენა თეთრუაშვილზეც დაუსვეს
სალომე სარიშვილი
ორკვირიანი შუალედის შემდგომ სკანდალური “ციანიდის საქმის” ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის წარმომადგენლებმა გუშინ დაკითხეს. მიუხედავად იმისა, რომ დაკითხვის შინაარსი კონკრეტულ მიზეზთა გამო მედიისთვის საჯარო არ გამხდარა, ბრალდებულის ადვოკატებმა ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე მაინც გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ დაკავებულ დეკანოზს ბრალდების მხარემ კითხვები პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილზეც დაუსვა, თუმცა რა ფორმით დაისვა შეკითხვები, ამ დეტალებზე მამა გიორგის უფლებადამცველებს არ უსაუბრიათ.
„ციანიდის საქმის“ მთავარი ბრალდებულის დაკითხვა
დაკავებული მამა გიორგი მამალაძე გამოძიების შეკითხვებს გუშინ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში დილის 11 საათიდან პასუხობდა, თუმცა ვიდრე ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მასთან ჩვენების ასაღებად შევიდოდნენ, საქმის პროკურორმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეკანოზს ჩვენების მიცემა რამდენჯერმე სთხოვეს, რაზეც მისგან უარი მიიღეს.
ბრალდებულის დაკითხვა გუშინ ე.წ მატროსოვის ციხეში 5 საათზე მეტსხანს გრძელდებოდა. პროკურატურის წარმომადგენლების თქმით, დაცვის მხარის განცხადებები, თითქოს პროკურატურა გამოძიებას აჭიანურებს, მიზანმიმართული სპეკულაციაა.
“ბრალდებულის დაკავების დღიდან მას არაერთხელ შევთავაზეთ დაკითხვა და მან ყველა ჯერზე გვითხრა უარი, იმედია, დასმულ შეკითხვებს პასუხს დღეს მაინც გასცემს. ადვოკატების მხრიდან ატეხილი ხელოვნური აჟიოტაჟი, თითქოს ჩვენ გავაჭიანურეთ დაკითხვა და შაბათ-კვირას მასზე რამე ზეწოლა მოხდებოდა – არის ჩვეული სიცრუე. როგორც ჩანს, ეს არის მათი საქმიანობის ჩვეული ფორმა, რადგან თუ ასე მნიშვნელოვანი იყო ჩვენება, მათ თავად შეეძლოთ გამოეკითხათ და წარმოედგინათ გამოძიებისთვის. მათ ყოველდღიურად სიცრუის ტირაჟირების გარდა სხვა პროცესუალური შესაძლებლობა არ გააჩნიათ”, – განაცხადა გუშინ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.
რაც შეეხება უშუალოდ დაცვის მხარეს, დაკავებული დეკანოზის უფლებადამცველები ირწმუნებიან, რომ ბრალდებული დეკანოზის ჩვენება ე.წ. ციანიდის საქმეს სრულად შეცვლის და შესაბამისად, ჩვენების დეტალები მამა გიორგი მამალაძის უდანაშაულობას დაამტკიცებს.
გუშინვე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის უფლებადამცველმა მიხეილ რამიშვილმა ე.წ მატროსოვის ციხეში მისვლისას განაცხადა, რომ თუკი პროკურატურა მამალაძის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ობიექტურად შეაფასებს, ბრალდების ვერსია შესაძლოა შეიცვალოს და გამოძიება სხვა მიმართულებით წარიმართოს.
“ჩვენება თავდაყირა დააყენებს პროკურატურის ბრალდებას, მის საფუძველს და საერთოდ არსებობას”, – ეს განცხადება დაკავებული დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გუშინ დაკითხვის მსვლელობისას გააკეთა.
მამა გიორგის კიდევ ერთმა უფლებადამცველმა გიორგი ფანცულაიამ კი თქვა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვაზე შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით კითხვები იყო დასმული, თუმცა, რა ფორმით, ამაზე ადვოკატს არ უსაუბრია.
გარდა ამისა, როგორც ფანცულაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იგი კვლავ რჩება იმ აზრზე, რომ გიორგი მამალაძის ჩვენება ბრალის შინაარსობრივ მხარეს მთლიანად შეცვლის.
გიორგი ფანცულაიამ დაკითხვის დეტალებზე საუბრისას ისიც დაამატა, რომ დეკანოზის დაკითხვის დროს მამალაძის მიერ რამდენიმე სახელსა და გვარზე კონკრეტულად იყო საუბარი. რაც შეეხება დეკანოზის საცხოვრებელ სახლში იარაღის აღმოჩენას, უფლებადამცველების თქმით, დაკითხვაზე ამ დეტალზე საუბარი არ ყოფილა.
“ამ ეტაპზე ჩვენების მიცემა ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს. დაცვის მხარის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებიც, რაც სიმართლის გაჟღერებისთვის იყო საჭირო, გეგმის მიხედვით ჩატარდა. ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ გიორგი მამალაძის მიერ მისაცემი ჩვენება ბრალის შინაარსობრივ მხარეს მთლიანად შეცვლიდა. დღევანდელი დაკითხვის მიმდინარეობის დროს იგივე აზრზე ვრჩები. ვფიქრობ, რომ მის მიერ მიცემული ჩვენებით, ბრალის შინაარსობრივი მხარე მთლიანად უნდა შეიცვალოს, მათ შორის, დიდი ალბათობით, საერთოდ მისი ბრალეულობა თავიდან ბოლომდე კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს.
გიორგი მამალაძის მიერ იყო რამდენიმე სახელსა და გვარზე საუბარი. თუმცა ამას ვერ ვიტყვი, საჯაროდ გაჟღერდა თუ არა ეს გვარები. რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, მასთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, თუმცა რა ფორმით იყო დასმული, ამას ვერ დავაკონკრეტებ”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას..
ცნობისთვის: მამა გიორგი მამალაძე უკვე ორ კვირაზე მეტია დაკავებულია. დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდებული დაახლოებით კვირაზე მეტია, რაც დაკითხვისთვის მზადყოფნას გამოხატავდა, თუმცა პროკურატურა მის მზაობას უგულებელყოფდა და პროცესს განგებ აჭიანურებდა. ამასთან, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო ორგანომ აქამდე მხოლოდ ექსპერტიზა ჩაატარა, რაც ბრალდებულის დნმ-ის, კალიგრაფიისა და ხმის ნიმუშების აღებას მოიცავდა.
რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს გამოძიების მსვლელობას
გუშინვე ჟურნალისტებთან მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემაც გააკეთა განცხადებ და აღნიშნა, რომ გამოძიების პროცესში ვერავის დაკავებას ვერ გამორიცხავს. ეს განცხადება მან პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის შესაძლოა, დაკავების თაობაზე გააკეთა და თქვა, რომ თუკი ნებისმიერი პირის მიმართ დადგება მტკიცებულებები და აღმოჩნდება, რომ მას ბრალი დანაშაულის ჩადენაში მიუძღვის, შესაბამისი რეაგირება მოხდება.
გიორგი გოგაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნულ განმარტებას ის აკეთებს ზოგადად და არა კონკრეტულად სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით. “სოსო ოხანაშვილი გამოძიების ფარგლებში ერთხელ უკვე დაიკითხა. შესაძლოა, ეს კიდევ გახდეს საჭირო. თუკი ჩვენთვის საინტერესო კონკრეტული საკითხები გამოიკვეთება, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გოგაძემ.
მთავარი პროკურორის მოადგილე ე.წ. ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველის შეფასებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ომბუდსმენის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები ცალმხრივია, რადგან მას პროკურატურისათვის არ მიუმართავს და შესაბამისად, არც ინფორმაცია არ გამოუთხოვია.
ცნობისთვის: გუშინ უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ მას კვალავ რჩება შენიშვნები მთავარ პროკურატურასთან, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა უწყება გამოძიებას იწყებს და აღარ ასრულებს.
„რეზონანსი“, 28 თებერვალი, 2017 წელი
რამდენად დამაჯერებელია ოპოზიციის განცხადება, რომ ხელისუფლება ეკლესიის საქმეებში ერევა?
გვანცა წულაია
ე.წ ციანიდიას საქმე კვლავ მთავარი განხილვის თემაა. ოპოზიცია პროკურატურას საქმის გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს. მათი შეფასებით, ბევრი კითხვის ნიშანია, რომელსაც პასუხი დროულად უნდა გაეცეს.
“ნაციონალურ მოძრაობაში” საქმის გაჭიანურებაზე საუბრობენ. პარტიის ლიდერების აზრით, დაცვისა და ბრალდების მხარეები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. ნიკა რურუა მამა გიორგი მამალაძეს ხელისუფლების ტყვეს უწოდებს. პატიმარი კი არა, ტყვეა ხელისუფლების და ხელისუფლება ეკლესიის საქმეებში ხელებს აფათურებს, რაც სრულიად დაუშვებელია. ამიტომ, საინტერესოა, რა აქვს სათქმელი იმ ადამიანს, რატომ არის ის პატიმრობაში რეალურად და საერთოდ რას ემსახურება ეს ნახევრად ფანტასტიკური სიუჟეტი, რომელიც ციანიდის საქმით არის ცნობილი”, – განაცხადა ნიკა რურუამ.
ოპონენტთა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება ადვოკატებს აქვთ და თანასწორობის პრინციპი არ დარღვეულა, ისევე როგორც დაკავებულის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფპცია.
“რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, მათ შორის დაცვის მხარეს აქვს სრული შესაძლებლობა შეკითხვებზე თუ პროცედურულად იყოს მონაწილე ამ საკითხში. ბოლო ხანში ვისმენ ძალიან ბევრ სპეკულაციას, რომელიც გულისხმობს და სურვილი არის ყოველ შემთხვევაში, რომ პოლიტიკური შინაარსი მიეცეს ამ საკითხს. მე ვფიქრობ, პოლიტიკოსები უნდა გავჩუმდეთ ამ თემასთან დაკავშირებით და უნდა მიეცეს საშუალება საგამოძიებო ორგანოს, ჭეშმარიტება დაადგინოს საქმეზე”, – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა ზაზა გაბუნიამ.
რამდენად დამაჯერებელია ოპოზიციის განცხადება, რომ ხელისუფლება ეკლესიის საქმეებში ერევა? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წევრებს მიმართა.
ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე): საერთოდ ხელისუფლება ყველაფრის მიმართ ყურადღებით უნდა იყოს, რომ რამე შეცდომა არ გაიპაროს, ან რამეს გადამეტება და გადაფასება არ მოხდეს. ოპოზიციამ თავის ხელის ფათურს მიხედოს და ყველაფერი კარგად იქნება. თუ ორივე მხარე გაჩერდება, სამართალი გზას იპოვის. სახელმწიფო, რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში, იმ დოზით უნდა ჩაერიოს, რომ სახელმწიფოს ავტორიტეტი არ გაფუჭდეს. რამე ტყუილი არ გაიპაროს, რომელსაც არაკეთილმოსურნეები სათავისოდ გამოიყენებენ.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): საერთოდ ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ოპოზიციის ბრალია. ეკლესიის სფეროში სწორედ მათ შეიტანეს სერიოზული გარდატეხა. იქ თავიანთი ხალხი გაიჩინეს, რომლებმაც სერიოზული ცვლილებები შეიტანეს. აქედან გამომდინარე, პატრიარქის საწინააღმდეგოდ რაც ხდება, სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” დამქაშების დამსახურებაა. რასაკვირველია, ოპოზიციას ეს ამბავი აწყობს, რადგან მათთვის ყველაზე კარგია, ქვეყანაში რაც უფრო არევს სიტოუაციას. ასევე, ეკლესიაში თავისი დამქაშების წინა პლანზე წამოწევას რაც უფრო მეტად შეძლებენ, რელიგურ სფეროში დიდი დასაყრდენი ექნებათ, საიდანაც ამ მთავრობაზე ზეგავლენის მოხდენას შეძლებენ. მათ ინტერესებში სწორედ ის არის, რასაც ახალა აკეთებენ. ამდაგვარ ბინძურ და ჭუჭყიან საქმეებში დიდოსტატები არიან. არ დაგვვიწყებია, თავის დროზე ძალიან სერიოზული რელიგიური მოღვაწეები როგორ გადაიბირეს.
საპატრიარქოში რაც ხდება, სწორედ მათმა მოქმედებამ გამოიწვია. უნდათ თავისი ძალების გაძლიერება სინოდში და საპატრიარქოში. შემდგომ ექნებათ რელიგიური მხარდაჭერა, რომელსაც პატრიარქის გამო ახლა ვერ ღებულობენ. მათ თავისი პატრიარქი და ძალები უნდათ. დიდი ხანია ეკლესიის სათავეში სხვა პირის ჩადგომა სურთ. ადრეც უნდოდათ, თუმცა საკმარისი ძალები არ გააჩნდათ. ერთიანი ეკლესიური სიტუაცია ორ ნაწილად გაყვეს. აქედან გამომდინარე, მათ ახლა ხელს ვინ უშლის? – პარტიარქი, მე მგონი, ყველაფერი გასაგებია.
გია ბუღაძე (მხატვარი): არ მახსოვს ისეთი პერიოდი, როდესაც ხელისუფლება არ ჩარეულიყო ეკლესიის საქმეებში. ხელისუფლების ჩარევა ყოველთვის ხდებოდა, თუმცა ახლა ყველაფერი უფრო ღიად ჩანს, რადგან ისინი კონსტიტუციური უმრავლესობანი არიან და არაფრის შიში და რიდი არ აქვთ. საოცარ რამეებს ჩადიან, თუმცა არავინ არაა ხმის ამომღები. გულწრფელად მეცოდება ჩვენი პატრიარქი, მაგრამ ასეთია ცხოვრება.
გია ანჩბაძე (ისტორიკოსი): ძნელი სათქმელია. არ შემიძლია რამე ვთქვა, რადგან ინფორმაცია სასვებით ნათელი არ არის. არა მგონია, რადგან ეკლესიისგან ხელისუფლებისადმი უკმაყოფილებას ვერ ვხედავ. როდესაც ასეთ განცხადებებს ავრცელებენ, ეკლესია უნდა იყოს დაზარალებულია, თუმცა ეკლესია ხელისუფლების უკმაყოფილო არ არის. პირიქით ეკლესია როგორც აცხადებს, გამოძიებას მხარს უჭერს. ამიტომ ასეთი განცხადება რამდენად დამაჯერებელია, არ ვიცი. ე.წ ხელების ფათური რაღაც პროტესტს გამოიწვევდა.
„რეზონანსი“, 28 თებერვალი, 2017 წელი
პროდუქციის გაიაფებაზე საუბარი ჯერჯერობით ზედმეტია
„ვერანაირ გათვლას ვერ გავაკეთებთ, რადგან ბაზარზე სტაბილურობის განცდა არ არის“
ნათია ლომიძე
მიხედავად იმისა, რომ 2017 წლის 1-ლი თებერვლიდან დღემდე ლარი თითქმის 5%-ით გამყარდა, იმპორტიორები სამომხმარებლო ბაზარზე ფასების გადახედვას ნაადევად მიიჩნევენ. არასტაბილური კურსის გამო, ისინი რისკის გაწევას არ აპირებენ. ბიზნესმენები ამბობენ, რომ საჭიროა სავალუტო ბაზარზე სიტუაცია დასტაბილურდეს და ლარის კურსმა გრძელვადიან პერსპექტივაში შეინარჩუნოს სტაბილურობა. სწორედ ამის შემდეგ მოხდება ფასის კორექტირება.
2017 წლის იანვარში საკმაოდ მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა. ბოლო წლებში ასეთი ნახტომისებური ზრდა არავის ახსოვს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლის პირველივე თვე ფასები გაიზარდა 3,9%-ით, თუმცა რეალურად მატება კიდევ უფრო მაღალი იყო. განსაკუთრებით გაძვირდა სურსათი, ნავთობპროდუქტები და თამბაქო. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილოა. მიუხედავად ამისა, ბიზნესმენები პროდუქციის გაიაფების გარანტიას ვერ იძლევიან.
“დღეს რა კურსიცაა, დაახლოებით, ამ შუალედში ტრიალებდა ლარი ბოლო თვეებში. იმ ტიპის სხვაობა არ ყოფილა სავალუტო ბაზარზე, რომ ჯერჯერობით რაიმე სერიოზულ ცვლილებაზე ვიფიქროთ. თანაც საწვავის ღირებულებაც საკმაოდ მძიმედ აწვება სამომხმარებლო ბაზარს, განსაკუთრებით სადისტრიბუციო კომპანიებს.
ლარის კურსი თუ მყარდება (არაერთი მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ გამყარების პროცესის, რომელიც მოკლევადიან პერიოდში მყარდება და შემდეგ ისევ განაგრძობს გაუფასურებას), ამის ფონზე ახლა ვერანაირ გათვლას ვერ გავაკეთებთ, რადგან ბაზარზე სტაბილურობის განცდა არ არის.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფასი არ იყო ისე კატასტროფულად გაზრდილი, რომ ახლა მისი შემცირება გახდეს საჭირო. ამ ეტაპზე პროდუქციის ღირებულება ზუსტად იმ რეალობას შეესაბამება, რა კურსიც დღეს გვაქვს დოლართან მიმართებით. თუ ეროვნული ვალუტის კურსი 2.30 ნიშნულს მიუახლოვდება და ეს ნიშნული გრძელვადიან პერიოდში შეინარჩუნდება, რასაკვირველია, სამომხმარებლო ბაზარზე აუცილებლად მოხდება ცვლილება. დღესდღეობით კი ნაკლებად სავარაუდოა, ვინმემ იფიქროს ფასის შემცირებაზე, რადგან არსებულ თითარებას იგი სრულიად შეესაბამება”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” კომპანია “გრანდის” დამფუძნებელმა ივა ჭყონიამ.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ ამჟამად ბიზნესის დღის წესრიგში არ დგას პროდუქციის გაიაფების საკითხი. თუკი ლარი გამყარება პროცესი არ იქნება გრძელვადიანი, თავის საქმიანობას რისკზე არავინ შეაგდებს.
“სამომხმარებლო პროცესების დროს გასათვალისწინებელია არა მარტო ამა თუ იმ წარმოებიდან მიღებული ფასი, არამედ ის რეალობა და გარემო, რომელშიც ხდება აღნიშნულ საქონელზე მოთხოვნის ფორმირება და რეალიზაცია. რეალიზატორი საქმეში დებს “უსაფრთოების ბალიშს”, რომელმაც მინიმუმამდე უნდა შეამციროს საქმის წარმოების დროს, უეცრად შექმნილი ფორსმაჟორული გარემოებები და მოსალოდნელი რისკი. ამიტომ, როდესაც ეროვნული ვალუტა თამაშობს, არ არის მყარი ტენდენცია გამოკვეთილი, ყოველთვის ფასში დევს რისკის ნაწილი, რამაც უნდა უზრუნველყოს რეალიზატორის ბიზნესის ინტერესების დაცვა.
ახლა კი მყარდება კურსი, მაგრამ შესაძლებელია ისევ გაუფასურდეს. ბიზნესი არ წავა პროდუქციის გაიაფებაზე, თუკი ლარი არ გამყარდება მისაღებ ნიშნულზე და ეს პროცესი არ იქნება გრძელვადიანი. თავის მხრივ, კურსის გამყარებაც ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, საინვესტიციო გარემოზე, ინვესტიციების შემოდინებზე და ფულად ტრანზაქციებზე უცხოეთიდან საქართველოში”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” სოსო არჩვაძემ.
იმპორტიორებისა და ექსპერტების მოსაზრებას იზიარებენ დისტრიბუტორული კომპანიებიც. საქართველოს ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის დირექტორი დავით დევიძე აღნიშნავს, რომ ფასების სწრაფი ცვლა დიდი ზარალი იქნება მეწარმეებისთვის. სადისტრიბუციო კომპანიები ნიხრებს აუცილებლად გადახედავენ, თუკი ამის საშუალებას სავალუტო ბაზარი მისცემს.
“ახლა სწრაფი ცვლილება, ჩვენგან არ იქნება გონივრული, რადგან ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად დააზარალებს ბიზნესს. დღეს ლარი მყარდება, უფრო სწორად უბრუნდება ადრინდელ მდგომარეობას, მაგრამ არის იმის საშიშროებაც, რომ ზაფხულში ისევ გაუფასურდეს.
პროდუქციის ღირებულებას აუცილებლად გადავხედავთ და დავარეგულირებთ, თუ ამის საშუალებას სავალუტო ბაზარი მოგვცემს. საჭიროა ლარი გამყარდეს იმ ნიშნულზე, რაც არ დააზარალებს ბიზნესს და წარმოებას. საჭიროა გამყარებულმა ლარმა შეინარჩუნოს გრძელვადიანი სტაბილურობა”, – აღნიშნა დავით დევიძემ.
„რეზონანსი“, 28 თებერვალი, 2017 წელი
წლის ბოლომდე ათასობით ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩება
„ზუსტად ვიცით, რომ ბოლო 2-3 თვეში 4000-მდე ადამიანმა დაკარგა სამსახური“
მარი ჩიტაია
კერძო კომპანიებიდან თანამშრომელთა გათავისუფლება გახშირდა. პროცესი გაგრძელდება და წლის ბოლომდე ათასობით დასაქმებულს სამსახურიდან დაითხოვენ. პრობლემაა აბსოლუტურად ყველა სეგმენტში, მათ შორის ისეთ კომპანიებში, რომლებიც ყველაზე კარგ დამსაქმებლემად მიიჩნევიან. ეს ეხება როგორც სავაჭრო სექტორს, ასევე ბანკებს და ნავთობკომპანიებს, რომლებსაც პრობლემა აქციზის გადასახადის ზრდის გამო შეექმნათ.
ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის მაია მელიქიძის განცხადებით, ბიზნეს-სექტორში შემცირება იგეგმება, რის ერთ-ერთი მიზეზი მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსია. ამიტომაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა უმუშევრობის პრობლემა იყო.
“საკმაოდ ნეგატიური ტენდენციაა ამ მიმართულებით. მე მაქვს კომუნიკაცია ბიზნეს-სექტორის გარკვეულ წარმომადგენლებთან და მათი მხრიდან უკვე ისმის საუბრები იმის თაობაზე, რომ იგეგმება შემცირება. მე შეგნებულად არ დავასახელებ კომპანიებს, მაგრამ მათ შორის არიან წარმატებული კომპანიები”, – აღნიშნა მელიქიძემ.
კითხვაზე, კომპანიებში კადრების შემცირების მიზეზი უკავშირდება თუ არა სავალუტო რყევებს, პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ კერძო სექტორი სხვა მიზეზს ასახელებს.
“ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამის მიზეზი არის ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2.2% იყო წლიურად. ეს, თავის მხრივ, იწვევს, რომ საზოგადოება უფრო ნაკლებს მოიხმარს. ამიტომ საბაზრო ეკონომიკის ლოგიკის თანახმად, როცა ნაკლებს მოიხმარს და მოთხოვნა ნაკლებია, მიწოდებაც ნაკლებია. მიწოდებას კი ახორციელებს კერძო სექტორი და როცა მოთხოვნა ნაკლებია, პირველი დარტყმა მოდის კადრებზე”, – განმარტა მაია მელიქიძემ.
დასაქმების ოფიციალური სტატისტიკითაც დასტურდება, რომ კერძო სექტორში საქმე თანდთან რთულდება. როგორც ჩანს, სახარბიელო მდგომარეობა ამ მხრივ არც წინა წლებში იყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, 2015 წელს კერძო სექტორის წილი მთლიან დასაქმებაში 84,6%-ს შეადგენდა, რაც წინა წლის მონაცემს ჩამორჩება. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 85,6% იყო (2016 წლის მონაცემი არ გამოქვეყნებულა). საპირისპირო ტენდენცია შეიმჩნევა სახელმწიფო სექტორში, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა მატულობს. კერძოდ, 2014 წლის მონაცემით, მთლიან დასაქმებაში საჯარო სექტორის წილი 14,4%-ს შეადგენდა, ხოლო 2015 წელს 15,4%-ით განისაზღვრა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2014 წელს ჯერ კიდევ არ იყო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. 2015 წელს, ფაქტობრივად, იგივე პრობლემა გვქონდა (ლარის გაუფასურების გამო), რაც 2016 წელს. შესაბამისად, ვითარება საგრძნობლად დამძიმდა. ასე რომ, შარშან ვითარება დასაქმების თვალსაზრისით კერძო სექტორში გაუარესებული იქნება. ბოლო თვეებში საკმაოდ ბევრი ადამიანი გაათავისუფლეს სავაჭრო სექტორში და ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება.
გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, 2016 წლის ბოლო 3 თვეში სამსახური 4000-მა ადამიანმა დაკარგა. ჯერჯერობით უცნობია, აქედან რამდენი ადამიანი გათავისუფლდა კერძო სექტორიდან, თუმცა ფაქტია, რომ მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია, რაც ამ სფეროში არსებული პრობლემიდანაც ჩანს.
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის გოჩა ალექსანდრიას განცხადებით, უმუშევრობის ზრდა გამოწვეულია იმ ეკონომიკური პრობლემით, რაც ქვეყანაში.
“ბოლო პერიოდში გახშირდა დათხოვნა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორიდან. ეს არ არის დროებითი მოვლენა და მოსალოდნელია, რომ მომავალში უფრო ადამიანი დაკარგავს სამსახურს. ცხადია, ეს არ იქნება რამდენიმე ადამიანი, გადათავისუფლება საკმაოდ ბევრ ადამიანს შეეხება. ერთ-ერთი მაგალითია საწარმოო” აზოტი”, საიდანაც ამ დროისთვის 350 ადამიანია დათხოვნილი. პროტესტიდან გამომდინარე კომპანიამ დაახლოებით კიდევ 450 ადამიანის გათავისუფლება შეაჩერა, თუმცა საფრთხე კვლავაც არსებობს.
კადრების შემცირებას ეკონომიკური მდგომარეობა იწვევს, რაც გარკვეულწილად, სავალუტო კურსსაც უკავშირდება. ყველაზე დიდი გავლენა მაინც აქციზის გადასახადის მატებამ მოახდინა. საგადასახადო კოდექსში ცვლილებამ ფასების ზრდა გამოიწვია, რაც შემდეგ მოხმარებაზეც ასიხა და კომპანიებს პრობლემა შეუქმნა. ექსპორტ-იმპორტში გვაქვს დისბალანსი და ესეც მძიმედ აისახება უმუშევრობაზე, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, სადაც ფართო მოხმარებაა. ეს არის როგორც სამეწარმეო დარგი, ასევე სავაჭრო სექტორი, სადაც ტოტალური დათხოვნებია”, – განმარტავს გოჩა ალექსანდრია. მისი ვარაუდით, კომპანიებიდან თამაშრომლების გათავისუფლების პროცესი გაგრძელდება, რაც გარკვეულ გავლენას შრომით მიგრაციაზეც იქონიებს. ეს ტენდენცია უკვე იგრძნობა.
“ძალიან ცუდი მდგომარეობაა, გამოსავალს, პრაქტიკულად, ვერ ვხედავ. დასაქმების მიმართულებით სახელმწიფოს პროგრამები ვერაფერს შველის, რომ უარყოფითი ტენდენცია უკეთესობისკენ შეცვალოს. შრომის ბაზარზე არ არის კარგი მდგომარეობა, რის გამოც ხალხი მასობრივად გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასაქმების მიზნით. ისრაელთან ჩვენი ქვეყნის პრობლემა სწორედ ამ ფაქტორს უკავშირდება.
ჩვენი მოქალაქეები გარბიინ იმის გამოც, რომ აქ მძიმე პირობებია. 2016 წელს სამუშაო ადგილზე 58 ადამიანი გარდაიცვალა, 2015 წელს მათი რიცხვი 42 იყო. საუბარია 40%-იან ზრდაზე, რაც არის კატასტროფა. ეს ხდება იმ ფონზე, როცა მთავრობა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებტან თავს იწონებს, რომ გამართული შრომის ინსპექცია გვყავს, რაც არ არის სიმართლე. იგი არ მუშაობს და გასაკვირი არ არის, რომ ადამიანებს გაქცევა უნდათ, რადგან მათ გამოსავალი მიგრაციაში წარმოუდგენიათ”, – აცხადებს გოჩა ალექსანდრია და დასძენს, რომ სამსახურიდან დათხოვნის ფაქტები კიდევ უფრო გახშირდება.
პროფკავშირებს ბანკებში წარმომადგენელი არ ჰყავს, ამიტომ ზუსტი ინფორმაცია არ გამოაჩნია, თუ რა ხდება საბანკო სექტორში. დაუდასტურებელი ინფორმაციით, იქაც საკადრო ცვლილებებია და გათავისუფლების პროცესი დაწყებულია. სავაჭრო სექტორს ამ მხრივ საკმაოდ მძლავრმა ტალღამ გადაურა და ჯერ კიდევ გრძელდება. რაც ზუსტად ვიცით, ბოლო 2-3 თვეში 4000-მდე ადამიანმა დაკარგა სამსახური. ეს არის სიგნალი, რაც გვაფიქრებინებს, რომ უმუშევრად მყოფი ადამიანების რაოდენობა მოიმატებს”, – დასძენს გოჩა ალექსანდრია.
„რეზონანსი“, 28 თებერვალი, 2017 წელი
საქართველო-ბელარუსის თანამშრომლობის 23 წელი – ვაჭრობისა და ტურიზმის ზრდა // ბელარუსის ელჩი საქართველოში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებას გვპირდება
თიკო ოსმანოვა
საქართველოსა და ბელარუსის დიპლომატიური ურთიერთობა 23 წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში მხარეებს შორის რეგიონრუ თუ საერთაშორისო ფორმატებში არაერთი პოლიტიკური თუ ეკონომიკური შეთანხმება შედგა. ამასთან დაკავშირებით ბელარუსის საელჩოში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ელჩმა მიხაილ მიატლიკოვმა ორმხრივი ურთიერთობის განვლილი წლები შეაფასა და დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგები და მომავლის პერსპექტივები.
“2013 წელს საგარეო უწყებებს შორის თბილისში გამართულ კონსულტაციებზე ჩატარებულ იქნა ორმხრივი სამართლებრივი ბაზის რევიზია. ასევე საელჩოს მიერ სისტემატურად მიმდინარეობდა შიდასახელმწიფო პროცედურების მონიტორინგი.
“2012 წლის დეკემბერში საელჩოს მიერ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარდა კონსულტაციები სამართლებრივი დოკუმენტების მდგომარეობის შესახებ. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის ამავე უწყებას შორის ურთიერთანამშომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ასევე საქართველოსა და ბელარუსის მთავრობებს შორის “საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ” შეთანხმებას მოეწერა ხელი.
“გარდა ამისა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სამთავრობო კონტროლის კომიტეტის ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტს შორის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის შესახებ” ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა”, – ეს იმ პარტნიორული შეთანხმებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საქართველოსა და ბელარუსს შორის მიმდინარეობს.
საქართველოში ბელარუსის ელჩის მიხაილ მიატლიკოვის განცხადებით, მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა ასევე სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროში.
მისივე თქმით, ბელარუსს სოფლის მეურნეობის განვითარებაში დიდი გამოცდილება აქვს და ამ გამოცდილებას რეგულარულად უზიარებენ ქართველ კოლეგებს.
“ბელარუსი და საქართველო აფართოებენ თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის სფეროში. 2015 წელთან შედარებით საქართველოში პროდუქტების იმპორტი 24%-ით გაიზარდა, რომელმაც 4,7 მილიონ დოლარს გადააჭარბა. უფრო კონკრეტულად – საქართველოს ბაზარზე 4-ჯერ გაიზარდა კარტოფილის შემოტანა, 2-ჯერ ფქვილის, ხოლო 5-ჯერ ძეხვეულის და ხორც პროდუქტების. გასულ წელს ასევე დაიწყო რძის პროდუქტების იმპორტი. თბილისში კერძო ბიზნესმენების მიერ გახსნილია ორი მაღაზია, სადაც ბელარუსიდან შემოტანილი პროდუქტები იყიდება. ასევე 2017 წელს იგეგმება ამ ქსელის გაზრდა”, – აღნიშნა ელჩმა.
რაც შეეხება საქართველოდან პროდუქტების ექსპორტს, დიპლომატის განცხადებით, ბელარუსში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ფართოდ არის წარმოდგენილი ქართული მინერალური წყლები, ღვინო და ხილ-ბოსნტეული.
“სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული მიღწევების თაობაზე ჩატარებულ გამოფენებში, რომელიც ტარდება, როგორც საქართველოს, ისე ბელორუსის ტერიტორიაზე, ორივე ქვეყანა რეგულარულად მონაწილეობს. ბელარუსს აქვს დიდი გამოცდილება სოფლის მეურნეობის განვითარების და ამ გამოცდილებას ვუზიარებთ ქართველ კოლეგებს, რათა უფრო მეტად განვითარდეს აგრარული სექტორი საქართველოში”, – აღნიშნა მიატლიკოვმა.
ელჩის განცხადებით, ურთიერთთანამშრომლობის დადებითი დინამიკა ასევე შეინიშნება ტურიზმში. მისივე თქმით, გასულ წელს საქართველოს ბელარუსიდან 37 ათასი ტურისტი ესტუმრა, რაც 2015 წლის სტასტიკურ მონაცემებს 28%-ით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ მინსკში საქართველოს საელჩო 2007 წელს, ხოლო თბილისში ბელორუსის საელჩო 2016 წელს გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. ამას კი წინ უსწრებდა 2015 წელს ბელარუსის პრეზიდენტის ალეკსანდრ ლუკაშენკოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.