„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: „რუსეთსა და ამერიკას შორის არ უნდა გავიჭყლიტოთ“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „კოალიციის აზრია, რომ ჩვენ ნატოსკენ მივდივართ“
„რეზონანსი“: ინტერვიუ უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსი მოხალისესთან: „ქართველები კარგი ბიჭები არიან, კარგად იბრძვიან“
„ვერსია“: „დავკარგეთ აფხაზეთი, სამაჩაბლო და ახლა ჩვენ გულსაც ვეღარ დაიბრუნებთ“ // რა პრეტენზიები აქვთ ფერეიდნელ ქართველებს ოფიციალურ თბილისთან
———————-
„ახალი თაობა“, 27 მარტი, 2015 წელი
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: „რუსეთსა და ამერიკას შორის არ უნდა გავიჭყლიტოთ“
ვრცელ ინტერვიუში „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანძე „ახალი თაობის“ ჟურნალისტს თამარ ნინიძეს საქართველო საშინაო და საგარეოპოლიტიკურ პრობლემებზე ესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდს მასალიდან:
– როგორ ფიქრობთ, უკრაინის პრეზიდენტის პირადი გადაწყვეტილება იყო ხელისუფლებაში ნაციონალების მიწვევა მთავრობაში თუ დასავლეთიდან იყო ეს ნაკარნახვეი?
– ეს ნათელია, როგორც მოხდა. წვეთი წყალივით ჰგავს უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
– ტელედაჭერებს გულისხმობთ?
– რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს მიუღებელი იყო და ყოველთვის ვაპროტესტებდი. მეგონა, რომ ბოკერიას და სააკაშვილის ავადმყოფ ტვინებში მომწიფებული იდეა იყო, მაგრამ ეს აღმოჩნდა პროექტის ნაწილი, მთელი სისტემა დგას ამის უკან.
– ვისი პროექტი?
– ამერიკის პროექტია, იგივეს აკეთებს უკრაინაში, რაც კეთდებოდა საქართველოში. ჩანს თუნდაც სააკაშვილის დანიშვნით. სააკაშვილი ტრაბახობს, რომ ის და პოროშენკო მეგობრები იყვნენ. არ დავიწყებ ლაპარაკს ზოგიერთი კაცისგან განსხვავებით ამაზე, მაგრამ ისინი არასოდეს ყოფილან მეგობრები. სააკაშვილს ამერიკელებმა დაუფასეს ის, რომ დროშას აფრიალებდა რუსეთის წინააღმდეგ. სტრატეგიული პარტნიორები ვართო, გვეუნება ამერიკა, მაგრამ შეიძლება სტრატეგიულმა პარტნიორმა სენატში მიიწვიოს ძებნილი პირი და ზარ-ზეიმით მოუსმინოს მას? ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები არ უნდა იყოს დამოკიდებული არც სააკაშვილზე და არც ბურჯანაძეზე.
– ამერიკულმა გამოცემამ ევრაზია ნეტ“ სტატია გამოაქვეყნა, მოიყვანა თქვენი სიტყვები, ნატოში საქართველოს როგორ მიიღებენ, როცა რუსეთის ჯარები დგას ჩვენს ტერიტორიაზეო, რასაც სულ უფრო მეტი ადამიანი ეთანხმებაო, წერს ეს გამოცემა. ალექსანდრე რონდელის სიტყვებიც მოჰყავთ, რომელმაც თქვა, უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ევროინტეგრაციის პროცესზე ის, თუ რა წარუმატებელი გზით მიდის ამისკენ დღევანდელი ხელისუფლებაო.
– რომელ პერსპექტივაზე ვსაუბრობთ, ნატოში გადაწყვეტილებას ვინ იღებს – ღარიბაშვილი, უსუფაშვილი და რონდელი თუ ობამა, მერკელი და ოლანდი? გამოვიდა ობამა და თქვა, უკრაინისა და საქართველოს წევრობა ნატოში არ განიხილებაო. ბზეჟინსკი გამოვიდა და თქვა, რომ ნატოში საქართველოს და უკრაინის მიღება არის სილის გაწვნა რუეთისთვის, ეს არ უნდა მოხდესო.
– სახიფათო არის მათი ქვეყნებისთვის თუ საქართველოსთვის?
– ორივესთვის. რომელ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვსაუბრობთ, სამოცი წელია, თურქეთს რატიფიცირებული აქვს ასოცირების ხელშეკრულება. ხომ გვპირდებოდა მთავრობა, უვიზოდ დავიწყებთ სიარულს ევროპაშიო. გამოვიდა ღარიბაშვილი და თქვა, ამ სამიტის შემდეგ უვიზო რეჟიმი არ იქნებაო. მე კი ვიცი, რომ არ იქნება მაგრამ ხალხს რატომ ატყუებენ.
– რუსეთი უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე იჭრება და ართმევს ამ ტერიტორიებს, აქვს დასავლეთს შემაკავებელი რაიმე მექანიზმი ამის საპირისპიროდ?
– ამის ანალიზი არ უნდა გაკეთდეს, ამას წინ რა უძღოდა? რა მიიღო უკრაინამ, რატიფიცირება რომ მოხდა, ერთი წლის მერე რომ მიეღო, იქნებ უკეთესი ყოფილიყო. იანუკოვიჩი რომ გადამდგარიყო, მაშინ. ყირიმის მოსახლეობის 90 % რუსებია, ხომ არავის დაუძალებია იმ ხალხისთვის რეფერენდუმი. უტვინო და მონებად ქცეული პოლიტიკოსების მოღვაწეობის შედეგია, რაც უკრაინაში ხდება.
– ჰილარი კლინტონი გამოვიდა და თქვა, რომ ამერიკა რუსეთს არ მისცემს საშუალებას, ახალი სსრკ შექმნას, საუბარი იყო ევროაზიულ კავშირზე. ეს გაერთიანება საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის?
– რატომ წარმოადგენს საფრთხეს, ჯერ არ შექმნილა, ავწონ-დავწონოთ, გვინდა ამ გაერთიანებაში შესვლა თუ არა. რუსეთი შეეცდება, გავლენა გააძლიეროს მზეობელ სახელმწიფოებში. ეს ყველა სუპერსახელმწიფოს მიზანია. არც ამერიკის გავლენის სფეროში მინდა იყოს საქართველო და არც რუსეთის, პატარა ქვეყნის შვილი ვარ და ეს არ მინდა. დიდ სახელმწიფოებს ეს სჩვევიათ. ძალიან სწორი, მოზომილი პოლიტიკა უნდა წარვმართოთ, დახვეწილი დიპლომატიური გზით უნდა ვცადოთ, რომ ორი სუპერსახელმწიფო დაპირისპირებაში არ გავიჭყლიტოთ. დიალოგისა და საკუთარი ადგილის ზუსტად ცნობის მომხრე ვარ.
„ახალი თაობა“, 27 მარტი, 2015 წელი
ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „კოალიციის აზრია, რომ ჩვენ ნატოსკენ მივდივართ“
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი „ახალი თაობის“ ჟურნალისტს ნათია ხურცილავას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე ესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდს:
– ბატონო ლევან, თქვენ კოლიციაში საერთო ინტერესებზე ისაუბრეთ. რამდენად არის ინტერესები თანხევედრაში თუნდათ გოგი თოფაძის პოზიციასთან ნატოსთან დაკავშირებით?
- გოგი თოფაძის პოზიცია ნატოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არაა ტანხვედრაში. ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა, მაგრამ გოგი თოფაძეს აქვს ეს აზრი და ვინ შეუცვლის? ამასთან, კოალიციის აზრია, რომ ჩვენ ნატოსკენ მივდივართ. ჯერ კიდევ საქართველოშია ნატოს დელეგაცია სტუმრად, ჩვენ გვქონდა შეხვედრები, საგარეო კურსში ჩვენს კოალიციას, ხელისუფლებას არანაირი ცვლილება არ აქვს, მაგრამ კონნკრეტულ ადამიანს შეიძლება თავისი მოსაზრება ჰქონდეს. ეს არ არის განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი… კოალიციის არჩევანი ცნობილია – ნატო და ევროკავშირი.
„რეზონანსი“, 28 მარტი, 2015 წელი
ინტერვიუ უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსი მოხალისესთან: „ქართველები კარგი ბიჭები არიან, კარგად იბრძვიან“
ვასო შამუგია
(შემოკლებით)
უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობამ იკლო. დაპირისპირებული მხარეები მინსკში 12 თებერვალს დადებულ ხელშეკრულებას მეტ-ნაკლებად იცავენ, თუმცა, ეპიზოდური ხასიათის ლოკალური შეტაკებები დროდადრო მაინც ხდება. ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში კვლავ რჩებიან შეიარაღებული პირები. მოწინააღმდეგე მხარეების პირადი შემადგენლობის ეთნიკური სურათი საკმაოდ მრავალფეროვანია. სამთავრობო ჯარების რიგებში უკრაინელების მხარდამხარ იბრძვიან ქართველები, ესტონელები, ლიტველები და რუსებიც კი. ერთ-ერთი რუსი მოხალისე, მეტსახელად “ბოგატირი”, იგივე მაკსიმ კონდრაშოვი, “რეზონანსს” ექსკლუზიურ ინტერვიუზე დასთანხმდა.
- რატომ გადაწყვიტეთ უკრაინაში წასვლა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა?
- უკრაინის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ რუსეთს დღეს მართავს ყველაზე ანტირუსული, ანტიმართლმადიდებლური და, რაც მთავარია, ყველაზე ანტისლავური ხელისუფლება. სწორედ პუტინის გაურკვეველი გეოპოლიტიკური თამაშების ბრალია ის, რომ ჩვენ, სლავი ძმები, ნაცვლად ურთიერთმხარდაჭერისა, ერთმანეთს უმოწყალოდ ვჟლეტთ. თანაც, ჩვენი “მამა-მარჩენალი” ამ საქმისათვის ექსტრემისტ-ისლამისტ და ჩვენს ხარჯზე მცხოვრებ რამზან კადიროვსა და მის ხროვას იყენებს. ისინი კი, დარწმუნებული ვარ, ზურგს უკან დაგვცინიან და სიამოვნებით ასრულებენ იმ ბრძანებას, რაც ქრისტიანების და სლავების განადგურებაში მდგომარეობს. პუტინის ბრძანებით, აქ ცხვრებივით შემორეკეს და მერე ბედის ანაბარა მიაგდეს ასობით რუსი სამხედრო. აქ ჩამოვედი იმიტომ, რომ ვებრძოლო რუსეთის უკანონო ხელისუფლებას, სხვა გზა არ მაქვს. თვითონ რუსეთში ოპოზიცია თითქმის არ არსებობს, ყველაფერი “მეფის” ხელშია, ამიტომ მე აქ გარკვეულწილად ჩემი სამშობლოსათვისაც ვიბრძვი, რადგან მიმაჩნია, რომ თუ აქ დამარცხდება პუტინი, მას სავარძელი მოსკოვშიც შეერყევა.
- როდის ჩახვედით უკრაინაში?
- 2014 წლის იანვრის დასაწყისიდან აქ ვარ. რუსეთში აღარ ჩამესვლება. ახლა უკრაინის მოქალაქეობა უნდა მივიღო. “მაიდნის” დროს მინდოდა, უკრაინელი ხალხისათვის მხარდაჭერა გამომეცხადებინა. მათ აღარ სურთ საბჭოთა მემკვიდრეობის ნანგრევებში ცხოვრება. მათ სურთ (და ისინი ამას იმსახურებენ კიდეც) განვითარებულ, ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრება. ეს კი დღევანდელ რუსეთთან მეგობრობითა და საბჭოური ყაიდის ჩინოვნიკების ყოლით წარმოუდგენელია. თუმცა, სიმართლე გითხრათ, “მაიდნის” შედეგებით არ ვარ ბოლომდე კმაყოფილი, რადგანაც ჩინოვნიკთა მეშჩანური გამოხდომებისა და სიხარბის ალაგმვა დღემდე ვერ ან არ ხდება. შედეგებს კი რიგითი მოქალაქეები იმკიან” – განაგრძობს მოხალისე მებრძოლი.
(…)
- ქართველ მოხალისეებთან თუ გქონიათ რაიმე კონტაქტი?
- მე პირადად არა, მაგრამ ვიცი, რომ კარგი ბიჭები არიან, კარგად იბრძვიან. ქართველები ინსტრუქტორებადაც არიან და საწვრთნელ ბაზაზე ასწავლიან ჩვენს მეომრებს. მათ მდიდარი საბრძოლო გამოცდილება აქვთ.
- თქვენი აზრით, რა მსგავსებაა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში და საქართველოში არსებულ კონფლიქტებს შორის?
- მე პოლიტიკაში დიდად ვერ ვერკვევი, თუმცა, რამდენადაც ვიცი და ვხვდები, თქვენთანაც ყველაფერი წარიმართა ისე, როგორც აქ, უკრაინაში. რომ არა რუსული მხარდაჭერის იმედი, დარწმუნებული ვარ, რომ არც აქაური და არც თქვენი სეპარატისტები ხმას არ ამოიღებდნენ. სეპარატისტები იქცნენ მოსკოვის მთავარ დასაყრდენ და მატერორებელ ძალად, ბრმა იარაღად მოსკოვის ხელში. თუმცა, ლუგანსკელებსა და დონეცკელებს მოუწევთ შეეგუონ იმ აზრს, რომ მათი ცხოვრების ისედაც დაბალი დონე კიდევ უფრო დაბლა დაეშვება, რადგანაც, როგორც წესი, რუსეთი მათ გამოიყენებს და მიაგდებს… მე ნანახი მაქვს ინტერნეტში ოდესღაც ულამაზესი აფხაზეთის ფოტოები საბჭოთა დროს და დღეს. ნანახი მაქვს, რა ყოვლისმომცველი ნგრევის სურათია იქ ომიდან ორი ათეული წლის მერეც კი. ეს იმიტომ, რომ სადაც რუსეთის ხელისუფლებაა, იქ განვითარებისა და პროგრესის ადგილი არაა. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა დაბრუნება ჩემს მშობლიურ ქალაქ ფსკოვში. რაც უნდა იყოს, მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ. მინდა, რომ მის სათავეში პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი ვიხილო, რომელიც ქვეყნის დიდ რესურსს არა დაძაბულობასა და ექსპანსიას, არამედ შიდა განვითარებასა და აღმშენებლობას მოახმარს.
„დავკარგეთ აფხაზეთი, სამაჩაბლო და ახლა ჩვენ გულსაც ვეღარ დაიბრუნებთ“
რა პრეტენზიები აქვთ ფერეიდნელ ქართველებს ოფიციალურ თბილისთან
ნათია ნოდია
რამდენიმე დღეა, ფერეიდანში ანბანის ძეგლის აღებასთან დაკავშირებით, მითქმა- მოთქმა არ წყდება. ფერეიდნელები ოფიციალურ თბილისს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. „დავკარგეთ აფხაზეთი, სამაჩაბლო და ახლა ჩვენ გულსაც ვეღარ დაიბრუნებთ“, - წერს ფერეიდნელი ქართველი, რომელიც ჯერჯერობით ინკოგნიტოდ დარჩენას ითხოვს.
„ირანში საქართველოს ხალხად გუჭრეტენ და ფერეიდნელ ხალხიც, რომ გამოსულან საქართველოში იქ სპარსელ ხალხად გვხედენ. ორივეგან უცხო ვართ“, – ქართველი ბიჭი, გვარად ასპანანი კი, ამ ამბავს, Facebook- ის პირად გვერდზე, ამგვარად გამოეხმაურა.
არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ ოფიციალური თეირანი ინტერნეტს ახშობს. საქართველომდე ელექტრონული სახით ინფორმაციის მიტანა ფერეიდნელებს ძვირად უჯდებათ და ამას ნერვების ფასად ახერხებენ – ინტერნეტსერვერი კუს ნაბიჯებზე ნელა მუშაობს. პირველ რიგში, მთავრობას იერიშები დაუმორჩილებელ უბნებზე მიაქვს. აი, ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია ფერეიდანი ირანულ სივრცეში. თუკი თეირანში თანამგზავრული ტელევიზიების აღნუსხვას ფაქტობრივად „დღესასწაულებზე“ აკონტროლებენ, ფერეიდანის ქართველობა მუდმივად კონტროლზე ჰყავთ და გაუფრთხილებლად უჭრიან თანამგზავრულ ანტენებს. ადგილობრივების დაბეზღებაში დახელოვნებულნი არიან მეზობელი ქორდები (ქურთები) და აი, ამ ვითარებიდან იღებს სათავეს რამდენიმე დღის წინ ქართული ანბანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.
ვინ არიან ქორდები, ჩვენებურად ქურთები და რატომ ებრძვიან ფერეიდანის ქართველობას? ოთხ საუკუნეზე მეტია კახეთიდან შაჰ-აბასმა კახელებს ირანში უკრა თავი. თავდაპირველად, ისპაჰანის პროვინციაში ჩაასახლა, მერე ურჩობისთვის დასაჯა და ფერეიდანის მთიან ადგილზე გაამწესა. იქ შექმნეს რამდენიმე სოფელი და მათ შორის, მთავარი ადგილსამყოფელი „მარტყოფი“ დააფუძნეს. შაჰს ურჩების დასჯისთვის საბაბი მიეცა, თორემ განზრახული ჰქონდა, ბრძოლისუნარიანობით გამორჩეული გურჯები მთიან ადგილზე მიმოეფანტა და ამით მომხდური ტომებისგან დაეცვა თავისი იმპერია. აი, ასე „დაუმეზობლდნენ“ ქართველები ადგილობრივ ბახტიარებს, რომლებსაც ქორდებად მოიხსენიებენ და ახლა უკვე ქურთების სახელითაც იცნობენ. დღე არ გაივლის მათ შორის წვრილმანი შეტაკებების გარეშე. არადა, რამდენიმე საუკუნის წინ ჩვენებურებმა იმდენად გაითქვეს სახელი ირანის იმპერიაში, რომ გზაზე მიმავალთ სხვა ტომები პირისპირ შეხვედრას ვერ უბედავდნენ და საწინააღმდეგო მხარეს გადადიოდნენ.
ქართველმა მეომრებმა ხომ დიდი წვლილი შეიტანეს სპარსეთის გაძლიერებაში და მათი გმირობის მაგალითები უკვე სხვა პუბლიკაციის თემაა. ახლა ბახტიარები ენის მიტანით, ასევე ქურდბაცაცობითა და წვრილმანი ხულიგნობით ცდილობენ ფერეიდანის ქართველებთან ანგარიშსწორებას. ერთი ბახტიარი ვერაფერს დაუშავებს გურჯს და შეტევისთვის რამდენიმეკაციან ჯგუფებად იწყებენ მობილიზებას. ავიწროებენ გურჯ მეზობლებს. ამ ბოლო დროს კი საკმაოდ ხშირად აყვედრიან თავიანთ სამშობლოს და პირდაპირ მოუწოდებენ ქვეყნის დატოვებისკენ, ახლა ხომ გაიგეთ, თქვენ გურჯისტანში მოგელიან, წაბრძანდით და დაგვიცალეთ ტერიტორიაო – ლაიტმოტივად გასდევს ეს სიტყვები ნებისმიერ შეტაკებას და თუნდაც, მეზობლურ წაკამათებას. აი, ამიტომ არ დაუშვეს ბახტიარებმა ქართული ანბანის ძეგლის ფერეიდანში აღმართვა და შუაღამეს, როგორც სჩვევიათ, მუხანათაურად გაანადგურეს კიდეც.
რაც შეეხება კითხვებს, თუ რატომ იყო ქართული ასოებით აწყობილი სიტყვა ალაჰი, მოგახსენებთ – ფერეიდნელის მეუღლე გახლავართ, იქ რამდენჯერმე ვიყავი, არაერთი ინფორმაცია მოვიპოვე და ექსკლუზიური რეპორტაჟებიც შემოგთავაზეთ. ამ ფონზე, თავს ვაძლევ შეფასების უფლებას: ეს სიტყვა მათ ირანის ხელისუფლებისთვის დადეს ანბანის სათავეში, თორემ მარტყოფის კედლებზე ბევრგან მინახავს ქართულად ამოგვირისტებული სიტყვა: ღმერთი.
დიახ, ამოგვირისტებული, რადგან ფერეიდნელი ქართველები სამშობლოსთან დაკავშირებულ ცნებებს რუდუნებითა და გულისხმიერებით ეკიდებიან. და როგორ ვპასუხობთ სანაცვლოდ?
ფერეიდნელი ქართველი ლევან ხუციშვილი: „ირანის მთავრობამ ფერეიდნელი ქართველები რომ ამოხოცოს, გამოვა ჩვენი ელჩი ირანში და იტყვის, საკუთარ მოქალაქეებს გაუსწორდნენ ირანშიო? აბა, რას ნიშნავდა მისი განცხადება, ძეგლის დადგმის უფლება არ ჰქონდათ და შედეგად, ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეები დააპატიმრაო. იმის მაგივრად, გული გავუთბოთ, რა ხდება? არ ითხოვენ ირანში მცხოვრები ქართველები მატერიალურ დახმარებას, რადგან უჭირს ჩვენ სამშობლოს, მხოლოდ და მხოლოდ დედა ენა, პირველი და მეორე კლასის სახელმძღვანელოები უნდათ. არაფერში ჩანს ჩვენი ქართველობა? არც იმაში, რომ 4 საუკუნეზე მეტია ირანში და ამას ხაზგასმით ვამბობ – ირანის რეალობაში შევძელით და ენა, თვითმყოფადობა შევინარჩუნეთ“.