globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 28 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 28th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ინტერვიუ ირაკლი მენაღარიშვილთან: “საქართველოს საკმარისი შანსი აქვს, რომ იმპულსი მიიღოს ვიზალიბერალიზაციის გზაზე”

რეზონანსი: რა იქნება მაქსიმუმი და მინიმუმი რიგის სამიტზე?

რეზონანსი: უვიზო რეჟიმის ზღვარზე // “ევროკავშირის დაშლაზე საუბარი ინტენსიურად მიდის და იქ რუსული გავლენა ძლიერდება”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნოდარ ნათაძესთან: „ნაციონალები“ და „ქართული ოცნება“ ორივე რუსეთზე მუშაობენ“

———————-

რეზონანსი“, 28 აპრილი, 2015 წელი

ინტერვიუ ირაკლი მენაღარიშვილთან: “საქართველოს საკმარისი შანსი აქვს, რომ იმპულსი მიიღოს ვიზალიბერალიზაციის გზაზე

იაგო ნაცვლიშვილი

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია აქვთ ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებთან. საუბარი მაქვს როგორც ორმხრივი ფორმატის შეხვედრებზე, ასევე მრავალმხრივზე. მაგრამ ევროპული მიმართულებით სვლას კიდევ უფრო გაააქტიურება რომ სჭირდება, ეს ცხადია. ამაში მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის საკითხს, ან ახლანდელ დღის წესრიგს კი არ ვგულისხმობ, არამედ ჩვენს ზოგად თანამშრომლობას ევროპასთან. ევროპა არ არის მარტივი პარტნიორი, მიტომ საჭიროა ასთან მუდმივი კომუნიკაცია. „სამწუხაროდ, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ევროპა ჩვენთვის პრიორიტეტული არ ყოფილა, ეს ჩამ ორჩენა გამოსასწორებელია, რისი რეალიზაციისთვის საჭიროა სერიოზული სტრატეგია“, – ამბობსრეზონანსთანსაუბრისას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.

(…)

ირაკლი მენაღარიშვილი: მიიღებს თუ არა საქართველო სავიზო ლიბერალიზაციას რიგის სამიტზე, ამაზე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია. თუ ვიმსჯელებთ ევროპელი ლიდერების განცხადებებითა და შეფასებებით, საქართველოს საკმარისი შანსი აქვს, რომ შემდგომი იმპულსი მიიღოს ევროკავშირ-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გზაზე, რამდენად სერიოზული იქნება ეს ნაბიჯი და რა კონკრეტული დასკვნების გაკეთება შეგვეძლება, ეს მხოლოდ სამიტის შემდეგ გამოჩნდება.

არ მინდა, რომ ამ საკითხზე საზოგადოებას გაუჩნდეს გადაჭარბებული მოლოდინი, მაგრამ ამასთანავე არც ისაა კარგი, რომ პესიმისტური განწყობა დაგვეუფლოს. სამუშაო, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენმა ქვეყანამ გასწია, მართლაც სერიოზული იყო და ამას ჩვენი პარტნიორები ხედავენ.

(…)

უვიზო რეჟიმის მიღება ყველა საკითხზეა დამოკიდებული, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოებსა და ჩვენი ქვეყნის მზაობას, თუ როგორ შეფასდება ჩვენი მზაობა ევროპასთან პარტნიორობის თვალსაზრისით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე სხვა ფაქტორებიც ახდენენ გავლენას. შესაძლოა, ეს ვიღაცას უმნიშვნელოდ მოეჩვენოს, მაგრამ ასეთ საკითხებზე გავლენას ახდენს ემიგრანტების მოზღვავების საკითხი ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებთან. იცით, როგორც განვითარდა ჩრდილოეთ აფრიკაში მოვლენები.

იქ მიმდინარე ტრაგიკული მოვლენები პირდაპირ არ უკავშირდება არც საქართველოს და არც ევროკავშირს, მაგრამ ეს ქმნის ნეგატიურ ფონს, ეს ქმნის ევროკავშირის ფრთხილ დამოკიდებულებას საიმიგრაციო პოლიტიკისადმი.

ეს მაგალითისთვის მოვიყვანე, საბოლოო შედეგს არაერთი ფაქტორი განსაზღვრავს. მაგრამ დაველოდოთ სამიტს და შედეგებს. ერთი რამ ცხადია, პოლიტიკური მიმართულება იქნება ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელება, რა შედეგებიც უნდა იყოს სამიტზე. ახლა კი საკითხი დგას ვადებზე, თუ როდის დასრულდება უვიზო მიმოსვლის საკითხი.

(…)

თბილისში დანიის, შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ყოფნის დროს მათი მხრიდან დაახლოებით ის გზავნილები დავინახე, რაზეც უკვე გესაუბრეთ. ეს შეფასებები ჩემი პირადი შთაბეჭდილება ვერ იქნება, ეს ყოველივე ეფუძნება იმას, რასაც ჩვენი პარტნიორები ამბობენ. მათ შეფასებებში მკაფიო სურვილი ჩანს, რომ საქართველოსთან გაგრძელდეს შემდგომი თანამშრომლობა. ასევე ცდილობე, რომ საზოგადოებას არ გაუჩნდეს არარეალური მოლოდინი, რაც შესაძლოა შემდგომი გაწბილებაში გადაიზარდოს.

რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ხელისუფლების წარმომადგენლებს ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია აქვთ ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებთან. საუბარი  აქვს როგორც ორმხრივი ფორმატის შეხვედრებზე, ასევე მრავალმხრივზე.

თავად ქვეყნის შიგნითაც არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროპასთან დაახლოების კუთხით, მაგრამ ევროპული მიმართულებით სვლას კიდევ უფრო გაქტიურება რომ სჭირდება, ეს ცხადია – მათ შორის ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის დონეზე და არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს თუ სხვა უწყებების დონეზე.

ამაში მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის საკითხს, ან ახლანდელ დღის წესრიგს კი არ ვგულისხმობ, არამედ ჩვენს ზოგად თანამშრომლობას ევროპასთან. ევროპა არ არის მარტივი პარტნიორი, ამიტომ საჭიროა მასთან მუდმივი კომუნიკაცია. სამწუხაროდ, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ევროპა ჩვენთვის პრიორიტეტული არ ყოფილა, ეს ჩამორჩენა გამოსასწორებელია, რისი რეალიზაციისთვის საჭიროა სერიოზული სტრატეგია.

რაც შეეხება საკმარისია თუ არა ის სამუშაო, რომელიც ჩვენ გავწიეთ, ამაზე გიპასუხებთ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს, საკმარისია ის სამუშაო, რომელსაც შედეგი მოაქვს. ასე რომ, ამ საკითხზე შეგვიძლია ვისაუბროთ სამიტის შემდეგ.

რამდენიმე დღის წინ საქართველოში ვიზიტი ჰქონდა ბელორუსის პრეზიდენტს. რა მნიშვნელოვანი გზავნილები დაინახეთ ლუკაშენკოს მხრიდან?

– საკმაოდ საინტერესო ვიზიტი იყო. ბელორუსის პრეზიდენტი საქართველოში აქამდე არ იყო ნამყოფი. საქართველო-ბელორუსის თანამშრომლობა არ ყოფილა საუკეთესო ნიმუში ისეთ ორ სახელმწიფოს შორის, რომელთაც საერთო წარსული  აკავშირებს. თუ ეს გამოსწორდება და ეს ვიზიტად არ დარჩება, ძალიან კარგი იქნება.

ბელორუსი ცდილობს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლას, რომელშიც თავისი შიდა პოლიტიკის გამო მოხვდა. ამიტომ ისეთი პარტნიორები, რომელთაც გარკვეული ინტერესი აქვთ საერთაშორისო არენაზე, მათ ინტერესს წარმოადგენს. ბელორუსმა იკისრა შუამავლის ფუნქცია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დროს, როგორ მიმდინარეობს ეს სხვა საკითხია, მაგრამ საქართველო უნდა ეცადოს აქედან სარგებელს.

ასეთი მოსაზრებებიც გამოითქვა, თითქოს პუტინმა თავისი დანაბარებით გამოგზავნა ლუკაშენკო. ასეთი რაღაცები საერთაშორისო პოლიტიკასა და დიპლომატიაში ხდება?

– რა თქმა უნდა, ხდება. საერთაშორისო ურთიერთობებში შუამავლის ინსტიტუტი არსებობს და როგორც მოგახსენეთ, რუსეთ-უკრაინის შემთხვევაში სწორედ ამ როლის გააქტირებით ცდილობს ბელორუსის პრეზიდენტი თავისი რეპუტაციის გაუმჯობესებას.

იმის შესაძლებლობა, რომ ლუკაშენკო პუტინის დანაბარებით იყო საქართველოში ჩამოსული, გამორიცხული არ უნდა ყოფილიყო, თუმცა რამე ნიშანი არ არისებობს იმისა, რომ ეს იყო ბატონი ლუკაშენკოს ვიზიტის მიზანი.

აქვე აღვნიშნავ, რომ ამგვარ შეთავაზებასაც არ შეეძლო საქართველოსთვის რამე საფრთხის შექმნა, რადგან ჩვენ საკმაოდ მკაფიო პოზიცია გვაქვს იმ საკითხზე, რაზეც ჩვენი დაეჭვებული საზოგადოება მსჯელობს. მოგეხსენებათ, დაეჭვება არსებობს ჩვენს არჩევანში, საქართველოს აქვს ევროპული თუ ევრაზიული გზა, რომლის წევრიც არის ბელორუსი. არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ საქართველოს რომელიმე ხელისუფალი არჩეულ სტრატეგიულ გზას გადაუხვევს. ჩვენ მკაფიოდ გვაქვს გაკეთებული არჩევანი და მივიწევთ ევროპისკენ.

რეზონანსი“, 28 აპრილი, 2015 წელი

რა იქნება მაქსიმუმი და მინიმუმი რიგის სამიტზე?

ლიკა ამირაშვილი

(შემოკლებით)

თქვენი აზრით, საქართველოსთვის რა იქნება მაქსიმუმი და მინიმუმი რიგის სამიტზე? – ამ კითხვითრეზონანსმასაზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): სიმართლე რომ ვთქვა, ასე სწრაფად განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს. როგორც ყველა ქართველს, სურვილი მაქვს, მინდა, რომ ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ. ჩვენი ხელისუფლება უცნაური ტემპებით მიდის, ტაატით მიიწევს წინ, ამიტომ რაღაცა დიდი მოლოდინი ნაკლებად მაქვს. უვიზო რეჟიმი ძალიან მინდა რომ გვქონდეს, მაგრამ ამ ყველაფერს რამდენად მივიღებთ, არ ვიცი, ძალიან გამიხარდება, რომ მივიღოთ. ამ ბოლო დროს ცოტა უფრო პესიმიზმი შემომეპარა, ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ.

ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): რიგის სამიტზე უმთავრესი საკითხი ის იქნება, რომ ვიზების გამარტივების საკითხები იქნება დასმული და საქართველოსთვის სხვადასხვა სახის შეღავათები იქნება დაწესებული. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დადებითად მიმაჩნია, ის რომ დღევანდელ მსოფლიოში შექმნილ უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებაში ქართული სახელმწიფოს მესვეურები და პოლიტიკოსები იმ გზების გამონახვას ცდილობენ, რომლის მეშვებითაც ჩვენი სახელწიფო ევროპას უფრო მეტად დაუკავშირდება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რიგის სამიტზე ერთი პატარა ნაბიჯი მაინც იქნება წინ გადადგმული. ევროპასთან უფრო მეტად დაახლოება მოხდება. რიგის სამიტისგან სხვა რამე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველოდები, იქედან გამომდინარე, რომ დღევანდელ სიტუაციაში მსოფლიო პოლიტიკური თამაშები ჯერ დამთავრებული არ არის, რომელიც ახალი მსოფლიოს შესადგენად მიმდინარეობს.

მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): რიგის სამიტზე საქართველოსთვის სერიოზულ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. მთავრობას ქვეყანა ფაქტობრივად თავზე ემხობა, არავინ არაფერზე არ ფიქრობს, არავის არაფერი არ აწუხებს, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა საერთოდ ხელს არ ანძრევს. ნახევარი მილიარდი სახელმწიფო სამთავრობო სახლებზე დაიხარჯა. ამდენი შენობები ვის რაში სჭირდება, ახლა არ იციან, სად წაიღონ. მესამე ძალა უნდა მოვიდეს, რომელიც სწორედ იმ პოლიტიკას დაიკავებს, რომლის მიხედვითაც არც რიგის სამიტზე და არც ნატოზე ვიქნებით დამოკიდებულები, ყველა ქვეყნის შემორიგებას და თანდათან ეკონომიკას განვითარებასაც შევძლებთ. დანარჩენი ეს სამიტები, როგორც იყო აქამდე, უამრავი იქნება, სადაც ნატო უამრავ იმედს მოგვცემს.

იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): რიგის სამიტზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, რომ საქართველო ნატოს წევრი იქნება, მაგრამ კონკრეტულად საქართველო ნატოს წევრი როდის გახდება, ეს არ იქნება ნაჩვენები. იმიტომ, რომ ეს არც ერთმა ხელმძღვანელობამ და არც ერთმა ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერმა არ იცის. როდესაც საქართველოს ტერიტორიული პრობლემა აქვს, ნატოში გაწევრიანება ასე ადვილი საქმე არ არის. ტერიტორიის მხრივ პრობლემიანი ქვეყანა ნატოში მიღებული არ იქნება და მის წინააღმდეგ ევროპის დიდი ქვეყნები – საფრანგეთი და გერმანია გამოვლენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ რასაც ვთხოულობთ, რომ რიგის სამიტი გადაგვიშილის გულს და გვეტყვის, აბა შემობრძანდით ნატოშიო, ეს არ იქნება. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ამ სამიტზე ჩვენ მას მთლიანად ვერ მივიღებთ. ეს 2016 წელში გადავა.

რეზონანსი“, 28 აპრილი, 2015 წელი

უვიზო რეჟიმის ზღვარზე

ევროკავშირის დაშლაზე საუბარი ინტენსიურად მიდის და იქ რუსული გავლენა ძლიერდება”

თაკო მათეშვილი

შვედეთი, დანია, ინგლისი, აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები – ეს იმ სახელმწიფოთა ჩანონათვალია, რომლებიც საქართველოსათვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას და ზოგადად, ჩვენს ევროინტეგრაციას მხარს უჭერენ. ხელისუფლებაში იმ ქვეყნებსაც ასახელებენ, რომლებიც ამ საკითხისადმი უარყოფით დამოკიდებულებას ავლენენ და იმათაც, რომლებიც განსაკუთრებულ პოზიციას არ გამოხატავენ და ნეიტრალურებად რჩებიან.

————

რიგის სამიტის მოახლოებასთან ერთად ეს თემა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება და საქართველოში მსჯელობენ იმაზე, თუ რომელმა ქვეყნებმა შეიძლება შეგვიშალონ ხელი შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლების მოპოვებაში და რატომ.

როგორც ხელისუფლებაში, ისე ექსპერტთა წრეში აცხადებენ, რომ სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებაც რიგის სამიტამდე გვევალებოდა, კარგადაა შესრულებული. იმაზე ბევრად უკეთაც კი, ვიდრე მოლდოვამ შეასრულა, რომელმაც ვიზალიბერალიზაციას ერთი წლის წინ მიაღწია.

არც იმას უარყოფენ, რომ მიუხედავად ამისა, მიუხედავად “საშინაო დავალების” გულმოდგინედ შესრულებისა, სამიტზე სასურველ შედეგს შეიძლება ვერ მივაღწიოთ. ამის მიზეზად კი მსოფლიო პოლიტიკაში არსებულ ვითარებასა და იმ გლობალურ პრობლემებს ასახელებენ, რომელთა გადაჭრაც საქართველოს ხელისუფლებას არ ხელეწიფება.

ეს უარყოფითი ფაქტორები კი შემდეგია – რუსეთის გავლენა, ტერორიზმის საფრთხეები, რომლის მიმართაც ევროპა ახლა გაცილებით სენსიტიურია, პრობლემური მდებარეობა, ევროკავშირში არსებული სიტუაცია და ა.შ. შესაბამისად, სახელდება ქვეყნებიც, რომელთა მხარდაჭერის იმედი შეიძლება გვქონდეს, ან არ უნდა გვქონდეს.

“არიან ქვეყნები, რომლებიც ევროპის გაფართოების წინააღმდეგები არიან. მაგალითად საფრანგეთი, გერმანია. მათი პოზიციები მთავარია და გერმანიაში განსაკუთრებული მუშაობა მიმდინარეობს, რათა საჩვენო პოზიციაზე გადმოვიდნენ. მხარს გამოკვეთილად გვიჭერენ ჩრდილოეთის ქვეყნები: შვედები, დანიელები, ინგლისელები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, იუგოსლავიის ქვეყნები. ჩვენი საკითხისადმი შედარებით ნეიტრალურები არიან ესპანელები, ჰონალდიელები და იტალიელები. მათ განსაკუთრებულად არ აინტერესებთ, თუ რა ხდება საქართველოში”, – ამ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი გუგული მაღრაძე გვაწვდის

სკეპტიკოსი ქვეყნების უარყოფითი პოზიციის მიზეზებს ხსნის პარტია “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია და ამბობს, რომ ამაში მთავარი რუსეთის ფაქტორია. თუმცა აქვე იმასაც დასძენს, რომ ხელისუფლების მიერ დეკლარირებული კურსის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, თავად ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ნაკლებად აქტიურია.

მისი აზრით, საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროები ბევრად მეტს უნდა მუშაობდნენ იმისათვის, რომ ევროპას საქართველოს მისწრაფება დავანახოთ.

“ვფიქრობ, რომ ევროკავშირში შემავალი ქვეყნების უმეტესობა მომხრეა იმისა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღოს. თუმცა, არის გარკვეული ფაქტორები, რომლებიც მათ ამ ეტაპზე აჩერებთ. კონკრეტულად რომელი ქვეყანა იქნება ეს, ძნელი სათქმელია. გერმანიისა და სარანგეთის უარყოფითი დამოკიდებულება ცნობილია.

“კიდევ ერთხელ ვამბობ – თუ ჩვენი კურსის ურყევობაში ყველა დარწმუნებული იქნება და ევროპისაკენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმოძრავებთ, ეს წინააღმდეგობაც დაიძლევა. ამიტომ, ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდებდით, მუშაობა დასავლური კურსის მიმართულებით ბევრად უფრო გაააქტიუროს და მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს ევროპული კურსი ურყევია”, – აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას მანანა ნაჭყებია.

ოპოზიციონერის მოსაზრებას საქართველოს ხელისუფლების პასიურობის თაობაზე პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე არ ეთანხმება და ამბობს, რომ თუ უვიზო რეჟმი არ მოგვცეს, ეს ხელისუფლების დანაშაული არ იქნება და რომ ამ კუთხით ხელისუფლების ბრალი ყველაზე ნაკლებია.

ამის მაგალითად მოლდოვა მოჰყავს, რომელმაც უვიზო რეჟიმი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა პარამეტრით ჩამოუვარდებოდა – მოთხოვნების საკმაოდ სოლიდური ნაწილი, ჩვენგან განსხვავებით, მას შესრულებული არ ჰქონდა, მაგრამ მისი თქმით, აქ წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს.

“ჩვენ კი ამ მხრივ გაცილებით წინ ვართ. ასე რომ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებისა და რუსული გავლენის თემაა. რუსეთისათვის საქართველოს უვიზო რეჟიმი ევროპასთან მოვლენების ძალიან არასასურველი განვითარებაა”, – ამბობს ლაგაზიძე. მისივე თქმით, ზოგადად, ევროკავშირში ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ თავისუფალი საზღვრების საკითხი გადაიხედოს. ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ისლამური ტერორიზმის საფრთხე ევროპას სულ უფრო მიუახლოვდა, განსაკუთრებით საფრანგეთში მომხდარის ფონზე, საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის მინიჭების პერსპექტივა გართულდა.

თავად ევროკავშირის შიგნით სასაზღვრო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი მიდის და ქვეყანასთან რომელიც ევორკავშირის წევრი საერთოდ არ არის, ამ ტაპზე უვიზო რეჟიმის მიღება, მითუმეტეს არ უნდათ. ლაგაზიძის აზრით, ჩვენთვის ამ პროცესის გართულების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

“ევროკავშირს თავად ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. საერთოდაც, დაშლის საფრთხე აქვთ, ვინაიდან რუსეთის საცეცები იქ საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს. რუსეთის არაფორმალურ მეგობართა ჯგუფიც კი შეიძლება დავასახელოთ – საბერძნეთის, უნგრეთის და ა.შ. სახით. ამიტომ, ევროკავშირის ბედი გაურკვეველია და ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას არ ჩქარობენ. არადა, ეს ისევ და ისევ ამ თაობის ევროპელი პოლიტიკოსების ახლომხედველობის გამოძახილია. ფუფუნებაში ჩაძირული ბურჟუზიული ევროპა ახლა იმას იმკის, რასაც ყველა ვხედავთ – ევროკავშირის დაშლაზე საუბარი ინტენსიურად მიდის და იქ რუსული გავლენა ძლიერდება”, – აღნიშნავს პოლიტოლოგი.

„ახალი თაობა“, 28 აპრილი, 2015 წელი

ინტერვიუ ნოდარ ნათაძესთან: „ნაციონალები“ და „ქართული ოცნება“ ორივე რუსეთზე მუშაობენ“

თამარ ნინიძე

(შემოკლებით)

სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე ფიქრობს, რომ ნაციონალები და ქართული ოცნება შეთანხმებულად მოქმედებენ და საქართველოს სახელმწიფოებრიობას ანგრევენ. იგი „ახალ თაობას“ ესაიუბრება.

ნაციონალებისა და მეოცნებეების ერთმანეთთან დაპირისპირება არაკვალიფიციურად და უპატიოსნოდ მიმდინარეობს. რუსეთის გავლენისაგან გაქცევას ყველა ცდილობს, სულელების გარდა. რუსეთისაგან გარბიან ლუკაშენკო, ნაზარბაევი, ჩვენი ხელისუფლება კი მოსკოვს კვერცხებს უგორებს, რაც პირდაპირ სახელმწიფო ღალატად მიმაჩნია. როგორც „ნაციონალები“ ისე „ქართული ოცნება“ რუსეთზე მუშაობენ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ორი ძალა შეთანხმებულად მუშაობდეს..

როგორც მიხეილ სააკაშვილი იყო რუსეთის აგენტი, ესენიც აგენტები არიან და რუსულ საქმეს აკეთებენ. სულელები „ნაციონალებშიც“ არიან, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხალხი უფრო სულელებია.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია თუ რუსეთის დავალების შემსრულებელი?

- დღეს ყველა ხედავ, რომ რუსეთის შესაძლებლობები სუსტდება და მოსკოვი მარცხდება. ქართველი საშუალო კარიერისტი რუსეთის მარცხს ხედავს. ყველა ცდილობს ჩაძირული რუსული გემიდან გადახტეს და თავი გადაირჩინოს. მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსულ საქმეს აკეთებს..

- ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით მოვისმინეთ შეფასებები, რომ მას ჰქონდა კონკრეტული გზავნილი ვლადიმირ პუტინისაგან საქართველოს ევრაზიულ საბაჟო კავშირში მიპატიჟების თაობაზე. მან ეს პირდაპირ განაცხადა. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ვიზიტს?

- მისი ვიზიტის მთავარი მიზანი ისაა, რომ მან მარგველაშვილთან ერთად ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც ხაზი კიდევ ერთხელ გაესვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამ ვიზიტიდან გამომდინარე, ამაზე უკეთესი არაფერი მომხდარა. მინსკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგული რჩება.

- გეპატიჟებათ, ვიცხოვროთ ერთ საერთო ოჯახშიო. ეს როგორ გაიგეთ?

- ხომ გეუბნებით, მისი ვიზიტის ყველაზე კარგი მხარე ის იყო, რომ არ აღიარებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას. რაც შეეხება დიდ ოჯახში მიპატიჟებას, ეს ზეპირსიტყვიერებად ითქვა მისი მხრიდან. მერწმუნეთ, რომ ამ ევრაზიული კავშირიდან ყველა გარბის. ყველას ესმის, რომ ეს ორგანიზაცია ჩასაძირად განწირული გემია.

(…)

- ხედავთ ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალის შექმნის პერსპექტივას?

- თქვენ თვითონ როგორ ფიქრობთ, ნინო ბურჯანაძე საერთოდ მესამე ძალაა ან საერთოდ, ოპოზიციას წარმოადგენს? მე ასე არ ვფიქრობ. ის არის რუსეთის პირდაპირი შპიონი საქართველოში. განა კუკავა ოპოზიციად მიგაჩნიათ? ნამდვილი ოპოზიცია ისაა, ვისაც რუსული კურსი დამღუპველად მიაჩნია. ჩვენი ალიანსი – სახალხო ფრონტი, სახალ[ო პარტია და ილია ჭავჭავაძის საზოგადოება – აი, ვინ არის რუსული კურსის ნამდვილი მოწინააღმდეგეგ, ვიყავით და ახლაც რუსეთის მოწინააღმდეგენი ვრჩებით. საჭიროა, რომ საქართველოში პრორუსულ კურსს ბოლო მოეღოს.

Comments are closed