globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 28 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 28th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ჩვენ ისევ გავდივართ აქტიური ანტირუსული კოალიციის წინა ხაზზე“

„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ თამარ კიკნაძესთან: „ამერიკელები ამზადებენ ძალას, რომელიც ამჟამინდელი ხელისუფლების ალტერნატივა იქნება“

„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ ჯუმბერ პატიაშვილთან: „თუ ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ევრაზიული კავშირი აღადგენს, მე მინდა ევრაზიულ კავშირში შესვლა!“

„საქართველო და მსოფლიო“: ევროვიზა, “ევროვიზია”, გაფრენა და ჰარიპოტერიზმი

———————-

„საქართველო და მსოფლიო“, 28 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: ჩვენ ისევ გავდივართ აქტიური ანტირუსული კოალიციის წინა ხაზზე

“საქართველო და მსოფლიოს” კორესპონდენტი ქეთი ხომერიკი ქვეყნის საშინაო და საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდს:

- ხიდაშელის გამინისტრებამდე ამერიკის ელჩიყავაზეესტუმრა ივანიშვილსკი, მაგრამ ასეთი რა თაფლი სცხია ხიდაშელს, რომ ამერიკამ მასზე გააკეთა არჩევანი?

- ის, რომ ხიდაშელის დანიშვნა უკავშირდება ამერიკელების გავლენას ქართულ პოლიტიკაზე, ძალიან ცუდია და, სხვათა შორის, პირველ რიგში, იმავე აშშ-ისთვის, რადგან ქართველებს არ უყვართ ვიღაცის მარიონეტად ყოფნა. აშშ-ის მიმართ ასეთი პროტესტი აქვს მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობას – იგი არსად უყვართ, რადგან დამპყრობელი ქვეყანაა. ასეთი აღქმა არსებობს, მაგრამ არ ვთვლი, რომ ვასალი ქვეყანა ვართ, ხელისუფლებაშიც კი სხვადასხვა მოსაზრებებია ამ თემაზე. ჩვენ უნდა გვქონდეს საკუთარი დღის წესრიგი, ისე არ უნდა მოვიქცეთ, როგორც იქცევა ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომლებისთვისაც შინაარსი კი არ არის მთავარი და აშშ-თან ურთიერთობების რაციონალური მხარე, არამედ სიმბოლოები. სიმბოლოებით კი ქვეყანა ვერ იცხოვრებს. თუ ჩვენ არ გვექნა ზუსტი პლატფორმა და გეგმა, არაფერი გამოვა.

- და გვაქვს კი, რეალურად, ზუსტი პლატფორმა და გეგმა? ევროკავშირის რიგის სამიტიდან რა მიიღო საქართველომ, მოლოდინი, რომელიც არსებობდა გამართლდა?

- სიმართლე გითხრათ, არსებული გლობალური პოლიტიკიდან გამომდინარე, ამაზე მეტის მოლოდინი გადაჭარბებული იქნებოდა. და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ნეგატიურ ფონს ქმნის ის მცდარი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ჩვენ განვიხილებით უკრაინასთან ტანდემში. გლობალური რისკებიდან გამომდინარე, უკრაინის სტატუსი შეიცვალა. დღეს უკრაინა პრობლემაა დასავლური სამყაროსთვის. ასე რომ, შეცდომა იყო ჩვენი ჩაბმა უკრაინის მატარებელზე, რომელიც ჯერჯერობით უფსკრულისკენ მიექანება. ჩვენ გვჭირდება დისტანცირება უკრაინისგან და ეს აუცილებელია. ჩვენ ავცდით იმ საგარეო-პოლიტიკურ კონცეფციას, რომელსაც რბილი წინსვლა გულისხმობდა. თინა ხიდაშელის დანიშვნა თუ სხვა გადაადგილებები ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ისევ გადავდივართ აქტიური ანტირუსული კოალიციის წინა ხაზზე, რაც სახიფათოა იმიტომ, რომ იცვლება ვითარება მსოფლიოში. ვნახეთ ჯონ კერის ვიზიტი სოჭში, ნურლანდის ვიზიტი და რევერანსები მოსკოვში, ანუ ამ ყველაფერს ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი, ამერიკა-რუსეთის ვაჭრობაში დახლზე დადებული დასახურდავებელი საქონლის როლში რომ არ აღმოვჩნდეთ. პოლიტიკოსებსაც სჭირდებათ ყოველდღიური გააზრება იმ რისკებისა, რომლები გლობალურ პოლიტიკაში არსებობს.

- ენ-დი-აი“- მონაცემებითაც კი, საზოგადოების მოთხოვნა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაა და არა ხისტი საგარეო პოლიტიკის წარმოება

- ჩვენ უნდა შევძლოთ სიტუაციის საღად შეფასება გლობალური პოლიტიკის კონტექსტში _ რა არის რეალური და რა – არა, რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ და რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ. ადამიანები სვამენ კითხვებს და პასუხს ვერ იღებენ, კითხვასაც კი _ რატომ ნატო? ხელისუფლება შეურაცხყოფად აღიქვამს და აგრესიულად გიპირისპირდება. ეს უნდა გააცნობიერონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამბობენ, რომ ეს რწმენის საკითხია და ყველა ქართული პრობლემის პანაცეა არის ნატო. ახლა უკვე აღიარეს, რომ მაპზე უკეთესი არ მიგვიღია, ესეც საქმეა (იღიმის). რუსეთთან კეთილმეზობლურ და აქტიურ ურთიერთობაზე, სამწუხაროდ, ოკუპირებული ტერიტორიების გამო ვერ ვიფიქრებთ, მაგრამ ეკონომიკური ინტეგრაციული პროცესები და კულტურული ექსპანსია, რომელიც ქართველებისთვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო, უნდა განვავითაროთ და, საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრით შეიძლება იმის მიღწევა, რომ რუსეთმა ხელი არ შეგვიშალოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანების პროცესში. ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ ვიძახოთ, მოსკოვშია გასაღები ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, არა, შემუშავებული უნდა გვქონდეს ურთიერთობის პოლიტიკა ჩვენს მოქალაქეებთან ცხინვალსა თუ სოხუმში, მათთან საერთო ენის გამონახვის გეგმა უნდა გვქონდეს და პარალელურად ვიმუშაოთ იმაზე, რომ რუსეთმა ცუდ შემთხვევაში ხელი არ შეგვიშალოს და კარგ შემთხვევაში – ხელი შეუწყოს გამთლიანების პროცესს. სხვათა შორის, ეს დღეს გადაუჭრელი ამოცანა არ არის. არ მგონია, რუსეთს სურდეს მეორე ფრონტის გახსნა უკრაინის შემდეგ და, თუ ზომიერებას შევინარჩუნებთ, შეიძლება გარკვეული კონსტრუქციულობაც კი გამოამჟღავნოს. დიახ, ამას მივაღწევთ, თუ თავს დავანებებთ პოლიტიკას, ვინ უფრო ხმამაღლა შეაგინებს პუტინს. ამ საკითხზე ხელისუფლებაში აზრი გაყოფილია. სხვადასხვა დაჯგუფება სხვადასხვანაირად ხედავს ამ ყველაფერს. ერთიანი პლატფორმა არ არის, მეტსაც გეტყვით, ბოლო თვეების განმავლობაში ვითარება მეტად გაუარესდა. ჩვენ, ერთი მხრივ, დავნიშნეთ თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად, რითაც დავუბრუნდით მიშას ტონს რუსეთის მიმართ; მეორე მხრივ, “ოცნებაში” არიან ძალები, რომლებიც კრიტიკულად არიან ამ პოლიტიკისადმი განწყობილნი და რუსეთთან დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერენ მხარს. მერწმუნეთ, მხოლოდ ბატონი გოგი თოფაძე არ ფიქრობს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ის, უბრალოდ, ხმამაღლა ამბობს სათქმელს.

- რამდენიმე თვის წინათ ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში განაცხადეთ, გაზაფხულზე მთავრობის ნდობის დაყენების საკითხი გარდაუვალი გახდებაო, ასეც მოხდა, ახლა როგორ განვითარდება მოვლენები?

- არ ვფიქრობ, რომ რესპუბლიკელებს ძალაუფლების კიდევ უფრო დიდი წილი დაუთმონ, რადგან, როდესაც დისონანსი რეალურ პოლიტიკურ წონასა და ძალაუფლების წილს შორის კრიტიკულ ზღვარს სცდება, შეიძლება, სერიოზული რყევები მივიღოთ. დავით უსუფაშვილი საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ არ გადაამლაშოს. შეიძლება კიდევ ერთი რომელიმე უმნიშვნელო პორტფელი მოითხოვონ, მაგრამ არა _ სტრატეგიული. აქვე თინას მოადგილეებზეც ვიტყვი ერთ-ორ ფრაზას, მათი შერჩევა ჩემთვის ცოტა უცნაური იყო. მე არ ვარ მაღალი აზრის თინას მენეჯერულ შესაძლებლობებზე, მას, უბრალოდ, სჭირდებოდა ერთგული ადამიანები… ერთი მოადგილე მაინც ხომ უნდა დაენიშნა ისეთი, რომ გვეთქვა, აი, დარგის პროფესიონალი მოიყვანაო. მაგრამ, პროფესიონალის ნაცვლად, მიიყვანა ანა დოლიძე, რომელიც პაციფისტური წრიდან არის _ იარაღთან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. მოკლედ, თუ ხელისუფლებამ შემოდგომამდე მმართველობის სისტემის რეორგანიზაცია არ დაასრულა, მთავრობის რეორგანიზება აღარ იქნება საკმარისი და უფრო მაღალი დონის რისკები გაჩნდება, რომელთა გადალახვაც გაუჭირდება, ანუ მთლიანად ხელისუფლების საკითხი დადგება სასწორზე. მათ ბევრი დრო არ აქვთ, მინისტრთა კაბინეტის სრული რეორგანიზაცია უნდა მოხდეს – ეს არ არის პროგნოზი, ეს ობიექტური აუცილებლობაა.

„საქართველო და მსოფლიო“, 28 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ თამარ კიკნაძესთან: ამერიკელები ამზადებენ ძალას, რომელიც ამჟამინდელი ხელისუფლების ალტერნატივა იქნება

ეკა ნასყიდაშვილი

(შემოკლებით)

გასული კვირის აქტუალური თემა რიგის სამიტი და იქიდან მთავრობის წევრების სასტვენებით ხელში დაბრუნება იყო. მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ნატოში შესვლაზე კიდევ ერთხელ გვითხრა უარი, “საქართველო და მსოფლიო” წერდა: “რუსულად გითხრეს, ვერ გაიგეთ; ინგლისურად გითხრეს, ვერ გაიგეთ; გერმანულად გითხრეს, ვერ გაიგეთ; ფრანგულად გეუბნებით, ვერ იგებთ… ეტყობა, არ იცით ეს ენები და მეგრულად გეტყვით: “ნატოშ მუშულა ვარია, წიე!”, მაგრამ, როგორც ჩანს, ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა მეგრული არ იცოდა და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების წარმომადგენლებს სასტვენები დაჭერინა ხელში.

(…)

გასული კვირის მოვლენებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

- რიგის სამიტიდან სასტვენებით ხელში დაბრუნებული ჩვენი ხელისუფლება გახარებულია, ხალხი - შეურაცხყოფილირა მოხდა რეალურად?

- არ ვიცი, ხელისუფლების წარმომადგენლები რას ეძახიან წარმატებას… ყველამ წინასწარ ვიცოდით, რომ ვიზების ლიბერალიზაცია არ მოხდებოდა და არც მოხდა. საქართველო და ქართველები, ეტყობა, ღმერთს მაინც უყვარს, რადგან ისედაც მძიმე დემოგრაფიულ სურათს ვიზების ლიბერალიზაცია არ დაემატა. ამ პირობებში ვიზების ლიბერალიზაციაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რათა ადამიანები ლუკმაპურისთვის ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში არ გარბოდნენ. ჩვენ დივერსიფიცირებულ პოლიტიკაზე უნდა ვფიქრობდეთ, რომლის მთავარი მიზანი ხალხის კეთილდღეობა იქნება. დღევანდელი გზა მხოლოდ პოლიტიკური ელიტის და მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციების კეთილდღეობას უზრუნველყოფს. საქართველოს კეთილდღეობა გრანტებზე, მივლინებებსა და მატერიალურ დაინტერესებაზე იცვლება, ხალხი კი უკიდურეს გაჭირვებაშია.

ევროპელები ათვითცნობიერებენ, რომ საქართველოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღატაკის ზღვარს მიღმაა და თავიანთ ქვეყნებში გაღატაკებული ხალხის ჩასვლა არ სურთ. ქართველების ნაწილი რეკეტითა და ქურდობით არის დაკავებული ევროპის ზოგიერთ ქალაქში ქართულად არის გამოკრული წარწერა: “არ მოიპაროთ!”, ამიტომ ქართველების იქ შესვლა მაინცდამაინც სასურველი არ არის. ევროპელები იმდენ პარამეტრს გვიყენებენ, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერ წუთს გვითხრან, თქვენ რომელიმე ამას და ამას ვერ აკმაყოფილებთო… ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ხრიკებია.

საგულისხმოა ევროკავშირის შიგნით მიმდინარე პროცესებიც. მაგალითად, ინგლისი კატეგორიული წინააღმდეგია თვით შიგა მიგრაციისა. იქ უკვე აკრძალეს ქვეყანაში ბულგარელი და რუმინელი მიგრანტების შესვლა. მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა ბალტიისპირეთის ქვეყნებში. მთელი სოფლები დაიცალა და მოსახლეობა საშოვარზე ევროპის წარმატებულ ქვეყნებში გარბის.

საინტერესო იყო სამიტზე ყირიმის ანექსიის თემა. ასეთ ფორმულირებაზე უარი განაცხადეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა. რაც შეეხება ოსეთსა და აფხაზეთს, მათზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

ძალიან სასაცილოა, როდესაც ჩვენი პოლიტიკოსები ამბობენ, დეკლარაციაში უნდა ჩაეწერათ არა “საქართველომ პროგრესს მიაღწია”, არამედ “თვალსაჩინო პროგრესს” ან “მნიშვნელოვან პროგრესს” მიაღწიაო. თითქოს ასეთი ჩანაწერი რამეს ცვლის.

(…)

- მეტი რაღა დაგვრჩა შესასრულებელი, ხომ ყველაფერში ვემორჩილებით?

- როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არის რაღაც დარჩენილი, რაც არ შეგვისრულებია, ამას მალე შევიტყობთ.

- დაკარგულ ტერიტორიებზე გვათქმევინებენ უარს?

- არა, ხომ ხედავთ, ტერიტორიებზე აღარც საუბრობენ – ეს თემა დახურულია…

- სერგეი ლავროვმა თქვა, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატი უნდა გაფართოვდეს. როგორ ფიქრობთ, რა ფორმით მოხდება გაფართოება, შეძლებენ, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობის რეგულირებაზე ისაუბრონ?

- ახლანდელი ფორმატი შეზღუდულია. მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს განიხილავენ, ფაქტია, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, ამას მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც მოითხოვს. თუ საქართველო რუსეთისთვის მტრულ ქვეყნად დარჩება, ის ბაზარიც ჩაიკეტება, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია ჩვენთვის. სამხედრო წვრთვნები, რომლებიც ქვეყანაში ტარდება ამერიკელებთან ერთად, კიდევ ერთი გამოწვევაა რუსეთისთვის. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში ამერიკელი და ქართველი სამხედროების ერთობლივად გამოსვლა, არა მგონია, რუსეთის აღფრთოვანებას იწვევდეს…

ქვეყნის პოლიტიკა, ფაქტობრივად, შეცვლილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ექსპერტი რუსული პროპაგანდის გააქტიურებაზე ლაპარაკობს, ეს ასე არ არის. დღეს საქართველოში ისევ მკვეთრად ანტირუსული რიტორიკაა. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ახალგაზრდა თაობაში, რომლებსაც იდიოტებად ზრდიან არავის შეურაცხვყოფ. “იდიოტი” ძველი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ადამიანს, რომელიც გარემოს ვერ აღიქვამს. ჩვენ ვზრდით ახალგაზრდა თაობას, რომელიც გარემოს ვერ აღიქვამს. დღეს განათლების სისტემის ძირითადი ამოცანა ახალგაზრდების გონების დერაციონალიზაცია და ისტორიული მეხსიერების შეცვლაა.

მაგალითად, დღეს ზოგიერთ უმაღლეს სასაწავლებელში ასწავლიან, რომ მეორე მსოფლიო ომი მოიგო არა საბჭოთა კავშირმა, არამედ ინგლისმა და ამერიკამ. ჩვენმა ახალგაზრდებმა არ იციან, რომ საქართველოდან სამამულო ომში პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

სააკაშვილის წასვლასთან ერთად, გვეგონა, სისტემური ცვლილებები დაიწყებოდა და მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლებოდა, მაგრამ სისტემური ცვლილებები არ განხორციელებულა…

ოპოზიციას რომ ჰკითხოთ, გეტყვიან – რიგის სამიტი იყო ხელისუფლების კრახი, ხოლო ხელისუფლება ამბობს, რომ იყო წარმატება. სინამდვილეში კი საქართველოს პოზიცია ძალიან დამამცირებელია, რიგის სამიტზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გარკვევით თქვა, რომ ეს შეხვედრა არ არის ევროკავშირის გაფართოების მიზნით გამართული შეხვედრა, ეს არის დაახლოების მიზნით გადადგმული ნაბიჯი. ამაზე მეტს დიპლომატები არ ამბობენ, თუმცა სათქმელი გასაგები უნდა ყოფილიყო…

მაინც რამდენი წლის განმავლობაში შეიძლება, უკაკუნო ვიღაცას კარზე, რომელსაც არ გიღებს. როდის უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენს პრობლემებს თვითონვე უნდა მივხედოთ? ევროკავშირის წევრი არ არის არც დანია და არც ნორვეგია, რადგან მიაჩნიათ, რომ ევროკავშირი არ შეესაბამება მათ სუვერენულ ინტერესებს. რატომ არ შეიძლება, რომ მათ მივბაძოთ და შევეშვათ ამ ევროისტერიკას?

ცოდოა ქართველი ხალხი, დაიღალა ამდენი ტყუილითა და სიდუხჭირით, ყველაფერს შეგვაჩვიეს… პატრიარქი ამბობს, ნუ შეეჩვევით სიღარიბესო, მაგრამ, ბევრი მათგანი სიღარიბეს რომ არ შეეჩვიოს, იძულებულია, ქვეყანა დატოვოს და ლუკმაპურის საძიებლად სხვა ქვეყნებს მიაშუროს. აი, ამისთვის სჭირდებათ ვიზების ლიბერალიზაცია.

„საქართველო და მსოფლიო“, 28 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ ჯუმბერ პატიაშვილთან: თუ ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ევრაზიული კავშირი აღადგენს, მე მინდა ევრაზიულ კავშირში შესვლა!

“საქართველო და მსოფლიოს” კორესპონდენტი ეკა ნასყიდაშვილი ქვეყნის საშინაო და საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე საქართველოს ცკ ყოფილ პირველ მდივანს ჯუმბერ პატიაშვილს ესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდს:

-რას ფიქრობთ, რიგის სამიტის შედეგებზე? ვიზების ლიბერალიზაციაზე უარი გვითხრეს

- ამ თემაზე როდესაც ვსაუბრობ, აუცილებლად უნდა შევეხო ქართულ დიასპორას. საბჭოთა პერიოდში მოსკოვში 20 ათასი ქართველი ცხოვრობდა. ძალიან მცირერიცხოვანი დიასპორა გვყავდა საფრანგეთში და სულ ეს იყო. ახლა ნახეთ, რამდენია და სად აღარ არიან ქართველები. ზოგიერთს ეს უხარია, არადა, სასიხარულო არაფერია – ის ქართველები აქ დამბრუნებლები აღარ არიან; ქვეყანაში, სადაც ცხოვრების არანაირი პირობა არ არის, არავინ დაბრუნდება.

ჩვენი პოლიტიკოსები ამ დღეებში რიგაში იდგნენ და ვიზების ლიბერალიზაციას ელოდნენ… მინდა, მათ ვუთხრა – ქართველი ერი ამის ღირსი არ არის, ერს ასეთი შეურაცხყოფა არ დაუმსახურებია. თავხედობასაც აქვს საზღვარი! იქნებ იკითხონ, ხალხს რა სურს და პატივი სცენ მის აზრს. გაიხსენეთ, რა მოხდა 9 მაისს, გამარჯვების დღეს, გამარჯვების, რომელსაც 300 ათასზე მეტი ქართველი შეეწირა. ჩვენმა მთავრობამ როგორ აღნიშნა ეს დღე. არადა, ამ დღის ავტორი ქართველი გახლდათ. 1945 წელს გამარჯვების აღლუმზე ქართველები უდიდეს პატივში იყვნენ, 70-ე წლისთავზე კი საქართველო ზეიმში არ მონაწილეობდა; შესაბამისად მოიქცნენ რუსებიც – არც სტალინი ახსენეს და არც ის ქართველები, რომლებიც სტალინს გვერდით ედგნენ.

ჩვენ იმდენი ადამიანი შევწირეთ დიდ სამამულო ომს, სტალინის ფაქტორიც რომც არ იყოს, ისედაც უნდა ვამაყობდეთ ქართველობით, მაგრამ ასე არ ხდება. ჩვენ თუ არ დავაფასებთ ჩვენსას, სხვა არ დაგვაფასებს. რუსეთში არიან ძალები, რომლებსაც ქართველების კარგად ყოფნა სულაც არ უხარიათ. ეს ჩვეულებრივი მოვლენა არ არის. თუ პროცესები იმავე მიმართულებით წავიდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვერ მოვახერხებთ. დამისახელონ, რომელი ქვეყანა გვპირდება ტერიტორიის აღდგენას.

- ამერიკული ინსტიტუტების მიერ ჩატარებულ კვლევებში დაკარგული ტერიტორიების პრობლემა რატომ აღარ ჩანს? მიზანმიმართულად ცდილობენ, დაგვავიწყონ?

- რასაკვირველია, სწორედ ეს მიზანი აქვთ. თაობები იზრდებიან, რომლებსაც აფხაზეთი არ უნახავთ და ჩვენ არც ვასწავლით ამ კუთხის ფასსა და მნიშვნელობას.

ტერიტორიული მთლიანობა რუსეთთან ურთიერთობის გარეშე არ აღდგება, მაგრამ პირდაპირი კონტაქტი აფხაზებსა და ოსებთან აუცილებელია. ამას სულ ვამბობ და გამეორება არასოდეს მომბეზრდება.

დღეს ვინც იტყვის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო, მტრად მიიჩნევენ. ომი სააკაშვილმა დაიწყო, იმ სისტემამ დაიწყო, რომელსაც სააკაშვილი ემორჩილებოდა. მას ზურგი რომ არ ჰქონოდა, ომს ვერ დაიწყებდა. ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ამ საკითხზე საჯაროდ საუბრობდნენ, დაივიწყეს, იმიტომ, რომ არავის სურს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და რუსეთთან ურთიერთობები დათბეს.

- ჩვენი პოლიტიკოსები გაბედავენ, აფხაზეთსა და ოსეთზე უარი თქვან ევროკავშირის წევრობის საფასურად?

- ღმერთმა ნუ ქნას! ის, ვინც აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმას გაბედავს, ქვეყნის მტერი იქნება, მაგრამ, ამ მიმართულებით რომ არაფერი კეთდება, უკვე ნიშნავს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმას. უცხოელები თავისი კვლევებით ნიადაგს სინჯავენ…

ჩვენ, ქართველებს, მხოლოდ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა არ გვაქვს, უამრავი ტერიტორიაა ისეთი, რომლებსაც, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. ნახეთ, რა ხდება აჭარაში.

- ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობაზე რომ საუბრობენ, რა გვაქვს ევროპაში გასატანი და რით შეიძლება, უცხოელები მოვიზიდოთ?

- პირველი მიზეზი იმისა, რომ გასატანი არაფერი გვაქვს, სიზარმაცეა. შრომა არ გვინდა, მაგრამ რომც ვიშრომოთ, ევროპა საქართველოსთვის ბაზარი ვერ გახდება. რა მოიგო ბალტიისპირეთმა? – არაფერი. ბალტიისპირეთი რძის პროდუქტებით იყო განთქმული, მაგრამ ევროპაში ვერ გააქვთ, ის ნიშა დაკავებული დახვდათ და აქამდე არაფერი იცვლება. არადა, ბალტიისპირეთი თავის დროზე რძის პროდუქტებით საბჭოთა კავშირს ამარაგებდა.

საქართველოში მცხოვრებმა ადამიანმა ჯერ ის უნდა შექმნას, რაც თვითონ სჭირდება. ძალიან მწყდება გული, რომ საქართველომ ვერ გამონახა გზა, რომლითაც უნდა იაროს.

- თვლით თუ არა, ბატონო ჯუმბერ, რომ სასწრაფოდ უნდა გადაიხედოს ჩვენი პოლიტიკური კურსი?

- აუცილებლად და თანაც – სასწრაფოდ. თუ ხალხის აზრის გაგება სურთ და კვლევებს ეყრდნობიან, ჩავიდნენ სამხრეთ საქართველოში, შიდა ქართლში, აჭარაში, სვანეთში და გაიგებენ, რეალურად რას ფიქრობს საქართველო. რატომღაც ეშინიათ ევრაზიული კავშირის ხსენება. თუ ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ევრაზიული კავშირი აღადგენს, მე მინდა ევრაზიულ კავშირში შესვლა.

უვიზო რეჟიმს ვითხოვთ, რად გვინდა ევროპაში უვიზო რეჟიმი? ქვეყნა სულ არ დაგვეცლება?

რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია. დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღდგეს. ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე დგამს ნაბიჯებს, ჩვენ კი ინტერესები არ გაგვაჩნია. ამერიკელებიც კი მიხვდნენ, რომ მათ მიერ ჩატარებულმა ოპერაციებმა კრახი განიცადა და რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა მოითხოვეს.

რა ხდებოდა რამდენიმე დღის წინათ ჩვენს დედაქალაქში ლგბტ-ების გამოსვლასთან დაკავშირებით, ეს ხომ ევრაზიულ კავშირში არ მოხდება?! ეროვნებას არავინ წაგვართმევს, ევროპა კი საკუთარ თავს უკვე აღარ ჰგავს.

რატომ არ აღიარებენ ქართველი პოლიტიკოსები, რომ ამერიკა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ იყენებს და სხვა ინტერესი არ აქვს.

ერთადერთი კაცი, რომელიც სიმართლეს ლაპარაკობს აქაც და რუსეთშიც, არის ალექსანდრე ჭაჭია. მოსკოვში საუკეთესო გამოსვლა ჰქონდა, დაბეჭდეთ იმ გამოსვლის ტექსტი. ის უჭკვიანესი ადამიანია. ერთ-ერთ გადაცემაში რუსეთის წამყვანი პოლიტიკოსები გააჩუმა. დიდ სამამულო ომზე იყო საუბარი. მან პირდაპირ განაცხადა, თავი გაგვანებეთ, ბოდიშს ნუ გვახდევინებთო. მერე წერდნენ, ჭაჭია აფხაზეთიდან არისო და ამაში რაღაც ცუდის დანახვა უნდოდათ. დიახ, ალექსანდრე ჭაჭია აფხაზეთიდან არის და უნიკალური წარსული აქვს, საუკეთესო, ნამდვილი, ტრადიციული ოჯახის წარმომადგენელია. გადახედეთ მის პოლიტიკურ პროგნოზებს, ყველა ახდა, ყველა გამართლდა.

სოფლიოში რამდენიმე მართლმადიდებელი ერია. უნდა ვეცადოთ, ერთმორწმუნე ერებთან ვიმეგობროთ. ისტორიკოსებს, მინდა, ვკითხო: როგორ ხსნიან თამარ მეფის რუსზე გათხოვებას? იმხანად რუსეთი, როგორც სახელმწიფო, არ არსებობდა, ჩვენ კი ოქროს ხანის ულამაზესი ქალბატონი რუსს მივათხოვეთ. არ ფიქრობენ, რომ ჩვენმა წინაპრებმა ამით პოლიტიკური ნაბიჯი გადადგეს?

ევროპაში სიარული კარგია, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ თვითონ ევროპელები დიდი სიამოვნებით მიდიან ევრაზიულ კავშირში.

მინდა, ყველას ვთხოვო, ერთმანეთს ნუ შეურაცხვყოფთ იმის გამო, რომ ვიღაცას ევრაზიულ კავშირში უნდა და ვიღაცას – ევროკავშირში. ჩვენმა ქვეყანამ იმდენი რამ გადაიტანა, ამაზე ჩხუბის და ამის გამო სიძულვილის დრო აღარ არის.

„საქართველო და მსოფლიო“, 28 მაისი, 2015 წელი

ევროვიზა, “ევროვიზია”, გაფრენა და ჰარიპოტერიზმი

ბაკურ სვანიძე

(შემოკლებით)

რიგის ევროსამიტი დასრულდა! მეორენაირადაც შეგვიძლია ვთქვათ: რიგის ევროსამიტი დაიწყო? ანუ ამ ფრაზის ბოლოს “დასრულდა”-ს დავწერთ თუ “დაიწყო”-ს და წინადადების ბოლოს ძახილის ნიშანს დავსვამთ თუ კითხვისას, მაინც არაფერი შეიცვლება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ სამიტიდან რეალურ შედეგს ელოდნენ.

ვენაში “ევროვიზიაც” დასრულდა და, ვინც მისგან ელოდა რაიმე შედეგს, არც იმათთვის იცვლება რამე – ევროპას პოლიტიკაშიც ვკიდივართ და მუსიკაშიც!

მთელი ეს ჟივილ-ხივილიანი ევროკვირა საქართველოსთვის, როგორც სრულიად ლოგიკური და მოსალოდნელი იყო, ნულოვანი შედეგით დასრულდა.

აქ სიტყვებს – “ლოგიკური” და “მოსალოდნელი” – ხაზს ვუსვამ ქართველთა ჭკვიანი და ნორმალურად მოაზროვნე ნაწილისთვის, თორემ მეორე ნაწილს საერთოდ არაფერში აინტერესებს ლოგიკა – ისინი მხოლოდ “ცუდი რუსეთისა” და “კარგი ევროპის” კლიშეებში არიან ჩარჩენილი და შეუძლიათ, უსასრულობამდე ელოდონ იმ შედეგს, რომელიც სინამდვილეში არასოდეს დადგება!

სამწუხაროდ, რაც დრო გადის, მით უფრო იკვეთება უფსკრული ჩვენს საზოგადოებაში ნორმალურად მოაზროვნეთა და პროპაგანდას უაზროდ აყოლილთა შორის.

აქ მოქმედებს ერთ მაგიური სიტყვა “გინდა”, უმეტესწილად შეკითხვით, ნამუსზეაგდებით ფორმაში; ანუ, როგორც კი გამოთქვამ რაიმე ეჭვს ქართველებზე “მზრუნველი” ევროპის მიმართ, იმწამს არ აყოვნებს რიტორიკა: “აბა, რუსეთი გინდა?!” (არსებობს ამ დემაგოგიის შედარებით მძაფრი ფორმებიც: რუსეთის მონობა, რუსული ჩექმა, პუტინის შნირობა გინდა?!).

ანუ, თუკი შენი აზრი ევროპაზე არის არა წარმოსახვითი, არამედ სავსებით ობიექტური და რეალური, ესე იგი, შენ “გინდა” რუსეთი!

არადა, რა ალოგიკური და არაადეკვატურია სიტყვა “გინდა” მაშინ, როდესაც სახელმწიფოთა გეოსტრატეგიული ინტერესების შეჯახების ეპიცენტრში მოქცეულ სამშობლოზე ლაპარაკობ, ამაზე ცოტა თუ ფიქრობს.

„მინდა, რომ საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე იყოს გადაჭიმული“, მაგრამ ეს შესაძლებელია?

„მინდა, რომ საქართველოს ანგარიშს უწევდნენ წინა აზიის დიდი სახელმწიფოები და დახმარებას სთხოვდეს ბერძენ მართლმადიდებელთა სახელმწიფო“, მაგრამ ეს შესაძლებელია?

„მინდა, რომ ალამუთის ციხემდე გასულ ქართულ ლაშქარს მულიდთა ბელადი ეგებებოდეს ძღვენით“, მაგრამ…

მაგრამ ხდება ის, რომ რიგის სამიტზე, ყბადაღებული “ვიზალიბერალიზაციის” ნაცვლად, ხის სასტვენით “გვაჯილდოებენ”, რომელსაც თურმე ლატვიურად “სვილტაუნიექსი” ჰქვია და რომელიც, თურმე, რამდენიმე ფრინველის ხმას გამოსცემს.

მასპინძლებმა სიმბოლური დატვირთვაც აგვიხსნეს: „ფრინველისთვის არ არსებობს საზღვრები და ფრინველი, სადაც უნდა, იქ ფრენს”.

(…)

ანგელა მერკელის განცხადება რიგის ევროსამიტის გახსნამდე სამი საათით ადრე:

„უკრაინისა და საქართველოსთვის ვიზების შერბილების საკითხის დადებითად გადაწყვეტა ამ ეტაპზე შეუძლებელია!”

რესპუბლიკელი მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადება:

„დიახ! დიახ! რიგის სამიტზე ევროპისაგან ზუსტად ის მივიღეთ, რასაც ველოდით!”

რა ზუსტად ეწყობა ერთმანეთზე, არა?

არც პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ჩამორჩება:

„საქართველომ რიგის სამიტზე ევროპისგან მიიღო იმის მაქსიმუმი, რის მიღებაც ამ ეტაპზე შესაძლებელი იყო!”

ისე, როგორ გვითხრა მერკელმა – ვიზებს ვერ შეგირბილებთო!

საინტერესოა, რატომ შეცვალა „ვიზების გამარტივება” ფრაზით “ვიზების შერბილება”. ალბათ, შეეცადა, რბილად, ტაქტიანად ეთქვა ჩვენთვის…

კარგი, მაგრამ, თუ ეს ასეა, ჩვენ, ქართველები და უკრაინელები, რაღას ვაკეთებთ, აბა, გინდ რიგის სამიტზე და გინდაც ევროკავშირის “პადიეზდთან”, ბირჟას ვამაგრებთ?

ან “ევროვიზიაზე” რას ვაკეთებდით?

რაღაც საშინელ კოსტიუმში გამოწყობილი ჩვენი “მომღერალი” რაღაც საშინელებას რაღაც საშინლად გაჰკიოდა და ჩვენ მიღებული დაბალი ქულები რატომღაც პუტინს დავაბრალეთ!

აბა, წამოვიდა ახლა ჩემს ჩასაქოლად მომართული ქვა-ღორღი!

აკი, ნინა სუბლატის სიმღერის დაწუნება სამშობლოს ღალატად იქნა შეფასებული არაერთი „ძაან პატრიოტი” ქართველის მიერ!

კარგი, ჯანდაბას, დავაბრალოთ ეს მათ პატრიოტულ ემოციას…

მაგრამ, როდესაც კარგად დავაკვირდი, ნინა სუბლატის ოდნავ გაკრიტიკებისთანავე _ „ქართველი არ ხარ? მაგას როგორ კადრულობ?”, “როგორ შეიძლება, ქართველი ქართველს არ გულშემატკივრობდეს!” „ნუთუ შესაძლებელია, რომ ქართველმა ადამიანმა ქართველი ხელოვანი ასე ლანძღოს?!” – აი, ასეთ ფრაზებს სწორედ ის ხალხი გაიძახოდა, რომელიც აგერ, თითქმის გუშინ, დიდი ენთუზიაზმით “ლიბერალურად” ლანძღავდა შოთა რუსთაველს, ილია ჭავჭავაძეს, ლადო ასათიანს…

და, თუკი ხმას ამოიღებდი და უპასუხებდი, რომ ქართველი ერისთვის ასე მნიშვნელოვანი გენიოსი ფიგურების ლანძღვა არ არის მისაღები საქციელი, იმწამს მოგნათლავდნენ ბნელად, ჩამორჩენილად და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მებრძოლად!

ანუ, ამ ადამიანებს რომ ჰკითხო, შოთა რუსთაველის ლანძღვა განსხვავებული აზრია და ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს განსხვავებული აზრი ნებისმიერ პერსონაზე! მაგრამ, თუ ნინა სუბლატზე თქვი რამე უარყოფითი, ეს უკვე აღარ შეიძლება! ეს “პუტინის შნირობას” და ერის ღალატს ნიშნავს!

არ ვიცი, არც დამითვლია და არც მაქვს სურვილი, დავთვალო იმ ქართველ “პატრიოტთა” რაოდენობა, რომელთათვისაც ნინა სუბლატი უფრო ხელშეუხებელი პერსონაა, ვიდრე შოთა რუსთაველი…

სამაგიეროდ, შეგვიძლია, თავისუფლად დავითვალოთ “ჰარი პოტერები” ქართულ პოლიტიკაში! ანუ ის ადამიანები, რომლებმაც რიგის სამიტზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის არდაშვების გამო, დრო იხელთეს და მათ ხელში არსებული “ჯადოსნური ჯოხის” შესახებ გაგვიმხილეს!

რა თქმა უნდა, “ჰარი პოტერების” ნომინაციაში აუცილებლად დასასახელებელია ყოფილი და ძებნილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან იმდენი ქნა, ვიზების ლიბერალიზაციისა და ნინა სუბლატის საკითხი ერთმანეთზე მიაბა და მომცა კიდეც ამ სტატიის ასეთი ფორმით დაწერის მუზა.

“ჩვენ ევროვიზიაზე საქარათველოს მონაწილეობის ისტორიაში პირველად ავიღეთ ასეთი დაბალი ქულები. არც ერთმა ქვეყანამ არ მოგვცა უმაღლესი შეფასება, ასევე არ მოგვცეს უვიზო მიმოსვლის უფლება რიგის სამიტზე. ეს იმის ბრალია, რომ საქართველოს მთავრობამ თავი გაიბანძა საერთაშორისო ურთიერთობებში. მაგრამ არა უშავს, მალე ჩვენ ისევ აღვიდგენთ პოზიციებს და ყველაფერი კარგად იქნება!” _ განაცხადა “ჰარიპოტერ” სააკაშვილმა და ასპარეზი “ჰარიპოტერ” ფანჯიკიძეს გადაულოცა.

მაია ფანჯიკიძე: “მთავრობიდან ჩვენი გუნდის წევრი მინისტრების წასვლის შემდეგ საქართველომ ძალიან ბევრი რამ დაკარგა საერთაშორისო ასპარეზზე. სწორედ ამის გამო დაიდო ის შედეგი რიგის სამიტზე, რაც დაიდო. ჩვენი მთავრობაში ყოფნის შემთხვევაში შედეგი გაცილებით სერიოზული იქნებოდა!”

ვერ გეტყვით, რას ნიშნავს ამ შემთხვევაში “გაცილებით სერიოზული შედეგი”, რადგან უვიზო მიმოსვლის საშუალება ან უნდა მოგანიჭონ, ან – არა!

“გაცილებით სერიოზული” რა არის – საზღვარზე ჭოკით გადახტომის უფლებას მოგვცემდნენ, ნეტავ, თუ ბატუტით გადაფრენის?!

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ საქართველოში ჰარი პოტერის ჯადოსნური ჯოხის ქონას ბევრი იჩემებს. ერთი ეგ არის, ამ “ჯადოსნურ ჯოხს” რატომღაც ვერ იყენებენ ხელისუფლებაში ყოფნისას და მხოლოდ მთავრობიდან წასვლის შემდეგ გვიმხელენ, თურმე როგორი ჯადოსნური ჯოხის მფლობელები ყოფილან!

სამწუხაროდ, ასეთი “ჰარიპოტერიზმი” საქართველოში არამხოლოდ ორ ხსენებულ პერსონას ახასიათებს და არამხოლოდ ევროვიზებისა და ევროვიზიების თემაზე. ქართველ პოლიტიკოს-ჰარიპოტერებს ყველა ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით და მათი “ჯადოსნური ჯოხების” მოქმედების სფეროებიც შეუზღუდავია…

არადა, ზოგიერთი ძალიან “ევროპისკენ გაქაჩულის” და რუსეთის მგმობელის რეალურ გონებრივ შესაძლებლობებს და უნარებს რომ ვაფასებ, მთელი ეს აჟიოტაჟი და “ძალადპატრიოტიზმი” მათთვის, უბრალოდ, პოზაა… მახსენდება პერიფრაზი კინოფილმიდან “უძინართა მზე”:

“ძაან არ გაარჩიოს ახლა მაგან, ევროპაშია თუ რუსეთში…”

Comments are closed