globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 28 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 28th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: “ოცნებამ” აბსოლუტურად გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღო

რეზონანსი: ვენეციის კომისიამ კანონი დაიწუნა?! // ეკა ბესელია: „ეს არ არის ვენეციის კომისიის დასკვნა. ეს არის სამი წევრის წინასწარი მოსაზრება, ხოლო ვენეციის კომისიის სხდომა დაგეგმილია 10-11 ივნისს“

რეზონანსი: მინიმუმ ორი წელი არჩევნებზე ჩხუბისთვის // მთავრობა პარლამენტს საარჩევნო პროცესში ძალადობაზე კანონის გამკაცრების დაჩქარებას სთხოვს

„ახალი თაობა“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „ოცნების“ დამარცხება გარდაუვალია“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ქართული ოცნების“ ერთადერთი რესურსი ბიძინა ივანიშვილია“

———————

რეზონანსი“, 28 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: “ოცნებამ” აბსოლუტურად გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღო

ლიკა ამირაშვილი

კონსტიტუციონალისტი ვახტან ძაბირაძე მიიჩნევს, კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები შემთხვევით არ ყოფილან თბილისიდან ზუგდიდში ჩასული. როგორც ძაბირაძემ “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ” იცოდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთა ჯგუფი იქნებოდა მობილიზებული. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მიზანმიმართულად გადადგა.

ვახტანგ ძაბირაძე: ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ ჩვენ ამ მანკიერ წრეს, რაც გვახასიათებდა და თითქოსდა წინა წლებში ჩვეულებრივი მოვლენა იყო, თავი დავაღწიეთ, მაგრამ ეს ასე არაა, რისი დასტურიც კორცხელში განვითარებული მოვლენებია. საზოგადოება არც ისეთი გულუბრყვილოა, იფიქროს, რომ ეს ახალგაზრდები კორცხელში სპონტანურად ჩავიდნენ. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ იცოდა, რომ კორცხელში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთა ჯგუფი იქნებოდა წარმოდგენილი, ამიტომაც ეს ნაბიჯი მიზანმიმართულად გადადგეს. პრობლემას ამ ბიჭებში ვერ ვხედავ, ჩხუბიც საქართველოში ახალი ამბავი არ არის, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვიღაცამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ორგანიზება გაუწია და ხალხი იქ ჩაიყვანა. ეჭვი მაქვს, ხელისუფლება იცოდა, რომ კორცხელში “ნაცმოძრაობის” ელიტა იქნებოდა და ეს სწორედ ამ მიზნით განახორციელეს.

“ქართულ ოცნებაში” თუ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება და რეალიზება შეუძლიათ, ამით მთლიანად მომავალი არჩევნების პრობლემა დგება. პოლიტიკურად აბსოლუტურად გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღეს. იმ პირებმა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ან პოლიტიკურ ცხოვრებაში არაფერი გაგებათ, ან მათი მიზანი პროვოკაციის მოწყობა იყო, რამაც ზიანი მოუტანა. ამ ინციდენტს საზოგადოების ნაწილისგან გარკვეული გამართლების მცდელობა მოჰყვა. ჩვენ თუ ამის გამართლება შეგვიძლია, ეს იმას ნიშნავს, რომ ლინჩის წესით გასამართლება უნდა შემოვიღოთ.

გასაგებია, მეც ძალიან მაღიზინიანებს, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ადამიანის უფლებებზე და საერთოდ დასავლურ ღირებულბებზე იწყებენ საუბარს, მაგრამ თუ სამართლინობის აღდგენაზეა საუბარი, ეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს და არა ქუჩური გარჩევებით გადაწყდეს. ეს ისევ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიმართული ნაბიჯი იქნება. საერთოდ მეორეხარისხოვნად მიმაჩნია სასამართლო ამ ბიჭებს დასჯის თუ არა. ხელისუფლებამ იმ ადამიანებს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს უფლება უნდა ჩამოართვას. ასე თუ არ მოიქცევა, მაშინ დიდია ალბათობა, რომ შემოდგომაზე კორცხელის ინციდენტი სხვადასხვა ვარიაციებით მთელ საქართველოში განმეორდეს, რაც ქვეყანას დეტაბილიზაციის ახალ ეტაპზე შეიყვანს.

- “ნაციონალური მოძრაობა” კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების დასჯას მოითხოვს, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. ამის გამო “ნაცმოძრაობამ” საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა.

- კორცხელის ინციდენტი და თუნდაც ეს ბოიკოტი “ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ ქულებს ვერ მოუტანს. რაც შეეხება “ოცნებას”, როგორ ჩანს, ყველაფერი გათვლილი იყო იმაზე, რომ “ქართული ოცნებისკენ” ის ამომრჩეველი მოებრუნებინათ, რომელიც სამართლიანობის არაღდგენასთან დაკაშირებით “ოცნებაზე” გაღიზიანებული იყო. თუმცა ეს იმდენად უმნიშვნელო იყო იმასთან შედარებით, რაც ხელისუფლებამ ამ ფაქტით დაკარგა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა არ ღირდა. “ნაციონალურ მოძრაობას” ბოიკოტის გამოცხადება ქვეყნის შიგნით არაფერს არ მოუტანს. რაც შეეხება ქვეყნის გარეთ, შესაძლოა გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვიოს, მაგრამ რეალურად ამით არც არაფერი შეიცვლება. ამა თუ იმ პრობლემის გამო ასეთი ბოიკოტები ხშირად ყოფილა, მაგრამ არც ერთი შემთხვევა არ მახსენდება, როცა ამ ნაბიჯს რაიმე პოზიტიური შედეგი მოჰყოლია.

- და ქვეყნის გარეთ აჟიოტაჟის შექმნა “ნაციონალურ მოძრაობას” რას მოუტანს?

- დარწმუნებული ვარ, “ნაციონალურ მოძრაობას” ამ ეტაპზე ვიზალიბერალიზაცია პროცესის დასრულება ხელს არ აძლევს. ეს თუ ვერ მოხდება, მათ წინაასაარჩევნოდ სათქმელად ექნებათ, რომ ხელისუფლებამ ამიტომ და ამიტომ ვერ გააკეთაო. ეს ინციდენტი ხელისუფლებას დასავლეთში ირიბად ურტყამს, “ნაციონალური მოძრაობა” კი შეეცდება თავის სასარგებლოდ გამოიყენონ და ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი არჩევნების შემდეგ გადაავადონ. ესაა ძირითადი მოტივი, თუმცა მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ენიჭება. ხელისუფლება თუ ხედავდა, რომ სიტუაცია დაძაბული იყო, მას გადამჭრელი ზომები უნდა მიეღო და 5 პოლიციელი კი არ უნდა ჩაეყვანა, არამედ გაძლიერებული რაზმი.

- პრემიერ-მინისტმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარე დახურულს კარს მიღმა დაუგეგმავად ითათბირეს, თუმცა რა საკითხზე ისაუბრეს, ცნობილი არ არის. თქვენი აზრით, რა შეიძლება გამხდარიყო ქვეყნის უმაღლესი თნამდებობის პირებისთვის სასწრაფოდ შეკრების მიზეზი?

- ამ შემხვედრაზე მხოლოდ “რესპუბლიკლებზე” საუბარი არ იქნებოდა. შესაძლოა, ეს საკონსტიტციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტს უკავშირდება. დღეს ცნობილი უნდა გახდეს ვენეციის კომისიის დასკვნა. ასევე, გამორიცხული არ არის, რომ ეს კორცხელში მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდეს. ხელისუფლებამ რაღაც გამოსავალი უნდა ნახოს. ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაზე ყოფილიყო საუბარი. მგონია, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ეს ორი საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, სადაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ამიტომ ქვეყნის უმაღლესი თნამდებობის პირები პოზიციების დაასაახლოებლად შეიკრიბა.

- კორცხელში განვითრებული მოვლენების ფონზე, თქვენი აზრით, როგორი არჩევნები გველის ოქტომბერში?

- ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. მას ყველა მექანიზმი აქვს, რომ ასეთი გართულებები არ დაუშვას. ვინც კორცხელში განვითარებული მოვლენები დაგეგმა, მათ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა არ უნდა მიაღებინონ. არ ვიცი ეს ადამიანები ვინ არიან, ან რამდენი, მაგრამ ისინი ხელისუფლების საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამენ, შეგნებით თუ შეუგნებლად, არ ვიცი, მაგრამ ეს ფაქტია.

რაც შეეხება ახალ ვარდების რევოლუციას, მისი გამეორება მარტივი არ არის. მაშინ ეს იმიტომ იყო შესაძლებელი, რომ სააკაშვილსა და მის გუნდს მთელი საქართველო მხარს უჭერდა. მოსახლეობის უმრავლესობისთვის შევარდნაძე მიუღებელი იყო. ასევე მოხდა 2012 წელს, როდესაც ივანიშვილი მოვიდა. მას მხარს უჭერდა არა მარტო ის ხალხი, ვინც მიტინზე დადიოდა, არამედ მთელი საქართველოს, რაც არჩევნების შედეგებშიც აისახა. დღესდღეობით “ნაციონალურ მოძრაობას” მოსახლეობის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. რა თქმა უნდა, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი არსებობს, ვინც მხარს “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერს, თუმცა ასეთი სცენარის ხელმეორედ განმეორება შეუძლებელია.

რეზონანსი“, 28 მაისი, 2016 წელი

ვენეციის კომისიამ კანონი დაიწუნა

ეკა ბესელია: ეს არ არის ვენეციის კომისიის დასკვნა. ეს არის სამი წევრის წინასწარი მოსაზრება, ხოლო ვენეციის კომისიის სხდომა დაგეგმილია 10-11 ივნისს

თიკო ოსმანოვა, გვანცა ღვედაშვილი

ვენეციის კომისიამ საქართველოს “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები გაითვალისწინა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გახდება თუ არა ეს გიორგი მარგველაშვილის მიერ ცვლილებებისთვის ვეტოს დადების მიზეზი. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განმარტებით, ამ საკითხზე განცხადება უახლოეს დღებში გაკეთდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, “თავისუფალი დემოკრატების” წევრი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ “ქართულმა ოცნებამ,” შესაძლოა, უგულველყოს ვენეციის კომისიის დასკვნა და ვეტოს დაძლევას შეეცადოს.

ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ საგანგებო ბრიფინგი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილმა გამართა, სადაც იმ კრიტიკულ შენიშვნებზე ისაუბრა, რომელიც კომისიას გააჩნია. კერძოდ, შენიშვები ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების კონსტიტუციური ათწლიანი ვადის დაცვას, როგორც ვადის გასვლის შემდეგ, ისე ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე.

ბოძაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე ვენეციის კომისიას აქვს საკმაოდ კრიტიკული შენიშვნები და მაიჩნია, რომ იგი ამოღებული უნდა იყოს ცვლილებათა პაკეტიდან. მისივე თქმით, კომისიას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების მაღალ კვორუმზე – კერძოდ, ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, კვორუმი უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე ექვსი მოსამართლეა.

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თქმით, ვენეციის კომისიის კრიტიკული შენიშვნა იმ ნორმასაც ეხება, რომლის მიხედვითაც, ერთ მოსამართლეს კოლეგიაში საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია საქმე განსახილველად პლენუმს გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა პრეზიდენტის მრჩევლის ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძის და ლევან ბოძაშვილის შეხვედრა ვენეციის კომისიის მდივანსა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების ერთობლივი საბჭოს ხელმძღვანელთან. თუმცა კახა კოჟორიძემ საუბრის შინაასრთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.

“მუხლობრივად გავიარეთ ეს კანონპროექტი და მიგვაჩნია, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოს გამართულად მუშაობისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავს. ამ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტს შენიშვნები აქვს. თუ პრეზიდენტის გადაწყვეტილებამდე იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა, ცხადია, ეს დაეხმარება მას გადაწყვეტილების მიღებაში”, – განაცხადა 4 დღის წინ კახა კოჟორიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას თქმით, ვენეციის კომისიას 4-5 პრინციპულ საკითხზე დადებითი შეფასება აქვს. რაც შეეხება კრიტიკულ შენიშნვნებს, დეპუტატი ამას სამართლებრივ დისკუსიას უწოდებს.

“ეს არ არის ვენეციის კომისიის დასკვნა. ეს არის 3 წევრის წინასწარი მოსაზრება, ხოლო ვენეციის კომისიის სხდომა დაგეგმილია 10-11 ივნისს. რაც შეეხება ამ მოსაზრებას, 4-5 პრინციპულ გადაწყვეტილებაზე დადებითი შეფასებებია. რამდენიმე საკითხზე არის კრიტიკული მოსაზრებაც, რაც ნორმალური სამართლებრივი დისკუსიაა.

“საკითხებს ჩავუღრმავდებით და დაველოდებით ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნასა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ეკა ბესელია. “თავისუფალი დემოკრატების” წევრის, შალვა შავგულიძისთვის ვენეციის კომისიის პირველად შენიშვნები მოულოდნელი არ ყოფილა. იგი არ გამორიცხავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვენეციის კომისიის დასკვნა უგულვებელყოს.

“უმრავლესობას რა პრობლემებს შეუქმნის, ამას ვერ გეტყვით. საკითხავია, რამდენად მოინდომებენ ვენეციის კომისიის შენიშვნების გაზიარებას. არ გამოვრიცხავ, საერთოდ იგნორირება გაუკეთონ, ან არსებითი შენიშნვნები ფორმალურად გაიზიარონ.

“შუალედური დასკვნა არ წამიკითხავს, თუმცა ვიცი, რომ გაზიარებულია ის პოზიციები, რაც ყველაზე ნეგატიურად მიგვაჩნდა. მე პირადად რამდენიმე ალტერნატიური წინადადებაც მაქვს წარდგენილი”, – გვითხრა შალვა შავგულიძემ და არ გამორიცხა, რომ პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო დაადოს.

“პრეზიდენტის ვეტო კომისიის დასკვნამდეც მოსალოდნელი იყო, რადგან კანონპროექტის განხილვაში აქტიურად მონაწილეობდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები და საკმაოდ კრიტიკულად და მწვავედ აფასებდნენ იმ ნეგატიურ დებულებებს, რასაც ეს კანონი შეიცავდა. პრეზიდენტის ვეტოს ველოდი და ახლაც ველოდები. თუ იმ ხმათა რაოდენობას დავთვლით, რა რაოდენობითაც კანონი მიიღეს, მაშინ დაძლევას ალბათ მოახერხებენ. თუმცა მაშინ მათ პარლამენტის ოპოზიციური წევრებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს იგნორირება გაუკეთეს. მაგრამ ახლა თუ ვეტოს დაძლევისკენ წავიდა სიტუაცია, ვენეციის კომისიის შეფასებების იგნორირება მოუწევთ, რასაც არ გამოვრიცხავ. ამ ფაქტით არა რომელიმე პოლიტიკური გუნდის წინსვლა, არამედ ქვეყანა ზიანდება, ვინაიდან რა საკანონმდებლო პოლიტიკასაც აწაროებს “ქართული ოცნება”, მიუღებელია. როდესაც უმრავლესობა გყავს პარლამენტში და შეგიძლია შენთვის სასურველი კანონი მიიღო და იღებ ისეთ კანონებს, რითიც ინსტიტუციონურად იქვემდებარებ ისეთ სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ დამოუკიდებლობას პოლიტიკური გავლენებისგან, ამით ქვეყნის ინტერესები ზიანდება და ჩვენ ვშორდებით ევროპულ სამართებლივ სივრცეს. ეს არ არის სამართებლივი და დემოკრატიული სახელმწიფოს და საზოგადოებისკენ მიმავალი გზა. თუ საერთოდ უცხო გავხდებით ევროპული სახელმწიფოებრიობისა და სამართლისთვის, მაშინ შეიძლება უცხო აღმოვჩნდეთ ევროპული ოჯახისთვის და ამის მიღმა დავრჩეთ. ძალიან არ მინდა დავიჯერო, მაგრამ გარკვეული შიში მაქვს, ხომ არ არის ეს “ქართული ოცნების” მიზანმიმართული მოქმედება, რომ თანდათანობით ინსტიტუციურად საქართველო დაშორდეს ევროპულ სივრცეს, ღირებულებებს, სტანდარტებს და სხვა პოლიტიკური მიმართულებით, ჩრდილოეთის მხარეს გადაინაცვლოს,” – უთხრა “რეზონანს“ შალვა შავგულიძემ.

რეზონანსი“, 28 მაისი, 2016 წელი

მინიმუმ ორი წელი არჩევნებზე ჩხუბისთვის

მთავრობა პარლამენტს საარჩევნო პროცესში ძალადობაზე კანონის გამკაცრების დაჩქარებას სთხოვს

თაკო მათეშვილი

საარჩევნო კამპანიის პროცესში და უშუალოდ არჩევნების დროსაც მუქარა, ცემა, ან ნებისმიერი სხვა სახის ძალადობა მალე მინიმუმ 2, მაქსიმუმ კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა და ახლა მთავრობა პარლამენტს საარჩევნო პროცესში ძალადობის გამოვლინებაზე სასჯელის გამკაცრების შესახებ პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას სთხოვს.

თუმცა ოპოზიციაში ინიციატივას სიხარული არ გამოუწვევია. ისინი ამბობენ, რომ აზრი არ აქვს, რას ჩაწერ კანონში, თუკი მას არ აღასრულებ. დაახლოებით იგივე მოსაზრებას იზიარებენ იურისტები და აცხადებენ, რომ თუკი ახალ კანონს სათანადოდ გამოიყენებენ, კარგი იქნება, მაგრამ აქვე იმასაც დასძენენ, რომ ძალადობა და ხულიგნობა ამჟამად მოქმედი კანონმდებლობითაც დასჯადია და ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯა ახლაც შეუძლია.

ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი დაემატება, რომელიც სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადს გახდის ძალადობას, ან ძალადობის მუქარას საარჩევნო უბანზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან კამპანიის ადგილას, ან მათ მიმდებარედ.

“თუკი ასეთ ქმედებას ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი არ მოჰყვა, მაშინ, ჩვენ პარლამენტს ვთავაზობთ, რომ იყოს თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით. თუ ამგვარს ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ხოლო თუ საქმე ჯგუფურ დანაშაულთან გვაქვს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. “ასევე მკაცრდება ცემის მუხლი (125-ე მუხლი), რომელიც ჩვენ მივიჩნიეთ, რომ არის საკმაოდ სუსტი და არ აძლევს არც შინაგან საქმეთა სამინისტროს არც პროკურატურას და საბოლოო ჯამში, არც მოსამართლეს საშუალებას, რომ ამგვარი ქმედებისადმი უფრო მკაცრი მიდგომა გამოიჩინოს”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. იგი აქვე დასძენს, რომ კარგი იქნება პარლამენტმა ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილოს, რათა მომავალი არჩევნები მშვიდ პირობებში ჩატარდეს.

საპარლამენტო უმცირესობაში ცვლილებებს ეჭვის თვალით უყურებენ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სერგო რატიანი ამ “ინიციატივას კვირიკაშვილის უძლურების მანიფესტს” უწოდებს და ამბობს, რომ ამ კანონთან საერთო არაფერი აქვს იმას, რაც მის შემოღებაზე ინიციატივის წამოყენებას უძღოდა წინ. მისი აზრით, კიდევ ერთხელ ჩანს, რომ კორცხელის ინცინდენტზე მთავრობა საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს და ვერ ხედავს იმას, რასაც ყველა ხედავს – იმ დღის დამკვეთი მთავრობაშია.

“თუ კვირიკაშვილს ოდნავი რაციონალობა და რაღაცის შეცვლის ნება შერჩენილი აქვს, ეს შეუძლია ძალიან მარტივად შეცვალოს. იმ დღეზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი კონკრეტული პირი კალაძეა. იმ დროს პროცესებს ის მართავდა. კვირიკაშვილს შეუძლია პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ადამიანს დააკისროს. შესაბამისად, კალაძე უნდა დაიკითხოს და დამნაშავეები დაისაჯონ,” – აცხადებს რატიანი.

მისი თქმით, მთავარი რეაგირება და დამნაშავეების დაკავებაა და არა ის, თუ რამდენს მიუსჯიან. ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს რა ეწერება კანონში თუკი დამნაშავე არ დაიჭირეს.

იურისტი გელა ნიკოლაიშვილი კი ამბობს, რომ ძალადობა, ხულიგნობა და ამ სახის დანაშაული კანონით დღესაც ისჯება და დამნაშავეების დასასჯელად ამ მუხლების გამოყენებაც შეიძლება.

თუმცა, მისი აზრით, ხაზგასმით იმის თქმა, რომ საარჩევნო უბნებთან ხალხის თავმოყრა და ძალადობის პროვოცირება, ან ძალადობაზე გადასვლა დასჯადია, ცუდი არ იქნება. ფიქრობს, რომ პრევენციული მნიშვნელობა ექნება და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს. “ყველა კანონს მეორე მხარე აქვს. თუკი ამ კანონს ისე გამოიყენებენ, როგორც დაწერენ, ბუნებრივია, ეს კარგი იქნება. მთავარი ის კი არაა, როგორ მიიღება კანონი, არამედ, თუ როგორ აღსრულდება,” – აცხადებს ნიკოლაიშვილი. მისი თქმით, საარჩევნო ხასიათის დანაშაული ადრეც ხშირი იყო და ახლაც ასეა, კანონის ამოქმედება კი არც ადრე ხდებოდა და არც ახლა.

“ხშირადაა საზოგადოებისადმი უპატივცემულობის გამოვლინება, ხულიგნობა, სხეულის დაზიანება და ა.შ. ამისათვის ცალკე მუხლები არსებობს და როცა ეს ხდებოდა, შეიძლებოდა ისინი გამოეყენებინათ. ისევე, როგორც პარლამენტში მომხდარი ხულიგნობისა და ცემა-ტყეპის დროს სავსებით თავისუფლად შეიძლებოდა სისხლის სამარლებრივი დევნის გზა გამოეყენებინათ და მათ მიმართ, ვინც ურტყამდა, აგინებდა და ა.შ. სისხლის სამართლებრივი დევნა დაეწყოთ.

“ესეც ხომ დანაშაულია, მითუმეტეს, რომ მთელი საქართველოს თვალწინ ხდებოდა. თუმცა რატომღაც ამას ყურადღება არც ადრე ექცეოდა და არც ახლა, თითქოს ეს დანაშაული არ იყოს. არადა რა მნიშვნელობა აქვს ვინ ჩაიდენს მას – პარლამენტარი თუ ჩვეულებრვი მოქალაქე? დანაშაული დანაშაულია,” – დასძენს იურისტი.

ჩხუბი დღევანდელი კანონმდებლობითაც დასჯადი რომაა, ამას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, ყველა დროის კანონმდებლობითაც დასჯადი იყო საზოგადოებირივ თავშეყრის ადგილებში ბოროტი ხულიგნობა და ყველაფერი ის, რაც ადამიანი ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. აქვე დასძენს, რომ თავად ჰუმანურობის მომხრეა, თუმცა ინიციატივის საწინააღმდეგოც არაფერი აქვს.

“მკაცრი სამართლის მომხრე არ გახლავართ. რაც შეეხება ამ ცალკეულ შემთხვევებზე გამოძახილს, პრევენციული დანიშნულებით, არჩევნების წყნარ გარემოში ჩატარების მიზნით პასუხისმგებლობის გამკაცრება ცუდი არ იქნება. ისე კი, ჩემი პოზიცია, ჰუმანური სამართლისაკენ იხრება,” – ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.

—————-

„ახალი თაობა“, 28 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ კახა კუკავასთან: „ოცნების დამარცხება გარდაუვალია“ // „ნაციონალებმა კორცხელში 440 ათასი ლარი დახარჯეს”

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა მიიჩნევს, რომ `ოცნება~ იმაზე ადრე დაკარგავს ხელისუფლებას, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნებზე უმრავლესობას ვეღარ მოიპოვებს.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ოქტომბერში დასრულდება ეს ხელისუფლება?

- მე ადრე ვფიქრობდი, რომ ეს 2017 ან 2018 წელს მოხდებოდა, თუმცა კორცხელის მოვლენებმა დამარწმუნა, რომ შესაძლებელია პროცესები დაჩქარდეს.

- რატომ, ასეთი რა მოხდა კორცხელში?

- იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, ჩვენ დავინახეთ სრული მზადყოფნა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რომელმაც მხოლოდ სოფელ კორცხელში 440 ათასი ლარი დახარჯა და ეს მონაცემები უკვე დაიდო ცესკოს საიტზე.

- მხოლოდ ამ ერთ სოფელში?

- დიახ, მხოლოდ ამ სოფელში. ჩაიყვანეს თავიანთი პოლიტიკური ლიდერები და ყველანაირად დაადასტურეს, რომ იდეალურად იყვნენ მზად კორცხელის არჩევნებისთვის და არა მხოლოდ არჩევნები მოიგეს, არამედ სრულიად მოუგეს ხელისუფლებას პიარი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მეორე მხრივ, გამოჩნდა სრული უსუსურობა ხელისუფლების მხრიდან. მათ წააგეს არჩევნები, წააგეს პიარი. ბრძოლაში ყველას შეიძლება მოუვიდეს მარცხი, მაგრამ, თუ ჯანსაღი ორგანიზმი და რაციონალური პოლიტიკური ძალაა, შეცდომას უნდა მოაყოლოს შესაბამისი ანალიზი. თუმცა ესენი აგონიაში არიან და, პირიქით, შეცდომების კასკადი გრძელდება.

- რას გულისხმობთ შეცდომების კასკადში?

- ჯერ ერთი, რომ ამართლებდნენ ამ ინციდენტს და ამბობდნენ, რომ ეს ნორმალური მოვლენაა. მერე ძლივს გამოძიება დაიწყო შს სამინისტრომ. ქუჩის ელემენტების შედეგად იქ პატარა აქცია გაიმართა და ესეც შეჩერდა. ხელისუფლებას ეს ძვირად დაუჯდება, ისე, როგორც ძვირად დაუჯდა შევარდნაძეს და ისე, როგორც 26 მაისი ძვირად დაუჯდა სააკაშვილის რეჟიმს.

- გამოდის ინფორმაციები, რომ არც შიგნით აქვთ საქმე კარგად. საუბარია პრემიერისა და კალაძის დაპირისპირებაზე. ამაზე რას იტყვით?

- ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მე იმიტომ მომყავს შევარდნაძისა და სააკაშვილის მაგალითები, განსაკუთრებით შევარდნაძის, რომ ის შეცდომები, რომლებიც მის ხელისუფლებას ჰქონდა ბოლო სამი წლის განმავლობაში, თითქმის ყველა სიმპტომი მეორდება დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. როდესაც შევარდნაძე ბოლო პერიოდში ჩამოსცილდა მოქალაქეთა კავშირს, იქ არ იყო გამოკვეთილი ლიდერი და დაჯგუფებებს შორის დაიწყო ბრძოლა, რამაც პრაქტიკულად დაასრულა კიდეც ის რეჟიმი, იმიტომ, რომ მათ არ ჰყავდათ ერთიანი ლიდერი. ზუსტად იგივე ხდება დღესაც.

- რატომ,ოცნებას ხომ ჰყავს ლიდერი?

- ბიძინა ივანიშვილმა ფორმალურად დისტანცირება მოახდინა „ქართული ოცნებისგან“, სხვა გამოკვეთილი ლიდერი კი „ოცნებას” არ ჰყავს. ბუნებრივია, შიდა სხვადასხვა ჯგუფს შორის მიმდინარეობს კონკურენცია. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება „ქართული ოცნების“ დამარცხებაში. პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ ჰყავს მკაფიოდ გამოკვეთილი ლიდერი, ვერასდროს გაიმარჯვებს.

- ახალი გადათამაშებისთვის ემზადება ბიძინა ივანიშვილიო და რა შეიძლება, რომ შემოგვთავაზოს მან?

- შეიძლება მან შემოგვთავაზოს საინტერესო კომბინაცია, მაგრამ სტრატეგიულად „ქართულმა ოცნებამ“ უკვე წააგო. 2012 წლისგან განსხვავებით, აღარც ქართველ ხალხს სურს, რომ ეს ხელისუფლება იხილოს შემდეგი ვადით. ქართველ ხალხს სერიოზულად გაუცრუვდა იმედები და ამ პროცესში აღარაფერი შეიცვლება. `ოცნების~ რეიტინგი მუდამ წავა კლებისკენ, სანამ ნულს არ გაუტოლდება. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კრიტიკა დასავლეთიდანაც იზრდება და არა მგონია, ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბებაზე ან ძალადობაზე დასავლეთმა თვალი დახუჭოს.

- მიხეილ სააკაშვილმაც უმატა განცხადებებს, რომ აუცილებლად ჩამოვა და არჩევნებს მოიგებს. რა ხდება, რისი იმედი აქვს?

- მიხეილ სააკაშვილს აქვს ამის გამოცდილება, 2003 წლის გამეორება უნდა და ეს არის საფრთხე ქვეყნისთვის. ასევე საფრთხეა ის, რომ მისი შემაკავებელი ძალა არ არსებობს. ეს ბრძოლა ნაციონალებსა და „ოცნებას“ შორის როგორ დამთავრდება, ამის პროგნოზირება ადვილია.

- და როგორ დამთავრდება?

- რა თქმა უნდა, მოიგებენ ნაციონალები! ერთადერთი, ვისაც შეუძლია, ამ ბრძოლაში გარდატეხა მოახერხოს, არის ამომრჩეველი, თუკი ქართველ ხალხს ეყოფა ძალა, რომ გამოფხიზლდეს და მხარი დაუჭიროს მესამე პოლიტიკურ ცენტრს.

- და სად არის ეს მესამე პოლიტიკური ცენტრი?

- რასაკვირველია, თუკი ასეთი პოლიტიკური ცენტრი შეიქმნება. მხოლოდ მესამე პოლიტიკურ ცენტრს შეუძლია, ქვეყანას ააცილოს სააკაშვილის დაბრუნება ხელისუფლებაში!

- სხვა შემთხვევაში გარდაუვალია?

- დიახ. „ქართულ ოცნებას“ ეს ბრძოლა უკვე წაგებული აქვს.

- როდესაც ერთ უბანზე ამხელა დაპირისპირება მივიღეთ, რას ელოდებით ოქტომბრის არჩევნებისგან?

- ამ არჩევნებისგან კარგს არაფერს ველოდები. პირიქით – მგონია, რომ ყველაფერი ცუდი იქნება, განსაკუთრებით – არჩევნების შემდგომ პერიოდში. ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯს დააზარალებს. განსაკუთრებით ეს დააზარალებს ქართულ ეკონომიკას. ჩვენნაირ ქვეყნებში ეკონომიკა ძალიან მგრძნობიარეა პოლიტიკური პროცესების მიმართ. აუცილებლად იქნება ეკონომიკური ვარდნა, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ შეძლო შეექმნა ისეთი კონსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვან პოლიტიკურ რყევებს არ იწვევს.

„ახალი თაობა“, 28 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან:ქართული ოცნების ერთადერთი რესურსი ივანიშვილია

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რესპუბლიკელები 8 ივლისამდე მინისტრთა პორტფელებს შეინარჩუნებენ.

- ბატონო სოსო, პრემიერს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაუგეგმავი შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა განაცხადა, რომ მათ სასაუბრო დაუგროვდათ. რაზე შეიძლება ქვეყნის მეთაურებს ესაუბრათ?

- ერთ-ერთი საკითხი აუცილებლად იქნებოდა კორცხელში ატეხილი ცემა-ტყეპა. ერთი კვირა გავიდა და ვხედავთ, რომ მაღალჩინოსნების კომენტარები უკვე შეცვლილია. მანამდე გვესმოდა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯებოდა. დღეს უკვე გვესმის, რომ ეს ადამიანები თავიანთი ნებით გამოცხადდნენ დაკითხვაზე, რომ ისინი თანამშრომლობენ გამოძიებასთან და ა.შ. ჩემი ვარაუდით, დღეს მთავრობაში „ქორებსა“ და „მტრედებს“ შორის ხელჩართული ომი მიდის სწორედ ამ კონკრეტულ საკითხზე. ერთი ნაწილი ამ ადამიანების დასჯას მოითხოვს, მეორე ნაწილი კი – პირიქით. თუ დასჯის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება მხოლოდ სიმბოლური.

- რესპუბლიკელები, როგორც თავად ამბობენ, არჩევნების წინ პოსტებს დატოვებენ. ამან შეიძლება ხელახალი დაძაბულობა და დაპირისპირება გამოიწვიოს თუ რესპუბლიკელები უკვე შეჩვეულები არიან, რომ მათ მოუწევთ წასვლა?

- პოპულიზმისა და დემაგოგიისთვის ყველაფრის გამოყენებაა შესაძლებელი. დღეს უკვე რესპუბლიკელები ოპოზიციონერები არიან. ხელისუფლება მათ უკვე ექცევა ისე, როგორც საქართველოში ხელისუფლება ოდითგან ექცეოდა ოპოზიციას. სახელისუფლებო რესურსს რესპუბლიკელებს, რასაკვირველია, გადაუკეტავენ და ისინი პოსტებს დატოვებენ. თუმცა, ამ კონტექსტში გადამწყვეტ როლს ასრულებს ვარშავის სამიტი და ხიდაშელი.

ვინაიდან „ოცნებიდან“ არავის სურს, წავიდეს ვარშავის სამიტზე, სადაც ყველამ იცის, რომ რითიც წავა, უკანაც იმით დაბრუნდება ანუ არაფრით, ვარშავის სამიტზე ქვეყანას თავდაცვის მინისტრის რანგში ხიდაშელი წარადგენს, რის მერეც ყველა მკვდარ კატას ხიდაშელის კისერზე ჩამოკიდებენ. ახალი თავდაცვის მინისტრი რომ წავიდეს ვარშავის სამიტზე და ხელცარიელი დაბრუნდეს, ეს კიდევ ერთი იმედგაცრუება იქნება და ეს „ოცნებას“ აქტივში არ ჩაეწერება. ხმები იყო, რომ თინა ხიდაშელის შემდეგ თავდაცვის მინისტრი ირაკლი სესიაშვილი გახდებოდა, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ ვარშავის ნატოს სამიტის შემდეგ. ამდენად, 8 ივლისამდე რესპუბლიკელები მინისტრის პორტფელებს შეინარჩუნებენ, შეიძლება – ივლისის ბოლომდეც.

- ბიძინა ივანიშვილის როლი როგორი იქნება 8 ოქტომბრის არჩევნებზე, აქტიურად ჩაერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში?

- ბიძინა ივანიშვილი ამ არჩევნებში უფრო მეტად ჩაერთვება, ვიდრე ეს 2012 წელს იყო. დღეს „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მეტად სჭირდება ივანიშვილის აქტიური ჩართვა, ვიდრე ეს საჭირო იყო 2012 წელს. 2012 წლის არჩევნებზე ივანიშვილის სახელიც კი საკმარისი იყო. დღეს ასე არ არის. ამ არჩევნებზე მისი ფიზიკური ჩართვაა საჭირო, თანაც – ძალზე აქტიურად. დღეს „ქართული ოცნების“ რესურსი ივანიშვილის პიროვნული რესურსია. სხვა რესურსი „ოცნებას“, სამწუხაროდ, არ გააჩნია.

- გამოდის, ბიძინა ივანიშვილს უბან-უბან მოუწევს სიარული?

- არა, ეს არ არის საჭირო. მიტინგები გაიმართება, სადაც გამოვა ბიძინა ივანიშვილი და ხალხს მიმართავს. ბიძინა ივანიშვილს აქვს ადამიანისთვის მნიშვნელოვანი თვისება – ის ხანდახან გულწრფელია. შეიძლება თქვას რეალური მიზეზები, თუ რატომ ვერ მუშაობს ესა თუ ის სამინისტრო. რატომ არის ასეთ დღეში განათლების სისტემა, სხვა სამინისტროებში რატომ არის ასეთი ვითარება, მაგალითად, კულტურის სამინისტროში. საზოგადოება ხედავს, როგორი ეგზისტენციალური შეხედულება აქვს ჩვენს კულტურის მინისტრს.

შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა იმ შეცდომებზე ისაუბროს, რომლებიც იყო ამ ოთხ წელიწადში. ადამიანებს ძალიან მოსწონთ, როდესაც ხელისუფალი თავის შეცდომას გულწრფელად აღიარებს, თითქოს ამ დროს მიმტევებელი ხდება. გამაღიზიანებელია, როდესაც მშიერ კაცს ეუბნები, როგორ დააპურე ის.

- რამდენიმე მინისტრის ცვლილება შეიძლება მოხდეს არჩევნებამდე? გარკვეული ცვლილებები კვირიკაშვილმა არ გამორიცხა...

- ახლა მინისტრთა კაბინეტის ცვლილებები ორლესული მახვილია.

- რატომ?

- იმიტომ, რომ აქვს დადებითი მხარეც და უარყოფითიც. ამას ჩასაფრებული ელოდება ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა, რუსთავი 2, რომ თქვან, რამდენი ხანია ისინი ამბობენ, რომ ესა თუ ის მინისტრი შესაცვლელია, რომ ამაზე ააგონ ერთგვარი კამპანია, რატომ მიიყვანეს აქამდე საქმე, სანამ დაანგრევდა ესა თუ ის მინისტრი სისტემას და ა.შ.

- ამ ლოგიკით, კვირიკაშვილს ვერცერთი მინისტრი ვერ მოუხსნია...

- „ქართულ ოცნებაში“ კატასტროფული საკადრო შიმშილია. როდესაც პარტიაში საკადრო შიმშილია, მაშინ ვიღაცას გაახსენდება მეგობარი, ნაცნობი და ამას, როგორც წყალწაღებული ხავსს, ისე ებღაუჭება, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ამან შეიძლება საბედისწერო შეცდომამდე მიიყვანოს თვითონ გუნდი.

Comments are closed