globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 28 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 28th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: რამდენად სანდოა წინასაარჩევნო კვლევები

რეზონანსი“: „რესპუბლიკელი” მინისტრები და “კარის გაჯახუნება”

რეზონანსი“: კობა კობალაძე თავდაცვის მინისტრად მის შესაძლო დანიშვნას უარყოფს

რეზონანსი“: ლარის კურსი – ხელისუფლება სამარეს ითხრის! // “შეიქმნება ისეთი საზოგადოებრივი აზრი, როდესაც მთავრობა თავს ვეღარ გაიმართლებს”

რეზონანსი“: შეცდომები, რომელმაც სავალუტო კრახი გამოიწვია // „უკვე არა მხოლოდ ხალხი, ბიზნესიც პანიკაშია“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „არჩევნების წინ პენსიების მატება სპეკულაციაა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან: „ვერ გეტყვით, “ოცნების“ სიაში ვარ თუ არა”

——————–

რეზონანსი“, 28 ივნისი, 2016 წელი

რამდენად სანდოა წინასაარჩევნო კვლევები

თაკო მათეშვილი

ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის შედეგებმა ცივი წყალი გადაავლო მანამდე ჩატარებულ არაერთ კვლევას, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო. ბრიტანულმა კვლევებმაც კი რეალურისგან განსხვავებული სურათი აჩვენეს, სოციოლოგების აზრით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ჩატარებულ კვლევებს დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ და რომ ჩვენნაირ საზოგადოებასა და პირობებში იგი სანდო მითუმეტეს ვერ იქნება. ამის მიზეზი კი, მათი აზრით, არაერთი შეიძლება იყოს – კვლევის მეთოდოლოგია, კითხვების ფორმულირება და თანმიმდევრობა, საზოგადოების მენტალიტეტი, უნდობლობა, შიში, სამიზნე ჯგუფის არასწორად შერჩევა და ა.შ.

ბრიტანული ცდომილება

კვლევები საზოგადოებრივი აზრის გასაგებად ბრიტანეთში რეფერენდუმამდე საკმაოდ ადრე დაიწყო. მათი უმეტესობის მიხედვით, ამომრჩეველთა უმრავლესობას ვეროკავშირის შემადგენლობაში დარჩენა სურდა. (…)

რეფერენდუმის შედეგები, როგორც ჩანს, თავად ბრიტანელებისთვისაც გასაოცარი აღმოჩნდა, რადგან მისი გამოქვეყნების შემდეგ ბრიტანული მედია აქტიურად ეძებს პასუხს კითხვაზე, თუ რატომ აღმოჩნდა პრაქტიკულად კვლევა რეალობას ასე აცდენილი. როგორც სხვადასხვა გამოცემა ვარაუდობს, ამის მიზეზი ის გახდა, რომ კვლევები ძირითადად ინტერნეტ და სატელეფონო გამოკითხვებით ჩატარდა და შესაბამისად, მან მთელი ქვეყნის მოსახლეობა, ყველა ფენა და რეგიონი ვერ მოიცვა.

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ “ფსიქო-პროექტის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ზურაბ ბიგვავა ამბობს, რომ შესაძლოა ამის მიზეზი რეფერენდუმამდე ბრიტანეთში განვითარებული მოვლენები გამხდარიყო, რამაც საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება მოახდინა. “ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. მაგალითად, იმას, თუ რა ტიპის გადაცემები გადიოდა ტელევიზიით მონიტორინგის წინ. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა განცხადებები კეთდებოდა იქ პოლიტიკოსების მხრიდან. ბევრმა ფაქტორმა შეიძლება შეცვალოს სურათი. მითუმეტეს, რომ გასვლის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის განსხვავება ძალიან პატარა იყო,” – აღნიშნავს იგი.

საზოგადოების მენტალიტეტი

როდესაც სოციოლოგებს დავუსვით კითხვა, თუ რამ შეიძლება იქონიოს გავლენა სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე და რამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ობიექტურად ჩატარების შემთხვევაშიც კი მან რეალობას აცდენილი სურათი მოგვცეს, მათ პირველ რიგში საზოგადოების მენტალიტეტი დაასახელეს. ისინი ამბობენ, რომ ეს ბრიტანეთის შემთხვევაში ნაკლებად იქონიებდა გავლენას, რადგან იქ საზოგადოებას არც საკუთარი აზრის გამოხატვის ეშინია და არც ჩამოუყალიბებლობის პრობლემა აწუხებთ, მაგრამ საქართველოში წლობით ჩანერგილი შიშისა და კომპლექსების ერთბაშად აღმოფხვრა რთულია.

“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი საზოგადოებაა, რა გარემოში ცხოვრობს, რამდენად დემოკრატიულია, არის თუ არა შიშის განცდა და ა.შ. თუ ქვეყანაში ავტოკრატიული მმართველობაა, სოციოლოგიურ გამოკითხვას აზრი საერთოდ არ აქვს. ასეთი იყო, მაგალითად, საქართველოში 2012 წელს არჩევნების წინ ჩატარებული კვლევები. საკვლევი ველი იმდენად იყო გამრუდებული, რომ ამომრჩეველთა 50 პროცენტი კითხვებზე პასუხს არ სცემდა. კონვერტისა და შავი ყუთის გამოყენება მოგვიწია, რათა საზოგადოება ანონიმურობაში დაგვერწმუნებინა. ანუ, ბიულეტენს დებდნენ კონვერტში და შავ ყუთში აგდებდნენ. ამით რწმუნდებოდნენ, რომ ჩვენ მათი ვინაობის შესახებ არაფერი გვეცოდინებოდა. როცა ასეთ მეთოდს მივმართეთ, აღმოჩნდა, რომ ბევრ კითხვაზე მივიღეთ პასუხი, რომელზეც მანამდე დუმილს ამჯობინებდნენ. ანონიმურად დარჩენა რესპონდენტებს სითამამეს მატებს,” – ამბობს ზურაბ ბიგვავა.

იგივე მოსაზრებას აფიქსირებს პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე და ამბობს, რომ იმას, თუ რამდენად თამამია საზოგადოება, კვლევებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, თუ რესპონდენტს მიაჩნია, რომ სიმართლის თქმა შეიძლება ძვირი დაუჯდეს, რა თქმა უნდა, ამას არ გააკეთებს და იმას იტყვის, რასაც მისგან ითხოვენ. დასძენს, რომ ეს ავტორიტარულ რეჟიმებში ხდება და “ავტორიტარიზმის პირობებში სოციოლოგიას აზრი არ აქვს”.

“შემოგდებული თემები”, ხმაურიანი ინციდენტები

როგორც ჩვენთან საუბრისას სოციოლოგები განმარტავენ, დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რა სიტუაცია ვითარდება ქვეყანაში იმ მოვლენამდე, რასთან დაკავშირებითაც კვლევები ტარდება (არჩევნები, რეფერენდუმი და ა.შ.). მათი თქმით, ისიც შეიძლება, რომ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ჩატარებულმა კვლევამ იმ დროისათვის არსებული განწყობა მაქსიმალური სიზუსტით ასახოს, მაგრამ არჩევნებამდე 1 კვირით ადრე მოხდეს რაიმე ისეთი, რაც ამომრჩეველს აზრს რადიკალურად შეაცვლევინებს – არჩევნებზე მისვლას გადააწყვეტინებს, იმ პარტიის სასარგებლოდ გადახრის, რომლისთვის ხმის მიცემასაც არ გეგმავდა და ა.შ. ამ ყველაფრის მაგალითად კი ისინი 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ციხის კადრების გავრცელებას ასახელებენ და დასძენენ, რომ სწორედ ეს კადრები იყო ის, რამაც ოქტომბრის არჩევნების ბედი გადაწყვიტა.

“რაც მახსოვს, ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული, ყოველთვის ასე ხდებოდა – წინასაარჩევნოდ რაღაც ისეთს, სენსაციურს “შემოაგდებენ” ხოლმე, რომ ამას ხალხი არჩევნებზე მიჰყავს”, – ამბობს თსუ-ს პროფესორი, სოციოლოგი ამირან ბერძენიშვილი.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ხშირად ისეც ხდება, რომ ეს “შემოგდებული” თემა საპირისპირო შედეგს იძლევა და “შემომგდებთ” პირში ჩალა გამოვლებულს ტოვებს.

“გამსახურდიას არჩევნების დროს, არჩევნებამდე ერთი ადღით ადრე იმ დროისათვის აქტიური რამდენიმე პირი და მათ შორის ირაკლი წერეთელი ტელევიზიით გამოვიდნენ და მოსახლეობას მოუწოდეს, გამსახურდიასათვის ხმა არ მიეცათ. წინა დღეებში სოციოლოგიური კვლევა ჩატარებული იყო და აღმოჩნდა, რომ ამ გამოსვლამ გამსახურდიას ხმების 10% მიუმატა. ანუ, ხალხმა იფიქრა, რომ გამსახურდიას ებრძვიან და საარჩევნო უბნებზე მობილიზებულად მივიდა. ეს ყველაფერი დაახლოებით 24 საათში მოხდა,” – ყვება რამაზ საყვარელიძე.

მეთოდოლოგია

კვლევის მეთოდოლოგია, კითხვების თანმიმდევრობა და ფორმა, სწორად შერჩეული სამიზნე ჯგუფი – ეს ყველაფერი, ჩვენი რესპონდენტების აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კვლევამ ობიექტური და ჭეშმარიტებასთან მაქსიმალურად მიახლოებული შედეგი დადოს. ამირან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მეთოდოლოგია საეჭვო ნაკლებადაა, რადგან უმეტეს შემთხვევაში იგი საკმაოდ კარგადაა ხოლმე ჩამოყალიბებული.

კითხვის ფორმას რაც შეეხება, მისი თქმით, შესაძლებელია, კითხვები ისე განალაგო და იმგვარად დასვა, რომ ამან პასუხებზე იმოქმედოს. მაგრამ აქვე დასძენს, რომ ეს დიდ სხვაობას ვერ მოგვცემს.

“აი, სამიზნე ჯგუფს და რესპონდენტთა შერჩევის წესს კი დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ადრე აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინ სატელეფონო კვლევა ჩაატარეს. შესაბამისად, ტელეფონიანი ხალხი გამოჰკითხეს. ეს ამბავი დაახლოებით 50 წლის წინ მოხდა, ტელეფონი ყველას არ ჰქონდა და მიღებული შედეგი რეალურისგან სრულიად განსხვავდებოდა, რადგან კვლევამ ვერ აჩვენა, თუ რას ფიქრობდა უტელეფონო ხალხი,” – აცხადებს ბერძენიშვილი.

ვენდოთ თუ არა საქართველოში ჩატარებულ კვლევებს

ჩვენი თითოეული რეპონდენტი თანხმდება იმაზე, რომ საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ, რაც უნდა ობიექტურად წარმართოს იგი ორგანიზატორმა, თითქმის შეუძლებელია რეალური სურათი ასახოს. შესაბამისად, მათი აზრით, დიდი მნიშვნელობა არც იმ კვლევებს უნდა მივანიჭოთ, რომლებიც 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ გამოქვეყნდება და რომლებიც ცოტა ხნის წინ უკვე გამოქვეყნდა კიდეც.

თსუ-ს პროფესორი, სოციოლოგი ამირან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ჩვენი ტიპის საზოგადოებაში კვლევები პროპაგანდის საშუალებაა, რომელსაც პოლიტიკური ბრძოლის საგნად იყენებენ და არა ობიექტური სურათის წარმოსაჩენად.

როცა საზოგადოება მყარად არაა ჩამოყალიბებული და მითუმეტეს, როცა საკითხში მაინცადამაინც არაა გაცნობიერებული, ბერძენიშვილის თქმით, ვერ მოვთხოვთ, საკუთარ აზრზე დარჩეს და პასუხი არ შეცვალოს, რადგან თავადაც არაა გარკვეული.

“ამიტომ, ჩვენთან გამოკვლევებით მხოლოდ ის შეიძლება აჩვენო, თუ რა განწყობაა ახლა. არჩევნებზე მისვლის დროს კი შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, თუ, რა თქმა უნდა, რომელიმე პოლიტიკური ძალა რაღაც ისეთს არ გააკეთებს, რაც მასობრივად ხალხს კონკრეტული გადაწყვეტილებისაკენ უბიძგებს. რას დაჰპირდებიან, როგორ დაჰპირდებიან და რა სიტუაცია შეიქმნება წინასაარჩევნოდ – ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. წინასწარმეტყველება კი ძნელია, რადგან ამომრჩეველი მერყევია. ამომრჩეველთა 40%-მა არ იცის, წავა თუ არა არჩევნებზე, ან ვის მისცემს ხმას და ასეთ დროს ძნელია, სწორი პროგნოზები გააკეთო,” – აცხადებს იგი.

წინასაარჩევნო კვლევებით, რამაზ საყვარელიძის თქმით, საზოგადოებას იმას აჩვენებენ, თუ რა ტენდენციებია ქვეყანაში, პოლიტიკური ძალების მომხრეთა რაოდენობა როგორია და ეს ზოგს გადაწყვეტილების მიღებაშიც ეხმარება. “ჩვენთან კვლევები იმაზე ცოტაა, ვიდრე უნდა იყოს. წესით, ახლა კვლევების ცვენა უნდა იყოს. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იგი უკვე ყოველკვირა ქვეყნდება ხოლმე.

“ჩვენთან ეს ძალიან დელიკატური საქმე გახდა, რადან “ენდიაი”-სა და “აირაი”-ს კვლევებმა სრული უნდობლობა დაიმსახურეს. განსაკუთრებით 2012 წლის არჩევნების შემდეგ, როცა მათი შედეგები და არჩევნების შედეგები ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდებოდა. ეს უნდობლობა ახლაც არსებობს,” – დასძენს საყვარელიძე.

რეზონანსი“, 28 ივნისი, 2016 წელი

რესპუბლიკელი” მინისტრები და “კარის გაჯახუნება”

ეკატერინე ბასილაია

10 ივლისამდე “რესპუბლიკელი” მინისტრები თანამდებობებზე რჩებიან, მათი გაშვება დიდი ალბათობით, ივლისის ბოლომდე მოხდება. მართალია, პრემიერ კვირიკაშვილს არ დაუკონკრეტებია ცვლილების ზუსტი დრო, თუმცა მას გაცხადებული აქვს, რომ შემცვლელები უკვე შერჩეულიც ჰყავს, გუშინ კი განაცხადა, რომ ცვლილების შესახებ “მოგვიანებით გახდება ცნობილი”. თავად “ქართულ ოცნებაში” ბევრი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო მარათონში ოპონენტი პარტიის ლიდერთა მინისტრთა კაბინეტებში დატოვება არაადეკვატურია, რადგან “რესუბლიკელები” უკვე ცდილობენ პორტფელების საკუთარი პარტიის ინტერესებისთვის გამოყენებას, ეს კი ქვეყანასაც და საარჩევნო პროცესსაც აზარალებს.

“რესპუბლიკელი” მინისტრების გაშვების თემა გუშინ კიდევ ერთხელ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მედიასთან სპეციალურ შეხვედრაზე მოაწერა ხელი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას. როგორც ხიდაშელმა განმარტა, ამ ბრძანების შესაბამისად დღეიდან თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო-სავალდებულო გაწვევას.

პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტი მინისტრის წინააღმდეგ

თავდაცვის მინისტრის ბრძანება მთავრობას უკვე გადაეგზავნება. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ სავალდებულო გაწვევა მაინც რჩება შს და სასჯელაღსრულების სამინისტროების მხრიდან. მინისტრის ამ ნაბიჯს კრიტიკით შეხვდნენ პრემიერიც, პრეზიდენტიც, უმრავლესობაც და უშიშროების საბჭოც. პრემიერმა და პრეზიდენტმა გააკეთეს განცხადებები, რომ საკითხი მთავრობის სხდომაზე და ასევე უშიშროების საბჭომ უნდა განიხილონ. უფრო მეტიც, უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა, რომელსაც მედიაში ხიდაშელის შემცვლელადაც განიხილავენ, განაცხადა, რომ მინისტრის ეს ქმედება არასერიოზულია, ის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება და პოლიტიკური პიარის ნაწილი იყო. მით უმეტეს, როდესაც შესაძლოა მან თანამდებობა 2 კვირაში დატოვოსო.

გადაწყვეტილია თუ არა ხიდაშელის გათავისუფლება 2 კვირის შემდეგ? ოფიციალურად გაცხადდა, რომ ჯერ საბოლოოდ არაფერი არ არის გადაწყვეტილი.

“საბოლოო გადაწყვეტილება ვარშავის სამიტის შემდეგ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დარჩენა-არდარჩენის თაობაზე მიღებული არ არის და ეს საკითხი მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

როდის იქნება ეს “მოგვიანებით” – ამაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში იმედი აქვთ, რომ ეს ივლისის ბოლომდე მოხდება. თუმცა, “რესპუბლიკელებს” მინისტრთა პორტფელების შელევა მაინც მოუწევთ, რადგან საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თუკი მინისტრი საარჩევნო სიაში ან მაჟორიტარად დასახელდება, განცხადების გაკეთებიდან 2 დღეში და არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა, თანამდებობა უნდა დატოვოს. ახლა კი ვაჭრობა იმაზე მიდის, ივლისის ბოლოს დაატოვებინებს პრემიერი მათ სავარძლებს, თუ სექტემბრის დასაწყისში.

“ოცნების” ეჭვები

მას შემდეგ, რაც 30 მარტს “რესპუბლიკურმა” პარტიამ არჩევნებზე ცალკე გასვლის გადაწყვეტილება გამოაცხადა, მთავრობის კაბინეტიდან 3 “რესპუბლიკელის” წასვლაზე მსჯელობაც დაიწყო. პრემიერმა მეორე დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მინისტრები მთავრობაში მუშაობას გააგრძელებდნენ. იგივე გაიმეორა მაისში, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, სადაც ასევე აღნიშნა ის, რომ მას გიგლა აგულაშვილის, პაატა ზაქარეიშვილისა და თინა ხიდაშელის შემცვლელები უკვე შერჩეული ჰყავს, თუმცა მათი შეცვლის დრო ისევ არ დაასახელა.

“რომ ვთქვა, არ მყავს შერჩეული, არასერიოზული იქნება იმიტომ, რომ ვიცი ზუსტად, მოსალოდნელია მათი წასვლა. თუმცა მათ ამაზე არ უსაუბრიათ ზუსტად, წავლენ თუ არა არჩევნებამდე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ამავე ინტერვიუში თქვა ისიც, რომ ვარშავის ნატო-ს სამიტზე, რომელიც 8-9 ივლისს ტარდება, ხიდაშელის წასვლა კარგი იქნება, შემდეგ კი ცვლილება მოხდება. სწორედ ვარშავის სამიტს ელოდება ყველა ის, ვისაც “რესპუბლიკელების” მინისტრობიდან წასვლის სურვილი აქვს.

საერთოდ არსებობს თუ არა რაიმე შეთანხმება “რესპუბლიკელებსა” და პრემიერს შორის მინისტრების პოსტებზე დატოვების შესახებ, ამაზეც ღიად არავინ საუბრობს.

“რესპუბლიკურ პარტიაში” კეთდება განცხადება, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ან პარტიამ, ან პრემიერმა, მათი სურვილი კი ისაა, რომ მინისტრები დარჩნენ ბოლომდე. შეიძლება მინისტრებმა არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ან მიიღონ – ეს ორივე ვარიანტი არსებობდა და ჩვენ ვთქვით, რომ სურვილი გვაქვს, ბოლომდე დარჩნენ მინისტრები. ბოლომდე ნიშნავდა ბოლომდეს. მინისტრების დარჩენა-არდარჩენას წყვეტს ან პარტია, ან პრემიერი. რაიმე შეთანხმება არსებობს თუ არა პრემიერთან მინისტრების გაშვება-არგაშვებაზე, ამაზე პასუხი არ მაქვს. ეს ისეთი საკითხია, რომელზეც პასუხის გაცემა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეს შეუძლია”, – აცხადებს “რესპუბლიკელი” ლევან ბერძენიშვილი.

“რეზონანსი” ეცადა, პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეს დაკავშირებოდა, თუმცა, მან საუბარი არ ისურვა. “ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ ივლისის ბოლომდე “რესპუბლიკელმა” მინისტრებმა თანამდებობები უნდა დატოვონ და ეს პირველ რიგში თინა ხიდაშელს ეხება.

როგორც ომარ ნიშნიანიძე მიიჩნევს, სტაბილურობის შენარჩუნების გამო “რესპუბლიკელების” მყისიერად გადადგომა, ბუნებრივია, არ იგეგმებოდა. ვარშავის სამიტზე ევროპელ პარტნიორებს კითხვა რომ არ გასჩენოდათ, გადაწყდა, რომ თავდაცვის მინისტრი არ შეცვლილიყო, სამიტის დასრულების შემდეგ კი ოპონენტი პარტიის მინისტრების დატოვება საერთოდ სახიფათოც კია. “პირადად მე, როგორც კი საარჩევნო მარათონი დაიწყო, 8 ივნისიდან “რესპუბლიკელების” მინისტრობა არალეგიტიმური მგონია. სამიტის შედეგ კი ხიდაშელი ამ პოსტს აუცილებლად დაემშვიდობება. ვფიქრობ, რომ დროულიც იქნება.

“მათი წასვლა ალბათ მოხდება ივლისის ბოლომდე. იმის თქმა, რომ შესაძლოა მოქმედი “რესპუბლიკელი” მინისტრები არ აპირებენ საარჩევნო მარათონში ჩაბმას და ამიტომ არ უნდა გადაგვაყენოთო, არარეალურია. ისინი უკვე აქტიურად არიან წინასაარჩევნო მარათონში ჩაბმული, ბარიერის გადალახვას აპირებენ და თუ მინისტრებს არ ჩართავენ სიაში ან მაჟორიტარებად, მაშინ ვის? პოლიტიკოსების მაინცდამაინც ფართი სპექტრი არ ჰყავთ და დიდი არჩევანიც არ აქვთ,” – ამბობს ომარ ნიშნიანიძე. მისი თქმით, ხიდაშელის მინისტრად დატოვება საფრთხილოა.

“რესპუბლიკელები” არჩევნებზე ცალკე გადიან, საარჩევნო მარათონი გახსნილია და ეს მისი საარჩევნო ტრიუკი იყო. მაქვს ინფორმაცია, რომელსაც არ გავამჟღავნებ, რომ ის თავის სტრუქტურებში გარკვეულ სამუშაოებს ატარებს არჩევნების მოახლოების კონტექსტში. მიმაჩნია, რომ ის თანამდებობიდან უახლოეს დროში უნდა წავიდეს. გამორიცხული არ არის, ხიდაშელმა კიდევ გადადგას ასეთი პოპულისტური ნაბიჯები, რაც ჩვენი ქვეყნისთვის და სტაბილურობისთვის კარგი არ იქნება,” – დასძენს ომარ ნიშნიანიძე.

კარის გაჯახუნება?

გამოიწვევს თუ არა “რესპუბლიკელების” მინისტრთა კაბინეტიდან გაშვება უფრო დიდ დაპირისპირებას, ნიშნიანიძე აცხადებს, რომ “რესპუბლიკელები” მაინცდამაინც არც ახლა აკლებენ “ქართულ ოცნებას” კრიტიკას და ცოტა მეტი იქნება თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. იმავე აზრზეა “მრეწველების” თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძეც, რომელიც აცხადებს, რომ ხიდაშელს ეს “თვითნებური გადაწყვეტილება” არ უნდა აპატიონ და მალე უნდა გაათავისუფლონ, თუმცა როდის შეიძლება ეს მოხდეს, ინფორმაცია არ აქვს.

ექსპრემიერ ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ორ კვირაში ხიდაშელის გათავისუფლება ისედაც გადაწყვეტილი იყო. ამიტომაც “რესპუბლიკელები” ახლა სიტუაციის ფორსირებას და სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ.

“ორ კვირაში ხიდაშელი ყველა შემთხვევაში მიდიოდა, ეს ყველამ იცოდა. მთავარია ის, რომ “რესპუბლიკელები” თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ბოროტად იყენებენ მინისტრის პორტფელებს. ეს გვაჩვენა სწორედ ხიდაშელმა, რომელმაც ყველანაირი სუბორდინაცია დაარღვია და ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო შუა გაწვევის დროს,” – ამბობს ხუხაშვილი და ხიდაშელის ნაბიჯს მხოლოდ ვიწრო პარტიულ ინტერესებად ნათლავს. ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი, კარების გაჯახუნების მცდელობა მაქსიმალური დივიდენდის მიღების ფონზე. ანუ, წვევანდელების მშობლების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. “რესპუბლიკურ პარტიას” ახალი პოლიტიკური სტარტისთვის ამომრჩეველთა რაღაც სეგმენტის პოვნა, ან სოციალური ჯგუფის პოვნა სჭირდება. ამიტომაც რაც შეიძლება ხმამაღლა უნდა გაიჯახუნონ კარები, რომ რაღაცნაირად გაემიჯნონ “ქართულ ოცნებას”.

“ერთი მხრივ, თინა ხიდაშელი თანამდებობიდან ცალსახად გასათავისუფლებელია, მაგრამ ვარშავის სამიტის წინ ამის გაკეთებამ გარკვეული უხერხულობა შეიძლება შექმნას. ეს კარგად იციან თინა ხიდაშელმა და “რესუბლიკურმა პარტიამ” და ზუსტადაც სიტუაციის ფორსირებას ახდენენ, პრემიერის პროვოცირებას ახდენენ. თუ მას ახლა გაათავისუფლებენ, ამით ორი ამოცანა აქვთ: პირველი, რომ ვარშავის სამიტის შედარებით წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა თავიდან აიცილონ და სხვას გადააბრალონ და მეორე – პოლიტიკურ დუელში შევიდნენ “ქართულ ოცნებასთან”. ამდენად, ხიდაშელის ეგ გადაწყვეტილება წმინდა წყლის პოლიტიკა იყო,” – ამბობს ხუხაშვილი და დასძენს, რომ “რესპუბლიკელების” მინისტრთა კაბინეტში დატოვება კვირიკაშვილის ძალიან სუსტი გადაწყვეტილება იყო.

რეზონანსი“, 28 ივნისი, 2016 წელი

კობა კობალაძე თავდაცვის მინისტრად მის შესაძლო დანიშვნას უარყოფს

თიკო ოსმანოვა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე თავდაცვის მინისტრად მის დანიშვნას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, მას ამ საკითხზე შეთავაზებაც არ ჰქონია. “მე მაქვს ჩემი არეალი, მაკისრია პასუხისმგებლობა და ჩემს საქმეს ვაკეთებ. ხვალ და ზეგ რა იქნება, მაშინ ვისაუბროთ. დღეს რაც მაქვს – ეს მაქვს”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას კობა კობალაძე.

აღსანიშნავია, რომ კობა კობალაძე მესამე თვეა, რაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პოსტზე დაინიშნა. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში იგი სამხედრო საქმეებით უფრო იყო დაკავებული, ვიდრე ვეტერანებთან დაკავშირებული საკითხებით. აქტიურად ჩნდებოდა პოლიგონებზე, სამხედრო წვრთნების დაწყებისა და დასრულების ცერემონიალებზე. უფრო მეტიც, სამი თვის განმავლობაში მას საზღვარგარეთ არც ერთი მივლინება არ ჰქონია ვეტერანებთან დაკავშირებით, ხოლო ივნისის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად, ავღანეთს ეწვია და “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მყოფ ჯარისკაცებს ქართულ-ავღანური ლექსიკონები ჩაუტანა.

სააგენტო “ექსპრესნიუსის” ინფორმაციით, აღნიშნული ლექსიკონის დაბეჭდვა თვითონ შეუკვეთა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით 1000 ცალი წიგნი დაბეჭდა.

ინიშნება თუ არა თავდაცვის მინისტრად კობა კობალაძე და მიიღო თუ არა შეთავაზება, “რეზონანსი” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძეს ესაუბრა.

კობა კობალაძე: არა, აბსურდია. მსგავსი არაფერი გამიგია.

- შეთავაზება თუ იყო?

- არა. არაფერი არ ყოფილა, საიდან მოიტანეთ?!

- იმ შემთხვევაში, თუ იქნება შეთავაზება, დათანხმდებით თუ არა ამ პოსტს?

- მე მაქვს ჩემი არეალი, მაკისრია პასუხისმგებლობა და ჩემს საქმეს ვაკეთებ. ხვალ და ზეგ რა იქნება, მაშინ ვისაუბროთ. დღეს რაც მაქვს – ეს მაქვს.

- თუმცა, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის თანამდებობიდან წასვლა გადაწყვეტილია – სავარაუდოდ, იგი პოსტს დაახლოებით ორ კვირაში, ნატოს ვარშავის სამიტის შემდეგ დატოვებს…

- არ ვიცი. ჩემი პოზიცია გაინტერესებდათ და გითხარით. დანარჩენი რაზე ვისაუბრო?!

რეზონანსი“, 28 ივნისი, 2016 წელი

ლარის კურსი – ხელისუფლება სამარეს ითხრის!

“შეიქმნება ისეთი საზოგადოებრივი აზრი, როდესაც მთავრობა თავს ვეღარ გაიმართლებს”

ელზა წიკლაური

ეროვნული ვალუტის დევალვაციამ და ამ საკითხზე მთავრობის წევრების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა, შესაძლოა, “ქართული ოცნების” რეიტინგზე ძალიან ცუდად იმოქმედოს. იმის გამო, რომ ლარის კურსი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი თემაა, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ლარის ვარდნას საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების ნდობაც ფეხდაფეხ მიჰყვეს. იმ შემთხვევაში, თუ ლარმა გაუფასურება გააგრძელა, რასაც თავისთავად ინფლაცია მოჰყვება, ოქტომბრის არჩევნებს “ოცნება”, სავარაუდოდ, ერთიორად შემცირებული მხარდამჭერით შეხვდება.

ძლივს გამყარებული ლარი უკვე რამდენიმე დღეა ზედიზედ უფასურდება. თუ ათიოდე დღის წინ ერთი დოლარი 2,12 ლარი ღირდა, დღეს ლარი დოლარის მიმართ უკვე 2,36-ის ნიშნულზეა. გამყარებისას მთავრობაში ამბობდნენ, რომ პროცესი გაგრძელდება და დამაიმედელ პროგნოზსაც აკეთებდნენ. მას შემდეგ, რაც ლარის კურსმა ვარდნა დაიწყო, ხელისუფლების წევრებს განმარტება აღარ გაუკეთებიათ, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე კომენტარი მხოლოდ მაშინ გაკეთდა, როდესაც “ბრექსიტის” შედეგები გამოქვეყნდა და ბრიტანული ფუნტი გაუფასურდა. ამ დროს მთავრობამ ლარის გაუფასურების მიზეზად სწორედ ბრიტანეთის ამბები მოიყვანა.

ხალხს კი ლარზე ბრიტანული გავლენის ნაკლებად სჯერა და პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. ნებისმიერ სტატიას, რომელიც ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე იწერება, სოციალურ ქსელსა თუ საინფორმაციო საშუალების ვებ-გვერდზე უამრავი შეფასება მოჰყვება. აბსოლუტური უმრავლესობა ლარის ვარდნაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მთავრობის საყვარელ ფრაზას – “გარე შოკებს” – ყურით მოთრეულს უწოდებს.

“რა დროს გარე შოკია, ხელისულება ვერ აკეთებს საქმეს და სახლში უნდა წავიდეს”, “მალე მოვა ოქტომბერი…”, “ასეთი კურსით უნდა “ოცნებას” ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება?” – ამგვარ ფრაზებს ლართან დაკავშირებით დაწერილი სტატიების კომენტირებისას ხშირად წაიკითხავთ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობისთვის ეროვნული ვალუტის კურსი ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური საკითხია და ლარის არასტაბილურობაში დამნაშავედ ხელისუფლება მიაჩნიათ, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკთან ერთად.

იმ შემთხვევაში, თუ ლარმა დაღმასვლა გააგრძელა, ეს “ქართული ოცნების” რეიტინგზე აუცილებლად აისახება. ამას ეკონომისტები და მარკეტელოგები პირდაპირ მიუთითებენ.

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილის თქმით, ლარის თემა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული. ეროვნული ვალუტის ხან გაუფასურება, ხან კი გამყარება საზოგადოებაში არასტაბილურობის განცდას ტოვებს.

“ლარის გაუფასურების მიზეზებთან დაკავშირებით ეკონომისტების და მთავრობის წევრების განმარტება ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. ხშირად ექსპერტები მიზეზად შიდა სიტუაციას ასახელებენ და გარე ფაქტორებს ნაკლებად მნიშვნელოვანს უწოდებენ. მთავრობის წევრები კი, პირიქით, შიდა ფაქტორებს უმნიშვნელოს უწოდებენ და გარე ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას.

საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნეიტრალური მხარის, ანუ ექსპერტების შეფასებას. თუ ისინი იტყვიან, რომ ლარზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და საგარეო მოვლენები ნაკლებად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, შეიქმნება ისეთი საზოგადოებრივი აზრი, სადაც დამნაშავე მთავრობა იქნება. ეს კი იქონიებს გავლენას გადაწყვეტილების მიღებაზეც, არჩევნებზეც და ზოგადად საზოგადოებრივი აზრის მართვაზეც”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” პირმისაშვილმა.

თუკი დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომისტები ლარის კურსის ირგვლივ ხელისუფლების ბრალეულობაზე ისაუბრებენ, ჩამოყალიბდება ისეთი საზოგადოებრივი აზრი, რომელიც უარყოფით გავლენას მოახდენს ხელისუფლებასა და მათ რეიტინგზე: “იმ შემთხვევაში თუ არ შეიქმნა ასეთი აზრი და ხალხი იფიქრებს, რომ ყველაფერი გარე ფაქტორებს უკავშირდება, მაშინ რეიტინგზე გავლენას ეს ვერ მოახდენს.

დღეს უამრავ ადამიანს აქვს სესხი დოლარში, მათთვის ძალიან მტკივნეულია ლარის კურსის ვარდნა და ისინი ხელისუფლების მიმართ უფრო კრიტიკულად არიან განწყობილნი. ასეთი ადამიანები ბევრი არიან. თუ მათ პოზიციას ექსპერტების შეფასებაც დაემატა, ჩამოყალიბდება საზოგადოებრივი აზრი და მთავრობა თავს ვეღარ გაიმართლებს”, – განაცხადა პირმისაშვილმა.

ლარის გაუფასურება კარგი არ არის. ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობისთვის მთავარი ინდიკატორი მაცივარი და ფასებია, – აცხადებს ეკონომისტი გია ხუხაშვილი. ადამიანებისთვის, ვისაც სამსახური არ აქვს, მნიშვნელოვანი არა დევალვაცია, არამედ ინფლაციაა.

“რაც შეეხება კურსის თამაშს. ეს, პირველ რიგში, ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ გვაქვს ეკონომიკა და ასეთ სიტუაციაში გარე ფაქტორები განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს. ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, იმპორტირებულს ვჭამთ და ადამიანებს ვასაქმებთ არა საქართველოში, არამედ უცხოეთში. ამ დროს ჩვენ უნდა შევიძინოთ მყარ ვალუტაში პროდუქტი და ფული უნდა მივიღოთ ბირჟიდან. შესაბამისად, ხდება ვალუტაზე დაწოლა და მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი განსაზღვრავს კურსს. რატომ ვარდება კურსი? იმიტომ, რომ ვალუტაზე მოთხოვნა უფრო დიდია, ვიდრე მიწოდება.

ამ პრობლემის გადალახვის მექანიზმი არის ერთადერი – უნდა გვქონდეს საკუთარი წარმოება, უნდა ვიყოთ რაც შეიძლება თვითკმარი და ამით არა მარტო ვალუტის კურსს დავაზღვევთ, არამედ ინფლაციურ პროცესებსაც. ეს არის ერთადერთი გარანტია სტაბილური ვალუტის”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

იმ შემთხვევაში, თუ ლარმა დევალვაცია გააგრძელა, ცხადია, ეს ინფლაციურ პროცესებზეც ჰპოვებს ასახვას.

“თუ ფასების ზრდა მოხდა, ეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზეც აისახება. დღეს საშუალო ქართველი ცხოვრობს ფიზიკური გადარჩენის ზღვარზე და ნებისმიერი ასეთი პროცესი, ბუნებრივია, სოციალურ რისკს კიდევ უფრო ზრდის. სოციალური რისკის გაზრდა კი თავისთავად ნიშნავს ხელისუფლების რეიტინგის ვარდნას”, – დასძინა ხუხაშვილმა.

ეკონომისტ სოსო ცისკარიშვილის თქმით, “ქართული ოცნების” რეიტინგს ვარდნა არ აკლია და ლარის გამყარების შემთხვევაში, მისი ზრდა ვერ მოხდება. ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი ახლა ისაა, რომ სებ-ის პრეზიდენტი ქადაგიძე აღარაა და საკუთარ რიგებში დამნაშავეს ვერ გამოამჟღავნებენ.

“როდესაც ლარზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვნახოთ, თუ რამ გამოიწვია ერთის მხრივ ლარის გამყარება და მეორე მხრივ, მისი ისევ გაუფასურება. საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება განსხვავებული მიდგომა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ეკონომისტი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ორიგინალურ მიდგომას გვთავაზობდა, თუ რატომ მყარდებოდა ლარი. ის ამბობდა, რომ ივნისში ლარის გამყარების მიზეზი იყო ბიძინა ივანიშვილის რეზონანსული აქტიურობა. მეორე ანალიტიკოსი, მომავალი პარლამენტარი კი გვამცნობდა, რომ ივნისის მეორე ნახევარში ლარის დევალვაციის მიზეზი კერძო კომპანიების მიერ საგარეო ვალის დაფარვის შედეგად იყო გამოწვეულია. მისი აზრით, ეს იქნება მოკლევადიანი გაუფასურება. რა მოხდება და რომლის აზრი გამართლდება, ივლისის დასაწყისში ვნახათ.

რაც შეეხება რეიტინგს, დღეს “ქართული ოცნებისთვის” ის პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან მათ სრული მოცულობით აითვისეს “ნაციონალური მოძრაობისგან” ნაანდერძევი მანკიერი საარჩევნო ხრიკები”, – დასძინა ცისკარიშვილმა.

ლარის კურსის ცვალებადობასთან საგულისხმოა კიდევ ერთი მომენტი, რაზეც ჩვენ უკვე ვწერდით. კერძოდ, მარტში, პირველი კვარტალის მიწურულს ეროვნული ვალუტა რამდენიმე პუნქტით დაეცა. ახლა მეორე კვარტალი იწურება და ლარის ისევ უფასურდება. ეს, ერთი მხრივ, მიანიშნებს იმაზე, რომ ყოველი კვარტალის ბოლოს ფინანსურ სექტორს უცხოურ ვალუტაში ვალდებულების გასტუმრების პერიოდი უდგება და დიდი ოდენობით დოლარის შესყიდვას ახორციელებს. მესამე კვარტალის ბოლო სექტემბერში უწევს და გამორიცხული არაა, რომ ლარმა მორიგი ვარდნა სწორედ წინასაარჩევნოდ განიცადოს. ეს კი ცხადია, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე დიდ გავლენას მოახდენს. როგორ გამოძვრება ამ ყველაფრიდან ხელისუფლება, ძალიან ძნელი სათქმელია.

რეზონანსი“, 28 ივნისი, 2016 წელი

შეცდომები, რომელმაც სავალუტო კრახი გამოიწვია

უკვე არა მხოლოდ ხალხი, ბიზნესიც პანიკაშია

მარი ჩიტაია

ლარის გაუფასურებას სპეციალისტები ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკას უკავშირებენ. მართალია, სხვადასხვა უწყების, პოლიტიკური წრეებისა და ექსპერტების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები ისმის, მაგრამ მათი უმრავლესობა ერთსულოვანია იმაში, რომ სებ-მა შეცდომა დაუშვა და მოსალოდნელი რისკი სწორად ვერ გათვალა.

არგუმენტები ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით ხანდახან კომპეტენტური უწყებების თუ ექსპერტების მხრიდან იმდენად უსუსურია, რომ გაოცებას იწვევს. მთავრობის ეკონომიკური გუნდი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ლარის არანორმალური გაუფასურება დიდი ბრატანეთის ფაქტორს უკავშირდება. არასამთავრობო სექტორი ხელს მასმედიის ზოგიერთი წარმომადგენლისკენ იშვერს და ამბობს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ჯგუფებმა (ზოგიერთმა ექსპერტმა და ჟურნალისტმა) საზოგადოებაში თავიდანვე არასწორი მოლოდინი შექმნეს. საბოლოოდ, ყველა მოსაზრება მაინც იქითკენ მიდის, რომ კურსი დასტაბილურდება და ნეგატიური მოლოდინი გაივლის.

“საქართველოში საგარეო სექტორის კორექციის გამო, ლარს გამყარების ტენდენცია აქვს, თუმცა ოპტიმისტური მოლოდინის გამო ლარი იმაზე მეტად იყო გამყარებული, ვიდრე იმ მომენტისათვის არსებული ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებდა, რასაც, ბუნებრივია, კორექცია მოჰყვა”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა.

“დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებმა საერთაშორისო ბაზრებზე გამოიწვია სავალუტო კურსების ცვლილება და მათ შორის, მოლოდინის არხით გავლენა იქონია ლარის კურსზე. გასათვალისწინებელია, რომ მცურავი კურსის პირობებში კურსის გაუფასურებას აუცილებლად გამყარება მოჰყვება”, – დასძინა მესტვირიშვილმა.

ოფიციალურმა პირებმა რა განცხადებებიც უნდა გააკეთონ, ხალხს სჭირდება ახსნა, თუ რა ხდება სინამდვილეში და რატომ უფასურდება ეროვნული ვალუტა, როცა კურსს გეზი სტაბილურობისკენ ეჭირა. მით უმეტეს, ამ გზაზე ეროვნული ვალუტისთვის შემაფერხებელი, თვალსაჩინო მიზეზი ნამდვილად არ ყოფილა.

“ბიზნეს-რეზონანსი” დაინტერესდა იმით, თუ ვინ არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში დამნაშავე და რა იწვევს კურსის მყისიერ ცვლილებას

მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ, ყოველ შემთხვევაში, ღიად არ აფიქსირებენ. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ დამნაშავე ეროვნული ბანკია, რომელმაც მონეტარული პოლიტიკა არასწორად წარმართა. მართალია, ამასთან დაკავშირებით სებ-ში კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ ჩვენთან პირად საუბარში არც პასუხისმგებლობას იხსნიან.

სპეციალისტების შეფასებით, ეროვნული ბანკი ვერ ახდენს სწრაფ და გონივრულ რეგულირებას სავალუტო კურსზე, რაც ამ უწყების უდიდესი პრობლემაა. საბანკო სფეროს სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ფიქრობს, რომ კურსის 10%-იანი რყევა არის საკმაოდ დიდი ცვლილება, რაც არ უნდა დაეშვათ.

“ეროვნული ვალუტის ასეთ გაუფასურებას ბოლო პერიოდში არავინ ელოდა. ახლა ყველა ექსპერტი და ეროვნული ბანკიც კი, მკითხაობს, რა გახდა მიზეზი. არა მგონია, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს ემოქმედა, ეს ფაქტორი ასე სწრაფად არ ახდენს ზემოქმედებას. გავლენას დიდად ვერ მოახდენდა ფულის მასა, რაც ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში გაუშვა.

აქ სხვა მომენტია, რისი პროგნოზირებაც სებ-თვის საკმაოდ რთულია. საქმე ისაა, რომ ამ უწყების ფუნქციებში ზუსტად შედის ლარის კურსის გარკვეულ დიაპაზონში შენარჩუნება. წესით, კურსი სტაბილურია მაშინ, როცა გარკვეულ დიაპაზონში მოქცეულია, ანუ ტრენდი არ არის ერთ რომელიმე მხარეს და არც მკვეთრი რყევა ახასიათებს. 10%-იანი რყევა არის საკმაოდ დიდი ცვლილება. ასეთ შემთხვევაში, ეს არის ეროვნული ბანკის ბრალი, რადგან მას არ გააჩნია საბაზრო მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს ვალუტის კურსის სწრაფ და ეფექტურ რეგულირებას”, – აცხადებს ხომიზურაშვილი.

მისი შეფასებით, სებ-ს დიდი პრობლემა აქვს მაშინაც, როცა საქმე რისკის მართვას უკავშირდება.

“ეროვნულ ბანკს არ გააჩნია ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული მეორადი ბაზარი, სადაც შეუძლია სწრაფად მოახდინოს ფულადი მასის დოზირება ეკონომიკაში. ამასაც ვერ იყენებს იგი, რაც ასევე სებ-ის ბრალია. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ბანკთაშორის სესხების გაცემას, რომელიც გროვდება საბანკო სისტემაში და პირდაპირ მიემართება სავალუტო ბაზარზე, სჭირდებათ თუ არა. ეს ყველაფერი განაპირობებს ინფლაციური მოლოდინის წარმოქმნას (ამ შემთხვევაში, ლარის დევალვაციის მოლოდინს).

ეკონომიკის მინისტრის რეკომენდაცია, როდესაც დაგჭირდებათ იყიდეთ ვალუტა და როცა დაგჭირდებათ, გაყიდეთო, სინამდვილეში საპირისპირო ეფექტს მოიტანს. უკვე არა მხოლოდ ხალხი, ბიზნესიც პანიკაშია. სებ-ის მხრიდან ამ ბოლო პერიოდში არც ერთი საფუძვლიანი კომენტარი არ მოგვისმენია, რაც ეჭვს ბადებს. ვფიქრობ, მას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეშვა ასეთი მკვეთრი ცვლილება სავალუტო ბაზარზე. ეს დიდი შეცდომაა და ამ კონკრეტული მომენტისთვის პასუხისმგებელია მხოლოდ ეროვნილი ბანკი”, – აცხადებს ხომიზურაშვილი.

ეროვნული ბანკისა და მთავრობის წარმომადგენელთა პოზიცია საზოგადოებისთვის გაუგებარია, რაც მათ მიმართ უნდობლობას აღრმავებს. ექსპერტების განცხადებით, კომპეტენტური უწყებების მხრიდან გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და კარგად გასაგები, რომ კურსის გამო ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინი არ შეიქმნას.

ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე ფიქრობს, რომ ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რაც საბოლოოდ კურსზე აისახა. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა არ არის საგანგაშო და უახლოეს მომავალში ლარი გეზს გამყარებისკენ აიღებს.

“სავალუტო კურსის თემა ცალსახად არის ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის საკითხი. ამიტომ მან უნდა დაარეგულიროს კურსი, რადგან ფლობს ყველა იმ ინსტრუმნენტ, რითაც შეუძლია ზემოქმედება. თუ საქართველოს მთავრობა არ ახდენს დეფიციტურ ხარჯვას, მაშინ კურსთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა სებ-ს აკისრია. ჩემი აზრით, მოკლევადიან ცვლილებას. ამ შემთხვევაში სებ-მა უნდა გამოიყენოს მექანიზმი, რომ არ შექმნას როგორც გაუფასურების, ასევე გამყარების მოლოდინი. ორივე ერთად საზიანოა”, – აცხადებს თუთბერიძე და დასძენს, რომ კურსის აღმა-დაღმა ცვლილება ადასტურებს ეროვნული ბანკის შეცდომებს.

“მნიშვნელოვანია, მოსახლეობას აუხსნან გასაგებად, თუ რა ხდება სავალუტო ბაზარზე. ცოტა იჩქარა ეროვნულმა ბანკმა, როცა საპროცენტო განაკვეთები დაწია. ჯობდა, ჯერჯერობით არ შეხებოდა მას. მეორეც, ამდენი ლარის მიმოქცევაში გამოშვება თავისთავად არ იყო სწორი”, – დასძენს ექსპერტი.

კომპეტენტური უწყებების მხრიდან ზოგადი კომენტარების გაკეთება ცოტა არ იყოს უხერხულია, როცა ხალხი მკაფიო განმარტებას ელოდება. როცა ხალხის დიდ ნაწილს ვალი ახრჩობს, იმპორტიორები ფასებს ზრდიან, ბიზნესში გაურკვევლობაა, არ შეიძლება, არავინ არაფერზე არ იყოს პასუხისმგებელი…

————————

„ახალი თაობა“, 28 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „არჩევნების წინენსიების მატება სპეკულაციაა“

ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საპენსიო რეფორმაზე „ახალ თაობას“ ქართული დასის ლიდერი, ჯონდი ბაღათურია ესაუბრება.

- ბატონო ჯონდი, ხელისუფლება პენსიების მატებას გეგმავს. თქვენი პარტია აქტიურად მუშაობდა საპენსიო რეფორმაზე. რამდენად გაიზიარა ხელისუფლებამ თქვენი ვარიანტი თუ რაიმე ახალ პროექტს სთავაზობს საზოგადოებას?

- ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიმუშავეთ საპენსიო რეფორმაზე და უკვე კარგა ხანია ვლობირებთ საპენსიო რეფორმას. რაც შეეხება მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს და არის თუ არა ეს ქართული დასის მიერ შეთავაზებული რეფორმის ნაწილი მაინც, მინდა გითხრათ, რომ არა.

- ანუ ხელისუფლება ახალ რეფორმაზე საუბრობს?

- ჩვენ ვარ ერთადერთი ძალა, რომელმაც საპენსიო რეფორმის შესახებ კანონი შევქმენით. ქართული დასის მიერ შეთავაზებული საპენსიო რეფორმის პროექტი მთავრობას და საზოგადოებას სთავაზობს პენსიის გაანგარიშების სამართლიან ფორმულას. ამ პროექტის დამტკიცების შემდეგ იარსებებს ფორმულა, რომლის მიხედვითაც იქნება გაანგარიშებული ნებისმიერი ადამიანის პენსია და ასეთი სპეკულაციებისგან არჩევნების წინ, რომ 10 ლარით ან 15 ლარით გავზარდოთ პენსიები, დაცული ვიქნებით. იარსებებს ფორმულა, რომლის მიხედვითაც იქნება გაანგარიშებული თითოეული ადამიანის ინდივიდუალური პენსია!

- ეს არის სპეკულაცია არჩევნების წინ?

- ყველა არჩევნების წინ, თითქმის ყველა ხელისუფლება და თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია იწყებს სპეკულაციას სოციალურ თემებზე და მერე ეს აღარ ახსენდება არავის. ჩვენ მთელი ოთხი წლის განმავლობაში ვლობირებდით საპენსიო რეფორმას. მოსალოდნელი იყო, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლება ამ სპეკულაციაზე წავიდოდა.

- რითი განსხვავდება თქვენი რეფორმა ხელისუფლების შემოთავაზებულისგან?

- ხელისუფლების შეთავაზება პირდაპირ კავშირშია მოახლოებულ არჩევნებთან. ის ჩვენ რეფორმას არ დაეთანხმა, რომლის მიხედვით, საშუალო პენსია 270 ლარი გახდებოდა, ზოგიერთი პენსიონერის პენსია კი 300 ლარზე მაღალიც იქნებოდა. ჩვენი რეფორმის მიხედვით, დგინდება პენსიის დაანგარიშების ფორმულა, რომლის მიხედვით, პენსია უდრის საარსებო მინიმუმს, დამატებული სამუშაო სტაჟი, გამრავლებული 2 ლარზე. ჩვენ ვადგენთ საარსებო მინიმუმს, რომელიც არის მინიმუმ 215 ლარი და ამ 215 ლარზე ემატება პენსიონერის ნამუშევარი სტაჟი, გამრავლებული 2 ლარზე. ხოლო ვისაც საერთოდ არ უმუშავია, ის მიიღებს საარსებო მინიმუმს 215 ლარის ოდენობით.

- საუბარი მიდის პენსიის მატებაზე, ამ დროს ლარმა სერიოზული რყევა დაიწყო. გვესმის შეფასებები, რომ ეს ხელოვნური პროცესია, რომ შემდეგ გადაიფაროს გაწეული ხარჯები. რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

- პირადად მე პენსიის მატებას და ლარის კურსის ვარდნას ერთმანეთთან ვერ დავაკავშირებდი. თუმცა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ მთავრობის წევრების პოზიციას, რომლებიც ლარის კურსის ვარდნას რაღაცნაირად აკავშირებენ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლაზე.

- ანუ ეს გარე ფაქტორი არაფერ შუაშია?

- არა. ჩვენი ეკონომიკა არ არის მიბმული ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაზე. ჩვენთან ლარის კურსს იჭერს არა ჩვენ მიერ განხორციელებული ექსპორტი, არამედ ლარის ემიგრაციაში წასული ქართველების მიერ საქართველოში გადმორიცხული ფული. გარდა ამისა, მეორე წყარო, რომელიც საქართველოს გააჩნია ვალუტის შემოსადინებლად და ამ უარყოფითი ბალანსის ნაწილობრივ დასაბალანსებლად, არის ტურიზმი.

- სწორედ რომ ტურისტული სეზონია და რატომ დაიწყო ამ პერიოდში ლარის გაუფასურება, იმის მაგივრად, რომ გამყარებულიყო?

- ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ სრულიად არაადეკვატურია ლარის კურსის ახლა ვარდნა, იმიტომ, რომ პირიქით, ახლა უნდა დაწყებულიყო ლარის გამყარება და რატომ…

- რატომ?

- თქვენ იცით, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის გამო, თურქეთმა დაკარგა 4 მილიონი ტურისტი, ანუ 11 მილიარდი დოლარი. დღეს ტუროპერატორებმა ძალიან დიდი ნაწილი ტურისტებისა გადმოამისამართეს საქართველოზე. თვეზე მეტია, ჩვენს სასტუმროებში ადგილები ძნელად მოიპოვება. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამას ხარვეზი აქვს.

- რა ხარვეზი?

- ჩვენი ინფრასტრუქტურა არ აღმოჩნდა მზად, რომ მიგვეღო უფრო მეტი ტურისტი, ეს მთავრობის მუშაობის ხარვეზია. ძალიან მარტივი გასათვლელი იყო, რომ წელს ჩვენთან ტურისტების ბუმი იქნებოდა.

- რატომ ვერ გათვალეს? ან რატომ არ იყვნენ ამისთვის მზად?

- როგორც ჩანს, არ მუშაობენ ანალიტიკური სამსახურები და ერთგვარი კოორდინაცია სხვადასხვა დარგობრივ უწყებებს შორის არ არსებობს. ეს არის ეკონომიკური გუნდის მუშაობის შეცდომა, რომ არ მოხდა ამის გათვალისწინება. ხომ უნდა გააუმჯობესონ ინფრასტრუქტურა?!

- საუბრობთ, რომ შემოვიდნენ ტურისტები, რომ სასტუმროებში ტევა არ არის. თუმცა ლარი გაუფასურდა, რატომ? რა მოხდა?

_ ჩნდება შეკითხვა, ვინმე ხომ არ აკეთებს ახლა ფულს?! ხომ არ ხდება ბირჟის სპეკულაცია. ბირჟის სპეკულანტები კი საქართველოში კარგა ხანია გაჩნდნენ. თუ ახლა ამით დაკავებულია მთელი საბანკო სისტემა, ასეთი ბირჟის სპეკულაციას ვერ განახორციელებენ ბანკები ეროვნული ბანკის გარეშე.

- ადრე ლარის გაუფასურებას ირაკლი ქადაგიძეს აბრალებდნენ. დღეს ვისი ბრალია?

- მე ნაწილობრივ ვიზიარებ ამ ფორმულას, რომ ნაწილობრივ ქადაგიძე იყო ამაში დამნაშავე. ახლა დაბეჯითებით იმის მტკიცება, რომ ვიღაცა ფულს აკეთებს, ძალიან რთულია, მაგრამ, მეორე მხრივ, აბსოლუტურად გაუგებარია ლარის კურსის ასეთი კატასტროფული ვარდნა გაგანია ტურისტულ სეზონში.

„ახალი თაობა“, 28 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან: „ვერ გეტყვით, “ოცნების სიაში ვარ თუ არა”

პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპარლამენტო სიასა და თავის შანსებზე “ახალ თაობასთან“ საუბრობს.

- ცოტა ხნის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ საკმაოდ იმუშავეთ და იმსახურებთ, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ხონი-ვანის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდეთ...

_ ვთქვი, რომ ბევრი რამ გავაკეთე. მაქვს სურვილი, კენჭი ვიყარო ხონი-ვანის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნებიდან“, ვისთან ერთადაც 2012 წლიდან ვიღწვოდი. დღეს თვისობრივად სულ სხვა არჩევნები გვაქვს. არჩევნები ბევრად უფრო დაძაბული იქნება, რადგან ყველა პოლიტიკურ ძალას მიეცემა საშუალება, სრულად გამოაჩინოს თავისი შესაძლებლობები. ხალხს აღარ ხოცავენ, აღარ იტაცებენ, აღარ აშინებენ, რაც 2012 წლის არჩევნების მონაპოვარია. ნაციონალების დროს ორი არჩევანი იყო – ან ციხეში და ფიზიკური ანგარიშსწორება, ან მათი მხარდაჭერა. ამ არჩევნებში კი ყველას მიეცემა საშუალება, თავისი ნება გამოხატოს.

- ქართული ოცნების სიაში ვინ იქნებიან?

- სიაში იქნებიან ისეთები, რომლებიც არიან ცნობადები, ვისაც ხალხი იცნობს დადებითი კუთხით, ეროვნული სულისკვეთების არიან, არასოდეს ჩირგვებში არ ყოფილან და ყოველთვის აფიქსირებდნენ თავის პოზიციას. ასეთად მოვიაზრებ ჩემს თავს.

- ანუ თავს ეროვნულად მოაზროვნედ მიიჩნევთ?

- რა თქმა უნდა, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, ჩემი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ნაბიჯი არ გადამიდგამს. ვაპირებ, ასე გავაგრძელო პოლიტიკური საქმიანობა.

- არჩევნების გართულება საარჩევნო ოლქების სტრუქტურის შეცვლამაც ხომ არ გამოიწვია?

- რა თქმა უნდა, ეს თვისობრივად ცვლის არჩევნების ანატომიას. ევროსაბჭოს რეკომენდაციისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩვენ მოვახდინეთ ოლქების გამსხვილება. მანდატების წონა გათანაბრდა. ვანისა და ხონის ოლქში დიდი შანსი მაქვს, გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება.

- ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტში გამარჯვება არ გაგიჭირდებათ?

- 2012 წელს შეცდომა იქნა დაშვებული, რომ ვანში სხვა დასახელდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. მის პიროვნულ თვისებებს არ ვეხები, მაგრამ პოლიტიკური რესურსი აშკარად არ იყო საკმარისი იმ დაძაბული არჩევნების დროს. სამწუხაროდ, მაჟორიტარული არჩევნები ვანში წავაგეთ. 2016 წელს ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება და უფლება, ანალოგიური დავუშვათ. მაშინ, სამწუხაროდ, „ოცნებამ“ სამ ათეულ ოლქში წააგო არჩევნები.

- ვანში გასაგებია, მაგრამ ხონში არ გაგიჭირდებათ არჩევნების მოგება?

- პოლიტიკოსი, რომელიც ჩაკეტილია კონკრეტულ რეგიონში, არა მგონია, პოლიტიკოსი იყოს.

- თქვენ არ ხართ ჩაკეტილი პოლიტიკოსი...

- მგონი, თქვენთვის არ უნდა იყოს ეს ახალი ამბავი. ცნობადობის პრობლემა არ მაქვს. ვფიქრობ, ჩემი განვლილი გზა, ხელისუფლებასთან ერთად, მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ხონში ცნობადობის კუთხით პრობლემა არ მაქვს.

- კალაძემ განაცხადა, რომ ოცნების საარჩევნო სიები, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული, შეჯერებულია. შეგიძლიათ გაგვიმხილოთ, რომ თქვენ იმ სიებში ხართ?

- ამას ვერ გაგიმხელთ. წინა არჩევნების დროს ყველა საკითხი კოალიციურ რეჟიმში რთულად წყდებოდა. დღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დამოუკიდებლად გავდივართ არჩევნებში და ეს საკითხი სხვა სუბიექტებთან შესათანხმებელი არ არის.

- თვითონ პარტიის შიგნით კონკურენტები გყავდათ, რომლებიც შესაძლებელი იყო წარედგინათ ვანი-ხონის ოლქის მაჟორიტარად?

- არ გამიგია, ასეთი ვინმე ყოფილიყო. შეიძლება ჩემგან დამოუკიდებლად რაღაც შეხვედრები მიმდინარეობდა. კონსულტაციების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ შენ ამბობდი, რა გაგიკეთებია, დღეს როგორ ჩანს ეს საზოგადოებაში. ჩემი პოზიცია, სადაც საჭირო იყო, დავაფიქსირე. მათ შორის, წერილობით. აქედან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

- ოცნების მთავარი სტრატეგიული ხაზი რა არის, რომელსაც თქვენ ითვალისწინებთ?

- გვინდა ქვეყანა კიდევ უფრო განვავითაროთ, დემოკრატია დავამკვიდროთ. ევროლიბერალიზაცია და ევროკავშირში ინტეგრაცია. ბევრს სტკივა გული სამართლიანობის აღდგენაზე და კიდევ ბევრი საკითხია.

- საუბარი იყო იმაზე, რომ სამართლიანობის აღდგენას ხელს ოცნების” ნაციონალებთან კოაბიტაცია უშლიდა. ნაციონალებთან კოაბიტაცია უკვე წარსულია?

- პირველივე დღიდან კოაბიტაციის წინააღმდეგი ვიყავი. ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი საცეცების, რომლებსაც ნაციონალებიდან პორტირებულ დეპუტატებს ვეძახი. ის ადამიანები იმ ორგანიზაციის წევრები იყვნენ, რომელიც საშინელებებს ჩადიოდა ქვეყანაში, ის, ვინც განასახიერებდა ბოროტებას, გეგმავდა და ვინც აღასრულებდა.

თქვენი გაზეთით ერთი განცხადება მინდა გავაკეთო – როგორც შვილების მამისთვის, როგორც ქართველისთვის, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ხდება ბოლო დღეებში სასამართლო პროცესზე მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით. ეს პრობლემა ძალიან მაწუხებს. სახალხო დამცველსაც მივმართე, რეკომენდაციებს ხომ არ გასცემდა, რომ არ შეიძლება ასეთი ვანდალური აქტის გაპიარება. არ შეიძლება ყოველი საინფორმაციო გამოშვება იწყებოდეს და მთავრდებოდეს ამ თემით, როცა ბავშვები უყურებენ გადაცემებს.

ბავშვების საუბარს მოვკარი ყური, როცა ერთი ეკითხებოდა მეორეს: შეიძლება დედიკომ მოკლას შვილი? წარმოიდგინეთ, როგორი დამთრგუნველია. ეს უნდა დამთავრდეს. ასეთი სასამართლო პროცესები უნდა იყოს დახურული. ასეთი თემების საქვეყნოდ გამოტანა მოსახლეობას ფსიქოლოგიურ სტრესში აგდებს.

Comments are closed