globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 28 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 28th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“, 28 ივლისი, 2015 წელი

ომი საქართველოს მეზობლად

თურქეთი “ისლამურ სახელმწიფოსთან” საბრძოლველად ნატოს დახმარებას სთხოვს

თაკო მათეშვილი

(შემოკლებით)

თურქეთი, რომელსაც “ისლამურ სახელმწიფოსთან” და ქურთ სეპარატისტებთან ფაქტობრივად ომი აქვს გაჩაღებული, ნატოს დახმარებასა და მეოთხე მუხლის ამოქმედებას ითხოვს, რაც ალიანსის წევრი ქვეყნების საგანგებო სხდომას გულისხმობს. ექსპერტების შეფასებით, პრობლემა, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყანას აქვს, სერიოზულია და “ისლამურ სახელმწიფოს” კავკასიის სამომავლო მწვავე საფრთხედ განიხილავენ. რაც შეეხება ნატოს რეაგირებას, მათი აზრით, სხდომაზე თურქეთი ალიანსს სახმელეთო ოპერაციების დაწყებას სთხოვს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ ამ დახმარებას ვერ მიიღებს, რადგან წევრ ქვეყნებს შორის ამის წინააღმდეგი ბევრი იქნება.

მოგეხსენებათ, თურქეთში სიტუაცია მას შემდეგ დამძიმდა, რაც ქალაქ სურუჩში თვითმკველმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად კი თურქეთ-სირიის საზღვარზე შეტაკებების შედეგად თურქი ჯარისკაცი გარდაიცვალა. ამის შემდეგ ქვეყნის საჰაერო ძალები სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებს თავს დაესხნენ. როგორც იის წერს, ქვეყნის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით 590 მოქალაქე დააკავეს.

ოფიციალურმა ანკარამ იერიშები ერაყის ჩრდილოეთით ქურთი მებრძოლების ბანაკზეც მიიტანა. ავიაიერიშების შემდეგ ქურთთა მუშათა პარტია აცხადებს, რომ ოფიციალურ ანკარასთან ყოველგვარმა მორატორიუმმა აზრი დაკარგა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა 2013 წლის გაზაფხულის შემდეგ, როდესაც თურქეთმა ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა.

გუშინ კი, “ბიბისი”-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთი “ისლამური სახელმწიფოსა” და ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებების კოორდინაციის მიზნით, ნატოში საგანგებო სხდომის მოწვევის ინიციატივით გამოვიდა. მისივე ინფორმაციით, შეხვედრა ელჩების დონეზე ბრიუსელში დღეს უნდა გაიმართოს. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თურქეთმა ალიანსის ხელშეკრულების მეოთხე მუხლი გამოიყენა, რომელიც ნატოს წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, პარტნიორების საგანგებო სხდომა მოიწვიოს, თუ მის უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ემუქრება.

(…)

აღსანიშნავია, რომ ასეთი საკონსულტაციო შეხვედრა, ანკარის თხოვნით, ბრიუსელში 2012 წლის 26 მაისსაც გაიმართა, სირიის მიერ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ. თუმცა შეხვედრაზე არ განხილულა საკითხები, რომლებიც შეთანხმების მე-5 მუხლის ამოქმედებას კოლექტიური თავდაცვის მიზნით შეეხება.

დაახლოებით იგივე სცენარის განვითარებას ელოდებიან სამხედრო სპეციალისტები ამჯერადაც და ამბობენ, რომ თურქეთი ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაშია.

სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას თქმით, ეს არაოფიციალური ომია, რომელიც თურქეთმა ქურთების წინააღმდეგ დაიწყო იმ კონკრეტული ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც სეპარატიზმს აღვივებს. ასევე, თურქეთმა ისლამური ხალიფატის წინააღმდეგაც გაილაშქრა, რაც თურქეთის ტერიტორიაზე ორი მძიმე ტერაქტის მოწყობამ განაპირობა. ტერაქტების უკან “ისლამური ხალიფატის” წარმომადგენლები იდგნენ. შესაბამისად, მაისაიას თქმით, სიტუაცია საკმაოდ რთულია.

ნატოს საგანგებო სხდომაზე თურქეთი, მისი აზრით, სახმელეთო ოპერაციის დაწყებას მოითხოვს. თუმცა, ეჭვი ეპარება, ალიანსი ამისათვის მზად იყოს და 28 ქვეყანას შორის ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა მოხერხდეს.

“სადავო საკითხია – რამდენადაა ნატო მზად სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად. ამერიკა და დიდი ბრიტანეთი, რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ, მაგრამ სხვა ქვეყნებზე რა გითხრათ. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამის წინააღმდეგ გაილაშქრებს. მაგალითად, გერმანია, ბენილუქსის ქვეყნები, ესპანეთი და ა.შ.

“მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა მოკავშირეობის ვალი შეასრულა და აშშ-ს უფლება მისცა, მისი სამხედრო ბაზა გამოიყენოს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტი იყო. თურქეთი საკმაო ხნის გამავლობაში არ აძლევდა ამერიკულ მხარეს იმის საშუალებას, რომ ეს ბაზა “ისლამური ხალიფატის” ბაზებისა და კომუნიკაციების დასაბომბად გამოეყენებინა.

“არაერთხელ ვნახეთ, რომ ნატო არ აღმოჩნდა მზად ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. მაგალითად, 2003 წელს, როცა საფრთხე ერაყიდან იყო. მაშინ ალიანსმა საკმაოდ არაერთგვაროვანი პოზიცია გამოიჩინა. ხანგრძლივი დებატების შემდეგ კი განალაგეს “პატრიოტის” ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღებას მხარი რამდენიმე ქვეყანამ არ დაუჭირა. ასე რომ, ეჭვი მეპარება, ამ ეტაპზე თურქეთის მოთხოვნას ალიანსმა მხარი დაუჭიროს”, – ამბობს მაისაია და დასძენს, რომ ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები სახმელეთო დარტყმებისათვის მზად არ არიან.

სამხედრო ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ პრობლემები, რაც ამჟამად თურქეთშია, საქართველოსთან პირდაპირ შეხებაში არაა, თუმცა, მისი თქმით, თუკი ხალიფატი კავკასიაში გააქტიურდა და ომი დაიწყო, იგი ყველას წინააღმდეგ იქნება.

მე-5 მუხლის ამოქმედებას არც ექსპერტი კავკასიის საკითხებში ალექსანდრე კვახაძე ელის და ამბობს, რომ “ნატოს წევრი ქვეყნები “ისლამური სახელმწიფოს” წიააღმდეგ ბრძოლაში ისედაც მონაწილეობენ. თუნდაც ავიადაბომბვებით. რამდენად წავა ალიანსი სახმელთო ოპერაციაზე, ეს უკვე, მისი თქმით, სათუოა.

“სავარაუდოდ, შედარებით ზომიერი დაჯგუფებების ხელშეწყობა უფრო მოსალოდნელია, რათა მათ, ერთი მხრივ ასადის რეჟიმი განდევნონ, მეორე მხრივ კი, “ისლამური სახელმწიფო”. ასევე კოლაბორაციაც მოსალოდნელია ერაყის ხელისუფლებასთან, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ იბრძვის. ამით, ბრძოლა, სავარაუდოდ, უფრო გააქტიურდება და თურქეთის როლიც უფრო აქტიური იქნება-განაგრძობს ავიაიერიშებს და ასევე, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ზოლს ააგებს საზღვრის გასწვრივ. დაახლოებით ისეთს, როგორიც ამერიკას მექსიკათან აქვს”, – ამბობს კვახაძე.

Comments are closed