globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 28 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 28th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ქართულ ოცნებას” ამ არჩევნების მოგება არ გაუჭირდება“

ახალი თაობა“: ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „სააკაშვილს ნაციონალებისგან საფრთხე ემუქრება“ // „ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემთხვევაში, ბევრი ხმაურიანი საქმე გაიხსნება“

ახალი თაობა: ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან: „ალეკო ელისაშვილს მეორე ტურში გასვლის კარგი შანსი აქვს” // „მიხეილ სააკაშვილს ისე მოექცნენ, როგორც ის ივანიშვილს მოექცა~

——————-

ახალი თაობა“, 28 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ქართულ ოცნებას” ამ არჩევნების მოგება არ გაუჭირდება

„ენდიაი“-ს კვლევებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე აფასებს.

- ენდიაი-ს კვლევით, დღეს რომ არჩევნები იყოს, 22% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 7% - ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 3% - ევროპულ საქართველოს. რამდენად ობიექტურად გეჩვენებათ ეს პროცენტები?

- ეს შედეგები დიდად საეჭვო არ არის. სავარაუდოა, რომ ასეთი ძალთა თანაფარდობა ნამდვილად არის.

-_ გამოკითხულთა 37% აცხადებს, რომ მის შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ დგას. ეს არ არის მაღალი პროცენტი?

- უფრო მაღალიც გვინახავს, როცა 2011-ში ნახევარი საქართველო არ გამოვიდა არჩევნებზე. დღეისთვის ჯერ ადრეა ამაზე მსჯელობა, რადგან ის ადამიანები, რომლებიც ბოლო მომენტამდე თვლიან, რომ არცერთი არ მოსწონთ, ბოლო მომენტში მაინც რაღაც გადაწყვეტილებას იღებენ ხოლმე.

- ეს გადაწყვეტილება ვის სასარგებლოდ მიდის, მმართველი გუნდის?

- ბევრი რამეა იმაზე დამოკიდებული, როგორ მოიქცევა თითოეული გუნდი ამ ხნის განმავლობაში.

- სამართლიანი არჩევნების უმთავრესი დაბრკოლება ამომრჩეველთა მოსყიდვააო, მიიჩნევს გამოკითხულთა ნაწილი. რამდენად აქვს ადგილი არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვას?

- მოსყიდვა ძალიან ფართო ცნებაა. შეიძლება პირდაპირი გაგებით ვიგულისხმოთ, რომ აქ ფულის მიცემა იგულისხმება, მაგრამ შეიძლება ფულის მიცემა არ არის და დაპირებას აქვს ადგილი. ამიტომ იმ გაგებით, რომ ფული რიგდება, მე მგონი, არ ხდება. ის, რაც ადრე ხდებოდა, დღეს ნამდვილად არ ხდება. მე მეეჭვება, რომ დღეს ეს თემა იყოს წამყვანი.

- არჩევნების წინ როგორ შეაფასებდით ქართული ოცნების პოზიციებს? ამბობენ, რომ საკმაოდ დიდია იმედგაცრუება მოსახლეობაში. ასეა?

- იმედგაცრუება მართლაც დიდია, მაგრამ მოსახლეობაში იმედგაცრუება სხვა პარტიებისადმი უფრო დიდია.

- იმის თქმა გინდათ, რომ არც ოპოზიცია დაიკვეხნის დიდი მხარდაჭერით?

- კი, ნამდვილად ასეა. ნაციონალებს ტრადიციული ამომრჩეველი ჰყავთ, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი. სხვა პარტიები კი ძალიან ცუდ დღეში არიან რეიტინგის მხრივ. მარტო „ქართულ ოცნებაში“ კი არა, მთელ პოლიტიკურ სპექტრშია იმედგაცრუება.

- ახლა რა პრობლემის წინაშე დგას ოპოზიცია?

- ახლა უფრო პარადიგმის ძებნის პრობლემაა ანუ რა უნდა შესთავაზოს ოპოზიციამ ამომრჩეველს საიმისოდ, რომ ამომრჩევლის ნდობა მოიპოვოს. ისევე, როგორც „ქართულმა ოცნებამ“ რა უნდა შესთავაზოს ამომრჩეველს საიმისოდ, რომ დაიბრუნოს ან მოიმატოს მისი ნდობა. ნაციონალური მოძრაობის საფრთხობელა აღარ ჭრის. საჭიროა რაიმე სხვა ახალი სტრატეგია, რომელიც ჯერჯერობით ამ ეტაპისთვის არ ჩანს.

- ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა საზოგადოების წინაშე. რამდენად ელით მის გააქტიურებას. თუ ნახავს, რომ გუნდს უჭირს, ჩაერთვება წინასაარჩევნო პროცესებში?

- ის პროპორცია, რომელიც ენდიაის კვლევებმა დადო, ჯერჯერობით მიუთითებს იმაზე, რომ „ოცნება“ გაიმარჯვებს, ხოლო თუ ისედაც იმარჯვებს „ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, არ აპირებს ჩართვას.

- გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. თქვენც ასე ფიქრობთ?

- როდესაც ამ თემაზეა საუბარი, მე ყოველთვის მახსენდება ცოლები.

- ცოლები რა შუაშია?

- იმ შუაშია, რომ ერთ-ერთი მთავარი თემა პოლიტიკაში არის პოლიტიკოსების ცოლები. რონალდ რეიგანის ცოლი მართავდა ამერიკასო, ამბობენ. ის ძალიან გავლენიანი იყო. თანაც საკმაოდ გავლენიანი რეიგანზე ანუ ცოლები ძალიან ხშირად არიან ქვეყნის არაფორმალური მმართველები. რა ვქნათ ახლა? ცოლებს გავყაროთ პოლიტიკოსები ან ავკრძალოთ ცოლიანი კაცების მოყვანა პოლიტიკაში? მერე ადგება, საყვარელს გაიჩენს და იმ საყვარელს ექნება მასზე გავლენა. მე ამას ფსიქოლოგიური თვალსაზრისთ ვხსნი, რადგან გავლენაზე ამდენი ლაპარაკი, რომ, არიქა, ამისგან ქვეყანა ინგრევა, ღიმილის მომგვრელია, იმიტომ, რომ ეს გავლენები ყოველთვის იქნება, სანამ ადამიანები იქნებიან.

- ანუ ბიძინა ივანიშვილის გავლენა ხელისუფლებაზე ისეთივეა, როგორიც ცოლის გავლენა ამა თუ იმ პოლიტიკოსზე?

- დაახლოებით. რა, ნაციონალურ მოძრაობაზე მიშას გავლენა არ არის?! და რა ვქნათ ამის გამო?! რამდენ ხანს უნდა ვიძახოთ, რომ გავლენა არის. რომც იყოს გავლენა, ეს არ არის პრობლემა.

- აბა, რა არის პრობლემა?

- პრობლემა სხვა რამეშია, იგივე მიშას გავლენა იქნება თუ ბიძინა ივანიშვილის ან ამერიკისა თუ ევროპის. მთავარია, საით მიჰყავს ამ გავლენას ქვეყანა ანუ პოლიტიკაა შესაფასებელი და არა – ამ პოლიტიკის მხარე. არაფორმალური გავლენა კი არ არის ცუდი ან კარგი, ეს გავლენა რას გულისხმობს და რა მიმართულებაზეა ორიენტირებული, ეს არის შესაფასებელი.

- ანუ რა შედეგი მოაქვს ბიძინა ივანიშვილის გავლენას, თუკი ის მართლაც არის?

- დიახ. ბიძინა ივანიშვილის გავლენა რომც იყოს, რას გულისხმობს ეს გავლენა, აი, ეს უნდა შევაფასოთ, აი, ესაა პოლიტიკა. მიხეილ სააკაშვილის გავლენაზე თუ არის ლაპარაკი, რას გულისხმობს ეს გავლენა. როდესაც ის აძლევდა დავალებას რუსთავი 2-ს, კარვები გაშალეთ, კარგი იქნება, თუ ფეხმძიმე ქალი დაიღუპება ამ აქციის დროსო და ასე შემდეგ, გავლენის ეს მიმართულებაა სამწუხარო, თორემ, სააკაშვილს რომ გავლენა ჰქონდეს იმ პარტიაზე, რომელიც თვითონ შექმნა, ამაში რა არის გასაკვირი.

თუ გავლენის ვექტორი მიუღებელია, მაშინ ეს გავლენაც მიუღებელია და საერთოდ პოლიტიკაც მიუღებელია, ხოლო თუ გავლენის ვექტორი მისაღებია, მაშინ იმ გავლენისთვის ადამიანს მადლობა უნდა უთხრა.

ახალი თაობა“, 28 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „სააკაშვილს ნაციონალებისგან საფრთხე ემუქრება“ // „ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემთხვევაში, ბევრი ხმაურიანი საქმე გაიხსნება

რატომ ჩამოართვა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა, ვის წინააღმდეგ მისცემს ექსპრეზიდენტი ჩვენებებს, რატომ არ აწყობთ ნაციონალებს ყოფილი ლიდერის საქართველოში ჩამოყვანა, რა საფრთხეები ელოდება მას? ამ თემებზე „ახალ თაობას“ უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.

- საქართველოში ვიზიტიდან დაბრუნებულმა პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება უკრაინის პირველმა პირმა ბიძინა ივანიშვილთან გარიგების შედეგად მიიღო...

- ნაციონალური მოძრაობა არის სექტა, როგორ შეიძლება, ისინი სიმართლეს ლაპარაკობდნენ? ცოტა ხნის წინ კიევზე ამოსდიოდათ მზე და მთვარე, ახლა ამხელა ქვეყნის ლიდერს მეორე იანუკოვიჩს ადარებენ. რაც შეეხება გარიგებას, უკრაინის პრეზიდენტს ქართული მხარე არაფერზე არ გარიგებია. სააკაშვილისთვის მოქალაქეების ჩამორთმევაში ჩვენს ხელისუფლებას არანაირი წვლილი არ შეუტანია. ამ კაცმა იმდენი ქნა, რომ უკრაინელებს ყელში ამოუყვანა და მიიღო კიდევაც პასუხი. თავის ნამდვილ სახეს სანამ გამოაჩენდა, ის უკრაინელებს ძალიან მოსწონდათ.

ჩვენმა პროკურატურამ მისი ექსტრადირების მოთხოვნით ორჯერ გააგზავნა მოთხოვნა კიევში და ორჯერვე უარი მიიღო. ამით გათავხედებულმა სააკაშვილმა უკრაინაშიც მოინდომა ხელისუფლების ჩამოგდება. პოროშენკოს სისხლი გაუშრო თავისი სისულელეებით. უკრაინის იუსტიციის მინისტრს კაბინეტში შეუვარდა, დედა აგინა და ზედ გია გეწაძეც მიაყოლა, რომელიც მინისტრის მოადგილეა. ძალიან მალე დღის წესრიგში სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დადგება. საქართველოს ხელისუფლებას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოვუწოდებ – ყოფილ პრეზიდენტს სერიოზული საფრთხე ემუქრება.

- ვისგან ან რა საფრთხე ემუქრება მიხეილ სააკაშვილს?

- საფრთხე მის სიცოცხლეს ემუქრება. ამ წლების განმავლობაში მან ბევრი მტერი შეიძინა, მაგრამ განსაკუთრებულ ხიფათს თავისივე გუნდის წევრებისგან უნდა ელოდოს.

- გუნდის რომელ განშტოებას გულისხმობთ?

- მიხეილ სააკაშვილს საფრთხე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ემუქრება. აფთრებივით რომ გადანაწილდნენ სხვადასხვა პარტიაში, მაინც ერთ ხროვად დარჩნენ.

- მათგან რატომ ემუქრება საფრთხე?

- რატომ? ამან ოღონდ ციხეს თავი დააღწიოს და ყველაფერს დაამღერებს. მისი ალაპარაკება ყველაზე მეტად ყოფილ ხელისუფლებას არ აწყობს. სააკაშვილმა პირი თუ მოაღო, ყველა იმ დანაშაულს აეხდება ფარდა, რომლებიც იმ სისხლიან წლებში იქნა ჩადენილი. ის მოყვება, როგორ ჩააბარა კოდორის ხეობა, რატომ დაიწყო ომი ცხინვალში. გაიშიფრება კორუფციული სქემები. ნარკოტრასებთან დაკავშირებითაც ბევრი საინტერესო ამბავი გაირკვევა. საქართველოში ნარკოტრასები რომ არსებობდა, ამაზე აღარავინ დავობს. ამის გადასაფარად ჩაატარა თავის დროზე ის გახმაურებული სპეცოპერაციაც.

- რომელი სპეცოპერაცია?

- ორი მილიონის კოკაინი რომ ამოიღეს ვითომ. ეს სპექტაკლი დადგა იმისთვის, რომ დასავლეთისთვის თვალში ნაცარი შეეყარა და დაერწმუნებინა ისინი, რომ ნარკომანიას ებრძოდა.

- თქვენ უკვე იმაზე საუბრობთ, რომ ის ამა თუ იმ საკითხზე მისცემს ჩვენებას. დარწმუნებული ხართ, რომ მისი ექსტრადირება მოხდება?

- რა თქმა უნდა, მოხდება. მოქალაქეობის ჩამორთმევას ეს ნაბიჯი მოჰყვება. ის აუცილებლად აგებს პასუხს.

- მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას რა პროცესები მოჰყვება, ამაზე არ გიფიქრიათ?

- რა პროცესები უნდა მოჰყვეს. მისი დაკავების შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენა დაიწყება.

- იმაზე არ გიფიქრიათ, რას იზამენ მისი მომხრეები?

- რა უნდა ქნან? ვის უნდა შეეშინდეს მათი? დაახლოებით ერთი კვირის წინ გერმანელი ტყვეებივით რომ ჩამოიარეს მარშზე? მათ ანგარიშს არავინ გაუწევს.

- იმ მარშზე მართლა ცოტა ადამიანი მივიდა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას ანუ სააკაშვილს 500.000-ზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა...

- დამიჯერეთ, სააკაშვილსა და მის სისხლიან თანამოაზრეებს ბევრად ნაკლები ადამიანი უჭერს მხარს. არჩევნებზე ეს შედეგი იმიტომ დაიდო, რომ მათ ხელისუფლებაზე გამწარებულმა ხალხმა პროტესტის ნიშნად მისცა ხმა.

- ხელისუფლებაზე ხალხი კიდევ უფრო გამწარებულია. გამორიცხავთ, რომ ისინი სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას სიხარულით არ შეხვდებიან?

- ხალხი „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ვარდებით დახვდებიან. 500.000 ამომრჩეველი თქვით და ეს ციფრიც საეჭვოდ მიმაჩნია. ნაცებს ცესკოში ისევ ჰყავთ თავიანთი ხალხი და ასეთი შედეგი მათ დაწერეს. რეალობაში ნაცებს ბევრად ნაკლები ადამიანი უჭერს მხარს.

გამოვრიცხავ, რომ ნაპრეზიდენტალის ექსტრადირებას აქ ხალხის მღელვარება მოჰყვეს. ყველაფერი პირიქით იქნება და ნაცმოძრაობის მხარდამჭერები მის ლანძღვაზე გადავლენ. გალანძღავენ იმიტომ, რომ მას ციხეში გვერდით არ მიუსხდნენ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნაციონალებს სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება არ აწყობთ. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას სიფრთხილისკენ.

- ამ მომენტისთვის მიხეილ სააკაშვილი ამერიკაშია. რამდენიმე დღეში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი საქართველოში ჩამოდის. თქვენი აზრით, მას საქართველოს ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილზე არ ექნება საუბარი?

- საუბარი ბევრ რამეზე შეიძლება იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის გვარმაც გაიჟღეროს. პენსი მის დაცვას არ დაიწყებს. თქვენ როგორ გგონიათ, პოროშენკომ ნაციონალების ლიდერს ამერიკასთან შეთანხმების გარეშე ჩამოართვა მოქალაქეობა? უკრაინის ხელისუფლება, საქართველოს მსგავსად, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვაშინგტონთან ათანხმებს.

- ერთი დღით ადრე, სანამ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობას ჩამოართმევდა, უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის კლინტონს უჭერდა მხარს...

- ეგ კრიტიკა ჩვენს ხელისუფლებასაც ეკუთვნის. არჩევნებზე ისინიც კლინტონს უჭერდნენ მხარს. კრიტიკით არაფერი იცვლება და აშშ მის მიერ გაკრიტიკებული პოროშენკოს მიერ მოქალაქეობაწართმეულ სააკაშვილს არ დაიცავს.

როცა დასჭირდა, ამერიკამ თავის ყველაზე ერთგული მოკავშირეები სადამ ჰუსეინი, კადაფი და მუბარაქი გაწირა. მიხეილ სააკაშვილის გამო თავს არავინ მოიკლავს. ერთ-ერთმა ამერიკელმა ლიდერმა მასზე ასეთი რამე თქვა, სააკაშვილი კია ძაღლისშვილი, მაგრამ ჩვენი ძაღლისშვილიაო. მაგრამ ეგენიც დაიღალნენ ამის სიგიჟეებით.

- როგორც ამბობენ, ის ამერიკას ბევრ დავალებას უსრულებდა. იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი მას გაწირავს, გამორიცხავთ, რომ მან ამერიკის წინააღმდეგაც რაიმე სკანდალური ინფორმაციები გაავრცელოს და ისინი საერთაშორისო გაუგებრობაში გახვიოს?

- ამ კაცისგან არაფერს გამოვრიცხავ. ამიტომ არ უნდა ბევრს მისი ციხეში მოხვედრა. ამით დამნაშავე სინდიკატებიც შეშფოთდებიან. სააკაშვილს მათთანაც მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა და უამრავი გვარისა თუ ფაქტის დასახელება შეუძლია.

ბევრი წინააღმდეგობა იქნება, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში უნდა წავიდეს. ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც შეუწყობს ხელს. აფხაზები და ოსები დაინახავენ, რომ ის, ვინც ჩვენს გაერთიანებას ხელს უშლიდა, ქართველებმა დასაჯეს.

სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან ძალიან კარგად ვიყავით და ეს პრობლემა თითქმის მოგვარებული იყო. ნაციონალების მოსვლის შემდეგ ყველაფერი უკუღმა შეტრიალდა.

- მიხეილ სააკაშვილი 2013 წლის ნოემბრიდან აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ოსებთან და აფხაზებთან არანაირი დაახლოება არ მომხდარა. ყოველდღე უფრო იძაბება ვითარება...

- ვითარება იმიტომ იძაბება, რომ რუსეთთან არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. დარწმუნებული ვარ, ამ ფლანგზეც მოხდება ცვლილება, რაც დადებით შედეგს მოიტანს. რუსეთთან დიალოგის გარეშე არაფერი გამოვა.

- მოდით, ისევ მიხეილ სააკაშვილს დავუბრუნდეთ. არის ვერსია, რომ მას ამერიკა შეიფარებს. ამაზე რას ფიქრობთ?

- მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ არ გააკეთებენ იმიტომ, რომ იციან, ამას რაც მოჰყვება.

- რა მოჰყვება?

- საქართველოსა და ამერიკას შორის ბზარი გაჩნდება.

- ეს საქართველოს უფრო უნდა აწუხებდეს და არა ამერიკას...

- ვერ დაგეთანხმებით, ვაშინგტონისთვის სულ ერთი არ არის, რა განწყობა იქნება საქართველოში. ამერიკამ თავის დროზე სწორედ ამიტომ არ მისცა სააკაშვილს მოქალაქეობა. საქართველოდან წასვლის შემდეგ პირველად ის შტატებში გაიქცა, პოლიტიკური თავშესაფარიც ითხოვა, მაგრამ არ მისცეს, მხოლოდ სამუშაო ვიზა გაიმეტეს მისთვის.

ახლა არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვაშინგტონი. სამაგიეროდ, იმაში ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის დაკავება ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს.

- მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა დაემთხვა კიევის ყოფილი მერის წინააღმდეგ საქმის აღძვრას. ლეონიდ ჩერნოვეცკი წლებია, საქართველოშია გადმოხვეწილი და ჩვენი მოქალაქეა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ ჩვენებურს მოქალაქეობა ჩერნოვეცკის გადაცემის სანაცვლოდ წაართვა...

- ლეონიდ ჩერნოვეცკი არის საქართველოს მოქალაქე. ხელისუფლება ვალდებულია, თავისი ყველა მოქალაქე დაიცვას, მაგრამ, თუ მას დანაშაული აქვს ჩადენილი, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. არ ვიცი, რა იქნება ლეონიდ ჩერნოვეცკისთან დაკავშირებით, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალებისგან სააკაშვილს საფრთხე ემუქრება.

სხვადასხვა ბანაკში გადაბარგებული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ათას საშინელებას იგონებენ. 23 ივლისს ისინი მზად იყვნენ სისხლისღვრისთვის. ყველამ დაინახა, რომ დეპუტატ ოთო კახიძეს იარაღი ეკიდა. იქ სხვებიც იარაღებით იყვნენ მისული. რამე რომ ყოფილიყო, გაისვრიდნენ კიდეც.

მათ მსვლელობაზე რადგან ვსაუბრობ, ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით. ამ ღონისძიების შემდეგ მათ რიგებში სერიოზული დაპირისპირება მოხდა. ისინი შეთანხმებული იყვნენ, რომ ხალხს მოიყვანდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ და ერთმანეთს დაერივნენ. ან რა ხალხი უნდა გამოიყვანონ გირჩებმა. ეს ხალხი მარიხუანის დეკრიმინალიზაციასა და პროსტიტუციის ლეგალიზაციას ითხოვს. მივმართავ ამ გირჩებს, გასაბერ ეკლესიას რომ ეძებენ, ეკლესიას თავი დაანებონ და გასაბერი ქალები შეუკვეთონ. ამ გზით მათთვის პროსტიტუცია სავსებით ლეგალიზებული იქნება.

ახალი თაობა“, 28 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან: „ალეკო ელისაშვილს მეორე ტურში გასვლის კარგი შანსი აქვს” // „მიხეილ სააკაშვილს ისე მოექცნენ, როგორც ის ივანიშვილს მოექცა~

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საკრებულოს დეპუტატი დავით ზურაბიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ენდიაის სოციოლოგიურ კვლევებზე და მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეჩერებაზე საუბრობს.

- ბატონო დავით, ენდიაის კვლევებით პირველ ადგილზე 30%-ით კალაძეა, მეორეზე - 19%-ით ელისაშვილი და მესამეზე - 18%-ით უდუმაშვილი. რამდენად გამოხატავს ეს კვლევები არსებულ ტენდენციებს?

- ტენდენციებს ნამდვილად გამოხატავს ეს კვლევები, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ძალიან მაღალია იმ ამომრჩეველთა მაჩვენებელი, რომელთაც ჯერ გადაწყვეტილება არ აქვთ მიღებული. ამომრჩეველთა ამ ნაწილმა საერთოდ არ იცის, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. სერიოზულად შეუძლია ამ ნაწილს, არჩევნების ბედზე გავლენა იქონიოს. ასევე დიდი მაჩვენებელია იმ ამომრჩევლის, რომელმაც არ იცის, ვის მისცეს ხმა.

- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეს ხალხი სახლში დარჩა, გადაუწყვეტელთა რაოდენობა დაახლოებით 51% იყო მაშინ…

- დიდხანს ამ ხალხის გადაწყვეტილება მართლაც გაურკვეველი იყო, მაგრამ მოხდა პროცესის ხელოვნურად პოლარიზება – ან ბიძინა, ან მიშა. ასეთი იყო არჩევანი, რასაკვირველია, ხელოვნური და ამან გამოიწვია ამ ციფრების მინიმუმამდე შემცირება. ბოლოს ეს ამომრჩეველი ჩამოყალიბდა და არჩევანი ხელისუფლების სასარგებლოდ გააკეთა.

- ახლაც იგივეა მოსალოდნელი?

- არა მგონია, ახლა უკვე ვეღარ იმუშავებს იგივე. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, პოლიტიკური ძალები როგორ კამპანიას ჩაატარებენ.

- უკვე თუ გამოიკვეთა, ვინ როგორ კამპანიას ჩაატარებს?

- მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა, მაგრამ მე ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი მგონია, რომ ხელისუფლების ალტერნატივად ნაციონალური მოძრაობა, როგორც კონსოლიდირებული ძალა, უკვე აღარ მოიაზრება.

- ეს გამოავლინა ამ კვლევებმა?

- დიახ, ეს ნამდვილად გამოავლინა. თბილისში აშკარად გამოიკვეთა ალეკო ელისაშვილის ფაქტორი. ელისაშვილს აშკარა შანსი აქვს, რომ მეორე ტურში გავიდეს. თუ ოპოზიციურ ძალებში კონსოლიდირება მოხდება, ასევე იმ მოსახლეობასთან იქნება მუშაობა, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, შეიძლება ენდიაის ეს ციფრები მკვეთრად შეიცვალოს.

- ამ შედეგებით გამოიკვეთა, რომ მეორე ძალა არ არის ნაციონალური მოძრაობა?

- ყოველ შემთხვევაში, ეს მაჩვენებლები ვარდნაა მათთვის. ხელისუფლებასაც არ აქვს დიდი მაჩვენებელი. ერთი, რაც აშკარად გამოიკვეთა, არის ის, რომ ხელისუფლების მიმართ საპროტესტოდ განწყობილი ელექტორატი იმთავითვე არ ნიშნავს, რომ მხარს ნაციონალურ მოძრაობას უჭერს.

- მეორე ტური იქნება?

- მეორე ტურის დიდი შანსი არის.

- მეორე ტურში რამდენად შეძლებს ოპოზიცია ერთი ოპოზიციური კანდიდატის ირგვლივ გაერთიანებას?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. პირველ ტურში ეს უკვე გამორიცხულია, რაც შეეხება მეორე ტურს, თუ ოპოზიციამ მეორე ტურში გადასული ოპოზიციური კანდიდატის ირგვლივ სრული მობილიზება მოახდინა და თუ ეს იქნება ალეკო ელისაშვილი, მაშინ ამით სერიოზულ პრობლემას შეუქმნის სახელისუფლებო კანდიდატს. თუმცა, ცხადია, ყველაფერი ამომრჩეველზეა დამოკიდებული.

- ბატონო დავით, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეჩერებას რას უკავშირებთ?

- მიხეილ სააკაშვილსა და პეტრო პოროშენკოს შორის ურთიერთობა კარგად ხანია, რაც გაფუჭებულია. მიხეილ სააკაშვილის მიმართ ნამდვილად არ მაქვს არავითარი სენტიმენტები, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო, მაშინაც მის ოპოზიციაში ვიყავი და მას შემდეგაც, რაც ხელისუფლებაში აღარ არის. თუმცა, ის, როგორც მას მოქალაქეობა ჩამოართვეს, მთლად ღირსეული საქციელი არ არის. როგორ ვერ აღმოაჩინეს აქამდე ის სამართლებრივი ხარვეზი, რაზეც ახლა საუბრობენ. არ შეიძლება ადამიანი ასე მოქალაქეობის გარეშე დატოვო. ამიტომ, აშკარაა, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს აქვს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიღებული. მახსოვს, მაშინ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებას ძალიან ვაპროტესტებდი. ბედის ირონიაა, რომ მასაც ზუსტად ასევე მოექცნენ.

Comments are closed