globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 28 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 28th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: საქართველოში ნატო გაიხსნა // „მაპ“-ის დაპირების გარეშე კიდევ ერთი ნაბიჯი ალიანსისკენ

რეზონანსი: დაგვეხმარება თუ არა ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა ვარშავის სამიტზე „მაპ“-ის მიღებაში?

რეზონანსი: ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: “მაპ“-ის გარეშეც შესაძლებელია ნატოში საქართველოს ინტეგრაცია”

„ახალი თაობა“: იენს სტოლტენბერგი: „ნატომ საქართველოსადმი მიცემული დაპირება შეასრულა“

„ალია“: ნატოს შეფმა – „მაპ“-ზე ვერაფერს გეტყვითო! თავდაცვის მინისტრმა – „მაპ“-ი არ არის მთავარიო! გვეღადავებით, იბიარდ?!

„ალია“: მტკვრის წყალს ირანულ გაზზე გავცვლით?

———————

რეზონანსი“, 28 აგვისტო, 2015 წელი

საქართველოში ნატო გაიხსნა

მაპ-ის დაპირების გარეშე კიდევ ერთი ნაბიჯი ალიანსისკენ

ეკატერინე ბასილაია

საქართველო ნატოს მაპი-ს გარეშე, მაგრამ მაინც ნელ-ნელა უფრო და უფრო უახლოვდება. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში პოლიტიკურ ინტეგრაციაზე საუბრის შემდეგ ნაბიჯი ახლა უკვე სამხედრო-ტექნიკურ კონტექსტშიც გადაიდგა – გუშინ კრწანისში ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა, რაც პოლიტიკოსებისა და სპეციალისტების თქმით, ქართული თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და უსაფრთხოების განცდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტია.

საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობის განვითარება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ნატოს ძალებთან თავსებადობის გაზრდა – ამ ყველაფერს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი მოემსახურება.

ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად განვითარდება და სულ მალე საქართველოში უმაღლესი სტანდარტების საწვრთნელი ობიექტი მოეწყობა. სხვადასხვა სახის წვრთნის ჩატარების მიზნით, ცენტრი საქართველოში არსებულ ყველა საწვრთნელ ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობას გამოიყენებს.

გადამზადდებიან როგორც ქართველი, ისე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცები. ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის დაარსება შარშან უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში იყო გათვალისწინებული. ცერემონიალის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ასეულს შეხვდა, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.

“ღონისძიება ხაზს უსვამს ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაში, საქართველო გახდება უფრო თავსებადი ნატოსთან და ნატო უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი საქართველოში”, – ამ სიტყვებით დაიწყო ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა ცერემონილაზე სიტყვით გამოსვლა.

სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი. თუმცა მცირე უსიამოვნო ინტრიგა გამომსვლელთა სიასთან დაკავშირებით წარმოიშვა – პრეზიდენტის სახელის აღნიშვნა გამომსვლელთა შორის ცენტრის გახსნის პროგრამასა და პრესრელიზში მიავიწყდათ.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

“დღეს ჩვენ ვაორმაგებთ თანამშრომლობას”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ეს მისი პირველი ვიზიტია, რაც განსაკუთრებული მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვაა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატოს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოსაც შეუძლია ნატოს იმედი ჰქონდეს. თუმცა ქართული საზოგადოების მთავარ მოლოდინზე, არის თუ არა საქართველო მზად და როდის შეიძლება მიღოს ქვეყანამ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა – მაპ-ი, ამაზე გადაჭრით ვერაფერს გვპირდება.

“მე ნამდვილად არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატოს სამიტზე, მაგრამ რაც შემიძლია მოგახსენოთ, არის ის, რომ საქართველომ უკვე მოიპოვა საჭირო ინსტრუმენტები, რათა წინ იაროს და წევრობის გზაზე პროგრესი ჰქონდეს.

“პროგრესი აშკარაა, რადგან რეფორმების გზაზე – როგორც პოლიტიკური სისტემის, ისე სასამართლო სისტემის რეფორმირების თვალსაზრისით, არის მიღწევები. ამას მივესალმებით და ნამდვილად ენთუზიაზმით გვავსებს, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ერთგულია რეფორმების გზით მოძრაობის.

“ჩვენ ვხედავთ პროგრესს და ერთად ვზრდით ნატოს საქართველოში: გაგვაჩნია ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, ასევე ნატო-საქართველოს კომისია, არსებითი პაკეტი და დღეს უკვე გეგმაში გვაქვს გავხსნათ წვრთნისა და შეფასების გაერთიანებული ცენტრი, რომელიც გახლავთ უმნიშვნელოვანესი მოვლენა.

“ის გავლენას იქონიებს მთელ ქვეყანაზე და წვლილს შეიტანს რეალური პროგრესის მიღწევაში, რომლისკენაც ერთად მივიწევთ. დღეს უფრო მეტად არის საქართველო ნატოში და ნატო საქართველოში. ეს რეალური პროგრესია და ძალზეც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეს გახლავთ გზა წევრობისკენ”, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

საწვრთნელი ცენტრის გახსნის ცერემონიალზე დასწრების გარდა ნატოს გენდივანთან მომავალი წლის ვარშავის სამიტისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებიც განიხილებოდა. შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა, რომ მაპ-ზე საუბარი იყო როგორც ქართული მხარისგან, ასევე იენს სტოლტენბერგისგან. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში მაპ-ი არ უნდა იქნას განხილული როგორც წინსვლის და პროგრესის ერთადერთი ინდიკატორი. მისივე თქმით, მთავარი გზავნილი, რაც გააჟღერა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იყო ის, რომ საქართველო მნიშვნელოვანია ნატოსთვის და ნატო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, საქართველო არის ნატოს აქტიური და სანდო ასპირანტი ქვეყანა და საქართველოს და ნატოს აქვთ საერთო ინტერესები.

ქართველი ექსპერტები ცენტრის გახსნას ნატოს გზაზე დიდ პროგრესად აფასებენ. როგორც თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მუჩაიძე ამბობს, ნატოს გენერალური მდივნის განცხადება, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდება ნატოში და საქართელოში ნატოს ყოფნაც უფრო იზრდება, ძალიან სერიოზული გზავნილია, რაც პოლიტიკურად ნატოში ინტეგრაციის გზაზე საბოლოო გაწევრიანებამდე გვაახლოვებს.

ამასთან ერთად ნატოს ჩართულობით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის სერიოზული დახმარება აქამდე ცალსახად არ იყო დაფიქსირებული.

“ამ ცენტრის ფარგლებში მოემზადდებიან არა მხოლოდ სამშვიდობო ოპერაციისათვის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები როგორც საქართველოდან, ასევე ნატოს წევრი ქვეყნებიდან, არამედ თავდაცვითი ოპერაციების მიმართულებითაც, რაც ჩვენს თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად აამაღლებს. ეს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით სერიოზულად წინ გადადგმული ნაბიჯია”, – აცხადებს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მუჩაიძე.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ადრე ჩვენ პოლიტიკურ ინტეგრაციაზე ვსაუბრობდით, ახლა სამხედრო-ტექნიკურ კონტექსტშიც გადაიდგა ნაბიჯი და ეს პროგრესია. ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი და მაპ-ის მიღების აუცილობელი ფაქტორი. მაპ-ის გარეშე კი ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია.

ვახტანგ მაისაია: “ვარშავის სამიტამდე კიდევ ერთი წელია და რამდენად დაისმევა საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი, საუბარი რთულია. არ დაგავიწყდეთ, რომ 2016 წელს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ამიტომაც, წინასაარჩევნო პერიოდში აშშ-ს საგარეო მიმართულება არ გააქტიურდება. ამას ემატება ევროპულ სახელმწიფოებში არსებული სხვადასხვა მიდგომა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი. თუ გეოპოლიტიკაში რაღაც ექსტრავაგანტული არ მოხდა, ჩვენთვის არაფერი შეიცვლება. ახლა ალიანსს ბალკანეთის სახელმწიფოების ინტეგრაციის საკითხი აქვს დასასრულებელი”.

“საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის” თანათავმჯდომარე ხათუნა ლაგაზიძის თქმით, საწვრთნელი ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის სამომავლო უსაფრთხოებისთვის, თუნდაც ის, რომ ჩრდილოკავკასიაში შესაძლო ფართომასშტაბიანი არეულობის შემთხვევაში, ეს ცენტრი საქართველოსთვის უსაფრთხოების უმთავრეს გარანტად იქცევა, ხოლო იქნება თუ არა ეს ნატოს-თან დამაახლოებელი ნაბიჯი, ამ ეტაპზე თქმა რთულია. მისივე თქმით, ბოლო ერთი თვის მანძილზე საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს თუ გადავხედავთ, თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის დროს და პლუს საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს, ასევე ნატოსთან მიმართებაში თავდაცვის სამინისტროს ძალიან აქტიურ პოზიციას ხიდაშელის დანიშვნის შემდეგ, გარკვეული პროგრესი აშკარაა და რაც მთავარია, მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაკეთებულმა განცხადებებმა ნათელი გახადა ის, რომ დასავლეთის ინტერესი საქართველოს მისამართით არ შენელებულა, რასთან დაკავშირებითაც სერიოზული წუხილები ჰქონდა საქართველოს პროდასავლური მიმართულების მომხრე საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს.

რუსული მხარის მიერ საწვრთნელი ბაზის გახსნასთან დაკავშირებით მოსალოდნელ ქმედებებზე საუბრისას კი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ იქნება მხოლოდ მწვავე განცხადებები, ამის იქით კი საქმე არ წავა.

“ცენტრის გახსნამდე ძალიან ბევრს ეშინოდა რუსეთის შესაძლო რეაქციის. მითუმეტეს, რუსეთის ოფიციალური წრეების განცხადებები გვახსოვს, როდესაც ამბობდნენ, რომ ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა ეს რეგიონში უსაფრთხოებისაკენ გადადგმული ნაბიჯი არ არის. თუმცა ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან მწვავე განცხადებების გარდა განსაკუთრებულ ხისტ მოქმედებებს არ ელოდება, რადგან თვლის, რომ რუსეთის ეკონომიკაზე ძალიან მძიმედ ისახება დასავლური სანქციები, ნავთობის ფასის დაცემა და ჩინეთის საფონდო ბირჟის ჩამოქცევა. რუსეთს დღეს არანაირი რესურსი არ აქვს კიდევ ერთ ფართომასშტაბიან შერკნებაში გამოიწვიოს მსოფლიო. საქართველოსთან მიმართებაში შესაძლო ხისტი ნაბიჯები შესაძლოა აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის დამაკავშირებელი მაგისტრალის კონტროლის განხორციელება ყოფილიყო. ეს ქმედება დასავლეთისთვის უფრო დიდი სილის გაწვნა იქნებოდა, ვიდრე ყირიმის ანექსია იყო. ამ პირობებში მოქცეული რუსეთი კი ასეთ რადიკალურ ნაბიჯს არ გადადგამს”, – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

ვახტანგ მაისაიას თქმით კი, საწვრთნელი ბაზის გახსნას უკვე მოჰყვა რუსული პასუხი: რუსეთმა შავ და კასპიის ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო, განსაკუთრებით შავ ზღვაში და საქართველოს სიახლოვეს საზღვაო დესანტის გადმოსხმის იმიტაციას ავითარებდნენ.

საუბარი იყო იმაზეც, რომ რუსეთის ორმა ვერტმფრენმა დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდანაც იქნება მწვავე განცხადებები. რუსულმა მედიამ ცენტრის გახსნის თემა უკვე აიტაცა და დიდი განხილვა აქვთ. ამის იქით კი საქმე არ წავა.

რეზონანსი“, 28 აგვისტო, 2015 წელი

დაგვეხმარება თუ არა ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა ვარშავის სამიტზე მაპის მიღებაში?

ლიკა ამირაშვილი

არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატოს სამიტზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, მიიღებს თუ არა „მაპ“-ს საქართველო მომავალ სამიტზე.

იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველომ საჭირო ინსტრუმენტები უკვე მოიპოვა იმისათვის, რომ ნატოს წევრობის გზაზე პროგრესი ჰქონდეს. “მე ნამდვილად არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეყილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატოს სამიტზე, მაგრამ რაც შემიძლია მოგახსენოთ არის ის, რომ საქართველომ უკვე მოიპოვა საჭირო ინსტრუმენტები, რათა წინ იაროს და წევრობის გზაზე პროგრესი ჰქონდეს. პროგრესი აშკარაა, რადგან რეფორმების გზაზე – როგორც პოლიტიკური სისტემის, ისე სასამართლო სისტემის რეფორმირების თვალსაზრისით – მიღწევებია. ამას მივესალმებით და ნამდვილად ენთუზიაზმით გვავსებს, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა რეფორმების გზით მოძრაობის ერთგულია. ჩვენ ვხედავთ პროგრესს და ერთად ვზრდით ნატოს საქართველოში: გაგვაჩნია ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, ასევე ნატო-საქართველოს კომისია, არსებითი პაკეტი და დღეს უკვე გეგმაში გვაქვს გავხსნათ წვრთნისა და შეფასების გაერთიანებული ცენტრი, რომელიც გახლავთ უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ის გავლენას იქონიებს მთელ ქვეყანაზე და წვლილს შეიტანს რეალური პროგრესის მიღწევაში, რომლისკენაც ერთად მივიწევთ. დღეს უფრო მეტად არის საქართველო ნატოში და ნატო საქართველოში. ეს რეალური პროგრესია და ძალზეც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეს გახლავთ გზა წევრობისკენ”, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

როგორ ფიქრობთ, საქართველო ნატოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნა, ვარშავის სამიტზე მაპის მიღებაში დაგვეხმარება თუ არა? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ვარშავის სამიტზე მივიღებთ თუ არა მაპს, ძნელი სათქმელია, რა თქმა უნდა, ვექტორი იქითკენაა მიმართული, რომ მაპი მივიღოთ, მაგრამ საბოლოოდ არა მგონია, რომ ეს მოხდეს. ამ მხრივ უფრო ხანგრძლივი გზა გვაქვს გასავლელი.

ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა ერთ-ერთი ნაბიჯი უნდა იყოს, რომელიც ნატოსთან უფრო მეტად დაგვაახლოებს. ვფიქრობ, ეს მეტად რთული საკითხი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ამას უპასუხოდ არ დატოვებს. თუმცა მგლის შიშით ცხვარი არავის არ გაუწყვეტია, ამიტომ ვფიქრობ, ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა ისტორიულ აუცილებლობას წარმოადგენდა, რათა ბოლოს და ბოლოს სასურველი მაპი მივიღოთ.

რეზო მიშველაძე  (მწერალი): ვარშავის სამიტზე მაპის მიღება თითქმის გადაწყვეტილია. ამ საცდელი ბაზის გახსნა საქართველოს უსაფრთხოებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არა მარტო ნატოს ისტრუქტორები განლაგდებიან, არამედ ნატოს მცირე სავარჯიშო კონტინგენტიც ჩამოვა. ეს კი რუსეთისთვის შემაკავებელი ძალა იქნება.

მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): მაპს მივიღებთ თუ არა, ეჭვი მეპარება იმიტომ, რომ საქართველოს ნატოსთან დაახლოება რუსეთის გაღიზიანებას ნიშნავს. რუსეთის მხრიდან პროვოკაციის შანსი მეტი იქნება და შეიძლება საომარი ვითარებაც შეიქმნას. აქედან გამომდინარე მეეჭვება, რომ ნატომ მაპი მოგვცეს. ნატოში უახლოეს წლებში ვერ შევალთ. სამაგიეროდ დაძაბულობა და მიწების მიტაცება კიდევ უფრო მოიმატებს. ამიტომ ვფიქრობ, რუსეთის გაღიზიანება საჭირო არ არის. ნატო საქართველოს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მას აბსოლუტურად მოწესრიგებული საზღვრები ექნება. ნატოში მიღება იმას ნიშნავს, რომ საქართველომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე უარი უნდა თქვას. თავდაცვის მინისტრმა გაგვაგებინოს, ნატოში აფხაზეთით და ცხინვალის რეგიონით შევდივართ თუ მათ გარეშე? ჯერ ეს გავარკვიოთ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.

რეზონანსი“, 28 აგვისტო, 2015 წელი

ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: “მაპის გარეშეც შესაძლებელია ნატოში საქართველოს ინტეგრაცია”

„რეზონანსის“ კორესპონდენტტან თიკო ოსმანოვასთან საუბარში საქართველოს პარლამენტის წევრი პარტიიდან „თავისუფალი დემოკრატები“ კომენტარს უკეთებს საქართველო-ნატოს ურთიერთობას, თბილისში ალიანსის გენმდივნის ვიზიტს და ნატოს ვარშავის სამიტის მნიშვნელობას საქართველოსთვის. იგი ამბობს, რომ „მაპი“ არ არის ერთადერთი ელემენტი ნატოსთან თანამშრომლობისათვის და საქართველომ  სხვა მექანიზმებიც უნდა გამოიყენოს, გონივრული და გრძელვადიანი მიზნები უნდა დაისახოს.

ამონარიდი ინტერვიუდან:

- გაქვთ სერიოზული შედეგის მოლოდინი ნატოს ვარშავის სამიტიდან?

- ეს ალბათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ჰკითხოთ – რა მოლოდინი აქვთ, რა მიმართულებებით მუშაობენ და ა.შ. ნატოს გენმდივანმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ „მაპ“-ი არ არის ეღთაერთი მექანიზმი, ანუ კარგ მთქმელს კარგი გამგონე ჭირდება. ამაზ ეხელისუფლება უნდა დაფიქრდეს. მე ვფიქრობ, „მაპ“-ის გარეშეც შესაძლებელია ნატოში საქართველოს ინტეგრირება მოხდეს.უბრალოდ, მეტი მუშაობა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.

ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას მას ვუთხარი, რომ საქართველოს ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თავისი წინამორბედის ირაკლი ალასანიას საქმეს აგრძელებს. ასევე კმაყოფილება გამოვხატე თბილისში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნაზე და ვთქვი, რომ ალიანსმა უელსის სამიტზე მოცემული თავისი დაპირება განახორციელა. იენს სტოლტენბერგს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესებიც გავაცანი.

არ მაქვს სურვილი, რომ რადგან ოპოზიციაში ვარ, ხელისუფლების შესახებ ნიშნისმოგებით ვისაუბრო, მაგრამ როცა ვხედავ ქვეყნის ხელისუფლების მიერ გადადგმულ მცდარ ნაბიჯებს, რთულია არ იფიქრო იმაზე, რომ [ასეთი მცდარი ნაბიჯები] შეიძლება ნატოს მიმართაც გადაიდგას. შეგვიძლია ხელისუფლებას მივცეთ დრო, რადგან ნატოში და ევროკავშირში ინტეგრირების საკითხების განხორციელებას მთელი ერის, ხალხის კონსოლიდირება სჭირდება, ამიტომ სჯობს ამ საკითხს სახელმწიფოებრივად მივუდგეთ, ვიდრე ვიწროპარტიულად და ამიტომ მზად ვართ ამ პროცესებში მონაწილეობა მივიღოთ.

- რა რეაქციას უნდა ველოდოთ ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნასტან დაკავშირებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისაგან? უკვე არის მუქარის ნიშნები, განცხადებები…

- ყველაფერზე შეიძლება ვიფიქროთ, რუსეთისაგან გამორიცხული არაფერია. არაერთხელ გვქონია ასეთი სირთულეები და ახლაც არ გამოვრიცხავ, მთავარია, რომ მოსკოვთან მარტო პირისპირ არ დავრჩეთ. ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რუსეთსაც უნდა გავაგებინოთ, რომ ჩვენი ინტეგრირება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში კარგია რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისათვის და ის არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს საფრთხეს რომელიმე მესამე ქვეყნისათვის, მათ შორის რუსეთისთვისაც.

(…)

- საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან პრაგმატული და კონსტრუქციული პოლიტიკის შენარჩუნების მომხრეა. რამდენადაა ეს სესაძლებელი, თქვენი აზრით?

- ვნახოთ. რუსეთთან ჩვენი დამოკიდებულება პრაგმატულიც უნდა იყოს, კონსტრუქციულიც და პრინციპულიც, რომელსაც ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ. პრინციპული უნდა ვიყოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფების საკითხში.

(…)

- რამდენად შეიძლება გვქონდეს დასავლეთის იმედი?

- დასავლეთის იმედი აუცილებლად უნდა გვქონდეს, რადგან მათ აქმდეც ბევრი რამ გააკეთეს ჩვენთვის, გნებავთ 2008 წლის მოვლენების დროს და მჯერა, კიდევ მეტს გააკეთებენ. მთავარია, ჩვენ გადავდგათ სწორი ნაბიჯები სახელმწიფოებრივი მშენებლობისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, თორემ ისე ევროპას ვერ დავუახლოვდებით.

„ახალი თაობა“, 28 აგვისტო, 2015 წელი

იენს სტოლტენბერგი: „ნატომ საქართველოსადმი მიცემული დაპირება შეასრულა“

„ახალ თაობაში“ ამ სათაურით გამოქვეყნებულ მასალაში გადმოცემულია საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის ამსახველი ფაქტები, მისი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მონაწილეობა თბილისში საქართველო-ნატოს ერთობლივ საწრთვნელი ცენტრის გახსნაში, იენს სტოლტენბერგის განცხადებები, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენმდივნის ერთობლივი პრეს-კონფერენციის მასალები და ა.შ.

გარდა ამისა, გაზეთის ამავე ნომერში იგივე თემაზე გამოქვეყნებულია ორი მასალა:

ა) „დავით უსუფაშვილი: „ჩვენ არ გვინდა, რომ „მაპ“-ის თემა პოლიტიკური გახდეს“, რომელშიც საქართველოს პარლამენტის სპიკერი საუბრობს ნატოს გენმდივანთან შეხვედრის შედეგებზე;

ბ) თინა ხიდაშელი: „სრული სვლით ნატოში“, რომელშიც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე საუბრობს იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შესახებ.

„ალია“, 28 აგვისტო, 2015 წელი

ნატოს შეფმა – „მაპ“-ზე ვერაფერს გეტყვითო! თავდაცვის მინისტრმა – „მაპ“-ი არ არის მთავარიო! გვეღადავებით, იბიარდ?!

„ალიას“ რედაქცია

ერთი დიდი ტაშ-ფანდურია ატეხილი _ ჩვენთან სტუმრად არის უსტაბაშიო, ნატოს უსტაბაშიო, მაგრამ რაც შეიტანა, იმის ნახევარიც ვერ გამოიტანა ნატოდან საქართველომ – იენს სტოლტენბერგი დიდად მოხიბლულია ჩვენით, მაგრამ მაპ-ზე რა გითხრათ, რით გაგახაროთ, გარტყმაში არ ვარო.

საერთოდ, ასეთი ვიზიტების დროს ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი სრულიად ჩვეულებრივი, სტანდარტული მოვლენაა და იმასაც მივეჩვიეთ უკვე – გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნითო. ჰო, რა, ზუსტად ასე: მა, მიტუასა? რომ ჰკითხეს სტოლტენბერგს, ვირის თავ-ფეხიო, – იყო პასუხი…

ქართველები მაინც ჯიუტად ვეძახით:

- მაააააპ! – პასუხი არ არის…

- მაააააპ! – სამწუხაროდ, პასუხი კვლავაც არ არის და როდის იქნება, არც კაციშვილმა იცის, არც ქალიშვილმა და მოკლედ, არავინ!..

აი, რას ამბობს ნატოს უსტაბაში:

- არ შემიძლია, წინასწარ ხაზი გავუსვა, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატოს სამიტზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, საქართველომ უკვე მოიპოვა საჭირო ინსტრუმენტები, რომ წევრობის გზაზე პროგრესი ჰქონდეს.

- მე ნამდვილად არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატოს სამიტზე, მაგრამ, რაც შემიძლია მოგახსენოთ, არის ის, რომ საქართველომ უკვე მოიპოვა საჭირო ინსტრუმენტები, რათა წინ იაროს და წევრობის გზაზე პროგრესი ჰქონდეს. პროგრესი აშკარაა, რადგან რეფორმების გზაზე – როგორც პოლიტიკური სისტემის, ისე სასამართლო სისტემის რეფორმირების თვალსაზრისით, არის მიღწევები. ამას მივესალმებით და ნამდვილად ენთუზიაზმით გვავსებს, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ერთგულია რეფორმების გზით მოძრაობის. ჩვენ ვხედავთ პროგრესს და ერთად ვზრდით ნატოს საქართველოში: გაგვაჩნია ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, ასევე, ნატო-საქართველოს კომისია, არსებითი პაკეტი და გავხსენით წვრთნისა და შეფასების გაერთიანებული ცენტრი, რომელიც გახლავთ უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ის გავლენას იქონიებს მთელ ქვეყანაზე და წვლილს შეიტანს რეალური პროგრესის მიღწევაში, რომლისკენაც ერთად მივიწევთ. დღეს უფრო მეტად არის საქართველო ნატოში და ნატო საქართველოში. ეს რეალური პროგრესია და ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეს გახლავთ გზა წევრობისკენ, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

იმასაც ამბობს ბატონო სტოლტენბერგი, რომ მრავალი წელია, თქვენი ჯარისკაცები ალიანსთან გვერდიგვერდ იბრძვიან, მსხვერპლიც დიდი გაიღეთო, მაგრამ ბუნდოვანი წინადადებაც იქვეა – „ჩვენ პატივს მივაგებთ ამ მსხვერპლს და მადლიერებას გამოვთქვამთ“…

პატივის მიგებისთვის მადლობა, მაგრამ მადლიერების მხოლოდ სიტყვებით გამოხატვამ დაგვღალა, რაღა დაგიმალოთ, ბატონო იენს!..

კიდევ რა არის საინტერესო, იცით? ყველა მთავრობამ ეს ოხერი მაპ-ი მთავარ ოცნებად რომ დაგვისახა, ახლა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა გვეუბნება, რომ თურმე, მაპ-ი მთავარი სულაც არ არის, ვის დაჰკარგვია, ვინ ეძებსო?!

- შეხვედრისას მაპ-ზე საუბარი იყო როგორც ქართული მხარისგან, ასევე, იენს სტოლტენბერგისგან. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში მაპ-ი არ უნდა იქნას განხილული როგორც ერთადერთი ინდიკატორი წინსვლისა და პროგრესის. მაპ-ზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ნატოს უფრო მეტი აქტიური საქართველოში, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მეტი ერთობლივი წვრთნები, რაც მიგვიყვანს კიდევ უფრო მეტ თავსებადობამდე, რომელიც აუცილებელი მოთხოვნაა ასპირანტი ქვეყნისადმი. ყველაფერ ამის საშუალებას იძლევა სწორედ ეს ცენტრი, რომლის ინაუგურაციაც მოხდება რამდენიმე საათში, – განაცხადა დავით დონდუამ… მისივე თქმით, მთავარი გზავნილი, რაც ნატოს გენერალურმა მდივანმა გააჟღერა, იყო ის, რომ საქართველო მნიშვნელოვანია ნატოსთვის და ნატო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, საქართველო არის ნატოს აქტიური და სანდო ასპირანტი ქვეყანა და საქართველოსა და ნატოს აქვთ საერთო ინტერესები.

ახლა გულწრფელად ვიტყვით, რომ დაგვღალა ამ მაიმუნობა-მარაზმმა, ამდენმა დებილურმა დაპირებამ და გამოხტებიან მერე არასამთავრობოები, – „ალია“ ანტიდასავლურს აწვებაო! ჯერ იმის ასე და ისე, ვინც რუსეთს მისტირის და მერე კიდევ იმათიც, ვინც აი, ამ დაპირებებით კმაყოფილდება – ონანიზმი მეტი კი არაფერია, კაცო?!

ან ეს რა ჯანდაბა შეფასებაა – ნატო უფრო მეტად საქართველოშია და საქართველო უფრო მეტად ნატოშია – ვისი ვისაშიას ვარიანტია, ვერაფერს რომ ვერ გაიგებ? ჰო, ნუ, აშკარად ეგრეა!

ვინ თქვა ეს და ჯერ იენს სტოლტენბერგმა, მერე დავით უსუფაშვილმაც გაიმეორა: პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სრულად ეთანხმება ნატოს გენერალურ მდივანს, როდესაც მან ბრძანა, რომ დღეიდან ნატო მეტად არის საქართველოში და საქართველო მეტად არის ნატოში. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, იმ ტიპის თანამშრომლობა, რისი ერთ-ერთი მაგალითი დღეს ვიხილეთ, ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა, არის ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი საბოლოო მიზნისკენ – საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ.

თინათინ ხიდაშელიც იმაში გვარწმუნებს, „მაპ“-ი არა ტყლაპი, მთავარი გაწევრიანების გზაზე დაყენებააო. და მთელი ამ წლების მანძილზე იმას არ ამბობდა ყველა, მაპ-ი ნიშნავს გაწევრიანებისკენ გადადგმულ უდიდეს ნაბიჯსო?!

_ ვფიქრობ, აუცილებელი პირობა ნატოში გაწევრიანების გზაზე არის არა მაპ-ის მიღება, არამედ საქართველოს გაწევრიანების გზაზე დაყენება. ეს მოხდება მაპ-ის მონიჭებით, მაპ-ის, როგორც ნაბიჯის, დღის წესრიგიდან ამოღებით თუ კიდევ რაიმე სხვა ფორმით, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველო ნატოსთან ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადავიდეს და ამ სხვა ეტაპს პირდაპირ გაწევრიანებისკენ მიმართული ნაბიჯი ერქვას, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ერთი აქეთ მოიხედეთ, რა – მაპ-იც გვინდა, ტყლაპიც, ევროპაც და აბსოლუტურად ყველაფერი, რაც საქართველოს დაიცავს, ჩვენი შვილების მომავალს უზრუნველყოფს და გოთვერან პუტინს თავის ადგილს მიუჩენს, მაგრამ ეს უაზრო და უშინაარსო ვიზიტები, შეხვედრები, დაპირებები ყელში ამოვიდა!!!

„ალია“, 28 აგვისტო, 2015 წელი

მტკვრის წყალს ირანულ გაზზე გავცვლით?

“საქართველოდან, შესაძლოა, ირანში მილებით წყლის გატანა დაიწყონ: ირანი დამშრალი ურმიის ტბის აღდგენას საქართველოდან და სომხეთიდან (სევანის ტბა) მიღებული წყლით გეგმავს. თეირანში ამბობენ, რომ მხარეებთან შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია. სომხურ მედიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ ეს მხოლოდ ირანელების იდეაა და ჯერჯერობით რამე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის”, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ლევან ჯავახიშვილი).

“საქართველოდან ირანში სასმელი წლის შესაძლო ექსპორტთან დაკავშირებით საუბარი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა პროექტის განხორციელება დღემდე არ მომხდარა. ერთ-ერთი ვარიანტით, საქართველოდან ირანში წყალი, იქიდან კი ჩვენთან გაზის იმპორტი განხორციელდებოდა. აღნიშნულ საკითხზე ორიოდე კვირის წინ ირანში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრეს და მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი. როგორც ირანის შრომის მინისტრმა გნაცხადა, ირანული გაზის საქართველოს გავლით ტრანზიტი საშუალებას აძლევს მათ, რეგიონის ქვეყნები მოამარაგონ. ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის დროს ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობა და ენერგეტიკული სექტორი წარმოადგენდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად 200 მლნ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ურმიის ტბას, როგორც ირანელმა პარლამენტარმა ალილ ალილუმ პრესასთან განაცხადა, მხარეებთან შეთანხმება უკვე მიღწეულია”, – აღნიშნავს გამოცემა.

როგორც აზერბაიჯანული გამოცემა „ექო“ იუწყება, ქართველმა დეპუტატებმა, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით ირანში იყვნენ, ინფორმაცია მტკვრის წყლის შესყიდვის თაობაზე დაადასტურეს. მათ განაცხადეს, რომ ირან-საქართველოს ვაჭრობის დონე 10-ჯერ უნდა გაიზარდოს და ერთ-ერთი მთავარი საქონელი სწორედ წყალი იქნება. აზერბაიჯანელები ძალიან გამწარებულები არიან და საქართველოს არამეგობრულ ქცევაში ადანაშაულებენ, რადგან მტკვარი მათი ძირითადი არტერიაა, რომელსაც სასმელადაც იყენებენ და სარწყავადაც და მტკვრის დებეტის შემცირება მათ პრობლემებს შეუქმნის. რამდენად მომგებიანი იქნება საქართველოსთვის ირანისთვის გაზის სანაცვლოდ წყლის მიწოდება და რა საფრთხეებს შეიცავს ეს პროექტი, ამ კითხვებს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, “საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე პასუხობს”, – დასძენს გამოცემა.

“ურმიის ტბის გადასარჩენად რომ სჭირდება ირანს წყალი, ახალი ამბავი არ არის. არც ისაა სიახლე, რომ ჩვენი მეზობლები ჩვენგან მილებით აპირებენ წყლის გატანას. თურქეთს ჰიდროელექტროსადგურის შესავსებად სჭირდებოდა ჩვენი მდინარეების წყალი. მარტო მტკვრის წყალზე არ არის ლაპარაკი. ირანს ადრე უნდოდა ალაზნის აუზიდან წყლით ასევე მილებით გატანა, რაც შეუძლებელია, რადგან ალაზანი თვითონ არის ძალიან დაკლებული და ეს გამოიწვევს სოფლის მეურნეობის პროდუქციის დეფიციტს კახეთში. ძალიან კარგად მესმის სახელმწიფოს ინტერესები და ენერგეტიკის როლო ქვეყნის განვითარების საქმეში, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის ნამდვილად წამგებიანია ნებისმიერი მდინარიდან ირანისთვის წლის მილებით მიწოდება. აღმოსავლეთ საქართველოში წყლის დეფიციტია როგორ შეიძლება ამ დროს ჩვენ მოვიკლოთ და სხვას მივცეთ წყალი? იგივეს ვიტყვი მტკვართან დაკავშირებითაც”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნინო ჩხობაძე და შეკითხვას – “თუ მტკვრის წყალი მივაწოდეთ ირანს, რა საფრთხე გველოდება?” – პასუხობს:

“ეს მტკვრის დონეს დასწევს და ქვემო ქართლის რაიონებს მოაკლდება სარწყავი წყალი. ამ რეგიონში წყლის დეფიციტი ურწყავი სავარგულების რაოდენობას გაზრდის, ეს კი თავისთავად ნიშნავს მოსავლიანობის შემცირებას, შესაბამისად, ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასების აწევას. ყველაფერი გაძვირდება, რაც ქვემო ქართლში მოდის. წლევანდელმა ზაფხულმა აჩვენა, რომ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებშიც იკლო წყალმა და მთლიანად საქართველოში არა მხოლოდ სარწყავი, სასმელი წყლის დეფიციტიც გვაქვს. ზოგან კატასტროფული სიტუაციაა, სადაც წყაროებია, იქ არ არის წყალმომარაგების სისტემა. საქართველო აღარ არის ისეთი წყალუხვი ქვეყანა, როგორც ადრე იყო. გეოგრაფიის ინსტიტუტის დასკვნაც ამას მოწმობს – ჩვენ ვდგავართ გლობალური კატასტროფის წინაშე, საქართველოში იკლებს მტკნარი წლის მარაგი. ქვეყანას სასმელი წყალი თავად არ ჰყოფნის, სოფლებსა და დაბებს თავი დავანებოთ, ყველა ქალაქშიც არ არის მოსახლეობა სასმელი წყლით უზრუნველყოფილი. კი ბატონო, ჩამოსხმით გაყიდვა შესაძლებელია – ეს გააკეთონ და მილებით წყლის გაყიდვაზე ფიქრს თავი დაანებონ!”

Comments are closed