globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 28 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 28th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „მე მუდამ “გონივრული ეჭვით” ვუყურებ ნებისმიერ გამოკითხვას“

რეზონანსი: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: “არ ვიცი, ამ ჩვენს “მეოცნებეებს” ვინ ჰყავთ ასეთი ბოროტი მწყემსი”

„ალია“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „გიორგი მარგველაშვილი სასახლეში იქნება თუ მის გარეთ, ივანიშვილი №1 იქნება თუ 41-ე, ამით არც დაქცეულ ლარს ეშველება და ვერც შვეიცარია გავხდებით!!!“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „არ მგონია, რომ გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალებს“ მხარს უჭერდეს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ პაატა ჯიბლაძესთან: „ნაციონალების მობრუნება არ უნდა დავუშვათ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „საზოგადოების მღელვარება სამართლიანობის აღდგენას უკავშირდება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ კარლო კოპალიანითან: „გიორგი მარგველაშვილი ნელ-ნელა სააკაშვილს ემსგავსება“

—————————-

რეზონანსი“, 28 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: მე მუდამ “გონივრული ეჭვით” ვუყურებ ნებისმიერ გამოკითხვას

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პროფესორი სოსო ცინცაძეს „რეზონანსი“ კორესპონდენტს ია აბულაშვილს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის საქართველო-რუსეთის ურთიერღობის პრობლემებზე ესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„პეტრე პირველის იმპერატორობის ხანიდან მოყოლებული, რუსეთის გეგემები საქართველოსთან მიმართებით არ შეცვლილა და არც შეიცვლება მანამ, სანამ რუსეთი დღევანდელ გეოგრაფიულ საზღვრებში (სამხრეთის მიმართულებით) იარსებებს. ეს ისტორიული მოცემულობაა, რომელიც მძლავრ გეოსტრატეგიულ კონსტრუქციიას ემყარება. განა აქვს ქართულ დიპლომატიას ამ რეალობის იგნორირების შესაძლებლობა? პასუხი ერთმნიშვნელოვანია: რა თქმა უნდა, ნატოს წევრობის გარეშე არ აქვს. მაგრამ დავუშვათ, რომ ალიანსში დაჩქარებული ტემპით გავწევრიანდით (ეს რომ არ მოხდება, ცხადია.. ისე ჩვენ არაფერი გვეტკინოს, თუმცა დავუშვათ…). მერე რა? განა დაივიწყებს მოსკოვი იმპერატორების -  პეტრე პირველისა და ეკატერინე მეორის ანდერძს და შეეგუება საქართველოს სრულ სუვერენიტეტს?

თქვენ მეუბნებით, რომ საქართველოში პრორუსული განწყობები მატულობს, რომელსაც საზოგადოებრივი გამოკითხვები მოწმობსო. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, მე ნებისმიერ გამოკითხვას ყოველთვის „გონივრული ეჭვით“ ვუყურებ. მალე 30 წელი შესრულდება, რაც საქართველოში გამოკითხვები ტარდება და ამ დროს მე და ჩემის ოჯახის წევრებისათვის ერთი კითხვა არავის დაუსვამს. არ ვიცი, ვის რას ეკითხებიან, წინასწარ შედგენილი სია აქვთ? ან დასკვნების გაკეთებისას რით ხელმძღვანელობენ? თუ კახელი მეღვინე ღვინოს საქართველოში ვერ ყიდის და რუსეთის უკიდეგანო ბაზარზე ოცნებობს, იგი ანტიდასავლელია და პრორუსულადაა განწყობილი? თუ ყველას, ვისაც კი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება სურს, ანტიდასავლელი ვეძახეთ, ეს უკვე რეალობის გაყალბებაა, რომლის უკანაც კონკრეტული პირები და ორგანბიზაციები დგაან.

თუ პრორუსული ორინტაცია ძლიერდება, რა, ამით პროდასავლური სუსტდება? მე არ მესმის, რა იგულიასხმება ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში  პროდასავლურ თუ ანტირუსულ ორიენტაციად. ფასეულობები და ღირებულებები? წიგნებითა და სახელმძღვანელოებით ვერცერთს ვერ გააძლიერებ და ვერც მეორეს შეასუსტებ იმ ქვეყნაში, სადაც წიგნს აღარავინ კითხულობს. ცხოვრების წესი – აი, ესაა მთავარი კატალიზატორი. ჩვენი მმართველი ბიუროკრატიის ცხოვრების წესს კი ევროპელებთან საერთო არაფერი აქვს“.

რეზონანსი“, 28 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: “არ ვიცი, ამ ჩვენს “მეოცნებეებს” ვინ ჰყავთ ასეთი

ბოროტი მწყემსი”

ექმნება თუ არა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ამბიციას საფრთხე “რუსთავი 2″-ის საქმის გამო და რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო, ამის შესახებ “რეზონანსის” ჟურნალისტი გვანცა ღვედაშვილი პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

სოსო ცისკარიშვილი: „რუსთავი-2“თან დაკავშირებულმა მოვლენებმა ჩვენს ქვეყანას უკვე საკმარისზე მეტი საფრთხე შეუქმნა. ჩვენ უკვე ბევრი გზავნილი მივიღეთ ჩვენი დასავლელი მხარდამჭერებისაგან და პარტნიორებისაგან, რაც იმის მანიშნებელია, რომ დემოკრატიის განვითარების საკითხში საშინაო დავალება საქართველოს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია და მით ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია ფერხდება.

იბადება კითხვა: რატომ თქვა უმრავლესობამ პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი? არ ვიცი, ჩვენს „მეოცნებეებს“ ვინ ჰყავთ ისეთი ბოროტი მწყემსი, რომელიც არ აძლევს ნებას მშავრობის წევრებს პრეზიდენტს ეწვიონ, ან სადმე ნეიტრალურ სივრცეში შეხვდნენ ერთმანეთს. ჩემი ეჭვით, ესაა ერთ-ერთი ჩემი ახალი კოლეგა, რიგითი მოქალაქე, რომელიც მართალია, იგივე უფლებები აქვს, როგორიც ყველა დანარჩენ საქართველოს მცხოვრებს, მაგრამ მაინც რაღაც მანქანებით ამას ახერხებს. ეს ჩვენი ზარ-ზეიმით არჩეული ხელისუფლება კი, რომელიც პოლიტიკური თავმოყვარეობის კოეფიციენტი თანდათან ვარდება, რაღრაც საჩუქრის მომლოდინეა. სავარაუდოდ, ეს საჩუქარი არის სავარძელია ან მთავრობაში და ან პარლამენტში. ამიტომაც პრეზიდენტს და კონსტიტუციას არად აგდებენ.

დასავლეთში მეგობრები უფრო მეტი გვყავს, ვიდრე მტრები, მაგრამ მათ, ვისაც თავზე კრემლი ადგას, კმაყოფილების ღიმილი აკრავთ სახეზე (შენიღბულად). ჩვენი მეგობრები და პარტნიორები კი საუბრობენ, რომ ასე არ შეიძლება და ეს არ არის ხელისუფლების ნორმალური ქცევა.

ჩვენს მეგობრებსაც უკვე ეჭვი უჩნდებათ, ღირდა თუ არა ისეთი არჩევნები, ღომლის შედეგად უკუსვლა მივიღეთ. არ ვგულისხმობ, რომ 2012 წელს სხვა შედეგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან  შეგვეძძლო და ცოტა ადრეც უნდა გვქონოდა იმის შეგრძნება, რომ არასწებობნდა შესაძლებლობა ჩვენს საზოგადოებაში არ დამკვიდრებულიყო მომავლის მიმართ ასეთი განწყობა – ვაის გავეყარე და უის შევეყარეო“.

„ალია“, 28 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „გიორგი მარგველაშვილი სასახლეში იქნება თუ მის გარეთ, ივანიშვილი 1 იქნება თუ 41-ე, ამით არც დაქცეულ ლარს ეშველება და ვერც შვეიცარია გავხდებით!!!“

ნინო სამხარაძე

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ისევ მეტეორივით შემოიჭრა, ამოგვასუნთქეთ, ბატონო ბიძინა, ვეღარ ვეწევით თქვენს პოლიტიკურ განცხადებებს… რეალურად კი, ივანიშვილი პოლიტიკიდან ისევე შორსაა, როგორც დედამიწა მზიდან. ბიძინა ივანიშვილის ტყვიამფრქვევის სამიზნე დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და რაც მთავარია, პრეზიდენტი მარგველაშვილია… გუშინ მან ახალი განცხადებით გააოცა პოლიტიკური ისტებლიშმენტი -პრეზიდენტი არღვევს კანონს, როდესაც ირჩევს, სად შევიდეს და სად არაო…

კითხვაზე, „ხომ არ უნდა ველოდოთ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მარგველაშვილთან მიმართებაში“, ყოფილი პრემიერი პასუხობს: „კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მე მგონია, იმპიჩმენტის საფუძველი დღეს არ არსებობს, მაგრამ მთავრობამ უნდა მიიყვანოს ბოლომდე თავისი გადაწყვეტილება ოფისებთან დაკავშირებით. მე რაღაც ეტაპზე გაგებით მოვეკიდე მთავრობის დელიკატურობას, როდესაც ანგარიში გაუწიეს პრეზიდენტის ინსტიტუტს, არ გაამწვავეს ვითარება და დაელოდნენ, რომ პრეზიდენტი გონს მოვიდოდა და მოიქცეოდა ისე, როგორც კონსტიტუციას და ქართულ სახელმწიფოს ეკუთვნის. შეიძლება ამას ჰქონდა გამართლება, მაგრამ რამდენი ხანი შეიძლება ლოდინი?.. თუ ეს ლოდინი გახანგრძლივდა მე კიდევ ამოვიღებ ხმას და მძაფრად მოვითხოვ, ამ საკითხში ბევრი თანამოაზრე მყავს, ხალხსაც დავიხმარებ…“.

მეორე მხრივ, სახეზე გვყავს გაჯიუტებული პრეზიდენტი, რომელსაც „გაზზე“ ბოლომდე აქვს ფეხი მიდგმული და დამუხრუჭებას არ აპირებს. თუმცა მარგველაშვილს კარგად უნდა ახსოვდეს, ივანიშვილმა მოინელა, გადააგდო და ხელიდან დაუსხლტა პუტინს, ეს მაშინ, როცა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი პუტინის სპეცსამსახურებმა სამუდამოდ მიაძინეს. მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი გადასახედიდან მარგველაშვილმა ივანიშვილი გადააგდო… თავი ერთ უბრალო მიწიერ კაცად შეფუთა და ის იყო ერთადერთი ივანიშვილის გარემოცვაში, რომელიც ივანიშვილს ფამილარულად, მხოლოდ სახელით მიმართავდა… მილიარდერ ბიძინას ხელში შერჩა „ნაციონალებზე“ მეტი „ნაციონალი“, „ლიბერასტებზე“ მეტი ლიბერალი, გადამგდები პრეზიდენტი, რომელმაც გარშემო შემოიკრიბა ივანიშვილის მოწინააღმდეგეები და ერთგვარი შანტაჟის ქვეშაც ამყოფებს, – თუ ასე გააგრძელებ, სადაც შენი დაიტრაბახო, იქაც ჩემი არ დაგავიწყდესო… საინტერესოა, რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ სააკაშვილის მიერ, ხალხისთვის მოპარული ფულით აშენებულ რეზიდენციაში შევარდნილი მარგველაშვილი იძულებით გამოიყვანოს, კაცი, რომელიც პირობას დებდა არ შევიდოდა ავლაბრის რეზიდენციაში და ამ შენობას საგანმანათლებლო ფუნქციას მიანიჭებდა. საინტერესო ფენომენი აღმოჩნდა მარგველაშვილი, ამ ტყუილებსაც, ალბათ, ფილოსოფიური ახსნა-განმარტება აქვს მისთვის, რატომ შევიდა კალიგულას სასახლეში, რატომ ჟღურტულებს „ნაციონალებთან“, რატომ გადააგდო ბიძინა და რას აპირებს იგი?

ექსპერტი მამუკა არეშიძე „ალიას“ კითხვებს პასუხობს.

- ბიძინა ივანიშვილის გაბრაზება მძაფრდება პრეზიდენტის მიმართ, ის უკვე ღიად მოუწოდებს მთავრობას, იზრუნოს მისი ავლაბრის რეზიდენციიდან გამოყვანაზე, რა ბერკეტები აქვს მთავრობას პრეზიდენტის გამოსაყვანად და თუ არ დათმობს მარგველაშვილი რეზიდენციას, რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

- მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის აღიქმებოდა, როგორც სახელისუფლებო გუნდის ნაწილი, ის, რომ მარგველაშვილი იკავებს ავლაბარში მდებარე ფართს, ივანიშვილის გაღიზიანების ერთი საკითხია, მაგრამ, როგორც ვატყობ, მისი გაღიზიანება უფრო მეტად იმან გამოიწვია, რომ მარგველაშვილი ბოლო დროს აკეთებს უცნაურ განცხადებებს, რომელიც, თავისი შინაარსით, რბილად რომ ვთქვათ, ხელისუფლების წისქვილზე არ ასხამს წყალს…

რაც შეეხება ბერკეტებს, როგორ შეიძლება გამოიყვანონ პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციიდან, პირადად მე, კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები უხეში ჩარევით და ექსცესებით პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოყვანისა. მაგალითად, დენი და გაზი რომ გადაუჭრან და ზამთარში დატოვონ ჩაბნელებულ და ცივ რეზიდენციაში, ამას ექნება ძალიან ცუდი გამოხმაურება. არის მეორე ვარიანტი, აუქციონის წესით გაიყიდოს ავლაბრის რეზიდენცია, მაგრამ ეჭვი მეპარება, რადგან ეს ნიშნავს, სასახლე უნდა გაიყიდოს პრეზიდენტთან ერთად. ამის გაკეთება არ შეიძლება, რადგან ამით მოხდება საქართველოს პრეზიდენტის ტიტულის დისკრედიტაცია. მე მგონია, მარგველაშვილი მივა იმ დასკვნამდე, რომ დატოვოს ავლაბრის რეზიდენცია და გადავიდეს ათონელზე, ამ სიტუაციაში კონფრონტაცია არ ღირს, რადგან მარგველაშვილი თავისი ქცევით კონფრონტაციულ გარემოს აძლიერებს, რაც „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაზე ასხამს წყალს. ეს იგრძნობა კიდეც და ამის დაშვება არ შეიძლება. სამწუხაროდ, საქართველო ამ ბოლო დროს, ავგიას თავლას დაემსგავსა, ყველანაირი ეთიკური ბარიერი მოიხსნა, იმდენი ჭუჭყი ამოვიდა ზედაპირზე.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს პარლამენტში? ამ თემაზე მმართველ გუნდში რამდენიმე თვის წინაც იყო საუბარი…

- პრეზიდენტის იმპიჩმენტს სჭირდება ძალიან სერიოზული არგუმენტები, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განაცხადოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის, ან მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შესახებ, რომლის შემდეგაც გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა პარლამენტის ორი-მესამედის მხარდაჭერა, ანუ, სულ ცოტა, ასმა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტას. მაგრამ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოწყობის მორალური უფლება არ აქვს. გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარლამენტის უმრავლესობამ კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა არ მიიღო, ეს სამარცხვინო ამბავია. ახლა გეკითხებით, ვინც კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა არ მიიღო, იმას რა უფლება აქვს, სხვა აკრიტიკოს? გარდა ამისა, პარლამენტში არიან მაჟორიტარები, რომელთაც აქვთ ძალიან მძიმე ბიოგრაფია, ისინი ჩემთვის გადიან ამორალურ კატეგორიაში.

- რას ფიქრობთ სუს-ის მიერ ინიცირებულ პროცესზე? ხელისუფლების გადატრიალების მცდელობის მუხლით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. უკრაინულ „ვიკილიკსში“ გამოქვეყნებული სტენოგრამისა და კონტრდაზვერვის მიერ მოპოვებულ ინფორმაციებზე დაიკითხა გიგა ბოკერია. სტენოგრამაში ფიგურირებს პრეზიდენტი მარგველაშვილი. მართალია, პრეზიდენტს იმუნიტეტი იცავს, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტსაც დაკითხავენ?

- მართალია, უკრაინის „ვიკილიკსი“ განსაკუთრებულ სანდოობას არ იწვევს, მაგრამ მათ მიერ გამოქვეყნებული სტენოგრამის გარშემო ქილიკი და მასხარაობაც სწორი არ არის. მე მახსოვს, უფრო ნაკლებ ინფორმაციაზე აღუძრავთ სისხლის სამართლის საქმე, საერთოდ, დღემდე ჩემთვის გაუგებარია, რაზე დააპატიმრეს ირაკლი ბათიაშვილი, სხვა მსგავსი მაგალითია უამრავია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება „ვიკილიკსზე“ დაყრდნობით არ დაიწყეს, გარკვეული ოპერატიული ინფორმაციები ამის თაობაზე არის.

- შეიძლება, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლოს, რომ მასზე ქვეყნის არაფორმალური მმართველი ახდენს ზეწოლას და მისი კონსტიტუციური უფლება იზღუდება?

- თუ პრეზიდენტის უფლებამოსილებას ვინმე შეზღუდავს, მაშინ კონსტიტუცია დაირღვევა. ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის უფლება არ ირღვევა, რადგან მთავრობას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება, ვინ სად უნდა განთავსდეს, თუმცა პრეზიდენტის უფლებას თუ ვინმე შეზღუდავს, ცალსახად დაირღვევა მისი უფლება და ამის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება.

- ბატონო მამუკა, და მაინც, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე ძალოვანი უწყება უკვე მესამედ აკეთებს განცხადებას, თქვენ კი მუდამ მიანიშნებთ, რომ იქ ჩანერგილია მე-5 კოლონა… ამას ადასტურებენ ნაწამები პატიმრები, მათ შორის არქანია, მის წამებაში მონაწილე პირები დღესაც ძალოვან უწყებებში მუშაობენ, პროკურორი ფიფია კი ისევ პროკურატურაშია, რომელსაც ის ჩვენების გამოძალვაში ადანაშაულებს. მას ემუქრებოდნენ, თუკი 2011 წელს ამერიკის საელჩოსთან ტერაქტის მცდელობას არ აღიარებდა, გააუპატიურებდნენ. ზოგიერთი მათგანი, ვინც მის წამებაში მონაწილეობდა, უფრო მაღალ თანამდებობაზეა. ესენი არიან ლაშა გოგოხია, გიორგი სამუშია, დავით კვარაცხელია, ლაზიშვილი, რომელიც დღეს სასაზღვრო პოლიციის ერთერთი განყოფილების უფროსია. ახალი ხელისუფლების პირობებში პროკურატურის თანამშრომლები მას სთავაზობდნენ სარჩელის გამოტანას სტრასბურგის სასამართლოდან მატერიალური ანაზღაურების სანაცვლოდ. მაშ ასე, რა ხდება ძალოვან უწყებებში, რით ვერ მოხერხდა მათი გაწმენდა და თუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზეა საუბარი, კომპეტენტურმა პირებმა უნდა იცოდნენ, რომ ძალოვანი უწყებების დახმარების გარეშე ეს საქმე არ მოხდება, ძაღლის თავი კი სწორედ აქ მარხია.

_ საქმეა აღძრული გადატრიალების მცდელობაზე და არა დასაწყისზე. მცდელობა ყოველთვის შეიძლება მოხდეს ადამიანთა პატარა ჯგუფის მიერ, მე არ მგონია, ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ გაჰყვეს და ამ ქვეყანაში მოხდეს რევოლუცია ან სახელმწიფო გადატრიალება, თუმცა, სამწუხაროდ, დიდ პოლიტიკაში ხშირად ასეა, რომ ხალხს იყენებენ შირმად, პოლიტიკოსების ქმედება ყოველთვის ამაზეა ორიენტირებული, რომ წინ დაიყენონ ხალხი და მათი საშუალებით მიაღწიონ მიზანს. ამ შემთხვევაში მთავარი საყრდენი იქნება არა ხალხი, არამედ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, ინფორმატორები, ჟურნალისტები, ის ხალხი, ვინც ასოცირდება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ისინი, ვინც ჰყავთ შანტაჟის ქვეშ. განსაკუთრებით ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კარგად ჩანს, რომ უამრავი მასალა, რომელიც არის ნახევრად საიდუმლო, ან საიდუმლო, გადის ძალოვანი უწყებების კედლებიდან, რაც ხვდება ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ხელში. „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ ხალხზე ამბობს, რომ ესენი არიან პატრიოტები, ვინც არ დაუშვეს ქვეყნის დანგრევა. ესეც ერთგვარი მაკიაჟია მომხდარი ფაქტის. სხვანაირად რომ ვთქვათ, საიდუმლო დოკუმენტებს ძალოვანი უწყებებიდან იპარავენ და მიაქვთ ოპონენტთან. აი, ეს შეიცავს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ელემენტებს. უფრო მეტიც, სახელმწიფო ღალატის ელემენტებს. ამ ხელისუფლებას შეიძლება ყველაფერი დავაბრალოთ – უნიათობა, უსაქმურობა, კორუფცია, მაგრამ ვერ დააბრალებ ადამიანების წინააღმდეგ ბინძური მეთოდებით ბრძოლას – წამებას, გაუპატიურებას, მკვლელობებს მოსახლეობის დაშინების მიზნით.

ადამიანის უფლებების ცალკეული დარღვევების შემთხვევები, რასაკვირველია, არის, მაგრამ რასაც წინა რეჟიმი სისტემურ დანაშაულს სჩადიოდა, ასეთი რამ არ არსებობს. აქედან გამომდინარე, იმ ხალხს, ვისაც ძალოვანი უწყებიდან საიდუმლო დოკუმენტები გააქვს, აუცილებლად უნდა მოეთხოვოს პასუხი… თქვენ ახსენეთ არქანია, სხვათა შორის, ეს არის ყოფილი პატიმარი, რომელიც უსასტიკესად აწამეს. ეს პიროვნება დიდი ხანია ღიად ასახელებს მათ გვარებს, ვინც ის აწამა და დღეს მაღალ თანამდებობებზე არიან, ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიგოს, რომ მწამებლებთან, დამნაშავეებთან კოჰაბიტაცია არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ამ ხალხმა როგორც ერთხელ უღალატა თავის პატრონს – „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე უღალატებს ამათაც. ამიტომაც არ მიკვირს, რომ საიდუმლო ინფორმაციები გადის ძალოვანი უწყებებიდან, რადგან ისინი თანამდებობებს კვლავ ინარჩუნებენ.

- გიგი უგულავას შემდეგ ნიკა გვარამია ალაპარაკდა, რომ მასზე არსებობს კომპრომატების სახით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომლითაც ხელისუფლება აშანტაჟებს. მის თვალთვალს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ახორციელებდა?

- ნიკა გვარამიამ ამ განცხადებით ხალხი დააფიქრა იმაზე, რაზეც აქამდე არ უფიქრიათ. უგულავას შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა ტიპის ფოტოები გავრცელდა, ასევე სხვა ტიპის ვიდეოებზეა ლაპარაკი, ხოლო გვარამიას შემთხვევაში, როგორც ჩანს, საპირისპირო ვიდეოზეა საუბარი. ყოველ შემთხვევაში, გვარამიამ ასე მიგვანიშნა. მან დააყოლა, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გადაღებულია 2013-2014 წლებში. საიდან იცის, როდის არის გადაღებული?

ეტყობა, რაღაცაზე ეჭვი აქვს. ამ ხელისუფლებას ზუსტად იმაში ვადანაშაულებ, რომ იმდენი ქნა, ასეთი შედეგი მიიღო, საბოლოო ჯამში, იმის ნაცვლად, საფუძველშივე მოესპო ეს ყველაფერი, დღეს ქვეყანაში ვიდეოანარქიაა… უნდა დაიწყონ სამართლიანობის აღდგენა და თუ ამას ვერ გააკეთებენ, მუდმივად ვიქნებით ამ რეჟიმში, რასაც ჰქვია პერმანენტულად გაუპატიურების რეჟიმი არჩევნებამდე.

- დაბოლოს, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი გააქტიურება რომ შევაჯამოთ, რისთვის ემზადება იგი?

- ბიძინა ივანიშვილი განიხილება საპარლამენტო სიის პირველ ნომრად, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. სხვათა შორის, ეს ძალიან ცუდია. 2012 წლის არჩევნებზე გაცემული დაპირებების პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი ივანიშვილზეა. ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ ივანიშვილს ჰკითხა, – „მესმის, დაპირებების რაღაც ნაწილი შესრულდა, მაგრამ პირადად ჩემს ოჯახზე ეს კეთილდღეობა არ ასახულაო“, რაზეც ივანიშვილმა უპასუხა, – „დიდი ბოდიში, მაგრამ რამდენიმე წელში საქართველო შვეიცარია ვერ გახდებაო…“. კი ბატონო, მესმის, რასაც ამბობს, მაგრამ არ მესმის მეორე, რამდენი შანსია ხელიდან გაშვებული იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკური აღორძინების ბაზა შექმნილიყო… ჩინოვნიკების დიდი ნაწილი, ვისაც ეს საკითხი ეხება, პასუხისმგებლობას გაურბის. უამრავი შანსია ხელიდან გაშვებული იმიტომ, რომ ქვეყანაში არსებობს ბიუროკრატია, აღარაფერს ვამბობ ჩინოვნიკურ კორუფციაზე, საქართველოს კვალობაზე ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანის კეთილდღეობაზე აისახებოდა. სამწუხაროდ, ივანიშვილს აქვს ასეთი თვისება, ის ან ბრმად ენდობა თავის გარემოცვას, ან უცბად მოიკვეთს ადამიანს და მისკენ გახედვა აღარ უნდა. ამიტომაცაა, რომ ხშირად მას სწორი ინფორმაცია არ აქვს.

„ახალი თაობა“, 28 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: არ მგონია, რომ გიორგი მარგველაშვილი ნაციონალებსმხარს უჭერდეს

ნონა ცაბაძე

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყურადღების ცენტრში მოქცევას ყოველთვის ახერხებდა. თუმცა მისმა ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და ნაბიჯებმა ის კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა მას კითხვები გაუჩინა.

- რა იყო პრეზიდენტის მიზანი?

- პირველი ვერსიით, პრეზიდენტის მიზანი არის, რომ ეს პროცესი იყოს კარგად გააზრებული და ყველაფერი ჯდებოდეს კანონიერების ფარგლებში, რაც თავად თქვა. თუმცა, პრეზიდენტს შეეძლო თავი აერიდებინა ამგვარი ფორმულირებისთვის. აქ სწორედ ფორმულირებაშია საქმე, რომელიც ტოვებს მითითების გრძნობას. მითითება კი უკვე ჩარევაა.

- საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ მან ამ განცხადებებით ნაციონალებისწისქვილზე დაასხა წყალი.

- ეს საეჭვო ვერსიაა. ერთ-ერთი პირველი, ვინც „ნაციონალების“ პოლიტიკას გამოუცხადა პროტესტი, იყო გიორგი მარგველაშვილი. ეს იმ დროს, როდესაც ამას არავინ აკეთებდა. ამიტომ არ ებმება ერთმანეთს, რომ დღეს მარგველაშვილი ნაციონალებს უჭერდეს მხარს და მათ წისქვილზე ასხამდეს წყალს.

ექსპერტის აზრით, გიორგი მარგველაშვილი ცდილობს, რაც შეიძლება მეტად დაიცვას ბალანსი, შევიდეს პოლიტიკური ომბუდსმენის როლში და, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ჩათვალა, რომ ასეთი ომბუდსმენობა სჭირდება მედიას.

- თქვენ ხედავთ იმის საფრთხეს, რომ პროცესები გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს? არსებობს პოლიტიკური კრიზისის საფრთხე?

- ჯერჯერობით ვერ ვხედავ მაგ საფრთხეს.

- მარგველაშვილმა ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაც დაიმსახურა. კარგად არ ვიცნობდი, თორემ არ შემოგთავაზებდით მის კანდიდატურასო. შესაძლოა, გულწრფელი იყო, მაგრამ პოლიტიკურად რამდენად სწორი იყო მისი განცხადება?

- ივანიშვილის ინტერვიუებში მარგველაშვილის თემა არ იყო ახალი ქართველი საზოგადოებისთვის. ყოფილმა პრემიერმა განაცხადა ისიც, რომ შეიცვლება საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობა. თან აცხადებს, რომ პოლიტიკაში არ ერევა. ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებია!

ექსპერტი თვლის, რომ ივანიშვილის მხრიდან პრეზიდენტის შეფასებაც პოლიტიკაში ჩარევაა. „თუკი შენ საზოგადოებაზე გავლენა გაქვს და რომელიმე პოლიტიკოსს შეფასებას უკეთებ, ესე იგი საზოგადოების ამ ნაწილს დაითანხმებ შენს შეფასებაზე. ნაბიჯს დგამ იმისკენ, რომ საზოგადოებამ ამ პოლიტიკოსის მიმართ შეხედულება შეიცვალოს. ეს უკვე პოლიტიკური ნაბიჯია“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე. მას მიაჩნია, რომ ასეთი ირიბი ჩარევები სხვადასხვა რეაქციას იწვევს არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენი მეგობრების შეფასებებში.

- ვერ ელევა ივანიშვილი პოლიტიკური პროცესების მართვას?

- რადგან ივანიშვილს აქვს ეს სურვილი, რომ თვალი ადევნოს პოლიტიკას, პოლიტიკას ის სახე ჰქონდეს, რომელიც მას მიაჩნია სწორად, მაშინ უფრო მიზანშეწონილი იქნება, რომ ჩაერთოს ღიად პოლიტიკაში და მერე არავის გაუჩნდება მისი პოლიტიკური შეფასებების მიმართ პრეტენზია.

- ეს კულისებიდან მართვას ჰგავს?

- არც კულისებიდან მართვა მიმაჩნია დიდ პრობლემად. ისტორიამ იცის ასეთი ფაქტებიც. თუ ეს კულისებიდან მართვა მიმართულია მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსების შეფასებებზე, დამოკიდებულებებზე და ასე შემდეგ, ეს მეტისმეტად პატარა მოვლენაა პოლიტიკურ ცხოვრებაში და მაგისთვის არ ღირს ძალისხმევა. იყო კრიტიკა, რომ ივანიშვილმა მოგვცა პრეზიდენტი, რომელიც სულ სხვაგვარად იქცევა. ივანიშვილის მხრიდან კი სისტემატურად დაბრუნება ამ თემასთან ივანიშვილის პოლიტიკურ წონას ამცირებს და არა -_ მარგველაშვილისას.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ თუ ივანიშვილს ქვეყნისთვის დახმარება უნდა და ვერ წყდება პოლიტიკურ პროცესს, ამის განხორციელება სრულიად სხვა კუთხით შეუძლია: „ეკონომიკური კუთხით გააუმჯობესოს სიტუაცია, იგივე სამუშაო ადგილების გაჩენის თვალსაზრისით, შეიმუშაოს რაიმე კონცეფცია თავისი უზარმაზარი გამოცდილებით და ასე შემდეგ. გლობალური პრობლემების გადაწყვეტას უფრო ელიან ამ ადამიანისგან და მას ეს უდავოდ შეუძლია. მისი ინტერვიუები ამ დიდ თემებს რომ შეეხოს, ვიდრე კონკრეტულ ადამიანებს, მისი იმიჯისათვის ბევრად უკეთესი იქნება, – აცხადებს ფსიქოლოგი.

- პრეზიდენტს შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე შედგა შეხვედრა პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის. გაისმა მოწოდებები, რომ ემოციები ყველამ უნდა მოთოკოს. რისკენ მიანიშნებენ მარგველაშვილს? მან გადააჭარბა თავის ფუნქცია-მოვალეობებს?

- პრეზიდენტს სურს, რომ გააძლიეროს თავისი ინსტიტუტი, რომელიც კონსტიტუციურად სუსტია. სწორედ ამიტომ ჩნდება მერე ის განცდა, რომ ხომ არ აჭარბებს? ჩვენი კონსტიტუცია ამდენი მანევრის საშუალებას არ იძლევა. უმჯობესი იქნება, კონსტიტუციას მიხედონ და კონსტიტუციურ დონეზე მოაგვარონ ეს საკითხები და არა _ ასეთი ყოველდღიური აქტივობის დონეზე.

„ახალი თაობა“, 28 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ პაატა ჯიბლაძესთან: ნაციონალების მობრუნება არ უნდა დავუშვათ

მარიამ მჭედლიშვილი

(შემოკლებით)

მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ აზრს ყველა არ იზიარებს. თუმცა, საზოგადოების რადიკალიზაცია სახეზეა. ამას ერთვის მძიმე სოციალური ფონი, ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირება, „ქართული ოცნების“ რეიტინგის დაცემა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გააქტიურება. ამ სიტუაციაში აქტიურდებიან ის ადამიანებიც, რომლებიც პოლიტიკიდან წავიდნენ. მათ შორისაა პაატა ჯიბლაძე, რომელმაც გარკვეული ხნის წინ ლეიბორისტული პარტია რამდენიმე თანაპარტიელთან ერთად დატოვა, ახლა კი მათთან ერთად „მემარცხენე ალიანსის“ რიგებს შეუერთდა. მას „ახალი თაობა“ ესაუბრა.

„ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დამარწმუნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არა თუ დამარცხებული და გაჩუმებული არ არის, არამედ სერიოზულ შეტევაზეა გადმოსული. ნაციონალების ტელევიზიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ულტიმატუმებს აყენებს, იმუქრებიან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები. რაც მთავარია, ცინიკურ და თავხედურ განცხადებებს აკეთებს ყოფილი რეჟიმის ლიდერი სააკაშვილი. ნაციონალები ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩასაგდებად ემზადებიან. აუცილებლად ვთვლი, ჩემი წვლილიც შევიტანო ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლაში“, – ამბობს პაატა ჯიბლაძე.

- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება იმ მუხლით, რომელიც გულისხმობს შეთქმულებას ხელისუფლების დასამხობად.

- მთავარია, საგამოძიებო ორგანოებმა, თუ ამის საფუძველი აქვთ, საქმე ბოლომდე მიიყვანონ და თუ დამტკიცდა, რომ ხელისუფლების დამხობა იგეგმებოდა, დამნაშავეები დაისაჯონ. როცა 2012 წელს ნაციონალებს ვისტუმრებდით, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ქვეყანაში დაუსჯელობა და უსამართლობა გამეფდებოდა.

- დამნაშავეები არ დასჯილან?

- თითო-ოროლას გარდა, პასუხი არავის უგია. არ მომხდარა არაადამიანური რეჟიმისა და ფაშისტური პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შეფასება. მეოთხე წელიწადია, „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის დამნაშავეებისათვის პასუხი არ მოუთხოვიათ. არადა, რა არ ჩაიდინეს – გლდანის ეკლესიაში ბარბაროსული შევარდნითა და უამრავი ახალგაზრდის დახოცვით დაწყებული, წამებით, მიტინგების სასტიკად დარბევითა და ტერიტორიების დაკარგვით დამთავრებული. ნაციონალებს ბოდიშიც არ მოუხდიათ. იმის მაგივრად, რომ ჩუმად მაინც იყვნენ, სხვას ესხმიან თავს. ამის ატანა ძნელია.

- გამოსავალი რა არის?

- ყველაფერი სამართლებრივად უნდა გადაწყდეს. გარდა ამისა, საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა მშვიდობიან ფორმებში რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავუშვათ ნაცმოძრაობის მობრუნება. ისინი მობრუნებას გეგმავენ და იმაზე უარესის გაკეთებას, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდნენ. ამ დანაშაულებრივ მოძრაობაში არიან პირები, რომლებიც ახალგაზრდა ასაკში მონაწილეობდნენ სამოქალაქო დაპირისპირებასა და მაშინდელი ხელისუფლების დამხობაში. მაგალითად, გიგა ბოკერია და გოკა გაბაშვილი. ვნანობ, რომ მაშინ მეც და სხვებიც განზე გავდექით. ეს შეცდომა აღარ უნდა გავიმეოროთ.

- ნაცმოძრაობასძლიერი ლობისტები ჰყავს უცხოეთში..

- რატომ არ ეყოლებათ, როცა საბიუჯეტო მილიონები ირიცხებოდა მათ ჯიბეებში. ხომ ვიცით, რას ხმარდებოდა უშიშროების საბჭოს თანხები, როცა იქ მდივანი ბოკერია იყო. ნაციონალების ოკეანისგაღმელი მფარველები ხმას ვეღარ ამოიღებენ, თუ საგამოძიებო ორგანოები მყარ ფაქტებს დადებენ ნაცმოძრაობის წინააღმდეგ.

- დიდი ხანია ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ სააკაშვილს საქართველო აღარ აინტერესებს.

- ამ ტყუილებს ავრცელებენ „ნაცმოძრაობის“ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ვითომ ექსპერტები. სააკაშვილი ყოველთვის ემზადებოდა საქართველოში ძალაუფლების კიდევ ერთხელ ხელში ჩასაგდებად.

„ახალი თაობა“, 28 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: საზოგადოების მღელვარება სამართლიანობის აღდგენას უკავშირდება

ნათია ხურცილავა

(შემოკლებით)

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებათან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს და საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რამდენი ადამიანია აღნიშნულთან დაკავშირებით მიცემული პასუხისგებაში.

სამართალმცოდნე, კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა შესაძლებელია ანგარიში წარმომადგენლობით ორგანოს, პარლამენტს ჩააბაროს, საზოგადოებას კი მიაწოდოს სწორი ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება. „აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება და გამოვლინდნენ ის პირები, ვინც ატვირთა ეს კადრები. ოპერატიულ და ეფექტურ რეაგირებასთან დაკავშირებით წუხილი უკავშირდება იმას, რომ ჩვენ გვაქვს გამოცდილება წინა პერიოდში, თუ როგორ ვრცელდებოდა სხვადასხვა ტიპის კადრები, მაგრამ დამნაშავეები არ გამოვლენილან. მაშინ ითქვა, რომ გამოძიებამ დაადგინა ამ კადრების წარმომავლობა, ასევე ის, თუ როგორ გავრცელდა ეს კადრები ინტერნეტში, მაგრამ ამ გამოძიების შედეგები საჯაროდ არ არის ცნობილი“, – ამბობს ლევან ალაფიშვილი.

- რა ინფორმაცია უნდა გასცენ სამართალდამცავმა ორგანოებმა?

- მაგალითად, ე.წ ჰაკიმ-ფაშას სახელით გავრცელებული ფაილების, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჟვანიას გარდაცვალების საქმის მასალებთან დაკავშირებით გავრცელებული კადრების შესახებ გამოძიება დაიწყო. უნდა ვიცოდეთ, რა ეტაპზეა გამოძიება. ეს არის დემოკრატიის ნაწილი, პროცესი ღიად და გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.

- წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებაში უნდობლობა გამოიწვიონ?

- ცხადია.

- პრეზიდენტის მოწოდება იყო, რომ უნდა გამოვიდეს შსს-წარმომადგენელი და ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებას. ეს შესაძლებელია?

- სიტყვა „ანგარიშს“ ამ შემთხვევაში უფრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს. თუმცა, მას იურიდიული მნიშვნელობაც აქვს. საკმარისი იქნება, უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას და არა _ ანგარიში. რა რეაგირება მოხდა, რა გააკეთეს საგამოძიებო ორგანოებმა ამ კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ანგარიშგებას, ეს შეიძლება უფრო სხვა დონეზე მოხდეს.

- კონკრეტულად?

- მაგალითად, წარმომადგენლობით ორგანოში, პარლამენტში, კომიტეტებში ამ ფორმატების გამოყენება შესაძლებელია. შესაძლებელია, შს მინისტრი იყოს დაბარებული პარლამენტში და ამ საქმესთან დაკავშირებით ანგარიში იქნას მოსმენილი საკანონმდებლო ორგანოში.

- ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ათეულობით ადამიანი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული სამეგრელოში კასრებში აღმოჩენილ ფაქტებთან დაკავშირებით.

- განაჩენი რაზეა დამდგარი, ეს არის მნიშვნელოვანი. სანამ ამაზე პასუხი არ გაიცემა და სანამ ეს პასუხი არ იქნება დამაჯერებელი, კითხვები მუდმივად იარსებებს. კითხვის ნიშნები კიდევ ერთმა ფრაზამ წარმოშვა, რომელიც ხელისუფლებისგან მოდიოდა, რომ მასალები გადაცემულია დაცვის მხარისთვის და შესაძლებელია ეს კადრები მათ გაავრცელესო. მერწმუნეთ, ეს არ არის ის მოლოდინი, რაც არსებობს საზოგადოებაში კანონის უზენაესობის თვალსაზრისით.

- საზოგადოების მოლოდინი იყო სამართლიანობის აღდგენა, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ მოთხოვნით გამოდიოდა. შეიძლება ამ მიმართულებით დგამს ხელისუფლება გარკვეულ ნაბიჯებს?

- განუმარტა კი ვინმემ საზოგადოებას, რა არის სამართლიანობის აღდგენა? ეს პროცესი რომ არ წარიმართა სტაბილურად და პროფესიონალურად, იმიტომაც გვაქვს ასეთი მღელვარება და გაურკვევლობა საზოგადოებაში.

- ეს პროცესი შეიძლება გარკვეულ ჯგუფებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდოს?

- არა. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა ჩვენი ტემპერამენტისა და არსებული რეალობის გათვალისწინებით. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა ორ ჯგუფს შორის _ ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას შორის, რაც საქართველოს ისტორიისთვის უცხო სულაც არ არის, პირიქით, მუდმივად განმეორებადია. სამწუხაროა, რომ გაკვეთილები ვერ გამოვიტანეთ. თუ ვინმე ისარგებლებს ამ შემთხვევით და გარე ძალებიც ჩაერთვებიან პროცესებში, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი თუ კეთილის მსურველი, არ არის გამორიცხული, რომ სახელმწიფო გადატრიალებამდე მივიდეთ, როგორც არაერთხელ მომხდარა ჩვენი ისტორიის მანძილზე.

„ახალი თაობა“, 28 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ კარლო კოპალიანითან: „გიორგი მარგველაშვილი ნელ-ნელა სააკაშვილს ემსგავსება

შორენა მარსაგიშვილი

(შემოკლებით)

რატომ არ ელაპარაკებიან პრეზიდენტს, ნანობენ თუ არა მისთვის მხარდაჭერას, ვისი გავლენის ქვეშ არის მარგველაშვილი? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი ესაუბრება.

- ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს წიხლის კვრით იცილებს. თქვენ რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

- რით გამოიხატება წიხლის კვრით მოშორება? თავად შეწყვიტა „ქართულ ოცნებასთან“ კონტაქტი. ბატონმა ექსპერტმა ეს განცხადება, ალბათ, იმიტომ გააკეთა, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციებზე არ წავედით. გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატია და ის სწორედ იმიტომ გახდა საქართველოს პრეზიდენტი, რომ კოალიცია უჭერდა მხარს. ვინმეს და მათ შორის მარგველაშვილსაც ხომ არ აწუხებს იმის ილუზია, რომ სხვა ძალის წარდგენის შემთხვევაში ის არჩევნებს მოიგებდა?! მთელი კოალიცია მის მხარდასაჭერად დავრბოდით. პირადად მე არჩევნების წინ რაჭა-ლეჩხუმის 35 სოფელი მოვიარე 7 დღეში. სხვა დეპუტატებიც ასე დარბოდნენ. ის დამსახურებულად გახდა საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ თავად გაემიჯნა, ექსპერტ ხუხაშვილის ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, თავად მოგვიშორა წიხლის კვრით.

- თავად რანაირად გაგემიჯნათ? რამდენიმე დღის წინ მან კონსულტაციებზე გიხმოთ და არ წახვედით.

- რომელ კონსულტაციებზე, „ნაციონალები“ და არასამთავრობოები რომ დაპატიჟა? ამ კონსულტაციებს ისეთი განცხადებები უძღოდა წინ, კოალიციამ იქ მოსვლა საჭიროდ არ ჩათვალა. როგორც მან თქვა, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი ირღვევაო. ეს ყველაფერი შეგნებულად არის ნათქვამი და მის უკან ვიღაცა დგას. მე ოფიციალურ მრჩევლებზე არ ვსაუბრობ. მას არაოფიციალური მრჩევლებიც ჰყავს და ბოლო პერიოდში მათ რჩევებს ითვალისწინებს. ახლაც გაიძახის, კონსტიტუციური წესრიგი ირღვევაო. სად ნახა დარღვეული წესრიგი? მისი განცხადებები ერთი ერთში ემთხვევა ნაციონალების განცხადებებს და, ალბათ, იოლად მიხვდებით, საიდან მისდის პრეზიდენტს ასეთი რჩევები. „ნაციონალებს“ ძალიან სურთ ქვეყანაში არეულობა, მაგრამ ისე წავლენ პოლიტიკურ სამარეში, რომ ამ ოცნებას არ აისრულებენ. ჩვენ ვერ ვხედავთ არეულობის საფრთხეს და ამიტომაც არ მივედით კონსულტაციებზე. სხვა მხრივ მასთან საუბრის პრობლემა არ გვაქვს.

- თუ საუბრის პრობლემა არ გაქვთ, მისულიყავით, რამე დაშავდებოდა ამით?

- დაშავებით არაფერი დაშავდებოდა, მაგრამ რაზე გვესაუბრა? გვეთქვა, გიორგი, რატომ აკეთებ ასეთ განცხადებებს? ჩვენ დემოკრატები ვართ და ადამიანებს თავიანთი აზრის გამოთქმის უფლებას ვერ წავართმევთ. არეულობას რაც შეეხება, გითხარით, რომ ამის საშიშროება არ არის და ამ თემაზე საუბარი საჭიროდ არ მივიჩნიეთ.

- არეულობის საფრთხე არ არისო, აცხადებთ, მაგრამ იქვე იმასაც დასძენთ, ნაციონალები გეგმავენ რაღაცასო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ მასალებზე გამოძიებაც კი დაიწყო.

- ძალიან კარგია, რომ გამოძიება დაიწყო. ნაციონალებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. საგამოძიებო უწყებებს სიფრთხილე მართებთ.

- ანუ ყოფილა საფრთხე და წასულიყავით ამ პრეზიდენტთან.

- გეუბნებით, რომ საფრთხე არ არის. ყოფილ ხელისუფლებას სურს დესტაბილიზაცია, მაგრამ არ გამოუვა.

- რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რომ არაფერი გამოუვა?

- იმიტომ, რომ კარგად ვიცი ხალხის განწყობა. მათ მხარდამჭერები საერთოდ არ დარჩათ.

- მხარდამჭერები როგორ არ ჰყავთ, ბატონო კარლო, ენდიაის გამოკითხვების მიხედვით, ქართულ ოცნებაზემეტი მხარდამჭერი ჰყავთ.

- სად არის მერე ენდიაის მიერ გამოკითხული ხალხი? ჩემ გარშემო ასეთი არავინაა. თუ ამდენი ხალხი უჭერს მხარს, აქციებზე რატომ ვერ გამოჰყავთ ხალხი? მათი მხარდამჭერების რაოდენობა 3.000-ს ძლივს აღწევს. ეგენიც ძალით მიჰყავთ აქციებზე. ამ ხალხის ნება რომ იყოს, ბევრი მათგანი სიხარულით გაემიჯნებოდა ამ დამნაშავე რეჟიმს.

- ნაციონალები ხელისუფლებაში აღარ არიან და ხალხს როგორ უნდა აიძულონ აქციაზე მისვლა?

- აქვთ რაღაც მექანიზმები. ამ ადამიანებს ყოფილ ხელისუფლებასთან რაღაც ვალდებულებები აქვთ და იძულებული არიან, წავიდნენ. დამიჯერეთ, ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავთ. რამდენიმე თვეში კიდევ უფრო შემცირდება მათი რიცხვი.

- რამდენიმე თვეში რატომ შემცირდება?

- იმ კადრებმა, რომლებიც ამ დღეებში გავრცელდა, დიდი გავლენა იქონია ხალხზე. ნეტა იმის ტვინში ჩამახედა, ვინც დღემდე ნაციონალებს უჭერს მხარს. ძალიან მიკვირს, ამ კადრების გავრცელების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი მათ როგორ შეხვდა.

- მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევიდან 27 ოქტომბერს 2 წელი გავიდა. ამ 2 წლის თავზე ხომ არ ნანობთ, მას რომ უჭერდით მხარს?

- სანანებელი არაფერი გვაქვს და ღმერთმა არც გაგვიხადოს ასე საქმე. უბრალოდ, ვერ გავიგეთ, მას რა უნდა. დადგება დრო და ვკითხავთ. იმედია, მანამდე თავად გაერკვევა ყველაფერში და თავის შეცდომებსაც გააანალიზებს. მთავარია, მიხვდეს, რომ არ შეიძლება, პრეზიდენტი იყოს მხარე.

- თქვენი აზრით, დღეს გიორგი მარგველაშვილი მხარეა?

- დღევანდელი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ, ის მხარესავით იქცევა. ასეთი მხარე იყო სააკაშვილი, რომელიც ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ კიდევ 1 წელი იყო პრეზიდენტი. მარგველაშვილი არ უნდა დაემსგავსოს მას. რაღაცა მსგავსებებს უკვე ვხედავთ.

- რა მსგავსებებს?

- სააკაშვილის მსგავსად, პარლამენტის გადაწყვეტილებებს ვეტოს ვეტოზე ადებს. გიორგის აშკარად ეტყობა, რომ ვიღაცის გავლენის ქვეშაა. მიშას კიდევ, იცით, რით დაემსგავსა? სასამართლოზე უნდა ზეგავლენის მოხდენა. რამდენიმე დღის წინ მან მოსამართლეს მიმართა, არ მიიღო ხისტი გადაწყვეტილებაო. მართალია, მარგველაშვილი სახელმწიფოს მეთაურია, მაგრამ მას სასამართლოს საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს, მოსამართლემ კი კანონს უნდა დაუჯეროს და არა _ პრეზიდენტს.

- პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ მას ხომ აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება?

- ბუნებრივია, აქვს, მაგრამ ეს აზრი სასამართლოს შემდეგ გამოთქვას. თუ უფლებაზეა საუბარი, პრემიერსაც აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. მაშინ რატომ ატეხეს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე ამხელა ამბავი?! ადამიანმა თავისი პოზიცია გამოხატა და ლამის დესტაბილიზაციის მოწყობა დააბრალა. არადა, რა თქვა ახალი? ნაციონალებს რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, ახალი ამბავია? ამ მიმართულებით გიორგი მარგველაშვილი დიდ გაუგებრობაშია მოყოლილი. მას ვიღაცები რაღაცაში არწმუნებენ, ისიც აკეთებს განცხადებებს, რაზეც ჩვენ გვაქვს რეაქცია. ჩვენი რეაქციის შეფასებებს, ზოგიერთებს ურჩევნიათ, პრეზიდენტის განცხადებები შეაფასონ. კიდევ ვიმეორებ, აქ არეულობა არ იქნება, მარგველაშვილს ნუ ურევთ ტვინს და, როგორც იტყვიან, ყველამ თავის იმნაირ მამიდას მოუაროს!

- კონკრეტულად ვინ უნდა მოუაროს თავის იმნაირ მამიდას?

- ვინც მარგველაშვილს ურევს ტვინს.

Comments are closed