globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 28 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 28th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან: “ვურჩევდი ღარიბაშვილს, ახალი წელი რაც შეიძლება ხანგრძლივად იზეიმოს” (ექსკლუზივი)

„კვირის ქრონიკა“: ვინ არის გიორგი კვირიკაშვილი და რა გზა გამოიარა ახალმა პრემიერმა?

„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: რითი ჯობია გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს?

„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ: „ირაკლი ღარიბაშვილი გაუშვა იმან, ვინც თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი დაგვინიშნა»

„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „მიშა ხო მაგარი იყო, ბიძინა უფრო მაგარია! სააკაშვილის რეჟიმი არსად არ წასულა, ის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ჩაანაცვლა, არანაკლებმა შავბნელმა ძალამ“

რეზონანსი//მთელი კვირა: რატომ არ ცვლის კვირიკაშვილი მთავრობის შემადგენლობას // საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ცვლილებები აუცილებლად იქნება, ოღონდ გარკვეული პერიოდის შემდეგ

რეზონანსი//მთელი კვირა: რამდენად წარმატებული იქნება ახალი მთავრობა?

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: ირაკლი ალასანიასა და “ოცნების” შერიგების დასაწყისი

რეზონანსი: როგორ და რატომ კარგავს “ოცნება” რეიტინგს // საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა 2015 წლის ყველაზე გამაღიზიანებელი გამონათქვამები და შეცდომები

პრაიმტაიმი: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: ახალი წლის შემდეგ კომპრომატების ომის დაწყება ანონსდება – ვის დაიჭერენ და ვინ გადაირჩენს თავს?

რეზონანსი: “ოცნება” “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ – ბოლო “კუნთების მოსინჯვა” გარდაბანში // გარდაბნის გამგებლის თანამდებობისათვის 28 იანვარს მხოლოდ ორი კანდიდატი იბრძოლებს

ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო სიის პირველი ნომრის პრობლემა აქვს“

ახალი თაობა“: ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „პრემიერს მერი მიჰყვება… ყველაფერი ხდება ისე, როგორც ბიძინას უნდა“

ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი გუგავასთან: „ბიძინა ივანიშვილის აღდგენილ სამართლიანობას სახელად „ლევან მურუსიძე“ ჰქვია“

ახალი თაობა“: ინტერვიუ რუსუდან შარაძესთან: “ლევან მურუსიძის არჩევას არავის შევარჩენთ!”

რეზონანსი“: ლევან მურუსიძე, როგორც ახალი განხეთქილების ვაშლი პრეზიდენტსა და “ოცნებას” შორის

„კვირის პალიტრა“: იცნობდეთ მათ, ვინც მურუსიძეს დაუჭირეს მხარი

—————————-

„კვირის პალიტრა“, 28 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან: ვურჩევდი ღარიბაშვილს, ახალი წელი რაც შეიძლება ხანგრძლივად იზეიმოს (ექსკლუზივი)

რუსუდან შელია

წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აფასებს. საუბარი, ბუნებრივია, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტიდან გადადგომის საკითხით დავიწყეთ.

- პრემიერის თანამდებობიდან ბიძინა ივანიშვილის გადადგომის შემდეგ ქვეყანაში პრეცედენტი შეიქმნა – თუ პოლიტიკოსები, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, თანამდებობის მოსაპოვებლად და შემდეგ მის შესანარჩუნებლად წესების გარეშე იბრძოდნენ, 2012 წლიდან ქვეყანამ აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრება დაიწყო. მკვიდრდება პრაქტიკა, როდესაც მმართველებს პოსტიდან წასვლა არ უჭირთ, თუკი აცნობიერებენ, რომ მათ დაწყებულ საქმეს სხვა უფრო ეფექტურად გააგრძელებს. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, ირაკლი ღარიბაშვილსაც ამან გადააწყვეტინა პოსტის დატოვება. ორი წლის განმავლობაში ღარიბაშვილმა წარმატებებს მიაღწია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, თუმცა, ამასობაში არჩევნები მოახლოვდა – წელიწადზე ნაკლები გვრჩება, რომ კოალიცია არჩევნებისთვის უკეთ მოვამზადოთ. როგორც სპორტში, ისე ბიზნესსა თუ პოლიტიკაში, გარკვეულ ეტაპზე ცვლილება აუცილებელია, რომ ხალხმა ახალი იდეები დაინახოს. თანაც ეგოისტური ფაქტორიც გასათვალისწინებელია – ნებისმიერ ჩვენგანს უნდა, ქვეყანაში თავაწეულმა იაროს. ადამიანები ხშირად მაშინ იღებენ კარიერულ პაუზას, როდესაც თავს წარმატებულად თვლიან.

- საზოგადოებაში ისმის კითხვათუ ირაკლი ღარიბაშვილი წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო, რატომ გადადგა ასე მოულოდნელად? მისი გადადგომა ზოგიერთმა მინისტრმა მედიისგან შეიტყო

- ბუნებრივია, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყნის მიღწევებსა თუ ჩავარდნებში მისი წვლილიც არის. მმართველობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას მან ისაუბრა იმ მიმართულებებზე, სადაც მეტი მუშაობაა საჭირო. საერთოდ, ღარიბაშვილი, უსუფაშვილი თუ ივანიშვილი ერთადერთნი და განუმეორებლები არ არიან – მჯობზე მჯობი არასოდეს დაილევა. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილსაც გაუხარდება, თუ ქვეყანას მასზე უკეთესი პრემიერი ეყოლება. მისი გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ვიცოდი, რომ ამ ნაბიჯზე ფიქრობდა. რაც შეეხება საზოგადოებას, ასეთი გადაწყვეტილება არც ერთ ქვეყანაში საჯარო განხილვის საგანი არ ხდება. ირაკლი სწორად მოიქცა, თავისი გადადგომა ხანგრძლივი განხილვისა და მითქმა-მოთქმის თემად რომ არ აქცია.

- სამწლიანი ანგარიშის ჩაბარებიდან რამდენიმე დღეში პოსტიდან წასვლამ მეტი მითქმა-მოთქმა არ გამოიწვია? საზოგადოების ნაწილმა პრემიერის გადაწყვეტილება იმას დაუკავშირა, თითქოს ის ეთანხმებოდა ლევან მურუსიძის დანიშვნას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე, ზოგირესპუბლიკელებთანდაპირისპირებაზე ალაპარაკდა და ეს ეჭვი ლევან ბერძენიშვილის განცხადებამ უფრო გაამძაფრა

- პოლიტიკაში მითქმა-მოთქმა გარდაუვალია, თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა კონკრეტულ ფაქტსა თუ მოვლენას არ უკავშირდება. ამ მხრივ მხოლოდ ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი – პარლამენტმა ბიუჯეტი მიიღო, შესაბამისად, მომავალი წლის სამოქმედო გეგმა მზად არის; მეორე კი გახლავთ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი. არ იქნებოდა სწორი, ირაკლი ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე გადამდგარიყო. რაც შეეხება ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, ბედნიერი ვიქნებოდი, საქართველოში სიის პირველი ნომრის შერჩევა 6-7 თვით ადრე შეგვეძლოს. დანარჩენი კი მხოლოდ ჟურნალისტის კონკრეტული კითხვის პასუხი გახლდათ. ირაკლი ორი წლის განმავლობაში და მინისტრობის დროსაც დატვირთული რეჟიმით მუშაობდა. მე ვურჩევდი ღარიბაშვილს, ახალი წელი რაც შეიძლება ხანგრძლივად იზეიმოს და საკუთარი მომავალი ამის შემდეგ დაგეგმოს.

- რა შეიცვლება ქვეყანაში პრემიერად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნისა და მინისტრთა კაბინეტის გადახალისების შემდეგ?

- მთავრობის ახალმა ლიდერმა საზოგადოებას, უპირველესად, უკეთესი მომავლის იმედი უნდა მისცეს. ვისურვებდი, მომავალმა პრემიერმა პარლამენტთან ურთიერთობისთვის მეტი დრო გამონახოს – აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ურთიერთობის გაღრმავება აუცილებელია. იმედი მაქვს, გიორგი კვირიკაშვილი ამ ნაბიჯს გადმოდგამს და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას პარლამენტის ტრიბუნაზე ერთად შევძლებთ.

- საზოგადოებაში აღშფოთება მოჰყვა ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას. ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამართლიანობაზე საუბარი ილუზიად იქცა.

- ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოსამართლეებს აბსოლუტური ავტონომია მივანიჭეთ. თუ წინა ხელისუფლების დროს კანდიდატს მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასახელებდა, იუსტიციის საბჭოს არჩევა კი ღია კენჭისყრით ხდებოდა, ჩვენ სარისკო ნაბიჯი გადავდგით და ფარული კენჭისყრით სასურველი კანდიდატის შერჩევა მოსამართლეებს მივანდეთ. სამწუხაროდ, მყარად არის გამჯდარი მენტალიტეტი, ვიღაცებმა უფროსი ეძებონ, კონკრეტული პიროვნება, რომ უერთგულონ და მის გარშემო დაირაზმონ.

- თქვენ ვერ გრძნობთ პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ფაქტობრივად, რეფორმა ჩავარდა და იუსტიციის საბჭოში საეჭვო ბეგრაუნდის მოსამართლეები მოხვდნენ?

- ამ შემთხვევაში ორი გზა არსებობდა – თუ ხელისუფლება მოსამართლის მართვას შეეცდებოდა, ახალ ადეიშვილს გამოვძერწავდით, მათი შეცვლით კი 15 წლის წინანდელ პროცესს გავიმეორებდით, როცა მოსამართლეთა კორპუსი სრულად შეიცვალა. გაჩნდებოდა განცდა, რომ მოსამართლეები პოლიტიკურ დღის წესრიგზე არიან დამოკიდებულნი. რაც შეეხება კონკრეტულად ლევან მურუსიძესა და იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი წევრის განცხადებას, დაბეჯითებით ვამბობ – დემარშები არავის წაადგება. ამ ხალხს ვურჩევ, მაგალითი ირაკლი ღარიბაშვილისგან აიღონ, რომელიც თანამდებობით მათზე მაღლა იდგა.

- შეწყალების სკანდალზეც მინდა გკითხოთალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ წელიწად-ნახევრის წინ თქვენც მოგაწოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგიერთი დეპუტატი დაჟინებით ითხოვდაკოკაინის საქმისფიგურანტების შეწყალებას.

- ელისაშვილს ჩემთვის რომ მოეწოდებინა ინფორმაცია, პროკურორს საქმის კურსში ჩავაყენებდი. მაშინ არ ვიცოდი, რომ ელისაშვილი მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეს შეხვდა. ეს ყველაფერი მძაფრსიუჟეტიან დეტექტიურ სერიალს დაემსგავსა და სიმართლის გარკვევას საკითხის პოლიტიზებამ ხელი შეუშალა. მანანა კობახიძის შემთხვევაში ღია კარს ვამტვრევთ. 2011 წელს, როდესაც რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ვიყავი, კობახიძემ მე მომმართა კითხვით, რა კავშირი ჰქონდა ნუგზარ ბოჭორიშვილს ჩვენს პარტიასთან, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი შეწყალებაზე ოფიციალური რეკომენდაციაც გაგზავნა. ვიღაცები გაიძახიან, “კოკაინის საქმეზე” დაკავებულების შეწყალების მოთხოვნა როგორ იკადრაო. ციხეში ყველა პატიმარს კონკრეტული დანაშაულის გამო აქვს მუხლი წარდგენილი. აქ საქმე სხვაგვარადაა, კერძოდ, ერთი ადამიანი თვლის, რომ პატიმარი შესაწყალებელია, მეორე კი ფიქრობს, რომ არ არის შესაწყალებელი. კომისიაც იმისთვის არსებობს, ვიღაცის განცხადებას დაეთანხმოს და ვიღაც უარით გაისტუმროს. შეწყალების სკანდალში მხოლოდ ქრთამის საკითხია გასარკვევი, რაზეც, თუ ვინმეს კონკრეტული ინფორმაცია აქვს, დროულად უნდა განაცხადოს. ელისაშვილმა იქნებ ისიც გვითხრას, რა შინაარსის წერილები მისწერეს. თუ გამოძიებით კონკრეტული დანაშაული არ დადგინდება, ჭორის საფუძველზე დეპუტატისთვის მანდატის ჩამორთმევა სწორი არ იქნება.

ჩემს მეორე მოადგილე გია ბარამიძესთანაც უამრავი კითხვა აქვთ, მის გადაყენებას რატომ არ მთხოვენ? თუ მანანა კობახიძის წინააღმდეგ იმაზე მეტი მოისმინა ვინმემ, ვიდრე გია ბარამიძეზე ან თუნდაც ზვიად ძიძიგურზე? ძიძიგური სიკვდილმისჯილთა საკანში იჯდა და, შესაძლოა, ვიღაცები დღესაც ფიქრობენ, რომ მან 90-იან წლებში სასტიკი დანაშაული ჩაიდინა და სიკვდილს იმსახურებს. საკუთარ თავზეც ყოველდღე ისეთ ამბებს ვიგებ, ჭორებს ყურადღება რომ მივაქციო, პარლამენტის თავმჯდომარეობა კი არა, სადმე უნდა გადავიხვეწო…

- მანანა კობახიძეზე ბევრი რამ თქვით, ეკა ბესელიაზე კი არაფერს ამბობთ, რატომ?

- როცა ადამიანები ორთაბრძოლაში არიან ჩართულნი, ყოველთვის ელიან, რომ ვიღაც მათ მხარს დაუჭერს. მე სიმართლის მხარეს ვარ. თუ ეკა ბესელია ან ელისაშვილი, ან ვინმე სხვა ნაწყენია, ცივი წყლის დალევის გარდა ვერაფერს ვურჩევ.

- ცოტა ხნის წინ ენ-დი-აის კვლევებიც გამოქვეყნდა, რომელთა მიხედვითაც, მმართველ გუნდს არცთუ ისე სახარბიელო რეიტინგი აქვს. თქვენი აზრით, ასახავს ეს შედეგები რეალობას?

- პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით. საგარეჯოს შუალედურმა არჩევნებმა ყველა კვლევაზე სანდო მონაცემები მოგვაწოდა – საზოგადოების განწყობა დავინახეთ.

- მაღალჩინოსნების სოლიდური პრემია-დანამატები ხშირად ხდება საზოგადოების კრიტიკის საგანი

- რაც შეეხება პრემიებს, თუ კონკრეტულ ციფრებამდე მივალთ, უმეტეს შემთხვევაში კრიტიკა არასწორი და უსაფუძვლო მოგვეჩვენება. ნახეთ, რა უჯდებოდა სახელმწიფოს წინა ხელისუფლების დროს მინისტრების შენახვა, ჩვენ კი კონკრეტული რეგულაციები შევიმუშავეთ.

- საარჩევნო სიაზე მუშაობა, ალბათ, უკვე დაწყებულია. მნიშვნელოვან სიახლეებს უნდა ველოდოთ?

- თუ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ნატოში გაწევრების მომხრე ხარ, პარლამენტში წამოდი – ასეთი მიდგომა უნდა დავივიწყოთ და საკითხებს ჩავუღრმავდეთ.
არ დგას საკითხი ისე, რომ მოქმედი დეპუტატებიდან ვიღაცები აუცილებლად უნდა წავიდნენ. თუ უკეთესი ვერ ვიპოვეთ, ვინც ვართ, ისინი დავრჩებით.

- რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება გახლდათ. რას შეცვლის ეს ქვეყნისთვის?

- ვიზა-ლიბერალიზაციის მიღება ქვეყნისთვის ეპოქალური მოვლენა იყო, რითაც არა მხოლოდ ქართველებმა დავადასტურეთ, რომ ევროპის ნაწილი ვართ, ევროპელებმაც გვაღიარეს თავიანთი ოჯახის წევრებად. ამას სიმბოლური დატვირთვაც აქვს – როდესაც მეზობლები ერთმანეთს სახლის გასაღებს უტოვებენ ან ერთმანეთის სახლში დაუკაკუნებლად შესვლა შეუძლიათ, ეს ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე მიანიშნებს.

საქართველო და ევროპაც ურთიერთობის სწორედ ამ დონეზე გადავიდნენ. კრიმინალები საქართველოსა და საფრანგეთშიც არიან, მაგრამ ერებს შორის კეთილი ნების გვჯერა და ამის გამო ერთმანეთს კარს არ ვუკეტავთ. მსოფლიოში ჩვენი იდენტობის დასამკვიდრებლად და ავტორიტეტის მოსაპოვებლად უვიზო მიმოსვლა აღიარების მწვერვალია. მოხარული ვარ, რომ ხელისუფლებამ ამ ეპოქალურ მოვლენაში ლომის წილი შეიტანა, თუმცა, არც წინა ხელისუფლებას ვუკარგავ ნაშრომს.

„კვირის ქრონიკა“, 28 დეკემბერი, 2015 წელი

ვინ არის გიორგი კვირიკაშვილი და რა გზა გამოიარა ახალმა პრემიერმა?

ლევან ჯავახიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე უკვე წარადგინა გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც უეჭველად დაამტკიცებენ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურად. ხელისუფლება კვირიკაშვილისთვის უცხო არ არის, ის 2013 წლიდან ეკონომიკის მინისტრი და ეკონომიკური ბლოკის ვიცე-პრემიერი იყო, ბოლო რამდენიმე თვე კი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე იმუშავა. მომავალი პრემიერი, ცხადია, ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრია და ადრე მის „ქართუშიც“ მუშაობდა. ამ ფაქტორის გარეშე ხომ ჩვენში მაღალ თანამდებობებზე იშვიათად ინიშნებიან. ვინ არის გიორგი კვირიკაშვილი და რა გზა გამოიარა დღემდე?

გიორგი კვირიკაშვილი 1967 წლის 20 ივლისს, თბილისში დაიბადა. ოქროს მედალზე დაამთავრა იმ დროს საკმაოდ პრესტიჟული კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

1992 წელს, სამედიცინო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალობის შეცვლა გადაწყვიტა და თსუ-ს ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა. სწავლის პარალელურად მან მუშაობა დაიწყო „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.

სწავლის დასრულების შემდეგ, კვირიკაშვილი Trade Invest Bank-ის გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 1998 წელს ის „გაერთიანებული ქართული ბანკის“ ბიზნესის განვითარებისა და ფილიალების ქსელის სამმართველოს დირექტორად დაინიშნა. იმავე წელს მან აშშს ილინოისის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მიიღო ფინანსებში.

1999 წელს, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში, გიორგი კვირიკაშვილი სამუშაოდ სახელმწიფო კანცელარიაში გადადის ფისკალური, მონეტარული და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილედ. ამავე წლის ნოემბერში, გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის დეპუტატი ხდება პროსამთავრობო პარტიის „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ საპარლამენტო სიით, მაგრამ ძალიან მალე „ახალ მემარჯვენეებთან“ გადადის. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, კვირიკაშვილი პოლიტიკიდან მიდის. 2004 წელს ის „პირველი კომერციული ბანკის“ აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტად მუშაობდა.

2006 წელს გიორგი კვირიკაშვილს ცხოვრებაში ყველაზე მეტად გაუმართლა და ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ამის შემდეგ „ქართუ ბანკში“ იწყებს მუშაობას. 2011 წლიდან კვირიკაშვილი ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებს… 2012 წელს კვირიკაშვილი ფირმა Lenzie Fisher Hendty LLH-ში მუშაობდა ფინანსური სექტორისა და საპენსიო რეფორმის ექსპერტად, მანამ, სანამ პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა მთავრობაში არ მიიწვია.

ეს მშრალი და საქმიანი ბიოგრაფიული ცნობებია გიორგი კვირიკაშვილის ცხოვრებისა. თუმცა, ცხადია, მისი ცხოვრება მხოლოდ სამსახურით არ შემოიფარგლება. რაც შეეხება პირად ცხოვრებას.

გიორგი კვირიკაშვილის მეუღლე ექიმი მაკა ცინაძეა. კვირიკაშვილმა მომავალი მეუღლე ჯერ კიდევ სამედიცინო ინსტიტუტში სწავლისას გაიცნო. გიორგი კვირიკაშვილს ოთხი შვილი – ორი გოგონა და ორი ვაჟი ჰყავს ჰყავს: 24 წლის ანა, 21 წლის ნინო, 19 წლის გიორგი, ოჯახის უმცროსი წევრი ნიკოლოზი კი ჯერ მხოლოდ 8 წლისაა. გიორგი კვირიკაშვილისთვის თებერვალი უდავოდ გამორჩეული თვეა, ოთხივე შვილი თებერვალში შეეძინა. შეიძლება ითქვას, რომ მომავალი პრემიერისთვისაც ივლისიც განსაკუთრებული თვეა. თავად და მისი მეუღლეც ივლისში არიან დაბადებულნი, ორივენი 1967 წელს – მაკა ცინაძე მეუღლეზე 10 დღით უფროსია.

გიორგი კვირიკაშვილის შესახებ ოფიციალური არხებით თითქმის შეუძლებელია რაიმე ინფორმაციის გაგება, გარდა იმისა, რაც მის ბიოგრაფიასა და ქონებრივ დეკლარაციაში ისედაც ასახულია და ყველასთვის ხელმისაწვდომია. თუმცა, მისი ყოფილი, „ქართუ ბანკის“ თანამშრომლებისგან შევიტყვე მომავალი პრემიერის ხასიათისა და ცხოვრების რამდენიმე საყურადღებო შტრიხი.

გიორგი კვირიკაშვილის ყველაზე მნიშვნელოვან თვისებად მისი ყოფილი თანამშრომლები იმას მიიჩნევენ, რომ ეს კაცი გაბრაზებული თითქმის არასდროს უნახავთ. „ქართუ ბანკის“ ყოფილი თანამშრომლები კვირიკაშვილზე ხუმრობდნენ – ბანკი რომ გაკოტრდეს, ამ კაცს, ალბათ, სახეზე ვერც შეატყობო. „ქართუ ბანკის“ თანამშრომლები ამბობენ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ინტელექტუალია და თითქმის არ არსებობს საკითხი, რის შესახებაც მასთან საფუძვლიანი საუბარი არ შეიძლებოდეს, ყველა თემაზე გამოგყვება და მინიმუმ, თავს არ შეირცხვენსო, მეუბნებიან. ასევე, იგონებენ, რომ ახალგაზრდობის წლებში, როცა მისი მეგობრები კროსვორდებს ავსებდნენ და „გაიჭედებოდნენ“, მას ურეკავდნენ, – გიორგი, გვიშველეო. ეტყობა, კარგი მეხსიერება აქვს.

კვირიკაშვილს თამადობაც ყვარებია. „უყვარს ქეიფი, სიმღერა და დროსტარება“. – მეუბნება ერთი ქალბატონი. ვნახოთ, ღარიბაშვილის ალავერდს როგორ გადაიბარებს…

„კვირის ქრონიკა“, 28 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ კახა კუკავასთან: რითი ჯობია გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს?

ნინო სამხარაძე

ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა დიდ გამოცანად დარჩა, რა მოხდა იმ ორ დღეში? ამ ინფორმაციის გარკვევას მთელი კვირის მანძილზე ვცდილობდით და ამ კითხვაზე არის მხოლოდ ერთი პასუხი – ბიძინა ივანიშვილმა ასე გადაწყვიტა. 23 დეკემბერს რამდენჯერმე შეიცვალა პრემიერმინისტრის საგანგებო ბრიფინგის დრო, საბოლოოდ, 20 საათზე პრემიერმა კამერების წინ, ჟურნალისტების გარეშე გვამცნო, რომ მარადიული ამქვეყნად მხოლოდ უფალი და სამშობლოა. ის ყოველგვარი ხმაურის გარეშე ღირსეულად წავიდა. რაც შეძლო ამ ახალგაზრდა კაცმა, ყველაფერი გააკეთა. მიუხედავად ოპოზიციის კრიტიკისა, მიუხედავად საკუთარი გუნდის წევრების ქარ-ცეცხლში გატარებისა, ეს ადამიანი ვერ გახდა პოლიტიკური მეძავი, საკუთარი პრინციპებისთვის და არც ერთგულებისთვის არ უღალატია. მის წასვლას სხვადასხვანაირი შეფასებები მოჰყვა, ყველაზე გულისამრევი კი „რესპუბლიკელების» მიერ ზურგში დანის ჩარტყმა იყო, როცა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მისი ბედით მაშინ ინტერესდებოდა, როცა ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი იყო, ხოლო ახლა სად წავა, საერთოდ არ აინტერესებს. პოლიტიკოსებს რომ ჰკითხო, ეს არის სწორი შეფასება, მაგრამ ადამიანებს რომ ჰკითხოთ, ისინი გეტყვიან, რომ ეს არის წაქცეულ კაცზე წიხლის ჩარტყმის ტოლფასი განცხადება. აი, რა განსხვავებაა ადამიანებსა და პოლიტიკოსებს შორის. ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომას ახალი წლის შემდეგ გეგმავდა და ეს ფაქტი იმითაც დასტურდება, რომ პრემიერ-მინისტრმა მისალოცი ბარათები პრემიერის სტატუსით დაგზავნა. როცა ეს ბარათები ადრესატამდე, მაგალითად, ჩვენს რედაქციაში მოვიდა, ის უკვე აღარ იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. სულ რამდენიმე საათში მოხდა ის, რაც მოხდა.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, რომელიც აქტიურად აკრიტიკებდა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, დღეს „კვირის ქრონიკის“  კითხვებს პასუხობს და მოვლენების ქრონიკას აფასებს.

- როგორია თქვენი თვალით დანახული პრემიერ-მინისტრის გადადგომა და რას უკავშირებთ ამ ფაქტს?

- ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილი გადააყენა, დაუძახა და უთხრა, – ხვალ შენ პრემიერი აღარ იქნები. ჩვენ ამ ზაფხულს ირაკლი ღარიბაშვილის ფიგურასთან დაკავშირებით კიდეც ვიკამათეთ, მე გიმტკიცებდით, რომ ის არაპროფესიონალი, ბოღმიანი ადამიანია, რომელსაც საერთო არაფერი აქვს პოლიტიკასთან, რომ მას ქვეყანა კრიზისისკენ მიჰყავს… და როცა ჩვენ ირაკლი ღარიბაშვილს ვაკრიტიკებდით, ოპოზიციის ჯინაზე, ივანიშვილი მას ხელს აფარებდა. ერთადერთი მიზეზი, რამაც აიძულა, ღარიბაშვილი გადაეყენებინა, იყო არა მხოლოდ «ენდიაის» ბოლო კვლევების შედეგები, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ «ქართულ ოცნებას“ ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს, არამედ, გეტყვით, რომ თავად „ოცნებამ“ ჩაატარა კვლევები, სადაც იგივე შედეგი დაიდო და აღმოჩნდა, რომ რეალურად „ქართულ ოცნებას“ მართლაც ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს.როგორც იქნა, ივანიშვილი მიხვდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობა და მისი პარტიის თავმჯდომარეობა „ქართულ ოცნებას“ ძვირად უჯდებოდა. ამიტომაც გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ გადაეყენებინა, რადგან, მოგეხსენებათ, 2016 წელი საარჩევნო წელია და ისეთი გაწონასწორებული ადამიანით შეეცვალა, როგორიც არის გიორგი კვირიკაშვილი.

- რითი ჯობია გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს? ეკონომიკის მინისტრობის დროს, მათ, ფაქტობრივად, აქტივობები არ ჰქონდა და მის სახელს უკავშირდება ჩავარდნილი ეკონომიკა

- რითი ჯობია ღარიბაშვილს კვირიკაშვილი? ხასიათის თვისებებით… კვირიკაშვილი არ იგინება, არ ილანძღება, ინტელიგენტი და განათლებულია. ის აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნებს. მას შეუძლია ურთიერთობა პრეზიდენტთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესმენებთან… ირაკლი ღარიბაშვილს კი ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ ივანიშვილთან, დანარჩენებთან კონფლიქტში იყო შესული, რაც კრიზისს აღრმავებდა. მე ვიყავი ერთერთი პირველი, ვინც გააკეთა პროგნოზი, რომ ღარიბაშვილი ზუსტად ასე დაამთავრებდა თავის მოღვაწეობას. უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის ჯინაზე არ ხსნიდა მას. ეს თვისება მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა. სწორედ ოპოზიციის ჯიბრით არ აკეთებდა იმას, რაც უნდა გაეკეთებინა და რით დაასრულა თავისი მოღვაწეობა, კი ვნახეთ…

- ახალი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტში, პრაქტიკულად, ცვლილებები არ მოხდება. პრინციპში, ეს გასაგებიცაა, რადგან ეს არის ტრანზიტული მთავრობა. თუმცა, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან იგეგმება მინისტრთა ცვლა. პოსტებს დატოვებენ ფინანსთა, განათლების, კულტურის, შერიგების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე სალომე ზურაბიშვილიც მოიაზრება. რას უნდა ველოდოთ ახალი პრემიერისგან?

- მე ვერ ვიტყვი, რომელი მინისტრი დატოვებს თანამდებობას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ერთ რამეში ვეთანხმები საყოველთაო მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილია მთავარი პრობლემა და არა, ღარიბაშვილი. თუმცა ისეთი საწყალი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ცალკეული ლოკალური მიღწევები და კონკრეტული მინისტრები მნიშვნელოვანია. ჩვენ ვნახეთ სერგეენკოს მაგალითზე, რას ნიშნავს, კარგი მინისტრი. მას შეუძლია, ოლიგარქის პირობებშიც კი მოახერხოს რეფორმების ჩატარება, გარკვეული დღის წესრიგის შექმნა… და თუკი კვირიკაშვილი მოახერხებს, ორი-სამი წესიერი მინისტრის კანდიდატურა წამოაყენოს, ლოკალური პრობლემები გადაწყვიტოს, ვფიქრობ, ეს ქვეყნისთვის კარგია და მჯერა, რომ ამას კვირიკაშვილი გააკეთებს.

- ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია ქართული ოცნების» თავმჯდომარის პოსტიც დატოვა. ნიშნავს თუ არა, რომ ის პოლიტიკიდან საერთოდ წავიდა? არ გამორიცხავენ, რომ ის თებერვალში ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ვიხილოთ. რას ფიქრობთ მის მომავალზე, თუ თქვენც არ გადარდებთ მისი მომავალი, როგორც ეს ლევან ბერძენიშვილმა თქვა?

- ღარიბაშვილი პოლიტიკაში არც არასოდეს არ იყო, მას არ ჰქონდა პოლიტიკური წონა და ის გახლდათ ბიძინა ივანიშვილის ერთგული მარიონეტი. საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ გვიხდებოდა ურთიერთობა „ქართული ოცნების“ ლიდერებთან, ისინი პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ პრობლემის გადაწყვეტაში საჭიროა ჩავრთოთ ბიძინა ივანიშვილი. ღარიბაშვილს არავინ ახსენებდა, რადგან უმრავლესობაში „ოცნების» ლიდერად მას არ აღიქვამდნენ, რადგან რეალური მმართველი არის ბიძინა ივანიშვილი. ირაკლი ღარიბაშვილი რომ გადაწყვეტილებებს არ იღებდა, ეს თქვენ, ჟურნალისტებმა, ნახეთ, როდესაც მას თავდაცვის მინისტრად მოულოდნელად დაუნიშნეს თინა ხიდაშელი, ისე, რომ თავადაც არაფერი იცოდა. ასევე, თქვენ ნახეთ, მისმა გუნდმა ერთ ღამეში როგორ დატოვა ანამდებობები, რადგან შუშის სასახლეში ასე გადაწყვიტა ქვეყნის რეალურმა მმართველმა. ირაკლი ღარიბაშვილზე მეტი გავლენა ჰქონდათ არაფორმალურ პირებს, როგორიც არის ივანიშვილის დეიდაშვილი – უჩა მამაცაშვილი.

- როგორ აფასებთ ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, რომ მას არ აინტერესებს ირაკლი ღარიბაშვილის ბედი და ის მანამ იყო დაინტერესებული მისი პიროვნებით, სანამ ის ქვეყნის პრემიერი გახლდათ. არის თუ არა ეს პასუხი ზურგში ჩარტყმის ტოლფასი?

- მიმაჩნია, რომ ეს იყო სწორი კომენტარი და ეს არის თამაშის წესები… სამი წელია ვდაობთ იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება სახელმწიფო ინსტიტუტები, „ქოცები“ საპირისპიროს გვიმტკიცებენ, – რა საჭიროა სახელმწიფო ინსტიტუტები, როცა მთავარია, რას იტყვის ბიძინა ივანიშვილი… და როგორც მოექცნენ ირაკლი ღარიბაშვილს, ასე მოექცევიან ყველას, როგორც გამონაცვალ წინდას…

- მაშ, რესპუბლიკელებირატომ არ ურტყამენ ბიძინა ივანიშვილს?

- იმიტომ, რომ ივანიშვილი ჯერ არ არის გამონაცვალი წინდა და როცა ის გამონაცვალი წინდა გახდება, თქვენ ნახავთ, რომ „რესპუბლიკელები» ისე გათათხავენ მას, როგორც შალვა ნათელაშვილი. დღეს ივანიშვილს უყურებენ, როგორც მეწველ ძროხას და ამაში, თავად ივანიშვილია დამნაშავე, მან შექმნა ასეთი სისტემა. ივანიშვილმა თქვა, რომ კრიტიკულ ხალხთან ურთიერთობა არ შეუძლია, მას შეუძლია მხოლოდ ქლესებთან ურთიერთობა, რომელთაც დიდი დოზით ვაზელინი აქვთ გადასმული. როდესაც ივანიშვილს ფეხი გადაუბრუნდება, თქვენ ნახავთ, ღარიბაშვილივით ზურგში წიხლს მიაყოლებენ. პირველ რიგში კი თავისი თანაგუნდელები და არა ოპონენტები.

- კულუარებში სერიოზული დაპირისპირება მოჰყვა ირაკლი ღარიბაშვილის საარჩევნო სიის პირველნომრობას.რესპუბლიკელმა ვახტანგ ხმალაძემ ამ საკითხზე რიტორიკული კითხვა დასვა, - ბადრიჯანს რომ ფრთები ებას, გაფრინდება თუ არა?!. მოკლედ, რესპუბლიკელებმა» ულტიმატუმი დააყენეს, თუკი ღარიბაშვილი სიის პირველი ნომერი იქნება, ისინი კოალიციას დატოვებენ

- არა მგონია, „ქართული ოცნება“ ცალკე არჩევნებზე გამოვიდეს, მათი რეიტინგი ძალიან დაბალია, დაახლოებით 15%. იქ არის რამდენიმე პრობლემა. ერთია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია გრძელი, გამსვლელი დეპუტატთა სიის დაწერა, რომელთაც თავი ქუდში ექნებათ, ასეთი სულ 10-12 კაცი იქნება, არადა, ძალიან ბევრს აქვს პრეტენზია, მოხვდეს პარლამენტში და გაიზრდება კონკურენცია. როცა პარლამენტში 70-კაციანი სიით შედიხარ, მაშინ ადვილია მსურველთა დაკმაყოფილება, მაგრამ როცა 10-12-კაციანი გამსვლელი სიით შედიხარ, ხომ წარმოგიდგენია, იქ რა მოხდება?.. მეორე მომენტია, რომ წინა საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების სია დაიწერა ასეთი პრინციპით – ხმები და ფული მოაქვს ბიძინა ივანიშვილს, დანარჩენები არაფერ შუაში ხართ, თუ გინდათ, დაკმაყოფილდით 10%-იან სიაში, და თუკი არა, შეგიძლიათ, მიბრძანდეთ… ახლა კოალიციაში არსებული პარტიების მიმართ დამოკიდებულება იცვლება, რა თქმა უნდა, „რესპუბლიკური პარტია“ „ქართულ ოცნებას“ ულტიმატუმს წაუყენებს, – ან ჩვენ გვექნება სიის მესამედი და 10%-ს უკვე აღარ დაკმაყოფილდებიან, ან მიხედეთ თქვენს კოალიციას და ჩვენ ჩვენს თავს მივხედავთო… მოკლედ, ასეთ შემთხვევაში ამოქმედდება ცნობილი ფორმულა, როცა ჩაძირული გემიდან ვირთხები გარბიან.

- ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილი და ღარიბაშვილი ორჯერ ერთად გამოჩნდნენ. გიორგი კვირიკაშვილის დედის დაკრძალვაზე და პატრიარქის აღსაყდრების ცერემონიალზე. მიანიშნებს თუ არა ეს იმას, რომ მათ შორის ურთიერთობები გართულებული არ არის. და საერთოდ, რატომ არ აკეთებს ივანიშვილი კომენტარს ღარიბაშვილის გადადგომაზე?

- ივანიშვილს დაქირავებული ჰყავს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პიარკონსულტანტები, რომლებიც ეუბნებიან, რომ საერთოდ არ გამოჩნდეს პოლიტიკაში და არ გააკეთოს განცხადებები და თუკი აქტიურად გამოჩნდება, მაშინ მასაც შეექმნება იგივე პრობლემები, რაც შეექმნა ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართული ოცნების“ რეიტინგი უფრო დაიკლებს. გიორგი კვირიკაშვილს კარგი სტარტი აქვს, მის მიმართ პიროვნული გაღიზიანება არ არის, მაგრამ ივანიშვილი ბუნებით ეჭვიანია და ახლა ის ეჭვიანობს კვირიკაშვილზე, როგორც თავის დროზე ეჭვიანობდა სერგეენკოს მაღალ რეიტინგზე. ამიტომაც იყო, რომ ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად ქუმსიშვილის კანდიდატურას განიხილავდა, რომელიც მისი უსიტყვოდ შემსრულებელია… მაგრამ კონსულტანტებმა ურჩიეს, რომ პრემიერად კვირიკაშვილი წარედგინა. რა თქმა უნდა, კვირიკაშვილიც იქნება ირაკლი ღარიბაშვილის ხაზის გამტარებელი, მაგრამ ის არ იქნება მისი ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელი და ეს რამდენიმე კვირაში გამოჩნდება. მაგალითად, როდესაც პრეზიდენტი დანიშნავს უშიშროების საბჭოს სხდომას, მე მგონია, რომ კვირიკაშვილი დაესწრება და ღარიბაშვილივით არ მოიგონებს მიზეზებს იმისთვის, რომ არ დაესწროს პრეზიდენტის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომას.

ბიძინა ივანიშვილი ვერ შეძლებს, კვირიკაშვილს მოსთხოვოს ღარიბაშვილივით, რომ პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციიდან გამოასახლოს. დარწმუნებული ვარ, ამას ახალი პრემიერი არ გააკეთებს. ერთი მხრივ, ივანიშვილი შიშობს, არ დაკარგოს მართვის სადავეები კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, მაგრამ, თუ ახალი პრემიერი რაციონალურად მოიქცევა, ეს ისევ მისი პარტიისთვის იქნება მომგებიანი.

- ღარიბაშვილის შემდეგ სათადარიგო სკამზე ქალაქი მერი, დავით ნარმანია აღმოჩნდა. არის ინფორმაცია, რომ ის ძალიან მალე გადადგება, მიუხედავად იმისა, რომ არჩეული მერია

- აბსოლუტურად რეალურია მისი გადადგომა, ნარმანია იქნება თბილისის მერი თუ სხვა, ეს არაფერს შეცვლის. მაგრამ თქვენი შეკითხვა მიანიშნებს იმას, რომ ქვეყანაში არათუ სრულყოფილი დემოკრატიაა, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტი არის დისკრედიტებული. (…) მინდა თქვენი გაზეთით მივმართო დავით ნარმანიას, – მიუხედავად იმისა, რომ პირადად თქვენთვის ხმა არ მომიცია და სულ გაკრიტიკებ, დათო, არ გადადგე, მოიცილე ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული ყველა კორუმპირებული მოადგილე და შეუდექი ქალაქის მართვას! დამიჯერე, გვერდში დაგიდგება მთელი თბილისი. დათო, არ გადადგე, ფეხებსაც ვერ მოგჭამენ, არავის დაემორჩილო, ასე თუ ისე, შენ ხარ ქალაქის მიერ არჩეული მერი, მმართველობის ფორმულა შეცვალე და შეუდექი ქალაქის მართვას, როგორც შენ მიგაჩნია საჭიროდ და არა ისე, როგორც შუშის სასახლიდან გიკარნახებენ.

- ღარიბაშვილის გადადგომის ერთ-ერთ მიზეზად სახელდებოდა ლევან მურუსიძის იუსტიციის საბჭოს მოსამართლედ არჩევა. ღარიბაშვილი გადადგა, ხოლო მურუსიძემ, საყოველთაო წინააღმდეგობის მიუხედავად, კანდიდატურა არ მოხსნა. ფიქრობთ თუ არა, რომ გირგვლიანის მკვლელების საქმის გამპრავებელი, ნაციონალური მოძრაობის ყველაზე შავ-ბნელი საქმეების მოსამართლე მურუსიძე, ამ ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება? ისე, მურუსიძესმადლობაც ეთქმის თქვენგან, ყველა ოპოზიციური პარტია ერთ მაგიდასთან გაგაერთიანათ

_ არავითარ კავშირში არ არის ღარიბაშვილის გადადგომა მურუსიძის ფაქტთან, ასე რომ ყოფილიყო, მაშინ მურუსიძე მოსამართლედ არ უნდა აერჩიათ. რეალურად სიმართლე არის ის, რომ მურუსიძე ამ თანამდებობაზე დანიშნა ბიძინა ივანიშვილმა. გაგახსენებთ, ივანიშვილმა მურუსიძესთან შეხვედრის შემდგომ თქვა, – ეს არის არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, თავიდან ბოლომდე მიხედოს სასამართლო ხელისუფლებას… რა თქმა უნდა, ეს მწვანე შუქი იყო მურუსიძისადმი. რეალურად მურუსიძეს მიეცა სასამართლო სისტემის მართვის სრული კარტბლანში. მოდით, ისიც ვთქვათ, რატომ მიეცა სასამართლო სისტემის მართვის სრული მანდატი. იმიტომ, რომ ივანიშვილსა და სააკაშვილს ერთი და იგივე მიდგომა აქვთ სასამართლო ხელისუფლებისადმი, მათ სურთ მორჩილი სასამართლო ხელისუფლება. თქვენ ნახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებები, რომელსაც ვერც ერთი იურისტი ვერ გააკრიტიკებს, მაგრამ ისიც ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ ზონდერებმა საკონსტიტუციო სასამართლოს კვერცხები დაუშინეს. სასამართლოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიუღებელია როგორც „ნაცებისთვის“, ასევე „ქოცებისთვის“. თქვენ ნახეთ, წინა ხელისუფლების დროს მურუსიძე იყო ძალიან დაფასებული, ასევე გახლდათ ადეიშვილის ფავორიტი მოსამართლე, ყველაზე მწვავე და რთული საქმეები განსახილველად მურუსიძესთან მიდიოდა, და არა მარტო სანდრო გირგვლიანის და სულხან მოლაშვილის საქმეები, არამედ, სხვებიც… დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, იგივე ადამიანია ძალიან დაფასებული ბიძინა ივანიშვილის სასახლეში, რადგან მურუსიძემ უნდა უზრუნველყოს ის, რომ ნებისმიერი უსამართლობა, რაც «ქართულ ოცნებას“ დასჭირდება, მურუსიძის მიერ იქნება „გაპრავებული“. სანდრო გირგვლიანმა შეიწირა წინა რეჟიმი და ეს თემა შეიწირავს ამ ხელისუფლებასაც…

„კვირის ქრონიკა“, 28 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ: „ირაკლი ღარიბაშვილი გაუშვა იმან,ინც თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი დაგვინიშნა»

ნანა სულავა

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით თავისი ვერსია აქვს სამართლის პროფესორს, დავით ზირაქიშვილს:

- ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებას უკავშირდება. ბოლო პერიოდში ჩვენ ხშირად გვესმის რუსეთის მაღალი ეშელონებიდან ხმაურიანი განცხადებები, რომ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობები მეტ-ნაკლებად დათბა. მაგრამ თუ დღევანდელი მთავრობის შემადგენლობას გადავხედავთ და უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დავინახავთ, რომ დაკომპლექტებულია ამერიკაში და ნატოს წევრ ქვეყნებში მომზადებული კადრებით, რომლებიც ამავდროულად მათი ინტერესების ლობისტებად ითვლებიან საქართველოში. ერთადერთი პიროვნება, ვინც დამოუკიდებლად, ამერიკის საელჩოს მითითების გარეშე მოქმედებდა, ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილი. თამამად ვაცხადებ, პრემიერი ყოველთვის მოქმედებდა ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოებრიობის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც მავანთ, მის ძირითად ნაკლად მიაჩნდათ და ხისტ მმართველს უწოდებდნენ.

- როგორ ფიქრობთ, მაინც რატომ მიიღო ასე ნაჩქარევად გადაწყვეტილება?

- გეთანხმებით, რომ მართლაც ნაჩქარევი იყო მისი გადაწყვეტილება. ორი-სამი დღის წინ ამ თემაზე არაფერი გახმოვანებულა, მისი ხელისუფლებაში ყოფნა არ აწყობდათ იმ შიდა პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მოქმედებენ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დალაგების წინააღმდეგ… საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისთვის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზრის გახსნა ღარიბაშვილის დამსახურებით მოხდა, რომელიც საქართველოს დიდ სიკეთეს მოუტანს. პუტინის ესოდენ თბილი და მრავლისმთქმელი მესიჯებიც გავიხსენოთ, იქნებ, საზოგადოებამ დაგვისახელოს მსგავსი რკინის ფარდის გარღვევა… ასეთს ვერ იპოვით… იქნებ, ასეთი პიროვნება ხიდაშელია?.. თავისუფლება უფრო ღირებულია, ვიდრე სავიზო რეჟიმი, მაგრამ რუსეთზე შური არ უნდა ვიძიოთ, ამით მეტს მოვიგებთ…

- ბატონო დავით, კიდევ რა გახსენდებათ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობიდან, რაც წარმატებული იყო?

- ის შს მინისტრად დანიშვნისთანავე ყველანაირად ცდილობდა ხელისუფლების ერთ-ერთი სამარცხვინო საქმიანობისგან, რასაც იპოთეკური სესხი და მასთან დაკავშირებით უკანონოდ გამოსახლება ჰქვია, პოლიცია ჩამოეშორებინა და ავადსახსენებელი 747-ე ბრძანების გაუქმებას მოითხოვდა. მან პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა, მაგრამ არ დაამტკიცეს. ბევრს ეცადა, ამ ნორმატიული აქტი შეძლებისდაგვარად კონსტიტუციურ ჩარჩოში მოექცია, რომლის ნათელი დადასტურებაა მის მიერ გამოცემული 184-ე ბრძანება, რომლის მიხედვითაც იძულებითი გამოსახლება არ გავრცელდებოდა იმ კატეგორიის საქმეებზე, რომელსაც გამოძიება და სასამართლო იხილავდა. ღარიბაშვილის გადადგომა დააჩქარა იმან, რომ ორ-სამ თვეში საერთოდ გაუქმდება სავიზო რეჟიმი, ამერიკას არ აწყობს ამ ურთიერთობების აღდგენა და რუსეთთან კარგი მეზობლობა, ამ სიტუაციაში ღარიბაშვილი ლიდერი იყო. ღარიბაშვილი გაუშვა იმან, ვინც თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი დაგვინიშნა.

-მის შეცდომებზე რას იტყოდით?

- მისი შეცდომა იყო ნეპოტიზმი, ჯანყარაშვილის შემთხვევა, მისი გაურკვეველი დამოკიდებულება იუსტიციის საბჭოს მდივანთან, ლევან მურუსიძესთან. სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაჭიანურება… და ყველაზე მთავარი, მისი მმართველობის პერიოდში არ იყო ისეთი თანამდებობის პირი, რომელსაც შეეძლო მოქალაქის მიღება, მოესმინა მისი გულისტკივილისთვის და ხელისუფლებისგან პასუხი მიეღო. მაქსიმალურად დისტანცირებული გახდა ხელისუფლება ხალხისგან.

„კვირის ქრონიკა“, 28 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: მიშა ხო მაგარი იყო, ბიძინა უფრო მაგარია! სააკაშვილის რეჟიმი არსად არ წასულა, ის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ჩაანაცვლა, არანაკლებმა შავბნელმა ძალამ

ლევან ჯავახიშვილი

(შემოკლებით)

ქართულ სამართლებრივ სივრცეში 2015 განვითარებული მთავარი მოვლენების შესახებ, „ქრონიკას“ ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, ზაზა ხატიაშვილიესაუბრება.

- ბატონო ზაზა, თქვენ როგორ ფიქრობთ, სამართლიანობის კუთხით, 2015 წელი რით დაამახსოვრდება ჩვენს საზოგადოებას?

- სამწუხაროდ, კარგით არაფრით… სამართლიანობის კუთხით ეს წელი იყო კატასტროფული, ამ წელიწადმა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. მოდით, პოლიციით დავიწყოთ და წლის ბოლოს მომხდარ ფაქტს გავიხსენებ.

პოლიციის შენობაში აწამეს ადვოკატი გიორგი მდინარაძე, მსგავსი რამ საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მომხდარა, თვით სააკაშვილის ჯურღმულებშიც კი ადვოკატი არ უწამებიათ. შსს-მ მეორე დღეს განაცხადა, რომ ადვოკატი იყო დამნაშავე. ამ დანაშაულის „გაპრავება“ უნდოდათ, მაგრამ, როცა ადვოკატები, არასამთავრობო სექტორი და მედია არ გავჩერდით, დამნაშავეთა დაუყოვნებლივი დასჯა არ მოვითხოვეთ, მანამდე ცდილობდნენ ჩაფარცხვას. ბოლოს მიხვდნენ, თავიანთი სისულელეები არ გაუვიდოდათ და ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი, ლაშა კვირკვაია დააკავეს. (…) მოკლედ, პოლიციის მხრიდან ძალადობა წელს ჩვეულებრივი ამბავი იყო და ეს არის ძალიან აღმაშფოთებელი. თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს პრობლემა გაისად უთუოდ მოგვარდება. ამ ხელისუფლების ხელში ამის იმედი არ მაქვს.

- პროკურატურის სისტემაშიც არაფერი მომხდარა განსაკუთრებული და სასიკეთო. რა ვიცი, მე არაფერი მახსენდება, გარდა რეფორმად შერაცხული მთავარი პროკურორის არჩევის ახალი წესისა

- კარგი რა გაგახსენდება, დალოცვილო, როცა სასიკეთო მოხდა კი არა, ჩააგდეს საპროკურორო რეფორმა და ისევ მარიონეტი მთავარი პროკურორი დაუნიშნეს ქვეყანას. ორი წლის წინათ, როცა მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი შეიცვალა, პარლამენტთან აქცია გავმართე. მაშინ ვამბობდი, რომ არ შეიძლება მთავარი პროკურორი დაინიშნოს პრემიერის მიერ ისე, რომ კანონში არ იყოს მისი დანიშვნისა და განთავისუფლების საფუძვლები-მეთქი. მაშინ არავინ მომისმინა, დანიშნეს ყაჩაღობაში ბრალდებული ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოების დიდი ზეწოლის შემდეგ მოხსნა. ყველა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელთაც სამართლებრივ სფეროში ჭკუა მოეკითხებათ, მე მიჭერდა მხარს და ხელისუფლებას ეუბნებოდნენ, რომ ჩემი პროტესტი საფუძვლიანი იყო. ბოლოს ადგა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საპროკურორო რეფორმა უნდა ჩავატაროო და შეიქმნა მთავარი პროკურორის არჩევის ახალი წესი და საპროკურორო საბჭო. ამ საბჭოში 15 კაცია. 8 პროკურატურის წარმომადგენელი, კიდევ იუსტიციის საბჭოს ორი წევრი, რომელნიც, ჩემი ინფორმაციით, უშუალოდ საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის შერჩეულნი არიან და წულუკიანს ემორჩილებიან და თავად თეა წულუკიანი. ჯამში, გამოვიდა საბჭოს 11 წევრი. მთავარი პროკურორის დანიშვნას 15-დან 10 ხმა სჭირდება და თეა წულუკიანი ამ 10 კაცს ხომ აკონტროლებს, მეთერთმეტე კი თვითონაა. მოკლედ, 1 ხმა თადარიგშიც კი აქვს – საკუთარი. ამას ისიც დაამატეთ, რომ თავად იუსტიციის მინისტრი წარადგენს მთავარი პროკურორობის კანდიდატებს. ახლა მითხარი, ეს არის რეფორმა და მთავარი პროკურორის არჩევის დემოკრატიული წესი? ბარემ ისევ თავად დაენიშნა პროკურორები იუსტიციის მინისტრს, ეს ამხელა სპექტაკლები რაღაში სჭირდებოდა? ან ამდენი ფული რაღაში დახარჯა? ხომ ნათელია, რომ მთავარი პროკურორი არის მთავრობის გავლენის ქვეშ, რადგან მისი ბედი, მთავრობის წევრის, იუსტიციის მინისტრის ხელშია, ამასთანავე, პარლამენტს პრემიერ-მინისტრმა უნდა წარუდგინოს მთავარი პროკურორი დასამტკიცებლად. მოკლედ, ეს ყველაფერი იყო ბლეფი. მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს არაფერს ვერჩი პიროვნულად, მაგრამ ის ვერანაირად ვერ იქნება დამოუკიდებელი მთავარი პროკურორი, მისი ბედი მთავრობის ხელშია.

- სასამართლო რეფორმაზე რაღას იტყვით?

- სასამართლო რეფორმა ჩავარდა. თუ წინასწარ იცი, რომ, კონკრეტულ მოსამართლეებს გასდით ვადა, მალე გაჩნდება მათი შემცვლელების გარდაუვალი მოთხოვნილება, ადექი და შეიტანე კანონში ცვლილებები, რათა გარკვეული კატეგორიის სამართლის სპეციალისტებს გაუიოლდეთ მოსამართლედ მუშაობის დაწყება. თეა წულუკიანზე ვამბობ ამას. იუსტიციის უმაღლეს სკოლას თუ არ დაამთავრებ, მოსამართლედ ვერ იმუშავებ. წელს ამ სკოლამ მოსამართლეობის 13 მსურველი გამოუშვა, რომელთაც შეუძლიათ, პირველ ინსტანციასა და სააპელაციოში დაიკავონ მოსამართლის ვაკანტური ადგილი. წულუკიანმა იცოდა, რომ 60-ზე მეტ მოსამართლეს გასდიოდა 10-წლიანი ვადა. ერთი მითხარი, 13 ადამიანი 60-ის ადგილს შეავსებს? ერთი კაცი ოთხად გაიჭრება? უნდა ამდგარიყო თეა წულუკიანი, პარლამენტში შეეტანა კანონი, რომლის მიხედვითაც, სამართლის ცნობილი სპეციალისტები, სამართლის დოქტორები, მოსამართლეებად დანიშნულიყვნენ იუსტიციის სკოლის გვერდის ავლით. ჩაწერილიყო კანონში, რომ, დავუშვათ, მხოლოდ მოსამართლეთა 20%-ის ამ წესით დანიშვნა იქნებოდა შესაძლებელი, ხოლო დანარჩენები იუსტიციის სკოლადამთავრებულები იქნებოდნენ. ეს არ გააკეთა თეა წულუკიანმა და ახლა ვნახოთ, სადამდე მივდივართ. თუ ვადაგასული მოსამართლეების ადგილას არ დანიშნა ახალი მოსამართლეები, ეს სასამართლო სისტემის კოლაფსს გამოიწვევს. ეს კოლაფსი თავიდან რომ აიცილოს წულუკიანმა, მაშინ უკვე 10-წლიანი ვადაგასული მოსამართლეები უნდა გადანიშნოს, ისევ ის კადრები უნდა დატოვოს სასამართლო სისტემაში, რომელთაც სააკაშვილის მმართველობისას ეს ქვეყანა დააქციეს და მოსამართლის მანტია სასაცილო გახადეს. ეს ყველაფერი იყო გარიგება წულუკიანსა და გარკვეულ ძალებს შორის, თორემ წულუკიანმა ჩემზე კარგად იცოდა, მე რომ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვლაპარაკობ, ეს ცვლილებები ჩიხიდან გამოიყვანდა სასამართლო სისტემას.

- ახლა წლის მთავარ უბედურებაზე გადავიდეთ - ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნაზე...

- ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნით, ხელახლა მოკლეს სანდრო გირგვლიანი და ირინა ენუქიძე, ხელახლა აწამეს სულხან მოლაშვილი, ეს ტრაგედიები გააცოცხლეს. ამ უბედურების თავი და თავი კი ბიძინა ივანიშვილია. ვინ დანიშნა ლევან მურუსიძე მოსამართლედ? იუსტიციის საბჭოს „ქართული ოცნების“ წევრებმა. ევა გოცირიძემ, კახაბერ სოფრომაძემ და ვახტანგ თოდრიამ შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველ ხალხს. ხალხო, მიხეილ სააკაშვილიც, მისი გუნდის ყველაზე გავლენიანი წევრებიც, დღემდე იმას ამბობენ, რომ მათი მმართველობის ყველაზე მძიმე დანაშაული სანდრო გირგვლიანის მკვლელობა იყო. 7 ნოემბერზე, „იმედში“ შევარდნაზე, 26 მაისზე და სხვა არაადამიანურ დანაშაულებზე წინ სანდრო გირგვლიანის მკვლელობას აყენებდნენ. გესმის? მიშა და „ნაციონალებიც“ ხვდებოდნენ, რომ ეს უსასტიკესი და მიუტევებელი დანაშაული იყო. იუსტიციის საბჭოს წევრებს კი ეს დღემდე ვერ გაუგიათ. ლევან მურუსიძის დანიშვნით ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ძალიან დიდი ხარკის გადახდა, ის არის ქვეყნის ბატონ-პატრონი. ამის შემდეგ თეა წულუკიანი უნდა გადადგეს, მოშორდეს მთავრობას.

- თქვენ ჩემთან ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მფარველობდა მურუსიძეს და რადგან ღარიბაშვილი გადადგა, მოსამართლედ მის დანიშვნას ვეღარ გაბედავენო. შეცდით პროგნოზში?

- არა, არ შევმცდარვარ ირაკლი ღარიბაშვილი მართლა მფარველობდა მურუსიძეს, მაგრამ მისი გადადგომის შემდეგ მურუსიძე მაინც დანიშნეს. ჩემი ინფორმაციით, მოხდა ივანიშვილის, ღარიბაშვილისა და მურუსიძის გაერთიანება გარკვეული იდეის გარშემო და ამიტომაც დანიშნეს მურუსიძე. ამას წინასწარ ვერ წარმოვიდგენდი. ხალხს შეგვაფურთხეს სახეში, ბოდიში და ფეხებზე დაგვიკიდეს. იცით, რა მიკვირს? სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, სხვა ახალგაზრდების ქუჩაში ჩახოცვა, 7 ნოემბრისა და 26 მაისის ამბები, სააკაშვილის რეჟიმის დროს დატრიალებული სხვა უბედურებები ძალიან ბევრმა დღევანდელმა დეპუტატმა ხალხთან ერთად გადაიტანა. მათ შორის იყვნენ ლუკა კურტანიძე და სოსო ჯაჭვლიანი… მაინტერესებს, რა ვალდებულება აქვთ ამ ადამიანებს ბიძინა ივანიშვილის წინაშე აღებული, რომ ამხელა კოალიციაში ერთი დეპუტატი არ აღმოჩნდა, რომ ეთქვა – ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნის გამო „ქართულ ოცნებას» ვტოვებო. წლები ებრძოდნენ ლევან მურუსიძეებს, ადექი და წადი პარტიიდან, რა. გასაგებია, პარლამენტი რომ არ ეთმობათ, მაგრამ პარტია მაინც დატოვონ!

- ლევან მურუსიძის დანიშვნიდან მეორე დღესვე ადვოკატთა ასოციაციაში ლამის მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა მოიყარა თავი და რას აპირებთ, როგორ უნდა მოიშოროთ მურუსიძეები თავიდან?

- არაერთი პარტიის ლიდერი იყო დღეს ჩვენს ასოციაციაში და მთავარი პრობლემა ლევან მურუსიძისა და მისთანების მოშორება გახლდათ. ივანიშვილმა ლევან მურუსიძის დანიშვნით გაუგონარი ძალადობა ჩაიდინა სამოქალაქო საზოგადოების წინაშე. მან ჩაიდინა ბოროტება. დღეს არც სამოქალაქო სექტორს, არც პოლიტიკურ ძალებს, არ გვაინტერესებს, ვინ ვისი მომხრე ვართ, უნდა გავერთიანდეთ, რომ მურუსიძეები მოშორდნენ. უნდა დაინიშნოს რეფერენდუმი და ამ გზით უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. რეფერენდუმის გზით უნდა შეუწყდეთ იუსტიციის საბჭოს მოქმედ წევრებს უფლებამოსილება. არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომ მოვამზადოთ საკანონმდებლო ცვლილებები, შემდეგ პარლამენტს მივმართოთ, ეს ცვლილებები განახორციელოს პარლამენტმა და ამის შემდეგ შეუწყდეთ იუსტიციის საბჭოს წევრებს უფლებამოსილება. ამ მოსაზრებას არ ვემხრობი, რადგან ამ პარლამენტს ბიძინა ივანიშვილი არ აკონტროლებს? იუსტიციის საბჭოში ამ პარლამენტის მიერ დანიშნულმა სამმა წევრმა არ აირჩია ლევან მურუსიძე მოსამართლედ? ამიტომ, უმჯობესია, ეს პრობლემა რეფერენდუმის გზით გადაიჭრას. ასევე, უნდა დაიწყოს დიდი საპროტესტო აქციები, მურუსიძისა და იუსტიციის საბჭოს წევრების გადასაყენებლად.

ასე მივალთ არჩევნებამდე და ხალხი დაინახავს, რომ სააკაშვილის რეჟიმი არსად არ წასულა, ის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ჩაანაცვლა, არანაკლებმა შავბნელმა ძალამ. ბევრი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთელი საქართველო ჯიბეში ჩაისვა და მას ყველას ყიდვა შეუძლია. ასე არ არის, ძალიან ბევრი პატიოსანი და პროფესიონალია ნებისმიერ სფეროში, რომლებიც არანაირ ფულზე არ გაიყიდებიან, თავის დროზე ვერც ივანიშვილმა იყიდა მათი ნაწილი. აი, ასეთი ადამიანები უნდა გავერთიანდეთ, ერთიანი ფრონტით უნდა ვებრძოლოთ ამ დამნაშავე ხელისუფლებას. მე არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ მაქვს, მე მხოლოდ ის მინდა, შევქმნათ სამართლებრივი სახელმწიფო და ამ ქვეყანას განვითარების შანსი ჰქონდეს. ერთადერთი პოზიტივი, რაც შეიძლება 2015 წლიდან გავიხსენო, ეს იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება გამოიჩინა, ეს კოდექსი რომ მიეღო, თუმცა, ეს გაკეთდა ევროკავშირის მხარდაჭერით სისხლის სამართლის სფეროში რეფორმების კუთხით.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 28 დეკემბერი, 2015 წელი

რატომ არ ცვლის კვირიკაშვილი მთავრობის შემადგენლობას

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ცვლილებები აუცილებლად იქნება, ოღონდ გარკვეული პერიოდის შემდეგ

თიკო ოსმანოვა

წინასწარ დაანონსებული სამთავრობო ცვლილებები აღარ განხორციელდება. პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატი ხვალ პარლამენტს დასამტკიცებლად მთავრობის ძველ შემადგენლობას წარუდგენს. კულუარული ინფორმაციით, კოალიციის შიგნით მინისტრების სავარძლებისთვის დაწყებულმა ვაჭრობა-განხილვამ პროცესი ჩიხურ მდგომარეობამდე მიიყვანა, რის გამოც გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო ცვლილებები დროებით გადადო და ოფიციალურად ამის მიზეზად მინისტრების საქმიანობის უკეთ შესწავლა დაასახელა.

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ სახელისუფლებო გუნდმა გამომიცხადა ნდობა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურა წარადგინა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

“მინდა განვაცხადო, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს პალამენტს ამ ეტაპზე დასამტკიცებლად უცვლელად წარვუდგენ მთავრობის სრულ შემადგენლობას, გუნდს, რომლის წევრიც პირველი დღიდან ვარ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე კი წარვადგენ მიხეილ ჯანელიძის კანდიდატურას.

“პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მე მომეცემა საშუალება, უკვე პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან, ღრმად და დეტალურად გავეცნო თითოეული სამინისტროსა და მინისტრის საქმიანობას, მათ სტრატეგიას, გრძელვადიან და მოკლევადიან გეგმებს, რაც დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მომცემს. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდეს”, – ნათქვამია კვირიკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტის კულუარებში ამბობენ, რომ მინისტრების სავარძლებისთვის “პოლიტიკურ ვაჭრობაში” ყველაზე მეტად “რესპუბლიკელები” აქტიურობდნენ. მათი მთავარი ამოცანა იყო, გასაშვებ მინისტრთა სიაში მოხვედრილი თანაპარტიელი მინისტრის – პაატა ზაქარეიშვილის ისევ თანამდებობაზე დატოვება, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ისევ 3 მინისტრით ყოფილიყვნენ წარმოდგენილი. პლუს, საუბარი იყო იმაზეც, რომ “რესპუბლიკელებს” სურდათ, როგორც გამოკვეთილ პროდასავლურ ძალას, საგარეო ფლანგზეც მიეცეთ პირველი დიპლომატის სავარძელი, რაზედაც როგორც ჩანს, ახალმა პრემიერმა უარი უთხრა და საგარეო საქმეთა მინისტრად მისი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე დანიშნა.

არადა, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რომ ვეღარ მოხვდებოდნენ ახალი მთავრობის შემადგენლობაში, თითქმის გადაწყვეტილი იყო. უფრო მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ნოდარი ხადური საკუთარ თანამშრომლებსაც კი დაემშვიდობა.

“ვფიქრობ, ფორსმაჟორული სიტუაციის გამო გადაიფიქრა პრემიერ-მინისტრმა საკადრო ცვლილებები, თუმცა შეიძლება სხვა მიზეზიც იყოს, რაც არ ვიცი. “რესპუბლიკელებს” გარკვეული პრეტენზია აქვთ, ცოტა გადამეტებულიც კი. ამიტომ არაა გამორიცხული, რომ მთავრობის შემადგენლობის შეცვლა ამ მიზეზით გადადებულიყო.

“რამდენად შესაცვლელია ზაქარეიშვილი, ეს სხვა თემაა. თუ იცვლება, ალბათ ისევ “რესპუბლიკელები” თავიანთი კვოტით მოითხოვენ მინისტრის სავარძლის შენარჩუნებას. მაგრამ მე პირადად ამის საქმის კურსში არ ვარ”, – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე.

ფრაქცია “რესპუბლიკელების” წევრის ლევან ბერძენიშვილის თქმით კი, უახლოეს მომავალში მთავრობაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდება. მისი თქმით, კვირიკაშვილისთვის ამჟამად არცერთი კანდიდატურა არ შეუთავაზებიათ

“ჩემი აზრით, მთავრობის ამ შემადგენლობას მხარდაჭერის პრობლემა არ ექნება. რაც შეეხება იმას, რომ ეს არის ძველი შემადგენლობა, პრემიერ-მინისტრს უნდა მიეცეს საშუალება, მინისტრების მუშაობაში გაერკვეს და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოს ცვლილებები. ვფიქრობ, რამდენიმე ხანში შემოგვთავაზებს საკადრო ცვლილებებს.

“როგორც ვიცი, მინისტრების გადადგომაზე მედიაში იყო საუბარი და თვითონ კვირიკაშვილს ამაზე არაფერი უთქვამს. ამბობდნენ პაატა ზაქარეიშვილის წასვლაზეც, თუმცა, არც ზაქარეიშვილი და არც ჩვენი პარტია ამაზე საქმის კურსში არ ვიყავით. გაკვირვებული იყო თვითონ კვირიკაშვილიც. ვფიქრობ, ეს ვიღაცის სურვილები იყო.

“რაც შეეხება ცვლილებს, გარწმუნებთ, სერიოზული ცვლილებები იქნება მთავრობაში, მაგრამ ამას ცოტა დრო დასჭირდება”, – გვითხრა ბერძენიშვილმა.

“მთელი კვირის” კითხვაზე, მოითხოვენ თუ არა “რესპუბლიკელები” აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძალაუფლების გაზრდას, დეპუტატი გვპასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით ახლა ვერაფერს გვეტყვის, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩაერთვებიან.

“ამაზე ახლა ვერაფერს გეტყვით. ჩვენ არავის კანდიდატურა არ შეგვითავაზებია და ასეთი საუბრები არც ყოფილა, მაგრამ როდესაც დაიწყება მუშაობა და პრემიერი გაერკვევა, ბუნებრივია, ამაში ჩაერთვება კოალიციის საბჭო და იქნება ეს განხილული. რას შევთავაზებთ და რას არა, რაიმე გადაწყდება ერთობლივად, საიდუმლო არ იქნება, მაგრამ ამ წუთას ასეთი რამ პარტიაში არ მიმდინარეობს და არანაირ შეთავაზებას არ ვაპირებთ”, – უთხრა “მთელ კვირას” ბერძენიშვილმა.

თუ რატომ არ განახორციელა კვირიკაშვილმა მთავრობაში ცვლილებები, ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან განმარტებას ელოდება თავად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე.

“ეს არის თავიდან ბოლომდე პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის ამბავი. ვფიქრობ, გიორგი კვირიკაშვილი ამ გადაწყვეტილებას განმარტავს. ამასთან დაკავშირებით დღეს გვექნება შეხვედრა როგორც კომიტეტების ფორმატში, ისე ფრაქციების ფორმატში და ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტ განმარტებას მოვითხოვთ.

“სიმართლე რომ გითხრათ, რომელიმე მინისტრი შეიცვლიდა თუ არა ადგილს ან დატოვებდა თანამდებობას, ჩვენთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა. კვირიკაშვილმა უკეთესად იცის, ვისთან ერთად აიღებს პასუხისმგებლობას. ჩვენ მოვითხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გუნდის გადართვა ეფექტურ ქმედებებზე.

“ზოგადად მიმდინარეობდა თუ არა კოალიციის შიგნით მინისტრების შეცვლაზე განხილვები, არ ვიცი. “ფორუმს” ამაში მონაწილეობა არ მიუღია და არც ჩვენი მხრიდან შეგვითავაზებია ვინმეს კანდიდატურა”, – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას მიროტაძე.

იმას, რომ მთავრობაში ცვლილებების განხორციელება დროებით გადაიდო, ლოგიკურ პროცესს უწოდებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ სპონტანურად მოხდა ირაკლი ღარიბაშვილის წასვლა თანამდებობიდან.

“ვფიქრობ, იმდენად მოულოდნელად და სწრაფად განვითარდა მოვლენები, რომ ვერ მოხერხდა კონსულტაციების გამართვა, ამის დრო არ იყო. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ გადაყენება და ახალი პრემიერის დანიშვნა იყო აბსოლუტურად სპონტანური და მოულოდნელი ყველასთვის. შესაბამისად, ემოციები უნდა ჩაცხრეს, გააზრება უნდა მოხდეს ახალი რეალობის შესაბამისად.

“ამისთვის საჭიროა დრო და არ მგონია, ეს მხოლოდ “რესპუბლიკელებს” უკავშირდებოდეს. ვფიქრობ, არც პრემიერს და არც სხვა ძალის ცენტრებს არ უფიქრიათ კონკრეტულად. ასე რომ, აბსოლუტურად ლოგიკურად წავიდა პროცესი”, – განუცხადა “მთელ კვირას” ხუხაშვილმა.

ხოლო რეპლიკაზე, რომ ზოგიერთი მინისტრის წასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო და ნოდარ ხადური დაემშვიდობა კიდეც თანამშრომლებს, პოლიტილოგი გვპასუხობს: “არ ვიცი, რა გითხრათ. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ – ხადური დაემშვიდობა და არ წავიდა, ყოფილმა პრემიერმა კი პრემიერმინისტრობის რანგში მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა. პარადოქსული ქვეყანაა”.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 28 დეკემბერი, 2015 წელი

რამდენად წარმატებული იქნება ახალი მთავრობა?

ნინო ქეთელაური

რამდენად წარმატებული იქნება ახალი მთავრობა, რომელშიც პრაქტიკულად მხოლოდ პრემიერ-მინისტრი იცვლება? – ამ კითხვით “მთელმა კვირამ” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

რეზო მიშველაძე (მწერალი): “თუ ვისაუბრებთ ამ ახალი მთავრობის პერსპექტივაზე, შეიძლება ამთავითვე ითქვას, რომ მათ დრო არ რჩებათ იმისთვის, რომ რადიკალური გარდაქმნები შეიტანონ ქვეყნის ცხოვრებაში უკეთესობისკენ. მე არ ვეკუთვნი იმ სკეპტიკოსთა რიცხვს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ვერაფერი გააკეთა და თითქოს ის ვერ ერკვეოდა თანამედროვეობის ურთულეს სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებში. ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ნიჭიერი და თავმდაბალი კაცია და შეიძლება მისი თავმდაბლობის და მყარი მოქალაქეობრივი შეგნების დასტურია მისი ესოდენ იდუმალი გადადგომა. “რაც შეეხება ახალ პრემიერს, მას კარგად ახასიათებენ და თვითონაც თქვა, რომ ჩვენი ხელისუფლების კარგად დაწყებულ საქმეს გავაგრძელებო. ასე რომ, რაიმე რადიკალური დაპირისპირება ყოფილსა და ახლანდელ მთავრობას შორის არ იქნება, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.”

ნუგზარ კვაშალი  (მომღერალი): “მე მგონია, რომ მთავრობა პრინციპში ყველა ერთნაირია. მე ასაკობრივი ბარიერიდან ვამბობ ამას, იმიტომ, რომ ბევრი მთავრობა მაქვს გამოცვლილი. “ყველას ჰგონია, რომ მთავრობა არის ცუდი. მთავარია ხალხის ფაქტორი. თქვენ გინახავთ სადმე, სუფრაზე მთავრობის სადღეგრძელოს რომ სვამდნენ? მე სულ რამდენიმეჯერ თუ მინახავს. არადა, რატომ არა? ყველა სუფრასთან უნდა შეისვას ეს სადღეგრძელო, მაგრამ ქართველი კაცის ბუნებიდან გამომდინარე, მას ვერანაირი მთავრობა ვერ დააკმაყოფილებს. გადასარევი ნათქვამია – “როგორიც ერი, ისეთი ბერი”. ადამიანებს კარგი ბუნდოვნად ახსოვთ და ცუდს უფრო იმახსოვრებენ. კარგი არ უნდა დავუვიწყოთ არც ღარიბაშვილს და არც ახალ კანდიდატს, რომელიც უწესიერესი პიროვნებაა და პროფესიონალი. შეიძლება გაუჭირდეს ახალი მინისტრთა კაბინეტის გადაბარება, იქ შეიძლება ვიღაცაც შეცვალოს… ვუსურვებ, რომ როგორც პატიოსან კაცს, ქართველი ადამიანების მიმართ ყველაფერი ისე გაეკეთებინოს, როგორც საკუთარი სინდისი უკარნახებს. ”

გოგი თორაძე (რეჟისორი): “ამას დრო გვიჩვენებს. მინისტრთა შემადგენლობა პრაქტიკულად იგივეა და არ ვიცი, დრო სჭირდება, რომ დავინახოთ, რამე შეიცვლება, თუ იგივე მდგომარეობა დარჩება.”

დიმა ჯაიანი (მსახიობი): “რამდენად წარმატებული იქნება, არ ვიცი, მაგრამ თვითონ გიორგი კვრიკაშვილი საოცრად დადებითი პიროვნებაა. ჩვენ 1999 წლის მოწვევის პარლამენტში ერთად ვიყავით და ვიცნობ. ვიცი მისი პიროვნება და ის არის ძალიან დახვეწილი, შრომისმოყვარე და ნიჭიერი კაცი. მე მისი წინამორბედის მოქმედებებსაც ძალიან დადებითად ვაფასებ. მან საშინელი ქვეყანა ჩაიბარა და მიიყვანა იქამდე, რასაც ვიზალიბერალიზაცია ჰქვია. ასე რომ, მინისტრები კვირიკაშვილის ხელში სხვა, ახალ ელფერს შეიძენენ და ახალ ჰაერს ჩაისუნთქავენ. თუმცა, მგონია, რომ კვირიკაშვილი ერთ-ორ მინისტრს მაინც შეცვლის.”

რეზონანსი//მთელი კვირა“, 28 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: ირაკლი ალასანიასა და “ოცნების” შერიგების დასაწყისი?

“თავისუფალი დემოკრატები” აცხადებენ, რომ ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ “ოცნებასთან” მათი ხელახალი დაახლოება რეალური გახდა

გვანცა ღვედაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან და “ქართული ოცნების” თავმჯდომარეობიდან გადადგომის შემდეგ მმართველი კოალიციიდან გასული “თავისუფალი დემოკრატები”, შესაძლოა, კვლავ დაუახლოვდნენ “ოცნებას.” ყოველ შემთხვევაში, “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე ამას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ პრემიერობის კანდიდატად დასახელებულ გიორგი კვირიკაშვილთან მათ კარგი ურთიერთობა აქვთ. თუმცა, იგი აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “თავისუფალ დემოკრატებს” 2016 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა სურთ და ამ გადაწყვეტილების გადახედვა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

გთავაზობთ ინტერვიუს ვიქტორ დოლიძესთან:

- როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღო ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერობიდან გადადგომის გადაწყვეტილება, რა შეიძლება ამის მიზეზი ყოფილიყო?

- პირველ რიგში მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მის დანიშვნასთან ან გადაყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა თავად მიიღო. ხოლო ის, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, ყველამ კარგად ვიცით. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

რა თქმა უნდა, წარმატება მინდა ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს, რომელიც სავარაუდოდ, გიორგი კვირიკაშვილი იქნება, რადგან მისი წარმატება ხალხის წარმატებაც იქნება. სამწუხაროდ, მისდამი პირადი პატივისცემის მიუხედავად, თუ ქვეყანაში არ გატარდა სისტემური სამთავრობო ცვლილება, მთავრობამ რეალურად არ აიღო პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე და თუ კულუარული მმართველობა არ დასრულდა ქვეყანაში, მე ვერ ვხედავ იმის მნიშვნელობას, თუ ვინ იქნება პრემიერი.

- ინფორმაციები ვრცელდება მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, შეიცვლება თუ არა მინისტრთა კაბინეტი ან რომელი მინისტრები ვერ მოხვდებიან ახალი მთავრობის დამტკიცებისას?

- როგორც თავად კვირიკაშვილმა ბოლოს განაცხადა, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არ იგეგმება. ჩემი აზრით, რაღაც ცვლილებები ნამდვილად იყო საჭირო, თუმცა, რასაც ვუყურებთ, არაფერი ხდება. კვირიკაშვილი ღარიბაშვილით შეიცვლა, სხვა ცვლილებას მე პირადად ვერ ვხედავ. ეს კაცი არ ამბობს, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება, თუმცა, დიდი მნიშვნელობა ამას არ ექნება, რადგან პირველ რიგში ამ ქვეყანაში შესაცვლელია მმართველობის ფორმა. უნდა გადანაწილდეს პასუხისმგებლობა. უნდა ვიცოდეთ, ვინ რას აკეთებს და რა გადაწყვეტილებას იღებს. თუკი პრემიერ-მინისტრი, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრები, ვერ იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, მაშინ ჩემთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება გინდაც პრემიერ-მინისტრი და გინდაც ჯანდაცვის თუ განათლების მინისტრი.

- ირაკლი ღარიბაშვილი კოალიცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტსაც ტოვებს. როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება კოალიციის თავმჯდომარედ ვიხილოთ და შესაძლებელია თუ არა, ეს იყოს ბიძინა ივანიშვილი?

- ნამდვილად ვერ გეტყვით, ეს კითხვა ალბათ უფრო “ოცნების” წევრებს უნდა დაუსვათ. თუმცა, არაფერი არ არის გამორიცხული. შესაძლებელია, თავად ივანიშვილიც ვიხილოთ ამ პოსტზე, რომელიც დღეს არის ლიდერი როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების. აქედან გამომდინარე, მან რომ ხელში აიღოს “ქართული ოცნების”, როგორც კოალიციის, მმართველობა, ამაში ვერაფერს გასაკვირს ვერ ვხედავ.

- რა შედეგებს ელით 2016 წლის არჩევნებზე? შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ “ოცნება” დარჩეს ქვეყნის სათავეში?

ვ.დ.: ნაკლებად სავარაუდოა, რომ “ოცნებამ” ამ არჩევნებში გაიმარჯვოს. მათი რეიტინგი თვიდანთვემდე მცირდება საზოგადოებაში, ამას ყველა კვლევა აჩვენებს. ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომლის რეიტინგიც მატულობს, ეს “თავისუფალი დემოკრატებია”. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, ავიღოთ ის პასუხისმგებლობა, რასაც ხელისუფლებაში ყოფნა ჰქვია. მიუხედავად რთული პირობებისა და მდგომარეობისა, “თავისუფალმა დემოკრატებმა” ვიცით, როგორ გამოვასწოროთ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, როგორ მოვიზიდოთ ინვესტიციები, შევქმნათ სამუშაო ადგილები და შევეწინააღმდეგოთ იმ რთულ ფინანსურ, ეკონომიკურ ფონს, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ჩვენ, “თავისუფალი დემოკრატები” და “ქართული ოცნება,” თავის დროზე ერთად მოვედით ხელისუფლებაში, დღეს ჩვენ მზად ვართ, განვახორციელოთ ის დაპირებები, რომელიც რეალურად არ შესრულებულა “ოცნების” მიერ.

- ღარიბაშვილის პრემიერობიდან გადადგომის და მისი “ოცნების” თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ ხომ არ განიხილება “ოცნებასთან” შესაძლო დაახლოება?

- გეტყვით, რომ არაფერს გამოვრიცხავ. მთავარი არის ის, თუ როგორი პოლიტიკური პროცესი წავა. მე ვიცი ერთი – რომ “თავისუფალი დემოკრატები” 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მივიღებთ. დანარჩენზე კი, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გამოსარიცხი არაფერია. რა და როგორ იქნება, ამას დრო გვიჩვენებს.

რეზონანსი“, 28 დეკემბერი, 2015 წელი

როგორ და რატომ კარგავს “ოცნება” რეიტინგს

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა 2015 წლის ყველაზე გამაღიზიანებელი გამონათქვამები და შეცდომები

ეკატერინე ბასილაია

2015 წლის იმ არაპოპულარული ფრაზებისა და საქმეების ჩამონათვალი, რომელიც კოალიცია “ქართული ოცნების” რეიტინგს მნიშვნელოვნად აზარალებს და რომელსაც, დიდი ალბათობით, ამომრჩეველი მმართველ ძალას არჩევნებზეც “გაუხსენებს”, არცთუ მცირეა. მათ შორის ჯერჯერობით ყველა სხვა ნეგატივს გირგვლიანის საქმის განმხილველი ლევან მურუსიძის სამუდამო ვადით მოსამართლედ არჩევის გამო გაღიზიანება წონის და კოალიციის ისედაც შემცირებულ რეიტინგს ეს ფაქტი ალბათ ძალიან დააზარალებს.

“ოცნებას” რომ მურუსიძის გარეშეც მხარდამჭერებში კარგი დღე არ ადგა, ეს წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ რეიტინგებშიც აისახა, როდესაც “ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ წელს პირველად ლამის გაუთანაბრდა ერთმანეთს “ნაციონალებისა” და კოალიციის მომხრეთა რაოდენობა. თავად “ოცნების” წევრებიც აღიარებენ, რომ მათი რეიტინგი დაეცა, თუმცა არა იმდენად, რასაც ესა თუ ის კვლევა აჩვენებს.

ანალიტიკოსების თქმით, 2015 წელს არაპოპულარული საქმეები და განცხადებები ბევრი იყო, თუმცა, მათგან 2016 წლამდე ამომრჩეველს მხოლოდ ის ნაწილი დაამახსოვრდება, რომელიც ყველაზე გამაღიზიანებლად და მიუღებლად მიიჩნია.

რთული დასავიწყებელი იქნება ის, რომ თანამდებობის პირები ვერაფრით ვერ შეელივნენ დანამატებად გადაკეთებულ პრემიებს და ეს იმ ფონზე, როდესაც წლის დასაწყისიდან ხელისუფლება “ქამრების შემოჭერაზე” აქტიურად საუბრობდა.

“ოცნების” მთავარი შეცდომები

ამას ემატება დეპუტატებისაგან მსჯელობა იმაზე, რომ გამოსაკვებად დღეში ლარი და 18 თეთრი საკმარისია, ან კარგმა დიასახლისმა უნდა იცოდეს, როდის უნდა იყიდოს ბაზარში იაფად ხორცი. ამ ყველაფერს ემატება მომრავლებული ორმოები დედაქალაქის ქუჩებში და ნეპოტიზმი საჯარო უწყებებში.

ლევან მურუსიძის არჩევა სამუდამო ვადით მოსამართლედ; ე.წ. კოკაინის სკანდალი – შეწყალების კომისიისა და პოლიტპატიმრების თემაზე, სადაც ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის სახელები ფიგურირებს; დანამატებად გადაკეთებული პრემიები; ლარის გაუფასურება; გაზრდილი ფასები; დენის ტარიფის გაძვირება; მაჟორიტარული ოლქების გაუქმების გადავადება; პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოსახლებაზე მუდმივი დავა; ნეპოტიზმი საჯარო უწყებებში; პრობლემები დედაქალაქში – ორმოები, მოუგვარებელი ინფრასტრუქტურა, მუდმივი საცობი; საეჭვო ტენდერები; შსს-ს მაღალჩინოსნების ნათესავებზე დარიგებული ე.წ. დარღვევის უფლება – “ნარუშილოვკები; “რუსთავი 2″-ის საქმე; “გაზპრომთან” მოლაპარაკება; მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების შეზღუდვის კანონი; პანორამა თბილისის პროექტი; აღქმა, რომ კრიმინალი გაიზარდა; სკანდალი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევისას… – სპეციალისტთა თქმით, ეს ხელისუფლების მიერ 2015 წელს დაშვებული შეცდომების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” რეიტინგზე უარყოფითად აისახება.

პოლიტოლოგისა და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, მურუსიძის მოსამართლედ არჩევა უკიდურესად მცდარი გადაწყვეტილება იყო. ასევე მცდარი იყო ის პოზიცია, რაც “ოცნებამ” დანამატებად გადაკეთებულ პრემიებზე დაიკავა. “თითქოს პრემიები მოაგვარა და დანამატების გრაფაში გადაისროლა იგივე თანხა, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია და სამართლიანადაც,” – აღნიშნავს საყვარელიძე. იგი მიიჩნევს, რომ შეწყალების საქმესთან დაკავშირებული პროცესები უშუალოდ კოალიციას არ უკავშირდება, ამ სკანდალში პარტიის კონკრეტული წევრები არიან ნახსენები, თუმცა, ეს ჯამში კოალიციის რეიტინგზე ცოტათი მაინც იმოქმედებს. დიდი უკაყოფილების ტალღას, მისი აზრით, დავით ნარმანიას მოქმედებები თუ უმოქმედობა იწვევს.

რამაზ საყვარელიძე: “უარყოფითად მოქმედებს თბილისში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგების გაჭიანურება. გაჭიანურებული და არასწორი ტენდერები შეიძლება საზოგადოებისთვის გასაგები არ იყოს, მაგრამ ზოგადად ორმოები თუ ქალაქის სხვა მოუგვარებელი პრობლემები არსებობს და ეს ნარმანიას პასუხისმგებლობაა, მერე უკვე არასრულფასოვანი ტენდერები წვეთწვეთობით დაემატება და დიდ უკმაყოფილო ტალღად იქცევა. პანორამა თბილისის პროექტიც არაპოპულარულია, თითქოს საზოგადოების დიდი ნაწილი ნეიტრალურია, მაგრამ ისეთი განცდაა, რომ არქიტექტურასთან დაკავშირებით იგივე გრძელდება, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. სრულიად გაუგებარი და არაპოპულარულია მარჯვენასაჭიანი მანქანების კანონი. ტრიალებს შეფასება, რომ კრიმინალი გაიზარდა და ეს შეფასება საკმაოდ მძიმე გავლენის მქონე შეიძლება აღმოჩნდეს”.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია თვლის, რომ ლევან მურუსიძის საკითხი ყველა სხვა შეცდომას გადაწონის, რითაც “ქართული ოცნების” რეიტინგი ბევრად დაზარალდება. “საქართველოში ნებისმიერი ახსნა მიუღებელი იქნება, ერთადერთი შანსი ამ შემთხვევაში საგარეო ურთიერთობები იქნება, თუ “ოცნებამ” დააჯერა პარტნიორები, რომ ამით სასამართლოს დამოუკიდებლობას მისცა საფუძველი. ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ. ვერც მე მივიღებ მურუსიძესთან მიმართებაში ნებისმიერ ახსნას,” – მიიჩნევს გამზარდია. იგი “ქართული ოცნების” საქმიანობაში დღემდე შეცდომებად ასახელებს დედაქალაქის მერიის მუშაობას – ორმოებსა თუ მოუგვარებელ ინფრასტრუქტურას.

“აღმასრულებლებიდან მეტნაკლებად კრიტიკულად გამოვყოფდი პაატა ზაქარეიშვილის საქმიანობასა და გამოხატულებას ზოგიერთ საკითხზე; “ქართულ ოცნებას” შეცდომებად ჩავუთვლიდი შუალედური არჩევნების არარაფინირებულად ჩატარებას, საარჩევნო კანდიდატის პარტიული მხარდამჭერების მხრიდან კი ოპონენტების მიმართ არაერთ არაეთიკურ ქცევა-გამოხატულებას. ყველაზე მეტ სისუსტედ “ქართულ ოცნებას” საპარლამენტო წარმომადგენლობაში ადამიანურ სისუსტეებს ჩავუთვლიდი, პარტია “ქართული ოცნების” განუვითარებლობას ინსტიტუციური თვალსაზრისით. ყველაზე მეტი სისუსტე ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. ამის გამო არაერთი ისეთი თემა, რომელიც კრიტიკულად არ უნდა ასახულიყო “ქართული ოცნების” საქმიანობაზე, მაინც საზოგადოებრივი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა, იქნება ეს ე.წ. კრიმინალის თითქოს გაზრდა, “რუსთავი 2″-ის საქმე, ლარის დევალვაცია და ა.შ. ამ და სხვა თემებში ხელისუფლების მიერ აქტიური მზაობისა და საზოგადოებასთან ეფექტური ურთიერთობის შემთხვევაში ხელისუფლებას ნაკლები რისკი ექნებოდა პოზიტიური რეიტინგის შემცირების მიმართულებით,” – ამბობს არჩილ გამზარდია.

განცხადებები, რომლებმაც “ოცნების” რეიტინგი შეამცირა

“თუ პური არ აქვთ, ფუნთუშა ჭამონ” – ეს ციტატა ჟან-ჟაკ რუსოს “აღსარებიდანაა”. თუმცა, ითვლება, რომ ეს სიტყვები საფრანგეთის დედოფალმა, ლუი ყქ|-ის მეუღლე მარია ანტუანეტამ თქვა, როდესაც უთხრეს, რომ ფრანგებს პური არ აქვთ.

რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მხრიდან ჭკუის დარიგება იმაზე, როგორ შეიძლება ეკონომიურად ვიცხოვროთ მაშინ, როდესაც თავად 5-ნიშნა ხელფასები აქვთ, ისეთივე ცინიკურია, როგორც ეს სიტყვები ფუნთუშებზე და საზოგადოების ყველაზე დიდი ნაწილისათვის წლის ყველაზე მიუღებელ ფრაზებადაც რიმა ბერაძისა და გუგული მაღრაძის მიერ ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს. შემდეგ ადგილებს კი პაატა ზაქარეიშვილი, თამაზ მეჭიაური და სოსო ჯაჭვლიანი იკავებენ.

საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატი რიმა ბერაძე მიიჩნევს, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანის გამოსაკვებად დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია, “რადგან მასში თავიდან ბოლომდეა გათვლილი კალორიულობა, ის, რაც საჭიროა”. მისივე თქმით, საჯარო მოხელეს 24-საათიანი მუშაობა უწევს და დანამატებს იმსახურებენ.

გუგული მაღრაძემ კი ქუცნაშვილის იმ ინიციატივაზე კომენტარისას, რომლის მიხედვითაც სახელფასო დანამატების პრაქტიკაზე უარი უნდა ეთქვათ, განაცხადა, რომ “სერიოზული მცოდნე ადამიანები საჯარო სამსახურში, სადაც 2000 ლარია ხელფასი, არ ჩერდებიან”. მისივე განცხადებაა ის, რომ ჭკვიანმა დიასახლისმა იცის, როდის უნდა გავიდეს ბაზარში, რომ იყიდოს პროდუქტი იაფად.

გოგი თოფაძის განცხადებებიდან დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ის, რომ სტალინის სურათი მალე ყველას კაბინეტში დაიკიდება და ასევე ის, რომ ევრაზიული კავშირი ერთ-ერთი შესაძლებლობაა, სადაც კარგად ვიქნებით.

პაატა ზაქარეიშვილის გამონათქვამებს შორის გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ “დღეს გალში უფრო თავისუფლად სუნთქავენ” და პუტინი მტერი არ არის – “ადამიანი, პიროვნება, თუ გინდ პუტინი იყოს, ვერ იქნება სახელმწიფოს მტერი… პუტინი რა, ჩაჯდა ტანკში, დაქოქა, შემოვიდა და ხალხი დახვრიტა თუ რაშია საქმე?”

“ლარის კურსის მიმართულებით არის საგარეო შოკები, ხოლო შიდა მოვლენები, “ნაციონალური მოძრაობის” სახით, არიან “შოკუნიები”, – ეს ფრაზა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ეკუთვნის.

თამაზ მეჭიაურის გამონათქვამებიდან დასამახსოვრებელი აღმოჩნდა პრეზიდენტის მისამართით ნათქვამი: “სოროსელი ენჯეოშნიკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ვეტოს უფლებით აღჭურვა”.

ასევე ერთ-ერთი დასამახსოვრებელი იყო პარლამენტის სხდომაზე სოსო ჯაჭვლიანის მიერ საგანგებოდ მომზადებული განცხადება “იბიარდზე”: “ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა, ბრძანა რამდენიმე თვის წინ, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, რომ სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო, რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები, მე ერთგული მეუღლე ვარ”-ო.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის ფრაზაც – “დედა ჩემი ოჯახის წევრი არ არის”, იმ არაპოპულარულ გამონათქვამად ჩაითვალა, რაც ისევ ხელისუფლებაზე აისახება ნეგატიურად.

გამონათქვამებს შორის კი ხელისუფლებისათვის ყველაზე უარყოფითად ის განცხადებები ჩაითვალა, რაც პატრიარქის სურვილს მოჰყვა, რომ პრეზიდენტის გარდა მასაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება.

პარლამენტარების და მინისტრების ნაწილი ამ სურვილს დაეთანხმა, ხოლო უკვე ექსპრემიერმა ღარიბაშვილმა სპეციალური განცხადებით პრეზიდენტს და პარლამენტს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დაწყების თხოვნით მიმართა.

არჩილ გამზარდიას თქმით, არაპოპულარულ განცხადებებში გამოყოფდა პაატა ზაქარეიშვილის, გოგი თოფაძის, თამაზ მეჭიაურის, რიმა ბერაძისა თუ გუგული მაღრაძის გამოსვლებს ზოგიერთ საკითხზე და “ქართული ოცნების” საპარლამენტო წარმომადგენლების არაერთი წევრის გაუგებარ განცხადებებს.

“მათ არასაკმარისად სწორი ფორმულირებისა თუ თავად განცხადებისა და ხედვის სიმცდარის გამო დარტყმა მიაყენეს “ქართულ ოცნებას,” – მიიჩნევს პიარის სპეციალისტი, თუმცა, მისივე თქმით, რეიტინგის კლება უფრო რთული თემაა და ეს მარტო არაპოპულარული განცხადებებისა თუ საქმეების გამო არ მომხდარა.

“ხელისუფლებას რეიტინგის კლება, ერთი მხრივ, ამ და სხვა დაშვებულმა შეცდომებმა, სისუსტეებმა მოუტანა და მათ შორის მაინც განსაკუთრებულად საზოგადოებასთან არასაკმარის ურთიერთობას დავასახელებდი. მეორე მხრივ კი, დავასახელებდი თავად მედიისა და არასამთავრობო სექტორის ხშირ არაადეკვატურ გამოხატულებებს და ასევე რეალობასთან შეფარდებაში საზოგადების მხრიდან ჭარბ მოლოდინს,” – ამბობს გამზარდია.

რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ მოსახლეობისათვის გამაღიზიანებელია ის, რაც მის პოზიციას უპირისპირდება, ხოლო რაც მის პოზიციას ეთანხმება, ის არ აღიზიანებს, რაც უნდა ალოგიკური ან სიმართლის მხრივ გამართული არ იყოს.

“მოსახლეობისთვის ჭკუის დარიგება იმაზე, თუ როგორ იცხოვრონ ეკონომიურად იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც ხუთნიშნა შემოსავალი აქვთ, გამაღიზიანებლად მოქმედებს. გოგი თოფაძის განცხადებამ დაძაბულობა გამოიწვია, მაგრამ შეფასება მიჭირს, თუნდაც იმიტომ, რომ ამას წინათ ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში კარგა მოზრდილი სტალინის სურათი ეკიდა კედელზე. რამდენადაც მართალი არ უნდა იყოს მეჭიაური, უხეში განცხადებები ყოველთვის აყენებს ზიანს ამ განცხადების ავტორებს, ამ შემთხვევაში მთლიანად პარტიას ვგულისხმობ. ასევე დიდი ხარვეზის მომტანია პარტიისათვის სოსო ჯაჭვლიანის განცხადება იბიარდის თემაზე იმ ფორმულის გამო, რომ ასეთი დონის დეპუტატები ჰყავს მმართველ ძალას და ეს მთლიანად ორგანიზაციის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს. ზაქარეიშვილის განცხადებები ჯერ მას და შემდეგ კოალიციას აყენებს ძალიან დიდ ზიანს.

პატიმრების შეწყალების უფლება პარტიარქს უნდა მიეცესო – ამ განცხადებამ ძალიან ცუდი სამსახური გაუწია პარტიას იმიტომ, რომ პატრიარქს დადებითად აღიქვამენ რელიგიურ, სულიერ კონტექსტში და მას თაყვანს სცემს ქართული საზოგადოება, მაგრამ სახელმწიფოს ფუნქციების გადატანა საპატრიარქოს სტრუქტურებში, ამის მომხრე ქართული საზოგადოება ვერ იქნება. თეოკრატიული მმართველობა, ირანის რეჟიმი ქართველებისთვის საოცნებო არ არის. ეს კი თეოკრატიისკენ გადადგმული პატარა ნაბიჯი იყო და ამიტომაც არ შეიძლებოდა, ამას დადებითი რეაქცია გამოეწვია,” – მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე. მისივე თქმით, არანაკლებთ მნიშვნელოვანია, რას დაჰპირდა, რა შეეძლო და არ გააკეთა “ოცნებამ” ისეთი, რაც მის რეიტინგზე აისახა. ასეთი კი, მისი შეფასებით, უპირველესად სამართლიანობის აღდგენა, ტარიფების შემცირება, ეკონომიკური წინსვლა და ლარის გაუფასურების პრობლემაზე არაადეკვატური ქმედებები თუ განცხადებებია.

“შესაძლოა, ლარის გაუფასურება ბოლომდე ამათი ბრალი არ არის, მაგრამ მათ შეეძლოთ, მოსახლეობასთან გაეზიარებინათ ეს პრობლემა. ეთქვათ, რომ თქვენც გიჭირთ და ჩვენც და ვეცადოთ, ერთად დავძლიოთ ეს კრიზისი. მოსახლეობა ამ დამოკიდებულებას მიიღებდა და არ გაღიზიანდებოდა ხელისუფლებაზე. მაგრამ, როდესაც ხელისუფლება ყოველი კვირის დასაწყისში იძახის, რომ ლარი გაჩერებულია, ყველაფერი კარგად იქნებაო და კვირის ბოლოს ისევ გაუფასურებულია… მეორეც, გვეუბნება, უნდა გავიჭირვოთ და ქამრები შემოვიჭიროთო – ეს გამაღიზიანებელია მაშინ, როდესაც მოსახლეობას არ აქვს იმის განცდა, რომ თავად ხელისუფლებამ შემოიჭირა ქამრები. დანამატებზე უარი არაფრით არ თქვეს. ალექსანდრე მაკედონელი უდაბნოში რომ მიდიოდა ლაშქართან ერთად და ჩაჩქანით წყალი მიაწოდეს, გადაღვარა – ჩემი ჯარისკაცები წყურვილისგან იხოცებიან და მე წყალი როგორ დავლიოო. ასეთი მხედართმთავრისთვის ჯარისკაცი თავს წირავს. ჩვენთან კი სრულიად საპირისპირო სვლებს აკეთებს ხელისუფლება,” – აცხადებს რამაზ საყვარელიძე და თვლის, რომ სწორედ ამ არასწორი საქმეების გამოა ხელისუფლების რეიტინგი თავდაღმართში და ამ “საქმეების” დიდ ნაწილს ამომრჩეველი ოქტომბერში გაიხსენებს.

პრაიმტაიმი, 28 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: ახალი წლის შემდეგ კომპრომატების ომის დაწყება ანონსდება – ვის დაიჭერენ და ვინ გადაირჩენს თავს?

მარიამ ნადირაძე

მამუკა არეშიძე კომპრომატების ომს აანონსებს. მისი განმარტებით, საარჩევნო ციკლში ბევრს სირცხვილის ბოძზე გააკრავენ. ამ თემით „პაიმტაიმი“ დაინტერესდა. რა სახის კომპრომატებზეა საუბარი, ვის წინააღმდეგ იქნება ის მიმართული და ვის ხელშია კომპტომატები. ამ და სხვა საკითხებზე „პრაიმტაიმს“ მამუკა არეშიძე ესაუბრა.

– პოლიტიზებული ამომრჩევლებისთვის სარჩო იქნება იმ საქმეების გახსნა, რასაც საზოგადოება მოითხოვს ხელისუფლებისგან – მკვლელობები, ცნობილი ექსპროპრიაციები და სხვა ამდაგვარი, და ეს აუცილებლად მოხდება.

მთავარმა პროკურორმაპრაიმტაიმთანინტერვიუში დააანონსა ცნობილი საქმეების მასალების მხოლოდ გასაჯაროება და არა გახსნა. მან მარტო ბესიკ ხარძიანის მკვლელობაზე განმარტაყველფერი დადგენილიაო

– მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ნელ-ნელა მოხდება სხვა საქმეების გახსნაც. დაანონსებაც და იმის შეხსენებაც, რომ ეს დანაშაულები ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. როგორც ჩანს, ამ პროცესს ჟვანიას საქმეც გაივლის…

მგონია, აღარავის სჯერა ჟვანიას საქმის გახსნის.

– გოგლა ჟვანიამ ბოლო დროს გააკეთა განცხადება, რომ ახალი მოწმე გამოჩნდა…

მსგავს განცხადებებს შარშანაც აკეთებდა ის და შარშანწინაც

– ამ შემთხვევაში კონკრეტულად ჟვანიას საქმის გახსნას არ ვუსვამ ხაზს. ფაქტია, რომ საქმეები გაიხსნება, სხვა ადამიანები მიეცემიან პასუხისგებაში. არ არის გამორიცხული, ესენი ოპოზიციის საკვანძო ფიგურებიც იყვნენ. შეიძლება ზოგიერთი მათგანი გისოსებს მიღმა ვერ ვიხილოთ, რადგან დეპუტატები არიან, თუმცა სირცხვილის ბოძთან მაინც დააყენებენ.

ამ კომპრომატების ორთაბრძოლაში ისევ ორი პოლიტიკური ძალა იქნება მთავარი მოთამაშე?

– ბუნებრივია,  თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი კომპრომატები სხვა პოლიტიკური ძალის მიმართაც იქნა გამოყენებული. მურუსიძის თემა, რომელიც ახლა გაჩნდა, დ იდხანს არ დამთავრდება და დიდხანს იქნება წამოსაძახებელი, რასაც თავისი ლოგიკაც აქვს. ის, მართალია, იუსტიციის საბჭომ აირჩია, მაგრამ ეს იუსტიციის საბჭო უბრალო ადამიანისთვის ხელისუფლებასთან ასოცირდება.

თავის დროზე, ამბობენ, კასრების საქმით დათა ახალაიამ გადაირჩინა თავი, მესხელთან ასოცირდება ციხის კადრები, კოდუასთანბოლოდროინდელი ინტერნეტკომპრომატები კოლომოისკის გავლითთქვენი აზრით, ვინ შეიძლება კიდევ მსგავსი მეთოდით გადაირჩინოს თავი სააკაშვილის გუნდიდან და დაეხმაროს ამ ხელისუფლებას კომპრომატების ომში?

– გვარები, ვინც ჩამოვთვალეთ, აისბერგის თავია. ამ აისბერგის ძირში უამრავი სხვა ადამიანი იდგა, ვისაც გარკვეული წვრილ-წვრილი თუ მსხვილ-მსხვილი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, სადაც აისბერგის თავს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული. ამ ადამიანთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ თანამდებობებზეა ზუსტად იმიტომ, რომ საკუთარ მდგომარეობაში გაცვალეს მათ ხელთ არსებული კომპრომატები.

ამ ლოგიკით, ძალიან ძლიერი იარაღი უნდა ჰქონდეს ხელისფლებას, რაც პოლიტიკურ სცენას არ ეტყობა

– ეს მასალები შენახულია. შესაბამისი პიარის დაგეგმვის შემთხვევაში მოხდება მთელი ამ მასალების კონცენტრაცია და ერთი მიმართულებით გაშვება. ასე ხდება ყველგან, ყველა ხელისუფლება და ოპოზიცია იყენებს ამ მექანიზმს და საქართველო გამონაკლისი ვერ დარჩება.

რატომ ჩაცხრა ტემპი უკრაინული კომპრომატებისა?

– არ ჩამცხრალა ეს ტემპი, უბრალოდ, კომპრომატების დემონსტრირება არ ხდება. ამ ეტაპზე, შესაბამის მომენტს ელოდებიან. წარმოიდგინეთ, ყოველ დღე რომ მოხდეს ამის ჩვენება, როგორ მობეზრდება ხალხს. პიარტექნოლოგია მთელი ხელოვნებაა. ყველაფერს თავისი დრო და მომენტი სჭირდება. ახლა, ახალი წლების საღდესასწაულო დღეები რომ გადაივლის და წინასაარჩევნო პროცესი დაიწყება, აი, მაშინ დადგება მათი დემონსტრირების დრო. ეს იქნება ყველაზე ცხელი პერიოდი კომპრომატების ომის გასაჩაღებლად. როგორც ჩანს, ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ უკრაინაში კიდევ გრძელდება ეს პროცესი, ოღონდ იქ ვრცელდება ის კომპრომატები, რასაც უშუალოდ იმ ქვეყანასთან აქვს შეხება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ იგივე ჯგუფის მიერ არის ორგანიზებული ეს კამპანია, რომელმაც თავის დროზე ინტერნეტსივრცეში ქართული პატიმრების წაების კადრები გაავრცელა. იქ ახლა არის ამის მოთხოვნილება. საქართველოში ასეთი ცხელი პერიოდი გაზაფხულზე დადგება. მაშინ იხილავს დღის სინათლეს, მაგალითად, გოგა ხაინდრავას ფილმი და ა.შ.

რეზონანსი“, 28 დეკემბერი, 2015 წელი

ოცნება” “ნაცმოძრაობისწინააღმდეგბოლოკუნთების მოსინჯვაგარდაბანში

გარდაბნის გამგებლის თანამდებობისათვის 28 იანვარს მხოლოდ ორი კანდიდატი იბრძოლებს

ლიკა ამირაშვილი

გარდაბანში 28 იანვარს თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნებია დაგეგმილი. ადგილობრივი გამგებლის თანამდებობისათვის, სავარაუდოდ, მხოლოდ ორი კანდიდატი იბრძოლებს. “ქართული ოცნების” კანდიდატი ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე იქნება, რომელიც გარდაბნის ადგილობრივ არჩევნებში 2012 წელსაც მონაწილეობდა, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” – კახი კახაბრიშვილი.

მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ შემოთავაზება “ოცნებიდან” მიიღო, თუმცა, თავისი თანხმობის სანაცვლოდ გარკვეული პირობა წამოაყენა. “კანდიდატობა შემომთავაზეს, მეც დავთანხმდი, თუმცა ჩემი პირობა შევთავაზე. რა პირობა – ეს სალაპარაკო თემა არაა. “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი კი კახი კახაბრიშვილია”, – გვითხრა მამუკა არეშიძემ.

რაც შეეხება “ნაცმოძრაობას”, ისინი გარდაბანში ჩასვლასა და თავისი კანდიდატის ამომრჩევლებისთვის წარდგენას დღეს გეგმავენ.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ არჩევნების შედეგების მიხედვით ზოგადად პარტიების რეიტინგზე საუბარი ძნელი იქნება, რადგანაც ლოკალური არჩევნები ამის საშუალებას არ იძლევა. თუმცა, ეს არჩევნები მასში მონაწილე პარტიებისათვის კარგი “მოთელვა” იქნება 2016 წლის არჩევნების წინ და “ოცნებასა” და “ნაცმოძრაობას” ერთმანეთისათვის “კუნთების მოსინჯვის”, ასევე თავიანთი რეგიონული სტრუქტურების მუშაობის საშუალება ექნებათ.

28 იანვრის არჩევნებისთვის “თავისუფალი დემოკრატებიც” არიან დარეგისტრირებული. თუმცა, როგორც პარტიის გამგეობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა “მთელ კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, რეგისტრაცია მხოლოდ საარჩევნო პროცესის დაკვირვებისთვის გაიარეს.

“ამ არჩევნებში კანდიდატი არ გვყავს. საჭიროდ არ ვთვლით, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ, რადგან საპარლამენტო არჩევნებისთვის ვემზადებით. საარჩევნო რეგისტრაცია მხოლოდ იმიტომ გავიარეთ, რომ ჩვენი წარმომადგენლები არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდნენ. ეს კანონით გვეკუთვნის და გამოვიყენებთ.

“პარტიისათვის ამ არჩევნებს პოლიტიკური მნიშვნელობა არ აქვს, რეალურად ამით არაფერი არ იცვლება. მიზეზი ესაა და არანაირ ბოიკოტს არ ვუცხადებთ”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

არასაპარლამენტო პარტიები ამ არჩევნებში არ მონაწილეობენ. როგორც “დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, პარტია გარდაბნის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და იმედი აქვს, რომ სხვა ოპოზიციური პარიტიებიც ასე მოიქცევიან.

“დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებს ბოიკოტს სრულიად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გამოუცხადებს იმ მოტივით, რაზეც საგარეჯოსა და მარტვილის შემთხვევისას იყო საუბარი. ბოიკოტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებას სრული იგნორირება უნდა გაუწიოს.

“საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ისეთი საკითხია, რომ ოპოზიციასთან კონსენსუსით უნდა გადაწყდეს, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს. “ოცნება” ოპოზიციისგან საერთოდ გამიჯნულია და უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გადაწყვეტილებას მარტო იღებს. ხელისუფლება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან საერთოდ არ საუბრობს.

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისეთი პოლიტიკური პარტიები არ გამოჩნდებიან, რომლებიც ხელისუფლებას ამ არჩევნებს “გაუპრავებენ”, ისევე როგორც საგარეჯოსა და მარტვილის შემთხვევისას. თუ არცერთი პარტია მონაწილეობას არ მიიღებს, მაშინ “ქართული ოცნება” კომუნისტური პარტიის მდგომარეობაში აღმოჩნდება. შესაბამისად, კომუნისტური პარტიის დროშას გადავცემთ.

“ნაციონალური მოძრაობა” თუ გადაწყვეტს, რომ “ოცნება” “გააპრავოს”, მისი ეს ქმედება ძალიან სასაცილო და მრავლისმთქმელი იქნება, რასაც ოპოზიციური სპექტრიდან ძალიან მკაფიო შეფასება მიეცემა”, – აღნიშნა ახვლედიანმა.

გარდაბნის არჩევნებში მონაწილეობას არც “პატრიოტთა ალიანსი” აპირებს. როგორც მისმა წევრმა დავით თარხან-მოურავმა “მთელ კვირას” განუცხადა, სანამ ხელისუფლება დაპირებულ სიტყვას არ შეასრულებს, მანამდე მონაწილეობას პარტია არაფერში არ მიიღებს.

“მარტვილსა და საგარეჯოში არჩევნების გაყალბების შემდეგ ველოდებით, რომ საპარლამენტო ცვლილებები იქნება შეტანილი. სანამ ხელისუფლება არ გაინძრევა და საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს არ შეიტანს, არაფერში არ მივიღებთ მონაწილეობას. თუკი ჩვენს წინადადებას, რაც დაგვპირდნენ, არ მიიღებენ, მაშინ 200 კაციან შიმშილობას დავიწყებთ”, – თქვა მან.

როგორც პოლიტოლოგმა, თსუ-ს პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ “მთელ კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, გარდაბნის არჩევნები პარტიების რეტინგის რეალურ სურათს არ მოგვცემს, რადგან ლოკალური არჩევნები ამის საშუალებას არ იძლევა.

“ეს საინტერესო თავად პარტიებისთვის იქნება, იმიტომ, რომ თვითონ შეამოწმებენ, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზად არიან თუ არა, თუნდაც ადგილორივი სტრუქტურები. გარკვეულწილად მათთვის წინასწარი მომზადების კიდევ ერთი საშუალება იქნება. ამ კუთხით უფრო იქნება საინტერესო იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტის წევრობა არც ერთს და არც მეორეს დიდ არაფერს არ ანიჭებს.

“ალბათ აქ გასათვალისწინებელია გარდაბნის სპეციფიკა, რა ტიპის ლოზუნგებს დაუჭერს მხარს და რა ტიპის ამომრჩევლები არიან. ვფიქრობ, კანდიდატების ცნობადობას ამ შემთხვევაში ნაკლები მნიშვნელობა ექნება”, – აღნიშნა კაკაჩიამ.

ახალი თაობა“, 28 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ქართულ ოცნებას საარჩევნო სიის პირველი ნომრის პრობლემა აქვს

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ხელისუფლების საკადრო პოლიტიკასა და საარჩევნო სიის პირველ ნომერზე საუბრობს.

„ახალი წლიდან რასაც მთავრობა გააკეთებს, ყველაფერი აღქმული იქნება, როგორც წინასაარჩევნო სვლა და ის პირდაპირ დაკავშირებული იქნება არჩევნებთან. ჩვენ უკვე მოვისმინეთ კვირიკაშვილისგან, რომ ის მინისტრთა კაბინეტს არ შეცვლის, მხოლოდ ერთადერთი ცვლილება მოხდება და ეს არის ბუნებრივად წარმოქმნილი საგარეო საქმეთა მინისტრის ვაკანტური პოსტი, რომელსაც მისი ყოფილი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე..

- რატომ არ წავიდა ის რადიკალიზაციის გზით და ახალი შემადგენლობა რატომ არ დაასახელა?

- აქ რამდენიმე მთავარი ფაქტორი მოქმედებს. პირველი, არჩევნების წინ ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება ცოტა სახიფათო იქნებოდა, მეორე _ კადრების პრობლემაც არ არის გამოსარიცხი. ასე თუ ისე, ამ ადამიანებმა იციან თავიანთი სფერო, თანაც კვირიკაშვილი მათ იცნობს, მათთან ერთად მუშაობის გამოცდილება აქვს და კიდევ ერთ შანსს აძლევს მინისტრთა კაბინეტის ამ შემადგენლობას. აქვე გასათვალისწინებელია შემჭიდროებული ვადები. ეს, ალბათ, კვირიკაშვილის ამ გადაწყვეტილების ყველაზე ლოგიკური ახსნაა.

- სამომავლოდ არ გამორიცხა მათი ჩანაცვლება...

- ვერც გამორიცხავდა. შეიძლება ეს ერთგვარი გზავნილიც იყოს მინისტრთა კაბინეტისთვის, რომ მე თქვენ გაძლევთ შანსს და თქვენც კეთილი ინებეთ და გააორმაგეთ თქვენი მონდომება. ამას ვნახავთ, ვინ რა ენთუზიაზმით გააგრძელებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

- თუმცა საზოგადოებას რამდენიმე მინისტრის შეცვლის მოლოდინი ჰქონდა, ვიღაცების გვარებიც კი დასახელდა. გარკვეული მინისტრები რომ არ იცვლებიან, ეს წამგებიანი არ იქნება ხელისუფლებისთვის?

- არიან მინისტრები, რომლებიც საზოგადოების რისხვას სამართლიანად იმსახურებენ და ასევე არის ერთი თუ ორი მინისტრი, რომლებიც ხალხს არ აღიზიანებენ. ამ შემთხვევაში ცვლილების მოლოდინი შეიძლება იყო, მაგრამ ერთი და ორი საკადრო ცვლილება რადიკალურად მაინც ვერ შეცვლის წინასაარჩევნო განწყობებს. როდესაც ამომრჩეველი ნიჰილისტურად არის განწყობილი და არჩევნების, პოლიტიკოსების გაგონებაც კი არ უნდა, მაშინ ასეთ ცვლილებას აზრიც კი ეკარგება. ამომრჩევლის ნახევარზე მეტი ვერ ხედავს პარტიას, პოლიტიკურ ძალას, რომლის მიმართ ნდობა ექნებოდა, სრული ნდობა თუ არა, გარკვეული განწყობა მაინც. ეს ძალიან სავალალოა.

- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?

- ასპარეზზე ახალი ძალები გამოჩნდნენ. ყველამ იცის ამ არჩევნების ფასი. ეს არჩევნები შეიძლება დახასიათდეს იმით, რომ მოსახლეობის უმრავლესობა გულგატეხილი და იმედგაცრუებულია. ხელისუფლებას მხოლოდ საკადრო ცვლილებები არ უშველის, საჭირო იქნება ბევრი სხვა კომპონენტის დამატება, რომ `ქართულმა ოცნებამ~ ამომრჩეველი დაიბრუნოს.

- ლევან ბერძენიშვილმა თქვა, რომ სიის პირველ ნომრად ვერ ხედავს ღარიბაშვილს. ვინ შეიძლება, სიის პირველი ნომერი იყოს?

- ირაკლი ღარიბაშვილი უახლოეს მომავალში, არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში დაბრუნდება, თანაც – საარჩევნო სიის პირველ ნომრად. მაშინ სრულიად გაუგებარი იქნება ის ცვლილებები, რომლებიც მოხდა.

- ვინ შეიძლება სიის პირველი ნომერი იყოს, ივანიშვილი?

- არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ივანიშვილი იყოს და პარლამენტში არჩევის შემდეგ თქვას მანდატზე უარი. სიის პირველი ნომრის პრობლემა ნამდვილად აქვს „ქართულ ოცნებას“.

- რატომ, ლიდერები არ ჰყავთ?

- როდესაც კოალიციაში არის ივანიშვილი, მისი საპირწონე ლიდერი ნამდვილად არ ჰყავთ. ამ მიმართულებით ნამდვილად ექნებათ პრობლემა.

ახალი თაობა“, 28 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: პრემიერს მერი მიჰყვებაყველაფერი ხდება ისე, როგორც ბიძინას უნდა

პარლამენტის უმცირესობის წევრი, ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერი შოთა მალაშხია „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საკადრო გადაადგილებები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილის მიერაა დაგეგმილი. ამის მიზეზია ჩიხური მდგომარეობა, რომელშიც “ქართული ოცნების“ ხელისუფლება აღმოჩნდა.

„ძალიან უცნაურად გამოიყურება, როცა პრემიერ-მინისტრი ჯერ გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი შესანიშნავადაა, სამიოდე დღის შემდეგ კი პოსტიდან მიდის. ბუნებრივია, არავის სჯერა, რომ ყველაფერი კარგადაა იმ ფონზე, როცა შემცირებულია მთლიანი შიდა პროდუქტი, ინვესტიციები, მოსახლეობის გაღარიბება გრძელდება. პენსიები 20 ლარით ივლისიდან იზრდება. ეს მომატებული პენსიაც კი რეალურად 10 დოლარით ნაკლებია, ვიდრე ადრინდელი. ამ უმძიმესი სოციალური მდგომარეობის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების სკანდალში გახვევის გამო აუცილებელი გახდა საკადრო გადაადგილებები. ასე გადაწყვიტა საქართველოს არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა”, – ამბობს შოთა მალაშხია

- სკანდალში რას გულისხმობთ?

- შეწყალების საკითხებში, იმავე კოკაინის საქმეში მაღალჩინოსნების ჩარევას. უმძიმეს სოციალურ მდგომარეობას ესეც დაემატა. „ქართული ოცნება“ რეიტინგების მხრივ ცუდ დღეშია. საერთოდ, ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მივიდეს. იმედი მაქვს, საქმე აქამდე არ მივა, თორემ ქვეყანა ამას ვერ გადაიტანს.

- ფიქრობთ, რომ 1990-იანი წლების მსგავსი სიტუაცია იქმნება?

- 1990-იან წლებში ხალხს მასობრივად გაუჭირდა, მაგრამ ადამიანებს რაღაც-რაღაცები გასაყიდი მაინც ჰქონდათ. ახლა გასაყიდიც არაფერი დარჩათ. კრიმინალი ყოველდღიურად იზრდება. განსაკუთრებით გახშირდა მკვლელობები და ბანკების ძარცვა. არის კორუფცია. იმ წამლებზე, რომლებიც ხშირად მოიხმარება, ფასი 100%-ით გაიზარდა, სხვებზე – ნაკლებით, ჯამში, ფასების ზრდამ მედიკამენტებზე 40% შეადგინა. ამ ფონზე მთავრობა გველაპარაკება წარმატებებზე, ახალ საწარმოებზე, გატარებულ რეფორმებზე.

- ამ მოხსენების შემდეგ არაბუნებრივად გამოიყურება გადადგომა...

- ამაშია არაფორმალური მმართველობის თავისებურებები. ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობაზე იყო, თუმცა, ძალაუფლება არ ჰქონდა. თვითონაც არ სჯეროდა, რომ პრემიერ-მინისტრი იყო. ასეთი მმართველობისას გასაკვირი არაა, რომ ბოტასების ქურდობისთვის ნასამართლევი ფარცხალაძე იყო მთავარი პროკურორი, მმართველს კი ბიზნესებს დეიდაშვილი ულაგებს. ასეთი მმართველობის პირობებში არც ის უნდა მოგვეჩვენოს უცნაურად, რომ ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, პრეზიდენტს საპრეზიდენტო სასახლიდან გამოვიყვანო. მარგველაშვილის მომხრე არ ვარ, მაგრამ არ შეიძლება, ასე მოექცე პრეზიდენტის ინსტიტუტს!

- ანუ, პრემიერისა და თუნდაც რამდენიმე მინისტრის შეცვლით არაფერი შეიცვლება?

- რასაკვირველია. ან მინისტრებიდან ვინ უნდა შეცვალონ? ვინც გასაშვებია, იმას მთავრობიდან არ გაუშვებენ.

- ვინ არის გასაშვები?

- მაგალითად, შერიგების მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. ის მუდმივად გამოდის და იდიოტობებს ლაპარაკობს. მისი განცხადებები საზიანოა ქვეყნისთვის. ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე აძლიერებს თანამშრომლობას რუსეთის სახელმწიფო კომპანია გაზპრომთან იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო მისგან გათავისუფლებას ცდილობს. კულტურის მინისტრის მოადგილედ რჩება მანანა ბერიკაშვილი, რომელმაც 2012 წლის არჩევნების წინ ჩვილი ბავშვის მკვლელობა დააბრალა თავის კონკურენტ გიორგი ღვინიაშვილს. დარწმუნებული ვარ, ამ ხალხს არავინ შეეხება. არადა, ესაა ზნეობრივი კატეგორიები. მათ გათავისუფლებას სჭირდება მყისიერი გადაწყვეტილება, თორემ ეკონომიკის განვითარებას დრო სჭირდება. სხვებს შეცვლიან. მოსალოდნელია, პრემიერს დედაქალაქის მერიც მიჰყვეს.

- თბილისის მერს ძალიან ბევრი აკრიტიკებს...

- ეს კრიტიკა საფუძვლიანია. რაც დავით ნარმანია მერი გახდა, პირდაპირ ჩააოხრეს თბილისი. დავით ნარმანიამ თურმე არ იცის, ვინ თხრის ასფალტს. ისიც ვერ მოახერხა, რომ ტენდერი დროზე ჩაეტარებინა და საბავშვო ბაღის ბავშვები საახალწლო საჩუქრების გარეშე არ დაეტოვებინა. დავით ნარმანიას მოადგილე მარგიშვილი მაღალხელფასიან სამსახურში გადაიყვანეს. ამ სამსახურმა ინვესტიციები უნდა მოიზიდოს. ნეტა იმდენი ინვესტიცია მაინც თუ მოიზიდეს, რომ მარგიშვილის 2-მილიონიან ხელფასს მიუახლოვდეს? მერია ხალხის წინაშე არ არის პასუხისმგებელი. ის პასუხისმგებელია ივანიშვილის წინაშე. მერიც ისევე უპასუხისმგებლოდ ექცევა მოსახლეობას, როგორც ღარიბაშვილი მოექცა. ირაკლი ღარიბაშვილი ისე გადადგა, რომ ხალხს მიზეზიც არ აუხსნა.

ახალი თაობა“, 28 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ გიორგი გუგავასთან: „ბიძინა ივანიშვილის აღდგენილ სამართლიანობას სახელად „ლევან მურუსიძე ჰქვია

რატომ გაუშვეს ირაკლი ღარიბაშვილი, რატომ არ შეიცვალა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა, რატომ არის გარდაუვალი სოციალური ბუნტი? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ესაუბრება.

„ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა წინასწარ მოფიქრებული გადაწყვეტილება იყო. თავად ყოფილმა პრემიერმა ვერ დაასახელა არგუმენტი, თუ რატომ დატოვა თანამდებობა, ასეთი რამ კი მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს. ბუნებრივია, გაჩნდა კითხვის ნიშნები, ხოლო როცა ივანიშვილის მიერ დანიშნულმა მორიგმა მარიონეტმა მთავრობის იგივე შემადგენლობა წარმოადგინა, ყველაფერი ნათელი გახდა“, – ამბობს გიორგი გუგავა.

- რა გახდა ნათელი?

- ის, რომ ქვეყანას არაფორმალური ტიპი მართავს. ეს არაფორმალური ტიპი კი სოლოლაკის შუშის სასახლეში ზის და საქართველო თავისი შპს ჰგონია.

- გასაგებია, რომ ქვეყანას ის მართავს, მაგრამ რატომ გაუშვა ღარიბაშვილი? ყოფილ პრემიერს მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა...

- ეს უკმაყოფილება გამოწვეული იყო იმ კლანის ქმედებებით, რომელიც ღარიბაშვილის უკან იდგა. თამაზაშვილის კლანს ვგულისხმობ. ეტყობა, მისი და ივანიშვილის ფინანსური ინტერესები გადაიკვეთა. ეს იქნებოდა დაპირისპირების მიზეზი, თორემ ნიცშეს ფილოსოფიაზე ნამდვილად არ იდავებდნენ.

- ღარიბაშვილის გაშვების გარეშე არ შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება? ღარიბაშვილს არ შეეძლო მათი გაჩერება?

- ეტყობა, ვერ გააჩერა. ივანიშვილმაც თავისი მხრიდან რამდენჯერმე ცადა მათი მოთოკვა. დაახლოებით ერთი წლის წინ თამაზაშვილისა და ჯანყარაშვილის კადრები მაღალი თანამდებობებიდან გაუშვეს, ცოტა ხანი თავი შეიკავეს, მერე ისევ გააგრძელეს თავიანთი საქმიანობა და იმ წილის დაპატრონება მოისურვეს, რომელსაც ივანიშვილი თავისად მიიჩნევს. ეს კი ოლიგარქის სუსტმა ნერვებმა ვერ აიტანა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

- თავიდან ამბობდნენ, რომ მთავრობაში ცვლილებები განხორციელდებოდა, საბოლოო ჯამში კი არავინ შეცვალეს. ამ გადაწყვეტილებას რითი ხსნით?

- იმით, რომ ძალაუფლებით ტკბობას განიცდიან და იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელი პერსონები უნდა მოაშორონ. ყველას რომ თავი დავანებოთ, ნოდარ ხადურიც კი არ გამოცვალეს. მართალია, მისი შეცვლით საერთო ფონი არ შეიცვლებოდა, მაგრამ მხარდამჭერებს ხომ მაინც გადაუგდებდნენ სატყუარას? იმათ მაინც ეტყოდნენ, მთავრობის განახლება მიმდინარეობსო. ნოდარ ხადურის შეცვლას ვინ ჩივის, ისე გათავხედდნენ და ისეთი ამორალურები გახდნენ, რომ მურუსიძეც კი დაგვასვეს თავზე. არადა, ის კაცი წინა რეჟიმის ყურმოჭრილი მონა იყო და ნაციონალების ნებისმიერ დავალებას ასრულებდა.

- ნაციონალების ყურმოჭრილი მონა რაში სჭირდებოდა ქართულ ოცნებას?

- ეგ ოლიგარქს უნდა ვკითხოთ. მან კარგად იცის, რომ ახლა მურუსიძე მისი ყურმოჭრილი მონა იქნება. ამიერიდან ქვეყანაში არსებულ უსამართლობაზე პასუხს ბიძინა ივანიშვილი აგებს. ის არა მარტო მომავალში მიღებულ გადაწყვეტილებებზე იქნება პასუხისმგებელი, არამედ იმათზეც, რომლებიც აქამდეა მიღებული.

- მურუსიძის ამბავმა უმრავლესობის წევრებიც კი აღაშფოთა. ეს ფაქტი შეიტანს ქართული ოცნების რიგებში განხეთქილებას?

- „ქართული ოცნება“ ურცხვი ადამიანების თავშესაყარია. არა მგონია, ამის გამო მათ შიგნით ურთიერთობა დაეძაბოთ.

- აბა, რატომ გააპროტესტეს მურუსიძის დანიშვნა?

_ აქ გადამწყვეტი იყო ხალხის რეაქცია. საზოგადოებამ ისეთი პროტესტი გამოხატა, რომ რამდენიმე მეოცნებემ გადაწყვიტა, საკუთარი სახე შეენარჩუნებინა. მათი მხრიდან მე პროტესტი არ მომისმენია, ეს იყო წაკნავლება. მე მათ განცხადებებს სერიოზულად არ აღვიქვამ, უფრო მეტიც, მურუსიძის გამო მათგანაც ვითხოვ პასუხს. ის მოსამართლეები, რომლებმაც მურუსიძე აირჩიეს, პარლამენტმა აირჩია. ზემოთ იკითხეთ, რაში სჭირდება ივანიშვილს ნაცების ყურმოჭრილი მონაო. ასეთი მონები ოლიგარქს არჩევნების შედეგების „გასაპრავებლად“ სჭირდება.

- არჩევნების შედეგები რა შუაშია?

- ამ მოსამართლეებამდე მივა არჩევნების შედეგების გასაჩივრება. შუშის სასახლის ბატონმა კარგად იცის, რომ არჩევნების ვერ მოიგებს და ყველგან თავის ხალხს სვამს. სხვანაირად ვერაფრით ამიხსნია, როგორ შეიძლება სანდრო გირგვლიანის მკვლელების გამამართლებლის ასეთ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა. ამით „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ გირგვლიანის სულს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც წინა რეჟიმმა შეიწირა. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის იბრძოდნენ. ივანიშვილი ხალხს დაჰპირდა, რომ სამართლიანობას აღადგენდა. მის მიერ აღდგენილ სამართლიანობას დღეს სახელად მურუსიძე ჰქვია. ხალხმა ბევრი რამე შეიძლება აიტანოს, მაგრამ აბუჩად აგდებას არავის აპატიებს. ეს „ქართული ოცნებისთვის“ მძიმედ დასრულდება. ხალხი მათ გაცილებით მკაცრად მოსთხოვს პასუხს, ვიდრე ეს ნაციონალების შემთხვევაში მოხდა.

- მათ ნაციონალებზე მკაცრად რატომ მოსთხოვენ პასუხს?

- იმიტომ, რომ ნაციონალებზე უარესები გამოდგნენ, ქვეყანა კატასტროფის პირამდე მიიყვანეს. სამაგიეროდ, თავად გაქსუვდნენ. ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ და ახლა ჩაჯიპულები დაიარებიან. ამათი გაუმაძღარი მადის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი საახალწლო სუფრას ვერ გაშლის. საახალწლო სუფრის გაშლას ვინ ჩივის, ბევრი პურსაც კი ვერ იყიდის. ცოტა ხნის წინ გაერომ გამოაქვეყნა კვლევა, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ საქართველო, რამდენიმე აფრიკულ სახელმწიფოსთან ერთად, უკიდურესად ღარიბი ქვეყნების სიაში მოხვდა.

- ეს რას ნიშნავს?

- მოსახლეობის 70%-ზე მეტი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო საკვებს ვერ იღებს. ამის გამოა, რომ ჩვენთან დაავადებათა რიცხვი კატასტროფულად მატულობს. იგივე შემიძლია ვთქვა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე. ოლიგარქის ხელისუფლებას კი პირადი კეთილდღეობის იქით არაფერი აინტერესებს. ისინი არაფრის შეცვლას არ აპირებენ. ვატყობ, ეს ამბავი დიდი სოციალური ბუნტით დასრულდება და ხალხი ამათ ისევე გააპანღურებს, როგორც რამდენიმე დღის წინ ივანიშვილმა ღარიბაშვილი გააპანღურა.

ახალი თაობა“, 28 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ რუსუდან შარაძესთან: “ლევან მურუსიძის არჩევას არავის შევარჩენთ!”

იუსტიციის საბჭოს მდივან ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში 3 წლით გამწესებას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

აი, რას წერს ფეისბუქზე გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე: „იწერება, რომ ლევან მურუსიძე ხელისუფლებას არ აურჩევია, საბჭოს წევრებმა აირჩიესო. გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვის მოვთხოვოთ პასუხი, ჩინეთის ხელისუფლებას? ვინაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს კაცისმკვლელები დღემდე ვერ აღკვეთეს? ლევან მურუსიძის არჩევით, მთელ ქართველ ხალხს თავზე გადაგვიარეს, არათუ დახოცილებს, ჩვენც, ცოცხლებსაც. ხალხი არ ვიყოთ, ეს თუ ვინმეს შევარჩინოთ, ვინც არ უნდა იყოს! სად ხართ სანდრო გირგვლიანის სახელით თანამდებობებს მომხტარო პოლიტიკოსებო და „გულღია“ ბიჭებო, კარგია თბილი სკამები?

სად ხართ და უმრავლესობა აქ ხართ, ჩემს ფრენდებში. იღონეთ რამე, სანამ იმ 10 მოსამართლესთან და მურუსიძესთან ერთად თქვენც გამოგათრიეთ მაგ კაბინეტებიდან. ვის სისხლზე ხართ მოსულები, არ დაგავიწყდეთ და ვინ რისი გამკეთებლები ვართ, არც ის დაივიწყოთ!“.

———

„ახალი თაობა“ რუსუდან შარაძეს დაუკავშირდა.

- ქალბატონო რუსუდან, ფიქრობთ, რომ ხელისუფლების ჩარევით მოხდა მურუსიძის დანიშვნა მოსამართლედ?

- ფაქტი ჯიუტია, ხელისუფლების მიერ იუსტიციის საბჭოში წარდგენილმა სამმა წევრმაც მხარი ლევან მურუსიძეს დაუჭირა. ევა გოცირიძემ, კახა სოფრომაძემ და ვახტანგ თორდიამ გაავრცელეს განცხადება, სადაც, თავიანთ ჭკუაში, ახსნეს მიზეზები, რაც, ჩემი აზრით, სამარცხვინო იყო, იმდენად სუსტი არგუმენტები წარმოადგინეს. ვერ გეტყვით, რატომ მოხდა ასე. ეს ხელისუფლებას უნდა ჰკითხოთ.

რუსუდან შარაძის განცხადებით, მურუსიძის მოსამართლედ გამწესება უდიდესი სირცხვილი და შეურაცხყოფაა ქართველი ერისთვის. „ჩემი აზრით, კედელთანაც უნდა მიაყენოთ ჟურნალისტებმა, რადგან ლევან მურუსიძის მოსამართლედ „არჩევა“, თუნდაც 3 წლით, არის უდიდესი სირცხვილი, მთელი ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, აღარაფერს ვამბობ პირადად სანდრო გირგვლიანზე, მისი ოჯახის წევრებზე ან სულხან მოლაშვილზე. მურუსიძის არჩევით ეს ადამიანები, ფაქტობრივად, თავიდან მოკლეს და აწამეს“, – აცხადებს რუსუდან შარაძე.

- იუსტიციის საბჭო დამოუკიდებელი არ არის?

- იუსტიციის საბჭო დამოუკიდებელი არ არის. მე ამ სამი წევრისგან გამიკვირდა, თორემ მოსამართლეთა დიდი ნაწილი რომ გასვრილია და უამრავ შავბნელ საქმეშია გარეული, მკვლელი სააკაშვილის ავბედითი საქმეების თანამონაწილეა, ეს ბავშვმაც იცის. 2012 წელს ახალმა ხელისუფლებამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს არ მიმართა, კონსტანტინე კუბლაშვილს საშუალება მისცა, იუსტიციის საბჭო თავისი კადრებით დაეკომპლექტებინა. ეს კოაბიტაციის ბრალი იყო თუ უცხოეთის ზეწოლის, ფაქტია, რომ მაშინ ხელისუფლებამ საქმე არ გაირთულა და ახლა ვიმკით შედეგებს. ლევან მურუსიძის არჩევამ აჩვენა, რომ თავის დროზე იუსტიციის საბჭოში “ქართულ ოცნებას“ ნაცმოძრაობის მომხრეები აურჩევია.

- სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღება კუბლაშვილის იმპიჩმენტით ხომ არ უნდა დაწყებულიყო?

- არა მარტო კუბლაშვილის იმპიჩმენტი უნდა მომხდარიყო, არამედ მთლიანად ნაციონალური მოძრაობა უნდა გასამართლებულიყო, როგორც დამნაშავე პარტია, ხოლო მისი ლიდერები – როგორც მკვლელები, მწამებლები, ხაზინის ქურდები, ქვეყნის გამყიდველები.

- რამ შეუშალა ხელი ამ პარტიისა და მათი ლიდერების გასამართლებას?

- როგორც ვიცი, პარტია და რიგი პიროვნებები არ გასამართლდნენ საერთაშორისო ზეწოლისა და გარედან თავს მოხვეული კოაბიტაციის შედეგად. ამას ემატება უამრავი ჩანერგილი, გამცემი თუ საკუთარ ჯიბესა და მდგომარეობაზე ორიენტირებული გაქსუებული მოხელე; ე.წ. არასამთავრობო, გრანტიჭამია დაჯგუფებები და ა.შ. ან კიდევ პირადი წყენის გამო რამდენი ე.წ. პოლიტიკოსი და ექსპერტი უთხრის ძირს სახელმწიფოს?! ხალხი დაბნეულია, ვეღარ გაიგო, ვინ ვინ არის. ამასობაში ყველაფერზე წამსვლელი სააკაშვილი და მისი ბანდა, პიარის ვირტუოზები, თავიანთ შავ საქმეს ბოლომდე – ვერა, მაგრამ მაინც აკეთებენ.

- მომხდარის გამო საზოგადოებაში პროტესტი დიდია. ახლა რაიმეს გაკეთება შეიძლება?

- ვფიქრობ, ხალხი თუ ვიმარჯვებთ, თუ გაიმართება შეურიგებელი საპროტესტო აქციები, სათითაოდ ყველა ადამიანი მოიხდის ვალს, თუნდაც იმით, რომ პროტესტის დროს სახლში არ დარჩება, ჯერ კიდევ შეიძლება მიზნის მიღწევა და ყბადაღებული სამართლიანობის აღდგენა.

- ბატონ გურამის საქმეშიც ხომ არ მონაწილეობდა ლევან მურუსიძე?

- არა, ჩვენს საქმეში ლევან მურუსიძე არ მონაწილეობდა.

რეზონანსი“, 28 დეკემბერი, 2015 წელი

ლევან მურუსიძე, როგორც ახალი განხეთქილების ვაშლი პრეზიდენტსა დაოცნებასშორის // ექსპერტთა ნაწილის თქმით, საზოგადოება ახლაც და მომავალშიც უდავოდ პრეზიდენტის მხარეს დაიჭერს

სალომე სარიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ საბჭოს მოქმედი მდივნისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის დანიშვნას პრეზიდენტის, სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებისთვის მიუღებელი უწოდა და თქვა, რომ სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს. ამ თემაზე კრიტიკული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაშიც.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 წევრს შორის, რომელთაც ლევან მურუსიძეს მხარი დაუჭირეს, პარლამენტის მიერ საბჭოში არჩეული 3 არამოსამართლე წევრი (ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია და კახა სოფრომაძე) შედიოდა, რომელთა ხმაც საბჭოში შემავალ სხვა მოსამართლე წევრებთან ერთად, გადამწყვეტი აღმოჩნდა.

საბჭოში ასევე შედიოდა პრეზიდენტის მიერ დანიშნული 2 წევრი, რომელთაგან ერთ-ერთმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, ამის თაობაზე განცხადება თავად პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გააკეთა.

ცნობისთვის, ლევან მურუსიძე, რომელსაც უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2016 წელს ეწურება, იუსტიციის საბჭომ 25 დეკემბერს 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. პრეზიდენტისა და საზოგადოების პროტესტი სანდრო გირგვლიანისა და სხვა გახმაურებული საქმეების განმხილველი მოსამართლის უვადოდ დანიშვნის პერსპექტივას მოჰყვა.

“არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იუსტიციის საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის მოსამართლედ ხელახლა დანიშვნას. ასეთი გადაწყვეტილების მიმართ მიუღებლობა ქართული საზოგადოებისა ამ დღეებში განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა. ეს მიუღებლობა ყალიბდებოდა წლების განმავლობაში, გამომდინარე იმ საქმეებიდან, რომლებმაც არამარტო გააერთიანა ქართული საზოგადოება, არამედ გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის.

“მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემ მიერ დანიშნულმა ერთმა წევრმა, რომლის დანიშვნის უფლებაც მაქვს, კენჭისყრა დატოვა.

“სახელმწიფოს უზენაესი მიზანია სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება. ეს არის ჩვენი ვალდებულება. პრეზიდენტს ამ თვალსაზრისით, აქვს შესაძლებლობა, წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რასაც მე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობით განვახორციელებ. ბრძოლა სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან”, – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

საგულისხმოა, რომ მოსამართლე მურუსიძის პასუხისმგებლობასა და დამოუკიდელობაზე თავის დროზე საჯაროდ საუბრობდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრები – ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. ორივე მათგანი მოსამართლე ლევან მურუსიძეს დადებითად ახასიათებდა.

ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა, 2 წლის წინ ლევან მურუსიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე პასუხისმგებლობას სწორედ ლევან მურუსიძე იკისრებდა და სასამართლოს წინა ხელისუფლების გავლენისგან გაათავისუფლებდა.

“ეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც დემოკრატიული გზითაა არჩეული, იკისრებს პასუხისმგებლობას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მას სურს, რომ მოსამართლეს ჰქონდეს ნდობა და პრესტიჟი, სასამართლო კი იყოს დამოუკიდებელი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლების წევრები ვერ გაბედავენ სასამართლოს მუშაობაში ჩარევას, ამაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება.

“თუმცა, აუცილებელია, თითოეული მოსამართლე გათავისუფლდეს წინა ხელისუფლების ვალდებულებისგანაც. ეს ადამიანი არის ამის გარანტი,” – ეს განცხადება ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რომელიც მან ორი წლის წინ მურუსიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მოსამართლე მურუსიძესთან შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილმაც გამართა და მას სასამართლო რეფორმირების შესახებ შეხედულებები მოუწონა. ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ სასამართლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მურუსიძისა და მთავრობის შეხედულებები თანხვედრაში მოდიოდა, ამიტომ უმრავლესობა მის მოსაზრებაზე იმსჯელებდა.

“მოვისმინე ლევან მურისიძის შეხედულებები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც არის განსხვავებული იმისგან, რაც იყო წარმოდგენილი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ და ასევე ჩვენი მთავრობის მიერ იქნა მოწონებული, რაც გადაგზავნილია პარლამენტში. ჩვენ ყურადღებით მოვისმენთ და შევისწავლით ბატონი ლევანის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და მიმაჩნია, რომ კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს პარლამენტში.

“ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ აუცილებელია განმტკიცდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა. სასამართლო უნდა იყოს აბსოლუტურად თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან. ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის სასამართლოს დამოუკიდებლობა. ჩვენ ამ გზაზე ვიქნებით აბსოლუტურად შეუპოვარი. ამ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად ერთ აზრზე ვართ, სასამართლოს დამოუკიდებლობა უნდა გაგრძელდეს,” – განუცხადა ჟურნალისტებს მურუსიძესთან შეხვედრის შემდგომ ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

მურუსიძის დანიშვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეულმა დეპუტატებმა გამოთქვეს, თუმცა, ოფიციალური განცხადებები და შეფასება უმრავლესობის მხრიდან ამ თემაზე არ გაკეთებულა.

პოლიტოლოგთა ნაწილს ამ თემაზე სხვადასხვაგვარი მოსაზრება აქვს, თუმცა, საბოლოოდ ყველა თანხმდება იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ყველა კონტექსტში აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ამ თემაზე აზრთა სხვაობამ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მორიგი უთანხმოება წარმოშვას, რაც საბოლოოდ მმართველი გუნდის იმიჯზე ნეგატიურ გავლენას მოახდეს.

“დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ თუკი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ეს თემა კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი გახდა, ამით “ქართული ოცნება” მხოლოდ “ხარაკირის გაიკეთებს” და პოლიტიკას დაემშვიდობება.

“საზოგადოების დამოკიდებულება ცალსახაა და ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოსაზრებას სრულად იზიარებს. ამ ფონზე კი მავანთა ბრტყელ-ბრტყელი ფრაზები იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობას სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, სრულიად უადგილოა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ხალხი ვერ აცნობიერებს თავიანთ განცხადებებს და ვერც იმას ხვდება, რომ დღეს საქართველოს ზურიკელა ადეიშვილის სახელობის იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჰყავს.

“პრეზიდენტმა სრულიად სპონტანური და საღი განცხადება გააკეთა და საზოგადოებას შეჰპირდა, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანდა. ჩვენ ასეთი არც იუსტიცია გვინდა და არც სასამართლო, ბოლოს და ბოლოს “ქართული ოცნება” იქნება იმის მიზეზი, რომ ევროპულ პერსპექტივას დავემშვიდობებით,” – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ამ თემაზე მთავრობის მხრიდან კონკრეტული და მკაფიო განცხადებები გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპერტი მიიჩნევს, რომ საზოგადოების ნეგატიური განწყობა “ოცნების” მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება. ცისკარიშვილის თქმით, საზოგადოება ახლაც და მომავალშიც უდავოდ პრეზიდენტის მხარეს დაიჭერს და ეს გამართლებულიც იქნება.

“ამ თემაზე დეტალურად მსჯელობა მხოლოდ მას შემდეგ შეგვეძლება, რაც “ქართული ოცნების” აზრთა დამრიგებელი – ივანიშვილი ინებებს და განცხადებას გააკეთებს.

“აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მთელი თავისი ძალმოსილი ისტორიის მანძილზე “ნაციონალური მოძრაობა” პირველად ნებიერა კატის კნუტივითაა გატრუნული და ამ თემაზე ხმას არ იღებს, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილი.

“ასევე საინტერესოა რა მოხდა იმ ადამიანებში, ვინც საბჭოში “ოცნების” მიერ იყო წარდგენილი და ხმა უვიცი მურუსიძის სასარგებლოდ მისცა. საზოგადოება თავის პოზიციაში სრულიად მკაფიოა, ყველა პრეზიდენტის პოზიციას იზიარებს და ეს გასაგებიცაა,” – დასძენს ცისკარიშვილი.

პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილსა და “ოცნებას” შორის არსებული მკაფიო აზრთა სხვაობა დაპირისპირების გამოხატულებად არ შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან, მისი თქმით, საბოლოოდ არც ერთმა მხარემ წინასწარ არ იცოდა, როგორი შედეგით დასრულდებოდა კენჭისყრა.

საყვარელიძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მურუსიძის დანიშვნა პრინციპული შეცდომა იყო, პრეზიდენტსა და “ოცნებას” შორის არსებული პოზიციათა სხვაობა მხოლოდ დამთხვევაა.

“არ მგონია, რომ პრეზიდენტისა და “ოცნების” ამ საკითხის ირგვლივ არსებული აზრთა სხვაობა დაპირისპირების გამო მომხდარიყო, რადგან, ჩემი აზრით, ამ თემასთან დაკავშირებით უბრალოდ პოზიციათა სხვაობა დაემთხვა, რაც ცალკე ერთმანეთთან დაპირისპირების მოტივს არ გულისხმობს.

“პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ირინა ენუქიძის (სანდრო გირგვლიანის დედა) ხსოვნას გაუსვა ხაზი, როცა ის თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. ამ ნაბიჯით კი, ვინაიდან გირგვლიანის თემის მიმართ არსებობს ძალიან მწვავე დამოკიდებულება, მან საზოგადოების მხარე დაიჭირა.

“საბჭოში შემავალმა თითოეულმა მხარემ ეს ნაბიჯი თავისი მოტივითა და დამოკიდებულებით გადადგა, რა დროსაც პოზიციათა განსხვავება გამოჩნდა. ვფიქრობ, ეს არა დაპირისპირება, არამედ მურუსიძის პიროვნების მიმართ განსხვავებული მოსაზრებაა.

“ცალკე თემაა, რამდენად გამართლებული იყო თავად მურუსიძის ამ თანამდებობაზე დანიშვნა. აქ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურად ლევან მურუსიძის დანიშვნა პრინციპულად გაუმართლებელი ნაბიჯი იყო.

“ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა გულწრფელიც რომ ყოფილიყო თავის შეფასებაში, ან თუნდაც მურუსიძეს მართლა პროფესიონალ მოსამართლედ მიიჩნევდეს, საზოგადოების დამოკიდებულების გამო ამ პოსტზე მაინც არ უნდა დანიშნულიყო, რადგან მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა ფაქტობრივად საზოგადოების შეურაცხყოფა იყო, ეს კი აბსოლუტურად გაუმართლებელია,” – უთხრა “მთელ კვირას” რამაზ საყვარელიძემ.

„კვირის პალიტრა“, 28 დეკემბერი, 2015 წელი

იცნობდეთ მათ, ვინც მურუსიძეს დაუჭირეს მხარი

თამარ ალანია – 2010 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ თამარ ალანიას თავმჯდომარეობით ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი მუხროვანის სამხედრო ამბოხთან დაკავშირებით.

შოთა გეწაძე –  2011 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ძალაში დატოვა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. 2012 წელს გეწაძე იხილავდა ოპოზიციური პარტიების დაჯარიმების საქმეებს.

ილონა თოდუა – 2012 წელს ილონა თოდუას გადაწყვეტილებით კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პოლიტიკური პარტიები 2 383 097 ლარით დაჯარიმდნენ.

პაატა სილაგაძე – ფიგურირებს ქიბარ ხალვაშის კომპანიების 24 მლნ ლარით დაჯარიმების საქმეში, რის საფუძველზეც 2009 წელს ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს.

ზაზა მეიშვილი – 2006 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში ზაზა მეიშვილმა ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ.

კახაბერ სოფრომაძე – იგი შს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილე გელა ხვედელიძესთან “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში მუშაობდა, შემდეგ კი იცავდა გელა ხვედელიძის ინტერესებს სასამართლოში.

ევა გოცირიძე – მისი კანდიდატურა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედაც წარედგინა, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა არჩევანი ნინო გვენეტაძეზე გააკეთა. საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს წევრად ის 2013 წელს აირჩია.

მერაბ გაბინაშვილი – პარლამენტმა მას, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრს, ნდობა ასევე 2013 წელს გამოუცხადა.

ლევან თევზაძე – 2009-2012 წლებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გახლდათ. იუსტიციის საბჭოს წევრად 2013 წელს აირჩიეს. დღეს ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეა.

ვახტანგ თორდია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე პარლამენტმა 2013 წლის 14 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია. იხილეთ ასევე: “შეაფურთხე და შეაგინე მურუსიძეს” – ირაკლი კაკაბაძე ახალ კამპანიას იწყებს

Comments are closed