globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 29 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 29th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ალია“: ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან: რა ხდებოდა რეალურად გარდაბანში არჩევნებზე?

რეზონანსი“: იარაღი, ჩხუბი და ქვების სროლა გარდაბანში // „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დაპირისპირება გამგებლის არჩევნებზე

რეზონანსი: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: «აუცილებელია ხელისუფლებამ სერგეი ლავროვის განცხადებას ოფიციალური განცხადებით უპასუხოს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „მინისტრები ერთმანეთს ბიძინა ივანიშვილთან აბეზღებენ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან: „ინტერპარტიული ჯგუფი ქვეყნის დაშლას ცდილობს… ჩვენ მოვითხოვოთ ერთნაირ საარჩევნო სასტარტო პირობებს ყველა პოლიტიკური ჯგუფისათვის“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ პაატა შეშელიძესთან: “ეროვნული ბანკი აკეთებს იმას, რაც ხელისუფლებას უნდა“

რეზონანსი“: ინტერვიუ ქართველ ეკონომისტებთან: „უახლოეს ხანში ლარი გამყარდება, კურსი 2,4-მდე ჩამოვა, მოგვიანებით კი ამ ნიშნულსაც უკან მოიტოვებს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: „ეთნიკური წმენდა რომ მოხდა, ეს დადასტურებას არ საჭიროებს”

რეზონანსი: უმაღლესი თანამდებობის პირების დაკავების მოლოდინში // „თუ ჰააგა დამნაშავის იდენტიფიკაციას მოახდენს, ტრიბუნალი დააპატიმრებს გაეროს წევრ ნებისმიერ სახელმწიფოში“

რეზონანსი: შესაძლებელია ჰააგის სასამართლომ დამნაშავეებად უმაღლესი თანამდებობის პირები ცნოს?

რეზონანსი: სირიის მცირე მოდელის საფრთხე საქართველოში // “როცა პანკისზე რუსეთის მესამე პირი ალაპარაკდა, ეს ნიშნავს, რომ რუსებს რაღაც აქვთ დაგეგმილი”

—————————-

„ალია“, 29 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან: რა ხდებოდა რეალურად გარდაბანში არჩევნებზე?

ნინო ლაბარტყავა

გარდაბნის გამგებლის არჩევნებს, რომელშიც „ოცნებიდან“ გოჩა ჯამარაული, ხოლო „ნაცმოძრაობიდან“ ბესიკ კახაბრიშვილი მონაწილეობდნენ, ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. №2 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. იქ იმყოფებოდნენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები სერგო რატიანი, კობა ხაბაზი და გიგა ბოკერია. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ერთ-ერთ პირს, რომელიც დაპირისპირებაში მონაწილეობდა, ჰქონდა იარაღი და იგი პოლიციამ გარდაბნის საარჩევნო უბნის ტერიტორიიდან გაიყვანა.

№62 საარჩევნო უბანზე კი დიმიტრი შაშკინი და ირაკლი სესიაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. შაშკინის თქმით, უბნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ პირბადიანი ადამიანები, რომლებიც ამომრჩევლებზე ზეგავლენას ცდილობდნენ: „მოსახლეობას აწუხებს 30-40-ნიღბიანი ადამიანი. გამოვუძახეთ პატრულს და ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია. ეს არის იგივე ხალხი, რომელიც დაუპირისპირდა გიგა ბოკერიას და რომლებიც №5 უბანზე ამომრჩევლებს შეურაცხყოფდნენ“, – აცხადებდა შაშკინი.

თავის მხრივ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა: `ნაციონალური მოძრაობა~ არის გაკოტრებული ძალა, რომელსაც წაგებული აქვს ძალიან სერიოზულად. ისინი გარდაბანში არჩევნებში მონაწილეობისთვის არ ჩამოსულან, ჩამოვიდნენ პროვოკაციების მოსაწყობად. რეალურად კი – აბსოლუტური სიმშვიდეაო. შე კაი კაცო, რა მნიშვნელობა აქვს, გაკოტრებულია თუ არა „ნაცმოძრაბა“, ტელევიზიით ყველამ ნახა გაწევ-გამოწევა და ეს ვისი მოწყობილია, კიდევ საკითხავია.

უკვე საღამოსკენ „ნაცმოძრაობის“ პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა: „გარდაბნის №2 საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს ის ჯგუფი დაუპირისპირდა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე პროვოკაციების მოწყობას ცდილობდა. შელაპარაკების დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და ქვების სროლას. შელაპარაკებაში მონაწილეობდა პირი, რომელიც თან იარაღს ატარებდა, თუმცა, ის სამოქალაქო ფორმაში იყო და ვინაობის გამხელა არ ისურვა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, თუმცა მათ შექმნილი მდგომარეობის გასანეიტრალებლად არაფერი გაუკეთებიათ. ყველა ამ უბანზე პარტიამ კარგი შედეგი აჩვენა. „ქართული ოცნების“ მხრიდან მსგავსი პროვოკაცია მიუთითებს იმაზე, რომ ცდილობენ საარჩევნო პროცესების შეფერხებას“.

უფრო მოგვიანებით, უკვე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა: რომ გარდაბნის №2 საარჩევნო უბანთან ინციდენტის პროვოცირება „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლებმა განახორციელეს: „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს შეგნებულად დაუზიანეს ავტომანქანა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური შეხლაშემოხლა მოჰყვა. სუს-ის სახელი ტრიალებს მთელი დღის განმავლობაში. არც ერთხელ არ დადასტურდა არც ერთი ფაქტი სუს-ის რაიმე ფორმით ჩართულობისა საარჩევნო პროცესში. ძალიან დიდი უპირატესობით იგებს „ქართული ოცნება“ არჩევნებს. ჩვენი ოპონენტები კი მთელი დღის განმავლობაში ატრიალებენ შეგნებულად სუსის სახელს, თუმცა, სუს-ი არსად ფიგურირებს. ეს არის თითიდან გამოწოვილი პროვოკაცია“.

რომელს დაგიჯეროთ ახლა? პირადად მე, არც ერთს გენდობით და არც მეორეს, მაგრამ ეჭვი მაქვს, „ნაცების“ ბრალი რომ ყოფილიყო ეგ შეხლაშემოხლები, პოლიცია „ალბათ, „ნარუჩნიკებს“ დაადებდა.

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, თუ რა ხდებოდა გარდაბანში, გვინდოდა „ოცნების“ და „ნაციონალების“ წარმომადგენლებს გავსაუბრებოდით, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ. სერგო რატიანმა გვითხრა, ცოტა ხანში დაგელაპარაკებითო, მაგრამ აღარ გვიპასუხა.

„ალიას“ „ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტარი დავით ლორთქიფანიძე ესაუბრა:

- მე ვიყავი გარდაბნის №62 საარჩევნო უბანში, სადაც `ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი „დამრტყმელი ძალები“ იყო მობილიზებული დიმიტრი შაშკინის ხელმძღვანელობით და სადაც ასევე რამინ ბაირამოვიც იმყოფებოდა, რომელიც მათი აქაური ლიდერია, ყოფილი პარლამენტარი. ამომრჩეველზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ, ახდენდნენ აზერბაიჯანული მოსახლეობის მობილიზებას და უნდოდათ, საზოგადოებაში შეექმნათ განწყობა, თითქოს „ქართული ოცნება“ ცდილობდა არჩევნების რაღაც ძალადობრივი გზით მოგებას. ვფიქრობ, ყველა წინაპირობა იყო იმისა, რომ ისინი მიდიოდნენ არჩევნების ჩაშლისკენ. შაშკინი მოვიდა ჩემთან და მითხრა, – გარეთ საეჭვო პიროვნებები არიან, მათ შორის, ნიღბიანებიო… ამ გაგანია გრიპის პირობებში ხომ შეიძლება, ადამიანმა პირბადე გაიკეთოს? ასეთი სულ სამი ადამიანი იყო, შაშკინი კიდევ იძახდა, 40 კაციაო, ამ ნიღბიანებმა უბანს ალყა შემოარტყეს და საშიშროება გვემუქრებაო. თავი დაანებეთ ამ სისულელეების ლაპარაკს-მეთქი, ვუთხარი, თავად გამოვედი გარეთ, შევხვდი იმ ადამიანებს, აზერბაიჯანულ მოსახლეობასაც. სიმართლე გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებთანაც მქონდა საუბარი და არანაირი აგრესია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთან მიმართებაში არ მიგრძვნია მათგან. პირიქით, მთხოვეს, იქნებ ყველაფერი მშვიდად ჩატარდესო. მე ვუთხარი, – ჩვენგან რაიმე პროვოკაცია გამორიცხულია, თქვენც ჭკვიანად მოიქეცით, ბიჭებო, და არაფერი საშიშროება არ იქნება-მეთქი, თორემ თუ თქვენ დააპირებთ რაღაც ექსცესების მოწყობას, ამ შემთხვევაში მე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ ჩემს თავზე, მე ვარ დამკვირვებელი, შენობაში ვიმყოფები და გარეთ რა ხდება, ამის გაკონტროლება არ შემიძლია-მეთქი. ფაქტობრივად, ამის შემდეგ ყველაფერი ჩაცხრა.

შეგიძლიათ, გვითხრათ, ხმის მიცემის პირველადი შედეგები როგორია?

– პირველი შედეგები საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩვენი უბნისგან მიიღო. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა მიიღო ხმების 73.5 პროცენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ბატონმა კახაბრიშვილმა კი მიიღო ხმების 24 პროცენტი, ყოველგვარი პრეტენზიისა და ექსცესების გარეშე წავიდნენ. სხვა უბნებში რა მოხდა, ეს არ ვიცი და თუკი ვინმემ რაღაც კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა, რა თქმა უნდა, მან პასუხი უნდა აგოს.

თქვენს საარჩევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობიდან, დიმიტრი შაშკინის გარდა, კიდევ ვინ იყო?

– ეტყობა, შაშკინი მათთვის რაღაც დიდი დონის ფიგურაა და ამიტომ ჩათვალეს, მხოლოდ მისი აქ ყოფნა საკმარისი იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ცნობილი წევრები მე აქ არ დამინახავს. გარეთ შეიძლება სხვებიც მოვიდნენ, გაიარ-გამოიარეს, ეს უბანი ქალაქის ნომერ პირველ საბავშვო ბაღშია და ბუნებრივია, ისინიც აწარმოებდნენ, ალბათ, დაკვირვებას და აქეთიქით დადიოდნენ, მაგრამ აქ, უბანში, არავინ არ შემოსულა.

რეზონანსი“, 29 იანვარი, 2016 წელი

იარაღი, ჩხუბი და ქვების სროლა გარდაბანში

ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების დაპირისპირება გამგებლის არჩევნებზე

ლიკა ამირაშვილი

გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებმა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე ჩაიარა – ინციდენტი მე-2 საარჩევნო უბანში მოხდა, რის პროვოცირებაშიც “ნაციონალური მოძრაობა” “ქართული ოცნების” აქტივისტებს ადანაშაულებს, რასაც “ოცნება” კატეგორიულად უარყოფს. პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, აღნიშნულ საარჩევნო უბანთან ინციდენტის პროვოცირება “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლებმა განახორციელეს.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობდა – “ქართული ოცნებიდან” საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გოჩა ჯამარაული და “ნაციონალურ მოძრაობიდან” ბესიკ კახაბრიშვილი. გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები ყოფილი გამგებლის, გარსევან ნიორაძის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა.

გარდაბნის #2 საარჩევნო უბანზე შელაპარაკების დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და ქვების სროლას. დაპირისპირების დროს ერთ-ერთი აქტივისტი იარაღს ატარებდა. იქ იმყოფებოდნენ ასევე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები: სერგო რატიანი, კობა ხაბაზი და გიგა ბოკერია. როგორც გარდაბნის საოლქო-საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, მომხდარს საარჩევნო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია.მცირე ინციდენტები – 1-ლი, მე-2, მე-4, მე-6, მე-9 და 62-ე საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზეც მოხდა.

დაახლოებით 17.00 საათზე 62-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება უმრავლესობის წარმომადგენლებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ დიმიტრი შაშკინს შორის მოხდა. შაშკინის თქმით, უბნის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ და ისინი ამომრჩევლებზე გარკვეული სახის ზეწოლას ახდენდნენ.

“17.00 საათამდე ამ უბანზე, მშვიდი, სამართლიანი არჩევნები ტარდებოდა. 17.00 საათზე, აქ გამოჩნდა დაახლოებით 40 ნიღბიანი ადამიანი, რომლებმაც ალყა შემოარტყეს ამ უბანს. ეს არის იგივე ხალხი, რომელიც დაუპირისპირდა გიგა ბოკერიას. მათ უბანს ალყა შემოარტყეს და შემომსვლელ ამომრჩევლებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. გამოვიძახეთ პოლიცია, რომელიც არ მოვიდა”, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

აღნიშნული დაპირისპირების დროს უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძეც ადგილზე იმყოფებოდა, რომელიც ირწმუნება, რომ დიმიტრი შაშკინის მიერ აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

როგორც უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მთელი დღის განმავლობაში პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ძალიან კარგად იცოდა, რომ ამ არჩევნებში მათ შანსი არ ჰქონდათ. ესაა გაკოტრებული პოლიტიკური ძალა. ისინი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კი არ ჩამოვიდნენ, არამედ პროვოკაციის მოსაწყობად მოვიდნენ.

“მათ უნდოდათ, რომ ამ პროვოკაციების ფონზე სიტუაცია გაემწვავებინათ, შემდეგ დასავლეთთან იტყოდნენ, რომ ვითომ ხელისუფლება მათზე ძალადობს. როდესაც დაინახეს, რომ არჩევნები სრულ სიმშვიდეში მიმდინარეობდა, პროვოკაციების მოწყობა დაიწყეს. თავიანთ ჯგუფებთან ერთად დადიოდნენ და ცდილობდნენ ვიღაც გამოეწვიათ.

“რამდენიმე შემთხვევას უშუალოდ შევესწარი. საარჩევნო უბნიდან დაახლოებით 200 მეტრით ვიყავით დაშორებული, სრულ პროვოკაციაზე მოდიოდნენ. მათ პრეტენზიები ჰქონდათ, ეს კაცი აქ რატომ დგას, ვინ არის და ა.შ. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ეს სრული თავხედობაა. ეს პროვოკაციებიც არ გამოუვიდათ, რადგან არავინ არ აყვა. ამ არჩევნებში მათი ამოცანა იყო, რომ დაპირისპირების ფონი შეექმნათ. ამიტომაც ჰყავდათ მობილიზებული კამერები. მთელი პარლამენტის დეპუტატობა იქ იყო.

“როდესაც საარჩევნო უბანში ნახეს, რომ სრული სიმშვიდეა. გამოვიდნენ გარეთ და პროვოცირება დაიწყეს. თავისთავად ცხადია, როგორც მათ ჰყავდათ მხარდაჭერები, ასევე ჩვენც. საარჩევნო უბნის მოშორებით რომ სამართალდამცავი ორგანოები იქნებოდნენ, ამაში ეჭვი ვინმეს ეპარებოდა? ისინი იქ იმისთვის იყვნენ, რომ სიმშვიდე დაეცვათ.

“ვერაფერი, რომ ვერ მოახერხეს ქვების სროლა დაიწყეს, რომელსაც მცირე ინციდენტი მოჰყვა, რასაც არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია,” – აღნიშნა სესიაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური “რეზონანსთან” მე-2 უბანთან მომხდარ ინციდენტზე და ასევე 59-ე უბანზე მომხდარ დარღევებზე საუბრობს.

“მე ყარაჯალაში 59-ე უბანზე ვიყავი, სადაც დარღვევების მთელი სპექტრია. მარკირების წესის დარღვევა, ადამიანების ხელმეორედ შემოშვება ხდებოდა, პირდაპირი აგიტაცია და მითითებები მიმდინარეობდა, თუ ვის უნდა მისცენ ხმა. შემთხვევებია, როდესაც ადამიანები ხმას აძლევენ, კომისიის წევრებთან მიდიან და შემოხაზულ 41 ნომერს აჩვენებენ.

“ამის გარდა, გადასატანი ყუთი, რომელიც მოსახლეობაში შემოვლაზე იყო წაღებული, ლუქის გარეშე დააბრუნეს, რაც ძალიან სერიოზული დარღვევაა. ამის შემდეგ სრულიად არაადეკვატურმა კომისიის თავჯდომარემ ჩვენ თვალწინ კომისიის ყველა წევრისა და დამკვირვებლების თვალწინ ბიულეტინები უბრალოდ დახია. ვითარებაზე კონტროლი სრულიად დაკარგულია. კომისიის წევრები, მათ შორის თავმჯდომარე, კომისიის მოქმედების ტერიტორიაზე “ქართული ოცნებას” პირდაპირ აგიტაციას უწევდნენ.

“რაც შეეხება მეორე უბანზე მომხდარ ჩხუბს, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს შეტაკება ეთნიკურ ნიადაგზე აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის მოხდა. ამ ბრძოლაში გამოყენებული იყო ქვები, დაშავდნენ ადამიანები. ზოგიერთ ადამიანს თავი გაუტყდა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, იმისათვის, რომ იმ არჩევნებში გაემარჯვა, სადაც გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს,” – აღნიშნავს წიკლაური.

გარდაბანში სულ 63 ძირითადი და ერთი სპეცუბანი იყო, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იყო განთავსებული. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 71 847 შეადგენს. საარჩევნო პროცესს 16 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 625 დამკვირვებელი, 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 8 დამკვირვებელი და 11 მედია ორგანიზაციის 166 წარმომადგენელი აკვირდებოდა. საარჩევნო უბნები ამომრჩევლისთვის დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე იყო გახსნილი.

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა 23, 805-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც გარდაბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33,13%-ია.

“დაფიქსირდა უმნიშვნელო პროცედურული ხასიათის ხარვეზები, რომელთა უმეტესობაც დროულად იქნა აღმოფხვრილი, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე დაიწერა 22 საჩივარი, რომლებიც ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო ერთი საჩივარი შესულია საოლქო საარჩევნო კომისიაში.

“მიუხედავად, იმისა, რომ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა დაპირისპირება მოქალაქეებს შორის. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ მხარეებს თავი აარიდონ სიტუაციის შემოდგომ გამწვავებას და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ხელი შეუწყონ მშვიდ გარემოში საარჩევნო პროცესის დასრულებას”, – განუცხადა ჟურნალისტებს ანა მიქელაძემ.

მთელი დღის განმავლობაში არჩევნებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დილის საათებში დაახლოებით 11:30-დან 12:00-მდე, გარდაბნის #4 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

საია-ს დამკვირვებლის ინფორმაციით, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა გაურკვეველი სტატუსის მქონე 3 პირი, რომლებსაც დაახლოებით ათამდე პირი აშველებდა. მოგვიანებით, საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, დაპირისპირების განმუხტვას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები შეეცადნენ, რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა. აღსანიშნავია, რომ ინციდენტის დროს პოლიცია არ გამოჩენილა და ზომები დაპირისპირების აღკვეთის მიზნით არ მიღებულა.

გარდაბნის #1 უბნის შენობაში ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ბარამიძე და ერთ-ერთი ამომრჩეველი. გიორგი ბარამიძის განცხადებით, მოქალაქე ახდენდა “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მობილიზებას უბანზე და აგიტაციას ეწეოდა.

ამავე უბანზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ “ქართული ოცნებისა” და არასამთავრობო ორგანიზაციის “მომავლის არჩევანის” წარმომადგენლები. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ბრალდება “ქართული ოცნების” წარმომადგენლის მიმართ, რომ ის კომისიის წევრის ფუნქციებში ერეოდა.

რეზონანსი“, 29 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: «აუცილებელია ხელისუფლებამ სერგეი ლავროვის განცხადებას ოფიციალური განცხადებით უპასუხოს

სალომე სარიშვილი

კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება, პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხის შესახებ, მეტად ყურადსაღებია.

ცახტანგ ძაბირაძის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ ლავროვის ამ განცხადებაზე საპასუხო, ოფიციალური განცხადება გაავრცელოს და საზოგადოებას განუმარტოს, რომ ხეობაში არანაირი მზადება და მითუფრო, ტერორისტული საშიშროება არ არსებობს. მისი შეფასებით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ჰააგის სასამართლო აგვისტოს ომის გამოძიებას აპირებს, ქვეყნისთვის უკვე მნიშვნელოვანი ფაქტია. ძაბირაძე თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალური უნდა გააკეთოს იმისათვის, რათა სასამართლომ გამოძიება სწორი მიმართულებით დაიწყოს.

“როგორიც უნდა იყოს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ის ფაქტი, რომ გამოძიება იწყება, თავისთავად პოზიტიურია”, – ამბობს კონსტიტუციონალისტი, რომელსაც “რეზონანსი” ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ესაუბრა.

„მიუხედავად იმისა, არის თუ არა ლავროვის განცხადება პროვოკაციული, ბუნებრივია, ის მაინც ყურადსაღებია. რა ფაქტორებმა განაპირობა ამაზე საუბარი და რატომ მოუნდა რუსეთს პანკისის თემის კვლავ აქტუალიზაცია, ეს კიდევ ცალკე კვლევის საკითხია, თუმცა აუცილებელია ამაზე ხელისუფლებამ საპასუხო განცხადება გააკეთოს. განსაკუთრებით აქტიური კი საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს, რადგან ლავროვის ამ განცხადებას ჩვენი მხრიდან ოფიციალური განცხადება სჭირდება. გაცხადება იმისა, რომ პანკისის ხეობაში არანაირი მზადება არ არსებობს. მხოლოდ ის, რომ თავდაცვის მინისტრი ამ თემაზე ჟურნალისტების კითხვებს მოკლედ პასუხობს, საკმარისი არაა“, ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

- ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებაზე მზაობა გამოთქვა. როგორ ფიქრობთ, რამდენად პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება ეს პროცესი და თუ უნდა გვქონდეს სამართლიანობის მოლოდინი?

- როგორიც არ უნდა იყოს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ის ფაქტი, რომ გამოძიება იწყება, თავისთავად პოზიტიურია. მთავარია, რომ მათ დასკვნაში 50% სიმართლე მაინც იყოს, ეს ჩვენთვის ძალიან მომგებიანი იქნება. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ მაქისმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამ პროცესის სწორად წაყვანას ხელი შეუწყოს და რაც მთავარია შედეგი დაიდოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ პროცესის აქტუალიზაცია ქვეყნისთვის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- უკანასკნელ პეროდში ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მმართველ გუნდში ამას გარე ფაქტორებს უკავშირებენ და ამბობენ, რომ საზოგადოება პანიკაში არ უნდა ჩავარდეს. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს?

- ამ საკითხში მაინცა და მაინც კომპეტენტური ვერ ვარ, თუმცა ძალიან ყურადღებით ვუსმენ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ თემაზე ჩემზე ბევრად კვალიფიციურნი არიან. მიუხედავად იმისა, რომ აქ შეიძლება მეტწილად გარე ფაქტორები მოქმედებდეს, მაინც მგონია, რომ ბიუჯეტის შემცირება აუცილებელია, ალბათ ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს. ყოველ შემთხვევაში მგონია, რომ ეროვნული ვალუტის დასტაბილურებისთვის მთავრობამ უფრო მკაფიო გეგმა უნდა შეიმუშაოს და საზოგადოებას ეს გააცნოს. ჩემი აზრით, ზოგადი განცხადებები და ხალხის დამშვიდება გაუმართლებელია.

თუ ამ ყველაფერს იმასაც დავამატებთ, რომ საარჩევნო წელია, ეს საკითხი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- “გაზპრომთან” მოლაპარაკებაზეც მინდა გკითხოთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად სასიკეთო იქნება ეს მოლაპარაკება ქვეყნისთვის და ხომ არ შეუშლის ეს პროცესი ხელს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას?

- “გაზპრომთან” მოლაპარაკებასთან დაკავშირებით თავიდანვე გაჟღერდა, რომ ეს პროცესი ჩვენთვის ფინანსურად მომგებიანი იქნება, ამ აზრს არ ვეთანხმები, რადგან დღეს ჩვენ მათზე დამოკიდებულნი არ ვართ. მაშინაც კი, როცა “გაზპრომზე” დამოკიდებულნი ვიყავით, რუსეთმა ეს როგორც პოლიტიკური იარაღი ვერ გამოიყენა, თუმცა აქ მეორე მხარეცაა – ფინანსური საკითხები, სადაც არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს.

ვფიქრობ, ხელისუფლება კარგად უნდა დაფიქრდეს და ეცადოს მოლაპარაკება სწორად წაიყვანოს. ისე, რომ ფინანსურად არ დავზარალდეთ. რაც შეეხება ჩვენს ევროპულ კურსს და დასავლეთთან ურთიერთობას, არ მიმაჩნია, რომ ასეთი დონის მოლაპარაკებით მათთან კომუნიკაცია გაგვიფუჭდება, თუმცა, ცხადია, რომ ისინი საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ, რათა მათ ჩვენს სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია ჰქონდეთ.

- საარჩევნო წელი ახსენეთ და საინტერესოა როგორ აფასებთ კოალიციის საარჩევნო სიაში “სოციალ-დემოკრატებისა” და “მწვანეთა პარტიის” შესაძლო ჩართვას?

- ამ საკითხზე მხოლოდ ზოგადი შეფასება შემიძლია მოგახსენოთ. ბუნებრივია, “მწვანეთა პარტიასა” და “სოციალ-დემოკრატებს” კოალიციაში ყოფნის სურვილი აქვთ და შესაბამისად, თავიანთი კვოტის ამ კოალიციაში გაზრდა სურთ.

ვფიქრობ, ცუდი არ იქნება თუ კოალიცია გაიზრდება, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს უცხო სახეების ხარჯზე, ანუ, მისი შენარჩუნება იმ ფორმით უნდა მოხდეს, რა ფორმითაც დღეს არსებობს.

შიგნით როგორ გადანაწილდება კვოტები, ეს კიდევ ცალკე თემაა. მგონია, რომ ეს საკითხი ორ სიბრტყეში უნდა იქნას განხილული, პირველი: სია ისე უნდა შედგეს, რომ იქ მყოფ პერსონებს საზოგადოება მეტნაკლებად იცნობდეს და მეორე – ამ პერსონებს გარკვეული პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილება ჰქონდეთ.

„ახალი თაობა“, 29 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „მინისტრები ერთმანეთს ბიძინა ივანიშვილთან აბეზღებენ

რატომ ჩაქოლეს „მეოცნებეებმა“ ნუკრი ქანთარია, შეძლებს თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვთან დალაპარაკებას, ვინ რა თანამდებობას ითხოვს, უნდა შეხვედროდა თუ არა არასამთავრობოებს პრემიერი? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ დემოკრატიული მოძრაობის გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე ესაუბრება:

„ქართული ოცნების” მიმართ ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება არაერთხელ დამიფიქსირებია. ამის მიუხედავად, ვაღიარებ, რომ იქაც არიან ღირსეული ადამიანები და ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ნუკრი ქანთარია, რომელიც ამ დღეებში კინაღამ შეჭამეს. მას თავს მხოლოდ იმიტომ დაესხნენ, რომ ქანთარიამ გაბედა და განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა”, – ამბობს გიგლა ბარამიძე.

- ნუკრი ქანთარიას უნდა ეთქვა, რომ ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან შესახვედრად კომპეტენცია არ გააჩნია?

- ბატონ ნუკრის მიხეილ ჯანელიძეზე სერგეი ლავროვთან შესაძლო შეხვედრის წინ ასე არ უნდა ეთქვა. პირადად მე არ ვიტყოდი.

- გასაგებია, რომ გუნდის წევრს ასეთი რამე არ უნდა ეთქვა. თქვენ რადგან არ ხართ იმ გუნდის წევრი, ალბათ, უფრო თავისუფლად ისაუბრებთ ჯანელიძის შესაძლებლობებზე...

- მიხეილ ჯანელიძეს იმის “ბაგაჟი“ ნამდვილად არ აქვს, რომ ხელი მოჰკიდო და პირდაპირ საგარეო საქმეთა მინისტრად დასვა. ამის შესახებ ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვსაუბრობდით, როცა მისი კანდიდატურა წამოაყენეს. უმრავლესობამ უპრობლემოდ დაუჭირა მას მხარი და ახლა ემცხეთათ ეს ამბავი? ესაა საქმე, რომ საკადრო გადაწყვეტილებაც კი არ აქვთ გამართლებული. მაინტერესებს, რატომ დანიშნეს მიხეილ ჯანელიძე საგარეო უწყების ხელმძღვანელად, როცა მას გენერალური კონსულის ბიოგრაფიაც კი არ აქვს. თავის დროზე ის „ვისოლის“ მენეჯმენტში იყო ჩართული. უცხოეთში განათლებაც აქვს მიღებული. „ნაციონალების“ დროს ქალბატონი ვერა ქობალიას მოადგილე იყო. მოგვიანებით გახლდათ გიორგი კვირიკაშვილთან დაახლოებული პირი და მისი მოადგილე. მას სამუშაო გამოცდილება აქვს, მაგრამ – არა ისეთი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნო. ისიც ხომ უნდა გაითვალისწინო, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით უმძიმესი მოლაპარაკებები ელის. ამ ახალგაზრდა კაცს არაფერს ვერჩი, მაგრამ შეძლებს ტოლსწორად დაუჯდეს თავის გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, ამერიკელ ჯონ კერისა და რუს სერგეი ლავროვს?

ეს გადაწყვეტილება გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო, თავად პრემიერად წავიდა, საგარეო უწყება კი თავის კაცს ჩააბარა. ასე სახლობანას რომ თამაშობს ხელისუფლება, იმიტომაც გვაქვს საქმე ცუდად. როგორც ოპოზიციის წარმომადგენელს, წესით, არ უნდა დამწყდეს გული ხელისუფლების სისუსტეებზე, მაგრამ, რადგან ამათი სისუსტეები ქვეყანაზე მოქმედებს, ამიტომ ვარ შეწუხებული.

- იგივე თქვით, რაც ქანთარიამ თქვა. უმრავლესობას რატომ ჰქონდა მის განცხადებაზე ასეთი მკვეთრი რეაქცია?

- იმიტომ, რომ ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ. საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანი ლამის ჩაწიხლეს იმის გამო, რომ თავისი სათქმელი თქვა. არც მე მომეწონა შეხვედრის წინ მისი განცხადება, მაგრამ ამის გარჩევა გუნდის შიგნით უნდა მომხდარიყო. საზოგადოებას წინ კიდევ ბევრი დაპირისპირება ელოდება. სიაში მოსახვედრად ხომ დაჭამეს ერთმანეთი, მაგრამ ეს არაფერია, კონცერტები წინ არის. არაადეკვატური ხელისუფლებისგან სხვას არც უნდა ელოდო. მათი არაადეკვატურობის ნათელი გამოვლინება გახლავთ ის კომენტარები, რომლებიც ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლის განცხადებაზე გაკეთდა. ფატუ ბენსუდამ თქვა, რომ მან მოიძია მასალები და დაიწყო საქმის გამოძიება. ხელისუფლება გამოვარდა და განაცხადა, ძალიან კარგია ეს ამბავი და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევაო.

- რატომ თვლით ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას არაადეკვატურად? რაიმე დამატებითი ინფორმაცია გაქვთ?

- ჰააგის წარმომადგენლის განცხადებაში არსად წერია, რომ დასკვნა იქნება რუსეთის საწინააღმდეგო. ფატუ ბენსუდამ ორი უმნიშვნელოვანესი განცხადება გააკეთა, რასაც ამათ ყურადღება არ მიაქციეს. ბენსუდა აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება საქართველომ მოულოდნელად შეწყვიტა. ამაზე ხელისუფლებას პასუხი არ გაუცია. ამის გარდა, ჰააგის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების შესახებ გამოძიებას იწყებს, რომელშიც სამივე მხარე მონაწილეობდა. თავის დროზე ტალიავინის დასკვნაშიც სერიოზულად იქნა საქართველო დადანაშაულებული და ბენსუდას შემთხვევაშიც ასე მოხდება. მერე გამოვლენ და დაიწყებენ რატრატს, ჩვენი პოზიცია არ გაითვალისწინაო. დადებითი დასკვნა რომ სდომებოდათ, სერიოზულ სამუშაოებს მოამზადებდნენ.

- რატომ არ ჩაატარეს ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაოები?

- იმიტომ, რომ არაპროფესიონალები არიან, არცერთ საკითხს სერიოზულად არ უყურებენ. რამდენიმე დღის წინ პრემიერი გამოვიდა და თქვა, ლარის კურსთან დაკავშირებით არაფერი ხდებაო. არადა, როცა ლარის კურსის ვარდნა დაიწყო და მას ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა, გამოდიოდა და ამბობდა, ეს არის ზღვარი და ამაზე იქით ლარი აღარ გაუფასურდებაო. ახლა ამბობს, არაფერი ხდებაო. სხვა თუ არაფერი, აღარ გრცხვენიათ, ბატონებო? პოლიტიკური ალღო თუ არ გაქვთ, სიტყვას მაინც ნუღარ უკარგავთ ფასს. მისი ყოფილი მოადგილე და ახლა უკვე ეკონომიკის მინისტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ სირთულეებია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოაწესრიგოს ბაზარმა. ყველაფერი თუ ბაზარმა უნდა დაარეგულიროს, ხელისუფლება რაღა საჭიროა.

- წინა ინტერვიუში თქვით, რამდენიმე მინისტრი იმიტომ ვერ შეცვალეს, კოალიციაში შემავალ ზოგიერთ სუბიექტს ზედმეტად დიდი მადა აღმოაჩნდაო. მმართველ გუნდში მოსალოდნელ ცვლილებებზე კიდევ ალაპარაკდნენ და თქვენც ელოდებით ამ ცვლილებებს?

- ცვლილებები აუცილებლად იქნება. ის მადიანები ყველანაირად შეეცდებიან, რომ საკუთარი მოთხოვნები დააკმაყოფილონ. ამას უკვე აღარც მალავენ, გამოვიდა რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი და განაცხადა, კოალიციაში ლიდერები ვართ და კვოტებიც მეტი გვეკუთვნისო. ისინი დამატებით ადგილებს მთავრობაში ისევ ითხოვენ.

კოალიციაში ყველანაირად ცდილობენ ამ თემაზე არსებული დაპირისპირება დამალონ, მაგრამ მაინც გამოდის ინფორმაციები. ჩვენ ვიცით, რომ 4-5 მინისტრის გამოცვლა აქვთ დაგეგმილი, ვარიანტებიც უკვე გამზადებული აქვთ.

- გამზადებული თუ აქვთ, ცვლილებები რატომ იგვიანებს?

- ვერ თანხმდებიან, მინისტრთა კაბინეტში კოალიციაში შემავალი პარტიებიდან რომელი უფრო მრავლად იქნება წარმოდგენილი. ცვლილებებს ხელს უშლის საარჩევნო სიის შედგენაც.

- საარჩევნო სიის შედგენა რაში უშლით ხელს?

- პარტიებს საარჩევნო სიებშიც აქვთ თავიანთი კვოტები. ესა თუ ის პარტია თუ სიაში ამდენ ადგილს მიიღებს, მაშინ მინისტრების პორტფელებზე ვეღარ განაცხადებენ პრეტენზიებს. ესაა, რომ აჩერებთ, თორემ აქამდე რამდენიმე მინისტრს შეცვლიდნენ.

- ვინ შეიძლება შეიცვალოს მთავრობაში?

- ცვლილებები შეეხებათ ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს. კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროშიც იგეგმება რაღაცა. ზედმეტად მადიანი პარტია ძალოვანი მინისტრების პოსტებსაც ეპოტინება. თავად ცვლილებებში ცუდი არაფერია, ადამიანი თუ ვერ მუშაობს, უნდა წავიდეს. ეს მთავრობა მთლიანად შესაცვლელია, მაგრამ მიდგომა აქვთ სხვანაირი. თანამდებობაზე პროფესიონალს კი არ არჩევენ, გაიძახიან, ჩემს პარტიას ეკუთვნის ამდენი პორტფელიო. ამ დროს საერთოდ არ აინტერესებთ, მინისტრის პორტფელის მფლობელი რამდენად შეესაბამება თანამდებობას. საერთოდაც არაფერი აინტერესებთ. ნახევარი საქართველო გაჩერებულია და რეაქცია არ აქვთ. ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. რა ალხანაც აღმასრულებელი ხელისუფლებაა, ის ჩალხანა პარლამენტია. ისინი ერთმანეთს უკვე დაუფარავი ზიზღითა და აგდებით მოიხსენიებენ. ეს ჩვენზე, უბრალო მოკვდავებზეც მოქმედებს და ხელისუფლების მიმართ უპატივცემულობა გვიჩნდება. პატივი როგორ უნდა ვცეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მდაბიურად აბეზღებენ ერთმანეთს. ამ საქმით ძალიან მაღალი თანამდებობის პირები არიან დაკავებული.

- რამდენად მაღალია ეს თანამდებობები?

- მინისტრები და დეპუტატები არიან. ისე სამარცხვინოდ მიდის დაბეზღებები, ხანდახან საუბარიც კი არ მინდა.

- ვისთან აბეზღებენ?

- ვისთან დააბეზღებენ? პირველ რიგში, თავიანთ მამასთან და პატრონთან, ივანიშვილთან გარბიან. ის კაცი ამათ უკვე დასცინის.

- თუ დასცინის, ვერ მოიშორებს?

- ასე ადვილია ამათი მოშორება? ამათ ოღონდ თანამდებობები შეინარჩუნონ და ყველა შეურაცხყოფას ჩამოირეცხავენ. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გარეთ არ დარჩნენ და კვლავ ხელისუფლებაში იყვნენ. იციან, რომ პარლამენტში ან მთავრობაში თუ არ იქნებიან, ხალხი მათ დასცინებს. ხალხისგან უარესი ეკუთვნით მაგათ. იმას თავი დავანებოთ, რომ არაფერს აკეთებენ. მიიღებენ თუ არა რაიმე გადაწყვეტილებას, ეგრევე გამოვარდებიან და ამაყად გვეუბნებიან, ეს მოგვიწონა დასავლეთმა, ის მოგვიწონა არასამთავრობო სექტორმაო. ჩამონათვალში მოსახლეობას მეათე ადგილზე მოიხსენიებენ. არადა, პირიქით უნდა იყოს. მთავარი მოსახლეობაა და მერე – სხვა დანარჩენი. ბოლო დღეებში დიდთოვლობის გამო რეგიონები ძალიან მძიმე დღეში აღმოჩნდა. ხალხს დენი, გაზი და წყალი არ მიეწოდება. სერიოზული პრობლემები შეექმნათ საკვების მომარაგების კუთხითაც. ამ დროს ხელისუფლების პირველი პირები რეგიონებს უნდა იყვნენ მოდებული. იმის მაგივრად, რომ ხალხი გაემხნევებინა, ახალმა პრემიერმა სვეცკაობა დაიწყო.

- რას ნიშნავს, სვეცკაობა დაიწყო?

- იმას ნიშნავს, რომ მთელი დღე არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაატარა. არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა ცუდი არ არის, მაგრამ მათ მაშინ უნდა დაელაპარაკო, როცა ხალხს პრობლემებს მოუგვარებ, თან იმასაც ხომ გააჩნია, რომელ არასამთავრობოებს შეხვდები. ხალხს, რომლებსაც გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა, მთლიანად დაპყრობილი აქვს სატელევიზიო სივრცე. ყველაფერზე ეგენი აკეთებენ კომენტარებს. ეგენი უფრო ხშირად არიან ეკრანებზე, ვიდრე მთელი მთავრობა და ოპოზიცია ერთად აღებული. ხალხი მაგათ უკვე ხმაზე ცნობს. პირადად მე მათი მიმიკებიც კი ზეპირად ვიცი.  ეს ჩვენი პრემიერიც ადგა და მთელი დღე ამათ დაუჯდა, თავს იწონებდა, აი, როგორი დემოკრატი ვარ, ენჯეოებს ველაპარაკებიო. კარგი რა, კაცო, რა დროს „სვეცკაობაა“, გიორგი კვირიკაშვილო, მაგათთან შეხვედრის ნაცვლად წადი და ზვავს მიხედე.

- გორგი კვირიკაშვილის წინამორბედი ასეთ სვეცკაობას““ ნამდვილად არ დაიწყებდა...

- ის მეორე უკიდურესობა იყო. ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად კახურად მოიხსენიებდა ხოლმე ამ არასამთავრობოებს. ეს მთლად მოსაწონი არ იყო, მაგრამ ზოგჯერ მართალი იყო ის კაცი. კარგია მესამე სექტორის წარმომადგენლების მოსმენა, მაგრამ ჯერ ხალხი უნდა იყოს მთავარი და მერე – არასამთავრობოები.

„ახალი თაობა“, 29 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან: ინტერპარტიული ჯგუფი ქვეყნის დაშლას ცდილობსჩვენ მოვითხოვოთ ერთნაირ საარჩევნო სასტარტო პირობებ ყველა პოლიტიკური ჯგუფისათვის

საარჩევნო ცვლილებები ისევ აქტუალურია. ამ კუთხით განსაკუთრებით აქტიურობს ინტერპარტიული ჯგუფი. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე აცხადებს, რომ ეს ჯგუფი არ გამოხატავს საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ინტერესებს. გარდა ამისა, ინტერპარტიული ჯგუფი მოითხოვს, რომ მაჟორიტარულის ნაცვლად დამკვიდრდეს სამხარეო-პროპორციული სისტემა. რაც, მისი შეფასებით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. „ეს ე.წ. ინტერპარტიული ჯგუფი მოითხოვს რეგიონულ-პროპორციული წესის შემოტანას. ეს ძალიან საშიშია და საქართველოს დაშლისკენაა მიმართული”, – ამბობს მამუკა გიორგაძე.

- რატომ?

- მაგალითად, პარლამენტში აღარ იქნებიან ჩოხატაურისა და ოზურგეთის მაჟორიტარები, სამაგიეროდ, იქნებიან გურიიდან არჩეული პირები. პარტიების ლიდერებს შეეძლებათ, ვინც უნდათ, ის შეაპარონ საკანონმდებლო ორგანოში. თავისთავად, ეს სისტემა გამოიწვევს საქართველოს დაშლასა და დაპირისპირებას პოლიტიკურ სივრცეში. როგორ შეიძლება, პარლამენტს ჰყავდეს გურიის, სამეგრელოს, კახეთის და ა.შ. დეპუტატები? ვინც ეს მოიფიქრა, ის საქართველოზე არ ზრუნავს. მას მხოლოდ საკუთარი და პარტიული მიზნები ამოძრავებს. იმის მაგივრად, რომ უმთავრესი საარჩევნო საკითხები წამოსწიონ, სამხარეო-პროპორციულ არჩევნებზე ეწევიან აგიტაციას. ამას ემატება საეჭვო განცხადებები „ქართული ოცნებისა” და ნაცმოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს ფედერაციულ მოწყობაზე.

- მთავარი საარჩევნო საკითხები რომელია?

- თუნდაც საარჩევნო სიები. გაყალბებულ საარჩევნო სიებზე, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს აქტუალური იყო, ხმას აღარ იღებენ. მთავარი საკითხი, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა მოვითხოვოთ – ესაა თანაბარი სასტარტო პირობების მიცემა ყველა პოლიტიკური ჯგუფისთვის. ეს ინტერპარტიული ჯგუფი არ გამოხატავს საზოგადოებისა და ყველა პოლიტიკური სუბიექტის ინტერესებს. მასში ყველა პოლიტიკური სუბიექტი უნდა მონაწილეობდეს. ამ ჯგუფში არიან ისეთებიც, რომლებიც ნდობას არ იმსახურებენ.

- კერძოდ?

- საუბედუროდ, ინტერპარტიული ჯგუფი, ორიოდე გამონაკლისის გარდა, დაკომპლექტებულია ნაცმოძრაობის სატელიტებით. ამ ჯგუფში არიან პოლიტიკოსები, რომლებმაც თავის დროზე `გააპრავეს~ სააკაშვილის ყალბი საარჩევნო სიები. დღეს ამომრჩეველთა სიებზე აღარ საუბრობენ. აღარავის ახსოვს ბათუმსა და თბილისში აღმოჩენილი ყალბი პირადობის მოწმობები. არც ის აინტერესებთ, რა აჩვენა მოსახლეობის აღწერამ. შუქდება სამხარეო-პროპორციული თემა და ამ თემაზე შეხვედრები პრეზიდენტთან.

- ეს ყველაფერი რაზე მიანიშნებს?

- ეს ყველაფერი არაჯანსაღი პოლიტიკური სიტუაციის მაჩვენებელია. ჯერ ერთი, პრეზიდენტი, რომელიც ხალხმა სხვისი ხათრით აირჩია, ასე ცდილობს თავისი მდგომარეობის გამყარებას. იგი საზოგადოებასთან ვაჭრობს. მეორეც, ისევ აქტუალურია ბიძინა ივანიშვილის ლოზუნგი „შუა უნდა გაიკრიფოს“.

- როცა ეს ითქვა, მაშინ ერთმანეთის პირისპირ ფაქტობრივად მარტო „“ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა იდგნენ..

- ახლაც გარიყული ვართ პროცესებიდან დამოუკიდებელი პოლიტიკური ჯგუფები. ვისაც კონცეფციები და ხედვები გვაქვს, გვებრძვიან. უნდათ, პოლიტიკაში მარტო ისინი იყვნენ, ვისთვისაც პოლიტიკური საქმიანობა ბიზნესია. არის მცდელობა, რომ საერთოდ ჩამოაცილონ პოლიტიკურ საქმიანობას დამოუკიდებელი და პროგრამების მქონე სუბიექტები, ხალხში კი ნიჰილიზმი დათესონ. არადა, მთავარი უნდა იყოს კონცეფციები, ხედვები. არჩევანი ამის მიხედვით უნდა გაკეთდეს. ლიდერებიც ასე უნდა გამოიკვეთონ. კარგად შეფუთულ პოლიტიკურ ლიდერებს უცხოეთი არ უნდა გვასვამდეს თავზე! `ოცნება~ ნაცმოძრაობას სჯობია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის კარგია.

- ისევ პარლამენტის არჩევის წესს შევეხოთ. თქვენ იმის მომხრე ხართ, რომ პარლამენტი მთლიანად პროპორციულად აირჩეს?

- რა თქმა უნდა. იმ ავადსახსენებელ სამხარეო-პროპორციულ სისტემასაც საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება და პროპორციულსაც. ორივეს ერთნაირი ენერგია და პროცედურა ესაჭიროება. ადგნენ ეს პარტიები და პროპორციული სისტემა მოითხოვონ!

- ქართული ოცნება” მოახლოებული არჩევნებისთვის მაჟორიტარულ სისტემას არ აუქმებს...

- დიახ. მთავარია, ყველა ჯგუფს ჰქონდეს ერთნაირი სასტარტო პირობები. არჩევანი ხალხმა გააკეთოს. თუ ეს თანასწორობა არ დამკვიდრდა, მაშინ არაჯანსაღი გზით მოსული ძალები გააგრძელებენ არაჯანსაღ პროცესებს, ქვეყანას კი დაღუპვამდე მიიყვანენ.

„ახალი თაობა“, 29 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ პაატა შეშელიძესთან: “ეროვნული ბანკი აკეთებს იმას, რაც ხელისუფლებას უნდა

ეკონომიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებას აფასებს და ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს.

- ხელისუფლება და ექსპერტთა დიდი ნაწილი ლარის გაუფასურების მიზეზად გარეფაქტორებსა და მეზობელ ქვეყნებში არსებულ სიტუაციას ასახელებს. რამდენად ეთანხმებით ამ შეფასებებს?

- ყველაზე მთავარი ფაქტორი, რომელიც ლარის გაუფასურებას უწყობს ხელს, არის ეკონომიკური პოლიტიკა, როგორც მთავრობის, ისე ეროვნული ბანკის. ამ სიტუაციაში გარეფაქტორები ყველაზე გადამწყვეტი არ არის. როცა რაღაც ხდება, უნდა გქონდეს საკადრისი პასუხი. თუ საკადრისი პასუხი არ გაქვს, ეს უკვე შენი ბრალია.

- ამით რისი თქმა გსურთ?

- იმის, რომ ამ სიტუაციიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობა იკვეთება როგორც ეროვნული ბანკის, ისე მთავრობის.

- თუმცა ძირითადად ქადაგიძეს სდებენ ხოლმე ბრალს...

- ფორმალურად ეროვნული ბანკია, მაგრამ ფულის ცალკე გამოყოფა, როგორც დამოუკიდებელი, ცალკე მდგომი ერთეულის, წარმოუდგენელია და, აქედან გამომდინარე, დგას ერთობლივი პასუხისმგებლობა.

- რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ამ კუთხით სერიოზული რყევები არ იყოს, ან რამდენად არის სიტუაციის გაუარესების საფრთხე?

- პოლიტიკა იყო შემდეგი: ფულის მასა იზრდებოდა მაშინ, როდესაც მასზე მოთხოვნა არ იყო. მთავრობა ხარჯავდა უფრო მეტს, ვიდრე მას ჰქონდა შემოსავალი. ორივე ეს შემთხვევა იყო ერთმანეთზე გადაჯაჭვული იმით, რომ მთავრობა, როგორც წესი, სესხულობდა ღია ბაზარზე ბანკებისგან, ხოლო ბანკები სესხულობდნენ ეროვნული ბანკისგან.

- ანუ მთავრობის ხარჯები ეროვნული ბანკისგან ფინანსდებოდა?

- ფაქტობრივად, ეროვნული ბანკი სისტემატურად აფინანსებდა მთავრობას, ოღონდ ირიბად, კომერციული ბანკების გავლით. ეს არის ის ჯაჭვი, რომელიც იყო. ეს ჯაჭვი რომ გაწყდება, მაშინ პრობლემებიც შემსუბუქდება. ძალიან მარტივია, რაც უნდა გაკეთდეს.

- კონკრეტულად?

- უნდა შეწყდეს არსებული მონეტარული პოლიტიკა. მთლიანად, თავიდან ბოლომდე უნდა უნდა შეიცვალოს ის. ეროვნულ ბანკს აღარ უნდა ჰქონდეს ფულის მასის კონტროლის საშუალება. ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს.

- რა გზები?

- ყველაზე მარტივი იქნება ის, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარი მიაბას უცხოურ რეზერვებს დღევანდელი კურსით და შეწყვიტოს ყველა სხვა ჩარევა ეროვნულ ბაზარზე, მათ შორის სესხების გაცემა, რეფინანსირების სესხის გაცემა და ყველა სხვა ტიპის ჩარევა უნდა შეწყდეს.

- თქვენ ამტკიცებთ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არასწორი პოლიტიკა აქვს? იმაზეც საუბრობდნენ, რომ კვირიკაშვილის მოსვლის შემდეგ სიტუაცია საგრძნობლად გამოსწორდებოდა. ფუჭი იყო ეს მოლოდინი?

- კვირიკაშვილი ზუსტად იმავე ნავში ზის, რომელშიც სხვები. ის იყო ეკონომიკის მინისტრი, იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და, თუ განსხვავებული აზრი ჰქონდა, შეეძლო ეთქვა და ვითარება თავის დროზე შეეცვალა. თუმცა ის იყო კონფორმისტი და დარჩა კონფორმისტად. მასზე იმედების დამყარება ილუზიაა.

- ამბობენ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ცვლილებამ შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს ვითარება, რადგან არ ვიცით, რა პოლიტიკა ექნება ახალს. რას ურჩევდით ეროვნული ბანკის მომავალ პრეზიდენტს?

- ან გაართულებს, ან, პირიქით, გამოაკეთებს, გააჩნია, ვინ იქნება. თუმცა აქ ყველაზე მთავარი, რაც ართულებს საქმეს, არის ის, რომ ხედვა არ აქვს არავის. იმათაც კი, ვინც უნდა ახალი აირჩიოს, არ ესმით, რას ცვლიან სინამდვილეში. ჯერ უნდა ჩატარდეს რეფორმა, გამოიკვეთოს, რა გვინდა და მერე შეირჩეს ადამიანი, რომელიც საუკეთესოდ გააკეთებს იმას, რაც გვინდა! მონეტარული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. ამის გარეშე კონკრეტულ ადამიანზე ლაპარაკი უტოპიაა!

- ანუ საუბარი იმაზე, რომ ლარის მერყეობას გარეფაქტორები განაპირობებს, მხოლოდ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაა?

- რასაკვირველია, პასუხისმგებლობის აცილება და არაკომპეტენტურობაა. საგარეო ფაქტორების უმრავლესობა იყო ჩვენთვის დადებითი, რადგან გაიაფდა ბევრი ისეთი საქონლის იმპორტი, რომლებიც დიდ მოცულობას იკავებდნენ ჩვენს იმპორტში და, შესაბამისად, დიდი ხარჯები გვქონდა მისთვის. აქედან გამომდინარე, რატომ უნდა ყოფილიყო გაუარესება? მით უმეტეს, რომ ჩვენ შეგვეძლო, ექსპორტის მოდიფიცირება გაგვეკეთებინა. მაგალითად, თუ ადრე ვყიდდით რაღაცას ოთხად, შეგვეძლო გაგვეყიდა ორად, რადგან ის, რასაც ადრე ვყიდულობდით ათად, დღეს იყიდება სამად. რომ ყოფილიყო სწორი მონეტარული პოლიტიკა, ეს პრობლემები არ იქნებოდა.

- არის იმის საფრთხე, რომ ლარმა კვლავ განაგრძოს გაუფასურება?

- ამჟამინდელი ხელისუფლება ვერ ერკვევა სიტუაციაში. სიტუაცია არის მძიმე და ეს, ალბათ, გაგრძელდება, სანამ არ შეიცვლება დამოკიდებულება, არ შეიცვლება ვითარება.

- ამ ვითარებით ვინმე ხელს ითბობს?

- ის, ვინც ხელს ითბობს, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს იმასთან, ვინც ამ ქვეყნის პოლიტიკას ქმნის ანუ ხელი ხელს ბანს პრინციპით. მე ეჭვი მაქვს, რომ რამდენიმე ბანკი, მათ შორის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბანკები, ამით ხეირობდნენ!

- გამოდის, რომ ეროვნული ბანკი ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებდა და ამ სიტუაციაში მხოლოდ მისკენ თითის გაშვერა არასწორია?

- ეროვნული ბანკი თავიდან ბოლომდე აკეთებდა იმას, რაც უნდოდა ხელისუფლებას! არანაირი განსხვავებული აზრი მას არ ჰქონია. ის აძლევდა სესხს, როცა სჭირდებოდა ხელისუფლებას, ოღონდ – ირიბად.

რეზონანსი“, 29 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ ქართველ ეკონომისტებთან: „უახლოეს ხანში ლარი გამყარდება, კურსი 2,4-მდე ჩამოვა, მოგვიანებით კი ამ ნიშნულსაც უკან მოიტოვებს““

მარი ჩიტაია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზს, რომ კურსი 2,4 ნიშნულამდე დაბალანსდება, ექსპერტებიც იზიარებენ. ოპტიმიზმის საფუძველი ამჯერად საგარეო ფაქტორია. კერძოდ, მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი ბაქოში, რომლის ფარგლებშიც მხარეები 4-მილიარდიანი დახმარების მიღების საკითხს განიხილავენ.

ბოლო დღეებში ლარის გაუფასურების მიზეზადაც სწორედ საგარეო ფაქტორი მიიჩნეოდა. ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, რთული ეკონომიკური ვითარება, რაც მსოფლიოში ნავთობზე ფასების კატასტროფულმა ვარდნამ გამოიწვია, ნეგატიურად აისახა ეკონომიკასა და რეგიონის ქვეყნების ეროვნულ ვალუტაზე, მათ შორის, ლარზეც. თუმცა, ახლა ეროვნული ვალუტის მიმართ იმედიანადაა განწყობილი. მისი განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზი გამართლდება და უახლოეს დღეებში კურსი 2,4-მდე ჩამოვა, ცოტა მოგვიანებით კი, ამ ნიშნულსაც უკან მოიტოვებს.

ემზარ ჯგერენაია ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, თუ რა სავარაუდო ნიშნულს მიაღწევს ლარი, თუმცა იმედოვნებს, რომ ლარს ელოდება გამყარება, რადგან მას რეგიონული წნეხი მოეხსნება. “ლარის ბოლო გაცვლითი კურსი უკვე მიგვანიშნებს, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება დაიწყო. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი შეუქცევადი გახდება. როგორც არასდროს, მჯერა, რომ ლარი კრიზისს დაძლევს და პოზიციას კიდევ რამდენიმე პუნქტით გაიუმჯობესებს”, – აცხადებს ემზარ ჯგერენაია. მისთვის დამაიმედებელი აღმოჩნდა “ფაინენშელ თაიმსის” ცნობა, რომ მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ბაქოში 4 მილიარდის დახმარების მიღების საკითხს განიხილავენ.

“არსებული ინფორმაციით, მათ რამდენიმე დღეში შეუერთდებიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და აზიის განვითარების ბანკის თანამდებობის პირები. გულწრფელად მიხარია, რომ აზერბაიჯანს 4 მილიარდი დოლარი გამოუყვეს! ჩვენც ცოტას ამოვისუნთქებთ, არ დაგვაწვებიან ტვირთად”, – აცხადებს ექსპერტი. მისი შეფასებით, ლარის გაუფასურების მიზეზიც საგარეო ფაქტორია, რადგანაც ქვეყნის შიგნით ამ პერიოდში არაფერი შეცვლილა – უწინდელია მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ბიუჯეტთან დაკავშირებული ვითარება, დაგეგმვა და ა. შ.

“რუსეთი და თურქეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან. რუბლის კურსის ვარდნა და თურქული ლირის კურსის დევალვაცია ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე პირდაპირ ზემოქმედებს და ლარის კურსზე ახდენს ზეწოლას, რასაც ამ რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ადგილი. ეს გარე ფაქტორები, როგორც ხდება ხოლმე, შიდა ფაქტორებად ტრანსფორმირდა და გახდა ლარის დევალვაციის ძირითადი მიზეზი. საფრთხე ამ ეტაპზე მოხსნილია. ვფიქრობ, ლარი სამომავლოდაც შეძლებს დასტაბილურებას და შემდეგში გამყარებისკენ სვლას”, – ფიქრობს ემზარ ჯგერენაია.

ლარის კურსზე ძირეულ ცვლილებებს ნაკლებად ელოდება საბანკო სფეროს სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი. ის ვარაუდობს, რომ პროცესები, რაც ლარის კურსზე გავლენას ახდენდა, გაგრძელდება, თუმცა შეიძლება შერბილდეს.

“მოლოდინი ლარის მიმართ ძალიან სუბიექტურია. რა დადებითი პროცესიც არ უნდა მიმდინარეობდეს, რისკი მაინც მაღალია. ჩემი აზრით, გიორგი ქადაგიძის პროგნოზი კურსის მიმართ საკმაოდ საიმედოა, მაგრამ არ შემიძლია დავუდასტურო ან უარვყო. ლარის კურსზე დიდ გავლენას ახდენს აჟიოტაჟი, რაც დიდი ხანია არსებობს. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება გაგრძელდება, თანაც საარჩევნო პერიოდია. ლარის მიმართ აჟიოტაჟს ველოდები სამომავლოდაც, მაგრამ ხელისუფლებას მისი განეიტრალების შესაძლებლობაც ექნება”, – აცხადებს მიხეილ თოქმაზიშვილი.

უფრო პესიმისტურად არის განწყობილი საფინანსო სფეროს სპეცილიასტი ვახტანგ ხომიზურაშვილი. იგი არ არის დარწმუნებული, რომ სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკი განახორციელებს ადეკვატურ ქმედებებს, რაც კურსზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს.

“მოკლევადიან პერიოდზე პროგნოზის კეთება რთულია. თუმცა დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ გრძელვადიან პერიოდში კურსი ვერ იქნება სტაბილური. ნებისმიერმა ფაქტორმა შეიძლება იქონიოს გავლენა როგორც ეროვნული ბანკის მხრიდან, ასევე მაკროეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისითაც. ქვეყანაში უნდა დაიწყოს ფუნდამენტური პროცესები, რასაც ინვესტორები დაინახავენ და შეაფასებენ. ისიც შეიძლება, რომ მოკლევადიან პერიოდში შენარჩუნდეს კურსი, მაგრამ მასზე ზეგავლენა მოახდინოს რომელიმე კომერციული ბანკის განაცხადმა “ბლუმბერგის” სისტემაში. დარწმუნებული რომ ვიყო ეროვნული ბანკის კვალიფიციურ ქმედებაში, უფრო თამამ პროგნოზს გავაკეთებდი”, – აცხადებს ხომიზურაშვილი.

დღეს ლარის კურსის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სამუშაო შეხვედრას გამართავს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მიწვეული არიან ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კომიტეტის სხდომა დიდად არაფერს შეცვლის, თუმცა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს მისცემს შესაძლებლობას, სიტუაციაში ობიექტურად გაერკვნენ და სიგნალი მისცენ ბაზარს, რათა ლარის კურზე სპეკულაციური ზეწოლა მოიხსნას.

როგორც ვიცით, ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ სპეკულაცია მიიჩნევა, რაც კურსზე მძიმედ აისახა. ახლა მთავარია, რა პოზიციას დაიჭერს მთავრობა და როგორ მოიქცევა, რომ გარე ფაქტორი ეროვნული ვალუტის საკეთილდღეოდ გამოიყენოს.

რეზონანსი“, 29 იანვარი, 2016 წელი

მოსახლეობა ბანკების მადის დაოკებას ითხოვს!

იურიდიული დახმარების შემთხვევაში, ყველა მსესხებელს, ვინც ზედმეტი გადაიხადა, შეუძლია თანხა უკან დაიბრუნოს

ელზა წიკლაური

ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების ნაწილს კომერციული ბანკები მომხმარებლებს დოლარის კურსის შესაბამისად ახდევინებენ, რაც გაუფასურებული ლარის ფონზე მოქალაქეებს მძიმე ტვირთად აწვება. მსესხებელი ვალის გასტუმრებას ვერ აუდის და ღატაკდება. ამ დროს კი საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ შარშან რეკორდულ მაჩვენებელს, ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა.

მსესხებლები ლარში აღებული სესხის დაბრუნებას იმ კურსის შესაბამისად ითხოვენ, როდესაც მათ საბანკო სფეროს მიმართ ვალდებულება პირველად წარმოეშვათ. სოციალურ ქსელში ამის დამადასტურებლად სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლიც გამოაქვეყნეს, სადაც კურსთა ცვლილების შემთხვევაში კრედიტის გასტუმრების წესია განმარტებული.

სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლში წერია: “თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს”. თუმცა ეს არის კოდექსის ის ბუნდოვანი მუხლი, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და რომელიც იურისტ-ეკონომისტებში დღემდე დავის საგნად რჩება. “ვალდებულების წარმოშობის” თარიღად ზოგი სესხის აღების დღეს ასახელებს, ზოგს კი მიაჩნია, რომ ეს კრედიტის გადახდის ყოველთვიური გრაფიკში მითითებული დღეა.ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ ამ მუხლით თანახმად, “ბანკი, რომელიც უცხოურ ვალუტას გაასესხებს, თავად იღებს პასუხისმგებლობას კურსის ცვლილების გამო გამოწვეულ ყველა რისკზე, ხოლო მოვალე დარჩენილ ვალს იხდის იმ კურსით, რაც გასესხების დროს არსებობდა!”.

არგუმენტი, რომ დოლარის გასესხების შემთხვევაში დოლარი უნდა დაბრუნდეს, მხედველობაში არ მიიღება, რადგან “ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის თანახმად გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება არის ლარი: “ე.ი. მნიშვნელობა არა აქვს, ლარი მაქვს ნასესხები თუ დოლარი, რადგან ვალი ლარით უნდა გადავიხადო!

ესეც რომ არა, სკ-ის 389-ე მუხლის თანახმად, დოლარი რომც მქონდეს დასაბრუნებელი, ბანკი ვალდებულია, დოლარზე ლარის კონვერტაცია იმ კურსით აწარმოოს, რაც დოლარის გასესხებისას არსებობდა. სამართალი უხეშად ირღვევა, როცა ბანკებს დოლარში (ან სხვა უცხოურ ვალუტაში) ვალი მიაქვთ არა იმ კურსით, რითაც გაასესხეს, არამედ ვალის გადახდის დროს გაზრდილი კურსით. მნიშვნელობა არა აქვს, რა წერია სასესხო ხელშეკრულებაში, რადგან ყველა გარიგება, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება, ბათილია”, – მიაჩნია დავით ზარდიაშვილს.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა ამბობს, რომ იმ მსესხებელმა, რომელმაც ვალი ლარში აიღო, ყოველთვიურ გადასახადს დოლარის კურსის მიხედვით არ უნდა იხდიდეს. ეს არის პრობლემა და აუცილებელია, რომ სახელმწიფომ და ეროვნულმა ბანკმა საკითხი მოაგვარონ.

“მსესხებელი არ არის საქმის კურსში, რომ ასეთი არასამართლიანი, სამართლებრივად გაუმართავი ხელშეკრულების გამო, ის კარგავს თავის საკუთარ სახსრებს და გამსესხებელს ზედმეტ თანხას უხდის. გარდა ამისა, თვითონ გამსესხებლები თუ არ არიან საქმის კურსში, რომ სამოქალაქო კოდექსში ასეთი მუხლი არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ იმის ბრალია, რომ ასეთი ტიპის გამსესხებლები არ არიან სახელმწიფო რეგულირების ქვეშ და პრაქტიკულად, მათი საქმიანობა უკონტროლოა. ძირითადად ამ პრობლემებს მსესხებლები მიკროსაფინანსოებთან ურთიერთობისას აწყდებიან.

სამოქალაქო კოდექსით არის გათვალისწინებული მუხლი, რომლის მიხედვითაც მსესხებელს შეუძლია დაიბრუნოს ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხა. იურიდიული დახმარების შემთხვევაში, ყველა მსესხებელს, ვინც ზედმეტი გადაიხადა, შეუძლია თავისი თანხა უკან დაიბრუნოს”, – განაცხადა ელიავამ და დასძინა, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება მსესხებლებმა კი არ უნდა დაიწყონ, ამაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ და ეროვნულმა ბანკმა უნდა აიღონ.

იურისტი ლევან ალაფიშვილის თქმით კი, სესხის გაცემა, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ყველა ვალუტაშია შესაძლებელი, ანგარიშსწორება კი მხოლოდ ლარში. სამოქალაქო კოდექსში აღნიშნულია, რომ “სასესხო-სადეპოზიტო ურთიერთობებს არ სდევს ანგარიშსწორება, შესაბამისად, შესაძლებელია გამოყენებული იყოს ნებისმიერი ვალუტა. მაგალითად, სესხად შეგვიძლია გავცეთ თანხა ბრუნეის დოლარში, ხორვატულ კუნაში თუ ამერიკულ დოლარში. ქვეყნის შიგნით პროდუქტისა და მომსახურების ყიდვისას, რომელსაც თან სდევს ანგარიშსწორება, ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება მხოლოდ ლარი”, – ამბობს ალაფიშვილი.

რაც შეეხება იმავე კოდექსის 389-ე მუხლს, გამოიყენება მხოლოდ 3 შემთხვევაშია შესაძლებელი: ა) ჰიპერინფლაცია, ბ) დენომინაცია (100 ლარი შეიცვალა/გახდა 10 ლარი) და გ) ვალუტის – ფულადი ერთეულის შეცვლა. ამასთანავე, ეს შეეხება არა მხოლოდ ლარს, არამედ ყველა იმ ვალუტას რომელიც მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულებით, იქნება ლარი, დოლარი თუ სხვა. ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხნის სასამართლოს პრაქტიკა არსებობს.

“უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა თვლის, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების დროს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას, ასევე ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას. მაგალითად, დენომინაცია განიცადა საბჭოთა კავშირის დროს მანეთმა, როცა 10 მანეთის ნომინალი შეიცვალა 1 მანეთის ნომინალით; ვალუტის შეცვლას ადგილი ჰქონდა მაშინ, როდესაც რუსული რუბლი შეიცვალა კუპონით, ხოლო კუპონი – ლარით.

რაც შეეხება ჰიპერინფლაციას, აღნიშნული თავისთავად ნიშნავს საქონლის ფასებისა და მიმოქცევაში არსებული ფულის მასის უაღრესად სწრაფ ზრდას, რომელიც იწვევს ფულადი ერთეულის მკვეთრ გაუარესებას, საგადამხდელო ბალანსის მოშლას და ნორმალური სამეურნეო კავშირების დარღვევას. ამ დროს მიმოქცევის სფეროში სახელმწიფო უშვებს დიდი რაოდენობის ფულს, რომელიც რეალურ საქონელბრუნვის საჭიროებას აღემატება, რასაც მოსდევს ფულის კურსის მკვეთრი გაუარესება, ოქროს საბაზრო ფასების გაზრდა”, – ამბობს ალაფიშვილი.

“ახალგაზრდა ადვოკატების” იურისტი მარიკა არევაძე კი კოდექსში არსებული ჩანაწერის – “ვალდებულების წარმოშობის” – თარიღად კონკრეტული თვის კონკრეტულ რიცხვს ასახელებს, როდესაც მსესხელებს სესხის ნაწილის გადახდა უწევს.

“პირველ რიგში, სესხის გადახდა დოლარში გამოტანილი სესხის გადახდა გადახდის დღეს არსებული კურსით ხდება, გამომდინარე იქიდან, რომ დოლარი უნდა შეისყიდონ და ვალდებულების შესასრულებლად შეიტანონ დოლარი. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ადგება და საკრედიტო დაწესებულებაში ვალს შეიტანს ძველი კურსით, ანუ შეიტანს იმდენ ლარს, რაც ძველი კურსით სჭირდებოდა, ეს გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. ეს შეიძლება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად ჩაითვალოს და იმ თანხაზე, რაც დააკლდება მსესხებელს, დაეკისროს ჯარიმები.

რაც შეეხება კონკრეტულად სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლს, ეს მოქმედია და იურიდიული ძალის მქონეა. ამ მუხლში წერია, რომ თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ეს იმას ნიშნავს, კონკრეტულ თვეს, მაგალითად 29 იანვარს მსესხებელი სესხს იხდის იმ კურსის მიხედვით, რა კურსით იმ დღესაა დადგენილი”, – განუცხადა “რეზონანსს” არვაძემ.

ეკონომისტი და საბანკოს სფეროს სპეციალისტი ვაჟა კაპანაძე იურისტების ინტერპრეტაციას ეკონომიკური აზროვნებისგან “შორის მყოფს” უწოდებს. მისი აზრით, თუ მსესხებელმა სესხი იმ კურსის მიხედვით გადაიხადა, როდესაც სესხი პირველად აიღო, მაშინ ეს საბანკო სექტორს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

“ისეთი მიდგომა, რომ მსესხებელმა სესხი კონკრეტულ თვეში ვალდებულების პირველად წარმოშობის დროს არსებული კურსით დაფაროს, არ მსმენია. წარმოუდგენელია, რომ 2,48 კურსის შემთხვევაში, მსესხებელმა ვალი 1,74-ის კურსით გადაიხადოს. ეს ხომ საბანკო სექტორს მთლიანად დაანგრევს. რაც შეეხება ლარში აღებულ სესხს, ის, რა თქმა უნდა, ლარში უნდა დაბრუნდეს, მაგრამ აქ არის მეორე მომენტი. კომერციულ ბანკებს თანხები მოზიდული აქვთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, აქ ახდენენ კონკერტაციას და გაცემენ სესხს ლარში. ახლა ბანკებმა რომ ლარში გაცემული კრედიტი ძველი კურსით დააბრუნებინონ მომხმარებლებს, აქაც იზარალებენ”, – განაცხადა ვაჟა კაპანაძემ.

„ახალი თაობა“, 29 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: „ეთნიკური წმენდა რომ მოხდა, ეს დადასტურებას არ საჭიროებს”

სამართლის ექსპერტი, ადვოკატი ლია მუხაშავრია “ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატი ბენსუდას ქართველთა ეთნოწმენდის დამტკიცება არ გაუჭირდება.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ გამოძიება დაიწყება და მას ჰააგის პროკურორი ჩაატარებს. ამდენი ხნის განმავლობაში ქართულმა საგამოძიებო ორგანოებმა არაფერი გააკეთეს ამ დანაშაულების გამოსაძიებლად. მესმის, რომ დამნაშავეებს ვერ დააპატიმრებდნენ და პასუხისგებაში ვერ მისცემდნენ, მაგრამ არაფერი უშლიდათ ხელს გამომძიებლებს, რომ დამნაშავეების იდენტიფიკაცია მოეხდინათ და საბრალდებო დასკვნები დაედოთ, თუ რომელმა კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა ომის დანაშაული“, – ამბობს ლია მუხაშავრია.

- თუ სახელმწიფო გამოიძიებდა ამ დანაშაულს, მაშინ ჰააგის სასამართლო ვერ გამოიძიებდა...

- დიახ, მაგრამ საკმარისი დრო იყო, რომ ეს გაკეთებულიყო. როდესაც ამ ხნის განმავლობაში არ დასჯილან ასეთი საშიში დამნაშავეები, ეს საფრთხეა საზოგადოებისთვის, რადგან იმაზე მძიმე დანაშაულებს, როგორებიც არის ეთნიკური წმენდა და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული, სამყარო არ იცნობს. როდესაც ასეთ დანაშაულს ჩაიდენს ადამიანი და ეს მას შერჩება, ეს ძალიან საშიშია. ამას როდესაც ვამბობ, ვგულისხმობ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ჩვენს მოქალაქეებსაც, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დროს საკუთარი მოსახლეობა დაეცვათ, ამ ადამიანების ევაკუაცია მოეხდინათ და სწორი ინფორმაცია მიეწოდებინათ, რათა თვითონ მაინც ეშველათ საკუთარი თავისთვის.

მე შევხვდი ბევრ დაზარალებულს და მათგან მოვისმინე, რომ მაშინ ჩვენმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათ სცოდნოდათ, თუ რა საფრთხე ელოდათ. სწორედ ამის მიზეზი იყო, რომ უამრავი სამოქალაქო პირი დაიჭრა, დაიღუპა და ტყვედ ჩავარდა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

- როგორი უნდა იყოს ქართული მხარის, მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს, თავად მინისტრის როლი ამ საქმეში მტკიცებულებების მიწოდების მიმართულებით?

- ძალიან უბედური უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი და საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები, რომ ჰააგის სასამართლოს ვერ მიაწოდონ სათანადო მტკიცებულებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჰააგის პროკურატურისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის წინააღმდეგ მოიპოვებენ ისინი მტკიცებულებებს – ეს იქნება რუსეთის მოქალაქე თუ საქართველოსი. ჰააგისთვის დამნაშავე დამნაშავეა. ომის დროს ჩადენილი დანაშაულის ნებისმიერ ავტორს ჰააგის სასამართლო პასუხისგებაში მისცემს.

- ყოველგვარი ეჭვი გამორიცხული უნდა იყოს ყველა მხრიდან?

- რა თქმა უნდა. ჰააგის წარმომადგენლები ნამდვილად დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები არიან. ჰააგის პროკურატურა ნამდვილად ჩაატარებს მიუკერძოებელ გამოძიებას.

- გამოძიების დასრულება რამდენ ხანშია შესაძლებელი?

- მათ არ აქვთ პროცესუალური ვადები, მაგრამ გამოძიებას სწრაფად წარმართავენ. პრაქტიკულად ყველაფერი არის კიდეც ფაქტების დონეზე დადგენილი.

- თეა წულუკიანმა შუამდგომლობებზეც ისაუბრა, რომ ყურადღება ორი მიმართულებით იქნება, ეთნოწმენდისა და ეროვნული გმირის ანწუხელიძის, სოფრომაძისა და სხვა სამხედრო ტყვეების მკვლელობის გამოძიების კუთხით...

- ჰააგის სასამართლოდან პერიოდულად ჩამოდიოდნენ, თუ პროკურატურას რამე მასალები ჰქონდა, მიაწოდა. ისინი ხვდებოდნენ იუსტიციის მინისტრს, მთავარ პროკურორსა და სხვა წარმომადგენლებს. ახლა გამოძიებას დასჭირდება მხოლოდ იმ მასალისა და მტკიცებულებების მოგროვება, რომლებიც მოპოვებული არ არის. ამას სწრაფად გააკეთებენ, მით უფრო, რომ ფაქტები საიდუმლოდ არ მომხდარა, ყველა ფაქტი აღნუსხულია და დასაბუთება რთული არ იქნება. მით უფრო მედია აქტიურად აშუქებდა აგვისტოს ომს და მედიამასალაც არსებობს. ეთნიკური წმენდა რომ მოხდა, ეს დადასტურებას არ საჭიროებს, რადგან ცნობილი ფაქტია, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არცერთი ქართული ოჯახი არ არსებობს. ყველა მათგანის სახლი მიწასთან გაასწორეს, რათა ისინი უკან არ დაბრუნდნენ. ასევე არსებობს დავითაიას დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელსაც გამოიყენებენ.

- პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ ის აქტიურად ითანამშრომლებს.

- მისი თანამშრომლობა არ სჭირდება ჰააგის სასამართლოს. მათ მტკიცებულებები სჭირდებათ. მაშინ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია რაღაც შუალედური დასკვნით შემოიფარგლა. ეს არის ის დანაშაული, რომელსაც ხანდაზმულობა არ გააჩნია.

- ქალბატონო ლია, ჰააგის სასამართლო როდესაც დადებს გამოძიების შედეგს, მაგალითად, დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი ადამიანისთვის ეს რას მოიტანს, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოსთვის იქნება მნიშვნელოვანი?

- მნიშვნელოვანია ამ კითხვაზე პასუხის ცოდნა ამ საზოგადოებისთვის. გარდა იმისა, რომ დამნაშავეები იდენტიფიცირებულები იქნებიან და დაისჯებიან, ფიზიკური პირები მიეცემიან ამ დანაშაულისთვის პასუხისგებაში, მსხვერპლი კომპენსაციას მიიღებს.

- ვისგან?

- დანაშაულის ჩამდენი სახელმწიფოსგან. რომ ყოფილიყო პოლიტიკური ნება წინა ან ამ ხელისუფლების პირობებში, ეს ადამიანები კომპენსაციას მიიღებდნენ, რადგან ჩვენი ორგანიზაცია სასამართლოებში ჩიოდა და ჩვენ ამას ვერ მივაღწიეთ აქ. ვინაიდან საუბარია გაეროს სასამართლოზე, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, როგორც მატერიალური, ისე მორალური. ეს ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ და ეს იქნება გარღვევა.

- ამ შემთხვევაში კომპენსაცია საქართველოს დაეკისრება?

- დიახ, სადაც მისი საჯარო მოხელის ბრალი დადასტურდება, მერე საქართველოს შეუძლია, იდავოს ჰააგის მეორე საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში და რუსეთს მოსთხოვოს ამისთვის პასუხი.

- ეთნოწმენდის დამტკიცების შემთხვევაში ამ ადამიანების საკუთარ სახლებში დაბრუნების გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლია ჰააგის სასამართლოს?

- არა, ეს მის კომპეტენციას სცილდება.

რეზონანსი“, 29 იანვარი, 2016 წელი

უმაღლესი თანამდებობის პირების დაკავების მოლოდინში

თუ ჰააგა დამნაშავის იდენტიფიკაციას მოახდენს, ტრიბუნალი დააპატიმრებს გაეროს წევრ ნებისმიერ სახელმწიფოში

თიკო ოსმანოვა

შვიდი წლის შემდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლო რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას იწყებს. საქმის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური ნებართვა უკვე მიიღო. საქმე 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ე.წ სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს ეხება. საერთაშორისო სასამართლოს ინფორმაციით, არსებობს გონივრული საფუძველი, რომ ჩადენილი იქნა სისხლის სამართლის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სასამართლოსთვის ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს ომის დანაშაულში ძირითად ეჭვმიტანილ მხარედ გამოკვეთილია სამხრეთ ოსეთის შეიარაღებილი ძალები. პროკურორის, ფატუ ბენსუდას თქმით, რუსული შეიარაღებული ძალების წევრები არ არიან მთავარი პასუხისმგებელი პირები. რაც შეეხება ქართულ მხარეს მათი დანაშაული ამ ეტაპზე ორ ეპიზოდში იკვეთება. თუმცა მოსამართლე ფიქრობს, რომ ამ საქმეზე სრულმაშსტაბიანი გამოძიება უნდა დაიწყოს.

“მოთხოვნის და დამატებითი მასალების შესწავლის შედეგად, მოსამართლეებმა დაასკვნეს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ დანაშაული ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას ეკუთვნის. ჩადენილ იქნა სისხლის სამართლის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, მაგალითად: მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და დევნა, ასევე ომის დანაშაულები, როგორიცაა სამოქალაქო პირებზე თავდასხმები, წინასწარ განზრახული მკვლელობები, თავდასხმები მშვიდობისმყოფელებზე, ქონების განადგურება, ძარცვის ფაქტები, რომლებიც 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში დაფიქსირდა”, – წერია ჰააგის სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფორმულირებები სამართლებრივად სწორი და შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებთან.

“ჩვენ შევისწავლეთ ეს გადაწყვეტილება და მიგვაჩნია, რომ მისი ფორმულირებები არის სამართლებრივად სწორი და შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებთან.

“კერძოდ, გადაწყვეტილებაში ნათქვამია არაერთხელ, რომ სამხრეთ ოსეთი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის არის საქართველოს ნაწილი. ასევე ნათქვამია, რომ ჰააგის სასამართლო მხედველობაში იღებს მხოლოდ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ერთი მხრივ, რუსეთში და მეორე მხრივ, საქართველოში ჩატარდა.

დასასრული მე-4 გვერდზე

“ის არ და ვერ მიიღებს მხედველობაში იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც შეიძლება ჩატარებულიყო სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, რადგან სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის.

“ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე მოცემულია ყველაფერი ის, რაც ჩვენ, როგორც მხარემ, ქალბატონი ფატუ ბენსუდას თბილისში ვიზიტის დროს მასთან დავაყენეთ, როგორც საკითხები.

“კერძოდ, როგორც მოველოდით, გადაწყვეტილებაში განსაკუთრებილი ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას და ჰააგის მოსამართლე ამბობს, რომ იმ ფაქტების მიხედვით, რაც ხელთაა ამ ეტაპზე, ომის დროს არსებობდა შემუშავებული მოდელი, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველთა ეთნიკური წმენდისა, რაც გულისხმობდა მათ განზრახ მკვლელობებს, ქართველების სახლების იდენტიფიცირებას ხშირად ადგილობრივი მიმთითებლების დახმარებით, რათა ეს სახლები ყოფილიყო განადგურებული მას მერე, რაც იქიდან მითვისებული იქნებოდა ნივთები და საქონელი”, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, როგორც ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტლებაშია ნათქვამი, იმ ფაქტების მიხედვით, რაც მათ ხელთ არის, დღეს, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი, ქართველების ეთნიკური წმენდა მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებას, რათა სამხრეთ ოსეთს მიეღწია დამოუკიდებლობისთვის და გაწყვეტილიყო სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის კავშირი.

“როგორც ჰააგის მოსამართლე ამბობს, იმ ფაქტების მიხედვით, რაც მას დღეს აქვს, 8 ათასზე მეტი ქართველის სახლი არის დანგრეული, 100-ზე მეტი ქართველი არის განზრახ მოკლული და 20 ათასამდე დევნილი გახდა”, – აღნიშნა წულუკიანმა. მისივე თქმით, საქართველოს გზა ეხსნება იქითკენ, რომ ჰააგის პროკურორთან ერთად, ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვა სამხედრო ტყვეების მკვლელობის თემაზეც იმუშაოს.

“ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს წინა შემოდგომიდან მუშაობა იმ შუამდგომლობებზე, რომელიც გვინდა, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ პროკურორს წარვუდგინოთ. რა თქმა უნდა, აქცენტები არ იცვლება და ჩვენ გამოძიების ბოლომდე, ვიდრე ჭეშმარიტება არ დადგინდება, აქცენტს გავაკეთებთ ორ მნიშვნელოვან რამეზე – პირველი, როგორც ადრე ითქვა, არის ის, რომ ეთნიკური წმენდა რაც ომამდე, ომის დროს და ოქტომბრის პერიოდამდე მოხდა, როგორც ეს ნათქვამია სასმართლოს გადაწყვეტილებაში, არა მხოლოდ ფაქტების, არამედ სამართლებრივი შეფასებების დონეზე დავამტკიცოთ.

“დავამტკიცოთ, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს ნაწილია, მართლაც არის მომხდარი ქართველების ეთნიკური წმენდა და ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მიმართულება”, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მტკიცებულებები იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა.

საქართველოსთან ერთად საერთაშორისო სასამართლოსთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებს კონფლიქტის მეორე მხარე. რუსეთმა ჰააგის სასამართლოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ საკუთარი გამოძიების მასალები უკვე გადასცა.

როგორც “რია ნოვოსტი” იტყობინება, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა, რომ გამოძიება ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტმა ჩაატარა.

“რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჩაატარა ქართველი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულებების დეტალური გამოძიება. რუსი გამომძიებლების მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება და მასალა საერთაშორისო სასამართლოს გადაეცა”, – განაცხადა მარკინმა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ტასოევი კი აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლო გამოძიებისას გვერდს ვერ აუვლის ქართველი ჯარისკაცების მიერ “სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ათასობით ჩვენებას”.

“ყველა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ქართველი სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთში ჩადენილ სისასტიკეს, შეგროვდა და გადაეცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. მტკიცებულებების ბაზაში დეფიციტი არ არის.

“სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორები მინიმალური მიუკერძოებლობის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებენ გვერდი აუარონ ამ მრავალრიცხოვან მტკიცებულებებს”, – განაცხადა ტასოევმა.

ა/ო ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის ხელმძღვანელის, ლია მუხაშავრიას განმარტებით, გამოძიება ეცდება დაადგინოს, კონკრეტულად ვინ ჩაიდინა დანაშაული. მისივე თქმით, აღსრულების პროცესი მარტივია – მოხდება იმ მაღალი თანამდებობის პირების დაკავება, რომელთაც ბრალი დაუმტკიცდება.

“თუ საერთაშორის სასამართლო დამნაშავის იდენტიფიკაციას მოახდენს, ტრიბუნალს შეუძლია პირი დააპატიმროს გაეროს წევრ ნებისმიერ სახელმწიფოში. ეს არის გაეროს სასამართლო, ამიტომ ყველა წევრი ქვეყანა ვალდებულია, რომ დააპატიმროს, იმიტომ, რომ სასამართლო იძიებს და იხილავს ყველაზე მძიმე დანაშაულებების კატეგორიას, როგორიც არის – ეთნოწმენდა, გენოციდი და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

“ასეთი გადაწყვეტილების აღსრულება დაუყოვნებლივ მოხდება. გარდა ამისა, მაგალითად ცნობილია, რომ რუსეთი არ თანამშრომლობს ამათთან, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში რამე გართულება იქნება – პირი როგორც კი დატოვებს იმ ტერიტორიას, სხვა ქვეყანაში დააპატიმრებენ, ასე რომ, ხელისშემშელი პრაქტიკულად არაფერი იქნება.

“ამ შემთხვევაში სასამართლო იმითაც არის საყურადღებო, რომ ის არ სჯის შემსრულებლებს. სჯის ბრძანების გამცემებს და კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილ პირებს.

“ეს სასამართლო იმითაცაა ცნობილი, რომ პრეზიდენტები და პრემიერებიც ჰყავს გასამართლებული და ახლაც მიმდინარეობს ასეთი პირების წინააღმდეგ პროცესი. ასე რომ, არავინ არ არის დაზღვეული, რომ პოლიტიკური მაღალი თანამდებობა დაიცავს და პასუხისმგებაში არ მიეცემა”, – უთხრა “რეზონანსს” მუხაშავრიამ.

მისივე თქმით, წინასწარ ძალიან ძნელია იმის თქმა კონკრეტულად თუ ვის წინააღმდეგ შეგროვდება მტკიცებულებები.

“ანწუხელიძის და სხვათა საქმეებს რაც შეეხება, მე საქმის დეტალები დანამდვილებით არ ვიცი, ამიტომ ვერაფერს გეტყვით უბრალოდ საინტერესოა, რომ გამოძიების საგანი მხოლოდ აგვისტოს მოკლე პერიოდი არ არის. გამოძიებას მოიცავს შემდგომ პერიოდსაც, როცა მოქალაქეები აღმოჩნდნენ ტყვეობაში და ამ ტყვეობაში არაადამიანური მოპყრობის და წამების მსხვერპლები გახდნენ.

“არა მგონია, რუსეთი მშრალად გამოვიდეს, იმიტომ რომ გამოძიება ვის წინააღმდეგაც შეაგროვებს მტკიცებულებს, ყველას მისცემს პასუხისგებაში. სხვათა შორის წინასწარ განცხადებაში, რომელიც პროკურომა გააკეთა, თქვა, რომ იკვეთება რუსეთის სამხედროების დანაშაულიც, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მას არც ქართული მხარის დანაშაული გამოურიცხავს. ეს არის სასამართლო, რომელიც ფიზიკურ პირებს აძლევს პასუხისგებაში.

გარწმუნებთ, ძალიან დიდი ალბათობით სამივე მხარის პირები მიეცემიან პასუხისმგებაში. ასეთი სერიზოული გამოძიება ამდენი წლის მერე არ დაიწყებოდა ისე, რომ საფუძველი არ იყოს”, – ამბობს ლია მუხაშავრია.

რეზონანსი“, 29 იანვარი, 2016 წელი

შესაძლებელია ჰააგის სასამართლომ დამნაშავეებად უმაღლესი თანამდებობის პირები ცნოს?

ნინო ქეთელაური

(შემოკლებით)

როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, რომ ჰააგის სასამართლომ დამნაშაავეებად უმაღლესი თანამდებობის პირები ცნოს? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

რეზო მიშველაძე (მწერალი): “ჰააგის სასამართლოს გამომძიებლებს ყველა საშუალება აქვთ იმისა, რომ ეს საუკუნის დანაშაული ობიექტურად გამოიძიონ. მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ, თავისუფალი მწერალი ვარ და ამ საკითხში მიუკერძოებელი კაცი, მაგრამ მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა ნაციონალისტური ხელისუფლებისადმი (ეს დამოკიდებულება ქვეყნისთვის ცნობილია, რომ არის უარყოფითი, მათ დაღუპვის კარამდე მიიყვანეს საქართველო), ჩემი მონაცემებით ომი დაიწყო რუსეთმა.

კარგი იქნება, თუ ჰააგის სასამართლო ობიექტურად განსჯის და არ აღმოჩნდება მისი ნატოელი, ამერიკელი და ევროკავშირელი პატრონების ტყვეობაში, რადგან საღი აზროვნების გამომძიებლები აუცილებლად მივლენ იმ დასკვნადმე, რომ ომი ნამდვილად რუსეთმა დაიწყო, რომ სწორედ მან დაიპყრო ჩვენი ტერიტორიები და დღემდე დაპყრობილი აქვს.

იქ დაღუპული ბიჭების სისხლი და დარბეული მოსახლეობის ცოდვა სწორედ რუსი ჯარისკაცების კისერზეა.”

ქეთი ბექაური (იურისტი): “ჰააგის სასამართლო, ეს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და ისტორიის მიხედვით, მას სწორედ უმაღლესი თანამდებობის პირები ჰყავს გასამართლებული. ჩაუშესკუდან დაწყებული, ძალიან ბევრი სახელმწიფოს ლიდერით დამთავრებული, ის სწორედ უმაღლესი თანამდებობის პირების საქმეებს იძიებს. ეს ისეთი კატეგორიის საქმეებია, რომელიც ეხება ომის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებს, ასევე გენოციდს, მასობრივ არეულობას, წამებებს, მკვლელობებს. რაც შეეხება საქართველოს, მე ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ და ვნახავთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.”

გიგა ნასარიძე  (ა/ო “საქართველო არ იყიდება”): “მე ეჭვი მეპარება, რომ საქართველოს მაშინდელი უმაღლესი თანამდებობის პირებიდან ვინმე დამნაშავედ ცნოს, რადგან ყველასთვის ცნობილია, რაც მოხდა 2008 წელს. რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და არა მგონია ამაში რამე დანაშაული მოუძღოდეს საქართველოს მაშინდელ მთავრობას. როდესაც არსებობს აგრესორი სახელმწიფო, აგრესიის მსხვერპლი ქვეყანა ამ ყველაფერში დამნაშავე ვერ იქნება. იმედია, ყველაფერი გაირკვევა და საბოლოოდ დაესმება სპეკულაციებს წერტილი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხშირად ისმის ხოლმე და საბოლოოდ დაერქმევა ყველაფერს თავისი სახელი, რომ აგრესორი არის აგრესორი და მსხვერპლი არის მსხვერპლი.”

დოდო ხურცილავა  (ხელოვნებათმცოდნე): “სრულიად შესაძლებელია, თუმცა ვფიქრობ, მაინც არ დააპატიმრებენ და ამაში აზრს ვერ ვხედავ. შესაძლებელია, რომ ცნოს დამნაშავედ, მაგრამ მე ვფიქრობ, ამას უფრო მორალური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ის, რომ სასამართლომ ვინმეს დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღოს. ვფიქრობ, ისიც კარგი იქნება, რომ მათ, ვისაც ამაზე უნდა ჰქონდეს რეაქცია, ექნება კიდეც და ვინც დამნაშავეა, ცნობს დამნაშავედ. ამას ჩვენთვის აქვს მორალური მნიშვნელობა.”

რეზონანსი“, 29 იანვარი, 2016 წელი

სირიის მცირე მოდელის საფრთხე საქართველოში

როცა პანკისზე რუსეთის მესამე პირი ალაპარაკდა, ეს ნიშნავს, რომ რუსებს რაღაც აქვთ დაგეგმილი

თაკო მათეშვილი

საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობა თუ საბაბი პანკისში სამხედრო ოპერაციის დასაწყებად – სპეციალისტები მსჯელობენ თუ რა იმალებოდა სერგეი ლავროვის ხმაურიანი განცხადების მიღმა, თითქოს პანკისში ტერორისტული საფრთხეა.

ამბობენ, რომ რუსეთის მესამე პირი ამ ყველაფერს უმიზეზოდ არ იტყოდა და რომ ცხადია, მოსკოვი რაღაცას აპირებს. არ გამორიცხავენ, რომ ლავროვის განცხადება გაზპრომის თემასთანაც იყოს კავშირში და პანკისზე მინიშნებებით ქართულ მხარეს მოლაპარაკებებში გარკვეულ დათმობზბზე წასვლას აიძულებდნენ.

ხსენებული განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორიოდ დღის წინ ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები პანკისის ხეობას წვრთნებისთვის იყენებენ.

“პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ისლამური სახელმწიფოს” წევრები ამ ძნელად მისადგომ ტერიტორიას იყენებენ წვრთნებისთვის, დასვენებისთვის და მომარაგებისთვის”, – განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ სწორედ ხეობაში არსებული ვითარება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაამკაცრა.

პოლიტოლოგები და სამხედრო ექსპერტები ლავროვის განცხადების ქვეტექსტის გაგებას ცდილობენ და ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხს ჯეროვანი ყურადღება უნდა დაუთმოს.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ლავროვმა პანკისზე სირიის კონფლიქტთან მიმართებაში ისაუბრა. ამბობს, რომ როგორც ჩანს, რუსები იქ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას აპირებენ. დაახლოებით ისეთს, რასაც ადგილი 2002-2003 წლებში ჰქონდა.

“მაშინ იქ მართლაც იყო საფრთხე. იქ კონტრტერორისტული სპეცოპერაციაც კი ჩატარდა, რომლის მიზანიც ისლამისტების საქართველოდან განდევნა იყო. თუმცა, როცა საუბარი “ისლამურ სახლემწიფოზეა”, რომელიც საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციაა და ორმაგად საშიში, ჩნდება კითხვა თუ რაში სჭირდებოდა ამ კონტექსტში ლავროვს პანკისის მოხსენიება”, – ამბობს მაისაია.

იგი რუსეთის შიდა პოლიტიკურ ვითარებასაც აანალიზებს და ამბობს, რომ დღეს კადიროვი ყველანაირად ცდილობს ვლადიმერ პუტინს ერთგულება დაუმტკიცოს. ამიტომ, ვარაუდობს, რომ შესაძლოა მან სამხედრო პროვოკაციებსაც კი მიმართოს.

მაგალითად, არ გამორიცხავს, რომ კადიროვის სამხედრო დაჯგუფების გადაცმულმა წევრებმა საქართველოში ინსცენირება გაითამაშონ, ვითომდა აქ მართლაც არიან ტერორისტები და შეიარაღებული შეტაკებებიც კი დადგან. ამით კი რუსეთს საბაბი მიეცეს, რომ სამხედრო შეიარაღება პანკისში “მდგომარეობის დასასტაბილურებლად” გამოიყენოს.

“რუსეთში ახლახანს მიღებული რუსეთის ეროვნული უსაფღხოების კონცეფციისა და მანამდე დამტკიცებული სამხედრო დოქტრინის მიხედვით, რუსეთს უფლება აქვს ახლო სამეზობლოში შეიარაღებული ძალები გამოიყენოს, თუკი ჩათვლის, რომ მათ ეროვნულ ინტერესებს საფრთხე ემუქრება.

“ბუნებრივია, თუკი პანკისში “ისლამური ხალიფატის” წევრებს “აღმოაჩენენ”, ამ უფლებას აუცილებლად გამოიყენებენ. სირიაში დაწყებული სამხედრო იპერაციაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო დოქტრინა აამოქმედა.

“ასე რომ, არაა გამორიცხული სირიის მცირე მოდელი საქართველოშიც გაითამაშონ. მერე კი, სახმელეთო ოპერაციას მიმართავენ თუ საჰაეროს, ეს წმინდა ოპერატიული, ტაქტიკური ამოცანაა. იმედია საქართველოს უშიშროების საბჭო, რომელიც დღეს იკრიბება, ასეთ საფრთხეებსაც გაითვალისწინებს და ყურადღებას გაამახვილებს”, – ამბობს მაისაია.

იგი შესაძლებლად მიიჩნევს იმასაც, რომ პანკისის თემი წამოწევა “გაზპრომთან” წარმოებულ მოლაპარაკებებთან იყოს კავშირში. ამბობს, რომ “გაზპრომი” რუსეთის რბილი ძალაა, პანკისში მოსალოდნელი შესაძლო სცენარები კი – ხისტი.

“როგორც ჩანს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ორივე ძალის გამოყენებას აპირებს. “გაზპრომის” მათთვის არამარტო ენერგოუსაფრთხოების კუთხითაა მნიშვნელოვანი, არამედ გეოპოლიტიკური კუთხითაც.

“ზოგადად, პანკისში რამე საფრთხის არსებობა, რა თქმა უნდა, თითიდან გამოწვეული თემაა. პანკისში ახლა ისეთი სიმშვიდეა, როგორიც რუსეთის ბევრ რეგიონში არაა. თუმცა, ეს განცხადება შემთხვევით გაკეთებული რომ არაა, ფაქტია. ჟირინოვსკის რომ ეთქვეა იგივე, მაშინ საშიში არაფერი იქნებოდა, მაგრამ როცა პანკისში საფრთხის არსებობაზე რუსეთის მესამე პირი ალაპარაკდა, ადამიანი, რომელსაც გამოზომილი საუბრის მანერა აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსებს რაღაც აქვთ დაგეგმილი”, – დასძენს მაისაია.

ლავროვის მიზანი, პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის აზრით უფრო საქართველოს დისკრედიტაციაა, ვიდრე შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისათვის ნიადაგის მომზადება.

მისი თქმით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცდილობს საქართველოს წარმოაჩინოს როგორც ტერორისტების მფარველი ქვეყანა, რომელიც ტერორისტების მომზადებას უწყობს ხელს, ან ტერორისტების წინააღმდეგ უმოქმედობას იჩენს.

ამბობს, რომ ჩრდოლოკავკასიაში ტერაქტები საკმაოდ ხშრია და შესაძლოა რუსეთმა მომავალში ეს ყველაფერი სწორედ საქართველოს დააბრალოს – ვითომ ტერორისტები სწორედ პანკისის ხეობიდან გადადიოდნენ და ა.შ. ამით, ჩიტაძის თქმით, რუსულ საზოგადებაში საქართველოსგან მტრის ხატს შექმნიან.

“დასავლეთში რუსეთის ნაკლებად სჯერათ, მაგრამ რუსული საზოგადოება ამას დაიჯერებს. რუსეთის ხელისუფლება იმასაც ცდილობს, რომ მთელი ის ეკონომიკური პრობლემები, რომელიც ქვეყანას ამ წლის განმავლობაში აქვს, გარე ფაქტორებს გადააბრალოს და ხალხი ამაში დაარწმუნოს.

“შესაბამისად, შეიძლება ამ ყველაფრის მიზეზად მის საზღვრებთან ტერორისტული საფრთხეების არსებობა დაასახელოს. საქართველოს ხელისუფლებას კი ბოევიკების მფარველობაში დაადანაშაულოს. ასე რომ, ეს რუსეთის საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილია. უარეს შემთხვევაში, შესაძლეებელია იქ საჰაერო დაბომბვებიც კი დაიწყოს, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა”, – აღნიშნავს ჩიტაძე.

ჩიტაძე გაზპრომისა და პანკისის თემების ერთმანეთთან კავშირზეც საუბრობს და ამბობს, რომ თუკი საქართველო დათმობებზე არ წავა, შესაძლებელია რუსეთმა თავისი საინფორმაციო პროპაგანდა გააგრძელოს და ეცადოს ყველა დაარწმუნოს იმაში, რომ საქართველო ბოევიკებს მფარველობს.

“არაა გმორიცხული საქართველოს ხელისუფლების მიმართ გარკვეული შანტაჟის ელემენტებიც კი გამოიყენონ და მიანიშნონ, რომ რუსეთი პანკისთან მიმართებაში უმოქმედოდ არ იქნება”, – დასძენს იგი.

Comments are closed