globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 29 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 29th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: დროულია თუ არა ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთება

რეზონანსი: რეალურია თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა? (თვალსაზრისები)

რეზონანსი: უვიზო მიმოსვლის პირველივე საათებში ევროპაში 800 ადამიანი გაემგზავრა

რეზონანსი: ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „რაც უნდა თქვან ევროპელმა ლიდერებმა, ეს არის დასტური, რომ ევროპის კარი ჩვენთვის შეიღო“

რეზონანსი: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ვიზალიბერალიზაცია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპასთან მიმავალ გზაზე“ // „როდესაც რთული სოციალური მდგომარეობაა, სჯობს, დასაქმების პრობლემა მოგვარდეს“

რეზონანსი: ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თბილისის მერობაზე ხელისუფლებას დამოუკიდებელი კანდიდატი შეებრძოლება

—-

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ევროპა საქართველოში უნდა გავხდეთ“ // „მეგონა, რომ ვიზას რუსეთიც გააუქმებდა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „სულ ტყუილად უხარიათ ვიზალიბერალიზაცია“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „ერთ-ერთი მინისტრი კახა კალაძის წინააღმდეგ კომპრომატებს უკვეთავს“ // „კლუბი, სადაც სინთეტიკური ნარკოტიკები იყიდება, მთავრობის წევრს ეკუთვნის“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „ეკონომიკას ეშველება მაშინ, თუ ბიზნესს მეტი თავისუფლება მიეცემა“ // „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებს ნაცმოძრაობა აქეზებს“ // „თბილისი დიდ ზოოპარკს დაემსგავსა“

—-

საქართველო და მსოფლიო: „პლასტილინის კაცი“ // პრეზიდენტი, რომელმაც ქსოვას თავი მიანება და მიზანმიმართულად მავნებლობს

საქართველო და მსოფლიო: საქართველო გლობალური ცვლილებების კონტექსტში

—-

რეზონანსი: გაზის მოხმარება დაგეგმილზე სწრაფად იზრდება // „იქნება პერიოდი, როცა გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით პრობლემა გაჩნდება“

რეზონანსი: რას ითვალისწინებს საგზაო მოძრაობის წესების ახალი კანონპროექტი

——————–

რეზონანსი“, 29 მარტი, 2017 წელი

დროულია თუ არა ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთება

ეკატერინე ბასილაია

ვიზალიბერალიზაცია უკვე გვაქვს, შემდეგი ნაბიჯი და საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის წევრობა, – ამ აზრს ეთანხმება თბილისში ყველა – მთავრობა, ოპოზიცია თუ ანალიტიკოსები, თუმცა “ქართული ოცნების” ხელისუფლება წევრობაზე ოფიციალური განაცხადის შეტანას წელს არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმისთვის ხელს არც არაფერი გვიშლის და არც არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.

მთავრობის არგუმენტი ისაა, რომ უახლოეს წლებში საქართველოს არავინ მიიღებს ევროკავშირში, არც საქართველოა ამისთვის მზად, არც ევროკავშირი და ამიტომ განაცხადი არასერიოზულია.

ანალიტიკოსების ნაწილი ხელისუფლებას ეთანხმება იმაში, რომ განაცხადი არაფერს მოგვცემს, შესაძლოა ისიც, რომ ევროპის ქვეყნებმა ეს ჩვენი მხრიდან გამოწვევად მიიღოს და ამიტომ არ ღირს. ანალიტიკოსების მეორე ნაწილი თვლის, რომ მართალია, დღეს ევროკავშირი მზად არ არის გაფართოებისთვის, მაგრამ განაცხადის გაკეთებით არაფერი შავდება. ასე მოხდა მაგალითად ნატო-სთან დაკავშირებითაც და 2002 წელს, როდესაც საქართველომ ნატო-ს წევრობაზე განაცხადი გააკეთა, არც მომხრე ჰყავდა ვინმე ალიანსის შიგნით და არც არავინ შეჰპირებია გაწევრიანებას, მაგრამ დღეს მომხრეებიც მოიპოვა და ამ გზაზე წინსვლაც აქვს.

გუშინ უვიზოდ ათენში სტუდენტებთან ერთად სიმბოლურად გაემგზავრნენ პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი. თბილისის აეროპორტიდან გამგზავრებამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, თუმცა არ უთქვამს, როდის აპირებს საქართველო ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის წარდგენას.

მინისტრს გასული წლის დეკემბრის ბოლოს მედიასთან 3-წლიანი მუშაობის შედეგის შეჯამებისას აქვს ნათქვამი, რომ “საქართველო ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მაშინ გააკეთებს, როცა ქვეყანა ამისთვის მზად იქნება და შესაბამისი პოლიტიკური კონტექსტიც იქნება მზად, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყოს გასაგები, შესრულებადი და რეალური“. მან მაშინ თქვა ისიც, რომ მთავრობამ მოსახლეობას ცრუ მოლოდინი არ უნდა გაუჩინოს და “არ უნდა ვუთხრათ, რომ ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი“. „2017 წელს მე ვერ დავგეგმავ ევროკავშირში გაწევრიანებას იმიტომ, რომ ეს არარეალურია,” – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ და ამ განცხადებებით ერთგვარი მინიშნებაც გააკეთა, რომ 2017 წელს განაცხადი არ გაკეთდება.

რა გვიშლის ხელს, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შევიტანოთ? – ამაზე ანალიტიკოსების აზრი განსხვავებულია.

ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის გაცხადებით, “განაცხადის გაკეთებას არაფერი არ სჭირდება“. „განაცხადის გაკეთება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ის მზად არის, ევროკავშირის შეთანხმების 49-ე მუხლის მოთხოვნები შეასრულოს და აიღოს ვალდებულებები, სამომავლოდ წევრი სახელმწიფო იყოს. ეს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ქვეყანამ გააკეთოს, შეზღუდვა არ არის. ოფიციალური პოზიციაა, რომ შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ გახსნილი არ არის. მათგან მესმის, რომ ევროკავშირში არ არის ისეთი სიტუაცია, ჩვენ განაცხადი გავაკეთოთ ან არ გვინდა, ევროკავშირს სიურპრიზი მოვუწყოთ,” – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

„მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ თავმჯდომარე გია ნოდია ამბობს, რომ განაცხადზე შეზღუდვა არ არსებობს და ეს ქვეყანას არც არაფერს ავნებს, თუმცა არც რაიმეს მოუტანს – ეს იქნება წმინდა სიმბოლური ნაბიჯი:

„თავისთავად არაფერი არ გვიშლის, ყველას შეუძლია, განაცხადი შეიტანოს. შევიტანთ თუ არა, ეს უფრო ტაქტიკის ამბავია. ასევე შეგვეძლო ან 10 წლის წინ, ან 5 წლის წინაც შეგვეტანა და მაშინაც არაფერი გვიშლიდა ხელს. არანაირი გამოწვევა და რისკი არ იქნება. უბრალოდ წინასწარ ვიცით, რომ დღეს და ხვალ საამისოდ არანაირი მხარდაჭერა არ იქნება და ეს იქნება წმინდად სიმბოლური. იმას, რომ ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანება გვინდა, ჩვენ ვაცხადებთ, წინა მთავრობაც ამბობდა, ახლანდელიც ამას ამბობს, რომ ეს გვინდა, მოსახლეობა მხარს უჭერს, ეს საიდუმლო არ არის,” – აღნიშნავს ნოდია, თუმცა მას არ უკვირს, რომ ხელისუფლება ამ ეტაპზე თავს იკავებს და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ევროკავშირში ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები გვირჩევდნენ, ამ ეტაპზე ეს ნაბიჯი გადავდოთ. ეს მხოლოდ ტაქტიკური გადაწყვეტილებაა, როდის სჯობს ასეთი ფორმალური ნაბიჯის გადადგმა, რადგან არაფორმალურად, დეკლარაციის დონეზე ეს ჩვენ უკვე ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი,” – აცხადებს გია ნოდია.

გია ნოდიას თქმით, 2002 წელს, როდესაც ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი გავაკეთეთ, მაშინაც ამას მაინცდამაინც სერიოზულად არავინ არ განიხილავდა, თუმცა მაშინ ეს განაცხადი იყო ზოგად ორიენტაციაზე, რომ ჩვენ აქეთკენ მივისწრაფვით და ეს ღირებულება გვაქვს. დღეს კი ევროკავშირში განაცხადის სიმბოლური შეტანით არაფერ ახალს სამყაროს არ ვეუბნებით, ამიტომაც შეიძლება დაველოდოთ იმ დროს, როდესაც ევროკავშირში განწყობები შეიცვლება და ახალი წევრების მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამენ.

„ევროპული კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ წევრობაზე განაცხადის გაკეთება ჯერ ნაადრევია, იმიტომ რომ ნამდვილად ვიცით, უარს გვეტყვიან და “კონტექსტიდან ამოვარდნილები ვიქნებით”, პლუს თვლის, რომ ეს “ჩვენს პერსპექტივაზე უარყოფითად იმოქმედებს“. მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულებაში ჩაწერილი არ არის, რომ ევროკავშირი ცნობს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, ანუ, ეთანხმება იმას, რომ ჩვენ შეიძლება როდისმე გავხდეთ ევროკავშირის წევრები. ჯერ ამისთვის არ მიგვიღწევია და ევროკავშირში აპლიკაცია რომ შევიტანოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკომისიას ამ აპლიკაციის განხილვა და შემდეგ უარყოფითი დასკვნის დაწერა მოუწევს. ეს კი დააზიანებს მცდელობას, რომ ამ ეტაპზე ევროპული პერსპექტივა მივიღოთ.

“კონტექსტიდან ამოვარდნილები ვიქნებით. საქართველომ არ ჰკითხოს არავის და ისე გააკეთოს განაცხადი, ეს გამოწვევასაც ჰგავს – აი, მე მინდა და მიმიღე. ამ დროს ჩვენ ევროკავშირთან იმდენად მჭიდრო ურთიერთობები გაქვს, იმდენი კონსულტაციები გვაქვს, ასე მათ დაუკითხავად და მათთან კონსულტაციის გარეშე განაცხადის გაკეთება ნამდვილად არასწორი იქნება. ამ ეტაპზე ეს უფრო ზიანს მოგვიტანს, ვიდრე რაიმე სარგებელს. ამ ეტაპზე ევროკავშირში ამგვარ ნაბიჯს პოზიტიურად არ აღიქვამენ. ეს დამატებითი პრობლემები იქნება და ეს იქნება შედეგი. ჩვენ უნდა დაველოდოთ ხელსაყრელ მომენტს და მანამდე ასოცირების შეთანხმების მაქსიმალურად გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ,” – მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი. მისი თქმით, რამდენ წელში შეგვეძლება განაცხადის შეტანა, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება სიტუაცია. ამბობს, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ბალკანეთის რამდენიმე სახელმწიფოა და როდესაც ეს ქვეყნები გაწევრიანდებიან, შემდეგ შეიძლება, ჩვენი რიგიც მოვიდეს.

„მალე მონტენეგრო გახდება ევროკავშირის წვერი. უკვე კანდიდატი სახელმწიფოები არიან სერბეთი, ალბანეთი, მაკედონია. ბოსნია და კოსოვო ალბათ იქნებიან მომავალი ქვეყნები, რომლებიც ასევე დაიწყებენ მოლაპარაკებებს გაწევრიანებაზე, მაგრამ არ ვიცით, რამდენი ხნის შემდეგ. შესაძლოა, გაწევრიანების კონტექსტში ჩვენი რიგი მოვიდეს მაშინ, როდესაც დასავლეთი ბალკანეთის უკვე კანდიდატი ქვეყნები გაწევრიანებას დაასრულებენ. ალბათ ევროკავშირის გაფართოების შემდგომი მიმართულება იქნება სწორედ საქართველო. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ როგორც კი ბალკანეთის კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანება დამთავრდება, ჩვენი გაწევრიანება დადგეს ევროკავშირის დღის წესრიგში და განაცხადის შემდეგ წევრიც მალე გავხდეთ. მაგალითად ხორვატია 5-6 წელი მოუნდა გაწევრიანებას, სლოვენია – 2-3 წელი. ჩვენზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შევძლებთ გაწევრიანებას. თუ ჩვენ გავხდებით ქვეყანა, რომელიც პროგრესს განიცდის, რეფორმების, დემოკრატიის ხარისხის, სიღარიბის აღმოფხვრის მიმართულებით, ადამიანის უფლებების მიმართულებით, ასევე საკანონმდებლო დაახლოება იქნება ევროკავშირთან, გაწევრიანებასაც მალე შევძლებთ,” – დასძენს კახა გოგოლაშვილი.

რეზონანსი“, 29 მარტი, 2017 წელი

რეალურია თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა?

გვანცა წულაია

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, “ჩვენი ამბიციაა, საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის კი ჩვენ გვჭირდება, რომ ქვეყანა მაქსიმალურად მოემზადოს პრაქტიკული თვალსაზრისით – დანერგოს ევროკავშირის სტანდარტები და მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირს“. ამასთან დაკავშირებით მინისტრმა 6-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა.

რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მინისტრის მიერ გამოთქმული ამბიცია? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

ქეთი ბექაური (იურისტი): თუ ხელისუფლება და საზოგადოება ერთად მოინდომებს, მაშინ რეალური იქნება. უერთმანეთოდ არაფერი არ გამოვა. მზაობა ამისთვის გამოთქმულია. მთავარია, საქართველომ ამ გზიდან არ გადაუხვიოს. შეიძლება კოლოსალური ცვლილებები არ განხორციელდეს, მაგრამ ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ეტაპობრივად შეასრულოს. ამ ერთ წარმატებას მთელი რიგი წარმატებები მოჰყვება.

გიგა ნასარიძე (ა/ო “საქართველო არ იყიდება”): ამ 6 პუნქტის შესრულება, ნორმალური ხელისუფლების პირობებში, სავსებით რეალურია. მით უმეტეს, რომ ევროკავშირი ჩვენკენ ნაბიჯებს თვითონ დგამს. ამ ხელისუფლების მოქმედებებს თუ დავაკვირდებით, ასეთი ნაბიჯები იშვიათად თუ შეიმჩნევა და ისიც ალბათ ძალდატანების შედეგად. ამ ხელისუფლების პირობებში იმედები მიცრუვდება. აღნიშნული 6-პუნქტიანი გეგმა სავსებით რეალურია, თუ ნორმალური ხელისუფლება მოვა.

გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): სათქმელად ძნელია. ვხედავთ, რომ არ არის იოლად გასავლელი გზა. ჩვენ უნდა ვეცადოთ და თუ არ გამოგვივა, ევროპელების ბრალი არ იქნება, ჩვენს საზოგადეობაზეა დამოკიდებული.

თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): რატომაც არა. თუ ხელისუფლება და ხალხი ერთად მოინდომებს, რატომაც არ შესრულდება?! არაფერი შეუსრულებელი და საოცარი არ არის. მით უმეტეს, კურსი ამ მხრივ აღებული გვაქვს. თუმცა ერთი რამაა, ეს ყველაფერი ფურცელზე დეკლარირებული არ დარჩეს და მართლაც შესრულებული იყოს. თუ ხელისუფლება მოინდომებს, რომ ხალხის ნება შესრულდეს და არ აცდეს საქართველოს კონსტიტუციას, რა თქმა უნდა, მაშინ ყველაფერი ჰარმონიული იქნება. ცალკე ეს ყველაფერი არ იარსებებს.

მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): მიმაჩნია, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ არის. ეს უბრალოდ სურვილია. გაისმა ხმები, რომ ჩვენ კიდევ უნდა მივიღოთ არაბების, აზიელებისა და აფრიკელების დევნილი მოსახლეობა, თქვენ წარმოგიდგენიათ ეს რით დამთავრდება? ისინი გადასარევად მრავლდებიან, ჩვენ კი – ძალიან ცუდად. პლუს ევროპაში ბავშვების ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა გვაქვს. ამას ემატება ის, რომ ვიზალიბერალიზაცია, რომლიც ახლა ძალიან მიხარია, ქვეყნიდან ხალხის გაქცევის კიდევ ერთი მშვენიერი საშუალება გახდება. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი რომ შესრულდეს, 50 წლის შემდეგ ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდებიან. ასევე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა საერთოდ არ არსებობს.

რეზონანსი“, 29 მარტი, 2017 წელი

უვიზო მიმოსვლის პირველივე საათებში ევროპაში 800 ადამიანი გაემგზავრა

მარი ჩიტაია

თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი მკვეთრად გაიზარდა. საქართველოდან ევროპის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის ამოქმედების პირველივე დღეს, დაახლოებით, 800 ადამიანი გაემგზავრა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ მგზავრთა რაოდენობა აეროპორტებში გაზრდილია და სამომავლოდ კიდევ უფრო მოიმატებს, რის გამოც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალიც აშენდება.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თბილისიდან ათენში, ვარშავასა და მიუნხენში 300 ადამიანი თბილისიდან გაფრინდა, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, დაახლოებით, 500 ადამიანი ბუდაპეშტის, სალონიკსა და ლარნაკას მიმართულებით გაემგზავრა. საქართველოდან ევროპის ქალაქებში გადაადგილებულ ადამიანთა უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა. აეროპორტების გაერთიანებამ, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების გამო, აეროპორტში მგზავრთა კიდევ ერთი გასასვლელი დაამატა. თბილისი-ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადასაყვანად დაემატა სამგზავრო ავტობუსებიც.

ქუთაისის აეროპორტის მმართველ კომპანიაში აცხადებენ, რომ ევროპის სხვადასხვა ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში ქუთაისიდან ფრენა ევროპის ქვეყნებში რამდენიმე ახალი მიმართულებით დაინიშნოს.

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებით (180 დღის განმავლობაში, საერთო ჯამში, 90 დღით) ჩასვლა უვიზოდ შეუძლიათ. ვიზა საჭირო არ არის ტურისტული, საქმიანი და სტუმრის სტატუსით ვიზიტის დროს. თბილისიდან ევროპაში უვიზოდ პირველი რეისით გაემგზავრნენ სტუდენტები, მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წევრები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. ისინი უკვე ათენში იმყოფებიან, საიდანაც ბრიუსელში გაფრინდებიან.

როგორც აღმოჩნდა, ევროპის მიმართულებით მოგზაურებმა შეცვალეს პრიორიტეტები. ტურისტული სააგენტოპების ინფორმაციით, თუკი აქამდე მეტი განაცხადი ქვეყნების მონახულების მიზნით კეთდებოდა და ძირითადად, ეს ინტერესი იყო, ახლა ხალხი ევროპაში ყველაზე მეტად მეგობრებისა და ნაცნობ-ახლობლების მოსანახულებლად ცდილობს გამგზავრებას.

ტურისტული კომპანია “აი ემ ჯორჯიას” წარმომადგენელი, ნინო ბიბილაშვილი ამბობს, რომ ყველაზე დიდი ინტერესი ამ მხრივ იტალიას, საბერძნეთს, ესპანეთსა და ჩეხეთს უკავშირდება. “მგზავრებს დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე გაუმარტივდათ მოგზაურობა და უფრო კომფორტული გახდა. განაცხადებს თუ გავითვალისწინებთ, დამოკიდებულებები შეიცვალა. აქამდე უფრო მეტად კულტურული ღირშესანიშნაობების გაცნობა იზიდავდათ, მაგრამ ახლა უმეტესობა აფიქსირებს, რომ მეგობრებისა და ახლობლების მოსანახულებლად მოგზაურობენ. წინა წელთან შედარებით, დატვირთული სეზონია”, – განმარტავს ბიბილაშვილი.

ტუროპერატორები მგზავრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ბევრი მოგზაური, შეიძლება, რისკის წინაშე აღმოჩნდეს უკვე აეროპორტში, რადგან ევროპაში მოგზაურთათვის პირობები საკმაოდ მკაცრია.

როგორც წესი, საქართველოს მოქალაქეებმა ევროპაში უვიზოდ მოგზაურობისთვის საზღვარზე უნდა წარადგინონ სამსახურის ცნობა, ნაღდი ან ბარათზე დაფიქსირებული ფული, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევის პოლისი და სხვა. სხვადასხვა კრიტერიუმია, რის გათვალისწინებაც მგზავრებს უწევთ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტებს, უკვე შეუძლიათ ვიზის გარეშე ევროპის 30 ქვეყანაში მოგზაურობა.

რეზონანსი“, 29 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: რაც უნდა თქვან ევროპელმა ლიდერებმა, ეს არის დასტური, რომ ევროპის კარი ჩვენთვის შეიღო

ნინო ქეთელაური

“ევროპაში ზუსტად იციან, ვინც ვართ. ვიზალიბერალიზაცია დავიმსახურეთ – კარგია, მაგრამ მოსამართლეების წარდგენის წესები არ ვიცით – ეს ცუდია,” – აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი “რეზონანსთან” საუბრისას. მისი თქმით, “რაც უნდა თქვან ევროპელმა ლიდერებმა, რომ ვიზალიბერალიზაცია არ ნიშნავს არაფერს გარდა თავისუფალი მიმოსვლისა, ეს არის დასტური, რომ ევროპის კარი ჩვენთვის შეიღო.”

ლევან ბერძენიშვილი: ბუნებრივია, შემდგომი ნაბიჯი უკვე უნდა იყოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამ ხელისუფლებას, მე არ ვიცი, რა გადაწვეტილებები აქვს, მაგრამ თავისი მოღვაწეობა ისე არ უნდა დაასრულოს, რომ განაცხადი არ შევიტანოთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროპა გვიკარნახებს, როდის შევიტანოთ განაცხადი, ისინი ამას არასდროს გააკეთებენ. აქ საჭიროა პროაქტიური პოზიცია, რომელსაც, იმედია, ჩვენს ხელისუფლებაში გამოხატავენ. განაცხადის მერე უამრავი პროცედურაა გასავლელი, მაგრამ თუ ჩვენ ის შევასრულეთ, რაც ასოცირების ხელშეკრულებით გვაკისრია, ისედაც მივუახლოვდებით და იძულებულებიც კი გავხდებით, ეს განცხადი გავაკეთოთ. რაც უნდა თქვან ევროპელმა ლიდერებმა, რომ ვიზალიბერალიზაცია არ ნიშნავს არაფერს გარდა თავისუფალი მიმოსვლისა, ეს არის დასტური, რომ ევროპის კარი ჩვენთვის შეიღო.

- მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეები შენგენის ტერიტორიაზე გავლენ, რამდენად დიდია საფრთხე, რომ იქ მასობრივად დარჩნენ, ამ მხრივ გარკვეული გართულებები ხომ არ არის მოსალოდნელი?

- მე ვფიქრობ, ვიზალიბერალიზაცია ემიგრანტების რიცხვს ვერ გაზრდის, იქიდან გამომდინარე, რომ თავისუფალი მიმოსვლა არ არის გათვალისწინებული ხაგრძლივ გასვლაზე. ეს არის ხანმოკლე ვიზიტებისთვის, შესაბამისად, თუკი ვინმე აპირებს, რომ ამით ისარგებლოს, ქვეყნიდან გავიდეს, უკან არ დაბრუნდეს და კანონი დაარღვიოს, რეპრესიები ჩაირთვება და ჩვენ ემიგრანტების რიცხვის გაზრდას ვერც მოვასწრებთ, რადგან ეს პროცესი შეჩერდება. ამიტომ, მე ვთვლი, ეს საფრთხე რეალური არ არის. ვიზალიბერალიზაციისგან გაცილებით მეტი სიკეთეა მოსალოდნელი, ვიდრე საფრთხე.

- რას ფიქრობთ სტრასბურგში მოსამართლეების გაგზავნისთვის ვადის გახანგრძლივებაზე, რა გახდა ამის მიზეზი?

- ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხში იქცევა გამომწვევად და საკმაოდ სულელურად. მათ უნდათ, რომ ხელები გადაუგრიხონ ევროპას და შესთავაზონ ის კანდიდატი, რომელიც იქ ვერ გავა. ეს უკვე ძალიან სასაცილოა, რადგან, როგორც ჩანს, ვიღაც ისეთია გაჯიუტებული, ვისაც წარმოდგენა არ აქვს პროცედურებზე და ვერ უბედავენ ახსნას. ამ დროს, ჩვენ იქ საკმაოდ ნორმალური მოსამართლე გვყავს და ამით საქართველო არ ზარალდება. ხელისუფლებას უნდა ახალი და უფრო თავისიანი, ამიტომ ცდილობენ რაღაცის თამაშს, მაგრამ ევროპის სასამართლომ თავიდანვე საკმაოდ მკაცრი პოზიცია დაიკავა და არ მისცა საშუალება, ევა გოცირიძისნაირი კანდიდატი სერიოზულად განეხილათ.

- როგორ ფიქრობთ, მომდევნო სამი კანდიდატი რამდენად წარმატებული აღმოჩნდება საიმისოდ, რომ მათ მხარი დაუჭირონ?

- თუ ასეთი არ აღმოჩნდება, ამით კიდევ გაუხანგრძლივდება ვადა იმ მოსამართლეს, რომელიც იქ ახლა არის. ასე რომ, ეს დამოკიდებულია მთლიანად საქართველოს მხარეზე. თუ ისინი ამ თამაშს გაგრძელებენ, დარჩება ისევ ძველი მოსამართლე. თუ სამივე ისეთი წარუდგენიეს, რომელიც ევროპისთვის მიუღებელია, რაც მთავარია, წარუდგინეს ბნელი პროცესით, არა ნათელით (სადაც არასამთავრობოებიც მონაწილეობენ და მათი დასტურიც აქვს კანდიდატებს), არც ახლა ექნებათ დასტური. როგორც ჩანს, არც ახლა აპირებენ ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას, ამიტომ ეს თამაში უპერსპექტივოა.

- თუკი საქართველოდან გაგზავნილ მოსამართლეებს ისევ არ ექნებათ მხარდაჭერა, როგორ აისახება ეს საქართველოს იმიჯზე?

- საქართველოს იმიჯი ევროპაში არის ისეთი, რომ ასეთი ამბავი მასზე გავლენას ვერ მოახდენს. ევროპაში ზუსტად იციან, ვინც ვართ, ვიზალიბერალიზაცია დავიმსახურეთ, კარგია, მაგრამ მოსამართლეების წარდგენის წესები არ ვიცით, ეს ცუდია. პირველ ნაწილში კი, მეორე ნაწილში – არა და ეს ასეც გაგრძელდება. არავინ არაფერს დაგვითმობს. იმიჯი გვაქვს სანდო პარტნიორის, რომელიც რაღაც ნაწილში გაჯიუტდება ხოლმე.

რეზონანსი“, 29 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ვიზალიბერალიზაცია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპასთან მიმავალ გზაზე //როდესაც რთული სოციალური მდგომარეობაა, სჯობს, დასაქმების პრობლემა მოგვარდეს

სალომე სარიშვილი

კონფლიქტოლოგი და პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაცია ევროპასთან მიმავალ გზაზე თავისთავად წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა რამდენად მოიტანს ეს პროცესი ქვეყნისთვის წარმატებასა და ეკონომიკურ წინსვლას, ეს, მისი აზრით, გეოპოლიტიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

ვიზალიბერალიზაციის თემაზე კომენტირებისას პოლიტოლოგმა ამ პროცესის თანმდევი რისკებიც ახსენა და თქვა, რომ ახლა მთავარია გონივრული პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გაატაროს.

“ცხადია, ვიზალიბერალიზაცია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპასთან მიმავალ გზაზე, მაგრამ რამდენად მოიტანს ეს ნაბიჯი ეკონომიკურ წარმატებას, ზრდასრულობას, უკეთესობას და ა.შ., ეს დიდწილად არა მხოლოდ ჩვენზე და ჩვენს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, არამედ – გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც. ამდენად, აქედან შეგვიძლია კარგიც გამოვადნოთ და ვერც ვერაფერი ვერ მივიღოთ,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას მამუკა არეშიძე, რომელსაც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე გავესაუბრეთ.

- ვიზალიბერალიზაციის სიკეთესთან ერთად, ხშირად ისმის კითხვა, რა საფრთხე და რისკი შეიძლება გააჩინოს ამ პროცესმა. თქვენ თუ ვარაუდობთ მიგრანტების მასობრივად გადინების რისკს და თუ არსებობს რაიმე სხვა ტიპის საფრთხე, რასაც ეს პროცესი მოიტანს?

- რასაკვირველია, ასეთი რამ მოხდება, თუნდაც 10-12%-ით მაინც. ის მოქალაქეები, რომლებიც, დავუშვათ, უკრაინაში იმყოფებიან, მოინდომებენ ამ გზით საზღვრის გავლას, მაგრამ ეს გადამწყვეტი უმრავლესობა არ იქნება, რადგან აქამდეც უამრავი მექანიზმი არსებობდა საიმისოდ. ეს ადამიანები სულ ცდილობდნენ, ევროპაში როგორმე მოხვედრილიყვნენ და ხვდებოდნენ კიდევაც. საბერძნეთში დღეს საქართველოს მოქალაქის ან ყოფილ მოქალაქეთა რიცხვი 180 ათასზე მეტია. ამით იმის თქმა მსურს, რომ ამ გზას ისინი ყოველთვის პოულობდნენ, მაგრამ საქმე სხვა რამეშია, თავისთავად ეს საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური დივიდენდია, თუმცა არა – გადამწყვეტი. პოლიტიკურ წარმატებას ვარქმევ იმას, როცა საქართველოს უსაფრთხოება იზრდება, თუმცა ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ ქვეყნის უსაფრთხოება გაიზარდა, ხშირ შემთხვევაში დამატებითი რისკიც კი გაჩნდა.

- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა რისკები გაჩნდა?

- ის, რომ საქართველოს ახლა უამრავი აზიელი მოაწყდება, რომელიც ამ გზით ევროპაში მოხვედრას მოინდომებს. ეს პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გარდა ამისა, რუსეთის გაღიზიანებაც სხვა ხარისხში გადადის, მაგრამ მგლის შიშით ფარა არავის გაუწყვეტიაო – ნათქვამია. მთავარია, ახლა გონივრულად მოვიქცეთ და სწორი პოლიტიკა გავატაროთ, რითაც ამ რისკებს შევამცირებთ.

- ვიდრე საქართველო ვიზალიბერალიზაციას საბოლოოდ მიიღებდა, სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე რუსეთის პრეზიდენტიც საუბრობდა

- თავის დროზე ცხადია, მისი განცხადებები ვიზალიბერალიზაციასთან პარალელში იყო, მაგრამ ახლა რუსეთს ამ საკითხისთვის არ სცხელა, ცალკე პრობლემები გაუჩნდა, რომელიც ერდოღანისა და ტრამპის პოლიტიკას უკავშირდება.

- რაკიღა რუსეთი ვახსენეთ, საინტერესოა, როგორ აფასებთ ორი დღის წინ რუსეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართულ აქციებს, რაც იდეაში ქვეყანაში არსებული კორუფციის წინააღმდეგ იყო მიმართული და სადაც 1000-მდე აქტივისტი დააკავეს. რას გვეტყვით, რა გაგრძელება შეიძლება ამ პროცესს მოჰყვეს?

- მიუხედავად იმისა, რომ აქციებმა საკმაოდ დიდი ტერიტორია მოიცვა და პრაქტიკულად, მთელ ქვეყანაში ჩატარდა, ეს პროცესი არაფერში არ გადაიზრდება. ამ აქციებს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ახლდა თან – მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციული აქციები იყო, იქ შერჩეული იყო კონკრეტული მისამართი და ესაა პრემიერი მედვედევი, ამიტომ გამიჩნდა ეჭვი, რომ აქციის მონაწილეები ვიღაცასთან მოლაპარაკებაში იყვნენ, რადგან აქცენტი იმ ოლიგარქიულ, კლანურ მართვაზე არ გაკეთებულიყო, რაც რუსეთშია. ამასთან, არ იყო ნახსენები პრეზიდენტი პუტინი და ის ოლიგარქები, რომლებიც ამ ქვეყანას სისხლს წოვენ. ეს ერთი კონკრეტული პირის მისამართით გაკეთებული აქცია იყო და ძირითადი დარტყმაც პრემიერზე გაკეთდა. მართალია, აქა-იქ სხვებიც იყვნენ ნახსენები, მაგრამ მთავარი აქცენტი დიმიტრი მედვედევი გახლდათ, სლოგანებიც ამას აჩვენებდა.

- ამბობთ, რომ აქციის მონაწილეები ვიღაცასთან მოლაპარაკებაში იყვნენ. კერძოდ ვის ინტერესში შეიძლება, ეს პროცესი ყოფილიყო?

- ალექსი ნავალნი საკმაოდ ორაზროვანი ფიგურაა, იგი რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. მოსკოვურ ბომონდს რომ მოვუსმინოთ, მისი კავშირები სახელისუფლებო წრეების ზოგიერთ წარმომადგენელთან იკვეთება. ძალიან საინტერესოდ დაემთხვა აქციის შემდგომი მოვლენები, როცა პრემიერი და პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდნენ, სადაც პუტინმა მედვედევს საკმაოდ მწარე შენიშვნები ღიად, ტელეკამერების წინ მისცა, თანაც ისეთ საკითხებზე, რაც წლებია, ყველამ იცის და ვითომ ახლა გაახსენდათ.

თავისთავად კარგია ის, რომ აქციაში მონაწილე გადამწყვეტი უმრავლესობა მასში პოლიტიკური თამაშის გარეშე მონაწილეობდა და თავისი გულისწყრომა გამოხატა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ახალგაზრდების სიმრავლე, რომელთაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს. ეს ნამდვილად პოზიტივი იყო. კარგია, რომ ცნობიერებაში დარჩა ეს მომენტი – ის, რომ ხალხს კონსოლიდაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუძლია.

- საშინაო პოლიტიკაზეც რომ გადმოვინაცვლოთ, პრემიერის ინიციატივაზე რას გვეტყვით, რომელიც კრწანისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობას მოიაზრებს?

- ამ წინადადებას რამდენიმე შეფასება შეიძლება მივცეთ. პირველი – ქვეყანაში, სადაც ბევრი სოციალური პრობლემაა და ეკონომიკა არასახარბიელო მდგომარეობაშია, ვარჩევდი, რომ ამ თანხებით ინდუსტრიალიზაციის პროცესი დაწყებულიყო. გარდა ამისა, უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, მთელი მთავრობის ერთად ყოფნა სწორად არ მიმაჩნია. თუ ამ ქალაქში უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები განთავსდება, ხოლო დანარჩენი სხვაგან, ასე კიდევ შეიძლება.

- თქვენი აზრით, უსაფრთხოების კუთხით რა პრობლემებს შეიძლება წავაწყდეთ?

- იმას, რომ თუ ვიღაცას დასჭირდა, შესაძლოა მოხდეს ბლოკირება. მაინც წინასწარ უნდა განისაზღვროს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა სამინისტრო ერთად არ უნდა განთავსდეს.

- ამ ინიციატივას საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. ზოგიერთ შემთხვევაში ისიც ითქვა, რომქართული ოცნებაწინა ხელისუფლებას სწორედაც რომ ზედმეტი ხარჯებისა და სამთავრობო სტრუქტურების მშენებლობის გამო აკრიტიკებდა, რასაც ახლა თავად აკეთებს. თქვენ რას ფიქრობთ?

- შეიძლება ესეც იყოს გაღიზიანების საფუძველი, თუმცა ეს ჩემი აზრი არ გახლავთ. წინა ხელისუფლებას ამის გამო არ ვაკრიტიკებდი, არამედ ვაკრიტიკებდი იმის გამო, რომ პარლამენტის შენობა კერძო ინვესტორს მიჰყიდა, რომელსაც იქ კომერციული დაწესებულება უნდა განეთავსებინა. ვამბობდი კიდეც, რომ იქ შეიძლება დავუშვათ ხელნაწერთა მუზეუმის განთავსება და საერთოდაც, ასე მთელი რუსთაველი სამუზეუმო სივრცის ჰაბი იქნებოდა. სხვა მხრივ, წინა ხელისუფლებას არ ვაკრიტიკებდი. ამ იდეის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა მივიჩნევ, რომ ჯერ ეს ნაადრევია. როდესაც ასეთი სოციალური მდგომარეობაა, სჯობს, ის პრობლემა და დაპირება მოგვარებულიყო, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას გულისხმობს. თუმცა ხაზგასმით ვამბობ, რომ იდეის წინააღმდეგი არ ვარ.

- გასული კვირიდან მოყოლებული, სამთავრობო გუნდსა და ოპოზიციაში მსჯელობის მთავარი საგანი პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის გამწვავებული ურთიერთობაა, რომელიც მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებს უკავშირდება. ამ პროცესს პრეზიდენტის მიერ წამოწყებული კამპანიაცკონსტიტუცია ყველასიამოჰყვა, რის გამოც ის მმართველ გუნდში მწვავედ გააკრიტიკეს. თქვენ როგორ აფასებთ მთელ ამ პროცესს?

- გიორგი მარგველაშვილი პიროვნულად ეპატაჟური არაა, ამიტომ მგონია, რომ ამის გამო ქუჩაში არ გამოვარდება. თუმცა, სხვა მხრივ ვფიქრობ, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის ურთიერთობა უკვე გამწვავებულია. მართალი გითხრათ, ეს საზოგადოებისთვის უკვე მომაბეზრებელიც კია. მაგალითად, იგივე პრეზიდენტის უფლებამოსილების შესაძლო შეკვეცა, ამ საკითხზე გულგრილი ვარ.

ვფიქრობ, რომ მას ან უნდა ჰქონდეს ისეთი უფლებები, როგორიც საფრანგეთის პრეზიდენტს აქვს, ან ისეთი, როგორიც ავსტრიისას, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში არავინ არ ცნობს და ის წარმომადგენლობითი პერსონაა. შუალედური უფლებები არ გამოდის. მსურს, ერთ საკითხსაც გავუსვა ხაზი, რომელიც პოლიტიკურ წრეებს შორის ვაჭრობის საგანია, ეს გახლავთ მაჟორიტარების არჩევის საკითხი. ვფიქრობ, რომ საქართველოში ახალი საარჩევნო სისტემა უნდა მოისინჯოს, რომელიც მთლიანად პროპორციულ სისტემას გულისხმობს. იმდენად სამარცხვინო იყო წლევანდელი არჩევნები, ვგულისხმობ ყველა პარტიას, რომ ამის ხილვა საქართველოში მომავალში ნამდვილად აღარ მსურს.

სხვათა შორის, აფხაზები არაფერს კარგს ჩვენგან არ იღებენ და მაინცდამაინც ეს ცუდი გადაიღეს, როცა მეორე ტურის არჩევნები დანარჩენ საქართველოში ჩატარებული არჩევნების ალი-კვალი იყო.

- საპარლამენტო რესპუბლიკის იდეას როგორ უყურებთ?

- აქ კატეგორიული ვერ ვიქნები, რადგან ამ მოდელს თავისი პლუსებიც აქვს და მინუსებიც. ეს გახლავთ ფართო მსჯელობის საგანი, ამიტომ საზოგადოების მხრიდან დამატებითი არგუმენტების მოსმენა მსურს. საქმე ისაა, რომ აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია – რამდენად მომწიფდა ქართული საზოგადოება ამა თუ იმ გადაწყვეტილების მისაღებად? ეს უფრო მაინტერესებს, ვიდრე არასაპარლამენტო თუ საპარლამენტო ფორმატი, ეს ფართო საზოგადოებრივ დებატებში გამოიკვეთება. არა ისეთ დებატებში, სადაც ყველა თავის პოზიციას იცავს, არამედ ისეთში, რაც ქვეყნისთვის მართლაც პროდუქტიული იქნება.

- ამასობაში ექსპერტულ წრეებში გაჩნდა იდეა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს და ხალხმა საკუთარი აზრი გამოხატოს. თქვენ იზიარებთ ამ იდეას?

- აბსოლუტურად არ ვიზიარებ ამ იდეას. რა რეფერენდუმი და რის რეფერენდუმი? – ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აზრზე არაა, რა განსხვავებაა ამ ორ ცნებას შორის, სამწუხაროდ, ეს ასეა. როდესაც პოლიტიკურ სიმწიფეზე ვლაპარაკობ, ვსაუბრობ საზოგადოების ერთი ნაწილის სიმწიფეზე, რომელიც, როგორც წესი, ამინდს ქმნის. წარმოვიდგინოთ, რომ, მაგალითად, ქვემო ქართლში ან რომელიმე სხვა რეგიონში რეფერენდუმი ჩატარდა, პირდაპირ სასაცილოა. თუ ვინმეს ფულის ხარჯვა სურს, მაშინ თქვას.

- დაბოლოს, სკანდალურციანიდის საქმეზეცმინდა გკითხოთ. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბრალდებული დეკანოზი პატიმრობაში დატოვა, რასაც დაცვის მხარე პროცესის გაჭიანურებად აფასებს. თქვენ თუ გრჩებათ ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვები, როგორ ფიქრობთ, რამდენად თანმიმდევრულია გამოძიების პროცესი?

- კითხვები არა მხოლოდ გამოძიებასთან მაქვს, არამედ მაქვს ყველასთან, ვინც ამ პროცესშია ჩართული, იქნება ეს მამალაძის მხარე, მოწინააღმდეგე მხარე, საპატრიარქოს დაჯგუფებები, პოლიტიკური და ჟურნალისტური წრეები, რომელთაც აქედან არაჯანსაღი აჟიოტაჟი შექმნეს თუ სხვა. რასაკვირველია, უმძიმესი ამბავი მოხდა, მაგრამ ასეთი პოლიტიკური ელფერის ყველაფრისთვის მიცემა არ შეიძლება.

რაც შეეხება თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს, ვფიქრობ, გამოძიება გარკვეულ კალაპოტში მოექცა, თუმცა ისიცაა, რომ ვნებათაღელვა ჩაცხრა და სხვა ამბებმა ეს საქმე გადაფარა, თორემ თავიდან ყველა მხარიდან დიდი ქაოსი იყო. ჩვეულებრივ ტელევიზორს მიჩერებული მოქალაქე ნამდვილად ვერ გაიგებდა, რაში იყო საქმე.

რეზონანსი“, 29 მარტი, 2017 წელი

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თბილისის მერობაზე ხელისუფლებას დამოუკიდებელი კანდიდატი შეებრძოლება

თიკო ოსმანოვა

თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვით ადრე უკვე გამოიკვეთა გარკვეული კონტურები, თუ ვინ იბრძოლებს თბილისში პირველობისთვის. როგორც ამ ეტაპზე ჩანს, მთავარი ბრძოლა სახელისუფლებლო და დამოუკიდებელ კანდიდატს შორის შედგება. “ნაციონალური მოძრაობის” შანსები, პოლიტოლოგთა აზრით, ამ არჩევნებზე მკეთრად შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნები 2017 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. პოლიტიკურ ძალებს ჯერ საკუთარი კანდიდატები არ დაუსახელებიათ, თუმცა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატი შესაძლოა, ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გახდეს. როგორც “რეზონანსთვისაა” ცნობილი, ამაზე “ოცნებაში” უკვე შეთანხმებული არიან და ახლა თავად კალაძის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

რაც შეეხება მის მეტოქეებს – ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, “რესპუბლიკელებმა”, “თავისუფალმა დემოკრატებმა” და შეიძლება მათ სხვებიც შეუერთდნენ, შესაძლოა, დაასახელონ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. ასევე საკუთარ კანდიდატებს წარადგენს პარლამენტში შესული და მოძლიერებული “პატრიოტთა ალიანსიც” და ორად დაშლილი “ნაციონალური მოძრაობაც”. “ნაციონალები” დიდი ალბათობით ნიკა მელიას დაასახელებენ.

“ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, რომ განიხილება რამდენიმე ფიგურა, რომლებიც თბილისის საქმეებში ძალიან აქტიური არიან. დიდი ალბათობით შესაძლებელია, გიგი უგულავა არ დასახელდეს თბილისის მერობის კანდიდატად და არჩევანი ელენე ხოშტარიაზე გაკეთდეს.

კახა კალაძე რომ მერობის კანდიდატობისთვის ემზადება, ამაზე საუბრობს თბილისის საკრებულოს “რესპუბლიკელი” დეპუტატი ხათუნა სამნიძე, რომლის თქმითაც, ბოლო დროს კალაძის ვიზიტები დედაქალაქის საკრებულოში გახშირდა და მას თან ახლავს პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე.

თავის კანდიდატზე ჯერ არ უმსჯელიათ “დემოკრატიულ მოძრაობაში”, თუმცა როგორც პარტიის წევრმა გიორგი ახვლედიანმა გვითხრა, “რეალურად ძალიან ძლიერ კანდიდატს” დაასახელებენ. “ჯერჯერობით ამ საკითხზე არ გვისმჯელია. როცა დავიწყებთ წინასაარჩევნო კამპანიას, მერე მერობის კანდიდატზეც შევჯერდებით. “დემოკრატიული მოძრაობა” საკმაოდ მყარი პოლიტიკური ორგანიზაცია იმისათვის, რომ რეალურად ძალიან ძლიერი კანდიდატურა წამოაყენოს,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას, გიორგი ახვლედიანი.

პოლიტოლოგთა ნაწილის აზრით, ამ ეტაპზე არსებული სურათით ირკვევა, რომ ოქტომბერში მთავარი ორთაბრძოლა სახელისუფლებლო და დამოუკიდებელ კანდიდატს შორის გაიმართება.

“ცხარე ბრძოლა იქნება ყველა თანამდებობაზე, თბილისის მერობაზე კი – ყველაზე მეტად. ნარმანიას ხელში ცოტათი დეპოლიტიზაცია მოხდა ამ თანამდებობისა. ის პოლიტიკური წონა, რაც თბილისის მერს აქვს, ცოტა დაიკარგა, მაგრამ გვახსოვს ისეთი შემთხვევებიც, იმავე გიგი უგულავას მერობისას, როდესაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თბილისის მერი წამყვან როლს თამაშობდა. თუ ოპოზიციური ფრთიდან ელისაშვილის კანდიდატურა დასახელდება, ეს მეტ ინტრიგას შესძენს არჩევნებს. ის საინტერესო ფიგურაა. ქალაქის ინტერესების სახელით ის ხშირადაც დაუპირისპირდება ცენტრალურ ხელისუფლებას. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ელისაშვილი ქალაქის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული, ვიდრე ზოგად პოლიტიკურ ინტერესებზე. ამდენად, ვერ ვიტყვი, რომელი ვარიანტი უფრო საინტერესოა თავად ქალაქისთვის – კალაძის მაგვარი მერი, რომელიც წამყვან როლს თამაშობს ძირითად პოლიტიკურ პროცესში, თუ ელისაშვილის მაგვარი მერი, რომელიც მხოლოდ ქალაქზეა ორიენტირებული. საინტერესოა, ქართულ ელექტორატს რაზე ექნება ორიენტაცია.

რაც შეეხება გამარჯვების შანსებს, მაინც სავარაუდოა, რომ რამდენი პოლიტიკური პარტიაც არ უნდა იყოს, გამარჯვება პარტიების რეიტინგსა და გავლენაზე იქნება დამოკიდებული და “ქართულ ოცნებას” პირველივე ტურში გამარჯვება არ გაუჭირდება,” – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, თბილისში მეორე ტური გარდაუვალია. თუმცა ვისა და ვის შორის, ამაზე უჭირს პროგნოზის გაკეთება.

„მერიის არჩევნებზე ვფიქრობ, რომ აუცილებლად იქნება მორე ტური. მეორე ტურში აუცილებლად გავა ხელისუფლების კანდიდატი. რაც შეეხება ოპოზიციას, ალეკოს გარდა არ ვიცი, ვინ არის და ვინ იყრის კენჭს, ამიტომ ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი პერსონალიებზე. როცა დასახელდებიან კანდიდატები, მერე გავარკვევთ, ვის რა შანსი აქვთ. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნება და მეორე ტურში ერთ-ერთი კანდიდატი იქნება ხელისუფლებისა. ნიკა მელიას მაინცდამაინც არა მგონია, რომ დიდი შანსი ჰქონდეს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაიყო “ნაციონალური მოძრაობა” და უგულავა და მთელი მისი გუნდი აღმოჩნდა “ევროპულ საქართველოში”. ამიტომ თბილისის “ნაციონალური მოძრაობის” ძირითადი ნაწილი გადასულია “ევროპულ საქართველოში”. ასე რომ, რაც მელიამ გამოიყენა წინა არჩევნების დროს, ახლა უკვე ამ მექანიზმებს ვეღარ გამიყენებს. “ნაციონალების” კანდიდატს არჩევნების გამარჯვების ძალიან პატარა შანსი აქვს,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

——————-

„ახალი თაობა“, 29 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ევროპა საქართველოში უნდა გავხდეთ“ // „მეგონა, რომ ვიზას რუსეთიც გააუქმებდა

„ჯიპა“-ს პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თორნიკე შარაშენიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.

- ბატონო თორნიკე, ოფიციალურად ძალაში შევიდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან უვიზოდ მიმოსვლა. რამდენად არის ვიზალიბერალიზაცია მართლაც ისტორიული მნიშვნელობის და საზოგადოებისთვის მონაპოვარი?

- ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის ძალიან დიდია. კიდევ ერთი პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს ამ ყველაფერს: თუ ვინმე ფიქრობს საქართველოში, რომ ევროპაში ცუდი და გარყვნილი ხალხი ცხოვრობს, ჩავა და საკუთარი თვალით ნახავს, დარწმუნდება, რომ ეს ასე არ არის. დარწმუნდება, რომ ევროპა არ არის ცუდი. ადამიანები საკუთარი თვალით ნახავენ, რეალურად რა ხდება ევროპის ქალაქებში, როგორ ცხოვრობენ ადამიანები, როგორია მათი დამოკიდებულება თუნდაც საკუთარი ქალაქის მიმართ, ერთმანეთის მიმართ. ფანატიზმისა და უვიცობის ყველაზე დიდი „მტერი“ მოგზაურობაა. ამდენად, ხალხს მოგზაურობის შესაძლებლობა მიეცა, რაც კარგია.

- შეჩერების მექანიზმზეც მინდა გკითხოთ, რამდენად მკაცრი შეიძლება იყოს ევროკავშირი ვადების დარღვევის შემთხვევაში?

- რა თქმა უნდა, მკაცრი იქნება. საქართველოს მოქალაქეებს მართებთ გაწერილი ვადების ზედმიწევნით დაცვა. თუმცა, არ მგონია, რომ იმდენი ფინანსური შესაძლებლობები ჰქონდეთ, რომ ეს ვადები დაარღვიონ და დარჩნენ.

- წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციები დაგვეკისრება და შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება?

- რა თქმა უნდა, ასეა. თუ ჩვენი მოქალაქეები ამ მიმართულებით „ივაჟკაცებენ“, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ეს მოხდეს.

- თუმცა, არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ ჯერ არ გამოყენებულა შეჩერების მექანიზმი...

- და რამდენ ქვეყანას აქვს უვიზო რეჟიმი, რომ შეჩერების მექანიზმი ამოქმედებულიყო?!

- შემდეგი უკრაინა იქნება. საუბარია, რომ ზაფხულში სწორედ უკრაინა მიიღებს ვიზალიბერალიზაციას...

- ვნახოთ.

- რატომ, შეიძლება ვერ მიიღოს?

- საქართველო პატარა ქვეყანაა და ამ მიმართულებით ევროკავშირის მხრიდან ნაბიჯის გადადგმა ბევრად უფრო მარტივი იყო. რაც შეეხება უკრაინას, ვნახოთ, დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო ძალიან ცუდი გარემოება, რომელიც ქართველი კრიმინალების თავის გამოჩენას უკავშირდება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. იმედი მაქვს, ამ მიმართულებით კიდევ უფრო არ გართულდება ვითარება.

- გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუში ქართველი კრიმინალების გააქტიურებაზე ისაუბრა...

- ეს ძალიან სამწუხაროა. თუმცა კრიმინალი ყველა ქვეყანაში პრობლემაა და ეს არ არის ნაციონალური პრობლემა, რომელიც მხოლოდ რომელიმე ერთი ქვეყნისთვის იქნებოდა დამახასიათებელი.

- თავშესაფრის მაძიებლების რიცხვი შესაძლებელია გაიზარდოს? რამდენად შეუწყობს ხელს უვიზოდ მიმოსვლა ამ ადამიანებს?

- არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ ყველამ ყველაფერი კარგად იცის. სულელი არავინ არ არის. ვის დევნიან საქართველოში, რომ თავშესაფარი მისცენ ან ვინ უნდა მოითხოვოს თავშესაფარი?! ასე არ ხდება. მადლობა ღმერთს, ქვეყანაში პოლიტიკური დევნილები არ გვყავს. ერთი-ორი საკამათო ქეისი არის, ერთი-ორი პოლიტიკოსი ზის ციხეში. დანარჩენი არ ვიცი, ამიტომ არ მგონია, რომ ამ მიმართულებით ვინმეს რამე გამოუვიდეს და ვინმეს თავშესაფარი მისცენ ევროპაში.

- შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს თუ არა განაცხადი წევრობაზე, თუ ეს ჯერ ნაადრევია?

- ჯერ ადრეა. თუმცა, არაფერი უდგას წინ, არავინ გვიშლის ხელს, რომ დავიწყოთ შემდგომი ჰარმონიზაცია კანონმდებლობის, რომ ჩვენი კანონმდებლობა სრულად მოვარგოთ ევროკავშირის სტანდარტებს. ბევრი უნდა ვიმუშავოთ შიგნით, რომ აქ, ადგილზე გავხდეთ ევროპა. ახლა ევროკავშირი ძალიან ფრთხილობს, ამიტომ, ჯერ არ უნდა შევაწუხოთ, არ უნდა ავტეხოთ ერთი ამბავი, მაგრამ უნდა დავიწყოთ თვისობრივად დაახლოების პროცესი, რომ შიგნით ყველაფერი მართლაც ევროპული იყოს, კანონმდებლობით დაწყებული და ყველაზე მარტივი რეგულაციებით დასრულებული.

- ამ გზაზე ყველაზე დიდი დაბრკოლება რა იქნება?

- ეკონომიკა, ეკონომიკის განვითარება. თუმცა, სხვა მხრივ მაინც განვვითარდეთ. სხვა მხრივ განვითარებას, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას რა უდგას წინ?!

- ოკუპირებულ ტერიტორიებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის რამდენად იქნება ვიზალიბერალიზაცია მომხიბლავი? რამდენად შემოუბრუნდებათ მათ გული საქართველოსკენ?

- მე, პირადად, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ეს ნაკლებად მადარდებს. იმდენი ჟესტი და რევერანსები იყო ჩვენი მხრიდან, განსაკუთრებით აფხაზების მისამართით, რომ კიდევ ვეხვეწოთ, ახლა ევროპაში იმოგზაურონ, ეს მათი გადასაწყვეტია, ეს მათი პრობლემაა. მარტივად ვუყურებ – არ უნდათ, ნუ უნდათ. პირდაპირ ვამბობ: არჩევანი აქვთ და თუ უნდათ, გამოიყენონ ეს არჩევანი. ჩვენ უნდა მივხედოთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს მოქალაქეებად თვლიან თავს.

- მაგრამ თუ ეს გზა ტერიტორიების დაბრუნებაზე გადის? ლოიალური განწყობების შესაქმნელად არ უნდა გამოვიყენოთ?

- კი, გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ თუ არ უნდათ?! თუ ვერ ხედავენ ამ ყველაფერს?! როგორც ჩანს, უმრავლესობას, რომელსაც რუსული ტელევიზიების პროპაგანდით აქვს ტვინი გამორეცხილი, არ უნდა.

- რუსეთის თვალში რამდენად იქნება გამაღიზიანებელი ფაქტორი ვიზალიბერალიზაცია?

- თითქოს იქმნება შთაბეჭდილება, რომ გამორჩათ ან სრულ იგნორირებას აქვს ადგილი. სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ ევროკავშირის ამ ნაბიჯს რუსეთის ნაბიჯიც მოჰყვებოდა და გააუქმებდა ვიზას.

- რატომ ხდება იგნორირება, როგორ ფიქრობთ?

- ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, თუ რამდენად არის ჩაკეტილი რუსული პოლიტიკური სისტემა და რამდენად არის მოუქნელი და ტლანქი. შეიძლება დავფიქრდეთ იმაზეც, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა არც ისეთი სისტემურია და ჭკვიანური, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ფაქტია, რომ ინერტულია და ჩარჩენილია წარსულის კლიშეებში.

„ახალი თაობა“, 29 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „სულ ტყუილად უხარიათ ვიზალიბერალიზაცია

ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობას „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აფასებს.

- ბატონო ჯონდი, რას იტყვით ვიზალიბერალიზაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე?

- ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, ევროპის ქვეყნებში თავისუფლად და ვიზის გარეშე ჩავიდნენ, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, მაგრამ ეს არ არის სამუშაო ვიზა და ეს არ არის სასწავლო ვიზა, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველებს, ლეგალურად და ღირსეულად მოიპოვონ სამუშაო ადგილი და მიიღონ სწავლა-განათლება. ეს არის, უბრალოდ, სამოგზაურო ვიზა, რომელიც გაძლევთ საშუალებას, ჩახვიდეთ და დაათვალიეროთ ევროპის ქალაქები. ვისაც იმის საშუალება აქვს, რომ ერთი-ორი კვირით ჩავიდეს რომსა თუ პარიზში და იქ გაერთოს, ის ისედაც დადიოდა. სწორედ ამ კატეგორიის ხალხისთვის გამარტივდა მიმოსვლა და ეს ჩვენი მოსახლეობის მხოლოდ 1 ან 2%-ია. ამიტომ მე ამ ვიზალიბერალიზაციით ასე აღფრთოვანებული არ ვიქნები.

ჩვენი პოლიტიკოსებისა და მთავრობის წევრების სახეზე ნაძალადევ ღიმილს ვამჩნევ. როდესაც საუბრობ ვიზალიბერალიზაციაზე, მონის აღფრთოვანებული ღიმილი სახეზე აუცილებლად უნდა გედოს.

- ანუ ვიზალიბერალიზაციაში დადებით მხარეებს ვერ ხედავთ?

- ამით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის არ გახსნილა შრომითი ბაზარი, რომელიც საშუალებს მისცემდა ქართველებს, იქ ლეგალურად ემუშავათ. ღარიბ ქართველსაც მარტივად შეეძლება საზღვრის გადაკვეთა, ვინც სამუშაოდ ფიქრობს წასვლას, თუმცა ეს კატეგორია იქ ისევ არალეგალი და უუფლებო იქნება, უნდა იმუშაონ ძალიან მძიმე სამუშაოზე, კაპიკების სანაცვლოდ, რადგან მათ სამუშაო ვიზები არ ექნებათ. აი, ასეთია ევროპის უსამართლო, არათანაბარი, დისკრიმინაციული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ზუსტად იგივე იყო, როცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდა.

- რა იყო იგივე?

- იქაც არათანაბარი, უსამართლო, საქართველოსთვის დისკრიმინაციული პირობებით გაფორმდა, იმიტომ, რომ ნებისმიერ ევროპულ პროდუქციას მიეცა საშუალება, საქართველოს ბაზარზე ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით შემოვიდეს. ქართულ პროდუქციას ამის საშუალება არ მიეცა. მთავრობამ კი ეს არ უთხრა ხალხს, მოატყუა ჩვენი მოსახლეობა. ქართულ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე შესასვლელად ბაზარზე შესვლის მოსაკრებელი დაუწესდა, რაც ქართულ პროდუქციას ევროპულ პროდუქციასთან არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. გარდა ამისა, ევროპულ ბაზარზე ისეთი პროდუქტების შეტანის შეზღუდვები დაწესდა, რომლის წარმოებაშიც საქართველო ლიდერია.

- კერძოდ?

- მაგალითად, ყურძნისგან დამზადებული ღვინომასალები, წვენები და ასე შემდეგ. სამაგიეროდ, შეზღუდვა არ დაწესდა საქართველოში წარმოებულ ანანასზე, ბანანზე, რაც ცოტა ცინიზმის მაჩვენებელია, რადგან საქართველოში ეს პროდუქტები არ იწარმოება.

- პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაცია მნიშვნელოვანი ბიძგია წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ცვლილებებისთვის. თქვენ არ იზიარებთ ამ პოზიციებს?

- ზუსტად ასეთი ბედნიერი სახეები ჰქონდათ, როცა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ კინტაურის ფონზე, მაგრამ რიგითი ქართველის ცხოვრებაში მას შემდეგ რამე შეიცვალა?! გადით ქუჩაში და ჰკითხეთ ხალხს, მათთვის რამე შეიცვალა?! რაღაც ილუზიებით კვებავენ ხალხს, ნახეთ, როგორი ბედნიერები ვართ, რამხელა სიხარული გვეწვია, დიდმა ევროპამ კარი გაგვიღო!

- ბატონო ჯონდი, ანუ თქვენ არ ხართ ისეთი აღფრთოვანებული, როგორიც დანარჩენი პოლიტელიტა?

- მე მაქვს ზომიერი დამოკიდებულება და მინდა, სხვებსაც ჰქონდეთ ღირსეული და ზომიერი დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ. ცუდი არ არის, რომ მდიდარი ქართველები უფრო მარტივი პროცედურებით გაერთობიან ევროპულ კლუბებსა და ბარებში. არც ის არის ცუდი, რომ სამუშაოს საძებნელად წასული ღარიბი ქართველი საზღვარს მარტივად გადაკვეთს. ნუ ცდილობენ ჩვენი საზოგადოების მოტყუებას, თითქოს დიდი ბედნიერება გვეწვია და ცა გაიხსნა. თურმე ევროპის კარის გაღება ცის გახსნას ნიშნავს.

- თქვენ ამბობთ, რომ სამუშაოს საძებნელად წასული საზღვარს მარტივად გადაკვეთს, მაგრამ სერიოზული სანქციებია დაწესებული 90-დღიანი ვადის დარღვევისთვის...

- ამ სანქციებმა კიდევ უფრო დაამძიმა არალეგალურად მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობა. აქამდე მათ სანქციები არ ემუქრებოდათ. მთავრობას არც ამ ხალხის ბედზე უფიქრია.

„ახალი თაობა“, 29 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „ერთ-ერთი მინისტრი კახა კალაძის წინააღმდეგ კომპრომატებს უკვეთავს“ // „კლუბი, სადაც სინთეტიკური ნარკოტიკები იყიდება, მთავრობის წევრს ეკუთვნის

როგორ ებრძვიან მთავრობის წევრები ერთმანეთს, ვინ მოიშორა ღარიბაშვილი, რომელი მინისტრები მოხვდნენ შავ სიაში, რაზე უნდა აგოს პასუხი ბიძინა ივანიშვილმა? ამ თემებზე „ახალ თაობას“ პარტია „ეროვნულების“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესაუბრება.

- სანდრო, სოციალურ ქსელში თქვენ გააკეთეთ სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ მთავრობის ერთ-ერთი წევრი კახა კალაძის წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნებას ითხოვს. შეგიძლიათ, რომ ამ თემაზე უფრო დეტალურად ისაუბროთ?

- რა თქმა უნდა, შემიძლია, მაგრამ სანამ ამ თემაზე დავიწყებ საუბარს, თქვენი გაზეთით მინდა ბიძინა ივანიშვილს მივმართო. მაინტერესებს იმის გაგება, რატომ დაგვიტოვა ბიძინა ივანიშვილმა არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი ბავშვებისგან დაკომპლექტებული მთავრობა. იმის ნაცვლად, რომ საქმე აკეთონ, ეს ხალხი ერთმანეთს დასდევს და ინტრიგებს ხლართავს. რამდენიმე წლის მანძილზე მეც ამ მთავრობის წევრი ვიყავი. ძალიან კარგად ვიცი, რა შიდა ბრძოლები მიმდინარეობს მთავრობაში. ასეთი მონდომებით ისინი საქართველოს მტრებს რომ ებრძოდნენ, მერწმუნეთ, აფხაზეთიც დაბრუნებული გვექნებოდა და სამაჩაბლოც.

რაც შეეხება კახა კალაძესთან დაკავშირებულ ამბავს, მე მაჩვენეს მიმოწერა, სადაც ნათლად ჩანს, რომ მთავრობის ერთი წევრი კონკრეტული ბიზნესმენის დავალებით იძლევა შეკვეთას. ის ითხოვს, რომ ვიცე-პრემიერზე კომპრომატები გამოქვეყნდეს. ეს მიმოწერა ჩემი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი. კახა კალაძის გარდა, კომპრომატების გამოქვეყნება ერთ-ერთი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელზეც იგეგმება. მიმოწერაში ამ დაკვეთაზეც ნათლად წერია. ამის უკან რომ ოპოზიციონერი მდგარიყო, ჩვეულებრივ ამბად ჩავთვლიდი. პოლიტიკაში ოპონენტები ერთმანეთის წინააღმდეგ ხშირად აქვეყნებენ კომპრომატებს. მთავრობის წევრები კი ერთმანეთს, როგორც წესი, ასეთ რამეებს არ უქვეყნებენ, მანამდე მაინც, სანამ ისინი ერთი გუნდის წევრებად ითვლებიან.

- რა თანამდებობა უკავია იმ ადამიანს, რომელიც კალაძეზე და ერთ-ერთი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელზე უკვეთავს კომპრომატების გამოქვეყნებას?

- ის მინისტრთა კაბინეტის წევრია და საკმაოდ სოლიდური გავლენებიც აქვს. ამ ყველაფერს ასევე გავლენიან ბიზნესმენს აძლევს. ეს ყველაფერი კი, რბილად რომ ვთქვათ, არის მარაზმი.

- ამ ადამიანის სამიზნე რატომ გახდა კახა კალაძე? მათ რაიმე პირადი უთანხმოება აქვთ თუ რაღაც სხვა მიზეზი არსებობს?

- როგორც წესი, ადამიანები უმაღლეს თანამდებობებზე რაღაც გზის გავლის შემდეგ ხვდებიან. ჩვენს შემთხვევაში კი მთავრობის წევრების უმეტესობას მინისტრის პოსტები მოულოდნელად დაეცათ თავზე. ისინი სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მინისტრები ან დეპუტატები გახდებოდნენ. აქედან გამომდინარე, ისინი ქვეყნის მართვისთვის მზად არ არიან. ამის გარდა, არის მეორე მიზეზიც, მათ თანამდებობები თავში აუვარდათ და ჰგონიათ, რომ ამას იმსახურებენ. კახა კალაძის წინააღმდეგ კი იმიტომ დაიწყო ბრძოლა, რომ მთავრობაში დაიწყო ძალაუფლების გადანაწილების ახალი პროცესი. მთელმა მინისტრთა კაბინეტმა იცის, რომ გიორგი კვირიკაშვილი მალე დატოვებს პრემიერის პოსტს. ეს ხალხი თავისი ადგილის ძიებაშია და კონკურენტების ჩამოცილებასაც ცდილობს.

- კახა კალაძე გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელადაც ხომ არ მოიაზრება? ოცნებაში ადასტურებენ, რომ ის იქნება მათი კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე...

- პრემიერად კახა კალაძე არ განიხილება. მას შესაძლოა იმიტომ ებრძვიან, რომ მისი კანდიდატურა თბილისის მერის პოსტზე განიხილება. ის ძალოვანიც საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე განიხილება. ეს გახლავთ შიდა ინტრიგები, რომლის მიზანიცაა, რომ ერთ-ერთმა კლანმა მოიპოვოს კიდევ უფრო დიდი ძალაუფლება. სამშობლოზე, ქვეყანაზე არავინ ფიქრობს. მათი მთავარი საზრუნავი კონკურენტების ჩაძირვა და პირადი კეთილდღეობის მოწყობაა.

- საკუთარი თვალით უყურებდით ამ შიდა ბრძოლებს, როცა მთავრობის წევრი იყავით. გამოდის, რომ მინისტრები ერთმანეთს მაშინვე დაუპირისპირდნენ, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ...

- თავიდანვე ებრძოდნენ ერთმანეთს. სასწაული რამეები ხდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი შეეწირა ამ ინტრიგებს. მისი პრემიერობიდან გადაყენება არც ნაციონალური მოძრაობის და არც სხვა ოპოზიციური პარტიის მიერ წარმოებული კამპანიის შედეგად არ მომხდარა. მის წინააღმდეგ შავი პიარი დაიწყო თავად ხელისუფლებამ. მის წინააღმდეგ ინტრიგები მინისტრთა კაბინეტშივე იხლართებოდა. ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ის თანამდებობიდან გადაეყენებინათ. ამ საქმეში ლომის წილი შეიტანეს რესპუბლიკელებმა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ცოლ-ქმარი ხიდაშელი-უსუფაშვილის წყვილის ღვაწლი. მაგრამ სხვებს რომ ხელი არ შეეშველებინათ, ისინი ღარიბაშვილს ვერაფერს დააკლებდნენ. მთავრობის შიგნით არსებობდა დაჯგუფება, რომლის მთავარი ამოცანა ინტრიგების ხლართვა და ჭორების მოგონება იყო. ღარიბაშვილის წინააღმდეგ მათ კარგად იმუშავეს.

- ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგაც იგივე ხალხი ხომ არ მოქმედებს?

- სახელები და გვარები იგივე არ არის. ფსიქოლოგიური პორტრეტების მიხედვით კი ისინი ტყუპისცალებივით ჰგვანან ერთმანეთს. კახა კალაძის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ თუ იმათ გამოუვიდათ ირაკლი ღარიბაშვილის მოცილება, მათ რატომ არ უნდა გამოუვიდეთ ვიცე-პრემიერის ჩაძირვა.

- კახა კალაძემ იცის, რომ მის წინააღმდეგ ასეთი რამე იგეგმება? თქვენ მას იცნობთ და არ აცნობეთ ამის შესახებ?

- მე მასთან კომუნიკაცია არ მქონია. არ ვარ ენის მიმტან-მომტანი ადამიანი, რომ ასეთი ინფორმაციებით ვირბინო. ამის სურვილიც კი არ მაქვს.

- თუმცა თქვენ ეს ინფორმაცია საჯაროდ, სოციალურ ქსელში დაწერეთ...

- ეს ინფორმაცია იმ მიზნით არ გამივრცელებია, რომ ერთი ადამიანი დამეცვა და მეორე ჩამეძირა. ეს ინფორმაცია მხოლოდ იმიტომ გავასაჯაროე, რომ მინდა ხალხმა თავისი თვალით დაინახოს, თუ რა საცოდავ დღეში არის ჩვენი ქვეყანა. მინდოდა ხალხს გაეგო, თუ რა ტიპის ადამიანები მართავენ დღეს ჩვენს სამშობლოს.

- ზემოთ თქვენ ბიძინა ივანიშვილს მიმართეთ, ეს ვის ხელში ჩააგდეთ ქვეყანაო და რაკი ეს ადამიანი ამ ყველაფერზე არ რეაგირებს, იქნებ მოსწონს კიდეც, რაც მთავრობის შიგნით ხდება?

- მას ეს ამბავი არ მოეწონება. თან ივანიშვილს სხვა მიზეზითაც მივმართე. მე ძალიან კარგად ვიცი მისი უარყოფითი დამოკიდებულება ნარკომანიის მიმართ. დარწმუნებული ვარ, მან არ იცის, თუ რა ხდება თბილისის ცენტრში, ე.წ. ღამის კლუბებში. რამდენიმე სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დინამოს სტადიონის სიახლოვეს მდებარეობს ღამის კლუბი, სადაც ლეგალურად იყიდება სინთეტიკური ნარკოტიკები. იგივე ვითარებაა რუსთაველის მეტროსთან ახლოს მდებარე ღამის კლუბშიც. ამ სინთეტიკური ნარკოტიკებით ჩვენი ახალგაზრდობა იწამლება და რამდენიმე მათგანი დაიღუპა კიდეც.

განსაკუთრებული ყურადღება დინამოსთან ახლოს მდებარე ღამის კლუბს უნდა მიექცეს. მას ჰყავს საკმაოდ სერიოზული დაცვის სამსახური და იქ მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს უშვებენ. ამ კლუბში მოღვაწეობს ვანო მერაბიშვილის ცოლის სამეგობრო.

- ბიძინა ივანიშვილმა ამიტომ უნდა მიაქციოს ამ თემას ყურადღება?

- ბიძინა ივანიშვილი ამ კლუბით იმიტომ უნდა დაინტერესდეს, რომ მისი ერთ-ერთი მეპატრონე საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის ოჯახია.

- რამდენად მაღალი თანამდებობა უკავია ამ ადამიანს?

- ძალიან მაღალი. ეს ადამიანი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრია. შესაძლოა ბატონმა ბიძინამ ჩემი არ დაიჯეროს, მაგრამ მას ეყოლება სანდო ადამიანები და ისინი გაუშვას ამ დაწესებულებებში. ის ამ თემაზე ბევრ შოკისმომგვრელ ინფორმაციას გაიგებს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენს შვილებს ქალაქის ცენტრში უპრობლემოდ შეუძლიათ სინთეტიკური ნარკოტიკის შეძენა. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ამის აღკვეთა შეუძლია, ბიძინა ივანიშვილია. სწორედ ამიტომ მინდა, რომ ის ამ საკითხით დაინტერესდეს.

- დარწმუნებული ხართ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამის შესახებ არაფერი იცის?

- დარწმუნებული ვარ, რომ მას ამ ინფორმაციას უმალავენ. მე კარგად ვიცი მისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ნარკომანიის მიმართ და მან რომ ეს იცოდეს, ასეთი რამეები არ მოხდებოდა ქალაქის ცენტრში. ამ საკითხს არ ეხება, მაგრამ აუცილებლად უნდა შევეხო კიდევ ერთ საკითხს. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ დაარბია პალესტინელმა ტურისტმა ეკლესიის ეზო. ეს ვანდალი მოსამართლემ 100-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გამოუშვა. წარმოიდგინეთ, იგივე რომ გაეკეთებინა ქართველ ტურისტს არაბულ ქვეყანაში, მას სიკვდილით თუ არ დასჯიდნენ, სამუდამო პატიმრობა გარანტირებული ექნებოდა. ჩვენმა ხელისუფლებამ კი ვანდალს 100-ლარიანი ჯარიმა აკმარა და ის ისევე თავისუფლად დააბიჯებს თბილისის ქუჩებში, როგორც გუშინ და გუშინწინ დააბიჯებდა. ასევე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ სამმა თურქმა მამაკაცმა არასრულწლოვან ქართველ გოგონაზე იძალადა. არასრულწლოვანი მრავალჯერადი ტრავმებით გადაყვანილია საავადმყოფოში. მის ოჯახს გადაუხადეს საკმაოდ დიდი თანხა, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულიყო. ეს საქმე სავარაუდოდ ჩაიფარცხება.

- დაზარალებული მხარე თუ არ იჩივლებს, ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს?

- ხელისუფლებამ ის მაინც უნდა გააკეთოს, რომ ასეთი საშინელებები აღარ მოხდეს. თქვენ აღმაშენებლის გამზირის მოსახლეობას რომ მოუსმინოთ, იმდენ საშინელებას მოგიყვებიან, რომ შეიძლება გული გაგისკდეთ. მე ვეკითხები გიორგი კვირიკაშვილს, რატომ ხდება ასეთი რამეები.

- გიორგი კვირიკაშვილს რატომ?

- იმიტომ, რომ ამ ადამიანმა ღამის კლუბებთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ პოპულისტური განცხადება გააკეთა. მან ამ დაწესებულებების დახურვა მოითხოვა. არც ერთი მათგანი არ დახურულა, პირიქით, დამატებით რამდენიმე გაიხსნა. ამით ხელისუფლების იმ წარმომადგენლებმა მოითბეს ხელი, რომლებიც ამ ბიზნესს მფარველობენ. მივმართავ გიორგი კვირიკაშვილს, მოიკითხოს, რამდენად შეასრულა მთავრობამ მისი განკარგულება და გაარკვიოს, რა ხდება ღამის კლუბებში.

„ახალი თაობა“, 29 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „ეკონომიკას ეშველება მაშინ, თუ ბიზნესს მეტი თავისუფლება მიეცემა“ // „ბავშვთა სამყაროს დაზარალებულებს ნაცმოძრაობა აქეზებს“ // „თბილისი დიდ ზოოპარკს დაემსგავსა

ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ ანზორ აბრალავას.

- ხელისუფლება ყველა სოციალურ პრობლემას რომ ვერ მოუვლიდა, ცნობილი იყო. უკმაყოფილებას საზოგადოებაში იწვევს ის, რომ ხელისუფლება ხალხს დაშორდა და თვითკმაყოფილებას მიეცა...

- დაშორდა თუ არა ხალხს ხელისუფლება, არ ვიცი. საზოგადოებასთან დიალოგის სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალება არსებობს. მთავარია, გაუმჯობესდეს სოციალური მდგომარეობა. მივესალმები ვიზალიბერალიზაციას, მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას. ეს მნიშვნელოვანია ინტეგრაციული საგანმანათლებლო პროცესებისათვის. ქვეყანაში უნდა შეიცვალოს სოციალური ფონი, ადამიანების მდგომარეობა მასობრივად უნდა გაუმჯობესდეს. კარგი იქნება, თუ ეს არ მოხდება მოსახლეობის გადინების ხარჯზე.

- ასეთი რამ მოსალოდნელია?

- სამწუხაროდ, მოსალოდნელია. ევროპაში სხვადასხვა კატეგორიის ჯგუფები გავლენ. მათ შორის იქნებიან კრიმინალზე ორიენტირებულები. იქნებიან ისინიც, ვინც იქ ლეგალურ სამსახურს მოძებნის. ჩვენი მოქალაქეების ნაწილი შეეცდება ევროპაში დაოჯახდეს. ყველა რომეო და ჯულიეტა არ არის და ოჯახები ხშირად პრაგმატული მოსაზრებით იქნება. ეს გამოიწვევს საქართველოს მოსახლეობის შემცირებას. ვიღაცა იფიქრებს, რომ ამით სოციალური პრობლემები შემცირდება, მაგრამ ასეთი მიდგომა ნიშნავს, რომ თუ ადამიანი არ იქნება, პრობლემა არ იარსებებს. ეს აბსურდულია.

- ხელისუფლება გამუდმებით გვეუბნება, რომ ტურიზმი აგვაშენებს. მარტო ტურიზმით ეშველება ეკონომიკას?

- თავისთავად, ტურიზმის განვითარება კარგია, მაგრამ ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელია. ეკონომიკას სჭირდება წარმოების სწრაფი განვითარება, კოოპერირება. ბიზნესის დარეგისტრირება ადვილია, მაგრამ მის განვითარებას საქართველოში ხელს უშლის ბარიერები. ეკონომიკას ეშველება მაშინ, თუ ბიზნესს მეტი თავისუფლება მიეცემა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – გარეთ. ქვეყანაში დიდია ბიუროკრატია, ზედმეტი სტრუქტურები. გარდა ამისა, ინოვაციური პროექტები არაა ხალხისთვის ხელმისაწვდომი და გასაგები.

- დიახ, ბევრი ადამიანი ჩივის, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული სტარტაპი თუ პროგრამა ვიწრო წრისთვისაა განკუთვნილი...

- ასე გამოდის. ეს პროექტები უნდა იყოს გასაგები და ხელმისაწვდომი. ვითარებას ართულებს ის, რომ არ გვაქვს ქვეყნის განვითარების კონცეფცია. ასეთი დოკუმენტი რომ გვქონდეს, ხალხი უფრო მკაფიოდ მოსთხოვდა ხელისუფლებას ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებას, ხელისუფლებასაც ექნებოდა კონცეფციის შესრულების ვალდებულება. ჩვენ არ გაგვაჩნია ასეთი დოკუმენტი და ვცხოვრობთ მუდმივ ურთიერთდაპირისპირებაში. ხალხი ამ კინკლაობით ერთობა. თუ ადრე პური და სანახაობა იყო, საქართველოში მარტო სანახაობაა პურის გარეშე.

- მონოპოლიზაციის პრობლემა ისევ დგას?

- რასაკვირველია. ეს საბანკო სფეროშიც შეინიშნება. საბანკო სექტორი ვერ უწყობს ხელს ეკონომიკის განვითარებას. საპროცენტო განაკვეთები არაეფექტურია. კარგი იქნება, თუ საქართველოში შემოვლენ სხვა საბანკო ორგანიზაციები. ყველა უნდა ჩადგეს თანაბარ პირობებში და შეიქმნას კონკურენციული გარემო. შესასწავლია იპოთეკური სქემები. გასარკვევია, რა კომბინაციებით ხდება მოვალე მოქალაქეების საკუთარი სახლებიდან გამოყრა და უსახლკაროთა რიგების ზრდა. ასეთი ყოფის გამო მივიღეთ კრიზისული საზოგადოება.

- რას ნიშნავს კრიზისული საზოგადოება?

- უიმედო ადამიანებს, რომლებსაც ფსიქიკური აშლილობა აქვთ. ეს ხშირად კონფლიქტებს და ლეტალურ შედეგებს იწვევს.

- ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის აშენების იდეაც მთავრობაში ნაწილობრივ ტურისტების მოზიდვის სურვილით ახსნეს...

- კარგია თუ არა ეს იდეა, უნდა გაირკვეს მას შემდეგ, რაც თბილისს გენერალური გეგმა ექნება. ეს იდეა ამ გეგმას უნდა მიუსადაგონ. დედაქალაქს რომ გენგეგმა არ გააჩნია, ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა. ქალაქი დამახინჯდა. სახლები გალიებს ჰგავს. თბილისი დიდ ზოოპარკს დაემსგავსა. სახურავები ნორმალური არაა, სარეკრეაციო ზონები აღარ არსებობს. ეს დაიწყო სააკაშვილმა და გრძელდება ამ ხელისუფლების დროს. ამას გულისტკივილით ვამბობ. არა ვარ ჩასაფრებული, როგორც ნაცმოძრაობა და მისგან გამოყოფილი პარტიები, რომლებიც ეძებენ ქუჩაში გამოსაყვან ხალხს. ნაციონალები ბოლო დროს იყენებენ „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებს. ისინი დაზარალებულებს პირდაპირ აქეზებენ.

- დაზარალებულები სრულ კომპენსაციას მოითხოვენ...

- მათ უხდიან კარგ თანხას, მაგრამ არ აკმაყოფილებთ. სრული კომპენსაცია ბიუჯეტიდან ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს. ამას მასობრივად მოჰყვება ხანძრები და სრული კომპენსაციის მოთხოვნა. მორალური საზოგადოება ყოველთვის სოლიდარულია. სხვა ქვეყნებში ამ ხალხს აქამდე დაეხმარებოდნენ ბიზნესმენები. ჩვენთან ეს იშვიათობაა. ჩვენში ბიზნესმენი კმაყოფილდება იმით, რომ რამდენიმე ჩუჩხელას და ვაშლს მიიტანს ბავშვთა სახლში და ამას გააშუქებენ. საზოგადოებამაც უნდა შექმნას არასაბიუჯეტო ფონდები, რომლებიც თანამოძმეებს დაეხმარებიან.

————————-

საქართველო და მსოფლიო“, 29 მარტი, 2017 წელი

პლასტილინის კაცი

პრეზიდენტი, რომელმაც ქსოვას თავი მიანება და მიზანმიმართულად მავნებლობს

გიორგი გაჩეჩილაძე

(შემოკლებით)

„ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება… მაგრამ, რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო… დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე მსუბუქი დებილობის ფორმით, ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება _ აი საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა… ლოთი მამის პირობებში მნიშვნელოვნად ამრუდებდა ჩვენს აზროვნებას ჩვენი დედაც _ ქართლის დედა _ ერთ ხელში თასი, მეორეში _ ხმალი…”

ამას წერდა საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2001 წელს ჟურნალში “დრო მშვიდობისა” (#2). იმხანად ის 32 წლის იყო, 12 წლის შემდეგ კი, 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა “აიღო” და საქართველოს პრეზიდენტის სავარძელში ჩასვა, მარგველაშვილსაც არ უთქვამს უარი “გონებაჩლუნგი” და “დებილი” ერის პრეზიდენტობაზე და… მივიღეთ კიდევ ერთი უსაქმური მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც მოწყენილობისგან ქსოვას დაანება თავი და მიზანმიმართულად დაიწყო ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედება. თუმცა, ეს რომ ასე მოხდებოდა, იმთავითვე ჩანდა, მარგველაშვილი ხომ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის _ თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლების, “ნაცმოძრაობის” სისხლიანი რეჟიმის მთავარი იდეოლოგების – ლევან რამიშვილისა და გიგა ბოკერიას, აგრეთვე, თბილისის ყოფილი მერის, პირწავარდნილი ნაციონალის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მეგობარია და ამას არც მალავს. მარგველაშვილის იდეოლოგიური მეგობრობა ჭიაბერაშვილთან კარგად ჩანს მის ე.წ. ტრაქტატში. მან, ისევე, როგორც ჭიაბერაშვილმა თავის დროზე საქილიკოდ აირჩია ელგუჯა ამაშუკელის “ქართვლის დედა”. გახსოვთ, ალბათ, ზურაბ ჭიაბერაშვილის გონების ნაჟური: “ქართვლის დედას ცალ ხელში საშო უჭირავს, მეორეში _ ფალოსი”.

ქართველი ხალხის გონებაჩლუნგად მომხსენიებელ ე.წ. პრეზიდენტ მარგველაშვილს, რომლის ადმინისტრაციის შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარი უჯდება, როგორც ჩანს, ძალიან გაუტკბა ავლაბრის სასახლეში “მოღვაწეობა” და მეუღლესთან ერთად უცხოეთში ვოიაჟები _ 2016 წელს პრეზიდენტ მარგველაშვილისა და მისი მეუღლის ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიადაზე 5-დღიანი ვიზიტი საქართველოს ბიუჯეტს 130 932 ლარი დაუჯდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის 10 თანამშრომლის _ 165 549 ლარი…

პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდომისთანავე გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც მანამდე, 2013 წელს, როცა განათლების მინისტრი იყო, განაცხადა, რომ “პლასტილინივით ადამიანია და, სადაც მიაგდებენ, იმ ფორმას იღებს”, თავი იმპერატორად იგრძნო და, როგორც სააკაშვილის მემკვიდრეს შეეფერება, სიტყვა გატეხა _ ამბობდა, რომ ავლაბრის რეზიდენციაში (რომლის ფართობი 16 ათასი კვ. მეტრია) არ შევიდოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც იქ ფეხი შედგა, ვერაფრის დიდებით ვეღარ გამოიყვანეს. არადა, ათონელის ქუჩაზე აშენებული ნაკლებად პომპეზური პრეზიდენტის რეზიდენცია დღესაც უქმად არის. ასევე არ თქვა მან უარი ხელფასის მომატებაზე _ მარგველაშვილის ანაზღაურებამ სააკაშვილის ხელფასთან შედარებით 2180 ლარით მოიმატა, 6900 ლარს შეადგენს და საქართველოს მოქალაქის პენსიაზე დაახლოებით 38-ჯერ მეტია.

მარგველაშვილისა და “ქართული ოცნების” თავკაცის ურთიერთობაში უთანხმოების პირველი ბზარი ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციამ შეიტანა.

ცოტა ხნის შემდეგ კი დაპირისპირება განახლდა ჯერ უცხოეთში ვიზიტის თემით, ვის უნდა წარმოედგინა საქართველო, შემდეგ კი საკითხზე, ვის უნდა მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ბრიუსელში საქართველოს იმჟამინდელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაემგზავრა.

შემდეგი დაპირისპირება კი გაეროში წასვლაზე მოხდა, როდესაც მარგველაშვილი ვერაფრით დაარწმუნეს, უარი ეთქვა, გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე კიდევ ერთი დელეგაციით გამგზავრებაზე, რადგან იქ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გამოსულიყო სიტყვით, მაგრამ ეს საკითხი, პიპინია ერისთავივით, ფეხის ერთი დარტყმით გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტ მარგველაშვილს “ეს კაცი” უწოდა და განაცხადა, რომ “პატარა ღარიბი ქვეყნიდან ამერიკაში ორი ცალ-ცალკე დელეგაციის წასვლა ლამაზი არ იქნება”.

ამის შემდეგ უკვე ძალიან გამწვავდა კონფრონტაცია მარგველაშვილსა და “ქართულ ოცნებას” შორის – პრეზიდენტი და “ქართული ოცნების” ლიდერები ერთმანეთს სკანდალური და არაკორექტული განცხადებებით მიმართავდნენ. 2016 წელს მარგველაშვილმა ძალოვნების მხრიდან წნეხის საფრთხეზე ილაპარაკა და კორცხელის ინციდენტთან ვიცეპრემიერ კახა კალაძის კავშირის გამოძიება მოითხოვა. “ოცნებამ” უპასუხა, რომ ეს ამორალური, უზნეო ჭორაობაა და მეტი არაფერი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი ცოტა ხნისწინათ განაცხადა: “თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე”.

პრეზიდენტი, თავის მხრივ, აქტიურად იყენებდა ვეტოს უფლებას და დაბლოკა მნიშვნელოვანი კანონები – სასამართლო რეფორმის, ეროვნულ ბანკზე ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და “მოსმენების” შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბათუმის მოვლენებისას გიორგი მარგველაშვილი იყო ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც სამართალდამცავი პირები და ვანდალები ერთ სიბრტყეში განიხილა და მათ “მხარეები” უწოდა.

ბოლო პერიოდში გიორგი მარგველაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც ჩაერთნენ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ბრძოლაში: მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა დემონსტრაციულად მონაწილეობს სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიის _ “რუსთავი 2”-ის გადაცემებში, ქალიშვილი ანა მარგველაშვილი კი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დევნა-თვალთვალსა და მისი ახლობლებისთვის ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს და საპროტესტო აქციებში მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილი კარგა ხანს დუმილს ამჯობინებდა დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებაზე, რომ პრეზიდენტმა უკანონოდ შეიწყალა და ციხიდან გაათავისუფლა თავისი ცოლისძმა, სამჯერ ნასამართლევი, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდადებული მიხეილ მგალობლიშვილი.

1979 წელს დაბადებული მიხეილ მგალობლიშვილი სამჯერ არის ნასამართლევი: პირველად – 2008 წლის 25 მარტს – 273-ე და 353-ე მუხლებით, ნარკოტიკული ნითიერების მოხმარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის მისჯილი ჰქონდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, პლუს ორი წელიწადი – პირობით, აგრეთვე, 3000 ლარის ჯარიმა. მგალობლიშვილს 9 თვეში შეეხო ამნისტია და გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისგან. მსჯავრდებულმა ქსნის მე-7 მკაცრი რეჟიმის დაწესებულება 2009 წლის 29 ოქტომბერს დატოვა.

მეორედ გაასამართლეს 2009 წლის 12 დეკემბერს, იგი დიღმის მასივში დააკავეს და ნარკოლოგიური შემოწმებისას დაუდგინეს ნარკოტიკული საშუალებების (მეტანფეტამინისა და ამფეტამინის) მოხმარება. 2010 წლის 27 თებერვალს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატსა და პროკურორს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, მიხეილ მგალობლიშვილმა წარდგენილი დანაშაული სრულად აღიარა და თავი ცნო დამნაშავედ. მოსამართლე ზვიად ესებუამ კი თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 9 თვის ვადით შეუფარდა, რაც საპროცესო შეთანხმებით, 3-წლიანი პირობითით შეუცვალა. დააკისრა ჯარიმაც 2 ათასი ლარის ოდენობით.

მესამედ მგალობლიშვილი გაასამართლეს 2011 წლის 4 მაისს ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. მან 2010 წლის 31 აგვისტოს, თბილისში ლესელიძის ქუჩაზე, თანამზრახველებთან ერთად ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაჩეხა. მოსამართლე ლელა შკუბულიანმა ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, მგალობლიშვილს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის მეგობარს – 14 წლით. მაგრამ 3 წლის შემდეგ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა სამჯერ ნასამართლევი ცოლისძმა.

გიორგი მარგველაშვილის ოჯახის ნარკოტიკებისა და კრიმინალთან ურთიერთობა ამით არ ამოიწურება.

პრეზიდენტის მეუღლის მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას ქმარი, მინდია გოგოჭური, კოკაინის დიდი დოზით მიღების გამო რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში მოხვდა. ეს ფაქტი ოფიციალურად არის დადასტურებული. გარდა ამისა, მინდია გოგოჭურს ადანაშაულებენ 23 წლის ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობაშიც. მოკლულის ოჯახმა პროკურატურაში წარადგინა ფოტო და ვიდეომტკიცებულება, მაგრამ, მათი თქმით, იმის გამო, რომ “მკვლელ მინდია გოგოჭურს პრეზიდენტი მარგველაშვილი მფარველობს, პროკურატურა მას მკვლელობის ბრალდებას არ უყენებს. ცნობისთვის: ზურა ტარყაშვილი 2011 წლის 17 ოქტომბერს მოკლეს. მისი მკვლელობისთვის მსჯავრდადებული არიან ივერი გოგბერაშვილი და დავით რუსიშვილი, ხოლო ირაკლი აგლაძეს დაუსწრებლად აქვს სასჯელი შეფარდებული.

მინდია გოგოჭურმა პრეზიდენტის შვილის ანა მარგველაშვილის გამო ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრა ბაჩო სირაძე. ეს ინციდენტი მოხდა თბილისში, გერგეთის ქუჩაზე, მაგრამ გოგოჭური არავის დაუსჯია.

2015 წლის 20 ივლისს პრეზიდენტის ცოლისძმა და მისი მეგობრები სამართალდამცავებმა ქუთაისში დააკავეს. აღნიშნული პირები სამეგრელოდან თბილისში მიდიოდნენ, დაკავების მიზეზი კი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე შემოწმება გახდა. დაკავებულების ადვოკატის – დალი სულაქველიძის თქმით, პრეზიდენტის ცოლისძმა მალე გაათავისუფლეს.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ცოლისძმის მიხეილ მგალობლიშვილისა და სიძის მინდია გოგოჭურის კრიმინალურ წარსულზე დუმილს ამჯობინებს. არადა, პარლამენტარ ბესელიას ბრალდების დადასტურების შემთხვევაში ნორმალურ სახელმწიფოში პრეზიდენტს პასუხს მოსთხოვდნენ და შეწყალების უფლებას ჩამოართმევდნენ. პრეზიდენტი კი საჯაროდ ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრები დევნას განიცდიან.

ამ საკითხზე ნიშანდობლივია ჟურნალისტ გიორგი იაკობაშვილის განცხადება, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა: “პრეზიდენტს კისერი რატომ აღარ უჩანს? თავზე ვეტო დაადეს? არადა, რა კარგი იქნებოდა “ჩვენი ხმალი და მაგის კისერი”:

პრეზიდენტის სიძემ, მინდია გოგოჭურმა, მოკლა 23 წლის ზურა ტარყაშვილი. საქმე არ გამოიძიეს ბოლომდე. პრეზიდენტის სიძემ, მინდია გოგოჭურმა, დაჭრა ბაჩო სირაძე. საქმე არ გამოუძიებიათ. პრეზიდენტის სიძის მეგობარი, თორნიკე კაჭარავა, ბრალდებული იყო მკვლელობისთვის. ორმა ინსტანციამ მიუსაჯა, თუმცა ბოლოს საქმე გაწელეს და მარგველაშვილის დაქალმა, ნინო გვენეტაძემ, გაამართლა. პრეზიდენტის სიძის მეგობარმა ახლახან ესროლა პოლიციელს შატბერაშვილის ქუჩაზე. საქმე არ გამოუძიებიათ. ვინაობაც არ გაამხილეს. პრეზიდენტის ცოლისძმამ და მისმა მეგობარმა ლესელიძეზე დაჭრეს ახალგაზრდა მამაკაცი. დაიჭირეს, მიუსაჯეს, მაგრამ მარგველაშვილმა შეიწყალა.

პრეზიდენტის ცოლისძმა დღეს ნარკოტიკსა და იარაღზეა დაჭერილი (მეოთხე ნასამართლეობა). პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური, წინა წელს ნარკოტიკების დიდი დოზით მიღების გამო მიიყვანეს საავადმყოფოში. პრეზიდენტმა შეიწყალა ახლობელი მკვლელები, რომელთა ნაწილმა შეწყალების შემდეგ ისევ მოკლა ადამიანი (ოქრიკა).

ცოტა ხნის წინათ დაჭრეს პრეზიდენტის სიძე, გოგოჭური, და 18 აბი სუბოტექსისთვის დაკავებული მისი მეგობარი – მიხეილ თათარიშვილი. საქმე ისევ არ გამოუძიებიათ.

ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა: პრეზიდენტის ოჯახს დევნიან და ავიწროვებენ ვითომ?”

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტსა და “ქართული ოცნების” თავკაცს შორის კონფრონტაცია აშკარა შეიქნა, ბიძინა ივანიშვილმა გულისტკივილით აღიარა, რომ გიორგი მარგველაშვილმა “იმედი გაუცრუა”. არადა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ლამის მთელი საზოგადოება უჩიჩინებდა ივანიშვილს, რომ არ არის მარგველაშვილი საპრეზიდენტო კაცი, მაგრამ ივანიშვილი საუკეთესო ეპითეტებს არ იშურებდა მარგველაშვილის მიმართ და მისი კანდიდატურა ლამის ხელების გადაგრეხვით მოგვახვია თავს, როგორც “ერთადერთი ღირსეული და შესაფერისი საპრეზიდენტო კაცი”. არგუმენტად კი ამჯერადაც თავისი უტყუარი ალღო მოიყვანა და განაცხადა, რომ და არ ეშლება ადამიანების შერჩევა.

არადა, რისი იმედი ჰქონდა მას, როდესაც ქართველ საზოგადოებას თავს მოახვია გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა, მერე კი გაუკვირდა, ნაციონალი მიხეილ მაჭავარიანის ძმა, ასევე, პირწავარდნილი ნაცი, ვანო მაჭავარიანი მრჩევლად რატომ დაისვაო?! წესით და რიგით, ბიძინა ივანიშვილს უნდა სცოდნოდა, ვინ იყვნენ და რას სჩადიოდნენ მის მიერ მოწონებული პრეზიდენტობის კანდიდატის მეგობრები. სწორედ მარგველაშვილის სამეგობრო წრე იდგა ავანგარდში იმ პროცესებისა, რომლებსაც მართლმადიდებელ ეკლესიასთან ბრძოლა, ქართული ტრადიციების გაქილიკება, უფროსი თაობის ჩარეცხვა, განათლებისა და მეცნიერების განადგურება მოჰყვა.

დღეს ივანიშვილს გაბრაზების გარდა, სხვა არანაირი მექანიზმი არ უპყრია ხელთ, ზემოქმედება რომ მოახდინოს მტრის ბანაკში გადაბარგებულ და სააკაშვილის ყოფილი რეზიდენციიდან ირონიით მოპასუხე ყოფილ თანაგუნდელზე, თუმცა ჰქონდა ილუზია, რომ ხელისუფლების საათავეში დატოვებდა “ძლიერ მთავრობას”, რომელიც შეძლებდა მისი პოლიტიკური კურსისა და ნება-სურვილების რეალიზებას, თვითონ კი წავიდოდა სამოქალაქო სექტორში. (…)

საქართველო და მსოფლიო“, 29 მარტი, 2017 წელი

საქართველო გლობალური ცვლილებების კონტექსტში

შორენა ცივქარაშვილი

26 მარტს სასტუმრო “ვერე პალასში” არასამთავრობო ორგანიზაცია “გლობალური კვლევების ცენტრმა” მორიგი საექსპერტო შეხვედრა გამართა ქვეყნისთვის აქტუალურ თემაზე. როგორი იქნება საქართველო გლობალური ცვლილებების კონტექსტში, რა გავლენას მოახდენს თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით – საქართველოზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, და როგორია ქვეყნის ტერიტორიული პრობლემების მოგვარების გზები? ამ ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე იმსჯელეს “გლობალური კვლევების ცენტრის” მიერ საგანგებოდ მოწვეულმა ექსპერტებმა – ზაალ ანჯაფარიძემ, ვახტანგ მაისაიამ, პეტრე მამრაძემ, ადა მარშანიამ, იოსებ არჩვაძემ, გიორგი მდივანმა, ზურაბ გარაყანიძემ, პაატა გურგენიძემ, სიმონ კილაძემ და ზურაბ ავალიანმა.

ნანა დევდარიანი, არასამთავრობო ორგანიზაციაგლობალური კვლევების ცენტრისხელმძღვანელი:

- საექსპერტო შეხვედრაზე ამჯერად განვიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების შემდგომი პერიოდი. ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა. რას ჰპირდებოდა ტრამპი ხალხს და დღეს რა ვითარებასთან გვაქვს საქმე? როგორ აისახება ამ არჩევნების შედეგები მსოფლიოს ბედზე, განსაკუთრებით, ჩვენს მომავალზე? მე თავიდანვე არ ვიზიარებდი ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის აღფრთოვანებას პრეზიდენტად ტრამპის არჩევის გამო, რადგან ჩემთვის გაუგებარი იყო მათი ასეთი გადაჭარბებული მოლოდინი; მეორე მხრივ, ტრამპის საწინააღმდეგო დემონსტრაციების გამართვაც ჩემთვის გაუგებარი იყო. გამოდის, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტაც და სამოქალაქო საზოგადოებაც ისე ღრმად არის პოლიტიზებული, რომ ყოველთვის თავისი იდეოლოგიზებული და აკვიატებული პიროვნული დამოკიდებულებით ან პოლიტიკური კლიშეებით ხელმძღვანელობს.

როგორც ქართველი და ამერიკელი ლიბერტარიანელები ამბობენ, ტრამპის არჩევა ამერიკელი ხალხის შეცდომაა, მაგრამ, მართლაც ასეა თუ არა, მომავალში გამოჩნდება. ამას გარდა, ამერიკელი ხალხის შეცდომა ან მართებული საქციელი ჩემთვის იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც ეს შედეგები მომავალში ჩვენს ქვეყანაზე აისახება. აქედან გამომდინარე, ვთხოვე სამ გამორჩეულ ექსპერტს _ ზაალ ანჯაფარიძეს, ვახტანგ მაისაიასა და პეტრე მამრაძეს, წარმოედგინათ თავიანთი თვალსაზრისი პროცესების განვითარებაზე. მათთან ერთად მსჯელობაში დამსწრე საზოგადოებამ, საგანგებოდ მოწვეულმა ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა.

ზაალ ანჯაფარიძე, ანალიტიკოსი:

- დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა ჩვენი ისტებლიშმენტის ნაწილმა, შეიძლება ასე ითქვას, საკუთარი მსოფლმხედველობრივი, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური სამრეკლოდან შეაფასა. ერთი მხრივ, გაჩნდა შიში იმისა, რომ ტრამპის არჩევის შემდეგ, მისი წინასაარჩევნო განცხადებებიდან გამომდინარე, ტრამპი და მისი ადმინისტრაცია უფრო მეტად გაითვალისწინებდნენ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის ინტერესებს და შეამცირებდნენ თავიანთ აქტივობას, ამით რუსეთს მიეცემოდა სტიმული, უფრო თამამად ემოქმედა ამ ქვეყნების მიმართ. მაგრამ ეს შეფასებები, ცოტა არ იყოს, ნაადრევი გამოდგა, რადგან პროცესები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს შორის განვითარდა, ჯერჯერობით არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ აშშ–ის დამოკიდებულება პოსტსაბჭოთა სივრცისა და, კონკრეტულად, საქართველოს მიმართ ფუნდამენტურად იცვლება.

მოდი, ფაქტებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო პირველი, ვისაც ტრამპის არჩევის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდა. რეალურად დადასტურდა, რომ ჩვენსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები უცვლელი დარჩება, მაგრამ რეალისტები ვიყოთ: ტრამპის საგარეო–პოლიტიკური პრიორიტეტები ჯერჯერობით ჩამოყალიბების პროცესშია და არ არის გამორიცხული, რეალური პოლიტიკიდან გამომდინარე, გარკვეული კორექტირებაც განიცადოს. ეს ძირითადად დამოკიდებულია, თუ რაზე მოილაპარაკებენ ტრამპი და პუტინი, როდესაც ერთმანეთს შეხვდებიან.

ჩნდება კითხვა – რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? პირველ რიგში, ჩვენი პოლიტიკა უნდა გავათავისუფლოთ იმ ეპატაჟური ელემენტებისგან, რომლებიც მას ახლდა ყოფილი ხელისუფლების პერიოდში და სერიოზულ პრობლემას გვიქმნიდა ყველაფერში, მათ შორის, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაშიც. ამასთანავე, არ შევიქმნათ გადაჭარბებული მოლოდინი და ჩვენი ურთიერთობა იმ წრეებთან, რომლებიც აშშ-ში ქმნიან პოლიტიკას, ვეცადოთ იყოს მაქსიმალურად ინტენსიური, ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული. ჯერჯერობით შემიძლია ვთქვა, რომ განგაშის ზარების შემოკვრის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ, როგორც ერთმა პროფესორმა თქვა, ვიყოთ ოპერატიული სიმშვიდის მდგომარეობაში. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ვფიქრობ, რუსეთთან შეხების წერტილები უფრო სახალხო დიპლომატიის დონეზე უფრო უნდა ვეძებოთ, რათა რუსეთის პოლიტიკურ აზრზე ზემოქმედება შემოვლითი გზით მოვახდინოთ.

ვახტანგ მაისაია, სამხედრო ექსპერტი:

- მე დღეს წარმოვადგინე ჩემი თვალსაზრისი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე. როგორია აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ახალი მიდგომა საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, რისი კორექტირება მოუწია მას ასდღიანი მმართველობის პერიოდში და რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი, რომ დღეს მისი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები 60%-ით არის შეცვლილი და, ფაქტობრივად, საპირისპიროა იმის, რაც მას ჰქონდა დაგეგმილი წინასაარჩევნო პროგრამიდან გამომდინარე. შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის 2016 წლის არჩევნები ნამდვილად შევა ისტორიაში, როგორც ყველაზე ოდიოზური, რთული და ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკური მოვლენა. საგულისხმოა, რომ ამ არჩევნებმა კარგად წარმოაჩინა ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კრიზისის პრობლემები. შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ დღეს აშშ–ის სათავეში მოვიდა უცნაური “ტრიუმვირატი” _ “ქორები” (გენერალი მატიასი), ნეოლიბერალები (ტრამპის ხელმძღვანელობით) და სანავთობო “ჩრდილოეთის სინდიკატი” (რიკ ტილერსონი). შესაბამისად, ეს აისახა საგარეო-პოლიტიკურ მიმართულებებზეც.

აშშ-ის ახალი საგარეო-პოლიტიკური კურსის ძირითადი მიმართულება იქნება მულტიპოლარული გეოპოლიტიკური წესრიგი, რომელიც ჯორჯ ბუში–უმცროსის “ხისტი ძალისა” და ობამას “ჭკვიანი ძალის” საპირისპიროა. ნაკლებად მოსალოდნელია, ტრამპმა კარდინალურად შეცვალოს თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დაპირებები, ვინაიდან ამ სამი თვის განმავლობაში ტრამპის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა, როგორი უნდა იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და სამხედრო სტრატეგიის ძირითადი პრიორიტეტები. ამასთანავე, თვით ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ თამაშებში იკვეთება კლანური დაპირისპირების ნიშნები. 2001 წლის შემდეგ ქვეყნის შიგნით გაძლიერდა სპეცსამსახურების დაჯგუფება (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მეთურობით), ტრამპის გამარჯვების შემდეგ ამ კლანმა მის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა, რომელსაც ტრამპის მხრიდან სამხედროების დაჯგუფების გაძლიერება მოჰყვა, არმიის ოფიცერთა მეთაურობით, და ე.წ. ქორების კლანის ტრამპის ადმინისტრაციასთან შერწყმა. ტრამპი იძულებულია, მათი ინტერესები გაითვალისწინოს, ვინაიდან ამ ეტაპზე ხელს არ აძლევს გამოსვლა და აქტიურობა. ტრამპის წინააღმდეგ ისეთი კამპანია აგორდა, ახლა მთავარია, თანამდებობა შეინარჩუნოს, მისი ერთადერთი დასაყრდენი დღეს სამხედროებია, ვინაიდან, თუ ისინიც განუდგნენ, ჩათვალეთ, რომ ტრამპს გადადგომა მოუწევს.

ამერიკის უსაფრთხოების კონცეფცია მუშავდება სამხედრო თეორეტიკოს კლაუზევიცის მიდგომების საფუძველზე. ეს საინტერესო მიდგომაა, ამიტომაც არის, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია უფრო მეტადაა მილიტარიზებული, რაც მას გლობალური ექსპანსიონიზმის ერთგვარ პრეროგატივას აძლევს, როგორ უნდა გამოიყენოს სამხედრო ძალა თავისი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ეროვნული ინტერესების ამერიკული მოდელი სამ ძირითად პარამეტრს ემყარება: ფიზიკურ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ კეთილდღეობასა და თავდაცვის პრინციპებს.

დასავლეთის საინფორმაციო პროპაგანდა ავითარებს აზრს, რომ რუსები არიან გაჩანაგებულნი, ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ რეალურად რუსების შეიარაღებამ მოდერნიზების შემდეგ საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია და არ ჩამორჩება ნატოსას. რუსებმა დაასწრეს ნატოს და აფხაზეთის ტერიტორიასა და ყირიმში განათავსეს კომბინირებული სისტემები, ამიტომაც დაიწყო ტრამპა სტრატეგიული შეიარაღების მოდერნიზაციაზე საუბარი. რუსეთისა და ამერიკის პოლიტიკურ ელიტებში მოვიდნენ სამხედროები. შედეგად, ჩვენ ვართ ახალი “ცივი ომის” საწყის ეტაპზე. აღმოსავლეთი ევროპა კვლავ დაძაბულობის არეალია ამ სუპერცენტრისტული ძალების დაპირისპირების ფონზე. რაც შეეხება საქართველოს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო უსაფრთხოების ვითარებიდან უსაფრთხოების ჩიხში შევიდა.

ადა მარშანია, პარლამენტის წევრი:

_ ჩვენ არ ვმუშაობთ, არ ვინდომებთ. ეს არის ჩემთვის აუხსნელი, რატომ ვიქცევით ასე, რადგან რთული საკითხია? წამოვწვებით და ასე დავიბრუნებთ აფხაზეთს?! მაგალითად, როდესაც მე მაქვს საშუალება წამოვიყვანო აფხაზი ახალგაზრდები და შევახვედრო ქართველებს, ვაწარმოებ საკმაოდ რთულ მოლაპარაკებებს, ვმუშაობ ამ თემებზე, ჩვენი სამინისტროები ამ იდეის განსახორციელებლად ფულს არ მაძლევენ. მესმის, რომ დღეს ჩვენთვის მძიმე რეალობაა, მაგრამ ჩვენ არც არაფერს ვაკეთებთ არსებული ვითარების შესაცვლელად.

————————–

რეზონანსი“, 29 მარტი, 2017 წელი

გაზის მოხმარება დაგეგმილზე სწრაფად იზრდება

იქნება პერიოდი, როცა გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით პრობლემა გაჩნდება

მარი ჩიტაია

უახლოეს წლებში საქართველოს გაზის ბალანსის შესავსებლად ალტერნატიული წყაროების ძიება მოუწევს. არ არის გამორიცხული, გარკვეული მოცულობის იმპორტი განხორციელდეს რუსეთიდანაც. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამის საჭიროება ქვეყანაში აუცილებლად დადგება. როგორც ოფიციალური მონაცემებიდანაც ჩანს, 2017 წელს გაზის მოხმარება ქვეყანაში 2,6 მლრდ კბ/მ-ს მიაღწევს, რამდენიმე წლის წინ კი საქართველო 2 მლრდ კბ/მ-ს ფარგლებში მოიხმარდა. გაზზე მოთხოვნა ყოველწლიურად მინიმუმ 5%-ით. იმატებს

ქვეყანა ბუნებრივი აირით, ძირითადად, აზერბაიჯანიდან მარაგდება. ამ მხრივ წინა წელი საკმაოდ პრობლემური იყო, რადგან მეზობელებს გაზის საიმპორტო მოცულობასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდათ. საკითხი რამდენიმე კვირაში მოგვარდა და დღემდე ბაქო უწყვეტად გვაწვდის გაზს.

იქიდან გამომდინარე, რომ გაზიფიცირების მასშტაბი მატულობს და სამომავლოდაც მნიშვნელოვანი ზრდა იგეგმება, აშკარაა, რომ საქართველოს ალტერნატიული საშუალებების გამონახვა მოუწევს. ამიტომ საინტერესოა, გაზმომარაგებისთვის საგარეო წყაროები რამდენად დივერსიფიცირებულია და მოთხოვნის ზრდას სამომავლოდ პრობლემება ხომ არ მოჰყვება. ამ საკითხის გარკვევას “რეზონანსი” სპეციალისტებთან შეეცადა.

ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ სხვა ბაზრების გამონახვა აუცილებლობის წინაშე მალე დავდგებით, რადგან აზერბაიჯანს არ აქვს გაზის ის რაოდენობა, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

“გაზის იმპორტისთვის ალტერნატიული ბაზრის მოძებნა ნამდვილად დაგვჭირდება. ეს საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, თუმცა რუსულ გაზზე დამოკიდებული არც ერთ შემთხვევაში არ გავხდებით. კონტრაქტებთან დაკავშირებით დეტალები გაუმჭვირვალეა და ინფორმაცია სპეციალისტებისთვისაც კი არის დაფარული.

საერთოდ, ჩემი დამოკიდებულებაა, რომ საგარეო ბაზარი იყოს დივერსიფიცირებული და ალტერნატიული წყაროები არსებობდეს. არ შეიძლება ერთი კონკრეტული ბაზრის იმედად ვიყოთ, ეს უფრო გვიქმნის პრობლემას. ყოველთვის უმჯობესია, რამდენიმე მომწოდებელი გვყავდეს. მომავალ წლებში, თითქოს აზერბაიჯანი აპირებს წარმოების ზრდას და ეს გვაიმედებს, რომ იმპორტის მხრივ მეტი შესაძლებლობა გაჩნდება”, – აცხადებს თემურ ჭიჭინაძე.

სპეციალისტების ნაწილი საუბრობს იმაზეც, რომ გაზის ბალანსის შევსება სეზონურად დაგვჭირდება. ანალიტიკოს გია ხუხაშვილის ვარაუდით, იქნება ისეთი პერიოდიც, როდესაც გაზის მოხმარებასთან დაკავშირებით პრობლემა გაჩნდება.

“სეზონურად, გარკვეულ პერიოდში, ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს გაზის ბალანსის შევსება. აზერბაიჯანი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ხელს გვიწყობს, მაგრამ იქნება პერიოდი, როცა გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით პრობლემა გაჩნდება. ამას არ გამოვრიცხავ. თუ ერთჯერადი შესყიდვა განხორციელდება რუსეთიდან (ასეთი შემთხვევები ახლაც გვაქვს), არც ეს არის ტრაგედია. ფორსმაჟორული შესყიდვა სავსებით სპეციფიკურია, ამიტომ უნდა მოხერხდეს, რომ მოწოდების პრობლემა არ შეიქმნას. დანარჩენი, თუ როგორ დააზღვიონ სისტემა და უზრუნველყონ სტაბილურობა, კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხია”, – აცხადებს ხუხაშვილი და დასძენს, რომ გაზის მიწოდების შეფერხების მხრივ აზერბაიჯანის მხრიდან საფრთხე, პრაქტიკულად, არ გვემუქრება.

“მოგეხსენებათ, ჩვენ ბუნებრივ აირს, ძირითადად, აზერბაიჯანიდან ვიღებთ. დივერსიფიკაციის არსი გახლავთ მარტივი, რომ რაღაც ფორსმაჟორის ან პოლიტიკური რისკების შემთხვევაში სისტემა იყოს სტაბილური. საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაში ასეთი რისკი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ გაზის მოხმარების მხრივ სისტემური პრობლემა შეიქმნება. გარდა ამისა, “შაჰდენიზი 2″ ხორციელდება, საიდანაც დამატებითი მოცულობის მიღების საშუალება გაგვიჩნდება.

პერსპექტივა არ არის ბუნდოვანი, შეიძლება, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მოხმარება გაიზარდოს, მაგრამ ბალანსის შევსების მხრივ საფრთხეს ვერ ვხედავ. ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია “გაზპრომთანაც” მივიღოთ გაზის სასურველი დამატებითი მოცულობა”, – აღნიშნა “რეზონანსთან” გია ხუხაშვილმა.

რეზონანსი“, 29 მარტი, 2017 წელი

რას ითვალისწინებს საგზაო მოძრაობის წესების ახალი კანონპროექტი

გვანცა ღვედაშვილი

ერთწლიანი პაუზის შემდეგ საგზაო მოძრაობის გამკაცრების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე განხილულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარაუდობენ, ცვლილების მიღება აპრილში მოხდება.

მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარუდგინა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებასა და მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის შემოტანას ითვალისწინებს.

კერძოდ, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად:

მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემა შემოდის, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაში პრევენციული კომპონენტის გაძლიერებას ემსახურება.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან კანონის დარღვევის შესაბამისი ქულის გამოკლებას გამოიწვევს. წლის განმავლობაში ქულების 0-მდე შემცირება მართვის უფლების შეწყვეტას იწვევს, რომლის დასაბრუნებლადაც პირს მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ხელახლა ჩაბარება 2 თვის შემდეგ შეეძლება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მძღოლებს მომდევნო წლის პირველ იანვარს, ჩამოკლებული ქულების მიუხედავად, 100 ქულა თავიდან დაერიცხებათ.

ამასთან, ქულათა შემცირების წესი არ გავრცელდება ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე. აღსანიშანვია, რომ ქულათა სისტემა მიენიჭება როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში გაცემულ მართვის მოწმობას.

სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენისას, მართვის უფლების შეჩერების სანაცვლოდ 700 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა პირს სამართალდარღვევის ჩადენიდან 3 თვის შემდეგ შეეძლება.

დღეს მოქმედი ნორმით კი აღნიშნული საჯარიმო თანხის გადახდა მძღოლს მაშინვე, ყოველგვარი ვადის გარეშე შეეძლო.

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური ტელეფონით სარგებლობაზე ჯარიმა 10-დან 30 ლარამდე იზრდება.

გაიზრდება, აგრეთვე, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა.

სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით დაჯარიმება მოხდება გრადაციული სისტემით, ანუ უკანტაქტო პატრულირების საშუალებით.

კერძოდ, პოლიციას უფლება ენიჭება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, გამოიყენოს პოლიციის სარგებლობაში არსებულ ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოები. აღნიშნულ შემთვევებში, პოლიციელს უშუალო კონტაქტი არ ექნება საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ პირთან და სამართალდამრღვევს სამართალდარღვევის ოქმი გაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

აღსანიშანავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდებობა 2015 წელთან შედარებით 7%-ით არის გაზრდილი. იმავე წლების შედარებისას დაღუპულთა რიცხვი შემცირებულია 3%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 8%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება უშუალოდ დედაქალაქს, 2016 წელს მომხდარი რეგისტრირებული საგზაო შემთხვევების რაოდენობა 3 264-ია, აღნიშნულის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 98, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 4 173-ია. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ ძირითად მიზეზებად მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება.

Comments are closed