globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 29 აპრილი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Apr 29th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: რითია გამოწვეული “ქართულ ოცნებასა” და “რესპუბლიკელებს” შორის დაწყებული დაპირისპირება?

რეზონანსი: ბათუმის პორტს ამერიკული დესანტის შემოსასვლელად ამზადებენ // შავი ზღვის პორტებში ნატო საზღვაო მუდმივმოქმედ დაჯგუფებებს განათავსებს

რეზონანსი: ინტერვიუ ირაკლი ჩიქოვანთან: “საქართველოს უსაფრთხოების გარანტია ევროპასთან მაქსიმალური სიახლოვეა”

რეზონანსი: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: “უვიზო მიმოსვლაზე ევროპარლამენტი ყველაზე დიდ ყურადღებას “რუსთავი 2″-ის საკითხს მიაქცევს”

რეზონანსი: ინტერვიუ ზაზა ფირალიშვილთან: “მთავარია განათლების სისტემის გათავისუფლება მიმდინარე პოლიტიკური კონიუნქტურისაგან”

რეზონანსი: დემოგრაფიული კატასტროფა – 30 წელში საქართველოს მოსახლეობა შესაძლოა, 2,5 მილიონამდე შემცირდეს

———–

„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ნაციონალებს“ რევოლუცია სჭირდებათ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ქართული ოცნება“ 60 მანდატს აიღებს… მომავალი მთავრობა კი კოალიციური იქნება“

———————

რეზონანსი“, 29 აპრილი, 2016 წელი

რითია გამოწვეული “ქართულ ოცნებასა” და “რესპუბლიკელებს” შორის დაწყებული დაპირისპირება?

ლიკა ამირაშვილი

“რესპუბლიკელებსა” და პარტია “ქართულ ოცნებას” შორის დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად, შეკამათება ეკა ბესელიასა და ძმებ ბერძენიშვილებს შორის, საბავშვო ბაღების რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას მოხდა. დავით ბერძენიშვილმა ბიუროს სხდომაზე უმრავლესობას, კენჭისყრისას მათი ალტერნატივის გათვალისწინება სთხოვა. მან კენჭისყრის გადადების საკითხიც დასვა და აღნიშნა, რომ გაჯიუტების შემთხვევაში, კარგ საკანონმდებლო პროექტს “ჩაგდების” საფრთხის წინაშე ნუ დააყენებენ. ეკა ბესელიას თქმით კი, შემოთავაზებული წინადადება დაგეგმილი რეფორმის მთელ კონცეფციას ცვლის, რისი გაკეთებაც, მეორე მოსმენით კენჭისყრის წინ ვერ მოხდება. “შემოთავაზებით, შემოდის ისეთი ფორმულირება, რომელიც ამბობს, რომ შეიძლება არსებობდეს სრულიად სხვადასხვაგვარი მიმდინარეობა, სრულიად სხვადასხვაგვარი სწავლების მეთოდიკა – ეს დღეს ისედაც გვაქვს და მაშინ, რაღას ვცლით?!”, – განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ მათი წინადადების გათვალისწინების შემთხვევაში, დარტყმის ქვეშ მთელი რეფორმა დგება.

შეგახსენებთ, რომ “რესპუბლიკელებისა” და “ქართული ოცნების” შეუთანხმებლობის ეს პირველი შემთხვევა არ არის. სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის დავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში ერთ-ერთ პრობლემად “ქართულ ოცნებაში” “არცთუ ნორჩ ლენინელისა თუ სტალინელის” ზოგიერთი განცხადება დაასახელა, რომელიც ბრიუსელში წინ ხვდებათ და პრობლემებს უქმნით. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას დეპუტატები გამოეხმაურნენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის თქმით, მიუხედავად მისი დიდი პატივისცემისა დავით უსუფაშვილისადმი, “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ნორჩი ლენინელები და სტალინელები არ ჰყავს.

თქვენი აზრით, რითია გამოწვეული “ქართულ ოცნებასა” და “რესპუბლიკელებს” შორის დაწყებული დაპირისპირება? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): საარჩევნო მარათონია დაწყებული, აქედან გამომდინარე, ორივე პარტია ცდილობს, რომ ახალი იმიჯი მოირგოს. “ქართული ოცნება” და “რესპუბლიკელები” ერთმანეთის კონკურენტები არიან, შესაბამისად, ისინი ერთმანეთის ხმებისთვის იბრძვიან.

რეზო მიშველაძე (მწერალი): ეს დაპირისპირება სრულიად ლოგიკურია, ამას ველოდი. მხოლოდ ის მიკვირდა, რომ დაპირისპირება, ლამის 4 წლის შემდეგ გამჟღავნდა. “ქართული ოცნება” და “რესპუბლიკელები” სრულიად სხვადასხვა მენტალიტეტის და მიმართულების მქონე პარტიებია. “ქართული ოცნება” არის თავიდან ბოლომდე ეროვნული პარტია, ხოლო “რესპუბლიკელები” მთელი თავიანთი რიგი განცხადებებით, ყოველთვის ამჟღავნებდნენ შინაგან წინააღმდეგობას “ოცნებასთან”. ეს იყო იძულებითი ერთობა, “რესპუბლიკელები” შინაგანად ამბობდნენ, რომ შენთან ვარ მხოლოდ იმის გამო, რომ პარტიაში გვყავს პარლამენტის ხელმძღვანელი “რესპუბლიკელი” და სამი მინისტრი. როგორც კი “რესპუბლიკელებმა” იგრძნეს, რომ ერთ რიგში უკვე ვეღარ იქნებოდნენ, ეს შინაგანი წინააღმდეგობა მაშინვე გამომჟღავნდა. ამ წინააღმდეგობით აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ, დარჩენილ 5 თვეში ქართველი ამომრჩეველი დაინახავს, რა პარტიაა “რესპუბლიკური” პარტია და რატომ ვერ ივლის იგი “ოცნებასთან” ერთად ერთ პოლიტიკურ ბილიკზე.

გია ბუღაძე  (ფერმწერი): სიმართლე გითხრათ, არც ერთი მაინტერესებს და არც მეორე. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის არასდროს ფავორიტი ეს ხალხი არ იქნება. მათი გზა არასწორია და არასწორად მიდიან, სერიოზული პრობლემები აქვთ. რას ფიქრობენ, ნამდვილად არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ ჩემს სიმპათიას არასდროს იმსახურებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ბევრი ინტელექტუალია, რომელთაც პატივს ვცემ, როგორც პოლიტიკურ პარტია, არ მომწონს.

იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): “რესპუბლიკელებისა” და “ოცნების” დაპირისპირება გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. მათი დაპირისპირება დაიწყო მაშინ, როდესაც ისინი გაერთიანდნენ. შემდეგ ეს გამწვავდა, როდესაც “რესპუბლიკელები” სამინისტროებში ადგილებს თხოულობდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ რიგ კანონპროექტებს დაბლოკავდნენ. როდესაც საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ ისინი ერთმანეთს კიდევ უფრო დაშორდნენ, ახლა უთანხმოება დაპირისპირებაში გადაიზარდა. ასე რომ, განცხადებები, რომლებიც ორივე მხრიდან კეთდება, ის შედეგია, რაც ჩვენ მივიღეთ. რამდენიმე თვეში “რესპუბლიკელები” ხელისუფლებას დატოვებს, ამიტომ თავიდანვე მათი მოქმედება განპირობებული იმით, რომ დაუპირისპირდნენ “ოცნების” პოლიტიკურ კურსს და ოცნებაზე განაწყენებული მოსახლეობა მიიმხრონ.

რეზონანსი“, 29 აპრილი, 2016 წელი

ბათუმის პორტს ამერიკული დესანტის შემოსასვლელად ამზადებენ

შავი ზღვის პორტებში ნატო საზღვაო მუდმივმოქმედ დაჯგუფებებს განათავსებს

თაკო მათეშვილი

ბათუმის პორტი მალე შესაძლოა, ამერიკული სამხედრო ძალების დისლოცირების ადგილი გახდეს. სწორედ ამაზე მეტყველებს, სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, ბათუმის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, საქართველოში აშშ-ისა და ნატოს მაღალი რანგის სამხედრო დელეგაციის ჩამოსვლა და მათი განცხადება, რომ მათ აინტერესებთ, თუ რამდენად სწრაფად შეუძლიათ ბათუმში თავიანთი ტექნიკის გადმოსხმა.

პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ რუსეთიდან წამოსული სამხედრო აგრესიისაგან თავდაცვის მიზნით ხუთი ქვეყნის: რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთის, საქართველოსა და უკრაინის პორტებში ნატო კოალიციური ძალების სამხედრო-საზღვაო მუდმივმოქმედ სამხედრო დაჯგუფებებს განათავსებს.

როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესის ხელმძღვანელობით, სამხედრო მაღალჩინოსნების დელეგაციას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დახვდა.აეროპორტიდან ამერიკელმა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებმა ბათუმის პორტში გადაინაცვლეს და მის ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.

ლოგისტიკის სფეროს ოფიცრებმა კი საქართველოს ლოგისტიკური მომსახურების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელსაც ქართული მხარე პარტნიორ ქვეყნებსა და ნატოს მაღალი სტანდარტით სთავაზობს. მათ შორის, ორმხრივი და მრავალეროვნული საერთაშორისო ღონისძიებებისთვის.

პორტში ვიზიტის დროს საუბარი შეეხო ასევე, საქართველოში მაისში დაგეგმილ სწავლებაში “ღირსეული პარტნიორი” ამერიკული სამხედრო ტექნიკის ბათუმის პორტის საშუალებით შემოყვანას. მხარეებმა ლოგისტიკური თვალსაზრისით, სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

“მათი ვიზიტის მიზანია, ახლოს გაიცნონ ის შესაძლებლობები, რაც გააჩნია საზღვაო პორტებს, ზოგადად, შავი ზღვის აკვატორიაში და მათ შორის, საქართველოშიც”, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

ევროპაში აშშ-ის სარდლობის მეთაურმა კი საქართველოში ვიზიტის მიზანზე გაამახვილა ყურადღება.

“ჩვენი დელეგაციის შემადგენლობაში არიან ოფიცრები აშშ-ის ევროპული სარდლობიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ნატოდან და ევროპის ქვეყნებიდან. საქართველოში ჩამოვედით, რათა გავეცნოთ ბათუმის პორტის შესაძლებლობებს – თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია ჩვენი ტექნიკის გადმოსხმა.

“ჩვენი დელეგაციის შემადგენლობის ნაწილი ლოგისტიკის სფეროს ოფიცრებიც არიან. ჩამოვედით საქართველოში, რათა ვაჩვენოთ თქვენს ქვეყანას, ჩემს კარგ მეგობარს და ძალიან კარგ სამხედროს – გენერალ კაპანაძეს, რომ ვაგრძელებთ საქართველოსთან თანამშრომლობას, ვაგრძელებთ მუშაობას ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებისთვის.

“მალე საქართველოში ერთობლივი სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორი” ჩატარდება. სწორედ ამ ადგილას შემოვა ბულგარეთიდან ბორანით წამოსული აშშ-ის არმიის სატანკო ასეული საქართველოში, რომელიც წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას. ასე რომ, მსურდა ამ ტერიტორიის ნახვა და გაცნობა”, – განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა.

შავი ზღის აუზში ტურის ფარგლებში, საქართველოს შემდეგ, აშშ-ის ევროპული სარდლობისა და ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნები საზღვაო პორტების ინფრასტრუქტურის დათვალიერების მიზნით ნატოს წევრ შავი ზღვის აუზის ქვეყნებსაც ესტუმრებიან.

ამ ყველაფერს მოსალოდნელს უწოდებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია და ამბობს, რომ ცოტა ხანში დაგეგმილ ვარშავის სამიტზე პირველი თემა არა გაფართოების საკითხი იქნება, არამედ ის, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსეთიდან წამოსული სამხედრო აგრესიისაგან და სხვა ტიპის საფრთხეებისაგან თავის დაცვა.

მისი თქმით, ამ კონცეფციაში ჯდება რუმინეთის ახალი ინიციატივაც, რომელიც ამერიკელების ხელდასმით იქნა გახმოვანებული, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ნატოს კოალიციური ძალების სამხედრო საზღვაო მუდმივმოქმედი დაჯგუფებები განთავსდეს, რომლებიც შავი ზღვის აუზის არეალში იმოქმედებენ.

“საუბარი ნატოს წევრ სამ სახელმწიფოზეა – რუმინეთზე, ბულგარეთსა და თურქეთზე. ამ პროექტის ძირითადი ბირთვი ეს სამი სახელმწიფო იქნება. საქართველო და უკრაინა კი, ამ შემთხვევაში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრატეგიული პარტნიორების რიცხვში მოიაზრებიან და ამის გამო გათვალისწინებულნი იქნებიან.

“ვარშავის სამიტზე ამასთან დაკავშირებით ალბათ სპეციალურ კონცეფციას მიიღებენ. შეერთებული შტატების მეექვსე ფლოტი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაშია დისლოცირებული, ახლა სწორედ იმ ფუნქციას ასრულებს, რასაც ნატოს სამხედრო დაჯგუფება შავი ზღვის აკვატორიაში შეასრულებს. შესაბამისად, როგორც ჩანს, სწორედ ამაზეა საუბარი და ბათუმის პორტის გამოყენებაც ამისათვის უნდათ – ტექნიკური ან ლოგისტიკური მიზნებისათვის”, – ამბობს მაისაია.

ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი, მისი თქმით სწორედ რუსეთისაგან თავის დასაცავად შავი ზღვის პორტების გამაგრებაა. ამბობს, რომ ნატო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას სერიოზულად განიხილავს. ამაზე, ექსპერტის თქმით, ისიც მეტყველებს, რომ ბათუმის პორტი ამ დაჯგუფების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

“როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალები და ფლოტი არ გააჩნია, რადგან მიხეილ სააკაშვილმა ეს სახეობა საერთოდ გააუქმა. ეს დიდი შეცდომა იყო. ახლა კი, როგორც ჩანს, ამ დანაკლისის შევსებას ცდილობენ. ეს სიახლე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და დადებითია”, – დასძენს მაისაია.

რეზონანსი, 29 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ ირაკლი ჩიქოვანთან: “საქართველოს უსაფრთხოების გარანტია ევროპასთან მაქსიმალური სიახლოვეა”

თიკო ოსმანოვა

“ევროპულ ინტეგრაციას აქვს ორმხრივი პოზიტიური ეფექტი – ეს რუსეთს აიძულებს, რომ საქართველოსთან მიმართებაში პოზიტიური ნაბიჯები გადადგას”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავესაუბრეთ.

ირაკლი ჩიქოვანი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა შედგა, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. გვაქვს ინფორმაცია, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ამ პროცესებში ვგულისხმობ, აბსოლუტურად ყველაფერს, რაც დაკავშირებულია არა მხოლოდ საარჩევნო გარემოსთან, არამედ ზოგადად ქვეყანასთან. დარწმუნებული ვარ, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილებული იქნებოდა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის წინასაარჩევნო გარემო და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. შეერთებული შტატებისთვის, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არჩევნები წარიმართოს დემოკრატიულად და აბსოლუტურად ყველა პროცედურის დაცვით, თანაბარი გარემოს პირობებში.

- პრემიერის ვიზიტს წინ უძღოდა ამერიკელ კონგრესმენ სტივ რასელის კრიტიკული განცხადება, როგორ ფიქრობთ, ეს იყო ერთი კონგრესმენის პოზიცია, თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პოზიციას ასახავს? მოუწევდა თუ არა კვირიკაშვილს ამ საკითხზე განმარტების გაკეთება?

- განცხადება, რომელიც გააკეთა კონგრესმენმა, ეკუთნოდა მას. ეს რომ გაეკეთებინა ვინმეს სახელით, ამას მიუთითებდა. თუმცა ნიშანდობლივია, რომ აშშ-ის კონგრესში არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ამგვარი წარმოდგენა აქვთ საქართველოს შესახებ.

- ვიზალიბერალიზაციის პროცესზე ახდენს თუ არა გავლენას ევროპის სახალხო პარტია? შესაძლებელია, რომ მათმა ქმედებებმა შეუშალოს ხელი საქართველოს უვიზო მიმოსვლის მიღებაში?

ი.ჩ: ვიზალიბერალიზაცია არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხი, ამას არც ერთი პარტიული ინტერესი არ უნდა შეეწიროს. პარტიული ინტერესიდან გამომდინარე არ უნდა იმოქმედოს არც ერთმა ორგანიზაციამ. ვიზალიბერალიზაცისთვის საქართველომ გააკეთა აბსოლუტურად ყველაფერი, ყველა ტექნიკური დავალება აქვს შესრულებული და შესაბამისად, არ ასრებობს არანაირი ტექნიკური წინააღმდეგობა, რომ ამ პროცესს ხელი შეეშალოს. თუმცა ნათელია, დღეს რეალურად არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ ეს ყველაფერი მიბმული იყოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მათ წარმატებასთან ან წარუმატებლობასთან.

ამიტომ მოვუწოდებდი აბსოლუტურად ყველას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ეს ადამიანი და რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, იმუშაონ საკუთარ ევროპელ კოლეგებთან, პარტნიორებთან, რომ ამ გადაწყვეტილებას არანაირი პრობლემა არ შეექმნას ევროპარლამენტში. საკომიტეტო დონეზე ამ გადაწყვეტილებას პრობლემები, როგორც ჩანს, არ შეექმნება, ახლა ანალოგიური უნდა გაგრძელდეს საბჭოზეც.

- ევროპის პარალელურად, საქართველოს მოქალაქეები ვიზების გაუქმებას რუსეთისგანაც ელოდებოდნენ…

- გადაწყვეტილებები, რომელიც მოსკოვში მიიღება, მათი ანალიზი ყოველდღიურად ძნელდება, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაციას აღნიშნული გადაწყვეტილება სჭირდება უფრო ისეთ დროს, როდესაც ზეგავლენა ექნება ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც ევროპასთან საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს, რუსეთს უფრო მეტი სურვილი ექნება, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი უზრუნველყოს. ჩვენ კარგად ვხედავთ და წლების განმავლობაში კარგად დავინახეთ – რუსეთის ფედერაცია არ მოქმედებს იმ პრინციპით, რომ მან ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეებს ან სახელმწიფოებრიობას, უბრალოდ ცდილობს საკუთარი ზეგვალენის შენარჩუნებას. ასე რომ, ევროპულ ინტეგრაციას აქვს ორმხრივი პოზიტიური ეფექტი. ეს პროცესი, რეალურად, რუსეთს აიძულებს, რომ საქართველოსთან მიმართებაში პოზიტიური ნაბიჯები გადადგას.

- თუმცა რუსეთი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება…

- რუსეთის ფედერაციისგან საფრთხე, როგორც აქამდე არსებობდა, დღესაც არსებობს და ხვალაც იარსებებს, ჩვენ ამ საფრთხეს განვიცდით მუდმივად. ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. იქ დგას რუსეთის ჯარი და მათ სურს ამ ტერიტორიების მიერთება რუსეთთან. ეს საფრთხე არსებობს, თუმცა ის, რომ ევროატნალტიკური ინტეგრაცია საფრთხეს აძლიერებს, გეტყვით, რომ პირიქით, ევროპასთან მაქსიმალური სიახლოვე ჩვენი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი გარანტია.

- “რესპუბლიკელებსა” და “ოცნებას” შორის დაპირისპირება დაიწყო. რას შეიძლება ველოდეთ მომავალში?

- რაც ხდება უმრავლესობისმაგვარ ერთობაში, ეს მათი პრობლემაა. რეალურად არის სერიოზული გაურკვევლობა, პოლიტიკური ერთობა პრაქტიკულად არ არსებობს – ქვეყნას უმრავლესობა არ ჰყავს.

რეზონანსი, 29 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: “უვიზო მიმოსვლაზე ევროპარლამენტი ყველაზე დიდ ყურადღებას “რუსთავი 2″-ის საკითხს მიაქცევს”

ელზა პაპოშვილი

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის ამერიკაში ვიზიტი ცუდად მომზადებული იყო და აღმოჩნდა, რომ ამერიკის პოლიტიკურ ელიტას საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი არ აინტერესებს. მისი აზრით, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე ყველაზე დიდ გავლენას “რუსთავი-2″-ის თემა მოახდენს. ცინცაძე ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” გადაწყვეტილებას საკუთარი კეთილ-დღეობისთვის მიიღებს და წინასაარჩევნოდ ტელეკომპანიის საქმეს დაასრულებს, რადგანაც სხვაგვარად ის პარტიას პრობლემებს შეუქმნის და არჩევნებისთვის მათი გამარჯვების საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

- როგორ შეაფასებთ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ამერიკაში ვიზიტს და რატომ არ შეხვდა მას ბარაკ ობამა?

- ვფიქრობ, გიორგი კვირიკაშვილის ამერიკაში ვიზიტი საკმაოდ ცუდად მომზადებული იყო. პრემიერი ვიზიტის დროს არც ერთ გავლენიან კომიტეტის თავმჯდომარეს არ შეხვედრია. ეს ქართული სახელმწიფოს პირველი პირისთვის მიღების ძალიან დაბალი დონე იყო. ჯერერთი, ვიცე-პრეზიდენტს ამერიკაში არავინ არაფერს ეკითხება და კვირიკაშვილს ყველაზე მაღალი დონის შეხვედრა მხოლოდ ამ პოსტის მქონე ადამიანთან ჰქონდა. რატომ დაამთხვიეს კვირიკაშვილის ამერიკაში ვიზიტი, როდესაც ობამა ამ დროს ევროპაში იმყოფებოდა – ეს საელჩოს ცუდ მუშაობაზე მეტყველებს. ელჩს ის მაინც შეეძლო, რომ პრემიერი რომელიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში გამოსულიყო – ჰარვარდის ან იელის უნივესიტეტში მოეწყოთ შეხვედრა. მისი გამოსვლა მეორეხარისხოვან უნივერსიტეტში მომგებიანი არ იყო. თანაც, კვირიკაშვილის ამერიკაში პირველი ვიზიტი იყო, როგორც ჩანს, ამერიკულ პოლიტიკურ ელიტას საქართველოს ახალი პირველი პირის გაცნობა არ სურს. ისიც კი არ უთქვამთ, რომ ვარშავის სამიტზე ამერიკა ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველომ მაპი მიიღოს.

- “ევროპის სახალხო” პარტიის წარმომადგენლის იაცეკ საირუშ ვოლსკის თქმით, უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი საპატიმროდან უნდა გათავისუფლდნენ. რას ნიშნავს მისი ეს განცხადება?

- უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის გამოშვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება. ევროპარლამენტი ყველაზე დიდ ყურადღებას “რუსთავი 2″-ის საკითხს მიაქცევს. მართალია, ხელისუფლებამ ეს პრობლემა სააღდგომოდ აირიდა და ხმაურის ატეხვა არ სურს, მაგრამ დიდი ალბათობით არჩევანი უკვე გააკეთა. მას გადაწყვეტილების მიღება 2 ცუდს შორის მოუწია. ერთი არის, რომ “რუსთავი 2″-ს ბოლოს მოუღებს და ამას დასავლეთის მხრიდან სერიოზული რეაქცია მოჰყვება, სადაც ქართული სახემწიფო იზარალებს, თუმცა ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” დარჩება. მეორე ცუდი ვარიანტი კი, “რუსთავი 2″-ს ხელი არ ახლოს და ეს ტელევიზია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სახელისუფლო პარტია არჩევნებში დამარცხდეს. როგრც ჩანს “ოცნებამ” არჩევანი იმაზე გააკეთა, რომ ის ხელისუფლებაში დარჩეს.

- “რუსთავი 2″-ის საკითხის ამგვარ გადაწყვეტას, დასავლეთისა და ევროპის მხრიდან რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს?

- ევროპაში უვიზო მიმოსვლა ქართულ პოლიტიკურ ელიტას არც არაფერს მატებს და არც არაფერს დააკლებს. ისინი უვიზოდ ევროპაში ისედაც დადიან. თუმცა თავად ევროპისთვისაც იოლი არ იქნება, რომ უვიზო მიმოსვლაზე უარი გვითხრან. გამოვა, უკრაინას აძლევს და საქართველოს არა? რა, იქ ყველაფერი კარგად არის? ამიტომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოზე ამ თემით გარკვეულ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება მოახდინოს. ბრიუსელშიც და სტრასბურგშიც ყველამ კარგად იცის, რომ ასე უბრალოდ ციხიდან უგულავასა და მერაბიშვილს არავინ გამოუშვებს. მით უმეტეს, არჩევნების წინ. ხელისუფლებამ ესენი რომ ციხიდან გამოუშვას, მისი ისედაც დაბლა დაწული რეიტინგი უფრო დაეცემა.

- რატომ არაფერს აკეთებს ხელისუფლება, რომ ლობისტები დაიქირაოს?

- ჩვენს ხელისუფლებაში ორწიგნწაუკითხავმა პოლიტიკოსებმა, ყველაფერს უკვე გამართლება მოუძებნეს და განაცხადეს, მთელი ევროპა “ნაციონალურ მოძრაობას” ნაყიდი ჰყავსო. ევროპარლამენტმა რაც უნდა გადაწყვიტოს, ჩვენი ხელისუფლება მათ ქმედებას ამ არგუმენტით შეაფასებს. აქ ლობისტების დაქირავება მთავარი არ არის. ყველაზე დიდი მნიშვნელობა დიპლომატიურ კორპუსს ენიჭება. ნებისმიერი ელჩის ნომერი პირველი ამოცანაა, რომ ქვეყანას მეგობრები გაუჩინოს, ჩვენები კი პირიქით, უმცირებენ. მთავარი პრობლემა სწორედ ესაა.

- რა შეფასებას მისცემთ დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში სამი მცირე პრობლემა გვაქვს და ერთ-ერთი “ქართული ოცნების” არცთუ ნორჩი ლენინელის და სტალინელის განცხადებებია, რასაც ევროპაში ხელისუფლების პოზიციად აღიქვამენ. როგორ ფიქრობთ, უსუფაშვილს ევროპელებმა რა უთხრეს?

- უსუფაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტის შეხვედრიდან გამოვიდა და მას თქვენი კოლეგა შეხვდა. გაცოფებულმა, რასაც არასდროს არ იტყვის, ჟურნალისტს პირდაპირ მიახალა. კითხვა არავის გაუჩნდა, რატომ? უსუფაშვილმა, ასეთმა მოზომილმა და ჭკვიანმა პოლიტიკოსმა თავი რატომ ვერ შეიკავა? როგორც ჩანს, კაბინეტში, პირად საუბარში უსუფაშვილს ყურები დაახიეს, გაბრაზებულმა კი სათქმელი ვეღარ დამალა. იქ ეტყობა დაუდეს, “ქართული ოცნების” რომელი წევრი რას ამბობდა. პირდაპირ უთხრეს, ამას ამბობს ბიძინა ივანიშვილის ახლობელი, ამას ამბობს მისი თანაკლასელი, გვარების ჩამოთვლა აღარ მინდა, ყველამ კარგად იცის, ვისაც ვგულისხმობ.

რეზონანსი, 29 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ ზაზა ფირალიშვილთან: “მთავარია განათლების სისტემის გათავისუფლება მიმდინარე პოლიტიკური კონიუნქტურისაგან”

ია აბულაშვილი

განათლების სისტემაში გასატარებელ აუცილებელ რეფორმებს და ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე უკვე რამდენიმე კვირაა, სტუდენტები პერმანენტული აქციებით გამოდიან. არის თუ არა შესაძლებელი განათლების სისტემაში პოზიტიური პროცესების დაწყება, ამის შესახებ “რეზონანსი” ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს გაესაუბრა, რომელიც თვლის, რომ სტრუქტურული ცვლილებები არაფერს მოიტანს, თუ მათ წანამძღვრად განათლების ნათელი და კარგად გააზრებული იდეოლოგია არ იგულისხმება. მისი თქმით, მთავარი გარდატეხა ცოდნის, როგორც ღირებულებისადმი, დამოკიდებულებაში უნდა მოხდეს. ეს გარდატეხა დღეს თავისთავადაც ხდება და მისთვის ხელის შეწყობაა საჭირო.

- როგორ ფიქრობთ, არის იმის შესაძლებლობა, რომ ის მოთხოვნები, რომლებსაც ახალგაზრდები აყენებენ, შესრულდეს, ანუ განათლების სისტემაში აღმოიფხვარს არსებული პრობლემები და სრულყოფილი რეფორმები გატარდეს?

- ცოდნამ საზრისი უნდა დაიბრუნოს, ცოდნის მიღების პროცესი უმაღლესი საზრისის მატარებელი უნდა გახდეს. როგორც ვთქვი, ეს თავისთავადაც ხდება. საზღვრების გახსნამ და დასავლეთთან ურთიერთობამ თანდათან ეს საზრისი გააღვივა და აღვიძებს. ჩვენს ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, თავისი თვალით იხილონ, თუ უცხოეთში რა დამოკიდებულება აქვთ განათლების მიმართ მათ თანატოლებს. ანუ რაღაც პოზიტიური პროცესები თავისთავადაც მიდის და სახელმწიფომ საგანგებო ზომები უნდა მიიღოს მისი დაჩქარებისათვის.

- მაინც რა კონკრეტული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს?

- ჩემი აზრით, პირველი და უზოგადესი რამ, რაზეც მთელი ჩვენი პოლიტიკური სპექტრის კონსენსუსი უნდა შედგეს, არის განათლების სისტემის გათავისუფლება მიმდინარე პოლიტიკური კონიუნქტურისაგან. ამ სფეროებში სტაბილური განვითარება და მემკვიდრეობითობა უნდა იქნას მიღწეული. ამის გარეშე მუდმივად ყველაფრის ხელახლა დაწყების საშიშროების წინაშე ვიქნებით. ვიღაცას შესაძლოა, სწორედ ეს ჰგონია დემოკრატია. სინამდვილეში კი მემკვიდრეობითობის გარეშე დემოკრატია კი არ გვაქვს, არამედ – ყველაფრის დანგრევისა და მთელი ცხოვრების ხელახლა დაწყების ბარბაროსული მცდელობა. უნივერსიტეტის მაგალითზე კარგად ვხედავთ, პოლიტიკურმა ინტერესებმა როგორ შეიძლება შელახოს აკადემიური პროცესი. პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენის შედეგია საეჭვო საკადრო პროცესები სკოლამდელი განათლების სისტემაშიც და ასე შემდეგ.

ეს ძალზე ზოგადად. ამასთან, არსებობს ძალზე კონკრეტული ღონისძიებებიც, რომლებიც თავიდანვე შეიძლება განხორციელდეს და მათი გავლენა ჩვენს განათლების სისტემაზე ისეთივე იქნება, როგორიც აღმოჩნდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა. ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი. სწორედ მან დაუდო სათავე განათლების სისტემიდან კორუფციის განდევნას.

პირველ რიგში, ესაა იმ დიდი უსამართლობის აღმოფხვრა, რომელიც დღეს ჩვენს განათლების სისტემაშია. ვგულისხმობ იმას, რომ ღარიბ ოჯახებში გაზრდილ ნიჭიერ და მშრომელ ახალგაზრდებს არ აქვთ შესაბამისი განათლების მიღების საშუალება. ეს არ არის მხოლოდ მათი პრობლემა. უნდა შევთანხმდეთ, რომ ყოველი ნიჭიერი და მშრომელი ახალგაზრდა ჩვენს ეროვნულ კაპიტალს წარმოადგენს. სახელმწიფომ საგანგებოდ უნდა იზრუნოს ამ კაპიტალის გამრავლებაზე. სასკოლო თუ საერთაშორისო ოლიმპიადების მეშვეობით ყოველწლიურად უნდა გამოირჩეს ის მოწაფეები, რომლებისთვისაც განათლების მიცემა სახელმწიფოებრივ ინტერესს წარმოადგენს და მათი შემდგომი სწავლა სწორედ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს.

დღესდღეობით ამ ადამიანების უდიდეს ნაწილს არ აქვთ ფინანსური საშუალება, ისწავლონ იქ, სადაც მათ სურთ და სადაც მათი ნიჭის განვითარების მეტი შესაძლებლობაა. შესაბამისად, სახელმწიფო კარგავს თავის უმნიშვნელოვანეს კაპიტალს. ანალოგიურად უნდა მოხდეს უმაღლესი სასწავლებლების გამორჩეული სტუდენტების სწავლების დაფინანსება.

აქ იმასაც დავუმატებ, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი უცხოეთის რომელიმე რეიტინგულ სასწავლებელში განაგრძობს სწავლას, ეს დახმარება წლიური სტიპენდიის სახით შეიძლება მიეცეს. ცხადია, ევროპაში საცხოვრებლად ეს სრულიადაც არ არის საკმარისი, მაგრამ სასწავლო ლიტერატურის შესაძენად სრულიად საკმარისია. არ უნდა დავივიწყოთ პედაგოგებიც. იმ პედაგოგებს, რომლებმაც ასეთი ახალგაზრდები აღზარდეს, საგრძნობი სახელფასო დანამატი უნდა მიეცეს. ეს არ არის შეუძლებელი რამ. ამგვარი ღონისძიების ხარჯები არ აღემატება რამდენიმე მილიონ ლარს, ფსიქოლოგიური და რეალური შედეგები კი ძალზე მნიშვნელოვანი იქნება.

მაშინ, როდესაც ასეთი თანხები იხარჯება მოხელეთა პრემიებსა და სახელფასო დანამატებზე; როდესაც ათეულობით მილიონი იხარჯება ღონისძიებებზე, რომელთა დანიშნულებაც მხოლოდ წინასაარჩევნო განწყობებში ხელისუფლებისათვის სასურველი კორექტივების შეტანაა, ამ თანხების გამოთავისუფლება სრულიად შესაძლებელია.

სიტყვამ მოიტანა და სახელისუფლო შტოების თუნდაც მეორე რიგის თანამშრომლების სრულიად უსაზრისო ვიზიტიც კი დასავლეთში 25-30 ათასი ლარი ჯდება. ამ თანხით ათამდე სტუდენტისა და მოწაფის სწავლა შეიძლებოდა, დაფინანსებულიყო ერთი წლის განმავლობაში. აღარაფერს ვამბობ პერსონალურ ავტომობილებზე და ა.შ. სწორედ ამგვარი სახსრების მობილიზებას ვგულისხმობ.

ამ ეტაპზე სახელმწიფოს არ აქვს საშუალება, რომ განათლება მთლიანად უფასო გახადოს. დღეს ვინც ამას დაპირდება ამომრჩეველს, უბრალოდ, მოატყუებს მას. მაგრამ იმის საშუალება, რომ თანაგრძნობა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ნიჭიერებასა და შრომისმოყვარეობას და ამით საზოგადოებრივი ძალების გამოღვიძებას შევუწყოთ ხელი, ნამდვილად არსებობს და ვალდებულიც ვართ ეს გავაკეთოთ, თუ გვინდა, რომ ხვალინდელი დღე გვქონდეს.

- ეს, მართლაც, სერიოზული პრობლემაა…

- ასეა. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, რასაც ქართველი კაცი განიცდის თავის სამშობლოში, არის იმის განცდა, რომ იგი არავის არაფერში სჭირდება. ვისაც ევროპაში ან ამერიკაში უცხოვრია, იცის, თუ როგორ განიხილავენ ის ადამიანები ერთმანეთს საზოგადოებრივ კაპიტალად; არა მხოლოდ საკუთარ თავს, როგორც ეს ჩვენშია ხშირად, არამედ – ერთმანეთს და ამით იმ პიროვნულ და სოციალურ ძალებს აღვიძებენ, რომლებმაც შექმნეს კიდეც ეს დიდი ცივილიზაცია. სწორედ ამგვარ ურთიერთმხარდაჭერაში გამოჩნდა ამ საზოგადოებების ქრისტიანობა. განმანათლებლობის ეპოქიდან მოყოლებული ბევრი ევროპელი არისტოკრატი მდაბიო ოჯახებში საგანგებოდ ეძებდა ნიჭიერ ბავშვებს, რათა მათთვის განათლების მიღების საშუალება მიეცა.

სწორედ ასე იქცა გერმანიის მიყრუებულ სოფელში მცხოვრები ათიოდე წლის ბატების მწყემსი იოჰან გოტლიბ ფიხტე ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მოაზროვნედ. ღმერთმა იცის, კიდევ რამდენი ვინმეს დასახელება შეიძლება. ყველაფერ სხვასთან ერთად, ესაა ევროპა. ამიტომაც მიიჩნიეს თავისუფალმა დემოკრატებმა, რომ პრიორიტეტულ მიმართულებად განათლების გამოცხადებასთან ერთად მიეთითებინათ იმ კონკრეტულ საქმეებზეც (რომელთა მოგვარებაც არ მოითხოვს დიდ ფინანსურ დანახარჯებს), რომელთა შედეგების ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, თუკი ჩვენი მოხელეები კეთილ ნებას გამოიჩენენ და თავის მდგომარეობას ცხოვრებით ტკბობის საშუალებად არ განიხილავენ.

რეზონანსი, 29 აპრილი, 2016 წელი

დემოგრაფიული კატასტროფა – 30 წელში საქართველოს მოსახლეობა შესაძლოა, 2,5 მილიონამდე შემცირდეს

ეკატერინე ბასილაია

2014 წლის საყოველთაო აღწერის საბოლოო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3,714 მილიონია, 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით 15%-ით,(658 ათასით) ნაკლები, 1989 წელთან შედარებით კი – 31%-ით, (1,6 მილიონით) ნაკლები. ამასთან, ძალიან დაცლილია სოფელი, სადაც მხოლოდ 1,6 მილიონი ადამიანია დარჩენილი და სადაც ლამის მესამედი 60 წელს გადაცილებულია, – ამ მაჩვენებელს დემოგრაფები საგანგაშოს, კატასტროფულს უწოდებენ და პროგნოზირებენ, რომ თუ ისევ იმგვარად გაგრძელდება კლების ტენდენცია, როგორც ბოლო 12 წელიწადში, 30 წლის შემდეგ 1,3 მილიონით ნაკლები, ანუ 2,5 მილიონიც არ ვიქნებით. სოფელი კი შესაძლოა, საერთოდ ახალგაზრდების გარეშე დარჩეს.

დემოგრაფების თქმით, გაეროს 2010 წლის მონაცემების მიხედვით, 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით, 1,1 მილიონი კაცით მცირდებოდა და ნავარაუდევი იყო, რომ იქნებოდა 3,3 მილიონი. თუმცა ეს კვლევა ეფუძნებოდა 2002 წლის აღწერას და კლებაც 12 წლის წინანდელი აღწერის მაჩვენებლიდან იყო გამოთვლილი. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ დღევანდელი სურათი გაცილებით მძიმეა და კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში 36 წელში ბევრად კატასტროფული შედეგი შეიძლება ვიხილოთ, ვიდრე გაერო პროგნოზირებდა. “თუ ჩვენ საგანგებო ღონისძიებები არ მივიღეთ, მოსახლეობა 30-35%-ით შემცირდება. აგერ ჩანს, რომ 12 წელიწადში მოსახლეობა დაახლოებით 700 ათასითაა შემცირებული და თუკი პროცესები არ გამოსწორდება, კიდევ 12 წელიწადში ასეთი შემცირება კატასტროფული შედეგს მოიტანს”, – აცხადებს დემოგრაფი ანზორ თოთაძე.

დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძის განცხადებით, გადაშენების საფრთხე არ გველოდება, მაგრამ მცირედი ვიქნებით. ამბობს, რომ აღწერამ ბევრი რამ დაგვანახვა, მათ შორის ის, რომ საარჩევნო სიები გადასახედია და მეორე – სოფლები და მცირე ქალაქები დაცლის პირასაა, რასაც სასწრაფოდ მიხედვა სჭირდება, სხვა შემთხვევაში, მალე სოფელში ახალგაზრდა არ დარჩება.

საგანგაშო ოფიციალური სტატისტიკა

გუშინ საჯარო ბიბლიოთეკაში „საქსტატ“-მა 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია მოაწყო. ითქვა, რომ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს, აქედან 47,7% (1 772 864) კაცი და 52,3% (1 940 940) ქალია.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, 2002 წლის აღწერისას მოსახლეობა იყო 4 371 535 და დღეს ის 15%-ით (657 731 კაცი) ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის რაოდენობა და ამომრჩეველთა რიცხვი ლამის ერთმანეთს გაუტოლდა, რადგანაც ბოლო 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 3,43 მილიონი.

შემცირება ძირითადად, სოფლის მოსახლეობაზე მოდის. 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2,1 მილიონი კაცი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ – 1,6 კაცი. ქალაქის მოსახლეობა წინა აღწერასთან შედარებით 7.1%-ით შემცირდა, ხოლო სოფლის – 23.7%-ით.

2002 წელთან შედარებით ყველაზე მეტად შემცირებულია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობა – 37.4%-ით; სამეგრელო-ზემო სვანეთში ეს მაჩვენებელი 29%-ს უტოლდება; მცხეთა-მთიანეთში – 24.8%-ს, იმერეთში – 23.4%-ს; კახეთში – 21.6%-ს; გურიაში – 21%-ს; შიდა ქართლში – 15.7%-ს, ქვემო ქართლში – 14.6%-ს, ხოლო ყველაზე ნაკლები შემცირება არის აჭარაში – 10.6%.

თბილისის მოსახლეობა გაზრდილია 2,5%-ით და 1,1 მილიონს შეადგენს. 2002 წლის აღწერის შედეგებთან შედარებით, 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 2,4%-ით შემცირდა და 18,6% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ შობადობა ძალიან დაბალია. ამასთან, 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 1,6%-ით არის გაზრდილი. მოსახლეობის საშუალო ასაკი – 2 წლით და მან 38,1 წელი შეადგინა. ეთნიკური ნიშნით მოსახლეობის პროცენტული განაწილება ასეთია: 87% ქართველი, 6% აზერბაიჯანელი, 5% სომეხი, 1% რუსი, 0.4% ოსი, 1% – სხვა.

მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობა ასეთია: მართლმადიდებელი ქრისტიანი – 83%; მუსლიმი – 11%; სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი – 3%; კათოლიკე – 1%, არც ერთი – 0,5% და სხვა – 1%.

„საქსტატ“-ის მონაცემებით, ემიგრირებულთა რაოდენობა 88,5 ათას ადამიანს შეადგენს. ემიგრანტთა ყველაზე მაღალი ნაკადი თბილისიდან 31.6% და იმერეთის რეგიონიდან გავიდა – 22.9%. ემიგრანტები ძირითადად გადიან რუსეთში – 21.7%, საბერძნეთში – 15.9%, თურქეთში – 11.2%, იტალიაში – 10.9%, აშშ-ში – 5.7%, ესპანეთში – 4.1% და სხვა ქვეყნებში – 15%-ზე მეტი.

დემოგრაფების დამაფიქრებელი პროგნოზები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ, პროფესორ ავთანდილ სულაბერიძის განცხადებით, მისთვის ეს მონაცემები მოულოდნელი სულაც არ ყოფილა და მათივე კვლევებიდან, დაახლოებით იგივე სურათი ჰქონდათ მიღებული. ერთადერთი, რაშიც აღწერის შედეგებს არ ეთანხმება, ემიგრანტებზე მონაცემებია. ამბობს, რომ ემიგრანტთა რაოდენობა ბევრად მეტია და ეს მონაცემები სინამდვილესთან საერთოდ არ არის ახლოს, რადგანაც მოსახლეობა გასულთა რაოდენობას მალავს, შესაბამისად, ეს შეკითხვა არ მუშაობს.

ავტანდილ სულაბერიძის თქმით, ამ აღწერამ დაადასტურა ის, რომ გაეროს პროგნოზი რეალობას არ ემთხვევა, რადგან რეალობა უფრო მძიმეა. დემოგრაფი იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც ამ აღწერამ დაგვანახვა. იგიამბობს, რომ უპირველესად მოსაგვარებელია საარჩევნო სიები, რადგანაც აბსურდია მოსახლეობის რაოდენობა და ამომრჩეველთა რიცხვი ლამის ტოლი იყოს. მისი თქმით, რასაც დემოგრაფები ე.წ. მკვდარ სულებზე და გაბერილ საარჩევნო სიებზე წლებია საუბრობდნენ, ეს პრობლემა საყოველთაო აღწერამ დაადასტურა და ახლა საარჩევნო სიების გადახედვის აუცილებლობაც მწვავედ დააყენა.

გარდა ამისა, აღწერამ დაგვანახვა, რომ სოფლები და მცირე ქალაქები დაცლის პირასაა და აუცილებელია, ამაზე ვიფიქროთ, მაგალითად ბიზნესის გატანით, რომ სოფლის მოსახლეობა დიდ ქალაქში კი არ ჩავიდეს, არამედ ადგილზე აწარმოოს ბიზნესი.

ავტანდილ სულაბერიძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის დაბერება, დეპოპულაცია ხდება. ნაკლებია შობადობა და შესაბამისად, 20 წლამდე ასაკით მოსახლეობა, ხოლო მეტია 60 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობა. გარდა ამისა, დიდია მიგრაცია, ხოლო მიგრაციისას უცხოეთში ძირითადად ახალგაზრდები მიდიან და ერის დაბერებას ესეც უწყობს ხელს.

ავთანდილ სულაბერიძე:ახალმა ცხოვრებამ მოიტანა, რომ კაცს 3 შვილი აღარ უნდა, უნდა – 1. ამას ევროპული ცივილიზაციის მონაპოვარს ეძახიან. თავისთავად დაბადებულთა რაოდენობა რომ შემცირდება და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება, ეს მატებას ვერ მოგვცემს. ან მიგრაცია თუ არ შეჩერდება, ბუნებრივია, მოსახლეობა შემცირდება და ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით 2030 წლისთვის თუ მოსახლეობა 3,3 მილიონის ფარგლებში იქნება, ეს კარგია. წლებია ვლაპარაკობ იმაზე, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა რთულია და ეს ეროვნული პრობლემა მისახედია, მაგრამ ვინ გისმენს?! პოლიტიკური ნება არ არის, დემოგრაფია არ აინტერესებთ. მთის რაიონების კომისია რომ არის შექმნილი, ვინ არის პროფესიონალი? მთაში გზა არ არის, შუქი არ არის, არც გაზია. ძალიან მძიმე მდგომარეობაა სოფელში. იქ იბადებიან და 100 წლის შემდეგ ქალაქებში კვდებიან. 40%-მდეა სოფელში მოსახლეობა შემცირებული და ეს ნიშნავს, რომ ის დაცლილია. მათგან ბევრი თბილისში და ბევრიც უცხოეთშია წასული. ასე რომ, ძალიან საგანგაშო დემოგრაფიული ვითარებაა. 1982 წელს მაქვს დაწერილი, რომ მთას თუ არ მივხედეთ, მთა დაიცლება-მეთქი. რაჭა-ლეჩხუმში 1977-78 წლებში დაფიქსირდა პირველი დეპოპულაცია, როდესაც გარდაცვალებულთა რაოდენობამ შობადობას გადააჭარბა. ასევე იყო და არის ზემო იმერეთში, გურიაში.

მაშინ დავიწყეთ ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ყურადღება ვინ მიაქცია?! ახლა მარტო რაჭა-ლეჩხუმში კი არ არის დეპოპულაცია, არამედ ყველგან, სამხრეთ საქართველოს, აჭარისა და ქვემო ქართლის გარდა. ამიტომ ვამბობ, რომ პატარა ქალაქები უნდა განვავითაროთ.”

ავტანდილ სულაბერიძის თქმით, სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანში ბუნებრივი მატება მაღალია, შობადობაც მაღალია. სომხეთში უარყოფითი შედეგებია მოსალოდნელი და იქაც გადადიან იმ ეტაპზე, რომ 2030 წლისთვის იქაც დაიწყება დეპოპულაციის პროცესი.

“1926 წლის აღწერით, საქართველოს მოსახლეობა სომხეთს 600 ათასით უსწრებდა, აზერბაიჯანს – 250 ათასით. ახლა სომხები გვისწრებენ დაახლოებით ნახევარი მილიონით, აზერბაიჯანელები კი ჩვენზე 2,5-ჯერ მეტნი არიან. ეს დისბალანსია. გამორიცხული არ არის. აზერბაიჯანელები საქართველოში გადმოვიდნენ და სამუშაო ძალას ისინი შეავსებენ”, – ამბობს ავტანდილ სულაბერიძე.

მოსახლეობის დაბერებასა და დემოგრაფიის კატასტროფულ ვითარებაზე საუბრობს დემოგრაფიული განვითარების ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი დემოგრაფი ანზორ თოთაძე. ამბობს, რომ 1989 წელს საქართველოს მოსახლეობა იყო 5,4 მილიონი, 2002 წელს – 4,4 მილიონი, 2014 წელს კი გახდა 3,7 მილიონი და ამ 25 წლის განმავლობაში 1,6 მილიონითაა მოსახლეობა შემცირებული.

დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუარესება 1992 წლიდან დაიწყო. მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება იყო. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, შემცირდა შობადობა, გაიზარდა მოკვდავობა, ასევე ძალიან გაიზარდა ემიგრაცია, ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები საქართველოდან წავიდნენ.

“ძირითადად ეკონომიკური პირობების გაუარესების გამო ამ წლების განმავლობაში შობადობა მცირდებოდა, მოკვდავობა იზრდებოდა. თანაც ეს უმეტესად ქართველებით დასახლებულ რეგიონებში მოხდა. მოსახლეობის შემცირება ყველა რეგიონში მოხდა, ძირითადად – სოფლებში. ადამიანები დიდ ქალაქებში ჩავიდნენ. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ სოფელში ახალგაზრდობა აღარ დარჩეს. მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმში 2002 წელს 52 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა არის 32 ათასი. მოსახლეობის 37% 60 წელს არის გადაცილებული, ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ იქ მოსახლეობა კატასტროფულად დაბერებულია. ასევე იმერეთში 60 წელს გადაცილებული ადამიანია 24%, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობა იმერეთშიც დაბერებულია. გაეროს პროგნოზი იყო, რომ 2050 წლისთვის მოსახლეობა 28%-ით შემცირდებოდა, თუმცა მოსახლეობა იმდენადაა შემცირებული, რომ, სამწუხაროდ, პროგნოზი კიდევ უფრო უარესი იქნება. თუ ჩვენ საგანგებო ღონისძიებები არ მივიღეთ, მოსახლეობა 30-35%-ით შემცირდება. აგერ ჩანს, რომ 12 წელიწადში მოსახლეობა 700 ათასითაა შემცირებული და თუკი პროცესები არ გამოსწორდება, კიდევ 12 წელიწადში ასეთი შემცირება კატასტროფულ შედეგს მოიტანს”, – აცხადებს ანზორ თოთაძე.

———————–

„ახალი თაობა“, 29 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ნაციონალებს რევოლუცია სჭირდებათ

ბოლო პერიოდის პოლიტიკურ პროცესებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე აფასებს.

- ბატონო რამაზ, არჩევნებამდე დიდი დრო აღარ რჩება. ბოლო პერიოდის კვლევების გათვალისწინებით, ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის რეიტინგები თითქმის თანაბარია. ამას რით ახსნით?

- სულ ჩნდება ვარაუდი, ამ კვლევებში ხომ არ დევს ნაციონალური მოძრაობის ინტერესი. ამ ვარაუდზე პასუხად შეიძლება მოიძებნოს ისეთი სცენარი, რომელიც ნაციონალური მოძრაობისთვის ხელსაყრელია და რასაც ხელს უწყობს ეს გამოკვლევებიც.

- რომელ სცენარზე საუბრობთ?

- „ნაციონალური მოძრაობა“ ამ მკვლევრების ხელშიც კი ვერასოდეს ადის 20%-ზე მაღლა. ასე რომ, ჩვეულებრივი საარჩევნო სცენარით „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური პროცესების საკონტროლო პაკეტს ვერ დაეუფლება. კი შევა პარლამენტში, მაგრამ გადამწყვეტი ძალა არ ექნება, რაც ნაციონალურ მოძრაობას არ აწყობს. მეორე მხრივ, არის ე.წ. რევოლუციური სცენარი, რომელშიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოცდილება აქვს. ხელისუფლებაში თავის დროზე ის ამ სცენარით მოვიდა.

- ფიქრობთ, რომ თუ დასჭირდა, წავა ნაციონალური მოძრაობა რევოლუციურ სცენარზე?

- თუ დასჭირდა კი არა, სჭირდება. ეს დღეს უფრო სჭირდება, ვიდრე 2003-ში, რადგან 2003-ში იმ გუნდის თავზე დამოკლეს მახვილივით არ იყო დაკიდებული სამართლიანობის აღდგენა. ხელისუფლებაში მოსვლა იმისთვის, რომ ამ მახვილს თავი აარიდონ, დღეს გაცილებით მეტად სჭირდებათ, ვიდრე 2003-ში. ამიტომ, წავა თუ არა, ეს კითხვა არ უნდა გაჩნდეს. ის წავა, თუკი ეს შეეძლება.

- შეეძლება ანუ თუ ამის საშუალება მიეცემა?

- დიახ, თუ საშუალება მიეცემა. თუ გავაგრძელებთ 2003-თან შედარებას, მაშინაც გარკვეული როლი იმისთვის, რომ სააკაშვილს ეძახა, გამიყალბეს არჩევნებიო, იყო სოციოლოგია. სააკაშვილი ყველა არჩევნებში ჯერ სოციოლოგიით დებდა თავისი გამარჯვების წინასწარმეტყველებას და მერე იმარჯვებდა.

- საპროტესტო აქციებსაც უმატა ნაციონალურმა მოძრაობამ. ამაზე რას იტყვით? ხელისუფლება ამის საბაბს იძლევა?

- თუ ასე შევხედავთ, მაშინ ხელისუფლება საბაბს ყველასთვის ერთნაირად იძლევა, თუმცა დღეს ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, აქციების ინიციატორის როლი აიღოს თავის თავზე. ამიტომ მიჩნდება ეჭვი და, ღმერთმა ქნას, რომ ეს მხოლოდ ეჭვი იყოს და არ გამიმართლოს, რომ ხომ არ აპირებს ნაციონალური მოძრაობა, ამ თანაბარი მაჩვენებლების ფონზე, თუკი „ქართული ოცნება“ მეტ ხმებს აიღებს, დაიძახოს მერე, რომ არჩევნები გაყალბდა და ახალი აქციების ტალღის ინიციატორი გახდეს.

- ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და მიზანმიმართული პროცესია?

- წინასწარი დაგეგმვა ნაციონალებთან არ არის გასაკვირი. ეს პარტია საკმაოდ ორგანიზებული პარტიაა. ორგანიზებული არა მარტო ადამიანთა მობილიზების მხრივ, არამედ საკუთარი ნაბიჯების დროში გაწერის, დაგეგმვის მხრივაც. ის, რომ სამომავლოდ „ოცნებას“ მოემატება ხმები, თითქმის უდავოა. ნაციონალებს 20%-ზე მეტი არასოდეს ჰქონიათ ამ ოთხ წელიწადში. სავარაუდოა, რომ ახლაც არ ექნებათ და ის 60%, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმა, რაღაც ნაწილი “ოცნებისკენაც“ წავა. ასე რომ, „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის განსხვავება იქნება და სწორედ ეს განსხვავება გახდება იმის თქმის საბაბი, რომ არჩევნები გაყალბდა და მოსახლეობამ თავისი ხმები უნდა დაიცვას. თქვა კიდეც ნაციონალურმა მოძრაობამ, ჩვენს ხმებს დავიცავთო.

- ბოლო კვლევების შედეგად გამოიკვეთა პაატა ბურჭულაძის ფიგურა, საკმაოდ მაღალი მხარდაჭერით. ამაზე რას ფიქრობთ? ითქვა ისიც, რომ ის სააკაშვილის შეკვეთას ასრულებს და მის დაძახილზე შემოვა პოლიტიკაში. რამდენად გჯერათ, რომ ასეა?

- თვითონ პაატა ბურჭულაძის პირადი და საზოგადოებრივი პორტრეტი არ ჯდება იმაში, რომ ის ასეთი ხელის ბიჭი იყოს ვინმესი. თუმცა პაატა ბურჭულაძესაც ჯერჯერობით რომ ვერ გადაუწყვეტია, ესეც კითხვის ნიშანს აჩენს. რაღა დარჩა არჩევნებამდე? ხალხი ხომ იმასაც უნდა შეეჩვიოს, რომ ეს პოლიტიკური პარტიაა?! თუ ასეა, ეს გამოკითხვაც ღიმილის მომგვრელია. რატომ ჩასვა გამოკითხულთა შორის „აირაი“-მ პაატა ბურჭულაძე?! ის ხომ ოფიციალურად პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს. მას ეს სტატუსი ხომ არ აქვს? ესეც ცოტა გაუგებარია. თავად ბურჭულაძის განცხადებაც, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება, როგორც დღეს ვცხოვრობთ, პოლიტიკური ჟღერადობის განცხადებაა. შესაძლოა, ცოტა გვიან დაინტერესდა პოლიტიკით, თორემ ეს ფრაზა წინა ხელისუფლების პირობებშიც უნდა თქმულიყო! შესაძლოა, პაატა ბურჭულაძე აღმოჩნდეს მარიონეტი ამ პოლიტიკურ თამაშში და ამაზე უნდა დაფიქრდეს, რადგან ასეთი როლისთვის ისეთი პიროვნება, როგორიც პაატაა, არ მემეტება!

- ქართულ ოცნებას რა შანსები აქვთ? ამბობენ, რომ სიის დაკომპლექტებაზე სერიოზული უთანხმოებაა გუნდში, კვოტებს ვერ იყოფენ. რას ფიქრობთ თქვენ?

_ სიაზე დავა ყველგან იქნება, ეს ბუნებრივი თავსატეხია ყველა პარტიისთვის არჩევნების წინ. როგორც ვიცი, სიაზე დავაა „ნაციონალებშიც“, სიაზე დავაა სხვა ჯგუფებშიც და ამ დავებს ვერ გადარჩება ვერავინ. მე არა მგონია, „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ეფექტი სიით მოახდინოს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეს სია გარკვეულ პოზიტივებს მას მოუტანს. გიორგი კვირიკაშვილის ანალოგიური ფიგურები გამოჩნდება. როგორც ჩანს, პარტიის შიგნით საკადრო პოლიტიკა იცვლება და ეს მომგებიანი იქნება „ოცნებისთვის“, თუმცა თვითონ გიორგი კვირიკაშვილის პერსონასაც უდგას საფრთხეები.

„ახალი თაობა“, 29 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ქართული ოცნება 60 მანდატს აიღებს… მომავალი მთავრობა კი კოალიციური იქნება

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების შანსებზე საუბრობს.

„ჩვენდა სამწუხაროდ, ეს არჩევნებიც იქნება არა პროგრამების, როგორც ეს გვინდა, არამედ ნეგატივზე აწყობილი არჩევნები. როგორც ყოველთვის, კვლავ წამყვანი იქნება ნეგატივი და ერთმანეთის შეურაცხყოფა და არა – კრიტიკა, ქვეყნის მომავალ განვითარებაზე წარმოდგენილი რეალური ხედვები”, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

- რატომ არ არის პოლიტიკურ პლატფორმებზე, პროგრამებზე ორიენტირებული წინასაარჩევნო კამპანია, ამომრჩეველი არ არის ამისთვის მზად თუ თავად პოლიტიკური სპექტრი?

- მე მგონი, არც ერთი და არც მეორე. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, მზად პოლიტიკური სპექტრი უნდა იყოს. პრობლემა არის ისიც, რომ მთელი ამ 25 წლის განმავლობაში ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს აღიქვამდნენ, როგორც მტრები. ჩვენი საზოგადოებაც ამას შეეჩვია და ფიქრობს, რომ ასეც უნდა იყოს, არადა, ასე ნამდვილად არ უნდა იყოს. ის, რომ რესპუბლიკელი მინისტრები მინისტრთა კაბინეტში პორტფელებს ინარჩუნებენ და თან ოპოზიციაში არიან, დიდი ვნებათაღელვის მიზეზია. საზოგადოება დაბნეულია, როგორ შეიძლება, მინისტრი ოპოზიციური პარტიის წევრი იყოს? არადა, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა განვითარებულ, ევროპულ დემოკრატიებში. მინისტრმა უნდა შეასრულოს მთავრობის გადაწყვეტილება და არა _ პარტიის. მინისტრი ემსახურება სახელმწიფოს და არა – პარტიას. ოპოზიციაში ყოფნა ქვეყნის მტრობას არ ნიშნავს. დღეს ასეთი აღქმა გვაქვს. ამიტომ, როდესაც ასეთი რეალობაა, რთულია, პოზიტივზე ააგო წინასაარჩევნო კამპანია და ასე გახვიდე ფონს.

- თუმცა საარჩევნო კამპანიას, ალბათ, ყველა ქვეყანაში ახლავს კრიტიკა, ურთიერთბრალდებები…

- კრიტიკა შეიძლება, მაგრამ, რასაც დღეს ნაციონალური მოძრაობა აკეთებს, ეს კრიტიკაა?! სამწუხაროდ, ამ ფონს ჩვენი საზოგადოება მიჩვეულია და ამიტომაც არის მოთხოვნა დაჭერის, დასჯის და ა.შ.

- თქვენ პროგრამები ახსენეთ. როცა პარტიამ იცის, რომ დაპირებას ვერ შეასრულებს და მას მაინც გასცემს, რატომ აკეთებს ამას და რატომ სჯერა ასეთი ძალის ამომრჩეველს?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. დაპირება, რომლის შესრულებაც წარმოუდგენელია, ხაფანგია. ამ არჩევნებზეც იქნება ასეთი დაპირებები. ამ ოთხი წლის განმავლობაში პოლიტიკური ატმოსფეროს შეცვლა ვერ მოხერხდა. იმავე ჭაობში ვართ, შეიძლება, ცოტა უკეთესში, მაგრამ მაინც ჭაობში.

- მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, როგორ ჩადიან უშიშრად მასთან სახელმწიფო აპარატის წევრები და როგორი უკმაყოფილონი არიან ისინი მოქმედი ხელისუფლებით. იმავე ინტერვიუში მან თქვა, რომ არჩევნების მეორე დღესვე აპირებს სამშობლოში დაბრუნებას. რა გზავნილი იყოს ეს?

- ამ განცხადებით ის ცდილობს, ხელისუფლების შიგნით ეჭვი დათესოს, რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის დაბრუნებაზე ოცნებობენ. ამ განცხადებას ორი ადრესატი ჰყავს – ხელისუფლება და სააკაშვილის მომხრეები.  მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა უნდა იცოდნენ, რომ სააკაშვილს ხელისუფლებაშიც ჰყავს მომხრეები და საჭიროების შემთხვევაში დადგებიან იქ, სადაც უნდა დადგნენ. ამ აზრის დამკვიდრებით სააკაშვილი თავისი მხარდამჭერების მობილიზებას ახდენს. სააკაშვილმაც და ნაციონალურმა მოძრაობამაც ძალიან კარგად იცის, რომ, თუ ამ არჩევნებზე 10%-იან ზღვარს ვერ გადავლენ, ეს იქნება მათი დასასრული, რის შემდეგაც დაიწყება ისეთი პროცესი, როდესაც მათ ძალა გამოეცლებათ.

- ბატონო ვახტანგ, დასასრულზე კი არა, ხელისუფლებაში დაბრუნებაზე საუბრობენ…

- ეს ჩვეულებრივი პიარის ნაწილია. მათ ასეთი განწყობა უნდა შექმნან. ამიტომ ამბობს სააკაშვილი, რომ მეორე დღესვე ჩამოვა, ხელისუფლების გადაბარების პროცესსაც კი არ დაელოდება, ისე ჩამოვა. ეს არის პიარი. გამორიცხულია, რომ ამას რეალობასთან კავშირი ჰქონდეს, რომ მათ ამ არჩევნებში გაიმარჯვონ.

- ნაციონალურმა მოძრაობამ აქციები უკვე დააანონსა. ეს შეცვლის წინასაარჩევნო გარემოს?

- ნაციონალური მოძრაობა მთელი ამ ხნის განმავლობაში გვარწმუნებს იმაში, რომ არ შეცვლილა. ისინი ფიქრობენ ისეთივე კამპანიის წარმოებას, როგორიც 2003 წლის არჩევნებზე ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ გარკვეულ შეხლა-შემოხლას, მაგრამ ეს ყველაფერი იმ პროცესებში რომ გადაიზარდოს, რაც 2003 წელს მოხდა, ეს სრულიად გამორიცხულია.

- სოციოლოგები ამბობენ, რომ ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას, უბრალო უმრავლესობის აღებასაც კი. კოალიციური მთავრობა გვეყოლება?

- კოალიცია „ქართული ოცნება“ რომ შენარჩუნებულიყო, 76-80 მანდატის მოპოვებას შეძლებდა. პარტია „ქართულ ოცნებას“ ამ ოდენობის მანდატების მოპოვება გაუჭირდება, თუმცა არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერი პარტია იქნება და პარლამენტში მოხვედრილ სუბიექტებს შორის ყველაზე მეტი მანდატი ექნება, ალბათ _ 60 მანდატი. შესაბამისად, მომავალი მთავრობა სწორედ კოალიციური იქნება. მისი ძირითადი სუბიექტი `ქართული ოცნება~ იქნება და არა – რომელიმე სხვა პოლიტიკური ძალა.

- პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ორ ძალასთან – ნინო ბურჯანაძესთან და პატრიოტთა ალიანსთან თანამშრომლობა გამორიცხა. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?

- არ გამოვრიცხავ, თავად პრემიერის სურვილი იყოს, რომ ამ ორ ძალასთან არ ითანამშრომლოს, მაგრამ არავინ იცის წინასწარ, როგორი შედეგებით დამთავრდება არჩევნები. ამ ორივე ძალას დიდი შანსი აქვს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს და მოხვდეს პარლამენტში. ამიტომ პრემიერის სურვილზე შეიძლება მთლად არ აღმოჩნდეს დამოკიდებული, ვისთან ერთად ჩამოაყალიბებს კოალიციას. კიდევ არის 4-5 პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც ასევე გადალახავს ბარიერს.

Comments are closed