globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 29 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 29th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ვერსია: ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „ვიმსჯელებთ და იმედია, გადაწყვეტილებას გუნდურად მივიღებთ” // დაბლოკდება თუ არა „ნაციონალებთან“, აქვს თუ არა დაპირისპირება თანაგუნდელ ლევან ხაბეიშვილთან და იბრძოლებს თუ არა მერობისთვის „ახალი საქართველოს“ კანდიდატი

—–

ახალი თაობა: ინტერვიუ თინათინ ბოკუჩავასთან: „ქართული ოცნება“ საარჩევნო დაპირების შესრულებაზე უარს ამბობს“ // „არც ერთი ხმა არ აკლდებათ, „ქართული ოცნება“ თამაშობს“

ახალი თაობა: ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „ვაი, კახი კალაძეს და ვუი „ოცნებას“, თუ ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთო“ // „ოცნებას“ ზაალ უდუმაშვილის ეშინია“

ახალი თაობა: ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „როგორც „ხანუმაში“ ქორწილის ღამეს პატარძალი შეცვალეს, ასე შეგვიცვალეს კონსტიტუცია“

——————-

ვერსია“, 28-30 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „ვიმსჯელებთ და იმედია, გადაწყვეტილებას გუნდურად მივიღებთ” // დაბლოკდება თუ არა ნაციონალებთან, აქვს თუ არა დაპირისპირება თანაგუნდელ ლევან ხაბეიშვილთან და იბრძოლებს თუ არა მერობისთვისახალი საქართველოსკანდიდატი

თათია გოჩაძე

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ვაშაძის პარტიის, ,,ახალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, შესაძლოა, ნაციონალების მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის შტაბში გადავიდეს. ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა დაბლოკებაზე ან სხვა კანდიდატურის მხარდაჭერაზე საუბარი ნამდვილად მიდის. იმის გასარკვევად, აპირებს თუ გიორგი ვაშაძე ნაციონალებთან ან სხვა პარტიებთან კოალიციის შექმნას, ექნება თუ არა მას თბილისის მერობის ამბიცია და აქვს თუ არა დაპირისპირება თანაგუნდელ ხაბეიშვილთან, ,,ვერსია” გიორგი ვაშაძეს ესაუბრა, რომელიც პოლონეთიდან ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა, სადაც ქალაქების მერებსა და გუბერნატორებს გამოცდილების გასაზიარებლად შეხვდა. ინტერვიუ სწორედ ევროპული ვიზიტის შედეგებზე საუბრით დავიწყეთ.

„თანამედროვე მეცნიერები აცხადებენ, რომ ქვეყნის განვითარების მთავარი ღერძი ქალაქები და მათი განვითარებაა. ფანტასტიკური გამოცდილება ვნახეთ პოლონეთის რამდენიმე ქალაქში – როგორ გადადის ეს ხალხი ინდუსტრიულიდან პოსტინდუსტრიულ ეკონომიკაზე, როგორ იყენებენ ძველ ქარხნებს, საწარმოებს უდიდესი შემოსავლის გენერირებისთვის. იმ ტერიტორიებზე, სადაც ადრე ქვანახშირის საბადოები ან რკინის მეტალურგიული ქარხნები იყო, სრულიად ახალი ქალაქებია გაშენებული. ამას, რაც დღეს თანამედროვე ცხოვრებაში ხდება, მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას უწოდებენ. ფაქტია, შეუძლებელია ქარხნებში ადამიანების დასაქმება, რადგან თანამედროვე მანქანა-დანადგარები ასრულებს ძირითად სამუშაოს. ამ ფონზე, მაგალითად, რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ რომც დაიწყოს მეტი წარმოება, ძალიან ცოტა ადამიანი დასაქმდება. ევროპაში კი ეს ადგილები ტურისტულ ობიექტებად აქციეს, გამოთავისუფლებული ტერიტორიები საოფისე ფართების, სასტუმროების, მწვანე პარკებისა და ზოლებისთვის გამოიყენეს, რამაც პირველ რიგში ინვესტიცია მოიზიდა და დიდი ოდენობით სამუშაო ადგილები შექმნა მომსახურების სფეროში. შესაბამისად, მეტი შემოსავალი გაჩნდა ადგილობრივ ბიუჯეტებში, რომლის ინვესტირებასაც ქალაქის განვითარებაში ახდენენ“, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

- ეს გამოცდილება რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის?

- მსგავსი ტურნეები დაგეგმილი გვაქვს ევროპის სხვადასხვა ქალაქსა და აშშ-ში. მიღებულ გამოცდილებას საქართველოში ქალაქების განვითარების ახალი სტრატეგიების შესაქმნელად გამოვიყენებთ. მაგალითად, ტყიბული უზარმაზარი პრობლემაა საქართველოსთვის, რადგან სამუშაო პროცესში ხშირად ავარიები ხდება, ადამიანები იღუპებიან. ზუსტად ასეთ საწარმოში ვიყავით მისული პოლონეთში, ჩავედით მაღაროში, სადაც ყოველწლიურად მილიონი ტურისტი დადის, თითოეული კი 10 ევროს იხდის. დასაქმებულია ასობით ადამიანი. იქ არის კაფე-ბარები, საქორწინო დარბაზები, ტურია მოწყობილი იმის დასათვალიერებლად, როგორ ხდებოდა ქვანახშირის ამოღება. ამ ობიექტის გარშემო ინფრასტრუქტურა განვითარდა, რესტორნები და სასტუმროები გაიხსნა…

- ჩვენ კი იმას ვერ მივაღწიეთ, მუშებმა უსაფრთხო გარემოში იმუშაონ

- რა თქმა უნდა. იქაც აგვიხსნეს, რომ ამ მაღაროების დახურვის მთავარი მიზეზი მუშების დაზიანების შემთხვევები გახდა. ისედაც, მსოფლიოში ძალიან შემცირდა მოთხოვნა ქვანახშირზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მავნე ნივთიერებაზე.

- გამოდის, ამ ბიზნესს საქართველოში მალე წყალი შეუდგება?

- უკვე შემდგარი აქვს ამ ბიზნესს წყალი. სწრაფად უნდა შევიმუშაოთ ახალი სტრატეგია. წარმოიდგინეთ, ის, რაც ევროპაში ვნახე, ჭიათურაში ან ტყიბულში რომ გაკეთდეს! რამდენ სამუშაო ადგილს შექმნის, ოღონდ ისეთს კი არა, ადამიანები დაავადებისგან დაიხოცონ. 10 მილიონი ევროს შესვლა ჭიათურაში, ან ტყიბულში, წარმოგიდგენიათ როგორ განავითარებს ქალაქებს?

- ამაზე ჯერჯერობით მხოლოდ ოცნება შეგვიძლია, ამიტომ ქართულ რეალობას დავუბრუნდეთადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოახლოვდა, გადაწყვეტილი გაქვთ თბილისის მერობისთვის ბრძოლა?

- ამაზე ჯერ საბოლოოდ არ ჩამოვყალიბებულვარ, რადგან მუშაობის ძალიან საინტერესო პროცესი ავაწყვეთ თბილისში. გამოვყოფთ კონკრეტულ პრობლემებს და შედეგებზე გავდივართ. მაგალითად, გადავწყვიტეთ უფასო სასადილოების საკითხი; სიღარიბის ზღვარსმიღმა მყოფი ადამიანებისთვის დახმარების მოხსნის საკითხი ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო; პროკურატურაში მივიტანეთ საქმეები კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით და საქმეც აღძირა. მოკლედ, ჩვენი სტრატეგია ასეთია – პრობლემას ვაფიქსირებთ, მის გადაჭრის გზებზე ვფიქრობთ და ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე. ფანტასტიკური პროექტი გვაქვს ,,ხრუშჩოვკებთან”, ავტოფარეხებთან დაკავშირებით. სხვათა შორის, რეგიონებიდანაც გვიკავშირდებიან.

- თუ მერობისთვის ბრძოლას არ აპირებთ, ასეთი აქტიური წინასაარჩევნო კამპანია რა საჭიროა?

- არ ვამბობ, რომ არ ვაპირებ. მაგარი ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ერთი წელია, ახალ სტრატეგიებზე ვმუშაობთ, რადგან გვინდა, შევცვალოთ პარადიგმა ოპოზიციური პარტიების როლზე ქვეყნის განვითარებაში. დღეს ოპოზიციური პარტიები უბრალოდ მოყვირალი ადამიანების ერთობაა, რომლებიც მხოლოდ იმას ამბობენ, რომ სადმე კატასტროფა, კორუფციაა და ა.შ. ჩვენ კი ამ პრობლემების გადასაჭრელად ავამუშავეთ მექანიზმი. საპროექტო ჯგუფები ჩამოვაყალიბეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ახალი თაობის სუფთა ადამიანები უნდა გამოჩნდნენ. საქართველოში პრობლემა ისაა, რომ ზოგადი პოლიტიკოსები, ლაყაფისტები გვყავს და საქმის მკეთებელი არავინაა. ჩვენი პოლიტიკური მიზანი პოლიტიკური კლასის განახლება, პოლიტიკაში ახალი ადამიანების გამოჩენაა. სხვა შემთხვევაში საქართველოს მომავალი არ აქვს. ოპოზიციაში მყოფი ხალხი გაზარმაცებულია, შეხვედრაზე მოსვლა არ უნდათ, როცა რაღაცას ერთობლივად ვიწყებთ. ვიღაცას დილით ადგომა ეზარება, ვიღაც ნაბახუსევია, ვიღაც უხასიათოდაა, ვიღაც დაკავებულია… ჩვენი გუნდის ახალგაზრდებს კი სხვა მოტივაცია აქვთ, დღე და ღამე მუშაობა შეუძლიათ..

- და სხვა პარტიაში გადასვლაც შეუძლიათ - თქვენი პარტიის ერთ-ერთი ,,ფეისილევან ხაბეიშვილი, შესაძლებელია, ზაალ უდუმაშვილის შტაბში ვიხილოთ, ეს რას ნიშნავს?

- არ ვიცი, ამ კუთხით არ გვქონია საუბარი მე და ლევანს, ამ ინფორმაციაზე არაფერი ვიცი.

- სამაგიეროდ ჩვენ გვქონდა საუბარი და მითხრა, პროდასავლურ პარტიებთან მიდის საუბარი დაბლოკებაზე ან სხვა კანდიდატურის მხარდაჭერაზეო. გამოდის, თქვენი პარტია ნაციონალებთან ან სხვა პარტიებთან დაბლოკდება?

- ბლოკებთან დაკავშირებით შარშან ნეგატიური გამოცდილება მივიღეთ. ჩვენ გვაქვს პრინციპი – თუ საარჩევნო პოზიციაზე ერთზე მეტი ადამიანია, უნდა ჩავატაროთ პრაიმერი. ამას რომელიმე პარტიას რომ ვთავაზობთ, ამბობენ, რა დროს პრაიმერიაო. ფუნდამენტურად არ ვეთანხმები, ოთახში სამმა კაცმა გადაწყვიტოს, ვინ კარგია და ვინ _ ცუდი. ,,ახალი საქართველოს” შექმნის მთავარი მიზეზი სწორედ ისაა, რომ ეს კულუარული გარიგებები დასრულდეს. პირდაპირ გეტყვით, შარშან როცა ბურჭულაძესთან, ,,გირჩებთან” და სხვებთან გავერთიანდით, გარკვეულ კომპრომისებზე წავედით, რამაც დამანგრია, რადგან განვითარების ვერანაირ შესაძლებლობას ვერ ვხედავდი. ტვინი მქონდა გადაკეტილი იმაზე ფიქრით, იმ ხალხისთვის, ვინც ენთუზიაზმით მოვიდა, როგორ მეთქვა, რომ კანდიდატი არ იქნებოდა. ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ახლაც განაცხადა, ოპოზიციას საერთო კანდიდატი უნდა ჰყავდესო, იქვე დავწერე – იყოს ასე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრაიმერი ჩატარდება. გუშინაც მივწერე ჩვენი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს, თუ ვინმე ფიქრობს კოალიციებთან დაკავშირებით, დაწერონ მოსაზრებები და პირობები. პირდაპირ ვაცხადებ, კოალიციებში გამოსავალს ვერ ვხედავ, რადგან ისინი პრინციპიების კი არა, კულუარული გარიგებების გარშემო კეთდება.

- თუ ასეა, გამოდის, ლევან ხაბეიშვილი აპირებს თქვენი გუნდიდან წასვლას?

- შეიძლება, ლევანი კოალიციაზე ფიქრობს, ამაზე ვიმსჯელებთ. ვიცი, ზოგი ჩვენთან, ნაციონალებთან, ზოგიც სხვა პარტიებთან დაბლოკებაზე ფიქრობს. პირადად მე, ვერ ვხედავ ნაციონალებთან კოალიციის პერსპექტივას.

- ისე, თქვენ თუ არ გექნებათ მერობის ამბიცია, მოსალოდნელია, მხარი უდუმაშვილს დაუჭიროთ?

- არჩევნებზე თუ გავალთ, აუცილებლად გვეყოლება ჩვენი კანდიდატურა. ის ზღაპრები, რომ პარტია გადის არჩევნებზე და სხვა კანდიდატს უჭერს მხარი, აბსურდია. ეს უთავო მხედარივით, გზააბნეულად მოსიარულე პოლიტიკური პარტია იქნება, ამიტომ ჩვენი მიზანი კონკრეტული და ცხადია – არჩვენებში ვმონაწილეობთ და გვეყოლება მერობის ჩვენი კანდიდატი.

- ბატონო გიორგი, თქვენსა და ლევან ხაბეიშვილს შორის რამე განხეთქილება ხომ არაა?

- არანაირი განხეთქილება არ არსებობს. აზრთა სხვადასხვაობა ყველა პოლიტიკურ პარტიაში უნდა იყოს. ეს ჯანსაღი პროცესია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ – ბუნებაში არ წარმომიდგენია არჩევნებში მონაწილეობა კანდიდატის გარეშე მთავარ პოზიციაზე.

ვიმსჯელებთ ყველაფერზე და იმედია, გუნდურად და ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას.

———————–

ახალი თაობა“, 29 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ თინათინ ბოკუჩავასთან: ქართული ოცნება საარჩევნო დაპირების შესრულებაზე უარს ამბობს“ // „არც ერთი ხმა არ აკლდებათ, ქართული ოცნება თამაშობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრობს.

- ქალბატონო თინათინ, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელ ჯანი ბუკიკიოს ოპოზიციის წევრები 29 ივნისს შეხვდებით. რა არის თქვენი შეხვედრის მიზანი?

- ბათუმში ჩვენ, გაერთიანებულ ოპოზიციას, ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. ამ შეხვედრაზე ბატონ ბუკიკიოს მოვახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ როგორ მოგვატყუა ყველა, ოპოზიციაც და ამ ქვეყნის მოქალაქეებიც, ამომრჩევლები და როგორ შემოგვაპარა სრულიად სხვა დოკუმენტი. მმართველმა პარტიამ მოატყუა არა მხოლოდ ქართველი საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი, არამედ თავად ვენეციის კომისია. მათ ერთ ღამეში შეცვალეს დოკუმენტი, რომელიც გადაუგზავნეს ვენეციის კომისიას და რომელზეც ვენეციის კომისიამ დადო დასკვნა. პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით კენჭი უყარა არა იმ დოკუმენტს, რომელზეც ვენეციის კომისიამ დასკვნა დადო, არამედ სრულიად განსხვავებულ დოკუმენტს. ეს უნდა იცოდეს ვენეციის კომისიამ და ჯანი ბუკიკიომ.

ვენეციის კომისიის იმ დასკვნაში ყველაზე დადებითად შეფასებული იყო ის, რომ საარჩევნო სისტემა იცვლებოდა ქვეყანაში, შერეული მოდელიდან პროპორციულ სისტემაზე გადავდიოდით. ეს იყო აღნიშნული დადებითად ამ დასკვნაში, მაგრამ რა გამოდის, ამოღებულია ეს ვარიანტი და ძველი სისტემაა დატოვებული 2024 წლამდე.

- კონსტიტუციონალისტი შარმანაშვილი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიას და ჯანი ბუკიკიოს მშვენივრად ესმით, რომ პარლამენტი სწორედ ის ორგანოა, რომელსაც კანონპროექტებში შესწორებები და ცვლილებები შეაქვს. რას უპასუხებთ?

- ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ამბობს კონსტიტუციონალისტი, და მას ეს პროცესი რიგით საკანონმდებლო პროცესამდე დაჰყავს. ჩვეულებრივი კანონიც კი, ორგანული კანონიც კი, აქ არ არის საუბარი ქვეყნის უმაღლეს კანონზე _ კონსტიტუციაზე, კონსენსუსის შედეგი უნდა იყოს. სამწუხაროა, რომ ეს ასე არ მოხდა და მთელი პროცესის პირისპირ მმართველი ძალა მარტო აღმოჩნდა, რადგან მათ ერთ ღამეში შეცვალეს ყველაფერი, ამიტომ არ მივიღეთ საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობა.

- ხომ არ ჯობდა, რომ ოპოზიციას, ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც უფრო მძლავრად არის პარლამენტში წარმოდგენილი, ეს პროცესი არ მიეტოვებინა და ბოლომდე გებრძოლათ?

- ჩვენ ბოიკოტი გამოვაცხადეთ იმიტომ, რომ სულ სხვა დოკუმენტი დადგა განხილვაზე. ეს რომ არ მომხდარიყო და ხელების გადაგრეხვით არ შემოეტყუებინათ სრულიად განსხვავებული დოკუმენტი, ჩვენ მზად ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავით აღფრთოვანებულები ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით, საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობა მიგვეღო. სწორედ ამიტომ ვართ ბოიკოტის რეჟიმში.

კარგად გვახსოვს, „ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემის შეცვლას როგორ ჰპირდებოდა ამომრჩეველს 2012 წელსვე, შეგიძლიათ ეს განცხადებები ამოიღოთ და ნახოთ. 2012 წლიდან რამდენი წელი გავიდა?! მაგრამ „ქართული ოცნება“ არ ცვლის ამ სისტემას, რადგან პროპორციული სისტემა ყველას თანაბარ მდგომარეობაში აყენებს, თითოეული ამომრჩევლის ხმას თანაბარი წონა აქვს. ეს სისტემა მმართველ ძალას უპირობო გამარჯვების შანსს არ აძლევს და ამიტომაც არ ცვლის.

- თქვენმა ხელისუფლებამ რატომ არ შეცვალა თავის დროზე, როდესაც თქვენ იყავით ხელისუფლებაში?

- „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ სწორედ ამაზე იყო საუბარი გუნდშიც და ამ საკითხზე ვენეციის კომისიასთანაც იყო კონსულტაციები. დღეს ხელისუფლებაში არის არა ნაციონალური მოძრაობა, არამედ `ქართული ოცნება~, რომელმაც ამომრჩეველს საარჩევნო სისტემის შეცვლის პირობა მისცა, მაგრამ ამ პირობის შესრულებაზე უარს ამბობს.

- ახლა რამდენად აქვს ნაციონალურ მოძრაობას მზადყოფნა, რომ ის ხმები, რაც ქართულ ოცნებას აკლდება, მიამატოს, რადგან სისტემის ცვლილება თქვენი პარტიის ინტერესშია?

- არაფერი არ აკლდება, „ქართული ოცნება“ თამაშობს. არც ერთი ხმა არ აკლდებათ. უბრალოდ, არ არსებობს ნება, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ. ეს სურვილი რომ არსებობდეს უზენაეს ინსტანციაში, გარწმუნებთ, ეს ასეც მოხდებოდა. ასევე იკრძალება საარჩევნო კოალიციები, რაც ძალიან ნეგატიურად იმოქმედებს.

- თუმცა, საარჩევნო ბარიერმა დაიწია...

- დიახ, მაგრამ ბარიერის დაწევა მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდით. არსებულ შემთხვევაში ბარიერის დაწევა მნიშვნელობას კარგავს. აქვე კიდევ ერთი, ჩვენი საზოგადოების ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების შესახებ _ ქართველი საზოგადოების, ამომრჩევლის 90% მხარს უჭერს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნებს, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა, უარი თქვა ხალხის დაკვეთაზე, მაგრამ შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ როგორმე ყველა დონეზე შეინარჩუნონ ძალაუფლება, ყველა ინსტიტუცია იყოს მათ კონტროლქვეშ.

ახალი თაობა“, 29 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „ვაი, კახი კალაძეს და ვუი ოცნებას, თუ ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთო“ // ოცნებას“ ზაალ უდუმაშვილის ეშინია

რატომ აგვიანებს ხელისუფლება მერობის კანდიდატების დასახელებას, რა ცვლილებები იგეგმება მთავრობაში, რატომ ეშინია „ოცნებას“ უდუმაშვილის, ვის შეუწყდა დაფინანსება, რატომ არის ივანიშვილის გამოჩენა აუცილებელი? ამ თემებზე „ახალ თაობას“ ქართული მიწის დაცვის კომიტეტის წევრი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.

„ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც შსს-ს წინააღმდეგ სერიოზული შავი პიარი მიდის. ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ პოლიცია მოქალაქეებს ნარკოტიკებს უდებდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი შეიცვლება. გიორგი მღებრიშვილი ფაქტიურად განწირულია. „ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ შს მინისტრის შეცვლით ხალხის გულს მოიგებენ. ხალხის გულის მოგება ძველებურად იოლი არ იქნება. კიდევ რამდენიმე მინისტრი უნდა „დაიკლას“. შესაწირი მინისტრები მრავლად არიან. პირველ რიგში კულტურის მინისტრია შესაცვლელი, რომლის მისამართითაც ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. მინისტრების ნაწილის შეცვლა დიდი ხანია გადაწყვეტილია და საამისოდ მხოლოდ ერთი კაცის თანხმობაა საჭირო. ის ერთი კაცი კი ამ თემაზე ხმას არ იღებს“, – ამბობს ლადო სადღობელაშვილი.

- ის ერთი კაცი ბიძინა ივანიშვილია?

- ბიძინა ივანიშვილია. დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ის ავად არის და ამიტომ ვერ ერევა პროცესებში. მე არ ვიცი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სამაგიეროდ კარგად ვიცი, რომ ის ბევრად ადრე გაემიჯნა „ოცნებას“, სანამ ეს ჭორი გავრცელდებოდა. მისი ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ყველაზე მეტად ახლა ხელისუფლებას აწყობს.

- გამიჯვნაში რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ის პროცესებში აღარ ერევა. სადღაც მაისის დასაწყისში „ახალ თაობასთან“ საუბარში ვთქვი, რომ „ოცნება“ მის გამო ვერ ასახელებდა ოფიციალურად მერობის კანდიდატს. ამ თემაზე მასთან რამდენჯერმე სცადეს დალაპარაკება, მაგრამ მას სხვა საკითხზე გადააქვს საუბარი. ამიტომაც გაჭიანურდა კანდიდატურის დასახელება. ეტყობა, ივანიშვილმა გადაწყვიტა, „ოცნება“ თავის ნებაზე მიუშვას. აინტერესებს, მის გარეშე რისი თავი აქვთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გაიჭედნენ, ნათელია, რომ არაფრის თავი არა აქვთ.

- როდემდე გაგრძელდება ასე, მერობის კანდიდატები ხომ უნდა დაასახელონ?

- არჩევნებამდე 3 თვეზე ცოტა მეტი დროა დარჩენილი და წესით, კანდიდატურები უკვე უნდა იყოს დასახელებული. გამუდმებით ასე ვერ გააგრძელებენ. კიდევ ცოტა ხანს დაელოდებიან და მიიღებენ რაიმე გადაწყვეტილებას. რატომღაც მგონია, რომ მთავრობაში ცვლილებები და თბილისის მერობის კანდიდატის დასახელება ერთმანეთს დაემთხვევა. ივანიშვილი თუ არ გამოჩნდა, „ოცნებაში“ მაგრად ცუდად ექნებათ საქმე. თბილისის მერობის კანდიდატი ვერ დაუსახელებიათ და საარჩევნო სიას შეადგენენ? ამის გამო ერთმანეთს დაჭამენ და შეიძლება დაიშალონ კიდეც. თბილისის მერობის კანდიდატურის ოფიციალურად დასახელებას ხელს მხოლოდ ივანიშვილის დუმილი არ უშლის. `ოცნების~ ერთ-ერთი ფრთა კახა კალაძის კანდიდატურის დასახელების სასტიკი წინააღმდეგია.

- ეს ფრთა გავლენიანია?

- ისე რა, მაგრამ მათი არგუმენტები უსაფუძვლო არ არის. ისინი პირადად კალაძის წინააღმდეგი იმდენად არ არიან, რამდენადაც კალაძის მიერ გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულება აშინებთ. მმართველ გუნდში ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის კაბალური ხელშეკრულება. მას მართალია გრიფი ადევს, მაგრამ არაა გამორიცხული, დოკუმენტის გასაჯაროება მოხდეს. ეს „ოცნებისთვის“ ნამდვილი კატასტროფა იქნება. გაზპრომთან გაფორმებული შეთანხმება ენერგეტიკის მინისტრის თავზე დამოკლეს მახვილივით არის ჩამოკიდებული. ამიტომაც არ უნდათ მათ კალაძის დასახელება მერის პოსტზე. მათი აზრით, ჯობია, ისევ უსაქმური დავითნარმანია იყოს კანდიდატი.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, `ოცნებამ~ შიდა გამოკითხვებიც ჩაატარა. ამით ძალიან დაფიქრებულები არიან და ამ გამოკითხვების დამსახურებაა, რომ ასე გამწარებულები დაეტაკნენ ზაალ უდუმაშვილს.

- გინდათ თქვათ, რომ ოცნებას“ ზაალ უდუმაშვილის რეიტინგი აწუხებს?

- უპირველესად საკუთარი ურეიტინგობა. რაც შეეხება ზაალ უდუმაშვილს, ის წარმოდგენილი კანდიდატებიდან ყველაზე პოპულარულია. ამიტომაც ყველა მას დაესია. მას „ევროპული საქართველო“, იგივე ევროქოცებიც ლანძღავენ, რაც ზაალ უდუმაშვილის რეიტინგზე დადებითად იმოქმედებს.

- ის არის ნაციონალების კანდიდატი. ეს არ იქონიებს ხალხზე გავლენას?

- ზაალ უდუმაშვილი არის „ნაციონალების“ კანდიდატი, მაგრამ ის არასოდეს ყოფილა ნაციონალური მოძრაობის წევრი. მისგან განსხვავებით, კახა კალაძე ნაცმოძრაობის ღია და აქტიური მხარდამჭერი იყო. ყოფილ ხელისუფლებას სამართლიანად ახსენებენ სისხლიან 9 წელს, მაგრამ ამ ცოდვისგან ბოკერიას ფრთა გაათავისუფლეს. არადა ისინი იყვნენ ყველა უბედურების ავტორები. ის ფაქტი, რომ „ოცნება“ და ბოკერიას ფრთა ერთად ლანძღავენ უდუმაშვილს, ბევრ რამეზე მიუთითებს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის მერის არჩევნებს „ოცნება“ პირველ ტურში ვერ მოიგებს. მათ კანდიდატს მეორე ტურში ზაალ უდუმაშვილთან მოუწევს ბრძოლა.

- რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული, რომ ზაალ უდუმაშვილი მეორე ტურში გავა?

- იმიტომ, რომ მას შავბნელი წარსული არ აქვს. ის ცნობადი სახეა. ბავშვებმაც კი იციან, თუ ვინ არის ზაალ უდუმაშვილი. ცნობადობა პატარა ამბავი არაა. ამის წყალობით შეძლო გიორგი თარგამაძემ პარტიის შექმნიდან რამდენიმე თვეში პარლამენტში მოხვედრა.

- მაშინ ამბობდნენ, რომ ქდმ პარლამენტში ნაციონალების დახმარებით გავიდა...

- დახმარებაც იყო, მათზე მერაბიშვილი აქტიურად მუშაობდა, მაგრამ თავისი ცნობადობითაც აიღეს ხმები. ასე იქნება უდუმაშვილის შემთხვევაშიც. მართალია, კალაძე ოფიციალურად არ არის დასახელებული, მაგრამ რაკი მისი კანდიდატურა მოიაზრება, ერთ რჩევას მივცემ. როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, მისი საარჩევნო კამპანიის გაძღოლას ირაკლი კობახიძე აპირებს. მივმართავ ენერგეტიკის მინისტრს, პარლამენტის სპიკერი ახლოს არ გაიკაროს.

- რატომ არ უნდა გაიკაროს?

- ამ კულულებიან ახალგაზრდაზე ხალხს პოლიტიკური ალერგია აქვს. მის მიმართ თბილისმა დამოკიდებულება 15 მაისს ფილარმონიაში გამართული შეხვედრის დროს გამოხატა. მან ახალგაზრდებს რუსეთუმეები და ბოლშევიკები უძახა. ამას არავინ დაივიწყებს. ირაკლი კობახიძე კახა კალაძეს რეიტინგს დაუგდებს, ამიტომ მისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს. ამ არჩევნებზე „ოცნებისთვის“ სერიოზული პრობლემა იქნება ინტელიგენცია და ცნობადი სახეები. ისინი ხელისუფლების მიმართ უარყოფითად არიან განწყობილი.

- ოცნების მიმართ რატომ უნდა იყვნენ უკმაყოფილოები? ბიძინა ივანიშვილი წლებია, მათ ფულს უხდის...

- მარტო ფულის გადახდა არაა საკმარისი. ეს ხალხი მიიჩნევს. რომ მათი დაფასება არ ხდება. ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას რობიკო სტურუაც კი გამოხატავს. ინტელიგენცია დაუფასებლობას „ოცნებას“ არ აპატიებს. წინა ხელისუფლება ინტელიგენციის მხარდაჭერის მოპოვებას სერიოზულად ცდილობდა. ამათთვის კი, ეტყობა, ბოკერიას ფრთა უფრო მნიშვნელოვანია. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მალე ბოკერია მოგვევლინება მთავარ ოპოზიციურ ძალად. ამაზე „ოცნებასთან“ ერთად პასუხი ოპოზიციამაც უნდა აგოს.

- ოპოზიციამ რატომ უნდა აგოს პასუხი?

- მათი უმოქმედობა და უაზრო ამბიციები რომ არა, ბოკერიას ფრთა ასე არ იქნებოდა გალაღებული. სხვა პარტიებს არაფერს ვერჩი, მაგრამ დემოკრატიულ მოძრაობას და პატრიოტთა ალიანსს კი უნდა მოვთხოვოთ პასუხი.

- ამ პარტიების მიმართ ყოველთვის დადებითად იყავით განწყობილი და ახლა პასუხს სთხოვთ?

- პასუხს იმიტომ ვითხოვ, რომ მათ ბევრი რამის გაკეთება შეეძლოთ, მაგრამ ამბიციები ვერ დაძლიეს.

- რისი გაკეთება შეეძლოთ?

- თუნდაც გაერთიანება. გაერთიანება ვერ შეძლეს და პოლიტიკურ ორიენტაციაშიც აირივნენ. ჯერ რუსეთთან მოლაპარაკებებიო, იძახდნენ. ახლა ალიანსი გამოვარდა და ევროპა-ამერიკაო, ყვირის. ნინო ბურჯანაძე კი ამ არჩევნებზე სიის პირველ ნომრად გუბაზ სანიკიძეს წერს. მათ არც საპარლამენტო არჩევნების წინ და არც მის შემდეგ ნორმალურად არ იმუშავეს და ახლა საკრებულოებში ერთ კაცს მაინც თუ გაიყვანენ, მადლობელი უნდა იყვნენ.

სამაგიეროდ, კარგად იქნება წარმოდგენილი ბოკერიას ფრთა. ნაციონალებიც შეძლებენ რაღაცის მოპოვებას. დღეს არსებული მდგომარეობით ამის თქმა შემიძლია. არსებული ვითარება ივანიშვილის ერთმა სიტყვამ შეიძლება შეცვალოს. და ვაი კახა კალაძეს და ვუი „ოცნებას“, თუ ყოფილი პრემიერი საარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთო. „ოცნებას“  განსაკუთრებით მეორე ტურის უნდა ეშინოდეს. მეორე ტურში შესაძლოა მთელი ოპოზიცია გაერთიანდეს, რაც ბიძინა ივანიშვილო „ოცნებისთვის“ კატასტროფა იქნება.

ახალი თაობა“, 29 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „როგორც ხანუმაში ქორწილის ღამეს პატარძალი შეცვალეს, ასე შეგვიცვალეს კონსტიტუცია

შეიქმნება თუ არა პარლამენტში საგამოძიებო კომისია აფგან მუხთარლის საქმეზე? მოხდა თუ არა უმრავლესობაში დაპირისპირება ამ საკითხთან დაკავშირებით? რის თქმას აპირებს ნაციონალური მოძრაობა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელისთვის? „ახალი თაობის“ ამ და სხვა კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.

- საპარლამენტო უმრავლესობაში აზრი ორად გაიყო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით. ნაწილი გამოძიებით უკმაყოფილოა და საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს, ნაწილი არ უჭერს

- თუ უმრავლესობაში არსებობს დაპირისპირება, ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ ჯანსაღ პროცესად, მაგრამ არა მგონია, ასე იყოს, ვინაიდან იქ საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულობს ერთი ადამიანი და ჯერ არ არის წამოსული ზემოდან სიგნალი. არიან დაბნეულები, პოზიცია მთლად უფროსისა გაურკვეველია. ამბობენ, რომ მასთან კონტაქტებიც შეწყვეტილია ამა თუ იმ მიზეზის გამო. მუხთარლის საქმე არის საერთაშორისო დანაშაული.

- და ვინ არის დამნაშავე, ხელისუფლება?

- დამნაშავე არის ის, ვინც ეს დაგეგმა და შეასრულა. თუმცა არანაკლები დამნაშავე არიან ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ხელს აფარებდნენ დანაშაულს. იგულისხმება ყველა მაღალი რანგის პოლიტიკური პირი. ადრე თუ გვიან, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ისინი აღმოჩნდებიან განსასჯელის სკამზე. ცინიკურია, როდესაც ჩვენ ამ სკანდალურ თემაზე ვსაუბრობთ, განიხილება მიხეილ სააკაშვილის ე.წ. პიჯაკების საქმე. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან სააკაშვილის შემდეგ, ივანიშვილის პრემიერმინისტრობის დროსაც, ზუსტად იგივე ფორმით ხორციელდებოდა ხარჯები.

- რას გულისხმობთ?

- ამ შემთხვევაში მე ხაზს ვუსვამ იმას, რომ უკანონოდ ახორციელებდნენ ივანიშვილის დროს ამ ხარჯებს. ხარჯები არის იდენტური.

- ეს ინფორმაცია ვინ მოგაწოდათ?

- პროკურატურას მოუვიდა შეცდომა და ნაცვლად იმისა, რომ გამოეთხოვათ სააკაშვილის დროინდელი ხარჯების ჩამონათვალი, შემთხვევით მიაყოლეს შემდეგი პრემიერის. დღეს ეს საქმე სკანდალურია. სასაცილოა, როდესაც სააკაშვილის პიჯაკების, საპნების და ტანის ღრუბლის ხარჯებს ითვლიან იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო მნიშვნელობის დანაშაული იქნა ჩადენილი.

- აფგან მუხთარლის საქმეს გულისხმობთ?

- დიახ. დანაშაული, რომელზეც ლაპარაკობს მთელი მსოფლიო, ლაპარაკობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირი, მიღებულ იქნა შესაბამისი რეზოლუცია. ზეწოლაა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ ეს საქმე იქნას გამოძიებული და ამათმა კი მუხთარლის საქმის ფირები და მტკიცებულებები გაანადგურეს. ამ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი უმკაცრესად იქნება დასჯილი! მათ შორის ყველა სახელმწიფო თანამდებობის პირი. ალექსანდრე ჯეჯელავათი დაწყებული, მთავრობის სხვა წევრებით დამთავრებული, რომლებსაც ამა თუ იმ ფორმით მიუძღვით წვლილი დანაშაულის დაფარვის ხელშეწყობაში!

- ალექსანდრე ჯეჯელავა ორიოდე დღის წინ ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა, შეხვდა ილჰამ ალიევსაც, თუმცა შეკითხვაზე, ისაუბრეს თუ არა აფგან მუხთარლის საქმეზე, მან განაცხადა, რომ ამ საკითხს არ შეხებიან...

- ალექსანდრე ჯეჯელავას არ აქვს იმის უფლებამოსილება, რომ ილაპარაკოს მსგავს თემებზე საერთაშორისო დონეზე. მას უბრალოდ იყენებენ შიდა რუპორად და ხანდახან თვითონაც ცდილობს, რომ საკუთარი მოსაზრებები გაახმიანოს. ჯეჯელავა ვერ ხვდება, რომ ის არის გამოუცდელი და ყოველი მისი სიტყვა არის მორიგი აღიარება დანაშაულისა, რომელიც დაუხვდებათ წინ!

- ანუ არ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, თუ არ მოვიდა ბიძინა ივანიშვილის დასტური?

- არა, არ შეიქმნება. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით ამ კომისიის შექმნას, მხარს დავუჭერთ და ამით კიდევ ერთხელ ვამხელთ ამ ხელისუფლებას, რომ ისინი ადგანან დროის გაწელვის ტაქტიკას და უნდათ, რომ ეს საქმე მიეცეს დავიწყებას. სანამ აფგან მუხთარლი ციხეშია, ხელისუფლების თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ეს საქმე. როდის გაწყდება ეს ძაფი და ვის დაეცემა, დრო ამასაც გვაჩვენებს.

- ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი ჩამოვიდა თბილისში. მას ხვდება როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობოები. რა მოლოდინები გაქვთ?

- ხელისუფლებამ ვენეციის კომისია მოატყუა, ისევე, როგორც მთელი ქართული და საერთაშორისო საზოგადოება. დაატარებდნენ სოფელ-სოფელ რაღაც კონსტიტუციას, შემდეგ გააგზავნეს ბერლინში, შემდეგ ვენეციის კომისიაში და პარლამენტში განსახილველად შემოიტანეს სულ სხვა კონსტიტუცია. ზუსტად ისე მოხდა, როგორც ხანუმაშია, ქორწილის ღამეს რომ პატარძალს შეუცვლიან, ზუსტად ასე შეგვიცვალეს კონსტიტუცია. ერთი კონსტიტუცია, არც ისე ლამაზი, აჩვენეს სიძეს, ანუ ვენეციის კომისიას, მის თავმჯდომარეს და შემდეგ ეს შეცვალეს გაცილებით მახინჯი პატარძლით. შენარჩუნდა მაჟორიტარული სისტემა.

- შეიცვლება შემდეგი არჩევნებიდანო...

- რვა წლის შემდეგ რაღაცას ცვლიან, ეს არაფერს ნიშნავს. რვა წლის შემდეგ ეს ხელისუფლება ან იქნება, ან არა. ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი. უახლოეს საარჩევნო პერიოდში კონსტიტუცია გაუარესდა. დარჩა მაჟორიტარული და პროპორციული სისტემა და 2018 წლიდან აიკრძალება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნებიც.

- დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. პრეზიდენტმა სავარაუდო თარიღი დაასახელა, რომ ეს იქნება ოქტომბრის მესამე კვირა. რა შანსები აქვს თქვენს კანდიდატებს და რამდენად თანასწორი იქნება ეს ბრძოლა?

- ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ სოციოლოგიურ გამოკითხვაში დიდი უპირატესობით არ გაემარჯვოს ზაალ უდუმაშვილს. ანუ ეს იყო მეტეორივით შემოჭრა ახალი სახისა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. ეს ხალხმა დააფასა. ეს არის განახლებული ნაციონალური მოძრაობის სიმბოლო.

- თუმცა სამშაბათის გამოკითხვის შედეგების მიხედვით კახა კალაძე ლიდერობდა

- ერთადერთი გამოკითხვა, სადაც ზალიკოს კალაძემ მოუგო, იყო სამშაბათს, ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიას გადაცემაში. აქაც სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, თუ როგორ იყვნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საკრებულოს და გამგეობის წევრები მობილიზებული და როგორ აძლევდნენ ხმას მობილური ტელეფონით კახი კალაძეს. ერთ-ერთი ასეთი ფოტო ზუგდიდის გამგეობაშია გადაღებული, მთელი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები როგორ ისხდნენ და როგორ ამესიჯებდნენ მობილური ტელეფონებით.

- ეს ფოტო როგორ ჩაგივარდათ ხელში?

- იქ აღმოჩნდა ჩვენი მომხრე, რომელმაც ამ პროცესს გადაუღო ფოტო და ამხილა ეს ხელისუფლება. სერიოზულად კომიკური ხასიათი შეიძინა კალაძისადმი ასეთმა მხარდაჭერამ. ხელისუფლება სერიოზულ საგონებელშია ჩავარდნილი. ჩვენ ამ ხელისუფლებას, ოქტომბრის არჩევნებისგან განსხვავებით, ნამდვილად არ მივცემთ არჩევნების გაყალბების საშუალებას. ხალხი ყველაფრის ფასად დაიცავს თავის ხმებს!

Comments are closed