globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 29 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 29th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „მიხეილ სააკაშვილი არც საქართველოში სჭირდება ვინმეს, არც უკრაინაში და არც – ამერიკაში“ // „დღევანდელი კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობა გიგი უგულავას კისერზეა“

ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „თბილისში მეორე ტური აუცილებლად იქნება“

ახალი თაობა“: ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიხეილ სააკაშვილი ორთაჭალის ციხეში, რომელსაც ნახევარ საათში აიღებს საქართველოს მოსახლეობა“ // „მიხეილ სააკაშვილმა ნებისმიერი გზით უნდა დაიბრუნოს უკრაინის მოქალაქეობა“

ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „რუსეთი საქართველოს ავტომაგისტრალის გადაკეტვას ვერ გაბედავს“ // „წლის ბოლოსთვის მოსკოვი საგარეო პოლიტიკას შეცვლის“ // რა შედეგს მოუტანს საქართველოს უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა

——————-

ახალი თაობა“, 29 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „მიხეილ სააკაშვილი არც საქართველოში სჭირდება ვინმეს, არც უკრაინაში და არც - ამერიკაში“ // „დღევანდელი კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობა გიგი უგულავას კისერზეა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დღევანდელი მდგომარეობა გავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე საქართველოში. „ახალი თაობა“ ამ თემაზე ესაუბრა მემარცხენე ალიანსის გენერალურ მდივან სოსო შატბერაშვილს.

„მიხეილ სააკაშვილმა მოიმკო ის, რაც დათესა. იგი ისეთ ასაკშია, რომ პოლიტიკური კარიერა წინ უნდა ჰქონდეს. ამ ასაკში სააკაშვილმა თავი ჩაიგდო ისეთ მდგომარეობაში, რომ მისი პოლიტიკური მომავალი დასრულებულია. ადამიანურად, ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ მისი პოლიტიკაში ყოფნა დამთავრებულია. მის სახელთან საქართველოში ასოცირდება სახელმწიფო გადატრიალება, რეპრესიები, ადამიანების წამება და გაუპატიურება არა მარტო ციხეებში, არამედ, სხვა სტრუქტურებში, ბევრი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. პირადად მისი ბრძანებით სასტიკად გაუსწორდნენ გენერალ გია შერვაშიძესა და ბიზნესმენ ვალერი გელაშვილს, სხვებს. მისი რეჟიმის სიმბოლოა შავ ზღვაში ჩაგდებული ადამიანი კისერზე გამობმული ქვით. დღეს სააკაშვილი ისეთ დღეშია, მტერს არ ვუსურვებ – ის არც საქართველოში სჭირდება ვინმეს, არც უკრაინაში და არც ამერიკაში. ექსპრეზიდენტი, ალბათ, იწანწალებს სხვადასხვა ქვეყანაში», – ამბობს სოსო შატბერაშვილი.

- მის პარტიელებს ხომ სჭირდებათ? ნაცმოძრაობაში მის დასაცავად განცხადებები გააკეთეს...

- ეს ფორმალური განცხადებებია მსოფლიოს დასანახად. სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობასაც არ სჭირდება. ამ პირებს რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა სერიოზულად აღელვებდეთ, აქციებს გამართავდნენ მიხეილ სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით. მან თავის დროზე ბევრი შემთხვევითი ადამიანი გაქაჩა. ზოგი ძაღლების მომთვინიერებელი იყო, ზოგი – ვიზაჟისტი, ზოგი – მცხობელი. მიხეილ სააკაშვილს უკვე ისინიც ემიჯნებიან, ვინც მისგან დავალებულია. ნაწილებად დაშლილი ნაციონალური მოძრაობა თავს კარგად გრძნობს სააკაშვილის გარეშე. ექსპრეზიდენტი თავის პოლიტიკურ კარიერას შერცხვენილი ასრულებს. ის არის ბრძოლის ველიდან გაქცეული და ომწაგებული უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც 2008 წლის ხანმოკლე ომს ბევრი ახალგაზრდა და ტერიტორია შესწირა. ძალიან ცინიკურად მეჩვენა რუსეთის პრემიერ მედვედევის განცხადება. მან სააკაშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიას ფანტასტიკური ტრაგიკომედია უწოდა. კარგი იქნებოდა, საქართველოს ჰყოლოდა მესამე პრეზიდენტი, რომელიც დაცინვის საგანი არ გახდებოდა.

- მიხეილ სააკაშვილი ნაცმოძრაობის არაფორმალური ლიდერია. ეს პარტია ისევ მთავარ ოპოზიციად რჩება?

- საუბედუროდ, რჩება. ამას ვამბობ არა რომელიმე ორგანიზაციის სოციოლოგიური კვლევის, არამედ, ბოლო არჩევნების შედეგების საფუძველზე. პარტია, რომლის გასამართლებასაც მოითხოვდა საზოგადოება, მათ შორის ჩვენი პარტიაც, ისევ მთავარი ოპოზიციაა. სხვები ძალიან სუსტები და დაქსაქსულები არიან. გულდასაწყვეტია, რომ ის ოპოზიციონერები, რომლებიც ნაცმოძრაობის დროს ჩვენი თანამებრძოლები იყვნენ და ჩვენ ყველას ერთად გვარბევდა ნაცმოძრაობა, დღეს ნაცმოძრაობასთან ერთად ერთ მაგიდასთან სხედან.

- კონსტიტუციაზე სასაუბროდ?

- კონსტიტუციაში შესატანი საარჩევნო საკითხები საბაბია. მიზეზი ის არის, რომ ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ სხვის ხარჯზე შედეგის მიღწევას არჩევნებზე. ჩვენმა პარტიამ, ასევე ჯონდი ბაღათურიამ, კატეგორიული უარი ვთქვით ნაციონალებთან თანამშრომლობასა და ურთიერთობაზე. ჩვენ მათ არცერთ საკითხზე არ ველაპარაკებით.

- ადგილობრივი არჩევნების წინ ნაციონალებს არც ისე ცუდი პოზიცია უკავიათ...

- ჯერჯერობით ასეთი სურათი გვაქვს, ყოფილი თუ ახლანდელი ნაციონალების პრეტენზიები კი აბსურდამდე დადის. მაგალითად, თბილისში რომ საშინელი ეკოლოგიური მდგომარეობაა, ყველამ ვიცით, ხეებიც იჩეხება. რატომღაც აქ ყველას ავიწყდება ყოფილი მერის უგულავას სახელი.

- მას მიუძღვის ამაში წვლილი?

- დღევანდელი კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობა უგულავას კისერზეა. ტროლეიბუსი და ტრამვაი მაგან მოსპო, ლიანდაგები კი ჯართად გაყიდა. ონკოლოგიურმა დაავადებებმა ამ დროიდან იმატა. მოვუწოდებდით უგულავას, არ დაენგრია დეზერტირების ბაზარი. იქ უნდოდათ 11-სართულიანი შენობის წამოჭიმვა. პირადად მე ვამბობდი, რომ მეტროს გამო ეს შეუძლებელია. დღეს დანგრეული ბაზრის ადგილზე ფანჩატურია, ხალხი კი მოკლებულია ნორმალურ ბაზარს.

გიგი უგულავა ციხეში მსუბუქი დანაშაულისთვის გაუშვეს. მას უარესი აქვს ჩადენილი. მის თანაპარტიელ ბოკერიასაც არ უგია პასუხი თავის ქმედებებზე. ბოკერია გლდანის ეკლესიაზე თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილეა. სავალალო ის არის, რომ ვერც უცხოეთიდან ხერხდება დამნაშავე ნაციონალების ექსტრადირება. უდესიანისა და კეზერაშვილის გადმოცემაზე უარი თქვეს უნგრეთისა და საფრანგეთის სასამართლოებმა. სამაგიეროდ, საქართველოს ყველა ყველაფრის გაკეთებას აიძულებს, მაგალითად, დემირელის კოლეჯის მენეჯერ ჩაბუქის გადაცემას. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იაქტიუროს, პრინციპულობა გამოიჩინოს და ქვეყნის პრესტიჟი დაიცვას.

ახალი თაობა“, 29 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „თბილისში მეორე ტური აუცილებლად იქნება

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ახალ თაობასთან» ინტერვიუში ადგილობრივ არჩევნებსა და ოპოზიციის მომავალ გადაჯგუფებაზე საუბრობს.

- ბატონო ვახტანგ, თბილისში იქნება თუ არა მეორე ტური? ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მეორე ტური არ იქნება

- ენდიაის კვლევებმა ტენდენციები ზუსტად გამოკვეთა. მეტიც, ეს კვლევა ყველაზე ახლოს არის რეალობასთან. თბილისში მეორე ტური აუცილებლად იქნება. ჯერჯერობით ოთხი კანდიდატია ცნობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ გამოჩნდებიან კანდიდატები და საარჩევნო კამპანია წინ არის.

- არაორდინარულ კანდიდატს ელოდებით?

- არაფერი არ არის გამორიცხული. ნამდვილად არ გამოვრიცხავ, ასეთი მოულოდნელი და არაორდინარული კანდიდატი ჯერ კიდევ გამოჩნდეს.

- ეს შეცვლის რამეს არჩევნებზე?

- თუ ხელისუფლება ხალხს მიიყვანს არჩევნებზე და ამ გზით აპირებს წასვლას, მაშინ მეორე ტური არ იქნება, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხალხი ნაკლებად მიდის. ამიტომ მე ამ არჩევნებზე ამომრჩევლის ძალიან მაღალ აქტივობას არ ველოდები, თან დიდ ნაწილს ჯერ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული. ზოგადად ადგილობრივ არჩევნებზე მიდის ის ამომრჩეველი, რომელსაც გადაწყვეტილება იმთავითვე აქვს მიღებული და კანდიდატი მოსწონს. ამიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლებას გაუჭირდება პირველივე ტურში გამარჯვების მოპოვება. მეორე ტურში კი სახელისუფლებო კანდიდატი გაიმარჯვებს.

- მეორე ტურში იქნება ალექსანდრე ელისაშვილი?

- მას ძალიან დიდი მუშაობა დასჭირდება, რომ მეორე ტურში გავიდეს. დღეს არსებული ვითარებით, თუ სხვა არაორდინარული კანდიდატები არ გამოჩნდებიან, ელისაშვილს აქვს შანსი, მეორე ტური მასა და კალაძეს შორის გაიმართოს, მაგრამ საარჩევნო პროცესს საბოლოო სახე ჯერ არ მიუღია, კანდიდატები ბოლომდე არ არიან ფორმირებულნი. საარჩევნო კამპანიის სტილი არ არის ცნობილი, ბევრი შემადგენელი ჯერ ისევ უცნობია, როგორი იქნება განლაგება და ა.შ. მოგეხსენებათ, ბევრი ფაქტორი მუშაობს. ადგილობრივი არჩევნებით დასრულდება ის ციკლი, რომელიც დაიწყო 2016 წლის არჩევნებით.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ამ არჩევნების შემდეგ ოპოზიციური ფლანგი მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბდება და თავიდან დაიწყება ოპოზიციის ფორმირება. გადათამაშება დაიწყება, ძალიან რეალური სურათი დაიდება. ამ არჩევნების შემდეგ დასრულდება ის დაბნეულობა, რომელიც ოპოზიციამ მიიღო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. როგორ სახეს მიიღებს ეს ფორმირება და რა სახით წარდგება ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის, ამას დრო გვიჩვენებს.

- თუ გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვიტა, რომ მეორე ვადით კენჭი არ იყაროს, შესაძლებელია, ოპოზიციური ძალების გარკვეული ფორმირება სწორედ მის ირგვლივ მოხდეს?

- ეს ძალიან საინტერესო საკითხია. მარგველაშვილი რას იზამს, დამოკიდებულია შემდგომ პოლიტიკურ პროცესზე, ვინ გამოჩნდება, როგორ გადაჯგუფდება ოპოზიცია. ბევრი საინტერესო დეტალია. ამას ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. თუ მარგველაშვილი გადაწყვეტს, რომ მეორე ვადით არ იყაროს კენჭი, მაშინ ის აუცილებლად წავა აქტიურ პოლიტიკაში, მაგრამ მას ამისთვის აუცილებლად დასჭირდება პოლიტიკური საყრდენი. დღეს მას არ აქვს პოლიტიკური საყრდენი, ისევე, როგორც, მაგალითად, ელისაშვილს.

დღეს ელისაშვილის მხარდამჭერი „ქართული ოცნებიდან“ წასული ამომრჩეველია. ეს ამომრჩეველი ეძებს რაღაც ახალს, ინტენსიურად ეძებს ახალს. საუბარია ამომრჩევლის საკმაოდ დიდი რაოდენობაზე. რაღაც ახალზე მოლოდინი და მოთხოვნილება უკვე გამოჩნდა. პოლიტიკური საყრდენი აუცილებელია. თუ მარგველაშვილი შექმნის ამ საყრდენს და ეს იქნება ძლიერი საყრდენი, მაშინ მას ბევრად უფრო გაუადვილდება ოპერირება.

ახალი თაობა“, 29 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიხეილ სააკაშვილი ორთაჭალის ციხეში, რომელსაც ნახევარ საათში აიღებს საქართველოს მოსახლეობა // „მიხეილ სააკაშვილმა ნებისმიერი გზით უნდა დაიბრუნოს უკრაინის მოქალაქეობა

„ახალი თაობის“ კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.

- ბატონო რომან, სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა აქტუალური თემაა. მისი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს მოხდა ამ საკითხზე შეთანხმება. მთავრობა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. რას იტყვით თქვენ?

- რა თქმა უნდა, ეს ცალსახად შეთანხმებისა და გარიგების საკითხია. საქართველოს ხელისუფლების ქმედებებში ძალიან ბევრი რაღაც თეთრი ძაფით არის ნაკერი და ძალიან ემთხვევა ხოლმე გარკვეულ ვიზიტებს. თუნდაც თურქი მასწავლებლის დაპატიმრება ავიღოთ ან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება.

- ეს ყველაფერი ვიზიტების შემდეგ ხდება და ეს შემთხვევითი არ არის?

- რასაკვირველია. ან ვიზიტების შემდეგ ხდება, ან ფარული გარიგების შემდეგ. ეს არის ძალიან უჭკუო ქმედება უკრაინის ხელისუფლებისა, ვინაიდან ეს კარგს არაფერს მოუტანს უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებას, განსაკუთრებით, უკრაინის ხელისუფლების იმიჯს საერთაშორისო თვალსაზრისით. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სულ რაღაც ორ წელიწადში გახდა პირველი ალტერნატივა უკრაინის ხელისუფლებისა.

- იმის თქმა გინდათ, რომ პოროშენკომ საფრთხე იგრძნო?

- დიახ, როგორც კი იგრძნეს, რომ სააკაშვილია ამ ხელისუფლების შემცვლელი, მთავარი ალტერნატივა, მაშინვე ჩამოართვეს მოქალაქეობა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინისთვის არის ისტორიული მოვლენა. განა იყო, ახლაც არის. კიდევ ბევრი რამ მოხდება უკრაინაში მიშას მონაწილეობით.

- ის აღარ არის უკრაინის მოქალაქე, ვერც ბრუნდება იქ და როგორ?

- ამას არა აქვს მნიშვნელობა, ქვეყნის შიგნით იქნება თუ მის გარეთ. მიშას გარეშე უკრაინაში იქნებოდა გაუმჭვირვალე, ოლიგარქების სცენარით მართული პოლიტიკური ცხოვრება. მიშამ უკრაინას ასწავლა პოლიტიკური ცხოვრების გემო, რომელიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის მომავალში. ეჭვიც არ მეპარება, რომ მიშა გაიმარჯვებს, რადგან მიშა მაგარია! სააკაშვილი უკრაინაში იქნება თუ მის გარეთ, ის აუცილებლად იქნება უკრაინული პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა.

- საქართველოსი - აღარ?

- სააკაშვილი საქართველოში ყოველთვის არის. საქართველო არ შედგებოდა, როგორც ქვეყანა, რომ არა მიხეილ სააკაშვილი, მისი გუნდი და მისი რეფორმები. მას ნებაყოფლობით არ მიუტოვებია ეს ქვეყანა. ის გააძევეს ქვეყნიდან. მისთვის საქართველოს მოქალაქეობა ნიშნავდა მუდმივ დევნას ინტერპოლითა თუ სხვა საშუალებებით, გადაადგილების შეზღუდვასა და ტყვეობაში ყოფნას რომელიმე უცხოურ სახელმწიფოში.

ის ფაქტი, რომ ის გახდა უკრაინის მოქალაქე და უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებას ახალი სიცოცხლე შესძინა, დადებითი იყო მთლიანად რეგიონული პოლიტიკისთვის. ეს პროცესები გრძელდება და სააკაშვილი დიდხანს იქნება არა მარტო რეგიონული, არამედ მსოფლიო პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი აქტორი.

- დღეს ამერიკის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ უკრაინის პირადი საქმეა, ჩამოართმევს თუ არა მოქალაქეობას. რატომ გადგა განზე დღეს ამერიკა, რომელიც ყოველთვის სააკაშვილის მხარდამჭერად მოიაზრებოდა?

- ეს ყოველთვის ზღაპრები იყო, რომ აი, სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლა ამერიკამ ურჩია უკრაინის ხელისუფლებას. ამერიკამ შეიძლება ბევრი ვინმე ურჩიოს, ასე არ არის. მსოფლიოს ქვეყნების 100 გადამდგარი პრეზიდენტიდან უმრავლესობა უკრაინაში რომ ჩავიდეს. 1.000-კაციან პარტიასაც კი ვერ შექმნიან.

- ამით რის თქმა გინდათ?

- იმის, რომ მიშას მასშტაბი სულ სხვა არის. უკრაინა იყო მისთვის ახლობელი და ორგანული ნაწილი და უკრაინის ახალი პოლიტიკური ელიტა იყო სააკაშვილის თაობა, პოროშენკო კი მისი უნივერსიტეტის მეგობარი იყო. ასე რომ, აქ ამერიკული კვალი არის შეთქმულების თეორიების ახალი ვერსიები.

- ამერიკის ელჩის განცხადებაზე რას იტყვით?

- ამერიკის ელჩის განცხადება არის დიპლომატიური განცხადება, რომ ეს უნდა მოხდეს უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად. უკრაინას თუ აქვს ამის საფუძველი, ბუნებრივია, რომ მასში ვერც ამერიკა ჩაერევა, ვერც საქართველო და ვერც ინდოეთი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინამ დაარღვია საკუთარი კონსტიტუცია, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები. როდესაც უკრაინას საქართველომ მოსთხოვა მიხეილ სააკაშვილის გადაცემა, იქიდან პასუხი მიიღო, რომ არ არსებობდა ამის საფუძველი, ეს დევნა იყო პოლიტიკური და სწორედ ამის შემდეგ მიანიჭა მოქალაქეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მშვენივრად იცოდნენ სააკაშვილის უდანაშაულობის შესახებ. მიშას არც არაფერი დაუმალავს, ან რა იყო დასამალი, როდესაც მთელ მსოფლიოში სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ მიხეილ სააკაშვილის დევნა პიჯაკების საქმეზე.

- მაშინ დღეს რა შეიცვალა, რატომ ჩამოართვეს მოქალაქეობა?

- დღეს ამბობენ, რომ აღმოჩნდა ახალი გარემოებები და ვითომ საქართველოს ხელისუფლებამ დამატებითი ინფორმაციები მიაწოდა. აღმოჩნდა, რომ არანაირი ინფორმაციები არ არის მიწოდებული აქედან. აღძრულია ოთხი საქმე და ოთხივე – თითიდან გამოწოვილი. განაჩენი არ დამდგარა არცერთ საქმეზე და ვერც დადგება. მომღერლისთვის თაიგულის ჩუქებაზე ან კოსტიუმების საქმეზე რა განაჩენი უნდა დადგეს?!  ამიტომ, ბუნებრივია, ეს იყო უკრაინის ხელისუფლების ძალიან უხეში პოლიტიკური გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, მათ იმდენად ეშინიათ სააკაშვილის, რომ აირჩიეს ის გზა, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს მათ. სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა სერიოზული ფაქტორი გახდება შიდა უკრაინულ ცხოვრებაში.

- რამდენად უშვებთ, რომ მოხდეს სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში?

- ეს სისულელეა, გამორიცხულია. 0%-ია ამის შანსი. საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიხეილ სააკაშვილი ორთაჭალის ციხეში, რომელსაც ნახევარ საათში აიღებს საქართველოს მოსახლეობა.

- რომელი მოსახლეობა, მისგან გამწარებული?

- ნუ დაგავიწყდებათ, რომ მიშას მინიმუმ ნახევარი მილიონი მხარდამჭერი ჰყავს. აიღებენ, რადგან მისი დაპატიმრება იქნება სრულიად უსამართლო. უსამართლობასაც თავისი ზღვარი აქვს. ამიტომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნა ნიშნავს ამ ხელისუფლების გამორეკვას კაბინეტებიდან! ისინი ვერ შეძლებენ სააკაშვილის ციხეში გაჩერებას, გაუჭირდებათ მისი იქ დატოვება.

- ანუ ხელისუფლებას არ აწყობს სააკაშვილი საქართველოში?

- რა თქმა უნდა, არ აწყობს. შეთანხმების შედეგი ის კი არ იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოეცათ.

- აბა, რა იყო?

- ეს, უბრალოდ, იყო ვალის მოხდა. მოსაძებნი იყო ისეთი მექანიზმი, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილიყო არც უკრაინაში და არც საქართველოში. ამ ქვეყნებში მიშას ყოფნა ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ის მოეცილებინათ ქვეყნისთვის და ეს იყო საკმაოდ ვერაგული გეგმა ივანიშვილისა და პოროშენკოსი, რომელიც წარმატებით იქნა შესრულებული.

- სააკაშვილი აცხადებს, პირისპირ შეხვდნენ ივანიშვილი და პოროშენკო და მაშინ შეთანხმდნენ ამ საკითხზეო. ასეა?

- რადგან აცხადებს, ე.ი. ასეა. მას აქვს მეტი შესაძლებლობა, მიიღოს ზუსტი ინფორმაციები, ვიდრე ჩვენ. პოროშენკო ბათუმში იმყოფებოდა და რა პრობლემა იყო ივანიშვილთან შეხვედრა?! თუმცა გარიგებას მაინცდამაინც პირადი შეხვედრები არ სჭირდება. ყოველთვის არსებობენ შუამავლები.

- სააკაშვილი ჰაერშია გამოკიდებული. ევროპარლამენტში გაისმა ინიციატივა ლიტველი დეპუტატის, რომ ლიტვის მოქალაქეობა მიენიჭოს. აქვს სააკაშვილს შეთავაზება კიდევ რომელიმე ქვეყნიდან?

_ სააკაშვილს უამრავი ქვეყანა მიანიჭებს სიამოვნებით მოქალაქეობას, თუმცა ეს არ იქნებოდა სწორი, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილს, უსამართლოდ ჩამოერთვა საქართველოს და უკრაინის მოქალაქეობა. ვინაიდან სააკაშვილი არის ოლიგარქის პირადი დევნილი, მასზე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და ის საქართველოში ვერ ჩამოდის, მისთვის უკრაინა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ასპარეზი პოლიტიკური მოღვაწეობისთვის. ამიტომ სწორი და სამართლიანი იქნება, რომ სააკაშვილმა ნებისმიერი გზით დაიბრუნოს უკრაინის მოქალაქეობა. ის იბრძოლებს ამისთვის.

- არის ამის შანსი?

- რა თქმა უნდა, არის. ყოველ შემთხვევაში, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, მიშა არ დაიკარგება. ის ყოველთვის იქნება დიდი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი.

ახალი თაობა“, 29 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: რუსეთი საქართველოს ავტომაგისტრალის გადაკეტვას ვერ გაბედავს“ // „წლის ბოლოსთვის მოსკოვი საგარეო პოლიტიკას შეცვლის“ // რა შედეგს მოუტანს საქართველოს უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა

რატომ ჩამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში, რატომ ვერ გაბედავს რუსეთი საქართველოში შემოჭრას, რას ითხოვენ კავკასიელები საქართველოს ხელისუფლებისგან, რა შეცდომა დაუშვა ოპოზიციამ? ამ თემებზე „ახალ თაობას“ ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

ზაალ კასრელიშვილი:

- საქართველოსა და უკრაინას შორის ყოველთვის კარგი ურთიერთობა იყო. გასული საუკუნის 90-იან წლებში უკრაინელები ჩვენ გვერდით იბრძოდნენ აფხაზეთში რუსეთის წინააღმდეგ. მათ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მსხვერპლიც გაიღეს. საქართველოს დამოუკიდებლობა პირველად კიევმა აღიარა.

ჩვენ შორის მომავალშიც კარგი ურთიერთობა იქნება, მაგრამ მთავარი აქ ისაა, ურთიერთობის რა ფორმა იქნება ჩვენ შორის გაფორმებული. 2009 წლიდან მოყოლებული, ჩვენ კატეგორიულად ვითხოვდით, რომ ჩვენს ხელისუფლებას კიევთან ოფიციალურად გაეფორმებინა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება.

ეს ხელშეკრულება გაფორმდა ახლა. ამიერიდან საქართველოს სამეზობლოში ორი სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს _ აზერბაიჯანი და უკრაინა. მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკაა. ასე რომ, რუსეთს საქართველოს ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა ძალიან გაუჭირდება.

- დარწმუნებული ხართ, რომ გაუჭირდებათ თუ ეს თქვენი სურვილია?

- დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ამას ვერ გაბედავს.

- რატომ ვერ გაბედავს?

- ამ მაგისტრალის გადაკეტვა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა იქნება. იმ შემთხვევაში თუ საქართველო დამოუკიდებლობას დაკარგავს, აზერბაიჯანსაც და უკრაინასაც სერიოზული პრობლემები შეექმნება. ეს რუსეთს გააძლიერებს. გაძლიერებული რუსეთი თურქეთთან ენის მოჩლექით არ ილაპარაკებს. რაც არავის ინტერესებში არაა. ასე რომ, რუსეთის გაძლიერებას არავინ არ დაუშვებს.

- საქართველოს საზღვრებთან მიმდინარე სამხედრო წვრთნებზე რას იტყვით? ექსპერტების ნაწილი შიშობს, რომ რუსეთი საქართველოში შემოჭრას აპირებს. თქვენ ეს სამხედრო წვრთნები არ გაფიქრებთ?

- სამხედრო სწავლებაში 16.000 კაცი მონაწილეობს. 2008 წელსაც იგივე ვითარება იყო. 2008 წლისგან განსხვავებით, ახლა რუსეთი საქართველოში შემოჭრას ვერ გაბედავს. მე პირიქით გეტყვით, რუსეთს იქეთ ეშინია.

- რისი ეშინია, რომ საქართველო შეიჭრება რუსეთში?

- საქართველო რომ რუსეთში ვერ შეიჭრება, ეს კრემლში კარგად იციან. მათ საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო წვრთნები ადარდებთ. ისინი შიშობენ, რომ წვრთნები ნიღაბი არ იყოს და ეს ძალები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში არ შევიდნენ. რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე მაღალი აზრის არა ვარ, მაგრამ ისინიც კი არ გარისკავენ, რომ კავკასიური ომის ქარცეცხლში გაყონ თავი. თუ გაყოფენ და ამით თავად დაზარალდებიან.

- თავად რატომ, კავკასია არ დაზარალდება?

- რუსეთის გადამკიდე კავკასიელებს ომი და უბედურება აღარ აშინებთ. დაიწყებენ და დამთავრდება რუსეთი. ისეთ სანქციებს მიიღებენ, რომ ვეღარ გაძლებენ.

- რატომ გგონიათ, რომ სანქციები რუსეთს ჩამოშლის? მათ წინააღმდეგ რამდენი ხანია სანქციებია დაწესებული, მაგრამ რუსეთი მაინც არ ჩამოიშალა და სხვების ტერიტორიების მითვისებას აგრძელებს...

- ვინ გითხრათ, რომ რუსეთს სანქციებმა ვერაფერმა დააკლო? ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ უკვე. წინ კიდევ უფრო ცუდი ამბები ელოდებათ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნება. ის იძულებული გახდება, საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალოს.

- დასავლეთთან და უკრაინასთან შესაძლოა შეცვალონ კურსი, მაგრამ საქართველოსთან თუ შეიცვლება? ჩვენი ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი რუსეთს ენის მოჩლექით ელაპარაკება...

- ოკუპანტს ენის მოჩლექით არავინ უნდა ელაპარაკოს. მართალია, ვიღაცები რუსებს ენას უჩლექენ, მაგრამ მოსკოვს ჩვენთანაც მოუწევს კურსის შეცვლა. გლობალური პროცესები ჩვენთვის სასარგებლოდ მიდის. კრემლს ჩვენთან ამის გამო მოუწევს დამოკიდებულების შეცვლა. აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება მზარდი დინამიკით მიდის. დღეს ეს რადიკალურ ისლამიზმშია გამოხატული, ხვალ ის სხვა ფორმას მიიღებს. ზეგ ყველაფერი ერთმანეთში აირევა. ამ დაპირისპირებაში კავკასია, კარგი გაგებით, არის მთავარი ფიგურანტი. საქართველოს როლი გასული საუკუნის 90-იან წლებთან შედარებით ათჯერ არის გაზრდილი. 1-2 წელიწადში ის კიდევ უფრო გაიზრდება.

პროგნოზის სახით გეტყვით და თქვენმა მკითხველმა დაიმახსოვროს, ზედმეტად ლიბერალურ მოთხოვნებს დასავლეთი საქართველოს არ წამოუყენებს. დასავლეთს რადიკალური ისლამის საზღვარზე მებრძოლი და რელიგიურად მოტივირებული საზოგადოება სჭირდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ტოლერანტობაზე უარს იტყვის. ქართველები უცხო ერების და სხვა რელიგიების მიმართ ყოველთვის შემწყნარებლები ვიყავით. ეს მომავალშიც ასე იქნება.

- ამბობთ, რომ გლობალური პროცესები ჩვენთვის სასარგებლოდ მიმდინარეობს. ქვეყნის შიგნითაც ქვეყნისთვის სასარგებლო პროცესები მიდის? რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარზე ზემოთ კონკრეტულად არ მიპასუხეთ და რითი დასრულდება ეს?

- რუსეთისთვის ენის მოჩლექას არც მე მივესალმები, მაგრამ ამის გამო ჩვენს მოქალაქეებს პასუხს ვერ მოვთხოვთ. მათ არჩევანს და მათ საქციელს ვერ განვსჯით. მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ჩვენი შეხედულებები გამოვთქვათ. რაც არ უნდა ენა მოუჩლიქონ რუსეთს და რაც არ უნდა ამტკიცონ, რომ ის ჩვენი ძმაა, საქართველო პრორუსულ ორბიტაზე არ დაბრუნდება.

- ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ უკვე დავბრუნდით...

- არ დაიჯეროთ. აქ პრორუსული ძალები ვეღარ გაიმარჯვებენ. პრორუსულობას ხელისუფლებასაც აბრალებენ, მაგრამ ეს ბოლომდე ასე არაა. ვიღაცას შესაძლოა მოსწონს რუსეთი, მაგრამ კურსი დასავლურია.

კიდევ ერთ პროგნოზს გავაკეთებ და გეტყვით, რომ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ეს სამი მიზეზით იქნება განპირობებული.

პირველი მიზეზი ის გახლავთ, რომ ოპოზიციამ ერთი იდეის გარშემო დღემდე ვერ შეძლო გაერთიანება. მათ მერობის ერთიანი კანდიდატიც კი ვერ წამოაყენეს და ერთმანეთს ხმებს უყოფენ. ამას თავადაც ხვდებიან, მაგრამ ამ ნაბიჯზე შეგნებულად მიდიან. იმედი აქვთ, რომ საქმეს მეორე ტურამდე მიიყვანენ და მერე თავისი პროცენტებით ივაჭრებენ. ოპოზიციის მარცხის მეორე მიზეზი იქნება ის, რომ 2012 წლიდან დღემდე, ვერც პროდასავლურმა და ვერც პრორუსულმა ოპოზიციამ მოვლენის შექმნა ვერ მოახერხა. ეს არც პროყიზილბაშურ ოპოზიციას გამოუვიდა.

- მოიცათ, პროყიზილბაშური ძალებიც გვყავს?

- თქვენ წარმოიდგინეთ, გვყავს. მოკლედ რომ გითხრათ, ყველანაირი პრო გვყავს პოლიტიკაში. ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო პოლიტიკური მოვლენის შექმნა და მის გარშემო იდეოლოგიური გაერთიანება. ოპოზიცია ფაქტებზე რეაგირებს მხოლოდ და უარყოფითი შეფასებებით პოლიტიკურ პრესინგს ეწევა, რაც ამომრჩევლისთვის მომაბეზრებელია. ოპოზიციის მარცხის მესამე მიზეზი იქნება ის, რომ ხელისუფლება სხვებზე უკეთ მოახერხებს საკუთარი მომხრეების მობილიზებას და მათ საარჩევნო უბნებთან მიიყვანს.

- ისევ რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარს დავუბრუნდეთ. მეჩვენება თუ ამას გაგებით ეკიდებით? ადრე უფრო კატეგორიული იყავით ამ საკითხზე...

- როგორ შეიძლება მე რუსეთთან ენის მოჩლექით ლაპარაკს გაგებით მოვეკიდო, მაგრამ მითხარით, რა შედეგს მოიტანს რუსეთის ლანძღვა? ხელისუფლებამ სხვა გზა უნდა აირჩიოს. ლანძღვის ნაცვლად, მოსკოვის წინააღმდეგ კონკრეტული არგუმენტები უნდა წარმოადგინოს.

- რატომ არ ხდება ამ არგუმენტების წარმოდგენა?

- ხელისუფლების წარმომადგენელი არა ვარ და ამაზე ვერ გიპასუხებთ. ისე, ჩვენ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. მსოფლიოს 21 ქვეყანაში ცხოვრობენ კავკასიელები, რომლებიც ანტირუსულად არიან განწყობილი. ჩვენ, ქართველებს, შეგვიძლია, მათთან ერთად მოვაწყოთ აქციები ამ ქვეყნებში რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ.

- ამის გამო რუსეთს შერცხვება?

- რუსეთს დიდი ხანია, არაფრის რცხვენია, მაგრამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავახსენებთ, რომ რუსეთი სხვის მიწებს ეპატრონება. მსოფლიო მის ქმედებებზე უფრო სერიოზულად რეაგირებს. ჩვენი აქტიურობის შემთხვევაში, რეაგირება კიდევ უფრო მკაცრი იქნება

Comments are closed