globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 29 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 29th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: მუქარა მოსკოვიდან // “საქართველო ნატოსკენ რაც უფრო მეტ ნაბიჯს გადადგამს, მით მეტად შეიზღუდება რუსეთის აგრესიული ქმედებები”

რეზონანსი“: ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან: „ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი ეტაპობრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტია საქართველო-ნატოს ურთიერთობაში“

რეზონანსი: გამოიწვევს თუ არა ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას?

რეზონანსი“: ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: „მმართველი გუნდის განცხადებები მიანიშნებენ, რომ საფრთხეების შეგრძნების უნარი მათ მოდუნებული აქვთ“

ახალი თაობა: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „რუსული დათვის მოთვინიერება უკიდურესად ძნელი და გრძელი პროცესია“

ახალი თაობა: ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „რესპუბლიკელთა განცხადებები ძირეულ საკითხებზე ყოველთვის რუსეთის სასარგებლო იყო, ამიტომ მათი დანიშვნა მინისტრებად დასავლეთის მოტყუებაა“

———————

რეზონანსი“, 29 აგვისტო, 2015 წელი

მუქარა მოსკოვიდან

საქართველო ნატოსკენ რაც უფრო მეტ ნაბიჯს გადადგამს, მით მეტად შეიზღუდება რუსეთის აგრესიული ქმედებები”

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნას რუსეთი გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ის ქვეყნები და პოლიტიკოსები, რომლებსაც თბილისი ნატო-სკენ მიჰყავთ, უნდა აცნობიერებდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას, – ამას, რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვი გამოეხმაურა. მისი თქმით, მოსკოვი მიიჩნევს, რომ საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა პროვოკაციული ნაბიჯია.

“ჩვენი აზრით, ეს ნაბიჯი ალიანსის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც მიზნად ისახავს მისი გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოებას, რისთვისაც იგი ხშირად იყენებს თავისი პარტნიორი ქვეყნების რესურსებს”, – განაცხადა ზახაროვამ. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებსა და თბილისს შორის კავშირების გაღრმავება რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების დაძაბვას გამოიწვევს. მისივე თქმით, რუსეთი თავის მოვალეობას შეასრულებს და უზრუნველყოფს თავისი მოკავშირეების უსაფრთხოებას.

საქართველოს მმართველი გუნდი რუსეთის ოფიციოზის განცხადებას გამოეხმაურა: „რა თქმა უნდა, როცა ასეთი განხცხადებები კეთდება, როცა რუსეთის ბაზები ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ყველაფერს უნდა ველოდოთ, უარესს და შემდეგ ბიმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ სიტუაციიდან ნაკლები დანაკარგით უნდა გამოვიდეთ“, – ამბობს პარლამენტის წევრი გია ვოლსკი.

პოლიტოლოგ-ექსპერტები კი რუსეთის მხრიდან რაიმე სერიოზულ გართულებას არ ელოდებიან. როგორც ვახტანგ მაისაია ამბობს, ამ ეტაპზე რუსეთმა მოსალოდნელი განცხადებით თავისი  რეაგირების მაქსიმუმი გამოავლინა: „ჩემი მოლოდინი გამართლდა – ნატოს საწრთვნელი ცენტრის გახსნას რუსეთის მყისიერი რეაქცია მოჰყვა, თუმცა არა მგონია, ვითარება დაიძაბოს. ეს განცხადება რუსეთის რეაგირების მაქსიმუმია.. შესაძლოა ე.წ. „საზღვარი“ კიდევ გადმოსწიონ. ამგვარ მოქმედებას კვლავაც გაარძელებენ. არა მგონია, უფრო შორს წავიდნენ. სტრატეგიული ობიექტები, გორი-თბილისი ავტომაგისტრალის ჩათვლით, ჩვენს თავზე დამოკლეს მახვილივით იქნება, ალბათ, უახლოესი ორი თვის პერიოდში. მერე რა იქნება, ამას ვერ გეტყვით, რადგან ეს დამოკიდებულია რეგიონალურ და საერთაშორისო პოლიტიკურ კონიუნქტურაზე“.

„საერთოდ, საქართველო რაც უფრო მეტ ნაბიჯს გადადგმას ნატოსაკენ, მით უფრო შეიზღუდება მოსკოვის ქმედებები“, – ამბობს „რეზონანსთან“ საუბარში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მუჩაიძე, რომელიც, ვახტანგ მაისაიას აზრს ეთანხმება და რუსეთისაგან რაიმე მნიშვნელოვან გართულებას არც ის არ ელოდება. „პირველ რიგში, ვიტყვი, რომ პროვოკაციები ე.წ. „საზღვრების“ გადმოწევისა და ადგილობრივი მოსახლეობის დაკავებების სახით პერმანენტულად გაგრძელდება, მაგრამ საქართველო ნატოსაკენ რაც უფრო მეტ ფართო ნაბიჯებს გადადგმას, მით უფრო შეიზღუდება რუსეთის აგრესიული მოქმედებები. ამის მაგალითი უკვე მოგვცა ბალტიისპირეთის ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა. ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის ნატოში გაწევრიანებამდე რუსეთი დესტრუქციულ განცხადებებს აკეთებდა, მაგრამ შემდეგ, როცა ისინი ალიანსის წევრები გახდნენ, სიტუაცია შეიცვლა. დღეს ისინი რუსეთისაგან კარგად არიან დაცული. აქედან გამომდინარე, რუსეთისაგან რაღაც სერიოზულ აგრესიულ ნაბიჯევს არ ველოდები, ხოლო ყოველდღიური პროვოცკაციები გარძელდება. ამასთან, მე არ ველოდები ავტომაგისტრალის გადაკეტვას, რადგან მისი მუსაობის გარანტებინატო და დასავლეთი არიან, რომლისკენაც ნელ-ნელა მივიწევთ“, – ამბობს გიორგი მუჩაიძე.

რეზონანსი“, 29 აგვისტო, 2015 წელი

ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან: „ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი ეტაპობრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტია საქართველო-ნატოს ურთიერთობაში“

„რეზონანსის“ კორესპონდენტთან თიკო ოსმანოვასთან საუბარში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვიკლი კომენტარს უკეთებს საქართველოს საშინაო და საგარეოპოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის თბილისში ნატოს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საწრთვნელი ცენტრის გახსნაში .

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- როგორ ფიქრობთ, ნატოს სასწავლო ცენტრი გაზრდის თუ არა საქართველოს უასფრთხოების დონეს, თუ პირიქით – ახალ რისკებს გააჩენს?

- ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს, რა თქმა უნდა, ძალიან დადებითად ვაფასებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, შეიძლება ითქვას, ეტაპობრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტია საქართველო-ნატოს ურთიერთობაში. ეს ჩვენი ხელისუფლებისა და საერთოდ ქვეყნის წარმატებაა. ნატოს სასწავლო ცენტრი არ იქნება ერთი უბრალო ადგილი: როგორც ვიცი, ამაში საჩხერისა და სხვა ტერიტორიული ბატალიონების ცართვა მოხდება. ასევე, ქართველების გარდა, ნატოს პარტნიორი ქვეყნების სამხედროების გადამზადებაც მოხდება. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის.

- თუმცა, ცენტრის გახსნას უკვე მოჰყვა მოსკოვის ოფიციალური განცხადდება. თქვენი აზრით, რა საპასუხო რეაქციას უნდა ველოდოთ ჩრდილოელი მეზობლისაგან?

- რუსეთი დიდი სიხარულით არასდროს ეგებება ნატოსაკენ ჩვენს წინსვლას, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ ინტეგრაციას გავაგრძელებთ. ეს არაერთხელ ითვა და კიდევ გავიმეორებ – ეს ქმედება არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ რუსეთზე თავდასხმას და მისი ტერიტორიების ოკუპირებას. ვფიქრობ, რუსეთს ჩვენს წინააღმდეგ რაიმე განსაკუთრებული ბერკეტი აღარც აქვს დარჩენილი – მოსკოვმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა და ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რომლებთაც არავინ სცნობს. თუმცა ეკონომიკის სფეროში მოსალოდნელია რაღაც ხელშემშლელი ბარიერები, მაგალითად, ქართული პროდუქციაზე  ემბარგოს შესაძლო დაწესება. მაგრამ არსებითად არაფერს ველოდება, ცვენ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. დარწმუნებული ვარ, საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდება და რუსეთს ასეთ საქართველოსთან ურთიერთობის აწყობა მოუწევს.

რეზონანსი“, 29 აგვისტო, 2015 წელი

გამოიწვევს თუ არა ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას?

ელზა პაპოშვილი

(შემოკლებით)

გამოიწვევს თუ არა ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): “საქართველოს ყველა მოქმედება და პატარა ნაბიჯის გადადგმაც კი რუსეთის ხელისუფლებას გააღიზიანებს. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა ქვეყანამ იმ წარმატებაზე, რასაც ნატოსკენ სწრაფვა ჰქვია, უარი არ უნდა თქვას. ძალიან მომწონს თავდაცვის მინისტრის ეს ქმედება და ნატოსკენ სწრაფვა. საქართველოში 2008 წელს ნატოს სასწავლო ცენტრი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია რუსეთმა მაინც მოახდინა. ამიტომ ვფიქრობ, რომ მათთვის პატარა მიზეზიც კი საკმარისია, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინონ. დაიძაბება თუ არა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეს ნატოზე არ არის დამოკიდებული. ეს მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ რუსეთის ინტერესებზეა დამოკიდებული. ამიტომაც ჩვენმა ქვეყანამ დასახულ მიზანს ყველანაირი წინააღმდეგობის მიუხედავად უნდა მიაღწიოს.”

გია ნოდია (პოლიტოლოგი): “რუსეთთან საქართველოს რომ დაძაბული ურთიერთობა აქვს, ეს ახალი ამბავი არ არის. თუმცა, რამდენად სერიოზული რეაქცია ექნება რუსეთს საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნის შემდეგ – ეს უკვე მისი მხრიდან განხორციელებული სანქციების შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ. თუმცა, ზოგადი განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ამას აღიქვამს როგორც პროვოკაციას, ეს არაფერს ნიშნავს. შეიძლება რუსეთმა რაღაცით გამოხატოს მისი ეს უკმაყოფილება, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს მხოლოდ სიტყვებით გამოხატოს.”

ვახტანდ ძაბირაძე (კონსტიტუციონალისტი): “რუსეთი საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრს მე ვფიქრობ მხოლოდ იმისთვის გამოიყენებს, რომ თავის ქვეყანაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩადენილი ქმედებები კიდევ ერთხელ გაამართლოს და თქვას, რომ ის რაც მათ ჩაიდინეს, სწორი გადაწყვეტილება იყო. გამოიყენოს იმისთვისაც, რომ გაზარდოს სამხედრო კონტინგენტი, როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთში. არ მგონია, რომ პიარის იქით და იდეოლოგიური პროპაგანდის გარდა საქმე უფრო შორს წავიდეს. არც იმას ვვარაუდობ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე ეკონომიკური სანქციები განახორციელოს.”

ირაკლი კაკაბაძე (მწერალი): “მე ვეთანხმები თინა ხიდაშელის პოზიციას, რომ ნატოს ჩვენ უნდა დავუდოთ დედლაინი, რომ ან უნდა მიგვიღონ მომავალ ზაფხულში, ან უნდა გაგვანებონ საერთოდ თავი. ჩვენ უკვე დასავლეთის ინტერესებს ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შევწირეთ. საქართველოს ფარგლებს გარეთ გადავიმტერეთ ყველა, ვისი გადამტერებაც შეიძლებოდა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ რუსეთი ამაზე მეტს ვერც ვერაფერს ვეღარ დაგვიშავებს და მათ ქმედებებს აღარ უნდა დაველოდოთ. ისედაც საკმარისად ბევრი ვიწვნიეთ. ამიტომაც საჭირო აღარ არის იმაზე ფიქრი გაღიზიანდება თუ არა რუსეთი ჩვენი ქმედებით. ჩვენ მიერ დასახულ გეგმას უნდა მივყვეთ.”

რეზონანსი“, 29 აგვისტო, 2015 წელი

ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: „მმართველი გუნდის განცხადებები მიანიშნებენ, რომ საფრთხეების შეგრძნების უნარი მათ მოდუნებული აქვთ“

„რეზონანსის“ კორესპონდენტ ია აბულაშვილთან საუბრისას ექსპერტი დემურ გიორხელიძე კომენტარს უკეთებს საქართველოს ხელისუფლების გატარებულ კურსს, კერძოდ, საგარეო პოლიტიკის გატარების სფეროში (პუბლიკაციის სათაური: “ოცნებას” რაიმე განახლების ანდა რადიკალური ცვლილებების რესურსი არ გააჩნია“).

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ბოლო დღეების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ნატოს საწრთვნელი ცენტრის გახსნას წარმოადგენს. რუსეთმა ამ ფაქტს ალიანსის პროვოკაცია უწოდა და გარკვეული მინიშნებებიც გააკეთა ვითარების გამწვავების კუთხით. მმართველ გუნდშიც აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან პროვოკაციები გამორიცხული არ არის…

- მმართველი გუნდის განცხადებები მიანიშნებენ, რომ საფრთხეების შეგრძნების უნარი მათ მოდუნებული აქვთ. ხელისუფლების მიერ იგნორირებულია ყველა შესაძლო გართულება, რომლის კომპენსირებასაც ის ვერ შეძლებს. ასე იყო 1993 წელს, როცა სოხუმი დაეცა, ასე იყო 2008 წელსაც. თავისთავად ცხადია, რომ პოლიტიკა პრაგმატულ შედეგებზე უნდა იყოს გათვლილი და სასიცოცხლო პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული, მაგრამ ქართული საგარეო პოლიტიკა მხოლოდ იდეა-ფიქსზეა აგებული და არა საკუთარი სახელმწიფოს აღმშენებლობის გააქტიურებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. თუ ვინმე მეტყვის, რა შეიცვალა ქართულ საგარეო პოლიტიკაში, გახდა თუ არა უფრო დაცული ქართული სახელმწიფო, სიამოვნებით მოვისმენ. თუმცა ძალიან ძნელად ვხედავ ვინმეს, რომელიც ასეთი სერიოზული საუბრისათვის იქნება მზად.

ახალი თაობა“, 29 აგვისტო, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: რუსული დათვის მოთვინიერება უკიდურესად ძნელი და გრძელი პროცესია

ინტერვიუში დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი საქართველოს საშინაო და საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე საუბრობს, კერძოდ, კომენტარს უკეთებს თბილისში ნატოს გენმდივნის ვიზიტს და ნატოს საწრთვნელი ბაზის გახსნას (პუბლიკაციის სათაური: „ახალი პოლიტიკური სეზონის წინ “ქართული ოცნების” “სპორტული ფორმა” სეზონის ბოლოს დაქანცულ სპორტსმენთა მდგომარეობას წააგავს“).

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც თავდაპირველად სააგენტო ინტერპრესნიუსმა“ გამოაქვეყნა და შემდეგ „ახალ თაობამ“ გადაბეჭდა:

- ბატონო სოსო, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით კრწანისის სამხედრო ბაზაზე ნატო-საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა. ფაქტია, დასავლეთი ცდილობს ზედმეტად არ გააღიზიანოს რუსეთი და პრაქტიკულად სამხედრო ბაზას საწვრთნელ ცენტრს არქმევს. ვითარებაში, როცა რუსეთის ქმედებები სულ უფრო დესტრუქციულ ხასიათს იძენს, დასავლეთი მაქსიმალურად ცდოლობს უმტკივნეულოდ შეაბას რუსულ დათვს ეჟვანი. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და მასზე რუსეთის რეაქციას?

- საქართველოში დიდი ხნის ოცნება აღსრულდა. უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეს არ არის ყველას ოცნება. ამიტომ, ჯერ ქვეყნის შიგნით გვაქვს გასარკვევი ვისია ეს ოცნება და ვინ ცდილობს ამ ოცნების მიჭირხვნას. თავისთავად, რუსული დათვის მოთვინიერება უკიდურესად ძნელი და გრძელი პროცესია. ალბათ, არც არის გასაკვირი, რადგან არც 21-ე საუკუნეშია პირადი კეთილდღეობა რიგითი რუსისთვის პრიორიტეტი. მას სისხლში აქვს გამჯდარი სხვისი დაპყრობის მანია. თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად. თუმცა, რუსული დათვის არსენალში კვლავ ვხედავთ სიცრუით გაჟღენთილ საინფორმაციო სივრცეს. მაგრამ, საბედნიეროდ, მოსკოვისა და კრემლის აღარავის სჯერა. შესაბამისად, რუსული პუტინიადის პერსპექტივა მტკიცნეული იქნება არა მხოლოდ რუსეთისთვის. ცნობილია, რომ დაჭრილი დათვი უფრო საშიშია. მაგრამ, იმასაც ვხედავთ, რომ ცივილიზებული დასავლეთი ნაბიჯ-ნაბიჯ ავიწროებს ყულფს დათვის ყელზე.

კუბა აღარ არის რუსეთის ექსკლუზიური სივრცე, ირანული ნავთობი ანაცვლებს რუსულ ნავთობს, დოლარმა ბეჭებზე გააკრა რუსული რუბლი, საერთაშორისო პოლიტიკურ სივრცეში რუსეთი დაფიქსირდა, როგორც ყველაზე არასანდო სუბიექტი. ამ ვითარებაში არ გვაქვს საფუძველი გულხელდაკრეფილებმა ვუყუროთ მოვლენების განვითარებას, რადგან სახეზე კვლავ გვაქვს მავთულხლართები საქართველოს ტერიტორიაზე, არაადეკვატურ-წარწერებიანი ბანერები.

ჩემთვის ყველაზე ავისმომასწვავებელია სცენარი, რომელიც ერთხელ უკვე გავიარეთ საკუთარი სისხლის ფასად. რუსეთის სარკინიგზო ჯარები აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობენ ლიანდაგების აღდგენაზე მსგავსად იმისა, რაც იყო 2008 წლის აგვისტომდე. ისიც ცუდად მენიშნება, რომ ამ ლიანდაგების აღდგენის შემდეგ პუტინს შეეძლება კვლავ წავიდეს ოლიმპიადაზე, ამჟამად ბრაზიალიაში და იქედან გასცეს რამე არაკაცური ბრძანება რუსეთის ჯარის ქმედების დასაწყებად საქართველოს წინააღმდეგ. ეს ყველაზე შავი სცენარია, რომელიც შეიძლება წარმოვიდგინოთ, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გამოცდილება არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უკვე მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ ისე გულხელდაკრეფილი აღარავინ იქნება, როგორც ეს იყო 2008 წელს.

ახალი თაობა“, 29 აგვისტო, 2015 წელი

ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „რესპუბლიკელთა განცხადებები ძირეულ საკითხებზე ყოველთვის რუსეთის სასარგებლო იყო, ამიტომ მათი დანიშვნა მინისტრებად დასავლეთის მოტყუებაა“

„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ლიდერი თამარ ჩხეიძე კომენტარს უკეთებს თბილისში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნას და ამბობს, რომ ამ მოვლენამ შეიძლება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება დააჩქაროს, თუმცა, თუ „მაპ“-ს არ მოგვცემენ, მართალია, ქვეყანა არ დაიღუპება, მაგრამ ეს შეიძლება წამახალისებელი ფაქტორი გახდეს რუსეთისათვის: „რუსეთი გადადგამს ახალ აგრესიულ ნაბიჯებს. სამწუხაროდ, დასავლეთისათვის ნახევარზომები დამახასიათებელია. მის შიშს რუსეთის რეაგირების მიმართ ჩვენთვის ძალიან უარყოფითი შედეგები მოაქვს. ასე მოხდა 2008 წელსაც“.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომლის სათაურია „აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით ხდება“ (ესაუბრება მარიამ მჭედლიშვილი):

- რით შეიძლება გამოიხატოს საქართველოს მიმართ რუსეთის მოქმედება?

- ალბათ, გაგრძელდება მცოცავი ოკუპაცია. რუსეთი ემუქრება ნავთობსადენს, ავტომაგისტრალს. არაა გამორიცხული ამ რაიონში სიტუაციის დაძაბვა. ასეთ ვითარებაში ყოვლად უადგილოა და მიუღებელი ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაკეთებული განხცადებები, თუნნდაც პრემიერ-მინისტრის ნათქვამი, რომ საქართველო არ უერთდებაო ანტირუსულ სანქციებს. ეს ძალიან ჰგავს რუსულ შეკვეთას. მართალია, თავსდაცვის მინისტრმა საპირისპირო განცხადება გააკეთა, მაგრამ საბოლოო ჯამში საქართველო ხელისუფლებამ მაამებლობა გამოჩინა რუსეთის მიმართ. ასეთ ფონზე იმაზე ლაპარაკი, რომ საქართველო ნატოსაკენ მიისწრაფვისო, ნაკლებად ეფექტურია“.

(…)

- ცოტა ხნის წინ რუსებმა ოჩამჩირედან ენგურის ხიდამდე რკინიგზის აღდგენა დაიწყეს…

- „ქართული ოცნება“ ჯერ ხელისუფლებაში არ იყო მოსული, რომ რკინიგზის აღდგენაზე ლაპარაკობდა.. ზურაბ აბაშიძე უარყოფდა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ გრიგორი კარასინმა ეს აღიარა. რკინიზგის ამუშავების სურვილი არაერთხელ გამოხატა თვითონ ბიძინა ივანიშვილმაც. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ – ყველაფერი საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით ხდება… რკინიგზის აღდგენა შეიძკლება მხოლოდ მაშინ, თუ გადადიდმება ნაბიჯები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსაგენად და თუ მოხდება აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დეოკუპირება.

- ეს ყველაფერი რუსეთს როგორ ავუხსნათ, თუ მასთან დიალოგი არ გვექნება?

- მე პირადად ყოველთვის ყველასთან დიალოგის მომხრე ვარ, მაგრამ ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის სეხვედრები არაფრის მომტანია. შესაძლებელია უფრო სხვა ფორმის გამოძებნა იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე საკუთარი ქვეყნის ინტერესების გამომხატველი იქნებოდა, მაგრამ ახლა ეს არ ჩანს, საქართველო რუსეთთან მიმართებით კოლაბორაციონისტულ პოზიციას იკავებს. ჩვენი გზავნილი მკაფიო უნდა იყოს: ჩვენ წამოვალთ სხვადასხვა პირობაზე, მათ შორის რკინიგზის აღდგენაზეც, მხოლოდ მაშინ, როცა მოხდება ოკუპირებული ტერიტორიის დეოკუპაცია. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ქვეყნის მთავარი პრობლემაა და ყველაფერი ამ საკითხს უნდა უკავშირდებოდეს…

- ეს ის საკითხებია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა. იგეგმება მინისტრის შეცვლა…

- მე ამ საკითხზე ინფორმაცია არ მაქვს. არა მგონია, ამ შესაძლო ცვლილებამ ქვეყანას პოზიტივი მოუტანოს. მხოლოდ ერთი მინისტრის სეცვლა არაფერს წყვეტს. აქამდე რესპუბლიკელების გამინისტრების მოქმენი გავხდით. მათ პროდასავლელების იმიჯი აქვთ, სინამდვილეში კი რესპუბლიკელთა მოქმდებებები ეჭვებს იწვევს – მათი თეორიები და განცხადებები ძირეულ საკითხებზე ყოველთვის რუსეთის სასარგებლო იყო. ამიტომ რესპუბლიკელების დანიშვნა მინისტრებად დასავლეთის მოტყუებაა.

Comments are closed