globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 29 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 29th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: „კომპრომისი არც ხელისუფლებას უნდა და არც – ოპოზიციას“ // ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან და მამუკა გამყრელიძესთან

ახალი თაობა: ვინ გადააფიქრებინა ხელისუფლებას რუსული დახმარების მიღება // სერგეი ლავროვის უწყების სკანდალური განმარტება

„ვერსია“: ინტერვიუ ბესო ალადაშვილთან: სპეცსამსახურული სპექტაკლები და ხანძრების ოთხი სკანდალური ვერსია // დივერსანტი სლავური წარმოშობის კი არა, შეიძლება, მუგუზალივით შავი ქართველი იყოს!“

ახალი თაობა: აფხაზეთში სამხედრო საწყობების აფეთქების ფაქტზე შიდა გამოძიება დასრულდა // ოპოზიცია ხალხს მოუწოდებს, ერთად შეიმუშაონ კრიზისიდან გამოსვლის გეგმა

——————-

ახალი თაობა“, 29 აგვისტო, 2017 წელი

კომპრომისი არც ხელისუფლებას უნდა და არცოპოზიციას»

ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან და მამუკა გამყრელიძესთან

ნონა ცაბაძე

ოპოზიციური პარტიების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი კვლავ ჩაშალა და აზრი ეკარგება 6 სექტემბერს ვენეციის კომისიის მიერ დაგეგმილ შეხვედრას.

“ახალი თაობა” აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძეს („ახალი საქართველო“)  და მამუკა გამყრელიძეს („ახალი ერთობა – საქართველო“) ესაუბრა.

——-

- ბატონო გიორგი, რა მოხდა? რატომ კეთდება განცხადებები, რომ 6 სექტემბრის შეხვედრა ჩაიშალა?

- “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთი გათამაშება გააკეთა, რაც უკვე მეტისმეტია! მივედით ყველა შეხვედრაზე, ვითომ ვაპირებდით შეთანხმებას, იყო მოლოდინი, რომ მათი მხრიდან დათმობებზე იქნებოდა საუბარი. შემდეგ უცებ გამოვიდნენ და მოგვიჭრეს თავიდან ბოლომდე, რომ არც არაფერი არ იქნება!

- ანუ ვერაფერზე შეთანხმდით?

- ეს ძალიან სამწუხარო პროცესია. ეს არის პროცესი, როცა ხელისუფლებას დაკარგული აქვს ყოველგვარი ბმა რეალობასთან.

- მოლოდინი დიდი იყო, წერილობით ხომ მიაწოდეთ თქვენი მოთხოვნები, ანუ აქედან არაფერი გამოვა?

- წერილობით ჩვენ გავუგზავნეთ ყველაფერი და პასუხად რაც მივიღეთ, ყველამ ნახა, რაღაც დამცინავი შეფასება, რომ თითქოს ოპოზიციას არ უნდა არანაირი ცვლილებები კონსტიტუციაში. ძალიან საგანგაშოა ის პასუხი, რაც ჩვენ მივიღეთ.

- ჯანი ბუკიკიოს მიერ ორგანიზებული შეხვედრა ჩაიშალა?

- წავალთ თუ არ წავალთ, ამის საბოლოო პასუხს ვერ გეტყვით. ჩემი პოზიციაა, რომ ალბათ ჯობია, ხელისუფლება ჩავიყვანოთ ვენეციის კომისიის შუამდგომლობით გამართულ შეხვედრაზე. მათ ნათქვამი აქვთ, რომ წამოვლენ ამ შეხვედრაზე და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეს უფრო სწორი იქნება. თუ ხელისუფლება ამაზე უარს იტყვის, მარტო ოპოზიციის ჩასვლას აზრი არა აქვს.

- ირაკლი კობახიძე თავიდანვე აცხადებდა, რომ ამ შეხვედრაზე ჩასვლის აზრს ვერ ხედავდა. მაინც გაქვთ მოლოდინი, რომ წამოვლენ?

- სრული პასუხისმგებლობა ამ საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით ეკისრება პირველ რიგში კობახიძეს, რომელიც იყო ამ პროცესის ხელმძღვანელი და შემდეგ უკვე მთელ საპარლამენტო ჯგუფს, რომელიც “ქართულ ოცნებას” აქვს.

- გართულდება სიტუაცია?

- თუ ისინი ჯიუტად დადგებიან საკუთარ პოზიციაზე, კიდევ უფრო უარეს პასუხს მიიღებენ ქართველი საზოგადოებისგან. არავის შერჩენია კანონის ზემოთ დადგომა და არც “ოცნებას” შერჩება.

——–

- ბატონო მამუკა, საკონსტიტუციო პროცესი კვლავ ჩიხშია. რას ელოდებით ამ ყველაფრისგან?

- კომპრომისების გარეშე ეს საკითხი არ გადაწყდება. გარკვეული კომპრომისი უნდა იყოს ხელისუფლების მხრიდანაც და კომპრომისი უნდა იყოს ოპოზიციის მხრიდანაც. სხვანაირად არაფერი გამოვა.

- არც ერთ მხარეს არ სურს პოზიციების დათმობა?

- ორივე მხარე უწყობს ხელს ამ პროცესის ჩაშლას თავისი ხისტი პოზიციით. თუმცა ამ პროცესში მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ინიციატივები და დათმობები სწორედ მათგან უნდა მოდიოდეს. ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში მზად იყო შეხვედრისათვის.

- თუმცა ოპოზიციასაც ხისტი პოზიცია აქვს და საარჩევნო სისტემის ირგვლივ ტრიალებს...

- საარჩევნო სისტემა ოპოზიციისთვის პრიორიტეტული საკითხია. საერთოდ ვინმე ესაუბრება მათ? ხელისუფლებამ გამოიჩინა ინიციატივა, რომ მათ შეხვედროდა. მიმოწერით და შორიდან ქვების სროლის ფორმატში არაფერი არ გამოდის. აქ აუცილებელია კონსულტაციები, მსჯელობა, აზრთა გაცვლა, თუნდაც დახურულ ფორმატში. ეს გააკეთა ვინმემ?! ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს სჭირდება ქვეყანას! თუ ამდენი შეგნება არ აქვს არც ერთს, რომ სახელმწიფოებრივად შეხედონ საკითხს, მაშინ დაიხურონ ქუდები და წავიდნენ!

- აქედან არაფერი გამოვა?

- ბატონი კობახიძე ძალიან ინფანტილური ადამიანია. მას აქვს შიში იმისა, რომ ვაიდა, ვინმემ მის მარცხად არ აღიქვას მისი რბილი პოზიცია.

- კომპლექსები აქვს?

- ნამდვილად ასეა.

ახალი თაობა“, 29 აგვისტო, 2017 წელი

ვინ გადააფიქრებინა ხელისუფლებას რუსული დახმარების მიღება

სერგეი ლავროვის უწყების სკანდალური განმარტება

შორენა მარსაგიშვილი

გასულ კვირას, როცა ბორჯომის ხეობა ცეცხლში იყო გახვეული, საქართველოს პრემიერმა ამაყად გვამცნო, ხანძრის ჩაქრობაში რუსეთმა გვთხოვა დახმარება, მაგრამ არ მივიღეთო. ერმა ამის გამო მთავრობას მადლობა შესწირა და ამაყად შეჰყურებდა, როგორ იწვოდა ტყე. 100 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყის დაწვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის დახმარება თავად უთხოვია. ოკუპანტებს ჩვენმა ტანჯულმა მთავრობამ 23 აგვისტოს მიმართა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან საუბარში აცხადებს, რომ თხოვნა შვეიცარიული დიპლომატიური ხაზის გავლით მიიღეს.

- 23 აგვისტოს თბილისისგან მივიღეთ თხოვნა, რომ დავხმარებოდით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობაში. შეტყობინება გაფორმებული იყო ნოტით რუსეთში შვეიცარიის საელჩოში არსებული საქართველოს ინტერესების სექციიდან, – განაცხადა მარია ხაზაროვამ. მისი მტკიცებით, რუსულმა მხარემ ამ თხოვნაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება:

- მოსკოვმა გამოყო რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თვითმფრინავი “ილ 76″.

გამოყოფილი “ილ 76″ რუსებს გამოყოფილად დარჩათ. ქართულმა მხარემ მოსკოვს მორიგი შეტყობინება აახლა.

- თუმცა შემდგომ ქართულმა მხარემ მადლობა გადაგვიხადა და შეგვატყობინა, რომ ხანძრის კერები ლოკალიზებულია და რუსული მხარის დახმარების საჭიროება აღარ იყო. შესაბამისი ნოტა შვეიცარიის საელჩოს ქართული ინტერესების სექციიდან 24 აგვისტოს მივიღეთ. ჩვენ გულწრფელად ვუსურვებთ საქართველოსა და ქართველ ხალხს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს ხანძრისა და მისი შედეგების ლიკვიდირება, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

საქართველოს ხელისუფლებამ, კერძოდ კი ზურაბ აბაშიძემ ეს ინფორმაცია ფაქტიურად დაადასტურა. იგი აცხადებს, რომ ხანძრის ჩაქრობაში დახმარება გრიგორი კარასინს სთხოვა.

მარია ზახაროვას განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ თემაზე კომენტარი აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს.

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე დარწმუნებულია, რომ თბილისიდან მოსკოვში მართლაც გაიგზავნა თხოვნა. მას საზოგადოების იმ ნაწილის გაკვირვება აოცებს, ვისაც ამ თხოვნის გაგზავნა გაუკვირდა.

- რუსეთს არაფერში არ უნდა ენდო, მათ შორის არც მათ საგარეო უწყებას, მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მოსკოვი სიმართლეს ამბობს. მე ის გამიკვირდებოდა, საქართველოს ხელისუფლებას სხვა ვინმესთვის ეთხოვა დახმარება, – ამბობს “ახალ თაობასთან” საუბარში მეგი გოცირიძე. მისი თქმით, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსკოვიდან იმართება.

- ქოცები ხელისუფლების სათავეში მოიყვანეს რუსებმა, გაჭირვების დროს სწორედ მოსკოვს სთხოვეს დახმარება. ეს ხელისუფლება რომ პროდასავლური ყოფილიყო, დახმარებას თურქეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს სთხოვდა, – აღნიშნავს ყოფილი დეპუტატი. მას სერიოზული ეჭვები აქვს თავად ხანძართან დაკავშირებით. არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი რუსული პროპაგანდის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

- მოგეხსენებათ, წელს საქართველოში არჩევნები ტარდება. არჩევნების წინ პრორუსული ძალები ძალიან სუსტად გამოიყურებიან. ხალხში ანტირუსული განწყობაც გამძაფრებულია. აქედან გამომდინარე “რუსულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, თავისი მშობლიური ქვეყნისთვის რეიტინგი აეწიათ. ტყეში სპეციალურად არ ჩააქრეს ხანძარი და რუსეთს სთხოვეს დახმარება. თან ამას დაურთეს პროპაგანდა, რომ ხანძრის ჩაქრობაში ერთმორწმუნე ძმა დაგვეხმარა. იმ პერიოდში გვესმოდა განცხადებები, სად არის ამერიკა, როცა რუსეთი მზადაა სტიქია დაამარცხოს, – აცხადებს მეგი გოცირიძე. მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ იცოდა, რომ ქართველი ხალხი ოკუპანტის დახმარებას არ მიიღებდა. ამიტომაც გადაწყვიტეს, ხალხი რამენაირად შეემზადებინათ.

- პრემიერმა ეშმაკური სვლა გააკეთა, როცა განაცხადა, რომ რუსეთმა დახმარება შემოგვთავაზა და ჩვენ უარი ვუთხარითო. ამ დროს თავად ჰქონდათ გაგზავნილი თხოვნა. “რუსული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს ეგონა, რომ ხალხი სიხარულით შეხვდებოდა ოკუპანტების წინადადებას. ჩვენს საზოგადოებას ჰქონდა ჯანსაღი რეაქცია. იმ რუსებისგან დახმარება არ უნდა მიგვეღო, რომელმაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და რამდენიმე წლის წინ ეს ტყე თავად გადაწვა, – მიიჩნევს ყოფილი დეპუტატი.

მეგი გოცირიძის თქმით, ხალხის პროტესტი რომ არა, ხელისუფლება რუსულ ავიაციას ჩააქრობინებდა ხანძარს და დაიწყებოდა პრორუსულების გრიალი.

- სამწუხაროდ, ეს ტყე დაიწვა, მაგრამ რუსეთის გეგმამ არ გაამართლა. ხელისუფლებას სხვა დანაშაულებებთან ერთად ამაზეც მოუწევს პასუხის გაცემა, – აცხადებს ექს-დეპუტატი. მისი განცხადებით, მეოცნებეებმა ისიც უნდა განმარტონ, რატომ არ სთხოვეს თავიდანვე დახმარება თურქეთს, სომხეთს და აზერბაიჯანს.

„ვერსია“, 28-30 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ ბესო ალადაშვილთან: სპეცსამსახურული სპექტაკლები და ხანძრების ოთხი სკანდალური ვერსია

დივერსანტი სლავური წარმოშობის კი არა, შეიძლება, მუგუზალივით შავი ქართველი იყოს!“

ვანო პავლიაშვილი

აგვისტო საქართველოსთვის საკრალური თვეა: 2008 წლის 5-დღიან ომზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საქართველოს მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე პირველად სწორედ აგვისტოში ააფეთქეს. სხვათა შორის, იმ დღეს ანუ 1995 წლის 29 აგვისტოს სახელმწიფოს მაშინდელ მეთაურს ხელი კონსტიტუციისთვის უნდა მოეწერა.
ისე, ისიც ალბათ სიმბოლურია, რომ დღეს, სხვა პრობლემებთან ერთად, კონსტიტუციაც ისევ აქტუალურია, თუმცა ბორჯომის ტყე-პარკსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა თუ რაიონში გაჩენილი ხანძრების ფონზე, კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი, პრაქტიკულად, აღარავის ახსოვს.

რაც შეეხება მასობრივ ხანძრებს, ბევრი, მათ შორის სახელმწიფო უწყებების ცალკეული წარმომადგენელიც არ გამორიცხავს, რომ ცეცხლის კვალი, შესაძლოა, დივერსიამდე მივიდეს.

რა არის დივერსია?

უცხო სიტყვათა ლექსიკონის თანახმად, ტერმინიდივერსიაგულისხმობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მატერიალური ობიექტების მწყობრიდან გამოყვანის სხვადასხვა მეთოდს. ასევე, ზიანის მიყენებას ან ზიანის მიყენების მცდელობას ქვეყნის თავდაცვის საწინააღმდეგო მოქმედებით, თავდაცვითი და სამხედრო ქონების, შენობების და ნაგებობების, მათ შორის, ადამიანების და ბუნებრივი რესურსების წინასწარგანზრახული დაზიანებით ან განადგურებით. დივერსიის ტიპი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, შემსრულებელთა ტიპებსა და მათ მიზნებზეა დამოკიდებული. საერთოდ, ოთხი ტიპის დივერსანტები არსებობენ: მოსამსახურეები, პროფესიონალი აგენტები, პარტიზანები და .. მეხუთე კოლონის წარმომადგენლები.

სხვათა შორის, „ვერსიისარა-ჩვეულებრივ ინტერვიუშიმეხუთე კოლონასუსაფრთხოების ექსპერტი, სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი ბესო ალადაშვილიც ახსენებს. ამასთან, ჩემი რესპონდენტი აქცენტს ჰიბრიდულ ომზეც აკეთებს და ხელისუფლებას ურჩევს, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, ანტიდეზინფორმაციული სამსახური შექმნას.

მაშ, ასე: იკვეთება თუ არა მასობრივ ხანძრებში ჩრდილოეთური დივერსიის კვალი და რას ნიშნავს სპეცსამსახურული სპექტაკლები? _ „ვერსიაბესო ალადაშვილის სკანდალურ არა-ჩვეულებრივ ინტერვიუს წარმოგიდგენთ.

_ ბესო, იზიარებ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ მასობრივი ხანძრების კვალი შესაძლოა, დივერსიამდე მივიდეს?

_ (იღიმის)…

_ რატომ იღიმი?

_ იმიტომ ვიღიმი, რომ საინტერესო კითხვაა.

_ ჰოდა, შენც საინტერესოდ მიპასუხე. მოკლედ, გისმენ.

_ საერთოდ, რამეზე რომ ვიმსჯელოთ, მხოლოდ გარკვეული ინფორმაცია და ანალიზი კი არა, დასკვნაც უნდა არსებობდეს. ანალიზი, ბუნებრივია, ინფორმაციას ეყრდნობა, მაგრამ ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს და ამიტომაც ყველა, მათ შორის, ექსპერტებიც ე.წ. ღია წყაროებით გავრცელებულ ცნობებს, უფრო სწორად, ვარაუდებს ვეყრდნობით. ჩემი ვარაუდით, მომხდარის ოთხი შესაძლო ვერსია უნდა განვიხილოთ. აქედან ერთ-ერთი დივერსიაა, თუმცა არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ხანძარი შემთხვევით გაჩნდა.

_ შემთხვევითობისაგან არავინ და არასოდეს ვართ დაზღვეულნი, მაგრამ როგორც ამბობენ, ბორჯომის ტყე-პარკში ცეცხლი მიუვალ ადგილას გაჩნდა. ამასთან, ცეცხლმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ლამის ერთდროულად იფეთქა. ნაპერწკალი ინფექცია არაა, ვირუსივით გავრცელდეს. ჰოდა, ჩემი აზრით, დივერსიის ეჭვს სწორედ ეს გარემოება აჩენს. ვცდები?

_ ვანო, საუბარი სწორედ აქეთ მიმყავს _ არ ვიცი, სპეციალური რუკა, სადაც ხანძრის კერები, ასევე ცეცხლის გაჩენის ზუსტი დრო იქნება, ასე ვთქვათ, დატანილი, შედგენილია თუ არა. წესით, ასეთი რუკა შს სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ… მოკლედ, იმ შესაძლო ოთხ ვერსიაზე ვსაუბრობ, რომელზეც გამოძიებამ უნდა იმუშაოს. ერთ-ერთი ვერსია, როგორც აღვნიშნე, ხანძრის ბუნებრივი გაჩენაა; მეორე _ შეიძლება, ყველაფერი დაუდევრობას უკავშირდებოდეს ანუ ტყეში ქართული „პიკნიკი“ იყო, თავისი მწვადით, ღვინით, სიგარეტ-მიგარეტით, რაღაც მოხდა და „მოპიკნიკეები“ გაიქცნენ; მესამე ვერსიაც ადამიანურ ფაქტორს უკავშირდება _ მართალია, ამაზე არავინ საუბრობს, მაგრამ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ხანძარი ტყის უკანონო ჭრის კვალის წაშლის მიზნით ხომ არ გააჩინეს?

სხვათა შორის, ამ ორ ვერსიაზე სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებს, რომლის თანახმადაც, დამწვარ ტყეში თითქოს ორი _ საწვავისა და ღვინის ავზი აღმოაჩინეს.

_ სოციალურ ქსელში იმის შესახებაც დაიწერა, რომ მოხალისე მაშველებმა ტყეში ბოთლი აღმოაჩინეს, რომელიცმოლოტოვის კოქტეილსჰგავდა

_ კი, ამის შესახებაც ვიცი, მაგრამ ჯერ ერთი, იმის თქმა, რომ ეს „მოლოტოვის კოქტეილია“, ძნელია; მეორეც, „მოლოტვის კოქტეილი“ რათ უნდოდათ, როცა ბენზინის გადასხმა ჩვეულებრივი ბოთლითაც შეეძლოთ? საერთოდ, „მოლოტოვის კოქტეილს“ მაშინ იყენებენ, როცა მაგალითად, ჯავშანტექნიკაა ასაფეთქებელი. ასე რომ, არ მესმის, ტყეში ხანძრის გასაჩენად „მოლოტოვის კოქტეილი“ ვის და რატომ უნდა გამოეყენებინა?

ისე, თუკი ადამიანს ტყის დაწვა აქვს განზრახული, „შემთხვევის ადგილზე“ არც რკინის კასრს მიიტანს და არც „მოლოტივის კოქტეილს“, თუმცა ყველაფერი მაინც გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ერთი სიტყვით, გამოძიებამ, ჩემი აზრით, ზემოხსენებულ ოთხ ვერსიაზე უნდა იმუშაოს, თუმცა რომელიმე ვერსია შეიძლება, „ამოვარდეს“…

ისე, ვანიჩკა, გუშინ საღამოს აგარაკზე ვიყავი და სასაფლაოსთან ხანძარი ხმელ ბალახს გაუჩნდა _ 300-400 კვადრატული მეტრი დაიწვა და მოსახლეობამ უცებ ჩააქრო… იმის თქმა მინდა, რომ ეს დივერსია კი არ იყო, ცეცხლი ბუნებრივად გაჩნდა.

_ ეს ინციდენტი სად მოხდა?

_ სად და, სოფელ გლდანში.

_ ბესო, წეღანდელი თქმისა არ იყოს, შემთხვევითობას არც მე გამოვრიცხავ, მაგრამ მოდი, მსჯელობა დივერსიის კუთხით განვაგრძოთ. ოფიციალური პირები არ უარყოფენ, რომ სამართალდამცავები ამ კუთხითაც მუშაობენ, კერძოდ, ბორჯომის .. საოჯახო სასტუმროებში მინისპეცოპერაციები ჩატარდა _ პოლიციამ იმ დამსვენებელთა მონაცემები ამოიღო, რომლებიც ეკოკატასტროფის ზონაში 18-დან 21 აგვისტომდე იმყოფებოდნენ.

_ ეს არასერიოზულია.

_ რატომ?

_ რატომ და, ჯერ ერთი, ადამიანს, თუკი დივერსია მოაწყო, საქართველო უკვე დატოვებული ექნება; მეორეც, ასეთ დროს ნებისმიერი უცხოური სახელმწიფო ცდილობს, თავისი ადგილობრივი აგენტურა გამოიყენოს.

_ ანუ?

_ ანუ ის, რომ ე.წ. დივერსანტი მაინცდამაინც სლავური წარმოშობის კი არა, შეიძლება, მუგუზალივით შავი ქართველი იყო.

_ სიტყვამ მოიტანა და, როგორც ვიცი, დივერსიული ჯგუფი ყველა ქვეყნის სპეცსამსახურს ჰყავს, არა?

_ დიახ.

_ დივერსანტები, ალბათ, სპეცმომზადებას გადიან

_ ვანო, „დივერსანტი“ და შესაბამისად, „დივერსიაც“ ცოტა მოძველებული ტერმინია. დღეს უფრო „სპეცოპერაციას“ იყენებენ… ისე, დღევანდელი რუსეთის სპეცსამსახურების გამოცდილება საბჭოთა კავშირის გამოცდილების ანალოგიურია. ყოველ შემთხვევაში, მას, ვინც რუსულ სპეცსამსახურებს სწავლობს, ამ პარალელის გავლება არ გაუჭირდება და საბჭოთა კავშირის გამოცდილების გახსენებამ შეიძლება, პირდაპირ რუსულ კვალზე დაგვაყენოს. სიმართლე გითხრა, არ ვიცი, ეს ცუდია თუ კარგია, მაგრამ დღევანდელი რუსეთი საბჭოთა „კა-გე-ბეს” გამოცდილებას იმეორებს…

_ მაშასადამე, ადასტურებ, რომ რუსული სპეცსამსახურების არსენალში ხანძარიცაა?

_ საბჭოთა სპეცსამსახურის არსენალში აბსოლუტურად ყველა ხერხი და მეთოდი შედიოდა, რაც მთავარ მოწინააღმდეგეს ანუ აშშ-სა და ასევე ნატო-ს წევრ ქვეყნებს თუნდაც იოტისოდენა ზიანს მიაყენებდა. საერთოდ, ასეთი ოპერაციების დროს შედეგსა და რისკს შორის ბალანსი კეთდება. თუ რომელიმე ქვეყანას მეორე ქვეყანაში ძალიან ძვირფასი აგენტი ჰყავს…

_ მაპატიე, „ძალიან ძვირფასი აგენტირას ნიშნავს?

_ „ძალიან ძვირფასი“ ისეთი აგენტია, რომელსაც წვდომა უმნიშვნელოვანეს ინფორმაციაზე აქვს… სპეცსამსახური არ გარისკავს, ეს აგენტი ტყეში ხანძრის გასაჩენად გამოიყენოს.

_ უცხოურმა სპეცსამსახურმა ხანძრის გასაჩენად შესაძლოა, არაძვირფასი ან სულაც დამწყები აგენტი გამოიყენოს

_ კი ბატონო, გეთანხმები, მაგრამ ჩავყვეთ, მომხდარი უცხო ქვეყნისთვის რა შედეგის მომტანია.

_ გისმენ

_ ვანო, წეღანაც გითხარი, რომ დივერსიას არ გამოვრიცხავ, მაგრამ საინტერესოა, რა მიზანი ჰქონდა ბორჯომსა თუ წაღვერში ხანძრის ხელოვნურ გაჩენას? ერთი მიზანი შესაძლოა, ტურისტების გაქცევა ყოფილიყო, მაგრამ ასევე საინტერესოა, ამ ტერიტორიაზე რამე სტრატეგიული ობიექტი, მაგალითად, გაზსადენი ან მილსადენი ხომ არაა? დივერსიას, ესე იგი, სპეცოპერაციას გამართლება მაშინ აქვს, როცა შედეგი ქვეყნის თუნდაც ეკონომიკური პოტენციალის დაქვეითებისკენაა მიმართული.

_ ბესო, განა, ის არაფერს ნიშნავს, რომ ჩვენი ულამაზესი ბუნება გადაიბუგა? ცეცხლმა 100 ჰა-ზე მეტი ფართობი გაანადგურა და ყველაფერ ამის აღდგენას, მინიმუმ, ათეული წლები დასჭირდება

_ გეთანხმები, გეთანხმები, მაგრამ უკანასკნელი სამწუხარო სტატისტიკა მოწმობს, რომ ევროპასა თუ აშშ-ში ხანძარი თითქმის ყოველ ზაფხულს ჩნდება. ისე, ყველაფერი ეს შესაძლოა, ბუნებრივ ეკოლოგიურ კატასტროფას უკავშირდებოდეს…

საერთოდ, სპეცსამსახური ყველა ქვეყნის ყველაზე საიდუმლო და ძვირადღირებული სტრუქტურაა და ის მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა, ასე ვთქვათ, ამოქმედდეს. სპეცსამსახური ჩვეულებრივი პოლიცია არაა, რომელიც კრიმინალს ებრძვის, ამიტომ მიკვირს, რომ სუს-ში ანტიკორუფციული სააგენტოა _ ისეთი სტრუქტურა, რომელიც კორუფციას ებრძვის, მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში უნდა შედიოდეს. ერთი სიტყვით, სპეცსამსახურს ეროვნული უსაფრთხოე
ბის დაცვა და უზრუნველყოფა ევალება. აქედან გამომდინარე, საკითხავია, თუნდაც ჩვენდამი მტრულად განწყობილი ან რომელიმე მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურის გეგმაში ხანძარი ჯდება თუ არა?

ხანძრისგან მიყენებული ზარალი უდიდესია, მაგრამ მოდი, ტყეებს თავი დავანებოთ და ბაზრობებზე გადავიდეთ…

_ დაახლოებით, ვხვდები, საუბარი საითკენაც მიგყავს

_ თუკი მოწინააღმდეგეს ქვეყანაში ხელოვნური უკმაყოფილებისა და დაძაბულობის გამოწვევა უნდა, საამისოდ ბაზრობების დაწვა კარგი, როგორც იტყვიან, გამოსავალია _ ყველაფერ ამას სოციალური დაძაბულობა მოჰყვება.

_ აბსოლუტურად გეთანხმები, ბესო. ამავე კონტექსტში, მგონი, არც ის უნდა დაგავიწყდეს, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია სექტემბრიდან .. ანტისახელისუფლებო გამოსვლების დაწყებას გეგმავს

_ რა მოტივით?

_ ამ შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიის აქცია-მიტინგების მოტივი მნიშვნელოვანი არაა, მთავარი, ჩემი აზრით, ფონია ანუ იგივე ბაზრობების დაწვით მოსახლეობის უკმაყოფილება გაზრდილია, რასაც ტყეების გადაწვაც დაემატაერთი სიტყვით, ცხელი პოლიტიკური ფონის შესაქმნელად იდეალური ვითარებაა!..

_ მესმის… პოლიტიკური შეფასებებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ერთგვარი ლუსტრაცია ხდება და ჩანს, ვინ ვინაა და რა გზაზე დგას… სამწუხაროდ, რუსეთის სპეცსამსახურებს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ყველა ფენაში გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ…

_ კონკრეტულად?

_ სუს-ში არ ვმუშაობ…

_ მესმის, მაგრამ სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი ხარ და ბევრი ინფორმაცია გაქვს

_ ოპერატიულ სამსახურში არასოდეს მიმუშავია, ყველგან – უშიშროებასა და შსს-შიც ანალიზს ვაკეთებდი… მოკლედ, რუსეთს დამუშავებული ექნება გეგმა, თუ როგორ მიაყენოს ქვეყანას მაქსიმალური მატერიალური ზარალი და ეს გეგმა აბსოლუტურად ყველა სტრატეგიულ ობიექტზე _ თელასით დაწყებული ნავთობსადენებით, გაზსადენებითა და პორტებით დამთავრებული „იქნება“ გაწერილი…

_ სიტყვამ მოიტანა და, შარშან თუ შარშანწინ რამდენიმეკაციანი ჯგუფი ამხილეს, რომელიც, თურმე, გაზსადენის აფეთქებას გეგმავდა

_ ამ ადამიანებს „საგურამოელი ტერორისტები“ დავარქვი.

_ რატომ?

_ არ ვიცი, ამ საქმეზე გამოძიება დასრულდა თუ არა, მაგრამ თავიდანვე მტკიცებულებებთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა მქონდა ანუ მილი, კი ბატონო, ჩვენია და შეკეთებაც ჩვენ მოგვიწევდა, მაგრამ გაზსადენის ამ მონაკვეთის აფეთქებით უფრო დიდი ზიანი სომხეთს მიადგებოდა. საერთოდ, ახლაც, როგორც ნაციონალების დროს, პროფესიონალიზმი ძალიან დაბალია, რაც თავს მყარი მტკიცებულებების არარსებობაში იჩენს ხოლმე.

_ ანუ, საუბარი იქითკენ მიგყავს, რომსაგურამოს ტერაქტის საქმესპეცსამსახურს აწყობდა?

_ ეს არ ვიცი, მაგრამ გავიხსენოთ, ნაციონალებმა რამდენი ე.წ. ჯაშუშური სპექტაკლი დადგეს…

_ კი ბატონო, მაგრამ ხალხმა ნაცები სახლში სწორედ ასეთი სპექტაკლების გამო გაისტუმრა

_ გასაგებია, მაგრამ ის ხალხი სისტემაში ისევაა. მოკლედ, მოდელირებული სამხედრო გადატრიალება თუ ქალაქგარეთ, ტყეში რაღაც იარაღის საწყობის აღმოჩენა დაწინაურებასა და წოდებების მიღებას უკავშირდებოდა ანუ სახეზე მარტივი ადამიანური სისუსტე იყო.
ეს მსოფლიო ფორმულაა _ როცა სპეცსამსახურებს უნდათ, თავიანთი არსებობა ან სულაც, ეფექტური მუშაობა დაამტკიცონ, ხელოვნურად გახსნილი დანაშაულების პროვოცირებას თავად ახდენენ.

_ ესე იგი, ბესო, არ გამორიცხავ, სპეცსამსახურის ცალკეულტიპებსიგივე ხანძრებისთვის ხელი იმ მოტივით შეეწყოთ, რომ ამ საქმის გახსნით დაწინაურებულიყვნენ?

_ ამ შემთხვევაში, ხანძრებზე კი არა, მილსადენის შესაძლო აფეთქების გამო დაჭერილ „სასტავზე“ ვსაუბრობ. ისე, „სამხედრო გადატრიალებებს“ საქართველოს სპეცსამსახურები ხშირად იყენებენ. მხოლოდ შევარდნაძის დროს, ასეთი დადგმული სამი თუ ოთხი „სამხედრო გადატრიალება“ გახსნეს…

_ ბესო, წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა: ხანძრების ჩასაქრობად დახმარება ოკუპანტი რუსეთისთვის უნდა გვეთხოვა? ჩემი აზრით, ყოვლად სამარცხვინო იქნებოდა, ბორჯომის ტყეში, რომელიც 2008 წელს თავად რუსებმა გადაწვეს, ხანძარი კრემლს ჩაექრო!

_ გეთანხმები! ქვეყანას, რომელიც სახელმწიფოდ არ გაღიარებს და, პრაქტიკულად, ყოველდღიურ პროვოკაციებს გიწყობს, ასეთი თხოვნით არ უნდა მიმართო!
თავიდან ითქვა, თითქოს რუსეთმა დახმარება თავად შემოგთავაზა, თუმცა ბოლოს გაირკვა, რომ დახმარება ჩვენ გვითხოვია. მე თუ მკითხავთ, ეს ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომაა, რადგან წეღანდელი თქმისა არ იყოს, რუსეთი არათუ გვაღიარებს, არამედ მასთან დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს და ათას პროვოკაციას გვიწყობს; ამიტომ რაციონალური, საღი აზრი მოითხოვს, არათუ დახმარება სთხოვო, არამედ სიკეთის თანამონაწილეც არ გახადო!

_ ბესო, მოდი, საუბარში სპეცსამსახურული ლოგიკა ჩავრთოთ ანუ თუკი ქართული მხარე კრემლის დახმარებას მიიღებდა, რუსულ თვითმფრინავს, რომელსაც ხანძარი უნდა ჩაექრო, შესაძლოა, სამხედრო ძალები შემოჰყოლოდნენ?

_ არა, მაგრამ ამ დახმარებას რუსეთი სხვანაირად გააპიარებდა.

_ კერძოდ, როგორ?

_ საერთოდ, რუსეთი პიარზე, უფრო სწორად, დეზინფორმაციაზე თანხას არ ზოგავს.
სხვათა შორის, ბოლო დროს საქართველოში, განსაკუთრებით, რეგიონებსა და რაიონებში რუსეთისკენ მიტრიალებას ვხედავთ – მეზობელია და მის გარეშე ვერ ვიარსებებთო. ასეთი განწყობა სწორედ იმ „მეხუთე კოლონის“ მუშაობის შედეგია, რომელიც რუსეთს საქართველოში ჰყავს. ერთი სიტყვით, თვითმფრინავის შემოსვლაც სწორედ ამ კუთხით გაპიარდებოდა…

_ ისე, კრემლისადმი ლოიალურად განწყობილნი სოციალურ ქსელში აცხადებდნენ, რუსულ თვითმფრინავს 400-ტონიანი წყლის ავზი აქვსო. ზოგის ფანტაზია კი უფრო შორს წავიდა, შვილი რომ გიკვდებოდეს და მისი გადარჩენა რუს ექიმს შეეძლოს, დახმარებაზე უარს ეტყვიო?!

_ (იღიმის) 400-ტონიანი წყლის ავზი ზღაპარია, თუმცა ხანძრების ჩაქრობაში გადამწყვეტი როლი, ალბათ, მაინც ბელარუსულმა ვერტმფრენმა შეასრულა.
ჩვენში დარჩეს და, მიკვირს, უკრაინამ დახმარება რატომ არ შემოგვთავაზა. არადა, შესაბამისი ტექნიკა აშკარად ექნება.

_ არათუ შემოგთავაზა, არამედ, ოფიციალური კიევი საეჭვოდ დუმს

_ ბოლო დროს დამთბარი ურთიერთობის ფონზე, უკრაინისგან მხარდაჭერას ველოდი, თუმცა არ ვიცი, კულუარებში რა ხდება… ვანო, ერთი წამით, სპეცსამსახურს თავი დავანებოთ და, როგორც ჭკვიან კაცს, გკითხავ: შენი აზრით, კარგი მენეჯერი რომელია _ რომელიც პრობლემას გადაჭრის თუ რომელიც პრობლემის პრევენციას მოახდენს?

_ ამას რა კითხვა უნდა? - კარგი მენეჯერი ისაა, რომელიც პრობლემის პრევენციაზე იმუშავებს!

_ აგაშენა ღმერთმა! ხანძარს კი არ უნდა დაველოდოთ და მერე არ ვიფიქროთ, როგორ ჩავაქროთო, არამედ, ყველაფერი წინასწარ გავთვალოთ. საერთოდ, „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 5 წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, მინიმუმ, იმაზე უნდა ეფიქრათ, საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, პრობლემები ცოცხალი ძალის მხრივაც გვაქვს. ჰოდა, სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის თანამედროვე ტექნიკა შეეძინათ.

_ კარგი რა, ბესო, რომელ ტექნიკის შეძენაზე საუბრობ, როცა უსაფრთხოების კონცეფიაც კი არ გვაქვს?!

_ მეც სწორედ მაგას ვამბობ. ზოგს ჰგონია, ხანძარი რა პრობლემაა, წყალს მიასხამ და ჩაქრებაო, მაგრამ ხანძარი ურთულესი სტიქიური უბედურებაა და სპეციალური სტრატეგია, ასევე ტაქტიკაა შესამუშავებელი, მაგრამ ამ კუთხით ქვეყანაში არაფერი კეთდება…

_ ჰო, მართლა, ვიღაცებმა, მაგალითად, რეზო ამაშუკელმა ღიად თქვეს, ხანძრები ნაცებმა გააჩინესო. ამასთან, ცეცხლი მინავლდა თუ არა, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია, 2015 წელს აღძრულ საქმეზე, სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს. ამავე კონტექსტში, ალბათ, ისიც აღსანიშნავია, რომ 10 სექტემბერს ექსპრეზიდენტი უკრაინაში აპირებს ჩასვლას.
მოკლედ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სააკაშვილის დასაკავებლად ფონი მზადდება, არა?

_ ვანო, მოდი, ყველაფერს ცოტა გლობალურად შევხედოთ.

_ კი ბატონო, რა პრობლემაა

_ სააკაშვილის ფიგურა ხელს რუსეთს აძლევს.

_ ამით რის თქმა გინდა?

_ სააკაშვილი პრობლემების გენერატორია _ ყველგან, სადაც ჩადის, პრობლემას ქმნის… ამიტომაც ვამბობ, რომ რუსეთი სააკაშვილს იყენებს… საერთოდ, სპეცსამსახურის მეთოდია: შიდადაპირისპირება გააღვივოს და ამ დროს თვითონ ფარულად იმოქმედოს.

_ მაშასადამე, ამღვრეულ წყალში თევზს იჭერს?

_ რა თქმა უნდა… ნაციონალები, უამრავი დანაშაულის გამო, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დასჯილიყვნენ, მაგრამ ასე არ მოხდა; მეტიც, ამ ადამიანების ნაწილი ისევ ძველ სამსახურში მუშაობს. რუსეთის სპეცსამსახურები სწორედ ამას იყენებენ, რომ საქართველოში მუდმივი შიდადაპირისპირება არსებობდეს! სხვათა შორის, შეგვიძლია, პარალელი 90-იან წლებთან გავავლოთ _ სამოქალაქო ომის დროს რუსეთი იარაღს ორივე მხარეს აძლევდა… ისე, სანამ საქართველო 100 და 200 პარტიადაა გახლეჩილი, მისი მართვა ძალიან მარტივია!

_ ბესო, დემოკრატიისკენ მივილტვით და პარტიებს ხომ ვერ ავკრძალავთ?

_ ვერ ავკრძალავთ, მაგრამ ჯერ ერთი, ბევრი ორკაციანი პარტიაა.
მეორეც, ამ პარტიებს ერთი გამაერთიანებელი არ აქვთ ანუ რის გარშემო ერთიანდებიან _ ქვეყნის უსაფრთხოებისა თუ დამოუკიდებლობის? ეს კი არადა, ტერიტორიული მთლიანობის, ასე ვთქვათ, თამასამაც დაიწია, თუმცა პოლიტიკაში გადასვლა არ მინდა, რადგან ეს ჩემი თემა არაა!

_ ასეა თუ ისე, არ გამორიცხავ, რომ იგივე ხანძრები შიდადაპირისპირების გასაღვივებლად იქნეს გამოყენებული?

_ თუკი დივერსიისთვის სამხილი საკმარისი იქნება, მაშინ შეგვეძლება, სხვადასხვა ქვევერსია განვიხილოთ. აქედან ერთ-ერთი სწორედ შიდადაპირისპირება ანუ იმ აზრის გაღვივება იქნება, რომ ხელისუფლება უუნაროა. ვანო, თუ აკვირდები, ბოლო დროს ძალიან ბევრი საეჭვო საინფორმაციო სააგენტო გაჩნდა. „ჰიბრიდული ომის“ „გამავრცელებელი“ კი სწორედ სოციალური ქსელია.

_ სოცქსელის აკრძალვას ითხოვ?

_ არა, მაგრამ ქვეყანას ანტიდეზინფორმაციული სამსახური უნდა ჰქონდეს. სხვათა შორის, ასეთი სამსახური ბრიტანეთმა, ჩეხეთმა და ნატო-ს სხვა წევრმა ქვეყანამ შექმნეს. ჩეხეთის მაგალითზე რომ ვთქვა, ანტისადეზინფორმაციო სამსახურის თანამშრომელთა მოვალეობა იგივე რუსეთის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ოპერატიული რეაგირებაა. დიახ, დეზინფორმაცია კი არ უნდა მივაჩუმათოთ, არამედ ყველაფერ ამას ხელისუფლებამ ობიექტური პასუხი უნდა გასცეს. სხვა შემთხვევაში, დეზინფორმაციას ვერ მოვერევით! ერთი სიტყვით, ყველაფერი კეთდება, რომ საქართველო, როგორც რუსეთის ხელისუფლება ამბობს, არშემდგარ სახელმწიფოდ წარმოჩინდეს, სადაც შიდადაპირისპირებაა!

_ ბესო, სამწუხაროდ, შენი საუბრით, არცთუ სასიამოვნო სურათი იხატება, თუმცა, როგორც იტყვიან, აქ ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს!

ახალი თაობა“, 29 აგვისტო, 2017 წელი

აფხაზეთში სამხედრო საწყობების აფეთქების ფაქტზე შიდა გამოძიება დასრულდა

ოპოზიცია ხალხს მოუწოდებს, ერთად შეიმუშაონ კრიზისიდან გამოსვლის გეგმა

მარიამ მჭედლიშვილი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ დაასრულა შიდა გამოძიება 2 აგვისტოს დაბა პრიმორსკოეში სამხედრო საწყობების აფეთქების ფაქტზე.

საოკუპაციო რეჟიმის თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია აცხადებს, რომ მომხდარი განპირობებულია ადამიანური ფაქტორით. გამოძიების მასალები სამხედრო პროკურატურას გადაეცა.

სამი საწყობიდან ორი დაინგრა. გადარჩენილი იარაღი, ჭურვები და საინჟინრო ქონება გადატანილია თავდაცვის სამინისტროს სარეზერვო საწყობებში.

საწყობების გაწმენდაში მონაწილეობს საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია. იწმინდება ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებიც.

- საწყობების ბედზე გადაწყვეტილებას მთავარსარდალი, პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მიიღებს, – აღნიშნა ქიშმარიამ.

მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმაზე, რომ სამხედრო საწყობებში გასტარბაიტერები მუშაობდნენ.

- უფლება არ გვაქვს, უცხო პირები სამხედრო ობიექტებზე მოვიზიდოთ, -ირწმუნება მინისტრი.

2 აგვისტოს აფეთქებას რუსეთიდან ჩამოსული დამსვენებლები შეეწირნენ. ბევრმა ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო. რამდენიმე მათგანი აფეთქებებისას რუსეთისკენ საცურაო კოსტიუმში გაიქცა.

ამან შეუძლებელი გახდა საკურორტო სეზონის გაგრძელება. საკურორტო სეზონი ჩაშლილად ჯერ კიდევ ამ ინციდენტამდე ითვლებოდა. ამის მთავარი მიზეზი გახდა თავდასხმები რუს ტურისტებზე. ერთი მათგანი ასეთი თავდასხმისას დაიღუპა. ლეტალურად დასრულდა რუსების ერთი ავიაგასეირნება, მეორე შემთხვევაში ტურისტები დაშავდნენ. ამის შემდეგ როსტურიზმმა საკუთარი მოქალაქეები აფხაზეთში არსებული რისკების შესახებ გააფრთხილა.

აფეთქებების დროს აფხაზეთში ცოტა დამსვენებელი იყო შემორჩენილი და სიცოცხლისათვის საშიში კურორტი დარჩენილებმაც დატოვეს.

ჩაშლილ საკურორტო სეზონს, ასევე აფხაზეთში შექმნილ კრიზისს პოლიტიკური ძალები და საზოგადოებრივიო ორგანიზაციები სპეციალურ შეკრებაზე შეეხნენ. კონფერენციამ სპეციალური რეზოლუცია მიიღო.

- საკურორტო სეზონი ჩაგვივარდა. აფხაზეთში კრიმინალიტეტის თარეშია. ასეთი სიღატაკე და სიღარიბე არც ერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა, – განაცხადა ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ ირინა აგრბამ.

შეკრებილების აღშფოთებას იწვევს ის, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობა კრიზისის არსებობას არ აღიარებს.

- ხელისუფლების მთავარი ამოცანა 2019 წლამდე გაძლებაა. ამის საშუალებას მას საგარეო ფინანსური ინექციები აძლევს. ისმის კითხვა, ჩვენ როდემდე უნდა ვუყუროთ იმას, როგორ ანგრევს ხელისუფლება რესპუბლიკას? – აღნიშნა აგრბამ.

მისი თქმით, მიმდინარეობს აფხაზი ეთნოსისათვის დამღუპველი დაჩქარებული დეპოპულაცია. ახალგაზრდობა იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, ახალგაზრდების ნარკოდამოკიდებულებამ საშიში მასშტაბები მიიღო. ნარკოტიკები არასდროს ყოფილა ასეთი ხელმისაწვდომი.

- ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო ვერ იყენებს თავის მთავარ კოზირს – იძულების ზომას. არავინ არავის უჯერებს. ხელისუფლება სუსტია. აუცილებლად უნდა განვახორციელოთ სამართალდამცავი ორგანოების, სასამართლოს რეფორმა, – განაცხადა ოპოზიციური ძალების ბლოკის თანათავმჯდომარემ, დეპუტატმა ასლან ბჟანიამ.

იგი გამოდის გაბერილი ბიუროკრატიული აპარატის შემცირების ინიციატივით.

ენერგეტიკის დარგში მას სამაგალითოდ მიაჩნია ქართველების გამოცდილება:

- დღეს საქართველოს ელექტროსექტორი შემოსავლიანია. ელექტროენერგეტიკის ობიექტების 80% კერძო პირების ხელშია.

მან აღიარა, რომ აფხაზების ნაწილი სამკურნალოდ ენგურსგამოღმა დადის. საქართველოს ჯანდაცვა, მისი აზრით, წარმატებული გახდა რეფორმების შედეგად.

“ამცახარას” პოლიტსაბჭოს წევრმა ვიაჩესლავ ვარდანიამ აღნიშნა, რომ საფრთხეშია აფხაზეთის “სახელმწიფოს” არსებობა. თუ 2014 წელს, ლევადა-ცენტრის გამოკითხვის მონაცემებით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მხარს უჭერდა აფხაზეთში გამოკითხულთა 11%, დღეს უარესი სიტუაციაა – გამოკითხულთა 32%-ს უნდა აფხაზეთის რუსეთთან მიერთება.

თუ ამ საკითხზე რეფერენდუმი გაიმართა, “ამცახარას” ერთ-ერთი ლიდერი უფრო სახიფათო შედეგებს ელოდება:

- აფხაზეთში 42.000 პენსიონერი პენსიას რუსეთიდან იღებს. ისინი შეიძლება შეაშინონ, რომ პენსიებს დაკარგავენ. ამიტომ ისინი ხმას რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მისცემენ. გარდა ამისა, ამას მხარს დაუჭერს აფხაზეთის რუსულენოვანი მოსახლეობა.

კონფერენციამ ხაჯიმბას ხელისუფლება უუნაროდ მიიჩნია. მან პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და ინტელიგენციას კონსოლიდაციისკენ და ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისაკენ მოუწოდა. შეკრებილები აფხაზეთის პარლამენტსაც მიმართავენ, რათა ოპონენტებს მიეცეთ აფხაზეთის ტელევიზიისა და რადიოში გამოსვლების უფლება.

Comments are closed