globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 29 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 29th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: „ვიზალიბერალიზაციის“ ფინიშზე // ყველაფერი შესრულებული გვაქვს და ვერც წარმოგვიდგენია, რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი“

„რეზონანსი“: “რუსეთი საქართველოს პოლიტიკით უკმაყოფილოა” // დავით უსუფაშვილი ვერ ხედავს საშიშროებას, რომ ქართველი ხალხი რუსეთს უმცროსი ძმის სტატუსით დაუბრუნდეს

„რეზონანსი: რა შემთხვევაში შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება? (გამოკითხვა)

„რეზონანსი: ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: “გაუგებარია, რატომ არაფერი თქვა პრემიერმა გაეროში რუსეთის აგრესიაზე და დეოკუპაციის მნიშვნელობაზე”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ტრისტან წითელაშვილთან: „ხელისუფლებას  შსს, თავდაცვა და პროკურატურა ხელიდან ეცლება… ძალოვნებში ჩანერგილები სააკაშვილის მითითებებს ასრულებენ”

——————

„რეზონანსი“, 29 სექტემბერი, 2015 წელი

„ვიზალიბერალიზაციის“ ფინიშზე

ყველაფერი შესრულებული გვაქვს და ვერც წარმოგვიდგენია, რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი

თაკო მათეშვილი

(შემოკლებით)

ევროკავშირის შემფასებელი მისია, რომელმაც საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება უნდა შეამოწმოს, უკვე საქართველოში იმყოფება. ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ მათ მიერ შემუშავებული რიგით მეოთხე ანგარიში, რომელიც 15 დეკემბერს გამოქვეყნდება, დადებითი და საბოლოო იქნება. ამის შემდგომ კი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაიწყება.

მისია საქართველოში 4-დღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. ამ პერიოდში ევროპელ ექსპერტებს სხვადასხვა სამინისტროში უმასპინძლებენ და წარუდგენენ, თუ რა გაკეთდა 8 მაისის შემდგომ თავშესაფრის პოლიტიკის, მიგრაციის, ტრეფიკინგისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.

*********

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე დიალოგი 2012 წელს დაიწყო. სამოქმედო გეგმა, რომელიც 4 ფაზას მოიცავს, ქვეყანამ 2013 წლის თებერვალში მიიღო. მისი შესრულების შესახებ დღემდე ევროკომისიამ 3 ანგარიში მოამზადა. მესამე მედიას 8 მაისს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა, იანოშ ჰერმანმა გააცნო. ანგარიშში აღნიშნული იყო რეკომენდაციები, რომლებიც თითქმის შესრულდამირგაციის მენეჯმენტი, ფულის გათეთრება, სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობა და ადამიანის უფლებები. ასევე რეკომენდაციები, რომლებიც ნაწილობრივ შესრულდა – თავშესაფრის მაძიებლების საკითხები, ანტიკორუფციული ღონისძიებები, ტრეფიკინგისა და ნარკობიზნესისი წინააღმდეგ ბრძოლა. შემდგომი შეფასება სექტემბრისათვის დაიგეგმა და საქართველოს არსებული ხარვეზების აღმოფხვრა ოთხი თვის განმავლობაში დაევალა.

**********

მისიას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს, რომელიც ყველა სხვა სამინისტროსა თუ უწყებას შორის მაკოორდინირებლის ფუნქციას ასრულებს. ექსპერტებს გუშინ უკვე უმასპინძლეს ორი მიმართულებით – თავშესაფარი და მიგრაცია. დღეს კი ისინი ტრეფიკინგისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გადადგმულ ნაბიჯებს შეაფასებენ.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, გაწეული სამუშაოს სრულყოფილად შეფასებისათვის ქართული მხარე გამართავს არაერთ შეხვედრას, მოაწყობს პრეზენტაციებს და ევროკომისიას ყველაფერს დეტალურად გააცნობენ. შესაბამისად, შემდეგი ოთხი დღე მჭიდროდ გაწერილი დღის წესრიგით საკმაოდ დატვირთული იქნება.

არსებული პროცედურის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე წლის ბოლოს დადებით შედეგს მივიღებთ, ეს ტექნიკური მხარის წარმატებით დასრულება იქნება.

ამის შემდეგ ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის პარლამენტს, საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ, რის შემდეგაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ უნდა იქნეს პოლიტიკური გადაწყვეტილება.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ევროკავშირის რეგულაციაში № 539/2001 შეტანილი იქნება ცვლილება და საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ქვეყნებში (+შენგენის 4 კანდიდატი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.

სწორედ ამ მომენტიდან შეეძლებათ ჩვენს მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტებით ევროპაში 90 დღით წასვლა 180 დღის განმავლობაში.

„რეზონანსთან“ საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გეგიაძე ამბობს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას, როგორცწესი, რამდენიმე თვე ჰყოფნის ხოლმე და იმედი აქვს, რომ ჩვენ შემთხვევაშიც ასე იქნება და დიდხანს არ გასტანს.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ ყველა მოთხოვნა თანმიმდევრულად შეასრულა, ჩვენ ამ პროცესს იმედით ვუყურებთ და გვჯერა, რომ ევროკომისიის მიერ წლის ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიში დადებითი და საბოლოო იქნება. შემიძლია გითხრათ, რომ 8 მაისს ანგარიშში ჩადებული რეკომენდაციები საქართველოს მიერ თანმიმდევრულად და ზედმიწევნითაა განხორციელებული. საკმაოდ დიდი სამუშაო ჩატარდა. ეს გვაძლევს იმის უფლებას, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილნი“, – ამბობს გეგიაძე.

მისივე თქმით, აუცილებელია, ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ თუკი ყველაფერი წარმატებით დასრულდა და 2016 წელს საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის უფლება მოიპოვა, თავისუფლებასთან ერთად მათ დიდი ვალდებულებებიც დაეკისრებათ.

„რეზონანსის“ კითხვაზე, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი მოვლენების ნავარაუდევ განვითარებას და რა მოხდება, თუკი 15 დეკემბრის ანგარიში დადებითი არ იქნება, გიგიაძე შემდეგნაირად პასუხობს: „ყველაფერი შესრულებული გვაქვს და ამაზე არ ვფიქრობთ. ვერ წარმოგვიდგენია, თუ რამ შეიძლება შეუშალოს ხელი“. მისი თქმით, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხისადმი სკეპტიკურად განწყობილი არიან, ამიტომ, ქართული მხარის ინიციატივით, ამ ქვეყნებში ვიზიტები გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდება საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესზე.

„ჩვენ მივიღეთ პირობა, რომ თუ საქართველო წარმატებით დაასრულებს ტექნიკურ პროცესს, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება არ დაყოვნდება“, – თქვა გაგიაძემ.

„რეზონანსი“, 29 სექტემბერი, 2015 წელი

რუსეთი საქართველოს პოლიტიკით უკმაყოფილოა”

დავით უსუფაშვილი ვერ ხედავს საშიშროებას, რომ ქართველი ხალხი რუსეთს უმცროსი ძმის სტატუსით დაუბრუნდეს

სტატიაში გადმოცემულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრის ანგარიში (ავტორი – ლიკა ამირაშვილი).

გთავაზობთ ამონარიდს:

„რეზონანსი“ პრორუსული ძალების გააქტიურებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებით დაინტერესდა. უსუფაშვილი პროპაგანდის ზრდას იმით ხსნის,რ ომ რუსეთი საქართველოს მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილოა.

„რუსეთი ცდილობს, რამე სხვას მიაღწიოს ამ ქვეყანაში, განსხვავებულს იმისგან, რაც დღეს ხდება, რასაც დღევანდელი მთავრობა და პარლამენტი აკეთებს, ასევე რასაც აკეთებდა საქართველოში ბევრი სხვა მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტები.

„მე მგონია, ეს მცდელობები იქნება ისეთივე წარუმატებელი, როგორიც იყო ხოლმე დღემდე. პრაქტიკულად არჩევნებს ვერ გავიხსენებთ, რომ მსგავსი მოვლენები არ შეინიშნებოდა ხოლმე. არ იქნება სწორი ამ მოვლენების წაყრუება და ხელის აქნევა, მაგრამ არ ის იქნება სწორი რამე განსაკუთრებული ტრაგედია შევქმნათ ამისგან.

„მე ვერ ვხედავ იმის საშიშროებას, რომ ქართველმა ხალხმა ერთ მშვენიერ დღეს პროპაგანდის თუ სხვა რამე გავლენით გადაწყვიტოს, რომ მზად ვართ, დავუბრუნდეთ რუსეთთან უმცროსი ძმის სტატუსს და ეს იქნება ჩვენი ბედნიერების საწინდარი, ეს ასე ვერ იქნება. ხოლო რუსეთს სხვა ურთიერთობა, გარდა იმისა, რომ იყოს უკეთეს შემთხვევაში უფროსი ძმა, არ შეუძლია. ამიტომ ეს ორი თემა მოუგვარებული და შეუთავსებელი ცნებლებია და ბევრი არაფერი მოხდება.

„ამასთან, საქართველოში თუ არსებობენ და იარსებებენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის ერთ ნაწილს საწინააღმდეგოს დაუმტკიცებენ, ამაში დიდი ტრაგედია არ არის. იმიტომ, რომ შეუძლებელია, მოსახლეობის 100 % ერთ აზრზე იყოს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„რეზონანსი, 29 სექტემბერი, 2015 წელი

რა შემთხვევაში შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება?

თეა ბეჟიტაშვილი

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთთან საუბარი “აბსოლუტური აუცილებლობაა”, თუმცა ამ საუბრისთვის დრო უნდა მომწიფდეს.

“რუსეთთან საუბარი არჩევანის თემა კი არ არის, მოგწონს თუ არ მოგწონს, არამედ აბსოლუტური აუცილებლობაა. თუმცა, ამ საუბრისთვის უნდა მომწიფდეს დრო და თვითონ რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობა რაღაცაზე უნდა იყოს ორიენტირებული, სადაც საერთოს დავინახავთ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

თქვენი აზრით, რა შემთხვევაში შეიძლება რუსეთთან მოალაპარაკების დაწყება? ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წევრებს მიმართა.

თედო დუნდუა  (ისტორიკოსი): ჩვენ შორის ნორმალური ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ მას მერე იქნება, როდესაც რუსეთი ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას მოახდენს. თუ ასეთი წინაპირობა არ იქნება, უბრალოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია, რა შეიძლება გავაკეთოთ გარდა კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობებისა.

ჩვენ რომ დავიწყოთ სერიოზული დიპლომატიური ურთიერთობა, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ჩემი ტერიტორიების ოკუპირება დასაშვებად მიმაჩნია. ამას გარდა, რუსეთთან საუბარი უკვე დაწყებული გვაქვს. ჩვენი ღვინო გადის, მინერალური წყლები გადის, რუსი ტურისტებით სავსეა შარდენი, კულტურული ურთიერთობა გვაქვს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არ მაძლევენ და მეტი რა უნდა დაველაპარაკო? საუბარი იმათ უნდა დაიწყონ, მე ხომ არ დამიწყია იმათი ოკუპაცია, მე ვარ დაჩაგრული და ნაწყენი, ხომ ასეა?

გიორგი შენგელაია (რეჟისორი): სანამ პუტინი გვერჩის, ჩვენ რუსეთს არ უნდა დაველაპარაკოთ. იმის გამო, რომ ჩვენი ღვინო მათთან გავიდეს, პუტინს ხელი არ უნდა ჩამოვართვათ.

ბოლო დროს, როგორც თვალს ვადევნებ მოვლენებს, ჩანს, რომ რუსეთის პუტინის ეპოქა ძალიან მალე დამთავრდება.

დიმა ჯაიანი (მსახიობი): რუსეთმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს და საერთოდ ყველა იმ ქვეყნის ოკუპაციას, სადაც შეჭრილია. როდესაც იფიქრებს იმაზე, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს დაუბრუნოს, მერე შეიძლება კეთილმეზობლობაზე და იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ნატოში შევალთ თუ ევროკავშირში, არავითარ შემთხვევაში არ ვართ ის ქვეყანა, რომელიც რუსეთს ომს გამოუცხადებს.

კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა, ერის, რომელსაც ზღაპარი “ნაცარქექია” გააჩნია, ის ერი არასდროს არ გადაშენდებაო და ამ ზღაპრის მსგავსი ზღაპარი არცერთ ერს არ გააჩია. იცით, რატომ თქვა? ნაცარქექია მოხერხებულია, ძალიან ჭკვიანი. დევთან აქვს საქმე, მაგრამ ისე მოუვლის და იმოქმედებს, რომ იმარჯვებს, სწორედ ასეთი რაღაცები უნდა გაკეთდეს.

მიშა თავხელიძე  (პოლიტოლოგი): რუსეთთან ლაპარაკი არ დამთავრებულა არც წინა ხელისუფლების დროს და ახლა ხომ მითუმეტეს, ახლა ჩვენი და პუტინის მთავრობა ერთმანეთთან ჩახუტებულია.

რუსეთთან საჭიროა ლაპარაკი, მეტიც, აუცილებელი, ოღონდ პირისპირ არა, რადგან ის საერთაშორისო არენაზე ბანდიტია, ბანდიტთან კი ადამიანური საუბარი შეუძლებელია. რუსეთთან ურთიერთობას ყოველთვის სჭირდება მესამე მხარე, ანუ დასავლეთი, რომელიც რუსეთს თავისივე ნათქვამის შესრულებას აიძულებს.

უნდა დაიწყოს საუბარი, მაგრამ ამერიკის და ევროკავშირის დახმარებით იმიტომ, რომ როცა რუსეთთან რამეზე შეთანხმდები, უნდა იცოდე, რომ გააკეთებს და არ “გადაგაგდებს”.

„რეზონანსი, 29 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: “გაუგებარია, რატომ არაფერი თქვა პრემიერმა გაეროში რუსეთის აგრესიაზე და დეოკუპაციის მნიშვნელობაზე”

საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძემ „რეზონნსის“ ჟურნალისტ იაგო ნაცვლიშვილთან საუბრისას გაეროს გლობალური განვითარების სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

(…)

გაეროს გლობალური განვითარების სამიტზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას როგორ აფასებთ? დასვა მან ის საკითხები, რასაც ელოდით?

– ეს იყო გლობალური მდგომარეობის ფორუმი, რა საკითხებზეც პრემიერმა ისაუბრა, აბსოლუტურად ჯდება იმ ფორუმის დღის წესრიგში, მაგრამ მიმაჩნია, რომ მისი მხრიდან გარკვეული შეცდომები იყო დაშვებული. ვფიქრობ, რომ მას უნდა გამოეყენებინა საერთაშორისო ტრიბუნა და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემები დაესვა.

გლობალური მდგრადობა იმასაც გულისხმობს, რომ რეგიონში იყოს მდგრადი გარემო და სტაბილური ვითარება. ჩემთვის ცოტა უცნაური და გაუგებარია, რატომ არ თქვა ამ კონტექსტში პრემიერმა არაფერი რუსეთის აგრესიაზე და დეოკუპაციის მნიშვნელობაზე. დანარჩენი, რაც მან ისაუბრა, თემატურად ჯდება ფორმატის ფარგლებში.

პრემიერმა აქცენტი მიღწევებზე გააკეთა, ნაკლები ისაუბრა პრობლემებზე

– ესეც გასაგებია. მას შეეძლო ესაუბრა მიღწევებზეც და პრობლემებზეც. ხელისუფლებაში როდესაც ხარ, ბუნებრივია, რომ მიღწევებს მეტ დროს დაუთმობ. ეს ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ დღეს ჩვენი ნომერ პირველი პრობლემა არის რუსეთის აგრესია. ამ ვითარებაში, როდესაც რუსეთს ჩვენი ტერიტორიების 20 % ოკუპირებული აქვს და მიმდინარეობს სამხედრო აგრესია მცოცავი ოკუპაციის სახით, როდესაც უკრაინაში პირდაპირ აგრესიას ახორციელებს რუსეთი, ამაზე ჩვენნაირი ქვეყნის პრემიერმა უნდა ისაუბროს.

საგარეოსაქმეთა მინისტრის მოადგილე თედო დონდუამ განაცხადა, რომ ფორუმი არ ითვალისწინებდა ამ საკითხებს და ამიტომ არ ისაუბრა პრემიერმაო

– მოვუსმინე მე დონდუას. მეც ვამბობ, რომ გასაგებია, თემატურად სხვა საკითხები განიხილება, მაგრამ შენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოხვიდე. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ამაზე საუბარი აუცილებლობას წარმოადგენდა. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენო იმისათვის, რომ შენი ქვეყანა მუდმივად დღის წესრიგში იყოს. თუ არ გამოიყენე, მაშინ მსოფლიოსთვის ნაკლებად საინტერესო იქნება საქართველოს პრობლემები.

პრემიერის მთავარი გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 1 ოქტომბერს გაიმართება. რა მოლოდინი გაქვთ?

– წინასწარვერ შევაფასებ. დარწმუნებული ვარ,რ ომ რუსული აგრესიის შესახებ ისაუბრებს და დასვამს ამ უმწვავეს პრობლემას, მაგრამ რა სახით დასვამს, ამაზე ვერ ვიმარჩიელებ. იქამდე ბევრი დრო აღარ დარჩა. თავად სამიტის მიმართ ინტერესი უაღრესად დიდია.

უკვე თეთრმა სახლმაც დაადასტურა, რომ დღეს პუტინისა და ობამას შეხვედრა იმართება. რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

– აუცილებლად იქნება წამოწეული სირიაში კონფლიქტის თემა. ეს თემა ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა. პუტინი ამბობს, რომ სირიაში ყოფილი საბჭოთა კავშირის 2000 მოქალაქეა, ამიტომ უჭერს რეჟიმს მხარს, რომ მოქალაქეები უკან არ წამოვიდნენ. ეს არის სიახლე, ვნახოთ, როგორ ახსნის ამ საკითხს ორმხრივ შეხვედრაზე. უკრაინის თემაზეც იგეგმება საუბარი, როგორც თეთრი სახლი იტყობინება. ყველა მთავარი თემა იქნება განხილული. მხარეების პოზიციების შემდგომ უკვე კონკრეტული შეფასების გაკეთება შეგვეძლება.

გენერალურ ასამბლეას ჩვენი ქვეყნისთვის რა სარგებლის მოტანა შეუძლია, გარდა იმისა, რომ პრემიერის მხრიდან იქნება გზავნილები?

– გაეროში რამდენიმე ღონისძიება ტარდება, მათ შორის ეკონომიკურ-საინვესტიციო შეხვედრები. ეს არის ადგილი, სადაც მთელი ცივილიზებული მსოფლიოა წარმოდგენილი. ქვეყნისთვის ახალი კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობა არის. ეს აუცილებლად უნდა გამოიყენო. ჯერჯერობით ვერ ვნახე პრემიერის აქტიურობა. არჩანს არც ოფიციალური შეხვედრების სიმრავლე და ვერც ქვეყნისთვის რამე პოზიტივის შესაძლებლობა. ძირითადად უფრო გადაკვეთა ხდება. არ იქნებოდა ურიგო, გაცილებით მეტი ორმხრივი შეხვედრები ჰქონოდა მას. განსაკუთრებით უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებთან შეხვედრებია ჩვენთვის საინტერესო.

არაფორმალურ შეხვედრებს თუ შეუძლია მნიშვნელოვანი პოზიტივის მოტანა?

– რა თქმა უნდა, პოზიტივის მოტანა შეუძლია. ყველა გადაკვეთას, ყველა შეხებას აქვს მნიშვნელობა. მაგრამ მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრები ყოველთვის უფრო წონადია.

„ახალი თაობა“, 29 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ტრისტან წითელაშვილთან: ხელისუფლებას შსს, თავდაცვა და პროკურატურა ხელიდან ეცლებაძალოვნებში ჩანერგილები სააკაშვილის მითითებებს ასრულებენ

შორენა მარსაგიშვილი

(შემოკლებით)

რატომ უნდა გაიწმინდოს ძალოვანი სტრუქტურები, რა სახის საბოტაჟს უნდა ველოდოთ ყოფილი ხელისუფლებისაგან? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ესაუბრება.

ტრისტან წითელაშვილი:

- ჩვენ, სამხედრო ექსპერტებმა, არაერთხელ ვურჩიეთ ხელისუფლებას, ძალოვან უწყებებში სერიოზული წმენდა ჩაეტარებინათ. მთავრობამ ჩვენი რჩევა არ გაითვალისწინა და სავალალო შედეგმაც არ დააყოვნა. დღეს უკვე სახეზეა საბოტაჟი, რომელიც, არავინ იცის, რითი დასრულდება.

- რა საბოტაჟზე საუბრობთ, ან რომელი უწყებების მხრიდან ხორციელდება საბოტაჟი?

- ნაციონალებს ყველა უწყებაში ჰყავთ თავისი ხალხი ჩანერგილი, მაგრამ განსაკუთრებულად შსს-ში, პროკურატურასა და თავდაცვის სამინისტროში მოინდომეს. ეს ჩანერგილი ხალხი სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო გააქტიურდება. ძალიან მალე ბევრი ინფორმაცია გამოჟონავს ამ უწყებებიდან.

- რა სახის ინფორმაციებზეა საუბარი?

- ყველა სახის ინფორმაციაზე, მათ შორის, საიდუმლოზეც. გავრცელდება კომპრომატებიც, რომლებითაც შეეცდებიან იმის დამტკიცებას, რომ ეს უწყებები არაფერს აკეთებენ და კორუფციით არიან დაკავებული.

- ასეთი ფაქტები თუ მართლაც ხდება, მათი გამომზეურება ცუდი არ არის.

- ცუდი არ არის, მაგრამ გააჩნია, ვინ გამოამზეურებს ამ ფაქტებს. მთელი უბედურება ისაა, რომ სწორედ ჩანერგილები ქმნიან ასეთ კორუმპირებულ ატმოსფეროს, შიგ რთავენ ვიღაცებს, ამას აფიქსირებენ და აქვეყნებენ.

- საბოტაჟთან დაკავშირებით პასუხი არ გაგიციათ და რა სახის საბოტაჟს შეიძლება ეწეოდნენ, ვთქვათ, თავდაცვის სამინისტროში ჩანერგილები?

- პირველ რიგში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას შეასუსტებენ. მერე მოახდენენ პირადი შემადგენლობის დემორალიზაციას. ამ ჩანერგილების წყალობით, სამხედრო უწყებაში აუტანელი ვითარება შეიქმნა. სამწუხაროდ, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები აზარტულ თამაშებს თამაშობენ და ამის გამო რამდენიმემ თავი მოიკლა კიდევაც.

- აზარტულ თამაშთან ჩანერგილები რა შუაში არიან?

- ჩანერგილებმა მიაჩვიეს ისინი აზარტულ თამაშებს. თინა ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური პარტიის შტაბს დაამსგავსა, ამას ურჩევნია, უწყებაში შექმნილ ვითარებას მიხედოს და ამ აზარტულ თამაშებზე გაამახვილოს ყურადღება.

- მეტი რანაირად უნდა მიხედოს, ბრძანება გამოიცა, რომლითაც უწყების თანამშრომლებს აზარტული თამაშები ეკრძალებათ.

- მარტო ბრძანება არ შველის საქმეს, სხვანაირი მოქმედებაა საჭირო. წესრიგის დამყარება თუ უნდა, ნაციონალების ჩანერგილი ხალხი უნდა გაუშვას.

- ბატონო ტრისტან, თქვენ პოლიტიკური ნიშნით ითხოვთ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას?

- არა, მე იმ ხალხის გათავისუფლებას ვითხოვ, ვინც თავდაცვის სამინისტროში წყალს ამღვრევს. ასეთ ხალხს კარგად მოჰკიდა ხელი მინდია ჯანელიძემ, მან რამდენიმე ჩანერგილი გაუშვა სამსახურიდან, ვიღაცებს კი სამინისტროს კუთვნილი ინვენტარი უკან დააბრუნებინა. კარგად მუშაობდა, მაგრამ მოულოდნელად შეცვალეს. ეჭვი მაქვს, რომ ამაშიც ნაციონალების ხელი ურევია. ძალიან ცუდი ინფორმაციები მომდის უკრაინიდან. ჩემი იქაური მეგობრები მეუბნებიან, რომ ზოგიერთი ჩვენი მაღალჩინოსანი უკრაინაში გადახვეწილ ნაციონალებთან თანამშრომლობს. ისინი გენშტაბის ყოფილი უფროსის, გიგი კალანდაძის მითითებებს ასრულებენ.

- ამის დამამტკიცებელი მასალები გაქვთ?

- რა თქმა უნდა.

- მერე რატომ არ მიაწვდით ამას ხიდაშელს?

- რამდენჯერმე ვცადეთ მასთან შეხვედრა, მაგრამ არ შეგვხვდა. იმედი მაქვს, ეს მოუცლელობის გამო გააკეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი ეჭვი გამიჩნდება. კითხვის ნიშნები მაქვს პროკურატურასთან დაკავშირებითაც.

- იმათთან რა კითხვები გაქვთ?

- უამრავი საქმე დღემდე გამოუძიებელია. მარტო მე იმდენი მასალა მივაწოდე, რამდენიმე ხმაურიანი საქმე გაიხსნებოდა. 2 კვირის წინ მე დამირეკეს და დამემუქრნენ. განცხადებით მივმართე პროკურატურას, მივუთითე ნომერიც, საიდანაც ზარი განხორციელდა. დავადგინეთ, რომ ეს ნომერი თავდაცვის სამინისტროშია პორტირებული. წესით და რიგით, მისი პატრონის დადგენა რთული არ იყო, მაგრამ პროკურატურა რეაგირებას არ ახდენს. სამწუხაროდ, სათანადო რეაგირებას არც შინაგან საქმეთა სამინისტრო იჩენს. ამ უწყებაში რამდენიმე მინისტრი გამოიცვალა, მაგრამ საქმე უკეთესობისკენ არ წასულა. სანამ ჩანერგილებს არ მოიშორებენ, კრიმინალური ვითარება არ გამოსწორდება.

- ჩანერგილები რა შუაში არიან კრიმინოგენური ვითარების გამწვავებასთან?

- პირდაპირ კავშირში არიან. ეს ხალხი მალავს ოპერატიულ ინფორმაციას. ამის გარდა, ნაციონალები დამნაშავეთა სამყაროსთანაც თანამშრომლობენ და მათ აქტიურობისკენ უბიძგებენ. ეს ყველაფერი ქმნის ძალიან ცუდ სურათს და იწვევს მოსახლეობის გაღიზიანებას. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ამ მიმართულებით ვითარება სერიოზულად გამწვავდება. ძალოვანი უწყებებიდან შესაძლოა ხალხი მასობრივად წავიდეს. ზოგი ამას იქ ჩანერგილების მიერ შექმნილი ვითარების გამო გააკეთებს, ძირითადი ნაწილი კი მითითებას შეასრულებს.

- ვის მითითებას?

- მიხეილ სააკაშვილის მითითებას, რომელიც საქართველოში დაბრუნებას აპირებს. მან უკვე დაიწყო ამისთვის ფონის მომზადება. იმ დღეს გამოვიდა და თქვა, უკრაინაში ტერაქტს მიწყობდნენო. ყველაფერი სცენარის მიხედვით მიდის. ხელისუფლება თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, შესაძლოა, სამი ძალოვანი სტრუქტურა ისე გამოეცალოს ხელიდან, ვერც კი მიხვდეს.

Comments are closed