globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 29 სექტემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Sep 29th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: არჩევნებამდე ათი დღით ადრე: ვის აქვს პარლამენტში შესვლის შანსი

„რეზონანსი“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ნაციონალებმა“ პარლამენტში შესვლაზე შესაძლოა, უარი თქვან“ // „რევოლუციის” მოწყობის რესურსი არც ერთ პარტიას არ აქვს“

„რეზონანსი“: ინტერვიუ ვიქტორ დოლიძეთან: „თუკი ეს ჩანაწერი ავთენტიკურია, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს“

„რეზონანსი“: ინტერვიუ სულხან მახათაძესთან: „ჭიათურაში კონკურენტად ვერავის მივიჩნევ“

„რეზონანსი“: ინტერვიუ ანი მიროტაძესთან: „ჭიათურაში „ოცნების“ გაკეთებულ საქმეებს დავეძებ და ვერ ვპოულობ“

„რეზონანსი“: ინტერვიუ მალხაზ წერეთელთან: „ანი მიროტაძეს რაღაც შანსი აქვს“

„რეზონანსი“: წინასაარჩევნო ჭიათურა ხსნის მოლოდინში – ბრძოლა „მანგანუმის ქალაქისთვის“ (პოლიტოლოგის პროგნოზი)

„რეზონანსი“: ინტერვიუ გიორგი გუგავასთან: „ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ თავისი მთავარი მეტოქე კვლავ „ნაცმოძრაობა“ იყოს“

„რეზონანსი“: პაატა ბურჭულაძის პარტიის გარშემო მიმდინარე პროცესები არის თუ არა გარედან და ხელოვნურად მართული?

——

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ნაციონალური მოძრაობა“ თუ გადატრიალებაზე წავა, მაშინ ის უნდა აიკრძალოს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა ტუსკაძესთან: „ვითხოვთ ნაცმოძრაობის აკრძალვას“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გელა ნიკოლაიშვილთან: „ნაციონალებს გადატრიალების თავი არ აქვთ“

——

ვერსია: „მიხეილ სააკაშვილი კამიკაძე არ არის, საქართველოში ჩამოვიდეს“ // გაბედავს თუ არა ექსპრეზიდენტი საზღვრის გადმოკვეთას და რატომ ვერ მოაწყობენ ნაციონალები რევოლუციას

——

საქართველო და მსოფლიო: ოპერაცია „სანდრაროსა“, ანუ დამხობა გადატრიალებით

საქართველო და მსოფლიო: ინტერვიუ ალექსანდრე ჭაჭიასთან: „ამ არჩევნების დანიშნულება და მნიშვნელობა არის ის, რომ საბოლოოდ დასამარდეს „ნაცმოძრაობის“ პრეტენზია ძალაუფლებაზე“

საქართველო და მსოფლიო: ინტერვიუ მეუფე მელქისედეკთან: „თურქები ბათუმს ისედაც თავიანთ ქალაქად მიიჩნევენ, რომელიც, ადრე თუ გვიან, უნდა დაიბრუნონ“

——————–

„რეზონანსი“, 29 სექტემბერი, 2016 წელი

არჩევნებამდე ათი დღით ადრე: ვის აქვს პარლამენტში შესვლის შანსი

ეკატერინე ბასილაია

არჩევნებამდე 10 დღე დარჩა და მხოლოდ “ოცნებითა” და “ნაციონალებით” დაკომპლექტდება მომავალი პარლამენტი თუ დამატებით სხვა 2-3 პოლიტიკურ ძალასაც აქვს მანდატების მოპოვების შანსი – პროგნოზებით, ამ ორი პარტიის გარდა პარლამენტში შესვლის მეტ-ნაკლები შანსი აქვთ “თავისუფალ დემოკრატებსა” და “პატრიოტთა ალიანსს”, ბურჭულაძის ბლოკს კი ბოლო დროის სკანდალებმა ბარიერის გადალახვა სათუო გაუხადა.

პოლიტოლოგების დიდი ნაწილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი და ერთი შეხედვით მშვიდი საარჩევნო კამპანიის დაძაბვა ხდება “ნაციონალების” მხრიდან გადატრიალების სავარაუდო გეგმაზე ჩანაწერის გავრცელებით, ეს შედეგზე დიდ გავლენას არ მოახდენს.

ჩანაწერს ამ არჩევნებზე ის დიდი ეფექტი და გამოხმაურება არ ექნება, რაც 2012 წლის ციხის კადრებს ჰქონდა, რომელმაც დიდწილად გადაწყვიტა არა მარტო ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა საპარლამენტო უმრავლესობა, არამედ ისიც, რომ პოლიტიკა ორპოლუსიანი გახდა და ყველა სხვა პოლიტიკური ძალა პარლამენტს მიღმა დატოვა.

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილის თქმით, “ალასანიას, ბურჭულაძისა და ინაშვილის პარტიებს შანსი აქვთ, 5% მიიღონ, უბრალოდ მთავარია, როგორ მოიქცევიან. არჩევნებში ერთ კვირასაც და ერთ დღესაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ბოლო დღეებს.

“თუ ისინი განსაკუთრებულ ქმედებებს არ განახორციელებენ და ასპარეზს “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” დაუთმობენ, რა თქმა უნდა, პრობლემა ექნებათ. მაგრამ თუ ამ პოლიტიკურ სივრცეში, იმავე მედიაში, ისე წარმოჩნდებიან, რომ მხოლოდ ორპოლუსიანი მიდგომა არ იყოს, ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ.”ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევა, რაც ამ მომენტში არსებობს, არჩევნების შედეგს არ დაემთხვევა. იმიტომ, რომ ყველა კვლევაში არის დიდი ცდომილება ლატენტური პუბლიკის, დაახლოებით 30-35%, რომელმაც არ იცის, ვის აძლევს ხმას – ან არ ამბობს, ან კიდევ ბიძგს ელოდება. თუ ეს ბიძგი არ იქნება, იმის შანსის დიდია, რომ საერთოდ არ წავიდეს არჩევნებზე”, – ამბობს პირმისაშვილი.

რა შედეგი მოაქვს სკანდალებს

არჩევნებამდე 12 დღით ადრე საარჩევნო კამპანია მეტ-ნაკლებად დაიძაბა. 27 სექტემბერს, სამშაბათს დილით გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ექსპრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან ხალხის ქუჩაში გამოყვანასა და გადატრიალებას გეგმავს, საღამოს კი სულ ერთი თვის წინ შექმნილი ბლოკიდან “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” სკანდალურად დატოვა ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა “გირჩმა”.

პაატა ბურჭულაძემ პარტიას ბრალი დასდო, რომ ის ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ფულით ფინანსდება და მათი გაგდების მიზეზად ეს დაასახელა.

“გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კი განაცხადა, რომ ბურჭულაძის შანტაჟს ვერ გაუძლეს, რადგან ბლოკის ლიდერი დიდი რაოდენობის თანხას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში “გირჩის” წევრებს სიიდან ამოღებით ემუქრებოდა, ამიტომაც თავად მიიღეს წამოსვლის გადაწყვეტილება და ამ არჩევნების გამოტოვება. შედეგად ბურჭულაძის ბლოკს 16 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი ვეღარ ეყოლება.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ როგორც ბოლო თვეებში სხვადასხვა კვლევით იყო პარტიების შანსებზე ნათქვამი, დაახლოებით იგივე სურათი იქნება დღესაც და არც “ნაციონალების” ჩანაწერის გამოქვეყნება და არც ბურჭულაძის ბლოკში არსებული სკანდალი ამ სურათს ჯერჯერობით არსებითად არ ცვლის. მისი პროგნოზით, პარლამენტში მოხვედრის შანსი “ოცნებისა” და “ნაციონალების” გარდა კიდევ 3-4 პარტიას აქვს. მისი ვარაუდით, ის, რაც ჩვენ 2012 წელს ვნახეთ, როდესაც ციხის კადრებმა საარჩევნო ძალების რეიტინგზე რადიკალური ცვლილება გამოიწვია, ამგვარი რამ არ შეინიშნება.

“შესაძლოა რამდენიმე, უმნიშვნელო პროცენტით მოემატოს ხმები გადაუწყვეტელი ამომრჩევლიდან როგორც “ოცნებას”, ისე “ნაციონალებსაც”, თუმცა ასევე შესაძლოა, ეს გადაუწყვეტელი ხმები სხვა ოპოზიციურმა ძალებმაც წაიღონ, რადგან ხალხი უკვე დაიღალა “ოცნება-ნაციონალების” დაპირისპირებით”, – ამბობს ნიკა ჩიტაძე. მისი განცხადებით, ამ ჩანაწერით რომელი პარტია უფრო მეტ დივიდენდს მიიღებს, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რა გაგრძელება ექნება ამ ჩანაწერს და პროკურატურა არჩევნებამდე თუ დაასკვნის – ავთენტიკურია ის, თუ დამონტაჟებული.

თუ ჩანაწერი რეალურია, ამ შემთხვევაში “ნაციონალების” მხრიდან არაკონსტიტუციური გზით ძალაუფლების ჩაგდებაზეა მზადება და რა თქმა უნდა, ეს მათ რეიტინგზეც უარყოფითად აისახება და გადაუწყვეტელი ამომრჩევლიდან ერთ ხმასაც ვერ მიიღებენ. ხოლო თუ დადგინდება, რომ მონტაჟია, ამით “ოცნება” დაკარგავს ხმებს, რადგან ეს აღიქმება, როგორც დადგმული ფარსი იმ მიზნით, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციით საკუთარი რეიტინგი გაამტკიცოს, მაქსიმუმი მიიღოს და პარლამენტში მეტი ადამიანი გაიყვანოს.

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტ ელდარ პირმისაშვილის თქმით, ჩანაწერის გავრცელებამ განსაკუთრებულად არაფერი არ შეცვალა, რადგან ერთი, რომ ამგვარი რამის მოლოდინი არსებობდა და თან საზოგადოება ამგვარ ჩანაწერებს მიეჩვია და ერთი და იმავე ტიპის მეთოდი ხშირ შემთხვევაში ნაკლებად ამართლებს.

საკონსულტაციო ცენტრ “ფსიქო პროექტის” დამფუძნებელი, ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა თვლის, რომ “ფარული ჩანაწერი, თუ დადასტურდება რომ ავთენტიკურია, რა თქმა უნდა, ის ვიღაცაზე გავლენას მოახდენს. შესაძლოა, ამ ჩანაწერის გამო ვიღაც მცირე პარტიას მეტი მხარდამჭერი გაუჩნდეს და “ნაციონალური მოძრაობის” ხარჯზე მსგავსი ორიენტაციის პარტიას მისცენ ხმა.

“ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარი 10-12%-იანი მხარდამჭერი ჰყავს და რაც არ უნდა მოხდეს, ისინი ხმას ყოველთვის ამ პარტიას მისცემენ. თუმცა ასევე არის ნაწილი, ვინც ფიქრობს, მისცეს თუ არა “ნაციონალებს” ხმა. მათზე გარკვეულმა ფაქტებმა და მოვლენებმა იმოქმედოს. ეს ნაწილი კი, რაც არ უნდა მოხდეს, “ოცნებას” ხმას არასდროს მისცემს, ამიტომაც შანსია ხმა მიიღოს პაატა ბურჭულაძის ბლოკმა, რადგან ამ ბლოკში “ნაციონალებიდან” წამოსული გიორგი ვაშაძეა. თუ “ოცნებას” მოუვა იაღლიში, “ოცნების” არამყარმა ამომრჩეველმა ხმა შეიძლება “პატრიოტთა ალიანსს” ან “დემოკრატიულ მოძრაობას” მისცეს”, – ამბობს ზურაბ ბიგვავა.

ექსპერტები პაატა ბურჭულაძის ბლოკის სკანდალსაც განიხილავენ. ზურაბ ბიგვავას განცხადებით, “პაატა ბურჭულაძის – სახელმწიფო ხალხისთვის” რეიტინგი მისი ბლოკიდან ლიდერების და პარტიის წევრების წამოსვლის გამო საგრძნობლად დაეცა.

“მესამე ადგილზე პაატა ბურჭულაძის პარტია იდგა და მას მაღალი რეიტინგი ჰქონდა და ამ სკანდალებმა, წასვლა-წამოსვლებმა ძალიან დააზიანა ეს გაერთიანება. არჩევნებთან ასე ახლოს სკანდალებს როგორც წესი, პარტია ვერ უძლებს და ბურჭულაძის ბლოკს გაუჭირდება ბარიერის გადალახვა. თუმცა სიურპრიზად შეიძლება რაღაც მოხდეს”, – აღნიშნავს ზურაბ ბიგვავა.

ელდარ პირმისაშვილის თქმით კი, ბლოკიდან ერთი სუბიექტის გასვლა მოუტანს რამეს ბლოკს თუ პირიქით, დააკლებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თავად ლიდერები რას გააკეთებენ. თუ მხოლოდ თავდაცვის პოზიციაში იქნებიან, არანაირ შედეგს არ მოუტანს, მაგრამ თუ ამ ჭორებს და დამოკიდებულებებს ემოციურად რამეს დაამატებენ, ისეთს, რომ თვითონ გამოვიდნენ ამ საქმიდან დაწინაურებულები, მაშინ იმოქმედებს.

“ბევრი უნდა ილაპარაკონ და ეცადონ, მათ ირგვლივ უნდა ტრიალებდეს ყველაფერი. უნდა ეცადონ წარმოჩნდნენ. თუმცა მე ვთვლი, რომ ადამიანები ორპოლუსიანად ფიქრობენ და სხვა ძალებს ძალიან მცირე შანსი აქვთ პარლამენტში მოხვდნენ. შესაძლოა, ვიღაც მესამემ და მეოთხემ გადალახოს ბარიერი, მაგრამ ცოტა შანსია”, – ამბობს ელდარ პირმისაშვილი.

ვის რა შანსი აქვს პარლამენტში მოსახვედრად

ბოლო გასაჯაროებული სოციოლოგიური კვლევებით პარლამენტში მოხვდერის პრობლემა არ აქვს ორ პარტიას “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას”, პრობლემა ამ პარტიებისთვის რაც შეიძლება მეტი პროცენტის და მანდატის მიღებაა.

“ოცნებას” დაანონსებული აქვს, რომ მათ “ნაციონალებზე” 3-ჯერ მეტი მხარდამჭერი ჰყავთ და პლუს მაჟორიტარებით ჯამში მიიღებენ 100 მანდატს. “ნაციონალები” აცხადებენ, რომ მათი და სახელისუფლებო პარტიის რეიტინგი ერთნაირია.

ამ ორი პარტიის გარდა სხვადასხვა კვლევით 3-4%-ს მიახლოებულია “თავისუფალი დემოკრატების”, “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”, “ლეიბორისტული პარტიის” და “პატრიოტთა ალიანსის” რეიტინგები.

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ “ფსიქო პროექტის” დამფუძნებელი, ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა, რომლის ორგანიზაცია “ქართული ოცნების” კვლევებს ატარებს, ამბობს, რომ მომავალი პარლამენტი ორპოლუსიანი არ იქნება, 2-3 პარტია დამატებით აუცილებლად მოიპოვებს მანდატებს.

“ნაციონალური მოძრაობა” თავიანთ კვლევებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მათ და “ქართულ ოცნებას” დაახლოებით ერთნაირი რეიტინგი აქვთ. “ოცნება” ამბობს, რომ 2,5-3-ჯერ მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე “ნაციონალებს”. რომელია მართალი, ეს არჩევნებზე გაირკვევა. ამ ორი პარტიის გარდა, რეალურ მონაცემებში სხვა პარტიებს გადასალახად საჭირო 5% არ აქვთ. თუმცა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები, დაახლოებით 30% ხომ სადღაც უნდა წავიდეს და მათი ხმები შეიძლება, გადანაწილდეს ყველა პარტიაზე, მათ შორის მათზე, ვინც ბარიერთან ახლოს დგანან. ამიტომაც, კვლევებით, ვისაც 3-4%-იანი რეიტინგი აქვთ, თეორიულად ეძლევათ შანსი, ბარიერი გადალახონ. მათი მაქსიმუმია ეს 5%”, – ამბობს ზურაბ ბიგვავა.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” გარდა მომავალ პარლამენტში მანდატების მოპოვების შანსი 3-4 პარტიას აქვს.

მაგალითად, ჩიტაძის პროგნოზით, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკში განხეთქილებაა პაატა ბურჭულაძის “სახელმწიფო ხალხისთვის” ხმათა 7-8%-ს მიიღებს და ასევე 5%-იან ბარიერს გადალახავს ალასანიას “თავისუფალი დემოკრატები”. იგი ამბობს, რომ პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს ირმა ინაშვილის ბლოკ “პატრიოტთა ალიანსს”, მცირე შანსია, მაგრამ ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიულ მოძრაობაც” შეიძლება ვიხილოთ მომავალ პარლამენტში.

ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ასევე “რესპუბლიკელებს” აქვთ მცირე შანსი, გადალახონ 5%-იანი ბარიერი, რადგანაც ის ხალხი, რომელმაც “ქართული ოცნების” მიმართ ნდობა დაკარგა და პროდასავლურადაა განწყობილი, ნაწილი “თავისუფალ დემოკრატებს” მისცემს, ნაწილი – “რესპუბლიკელებს”.

მათგან განსხვავებით, მომავალ პარლამენტს ორპარტიულად ხედავს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი. მისი თქმით, მართალია, ყველა კვლევაში ჩანდა, რომ რამდენიმე პარტიას ბარიერის გადალახვის რაღაც შანსები აქვს, ამომრჩეველი პოლიტიკაში დღესაც ისევ მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას “ოცნებას” და “ნაციონალებს” ხედავს.

მედიაშიც ძირითადად ამ ორი პარტიის მიმართაა ინტერესი, მუდმივად მათი დაპირისპირებაა წინა ფლანგზე, სხვა პარტიებმა კი განსაკუთებით ვერაფრით გამოიჩინეს თავი და თუკი ვინმე ამ პატარა პარტიებს ხმას მაინც მისცემს, ამას მოწყალების სახე ექნება და ეს არ იქნება გააზრებული არჩევანი.

ელდარ პირმისაშვილი: “დიდი შანსი არსებობდა, რომელიმე პარტია მესამე ძალად წარმოჩენილიყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე პარტიამ ისე იმუშავა, რომ ეს წარმოჩნდა. ამიტომაც მედიაშიც და საზოგადოებაშიც პოლიტიკური პროცესი ორპოლუსიანად რჩება და ადამიანები მაინც ფიქრობენ – ან “ნაციონალები,” ან “ოცნება”. შესაბამისად, ძალიან ცოტა ამომრჩეველი ფიქრობს, რომ ალტერნატივა პატარა პარტიებს მისცენ და ეს პოლიტიკა მრავალპოლუსიანი იყოს. მრავალპოლუსიანობას ჩვენი საზოგადოება მიუჩვეველია. ვფიქრობ, დღეს საზოგადოებაზე მიდის წნეხი იმაზე, ვინ გამოჩნდება უფრო მეტად სოლიდურად, დაწინაურებულად. ჩვენ უფრო კომფორტული ამომრჩეველი გვყავს, რაც იმას გულისხმობს, რომ ვინც ეტყვის მე ვიმარჯვებ, იმის მხარეს გადადის. თან ნუ გვავიწყდება ისიც, რომ ყველა კვლევის მიხედვით არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც არჩევანში ჩამოყალიბებული არ არის და ბიძგს ელოდება. ამ ბიძგის მოლოდინშია დაახლოებით 40 პროცენტი, რომელიც გადაწყვეტილებას არჩევნების წინა დღეს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანად შეიცვლება ის დამოკიდებულება, რაც დღესაა.”

„რეზონანსი“, 29 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ნაციონალებმა პარლამენტში შესვლაზე შესაძლოა, უარი თქვან“ // „რევოლუციის” მოწყობის რესურსი არც ერთ პარტიას არ აქვს

ელზა პაპოშვილი

პოლიტოლოგ და ანალიტიკოს გია ხუხაშვილის განცხადებით, “ოცნება” უგუნურ შეცდომას უშვებს, როდესაც ცდილობს, რომ მომავალ პარლამენტში მხოლოდ ორპოლუსიანი მმართველობა იყოს, რადგანაც ამით “ნაციონალურ მოძრაობას” საშუალებას აძლევს, მათ ქვეყანაში მოვლენები სათავისოდ წარმართონ. გია ხუხაშვილის თქმით, არსებობს საშიშროება, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნების შემდეგ მიუხდევად საკმარისი ხმების მიღებისა, ხმების გაყალბების მოტივით, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადოს და “ოცნება” ყველას პირისპირ მარტო დარჩეს.

ანალიტიკოსის აზრით, ხელისუფლებამ არ იზრუნა იმაზე, რომ ამ პერიოდის განმავლობაში პარტნიორები ეძებნა, როგორც პოლიტიკურ ძალებში, ასევე მესამე სექტორსა და მედიაში, რომელთა დახმარება “ოცნებას” ასეთი სცენარის გათამაშებისას დასჭირდება.

- წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ ფაქტობრივად ფარული ვიდეოჩანაწერების ომი დაიწყო. როგორ ფიქრობთ, ეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას როგორ წაადგება და მას რა კუთხით შეცვლის?

- ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რაც ძალიან ცუდია, რომელიც თავის მხრივ დეჟავიუს იწვევს. საზოგადოებას მძიმე განწყობაზე გვაყენებს. მაინც იმედი მაქვს, რომ აქ პოლიტიკის გარდა, რაღაც სამართლებრივი პროცესიც არსებობს. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ ამაში ხელისუფლების ხელი არ ურევია. რაც შეეხება ჩანაწერების ავთენტიკურობას, ეს სპეციალური სამსახურების პრეროგატივაა, რომლებმაც მისი ნამდვილობა უნდა დაადასტურონ. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს თემა უკან პრობლემის სახით თავადვე არ შემოუბრუნდეს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე, ისევე, როგორც მსგავსი ორი საქმე, თაროზე შემოდებული არ იყოს. თუ ეს ასე არ მოხდა, ყველაფერი ფარსის სახეს მიიღებს. ეს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს დააზიანებს. სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, დღეის მდგომარეობით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დაკითხვასაც ვერ ახერხებენ, რაც პოლიტიკურად ბუნებრივია, “ქართულ ოცნებას” საკამოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს.

- ბოლო პერიოდის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების დროს, გარკვეული სახის დესტაბილიზაციას გეგმავდა. ჩვენს ძალოვან უწყებებს სულ თავისუფლად შეეძლო, თუკი მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეთი ეჭვი არსებობდა, კანონიერად მოესმინა. რატომ ირთულებს ხელისუფლება საქმეს და რატომ არ აცხადებს, რომ ისინი ამ პოლიტიკურ ძალას კანონის შესაბამისად უსმენენ?

- რა თქმა უნდა, სწორი შენიშვნაა, ხელისუფლების ვალდებულებაც კი იყო, რომ მისთვის მოესმინა, რადგანაც წინა ორ ფაქტს თუ გავიხსენებთ, რომლებიც საბურავების თემასა და მანამდე კიდევ ერთი გადატრიალების საქმეს ეხება, მას ამის სრული ლეგიტიმური უფლება ჰქონდა. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ პარტიის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამ საქმეების ფარგლებში, ძალოვან სტრუქტურებს ნებისმიერი ქმედების ლეგალიზება შეეძლო. ეს მიყურადების, თუ თვალთვალის შემთხვევაში გახდებოდა საჭირო. ერთი მხრივ, თითქოს ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს საუბარი შედგა, მაგრამ ეს ყველაფერი არაკანონიერ სახეს იღებს, რაც ფაქტობრივად მათი პროცესუალური მოქმედებების საშუალებას ანგრევს. ხელისუფლება, როდესაც ქმედებებს იწყებს, ცოტა ხომ უნდა დაფიქრდეს, რა შედეგი მოჰყვება? უცნაური სიტუაცია შეიქმნა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” აქეთ კონტრშეტევაზე გადმოვიდა. თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა და საქმეს თავი არ მოება, მაშინ კონკრეტული პირები არიან გამოსავლენი, რომელთა პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა დღეს ქვეყანაში რომელიმე პოლიტიკურ ძალას იმის რესურსი, რომ “რევოლუცია” მოაწყოს? მით უმეტეს, “ნაციონალურ” მოძრაობას, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ამხელა მხარდაჭერა და ნდობა აღარ აქვს?

- ქვეყანაში რამე სახის პროტესტი თუ აქცია არ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალებად ჩავთვალოთ. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ეს კი საზოგადოების ნება-სურვილით ხდება. მთავარია, პროტესტი კანონის ფარგლებში ჯდებოდეს და სისხლის სამართლის დანაშაულში არ გადაიზარდოს. წინასწარი კვალიფიკაციის გაწერა და ისტერიკის მოწყობაც სწორი არ არის. რაც შეეხება თქვენს კითხვას, აქვს თუ არა ვინმეს ქვეყანაში “რევოლუციის” მოწყობის რესურსი, გიპასუხებთ, რომ არც “ნაციონალურ მოძრაობასა” და არც რომელიმე სხვა პარტიას ამის არანაირი რესურსი არ გააჩნია.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კრიზისის ფორმირება პოლიტიკურ პარტიებზე დამოკიდებული არ არის. კრიზისს სოციალური ბაზა სჭირდება.

ადამიანები, რომელთაც ხელისუფლების მიმართ პროტესტი ახასიათებთ, პოლიტიკური პარტიები ამ ტალღას უბრალოდ მიმართულებას აძლევენ და არა ის, რომ ხელმძღვანელობენ და რამის იმიტირებას ხელოვნურად ახდენენ. ნებისმიერი კრიზისის პრომლემა უფრო ხელისუფლებაა და არა ის პოლიტიკური ძალა, რომლიც ამას სათავეში უდგება. ეს ჩვენს მთავრობას კარგად უნდა ესმოდეს. “რევოლუციას” არც ერთი პოლიტიკური ძალა არ აწყობს. რევოლუციას საკუთარ თავს ყოველთვის ხელისუფლება უწყობს, რადგანაც საზოგადებაში მის მიმართ აგრესია ყოველთვის იზრდება. “ნაციონალურ მოძრაობას” იმის რესურსი არა აქვს, რომ სიტუაცია ქვეყანაში გადაულახავ კრიზისში გადაიზარდოს. მას შესაბამისი სოციალური ბაზა არა აქვს, მაგრამ პრობლემა იმაში გახლავთ, რომ ხელისუფლების ორპოლუსიანი პოლიტიკა საბოლოო ჯამში შეიძლება ისე დასრულდეს, რომ არჩევნების შემდეგ უკმაყოფილო არა მხოლოდ “ნაციონალები”, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტა იყოს. მათ შორის ის პარტიებიც, რომლებიც “ნაციონალებს” არ სწყალობენ. ანუ ეს პარტია თუ დაიძახებს, რომ არჩევნები გაყალბდა, რომლის მტკიცებულებებსაც წარმოადგენენ, ხოლო იგივე განაცხადეს სხვა პარტიებმაც და ხელისუფლება მარტო დარჩა, აი აქ უკვე სერიოზული პრობლემა შეექმნება.

“ნაციონალები” კრიზის ფორმირებას მარტო ვერ მოახერხებენ, მაგრამ სხვა პარტიებიც თუ უკმაყოფილები იყვნენ? შემდეგ პროტესტის ნიშნად “ნაციონალებმა” პარლამენტში შესვლაზე უარი რომ თქვან? “ქართული ოცნება” მარტო რომ დარჩეს? რადგანაც ამ არჩევნებზე დიდი შანსია, რომ პარლამენტში მხოლოდ ეს ორი ძალა შევიდეს.

აი, როგორი გეგმა შეიძლება ჰქონდეს “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ ქვეყანაში უმართავი პროცესები წავიდეს.

- თქვენ ფიქრობთ, რომ მოვლენების ასეთ განვითარებაზე ხელისუფლებას არ უფიქრია? თუ ჩვენი მოსახლეობის ნაწილი ხმას კვლავ “ნაციონალურ მოძრაობას” აძლევს და მას მსგავსი სცენარის გათამაშების საშუალება ეძლევა, ეს მხოლოდ ხელისუფლების ბრალია? ამ ხნის განმავლობაში მას რა შეეძლო, რომ გაეკეთებინა?

- ხელისუფელბას ამის თავიდან ასაცილებლად პოლიტიკურ პარტიებში მოკავშირეები უნდა მოეძებნა. შემდეგ მესამე ძალის სექტორი, რომლიც მას ლეგიტიმაციას მისცემდნენ და მედიაში უნდა ეპოვა დასაყრდენი. ამის მაგივრად ისინი ყველას ლანძღვით არიან დაკავებული. მათ ჰგონიათ, რომ ორპოლუსიანი მმართველობის ინიცირება მათ სასარგებლოდ მოქმედებს. ქვეყნის პოლიტიკაში, როდესაც უმრავლესობაში “ოცნება” და უმცირესობაში “ნაციონალური” მოძრაობა დარჩება, ეს ხელისუფლებისთვის ფატალური შედეგის მომტანი იქნება. “ნაციონალური მოძაობის” მიზანი არჩევნებში გამარჯვება არ არის, მათი მიზანია, რომ “ქართული ოცნების” დამარცხება მოხდეს. ხოლო სახელისუფლო გუნდი თუ ამ ხალხის წინაშე მარტო დარჩა, მაშინ მისი საქმე კარგად არ იქნება, თუნდაც 70% კანონიერად აიღოს. ეს “ოცნებას” არ ესმის და ამ აგრესიულ და ნეგატიურ კამპანიას ახორციელებენ. მათ ეს ვარიანტები გათვლილი არა აქვთ.

- ბიძინა ივანიშვილის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები და ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ფარული თუ 26 მაისის ვიდეოჩანაწერები ხომ არ გაფიქრებინებთ იმას, რომ ხელისუფლება “ნაციონალური მოძრაობის” გაცოცხლებას ხელოვნურად ცდილობს?

- “ოცნების” უგუნური პოლიტიკის ფაქტობრივი შედეგი ის არის, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” აძლიერებენ. ისინი ცნობილ პიარტექნოლოგიას იყენებენ, თუ გინდა, რომ გაიმარჯვო, შენს მთავარ მოწინააღმდეგედ, საბრძოლველად შენთვის კომფორტული პოლიტიკური ძალა უნდა წარმოადგინო, რადგანაც სხვებისგან განსხვავებით, მათთან მეტი უპირატესობა გაქვს. ეს არის როგორც მორალური, ასევე რესურსის უპირატესობა. “ოცნება” ამ გზას დაადგა. მისთვის “ნაციონალური მოძრაობა” როგორც მეორე პოლუსი, მაქსიმალურად კომფორტულია იმიტომ, რომ მასთან სალაპარაკოდ მეტი არგუმენტი აქვს. შესაბამისად, იმედი აქვს, რომ მას სხვებისგან განსხვავებით უფრო ადვილად დაამარცხებს.

ასეთი პოლიტტექნოლოგია მართალია გამოიყენება, მაგრამ დღეს ძალიან სპეციფიკური სიტუაციაა, “ოცნებას”, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პარტნიორები არც ერთ სეგმეტში არ ჰყავს. ყველას მიმართ, აგრესიულია. პარტია არ დარჩა, რომ არ გალანძღეს, მათ ხიდები ყველა მიმართულებით დაწვეს. შესაძლო კრიზისის შემთხვევაში ყველა “ოცნების” წინააღმდეგი იქნება.

- პაატა ბურჭულაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მინდა გკითხოთ, მისი პარტიიდან “გირჩიც” წავიდა. როგორ ფიქრობთ, პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” შიგნით რა სახის დაპირისპირება არსებობს?

- როდესაც პოლიტიკური პარტიის ფორმირებას ასე სწრაფად ახდენ, როდესაც ფილტრაციის კარგი მექანიზმი არ გაქვს, ყოველთვის იქმნება საფრთხე, რომ საჭირო მომენტში შენზე მასირებული შემოტევა მოხდეს, რაც სისტემას სტაბილურობას აკარგვინებს. ბურჭულაძის მიმართ, პირველ ეტაპზე სწორედ ასე მოხდა. ზოგმა ხელისუფლებასთან ივაჭრა, ზოგი თავიდანვე ვიღაცის შეყვანილი იყო. მათ ყველანაირად ეცადეს, რომ ბურჭულაძის პარტიაში გარკვეული სახის კრიზისი მოეხდინათ. ამის პრევენციისთვის ბურჭულაძეს ორგანიზაციული და ინფრასტრუქტურული სისუსტეების შევსება დასჭირდა, ამიტომ გარკვეული კოალიცია შედგა, რაშიც ლოგიკა იყო. ბურჭულაძეს ეს რომ არ გაეკეთებინა, პარტია დაშლის წინაშე იდგა.

- რა არის ის შეცდომა, რომელიც ბურჭულაძემ ახალ პარტნიორებთან ურთიერთობაში დაუშვა. ხომ არ მოხდა ისე, რომ ის მათ პოლიტიკოსისთვის მიუღებელი მიამიტობით ენდო?

- დიახაც, ფატალური შეცდომა სწორედაც რომ ახალი პარტნიორების ნდობაში დაუშვა. არ ვიცი, ბურჭულაძეს ამ ხალხმა რა ოქროს კოშკები აუშენა, სიტყვაზე ენდოთ და გაერთიანებაზე კონტროლი ფაქტობრივად გადააბარა. მან საქმიანობა რომელ ხალხთანაც ერთად დაიწყო, თავიდან მოიშორა და უკანა პლანზე გადაიყვანა, ხოლო ორი დღის გაცნობილ პარტნიორებს, რომლებიც რაღაცას შეჰპირდნენ, გაერთიანებაზე კონტროლი გადააბარა. აღმოჩნდა, რომ მათი ყველა დაპირება საპნის ბუშტივიდ გაქრა და მისმა სისტემამ სტაბილური ფორმა ვერ მიიღო. შესაბამისად, კრიზისის რამდენიმე ეტაპი გაიარა.

- როგორ ფიქრობთ, ამის შემდეგ მას რა სახის შანსები შეიძლება ჰქონდეს? მისი რეიტინგი რა ნიშნულამდე დავარდება?

- გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ არ გამოვრიცხავ, ბურჭულაძემ ამ სიტუაციაშიც რაღაც შედეგი მიიღოს. ბუნებრივია, მის მიმართ პოლიტტექნოლოგიური დარტყმები განხორციელდა, რაც მან ვერ გათვალა. ეს ჩვეულებრივი მომენტია, რადგანაც ის არ არის გამოცდილი პოლიტიკოსი. ის კი არა, გამოცდილ პოლიტიკოსებს უჭირთ მსგავსი სიტუაციის გაკონტროლება. მას ძალიან ცოტა დრო ჰქონდა და საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული შეხედულება. ამის გამო, რამდენიმე მძიმე შეცდომა დაუშვა.

„რეზონანსი“, 29 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ვიქტორ დოლიძეთან: „თუკი ეს ჩანაწერი ავთენტიკურია, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს

ნინო ქეთელაური

“თუკი ვინმეს ამგვარი დესტაბილიზაციის გამოწვევა უდევს თავში, ვინც არ უნდა იყოს ის, კანონის უმკაცრესი ზომებით უნდა დაისაჯოს”, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ, ფარული ჩანაწერების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, თუკი მოსმენა ხელისუფლებამ განახორციელა, მოსახლეობას ამის შესახებ სოციალური ქსელებიდან არ უნდა შეეტყო და პროცესი ლეგალურად უნდა წარმართულიყო. ხოლო თუ მოსმენა უკანონოდ მოხდა, როგორც ვიქორ დოლიძე ამბობს, ამასაც შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

ვიქტორ დოლიძე: ჯერ ერთი, მე ვფიქრობ, მოსახლეობას ეს ყველაფერი “ფეისბუქით” კი არ უნდა გაეგო (თუ რა თქმა უნდა, ხელისუფლების ჩაწერილია), არამედ ლეგალურად უნდა მომხდარიყო ამის ჩაწერა, მტკიცებულებები დადებულიყო და შესაბამისი პროცედურები განხორციელებულიყო, როგორც წესით ხდება ხოლმე.

თუკი უკანონოდ არის მოსმენილი და ინტერნეტის საშუალებით გავრცელებული, ბუნებრივია, ამაზე ცალკე რეაგირება უნდა გაკეთდეს. იმიტომ, რომ უკანონო მოსმენები და საერთოდ, პირად ცხოვრებაში მათი ხელების ფათური, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. თუმცა ამ ყველაფერს აქვს მეორე მხარეც, ძალიან სახიფათო და არასასიამოვნო, რაც მდგომარეობს იმაში, რომ თუკი ეს არის ავთენტიკური, თუკი სააკაშვილი თავისი პარტიის ლიდერებს მართლა ესაუბრება ამ თემებზე და გადატრიალების მცდელობა უდევს თავში, რაც მე არ გამიკვირდება, მოძალადე სააკაშვილისგან და “ნაციონალური მოძრაობისგან”, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

- როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესშია მსგავსი ჩანაწერების გავრცელება და რომელიმე პოლიტიკური მხარე თუ რჩება მოგებული?

-რეულობიდან მოგებული არ შეიძლება დარჩე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი “თავისუფალი დემოკრატების” ინტერესში არ შედის ის, რომ ქვეყანაში მოხდეს დესტაბილიზაცია, არეულობა და ა.შ. ჩვენ გვინდა სტაბილურობა, სიმშვიდე და არჩევნების ღიად, დემოკრატიულად ჩატარება. ჩვენ წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ვგულისხმობ ევროპულ ინტეგრაციას. ასევე, ნატოს მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. ამიტომ, გვჭირდება სიმშვიდე, უსაფრთხოება და განვითარება. თუკი ვინმეს, ამგვარი დესტაბილიზაციის გამოწვევა უდევს თავში, ვინც არ უნდა იყოს ის, ყველა კანონის უმკაცრესი ზომებით უნდა დაისაჯოს.

- პაატა ბურჭულაძის მოძრაობის დაშლაზე მინდა გკითხოთ. როგორ ფიქრობთ, რა პროცესები მიმდინარეობს ბლოკის შიგნით და მოსალოდნელი იყო თუ არა მათი ისევ დაშლა?

- ეს მოძრაობა საერთოდ რომ შეიქმნა, მე ეს გამიკვირდა. თავიდანვე ეკლექტური იყო ეს ყველაფერი, რის საფუძველზე შეიქმნა, რა და როგორ მოხდა, კაცმა არ იცის და დაშალა კიდეც. სიმართლე რომ გითხრათ, სხვა უფრო სერიოზულ თემებზე მაქვს საფიქრალი, ვიდრე ის, სად შევა და გამოვა “გირჩი”, ან ვაშაძე.

- ფარული ჩანაწერები, ბლოკების შექმნა და დაშლა, ყველა ამ მიმდინარე პროცესის გათვალისწინებით, რა რეალობის წინაშეა ქართველი ამომრჩეველი, რთულია თუ არა მისთვის არჩევანის გაკეთება?

- მე იმის იმედი მაქვს, რომ ქართველი ამომრჩეველი გამოიტანს შესაბამის დასკვნებს. “თავისუფალი დემოკრატები” არის ერთადერთი რეალური ძალა, რომელიც ორიენტირებულია პროგრამებზე და პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტულ გზებზე. დაკომპლექტებულია დიპლომატებით, ეკონომისტებით, იურისტებით, ექიმებით, ადამიანებით, ვინც იცის, ქვეყანაში როგორ უნდა მოგვარდეს ესა თუ ის პრობლემა. ეს ინტრიგანობა, პოლიტიკური ავანტიურა და ა.შ ჩვენთვის არის სრულიად მიუღებელი. არასდროს ჩავრთულვართ და არც ვაპირებთ იმ პროცესებში, რაშიც დანარჩენი პოლიტიკური სპექტრია ჩართული. ამიტომ, ამომჩეველს აქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ალტერნატიული არჩევანის გაკეთების საშუალება და მე იმედი მაქვს, რომ ეს არჩევანი 8 ოქტომბერს გაკეთდება.

„რეზონანსი“, 29 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ სულხან მახათაძესთან: „ჭიათურაში კონკურენტად ვერავის მივიჩნევ

თიკო ოსმანოვა

“მმართველი პარტიის კანდიდატი სულხან მახათაძე გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამბობს, რომ რაიონში “რესპუბლიკელებისა” და “ეროვნული ფორუმის” რეიტინგი ნულის ტოლია. ანი მიროტაძის ბრალდებებს კი მისი დასუსტების მცდელობად აფასებს და ამას წყლის ნაყვას უწოდებს.

სულხან მახათაძე: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რისი ინიცირებაც საჭიროა, არის სოციალური შემწეობის დანიშვნის მექანიზმის შეცვლა. მაღალმთიანობის სტატუსთან დაკავშირებით, რამდენიმე სოფელში, რომელიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მოხდეს ამ საკითხზე მსჯელობა და შემდეგ სტატუსის მინიჭება. ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციების უფლებამოსილების გაზრდა. მთავარი გამოწვევაა მანგანუმის მოპოვებით შექმნილი ეკოლოგიური პრობლემები, რაც კომპანიამ მიაყენა ჭიათურას. ამაზე მუშაობა და ჩართულობაა საჭირო. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რაზეც ჩემი გამგებლობის პერიოდში რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით, დამატებით სამედიცინო სერვისცენტრის გახსნა, რომელიც მოემსახურება მაღაროელებს და ჩვენს მოქალაქეებს, იმისათვის, რომ გადაადგილება არ გახდეს საჭირო.

- ვინ მიგაჩნიათ თქვენს მთავარ კონკურენტად?

- კონკურენტად არავინ არ მიმაჩნია. ისეთი კანდიდატები არიან წარმოდგენილი, რომ ნამდვილად ვერ მივიჩნევ კონკურენტად ვერავის.

- რას იტყვით, ეროვნული ფორუმის” კანდიდატ ანი მიროტაძესა და “რესპუბლიკელ” მალხაზ წერეთელზე, რომელიც მერვე მოწვევის პარლამენტის წევრია?

- “რესპუბლიკელების” რეიტინგი ჩვენს ქალაქში ნულია, ასევეა “ეროვნული ფორუმის” რეიტინგიც. მიროტაძის განცხადებები, რომელსაც ტელევიზიით აკეთებს, მიმართულია ჩემ დასასუსტებლად, თუმცა ამით იგი ჩემს რეიტინგს ზიანს ვერ მიაყენებს, ტყუილი წყლის ნაყვაა.

„რეზონანსი“, 29 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ანი მიროტაძესთან: „ჭიათურაში „ოცნების გაკეთებულ საქმეებს დავეძებ და ვერ ვპოულობ

თიკო ოსმანოვა

“ეროვნული ფორუმის” კანდიდატი ანი მიროტაძე თავის მთავარ კონკურენტად ნომერ 41-სა და ადმინისტრაციულ რესურსს მიიჩნევს. მისი თქმით, ხელისუფლება რაიონებში ამის გამოყენებაზე უარს არ ამბობს და უფრო მეტიც, სკოლისა და ბაღების მასწავლებლების დაშინებაზე საუბრობს.

ანი მიროტაძე: აქ არის ნოტიო მიწა, ადამიანი სოფლის მეურნეობით თავს ვერ გაიტანს. გარდა ამისა, ეკოლოგიური პრობლემებია, დაბინძურებულია გარემო, წყალი. აქ მაღაროა და დასაქმებულებისთვის ძალიან მძიმე პირობებია, აღარ ვლაპარაკობ გზებსა და მოუწესრიგებელ ინფასტრუქტურაზე. წყალი დღეების განმავლობაში არ მოდის. ასევე გამრიცხველიანების პრობლემაა ძალიან სერიოზული. თანაც ბოძები იმდენად ძველია, რომ ოდნავი ქარის დროს ელექტროენერგიის მიწოდება წყდება. ამიტომ, ჩემი გამოწვევაა, დავითვალო, რა რაოდენობის გზაა დასაგები ყველა სოფელში მისასვლელად, რა თანხა ჯდება, ამის კალკულაცია გავაკეთო და ამის შემდეგ ამ კალკულაციით დაველეპარაკები ხელისუფლებას. შორიდან ეს არ ჩანს. ადამიანს, რომელსაც სახლამდე მისასვლელი გზა არ აქვს, იმას ვერ მოსთხოვ, რომ არ დაცალოს სოფელი და არ წავიდეს სადღაც. ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ მიგრაცია გაგრძელდება.

ცალკე საკითხია “ჯორჯია მანგანეცისა” და ხელისუფლების ურთიერთობა. მიმაჩნია, რომ კომპანია და სახელმწიფოც ვალდებულია, დარეგულირდეს ურთიერთობა, ყველაფერი არ გადავიდეს და არ აისახოს მოსახლეობაზე.

პარლამენტში შესვლისას პირველივე ინიციატივა იქნება, რომ ასეთი რაიონებისთვის ამოქმედდეს სპეციალური სტატუსი, ეს ეხება ზესტაფონსაც და ტყიბულსაც. ვგულისხმობ ისეთ რაიონებს, სადაც მძიმე მრეწველობით არიან დასაქმებული. ანუ განსაკუთრებული მზრუნველობა უნდა დაიწყოს სახელმწიფომ ასეთი რაიონებისთვის, რადგან ხალხი თავს მიტოვებულად გრძნობს და ასეც არის. არავის გაგონება არ უნდათ, მით უმეტეს “ქართული ოცნების”. არც ვიცი, ხელისუფლებას რისი იმედი აქვს. ამიტომ მინდა ვიყო ისეთ სათავეებთან, რომ ვაიძულო ხელისუფლება, იზრუნოს ასეთ რაიონებზე.

- ვინ მიგაჩნიათ თქვენს მთავარ კონკურენტად?

- ჩემი კონკურენტია ნომერი 41. იმიტომ, რომ მას აქვს ადმინიტრაციული რესურსი, რომელიც, სამწუხაროდ, რაიონებში ჯერჯერობით გამოყენებადია. რაიონებში ნამდვილად არ იხევენ უკან, რომ სკოლის ან ბაღის მასწავლებები, ან დირექტორები არ დააშინონ. გამგეობაში, როგორი მდგომარეობაა, არ ვიცი, ეს ადამიანები, ღიად არ საუბრობენ, მაგრამ ბაღებისა და სკოლების მასწავლებლები კი ლაპარაკობენ.

- კონკრეტულად სულხან მახათაძეზე რას იტყვით?

- ის “ქართული ოცნების” კანდიდატი და ყოფილი გამგებელია. მას ვკითხე რამდენჯერმე, თუ რატომ უნდა გახდეს იგი მაჟორიტარი დეპუტატი, რადგან მისი საქმიანობა წარმატებასთან ნაკლებად არის დაკავშირებული. პირიქით, ერთ-ერთი წარუმატებელი გამგებელია. ყველას ვეპატიჟები ამ ქალაქში, რომ მაჩვენონ ამათი გაკეთებული საქმეები დავდივარ, დავეძებ და ვერ ვპულობ. ვთავაზობ, წამოდით, ხელი დაადეეთ, რა გააკეთეთ და მე ვერ ვხედავ ჯერჯერობით ვერაფერს.

- რაც შეეხება “რესპუბლიკელების” კანდიდატს, ასევე ჯერ კიდევ მოქმედ დეპუტატ მალხაზ წერეთელს?

- პერსონებზე არ ვამახვილებ ყურადღებას, ჩემი კონკურენტია 41 – სახელისუფლებლო რესურსი. თუმცა მინდა გითხრათ, დარწმუნებული ვარ, “ეროვნული ფორუმი” ამ არჩევნებს ჭიათურაში მოიგებს. არა იმიტომ, რომ ეს ჩემი ახირებაა, უბრალოდ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

„რეზონანსი“, 29 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ მალხაზ წერეთელთან: „ანი მიროტაძეს რაღაც შანსი აქვს

თიკო ოსმანოვა

“რესპუბლიკური” პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ წერეთელი, გამარჯვების შემთხვევაში, იმ პრობლემებზე გააგრძელებს მუშაობას, რომელიც რაიონში ეკოლოგიის თვალსაზრისით უხვად არის. მის მთავარ კონკურენტად კი ის განუკითხაობა მიაჩნია, რომელიც რაიონშია გამეფებული.

მალხაზ წერეთელი: გავაგრძელებ იმ პრობლემებზე მუშაობას, რაც უხვად არის ჩემს რაიონში. ეს არის ბრძოლა იმ უკანონობის და განუკითხაობის წინააღმდეგ, რაც მანგანუმის მოპოვებას ეხება. დაწყებული მაქვს მუშაობა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის გარემოს დაცვის კუთხით, რომელსაც გვავალებს ასოცირების ხელშეკრულება, რომ ჩვენი კანონმდებლობა მოვიდეს ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონები, რომელიც უშუალოდ შეეხება ჩვენს რაიონში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას. გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხვედველების გათვლებით, გარემოზე მიყენებული ზიანის 89% მოდის ჭიათურაზე და ეს თანხობრივად შეადგენს 350 მილიონ ლარს. საპენსიო რეფორმაზეა, ასევე ბევრი სამუშაო ჩასატარებელი. შრომის კოდექსთან დაკავშირებით მთელი რიგი ცვლილებებია შესატანი და ამაზე მაქვს ინიციატივები. ვპირდები ასევე ჭიათურას იმას, რომ ის პრობლემები, რომელიც იყო და არის, კარგად, სიღრმისეულად მაქვს დანახული და ვიცი მათი გადარჩენის გზები.

- ვინ მიგაჩნიათ თქვენს მთავარ კონკურენტად?

- ჩემს მთავარ კონკურენტად მიმაჩნია ის განუკითხაობა, რაც მანგანუმის წარმოებასა და ბიზნესშია. ამით მოგებული ფული გადანაწილებულია 3-4 პარტიაში და შესაბამიად მათ ინტერესში შედის. ჩემზე ამას ვერავინ იტყვის, რადგან ჩემი კანონის მეშვეობით ყოველთვიურად ბიუჯეტში 300 ათასის ნაცვლად 5 მილიონ ლარს იხდიან. ახლა ჭიათურაში განუკითხაობის ზენიტია, საერთოდ საბუთების გარეშე ხდება ფულის გადინება.

- და ამ 3-4 პარტიას, კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

- ჩემი მხრიდან ამის დასახელება არასწორად მიმაჩნია, ამიტომ დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.

- რას იტყვით მმართველი პარტიის კანდიდატ სულხან მახათაძეზე?

- მმართველი პარტიის კანდიდატი ძალიან სუსტია, რომ არა ადმინისტრაციული რესურსი, მას რამე შანსი არ ექნებოდა, ახლა კი რაღაც შანსი გააჩნია. ამიტომ, შეიძლება მეორე ტურში მოხვდეს. უსუსტესი იყო, როგორც გამგებელი, მან ვერ მოახდინა თანხების ეფექტურად განაწილება, ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა, თუმცა მან ეს ვერ შეძლო.

- რაც შეეხება “ეროვნული ფორუმის” კანდიდატ ანი მიროტაძეს?

- ანი მიროტაძე აქტიური ქალბატონია, რაღაც შანსი აქვს და ვნახოთ, რა იქნება.

„რეზონანსი“, 29 სექტემბერი, 2016 წელი

წინასაარჩევნო ჭიათურა ხსნის მოლოდინშიბრძოლა მანგანუმის ქალაქისთვის

(პოლიტოლოგის პროგნოზი)

თიკო ოსმანოვა

ჭიათურის 56-ე საარჩევნო ოლქში სადეპუტატო მანდატისთვის 12 კანდიდატი იბრძოლებს – ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვებას პროგნოზირებს, “ეროვნული ფორუმის” მაჟორიტარობის კანდიდატი ანი მიროტაძე კი “ქართულ ოცნებას” ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

ცნობისთვის, 8 ოქტომბერს ჭიათურელების გულის მოგებას სულ 12 კანდიდატი შეეცდება, მათ შორის არიან “ეროვნული ფურმის” ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე, ყოფილი გამგებელი, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი სულხან მახათაძე, “რესპუბლიკური პარტიის წევრი, ჯერ კიდევ მოქმედი მაჟორიტარი მალხაზ წერეთელი და სხვა.

არჩილ გამზარდიას თქმით, ბოლო მოვლენებმა “ქართული ოცნება” გააძლიერა, შესაბამისად, მისი აზრით, ჭიათურაშიც მმართველი პარტიის კანდიდატი გაიმარჯვებს.

აღნიშნულ რაიონში ანალიტიკოსი განსაკუთრებულ ორთაბრძოლას არ ელდოება, ამიტომ, მისი აზრით, არჩევნები პირველივე ტურით დასრულდება.

“ვფიქრობ, “ქართული ოცნების” კანდიდატს უფრო მეტი შანსები აქვს. ასევე რაღაც შანსი შეიძლება ჰქონდეს “პატრიოტთა ალიანსს”. თუმცა, ვფიქრობ, მახათაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს. არა მგონია, მანდ არჩევნები დაძაბულ და განსაკუთრებით დიდი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდეს. ასე იყო წინა თვითმმართველობის არჩევნებზე და მე მგონი, ახლაც ასე იქნება. იქ რაღაც მაღალ პოლიტიკურ ტემპერატურას არ ველოდები. აქვე გასათვალისწინებელია ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებიც, რამაც “ქართული ოცნების” გაძლიერება გამოიწვია”.

„რეზონანსი“, 29 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გიორგი გუგავასთან: „ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ თავისი მთავარი მეტოქე კვლავ „ნაცმოძრაობა“ იყოს“

ელზა პაპოშვილი

“ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, პარლამენტი მხოლოდ ორპარტიული იყოს და ის თავის მთავარ მეტოქედ მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” აღიქვამს. გიორგი გუგავას თქმით, ივანიშვილი ეცდება, რათა პარლამენტში სხვა არც ერთი ოპოზიციური პარტია არ მოხვდეს და ამისთვის არჩევნების გაყალბებასაც არ მოერიდება. მისი ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი პირდაპირ განკარგულებებს გასცემს და ავალებს ხელისუფლებას, რომ ამისთვის ყველა სახელმწიფო რესურსის გამოყენება მოხდეს.

- არჩევნებამდე 10 დღით ადრე, როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო პერიოდს და როგორ ფიქრობთ, პროცესები რამდენად დემოკრატიულად მიმდინარეობს?

- წინასაარჩევნო პერიოდს ივანიშვილის დავალებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმართავს, რომელიც პოლიტიკური პარტიების მოსმენასა და თვალთვალს ახორციელებს. ლეიბორისტული პარტიის შეხვედრები მოსახლეობასთან, სუსის თანამშრომლების თვალთვალის ფონზე მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში შალვა ნათელაშვილის სახლის წინ, რამდენიმე ინციდენტი მოხდა. სუსის ორგანიზებით, მათ მიერ დაქირავებული პირები, ჩვენი შეხვედრის დროს, მოსახლეობასთან კონფლიქტში შედიან და სიტუაციის არევას ცდილობენ.

დუშეთში, როდესაც ნათელაშვილი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენდა, ერთ-ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა. გამოვიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სადაც გვიპასუხეს, რომ ბრიგადა არ ჰაყავდათ და ვერ მოვიდოდნენ. თუმცა მის სანაცვლოდ პოლიციის ორი მანქანა მოვიდა, რომლებმაც იმის ნაცვლად, რომ მოქალაქის ჯამრთელობის მდგომარეობა ეკითხათ, ხალხის დაკითხვა დაიწყეს.

ეს იყო მოსახლეობაზე შანტაჟის მცდელობა, რაც მოქალაქეების დაშინებას ემსახურებოდა. ასევე ბორჯომში ჩვენი პარტიისა და საკრებულოს წევრ გიორგი გიუაშვილს “ქართული ცონების” წევრი ფიზიკურად გაუსწორდა. მან პოლიციაში ჩვენება მისცა და კონკრეტული პირები დაასახელა, თუმცა მათი მხრიდან აქამდე ჯერ რეაქცია არ მომხდარა. ამას იმასაც თუ დავამატებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველა თავის გამოსვლაში ჩვენს პარტიას ლანძღავს, მივხვდებით, რომ ეს ადამიანი და უშიშროების სამსახური შეთანხმებულად მოქმედებენ.

- ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ამ არჩევნებზე ეეჭვება, “ნაციონალური მოძრაობის” გარდა, რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ 5%-იანი ბარიერი გადალახოს. როგორ ფიქრობთ, რაზე დაყრდნობით აკეთებს მსგავს განცხადებას?

- ივანიშვილის მიერ მსგავს განცხადებას ორი ასპექტი აქვს, პირველი 2012 წლის მსგავსი განწყობა შექმნას, რათა ორპოლუსიანი პარლამენტი შექმნას. მას სურს, რომ მისი მთავარი მეტოქე კვლავ “ნაციონალური მოძრაობა” იყოს, რადგანაც მათი კრიტიკით თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. ისიც კარგად ვიცით, რომ “ნაციონალებს” თავისი ამომრჩეველი ჰყავს, რაც გადამწყვეტი არ არის და არ იზრდება, ამიტომაც მასთან კონკურენცია ივანიშვილს ძალიან უადვილდება. ხოლო მისი განცხადებების მეორე ასპექტი სუფთა კრიმინალურია, რადგანაც ხელისუფლების რეალური მმართველი ის არის.

ის პირდაპირ განკარგულებას გასცემს, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რაც არჩევნების ტოტალურ გაყალბებას ნიშნავს. მისი განცხადებები საზოგადოების დღევანდელ განწყობებს არ შეესაბამება. მას ამაზე პასუხი აუცილებლად მოეთხოვება.

- როგორ ფიქრობთ, რა არის ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა და გამოწვევა, როგორც საზოგადოების, ასევე პოლიტიკოსების წინაშე?

- მთავარი გამოწვევა და პრობლემა, რომლის წინაშეც მთელი საქართველო დგას, ეს არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები არ გააყალბოს. მან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, სპეცსამსახურები ჩართო. აამუშავა დეზინფორმაციის მანქანა, რომლითაც გაყალბებული ეგზიტპოლების გამოქვეყნებას აპირებს. ამისათვის კი სატელევიზიო ჰოლდინგი შექმნა. ამაში საზოგადოებრივი მაუწყებელიც ჩართო. მიმდინარეობს ამომრჩევლის ტოტალური მოსყიდვა და მან ამისთვის ფულიანი მაჟორიტარები შეინარჩუნა, რომლებიც ხალხის მოსასყიდად სჭირდება. ის იმდენად გათავხედდა, რომ პირდაპირ განკარგულებებს იძლევა, პარლამენტში რომელი პოლიტიკური პარტიები უნდა იხილოს.

„რეზონანსი“, 29 სექტემბერი, 2016 წელი

პაატა ბურჭულაძის პარტიის გარშემო მიმდინარე პროცესები არის თუ არა გარედან და ხელოვნურად მართული?

თიკო ოსმანოვა

პაატა ბურჭულაძის პარტიის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. აქტივისტებისა და ლიდერების შემდეგ საარჩევნო გაერთიანება პარტია “გირჩმაც” დატოვა, რის გამოც საპარლამენტო არჩევნებზე “სახელმწიფო ხალხისთვის” 16 მაჟორიტარი კანდიდატის გარეშე დარჩა.

“გუშინ “გირჩმა” დატოვა ბლოკი “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”. ბლოკი ასევე დატოვეს “გირჩის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმაც. 16 კანდიდატი იყო 16 მაჟორიტარულ ოლქში. ისინი არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, ბლოკს “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” საქართველოს მასშტაბით 16 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი არ ეყოლება”, – განაცხადა “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ. მისივე თქმით, მას შესთავაზეს პაატა ბურჭულაძის პარტიაში დარჩენა, თუ ის მიიტანდა თანხას.

“შემოთავაზება იყო. ესწრებოდა 30 კაცი შეხვედრას და მე მითხრეს, რომ 1 საათის განმავლობაში უნდა მომეგვარებინა რაღაც პრობლემა და თუ ამ პრობლემას არ მოვაგვარებდი, “გირჩის” წევრებს სიიდან ამოიღებდნენ და მე დამტოვებდნენ. მე გამოვედი შეხვედრიდან და გავარკვიე, რა იყო ეს პრობლემა. მე უნდა მიმეტანა კონკრეტული ფული”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პაატა ბურჭულაძის პარტიის გარშემო მიმდინარე პროცესები არის თუ არა გარედან და ხელოვნურად მართული? ეს კითხვა “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

გია ბუღაძე (მხატვარი): პოლიტიკა იმდენად ბინძური საქმეა, რომ სულაც არ გამიკვირდება, ეს ყველაფერი წინასაწარ იყოს დადგმული. იმიტომაც ვამბობ, არჩევნებში კენჭს რომ ვიყრიდე, ჩემს თავსაც კი არ მივცემდი ხმა.

გია ანჩბაძე  (ისტორიკოსი): როგორ გითხრათ, შესაძლოა არის, რადგან ძალიან დაეწყო მოვლენები ერთმანეთს. ზუსტად, რა თქმა უნდა, ვერ გეტყვით, რადგან შესაბამისი კონკრეტული არგუმენტები არ გამაჩნია, თუმცა, რა თქმა უნდა, ,ყველაფერი შესაძლებელია.

იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): დღეს ჩვენ მივიღეთ გახეთქილი მოძრაობა, რომელსაც მასობრივ ტოვებენ პარტიის წევრები. ეს უკვე არის პარტიული ჯგუფი, რომელმაც თვითონ არ იცის, რისთვის იბრძვის. თუმცა, მე ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს პროცესები ხელოვნურად მოწყობილი იყოს.

სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): მე ადრეც ვთქვი, პაატა ბურჭულაძეს უდიდეს პატივს ვცემ, როგორც მომღერალს, მაგრამ გაუჭირდება ამ პოლიტიკურ სივრცეში ადგილის დაკავება მეთქი და ზუსტად ასე მოხდა. ეს ძალიან რთული პროცესია, როდესაც საქართველოში იქმნება პარტია, წინასწარ უნდა იყოს ძალიან ბევრი ფაქტორი გათვლილი, რაც არ იყო. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი გარედან მართული პროცესებია.

——————–

„ახალი თაობა“, 29 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ნაციონალური მოძრაობა თუ გადატრიალებაზე წავა, მაშინ ის უნდა აიკრძალოს

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გამოქვეყნებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებზე საუბრობს. პოლიტოლოგის აზრით, დღეს არავის, მათ შორის არც ნაციონალურ მოძრაობას, არ შეუძლია ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს, რადგან სახელმწიფოს პასუხი ადეკვატური იქნება.

- ბატონო სოსო, გავრცელებულ ფარული აუდიო ჩანაწერს როგორ აფასებთ? ნაციონალური მოძრაობა არ უარყოფს, რომ ეს საუბრები მათ ეკუთვნით, ისინი მხოლოდ უნიჭო მონტაჟზე საუბრობენ...

- არ მაინტერესებს, ესენი რას საუბრობენ იმ ჩანაწერებში. მე ვიცი ერთადერთი რამ ცხადად, რომ დღეს არავის არ შეუძლია, უბრალოდ, ძალა არ შესწევს, რომ სახელმწიფო გადატრიალება განახორციელოს.

- რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული?

- იმიტომ, რომ ასე თუ ისე ჩვენ სახელმწიფო გვაქვს და ამ სახელმწიფოს მართავს ხელისუფლება. ამდენად, თუ ვინმე მოინდომებს, რომ რევოლუციური სცენარი, სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს, მას დახვდება შესაბამისი და ადეკვატური პასუხი სწორედ სახელმწიფოსგან. ეს შესაძლებელი იყო შევარდნაძის რეჟიმის დროს, რადგან მაშინ სახელმწიფო, როგორც ასეთი, არ არსებობდა. არანაირი დაცვის მექანიზმები არ მუშაობდა. უშიშროების სამსახური, პოლიცია მაშინ იყო ან ბუტაფორია, ან საერთოდ ანტიშევარდნაძისტულად განწყობილი, რომლებიც ხელსაც კი უწყობდნენ გადატრიალებას. მართლაც კამიკაძე უნდა იყო, რომ ახლა რევოლუციაზე იფიქრო და ეს დაგეგმო.

- ხალხის განწყობაზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობა...

- ხალხის განწყობა არის ის, რომ 5 კაცსაც ვერ გამოიყვანენ ქუჩაში. დღეს ვერც ერთი რევოლუციონერი ქუჩაში ხალხს ვერ გამოიყვანს. დღესავით ნათელია, რომ ბარიკადებზე არავინ ავა. არანაირი რეალური საფრთხე ბარიკადების, გადატრიალების, რევოლუციის არ არსებობს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე არავინ არ ფიქრობს და არ უფიქრია. შეიძლება ვიღაცას უნდა, არ არის გამორიცხული და ნამდვილად ასეა, რომ ოპოზიციას უნდა მთავრობის შეცვლა და ამიტომ არის ის ოპოზიცია, მაგრამ შეუძლია? ეს არის მთავარი კითხვა. ვერც ერთი ოპოზიციური ძალა ამ მთავრობას 8 ოქტომბრის არჩევნებში, უკვე ჩანს, რომ ვერ შეცვლის. ეს წინასწარვე არის ცნობილი.

- ნაციონალურმა მოძრაობამ, მათმა ლიდერებმა ბოკერიამ, მელიამ უკვე მოუწოდეს ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას, რომ ქვეყანა არ დატოვონ და ოპოზიციაში გადავიდნენ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ...

- და ამის თვითონ სჯერათ?! ცხადია, არა, მაგრამ ეს არის პოლიტიკური განაცხადი და გასაგებია ამ განცხადების ქვეტექსტი, გასაგებია, თუ ვინ არის ამ გზავნილის ადრესატი. ასეთ პოლიტიკურ განცხადებებში უცნაური არაფერი არ არის, მსგავსი განცხადებები წინასაარჩევნო პერიოდში მოსულა. ცხადია, არარეალურია ეს ყველაფერი. ასეთი განცხადებები, ასეთი ჩანაწერები, სადაც არის საუბარი ე.წ. გადატრიალებაზე, მხოლოდ ძაბავს ვითარებას, სამოქალაქო დაპირისპირების გრადუსს წევს წინასაარჩევნოდ.

- ადამიანები საფრთხის მოლოდინში, დაძაბულ გარემოში არიან, რაც ალბათ არ არის სახარბიელო თავად ხელისუფლებისთვის, რაც ქმნის ერთგვარ განწყობასაც...

- რა თქმა უნდა. მთელი ამ პროცესის მსხვერპლი არის საზოგადოება, ხალხი, რომლებსაც ერთი მშვიდი დღე აღარ აქვთ. ეს არის სერიოზული პრობლემა თავად ხელისუფლებისთვის, რომელმაც ვერ უზრუნველყო მშვიდი ცხოვრება რიგითი მოქალაქისთვის, რომელსაც ისედაც უამრავი პრობლემა და გასაჭირი აქვს გადასაწყვეტი. ამიტომ ვამბობ, რომ რეალური პოტენცია, რომ გადატრიალება ვინმემ მოაწყოს, არავის გააჩნია.

- თუნდაც დესტაბილიზაციის მცდელობა, მსგავსი ჩანაწერების გავრცელება, სადაც გარკვეული არაკანონიერი სცენარები განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ ავთენტურობა არ არის დადგენილი, ქვეყანას დახევს უკან საერთაშორისო ასპარეზზე, შეიძლება ამან გარკვეული პრობლემა შეგვიქმნას?

- ეს ასპექტი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მთელ მიმდინარე მოვლენებში. დიახ, პრობლემას შეგვიქმნის. ეს იმიჯი ჩვენ როგორმე უნდა დავძლიოთ. რომ საქართველომ ერთხელ და საბოლოოდ უარი თქვა გადატრიალებებზე, რევოლუციებზე და გადავედით დემოკრატიული არჩევნებით დამარცხებისა და გამარჯვების გზაზე. ნებისმიერი დესტაბილიზაცია, მცდელობაც კი, სახელმწიფოსთვის, მისი იმიჯისთვის არის ცუდი და მხოლოდ ნეგატივის მომტანი.

- თავად ნაციონალურ მოძრაობას რას მოუტანს?

- მხოლოდ ცუდს, ეს არის თვითმკვლელობა. ვინაიდან მაშინ ხელისუფლებას ექნება ყველა ლეგიტიმური ბერკეტი, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური პარტია, აკრძალოს. თუ ნაციონალურმა მოძრაობამ რეალური გადატრიალება სცადა და ამაზე წავიდა, მაშინ მისი აკრძალვის საკითხი დადგება და აიკრძალება კიდეც. თუ წამებულის მანტიის მოსხმა უნდათ, რომ აკრძალეს და ა.შ. მაშინ გასაგებია. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია გადატრიალების მცდელობა.

- რადიკალურად განწყობილი ოპოზიცია ხელისუფლებას, ივანიშვილს ხშირად საყვედურობს კოჰაბიტაციას ნაციონალურ მოძრაობასთან. შეიძლება ვთქვათ, რომ ამით ისარგებლა ნაციონალურმა მოძრაობამ?

- ამ კითხვის დროს ჩნდება ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი. არსებობდა თუ არა რეალური სამხილები, რომლებიც იქნებოდა ისეთი არგუმენტირებული და ფაქტებით გამყარებული, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მასში ეჭვს ვერ შეიტანდნენ. იყო ეს მტკიცებულებები?! ერთი-ორი მაღალჩინოსანი დააპატიმრეს კიდეც და ბრალიც წაუყენეს, რამდენიმე ძებნილიც არის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსნებიდან არც ერთის ექსტრადირება არ მომხდარა. არც სააკაშვილის, არც ადეიშვილის და არც ახალაიასი. მე მახსენდება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კეზერაშვილის სამარცხვინო სასამართლო პარიზში, როდესაც ჩვენმა იუსტიციის მინისტრმა აღიარა კიდეც, ჩვენმა პროკურატურამ ევროპულ დონეზე კვალიფიკაცია ვერ გამოავლინაო. ესეც არის.

- პოლიტიკური თვალსაზრისით ამ კადრებმა იმუშავა?

- რთული სათქმელია, რადგან ფარულ ჩანაწერებს უკვე აღარ აქვს ის ეფექტი და ძალა, რაც ადრე ჰქონდა. თუნდაც ცოცხების კადრებმა რაც შეძლო, ბუნებრივია, იმ ეფექტის მოხდენა ამ ჩანაწერებს აღარ შეუძლია.

- რატომ?

- იმიტომ, რომ პირველი ეშხი უკვე დაკარგულია. შეიძლება ითქვას, უკვე დაჩამიჩებულია, რომელიც ისე მძლავრად ვეღარ იზიდავს, როგორც ადრე. თუმცა, თუ ნაციონალურმა მოძრაობამ იარაღს ხელი მოჰკიდა, ეს იქნება სასიკვდილო განაჩენი მისთვის და აქ უკვე კადრებს, ჩანაწერებს არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება.

„ახალი თაობა“, 29 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა ტუსკაძესთან: „ვითხოვთ ნაცმოძრაობის აკრძალვას

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი უკანონო პატიმარი, ადვოკატი მამუკა ტუსკაძე (მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გლდანში „პატრიოტთა ალიანსიდან“) აცხადებს, რომ ნაციონალებს ისევ სისხლი სწყურიათ და ამიტომ უნდათ რევოლუცია და ძალაუფლების ხელში აღება.

- ბატონო მამუკა, ვრცელდება ინფორმაციები, რომ ნაცმოძრაობა რევოლუციის მოწყობას აპირებს, ვრცელდება ჩანაწერებიც. როგორია თქვენი შეფასება?

- დიახ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი და მისი ხროვა გეგმავდა სახელმწიფო გადატრიალებას. ისევ სისხლი სწყურიათ, ხალხო, ისევ ადამიანების ნეკნებზე და სიცოცხლის ფასად უნდათ ძალაუფლება აიღონ ხელში.

- აქამდე აცხადებდნენ, რომ გაიაზრეს შეცდომები...

- გამორიცხულია. მათ უნდათ, ხალხი ისევ რომ დაამონონ. ძალაუფლება ხალხზე ზეწოლისთვის უნდათ.

- თქვენ ნაცმოძრაობის აკრძალვას ითხოვთ, ახლა ეს რამდენად შესაძლებელია?

- ნაცმოძრაობის აკრძალვის საფუძველი არსებობს. ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში აღარ იყოს დამნაშავე ორგანიზაცია. ნაცმოძრაობა ყოველთვის არაეროვნულ ქმედებებს ჩადიოდა. „ყველანი ციხეში“, „ორი გვამი მჭირდება“, „ბევრი დაჭერილი, ბევრი პრემია“. ეს არის მათი ლოზუნგები და მოწოდებები. ნაციონალებმა პოლიციური ჯალათური სახელმწიფო შექმნეს. 300 ათასმა ადამიანმა გაიარა ციხე. როგორ უნდა მისცეს ამომრჩეველმა ნაცმოძრაობას ხმა, როცა ციხეებში ცოცხალ პატიმრებს გარდაცვლილი პატიმრების გვერდით აბამდნენ.

- აბამდნენ?

- დიახ, როცა ცოცხალი პატიმარი აზრზე მოდიოდა, ხედავდა, რომ მკვდარ პატიმართან იყო გადაბმული. გლდანის ციხე იყო წამების ლაბორატორია. იქ ხდებოდა ადამიანების წამება, სიკვდილამდე მიყვანა და მკვლელობებიც. ჩემი საკნის ფანჯრების პირდაპირ ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს მისაღები ჩანდა. ყოველდღე შეჰყავდათ ცოცხალმკვდარი პატიმრები და სულ მცირე 4 გვამი გამოჰქონდათ იქიდან. სასწაულები იყო, ხალხო! გძინავს და ისმის კივილი, ვკვდები! მორგში ჰყავდათ ხალხი დაბმული.

- რატომ აბამდნენ?

- აბამდნენ, რომ არ გამოქცეულიყო. წარმოიდგინეთ, მაგარი ნაცემი რომ ხარ, შეწუხებული, სხეულს ვეღარ ანძრევ, უფალმა არ გაგწირა, უცებ გაცოცხლდი და მკვდართან ხარ დაბმული. როგორი აღსაქმელია. მორგიდან ამოდიოდა ხმა, ადამიანები კიოდნენ. მიშველეთ, მკვდრებთან ვარ! წარმოიდგინეთ, მორგში რა სუნი იქნებოდა, სისხლის სუნი მოდიოდა.

- სისხლის სუნი რატომ?

- მორგში მკვდრებს ჭრიდნენ. შინაგან ორგანოებგამოცლილი მიჰყავდა პატრონს. პატიმრებს ოპერაციას ნარკოზის გარეშე უკეთებდნენ. ხალხი კიოდა. იმ ჯალათური სისტემის წარმომადგენლებს ახლა რევოლუციის მოწყობა უნდათ.

- მათ ჰყავთ მათი ამომრჩეველი...

- ვინც ნაციონალებს მხარს უჭერს, როგორც ჩანს, რეჟიმი, სისხლი და უბედურება მოსწონთ და სწყურიათ. ნაცმოძრაობას ჰყავს თავისი სტაბილური ამომრჩეველი საქართველოს მასშტაბით. მათი რაოდენობა იმდენია, რომ ყოფილი რეჟიმი 5%-ს მიიღებს. ჩვენ მოვითხოვთ ნაცმოძრაობის აკრძალვას.

„ახალი თაობა“, 29 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გელა ნიკოლაიშვილთან: „ნაციონალებს გადატრიალების თავი არ აქვთ

პროკურატურა ექსპერტიზას ნიშნავს, რათა გაირკვეს, აუდიოჩანაწერში არსებული ხმები ეკუთვნის თუ არა ნაციონალური მოძრაობის წევრებს. დადგება თუ არა ნაცმოძრაობის ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი, თუკი ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა? დაიწყება თუ არა სამართლებრივი დევნა? „ახალი თაობის“ ამ და სხვა კითხვებს იურისტი, უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი პასუხობს.

- ბატონო გელა, პროკურატურა აუდიოჩანაწერზე ექსპერტიზას ნიშნავს, თუკი დადასტურდა ავთენტურობა, რამდენად უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა იმ პირებზე, ვინც ქვეყანაში გადატრიალებას და არეულობას გეგმავს?

- თუკი დადასტურდა ეს, ყველა შემთხვევაში მოხდება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება! გააჩნია, ჩვენ ამ შემთხვევაში რა სტანდარტს ვიღებთ.

- სტანდარტში რას გულისხმობთ?

- იმ სტანდარტით, რითიც ნაციონალური მოძრაობა მუშაობდა, არა თუ სამართლებრივი დევნა დაიწყებოდა, არამედ აღნიშნული პირები უკვე დიდი ხანია დაკავებულები იქნებოდნენ და შეიძლება უკვე გასამართლებულებიც. ჩვენ კარგად გვახსოვს, ირაკლი ბათიაშვილი რა მტკიცებულების საფუძველზე დააკავეს, გაასამართლეს და მიუსაჯეს ხანგრძლივი, 7 წლიანი პატიმრობა. ჩვენ გვახსოვს ე.წ. გიორგაძის მომხრეების საქმე, რა მტკიცებულებებზე მოხდა მათი დაკავება და გასამართლება. იქ არათუ რაიმე ჩანაწერი არსებობდა, ირაკლი ბათიაშვილი მხოლოდ იმ სიტყვისთვის – გამაგრდით – ჩათვალეს სახელმწიფო გადატრიალების ინტელექტუალურ მხარდამჭერად. ხოლო გიორგაძის მომხრეების შემთხვევაში, საერთოდ შეგზავნილი 5 ადამიანის ურთიერთსაწინააღმდეგო მონათხრობია. აქედან გამომდინარე, თუ ამ სტანდარტებით ვიმსჯელებთ, სისხლის სამართლის საქმე უდავოდ აღიძვრება.

- ამჟამინდელი სტანდარტები ხომ სხვაგვარია, რა იქნება ამ შემთხვევაში?

- თუ მართლაც ობიექტური და სამართლიანი სტანდარტებით ვიმსჯელებთ, ბრალის წაყენებისთვის ეს მასალა საკმარისია, მაგრამ რამდენად საკმარისი იქნება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, ვერ გეტყვით.

- ამისთვის რა არის საჭირო?

- ამისთვის საჭიროა დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება, დაკითხვები. ვიმეორებ, სანამ არ არის ჩატარებული ექსპერტიზა, ეს მონაწილენი, როგორც ვიცით, უარყოფენ კატეგორიულად, არ არის გამორიცხული, რომ მართლაც იყოს რაღაცა ხელოვნურად შეკოწიწებული, თუმცა ხმები მათი რომ არის, ამას არ უარყოფენ.

- სააკაშვილმა უნიჭო მონტაჟი უწოდა ყოველივე ამას.

- ეს თუ მონტაჟია, ნიჭიერია, უნიჭოა, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, ეს თუ მონტაჟია, ეს იქნება ჰაერში ფუჭი გასროლა და ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება პროკურატურა. თუმცა პროკურატურას ასეთ შემთხვევაში შეუძლია თქვას, ჩვენ რა შუაში ვართ, ჩვენ ხომ არ ჩაგვიწერია, ჩვენ მოვიპოვეთ, გამოძიება დავიწყეთ და თუკი იქნება ექსპერტიზის დასკვნა იმისი, რომ ეს არის მონტაჟი, აქ უკვე ყველაფერი დასრულდება.

- და თუ არ არის მონტაჟი?

- თუ არ არის მონტაჟი, ეს უკვე ბრალის წაყენების საფუძველი არის. თუმცა ბრალის წაყენების შემდეგ არის მთელი რიგი პროცედურები. ჯერ უნდა იყოს დასაბუთებული ვარაუდი, უნდა იყოს ალბათობის მაღალი ხარისხი, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ეს დანაშაული და ბოლოს განაჩენისთვის, უკვე უნდა დაიდოს უტყუარი მტკიცებულებები. ამ ბოლო სტადიისთვის საკმაოდ სერიოზული მტკიცებულებების შეგროვება იქნება საჭირო. ხოლო ამ ყველაფრის დასაწყებად უნდა დადასტურდეს ექსპერტიზის მიერ, რომ ეს არ არის მონტაჟი და ეს არის ავთენტური.

- არჩევნების წინ ვის ინტერესში შედის ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა, საზოგადოების დაძაბვა, ხელისუფლების თუ ნაციონალური მოძრაობის? ან არის სააკაშვილი საქართველოში ჩამომსვლელი და ამ ყველაფრის გამკეთებელი?

- რა თქმა უნდა, არა! თუმცა პოლიტიკოსის მოხერხება და მისი დონე გამოიხატება იმაში, რომ კონკრეტული შემთხვევები და კონკრეტული მოვლენები გამოიყენოს თავის სასარგებლოდ. ამას ცდილობს ერთი მხარეც და მეორე მხარეც. მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ვიღაც სულ სხვა პირის ატვირთულია, რომელსაც აჟიოტაჟის ატეხვა უნდა. დღეს ამის ტექნიკური საშუალებები არსებობს, ვიკილიქსი არავითარი სახელმწიფო დაწესებულება არ არის და მას აქვს ისეთი ტექნიკური საშუალებები, რომ ლამის სახელმწიფოს მეთაურებსაც უსმენენ. თუ ადამიანი ამ ტექნიკურ საშუალებებში კარგადაა გაცნობიერებული, მას თავისუფლად შეუძლია მოუსმინოს ყოველგვარი სუსის და კუდის გარეშე! ვნახოთ, ამ ჩანაწერს ვინ როგორ გამოიყენებს. ხომ ვხედავთ, ნაციონალები რა დღეში არიან, რა განცხადებებს აკეთებენ.

- ბიძინა ივანიშვილი გასაქცევად ემზადება და ასე შემდეგო?

- დიახ. მე მახსენდება 2012 წლის არჩევნები, სადაც ნაციონალები ასევე დამაჯერებლად საუბრობდნენ. მათ ერთი წუთით არ დაუშვიათ, ვინმეს ეჭვი შეპარვოდა, რომ ისინი მოიგებდნენ არჩევნებს. თუმცა ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა თქვა ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში, ვიცოდი, რომ იმ არჩევნებს წავაგებდიო. ანუ მათ წინასწარ იცოდნენ, რომ წააგებდნენ, თუმცა დამაჯერებლად ლაპარაკობდნენ, გავიმარჯვებთო.

- დღეს რა სიტუაციაა?

- დღესაც იგივე სიტუაციაა. დღესაც იციან, რომ წააგებენ. ათასი და ორი ათასი კაცის მისვლა საპროტესტო აქციაზე არაფერს ნიშნავს, მაგრამ ამას ხომ ხედავთ, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ, თითქოს ასი ათასი კაცი მიეყვანოთ. ეს ათასი კაცი სრულიად არაფერს ნიშნავს. თვითონაც მშვენივრად იციან, რომ არ არსებობს საფუძველი და ბაზა იმისთვის, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოხდეს, ისევე, როგორც ეს მოხდა 2003 წელს.

ცალკეული კერები დესტაბილიზაციის შეიძლება შეიქმნას, მაგრამ აქ უნდა იყოჩაღონ სამართალდამცავმა ორგანოებმა და კანონიერების ფარგლებში მოახერხონ ამის აღკვეთა. სააკაშვილი უკვე აცხადებს, სიმართლეს რუსთავი 2-ის ეგზიტპოლები ასახავსო, ანუ რასაც ჩვენ ვიტყვით, ის იქნება სიმართლე და თუ ეს ცესკოში არ დადასტურდა, უნდა მოვახდინოთ გადატრიალებაო, მათ ენაზე რევოლუცია. ეს არ გამოუვათ. მათ ამის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ – არც ადამიანური და არც პოლიტიკური!

——————-

ვერსია“, 28 სექტემბერი, 2016 წელი

მიხეილ სააკაშვილი კამიკაძე არ არის, საქართველოში ჩამოვიდეს

გაბედავს თუ არა ექსპრეზიდენტი საზღვრის გადმოკვეთას და რატომ ვერ მოაწყობენ ნაციონალები რევოლუციას

თათია გოჩაძე

,,სააკაშვილის ჩამოსვლამდე დარჩა 10 დღე”, _ მსგავს ფრაზებს, ნაციონალები თუ მათი მომხრეები ინტერნეტსივრცეში აქტიურად წერენ. თავად ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ავითარებს აზრს იმის შესახებ, რომ 9 ოქტომბერს სამშობლოში დაბრუნდება. ,,ვერსია” შეეცადა გაერკვია, რა შემთხვევაში შეიძლება გაბედოს ოდესის გუბერნატორმა საზღვრის გადმოკვეთა და მისი ჩამოსვლის შემთხვევაში, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები.

26 სექტემბერს, ,,თავისუფალი ზონის” გლდანის რაიონული განყოფილების წევრებმა ორგანიზაცია დატოვეს, მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ გამოყენებასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავს. არასამთავრობო ორგანიზაციის უკვე ყოფილი წევრები სააკაშვილთან შეხვედრაზე ალაპარაკდნენ და ოდესის გუბერნატორი ამხილეს. მათი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტს ,,თავისუფალი ზონა” არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ვითარების დასაძაბად სჭირდება. ამ განცხადების შემდეგ, ,,ენჯეოს” აქტივისტები დაკითხვაზე დაიბარეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი, განაცხადეს, რომ ახალგაზრდებმა, ფაქტობრივად, ფარდა ახადეს ნაციონალების გეგმას, რომელზედაც ბოლო დროს, ბევრი საუბრობდა.

ნაციონალების გეგმა ,,ბე”-ზე საუბარი პოლიტიკურ კულუარებს, ფაქტობრივად, მას შემდეგ გასცდა, რაც სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების ფარული ჩანაწერები გასაჯაროვდა, სადაც საუბარი ხელისუფლების რევოლუციური სცენარით ცვლილებაზეა. ბოლო ასეთი სკანდალური ჩანაწერი, 2 დღის წინაც გავრცელდა. ჩანაწერში, საქართველოს ექსპრეზიდენტსა და რამდენიმე ნაციონალს _ აკაკი მინაშვილს, პეტრე ცისკარიშვილს, ნუგზარ წიკლაურს, აკაკი ბობოხიძესა და გიგი წერეთელს შორის საუბარია. ოდესის გუბერნატორი ,,რევოლუციურ სცენარზე” აპელირებს და აცხადებს, რომ თუკი არჩევნებში ,,ოცნება” გაიმარჯვებს, ამას არ უნდა შეეგუონ და კოალიცია კალაძესთან, ალასანიასა და სხვებთან არ უნდა შექმნან.

ჩანაწერის ავთენტურობაზე საუბარი, ჩვენი მხრიდან, არასერიოზულია, მით უმეტეს, რომ ჯერჯერობით ისიც უცნობია, როდის, რა ვითარებაში ან ვის მიერ მომზადდა იგი. ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა. მიხეილ სააკაშვილი და თავად ნაციონალები ჩანაწერს ,,უნიჭო მონტაჟს” უწოდებენ და მსგავს დიალოგს არ ადასტურებენ. სამაგიეროდ, უკვე კარგა ხანია არაერთი პოლიტიკოსი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნაციონალები არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციას გეგმავენ. მეტიც, შეიძლება ითქვას, ნაციონალების გეგმა ,,ბე”-ზე საუბარი მთელ წინასაარჩევნო კამპანიას ლაიტმოტივად გასდევს. ნაციონალები ამტკიცებენ, რომ არეულობის მოწყობა სულაც არ დასჭირდებათ, რადგან ჰგონიათ, რომ ფენიქსივით ფერფლისგან აღდგებიან და 8 ოქტომბერს არჩევნებში გაიმარჯვებენ. ,,ოცნების” წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ნაციონალებს გამარჯვების, შესაბამისად, ხელისუფლებაში მობრუნების შანსი არ აქვთ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, წყალწაღებულივით ხავსს მოეჭიდონ – ქვეყანაში ვითარება არიონ და რევოლუცია მოახდინონ.

არაერთმა პოლიტიკოსმა, იმის დასტურად, რომ რევოლუციური სცენარი ნაციონალების თავში მართლაც იხარშება, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება დაასახელა _ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის Facebook-გვერდზე დაიდო ფოტო მინაწერით, სადაც სააკაშვილი სრულიად საქართველოს მოსახლეობას ჰპირდება, მალე დავბრუნდებიო. მას შემდეგ, მისმა მომხრეებმა, დღეების ათვლა დაიწყეს და აქტიურად ქმნიან მოლოდინს, რომ სააკაშვილი სამშობლოში 9 ოქტომბერს დაბრუნდება.

პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა, სწორედ ,,რევოლუციური სცენარის” ნაწილი შეიძლება იყოს _ თუ არჩევნებში ,,ოცნება” გაიმარჯვებს, ნაციონალების დე ფაქტო ლიდერი საზღვარს გადმოკვეთს, რის შემდეგაც, ხელისუფლების ადეკვატური რეაქცია მისი დაპატიმრება იქნება. გისოსებსმიღმა სააკაშვილის აღმოჩენა კი, მისი მომხრეებისთვის მართლაც შეიძლება აღმოჩნდეს ბიძგი, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნითა და სურვილით დაირაზმონ. ახლა საინტერესო მხოლოდ ისაა, გაბედავს თუ არა ოდესის გუბერნატორი საზღვრის გადმოკვეთას? იქნებ მას პირიქით, წამებულის მანტიის მორგება და თავისი თუ ნაციონალების რეიტინგის ასამაღლებლად, ხელისუფლებაში რევოლუციური გზით დასაბრუნებლად, რამდენიმე დღით ხელბორკილების დადება აწყობს კიდეც? ან იქნებ მართალია მოარული ხმები იმის შესახებ, რომ ნაციონალებს იმედი აქვთ, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლას 200 ათასი თუ არა, 10-50 ათასი ადამიანი მაინც დაელოდება და ფიქრობენ, რომ მათი შემხედვარე, ხელისუფლება სააკაშვილს არ დააპატიმრებს?

ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩამოსვლისთანავე, კანონის ფარგლებში, სააკაშვილს დაპატიმრება ემუქრება. ამ ფონზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც უტოპიად მიაჩნია საქართველოში ექსპრეზიდენტის დაბრუნება. მეტიც, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ბიძინა ივანიშვილმა ისიც კი განაცხადა, ,,სად ჩამომსვლელია ეგ საცოდავი, ლიფტში შესვლის ეშინია, დახურულ სივრცეს ვერ იტანს და დაპატიმრების შიშით აქ როგორ ჩამოვა. ამას უბრალოდ თავის გუნდს პირდება”.
სააკაშვილის ეს დაპირება წინასაარჩევნოდ თანაგუნდელებისა და მომხრეების უბრალო გამხნევებაა თუ რეალური გეგმის ნაწილი, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი საინტერესოა, რამდენად აქვთ საქართველოში იმის მოლოდინი, რომ ოდესის გუბერნატორი საზღვარს გადმოკვეთს და თუ ჩამოსვლა მართლაც გაბედა, ქვეყანაში რა სცენარი შეიძლება განვითარდეს?

ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, ,,ვერსია” პოლიტოლოგებს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, მათგან არც ერთს არ სჯერა, რომ სააკაშვილი რისკზე წავა და საქართველოში დაბრუნდება.

სოსო ცისკარიშვილის აზრით, ზოგადად, მეოცნებე ერი ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ოცნებები არასოდეს აგვხდენია. საქართველოში დაბრუნებაც, სააკაშვილისთვის ოცნებაა: ,,თუ ეს რეალური ოცნებაა, უნდა გაჟღერებულიყო მას შემდეგ, რაც საქართველოს საზღვრებს გადმოკვეთდა. წინასწარი მოტივაცია ყველა სახელისუფლებო სუბიექტისა _ არ დაუშვან ეს ვიზიტი მათი აქტიური ჩარევის გარეშე _ მიმანიშნებელია, რომ ჯერჯერობით სააკაშვილის ფიგურა ერთადერთ საყრდენად რჩება ,,ქართული ოცნების” პარტიისთვის, რათა მოიზიდოს ამომრჩეველი. სააკაშვილი უფრო პრაგმატული ადამიანი გახლავთ. მისი ჩამობრძანება არის არა მხოლოდ მისი სურვილი. ვრცელდება ინფორმაცია, თურქეთის ტერიტორიაზე აპირებდა დაბინავებას, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ ჰქონდა სურვილი შტაბის მსგავსი აჭარის ტერიტორიაზე მოეწყო. სააკაშვილის ჩამოსვლა, ,,ოცნებისთვის” ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება. ამით გაახსენებს ამომრჩეველს, რა ხდებოდა 2006-2012 წლებში საქართველოში. სააკაშვილი კამიკაძე არაა, საქართველოში ჩამოვიდეს”.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხს, არასერიოზულად მიიჩნევს არჩილ გამზარდია. მისი თქმით, ეს საინფორმაციო პროპაგანდა და მოდელი სააკაშვილმა იმისთვის გამოიყენა, თავისი ამომრჩევლის სრული მობილიზება შეძლოს და კომფორმისტების კატეგორიაც ,,გადმოიბიროს”, რომლებიც თუ დააჯერებენ, რომ სააკაშვილი ჩამოდის, მის ,,ბანაკში” დროულად გადავლენ.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩამოვა, თუკი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს. ამ შემთხვევაში, მას, დაპატიმრება არ დაემუქრება და ციხიდან ნაციონალების სხვა ლიდერებსაც კი გამოუშვებენ.

ექსპერტი გია ხუხაშვილის თქმით, საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რადგან მას თუ არ ექნება სერიოზული გარანტიები, ასე, მარტივად, ჩამოსვლას ვერ გაბედავს. ამ ამბის გავრცელების მიზანი შესაძლოა, იყოს სააკაშვილის მხრიდან თავისი ამომრჩევლის მობილიზების მცდელობა.

სააკაშვილის ბაქიბუქი ალბათ მართლაც უფრო მუხტის არდაგდებისა და ამომრჩევლის მობილიზების მცდელობაა. ექსპრეზიდენტს, პოლიტიკურ სიბეცეს ნამდვილად ვერ დასწამებ და ისიც ნაკლებსავარაუდოა, მას 2003 წლის სცენარის განმეორების იმედი ჰქონდეს, რასაც კულუარებში პროგნოზირებენ. სხვა თუ არაფერი, ,,ვარდების რევოლუციის ეპოქასა” და დღევანდელ რეალობას შორის, არც დიდი პოლიტიკოსობა სჭირდება და არც პოლიტოლოგობა. ვითარება 2003 და 2016 წლებს შორის, ცასა და დედამიწასავით განსხვავდება – მაშინ რევოლუციის მომხრე, საზოგადოება იყო, დღეს კი, ასეთი მუხტი, მოქალაქეებში არ არის. სწორედ ამ აზრს ავითარებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის აზრითაც, ძალიანაც რომ უნდოდეთ, ნაციონალებს რევოლუციის მოწყობა არ გამოუვათ:

„აღარ არის ის სიტუაცია, რაც იყო 2003 წელს. ისინი წავიდნენ 2003 წლის სცენარით. 2003 წლის გადატრიალება ამერიკას სურდა, რუსეთსა და საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს. აშშ-ს ელჩის განცხადება მკაფიო მითითება იყო, რომ დესტაბილიზაცია არავის აწყობს, რუსეთი არც გვაინტერესებს და არც ვიცით. მოსახლეობის დიდი ნაწილი წინააღმდეგია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის. ამ პირობებში რევოლუცია შეუძლებელია, სულ რომ ხელი არ გაანძრიოს შსს-მ, რომელიც დარწმუნებული ვარ, მოახერხებს ნორმალური ზომით ამ ვითარების დარეგულირებას, რევოლუცია შეუძლებელია“.

———————-

საქართველო და მსოფლიო“, 28 სექტემბერი, 2016 წელი

ოპერაცია სანდრაროსა, ანუ დამხობა გადატრიალებით

გიორგი გელაშვილი

წინა და მოქმედ ხელისუფლებებს ორი უკიდურესობა სჭირთ: სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში არ იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება, არ ხდებოდა ტერაქტები, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალების მოსურნეებსაც და ტერორისტებსაც ლამის კვარტალში ერთხელ იჭერდნენ. ამჟამინდელ ხელისუფლებას კი, აგერ უკვე მეოთხე წელია, ლამის კვარტალში ერთხელ უანონსებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადება და ესენი ყურს არ იბერტყავენ.

ნამდვილად ვერ გეტყვით, მეტი რა უნდა ქნან ნაციონალებმა, როგორ უნდა თქვან უფრო გასაგებად, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას ძალადობრივი სცენარით აპირებენ. ამ ყველაფერზე ერთი ანეკდოტი მახსენდება (ბოლო სამი დღეა, ანეკდოტები აქტუალური თემაა): მოწმე სასამართლოზე ამბობს, ჩვენი მიხო მეზობელ ქალს ხის ძირში აბახებდაო. მოსამართლე შეუსწორებს – კი არ აბახებდა, სექსუალურ კავშირს ამყარებდაო. ბატონო მოსამართლე, შორიდან მეც ასე მეგონა, რომ სექსუალურ კავშირს ამყარებდა, მაგრამ ახლოს რომ მივედი, აშკარად აბახებდაო…

შორიდან რას ხედავს პროკურატურა, ვერ გეტყვით, მაგრამ ახლოდან ისე ჩანს, რომ ნაციონალები ძველი გეგმის მიხედვით აპირებენ მოქმედებას. აკი ამბობს კიდეც უკრაინული “ვიკილიქსის” მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში პეტრე ცისკარიშვილი, _ კადაფი უნდა გავიმეოროთ საქართველოშიო. იმ ჩანაწერში ბევრი სხვაც არის, მაგრამ ამაზე _ მოგვიანებით.

„თავისუფალი ზონის“ წევრების განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობთ. “ნაციონალური მოძრაობის” ოფისებში იგეგმება დესტაბილიზაცია, დგება კონკრეტული გეგმა, რომლის განსახორციელებლად კონკრეტული დაჯგუფებები, ე.წ. დამატებითი ორგანიზაციები იქმნება. ეს არის ის, რაზეც ბოლო პერიოდში ვსაუბრობდით. ძალიან კარგია, რომ “ნაციონალურ მოძრაობაშიც” აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დანაშაულებრივ გეგმას ემიჯნებიან. ჩვენ, კარგა ხანია, ვამბობთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით არის განხეთქილება, არის მოტივაციის ნაკლებობა და ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ დანაშაულებრივ გეგმებთან, რომლებსაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ოდესიდან აწყობენ”, – ეს, ვინმე რიგითმა ადამიანმა კი არა, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა და პარტიული სიის მესამე ნომერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებას 27 სექტემბერს გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისმა თანამშრომლებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში დაკითხვის უწყებები მიიტანეს, მაგრამ ნაციონალებმა დაკითხვაზე დაბარების უწყებები არ ჩაიბარეს.

ერთადერთი, რაც სამართალდამცველებმა გააკეთეს, იყო ის, რომ დაკითხეს “თავისუფალი ზონის” ის წევრები, რომლებმაც განაცხადეს დაგეგმილ პროვოკაციაზე და პარტია დატოვეს.

აქეთ შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, – ყველაფრისთვის მზად ვართო, მაგრამ, იცით, რა არის საინტერესო? ეს თურქეთი ხომ ჩვენი მეგობარი და მოძმეა (ასე გვიმტკიცებენ, ყოველ შემთხვევაში), ჰოდა, რატომ არ უგზავნის შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქეთის ხელისუფლებას წერილს, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი აპირებს თქვენს ქვეყანაში ჩამოსვლას და ეგებ დააკავოთო? შესაძლოა, ამ წერილს მოქმედება არ მოჰყვეს მოძმე თურქეთის მხრიდან, მაგრამ წერილის მიწერას და პოზიციის გამოხატვას რა უდგას წინ?!

„მიშა იძახის, რომ სანდრა – ეს მე ვარო. ძალიან ვცდილობ, რომ პოლიტიკოსობა ვისწავლო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან შორს ვარ მისი ნიჭისგან და ხედვისგან. მან ყოველთვის წინასწარ იცის, რა უნდა მოხდეს და ეს მართლდება. ის აქ იქნება ჩვენთან ერთად, რომ გამარჯვება იზეიმოს. ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრაც რომ დასჭირდეს, ის ამას გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება”, – განაცხადა ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა.

როგორია? ამას ამბობს ქალი, რომელმაც არ უპასუხა კითხვას, რატომ იხარჯებოდა მილიონობით ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი და მისი შვილების მოგზაურობისთვის; რატომ იხდიდა სახელმწიფო მისი შვილების სწავლის საფასურსს და რატომ არავინ სვამს კითხვას: რატომ არ არიან სანდრას შვილები მის გვერდით? როგორც ამბობენ, შვილები ისე ჰგვანან მამას, რომ, შესაძლოა, მათმა დანახვამ აგრესია გამოიწვიოს ხალხში.

სანდრამ ყველაზე კარგად იცის, რომ მისი ქმარი მშიშარაა და ისიც იცის, რომ მიშას “ვაჟკაცობის” შესახებ ხალხმაც იცის, ამიტომ ყველა შეხვედრაზე იმის მტკიცება უწევს, რომ მიშას არაფრის ეშინია და აუცილებლად ჩამოვა, მაგრამ, სულო ცოდვილო, რა ვუყოთ იმ კადრებს, რომლებზეც ნათლად ჩანს, როგორ კანკალებს მიშა და მიწაზე ხოხავს… ნუ, მართალია, ვიდეოდან მიშას მიერ დაყენებული სუნის შეგრძნება ვერ ხერხდება.

ახლა რაც შეეხება ნაციონალების გეგმას. როგორც ჩანს, ერთადერთი საღად მოაზროვნე ამ გუნდში გიგა ბოკერია დარჩა. გაგიკვირდებათ და, სწორედ ბოკერიაა ის კაცი, რომელიც, რევოლუციური სცენარის გარდა, სხვა ვარიანტსაც განიხილავს და, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, კოალიციაზე ფიქრობს. ბოკერია ფიქრობს, რომ ბურჭულაძესთან, რესპუბლიკელებთან, თავისუფალ დემოკრატებთან გაერთიანებით, უმრავლესობის შექმნას შეძლებს, მაგრამ ისიც კარგად იცის, რომ აღნიშნულ ორ პარტიას ბარიერის გადალახვის სერიოზული პრობლემა ექნება. აქედან გამომდინარე, იძულებულია, დაეთანხმოს რევოლუციურ სცენარს, რომელიც, უკრაინული “ვიკილიქსის” ინფორმაციით, ძალიან მარტივია.

მიხეილ სააკაშვილმა უკვე დააანონსა, რომ ის არ ენდობა არც ერთ ეგზიტპოლს და არ აინტერესებს, რას იტყვიან ხალხი ან უცხოური ორგანიზაციები. ის ენდობა მხოლოდ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს და რა შედეგსაც გამოაქვეყნებს აღნიშნული ტელევიზია, ის იქნება სააკაშვილისთვის ჭეშმარიტება.

„არჩევნები ვერ გაყალბდება! ივანიშვილმა რაღაც რომ არ გააყალბოს და რომ არ იმანიპულიროს, არ შეუძლია, მაგრამ, ჯერ ერთი, არსებობს უამრავი მექანიზმი, რომლებიც ჩავდეთ თავის დროზე კანონმდებლობაში. ეს – სხვათა შორის, უკრაინისგან განსხვავებით, რადგან უკრაინაში ძალიან ადვილია 3-6%-ის მოპარვა. საქართველოში 2013 წლის შემდეგ ბევრჯერ გადავხარშეთ, სერიოზულად შევცვალეთ კანონმდებლობა და ეს იქნება შეუძლებელი. მეორე – იქნება ეგზიტპოლები. „რუსთავი 2” ხომ ვერ დაკეტეს, “რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლმა იწინასწარმეტყველა აკურატულად ჩვენი დამარცხება 2012 წელს. მე რომ გამოვედი და ვაღიარე შედეგები, კომისიის შედეგებს კი არ დავეყრდენი, როგორც კი “რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლი ვნახე, ერთი წუთით არ მიყოყმანია, რადგან ვენდობოდი მთლიანად ამ ეგზიტპოლს. გამოვედი და განვაცხადე, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნები წააგო. ამ შემთხვევაში მე ეს გამოვაცხადე არა როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, არამედ როგორც პრეზიდენტმა, რომელიც ყველაზე მაღლა უნდა მდგარიყო. ბევრმა ჩემმა მეგობარმა მისაყვედურა, შენ რომ გამოაცხადე, იმის მერე კომისიებში ჩამოგვეშალა სიტუაციაო, მაგრამ სიმართლე არის სიმართლე. მერე “რუსთავი 2”-მა იწინასწარმეტყველა აკურატულად ჩვენი დამარცხება საპრეზიდენტო არჩევნებში 2013-ში, ჩვენი დამარცხება ადგილობრივ არჩევნებში… ასე რომ, ხალხმა იცის, “რუსთავი 2” სწორად წინასწარმეტყველებს.

ის, რომ ივანიშვილი პარალელურად ეგზიტპოლებს აკეთებს, იმის არავის სჯერა, დაახლოებით პატარკაციშვილი აკეთებდა იმავეს, ვიღაც აფერისტები რომ ჩამოიყვანა. ყველამ იცის, რომ “რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლში რაც იქნება, ეს იქნება ვერდიქტი… როგორც კი ის გამოცხადდება, მერე გინდა სცადოს გადაწერა, გინდა გადმოწერა _ ეს არაფერს შეცვლის, ამიტომ ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მივალთ საარჩევნო უბნებზე, ვუთხრათ სიმართლე გამომკითხავებს. მე ვიცი, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს ეხათრება სიმართლის თქმა ოპოზიციის სასარგებლოდ და ვუთხრათ მათ სიმართლე რა… იმიტომ, რომ ჩვენი პატარა სიმართლე შეიკრიბება ერთი დიდი სიმართლის ნაკადულად, დიდ მდინარედ, რომელიც შემდეგ იქცევა წარღვნად ივანიშვილის “ოცნებისთვის” და მოხდება დემოკრატიის საბოლოო გამარჯვება საქართველოში”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რა გამოდის? მიშასთვის სულერთია, რა შედეგი დადგება, მთავარია, რას იტყვის “რუსთავი 2”. აღნიშნულმა ტელეკომპანიამ კი ეგზიტპოლების გაკეთება ნაციონალების ერთ-ერთი ლიდერის _ ლევან თარხნიშვილის ცოლის კომპანიას დაუკვეთა. მართალია, აღნიშნულ კომპანიაში უცხოელებიც მუშაობენ, მაგრამ სქემა უმარტივესია _ თარხნიშვილის მეუღლეს ექნება იმ ადამიანების სია, რომლებსაც უნდა ჰკითხოს, ვის მისცეს ხმა და ასე გამოჭედავენ ნაციონალების გამარჯვებას. გამოკითხული ათასი კაციდან, სულ ცოტა, 700 იტყვის, რომ ნაციონალებს მისცა ხმა და ამ შედეგით აღტკინებული სააკაშვილი, გეგმის მიხედვით, სარფის გამშვებ პუნქტს უნდა მოადგეს, აქედან კი ლევან ვარშალომიძე უნდა დახვდეს გულანთებული ხალხით. შემდეგ, სააკაშვილი რომ არ დააპატიმრონ, ის ამ ხალხის მასასთან ერთად უნდა დაიძრას თბილისისკენ, სამეგრელოში უნდა შეუერთდეს სხვა ადამიანების მასა და უნდა მიადგნენ სოლოლაკში ივანიშვილის სახლს შეძახილებით: “წადი, წადი”…

ყველაფერთან ერთად, ურიგო არ იქნება, თუ სანდრას სამეგრელოში ერთ-ერთ შეხვედრაზე ისევე დაუსისხლიანებენ ცხვირ-პირს, როგორც ეს ჩიორა თაქთაქიშვილს გაუკეთეს, და მერე რა, თუ სანდრას ეტკინება, აიტანს… ასეთები აუტანია?!

მიშას გეგმა, რომელსაც ხუმრობით “სანდრაროსას” ეძახის, ძალიან ჰგავს ჰიტლერის “ბარბაროსას”. მართალია, სააკაშვილის ორეულმა “ბარბაროსა” ვერ განახორციელა და ბოლოში ვერ გავიდა, მაგრამ მის გეგმას უამრავი მსხვერპლი მოჰყვა. მსხვერპლი სააკაშვილს ახლა ყველაზე მეტად აძლევს ხელს, რადგან მისი პრინციპი ასეთია _ ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ბევრის _ სტატისტიკა. ნაციონალებმა სტატისტიკაზე მუშაობა რომ იციან, 9 წლის განმავლობაში დაამტკიცეს და… პროკურატურასა და პოლიციაში კოაბიტირებული ხალხი როდემდე უნდა გვყავდეს, ვინმემ ხომ არ იცის?!

დასასრულ, მიშა არ მალავს, რომ ზურგს ისევ ამერიკელები უმაგრებენ და “ნაციონალური მოძრაობა” ამ მხარდაჭერის სანაცვლოდ ამერიკის საპრეზიდენტო მარათონში სერიოზულ შეწირულობებს აკეთებს. ამერიკელების ძალის ვისაც არ სჯერა, შევახსენებ, რომ სწორედ ამერიკელების ძალისხმევით, ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი, რომელმაც თავის დროზე არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, ახლახან იმპიჩმენტის ძალით დაამხეს და “ქართულ ოცნებას” რას დამართებენ?

საქართველო და მსოფლიო“, 28 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ალექსანდრე ჭაჭიასთან: „ამ არჩევნების დანიშნულება და მნიშვნელობა არის ის, რომ საბოლოოდ დასამარდეს ნაცმოძრაობის პრეტენზია ძალაუფლებაზე

ირაკლი თოდუა

საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და წინასაარჩევნო პოლიტიკური ვითარების გაანალიზება ცნობილ პოლიტოლოგს, ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას ვთხოვეთ.

- ბატონო ალექსანდრე, დიდი ხანია, ქვეყნის პოლიტიკური სიტუაციის ანალიზით ქართულ პრესაში არ გამოსულხართ. საქართველოში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ ამ პროცესების სერიოზული ანალიზის ნაკლებობაა, საერთოდ, საქართველოს შესახებ კვალიფიციური ანალიტიკური მასალების დიდი დეფიციტია

- პოლიტიკური ანალიზის თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, საინტერესო არ არის. ანალიზისთვის ის ქვეყნებია საინტერესო, რომლებიც, საკუთარი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ატარებენ ან ცდილობენ, გაატარონ დამოუკიდებელი პოლიტიკა. საქართველო ამ ქვეყნებს არ მიეკუთვნება. საქართველოს პოლიტიკური ქცევის ფორმულის გამოსაყვანად საკმარისია იცოდე წინა აზიასა და სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის პოლიტიკის არსი. საქართველოს არავინ განიხილავს დამოუკიდებელ მოთამაშედ თუნდაც ამიერკავკასიაში, ამიტომ არც მსოფლიო მედია და არც სერიოზული პოლიტოლოგიური ცენტრები არ აანალიზებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და პოლიტიკურ ვითარებას. პირადად მე კი, როგორც ცნობილია, საკმაოდ ბევრს ვწერდი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის, თქვენ გაზეთშიც. შემიძლია გითხრათ, რომ ანალიზი, წინადადებები, რეკომენდაციები, რომლებიც მოცემული იყო თუნდაც 5-10-15 წლისწინანდელ სტატიებში, სამწუხაროდ, დღემდე აქტუალურია.

- რა არის ამგვარი პოლიტიკური სტაგნაციის მიზეზი?

- მიზეზი არის ის, რომ საქართველოში, მიუხედავად 25-წლიანი ფორმალური დამოუკიდებლობისა, ვერ ჩამოყალიბდა ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული, დამოუკიდებელი პოლიტიკური კლასი. მეტიც, ვერ ჩამოყალიბდა მყარი იდეოლოგიური პლატფორმის, ალტერნატიული პოლიტიკური და ეკონომიკური კონცეფციების მქონე პოლიტიკური პარტიები, რომელთა შორისაც ელექტორატი შეძლებდა მისთვის მისაღები ძალის არჩევას. დააკვირდით, რა ესმის დღეს ამომრჩეველს პოლიტიკური ლიდერებისგან: “მე ვარ პროდასავლური კურსის მომხრე, ვოცნებობ ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე, მიყვარს ამერიკა და ამერიკული ფასეულობები, ხოლო სხვებისგან იმით განვსხვავდები, რომ ნამდვილი მომხრე ვარ, გულწრფელად მიყვარს და გულწრფელად ვოცნებობ, ამიტომ უნდა ვიყო პრემიერი, ჩემი ცოლი უნდა იყოს თავდაცვის მინისტრი, ჩემი ნათესავი – შინაგან საქმეთა მინისტრი, ჩემი საყვარელი – საგარეო საქმეთა მინისტრი და ა.შ.“. სხვათა შორის, ანალოგიური რამ ესმის ამ ლიდერებისგან ამერიკის ელჩსაც: „დამიჭირეთ მხარი, მე უფრო ყოჩაღად შემიძლია ამერიკის ინტერესების დაცვა, ვიდრე არსებულ ხელისუფლებას!“. ამასთანავე, როგორც ზოგადად პოლიტიკა, ასევე საარჩევნო პროცესი, პარტიების შექმნა-დანაწევრება, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაც ტოტალური უმუშევრობისა და სიღარიბის პირობებში მცირე ბიზნესის ნაწილად იქცა, სადაც იდეების, კონცეფციების, ქვეყნის განვითარების სტრატეგიული პროგრამებისთვის ადგილი არ არის.

- მიუხედავად ამისა, 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. თქვენ საქართველოში ბევრი მომხრე გყავთ, თქვენს შეხედულებებს იზიარებენ, გენდობიანვის მიმართ ხართ კეთილგანწყობილი?

- პირადი პოლიტიკური კეთილგანწყობა, ისევე, როგორც, ალბათ, ქართველი ამომრჩევლების უმრავლესობას, არ გამაჩნია. თუმცა არსებობს მიზანშეწონილობის საკითხი, რომლითაც, როგორც ჩანს, ისარგებლებს კიდეც ჩვენი ამომრჩეველი. საქმე ის არის, რომ, როგორც წინა, ასევე, ამჟამინდელ არჩევნებშიც ძირითად მეტოქეებად „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ გვევლინებიან. „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, პარტია არაა, მას არანაირი რეალური პოლიტიკური, ეკონომიკური პროგრამა და ინტელექტუალური პოტენციალი არ გააჩნია და „ინტერესთა კლუბს“ უფრო წარმოადგენს. ინტერესი კი დღეს ერთია – არ დავუშვათ “ნაცმოძრაობის” რეინკარნაცია, რასაც მოსახლეობის უმრავლესობა დაუჭერს მხარს. იმ გარემოებამ, რომ “ქართული ოცნების” მეტოქე “ნაცმოძრაობაა”, მას ერთხელ უკვე მოუტანა გამარჯვება და, მიუხედავად მოსახლეობის სრული იმედგაცრუებისა, ამჟამინდელ არჩევნებშიც უზრუნველყოფს “ოცნების” დამაჯერებელ გამარჯვებას. საზოგადოების მოაზროვნე ნაწილს, ასეთი კი უმრავლესობაა საქართველოში, ესმის, რომ ნაციონალები – ეს არის უბედურება, სირცხვილი და ქვეყნისთვის პატივის აყრა. ამერიკელებიც კი, რომლებმაც შექმნეს და ხელისუფლებაშიც მოიყვანეს ნაციონალები, დაჟინებით აღარ ითხოვენ სერიოზულ პოლიტიკურ ძალად მის შენარჩუნებას და ამჟამინდელი არჩევნები ამის ნათელი დასტური იქნება: ამერიკელები აღარ მოითხოვენ არჩევნების გაყალბებას ნაციონალების სასარგებლოდ. სხვა საქმეა, რომ პოლიტიკურ არარაობაში “ნაცმოძრაობის” გადაბარგებასთან ერთად “ქართული ოცნების” საზოგადოებრივი მხარდაჭერაც ნულისკენ დაექანება და შემდეგი არჩევნებისთვის როგორც ეს პარტია, ასევე მთავრობის “არნახული წარმატებებით” მუდამ აღფრთოვანებული მისი არაფორმალური ლიდერი მოსახლეობაში მხოლოდ ირონიას გამოიწვევენ.

- საზოგადოებაში არის შიში, რომ ნაცმოძრაობაარ შეურიგდება დამარცხებას და ვითარების დესტაბილიზაციას შეეცდება...

- არ არის გამორიცხული, ეს მათი სტილია. “ნაცმოძრაობა” ხომ ასევე არ არის პარტია იდეებით, კონცეფციებითა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიით, სამაგიეროდ, ეს არის პოლიტტექნოლოგიების, მათ შორის ძირგამომთხრელი პოლიტტექნოლოგიების, პარტია. თუმცა ძალის გამოყენებით მასშტაბურ დესტაბილიზაციაზე “ნაცმოძრაობა” მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ ამერიკელებს გადაწყვეტილი აქვთ, რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან ხელახლა შექმნან ცხელი წერტილი. ამერიკის თანხმობისა და უშუალო დახმარების გარეშე ნაციონალები მასშტაბურ დესტაბილიზაციას ვერ გაბედავენ. რა თქმა უნდა, იქნება ექსცესები – ჩხუბი, მიტინგები, არჩევნების გაყალბების ბრალდებები, მაგრამ ამაზე შორს საქმე არ წავა.

- ხომ შეიძლება, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დამოუკიდებელი საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯების თავიდან ასაცილებლად, მისთვის, ასე ვთქვათ, ადგილის მისაჩენადამერიკელებმა ნაციონალების დესტრუქციას დაუჭირონ მხარი?

- ამის არანაირი აუცილებლობა არ არის. ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი დასავლეთში, ამერიკულ ბანკებშია. ეს კი საუკეთესო გარანტიაა იმისა, რომ იგი არავითარ შემთხვევაში არ გადადგამს დამოუკიდებელ ნაბიჯს. შეუძლებელია, ღარიბი ქვეყნის მდიდარი მმართველი პოლიტიკურად დამოუკიდებელი იყოს.

- რამდენიმე პარტია ცდილობს, “მესამე ძალადწარმოაჩინოს თავი. მაგალითად, პაატა ბურჭულაძე მიილტვოდა ამ სტატუსისკენ...

- დიახ, არის ათი თუ ოცი პარტია, მათ შორის პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ალასანიას, შალვა ნათელაშვილის, რესპუბლიკელების, რომლებიც გაიძახიან, რომ „სულით ხორცამდე პროდასავლურები“, „ჭეშმარიტად პროამერიკულები“ არიან. ასეთ პოლიტიკოსებზე უკვე ვისაუბრეთ, მათ არ აქვთ პერსპექტივა. “მესამე ძალა” რომ გახდე, პირველი ორის ალტერნატივა უნდა იყო. ეს პარტიები კი ერთ პოლიტიკურ ველზე ძოვენ, ველზე, რომელიც უკვე განაწილებულია და იქ მათთვის ადგილი არ არის.

- ალტერნატიულ თვალსაზრისს გამოთქვამენ გოგი თოფაძე, თამაზ მეჭიაური, ნინო ბურჯანაძე

- თუკი გაერთიანდებოდნენ, მათ ჰქონდათ “მესამე ძალად” ჩამოყალიბების შანსი. არ ვიცი, რა უშლით ხელს – პირადი ამბიციები თუ “მეგობრების რჩევა”, მაგრამ ისინი მხოლოდ აბნევენ და ფანტავენ იმ ელექტორატს, რომელსაც ქვეყნის განვითარების ალტერნატიული მოდელი სურს. როგორც ვატყობ, ქვეყნის განვითარების მკაფიო სტრატეგიაც არ აქვთ. აქვთ დეკლარირებული მიზნები, მაგრამ მათი მიღწევის საშუალებები და მეთოდები გაუგებარია. მიუხედავად ამისა, ბურჯანაძეს მაინც აქვს ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა. საქართველოში დღეს ხელსაყრელი ნიადაგია მისი ამჟამინდელი, ხაზს ვუსვამ, ამჟამინდელი პოლიტიკური მსოფლმხედველობისთვის; ხოლო, თუკი ვერ მიიღებს საჭირო რაოდენობის ხმებს, ესე იგი ხალხმა მას წარსული პოლიტიკური ქცევა არ აპატია, არ დაიჯერა მისი ტრანსფორმაცია და პოლიტიკური შეხედულებების 180 გრადუსით შეცვლა.

- ბოლო პერიოდში გაიზარდა პატრიოტთა ალიანსისმხარდამჭერთა რაოდენობა. თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს ამ პარტიას?

- ეს პარტიაც ცდილობს, დაუმტკიცოს ამერიკელებს, რომ მათიანია და სანდოა. ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად ამ პარტიის ჩამოყალიბების პერსპექტივა დღეს არ ჩანს, მაგრამ პარლამენტში შესვლა შეუძლია, რადგან, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, „პატრიოტთა ალიანსს“ უდავოდ აქვს დამსახურება ქართველი საზოგადოების წინაშე. სწორედ მათ, გაასაჯაროეს რა ნაციონალების მხეცობის ვიდეოკადრები, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს არჩევნებში “ნაცმოძრაობის” დამარცხებაში. ვფიქრობ, ამ სკანდალური კადრების გარეშე “ოცნება” ასე დამაჯერებლად ვერ მოიპოვებდა ხმათა უმრავლესობას. საგარეჯოს არჩევნებში მაქინაციების მხილებითაც “ალიანსმა” აჩვენა, როგორ “პატივს სცემს” რესპუბლიკური პარტია კანონსა და დემოკრატიულ ღირებულებებს. გარდა ამისა, “ალიანსმა” სწორი, ეროვნულად ორიენტირებული პოზიცია დაიკავა თურქეთის ფინანსურ-ეკონომიკური და კულტურულ-რელიგიური ექსპანსიის მიმართაც. ასეთი ხალხი საჭიროა პარლამენტში, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს წლებში თურქეთთან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები გველის. აჭარელი ნაცების ლიდერმა აჭარლებს ხომ უკვე უწოდა თურქი ერის ნაწილი, ხოლო თუ „ერთიანი ერი“ გახლეჩილია, მოვა მისი „გაერთიანების“ დროც.

- გამოდის, არჩევნების შემდეგ ქვეყნის ცხოვრებაში თვისობრივ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ

- ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, საგარეო და საშინაო პოლიტიკაში თვისობრივი ცვლილებები არ იქნება. თვისობრივად არც დეპუტატთა კორპუსი გაუმჯობესდება. ხომ იცნობთ პარტიულ სიებს. კი, ყველა სიაში არის საზოგადოების ორი-სამი ავტორიტეტული წარმომადგენელი და პარლამენტში შეიძლება მოხვდეს ათიოდე სერიოზული ადამიანი, მაგრამ ეს ხომ არაფერია გადაწყვეტილების მიღებისას. ათიოდე გონიერი დეპუტატი წინა პარლამენტშიც იყო, მაგრამ რა ხეირი?

ამ არჩევნების დანიშნულება არ არის კვალიფიციური და ეროვნულად ორიენტირებული პარლამენტის არჩევა, ასეთის ასარჩევად არჩევანი არ გვაქვს; ტოტალური გარე კონტროლის პირობებში ეროვნული პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბება შეუძლებელია. ამ არჩევნების დანიშნულება და მნიშვნელობა არის ის, რომ საბოლოოდ დასამარდეს “ნაცმოძრაობის” პრეტენზია ძალაუფლებაზე, რათა ამერიკას ვაჩვენოთ, რომ „ნაცმოძრაობა“ არ არის სერიოზული პოლიტიკური ძალა საქართველოში. ამიტომაც ყველა, ვისაც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გააჩნია, უნდა მივიდეს არჩევნებზე და გამოხატოს ეს პოზიცია. მთავარია, რომ ამ არჩევნების შედეგებით ამერიკელებმა ჩამოწერონ ნაციონალები, დარწმუნდნენ მათი შემდგომი მხარდაჭერის უპერსპექტივობაში. ისინი, რა თქმა უნდა, მალევე შექმნიან “ახალ ნაციონალებს” სხვა სახელით (ათეულობით პარტია დგას რიგში და ელოდება თავის ჟამს), მოამზადებენ მათ შემდეგ არჩევნებში გაკოტრებული “ქართული ოცნების” ჩასანაცვლებლად, მაგრამ ამ ყველაფერს 2-3 წელიწადი დასჭირდება. ამასობაში კი, შესაძლოა, პატრიოტულმა ძალებმა შეძლონ კონსოლიდირება, რადგან კატასტროფის პირას, ქართველებში, როგორც წესი, თვითგადარჩენის ინსტინქტი იღვიძებს.

საქართველო და მსოფლიო“, 28 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ მეუფე მელქისედეკთან: „თურქები ბათუმს ისედაც თავიანთ ქალაქად მიიჩნევენ, რომელიც, ადრე თუ გვიან, უნდა დაიბრუნონ

შორენა ცივქარაშვილი

მამა ელიზბარ დიაკონიძე ჩვენი გაზეთის რესპონდენტი არაერთხელ ყოფილა. ის ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე ყოველთვის დაუფარავად და თამამად საუბრობს. მამა ელიზბარი ამჟამად იტალიაში საქმიანობს, სლავური დიასპორების საეგზარქოსომ ის მეუფე მელქისედეკად აკურთხა და იტალიაში, ვენეციისა და ვენეტოს ეპისკოპოსი და ფინეთისა და სკანდინავიის ქვეყნების ეპარქიის დროებითი მმართველია. მეუფე მელქისედეკი “საქართველო და მსოფლიოს” საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.

- არჩევნები ახლოვდება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, რომ ის დარწმუნებულიანაციონალური მოძრაობისგამარჯვებაში, ჯარი და პოლიცია ამ ხელისუფლების მხარეს არ არის და მეტიც, აცხადებს, რომ დაუჯერებს არა არჩევნების, არამედ ეგზიტპოლის შედეგებს, არის თუ არა სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდება და მოსალოდნელია თუ არა არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არეულობა დაიწყოს?

- მოგესალმებით. პირველ რიგში, მინდა, ყველას გისურვოთ სწორი არჩევანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გვეშველება. თუმცა საკითხავია, არჩევანს ვინმე გვეკითხება?! მოსახლეობას ტვინი გამორეცხილი აქვს და ის დამოკიდებულია კუჭში ჩასაშვებ ნივთიერებებზე – ვინც ორ პურს დაჰპირდება, ხმასაც იმას მისცემს. ამას გარდა, საყურადღებოა ინტერესები გარე ძალებისა, რომლებიც დღეს მსოფლიოს მართავენ. მათ ნამდვილად არ აძლევთ ხელს ამ ქვეყანაში საღი აზრის გამარჯვება. ისინი აუცილებლად შეეცდებიან საქართველოში მართლმადიდებლური სულის გარყვნას. არჩევნები იქნება ისეთი შედეგის მომტანი, როგორიც მათ სურთ და არა როგორიც ქართველ ხალხს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, მას ხელს არ აძლევს, არჩევნების შედეგებს დაუჯეროს… ჩვენს ხელისუფლებას უნდა მოეხდინა რეაგირება და მიხეილ სააკაშვილი თავის დამქაშებიანად ახლა ციხეში უნდა იჯდეს, დარდისგან იდაყვებს იჭამდეს და სიკვდილს ნატრობდეს, მაგრამ ეს ხომ დეგენერატების ხელისუფლებაა და ვინ დაიჭერდა?! ან ვის სურდა მათი დაჭერა, ივანიშვილი შეეცადა თუ პროკურატურა? ყველა სამინისტროში ნაციონალები დატოვეს. ამას წინათ წავაწყდი ასეთ ვითარებას: ადამიანს ეკუთვნოდა სოციალურად დაუცველის სტატუსი, მაგრამ ვინც უნდა მიანიჭოს ეს სტატუსი, ნაციონალების მხარდამჭერია და არ აძლევს მას სტატუსს, რათა შეაძულოს ეს მთავრობა. იმიტომაც არის ასეთი ვითარება ქვეყანაში, იმიტომ ბედავენ ნაციონალებიც და გარე ძალებიც ამდენს. ხომ ხედავთ, რაც ხდება აჭარაში, ესეც ჩვენი ქმედების შედეგია…

- ბათუმში თურქული სკოლა გაიხსნა, რომელსაც თურქეთის მთავრობა აფინანსებს. სწავლა თურქულ ენაზე იქნება, სასწავლო პროგრამა კი - თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ შედგენილი. ამ ფაქტს საზოგადოების ნაწილი აღშფოთებით შეხვდა. რა უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ამან იმ ფონზე, როცა თურქულ სახელმძღვანელოებში ბათუმი თურქულ ქალაქადაა მოხსენიებული?

- აი, სწორედ ნაწილი რომ აღშფოთდა და არა მთელი საქართველო, ეს არის პრობლემა! გამოდის საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და აცხადებს – „მიუხედავად იმისა, რომ თურქებს უარი ვუთხარით, მაინც გახსნეს სკოლაო“. ამ განცხადების შემდეგ მინისტრი არათუ თანამდებობიდან მოსახსნელია, არამედ დასასჯელი. რას ჰქვია, უარი უთხარი და თურქმა სკოლა მაინც გაგიხსნა?! იქნებ არ უთხარი უარი და ხალხის გასაგონად ამბობ ამას? ამას გარდა, რომ აცხადებენ, თითქოს სკოლის გახსნაზე არც საქართველოს განათლების სამინისტროს და არც ადგილობრივი ხელისუფლების წრმომადგენელი არ მიიწვიესო, ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს თვითონ არ უნდოდათ თურქული სკოლის გახსნისას გამოჩენა, რადგან არჩევნები ახლოვდება და მათი პოზიცია ასეთია – „რაც გინდათ, გახსენით, ოღონდ ჩვენ არ გამოგვაჩინოთ“. დღეს ასლან აბაშიძეს ლანძღავენ და როცა ის აჭარას ხელმძღვანელობდა, ვერც ერთი თურქი აჭარაში უბრალო ჯიხურის დადგმას ვერ ბედავდა. ხოლო რაც სააკშვილი და შემდეგ „ოცნება“ მოვიდნენ ხელისუფლებაში, თურქები ისე გათამამდნენ, ანეკდოტიც გავრცელდა – „[თურქების მოძალების გამო] თბილისში აღმაშენებლის ძეგლი უკვე ხმალს იქნევსო“.

თურქები ბათუმს ისედაც თავანთ ქალაქად მიიჩნევენ, რომელიც, ადრე თუ გვიან, უნდა დაიბრუნონ. დღეს რომ გამოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები და აცხადებენ, თურქეთი ჩვენი მეგობარიაო, ამიხსნან, რომელ საუკუნესა და წელს გულისხმობენ?! ორი კვირა მაინც დამისახელონ ჩვენი ისტორიიდან, როცა თურქი ჩვენი მეგობარი იყო. თუ ვინმე რიგით თურქს ჩვენთან კარგი ურთიერთობა აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი თურქეთი ჩვენი მეგობარია. ამ ყველაფერს ის შედეგი მოჰყვება, რომ თურქეთი ბათუმს წაგვართმევს. ეს ფაქტი, საფრთხის შემცველი კი არ არის, უკვე მოსული საფრთხეა.

- თუმცა ერთ-ერთი არგუმენტით, ბათუმში ბევრი თურქი ბიზნესმენი ცხოვრობს და ეს სკოლა სწორედ მათი ოჯახებისთვის გაიხსნა…

- ეს რა არგუმენტია?! თურქეთშიც ბევრი ქართველი ცხოვრობს, არის იქ ქართული სკოლა? საბერძნეთშიც ბევრი ქართველია, მხოლოდ ათენში 30 ათასი ქართველი ცხოვრობს, ვინმე გვიხსნის იქ ქართულ სკოლას? თურქეთში სასულიერო პირებს ანაფორით არ უშვებენ, რადგან ამას მათი კონსტიტუცია კრძალავს. ეს უკვე სხვა რჯულის ქადაგებად მიიჩნევა და მღვდელს, იქ რომ ანაფორით იაროს, დაიჭერენ, მე კი აქ სკოლას მიხსნიან.

ებრაელი ერი ხომ ჩვენი მეგობარია. ახლახან ისრაელში გახლდით, ჩვენი ეპარქიის სახელით, იერუსალიმის პატრიარქთან ხატი ჩავაბრძანეთ. როგორც კი გაირკვა საზღვარზე, რომ ქართველები ვიყავით, მაშინვე გაამკაცრეს ქვეყანაში შესვლის წესები. როდესაც ვკითხე, რატომ არ გვიშვებთ, ქართველი და ებრაელი ერის მეგობრობა ხომ ცნობილია-მეთქი, მიზეზად ის დამისახელეს, რომ ქართველები აქ სამუშაოდ რჩებიან და კრიმინალს სჩადიანო. ვინც სჩადის დანაშაულს, დაიჭირონ, მთელი ქართველი ერი რა შუაშია?! კომპაქტურად დასახლებულ იმ უბნებში, რომლებშიც ბევრი ებრაელი ცხოვრობდა, ქართულ ოჯახებში ღორიც კი არ იკვლებოდა მათდამი პატივისცემის ნიშნად. და ეს ხდება მაშინ, როდესაც სხვა ერების მიმართ ასეთ სიმკაცრეს არ იჩენენ.

- ორგანიზაცია რუხი მგლების წევრებმა სარფში [თურქულ ნაწილში] გამართეს ხმაურიანი აქცია, სადაც პირდაპირ გაისმა ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებები. სსკ-ის 308- მუხლის მიხედვით, საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ, ისჯება. რატომ არ რეაგირებს სახელმწიფო მკაცრად?

- პრეზიდენტობის ორი კვირა რომ ჰქონდა დარჩენილი, მიხეილ სააკაშვილმა თურქებს ჩვენ ჯიბრზე მისცა მოქალაქეობა. შედეგად, დღეს, მათი განცხადებით, სარფი თურმე თურქეთია. ეს, იცით, რატომ ხდება? ჩვენ არ ვდგავართ სათანადო სიმაღლეზე და იმიტომ! ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე, მღვდელი არ გააატარეს. ეს სიტუაცია ნელ-ნელა მწიფდებოდა, რაშიც მიხეილ სააკაშვილმა და დედამისმა დიდი როლი ითამაშეს. ამ ხელისუფლებამ კი ხელი შეუწყო სააკაშვილის რეჟიმის გაგრძელებას. სანდრა რულოვსს ფეხქვეშ მიწა უნდა ეწვოდეს უზნეო ქცევის გამო, ის კი თამამად დადის.

რამდენიმე წლის წინათ მილიონი ხელმოწერა რომ შევაგროვეთ მიხეილ სააკაშვილის გადადგომაზე, ამ ხელისუფლებამ კინწისკვრით გამოგვყარა. რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე თვალებს მიქაჩავდა, იცავდა მას – მიხეილ სააკაშვილი ჩემი პრეზიდენტია და ვადის გასვლამდე თანამდებობაზე უნდა იყოსო. მილიონი ხელმოწერა არაფრად ჩააგდეს და მათგან რატომ ელით უკეთეს მომავალს?! ახლა ხალხს ე.წ. ვიზალიბერალიზაციის იმედი აქვს, მაგრამ ეს დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა წავა ქვეყნიდან, ვინც დარჩა. ყველაფერი ქართველი კაცის საზიანოდაა, რადგან ქართველი კაცი არ მოქმედებს თავის სასარგებლოდ.

უნდა ითქვას, რომ დღეს იმდენი ხალხი დადის ტაძარში, როგორც არასდროს, მაგრამ სულიერად ისევ მშიერია საზოგადოება, რადგან, რასაც ეკლესიიდან ელის, არ არის ის საკვები, რომლითაც სულს გამოკვებავს.

Comments are closed