globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 30 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 30th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: თეა წულუკიანის სამი უშედეგო ცდა: უკრაინის ხელისუფლება ნაწყენია?

რეზონანსი“: საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს „ჩუმად“ შეუერთდა

„ალია“: ქართველი დეპუტატების დაპირისპირება ევროსაბჭოში // რის ჩაწერას მოითხოვდა „ნაციონალი“ ჩიორა თაქთაქიშვილი რეზოლუციაში

——————

რეზონანსი“, 30 იანვარი, 2015 წელი

თეა წულუკიანის სამი უშედეგო ცდა: უკრაინის ხელისუფლება ნაწყენია?

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს ვიცე-პრემიერი კახი კალაძე უკრაინაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრნენ. იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს კი მისი უკრაინელი კოლეგა მიღებაზე უარს ეუბნება. ასევე გაურკვეველია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კიევში ჩასვლის თარიღი. საგარეო უწყებამ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დააანონსა, რომ მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი მეგობარ ქვეყანასთან უახლოეს ხანში უნდა შემდგარიყო”.

კალაძისა და კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრ აივარას აბრომავიჩუსთან და ენერგეტიკისა და ქვანახშირის წარმოების მინისტრ ვოლოდიმირ დემჩიშინთან. მხარეები საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ვიზიტს, სამჯერ დაკავშირების შემდეგ მისმა უკრაინელმა კოლეგამ მიწერა, რომ მისი მიღებისთვის მზად არ არის. არადა უკრაინის იუსტიციის მინისტრი ცოტა ხნის წინ თავად იყო ჩამოსული თბილისში და ადგილზე გაეცნო იმ სერვისებს, რომელსაც წულუკიანის უწყება ახორციელებს“.

საქართველოს მთავრობა და იუსტიციის სამინისტრო მზადაა უკრაინას ნებისმიერი დახმარება აღმოუჩინოს, რაც მათ ქვეყნის განვითარებაში სჭირდებათ და დასჭირდებათ. რამდენიმე თვის წინ მოვიწვიე ჩემი კოლეგა თბილისში, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში მე და ჩემი მოადგილეები ვუწევდით კონსულტაციას სხვადასხვა თემაზე, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოში წასამართი საჩივრებისა თუ ოკუპაციის კანონის შესახებ და იმ საჯარო სერვისების განვითარებაზე, რასაც ჩვენ ვეწევით საქართველოში. ჩვენი საპასუხო ვიზიტი კიევში უნდა შედგეს. ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენს ურთიერთობას და თანამშრომლობას წინ ვერაფერი დაუდგება”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით კი, ქართული დელეგაციის ვიზიტის დაბლოკვა ხელოვნურად ხდება. მისი თქმით, საქართველოს სამინისტროები ცდილობენ, უკრაინის ხელისუფლებასთან პირდაპირ კონტაქტს და ამაში ჩვენი საელჩო აქტიურად არის ჩაბმული.

საქართველოს იუსტიციის მინისტრს ძალიან დიდი შრომის გაწევა დასჭირდა იმისთვის, რომ საკუთარი კოლეგა, ბატონი პეტრენკო ჩამოეყვანა საქართველოში. ქალბატონმა წულუკიანმა მოიწვია პეტრენკო საქართველოში, აღუთქვა მას დახმარება, დაათვალიერებინა, გააცნო აბსოლუტურად ყველაფერი და ა.შ. ასევე მზადყოფნა გამოთქვა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უკრაინულ მხარეს ნებისმიერ დახმარებას გაუწევდა მათთვის საჭირო ნებისმიერ საკითხში. ალბატონი თეა წულუკიანი უნდა წასულიყო საპასუხო ვიზიტით უკრაინაში. ის სამჯერ ეცადა, რომ თარიღი შეეთანხმებინა თავის უკრაინელ კოლეგასთან, შემდეგ მან მიიღო უკრაინიდან მესიჯი, რომ მისი კოლეგა არ არის მზად მის მისაღებად. ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი კიევში პირდაპირი ზეგავლენის ქვეშ ექცევა. მათ უშლიან ხელს, რომ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ოფიციალურ დონეზე მოხდეს. ვინ უშლის ხელს, ადვილი დასადგენია. ხელს უშლიან ისინი, ვინც ალტერნატიული დახმარების გზების მომხრეები არიან და ვინც ამაში ძალიან სერიოზულ გასამრჯელოს იღებენ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად კვაჭანტირაძე.

წულუკიანის ვიზიტის გადადების შესახებ არაფერი იციან უკრაინის საელჩოში. მათი თქმით, აღნიშნულის შესახებ მათაც მედიის საშუალებით შეიტყვეს. ბერუჩაშვილის უწყებაში კი აცხადებენ, რომ მთავრობის სხვადასხვა წევრების ვიზიტი უკრაინაში აუცილებლად შედგება. “ის, რომ ეს ვიზიტები უნდა განხორციელდეს, ამაზე ვთანხმდებით ყველა და ეს გაცხადებულიც იყო. თქვენ იცით, რომ საპარლამენტო დელეგაცია გახლდათ უკრაინაში. დარგობრივი მინისტრების განრიგს ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ გეტყვით. დროის თვალსაზრისით შეიძლება ოდნავ გადაიწიოს. თუმცა ეს ვიზიტები აუცილებლად განხორციელდება”, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ, რომლის აზრით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებას და თანამშრომლობას.

27 ნოემბერს უკრაინაში ჩატარდა პოლიტიკური კონსულტაციები, რომელსაც ქართული მხრიდან უხელმძღვანელა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ. დაიგეგმა მთელი რიგი ღონისძიებები, რათა ორი ქვეყნის თანამშრომლობა გახდეს კიდევ უფრო აქტიური და კოორდინირებული როგორც ევროინტეგრაციის, ისე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციის თვალსაზრისით. ამ კონსულტაციების და სხვა სამუშაოების შედეგია ის, რომ უახლოეს ხანში განხორციელება საქართველოს პრემიერის ვიზიტი უკრაინაში. ეს ვიზიტი იქნება წარმომადგენლობითი და მასში მონაწილეობას სხვა მინისტრებიც მიიღებენ. ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის გარღმავებას და თანამშრომლობას”, – დეკემბერში აღნიშნა კერესელიძემ.

პოლიტოლოგი სოსო ციცნაძე კი მიიჩნევს, რომ უკრაინელები საქართველოს ხელისუფლებაზე ნაწყენი არიან და მიღებაზე დიპლომატიური ჟესტით ეუბნებიან უარს: „ყველამ ვიცით, ღარიბაშვილი უკრაინაში რომ ჩავა, ეპოქალური მნიშვნელობის ხელშეკრულებებს არ გააფორმებს – ჩვენი მეგობარი ქვეყანა ახლა ისეთ დღეშია, რომ მასთან რაიმე ხელშეკრულების დადება გამორიცხულია. შესაბამისად, ვიზიტის მომზადებას ამდენი დრო არ სჭირდება. უბრალოდ, ეს არის პოლიტიკური კონიუნქტურა და დიპლომატიით გამოხატავენ იმას, რომ ნაწყენები არიან იმ განცხადებების გამო, რომელიც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს უკრაინის მთავრობაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით და ასევე იმ განცხადებებზე, რომელიც თავდაცვის უწყებამ გააკეთა უკრაინაში ქართველი ჯარისკაცების ჩასვლაზე. უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა ზუსტად დაახასიათა ბურჯანაძემ, როდესაც თქვა, რომ ისღა დაგვრჩენია, დიპლომატიური ურთიერთობა გავწყვიტოთო. უკრაინის მთავრობა და ხალხი ვერ იქნება აღფრთოვანებული იმ რეაგირებით, რაც აქ საქართველოში ხდებოდა, “ნაციონალები” კი ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

“უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა გაცივდა. უკრაინის მთავრობა რა გადაწყვეტილებებს იღებს და რატომ მაგას ვერ გაავანალიზებ, თუმცა ზოგადად ცუდი რამ ხდება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქტობრივად ხდება, რომ ეს ურთიერთობა თითქმის აღარ არის. არადა განსაკუთრებით ამ კრიზისულ ვითარებაში აუცილებელია იყოს კარგი და ახლო ურთიერთობა. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ ეს ურთიერთობა ერთგვარად გადააყოლა გაღიზიანებას, რომელიც უკრაინის მთავრობაში “ნაციონალების” დანიშვნამ გამოიწვია. სხვა პრობლემას მე პირადად ვერ ვხედავ”, – ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი გია ნოდია.

რეზონანსი“, 30 იანვარი, 2015 წელი

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსჩუმადშეუერთდა

მაია აბაიაძე

(შემოკლებით)

ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ნაწილობრივ უერთდება, თუმცა ამაზე საჯარო საუბარს ერიდება. ექსპერტების აზრით, როდესაც გარკვეული სახელმწიფოს წინააღმდეგ შეზღუდვას აწესებ, მაგრამ ამას არ ასაჯაროებ, ეს პოლიტიკურად აზრს მოკლებულია და მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯი გამოდის.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, საქართველო მიუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ერთ-ერთ სანქციას, რომელიც გულისხმობს ყირიმის ნახევარკუნძულიდან ყველა ფინანსური ოპერაციის და სავაჭრო ორგანიზაციების აკრძალვას.

„ცუდი ის არის, რომ ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა არ იცოდნენ იმის შესახებ, რომ ასე ყბადაღებული თემა, თითქოსდა საქართველო არ უერთდება სანქციებს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ დააწესა რუსეთის წინააღმდეგ და ფაქტიურად ჩვენ ვერიდებით ამ თემაზე საჯარო საუბარს, რომ საქართველო მიუერთდა ერთ-ერთ სანქციას, რომელიც გულისხმობს ყირიმის ნახევარკუნძულიდან ყველა ფინანსური ოპერაციის და სავაჭრო ორგანიზაციების აკრძალვას“, – აღნიშნვს კვაჭანტირაძე.

როგოც ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, საქართველოს ყირიმის ნახევარკუნძულთან არანაირი ურთიერთობა რა აქვს და ამ სანქციასთან მიერთებით მთავრობამ მხოლოდ სიმბოლური მხარდაჭერა გამოხატა. მისივე თქმით, პოლიტიკურად აზრს მოკლებულია, როდესაც ხელისუფლება გარკვეულ სანქციას აწესებს და ამას არ ასაჯაროებს.

„ამ სანქციასთან მიერთება წმინდა სიმბოლური ნაბიჯია, რადგან არანაირი აქტივობა ყირიმთან არ გვაქვს. ბუნებრივია, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური აქტი, ანუ პოლიტიკური გზავნილი. სეთ ურთიერთობაში ნორმალურია, რომ ჩვენი არჩევანიდან გამომდინარე, ჩვენ თუნდაც სიმბოლური მხარდაჭერა ასეთი ფორმით გამოვხატეთ.

„ასეთ სანქციებთან მიერთებას, თუ ამაზე არ ილაპარაკე, თავისთავად აზრი არ აქვს, ამიტომ ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია, შინაარსობრივად არანაირი აზრი არ აქვს.

„ერთადერთი, თუ პოლიტიკურად აზრი გააჩნია, მაშინ უნდა გაასაჯაროო და თუ არ ასაჯაროებ, მაშინ საერთოდ რატომ აკეთებ – ეს ცოტა არ იყოს გაუგებარი და ბუნდოვანია“, – ამბობს ხუხაშვილი.

პრემიერს სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურა აბაშიძე აცხადებს, რომ არ არსებობს იმაზე მეტი სანქცია, რასაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა ჰქვია.

„სიმართლე გითხრათ, არ  ვიცი, რა ჰქონდა მხედველობაში ზვიად კვაჭანტირაძეს. საერთოდ, მეტი რა სანქციას უნდა შეუერთდეთ?! რაც შეგვიძლია, ყველაფერი ისედაც შეჩერებულიგვაქვს რუსეთთან – დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა არ გვაქვს, საელჩოები არ გვაქვს, სხვა რა სანქციებს უნდა შევუერთდეთ, ამაზე მეტი რა უნდა იყოს?!

„პატარა სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს და საკმაოდ შეზღუდულ მასშტაბში. როდესაც ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არის, ამის იქით სანქცია უკვე არ არსებობს.

„უკრაინასთან მიმართებაში ჩვენი პოლიტიკა გამოიხატება მხარდაჭერაში – მორალური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, ასევე მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე, ანუ რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ. ხომ ნახეთ, გუშინ სტრასბურგში რა აქტიურად გამოდიოდნენ ჩვენი დეპუტატები და ეს არის მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია“, – აღნიშნავს აბაშიძე.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ საქართველო ვალდებულია შეუერთდეს საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებულ სანქციებს, რათა გლობალური პოლიტიკისგან იზოლირებული არ იყოს. თუმცა, მისივე თქმით, მთავრობა ცდილობს რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობის შენარჩუნებას და არ უნდა იმ ტორეადორის როლში იყოს, რომელიც კრემლს წითელი ნაჭრით აღიზიანებს.

„ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკაში უჭირს რეაგირების რეჟიმში ყოფნა, ანუ, ჯერ რაღაც ფაქტი ხდება და მოგვიანებით რეაგირებენ ხოლმე, იქნება ეს საგარეო უწყება, თუ ზოგადად ხელისუფლება.

„იმ ფონზე, რაც უკრაინაში ხდება და როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ჩვენი პარტნიორები, ევროკავშირი და ბევრი დასავლური ქვეყნის ლიდერი წავიდა იმაზე, რომ სანქციები დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ, ცოტა არ იყოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა უცნაურად მოჩანდა. აქედან გამომდინარე, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ყოველ შემთხვევაში სოლიდარობის გრძნობა რომ შექმნილიყო, წავიდნენ ამაზე.

„ოპოზიციისგან მუდმივად ისმის მოწოდებეიბ, რომ რუსეთის წინააღმდენგ ემბარგო დაწესდეს. ეს ცოტა არ იყოს სასაცილოა, რადგან საქართველოს არ აქვს არავითარი ბერკეტი, რომ რუსეთს ბლოკადა მოეწყოს, ან რაღაც მსგავსი. მაგრამ საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი, ვალდებულია, რომ იმ მინიმალურ მოთხოვნებზე და მინიმუმ იმ სანქციებზე მაინც წავიდეს, რაც მნიშვნელოვანია უკრაინისა და ევროკავშირისთვის, კონსულტაციები ჰქონდეს დასავლელ პარტნიორებთან და არ იყოს იზოლირებული ამ პოლიტიკისგან.

„ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ერიდებიან ამაზე საუბარს, შეიძლება ისაა, რომ ჩვენს ხელისუფლებას, კრემლთან ურთიერთობის ნორმალიზების პოლიტიკის ფონზე, რუსეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება უჭირს.

„თუმცა, ბოლო მოვლენებმა, რაც ხდება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, ხელისუფლება თანდათან მიახვედრა, რომ ამით რუსეთთან ურთიერთობაში არაფერი იცვლება, მაგრამ მთავრობა მაინც ერთგულად ცდილობს, რომ ე.წ. პრაგმატული ურთიერთობა ჰქონდეს და არ სურს, საქართველო იყოს ტორეადორის როლში, რომელსაც წითელი ნაჭერი უჭირავს და ხარს აღიზიანებს – დაახლოებით ასეთი ვარიანტია და ამიტომ უარი თქვეს ამ როლზე.

„ბიძინა ივანიშვილმა კიდეც თქვა, რომ საქართველო პატარა სახელმწიფოა, მას საკუთარი ადგილი აქვს და გლობალური პოლიტიკის საკითხებში არ უნდა იჭრებოდეს. აქედან გამომდინარეობს ის ფილოსოფია, რასაც მეტნაკლებად ხელისუფლება ატარებს“, – ამბობს კაკაჩია.

„ალია“, 30 იანვარი, 2015 წელი

ქართველი დეპუტატების დაპირისპირება ევროსაბჭოში

რის ჩაწერას მოითხოვდა „ნაციონალი“ ჩიორა თაქთაქიშვილი რეზოლუციაში

გელა ზედელაშვილი

(შემოკლებით)

29 იანვარს ევროსაბჭოში ქართველმა დეპუტატებმა ერთმანეთს დასცხეს. საბედნიეროდ, ამ მხრივ გენდერული თანასწორობა სრულიად დაცული იყო: „გამიშვი“-ს როლში ქალბატონი გუგული მაღრაძე გახლდათ, „დამიჭი“-ს როლში – ჩიორა თაქთაქიშვილი. რაც მთავარია, ყველაზე „სასიამოვნო“ ისაა, რომ ერთმანეთს „გუგული“ და „ჩიორა“ დაეტაკნენ.

ამ ცხოვრების დედა ვატირე, თორემ ორივე უწყინარი და ნაზი ფრინველია. ერთი სიტყვით, ქალბატონი გუგულის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ „ნაციონალები“ ყველაფრის შეტანას რეზოლუციაში ითხოვენ – კიწმარიშვილის მკვლელობის საკითხის, სარეკლამო დროის შემცირების, „მაესტროდან“ გაშვებული ჟურნალისტებისა და პაპაჩემს რომ ვენახში „კალოშები“ დაეხა, იმისიც.

ოღონდ რამე იყოს ამ ხელისუფლების სალანძღავი და ნებისმიერი რამ რეზოლუციაში უნდა ჩაიწეროს. კი, მაგრამ რატომ ითხოვენ „ნაციონალები“ ეროსი კიწმარიშვილის საქმის ჩაწერას რეზოლუციაში? იმიტომ, რომ თურმე მედიის წარმომადგენელი იყო. უკაცრავად, ამ პოზიციას ვერ გავიზიარებთ, როცა კიწმარიშვილი მოკლეს, არავითარი მედიის წარმომადგენელი არ გახლდათ, ის რუსთავის მერობის კანდიდატი იყო და უკვე პოლიტიკოსობდა. ასე გივია თარგამაძეც კი იყო ერთ დროს ჟურნალისტიცა და სანიტარიც.

რა ფორმით უნდა ჩაიწეროს ევროსაბჭოს რეზოლუციაში ეროსი კიწმარიშვილის შემთხვევა? ჩიორა ითხოვს, რომ ჩაიწეროს ასე: „დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული კიწმარიშვილის მკვლელობა“. არადა, აქამდე გვარწმუნებდნენ, თითქმის უკვე გამოვიძიეთ, სადაცაა დავასრულებთ და ყველაფერს შეგატყობინებთო.

გამოდის, ახლა ევროსაბჭოს რეზოლუციის თანახმად (თუ ჩაიწერება), გამოძიება ხელახლა უნდა დაიწყოს და თანაც დაუყოვნებლივ? მაშინ აქ ჩნდება შეკითხვა: რატომ არ უნდა ჩავწეროთ, რომ დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული ზურაბ ჟვანიასა და იური ვაზაგაშვილის საქმეები? ააა, ეს უკვე „ნაციონალებს“ არ აწყობთ? იქნებ არც ეროსის საქმე აწყობთ და ჩიორამ არ იცის? არა მგონია, არ იცოდეს, მაგრამ აქ რაღაცაშია საქმე!

„ნაციონალები“ ასევე ითხოვენ, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩაიწეროს იმის შესახებ, რა ცვლილებებიც შედის `მაუწყებლის შესახებ კანონში~. ჩიორა ამ საკითხს ბებერ ევროპას ასე უხსნის: „პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პოსტზე არჩევისთანავე საჯაროდ დაიწყო დავა მთავარი და უმსხვილესი ტელეკომპანიის, „რუსთავი 2“-ის მფლობელობის შესახებ. მან მოუწოდა დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც ნამდვილი მესაკუთრეები უწოდა, მიემართათ პროკურატურისთვის და მოეთხოვათ საკუთრების უფლების დაცვა. სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს „რუსთავი 2“-ის შენობაში გენერალური დირექტორისა და მთავარი რედაქტორის სამუშაო კაბინეტებში.

უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრები მუდმივად ადანაშაულებდნენ „რუსთავი 2“-ს ოპოზიციის მხარდაჭერაში, არასაკმარის რეიტინგებსა და რეალური სურათის არასწორად წარმოჩენაში“.

შემთხვევითი არ არის ახალი კანონმდებლობის მიღებაც, რომელიც ზღუდავს მედიაში რეკლამის დროს. მთავრობა ირწმუნება, რომ ეს კეთდება ევროკავშირის დირექტივებით, მაგრამ საქართველოს 4 წელი მისცეს ამ დირექტივების შესასრულებლად. ამიტომ მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ანგარიშშიწარმოდგენილ ცვლილებას“.

ნახეთ, ჩიორა თაქთაქიშვილი არ უარყოფს, რომ სარეკლამო დროის შემცირებას ასოცირების ხელშეკრულება ითხოვს, მაგრამ ახლა ნუ შეამცირებთ, 4 წელი ჯერ კიდევ წინ გვაქვსო. არა, სწორედ ახლა უნდა შემცირდეს და ძალიან კარგი იქნება, თუკი კანონში ჩაიწერება, რომ სარეკლამო ხასიათის მასალები პრესაშიც უნდა განთავსდეს. თუნდაც ისეთი სახის მასალები, რომელთა დაკვეთასაც სახელმწიფო სამსახურები იძლევიან. მაგალითად, მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები მხოლოდ რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს და ტელევიზიებს რომ მიაქვთ, ეგრე სად არის? თუ ხელისუფლება პრესის გაძლიერებაზე ფიქრობს, რაღაც დოზით რეკლამა გაზეთებისკენაც უნდა გამოუშვას.

Comments are closed