globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 30 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 30th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: დიდი შერიგების კვირეული // პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, თავისი წინამორბედისაგან განსხვავებით, უშიშროების საბჭოს სხდომა დაესწრო

რეზონანსი: გარდაბნის გაკვეთილები: ექსპერტები შემოდგომაზე ჩხუბსა და „ოცნების“ გამარჯვებას ელოდებიან

რეზონანსი“: მთავრობა წინასაარჩევნოდ ჩხუბისთვის დაწესებულ სასჯელს ამკაცრებს // იურისტთა უმრავლესობა პრემიერ კვირიკაშვილის ინიციატივას მკვეთრად უარყოფითად აფასებს

„ვერსია“: ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან // რა შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, როგორ აფასებს ბურჭულაძე-ჩერნოვეცკის გამოჩენას პოლიტიკაში, რატომ ითხოვს პრემიერსა და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას

რეზონანსი“: გამართლებულია თუ არა ქართველ დეპუტატთა კინკლაობა ევროსაბჭოში?

რეზონანსი“: „სისულელეა ვინმე მებრძოლი პანკისში ჩამოვიდეს და წვრთნა აქ გაიაროს» // პანკისელები აცხადებენ, რომ ხეობაში დღეს უფრო სიმშვიდეა, ვიდრე ერთი წლის წინ იყო

რეზონანსი“: ლარის გაუფასურებაზე ხალხი პასუხს ხელისუფლებას სთხოვს // „ვიცი, რომ ამ ფინანსურ კრიზისში მთავარი დამნაშავე ეროვნული ბანკია, მაგრამ პასუხს მაინც მთავრობას ვთხოვ“

რეზონანსი“: მთავრობა ლარის გამყარების პირობას იძლევა // ეროვნული ვალუტის გაუფასურების არანაირი პირობა აღარ არსებობს

—————————-

რეზონანსი“, 30 იანვარი, 2016 წელი

დიდი შერიგების კვირეული

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, თავისი წინამორბედისაგან განსხვავებით, უშიშროების საბჭოს სხდომა დაესწრო

თაკო მათეშვილი

მასშტაბური შერიგების პროცესი თუ წინასაარჩევნო პიარკამპანიის ნაწილი – არასაპარლამენტო ოპოზიციასა და არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერი კვირიკაშვილი წინამორბედის ტრადიციას არღვევს და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას ესწრება. მისი სტარტი ბევრის მიერ შემრიგებლურად იქნა აღქმული. მიიჩნევენ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ცდილობს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ განაწყენებულ ხალხთან, მათ შორის პორეზიდენტთან ჩატეხილი ხიდი აღადგინოს. შესაბამისად, ელიან, რომ თუკი ყველაფერი ასე გაგრძელდა, ურთიერთობა პარლამენტსა და პრეზიდენტს შორისაც გაუმჯობესდება.

თუმცა, ამ მოსაზრებებს მოწინააღმდეგეებიც მრავლად ჰყავს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებისათვის მზადებას და ხალხის თვალში იმიჯის მოწესრიგებას უკავშირდება. ისინი პრეზიდენტისა და “მთავრობის რეალური მეთაურის” ბიძინა ივანიშვილის შერიგებას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ პირად წყენას ასე მარტივად არ ივიწყებენ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მოწვევით გუშინ უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით ორი საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი – მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის და თავდაცვის მინისტრის მოხსენება საქართველოს შეირაღებული ძალების ქვედანაყოფების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

სხდომას, ტრადიციულად, საქართველოს პრეზიდენტმა უხელმძღვანელა. მას საბჭოს თითქმის სრული შემადგენლობა დაესწრო, მათ შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. სხდომის შემდეგ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ მათ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს.

ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილისა და კვირიკაშვილის განსხვავებულ მიდგომას პარლამენტში ბუნებრივად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ “ყველას თავისი სტილი აქვს”. გაუმჯობესდება თუ არა ურთიერთობა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორისაც, უმრავლესობაში ამაზე პროგნოზისაგან თავს იკავებენ, თუმცა აღიარებენ, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს ახლა უფრო უკეთესი ურთიერთობა აქვთ.

“ღარიბაშვილს თავისი სტილი ჰქონდა, კვირიკაშვილს – თავისი. შეიძლება ერთი ფიქრობდა, რომ რაღაც საკითხი დამატებით თათბირს არ საჭიროებდა, მეორე კი მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ასეა საჭირო. ეს მათი პირადი გადაწყვეტილებაა და ამ თემის განხილვა არ მინდა. წინა პრემიერის ქმედების შეფასებას ვერ დავიწყებ,” – განგვიცხადა პარლამენტარმა თამაზ მეჭიაურმა.

პოლიტოლოგები კი ამბობენ, რომ წინა პრემიერის დროს პიროვნულ უთანხმოებას ხშირად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ეწირებოდა. კერძოდ, მათი თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომას ქვეყნის ყველა პირველი პირი უნდა ესწრებოდეს, თუმცა ყოფილ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არსებული დამოკიდებულების გამო, ღარიბაშვილი სხდომაზე თითქმის არასოდეს მიდიოდა.

კონსიტუციონალისტი, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ახალი პრემიერი უფრო გახსნილი და კომუნიკაბელურია არა მხოლოდ პრეზიდენტთან, არამედ ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორთანაც. ფიქრობს, რომ ამის მიზეზი არა მხოლოდ კვირიკაშვილის მიდგომაა, არამედ ისიც, რომ საარჩევნო წელია და ხელისუფლებას უნდა დადებითი იმიჯი შეიქმნას.

ამიტომ, ძაბირაძის თქმით, მწვავე დაპირისპირებას ერიდებიან და ეს არა მხოლოდ ხელისუფლებისთვისაა კარგი, არამედ საზოგადოებაში პოლიტიკურ ტემპერატურასაც დაბლა წევს. ქრება განცდა, რომ დაპირისპირებამ შეიძლება ქუჩაში გადმოინაცვლოს.

შესაბამისად, პოლიტოლოგი ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ ეს ჰარმონია არჩევნებთან ერთად არ დასრულდება, შემდეგაც გაგრძელდება და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ნორმალური, ცივილური ურთიერთობა ჩამოყალიბდება.

“იმ პარლამენტარების გამონათქვამებიც, რომელთაც პრეზიდენტისადმი ხისტი დამოკიდებულება ჰქონდათ, მთავრობის მოქმედების ანარეკლი იყო. თუ მთავრობისა და პრეზიდენტის ურთიერთობა შეიცვლება, პარლამენტარებიც შეცვლიან პოზიციას. არ ველოდები, რომ ვინმე ისევ ხისტ პოზიციაზე დარჩება. თუმცა გააჩნია რას იტყვის ივანიშვილი. თუ ის იტყვის, რომ პრეზიდენტი სასახლიდან უნდა გამოვაძევოთ, პარლამენტართა დიდი ნაწილი იგივეს გაიმეორებს,” – დასძენს ძაბირაძე.

სიტუაციას უფრო კრიტიკულად აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. იგი დარწმუნებულია, რომ ურთიერთობის გამოსწორების დემონსტრირება მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო გათვლაა და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. უბრალოდ, მისი თქმით, არჩევნები ახლოვდება და ხელისუფლებას ხელს არ აძლევს, რომ მას შიდა დაპირისპირებებით შეხვდეს.

“შეიძლება წელს პრემიერი გაეროს გენერალური ანსამბლეის სესიაზეც კი გაუშვან, თუმცა, გამორიცხულია ჩამტვრეული ხიდი აღდგეს და ივანიშვილმა პირადი წყენა დაივიწყოს. საკითხავია შედგებოდა თუ არა ეს თქვენთვის, ჟურნალისტებისათვის განკუთვნილი “შერიგება” ქვეყანაში ასეთი ეკონომიკური პრობლემები რომ არ იყოს და მოსახლეობა რომ არ გაღატაკებულიყო.

“რეალურ შერიგებაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. აქ ძირეული წინააღმდეგობებია და სამწუხაროდ, ეს არაა იდეოლოგიურ-პოლიტიკური წინააღმდეგობა. ესაა ის, რაც საქართველოში ყველაზე საშინელი და გადაულახავია – პირადი შეუთავსებლობა.

“პირადი მოტივების გადალახვა საქართველოში არ ხდება. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული რამ მოხდა. ალბათ პრესა აჭრელდება კვირიკაშვილისა და მარგველაშვილის გაბადრული ფოტოებით, ერთმანეთს რომ ართმევენ ხელს და უღიმიან, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა – “ოცნებამ” და მისმა რეალურმა ხელმძღვანელმა პრეზიდენტს დროებით სახე შეუნარჩუნა. სულ ესაა,” – ამბობს ცინცაძე.

კვირიკაშვილის მცდელობებს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის შემორიგებასთან დაკავშირებით იგი უშედეგოს უწოდებს და ამბობს, რომ მან პირველ რიგში საქართველოს “დამშეული და უმუშევარი” მოსახლეობა უნდა შემოირიგოს.

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ შერიგების პროცესი მართლაც დაიწყო, ჩემთვის მათი სიბრიყვე ნათელია. რა შეიცვალა ოპოზიციის პრემიერთან შეხვედრით? შედეგი ნულია. პოლიტიკური პროცესი კი მხოლოდ შედეგით ფასდება და არა ასეთი აქსესუარებით. ეს უბრალოდ მოჩვენებითი სურათი იყო, რომ ერთმანეთთან ლაპარაკობენ. ყრუ-მუნჯთა დიალოგი ჰქონდათ და ასეთადვე დარჩება.

“ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაა. ხელისუფლება ამას გამორიცხავს და დეტალებზე შეთანხმება აღარაფერს ნიშნავს. თქვენი გამკვირვებია – ასეთი სოლიდური გაზეთი ამ ორკაციან პარტიებს ოპოზიციას რომ უწოდებთ. პარტია მხოლოდ ლიდერისა და მისი მოადგილისგან რომ შედგება და მხარდაჭერა ნული აქვთ, რისი მაქნისია? მათი ფასი პრემიერმაც გადასარევად იცის და თავადაც კარგად უწყიან რას წარმოადგენენ.

“ყველაფერს თქვენზე, ჟურნალისტებზე და ქსენია დიასახლისებზე შთაბეჭდილების მოსახდენად აკეთებენ. გარდა ამისა, ჩამოვლენ უსაქმო ლორდები ევროპიდან რაღაც მოხსენების დასაწერად, ამერიკიდანაც ჩამოვლენ “გოგოლის რევიზორები” და მათ უნდა დაანახონ, რომ ოპოზიციასთან დიალოგის რეჟიმში არიან. ასე რომ, რაც ნაკლებ დროს დაუთმობთ ამ ტაკიმასხარობას, თქვენი გაზეთისთვისაც უკეთესი იქნება,” – აცხადებს სოსო ცინცაძე.

რეზონანსი“, 30 იანვარი, 2016 წელი

გარდაბნის გაკვეთილები:

ექსპერტები შემოდგომაზე ჩხუბსა დაოცნებისგამარჯვებას ელოდებიან

ლიკა ამირაშვილი

გარდაბნის გამგებლის არჩევნები “ქართული ოცნების” გამარჯვებით დასრულდა. არჩევნები კანდიდატების მხარდამჭერთა დაპირისპირებისა და შეხლა- შემოხლის ფონზე მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ გარდაბნის არჩევნებში მხოლოდ ორი პარტია მონაწილეობდა – “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. შედეგები კი ასეთია: “ოცნების” კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა ხმების 70.15% მიიღო, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობის” კანდიდატმა ბესიკ კახაბრიშვილმა – 29.75%.

სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მონაცემებზე დაყრდნობით შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისათვის გარკვეული პრონგოზის გაკეთება უკვე შესაძლებელია. მაგალითად იმის, თუ რა ვითარებაში ჩაივლის არჩევნები. ასევე იმის, თუ როგორ შეიძლება გადანაწილდეს ამომრჩეველთა ხმა.

როგორი ვითარებაში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები

გარდაბნის არჩევნები დაპირისპირების ფონზე დამთავრდა. ექსპერტები გარდაბანში განვითარებული მოვლენების ფონზე, მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნებშიც, შესაძლოა, მსგავსი სცენარი მივიღოთ.როგორც საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, გარდაბნის არჩევნების მსგავსად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც შესაძლოა დაპირისპირების ფონზე ჩაიაროს, რადგან “ნაციონალურ მოძრაობას” ყურადღების მიქცევის სხვა საშუალება არ აქვს.

“მიუხედავად იმისა, რომ საგარეჯოს თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატებს საკმაოდ დაძაბული მეტოქეობა ჰქონდათ, ინციდენტები ასეთი უხეში ფორმებით არ მომხდარა. გარდაბნის არჩევნებამდე ვვარაუდობდით და საიმისო განცხადებებსაც ვაკეთებდით, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან იმის ალბათობა იყო, რომ მათი ქმედებები დესტრუქციულში გადაიზარდებოდა, რადგან მათ ყურადღების მიქცევის სხვა საშუალება არ აქვთ. ეს პარტია არჩევნებში განწირულია და ამიტომაც ცდილობენ, რომ პროცესები სხვა კუთხით წაიყვანონ. ამიტომაც ეს ინციდენტები არ გამკვირვებია.

“ბოლო პერიოდში “ნაციონალურ მოძრაობას” რაც კი აქცია ჰქონია და იქ სადმე “თავისუფალი ზონაც” გაერეოდა, ყველგან პროცესები აბსოლუტურ დესტრუქციაში გადადიოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავისთავად შეეცდება პროცესები დესტრუქციულში გადაიყვანოს, რადგან საპარლამენტო არჩევნებში სხვა პოლიტიკური ძალებიც მიიღებენ მონაწილეობას. შეიძლება დამატებითი რისკ ფაქტორი ისიც იყოს, რომ “ნაციონალური მოძრაობამ” შეეცადოს სხვა პარტიებიც ჩართოს”, – აღნიშნა გამზარდიამ.

მისი თქმით, 2016 წლის არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობა” რაღაც ფორმით შეეცდება, 2003 წლის მოვლენებს მიუახლოვდეს, თუმცა განსხვავება ის იქნება, რომ მათ საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ ექნებათ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” საუბრისას მიიჩნევს, რომ რადგან ამ პატარა რეგიონში ასეთი ინციდენტები მოხდა, შეხლა-შემოხლა შესაძლოა უფრო მნიშვნელოვან არჩევნებსაც მოყვეს.

როგორც საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ “ფსიქო პროექტის” დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, ის, რაც გარდაბანში მოხდა, რეალური დაპირისპირება არ ყოფილა. მისი თქმით, დაპირისპირების ილუზიის შექმნას “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობდა.

“ეს რეალური დაპირისპირება არ ყოფილა, რადგან იქ ერთნაირი ძალები არ ყოფილან. “ნაციონალურ მოძრაობას” თუკი ვინმე ყავდა, მობილიზაცია გაუკეთა და გარდაბანში ჩაიყვანა. ეს იმით კი არ იყო განპირობებული, რომ არჩევნებს მოიგებდნენ, არამედ იმით, რომ დაპირისპირების ილუზია შეექმნათ. ივანიშვილი რომ ჩასულიყო, ეს სულ სხვა საქმე იქნებოდა და დაპირისპირებას მნიშვნელობა მაშინ ექნებოდა”, – აღნიშნავს ბიგვავა.

საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო შედეგები

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ არჩევნების შედეგების მიხედვით ზოგადად პარტიების რეიტინგზე საუბარი ძნელი იქნება, რადგან სხვა პარტიები არჩევნებში მონაწილეობას არ ღებულობდნენ. პოლიტოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნებში სხვა პარტიების მონაწილეობის შემთხვევაში ხმებს დაკარგავდნენ როგორც “ნაცმოძრაობა”, ისე “ოცნება”.

თუმცა, ამის მიუხედავად, უმრავლესობა ვარაუდობს, რომ “ქართული ოცნება” ხმების ნახევარზე მეტს მაინც მიიღებს.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ გარდაბნის არჩევნები დიდი არჩევნების წინა რეპეტიციის ელემენტებს შეიცავს, თუმცა გაიმეორებენ თუ არა პარტიები იმავე შედეგებს, ძნელია სათქმელია.

“თითოეული მათგანითვის ეს არჩევნები გამოცდილებაა. იმ შემთხვევაში, თუ თავიანთ შეცდომებს დაინახავენ, გამოსწორებას ეცდებიან, ხოლო რაც წარმატებული ჰქონდათ – გააძლიერებენ.

“ყველა არჩევნები მეტნაკლებად განუმეორებელია, რადგან სამომავლოდ ისინი მომავალ არჩევნებზე გავლენას იქონიებენ. მგონია, რომ ეს არჩევნებიც გარკვეულ გავლენას იქონიებს.

“რაც შეეხება ხმების გადანაწილებას, სამომავლოდ “ოცნებას” ნაკლები მხარდაჭერი ეყოლება და ამას სოციოლოგიური გამოკვლევებიც გვიჩვენებს.

“როგორც წესი, პარტია, რომელიც ხელისუფლებაში დიდი მანდატით მოდის, მეორე არჩევნებში იგივე შედეგს ვერ აჩვენებს. ასეა ნებისმიერ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, გარკვეული ხმები “ნაციონალურ მოძრაობასაც” მოაკლდება და ამ ორი პარტიიდან მოკლებული ხმები სხვა პარტიებში გადანაწილდება,” – აღნიშნა საყვარელიძემ.

მისი თქმით, არჩევნებზე ხმების გადანაწილებისას კიდევ ერთი ფაქტორი მოქმედებს – როდესაც ამომრჩეველი გრძნობს, რომ პარტიას, რომელსაც მხარს უჭერს, პარლამენტში გასვლის მცირე შანსი აქვს, ის თავის ხმას იმ პარტიულ ყუთში გადაიტანს, რომელიც მისთვის სიმპატიურ პარტიას წააგავს და რომელსაც აგრეთვე გასვლის უფრო მეტი შანსი აქვს.

“ადამიანს უნდა, რომ მისი ხმა არ დაიკარგოს. როდესაც ხმას აძლევს, არ უნდა, რომ მისი ხმა გაქრეს. საერთოდ, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც სხვა ქვეყნის დიასპორას წარმოადგენს ასეთი ტენდეცია აქვს – რომელი პარტიაც უფრო წარმატებულია, თავის ხმას იმას აძლევს ხოლმე. ხოლო სადაც ასეთ პარტიას ვერ ხედავენ, მაშინ ხელისუფლების უჭერენ ხოლმე მხარს.

“ეს ზოგადი კანონზომიერება, ამიტომ ხელისუფლებას ეს რესურსი ექნება. ამის გარდა, სახელისუფლო პარტიას თავისი მხარდაჭერებიც ყავს, რომელთა რაოდენობაც მას შემდეგ გაიზარდა, რაც სათავეში კვირკაშვილი მოვიდა. ამ ყველა რესურსით “ოცნება” არჩევნებზე 50 პროცენტს გადააბიჯებს”, – დასძინა საყვარელიძემ.

არჩილ გამზარდია თვლის, რომ საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიები ხმებს ორივე პარტიის – “ნაციონალური მოძრაობა” და “ოცნების” ხარჯზე მიიღებენ, რადგან თვლის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდასაჭერად გარდაბანში ისეთი ადამიანები გამოვიდნენ, რომელთაც ხელისუფლების მიმართ მკვეთრი უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ.

“შესაძლოა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერი არ ყოფილიყო, მაგრამ ხელისუფლების წინააღმდეგ მიეცა ხმა. ისევე როგორც შეიძლება პირიქით მომხდარიყო. მაგალითად, ზოგადი შთაბეჭდილებით, მგონია, რომ ალასანია ხმებს ხელისუფლებას არ წაართმევს, ესენი უფრო “ნაციონალურ მოძრაობას” წაართმევს. ასევე საკმაოდ დასაფიქრებელია ბურჯანაძის პარტია. მგონია, რომ ეს პარტია ძალიან დაბალ მაჩვენებელზე გავა, მაგრამ თუკი ვინმეს ჩაეზიარება – ეს “ოცნება” იქნება, იმიტომ, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გამოდის.

“საერთოდ ჯამში სხვა პარტიები ხმებში ამ ორივე პარტიას შეეცილება. იდელოგიურად ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის კონკურენტები არიან. ოპოზიციას თავისი რესურსები აქვს, ხელისუფლებას – თავისი, ამიტომ ხელისუფლებას თავისი ამომრჩეველი ყავს, სხვა დანარჩენი კი ოპოზიციაში ნაწილდება”, – განაცხადა გამზარდიამ.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებში ორი მთავარი პოლიტიკური ძალის დაპირისპირება იქნება – “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის”.

“ნაციონალური მოძრაობის” არსებობა ოპოზიციური პარტიების პერსპექტივებს ამცირებს. თუკი ის ბაზარზე არ იქნებოდა, ამ შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებს ბევრად მეტი შანსი მიეცემოდათ, რომ გაემარჯვათ ან პარლამენტში ეფექტურად შესულიყვნენ.

“ეთნიკურად მრავალფეროვან ადგილებში უმეტესად ხელისუფლების მხარდაჭერები იმიტომ იყვნენ ხოლმე, რომ მობილიზაციას ხელისუფლება უწევდათ და ადგილზე მიყავდათ. ახლა ასეთი რამ არ ხდება. ამ მხრივ როგორც წინა წლებში იყო, ასე არ იქნება. დამიჯერეთ დღეს ქუთაისში რომ ყოფილიყო მსგავსი არჩევნები “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ოცნებას” შორის, ზუსტად იგივე ან მსგავსი ტიპის შედეგები იქნებოდა. ეს ნიუანსი ამ უახლოეს არჩევნებზე გათვალისწინებული არ იქნება,” – აღნიშნა გამზარდიამ.

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ “ფსიქო პროექტის” დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა თვლის, რომ ასეთი გადანაწილების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ არჩევნებში მხოლოდ ორი პარტია მონაწილეობდა. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობა” ბევრად ნაკლებ ხმას მიიღებდა.

“საპარლამენტო არჩევნებზე სხვა პარტიების შემოსვლის შემთხვევაში შესაძლოა ხმები “ოცნებასაც” დააკლდეს, მაგრამ 50 პროცენტზე მეტი მაინც ექნება.

“ზოგადად, ასეთი ტიპის არჩევნებზე ბევრი მონაწილეობას არ იღებს, ასეთია კანონზომიერება. ადრე ამომრჩევლის მოზიდვა შაქრისა და ბენზინის დარიგებით ხდებოდა. ახლა ასეთი სისულელები აღარ ხდება. ჩვენი საზოგადოება უფრო მაღალ დონეზე გადავიდა. შემდეგ ეტაპზე გადასული საზოგადოება კი სიტუაციას რეალურად აფასებს. იმ ძალას რეალურად ხედავ, რომელსაც რაღაცეების შეცვლა მართლა შეუძლია.

“რა თქმა უნდა, საზოგადოება ისეთ პარტიას დაუჭერს მხარს, რომელსაც რაღაცის შეცვლა შეუძლია. “ნაციონალურმა მოძრაობამ” რაც არ უნდა იძახოს, რომ ხელისუფლება უუნაროები და არაფრის გამკეთებლები არიან, როგორც მათ უნდათ, ისე არ გამოვა.

“რაც შეეხება იმას, რომ გარდაბანი ეთნიკურად მრავალფეროვანი რაიონია, თავად აზერბაიჯანელები ისეთი ერთგვაროვნები აღარ არიან, როგორც ადრე იყვნენ. საბედნიეროდ, ჩვენი ამომრჩეველი უფრო კვალიციფირებული ხდება”, – განაცხადა ბიგვავამ.

რეზონანსი“, 30 იანვარი, 2016 წელი

მთავრობა წინასაარჩევნოდ ჩხუბისთვის დაწესებულ სასჯელს ამკაცრებს

იურისტთა უმრავლესობა პრემიერ კვირიკაშვილის ინიციატივას მკვეთრად უარყოფითად აფასებს

ნინო ქეთელაური

ფიზიკურ შეურაცხყოფაზე 2016 წლის არჩევნებამდე, შესაძლოა, კანონი გამკაცრდეს. აღნიშნული ინიციატივა პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის, რომელმაც იუსტიციის მინისტრს ამჟამად არსებული კანონის გადახედვისკენ მოუწონდა.

კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ბევრად მსუბუქი რეგულაციებია, ვიდრე ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში.

პრემიერის ინიციატივას მალევე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელსაც განმარტა, რომ დავალება სამართალშემოქმედებისა და ანალიტიკურ დეპარტამენტებს უკვე გადაეცა და მუშაობა დაწყებულია. მისივე თქმით, კანონის გასამკაცრებლად არ არის გამორიცხული, რომ სისხლის სამართლის სანქციები დაწესდეს.

ამჟამად არსებული რეგულაციის მიხედვით, რა სახის სასჯელი დაეკისრება დამნაშავეს – ფულადი ჯარიმა (ოდენობას გარემოებიდან გამომდინარე მოსასრთლე განსაზღვრავს), იძულებით გამოსასწორებელი შრომა თუ თავისუფლების აღკვეთა, ამას სასამართლო დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე ადგენს.

ფიზიკურ შერაცხყოფაზე კანონის გამკაცრებას იურისტების ნაწილი უარყოფითად აფასებს. როგორც ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი ამბობს, კანონში არსებობს საკმაოდ ბევრი მუხლი, რომელიც მსგავსი შემთხვევების რეგულაციას ემსახურება და მისი გამკაცრება მიუღებელია.

მისივე აზრით, კანონის გამკაცრება მხოლოდ იმ გამწარებული მოქალაქეებისთვის ხდება, რომლებმაც ქუჩაში შესაძლოა მთავრობის წევრებს მოთხოვნები წამოუყენონ და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენონ.

“მე ძალიან კომიკურად მეჩვენება ეს განცხადება. თუ ბატონ პრემიერს უნდა, რომ მსგავსი ფაქტები აღარ მოხდეს, პარლამენტში დეპუტატები ერთმენთს რომ სცემდნენ, მაშინ რატომ არ დააყენეს ეს საკითხი? ჯერ ეს ფაქტები გამოიძიონ.

“ადამიანებმა იმაზე მეტი შეურაცხყოფა რა უნდა მიაყენონ, რაც დეპუტატებმა ერთმანეთს მიაყენეს?! თუ ის ფაქტები არ იქნება გამოძიებული, უბრალო მოქალაქეები როგორ უნდა დასაჯონ?! გამოდის, რომ კანონს ამკაცრებენ მხოლოდ ქუჩაში, უბრალო მოქალაქეებთან მიმართებით, რომელებიც გამწარებულები არიან და ქუჩაში შეიძლება მთავრობის წევრებს რაღაც მოსთხოვონ და შეურაცხყოფაც მიაყენონ, ხომ?

“ამ კანონებს ქმნიან სოციალურად დაუცველი და გაუბედურებული მოქალაქეებისთვის. ჯერ გამოიძიონ ის ფაქტები, რაც პარლამენტში მოხდა. მათ არავინ სჯის ამის გამო და გამოდის, რომ არასრულწლოვნები, რომლებიც ერთმანეთს ხელს დაარტყამენ, ციხეში უნდა გავუშვათ? ეს არ მიმაჩნია სწორად”, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ არ უნდა მოხდეს არც ფულადი ჯარიმის გამკაცრება და აღნიშნული ინიციატივა მხოლოდ პოპულიზმს ემსახურება.

“არანაირ გამკაცრებას არ ვეთანხმები. პრემიერს ურჩევნია ეკონომიკური წინადადებები შემოიტანოს, ქყვეყანა კატასტროფულ მდგომარეობამდე რომ არის მიყვანილი, ვიდრე არაიურისტმა დააყენოს საკანონმდებლო ინიციატივა.

“იურისტებს რომ ესხმიან თავს, ამას რატომ არ იძიებენ?! ამაზე ფულადი ჯარიმაც არავის დაკისრებია. ჩვენ გავქვს შესაბამისი მუხლები – ხულიგნობა, ცემა, რომელიც ჩაიდინეს პარლამენტში. ამის გამო არავინ დაუსჯიათ და უბრალო მოქალაქეებმა თუ იჩხუბეს, ამისთვის უნდა დაიჭირონ? ეს არის პოპულიზმი და მეტი არაფერი”, – ამბობს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

კანონის გამკაცრებას არ ეთანმხება არც უფლებათადამცველი ლია მუხაშავრია, რომელიც “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მთავრობისვე არჩეული ლიბერალური სამართლის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

“ვინაიდან ჩვენმა ხელისუფლებამ არჩევნების შემდეგ გამოაცხადა, რომ ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა იყო მისი პრიორიტეტი, არც ერთი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დადგენილი სასჯელის გამკაცრება არ უნდა მოხდეს. ამ თვალსაზრისით ეს ნაბიჯი აშკარად ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციას.

“არ უნდა მოხდეს არანაირი სახით გამკაცრება იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, ისედაც საკმაოდ მკაცრი სისხლის სამართლის კანონმდებლობა გავქვს”, – აცხადებს ლია მუხაშავრია, რომელიც განმარტავს, რომ არც ფულადი ჯარიმის შეცვლა უნდა მოხდეს, რადგან მოსამართლეს ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების საშუალება უნდა ჰქონდეს.

“მე ვფიქრობ, რაც უფრო მეტია სასჯელების გამოყენების ამპლიტუდა, ჯარიმებიდან დაწყებული პატიმრობით დამთავრებული, მით მეტი შესაძლებლობა ეძლევა მოსამართლეს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და ინდივიდუალური სასჯელი დაუნიშნოს დამნაშავეს. არ შეიძლება ვთქვათ, რომ ჯარიმა მსუბუქი სასჯელია და აუცილებლად მხოლოდ პატიმრობა უნდა იყოს”, – ამბობს უფლებათადამცველი.

იგი პრემიერს არც იმაში ეთანხმება, რომ სხვა ქვეყნებს უფრო მკაცრი რეგულაციები აქვთ და ეს კარგი მაგალითია.

“მე არ ვფიქრობ, რომ სადმე სხვაგან უფრო მკაცრი კანონდებლობაა და ეს უკეთესია. ხელისუფლებამ გამოცხადა ლიბერალიზაცია და ეს გულისხმობს არსებული სასჯელების გადახედვას, მათი უფრო მსუბუქი სასჯელებით შეცვლას და ძალიან სამწუხაროა, თუკი პრემიერს მიაჩნია, რომ ეს არის კარგი ნაბიჯი და სასჯელის გამკაცრება მოიტანს უკეთეს შედეგს. დადგენილია, რომ მარტო სასჯელის გამკაცრება არ შველის კრიმინოგენულ ვითარებას”, – აცხადებს ლია მუხაშავრია, რომელიც კანონის გამკაცრების უარყოფით შედეგებზე აკეთებს აქცენტს.

“კანონის გამკაცრება ადამიანებს არ ააღებინებს ხელს ამ კონკრეტული დანაშაულის ჩადენაზე. როგორც წესი, ასეთი დანაშაული ყოფით ნიადაგზე, კერძო ურთიერთობის ფონზე ხდება და არავინ არის წინასწარ დაზღვეული, რომ მსგავსი დანაშაულის ჩამდენი არ გახდება. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს სამართლებრივ კულტურას, სოციალურ ფონს, ჩვენს ურთიერთობებს და სამხრეთულ ტემპერამენტს.

“ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ სასჯელის გამკაცრება შეამცირებს ამ კატეგორიის დამაშაულებებს. ხოლო ის, რომ მოსამართლეს ექნება მეტი შესაძლებლობა და ფართო არჩევანი, ფაქტის შეფასებისას გამოიყენოს კონკრეტული სასჯელი და მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური მოვლენაა და არა პირიქით, როდესაც მოსამართლე იძულებულია, მხოლოდ საპატიმრო სასჯელი გამოიყენოს”, – განმარტავს ლია მიხაშავრია “რეზონანსთან” საუბრისას.

„ვერსია“, 29 იანვარი, 2016 წელი

ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან

რა შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, როგორ აფასებს ბურჭულაძე-ჩერნოვეცკის გამოჩენას პოლიტიკაში, რატომ ითხოვს პრემიერსა და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას

ნინო კომახიძე

აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, საუბრობს რუსულ-ქართული დიალოგის დადებით და უარყოფით მხარეებზე, ცვლილებებზე, რასაც რეგიონსა და საქართველოში ირანისთვის სანქციების მოხსნა გამოიწვევს, აფასებს ქართული ოპოზიციის გაერთიანების მცდელობასა და ახლადგამოჩენილი მოთამაშეების შანსებს, აანონსებს ახალი პარტიის შექმნას და ითხოვს შეხვედრას ყოფილ და მოქმედ პრემიერებთან - პარტიასაქართველოს გზის საპატიო თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ირანის საკითხზე გაეროს ექსპერტთა ჯგუფის ყოფილი კოორდინატორი, სალომე ზურაბიშვილი ვერსიას ვრცელ ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს და ყველა აქტუალურ საშინაო თუ საგარეო საკითხზე ესაუბრება.

- ქალბატონო სალომე, საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის განცხადებით დავიწყოთ, პანკისში ,,ისლამური სახელმწიფოსმეომრების მომზადების შესახებ. შეიძლება თუ არა, ეს ფრაზა საერთაშორისო მოხმარების მესიჯი იყოს, საქართველოზე მორიგი თავდასხმის ასახსნელად?

- ამის გამო პანიკაში არ უნდა ჩავცვივდეთ. ყველამ იცის, რომ პანკისიდან მეომრები მიდიან და სირიაში იწვრთნებიან, რაც ტრაგიკული, მაგრამ მსოფლიოში გავრცელებული მოვლენაა. ასე ხდება საფრანგეთში, ბელგიაში, ინგლისში, რადგან ფინანსური დაინტერესება ძალიან დიდია, ამიტომ ახალი და გასაკვირი სულაც არაა, რომ რუსეთი მსგავს საკითხებს დროდადრო გამოიყენებს და ამით კარგადაც დაგვაშინებს. რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე დაკვირვებისას, მაქვს განცდა, რომ ერთსა და იმავეს უსასრულოდ იმეორებენ და უნარი არ შესწევთ, რაიმე ახლით წარმოჩნდნენ მსოფლიო არეალზე. თუმცა ვფიქრობ, ეს საფრთხე ამაზე შორს ვერ წავა. ამიტომ ამ განცხადებისგან კატასტროფულ სურათს არ ვქმნი.

- ანუ, ირანისთვის სანქციების მოხსნით გაღიზიანებული რუსეთისგან საფრთხეს არ უნდა ველოდეთ - რეალურად, ამით რა იცვლება ჩვენთვის?

- ეს განცხადებები შეიძლება უკავშირდებოდეს ევროპასთან ჩვენს ასოცირებას, ასევე ვიზალიბერალიზაციასა და წინგადადგმულ სხვა ნაბიჯებს ან სურდეს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, დაგვაშინოს და ა.შ. დიახ, ირანისთვის სანქციების მოხსნა მისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორია. ოფიციალურად, ირანის მთავარ მოკავშირედ ითვლება, რეალურად კი, სანქციების პერიოდი რუსეთისთვის ძალიანაც ხელსაყრელი იყო, რადგან მის გარდა სხვა დიდი მოთამაშე არ არსებობდა. დღეს უკვე ირანი რეგიონში კვლავ იბრუნებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, პარალელურად კი რუსეთს უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა აქვს თურქეთთან. ზოგადად, ბოლო პერიოდში, მისი მდგომარეობა და როლი საკმაოდ შეიცვალა და ბუნებრივია, გაღიზიანებულია. ნავთობის ფასი ეცემა, რაც ალბათ, კვლავ გაგრძელდება, როცა ირანი რეალურად გააქტიურდება. ეს, პირველ რიგში, სწორედ რუსეთს დაარტყამს, თუმცა ამით გახარებას არ ვიჩქარებდი, რადგან არავინ იცის, რა რეაქცია ექნება კედელთან მიყენებულ რუსეთს. შეიძლება, ამ პრობლემებმა რუსეთის მმართველი რეჟიმი უფრო გაამკაცროს. როგორც კი პუტინი კარგავს მართვის ბერკეტებსა და პოპულარობას თავის მოსახლეობაში, მაშინვე ძალის დემონსტრირებაზე გადადის და ხალხს ძალისმიერ პოლიტიკას სთავაზობს, რასაც სხვათა შორის, რუსეთის მოსახლეობა დღემდე დადებითად აფასებს. ეს არის რუსეთის ხელისუფლების პასუხი მის პრობლემებზე, ამიტომ ამ ცვლილებებს ასე შევხედოთ – რუსეთმა ძალის გამოყენება რომ გადაწყვიტოს?!

- ამ ფონზე, გამართლებულად მიგაჩნიათ მოლაპარაკება გაზპრომთან, როგორც პუტინის რეჟიმის კიდევ ერთ მძლავრ იარაღთანმოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დღემდე გაუგებარია, რატომაა ასეთი ბუნდოვანება მოლაპარაკების დეტალებზე და რატომ არ არსებობს საქართველოსთვის რუსული გაზის ალტერნატივა?

- საზოგადოებისთვის ეს საკითხი მუდმივად მტკივნეულია, რადგან 2006 წლის მოვლენები ყველას ახსოვს. ყველამ იცის, რომ „გაზპრომი“ უბრალოდ გაზი არ არის და ეს რუსეთის პოლიტიკური იარაღია, ამიტომ საზოგადოების რეაქცია ბუნებრივია. ჩვენს ხელისუფლებას კი ხალხთან საუბარი დღემდე უჭირს. მართალია, რომ დღეს, ამ წუთას, სხვა ალტერნატივა მართლაც არ გვაქვს, რადგან აზერბაიჯანი ისედაც სრული მონოპოლისტია საქართველოში და თან, მასაც არ გააჩნია დამატებითი რესურსები, ამიტომ გაზს თავადაც რუსეთისგან ყიდულობს. გამოდის, ჩვენ აზერბაიჯანისგან რუსულ გაზს მივიღებთ და რატომ არ უნდა მივიღოთ პირდაპირ რუსეთისგან? სხვა ალტერნატივა მომავალში იქნება, თუნდაც თურქმენეთიდან, ირანიდან, დღეს კი რუსული გაზი უალტერნატივოა, რაც ხელისუფლებამ მოსახლეობას გასაგებ ენაზე უნდა აუხსნას. რაც შეეხება ,,გაზპრომთან” მოლაპარაკებას, მისი რაღაც ნაწილი საიდუმლო რომაა, ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა მოსახლეობამ უნდა იცოდეს შედეგი, მინუსები და პლუსები. ამ თემამ ნათლად გამოაჩინა, რომ ხელისუფლებას საკუთარ ხალხთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს, რაც ჩემთვის აუხსნელია.

- პარალელურად, ლავროვისგან ორი ქვეყნის საგარეო მინისტრებისა და მომავალში, პრეზიდენტების შეხვედრის წინადადებაც მივიღეთ. რას ნიშნავს ეს შეთავაზება და რა უნდა იყოს ქართული მხარის პასუხი, იმის ფონზე, რომ რუსეთთან მოლაპარაკე ძალა შესაძლოა, კვლავ მოღალატედ შეირაცხოს?

- აქ ორი მომენტია: ერთია, ვიღაცები რუსეთში რომ ჩადიან და ეს ძალიან ცუდია, რადგან მათ არ გააჩნიათ მანდატი და ღმერთმა იცის, იქ რას ლაპარაკობენ. სხვათა შორის, ამას დღევანდელმა პრეზიდენტმა შეუწყო ხელი, რომელიც, როცა ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ჩავიდა, მისი მრჩეველი იყო. რაც შეეხება ახლანდელ ვითარებას, ვფიქრობ, შეხვედრა შეხვედრისთვის გაუმართლებელია. ჯერ ერთი, იმის შესახებ, რაზე უნდა ისაუბრონ, არაფერი ვიცით.

მომხრე არ ვარ, ვიდრე ოკუპაცია გაგრძელდება, ხმა არ გავცეთ და საერთოდ არ დაველაპარაკოთ, მაგრამ ერთი-ერთზე რუსეთს მაინც არ შევხვდებოდი. ხელისუფლებას რუსეთთან შეხვედრას არც ჟენევის ფორმატში ვურჩევ, რადგან ეს მაინც ერთი-ერთზე შეხვედრის ტოლფასია. არსებობს სხვა ფორმატები, თუნდაც, ევროკავშირთან არსებული საბჭოების სახით, ან ბოლო ბოლო, რაღაც ახლის მოფიქრებაც შეიძლება, თუმცა უპირველესი არის ის, რომ არც პრეზიდენტი და არც საგარეო საქმეთა მინისტრი ამ შეხვედრაზე მოუმზადებელი არ უნდა წავიდეს – ჩვენ წინასწარ უნდა მოვამზადოთ სასაუბრო თემები და ვიცოდეთ, სავარაუდო შედეგები. რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში მოგებული რჩება _ თუ შევხვდებით, გამოდის, ბარიერი მოხსნილია. ის მხოლოდ შეხვედრითაც მოგებული იქნება, ჩვენ კი წაგებული, თუ შეხვედრიდან კონკრეტული შედეგით არ გამოვედით.
თუმცა სხვა თემაა, რა გვინდა და რისი მიღწევა შეგვიძლია რეალურად – თუ მხოლოდ ოკუპაციის შეწყვეტაზე ვისაუბრეთ, ცხადია, ამით შედეგს ვერ მივიღებთ.

- აბა, რა შეიძლება იყოს სასაუბრო თემა, ოკუპაციის გარდა, რაც ისედაც ჩვენი ურთიერთობის ლაიტმოტივია?

- ჯერ ერთი, არც ამის საჯაროდ გამოცხადება ვარგა, რადგან ყველა კარტი წინასწარ არ უნდა გაიხსნას. ამიტომ ვამბობ, ჯერ ჩვენ უნდა გავერკვეთ და მერე ვუპასუხოთ და გადავდგათ ასეთი ნაბიჯები. მსგავსი თემები უშიშროების, კრიზისების მართვის საბჭოში უნდა მომზადდეს, თუმცა ამ ორს ჯერ ერთმანეთში ურთიერთობა და საკუთარი კომპეტენციები ვერ გაურკვევია. კიდევ ერთი, რაც აბსოლუტურად არ მესმის, ეს ემიგრანტებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაა.

- იქნებ, ეს თემა წინასაარჩევნოდ გააქტიურდეს - უცხო ქვეყნის მოქალაქეობამიღებული ქართველებისთვის ქართული პასპორტის დაბრუნება ხომ სწორედ ხელისუფლებას ჩაუწერს ქულას?

- კონსტიტუციაში წერია, რომ აკრძალულია სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, თორემ ავტომატურად დაკარგავ ქართულ პასპორტს. ეს თემა სააკაშვილმა დაძრა, როცა მინისტრად ჩემი დანიშვნა სურდა, მაგრამ კონსტიტუციური ჩანაწერი არ შეუცვლია. ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების წესი კი პრეზიდენტის ხელში პრივილეგიად დარჩა. სხვათა შორის, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისთანავე ქართული პასპორტის ჩამორთმევის პროცესი აქამდე გააქტიურებული არ იყო. ბოლო დროს გააქტიურდა, რაც შესაძლოა ასოცირების ხელშეკრულებასთან იყოს დაკავშირებული.

რაც კონსტიტუციაში წერია, ახლა რეალობაშიც ხდება – როგორც კი ქვეყანაში უცხოური პასპორტის მქონე ადამიანი ჩამოდის, მაშინვე იღებს წერილს, რომ მას მოქალაქეობას ართმევენ. ამის გამო ბევრი ადამიანი კარგავს ქართულ პასპორტს, მისი დაბრუნება კი გრძელი და რთული ბიუროკრატიული პროცესია. ეს დიდ დროსთან, თანხებთან, პოლიტიკურ ხედვებთანაც კი შეიძლება იყოს დაკავშირებული – ვიღაც ფიქრობს, რომ თუ ამა თუ იმ პარტიას ემხრობა, შესაძლოა, პასპორტი არ მისცენ და უარს ამბობს ამ პროცედურების გავლაზე.

არ მესმის, რა საჭიროა ამდენი ამბავი, როცა მარტივად შეიძლება, საერთოდ არ ჩამოვართვათ ამ ადამიანებს პასპორტი, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია მიღებული?!

- მახსოვს, ამ საკითხზე საუბარი წინა პრემიერთანაც გქონდათ. მისი პასუხი რა იყო ან რას ფიქრობს პრეზიდენტი, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების ექსკლუზიური უფლება აქვს?

- არც ყოფილ პრემიერს და არც ვინმე სხვას არც ერთი საწინააღმდეგო არგუმენტი არ მოუყვანია. ძალიან უცნაურია პრეზიდენტის პოზიცია, რომელმაც ორჯერ უარი განაცხადა ჩემთან შეხვედრაზე იმ მოტივით, რომ ეს თემა მის კომპეტენციაში არ შედის. თუკი რამე რჩება მის კომპეტენციაში, სწორედ საკუთარი მოქალაქეების უფლებათა დაცვაა, მათ შორის, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისაც. არ მესმის, რატომ არ შეგვიძლია, ამოვიღოთ ეს აკრძალვა კონსტიტუციიდან?

- ამ ცვლილებას საკონსტიტუციო უმრავლესობა ხომ სჭირდება?

- მერე, რა პრობლემაა, გგონიათ, ნაციონალები უარს იტყვიან?! ერთი, გაბედონ და მერე ნახავენ შედეგს არჩევნებზე! „ოცნება“ ყველა შემთხვევაში მოგებული რჩება, რადგან, თუ კანონს შეცვლის, ემიგრანტების თვალში დიდ პლუსს დაიწერს. თუ ინიციატივას მხარს ნაციონალები არ დაუჭერენ, სწორედ მათ წინააღმდეგ წამოვა უკმაყოფილების დიდი ტალღა ემიგრანტების ოჯახებისგან.

ახლაც ვითხოვ შეხვედრას პრემიერ კვირიკაშვილთან და მინდა, შევხვდე ბიძინა ივანიშვილსაც, რათა მისი მოსაზრება გავიგო. შესაძლოა, მის მიერ ამ თემაზე გამოთქმულმა დადებითმა აზრმა მთავრობას ეს პროცესი დააძვრევინოს. ბოლოს და ბოლოს, არის კიდევ ერთი უზარმაზარი მოტივი, რის გამოც კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ. საუბარია კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ იმ ადამიანებზე, ვისაც ქართული პასპორტები არ აქვთ. ჩვენ თუ არაფერი გავაკეთეთ, ამით ხელს ვლადიმერ პუტინს შევუწყობთ რუსული პასპორტიზაციის პოლიტიკაში.

იქ ხალხს რუსული პასპორტების აღებას აიძულებენ, მოსახლეობა კი ვერ ეწინააღმდეგება და ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. არადა, დღეს ბევრი ისეთი ფაქტორი ჩნდება, რის გამოც, დიდი ალბათობით, მათ, ვისაც რუსული პასპორტი უკვე აღებული აქვს, საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება მოუნდებათ – ეს შეიძლება ვიზალიბერალიზაციის თემა, „ც“ ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის სურვილით იყოს გამოწვეული.

- ალბათ, დღეს ხელისუფლება ამ საკითხზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობს, რადგან მისი ყველაზე დიდი პრობლემა არჩევნებია, მით უფრო, ოპოზიციური გაერთიანების ფონზე, რომელიც კოდექსის შეცვლას ითხოვს. როგორ აფასებთ წინასაარჩევნოდ შექმნილ პოლიტიკურ რეალობას?

- სიმართლე გითხრათ, კოდექსის ცვლილება არაფრად მიმაჩნია. არ მესმის, რატომ ჰგონიათ, რომ მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება კარგია. აქ ცუდი კანონი და მაჟორიტარების არჩევის წესი კი არაა, თავად მაჟორიტარები არიან ცუდები. ისინი იმდენად მიბმულნი არიან პარტიაზე, რომ მაჟორიტარის ფუნქცია აქვთ დაკარგული. ბევრად უკეთეს პარლამენტს მივიღებთ, თუკი მაჟორიტარული სისტემა ნაკლებად იქნება დამოკიდებული პოლიტიკური პარტიების თამაშებზე, თორემ თავად ამ სისტემაში ცუდი არაფერია.
ოპოზიციას რაც შეეხება, არ ვიცნობ ქვეყნის შიგნით არც ერთ რეალურ პარტიას. არ ვიცი არც ერთი მათგანის ხედვა ძირითად საკითხებზე. პრინციპში, მათ შორის, არც ,,ოცნების”. კოალიციაში შემავალი პარტიებიც აღარ არსებობენ. ეს არის რაღაც გაურკვეველი ფორმირება, სადაც არიან პარტიებიც, ცალკეული პირებიც და დღევანდელი მოცემულობით, ძალიან ჰგავს ,,მოქალაქეთა კავშირს”. ერთ მხარეს ეს ფორმირებაა, მეორე მხარეს ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც თავის დღევანდელ ძალას სწორედ ,,ოცნების” ხელშეწყობით მიაღწია. ალბათ, ,,ოცნება” უკვე დარწმუნდა, რომ ახლანდელი რეიტინგით სრული უმრავლესობის მოპოვება ძნელი იქნება, ამიტომ ახლა იმის შანსი არსებობს, რეალურ კოალიციურ მმართველობით სისტემაზე გადავიდეთ.

- სხვათა შორის, პოლიტიკაში პაატა ბურჭულაძის გამოჩენის შემდეგ გამოითქვა მოსაზრება, რომ ის ივანიშვილს უმრავლესობის შესავსებად სჭირდება პარლამენტში. რეალობა ისაა, რომ ამომრჩევლის 60% ასათვისებელია. როგორ გგონიათ, ბურჭულაძესა და უკრაინელ მილიარდერ ჩერნოვეცკის აქვთ არჩევნებში სოლიდური შედეგების დადების შანსი?

- ჯერ ერთი, პოსტსაბჭოთა მანკიერი გამოცდილებიდან უნდა გამოვიდეთ – ადამიანების მოზიდვა მხოლოდ ფულით არაა შესაძლებელი. ძალიან კარგია, როცა არჩევნების შემდეგ ერთ პარტიას არ აქვს სრული უმრავლესობა და იძულებულია, პარტნიორები პარლამენტში მონახოს. თუმცა თუ საუბარი იმაზეა, რომ უმრავლესობის შიგნით „ოცნებას“ „სატელიტები“ ეყოლება, ეს ქართულ პოლიტიკაში არც ახალია და არც საინტერესო.

არ ვიცი, ბურჭულაძე რა თამაშს თამაშობს რეალურად და არც იმას გამოვრიცხავ, უმრავლესობის შემავსებელი მაინცდამაინც „ოცნებისთვის” იყოს და არა მეორე მხარისთვის. ნაციონალებსაც აწყობთ პარლამენტში ,,სატელისტების“ ყოლა და შედეგად, იგივე რეალობას მივიღებთ – კვლავ ორი პოლუსი იქნება, რომელსაც თავისი „სატელიტები“ ეყოლება, ეს კი საერთო სურათს არ გვიცვლის. ამ ვითარებას იმიტომ ვაკვირდები, რომ თავად გადავწყვიტო, მიღირს თუ არა ამ ბრძოლაში ჩაბმა. მინდა, შევქმნა ის ძალა, რომელიც საქართველოს სჭირდება და ჩემი გუნდი სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებით დავაკომპლექტო. თუმცა ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რა სურათი გამოიკვეთება და რეალურად, ვინ როგორ დაჯგუფდება.

- ანუ, ჯერ ზუსტად არ იცით, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში?

- უკვე ვაწარმოებ შეხვედრებს პროფესიონალებთან, ვინც დღეს თავ-თავიანთ საქმეში არიან ჩართულნი და შესაბამის დარგებში საკუთარი ხედვებიც გააჩნიათ, თუმცა დღეს პოლიტიკისგან შორს არიან. პირველ რიგში, ამ გუნდის შესაძლებლობებში უნდა დავრწმუნდე და მეორე – უნდა გამოჩნდეს, რა პოლიტიკური სპექტრი მონაწილეობს არჩევნებში, ვინ ვისთან ერთიანდება და ვინ ვისი „სატელიტია“ არის თუ არა რეალური შანსი, რომ არჩევნებში ჩართვა ღირდეს და ა.შ.

- თქვენ ახლა ახალი პარტიის შექმნაზე საუბრობთ თუ საქართველოს გზის გაძლიერებაზე?

- ის პარტია დამთავრდა, ყველაფერს თავის დრო აქვს. თუ რამეს გავაკეთებ, ეს სრულიად ახალი ძალა იქნება, რომელიც საინტერესო იდეებით პარლამენტში შესაბამის ადგილს დაიკავებს.

რეზონანსი“, 30 იანვარი, 2016 წელი

გამართლებულია თუ არა ქართველ დეპუტატთა კინკლაობა ევროსაბჭოში?

თიკო ოსმანოვა

სტრასბურგში ევროსაბჭოს სესიაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა უფლებადამცველი პირებისა და ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ რეზოლუციაში შესატანად, საქართველოსთან მიმართებაში კრიტიკული შესწორებები წარადგინა და დეპუტატებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“ქვეყანაში უფლებადამცველების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით საგანგაშო სიგნალები შეინიშნება”, – განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ჩიორა თაქთაქიშვილმა.

ამ განცხადებას “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დეპუტატის გუგული მაღრაძის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, რომელმაც აღნიშნული განწყობა მიმიკებით და ჟესტიკულაციის საშუალებით გამოხატა, რაც ტელევიზიის კამერებმაც დააფიქსირეს.

აღნიშნული დაპირისპირება მოგვიანებით დერეფანშიც გაგრძელდა, რა დროსაც მაღრაძემ თაქთაქიშვილს ჟურნალისტებისა და უცხოელი დეპუტატების თანდასწრებით განუცხადა, რომ “გააპაზორა საქართველო” და ახლა გაიხაროს.

რამდენად გამართლებულია უცხოელი პარტნიორების თვალწინ ასეთი კინკლაობა? – ეს კითხვა “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

მიხელ ღანიშაშვილი (პოეტი): “ეს ქვეყნის სირცხვილია. ყველა უნდა ცდილობდეს, რომ ასეთ ინციდენტებს არ ჰქონდეს ადგილი. მაგალითად, თუ ოპოზიცია ევროსტრუქტურებში განსხავებულ პოზიციებს დააფიქსირებს, არც ამაშია ტრაგედია და მმართველი ძალა ამას ასე არ უნდა აღიქვამდეს.”

გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): “არ არის საჭირო ყველას ერთნაირი აზრი ჰქონდეს და ყველა დაეთანხმოს ერთმანეთს. ასე რომ, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ინტერნეტით და ყველანაირი საშუალებით ისედაც ფიქსირდება სხვადასხვა აზრი და რატომ უნდა იყოს სტრაბურგში მაინცდამიანც აზრების თანხვედრა?! ასე რომ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.”

მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): “ასეთი კინკლაობა ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია. მესმის კამათი და მასში ჭეშმარიტების ძიება. კინკლაობა – ეს არის ხელის შემშლელი ქვეყნის განვითარებისთვის. საქართველოში დემოკრატიისკენ სვლაა, ამ არჩევნებმა კი გაამწვავა ეს ყველაფერი და უკვე გადადის უკულტურობაში.

“არ მინახავს, რა მოხდა სტარსბურგში, თუმცა ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ კინკლაობა დამღუპველია, კამათი კი დემოკრატიის ფორმაა.”

ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): “აბსოლუტურად მესმის გუგული მაღრაძის. ჩიორა თაქთაქიშვილი არის ტიპური დემაგოგი და სამშობლოს გამყიდველი. ამიტომაც ვფიქრობ, უფრო მკაცრად უნდა მოეთხოვოს პასუხი ჩიორასნაირებს. ადამიანის უფლებების დარღვევებს – პატიმრებს ციხეში რომ აწამებდნენ – “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ვერ ხედავდა?! “სამარცხვინოა ჩიორა თაქთაქიშვილის მსგავსი დემაგოგები საქართველოს რომ წარმოადგენენ ევროპაში.”

რეზონანსი“, 30 იანვარი, 2016 წელი

სისულელეა ვინმე მებრძოლი პანკისში ჩამოვიდეს და წვრთნა აქ გაიაროს

პანკისელები აცხადებენ, რომ ხეობაში დღეს უფრო სიმშვიდეა, ვიდრე ერთი წლის წინ იყო

ეკატერინე ბასილაია

“არაფერი არ ხდება პანკისში, არც არავის წვრთნიან და არც არავინ ისვენებს. უბრალოდ, ხალხი თავისი გაჭირვებით ცხოვრობს და დაიღალა მუდმივად იმის ძახილით, რომ ხეობაში ტერორისტები არიან”, – აცხადებს “რეზონასთან” საუბრისას პანკისის მცხოვრები 40 წლის მამაკაცი, რომელიც თავს სალაფიტს (იგივე ვაჰაბიტი) უწოდებს და საჯაროდ ვინაობის დასახელება არ სურს.

“თავისთავად ხეობაში ძალიან დიდი იდეოლოგიური ბრძოლა არის. ახალგაზრდების 90% იდეოლოგიურად მომზადებულია. თუმცა სისულელეა ვინმე მებრძოლი ჩამოვიდეს და წვთნა გაიაროს აქ,” – ამბობს პანკისელი მექა ხანგოშვილი.

პანკისელები აცხადებენ, რომ სირიიდან არც ერთი მებრძოლი ხეობაში არ დაბრუნებულა. ერთადერთი იყო დავით ბორჩაშვილი, რომელიც სირიაში იბრძოდა და დაბრუნებისას დააკავეს, თუმცა ისიც “ისის”-ის რიგებში კი არა, “სირიის თავისუფალი არმიის” წევრი იყო, რომელსაც აშშ აფინანსებდა.

პირიქით, პანკისელები იმაზე წუხან, რომ მუდმივად იმის ძახილის გამო, პანკისიდან ახალგაზრდები სირიაში მიდიან საომრადო, პანკისელს ყველა ეჭვის თვალით უყურებს, საზღვარზე გადაადგილებაც შეზღუდლი აქვთ და მუდმივად პრობლემები ექმნებათ. თან არა მარტო მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებსაც კი.

“ის, რომ რამდენიმე თვის წინ მოსწავლე სკოლის მერხიდან საომრად სირიაში წავიდა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ პანკისში ყველაფერი მთლად კარგად არ არის, მაგრამ რუსების განცხადება ხეობაში არსებული სიტუაციასთან შეუსაბამოა. ვინ სულელი ჩამოვა ერთ პატარა ხეობაში, რომელიც ხელის გულივით გაშლილია, მუდმივად კონტროლქვეშაა და რუსეთის სპეცსამსახურების პროვოკაციის ადგილია?! ამ მებრძოლს ვინ გამოუშვებს?!

“ქალებს გვაჩერებენ საზღვარზე… ხეობაში სულ 10 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ჩვენს კონტროლს რა უნდა?!” – ამბობს მექა ხანგოშვილი.

გუშინ რუსეთის ეროვნული ანტიტეროროსტული კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველმა, ანდრეი პრჟეზდომსკიმ, რომელიც რუსეთის მიერ ტერორისტების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციების შედეგებს აფასებდა, საქართველოს თემა კიდევ ერთხელ წამოწია. რუსი მრჩევლის განცხადებით, “რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ცნობილია, რომ “ისის”-ის რიგებში მოქმედებს ერთეული, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და ევროპაში ტერაქტების მოწყობას გეგმავს.

“საუბარი ეხება ბატალიონს, რომელთა ძირითად ბირთვს ჩრდილოეთ კავკასიის მებრძოლები შეადგენენ და რომელსაც სათავეში ახმედ ჩატაევი, მეტსახელად ცალხელა უდგას,” – განაცხადა პრჟეზდომსკიმ.

ჩატაევი, რომელიც 2012 წლის აგვისტოში, კახეთში, სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილეა, ამ სპეცოპერაციის შემდეგ იარაღის უკანონო ტარებისთვის დაპატიმრებულიც იყო. რუსეთი მის ექსტრადირებას ითხოვდა, თუმცა დაპატიმრებიდან 4 თვის შემდეგ ჩატაევი გირაოს ნაცვლად გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან საქართველო დატოვა.

მართალია, რუს ჩინოვნიკს ჩატაევზე საუბრისას საქართველო არ უხსენებია, თუმცა ამ განცხადებამდე ზუსტად სამი დღით ადრე რუსეთის პირველმა დიპლომატმა პანკისის ხეობისკენ, როგორ ტერირისტების საწვრთნელ ადგილზე, ხელი პირდაპირ გაიშვირა და თბილისში მიიჩნევენ, რომ ეს უბრალო დამთხვევა არ არის და რუსეთი პანკისის ხეობის თემის გააქტიურებას იწყებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, “პანკისის ხეობაში ტერორიზმის საფრთხე არ გამქრალა. მოსკოვს აქვს ინფორმაცია, რომ ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” საქართველოს ტერიტორიას, კერძოდ კი პანკისის ხეობას წვრთნებისთვის, დასვენებისთვის და მომარაგებისთვის იყენებს”.

მოსკოვის ამ განცხადებებს ოფიციალურმა თბილისმაც უპასუხა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურის თქმით, პანკისში სრულიად მშვიდი ვითარებაა და იქ არავითარი დაჯგუფებები არ მზადდება.

“რაც შეეხება ახმედ ჩატაევს, ის კანონიერად გათავისუფლდა და შეცდომა იყო თუ რა იყო, ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული. ჩვენს ქვეყანაში არ არის ეს ადამიანი და აქედან გამომდინარე პასუხს ვერ გავცემთ ვერც ერთ ქვეყანას, თუ რას ამზადებს ის და რას გეგმავს. თუ ჩვენ გვექნება რაიმე ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს მივაწვდით.

“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პანკისის ხეობაში სიმშვიდეა და არანაირი პრობლემა არ არსებობს დღესდღეობით. როგორც სხვა ხეობებში გრძელდება იქ ცხოვრება”, – აღნიშნა გომელაურმა.

პანკისში ამბობენ, რომ ახმედ ჩატაევი რუსეთის მოქალაქეა, მას ავსტრიის ლტოლვილის სტატუსი აქვს, ოჯახიც ავსტრიაშია და მასთან საქართველო ან პანკისიის ხეობა არაფერ შუაშია. რუსეთმა კი საკუთრა მოქალაქეს თავად მიხედოს,

“ჩვენთან ხეობაში სიწყნარეა. ჩატაევს კი არა, რიგით ადგილობრივებს გვიჭირს საზღვარზე გადასვლა. საათიანი ჩხრეკვები და საბუთების შემოწმებებია. ბოლო დროს სულ გაამკაცრეს და პრობლემები გვექმნება. ამიტომაც აბსურდია სირიაში საბრძოლველად წასული ხეობაში დაბრუნდეს. ეკონომიკურად რომ არ უჭირდეს ხალხს და ეს სიცივეები არ იყოს, ძალიან კარგი იქნება,” – გვეუბნება ერთ-ერთი პანკისის მკვიდრი.

მისივე თქმით, ტყუილია, რომ სირიიდან მებრძოლი პანკისში ჩამოვიდეს, დაისვენოს და ისევ წავიდეს. ხეობაში მთელი დღე არასამთავრობოები და ჟურნალისტები დადიან, ამდენი სპეცსამსახურები მუშაობენ და ვინმეს ამგვარი რამ არ გამოეპარებოდა.

“გაათმაგებული ყურადღებაა პანკისზე და ხალხი ამით დაიღალა კიდეც. არავინ არ დაბრუნებულა. სირიიდან ერთადერთი დავით ბორჩაშვილი დაბრუნდა, ისიც “ისის”-ის რიგებში კი არა, სირიის თავისუფალ არმიაში იბრძოდა, რომელსაც აშშ აფინანსებდა და ისიც კი დააკავეს საზღვარზე.

“რუსეთს პანკისის თემა საქართველოს დასაშანტაჟებლად სჭირდება და იგონებს რაღაცებს. ჩვენი ხეობიდან საომრად 30 ბიჭი თუ იქნება წასული, რუსეთიდან 2 000 მებრძოლია წასული და მაგას მიხედონ”, – დასძენს პანკისელი.

ასევე პანკისელი მექა ხანგოშვილი ამბობს, რომ მათ ახსოვთ 2001-2002 წლებში როგორ დაბომბეს რუსებმა პანკისის ხეობა და მაშინაც ამ ამბავს წინ ამგვარი განცხადებები უძღოდა.

მისი თქმით, მაშინდელისაგან განსხავებით დღეს ხეობაში არაფერი ხდება, სიწყნარეა, მაგრამ მაინც შიშობს, რომ შესაძლოა რუსეთი პროვოკაციისათვის ნიადაგს ამზადებდეს.

“პანკისის ხეობაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და საშიშროებაზე საუბარი ყოველგვარ რეალობას არის მოკლებული. ხეობა გეოგრაფიულად ძალიან პატარაა, სულ 18 კილომეტრის სიგრძის და რამოდენიმე კილომეტრის სიგანის, ერთი საწარმოს ხელაა და იქ რაიმე შეიარაღებული მებრძოლების ყოფნა-წვრთნაზე საუბარი სისულელეა. გეოგრაფიული მდებარეობაც არ უწყობს ხელს, რომ მსგავსი რამის დამალვა მოხერხდეს.

“ჩვენ გვახსოვს, როდესაც პანკისის ხეობის მიდამოები დაიბომბა რუსეთის მიერ, მაშინაც ამ ამბავს წინ ამგვარი განცხადებები უძღოდა. მაშინაც რუსეთის მაღალჩინოსნები აცხადებდნენ, რომ პანკისიში ჩეჩენ მებრძოლებს ამზადებენო.

“ღმერთმა დაგვიფარიოს ახლაც ასე მოხდეს, მაგრამ არ ვიცით რუსეთს გულში რა აქვს ჩადებული. ვითომ “ისის”-ს ებრძვის, რომელიც მისივე სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა. სინამდვილეში რუსეთი ებრძვის ლატაკიაში დისლოცირებულ ჩრდილოკავკასიელთა თავისუფალ არმიას, სადაც ძირითადად ჩეჩნები არიან გაწევრიანებულები. იქ იბრძვის სწორედ ახმედ ჩატაევი. რუსეთს მხოლოდ ჩრდილოკავკასიელების განადგურება აინტერესებს და არა “ისის”-ის”, – აცხადებს მექა ხანგოშვილი. მისი თქმით, ჩატაევიც და თარხან ბათირაშვილიც უფრო “თავისუფალი არმიაა”, თუმცა რატომღაც მათ “ისის”-ის წევრად მოიაზრებიან.

“მათ დაცვას არ ვაპირებ, მაგრამ დღესდღეობით არცერთი ფაქტი არ არსებობს ამ ადამიანების მიერ ჩადენილი სისასტიკის და უბედურების. თუნდაც ის, რომ საქართველო არ შევიდა “ისის”-ის მუქარის არელაში, ამ ადამიანების დამსახურებაა,” – ამბობს ხანგოშვილი.

ექსპერტი ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ პანკისი ერთი წლის წინ უფრო სახიფათო იყო, ვიდრე დღეს, რადგან ახლა “ისის”-ის ისე გაუჭირდა, თავად ლატაკიაში ვერ იმყარებს პოზიციებს და მათი გეგმაც, საქართველო ტერორისტული სატრანსპორტო ჰაბად ექციათ, ჩავარდა.

“დღეს “დაეშის” (“ისლამური სახელმწიფო”) მდგომარეობა მძიმეა და ბევრი მეომარი აპირებს საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდეს. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ 10 იანვარს მუსლიმ მარგოშვილმა გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც თანამებრძოლებისაგან ლატაკიაში დასახმარებლად დამატებითი ძალებით დახმარებას ითხოვდა. ამიტომაც შესაძლოა პანკისში ბრუნდებოდნენ.

“დაეშის” მებრძოლების ხელფასიც გაუნახევრეს და ესეც ითამაშებს როლს. ადრე, რამდენიმე თვის წინ პანკისში რამდენიმე დაბრუნდა და მერე ისევ საომრად წავიდა. მაშინ “დაეში” ძლერი იყო და ბრძოლა ბევრს უნდოდა, ახლა სურათი შეიცვალა”, – ამბობს მაისაია.

მაისაია ამბობს, რომ პანკისში სიმშვიდეა. სხვა საქმეა, თუ რუსეთს სურს ყბადაღებული ე.წ. პანკისის კარტი გამოიყენოს, არარსებულ საფრთხეს ჩაეჭიდოს და ამით სამხრეთ კავკასიაში თავისი პოზიციები გააძლიეროს.

“ყველა ქვეყანის წინააღმდეგ შეიძლება მოძებნო პროვოკაციის საბაბი. შეიძლება გადაცმულ კადიროველებს დააჭერინოს შავი დროშები, შემოუშვას პანკისში და პროვოკაცია მოაწყობინოს. მერე დაიყვირებს – აგერ, ტერორისტები არიანო. რუსეთისაგან ამგვარი პროვოკაცია არ გამიკვირდება და როგორც ჩანს, ამგვარ რამეს ამზადებენ. ახლა ზამთრის გამო საზღვარზე გადასვლა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენი სასაზღვრო ძალები ძალიან ფხიზლად უნდა იყვნენ,” – დასძენს მაისაია.

რეზონანსი“, 30 იანვარი, 2016 წელი

ლარის გაუფასურებაზე ხალხი პასუხს ხელისუფლებას სთხოვს

ვიცი, რომ ამ ფინანსურ კრიზისში მთავარი დამნაშავე ეროვნული ბანკია, მაგრამ პასუხს მაინც მთავრობას ვთხოვ

ნათია ლომიძე

ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურების გამო, ხალხი დღეს უკვე არა ეროვნულ ბანკს და მის პრეზიდენტს, არამედ მთავრობას ადანაშაულებს. მათი აზრით, ხელისუფლება მაღლა მცოცავი კურსის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს, რაც ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის ხელშეწყობას ნიშნავს.

მოქალაქეები იმ პრობლემებს ასახელებენ, რაც მათ გარშემო ლარის გაუფასურებამ გამოიწვია. გიორგი გულიაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ხელისუფლების წარმომადგენლებს პრობლემის ხელშეწყობაში ადანაშაულებს და მის უუნარობას ხაზს უსვამს.

“იმის ნაცვლად, რომ მმართველმა გუნდმა ეს თაღლითობა შეაჩეროს და პრობლემა გადაჭრას, პირიქით, ასე მგონია, ლარის გაუფასურება მათ წისქვილზე ასხამს წყალს და ხალხის გაჭირვებაზე ხელებს ითბობს. მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვინც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთვის აქტიურად იბრძოდა, თუმცა ის დაპირებები, რაც მათ მოსვლამდე ჰქონდათ, ოცნებად დარჩა. არ დავმალავ და ვიტყვი, ერთ-ერთი მათგანი ვიქნები, ვინც ამ მთავრობის გადადგომას აქტიურად დაუჭერს მხარს იმიტომ, რომ ყოველგვარ საზღვრებს სცდებიან თავიანთი უაზრო პოლიტიკით”, – ამბობს თბილისელი გიორგი გულიაშვილი.

ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით “რეზონანსმა” ჩაატარა შერჩევითი გამოკითხვა. გაირკვა, რომ მოსახლეობის უმრავლესობის უარყოფითი განწყობა უკვე არა ეროვნულ ბანკზე, არამედ ხელისუფლებაზე მოდის. ეკა ცნობილაძეც მთავრობას ადანაშაულებს ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში და ყველანაირ ფინანსურ ოპერაციებზე პასუხისმგებლობას მას აკისრებს.

“ზოგადად ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობაზე, ლარის კურსზე პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი და მთავრობა, მაგრამ ვინაიდან ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული არის მთავრობა, ნებისმიერი ადამიანი, როდესაც ქვეყანაში რამე უარყოფითი ხდება, პასუხს სთხოვს მთავრობას. პირადად მე, იმის მიუხედავად, რომ ვიცი ამ ფინანსურ კრიზისში მთავარი დამნაშავე ეროვნული ბანკია, პასუხს მაინც ხელისუფლებისგან ვითხოვ. მე ისინი ავირჩიე და ჩემ წინაშე არიან ვალდებულები, ისევე როგორც ნებისმიერი მოქალაქის წინაშე”, – ამბობს რეზონანსთან” საუბრისას თბილისელი ეკა ცნობილაძე.

რესპონდენტთა ნაწილი ლარის მკვეთრ ვარდნაზე პასუხისმგებლობას მხოლოდ ეროვნულ ბანკს აკისრებს და ამ პროცესში მთავრობის როლს ვერ ხედავს. სალომე გოგიაშვილი ერთ-ერთი მათგანია ვინც თვლის, რომ ლარის კურსის დასტაბილურება მხოლოდ ეროვნულ ბანკს ევალება და ხელისუფლებას მათ სამზარეულოში ჩახედვის შესაძლებლობა არ გააჩნია. სწორედ ამის გამო სალომე გოგიაშვილი მთავრობის დადანაშაულებას სრულიად უადგილოდ მიიჩნევს და თანამემამულეებს მიკერძოებაში ადანაშაულებს.

“არ მესმის იმ ადამიანების, ვინც ცდილობს, მთავრობის უარყოფითი წვლილი დაინახოს ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში. ეს ყველაფერი პოლიტიკურ მიკერძოებად მიმაჩნია და სხვა არაფერი. ყველა ორგანომ თუ დაწესებულებამ, საკუთარ თავზე უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისამგებლობა და აქ მთავრობის დადანაშაულება სრულიად უადგილოა. მესმის, რა მდგომარეობაა ქვეყანაში, ეს ჩემზეც უარყოფითად აისახა. არ არის ხუმრობა ლარის ასე მკვეთრად გაუფასურება, მაგრამ რეალური დამნაშავეები ვეძებოთ იქ, სადაც სინამდვილეშია და არა სხვისკენ გავიშვიროთ თითი”, – ამბობს სალომე გოგიაშვილი.

“რეზონანსთან” საუბრისას ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში სანდრო თვალჭრელიძემ ეროვნული ბანკის ქმედება დაგმო და მოსახლეობის იმ პრობლემებზე გაამხვილა ყურადღება, რომელიც ლარის კურსის დევალვაციამ წარმოშვა. მისი განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამდებობას ბოროტად იყენებს და რევანშისტული ნაბიჯებით ცდილობს ისედაც სავალალო სიტუაცია, ხელოვნურად დაამძიმოს. მისი აზრით, ყველაფერი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ გამოსწორდება.

“არაერთხელ მითქვამს და მათ შორის ოქტომბეში ვიწინასწარმეტყველე იანვრის ბოლოს ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება. სებ-ის პრეზიდენტს რამდენიმე კვირა აქვს დარჩენილი და მისი ბოლოდროინდელი რევანშისტული ქმედების შედეგია ეს ყველაფერი, რაც ხდება ლარის კურსის მკვეთრ დაცემასთან დაკავშირებით და განსაკუთრებით ბოლო დღეებში.

მიმაჩნია, რომ ლარის გაუფასურება არის მიზანმიმართული. ეროვნულ ბანკს, ჰქონდა და აქვს შესაძლებლობა ლარის კურსის დასტაბილურებისთვის, რომელსაც ის არ იყენებს. მთავრობა შეიძლება დავადანაშაულოთ მხლოდ პასიურობაში, რომ შესაბამის ზემოქმედებას ეროვნულ ბანკზე არ ახდენდა. ლარის კურსი გამყარდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეროვნულ ბანკს ეყოლება ახალი პრეზიდენტი”, – განაცხადა “რეზონანსთან” საუბრისას ეკონომიკის ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ.

ასეთ მოსაზრებას არ ეთანხმება მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. მათი აზრით, მთავრობის მხრიდან ამ საკითხის თუნდაც მცირედით უგულებელყოფა უდიდესი დანაშაულია, რაც ხალხის ყოველდღიურ ყოფაზე მძიმე გავლენას ახდენს. ნოდარ თოდაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლებაც და ეროვნული ბანკიც ერთნაირად არიან დამნაშავნი იმ სიტუაციაში, რაც დღეს ლარის კურსის ირგვლივ ხდება. მას არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეცვლა მიაჩნია გამოსავალად, რადგან დარწმუნებულია, რომ მომდევნო პრეზიდენტიც ანალოგიურ პოლიტიკას გააგრძელებს რა ქმედებაც ქადაგიძის მხრიდან დღესდღეობით ხორციელდება.

“ჩემთვის სულ ერთია, ვინ იქნება დამნაშავე – ხელისუფლება თუ ეროვნული ბანკი. ხალხისთვის მთავარი შედეგია, რომელსაც ყველა ვხედავთ. ვხედავთ კი არა, სამწუხაროდ, ვგრძნობთ კიდეც. ვერც იმას დაველოდები, როდის შეიცვლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. არც იმის გარანტია გვაქვს, რომ შემდეგი პრეზიდენტიც ისეთივე არ იქნება, როგორიც დღევანდელია. ექსპერტების მოსაზრებასაც ვერ დავეთანხმები იმის თაობაზე, რომ მხოლოდ ეროვნული ბანკია ცალსახად დამნაშავე და ხელისუფლებას ამ ყველაფერში წვლილი არ მიუძღვის. ჩემთვის და ირგვლივ მყოფებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მდგომარეობა დასტაბილურდეს და ამ გაუსაძლისი ვითარბიდან როგორმე გამოვძვრეთ”, – აღნიშნა “რეზონანსთანას” საუბრისას ნოდარ თოდაძემ.

რეზონანსი“, 30 იანვარი, 2016 წელი

მთავრობა ლარის გამყარების პირობას იძლევა

ეროვნული ვალუტის გაუფასურების არანაირი პირობა აღარ არსებობს

მაკა ხარაზიშვილი

ლარის საკითხზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გარეშე ჩაიარა. გიორგი ქადაგიძემ თამაზ მეჭიაურის კომიტეტში საკუთარი მრჩეველი გიორგი ბაქრაძე და ბანკის წარმომადგენელი გიორგი მელაძე გაგზავნა. დეპუტატებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის მჭიდრო ურთიერთობაა და ლარი გამყარდება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, შეხვედრა იყო ერთობ საქმიანი, სადაც ყველა მხარემ საკუთარი ხედვა წარადგინა.

“დაინტერესებულია ყველა – ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ასევე პარლამენტარები როგორც სახელისუფლებო გუნდიდან, ისე ოპოზიციიდან. გამოითქვა სურვილი, რომ ასეთი შეხვედრები მომავალში კიდევ გაგრძელდეს, რასაც ჩვენ დავთანხმდით.

გაირკვა, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთმანეთთან ნაყოფიერად თანამშრომლობენ და მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობას გააგრძელებენ, რაც ნათლად გამოჩნდება იმ შედეგში, რაც მოსახლეობას აინტერესებს”, – ამბობს მეჭიაური და დასძენს, რომ მიღებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ლარის კურსის გამყარება უნდა დაიწყოს.

სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკი მზად არის კონსტრუქციული განხილვისთვის და მსგავს ფორმატში თანამშრომლობისათვის.

ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით იმედიანად არიან მთავრობის გუნდის წევრები. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ლარის კურსთან მიმართებაში დადებითი ტენდენციებია.

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პირადად მე ყოველდღიურად ვკონტაქტობ როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა შტოს, ვინც ამ პროცესში მეტ-ნაკლებად ვმონაწილეობთ, გვქონდეს სინქრონიზებული ქმედება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ კურსის სტაბილურობისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვითარების “შეგრძნება და აღქმა”.

“მაკროეკონომიკაში რა პარამეტრებიც იყო, შესწორება მოხდა და ჩვენ მეტს აღარ ველოდებით. თუ კიდევ რამე ისეთი იქნება, რაც დამატებით შეიძლება წარმოიშვას, აუცილებლად მოგახსენებთ”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ლარის კურსის მომავალს ოპტიმიზმისტურად უყურებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ხადურმა 2015 წელს და მათ შორის, ბოლო ერთი თვის განმავლობაში შექმნილ მდგომარეობს “საკმაოდ მძიმე” უწოდა. მან მიზეზად აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში მიმდინარე პროცესები დაასახელა.

“დეკემბერში აშშ-ის ფედერალურმა რეზერვებმა გაზარდა საპროცენტო განაკვეთი. ამჯერად ეს განაკვეთი აღარ გაზრდილა, შესაბამისად, ლარზე დამატებით წნეხს აღარ მოველით. საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. მინდა გითხრათ, რომ შიდა მაკროეკონომიკური პარამეტრები არ არის შეცვლილი და გაუარესებული. არც ბიუჯეტი და არც სახაზინო ოპერაციები არ ახდენს დაწოლას გაცვლით კურსზე”, – განაცხადა ხადურმა.

მინისტრმა შიდა პრობლემად ერთი მიზეზი მაინც დაასახელა. ბუნებრივია, მის მიერ დასახელებული მიზეზი – ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა არ ყოფილა. ხადურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი სერიოზული პრობლემაა. ამიტომ, მთავრობის ინიციატივით, საგადასახადო კანონმდებლობა მიდის იმ მიმართულებით, რომ ხელი შეუწყოს ლარში დანაზოგის გაზრდას.

“თუნდაც ის, რომ ჩვენ მოგების გადასახადზე გადავდივართ, რომელიც მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრას გულისხმობს, ნიშნავს იმას, რომ თუკი მოგება იქნება გაუნაწილებელი, ის არ დაიბეგრება. ამით ლარში გაიზრდება დანაზოგი. მართლაც სერიოზული პრობლემაა ის, რომ ზოგადად დოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალია. სამწუხაროდ, ეს მაჩვენებელი მაღალია დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

თუკი მთავრობასა და ერონულ ბანკს დავუჯერებთ, ლარის გაუფასურება აღარ არის მოსალოდნელი და გამყარების ტენდენცია უნდა დაიწყოს. ჯერჯერობით მთავრობის ოპტიმიზმს “ბლუმბერგის” სავაჭრო სისტემაც უბამს მხარს და გუშინ დოლარზე ვაჭრობა 2,46-2,47 ლარის ფარგლებში მიმდინარეობდა.

Comments are closed