globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 29 მარტი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Mar 30th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: გადადგებიან თუ არა სამი “რესპუბლიკელი” მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე

რეზონანსი: გადაწყვეტილია თუ არა “რესპუბლიკური პარტიის” მიერ კოალიციის დატოვება?

რეზონანსი: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილი “რესპუბლიკელებს” კალთებს არ დაახევს”

რეზონანსი: ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: “გამორიცხულია, ჩვენ და “რესპუბლიკელები” არჩევნებზე ერთად წარვდგეთ”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „უკეთესია, კოალიცია დაიშალოს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „ბიძინა ივანიშვილმა მთავრობა იყიდა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლალი აფციაურთან: „ფარულმა ჩანაწერებმა მთელი საქართველო მოიარა, სანამ პროკურატურაში მოხვდებოდა“

რეზონანსი: დეპუტატების პენსია ხალხს მილიონები უჯდება // 560-ლარიან პენსიას 677 დეპუტატი იღებს და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება

რეზონანსი: საქართველოს ეკონომიკა ლარს ვერ ერევა // სპეცია-ლისტთა აზრით, ეროვნული ვალუტის კურსი აპრილიდან სტაბილური გახდება, ზაფხულიდან კი გამყარდება

რეზონანსი: ადგილობრივი პროდუქტი თითქმის აღარსად იყიდება // დახლებზე ბერძნული, თურქული, ირანული და სომხური ხილ-ბოსტნეულია

————————-

რეზონანსი”, 29 მარტი, 2016 წელი

გადადგებიან თუ არა სამირესპუბლიკელიმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე

ეკატერინე ბასილაია

“რესპუბლიკელებმა” “ქართულ ოცნებასთან” წინასაარჩევნოდ ვაჭრობა დაიწყეს და რამდენიმე დღეში საზოგადოებას ამცნობენ, თუ რა შედეგი მიიღეს პარტია “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკების შემდეგ – რჩებიან კოალიციაში თუარა და რა პირობით, ხოლო თუკი გადაწყდა, რომ არჩევნებში კოალიციის გარეშე მიიღებენ მონაწილეობას, ახლავე გადადგებიან თუ არა სამი “რესპუბლიკელი” მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, რაც ხელისუფლებისთვის ერთგვარი დარტყმაც კი იქნება.

“რესპუბლიკური პარტიის” კოალიციიდან გასვლასა და 4 “რესპუბლიკელი” მაღალი თანამდებობის პირის გადადგომაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გუშინ დილიდან თავად პარტიის ლიდერების მხრიდან ბუნდოვანი განცხადებები გაკეთდა იმაზე, რომ მათ გასულ შაბათ-კვირას უკვე იმსჯელეს და საბოლოოდ გადაწყვიტეს, რა ფორმით მიიღებენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, დააანონსეს, რომ გადაწყვეტილებას საზოგადოებას შუადღისას ამცნობდნენ, თუმცა შემდეგ შეცვალეს და განაცხადეს, რომ პარტიის გადაწყვეტილებას საზოგადოება რამდენიმე დღეში გაიგებს.სწორედ ამ ბუნდოვანების გამო ლოგიკურად გაჩნდა ეჭვი, რომ “რესპუბლიკელებმა” კოალიციის მთავარ პარტიასთან ვაჭრობა დაიწყეს და უახლოეს დღეებში საზოგადოება გაიგებს არა იმას, რაც ამ შაბათ-კვირას პარტიაში გადაწყვიტეს, არამედ იმას, რა შედეგი მოიტანა “ოცნება”-რესპუბლიკელებს შორის მოლაპარაკებებმა.

ჯერჯერობით პარტია კოალიციაში რჩება და “რესპუბლიკელი” მინისტრები – თანამდებობებზე. თუმცა რა დრომდე რჩებიან და არჩევნებზე ისევ ერთიანობას შეინარჩუნებენ თუ დაიშლებიან, ეს ცნობილი არ არის.

პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, პარტია განცხადებას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს და შემდეგ ყველა კითხვას უპასუხებენ. კითხვაზე, ეს გამორიცხავს თუ არა იმას, რომ შესაძლოა პარტიამ კოალიცია დატოვოს, აღნიშნავს, რომ ეს “ამ საკითხზე საუბარს გამორიცხავს”.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტების მხრიდან ისმოდა კითხვები, გადიან თუ რჩებიან კოალიციაში “რესპუბლიკელები” და გასვლის შემთხვევაში დატოვებენ თუ არა მინისტრები პოსტებს. ამ შეკითხვებზე პარტიის წევრები გადაჭრით არაფერს პასუხობდნენ, ამბობდნენ მხოლოდ იმას, რომ განცხადებები მალე პარტიაში გაკეთდებოდა. მოგვიანებით კი უკვე თქვეს ისიც, რომ არცერთი მინისტრი თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა.

ფრაქცია “რესპუბლიკელების” თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილის თქმით, მინისტრები თანამდებობებს არ დატოვებენ და ყველაფერზე პასუხი იქნება რამდენიმე დღეში.

“რესპუბლიკელები” არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არცერთი სამთავრობო, თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრ თემურ ნერგაძის განცხადებით კი, პარტიის ეროვნული კომიტეტის სხდომაზე “რესპუბლიკური პარტიის” კოალიციიდან გასვლის თაობაზე მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა, გამორიცხული არაფერია.

“რესპუბლიკური პარტიის” მხრიდან კოალიციის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებები “ქართული ოცნებინადაც” გაკეთდა. ნაწილმა თქვა, რომ ტრაგედია არ იქნება, თუკი “რესპუბლიკელები” კოალიციას დატოვებენ.

თამაზ მეჭიაურის თქმით, მას რამდენი ხანია აქვს იდეა, რომ ყველა პარტიამ ცალ-ცალკე მიიღოს მონაწილეობა და პარლამენტში შესვლის შედეგ მიღებული ხმების შესაბამისად მოითხოვონ პრივილეგიები.

ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამომრჩევლის და ქვეყნის ინტერესის გათვალისწინებით. ნაწილი მიიჩნევს, რომ “რესპუბლიკელების” კოალიციაში დარჩენას მიესალმებიან.

დიპლომატიური აკადემიის რექტორ სოსო ცინცაძის განცხადებით, დიდი პოლიტოლოგობა არ სჭირდება იმას, რაც ახლა ხდება – ეს არის პოლიტიკური ვაჭრობა.

“ის, რაც ცივილიზებულ ქვეყნებში თეთრი ხელთათმნებით კეთდება, ჩვენთან ყოველთვის პრიმიტიულ, არასოლიდურ ფორმას იღებს. თეთრი ძაფითაა ყველაფერი ნაკერი, როდესაც დღის პირველ ნახევარში პარტია აცხადებს, რომ შუადღემდე გავაკეთებ საბოლოო განცხადებას, არჩევნებზე როგორ უნდა წარვდგეთო და დღის მეორე ნახევარში ამბობს, რომ დღეს არა და რამდენიმე დღეში ვიტყვითო, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური ვაჭრობა ხდება. ცოტა ცივილიზებული ფორმა რომ მიეცათ და ძალიან აშკარა არ ყოფილიყო ეს ბაზრობის დონეზე ვაჭრობა, თქვეს, გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, მაგრამ 2-3 დღეში გეტყვითო. თქვე დალოცვილებო, თუ გადაწყვეტილება მიღებულია, გამოაცხადეთ, ამ 2 დღეში რა უნდა შეიცვალოს?! 2-3 დღის შემდეგ, როდესაც უსუფაშვილი გამოვა და განცხადებას გააკეთებს, დაეტყობა, რომ მას ეს ღამეები არ უძინია. 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს ვაჭრობა და გამოაცხადებენ იმ შედეგს, რასაც “ქართულ ოცნებასთან” ამ ვაჭრობით მიიღებენ”, – აცხადებს სოსო ცინცაძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ კვირას პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ რუსთავში პარტიის საოლქო კონფერენციისას განაცხადა, რომ ცუდი არ იქნება, თუკი ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობასო. “2012 წლიდან მოყოლებული, ვამბობდი, რომ ოდესღაც კოალიცია დაიშლება, ეს არის ნორმალური პროცესი, აქ ტრაგედია არაფერი არ არის”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სოსო ცინცაძის თქმით, თუნდაც ამ განცხადებით ჩანს, რომ “ქართული ოცნება” განიხილავს კოალიციის საერთოდ დაშლას და ესეც შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ “რესპუბლიკელებმა” ამის საპასუხოდ უმალვე ვაჭრობა დაიწყეს. მისი თვალსაზრისით, “რესპუბლიკელებმა” იციან, რომ კოალიციაში ივანიშვილის შემდეგ მათი პარტია წამყვანი ლოკომოტივია, თანაც დასავლეთის თვალში ერთადერთი აღიარებული პროდასავლური ძალაც და ამიტომაც ისინი ახლა ერთგვარ შანტაჟს მიმართავენ – ან დავრჩებით და რაღაც გარანტიებით, ან წავალთ და თან 3 მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს გავიყოლებთ, რაც კოალიციისთვის დიდი დარტყმა იქნება. მითუმეტეს, რომ ვარშავის სამიტის წინ თავდაცვის მინისტრის გადადგომა ევროპაში ცუდ მესიჯად აღიქმება.

“თუკი არ გაყარეს, დღეს “რესპუბლიკელები” მთავრობიდან არ გავლენ და ეს აგულაშვილმა და ხიდაშელმა ღია ტექსტით განაცხადეს. თუმცა უცებ 3 მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის შეცვლა ძნელია. თანაც, თავდაცვის მინისტრის შეცვლა ვარშავის სამიტის წინ ცუდად აღიქმება. ვარშავის სამიტზე არაფერს ველოდებით, მაგრამ ხიდაშელის გადადგომის შემდეგ უკვე “რესპუბლიკელები” ამ არაფრის მოცემას იმით ახსნიან, რომ ჩვენი წასვლის გამო გადაწყვიტა ნატომ, საქართველო აღარ არის პროდასავლურიო. ამდენად, მომენტი ძალიან ჭკვიანურად არის შერჩეული და “რესპუბლიკელებს” ეს ღირსებას მატებს. ასევე არის მეორე ვარიანტიც, “რესპუბლიკელებს” სულ პრეტენზიები აქვთ და მათი მოსაწონი ისეთი მთავრობა ვერა და ვერ მოვიდა, რომ არჩევნებამდე შუა გზაზე ტლინკები არ ჰყარონ?! გამოვიდა ხმები, რომ “რესპუბლიკელებს” დარჩენა უნდათ, მაგრამ ღარიბი ნათესავის უფლებით დარჩენა – არა. დაბალი რეიტინგის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოში უფრო მყარი ხმის უფლება სურთ.

გამსვლელ სიაში მინიმუმ 15-20 ადგილს ითხოვენ, თანაც პარლამენტის თავმჯდომარით და კომიტეტის ხელმძღვანელების პოსტსაც. ასევე მინიმუმ ისევ 3 მინისტრი მაინც უნდათ კაბინეტში. უმცირესობაში ყოფნა, ისე, რომ ვერაფერში თავისი ვერ გაიტანონ, არ უნდათ. შესაძლოა, თავდაცვის გარდა სხვა საკვანძო სამინისტროს პორტფელიც უნდათ. “რესპუბლიკელებმა” ნახეს, რომ ახლა ვაჭრობა ღირს, რადგან შემდეგ შეიძლება გვიან იყოს. ვნახოთ, 2-3 დღის შემდეგ მათ პრეტენზიებს რა შედეგი მოჰყვება. ასეთი ხმაურის შემდეგ, ეს პოლიტიკის დაუწერელი კანონია, არანაირი მიღწევით დარჩენა და სახის შენარჩუნება შეუძლებელი გახდება”, – მიიჩნევს სოსო ცინცაძე.

პოლიტოლოგი მიიჩნევს იმასაც, რომ “რესპუბლიკელებისთვის” ასევე ძალიან ცუდი, განგაშის ზარია იგივე ღარიბაშვილის პოლიტიკურ რეანიმაციაზე დაწყებული ლაპარაკი, ვინაიდან თუ ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, მისი მთავარი ფუნქცია “რესპუბლიკელების” დასუსტება იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილს ძაღლის ნაკბენივით ემახსოვრება მისი გადადგომის შემდეგ ლევან ბერძენიშვილის უტაქტო განცხადება, ჩემთვის ღარიბაშვილი არ არსებობსო.

სოსო ცინცაძის პროგნოზით, ახლა “რესპუბლიკელებმა” თუკი ცალკე გასვლაზე გააკეთეს განცხადება, ეს ნიშნავს, რომ თანამდებობები უნდა დატოვონ და ეს იქნება სკანდალი, ამას უფრთხის “ქართული ოცნება”, ამიტომ ძალიან რთული სიტუაციაა.

რეზონანსი”, 29 მარტი, 2016 წელი

გადაწყვეტილია თუ არა “რესპუბლიკური პარტიის” მიერ კოალიციის დატოვება?

ლიკა ამირაშვილი

(შემოკლებით)

როგორ ფიქრობთ, გადაწყვეტილია თუ არა “რესპუბლიკური პარტიის” მიერ კოალიციის დატოვება და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

ქეთი ბექაური (იურისტი): მოვუსმინე პარლამენტის თავმჯდომარის და დანარჩენი რესპუბლიკელების განცხადებებს. მათი მხრიდან ჯერჯერობით კოალიციის დატოვება არ დადასტურებულა. როგორც მათ თქვეს, საუბარია იმაზე, მომავალ არჩევნებში მონაწილეობას რა სტატუსით მიიღებენ. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, დაველოდოთ, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. როგორც განაცხადეს, თანამდებობის დატოვებას ჯერჯერობით არცერთი “რესპუბლიკელი” არ აპირებს. ვფიქრობ, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესია, რომელიც ყველა ქვეყანაში ხდება, ამიტომ აქ რამე უარყოფითს ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, მათი დატოვება-არდატოვება კოალიციის გადასაწყვეტი საკითხია.

ვახტან ძაბირაძე  (კონსტიტუციონალისტი): როგორც ჩანს, გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, თუმცა არა კოალიციის დატოვების, არამედ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღების შესახებ. ჩემი შეფასებით, უკეთესი იქნებოდა, რომ კოალიცია დღევანდელი მდგომარეობით შენარჩუნებულიყო და არჩევნებში ერთობლივად გამოსულიყვნენ. რაც შეეხება კოალიციის დატოვებას, შესაძლოა, მათთვის მომგებიანი იყოს კოალიციის დატოვება და 2016 წლის არჩევნების კამპანიის დაწყება. ეს გადაწყვეტილება თუ მიიღეს, ვფიქრობ, მათი მხრიდან უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნება. დღეს “რესპუბლიკელები” კოალიციას თუ დატოვებენ, ეს საფრთხეს შეუქმნის როგორც უმრავლესობას, ასევე პოლიტიკური პროცესების სტაბილურად განვითარებას.

რეზონანსი”, 29 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილი “რესპუბლიკელებს” კალთებს არ დაახევს”

თიკო ოსმანოვა

“პარტია “ქართული ოცნების” საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი არ არის პარტია “რესპუბლიკელების” მხარდამჭერი. უფრო მისი მოწინააღმდეგეა”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, რომელიც კოალიცია “ქართული ოცნების” შესაძლო დაშლას პოზიტიურად აფასებს. უფრო მეტიც, იგი ამბობს, რომ კოალიციიდან “რესპუბლიკელების” გამოყოფა შესაძლოა დადებითადაც აისახოს “ოცნებაზე”.

გია ხუხაშვილი: კოალიციაში მიმდინარე პროცესებს ვუყურებ პოზიტიურად, იმიტომ, რომ კოალიციები საერთოდ ევროპული სტანდარტებით უნდა იქმნებოდეს არა სარჩევნოდ, არამედ პოსტსაარჩევნო პერიოდში. ასე რომ, თუ ყველა პარტია თვითონ მიიღებს მანდატს ხალხისგან და ამ ხმების საფუძველზე შექმნიან კოალიციას ერთიან მიზნებზე და იდეოლოგიაზე ორიენტირებულს, სახელმწიფოებრივად ეს მხოლოდ პოზიტივის მომტანი იქნება.

- არსებული ინფორმაციით, კოალიციასა და “რესპუბლიკელებს” შორის უთანხმოება პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაბრუნებამ გამოიწვია, თქვენ თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით რამე ინფორმაცია?

- არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. ღარიბაშვილის პოლიტიკაში ინტეგრაციას ძალიან არასერიოზულად ვუყურებ. ეს მისი უფლებაა, კი ბატონო, გადადგას ასეთი ნაბიჯი, თუმცა მე მის პოლიტიკურ გამოცოცხლებას სკეპტიკურად ვუყურებ.

- “მრეწველებთან” დაპირისპირების შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, “რესპუბლიკელებს” კოალიციის დატოვება ბიძინა ივანიშვილმა გადააფიქრებინა. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ახლაც იგივე განმეორდეს?

-ხლა ამის სურვილსაც ვერ ვხედავ. ვისმნეთ პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებებს და მეჩვენება, რომ ისინი სულაც არ არიან წინააღმდეგნი, თუ კოალიციიდან “რესპუბლიკელები” გავლენ. ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ივანიშვილმა კალთები დაახიოს.

- ირაკლი ღარიბაშვილის გამოჩენა პარტიის რეიტინგზე არ იმოქმედებს?

- რომელ რეიტინგზეა საუბარი, არ მესმის, მას პიროვნულად პოლიტიკური კაპიტალი არც არასდროს ჰქონია, არც აღინიშნებოდა პოლიტიკურ ლიდერად, ან ფიგურად. აღიქმებოდა, როგორც ივანიშვილის თანაშემწე. ამ სტატუსს ის ვერ გასცდა თავისი პოლიტიკურ მოღვაწეობის პერიოდში. შესაბამისად, წახვიდე პარტიის ლიდერობიდან, იმიტომ, რომ მერე დაბრუნდე ოპოზიციური პარტიის ლიდერად, ამაში ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ.

- თუ დაიშალა კოალიცია, არჩევნებზე წარმატების მიღწევის ყველაზე მეტი შანსი ვის აქვს?

- ბუნებრივია, პარტია “ქართულ ოცნებას”, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს ბიძინა ივანიშვილის რესურსი. აქედან გამომდინარე, ამ პარტიას არა თუ შანსი აქვს, არამედ პარლამენტში ყველაზე მეტ მანდატს მიიღებს ყველა პარტიას შორის. კოალიციაში შემავალ დანარჩენ პარტიებს კი ბარიერის გადალახვის პრობლემაც ექნებათ. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით სარგებლობდნენ, ხალხთან კომუნიკაცია საერთოდ დაკარგეს და, შესაბამისად, რა თქმა უნდა, საარჩევნო ბარიერის გადალახვა პრობლემური გახდა.

- ანუ ბარიერის გადალახვა “რესპუბლიკელებსაც” გაუჭირდებათ?

- სამწუხაროდ მათაც, თუმცა წარმატებებს ვუსურვებ.

- თავად “ქართული ოცნების” რეიტინგზე რა გავლენას მოახდენს “რესპუბლიკელების” წასვლა?

- ლოგიკურად არ მიმაჩნია ამაზე საუბარი, რომ “რესპუბლიკური” პარტიის წასვლით ქართული ოცნება” დაკარგავს ამომრჩეველს – ეს კიდევ საკითხავია, დაკარგავს თუ შეიძენს. “ქართული ოცნების” საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი არ არის “რესპუბლიკელების” მხარდამჭერი, უფრო მისი მოწინააღმდეგეა.

რეზონანსი”, 29 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: “გამორიცხულია, ჩვენ და “რესპუბლიკელები” არჩევნებზე ერთად წარვდგეთ”

თაკო მათეშვილი

“თავისუფალი დემოკრატების” წევრი, დეპუტატი ზურაბ აბაშიძე გამორიცხავს, რომ “რესპუბლიკელების” კოალიციიდან გასვლის შემთხვევაში მათთან ერთად ალიანსი ჩამოაყალიბონ და არჩევნებში ერთად იბრძოლონ. აცხადებს, რომ ეს იდეის დონეზეც კი არ განიხილება. მისი აზრით, კოალიციას და პარტია “ქართულ ოცნებას” არც “რესპუბლიკელების” გასვლით დააკლდება რამე და არც სხვა რომელიმე პარტიის. მიიჩნევს, რომ ის რეიტინგი, რითაც ამჟამად კოალიცია სარგებლობს, უშუალოდ პარტია “ქართული ოცნების” დამსახურებაა და არა კოალიციაში შემავალი რომელიმე პარტიის.

- თუკი “რესპუბლიკელები” კოალიციიდან გავიდნენ, ხომ არ არის მოსალოდნელი, შემდგომ არჩევნებში მათთან ერთად მიიღოთ მონაწილეობა?

- არა. გამორიცხულია ჩვენ და “რესპუბლიკელები” არჩევნებზე ერთად წარვდგეთ. ამ თემაზე საუბარი არც ყოფილა და არც იგეგმება. “რესპუბლიკური პარტია” “ქართული ოცნების” ნაწილია და თუკი იქიდან გამოვლენ და არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ კონკურენტები ვიქნებით. უბრალოდ არ მესმის, თუკი თანამდებობებს არ ტოვებენ და არჩევნებამდე კოალიციაში რჩებიან, მერე რა ფორმატში უნდა გავიდნენ და საზოგადოებას როგორ უნდა ესაუბრონ – როგორც ხელისუფლება, თუ როგორც ოპოზიცია? ვერ გავიგე, რას აპირებენ. კოალიციის მიერ მიღწეულ წარმატებებსა თუ განცდილ წარუმატებლობაში “რესპუბლიკელები” თანამოზიარეები არიან და ბუნებრივია, მათ პასუხისმგებლობის აღება ბოლომდე მოუწევთ.

- თქვენი აზრთ, რა შანსები დარჩება კოალიციას იმ შემთხვევაში, თუკი მას “რესპუბლიკური პარტიაც” დატოვებს?

- არ მგონია, “ქართულ ოცნებას” კოალიციის დანარჩენი პარტიები აძლიერებდნენ. არ მრჩება შთაბეჭდლება, რომ, თუ რომელიმე პარტია კოალიციას გამოეყოფა, ამით პარტია “ქართულ ოცნებას” რამე დააკლდება. შესაძლოა, მიემატოს კიდეც. კოალიციის დაშლა “ქართული ოცნების” დაშლას არ ნიშნავს. პარტია დარჩება და საქმიანობას გააგრძელებს.

პრინციპში, ეს ჩვენთვის საინტერესო აღარაა. “თავისუფალი დემოკრატები” უკვე საკმაო ხანია გამოვეყავით კოალიციას, დამოუკიდებლად ვსაქმიანობთ, ოპოზიციაში ვართ და ჩვენი მოსაზრებები საზოგადოებისათვის ცნობილია. ვსაუბრობთ იმ წარუმატებლობასა და წარმატებებზეც, რაც ქვეყანას აქვს. ვაპირებთ, ამ არჩევნებში სერიოზული შედეგი დავდოთ.

- რატომ ფიქრობთ, რომ პარტიების გამოყოფით “ქართულ ოცნებას” არაფერი დააკლდება? თქვენი აზრით, ის რეიტინგი, რაც კოალიციას აქვს, მთლიანად პარტია “ქართული ოცნების” დამსახურებაა?

- ვენდობით თუ არ ვენდობით, კვლევებით აშკარად ჩანს, რომ მთავარი რეიტინგი პარტია “ქართულ ოცნებას” აქვს. დანარჩენების რეიტინგი საკმაოდ დაბალია. რეალურად ეს ასე ჩანს. როგორ იქნება არჩევნების დროს, არ ვიცი. იმის მიხედვით, თუ როდის გამოეყოფიან კოალიციას და როგორ დაიწყებენ საარჩევნო კამპანიას, შესაძლოა სურათი შეიცვალოს კიდეც. შეიძლება ვიღაცას მოეწონოს, “რესპუბლიკელები” კოალიციიდან თუ გავლენ, ვიღაცას კი – არა. როგორ აისახება ეს შედეგებზე, ამაზე საუბარი გამიჭირდება.

- ანუ, კოალიციის დაშლით “ქართული ოცნების” გამარჯვების შანსი არ შემცირდება?

- მაქვს განცდა, რომ კოალიცია ამ ფორმით გავა არჩევნებზე, თუ ცალკე პარტია “ქართული ოცნება”, შედეგებში დიდი სხვაობა არ იქნება. არ მგონია, მის რეიგინტში განსაკუთრებული ცვლილება მოხდეს. მე ვერ ვხედავ, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” დღეს ის ძალა იყოს, რომელსაც საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს. რა მხარდაჭერაც აქვთ, ისიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით. საბავშვო ბაღების ყოფილ გამგეებს შევხვდით, რომლებიც სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ფაქტია, რომ “ოცნების” მხარდამჭერები და აქტივისტები ინიშნებიან. ყველაფერი იქითკენაა მიმართული, რომ ძველი ხალხი წავიდეს და “ოცნების” მხარდამჭერები მოვიდნენ. სწორედ ესაა ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ხელისუფლების სასარგებლოდ იხარჯება.

- თუკი “რესპუბლიკელები” კოალიციიდან გავლენ, ამით დასავლურ კურსს საფრთხე შეექმნება?

- დასავლურ კურსთან მიმართებაში უკვე ბევრი კითხვა არსებობს. ბოლო დროს აშკარად დავინახეთ, თუ როგორი განსხვავებული მიდგომაა ამ საკითხზე კოალიციაში. “რესპუბლიკელებს” მკვეთრად გამოხატული პოზიცია აქვთ და ამ მხრივ ჩვენ მათთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ კოალიციას არანაირი ღირებულებითი ერთობა არ გააჩნია. როცა 2012 წელს სააკაშვილის რეჟიმის დასამარცხებლად გავერთიანდით, მაშინ იდეოლოგიურ და მსოფლმხედველობრივ ერთობაზე არ ვსაუბრობდით. მაშინ მთავარი ის იყო, ყველა სააკაშვილის წინააღმდეგ ვყოფილიყავით და არჩევნებში დაგვემარცხებინა. რაც მოვახერხეთ კიდეც. მას შემდეგ, რაც სააკაშვილის რეჟიმი დამარცხდა, მათი ერთადერთი მიზანი ისღაა, რომ თანამდებობები ეკავოთ და კომფორტი ჰქონდეთ.

არ მგონია, “რესპუბლიკელების” კოალიციიდან გასვლით დასავლური კურსი საფრთხეში აღმოჩნდეს. დასავლურ კურსს “რესპუბლიკელებთან” ვერ ვაიგივებ. თავად პრემიერ-მინისტრისაგან ანტიდასავლური კურსის ნიშნებს ვერ ვხედავ. მასთან ამაზე პრეტენზია არ მაქვს და არ მგონია, რომ “რესპუბლიკელები” კოალიციიდან თუ გავლენ, კვირიკაშვილი რუსეთისაკენ წავა.

- ანუ, დასავლური კურსის გარანტი პრემიერი და პრეზიდენტი არიან და არა კონკრეტული პარტია?

-თავად ხელისუფლება და მასში შემავალი პარტიებიც, რა თქმა უნდა. დასავლური კურსი ნათელია.

„ახალი თაობა“, 29 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „უკეთესია, კოალიცია დაიშალოს

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ კოალიცია უნდა დაიშალოს და პოლიტიკური მრავალფეროვნება და პლურალიზმი წამოვიდეს წინა პლანზე, რათა ამომრჩეველს ჰქონდეს მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობა. „კოალიციის დაშლა შეიძლება, „ქართული ოცნებისთვის“, როგორც პარტიისთვის, მეტ-ნაკლებად ხელსაყრელიც კი იყოს, რასაც ვერ ვიტყვით კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის», – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

- მაგალითად, რესპუბლიკელებისთვის?

- არა მხოლოდ რესპუბლიკელებისთვის, არამედ ფორუმისთვისაც და სხვებისთვისაც. მიუხედავად ამისა, მე მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყნის განვითარებისთვის უკეთესია, რომ კოალიცია დაიშალოს.

- კოალიციამ თავისი თავი ამოწურა?

- ცხადია, მან შეასრულა ის დავალება, რომლისთვისაც ის თავის დროზე შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ივანიშვილმა როდესაც კოალიცია შექმნა, თქვა კიდეც, რომ ამ ეტაპზე ის ქმნის ამ სტრუქტურას, სამომავლოდ კი ყველა თავისი შესაძლებლობებით მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. ახლა დადგა სწორედ ის დრო, როდესაც პოლიტიკური მრავალფეროვნება და პლურალიზმი უნდა წამოვიდეს წინა პლანზე. პოლიტიკური პარტიები ყოველგვარი კოალიციის გარეშე უნდა შევიდნენ საარჩევნო მარათონში და შემდეგ მოხდება თუ არა გამარჯვებულ ძალებს შორის გარკვეული ერთობის ჩამოყალიბება, ეს მომავლის საქმეა.

- თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, პარლამენტში შესულმა ძალებმა მიღებული შედეგების მიხედვით შევქმნათ კოალიციაო. შეიძლება სწორედ ასე განვითარდეს მოვლენები?

- რა თქმა უნდა. ეს უფრო უპრიანი იქნებოდა.

- ამ შემთხვევაში ვის რა შანსები აქვს? მაგალითად, როგორი იქნება პარტია ქართული ოცნების შედეგი?

- „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი კვლავ მნიშვნელოვნად დაეხმარება.

- რესპუბლიკელები მოხვდებიან პარლამენტში?

- რესპუბლიკელებს საკმაო დრო აქვთ წინ, რომ მოსახლეობასთან დიალოგი დაამყარონ და მოიპოვონ თავიანთი ამომრჩეველი. ეს პერსპექტივა მათ აქვთ. თუ რესპუბლიკელებს კოალიციიდან გასვლა გადაწყვეტილი აქვთ და დამოუკიდებელი ბრძოლისთვის ემზადებიან, უკეთესი იქნება, რაც უფრო ადრე გავლენ კოალიციიდან და დაიწყებენ დამოუკიდებელ მუშაობას.

- კოალიციის დანარჩენ პარტიებს გაუჭირდებათ ბარიერის გადალახვა?

- ამ პარტიებს, როდესაც ორთქლმავალში არიან ჩაბმულები, პარლამენტში მოხვედრა უფრო გაუადვილდებათ, ვიდრე ინდივიდუალურად, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა ისწავლონ ამ პარტიებმაც ბრძოლა და გამარჯვება. ისევე, როგორც დამოუკიდებლად ბრძოლა უნდა ისწავლოს „ქართულმა ოცნებამ“. ამდენად, ურიგო არ იქნება, თითოეულისთვის პოლიტიკური გამოცდილების ამაღლებისთვისაც ეს ვარიანტი.

- ირაკლი ალასანიას პარტიის კოალიციიდან გასვლის პარალელი ამ შემთხვევაში უადგილო იქნება? რესპუბლიკელები კარს არ გაიჯახუნებენ?

- მე დღესაც იმავე აზრზე ვარ, რომ ამ გასვლით ალასანიას გუნდს არაფერი მოუგია. არც ქვეყანას მოუგია. პირიქით, იზარალა, რადგან მთავრობის წევრების ასეთი მოულოდნელი გადადგომა, თანაც ასეთი დემარში, ყოველთვის არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის. ამდენად, სხვა პარტიებიც, ვინც არ უნდა გავიდეს კოალიციიდან, ქვეყანას თუ არ ჩააგდებენ სახიფათო მდგომარეობაში, ეს მხოლოდ დადებითად იმოქმედებს მათ იმიჯზე.

„ახალი თაობა“, 29 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „ბიძინა ივანიშვილმა მთავრობა იყიდა

რატომ იცავს დეპუტატების ნაწილი კბილებით ბიძიან ივანიშვილს, ვისი ვალი აქვს მინისტრებს და როგორ აბრუნებენ ისინი ვალს? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.

„მონიტორინგის ცენტრმა „მედიატორმა“ მორიგი კვლევა ჩაატარა, რომელიც მინისტრების და დეპუტატების კრედიტებს ეხებოდა. ეს კვლევა ჯერ არ დასრულებულა და საზოგადოება ბევრ საინტერესო ფაქტს გაიგებს კიდევ. ამ თემით დავინტერესდით იმიტომ, რომ გვსურდა გაგვერკვია, რამდენად არიან მთავრობის წევრები ბიძინა ივანიშვილზე დამოკიდებული. ფინანსურ დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, თორემ ისე ყველამ იცის, რომ მთავრობა მხოლოდ პირველი მოქალაქის წინაშეა პასუხისმგებელი.

შუალედური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მინისტრები ბიძინა ივანიშვილზე ფინანსური თვალსაზრისთ საკმაოზე მეტად არიან დამოკიდებული. პოლიტიკურ შეფასებას თუ მივცემთ ამ ყველაფერს, გამოდის, რომ მას მთავრობა ნაყიდი ჰყავს. მინისტრების ნაწილს მისი პირადი ვალი აქვთ. ყველაზე საინტერესო პრემიერ-მინისტრის შემთხვევაა. ყველაზე მეტი ვალი გიორგი კვირიკაშვილს აქვს. მას ბოლო 2 წლის მანძილზე ივანიშვილმა 293.000 აშშ დოლარის ღირებულების იპოთეკური სესხი მისცა. ცალკე ამბავია, რომ «ქართუ ბანკი“ სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებს არ გასცემს. ბანკი მხოლოდ ბიზნეს-სესხებს გასცემს», – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

- აბა, გიორგი კვირიკაშვილი როგორ გახდა ქართუ ბანკის იპოთეკარი?

- ამაზე ბიძინა ივანიშვილი იყო თანახმა და მან დიდი თანხა ასესხა პრემიერს – 293.000 დოლარი ნახევარ მილიონ ლარზე მეტია. ძალიან საინტერესო იქნება, როგორ ხდება ამ თანხების უკან დაბრუნება. გასარკვევია ისიც, ეს ხელშეკრულებები საერთოდ ფიქტიური ხომ არ არის. მეეჭვება „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ საქმის გამოძიებით დაინტერესდეს. ჩვენ შევეცადეთ, ეს საკითხიც საკუთარი ძალებით შეგვესწავლა და პრემიერის შემთხვევაში საინტერესო რამე აღმოვაჩინეთ. ქონებრივ დეკლარაციაში მას უწერია, რომ 12 თვის მანძილზე 109.000 დოლარის ოდენობის ვალი გადაიხადა, რაც 250.000 ლარზე მეტია. აღმოჩნდა, რომ ვალის გადახდის პერიოდში მისმა მთლიანმა შემოსავალმა 83.000 ლარზე ცოტა მეტი შეადგინა, რაც ბუნებრივად აჩენს კითხვებს და ეჭვებს.

- ვალის გასტუმრებაში იქნებ ოჯახის წევრები დაეხმარნენ?

- როცა ვამბობ, რომ შემოსავალმა 83.000 ლარი შეადგინა, მხედველობაში კვირიკაშვილის მთელი ოჯახის შემოსავალი გვაქვს. ამ 83.000 ლარიდან 10.000 ლარი შვილების სწავლაზე დახარჯეს. მართლა საინტერესოა, როგორ მოახერხა გაცილებით მეტის გადახდა, ვიდრე შემოსავალი ჰქონდა. კითხვებს ბადებს ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის შემთხვევაც. მან ბიძინა ივანიშვილისგან ისესხა 79.000 დოლარი. ამის ნახევარი გასასტუმრებელი აქვს. ვალის გასტუმრების პერიოდში მასაც გაცილებით ნაკლები შემოსავალი ჰქონდა.

„ქართუ ბანკიდან“ 140.000 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აქვს გამოტანილი სოზარ სუბარს. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას ამ ვალის გადახდით თავი დიდად არ მოუკლავს. ეს ფაქტიც სერიოზულ კითხვებს აჩენს. ბიძინა ივანიშვილის ვალი აქვს გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილსაც.

ჩვენ ჯერ არ შეგვისწავლია მინისტრების მოადგილეების ვალები. გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ აქაც საინტერესო ამბებს გავიგებთ. მინისტრებს ვინ ჩივის, მთავრობის ყოფილ წევრებსაც აქვთ ივანიშვილის ვალი. ყველას გახსოვთ სკანდალური მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. მას ვალი აქვს 100.000 დოლარი. ფარცხალაძეს ეს ვალი დღემდე გადახდილი არ აქვს. ალბათ არც სთხოვს მას თანხის დაბრუნებას ოლიგარქი. სავარაუდოდ, ეს ვალი არის ჯილდო იმ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებისთვის, რასაც ფარცხალაძე ხელისუფლებაში ყოფნისას ასრულებდა. კვლევის შედეგებს რომ ვაანალიზებთ, გვგონია, რომ მინისტრებთან დადებული ხელშეკრულებები ფიქტიურია და ამ ხალხს თავად ივანიშვილი უფარავს ვალს.

- დეპუტატებში რა ხდება, მათაც აქვთ ივანიშვილის ვალი?

- როგორ არ აქვთ. შოთა ხაბარელის ისტორია ყველამ იცის. იმისთვის, რომ ივანიშვილს ვალი დაუბრუნოს, კაცმა ვაკეში 19 სართულიანი კორპუსის მშენებლობა წამოიწყო. ბიძინა ივანიშვილის ვალი აქვს დეპუტატ შალვა კიკნაველიძეს. მას საზოგადოება, ფაქტობრივად, არ იცნობს, მაგრამ ყოფილმა პრემიერმა 80.000 დოლარი ასესხა. ამ ვალის ნახევარი შალვა კიკნაველიძემ 6 თვეში დაფარა.

- კარგი გადამხდელი ყოფილა...

- მისი კარგი გადამხდელობაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა რომ ამ ადამიანს 12 თვის მანძილზე შემოსავალი ჰქონდა სულ 57.000 ლარი. საინტერესოა, 6 თვეში სად იშოვა 40.000 აშშ დოლარი. კვლევის შედეგად ისიც გავარკვიეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამათ პროცენტს არ ართმევს. ყოფილი პრემიერის ვალი აქვთ გია ჟორჟოლიანსა და ნუკრი ქანთარიას. ეს ის ხალხია, რომლებიც ხმალამოღებულები იცავენ ივანიშვილს და მისი აუგად ხსენებისთვის მზად არიან, ოპონენტებს თვალებიც კი დათხარონ. თემურ ჭკუასელსაც აქვს ივანიშვილის ვალი.

„ახალი თაობა“, 29 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ ლალი აფციაურთან: ფარულმა ჩანაწერებმა მთელი საქართველო მოიარა, სანამ პროკურატურაში მოხვდებოდა

ქვეყანაში განვითარებულ ბოლო პერიოდის სამართლებრივ საკითხებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში უფლებადამცველი ლალი აფციაური აფასებს.

- ქალბატონო ლალი, ფარულ მიყურადებაზე და ვიდეოკადრების გავრცელებაზე სასჯელი მკაცრდება და ეს დანაშაული გადადის მძიმე დანაშაულის კატეგორიაში. რას ფიქრობთ თქვენ?

- მივესალმები ამ ინიციატივას. მძიმე კი არა, უმძიმესი დანაშაულია. აუცილებლად პასუხი უნდა მოეთხოვოს ამ კადრების შემქმნელებს. პირველ რიგში უნდა გამოიძიონ, ვისგან იქნა ეს კადრები შექმნილი, მოპოვებული და ასე შემდეგ და შემდგომი ეტაპი ამ კადრების გავრცელებაა. ორი უმძიმესი დანაშაულია ეს! აქედან გამომდინარე, ორივე მხარე, ამ კადრების შემქმნელებიც და გამავრცელებლებიც, სასტიკად უნდა იქნეს დასჯილი.

- მუხლის დამძიმება რამდენად დაუკარგავს ამ დანაშაულის ჩამდენებს ფარული მიყურადების სურვილს?

- იმედია, რომ დაუკარგავს. მეტ-ნაკლებად შემაკავებელი ფაქტორი მაინც იქნება მძიმე სასჯელის მოლოდინი. რაც ახლა ხდება, მსგავსი რამ ჩემს პრაქტიკაში არ მახსოვს. იმედია, სასჯელის სიმკაცრიდან გამომდინარე, ნაკლებად გაუჩნდებათ მსგავსი დანაშაულის ჩადენის სურვილი.

- სახალხო დამცველმაც დაიწყო დღეიდან კამპანია, დროის ათვლა. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ რაც შეიძლება დროულად გამოიძიონ 11 მარტს მომხდარი ინციდენტი. რამდენად არის გამოძიების შანსი?

- დღეს ბევრს საუბრობენ ხელისუფლების, სამართალდამცავების უსუსურობაზე, თუმცა არც ასე მარტივადაა საქმე. ეს კადრები ვიდრე პროკურატურაში აღმოჩნდებოდა, გაქცეულმა ნაცებმა როგორც კი თავი შეაფარეს სხვადასხვა ქვეყანას, დაიწყო ამის გავრცელება ტელეფონების მეშვეობით.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ვიდეო მესიჯების მეშვეობით ავრცელებდნენ ამ ფარულ ჩანაწერებს. ვიდრე ეს კადრები პროკურატურამდე მიაღწევდა, უამრავი ადამიანის ხელში გამოიარა. მთელი საქართველო მოიარა. აქედან გამომდინარე, ამის გამოძიება გართულდება. ცნობილი ფაქტია, ვიდეო მესიჯებით ხდებოდა ამ ყველაფრის გავრცელება!

- იმის თქმა გინდათ, რომ ასლი უამრავია?

- დიახ, ძალიან ბევრია. ამიტომ პროკურატურის ერთი ხელის მოსმით დადანაშაულება არ არის სწორი. ამ კადრების განადგურება ძალიან გაჭირდება.

- ქალბატონო ლალი, თქვენ გაქცეული ნაციონალები ახსენეთ. გასულ კვირას ინტერპოლმა დათა ახალაიაზე ძებნა შეწყვიტა. რას ფიქრობთ თქვენ?

- პირის ექსტრადირება სერიოზულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. პირადად მე არაერთი დანაშაულში ბრალდებული ადამიანის ექსტრადიცია შემიჩერებია სამი, ოთხი წელი და, საბოლოო ჯამში, გადმოცემა არც კი განხორციელებულა. ვინაიდან ეს საერთაშორისო კანონმდებლობით რეგულირდება, არ არის მარტივად ხელმისაწვდომი თემა. ნებისმიერ სიტუაციაში რთულია ამ საკითხის მოგვარება.

- ანუ ძალოვანი უწყებები არაფერ შუაშია?

- აქედან გამომდინარე, იმაში, რომ პროკურატურა უნიათოა, ვერავის დავეთანხმები, რადგან რთულად ხორციელდება ეს პროცედურები.

- რატომ მოიხსნა ბაჩო ახალაია წითელი ცირკულარიდან?

- ვერ გეტყვით ამ დეტალების შესახებ, არ ვიცი, რა მოხდა იქ სამართლებრივი კუთხით, არ მინახავს ეს დოკუმენტები. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ გაქცეულ ხელისუფლებას სერიოზული კავშირები აქვს.

- ამით რისი თქმა გსურთ?

- აქედან გამომდინარე, მათთვის უფრო ადვილი იყო იმის მიღწევა, რასაც მიაღწიეს. ანუ ინტერპოლის ძებნა მოეხსნა დათა ახალაიას. სერიოზული ფინანსები იხარჯება მათ საადვოკატო მომსახურებაში. არავისთვის არ არის უცხო, რომ მათ სერიოზული ფინანსები გაიტანეს ქვეყნიდან, მოპარული ფული და დღეს ამ თანხებით ახერხებენ თავის დაცვას.

- საუბარია, რომ ამ ფონზე იმატა ნაციონალების გონორმა, ახალი ხელისუფლების დადანაშაულებამ, რაც საზოგადოებაში გაღიზიანებას იწვევს...

- ერთადერთი, ამ ხელისუფლების დანაშაული ის არის, რომ ამ კრიმინალურ ბანდას მისცა გაქცევის და მიმალვის საშუალება და ვინც დარჩნენ, ისინი ციხეებში რომ არ არიან. აი, ეს არის ხელისუფლების დანაშაული ამ საკითხებში! ე.წ. კოჰაბიტაცია და ვაიმე, ევროპა რას იტყვის და ვაიმე – ვაშინგტონი, ამის გათვალისწინება კატეგორიულად უნდა გამორიცხუ-ლიყო. იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, როგორც ევროპისთვის, ისე ვაშინგტონისთვის, ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა მდგომარეობამდე მიიყვანა საქართველოს მოსახლეობა ნაციონალურმა მოძრაობამ. როგორც მიშა იტყოდა – ყველანი ციხეში, სწორედ ასეთი სტანდარტებით უნდა ემოქმედა ახალ ხელისუფლებას.

- რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ მტკიცებულებების მოპოვება?

- ალბათ ყველას კარგად გახსოვთ არჩევნების წინ, გროვებად დამწვარი სისხლის სამართლის საქმეები თბილისის შემოგარენში. ნაცებმა როგორც კარგად იცოდნენ დანაშაულის ჩადენა, ასევე კარგად იცოდნენ მტკიცებულებების განადგურებაც. დიდი ნაწილი მტკიცებულებებისა განადგურებულია, ხოლო ხელახალი მტკიცებულებების შექმნა არც ისე მარტივია. ასევე რთულია დანაშაულის დამტკიცებაც.

- ანუ ამ მოცემულობის შეცვლა გაუჭირდება ხელისუფლებას?

- რა თქმა უნდა და ვხედავთ, რომ კიდეც გაუჭირდა. ხანდახან ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებიან, რომ მაგათი საცოდაობით ვიწვი. საკმაოდ რთულად არის საქმე.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საჯარო სამსახურებში დღემდე ბევრია, განსაკუთრებით კი ძალოვან სტრუქტურებში, ისეთი ადამიანები, რომლებიც ნაცებთან ერთად ჩადიოდნენ დანაშაულს. ამ საკითხმაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა ხელისუფლებას. აუცილებელია, გაცხრილვა მოხდეს ამ ადამიანებისგან ძალოვანი უწყებების, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია, თუ რას აკეთებს, ან რას აპირებს ხელისუფლება, მათი მეშვეობით ნაციონალებთან მიდის. მეტი სიფრთხილე და მეტი ყურადღება მართებს ხელისუფლებას.

რეზონანსი”, 29 მარტი, 2016 წელი

დეპუტატების პენსია ხალხს მილიონები უჯდება

560-ლარიან პენსიას 677 დეპუტატი იღებს და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება

მაკა ხარაზიშვილი

ხალხს პარლამენტის ყოფილი დეპუტატების შენახვა წელიწადში 4,5 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. “ბიზნეს-რეზონანსის” ინფორმაციით, 560-ლარიან პენსიას 677 დეპუტატის იღებს, მათი რაოდენობა 4 წელიწადში ერთხელ მუდმივად იზრდება. საზოგადოებაში, ხშირად ჩნდება კითხვა და პროტესტი, რატომ უნდა არჩენდეს ხალხი პარლამენტის წევრების დაახლოებით 70%-ს, როდესაც მათ პარლამენტი დასასვენებელი, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციები “უწესო” ადგილები ჰგონიათ? დეპუტატთა დიდი ნაწილი საპარლამენტო ვადას ისე ასრულებს, რომ საკუთარი ფუნქციაზე საუბარიც კი არ შეუძლია.

ყოფილი დეპუტატის პენსია საზოგადოების რიგითი წევრის პენსიას 250%-ით აღემატება. სპეციალისტების განცხადებით, იმისთვის, რომ კორუფცია გამოირიცხოს, დეპუტატს მაღალი ხელფასი და წემდეგ პენსია უნდა ჰქონდეს. ეს მსჯელობა შეიძლება ლოგიკური იყოს, თუმცა ამასთანავე ჩნდება მეორე კითხვა, ვინ უფრო მეტ დოვლათს ქმნის ქვეყნისთვის – მწერალი (მაგალითად, გურამ დოჩანაშვილის პენსია 160 ლარია), მეცნიერი ან მიწის მუშა, თუ დეპუტატები, რომელთა სახელები საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უცნობია.

დავიწყოთ თავიდან: დეპუტატის ხელფასი 2 ათასი ლარია. 2013 წლის 1-ლი იანვრიდან სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის ყოველთვიური სახელფასო დანამატი ასე განისაზღვრება: პარლამენტის თავმჯდომარე – 3 905 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 3 570 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 3 505 ლარი. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, კომიტეტის თავმჯდომარე – 2 705 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარე – 2 635 ლარი, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარე – 2 105 ლარი, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 1 970 ლარი, კომიტეტისა და ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეები – 1 905 ლარი, პარლამენტის წევრი – 1 790 ლარი.

შესაბამისად, გამოდის, რომ დღევანდელი პარლამენტარის მინიმალური ხელფასი 3 790 ლარს შეადგენს. ესეც მაშინ, თუ კანონმდებელი არც პარლამენტის თავმჯდომარეა, არც თავმჯდომარის მოადგილე, არც უმრავლესობის და არც უმცირესობის ლიდერი, არც მაჟორიტარი. თანამდებობის შესაბამისად, ხელფასი, დანამატთან ერთად, 3 905-დან 5 905 ლარამდე იზრდება.

სადეპუტატო ვადის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრს ენიშნება კომპენსაცია – 560 ლარი, ანუ ის, რასაც ჩვენ პენსიას ვეძახით. ამ თანხას ყოფილი დეპუტატი საპენსიო ასაკიდან იღებს, ხოლო თუკი მას აქვს 25-წლიანი სამუშაო სტაჟი, პენსია უფრო ახალგაზრდასაც ენიშნება. მაგალითად, 45 წლის ყოფილი დეპუტატი, რომელსაც 25-წლიანი მუშაობის სტაჟი აქვს 560 ლარის პენსიას იღებს (დასაქმების შემთხვევაში საპენსიო ანაზღაურება უჩერდება).

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ეფექტიანობა იზომება იმით, თუ რამდენად უფრო იაფი უჯდება მისი შენახვა საზოგადოებას, ანუ რა ფასი ადევს ქვეყნის ადმინისტრირებას.

“უნდა გავზომოთ ხელისუფლების შედეგიანობა უფრო მეტია თუ მისი შენახვის ხარჯი. ამ ორი მოცემულობის შედარებისას გამოდის, რომ ხელისუფლების, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოს შენახვა არც თუ ისე იაფი გვიჯდება”, – ამბობს სოსო არჩვაძე და მაგალითად ისრაელის საკანონმდებლო ორგანო მოჰყავს.

კერძოდ, ისრაელში, საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ერთ დეპუტატეზე 10-ჯერ მეტი მშპ იქმნება. თუკი შესადარებელი ფასებით განვიხილავთ, ისრაელში 1 დეპუტატზე მოდის 2,260 მილიარდი დოლარის მშპ, ხოლო ჩვენთან 227,3 მილიონი დოლარის. ამ შემთხვევაში, შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ისრაელის ეკონომიკა საქართველოსთან შედარებით უფრო განვიარებულია და იქ აბსოლუტური მშპ-ც მეტი იქნება. თუმცა, ისრაელის ქნესეთს (საკანონმდებლო ორგანო), სადაც უფრო მეტი მშპ იქმნება, ნაკლები დეპუტატი ჰყავს (120) და მოსახლეობის ერთ სულზე გადაანგარიშებით, ქართველი დეპუტატების შენახვის პოლიტიკურ-ეკონომიკური ფასი 2,8-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ისრაეში.

“ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართველ დეპუტატებს პენსია-ხელფასი უნდა ჩამოვაკლოთ. მათ უფრო მეტი უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს დანარჩენი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის მათ ანაზღაურებასთან მიახლოვება. მაშინ, მათი პრივილეგიები ასე თვალშისაცემი აღარ იქნება”, – ამბობს სოსო არჩვაძე.

იურისტი ლევან ალაფიშვილი აღნიშნავს, რომ არსებული სისტემა სხვა ქვეყნებშიც არსებობს, თუმცა ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ მაჩვენებელზე, ეს უნდა იყოს 560 ლარი, უფრო მეტი თუ ნაკლები. ამასთანავე, ექსპერტი განმარტავს, რომ დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერებაზე უარის თქმა იქნება არასწორი, ანუ დემოკრატია იაფი არ ჯდება. თუმცა, საზოგადოებამ, როდესაც მას რაღაც არასწორად მიაჩნია, თავისი ლეგიტიმური უფლებების გამოყენებაც უნდა ისწავლოს.

“შეიძლება ვიკამათოთ, რამდენად სწორია ამ ჯგუფის გამოყოფა სხვა ნაკლებად დაუცველი სოციალური ჯგუფისგან. მით უმეტეს თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ პარლამენტში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანი 4 წლის განმავლობაში და მას მერე გადასახადის გადამხდელთა სარჩენი უნდა იყოს. თუმცა, ამდაგვარი გამონაკლისების გამო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე უარის თქმა სწორი არ იქნება”, – ამბობს ლევან ალაფიშვილი.

560-ლარიანი პენსიონერების სია კიდევ უფრო შეიძლება გაიზარდოს, თუკი პარლამენტი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მოთხოვნას დააკმაყოფილებენ. ისინი სხვა ყოფილ დეპუტატებთან გათანაბრებასა და ასევე დიდი პენსიის დანიშვნას მოითხოვენ.

პარლამენტში ეს საკითხი ჯერ კიდევ განიხილება და რამდენიმე კომიტეტმა მოიწონა კიდეც. საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, საბჭოთა საქართველოს დეპუტატი ვილენ ალავიძე აცხადებს, რომ ის უმაღლეს საბჭოში 80-90-იან წლებში იყო. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პარლამენტში 2015 წლის ივნისში შეიტანეს განაცხადი, ეს განიხილა ბიურომ და რამდენიმე კომიტეტს შესწავლა დაავალა. მისი თქმით, საკითხი უკვე განიხილა რამდენიმე წამყვანმა კომიტეტმა. დარჩენილია ჯანდაცვის კომიტეტი, თუმცა ის საკითხს მანამდე ვერ განიხილავს, სანამ ფინანსთა სამინისტროსგან ფინანსურ უზრუნველყოფაზე დასტური არ ექნება. ალავიძის იმედი აქვს, რომ ხადურის უწყება მათთვის 560-ლარიანი პენსიის სახსარს 2017 წლის ბიუჯეტში მაინც გამოძებნის.

ქვეყნის დანარჩენს მოსახლეობას, რომლებსაც არ გაუმართლათ და პარლამენტში ვერ მოხვდნენ, ივლისიდან პენსია 180 ლარამდე გაეზრდებათ და სავარაუდოდ, ეს მათთვის ბოლო მატება იქნება, ვინაიდან ქვეყნის ბიუჯეტს გაზრდილი ხარჯის გამო ჩვეულებრივი ადამიანებისთვის პენსიის მომატების შესაძლებლობა ნამდვილად აღარ აქვს.

რეზონანსი”, 29 მარტი, 2016 წელი

საქართველოს ეკონომიკა ლარს ვერ ერევა

სპეციალისტების აზრით, ეროვნული ვალუტა აპრილიდან დასტაბილურდება და ზაფხულიდან გამყარდება

მაკა ხარაზიშვილი

ეროვნული ვალუტა ისევ დევალვაციის გზას დაადგა. მარტში ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალის გეგმის შესასრულებლად ერთბაშად 1 მილიარდი ლარი უნდა დაეხარჯა. ბოლო პერიოდში მიმოქცევაში ლარის მასა ისევ გაიზარდა, რამაც, გარკვეულწილად, ეროვნული ვალუტის კურსზე გავლენა მოახდინა. ეკონომისტების აზრით, ამ დროისთვის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია და გარკვეული დროის შემდეგ ლარი ისევ გამყარების გზას დაადგება.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში “ბლუმბერგის” სავაჭრო სისტემაში ლარი დოლარის მიმართ 2,36 ნიშნულის ფარგლებში მერყეობდა. დღის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა კურსი 2,3581 ლარის დონეზე დაადგინა. გადამცვლელ პუნქტებში 1 დოლარი 2,37 ლარად იყიდება.

ზუსტად ორი თვის წინ ლარი დოლარის მიმართ 2,47-2,50 ლარის დიაპაზონში მერყეობდა. 3 მარტიდან ეროვნული ვალუტის გამყარება დაიწყო. იმ პერიოდში 1 დოლარი 2,48 ლარი ღირდა. ორი კვირაში ეროვნული ვალუტა 2,30-ის ნიშნულს ჩამოსცდა და ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი 2,2954 ლარი დააფიქსირა. “ბლუმბერგის” სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 2,26 ლარამდეც კი გაიაფდა. ამერიკული ვალუტა ამ კურსით იყიდებოდა სავალუტო პუნქტებშიც.

ეკონომისტების განცხადებით, ვალუტის მკვეთრი გამყარება ობიექტური მიზეზებით დაიწყო და ამ პროცესს აჟიოტაჟიც დაემატა. ამიტომ ეროვნულმა ბანკმა ორჯერ 17 და 21 მარტს მიმოქცევიდან 15 მილიონი დოლარის ამოღების გადაწყვეტილება მიიღო. ამ ნაბიჯმა ვალუტის გამყარება შეაჩერა და რამდენიმე დღეში ისევ დევალვაცია დაიწყო.

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა აღნიშნავს, რომ მკვეთრი ახლა მერყეობა არ შეინიშნება და ეროვნული ვალუტა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. მისი აზრით, ლარზე მცირედით, მაგრამ მაინც ახდენს გავლენას საერთაშორისო არენაზე განვითარებული მოვლენები. ამჯერად მიზეზი ეკონომიკურ პროცესებთან ერთად, ბელგიის ტერაქტი გახდა, რის გამოც ევრო დოლარის მიმართ შესუსტდა.

“ეროვნული ვალუტა მოძრაობს 2,30-ის ნიშნულის მიდამოში. იმისთვის, რომ ფუნდამენტურად მოგვარდეს საკითხები, აუცილებელია ეროვნული ბანკის მხრიდან შესაბამისი პოლიტიკის გააქტიურება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრიუსელის ტერაქტმა და მისმა თანმდევმა ნეგატიურმა პროცესებმა დოლარის გამყარება სხვა ვალუტების მიმართ გამოიწვია”, – აღნიშნავს მიხეილ დუნდუა და დასძენს, რომ როგორც კი დოლარი გამყარდება ევროსთან, მაშინვე მყარდება ლარის მიმართაც. აქ საუბარია, რომ მასშტაბები არ უნდა იყოს ძალიან დიდი.

“ჩვენ გლობალურ სისტემაში ვართ ჩართულნი. ახლა უკვე სულ სხვა მოცემულობა გვაქვს. ცოტა ხნის წინ 2,50-ის ლარის მიდამოში მერყეობდა ვალუტა. თანდათანობით ეს პროცესი დასტაბილურდება. ტურიზმიდან და ექსპორტიდან შემოსავლები მეორე კვარტალში გაიზრდება და ბუნებრივია, ეს ლარზე დადებით გავლენას მოახდენს”, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტპაზე ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ნორმალური პროცესებია. თვის ბოლოს ლარი დოლარის მიმართ ყოველთვის უფასურდება და ბაკურაძის აზრით, აპრილის დასაწყისში სიტუაცია შედარებით უნდა შეიცვალოს.

“ლარის გამყარებას, ძირითადად, ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის ახალმა ტენდენციამ, რასაც დაემთხვა აჟიოტაჟიც, ამიტომ ჩაერია ეროვნული ბანკი და ეს პროცესი ჩააქრო. ახლა თვის ბოლოა ისევ დევალვაცია შეინიშნება. ვნახოთ, როგორი კურსი ჩამოყალიბდება თვის დასაწყისიდან და ეს კიდევ ერთხელ დაგვანახებს, სერიოზულ რყევას უნდა ველოდოთ თუ არა.

ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ეროვნული ვალუტა მეტ-ნაკლებად სტაბილურია და ასეთი მოძრაობა არ არის უარყოფითი ეკონომიკისთვის. ვფიქრობ, თუკი ეკონომიკის განვითარება გაგრძელდება, ლარი ისე გამყარების გზას დაადგება”, – აღნიშნა “ბიზნეს-რეზონანსთან” არჩილ ბაკურაძემ.

ეკონომიკის დოქტორის დავით ასლანიშვილის აზრით კი, ლარს აქვს სეზონური ვალუტისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ზამთარსა და გაზახულის პირველ-ნაზევარში იგი მეტ-ნაკლებად მერყევია, ხოლო ზაფხულში მოსალოდნელია გამყარება.

“მარტში ლარის გაძლიერება დაკავშირებული იყო ბიუჯეტიში მოგებისა და სხვა გადასახადების მობილიზებასთან. სავარაუდოდ, ვალუტის რყევის გამო, რა პოლიტიკაც ტარდებოდა ეროვნულ ბანკში, რიგმა მსხვილმა კომპნიამ, რეზერვისთვის, უფრო მეტი ვალუტა შეიძინა, ვიდრე სჭირდებოდა. გადასახადების გადახდის პერიოდში მათ დაიწყეს რეზერვის გაყიდვა. მათი ვალი შესრულებულია ბიუჯეტის წინაშე და ლარი კვლავ კონკურენტულ ნიშნულზეა”, – ამბობს დავით ასლანიშვილი და აღნიშნავს, რომ გაზაფხულზე კურსის მოძრაობა მოსალოდნელია, ზაფხულში შენარჩუნდება სტაბილურობა და ლარი გამყარებისკენ წავა.

სპეციალისტების აზრით, ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვა კურსზე გარკვეულ გავლენას ახდენს, მით უმეტეს, რომ იანვარ-თებერვალში კვარტლის გეგმის მხოლოდ 55% იყო შესრულებული და მთელი ზეწოლა მარტზე გადმოვიდა.

“იმედია, მომდევნო თვეებში მაინც მოახერხებენ სახელმწიფო უწყებები თანაბარ ხარჯვას, რათა ასეთი სუსტი ეკონომიკის პირობებში, ეროვნულ ვალუტას ზედმეტ ტვირთად ბიუჯეტი აღარ დააწვეს”, – მიიჩნევს ექსპერტი ზვიად კანდელაკი.

ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი მიხეილ თოქმაზიშვილი აღნიშნავს, რომ ეკონომიკაში სერიოზული გარდატეხა უნდა მოხდეს, რათა ეროვნული ვალუტა სტაბილურად გამყარდეს. ამ ეტაპზე მცირე მერყეობა ყოველთვის იქნება.

“პერიოდულად ეს პროცესი გაგრძელდება ხან დევალვაციის, ხააცნ გამყარების მიმართულებით. ეს დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ დანარჩენი მსოფლიოს ეკონომიკაც ძალიან სუსტია. რეალურად სავაჭრო ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან შემცირდა. ამას დაემატა ინვესტისიცებისა და ფულადი გზავნილების კლებაც”, – ამბობს თოქმაზიშვილი.

ჯერჯერობით ეკონომიკაში არ შეინიშნება ისეთი ცვლილება, რომელიც ლარის მსყიდველუნარიანობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა. აქედან გამომდინარე, თუკი პერიოდულად ლარის გამყარდება, ეს არ ნიშნავს, რომ იგი პერმანენტულად გაგრძელდება. ამ შემთხვევაში ეკონომისტები ხალხს ამშვიდებენ იმით, რომ ეროვნული ვალუტის ისეთი მკვეთრი გაუფასურება, როგორიც 2015 წელს აღინიშნებოდა, აღარ მოხდება და ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

რეზონანსი”, 29 მარტი, 2016 წელი

ადგილობრივი პროდუქტი თითქმის აღარსად იყიდება

დახლებზე ბერძნული, თურქული, ირანული და სომხური ხილ-ბოსტნეულია

მარი ჩიტაია

სამომხმარებლო ბაზრებსა და სუპერმარკეტებში ქართული ბოსტნეული და ხილი თითქმის არსად გვხვდება. ყველგან მასობრივად უცხოური ნაწარმი იყიდება. ხშირია შემთხვევა, როცა მოვაჭრეები შემოტანილ ხილ-ბოსტნეულს ქართულ პროდუქტად ასაღებენ, მაგრამ რეალურად არც ერთი მათგანი ადგილობრივი ნაწარმი არ არის. მომხმარებელიც ყიდვისას ხშირად ტყუვდება.

ქართული პროდუქტი დახლებიდან იმაზე ადრე გაქრა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. აგრარული სექტორის წარმომადგენლები მიზეზად ექსპორტის ზრდას მიიჩნევენ, განსაკუთრებით რუსეთის მიმართულებით, რაც თურქეთისადმი დაწესებულ ემბარგოს უკავშირდება.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ აგრარულ ბაზრებში თუ სადმე ჭიან ან ტალახიან ბოსტნეულს წააწყდებით, გამყიდველი უსათუოდ ქართული წარმოშობის პროდუქტად შემოგასარებთ (თუ, რა თქმა უნდა, მათი გარჩევა ისედაც გიჭირთ).

ადრე, როცა ტალახიანი პროდუქტი შემოდიოდა, მოვაჭრეებს გულდაგულ უწევდათ მისი რეცხვა, რომ ამით მომხმარებელი მოეზიდათ. ახლა პირიქითაა – ყველა ცდილობს მიწიან-ტალახიანი ბოსტნეული შემოგთავაზოს და ამისთვის განსაკუთრებითაც შეიძლება გაისარჯოს.

მოვაჭრეების ეს ხრიკი კარგადაა ცნობილი იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც აგრარული ბაზრის ხშირი სტუმრები არიან. დღესდღეობით გაყიდვაში, ძირითადად, თურქული, ირანული და სომხური წარმოშობის პროდუქტებია. ხახვი და ნიორიც უცხოური სჭარბობს. ბულგარული წიწაკა და ბადრიჯანი, რომელიც დახლებზე ფასითაც გამორჩეულია, მთლიანად იმპორტულია.

აგრობიზნესში დასაქმებულები აცხადებენ, რომ არნახული მოთხოვნაა რუსეთის ბაზარზე, სადაც ჩვენი პროდუქტი შეუჩერებლივ გადის.

ექსპორტზეა ორიენტირებული მწვანილის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია “ჰერბიაც”, რომელსაც პროდუქტი უკრაინაში, პოლონეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გააქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე “ჰერბიას” მწვანილზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და ის, ძირითადად, ქსელურ სუპერმარკეტებში იყიდება. წარმოებული მწვანილის 95% ექსპორტზე გადის.

გლდანის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ უკვე დეკემბრიდან შეიმჩნევა ქართული პროდუქტის დეფიციტი, რაც განსაკუთრებით ბოსტნეულ კულტურაზე აისახება.

“რაც დრო გადის, ადგილობრივი აგრარული ნაწარმის ნაკლებობა უფრო შესამჩნევია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ქართული ხილ-ბოსტნეულის მარაგი ადრევე შეგვიმცირდა, რაც მომხმარებელთან ურთიერთობაშიც გვიქმნის პრობლემას. მათი უმეტესობა ქართულ პროდუქტს ითხოვს, მაგრამ რეალურად სურსათი ძალიან ცოტაა”, – ამბობს დალი ცირდავა, მოვაჭრე.

გაყიდვაში არც ქართული კარტოფილია. ახალციხელი ფერმერი მკრტჩ მოვსესიანი ამბობს, რომ მომავალი მოსავლის იმედადღა არიან, რადგან შარშანდელი მარაგი მთლიანად ამოიწურა.

“ადგილობრივი კარტოფილი გაყიდვაში აღარ არის. მიღებული მოსავლის ნაწილი სეზონის დასაწყისშივე სომხეთსა და თურქეთში გავიდა. წლის ბოლოდან მთლიანად იმპორტულის შემყურე ვართ. ჩვენს რეგიონში, რაც უნდა მოიწადინოთ, ადგილობრივ პროდუქტს ვერ იყიდით. არა მარტო კარტოფილი, სტაფილო, ხახვი, ნიორი და მწვანილიც კი სხვა ქვეყნიდან შემოდის. არ ვიცი სადმე თუ შემორჩათ ბოსტნეული, ყველა ექსპორტზე ფიქრობს და ქართველი მომხმარებელი არავის ახსენდება”, – ამბობს ფერმერი.

ამოიწურა ხილიც. დახლებზე შემორჩენილი ჩვენი ვაშლი ან ციტრუსი იმდენად უხარისხოა, რომ არჩევანს მის სასარგებლოდ მომხმარებელი ვერც გააკეთებს.

“აქამდე გორელი გლეხებისგან ვყიდულობდი პროდუქტს, მაგრამ გორში თითქმის არაფერი დარჩა. რაჭიდან კი ბოლო თვეებში ისედაც არაფერი შემოგვქონდა. ხალხს თუ მოუსმენთ, ცოტა მოსავალი იყო, სხვა მიზეზი ჩვენთვის უცნობია.

გასაყიდი ხილის უმეტესობა ბერძნული, თურქული და ირანულია, ცოტა სომხურიც. იმპორტირებული ვაშლის ფასი 3,50-4 ლარიდან იწყება და 6 ლარსაც აღწევს. ციტრუსი გაცილებით იაფი ღირს, მაგალითად, ბერძნული ფორთოხალი 2 ლარად იყიდება. მოთხოვნა ყოველთვის ადგილობრივ პროდუქტზეა, მაგრამ რეალურად არ გვაქვს”, – ამბობს დიდუბის ბაზრის მოვაჭრე ლევან გულიაშვილი.

სამაგიეროდ, ექსპორტიორები თავს იწონებენ იმით, რომ ქართული ხილი და ბოსტნეული ევროპის დახლებზეა. ქართველი მომხმარებელი კი იძულებულია, ისეთი პროდუქტით გამოიკვებოს, რომლის წარმომავლობაზეც კი ელემენტარული ინფორმაცია არ აქვს. უცნობია, სადაური პროდუქტია, გენმოდიფიცირებული ხომ არ არის, მყიდველი მხოლოდ მოვაჭრის ზეპირ ნათქვამს ენდობა. ამომწურავ ინფორმაციას ის ვერც სუპერმარკეტებში იღებს, სადაც დაფასოებული ან ასაწონი პროდუქტის ეტიკეტზე მხოლოდ შემადგენლობას და წონას თუ გაარკვევს.

ასეთი გაურკვევლობა, სავარაუდოდ, მაისის ბოლომდე გასტანს. სანამ ქართული საადრეო ხილ-ბოსტნეული გამოჩნდება.

Comments are closed