globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 30 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 31st, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: მერამდენე ვართ ნატოს რიგში // რას მიიღებს საქართველო, თუკი წელს ალიანსში გაწევრიანების მიწვევა მიიღო მონტენეგრომ

რეზონანსი: მატარებელი თბილისი-ბაქო-მოსკოვი // „ამ მარშრუტით სატვირთო გადაზიდვები აქამდეც მიმდინარეობდა და ახლა ტვირთების რაოდენობის გაზრდაზეა საუბარი“

„რეზონანსი“: ჩრდილოკავკასიელ მეამბოხეთა ლიდერად “ისლამური სახელმწიფოს” მოწინააღმდეგე აირჩიეს

———————-

„რეზონანსი“, 30 მაისი, 2015 წელი

მერამდენე ვართ ნატოს რიგში

რას მიიღებს საქართველო, თუკი წელს ალიანსში გაწევრიანების მიწვევა მიიღო მონტენეგრომ

იაგო ნაცვლიშვილი

(შემოკლებით)

ნატოს გაფართოების პოლიტიკა გრძელდება, – ამის შესახებ, რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, 29 მაისს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა. მან დაასახელა კონკრეტული ქვეყანა, რომელიც ალიანსის გაფართოების შემდეგ ეტაპზე პრიორიტეტული იქნება. ეს ქვეყანა მონტენეგროა, რომლის შესახებაც ალიანსმა გადაწყვეტილება წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.

„ამ ეტაპზე ვახორციელებთ ძირითად პაკეტს, რაც ჩვენს შორის პარტნიორობას კიდევ უფრო აღრმავებს. ასევე ვართ სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბების პროცესში. საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებაში, რაც კარგია არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისთვის, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე საუბრისას, გენერალურმა მდივანმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტი გაიხსენა და თქვა, რომ ალიანსი მაშინ მიღებულ გადაწყვეტილების ერთგული რჩება, თუმცა ნატოს გაფართოების შემდეგ ეტაპზე მან პრიორიტეტულ ქვეყანად მონტენეგრო დაასახელა.

“როდესაც საქმე ეხება ალიანსში გაწევრიანებას, იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი რაც აქამდე უამრავჯერ თქმულა. მე ბუქარესტის სამიტს ვესწერებოდი 2008 წელს, როცა ალიანსმა საქართველოზე გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების გამეორება უწყვეტად ხდება. ბოლოს ის უკანასკნელ სამიტზე უელსშიც გავიმეორეთ. თუმცა, ბოლო სამიტზე ისიც გადავწყვიტეთ, რომ პირველ რიგში მონტენეგროს გაწევრიანების საკითხი იქნება განხილული, რაც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მოხდება“.

იენს სტოლტენბერგის განცხდებას რამდენიმე საათშიაქართველოლოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გამოეხმაურა. მისი თქმით, ნატოს არსებითი პაკეტის სესრულება მის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. „ორივე მხარეს – ნატოსაც და ქართულ მხარესაც ბევრი სამუშაო მოგვიწევს ვარშავის სამიტამდე. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ შინ და გარეთ ყველამ დაიჯეროს, რათა ამ პროგრესის რეალური სიმპტომები გაჩნდეს, ხელჩასაჭიდი გაუჩნდეს ქართულ ჯარსაც და ქართულ სახელმწიფოსაც“.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ნატოსათვის ბალკანეთის ქვეყნები პრიორიტეტულია, ამის შემდეგ მოდის საქართველო და კიდევ რამდენიმე ქვეყანა.

„ბალკანეთის ქვეყნები ჩვენზე წინ ევროინტეგრაციის მიმართულებითაც დგანან და ნატოშიც, მაგრამ ცხადი ხდება, რომ ალიანსის შემდეგ სამიტზე, როგორც ჩანს, გაფართოების საკითხი კვლავ აქტუალური გახდება. მთლიანობაში ეს ჩვენთვის კარგია. რომ ვთქვათ, რომ ამით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით-თქო, ეს გადაწარბებული იქნება, მაგრამ ნატოს გაფართოების საკითხი გაყინული რომ არ არის, ეს უკვე კარგია. ჩვენ მეტი შანსი გვეძლევა იმისთვის, რომ ნატოსაკენ უფრო სწრაფად ვიაროთ და მაპ-ი ჩქარა მივიღოთ“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი და დასძენს, რომ ამისათვის საჭიროა ქართულმა მხარემ აქტიურობის ტემპი არ შეანელოს: „საქართველო ყველა თავის მოვალეობებს ასრულებს, ნატოს პროგრამებში მონაწილეობს, რეფორმებს ახორციელებს, მთავარია, რომ ტემპი შევინარჩუნოთ… ცხადია, აუცილებელია, რომ თავდაცვისუნარიანობას მეტი ყურადღება მივაქციოთ. საჭიროა აგრეთვე შიდა სტაბილურობა, წარმატებული საგაგრეო პოლიტიკა, ეკონომიკური ტემპების ზრდა… გარკვეულწილად არაა გამორიცხული, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული კრიზისი ნატოს დაახლოების საკითხში ხელშემშლელი აღმოჩნდეს, მაგრამ ეს ჩვენს ირგვლივ მდებარე ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობიტაცაა გამოწვეული“.

(…)

თვადაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი “რეზონანსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მონტე-ნეგროს საკითხის წინ წამოწევა სიახლე არ არის, რადგან ეს ნატოს უელსის სამიტის დეკლარაციაშიაა აღნიშნული:

„თუ მონტე-ნეგრო მიწვევას მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა შენარჩუნებულია და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. ცხადია, ეს ნატოს გაფართოების დაწყებას არ ნიშნავს, რადგან ალიანსის გაფართოება არასდროს არ შეჩერებულა და ის განცხადებები, რაც კეთდებოდა – ნატოს გაფართოება არ იგეგმებაო, მხოლოდ პოლიტიკოსთა პოზიციებს წარმოადგენდა. გაფართოების საკითხზე გადაწყვეტილებას ალიანსის 28 წევრი ქვეყანა იღებს… დაველოდოთ  მონტე-ნეგროს შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. თუ ის მიწვევას მიიღებს ნატოში, ეს ნიშნავს, რომ ალიანსის გაფართოება გრძელდება“, – ამბობს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და დასძენს, რომ არასწორია დაყოფა იმგვარად, თუ ვინ დგას ნატოს კართან პიორველი და მეორე.

„ნუ დავყოფთ ასე – ვინ არის პირველი და მას შემდეგ ვინ მოდის რიგში. ყველა ქვეყნის საკითხი გადაწყდება ინდივიდუალურად – იმის მიხედვით, თუ რა წარმატება აქვს სახელმწიფოს ნატოში გაწევრიანების მიმართულებით.

„საქართველო არის ასპირანტი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი კონტრიბუცია ევროატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში და, რა თქმა უნდა, საქართველო არის ნატოში გაწევრიანების დღის წესრიგში. თუ როდის მოხდება ეს, დამოკიდებულია ჩვენს საშინაო დავალებაზე და ასევე წევრი ქვეყნების მზაობაზე, რომ მხარი დაუჭირონ ალიანსში ჩვენს გაწევრიანებას“, – გვითხრა მიხეილ დარჩიაშვილმა. (…)

რეზონანსი“, 30 მაისი, 2015 წელი

მატარებელი თბილისი-ბაქო-მოსკოვი

ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ამ მარშრუტით სატვირთო გადაზიდვები აქამდეც მიმდინარეობდა და, უბრალოდ, ტვირთების რაოდენობის გაზრდაზეა საუბარი

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

ავიარეისების შემდეგ რუსული კომპანიები საქართველოს კრინიგზითაც ინტერესდებიან. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საუბარია ჩვენი რკინიგზის სატრანზიტო დერეფნის გამოყენებაზე ტვირთების გადასაზიდად. რაც შეეხება სამგზავროს, აბაშიძის თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც უახლოეს პერსპექტივაში განიხილება.

აღსანიშნავია, რომ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდი ივნისის ბოლოს გაფართოებული ფორმატით გაიმართება, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან – მთელ რიგ თემებთან ერთად შეხვედრაზე საქართველოს რკინიგზის საკითხიც განიხილება. საქართველოს რკინიგზაში კი აცხადებენ, რომ ახალი ტვირთების მოსაზიდად თითქმის ყველა ქვეყნის ტრანსნაციონალურ კომპანიებთან აწარმოებენ მოლაპარაკებას, მათ შორის რუსეთთანაც.

„ჩემი და კარასინის მორიგ შეხვედრას ამჯერად კიდევ ერთი წევრი შეემატება. იმთავითვე დიალოგში მონაწილეობდა საგარეო საქმეთა წარმომადგენელი, ახლა კი დაგვემატება ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი – როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან – ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რადგან ვსაუბრობთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. რაც შეეხება რუსული კომპანიების დაინტერესებას საქართველოს რკინიგზით ტრანზიტული გადაზიდვებისთვის, ეს ყოველთვის ხდებოდა. ამისთვის ბაქო თბილისის და ბაქო მოსკოვის რეისები არსებობს, ყბრალოდ ახლა ტვირთების რაოდენობის გაზრდაზეა საუბარი. უახლოეს დღეებში შევხვდები საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებს და ყველაფერს კარგად გავარკვევ. რაც შეეხება აფხაზეთის რკინიგზას, ამ საკითხს ჩვენ ფორმატში არ განვიხილავთ. რუსული მხარე ამბობს, რომ საქართველოს ამ საკითხზე აფხაზეთსა და სომხეთს უნდა ელაპარაკოს. ეს ფორმულა ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ასე რომ, ამ საკითხზე საუბარი არ გვქონია’, – უთხრა „რეზონანსს“ ზურაბ აბაშიძემ.

(…)

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალი ტვირთების მოსაზიდად. ისტორიაში პირველად გადავზიდეთ ავღანური ნავთობი, ასევე ბოლო 10 წლის მანძილზე პირველად მოხდა თურქმენული ნავთობის გადაზიდვა ჩვენი დერეფნის გამოყენებით. ასე რომ დაინტერესებული ვართ რომ გავზარდოთ ტვირთების გადაზიდვა. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ამით დაინტერესებული არიან რუსეთი და კიდევ ბევრი სხვა ქვეყანა. რაც შეეხება სამგზავრო მატარებელს, ეს ფიზიკურად შეუძლებელია, ამას აზრი არ აქვს. ამის პერსპექტივაც არ არის, ეს თემა დღის წესრიგში არ დგას, მხოლოდ ტვირთებზეა საუბარი”, – განუცხადა „რეზონანსის“ ჟურნალისტს საქართველოს რკინიზგის წარმომადგენელი.

(…)

“სატრანზიტო გადაზიდვები მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა ამაში სახელმწიფოს ჩარევა რა საჭიროა – არ მესმის. რუსული კომპანიები ამ დერეფნით ისედაც სარგებლობდნენ. თუ ვნმეს მეტი ტვირთის წაღება უნდა – წაიღოს. რატომ გახდა ეს პოლიტიკის საგანი არ მესმის. რუსულ კომპანიებსაკრძალვა არც არასდროს ჰქონიათ, ისინი მუშაობდნენყოველთვის. არანაირი რეგულაციები და განსხვავება სხვა კომპანიის წარმომადგენლებს შორის არ არსებობს. რკინიგზა მათ ვერც უპირატესობას მიანიჭებს და არც დაჩაგრავს – ეს არის წმინდა კომერციული საქმე. რაც შეეხება სამგზავროს, ამაზე ლაპარაკი ვერ იქნება იმიტომ, რომ სამგზავრო შეიძლება მოძრაობდეს მხოლოდ აფხაზეთის გავლით. შესაბამისად, ესა არის პრობლემა და პრობლემად რჩება. აქ უკვე პოლიტიკაა, სხვა მარშრუტი უბრალოდ არ არსებობს. აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა კი პრობლემების კომპლექსს მოიცავს – მა შორის პოლიტიკურსაც”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპრემიერის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი.

„რეზონანსი“, 30 მაისი, 2015 წელი

ჩრდილოკავკასიელ მეამბოხეთა ლიდერად “ისლამური სახელმწიფოს” მოწინააღმდეგე აირჩიეს

ეკატერინე ბასილაია

(შემოკლებით)

“კავკასიის იმარატს” ახალი მეთაური ჰყავს, ის შარიათის მოსამართლე, აბუ უსმან მუჰამედ გიუმრი, იგივე მოჰამედ სულეიმანოვია. “იმარატის” მხრიდან მისი არჩევის ოფიციალურად გამოცხადება ჯერ არ მომხდარა, თუმცა, რუსული მედია რამდენიმე ამბოხებულისა და თავად სულეიმანოვის ნათესავებზე დაყრდნობით წერს, რომ აბუ უსმან მუჰამედი უკვე მოქმედებს, როგორც ამირი, უახლოეს ხანში კი მისი არჩევა ოფიციალურადაც გაცხადდება.

“კავკასიის იმარატი” ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი მეამბოხეების დაჯგუფებაა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. “იმარატის” წინა მეთაური, ალიასხაბ კებეკოვი, იგივე ალი აბუ მუჰამად ად-დაღესტანი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს 19 აპრილს მოკლეს.

მაშინ რუსულ მედია წერდა, რომ კებეკოვი კავკასიაში “ისლამურ სახელმწიფოს” (ისის) ტრიუმფალური სვლის შემაკავებელი ფაქტორი იყო. მისი ლიკვიდაციის შემდეგ კი ჩრდილო კავკასიაში ისის-ის გაძლიერების შესაძლებლობები უფრო და უფრო გაიზრდებოდა და ეს კავკასიასა და რუსეთს დიდ საფრთხეს უქადდა.

დაპირისპირება კი იმის გამოა, რომ კებეკოვი კიცხავდა ისის-ის პრაქტიკას, როგორც შარიათის საწინააღმდეგოს. ის გმობდა ჯიჰადს, მსხვილ ტერორისტული აქტებს ხალხმრავალ ადგილებში და ამბოხებულების მთავარ მიზნად მხოლოდ ძალოვანების წინააღმდეგ ბრძოლას მიიჩნევდა. მის დროს ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული აქტების რიცხვი შემცირდა. ამის გამო ძალიან ბევრი ახალგაზრდა საველე მეთაური “იმარატიდან” გავიდა და ისის-ის შეფიცული გახდა, რამაც დაჯგუფება დაასუსტა.

კავკასიის საკითხებში ექსპერტი ალეკო კვახაძე ამბობს, რომ ახალი ლიდერი რადიკალურად ვერაფერს შეცვლის და “იმარატის” კრიზისი ისევ გაგრძელდება, იმიტომ, რომ “იმარატის” მებრძოლთა დიდი ნაწილი სირიაშია საბრძოლველად წასული. შენარჩუნდება ის მცირე კერები, რაც ახლა არსებობს, აქტივობის გაზრდას კი, სავარაუდოდ, არ პროგნოზირებს.

“ამ ეტაპზე ისის-ის ჩრდილო კავკასიაში შემოსვლა სავარაუდო არ არის. “ისლამურ სახელმწიფოს” მებრძოლები სირიაში მიჰყავს და ამდენად, ჩრდილო კავკასიიდან ჯიჰადში მონაწილე კადრების გადინება ხდება. რუსეთის სპეცსამსახურებისთვის გაცილებით უკეთესია, მათი მოწინააღმდეგე ქვეყნიდან შორს იყოს,” – ამბობს კვახაძე.

ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, სულეიმანოვი საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი ფიგურაა და ვარაუდობს, რომ კავკასიაში ბრძოლები არ შეწყდება. უფრო მეტიც, ამბობს, რომ შესაძლოა ჩრდილოეთ კავკასიაში “ისლამური სახელმწიფო” გააქტიურდეს და ისის-ი “იმარატის” გვერდითაც კი ვიხილოთ.

ვახტან მაისაია:ისლამური ხალიფატი” და “კავკასიის იმარატი” გლობალურ დონეზე მოკავშირეები არიან. უბრალოდ მათ განსხვავებული მიდგომა აქვთ, მაგალითად, ჯიჰადის განხორციელების მეთოდებზე. აქ დიდ როლს თამაშობს ფინანსებიც. “ისლამურმა სახელმწიფომ” კავკასიური ჯიჰადის საწარმოებლად 70 მილიონი დოლარი გამოყო. ეს ძალიან დიდი თანხაა, თითო საველე მეთაურზე 2 მილიონი მოდის და ამან საკმაოდ გაამართლა. ისის-ისათვის კავკასია სტრატეგიულ მნიშვნელოვან არეალად გადაიქცა. მათი მიზანია “ისლამური ხალიფატის” ტერიტორიის გაფართოება. კავკასიელები კარგ მებრძოლებად ითვლებიან, თანაც, კავკასია რუსული კორუფციის გამო საკმაოდ მილიტარიზებულია და იარაღის შოვნა რთული არ არის. ამას პლუს კავკასიიდან შესაძლებელია 20 მილიონ მუსლიმზე გასვლა და ასევე დასავლეთ ევროპაში გასვლაც. არცთუ შორეულ პერსპექტივაზე აქვთ გათვლა. ისლამური ხალიფატის” ქსელებს ქმნიან. კავკასიიდან არა მარტო მიჰყვათ მებრძოლები, არამედ უკვე მოუწოდებენ, რომ ადგილზე დაიწყონ ჯიჰადი იმ ადგილებში, სადაც ძლიერი მუსლიმანური ჯამაათებია. ახალი ტაქტიკა წამოიწყეს. გამორიცხული არ არის, რომ “ხალიფატმა” და “კავკასიის იმარატმა” კავკასიაში გვერდიგვერდ იბრძოლონ. ხშირად ხდება, რომ ფიტნას (დაპირისპირებას) იგონებენ, მოწინააღმდეგეები შეცდომაში რომ შეიყვანონ. ასე რომ, გაერთიანება მიუღწეველი არ არის. ჩრდილოეთ კავკასიაში, იმ ფონზე, რაც ახლა ვითარდება, მეეჭვება, რომ სიმშვიდე ვიხილოთ”.

(…)

კავკასიის საკითხებში ექსპერტ ალეკო კვახაძის თქმით, სულეიმანოვი კებეკოვის თანამოაზრე და ყველაზე ახლო თანამებრძოლი იყო. ის ეთნიკურად ხუნძია, მთიან დაღესტანში მოქმედი დაჯგუფების მეთაური და სასულიერო განათლება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში აქვს მიღებული. კარგად იცნობს ისლამს და შარიათის კანონებს. დიდ ხნის განმავობაში ის “კავკასიის იმარატის” შარიათის მოსამართლე იყო. ხოლო მას შემდეგ, რაც “ისლამურ სახელმწიფოს” მისცეს ფიცი დაღესტნელმა ამირამ და სხვა საკვანძო ლიდერებმა, სულეიმანოვი “იმარატში” ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა.

კვახაძე ამბობს, რომ მას აქვს რამდენიმე ვიდეო მიმართვა, სადაც სულეიმანოვი “ისლამურ სახელმწიფოს” გმობს და ამიტომაც ყველა ვარაუდობდა, რომ კებეკოვის მემკვიდრე ის გახდებოდა. კვახაძის ვარაუდით, მისი დანიშვნის შემდეგაც “იმარატში” განხეთქილება გაგრძელდება, რაც ამ დაჯგუფებას უფრო და უფრო დაასუსტებს. მაგალითად, იგივე ნადირ აბუ ხალიბის ისის-ის რიგებში გადასვლაც ამ კრიზისზე მეტყველებს.

“ნადირ აბუ ხალიბი “კავკასიის იმარატის” წევრი იყო, მახაჩყალაში შიდა პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა, მოახერხა და სირიის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ის ბრძოლებში ჩართული არ ყოფილა, სამოქალაქო პირია. ისის-ს მებრძოლების გარდა ცნობილი და ავტორიტეტული სახეები სჭირდება, რომლებიც ახალი თაობის მოზიდვას მოახერხებენ. აბუ ხალიბიც დაღესტანში ცნობილი მქადაგებელი იყო, ახალგაზრდებში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და მისი გადასვლით ის ერთგვარი მაგალითი გახდება. “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერების გათვლით, კიდევ უფრო მეტი მებრძოლის რეკრუტირება მოხდება და იდეოლოგიის ნიადაგზე მეტი ადამიანი უნდა შეუერთდეს „ისის“-ს,” – აღნიშნავს კვახაძე.

Comments are closed