globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 1 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 30th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „გიორგი კვირიკაშვილს ვურჩევ, მამუკა მდინარაძე სადმე გადამალოს“

ახალი თაობა: ინტერვიუ მეგი გოცირიძესთან: „გიგი უგულავა მალე იმასაც იტყვის, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი ვიყავიო“ // „ოცნება“ და „ევროპული საქართველო“ ერთობლივად მოქმედებენ“ // „ფრთხილად იყვნენ ქოცები, მაგათ კარშიც არ გავიდეს ავტოგოლი“

ახალი თაობა: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „კახა კალაძე იქნება ყველაზე ხისტი მმართველი ბიძინა ივანიშვილის ფიგურებს შორის“

——

„საქართველო და მსოფლიო“: „უმადურობასა“ და „უდუმურობას“ შორის // „ნაციონალებს“ პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ რეკლამირებული და „გაპიარებული“ მერობის კანდიდატი ჰყავთ

——————-

ახალი თაობა“, 30 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ კახა კუკავასთან: „გიორგი კვირიკაშვილს ვურჩევ, მამუკა მდინარაძე სადმე გადამალოს

ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს განცხადებებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა აფასებს.

- ბატონო კახა, ჯანი ბუკიკიო აცხადებს, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების გამო, რომელიც პროპორციული წესის 2024 წლამდე გადავადებას უკავშირდება, ის იმედგაცრუებულია. რას ნიშნავდა მისი განცხადებები?

- მისი განცხადებების პროგნოზირება წინასწარ შეიძლებოდა. ამაზე მეც და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომები, როდესაც ამ პროცესის წარმართვა ისეთ ადამიანებს ჩააბარა, როგორებიც არიან პარლამენტის თავმჯდომარე, ან კახა ოქრიაშვილი, მაჟორიტარი კორპუსის ლიდერი. ახლა კი ვართ იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ვართ. მე პირადად არ დავიწყებდი ნიშნის მოგებას, გამომდინარე სახელმწიფოებრივი ინტერესიდან.

- რჩება გზები სიტუაციის გამოსასწორებლად?

- ყველაზე სწორი შექმნილ ვითარებაში იქნებოდა ის, რომ ოპოზიციასთან კონსულტაციებში ჩაერთოს პირადად პრემიერ-მინისტრი. მას აქვს მეტი ლეგიტიმაცია. მას აქვს მეტი უნარი და რესურსი, რომ ოპოზიციასთან გამართოს ასეთი ტიპის დიალოგი. ოპოზიცია თუ მთლიანად არა, ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი მზად იქნება იმისთვის, რომ პრემიერთან ერთად ვეძებოთ კომპრომისული ვარიანტები მესამე მოსმენისთვის.

- იმის მიუხედავად, რომ მესამე მოსმენა მხოლოდ რედაქციული ხასიათისაა?

- ამის მიუხედავად, მაინც არის შანსი, თუკი მივაღწევთ კონსენსუსს. ვენეციის კომისიამ და ევროპარლამენტის დეპუტატებმა მიანიშნეს განცხადებებში, რომ სწორედ მესამე მოსმენა უნდა გახდეს ამ ვითარებიდან გამოსავალი, რათა არ მივიდეს სიტუაცია დაპირისპირებამდე.

- ჯანი ბუკიკიომ ბევრჯერ გაუსვა ხაზი შეთანხმებას ოპოზიციასთან და ზოგადად საზოგადოების წარმომადგენლებთან. ეს შესაძლებელია?

- მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ჩვენ კომპრომისების გზით დავდიოდით და არ ყოფილა შემხვედრი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, მაინც მზად ვართ, კიდევ გადავდგათ ეს ნაბიჯები და მოვნახოთ გამოსავალი. იდეალურ კონსტიტუციას ახლა ვერ მივიღებთ. ეს სრულიად ნათელია!

- მივიღებთ კი ოდესმე?

- დარწმუნებული ვარ, რომ იდეალური კონსტიტუციის წერა მოგვიწევს 2020 წლის მერე, ნამდვილი, ქართული კონსტიტუციის მიღება. დღეს კი გვჭირდება დამამშვიდებელი კონსტიტუცია. ქვეყნის გადარჩენის, დამშვიდების კონსტიტუცია! დროებითი კონსტიტუცია, რომელიც შესაძლებელია, პრემიერ-მინისტრის ოპოზიციასთან დიალოგის შემთხვევაში იქნას მიღწეული.

- უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძის განცხადებით, ან ჯანი ბუკიკიომ უნდა დაარწმუნოს ოპოზიცია, რომ საკონსტიტუციო დოკუმენტი კარგია, ან თვითონ დარწმუნდება, რომ მათთან კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია...

- აღარ მინდა, ამ ახალგაზრდა და გამოუცდელ ადამიანებს ყოველდღე ყური ავუწიო. ეს ვითარება მაგიტომ არის შექმნილი, რა შტერულ განცხადებებსაც აკეთებს უმრავლესობის ზოგიერთი ლიდერი. სწორედ მაგიტომ ვამბობ, რომ პრემიერი უნდა ჩაერთოს პროცესში. მართალია, არც გიორგი კვირიკაშვილით ვარ აღფრთოვანებული, მაგრამ, როდესაც არის ცეცხლსაშიში ვითარება, ნავთი არ უნდა დაასხა ზედ!

- უმრავლესობა ასე იქცევა?

- სამწუხაროდ, უმრავლესობის ძალიან ბევრი წარმომადგენელი ასხამს ცეცხლზე ნავთს. მე ხშირად შემიდარებია უმრავლესობის ეს წარმომადგენლები გიგა ბოკერიასთვის. მე კიდევ ერთ რჩევას მივცემ ამ ხელისუფლებას.

- კერძოდ?

- როდესაც გიგა ბოკერიამ ბოლომდე ცეცხლზე ნავთი დაასხა და 7 ნოემბერიც დადგა, მოგვიანებით, მაგრამ მაინც მიხვდა მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია ერთი წელი გადამალული ჰყავდა. გიორგი კვირიკაშვილს ვურჩევ, მამუკა მდინარაძე ამ ზაფხულს დასასვენებლად გაგზავნოს ისეთ ადგილას, სადაც მობილური არ იჭერს და განცხადებებს ვერ გააკეთებს ქართული პრესისთვის!

- გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ამ ცვლილებებით ჩვენ გვექნება დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული და დაბალანსებული კონსტიტუცია. ამაზე რას იტყვით?

- მე არ ვიზიარებ ამ განცხადებას, თუმცა მამუკა მდინარაძის განცხადებასთან შედარებით ეს განცხადება შეურაცხმყოფელი მაინც არ არის. ის, რომ ვენეციის კომისია დაარწმუნებს ოპოზიციას, ეს სასაცილოა. ჩვენ ვნახეთ, რომ პირიქით მოხდა, ხელისუფლებამ ვერ დაარწმუნა ვენეციის კომისია და ზუსტად ოპოზიციამ დაარწმუნა! არ მინდა, ნიშნისმოგებით ვთქვა, მაგრამ ეს რაუნდი ოპოზიციამ მოიგო. ოპოზიცია უფრო ადეკვატურად და კომპეტენტურად გამოიყურებოდა ამ პროცესში, ვიდრე ხელისუფლების ის ფრთა, ვინც ამ პროცესზე პასუხისმგებლობა აიღო. ამიტომ ვურჩევ ამ ფრთას – გაერიდეთ პროცესებს სადმე და სუფთა ჰაერი ჩაყლაპეთ.

-ან ასეთი შეფასებებიც მოვისმინეთ, რომ ვენეციის კომისია არ არის ის ორგანო, რომელიც კონსტიტუციას დაგვიწერს და დღის წესრიგს დაგვიდგენს...

- ეს რომელმა ბრძენმა თქვა?! ეს აჩვენებს ხელისუფლების არაადეკვატურობასა და ნერვიულობას. მეგობრებო, მეტი სოლიდურობა და მეტი სიმშვიდე გმართებთ! წაგებას ღირსეულად ხვდებიან ხოლმე სპორტსმენები, ულოცავენ გამარჯვებულს და მეც მოვუწოდებდი მათ, რომ დაგვირეკონ და მოგვილოცონ. ეს რაუნდი ჩვენ მოვიგეთ!

- ოპოზიციამ გადაამლაშა სიტუაციის შეფასება ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრისასო. ასე იყო? ზედმეტი ხომ არ მოგივიდათ?

- ოპოზიცია არ არის ერთგვაროვანი. ოპოზიცია არის ძალიან ჭრელი და ყველას თავისი პოზიცია აქვს. ის, რომ ამ პოზიციის თავმოყრა მოხდა ერთი მიმართულებით, ესეც იყო ხელისუფლების სტრატეგიის შედეგი. ხელისუფლებას რომ ჰქონოდა უფრო მოქნილი პოზიცია, შესაძლებელი იყო, სხვა სურათი დამდგარიყო. ეს მათი შეცდომების ბრალია.

- შესაძლოა, რაღაც შეიცვალოს?

- დიახ, ვიტოვებ იმედს და მოვუწოდებ პრემიერს, მას ამ ხელისუფლებაში ნამდვილად აქვს იმის უნარი და რესურსი, რომ დაიწყოს ოპოზიციასთან დიალოგი! ოღონდ გველაპარაკოს პრემიერი და ვიცეპრემიერ ჯეჯელავას ნუ გამოგზავნიან ჩვენთან სასაუბროდ!

ახალი თაობა“, 30 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ მეგი გოცირიძესთან: „გიგი უგულავა მალე იმასაც იტყვის, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი ვიყავიო // „ოცნება და ევროპული საქართველო ერთობლივად მოქმედებენ“ // „ფრთხილად იყვნენ ქოცები, მაგათ კარშიც არ გავიდეს ავტოგოლი

რატომ აღმოჩნდნენ „ოცნება“ და ყოფილი ხელისუფლების ნაწილი ერთ პოზიციაზე, რატომ დაიბნა ხელისუფლება, რა დავალება ვერ შეასრულა უგულავამ? ამ თემებზე „ახალ თაობას“ ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე ესაუბრება.

- მეგი, თქვენ ყოველთვის აქტიურად უჭერდით მხარს გიგი უგულავას. მისი დაპატიმრებაც არაერთხელ გააპროტესტეთ და აქციები გამართეთ. მისი მისამართით ბოლო დროს რადიკალურ განცხადებებს აკეთებთ. რა ხდება?

- რა ხდება და პარტია, რომელსაც გიგი უგულავა წარმოადგენს, ხელისუფლებას შეეკრა. გიგი უგულავა არის ამ პარტიის ლიდერი და ძალიან მწყდება გული, რომ დღეს ის და ქოცები ერთ ხმაზე მღერიან. რაც შეეხება მის პატიმრობას, მაშინაც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ გიგი უკანონოდ დააპატიმრეს. ის იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი. გიგიმ რაღაც პერიოდი გაატარა ციხეში. ამ ყველაფერს ბოლომდე ვერ გაუძლო და გატყდა.

- რას ნიშნავს გატყდა?

- იმას, რომ გატყდა. მან მიიღო ხელისუფლების შეთავაზება და თავისუფლების სანაცვლოდ ყოფილ თანამებრძოლებს დაუპირისპირდა. ივანიშვილმა ის ციხიდან კონკრეტული დავალებით გამოუშვა. ამ დავალების შესრულებაზე თანხმობა სხვებმაც განაცხადეს. მათ შექმნეს „ევროპული საქართველო“. ამ პარტიას ევროქოცებს ვუწოდებ. ქოცების დავალებით ევროქოცებს „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაენადგურებინათ. თავიდან ახალი პარტიის შექმნა არც იგეგმებოდა. ისინი უნდა დაჰპატრონებოდნენ ნაციონალურ მოძრაობას. ეს გეგმა ჩავარდა და ამიტომ შეიქმნა „ევროპული საქართველო“.

- დარწმუნებული ხართ, რომ ეს გეგმა ჩავარდა? ევროპული საქართველო დღეს მთავარ ოპოზიციურ ძალად ითვლება...

- საქმეც ეგ არის, რომ ითვლება. ევროქოცები ვერასდროს გახდებიან მთავარი ოპოზიციონერები. ყველამ იცის, რომ ისინი ქოცების დავალებებს ასრულებენ. ამაზე პასუხს ისინი თვითმმართველობის არჩევნებზე მიიღებენ. ნახევარი მილიონი ამომრჩეველი მხარს ისევ ნაციონალურ მოძრაობას დაუჭერს.

- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- ხალხის დამოკიდებულება. შუშის სასახლეში არ დავდივარ ჩუმ მოლაპარაკებებზე, ხალხს ვხვდები და ვიცი მათი განწყობა. ხალხი ქოცებზეც და ევროქოცებზეც გაბრაზებულია. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ევროქოცებმა მხარდამჭერთა ნაწილი მოტყუებით მოგვპარეს. კოორდინატორების რაღაც ნაწილი გადაიბირეს. ამ ხალხს ატყუებდნენ, რომ მიშა სააკაშვილი იდგა `ვეროპული საქართველოს~ უკან. თავიანთ ყრილობაზეც ასე მოტყუებით მიიყვანეს ხალხი. ეს ტყუილები აღარ გამოუვათ. ამას თავადაც ხვდებიან და ამიტომაც გვებრძვიან ასე გამწარებულები. ისეთ დღეში არიან, რომ ქოცებთან ერთად გაიძახიან, 9 წელი, 9 წელიო. არადა, ამ 9 წლის განმავლობაში მაგათ ეკავათ წამყვანი პოსტები. მიშა საგარეო ფრონტზე დარბოდა და ქვეყანაში თუ რამე ცუდი ხდებოდა, სულ ამათი დამსახურებაა. ეს რატომღაც არავის ახსოვს, მათ შორის, არც ოპოზიციას. გიგი უგულავა კი ძალიან შორს წავიდა. ცოტა ხანში ალბათ იმასაც იტყვის, სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი ვიყავიო.

- ამ მხრივ გიგა ბოკერია ბევრად ღირსეულად გამოიყურება...

- გიგა ბოკერია ჭკვიანია. მის სათქმელს თამარ ჩერგოლეიშვილი ახმოვანებს. აქამდე მიშას ლანძღავდნენ, ახლა ზაალ უდუმაშვილს მიახტნენ ერთობლივად. მას წარსულში ჩარჩენილი უწოდეს. განა ზაალ უდუმაშვილი და კოტე იოსელიანი წარსულია და ხათუნა გოგორიშვილი მომავალი? ან კიდევ მიშა მაჭავარიანი, ინტრიგების ხლართვის დიდოსტატი რომ გახდა…

- მიხეილ მაჭავარიანი პოლიტიკიდან რამდენიმე თვის წინ არ წავიდა?

- სიტყვით წავიდა, თორემ ისევ თავის სტიქიაშია. მას ჩრდილიდან უყვარს მართვა. ბიძინასი არ იყოს, ეგეც ჭორვილიდან არის და, ეტყობა, არაფორმალური მმართველობის ერთნაირი სკოლები გაიარეს. ზაალ უდუმაშვილზე ასეთი ისტერიკული შეტევა მაფიქრებინებს, რომ ევროქოცებს მძიმედ აქვთ საქმე. მათი კანდიდატი ელენე ხოშტარია საერთოდ ვერ აიღებს ხმებს. აღარც ბიძინა ჩანს პოლიტიკურ კაბადონზე, რომ დამატებითი პროცენტები დაუწეროს. იმ კაცს თავისი ქოცებისთვის აღარ სცალია და ამათთვის მოიცლის? ამიტომ არის ორივე პარტია აგონიაში.

- ოცნებას აგონიისა არაფერი ეტყობა...

- ეტყობა და თან როგორ. ჯანი ბუკიკიომ ხომ გადაახია ცვლილებები თავზე. ახლა ჯერი ამომრჩეველზეა. ტყუილად ქირქილებენ გაბრაზებულ თბილისზე. მარტო თბილისი კი არა, მთელი საქართველოა გაბრაზებული. პასუხს შემოდგომაზე მიიღებენ, მაგრამ ისეთ აგონიაში არიან, შემოდგომამდე შეიძლება გაგიჟდნენ კიდევაც. შიშით რომ არ ყოფილიყვნენ შეპყრობილები, აქამდე დაასახელებდნენ მერობის კანდიდატს. ამ პოსტისთვის კალაძე კარგა ხანია შეარჩიეს, მაგრამ, რადგან ივანიშვილი ვერ მონაწილეობს ამ არჩევნებში, ეშინიათ მისი კანდიდატურის დასახელებისა. იციან, რომ ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე ავტოგოლების დიდოსტატს გამარჯვება გაუჭირდება. ფრთხილად იყვნენ ქოცები, მაგათ კარშიც არ გავიდეს ავტოგოლი.

ახალი თაობა“, 30 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „კახა კალაძე იქნება ყველაზე ხისტი მმართველი ბიძინა ივანიშვილის ფიგურებს შორის

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თბილისის მერის არჩევნებზე საუბრობს.

- ქალბატონო ხათუნა, თბილისის მერობის რამდენიმე კანდიდატი ოფიციალურად უკვე დასახელებულია. პირველ ივლისსქართული ოცნებაკახა კალაძეს დაასახელებს, როგორც თავად ამბობს. რამდენად განსხვავებული არჩევნები იქნება?

- ამომრჩეველს არ სჯერა ოპოზიციის გამარჯვების რესურსისა და პოტენციალის. ამიტომაც, ეს იქნება მთავარი, რასთანაც ოპოზიციას გამკლავება მოუწევს. დღეს ამომრჩეველი ოპოზიციაში ვერ ხედავს გამარჯვების წყაროს. სამწუხაროდ, ეს დაუძლეველი ამოცანა იქნება ოპოზიციისთვის ამ არჩევნებზე. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული შოკიდან ჯერ კიდევ ვერ შეძლო ოპოზიციამ გამოსვლა. ის არჩევნები ვერ გახდა გაკვეთილი ოპოზიციისთვის. ვერ შეძლო რეინკარნაცია, ახალი იდეების გენერირება, განახლება. ამან შეიძლება გამანადგურებელ შედეგამდე მიიყვანოს ქვეყანა, თუ ასე გაგრძელდა. ერთგვარი პარალელი შეიძლება გავავლოთ: 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ნაციონალურმა მოძრაობამ გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვა. გამანადგურებელი გამარჯვება არა იმდენად ოპოზიციისთვის, არამედ საკუთარი თავისა და საზოგადოებისთვის. ამ გამარჯვების შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას გაუჩნდა აბსოლუტური დაუსჯელობის განცდა და მასობრივი ძალადობა დაიწყო საზოგადოებაზე. ამ გამანადგურებელ გამარჯვებას მოჰყვა გამანადგურებელი დამარცხება 2012 წელს. დღეს ანალოგიური სურათის წინაშე დგას ხელისუფლება. `ქართულმა ოცნებამ~ ამ არჩევნებზე შეიძლება გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვოს. ამის თავიდან აცილება ყველაზე პრიორიტეტულ ამოცანად მესახება. თუმცა, ეს ძალიან რთულად შესასრულებელი ამოცანა იქნება.

- ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის შანსები როგორია?

- „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატსა და მას გამოყოფილ ყველა ჯგუფის კანდიდატს შლეიფად გამოჰყვება „ნაციონალური“ წარსული. ვერცერთი ეს კანდიდატი ვერ შეძლებს ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის მიმხრობას.

- რომელიც ალბათ სერიოზულ გავლენას იქონიებს არჩევნების ბედზე...

- დიახ. 2016 წლის არჩევნებზე ჩამოუყალიბებელი ხმების ძალიან დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ ყულაბაში წავიდა. თუმცა, მაშინ ამის მიზეზი იყო მტრის ხატი, რომელზეც სერიოზულად იმუშავეს როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ისე მიხეილ სააკაშვილმა. გახსოვთ, როგორ ამბობდა სააკაშვილი, რომ ის ზღვას გადმოცურავდა და ისე ჩამოვიდოდა არჩევნებზე. ამით აშინებდა საზოგადოებას ხელისუფლება. ამ კამპანიამ კორექტივები არჩევნებში შეიტანა.

- ამ არჩევნებზე ეს ფაქტორი რამდენად იმუშავებს?

- ამ არჩევნებზე უკვე ვეღარ იმუშავებს. სწორედ ეს იქნება არსებითი განსხვავება. ეს მტრის ხატი აღარ არსებობს.

- ვინ შეძლებს ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის მიმხრობას?

- ვერავინ, შესაბამისად, ეს ამომრჩეველი არჩევნებზე არ წავა და სახლში დარჩება. ერთადერთი, ვისაც ამ სეგმენტის მიმხრობა შეუძლია, არის დამოუკიდებელი კანდიდატი. თუმცა, მასაც ეს მხოლოდ ერთგვარი პირობით, დათქმით შეუძლია, თუ ამომრჩეველი ირწმუნებს, რომ მას შეუძლია მინიმუმ მეორე ტურში გასვლა.

- თბილისში მეორე ტური იქნება?

- ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, ჩაერთვება თუ არა აქტიურად ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში. შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი არ იყოს აქტიური ამ არჩევნებზე. ამან შეიძლება საქმე გაურთულოს კახა კალაძეს, „ქართული ოცნების“ ნებისმიერ კანდიდატს. თუ ბიძინა ივანიშვილი კვლავ აქტიურად ჩაერთვება კამპანიაში, მაშინ მეორე ტურის ალბათობა მცირდება.

- ასეთი მოსაზრებაც გამოითქვა, რომ ივანიშვილი არ მისცემს შესაძლებლობას კახა კალაძეს, მისი ფაქტორის იგნორირებით მოიპოვოს გამარჯვება. ივანიშვილი აუცილებლად დადგება კალაძის გვერდით, რომ აგრძნობინოს მისი როლი. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- ამ მოსაზრებას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს, მაგრამ ხომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილს მობეზრდეს მის მიერ დანატოვარი ხელისუფლების შეცდომებზე ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის აღება. ამ ფაქტორიდან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ, რომ მან უარი თქვას აქტიურობაზე და პროცესებს განერიდოს. ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ ამ ხელისუფლებაზე ჯვარი არ აქვს დაწერილი. როგორც კი დაინახავს, რომ ამ ხელისუფლების რესურსი რეალურად მილევადია, ის სხვა ძალებს გამოიყვანს ასპარეზზე ან დაუჭერს მხარს.

- ვინ შეიძლება იყოს ეს, დავით უსუფაშვილი?

- ვერ გეტყვით. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მხარი დაუჭიროს ნებისმიერ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დამოუკიდებლად დადგება ფეხზე. მაგალითად, თუ კალაძე თბილისის მერი გახდება და ექნება დამოუკიდებელი აქტივობის სურვილი, არ არის გამორიცხული, ივანიშვილმა კალაძის პოლიტიკურ ძალასთან ურთიერთობის მზადყოფნა გამოთქვას.

- კახა კალაძე გამარჯვების შემთხვევაში დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს?

- თუ „ქართული ოცნება» მის ტვირთად იქცევა, მაშინ კახა კალაძეს არჩევანის გაკეთება მოუწევს: ან იყოს წარმატებული მერი და იზრუნოს კარიერაზე, ან ჩაჰყვეს „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ წარსულში. ეს კალაძისთვის იქნება სერიოზული არჩევანი. კახა კალაძე იქნება ყველაზე ხისტი მმართველი ივანიშვილის მიერ დღემდე მოყვანილ ფიგურებს შორის, მისი სტილიდან, გარემოცვიდან გამომდინარე.

- ოპოზიცია ერთ კანდიდატზეც რომ შეთანხმდეს, ეს რამეს შეცვლის?

- ვერაფერს. დღეს ეს შეუძლებელიც არის, მაგრამ ეს იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნები დარჩება ძალაში. თუ ოპოზიცია ვერ მოახერხებს ერთ კანდიდატზე შეჯერებას, მაშინ ძალიან რთული ფაქტის წინაშე აღმოჩნდება. ეს იქნება სრული ფიასკო.

———————–

„საქართველო და მსოფლიო“, 29 ივნისი – 04 ივლისი, 2017 წელი

უმადურობასა და უდუმურობას შორის

ნაციონალებს პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ რეკლამირებული და გაპიარებული მერობის კანდიდატი ჰყავთ

ბაკურ სვანიძე

ბოლო სამი ათწლეულია, მივეჩვიეთ მოსმენას ბრალდებისა, რომ ყველაფერში დამნაშავე ყოველთვის არის ერი, უბრალო ხალხი. ჯერ ზვიად გამსახურდიას “არ დაუფასა” “უმადურმა” ქართველმა ხალხმა “თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის” მოპოვება და ხელისუფლებიდან შეიარაღებული რევოლუციით გააგდო, შემდეგ ედუარდ შევარდნაძის “მსოფლიო დონის პოლიტიკოსობა” ვერ დავაფასეთ და “ვარდების რევოლუციით” გავანაწყენეთ ეს “ამაგდარი ადამიანი”.

ცოტა ხნის წინათ “დიადი აღმშენებელი” მიხეილ სააკაშვილიც არ დავაფასეთ სათანადოდ და მასაც “უმადურად” დავათმობინეთ ძალაუფლება. ახლა კი “ხალხზე გადაყოლილ” მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს არ ვუფასებთ იმას, რომ “მანიაკები მოგვაშორა” და ისეთი “უმადურები” აღმოვჩნდით, რომ არც ერთ არჩევნებში მეორე ტურის გარეშე არ ვამარჯვებინებთ მის პოლიტიკურ გუნდს. ეგ კი არა, ერი თურმე იქამდეც კი გათავხედდა, რომ ამ გულკეთილ და მეცენატ ადამიანს პასუხისმგებლობასაც კი აკისრებს სახელმწიფოს წინაშე…

აი, თავხედობისა და უმაღლესი უმადურობის გამოვლენა ერის მიერ! _ მოთქვამენ და გვამუნათებენ სოციალურ ქსელებში ბოლო პერიოდში ესოდენ მომრავლებული “ბიძინგამპრავებლები”…

იმაზე დაფიქრება კი არავის სურს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩვენ კი არ ვაკისრებთ ქვეყნისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობას, არამედ ეს პასუხისმგებლობა მან თვითონვე “დაიკისრა” მაშინ, როდესაც პოლიტიკაში ჩართვის შესახებ განაცხადა. შემდეგ კი გადადგა პრემიერმინისტრის პოსტიდან, მაგრამ სახელმწიფოს მართვა თავის გუნდს ჩააბარა და დღესაც სწორედ ის იღებს ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ქვეყანაში. შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მის კისერზეა.

დაფიქრება, გაანალიზება, სწორი დასკვნების გამოტანა და შემდეგ ლაპარაკი “გამპრავებლებს” არ ახასიათებთ. ეს ეხება არა მხოლოდ ბიძინას მეხოტბეებს, არამედ ზვიადის, ედუარდის, მიშას ფანატიკურ მომხრეებსაც. თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე რომ ჰკითხო, აგყვებიან მსჯელობაში, რომ “ბელადომანია” ცუდი რამეა, რომ ქვეყანას სწორედ “ბელადომანია” და კონკრეტული პიროვნებების გაფეტიშება ღუპავს და ა.შ.

მაგრამ, როგორც კი სიტყვა წამოგცდება მათ კონკრეტულ ბელადზე, იმწამსვე მოისმენ ფრაზებს:

“არა, ბატონო, სხვები ხო, მაგრამ ზვიადზე მაგის თქმა არ შეიძლება!”

“როგორ გეკადრება, ედუარდი მაინც სხვა იყო!”

“მიშას არ ეხება ეგ და დანარჩენებზე, რაც გინდა, თქვი!”

“მოიცა, ახლა შენ ბიძინას ადარებ იმათ?!”

აი, ასეა. “ბელადომანია” მაშინ ყოფილა ცუდი, როდესაც ქვეყანას სხვისი ბელადი მართავს. ხოლო, როდესაც ქვეყნის სათავეში “შენი ბელადია”, მაშინ ბელადომანიაც მისაღებია თურმე და კერპთაყვანისმცემლობაც…

არადა, ნამდვილად არის გასაანალიზებელი ის, რომ ზვიადი, “უმადურმა ქართველმა ერმა” კი არა, სწორედ იმან დაღუპა, რომ ერის, ხალხის ხმას არ უსმენდა. მას ხალხისთვის რომ მოესმინა და გაიძვერა თენგიზ სიგუა, სისხლის სამართლის დამნაშავე თენგიზ კიტოვანი, თაღლითი გურამ აბსანძე და სხვები არ მოეყვანა სახელმწიფოს მართვის სადავეებთან, დიდი ალბათობით, ავანტიურისტული ძალები ვერანაირი შეიარაღებული გადატრიალების მოწყობას ვერ მოახერხებდნენ. ამის ნაცვლად, ხალხს, რომელიც მოუწოდებდა, ეს ნაძირალები ქვეყნის ხელისუფლებაში არ მოიყვანოო, ზვიადმა და მისმა ფანატიკოსმა მომხრეებმა “კრემლის აგენტები”, “სამშობლოს გამყიდველები” უძახეს და საბოლოოდ მიღებულ შედეგსაც უტიფრად აბრალებენ იმავე ხალხს, იმის ნაცვლად, რომ მიხვდნენ, რაც დააშავეს და პასუხისმგებლობაც დაიკისრონ.

ედუარდ შევარდნაძესაც მოუწოდებდა ხალხი, _ ნუ აძლევ საშუალებას ავანტიურისტი ჟვანია–სააკაშვილის გუნდს, თავზე წამოგვაჯდნენ; ნუ ცდილობ რუსების “მოტყუებას”, რაც უნდა “თეთრი მელა” იყო, კრემლი ბავშვივით გაცურების ნებას არ მოგცემს, არ გაგივა ეგ “ნომერი” და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდად შემოტრიალდება ყოველივეო. ამის მთქმელ ხალხს შევარდნაძის გარშემო შეკრებილი მლიქვნელების არმია საყვედურობდა, _ მსოფლიო ავტორიტეტის მქონე ადამიანს თქვენ ასწავლით, რა ქნას, საერთოდ, როგორ ბედავთ მსოფლიო დონის პოლიტიკოსზე ასე აგდებულად საუბარსო?!

რა შედეგიც მოგვიტანა “მსოფლიო ავტორიტეტმა”, ყველამ ვნახეთ. თუმცა ესეც უფრო ერსა და ხალხს დაბრალდა, ვიდრე შევარდნაძის მიერ წარმოებულ უგუნურ პოლიტიკას ამერიკელთა წაქეზებით.

მიშა სააკაშვილს ხალხმა ის ვერ შეაგნებინა, რომ, ასფალტის დაგებისა და შენობების ფასადების შეღებვის გარდა, ყურადღება უნდა მიექცია გათავხედებული ძალოვანი მინისტრებისა და მაღალჩინოსნებისთვის. ხალხი, რომელიც მიშას მოუწოდებდა, მოეთოკა თავგასული ძალოვანები, თორემ მის მიერ ნაკეთები გარკვეული დადებითი საქმეები წყალში გადაიყრებოდა, “უმადურისა” და “კრემლის აგენტის” იარლიყს იმსახურებდა. დღესაც “უმადურია” ის ხალხი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს მეტი პასუხისმგებლობისკენ, მეტი დაფიქრებისკენ, მაშინ, როდესაც “ოცნების” საპარლამენტო გამსვლელ სიებში საკმაო რაოდენობით არიან წარმოდგენილი ყოფილი ნაციონალები ან მათი “სატელიტი” ბიზნესმენები. მოუწოდებენ, რომ ეს მისი მხრიდან უზნეობაა და ყოველივე საბოლოოდ არც ქვეყანას მოუტანს კარგს და არც თვით ბიძინას.

არა! თურმე ასეთი ხალხი ვართ “უმადურები”, “შეუგნებლები” და, ვინაიდან ბიძინამ გადაგვარჩინა და გვიხსნა მანიაკი მიშას კლანჭებისგან, ახლა “ჩმორებივით” უნდა ვისხდეთ და ხმა არ უნდა ამოვიღოთ არავითარ შემთხვევაში, რაც უნდა უხეშ შეცდომას უშვებდეს ან უზნეო მოქმედებას ახორციელებდეს ივანიშვილი. და, თუ ხვალ “ბიძინიადაც” ისევე დასრულდება, როგორც დანარჩენი სამი “ბელადის” საქმე დასრულდა, ეს ნიშნავს, რომ ისევ და ისევ ერი, ხალხი ვართ “უმადური”!

არადა, სინამდვილეში პირიქითაა _ რომელიმეს ამ ბელადთაგან რეალურად რომ დაეგდო ყური ხალხის ხმისთვის და სწორი, მართალი აზრი გაეთვალისწინებინა, ქვეყანაც იხეირებდა და თვითონ ეს “ბელადებიც”.

თუმცა ასეთ შემთხვევაში ისინი “ბელადად” ვეღარ წარმოიდგენდნენ თავს, არადა მათთვის მთავარი სწორედ “ბელადობის” განცდაა. მათთვის მთავარია არა კრახის რეალური მიზეზების გააზრება, არამედ ყველაფრის ხალხისთვის გადაბრალება და მორჩა _ კმაყოფილი არიან!

მაგალითად ავიღოთ ყოვლად სამარცხვინო ადამიანის, ჟურნალისტად წოდებული ზაალ უდუმაშვილის წარდგენა თბილისის მერობის კანდიდატად.

როგორ ფიქრობთ, რატომ მომწიფდა ეს იდეა “ნაციონალური მოძრაობის” მამებისა და პირადად მიხეილ სააკაშვილის თავში?

ფაქტია: “ნაციონალურ მოძრაობას” სჭირდებოდა ისეთი მერობის კანდიდატი, რომელზეც შეეძლებოდა ეთქვა, რომ ის არ არის გასვრილი პოლიტიკურ პროცესებში და პლუს, არის თავისი საქმის პროფესიონალი, კარგი სპეციალისტი, დადებითი იმიჯის მქონე და უმწიკვლო რეპუტაციისა.

ახლა მკითხველი გაოცებული მკითხავს – მერედა, ვინ გითხრა, რომ ზაალ უდუმაშვილი ეგეთიაო? ვუპასუხებ – ვინ მითხრა და ბიძინა ივანიშვილმა! დიახ, განა ბიძინა ივანიშვილი არ იყო და არის ის კაცი, რომელიც გაიძახოდა და დღემდე გაიძახის, _ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში ძალიან ჭკვიანი, უმწიკვლო რეპუტაციის, პროფესიონალი, გამოცდილი, შესანიშნავი და მისაბაძი ჟურნალისტები მუშაობენო? განა ბიძინა ივანიშვილი არ ლაპარაკობს “რუსთავი 2”-ელების შესახებ აღფრთოვანებითა და მოწიწებით თითქმის ყველა პრესკონფერენციაზე?

განა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ არ გადაიბირა 2012 წლის შემდეგ არაერთი ადამიანი “რუსთავი 2”-დან და ჩააყენა “ოცნების” სამსახურში? ამის პარალელურად კი ფეხებზე დაიკიდა მართლა პროფესიონალი ჟურნალისტები, რომლებიც 9 წელიწადი თავგამოდებით ებრძოდნენ მანიაკურ რეჟიმს.

ბიძინა ივანიშვილი ხომ დღესაც ცდილობს, მოხიბლოს თავისი “ტკბილად მოუბარი” ენით “რუსთავი 2”-ის თანამშრომლები და მათ უზრუნველ მატერიალურ ცხოვრებას ჰპირდება, თუკი ისინი “განაგდებენ მიშას” და აღიარებენ “ჭეშმარიტ ბიძინას”?!

ამას კი საფანელად ივანიშვილი ყოველთვის უფენს დაახლოებით ასეთ აზრს _ მე იმიტომ ვცდილობ “რუსთავი 2”-ში მომუშავე კადრების გადმობირებას, რომ ისინი პროფესიონალები, საქმის ერთგული და პატიოსანი ადამიანები, ძალიან გამოცდილი მუშაკები არიანო!

ჰოდა, რა გინდათ? ადგა “ნაციონალური მოძრაობა” და ეს ძალიან პატიოსანი, პროფესონალი, დაუზარელი მუშაკი და საქმის უბადლო მცოდნე პიროვნება თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა. რა, განა “პროფესიონალიზმი” და “პატიოსანი მშრომელობა” იმით განისაზღვრება, გადავა თუ არა ვინმე ბიძინას მხარეს?

ასე რომ, დღეს ნაციონალებს პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ რეკლამირებული და “გაპიარებული” მერობის კანდიდატი ჰყავთ და არც უნდა იყოს გასაკვირი, თუ ის ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევს “ოცნების” კანდიდატს და ეგებ მოუგოს კიდეც.

სჯობდა, ბიძინა ივანიშვილს სწორად შეეფასებინა სიტუაცია, მოესმინა ხალხის ხმისთვის და შეეგნო, რომ “რუსთავი 2” _ ეს არის ანტიჟურნალისტიკის ეტალონი, რომ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები პროფესიონალები და თავისი საქმის ერთგულები კი არა, ფულსა და მატერიალურ კეთლდღეობაზე გაყიდული არაადამიანები არიან, რაც თავისთავად გამორიცხავს მათ პროფესიონალიზმს. ნაცვლად ამისა, გამოვიდა ისე, რომ ივანიშვილმა თვითონ გაუკეთა რეკლამა ნაციონალების მერობის კანდიდატს და მიხეილ სააკაშვილმაც მოხერხებულად ისარგებლა ამით.

რა შეიძლება მოჰყვეს ამას შედეგად? სავარაუდოდ, უდუმაშვილი არჩევნებს ამ ეტაპზე ვერ მოიგებს და თბილისის მერი ვერ გახდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი, ისევე, როგორც მისი წინამორბედი “ბელადები”, თვითონვე უყრის საფუძველს თავის პოლიტიკურ, მოქალაქეობრივ, მეცენატურ და ადამიანურ დასასრულს. წინამორბედების მსგავსად, ისიც აძლევს საშუალებას გარშემო შემოკრებილ მლიქვნელებს, თავიანთი ლიქნით ქვეყანაც დაღუპონ და ივანიშვილიც.

აი, ამიტომ დგას დღეს ქართველი ერი მათ თვალში “უმადურობასა” და “უდუმურობას” შორის… არადა, ხალხს ერთიც ფეხებზე ჰკიდია და მეორეც _ ერს აქვს უფლება, კატეგორიულად მოსთხოვოს პასუხი უზნეო საქციელზე იმ კაცს, რომელმაც თვითონვე დაიკისრა პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე, მიუხედავად იმისა, რომ მან თავისზე უარესი ტირანი მოაშორა ქვეყანას, გადაგვარჩინა მანიაკებისგან, გვიხსნა საშინელებისგან თუ რაც და როგორც იყო. ქვეყნის სათავეში შენი გუნდის მოყვანა, უწინარესად, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის დაკისრებას უნდა ნიშნავდეს და არა ერისთვის საკუთარი “კაი ტიპობის” განუწყვეტელ დაყვედრებას… თორემ ზოგიერთისგან ასეთი თვალსაზრისიც კი მომისმენია – გერმანიამ ვერ დააფასა თავისი უდიდესი შვილი ადოლფ ჰიტლერიო.

ვნახოთ, იქნებ ბიძინა ივანიშვილმა მაინც ათხოვოს ყური ხალხის ხმას და თავი დაანებოს მართალი ადამიანებისთვის “უმადურების” ძახილს.

ჯერ კიდევ არ არის გვიან!

Comments are closed