globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 30 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 30th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: რატომ არ ერთვება ბიძინა ივანიშვილი “ოცნების” საარჩევნო კამპანიაში

რეზონანსი“: როცა ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი ყოყმანობს // ექსპერტთა უმრავლესობა ყველაზე სარწმუნოდ “ენდიაის” კვლევის იმ ნაწილს მიიჩნევს, რომელიც გაურკვევლობაში მყოფი ამომრჩევლების რაოდენობას ეხება

რეზონანსი“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ძალაუფლება, ფაქტობრივად, ქუჩაში აგდია და ამღები არავინ არის” // “ოცნების” წინასაარჩევნო იმედები არარაციონალურ ფაქტორებზეა დამყარებული, რაც ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „რვა ოქტომბრის არჩევნები ყველაზე არაპროგნოზირებადია“ //„60%-მდე ამომრჩეველი ყველა პოლიტიკურ ძალაზეა გაბრაზებული“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „ენდიაი“-ს კვლევები სასაცილოდაც კი არ მყოფნის“ // „ამერიკის ელჩი ხელისუფლების საქმეებში უხეშად ერევა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი კახა კალაძის „მოტეხვაზე შეთანხმდნენ“// „ნაციონალების“ და „ოცნების“ საარჩევნო სია იან კელიმ დაწერა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან: „საქართველოს ამომრჩეველი არ მონაწილეობს ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში“ // „პარლამენტში გავლენებისთვის მებრძოლები კი არა, ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანები უნდა იყვნენ“

———

რეზონანსი“: ჯერჯერობით 3%-იანი ეკონომიკური ზრდა სანატრელია // „მუდმივად არის სტრესული ვითარება, რომ უფრო მეტი პრობლემა იქნება, ვიდრე ახლა არის”

——————-

რეზონანსი“, 30 ივლისი, 2016 წელი

რატომ არ ერთვება ბიძინა ივანიშვილი “ოცნების” საარჩევნო კამპანიაში

ეკატერინე ბასილაია

“ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული, მაჟორიტარების ნაწილი უკვე დასახელებულია, თუმცა ბიძინა ივანიშვილის დაპირების მიუხედავად, რომ ის საკუთარი პარტიის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვებოდა, ექსპრემიერი არც ერთ შეკრებაზე არ გამოჩენილა. “ქართულ ოცნებაში” ნაწილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით მკაფიო სტრატეგიული გეგმა არ არსებობს; მეორე ნაწილი ამბობს, რომ ბატონ ბიძინას განცხადებული აქვს აქტიურობა სექტემბერში დაიწყოს, ყველა რეგიონში ჩავიდეს და შეხვდეს ხალხს. ამდენად, სექტემბერს უნდა დაველოდოთ. საგულისხმოა, რომ სექტემბერში გამოდის მიხეილ სააკაშვილის მმართველობაზე გადაღებული გოგა ხაინდრავას 24-სერიანი მხატვრული ფილმიც და, შესაძლოა ის ფილმი და ივანიშვილის რეგიონებში გამოჩენა “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის მთავარი ოქროს გასაღებიც იყოს.

“გეგმა არ არსებობს…”

“ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით მკაფიო სტრატეგიული გეგმა არ არსებობს,” – განუცხადა “რეზონანსს” საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკიმ.

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ ჭკუასელი, რომელიც ივანიშვილის ახლო მეგობარია, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველა დიდ ქალაქში ჩავა და მოსახლეობას შეხვდება. “მან ხმამაღლა განაცხადა, რომ სექტემბრიდან დავიწყებ ყველა რეგიონში ჩასვლასო და დადგება სექტემბერი და ჩავა. რა ფორმით იქნება, აბა, მე როგორ გითხრათ?! ვიცი ის, რომ მოსახლეობას ყველგან უნდა შეხვდეს და ელაპარაკოს. დიდი აქციები იქნება თუ პატარა შეხვედრები, ამას ვერ გეტყვით. არ ვიცი,” – განაცხადა თემურ ჭკუასელმა.

შეკითხვაზე, ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის საარჩევნო კამპანიასთან უფრო აქტიური ჩართვა დაანონსა და რა იგულისხმება ამ უფრო მეტ აქტიურობაში, პოლიტსაბჭოში უკვე დაგეგმილია თუ არა განრიგი, თემურ ჭკუასელმა თქვა, რომ ამ შეკითხვის ადრესატი თავად არ არის, ეს ბიძინა ივანიშვილს უნდა ვკითხოთ.

“ბატონი ბიძინას საარჩევნო კამპანიის დროს აქტიურობა პოლიტსაბჭომ როგორ უნდა დაგეგმოს?! ის პოლიტსაბჭოს წევრი არ არის და რასაც თავად დააპირებს, ის არის გასაკეთებელი. რასაც აპირებს, ეს უკვე გითხარით, ეს ხმამაღლა თქვა, ხოლო რა ფორმით იქნება, ეს არ ვიცი. დიდი ხანია, რაც არ გვინახავს,” – განაცხადა თემურ ჭკუასელმა, რომელმაც შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ბიძინა ივანიშვილმა საერთოდ გადაიფიქროს საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, გაღიზიანებით უპასუხა, რომ “ბატონი ბიძინა ნათქვამს არ გადავა”. რაც თქვა სექტემბერზე, ეს არ შეიცვლება. სექტემბრიდან ყოველი დღე გათვლილია ისე, რომ არჩევნების წინ მთელი საქართველო მოვლილი ჰქონდეს,” – აღნიშნა დეპუტატმა, რის შემდეგაც რატომღაც საუბრის გაგრძელება არ ისურვა და უხეში რეპლიკებით გათიშა ტელეფონი.

საგულისხმოა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გასული წლის დეკემბერში ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუსას თქვა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურად ჩაერთვებოდა, ბევრად უფრო აქტიურად, ვიდრე 2012 წელს იყო ჩართული, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა და როგორ იქნებოდა. მისი ამ განცხადების შემდეგ პარტიის დამფუძნებლის გეგმაზე, საარჩევნო პროცესში აქტიურ გამოჩენის შესახებ რამდენჯერმე ისაუბრეს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ და პარტიის სხვა წევრებმაც, თუმცა კონკრეტულად რა და როგორ მოხდებოდა, მათივე თქმით, საბოლოოდ გადაწყვეტილი არ იყო.

ბიძინა ივანიშვილი, როგორც “კლასიკური ქართველი მშობელი”

რა ფორმით და რა იდეებით იქნება მომგებიანი ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში გამოჩენა, ამაზე პოლიტოლოგები და სოციოლოგები საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამენ.

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ამომრჩეველი ისევ და ისევ მხოლოდ ივანიშვილის გამო თუ მისცემს ამ “ქართულ ოცნებას” ხმას, მიზიდულობის ცენტრი ისევ მხოლოდ ექსპრემიერია, ეს “ოცნების” ყველა კანდიდატმა იცის და ამდენად, ყველა კანდიდატი საარჩევნო კამპანიაში ივანიშვილის გვერდით გამოჩენას გულის ფანცქალი ელოდება.

“მიზიდულობის ცენტრი, რის გამოც შესაძლებელია “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩევლის ხმები მიიღოს, ისევ და ისევ რჩება ბიძინა ივანიშვილი. მის გარდა სხვა ლიდერი, უბრალოდ, პარტიაში არ არსებობს. სხვა ყველაფერი არის ფასადი და მეტი არაფერი. ამ ადამიანებსაც, რომლებიც ხვდებიან, რომ პრობლემები აქვთ და ამას მარტო “ენდიაის” კვლევა არ აჩვენებს, აქვთ განცდა, ივანიშვილი ისევ ფოკუსს ჩაატარებს, ჩვენ ისევ ხელისუფლებაში დაგვტოვებსო. მათ ისევ ეს პარაზიტირების განცდა აქვთ. ბიძინა ივანიშვილი ამ პასუხისმგებლობას არ იცილებს და ის იქცევა არა როგორც აქტიური მოთამაშე, არამედ როგორც მშობელი, კლასიკური ქართველი მშობელი, რომლისთვისაც 40 წლის გადამწიფებული შვილიც ჯერ კიდევ ბავშვია.

ჩემი აზრით, ივანიშვილი ყველა რესურსს გამოიყენებს იმისათვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლება შეინარჩუნოს. რაც შეეხება საჯაროობას, შეიძლება სექტემბრისკენ რაღაც ტურნეს ჩატარება ისურვოს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ის წააწყდება იმ რეალობას, რომელიც მისი მოლოდინისგან განსხვავებული იქნება. იგი ამბობდა, ხალხისგან ჭარბი ნდობა მაქვსო. სამწუხაროდ, ხალხის განწყობა ასეთი არ არის და შეხვედრები ბევრად უფრო ცივი იქნება. თან, პოლიტიკური ოპონენტებიც ეცდებიან, მისი საჯარო აქტივობა სხვადასხვა ფორმით ჩაშლილი ან სკანდალური იყოს. აქედან გამომდინარე გამიჭირდება თქმა, რამდენად ინტენსიურად შეეცდება კამპანია აწარმოოს. თუმცა მე ვთვლი, რომ ეს გადამწყვეტი არც არის. საჯარო აქტივობის გარეშეც ძალის ცენტრი ისევ ივანიშვილია,” – ამბობს გია ხუხაშვილი. მისი თქმით, ივანიშვილის დაპირებების თუ ახსნა-განმარტებების მიმართაც ნდობა სუსტი იქნება. იგი ისეთ მასშტაბურ შეკრება-აქციებს და კონცერტებს, რაც 2012 წელს “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისას ვნახეთ, იგივე ბერა ივანიშვილის საკონცერტო ტურნეები, არ ელოდება.

“არა, ეს არ იქნება. ის რომანტიკული პერიოდი იყო. ახლა “ქართულ ოცნებას” რომანტიკის არანაირი პლატფორმა არ აქვს და ამაზე ლაპარაკიც ძალიან ყალბი იქნება. არ გამოვრიცხავ ვიღაცამ კონცერტებიც მოინდომოს, მაგრამ რომანტიკულმა მატარებელმა დიდი ხანია ჩაიარა,” – დასძენს გია ხუხაშვილი.

სჭირდება თუ არა “ონებას” ბიძინა ივანიშვილის ჩართვა

სოციოლოგი ამირან ბერძენიშვილი თვლის, რომ პოლიტტექნოლოგიაში ყველაზე ეფექტურად კარდაკარ სიარული მიიჩნევა, როდესაც პოლიტიკოსები ადგილებზე იზიარებენ ხალხის გასაჭირს. თუმცა თვლის, რომ დღეს “ქართული ოცნება” ყველა კვლევებით პირველ ადგილზეა და ივანიშვილის აქტიური ჩართვა მაინცდამაინც საჭირო არ ჰგონია. მისი თქმით, 2012 წლის მსგავსი აქტიური საარჩევნო კამპანია, დიდ აქციებით, განცხადებებით თუ უხვი დაპირებებით, ამჯერად მოსალოდნელი არ არის, რადგან მაშინ “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის დიდი დაძაბულობა და ჭიდილი იყო, ამიტომ ორივე ძალა ძალიან აქტიურობდა. დღეს კი ასე არ არის.

“ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული ელექტორატი ხმას ყოველთვის პიროვნებებს აძლევდენენ და სამწუხაროდ, ეს ელექტორატი დღემდე ვერ გაიზარდა. როდესაც ვინმე “ქართულ ოცნებაზე” ლაპარაკობს, ყოველთვის “ივანიშვილი იგულისხმება, “ნაციონალურ მოძრაობაზე” ლაპარაკისას კი ხალხი ოდესისკენ იყურება. ივანიშვილი რომც არ გამოჩნდეს საარჩევნო კამპანიისას, პარტიაში მაინც ის იგულისხმება. გადამწყვეტ მომენტში თუ დაინახავს, რომ მთლად ისე იოლად არ არის საქმე, შესაძლოა, კოზირი გამოიყენოს და მის უდიდებულესობა ხალხს თავად ეახლოს. შესაძლოა კონცერტებიც ვნახოთ, მისი ოჯახის წევრებიც კი გამოჩნდნენ. დასავლურ სისტემაში მიღებულია ოჯახის წევრების ჩართვა და მხარში დგომა. ამიტომაც, ეს თუ ისევ იქნება, ცუდი არ არის,” – ამბობს ამირან ბერძენიშვილი.

პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძის განცხადებით, როდესაც ექსპრემიერმა არჩევნების პროცესში ჩართვაზე გააკეთა განცხადება, “ქართული ოცნების” რეიტინგი ძალიან გასაჭირში იყო, ახლა კი, რამაზ საყვარელიძის აზრით, ბოლო კვლევით რეიტინგში დინამიკა რამდენიმე ნაბიჯი წინაა გადადგმული და ივანიშვილის გამოჩენის დიდი საჭიროება არ არის.

“ახლად დანიშნულმა გიორგი კვირიკაშვილმა მოიკრიბა ძალა, გადაიდგა ნაბიჯები. კვირიკაშვილმა საკუთარი, ახალი სახეების გუნდი წარადგინა, რომელიც უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე წინა გუნდი, სადაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეეძლო დისკუსიებში ჩართვა. ახლა მოსახლეობამაც და ივანიშვილმაც დაინახა, რომ გუნდს აღარ უჭირს და ალბათ, ივანიშვილი ამიტომ გაჩერდა. თუ რეიტინგის ზრდის ტემპი ისევ გაგრძელდება, შეიძლება არც გამოჩნდეს. ივანიშვილს პოლიტიკაში შემოსვლა არ ეხალისება, ეს მისთვის საინტერესო სფერო არ არის და თუ სიტუაციამ არ აიძულა, ცდილობს, რომ ამ სფეროს თავი აარიდოს. “თუმცა, თუ ჩათვალა, რომ მისი გამოჩენით რაღაც აკორდები საჭიროა, ამას ბოლოში უფრო გააკეთეს. ახლა გაკეთებული სვლა არჩევნებამდე ეფექტს ვერ შეინარჩუნებს, ამიტომ სჯობს არჩევნებამდე ახლო პერიოდში გამოჩნდეს,” – აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე. მისი თქმით, “ქართულ ოცნების” გარანტი ივანიშვილია, ამ პასუხისმგებლობას ექსპრემიერი არც გაურბის და ამომრჩევლის თვალში ივანიშვილის კამპანიაში გამოჩენა უფრო დამაჯერებელი იქნება. ახალ იდეებს და ახალ დაპირებებს კი არ ელოდება.

რამაზ საყვარელიძის თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები უფრო მეტად “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გაკეთებული არჩევანი იყო და “ნაციონალური მოძრაობის” თემის წინ წამოწევა დღესაც ხდება, რადგან ე.წ. მტრის ხატის ფორმულის გამოყენება პოლიტიკის შეიარაღებაში ყველაზე ხშირად ხდება. იგი ამბობს, რომ ამ შეიარაღებას დაემატება სწორედაც სექტემბერში სააკაშვილის მმართველობაზე გადაღებული გოგა ხაინდრავას სერიალიც.

“ეს იქნება საზოგადოებისთვის შეხსენების ფილმი. თუმცა, არ მგონია, “ქართულ ოცნებას” ეს ძალიან წაადგეს. იქნება უფრო იმის მცდელობა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხმები მოიპოვოს “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომ ამ პარტიას მეორე ადგილიც არ ჰქონდეს. ეს სურვილი აქვთ ალბათ, თუმცა რამდენად ახერხებენ ამას, ეს ძნელი სათქმელია. ჯერჯერობით, როგორც “ენდიაის” კვლევა აჩვენებს, “ნაციონალები” ისევ მეორე საპრიზო ადგილზე რჩებიან. დავუშვათ, “ნაციონალების” რეიტინგი გახდა 15%, მაგრამ ისინი რომ მე-3 ადგილზე გადავიდნენ, ამისთვის ვიღაცას 16% ხომ უნდა ჰქონდეს? ასეთი პარტია არ ჩანს. ამიტომ ვვარაუდობ, რომ ამ თემამ დაკარგა ის სიმწვავე, რითაც ივანიშვილმა თავის დროზე წამოწია თემა,” – დასძენს რამაზ საყვარელიძე.

რეზონანსი“, 30 ივლისი, 2016 წელი

როცა ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი ყოყმანობს

ექსპერტთა უმრავლესობა ყველაზე სარწმუნოდენდიაისკვლევის იმ ნაწილს მიიჩნევს, რომელიც გაურკვევლობაში მყოფი ამომრჩევლების რაოდენობას ეხება

გვანცა ღვედაშვილი

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (ენდიაიმ) წინსაარჩევნოდ მის მიერ წარმოებული კვლევითი შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა 57%-მა არ იცის ვის მისცემს ხმას. რამდენად სანდოა “ედნიაის” კვლევის შედეგები, რამ გამოიწვია საზოგადოების გაურკვევლობა და რა შეცდომები დაუშვეს პარტიებმა – ეს ის თემებია, რომელზეც “რეზონანსთან” ექსპერტებმა ისაუბრეს.

რა სურათს ქმნის კვლევის შედეგები

გამოკითხვა საქართველოს მასშტაბით 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა და მასში მონაწილეობა 4 113-მა მოქალაქემ მიიღო. შედეგების მიხედვით, არჩევნებზე წასვლას ამომრჩეველთა 67% აპირებს, თუმცა ამომრჩეველთა 57%-ს არჩევნებამდე ორთვენახევრით ადრე ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს ხმას რომელ პარტიას მისცემს. ასევე, კვლევის მიხედვით, ამომრჩევლის 19% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, 14% – “ერთიან ნაციონალურ მოძრობას”, 4-4% კი – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსსა” და “მოძრაობას სახელმწიფო ხალხისთვის”. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის თქმით, ცდომილება შესაძლოა 2.1% იყოს, ექპერტებში “ენდიაის” კვლევა ნდობას არ იწვევს. მათი თქმით, წინა პერიოდის პრაქტიკიდან გამომდინარე ძნელია ამ ორგანიზაციას ენდო.

რა ნაწილში ვენდოთ კვლევის შედეგებს

ექსპერტებთა ნაწილის აზრით, “ენდიაის” კვლევები ნაკლებ სარწმუნოა. მათი თქმით, მიხედავად იმისა, რომ გამოკითხვას ამერიკული კომპანია უკვეთავს, კვლევას ქართველები ატარებენ. ასევე უნდობლობას იწვევს ის ფაქტიც, რომ ექპერტთა თქმით, მათ სანაცნობო წერეში არ შეხვედრიან ისეთ ადამიანს, რომელსაც ამ კვლევაში მონაწილეობა მიუღია.

როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, გამოკითხვა ბიზნესად არის ქცეული, რაც კვლევის შედეგებს კიდევ უფრო არასაიმედოს ხდის. “ენდიაის” კვლევებისას რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი, ჯერ ერთი ის, რომ გამოკითხვას თავად ქართველები აწარმოებენ. გარდა ამისა, ვინც ამ გამოკითხვებში გაწაფულნი არიან და ვისთვისაც ეს ბიზნესად იქცა, ბუნებრივია, პარტიულ სიმპათია-ანიპათიაზე “აცრილნი” არ არიან. ამიტომ არის თუ არა სანდო, ეს ძნელი სათქმელია.

“უკვე რამდენი წელია ეს გამოკითხვა ტარდება და სულ ვკითხულობ ჩემს ნაცნობებში, ვინმეს ხომ არ შეეკითხნენ და მუდმივად უარს ვღებულობ. ვინ არის ეს 4-5 ათასი “ფანტომასი”, რომელზე დაყრდნობითაც ტარდება კვლევები, ძალიან მაინტერესებს და ეს საკითხი ჩვენთვის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. როცა “ენდიაის” კვლევის შედეგები არ მართლდება, მათ ყოველთვის აქვთ თავის გასასამართებელი არგუმენტები. 2012 წელის არჩევნებზე ამ ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მითხრა, რომ მათ არ იცოდნენ, თუ “ცოცხების ამბავი” მოხდებოდა და სწორედ ამ ფაქტმა შეცვალა რეალობა, თორემ ძალიან ზუსტად ვიცოდით რა მოხდებოდაო. კვლევის სანდო ნაწილი ჩემთვის ის არის, რომ უმრავლესობამ არ იცის ვის მისცეს ხმა. ვერ გაიგეს ვინ კარგია და ვინ ცუდი, რადგან ყველა ერთნაირი ჰქონიათ და ამ ერთნაირიდან მაინც რომელიღაცას უნდა აირჩიონ. ეს ნაწილი ჩემთვის ყველაზე სანდოა. დანაჩენი მონაცემი კი ეკვილიბრისტიკა და ცირკაჩობაა”, – გვითხრა სოსო ცინცაძემ.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილი “ენდიაისადმი” უნდობლობას ერთის მხრივ 2012 წელს ჩატარებული კვლევების არასწორ შედეგებს უკავშირებს, მეორეს მხრივ კი იმას, რომ დღემდე არ არის ცნობილი, თუ რა პოლიტიკური ორიენტაციის სუბიექტია ამ კვლევის განმახორციელებელი.

“ენდიამ” პრაქტიკულად ნდობისა და უნდობლობის ახლა სტანდარტს შეგვაჩვია. ვერა და ვერ მივიღეთ ინფორმაცია იმაზე, თუ ვინ ატარებს ამ კვლევას, რა პოლიტიკური ორიენტაციის სუბიექტია განმახორციელებელი და არა დამკვეთი. “ყველას ჩაბეჭდილი აქვს “ენდიაის” 2012 წლის კვლევა, როდესაც არჩევნებამდე რამოდენიმე კვირით ადრე ჩვენი ორი პოპულარული ჟურნალისტი რეიტინგში წინ უსწრებდა ბიძინა ივანიშვილს. “ქართულმა ოცნებამ” და მისმა მომხრეებმა სამუდამოდ გულში ჩაიდეს ეს ფაქტი და ამ კვლევებს დღესაც საჯაროდ უცხადებენ უნდობლობას. გამომდინარე იქიდან, რომ კარგად გვახსოვს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნისას ამ კვლევების თავკაცი და ის გაყალბებული ციფრებიც, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის ჯერ საპრეზიდენტო, შემდეგ კი საპარლამენტო არჩევნებისას, ძნელია მათ შედეგებს ენდო”, – განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

“ენდიაის” კვლევების სანდოობაში ეჭვი ეპარება პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესაც, რომლის თქმითაც, ძნელია ორგანიზაციის კეთილსინდისიერებაში დარწმუნდე, როცა საშუალება არ გაქვს აღნიშნული მონაცემები სხვა კვლევებს შეადარო.

“ვერ გეტყვით რამდენად რეალური და სანდოა “ენდიას” მიერ პარტიების პროცენტებთან დაკავშირებით გაჟერებული ინფორმაცია. მე საერთოდ ეჭვი მეპარება “ენდიაის” კეთილსინდისიერებაში, მაგრამ სხვა გამოკვლევები თითქმის არ გვაქვს. ერთი არის ოცნების კვლევა, რომელიც მეტნაკლებად ჰგავს “ენდიაის” მიერ გამოქვეყნებულ ციფრებს, მაგრამ ეს გამოკითხვა გადამოწმებისთვის საკმარისი არ არის. „ენდიაის” მიმართ ეჭვს მხოლოდ ისიც აჩენს, რომ ადრე რეალობისგან ცდომილება ძალიან დიდი იყო და “ნაციონალების” დაკვეთა იგრძნობოდა. ამ შედეგებში დაკვეთა არ იგრძნობა, მაგრამ რეალობას რამდენად ასახავს, ვერ გეტყვით”, – გვითხრა რამაზ საყვარელიძემ.

რატომ არის გაურკვევლობაში 57%

სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, “ენდიაის” შედეგები დამთრგუნველია, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა გაურკვევლობაშია და არ იცის ვის მისცეს ხმა. მისი თქმით, აღნიშნული მონაცემებიდან “ნაციონალური მოძრაობის” 13% ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე “ქართული ოცნების” 17%. ამ შემთხვევაში კი ჩნდება საფრთხე, რომ მმართველმა ძალამ არჩევნები გააყალბოს.

“მთლიანი მაჩვენებლები რაც არის, ძალზედ დამთრგუნველია. პირველ რიგში ეს მოსახლეობის სრულ ნიჰილიზმზე მიუთითებს. საზოგადოება პარტიების მიმართ ინტერესს ნელ-ნელა სულ უფრო მეტად კარგავს. აღარავის აღარ ენდობა და აღარავისი აღარ სჯერა. ის 17%, რომელიც ხვალ რომ არჩევნები იყოს ხმას “ქართული ოცნებას” მისცემდა, არიან მათი თანამშრომლები, ოჯახის წევრები და ახლობლები. ეს არ არის მყარი ელექტორატი. ეს 17% “ოცნებას” არჩევნების წაგების შემთხვევაში ოპოზიციაში არ გადაყვება. ამიტომ “ნაციონალების” 13% უფრო ღირებულია, რადგან ეს ერთული და სტაბილური ელექტორატია. თუმცა, დიდად საიმედო “ნაციონალებისთვისაც” არაფერია, რადგან წინა საპრეზიდენტო არჩევნებში მათ 19% აიღეს, შემდეგ შუალედურ არჩევნებშიც. ახლა 13% აქვთ, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მათი რეიტინგი დაბლაა დაცემული, ცოტაც და განახევრდება.

როცა არჩევნებამდე 2 თვით ადრე მოსახლეობის 57%-მა არ იცის ვის მისცეს ხმა, ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის სულერთია. ერთია, როდესაც ადამიანმა არ იცის ვის მისცეს ხმა და დაძაბული არჩევს კანდიდატს, მაგრამ ჩვენთან ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველა პარტია ერთნაირია. მთლიანობაში “ენდიაის” ამ კვლევამ ძალიან ცუდი სურათი მოგვცა. ძნელია იმის თქმა, თუ რა ფაქტორები იმოქმედებს მოსახლეობაზე, იმდენად რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილება. ამ ორ თვეში ვერცერთი პარტია, რომელსაც თუნდაც რესურსი აქვს, ვერაფერს ისეთს ვერ გააკეთებს, რომ მოსახლეობა მისკენ გადაიხაროს. თუნდაც მმართველი პარტია ავიღოთ, რას იზამენ ორ თვეში – პენსიებს გაზრდიან თუ ხელფასებს? ვერც ერთს. ვერც სამუშაო ადგილებს შექმნიან და ვერც დანაშაულს შეამცირებენ.

“თავისუფალმა დემოკრატებმა” ბოლო ხანებში ტემპი შეანელეს, მათ პირველებმა დაიწყეს რაიონში სიარული და შეხვედრები და არ ვიცი ახლა ფინანსური რესურსი არ ეყოთ, ფიზიკური თუ სხვა ფაქტორი იყო. შედეგებიც აქედან გამომდინარეობს. რაც შეხება პაატა ბურჭულაძის პარტიას, მისი წინასაარჩევნო კამპანია უფრო დინამიკური ხდება.

“პატრიოტთა ალიანს” აქვს უნიკალური რესურსი, ტელევიზია, რომელიც თითქმის მთელ საქართველოს ფარავს, გარდა ამისა, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია. მოსწონს თუ არ მოსწონს ეს ჩვენს ხელისუფლებას და “ნაციონალურ მოძრაობას”, ხალხში სულ უფრო მძლავრად იკიდებს ფეხს ის ფაქტი, რომ არ შეიძლება შენს 140 მილიონიან მეზობელთან გაბუტული იყო.

მოსახლეობის გაურკვევლობა ცუდია იმ მხრივაც არის, რომ ვისაც შესაძლებლობა ექნება, ის “ცუღლუტობის” გზით წავა. როცა ძალიან გინდა გახდე პარლამენტარი, ან უფრო ძალიან გინდა შეინარჩუნო ეს მანდატი, მაშინ ცდუნებას ყველა ვერ უძლებს. როდის მიდის მმართველი ძალა გაყალბებაზე, უფრო რბილად, რომ ვთქვათ ცუღლუტობაზე? – მაშინ, როდესაც ეჭვი ეპარება თავის გამარჯვებაში. დღევანდელი მონაცემებით კი არავის აქვს გარანტია. კი, “ოცნებაც”, “ნაციონალებიც” და კიდევ ორიოდე სხვა პარტიაც გავა ამ არჩევნებში, მაგრამ “ქართული ოცნებისთვის” მხოლოდ გასვლა საკმარისი არ არის. ის ისე უნდა გავიდეს, რომ სათქმელი ჰქონდეს”, – განაცხადა სოსო ცინცაძემ.

როგორც პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გვეუბნება კვლევის ღირებულებას ამცირებს ის ფაქტი, რომ არჩევნებზე წამსვლელთა 57%-მ არ იცის ვის მისცეს ხმა. მისი თქმით ამის ერთ-ერთი მიზეზი ის 56 პარტიაა, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებსი მონაწილეობა უნდა.

“კვლევის ღირებულებას ამცირებს იმ ამომრჩევლების 57%, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია ვისზე შეაჩეროს საკუთარი არჩევანი. როცა ამომრჩელთა ნახევარზე მეტი არ იცი რას აპირებს, დარჩენილი ორი თვე იქნება იმაზე დაძაბული, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა ეს პროცენტი დავუშვათ 10-15 იქნებოდა. უნდა ვიფიქროთ იმაზეც, თუ რა წარმოშობს ასეთ გაუგებრობას. ჩვენი ქვეყანა მრავალი სიკეთით გამოირჩევა. მათ შორის იმითაც, რომ ჩვენისთანა პატარა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი 56 პარტიაა, რაც რასაკვირველია ამომრჩეველს აბნევს. გამოკითხვის შემდეგ ამომრჩეველი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შემდეგი კითხვა არ იქნება თუ ვის აძლევს ხმას. ეს კითხვა რომ მოსალოდნელი არ ყოფილიყო, არ გამოვრიცხავ, გამოკითხულთა უმეტესობას ეპასუხა, რომ იცის ვისაც აძლევს ხმას. ისინი არ არიან დარწმუნებული, რომ ინკოგნიტოდ დარჩებიან. ასე რომ, ურჩევნიათ თქვან, რომ არ იციან ვის აძლევენ ხმას. ამ კვლევამ იქნებ ერთი სიკეთე მაინც ქნას, რომ 56-დან 5 პარტია მაინც გამოაფხიზლოს და წინასაარჩევნოდ საკუთარი წვალების პროცესი შეაჩეროს. არჩევნებამდე დარჩენილი ორიოდე თვე ძალიან სერიოზული ყურადღების საგანი უნდა იყოს არა მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის, არამედ საზოგადოებისა და მედიისთვის. რაც მთავარია, ყველა სტრუქტურას, რომელსაც ხელი მიუწვდება საზღვარგარეთიდან უცხოელი დამკვირვებლების მოპატიჟებაზე, უნდა იზრუნოს, რომ ისინი საქართველოში აღმოჩნდნენ არა 6-7 ოქტომბრიდან, არამედ სექტემბრის მეორე ნახევრიდან, რათა რეალურად გაერკვნენ სად არიან და სად იქნება ძირიათადი გამოწვევები”, – გვითხრა სოსო ცისკარიშვილმა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ერთანირი დონის მქონე საგნები ადამიანებში ყოველთვის გაურკვევლობას იწვევს. ამასთანავე, როგორც თავად ამბობს, პარტიებმა გარკვეულწილად ხელიდან გაუშვეს შანსი, რომ მოსახლეობის სიმპათია თავიდან დაემსახურებინათ.

“როდესაც ასარჩევად გვაძლევენ ბევრ ერთნაირად კარგ ან ცუდ ნივთს, ყოველთვის გაურკვევლობაში ვვარდებით. როცა ალტერნატივა არ გკარნახობს გამორჩეულ ვარიანტს, გადაწყვეტილება ყოველთვის ძნელი მისაღებია. ამ შემთხვევაში “ნაციონალები” არ იზიდავს საზოგადოებას და ეს პრინციპში გასაგებია. იმედი იყო “ოცნებაზე”, ოღონდ მათ მიერ გაჟღერებული დანაპირებების არშესრულებამ მოსახლეობაში იმედგაცრუება გამოიწვია. დანარჩენი პარტიები საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ნაცნობია და შეჩვეულნი არიან, რომ მათ ხმას არ მისცემენ. ახალი სულ რამოდენიმე პარტიაა, მათ შორის ბურჭულაძის “სახელმწიფო ხალხისთვის” და “პატრიოტთა ალიანსი”. ბურჭულაძემ მკაფიოდ “ნაციონალური” ნიშა აიღო და ამიტომ ფაქტიურად “ნაციონალების” ძმობილი პარტია გახდა, რამაც ბევრი ხმა დააკარგვინა. რაც შეეხება “პატრიოტებს”, ცოტა პასიურები არიან.

მოსახლეობის გადაწყვეტილებაზე გავლენას ის პრობლემური მომენტების გამოსწორება მოახერხებს, რომელიც პარტიებს აქვთ. კერძოდ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი დაბალანსების მომენტი ხელიდან გაუშვა. ახალი სახეები უნდა შეეყვანა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ასევე არ შეცვალა რიტორიკა. იძახა – შეცდომები დავუშვიო, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაუსახელებია. ამ ორიოდე თვეში კი ეს მდგომარობა არ შეიცვლება. აგრეთვე უჩივიან “ქართულ ოცნების” პასიურობას. ამდენად, თუკი “ოცნება” მოახერხებს, რომ აქტიური მოქმედი პარტიის იმიჯი მოიხდინოს, ეს მას ბევრ ხმას დაუბრუნებს”, – გვითხრა რამაზ საყვარელიძემ.

რეზონანსი“, 30 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ძალაუფლება, ფაქტობრივად, ქუჩაში აგდია და ამღები არავინ არის” // “ოცნების” წინასაარჩევნო იმედები არარაციონალურ ფაქტორებზეა დამყარებული, რაც ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა

ნინო ქეთელაური

“ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ სამყაროს “ნაციონალური მოძრაობის” პრიზმაში უყუროს, ურჩევნია, ძირითად პრობლემას – ამომრჩეველს მიხედოს, რომელიც დაკარგა. მისი მთავარი პრობლემა ეს არის და არა “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც მუდმივად ეზომება და ეომება”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “რეზონანსთან” საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, “ენდიას” კვლევებით სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოიყო, რომელიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განმარტავს.

გია ხუხაშვილი: ჩემი აზრით, ეს სამი ძირითადი პარამეტრი არის ის, რაც ყველაზე სწორად ასახავს მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ლოგიკას.

პირველი გახლავთ ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” არ არიან ლეგიტიმურები და საბოლოო ჯამში, ისინი ხელისუფლებას ვერ აკომპლექტებენ. მათ ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი ეუბნება უარს. შესაბამისად, ვის 2 პროცენტით მეტი აქვს ან ნაკლები, საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა.

მეორე ფაქტორი არის ის, რომ ამომრჩეველი არა მხოლოდ ამ 2 პარტიაში, არამედ მთლიანად პოლიტიკურ ელიტაში ვერ პოულობს ღირსეულ არჩევანს და დისტანცირებულია მისგან. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს მიღმაა.

მესამე ფაქტორი, რაც სავარაუდოდ, კრიზისის ჩამოყალიბის ხელშემწყობია, ამ ორი ძირითადი პარტიის შემაშფოთებლად მაღალი უარყოფითი რეიტინგია. ერთისთვის ეს არის 21% და მეორისთვის – 19%. ამ პროცენტების უკან დგანან ადამიანები, ვინც “ოცნებისა” და “ნაციონალების” მიმართ აგრესიულად არიან განწყობილი და პოლიტიკური პროცესის არასასურველი განვითარების შემთხვევაში, მზად არიან ქუჩას მიმართონ და აქტიური პროტესტის ფორმები გამოიყენონ. მე არ მახსოვს, რომ ასეთი მაღალი უარყოფითი რეიტინგი ჰქონოდეს ვინმეს.

ეს სამი პარამეტრია ყველაზე მეტად ყურადღებამისაქცევი და პრინციპში პროცესის ლოგიკაში ჯდება. ხელისუფლებას ნაცვლად იმისა, რომ სამყაროს “ნაციონალური მოძრაობის” პრიზმაში უყუროს და ისაუბროს რამდენით მეტი რეიტინგი აქვს, ურჩევნია ძირითად პრობლემას – ამომრჩეველს მიხედოს, რომელიც დაკარგა. მისი მთავარი პრობლემა ეს არის და არა “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც მუდმივად ეზომება და ეომება.

- გამოკითხულთა 57%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემს ხმას…

- ეს არის ის 57%, რომელიც ან წავა არჩევნებზე, ან თუ ვერ იპოვის ღირეულ არჩევანს, არ წავა და შედეგად, ძალიან დაბალი აქტივობის არჩევნებს მივიღებთ, სადაც ის სურათი, რასაც კვლევები გვიჩვენებს, არ შეიცვლება. ამ პროფილიდან გამომდინარე, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ 57%-მა “ქართულ ოცნებას”, ან “ნაციონალურ მოძრაობას” მისცეს ხმა იმიტომ, რომ ესენი არიან იმედგაცრუებული ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე “ნაციონალებს” მისცეს ხმა, მერე “ოცნებას” და ორივე შემთხვევაში იმედი გაუცრუვდათ. ახლა ახალ, მესამე არჩევანს ეძებენ, რომელიც ნებისმიერი პარტია შეიძლება იყოს, გარდა ამ ორისა.

თუ ვივარაუდებთ, რომ ეს 57% არჩევნებზე წავა, ბუნებრივია, რომ მათი ხმები გადანაწილდება სხვა პარტიებზე, რაც კვლევის დღევანდელ სურათს თავდაყირა დააყენებს.

- რამდენად დიდია შანსი, რომ არჩევნებზე კვლევის შედეგები რადიკალურად შეიცვალოს?

- ამის თეორიული შანსი მაღალია, რადგან, ფაქტობრივად, ძალაუფლება ქუჩაში აგდია და ამღები არავინ არის. ამ მოკლე დროში ვინმე მოარხებს თუ არა ამ ძალაუფლების აღებას, ამაზე პასუხი გამიჭირდება. პარტიებზეა დამოკიდებული, გადაუწვეტელ ამომრჩეველთან მისასვლელ გზებს რამდენად იპოვნიან.

- მესამე-მეოთხე ადგილი “პატრიოტთა ალიანსმა” და პააატა ბურჭულაძის პარტიამ “სახელმწიფო ხალხისთვის” გადაინაწილეს…

- ეს არის ობიექტური რეალობა. პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, რადგან პოლიტიკური ელიტა დამძიმებულია წარსული ცოდვებით, ყველას აქვს გარკვეული ნეგატივი, მუდმივი წარუმატებლობით ან გარკვეული შეცდომებით, პაატა ბურჭულაძის პარტია კი არის ერთადერთი, რომელიც სუფთა ფურცლიდან იწყებს და თეორიულად, გადაუწვეტელი ამომრჩევლის მიზიდვის ყველაზე დიდი შანსი უჩნდება.

რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსს”, მათი შედეგიც ლოგიკურია იმიტომ, რომ საკუთარი ამომრჩევლი თავის დროზევე მოძებნეს, ე.წ. პატრიოტულად განწყობილი, ტრადიციებზე ორიენტირებული და ა.შ. სეგმენტი, რომელზეც მიზანმიმართულად მუშაობენ. შესაბამისად, კვლევებში ეს პირველი ოთხეული აბსოლუტურად კანონზომიერია.

მე მაინც მგონია, რომ თუ საარჩევნო პროცესი გახურდა და ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე მივიდა, 6-7 პარტია აუცილებლად მოხვდება პარლამენტში. პირველი ოთხის გარდა, პარლამენტში “თავისუფალ დემოკრატებს” ვიხილავთ. საკმაოდ დიდი შანსი აქვს “ლეიბორისტულ პარტიას”, ნინო ბურჯანაძეს, შესაძლებელია “ფორუმიც” ვიხილოთ. გადაუწვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა ძალიან დიდია და მათი გააქტიურება სხვა პარტიების შანსს გაზრდის.

- “ქართულ ოცნებას” ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, თუმცა მას ბევრით არ ჩამორჩება “ნაციონალური მოძრაობა”. ამ კვლევებით, რომელი უფრო უკეთეს მდგომარეობაშია?

- შეიძლება ითქვას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უკეთეს მდგომარეობაში გამოდის, მას არაფერი აქვს დასაკარგი. მე არც ვფიქრობ, რომ მისი დღევანდელი ამოცანა ხელისუფლებაში მოსვლაა. მას უბრალოდ უნდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები ვერ მოიგოს.

როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” საკუთარი შესაძლებლობით უმრავლესობას ვერ აკომპლექტებს. იმედი აქვს იმ მაჟორიტარების, რომლებიც 2012 წელს “ნაციონალების” მაჟორიტარები იყვნენ და ახლა გადმობარგდნენ “ოცნებაში”. მათ ხარჯზე უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება, რაშიც არის გარკვეული ლოგიკა, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც მათ ჰგონიათ. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილის იმედი აქვთ, ისევე როგორც პატარა ბავშვებს – რომ მამიკო რაღაცას მოიფიქრებს და ყველაფერი კარგად იქნება. სჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილი სასწაულს მოახდენს და ამ ხალხს ისევ კაბინეტებში დასვამს. იმედი აქვთ ანტი-”ნაცის” ეფექტისაც, რომელიც მომრჩევლის ის კატეგორიაა, ვისაც შეიძლება “ოცნება” არ მოსწონს, მაგრამ იმდენად ეჯავრება “ნაციონალური მოძრაობა”, რომ “იმას ისევ ეს ჯობია” პრინციპით “ქართულ ოცნებას” მისცემს ხმას. მაგრამ ეს სეგმენტი აღარ არის იმხელა, რომ გადამწყვეტი იყოს. შესაბამისად, “ოცნების” იმედები არარაციონალურ ფაქტორებზეა დამყარებული, რაც ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

- ამავე კვლევების მიხედვით, ამომრჩევლის 41% ხმის მიცემისას პარტიათა ეკონომიკურ პოლიტიკას გაითვალისწინებს, 14% ჯანდაცვის პოლიტიკას, 11% უსაფრთხოებას, 9% სამართლებრივ პოლიტიკას და ა.შ. რამ გამოიწვია პრიორიტეტების ამგვარი გადანაწილება?

- ეს არ არის პირველი კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ადამიანებისთვის მთავარი პრობლემატიკა უმუშევრობა და სოციალური თემებია. მხოლოდ ამის მერე მოდის უსაფრთხოება და ა.შ. ამიტომ, კვლევის ეს შედეგი მოსალოდნელიც იყო. სხვა საკითხია, შეფასების ინდიკაციის ხარისხი მომრჩევლის მხრიდან როგორია, იგივე ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართებით, რადგან ეს უკანასკნელი ხშირ შემთხვევაში არა კვალიფიკაციას, არამედ პოპულიზმს ემყარება, მაგალითად, უფასო გაზი, ელექტროენერგია 5 თეთრი და მსგავს ტყუილ დაპირებებს. მესმის, რომ ეკონომიკური პოლიტიკა არის ერთ-ერთი პირველი, მაგრამ ამომრჩეველს ვურჩევდი, რომ როდესაც პოლიტიკოსი “ფოჩიან კანფეტებს” გპირდება, უნდა დაფიქრდე, ამის გამკეთებელი არის თუ არა. ეკონომიკური დაპირება ბევრი გვინახვავს, შესრულებული კი – პრაქტიკულად არაფერი. აქედან გამომდინარე, ამომრჩეველს უფრო ხარისხიანად მოუწევს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის ეკონომიკური პოლიტიკის შეფასება.

- რესპუბლიკელი მინისტრების თანამდებობები ვაკანტურია. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება როგორ კანდიდატებზე გააკეთებს არჩევანს?

- მე ვფიქრობ, თავდაცვის მინისტრად არ დაინიშნება პოლიტიკურად მძიმეწონიანი ფიგურა, რადგან ამის ცუდი გამოცდილება გვაქვს და შეეცდებიან საშუალო რანგის ჩინოვნიკი აირჩიონ.

- რამდენიმე კანდიდატი უკვე დასახელდა, დავით ზალკანიანი, დავით დონდუა…

- კონკრეტულ კანდიდატებზე ვერ ვისაუბრებ. მე არ ვარ ნათელმხილველი და ის “ექსპერტი, ყველაფერი რომ იცის”. როდესაც კონკრეტული პიროვნება დასახელდება, შემდეგ ვისაუბროთ ამაზე.

- საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაზე დაწყებულ გამოძიებაზე მინდა გკითხოთ. როგორც გიორგი პაპიაშვილმა განაცხადა, მან მიიღო დაპირებები, რომ მოსამათლეების მიმართ ზეწოლის ფაქტებს გამოიძიებენ. რამდენად დიდი შანსია, რომ სიმართლე გაირკვეს?

- მე სკეპტიკურად ვუყურებ იმ აზრს, რომ ასეთი საქმეები შეიძლება ვინმემ გამიძიოს. თუმცა, გამოძიება რომ დაიწყო და პროცესი დაიძრა, ეს თავისთვად პოზიტიურია. თუ ჩვენ ვივარაუდებთ, რომ მართლა რაღაც უკანონო ხდებოდა, ეს ქმედებები მაინც შეწყება და ესეც გარკვეული შედეგია. მაგრამ ის, რომ ვინმე რამეს გამოიძიებს, მე ამის არ მჯერა. ჯობდა, ამ საქმის გამოძიება 1 თვით ადრე დაწყებულიყო და პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი არ ყოფილიყო საჭირო.

გიორგი პაპუაშვილის პირველივე განცხადებაზე უნდა აღეძრათ საქმე, მიუხედავად იმისა, პაპუაშვილი იტყუებოდა, პილიტიკური ინტერესი ჰქონდა თუ სიმართლეს ამბობდა. მაშინ, როდესაც ასეთი მაღალი რანგის პირი მსგავს განცხადებას აკეთებს, გამოძიება ავტომატურად უნდა დაწყებულიყო და ეს იყო ხელისუფლების კიდევ ერთი სისტემური შეცდომა, რომ თავის დროზე არ დაიწყეს გამოძიება.

- ზეწოლის ფაქტებზე პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადება, რასაც “ქართულო ოცნების” დეპუტატების კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. არჩევნების წინ მსგავსი განცხადებები როგორ აისახება მათ რეიტინგზე?

- აბსოლუტურად არაადეკვატურები არიან და “ქართული ოცნების” დეპუტატების მსგავს სისულელეებზე კომენტარის გაკეთებაც კი არ ღირს. ისინი თვლიან, რომ პატარა ბავშვებივით აბაკუნებენ ფეხებს. პრეზიდენტს დღედაღამ შეურაცხყოფას აყენებენ და თუ პრეზიდენტმა ხმა ამოიღო, მერე ჭკვიანი სახეებით იწყებენ ლაპარაკს, რომ თურმე პრეზიდენტს არ ჰქონია ამის უფლება. ეს არის “ქართული ოცნების” ელიტის ინფანტილური ბუნება, მოუმწიფებელი თინეიჯერებივით იქცევიან. მე ვფიქრობ, მსგავსი განცხადებები არჩევნების წინ მათ არაფერს კარგს არ მოუტანს. ისინი არც ფიქრობენ რეიტინგზე, ბიძინა ივანიშვლის იმედი აქვთ, რომ კაბინეტებში ისევ დასვამს.

- ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე მინდა გკითხოთ. გამოითქვა მოსაზრება, რომ – “ტრამპი პუტინისთვის საჩუქარი იქნება”. თქვენი აზრით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გავლენას იქონიებს საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკაზე?

- თუ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, ამერიკა რუსეთის მეგობარი გახდებაო – ეს პოლიტიკის ძალიან მარტივი გაგებაა. თუმცა, თუ ჩვენი ქვეყნის პრიზმაში ვისაუბრებთ, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში რისკები მოიმატებს იმიტომ, რომ რუსულ-ამერიკულ ურთიერთობაში საქართველო მუდმივად ვაჭრობის საგანია და მე ვფიქრობ, ამ სავაჭრო დახლზე აუცილებად აღმოვჩნდებით. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჰილარი კლინტონის შემთხვევაშიც ასე მოხდეს, მაგრამ ტრამპის შემთხვევაში ამის ალბათობა უფრო მაღალია. მე ვერ ვიტყვი, რომ აუცილებად რაღაც აპოკალიფსური მოხდება, მაგრამ შანსი იმისა, რომ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში დასახურდავებელ ელემენტად ვიქცეთ, იმატებს.

„ახალი თაობა“, 30 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „რვა ოქტომბრის არჩევნები ყველაზე არაპროგნოზირებადია“ //„60%-მდე ამომრჩეველი ყველა პოლიტიკურ ძალაზეა გაბრაზებული

ნათია ხურცილავა

პოლიტოლოგი, ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ენდიაის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკურ რეიტინგებს აფასებს.

- ენდიაი“- თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 17% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, ხოლო 13% - ნაციონალურ მოძრაობას, 60%-მდე ამომრჩეველს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა არჩევნებზე აპირებს წასვლას. ეს მონაცემები რა სურათს მოგვცემს 8 ოქტომბრის არჩევნებზე?

- ძალიან საინტერესო მონაცემებია. მთელ ამ სოციოლოგიურ კვლევაში მნიშვნელოვანი სწორედ ის პროცენტული მაჩვენებელია, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, არადა, არჩევნებამდე ორი თვეა დარჩენილი. 60%-მდეა ის ამომრჩეველი, რომელიც საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვერ ახდენს ვერცერთ პოლიტიკურ ძალასთან. სწორედ ამ გადაუწყვეტელმა ამომრჩეველმა 8 ოქტომბერს შეიძლება თავდაყირა დააყენოს დღეს არსებული მონაცემები. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, 17%, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ და 13%, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას აქვს, გვეუბნება, რომ დღეს ქვეყანაში არის ორი მთავარი პოლიტიკური ძალა, ერთი, რომელიც ხელისუფლებაშია და მეორე, რომელიც ოპოზიციაშია. ხმები ძირითადად ამ ორ ძალას შორის გაიყოფა.

- დანარჩენი პარტიები?

- ამ კვლევაში ირაკლი ალასანიას პარტიის რეიტინგი, წინა კვლევებთან შედარებით, ქვევით არის. ასევე დაბალი რეიტინგი აქვს პაატა ბურჭულაძის პარტიას. ეს სიგნალი უნდა იყოს ამ პარტიებისთვის. რაც შეეხება ირმა ინაშვილის პატრიოტთა ალიანსს, აქ უკვე განსხვავებული სურათი გვაქვს. ხდება რადიკალიზაცია და ინაშვილის მომხრეების რაოდენობაც იზრდება.

- რამ გამოიწვია ეს?

- მიზანმიმართულმა მხარდაჭერამ მთავრობისგან და საკუთარმა ტელევიზიამ. ასევე აქ არის კონკურენცია ნინო ბურჯანაძესთან.

- ამომრჩეველი, რომელსაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ არჩევნებზე წასვლას აპირებს, სურათს მკვეთრად შეცვლის?

- რა თქმა უნდა. სწორედ ამიტომ არის, რომ ეს არჩევნები ყველაზე არაპროგნოზირებადი არჩევნები იქნება. 60%-მდე ამომრჩეველი ნამდვილად არ არის ცოტა. მათ ნაწილს არც ერთი უნდა და არც მეორე. მათ არ უნდათ „ქართული ოცნება“ და არც სხვა დანარჩენი პარტიები, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ამომრჩეველი სახლში დარჩენას არ აპირებს.

- ვიღაცას მაინც მისცემს ხმას.

- დიახ, ამიტომ ახლა მთავარია, ვინ მოახერხებს მათ მიმხრობას, ვინ იმუშავებს ამ ნაწილზე. ეს არ არის მარტივი საქმე. ეს არის გაბრაზებული ამომრჩეველი, რომელიც ყველა პარტიაზეა გაბრაზებული და არავისი სჯერა.

- მაინც სად წავა ეს ხმები, როგორ ფიქრობთ?

- თუ „ქართულმა ოცნებამ“ ამ პერიოდში შეცდომა არ დაუშვა და სწორად წარმართა ყველაფერი, ყველა ნიუანსი, მაშინ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს ეს ხმები. თუ მმართველი გუნდი კიდევ უფრო გააბრაზებს ამომრჩევლის ამ ნაწილს, მაშინ ეს 60% ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ოღონდ „ქართული ოცნება“ არ ნახოს ხელისუფლებაში და სხვას ყველას მისცემს ხმას, მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობას.

- წინასაარჩევნო კამპანიაზე, საარჩევნო პროგრამებზე, სლოგანზე, მესიჯზე იქნება დამოკიდებული თუ ქართველი ამომრჩეველი ჯერ კიდევ პროგრამებს არ კითხულობს?

- მე მაინც მგონია, რომ უფრო დამოკიდებული იქნება არა იმაზე, თუ რა წერია პროგრამაში, არამედ, რას მოიმოქმედებს ამ ორი თვის განმავლობაში ხელისუფლება. „ქართული ოცნება“ თუ არ დაუშვებს სერიოზულ შეცდომას, რამე სისულელეს, მას ამ არჩევნების რეალურად მოგების შანსი აქვს. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, ასე თუ ისე, ყველამ იცის, რას უნდა ელოდოს, ვინ რას დაჰპირდება და როგორ მოატყუებს. ეს ხომ მრავალჯერ ნანახი და გაგონილია. დაპირებების ბევრს აღარ სჯერა, ის ნიჰილისტური განწყობებიც აქედან არის ნაკარნახევი.

- პოლიტიკურ სახეებს აქვს მნიშვნელობა?

- დიდი არაფერი. „ოცნების“ სახეები ვნახეთ, მაგრამ ბევრს არაფერს იძლევა. ვნახოთ.

- ნიჰილისტურად განწყობილი საზოგადოება, რომელიც გაბრაზებულია ყველა პოლიტიკურ ძალაზე, არჩევნების შემდეგ შეიძლება ხელისუფლებისთვის თავის ტკივილად იქცეს?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამიტომ აქ პასუხისმგებლობა მოდის როგორც ხელისუფლებაზე, ისე ოპოზიციაზე. მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა შეძლოს, რომ ეს ამომრჩეველი მიიყვანოს საარჩევნო ყუთთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველას თავის ტკივილი იქნება.

„ახალი თაობა“, 30 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „ენდიაი“-ს კვლევები სასაცილოდაც კი არ მყოფნის“ // „ამერიკის ელჩი ხელისუფლების საქმეებში უხეშად ერევა

ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მოძრაობა ეროვნულების ლიდერი სანდრო ბრეგაძე აფასებს.

- ბატონო სანდრო, ორიოდე დღის წინ თქვენ და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის გამო პოლიციაშიც იყავით დაბარებული. რა მოხდა?

- მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ოდესმე თავს მოიწონებს იმით, რომ ვიღაცას მოერია. აქედან გამომდინარე, საერთოდ არ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს, თუმცა ერთ რამეს აღვნიშნავ _ მართლაც სამარცხვინო იყო, როდესაც ბატონ დავით ფაცაციას მიაყენა ამ პიროვნებამ შეურაცხყოფა და შემდგომში ის და მისი მეგობრები სოციალურ ქსელში თავს იწონებდნენ.

- ახლოვდება არჩევნები, გამოქვეყნდა ენდიაი“-ს ახალი კვლევები და ამ კვლევებში თქვენი ანუ თამაზ მეჭიაურის პარტია ნახსენებიც კი არ არის. რამდენად ენდობით ამ კვლევებს?

- „ენდიაი“ ანუ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ფილიალი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დისკრედიტებული ორგანიზაცია და ეს ორგანიზაცია წლების განმავლობაში უსირცხვილოდ ცრუობს, როდესაც აცხადებს რეიტინგებს. ეს ე.წ. უცხოური არასამთავრობოები ხშირ შემთხვევაში საქართველოში არიან თავიანთი პირადი მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩამოსული და არა იმისთვის, რომ საქართველოს რაიმეთი დაეხმარონ.

- ანუ მათ კვლევებს არ ენდობით?

- „ენდიაი“-ს კვლევას არათუ ნდობას არ ვუცხადებ, სასაცილოდაც კი არ მყოფნის. თავისუფლების ინსტიტუტი და გიგა ბოკერია ბევრად უფრო ობიექტური იქნება შეფასებებში, ვიდრე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი. „ენდიაი“ პირდაპირ გახლავთ ბოკერიასა და მისი ამფსონების ნება-სურვილის შემსრულებელი და ნაციონალური მოძრაობის იდეების გამხმოვანებელი. ეს არ გახლავთ სოციოლოგიური კვლევა. ეს არის ნაციონალური მოძრაობისა და უცხოური ძალების სურვილი, თუ როგორი შედეგით სურთ მათ არჩევნების დამთავრება.

- კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 13% ასახელებს ნაციონალურ მოძრაობას. თუკი პროცესს ნაციონალური მოძრაობა მართავს, უფრო მაღალ პროცენტებს რატომ არ იწერენ?

- ეს არის პოლიტტექნოლოგიები, რითაც ადამიანები სარგებლობენ. ეს ყველაფერი განსაზღვრულია იმისთვის, რომ შექმნან ილუზია, თითქოს მოსახლეობაში არის საყოველთაო ნიჰილიზმი, ხოლო ნაციონალური მოძრაობა გახლავთ მეორე პოლიტიკური ცენტრი ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. ეს მარტივი გათვლაა. ჩვენ საქვეყნოდ უნდა განვაცხადოთ, რომ ვერც ენდიაი გვმართავს, ვერც რომელიმე უცხო ქვეყნის საელჩო, ვერც ელჩი და ვერც ვერავინ. საქართველო უნდა მართოს საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ.

- და ასე არ არის? აბა, ვინ მართავს?

- ასე არ არის. სამარცხვინოა, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩები უხეშად ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში. ისინი ზოგიერთი პარტიის საპარლამენტო სიებს წერენ, უხეშად ერევიან ხელისუფლების საქმიანობაში.

- კონკრეტულად?

- ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ყოფილა არაერთი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის მაშინდელი ელჩი, ბატონი ნორლანდი, უხეშად ჩარეულა საქართველოს ხელისუფლების შიდა საქმეებში. ეს არის საყოველთაოდ მიუღებელი და ნეგატიურად მოქმედებს საქართველოს განვითარებასა და საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებზე. არ შეიძლება, უცხო ქვეყნის ელჩმა გადაწყვიტოს, ვინ იქნება მინისტრი, ვინ იქნება საპარლამენტო სიაში, ვინ იქნება საგარეჯოში მაჟორიტარი თუ სხვაგან. ჩვენ გვექცევიან, როგორც ბანანის რესპუბლიკის ქვეყნებს!

- ვინ იქნება მინისტრი, ამას ამერიკის ელჩი წყვეტს?

- ყველაფერში ერევა ელჩი და ეს ყველამ იცის. ვინ უნდა მოხსნან, ვინ უნდა დანიშნონ – ამ ყველაფერში ერევა ელჩი! ვინ უნდა გავიდეს არჩევნებში, ვინ უნდა გადალახოს ბარიერი და ეს არის დემოკრატია?! ეს არის დასავლური ცივილიზაცია?! ეს არის თავისუფლება?! რა მნიშვნელობა აქვს, ვისი მონა იქნები, მონა მონაა! ჩვენი ქვეყანა ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მართონ. არცერთი ქვეყნის ელჩს არა აქვს უფლება, გვასწავლოს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ! ცოტა ხანში შესაძლოა მოგვიწიოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყება, რომ უცხო ქვეყნებმა ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევას თავი დაანებონ.

- მინისტრთა კაბინეტში ორი ვაკანტური ადგილია. რესპუბლიკელმა მინისტრებმა დატოვეს პოსტები. თქვენ ამტკიცებთ, რომ თავდაცვის მინისტრს ამერიკის ელჩი დანიშნავს?

- ასე იქნება. საქართველოს, მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი დაინიშნა, თავდაცვის მინისტრი არ ჰყოლია. ამდენი ხნის განმავლობაში თავდაცვის მინისტრის გარეშე ვცხოვრობდით. ტელეეკრანებთან მოტკარცალე, არასერიოზული განცხადებებით გაჯერებული, სკამზე შეყვარებული და საკუთარი ბედნიერებით თვითკმაყოფილი თინათინ ხიდაშელი, რა თქმა უნდა, არასოდეს ყოფილა და არც იქნება თავდაცვის მინისტრი. ის, უბრალოდ, ნომინალურად იდო იქ. როდესაც თურქეთში დაიწყო ცნობილი მოვლენები, იყო საშიშროება, რომ თურქეთი გახვეულიყო სამოქალაქო ომის ქარცეცხლში და ეს ჩვენს საზღვრებსაც გადმოედებოდა, მაშინ დავინახე ყველაზე ნათლად, თუ რა უბედურია ქართველი ერი.

- რატომ არის უბედური?

- უბედურია, აბა რა არის, როდესაც უმაღლეს მთავარსარდლად ჰყავს კომიკური ფიგურა – გიორგი მარგველაშვილი, ხოლო თავდაცვის მინისტრად – თინა ხიდაშელი! რამე რომ მომხდარიყო, ვის იმედზე უნდა ვყოფილიყავით?! გიორგი მარგველაშვილისა და თინა ხიდაშელის?! ადამიანების, რომლებსაც ბაგა-ბაღის მომვლელის სტატუსსაც კი ვერ მივცემდი. დღეს ნათელია, რომ თავდაცვის მინისტრს არ ნიშნავს არც პრემიერ-მინისტრი, არც პარლამენტი. მას ნიშნავენ ქვეყნის ფარგლებს გარედან.

- დიდი უკმაყოფილებაა საზოგადოებაში, რომ :ოცნების: სია ივსება პორტირებული ნაციონალებით. ამაზე რას იტყვით?

- ეს სიაც თანხმდება საქართველოს არაფორმალურ მმართველთან, ოღონდ ეს არაფორმალური მმართველი არ არის ბიძინა ივანიშვილი! ეს არაფორმალური მმართველები არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ნაციონალები ვიხილოთ „ოცნების“ საარჩევნო სიაში.

- მაშინ რა არის ივანიშვილის როლი ამ პროცესებში, თუკი ის პროცესებს ვერ მართავს?

- მე ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლაც წყვეტდეს ყველაფერს ამ ქვეყანაში! სამწუხაროდ, ასე არ არის. ტყუილად აბრალებენ ივანიშვილს, რომ ის ფარულად და უხეშად ერევა მთავრობის საქმიანობაში. შიგნით ყველამ იცის, რომ საქართველოს მმართველობა ხელთ უპყრიათ უცხო ქვეყნებს. ეს სამწუხარო რეალობაა!

„ახალი თაობა“, 30 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი კახა კალაძის მოტეხვაზე შეთანხმდნენ“// „ნაციონალების და ოცნების საარჩევნო სია იან კელიმ დაწერა

ვინ არიან „ქართული ოცნების“ დამატებითი კანდიდატები, ვინ ასრულებს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის შუამავლის ფუნქციას, რატომ გაჭირდა თინა ხიდაშელის შემცვლელის პოვნა, რას უჩალიჩებენ კახა კალაძეს? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი თაობის ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.

ლადო სადღობელაშვილი:

- ქვეყანაში ძალიან საინტერესო პროცესები დაიწყო, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის გამოქვეყნების შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო გახდება. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია ამერიკის ელჩმა იან კელიმ შეადგინა. იმავე კელიმ შეარჩია მაჟორიტარები. ეს კასტინგი მიმდინარე წლის 27 ივლისს გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში. მთავრობის ადმინისტრაციაში ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობს. მათგან მაქვს ინფორმაცია, რომ იან კელი იქ საღამოს მივიდა და ღამის 3 საათამდე დარჩა. მთელი კანცელარია ფეხზე იდგა. კელი კვირიკაშვილის კაბინეტში იყო შეკეტილი და გულდასმით არჩევდა იმ ხალხს, რომლებსაც „ოცნება“ სიაში ჩასმას უპირებს. ამ შეხვედრას ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც ესწრებოდა. რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი, ამერიკის ელჩმა ბევრი კანდიდატი დაიწუნა. იგივე მოხდა მაჟორიტარებთან დაკავშირებით.

- რა კატეგორიის ხალხი დაიწუნა აშშ-ს ელჩმა?

- ისეთი ხალხი დაიწუნა, რომლებიც არ იქნებიან ამერიკის მონები და მის დავალებებს უსიტყვოდ არ შეასრულებენ. შესაბამისად, სიაში მრავლად ვიხილავთ გაურკვეველი წარმომავლობის ხალხს. დაახლოებით ისეთებს, გაშლილ სუფრაზე რომ მიდიან და მის დასრულებამდე ტოვებენ იქაურობას. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს დიდი იმედგაცრუება ელოდება. აშშ-ს ელჩის მიერ ნაკურთხი სია 28 ივლისს პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილეს. იქვე მოხდა მაჟორიტარების შეცვლა.

- გამოდის, რომ გოდერძი ბუკია და კობა ნარჩემაშვილი იან კელის ფავორიტები არიან?

- მაჟორიტარების შემთხვევაში იან კელიმ მხოლოდ თბილისი შეითანხმა. რეგიონებში კი თავისუფლად მოქმედების უფლება მისცა „ოცნებასაც“ და ნაციონალებსაც.

- ნაციონალებსაც იან კელიმ შეურჩია მაჟორიტარობის კანდიდატები?

- არა მარტო მაჟორიტარობის კანდიდატები. ელჩთან შეთანხმდა ნაცმოძრაობის პარტიული სიაც. ძალიან საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე. გვინდა თუ არ გვინდა, ნაციონალები და „ქართული ოცნება“ მთავარ პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენენ. პარლამენტში ყველაზე მეტ ხალხს ისინი გაიყვანენ და ორივე მათგანს უცხო ქვეყანა აკონტროლებს. წინ ქოცების გინების ორი ტალღა გველოდება, შიდა პარტიულ დონეზე პირველი ის კატეგორია შეიგინება, ვინც თავის თავს სიაში ვერ აღმოაჩენს, გინების მეორე ტალღა მაშინ წამოვა, როდესაც ზოგიერთები მიხვდებიან, რომ მხოლოდ სიის პირველი 25-30 კაცი იქნება გამსვლელი.

- ქართული ოცნება სიით მხოლოდ 25-30 კაცს გაიყვანს?

- ყველა კვლევა ამაზე მიუთითებს. ამის დასტურია „ენდიაი“-ს ბოლო კვლევაც.

- ენდიაი“-ს კვლევებს ეგენი არ ენდობიან...

- არც მე ვენდობი, მაგრამ სხვა კვლევებიც ჩატარდა და უკვე მჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ 40%-ზე მეტის აღება არ შეუძლია არჩევნებზე. სიით 30 კაცზე მეტს ვერ გაიყვანენ. შესაბამისად, ძალიან გამწარდებიან ის ადამიანები, რომლებიც სიაში 30-ის ქვევით იქნებიან.

- სიის ფორმირებაში ბიძინა ივანიშვილი აღარ მონაწილეობს?

- ბიძინა ივანიშვილი გაერიდა „ქართულ ოცნებას“. ამ დღეებში მისმა თანაკურსელმა თამაზ მეჭიაურმაც განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ამ პარტიის დაფინანსება. მე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვამბობდი, რომ ეს ასე მოხდებოდა. ბიძინა ივანიშვილს, ეტყობა, მობეზრდა ამდენი მოღალატის შენახვა.

- ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში სექტემბრიდან ჩაერთვებაო...

- მაისის თვეში ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ივნისიდან ჩაერთვებოდა. ამის შესახებ მან თავის ეპისტოლეშიც დაწერა. ამბობდა, ძალიან აქტიური ვიქნებიო. ახლა აღარ სურს აქტიურობა. ამიტომაც არის, რომ „ოცნებამ“ ფულიანი ხალხის მოძებნა დაიწყო და ბიზნესმენების დახმარებით აპირებენ საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას. მაჟორიტარებთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილმა საინტერესო სქემა მოიფიქრა. ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ მმართველი ძალა ვერც მაჟორიტარულ არჩევნებს მოიგებს. მათ ჩატარებული აქვთ შიდა კვლევები და კარგად იციან, რომ საარჩევნო ოლქების უმეტეს ნაწილში მეორე ტური დაინიშნება. მეორე ტურში „ოცნების“ გამარჯვება გამორიცხულია. იმისთვის, რომ კრახი აიცილონ, მოიფიქრეს გეგმა და გამოიყვანეს დამატებითი კანდიდატები. მაჟორიტარულ ოლქებში სწორედ მათი დახმარებით შეეცდებიან არჩევნების მოგებას.

- რას ნიშნავს ეს დამატებითი კანდიდატები ან როგორ უნდა მოიგოს ოცნებამ მათი დახმარებით არჩევნები?

- ამ სქემას ცეზარ ჩოჩელის მაგალითზე გაგიშიფრავთ. იგი მცხეთაში აპირებს კენჭისყრას, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი. სინამდვილეში, ის „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება. მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში ერთმანეთს ის და ქოცების კანდიდატი შეხვდებიან. ორივე შემთხვევაში გამარჯვება „ოცნებას“ დარჩება – პარლამენტში მისი კაცი შევა. იგივეს თქმა შემიძლია სალომე ზურაბიშვილზეც. ამ ქალის მიმართ პრეტენზია არ მაქვს და ძალიანაც მიხარია, რომ არჩევნებში მონაწილეობს. სალომე ზურაბიშვილი არ მალავს „ოცნების“ მიმართ თავის სიმპათიებს. ამ დროს დამოუკიდებლად აპირებს კენჭისყრას. მასთან დაკავშირებით „ოცნებამ“ ოდნავ შეცვალა სქემა და გადაწყვიტეს, მთაწმინდაზე კანდიდატი არ დააყენონ. ამის შესახებ განცხადება გია ვოლსკიმ გააკეთა. ასეთი დამატებითი კანდიდატები სხვა რაიონებშიც ეყოლებათ. განსაკუთრებულ აქცენტს გაუსვრელ სახეებსა და ბიზნესმენებზე აკეთებენ. ბიზნესმენებთან „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ძალიან წააგავს ნაციონალების სქემას.

- რას გულისხმობთ?

- ნაციონალებმაც ასე დაიწყეს, ეძებდნენ ბიზნესმენებს, რომლებიც საკუთარ თავსაც დააფინანსებდნენ და ხელისუფლებასაც. ისინიც იხდიდნენ ფულს. მერე ეს ფული საკმარისი აღარ იყო და მიხეილ სააკაშვილმა ციხეში ჩაყარა. თავისუფლება ამ ხალხმა რამდენიმე მილიონად იყიდა.

- ფიქრობთ, რომ ესენიც ასე მოიქცევიან?

- ამ არჩევნებში ქოცები თუ უმრავლესობით მოვიდნენ, აუცილებლად დაატერორებენ ბიზნესს. ხალხს ქუჩაში არ დახოცავენ და არც პატიმრებს გააუპატიურებენ, მაგრამ ბიზნესმენებს ფულს ნამდვილად მიატანინებენ. ბიძინა ივანიშვილი ამათ ფულს აღარ აძლევს და დამფინანსებელი სხვანაირად როგორ იშოვონ? ან სად სცალიათ ამისთვის, ინტრიგების ხლართვით არიან გართული. გიორგი კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნას ყველა სიხარულით შეხვდა. ამბობდნენ, როგორი მშვიდი და გაწონასწორებული კადრიაო. ეს გაწონასწორებული კადრი კარგად ხლართავს ინტრიგებს.

- რა ინტრიგებს ხლართავს ან ვისთან ერთად?

- ინტრიგებს ის გიორგი მარგველაშვილთან ერთად ქსოვს. მათ შორის ხიდი კი პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძეა, რომელიც წლების მანძილზე გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ერთი საპარლამენტო ფრაქცია „მემარჯვენეების“ წევრი იყო. მას შემდეგ, რაც პრემიერად დაინიშნა, გიორგი კვირიკაშვილი ძალიან დაუტკბა პრეზიდენტს. ახლა ისინი ერთობლივი ძალებით ცდილობენ კახა კალაძის „მოტეხვას“.

- რაში გამოიხატება კახა კალაძის მოტეხვა?

- კორცხელში მომხდარი ინციდენტი ჩემთვისაც მიუღებელია, მაგრამ კახა კალაძეზე ხელების შეწმენდაც არ არის მისასალმებელი. ბოლო დღეებში პრეზიდენტმა დაიჟინა, გინდა თუ არა ეს ინციდენტი გამოიძიეთ და გაარკვიეთ, რა კავშირშია მასთან კახა კალაძეო. გიორგი კვირიკაშვილი კი თავის მხრივ ბოდიშს იხდის ამ ინციდენტის გამო და არსად ამბობს, რა შუაშია კახა კალაძე.

- არც იმას ამბობს, რომ რაიმე შუაშია...

- არც ამას ამბობს, მაგრამ ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომ კახა კალაძის ჩახსნა სურს. აქამდე საქართველოს ორი ვიცე-პრემიერი ჰყავდა – კახა კალაძე და დიმიტრი ქუმსიშვილი. ცოტა ხნის წინ პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილი პირველ ვიცე-პრემიერად აკურთხა და ამას საგანგებოდ გაუსვა ხაზი. ამით მან მინისტრებს მიანიშნა, რომ კახა კალაძე აღარაფერს წარმოადგენს.

- ვითომ მართლა არაფერს აღარ წარმოადგენს?

- აღარ წარმოადგენს. ენერგეტიკის მინისტრი რეალურად ის „ნაციონალი“ ქალი მარიამ ვალიშვილია, რომელიც ახლა მინისტრის მოადგილის პოზიციაზე მუშაობს. კორცხელის ინციდენტის გამო საარჩევნო შტაბიდანაც ჩამოაცილებენ.

- კახა კალაძე ვერ ხვდება, რომ მისი ჩაჩოჩება ხდება?

- კი არ ხდება, მოხდა უკვე. მან ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ არ ტოვებს „ოცნებას“, რადგან თავისი ბიზნესი აქვს „დასაკრიში“. მისი საბოლოო ჩამოშორება არც ხელისუფლებას უნდა, ის დავარცხნილი ფეისია, რომელიც საზოგადოების ნაწილს ჯერ ისევ მოსწონს.

- ისე, რა უცნაურია, თქვენ კახა კალაძის დაცვა რომ დაიწყეთ!

- მე მას არ ვიცავ. მე გიორგი კვირიკაშვილის ქმედებებს ვაპროტესტებ, რომელიც გიორგი მარგველაშვილთან არის შეკრული. რომელიც, თავის მხრივ, ნაცების წისქვილზე ასხამს წყალს. ზევით სიის შედგენაში ამერიკის ელჩის თანამონაწილეობაზე ვისაუბრე. ეს კაცი თავდაცვის ახალ მინისტრსაც გვირჩევს. თინა ხიდაშელი რომ აგვისტოში მიდიოდა, ეს ერთი თვის წინ იცოდა ყველამ და რით ვერ მოუძებნეს შემცვლელი?! აშკარაა, რომ იან კელიმ ვერ მონახა სათანადო კანდიდატურა.

„ახალი თაობა“, 30 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან: „საქართველოს ამომრჩეველი არ მონაწილეობს ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში“ // „პარლამენტში გავლენებისთვის მებრძოლები კი არა, ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანები უნდა იყვნენ

წინასაარჩევნოდ შექმნილ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძეს ესაუბრა.

- ენდიაი“-ს ამერიკელი წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს, რომ საქართველოს ამომრჩეველს არ აინტერესებს არჩევნებში მონაწილე პარტიების იდეოლოგია. ადამიანებისათვის უმთავრესია დასაქმება, ინფლაციის პრობლემა, პენსიები და სხვა. მართლა ასეთი მდგომარეობაა?

- ეს ის შემთხვევაა, როცა „ენდიაი“-ს უნდა დავეთანხმოთ. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებასაც ეტყობა, რომ პოლიტიკური პროცესები არ მიდის, რომ არაა შექმნილი პოლიტიკური ინფრასტრუქტურა. ამაში ვგულისხმობ ყველანაირად ჩამოყალიბებულ პარტიებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს. სხვა სახელმწიფოებში, მაგალითად, აშშ-ში აშკარად იგრძნობა, რომ პარტიები ერთმანეთისაგან იდეოლოგიურად განსხვავდებიან და იქაური ამომრჩეველიც აქცევს ყურადღებას ამა თუ იმ ღირებულებას. ბევრ ქვეყანაში მემარცხენეებს მემარჯვენეები ცვლიან, და ასე შემდეგ. არჩევანს საზოგადოება აკეთებს.

- ჩვენში საზოგადოება არ აკეთებს არჩევანს?

- საქართველოს ამომრჩეველი, ფაქტობრივად, არ მონაწილეობს ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში. ჩვენთან ძალაუფლებისთვის მებრძოლი პიროვნებები და ორგანიზაციები მოდიან სათავეში. ხალხი არჩევანს არ აკეთებს ფასეულობების საფუძველზე. ჩვენ არაფერი ვიცით „ქართული ოცნების“ პრინციპებზე. ყურადღებას ვაქცევთ მარტო იმას, რომ რომელიმე კანდიდატი ადრე ნაციონალურ მოძრაობაში იყო, ახლა კი „ოცნებაშია“. ვიღაცისთვის ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი ხედვები და იდეოლოგიაა, რასაც ყურადღება არ ექცევა.

- საქართველოს მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში ისეთი პარტიებიც ხომ არიან, რომლებსაც ჩამოყალიბებული ხედვები აქვთ? ისინი ამომრჩეველს ვერაფერს სთავაზობენ?

- ასეთი პარტიები, ბუნებრივია, არიან. ეროვნულ მოძრაობაში ჩაბმულ პარტიებს იდეოლოგია და ხედვები თავიდანვე გვქონდა. პოლიტიკოსები ერთმანეთთან კარგ დამოკიდებულებაში ვიყავით, მაგრამ სხვადასხვა თემაზე ერთმანეთთან ბევრჯერ გვიკამათია. საბოლოო ჯამში, საქართველოში პოლიტიკური ბაზარი არ არის. პოლიტიკური სუბიექტები არ სთავაზობენ მოსახლეობას პრინციპებს.

- შეიძლება პოლიტიკური ბაზარი არ იყოს იმ ქვეყანაში, სადაც უამრავი პარტიაა, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი პოლიტიზებულია?

- ხალხი ერთი შეხედვითაა პოლიტიზებული. ითვლება, რომ პოლიტიკა ბევრს აინტერესებს. სინამდვილეში, წლების განმავლობაში ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ადამიანების დეპოლიტიზება მოეხდინათ. პოლიტიკური ცხოვრება არ ჩქეფს. ლიდერები და პარტიები თუ ბლოკები იბრძოდნენ ძალაუფლებისა და გავლენებისთვის. ნამდვილი პოლიტიკური პროცესები არ მიმდინარეობდა.

- ადამიანები კი უფრო ღატაკდებოდნენ და ესეც აისახებოდა პროცესებზე?

- ამომრჩევლები გეგმაზომიერად ჩამოაცილეს საქართველოს ბედის გადაწყვეტას. ისინი იძულებული გახადეს, არსებობისთვის ებრძოლათ. ასეთი ხალხის მართვა ადვილია. „ოცნება“ რომ უარს ამბობს თავისი პრინციპების დასახელებაზე, ესეც ხალხის გაბიაბურების ერთ-ერთი საშუალებაა. ამით პასუხისმგებლობასაც გაურბის. პოლიტიკაში მოდიან ძალაუფლებისა და საკუთარი კეთილდღეობისთვის მებრძოლები.

- ოცნება ამომრჩეველს ახალ სახეებს სთავაზობს...

- მერედა, რომელმა მათგანმა წარმოადგინა ხედვები? რომელიმე შეეხო ტერიტორიულ მთლიანობას? არადა, უამრავი გასარკვევი პრობლემა გვაქვს. თუნდაც, ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამხრეთ ოსეთად დარქმევის, აფხაზეთის საკითხები.

- ბოლო დროს რეგიონში კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება...

- დიახ. ამის გამო საქართველო შედის ახალ ფაზაში. ესაა დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირება. ამიტომ, უნდა აგვიხსნან იმათ, ვინც ნატოშიც მიისწრაფვის და რუსეთთანაც უნდა ნორმალური ურთიერთობა, რანაირად უნდა შეუთავსდნენ ერთმანეთს ნატო და რუსეთი? ნატოს კრეისერები უკვე შავ ზღვაშია. დასავლეთისა და რუსეთის კონფლიქტი ძლიერდება. საქართველო შეიძლება იქცეს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაპირისპირების ტერიტორიად. თურქეთშიც სერიოზული მოვლენები განვითარდა. თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ამ ფონზე ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდნენ თურქეთში მცხოვრები თანამემამულეები. კიდევ ბევრი სასიცოცხლო საკითხია გადასაწყვეტი და განსახილველი. მაგალითად, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის როლი სამოქალაქო საზოგადოებაში. ასევე, საქართველოს დასახელება.

- თქვენც მიგაჩნიათ, რომ საქართველოს ჯორჯია და გრუზია არ უნდა უწოდონ?

- კონსტიტუციაში გვიწერია „საქართველო“, მაგრამ „ჯორჯიასაც“ ვუწოდებთ ჩვენს ქვეყანას, „გრუზიასაც“ და „გურჯისტანსაც“. ყველგან საქართველო უნდა გვერქვას. ამ ყველაფერზე დისკუსიები უნდა ეწყობოდეს.

- თოქშოუებში დისკუსიები ეწყობა...

- ესაა ერთმანეთის ლანძღვა-გინება და არა – პრობლემებზე მსჯელობა. ბრიტანეთში ისე შეიცვალა პრემიერი, არავის პრობლემა არ შექმნია. წარმოიდგინეთ, ჩვენთან რა მოხდება, გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი პირი რომ წავიდეს? დაიწყება ქაოსი. ეს იმიტომ მოხდება, რომ ინსტიტუტები და პოლიტიკური ინფრასტრუქტურა არ გაგვაჩნია. ყველაფერი ერთ კაცზე შეიძლება იყოს მიბმული. ეს კაცი ხან მიხეილ სააკაშვილია, ხან ბიძინა ივანიშვილი და ხან – სხვა.

- თქვენ მონაწილეობთ არჩევნებში?

- სახალხო პარტია თავის მწირ რესურსებს გამოიყენებს იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს. არჩევნებში ვმონაწილეობთ. ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ მომავალ პარლამენტში ბალასტი მოვიდეს. ერთხელ, 1999 წელს, სააკაშვილმა თქვა, ბალასტისგან უნდა გავთავისუფლდეთო. ასე გრძელდება – ჯერ მოიყვანენ ახალ სახეებს, რომლებიც არაფერს გააკეთებენ, ღილაკზე თითის დაჭერის გარდა, შემდეგ ბალასტად ისინი იქცევიან. პარლამენტში გავლენებისთვის მებრძოლი და ბალასტის შემქმნელი პირები კი არა, ქვეყანაზე მზრუნველი პოლიტიკოსები უნდა იყვნენ. თორემ, თუ ასე გაგრძელდა, ჩვენს შვილებს ქვეყანას ვერ დავუტოვებთ.

—————————–

რეზონანსი“, 30 ივლისი, 2016 წელი

ჯერჯერობით 3%-იანი ეკონომიკური ზრდა სანატრელია

მუდმივად არის სტრესული ვითარება, რომ უფრო მეტი პრობლემა იქნება, ვიდრე ახლა არის

მაკა ხარაზიშვილი

წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა მხოლოდ 2,9%-ით გაიზარდა. აპრილის გარდა, მთლიანი შიგა პროდუქტის თვიური ზრდის ტემპი 3%-იან მაჩვენებელსაც ვერ აღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის მთავრობის პროგნოზის შესრულება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვარტალში ეკონომიკის ზრდამ 3,1%-ს მიაღწია, წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ეკონომიკა 2,9%-იან მაჩვენებელს მაინც ვერ გასცდა. წელს მშპ-ს ყველაზე “შთამბეჭდავი” მატება აპრილში გვქონდა – 4,3%, მაისში – 2,1%, ივნისში – 2,9%. წლის პირველ კვარტალში კი ეკონომიკური “აღმავლობა” 2,6%-ის დონეზე იყო.

“ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” პრეზიდენტის პაატა შეშელიძის განცხადებით, ეკონომიკის 3%-იანი ზრდა იმდენად დაბალი მაჩვენებელია, რომ თუკი მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას განახორციელებს, ამ დონის მიღწევა შეუძლებელი არ იქნება.

“3% იმდენად მცირე მაჩვენებელია, რომ ამ პროგნოზის შესრულება-შეუსრულებლობაზე საუბარი არც ღირს. ხელისუფლებას ბევრად უფრო დიდი ამოცანები უნდა ჰქონდეს დასახული. არსებული მონეტარულ-ფისკალური პოლიტიკა განვითარების საშუალებას არ იძლევა. დასანანია, რომ ამ საკითხების განხილვა არ ხდება. სხვადსხვა გადაწყვეტილება, ძირითადად, ჩაკეტილ სივრცეში მიიღება. განსახვავებულ აზრთან ცუდი დამოკიდებულება აქვთ. ათასჯერ მითქვამს, რომ დღევანდელი მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკის ზრდას ხელს არ უწყობს, ვინაიდან ეკონომიკას უფრო მეტი ფული მიეწოდება, ვიდრე იგი ითხოვს. ეს კი არ იძლევა მოტივაციას, რომ შეიქმნას ადგილობრივი საინვესტიციო კაპიტალი”, – ამბობს პაატა შეშელიძე და დასძენს, რომ საინვესტიციო მიმართულებით ქვეყანაში, ძირითადად, დახმარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა დომინირებს. ამ დროს პრივატიზაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს, მთავრობის ხარჯი მშპ-ში დიდია, საგადასახადო ლიბერალიზაცია არ ხორციელდება.

“მუდმივად არის სტრესული ვითარება, რომ უფრო მეტი პრობლემა იქნება, ვიდრე ახლა არის. არსებული ეკონომიკური პოლიტიკა გამოწვევის ადეკვატური არ არის და როგორც ჩანს, მისი ცვლილება ამ გუნდის ფარგლებში შეუძლებელია”, – მიიჩნევს პაატა შეშელიძე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ მშპ-ს ზრდაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა გაუარესებულმა საგარეო სავაჭრო ბალანსმა. მშპ-ს კომპონენტის მიხედვით ითვლება, ერთ-ერი მნიშვნელოვანი ფაქტორია საგარეო ვაჭრობა, ანუ ექსპორტ-იმპორტის ბალანსი. იანვარ-ივნისის მაჩვენებლის მიხედვით ექსპორტი 12%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 30%-ით გაიზარდა. “მიუხედავად იმისა, რომ იმპორტი, ძირითადად, ს ჰეპატიტის მედიკამენტების შემოტანის ხარჯზე მატულობს, რომელიც ნაჩუქარია, მან დიდი ჩრდილი მიაყენა საგარეო ვაჭრობის ბალანსს, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუშალა მშპ-ს გეგმის შესრულებას. ამასთანავე წლის მეორე ნახევარში კიდევ დიდი რაოდენობის მედიკამენტი უნდა შემოვიდეს. საბოლო ჯამში, ეს უარყოფითად აისახება მშპ-ს წლიურ მაჩვენებელზე”, – აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

მთავრობამ 2016 წელს ეკონომიკის 3%-ით ზრდა დაგეგმა. ამ პროგნოზს ეთანხმება მსოფლიო ბანკი, რომელმაც იანვრის მსგავსად, ახალი ანგარიშშიც საქართველოს ეკონომიკის 3%-იან ზრდა უწინასწარმეტყველა. მსოფლიო ბანკის გაანგარიშებით, გაისად 4,5%-იანი ეკონომიკური წინსვლა გვექნება, ხოლო 2018 წელს – 5%-იანი.

გაცილებით ოპტიმისტურია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (იბიარდი) პროგნოზი. საერთაშორისო ორგანიზაცია თვლის, რომ 2016 წელს საქართველოში ეკონომიკა 3,4%-მდე გაიზრდება, მომავალი წლისთვის კი ტემპი 3,9%-მდე მოიმატებს. ანგარიშის თანახმად, საქართველო, ამ მხრივ, მოწინავე პოზიციას იკავებს რეგიონში.

როგორც ყოველთვის ყველაზე პესიმისტური პროგნოზი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს. სსფ-თ გათვლით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდა 2.5%-ს ვერ გასცდება. 2017 წელს ზრდის ტემპი დაჩქარდება და მშპ-ს მაჩვენებელი 4.5%-ს გაუტოდება. არადა, სავალუტო ფონდი თავდაპირველი პროგნოზით ქართულ ეკონომიკას 2016-17 წლებში 3% და 5%-იან ზრდას უწინასწარმეტყველებდა. სსფ-ში აღნიშნეს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება რეგიონში გაუარესებულმა მოლოდინმა გამოიწვია.

ფონდის ანალიტიკოსების ინფორმაციით, წლის ბოლომდე გაუარესდება რუსეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკა, რაც საქართველოზეც მოახდენს უარყოფით გავლენას. კერძოდ, 2016 წელს რუსეთის ეკონომიკა 1.8%-ით დაეცემა, აზერბაიჯანის 3%-ით, ბელარუსის – 2.7%-ით. ყაზახეთს მხოლოდ 0.8%-იანი ზრდა ექნება, სომხეთის ეკონომიკა – 1.8%-ით მოიმატებს, უკრაინისა კი – 1.5%-ით.

Comments are closed