globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 30 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 30th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: ინტერვიუ გია გაჩეჩილაძესთან: „4.300-ზე მეტი ჰექტარი ტყეა ხანძრებით განადგურებული“ // „საქართველოში გაჩენილი ხანძრები დივერსიის შედეგია?!“

ახალი თაობა: ინტერვიუ ლაშა ჩხარტიშვილთან: „დასავლეთ საქართველოს სრული კატასტროფა ემუქრება“ // „ქვეყნის სათავეში ქართული წარმოშობის აღა მაჰმად ხანები არიან“

ახალი თაობა: ინტერვიუ თამარ იოვაშვილთან: „სოციალური აგენტები უსახლკაროებს ფაშისტებივით ექცევიან“ // „დავით სერგეენკომ ზაზა სოფრომაძე თანამდებობიდან სასწრაფოდ უნდა გადააყენოს“

——————-

ახალი თაობა“, 30 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ გია გაჩეჩილაძესთან: „4.300-ზე მეტი ჰექტარი ტყეა ხანძრებით განადგურებული“ // „საქართველოში გაჩენილი ხანძრები დივერსიის შედეგია?!

ცხელი აგვისტო და გაუთავებელი ხანძრები. არის თუ არა საქართველოში გაჩენილი ხანძრები დივერსიის შედეგი? პარლამენტის წევრი, მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ ადამიანის ჩარევის გარეშე ხანძრის გაჩენა გამორიცხულია.

„რაც დრო გავა, სიტუაცია უფრო გამწვავდება. უფრო სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები იქნება, რადგან გლობალური დათბობა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. მაღალი ტემპერატურა, გვალვები ძალიან უწყობს ხელს იმგვარი პროცესების განვითარებას, რაც ახლა იყო ბორჯომის ხეობაში“, – აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე.

- ბატონო გიორგი, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი განსაკუთრებული შემთხვევა არ არის?

- არა. ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში 300-მდე შემთხვევა მოხდა. ამ 300 შემთხვევიდან დაახლოებით 4.300-ზე მეტი ჰექტარი ტყეა ხანძრებით განადგურებული.

2014 წელს ხანძრის 69 შემთხვევა იყო, 2015 წელს – 62 შემთხვევა, 2016 წელს კი – 43 შემთხვევა. წელს 10 ხანძარი უკვე იყო. 2013 წელს მთლიანად მინდვრებსა და ტყეებში ხანძრის 281 შემთხვევა დაფიქსირდა. 2011 წელს კი – 602. ხანძრები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია მომხდარი სხვადასხვა წერტილებში, მაგრამ ყველაზე გრანდიოზული ხანძარი იყო 2006 წელს აბასთუმანში, 500 ჰექტარი ტყე დაიწვა. ახლა რომ აცხადებენ, რატომ ვერ ჩააქრესო, მაშინაც ტყის მასივი დაახლოებით 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იწვოდა. ვერაფრით ჩააქრეს და მაშინაც უცხო ქვეყნებს მიმართეს დახმარებისთვის. მაშინაც დაეხმარნენ თურქეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და სხვები. სხვა ქვეყნები რომ არ დახმარებოდნენ, მთელი აბასთუმანი გადაიწვებოდა. 2010 წელს იყო აგრეთვე ბორჯომში ძლიერი ხანძარი და 15 ჰექტარი დაიწვა.

- ასე რატომ გართულდა ხანძრის ჩაქრობა?

- საქართველოს 2/3 მთიანი რელიეფია. ტყეების თითქმის 97% ფერდობებზეა განლაგებული, 40 გრადუსიანი დახრილობებით. ამიტომ გართულდა ხანძრის ლიკვიდაცია.

- თანამედროვე ტექნიკის თვალსაზრისით, მგონი, არაფერი გვაქვს...

- სხვადასხვა ტექნოლოგიები არსებობს. დრონების საშუალებით შეიძლება კონტროლი. შეიძლება სახელმწიფომ შეისყიდოს და იმ რაიონებს გადასცეს, რომელიც კრიტიკულ ვითარებაში დრონების საშუალებით გააკონტროლებს საწყის ეტაპზე თუ სადმე წარმოიშვა ხანძარი. ზოგიერთ ქვეყანაში თუ საფრთხე არსებობს, დროებით რეინჯერებს ქირაობენ. ორი თვის განმავლობაში ქირაობენ ადამიანებს, რომელთა ფუნქციაა კონტროლი. როცა პარლამენტის საშემოდგომო სესიები დაიწყება, ამ საკითხს განვიხილავთ.

- ამ სიტუაციაში ძალიან საინტერესოა, რა აჩენს ამ ხანძრებს. ხანძრის გაჩენის მიზეზების დადგენაა საჭირო...

- ხანძრების გაჩენა ძირითადად ადამიანების დამსახურებაა. ადამიანის გარეშე ხანძრის გაჩენა ძალიან იშვიათ შემთხვევაში ხდება.

- როგორც 2008 წლის ბორჯომის ტყის დაწვა არ მომხდარა მიზეზის გარეშე და რუსეთის მიზეზით გაჩნდა ხანძარი...

- 2008 წელს რუსეთის მიერ საჰაერო დარტყმის შედეგად 1100 ჰექტარ ტყეს მიადგა ზიანი. აქედან 950 ჰექტარი ბორჯომის ხეობაშია, დაახლოებით 125 ჰექტარი კი – ატენის ხეობაში. ბორჯომის ხეობაში 250 ჰექტარი განადგურდა, ატენის ხეობაში კი 50 ჰექტარი.

ტყის ხანძრების დროს ტემპერატურა 700-დან 1200 გრადუსამდე ადის. მეხანძრეებს უძნელდებათ ასეთ ვითარებაში მუშაობა და ხანძრის ჩაქრობა. ამიტომ ის ადამიანები გმირები არიან. საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ახერხებენ ხანძრების ჩაქრობას. მათ მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენაა საჭირო.

- თქვენ განაცხადეთ, ხანძარი ძირითადად ადამიანის ჩარევით ჩნდებაო...

- ადამიანის ჩაურევლად ხანძარი იშვიათად მოხდება. აქედან გამომდინარე, მიზეზები გამოსაძიებელია, მაგრამ ეს მაინც ბუნებრივი პროცესია და ადამიანის დაუდევრობითაა გამოწვეული. ისეთი კლიმატური პირობების დროს, როგორიც ახლა არის, საკმარისია ვიღაცამ სიგარეტი გადააგდოს, ან მწვადი შეწვას, რომ ხანძარი გაჩნდეს.

- თქვენ აცხადებთ, რომ ხანძრის კერების გაჩენაში ადამიანის ხელი ურევია. დივერსიას გამორიცხავთ?

- სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ წელს საქართველოში უამრავი ხანძარი მოხდა. რა თქმა უნდა, არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ მე უფრო იქით ვიხრები, რომ ხანძრები დაუდევრობით ჩნდება.

- ბორჯომში ხანძარი ჩააქრეს თუ არა, სამცხე-ჯავახეთსა და აბასთუმაში გაჩნდა. თანაც ძალიან მიუვალ ადგილებში. ეს ეჭვს არ იწვევს იქიდან გამომდინარეც, რომ ტყის ხანძრებს წინ უძღოდა მასობრივად ბაზრობების დაწვა. ეს ყველაფერი დივერსიასთან რაიმე კავშირში ხომ არ არის?

- არა. საზოგადოება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, ხანძარი რომ არ გაჩნდეს. ხანძარი, გარდა იმისა, რომ დაუდევრობით შეიძლება გაჩნდეს, შეიძლება მონადირემაც გააჩინოს. როცა მაღალი ტემპერატურაა და ნიადაგის საფარი ძალიან გამომშრალია, მონადირის მიზეზითაც შეიძლება გაჩნდეს. ამიტომ ბევრი ფაქტორი არსებობს ადამიანის მიზეზით ხანძრის გაჩენის საკითხში. გამოძიება ამას დაადგენს. ადამიანები უნდა დაფიქრდნენ და გაუფრთხილდნენ ჩვენს ტყეებს

- როგორც გაირკვა, საქართველომ დახმარებისთვის რუსეთსაც მიმართა. რატომ გახდა საჭირო რუსეთისთვის მიმართვა? ჯერ კარასინმა და აბაშიძემ ისაუბრეს, შემდეგ შვეიცარიის მეშვეობით საქართველოს საგარეო უწყებამ ნოტა გააგზავნა, რაც მიუღებელ ქმედებად აღიქმება...

- ვფიქრობ, ეს გამომდინარეობდა იმ დიდი საფრთხეებიდან, რომელიც შეიძლება ბორჯომში განვითარებულიყო. ძალიან მძლავრი ტექნიკის ძიებაში აღმოჩნდა, რომ რუსეთს გააჩნია ამ დონის ხანძრის ჩაქრობის ყველაზე დიდი შესაძლებლობა. ამდენად, რუსეთისთვის მიმართვა იმ დონის საფრთხეებთან იყო დაკავშირებული, როდესაც სახელმწიფო არაორდინარულ გადაწყვეტილებას ღებულობს იმისათვის, რომ უზარმაზარი ტერიტორია გადაარჩინოს. ახლა ერთ ინფორმაციას მოგაწვდი, რომელიც არავისთვის მითქვამს.

- რას გულისხმობთ?

- 2006 წელს აბასთუმანში 500 ჰექტარი გადაიწვა. მაშინდელმა ხელისუფლებამაც მიმართა რუსეთს დახმარებისთვის. მაშინდელმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თურქეთისა და უკრაინის მთავრობებს, ასევე ბრიტანულ კომპანია ბიპის. ამ განცხადებაში წერია აგრეთვე, რომ საქართველო ასევე მადლიერია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციისა, რომლებმაც აღმოუჩინეს დახმარება საქართველოს. ე.ი. საქართველომ მაშინაც მიმართა რუსეთს დახმარებისთვის.

- კი. მაგრამ, მაშინ 2008 წლის ომი არ იყო მომხდარი

- აბა, 2004 წელს რა მოხდა?

- დიახ, 1992-93 წლების აფხაზეთის ომიც იყო მომხდარი, მაგრამ 2008 წლის ომმა ყველაფერი გაახლა და მტკივნეულად აღიქმება...

- რა თქმა უნდა, მტკივნეულად აღიქმება, მაგრამ როდესაც ქვეყანა დგას ასეთი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ხელისუფლებამ პრობლემა მოაგვაროს. კიდევ კარგი, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკზე არ გადავიდა ხანძარი, თორემ ისტორიული მასშტაბის კატასტროფა მოხდებოდა.

ახალი თაობა“, 30 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ ლაშა ჩხარტიშვილთან: დასავლეთ საქართველოს სრული კატასტროფა ემუქრება“ // „ქვეყნის სათავეში ქართული წარმოშობის აღა მაჰმად ხანები არიან

შორენა მარსაგიშვილი

რატომ ვერ გაუმკლავდა ხელისუფლება ცუანას, გაიზიარებს თუ არა დასავლეთ საქართველოს ბედს აღმოსავლეთ საქართველო, რა არის “ქართული ოცნების” მთავარი საზრუნავი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება.

ლაშა ჩხარტიშვილი:

- დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანთან, იმავე ცუანასთან მიმართებით კატასტროფული ვითარებაა. ცუანა გახლავთ პარაზიტი მწერი, რომელიც ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურას ანადგურებს. მისი გავრცელება საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ცუანასთან ბრძოლით “ქართულ ოცნებას” თავი დიდად არ შეუწუხებია. მის არსებობას მანამდე არ იმჩნევდნენ, სანამ კატასტროფის წინაშე არ დავდექით. წელს პარაზიტის წინააღმდეგ რაღაც ღონისძიებები თითქოს გაატარეს, მაგრამ მისი მასშტაბები იყო მიზერული.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტომასალა. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ბიბლიურ კატასტროფებს – ეგვიპტეს რომ მწერები შეესივნენ წყევლის შედეგად, ასეთ დღეშია დღეს დასავლეთ საქართველო.

ამაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვის სტრუქტურებს და მთლიანად მთავრობას. ეს ვითარება ქართულმა მედიამ ასე შეაფასა – საქართველო ცუანასთან ბრძოლაში დამარცხდა. მე ამ სათაურს ოდნავ შევცვლიდი და ვიტყოდი, რომ ცუანა ხელისუფლება პარაზიტ ცუანასთან დამარცხდა. ცუანა თუ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ემტერება, საქართველოს ხელისუფლება ბიუჯეტის პარაზიტია.

- თქვით, რომ ცუანას წინააღმდეგ რაღაც ღონისძიებები იქნა გატარებული. იქნებ შეუძლებელია მასთან ბრძოლა და ამიტომ ვერაფერი დააკლეს?

- შეუძლებელი არაფერი არ არის. ამ პრობლემისთვის თავიდანვე რომ მიექციათ ყურადღება, ეს პარაზიტი მთელ დასავლეთ საქართველოს არ გაანადგურებდა. იმის მაგივრად, რომ რამე იღონონ, ხელისუფლება ამაყად აცხადებს, რომ თურმე ცუანა დასავლეთ საქართველოში ჩაუკეტავთ.

- რამდენად კარგად ჰყავთ ეს ცუანა ჩაკეტილი? უნდა ველოდოთ თუ არა აღმოსავლეთ საქართველოში პარაზიტების გამოჩენას?

- ასეთი მიდგომა თუ გაგრძელდება, ცუანა აღმოსავლეთ საქართველოსაც შემოესევა. დასავლეთ საქართველო, პრაქტიკულად, გაანადგურეს.

- საქართველოში როგორ შემოაღწია ამ პარაზიტმა?

- ცუანა აზიური წარმომავლობისაა. ითვლება, რომ ის იმ გემებს შემოჰყვა, რომლებითაც სოჭის ოლიმპიადისთვის საშენი მასალა შემოჰქონდათ. სოჭიდან ეს მწერი საქართველოშიც გავრცელდა. ცუანა ჩვენთან, ფაქტობრივად, 3 წელია, რაც ბინადრობს. ეს პარაზიტი შარშანაც აქტიურად იყო გავრცელებული, მაგრამ წელს პიკს მიაღწია. მასთან ბრძოლის ზოგადი პრინციპები ცნობილია, მაგრამ ხელისუფლებას დამატებითი კვლევებიც უნდა ჩაეტარებინა. მავნებლებთან ბრძოლისთვის სათანადო თანხები უნდა გამოეყოთ, მაგრამ ეს თანხები სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაზე იხარჯება. დასავლეთ საქართველო, ფაქტობრივად, შიმშილის პირასაა. უკეთესი დღე არც აღმოსავლეთ საქართველოს ელოდება.

- როგორც ამბობენ, ცუანა ავეჯსაც აზიანებს...

- ყველაფერს აზიანებს, მცენარეებს, ხის ავეჯს, ქსოვილებსაც კი აფუჭებს სხვადასხვა გამონაყოფით. ძალიან მძიმე შედეგები მოიტანა ამ მწერმა. ცუანამ ველური ბუნებაც შეიძლება დააზიანოს.

- ველური ბუნება ცუანას გარეშეც განადგურებულია...

- პარაზიტები ველურ ბუნებას ნამდვილად არ აკლია. სანამ ველურ ბუნებასა და ტყეებზე გადავალ, ერთ დაავადებაზე მინდა ყურადღების გამახვილება. ეს არის სოკოვანი დაავადება, ნაცარი, რომელიც ძირითადად თხილს უჩნდება. ეს დაავადება შარშან მასობრივად იყო გავრცელებული. გასულ წელს ხელისუფლებამ არანაირი ღონისძიება არ გაატარა და სამეგრელო-გურიაში კატასტროფული შედეგი დადგა. ორივე რეგიონისთვის თხილი შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ამის გამო აქაურები ფინანსურ კოლაფსამდე მივიდნენ. უკეთესი მდგომარეობა არც წელს არის.

სერიოზული დაავადება გაუჩნდა ბზასაც. ამ კულტურას სოკოვან დაავადებასთან ერთად პარაზიტი მწერიც მტრობს. შედეგად უნიკალური კოლხური ბზა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ხელისუფლება არც ამ მიმართულებით აკეთებს რამეს.

საკმაოდ სწრაფად ვრცელდება ხის დაავადება – ქერქიჭამია. ის განსაკუთრებით ბორჯომის ხეობაშია გავრცელებული. დაავადება თბილისის მიმდებარედაც გვხვდება. ბორჯომი და თბილისის შემოგარენი ამ ქერქიჭამიას წყალობით მასობრივად არის გადამხმარი.

ქერქიჭამია ხანძრების გავრცელების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახლავთ. დივერსიას თუ გამოვრიცხავთ, მაშინ ტყეებში გახშირებული ხანძრების მიზეზი ქერქიჭამიაა.

ამ სიკეთეს ემატება ისიც, რომ სატყეო სექტორი, პრაქტიკულად, ბედის ანაბარაა მიტოვებული. არადა, ხელისუფლებაში მოსვლამდე “ქართულმა ოცნებამ” თქვა, რომ გარემოს დაცვა და ეკოლოგია მათთვის პრიორიტეტი იქნებოდა. ეკოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი, კახა კალაძე, დღეს ურცხვად აცხადებს, რომ გარემოს დაცვა ყოფილა მისთვის პრიორიტეტი. არადა, მან ბიძინა ივანიშვილთან ერთად თავზე გადაგვახია საქართველოს ისტორიაში ყველაზე მწვანე ეკოლოგიური პროგრამა.

- ყველაზე მწვანე პროგრამა თავადოცნებისშემუშავებული არ იყო?

- “ოცნების” შემუშავებული იყო, მაგრამ ეს, ეტყობა, ხალხის მოსატყუებლად უნდოდათ. მოვიდნენ თუ არა, მაშინვე ჰესების აშენებას მიჰყვეს ხელი. ნაცები თუ ერთი ხელით აშენებდნენ, ესენი ორი ხელით აშენებენ. 150 ჰესი უნდა ააშენონ და ამისთვის მზად არიან, მთელი ბუნება გაანადგურონ. ბუნების განადგურება მომავალშიც გაგრძელდება. ხელისუფლებაში მოსვლას ისევ ეკოლოგიის დაცვის ლოზუნგებით აპირებენ. იმედი მაქვს, მოსახლეობა სათანადო დასკვნებს გამოიტანს.

- მოსახლეობას რის გაკეთება შეუძლია?

- ბევრი რამის. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თუ ის არ შეცვლის ხელისუფლებას, მას ქვეყნის შეცვლა მოუწევს.

- ქვეყნის შეცვლა რატომ მოუწევს?

- ეს ხელისუფლება თუ დარჩა და ასე გააგრძელა, ამ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელი გახდება. სასოფლო-სამეურნეო კულტურები ცუანამ გაანადგურა. ტყეებს ხანძარი სპობს. ტყე სადაც არ არის, იქ აღარც ჰაერია და აღარც წყალი. “ქართული ოცნება” კი გარემოს დაცვისთვის ფულს ვერ იმეტებს. უკვე დიდი ხანია, ამ ქვეყანას ქართული წარმოშობის აღა მაჰმად ხანები დაეპატრონნენ. ისინი სპობენ და ანადგურებენ ყველაფერს. მათ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა აინტერესებთ.

გარემოს დაცვასა და ეკოლოგიაზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ საქმით არაფერს აკეთებენ. მეცნიერების განადგურება მიხეილ სააკაშვილის დროს დაიწყო. არანაირი კვლევა აღარ ტარდება. მთელი რიგი პროფესიები საერთოდ გააქრეს. მეტყევეების გადამზადება საერთოდ არ ხდება. საგანგებოდაც რომ მოამზადონ მეტყევე, ის ვერაფერს გახდება. მათი ხელფასიც მიზერულია. ყველაზე დაბალი ხელფასები სწორედ სატყეო სექტორშია. არადა, ტყე სიცოცხლისთვის აუცილებელია.

ახალი თაობა“, 30 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ თამარ იოვაშვილთან: „სოციალური აგენტები უსახლკაროებს ფაშისტებივით ექცევიან // „დავით სერგეენკომ ზაზა სოფრომაძე თანამდებობიდან სასწრაფოდ უნდა გადააყენოს

რა პირობებში ცხოვრობენ უსახლკაროდ დარჩენილები თბილისში, ვინ აიძულებს მათ ერთმანეთზე “დანოსების” დაწერას, რატომ უნდა დატოვოს თანამდებობა სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელმა? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ორგანიზაცია “უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის” თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი ესაუბრება.

თამარ იოვაშვილი:

- ხელისუფლება გვპირდება, რომ არჩევნების შემდეგ თბილისს სიცოცხლით სავსე ქალაქად გადააქცევს. თბილისი ვერასოდეს გახდება სიცოცხლით სავსე ქალაქი, სანამ უსახლკაროების პრობლემა იარსებებს. ჩვენმა ორგანიზაციამ დაიწყო უსახლკაროების პირობების შესწავლა. ამჟამად სამგორის რაიონის მონიტორინგი დავასრულეთ. რაც იქ ვნახეთ, კატასტროფაა. ადამიანები რაღაც არანორმალურ პირობებში ცხოვრობენ. ამათ რომ ვუყურებ, ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ჩვენს ქვეყანას გეზი ევროპისკენ აქვს აღებული. მათი საცხოვრებელი პირობებით ხომ გაოგნებული დავრჩი, მაგრამ არანაკლებ გამაოგნა იმან, თუ როგორ ექცევა ამ გაუბედურებულ ხალხს სახელმწიფო. ეს არის საშინელება და ამაზე კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა აუცილებლად უნდა აგონ პასუხი, თან ძალიან მკაცრად.

- ამბობთ, რომ მათ სახელმწიფო საშინლად ექცევა და შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ საშინლად მოქცევაში?

- ამ უბედურ დღეში მყოფი ადამიანების პატრონი კაციშვილი არ არის. ამ მომენტისთვის ჩვენ სამგორის რაიონში ჩავატარეთ მონიტორინგი და პირდაპირ ვაცხადებ, რომ ამ რაიონის სოციალური სამსახურის უფროსი არის მოსახსნელი. სოციალური აგენტების დამოკიდებულება უსახლკაროების მიმართ არის ძალიან საშიში და ძალიან საგანგაშო. 80 წლის ბებოს ამბავს მოგიყვებით. ის კახეთის გზატკეცილზე, ქოხში ცხოვრობს. მას სოციალური სტატუსი მოუხსნეს. მისთვის არ აუხსნიათ, თუ რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. როცა ვკითხე, ბებო, რატომ არ გაასაჩივრე-მეთქი, მითხრა, შვილო, 5 ნაბიჯის გადადგმა მიჭირს და სად წავიდეო.

- ამ ბებოს არავინ ჰყავს?

- აბსოლუტურად მარტოა. მას არსად წასვლა არ შეუძლია. ასეთი მაგალითი ძალიან ბევრია. გლდანში არის ოჯახი, 95 წლის ტყუპი დები და მათ უვლის 68 წლის ქალბატონი. ისინი ბოლო სართულზე, სადარბაზოში ცხოვრობდნენ. მათ ჰქონდათ სოციალური სტატუსი. მათი მეზობელი საზღვარგარეთ წავიდა, ესენი შეეცოდა და თავისი ლოჯია დაუთმო საცხოვრებლად. სოციალურმა აგენტმა ამ გაუბედურებულ ადამიანებს ათასი შეურაცხყოფა მიაყენა და სტატუსი მოუხსნა. ამ ფაქტის შესახებ პირადად მეც მივმართე სოციალურ სააგენტოს, მაგრამ უშედეგოდ. ის 68 წლის ქალბატონი, რომელიც დედას და დეიდას უვლის, გაგიჟებულია. ორივე დას უმძიმესი სკლეროზი და კიდევ უამრავი დაავადება სჭირს.

კიდევ ერთი ოჯახის ისტორიას მოგიყვებით. ვაგონში ცხოვრობს 4 მცირეწლოვანი ბავშვი მამასთან და ბებიასთან ერთად. ბავშვებს დედა არ ჰყავთ. მამა ავადმყოფია, თირკმლების პრობლემა აქვს. მას დედამ გადაუნერგა თავისი თირკმელი. გამოდის, რომ ბავშვების ბებიაც შრომისუუნარო და ინვალიდი გახდა. ამ გაუბედურებულ ოჯახს 4 თვის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა სოციალური დახმარება. ახლა ეს სტატუსი დაიბრუნეს, მაგრამ იმდენი ვალი დაუგროვდათ ამ 4 თვის განმავლობაში, რომ მთელი დახმარება ვალების გასტუმრებაზე მიდის. ამ ადამიანების მონათხრობის მოსმენისას მიჩნდება განცდა, რომ სოცაგენტებად ჯალათები მუშაობენ. ისინი უსახლკაროებს ერთმანეთზე “დანოსების” დაწერასაც კი ავალებენ.

- რაში სჭირდებათ ეს დანოსები“?

- სოცაგენტებს დავალებული აქვთ, რაც შეიძლება ნაკლებ ოჯახზე გაიცეს სოციალური სტატუსი. უსახლკაროები ძირითადად ერთად, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ. მათ ეუბნებიან, რომ თუ მეზობელს რაიმე დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა, სოციალურ სააგენტოს აცნობონ. ფაქტობრივად, 37 წელია. აქვე კიდევ ერთ შემზარავ ისტორიას მოგიყვებით. გაჭირვებულების ნაწილი სასტუმრო კოლხეთში ცხოვრობს. ერთ-ერთ მათგანთან სოცაგენტი მივიდა და რაღაცების გამოკთხვა დაუწყო. მოხუცმა ქალმა უთხრა, რომ ქუჩაში ბოთლებს ეძებდა, იმას აბარებდა, რათა შვილიშვილისთვის დამატებით რაღაც ეყიდა. აგენტმა უთხრა, შემოსავალი გქონიაო და სტატუსი მოუხსნეს.

- დღეისათვის თბილისში რამდენი უსახლკაროა?

- ორი თვის წინ თბილისის მერიამ გამართა თავისი საქმიანობის პრეზენტაცია, სადაც ითქვა, რომ დედაქალაქში 7.500 უსახლკაროა. რამდენს დააკმაყოფილებს აქედან მერია, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ამდენი ადამიანი მიიჩნევს თავს უსახლკაროდ. ჩვენ აღრიცხვაზე 4.630 უსახლკარო ავიყვანეთ. ყველა ამ ოჯახს ხელთ აქვს დოკუმენტები იმის შესახებ, რომ მათ სახელზე არანაირი უძრავი ქონება არ ირიცხება. 2015 წლის დეკემბრის მონაცემებით, თბილისის მერია 1.960 ოჯახს უხდის ბინის ქირას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფომ ისინი უსახლკაროებად ცნო. თბილისის მუნიციპალიტეტებმა გასულ წელს დაიწყეს უსახლკაროების რეგისტრაცია. ძალიან საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამის შესახებ ამ ადამიანებმა არ იციან.

- რას ნიშნავს, არ იციან?

- იმას, რომ უსახლკაროების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ მერიამ მათი რეგისტრაცია დაიწყო. მათ ამ ინფორმაციას შეგნებულად უმალავენ.

- რატომ უნდა დაუმალონ ეს ინფორმაცია?

- იმიტომ, რომ შემდეგ მერიამ მათ უნდა დაუქირავოს ბინა. ამ მიმართულებით საშინელ გულგრილობას იჩენს სახელმწიფო. ისედაც ტრავმირებულ ადამიანებს სოცაგენტები საშინლად ექცევიან. ჩვენ მივმართავთ ჯანდაცვის მინისტრს, რომ გადააყენოს ზაზა სოფრომაძე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტროს წინ აქციებს დავიწყებთ.

- ზაზა სოფრომაძის გადაყენება უშველის საქმეს? აქ მთელი სისტემაა შესაცვლელი...

- ამ წლების განმავლობაში სააგენტოს დირექტორმა არაფერი იღონა იმისათვის, რომ შეეცვალა არსებული სოციალური მდგომარეობა როგორც მიდგომებთან, ასევე ბენეფიციარებთან დაკავშირებით. სოციალური მომსახურების სააგენტო და სოციალური სამსახური, რომლის მოვალეობაც არის ადამიანების სოცდახმარება, გადაქცეულია დახურულ სისტემად, რომელიც ახორციელებს სადამსჯელო ღონისძიებებს ნულოვანი ტოლერანტობით და, პრაქტიკულად, დაკავებულია ერის გაჭირვებული ფენის გენოციდით. თავხედი, უხეში, მკვეთრად ანტიჰუმანური, უზრდელი და საეჭვო განათლების მქონე სოცაგენტები საკუთარ დაუსჯელობაში არიან დარწმუნებულნი 100%ით.

ისინი ამცირებენ ბენეფიციარებს, რითაც უხეშად ლახავენ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით გარანტირებულ თითოეული ადამიანის ფუძემდებლურ უფლებას, განზრახ ამახინჯებენ მიწოდებულ ინფორმაციას და თავიანთი სურვილისამებრ წყვეტენ, ვის უნდა ჰქონდეს სახელმწიფო დახმარება და ვის – არა. მათ არ აინტერესებთ ბენეფიციარების საერთო პრობლემატიკა სოცდახმარების მაძიებელთა მიერ მიწოდებულ ფაქტებთან მიმართებით, სოცმუშაკები მხოლოდ თავიანთ პირად და სუბიექტურ ინტერპრეტაციაზე დაყრდნობით ავსებენ დეკლარაციებს, ახალისებენ ბენეფიციართა შორის დაბეზღების ინსტიტუტს.

ჩვენს ხელთ არსებული ასობით ფაქტის საფუძველზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სოცმუშაკების მიერ სოცდახმარების მაძიებელთა პრაქტიკულად სრული შემადგენლობა აპრიორი აღიქმება, როგორც მათი პირადი, დაუძინებელი და მოსისხლე მტერი; სოციალურად დაუცველის სტატუსი წართმეული აქვთ უღატაკეს მოქალაქეებს. სააგენტოს საქმიანობაში სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტებს (მათ შორის “სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონსაც კი!) თითქმის არ გააჩნია ჯანსაღი აზრი და მთლიანობაში არსებული სისტემა ტოვებს დაუმუშავებელ-დაუსრულებელი მექანიზმის შთაბეჭდილებას. სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების მეთოდოლოგია მეტად აღმაშფოთებელია და მოდის წინააღმდეგობაში “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით” აღიარებულ ფუნდამენტურ უფლებებთან.

Comments are closed